საზღვრები პირობითია – მე შენთან ვარ (ნაწილი III)
— მალე მოვალ. მხოლოდ ნიკოლს მოვიყვან. ჰარი, მარტო ნუ გაფრინდები, ყველაფერს მოვასწრებთ, – ჰერმიონმა ჰარის შეხედა, რომელმაც ნერვიულად დაუკრა თავი, შემდეგ კი გოგოების საძინებელში გაიქცა, ნიკოლის, ანჯელინას, ალისიასა და კიდევ ორი მეხუთეკურსელის ოთახში. ნიკოლმა ძილშიც კი იგრძნო, რომ ვეღარ სუნთქავდა, რის გამოც საბოლოოდ გაეღვიძა, თვალები გაახილა და თავის გაქნევა სცადა, რაც არ გამოუვიდა. ვიღაცას მისთვის პირზე ხელი დაედო. მუცელში შიშის შეგრძნება დაიძრა. გოგონამ სიბნელეში მხედველობის ფოკუსირება სცადა, რათა თავდამსხმელი ამოეცნო, მაგრამ მისდა გასაკვირად, ეს უბრალოდ ჰერმიონ გრეინჯერი აღმოჩნდა. — ჩუ… – წაიჩურჩულა მესამე კურსის საუკეთესო მოსწავლემ. — წამოდი, ყველაფერს მერე აგიხსნი. ეს სასწრაფოა… შენ აუცილებლად უნდა ნახო ერთი ვიღაცა! – სისინებდა ჰერმიონი. ნიკოლს გული უფრო აუჩქარდა. მას უცნაური ამაღელვებელი წინათგრძნობა დაეუფლა. ჰერმიონის ქცევა, ცოტა არ იყოს აშინებდა, მაგრამ გოგონა ხმის ამოუღებლად ადგა საწოლიდან. მას ჯერ ხალათის აღება სურდა, მაგრამ ჰერმიონმა თავი გააქნია და მანტიისკენ ანიშნა. ნიკოლის გაოცება უფრო და უფრო იზრდებოდა. მანტიის ჩაცმა ნიშნავდა, რომ საერთო ოთახიდან გასვლა მოუწევდათ. ნიკოლმა მანტია ნაჩქარევად მოიცვა და ჰერმიონს, რომელსაც სადღაც ასე ძლიერ ეჩქარებოდა, სირბილით გაჰყვა. როდესაც საძინებლიდან საერთო ოთახში დაეშვნენ, გაოცებულმა გოგონამ ჰერმიონი გააჩერა: — ამიხსენი, რა ხდება! გთხოვ, – აღგზნებული ჩურჩულით ჩაილაპარაკა მან. — დრო არ გვაქვს, სი/რიუსი უნდა გადავარჩინოთ! წამოდი, ჰარი აივანზე გველოდება! – სწრაფად წარმოთქვა ჰერმიონმა. — სი/რიუსი? ჩემი?.. – ნიკოლმა წინადადების დასრულება ვერ შეძლო, რადგან მის ყურებს მოსმენილი ინფორმაციის არ სჯეროდა. ჰერმიონმა მოუთმენლად ჩასჭიდა ხელი გოგონას და სწრაფად წაიყვანა. ნიკოლი ვერაფრის გააზრებას ვერ ასწრებდა. აზრები ციებ-ცხელებასავით ირეოდა მის სრულებით გამოფხიზლებულ ცნობიერებაში. ჰერმიონი, ჰარი, მამამისი… მათ ის იპოვეს? თუ მან იპოვა ისინი? და რისგან სურთ მათ მისი გადარჩენა? გოგონა თავდაჯერებულმა შიშმა მოიცვა. აივანზე გოგონებს ჰარი ელოდა, რომელიც გამხიარულებული ჰიპოგრიფის მახლობლად, ნერვიულად სცემდა ბოლთას, და როდესაც ნიკოლი და ჰერმიონი ადგილზე გამოცხადდნენ, მან შეჰყვირა: — როგორც იქნა, მეგონა… სწრაფად! ნიკოლი წამით შეჩერდა და ჰიპოგრიფს მორიდებით შეხედა, მაგრამ ჰერმიონმა და ჰარიმ ხელი დაავლეს და მის ზურგზე აძრომაში დაეხმარნენ. შემდეგ ჰარი ჰერმიონს მიეხმარა, ბოლოს კი თავად აძვრა. ჰიპოგრიფი ცაში აფრინდა და ჰერმიონმა იმ კოშკის მიმართულებით წაიყვანა, რომელშიც დატყვევებული სი/რიუსი იმყოფებოდა. გაურკვევლობაში მყოფ ნიკოლს რაიმეს თქმის ძალაც კი არ ჰქონდა, ჰარი კი ნერვიულად იყურებოდა გარშემო. — მოვფრინდით. აი, აქ დაატყვევეს! – ფაქტის კონსტატირება მოახდინა ჰერმიონმა. ჰიპოგრიფზე მოკალათებულ ნიკოლს ორი ადამიანი ეფარებოდა, ამიტომ ვერ ხედავდა, თუ რა ხდებოდა ფანჯარაში. — უკან დაიხიეთ! – შეჰყვირა მან ტყვეს და ჯადოსნური ჯოხი იშიშვლა. — ალოჰომორა! ფანჯარა ფართოდ გაიღო. — მაგრამ როგორ?.. როგორ? ნიკოლ!.. – სი/რიუსი ბავშვებს რიგ-რიგობით უყურებდა, მაგრამ როდესაც მზერა თავის ქალიშვილზე გადაიტანა, თვალებს ვერ დაუჯერა. ნიკოლი უყურებდა ადამიანს, რომელიც მამამისი იყო,ა და პირს – ხან აღებდა, ხან ხურავდა. — სწრაფად, აქეთ! – ჰარი სი/რიუსს ჰიპოგრიფზე დაჯდომაში დაეხმარა, რომელიც ოთხი ადამიანის სიმძიმის ქვეშ საფრთხის მომასწავლებლად შეკრთა. — მშვენიერია… ახლა კი კოშკის მწვერვალისკენ! რამდენიმე წუთში, ოთხეული უკვე დასავლეთ კოშკის მწვერვალის აივანზე იდგა და ვერავინ ბედავდა სი/რიუსისთვის იმის თქმას, რომ იგი რაც შეიძლება მალე გაფრენილიყო. ჰერმიონი ნერვიულობდა და სახელოებს იწვალებდა. ბლექი კი მხოლოდ ნიკოლს უყურებდა და ტუჩებს იკვნეტდა. გოგონას ეშინოდა მამასთან მიახლოების. ის ისე ხშირად წარმოიდგენდა მათ შეხვედრას, კრებდა მილიონობით სიტყვას, რასაც ეტყოდა, ახლა კი, გაჩუმებული, ადგილიდანაც კი ვერ იძვროდა. — სი/რიუს, ნიკოლ, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. მიდით, მალე, თორემ ახლა დემენტორები მოფრინდებიან! – აწყვეტინებდნენ ჰარი და ჰერმიონი ერთმანეთს. სი/რიუსი ყურადღებით უყურებდა თავის შვილს, ის კი – მამამისს. კაცმა ჩასახუტებლად ხელის ოდნავ აწევა სცადა, თუმცა მაშინვე უკან დააბრუნა. განერვიულებულმა ნიკოლმა შეამჩნია ეს მოძრაობა და ნერწყვი გადაყლაპა. — ნიკოლ, – სი/რიუსი ნელა მიუახლოვდა გოგონას. ნიკოლმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ყოფილი ტყვის გამხდარი, ფერმკრთალი სახე, შეჩერდა მის თვალებზე და გული მტკივნეულად შეეკუმშა. მას მოეჩვენა, რომ თითქოს მის შიგნით აღმოჩენილიყო და ის ყველაფერი ეგრძნო, რასაც მამამისი მთელი ამ წლების განმავლობაში განიცდიდა. და გოგონას შერცხვა. როგორ ეცოდებოდა თავისი თავი, როდესაც მისი სისხლი და ხორცი ასე იტანჯებოდა? თვალებმა აცრემლიანება დაიწყო, ამიტომ მან მზერის გადატანა ამჯობინა. სი/რიუსმა ღრმად ამოისუნთქა, მხრები კი სევდიანად დაუვარდა. და უცბად, მისდა გასაკვირად, ახალგაზრდა ჯადოქარი მას კისერზე ეცა და მწარედ ატირდა. ოჯახური სცენის შემსწრე ჰარიმ და ჰერმიონმა ერთმანეთს პატარა მორიდებით გადახედეს. — გოგონი… – გაღიმებული სი/რიუსი შვილს თმაზე ეფერებოდა, აქვითინებულ ნიკოლს კი სახე მის მკერდში ჩაერგო, მისი სხეულის ცახცახი კი ყოველ წამს უფრო ძლიერდებოდა. — დრო აღარ დაგვრჩა! გვაპატიეთ, მაგრამ თუ სი/რიუსი ახლავე არ გაფრინდება, გამოდის, რომ ყველაფერი ფუჭი იყო, – შეფუცხუნდა ჰერმიონი. — ნიკოლ… – წაიჩურჩულა ბლექმა. გოგონას გაეღიმა, ჩახუტება გაარღვია და თავის დაკვრით ჰიპოგრიფისკენ ანიშნა. მან ასეც ვერ შეძლო სიტყვის წარმოთქმა, მაგრამ გამამხნევებელი ღიმილი, ამ შემთხვევაში, სიტყვიერ გამოიხატულებაზე ძლიერი იყო. — შევძლებ ოდესმე მადლობა გადაგიხადოთ? – იკითხა მან, როდესაც ჰიპოგრიფზე ჯდებოდა. — გაფრინდი! – ერთხმად შესძახეს ბავშვებმა. ბლექმა ჰიპოგრიფი ჰაერში შემოაბრუნა: — კიდევ შევხვდებით! — აუცილებლად, – ყველას მაგივრად ჩაიჩურჩულა ნიკოლმა, რომელიც ცრემლების ახალი ტალღის შეჩერებას ცდილობდა. — უნდა ვიჩქაროთ, – ჰერმიონმა საათს დახედა. ჰარიმ ნიკოლს შეხედა და ხელით მის მხარს შეეხო. — ნიკი, ნუ ტირი, ჩვენ მოვასწარით, ახლა ის თავისუფალია. გოგონამ გულამოსკვნით დაუკრა თავი. — თქვენ… თქვენ მე ყველაფერი უნდა მომიყვეთ… როგორ შეიტყვეთ, რომ… – სული ეკვროდა ნიკოლს. — ოღონდ ახლა არა, – საქმიანად წარმოთქვა ჰერმიონმა. — ნიკოლ, ხვალ დილიდან მოდი საავადმყოფო ფლიგელში, ყველაფერს მოგიყვებით. ახლა რაღაცის გაკეთება უნდა მოვასწროთ, არცერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება. დასაძინებლად წადი. ოღონდ აუცილებლად, გესმის? – როდესაც ჰერმიონმა პასუხად თავის დაქნევა მიიღო, მან ჰარის ხელი ჩაკიდა და ერთად სადღაც გაიქცნენ. ნიკოლი დაელოდა, როდის მოეფარენოდნენ ისინი თვალს, შემდეგ კი თავად გაიქცა გრიფინდორის კოშკისკენ. მაგრამ დაძინებას, ცხადია, ვერ მოახერხებდა. გოგონა ისტერიკის შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ ცრემლები ღვარღვარით სცვიოდა თვალებიდან. იგი მათ აწითლებულ ლოყებზე იზელდა, ცხვირით სვრიტინებდა, ღრმად სუნთქავდა, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ. ჰოგვორტსის ნაცნობ კორიდორებში მორბენალი ნიკოლი არაფერს არ აქცევდა ყურადღებას. უბრალოდ ინერციით საერთო ოთახისკენ მირბოდა, სანამ დაბინდული გონებისგან დაბრმავებული გოგონა ვიღაცას არ შეეჯახა. — აკურატულად, მის ბლექ. ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია, ყოველთვის არ არის სასწრაფო, – თქვა ვიღაცამ დირექტორის ხმით. ნიკოლმა მზერა აღმართა და ეშმაკურად მომღიმარი დამბლდორი დაინახა. გოგონამ წამწამები ააფახურა და უკვე ანგარიშის ჩასაბარებლად მოემზადა: რას აკეთებს ღამით ატირებული, პიჟამაზე მანტიამოცმული გრიფინდორელი, რომელიც უკვე თავის გასამართლებლად ემზადებოდა, ამიტომ ცხვირის სვრიტინით, საკმაოდ კარგა ხნის განმავლობაში დამბლდორს უბრალოდ სულელივით უღიმოდა. მაგრამ მისდა გასაკვირად, დირექტორმა მხოლოდ თვალი ჩაუკრა და რაღაცის ღიღინით, თავისი გზა განაგრძო. ნიკი რამდენიმე წამით აცილებდა მას მზერით და მომხდარის გააზრებას ცდილობდა, მაგრამ ცრემლების ახალი შეტევის მოახლოება იგრძნო და გოგონამ გადაწყვიტა, რომ შეჩერება არ შეიძლებოდა. გრიფინდორის საერთო ოთახში აღმოჩენილმა ნიკოლმა, მარჯვენა მხარეს მდებარე კიბეებზე აირბინა და ტყუპების საძინებელში აღმოჩნდა. გოგონა შედიოდა ხოლმე მათთან, თუმცა ძალიან იშვიათად: ბიჭების საძინებელში ყოფნა უხერხული იყო. მაგრამ ახლა მისთვის სულ ერთი იყო, რადგან ის ახლო ადამიანების მხარდაჭერას საჭიროებდა. ნიკოლი ფრედს ეცა და შეანჯღრია. ბიჭმა თვალები უნებურად გაახილა: — რა არის ახლა ეს, რა… ნიკოლ? რატომ..? რა მოხდა? – წამოხტა მეგობარი და შეწუხებული, გოგონას შეაცქერდა, რომელიც უკვე ბალიშთან ჩახუტებულ ჯორჯს აღვიძებდა. ნიკოლმა ტყუპის გაღვიძებას თავი დაანება, იატაკზე დაჯდა და მუხლებს ხელები შემოხვია. — ჯორჯ, დროზე ადექი! – ფრედმა ძმას ხელი წაჰკრა და დაქალის გვერდით ჩამოჯდა. — ნიკი, წამოდი საერთო ოთახში. ნუ ტირი, რა მოხდა? ნიკოლი თავის ქნევით ადგა და ბიჭს ჩაეხუტა. ამ დროს, მათთან ახალგაღვიძებული ჯორჯი მივიდა, თუმცა მაშინვე შეშინდა ატირებული დაქალის დანახვისას. — უისლებო, რა იყოთ, სულ გარეკეთ? – გაისმა კიდევ ერთი ხმა. — მოკეტე, ჯორდან! ფრედ, რა მოხდა? ნიკი, – თქვა დაბნეულმა ჯორჯმა. ფრედმა კარისკენ ანიშნა, საითკენაც ისინი შემდგომში გაემართნენ. სამეული საერთო ოთახში დაეშვა. ჯორჯმა ნიკოლი დივანზე დასვა და ძმები გვერდიგვერდ მიუსხდნენ. — ჩუმად. რა მოხდა? ყველაფერი რიგზეა? – ფრედმა ნიკის ხელი ხელისგულში მოიქცია. — დამშვიდდი და მოგვიყევი, – ხელი მოუთათუნა ჯორჯმა მხარზე. ბიჭები ვერ გარკვეულიყვნენ, გოგონა ტიროდა თუ იცინოდა, რადგან ეჩვენებოდათ, რომ შიგადაშიგ სიცილსაც აპარებდა. ფრედი გოგონას უყურებდა და ამჩნევდა, რომ ის ღიმილს ვერ მალავდა. — მე… – ამოისუნთქა ნიკოლმა. — ვნახე… მაგრამ ნიკოლი მიხვდა, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა, რადგან ჰაერი არ ჰყოფნიდა, რის გამოც უფრო გაეცინა. მას ეს ძალიან სულელურად ეჩვენებოდა: ჯერ მეგობრები ლოგინებიდან აყარა, რათა ყველაფერი მოეყოლა, მაგრამ ახლა ძლივს აბამდა ორ სიტყვას. — ისუნთქე, – ჩუმი ხმით ანუგეშებდა მას ჯორჯი. — ისუნთქე, ნიკოლ. ჯორჯმა მისი სახე ხელებში მოიქცია და საჩვენებელი მოძრაობით ღრმად ჩაისუნთქა. ნიკოლმა იგივეს გამეორება და ფილტვების რაც შეიძლება მეტი ჰაერით ავსება სცადა. ჯორჯმა კიდევ ერთხელ ჩაატარა ამის დემონსტრაცია და ნიკოლიც მისი რითმის დაჭერას შეეცადა. გოგონა მას სახეში უყურებდა, მხრები ჯერ კიდევ უცაცხახებდა, ბიჭს კი ისღა დარჩენოდა – გაღიმებულიყო, რაზეც ნიკოლმა იგივეთი უპასუხა. — მამაჩემი ვნახე, – როგორც იქნა, ერთ ამოსუნთქვაში ამოღერღა გოგონამ. ტყუპებმა ერთმანეთს გადახედეს. — შეუძლებელია, – რაც შეიძლება ჩუმად წაიჩურჩულა ფრედმა. — სად? როგორ მოხდა? – აღგზნებით ჩურჩულებდა ჯორჯი. გოგონას ნერვიულად ჩაეცინა. — ისე სულელურად ვიქცეოდი. და ახლაც. არ ვიცი, რატომ ვტირი. ვერაფრის თქმაც კი ვერ მოვასწარი, გესმით? ფრედმა ცრემლების ახალი ტალღა იწინასწარმეტყველა და მისი ხელები დაიჭირა. — მშვიდად, მშვიდად. ყველაფერი თანმიმდევრობით გვიამბე. ნიკოლმა კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა. — ჰარიმ და ჰერმიონმა მიმიყვანეს მასთან. ტყუპებმა გაკვირვებული მზერები გაცვალეს: — ხუმრობ? – არ ეჯერებოდა ფრედს. — კი, ჰერმიონი ღამით ჩემთან მოვიდა და წამიყვანა. აივანზე ჰარი გველოდა, ჰიპოგრიფით. — ჰიპოგრიფით? – უფრო გაუკვირდა ჯორჯს. — კი, რაღაცა კოშკში გავფრინდით, სადაც მამაჩემი იყო დატყვევებული. ჰერმიონმა იგი გაათავისუფლა, ფანჯრიდან გადმოძვრა, შემდეგ კი კოშკის აივნიდან, ჰიპოგრიფზე ამხედრებული გაფრინდა. ტყუპები სრულ გაურკვევლობაში იყვნენ. — მე კი სიტყვაც კი არ ვუთხარი, – კვლავ მოიწყინა ნიკოლმა. — მშვიდად, – სწრაფად ჩაილაპარაკა ფრედმა. — მაგრამ რატომ გაათავისუფლეს ჰარიმ და ჰერმიონმა? — არ ვიცი, არ აუხსნიათ. მაგრამ, როგორც ვეჭვობ, გაიგეს, რომ ის უდანაშაულოა. აი, ხომ გეუბნებოდით! – ნიკოლმა ფრედს ხელზე წაარტყა. — თქვენ კი არ გჯეროდათ! მოღალატეებო! — ჰეი, ნუ მცემ! – აპილპილდა ფრედი. — ახლა სად არიან? – სულმოუთქმელად იკითხა ჯორჯმა. — მითხრეს, რომ დილით საავადმყოფო ფლიგელში მივიდე, სადაც ყველაფერს მიამბობენ, – ნიკოლმა ჯორჯს იმედით შეხედა. — უკვე აისია, როგორ ფიქრობთ, დროა, რომ წავიდე? — პირველ რიგში, ჩავიცვათ, ჰოგვორტსში პიჟამებით რომ არ ვირბინოთ, – ჭკვიანურად აღნიშნა ბიჭმა. — შემდეგ ცოტახანი აქ დავიცადოთ და როცა ყველა გაღვიძებას დაიწყებს, წავიდეთ. ნიკოლმა თავი დაუკრა და შუშის კარადაში თავის ანარეკლს დააკვირდა. — არც დავარცხნა იქნებოდა ურიგო. ნუთუ ასეთი გაწეწილი მნახა? ტყუპებს გაეცინათ. — საქმრო კი არა, მამაშენია, – თქვა ფრედმა. — ვფიქრობ, რომ ვარცხნილობა – ეს უკანასკნელია, რასაც ის უყურებდა. — მარტივი სათქმელია… – ამოისუნთქა გოგონამ. — კარგით, 5 წუთში შევხვდეთ, თორემ მარტოობას ვერ ავიტან. ჯორჯმა დამაიმედებლად გაუღიმა. — ჩამოსვლას დაგასწრებთ. *** — ჰარი, ჰერმიონ, არ გძინავთ? რონ, შენც აქ ხარ? – ჩურჩულით იკითხა ნიკოლმა, რომელსაც საავადმყოფო ფლიგელის კარის სიოში თავი გაეყო. — ასე ადრე? – ბურდღუნით შეეპასუხა უკმაყოფილო რონი და მეორე მხარეს გადატრიალებულმა, ხვრინვა ამოუშვა. დაღლილ ჰარის გაეღიმა: — შემოდი, რატომ უნდა გალოდინოთ. ორჯერ გამეორება საჭირო არ იყო. ნიკოლი სწრაფად შევიდა შენობაში და ფეხის წვერებზე, ჰარის საწოლთან მივიდა, ხოლო ადგილას, სადაც გოგონა იდგა, ტყუპები გამოცხადდნენ. მათ ნიკოლს მიბაძეს, თუმცა ჰარის გაკვირვებული მზერა არ შეუმჩნევიათ. — მაინც გაიგებდნენ ადრე თუ გვიან, – განაგრძო ნიკოლმა და პოტერის თითოეულ მოძრაობას დიდი ყურადღებით აკვირდებოდა. — გვიამბე. ბიჭმა ისტორიის მოყოლა დაიწყო და ნელ-ნელა ის ისტორიაც გაახსენდა, რომელიც ოდესღაც დედისგან მოისმინა. ის კვლავინდებურად იმავეს განიცდიდა, რასაც – მაშინ. «მან იცოდა, რომ მამა უდანაშაულო იყო, იცოდა და შეეძლო მისი დახმარება», – ფიქრობდა ნიკოლი. როდესაც ჰარიმ დაასრულა, სიჩუმემ დაისადგურა. ყველა მომხდარს იაზრებდა. ბიჭმა თავი ასწია და ნიკოლს თვალებში ჩახედა. — ნიკოლ, მაპატიე, რომ ასე გექცეოდი. ეს ისეთი არასამართლიანი იყო… გამოდის, რომ შენ და სი/რიუსი ჩემი ერთადერთი ნათესავები ყოფილხართ. ნეტავ… – ჰარიმ აღარ დაასრულა და გოგონას რეაქციის მოლოდინში, წარბები შეკრა. — მე ჯერ კიდევ 7 წლის ვიყავი, როდესაც წარმომედგინა, თუ როგორ ვითამაშებდით ხოლმე. დედამ მიამბო შენი ისტორიის შესახებ და ახლა, როგორც იქნა, შეგვიძლია ხელიდან გაშვებული შანსები გამოვასწოროთ. – ნიკოლი ჰარის ჩაეხუტა, ბიჭს გაეღიმა, მაგრამ ახლა გოგონას გაბრაზების ჯერი იყო. — სკაბერსი, ესეიგი, მოღალატე პეტიგრიუა? — ჰო, ეს მან შეატყობინა ვოლდემორს ჩემი მშობლების ადგილსამყოფელის შესახებ, შემდეგ კი ვირთხად გადაიქცა, სი/რიუსი კი ამგზით გააცურა. — საღამოს, ხანძრის წინ, ჩვენს სახლში ვირთხამ გაირბინა… – ნიკოლმა ჰარის შეხედა. ის მიხვდა, რაც იგულისხმა გოგონამ და თავი დაუქნია: — თავად აღიარა, რომ ხანძარიც მისი მოწყობილი იყო. მტკივნეული იყო ამ დროს სი/რიუსის ყურება. გოგონამ ისე მაგრად შეკრა მუშტი, რომ ფრჩხილები კანში ჩაესო. ჰარიმ მუშტზე ხელი მოუჭირა, თვალებში ჩახედა და გაიღიმა: — ჩვენ მას ვიპოვით. — ესეიგი, ეს პერსის ვირთხამ მოაწყო ხანძარი იქ, საიდანაც შენ გამიგიყვანეთ? – მოულოდნელი სიბრაზით თქვა ფრედმა. — აქამდე არასდროს გითქვამს, რომ სახლში ვირთხა იყო. — რას ვიფიქრებდი, რომ ვირთხა ხანძარს გააჩენდა, კარგი, რა. — წყეული სკაბერსი, – გამოსცრა ჯორჯმა, — არასდროს არ მიყვარდა. სიჩუმე ჩამოწვა. საკმაოდ უხალისო ატმოსფერო იდგა. ფრედი ერთ ადგილას აწრიალდა. — ესეიგი, თქვენ ახლა «ერთად ითამაშებთ», როგორც დედაშენმა დაიბარა, არა? – გადაიხარხარა მან და ნიკოლს შეხედა. ნიკოლს გაეღიმა და ჰარის გახედა. — ჩვენ მშობლების გარეშე ვიზრდებოდით, ახლა კი ორივეს ერთი მამა გვყავს, – ფართოდ გაეღიმა გოგონას. — დიდი სიამოვნებით გავხდებოდი შენი და, ჰარი. ბიჭი საწოლიდან წამოხტა. — ნიკოლ, თუკი არ ხარ გაბრაზებული, ეს… ეს ძალიან მაგარი იქნებოდა! ჯორჯმა გაიხედა და დამცინავად გამოსცრა: — ახლა ავტირდები. — ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი სენტიმენტალური ხარ, დაიკო, – ბანი მისცა ფრედმა. გოგონას გაეცინა. — თავი დამანებეთ, უგრძნობო არსებებო! — ნიკი მტირალა მირტლის საქმის ღირსეული გამგრძელებელი იქნება, – არ ცხრებოდა ჯორჯი. ნიკოლმა ყრუდ წაიღრინა და ჯორჯს მხარი გაჰკრა. — ვერ ვხვდები, ეს რა ადრიანი სტუმრობაა? ავადმყოფებს დასვენება სჭირდებათ, აბა, დროზე, წადით აქედან! – გაიგონეს მეგობრებმა. თავისი საძინებელი ოთახიდან მადამ პომფრი გამოვიდა. ნიკოლი ჰარის მოეხვია, შემდეგ კი ტყუპებს ხელი ჩაჰკიდა და კართან მიირბინა: — კიდევ მოვალთ! – თვალი ჩაუკრა გოგონამ და საავადმყოფო ფლიგელიდან სიცილით გავარდა, შემდეგ კი ტყუპებს გახედა. — მადლობა, რომ ჩემთან ერთად წამოხვედით. — მე კი მეგონა, რომ მორჩა, და ახლა ამ პატარა ბავშვებთან დაიწყებდი სეირნობას, – მოჩვენებითი წყენით თქვა ფრედმა. — ვერ მოესწრები! *** სასწავლო წლის დასასრული შეუმჩნევლად მიიწურა. სკოლაში ჯერ კიდევ დადიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ სი/რიუს ბლექი კვლავ მიიმალა, ხოლო პროფესორი ლუპინი – მაქციაა. მაგრამ ნიკოლს აღარ სწყინდა. მთავარი ის იყო, რომ მამამისი უდანაშაულო იყო, მას ის უყვარდა და ახლა იგი უსაფრთხოდ იყო. თანაც ჰარის და რონის მხარდაჭერაც დაეხმარა, ჰერმიონიც კი ახლა გაცილებით კარგად ექცეოდა გოგონას. თითქოს ცხოვრება ლაგდებოდა. — მაშინვე მოგწერთ, თუკი რაიმეს შევიტყობთ, – წასჩურჩულა ჯორჯმა ნიკოლს ყურში. მან თავი დაუქნია და ტყუპებს რიგ-რიგობით ჩაეხუტა. შორიახლოს, მისტერ და მისის უისლები იდგნენ. ნიკოლმა მათ ნაზად გაუღიმა. მისტერ უისლიმ ხელი დაუქნია, მოლიმ კი კოპები შეკრა, თუმცა მაინც აიძულა თავის თავს გაღიმება. გოგონა ჰარის მიუახლოვდა. — არ მოიწყინო. იმედია, ჩემპიონატზე შევხვდებით, – ჩაეხუტა მას ნიკოლი. — თუ არა, მაშინ უბრალოდ მომწერე, დაგელოდები. — აუცილებლად, ნიკი! დაელოდე ჰედვიგს, – ჰარი ნიკოლს საპასუხოდ მოეხვია, შემდეგ კი დურსლებისკენ გაემართა. გოგონა დაელოდა, სანამ იგი თვალს მოეფარებოდა, ტყუპებს ხელი დაუქნია, ჩემოდნები აიღო და იქითა მხარეს წავიდა, სადაც «ღამის რაინდი» ელოდა. — აბა, შენ იცი, შეშლილო! – გაისმა მალფოის საზიზღარი შეძახილი, რომელსაც ინტონაციაზევე ეტყობოდა, რომ თავისი მლიქვნელი მანერით იღიმოდა. — კარგად. იმედია, ეს ჩვენი უკანასკნელი დიალოგია. – შეეპასუხა ნიკოლი ისე, რომ მისკენ მიბრუნებისა და შეხედვის პატივიც არ დაუდია. ახლა თავშესაფარში დაბრუნება ისეთი მოსაწყენი მოვლენა აღარ იყო, რადგან გარდა იმისა, რომ მან ახალი მეგობარი შეიძინა, ბოლოს და ბოლოს, მამაც გაიცნო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.