შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რას ჩურჩულებენ ფიფქები? (სრულად)


30-12-2020, 18:35
ავტორი K. I.
ნანახია 17 679

საახალწლო სამზადისით მოფუსფუსე და მორთულ-მოკაზმული თბილის ქალაქი დილიდანვე ფიფქების კორიანტელში გახვეულიყო და არემარე გადაეთეთრებინა. სამსახურებში მიმავალნი ტრანსპორტის შეფერხებული მოძრაობის გამო ადრიანად გამოშლილიყვნენ ქუჩებში და ალტერნატიული გზებით ცდილობდნენ სასურველ ადგილამდე მიღწევას.

კატომ დათოვლილ მანქანას ცალი თვალით გახედა და რომ წარმოიდგინა რამდენი თოვლის გადახვეტა მოუწევდა, შეწუხებული სახე მიიღო და ბუზღუნით შებრუნდა ბინიდან ცოცხის გამოსატანად. ეზოში დაბრუნებულს ბედად მეზობლად მცხოვრები მამამისის მეგობარი დაუხვდა და დაეხმარა. ათ წუთში უკვე მანქანის საჭესთან იჯდა და მოტორის გასახურებლად აბღუილებდა.



***

„გამარჯობა ძვირფასო თოვლის პაპა. როგორ ბრძანდებით? მე ამ წელს კარგად ვიქცეოდი. ჩემი სახელია მარიტა. მინდა როლიკები და გუაშები. თუ შეძლებ ბევრი ტკბილეულიც მოგვიტანე. დიდი მადლობა წინასწარ. მიყვარხართ თქვენც თოვლის პაპა და ელფებიც.

მარიტა ჯახველაძე“



„ვარ ლუკა მაისურაძე. ვარ შვიდი წლის. ვცხოვრობ სოფელ წყაროთუბანში. მინდა, თოვლის ბაბუამ მომიტანოს ბურთი, ბუცები და თბილი ტანსაცმელი. იმიტო რო ჩვენთან ძალიან ცივა.“



„მე ვარ მარიამ დვალიშვილი. 11 წლის. საახალწლოდ სურვილი მაქვს მქონდეს ახალი ბოტასები და სპორტულები. ზომა 36. მადლობა წინასწარ.“



„გამარჯობა თოვლის ბაბუა.

მე ვარ მართა მამადაშვილი 9 წლის. მყავს ხუთი წლის ძამიკო. საახალწლოდ მინდა მომიტანო საბავშვო კოსმეტიკა.

ჩემს ძამიკოს მოუტანე: მანქანა და შოკოლადის კარაქი.“



„წერილი სანტას

მე ვარ თორნიკე ელიაური. 10 წლის. ძალიან მინდა დიდი ტრანსფორმერი. იმიტომ, რომ მიყვარს კონსტრუქციების აწყობა-დაშლა. ასევე ძალიან მინდა დიდი ლურჯი ნაუშნიკი, რომ ონლაინ გაკვეთილებზე ჩართვისას ხმაურმა არ შემაწუხოს.“



ფეისბუქ გვერდზე ერთ-ერთი მეგობრის გაზიარებული პოსტიდან წერილების სურათებს უყურებდა და ვერაფრით ამოერჩია, აღებული მცირე ხელფასით რომელი ბავშვისთვის გაეხარებინა გული.

-რას მიშტერებიხარ მაგ ტელეფონს? უამრავი შეკვეთაა მიღებული და ჩასაბარებელი,- აფთარივით დაადგა ბავშვების წერილების კითხვით დაკავებულ კატოს საწყობის მენეჯერი ქალი და ხელებში კლიენტების სია და მისამართები შეაჩეჩა.

-ველოდები როდის ჩატვირთავენ და წავალ,- აუხსნა კატომ და როგორც კი ზურგშექცეული დაიგულა, ენა გამოუყო.

-უთხრა ნანულას როგორ ეჯღანებოდი?-ფაქტზე წაასწრო საწყობში მომუშავე მტვირთავმა.

-ხომ არ გინდა, სიკვდილის ბუზი დაგაჯდეს?

-მამის მკვლელივით კი იყურები,- ჩაიხითხითა და მანქანისკენ გაიშვირა თითი, მზად არისო.

-უტიფარი!-ცხვირი აუბზუა და მანქანაში ჩაჯდომისთანავე პირველი კლიენტის კოორდინატებს დაუწყო ძებნა.

ის იყო, უნდა დაკავშირებოდა და გაეფრთხილებინა, ოც წუთში თქვენთან ვიქნებიო, რომ მოულოდნელად ატეხილმა სატელეფონო ზარმა გეგმა ჩაუშალა.

-ელენე ვარ. არ გაგიკვირდეს, ტელეფონი გამიფუჭდა და სხვისი ნომრით გირეკავ. მაგარი ცუდი ამბავი უნდა გითხრა, -გატეხილი ხმა ჰქონდა ბავშვობის მეგობარს.

-რა მოხდა?- გული შეეკუმშა და სმენა დაძაბა.

-გუშინ სანდრომ ცოლი მოიყვანა.

კატოს სხეულში დავლილმა სიცივემ ერთიანად გაუყინა ძარღვებში სისხლი და ლაპარაკის უნარი წაართვა.

-ალო, გესმის?- მეგობრის დუმილმა ელენე ცოტათი შეაშინა.

-ჰო,-ნერწყვი გადაყლაპა კატომ და ტელეფონს აკანკალებული ხელი ძლივს მოუჭირა, რომ ხელიდან არ გავარდნოდა,-მორჩა!

-რა მორჩა?

-ესე იგი, ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა.

-ასე გამოდის, მაგრამ შენ არ მოიწყინო. ალბათ, ასე იყო საჭირო, რომ შენი ცხოვრებიდან წასულიყო.

-მთელი ამ ექვსი თვის განმავლობაში მაინც მეგონა, ამდენი წლის ნაშენებ ურთიერთობას ხაზს არ გადაუსვამდა.

-...მაგრამ გადაუსვა! მთავარია, წარსულის ფურცელი გადაშალო და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ვიცი, შეძლებ.

-ჰმ,-სიმწრისგან ჩაეცინა კატოს,-იოლი სათქმელია.

-საღამოს სახლში იქნები? მოვალ.

-გამოიარე,- ჩაფერფლილი ხმით უთხრა, შემდეგ სამსახურის საქმეებს უნდა მივხედოო -საბაბად მოიდო და ტელეფონი გაუთიშა.

ყველაფერმა თვალწინ გაუარა- სანდროს გაცნობის დღემ, სიყვარულის ახსნამ, ერთად გატარებულმა დღეებმა და წამოსულმა ცრემლებმა წვეთ-წვეთობით დაუნამეს საჭეზე გაშლილი კლიენტების მონაცემებით სავსე ფურცელი. გული რომ მოიოხა, კმარაო- თავს შეუძახა, ხელის ზურგით მოიწმინდა ცრემლები, მანქანა დაქოქა და წამებში მოწყდა საწყობის ტერიტორიას.



***

-ელენე ნათლია მოვიდა! - საბამ სიხარულისგან ტაში შემოჰკრა.

ელენემ ყელზე შემოხვეული კაშნე მოიხსნა, ქურთუკი შესასვლელში დატოვა და ნათლულს პარკში ჩადებული საჩუქარი მიაწოდა:

-ეს შენ, ჩემო ტკბილო.

-რა არის?- ბავშვმა ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა და პარკში ჩაიხედა.

-შენი საახალწლო საჩუქარია, თოვლის ბაბუამ გამოგიგზავნა,-ნათლულის მიერ თოვლის ბაბუასადმი მიწერილი წერილის ფოსტაში წამღებ ნათლიას საჩუქრის მიტანაზეც თავადვე ეზრუნა.

-ჩემს სახლში არ უნდა მოეტანა? რა უნდოდა შენთან ამ საჩუქარს?

-სადარბაზოში რომ შემოვედი, დაბნეული ელფი იდგა და შენს ბინას ეძებდა. მკითხა, საბა თოდუას ვეძებ და ხომ არ იცი სად ცხოვრობსო? ზუსტად იქ მივდივარ და თუ გინდა მომეცი და წავუღებ-მეთქი. ჰოდა, სიხარულით გადმომცა. მეც მოგიტანე.

-თოვლის ბაბუა სად იყო?

-არ ვიცი. იქ არ დამინახავს. ელფმა თქვა, უამრავი ბავშვი ჰყავს მოსანახულებელი და ვეხმარებიო.

-როგორ გამოიყურებოდა?

ელენე წამით ჩაფიქრდა:

-როგორ და მწვანე სამოსი ეცვა, ჭრელი წინდები და წვეტიანი, შავი ფეხსაცმელი.

-სად წავიდა?

-გვერდზე სადარბაზოში შევიდა, მგონი ერთ ბავშვს ეძებდა კიდევ.

საბამ კარი გააღო და სადარბაზოში გავარდა.

-სად მიდიხარ?- ელენემ ქეჩოში წაავლო ხელი და სახლში დააბრუნა.

-მისი გაცნობა მინდა.

-ხომ არ გადაირიე? სად იპოვი მას ახლა? ელფები წამებში უჩინარდებიან.

ბავშვს ხასიათი წაუხდა და მოიღუშა .

-მოდი, ჩემთან,-თბილად გაუღიმა პატარა ონავარს და გულში ჩაიკრა,- არ ინერვიულო, ხვალ ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან მიგიყვან და თოვლის ბაბუას პირადად გაგაცნობ.

-ელფიც იქ იქნება?- წაიბურტყუნა საბამ.

-ვერ გეტყვი, მაგრამ თოვლის ბაბუას აუცილებლად გავიცნობთ და სამახსოვრო სურათებსაც გადავიღებთ.

ბიჭს დაღვრემილი სახე შეეცვალა და ხალისზე მოვიდა.

-სად არის შენი და?- ბავშვს რომ გუნება გამოუკეთა, თვალებით კატოს დაუწყო ძებნა.

-ზის ბუსავით თავის ოთახში და არ გამოდის.

-დედაშენი და მამაშენი სად არიან?

-სტუმრად წავიდნენ და კატოს ჩააბარეს ჩემი თავი. მე ვუვლი მას თუ ის მივლის, ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია. ორჯერ შემატანინა წყალი, ყელი მიშრებაო - თავის დაზე განაწყენებულმა საბამ თვალები დაჭყიტა და ორი თითი ზევით ასწია. ისეთი საყვარელი სახე ჰქონდა, ელენემ თავი ვეღარ შეიკავა და სიცილი აუტყდა.

-ეე, პულტიანი მოლაპარაკე რობოტი!- როგორც კი საჩუქარი გახსნა, სიხარულისგან ახტა.

-მოგეწონა?

-ძალიან.

-ვიდრე ამ რობოტით ითამაშებ, ცოტა ხნით შენს დასთან შევალ და დაველაპარაკები, კარგი?

საბამ თავი დაუქნია და რობოტს მიუბრუნდა.

ელენემ საწოლზე პირქვედამხობილი და საბარწაფარებული მეგობარი რომ დაინახა, ფრთხილად მიუახლოვდა, გადახადა და თვალებზე დახედა.

-მამოწმებ, მძინავს, თუ არა?- წაიბუტბუტა კატომ და გვერდზე გადაბრუნდა.

-ეს ზურგის შექცევა რა იყო ვითომ?- წარბები შეკრა ელენემ.

-მარტო ყოფნა მინდა.

-დამენახე. რა ჭირვეულივით იქცევი?

კატომ ძლივს წამოწია ტკივილისგან დამძიმებული თავი და საწოლზე წამოჯდა.

-ასე რა,- მეგობარს დააკვირდა ელენე და დასიებული თვალები რომ შენიშნა, გული მოუვიდა:

-მითხარი, რატომ ტირი?

-ადვილი არ არის, გააცნობიერო, კაცი, რომელიც ძალიან გიყვარდა, სამუდამოდ დაკარგე.

-რაც მალე შეეშვები წარსულს, მით მალე განიკურნები მისგან მოტანილი სევდისგან.

-ასე მალე როგორ დავივიწყო?

-როგორც თვითონ დაგივიწყა, ზუსტად ისე.

კატომ ამოიქშინა, ტუმბოს უჯრიდან ზარდახშა ამოიღო, ფრთხილად გახსნა და გადმოაპირქვავა. საწოლის გადასაფარებელზე ერთი წლის განმავლობაში ნაგროვები ფულის წვრილი კუპიურები გაიბნა.

-ეს რა არის?- გაკვირვებული დასცქეროდა ელენე.

-წინა წელს რომ ვერსაჩეს სათვალე მაჩუქა, გახსოვს?

-კი, მერე?

-მაშინ ვერაფერი ვაჩუქე, მაგრამ წელს მინდოდა გამეხარებინა და საყვარელი ბრენდის საათი მეყიდა. ყოველთვიურად ხელფასიდან ცოტ-ცოტას ზარდახშაში ვინახავდი და საკმარისი მომიგროვდა. ხელი არ დამიკარებია. პირიქით, აქამდე ვაგრძელებდი თანხის დამატებას. მეგონა, მიხვდებოდა თავის შეცდომას და უკან დაბრუნდებოდა...

-კარგი რა, ასე ნუ განიცდი. რომელი მამაკაცი ღირს შენი ცრემლების ფასად?- გული მოუკვდა მეგობრის სიტყვებზე.

-მართალია, მისი სექსუალური ცოლივით მოდელის ტანზე არ ვდგავარ, წარბთან პატარა იარაც მაქვს, არც ძალით დაყენებული მანერები მაქვს, მაგრამ მახინჯი ნამდვილად არ ვარ და დიდი სიყვარულიც შემიძლია. დავიჯერო, ეს არის ჩემი დანაშაული და ამიტომ აღარ ვუყვარვარ? ჰო, შეიძლება ცოტათი გადარეულიც ვარ, მაგრამ ჩემი ხასიათია და ვერ შევცვლი.

-თავს ნუღარ იტანჯავ.

კატო საწოლიდან წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და ლამპიონებით განათებულ ქუჩას გახედა. მსხვილი ფიფქები პეპლებივით დაფარფატებენ ჰაერში და სახურავებსა და ფანჯრის წინ ამოზრდილ ხის ტოტებზე სხდებოდნენ. მთვარე ბუნდოვნად ჩანდა. თოვლისგან მოქსოვილი ფარდა ეფარებოდა. ხის წვეროებზე მკრთალად მოელვარე ვარსკვლავები ჩამობრძანებულიყვნენ და ნაზად ცეკვავდნენ. ფანჯარა გამოაღო, ხარბად შეისუნთქა ყინვისგან გაწმენდილი ჰაერი და თოვლის მუსიკას დაუგდო ყური. ღამის ზამთრის პეიზაჟმა მის სიღრმეებში შეითრია და წამებში შთანთქა.

ძლიერ თოვდა, ფიფქები მუსიკად დნებოდნენ...

-აღარ დაკეტავ? გავიყინე,- შეციებული ელენე კბილების კაწკაწით ამოუდგა გვერდში მეგობარს და მის მზერას გააყოლა თვალი.

-იცი რა ვიფიქრე?- მოულოდნელად მიუბრუნდა კატო და საკუთარი აზრისგან მოხიბლულს სუსტად გაეღიმა.

-რა?

ფანჯარა დახურა, საწოლზე მოპირქვავებული ფული ხელში აიღო და სიამაყით წარმოთქვა:

-გაჭირვებულ ოჯახებს ჩამოვივლი და ამ თანხით ბავშვების საახალწლო სურვილებს შევასრულებ.

-ეგ როგორ?

-როგორ და სოციალურ ქსელებში გავრცელებული წერილებიდან რამდენიმეს შევარჩევ, ხვალ დილიდან მაღაზიებს დავივლი და საჩუქრების გადასაცემად ჩემი მანქანით მივაკითხავ პატარებს.

-ურიგო არ იქნება, მაგრამ მათ თოვლის ბაბუებს მიწერეს წერილი და რას ეტყვი საბასნაირი ცნობისმოყვარეები რომ ჩამოგიდგებიან? - ხუმრობის ხასიათზე მოვიდა მეგობრის გამოცოცხლებით გახალისებული ელენე.

-თეთრ ტანსაცმელს ჩავიცვამ და თოვლის კეთილ პრინცესად გავასაღებ თავს. ბავშვებს უყვართ ახალი პერსონაჟები.

-პრინცესას სახელიც სჭირდება. რას დაარქმევ?

კატოს დიდხანს არ დასჭირვებია ფიქრი, უმალ უპასუხა:

-ბელლას.

-აჰაჰაჰ, ქალბატონო ბელლა. ჯადოსნური ჯოხი სად დაკარგეთ?

-არ გამაბრაზო, თორემ ყინულის ფიგურად გამოგაქანდაკებ,- თვალი ჩაუკრა კატომ.

-ხუმრობა იქით იყოს და არც კი ვიცი, რა ვთქვა. ძალიან კეთილი ხარ.

-რა უნდა თქვა? ეს ფული მათ მოხმარდება, ვინც იმსახურებს!- კუპიურებს ხელი დაავლო და საფულე გატენა.



***

ოცდათერთმეტი დეკემბრის დილა გათენდა. კატო ადრიანად შეუდგა საჩუქრების ყიდვას, დახარისხებასა და შეფუთვას. შუადღისკენ ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა და ბავშვებთან შესახვედრად საბარგულით სავსე მანქანით დაიძრა დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებთან შესახვედრად.

„ხვალიდან თბილისში ექვსი გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით ტემპერატურა სამ გრადუსამდე დაეცემა. მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი...“- ამინდის პროგნოზით დიდად არ დაინტერესებულა, სხვა რადიოტალღაზე გადართო, კარგად ნაცნობი სიმღერების გაზუთხული ტექსტებით ამღერდა და ღიღინ-ღიღინით მივიდა პირველი ადრესატის მისამართზე.

ბავშვმა როგორც კი თეთრ ბეწვიან ქუდში, ვერცხლისფერ კაბასა და თეთრ მოსასხამში საზეიმოდ გამოწყობილი და საჩუქრებით დატვირთული თოვლის პრინცესა იხილა, ჯერ თვალები გაუფართოვდა, შემდეგ მისკენ მთელი ძალით გაქანდა და ჩაეხუტა.

კატომ გახარებული ბავშვის სახე რომ დაინახა, გული აუჩუყდა და ცრემლები ძლივს შეიკავა. იგივე მოხდა დანარჩენ ოჯახებშიც. ჩამოძენძილი სიღარიბე საახალწლოდ აჟრიამებული ბავშვების ხმაურით ყრუვდებოდა...

მადლიერებით სავსე მშობლები კეთილი სურვილებით აცილებდნენ კატოს და გზას ულოცავდნენ. ახლა უკვე ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ შეგროვილი თანხის ბავშვებისთვის მოხმარებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დადებითი ენერგიით აღვსილსა და მთელი დღის მშიერს, საკუთარი თავი აღარც ახსოვდა. იფიქრა, ბარემ ბოლო ადრესატსაც გავახარებო და სიის ფურცელს დახედა:

-მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტი; სოფელი წყაროთუბანი; შვიდი წლის ლუკა მაისურაძე.- თავისთვის ჩაილაპარაკა და მანქანა დაძრა.

როგორც კი მთიან ნაწილში იწყო სვლა, თოვლიანი გზის ცოტა შეეშინდა, მაგრამ ჩაფიქრებულის ბოლომდე მისაყვანად გამბედაობა მოიკრიბა და ნელი სვლით გააგრძელა მოძრაობა.

კარგა ხნის შებინდებული იყო. რამდენიმე საათში ახალი წელი შემობრძანდებოდა. თითქმის ყველა სახლში შებუდებულიყო და საზეიმო განწყობით ფუსფუსი გაუდიოდა. ალაგ-ალაგ მანქანები კანტიკუნტად მოძრაობდნენ. ვინც ძლიერ თოვას არ უშინდებოდა, მხოლოდ დიდი გაბარიტების მანქანის პატრონები იყვნენ, რომელთა უმეტესობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილდებოდა.

კატო დაძაბული მიუყვებოდა საბადურის ტყეში გაჭრილ გზას. როდესაც ტელეფონზე დედამისმა დაურეკა, ყურადღება გაეფანტა, ბორბლები მოუსრიალდა, სავალი გზიდან გადავიდა და ტყის სიღრმეში შევარდნილი ხეს შეეჯახა.

გონზე რომ მოვიდა, ტელეფონს ეცა, მაგრამ ბატარეა დამჯდარი დაუხვდა და სიმწრისგან კბილებში გამოსცრა:

-ჩემს ბედს რა ვუთხარი... ზღვა რომ ვიყიდო, დაშრება.

დაბეჟილი და ატირებული მანქანიდან ძლივს გადაბობღდა და მუხლამდე თოვლში ჩაეფლო. აუტანელი სიცივე იგრძნო. ვაი-ვაგლახით ავიდა გზაზე და ყინვისგან აცახცახებულმა გამვლელ მანქანას დაუწყო ლოდინი. დაახლოებით ნახევარ საათში ვიღაცის ავტომობილის ფარებმა შორიდან გაანათეს. გათოშილი შუა გზაზე გადავიდა და მის შესაჩერებლად ხელის ქნევა დაიწყო.

როგორც კი მძღოლმა მანქანა გააჩერა, ნახევრად გრძნობადაკარგული თითებით კარის სახელური ძლივს დაწია და მანქანაში ჩაუჯდა:

-მდა...-უსიამოვნო სახე მიიღო ახალგაზრდა მამაკაცმა,- ასეთი რა ჩაიდინე, რომ კლიენტმა შუა გზაზე ჩამოგაგდო.

-რა?- შეშლილი სახით შეხედა კატომ.

-სხვა რა უნდა ვიფიქრო? გარეგნობა აშკარად ხელს გიწყობს.

ქალმა მანქანის სარკეში ჩაიხედა და ტუშისგან გადღაბნილი თვალები რომ დაინახა, შერცხვა და დათხვრილი უპეების გასუფთავება დაიწყო:

-უნდა დამეხმაროთ, აქ ვერ დავრჩები.

-სად ცხოვრობ?- მამაკაცმა თვალი ქალის მკერდზე გადახსნილი კაბისკენ გააპარა.

კატომ შეამჩნია და კაბაზე დაიხედა:

-ღმერთო ჩემო!- წამოიყვირა და დაგლეჯილი კაბა მოსასხამით დაიფარა,- მე მეძავი არ ვარ.

-აბა, ვინ ხარ?

-თოვლის პრინცესა ვარ.

ახალგაზრდა მამაკაცს გაეცინა:

-რა მითხარი, ვინ ვარო?

-რატომ არ გჯერა? სხვათაშორის, აქ ერთ-ერთი ბავშვის მოსანახულებლად და საჩუქრის გადასაცემად ამოვედი.

-ამდენი დრო არ მაქვს, შენს ზღაპრებს ვუსმინო. მითხარი, სად ცხოვრობ? შემიძლია სახლამდე მიგიყვანო.

-აქაური არ ვარ.

-როგორ ვერ მივხვდი? პირდაპირ ლაპლანდიის მთებიდან მოდიხარ და საბადურის ტყეში მფრინავი ციგიდან გადმოვარდი.

-ნუ დამცინით!- ეწყინა კატოს.

-ლაზღანდარობის დრო არ მაქვს, სახლში მეჩქარება.

-თქვენ სახლში გეჩქარებათ და მე - არა?

-თუ ახლომახლო სოფლებში არ ცხოვრობ, მაშინ ვერაფრით დაგეხმარები.

-ვერ მეტყვით, რომელი საათია?

-თერთმეტი ხდება,-მაჯის საათს დახედა მამაკაცმა.

-მობილური ტელეფონი თუ გაქვთ, მათხოვეთ და მეგობართან გადავრეკავ. მოვა და წამიყვანს. იქნებ ჩემს მანქანასაც მოვუხერხო რამე.

-მოიცა, მანქანაც გყავს?

-ჰო, აგერ იქ!- გარკვეული მიმართულებით გაიხედა კატომ.

-თოვლის პრინცესა თავის მანქანით მოძრაობს და რამე?

-არ გჯერა? წამოდი და გაჩვენებ.

-სად მეპატიჟები? გგონია, ავვარდები და წამოგყვები?

-ჩემი სიტყვების მართლა არ გჯერათ? ასეთი არასანდო გარეგნობა მაქვს?

-შენ წარმოიდგინე, კი. კარგად ვიცნობ შენნაირებს. თუ ყაჩაღებთან ხარ შეკრული და იქ არიან ჩასაფრებულები, გირჩევნია, დროზე დაასრულო შენი აბდაუბდა და მანქანიდან გადახვიდე!

-რომელი ყაჩაღები? მთელი დღეა გაჭირვებულ ოჯახებში დავდივარ და საჩუქრებს ვარიგებ. ბოლო ადრესატთან რომ მოვდიოდი, მოყინულ გზაზე ბორბლები მომიცურდა, ტყეში შევვარდი, ხეს შევასკდი და გონება დავკარგე. როცა თვალები გავახილე, მივხვდი საქმე რაშიც იყო. ტელეფონის ბატარეა დამჯდარი დამხვდა, დახმარების სათხოვნელად ვერავის დავუკავშირდებოდი. კარი თოვლის გამო ვერ გავაღე, ფანჯარა ჩავტეხე და ძლივს გამოვაღწიე. ეს კაბაც ეტყობა გადმოსვლისას დავიგლიჯე,- თვალები დახარა და მოსასხამი მჭიდროდ შემოიჭირა.

-სად არის მანქანა? აქედან არაფერი ჩანს.

-ხომ გითხარით? აი, იქ! -თითი გაიშვირა ქალმა.

-ვინც შენ მანქანის ტარება გასწავლა...

-სხვათაშორის, ბავშვობიდან საჭესთან ვზივარ და ტარებაც არაჩვეულებრივად გამომდის.

-ვხედავ.

-თქვენ სულ ასეთი ცინიკოსი ხართ, თუ თავს მაჩვენებთ? პასუხი არ არის საჭირო, ნებისმიერ შემთხვევაში საზიზღარი ხართ! - კატო მანქანიდან გადავიდა და გაბრაზებულმა მიუხურა კარი.

მძღოლმა ძრავა გამორთო და გადაჰყვა:

-ძალიან არის დაზიანებული?

-არც ისე!-მოკლედ მოუჭრა ქალმა.

-ჩემს ჯიპს ჩავაბამ და შევეცდები, გზაზე გადმოგაყვანინო. იქნებ დაიქოქოს კიდეც.

-როგორც იქნა, ერთი კარგი რაღაც მითხარით.

მამაკაცმა კატოს მანქანას ჩასაბმელი დაუმაგრა, მაგრამ როგორც კი მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო, დაინახა, რომ უკანა ბორბლით დათოვლილ ლურსმნიანი ფიცრისთვის გადაევლო და ჰაერისგან იცლებოდა. ნერვებმოშლილმა შეიკურთხა და კატოს შეუღრინა, დიდი თარსი ვიღაცა ხარო. ქალი შეშინდა და ძლივს ამოილუღლუღა:

-ტელეფონი მათხოვეთ, გთხოვთ.

-სახლში დამრჩა. რომ მქონდეს, ვერ დამასწრებდი დარეკვას.

-რა უნდა ვქნათ?

-რა უნდა ვქნათ და ვიდგეთ აქ იდიოტებივით და ველოდოთ ახალი წლის დადგომას.

-ვინ იცის, როგორ ნერვიულობენ და მეძებენ მშობლები. -ყინვისგან ყურები და ცხვირი ჭარხალივით გაწითლებოდა კატოს.

-წამოდი, მანქანაში ჩავსხდეთ,- შუბლშეკრულმა მამაკაცმა კარი გამოაღო და საჭესთან მოთავსდა.

ქალი გვერდზე დაუჯდა და გაყინული თითები პირთან მიიტანა, რომ თბილი სუნთქვით გაეთბო:

-როგორ ყინავს...

-ასე თუ გააგრძელებს თოვას, ამაღამ გზა ჩაიხერგება.

არავინ ჩანდა. თოვა ყოველ წამს ძლიერდებოდა.

-მგონი, უკვე ჩაიკეტა. აქამდე ერთი-ორი მანქანა მაინც ჩაივლიდა.

-ასეც ნუ იტყვი. ჯერ ერთი, ყველა ჩემნაირი და შენნაირი გადარეული არ არის ასეთ ამინდში მანქანით მთაში ასვლა მოინდომოს და მერე მეორე, ორმოც წუთში ახალი წელი მოდის და ყველა მის შესახვედრად ემზადება.

-ჰო, მართალი ხარ.

-რა გქვია?

-კატო. შენ?

-ნიკა.

-აქაური ხარ?

-თბილისიდან ვარ.

-აქ საიდან გაჩნდი?

-აგარაკი მაქვს. მთელი ოჯახი ყოველ ახალ წელს ერთად ვიკრიბებით და აღვნიშნავთ..

-გასაგებია.

-იცი რა? თუ არავინ გამოივლის, პირადად მე აქ ყურყუტს არ ვაპირებ.

-აბა, რას იზამ?

-ფეხით ავალ ჩემს სოფელში. შემიძლია, ამაღამ შენც შეგიფარო. რას იტყვი?

-აქედან შორია?

-საკმაოდ.

-მე ვერ გავრისკავ. შეიძლება შუა გზაში საყინულეში ჩაწყობილი თევზებივით გავიფშიკო.

-მოძრაობაში არ გაიყინები.

-არა, მაინც ვერ წამოვალ.

-რას აპირებ? გინდა, მთელი ღამე აქ იჯდე?

-არ მინდა, მაგრამ მომიწევს.

-რატომ ჯიუტობ?

-სულაც არ ვჯიუტობ? რა ვუთხრა შენი ოჯახის წევრებს? გამარჯობა. მე კატო ვარ. ნიკამ საბადურის ტყეში მიპოვა და სახლში მომიყვანა-თქო?

-აბა იმათაც ბავშვებივით დაბოლებას ხომ არ დაუწყებ, თოვლის პრინცესა ვარო?

-ჰოდა, ვიქნები აქ და ვუყურებ ფიფქებს. წადი შენ სადაც გინდა. თუ დამლაპარაკებელი არ მეყოლება და შიში შემომიტევს, მათ დავუწყებ საუბარს და ამ ღამეს რამენაირად გადავაგორებ.

-ნორმალური ხარ?

-მგონი, არა.

-რა კარგია, რომ თავად აღიარებ. ესე იგი, ჯერ კიდევ რაღაც გეშველება.

-ნორმალურმა სიტუაციებმა დიდი ხანია წიხლი მკრეს. არანორმალურები კი იცოცხლე, სულ წვეულებებს მიწყობენ და ნაირ-ნაირ ადგილებში მეპატიჟებიან. ჰოდა, მეც მათ დავემსგავსე, -მკლავები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა და ბეწვიანი ქუდი თვალებზე ჩამოიფხატა.

-მართლა არ ხარ ნორმალური.

-სამაგიეროდ ის ვარ, ვინც მინდა, ვიყო და ვისაც არ მოვწონვარ, გამეცალოს. შენც წადი, როგორმე შეგელევი. მაინც მიჩვეული ვარ, რომ მარტო მტოვებენ.

-საკუთარი მანქანიდან მაგდებ?

-ჰო.

-ასეთ ალქაჯს პირველად ვხედავ.

-შეიძლება უკანასკნელადაც. ცოტაც გამიძელი და...

ნიკა წარამარა საათს დაჰყურებდა და ნერვიულად ათამაშებდა საჭეზე თითებს. იცოდა, დიდი ხნის სავალი ჰქონდა ფეხით და გარისკვაზე ორჭოფობდა.

ცოტა ხანში შორიდან ფეიერვერკებისა და იარაღის გასროლის ხმები გაისმა. კატომ ქუდი მოიხადა და უცნობს გახედა:

-ახალ წელს გილოცავ.

მამაკაცმა ხელი ჩაიქნია და განაწყენებულივით აარიდა სახე.

-მართალია, არც გოზინაყი გვაქვს, არც ჩურჩხელები, ბაჟე, პირში ბოლოკგარჭობილი გოჭი და შამპანური, მაგრამ ხმა ხომ გვაქვს?

-ხმა რა შუაშია?

-ვიმღეროთ.

-რა უნდა ვიმღეროთ?

-მხიარული სიმღერები. ეგ ხომ მაინც შეგვიძლია? განწყობას გავიუმჯობესებთ.

-სულ გაუბერე ხომ?

-რატომ?

-საერთოდ არ მემღერება.

-უიმე, რა უჟმური ხარ.

-ოდესმე ენას გააჩერებ?

კატო გაიბუსხა და გაჩუმდა. ნიკამ კარი გააღო, ერთხელ კიდევ შესთავაზა, ჩემს სახლში წავიდეთო, მაგრამ მორიგი ცივი უარი, რომ მიიღო, ფანარს დაავლო ხელი, უსიტყვოდ მოხურა კარი და დათოვლილ გზას გაუყვა.

-სიმშვიდე შეინარჩუნე, კატო. აუცილებლად დაბრუნდება. აქ ხომ არ დაგტოვებს?- თავს ამხნევებდა და თან თვალს არ აცილებდა მის წინ მიმავალ მამაკაცს.

სულ რამდენიმე წუთში დარწმუნდა, ნიკა უკან მომბრუნებელი არ იყო და მანქანიდან გადახტა:

-დამელოდე!- ყვირილით მისდევდა კატო.

უცნობი არ იმჩნევდა, რომ ესმოდა. არ ჩერდებოდა.

-ნიკააა! -ყვირილს უმატა ქალმა და ფეხს აუჩქარა.

-იყვირე და ირბინე! ცოტას გახურდები და მოგიხდება. -თავისთვის ჩაილაპარაკა და თან ჩუმად ეცინებოდა.

-გაჩერდი!

ნიკა ისევ აგრძელებდა გზას.

-არ გესმის? სადაცაა დავეცემი და რამეს მოვიტეხ,- აწუწუნდა ქალი.

მამაკაცი გაჩერდა და დაელოდა:

-როცა შენს სასარგებლოდ რაღაცას გეუბნებიან, არ უნდა გაჯიქდე!

სირბილით დაღლილი კატო აღარ შეეკამათა და უსიტყვოდ გაჰყვა.

თოვლი კვლავ აგრძელებდა ყველაფრის გადათეთრებას. დამძიმებული ხის ტოტები გზის პირზე გადმოზნექილიყვნენ. ირგვლივ საოცარი სიმშვიდე და იდუმალება იყო. აღარც ფეიერვერკებისა და იარაღის გასროლის ხმა კვეთდა დაფიფქულ ჰაერს. დადუმებულები მიუყვებოდნენ ყინვასთან მორკინალები ტყეში გაჭრილ გზას. უკან ქათქათა თოვლზე დატოვებული ფეხსაცმლის ნაკვალევები ლამაზად იქარგებოდნენ.

-ფეხებში გრძნობას ვკარგავ,- ძლივს ამოიღნავლა კატომ.

-თხუთმეტი წუთიც და მივალთ.

-გგონია, გატყუებ? მეტს ვეღარ ვუძლებ.- ძვალსა და რბილში გაჯენილი ყინვისგან წესიერად სიტყვებსაც ვეღარ გამოთქვამდა.

ნიკა შეჩერდა, კატოს მიუახლოვდა და ხელში აიყვანა. ქალი არ შეწინააღმდეგებია, თითქოს ელოდა კიდეც, რომ არ გასწირავდა. გულზე მიეკრო და სითბოს დაუწყო ძებნა. მამაკაცს ჰაერში ცუდი ხილვადობის გამო ხელში აყვანილი ქალი ნელა მიჰყავდა. ხშირად ჩერდებოდა, მის მინაბულ თვალებს დახედავდა და სუსტ სუნთქვას აყურადებდა. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს უცხოს ნაცვლად, მისთვის ძვირფასი ადამიანი ეჭირა ხელში.

აგარაკთან მიახლოებისთანავე ქალი ძირს ჩამოსვა:

-მოვედით. იმედი მაქვს, ცოტას შენი ფეხით გაივლი და სახლში ხელში აყვანილს არ შემაყვანინებ თავს.

კატომ დახმარებისთვის წრფელი გულით გადაუხადა მადლობა და თავისი ფეხით შეჰყვა სახლში.

-სად ხარ ამდენ ხანს? ლამის არის, გავგიჟდეთ ნერვიულობისგან, -გულგახეთქილი მივარდა დედამისი ნიკას.

-მანქანა გამიფუჭდა და ფეხით მოგვიწია აქამდე სიარულმა.

-ნიკა მოვიდა!- ასკინკილა გამოვარდა პატარა კესო და ბიძას შემოეხვია.

-ოჰ, გამოჩნდი, ვაჟკაც?-ოთახიდან გამოვიდა მამამისი და უცხო გოგონა რომ დაინახა, გაოცებისგან აღარაფერი თქვა.

-მოხვედი?- თავი გამოყეს დამ და მისმა მეუღლემაც.

-ბებია გენაცვალოს! ასე უნდა გვანერვიულო? ცოტაც და საავადმყოფოში გადასაყვანი გავხდებოდი. ტელეფონი მაინც წაგეღო,-აქოთქოთდა დალი ბებია.

კატო ამდენი ხალხის წინაშე მხრებში აწურული იდგა და მოსასხამს იფარებდა, რომ დახეული კაბა არ გამოსჩენოდა.

-გაიცანით, ეს ჩემი მეგობარი კატოა,-დაძაბულობის განმუხტვა სცადა ნიკამ.

არცერთი ელოდებოდა დაუპატიჟებელ სტუმარს და დიდ გაურკვევლობაში იყვნენ, თუმცა ყველამ ხელი ჩამოართვა და მისაღებ ოთახში ბუხართან გაშლილ სუფრასთან მიიპატიჟა.

-მოსასხამი მომეცით, კარადის საკიდზე ჩამოვკიდებ,-შესთავაზა ნიკას დამ.

-არა! უფრო სწორად, ვერა!- მაშინვე პირში მიახალა სტუმარმა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.

-ნუცა, შეგიძლია, რამე თბილი ტანსაცმელი მისცე შენი გარდერობიდან? გზაში ძალიან გაიყინა და დახმარება სჭირდება. -ნიკამ დაბალ ხმაზე უთხრა თავის დას.

-ავალ ოთახში და რამეს მოვძებნი.

-ესეც წამოვა,-ხელი მოკიდა კატოს და უბიძგა, გაჰყევიო.

-ახლა აქედან გავიქცევი. რა სირცხვილია,- ნიკასთან მარტოდ დარჩენილმა კატომ სახეზე აიფარა ხელები.

-სირცხვილის დრო არ არის. სიცივისგან უკვე გალურჯდი!- უთხრა და კიბეებისკენ მიანიშნა.

კატო ნუცას გაჰყვა, ტანსაცმელი გამოიცვალა და მისაღებ ოთახში მორიდებით ჩავიდა.

-აქეთ მობრძანდით,- სუფრასთან მიიწვია ნიკას მამამ.

-გმადლობთ,-უხერხულად გაუღიმა კატომ და ბუხარს გახედა.

-თუ გინდა, ცეცხლთან გათბი და მერე შემოგვიერთდი,-შესთავაზა ნიკამ,-მერე სუფრასთან მსხდომებს გადახედა და აუხსნა, გზაში გაყინვას ძლივს გადაურჩა და უმჯობესია, ცოტა გვიან შემოგვიერთდესო.

კატომ თავი დაუქნია და გასათბობად ბუხრის წინ ჩამოჯდა. სხეული რომ გაითბო, მაგიდის წევრებს შეუერთდა და ერთი ცალი მანდარინის მეტი არაფერი უჭამია.

-ჭამე, ნუ მორცხვობ,- გადაულაპარაკა ნიკამ.

სუფრის წევრებმაც დააძალეს, მაგრამ კატო თავს იკავებდა. სამაგიეროდ, პატარა კესოს გაცნობა ყველაზე მეტად გამოუვიდა და რამდენიმე თამაშის შემდეგ ბავშვი გვერდიდან აღარ მოშორებია.

ძილის დრო რომ მოვიდა, კატო სტუმრების ოთახში დააწვინეს. მშიერ სტუმარს კარგა ხანს ესმოდა მაგიდიდან თეფშებისა და დანა-ჩანგლის ალაგების ხმა და ნერწყვებს ყლაპავდა. შემდეგ ხმა შეწყდა, სადღაცას მიიკარგა და მთელ სახლში სიჩუმე ჩამოწვა.

-უჩვეულო თავგადასავლებს დასასრული არ უჩანს. მხოლოდ შენ შეგიძლია, ახალი წლის ღამეს ისეთ სუფრაზე აღმოჩნდე, სადაც არცერთს არ იცნობ. იმ ბედოვლათმა ნიკამ თავის მეგობრად გაგასაღა. ვერც დედაშენს დაურეკე, რომ ორი სიტყვით მაინც გეთქვა სად და რატომ აღმოჩნდი... კუჭიც ცარიელი... უკეთეს ახალ წელს ვერც ინატრებს კაცი,-თავის თავს უწყრებოდა კატო.

ბოლოს ვეღარ მოითმინა, ოთახის კარი გააღო და ფეხისწვერებზე ჩაიპარა სამზარეულოში. მაცივრის კარი რომ გააღო, თვალები გაუნათდა და გაიფიქრა:

-ინავარდე, კატო. რაც გესიამოვნება, ყველაფერი აქ არის, სულო და გულო!

სუჯუხსა და ბასტურმას ხელი დასტაცა, ყველის ნაჭრებიც მოიპარა და სასწრაფოდ პირისკენ გაიქანა. ნახევრადაც არ ჰქონდა პირველი ლუკმა ჩაღეჭილი, რომ ფეხის ნაბიჯების ხმა გაიგონა და ადგილზე გაშეშდა. სამზარეულოში შუქი აინთო და ფაქტზე წასწრებულმა თვალები დახუჭა.

-ასე ძალიან გშია?- სამზარეულოში ნიკას ხმა გაისმა.

საჭმლის ქურდმა თვალები გაახილა და თავი დაუქნია.

ნიკამ მაცივრიდან საჭმელები გამოალაგა და ბარის მაგიდაზე დაალაგა:

-დამეწვიე. მეც მომშივდა და იმიტომ ჩამოვედი.

-ახლა ამას იმიტომ ამბობ, თავი უხერხულად არ ვიგრძნო, ხომ?- მიუხვდა კატო.

-მოხვალ, თუ მარტო მე მოვულხინო?

-მოვალ,- დაბალ ხმაზე თქვა და მაღალ სკამზე შესკუპდა.

-დედაბერივით რომ მიუჯექი იმ ბუხარს და ვეღარ გაწიწკნიდით, ჭამაზეც უნდა გეფიქრა.

-შენ გამამწესე იქ და მეც ვეღარაფერი ვთქვი.

-სუფრასთან რომ დაჯექი და ერთი მანდარინის მეტი არაფერი გადაგიღია, ეგეც მე გაგიმწესე?

-არა, მაგრამ ახლა ხომ ვჭამ?

-გინდა, წვენიც დაგისხა?- ატმის წვენი დაანახა და ხელში ჭიქა აიღო.

ქალმა მორიდებით დაუქნია თავი და ჭამა გააგრძელა.

-აბა, მომიყევი. ვინ ხარ?

-კატო თოდუა. ვმუშაობ საწოლის თეთრეულის საწყობში. ონლაინ შეკვეთების შემთხვევაში, კლიენტებთან სახლში მიტანის სერვისს ვასრულებ. ვარ ოცდაორი წლის. მყავს მშობლები, პატარა ძმა საბა და კატა სახელად პოპ კორნი. კიდევ რა გაინტერესებს?

-პოპ-კორნი? ხომ არ მომესმა?

-გილოცავთ! თქვენ ჯერ არ დაყრუებულხართ და სმენა მწყობრში გაქვთ. პოპ-კორნი უყვარს და...

-სად ცხოვრობ?

-თბილისში.

-რომელ უბანში?

-დაკითხვაზე ვარ?

-არ შეიძლება გკითხო?

-და რისთვის ავსებ ჩემს ანკეტას?

-ისე, მაინტერესებს,-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.

-ნაძალადევში ვცხოვრობ.

-შეყვარებული გყავს?

ქალს ლუკმა ყელში გაეჩხირა და ძლივს უპასუხა:

-არა, დავშორდი.

-შენ არ გაინტერესებს ჩემზე არაფერი?- მამაკაცი სერიოზული მზერით ბურღავდა კატოს.

ქალმა მხრები აიჩეჩა:

-რა ვიცი, თუ გინდა, მითხარი.

-თუ მინდა?- ასეთ პასუხს აშკარად არ ელოდებოდა.

-ჰო.

-არ გინდა, რომ ერთმანეთს ვიცნობდეთ?

-ბავშვობიდან მასწავლიან, რომ ზედმეტი ცნობისმოყვარეობა ადამიანებს ღუპავს.

-გააჩნია რაში.

-ეგეც მართალია, მაგრამ...

-მაგრამ რა?

კატოს ნიკას მხრიდან გამოვლენილი ინტერესი არ მოეწონა და დაიძაბა:

-ბოდიში, უნდა დაგტოვო, ძილი მომერია.

-ერთი წუთით!-შეაჩერა მამაკაცმა.

კატო მიუბრუნდა და თვალები გაუსწორა:

-ხვალ დილიდან გზა გაწმენდილი იქნება. მანქანებს ადრიანად მივაკითხოთ და იმ შემთხვევაში, თუ შენი არ დაიქოქება, ჩემსას ბორბალს კი შევუცვლი და შემიძლია იმ ბავშვთან საჩუქრის წაღებაში დაგეხმარო.

-დარწმუნებული ხარ?

ნიკა უხმოდ დაეთანხმა, კატოს უკნიდან ამოუდგა, ცხვირი თმასთან მიუტანა, სურნელი შეიგრძნო და ჩურჩულით მიაწვდინა ხმა:

-აბსოლუტურად.

ქალი შეკრთა და გვერდზე გადგა.

-მგონი, ცუდი აზრი არ უნდა იყოს. რას იტყვი?- ისევ მისკენ გაიწია მამაკაცმა.

- იმის გამო, რომ აქ ერთი ღამით შემიფარე და ახლა გგონია, საძინებელში შემოგყვები, ცდები! მირჩევნია დავტოვო აქაურობა და თოვლში გავიყინო!-მტკიცედ უთხრა კატომ.

-რადგან შეხება არ გსიამოვნებს და არც ჩემი უკეთ გაცნობის არანაირი სურვილი არ გაგაჩნია, მაშინ შეგეშვები. ძილი ნებისა!- ცივად დატოვა სამზარეულო.

მარტოდ დარჩენილმა კატომ საჭმელები მაცივარში დააბრუნა და თავის ოთახში ავიდა. ნიკას ოთახს რომ ჩაუარა, ერთხანს გაჩერდა და მორიდებით დააკაკუნა. კარი მალე გაუღო და სახეზე ალმოკიდებული სტუმარი რომ დაინახა, გაიკვირვა, თუმცა არ აგრძნობინა:

-რამე გჭირდება?

-ერთი თხოვნა მაქვს.

-გისმენ.

-დედაჩემს მინდა დავურეკო და თუ შეიძლება, შენი ტელეფონით ვისარგებლებ.

-შემოხვალ, თუ მანდ იდგები და ყველას გააგებინებ, რომ ჩემი მეგობარი არ ხარ?

ქალი ოთახში შეჰყვა. მამაკაცმა ტელეფონი ტუმბოდან აიღო და გაუწოდა. კატომ მადლობა გადაუხადა და დარეკა. შვილის ხმის გაგონებაზე განერვიულებულმა მშობლებმა გნიასი ატეხეს და შუაღამის სამ საათზე მის დასახმარებლად ლამის უკვე ქუჩაში იყვნენ გასულები, როდესაც აღელვებულ კატოს ნიკამ ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა და გარკვევით აუხსნა, მათი შვილი უსაფრთხოდ იყო და თავად იღებდა პასუხისმგებლობას, როგორც კი გზა გაიწმინდებოდა, სახლამდე მიაცილებდა.

-რა გააკეთე?- კატომ მშობლებს ტელეფონი გაუთიშა და საყვედურით მივარდა ნიკას.

-ვერ უყურებ გარეთ რა ამინდია?- ფარდა გადაწია და გარეთ გაახედა,- ამხელა თოვლში აქ როგორ ამოვლენ?

-ვინ დამიჯერებს, რომ არ ვიტყუები და მართლა უცხო ხარ ჩემთვის? ხვალ იმდენი ახსნა-განმარტების გაკეთება მომიწევს, მერჩივნა, კეთილი ტყუილით შემოვფარგლულიყავი და შენ არსად გამომეჩინე.

-მაშინ უთხარი, რომ შენი შეყვარებული ვარ. არ ვარ წინააღმდეგი.

-გთხოვ, თავი დამანებე. მასხარაობის ხასიათზე არ ვარ.

ამასობაში ტელეფონი აწკრიალდა. კატოს დედ-მამა რეკავდა.

-შენი მშობლები არიან, დაელაპარაკები?

კატომ ხელის კანკალით გამოართვა ტელეფონი და უპასუხა. მშობლებს აინტერესებდათ, ვინ იყო მის გვერდით მყოფი მამაკაცი. გზად გამვლელია, რომელმაც ტყეში მარტოდ დარჩენილი დამინახა და სახლში წამიყვანაო. მეტი სიმშვიდისთვის ისიც დაამატა, დედ-მამა, და, მისი მეუღლე, დიშვილი და ბებიაც აქ არის და არაჩვეულებრივი ხალხია, არაფერს მაკლებენო. მალევე გაუთიშა. ნიკას მობილური დაუბრუნა და თავის ოთახში გავიდა.

მთელი ღამე ბორგავდა. ვერ დაიძინა. გაჰყურებდა ფანჯარასთან ცელქად მოთამაშე ფიფქებს და გულის ნადებს უზიარებდა...



***

დილით სტუმარს ნუცამ მიაკითხა და საუზმეზე მიიპატიჟა. წინა დღესთან შედარებით, ცოტა გათამამდა და უარი არ უთქვამს. მაგიდასთან ოჯახის ყველა წევრი შემომსხდარიყო და ძველი წლების საახალწლო კურიოზებს იხსენებდნენ. იყო ერთი მხიარულება და სიცილ-კისკისი. მხოლოდ კატო და ნიკა არ გამოირჩეოდნენ დიდი აქტიურობით.

-სად გაიცანით ერთმანეთი, ბებიკო?-დალი ბებიამ ჩუმად მსხდომ ნიკას და კატოს გახედა და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სმენა დაძაბა.

კატომ უხერხულობისგან ჩაახველა და ნიკას მიჰკრა ფეხი, შენ თქვიო. ნიკა დაიბნა და მანაც ფეხი მიჰკრა- უმჯობესია, შენ თქვაო.

-სრულიად შემთხვევით, სვანეთის ლაშქრობაში გავიცანი. იქ დავუახლოვდით ერთმანეთს,-უცებ მოჩმახა კატომ.

-სვანეთში როდის იყავი? რაღაც არ მახსენდება,- აღნიშნა დედამისმა.

-არც მე,-დაეთანხმა მამამისი.

ნიკას მთელი სხეული დაეჭიმა:

-თქვენ რომ წინა წელს თურქეთში ისვენებდით, სამდღიან ტურში წავედი და სწორედ მაშინ გავიცანი.

-ლამაზი გოგონა ხარ,-შეაქო დალი ბებიამ სტუმარი.

-მადლობა,- მორცხვად გაუღიმა კატომ.

ქალმა მისკენ გადააჩოჩა სკამი და საუბრის გაბმა მოინდომა, მაგრამ ნუცამ იმარჯვა და შენი დახმარება მჭირდება სამზარეულოშიო- ოსტატურად ჩამოაშორა სასაუბროდ ენაალესილი დალი ბებო შვილიშვილსა და მის „მეგობარს“.

-საიდან მოთხარე სვანეთი? ცხოვრებაში ფეხი არ დამიდგამს.

-აბა, რა მეთქვა? ისე მიწყრები, თითქოს მართლა გიცნობდე.

-დიდი მეზღაპრე ვინმე ხარ. შენი ნიჭი მომცა და ისეთ ბესტსელერს დავწერდი, შარლ პეროს შეშურდებოდა,- ყურში ეჩურჩულებოდა ნიკა.

მამაკაცის ხმა და სუნთქვა ყოველ მიახლოებაზე თავბრუს ახვევდა კატოს, მაგრამ ცდილობდა, მისთვის არ დაენახებინა.

-გამოტყდი, რომ ზღაპრები შენც გიყვარს. ჩემს გვერდით თავს პრინცად გრძნობ და ამიტომ გიზიდავ.

-რა?-ვერ მიუხვდა ნიკა.

-გასაჭირში ჩავარდნილ პრინცესებს ყოველთვის პრინცები ევლინებიან მხსნელებად. ასე მოხდა გუშინაც...- ცხვირი ჩაყო ჯემპრის მაღალ საყელოში და სიცილისგან თავს ძლივს იკავებდა.

-რა სასაცილო რამე თქვი. გავიგუდე,- გაბრაზდა ნიკა.

-კარგი, მაპატიე.

-მანქანის მოსაყვანად უნდა წავიდე. ხელოსნებმა დამირეკეს, მალე მოვალთო. აქ დარჩები, თუ წამომყვები?

-წამოგყვები.

ნიკა სკამიდან წამოდგა და კარადის საკიდზე ქურთუკს დაუწყო ძებნა. კატომ მადლობა გადაუხადა ოჯახს მასპინძლობისთვის და დაემშვიდობა.



***

ნიკამ ავტოფარეხიდან მამამისის მანქანა გამოიყვანა და კატოსთან ერთად დაიძრა მიტოვებული მანქანებისკენ.

-მართლა გეწყინა?- მოწყენილი ხმით ჰკითხა კატომ.

-კულტურულად ბავშვი მიწოდე და შენ როგორ ფიქრობ, გამეხარდებოდა?..- არც შეუხედავს, ისე უპასუხა მამაკაცმა.

-გაგეხუმრე.

-ჰმ,- სერიოზული სახით აღმოხდა და აღარაფერი უთქვამს.

კატო ვერ ისვენებდა. უნდოდა, საუბარში აეყოლიებინა:

-არ გინდა, შენს შესახებ რამე მითხრა?

-გუშინ არაფერი გაინტერესებდა. ასე უცებ, რამ შეგცვალა?

- დღეს სხვანაირად ვფიქრობ. გუშინ ფიფქებს ვეჩურჩულებოდი და ასე მითხრეს, ნიკა ცუდი ბიჭი არ არისო. ინფორმაციას ვამოწმებ, - ეშმაკურად გააპარა მისკენ თვალები.

-სახლში როგორ გიტანენ?- ღიმილი მოადგა მამაკაცს.

-რა ვიცი, შვილი ვარ და ხომ არ გადამაგდებენ?

-წარმომიდგენია, რა გასაჭირით გიძლებენ.

-ბოლოს და ბოლოს, მეტყვი, თუ კიდევ დიდხანს დაიფასებ თავს?

-სამშენებლო კომპანიის არქიტექტორი ვარ.

-ისეთი სახით დადიხარ, მორგში მომუშავე ექსპერტი მეგონე.

-მადლობა. შენგან მეტს არც ველოდი.

-არაფრის. შეყვარებული გყავს?

-არა.

-ასეც ვიცოდი. მჟავე ხასიათი გაქვს. ვინ შეგიყვარებს?

-ზედმეტები ხომ არ მოგდის?!

-ბოდიში, ბოდიში. ეს ენა მღუპავს ხოლმე.

-გინდა, მაკრატელი გათხოვო?

-როგორ გეკადრებათ? საჭირო არ არის,- ხელი პირთან მიიტანა და ანიშნა, ვჩუმდებიო.

ადგილზე მისულებს პოლიცია დახვდათ და მძღოლების გარეშე დარჩენილი ავტომობილების მეპატრონეების სახელს, გვარსა და საცხოვრებელ მისამართს ადგენდნენ. ორივემ აუხსნა წინა დღით მომხდარის შესახებ, პირადობის მოწმობები წარუდგინეს და გარკვეული ფორმალობების შემდეგ მანქანები ჩაიბარეს, მაგრამ კატოსი არ დაიქოქა და პროფილაქტიკაში გადაყვანას საჭიროებდა. ნიკას ადგილზე გამოძახებულმა ხელოსნებმა როგორც კი დახმარება გაუწიეს, კატოს მიუბრუნდა:

-თუ კიდევ გაქვს სურვილი, რომ იმ ბავშვს მიაკითხო, ჩემი შემოთავაზება ისევ ძალაშია.

-მერე ეს მანქანა?

-ჯერ ის მითხარი, ის ბავშვი სად ცხოვრობს?

-წყაროათუბანში.

-აქვეა, დიდ დროს არ წაიღებს. შემდეგ დავბრუნდეთ და ამ მანქანას მე ჩაგატანინებ თბილისში.

-რა ვიცი. უკვე იმ ჭკუაზე ვარ, ყველაფერზე უარი ვთქვა და როგორმე აქედან გავაღწიო.

-ჩემი აზრით, თუკი მისი გახარება ითავე, მაშინ ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო.

-კარგი, წავიდეთ,-საბარგულიდან ბავშვის საჩუქრები ამოიღო და ნიკას მანქანაში გადააწყო.



***

სახლის ჭიშკარი რომ შეაღეს, გახარებული ბიჭუნა მაშინვე სახლიდან გამოვარდა.

-ლუკა მაისურაძე შენ ხარ?- ჰკითხა კატომ.

-კი, მე ვარ,- ღიმილით მიუგო ბავშვმა და საჩუქრით სავსე პარკებს დახედა.

-როგორ გელოდებოდათ... დააწყდა ფანჯარასთან დგომით თვალები,- გახარებული დედამისი სტუმრებს მიეგება,-შინ მობრძანდით, აქ ნუ დგახართ.

სტუმრები მასპინძელი ქალის სიტყვებს დაემორჩილნენ.

-პრინცესა ბელლა შენ ხარ?- ლუკამ ნაქსოვ ჯემპრსა და ჯინსის შარვალში გამოწყობილი კატო კარგად შეათვალიერა.

-დიახ.

-თოვლის პრინცესა რატომ გქვია? თოვლისგან ხარ შექმნილი?

-რა თქმა უნდა. არ ვგავარ?

-არა.

-აბა, ამიღწერე, როგორი წარმოგედგინე?

-მეგონა, სულ თეთრი იქნებოდი, დათოვლილი თმა და წამწამები გექნებოდა. ტანსაცმელიც თეთრი გეცმეოდა.

-თეთრი გუშინ იყო. როცა შენთან მოფრინავდა, ბოროტმა ჯადოქარმა მის ციგას ქვა ესროლა, დააზიანა და ტყეში ჩამოაგდო. მერე ლამაზი ტანსაცმელი წაართვა და ახლა თვითონ დადის იმ ტანსაცმლით და სხვებს ატყუებს, თოვლის პრინცესა ვარო,- საუბარში ჩაერთო ნიკა.

ბავშვს სახე შეეცვალა და შეშინებული თვალებით შეხედა ორივეს. კატომ ნიკას თვალები დაუჭყიტა და მიახვედრა, გაჩუმებულიყო.

-არ დაუჯერო, იხუმრა ბიძიამ. ციგიდან მართლა ჩამოვვარდი, ოღონდ ძლიერი ქარის გამო და ხის ტოტებმა ტანსაცმელი დამიხიეს, მერე კი კეთილმა ადამიანებმა თავისი მათხოვეს, -ბავშვის დამშვიდება დაიწყო კატომ,- მოდი, საჩუქრები გავხსნათ. აბა, ვნახოთ, თუ მოგეწონება.

ლუკამ კატოს შეფუთული საჩუქრები გამოართვა და ბურთის, ბუცებისა და თბილი ტანსაცმლის დანახვაზე სიხარულისგან თვალები გაუნათდა:

-ვაუ, რა მაგარია! ძალიან დიდი მადლობა.

-არაფრის, საყვარელო.

-ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაახარეთ. ფეხბურთი მისი საყვარელი სპორტია.

-ადვილი მისახვედრია,- გაეცინა კატოს.

ნიკა მის წინ დაიხარა, ჯერ საყვარელ გუნდსა და ფეხბურთელებზე ჰკითხა, შემდეგ იმით დაინტერესდა, რომელიმე საფეხბურთო სკოლაში ხომ არ დადიოდა. ბავშვმა თავი გააქნია და მიუგო, ჩემი ოცნებაა, ამ სპორტზე ვიარო, მაგრამ დედას და მამას საშუალება არ აქვთ, რომ მატარონო.

-რადგან ფეხბურთი ასე ძალიან გიყვარს, მაგ სურვილს მე შეგისრულებ.

-რას ამბობთ?-გაოცებისგან სუნთქვა შეეკრა პატარა ბიჭუნას დედას.

-ეს ჩემი ტელეფონის ნომერია. დამიკავშირდით და დავილაპარაკოთ,- სავიზიტო ბარათი მიაწოდა ქალს.

ბავშვი ნიკას მივარდა, ძმაკაცივით დაურტყა ხელი და გადაეხვია.

-გაიხარეთ ჩემი შვილის გახარებისთვის,- ემოციებს ვერ მალავდა ქალი.

კატო და ნიკა დიდხანს არ გაჩერებულან, ლუკას და დედამისს დაემშვიდობნენ და სწრაფად გაბრუნდნენ ტყეში დატოვებული მანქანისკენ.

- ბოროტი ჯადოქრის ამბავი საიდან მოიგონე?

-რა ვიცი, მეგონა, გავამხიარულებდი.

-ბავშვებს აღარ გაეკარო.

-რატომ?

-რატომ და ბავშვობას წაართმევ.

-სამაგიეროდ ფეხბურთზე უცებ გავუგეთ ერთმანეთს.

-ჰო, ეგ კი, მაგრამ ზღაპრები შენი საქმე არ არის.

-მაგაში გეთანხმები, გვერდით მდგომ სუპერ ჩემპიონს არც უნდა გავჯიბრებოდი.

-დიახაც!

-დავიძარით თბილისისკენ?

კატომ თავი დაუქნია.

-ბავშვთა გასართობი ცენტრის თანამშრომელი არ ხარ, რომ ვიფიქრო, იდეები სამსახურიდან გამოჰყვა-მეთქი და იქნებ მითხრა, პრინცესა ბელლა როგორ გახდი?

-გრძელი ისტორიაა. ახლა ყველაზე ნაკლებად ამაზე ლაპარაკი მსურს,-პასუხს თავი აარიდა კატომ.

-კარგი, ნურაფერს მეტყვი,-წყენა დაეტყო მამაკაცს.

ქალმა ფანჯარაში გაიხედა და მოძალებულ ფიქრებს რომ გაქცეოდა, არემარეს დაუწყო თვალიერება.

-რაღაც გაწუხებს?

-არა.

-მატყუებ.

კატომ ღრმად ამოისუნთქა და დარდისგან გამომშრალი თვალები წამებში დაუსევდიანდა.

-თუ საუბარი გჭირდება, მზად ვარ, მოგისმინო.

-მადლობა, მაგრამ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ.

ნიკამ მხრები აიჩეჩა და სიჩქარეს მოუმატა. აღარცერთი სიტყვა უთქვამთ ერთმანეთისთვის. მათ შორის იდუმალმა სიჩუმემ დაისადგურა.

ადგილზე მისვლისთანავე კატომ საცხოვრებელი მისამართი უკარნახა და კუთვნილ მანქანაში გადაჯდა. ნიკამ თავის ავტომობილთან ჩააბა და თანდათან დაუყვნენ თბილისისკენ მიმავალ გზას.

დაახლოებით ერთ საათში ნაძალადევის რაიონში აღმოჩნდნენ. ქალი დამტვრეული მანქანიდან გადავიდა, ნიკას თბილად გაუღიმა და სახლში დაპატიჟა.

-ცოცხალი ხარ?- როგორც კი კარები გააღო, იქვე შეეგება მთელი ოჯახი.

-გაიცანით. ეს ნიკაა. ამ ადამიანმა მიხსნა ტყეში მარტო დარჩენისა და გაყინვისგან.

ნიკამ მის მშობლებს და ძმას ხელი ჩამოართვა და გაეცნო. შემდეგ კატოსთან ერთად დაწვრილებით აუხსნა რაც წინა ღამეს გადახდათ.

-სიმართლე გითხრათ, კატოს ფათერაკიანი ცხოვრების არ გვიკვირს. ღმერთს მადლობა, რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა,- აფორიაქებული ქალი ნელ-ნელა ცხრებოდა.

-რა აღარ ვიფიქრეთ. ეს რა საშინელი ღამე იყო,- განერვიულებული სახით უყურებდა მამამისი კატოს.

-შენც მეძებდი?- კატომ პატარა ძმა კალთაში ჩაისვა და ლოყები დაუკოცნა.

-არა, მე მეძინა,-თავი გააქნია საბამ და სტუმარსა და მასპინძლებს შორის ჩამოწოლილი დაძაბულობა წამშივე სიცილით გაფანტა.

-მაგიდასთან ხომ არ გადავინაცვლოთ? - შესთავაზა კატოს მამამ ნიკას,-ბოლოს და ბოლოს, მეკვლე კაცი გვეწვიეთ, ასე უპატივცემულოდ როგორ გაგიშვათ?

-საჭესთან ვარ და არ ვსვამ.

-ნუ დალევთ, ალკოჰოლის გარეშე შემოგვიერთდით.

-დიდი მადლობა, მაგრამ მეჩქარება, სხვაგან მელოდებიან.

-მადლობა რისთვის? აქეთ უნდა გიხდიდეთ მადლობას, რომ შვილი გადამირჩინეთ.

-არაფრის,-დაემშვიდობა და ის იყო, ბინიდან გასვლას აპირებდა, რომ ყავა არ დაგილევიაო - მიაძახა კატომ.

-მაგისთვის ცალკე მოვიცლით...- მრავლისმეტყველი მზერით გახედა ნიკამ და სწრაფად დატოვა იქაურობა.

-კი, მაგრამ...-სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, მამაკაცი უკვე თვალს ეფარებოდა.

გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდნილმა კატომ კარი მიხურა, მისაღებ ოთახში სიმაღლის მიხედვით ჩამწკრივებულ ოჯახის წევრებს გადახედა და ჩაეცინა:

-რაც მთავარია, ცოცხალი და უვნებელი ვარ. გეხვეწებით, გუშინდელი ამბები მეტჯერ აღარ მომაყოლოთ. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, მანქანა რომ მყავს შესაკეთებელი და ჯიბეში ერთი თეთრიც არ მიჩხავის, რა გზას დავადგე?

-ძალიან დაზიანდა? ჩავალ ეზოში და ვნახავ,-ქურთუკის ჩაცმა დაიწყო მამამისმა.

-მეც წამოვალ, რა,- შურდულივით გავარდა საბა მამამისისკან.

-მე წავალ, დავიძინებ. იქნებ გონზე მოსვლა შევძლო.

-გონზე მოსვლა რომ შეძლო, გონებაც უნდა გქონდეს!- ცივად უთხრა დედამისმა და გაეცალა.

-რომ არ წაუმწარო, ისე ვერა, ხომ?

ქალს პასუხი არ გაუცია, ტელევიზორი ჩართო და წინა ღამეს ჩაწერილი პროგრამის ყურება დაიწყო.

კატომ საკუთარ ოთახში შეიბუდა, საბნის ქვეშ კომფორტულად შეძვრა და ფიქრებით წინა ღამის ამბებს გაჰყვა. ნიკასთან წარმართულ დიალოგებს დეტალ-დეტალ იხსენებდა და სახეზე ღიმილი ერეოდა. როგორც კი ახლოს მისულს ხედავდა, მაშინვე გული უფრთხიალებდა და თვალებს მაგრად ხუჭავდა. არ უნდოდა, ერთი ღამით გაცნობილი უცნობი ნაცნობისთვის იმაზე მეტი დრო დაეთმო, ვიდრე რეალობა საშუალებას აძლევდა. ბოლოს მოთენთილობამ სძლია, ქუთუთოები დაუმძიმდა და ძილის სამყაროში გაემგზავრა.



***

-ეკა დეიდა, როგორ ხართ?-საღამოს შვიდი საათი იქნებოდა, როდესაც ელენე მეგობრის სახლში მივიდა.

-შენი დაქალის ხელში როგორ ვიქნები? - თვალები აატრიალა ქალმა.

-სად არის?

-სად იქნება? მაგას სანამ ბულდოზერით არ მოვუნგრევთ თავის ოთახს, მანამდე იქიდან გამოსვლა არ ეღირსება.

-შევალ, ჰო?

-შედი,- შვილის ოთახს გახედა და მისაღებ ოთახში დაბრუნდა.

ელენემ კარზე დაუკაკუნა და ფრთხილად შევიდა ოთახში.

-სინათლე არ აანთო,- გაისმა კატოს მოგუდული ხმა.

-რა გჭირს?

-არაფერი, რა უნდა მჭირდეს?-ნამძინარევი ხმით უპასუხა.

-რა ჯანდაბა შეგემთხვა? არ მეტყვი?

-მივდიოდი ბოლო ადრესატთან საჩუქრის გადასაცემად სოფელ წყაროთუბანში. გზაში თოვდა, სიარული ჭირდა და ბორბლები ცურავდა. ჩემი დაფახფახებული მანქანა თოვლზე მოსრიალდა, გადავიდა სავალი ნაწილიდან, შეიჭრა ტყეში და დავეჯახე ხეს. დავკარგე გონება. როცა თვალები გავახილე, მობილურის ბატარეა დამჯდარი იყო. კარი ვერ გავაღე. ჩავტეხე მინა და ისე გადავედი. დაველოდე გამვლელ მანქანას, რომ დახმარება მეთხოვა. ვიღაც გამოჩნდა, ჩააბა თავის მანქანასთან და სცადა, გზაზე გადაეყვანა, მაგრამ მე ისეთი იღბლის ბუკეტი ვარ, ლურსმნიან ფიცარს გადაუარა და ბორბალი გაუსკდა. მერე ფეხით ავედით მის აგარაკზე. გავიცანი მისი ოჯახის წევრები და ახალი წლის ღამე მათთან ერთად გავატარე. დილით იმ ბიჭმა ბორბალი გამოცვალა და დამეხმარა ბოლო ადრესატი საჩუქრის გარეშე არ დამეტოვებინა. ჩემი დამტვრეული მანქანაც მომათრევინა ეზოში და წავიდა. მას მერე მძინავს. ახლა შენ მოხვედი და გელაპარაკები.

-ვინ არის ის ბიჭი?-სინათლე აანთო ელენემ.

-ნიკა,- შუქმა თვალებში მტკივნეულად შეაჭყიტა კატოს და ხელი დაიფარა.

-ვინ ნიკა?

-არქიტექტორი.

-ნიკა არქიტექტორი... როგორი სრულყოფილი ინფორმაციაა... - თავი გააქნია ელენემ.

-მეტი არაფერი ვიცი.

-მთელი ღამე ვიღაც უცხო მამაკაცთან და მის ოჯახთან ერთად იყავი და მეტი არაფერი იცი?

-არ ვიცი და რომც ვიცოდე, რას შეცვლიდა?

-შენ როგორ ხარ? რამე ხომ არ დაიშავე?-სხვა თემაზე გადაერთო ელენე.

-ცოტა თავი მტკივა. ისეთი არაფერი, რომ ვაი, დედა ვიძახო.

-რას აპირებ?

-გაიხსნას ბანკები და სესხის ასაღებად მივალ. მანქანა ხელოსანთან უნდა მივიყვანო.

-ხიფათების დედოფალი ხარ. საიდან რას გამოჩხრიკავ ხოლმე?

-შენ ის თქვი, ვინ აღარ ვარ?

მეგობრებს საუბარი კარზე გაბმულმა ზარმა და უცხო მამაკაცის ხმამ შეაწყვეტინათ -კატო თოდუას კითხულობდა. საბამ დას დაუძახა, გეძახიანო და ცნობისმოყვარესავით აედევნა. კურიერმა წითელი ვარდებით შეკრული თაიგული გადასცა და მიღებას ხელი მოაწერინა. კატომ ყვავილებში ჩადებული პატარა, თეთრი ბარათი ამოიღო და ტექსტს დახედა:

-"განსაკუთრებულს და ზამთარივით სუსხიან თოვლის პრინცესას ნიკა თურმანიძისგან."

კატომ სიხარული ვერ დამალა და თვალები აუციმციმდა.

-ვისგან არის?-ლამის ცხვირი დაადო ბარათს ელენემ.

-ნიკასგან,-ჩუმად გადაულაპარაკა და ოთახში შეიტანა.

-მდაა..- ეკამ ყური მოჰკრა კატოს სიტყვას და თავი გააქნია,- იმედი მაქვს, ჭკვიანად მოიქცევი და მაგ ბიჭს არ გააგიჟებ, თუ უკვე გაგიჟებული არ გყავს.

-რას ამბობთ, ქალბატონო დედა? მე და ვიღაც გავაგიჟო? -ხასიათზე მოვიდა კატო.

-უფალო...- ხელები მაღლა აღმართა ქალმა და შვილი მარტო დატოვა მეგობართან.

კატომ ყვავილები ლარნაკში ჩააწყო, ტუმბოზე დადგა და ხან ერთი მხრიდან შესცქეროდა, ხან -მეორედან.

-კარგი, გეყოფა! თვალი არ ეცეს.- ქირქილებდა ელენე, -სიმპათიურია მაინც? ერთი ორი სიტყვა მითხარი.
-არაუშავს, ვერ დაიწუნებ.
-სულ ეგ არის? დღე და ღამე თავს გვაჭამ და რაღა ახლა ჩაიგდე ენა მუცელში?

მოულოდნელად კატოს ტელეფონმა დაიწკარუნა და ეკრანზე უცხო ნომრიდან შესული ტექსტური შეტყობინება გამოისახა:

„ვიცი, ყვავილების თაიგული უკვე მიიღე. იმედი მაქვს, მოგეწონა. რადგან ჩვენი ნაცნობობა ახალი წლის ღამეს დაიწყო, დიდი სურვილი მაქვს, შობის ღამესაც ერთად შევხვდეთ. რესტორანში გეპატიჟები. იქნებ გაგვეგრძელებინა ურთიერთობა? რას იტყვი?“

ტექსტი ბოლომდე ჩაიკითხა და მღელვარება დაეტყო. ელენემ მაშინვე შენიშნა გუნების შეცვლა:

-რამე მოხდა?

-შობის ღამეს რესტორანში მეპატიჟება.

-მერე?

-რა მერე? რა ჯანდაბა ვქნა?-მეგობრის პასუხს არც დალოდებია, ოთახიდან გავიდა და დედამისს ჰკითხა, შენ ხომ არ მიეცი ნიკას ჩემი ტელეფონის ნომერიო.
საბა თამაშს მოწყდა და დას მოახსენა:
- დედას ტელეფონზე დარეკა, მე ვუპასუხე და ასე მითხრა, კატოსთან საქმე მაქვსო. არ უნდა მიმეცა?- გაკვირვებული სახე მიიღო საბამ.
-ვაიმე, ამას მოვკლავ! კიდევ რა გითხრა?
-რა შენი საქმეა?
-ვერ გადამირჩები! -თვალები დაუბრიალა კატომ.
ბიჭი გაიქცა და დედას კალთაში ჩაუხტა.
-არაფერი დაუშავებია. სადაც ერთმანეთის ოჯახის წევრებს იცნობთ და საცხოვრებელი მისამართებიც იცით, დიდი ამბავი. არ აწია პანიკა?!- ეკამ ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა.
გაწბილებული კატო ოთახში დაბრუნდა.
-ჩემს ნათლულს ნუ ემუქრები!- წამოუხტა ელენე.
-ჰო, ხელი დააფარეთ. რა ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდი, ახლა რა ვქნა?
-შეხვდი, ხომ არ შეგჭამს?

-მეშინია,- ცქმუტავდა კატო.

-რისი?

-მეც არ ვიცი რისი.

-გატყობ, მოგწონს, მაგრამ ახალი ურთიერთობის დაწყებას ვერ რისკავ.

-მართალი ხარ,-საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ფეხები აუკანკალდა.

-რომ იცოდე, რა სასაცილო ხარ...

-კარგი რა, ელე. ვერ მიყურებ? ცეცხლი მიკიდია.

-ყველა სანდრო არ არის. ეგ დაიმახსოვრე! დანარჩენი შენ იცი. როგორც გული გიკარნახებს, ისე მოიქეცი.

-იცი რა მენანება ყველაზე მეტად ჩემი და სანდროს ურთიერთობაში? ტყუილად დახარჯული დრო და ემოციები.

-ურთიერთობები ისევ ურთიერთობებს გვასწავლიან.

-ეგეც მართალია...- ამოიოხრა და წარსულის მტკივნეული გამოცდილებით ღრმა ფიქრებს შეერია.



***

-რომ არ მოვიდეს... - ვინ მოსთვლის რამდენჯერ გაივლო გულში ნიკამ და საოცარი სიცარიელე ეუფლებოდა.

თავადაც ვერ ხვდებოდა რა სჭირდა. თითქოს კატოს ადრეც იცნობდა და მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა. ახალი წლის ღამის მსგავსი ამბავი დეჟა ვუს ეფექტით ევლებოდა გარს და რეალობის შეგრძნებას აკარგვინებდა. გრძნობდა, ემოციები ფიზიკური სხეულების გარეშე ისევ კვლავინდებურად აგრძელებდნენ არსებობას და დაუკმაყოფილებლობა სჭამდა. კატოს პასუხის მოლოდინში მოთმინების ძაფი უწყდებოდა და წარამარა უყურებდა ტელეფონის ეკრანს.

სიჩუმე ისევ საეჭვოდ იხანგრძლივებდა გულის ფეთქვას...



***

შობის ღამე ახლოვდებოდა. ნიკას კატოსგან პასუხი ჯერ არ მიეღო. კიდევ ერთხელ გააგზავნა ტექსტური შეტყობინება:

„საღამოს 19:30 სთ-ზე შენს კორპუსთან დაგელოდები. ნურაფერს მომწერ, მხოლოდ ჩამოდი. თუ არ ჩამოხვალ, ჩავთვლი, ის ღამე ერთი დიდი გაუგებრობა იყო. გპირდები, სამუდამოდ წავალ და ორივეს ცხოვრება ჩვეული რიტმით გაგრძელდება.“

კატომ შეტყობინება წაიკითხა და კვლავინდებურად აუტრიალდა აზრები. გულსა და გონებას დაუნდობელი ბრძოლა გაემართათ ერთმანეთთან. გამარჯვება კი კვლავ შორიდან ათვალიერებდა ორივეს...



***

-იესოს ვარდი არ გინდათ?- ქალის ხმა მოესმა სახლიდან გასულ ნიკას.

ქუჩის კუთხიდან წელში მოხრილი მოხუცი ტაატით მოუყვებოდა და დაკრუნჩხული ხელებით პატარა, ულამაზესი ყვავილების თაიგულს აწვდიდა.

-იესოს ვარდი?- პირველად ესმოდა ყვავილის დასახელება.

-უბრალო ყვავილი არ გეგონოს, თავის ისტორია აქვს.

-რა ისტორია?

-მწყემსი, რომელიც ახლადშობილი იესოს ნახვას ჩქარობდა, საჩუქრის გარეშე მოუწია წასვლა და ძალიან განიცდიდა. დარდისგან ცრემლები წამოსვლია და თოვლს დაეცა, საიდანაც თოვლივით თეთრი ვარდების მსგავსი ყვავილები ამოსულან. შემდეგ ეს ყვავილები უჩუქებია იესოსთვის და ასე გაჩნდა ამ ყვავილის სახელწოდება.

-რა ღირს, ბებო თქვენი ყვავილები?- შეებრალა ხანდაზმული და გადაწყვიტა, ყველა ეყიდა.

-კონა სამ ლარად წაიღე. სულ თუ გინდა, ოც ლარად მოგცემ.

ნიკამ ყველა იყიდა და ვიდრე მანქანაში ჩააწყო და დამდეგი შობის დღესასწაულის მილოცვა დააპირა, ქალი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.

-უცნაურია!-ხმამაღლა გაიფიქრა და კატოს მისამართისკენ დაიძრა.



***

-გაბედე, კატო! წარსულის ლახვარი გულიდან ამოიგლიჯე და უფსკრულში ჩააგდე!- საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ჩაბნელებული ოთახის ფარდის პატარა კუთხიდან ეზოს ათვალიერებდა.

ნიკას მანქანა დათქმულ დრომდე ხუთი წუთით ადრე გამოჩნდა. მამაკაცი ყვავილებით ხელში გადავიდა და სადარბაზოსკენ წავიდა.

-ღმერთო, აქ მოდის!- წამოიძახა და სუნთქვა შეეკრა.

საკუთარი გულისცემა ყურებში გაბმულად ჩაესმოდა და ადგილი ვერ ეპოვა.

რამდენიმე წუთმა ელვის სისწრაფით გაირბინა. ნიკა არსად ჩანდა, იგვიანებდა.

კატომ ტელეფონის საათს დახედა. 19:42 საათი იყო...

-ვაგვიანებ!- ოთახიდან გავიდა და ქურთუკს წამოავლო ხელი,- ნეტა სად უნდა წასულიყო? – ფიქრობდა და კიბეებზე კინწისკვრით ჩარბოდა.

პირველ სართულზე რომ ჩავიდა, მანქანისკენ მიმავალ ნიკას მოჰკრა თვალი. თავი დაეხარა, უხალისოდ დასცქეროდა ზამთრის ვარდებს და დაღონებული მიდიოდა...

კატომ ხმამაღლა დაუძახა და ისიც შედგა. მისკენ მიბრუნდა და სახე მკრთალმა ღიმილმა დაუფარა. ქალი მიუახლოვდა და შესცინა.

-ეს შენ!- ყვავილები აჩუქა და ათრთოლებული ქალი გულში ჩაიკრა.

მოულოდნელად წამოსული ფიფქები წყვილს სიყვარულის ხმაზე ეჩურჩულებდნენ. სასწაულად ლამაზი ხმა ჰქონდათ, ვერაფერს შეადარებდი...



№1 სტუმარი Qeti qimucadze

qetu nakleebs arc velodi. tbili. tkbili. bevrismtqmeli da sashobao istoria cavikitxe axlaa. sul memaxsovrebaa. da kidev errxel damajera rom shoba jadosnobaa. bednier shobaaxalclebs gisurveb sayvarel adamainebtan ertad

 


№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

Qeti qimucadze
qetu nakleebs arc velodi. tbili. tkbili. bevrismtqmeli da sashobao istoria cavikitxe axlaa. sul memaxsovrebaa. da kidev errxel damajera rom shoba jadosnobaa. bednier shobaaxalclebs gisurveb sayvarel adamainebtan ertad

ქეთი, საყვარელო და თბილო ადამიანო. მადლობა, რომ წაიკითხე და შენი აზრიც დამიტოვე ❤️
მეც გილოცავ დამდეგს. მრავალს დაესწარი ტკბილად და ბედნიერად!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3  offline წევრი EllaTriss

ძალიან მომეწონა, დასამახსოვრებელი და გულში ჩამწვდომი ისტორიაა❤ დამდეგს გილოცავთ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი Elka

Didebulia. Carmatebebi.

 


№5  offline ახალბედა მწერალი K. I.

EllaTriss
ძალიან მომეწონა, დასამახსოვრებელი და გულში ჩამწვდომი ისტორიაა❤ დამდეგს გილოცავთ❤

მადლობა! მეც გილოცავთ! ❤️

სტუმარი Elka
Didebulia. Carmatebebi.

მადლობა! თქვენც ასევე ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№6 სტუმარი beqa

რა კარგი იყო,რა ტკბილი,რა თბილი,გემრიელად შეზავებული,კიდევ მინდა,აი როგორია იცი შენი ყველა ისტორია,რომ არასოდეს არაფერში არანაირი ზედმეტობა რომ არ არის და ყველაფერი არის ისე,როგორც უნდა იყოს

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

მოგესალმები ძვირფასო ქეთი!შენს ისტორია ,რომ ვნახავ ხოლმე,ვემზადები მგზნებარე განცდებისთვის.და არც შემცდარვარ,.ყველაფერია თავმოყრილი.იუმპრი,სიკეთე,სიყვარული ,ახალი წლის ჯადოსნურობა,იმედი,.მადლობა შენ,,ბედნირ წელს გისურვებ!მუზებით სავსეს,

 


№8  offline ახალბედა მწერალი K. I.

beqa
რა კარგი იყო,რა ტკბილი,რა თბილი,გემრიელად შეზავებული,კიდევ მინდა,აი როგორია იცი შენი ყველა ისტორია,რომ არასოდეს არაფერში არანაირი ზედმეტობა რომ არ არის და ყველაფერი არის ისე,როგორც უნდა იყოს

მიხარია, თუ ასეა ❤️

სტუმარი nancho
მოგესალმები ძვირფასო ქეთი!შენს ისტორია ,რომ ვნახავ ხოლმე,ვემზადები მგზნებარე განცდებისთვის.და არც შემცდარვარ,.ყველაფერია თავმოყრილი.იუმპრი,სიკეთე,სიყვარული ,ახალი წლის ჯადოსნურობა,იმედი,.მადლობა შენ,,ბედნირ წელს გისურვებ!მუზებით სავსეს,

მადლობა, ნანჩო ❤️
მიხარია, თუ ეს შევძელი ❤️
მრავალ ახალ წელს!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№9  offline წევრი Alisaa Jackson

რა კარგი და სასიამოვნოო იყო???????? ძალიან ძალიან მომეწონა???????? ნუ თქვენ ისეთი ხართ, ცუდს არც დაწერთ❤❤ ბრავო❤❤????????

 


№10  offline ახალბედა მწერალი K. I.

Alisaa Jackson
რა კარგი და სასიამოვნოო იყო???????? ძალიან ძალიან მომეწონა???????? ნუ თქვენ ისეთი ხართ, ცუდს არც დაწერთ❤❤ ბრავო❤❤????????

უჰ, როგორ გავთბი შენი სიტყვებით ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინო

აუ ქეთოო ქეთოო ეს რა კარგი ისტორია იყოო.ვაიმეე როგორ მომეწონა ვერ გადმოვცემ..ჩემს ფავორიტ ისტორიებში საპატიო ადგილას იქნება..ტკბილი,თბილი და საოცარი ისტორია იყო, საახალწლო ემოციები რო დაყვება თავისი ფიფქებით.. სულ ასეთი ტკბილი წლები გქონოდეს ჩემო სხვადასხვანაირო.მიყვარხარ ძალიაან

 


№12  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ნინო
აუ ქეთოო ქეთოო ეს რა კარგი ისტორია იყოო.ვაიმეე როგორ მომეწონა ვერ გადმოვცემ..ჩემს ფავორიტ ისტორიებში საპატიო ადგილას იქნება..ტკბილი,თბილი და საოცარი ისტორია იყო, საახალწლო ემოციები რო დაყვება თავისი ფიფქებით.. სულ ასეთი ტკბილი წლები გქონოდეს ჩემო სხვადასხვანაირო.მიყვარხარ ძალიაან

მიყვარს ახალი წელი!❤️
მერედა, როგორ უხდება ბევრი თოვლი და ჯადოსნობები:)))
მეც მიყვარხარ და მინდა, საუკეთესო წელი გქონოდეს. მრავალს დაესწარი!❤️❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№13 სტუმარი თმთ

ქეთი საყვარელო, გილოცავ დამდეგს, საუკეთესო სურვილებით ♥️????????
თბილი ისტორიით მოხვედი, მაგრამ მე ვივიენის ამბავს ვერ გპატიობ და შანს გაძლევ გაისად გამოასწორო. მთელი გულისყურით გელოდები

 


№14  offline ახალბედა მწერალი K. I.

თმთ
ქეთი საყვარელო, გილოცავ დამდეგს, საუკეთესო სურვილებით ♥️????????
თბილი ისტორიით მოხვედი, მაგრამ მე ვივიენის ამბავს ვერ გპატიობ და შანს გაძლევ გაისად გამოასწორო. მთელი გულისყურით გელოდები

ვივიენს ნუ გამახსენებ :((( ეგ პერსონაჟი ძალიან ჩემია და ყველაფერი ჩავდე მასში... ❤️❤️❤️
მეც გილოცავ! მრავალ ახალ წელს დაესწარი! საუკეთესო სურვილებით ❤️

Nuki-rocks
რა სასიამოვნო ისტორიაა.სულ კარგ ემოციებს აღვიძებს და უნებურად გაღიმებს.
გილოცავთ დამდეგს,ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ.❤

დიდი მადლობა! ბევრი სასიამოვნო და საინტერესო დღე თქვენ ამ ახალ წელიწადს! ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№15  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

ნიკა ჩემია ❤ ოფიციალურად.

 


№16  offline ახალბედა მწერალი K. I.

პენელოპე
ნიკა ჩემია ❤ ოფიციალურად.

შენი იყოს, გჩუქნი kissing_heart heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№17  offline წევრი Margo Tokyo

როგორი იყო... საშობაო ანიმაციებს რომ დაჰყვება რაღაცნაირი უცნაურობა, გულს რომ აგიჩქარებს სიხარულით.
უბრალო კატო, უბრალო ადამიანი, არაფრით გამორჩეული, ცხოვრობს ისე, როგორც ყოველი ჩვენგანი და მის ცხოვრებაშიც ხდება ასეთი სასიამოვნო გადატრიალება.
მომწონს ის, რომ კატოს პერსონაჟი არ არის მიუწვდომელი, ვგულისხმობ იმას, რომ ნებისმიერი, ვინც ამას წაიკითხავს, თავს "დაჩაგრულად" არ იგრძნობს, იმიტომ რომ მთავარი პერსონაჟიც ისეთივე უბრალოა, როგორც ჩვენ, ყველა. უბრალო ადამიანი თავისი პრობლემებით.
თუმცა, კატოს აქვს ის, რაც არ აქვს ბევრს.
სხვისი გაბედნიერების სურვილი, რომელიც, ვფიქრობ, რომ ბუმერანგივით უკან უბრუნდება.
როგორი დადებითიც არის, ისეთივე ბედს ქმნის.
კითხვის პროცესი იყო ერთი დიდი სიამოვნება. პოზიტივითა და მოულოდნელობებით აღსავსე. innocent

მინდა გითხრა, რომ აქამდე რაც წამიკითხავს საახალწლო ჟანრში,
ყველასგან გამორჩეული და დასამახსოვრებელია,
თვითონ ისტორიას აქვს რაღაც მუხტი, რომელიც გამოარჩევს.
დღეს ღამე, სანამ ახალი წელი დადგება,
კიდევ ერთხელ წავიკითხავ.

 


№18  offline ახალბედა მწერალი K. I.

Margo Tokyo
როგორი იყო... საშობაო ანიმაციებს რომ დაჰყვება რაღაცნაირი უცნაურობა, გულს რომ აგიჩქარებს სიხარულით.
უბრალო კატო, უბრალო ადამიანი, არაფრით გამორჩეული, ცხოვრობს ისე, როგორც ყოველი ჩვენგანი და მის ცხოვრებაშიც ხდება ასეთი სასიამოვნო გადატრიალება.
მომწონს ის, რომ კატოს პერსონაჟი არ არის მიუწვდომელი, ვგულისხმობ იმას, რომ ნებისმიერი, ვინც ამას წაიკითხავს, თავს "დაჩაგრულად" არ იგრძნობს, იმიტომ რომ მთავარი პერსონაჟიც ისეთივე უბრალოა, როგორც ჩვენ, ყველა. უბრალო ადამიანი თავისი პრობლემებით.
თუმცა, კატოს აქვს ის, რაც არ აქვს ბევრს.
სხვისი გაბედნიერების სურვილი, რომელიც, ვფიქრობ, რომ ბუმერანგივით უკან უბრუნდება.
როგორი დადებითიც არის, ისეთივე ბედს ქმნის.
კითხვის პროცესი იყო ერთი დიდი სიამოვნება. პოზიტივითა და მოულოდნელობებით აღსავსე. innocent

მინდა გითხრა, რომ აქამდე რაც წამიკითხავს საახალწლო ჟანრში,
ყველასგან გამორჩეული და დასამახსოვრებელია,
თვითონ ისტორიას აქვს რაღაც მუხტი, რომელიც გამოარჩევს.
დღეს ღამე, სანამ ახალი წელი დადგება,
კიდევ ერთხელ წავიკითხავ.

როგორი სრულყოფილი შეფასება დაწერე. ბევრი რამ გავიგე, როგორი ემოციები შეიძლება მიიღოს მკითხველმა ამ მოთხრობის წაკითხვით. კიდევ ერთხელ წავიკითხავო... ❤️
როგორ გამახარე, შენ ხომ არ იცი!❤️❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№19 სტუმარი სტუმარი ელისო

გამათბო ???? დამდეგს გილოცავთ ქეთი,სიკეთის,სიხარულისა და უამრავი წარმატების და მუზის მომტანი ყოფილიყოს...

 


№20  offline წევრი Daldoni Daldoni

სასიამოვნო საინტერესო საახალწლო განწყობას რომ აგიმაღლებს და ადამიანურ სიკთეებზე დაგაფიქრებს, ისეთი ისტორია იყო, ზარმატებკლი და ბედნიერი შობა ახალი წელი..

 


№21  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ელისო
გამათბო ???? დამდეგს გილოცავთ ქეთი,სიკეთის,სიხარულისა და უამრავი წარმატების და მუზის მომტანი ყოფილიყოს...

ელისო, გამიხარდა შენი გამოჩენა! ❤️❤️❤️❤️
მადლობა! მეც გილოცავ!

Daldoni Daldoni
სასიამოვნო საინტერესო საახალწლო განწყობას რომ აგიმაღლებს და ადამიანურ სიკთეებზე დაგაფიქრებს, ისეთი ისტორია იყო, ზარმატებკლი და ბედნიერი შობა ახალი წელი..

ბედნიერების წელი გქონოდეს! ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№22  offline წევრი ŁøŁā

ისევ და ისევ ვისიამოვნე ამ ახალ წელს <3 ეს კიდე შენი დამსახურებაა<3

 


№23  offline წევრი ირო

გილოცავ! წარმატებულ წელს გისურვებ.უთბილესი ისტორიაა წასაკითხად,დამთავრება დამენანა.შენეული,თბილი და გემრიელი.

 


№24  offline ახალბედა მწერალი K. I.

ŁøŁā
ისევ და ისევ ვისიამოვნე ამ ახალ წელს <3 ეს კიდე შენი დამსახურებაა<3

გილოცავ! ❤️❤️❤️❤️

ირო
გილოცავ! წარმატებულ წელს გისურვებ.უთბილესი ისტორიაა წასაკითხად,დამთავრება დამენანა.შენეული,თბილი და გემრიელი.

წარმატებული და ბედნიერი წელი გქონოდეს!❤️
მიხარია, რომ ისიამოვნე ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№25  offline წევრი დელირიუმი

ძაან სიტკბო ისტორია❤

 


№26 სტუმარი სტუმარი მარიამი

გილოცავთ 2021 წელს. ბედნიერი და ნაყოფიერი წელი გქონოდეთ, რო ჩვენც თქვენმა მკითხველმა ვისიამონოთ ❤️❤️მიყვარს თქვენი ყველა ისტორია. ძალიან თბილი და გემრიელი იყო❤️

 


№27  offline ახალბედა მწერალი K. I.

დელირიუმი
ძაან სიტკბო ისტორია❤

❤️❤️❤️❤️

სტუმარი მარიამი
გილოცავთ 2021 წელს. ბედნიერი და ნაყოფიერი წელი გქონოდეთ, რო ჩვენც თქვენმა მკითხველმა ვისიამონოთ ❤️❤️მიყვარს თქვენი ყველა ისტორია. ძალიან თბილი და გემრიელი იყო❤️

მეც გილოცავთ! ძალიან გამახარეთ. მადლობა ❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№28  offline ახალბედა მწერალი lullaby

ისტორია საყვარლობა იყო უდაოდ ❤️
მაგრამ იმ პირველ თავხედობას მაინც ვერ ვპატიობ. :დდდ
უხეში, უზრდელი, და თან ნიკა! (არ მიყვარს ეს სახელი)
პ.ს. გილოცავ ახალ წელს და ბედობას. სიყვარული და სიხარული დაგებედოს. კიდევ მუზები და მკითხველი ^^

 


№29  offline ახალბედა მწერალი K. I.

lullaby
ისტორია საყვარლობა იყო უდაოდ ❤️
მაგრამ იმ პირველ თავხედობას მაინც ვერ ვპატიობ. :დდდ
უხეში, უზრდელი, და თან ნიკა! (არ მიყვარს ეს სახელი)
პ.ს. გილოცავ ახალ წელს და ბედობას. სიყვარული და სიხარული დაგებედოს. კიდევ მუზები და მკითხველი ^^

თავიდანვე აითვალწუნე ჩვენი ნიკა შენ laughing
მადლობა, მარიამ. მეც გილოცავ, ჩემო კარგო. ყოველივე კარგი დაგბედებოდეს heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№30 სტუმარი სტუმარი ნიაკო

ძალიან ლამაზი და თბილი ისტორიაა. ახალი წლის ჯადოსნობას დაგაჯერებს ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent