შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საზღვრები პირობითია – მე შენთან ვარ (ნაწილი II)


6-01-2021, 21:07
ავტორი Hebi
ნანახია 752

დილით, სლიზერინისა და გრიფინდორის მატჩის წინ, დიდ დარბაზში დაძაბული ატმოსფერო სუფევდა.
ოლივერ ვუდი ყველას ჭამას აძალებდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად თეფშს არც კი გაკარებია.
ნიკოლი – ხან ფრედს, ხანაც ჯორჯს უყურებდა. დღეს ისინი ჩუმი და სერიოზულები იყვნენ. მათთვის ეს მატჩი გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ოლივერისთვის. ნიკოლს, ისევე, როგორც მთელ ფაკულტეტს, წლის სკოლის თასის გამარჯვება სურდა. ის, რომ იგი არ იყო გუნდში, არ უშლიდა ხელს ქვიდიჩის სიყვარულში. რა თქმა უნდა, ნიკოლს ძალიან უნდოდა მეგობრებთან ერთად ფრენა, მაგრამ ქვიდიჩი მხოლოდ ფრენას როდი მოითხოვდა. საჭირო იყო მოხერხებულობა და სისწრაფე.

— მორჩა, წავედით! – ბრძანა ვუდმა და ასეც არავის არ მისცა საუზმის დამთავრების საშუალება.
ფრედმა თითქმის უხმოდ შეიგინა და ნელა წამოდგა ფეხზე, ჯორჯი კი სანამ დგებოდა, ცდილობდა მაგიდიდან რაიმესთვის ხელი დაევლო.
— მოიცა! ყველაზე მთავარი დაგვავიწყდა, – მხარი გაჰკრა ძმამ ფრედს. იგი უცბად აღმოჩნდა ნიკოლთან და ლოყაზე აკოცა, ჯორჯმა კი იგივე მის მეორე ლოყაზე გააკეთა.
— წარმატებები! საუკეთესოები ხართ, – გაეღიმა გოგონას.
დარბაზში ყიჟინი გაისმა, რაზეც ნიკოლმა ცოტა შუბლი შეკრა. გოგონამ ჰერმიონის უკმაყოფილო მზერა შენიშნა, რომელსაც, როგორც ჩანს, რაღაცის თქმა სურდა.
მაგრამ რონი უფრო სწრაფი აღმოჩნდა და დაასწრო:
— ნიკოლ, დაჯდები მატჩზე ჩვენ გვერდით? ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩემს ძმებს.
— თუკი ჰერმიონი წინააღმდეგია… – ნიკოლი გოგონას უყურებდა.
— არა, არა, რა თქმა უნდა!.. ერთად… – უხერხულად წაიბუტბუტა ჰერმიონმა.

საუზმე დამთავრდა, მოსწავლეები და ხელმძღვანელები კი მოედნისკენ გაეშურნენ. ნიკოლმა, ჰერმიონმა და რონმა გრიფინდორის ტრიბუნაზე ადგილები დაიკავეს და დიდი ყურადღებით დაიწყეს თვალის დევნება. ტყუპების საუკეთესო მეგობარ ლი ჯორდანს უკვე დაეწყო მატჩის კომენტირება. მოთამაშეები ცაში აიჭრნენ, თამაში დაიწყო. მაყურებლები ბოლო ხმაზე ყვიროდნენ.
ნიკოლი მოჯადოებულივით უყურებდა თამაშს. ახლა ის ყველაფერს მისცემდა, იქ ტყუპებთან და დანარჩენებთან ერთად რომ აღმოჩენილიყო. მესამე და მეოთხე კურსზე ის ეცადა გუნდში მოხვედრას, მაგრამ ვერ გაიარა შერჩევა, ამიტომ მცდელობებსაც თავი დაანება. გოგონამ დაინახა, როგორ მოხერხებულად უთავაზა ჯორჯმა ბლაჯერი უორინგტონს, რომელიც ქუაფლის გატანას ლამობდა. ნიკის სახე კმაყოფილმა ღიმილმა მოიცვა.

— უორინგტონს ქუაფლი უვარდება და მას ჯონსონი იჭერს, ბურთი კვლავ გრიფინდორელებს აქვთ! – ყვიროდა ჯორდანი მიკროფონში. — გოლ! ათით-ნული, გრიფინდორის სასარგებლოდ!
ნიკოლმა წამოიყვირა და ადგილზე შეხტა, რონი და ჰერმიონი ტაშს უკრავდნენ. გულშემატკივართა შეძახილები მთელ მოედანს ავსებდა.
— ვაი!
ნიკოლმა იმ მხარეს გაიხედა, საითკენაც ანჯელინას წამოძახილი გაისმა, რომელიც ლამის ცოცხიდან გადმოვარდა. მის მახლობლად მარკუს ფლინტი ლივლივებდა და თან რაღაცას თავისთვის ბუტბუტებდა. იმავე წამს, მასთან ფრედმა მიიფრინა და ბიტა კეფაში უთავაზა. უცბად ნიკოლი, თავისდა მოულოდნელადაც კი გაბრაზდა. «მის ადგილას შეიძლება მეც ვყოფილიყავი და რა მაგარ გოლს გავიტანდი», – გაისმა შეშმუშნული გოგონას თავში.

სანამ ნიკოლი თავის ფიქრებს ებრძოდა, მადამ ჰუჩმა ორი პენალტი დანიშნა და ალისიამ მეორე გოლი გაიტანა, ვუდმა კი თავისი კარი გადაარჩინა. გუნდის კიდევ ერთმა წარმატებამ, უსიამოვნო ფიქრებით შეპყრობილ გოგონას, მათი მარწუხებიდან გათავისუფლება აიძულა და მან ყველაზე ხმამაღლა დაიყვირა, თუმცა კი ფრედის ანჯელინაზე შურისძიება მაინც გულში ჩარჩენოდა.
ეს ყველაზე ბინძური მატჩი იყო, რაც კი ნიკოლს ოდესმე უნახავს. ქეითმა ქუაფლის მოწინააღმდეგეთა კარში ჩაგდება სცადა, თუმცა მას მონტეგიუ დაესხა თავს, რამაც ჩეიზერს შედეგად უმშვენიერესი პენალტის გაკეთება აიძულა. «აი, ის კი არავინ არ დაიცვა, – გაიფიქრა ნიკოლმა, — რით არის ანჯელინაზე ნაკლები? ქეითი პირიქით ბევრად სჯობს».

— გრიფინდორი წინ არის, ოცდაათით-ათი, ბურთი გრიფინდორს აქვს! – აგრძელებდა კომენტარების გაკეთებას ჯორდანი. ნიკოლმა ყური დაუგდო. მან იმ მომენტის გამოტოვება მოასწრო, როდესაც სლიზერინს თავისი პირველი გოლი გაეტანა. ახლა კი, ბურთი ალისიას ჰქონდა, მაგრამ სლიზერინის ბიტერმა – ბოულმა, გოგონას ბიტა ჩაარტყა და მადამ ჰუჩს ისე აუხსნა, რომ ვითომ ბლაჯერში შეშლოდა. ჯორჯმა სამაგიეროს გადახდა იდაყვის სახეში დარტყმით გადაწყვიტა.

ნიკოლი კვლავ გაღიზიანდა. «ჩემი მეთოდით ისარგებლა, – ჩაეღიმა ნიკოლს და გაახსენდა, თუ როგორ გაარტყა ცოტახნის წინ მეგობარს იდაყვი სახეში, — და მაინც, რატომ არავინ არ დაიცვა ქეითი?».

ნიკოლი დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ ანჯელინას და ალისიას დაცვა არასამართლიანი იყო, ქეითი ხომ მაგ ორ ჩეიზერზე მთელი ერთი წლით უმცროსი იყო, ანუ მას მეტი მოხვდა. ფიქრებით გართულმა ნიკოლმა ვერ შეამჩნია, თუ როგორ ჩაიგდო ხელთ უმცროსმა ჩეიზერმა ბურთი და გუნდს კიდევ ათი ქულა შემატა.
ნიკოლის ყურადღება რონის გახარებულმა ყვირილმა მიიპყრო, რითაც მას მოედნისკენ გახედვა აიძულა. ფრედი და ჯორჯი ქეითს გარშემორტყმოდნენ, ხოლო ჰაერში ბიტები აღეპყროთ, რათა გოგონა იმ შემთხვევაში დაეცვათ, თუკი რომელიმე სლიზერინელი შურისძიებას გადაწყვეტდა. ნიკოლს აღდგენილი სამართლიანობის შეგრძნებისგან გაეღიმა და თამაშს მეტი ინტერესით დაუწყო თვალის დევნება.
ანგარიში სამოცდაათით-ათს ითვლიდა. ყველა ხმის ჩახლეჩვამდე ყვიროდა და ხვალ, დიდი ალბათობით, გრიფინდორელები და სლიზერინელები დროებით დამუნჯდებოდნენ.
ნიკოლს ფრედის სიტყვები გაახსენდა, რომ როცა ქულებთა შორის განსხვავება ორმოცდაათზე მეტი იქნებოდა, ჰარის სნიჩი უნდა დაეჭირა. გოგონამ თვალებით პოტერი მოძებნა და ძალიან სასაცილო სურათს გადააწყდა: გაბრაზებული და გაწითლებული მალფოი, რაც მას სავსებით ახასიათებდა, ჰარის ცოცხი ღეროებიდან დაეჭირა და უკან სწევდა. საბოლოო ჯამში, პოტერმა სნიჩი დაკარგა. ნიკოლმა ჩუმად შეიგინა, რაც ჰერმიონის სმენას არ გამორჩენია და გოგონას, წარბაწეული საყვედურით შეხედა.

— ბურთი სლიზერინს აქვს, სლიზერინი შეტევაზე გადადის, მონტეგიუ გოლს იტანს, – დაიკვნესა ლიმ. — სამოცდაათით-ოცი, გრიფინდორის სასარგებლოდ.
— მიდი, ჰარი, დაიჭირე სნიჩი, – ჩურჩულებდა ნიკოლი. — სწრაფად, სწრაფად.
ჯორდანი უფრო ხმამაღლა აყვირდა:
— ქუაფლი ანჯელინა ჯონსონს აქვს. მიდი, ანჯელინა, მიდი! მან გაიტანა! მან გაიტანა! გრიფინდორს ანგარიში მიაქვს, ოთხმოცით-ოცი!
ნიკოლმა თვალებით სწრაფად იპოვა ჰარი და გაშეშდა. პოტერმა ერთი ხელი მალფოის ჩაარტყა, რომელიც პატარა ბურთისკენ იწეოდა, ხოლო მეორე…
— ჰო! – იყვირა ნიკიმ მანამ, სანამ ეს მომენტი დადგებოდა. — დაიჭირა! ჰარიმ სნიჩი დაიჭირა! გავიმარჯვეთ!
გრიფინდორელები წითელი ტალღისამებრ ჩავარდნენ მოედანზე, რომელზეც მოთამაშეები დაშვებულიყვნენ. ნიკოლი ცდილობდა მათთან ახლოს მისულიყო და გრიფინდორელთა ნაკადს ხელებით არღვევდა, მის უკან კი ჰაგრიდი, რონი და ჰერმიონი მირბოდნენ. როდესაც ნიკიმ გუნდთან მიაღწია, მას მაშინვე ტყუპები ეცნენ.
— თქვენ ეს გამოგივიდათ! თასი ჩვენია! – უკვე ხრინწიანი ხმით ყვიროდა ნიკოლი.
— და რაც ყველაზე მთავარია – ეს კარგი მიდგომაა! – პასუხად შეჰყვირა ფრედმა.
— საუკეთესოები ხართ! – ჩუმად მიმართა გოგონამ ბიჭებს და გაეცინა. ფრედმა და ჯორჯმა ერთმანეთს გახედეს, ნიკოლს ორივე მხარში ამოუდგნენ და ბედნიერად, გუნდთან ერთად, გამარჯვების აღსანიშნად, საერთო ოთახისკენ გაემართნენ.

***

როგორც კი გრიფინდორელები საერთო ოთახში აღმოჩნდნენ, უფრო ხმაურიანი მხიარულება დაიწყო. ტყუპები სადღაც გაუჩინარდნენ, ცოტახანში კი დიდი რაოდენობის სასუსნავითა და ბურბურახით დაბრუნდნენ. სუფრა გაიშალა, რომლის თავშიც ოლივერ ვუდი იჯდა.

— მსურს ბოკალი გუნდის გამარჯვებისთვის, კერძოდ კი ჰარი პოტერისთვის ავწიო; მისთვის, ვინც თასი მოიპოვა! – თქვა აცრემლებულმა კაპიტანმა.
ბავშვებმა ბურბურახის ბოკალები ასწიეს და დალიეს, სიტყვებით: „ჰარისთვის! გრიფინდორისთვის!“.
— ჰეი! საკმარისია ცრემლები! – ფრედმა ოლივერს მხარი წაჰკრა. — ჩვენ ხომ ვმხიარულობთ! – უფროსი ტყუპი წამოხტა და კაპიტანის თავზე, სამი ცალი ფორთოხლით ჟონგლიორობა დაიწყო.

ჯორჯმა ჯადოსნური ჯოხი რადიოსკენ მიმართა, საიდანაც მხიარული მუსიკა გადმოიფრქვა.
ზოგიერთი მოსწავლე წამოდგა და ცეკვა დაიწყო, ზოგიერთი კი მაგიდასთან ჯდომას, მატჩის განხილვასა და საჭმლით ტკბობას განაგრძობდა.
ნიკოლმა თავისთვის პუდინგი გადაიღო და ფრედს შეხედა, რომელსაც ფორთოხლები ბურბურახის ცარიელი ბოთლებით შეეცვალა. გოგონას მისი თითოეული მოძრაობა ჯადოსნურად ეჩვენებოდა. მისი გრაცია, ბოთლების ჰაერში აგდების დროს; ეშმაკური ცეცხლით განათებული თვალები, რომელიც მხოლოდ მაშინ იჩენდა თავს, როდესაც ფრედს უხუმარი გამხიარულება გადაეწყვიტა. და ერთდროულად ქვეშქვეშური და საყვარელი, თუმცა ამავე დროს გასაოცრად მიმზიდველი ღიმილი. ნიკოლი გრძნობდა, რომ ბევრი ამას ვერ გაიგებდა, მაგრამ ეს სანახაობა მაინც მომაჯადოებლად ეჩვენებოდა.
აღტაცებით მომღიმარე გოგონა დიდი სიამოვნებით შესცეცებდა თვალებით ფრედს. ჯორჯმა, ძმაზე მიჯაჭვული გოგონას მზერა შეამჩნია, როდესაც მისი ყურადღება მასზე გადაერთო. ანცი ღიმილი ჯორჯის სახიდან გაქრა და ის ნიკოლს ეჭვიანი თვალებით მიაშტერდა, რაც გოგონას არ გამოპარვია. ამან გამოაფხიზლა და ახლა უკვე ნიკოლი თეფშს დასჩერებოდა. ამგვარმა სანახაობამ ფრედის მონაწილეობით, გოგონას მამაზე ფიქრი შეაწყვეტინა, თუმცა ცოტა არ იყოს, დაირცხვინა, რადგან ეს, როგორც ჩანს, ჯორჯს დიდად არ მოსწონებია. სანამ იგი მიზეზის ძიებაში იყო ჩაფლული, მან კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ყველა იქ მყოფ გრიფინდორელს და ჯინი უისლის მტრობით აღსავსე მზერაც დაიჭირა, რაზეც მან ცივი თვალებით უპასუხა და სხვაგან გაიხედა, თუმცა კი სხვა მოსწავლეებიც არ გამოირჩეოდნენ მისადმი დიდი სიმპათიით. გოგონამ თავი დაკარგულად იგრძნო, მაგრამ ამ წლის განმავლობაში მას კარგად ესწავლა გულგრილობის ილუზიის შექმნა, ამიტომ ლი ჯორდანს, რომელმაც მას კიდევ ერთი ბურბურახის ბოკალი შესთავაზა, საყვარლად გაუღიმა.

— თვალებს არ აქვთ დამალვის უნარი, – ჩასჩურჩულა ყურში ნიკოლს ვიღაცამ.
— ნუ სულელობ, ჯორჯ. ჩვენ გავიმარჯვეთ! ეს ხომ უბრალოდ… – თვალები დააბრიალა ნიკოლმა და გულისამამსუყებლად გაიღიმა.
მაგრამ ჯორჯმა არ მისცა დასრულების უფლება, ამიტომ ხელი ჩაავლო და ძმა, ზურგში ხელის კვრით, საერთო ოთახის გასავლელისკენ წაიყვანა. ფრედი და ნიკოლი მაშინვე მიხვდნენ, თუ რაც სურდა ჯორჯს.

***

სამეული ჩუმად გააბიჯებდა ციხე-სიმაგრის ერთ-ერთი საიდუმლო გასასვლელისკენ, თან თითოეულ გაფაჩუნებას ყურს უგდებდნენ, ვინმე ხომ არ მოდისო. უცბად ფრედი შეჩერდა და ბავშვებს ხელის კვრით რაღაცა ანიშნა. ჯორჯმაც გაიგო ის, რაც ფრედმა – რამდენიმე წამის წინ. კორიდორის ბოლოში მოჩანდა, რომ თავის კატასთან მოლაპარაკე ფილჩი მოდიოდა.

— აღარ არის ის დრო, როცა როზგავდნენ, მისის ნორის, – ბურტყუნებდა ის, — თორემ მე და თქვენ ვაჩვენებდით სეირს ამ გონებაჩლუნგ ბავშვებს.

ჯორჯმა მიმოიხედა და ვერაფერი უკეთესის პოვნა ვერ შეძლო, ვიდრე ველური ცხოველის ფორმის ქვის ქანდაკებაა. ჯერ წინ ნიკოლი შეუშვეს, შემდეგ კი თავად ბიჭებმა სცადეს მაქსიმალურად დამალვა. სამივე წურბელებივით აკრობოდნენ ერთმანეთს. ნიკოლი სახით ფრედისკენ იდგა, ჯორჯი კი მკერდით მის ზურგს ეკვროდა. გოგონას გული აუჩქარდა. «ეს იმიტომ, რომ მეშინია, – გაიფიქრა გოგონამ». გარდა ამისა, ჰაერიც აღარ ჰყოფნიდა. ფრედი ისე ახლოს იყო, თანაც პირდაპირ სახეში უყურებდა და ეშმაკურად ეღიმებოდა.
ფილჩის ნაბიჯები ნელ-ნელა ახლოვდებოდა. ნიკოლმა სუნთქვაც კი შეკრა, თუმცა მისი გული ისე სწრაფად ცემდა, რომ მისი გაგება ფილჩის ნაბიჯების ფლასტუნის მიუხედავადაც შეიძლებოდა. მაგრამ მან ქანდაკებას, მხოლოდ და მხოლოდ, მოსწავლეების წყევლა-კრულვით ჩაუარა.
სამეული კიდევ რამოდენიმე წამის განმავლობაში იდგა ასე. ნიკოლის აჩქარებულ გულს დამშვიდება არ სურდა. ორ ბიჭს შუა დგომა ძალიან მოუხერხებელი იყო და როდესაც მან მდგომარეობის შეცვლა სცადა, იმავე წამს მიხვდა, რომ იჩქარა, რადგან ქანდაკება ნელ-ნელა წინ წავიდა. ძმები მოჯადოებულებივით ადევნებდნენ თვალს, თუ როგორ ვარდებოდა უცნაური ცხოველის ქანდაკება და ჯორჯმა, მგონი, სცადა კიდევაც უზარმაზარი ქვის დაჭერა, მაგრამ ის, მდუმარე ღამისთვის დაუხასიათებელი ხმაურით, ქვის იატაკზე დაეცა.

კორიდორიდან ფილჩის ხმა გაისმა:
— ვინ არის აქ? დაგიჭერთ!
ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს და კინწისკვრით გაიქცნენ ფილჩის მოწინააღმდეგე მხარეს, სადაც სკოლიდან საიდუმლო გასასვლელი მდებარეობდა.

***

როდესაც მეგობრებმა აკრძალულ ტყეში მდებარე მინდორთან მიაღწიეს, სწრაფი სირბილისგან აცახცახებულებს, სიცილი ვერ შეეწყვიტათ.

— ჯორჯ, გესმოდა, როგორ ილანძღებოდა? – სიცილით დაებერტყა ფრედი ბალახზე და ჩანთიდან ბურბურახი ამოიღო.
— იმედია, არავინ შეგვამჩნია, – ჩაილაპარაკა ნიკოლმა და სერიოზული ხმის დაყენება სცადა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ამ პატარა თავგადასავალმა იგი აღაფრთოვანა.
— არა, არავინ, – თქვა ჯორჯმა, — მაგრამ ხმაური სკოლაში კიდევ კარგა ხანი არ ჩაწყდება. იქნებ, დილამდე აქ ვყოფილიყავით?
— თუკი ფილჩი მაკგონაგელს გააღვიძებს, შეამჩნევს, რომ საძინებლებში არ ვართ, – აღელვებით წარმოთქვა ნიკოლმა.
— მაგრამ ახლა ჩვენ აქ ვართ, მათგან შორს, – რბილად გაეღიმა ფრედს.
— ჰო, მართალია, – ნიკოლი გვერდით მიუჯდა და ბოთლი გამოართვა. — რა მნიშვნელობა აქვს – რა იქნება ხვალ, სანამ ჩვენ გრიფინდორის დიდებულ გამარჯვებას აღვნიშნავთ? – გახურდა გოგონა და ბოთლი ზევით ასწია.
ჯორჯს გაეცინა, ნიკი ხელში აიტაცა და ფეხზე წამოდგა, შემდეგ კი ბოთლის ყელი თავისკენ მიმართა.
— თქვენს სახელზე! – გამხიარულდა ნიკოლი და ბოთლი ასწია, რათა ჯორჯს უფრო კარგად მოესვა, მაგრამ ბიჭი ისე მოუხერხებლად იდგა, რომ წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდა. გოგონამ დაიწრიპინა, როდესაც მიხვდა, რომ ორივე ძირს ეცემოდა.

ფრედი წამოხტა და მეგობრებს მსგავსი მარცხი თავიდან ააცილა. სამეული გაუჩერებლად იცინოდა და მათ კვლავ იგრძნეს ის, რასაც მაგ ადგილას ყოფნის დროს ხშირად გრძნობდნენ ხოლმე. უსაზღვრო თავისუფლება და ბედნიერება, რომ გარშემო არ არის ზედმეტი წყვილი თვალები. მათ შეეძლოთ ისინი ყოფილიყვნენ, ვინც რეალურად არიან; გაეკეთებინათ ის, რაც სურდათ; ყოფილიყვნენ გახსნილები და გულწრფელები. არანაირ პრობლემას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ფიქრები და სადარდებელი უხილავად შელოცვილ კედლებში რჩებოდა, რომელსაც მხოლოდ თავისუფლება ცვლიდა.

***

მაგრამ გამარჯვების ეიფორია მალევე დასრულდა. ღამით გასეირნებისა და გატეხილი ქანდაკების სასჯელის თავიდან აცილება მოხერხდა, მაგრამ სამაგიეროდ გამოცდები მოახლოვდა ყველა სწავლაში ჩაეფლო. მეხუთეკურსელებს წინ მნიშვნელოვანი გამოცდები ელოდათ, რომლებზეც მათი ბედი იყო დამოკიდებული. ნიკოლი და მისი თანაკურსელები ბუა-ს გამოცდებისთვის ემზადებოდნენ. პროცესში ფრედი და ჯორჯიც კი ჩაერთვნენ.
მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს მაქსიმალურად უწყობდნენ ხელს მომავალი პროფესიის ამორჩევაში. ისინი მათ ენერგიას საჭირო კალაპოტისკენ წარმართავდნენ, რათა მომავალ მეექვსეკურსელებს უმაღლესი ქულები მიეღოთ. მაგრამ არჩეულ პროფესიაში ყოველთვის არ შედიან საყვარელი საგნები.
მაგალითად, ნიკოლმა, რომელიც აღმერთებდა შხამ-წამლებს, ვერ შეძლო საჭირო პროფესიის პოვნა.

— რატომ არ შეუძლიათ მკურნალებს ჰერბოლოგიის გარეშე?! – თქვა ნიკოლმა და დივნის საზურგეს მიეყრდნო, იატაკზე კი პროფესიების მორიგი ბუკლეტი დააგდო.
ფრედმა დაქალს შეხედა.
— სხვა არაფერი არ არის?
ნიკოლმა მხრები აიჩეჩა და თვალები მიხუჭა:
— დღეს მაკგონაგელთან კონსულტაციაზე მივდივარ, იქნებ, რაიმე მირჩიოს. თანაც იცის ჩემი ნიჭის შესახებ, – გოგონამ თითებით ბრჭყალების ჟესტი გააკეთა, — რომელსაც ჰერბოლოგიაში და შელოცვებში ასე ვამჟღავნებ.
— ვფიქრობ, რომ მე და ფრედს მინიმუმ «B», ჯერ მხოლოდ იმიტომ უნდა დაგვიწერონ, რომ საერთოდ გამოვცხადდით გამოცდებზე! – გაეცინა ჯორჯს და ტრანსფიგურაციის სახელმძღვანელო მოისროლა.

ნიკოლმა ჩაიფრუტუნა, ტანსაცმელი გაისწორა და მაკგონაგელისკენ გაემართა. ის ფიქრობდა, რომ ამ სიტუაციის ერთადერთი გამოსავალი იყო, თუკი დეკანს იმ პროფესიების შესახებ გამოჰკითხავდა, რომლებიც შხამ-წამლებთან პირდაპირ კავშირში იყო.
გოგონა პროფესორის კაბინეტის წინ გაჩერდა და კარზე არათავდაჯერებულად დააკაკუნა. გაისმა სტანდარტული: «შემობრძანდით», და ნიკოლი ყოყმანით შევიდა კაბინეტში.

— მის ბლექ, გელოდებოდით. თქვენ დააგვიანეთ, – როგორც ყოველთვის მშრალად თქვა პროფესორმა.
— პროფესიის ბუკლეტებს ვკითხულობდი, – მოკრძალებით უპასუხა ნიკოლმა და მაკგონაგელის წინ, სკამზე ჩამოჯდა.
გოგონას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ტრანსფიგურაციის პროფესორისადმი. ზუსტად ის ესტუმრა ნიკოლს თავშესაფარში და ჰოგვორტსში სწავლის ბედნიერება აჩუქა. როდესაც ახალგაზრდა ჯადოქარი პროფესორ მაკგონაგელს შესცქეროდა, ყოველთვის ის გასაოცარი დღე ახსენდებოდა და სკოლის ასოციაციასაც ზუსტად მასთან ახდენდა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესორი ნიკოლისადმი ისევე, როგორც ყველა მოსწავლისადმი, სიმკაცრეს იჩენდა, გოგონა დარწმუნებული იყო, რომ ეს განსაკუთრებული გრძნობა ორმხრივი იყო.
— რა აირჩიეთ? – ყურადღებით შეხედა მას პროფესორმა სათვალის ზევიდან.
— დიდი ხანია მკურნალის პროფესიაზე ვფიქრობ და მსურს, საზოგადოებისთვის სასარგებლო ვიყო… ამისთვის კი… შხამ-წამლებში უმაღლესი ქულის აღებაა საჭირო, – დამჯდარი ხმით წაიბუტბუტა ნიკოლმა.
— ჰერბოლოგიას და შელოცვებს რას უშვრებით? – პროფესორმა კატისებრი თვალები მოწკურა.
ნიკოლმა მზერა ძირს დაუშვა, სკამზე აწრიალდა და მხრები აიჩეჩა. რთული იყო ამ ადამიანის წინაშე იმის აღიარება, რომ გაწეული პატივისცემა ასეც ვერ გაამართლა.
— თქვენ თავიდანვე ვერ სწავლობდით ამ საგნებს და არც ამ წელს შეცვლილა რაიმე. ამიტომ, ეჭვი მეპარება, რომ გამსვლელი ქულა მოიპოვოთ.
ნიკოლმა წარბები შეკრა და უფრო აწრიალდა ადგილზე.
— რა გავაკეთო, პროფესორო? მე ძალიან მჭირდება კარგი პროფესია!
პროფესორმა მაკგონაგელმა ყურადღებით ჩაათვალიერა სტუდენტი. მისი დაბღვერილი სახე ცოტათი გადასწორდა.
— სცადეთ, მის ბლექ. კარგად მოემზადეთ ჰერბოლოგიისთვისა და შელოცვებისთვის. ჩემს საგანში პრობლემა არ უნდა გქონდეთ, შხამ-წამლებში – მითუმეტეს. გირჩევთ ბნელი ძალებისგან თავდაცვის თეორია გადაიმეოროთ. მაგრამ ყველაზე მთავარია, ჰერბოლოგიასა და შელოცვებს მიაწვეთ.
ნიკოლმა მძიმედ ამოისუნთქა და მანტიის ბოლოს დაუწყო სრესვა.
— რომ არ გამომივიდეს? რომ ჩავაფლავო ეს საგნები, პროფესორი? რა უნდა ვქნა? სპეციალობის გარეშე დავრჩები? უმუშევარი?
— რას ამბობთ, მის ბლექ. თქვენი შხამ-წამლების ნიჭის გათვალისწინებთ, თუკი ვერ შეძლებთ ქულებით გასვლას, შხამ-წამლების ოსტატად შეგიძლიათ მუშაობის დაწყება, იგივე წმინდა მუნგოს საავადმყოფოში, – მაკგონაგელმა ნიკოლს სახეში ყურადღებით შეხედა, — ეს სპეციალობა ჰერბოლოგიაში არც თუ ისე დიდ ცოდნას მოითხოვს, თუმცა ელემენტარული მაინც უნდა იცოდეთ. ამ საგნებში საკმარისი იქნება «დ»-ს აღება.
— შხამ-წამლების ოსტატად? – გოგონას თვალები გაუნათდა. — ეს არ იყო ბუკლეტზე მოცემული.
— ჰმ, ეს საკმაოდ იშვიათი და არაპოპულარული პროფესიაა. ის ძლიერ ძალისხმევას, დიდ თავდაუზოგავობასა და ნიჭს მოითხოვს, თუმცა ამასთანავე არც თუ ისე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟულია.
ნიკოლს ეჭვები ღრღნიდა. ერთ მხრივ, ეს უფრო მარტივი და მისი ცოდნის შესაფერისი ვარიანტი იყო, მაგრამ მეორე მხრივ – ის ოცნებობდა მაღალანაზღაურებად პროფესიაზე.
გოგონა პატარაობიდან ატარებდა იმ ტანსაცმელს, რომელსაც თავშესაფარს საქველმოქმედო ორგანიზაციები სწირავდა, ჰოგვორტსში კი ობოლთა პროგრამას გადიოდა, რაც მას მეორად სკოლის ფორმასა და სახელმძღვანელოების ტარების საშუალებას აძლევდა, ამიტომ ახალგაზრდა ჯადოქარი ყოველთვის აფასებდა იმ ნივთებს, რაც მას ეკუთვნოდა. ნიკის ძალიან სურდა ნივთების შეძენისა და მათი გამრავლების თავისუფალი საშუალება ჰქონოდა.
— ტრანსფიგურაციისა და თავდაცვის კარგად ჩაბარება რომ გამომივიდეს, შემეძლება ამ საგნების შესწავლის გაგრძელება? – ნიკოლი კვლავინდებურად განაგრძობდა მკურნალის პროფესიაზე ფიქრს.
— ჩააბარებთ, მის, და შეგეძლებათ ჩემი და პროფესორი ლუპინის საგნებისთვის მომზადება განაგრძოთ, – ამოიოხრა გრიფინდორის დეკანმა. — ახლა კი, ნიკოლ, თავისუფალი ბრძანდებით. შეგიძლიათ სწავლას დაუბრუნდეთ.
ნიკოლი სკამიდან ადგა, მაგრამ პროფესორმა მზერით შეაჩერა:
— ნიკოლ, ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც მას მოსწონს, პროფესიამ მას სიამოვნება უნდა მიანიჭოს. პრესტიჟი და ოქრო – ეს არ არის ყველაზე მთავარი. გესმით, რასაც ვამბობ?
— მადლობა, პროფესორი, – ნიკი გაღიმებას შეეცადა და კარისკენ წავიდა: «მისი სიტყვები ნიშნავს, რომ მე ვერ გავხდები მკურნალი!» – გულდაწყვეტით გაიფიქრა მან.

***

დღეები წარმოუდგენელი სისწრაფით გადიოდა. თითქოს, საათს წუთების რაოდენობა დაკარგვოდა, დრო კატასტროფულად არ იყო საკმარისი. სკოლაში, გამოჩენის მისაღებად, მაღალი თანამდებობის კომისია მივიდა, და თითქოს ყველა მეხუთეკურსელი ჭკუიდან გადასულიყო. ისინი გაუთავებლად რაღაცას ბუტბუტებდნენ და განმარტებების გახსენებას ცდილობდნენ, ჯოხებს იქნევდნენ, წყვეტდნენ, რომ ახლავე დაეწყოთ ამა თუ იმ შელოცვის გადამეორება ან მეზობლის სკამის კუდ გადაქცევა. სახეები ავადმყოფურად გამოუძინრად გამოიყურებოდა. ზოგიერთი მოსწავლე, ნევრული გამოფიტვის გამო, საავადმყოფო ფლიგელშიც კი აღმოჩნდა.
ნიკოლმა ბრწყინვალედ ჩააბარა შხამ-წამლების გამოცდა, მშვიდად და თავდაჯერებულად დასძლია ტრანსფიგურაციას, მაგრამ ახლა შელოცვების გამოცდა ახლოვდებოდა. გოგონა ბიბლიოთეკაში გაემართა, კიდევ რამდენიმე წიგნი აიღო და მთელი ღამე ვარჯიში გადაწყვიტა. თუმცა ხასიათი დაქვეითებული ჰქონდა, გოგონა ხვდებოდა, რომ ეს არ მისცემდა კარგ შედეგს.
როდესაც ნიკოლმა საერთო ოთახში მიაღწია, ხასიათი კიდევ უფრო გაუფუჭდა. მან იცოდა, რომ ამ წელს, ინგლისში, ქვიდიჩის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გამართულიყო. მსგავსი უკვე მრავალი წლის განმავლობაში არ მომხდარიყო და უცნობი იყო, თუ როდის გაიმართებოდა კიდევ. გოგონას იქ მოხვედრის არანაირი შანსი არ ჰქონდა, ამიტომ მის ყურამდე მისული ნებისმიერი ინფორმაცია, მასში წყენასა და სიცარიელეს იწვევდა. ახლა ორი მესამეკურსელი ირლანდიის ჩემპიონატზე გამარჯვების შანსებს განიხილავდა. ნიკოლმა მათ გაღიზიანებული მზერა ესროლა და მათგან მოშორებით, ოთახის კუთხეში დაჯდა.

— რა სჭირს ჩვენს შხამ-წამლების ოსტატს? – იკითხა ფრედმა და მის გვერდით ჩამოჯდა.
— არაფერი კარგი… – გაწელა გოგონამ და დივნის გვერდით მოთავსებული – შელოცვებისა და ჰერბოლოგიის სახელმძღვანელოებისკენ ანიშნა. — როგორ ფიქრობთ, რეალურია ორ დღეში ორი ისეთი საგნის ძირფესვიანად შესწავლა, რომლებიც ცხოვრებაში არასდროს არ მისწავლია?
— ამის გამო ხარ შეშინებული? – გაიკვირვა მიახლოებულმა ჯორჯმა. — მკურნალის იქით პროფესიები დაილია?
— როგორ არ გესმით!? – წამოიყვირა ნიკიმ და ხელისგული ფრედს მუხლში სუსტად ჩაარტყა. — მე ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მკურნალი გამოვსულიყავი, ახლა კი ეს ოცნება გამიცამტვერდა. და საერთოდ, უნდა მოვემზადო, რასაც თქვენც გირჩევდით. რაზე გაჩერდით?

ჯორჯმა ნიკოლს შელოცვების სახელმძღვანელო გაუწოდა და ძმას გახედა. ფრედს ამ დროისთვის ჯადოსნური ჯოხი ამოეღო და ელოდა, თუ როდის იტყოდა ნიკი რაიმეს.
გოგონამ სახელმძღვანელო გადაფურცლა, ყველაზე რთული დავალება იპოვა და მის შესრულებას შეუდგა. შედეგი საშინელი აღმოჩნდა. გოგონა უძლურად მიაჩერდა ფრედს, რომელმაც დავალება საკმაოდ მალე შეასრულა.

— და ეს მხოლოდ შელოცვებია. იმედია, თეორიას მაინც არ ჩავაფლავებ, – ამოიოხრა გოგონამ.
— რა იყო, სულ გამოცდებზე ფიქრობ? ასე ხომ ჰერმიონად გადაქცევა შეიძლება, – გაეცინა ჯორჯს.
— კარგი სამსახური მჭირდება, ჯორჯ! – ნერვიულად აუელვდა თვალები ნიკოლს.
— კარგი, რა, – გაიღიმა ბიჭმა, — თუკი მკურნალი ვერ გახდები, ჩვენს ბიზნესში შხამ-წამლების ოსტატად აგიყვანთ.
— ისევ ოსტატი… – თვალები დააბრიალა ნიკოლმა.
— ვფიქრობ, რომ ვიცი, თუ რისი განხილვა შეიძლება რაღაცა სულელური გამოცდების გარდა… – წაჰკრა იდაყვი ნიკოლს ფრედმა. — ჩვენ ხომ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რა გველის ამ ზაფხულს!
ნიკიმ მზერა თავის მუხლებს მიაპყრო და ლამის ატირდა, მაგრამ არა ტყუპების წინაშე, არა, მსგავსს არასდროს დაუშვებდა. მან ძალები მოიკრიბა და საზიზღარი ხმით წარმოთქვა:
— რა მაგარი მეგობარი ხარ, ფრედ. ყოველთვის იცი, თუ რით დამამშვიდო.
ჯორჯმა ძმას ხელი ჰკრა, მაგრამ მას მხოლოდ გაეღიმა:
— როდესაც სხვა დროისთვის თავის წარმოჩენას გადაწყვეტ, ჯორჯ, არ დაგავიწყდეს, რომ უკვე იცი გეგმის შესახებ.
— რა გეგმის? – გამოცოცხლდა ნიკოლი.
ფრედმა ძმის ხელი ნიკოლის მხრიდან მოაშორა და თავისი ხელით ჩაანაცვლა, შემდეგ კი დაქალს თვალებში ჩახედა და შემპარავად განაგრძო:
— ჩვენთან ერთად წამოხვალ.
გოგონამ ამოიგმინა:
— ძალიან სასაცილოა. კარგი გეგმაა. იცი, ფრედ, მე თქვენთან ერთად აუცილებლად წამოვალ, ოღონდ მხოლოდ ფიქრებით!
ფრედი მას იდუმალად უყურებდა, ტუჩები კი ოდნავ გაპობოდა. ნიკოლს მოეჩვენა, რომ ახლა ის მას – ან აკოცებდა, ან მართლა ისეთ კარგ რაიმეს იტყოდა, რაც ყველაფერს შეცვლიდა.
— არა, ვერ გაიგე, – გაეცინა ჯორჯს.
— დაზოგილი სახსრებით ბილეთს გიყიდით, აი, იმით, მაღაზიისთვის რომ გვაქვს გადადებული, – სიამოვნებით აგემოვნებდა ფრედი თითოეულ სიტყვას.
— ბილეთზე ზუსტად გვყოფნის. დარწმუნებული ვარ, რომ ადგილებს, რომლებსაც მამა აგვიღებს, სადმე ახლომახლოში იქნება – შენიდან. როგორც კი სახლში დავბრუნდებით, შევეცდებით გავარკვიოთ. – სხაპასხუპით ჩამოაყალიბა განათებულმა ფრედმა. — და კიდევ ერთი, ჩვენ თავშესაფრის ამბავში, უკვე მოგიმზადეთ რაღაცა, ამიტომ მშვიდად შეგიძლია ადრე დაეთხოვო.
ნიკოლმა თავი ჯორჯისკენ შეაბრუნა.
— თქვენი დანაზოგი? ჩემთვის? სულ გაგიჟებულხართ! თქვენ ამდენ ხანს აგროვებდით და ახლა მე უნდა დამახარჯოთ? არა, მე ასე არ შემიძლია! – გააპროტესტა ნიკოლმა, რომელსაც თვალები გაფართოებოდა, რადგან საერთოდ არ ელოდა მოვლენების მსგავს განვითარებას.
— უარი არ მიიღება! – ერთად უპასუხეს ტყუპებმა.
— არა! ეს არასწორია, მართლა! მე არ შემიძლია ასეთი გულუხვი ძღვენის მიღება!
— წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად არ წავალთ, – უჩვეულოდ სერიოზულად და მკაფიოდ ჩაილაპარაკა ჯორჯმა. — შენ გარეშე ნორმალურად ვერც კი გავერთობით.
— და ჩემ გამო იტყვით უარს მსგავსზე? – არ დაიჯერა ნიკოლმა, თუმცა კი სიხარულისგან ცეკვა სურდა.
— არ წავალთ, – სერიოზულად დაადასტურეს ფრედმა და ჯორჯმა.
— მაგრამ, იცოდეთ, რომ ფულს აუცილებლად დაგიბრუნებთ! – იმის გააზრებისთანავე, თუ როგორ აღმერთებდა გოგონა ტყუპებს, თქვა მან.
— ჩვენ ამას კიდევ გავარკვევთ, – ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ფრედმა და ჯიბიდან ფურცელი ამოიღო, რომელსაც მაკგონაგელისა და დამბლდორის ხელმოწერები, და სკოლის ბეჭედი ამშვენებდა. — აი, თავშესაფრიდან დახსნის ხერხიც. აქ ყველაფერი წერია.
— ჩვენ ვიზრუნეთ, რომ ადრე გამოგიშვან, ვითომ ამ წელს სწავლა ჩვეულებრივზე ადრე იწყება, – აზარტით განაგრძო ჯორჯმა.
— აქ ყველა ხელმოწერა და ახსნა-განმარტებაა, დღეს შევულოცეთ, – განმარტა ფრედმა და დოკუმენტი დაქალს ხელში შეაჩეჩა. ნიკოლმა თვალი გადაავლო, სახეზე კი ღიმილი გამოესახა:
— ვგიჟდები თქვენზე! ნეტავ, უთქვენოდ რა მეშველებოდა?
— უბრალოდ შენს მოწყენილ ცხოვრებას უჩვენოდ განაგრძობდი, – გაეცინა ჯორჯს.
— ვინ არის საუკეთესო? – იკითხა ეშმაკურად ჩაღიმებულმა ფრედმა.
— თქვენ!
— ვინ დაავიწყა ნიკოლს გამოცდები? – აიტაცა ჯორჯმა.
— თქვენ!
— ვის უყვარს ტყუპი უისლები ყველაზე მეტად? – უნისონში დააგვირგვინეს ძმებმა.
— მე! – ნიკოლი დივნიდან წამოხტა. — წავედით სასეირნოდ! ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ გამოცდებს!
— აი, ეს ჩვენი დაქალია! – მხარი აუბა ჯორჯმა. — ჩვენ ჯადოსნური ჯოხები გვაქვს და ჯადოქრობაც შეგვიძლია! ვის სჭირდება ეს უაზრო ქულები?
— ჰო! – აყვა ფრედი. — გამოცდებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ!
სამეულმა საერთო ოთახში მყოფთა ყურადღება მიიქციეს, რომელთა ნაწილიც სამეულს ღიმილით ადევნებდა თვალს, მაგრამ მეხუთეკურსელთა უმეტესი ნაწილი უფრო დაიბღვირა და, ნირწახდილები კონსპექტებსა და წიგნებს მიუბრუნდნენ.
გამხიარულებული სამეული საერთო ოთახის გასავლელისკენ შეძახილებით გაემართა:
— ბოიკოტი გამოცდებს!
— ყველა გარეთ!
— არ მისცეთ სწავლას საკუთარი თავების გაწამების უფლება!
— ბოიკოტი გამოცდებს!

როდესაც ისინი თვალს მიეფარნენ, გრიფინდორის საერთო ოთახში აღარ სუფევდა წინასაგამოცდო ატმოსფერო. ბევრი მოსწავლე გამხიარულდა და ერთმანეთში ალაპარაკდა.
ფრედი და ჯორჯი ბედნიერები იყვნენ, რომ შეძლეს დაქალისთვის ხასიათის გამოკეთება. მათ მოსწონდათ მისი სიცილი, ღიმილი და მხიარული განწყობა, ამიტომ ამისთვის არანაირ თანხებს არ დაზოგავდნენ.
ნიკოლს კი იმ ერთადერთი ადამიანების დაკარგვის ეშინოდა, რომლებიც ასეთი ძვირფასნი იყვნენ მისთვის. მას ვერც კი წარმოედგინა, თუ როგორ იქნებოდა დღესდღეობით ყველაფერი, რომ არა ტყუპები. «მე მათ ყველაფერს დავუბრუნებ, უკანასკნელ კნატამდე! როგორ გამიმართლა, ასეთი მეგობრები რომ მყავს!» – ფიქრობდა გოგონა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent