შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საზღვრები პირობითია – მე შენთან ვარ (ნაწილი V)


12-01-2021, 14:30
ავტორი Hebi
ნანახია 742

«საყვარელო მამა,
შენმა ბუმ ნივთების ჩალაგების დროს მომისწრო. მსოფლიო ჩემპიონატზე მივდივარ. რამდენიმე წუთში პორტალთან ვიქნები. მე, ფრედმა და ჯორჯმა ყველაფერი მაგრად დავგეგმეთ! უისლებს ჰარი ესტუმრა და ერთად სთხოვეს მისტერ უისლის, რომ მეც მათთან ერთად ვიცხოვრო გოგოების კარავში, ჰერმიონი და ჯინიც ხომ იქნებიან. სამწუხაროდ, ამის შესახებ არ იცის მისის უისლიმ, რომელსაც რატომღაც პატარაობიდანვე არ მოვწონვარ. რა თქმა უნდა, მესმის მიზეზი, მაგრამ მათ, ვინც უკვე იციან სიმართლის შესახებ, აღარ ბრაზობენ ჩემზე. მე და ჰარის მიმოწერა გვქონდა. საცაა შევხვდებით. მგონი, ჰერმიონთანაც დამილაგდა ურთიერთობა, მაგრამ, აი, ჯინის ვერ ვეწყობი. არც ვცდილობ. მას არ ვუყვარვარ, მაგრამ არც მე არ მიყვარს. არ ვიცი საიდან ეს ანტიპათია, მაგრამ ორივეს ყველაფერი გვაწყობს.
ამ წელს თავშესაფარში აღარ დავბრუნდები. ჩემპიონატის შემდეგ, ეგრევე ლონდონში გავემგზავრები. მხოლოდ ყველაფერი მნიშვნელოვანი მიმაქვს, მე ხომ უკვე მივიღე შენი საჩუქრის ნახევარი! ტყუპებს ვთხოვე, რომ ცოტაოდენი ფული მოეხსნათ, როცა მისტერ უისლისთან ერთად ლონდონში წავიდნენ. რახან ასეთი შესაძლებლობა მომეცა, გადავწყვიტე გარდერობი და სასკოლო ნივთები განვაახლო. ტყუპებს ასევე ისიც ვთხოვე, რომ გალეონები მაგლურ ფულზე გაეცვალათ. როდესაც ლონდონში წავალ, სიისდა მიხედვით, პირველ რიგში სასკოლო ნივთებსა და პარადის კოსტიუმს შევიძენ. არ ვიცი რას ვიზამდი, რომ არა შენი საჩუქარი.
კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას იმისთვის, რაც დღეს მელის! მენატრები და ვიმედოვნებ, რომ მალე შევხვდებით.
სიყვარულით,
შენი ნიკოლი».

გოგონამ ფრინველი ფანჯრიდან გაუშვა, ოთახი მოათვალიერა და როდესაც დარწმუნდა, რომ არაფერი ავიწყდებოდა, მაიკაზე პერანგი შემოიცვა, ჩანთა აიღო და კარისკენ წავიდა.

— მის ბლექ, დარწმუნებული ხართ, რომ ზუსტად ახლა უნდა წახვიდეთ? – შეაჩერა ნიკოლი თავშესაფრის დირექტორმა.
— დოკუმენტი ხომ მოგეცით. უნდა მოვასწრო, – დაღლილი ხმით თქვა გოგონამ.
— კარგით, წაბრძანდით.
— მადლობა.

ნიკოლმა უკმაყოფილო ქალს შეხედა, რომელიც ჯერ კიდევ დოკუმენტს ჩასჩერებოდა, და გაიღიმა. დოკუმენტი იდეალურად იყო შელოცილი. როდესაც ახალგაზრდა იღბლიანმა საათს დახედა, თავქუდმოგლეჯილი მოსწყდა ადგილს. ცოტა დროღა იყი დარჩენილი, მას კი პორტაჟთან მისვლა და მეგობრებთან შეხვედრა უნდა მოესწრო.
როდესაც ნიკოლმა სტოუტსჰედ ჰილის მწვერვალს მიაღწია, სუნთქვა აღარ დარჩენოდა. ღრმად ჩასუნთქვის მცდელობის დროს, გოგონა ოდნავ წაბორძიკდა და ლამის დაეცა, მაგრამ ვიღაცამ მისი დაჭერა მოასწრო.

— ფრთხილად, ბლექ.
ნიკოლმა თავის მაშველს შეხედა. მის წინ ჰაფლეპაფელი მეშვიდეკურსელი და სიკერი – სედრიკ დიგორი იდგა, რომელიც მას ახლა ფართოდ უღიმოდა.
— მადლობა. და შენ რას აკეთებ აქ? – გაკვირვებით ჰკითხა ოდნავ ლოყებშეფაკლულმა ნიკოლმა.
— მე და მამა მატჩზე მივდივართ, პორტაჟს ვეძებთ, მაგრამ შენ გარდა, ვერაფერი ვიპოვე. ახლა უისლები უნდა მოვიდნენ, – ახსნა ბიჭმა, თავი ოდნავ გააქნია და შუბლიდან ჩოლკა გადაიგდო.
ნიკოლს სუნთქვა შეეკრა. მას ესმოდა იმ გოგოების, სედრიკს სულ თან კუჭში რომ დასდევდნენ: როცა ის მაგ მანევრს აკეთებდა, ყველას სუნთქვა ავიწყდებოდა.
— უისლებზე ვიცი. შენ ვის გულშემატკივრობ? დაგეხმარო პორტაჟის პოვნაში?
— ირლანდიას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბულგარელებს კრამი ჰყავთ, თამაში საინტერესო უნდა იყოს, – თქვა სედრიკმა და ძირს დაიხარა, რათა შეემოწმებინა – იყო თუ არა იქ პორტაჟი.
ნიკოლს კმაყოფილად ჩაეღიმა:
— ტყუპები ამბობენ, რომ ირლანდია გაიმარჯვებს, თუმცა კრამი სნიჩს დაიჭერს. მსგავსიც ხომ შესაძლებელია…
— ჰო. მისმინე, პორტაჟი აქ არ არის. დავბრუნდეთ მამაჩემთან? – შეხედა სედრიკმა გოგონას. — ნიკოლ, გესმის ჩემი?
— რა? ჩემი სახელი იცი? – წაიბუტბუტა ნიკიმ და მის მზერას გაექცა. ის მიხვდა, რაოდენ სულელურად გაიჟღერა მისმა შეკითხვამ.
— რა თქმა უნდა. შარშანდელი წლის შემდეგ, ვინ არ გიცნობს? – თვალი ჩაუკრა ახალგაზრდა დიგორიმ. — წავედით?
შორიახლოს ხმა გაისმა:
— აქ მოდი, არტურ! შვილო, მოდი, ვიპოვე!
— მოვდივართ, მამა, – გასძახა პასუხად სედრიკმა. — რაღაცა ძალიან შორს წამოვსულვარ, წამოდი. მანამდე კი მომიყევი, შენ ვის გულშემატკივრობ?
— ირლანდიას, რა თქმა უნდა! – შეურაცხყოფილი ხმით წარმოთქვა ნიკოლმა და გაიცინა. — მგონი, უკვე ვთქვი თუ…
— აი, ჩემი… ვაჟი სედრიკი და… – ამოს დიგორი ნიკოლს ათვალიერებდა, რომელსაც თავის მოსაუბრესთან დიალოგის გაწყვეტა მოუწია.
— გამარჯობა. მამა, ეს ნიკოლ ბლექია, ჩვენთან ერთად მოდის, – თვალისმომჭრელი ღიმილით გააცნო სედრიკმა ნიკოლი, რომელიც ასევე უღიმოდა პასუხად, თუმცა მასთან ჰარიმ მიირბინა, რომელმაც გოგონა ძლიერად ჩაიხუტა, რამაც მასზე გამომაფხიზლებლად იმოქმედა.
ჰარი, რონი, ჰერმიონი და ჯინი მხიარულად მიესალმნენ სედრიკს. ჯორჯმა ცივად დაუკრა თავი, ფრედმა კი უკმაყოფილო მზერა ნიკოლს მოავლო.
— რა? – წაიჩურჩულა მან, წარბები ზევით ასწია და ხელები განზე გასწია.
— მან შარშან უსამართლოდ გაიმარჯვა, შენ კი… – ჩაიფრუტუნა ფრედმა.
— და ამიტომ არ უნდა ვეურთიერთო? მას ეს არ დაუმსახურებია და საერთოდაც, მან მოიბოდიშა, თუმცა კი არ იყო ვალდებული.
— ის შენ წინ უბრალოდ თავს იჩენდა, – უპასუხა მოჟამულმა ფრედმა.
— ფრედ! – წამოენთო ნიკოლი, შემდეგ კი ტონს დაუწია. — რა ბუზმა გიკბინა?
ბიჭმა დააიგნორა და მამამისს გაჰყვა.
— დიგორის არასამართლიან გამარჯვებას არასდროს არ ვაპატიებთ. თან მაშინ დედამ ყველა ენადიდა ნუგა წაგვართვა, – შეცვალა ძმა ჯორჯმა.
— მე რა შუაში ვარ? შენს ძმას აუხსენი, რომ მე ეს თემა არ მაინტერესებს! – შეშფოთდა ნიკოლი. — ყველა? საერთოდ ყველა ენადიდა ნუგა?.. – უკვე დამცხრალი ტონით განაგრძო მან.
— ჰო. თავად უთხარი. არც მე არ მომწონს, რომ დიგორისთან ერთად ტყეში დაბოდიალობ, – ვერ მოითმინა ჯორჯმა.
— რატომ ხართ ორნი?.. – თავისთვის ჩაილაპარაკა გაღიმებულმა ნიკოლმა და თვალები ზეცას აღაპყრო.
— არ გყოფნით? – გაეცინა ჯორჯს და გოგონას ხელი გადახვია.
— ასე კარგია. იქ რა, პორტაჟია?
— კი, – უპასუხა ჰერმიონმა.
— კიდევ ვუთხარი: «ჰო, სედრიკ, ახლა შვილიშვილებს უკვე იცი, რასაც მოუყვები… შენ ჰარი პოტერი დაამარცხე!», – უხაროდა ამოს დიგორის.
ჰარიმ არ იცოდა რა ეთქვა, რამაც სედრიკი ცოტა წამოაწითლა:
— ჰარი ცოცხიდან ჩამოვარდა, მამა. ხომ გითხარი… ეს უბედური შემთხვევა იყო, – ბიჭმა ღიმილით გახედა ჰარის, შემდეგ კი – ნიკოლსაც.
— რანაირად არის ასეთი გაუმაძღარი, სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა რომ უნდა? – ჩაიფრუტუნა ფრედმა, ჯორჯიც დაეთანხმა.
— რატომ ხართ ასეთი გაბრაზებულები? თუ ეს ენადიდა ნუგას გამოა, რეცეპტი თუ გახსოვთ, ორჯერ მეტს დაგიმზადებთ, ხომ იცით, რომ შემიძლია? – ცდილობდა ნიკოლი მათი ხასიათის გაგებას. — მიპასუხეთ.
— აბა, წავედით, – მისტერ უისლიმ საათს დახედა. — ერთი წუთიღა დარჩა… მოემზადეთ.
მან ჰერმიონს, ჰარისა და ნიკოლს შეხედა:
— საკმარისია პორტაჟს უბრალოდ ერთი თითით შეეხოთ…

***

მატჩის ადგილზე ტელეპორტი და კარვის გაშლამ თავგადასავლების გარეშე ჩაიარა. როგორც კი დიგორის ოჯახი ცალკე გავიდა, ფრედმა და ჯორჯმა ნიკოლი გვერდით გაიყვანეს.

— შენ თქვი, რომ ენადიდა ნუგას დაგვიმზადებ, არა? – ჰკითხა თვალებგაბრწყინებულმა ფრედმა.
— ჰო. მხოლოდ ძირითად შხამს დავამზადებ, შემდეგ თქვენ მიხედეთ, – თქვა ნიკოლმა, ჯორჯს ბუტერბროდი წაართვა და ჩაკბიჩა.
ჯორჯმა თავისთვის რაღაცა უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა, როგორც კი მათკენ მიმავალი ჰარი, რონი და ჰერმიონა დაინახა.
— ჰარი, აქეთ მოდი, – გამოტენილი პირით ძლივს ამოიგმინა ნიკოლმა. — მისწერე მამას მატჩამდე?
— კი, პასუხს ველოდები. ხომ ყველაფერი კარგად აქვს? – დაინტერესდა დამფრთხალი ბიჭი და ნიკის გვერდით ჩამოჯდა.
— კი, კარგად არის. პასუხები მისგან არც თუ ისე მალე მოდის, ნუ ღელავ, – გაეღიმა ნიკოლს, შემდეგ კი ფრედს გახედა, რომელიც სქელ რვეულს ფურცლავდა. — ფრედ, მანდ ვერაფერს ვერ იპოვი, ეს უბრალოდ რვეულია. დღიურებს არ ვწერ.
— ცუდია… შენი რჩეულის სახელს მაინც გავიგებდით, თორემ უკვე თექვსმეტი წლის ხარ, შეყვარებული კი ისევ არ გყავს, – გაეცინა ბიჭს, სმენად ქცეულ ჯორჯს კი ბუტერბროდი ხელიდან მოუქნელად გაუვარდა.
— ეს ასე გადარდებს? – თვალები დააბრიალა ნიკოლმა.
— გამარჯობა, ლუდო! – სიხარულით წამოიძახა მისტერ უისლიმ და ყველას მზერა ქვიდიჩის მანტიაში გამოწყობილი მამაკაცისკენ იქნა მიმართული.
— არტურ, შე ძველო! – მხიარულად დაუძახა ლუდო ბეგმანმა. — რა მშვენიერი დღეა!
პერსიმ მამაკაცს ხელი გაუწოდა. ფრედმა ჯორჯს იდაყვი გაჰკრა და ძმებმა მრავლისმეტყველი მზერები გაცვალეს.
— ეს ჩემი შვილი პერსია, – გაიღიმა მისტერ უისლიმ. — პირველი წელია, რაც სამინისტროში მუშაობს. ეს კი ფრედია, არა, ჯორჯი, უფრო სწორად, ბოდიშს ვიხდი. ფრედი, აი, იქ დგას. ეს ბილია, ჩარლი, რონი, ჩემი ქალიშვილი – ჯინი, ეს ტყუპების დაქალი – ნიკოლ ბლექი, ეს კი რონის მეგობრები არიან – ჰერმიონ გრეინჯერი და ჰარი პოტერი. ბავშვებო, თქვენ წინაშე ლუდო ბეგმანია. მის სახელს კარგად იცნობთ. მადლობა მას ასეთი კარგი ბილეთებისთვის!
ბეგმანი გაიბადრა და ხელი ჩაიქნია, ეს რა სალაპარაკოაო.
— არტურ, შენ ფსონს არ ჩამოდიხარ? ან ვინმე სხვა თუ აპირებთ? – ინტერესით იკითხა მან.
— ერთი გალეონი, რომ ირლანდია გაიმარჯვებს, – წაიბუტბუტა მისტერ უისლიმ.
— მხოლოდ გალეონი? კარგი, და სხვები? – იმედგაცრუებით განაგრძო მან, თუმცა მაშინვე მოერია თავს.
— 37 გალეონი, 15 სიკლი, 3 კნატი, – განაცხადა ფრედმა, ჯორჯი კი ჯიბეების ამოტრიალებას შეუდგა. — ირლანდია გაიმარჯვებს, თუმცა სნიჩს ვიქტორ კრამი დაიჭერს. ზევიდან კიდევ სატყუარა ჯოხს დავუმატებთ.
ნიკოლს კვნესა აღმოხდა, თვალები გაუფართოვდა და რაღაცა გაუგებარ ენაზე ჩაილაპარაკა.
— არ გაბედო მისტერ ბეგმანისთვის ასეთი სისულელის შეთავაზება!.. – ბრაზით წასჩურჩულა ნიკოლმა.
მაგრამ ჯოხმა ლუდო ბეგმანის სიმპათიის მოპოვება შეძლო:
— გასაოცარია! ამაში 5 გალეონს გაძლევთ!
— ბიჭებო, – წასჩურჩულა მისტერ უისლიმ, — არ მინდა, რომ ფულზე ითამაშოთ… ეს ხომ თქვენი დანაზოგია… დედათქვენი…
— ნუ აფუჭებ თამაშს, არტურ! – დაიგუგუნა ბეგმანმა და მონეტებით გამოტენილი ჯიბეები აზარტულად ააჩხარუნა, შემდეგ ჯიბიდან ბლოკნოტი და ბატის ფრთა ამოაძვრინა, და ენერგიულად ჩაჯღაბნა ტყუპების სახელები.
— ესეც ასე, – ჯორჯმა სრული კმაყოფილებით გამოართვა პერგამენტის ნაგლეჯი და ჯიბეში ჩამალა.
— გიჟები ხართ! – ცდილობდა ნიკოლი მომხდარის გააზრებას.
— ყველაფერი კარგადაა, – ღიმილით ანუგეშა ფრედმა.
— მაგრამ… – ცდილობდა ის შეწინააღმდეგებას.
— არანაირი „მაგრამ“! თამაშიც ასეთი უნდა! – მოჭრით დაამშვიდა ჯორჯმა.
ჯინიმ ნიკოლს გამკიცხავი მზერა ესროლა, მაგრამ როგორც კი შენიშნა, რომ ისიც უყურებდა, სხვაგან გახედვა იჩქარა.
— მატჩზე შევხვდებით, მე კომენტატორი ვარ! – დაემშვიდობა ბეგმანი და თავისი გზა განაგრძო.
— კიდევ ცოტა დრო გვაქვს. წადით, სუვენირები იყიდეთ, შემდეგ კი აქ შევხვდეთ. ნიკოლ, სად არის შენი ადგილი? – იკითხა არტურმა, რაზეც გოგონამ თავისი ბილეთი გაუწოდა. — ძალიან კარგი, არავინ დაიკარგება. აბა, დავიშალეთ, – დააჩქარა მან ბავშვები.
— წამოხვალთ ჩემთან ერთად? – მიმართა ნიკოლმა ტყუპებს.
— რა თქმა უნდა, თორემ შეიძლება ვინმე დიგორი აიკიდო. – წაკბინა ფრედმა.
ნიკოლმა უიმედოდ გააქნია თავი და არც დალოდებია ბიჭებს, ისე გააბიჯა დახლებისკენ.
— სამი ცალი, თუ შეიძლება, – მიმართა ნიკოლმა ირლანდიის ნიშნიან როზეტების გამყიდველს.
— სამი რად გინდა? შენ ხომ ერთი ხარ, – შეიშმუშნა ჯორჯი, როცა მიხვდა, თუ რისი გაკეთება სურდა ნიკოლს.
— არა, სამი ვარ. აიღეთ, კიდევ შელოცილი დოკუმენტის ვალი მაქვს.
— ნიკი! – გაეღიმა ფრედს. — მადლობა, – ბოლო სიტყვა ტყუპებმა ერთდროულად წარმოთქვეს და გოგონას ჩაეხუტნენ.
— რისთვის? კარგით, წამოდით კიდევ რამოდენიმე სუვენირი ვიყიდოთ და მერე დავბრუნდეთ, თორემ არ მსურს ფულის პირველივე დღესვე დახარჯვა, – ჩაიხითხითა ნიკოლმა და მეგობრებს სხვა დახლისკენ გაუძღვა.

***

— დაინახეთ კრამი?! როგორ მაგრად დაფრინავდა! ეს გრაცია, როგორი ოსტატობაა! – აქებდა რონი ბულგარელ სიკერს.
მატჩის შემდეგ, მისტერ უისლი, ჰარი, ჯინი, ჰერმიონი, ნიკოლი და უისლის ყველა წითური ვაჟები თავიანთ დიდ კარავში მოკალათებულიყვნენ, თბილ კაკაოს სვამდნენ და მომხდარს განიხილავდნენ.
— ბულგარელების მისალმება არ მომეწონა. ძალიან ბანალური და უინტერესო იყო, – წასჩურჩულა ნიკოლმა ჰერმიონს, რომელმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
— ვიილებს იხსენებ, ნიკი? – ეშმაკური ღიმილით მიიქცია ფრედმა მისი ყურადღება.
— უშნოები არიან! ნახეთ, როგორ გამოიყურებიან, როცა ბრაზდებიან? – ხელები აიქნია გოგონამ. — ეს მხოლოდ მათი ნაჭუჭია. რას შეჩერებოდით ისე, თითქოს გალეონების ტომარა დაგენახათ?
— ჰეი, რას წამოენთე? ერთი, განახა, თავად როგორ უყურებდი კრამს და სხვა დანარჩენ მოთამაშეებს! მეგონა, ცოტაც და დორბლები წაგსკდებოდა, როცა ახლოს ჩაიფრინეს! – საგრძნობლად გაღიზიანდა ფრედი, რომლის სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებდით, უხუმარ ხასიათზე იყო.
— მაგრამ როგორც ხედავ, არაფერი წამსკდენია! ქვევით გადახტომა მაინც არ მდომებია! – ნიშნის მოგებით გაჯინიანდა ნიკი და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
— არც ჩვენ. ეს ჰარის და რონს სურდათ გადახტომა! – გამოესარჩლა ძმას ჯორჯი.
— …არადა, წარმომიდგენია, ვიილების თვალში როგორ დიდ სულელებადაც გამოჩნდით. – არ ეშვებოდა გოგონა, რომელიც თუმცა კი ცდილობდა ტონი ეკონტროლებინა, მაგრამ სამაგიეროდ თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
— და დიგორი? – თვალები მოწკურა ჯორჯმა.
— რა დიგორი? – მოემზადა თვალებაკაშკაშებული ნიკოლი ომისთვის.
— რა დიგორი და ის დიგორი, რომელთან ერთადაც ჯერ ტყეში ხვიხვინებდი, შემდეგ კი მატჩის შემდეგაც! – დამცინავად დასძინა ფრედმა და გოგოსკენ გაიწია.
— არაფერსაც არ ვხვიხვინებდი! ბარემ ყველა ის მამრობითი სქესის წარმომადგენლები გამახსენეთ, ვინც კი ოდესმე გამომლაპარაკებია! თითქოს ეს ამართლებდეს თქვენს ვიილებისადმი ფანატურ დამოკიდებულებას.
— ჰოგვორტსშიც ხომ ფლირტაობ ხოლმე? – მოიშველია მორიგი არგუმენტი ფრედმა.
— რა თქმა უნდა. «ოჰ, მადლობა, ლი, როგორი საყვარელი ხარ»! – აიტაცა ჯორჯმა და წამწამების კეკლუცად აფახურების თანხლებით, შეეცადა, რაც შეიძლება მეტად დაეწვრილებინა ხმა.
— ესეიგი, ასე, არა? თქვენი ქვიდიჩის ბოლო მატჩი ხომ არ გაგახსენოთ? – ბოროტული ღიმილით ასისინდა ნიკოლი და ფრედი გამოაჯავრა. — «მან ეს დაიმსახურა, ლამის საუკეთესო ჩეიზერი დავკარგეთ, თანაც რამდენი ქულა მოგვიტანა?! ყოჩაღ, ანჯელინა»!
— მე უბრალოდ ჩვენი გუნდის წევრები გადავარჩინე! – თვალები გაუფართოვდა შეურაცხყოფილ ფრედს.
— მე კი ადამიანებთან უბრალოდ ურთიერთობის გამოსწორება მსურს. არც თუ ისე ბევრი მეგობარი მყავს. – ნიკოლის ამ სიტყვებმა თავის გამართლებასავით უფრო გაიჟღერა, თუმცა ეს სრული ჭეშმარიტება იყო.
— ყველას ვისაც კი მხოლოდ უღიმი, მხოლოდ ერთი რამ უტრიალებთ თავში. და, როგორც ჩანს, არც შენ არ განსხვავდები მათგან რაიმეთი, – ეუხეშა ჯორჯი.
— ჰო, შენ სულ დამავიწყდი. «ფლინტი რომ არა, ალისია უკეთეს პენალტს შესრულებდა. ის ჩვეულზე უკეთ თამაშობდა, ეს მისი საუკეთესო თამაშია!», – ჯორჯის ინტონაციით აგრძელებდა ნიკოლი. — რა იყო, არაფერი გაქვს სათქმელი? ააა, თუ ჰო, შენც ფრედისმაგვარად უჭერდი მხარს ამხანაგებს, არა?
— მატჩის შემდეგ ხომ შენთან ვიყავით!? – წყნარი, თუმცა ბრაზნარევი ხმით შეახსენა ჯორჯმა.
— და ისე? რამდენჯერ ახსენე ალისია? ან შენ, ფრედ, – ანჯელინა? მანამდე და მატჩის შემდეგ? ან როცა დავბრუნდით, ისინი კი შემოგეგებნენ: «ვაი, ბიჭებო, სად იყავით? უთქვენოდ მოვიწყინეთ! მადლობა, რომ დაგვიცავით», – საზიზღარი ხმით პაროდირებდა ნიკოლი ერთ-ერთ ჩეიზერს, შემდეგ კი თავისი ხმით დაამატა. — ქეითზე კი არავის გიფიქრიათ. რა თქმა უნდა, ის პატარაა და სულ არ არის თქვენით დაინტერესებული. და, როგორც ჩანს, არც გუნდის წევრი არ ყოფილა!
ჰერმიონმა წარბები შეკრა, ჰარიმ კი მოულოდნელად იკითხა:
— ყოველთვის ასე კამათობთ, როცა ერთად ხართ?
— არა, მხოლოდ მაშინ, როდესაც არის ვიღაცა მესამე, – ჩაიფრუტუნა ფრედმა, რომელიც თვალებით მრისხანედ ბურღავდა ნიკოლს.
გოგონა დაიძაბა და გაჩუმდა. მისტერ უისლი და ჩარლი მთელი მხურვალებით განიხილავდნენ მატჩს, როდესაც მაგიდაზე ჩაძინებული ჯინი შენიშნეს.
— აბა, ბავშვებო, ვიძინებთ! – შეფრთხიალდა მისტერ უისლი.
ჰერმიონი და ჯინი უნებურად ადგნენ და თავიანთ კარავში შევიდნენ. ნიკოლიც ეს იყო უკვე უნდა შესულიყო, მაგრამ უისლებს მიუბრუნდა და ტყუპების შემყურემ, დემონსტრირებულად წარმოთქვა:
— ძილი ნებისა.

***

ნიკოლს არ ეძინებოდა. მას საკუთარ თავზე ჯავრი მოსდიოდა. გასაგებია, რომ მეგობრები სპეციალურად არ იქცეოდნენ ვიილების დანახვისას ასე. ეს უბრალოდ მაგიაა. ამიტომ გამოწვეული გულისწყრომა ნიკოლს თავს უხერხულად აგრძნობინებდა. მაგრამ თავს ვერაფერს ვერ უხერხებდა. ტყუპებთან კამათიც არ უყვარდა.
ნიკოლის ფიქრების ძაფი რაღაცა ხმაურმა გაწყვიტა. მან ყური დაუგდო და მომენტალურად ანერვიულდა. კარავის ნაჭრის მეორე მხარეს ხალხის ყვირილი ისმოდა და გოგონა მიხვდა, რომ გარეთ რაღაცა საშინელება ხდებოდა. ის საწოლიდან წამოხტა, ჰერმიონთან მივარდა და მხარზე მოქაჩა.

— გაიღვიძე, რაღაცა ხდება!
ჯინის უკვე თავად გაღვიძებოდა. ჰერმიონი დაბნეული წამოჯდა და ხმაურს ყური დაუგდო, შემდეგ თვალები სწრაფად დაახამხამა და გამოფხიზლდა. გოგონები კარვიდან გავარდნენ, თან ქურთუკებს იცვამდნენ. მისტერ უისლი უკვე რაღაცას უხსნიდა ბიჭებს.
— წავედით! – ფრედმა ჯინისა და ნიკოლს ხელი დაავლო, და ტყის მიმართულებით გაუძღვა.
ნიკოლს გულში რაღაცამ გაჰკრა, მაგრამ უცბად მიხვდა, რომ ეს აბსოლუტურად ბრიყვული და არასწორი ეჭვიანობა იყო. «ის მისი დაა! ამიტომაც ნერვიულობს მასზე!», – შემოუძახა ნიკოლმა თავის ქვეცნობიერს და ადგილზე გაშეშდა.
— აქ დარჩენა გადაწყვიტე? – გაუწყრა უკან მიმავალი ჯორჯი და გოგონას სუსტად ჰკრა ხელი.
— არა… არა, მადლობა, – წაიბუტბუტა გოგონამ და მორჩილად გაუყვა გზას.
ნიკოლი და ჯორჯი – ფრედსა და ჯინის დაეწივნენ, მაგრამ სხვები დაკარგეს. ბრბოში აბსოლუტურად ვერავის ვერ ხედავდნენ, თანაც მხედველობას სიბნელეც აუარესებდა.
— რა ხდება? – ჩუმი აღელვებით იკითხა ნიკოლმა.
— უნდა დავიმალოთ! – წაუყრუა ჯორჯმა გოგონას. — აი, კარგი ადგილია. ჯინი, მიდი აქ.
ადგილი მართლაც კარგი და შეუმჩნეველი იყო. ისიც კი გასაკვირი იყო, რომ ჯორჯმა საერთოდ შეძლო შემჩნევა. აღმართზე მდებარე ორ უზარმაზარ ხეს შორის, ვეებერთელა კაჭარი იწვა. თუკი ქვის უკან გადაძვრებოდნენ, უკნიდან – აღმართი, გვერდებიდან – ხეები, ხოლო წინიდან ქვა დაიცავდათ. ჯორჯმა ჯერ ჯინი გააძვრინა, შემდეგ თავად გადაძვრა და ნიკოლს ხელი გამოუწოდა.
— ნიკი, ხელი მომეცი.
გოგონამ იმავე წამს შეასრულა თხოვნა. ბიჭის ხელი თბილი და ძლიერი იყო. ნიკოლი მის გვერდით ისე დაჯდა, რომ კიდევ ფრედსაც შეძლოდა დატევა, რომელიც უკვე ასევე შიგნით ძვრებოდა.
— ჰარი, რონი და ჰერმიონი სად არიან? – უცბად გაახსენდა შეშინებულ ნიკოლს.
— მოგვყვებოდნენ, მერე კი… – ფრედს წინადადება აღარ დაუსრულებია, რადგან უცბად დაპატარავებული გოგონას შიშითა და პანიკით აღსავსე თვალების შესწავლით დაკავდა.
— ვნერვიულობ მათზე… – ამოისლუკუნა ნიკოლმა. — რა მოხდა, ბოლოს და ბოლოს?
— თავს გაართმევენ… – მანუგეშებლად უთხრა ფრედმა, გოგონას ხელი გადახვია და თმაზე მოეფერა. — ჯადოქრები თავს მაგლებს დაესხნენ და მგონი, კარავის ვარიანტშიც იგივეს გაკეთება სურდათ. მაგრამ იქ შეიარაღებული მამა, ძმები და სამინისტროს დაცვა იყო. ახლა, ალბათ, ყველა დამნაშავეს დაიჭერენ.
ამავე დროს, ჯორჯი ჯინის ეხუტებოდა. ჟღალთმიანი გოგონა შეშინებული ბაჭიასავით იყურებოდა და აკანკალებული უსმენდა ფრედს.
— იპოვიან. აქ ბევრი დაცვაა, – წარმოთქვა ჯორჯმა.
— და ჩვენ? – იკითხა ჯინიმ, რომელიც მიუხედავად დაძაბული გარემოებისა და არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობისა, მაინც ასწრებდა ნიკოლის მისამართით უკმაყოფილო მზერების სროლას.
— ჩვენც გვიპოვიან, – არამტკიცედ წარმოთქვა ფრედმა და ცხვირი ნიკოლის თმებში ჩარგო.
— ვგრძნობ, რომ ჰარი ისევ რაღაცა შარში გაეხვევა. უნდა გვეპოვა… – ჩურჩულებდა ნიკოლი.
— ყველაფერი კარგად იქნება, – რაც შეიძლება დამაჯერებლად თქვა ჯორჯმა და დაქალის მუხლს ხელი გამამხნევებლად მოუჭირა.
— მეშინია… – ცდილობდა ყურადღების მიქცევას ჯინი. ჯორჯი დას ჩაეხუტა და გაუღიმა.
რამოდენიმე ხანი, ოთხეული გასუსული იჯდა და ყოველ გაფაჩუნებას ყურს უგდებდნენ. ხალხის ყვირილი და შეძახილები – ხან ახლოვდებოდა, ხან შორდებოდა.
— არის აქ ვინმე? – გაისმა ხმა.
— ბილ! ბილ, ჩვენ ვართ. ყველაფერი დასრულდა? – იყვირა ჯინიმ. ტყუპებს სახეები გაებადრათ, ნიკოლმა კი შვებით ამოისუნთქა.
— გამოდით, მამამ რომ არ ინერვიულოს, – თქვა ბილმა და ქვის ღრიჭოში ხელი გააძვრინა. ფრედი ჩაეჭიდა, გაქრა და ღრიჭოში უკვე მისი კმაყოფილი სახე გამოჩნდა.
— ნიკი, მოდი, – ფრედმა ჯერ – დაქალი, შემდეგ ჯორჯი და ჯინი ამოიყვანა.
— რონი და მეგობრები აქ არ არიან? – გაიკვირვა ბილმა, როდესაც ოთხეული შეათვალიერა. ბავშვებს პიჟამები და ქურთუკები დახეოდათ.
— დაიკარგნენ… – დაიძაბა ჯინი.
— კარავში დავბრუნდეთ, – ბრძანა ბილმა და ყველა მას გაჰყვა.

***

— მოვიყვანე, – მისტერ უისლი კარავში შევიდა, უკან კი ჰარი, რონი და ჰერმიონი მიჰყვნენ.
— ჰარი! – ნიკოლი ბიჭს ეცა და ხელებში მოჭყლიტა. — როგორც ყოველთვის, ისევ რაღაცა გასაგხდათ.
— იპოვეთ, ვინ გამოსახა ცაში შავი ნიშანი? – გაახსენდა ბილს.
— არა. მხოლოდ ბარტი კრაუჩის ელფი ვიპოვეთ, რომელსაც ჰარის ჯადოსნური ჯოხი ჰქონდა, მაგრამ სხვა არანაირი კვალი არ ყოფილა, – უპასუხა მისტერ უისლიმ.
— რა? – ერთდროულად იკითხეს ბილმა, ჩარლიმ და პერსიმ.
— ჰარის ჯოხი? – გაოგნდა ფრედი, ნიკოლმა კი ჰარის შეხედა, რომელსაც მხრები აეჩეჩა, შემდეგ კი სამეულს მიბაძა და ისიც მათ გვერდით ჩამოჯდა.
მისტერ უისლიმ, ჰარიმ, რონმა და ჰერმიონმა მაინც ახსნეს, თუ რა მოხდა. როდესაც ღამის თავგადასავლების მოყოლა დაამთავრეს, ყველას დაბნეული სახის გამომეტყველება გასჩენოდა. პერსი აღშფოთებისგან გაიბერა და ჰერმიონთან კამათი დაიწყო.
— შავი ნიშანი, სიკვდილის მხვრელები… ძალიან მხიარული მატჩია… – გადასჩურჩულა ფრედმა ნიკოლს.
— და ის მაგლები? რა მოუვათ? – გაახსენდა გოგონას.
— მეხსიერების შეცვლა მოგვიწევს, თანაც ძირფესვიანად. მათი ფსიქიკა ძალიან დაზიანდა, – თქვა მისტერ უისლიმ.
— ეს სიკვდილის მხვრელები გიჟები არიან! – აპილპილდა ნიკოლი და თავი ჯორჯს მხარზე ჩამოსდო.
— უკვე ძალიან გვიანია. ორიოდე საათი წავუძინოთ და სახლში გავემგზავროთ, თორემ მოლი ძალიან ინერვიულებს, – წარმოთქვა მისტერ უისლიმ. — ახლა არაფერი გვემუქრება.
ნიკოლი მიხვდა, რომ ცოტახანში ისევ დაშორდებოდა მეგობრებს და ლონდონში მარტოს მოუწევდა გამგზავრება. მან თავი დახარა და ნელა წამოდგა ადგილიდან. ჯინიმ და ჰერმიონმაც მიბაძეს და თავისთან წავიდნენ.
— ნიკოლ, მოიცა, – შეაჩერა ჰარიმ. — ხომ წამოხვალ ჩვენთან ერთად «ბუნაგში»?
— არა. იქ არავინ მელის… – უარყოფის ნიშნად თავი გააქნია გოგონამ.
— აბა, სად წახვალ? – გაუკვირდა ჰარის.
— ლონდონში… არა, სოფლამდე წანოგყვებით, იქიდან კი მაგლური ხერხით ლონდონში გადავალ…
— სდექ! – წამოიყვირა ფრედმა. — ჩვენთან ერთად წამოხვალ და დარჩენილ არდადეგებს ასევე ჩვენთან ერთად გაატარებ. თან ახლა სახიფათოა მარტო მგზავრობა…
— ფრედ, დედათქვენს ეს არ მოეწონება, – იუარა ნიკოლმა.
— ამას მნიშვნელობა არ აქვს, – ჩაერია ჯორჯი. — ასეთ არაორდინალურ სიტუაციაში, დედას, ვფიქრობ, რომ უბრალოდ შეგუება მოუწევს.
— დაველაპარაკები, – გაიგეს მათ მისტერ უისლის ხმა და ოჯახის უფროსისკენ შებრუნდნენ. — ბიჭები მართლები არიან. სახიფათოა დიდ ქალაქში მარტო დარჩენა. მოლი გაიგებს.

***

მეგობრებმა კვლავ პორტაჟით ისარგებლეს და სოფელ ოტერი-სენტ-ქეჩპოულში აღმოჩნდნენ. როდესაც მათ თავშესაფრის გვერდით ჩაიარეს, ნიკოლი ტყუპებს ამოეფარა, თუმცა ჯერ მხოლოდ თენდებოდა და დიდი ალბათობით, მაგლებს ეძინათ.
როდესაც «ბუნაგში» მივიდნენ, კარიდან შეშინებული, საოჯახო ხალათსა და ფლოსტეში გამოწყობილი მისის უისლი გამოვარდა. ეტყობოდა, რომ გამოუძინარი იყო, ხელში კი გაზეთი ეჭირა.

— არტურ! ისე ვინერვიულე, ლამის შევიშალე… – ის ქმარს კისერზე მოეხვია. — ყველანი კარგად ხართ… ცოცხლები… ოჰ, ბიჭებო… – ქალი ფრედსა და ჯორჯს გადაეხვია, თანაც ისე ძლიერ, რომ ისინი შუბლებით შეხვდნენ ერთმანეთს. ნიკოლმა უკან დაიხია და უკვე მზად იყო გასაქცევად. — მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ უკანასკნელი, რის შესახებაც შენიშვნა გითხარით, ბუა-ს ცუდი ქულები იყო! ოჰ, ფრედ… ჯორჯ… – აქვითინდა მისის უისლი.
ნიკოლს ეშინოდა თავის გაცემის და ენერგიას არ იზოგავდა, მისი იქ ყოფნის შესახებ რომ არ შეეტყოთ, მაგრამ მოლიმ გოგონა მაინც შეამჩნია. ნიკოლმა თვალები დახარა და უკან ერთი ნაბიჯი გადადგა.
— დე, არ შეგვეძლო იმის დაშვება, რომ ლონდონში მარტო გამგზავრებულიყო. თანაც იმის შემდეგ, რაც ჩემპიონატზე მოხდა, – ახსნა ფრედმა.
— ჰო, მოლი. არ შემეძლო ასე მოვქცეულიყავი, – მხარი დაუჭირა არტურმა ვაჟს.
— მე… ისა… – ძლივს ამოილუღლუღა ნიკოლმა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ წინადადების აწყობის შანსი ასეთ სიტუაციაში არ ჰქონდა, ამიტომ გაჩუმება იჩქარა.
მისის უისლის მდუმარე მტრული დამოკიდებულება ნიკოლს ყოველთვის აბნევდა.
— შევედით სახლში, რას ვდგავართ? ყველანი დაიღალეთ, მაგრამ რაც მთავარია, კარგად ხართ! – შეიპატიჟა ისინი სახლში მისის უისლიმ. — შენც, ნიკოლ, ასევე.

ქალმა მას ცივად შეხედა, მაგრამ მეტი არაფერი უთქვამს. ნიკოლმა მხოლოდ ის შეამჩნია, თუ როგორ შეეცვალა გამომეტყველება, როცა მოლიმ მისგან ჰარისა და ჰერმიონზე გადაიტანა ყურადღება. ისინიც სტუმრები იყვნენ, მაგრამ მისის უისლი მათთან გულღია იყო და მათ ყოველთვის ხელგაშლილი იღებდა. ამან ნიკოლს თავი ისე უხერხულად აგრძნობინა, რომ ყველასგან დამალვის სურვილი გაუჩნდა. ის ცოტახანს კარში იდგა, დაელოდა, სანამ ყველა შელაგდებოდა, შემდეგ კი ფეხი დაჰკრა და უკან გაბრუნდა. ეს ტყუპებს არ გამოპარვიათ და მაშინვე უკან აედევნენ.

— ნიკოლ, ხომ არაფერი გეშლება? – დაუძახა ფრედმა.
— ლონდონში მივდივარ, იმდენი რაიმე მაქვს საყიდელი, ხომ გესმით… – უცბად დაატორმუზა გოგონამ და მეგობრებს მიუბრუნდა.
— რატომ მიდიხარ? – შეწუხდა ჯორჯი.
ფრედმა ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და მკაცრად დააკვირდა დაქალს. ნიკოლმა კი ამოიოხრა და თავი დახარა:
— მე ასე არ შემიძლია. დედათქვენი უბრალოდ ვერ მიტანს. ცდილობს ეს დამალოს, მაგრამ მაინც იგრძნობა. აი, ჯინი კი არც კი მალავს… წარმოგიდგენიათ მაინც, რამდენის ატანა მომიწევს, სანამ არდადაგები არ მორჩება? არა, სჯობს, ისევ მარტო ვიყო…
ჯორჯმა, მიუხედავად იმისა, რომ გოგონას დარჩენა სურდა, მხარზე ხელი დაადო და გამამხნევებლად გაუღიმა, ჩაფიქრებული ფრედი კი ძირს იყურებოდა.
— მოგწერთ… ყველაზე იაფფასიან ბუს ვიყიდი და აუცილებლად მოგწერთ! – სერიოზული ხმით თქვა ნიკოლმა და მოწყენილ ფრედს თმა აუჩეჩა. — ყიდვისთანავე მოგწერთ.
— ისე, გამახსენდა, რომ შუბლი მტკიოდა! – მოულოდნელად და სავსებით უადგილოდ წამოიძახა ჯორჯმა.
— ჰო, მართლა, მეც, – აყვა ფრედი და ტყუპებმა ხმამაღლა გადაიხარხარეს.

ნიკოლი კი უბრალოდ უყურებდა ორ ერთნაირს და იღიმოდა. «ბიჭები… ყოველთვის ყველაფრისგან ცირკს დგამენ », – გაიფიქრა ნიკოლმა, მეგობრებს ხელი დაუქნია და სადგურისკენ გაემართა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent