შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვიშის ქარიშხალი (სრულად)


20-01-2021, 10:32
ავტორი აირ ისი
ნანახია 23 843

8 8 8 8

ზღვის ტალღებში მკლავებს უკმაყოფილოდ ვუსვამდი და ვცდილობდი წყლისთვის გამეტნია ის ნეგატიური შეგრძნებები, რომლებიც მოსვენებას არ მაძლევდნენ. თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა — რისთვის მიმზადებდა ცხოვრება მუდამ ასეთ არასასურველ სიურპრიზებს?

რატომ ვფიქრობდი ასე? იმიტომ, რომ ხვალიდან კიდევ ერთი ახალი ფურცელი იშლებოდა ჩემი ცხოვრების წიგნში— საპასუხისმგებლო, დამღლელი და აუტანელი. მუშაობა უნდა დამეწყო, მე კი, ეს სიტყვაც კი ჭირივით მეზიზღებოდა.

ჩემი ოცდაორწლიანი არსებობის მანძილზე, მუდამ მარტივ ფულს ვიყავი ჩვეული. არც საუკეთესო ტანისამოსი მაკლდა და არც, ბოლო მოდელის ტექნიკა, თუმცა ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა. ახლა, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად დარჩენილს, მომიწევდა ბევრ რამეზე მეთქვა უარი. თუნდაც ძვირადღირებულ მანქანებსა და ფულით სავსე საკრედიტო ბარათებზე, რის გარეშეც, ადრე ერთი დღეც ვერ წარმომედგინა.

ყველაზე უარესი მაინც ის იყო, რომ ბარმენად მომიწევდა მუშაობა, ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში. ეს უკანასკნელი, ჩემი უფროსი ძმის, აარონ ქალდანის საკუთრება გახლდათ და ნაცვლად იმისა, რომ რამე ნორმალური, მაღალანაზღაურებადი ვაკანსია გამოენახა ჩემთვის, პირდაპირ მომსახურე პერსონალის რიგით წარმომადგენლად მაქცია.

მანამ, სანამ ეს „ბედნიერება“ დამატყდებოდა თავს, ჩემს ტყუპისცალ დასთან, ნიცასთან ერთად ვცხოვრობდი ლოს-ანჯელესში. უნდა მეღიარებინა, შესანიშნავი პერიოდი იყო. უფროსი ძმის წყალობით, არც საარსებო თანხა გვაკლდა და არც ნებისმიერი სურვილის ასასრულებელი მწვანე ქაღალდი. ვითარება უკუღმა მაშინ შემოტრიალდა, როდესაც ერთ დღეს, აარონი ამერიკაში ჩამოვიდა და გამოგვიცხადა ჩემთან ერთად თბილისში მოდიხართ, რათა რაიმე საქმით დაკავდეთ და უსაქმურობასაც შეეშვათო.

ამაზე, მართლაც სერიოზული კამათი მოგვივიდა ჩვენ სამს. ნიცა სახლიდანაც კი წავიდა და მანამ არ დაბრუნებულა, სანამ მე და აარონმა არ მივაგენით, ერთ-ერთ ღამის კლუბში, სრულიად გალეშილს.

ჩემთვის და ნიცასთვის, სასწორის პინებზე ორი არჩევანი იდო — ერთი თბილისში დაბრუნებასა და ჩემი ძმის რომელიმე ფირმაში დასაქმებას გულისხმობდა, დამაკმაყოფილებელი ანაზღაურებით, ხოლო მეორე, ლოს-ანჯელესში დარჩენასა და მათხოვრულ ცხოვრებას, რადგან აარონი, ჩვენთვის ერთი თეთრის გამოგზავნასაც აღარ აპირებდა.

რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი ვამჯობინეთ და რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ კიდეც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მის ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში. გვეგონა ყველა საქმეს თანაშემწეებს დავავალებდით და თავად მშრალად გამოვიდოდით წყლიდან, თუმცა ჩვენზე ორჯერ უფრო ჭკვიანი უფროსი ძმის გაცურება ვერ მოვახერხეთ. სწორედ ამიტომ, ამ უკანასკნელმა პროფესიულად ჩამოგვაქვეითა — მე სასტუმროს რიგით თანამშრომლად გამომგზავნა, ვისაც ამჯერად ფეხის, ფეხზე შემოდება აღარ გამოუვიდოდა, ხოლო ნიცა, უბრალო მოლარედ დააყენა, სწრაფი კვების ერთ-ერთ მსხვილ ობიექტზე. უნდა ითქვას, ორივეს მაგრად „მოგვიხაზა“ თავისი საქციელით, თუმცა რომ გითხრათ ამან ჩემი ძმა შემაძულა-მეთქი, მოგატყუებთ. გულის სიღრმეში ვხვდებოდი კიდეც რისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებდი ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც მას უნდოდა. ჩემთვის, მუშაობა და პასუხისმგებლობების აღება იგივე იყო, რაც ცხოვრებისეულ გართობებზე უარის თქმა, რასაც ჩემი ხასიათი აშკარა პროტესტს უცხადებდა.

ზღვის ნაპირისკენ ნერვებმოშლილმა დავიწყე ცურვა. ვამჩნევდი, რომ უკვე სუნთქვა აღარ მყოფნიდა, თან, ტალღების სიდიდეც ნელ-ნელა მატულობდა.

ღამით ზღვაში ბანაობას მაინც სულ სხვა ხიბლი ჰქონდა. თავზე, მზის მცხუნვარე სხივების მაგივრად ვერცხლისფერი მთვარე დაგნათოდა და ზღვის ნელთბილ წყალში სხეული სასიამოვნოდ გიდუნდებოდა.

სანაპიროს ამ ნაწილში, ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი მოჩანდა. ალბათ მზის ჩასვლის ყურების შემდეგ შემორჩნენ პლაჟზე-მეთქი, გავიფიქრე და წყლიდანაც ამოვედი. ჩემი ტანსაცმელი, სპეციალურად ნაქირავებ შეზლონგზე მქონდა დატოვებული. მიუხედავად იმისა, რომ სხეული მთლიანად სველი მქონდა, მაისური და შორტი სწრაფად მოვირგე, ხალხისგან მოშორებით, ქვებზე ზურგით გავწექი და ზღვის ტალღების შრიალის ფონზე, ვარსკვლავების ყურება დავიწყე. ეს ჩვევა, ჩემი უმცროსი დის, ელისაბეტის დაკარგვის შემდეგ დამჩემდა. როდესაც სრულიად მარტო ვრჩებოდი და ჩემს გარშემო ერთი ნაცნობი ადამიანიც აღარ მეგულებოდა, მაშინვე მანათობელ წერტილებს ვუწყებდი უაზროდ ყურებას. მახსოვს ერთხელ სადღაც წავიკითხე, ჩვენგან წასული ადამიანები ცაში ვარსკვლავების სახით ციმციმებენო და მეც იმედი მქონდა, რომ გალაქტიკაში შემავალი მილიარდობით ვარსკვლავიდან, ერთ-ერთი მაინც იყო ჩემი პატარა ელი.

თალები მაგრად დავხუჭე და ვცადე გულზე მოწოლილი ყრუ ტკივილი ჯანდაბაში გამეგზავნა. როგორ მინდოდა ახლა ნიცაც აქ ყოფილიყო და ერთი-ერთში მესაუბრა იმაზე, რასაც ამ წამს განვიცდიდი, თუმცა ჩემგან განსხვავებით, იგი თბილისში დარჩა. აარონის თქმით, ჩვენ ორნი ერთად მასშტაბურ აფეთქებას ვუდრიდით და კარგი იქნებოდა სამსახურში მაინც თუ ჩამოვცილდებოდით ერთმანეთს.

მელოდიურად აშრიალებული ტალღების ფონზე, სიგარეტს მოვუკიდე და ცაში ყურების პარალელურად, ნიკოტინით გაბრუება დავიწყე. ოდნავ ტკბილი, მენთოლის შემცველი კვამლის ნახევარი ფილტვებში გადავიტანე, მეორე ნახევარი ჰაერში გავუშვი და ჩემს სტიქიაში მყოფს, ბუნდოვნად ჩამესმა გიტარის სიმების ხმა, რომელიც რაღაც ნაცნობ მელოდიას აჟღერებდა. როგორც ჩანდა ვიღაც უკრავდა, თუმცა ამ ყველაფრით მანამ არ დავინტერესებულვარ, სანამ უეცრად, ჩემი საყვარელი სიმღერის -Wind Of Change-ს სიტყვები არ გაიფანტა ზღვის სურნელით გაჟღენთილ ჰაერში. აი, ამაზე უკვე გონს მოვედი, ნახევრად ჩამწვარი სიგარეტს ზღვაში წკიპურტით გადავაგდე და იდაყვზე დაყრდნობილმა, იმ მხარეს გავიხედე, საიდანაც სიმღერის ხმა მოდიოდა.

ანთებული კოცონის წინ, ოთხკაციან ჯგუფს მოეყარა თავი. აქედან სამი მათგანი, საკუთარ ზურგჩანთაზე ჩამომჯდარიყო, ხოლო მეოთხე — გიტარით ხელში მჯდომი გოგონა, ქვებზე დაფენილ ჭრელ მოსაცმელზე იჯდა, იოგას პოზაში და Scorpions-ის ამ ჰიტად ქცეულ სიმღერას, საკუთარი ინტერპრეტაციით ასრულებდა.

იმდენად ლამაზი კადრის მომსწრე გავხდი, წამით მზერა გამეყინა და ტუჩებზე იდუმალი ღიმილი მომადგა. და, აი ისიც — ჩემში მონადირის ინსტიქტმა გაიღვიძა. სიმღერის სიტყვების მოსმენის პარალელურად, გოგონას თვალიერება დავიწყე. გრძელ, რძისფერ, უმკლავო კაბაში იყო გამოწყობილი, რაც ფეხების უმეტეს ნაწილს საიმედოდ უფარავდა და ამის გამო გულიც კი მწყდებოდა. შაქარივით თეთრ, ნაზ და სუსტ მხრებზე, ღია თაფლისფერი კულულები ტალღებად ეყარა, ხოლო ტუჩებზე ალუბლისფერი შეფერილობა გადაჰკრავდა და ეჭვი მიჩნდებოდა, რომ ეს სულაც არ გახლდათ ტუჩსაცხის დამსახურება. ერთი შეხედვით, ლამაზ ბამბის თოჯინას ჰგავდა. ისეთს, ფრთხილად მოქცევასა და გამუდმებით ზრუნვას რომ საჭიროებდა.

იმდენად შემიპყრო მისმა სურვილმა, სუნთქვაც კი გამიხშირდა. ვიღას ახსოვდა მელოდიის ჟღერადობა? ახლა მხოლოდ უცნობი გოგონას ვიზუალის თვალიერება იყო ჩემი საქმე და ამ დაკვირვების წარმოება ზედმეტადაც კი მსიამოვნებდა. უკვე ნათლად მიდგებოდა თვალწინ სცენა, თუ როგორ ვეფერებოდი მის ნაზ კანს, როგორ ეკვრებოდა სუნთქვა ჩემი შეხებისას, როგორ მორცხვად მხვევდა თავის წვრილ მკლავებს . . .

ოცნების ვარდისფერ ბილიკზე შემდგარი, თითქოს ძლიერი მუჯლუგუნით დამაბრუნა უკან შეზლონგის კუთხეში მოთავსებული ტელეფონის ზარის ხმამ. ეკრანზე დახედვისას, სახეზე ღიმილი გადამეფინა — ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი უსიამოვნება და ამავდროულად, უძვირფასესი ადამიანი მირეკავდა.

-გისმენ, ნიცა -ვუპასუხე ხმადაბლა, თან, შუბლზე ჩამოყრილი სველი თმა თითებით გავისწორე.

-ისევ ცოცხალი ხარ ნიკუშ? მე კი მეგონა უკვე ბაწარში გქონდა თავი გაყრილი, რათა ხვალინდელი დღე არ დამდგარიყო

-დაცინვის მიზნით მირეკავ, არა? -წარბები თავისდაუნებურად შემეჭმუხნა ამის თქმისას -თუ დაგავიწყდა, შეგახსენებ, რომ არც შენს უსაქმოდ დაჯენას აპირებს აარონი. სულ მალე მოგიწევს სალაროსთან დადგომა და კლიენტებისთვის ხურდის დაბრუნება. ეს მხოლოდ დროის საკითხია, დაიკო

-შენგან განსხვავებით, ბარში მაინც არ მიშვებენ მიმტანად. დავემუქრე, რომ თუ ამას იზამს, ყველა ბარმენს სათითაოდ დავუწყებ შებმას და ძალიან ცუდი გოგო ვიქნები -აშკარა კმაყოფილება ჟღერდა მის ტონში.

ტუჩებზე ღიმილი მომადგა.

-გონივრული ხერხი გიპოვია, ვერაფერს ვიტყვი

-მოკლედ, იმიტომ დაგირეკე, რომ წარმატებები გისურვო შენს ახალ სამსახურში . . . თავგადასავლები გელის, ძამიკო

-თავგადასავლები და ქვიშის ქარიშხალი

-ქვიშის ქარიშხალი? -გაიკვირვა ნიცამ. სწორედ იმ წამს გამახსენდა, რომ მან იმ დაწესებულების სახელიც კი არ იცოდა, სადაც ხვალიდან მომიწევდა მაგიდების წმენდა და ვცადე ამეხსნა :

-ასე ჰქვია სასტუმროს, სადაც აარონმა ბარმენად გამამწესა

-აჰაა, ახლა უკვე გასაგებია . . . მაშინ, წარმატებები ქვიშის ქარიშხალში. ერთ დღეს აუცილებლად შემოგივლი და შენს მომზადებულ მარგარიტას დავლევ

-ჰო, თუ რა თქმა უნდა ძალიან არ გადაიქანცე ჰამბურგერებისა და ჩიზბურგერების გაყიდვით -გადავწყვიტე თავადაც წამეკბინა სიტყვებით და ყურმილი მანამ დავუკიდე, სანამ ჩემთვის მორიგი მწარე პასუხის დაბრუნებას მოასწრებდა.

ტელეფონი კვლავ უწინდელ ადგილას დავაბრუნე და მხოლოდ იმ წამს გავაცნობიერე, რომ გიტარის ნაზი ხმა უკვე აღარსაიდან ისმოდა. თავი მაშინვე იქით მივატრიალე, სადაც ჩემი სამიზნე მეგულებოდა.

ჯანდაბა!

აი, ეს გახლდათ ნამდვილი ფიასკო! აღარც ის ჩანდა სადმე და აღარც მისი „თანაგუნდელები“. არადა რა მონდომებით დავსახე გულში ამ გოგოს ხელში ჩაგდების გეგმა. უკვე ყველაფერი ზედმიწევნით მქონდა მოფიქრებული, თუმცა იგი ისე აორთქლდა, როგორც იმ სიმღერის სიტყვები, რამდენიმე წამის წინ რომ მღეროდა, მთელი გრძნობით.

გულში რაღაც მტკივნეულად ჩამწყდა. გამახსენდა მისი ნაზი სახე, ბავშვურად მიამიტი გამოხედვა, ალუბლისფერი ბაგეები და საკუთარ უიღბლობაზე გაბრაზებულმა, კენჭების წყალზე გასრიალება დავიწყე.

-ერთ დღესაც, შენს ნომერს საერთოდ დავბლოკავ ნიცა! -იმედგაცრუებულმა, საკუთარი ფიქრები ზედმეტად ემოციურად გავახმოვანე და როცა მივხვდი, რომ გარშემო მყოფთაგან ყველა მე მიყურებდა, მათ გასაგონად დავამატე :

-ყურადღებას ნუ მომაქცევთ, ზოგჯერ ხმამაღლა ვფიქრობ ხოლმე . . .










8 8 8 8

ადრიან დილით რომ მაღვიძარას ხმა ჩამესმა, მომინდა გარშემო ყველაფერი დამელეწა და ჩემს შიგნით დაბუდებული ბრაზი ამ საშუალებით ამომენთხია. მართალია, აარონმა ბარმენად გამამწესა და ჩემი ცვლაც საღამოს რვა საათზე იწყებოდა, თუმცა, ვინაიდან ახალ თანამშრომლად ვითვლებოდი და მსგავს სფეროში მუშაობისა არაფერი გამეგებოდა, მთელი დროის განმავლობაში, ვინმე თორნიკე ჯაყელს ვყავდი მიბარებული, რათა ჩემთვის ყველაფერი ესწავლებინა და ბარის საქმეების ზედმიწევნით ათვისებაში დამხმარებოდა.

დაგვიანება ყოვლად დაუშვებელი იყო. არც მე გახლდით არაპუნქტუალური ადამიანი, ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ახლა საწოლიდან წამოდგომას ყველაფერი მერჩივნა, ეს მაინც გავაკეთე და პირდაპირ სააბაზანოს მივაშურე, გრილი შხაპის მისაღებად.

ჩემი აპარტამენტებით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვიყავი. ზღვიდან დაალოებით ოთხასი მეტრის მოშორებით, პატარა, თუმცა საკმაოდ მყუდრო სახლი მქონდა დაქირავებული, რომლის საფასურიც, ჩემივე გამომუშავებული ფულით უნდა გადამეხადა. თავად ამ სახლის პატრონი, ერთი მოხუცი, ცოტა უცნაური, თუმცა საკმაოდ საყვარელი ქალი იყო, სახელად ნინა. უნდა ვაღიარო, პირველივე დღესვე დადებითად განვეწყვე მის მიმართ. იმდენად თბილად და პოზიტიურად შემხვდა, სხვანაირად არც გამოვიდოდა.

ბებია არასდროს მყოლია და მუდამ მაინტერესებდა როგორი გრძნობა იყო ასაკოვანი, მოსიყვარულე ქალის ყოლა, ვინც გამუდმებით საჭმლით ხელში დაგდევდა უკან და მისთვის ყოველთვის გამხდარი და მშიერი იყავი. ნინამ, თავიდანვე რაღაც ამის მსგავსი მაგრძნობინა და ამის გამო, მისი უზომოდ მადლიერი ვიყავი.

გვერდითა სახლში მცხოვრებ მეზობელსაც თითქოს არა უშავდა, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ შეშლილი მეჩვენებოდა. ზემოთ ნახსენები პიროვნება, შუა ხნის, მუდამ მომღიმარი ქალი გახლდათ, რომელსაც ხშირად ვხედავდი ხოლმე ეზოში გამოსულს, თავის პატარა შვილისშვილთან ერთად. ამ ქალში უჩვეულოდ იმას მივიჩნევდი, რომ გადმოსვლის პირველივე დღესვე სახლში შემომივარდა, შენი ახალმოსახლეობა უნდა აღვნიშნოთ და დაუყოვნებლივ ჩემთან გეპატიჟები, აჯაფსანდალზეო. მაშინ ნამდვილად ვერ მივხვდი, რატომ უნდა აღმენიშნა ახალმოსახლეობა, მის სახლში, თანაც აჯაფსანდალთან ერთად, თუმცა ახლადშეძენილი მეზობელი იმდენად ჩამაცივდა, სხვა გზა აღარ დამიტოვა იმის გარდა, რომ უკან მორჩილი ქვეშევდრომივით გავყოლოდი. მიუხედავად ამისა, მისი სახელის დამახსოვრება მაინც ვერ შევძელი. ალბათ იმიტომ, რომ ხსენებული აჯაფსანდალის საშინელი გემო დღემდე შემორჩა ჩემს მეხსიერებას და გონებამ იმის სახელი წამიშალა მეხსიერებიდან, ვინც ამ „საოცრების“ შემოქმედად ითვლებოდა.

ფიქრებში გართული, შხაპის მიღებას ათ წუთში მოვრჩი და აბაზანიდან გამოსულმა, წინა ღამით გამზადებული ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. მართალია, მთლად კარგი იდეა ვერ იყო სამსახურში უმკლავო მაისურითა და სპორტული შარვლით წასვლა, თუმცა ჩაცმის სტილი ჩემთვის ის ზონა იყო, რაც არანაირ სტერეოტიპს არ სცნობდა და რაში ჩარევის უფლებასაც არასდროს არავის მივცემდი.

თავის მოწესრიგებას რეკორდულ დროში მოვრჩი და მობილურის ეკრანზე საათს დავხედე. სამსახურში მისასვლელად ჯერ კიდევ ათი წუთი მქონდა. სასტუმრო, ჩემს სახლთან ახლოს მდებარეობდა, ამიტომ, შემეძლო ფეხითაც წავსულიყავი, თუმცა ვინაიდან, ოდნავ წვიმიანი ამინდი იყო, საბოლოოდ მაინც ველოსიპედს მოვაჯექი და მთელი სისწრაფით დავიძარი „ქვიშის ქარიშხლისკენ“.

მეცინებოდა ჩემ თავზე. აარონმა არც მანქანა შემატოვა და არც, მოტოციკლი. ტაქსის გამოსაძახებელ ფულსაც კი ვზოგავდი, რადგან ხელფასი თვის ბოლომდე არ იქნებოდა და არ მინდოდა პროდუქტების შესაძენი ფული მომკლებოდა. ხანდახან, სიზმარშიც კი მეგონა თავი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი ძმა, ოდესმე ასეთ დღეში ჩამაგდებდა. ეს უკანასკნელი, მთელი ძალით ცდილობდა გაჭირვებაში ცხოვრება მესწავლა და ჩემთვის ეჩვენებინა, თუ როგორი იყო უბრალო ადამიანად ყოფნა, ვინც თავის საარსებო თანხას, საკუთარი შრომით გამოიმუშავებდა.

ჩემმა ველოსიპედით ვოიაჟმა, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე დასველების გარდა არაფერი მომიტანა. თავდაპირველად, მხოლოდ ჟინჟღლავდა, თუმცა დროთა განმავლობაში, წვიმის წვეთების ზომამ იმდენად მოიმატა, პედლების მთელი სისწრაფით დატრიალებაზე გადავედი. გზის გადაჭრისას, ერთხელ კინაღამ სატვირთომაც გამიტანა, თუმცა საბედნიეროდ მისი ბორბლების ქვეშ მოყოლას გადავრჩი და გზა მშვიდად გავაგრძელე.

სამსახურში მისვლამდე მხოლოდ ორი წუთი მქონდა დარჩენილი, როდესაც ველოსიპედი სასტუმროს წინ გავაჩერე და შიგნით სირბილით შევედი. ჩემი „მასწავლებელი“ ალბათ უკვე ადგილზე იყო და მოუთმენლად ელოდა როდის დაინახავდა თავისი მოსწავლის სახეს. არც შევმცდარვარ, როცა ასე ვიფიქრე. როგორც კი მარმარილოთი მოპირკეთებული მიმღები გავიარე და თანამშრომლებისათვის განკუთვნილი შესასვლელით ბარში შევედი, დახლთან დაახლოებით ჩემი ასაკის, ესპრესოს ჭიქით ხელში მდგომი ბიჭი დავინახე. ეს უკანასკნელი, თან მობილურში მესიჯობდა, თან ყავას შეექცეოდა, პერიოდულად კი, ვერანდასაც გახედავდა, თითქოს იქ ვიღაცის ან რაღაცის გამოჭერას ცდილობსო.

საკმაოდ თვალშისაცემი ვიზუალი ჰქონდა ბატონ თორნიკეს. გრძელი, ქერა თმა კოსად ჰქონდა აკრული, ტანზე სპეციალურად მისი პროფესიისთვის განკუთვნილი სასტუმროს უნიფორმა მოერგო და ისეთ სერიოზულ, თავდაჯერებულ გამომეტყველებას აფრქვევდა, თავიდანვე ეჭვი გამიჩნდა, რომ ამ ადამიანთან ჩემი ოინები და უსაქმოდ ყოფნა ნამდვილად არ გამომივიდოდა. სიმართლე რომ ვთქვა, არც თავად მსურდა სიზარმაცის გამოვლენა. ისედაც დაღლილი ვიყავი აარონისთვის იმედების გაცრუებით და ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ამჯერად მაინც არ ყოფილიყო ასე.

ჩემი „მასწავლებელი“ კვლავაც იმავე პოზიციაში იდგა და ყავის სმას აგრძელებდა. როგორც ჩანდა, ჯერ კიდევ ვერ შეემჩნია ჩემი მოსვლა, ამიტომ, გადავწყვიტე დუმილის დარღვევის ინიციატორი თავად გავმხდარიყავი.

-დილა მშვიდობისა -ვთქვი ხმადაბლა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რათა ჯაყელს, თავისი ყავა დახლის პრიალა ზედაპირზე დაედგა და მზერა ჩემზე გადმოეტანა.

-დილა მშვიდობისა . . . თუმცა ასე ადრიანად არ გელოდი -მაშინვე შენობითზე გადმოვიდა, რითაც, სავარაუდოდ მაგრძნობინა, რომ მე, ამ სასტუმროში მომუშავე თანამშრომლებისგან არაფრით განვსხვავდებოდი და „სტაფის“ რიგითი წევრი ვიყავი, მიუხედავად ჩემი ძმის ვინაობისა. ამ სასტუმროს მთავარი მენეჯერი და თორნიკე ჯაყელი, ერთადერთნი იყვნენ, ვინებმაც ჩემი და აარონის ძმობის შესახებ იცოდნენ, თუმცა ამ ამბის სხვებისთვის თქმა სასტიკად ჰქონდათ აკრძალული. ალბათ იმიტომ, რომ ყველა ისე მომქცეოდა, როგორც რიგით ბარმენს და არა სასტუმროს მფლობელის უახლოეს ნათესავს.

თორნიკეს ხელი ჩამოვართვი და მხოლოდ თავაზიანობის ნიშნად გავუღიმე.

-რატომ არ მელოდით? უკვე ცხრა საათია

-მართალია, მაგრამ შენი პასუხისმგებლობის გრძნობის შესახებ, ისეთი ცნობები მომივიდა, მინიმუმ ორი საათის დაგვიანებით მაინც გელოდი

ესეც ასე, პირველი დარტყმა უკვე მოყენებული იყო. როგორც ჩანდა ამ ტიპს მაინცდამაინც არ მოვწონდი და ამის შემჩნევა, ჩემთვის რთული ნამდვილად არ ყოფილა.

-გადავწყვიტე მომესინჯა როგორია პასუხისმგებლობით სავსე ადამიანად ყოფნა. რამე საწინააღმდეგო გაქვთ? -ირონიული გამომეტყველება მოვიშველიე ამ კითხვის დასმისას.

-რა თქმა უნდა არა, პირიქით, გამიხარდება თქვენს ძველ ჩვევებს თუ დაივიწყებთ და დიდხანს არ მალოდინებთ ხოლმე -ისიც თქვენობითზე გადმოვიდა.

-ჩემს ძველ ჩვევებზე ლაპარაკს, ჯობია საქმეს მივხედოთ -აქ, უკვე კატეგორიული ტონი დავიჭირე, რადგან ამ ტიპის თავხედობა, უკვე მისთვის სახეში გარტყმის სურვილს მიღვიძებდა და არ მინდოდა ჩემი პირველი დღე ამ სასტუმროში, მსგავსი სახის კონფლიქტებით დაწყებულიყო. ყველა ვარიანტში თავშეკავება მმართებდა და ამ გზისთვის გადახვევას არც ვაპირებდი.

თორნიკე, დროებით მივიწყებულ თავის ესპრესოს დაწვდა და იქედან ხმაურით მოსვა. მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა კომენტარი ჩემს ბოლო სიტყვებზე :

-ჯერ ვერაფერს დავიწყებთ, კიდევ ერთი ახალბედაა მოსასვლელი. თქვენ ორნი, ერთ ცვლაში იმუშავებთ

-მშვენიერია, ანუ გამრთობი მეყოლება და მარტოც არ ვიქნები

-სამსახურში არავინ ერთობა. აქ ყველა მუშაობს და საარსებო თანხას გამოიმუშავებს!

-კიდევ დიდხანს დააგვიანებს ის თქვენი ახალბედა? -თემა შევცვალე -მგონი პასუხისმგებლობის გრძნობაზე მასთან უნდა ილაპარაკოთ და არა ჩემთან

დავინახე როგორ შეკრა წარბები ჩემს სიტყვებზე. აშკარად არ იცოდა რა ეპასუხა, ამიტომ, რამის თქმას დუმილი ამჯობინა და კვლავ სხვადასხვა ჯიშის უცხო მცენარეებით გაფორმებულ ვერანდას დაუბრუნდა მზერით.

აღარც მე დამისვამს ზედმეტი კითხვები. იმით კმაყოფილმა, რომ ჩემი „მასწავლებელი“ გავაღიზიანე, ხელში მობილური მოვიმარჯვე და ის-ის იყო სოციალურ ქსელში დავაპირე შესვლა, რომ კვლავ ჯაყელის ხმა მომესმა :

-სამუშაო საათებში ტელეფონის გამოყენება იკრძალება -წარბებშეკრული მზერით მიყურებდა ამის თქმისას, თან ხელი ჰქონდა გამოწვდილი და ელოდა როდის ჩავაბარებდი აკრძალულ ნივთს.

-სამუშაო საათები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. მანამდე სრული უფლება მაქვს, რაც მინდა ის ვაკეთო

-აი, მე კი დარწმუნებით გეუბნები, რომ იმას ვერ გააკეთებ, რაც მოგესურვება -ამ სიტყვებით, თორნიკემ ჩემს ტელეფონს ხელი ჩაავლო და ისე მოულოდნელად ამაცალა ეს უკანასკნელი, თვალის დახამხამებაც ძლივს მოვასწარი.

მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გამაბრაზა მისმა საქციელმა, გადავწყვიტე კვლავ სიმშვიდე შემენარჩუნებინა. კარგად ვხვდებოდი, რის მიღწევასაც ცდილობდა –მას მხოლოდ ჩემი გამოწვევა სურდა თავისი საქციელით და ნამდვილად არ ვაპირებდი ამ პროვოკაციას წამოვგებოდი.

-კარგი, როგორც ჩანს აქ დიქტატურა გაქვთ დამყარებული -თაროდან ვისკის ბოთლი ჩამოვიღე ამის თქმისას და ხელში შევათამაშე -იმედია, თანამშრომლებს მცირედი ალკოჰოლის მიღების უფლებას მაინც აძლევთ, ამ რეჟიმს რომ გაუძლონ

-სამუშაო საათებში, დალევა სასტიკად აკრძალულია -კვლავ შეჭმუხნილი წარბებით მიპასუხა ჩემმა „მასწავლებელმა“.

„მხარზე „სვასტიკა“ აკლია და ნამდვილი ადოლფ ჰიტლერია“ -მისი გამომეტყველების შემხედვარეს, მაშინვე გამიელვა გონებაში, საკუთარ ფიქრებზე ოდნავ გამეღიმა და ვისკის ბოთლს კვლავ თაროზე მივუჩინე ადგილი. უკვე დარწმუნებით შემეძლო მეთქვა, რომ მე და ჯაყელი, ტომი-ჯერის როლს მოვირგებდით ერთმანეთთან ურთიერთობისას, თუმცა ვინ იქნებოდა კატა და ვინ თაგვი, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებდა.

-სამუშაო ფორმას როდის მომცემენ? -კვლავ სხვა თემაზე გადავუტანე.

-ბარი რვა საათზე იხსნება. სანამ სწავლების პროცესში ხარ, ფორმა არ გჭირდება, თუმცა როცა სამუშაო საათები მოახლოვდება, საწყობის გვერდითა ოთახში კარადა დაგხვდება, შენი სახელითა და გვარით. სამუშაო უნიფორმას იქ იპოვი

-კარგი, მაშინ დაგვიანებული მეწყვილის მოსვლამდე ტუალეტში შევალ, ეს ხომ მაინცაა ნებადართული?

ჯაყელმა კვლავ ჩვეული სიმკაცრე მოიშველია.

-შედი, ოღონდ დიდხანს ნუ შეყოვნდები, ის გოგო სადაცაა მოვა

-აჰა, ანუ გოგოა

-სქესს რამე მნიშვნელობა აქვს?

-არანაირი -ხელები ისე ავწიე, როგორც დანებების ნიშნად სწევენ ხოლმე -უბრალოდ ინტერესის გამო ვიკითხე

მეტად აღარაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. უნდა მეღიარებინა, იმ ტიპის სიახლოვეს ყოფნა დიდად არ მსიამოვნებდა, ამიტომ, სწრაფად წავედი ბარის დახლიდან ოთხიოდე ნაბიჯით მოშორებული საპირფარეშოსკენ, კარი გამოვაღე და გადავწყვიტე, შიგნით რაც შეიძლებოდა დიდი ხნით შევკეტილიყავი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამით ჯაყელი გაღიზიანდებოდა, ხოლო მეორე მიზეზი უბრალოდ ის იყო, რომ არ მსურდა იმ ტიპის სიფათის ხილვა და მასთან მარტო დარჩენა, სანამ ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი ბარისტაც არ შემოუერთდებოდა ჩვენს გუნდს.

დროის გასაყვანად დიდ, შავად მოლაპლაპე ნიჟარას დავეყრდენი და იქაურობა მოვათვალიერე. ამ სასტუმროში, საპირფარეშოს ჩათვლით, ყველაფერი იმდენად მდიდრულად გამოიყურებოდა, რომ მის ნებისმიერ ნომერში ერთი ღამის გათევა, მხოლოდ მაღალი ეშელონების წარმომადგენელთა ხვედრი თუ იყო. ყოველთვის მიკვირდა როგორ ახერხებდა აარონი ერთდროულად ამდენ ბიზნესში ჩაბმას, ამდენი ობიექტის ფლობას და მაინც თითოეულ მათგანში იდეალური წესრიგისა და კონტროლის დაწესებას. ამის გამო, აღფრთოვანებულიც კი ვიყავი მისით და მიხაროდა, რომ ჩემთვის ერთ-ერთმა ყველაზე ძვირფასმა ადამიანმა, ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია, სრულიად მარტომ და ყოველგვარი დამხმარე პირის ჩარევის გარეშე.

ნეტავი, მეც თუ მოვახერხებდი ოდესმე რამე სერიოზულის მიღწევას? ნეტავ აარონიც თუ შეძლებდა ერთ დღეს ჩემით ისე ეამაყა, როგორც მე ვამაყობდი მისით? რა ბედი ელოდა ნიკოლოზ ქალდანს? როგორი იქნებოდა მისი მომავალი? ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი, თუმცა იმედს ვიტოვებდი, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

ნიჟარას ოდნავ მოვშორდი და კედელზე დაკიდებულ, ოქროსფერ სარკეში ჩავიხედე. რაღაც მხრივ, ამაზრზენად მიმაჩნდა ის ადამიანი, რომელიც იქედან მიმზერდა, თუმცა არც შეცვლა და საკუთარი პიროვნების ოთხმოცდაათი გრადუსით შემობრუნების ძალა შემწევდა. რაღაც სერიოზული ბიძგი უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, რათა საკუთარი თავში რევოლუციური ცვლილებები მომეწყო და უწინდელი ნიკაც შორეულ წარსულში მომეტოვებინა.

საპირფარეშოში ყურყუტი იმაზე დიდხანს გამიგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი მქონდა. ამდენი ხნით აქ ყოფნა ნამდვილი სისულელე იყო, ამიტომ, გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი და კვლავ სამუშაო ადგილს დავბრუნებოდი. ასეც მოვიქეცი და არც მინანია, რადგან ერთ სიამოვნებად ღირდა ჯაყელის მჟავე სიფათის ხილვა ჩემს დანახვაზე.

საბედნიეროდ, ჩვენი დაგვიანებული ბარისტაც შემოერთებოდა საერთო „წვეულებას“. გასაკვირი მხოლოდ ის გახლდათ, რომ ეს უკანასკნელი, ბარის მაღალ სკამზე იყო ჩამომჯდარი, ჯინსის შარვალი მუხლზე გადახეოდა და სისხლიან ნაკაწრს სველი ხელსახოცით იწმენდდა. აშკარა იყო სადღაც დაშავდა და სავარაუდოდ, მისი დაგვიანების მიზეზიც ეს უნდა გამხდარიყო.

გოგონას შეწუხებულ სახეზე ღიმილი მომადგა. ალბათ, გაჭრილი ადგილი ძალიან სტკიოდა და წარბშეკრული დაჰყურებდა სისხლმდინარე ნაკაწრს.

-რა მოხდა, ვინმე დაშავდა? -დახლს, თორნიკეს გვერდით ჩამოვეყრდენი და ახლადმოსული უკეთესად შევათვალიერე. უნდა მეღიარებინა, საიდანღაც ძალიან მეცნობოდა. ნუთუ ისიც ჩემი ერთღამიანი თავგადასავლების შემადგენელი კოლექციის ნაწილი იყო? თუმცა არა . . . აქ ხომ, მხოლოდ მეორე დღის ჩამოსული ვიყავი და ჯერ ვერავის გაცნობა ვერ მომესწრო, ამიტომ, პირველი მოსაზრება მაშინვე გადავხაზე და ალტერნატიულ ვარიანტზე დავიწყე ფიქრი.

-როგორც იქნა ბატონმა ნიკოლოზმა პატივი დაგვდო. ამდენი ხნით საპირფარეშოში რას აკეთებდით, თუ საიდუმლო არ არის?

-კაფელის ფერს ვაკვირდებოდი. ვიფიქრე, ჩემს სახლშიც მსგავსი ხომ არ დავაგებინო-მეთქი

-რემონტის წამოწყებაზე საფიქრელად, ეს არც ისე შესაფერისი ადგილია -აშკარად ეტყობოდა, რომ ნერვული აფეთქებისგან თავს ძლივს იკავებდა თორნიკე, მე კი კვლავ ახლადმოსულ ბარისტას ვაკვირდებოდი და ვცდილობდი გამეხსენებინა საიდან მეცნობოდა ასე ძალიან. მისი თაფლისფერი თმები, ბავშვივით ნაზი კანი, ალუბლისფერი ბაგეები, აქამდე სადღაც ნამდვილად მქონდა ნანახი. ეს ისევე ზუსტად ვიცოდი, როგორც საკუთარი სახელი და გვარი.

უეცრად, გონებაში რაღაც კადრი ამომიტივტივდა. მომაგონდა წუხანდელი საღამო სანაპიროზე, ლამაზი ხმით შესრულებული “Wind Of Change“, შაქრისფერ კაბაში გამოწყობილი გოგონას გამოხედვა, ცეცხლის შუქზე განათებული მისი მელნისფერი თვალები და თავში მხოლოდ ორად ორმა სიტყვამ გამიელვა :

„ბედისწერა მეკაიფება!“

ძალიან გამიკვირდა, რომ თავიდანვე ვერ შევძელი მისი ცნობა, თუმცა ზემოთ აწეულ თმაში ცოტათი სხვანაირად გამოიყურებოდა და არც იგივე ტანსაცმელი ეცვა, რათა უფრო გამმარტივებოდა მისი ამოცნობა.

-მელინამ ცოტათი დაიგვიანა, რადგან გზაზე გადასვლისას ველოსიპედისტი დაეჯახა და მსუბუქად დაშავდა -თორნიკეს ხმა დამეხმარა, რათა გოგონასთვის მზერა მომეშორებინა და მოგონებების სამყაროდან, რეალურში დავბრუნებულიყავი.

-მელინამ?

-დროა ერთმანეთი გაგაცნოთ -ამ დროს, ჩემმა უცნობმაც აიღო თავი და ჯერ თორნიკეს შეხედა, შემდეგკი, მე -ნიკოლოზ გაიცანი, ეს მელინა ნებიერიძეა, მელინა, ეს ნიკოლოზ ქალდანია. თქვენ ორნი ერთ ცვლაში იმუშავებთ ხოლმე. ცვლები მკაცრადაა გადანაწილებული. თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და სამუშაო დღის შეცვლა მოგინდათ, ამის შესახებ წინასწარ უნდა მაცნობოთ, რადგან სხვა ბარმენებთან შევათანხმო და განრიგში შესწორებები შევიტანო

-სასიამოვნოა შენი გაცნობა, ნიკოლოზ -მელინამ ხელი გამომიწოდა თავაზიანობის ნიშნად, რომელსაც ოდნავი ღიმილით შევაგებე ჩემი მარჯვენა.

-უბრალოდ ნიკა დამიძახე

-კარგი, რახან ერთმანეთის გაცნობას ასე თუ ისე მორჩით, საქმეზე გადავიდეთ -მჩხვლეტავი კაქტუსივით ამოვიდა ჩვენს შორის თორნიკე. სანამ იგი აქ იქნებოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ არც მელინას უკეთ გაცნობის შანსი მომეცემოდა და არც, მასთან დალაპარაკების. უნდა მომეცადა, სანამ ჩვენი „მასწავლებელი“ თავის საგაკვეთილო მასალას ამოწურავდა და ბარშიც მარტო დაგვტოვებდა, საკუთარი თავების იმედად.

ვაღიარებ, მელინას აქ ნახვამ ძალიან გამაკვირვა და ამავდროულად, გამახარა კიდეც. ჩემმა გონებამ მაშინვე ჩათვალა, რომ მეორე შეხვედრა უკვე ბედისწერა იყო და ამ გოგოს კარში, აუცილებლად უნდა გამეტანა გრანდიოზული გოლი. სხვანაირად, უბრალოდ არ შემეძლო.

-მოკლედ, ახალბედებო, პირველ რიგში იმით დავიწყოთ, რომ სტუმრის მომსახურებისას ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი განწყობაა -მართლაც მასწავლებელივით დაიწყო ახსნა თორნიკემ, თან ორივეს სათითაოდ გადმოგვხედა-აუცილებელია თითოეულ მათგანს ხალისიანად, დაუზარელად და ღიმილით მოვემსახუროთ და არა ისეთი სახით, როგორიც სიკვდილმისჯილებს ჰქონდათ, ეშაფოტზე ასვლის წინ.

-ჩარევის გამო ბოდიში, მაგრამ ნებისმიერისთვის ცნობილი თემაა, რომ სტუმრების მომსახურებისას ღიმილიანი გამომეტყველებაა საჭირო -მშვიდად განაცხადა მელინამ -ჯობს, რამე უფრო მნიშვნელოვანზე გადავიდეთ

-იცით, თუ არ იცით, მე მაინც ვალდებული ვარ ყველაფერი გითხრათ, რასაც თითოეულ ახლადმოსულს ვეუბნები

ჯაყელს, მასთან საკმაოდ თავაზიანი ტონი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა გააწყვეტინა. როგორც ჩანდა, ჯენტლმენობაც ახასიათებდა ბატონ თორნიკეს.

პირველი დღე სწორედ ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. თორნიკემ დაწვრილებით აგვიხსნა ბარში განთავსებული აპარატების გამოყენების წესები, სხვადასხვა კოქტეილების მომზადება, ტერმინალებზე მუშაობა და მრავალი წვრილმანი, რაც ჩვენი პროფესიის ადამიანს აუცილებლად უნდა სცოდნოდა.

-ამ ტელეფონს ხედავთ? -მაგიდაზე დადებულ მოწყობილობაზე გვანიშნა. ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, უბრალოდ თავები დავუქნიეთ დასტურის ნიშნად და თორნიკემაც განაგრძო დაწყებული :- როცა ციფრ ერთს დავაჭერთ, ზარი სამზარეულოში გადამისამართდება, ღილაკი ორით House Keeping-ში რეკავთ, თუ ბარში შემთხვევით იატაკზე რამე დაისხმება და აწმენდა იქნება საჭირო. როცა მიმღებთან მოგინდებათ დაკავშირება, ღილაკ სამს დააჭერთ. თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა და დაცვის თანამშრომლების გამოძახება გახდა საჭირო, ციფრ ოთხს აირჩევთ, ხოლო თუ ტელეფონის მარცხენა კუთხეში მდებარე ღილაკი აინთო წითლად, ესე იგი Room Servis-ის შეკვეთაა და რომელიც უფრო ნაკლებად იქნებით დაკავებული, შეკვეთასაც ის აიტანს . . . ჰო მართლა, მელინა, ფეხი როგორ გაქვს? -მომეჩვენა, რომ ზედმეტად თბილად გადახედა მას ჯაყელმა და ამაზე გულში გამეცინა კიდეც.

-აღარ მტკივა. მგონი სიარული უნდა შევძლო

-თუ რამე პრობლემა შეგექმნება, შეგიძლია მითხრა. დავრეკავ და ამ ჯერზე ვინმე შეგცვლის

-მადლობა, მაგრამ ამის აუცილებლობა არაა. უბრალო ნაკაწრია

თორნიკეს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა ამ დროს, მაგიდაზე დადებულმა სამსახურის ტელეფონმა დარეკა და არც კი დაფიქრებულა ისე აიღო ყურმილი. როგორც მისი საუბრიდან გავიგე, ძალიან სერიოზულ საქმეზე ურეკავდნენ, სასტუმროს დაცვის განყოფილებიდან. არ დავინტერესებულვარ რა იყო ეს მნიშვნელოვანი საქმე. არც თვითონ მოუცია ახსნა-განმარტება. წასვლის წინ მხოლოდ ის გვითხრა, თუ საშუალება მომეცა, თქვენთან კიდევ დავბრუნდებიო, თან ორივეს მენიუ შემოგვაჩეჩა ხელში და დაგვიბარა სამუშაო საათების მოსვლამდე გადაგვეხედა. სურდა, სასმელების, კერძებისა და დესერტების დასახელებების მცირედი ნაწილი მაინც გვცოდნოდა, მენიუში შეტანილ გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

ჯაყელის წასვლა ნამდვილად არ მწყენია. პირიქით, სასიამოვნოც კი იყო იმის გაცნობიერება, რომ მელინასთან მარტო დავრჩი. ახლა უკვე შემეძლო კონტაქტში თავისუფლად შევსულიყავი და მასთან გამოლაპარაკება მეცადა. ნეტავ როგორი მოსაუბრე იყო ან, დაახლოებით როგორი ხასიათი ჰქონდა? ამას ახლავე გავარკვევდი.

-ესე იგი, მელინა არა? -საუბრის დაწყებისას, მენიუ ცოტა ხნით დავხურე და პირდაპირ მის გვერდით დავდექი.

-შენ კი ნიკოლოზი, არა?

-უბრალოდ ნიკა . . . უცხო სახელი გქვია, თუ არ ვცდები იტალიური უნდა იყოს

-ასეა. ბებიაჩემი გიჟდებოდა იტალიაზე, განსაკუთრებით კი ამ სახელზე -საუბრის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ გამისწორა მზერა მელინამ. სხვა დროს, ისევ მენიუში იცქირებოდა და ასოებს თითს ისე აყოლებდა, როგორც პირველკლასელი მოსწავლე ანბანს.

გამეღიმა. იმდენად ნაზი და ბავშვური იყო, ნამდვილად ჰგავდა ბამბის თოჯინას, რომელიც მუდმივ მოფრთხილებასა და ზრუნვას საჭიროებდა.

გაცნობის ფაზა ასე თუ ისე გავიარეთ. ახლა უკვე დრო იყო საუბარი სხვა კუთხით წარმემართა და კვლავ იმ ეპიზოდს დავბრუნებოდი, როცა იგი პირველად დავინახე.

-თუ არ ვცდები, გუშინ სანაპიროზე შენ უკრავდი -ამის თქმისას, საჩვენებელი თითით ნიკაპი ავუწიე და ვაიძულე ჩემთვის მზერა გაესწორებინა. ახლა უკვე პირდაპირ მიყურებდნენ მისი მელნისფერ ითვალები -ჰო, ნამდვილად შენ იყავი, არ მეშლება

-როგორც ჩანს, ბევრი მსმენელი მყოლია -მაშინვე აღიარა, რითაც კიდევ უფრო განამტკიცა ჩემი ვარაუდი, რომ ნამდვილად ის გოგო იყო.

-ცვლილების ქარი ჩემი საყვარელი სიმღერაა Scorpions-ის ალბომებიდან. არ გინდა ერთ დღეს პირადად ჩემთვის იმღერო, სადმე წყნარ ადგილას? -გამომცელად გავხედე ამის თქმისას. ვამოწმებდი, როგორი რეაქცია ექნებოდა ამ სიტყვებზე. აფეთქდებოდა, თუ თავშეკავებულ უარს აირჩევდა? იქნებ, ზედმეტად თამამიც კი იყო ურთიერთობებში და ყველანაირი მოჩვენებითი მორცხვობის გარეშე ეთქვა „კი“?

სანამ მე იმის ფიქრში ვიყავი, თუ რა პასუხი გაეცემოდა ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას, მანამდე მელინა დასაშვებზე მეტად მომიახლოვდა. თავდაპირველად, ვერ მივხვდი რას აკეთებდა. წამით ისიც კი ვიფიქრე კოცნას ცდილობს-მეთქი, თუმცა ყველაფერი აშკარა გახდა, როდესაც, ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა და შემდეგი სიტყვები ჩამჩურჩულა :

-დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი პირადად შენთვის, მაგრამ დედიკომ და მამიკომ გამაფრთხილეს უცხო ბიჭებს, წყნარ ადგილებში არ გაყვეო

გამეცინა მის პასუხზე. როგორც ჩანდა, ჩვენს ბამბის თოჯინას შეფარული სარკაზმიც ახასიათებდა.

-იქნებ, ერთხელ გადაგებიჯებინა მათი სიტყვისთვის?

-არა, დამჯერე შვილის როლში ყოფნა უფრო მომწონს, ახლა კი ჯობს საქმეს მივხედოთ -კვლავ მენიუ აიღო ხელში მელინამ, მაგიდას თეძოთი ჩამოეყრდნო და მშვიდად განაგრძო ასოებისთვის თითის გაყოლება.

ამის შემდეგ, აღარც მე მიცდია მასთან გამოლაპარაკება. ჩავთვალე, რომ ჯერჯერობით საკმარისი იყო და კიდევ რამე ინტიმურის თქმა, აბეზარს გამომაჩენდა მის თვალში. ბოლოს და ბოლოს, ქართველი გოგონები ხომ ამერიკელებს ოდნავადაც არ ჰგავდნენ? მათთან რადიკალურად განსხვავებული მოპყრობა მჭირდებოდა, საწადელის მისაღწევად.

ჩვენი სმენის დაწყებამდე, თორნიკემ კიდევ რამდენჯერმე შემოგვიარა და სამუშაოსთან დაკავშირებული მრავალი წვრილმანი განიხილა. მართალია, საკმაოდ კარგი გონება მქონდა, თუმცა ამდენი ინფრომაციის ერთ დღეში მიღება ჩემთვისაც კი მეტისმეტი იყო, ამიტომ გადავწყვიტე თავი არ გადამეტვირთა და ყველაფერი პრაქტიკის საშუალებით ამეთვისებინა. ვამჩნევდი, მელინაც გადაღლილი იყო. ალბათ, მეც სწორედ ამან გადამარჩინა, რადგან დაახლოებით ოთხი საათისთვის, თორნიკემ ნება დაგვრთო ჩვენი ტელეფონები აგვეღო და სამუშაო საათების დაწყებამდე რესეფშენში ან სასტუმროს ნებისმიერ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგვესვენა.

პირადად მე, უკანა ეზო ვამჯობინე რელაქსაციისთვის. ჯაყელის დამღლელი საუბრის შემდეგ, ახლა ყველაფრისგან დასვენება მჭირდებოდა, ამიტომ, ლამაზად გაკრეჭილ გაზონთან მდგომ საქანელა-სავარძელზე ჩამოვჯექი, მობილური მოვიმარჯვე და სოციალურ სქელში მელინას მოძებნა ვცადე. მინდოდა დაახლოებით მაინც გამეგო როგორი ტიპის ადამიანი იყო და რა მოსწონდა. თავდაპირველად, „ტვიტერზე“ ვნახე, შემდეგ ინსტაგრამზე, ფეისბუქზეც კი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ინტერნეტ-სივრცეში საერთოდ არ იძებნებოდა. საკმაოდ უცნაურად მომეჩვენა ეს ფაქტი. ნუთუ მხოლოდ ტელეფონის ნომრის საშუალებით ეკონტაქტებოდა მეგობრებს?

რაც არ უნდაყოფილიყო, ამან იმედები გამიცრუა. სოციალური ქსელით, ადამიანის 50%-ით გაცნობა შეიძლებოდა, მე კი, სამწუხაროდ ამ შანსს მოკლებული ვიყავი და მხოლოდ ის დამრჩენოდა თავად მეზრუნა მელინას პიროვნულ შეცნობაზე.

სასტუმროს უკანა ეზოში, ჩემს მოპირდაპირე მხარეს, რამდენიმე იაპონელი ტურისტი იჯდა. ერთ-ერთი მათგანი, საკმაოდ თვალშისაცემი გარეგნობის, შავთმიანი გოგონა, დაკვირვებით მათვალიერებდა და წითლად შეღებილ ტუჩებზე ოდნავი ღიმილი ჰქონდა გადაკრული. სხვა შემთხვევაში და სხვა სიტუაციაში, ალბათ შანსს აუცილებლად გამოვიყენებდი, თუმცა გრძელი სამუშაო ღამის წინ, ამის განწყობა ნამდვილად არ მქონდა. ზუსტად ამიტომ, უცნობი ლამაზმანის ჩემკენ მომართული მზერა არ შევიმჩნიე და კვლავ ტელეფონში განვაგრძე ყურება.

ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში, მუდამ ჩემი ძმისა და ანასტასიას შესახებ მხვდებოდა სხვადასხვა სტატიები. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები სულ რაღაც ოთხი თვის დაწყებული ჰქონდათ, მათი წყვილი მუდმივი განხილვის საგნად იყო ქცეული. საკმაოდ დიდი ნაწილი თვლიდა, რომ ეს ორნი ერთმანეთს ძალიან უხდებოდნენ და მეტიც, ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილნი. უნდა მეღიარებინა, მეც მომწონდა ანასტასია. მართალია დიდი ხანი არ იყო, რაც იგი გავიცანი, თუმცა პირველივე დღესვე მოვახერხე მასში იმ პიროვნული თვისებების დანახვა, რის გამოც ჩემი ძმა ამ გოგოზე გიჟდებოდა. ნიცამაც კი, ვინც უზომოდ პრეტენზიული გახლდათ და ყველა ადამიანს უძებნიდა ნაკლს, ანასტასტასიასთან იდეალური ურთიერთობა ჩამოაყალიბა. იმდენად იდეალური, რომ უკვე იმ პირადულსაც კი უზიარებდა, რასაც აქამდე მხოლოდ მე მიყვებოდა ხოლმე. ამის გამო, ცოტათი ვეჭვიანობდი კიდეც, მაგრამ მხოლოდ ცოტათი, რადგან ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემი ტყუპისცალისთვის მუდამ შეუცვლელი ვიქნებოდი, რამდენი კილომეტრიც არ უნდა ყოფილიყო დაშორება ჩვენს შორის.

სამუშაო საათების დაწყებამდე, საკმაოდ დიდი დრო რჩებოდა. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ მესმოდა რატომ დამიბარეს დღეს დილით ასე ადრიანად, თუმცა ამაზე ფიქრს, ახლა არანაირი აზრი არ ჰქონდა. ჩავთვალე, რომ ესეც აარონის მორიგი ჭკუის სასწავლებელი სერია იყო და გადავწყვიტე რვა საათის მოსვლამდე, სასტუმროს ძირფესვიანად დათვალიერებაში გამეყვანა დრო . . .






* * *

-აარონ გაფრთხილებ, ამ უნიფორმას არ ჩავიცვამ, რადგან მასში ნამდვილ საიმპერატორო პინგვინს ვგავარ -როგორც კი ზარს უპასუხა, მაშინვე ჩავძახე ყურმილში ჩემს ძმას და კიდევ ერთხელ შევათვალიერე საკუთარი თავი სარკეში.

თეთრი პერანგი, ყელზე მოჭერილი ბაფთა და უმკლავო, შავი კოსტიუმი, ერთად იმ კომბინაციას ქმნიდნენ, რომ საკუთარი თავის დანახვაც კი მაღიზიანებდა და ამის გამოსასწორებლად აუცილებლად უნდა მეღონა რამე.

-ნიკოლოზ, თათბირზე ვარ, ახლა არ მცალია!

-შენ თათბირზე ხარ, მე კიდევ შავ დღეში!

პასუხმა ცოტა ხნით დააგვიანა. ყურმილში მხოლოდ ნაბიჯების ხმა მესმოდა, რითაც მივხვდი, რომ სათათბირო ოთახს ტოვებდა, რათა ჩემთან თავისუფლად ელაპარაკა. აქედან რამდენიმე წამში, მისი ოდნავ გაბრაზებული ხმაც გავიგონე :

-მე ხომ გითხარი, სხვა თანამშრომლებისგან არაფრით იქნები გამორჩეული-მეთქი? -ბრაზის მიუხედავად, ცდილობდა მაქსიმალურად მშვიდი ტონი ჰქონოდა -უნიფორმას აუცილებლად ატარებ და ეს აღარ განიხილება

-კი მაგრამ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამ ტანსაცმელში ვიხრჩობი

-უფლებას გაძლევ ბაფთა ცოტათი მოუშვა და დახრჩობის რისკი შეამცირო, სხვა მხრივ არანაირ შეღავათს არ გიწესებ. წარმატებულ სამუშაო დღეს გისურვებ

რა თქმა უნდა, პასუხის დალოდების გარეშე დამიკიდა ყურმილი. აღარც მე მიმიმართავს მორიგი მცდელობისთვის. ვიცოდი ეს ყველაფერი ტყუილი გარჯა იქნებოდა, ამიტომ, გამოსაცვლელი ოთახის კედელზე დაკიდებულ საათს შევხედე, ღრმად ამოვისუნთქე და ოთახიდან უკმაყოფილო სახით გამოვედი.

როგორც ჩანს, მელინას ჩემზე ადრე მოესწრო მომზადება, რადგან როცა ბარში შევედი, იგი უკვე ადგილზე იყო და იქვე, ზედამხედველივით ჩამომდგარ თორნიკეს რაღაცაზე ესაუბრებოდა.

-და, აი, ბატონმა ნიკოლოზმაც შემოანათა -ჩემი დანახვის თანავე ცინიკური გაუხდა მზერა ჯაყელს. მისი რეპლიკის საპასუხოდ, გადავწყვიტე ის საშუალება გამომეყენებინა, რაც მოწინააღმდეგეს ყველაზე მეტად აცეცხლებდა —იგნორის მეთოდი, ამიტომ თორნიკეს სიტყვები უპასუხოდ დავტოვე და დახლის შიგნითა მხარეს შევედი. სულ ცოტა ხანიც და თავად ვიქნებოდი მომსახურების სფეროს ის წარმომადგენელი, რომელთაც ადრე საკმაოდ დიდი რაოდენობის „ჩაის ფულს“ ვუტოვებდი ხოლმე, თუკი რა თქმა უნდა, გაწეული მომსახურებით კმაყოფილი დავრჩებოდი. რაც არ უნდა ყოფილიყო, ახლა ჩემი ადრინდელი ცხოვრება საკმაოდ შორეულ წარსულში მქონდა მოტოვებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთლიანად დღევანდელ დღეზე უნდა ვკონცენტრირებულიყავი.

-ნერვიულობ? -ვკითხე ზუსტად ჩემნაირ უნიფორმაში გამოწყობილ მელინას და ოდნავ გვერდზე გადახრილი ბაფთა ორივე ხელით შევუსწორე.

-ძალიან . . . ცოტა ხნის წინ, დამამშვიდებელიც კი დავლიე

-სერიოზულად?

-რა თქმა უნდა, არა -გაეცინა.

-ცუდია, მე კი ვაპირებდი ერთი-ორ აბს ჩემთვისაც ვთხოვ-მეთქი

-სერიოზულად?

-რა თქმა უნდა, არა

ამჯერად ორივეს გაგვეცინა. ჩვენ სამში, მხოლოდ თორნიკე იდგა მოღუშული და ხან ერთს გამოგვხედავდა, ხან მეორეს. ბოლოს დუმილი დაარღვია და დამცავი ბარიერივით ჩადგა ჩემსა და მელინას შორის.

-მოკლედ, დღეს დილით ყველაფერი გითხარით, რაც კი აუცილებლად უნდა გცოდნოდათ. იმედია თავს გაართმევთ -ამ სიტყვებით, მე შემომხედა გამჭოლი მზერით -მელინა, ამ ტიპს შენ გაბარებ -თქვა ისე, რომ ჩემთვის მზერა არ მოუშორებია -იზრუნე იმაზე, რათა არაფერი გააფუჭოს

-ძიძას ოთხი წლის მერე აღარ ვსაჭიროებ, ბატონო თორნიკე -რაც შემეძლო მშვიდად მივუგე, მიუხედავად იმისა, რომ წარმოსახვებში ათჯერ მაინც მოვდე ყბაში.

-მიხარია თუ ასეა, ბატონო ნიკოლოზ. ახლა კი, ორივეს წარმატებას გისურვებთ, მე ჩემი საქმეები მელის და უნდა დაგტოვოთ

მთელი დღის განმავლობაში, ეს ერთადერთი ინფორმაცია იყო, რამაც უზომო კმაყოფილება განმაცდევინა. ის, რომ ჯაყელის სახეს მთელი ღამის განმავლობაში ვეღარ დავინახავდი, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა და თითქოს ენერგიასაც კი მმატებდა. კიდევ რამდენიმე წამიც და მე და მელინა სრულიად მარტონი ვიყავით ბარში, სტუმრების მოლოდინში. ჯერ მხოლოდ ცხრის თხუთმეტი წუთი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, ხალხმრავლობა მაინცდამაინც არ შეგვაწუხებდა და ამოსუნთქვის დროც გვექნებოდა.

პირველი სტუმრის გამოჩენის მოლოდინში, დახლს ხელებით ჩამოვეყრდენი და მზერა შემოსასვლელ კარს მივაპყარი. მელინაც ზუსტად ჩემნაირად მოიქცა, თუმცა თქმით არაფერი უთქვამს. როგორც ჩანდა, ისევ მე უნდა დამერღვია ჩვენს შორის სქელი ნისლივით გაწოლილი დუმილი.

-შენს დაძაბულობას ძალიან ცხადად ვგრძნობ -ვუთხარი, რადგან ვამჩნევდი მართლა ძალიან ნერვიულობდა.

-ანუ გრძნობ

-ასეა

-საინტერესოა როგორ

-სხეულის ენის ექსპერტი ვარ. გაკვირდები და თითებს იმტვრევ, ხან თმას აწვალებ, ხან კი მარცხენა ფეხს ათამაშებ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც გძაბავს და ნერვიულობ

რამდენიმე წამით გაოცებული მიყურებდა ჩემი სიტყვების შემდეგ. მერე ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა და თავი გადააქნია.

-კარგი, ვაღიარებ გამომიჭირე -ხელები ასწია ამის თქმისას -არცაა გასაკვირი, ეს ნამდვილად არ ჰგავს იმ შეგრძნებას, როცა პირადი იახტით ვსეირნობ ხოლმე შავ ზღვაში

-ხუმრობ, არა? -მისმა ნათქვამმა ღიმილი მომგვარა -თუ პირადი იახტა გყავს, სასტუმროში ბარისტად რატომ უნდა მუშაობდე?

ჩემმა შეკითხვამ აშკარად ძალზედ დააბნია. ისიც შევამჩნიე, რომ ინანა, რაც ცოტა ხნის წინ თქვა და მზერაც ამარიდა. ვერ მივხვდი რაში იყო საქმე, თუმცა რაღაცას რომ მალავდა, ეს აშკარად შეეტყო და ამაში მისი გამოხედვაც მარწმუნებდა.

შექმნილი უხერხული სიტუაცია, კარში პირველი სტუმრის გამოჩენამ იხსნა. როგორი იღბლიანი აღმოჩნდა ეს გოგო. ახლა შეეძლო არასასურველი პასუხისთვის თავი ისე აერიდებინა, რომ არც სიმართლის დამალვაში ჩათვლოდა და არც, უტაქტობაში.

-წავალ, მე მოვემსახურები -გახარებული სახით დასტაცა ხელი მენიუს. სიტყვის თქმაც ვეღარ მოვასწარი ისე უეცრად მოწყდა ადგილს და იმ მაგიდისკენ გაემართა, რომელთანაც სულ რამდენიმე წამის წინ, სტუმარმა დაიკავა ადგილი.

პირველი შემომსველი, დაახლოებით ორმოცი-ორმოცდახუთი წლის, სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი იყო, ოდნავ შევერცხლილი თმითა და დაბალი წვერით სახეზე. ერთი შეხედვითაც კი ადვილი შესამჩნევი იყო, რომ მენიუში ჩახედვის შემდეგ, ყველაზე ძვირადღირებულ სასმელზე შეაჩერებდა არჩევანს და არც შევმცდარვარ, როცა ასე ვიფიქრე -კვლავ ბართან დაბრუნებულმა მელინამ მთხოვა, რომ მისთვის Dalmore’s us-ის მარკის ვისკი ჩამომეღო და სინზე, ჭიქასთან ერთად დაჭრილი ლიმონიც დამედო

-შეკვეთა ფრთხილად წაიღე, ხომ იცი, ეს ბოთლი რომ გაგიტყდეს, ორი წელი მაინც მოგიწევს მუშაობა, ხარჯების მთლიანად დასაფარად -ვუთხარი, თან ლიმონის დაჭრა დავიწყე. დანის ხმარება იდეალურად გამომდიოდა, რადგან როგორც ვთქვი, ლოს-ანჯელესში ხშირად ვამზადებდი ხოლმე როცა რესტორნებში ჭამა ყელში ამომივიდოდა და უბრალოდ სახლში მომზადებული საჭმელი მომენატრებოდა

-თუ მოხდა და ფეხი დამიცდა, ბანკიდან სამომხმარებლო სესხის გამოტანა მომიწევს, არა?

-სრულიად შესაძლებელია -გამეღიმა მის სიტყვებზე, თან სინზე ყველაფერი საკმაოდ სწრაფად დავუწყვე, ვისკის ირმისგამოსახულებიან ბოთლთან ერთად და ფრთხილად მივაწოდე -მე წავიღებდი, მაგრამ თვითონ აიჩემე მას პირადად მოვემსახურებიო, ასე რომ წარმატებები

-გმადლობ -ნაძალადევი ღიმილი გადაეფინა ალუბლისფერ ბაგეებზე და სტუმრის მაგიდისკენ ფრთხილი ნაბიჯებით დაიძრა.

ბარში ხალხის ნაკადი თანდათანობით მატულობდა. დაახლოებით თერთმეტი საათისთვის ისეთი ამბავი შეიქმნა, რომ თვალთან თითის მიტანის დროც კი აღარ გვრჩებოდა. საკუთარ თავზე გულში მეცინებოდა კიდეც ისეთი სისწრაფით დავრბოდი მაგიდებს შორის, რათა არც ერთი სტუმრისთვის არ დამეგვიანა შეკვეთის მიტანა. მართალი აღმოჩნდა ჩემი უწინდელი ფიქრები. პრაქტიკის დროს ბევრად უფრო იოლად ავითვისე ყველაფერი, ვიდრე თეორიული მოსმენისას. თურმე ტყუილად არ ამბობდნენ პრაქტიკა საუკეთესო მასწავლებელიაო.

მელინას, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეტყობოდა, რომ ამ საქმეში ახალბედა იყო. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტად მინდებოდა ეს გოგო. მაგიჟებდა მისი უბრალოება, სინაზე, თავდაჭერა და სიარულის მანერაც კი. ადრე მხოლოდ ისეთი გოგონები ხვდებოდნენ ხოლმე ჩემი მზერის ფოკუსში, ვინებიც გამომწვევი სამოსით ცდილობდნენ ხოლმე თავისი სხეულის საუკეთესო ნაწილების წარმოჩენას. მელინა მათგან სრულიად განსხვავებული იყო. უბრალო, დახურულ სამოსშიც კი ისე ლამაზი და ბუნებრივი ჩანდა, ერთიორად მეზრდებოდა მისი ხელში ჩაგდების სურვილი.

თორნიკეს, ბოლო ვიზიტის შემდეგ ერთხელაც კი აღარ შემოუხედავს. ეს, პირველ რიგში ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგან ნამდვილად არ მსურდა, მუშაობის დროს ვინმე თავზე წამომდგომოდა და აწეული წარბებით მოეცა განკარგულებები.

-ერთი მოკაჩინო ყინულით -დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემოსულ სტუმარს, კიდევ ერთ კათხა ლუდს ვუვსებდი, როცა დახლთან ლურჯ, საკმაოდ მოღებულ კაბაში გამოწყობილი გოგონა ჩამოჯდა და მორიგი შეკვეთა მომცა. მელინა ამ დროს მეოთხე მაგიდასთან მჯდომ ქალბატონს უწყობდა წინ მის მიერ შეკვეთილ სხვადასხვა სახეობის დესერტს.

-ახლავე, ერთი წუთით დამელოდეთ -მშვიდად ვუთხარი გოგონას


-მოვიცდი, არსად მეჩქარება -აღნიშნა გამომწვევი სახით, რითაც მაშინვე მიმახვედრა თავის მიზნებს -ისე, აქამდე არ შემიმჩნევიხარ, აქ დიდი ხანია მუშაობ?

უნდა მეღიარებინა, გოგო ნამდვილად ლამაზი ჩანდა, თუმცა მაშინ, როდესაც ამ სასტუმროში სასჯელის მოსახდელად ვიყავი მოსული, მუშაობის დროს ფლირტი ყველაზე ცუდი აზრი იყო, რაც კი შეიძლებოდა თავში მომსვლოდა, ამიტომ, ამჯერადაც თამაშგარე რეჟიმი გავააქტიურე და თავაზიანად მივუგე :

-არა, დღეს პირველი სამუშაო დღე მაქვს

-მართლა? -მოცვისფრად შეფერილი ბაგეები ღიმილმა გაუპო -თუ ასეა, წარმატებებს გისურვებ

-გმადლობთ -ამასობაში, ლუდის კათხაც შეივსო და მელინაც მოადგა დახლს, მე კი, ლურჯკაბიანის შეკვეთის მომზადება დავიწყე. მართალია ძალიან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, ვერანდაზეც კი აღარ ჩანდა თავისუფალი ადგილები და დახლსაც კი მოსდგომოდნენ სტუმრები, თუმცა ძალიან მაინც არ გვიჭირდა და ასე თუ ისე ვუმკლავდებოდით.

-გიხდება ეგ ფორმა -როგორც კი მელინა ვერანდისკენ გაემართა შეკვეთის მისატანად, ლურჯკაბიანი კვლავ ალაპარაკდა. სულ რამდენიმე წუთიც და შეთანხმებისამებრ, მე და მელინას ადგილები კიდევ ერთხელ უნდა გაგვეცვალა. ის დახლთან უნდა მომსახურებოდა სტუმრებს, მე კი დარბაზსა და ვერანდაზე.

-მეგონა, გოგონების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდით, ვინც უცნობებს თქვენობით მიმართავს -მივუგე სერიოზული სახით, თან წინ თავისი მოკაჩინო დავუდე, დეკორატიული გაფორმებით -გემრიელად მიირთვით

-თავხედობაში ჩამითვლი რომ გითხრა, გემრიელად შენ მიგირთმევდი-მეთქი? -ტუჩის კუთხეს კბილები მოსდო ამ სიტყებზე -თქვენობით მიმართვას რაც შეეხება, სახელები გავცვალოთ და ერთმანეთისთვის უცხონი აღარ ვიქნებით -საეჭვოდ სწრაფად გააქტიურდა, რითაც მალევე მიმახვედრა, რომ ოდნავ ნასვამი იყო და საშინლად მომინდა მეც ბარის მორიგი სტუმარი ვყოფილიყავი. ასეთ შემთხვევაში, ამ გოგოს ხელიდან ნამდვილად არ გავუშვებდი.

-სიამოვნებით გეტყოდი ჩემს სახელს, თუმცა არა მგონია ამან ჩვენს დაახლოებას შეუწყოს ხელი

-ვითომ რატომ?

-იმიტომ, რომ დანიშნული ვარ -ყველაზე დიდი ტყუილი ვთქვი ცხოვრებაში და გულში გამეცინა კიდეც ამაზე.

ჩემმა სიტყვებმა აშკარა იმედგაცრუება მოჰგვარა. ეს სიტყვებზეც ნათლად დაეტყო :

-ანუ დანიშნული -თავისი მოკაჩინო ხვნეშით მოსვა და თვალებში უტეხად ჩამაშტერდა -საინტერესოა, ვინ მოახერხა შენი ანკესზე წამოგება, ან რატომ არ გიკეთია ნიშნობის ბეჭედი -ეჭვით დახედა ჩემი მარჯვენა ხელის არათითს, ლურჯკაბიანმა. არც ამ შეკითხვაზე გამჭირვებია ჭკვიანური თავის დასაძვრენი თეორიის მოფიქრება და მაშინვე მივუგე :

-უფროსები ნებას არ გვაძლევენ პირადი ნივთები სამუშაო საათებში ვატაროთ, ამიტომ, გასახდელში ვიხსნი ხოლმე

-გასაგებია -თქვა და კიდევ ერთხელ მოსვა თავისი სასმელი -კარგი, მე წავალ, ვერანდაზე ჩემი მეგობრები სხედან და მათთან დავბრუნდები

-კარგი დროის გატარებას გისურვებთ -თავაზიანი ღიმილით დავემშვიდობე გოგონას.

-ნახვამდის, ლამაზო . . . საცოლესთან დაშორებას თუ გადაწყვეტ, ეს ჩემი ინსტაგრამია და შეგიძლია გამომიწერო -პატარა, ოთხკუთხედი ფურცელი დამიდო ბარის მაგიდაზე და გამომწვევი მიხვრა-მოხვრით დაიძრა თავისი მეგობრებისკენ.

თავი ღიმილით გადავაქნიე. როგორც კი უცნობი თვალს მიეფარა, მაშინვე დრო ვიხელთე და ფურცელს ზემოდან დავაშტერდი. მასზე ლამაზად გამოყვანილი ლათინური ასოებით ეწერა ინსტაგრამის მისამართი. ყველაფრისდა მიუხედავად, გადავწყვიტე ბარათი მაინც შემენახა. იქნებ, ოდესმე დავკონტაქტებოდი კიდეც, ვინ იცის?

-მორჩა, დროა დაისვენო, იქეთა მხარეს მე მივხედავ -ვუთხარი მელინას, როგორც კი მორიგი ცარიელი სინით ხელში დაბრუნდა უკან. სახეზე საშინელი დაღლილობა ეტყობოდა, ამიტომ, ადგილების გაცვლის დროის მოსვლას ვერ დავუცდიდი, ახლავე უნდა მიმეცა მისთვის ცოტათი ამოსუნთქვის საშუალება.

-მერე დასვენება მოასწარი? მხოლოდ ათი წუთი იდექი ბართან

-მოვასწარი, არ ინერვიულო -მხარზე ხელი დავადე და ლოყაზე ჩამოგდებული თაფლისფერი კულული ყურს უკან გადავუწიე -შენ აქაურობას მიხედე, დანარჩენზე მე ვიზრუნებ

მელინამ რაღაცის თქმა დააპირა. არ ვიცოდი შეწინააღმდეგებას აპირებდა თუ დათანხმებას, მაგრამ ამის გაგება აღარ დამცალდა, რადგან სასტუმროს პერსონალისთვის განკუთვნილი შემოსასვლელიდან, უეცრად, ბარში, ზუსტად ჩვენნაირ უნიფორმაში გამოწყობილმა ბიჭმა შემოაბიჯა და მეც და მელინასაც, ხელები ისე მეგობრულად გადაგვხვია, თითქოს ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით.

-აბა, ახლებო, თავს როგორ ართმევთ? -მხიარული ხმით შეგვეკითხა მან -ხომ არ გაგიჟებულხართ და უკვე კუდამოძუებული გაქცევასაც ხომ არ გეგმავთ, ჯაყელისგან მალულად?

პასუხი არც ერთს არ გაგვიცია, მხოლოდ გაკვირვებული სახეებით ვუყურებდით, რამაც აიძულა კვლავ თვითონ ამოეღო ხმა :

-რა იყო, რა ახლადდაჭერილი თევზებივით მიყურებთ? -გვკითხა სიცილით -მე, ენკე ტაბიძე ვარ და ამ ღამით თქვენს დასახმარებლად გამომგზავნა კეთილმა ფერია, თორნიკე ჯაყელმა. მაინც ორივე ახალბედები ხართ და შეიძლება რამეში დაგჭირდეთ -ამის თქმისას, იქაურობას მოატარა მზერა და მხიარულად დაუსტვინა -ჯანდაბა, როგორც ყოველთვის ტევა არ არის. ნეტავ, ამ ხალხს ბარში წამოჯდომისა და ჭამა-სმის გარდა სხვა საქმე არ აქვს? წავიდნენ სანაპიროზე გაიარონ, გოგოებს ეფლირტავონ, ბიჭებს გაეპრანჭონ, არ ვიცი ათასი რამის მოფიქრება შეიძლება

-აქ თუ მართლა ჩვენს დასახმარებლად ხარ, არ გინდა საქმე ლაპარაკის ნაცვლად პრინციპს მიმართო? -გვერდულად გახედა ახლადმოსულს, მელინამ და პარალალურად, მისი ხელიც ჩამოიღო მხრიდან.

-ერთი უყურე ამ ლამაზმანს რა მწარე ენა ჰქონია -ოდნავი წყენაც არ გამკრთალა ენკეს ხმაში -დაგეხმარებით, პატარავ, დაგეხმარებით, აქ სწორედ ამისთვის მოვედი . . . უფრო სწორად ჯაყელმა დამირეკა და ლოგინიდან წამომაგდო, თუმცა ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ მაშველი რგოლი გამოგიჩნდათ

ბარში, ხალხის ნაკადი მოკლების მაგივრად, თანდათანობით მატულობდა, ამიტომ, მესამე პირის ჩარევა ნამდვილად არც ერთს არ გვაწყენდა. მთელი დღის მანძილზე, პირველად დავრჩი მადლობელი თორნიკე ჯაყელის. ენკეს მოსვლა, მეც და მელინასაც შეგვიმსუბუქებდა საქმეს და ამის გამო, ოდნავ ამოვისუნთქავდით კიდეც.

-კარგი, თუ ასეა, შენ ვერანდა ჩაიბარე, მე კი დარბაზს მივხედავ -ვუთხარი და მარცხენა ხელზე თეთრი ტილო გადავიფინე. ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო, სანამ კლიენტთან მივიდოდით შეკვეთის ასაღებად.

-ანუ, ეს გოგონა ბარს ჩაიბარებს

-მელინა -სახელი უთხრა და ჩამოსართმევად გაუწოდა მან ხელი ენკეს. ამ უკანასკნელმაც შეაგება თავისი მარჯვენა და ამჯერად, მე მომიბრუნდა კითხვის ნიშნებით სავსე მზერით. მისმა გამოხედვამ მიმახვეხრა რაც უნდოდა და თავადაც მელინას მსგავსად მოვიქეცი :

-მე ნიკოლოზი ვარ, შეგიძლია ნიკა დამიძახო

-ძალიან კარგი . . . უკვე ორივენი გაგიცანით და ვაღიარებ, არ ხართ ცუდი ტიპები. იმედია, გაუსაძლისი არ გამიხდება თქვენს გვერდით ყოფნა

-შენ ხომ მხოლოდ ერთი ღამით გევალება ჩვენი დახმარება? -ჩაეკითხა მელინა. ენკემ უკმაყოფილოდ ამოიოხრა.

-სამწუხაროდ, ორი კვირის მანძილზე მომიწევს თქვენს ცვლაში მუშაობა . . . მერე უკვე დამოუკიდებლად შეუდგებით საქმეს

-ამდენი ხნით რატომ? -ამჯერად მე დავსვი კითხვა.

-ვერ გეტყვი, ბატონმა ჯაყელმა ინება ასე, ის კი თავისი გადაწყვეტილებების მიზეზს არასდროს არავის უხსნის. ზოგადად, არც ორი ახალბედას ერთ ცვლაში მუშაობაა მიზანშეწონილი და ამას არც აპირებდნენ, თუმცა სანამ თქვენ შემოგვიერთდებოდით, ცვლები უკვე კარგა ხნის დანაწილებული იყო და გადაცვლა არავის უნდა. პროტესტიც კი გამოთქვეს ამის გამო

-ბიჭებო, სანამ თქვენ საუბრობთ, ის ვერანდაზე მჯდომი კაცი მალე ქვების სროლას დაგვიწყებს უყურადღებობის გამო

-ჯანდაბა, ეგ სულ გადამავიწყდა თქვენთან ლაპარაკში -თავში ხელი შემოირტყა ენკემ და მარცხენა მკლავზე თეთრტილოგადაფენილი გავარდა მცენარეებით მორთული ვერანდისკენ. მეც აღარ მომიცდია დიდხანს. ვინაიდან, დარბაზს ახალი სტუმრები ემატებოდნენ, მალე თავადაც ენკეს გზას დავადექი და ჩემი პროფესიის ადამიანისთვის დამახასიათებელი ღიმილიანი გამომეტყველებით დავიძარი ახლადშემოსულებისკენ.

საათი ღამის სამს უჩვენებდა. კიდევ ორი საათიც და დაწესებულება, მომდევნო საღამოს რვა საათამდე ოფიციალურად დაიხურებოდა. როგორ მინდოდა ეს დროც მალე გასულიყო და ბოლოს და ბოლოს, ჩემი საწოლისა და ბალიშისთვის მომეკრა თვალი.

საკუთარ ფიქრებში ჩაძირული, დარბაზში სტუმრების მომსახურებისას, სხვა ყველაფერთან ერთად, იმასაც ვამჩნევდი, რომ ბარის მაგიდასთან, რიგით მეოთხე სკამზე მჯდომი ბიჭი, მელინას რაღაცაზე ელაპარაკებოდა. ნამდვილად არ ვიცოდი რაზე საუბრობდნენ, თუმცა აშკარა იყო ჩარევა მომიწევდა, თუკი მელინას სახეზე ბრაზს ან უკმაყოფილებას დავინახავდი. ნამდვილად არ მსურდა რომელიმე ნასვამ კლიენტს მისი კომფორტი დაერღვია, ან ზედმეტად შეეწუხებინა, ამიტომ, ცალი თვალით სიტუაციას ვაკონტროლებდი და რამე არასასურველის დანახვის შემთხვევაში, ვითარების მოსაგვარებლად ვემზადებოდი.

ამასობაში, რაღაც მეტად უცნაური მოხდა. სტუმარი, რომელიც წამების წინ მელინას ესაუბრებოდა, უეცრად მოწყდა, იდაყვი მარცხენა მხარეს გაუცურდა, თავი მაგიდაზე დაუვარდა და მოძრაობაც შეწყვიტა. გაკვირვებული დავრჩი. მელინას გამო, ამ ბიჭს ყურადღებით ვაკვირდებოდი და იმდენი ნამდვილად არ დაელია, რომ გათიშვამდე მისულიყო. აქ რაღაც სხვა ამბავი ტრიალებდა და ამის გასარკვევად, პირდაპირ "ინციდენტის" ადგილისკენ გავეშურე. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ იმ მომენტში, ეს ბიჭი დახლთან მჯდომი ერთადერთი სტუმარი გახლდათ, თუმცა მელინა, გულწასულს ყურადღებასაც კი არ აქცევდა. ამის მაგივრად, ხელში სამსახურის ტელეფონი მოემარჯვებინა და ვიღაცას ესაუბრებოდა.


-დიახ, სასტუმრო ქვიშის ქარიშხალი -დახლთან მიახლოებულს, პირველი ეს სიტყვები შემომესმა მისგან -არ ვიცი სად ცხოვრობს, დაახლოებით თხუთმეტ წუთში გაიღვიძებს და მისამართს თავად გეტყვით . . . კარგი, დიდი მადლობა

"აქ რა ხდება?" -თვალებით ვკითხე მელინას, სანამ ყურმილს დაკიდებდა, თუმცა როგორც კი გათიშვის ღილაკს თითი დააჭირა, მაშინვე ავლაპარაკდი :- რა სჭირს ამ ტიპს, ცუდადაა?

-არაფერიც არ სჭირს, უბრალოდ ჩემი მომზადებული კოქტეილი დალია

-და ამის გამო ჩავარდა ასეთ დღეში?

-პირადი რეცეპტი მაქვს, შეგიძლია არ ინერვიულო, გონს მალე მოვა

-მელინა, რა უქენი ამ ბიჭს? -ამჯერად უკვე კატეგორიულად ვკითხე, რადგან პასუხი ძალიან მაინტერესებდა.

- . . .

-მელინა!

-ნიკოლოზ, შემეშვი

-მითხარი-მეთქი!

მელინამ ღრმად ამოიხვნეშა. ჩემი ვარაუდით, ეს დანებებას ნიშნავდა და როგორც კი ხმა ამოიღო, მივხვდი, რომ მართალი ვიყავი.

-კარგი, გეტყვი -თვალები აატრიალა ამის თქმისას -უბრალოდ ძალიან მონდომებული იყო, რათა ჩემთან ეცეკვა და ალუბლის ყვავილი მოვუმზადე

-ალუბლის ყვავილი?

-ჩემი მოფიქრებული კოქტეილია

-და მერე?

-მერე სასმელში ცოტაოდენი დიაზეპამი ჩავუყარე

-რა გააკეთე?

-ჰო, რა გიკვირს? ურჩი კლიენტების მოსაშორებლად ყოველთვის არაა აუცილებელი თავზე ბოთლი გადაამსხვრიო. ხანდახან ასე მშვიდობიანადაც შეგიძლია მოაგვარო საქმე. შეხედე, რა დათუნიასავით საყვარლად სძინავს -თავზე გადაუსვა ხელი ამის თქმისას, შემდეგ კი კვლავ მე გამომხედა.

უნდა მეღიარებინა, გაოცებული ვიყავი მისით და გაცნობის მომენტიდან მოყოლებული, მელინას ყოველი სიტყვითა თუ ნამოქმედარით. ცხოვრებაში პირველად მქონდა მომენტი, როცა პიროვნულად ასეთ არანორმალურ და ამავდროულად, საინტერესო გოგოს გადავაწყდი, ამიტომ, უკვე მეორედ გამიხარდა სწორედ მასთან ერთად რომ მიწევდა სმენის განაწილება. ახლა, უკვე მელინასთან და ენკესთან ერთად, ვინც იმ მომენტში ვერანდაზე ასრულებდა თავის მოვალეობას.




8 8 8 8


შუა დღის პირველ საათზე, აარონის უეცარმა ზარმა გამომაფხიზლა. გუშინდელი ღამიდან მოყოლებული, თმის ღერებიც კი მტკიოდა და ჯერჯერობით ნამდვილად არ ვაპირებდი გაღვიძებას, თუმცა როდესაც პირველი ზარის დაიგნორების შემდეგ, მობილურმა მეორედაც დარეკა, სხვა გზა აღარ მრჩებოდა გარდა იმისა, რომ თვალებისთვის გახელილ მდგომარეობაში ყოფნა მეიძულებინა და ყურმილი ამეღო. იმედს ვიტოვებდი, სატელეფონო საუბარი მალე დასრულდებოდა და კვლავ დავუბრუნდებოდი იმ ძილს, რომელსაც ასე უსამართლოდ მომწყვიტეს.

-რა მოხდა, სიზმარში მნახე? -ახლადგამოღვიძებულზე, საკუთარი ხმაც კი მეუცნაურა და რამდენჯერმე ჩავახველე კიდეც მის ჩასაწმენდად.

-ჯერ კიდევ საწოლში ხარ, არა?

-როგორ გეკადრება, უკვე დილის სირბილიც მოვასწარი და მშიერ თოლიებსაც ვაჭამე ზღვის ნაპირზე

-დასაწყისისთვის, ბალიშიდან აიღე თავი და შხაპი მიიღე, ნიკოლოზ

-რისთვის რეკავ? -საწოლში გვერდი ვიცვალე და უფრო მაგრად ჩავეხუტე ჩემს ბალიშს.

-მაინტერესებს, როგორ ჩაიარა შენმა პირველმა სამუშაო დღემ

-თუ ახლა ხმამაღალ კავშირზე ვარ და ამ ყველაფერს ნიცაც ისმენს, შენს ძმობაზე სამუდამოდ ვამბობ უარს

-დაწყნარდი, არავინ მისმენს -ტონზე შევატყვე გაეღიმა -ძალიან ხომ არ გაგიჭირდა?

-თმის ღერებიც კი მტკივა, მაგრამ წუწუნს არ ვაპირებ, რაც არის, არის

-ძალიან კარგ გადაწყვეტილებამდე მისულხარ, გილოცავ

-თუ ასეა, მაშინ, სანაცვლოდ ერთი რაღაც უნდა გამირკვიო -საწოლზე თვალების სრესით წამოვდექი და მხოლოდ იმ წამს შევამჩნიე, რომ ჩაცმულს ჩამძინებოდა. არც გამკვირვებია. სამსახურიდან ისეთი დაღლილი ვიყავი მოსული, იმანაც კი გამაოცა, რომ გასაღების კლიტეში გადატრიალების ძალა მეყო.

-მაინც რა უნდა გაგირკვიო?

-იმ გოგოს მისამართი მჭირდება, ვინც ჩემს ცვლაში მუშაობს -გადავწყვიტე, მიკიბმოკიბვის გარეშე, პირდაპირ მეთქვა. გარკვეული დროის განმავლობაში, ყურმილის მეორე მხრიდან დუმილი ისმოდა. მხოლოდ ოთხი წამის შემდეგ ჩაანაცვლა სიჩუმე აარონის ხმამ :

-იმ გოგოს მისამართი რაში გჭირდება? -მკითხა დაეჭვებით -არ მითხრა, რომ მაგასაც შებმას უპირებ

რა თქმა უნდა, მიზეზს მაშინვე მიხვდა, რადგან იდეალურად ვყავდი შესწავლილი, თუმცა გამოტყდომას მაინც არ ვაპირებდი, ამიტომ, თავის დასაძვრენად პატარა ტყუილი მოვიგონე :

-არა, ნუ ღელავ, ჩემს გემოვნებაში არ ჯდება, უბრალოდ, გუშინ გადახდელთან საფულე დაუვარდა და მინდოდა დამებრუნებინა. მისამართს თავადაც ვკითხავდი, მაგრამ მისი ტელეფონის ნომერი არ ვიცი, თან დარწმუნებული ვარ საფულეს ყველგან ეძებს, რადგან თითქმის ყველაფერი შიგნით აქვს, საკმაოდ დიდი თანხის ჩათვლით

-იმაში თუ ხარ დარწმუნებული, რომ მაგ გოგოს ნახვა მხოლოდ დაკარგული ნივთის დასაბრუნებლად გინდა?

-გეყოფა რა, ხომ გითხარი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება-მეთქი? ამდენ კითხვას რატომ მისვამ?

-კარგი, კარგი -როგორც იქნა, ბოლოს მაინც დათმო პოზიციები -ჩემს თანაშემწეს გავარკვევინებ და რამდენიმე წუთში SMS-ით გადმოგიგზავნის

-იდეალურია . . . გმადლობ აარონ. ანასტასიას ჩემგან მოკითხვა გადაეცი

-გადავცემ -მითხრა და ზუსტად ამ დროს, წყვეტილი ზუმერის ხმაც გაისმა ყურმილში, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ კავშირი გაწყდა.

აარონის ზარის შემდეგ, ერთი საათით კიდევ წავუძინე. მხოლოდ ამის შემდეგ წამოვდექი საწოლიდან და პირველი, რაც გავაკეთე ის იყო, რომ ჩემს მობილურს დავხედე. ეკრანზე მართლაც დამხვდა ერთი გაუხსნელი შეტყობინება, უცნობი ნომრისგან და მაშინვე მივხვდი, რაც იქნებოდა. არც შევმცდარვარ - ნამდვილად აარონის მიერ დაპირებულ მისამართს მიგზავნიდა მისი პირადი თანაშემწე.

"ესეც ასე, საქმის ნახევარი გაკეთებულია" -კმაყოფილებით აღნიშნა ჩემმა გონებამ.

დღევანდელი გეგმა ასეთი იყო -ჯერ შხაპი უნდა მიმეღო, შემდეგ თავი მომეწესრიგებინა და მაშინვე მელინასთან წავსულიყავი, სახლში. მართალია, იქ მისასვლელად რამე კონკრეტული მიზეზი მჭირდებოდა, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. დარწმუნებული ვიყავი, მისვლისას აუცილებლად მოვიფიქრებდი რამეს და ამით დაიმედებულმა, მხიარულად გავწიე სააბაზანო ოთახისკენ.

მამრობითი სქესის ერთ-ერთი პლუსი ისაა, რომ მათი უმეტესობა, დილის თავის მოწესრიგების პროცედურებს ნახევარ საათზე მეტ ხანს არ ვანდომებთ. მეც სწორედ ასეთ კატეგორიას მივეკუთვნებოდი. არასდროს ვსაჭიროებდი მოსამზადებლად ზედმეტად დიდ დროს და ახლაც ზუსტად ოცდაათ წუთში ვიდექი სარკის წინ, სრულ მზადყოფნაში.

ჩემი სახლიდან მელინას სახლამდე, არც თუ ისე დიდი გზა იყო გასავლელი. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისევე როგორც სასტუმრომდე, იქამდეც შემეძლო ველოსიპედით მისვლა. ტანისამოსიც შესაბამისი მეცვა -სპორტული და კომფორტული, ამიტომ, შინ მეტად აღარ შევყოვნებულვარ, ჩემი სოროსავით პატარა სახლის კარი გასაღებით ჩავკეტე და კიბესთან დაყენებულ ველოსიპედს მოვაჯექი.

მართლაც დამცინოდა ეს ბედისწერა. აზრადაც კი არ მომივიდოდა, რომ ბოლო მოდელის კაბრიოლეტიდან, ველოსიპედზე მომიწევდა გადაჯდომა, თანაც მუხრუჭებდაზიანებულსა და საღებავგადაცლილზე. როცა ვუფიქრდებოდი, ვრწმუნდებოდი, რომ ეს ყველაფერი რაღაც მხრივ დავიმსახურე კიდეც, თუმცა შეგუება აშკარად მიძნელდებოდა და ამას ვერსად გავექცეოდი.

მელინას სახლამდე მისასვლელად, სულ რაღაც ათი წუთი დამჭირდა, ისიც იმიტომ, რომ გზად მარკეტში შევიარე და შოკოლადის ასორტი ვიყიდე, რათა პირველივე დღეს ხელცარიელი არ მივსულიყავი.

ლამაზი სახლი ჰქონდა მელინას. სამკუთხედი გადახურვის ერთსართულიანი შენობა, მთლიანად მინდვრის ხავსით გახლდათ დაფარული და მხოლოდ დიდი, მრგვალი ფორმის ფანჯრები მოუჩანდა. ეზოში, მთელ სიგრძეზე, ორივე მხრიდან თეთრი ვარდის ბუჩქები დაერგოთ. იქაურობა მთლიანად ყვავილების სურნელში იყო ჩაფლული, რამაც უცრო ცხადად მაგრძნობინა, რომ ხსენებულ სახლში ნამდვილად მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ცხოვრობდა და ამის გაფიქრებამ, სახეზე ღიმილი მომგვარა.

სახლთან მიახლოებულმა, კარის გევრდით, ზარის ღილაკის ძებნა დავიწყე, თუმცა ვერ ვიპოვე და იძულებული გავხდი მასზე დამეკაკუნებინა. არ ვიცოდი რატომ, თუმცა გული მიგრძნობდა სახლში იქნებოდა და დავრწმუნდი კიდეც ამაში, როდესაც სულ ცოტა ხანში, ზღურბლის მეორე მხრიდან, მსუბუქი ნაბიჯების ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას.

ნეტავ როგორი რეაქცია ექნებოდა ჩემი დანახვისას? ამის გაგების ერთადერთი გზა დაცდა იყო და გადავწყვიტე, მოლოდინის პროცესში გონება ყოველგვარი ზედმეტი ფიქრისგან გამეთავისუფლებინა.

კართან ცდამ დიდხანს ნამდვილად არ მომიწია. ჰოლიდან მომავალი ნაბიჯების ხმის გაგონებიდან რამდენიმე წამის შემდეგ, საკეტი რამდენჯერმე გაჩხაკუნდა და სულ მალე, სასურველი ადამიანის სახესაც მოვკარი თვალი. უნდა მეღიარებინა, საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა საშინაო ტანსაცმელში -მოკლე შორტებზე, თავისზე ორჯერ დიდი, კრემისფერი მაისური მოერგო, ხოლო გაშლილ თმაზე ამავე ფერის, ნაჭრის აბადოკი ეკეთა, რაც უფრო მეტად ბავშვურს ხდიდა მის გამოხედვას.

პირველი რეაქცია ჩემი ხილვისას გაკვირვება იყო. გულის სიღრმეში ამას ველოდი კიდეც. რა თქმა უნდა, მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა არ იქნებოდა ერთი დღის გაცნობილი თანამშრომლის უეცარი ვიზიტი სახლში, ამიტომ, სიტუაციის განსამუხტად, გადავწყვიტე რაღაც მაინც მეთქვა :

-შემოპატიჟებას არ აპირებ? ოდნავ ცხელა და ზღურბლთან საუბარი არც ისე კომფორტულია

-ჯერ ის მითხარი, აქ საიდან გაჩნდი? -კითხვითვე უპასუხა ჩემს შეკითხვას, რითაც მანიშნა პასუხის გარეშე ზღურბლს ვერ გადმოაბიჯებო. აი, ახლა უკვე დრო იყო მოსვლის მიზეზი ამეხსნა და ამის მოსაფიქფრებლად, არც მეტი არც ნაკლები, ორი წამი მეყო :

-უბრალოდ, რახან ერთ ცვლაში გვიწევს მუშაობა, თანაც კვირაში ოთხი დღე, გადავწყვიტე თანამშრომელი უკეთ გამეცნო -ამის თქმისას, სპეციალურად მისთვის ნაყიდი შოკოლადის ასორტი შევაჩეჩე ხელში და იმ ღიმილით დავაჯილდოვე, რომელსაც "ნომერ მეოთხეს" ვუწოდებდი -მომაკვდინებელი ღიმილით.

-ვამჩნევ, ძალიან კონტაქტური ადამიანი ხარ

-ყველასთან არა, ასე მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ვიქცევი ხოლმე

-კარგი, მაშინ ამ ერთხელ მეც დავუშვებ იშვიათ გამონაკლისს და სრულიად უცხო ადამიანს შევიპატიჟებ სახლში -ბაგეები ოდნავმა ღიმილმა გაუპო და თუ აქამდე კარის შუაში იყო ჩამდგარი, ამჯერად გვერდზე მიიწია, რათა ჩემთვის გზა დაეთმო.

"ესეც ასე, ნიკოლოზ, შესარჩევი ტური უკგე გაიარე, ახლა ვნახოთ გადახვალ თუ არა ნახევარფინალში" -კმაყოფილებით აღნიშნა ჩემმა შინაგანმა ხმამ და თავდაჯერებული სახით შემაბიჯებინა სახლში.

შიგნით ყველაფერი უბრალოდ, თუმცა გემოვნებით იყო მოწყობილი. აქაურობა სტუდიის სტილის გახლდათ -მინი-ბარით, ერთი საძინებელი ოთახითა და პატარა მისაღებით.

მელინამ შოკოლადი მაგიდაზე შემოდო, სახეში შემომხედა და დივნისკენ ხელით მანიშნა.

-დაჯექი, მე მანამდე ცივ ყავას გავაკეთებ

-არ ღირს შეწუხებად

-არ ვწუხდები, სანამ შენ მოხვიდოდი, თავადაც უნდა დამელია

-თუ ასეა, მაშინ სიამოვნებით შემოგიერთდები -ვთქვი და მოხერხებულად ჩავეშვი პატარა ბალიშებით გადავსებულ დივანში.

-ჩემთვის ბეილისსაც ვამატებ ხოლმე, შენ როგორი გაგიკეთო?

-იყოს ბეილისით. შაქარი შეგიძლია არ ჩაყარო, ტკბილი დიდად არ მიყვარს

-არც მე -მომიგო ხმადაბლა და პირდაპირ მინი-ბარისკენ გაეშურა ყავის მოსამზადებლად.

მის არყოფნაში, სახლს თვალი კიდევ ერთხელ შევავლე. როგორც ეტყობოდა, მინიმალისტური ცხოვრების წესით გამოირჩეოდა, რადგან ნივთების მინიმალური რაოდენობა ჰქონდა და ისიც ისეთი, რაც აუცილებლად იყო საჭირო. ამ თვისებით ერთმანეთს ვგავდით. არც მე მომწონდა ზედმეტად გადატვირთული პირადი სივრცე და საძინებელშიც მხოლოდ იმ ნივთებს ვაჩერებდი ხოლმე, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვსაჭიროებდი.

სანამ მელინა ყავას ამზადებდა, ჩემს მობილურს დავხედე და დრო შევამოწმე. სამუშაო სმენის დაწყებამდე, ექვსი საათი მქონდა დარჩენილი. გრაფიკი შემდეგნაირი იყო -კვირაში ოთხი დღე უნდა მემუშავა, ხოლო სამი კი დასვენებისთვის მქონდა გამოყოფილი. ეს საშუალებას მაძლევდა გარკვეული ღამეების განმავლობაში მაინც გამომეძინა ნორმალურად და შუა ღამის ორ საათზე, შეკვეთებით ხელში არ მერბინა მაგიდებს შორის.

ტელეფონი რომ კვლავ ჯიბეში ჩავაბრუნე, თავი იმ ბარისკენ მივატრიალე, რომლისკენაც ცოტა ხნის წინ მელინა წავიდა. მას უკვე მოესწრო დაპირებული ყავების მომზადება და ორი მოზრდილი ჭიქით ხელში მოდიოდა ჩემი მიმართულებით. იმდენად ბუნებრივად გამოიყურებოდა სახლის ფორმაში, რომ სურვილი მკლავდა ახლავე მომექცია ჩემს მკლავებში, თუმცა სულ რამდენიმე წუთით, მისთვის გონების არევაზე უნდა მემუშავა, ხოლო შემდეგ აუცილებლად მივაღწევდი იმას, რისთვისაც ამ გოგოსთან სტუმრობა გადავწყვიტე.

-ესეც შენი უშაქრო ყავა, ბეილისით -წინ დამიდგა სიცივისგან დაორთქლილი მინის ჭიქა და თავადაც გვერდით ჩამომიჯდა. მელინას სხეულიდან წამოსული ქოქოსის სურნელი სასიამოვნოდ მაბრუებდა და ერთიორად მიზრდიდა მასთან სიახლოვის სურვილს.

-გმადლობ . . . ასორტს არ გასინჯავ? -მრგვალი ფორმის ყუთს მოვხსენი თავი ამის თქმისას და თეთრი ფერის შოკოლადი საკუთარი ხელით მივუტანე ტუჩებთან -იმედია, დიეტაზე არ ხარ

-არა, არ ვარ -მომიგო მაშინვე, თუმცა ტკბილეული ჩემი ხელიდან არ შეუჭამია. ამის მაგივრად, ყუთიდან თავად ამოიღო ერთ-ერთი მათგანი და გამოცდილი გურმანის გამომეტყველებით დააგემოვნა.

-გემრიელია . . . უფრო მეტიც, ძალიან გემრიელი

-მიხარია, თუ მოგეწონა -გამეღიმა და ყუთიდან ამოღებული შოკოლადი კვლავ უკან ჩავაბრუნე, მერე კი ჩემს ყავას დავწვდი -ისე, აქ მარტო ცხოვრობ?

-ჰო, ასეა. სახლი ცოტათი პატარაა, მაგრამ მე მყოფნის

-ანუ, საცხოვრებლად დიდ სივრცეს არ საჭიროებ

-სასახლის ზომის სახლის შემდეგ, აქაურობა ცოტათი მეუცნაურება, თუმცა თავს მაინც კარგად ვგრძნობ -და, აი უკვე მეორედ დავიჭირე მის სახეზე დაბნეულობა. მივხვდი, რომ კვლავ ისეთი რაღაც წამოცდა, რისი თქმაც არ სურდა, მაგრამ მიახლოებითი ვერსიაც არ მქონდა, თუ რა საიდუმლო ჰქონდა მელინას.

-სასახლის ზომის სახლი ახსენე -ყავის ჭიქიდან ოდნავ მოვსვი და გამომცდელი მზერით გავხედე -რა იგულისხმე? ანუ შენ . . .

-მოსამსახურედ ვმუშაობდი იმ სახლში -წარმოთქვა უეცრად -თან ვცხოვრობდი კიდეც იქ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო წამოსვლა მომიწია

მელინას სიტყვებიდან მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე -იგი მატყუებდა. ზოგადად, ფსიქოლოგიური გადაცემები მომწონდა, ხსენებულ თემაზე უამრავი არხი მქონდა გამოწერილი და ამ სფეროშიც ასე თუ ისე ვერკვეოდი, ამიტომ, კარგად შემეძლო იმ ჟესტების ამოცნობა, რომელთაც ადამიანები ტყუილის თქმისას იყენებდნენ ხოლმე. თითების მტვრევა, თვალის არიდება და მოუსვენრობა აშკარად იმას უსვამდა ხაზს, რომ მელინა ჩემთან გულწრფელი არ იყო, თუმცა ყველაფრისდა მიუხედავად, გადავწყვიტე მის საიდუმლოს არ ჩავძიებოდი. ამის მაგივრად, ვცადე სასაუბრო თემა სხვა რამით ჩამენაცვლებინა. ამ გზით, დაძაბულობაც გაიფანტებოდა და ის უხერხულობაც გაქრებოდა, რომელიც ჩემმა შეკითხვამ გამოიწვია.

-იდეალურ ცივ ყავას ამზადებ -გადავწყვიტე აღმენიშნა, რადგან მისი ნახელავი მართლა ძალიან მომეწონა.

-ეგ, შენს გარდა კიდევ ბევრს უთქვამს

-ჰოო? მასთან ახლოს მივიწიე, ყავის ქაფში ნეკა თითი ჩავაწე და მის ტუჩს ნაზად გადავუსვი -ის თუ უთქვამთ, რომ გიჟურად ლამაზი ხარ?

-გამოკითხვას მიტარებ? -ჩემი დამაბნეველი ჟესტის მიუხედავად, წარბიც არ შეუხრია და არც მის სახეზე დამინახავს რაიმე ემოცია. ცოტატი გამიკვირდა კიდეც. გოგონები ასეთ დროს მინიმუმ წითლდებოდნენ მაინც, თუმცა ის ყინულის ლედივით მიყურებდა და რეაგირება არაფერზე ჰქონდა.

-შენ თუ გინდა გამოკითხვა უწოდე -კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდი ამის თქმისას, თან მის რბილ თმაში ავხლართე თითები, ჩემკენ დავქაჩე და ქვედა ტუჩზე წაცხებული ქაფი ხანმოკლე, თუმცა საკმაოდ თამამი კოცნით მოვაშორე -ცივმა ყავამ და შენმა ტუჩების გემომ, ერთად იდეალური ნაზავი შექმნა

-მე, შენთვის კოცნის უფლება არ მომიცია -აღნიშნა მაქსიმალურად მშვიდად და გარკვევით, რითაც ჩემს სახეს ღიმილი მოჰგვარა. წესით, ახლა სხვების მსგავსად შეურაცხყოფილი გოგოს როლი უნდა ეთამაშა, ვისაც თავისი სურვილისდა საწინააღმდეგოდ შეეხნენ, შემდეგ კი ისევ მე უნდა დამეწყნარებინა ჩემი ალერსით, თუმცა მის სიტყვებში, ერთი გრამი აგრესია და სიყალბე ვერ დავიჭირე. იმდენად მშვიდად, იმდენად გაწონასწორებულად გამოიყურებოდა, ცოტათი გამიკვირდა კიდეც. თუმცა, მიუხედვად ამისა გაჩერებაზე ნამდვილად არ მიფიქრია.
-ზოგჯერ უფლება არ არის საჭირო, რადგან მოულოდნელობის ეფექტი ქმნის ყველაზე დიდ სიამოვნებას

-ჰოო? და რატომ გგონია, რომ შენი ტუჩების შეხებამ სიამოვნება მომანიჭა?

-იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია -თავდაჯერებული ტონით მივუგე, დივანზე მივაწვინე და ნახევარი ტანით ზემოდან გადავაწექი -მიდი, უბრალოდ ერთი დღით იყავი ფემინისტი და შენს სურვილებს ისე მიჰყევი, რომ არაფრის მოგერიდოს. ვიცი, შენც გინდა ჩემთან სიახლოვე და ამ წუთსაც სურვილით იწვი. უბრალოდ აღიარე ეს მელინა -ყბის ძვალზე ვაკოცე ამის თქმისას და ნელ-ნელა კისრისკენ ჩავუყევი. იმდენად ნაზი კანი ჰქონდა და ისეთ თავბრუდამხვევ სურნელს აფრქვევდა მისი სხეული, ლამის გონება გამეთიშა. ჭკუიდან მშლიდა მისი სიმშვიდე, სინაზე, ისიც კი, რომ ამ გოგოს სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ ვკითხულობდი და ჩემთვის თავიდან ბოლომდე გამოცანად რჩებოდა.

-ნიკოლოზ -ჩურჩულით ნათქვამი საკუთარი სახელი რომ გავიგე მისი ბაგეებიდან, უკვე მელინას მაისურის ბოლოებზე მეკიდა ხელი, რათა ამ უკანასკნელის გარეშე მეხილა მისი სხეული, თუმცა ცოტა ხნით შეჩერება მომიწია.

-რა იყო? ნერვიულობ? -ღიმილით დავხედე ზემოდან

-მგონი, ჰო . . . იქნებ მანამდე ცოტა დაგველია? სასმელი სითამამეს შემმატებდა

იმდენად საწყალი, ბავშვური თვალებით მიყურებდა იმ მომენტში, რომ მიუხედავად ჩემი ძლიერი სურვილისა, მალე შემეგრძნო მისი სხეულის ყოველი წერტილი, უარი ვერ ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. მთავარი იყო, ბოლოს მაინც ჩემს მკლავებში აღმოჩნდებოდა და ამაზე ფიქრი, საკმაოდ იდეალურ განწყობაზე მაყენებდა.

-კარგი, თუ შენთვის ასე უკეთესი იქნება, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს -თბილად გავუღიმე და უკვე ფეხზე წამომდგარს, სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადავუწიე.

-ძალიან მალე დავბრუნდები, არ მოიწყინო

-ვეცდები

მელინა სამზარეულოში გავარდა და ორი წუთიც არ იყო გასული, რომ იქედან არაყის ორი ჭიქით ხელში დაბრუნდა უკან. სახეზე კვლავ არანაირი ემოცია არ ეხატა, თუმცა ზუსტად ვიცოდი ნერვიულობდა.

-როგორც ჩანს, უკვე ჭიქებიც გაგივსია -ვუთხარი როგორც კი ჩემს გვერდით ჩამოჯდა და ოთხასგრამიანი სასმისი გამომიწოდა -მეტის დალევას არ ვაპირებთ?

უარყოფის ნიშნად, მელინამ ჯერ თავი გადააქნია, შემდეგ კი მომიგო :

-არა, ერთი ჭიქაც გვეყოფა, სასმელი ძალიან მარტივად მეკიდება ხოლმე

-მშვენიერია -აღვნიშნე კმაყოფილმა და ბევრი დრო რომ აღარ დამეკარგა, სულმოუთქმელად გამოვცალე საკუთარი ჭიქა. ჩემგან განსხვავებით, მელინა ნელ-ნელა და აუჩქარებლად სვამდა. არ მინდოდა მისი დაჩქარება, რადგან ასე შეიძლებოდა უფრო მეტად შეშინებოდა, ამიტომ, წყნარად ვიჯექი იმის მიუხედავად, რომ შიგნიდან ამოსაფრქვევად გამზადებული გეიზერივით ვხურდი.

-აბა, მოქმედებს სასმელი? -ვკითხე, რადგან სხვა თუ არაფერი, აუტანელი სიჩუმისთვის მაინც მომეღო ბოლო. პარალელურად, რაღაც უჩვეულო მოთენთილობაც ვიგრძენი და ოდნავ თვალებშიც დამებინდა მზერა. ვეღარც მელინას სახეს ვხედავდი ისე სუფთად, როგორც ადრე და ვეღარც, ოთახში განთავსებულ საგნებს.

-მგონი, ნელ-ნელა მეხსნება დაძაბულობა. შენ რატომ იყურები ასე უცნაურად? -მომეჩვენა, რომ ამ დროს ხმაში ირონია გამოერია, თუმცა იმდენად მიტევდა მოთენთილობის შეგრძნება, ბოლომდე ამის მიზეზსაც ვერ ჩავუღრმავდი. არ ვიცოდი რა მომდიოდა. არც იმის შესახებ მქონდა წარმოდგენა, თუ რატომ შავდებოდა ირგვლივ ყველაფერი და რატომ მიდუნდებოდა მთელი სხეული, თუმცა ამაზე ფიქრი დიდხანს ნამდვილად არ დამცალდა. უეცრად, ყველაფერი საიდანღაც მოვარდნილმა შავმა ნისლმა გადაფარა, ჩემი გონება იმ კონკრეტულ მომენტზე დაპაუზდა და სიტყვის თქმაც ვეღარ მოვასწარი ისე გამოვეთიშე რეალობას . . .

ბურისის სამყაროში აღმოჩენილი, უამრავ გაურკვეველ კადრს ვხედავდი. თვალწინ მიდგებოდა სახეები, რომლებიც აქამდე არასდროს მენახა, ადგილები, სადაც არასდროს ვყოფილვარ და მესმოდა ხმები, რაც მანამდე არასდროს მომისმენია.

დანამდვილებით არც მე ვიცი, ზუსტად რამდენ ხანს გაგრძელდა ჩემი უგონობა. არც იმის შესახებ მქონია წარმოდგენა, თუ რა დამემართა ასე მოულოდნელად, მაგრამ თვალების გახელისა და კვლავ რეალურ სამყაროში დაბრუნების შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ტუალეტის შუა გულში მდგომ სკამზე მაგრად ვიყავი მიბმული და მუხლებზე, თაბახის ფურცელზე ნაწერი წერილი მედო შემდეგი ტექსტით :


"ამიერიდან, გეცოდინება, რომ შენი ხელები და ჰორმონები უნდა აკონტროლო . . .
მართალია ამის ღირსი არ იყავი, მაგრამ უნიტაზის გვერდით დანა დავაგდე. თუ სკამიანად ამოყირავდები და ძირს დაეცემი, საშუალება გექნება მასაც მისწვდე და თოკები გადაჭრა. წარმატებები ნიკოლოზ. იმედია შემდეგში მაინც დააკვირდები კარგად შენთვის გამოწვდილ ჭიქას, რათა საძილე აბების უეცარი მოხვედრა აიცილო ორგანიზმში.”


პ.ს შოკოლადი მართლა კარგი იყო. თუ მისი მოტანა კიდევ მოგინდება, შეგიძლია კართან დატოვო ხოლმე, რადგან შენს სახლში შემოშვებას აღარ ვაპირებ.


მელინა
8 8 8 8


სამუშაო საათების დაწყებამდე სულ რაღაც ოცი წუთი იყო დარჩენილი, როცა ბარში გაცეცხლებული შევვარდი და ლიმონიანი წყლის ჭიქით ხელში ჩამომდგარი მელინა პირდაპირ კედელზე ავაკარი. ჭიქის მსხვრევის ხმისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია. დილანდელი შემთხვევის შემდეგ იმდენად ვიყავი გაღიზიანებული, აბსოლუტურად ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, გატეხილი ჭურჭლის გამო ჩამოწერილი ხელფასის ჩათვლით.

-რაო, პატარავ, გაები მახეში? -ვკითხე, თან უფრო მაგრად მოვუჭირე მკლავებზე ხელები.

-იქნებ გამიშვა, მტკივა

-ვერ ეღირსები! შენს გამო მთელი ოთხი საათი ვწვალობდი, რათა ის წყეული თოკები გამეხსნა. როგორ გაბედე და შენი სახლის ტუალეტში დაბმული როგორ დამტოვე?!

-ნიკოლოზ გამიშვი -კვლავ ისეთივე მშვიდი ტონით მესაუბრებოდა, როგორც დილით, რითაც კიდევ უფრო მეტად მიწვევდა.

-შენ, მე დამამცირე, ასე არავინ მომქცევია

-იქნებ იმაზეც იფიქრო, რომ მტკენ

-არ მაინტერესებს! -ხმას საგრძნობლად ავუწიე -მგონი უპირატესობა დაკარგე, ბამბის თოჯინავ. ახლა ჩემს ხელში ხარ

-რა გინდა ჩემგან?

-რა მინდა? მეკითხები კიდეც არა?

-მკლავებზე ჩალურჯებები დამაჩნდება

-ფეხებზე მ’კიდია! ისევე, როგორც შენ დაიკიდე ჩემი გრძნობები. კნუტის თვალებით ნუ მიყურებ, მშვენივრად მივხვდი რა ინტრიგანიც ბრძანდები სინამდვილეში და რამდენის მოფიქრება შეგიძლია. შენი ზღვარსგადასული სიმშვიდეც კი ჭკუიდან მშლის. ერთხელ მაინც აუწიე ხმას, ბრაზი გამოხატე, იყვირე, იჩხუბე, თორემ მართლა მგონია, რომ უცხო პლანეტიდან ჩამოხვედი! ჩუმად რატომ ხარ? თქვი რამე!

-უბრალოდ გაცლი, როდის ამოაფრქვევ მთელ ბრაზს

-ჯანდაბა, ისევ ისეთი მშვიდია -ამჯერად, მის მაჯებს მოვუჭირე და წამით თვალები დავხუჭე. მელინასგან წამოსული ქოქოსის არომატი, კვლავ მაგიურად მოქმედებდა ჩემზე და სასიამოვნოდ მახვევდა თავბრუს.

-იცი რას გიზამ, პრინცესავ? -უფრო მეტად მივუახლოვდი ამ კითხვის დასმისას.

-ერთი სული მაქვს გავიგო

-ჩემად გაქცევ -საკმაოდ მტკიცედ გავაჟღერე ეს სიტყვები -ყველაზე ძლიერ სურვილად იქეცი ჩემთვის. ისეთ სურვილად, რაც აქამდე სრულიად უცხო იყო ჩემთვის. მიზიდავ მაგ ბავშვური კანით, ლამაზი ტუჩებით, მელნისფერი თვალებით, უმანკო გამოხედვითა და შენი სიგიჟეში გადასული სიმშვიდით. შენნაირი საყვარელი და თან გაიძვერა, აქამდე არასდროს შემხვედრია -ამის თქმისას, მის ლოყას შევეხე ტუჩებით, რათა უფრო ღრმად შემესუნთქა მელინას არომატი -მაინც ჩემი იქნები, აი ნახავ. აუცილებლად ავიხდენ ოცნებას, რომელსაც შენი შეცდენა ჰქვია

მელინამ ერთი ამათვალიერ-ჩამათვალიერა და სახეზე დამცინავი ღიმილი მოადგა.

-ჩემთვის ზედმეტად ცარიელი ხარ, ნიკოლოზ -მითხრა -შენში არაფერია მიმზიდველი

თითქოს გულზე მომიჭირეს ამ სიტყვებმა. თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი, რომ აღნიშნულ წუთს ნამდვილად გულწრფელი იყო. ამ გოგოს ოდნავადაც არ ვაინტერესებდი, თუმცა ამას არ შევუშინებივარ, პირიქით, ორმაგად დიდ აზარტში ჩამაგდო.
-მაგ სიტყვებს აუცილებლად შეგახსენებ, როდესაც ჩემს ერთ შეხებაზეც კი დადნები -ამის თქმისას, თვალებში გამაფრთხილებლად ჩავხედე, ცხვირის წვერზე ვაკოცე და ისე გავემართე გამოსაცვლელი ოთახისკენ, რომ მეტად სიტყვაც აღარ დამცდენია. ჩემში ერთმანეთს ათასი გრძნობა ებრძოდა. მათგან ყველაზე დიდი კი მაინც ბრაზი იყო. ბრაზი საკუთარი თავისადმი, რადგან ასეთ სულელურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი იმ გოგოს წინაშე, ვის მისაღებადაც უკვე ყველაფრისთვის ვიყავი მზად დედამიწის ზურგზე . . .

რვა საათს, მხოლოდ ორი წუთი იყო გადაცდენილი, როდესაც ყველანაირად მოწესრიგებულმა დავიკავე სამუშაო ადგილი. ჩვენს დუეტს, ამჯერად ენკეც შემოერთებოდა, ვინც იმ წამს საგულდაგულოდ გაპრიალებულ მინის ჭიქებს, კიდევ ერთხელ უსვამდა ტილოს მეტი ბრწყინვალებისთვის. მელინა ვერანდაზე გასულიყო და მაგიდებთან ოდნავ უსწორმასწოროდ მდგომ სკამებზე ზრუნავდა. მასზე მზერა დიდხანს არ გამიჩერებია. ამის მაგივრად, ბარის დახლს მშვიდად შემოვუარე და ჭურჭლის გაპრიალებით გართულ ენკეს გვერდით მივუდექი.

-საღამო მშვიდობის

-Hi Dude -საკმაოდ უაქცენტო ინგლისურით, მხიარულად მომიგო, მხარზე ხელი მეგობრულად დამარტყა და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა.

-მისმინე, ენკე, ამ სასტუმროს მფლობელზე თუ იცი რამე? -გართობისა და რამდენიმე საათის წინანდელი ინციდენტიდან ყურადღების გადატანის მიზნით, გადავწყვიტე გამეგო რას ფიქრობდნენ ჩემს ძმაზე ამ სასტუმროს უბრალო თანამშრომლები -დაახლოებით მაინც თუ გაქვს წარმოდგენა როგორი ადამიანია?

-ამ სასტუმროს მფლობელი? -ჩაფიქრდა, შემდეგ კი გაეცინა და თავი გადააქნია -ახლოს ნამდვილად არ ვიცნობ, თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ უამრავი ფული აქვს, პენტჰაუსის სტილის სახლში ცხოვრობს და საწოლშიც ისეთი ქალი უწევს, მთელი ქვეყნის მამრობითი სქესი რომ მასზე ყლაპავს ნერწყვებს

-მართლა? ასეთს ვის ხვდება? -ანასტასიას ამგვარ შეფასებაზე გულში გამეცინა, თუმცა ვცადე არაფერი შემტყობოდა.

-ანასტასია მარგიანს ხვდება, უკვე რამდენიმე თვეა

-და ეგ ვინ არის? -თავი მოვისულელე, რადგან მის სიტყვებზე ძალიან ვერთობოდი და მინდოდა კიდევ დიდხანს ელაპარაკა.

-შენ რა, ამ ქვეყანაში არ ცხოვრობ Dude? ეგ გოგო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი მოდელია ჩვენს ქვეყანაში

-ჰოო? როგორ გამოიყურება?

-ამას სიტყვებით ვერ აღწერ, თუმცა ბევრი კაცი ნახევარ სიცოცხლესაც კი მისცემდა, ოღონდ კი ერთხელ მაინც ჰქონოდა მასთან სექსი -მერე ჭიქა კვლავ საწყის ადგილას დააბრუნა და განაგრძო -სხვათა შორის, სანამ ქალდანს შეხვდებოდა, ამბობდნენ ძალიან უკარება ტიპაჟიაო. არც ერთ მამაკაცთან არ დაუფიქსირებიათ პაპარაცებს. მხოლოდ რაღაც პერიოდის განმავლობაში ჭორაობდნენ, თითქოს თავის მენეჯერთან ჰქონდა რომანი, თუმცა ტყუილი აღმოჩნდა

-როგორც ჩანს, ჩვენმა მთავარმა ბოსმა ძალიან აურია გონება

-ძმაო, არასწორად ნუ გამიგებ, მაგრამ ქალი რომ ვიყო, ეგ ტიპი მეც ამირევდა გონებას -სიცილით თქვა ენკემ და ჭაობისფერ ტილოს გასაპრიალებელი ხსნარი დაასხა -ეჰ, დროა რეალურ სამყაროს დავუბრუნდეთ. მილიარდელების ცხოვრებაზე ლაპარაკი ჩვენს საქმეს ვერ უშველის და ვერც მაგიდებს გადაგვიწმენდს

-მართალი ხარ -მივუგე, თან კვლავ ვერანდისკენ გავაპარე მზერა, რათა მელინა დამენახა. ამჯერად, სკამების გასწორება დაემთავრებინა და მოაჯირს დაყრდნობილი, იქედან გადაშლილ ხედს უყურებდა. ჩვენს ბედად, ჯერ არც სტუმრები ჩანდნენ, ამიტომ, მათ მოსვლამდე შეგვეძლო დრო თავისუფლად გაგვეყვანა.

-ჰო მართლა, შენ აქაური ხარ თუ საზაფხულო სამუშაოებზე ჩამოხვედი რომელიმე რაიონიდან? -მკითხა ენკემ უეცრად, რამაც მაიძულა მელინასთვის თვალი მომეწყვიტა და მისკენ გამეხედა.

-თბილისიდან ჩამოვედი გარკვეული დროით . . . მიზეზი პირადულია

-აი, ჩემთვის კიდევ ეს მეათე სამსახურია. წინა ცხრადან, კლიენტებთან ფლირტის გაბმის მიზეზით გამომაგდეს

ენკეს სიტყვებმა, აშკარად გამაკვირვა. ზოგადად, აარონის დავალებით, ამ სასტუმროს მთავარი მენეჯერი, სამსახურში მისაღებ კადრებს დიდ ყურადღებას აქცევდა და როგორ შეიძლებოდა, მსგავსი რეკომენდაციის მქონე ბარმენი ამ სასტუმროში დაესაქმებინა?

-ასეთი მაღალი კლასის სასტუმროში, ცხრა სამსახურიდან გამოგდებული როგორ მიგიღეს? -ნამდვილად არ დამიმალავს ის, რაც მაინტერესებდა.

ენკეს, ცბიერი ღიმილი მოადგა ჩემს შეკითხვაზე და ბარის დახლს მარცხენა იდაყვით ჩამოეყრდნო.

-კარგი სანაცნობო წრე მყავს, ვინებიც, ყალბი რეკომენდაციის შედგენაში მიწევენ დახმარებას, ამის საშუალებით კი, სადაც მომინდება იქ მიღებენ ხოლმე სამუშაოდ

-მაგარია -გამეცინა -თუმცა რატომ არ გეშინია, რომ ასეთი გულწრფელობა დაგღუპავს?

-ანუ?

-ეს ყველაფერი შენთვის სრულიად უცნობ ადამიანს მოუყევი. რატომ არ ფიქრობ, რომ სადმე წამომცდება და ამით შენც ჩაგძირავ?

მიუხედავად ჩემი სიტყვებისა, ენკეს სახეზე შიშის მაგვარი არაფერი დამინახავს. პირიქით, მხარზე ხელი ღიმილით დამადო და მითხრა :

-თუ იტყვი, ისეთ არაჩვეულებრივ ადამიანთან მეგობრობის შანსს დაკარგავ, როგორიც მე ვარ, ეს კი ძალიან დიდი ტრაგედია იქნება შენს ცხოვრებაში Dude

-დარწმუნებული ვარ, უზარმაზარ დარტყმას მივიღებ

-რა თქმა უნდა. ჩემი არ იყოს, შენც ძალიან სიმპათიური ხარ და წარმოიდგინე, ერთად რამდენი გოგოს დათრევას შევძლებთ

-შენ, აი იმის დათრევაში დამეხმარე და გპირდები, როცა გავმდიდრდები, ერთ დიდ აუზიან სახლს მე გიყიდი, რათა შენს გოგოებთან ერთად გაერთო ხოლმე -თავით, ვერანდაზე მდგომი მელინასკენ ვანიშნე ამის თქმისას.
ენკემ ეჭვნარევი მზერით შემომხედა.

-ახლა არ მითხრა, რომ ბარმენის ხელფასით აპირებ გამდიდრებას

-რა თქმა უნდა, არა

-აბა ბანკის გაძარცვა გაქვს გეგმაში?

-შეიძლება ითქვას, ჯეკპოტის იმედად ვარ, როცა სამი თვე გავა და ამ სასტუმროდან წავალ -მერე მივხვდი, რომ ჩემს ნათქვამს ვერ გაიგებდა და დავამატე -მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა. მე ის მაინტერესებს, მქონდეს თუ არა შენი იმედი?

-ჩემი პატარა საიდუმლოს შენახვა ამ საქმეში დახმარების სანაცვლოდ?

-მაწყობს -გამეცინა და შეთანხმების ნიშნად ხელი გავუწოდე -ანუ, მოვილაპარაკეთ

-მოვილაპარაკეთ -ჩემს გამოწვდილ ხელს, თავისი მარჯვენა შეაგება, მერე კი, მელინას გახედა მალულად -ისე, ძალიან სადა გოგოა, თუმცა ეგზოტიკური ყვავილივით ლამაზია. ზოგადად, ასეთები მეტად რთულად ასაღები ციხესიმაგრეები არიან ხოლმე, ამიტომ შეიძლება ზარბაზანი დაგჭირდეს

-და რა იგულისხმება ამ ზარბაზანში? -მის მეტაფორას ვერ ჩავწვდი, ამიტომ გადავწყვიტე კითხვა დამესვა.

-შენი სურვილები გულწრფელად არ გამოხატო. იმ ადამიანის როლი ითამაშე, ვინც არ ხარ, დაარწმუნე, რომ მხოლოდ ერთჯერადად არ გაინტერესებს და მასთან გრძელვადიანი კავშირის მომხრე ხარ

-ეგ ვერსია გამორიცხე, თვალთმაქცობა ნამდვილად არ ზის ჩემს ხასიათში, მით უმეტეს, გოგონების მოტყუება. მათთან ყოველთვის გულწრფელი ვარ ხოლმე და ოცნების კოშკებს არავის ვუგებ

ენკემ მხრები აიჩეჩა.


-როგორც გინდა, მე უბრალოდ გაფრთხილებ, რომ სხვანაირად მაგ გოგოს ხელში ჩაგდება შეუძლებელია

-შეუძლებელი მხოლოდ ისაა, რასაც ჩვენ მივიჩნევთ შეუძლებლად -ვუთხარი საკუთარ თავში დარწმუნებული ტონით და თვალები მობეზრებულად ავატრიალე, რადგან სწორედ იმ წამს, ბარში ოთხი სტუმარი ერთდროულად შემოვიდა.

კოშმარი იწყებოდა . . .

გადაჭარბებულად არ ჩამეთვლება, თუკი ვიტყვი, რომ მთელი ღამის განმავლობაში ერთხელაც არ შემისვენია. პირველ დღესთან შედარებით, ბარში გაცილებით მეტი ადამიანი შეკრებილიყო და საქმეც ერთიორად იმატებდა. სინებით ხელში სირბილისგან, უკვე იმ მდგომარეობამდე ვიყავი მისული, რომ ყოველი იქ მჯდომის მიმართ ზიზღს განვიცდიდი. ენკე დახლთან ემსახურებოდა სტუმრებს, მელინა დარბაზში, ხოლო მე, ვერანდაზე ვიყავი გამწესებული და ვცდილობდი, წიგნაკში ჩაწერილი შეკვეთებიდან ყველაფერი მინიმალურ დროში მიმეტანა შესაბამის მაგიდასთან. ენკე, შიგადაშიგ ბოთლების შოუს კეთებით ირთობდა თავს. რამდენჯერმე დამიძახა კიდეც, შემომხედე რა პროფესიონალურად ვჟონგლიორობო, თუმცა იმდენად ვიყავი დაკავებული, მისი თვალიერებისთვის ყველაზე ნაკლებად მეცალა, ამიტომ, მხოლოდ Perfecto-ს ნიშანს ვაჩვენებდი ხელით და კვლავ ჩემს საქმეს ვუბრუნდებოდი.

სამუშაო საათები საკმაოდ დიდხანს გაიწელა. ერთმანეთთან კონტაქტის დრო ფაქტობრივად არც გვქონია და ეს კიდევ უფრო ახანგრძლივებდა ხუთი საათის მოახლოებას. ჯაყელმაც შემოგვაკითხა რამდენჯერმე და რა თქმა უნდა, არც ნეგატიური მზერა დაუშურებია ჩემთვის. ეტყობოდა, არც ენკე მოსდიოდა თვალში მაინცდამაინც, თუმცა მელინას იმდენად თბილად ექცეოდა, უკვე იმაზეც დავიწყე ფიქრი, რომ ეს დამოკიდებულება, უბრალო თანამშრომლისადმი დამოკიდებულებაზე, გაცილებით მეტი იყო. რატომღაც, ამის წარმოდგენაც კი მაღიზიანებდა. თუ მელინას სხვა მოეწონებოდა, მის გარდა ხომ ათასობით გოგო იყო, ვისაც საკმაოდ მარტივად მივიღებდი მონდომების შემთხვევაში? რატომ ჩავიციკლე მაინცდამაინც მასზე? რატომ მიყინავდა ძარღვებში სისხლს მისი ჯაყელის გვერდით წარმოდგენა? იქნებ იმიტომ, რომ იმ ტიპს ვერ ვიტანდი და არ მსურდა გამარჯვებული დარჩენილიყო? შეიძლება სწორედ ეს იყო მიზეზი, თუმცა აღნიშნულ წამს ამაზე ფიქრი არ მინდოდა, ამიტომ, გონება არასასურველი ფიქრებისგან ბოლომდე გავათავისუფლე და გადავწყვიტე მთლიანად საქმეზე ვორიენტირებულიყავი. მომეჩვენა, რომ ასე დროც გაცილებით უფრო სწრაფად გადიოდა და აღარც მე ვიტვირთებოდი იმ ნეგატიური განცდებით, რომლებიც შინაგანად მაცოფებდნენ.


ბარში რომ ხალხის ნაკადი ნელ-ნელა შეთხელდა და საათმაც ნანატრი დრო უჩვენა, სახეზე ზუსტად ისეთივე კმაყოფილების ღიმილი მომადგა, როგორიც წინა ღამით, დაწესებულების ოფიციალურად დახურვისას.

ღამის ცვლის თანამშრომლებისთვის, ორი მინივენი იყო დაქირავებული, რათა თითოეული მათგანი სახლში წაეყვანა, თუმცა ჩემთვის ნახევრად უცხო ხალხთან ერთად ჯდომა ნამდვილად არ მსურდა. არც პარკინგზე დაყენებული ჩემი ველოსიპედის პედლების ტრიალის თავი მქონდა, წინა ღამისგან განსხვავებით, ამიტომ, გადავწყვიტე მელინასთვის მეთხოვა სახლში წაყვანა. ამ უკანასკნელს, საკმაოდ ჩვეულებრივი, ვერცხლისფერი მერსედესი ჰყავდა და სახლშიც მისი საშუალებით ბრუნდებოდა ხოლმე. მართალია, ენკემ საკუთარი ინიციატივით შემომთავაზა შინ ავტომობილით მიყვანა, თუმცა მასთან ერთად ყოფნას, აშკარად მელინასთან დროის გატარება მერჩივნა. თანაც, მთელი საღამო არ გვესაუბრა და ერთ მანქანაში მარტო დარჩენა, სხვა ყველაფერთან ერთად, ამის საშუალებასაც მომცემდა.

სანამ მელინა ჯერ კიდევ სასტუმროს გასახდელში იმყოფებოდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად, ამასობაში მე პარკინგზე გავედი და ჩემი ველოსიპედი მის მანქანასთან მივაგორე, რათა იგი საბარგულში ჩამედო, როგორც კი ავტომობილის პატრონი მას გააღებდა.

პერსონალისთვის განკუთვნილ ტრანსპორტში ჩასხდომა უკვე იწყებოდა. პირველ მინივენში House Keeping-ის თანამშრომლებმა დაიკავეს ადგილი და ყველაზე პირველიც, სწორედ ეს უკანასკნელი დაიძრა. დანარჩენ ორში, მიმტანები და მზარეულები გადანაწილდნენ. მელინაც სწორედ იმ დროს გამოჩნდა ჰორიზონტზე, როცა ბოლო მინივენი მოწყდა ადგილს. ტანზე მოკლე, ალუბლისფერი სარაფანი მოერგო, რომელიც მკერდთან ზომიერად იყო ამოჭრილი, თუმცა მაინც საკმაოდ მადისაღმძვრელს აჩენდა მისი სხეულის ამ ნაწილს და ვერც მე გამოვიჩინე საკმარისი ნებისყოფა, რათა თვალები სხვა მიმართულებით წამეღო.

მელინას თაფლისფერი, ტალღოვანი თმა ლამაზად ეფინებოდა მის თოვლივით თეთრ მხრებს და მსუბუქი ნიავის ფონზე ნაზად ირხეოდა. მაბრუებდა ეს გოგო. არ ვიცოდი რას მიკეთებდა ასეთს, თუმცა ფაქტი იყო უკვე ჭკუას მაკარგვინებდა მისი სურვილი და ისიც არ ვიცოდი, რა უნდა მომემოქმედა ჩემი ფიქრების ჯანდაბაში გასაგზავნად.

თავის მანქანასთან ჩემმა დანახვამ, ცოტა არ იყოს გააკვირვა. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ გამოუთქვამს. მხოლოდ ველოსიპედს მოავლო მზერა ახლოს მოსვლისას და მანქანა გასაღებზე თითის დაჭერით გააღო.


-რა მოხდა, ტრანსპორტში ადგილები გათავდა? -როგორც ყოველთვის, ახლაც შესაშურად მშვიდი იყო. მისი ეს თვისება, ყველაზე მეტად მიზიდავდა, თუმცა ამავდროულად, მაშინებდა კიდეც, რადგან ვგრძნობდი, რომ ამ ადამიანისადმი მხოლოდ მისი გარეგნული მხარე კი არა, პიროვნულობაც მხდიდა მიჯაჭვულს.

-არა, არ გათავებულა -მივუგე ოდნავი ღიმილით -უბრალოდ, უცხო ხალხთან ჯდომა არ მიყვარს და რახან თითქმის ერთი გზა გვაქვს, ვიფიქრე წამიყვანდი

-მაგრამ ველოსიპედით ხარ

-ახლა ისე ვარ დაღლილი, ველოსიპედის პედლების ტრიალს მირჩევნია კაპოტზე ჯაჭვით გამობმული მიმათრიო სახლამდე

-შეიძლება იმსახურებ კიდეც ამას, თუმცა სადისტი არ ვარ -მერე ღრმად ამოიოხრა, საბარგული ღილაკზე თითის მიჭერით ასწია ზემოთ და კვლავ მე გამომხედა -მიდი, ჩადე შენი ველოსიპედი და დროულად ჩაჯექი, ძალიან მეძინება

-თუ ასე დაღლილი ხარ, შემიძლია საჭესთან მე დავჯდე

-ხუთი წუთის გზაზე არა მგონია ჩამომეძინოს -თქვა და როგორც კი დაინახა, რომ საბარგული დავხურე, მაშინვე დაიკავა ადგილი მესაჭის სავარძელში. აღარც მე დამიყოვნებია დიდხანს. იმდენად ვიყავი დაღლილი, სახლში წასვლა და გამოძინება უკვე ყველაფერს მერჩივნა დედამიწის ზურგზე, ამიტომ თავისუფალი სავარძელი თვალის დახამხამებაში შევავსე და უსაფრთხოების ღვედიც გადავიჭირე.

-შეგვიძლია წავიდეთ

-სიჩქარის ხომ არ გეშინია, ძალიან ჩქარა დამყავს -გამომცდელად გამომხედა ამის თქმისას. დახურულ სივრცეში მისი კანისთვის დამახასიათებელ ქოქოსის სურნელს უფრო ცხადად ვგრძნობდი და დილანდელი ბრაზიც თითქოს ნელ-ნელა უჩინარდებოდა ჩემი გონებიდან

-არა, შენდა საბედნიეროდ არ მეშინია, შეგიძლია როგორც გინდა ისე ატარო

-კარგი, თუ ასეა, შემდეგში პრეტენზიები არ მიიღება

-პრეტენზიებს შევეშვათ და შენ ის მითხარი, დილით სასმელში რა ჩამიყარე? -ვკითხე, როგორც კი მანქანა პარკინგიდან გაიყვანა და სასტუმროს ტერიტორიას ოდნავ მოშორდა

მელინას გამომეტყველება არ შეცვლია, კვლავ ისეთივე სერიოზული სახით მომიგო :

-ჯობს, ეს საიდუმლოდ დავტოვო

-და ტუალეტში რატომღა დამაბი? მხოლოდ დაძინება არ კმაროდა?

-რა იყო, კაფელის ფერის არ მოგეწონა, თუ ჰაერის არომატიზატორის სუნმა მოგცა ალერგია?

-გაიძვერა ხარ -გამეცინა -თუმცა ადამიანი რომ შემოგხედავს, შენზე ამას ნამდვილად ვერ იფიქრებს

-როგორც შენ თქვი, საყვარელი გაიძვერა ვარ, არა? -მეტად სერიოზული მზერით შემომანათა თავის მელნისფერი თვალები.

-მე ისიც ვთქვი, რომ ჩემად გაქცევდი

-ოცნებას კაცი არ მოუკლავს

-ნახავ თუ ეს ოცნება რეალობად არ ვაქციო -მუქარის ტონით მივუგე და სავარძლის შუაში ჩამონტაჟებული პატარა სათავსოდან, ბორკილები ავიღე -ეს რა არის?

მელინამ მხოლოდ წამით გამომხედა, მერე კი კვლავ გზას შეხედა. მართლაც რომ შესაშური სისწრაფით მიდიოდა, თუმცა ჩქარა სიარულს შეჩვეულს, ეს ოდნავ დისკომფორტსაც კი არ მიქმნიდა.

-მანქანა ჩემი არ არის, რამდენიმე დღის წინ ვიქირავე. ნამდვილი მფლობელი პოლიციელია და ეგ ბორკილებიც მას დარჩა

-გასაგებია. დაბრუნებას არ აპირებ? -ვთქვი, თან ბორკილის ერთი მხარე მაჯაზე შემოვისალტე, ხოლო მეორე კი მანქანის ჭერზე მიმაგრებულ ხელის მოსაკიდებელს გავუკეთე და სავარძლის საზურგეს მივეყრდენი.

-დასვენების დღე რომ მექნება დავუბრუნებ -მერე ჩემს ჭერიდან ჩამოშვებულ ხელს დააკვირდა და ბაგეები ღიმილმა გაუპო.

-რა მოხდა, რატომ იცინი?

-შენ რა, ბორკილი ჩაკეტე?-კითხვითვე უპასუხა ჩემს შეკითხვას.

-ჰო, მერე? -გვერდულად გავხედე -მოიცა, მოიცა, არ თქვა, რომ იმ პოლიციელს მხოლოდ ბორკილები დარჩა და გასაღები არა

-ზუსტად ამის თქმას ვაპირებდი -კვლავ იცინოდა მელინა, მე კი ნელ-ნელა ვაცნობიერებდი, თუ რაოდენ სულელურ მდგომარეობაში ჩავაგდე საკუთარი თავი ამ დაუფიქრებელი საქციელით.

-ჯანდაბა, ახლა რა უნდა გავაკეთო? -ჭერიდან ჩამოშვებულ, მიბმულ ხელს დავეჯაჯგურე, თუმცა რა თქმა უნდა, ბორკილის გახსნა ასეთი გზით შეუძლებელი იყო და მალევე გავჩერდი.

-ახლა ვერაფერს გავაკეთებთ, ამიტომ მე პირდაპირ სახლში წავალ და დავიძინებ

-მოიცა, მოიცა, მე ამ მანქანაში უნდა დამტოვო დაბმული ზოოპარკის ვეფხვივით?

-სხვა ალტერნატივა გვაქვს? -ალმაცერად გამომხედა, თან ცალი წარბი მაღლა ასწია.

-არ ვიცი, შეგვიძლია ახლავე წავიდეთ იმ პოლიციელთან, ვისგანაც მანქანა იქირავე და გასაღები გამოართვი, მე აქ დარჩენას არ ვაპირებ

მელინამ ერთი შემომხედა და თავი მაშინვე გადააქნია.

-ვწუხვარ, მაგრამ დილის ხუთ საათზე მსგავსი მიზეზის გამო ვერავის დავადგები თავზე . . . ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არც თუ ისე ზრდილობიანი საქციელი იქნება ჩემი მხრიდან
-ახლა ზრდილობის ნორმები ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს -კვლავ დავეჯაჯგურე ჩემს დაბმულ ხელს, თუმცა რა თქმა უნდა, უშედეგოდ -საშინლად ვარ დაღლილი და გათენებამდე მანქანაში ჯდომას, თანაც მარტო, ნამდვილად არ ვაპირებ!

მიუხედავად ჩემი კატეგორიული ტონისა, მელინაზე ამ სიტყვებს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია. დავინახე, თუ როგორ გასცდა იმ ჩიხს, რომელიც ჩემი სახლისკენ მიდიოდა და პირდაპირ შინისკენ აიღო გეზი. ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი თავის ლოგინში დაიძინებდა, რბილ ბალიშებთან ერთად, მე კი ამ სავარძელში მომიწევდა ჯდომა, მანამ, სანამ ვინმე ბორკილს არ გამიხსნიდა და ტყვეობიდან არ გამათავისუფლებდა.

-მელინა, სერიოზულად გეუბნები, რამე მოიფიქრე და აქ არ დამტოვო

-მაპატიე, მაგრამ მაგაზე იქამდე უნდა გეფიქრა, სანამ ხელბორკილებით თამაშს გადაწყვეტდი

-საიდან უნდა მცოდნოდა, რომ გასაღებიც არ დარჩენია იმ პოლიციელს?

-შეიძლება არ გცოდნოდა, მაგრამ უნდა გევარაუდა მაინც

-მე, ასეთ სიტუაციაში მარტო არ დაგტოვებდი

-სწორედ ამიტომ ხარ შენ ნიკოლოზი და მე, მელინა, რომ ერთნაირ სიტუაციებში, სხვადასხვაგვარად ვიქცევით ხოლმე -კვლავ ისე მომიგო, ჩემთვის არც შემოუხედავს და თავის სახლისკენ მიმავალ ჩიხში გადაუხვია. სიჩქარე ოდნავ შენელებული ჰქონდა, რადგან გზაზე უპატრონო კატები დარბოდნენ და სავარაუდოდ, არ სურდა მათთვის გადაევლო.

-ჯანდაბა, ეს რა დღეში ვარ -გაღიზიანებულმა, კეფაზე თავისუფალი ხელი მოვისვი და ღრმად ამოვისუნთქე -დილიდან მოყოლებული დაბმული ვარ, ალბათ დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი

-შემდეგში ყურადღება მიაქციე ხოლმე რომელი ფეხით დგები

-მგონი უკვე შენს სახლთან ვართ

-ვიცი -თვალი ღიმილით ჩამიკრა და კიდევ უფრო შეანელა სვლა, რადგან მანქანა პარკინგზე უნდა დაეყენებინა.

რაც იყო, იყო. მივხვდი თხოვნით ვერაფერს გავხდებოდი, ამიტომ, რამდენიმე საათით უნდა ამეტანა ტყვეობაში ყოფნა, შემდეგ კი, მელინა სავარაუდოდ იმ პოლიციელთან წამიყვანდა და ამ წყეული ბორკილებისგანაც გამათავისუფლებდა.

მანქანა სახლთან ახლოს, დაახლოებით ათიოდე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა. მელინამ გასაღების ასხმა გამოაძრო და ჩამოწეული საქარე მინა კვლავ ზემოთ ასწია. მხოლოდ ამის შემდეგ გამოიხედა ჩემკენ, თან რაღაც ღილაკზე თითის დაჭერით, სავარძელი ოდნავ დამიდაბლა.

-აი, ასე უფრო კომფორტულად იქნები. შეიძლება დაგეძინოს კიდეც

-არ ვფიქრობ, რომ ასეთ პირობებში ძილი მომერევა, თუმცა მაინც გმადლობ გულისხმიერებისთვის -ზედმეტად დიდი ირონიით წარმოვთქვი ბოლო სიტყვა.

-ცდილობ დანაშაულის გრძნობა გამიღვიძო, არა?

-არ გამომდის?

მელინამ თავი გადააქნია და წამით თვალები დახუჭა. ამ ჟესტით მივხვდი, რომ მასაც არ აძლევდა სინდისი საშუალებას ასე უბრალოდ მივეტოვებინე და ამაზე გულში გამეღიმა კიდეც. რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი ამ ადამიანთან, მით უფრო მიზიდავდა მისი პიროვნულობა. თითქოს მცირედი დეტალითაც კი არ ჰგავდა მათ, ვისთანაც ადრე მქონია ურთიერთობა და ეს ერთიორად სახიფათოს მხდიდა მისთვის, რადგან ვგრძნობდი, რომ სანამ ჩემი არ გახდებოდა, მანამ თავს ვერ დავანებებდი.

-რაც გაგიცანი, მას შემდეგ პრობლემებს მიქმნი -სალონში გამეფებული სიჩუმე, მელინას ოხვრით ნათქვამმა სიტყვებმა დაარღვია -ახლა გული მკარნახობს, რომ ბალიშები მოვიტანო და მეც აქ დავრჩე, გონება კი მხოლოდ ყველაფრის ფეხებზე დაკიდებას და საწოლში ჩაწოლას მირჩევს

-თუ არაკომფორტულად იქნები და ძილს ვერ შეძლებ, შეგიძლია კვლავ სახლში დაბრუნდე, არც მე მინდა ჩემს გამო გამოუძინებელი მიხვიდე სამსახურში

-მგონი, უკანა სავარძელზე დაძინება უნდა შევძლო -ამის თქმისას, მანქანის კარი სწრაფად გამოაღო და გარეთ გადასვლამდე კიდევ ერთხელ შემომხედა -წავალ, ბალიშებს მოვიტან

-შეგიძლია ჩემთვის ერთი ბოთლი წყალიც წამოიღო?

-მაცივრის გირჩევნია თუ ოთახის ტემპერატურის?

-რა თქმა უნდა მაცივრის, ოღონდ თავსახური შენ უნდა მომიხსნა, მე ერთი ხელი პარალიზებული მაქვს -თვალებით ვანიშნე ჩემს ბორკილშემოხვეულ მაჯაზე.

მელინას აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ, ჩემს მდგომარეობაზე გაეცინა და ავტომობილიდან გადავიდა. ქოქოსის არომატი, თითქოს წამებში გაქრა. არ მესიამოვნა მისი წასვლა, ამიტომ სახლისკენ მიმავალს თვალი გავაყოლე. ქარი კვლავ ნაზად უფრიალებდა თაფლისფერ თმას, ხოლო ზურგზე ამოღებული ალუბლისფერი კაბა, საკმაოდ მიმზიდველად გამოკვეთდა მისი სხეულის ფორმებს. იმდენად ბუნებრივი და ნაზი იყო, მიკვირდა კიდეც როგორ ვიკავებდი თავს მასთან, თუმცა მიხაროდა, რომ ეს გამომდიოდა. სიამოვნების გახანგრძლივება, ერთის მხრივ ჩემთვისაც აზარტული იყო. გრძელი ფინიშის ხაზის ბოლოს, გამარჯვების გემო უფრო ტკბილი მომეჩვენებოდა და მეც, სწორედ ამ მომენტს ველოდი ნეტარებით.

მელინას დიდხანს არ დაუგვიანია. მანქანიდან გადასვლიდან ზუსტად ხუთ წუთში გამოჩნდა ორი მოზრდილი ბალიშით ხელში. ამჯერად ალუბლისფერი კაბა გაეხადა და ჩვეული სტილით -თავისზე ორჯერ დიდი მაისურითა და ზედის შესაბამისი, მოკლე შორტით მოემართებოდა. ალბათ ჩათვალა, რომ ის კაბა ძალზედ გამომწვევად ითვლებოდა ასეთი ინტიმური გარემოსთვის და გადაწყვიტა იგი სხვა რამით ჩაენაცვლებინა. ვერაფერს ვიტყოდი, საკმაოდ ლოგიკური სვლა იყო მისი მხრიდან, თუმცა იმ ალუბლისფერ კაბაზე რომ გული დამწყდა, ამას ვერსად გავექცეოდი.

-აი, აიღე -როგორც კი კარი გააღო, ორი ბალიშიდან ერთ-ერთი მე გამომიწოდა, თან გახსნილი ბოთლიც მომცა, საიდანაც მაშინვე მოვსვი ერთი ყლუპი წყალი.

-გმადლობ

-არაფრის -მომიგო, მერე კი, როგორც თქვა, უკანა სავარძელზე დაიწყო პირადი კუთხის მოწყობა სახეზე ეტყობოდა, ძალიან იყო დაღლილი და პირდაპირ დაძინებას აპირებდა. არც მე ვიყავი ნაკლებ დღეში. იქნებ, მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, მაინც მომეხერხებინა ცოტა ხნით თვალის მოხუჭვა?

ამით დაიმედებულმა, სავარძელი უფრო მეტად დავადაბლე, ბალიში მოხერხებულად განვათავსე სავარძელზე და მასზე თავის დადების შემდეგ, პირდაპირ მელინას შევხედე. მას უკვე თვალები დაეხუჭა, ბალიშზე ხელები პატარა ბავშვივით შემოეხვია და ძილბურანისკენ მიმავალ გზას ადგა.

-მელინა -დავუძახე ისე ხმადაბლა, რომ ჩემი ხმა სალონში ძლივსძლივობით გაისმა

-ჰოო

-რაღაც დაგავიწყდა

-მაინც რა? -დაღლილი ხმით ამოთქვა -ძილისპირული უნდა მემღერა შენთვის?

-არა, ძილინებისა უნდა გესურვებინა

ჩემს სიტყვებზე, ოდნავი ღიმილი მოადგა, რამდენიმე წამის შემდეგ კი ამოთქვა :

-ძილინებისა, თავის ტკივილო

-ტკბილი სიზმრები, ბამბის თოჯინა -კვლავ მასზე მიშტერებულმა მივუგე და ნელ-ნელა ვიგრძენი როგორ მეხუჭებოდა თვალები. როგორც ჩანს „პარალიზებული“ ხელი, ჩემს დაღლილობისგან გამოფიტულ სხეულს, დაძინებაში ხელს მაინც ვერ შეუშლიდა . . .




8 8 8 8

შაბათი დღე იყო. ამ ღამით, სამსახურისგან თავისუფალი ვიყავი და ჩვეულებრივად შემეძლო მთელი დრო ის მეკეთებინა, რასაც მოვისურვებდი.

დილით, რა თქმა უნდა, საკმაოდ გვიანობამდე მეძინა და მხოლოდ შუა დღის პირველ საათზე შევძელი ლოგინთან გამოთხოვება. მობილურში უამრავი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება დამხვდა. ნაწილი ჩემი ამერიკელი მეგობრებისგან იყო, ნაწილი იმ გოგონებისგან, ვისთანაც მხოლოდ ერთღამიანი გართობა მაკავშირებდა, ნაწილი კი, სარეკლამო მესიჯები გახლდათ, რომელთაც თითქმის არასდროს ვკითხულობდი ხოლმე.

გადარეკვით არც ერთ მათგანთან არ გადამირეკავს. არც შეტყობინებებზე გამიცია პასუხი. ახლა მხოლოდ „უიქენდის“ საინტერესოდ დაგეგმვა და ამ დროის შინაარსიანად გამოყენება მსურდა, ამიტომ, ტელეფონი მაშინვე მივაგდე საწოლზე, კარადიდან გამოღებული პირსახოცი მხარზე გადავიფინე და პირველ რიგში, გადავწყვიტე დღე აბაზანის მიღებით დამეწყო.

გრილმა შხაპმა, როგორც ყოველთვის, ახლაც საბოლოოდ გამომაფხიზლა. მერე უკვე შიმშილის გრძნობაც მომერია, თუმცა აღმოვაჩინე, რომ მაცივარში მზა საჭმელი არაფერი მქონდა, რის გამოც, იძულებული ვიყავი თავად მეზრუნა საუზმის მომზადებაზე. კულინარიაში, არც თუ ისე ცუდი ვიყავი. შეფ-მზარეულის ნიჭით ნამდვილად არ გახლდით დაჯილდოვებული, თუმცა იყო რაღაცები, რაც ზედმეტად კარგად გამომდიოდა, ამიტომ, ახლაც დაკვირვებით გადავათვალიერე მაცივარში განთავსებული პროდუქტები და დავფიქრდი, თუ რისი მომზადება შემეძლო მათგან.

საუზმეზე მსჯელობისას, რატომღაც მელინასთან გატარებული საათები მომაგონდა, მანქანაში. მას შემდეგ ორი დღე იყო გასული, თუმცა კვლავ ცხადად მედგა თვალწინ მისი მძინარე სახე, ისევ ჩამესმოდა მელინას მშვიდი სუნთქვა, რომელსაც, მასზე ადრე გამოღვიძებული, ღიმილით ვუსმენდი. მახსენდებოდა მისი სხეულიდან წამოსული ქოქოსის არომატი, მუდამ სასიამოვნოდ რომ მაბრუებდა ხოლმე და ვგრძნობდი, რომ რაღაც მეტად აბსურდული ხდებოდა ჩემს თავს.

ამ გოგოზე ფიქრებში, ჩემდაუნებურად დავიწყე თაროებიდან პროდუქტების გამოლაგება. გადაწყვეტილი მქონდა, ერბოკვერცხი მომემზადებინა ლორით, გახეხილი ყველითა და ტომატის პასტით. ამ მარტივ კერძს, ნიცასაც ხშირად ვუმზადებდი ხოლმე, დილაობით, ვინც მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან განსხვავებით მდედრობითი სქესისა იყო, თავისთვის ელემენტარული ტოსტის გაკეთებაც კი არ შეეძლო ისე, რომ ეს უკანასკნელი არ დასწვოდა.

დასაწყისისთვის, ტაფა გაზქურაზე შემოვდგი და იგი ნელ ცეცხლზე დავაყენე. მინდოდა სანამ კვერცხს ავთქვეფდი და ლორს დავჭრიდი, გაცხელება მოესწრო. მერე, ყველა საჭირო ინგრედიენტი ჩემთან ახლოს მოვწიე და ის-ის იყო, ხელი ხის სათავსოში ჩალაგებული დანებიდან ერთ-ერთისკენ წავიღე, რათა საქმეს შევდგომოდი, რომ ამ დროს ჩემს კარზე სრულიად უადგილოდ გაისმა ზარის ხმა.

ლოდინით, მართლა არავის ველოდი და ვერსიაც არ მქონია, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ქურა დროებით მაინც გამოვრთე და დაუპატიჟებელი სტუმრის ვინაობის დასადგენად, პირდაპირ ჰოლისკენ ავიღე გეზი.

სათვალთვალოში გახედვისას, სიმართლე რომ ვთქვა, ოდნავ გაკვირვებული დავრჩი. ზღურბლთან, ჩემს გვერდითა სახლში მცხოვრები მოხუცი ქალი იდგა, პატარა ბავშვით ხელში. ამ ქალს, საკმაოდ იშვიათად ვხვდებოდი ხოლმე და მაშინაც მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებოდი, ამიტომ, ნამდვილად ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა მოსულიყო ჩემთან სტუმრად, თანაც ბავშვთან ერთად. ამის გაგების ერთადერთი გზა კარის გაღება იყო. მეც სწორედ ასე მოვიქეცი –საკეტი გადავატრიალე და მოულოდნელ სტუმარს პირდაპირ თვალებში შევხედე.

-გამარჯობა, შვილო -ღიმილით მომესალმა ქალი, როგორც კი ჩემი სახე დაინახა.

-გამარჯობა. რით შემიძლია დაგეხმაროთ? -პარალელურად ბავშვს შევხედე. დაახლოებით შვიდი-რვა თვისა თუ იქნებოდა. ბურთივით მრგვალსა და მომღიმარს, იმდენად უცხო თვალის ფერი ჰქონდა, მსგავსი აქამდე არასდროს არავისზე შემემჩნია, თუმცა ამ თემას დიდხანს არ ჩავღრმავებივარ. თვალის შეფერილობის დადგენაზე მეტად, ის მაინტერესებდა, რა უნდოდა ჩემგან ამ ქალს. დიდი იმედი მქონდა, ეს ჩემი შვილი არ იყო, ვინც დიდი ხნის შემდეგ მომიყვანეს, რათა ეთქვათ, გაიცანი, შენ მამამისი ხარო.

-ძალიან სასწრაფო საქმე რომ არ მქონდეს, ასე არ შეგაწუხებდი -მორიდებული ტონით ალაპარაკდა ჩემი მეზობელი -იქნებ, რამდენიმე საათით შვილისშვილი შენთან დამეტოვებინა? სხვანაირად რომ მოხერხდებოდეს, აუცილებლად მოვიფიქრებდი რამეს, მაგრამ ერთადერთი საშუალება ესაა

ამ სიტყვების გაგონებისას, თან მომეშვა, თან საგონებელში ჩავვარდი. ბავშვის მოვლის მე რა გამეგებოდა, მით უმეტეს თვეების ბავშვის? არა, ამის გაკეთება ნამდვილად არ შემეძლო.

-მაპატიეთ, მაგრამ პატარებთან ურთიერთობის არანაირი გამოცდილება არ მაქვს. მის მოვლას ვერ შევძლებ, თუნდაც თხუთმეტი წუთით გადიოდეთ მარკეტში

-რა დიდი მოვლა ამას უნდა შვილო? საჭმელიც და პამპერსებიც ჩანთაში აქვს. არც ჭირვეულია, რომ ზედმეტად შეგაწუხოს, ზუსტად ვიცი თავს გაართმევ

-მაგრამ . . .

-არა, მაგრამ არ გამაგონო! -გამაფრთხილებლად ამიწია თითი და შვილისშვილი, თავის ჩანთიანად ისე შემომაჩეჩა, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი -ნუ გეშინია, ჭკვიანად იქნება და არ შეგაწუხებს. როცა აჭმევ, შეგიძლია დააძინო კიდეც და შენც უფრო მშვიდად იქნები

-როგორ უნდა დავაძინო? ან, პამპერსი როგორ უნდა გამოვუცვალო?

ქალს ჯერ ხმამაღლა გაეცინა, მერე კი ძველი მეგობარივით დამარტყა მხარზე ხელი.

-მაგას პრაქტიკა გიჩვენებს, ლამაზთვალება. შენც მომავალი მამა ხარ და ჯობს რაღაცებში ერკვეოდე, სანამ საკუთარ შვილს დაიჭერ ხელში, თორემ ის დრო წავიდა, ბავშვებს მარტო ქალები რომ ზრდიდნენ და კაცები, მეორე ოთახში ძმაკაცებს უჭახუნებდნენ სუფრასთან ჭიქებს

„რაღა მაინცდამაინც ამის შვილისშვილზე უნდა გამევლო პრაქტიკა, თანაც მაშინ, როცა უიკენდის დღით ვაპირებდი სიამოვნების მიღებას?“ -გავიფიქრე უკმაყოფილოდ, თუმცა იმასაც მივხვდი, რომ ამ სიტუაციაში სხვა გზა არ მქონდა, გარდა ბავშვის დატოვებისა.

-დაახლოებით რამდენ ხანში დაბრუნდებით? -ვკითხე და ვიგრძენი, როგორ დამიწყო თავისი პატარა თითებით სახეზე თამაში ბავშვმა. უზომო ცნობისმოყვარეობით რომ მათვალიერებდა, გაურკვეველი ფერის თვალებით, ამაზე უკვე აღარაფერს ვამბობ

-დაახლოებით სამი-ოთხი საათი დამჭირდება -პასუხის გაცემისას, ქალმა სიხარულით შემომცინა. ალბათ უკვე მიმხვდარიყო, რომ წინააღმდეგობის გაწევას აღარ ვაპირებდი -როგორც უკვე გითხარი, რძის ბოთლი და ყველა საჭირო ნივთი ჩანთაში ჩავუდე. დანარჩენს თავად მიხვდები

-დიდი მადლობა, უიკენდის უკეთესად გატარებაზე ვერც კი ვიოცნებებდი

-ნუ წუწუნებ, მეზობლები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ. შენ რომ შვილი გეყოლება, შეგიძლია ნებისმიერ დროს დამიტოვო ხოლმე -მერე, ჩემს ხელში მოქცეულ პატარას მიეფერა ლოყაზე და გამაფრთხილებელი მზერით ამომხედა -აბა შენ იცი, საჭმელის ჭმევა არ დაგავიწყდეს და ყოველ ნახევარ საათში შეამოწმე ხოლმე პამპერსი ხომ არ აქვს გამოსაცვლელი

-გასაგებია -უღიმღამოდ დავუქნიე თავი, თან ბავშვი უფრო მოხერხებულად მოვიქციე მკლავებში, რადგან ძალიან მოუსვენრად იყო და შემეშინდა არ გადამვარდნოდა.

ქალმა, ვისი სახელიც ვერაფრით ვერ აღვიდგინე მეხსიერებაში, შვილისშვილს კიდევ ერთხელ უჩქმიტა ლოყაზე, ორი თითით, შემდეგ კი გატრიალდა და საკმაოდ ამაღლებული განწყობით დატოვა ჩემი ეზო. იმ წამს, საშინლად ვინანე, რომ კარი საერთოდ გავაღე და თავი არ მოვიკატუნე, თითქოს შინ არ ვიყავი.

ერთი ფაქტორიც იწვევდა ჩემში გაკვირვებას - ეს ქალი საერთოდ არ მიცნობდა და როგორ შეძლო ასეთი ადამიანისთვის საკუთარი შვილისშვილი ენდო, მით უმეტეს, როცა ვუთხარი პატარების მოვლის არაფერი გამეგება-მეთქი? აღნიშნულმა სიტუაციამ მაფიქრებინა, რომ ჩემი მეზობელი მთლად ნორმალურიც ვერ უნდა ყოფილიყო და ამაში დარწმუნებულმა, მოღუშული სახით შევიყვანე ბავშვი შიგნით. ისიც კი დამავიწყდა, ბებიისთვის, მისი სახელი მეკითხა, თუმცა ამას კიდევ მოევლებოდა. გარკვეული დროით, თავად მოვუფიქრებდი რამეს და იმ საათების განმავლობაში, რასაც ჩემთან გაატარებდა, სწორედ ასე მივმართავდი ხოლმე.

მართალია, ბავშვების სქესის გარჩევა აღნიშნულ ასაკში ძალიან რთული გახლდათ, მაგრამ ტანზე, ვარდისფერი ბოდეს მიხედვით მივხვდი, რომ ხელში გოგონა მეჭირა. სწორედ ამ მიზეზით, გადავწყვიტე მისთვის დროებით ელისაბეტი დამეძახა, რადგან ზუსტად ჩემი პატარა დასავით საყვარელი ღიმილი და გამოხედვა ჰქონდა.

-აბა, რა გავაკეთოთ მე და შენ? -ცხვირზე თითი ნაზად ჩამოვუსვი აწ უკვე ელისაბეტს, თან მისი ჩანთა დივანზე მოვათავსე და მეც ზედ ჩამოვჯექი, ბავშვიანად. იმ წამს, სამზარეულოში დატოვებული პროდუქტი მომაგონდა, რომელთაგანაც საუზმე უნდა მომემზადებინა, თუმცა ახლა მადა ნამდვილად აღარ მქონდა, ამიტომაც ჭამა დროებით გადავდე და ბავშვის ნივთებში რძის ბოთლის ძებნა დავიწყე. ჩანთაში, პამპერსებთან ერთად, გამოსაცვლელი ტანსაცმელიც იდო პატარასთვის. ალბათ იმ შემთხვევისთვის, თუ ღებინებისას დაესვრებოდა, ან რამე ამდაგვარი. ბედისწერას ვთხოვდი, მსგავსი არაფერი მომხდარიყო მისი აქ ყოფნის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ან მე გავგიჟდებოდი, ან ამ ბავშვს გადავიყვანდი ჭკუიდან.

როგორც იქნა, ჩანთაში ვარდისფერი ყვავილებით მოხატულ რძის ბოთლსაც მივაკვლიე და თავი ფრთხილად მოვხადე. არც კი მჯეროდა, რომ ამას ვაკეთებდი, თუმცა როგორც კი პატარას თავი წამოვაწევინე და საწოვარა პირში ჩავუდე, თავი ძიძად ვიგრძენი, ვისაც, გარკვეული დროით მისი მოვლა ევალებოდა. აშკარად სასაცილო მდგომარეობაში ვიყავი. ზოგადად, ბოლო პერიოდში ხშირად ვვარდებოდი ხოლმე მსგავს სიტუაციებში. ვერაფერს ვიტყოდი, აშკარად დიდებული ცხოვრება მქონდა ბათუმში ჩამოსვლის მერე.

-შენმა ბებიამ მთელი გეგმები ჩამიშალა პატარავ, იცი? -მოღუშული დავცქეროდი ჩემს მარჯვენა მკლავზე მწოლიარე ელისაბეტს, ვინც ნეტარებით სვამდა თავის რძეს და რაღაც ბავშვურ, გაურკვეველ ხმებს გამოსცემდა, თან წამით არ მაშორებდა მზერას, თითქოს ჩემთვის რაღაც მნიშვნელოვანის თქმას ცდილობსო -ჰო, რას მიყურებ? ცოტათი მაინც უნდა გეცოდებოდეს ბიძია ნიკა იმის გამო, რომ სადმე გასვლისა და გართობის მაგივრად, უწევს სახლში იჯდეს და შენს დასაძინებლად იმღეროს სიმღერები

ელისაბეტი კვლავ განაგრძობდა თავისი რძის დაგემოვნებას. რა თქმა უნდა, ჩემი საუბრიდან ერთი სიტყვაც არ ესმოდა, თუმცა მაინც განვაგრძობდი მასზე ჯავრის ამოყრას, მანამ, სანამ ბოთლი თითქმის ბოლომდე არ გამოცალა და თავი გვერდზე არ გასწია, იმის ნიშნად, რომ მეტის ჭამა აღარ უნდოდა.

თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. ელისაბეტი არ ჭირვეულობდა და მშვიდადაც დახოხავდა თავისთვის დივანზე, მანამ, სანამ მე ტელევიზორის ყურებით ვიყავი გართული, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, იმდენად ისტერიკული ტირილი ატეხა, მისი დაწყნარება ვერაფრით შევძელი. რა აღარ ვცადე -ეზოშიც გავიყვანე, ჰაერშიც ვაგდებდი და ვიჭერდი, რათა როგორმე გამეცინებინა, პრინცესების ზღაპრის მოყოლაც ვცადე და წარმოიდგინეთ, სიმღერაც კი, თუმცა არაფერმა გაჭრა. ბავშვი უწინდებურად განაგრძობდა ხმამაღალ ტირილს, რითაც ჩემს მოთმინების ფიალას უდიდეს დარტყმას აყენებდა.

აღარ ვიცოდი რა მომემოქმედა. უკვე იმ ზომამდე ვიყავი მისული, რომ მეც ყვირილს დავიწყებდი. არც ბებიამისის ნომერი ვიცოდი, რათა დამერეკა და მეთქვა, დაუყოვნებლივ დაბრუნდი-მეთქი. შექმნილ სიტუაციაში, მხოლოდ ერთი გზა მრჩებოდა -ენკეს უნდა დავკავშირებოდი და დახმარება მისთვის მეთხოვა. რაც არ უნდა ყოფილიყო, იგი ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო ამ ქალაქში და მსგავს სიტუაციაში მხოლოდ ის გამახსენდა. თან, ერთხელ, საუბრისას წამოსცდა, რომ პატარა ძმისშვილი ჰყავდა, ვისაც თავისთანაც ხშირად იტოვებდა ხოლმე, ამიტომ, ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება ასე თუ ისე, უნდა ჰქონოდა.

მორჩა, გადაწყვეტილი იყო, ენკესთან ვრეკავდი!

ბავშვი, დამშვიდების მაგიერ, ტირილს თანდათანობით უფრო უმატებდა. ხელში აყვანილს აქეთ-იქით დავატარებდი და მთელი ძალებით ვცდილობდი მის დამშვიდებას, თან, პარალელურად, ტელეფონი ყურზე მქონდა მიდებული და ველოდებოდი როდის უპასუხებდა ენკე ჩემს ზარს.

სამწუხაროდ, ყურმილში მხოლოდ წყვეტილი ზუმერის ხმა მესმოდა, მეორე ყურის სმენადობას კი ელისაბეტის ჩხავილი მიტკბობდა.

-ჯანდაბა, ენკე სად ხარ? -როდესაც მივხვდი რომ არ მიპასუხებდა, ტელეფონი დივანზე გაბრაზებულმა მივაგდე და ბავშვი ორივე ხელით დავიჭირე.

-გთხოვ პატარავ, ცოტა ხნით მაინც გაჩუმდი. სულ რაღაც ხუთი წუთით დავასვენებ გონებას და მერე ისევ იტირე, კარგი? -ისე ველაპარაკებოდი, თითქოს საქმიან ბიზნესმენთან ვაწარმოებდი დიპლომატიურ მოლაპარაკებას. ჩემმა ხვერწნა-მუდარამ, რა თქმა უნდა არ გაჭრა. ენკესთან დარეკვაც ვსინჯე კიდევ ერთხელ, თუმცა ყურმილს ამჯერადაც არ იღებდა. უნდა მეღიარებინა, ასეთ ცუდ სიტუაციაში მაშინაც კი არ ვყოფილვარ, როცა აარონმა გამომიცხადა თბილისში ჩემთან ერთად ბრუნდებიო.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაში ლამის ტვინი ამიფეთქდა.

ბოლოს კი . . .

ბოლოს თითქოს ჩემს გონებაში ოქროსფერი ნათურა აინთო. რაღაც დამატებითი იდეაც დამებადა, რომელსაც განწირულივით ჩავებღაუჭე. იქნებ, მელინასთან დამერეკა და სწორედ მისთვის მეთხოვა დახმარება? მახსოვდა, რომ მისი ტელეფონის ნომერი პერსონალის პირადი მონაცემების დაფიდან გადმოვწერე, ბარის დახლს შიგნიდან რომ ჰქონდა მიმაგრებული.

იდეა მართლაც კარგი იყო. შეიძლებოდა, ამჯერადაც არაფერი გამომსვლოდა, თუმცა რაც იქნებოდა, იქნებოდა. უბრალოდ ვცდიდი, ხოლო გამომივიდოდა თუ არა, ეს უკვე სხვა საქმე გახლდათ.

ტელეფონი რომ ხელში ავიღე და სატელეფონი წიგნაკში მელინას ნომერს მივაკვლიე, აჩხავლებული ელისაბეტი მაშინვე დივანზე მივაწვინე, რათა მობილურზე საუბარი უფრო თავისუფლად შემძლებოდა. აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა, თუკი ეს გეგმაც ჩამეფუშებოდა. სიმართლე გითხრათ, არც მინდოდა ამაზე ფიქრი. მერჩივნა, პოზიტიური აზრებით დამეტვირთა გონება, რათა შექმნილი სიტუაციისთვის საკუთარი ფსიქიკა არ შემეწირა.

ყურმილში, გაბმული ზუმერის ჟღერადობა დაახლოებით ათი წამის გასვლის შემდეგ შეცვალა ჩემთვის სასურველმა ხმამ. მელინას, ტონზე ეტყობოდა, აშკარად არ იცოდა ვის ესაუბრებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ნომერი ჩაწერილი არ ჰქონდა. ამან ცოტათი იმედები გამიცრუა, თუმცა ახლა რა დროს ეს იყო?

-მელინა, ნიკა ვარ -მაშინვე ვაცნობე ჩემი ვინაობა, თან დივანზე გაწოლილ ბავშვს შევხედე, ვინც ტირილით იკლებდა მთელ მისაღებს -ძალიან, ძალიან მჭირდება შენი დახმარება, ჩემთან უნდა მოხვიდე, სახლში

-ნიკოლოზ, ახლა შენი თამაშებისთვის არ მცალია, უნდა გავთიშო

-არა, არა, გთხოვ . . . გეფიცები, არანაირი თამაში, უბრალოდ მეზობელმა პატარა ბავშვი დამიტოვა მოსავლელად, რამდენიმე საათით და ვერაფრით ვაწყნარებ -მეტი დამაჯერებლობისთვის, ხმამაღალი კავშირიც ჩავრთე, რათა ელისაბეტის ტირილი უკეთ გაეგონა -გაუჩერებლად ტირის, არ ვიცი რა ვუყო. შენამდე ენკეს დავურეკე, თუმცა ყურმილს არ იღებს

-რა ხნისაა ბავშვი?

-სადღაც შვიდი-რვა თვის, ზუსტად მეც არ ვიცი

მელინამ ღრმად ამოიხვნეშა და რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა. მე კი, უკვე ერთი სული მქონდა, როდის მოვისმენდი მის გადაწყვეტილებას.

-გთხოვ, თქვი რამე, თორემ მალე სუიციდამდე მიმიყვანს ეს სიტუაცია

-კარგი, კარგი, დაწყნარდი, მოვალ -მართალია ვერ ვხედავდი, თუმცა მივხვდი იცინოდა -ხელში აიყვანე და იარე, იქნებ დამშვიდდეს

-უკვე ყველაფერი ვსინჯე, არაფერი მოქმდებს. რამდენ ხანში მოხვალ?

-ჩქარა ვივლი და ხუთ წუთში მანდ ვიქნები. ცოტაც გაუძელი

-გმადლობ მელინა, ჩათვალე შენთან ვალში ვარ -შვებით ამოსუნთქულმა ჩავძახე ყურმილში და კავშირის გაწყვეტის შემდეგ, კვლავ ბავშვს მივუტრიალდი -იმედია, მელინა დეიდას მაინც მიახვედრებ რატომ ტირი ასე გაუჩერებლად . . .





* * *

მელინას მანქანა, ზუსტად დათქმულ დროს გაჩერდა ჩემი სახლის წინ. ამჯერად, ელისაბეტი ხელში მყავდა აყვანილი და აქეთ-იქით დავასეირნებდი. ამ დროის მანძილზე, მხოლოდ რამდენიმე წამით შევძელი მისი გაჩუმება. ამის შემდეგ, კვლავ ხმამაღალი ტირილი ატეხა და ჩემი ოცნების კოშკებიც ერთი ხელის მოსმით ჩამომანგრია თავზე. ახლა, ერთადერთ ჩასაბღაუჭებელ საშუალებად მელინა მრჩებოდა. იმედს ვიტოვებდი, ის მაინც მოახერხებდა იმის გარკვევას, თუ რა აწუხებდა ამ პატარა პარაზიტს.

როგორც კი კარზე ზარის ხმა გავიგე, მის გასაღებად ბავშვით ხელში გავემართე. საკეტის გადატრიალების შემდეგ, ღიმილი მომგვარა იმის დანახვამ, რომ მელინას კვლავ ჩვეულ სტილში ჩაეცვა და ტანს, ამჯერადაც თავისზე ორჯერ დიდი მაისური და ამ მაისურის შესაბამისი მოკლე შორტი უფარავდა. თმის მცირედი ნაწილი უკან ჰქონდა ჩაწნული, დიდი ნაწილი კი მხრებზე ეყარა ტალღებად და მისთვის დამახასიათებელი ქოქოსის არომატით, კვლავ სასიამოვნოდ მახვევდა თავბრუს.

-აბა, ეს არის ის პატარა მტირალა? -როგორც კი შიგნით შემოვუშვი, ღიმილით წამოიწია მან ბავშვისკენ და ფრთხილად ჩამომართვა ხელიდან.

-ჰო, ეს არის, გმადლობ, რომ მოხვედი

-არაფრის . . . ისე, აშკარად გეტყობა, რომ გამოუცდელი ხარ, ხელშიც კი ძალიან სასაცილოდ გიჭირავს

-პრაქტიკის უქონლობის ბრალია, მე არაფერ შუაში ვარ

-კარგი, საჭმელი აჭამე?

-ვაჭამე -თავი დავუქნიე -თითქმის მთელი ბოთლი გამოცალა და ცოტა ხნის გასვლის შემდეგ ტირილიც ატეხა. საკვებმა ხომ არ მოწამლა, ან რამე ამდაგვარი?

-არა მგონია -თავი უარყოფის ნიშნად გადააქნია, შემდეგ კი ბავშვი ოდნავ ზემოთ ასწია და ტანსაცმელზე უსუნა -ასეც ვიცოდი, ჩვენთვის სიურპრიზი მოამზადა

-რა სიურპრიზი? -გამიკვირდა.

-პამპერსი აქვს გამოსაცვლელი

-ფიქრობ, ამის გამო ტიროდა ამდენ ხანს?

მელინას გაეცინა.

-რა თქმა უნდა ამის გამო. მაგას შენითაც უნდა მიმხვდარიყავი, არც ისე რთული იყო

ამ სიტყვებზე, ელისაბეტის ბებიის დანაბარები გამახსენდა, ვინც მეუბნებოდა, ყოველ ნახევარ საათში შეამოწმე პამპერსი ხომ არ აქვს გამოსაცვლელიო და საკუთარი თავი უკანასკნელ იდიოტად შევრაცხე. არა, ნამდვილად არ უნდა ენდოთ ჩემთვის ამ ასაკის ბავშვი.

-კარგი, მგონი პამპერსები მის ჩანთაში უნდა იდოს, წავალ მოგიტან

-მოიცა, მოიცა, მე უნდა გამოვუცვალო?

-ამის არაფერი გამეგება, მელინა, ამ ასაკის ბავშვი ხელშიც კი პირველად დავიჭირე დღეს

-არც მე მყავს გაზრდილი ოთხი შვილი, ამიტომ, დიდი გამოცდილებით ვერც მე დავიკვეხნი

-მაგრამ ქალებს ასეთი რამები უკეთ გამოგდით ხოლმე -საცოდავი სახე მივიღე, თან აჩხავლებულ ელისაბეტს გავხედე, თითქოს მისგან დამოწმებას ველოდი.

მელინამ ერთი ბასრი მზერა მესროლა, მერე კი, ღრმად ამოიხვნეშა. რა თქმა უნდა, ჩასვრილი საფენების გამოცვლა არც მისთვის უნდა ყოფილიყო სახალისო პროცესი, თანაც სრულიად უცნობი ბავშვისთვის, თუმცა ფარ-ხმალი მაინც დაყარა და ელისაბეტთან ერთად სავარძლისკენ დაიძრა.

-მიდი, პამპერსი და სველი ხელსახოცების შეკვრა მომიტანე, ვეცდები როგორმე მოვაგვარო

-ახლავე . . . ჩათვალე მივფრინავ

ბავშვი სავარძელზე დავაწვინეთ. მელინამ, ტანზე მორგებული ვარდისფერი ბოდე გახადა და პამპერსის შესაკრავები გაუხსნა. ამ ყველაფერს იმდენად ფრთხილად აკეთებდა, ვინმე იფიქრებდა ტერიტორიის განაღმვას ცდილობსო. პამპერსის გახსნა და გულის რევის შეგრძნების მოსვლა ერთი იყო.

-ჯანდაბა, ეს რა უქნია? -მაშინვე გავატრიალე თავი გვერდზე და ცხვირზე ხელი მოვიჭირე -ბავშვი რომ მეყოლება, აუცილებლად ძიძას ავუყვან და გამოსაცვლელად ცალკე ოთახს გამოვუყოფ, რათა ასეთი საზიზღრობები არ ვნახო

მელინამ სუფთა საფენი ჩამომართვა, თან, სველი ხელსახოცებით ბავშვის გაწმენდა დაიწყო.

-ნუ წუწუნებ, შენც ზუსტად ასე აკეთებდი ბავშვობაში -მითხრა სიცილით.

-ეგ სიტყვები, გულის რევის შეგრძნების დაძლევაში ვერ მეხმარება

-დამშვიდდი, ცოტაც და მოვრჩები, შენ მანამდე ესენი გადაყარე -ძველი საფენი, დასვრილ ხელსახოცებთან ერთად, პოლეეთილენის პარკში მოათავსა მელინამ და მე გამომიწოდა -ჰო მართლა, ბავშვის ჩანთაში პუდრი არ იდო?

-პუდრი რად უნდა?

-მოკლედ, მართლა არაფრის აზრზე არ ხარ -კვლავ გაეცინა, თან თვალებით პოლეეთილენის პარკზე მანიშნა -მიდი გადააგდე ეგ რაღაც, პუდრს მე თვითონ ვიპოვი მის ჩანთაში

საფენის გამოცვლისა და გასუფთავების შემდეგ, ელისაბეტის გაუჩერებელ ტირილს მართლაც დაესვა წერტილი. იმდენად სასიამოვნოდ მეჩვენა სახლში ჩამოვარდნილი სიჩუმე, ნეტარებისგან თვალებიც კი დავხუჭე და ფსიქოლოგიურად გადაღლილი დავენარცხე დივანზე.

-შენ რომ არა, არ ვიცი რა მეშველებოდა -თვალები არც კი გამიხელია ისე ვუთხარი მელინას. ეს უკანასკნელი, ამჯერად უკვე დაწყნარებულ ელისაბეტს ეთამაშებოდა, ხალიჩაზე ჩამომჯდარი.

-შენი არ ვიცი, თუმცა ბავშვი ნამდვილად გამოუცვლელი საფენით დახვდებოდა თავის დედას

-დედას არა, ბებიას -შევუსწორე

-აჰა, ესე იგი ბებიამისმა დაგიტოვა

-კი არ დამიტოვა, შემომტენა. არადა, დასვენების დღე ნაყოფიერად უნდა გამომეყენებინა, ახლა კი იმის თავიც არ მაქვს, რომ უბრალოდ ველოსიპედით გავისეირნო ბულვარში

მელინა ჯერ დივანს მიეყრდნო, შემდეგ დაამთქნარა და ელისაბეტი, ვინც ხალიჩაზე ოთხზე მდგარი დახოხავდა, კალთაში გადმოისვა.

-მეც ძალიან დაღლილი ვარ -თქვა მან -სამსახურის შემდეგ, ათ საათამდე ვერ დავიძინე, გვერდითა სახლში გამართული წვეულების გამო, ორის ნახევრისთვის კი შენც დარეკე

-მაპატიე, არ ვიცოდი თუ ძილი დაგიფრთხე

-იმიტომ ნამდვილად არ მითქვამს, რომ პატიება გეთხოვა. დახმარების სურვილი რომ არ გამჩენოდა, საერთოდ არ მოვიდოდი, ამიტომ სანერვიულოც არაფერია

ამ დროს, თავში ერთი იდეა მომივიდა და ეს უკანასკნელი, მაშინვე გავაჟღერე :

-ისე, ახლა ბავშვსაც ძილი უწევს და მასთან ერთად ჩვენც ხომ არ დაგვესვენა?

საპასუხოდ, მელინამ თავი გააქნია.

-შენ თუ გინდა ეგრე მოიქეცი, მე სახლში მისვლის შემდეგ გამოვიძინებ

-შენთვის გეუბნები -დაკვირვებით შევაცქერდი მის მელნისფერ თვალებს, რომლებშიც დაღლილობა ნათლად იკითხებოდა -ძალიან ხარ მოთენთილი, ჯობს აქ დაიძინო და სახლშიც დასვენებული წახვიდე. სამადლობლად, ვახშამსაც მომზადებულს დაგახვედრებ როცა გამოგეღვიძება

ამჯერად, პასუხი აღარ დაუბრუნებია მელინას. მისი სიჩუმე, სავარაუდოდ იმაზე მეტყველებდა, რომ ჩემს შემოთავაზებაზე ფიქრობდა, ამიტომ გადავწყვიტე პროცესის დაჩქარებისთვის ხელი შემეწყო.

-კარგი, ნუღარ ყოყმანობ . . . შეგიძლია ჩემს ოთახში შეხვიდე და იქ გამოიძინო, ელისაბეტს მე მივხედავ. შევამჩნიე დაღლილია და მისი დაძინება არ უნდა გამიჭირდეს

-სხვის ოთახში ძილს შეჩვეული არ ვარ

-სადაც მანქანის სალონში მოახერხე ძილი ჩემთან ერთად, არც უცხო საძინებელში დაძინება უნდა გახდეს შენთვის პრობლემა

-ელისაბეტის მიხედვას მართლა შეძლებ?

-სხვათა შორის, ბავშვის სახელი არც მე ვიცი, ამიტომ ელისაბეტი დროებით დავარქვი, რათა მისთვის როგორღაც მიმემართა

-ჭკვიანური სვლაა -გაეღიმა და ბავშვს ხელის გულზე ნაზად აკოცა. იმ წამს აზრად გამიელვა, რომ მელინა საკმაოდ კარგი დედა იქნებოდა თავისი შვილისთვის.

-წადი, ნუ ღელავ -გამამხნევებლად ვუთხარი -მთავარი პრობლემა უკვე გადალახულია, დანარჩენს თავად მივხედავ. შენ, შეგიძლია მშვიდად გამოიძინო

-კარგი, კარგი -ხალიჩიდან ფეხზე წამოდგა, მერე კი ფრთხილად დამიწვინა გულზე მომღიმარი ელისაბეტი-საით არის შენი საძინებელი?

-აქედან რომ გახვალ, ხელმარჯვნივ პირველი კარია

-გასაგებია . . . აბა შენ იცი, თუ რამე დაგჭირდა, დააკაკუნე და გამეღვიძება -უკვე მთქნარებით ამბობდა ამ სიტყვებს.

-ნუ ღელავ, არა მგონია დამჭირდეს. ტკბილ ძილს გისურვებ მელინა


-გმადლობ -გასვლისას, კიდევ ერთხელ წაეთამაშა ჩემს მკლავებში მოქცეულ პატარას, შემდეგ კი მისაღებიდან ნელი ნაბიჯებით და მთქნარებით გავიდა.

ბავშვთან სრულიად მარტო დარჩენილი ფიქრებს მივეცი. რატომღაც, იმის წარმოდგენაც კი მსიამოვნებდა, რომ მელინას, ჩემს საძინებელში, ჩემივე საწოლში უნდა გამოეძინა. მომწონდა მის სიახლოვეს ყოფნა, მასთან დროის გატარება, კონტაქტი, ის რომ უბრალოდ გვერდით იყო და შემეძლო მისთვის მეყურებინა. რაღაც მხრივ მეჩვენებოდა, რომ მხოლოდ იმის გამო ღირდა აქ ჩამოსვლა, რათა ის გამეცნო და მასთან ურთიერთობა სასიამოვნო მოგონებად გამყოლოდა, კვლავ თბილისში დაბრუნების შემდეგ. ამ გოგოსთან, საწადელს აუცილებლად მივაღწევდი. უბრალოდ ცოტაოდენი მოთმინება უნდა გამომეჩინა, ყურადღებიანი და თავაზიანი უნდა ვყოფილიყავი, შემდეგ კი ყველაფერი ისე აეწყობოდა, ზედმეტად თითის განძრევაც არ დამჭირდებოდა.

იმის წარმოდგენაზე, რომ ოდესმე მელინას სხეულით ვისიამოვნებდი, მთელს ტანზე ნეტარების ტალღებმა დამიარა. მართლაც დიდი გამოწვევა გახლდათ ჩემთვის ეს გოგო. ინტერესი, რომელიც მისდამი მქონდა, უზარმაზარი იყო და უწინდელი გატაცებები, მასთან ახლოსაც ვერ მოვიდოდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ამგვარი წინააღმდეგობა, აქამდე არავის მხრიდან შემხვედრია და სწორედ ამას შევყავდი უდიდეს აზარტში.

მელინაზე ფიქრებში გართულს, მხოლოდ ჩემს გულზე დაწვენილი ბავშვის ხმამაღალი ამოსუნთქვისას გამახსენდა მისი არსებობის შესახებ. ამ უკანასკნელს, უკვე ღრმად ჩასძინებოდა, ძილისას კი, ტუჩები ისე სასაცილოდ ჰქონდა წამოწეული წინ, სახეზე ღიმილი მომადგა და გაუცნობიერებლად ვაკოცე საფეთქელთან ახლოს.

ნეტავ მელინა როგორი იყო ძილის დროს? უნდა მეღიარებინა, ამან ძალიან დამაინტერესა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ეს უბრალო ინტერესი უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა, რამაც საბოლოოდ, გიჟურ გადაწყვეტილებამდეც მიმიყვანა -მიზნად დავისახე საკუთარი ცნობისმოყვარეობისთვის საკვები გადამეგდო და მძინარე ელისაბეტთან ერთად, პირდაპირ საკუთარი ოთახისკენ გავეშურე, რათა რამდენიმე წამით მაინც დამეხედა ჩემს ლოგინში მწოლიარე მძინარე გოგოსთვის.

სიარულისას, დიდ სიფრთხილეს ვიჩენდი, რათა უნებურად ბავშვი არ გამეღვიძებინა. რაღაც მხრივ, მომწონდა კიდეც ამ პაწაწინა არსების სიახლოვე, ვისაც მიკრო ზომის თავი, იმ წამს ჩემს მხარზე ჩამოედო და მშვიდად სუნთქვას განაგრძობდა.

ნეტავ სინამდვილეში რა ერქვა? მსოფლიო მასშტაბის დამთხვევა იქნებოდა, მისი სახელი მართლაც ელისაბეტი რომ ყოფილიყო.

და, აი, ჩემი საძინებელის კარის წინაც აღმოვჩნდი. საბედნიეროდ, საკეტი არ ჭრიალებდა, ამიტომ შემეძლო ოთახში ისე უხმაუროდ შევსულიყავი, რომ მელინას არ გაღვიძებოდა. ამით დაიმედებულმა, ცალი ხელით მჭიდროდ დავიჭირე ელისაბეტი, მეორე სახელურისკენ წავიღე და ის-ის იყო, შიგნით უნდა შევსულიყავი, რომ გზად დაბრკოლება გადამეღობა. ოთახის კარი შიგნიდან ჩაკეტილი გახლდათ და მისი გაღება, მხოლოდ ზღურბლის მეორე მხარეს მყოფს შეეძლო.

ასე, რატომ მოიქცა, შეეშინდა? თავი უხერხულად იგრძნო? დაფრთხა? ამ კითხვებზე პასუხი არ მქონდა, თუმცა ფაქტი იყო გეგმები ჩამივარდა.

იმედგაცრუებული, კარს ზურგით მივეყრდენი. რამდენიმე წამით, მხოლოდ ერთ ამოჩემებულ წერტილს ვუყურებდი, მოპირდაპირე კედელზე. გონებაში, თითქოს ყველაფერი ნელ-ნელა მილაგდებოდა -ჩემი და მელინას პირველი შეხვედრიდან დაწყებული, დღევანდელი დღით დამთავრებული და მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივდიოდი -იგი მე არ მენდობოდა.

ალბათ, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რის გამოც, დაძინებამდე კარი შიგნიდან ჩაკეტა და შიგნით შესასვლელად ყოველგვარი გზა მომიჭრა. ყრუ ტკივილი მაგრძნობინა გულში ამის გაცნობიერებამ. ალბათ, აღარც განწყობა გამიუმჯობესდებოდა მთელი დღის განმავლობაში.



8 8 8 8

საღამო ხანი იდგა. სამუშაო საათების დაწყების წინ, განსატვირთად, ზღვის ნაპირას ვიჯექი და ყოველ მოახლოებულ ტალღას, თითო ქვას ვესროდი, მუჭში დაგროვებული "კოლექციიდან".

ზღვის ნაპირას ჯდომა და სივრცეში ყურება, ჩვენს ოჯახში, ყველაზე მეტად, მე და ელისაბეტს გვიყვარდა. მახსოვს, საათობითაც კი ვიჯექით ამ პეიზაჟის წინ და სახლში მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ ვბრუნდებოდით ხოლმე.

როგორ მენატრებოდა ის დრო და ჩემი პატარა დაიკო. მისი არყოფნა, მუდამ სხეულის დაკარგული ნაწილივით მაკლდა და ამ ტკივილს, გამუდმებით გულით დავატარებდი.

ლისას (როგორც მას მე ვეძახდი) დაკარგვის შემდეგ, მუდამ ვცდილობდი სახლში არ მივსულიყავი, თავი ყველასგან შორს დამეჭირა და დღე და ღამე, კლუბებსა და ბარებში ვათენებდი. შემდეგ დაიწყო გოგონების დაუსრულებელი სერია. თუ აქამდე ურთიერთობა მხოლოდ მათთან მსურდა, ვინებიც ჩემთვის ნაცნობები იყვნენ, ახლა ყოველ დილით სხვადასხვა გოგოს სახლში ვიღვიძებდი ხოლმე და დღის ბოლოს, მათი სახელებიც კი მავიწყდებოდა.

მხოლოდ ასე შემეძლო იმ ტრაგედიაზე არ მეფიქრა, რამაც ჩვენი ოჯახი კინაღამ დაშალა და ნანგრევების ქვეშ მოიყოლა.

თავდაპირველად, ამ ყველაფერს მხოლოდ იმ პრობლემისგან გასაქცევად ვაკეთებდი, რაც ჩემს გულს ყველაზე მეტად აწუხებდა, თუმცა ნელ-ნელა, გოგონების სიმრავლე, მათთან გრძნობების გარეშე გატარებული ღამეები და ყოველივე ამდაგვარი, უკვე იმ ჩვევაში გადამეზარდა, რომლის გარეშეც, უკვე ვეღარანაირად ვერ წარმომედგინა, რადგან რვა თვის განმავლობაში, სწორედ მსგავსი წესებით ცხოვრებით ვიყავი დაკავებული.

ლისას წასვლის შემდეგ, ყველანი შევიცვალეთ. აარონი, გულჩათხრობილი გახდა და საკუთარ თავში ჩაიკეტა, ნიცამ ჯიუტობა და ჭირვეულობა დაიწყო, მე კი, ვინც ერთ დროს გამოუსწორებელ რომანტიკოსად ვითვლებოდი, ახლა გრძნობების გარეშე დავიწყე მოქმედება. თითქოს უგულო არსება ვიყავი, ვისაც ქალისგან მხოლოდ სხეული სურდა და ყველაფერ სხვას არავითარ მნიშვნელობას აღარ ანიჭებდა.

ზღვის ტალღები კვლავ დაუსრულებლად განაგრძობდნენ მელოდიურ შრიალს. მსიამოვნებდა ამ ხმის მოსმენა, მარილიანი სურნელი და ოდნავი სიო, რომელიც პირდაპირ სახეში მეცემოდა, ჩახუთულობით სავსე დღის შემდეგ.

ჰორიზონტის ხაზზე დაკვირვების პროცესში, მხოლოდ კარგა ხნის მერე თუ ვიგრძენი მარცხენა ჯიბეში ჩადებული მობილურის სუსტი ვიბრაცია. მართალია, იმ წამს ვინმესთან საუბარი ყველაზე ნაკლებად მსურდა, თუმცა როდესაც ტელეფონის ამოღების შემდეგ ეკრანზე ჩემი ტყუპისცალის სახელი ამოვიკითხე, ვინც ვიდეო-ზარით ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას, წინანდელი ყურმილის დაკიდების იდეა მაშინვე წარმოსახვით სანაგვე ყუთში მოვისროლე და მწვანე ღილაკს თითი დაუფიქრებლად დავაჭირე.

-რა იყო, უკვე ვეღარ ძლებ ჩემს გარეშე? -მაშინვე ვუთხარი, როგორც კი ეკრანზე მისი სახე გამოისახა. სახლში აშკარად არ იყო, რადგან მანქანების ხმა ისმოდა, ხოლო მის უკან, მწვანეში ჩაფლული სკვერი მოჩანდა.

-შენ თვითონ თუ ძლებ ჩემს გარეშე? ზუსტად -ვიცოდი კითხვას შემომიბრუნებდა და ასეც მოიქცა -ამდენი ხნით უერთმანეთოდ დიდი ხანია აღარ ვყოფილვართ და ცოტა მიჭირს

-აჰა, ანუ გენატრები

-ზუსტად ვიცი, შენ ორჯერ უფრო მეტად გენატრები, ვიდრე მე -ენა გამომიყო და უკეთესად შემათვალიერა -მგონი ცოტათი გარუჯული ხარ

-არ ვიცი, არ შემიმჩნევია. შენ სად ხარ, დღეს სამსახურიდან ისვენებ?

ნიცამ თავი მხიარულად დამიქნია.

-ჰო, უიქენდი მაქვს და გადავწყვიტე ცოტა გამესეირნა. აქეთ ცოტა მეგობარი შევიძინე და თუ რამე მათაც მივწერ. ჰო მართლა, აარონმა მითხრა, რომ ორ კვირაში მაგ სასტუმროში კორპორაციული საღამო იგეგმება თანამშრომლებისათვის. თვითონაც აპირებს ჩამოსვლას, ანასტასიასთან ერთად და სავარაუდოდ, მეც გამოვყვები

-მართლა? -გულწრფელად გამიხარდა, რადგან ყველას ნახვა ძალიან მინდოდა, ჩემი რთულ მდგომარეობაში ჩამგდები უფროსი ძმის ჩათვლით.

-ჰო, მართლა . . . ამ დღეებში ანასტასიას ვთხოვ რამე ძალიან მოდური კაბის ასარჩევად გამყვეს მაღაზიებში. მის გემოვნებას ვენდობი

-ისე, როგორი ურთიერთობა აქვთ მას და აარონს? კვლავ ისეთი, როგორიც ადრე, თუ ერთმანეთი ნელ-ნელა ყელში ამოსდით?


-ყელში ამოსდით? -ნიცამ თავი სიცილით გადააქნია -რა მობეზრებაზეა საუბარი, მათი შემყურე, ნელ-ნელა მეც კი ვიჯერებ, რომ სიყვარული არსებობს

გამიხარდა ამის მოსმენა. ჩემი ძმისა და ანასტასიას ურთიერთობის საწყის ეტაპზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ აარონს იგი აუცილებლად მობეზრდებოდა, როგორც კი მისგან ყოველგვარ სასურველს მიიღებდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. აღნიშნულ წამს, პირველად დავფიქრდი იმაზე, თუ რა იქნებოდა მაშინ, არც მე რომ არ მომბეზრდებოდა მელინა, მას შემდეგ, რაც საწადელს ავისრულებდი? იქნებ, მისი გაშვება არც თავად მომდომებოდა? იქნებ, სურვილი გამჩენოდა კიდევ დიდხანს დარჩენილიყო ჩემთან?

-ჰეი, რაზე ჩაფიქრდი? -ნიცას ხმამ გამომაფხიზლა და მზერა კვლავ ეკრანს მივაპყარი, საიდანაც, ჩემი ტყუპისცალი დაკვირვებით მათვალიერებდა.

-არაფერზე, არაფერზე, უბრალოდ თუ საქმე ასე კარგად მისდით, მაშინ მალე ქორწინებასაც უნდა ველოდოთ, არა?

-არც ეგაა გამორიცხული -გაეღიმა ნიცას -შენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მინდა აარონის შვილი რაც შეიძლება მალე დავიჭირო ხელში. თითქმის სულ მასთან ვიქნები და ძალიან ბევრ რამეს ვასწავლი ხოლმე

-ნიცა, ბავშვის ფსიქიკის ნორნალურად ჩამოყალიბებისთვის უკეთესი იქნება თუ შენთან რაც შეიძლება ცოტა დროს გაატარებს

-და ამას მეუბნება ნომერ პირველი ერთუჯრედიანი, ვინც ქალების იქეთ ვეღარავის ხედავს -ენა გამომიყო -ჰო მართლა, ქალებზე გამახსენდა, მანდ ჯერ არავისზე დაგიდგამს თვალი? დარწმუნებული ვარ, მარტო დიდხანს ვერ გაძლებდი

-და შენ როდის აქედან ინტერესდები ჩემი პირადი ცხოვრებით?

-დღეიდან . . . მიდი, ამოღერღე თუ რამე გაქვს მოსაყოლი

-სათქმელი არაფერია, ჯერჯერობით ჩვენს შორის არაფერი ხდება -ვუთხარი და მელინას გახსენებაზე, სახეზე ღიმილი მომადგა -თუმცა ეს დროებითია, მალე აუცილებლად ვრცლად გიპასუხებ მაგ შეკითხვაზე

-აჰა, ანუ გეჯიუტება და არ გიკარებს -სიცილით გააკეთა დასკვნა ნიცამ -რომ იცოდე, აქაური გოგონები მიუწვდომლების როლს ხშირად თამაშობენ, ამიტომ მაგან არ მოგატყუოს, ძამიკო -მერე, ცოტა ხნით გამომცელად მაკვირდებოდა, სანამ ისევ არ ალაპარაკდა :- ჰო მართლა, მაინტერესებს როგორ გამოიყურება შენი ახალი რჩეული, სადმე მისი ფოტოც ხომ არ მოგეპოვება?

-რა მოხდა გემოვნება უნდა შემიფასო? -მეც გამომცდელად შევხედე, თან გამახსენდა, რომ მართლაც მქომდა მელინას ერთი ფოტო-სურათი, რომელიც ჩუმად გადავუღე მაშინ, როდესაც ავტოსადგომზე დაყენებულ თავის მანქანაში ჯდებოდა, სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ.

საკმაოდ ლამაზი კადრი მქონდა დაჭერილი. ადრიანი დილის ნიავს, მისი თაფლისფერი თმა მარცხენა მხარეს ჰქონდა წაღებული, ხელით მანქანის კარს ჩამოყრდნობოდა და გვერდზე იყურებოდა. ამ სურათს ხშირად ვუყურებდი ხოლმე ძილის წინ, ზოგჯერ, გადაბმულად რამდენიმე წუთიც კი, თუმცა მაინც არ მბეზრდებოდა. თითქოს მაჰიპნოზებდა კიდეც და უნარს მართმევდა მისთვის თვალი მომეწყვიტა.

-ჰო, უნდა შეგიფასო -თავდაჯერებით განმიცხადა ჩემმა ტყუპისცალმა -შეიძლება დატვირთული სამუშაოსა და რთული გრაფიკის გამო, აზროვნების უნარიც დაგიქვეითდა და ვინმემ ხომ უნდა მოგიყვანოს გონს?

-ალღო მკარნახობს, სანამ მიზანს არ მიაღწევ, მანამ არ მომეშვები, ამიტომ ჯობს დავნებდე

-აშკარად უკეთესად აზროვნებ, ვიდრე ადრე, ალბათ ბათუმის ჰაერმა იმოქმედა

პასუხად აღარაფერი მითქვამს. ამის მაგივრად, მობილურის ფოტო-გალერიაში შევედი და ვინაიდან, მელინა არც ერთ სოციალურ ქსელში არ იყო დარეგისტირებული, ნიცას ჩემს მიერ მალულად გადაღებული ფოტო გავუგზავნე, რათა მისი ცნობისმოყვარეობა ნაწილობრივ მაინც დამეკმაყოფილებინა.

-მორჩა, პირობა შესრულებულია

-ჰოო? აბა, ვნახოთ ამჯერად ვინ ამოიღო მიზანში ჩემმა კაზანოვა ძამიკომ -ნიცა ეკრანს დაკვირვებით მოაშტერდა, რამაც მიმახვედრა, რომ ფოტო-სურათი გახსნა და ახლა მასზე გამოსახული ადამიანის შესწავლით გახლდათ დაკავებული.

სანამ ჩემი ტყუპისცალი, თავის პატარა "გამოძიებაში“ იყო ჩაბმული, ტელეფონს თვალი მოვაშორე და კვლავ ჩემს წინ გადაშლილი უკიდეგანო სილურჯე მოვაქციე მზერის ფოკუსში. ტალღების ზომა თანდათანობით მატულობდა და ზღვაში აქა-იქ მობანავე ხალხიც ნელ-ნელა მოიწევდა ნაპირისკენ. ზოგადად, განსატვირთად და ჩამოსაჯდომად, ყოველთვის სანაპიროს იმ ნაწილს ვარჩევდი ხოლმე, სადაც ხალხმრავლობა ყველაზე ნაკლებად იყო. სწორედ აქ ვნახე პირველად მელინაც და ზუსტად აქ მოვუსმინე, მის მიერ შესრულებულ "ცვლილების ქარსაც".

-არ არსებობს! -ნიცას აჟიტირებული ხმა, ლამის მთელმა პლაჟმა გაიგო და მეც მაიძულა ზღვის ტალღებისთვის თვალი მომეწყვიტა.

-რა იყო, რა გაყვირებს?

-ანტონია დევდარიანი მოგწონს?

-რა ანტონია, მელინა ჰქვია და ჩემთან ერთად მუშაობს, ბარისტად -აშკარად გამაკვირვა ნიცას სიტყვებმა.

-არა, არა, ეს გოგო პირველად მაშინ ვნახე, როდესაც ოთხი წლის წინ, ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვაკითხე აარონს და მასთან ერთად, მისი პარტნიორის დაბადების დღის წვეულებაზე წავედი. ერთ-ერთი უმდიდრესი თბილისელი ბიზნესმენის, დავით დევდარიანის შვილია

-ალბათ ვიღაცაში გეშლება

-გამორიცხულია… მართალია, მაშინ ჩოლკას ატარებდა და დაახლოებით ჩვიდმეტი წლისა თუ იქნებოდა, მაგრამ მაინც კარგად დამამახსოვრდა, რადგან იმ წვეულებაზე საჯაროდ სთხოვა ხელი ერთმა ბიჭმა და მანაც ყველას თვალწინ სტკიცა უარი. მახსოვს, იმ ბიჭის სახეზე ძალიან ბევრი ვიცინე

-ნიცა, სისულელეს ამბობ -ვუთხარი დარწმუნებით -თუ ასეთი მდიდარი ბიზნესმენის შვილია, აარონის სასტუმროში რატომ უნდა მუშაობდეს და ღამის ცვლებში რატომ უნდა იტანჯავდეს თავს?

-იქნებ, ისიც შენსავით დასჯილია და ცუდი მოქცევის გამო, მშობლებმა ყური აუწიეს?

-ასეთი დამთხვევების არ მჯერა, ნიცა . . . ამასაც რომ თავი დავანებოთ, ამ გოგოს მელინა ჰქვია და არა, ანტონია, როგორც ცოტა ხნის წინ თქვი

-ჰო, მაგრამ . . .

-ამბობ, ბოლოს ოთხი წლის წინ ვნახეო, შეცდომის ალბათობა ძალიან დიდია

-არ ვიცი, არ ვიცი -თავი გადააქნია ამის თქმისას -ისიც შესაძლებელია, რომ ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ

-მეც ეგ ვარიანტი უფრო ლოგიკურად მიმაჩნია -საათს დავხედე ამის თქმისას, რომელმაც მამცნო, რომ სამუშაო დროის დაწყებამდე, სულ რაღაც ოცი წუთი მქონდა დარჩენილი.

სანაპიროდან "ქვიშის ქარიშხლამდე" დაახლოებით ათი წუთის გზა იყო. ველოსიპედი, სანაპირო ზოლიდან საკმაოდ მოშორებით მქონდა დატოვებული. მისი საშუალებით მანძილს უფრო სწრაფად დავფარავდი და შემეძლო კიდევ დიდხანს ვმჯდარიყავი ზღვის ტალღების ცქერაში, თუმცა რატომღაც ეს აღარ მინდოდა. მსურდა, რაც შეიძლებოდა მალე მივსულიყავი სასტუმრომდე და მელინა მენახა. იგი ჩვეულებრივ, დროზე ადრე მიდიოდა ხოლმე სამსახურში და სავარაუდოდ, უკვე ადგილზეც უნდა დამხვედროდა.

-ნიცა, სხვა დროს დაგირეკავ, ახლა უნდა გავთიშო, სამუშაო მიხმობს

-ჰო, ჰო, დამავიწყდა, რომ დღეს მხოლოდ მე ვისვენებ, შენ კი, წელში გაწყვეტის დღე გაქვს

-გმადლობ გამხნევებისთვის
-არაფრის, ძამიკო, აბა შენ იცი, მიტანისას ჭიქები არ გაგიტყდეს თორემ ხელფასიდან ჩამოგაწერენ -სიცილით მითხრა, ხელი დამიქნია და ჩვენს შორის კავშირიც ამ სიტყვებით გაწყვიტა

ნიცასთან საუბრის შემდეგ, აღარც მე დამიცდია დიდხანს. ზღვიდან უკვე სველი ქარი უბერავდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მალე წვიმასაც დაუშვებდა, ამიტომ, სწრაფად წამოვდექი ფეხზე, ბოლო ქვა ვესროლე ნაპირისკენ წამოსულ ტალღას, კიდევ ერთხელ დავხედე მაჯის საათს და პირდაპირ ჩემი ველოსიპედისკენ გავეშურე.




* * *


სამსახურში მისულმა, საკმაოდ სამწუხარო ამბავი გავიგე. თურმე მელინა რომელიღაც მიმტანის მაგივრად მუშაობდა, სასტუმროს რესტორანში, ვისაც პირადი პრობლემების გამო, რამდენიმე საათით ჩანაცვლება ეთხოვა მისთვის. აქედან გამომდინარე, საწყის ეტაპზე, ბარში, მხოლდ მე და ენკეს მოგვიწევდა მორიგეობა, რითაც დიდად აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვიყავი. ვგრძნობდი, რომ მის გარეშე უინტერესო იქნებოდა ყოველი წამი, წუთი და საათი. მართალია, მელინაც ამ შენობაში იმყოფებოდა ჩემს მსგავსად, თუმცა მაინც არ მომწონდა ის ფაქტი, რომ გარკვეული დრო მის სახეს ვერ ვიხილავდი და მხოლოდ ენკესთან მომიწევდა სმენის განაწილება.

ბარი ნელ-ნელა ხალხით ივსებოდა. დღეს საჭმელს თითქმის არავინ უკვეთავდა, ძირითადად, ყველანი სასმელით კმაყოფილდებოდნენ და ერთმანეთში მხიარული საუბარი ჰქონდათ გამართული.

კლიენტთა სიმრავლის მიუხედავად, მე და ენკე მაინც კარგად ვუმკლავდებოდით, რადგან წვიმის გამო ვერანდაზე არავინ იჯდა და ამის გამო, ერთმანეთში სასაუბრო დროც გვრჩებოდა პერიოდულად.

-Dude, რაღაც უსიამოვნო უნდა გითხრა -სიცილით მახარა დარბაზის შუა გულიდან, კიდევ ერთი ცარიელი სინით ხელში მობრუნებულმა ენკემ, ვისაც ყელზე ბაფთა ოდნავ შეეხსნა და შიგადაშიგ, აწვალებდა კიდეც ამ უკანასკნელს. ენკე უკვე საკმაოდ კარგად მყავდა შესწავლილი და ვიცოდი, რომ ბაფთის წვალებას მხოლოდ მაშინ მიმართავდა, როცა ვიღაცისთვის რაღაცის თხოვნა სურდა. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე არაფერი მეთქვა და დამეცადა, სანამ თავად მივიდოდა შემოვლითი გზიდან, მთავარ სათქმელამდე.

-რა უნდა მითხრა? -სხვათა შორის ვკითხე.

-ის, რომ შენი ჯულიეტას გარეშე, სიკვდილმისჯილი პატიმარივით ჩამოგტირის სახე

-ჩამომტირის თუ არ ჩამომტირის, საქმეს მაინც ჩვეულებრივად ვაკეთებ -მერე გამეცინა და დავამატე :- როგორც დიადი თორნიკე ჯაყელი იტყოდა, სტუმარს ყოველთვის უნდა გავუღიმოთ

-ჩვენთვის მთავარი სტუმრისთვის კომფორტის შექმნა და მისთვის სიამოვნების მინიჭებაა -თორნიკეს ხმა და გამომეტყველება მიიღო ამის თქმისას ენკემ, რაც მართლაც რომ შესანიშნავად გამოუვიდა და ჩემი მჟავე სიფათისთვის, ცოტაოდენი მხიარულების მინიჭებაც შეძლო.

-ყოჩაღ, პაროდისტის ნიჭი ნამდვილად გაქვს -შევაქე.

-ჰოო? თუ ასეა, შენთან ერთი თხოვნა მექნება -შეპარვით შემომიგდო სიტყვა, თან ბაფთის წვალება განაგრძო და კიდევ ერთხელ დამარწმუნა ჩემი ლოგიკის ძლევამოსილებაში.

-მაინც, რა თხოვნა?

-შენი სახლი უნდა მათხოვო ერთი ღამით -ყოველგვარი შესავლის გარეშე, პირდაპირ მომახალა.

-ჩემი სახლი? და რატომ?

-იმიტომ, რომ გოგოსთან მინდა მარტო დარჩენა, საკუთარ ბინაში კი, ამის საშუალება არ მაქვს, რადგან ჩემი ძმა, თავისი ოჯახიანად ჩემთან იცხოვრებს რამდენიმე დღით, სანამ მათი სახლი გარემონტდება

-კარგი, ეს გასაგებია, მაგრამ მე სად წავიდე ამ დროს? სანაპიროზე გავათიო ღამე? ხომ იცი, სასტუმროს ფული არ მაქვს

-იცი რა სასიამოვნოა ზღვის ტალღების ხმაში დაძინება? -მუდარის თვალებით შემომხედა ენკემ ამის თქმისას, რითაც მიმახვედრა, რომ სწორედ სანაპიროზე ძილისთვის მიმეტებდა.

-სხვა ვარიანტი არ გაფიქრდება? რაღაც ღია ცის ქვეშ ძილის პერსპექტივა მაინცდამაინც არ მხიბლავს

-სცადე, იქნებ არც ისე ცუდია, როგორც თავად ფიქრობ?

-თუ ღირს მაინც ეგ გოგო ჩემს ამდენ წვალებად? -გამომცდელად გავხედე და იმ წამს, ისიც წარმოვიდგინე, როგორ ვიძინებდი შეზლონგზე, ზღვის შრიალის ხმაში.

-ღირს, ძმაო, თანაც როგორ -თვალები გაუბრწყინდა ენკეს თავის რჩეულზე საუბრისას -მარტო მისი დანახვისასაც კი ნერწყვების ყლაპვა მახრჩობს. ძლივს რაღაც შანსი მომეცა და ძალიან გთხოვ, უარი არ მითხრა, თორემ იმათ სიაში ჩაგწერ, ვისზეც მომავალში შური უნდა ვიძიო

-ეგეთი სია მართლა გაქვს? -გამეცინა.

-არა, მაგრამ დღესვე შევადგენ და შენ პირველ რიგში ჩაგწერ

-უღრმესი მადლობა ამხელა პატივისთვის

-არაფრის, ძმაო . . . ახლა მითხარი თანახმა ხარ, თუ არა?

კითხვის დასმისას ჩაფიქრებული სახე მივიღე. მართალია, არ მიყვარდა ჩემს პირად სივრცეში ვინმეს შეშვება და არც გარეთ დაძინების ვარიანტით ვიყავი დიდად აღფრთოვანებული, თუმცა, რაღაც ძალა მაინც მაიძულებდა უარი არ მეთქვა და საბოლოოდ, გადავწყვიტე მეც ამ ძალას დავმორჩილებოდი.

-კარგი, კარგი, შეგიძლია ერთი დღით იქაურობა ისე გამოიყენო, როგორც გინდა, ოღონდ ჩემს საძინებელში შესვლა არც კი გაიფიქრო!

ენკეს სახეზე, სიხარული და შვება ერთდროულად გამოისახა. ამის შემდეგ, ისე უეცრად მომეხვია, რომ სიტყვის თქმაც ვეღარ მოვასწარი.

-ძმა ხარ, რა, სულ მქონდა შენი იმედი -მითხრა მხიარულად -შენს ოთახს რაც შეეხება, იქ ცალ ფეხსაც არ შევდგამ, ენკე ტაბიძის პატიოსან სიტყვას გაძლევ -ცალი ხელის გული მაღლა ასწია ფიცის ნიშნად.

-კარგი, თუ ასეა, სამუშაოდ დღის ბოლოს შემახსენე და სახლის გასაღებს მოგცემ

-მადლობა, ნამდვილი მეგობარი ხარ -მხარზე ხელი დამარტყა მან -ახლა კი საქმეს მივხედოთ, თორემ ჯაყელმა თუ ასე უსაქმურად გვნახა, დღესვე გაგვყრის აქედან

-სიხარულისგან ცეკვასაც კი დავიწყებდი, ჩემი აქედან გაგდება მხოლოდ ჯაყელზე რომ იყოს დამოკიდებული

-რას გულისხმობ? -ეჭვით ჩამეკითხა ენკე და იმ წამს, მეც მივხვდი, რომ ზედმეტი წამოვროშე. საჭირო იყო სიტუაცია როგორმე გამომესწორებინა :

-არა, არაფერს, უბრალოდ გუშინ ცუდად მეძინა და რაღაცებს ვურევ -მივუგე სწრაფად, თან ბარის მაგიდაზაზე შემოდებულ წიგნაკს დავწვდი -წავალ, ახალი სტუმარი შემოვიდა და შეკვეთას ავიღებ. შენ მანამდე მონიტორზე მაგიდა გახსენი

-წარმატებები, Dude, ეგკაცი The Most Of პრეტენზიული ვინმეა, მათ შორის ვინც კი აქამდე მინახავს

-ასეთი ვინაა?

-დავით დევდარიანი - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი ჩვენს ქვეყანაში, ვისაც ჰგონია, რომ დედამიწა საკუთარი ღერძის კი არა, Only მის გარშემო ბრუნავს


ამ სახელის და გვარის გაგონებაზე, ნიცასთან სატელეფონო საუბარი გამახსენდა, როცა მელინას ორეულ -ანტონია დევდარიანსა და მამამისზე მიყვებოდა, ვინც, როგორც გავიგე, აარონის საქმიან პარტნიორად ითვლებოდა.

სავარაუდოდ, ეს კაცი სწორედ ის უნდა ყოფილიყო, ვისზეც მე და ჩემს ტყუპისცალღერ რამდენიმე საათის წინ გვქონდა საუბარი. აი, დამთხვევაც ამას ერქვა.

-კარგი, ვნახოთ ამჯერად რა პრეტენზიები გაუჩნდება -მაგიდასთან პლანშეტით ხელში მჯდომ დავითს, კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ამის თქმისას, თეთრი ტილო მკლავზე გადავიფინე და პირდაპირ მისკენ დავიძარი.

როგორც ეტყობოდა, ტიპური ამაყი მდიდარი იყო, ვინც მომსახურების სფეროს თითოეულ წარმომადგენელს, მონასავით ეპყრობოდა ხოლმე. ეს, პირველივე მიახლოებისას შევნიშნე, როცა ჩემი მისვლისას, სახეშიც კი არ შემოუხედავს ისე მომახალა ერთი ბოთლი ირლანდიური ვისკი მომიტანე, ლიმონთან ერთადო.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს არც მე ვითვლებოდი დაბალი ფენის წარმომადგენლად, ჩემზე ვერავინ იტყოდა, სასტუმროებში ან რესტორნებში, მიმტანების მიმართ უპატივცემულობას იჩენს და მათ ზემოდან დაჰყურებსო. პირიქით, მუდამ მაღიზიანებდნენ ხოლმე ცხვირაწეული პიჟონები, რომელთაც თავი ქვეყნის მბრძანებლები ეგონათ მხოლოდ იმის გამო, რომ ჯიბეები ფულით ჰქონდათ გამოვსებული. დავით დევდარიანმაც სწორედ ამგვარი შთბეჭდილება დატოვა ჩემზე. აღნიშნულმა ფაქტმა, მაშინვე მიმახვედრა, თუ რატომ მისურვა ენკემ წარმატებები, როდესაც ამ ტიპის მაგიდისკენ მაცილებდა შეკვეთის ასაღებად.

-გასაგებია, ახლავე მოგართმევთ. კიდევ ხომ არაფერს დაამატებდით?

-თუ რამის დამატება მომინდება, მეორედაც დაგიძახებ -კვლავ ისე მომიგო, ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს. როგორც ჩანდა, სიმდიდრე, ბევრ ადამიანს, ზრდილობის ნორმების დაკარგვისკენ უბიძგებდა.

დავითის მაგიდა ისე დავტოვე, მისთვის პასუხი აღარ დამიბრუნებია. მხოლოდ ბართან მდგომ ენკეს გადავეცი მისი შეკვეთა და თაროდან ირლანდიური ვისკის მთლიანი ბოთლიც ჩამოვაღებინე.

-რაო, კარგი შთაბეჭდილება დატოვა ბატონმა დევდარიანმა? -სიცილით მკითხა, როგორც კი წინასწარ გამზადებული, დაჭრილი ლიმონი ლანგარზე დამიდო მან.

-იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი

-ეს მართლა ზუსტად თქვი

-მიდი, ჭიქა მომეცი და შეკვეთას მივუტან

-ჰო, ეგ სულ დამავიწყდა -მაგიდის ზემოთ მიმაგრებული სათავსოდან, სადაც მინის ჭურჭელი თავდაყირა იყო დამაგრებული, ერთ-ერთი მათგანი ჩამოიღო, თან გარედან კიდევ ერთხელ გადაუსვა სუფთა ტილო -ეს, ყოველი შემთხვევისთვის, რათა არ თქვას ნათითურები ამჩნევიაო

ამ სიტყვებზე, ღრმად ჩავისუნთქე. როგორც ჩანდა, ეს ტიპი ნამდვილი სასჯელი იყო და ენკესაც უკვე საკმაოდ კარგად ჰქონდა შესწავლილი მსგავსი კატეგორიის ადამიანებთან გამოსაყენებელი მარტივი წესები.

ლანგარი ფრთხილად ავიღე და შესაბამისი მაგიდისკენ ნელი ნაბიჯებით დავიძარი. დავითი კვლავ თავის პლანშეტს ჩაშტერებოდა, თან ყურსასმენებიც მოერგო და თუ მისი ტუჩების მოძრაობით ვიმსჯელებდით, ვიღაცას ესაუბრებოდა. შეკვეთის დალაგებისას, ბარში აჟღერებული მუსიკის ფონზე, ბუნდოვნად თუ მესმოდა დევდარიანის სიტყვები, მაგრამ ის აზრი მაინც გამოვიტანე, რომ საუბარი სამსახურს შეეხებოდა და სავარაუდოდ, ყურმილის მეორე მხარეს მისი საქმიანი პარტნიორი უნდა ყოფილიყო.

შეკვეთა მაგიდაზე მაქსიმალურად სწრაფად დავალაგე. არც ჩვენი ეტიკეტით განსაზღვრული სიტყვები -"გემრიელად მიირთვით" დამვიწყებია და ის-ის იყო უკან უნდა გამოვბრუნებულიყავი, რომ მოულოდნელად, იმ წამს, შეტყობინების მოსვლისგან განათებულ, მისი მობილურის ეკრანს მოვკარი თვალი, რომლის Screen Lock-ზეც, თაფლისფერთმიან გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო ეყენა. ეს უკანასკნელი, საოცრად მივამგვანე მელინას და კიდევ ერთხელ გამახსენდა ჩემი და ნიცას დიალოგი დავით დევდარიანის ქალიშვილ, ანტონიაზე, ვინც მართლაც რომ წყლის ორი წვეთივით ჰგავდა ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ ადამიანს.

როდესაც ნიცას აღნიშნულ თემაზე ვესაუბრებოდი, ამგვარ მსგავსებას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. გაოცებულიც კი დავრჩი და საკუთარ ფიქრებში მყოფმა, ისიც ვერ გავაანალიზე, რომ კვლავ დევდარიანის მობილურს დავშტერებოდი, ფეხმოუცვლელად. გონს, სწორედ ამ უკანასკნელის ხმამ მომიყვანა. როგორც ეტყობოდა, ჩემი ჯერ კიდევ იქ ყოფნით, მაინცდამაინც ნასიამოვნები არ ჩანდა :

-ვერ მეტყვით, კვლავაც თავზე რატომ მადგახართ? -მკითხა უკმაყოფილოდ -რაღაც არ მახსოვს, პირად დაცვად ამეყვანეთ

მისმა უხეშმა ტონმა ძალზედ გამაღიზიანა, თუმცა ამისდა მიუხედავად, წყობიდან გამოსვლის უფლება, ჩემს თავს არც ამჯერად მივეცი.

-იცით, ეგ არც მე მახსოვს -მივუგე ოლიმპიური სიმშვიდით -მაგრამ თუ ვაკანსიები გაქვთ, დიდი სიამოვნებით მოვისმენ პირობებს, იქნებ დამაინტერესოს

-ეს უკვე საინტერესოა -ფართედ გაეღიმა ჩემს სიტყვებზე, მობილურის ეკრანი ღილაკზე თითის მიჭერით ჩააქრო და სკამის საზურგეს მიაწვა -აქამდე, ამ დაწესებულებაში ასეთი თავხედი მიმტანი არ შემინიშნავს. საინტერესოა, ზურგს ვინ გიმაგრებთ?

-არ ვფიქრობ, რომ ვინმესგან ზურგის გამაგრება მჭირდება -კვლავ ზრდილობიანად მივუგე, მიუხედავად იმისა, რომ ამ წამს საერთოდ არ მსურდა ზრდილობის ჩარჩოებში მოქცევა -თუ კიდევ რამის დამატება მოგინდებათ, მაცნობეთ. ახლა კი, თქვენის ნებართვით, სხვა სტუმრებსაც უნდა მივხედო. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ . . .

დევდარიანის მაგიდას ისე მოვშორდი, მისი საპასუხო "დარტყმისთვის" არც დამიცდია. საათი უკვე ღამის თერთმეტს უჩვენებდა, თუმცა წინა დღეებთან შედარებით, დროის ამ მონაკვეთში, ხალხის ნაკადი იმდენად დიდი არ გახლდათ. ეს სავარაუდოდ იმიტომ, რომ ცუდი ამინდების გამო ფრენები ორი დღით გადაიდო და წინასწარ დაჯავშნილ ნომერთა უმრავლესობა, ჯერ კიდევ თავისუფალი გახლდათ.

-როგორც ჩანს, ეს ღამე ნაკლებად გადატვირთული იქნება -კმაყოფილებით აღნიშნა ენკემ, თან თავისთვის ლატეს მზადება დაიწყო.

-ჰო, მგონი მართალი ხარ

-შენც ხომ არ გინდა? -თვალებით მანიშნა ყავის აპარატისკენ.

-მინდა, ოღონდ ჩემთვის ამერიკანო გააკეთე

-გაგიმართლა, ამერიკანო ყველაზე კარგად გამომდის -აღნიშნა თავმომწონედ -სხვა რამებშიც არაჩვეულებრივი ვარ რა თქმა უნდა

-ეგეთი სიტყვები შენი გოგოებისთვის შემოინახე, თავის მოსაწონებლად

-შენ არ მოგწონვარ, ფისო? -წარბების თამაშით გადმოიხარა ჩემკენ ამის თქმისას.

-გაჩუმდი, სანამ ყბაში მოგდე

-კარგი, კარგი -გაეცინა და კვლავ ყავის აპარატს მიუბრუნდა წამოწყებული საქმის დასასრულებლად . . .

ენკეს მომზადებული ამერიკანო, მართლაც საჭიროებდა დამსახურებულ შექებას. ტრადიციული ინგრედიენტების გარდა, კიდევ რაღაც სხვაც ჰქონდა გარეული, თუმცა კონკრეტულად რა, ეს ვერაფრით ვერ დავაცდენინე. რაც არ უნდა ყოფილიყო საიდუმლო რეცეპტი, ცხელი კოფეინი მაინც წამადგებოდა ენერგიის შესანარჩუნებლად, ამიტომ, გადავწყვიყე აღარაფერი მეკითხა ზედმეტი ჩაძიების გარეშე განვაგრძე ჩემი ყავის სმა.

დარბაზის შუა გულში მხოლოდ ორიოდე კაცი იჯდა. შედარებით ხალხმრავლობით, მისი მარჯვენა მხარე გამოირჩეოდა, სადაც, ძირითადად ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ და წვიმიან საღამოს სასმელით იმრავალფეროვნებდნენ. წინ, საკმაოდ გრძელი ღამე გველოდა. მეც, თითქოს ნაწილობრივ შევჩვეოდი ახალ რეჟიმს და აღარ მეჩვენებოდა, რომ სამუშაო საათები ათასწლეულივით იწელებოდა.

ხალხის სიმცირის გამო, მე და ენკეს დასვენებისთვისაც საკმაო დროს ვიტოვებდით და სასასაუბროდაც.

ჩვენი მთავარი სტუმარი, დავით დევდარიანი ჯერ კიდევ ნეტარებით შეექცეოდა თავის ვისკის და როგორც ჩანდა, წასვლას კიდევ დიდხანს არ აპირებდა. პირიქით, მორიგი ჭიქის დაცლიდან რამდენიმე წამში, მარჯვენა ხელი ზემოთ ასწია, რათა შეკვეთისთვის კიდევ რაღაც დაემატებინა.

-წავალ, გავიგებ ამჯერად რა ინება მისმა უდიდებულესობამ -ენკე ბარის დახლს გამოეყო, მკლავზე ტრადიციულად გადაიფინა თეთრი ტილო და შემდეგ მე გამომხედა -ისე დღეს მაინც დრო გამოგვიჩნდა და მოდი, იმ კოქტეილების გაკეთებას გასწავლი, რომელიც ჯერ კიდევ არ იცი

-მხოლოდ "დებიუტანტს" და "კოსმოპოლიტენს" ვერ დავუჭირე მუღამი, დანარჩენი ასე თუ ისე, მალევე ავითვისე

-ჰოდა, ძალიან კარგი, რომ დავბრუნდები მაგაზეც ვიმუშავოთ -გამოცდილი მასწავლებელის ჟესტით მითხრა ენკემ და პირდაპირ ჩვენი მთავარი სტუმრის მაგიდისკენ გაემართა, წიგნაკითა და კალმით ხელში.

მისი წასვლის შემდეგ, მარტო დიდხანს ნამდვილად არ ვყოფილვარ. ათი წამიც კი ძლივს იყო გასული, რომ მოულოდნელად, ჩხაკუნის ხმა გავიგონე და უკან გახედვის შემდეგ, ბარში, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კარიდან შემოსულ მელინას მოვკარი თვალი, ვისაც, წინა დღეებისგან განსხვავებით, სახეზე დაღლილობის არანაირი კვალი არ ემჩნეოდა. გამიხარდა მისი დანახვა. იმდენად გამიხარდა, რომ განსხვავებული პოზიტივით ავივსე, თუმცა გარეგნულად არაფერი შემიმჩნევია. პირიქით, ვცადე საკმაოდ ჩვეულებრივად მივსალმებოდი :

-კეთილი იყოს შენი დაბრუნება -ვუთხარი ისე, რომ მისთვის სახეშიც არ შემიხედავს -თავს როგორ გრძნობ?

-გმადლობ, კარგად . . . როგორც ვხედავ, დღეს ცოტა ხალხია

-ჰო, მაგრამ ერთი ისეთიც გამოერია, ვინც ერთდროულად ათს უდრის

-ეგეთი ვინაა? -გაეცინა მას, ყავის აპარატთან მივიდა და თავისთვის ესპრესოს მომზადება დაიწყო

-აი, მეოთხე მაგიდასთან რომ შუა ხნის კაცი ზის, ირლანდიური ვისკით

მელინას აღარაფერი უპასუხია. უბრალოდ, იმ მიმართულებით გაატრიალა თავი, საითაც ცოტა ხნის წინ მე ვანიშნე და სახეზე მაშინვე უზარმაზარი შიში გამოესახა. ჭიქა, რომელიც ცოტა ხნის წინ ხელში ეჭირა, მოულოდნელად იატაკზე დავარდა, ნაწილებად დაიფშვნა და იქედან გადმოღვრილმა სითხემ, იატაკს შავი ლაქაც დაამჩნია.


-ჯანდაბა, ჯანდაბა, ეს აქ რას აკეთებს? -დამსხვრეული ჭურჭლისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია მელინას ისე ჩაიმალა ბარის მაგიდის უკან და თმაში ხელი ნერვიულად შეიცურა -შეუძლებელია, რამე უნდა მოვიფიქრო, რათა ვერ გამომიჭიროს

-მელინა, კარგად ხარ? -გაკვირვებული ვადევნებდი თვალს მის საქციელს და ვერ გამეგო რა დაემართა ასე მოულოდნელად -მანდ რატომ იმალები?

-ძალიან გთხოვ, არაფერი მკითხო

-რას ნიშნავს არ გკითხო? -მის წინ ჩავიმუხლე და ორი თითით ნიკაპი ავუწიე -სახეზე ფერი არ გადევს, ასე იმ კაცის დანახვამ იმოქმედა? -ვკითხე, რადგან სწორედ დევდარიანისკენ გახედვის შემდეგ დაიწყო უცნაურად მოქცევა.

-ეგ ადამიანი რა შუაშია? -თვალი ამარიდა ამის თქმისას, რითაც მაშინვე მიმახვედრა, რომ იტყუებოდა.

-აბა ვინ არის შუაში?

-იქნება არ იყო ასეთი ცნობისმოყვარე? -თავისი მელნისფერი თვალებით, ბასრი მზერა მესროლა ამის თქმისას.

-მაპატიე, მაგრამ როდესაც ბარში შემოდიხარ და ერთ-ერთ სტუმარს მაგიდის უკან ემალები, აუცილებლად ჩნდება კითხვა "რატომ?"

-როდესაც ადამიანი კარგად არ გიცნობს და შენი თითოეული წვრილმანით მაინც ასე ინტერესდება, აუცილებლად ჩნდება კითხვა –"რატომ?"

-მშვენივრად ხვდები, რომ მიზიდავ და შენდამი გულგრილი არ ვარ

მელინამ თავი ირონიული ღიმილით გადააქნია.

-ცდები, ნიკოლოზ, შენ ქალი მანამდე მოგწონს, სანამ მის გვირაბში შეაღწევ. მერე უკვე ისიც ისეთივე ფეხის საწმენდ ტილოდ იქცევა ხოლმე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი

-უკაცრავად რომ გაწუხებთ ახალგაზრდებო, მაგრამ ხომ ვერ მეტყვით აქ რა საიდუმლო კონგრესი გაქვთ გამართული? -მელინას სიტყვებზე პასუხის გაცემაში, ხელი მოულოდნელად თავზე წამომდგარმა ენკემ შემიშალა. იგი ორთავეს გაკვირვებული სახით დაგვჩერებოდა ზემოდან და აშკარად არანაირი ვერსია არ გააჩნდა, თუ რატომ ვიყავით დამალულები ბარის მაგიდის უკან -ჩუმად რატომ ხართ? არ მიპასუხებთ?

-ჯობს, ეგ კითხვა მელინას დაუსვა, იქნებ შენ მაინც გიპასუხოს -ფეხზე წამოვდექი ამის თქმისას, თუმცა მას იგივე ნამდვილად არ გაუმეორებია. კვლავაც დახლს უკან რჩებოდა დამალული, საშიში დამნაშავის მსგავსად.

-ლამაზო, სამუშაო დღის ბოლომდე თუ მანდ აპირებ ჯდომას, ხანდახან დაგველაპარაკე მაინც, რათა არ დაგვავიწყდე და შემთხვევით ფეხი არ დაგაბიჯოთ -უთხრა სიცილით ენკემ, თუმცა მელინასგან პასუხი ვერ მიიღო. ეს უკანასკნელი, ჯიუტად იცავდა დუმილის უფლებას, თან მუხლებზე მკლავები მაგრად ჰქონდა შემოხვეული და სადღაც, უსასრულობაში იყურებოდა. მიუხედავად მისი მდუმარებისა, იმ დასკვნის გამოტანა მაინც არ გამჭირვებია, რომ მელინა, ასე საგულდაგულოდ, თვით დავით დევდარიანისგან ცდილობდა დამალვას, მაგრამ რატომ?

იქნებ, აქ იმაზე უფრო დიდი საიდუმლო იმალებოდა, ვიდრე მე წარმომედგინა? იქნებ, ნიცას არაფერი შეშლია და ანტონია და მელინა ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ?

ნუთუ ეს შესაძლებელი იყო? თუ კი, მაშინ რატომ უწევდა მდიდარ მემკვიდრეს სასტუმროს უბრალო თანამშრომლად მუშაობა, როდესაც მამამისი ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნესმენად ითვლებოდა ჩვენს ქვეყანაში?

რაც უფრო მეტს ვფიქრობდი აღნიშნული საკითხის ირგვლივ, ამ ჩახლართულ პაზლს, კიდევ უამრავი ნაწილი ემატებოდა და საბოლოოდ, გონების არევამდე მივყავდი. თავად მელინასგან ამ თავსატეხის ამოხსნაში დახმარების მიღება ილუზიად მეჩვენებოდა. ვიცოდი, რამდენიც არ უნდა მეცადა, მაინც არაფერს მეტყოდა, ამიტომ, სიმართლე თავად უნდა დამედგინა, რისთვისაც მომიწევდა ჩემი დასვენების დღე, თბილისში წასასვლელად გამომეყენებინა. პასუხებს მხოლოდ იქ თუ ვიპოვნიდი, არც მეტი არც ნაკლები, დავით დევდარიანის რეზიდენციაში.

8 8 8 8


ავტობუსში, საკუთარ ზურგჩანთაზე ჩამოძინებული, ჩემს გვერდით მჯდომი გოგონას ხმამ გამომაღვიძა.

ნახევრად ძილ-ბურანში მყოფი, ჯერ კიდევ ბუნდოვნად ვხედავდი იქაურობასა და ტრანსპორტში მჯდომი ადამიანების სახეებს, რომელთა უმეტესობა, უკვე ბარგს იღებდა და ჩასასვლელად ემზადებოდა.

-სად ვართ? -ვკითხე გულუბრყვილოდ ჩემს გვერდით მჯდომს, თან ნახევრად გახელილი თვალებით გავხედე. ამ უკანასკნელმა, ღიმილით შემავლო მზერა და ჩემს ყურთან ტუჩები საკმაოდ ახლოს მოიტანა.

-უკვე თბილისში ვართ, ლამაზო -ჩამჩურჩულა -სხვათა შორის, გზის უმეტესი ნაწილი, ჩემს მხარზე თავჩამოდებულს გეძინა

ამ სიტყვებზე, თავი ვაიძულე თვალები ბოლომდე გამეხილა და როგორც კი ეს გამომივიდა, გოგონა უკეთესად შევათვალიერე.

საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, ფიგურაც თვალშისაცემად დამაკმაყოფილებელი ჰქონდა და ვიზუალური მახასიათებლებიც. ჩამეღიმა. თურმე ავტობუსით მგზავრობასაც ჰქონია რაღაც პლუსები.

-მაპატიე, ალბათ ჩემს გამო არაკომფორტულად იმგზავრე -ვუთხარი, თან ჩემი ბარგის ჩამოსაღებად ფეხზე წამოვდექი

-არა, პირიქით, ძალიან სასიამოვნო იყო შენი სიახლოვე -კვლავ ისეთივე თამამი ტონით გამეპასუხა უცნობი და ჩამოსართმევად ხელიც გამომიწოდა -მე ნენე ვარ

-ნიკოლოზი -მის გამოწვდილ ხელს, საკუთარი შევაგებე და გაცნობის ფორმალური მხარეც შედგა.

-სასიამოვნოა

-ასევე . . . ჰო მართლა, საით მიდიხარ? ტაქსის აყვანას ვაპირებდი და თუ გინდა, ბარგის სახლამდე მიტანაშიც შემიძლია დაგეხმარო

-სერიოზულად? -შევატყვე გაეხარდა, თუმცა ვერ მივხვდი კონკრეტულად რა.

-რა თქმა უნდა

-კარგი, თუ ასეა, დიდი სიამოვნებით მივიღებ შენს წინადადებას -მაშინვე დამთანხმდა, თან კვლავ მაცდური ღიმილით გამიღიმა -იმ ჩანთას ვერ მომაწვდი? -საბარგულ თაროზე შემოდებულ, პატარა, იასამნისფერი ჩემოდნისკენ მანიშნა თითით.

პასუხად, უბრალოდ თავი დავუქნიე და ბარგის ჩამოსაღებად, კვლავ თაროსკენ მივტრიალდი. უნდა მეღიარებინა, ჩემი ახლადგაცნობილი თანამგზავრი, ნამდვილად მომხიბვლელი ვინმე იყო. უფრო მეტიც, ზედმეტად მომხიბვლელი, თუმცა არაფრით უნდა დამვიწყებოდა, რომ აქ რომანებისთვის კი არა, მნიშვნელოვან საქმეზე ვიყავი ჩამოსული და დროის უდიდესი ნაწილიც სწორედ ამისთვის უნდა დამეთმო.

საბარგო განყოფილებიდან ჩამოღებული ნენეს ჩემოდნის წამოღება, საკუთარ თავზე ავიღე და ავტობუსიდანაც სწორედ მასთან ერთად ჩამოვედი. სადგურზე, მართლაც რომ საკმარისი რაოდენობის ტაქსი იყო გაჩერებული, თუმცა ლოს-ანჯელესისგან განსხვავებით, ამ ქალაქში ნებისმიერი ფირმისა და ფერის მანქანას გადააწყდებოდით ტაქსის ტრაფარეტით, ამერიკაში კი, აღნიშნულ ფუნქციას მხოლოდ ყვითლად შეფერილი ავტომობილები ასრულებდნენ.

-მისამართი მითხარი, პირველად შენ მიგიყვან -ვუთხარი ნენეს და მძღოლს ფანჯარაზე მივუკაკუნე, რათა გადმოსულიყო და ჩემოდნების საბარგულში განთავსებაში დაგვხმარებოდა. გეგმა ასეთი იყო -ჯერ ამ გოგოს მივიყვანდი სახლამდე, ვინც აუცილებლად დამიტოვებდა თავის ნომერს მომავალი შეხვედრის იმედით, შემდეგ კი, ინტერნეტში ნანახი ინფორმაციით ვიხელმძღვანელებდი და პირდაპირ დავით დევდარიანის სახლისკენ გავეშურებოდი. ეს უკანასკნელი, ჯერ კიდევ ბათუმში გახლდათ, ამიტომ, მისი არყოფნის დროს უფრო გამიიოლდებოდა იმის გარკვევა, რისთვისაც ამხელა მანძილი მქონდა გამოვლილი.


როგორც აღმოჩნდა, ნენე ვაკეში ცხოვრობდა. ეს ჩემთვისაც საკმაოდ ხელსაყრელი გახლდათ, რადგან დევდარიანის რეზიდენციაც სწორედ ამ უბანში იყო აშენებული და გამოდიოდა, რომ ერთი გზა გვქონდა.

-თბილისში დიდი ხნით ჩამოხვედი? -მკითხა ნენემ, როგორც კი ტაქსიში ჩავსხედით. ამ გოგოს, აშკარად ეტყობოდა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მომეხდინა. ეს საკმაოდ სასიამოვნოც იყო და ამავრდოულად, ცოტათი დამღლელიც.

-არა, მხოლოდ ხვალამდე -საქარე მინას დროებით მოვწყდი და ისე მივუგე -ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი

-დავინტერესდებოდი რა საქმე, თუმცა მგონი გაცნობის პირველ დღეს ასეთი გულახდილობა საჭირო არ არის -გამომცდელად შემომხედა ამის თქმისას, თითქოს ჩემს თვალებში ეძებს პასუხსო.

-ჰო, აჯობებს გულახდილი საუბრები სხვა დროისთვის შემოვინახოთ

-ანუ, სხვა დროც იქნება

ესეც ასე, უკვე ცდილობდა შემდეგი შეხვედრის პერსპექტივა შემოეპარებინა, თანაც საკმაოდ ოსტატურ მომენტში. ვერაფერს ვიტყოდი, ეს გოგო თავისი საქმის პროფესიონალი ჩანდა.

-მოდი, ასე მოვიქცეთ, შენი ნომერი დამიტოვე და თუ ამაღამ თავისუფალი ხარ, საქმეებს რომ მოვრჩები დაგირეკავ

ნენე ცოტა ხნით ჩაფიქრდა. სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაიწია და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ გამცა:

-მგონი, კარგი იდეა უნდა იყოს -თქვა ოდნავ ხმადაბლა -თანაც არა მგონია საღამოსთვის სხვა გეგმები გამომიჩნდეს

-ძალიან კარგი, მაშინ საკონტაქტო ინფორმაცია გავცვალოთ -ჩემი ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე ამის თქმისას, ნენეს გავუწოდე და ოდნავ გავუღიმე -მიდი, ჩაწერე შენი ნომერი

-სახელი რა დავაწერო? იმიტომ გეკითხები, რომ შესაძლოა, სატელეფონო წიგნაკში ჩემს გარდა სხვა ნენეც გეწეროს

-არა, მსგავსი სახელით მხოლოდ შენ გიცნობ, ამიტომ, მაგ მხრივ პრობლემა არ შეიქმნება

-მიხარია თუ ასეა -კიდევ ერთხელ გამიღიმა ამის თქმისას და სენსორზე თავისი ნომრის აკრება დაიწყო . . .


ნენეს სახლამდე მიცილების შემდეგ, ტაქსის დამატებითი ფული გადავუხადე და ამჯერად, დავით დევდარიანის სასახლისკენ დავადექი გზას. მისამართის გარკვევა, ჯერ კიდევ თბილისში ჩამოსვლამდე, ინტერნეტის მეშვეობით ვცადე და მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ძალიან დიდი დრო დამჭირდა, სასურველი შედეგის მიღწევა მაინც მოვახერხე.

საბოლოო გაჩერებამდე, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა იქ მისვლის შემდეგ და კონკრეტულად რა გეგმით მეხელმძღვანელა. ეჭვი, რომ მელინა, თავად დავით დევდარიანის ქალიშვილი იყო, უკვე ღრმად მქონდა გულში გამჯდარი. თუმცა რატომ სარგებლობდა ამ შემთხვევაში სხვა სახელითა და გვარით, ან, რატომ უწევდა სასტუმროს ბარში მუშაობა?

ამდენი პასუხგაუცემელი კითხვისგან ლამის ტვინი ამფეთქებოდა. ბოლოს, გადაწყვეტილება მივიღე, იქ მისვლამდე, ზედმეტად აღარაფერზე მეფიქრა და სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდი მანამ, სანამ ტაქსის მანქანამ პირდაპირ სასურველ მისამართზე არ მიმიყვანა.

საქარე მინიდან, რომელიც ნახევრად ჩამოწეული დამეტოვებინა, უზარმაზარი, რკინისჭიშკრიანი, სამსართულიანი შენობა მოჩანდა. მის თითოეულ კუთხე-კუნჭულს დაცვის თანამშრომლები აკონტროლებდნენ, ვინებიც ჯეიმზ ბონდის სტილის კოსტიუმებითა და მუქმინებიანი სათვალეებით გადიგამოდიოდნენ ეზოში და მის მთავარ შესასვლელთან.


მათ შემხედვარეს, მხოლოდ ერთი კითხვა გამიჩნდა -როგორ უნდა მოვხვედრილიყავი შიგნით ყველასგან მალულად ან, რა მიზეზი უნდა დამესახელებინა დაცვისთვის, რათა ჩემთვის შესვლის უფლება თავად მოეცა?

სიტუაცია აშკრად რთული ჩანდა, თუმცა ამხელა მანძილის გამოვლის შემდეგ, მაინც არ ვაპირებდი უკან ხელცარიელი დავბრუნებულიყავი, ამიტომ, ტაქსის მძღოლს კუთვნილი თანხა გადავუხადე, ვთხოვე ჩემი ბარგი მანქანაში დაეტოვებინა და საქმეების დამთავრებამდე აქ დამლოდებოდა, შემდეგ კი, ღრმად ჩავისუნთქე და უზარმაზარი ჭიშკრისკენ ისე ავიღე გეზი, თითქოს ამ სახლში, როგორც საპატიო სტუმარს ისე მელოდნენ.

დაცვის თანამშრომლებმა, ვინებიც სიგრძეზე გამწკრივებულიყვნენ, მაშინვე შეწყვიტეს ერთმანეთში საუბარი და მთელი ყურადღება, ამჯერად უკვე ჩემზე გადმოიტანეს. სავარაუდოდ, გონებაში უკვე იმ კითხვებს ამზადებდნენ, რომელთაც ყოველ უცხო ადამიანს უსვამდნენ ხოლმე, ვინც კი ამ სახლში მოისურვებდა ფეხის შედგმას.

-გამარჯობა -მივესალმე თითოეულ იქ მყოფს, როგორც კი ჭიშკარს ექვსიოდე ნაბიჯის ზომაზე მივუახლოვდი. იმ წამს გავიფიქრე, იმ ქონების მფლობელს, რამხელა ქონებასაც აარონი განკარგავდა, დევდარიანზე დიდი თუ არა, ნაკლები დაცვა მაინც არ უნდა ჰყოლოდა, თუმცა ჩემი უფროსი ძმა, იმ ინციდენტის შემდეგაც კი, ქუჩებში ისე თავისუფლად დასეირნობდა, თითქოს ამ ქვეყნად არანაირი საფრთხე არ მოელოდა. აღნიშნულ თემაზე, კამათიც ხშირად მოსვლია ჩემთან და ნიცასთან, თუმცა ჩვენი დიალოგი მუდამ უშედეგოდ მთავრდებოდა ხოლმე. ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ, ის იყო, რომ აარონს იარაღის ტარების ლიცენზია მოვათხოვინეთ და ამით, ბოლომდე თუ არა, ცოტათი მაინც დავიმშვიდეთ გულები.

-გამარჯობა -თითქმის ერთდროულად მომესალმნენ დაცვის თანამშრომლები. მათგან ორმა, სათვალე თავზე აიტანა და ისე განაგრძო ჩემი თვალიერება.

-შიგნით შესასვლელად ფეის-კონტროლის გავლაა საჭირო თუ უბრალოდ გამჩხრეკთ? -ვიკითხე, თან ინტერესიანი მზერა გადავავლე მათ გუნდს. წამიც არ იყო გასული, რომ უსაფრთხოების თამამშრომლებს, საშუალო სიმაღლის, სახეზე შრამდამჩნეული ბიჭი გამოეყო და ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.

-მებაღის ვაკანსიაზე ხართ? -მკითხა მეტად სერიოზული სახით. გულში გამეცინა და ტანსაცმელზე დავიხედე. ნამდვილად არ მეცვა ისე, რომ ვინმეს მებაღე ვგონებოდი, მით უმეტეს, არც ყვავილების სურნელი ამდიოდა სამოსზე. ჩემი მებაღისთვის მიმსგავსებით იმედგაცრუებულმა, დავაპირე კიდეც დაცვის თანამშრომლის მოსაზრების უარყოფა, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ, თითქოს ჩემს თავში სიბრძნის ნათურა აინთოო, სრულიად ახალ გადაწყვეტილებას ჩავეჭიდე.

არავინ იცოდა, შემიშვებდნენ თუ არა ამ სახლში, მაშინ, როცა ჩემს ნამდვილ ვინაობას ვიტყოდი. აი, როგორც მებაღეს კი შანსი მქონდა ყოველგვარი ზედმეტი დაკითხვის გარეშე მოვხვედრილიყავი ამ ჭიშკრის მეორე მხარეს, ამიტომ, ვარჩიე ცოტა ხნით მართლაც ვყოფილიყავი მებაღე.

-დიახ, ვაკანსიაზე ვარ -ვუთხარი თავდაჯერებულად -მაპატიეთ, ცოტა უფრო ადრე უნდა მოსვულიყავი, თუმცა საცობების გამო შემაგვიანდა

-მაგ მხრივ გაგიმართლა, ძმაო, ჯერჯერობით სახლის პატრონებთან მაინც არ გექნება კონტაქტი, რადგან მათგან შინ არავინაა. გასაუბრებას ერთ-ერთ მოახლესთან გაივლი

-მოახლესთან? ამ სახლში ასეთ მოლაპარაკებებს მოახლეები წარმართავენ?

-ყველა ნამდვილად არა, თუმცა ქალბატონი ლიდია უკვე ოცი წელია აქ მუშაობს, თითქმის ოჯახის წევრივითაა და მას ძალიან ენდობიან, ამიტომ, მსგავს საკითხებსაც ხშირად აგვარებს ხოლმე

-გასაგებია -ჩავახველე და მხრებში გავსწორდი -ესე იგი, უკვე მელოდებიან და შემიძლია შიგნით შევიდე

-ნუ ჩქარობთ, დასაწყისისთვის ჯერ უნდა შეგამოწმოთ -ამჯერად, მაღალი, შუა ხნის კაცი გამოეყო დაცვის წევრებს და ჩემთან ახლოს მოვიდა.

-შემოწმებაში რას გულისხმობთ?

-იმედია შეურაცხყოფად არ მიიღებთ, თუმცა როცა ამ სახლში ვინმე უცხო შედის, ყოველთვის ვჩხრეკთ ხოლმე. ბატონი დავითის ბრძანებაა ასეთი -თავის მართლებასავით წარმოთქვა ბოლო სიტყვები და ისე შემომხედა, თითქოს ჩემგან ნებართვას ელისო. საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მქონდა. არც ტერორისტის ბომბი მედო მარცხენა ჯიბეში და არც მაყუჩიანი იარაღი, ამიტომ თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ხელები ოდნავ ზემოთ ავწიე, რათა თავისი საქმე უფრო გაადვილებოდა.

ახლა მხოლოდ ერთი პრობლემა რჩებოდა მოსაგვარებელთა სიაში. რა უნდა მექნა მაშინ, თუკი ნამდვილი მებაღე აქ ჩემი ყოფნის დროს გამოჩნდებოდა? ასეთ შემთხვევაში, ტყუილი აუცილებლად გამოაშკარავდებოდა და დიდი ალბათობა იყო იმისა, პოლიციაც გამოეძახათ.

როგორც წესი, მსგავს კრიტიკულ სიტუაციებში, ჩემი გონება მუდამ ორჯერ უფრო სწრაფად იწყებდა ხოლმე მუშაობას და ხშირ შემთხვევაში, არც გამოსავლის მოძებნა წარმოადგენდა მისთვის სირთულეს. ჩემდა საბედნიეროდ, ამჯერადაც ძალიან გამიმართლა. საკმაოდ მალე დამებადა იდეა, თუ როგორ უნდა ჩამომეშორებინა გზიდან ის დაგვიანებული მებაღე და ზედმეტი პრობლემები თავიდან ამეცილებინა. საკუთარი თავით კმაყოფილმა, კიდევ ერთხელ შევავლე მზერა დავით დევდარიანის რეზიდენციას. იქაურობა იმდენად ლამაზად იყო გაფორმებული დიდი პალმებითა და სხვა ეგზოტიკური მცენარეებით, ნებისმიერ ადამიანს, თავს მაიამის რომელიღაც უბანში აგრძნობინებდა. ნუთუ მართლა ეს იყო მელინას სახლი? ნუთუ მართლაც აქ ჰქონდა გატარებული მთელი ბავშვობა?

-მორჩა, სუფთა ხართ, შეგიძლიათ შეხვიდეთ -თავაზიანი სახით მაცნობა დაცვის თანამშრომელმა, როგორც კი ჩემს შემოწმებას მორჩა.

-სულ ეს არის?

-დიახ, სულ ეს არის -მომიგო, მერე კი, შესასვლელთან მდგომ ახალგაზრდა ბიჭს გახედა და გასძახა: -დიმიტრი, კარი გაუღე და შეუშვი, ელოდებიან

ჩემს წინ აღმართულმა რკინის ჭიშკარმა, სენსორულ ციფერფლატზე რაღაც კოდის აკრეფის შემდეგ, ერთი დაიჭრიალა და ნელ-ნელა, გვერდულად დაიწყო გაღება.

ესეც ასე, გეგმის მთავარი ნაწილი უკვე შესრულებული იყო. ახლა უკვე მეორე დაბრკოლებაზე უნდა მეზრუნა და ასეც მოვიქეცი -ჭიშკრის ზღურბლის გადაბიჯებიდან რამდენიმე წამში, ჯიბიდან ტელეფონი ამოვაძვრინე, რათა მებაღის პრობლემის მოგვარებას შევდგომოდი.

ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავლად ნიცასთვის დახმარების თხოვნა ჩავთვალე. ამ უკანასკნელმა, საერთოდ არ იცოდა, რომ თბილისში ვიყავი ჩამოსული, თუმცა ხმოვანი შეტყობინებით ყველაფერს მოკლედ ავუხსნიდი და ვთხოვდი, ჩემი უსაფრთხოება უზრუნველეყო, სანამ სასურველ ინფორმაციას არ მივიღებდი მელინას შესახებ.

საბედნიეროდ, ვიბერზე გამწვანებული დამიხვდა ნიცა. როგორც ჩანდა, ფორტუნა დღეს ჩემს მხარეს იყო და ამის გამო, მისი უზომოდ მადლიერი ვიყავი.

<<ტყუპისცალო, უნდა დამეხმარო!>> -მივწერე სასწრაფოდ. პარალელურად, დევდარიანების სასახლის გრძელ ეზოს მივუყვებოდი და მეჩვენებოდა, რომ მას დასასრული არც უჩანდა

<<რა იყო, ძვირადღირებული კონიაკის ბოთლი გაგიტყდა და ვალები დაგედო?">> -სულ რაღაც ათ წამში მომივიდა პასუხი ჩემი დისგან. როგორც ჩანდა, კვლავ ირონიის ხასიათზე იყო დამდგარი, თუმცა იმ დროს, ხუმრობებისთვის ნამდვილად არ მეცალა და სწრაფად გავაგზავნე ხმოვანი შეტყობინება:

<<ამ წუთას თბილისში ვარ. არ მკითხო როგორ ან რატომ . . . ახლა ერთი სახლის ლოკაციას ჩაგიგდებ, ტაქსი აიყვანე და სასწრაფოდ აქ მოდი! იმ ტერიტორიაზე, ვინც კი არ უნდა შენიშნო, იზრუნე იმაზე, რომ სახლში არავინ შემოვიდეს. დეტალებს მერე აგიხსნი>>

<<ჯეიმზ-ბონდობანას ვთამაშობთ?>>

<<ნიცა, უბრალოდ მოდი, ეს ძალიან სასწრაფოა!>>

<<კარგი, კარგი, უკვე ლიფტში ვარ, თანაც სახლის ტანსაცმლით და სრულიად მოუწესრიგებელი. იცოდე, მერე ყველაფერს ამიხსნი!>>

<<აგიხსნი, დაწყნარდი>> -მივწერე და იმით დაიმედებულმა, რომ ნიცა დროულად მოსვლას და რამის გაკეთებას მოახერხებდა, ტელეფონი კვლავ ჯიბეში ჩავიბრუნე.

სახლს, წინა მხრიდან, საკმაოდ დიდი ზომის, შუშაბანდის კარი ჰქონდა დატანებული. სპეციალური მინის გამო, გარედან შიგნით არაფერი ჩანდა, თუმცა შიგნიდან ალბათ ყველაფერი სხვაგვარად იყო და შესაძლოა, ამ დროს ვიღაც მიყურებდა კიდეც.

იმ წამს, საკუთარი თავით გაოცებულიც კი ვიყავი. რამდენ სიგიჟეს ვაკეთებდი იმ გოგოს გამო, ვისაც ნორმალურად არც კი ვიცნობდი? რა მჭირდა? ასეთი როდის გავხდი? რა დეტექტივობანას ვთამაშობდი ოცდაორი წლის ასაკში?

ეს კითხვები მოსვენებას არ მაძლევდნენ, თუმცა რომ ვთქვა, რომელიმე მათგანმა ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა მეთქი, ნამდვილად არ ვიქნები მართალი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გონების საღი ნაწილი კარგად აანალიზებდა იმას, თუ რამხელა სისულელეს ჩადიოდა, მაინც ჯიუტად მივიწევდი წინ და დასახული მიზნის მისაღწევად, უკან დახევას არც ვაპირებდი.

შესასვლელ კარს რომ მივუახლოვდი, მის მარცხენა მხარეს მიმაგრებულ ზარის ღილაკს დავაკვირდი. ეს უკანასკნელი, ციფერფლატზე იყო მიბმული და შუანა ნაწილში, წითელი წერტილი ციმციმებდა. სავარაუდოდ, იგი ვიდეო-კამერა უნდა ყოფილიყო, რომელიც ეზოს მთელ თუ არა, გარკვეულ ნაწილს მაინც აკონტროლებდა.

-ესეც ასე, თამაში დაიწყო! -ჩავილაპარაკე ჩემთვის და ზარის დარეკვის ღილაკს საჩვენებელი თითი ისე მივაჭირე, რომ მთელი ხუთი წამის განმავლობაში არ ამიშვია.

ძალიან კარგიც კი იყო თუკი გასაუბრებას მხოლოდ მოახლე ჩამიტარებდა. სიმართლე რომ ვთქვა, წარმოდგენაც არ მქონდა რა უნდა მექნა მაშინ, თუკი სახლში დიასახლისები დამხვდებოდნენ და მათთან მომიწევდა დალაპარაკება. წინასწარი მომზადება ნამდვილად არ გამივლია, თუ რა უნდა მომემოქმედა ან მეთქვა დევდარიანების ზღურბლზე გადაბიჯებისას. ვთვლიდი, რომ იქამდე მიღწევის შემდეგ თავად მივხვდებოდი როგორ უნდა გამერკვია იყო ანტონია და მელინა ერთი და იგივე პიროვნება თუ არა.

პარაღმასთან მდგომს, ზარის დარეკვიდან დაახლოებით ნახევარი წუთის შემდეგ მომესმა კარის საკეტის ხმა. ჩემს წინ აღმართულმა შუშაბანდის კარმა, ჭიშკრის მსგავსად გვერდულად დაიწყო გაღება და სულ მალე, ოდნავ ასაკში შესული, ლურჯთავსაფრიანი, საშუალო სიმაღლის ქალბატონიც შევნიშნე ზღურბლზე. ეს უკანასკნელი ისე მათვალიერებდა თითქოს ჩემი სახით მის წინ სამუზეუმო ექსპონატი იდგა მისი ზედმიწევნით შესწავლა ჰქონდა დავალებული.

ზოგადად, ვერასდროს ვიტანდი ხოლმე როდესაც ვინმე ასე დაჟინებით მაშტერდებოდა. არც ახლა მესიამოვნა მსგავსი ჟესტი, ამიტომ, სიტუაციის განსამუხტად ოდნავ ჩავახველე და ქალს თავაზიანად მივესალმე:

-გამარჯობათ, მე მებაღის ვაკანსიაზე ვარ, ქალბატონ ლიადიასთან. შეგიძლიათ დაუძახოთ?


-მე ვარ, შვილო ქალბატონი ლიდია -მხიარულად შემომცინა მან -ასეთი ახალგაზრდა მებაღე ჯერ ამ სახლს არ ახსოვს და მეც მაგიტომ გიყურებდი ასე გაკვირვებული -მერე სახლისკენ ხელით მანიშნა და კვლავ თბილად გამიღიმა -შემოდი, ცივ წვენს დაგალევინებ და დანარჩენზე იქ ვილაპარაკოთ

-გმადლობთ, არაფერი მინდა, უბრალოდ რამდენიმე კითხვა მექნება თქვენთან

-კი ბატონო, რაზეც შემეძლება გიპასუხებ -გვერდზე გაიწია, რათა შიგნით შევეტარებინე და როგორც კი ზღურბლს მარჯვენა ფეხი გადავაბიჯე, ისიც უკან მომყვა.

დევდარიანების სახლი, შიგნიდან ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე გარედან. მისაღები თბილ ყავისფერ და რძისფერი ფერებში იყო გადაწყვეტილი, რომელსაც შავი ტყავის ავეჯი და საკმაოდ გემოვნებიანი დეკორაციები ეხამებოდა, დიდი და ლამაზი ქოთნის მცენარეების ჩათვლით.

მისაღებიდან, შუშაბანდის კარით, უკანა ეზოში გადიოდით, სადაც ძალიან ლამაზი ვერანდა მოეწყოთ, მრგვალი, დეკორატიული მაგიდით, ხელოვნური ყვავილებითა და ღია ფერის სავარძლებით. ორიგინალურად მოწყობილი ვერანდის წინ, ლურჯად აკამკამებული აუზი მოჩანდა, მის წინ ჩამწკრივებულ ზოლიან შეზლონგებთან ერთად, ხოლო ბასეინიდან ოციოდე მეტრში, მცენარეების მწვანე ლაბირინთი იწყებოდა, რომელიც შორიდან ყურებითაც კი ზედმეტად ლამაზად ხვდებოდა თვალს.

-დაჯექი და მოხერხებულად მოეწყვე, შვილო -კვლავ თბილად გამიღიმა ქალბატონმა ლიდიამ, თან მზერით კაკაოსფერი დივნისკენ მანიშნა -ცივი წვენი მართლა არ გინდა?

-არა, დიდი მადლობა, აქ სულ სხვა საქმეზე ვარ

-ვიცი, ვიცი, სამუშაო გრაფიკზე გსურს დალაპარაკება და ანაზღაურების დეტალების გაგება. ყველაფერს ახლავე აგიხსნი, ნუ ღელავ

-ქალბატონო ლიდია, აქ მებაღის სტატუსით ნამდვილად არ მოვსულვარ -მაშინვე გავუმხილე, როგორც კი დივანზე ჩამოვჯექი -ეს ტყუილი, აქ შემოსაღწევად დამჭირდა, ჩემი სტუმრობის ნამდვილი მიზეზი კი სულ სხვა რამეა

ადვილი შესამჩნევი იყო, როგორ შეეცვალა სახე ჩემს სიტყვებზე. ალბათ, იმ წამს, ისიც კი იფიქრა, რომ შენიღბული მძარცველი ვიყავი, ვინაც სახლში მსგავსი გზით გადაწყვიტა შემოაღწევა და სახეზე ოდნავი შიშიც გამოესახა. ამის გამო, გადავწყვიტე დიდად აღარ გამეჭიანურებინა და ყველაფრისთვის მალევე ამეხადა ფარდა:

-აქ ანტონიას გამო მოვედი -თვალებში ჩავხედე და ქალის რეაქციას დავაკვირდი ამის თქმისას -მისი ახლო მეგობარი ვარ, ბათუმიდან

-ჰო მაგრამ, ქალბატონი ანტონია ახლა შინ არ გახლავთ, სანტორინშია წასული, მთელი ზაფხულით

-ჰოო? მე კი ბათუმში ვნახე და თქვენთან მნიშვნელოვანი წერილი გამომატანა -მოტყუების გზით გადავწყვიტე მისი გამოტეხვა, თან რეაქციას ვაკვირდებოდი, რათა შემთხვევით არაფერი გამომპარვოდა -ბათუმში, მელინას სახელით სარგებლობს, თუმცა მუდამ ვეუბნები, ანტონია უფრო გიხდება მეთქი. მოკლედ, როგორც გითხარით, თქვენთან მნიშვნელოვანი წერილი გამომატანა და მთხოვა პირადად გადმომეცა. სხვა შემთხვევაში, დაცვასაც დავუტოვებდი და აღარც ტყუილის თქმა დამჭირდებოდა, რომ მებაღის ვაკანსიაზე ვარ მოსული

ქალს, თვალები აუცემლიანდა ჩემს სიტყვებზე. ვერ მივხვდი ეს რატომ მოხდა და ის-ის იყო გავიფიქრე, რამე არასწორად ხომ არ გავაკეთე მეთქი, რომ ამ დროს, კვლავ მომესმა მისი ხმა:

-ჩემმა ანტონიამ, ბათუმიდან რამე წერილი გამოგატანა? -ხმაში სითბო ემჩნეოდა ქალს -ანუ, მასთან ახლოს ხარ და ყველაფერს გიყვება?

ესეც ასე, მგონი უკვე პროგრესი შეიმჩნეოდა. ამ ქალის ნდობა უკვე მოპოვებული მქონდა და თუ სწორად ვიმოქმედებდი, შემეძლო კიდევ ბევრი რამ დამეტყუა მისთვის.

-ჰო, ყველაფერს მიყვება -ღიმილით დავუქნიე თავი -სასტუმროში ერთად ვმუშაობთ და ძალიან ახლოს ვართ

-მართლა? -გულწრფელი სიხარული გაკრთა ლიდიას ხმაში -ალბათ, ნამდვილად კარგი და სანდო ადამიანი ხარ, თორემ ჩემი ანტონია სხვა შემთხვევაში თავის საიდუმლოს არასდროს გაგიმხელდა

-თქვენ მას დიდი ხანია იცნობთ? -დივნის სახელურს ხელით დავეყრდენი და ისე ვკითხე.

-ანტონია ჩემს ხელში გაიზარდა, შვილო -ლიდიას, ხმიდან მასზე საუბრისას უდიდესი სითბო და სიყვარული იღვრებოდა -ყოველთვის უჩვეულო ბავშვი იყო, განსხვავებული რამები აინტერესებდა და მუდამ გამოირჩეოდა იმ საზოგადოებისგან, რომელშიც გაიზარდა. სხვა შემთხვევაში რა მოაფიქრებდა ოცდაერთი წლის გოგოს, სახელი და გვარი შეეცვალა და ამხელა სიმდიდრე მიეტოვებინა, რათა სასტუმროს ბარში ეთენებინა ღამეები, მძიმე შრომაში

-ჰო, ამ მხრივ მართლა განსაკუთრებულია -მივუგე და გონებაშიც ნაწილობრივ დამილაგდა მოვლენები. ესე იგი, ანტონია და მელინა მართლაც ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ და როდესაც მშობლები ფიქრობდნენ, რომ საბერძნეთში, კერძოდ, სანტორინში ატარებდა საზაფხულო არდადეგებს, ამ დროს იგი ბარში დაატარებდა შეკვეთებს "ქვიშის ქარიშხლის" სტუმრებისთვის. ნამდვილად უჩვეულო ადამიანთან მქონდა საქმე და ამაში, აღნიშნულ წამს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

-სანამ წერილს გადმოგცემდეთ, შეგიძლიათ კიდევ მიამბოთ მასზე რამე? -გადავწყვიტე, რაც შეიძლებოდა მეტი გამეგო მელინაზე -უბრალოდ, თუ მას დიდი ხანია იცნობთ, ჩემზე გაცილებით ბევრი გეცოდინებათ და ძალიან მინდა მოვისმინო

-ანტონიაზე სასაუბრო იმდენია, რომ შეიძლება მთელი დღე ვერ მოვრჩეთ -გაეცინა ქალს -შენი სახელი მითხარი, შვილო

-ნიკოლოზი

-ლამაზი სახელია. შენც ალენ დელონივით ბიჭი ხარ, გემოვნება კარგი ჰქონია ჩემს გოგონას შენ რომ აურჩევიხარ

აი, თურმე რას ფიქრობდა. ეგონა, რომ მე და მელინა წყვილი ვიყავით და თავისი საიდუმლოც ამიტომ გამანდო. პრინციპში, ეს ნამდვილად არ იყო ცუდი. თუკი მის შეყვარებულად მიმიჩნევდა, გაცილებით უფრო გულახდილი იქნებოდა ჩემთან და უფრო მეტ ინფორმაციასაც მომცემდა.

-მგონი, მე უფრო გამიმართლა, რადგან მისნაირი ადამიანის ყურადღების ღირსი გავხდი -ვთქვი, რაც შემეძლო დამაჯერებლად. სადღაც გულის სიღრმეში, სინდისის ქენჯნაც კი მაგრძნობინა ამ ტყუილმა, თუმცა იმდენად მაინტერესებდა თითოეული დეტალი მელინას შესახებ, ეს გრძნობა თავიდან მალევე მოვიშორე და კვლავ დასახული მიზნის მიღწევაზე დავიწყე ფიქრი.

-უკვე წარმომიდგენია, რა ლამაზი დასანახები იქნებით ერთად -კვლავ ღიმილით განაგრძობდა ლიდია და ცოტაღა აკლდა როგორც მომავალ სასიძოს ისე გადამხვეოდა. აი, მე კი, დროში ვიწვებოდი, ამიტომ, სწრაფად უნდა გამეგო ის, რის გასაგებადაც ამხელა გზა გამოვიარე.

-ქალბატონო ლიდია, იქნებ ანტონიაზე გადავსულიყავით? -შევაპარე ზრდილობინად -მინდა მასზე რაც შეიძლება მეტი ვიცოდე და ამაში, თქვენზე უკეთ ვერავინ დამეხმარება

-მაინც, რა გაინტერესებს, ჩემო კარგო? ანტონიას დაბადებიდან ვიცნობ და არც კი ვიცი, კონკრეტულად საიდან უნდა დავიწყო

-არ ვიცი, მაგალითად რა უყვარს, როგორი ხასიათი აქვს, რა ანიჭებს ბედნიერებას და ასე შემდეგ

-სიყვარულით, უბრალო ხალხი უყვარს -ღიმილით აღნიშნა ლიდიამ, თან, ლურჯი თავსაფარი ორივე ხელით შეისწორა და ისე განაგრძო:- ამის გამო, ხშირად ატარებდა დროს ჩვენთან, მოსამსახურეებთან საუბარში და ხშირად, საჭმელების მომზადებაშიც გვეხმარებოდა, როცა მისი მშობლები სახლში არ იყვნენ, რადგან იცოდა, რომ ამის გამო აუცილებლად უსაყვედურებდნენ. დედამისი, ქალბატონი ელენა, ხშირად ეუბნებოდა მათთან დიდ დროს ნუ ატარებ, შენ იმათი დონის არ ხარო, ანტონიას კი, მუდამ სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი და ისევ იგივე დამოკიდებულებაში რჩებოდა ჩვენთან. სიმართლე გითხრა, მშობლებზე უფრო ახლოს, მუდამ ჩემთან იყო. მათ არასდროს ესაუბრებოდა თავის შეხედულებებზე, რადგან ზუსტად იცოდა, ვერ გაუგებდნენ. მიუხედავად ამისა, უხეშად არასდროს მიუმართავს, რადგან მუდამ პატივს სცემდა, როგორც მასზე უფროს ადამიანებს. მეც და ამ სახლში მომუშავე თითეოულ სულიერსაც, უზომოდ გვიყვარს. ხშირად გვიკვირს კიდეც, ისეთ ქედმაღალ ადამიანებს, როგორებიც ქალბატონი ელენა და ბატონი დავითი არიან, ასეთი საოცარი შვილი როგორ ეყოლათ

-გისმენთ და მგონია, რომ სერიალის სიუჟეტს მიყვებით -აშკარად გაოცებული ვიყავი განაგონით და ეს სიტყვებითაც ნათლად გამოვხატე. მელინა რომ სხვა გოგონებისგან განსხვავებული იყო ამას თავიდანვე მივხვდი, თუმცა არ მეგონა ასეთი ორიგინალური და გამორჩეული ცხოვრებისეული ისტორია თუ ექნებოდა. აი, თურმე რას მალავდა ასე საგულდაგულოდ და რას ნიშნავდა მისი უეცარი წამოცდენები პირადი იახტით სეირნობასა და სასახლის ზომის სახლზე. უკვე ყველაფერს ფარდა ჰქონდა ახდილი და მეც, თითქოს მაყურებელთა რიგებიდან ვადევნებდი თვალს ამ დიდი საიდუმლოს გამოააშკარავებას.

-და, მაინცდამაინც მელინა რატომ დაირქვა? -ვკითხე რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ- ეს სახელი მოსწონდა, თუ უბრალო შემთხვევითობაა?

-ალბათ მოსწონდა კიდეც, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ის იყო, რომ ბებიამისს უნდოდა მისთვის ასე დაერქმია, ამის მაგივრად კი, სახელის შერჩევა მამამისმა, ბატონმა დავითმა აიღო საკუთარ თავზე და ეს ისტორიაც ასე დასრულდა -ლიდიამ, ამის თქმისას, ჩაფიქრებული სახე მიიღო, შემდეგ კი მე გამომხედა დაბნეული მზერით -კი მაგრამ, თუ ანტონიას რამის თქმა უნდოდა, წერილი რატომ გამოგატანა და თავად რატომ არ დამირეკა?

რა თქმა უნდა, ჩემს სხარტ გონებას, არც ამჯერად გასჭირვებია მორიგი თავის დასაძვრენი ისტორიის შეთხზვა:

-ალბათ იმიტომ, რომ ტელეფონი გაუფუჭდა. ახალს ამ დღეებში იყიდის და აუცილებლად დაგიკავშირდებათ, მანამდე კი წერილის გადმოცემა მთხოვა

-გასაგებია -ღიმილით დამიქნია თავი. რა მარტივი იყო ამ ქალის მოტყუება. გამიკვირდა კიდეც, მცირედი ეჭვიც რომ არ გამომიწვევია მასში. ალბათ, მუდამ ასეთი მიმნდობი და გულუბრყვილო იყო და მეც, ჩემდაუნებურად გამოვიყენე აღნიშნული ფაქტი ჩემივე სასარგებლოდ. თავი კიდევ ერთხელ ჩავთვალე უკანასკნელ ნაძირალად. ალბათ, ასე არც უნდა მოვქცეულიყავი, თუმცა სიმართლის დასადგენად, იმ წამს სხვა გზა ვერ გამოვნახე და სწორედ ამ მოსაზრებით ვანეიტრალებდი საკუთარ მიუღებელ საქციელს.

-გმადლობთ რომ მასზე მესაუბრეთ და ცოტაოდენი ინფორმაცია მაინც მომაწოდეთ

-რისი მადლობა, შვილო, პირიქით, მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა, ვისაც ანტონია ამხელა ნდობას უცხადებს

-ასეთი ადამიანები ბევრნი არიან?

-მხოლოდ ერთი . . . მისი ახლო მეგობარია, მია ჰქვია. საკმაოდ საინტერესო გოგონაა, გამუდმებით მოგზაურობს და ცხოვრების უდიდეს ნაწილსაც თვითმფრინავში ატარებს. როგორც ვიცი, ამ წუთას, ტოკიოშია

-ალბათ, მელინაც ხშირად მოგზაურობს ხოლმე -მერე წამით შევიცადე და ნათქვამი გადავაკეთე -უფრო სწორად ანტონია… ბოდიში, მე მუდამ მელინათი მივმართავ ხოლმე და . . .

-მოგზაურობს, თუმცა მხოლოდ საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტით. თვითმფრინავების ძალიან ეშინია

-გასაგებია . . . ალბათ, ნელ-ნელა თავადაც მოვახერხებ მის უკეთ შესწავლას -მადლიერების მზერით გავხედე ლიდიას მოწოდებული ცნობების გამო. შემეძლო კიდევ დაუსრულებლად მელაპარაკა ამ ქალთან და გაცილებით უფრო მეტი ცნობაც მიმეღო, თუმცა არ მსურდა ვინმეს გამოვეჭირე და გადავწყვიტე, ამ ეტაპზე მიღებული ინფორმაციით დავკმაყოფილებულიყავი.

-ქალბატონო ლიდია, ძალიან დიდი მადლობა დროის დათმობისთვის -დივნის კიდისკენ ჩამოვიწიე და ისეთი ტონით ვუთხარი, სადაც აშკარად მემჩნეოდა, რომ უკვე ადგომასა და წასვლას ვაპირებდი.

-არაფრის, შვილო, რისი მადლობა -კვლავ ის კეთილი ღიმილი გამოისახა მის სახეზე, რითაც უკვე უამრავჯერ დამაჯილდოვა -კიდევ მინდოდა შენთან ლაპარაკი, მაგრამ ვამჩნევ გეჩქარება

-ჰო, ცოტა არ იყოს, ვჩქარობ

-თუ ასეა, წერილი დამიტოვე და გაგაცილებ -თვითონაც წამოდგა დივნიდან ამის თქმისას, თან კიდევ ერთხელ შეისწორა ლურჯი თავსაფარი.

-წერილი? რა წერილი?

-ის, რომელიც ანტონიამ გამოგატანა, ჩემთან -დაბნეულობა დავიჭირე მის სიტყვებში ამის თქმისას და მხოლოდ მაშინ გავიაზრე რომელ წერილსაც გულისხმობდა იგი.


-დიახ, დიახ, წერილი სულ დამავიწყდა -ჯიბეებში დავიწყე ქექვა, თითქოს იქ მართლაც აღმოვაჩენდი რამეს, თუმცა სინამდვილეში, მხოლოდ დროს ვწელავდი, სანამ იმის მიზეზს მოვიფიქრებდი, თუ რატომ არ მქონდა წერილი თან.


-სადმე ხომ არ დაკარგე შვილო? -შეწუხებული სახით გამომხედა ლიადიამ, როცა ძებნის პროცესი ოდნავ დიდხანს გამიგრძელდა.


-არა, ზუსტად ვიცი არ დამკარგვია -მივუგე სრულიად დარწმუნებით, თან ზუსტად იმ წამს თავში აზრად მოსული სიტყვებიც დავამატე : -დიდი ალბათობით მანქანაში უნდა დამრჩენოდა, სანამ აქ შემოვიდოდი. კარგი იქნება, თუ ახლავე წავალ და შევამოწმებ

-თუ ასეა, მე მანამდე სამზარეულოდან რამე გემრიელს გამოვიტან. არ მინდა ისე გაგიშვა, რომ არაფრით გაგიმასპინძლდე

ლიდიას ამ სიტყვებზე, უფრო მეტად მომაწვა სინდისის ქენჯნა. მართლა რა ნაძირალა ვიყავი. დილიდან მოყოლებული, უკვე იმდენი ტყუილი მქონდა ნათქვამი, სათვალავიც კი ამრეოდა.

-მართლა არ ღირს შეწუხებად, არ გინდათ

-მინდა, მინდა და უარი არ გამაგონო! მართალია გეჩქარებოდა, თუმცა ხუთი წუთი არაფერს დაგაკლებს, ამიტომ, ცოტა ხნით კიდევ გამართე ამ გამოყრუებულ სახლში. რაც ჩემი ანტონია წავიდა, მას შემდეგ, ნორმალურად ვეღარავის ვესაუბრები და შენმა მოსვლამაც ამიტომ გამახარა

-კარგი, კარგი, მაშინ, წერილს მოვძებნი და დავბრუნდები -კიდევ ერთი ტყუილი მივამატე ჩემს ისედაც დაუსრულებელ სიას. ვერ ვიტანდი, როდესაც კარგ ადამიანებს ვატყუებდი და ახლაც სწორედ ეს მაგრძნობინებდა თავს ცუდად.

-მიდი, მე მანამდე შოკოლადის კექსს დავჭრი, გუშინ გამოვაცხვე და ცოტა კიდევ უნდა იყოს დარჩენილი


ამ სიტყვების შემდეგ, მე და ლიდია, ერთმანეთს დროებით დავემშვიდობეთ და საპირისპირო მხარეებისკენ დავიძარით. მან სამზარეულოსკენ აიღო გეზი, მე გასასვლელი კარისკენ და ჩვენი დიალოგიც ზუსტად აქ დასრულდა.


როგორც კი კვლავ ეზოში აღმოვჩნდი და პალმებით გარემოცულ ხეივანს გავუყევი, მაშინვე მობილური ამოვიღე ჯიბიდან იმის შესამოწმებლად, ნიცას ხომ არ ჰქონდა რამე მოწერილი. საბედნიეროდ, ერთი შეტყობინებაც არ ჩანდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენს მისიას გართულებები არ მოჰყოლოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად ეცდებოდა კავშირზე გამოსვლასა და ჩემთვის როგორმე ხმის მოწვდენას.


ეზო რაც შემეძლო სწრაფად გავიარე. სახლიდან გასასვლელ ჭიშკართან, რა თქმა უნდა, ისევ მორიგეობდნენ დაცვის თანამშრომლები. საჭირო იყო, გასვლისას რამდენიმე სიტყვა მათთვისაც მეთქვა, რადგან სავარაუდოდ, დაინტერესდებოდნენ იმით, ამიყვანეს თუ არა ახალ სამსახურში.


სახლის მიმდებარე ტერიტორია ცარიელი იყო. საეჭვო ნამდვილად არავინ ჩანდა და მეც თავისუფლად მივუახლოვდი დევდარიანების რეზიდენციის გალავანს.


დაცვის ბიჭებმა კიდევ ერთხელ შეწყვიტეს წამოწყებული საუბარი, რომელიც ამჯერად საფეხბურთო გუნდებს შეეხებოდა და მთელი ყურადღება ისევ ჩემზე გადმოიტანეს.


უზარმაზარი ჭიშკრის გაღება ზუსტად იმავე ბიჭმა აიღო საკუთარ თავზე, რომელმაც თავის დროზე შიგნით შემომიშვა. დანარჩენები უბრალოდ იდგნენ და სიტუაციას ზვერავდნენ, ქამრებში იარაღგარჭობილნი.გარეთ საკმაოდ სასიამოვნო ამინდი იყო. ივნისის მზე ზომიერად აცხუნებდა და ქუჩაში თბილი სიოც ქროდა.


-აბა, რა ამბებია, მოაწონე თავი ქალბატონ ლიდიას? -მკითხა ერთ-ერთმა, ვისი სახელიც კი არ გახლდათ ჩემთვის ნაცნობი.


-სავარაუდოდ, კი. მითხრა თუ რამე, დღის ბოლოს დაგიკავშირდები და დრო შევათანხმოთო


-თუ ასე გითხრა, ესე იგი მოეწონე და აპირებს მიგიღოს -ამჯერად, შავგრემანი, დაცვის წევრებს შორის ყველაზე მაღალი ჩაერთო საუბარში -ქალბატონი ლიდია საკმაოდ პირდაპირია და თუ შენს მიმართ ნეგატიურად განეწყო, არც ამას დაგიმალავდა

-ჰოო? ესე იგი, შანსები მაქვს -ისეთი ტონით წარმოვთქვი, თითქოს მსხვილ კომპანიაში მეძლეოდა დირექტორად დანიშვნის შანსი.


-ასეა, ძმაო. დიდი ალბათობით, ხვალიდან შენც მოგიწევს ამ სახლში სიარული


-არაა გამორიცხული -მივუგე და გარემო მივათვალიერე. ნიცა წესით სადღაც ახლომახლო უნდა ყოფილიყო, თუმცა მას ჯერ ვერ ვხედავდი, ამიტომ, შეტყობინება გავუგზავნე ტექსტით <<სად ხარ?>> და კვლავ დაცვის ბიჭებს მივუბრუნდი -კარგი, ჩემი წასვლის დროა, კარგ დღეს გისურვებთ


-შენც ასევე, ძმაო -მითხრა რამდენიმემ ერთად, დანარჩენებმა უბრალოდ თავები დამიკრეს დამშვიდობების ნიშნად და მეც სწრაფი ნაბიჯებით მოვშორდი დევდარიანების რეზიდენციას. რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ, ჩემს ხელში მოქცეული ტელეფონიც აზუზუნდა. როგორც ჩანდა, ნიცამ უპასუხა SMS-სს, ამიტომ, ეკრანს სწრაფად დავხედე, თან, პარალელურად სიარულს განვაგრძობდი.


<<მოპირდაპირე ქუჩაზე რომ სკვერია იქ მოდი.>> -მწერდა ის

ტაქსის მძღოლი, ვისაც ჩემი მცირედი ბარგი დავუტოვე და ვთხოვე მთელი ამ დროის მანძილზე დამლოდებოდა, კვლავ ერთგული ძაღლივით იდგა სახლის მოპირდაპირე მხარეს. ამის გამო, გადავწყვიტე ხსენებულ სკერამდე სწორედ მისი მანქანის საშუალებით მივსულიყავი და ნიცაც შიგნით ჩამესვა, რათა იმ მიდამოებისგან შორს, მშვიდად შეგვძლებოდა საუბარი.


<<ტაქსით გამოგივლი და მთავარ გზაზე გამოდი, რომ უკეთ დაგინახო.>> -სწრაფად ავკრიბე კლავიატურაზე, რის შემდეგაც მაშინვე დავაწექი გადაგზავნის ღილაკს. პარალელურად, მანქანის უკანა კარი გამოვაღე და კვლავ ჩემს ადგილას მოვთავსდი.


მძღოლს სიტყვაც არ დაუძრავს. როგორც კი მანქანაში ჩამჯდარი დამინახა, მაშინვე აამუშავა ძრავა, შემდეგი გაჩერების მისამართი მკითხა და როცა იმ სასტუმროს დასახელება ვუთხარი, სადაც გაჩერებას ვაპირებდი, ადგილს შესაშური სისწრაფით მოწყდა. მისი ჩქარა სიარულის წყალობით, იმ მოპირდაპირე ქუჩაზე მდებარე სკვერსაც საკმაოდ მალე მივუახლოვდით, რომელიც ნიცამ ახსენა შეტყობინებაში.


იქაურობა, ხალხის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიდა. ზოგიერთი უბრალოდ სეირნობდა, ზოგი სკამებზე მოკალათებული კითხულობდა წიგნს, ხოლო ზოგიც, ჩამოსასხმელ ნაყინს შეექცეოდა და ზაფხულის თბილ დღესთან გამკლავებას ამ გზით ცდილობდა.


ამ სამიდან, ნიცა მეორე კატეგორიას მიეკუთვნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სკვერში უამრავი ადამიანი მოძრაობდა, მისი შემჩნევა მაინც არ გამჭირვებია.

მხოლოდ იმ ფაქტმა გამაკვირვა, რომ იგი კითხვის დროს ვიხილე. თუ სკოლისა და უნივერსიტეტის პერიოდს არ ჩავთვლიდით, ნიცას ხელში წიგნი არასოდეს მაგონდებოდა, ამიტომ, ხელზეც კი ვიჩქმიტე, რათა დავრწმუნებულიყავი არ მეძინა.


არა, ნამდვილად ფხიზელ მდგომარეობაში გახლდით და ამაში დარწმუნებულმა, ტაქსის მძღოლს მორიგი განკარგულება მივეცი:


-აი აქ სვლა შეანელეთ, თუ შეიძლება, კიდევ ერთი ვინმე უნდა ჩავისვათ სასტუმროში წასვლამდე


<<ხომ გითხარით, მთავარ გზაზე გამოდი-მეთქი?>> -სწრაფად გავუგზავნე შეტყობინება ნიცას.


<<უკვე მოხვედი?>>


<<ჰო, ტაქსით ვარ… დახურე ეგ წიგნი, ფანჯარა ჩაწეული მაქვს და მალე დამინახავ კიდეც.>>


<<აჰა, ანუ შენ უკვე HD ხარისხში მხედავ>> -მომწერა და რამდენიმე წამში ფეხზეც წამოდგა დაკავებული ადგილიდან. მხოლოდ იმ წამს ვიგრძენი თუ როგორ მომნატრებოდა ჩემი და. ალბათ, მართლა არსებობდა რაღაც განსაკუთრებული კავშირი ტყუპებს შორის, რადგან ნიცას დანაკლისს, ყოველ დღე ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობასავით ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ ერთად ყოფნისას, სათში ათჯერ მაინც ვასწრებდით ხოლმე ჩხუბს და ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთი წყობიდანაც კი გამოგვყავდა.

იმის გამო, რომ საქარე მინა ბოლომდე მქონდა ჩაწეული და მეც გარეთ ვიყურებოდი, ნიცას ჩემი შემჩნევა საერთოდ არ გასჭირვებია. როგორც კი გაჩერებულ მაქანაში მჯდომი დამინახა, მაშინვე შეინახა თავის წიგნი მხარზე მოგდებულ ზურგჩანთაში, გზაზე სწრაფად გადმოირბინა და გაღიმებული გამოიქცა ჩემკენ.

რა თქმა უნდა, აღარც მე გავჩერებულვრ ტაქსიში დიდხანს. ნამდვილად არ მსურდა, ამდენხნიანი პაუზის შემდეგ, ჩვენი შეხვედრა პატარა მანქანაში მომხდარიყო, სადაც მკლავის გაშლასაც კი ძლივს მოახერხებდა ორი ადამიანი ერთდროულად, ამიტომ, მაშინვე გადავედი სალონიდან, ნიცასკენ რაც შემეძლო ჩქარა გავემართე და როგორც კი ერთმანეთს ხელის შესახებ მანძილზე მივუახლოვდით, რამდენიმე დღის უნახავი ტყუპისცალი გულში მაგრად ჩავიხუტე.

სასიამოვნო განცდები მომაწვა მასთან კვლავ შეხვედრისას. იმ წამს, ვიგრძენი, რომ ისეთი ელემენტარული წვრილმანიც კი მქონდა მონატრებული, როგორიც ნიცას სუნამოს სურნელი იყო და უფრო ღრმად შევისუნთქე ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი "შალინის" არომატი.

-ვიცი მოგენატრე, მაგრამ შეეცადე კისრის მალები არ დამიზიანო -ვუთხარი სიცილით, როცა უფრო მაგრად შემომაჭდო თავისი წვრილი მკლავები. ნიცა ჩემს მიმართ სიყვარულს, მხოლოდ დიდხნიანი განშორების შემდეგ გამოხატავდა ხოლმე და ეს ის ურყევი კანონი იყო, რაც არასოდეს იცვლებოდა ჩვენ ორის ურთიერთობაში

-რატომ წინასწარ არ გამაფრთხილე დღეს თუ აპირებდი ჩამოსვლას? ან რა საქმეებს ატრიალებ ასე გასაიდუმლოებით?

-სახლთან ვინმე იყო მოსული?

-ჰო, ვიღაც კაცი მოვიდა, მითხრა მებაღის ვაკანსიაზე ვარო და როგორც დამავალე, ვიზრუნე შიგნით არ შემეშვა

-ასეთი რა უთხარი?

-დავარწმუნე, საშინელი უფროსი გეყოლება-მეთქი და შემდეგ აარონის სასტუმროში გავუშვი, ორჯერ მეტი ანაზღაურების იმედით

-მერე დაგიჯერა? -გამეცინა.

-რა თქმა უნდა დამიჯერა. ჩემი ნომერი ჩავაწერინე და შენს გამო, ხვალ მე უნდა გავყვე გასაუბრებაზე, რათა უპრობლემოდ მიიღონ. მადლობის ნიშნად წიგნიც კი მაჩუქა -მერე, მზერა დაუსერიოზულდა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა გამოცდილი დეტექტივის მზერით -იმედია, ამიხსნი რა ხდება, თორემ ვერანაირი დასკვნა ვერ გავაკეთე

-აგიხსნი, აგიხსნი, ოღონდ ჯერ მანქანაში ჩაჯექი და იმ სასტუმრომდე მივიდეთ, სადაც გაჩერებას ვაპირებ -ჩვენს ფეხებთან გაჩერებული ტაქსისკენ ვანიშნე ამის თქმისას. მძღოლი კვლავ იმავე გაქვავებული სახით იჯდა წინა სავარძელზე და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ჩვენს იქ ყოფნას საერთოდ ვერ ამჩნევდა.

-რა ტაქსი, წამოდი, მე წაგიყვან, მანქანით ვარ

-მანქანით?

-ჰო, აარონს მოვუგე ჭადრაკში ოთხი დღით და ჯერ მხოლოდ მეორე დღეა

-კარგი, კარგი, თუ ასეა გადავიხდი და ბარგს ავიღებ -ჯიბისკენ წავიღე ხელი საფულის ამოსაღებად და როგორც კი ამ უკანასკნელს შარვლის მარცხენა ჯიბეში მივაკვლიე, მესაჭის სავარძლისკენ დავიძარი, მძღოლისთვის კუთვნილი თანხის გადასახდელად, რაც მის ჩემზე დაკარგულ დროსაც აანაზღაურებდა და იმ საფასურსაც, რომელიც გავლილი გზის მიხედვით მქონდა გადასახდელი . . .





* * *

-აბა, აღარ მეტყვი რა ხდება? -მკითხა ნიცამ, როგორც კი ქუჩის ბოლოში ჩავედით და მოპირდაპირე მხარეს გადავუხვიეთ. თუ ნავიგატორს დავუჯერებდით, სასტუმრო, სადაც უნდა გავჩერებულიყავი აქედან ოთხ კილომეტრში მდებარეობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გზაშიც თავისუფლად მოვასწრებდი ყველაფრის დაწვრილებით მოყოლას.

-გეტყვი, ოღონდ კონდინცირება ჩართე, ძალიან მცხელა

-არც ეგეთი სიცხეა -მხრები აიჩეჩა ნიცამ, თუმცა ჩემი თხოვნა მაინც შეასრულა და მალევე ვიგრძენი როგორ დატრიალდა სალონში სასიამოვნოდ გრილი ჰაერი.

-ასე აშკარად უკეთესია

-იმ სიღარიბეში სულ დაგავიწყდა არა, რას ნიშნავს კონდინციონერი?

-ჰო, ძირითადად, მაცივრის გაღებული საყინულის წინ მიწევს ხოლმე დგომა, როცა სიცხე შემაწუხებს -ამის თქმისას, სწორედ ის ღამეები გამახსენდა, როცა მსგავსი საშუალებით ვებრძოდი ხოლმე აუტანელ სიცხეს და ძილის მაგივრად, ფხიზელ მდგომარეობაში ვატარებდი დროს სამზარეულოში, სიგრილის ერთადერთ წყაროსთან ერთად.

-მე აშკარად შენზე უკეთეს პირობებში ვყოფილვარ. სხვა თუ არაფერი, ჩვენი ძმის სახლში მაინც ვცხოვრობ და არც აუტანელი სიცხე მიქმნის პრობლემას

-გაგიმართლა -სავარძელი დავადაბლე და მას მოხერხებულად მივეყრდენი თვალებდახუჭული.

-კარგი, ამას შევეშვათ, ახლა თქვენ მითხარით რატომ მაიძულეთ უოტსონის როლის მორგება, მისტერ ჰოლმს?

-საკმაოდ გრძელი ამბავია -დახუჭული თვალები კვლავ გავახილე, თან ყოველივე დღეს მიღებული ინფორმაცია გამახსენდა მელინას შესახებ და კიდევ ერთხელ მომადგა ღიმილი. მართლა რა გაიძვერა იყო ეს გოგო. რა გაიძვერა და მეამბოხე.

-არა უშავს, დრო ძალიან ბევრი გვაქვს, ამიტომ ამოღერღე, სანამ მანქანიდან მოგისროლე

ნიცას სიტყვებში, მუქარის გარდა მოუთმენლობაც იკითხებოდა, ამიტომ, გადავწყვიტე ბოლოს და ბოლოს ჩამექრო მისი ცნობისმოყვარეობის წითლად ანთებული ღილაკი და ქვემოთ დაწეული სავარძელი, კვლავ უწინდელ პოზიციას დავუბრუნე.

-ხომ გახსოვს, რამდენიმე დღის წინ რომ ანტონია დევდარიანი ახსენე? -გამომცდელი მზერით გავხედე ნიცას

-მახსოვს, მერე?

-მერე ის, რომ ეგ გოგო და ჩემს ცვლაში მომუშავე ბარისტა, ერთი და იგივე ადამიანები არიან. სასტუმროში მელინა ნებიერიძის სახელით მუშაობს და მისი ნამდვილი ვინაობა არავინ იცის

ნიცა წამით გაკვირვებული სახით მიყურებდა. შემდეგ თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, თავი ოდნავი ღიმილით გადააქნია და კვლავ საჭეზე გადაიტანა ყურადღება.

-ვერ გამიგია, ეგ სასტუმრო გაღატაკებული აზნაურების თავშესაფარია თუ რა ხდება? -მკითხა შეკავებული სიცილით -კარგი, შენი ამბავი გასაგებია, მაგრამ მაგ გოგოს რა მიზეზები აქვს?

-სწორედ ამის გასაგებად მივედი მის სახლში

-ანუ ის სახლი დევდარიანების იყო? ამიტომ იცავდა ამდენი ადამიანი?

-ჰო, მათი სახლი იყო. შიგნით ისე შევაღწიე, როგორც მებაღის ვაკანსიაზე მისულმა. შენც სწორედ ამიტომ გთხოვე იქ არავინ შემოგეშვა, მანამდე კი, მოახლის საშუალებით თითქმის ყველაფერი გავიგე ქალბატონ ანტონიაზე -მერე ჩავფიქრდი, შუბლი ხელით მოვისრისე და მცირედი შესწორება შევიტანე :- უფრო სწორად
მელინაზე. მართალია ნამდვილი სახელი არაა, თუმცა მირჩევნია მაინც ასე დავუძახო

-გასაგებია და რა გაარკვიე? რა მიზეზით ათენებს ღამეებს იმ ბარში, შენთან ერთად?

-ზუსტი მიზეზი არც მე ვიცი, თუმცა იმ მოახლის მონათხრობიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს თავის ცხოვრებას გაურბის და სურს რაღაც ახალი გამოცადოს . . . თუმცა მაინც მიკვირს საკუთარი ნებით რომ ჩაიგდო თავი ამ ყოფაში

-როგორც ჩანს, მეამბოხეა. ალბათ, ყელში აქვს ამოსული მდიდრების საზოგადოება, მათი ქედმაღლური სახეები და უნდა რაღაც განსხვავებული სინჯოს

ნიცას სიტყვები, მეც საკმაოდ ლოგიკურად მომეჩვენა. მიუხედავად ამისა, საშინლად მაინტერესებდა როგორ უპასუხებდა ამ კითხვას თავად მელინა და ეს ინტერესი მაიძულებდა, მართლაც მეცადა აღნიშნულ თემაზე მასთან დალაპარაკება.

-გამოგიტყდები, ამ გოგოსავით იდუმალი აქამდე არავინ შემხვედრია -ვთქვი ისე, რომ დისკენ არც გამიხედავს. ჩემი გონების ერთი ნაწილი, უკვე სადღაც მოუსავლეთში წასულიყო. იქ, სადაც მხოლოდ მელინას სახეს ვხედავდი და მის ნამღერ "ცვლილების ქარს" კვლავ შეუჩერებლად ვაჟღერებდი საკუთარ წარმოსახვებში.

-მოდი, აარონს დავურეკავ და ვეტყვი, რომ აქ ხარ -მოულოდნელად შეიცვალა საუბრის თემა ნიცას მიერ. თითქოს მეც ამან მომიყვანა გონს. გადავწყვიტე უწინდელი ფიქრები ცოტა ხნით სათადარიგო სკამზე მომეთავსებინა და ამ ყველაფერს მხოლოდ ბათუმში ჩასვლის შემდეგ დავბრუნებოდი

-შეეშვი, არ დაურეკო -ჯიბისკენ წაღებული ხელი, კვლავ საჭეზე მოვათავსებინე. ამ ეტაპზე ნამდვილად არ მსურდა ჩემი აქ ყოფნის შესახებ კიდევ ვინმეს სცოდნოდა, მით უმეტეს აარონს.

-რატომ არ უნდა დავურეკო?

-ჯობს არაფერი უთხრა, მერე დაიწყებს, რომ აქეთ-იქით წანწალს ვერ ვეშვები, გართობის გარდა არაფერი მაინტერესებს და ასე შემდეგ. ხომ იცი როგორიცაა?

ნიცას, ჩემს სიტყვებზე ოდნავ ჩაეღიმა და სიჩქარის მაჩვენებელი 120კმ/სთ-ზე აიყვანა, თან, მაგნიტოფონში ბოლო ხმაზე ჩართო Imagine Dragons-ის Bad Liar და ღიმილიანი სახით გადმომხედა

-გახსოვს, ხმამაღლა აწეული მუსიკებით რომ დავქროდით ხოლმე ლოს-ანჯელესის ქუჩებში, როდესაც ღამით ვერ ვიძინებდით?

წარსულის მოგონებებმა, მის მსგავსად, ჩემს სახესაც მოჰგვარა უნებლიე ღიმილი.

-ჰო, მახსოვს . . . პარადოქსი იყო არა? როდესაც შენ არ გეძინა, ზუსტად იმ მომენტში ვერც მე ვახერხებდი დაძინებას

-გეთანხმები, უცნაურია, თუმცა მე მაინც უბრალო დამთხვევა მგონია ეს ყველაფერი

-შეიძლება… ოღონდ ამას დაზუსტებით ვერასდროს გავიგებთ -მერე მუსიკას ოდნავ დავუწიე, ნიცას იმ ხელს, რომელიც საჭეზე არ ედო, ჩემი თითები მოვუჭირე და სახეში შევხედე.

-დაღამებამდე ჩემთან დარჩი, კარგი? პოპ-კორნს ვიყიდი და რამე მძაფრსიუჟეტიან ფილმს ჩავუჯდეთ

-სხვათა შორის, ამ წელს ძალიან კარგი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი გამოვიდა

-ჰოო? და რაზეა?

-ერთ კაზანოვაზე, ვისაც მდიდარმა უფროსმა ძმამ ყველაფერი წაართვა და კაბრიოლეტიდან, ველოსიპედზე გადასვა

-ხუმრობის ხასიათზე ხარ, არა?

-აღიარე, რომ კარგად გამომივიდა

-როცა შენი მისამართით ხუმრობენ ხოლმე, ზოგადად არ გეცინება

-კარგი, მაშინ ამას მე გავაკეთებ -გამომწვევად მომიგო ნიცამ და მაშინვე ატეხა ხმამაღალი სიცილი, ჩემი ნერვების მოსაშლელად.

-გაჩუმდი და მითხარი წამოხვალ თუ არა

-დამშვიდდი, წამოვალ, თუმცა ღამით დავრჩები-მეთქი ვერ შეგპირდები, რადგან კარგად იცი როგორ ვერ ვიტან იაფფასიან სასტუმროებში ძილს

-შეიძლება აბაზანში ოქროს ჯაკუზი არ დგას, თუმცა საკმაოდ ნორმალური და სუფთა სასტუმროა

ნიცამ თვალები აატრიალა, მერე კი კატეგორიულად გადააქნია თავი. ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ მისი გადაწყვეტილება კვლავაც უცვლელი გახლდათ და შეწინააღმდეგებასაც არ ჰქონდა აზრი.

სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არც მე დამიძალებია დასაძინებლად ჩემთან დარჩენილიყო. მისი წასვლის შემდეგ, ვაპირებდი იმ ავტობუსში გაცნობილ გოგოს დავკავშირებოდი და რახან პირობა მივეცი, მასთან ერთად გამეტარებინა ბათუმში წასვლამდე დარჩენილი დრო.

მანქანამ კვლავ მორიგ ქუჩაზე გადაუხვია. მაგნიტოფონიც სწორედ იმ წამს მორჩა სიმღერის ბოლო სტროფებს და ამჯერად, Wind Of Chang-ის ნაცნობმა ჰანგებმა მოიცვა მთელი სალონი. ნიცამ კარგად იცოდა, როგორ მიყვარდა ეს სიმღერა, ამიტომ, მელოდიის აჟღერების თანავე ღიმილით გადმომხედა და ხმასაც ოდნავ აუწია.

ამის წუთიდან მოყოლებული, სასტუმრომდე, სიტყვა არც ერთს დაგვიძრავს და არც, მეორეს. უბრალოდ ბოლო ხმაზე აწეულ მუსიკებს ვუსმენდით, მანქანას საკმაოდ სწრაფად მივაქროლებდით და ორივენი იმ დროს ვიხსენებდით, როდესაც ლოს-ანჯელესის ქუჩებში, სახურავგადახდილი მანქანით, გიჟებივით დავქროდით ხოლმე საერთო უძილობის ჟამს . . .



8 8 8 8

საათი ღამის ცხრას უჩვენებდა, როდესაც ჩვენი „კინოთეატრის“ დასრულების შემდეგ ნიცა სახლში გავაცილე და ნომერში კვლავ მარტო დავრჩი.
ფილმი ნამდვილად საინტერესო შინაარსის იყო და არც ის ორი საათი ჩამითვლია ფუჭად დაკარგულად, რომელიც მის ყურებაში დავხარჯე. სამაგიეროდ, პოპ-კორნისა და კოკა-კოლის ქილები ეყარა საწოლზე უწესრიგოდ, რაც, რა თქმა უნდა ჩემი ასალაგებელი გახლდათ, რადგან ამის გამო House Keeping-ის თანამშრომლების გამოძახება, ცოტა არ იყოს უხერხულად მეჩვენებოდა. სინამდვილეში, იყო კიდეც უხერხული რამდენიმე პაკეტისა და თუნუქის ქილის გულისთვის სხვისი შეწუხება, ამიტომ, ყველაფერი თავად მოვაწესრიგე, საწოლი ლამაზად გავასწორე და საბოლოო ჯამში, საკუთარი ნაშრომით კმაყოფილი, ღიად დატოვებულ ფანჯარასთან მიდგმულ სავარძელში ჩავესვენე.

სივრცეში უაზროდ ყურების პარალელურად, ტელეფონს ხელში დაუსრულებლად ვატრიალებდი და რატომღაც, ნენესთან დარეკვას არ ვჩქარობდი. იქნებ, საერთოდაც არ მსურდა ამ ღამის მასთან გატარება და უბრალოდ იმის გამო მქონდა გადაწყვეტილი დაკავშირება, რომ პირობის დარღვევაში არ ჩამთვლოდა?

რაც არ უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, საკუთარ თავს მაინც მოვალედ ვთვლიდი მიცემული სიტყვა აუცილებლად შემესრულებინა. თანაც, რით ვიყავი უკმაყოფილო? ნენე ხომ სწორედ ისეთი გოგო იყო, როგორის ხელში ჩაგდებაზეც ნებისმიერი კაცი იოცნებებდა? მე კი, ლანგარზე დადებული მომართვა ბედისწერამ და მაინც მიმაჩნდა, რომ საღამოს, მარტო დარჩენილი უკეთესად გავატარებდი, ვიდრე მასთან ერთად.

საკუთარ ფიქრებზე გაბრაზებულმა, ღრმად ამოვიხვნეშე და მობილურს კიდევ ერთხელ დავხედე. ზუსტად იმ წამს, თავში ერთი იდეა დამებადა. თუ მელინა თავისი ყალბი სახელითა და გვარით არ იძებნებოდა სოციალურ ქსელში, იქნებ ნამდვილით მაინც მოძებნილიყო?

ამის გასარკვევად, ერთადერთი გზა ტელეფონისთვის ბლოკის მოხსნა და შემოწმება იყო. მეც სწორედ ასე მოვიქეცი, ეკრანზე "Pattern"-ის კოდი ცერა თითით მოვხაზე, ინსტაგრამი ჩავრთე და საძიებო ველში ანტონია დევდარიანი ავკრიბე. ამის გაკეთების შემდეგ, ცოტა ხნით მოცდა მომიწია, სანამ სასტუმროს არც ისე მაღალსიჩქარიანი WF სასურველ მისამართზე გადასვლას მოასწრებდა.

მერე კი . . .

ბინგო!
სწორედ იმას მივაგენი, ვინც მჭირდებოდა. უნდა მეღიარებინა, ზუსტად ისეთი გვერდი ჰქონდა, როგორიც მის ხასიათს შეეფერებოდა. მთავარი ფოტოს გარდა, მხოლოდ ერთი სურათი ედო და სულ რაღაც ათი ადამიანი ჰყავდა "დაფოლოვებული".

ამას არაუშავდა. მთავარია, რაღაც მაინც მქონდა ხელთ მის შესახებ, ამიტომ, მაშინვე გავხსენი ის ერთადერთი ფოტო, რომელიც გამაჩნდა და ზემოდან დავაცქერდი. უნდა მეღიარებინა, საკმაოდ ლამაზი კადრი გადამეშალა თვალწინ.


მელინა, მწვანე მდელოზე, მინდვრის ყვავილებში იჯდა, თავზე გვირილებისგან დაწნული გვირგვინი ჰქონდა დადგმული, ტანზე იასამნისფერი კაბა ეცვა და ჰელიუმის ფერადი ბუშტებით ხელში კამერას იმდენად ლამაზად უღიმოდა, წამით თვალებიც კი დავხუჭე მოწოლილი სურვილების თავიდან მოსაშორებლად.

რა მემართებოდა? ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს ამ გოგოს ფესვები გაედგა ჩემს გულში, ტყედ ქცეულიყო და ნელ-ნელა მთელს გონებას ედებოდა თავისი დაბურული ტოტებით.

გადახვეული ფილმის კადრებად მაგონდებოდა მასთან გატარებული ყოველი მომენტი, დიალოგი, დღე, როცა თავის საპირფარეშოში დამტოვა სკამზე მიბმული და ის წერილი დამიდო მუხლებზე, რომელსაც არც კი ვიცოდი რატომ ვინახავდი დღემდე, საწოლის გვერდით მიდგმული კომოდის უჯრაში.

თავში თითქოს სრული არეულობა მქონდა. დალევა მომინდა, თუმცა გამახსენდა, რომ ნომერში წვეთი სასმელი არ მომეპოვებოდა და ვცადე როგორმე ეს სურვილიც დამეძლია, რადგან გამოცვლა და ბარში ჩასვლა საშინლად მეზარებოდა, ხოლო ალკოჰოლური სასმელების ნომერში ამოტანა, სასტუმროს შინაგანა წესის თანახმად სასტიკად იყო აკრძალული.

რაც უფრო დიდი დრო გადიოდა სავარძელში ჯდომასა და ხედის ყურებაში, მით უფრო მეტად მიტევდნენ ჩემთვის გაურკვეველი ფიქრები. ვხვდებოდი, რომ მარტო ყოფნის შემთხვევაში, ამ ხმების გაჩუმებას ვერაფრით შევძლებდი და არც დაძინება გამომივიდოდა ნორმალურად. იქნებ მართლა სჯობდა სატელეფონო წიგნაკში შევსულიყავი და ნენესთან დაუყოვნებლივ დამერეკა?

არც ისე გრძელვადიანი ფიქრის შემდეგ, მიღებულ გადაწყვეტილებას ოთხმოცდაათი პროცენტით დაეთანხმა ჩემი ტვინიც, ხოლო დანარჩენ ათ პროცენტს ხელჩართულ ბრძოლა გაუმართა და საბოლოოდ, დაამარცხა კიდეც. გადაწყვეტილების შეცვლას, უკვე აღარ ვაპირებდი. მტკიცედ დავისახე მიზნად ყოველგვარი საწინააღმდეგო მოსაზრება გამესახლებინა საკუთარი გონებიდან და ნენესთან დაკავშირება წამითაც აღარ გადამედო. ასეც მოვიქეცი, მობილურში მის ნომერს სწრაფად მივაკვლიე, მწვანეს დავაწექი და დაველოდე, როდის შეიცვლებოდა წყვეტილი ზუმერი ჩემთვის სასურველი ხმით.

რომ ვთქვა, ამისთვის ზედმეტად დიდხანს დამჭირდა ლოდინი-მეთქი, მოგატყუებთ. ზარის გაშვებიდან დაახლოებით თხუთმეტი-ოცი წამის შემდეგ, საკმაოდ გარკვევით ჩამესმა გოგოს ნაზი ხმა და გადაღლილი სახით მივაწექი სავარძლის საზურგეს.

-შენი საღამოს გეგმები კვლავ უცვლელია ავტობუსის გოგონავ? -საუბარი ისე წამოვუწყე, რომ მაშინვე გაეაზრებინა ვინ ვიყავი და ზედმეტი ახსნა-განმარტებების მიცემა არ დამჭირვებოდა.

რამდენიმე წამის განმავლობაში, ყურმილში შემაწუხებელი დუმილის გარდა არაფერი გამიგია. ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, რომ არაფრის თქმას არ აპირებდა, რადგან გაბრაზებული იყო ასეთი გვიანი ზარის გამო, თუმცა ჩემი ეჭვები ერთობლივად გაიფანტა, როცა სიჩუმის ნაწილაკები უეცრად წარმოთქმულმა ნენეს სიტყვებმა გააქრო:

-უკვე აღარ მეგონა, რომ დამირეკავდი -სიხარულის ნოტები შევამჩნიე მი ხმაში -სიმართლე გითხრა, ცოტა ხანში დაძინებასაც ვაპირებდი

-მაპატიე, საქმეები მქონდა და უფრო ადრე დაკავშირება ვერ შევძელი. თუ გეძინება, შეგვიძლია შეხვედრა გავაუქმოთ

-ძილით ნამდვილად არ მეძინება, უბრალოდ, ვინაიდან ამ საღამოსთვის სხვა გეგმები არ მქონდა, ვერაფერი მოვიფიქრე ძილის გარდა

-ფილმის ყურება არ სცადე?

-ფილმები დიდად არ მიყვარს, ამიტომ, ამით დრო იშვიათად გამყავს ხოლმე

-კარგი, თუ ასეა, მაშინ შენი მისამართი მითხარი, გამოგივლი და სადმე წავიდეთ

-არა, არ გამომიარო -ხმაში ყოყმანი შევატყვე, თუმცა მანამდე ვერ მივხვდი ამის მიზეზს, სანამ კვლავ თვითონ არ ალაპარაკდა: -საქმე იმაშია, რომ მშობლებთან ერთად ვცხოვრობ და არ მინდა ზედმეტი კითხვები დასვან. მითხარი, რომელ სასტუმროში ხარ გაჩერებული და თავად მოგაკითხავ. ახლა ხალხმრავალ ადგილას შეხვედრა მაინც არ მინდა, მირჩევნია სრულიად მარტონი ვიყოთ

-კარგი, თუ ასე გსურს, რა გაეწყობა-სახეზე ღიმილი გადამეფინა მის სიტყვებზე -მაშინ გავთიშავ და ლოკაციას შეტყობინებით გადმოგიგზავნი


-გელოდები -მხიარულად დამიბრუნა პასუხი ნენემ და ჩვენს შორის კავშირიც ზუსტად ამით გაწყდა.

SMS-ის გადაგზავნის შემდეგ, ჩემი ღამეული სტუმრის მოლოდინში, ფანჯრის რაფას ხელებით დავეყრდენი და ლამაზად განათებულ ქალაქის მთავარ ანძას შევაცქერდი. ძალიან მელამაზებოდა ღამის თბილისი, ქუჩაში დაუსრულებლად მოსიარულე ფარებანთებული მანქანები და ლამპიონები, რომლებიც მთელ სიგრძეზე მიუყვებოდა ამ უბანს.

ხედის თვალიერებაში ისე გავერთე, ვერც კი შევამჩნიე როგორ სწრაფად გადიოდა დრო. იმ წამს გავაცნობიერე, რომ არანაირად არ ვიყავი მზად ნომერში გოგოს მისაღებად. არც ხილი მქონდა, არც ტკბილეული და არც სხვა რამე, რაც მსგავს საღამოს გაალამაზებდა. სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვიწვოდი სურვილით ნენესთვის სასიამოვნო ატმოსფერო შემექმნა, თუმცა ვალდებულება მაინც მკარნახობდა, რომ სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავი და მეც ზლაზვნით ავდექი ჩემი სავარძლიდან, რათა რესეფშენში დამერეკა და Room Service-ს მომსახურებით მესარგებლა, სასურველი რამების პირდაპირ ნომერში მისაღებად . . .






* * *

ზღურბლს, რაც შეეძლო თამამი ნაბიჯებით გადმოაბიჯა ნენემ. იმდენად უხდებოდა ტანზე მომდგარი მოკლე, ცისფერი კაბა, რომ სახეზე კმაყოფილების ღიმილი მომადგა. რამდენნაირი რომანი არ მქონია, თუმცა ავტობუსში გაცნობილ გოგოსთან საღამოს პირველად ვატარებდი და ეს, ჩემთვისაც ახალი იყო.

ოფიციანტის მიერ შემოტანილ ტროლზე, მანგოს წვენით სავსე ბოთლი, ჭიქები და ხილის ასორტი ელაგა, სხვადასხვა ფორმის თეთრ შოკოლადებთან ერთად. იქვე, ხელსახოცში გახვეული წითელი ვარდიც დაედოთ, სასიამოვნო აურის შესაქმნელად. ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურად იყო, ჩემს ნომერში მყოფი გოგონას ჩათვლით, მაგრამ თავს მაინც ვერ ვგრძნობდი ისე, როგორც ადრე. არც ის ვიცოდი რა მჭირდა, თუმცა საბოლოოდ, გადაწყვეტილება მივიღე ყოველგვარი უსარგებლო ფიქრი თავიდან მომეშორებინა და მხოლოდ მოსალოდნელ ღამეზე მეფიქრა.

-ლამაზია აქაურობა -აღნიშნა ნენემ, როგორც კი გარემო მოათვალიერა. მართალია, ნომერი დიდი ვერაფერი იყო, თუმცა საკმაოდ მყუდროდ გახლდათ მოწყობილი და პანორამაც არაჩვეულებრივი იშლებოდა.

-დაჯექი და მოდუნდი. ცოტათი დაძაბული ჩანხარ

-დაძაბული? -ხელოვნურად გაიოცა -ალბათ გეჩვენება

-დამიჯერე, მე არასდროს არაფერი მეჩვენება -გამამხნევებლად გავუღიმე ამის თქმისას, დივანთან საკუთარი ხელით მივიყვანე და იქ, მასთან ერთად ჩამოვჯექი -მანგოს წვენს დალევ?

-წვენები დიდად არ მიყვარს, თუმცა ერთ ჭიქას გავუმკლავდები

-ძალიან კარგი, რახან ასეა, მეტს არც მე დავლევ -პატიოსნად დავპირდი, მერე კი მინის ბოთლს საცობი მოვხსენი. ნენე დაკვირვებით უყურებდა თითოეულ ჩემს მოქმედებას -იმას, თუ როგორ შევავსე ჭურჭელი ტკბილი, ყვითელი სითხით, როგორ გავუწოდე ორიდან ერთ-ერთი ჭიქა მას და როგორ მივეყრდენი დივნის საზურგეს. ამ გოგოს თვალები, თითქოს მბურღავდნენ და ატმოსფეროსაც უფრო ვნებიანს ხდიდნენ.

ისედაც გონებაარეულსა და გადაღლილს, აღარ მინდოდა უაზრო დიალოგებით საქმის გაჭიანურება. იმხელა მაგნიტური მიზიდულობა ჰქონდა ჩემს გვერდით ჩამომჯდარ ნენეს, რომ ჭიქა ერთი ყლუპის მოსმის თანავე დავაბრუნე უწინდელ ადგილას, მასაც ჩამოვართვი თავისი წვენი და სახის კანზე თითები ნაზად ჩამოვუტარე.

გამეღიმა იმის დანახვაზე, თუ როგორ დაეხუჭა თვალები ჩემი შეხებისას. ოთახში გამეფებულ სიჩუმეში მხოლოდ ჩვენი სუნთქვისა და საათის წიკწიკის ხმა თუ ისმოდა.

-მოდი ჩემთან -ვუთხარი ჩურჩულით, როგორც კი თითებით ნენეს მსხვილ ტუჩებამდე მივაღწიე. მისი დახვეწილი ფორმები უკვე უზარმაზარ სურვილს აღმიძრავდა ეს საოცარი არსება რაც შეიძლებოდა მალე შემესწავლა სხეულის თითოეული ნიუანსით. ისიც თითქოს დაჰიპნოზებულივით დაჰყვა ჩემს ნებას, ფეხზე მოხდენილად წამოდგა, გამჭოლი მზერა მესროლა და დივნიდან პირდაპირ ჩემს კალთაში გადმოინაცვლა.

-საოცრად ლამაზი ხარ, იცი?

-მე კიდევ ერთი რამ ვიცი -კისერზე მომხვია ხელები და ცხვირზე, ცხვირი მომადო.

-მაინც რა? -დავინტერესდი. იმ წამს, საკმაოდ სერიოზული მზერა ჰქონდა.

-ის, რომ ამ ღამეს გაგრძელება არ ექნება

ჩამეღიმა. რა თქმა უნდა, ამაში გამოტყდომას თავადაც ვაპირებდი, თუმცა როგორც ჩანს, მან დამასწრო.

-და შენ, ამასთან დაკავშირებით რამე პრობლემა გაქვს? -ვკითხე -თუ ასეა, მაშინ არაფერი მოხდება და აქედანაც სრულიად ხელუხლებელი გახვალ, მერე კი . . .

-ფეხებზე მ’კიდია ყველაფერი -შუა გზაში გამაწყვეტინა მონოლოგი ნენემ -ასე არასდროს მოვქცეულვარ, პირველი შემხვედრისთვის ამდენის უფლება არასდროს მიმიცია, თუმცა . . .

-თუმცა ხანდახან ყველა ადამიანი ჰყვება გრძნობებს -ამჯერად, მე გავაწყვეტინე, რადგან მივხვდი, სათქმელს ვეღარ აბოლოვებდა -თუ ზოგჯერ იმპულსურად არ იმოქმედე, ადამიანი ვერ იქნები, ნენე

-მართლა ეგრე ფიქრობ?

-რა თქმა უნდა

-კარგი, თუ ასეა, ვიმოქმედოთ იმპულსურად -ოდნავ გაეღიმა ამის თქმისას და მეტად სიტყვაც აღარ დაუძრავს ისე წამოიწია ჩემი ტუჩებისკენ.

სასიამოვნო იყო მისი სიახლოვე. იმის გააზრება, თუ როგორ მორცხვად თრთოდა ჩემს მკლავებში, როგორ ნეტარებისგან ეხსნებოდა ბაგეები ჩემს ყოველ შეხებაზე და როგორ ცდილობდა, მთელი თავისი ქალურობა და სინაზე მთლიანად ეჩუქებინა.

ის საოცარი ღამე, მთლიანად ამ გოგოსთან ერთად გავატარე. ზუსტად ისევე მოხდა, როგორც ყველა სხვა დანარჩენთან –უბრალოდ ერთმანეთს სიამოვნება მივანიჭეთ, დრო იდეალურად გავიყვანეთ და მეორე დილით ყოველგვარი მოვალეობის გარეშე დავემშვიდობეთ.

წინ კვლავ ბათუმი და ჩემი სამსახური მელოდა. დრო იყო, რეჟიმში ჩავმდგარიყავი და თბილისში მიღებული ინფორმაციაც ჩემს სასარგებლოდ გამომეყენებინა. ნეტავ ახლაც თუ შეძლებდა ქალბატონი მელინა ხელიდან დამსხლტომოდა და ჩემი კითხვებისთვის თავი აერიდებინა? ამაში უკვე ეჭვი მეპარებოდა.






8 8 8 8


ბათუმი, ჩემს დაბრუნებას საკმაოდ თბილი და სასიამოვნო დღით შეეგება. ისეთი მზიანი ამინდი დამხვდა, ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ, პირდაპირ სანაპიროზე გასვლის განწყობამ შემომიტია, თუმცა ვინაიდან არც გამოსაცვლელი ტანსაცმელი მქონდა თან და მხარზე მოგდებული ზურგჩანთაც მიშლიდა ხელს, საკუთარ სურვილი მაშინვე გადავისროლე აუსრულებელთა სიაში.

სადგურზე, სადაც უამრავი ხალხი დაიარებოდა, უცხოელი ტურისტების ჩათვლით, რამდენიმე ტაქსის მანქანასაც მოვკარი თვალი, ავტოსადგომზე, რომლებიც მოთმინებით აღჭურვილები ელოდნენ მომდევნო კლიენტს.

სადგური ჩემი სახლიდან არც თუ ისე შორს მდებარეობდა და შემეძლო ტრანსპორტის გარეშეც წავსულიყავი, თუმცა იმდენად ვიყავი დაღლილი რამდენიმესაათიანი მგზავრობით, ახლა ფეხით სიარულს ყველაფერი მერჩივნა დედამიწის ზურგზე, ამიტომ გადავწყვიტე ისევ ტაქსის მომსახურებით მესარგებლა და ჩემი მძიმე ზურგჩანთიანად დავიძარი მუქი ლურჯი ფერის ავტომობილთან ჩამომდგარი მელოტი მძღოლისკენ, ზურგით რომ მიყრდნობოდა თავის შემოსავლის წყაროს. ხმის ამოღება არ დამჭირვებია. როგორც კი თავისკენ მიმავალი დამინახა, რა თქმა უნდა მაშინვე გააცნობიერა რაც მინდოდა და უსიტყვოდ შეავსო მძღოლისთვის განკუთვნილი სავარძელი. მასთან დიალოგის წამოწყება არც თავად მიცდია. ამის მაგივრად, მხოლოდ მისამართის თქმით შემოვიფარგლე, ბეჭზე მოკიდებული ტვირთი გვერდზე მოვიდე და როგორც კი მანქანა ხმაურიანი ავტოსადგომიდან დაიძრა, საზურგეს მოხერხებულად მივეყრდენი.

სადგურიდან სახლამდე, მთელი გზა ისე გავლიე, რომ ნახევრამდე ჩამოწეული საქარე მინისთვის თვალი არ მომიწყვეტია. ქუჩებში უამრავი ხალხი მოძრაობდა -ზოგი სანაპიროსკენ მიემართებოდა, ზოგიც სწორედ იქედან მოდიოდა, ზოგიც კი ღია კაფეებში, ქოლგების ქვეშ ჩამომჯდარიყო და მაღალ ჭიქებში ჩასხმული ცივი სასმელით ცდილობდა სიცხისგან გახურებული, სხეულის გაგრილებას.

ავტომობილი უკვე ჩემს უბანს უახლოვდებოდა, როდესაც ფანჯარაში ყურება Whatsap-ზე მიღებული შეტყობინების ხმამ გამაწყვეტინა. მისი ავტორი, თვით თორნიკე ჯაყელი გახლდათ, ვინც მწერდა ხვალ სამსახურში ერთი საათით ადრე მოდი, ბარში რაღაც სასმელებია დასახარისხებელი და ეს საქმე შენ უნდა მოაგვაროო.

სასტუმროში, რამდენიმე დღეში კორპორაციული საღამო იგეგმებოდა. მის მოსამზადებელ სამუშაოებს უმეტესწილად ჯაყელი ხელმძღვანელობდა ხოლმე. ბოლო ერთი კვირა, ამ ადამიანის პირიდან გამუდმებით ის მესმოდა, რომ აღნიშნული საღამოსთვის ყველაფერი იდეალურ წესრიგში უნდა ყოფილიყო და სასმელების დახარისხებაც ალბათ სწორედ ერთ-ერთი აუცილებელი პირობა გახლდათ.

კორპორაციული წვეულების ჩამთავრების შემდეგ, აღარც ენკე იმუშავებდა ჩვენს ცვლაში. მე და მელინას მარტო მოგვიწევდა დარჩენა ერთმანეთის პირისპირ, ერთმანეთის იმედად.

ტუჩებზე ოდნავი ღიმილი მომადგა. ბოლო პერიოდში, ვამჩნევდი, რომ ყოველი ჩემი ფიქრი, საბოლოოდ მაინც მელინასთან მიდიოდა, არანორმალურ გოგოსთან, ვინც ოქროს სასახლეზეც კი თქვა უარი, რათა სიღარიბეში ცხოვრების გემო გაეგო. აქამდე, ასეთი რამ რომ ვინმეს ჩემთვის მოეყოლა, არ დავიჯერებდი და ვიფიქრებდი ფილმის სიუჟეტს მიყვება მეთქი, თუმცა ამჯერად, ყველაფრის მოწმე საკუთარი თვალებითა და ყურებით ვიყავი და ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო.

ფიქრებში გართულმა, ვერც კი გავიგე ისე გაჩერდა მანქანა ჩემი სახლის ჭიშკართან. მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვიგრძენი, რომ მოძრაობის მაგივრად, ერთ ადგილას ვიდექით გაუნძრევლად და აღარც მორბენალი კადრები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს საქარე მინიდან.

ქუჩაში შესამჩნევი სიწყნარე ჩამოვარდნილიყო. ირგვლივ ერთი სულიერი არსებაც კი არ მოძრაობდა. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რის გამოც ასე ძალიან მომწონდა ჩემი უბანი -დილის საათებშიც კი ისეთი სიმშვიდე ისადგურებდა, გონების დასვენებაც იდეალურად გამომდიოდა და თქვენ წარმოიდგინეთ, დაძინებაც კი.

ტაქსის მძღოლს, კუთვნილი თანხა გადავუხადე. ამ უკანასკნელმა ისევე უხმოდ ჩამომართვა დამსახურებული კუპიურა, როგორც მთელი მგზავრობის განმავლობაში იჯდა და სალონიდან ჩემი გადასვლის თანავე, მანქანა ისეთი სისწრაფით დაძრა, ფილმი "ტაქსის"-ს არანორმალური მძღოლის შესაძლებლობებიც კი გადაფარა.

ჩემი სახლის კიბეები ერთმანეთის მიყოლებით ავირბინე. ჯაყელის შეტყობინებისთვის ჯერ კიდევ არ მქონდა პასუხი გაცემული. ეს არც ზღურბლზე გადაბიჯების შემდეგ გამიკეთებია, მხოლოდ ცერა თითის ემოჯი გავუგზავნე იმის ნიშნად, ყველაფერი გასაგებია-მეთქი და დაღლილ-დაქანცულმა, საკუთარი ზურგ-ჩანთა მისაღების დივანზე მივაგდე.

იმისდა მიუხედავად, რომ დღეს შვიდ საათზე ვიყავი ამდგარი, რათა დილის ავტობუსისთვის მიმესწრო და ბათუმში ადრიანად დავბრუნებულიყავი, ძილი მაინც არ მსურდა. მაინცდამაინც არც უენერგიობას ვუჩიოდი, ამიტომ მხოლოდ ერთი ჭიქა ამერიკანოს დალევით შემოვიფარგლე და ამის შემდეგ პირდაპირ სააბაზანოს მივაშურე, ცივი შხაპის მისაღებად.

კაბინაში, დაახლოებით ორი წუთის გაავლობაში მესმოდა როგორ რეკავდა საძინებლის საწოლზე დატოვებული ჩემი მობილური, თუმცა გამოსვლა და ზარზე პასუხის გაცემა არც მიფიქრია. ტელეფონის ეკრანს მხოლოდ მაშინ დავხედე, როდესაც სააბაზანოდან, წელს ქვემოთ პირსახოცშემოხვეული გამოვედი და მასზე ამოკითხული ნომრის დანახვამ, წამსვე შემიცვალა სახის გამომეტყველება. ერთი ფიქრი ისიც კი ვიფიქრე ჩემი მხედველობა რაღაცას ურევს და მოჩვენებები დამეწყო-მეთქი, თუმცა მერე მივხვდი რამხელა სისულელე იყო ამის მერწმუნა და რეალობას მტკიცედ გავუსწორე თვალი. ეს უკანასკნელი კი იმაში მდგომარეობდა, რომ არც მეტი არც ნაკლები, ჩემი ცხრა მთას იქით გადაკარგული დედა მირეკავდა. ქალი, ვისაც უკვე ათი წელი სრულდებოდა, რაც ერთხელაც არ გავხსენებოდი . . .

ბრაზისგან ყბები დამეჭიმა. ვერც კი გავიაზრე ისე შევკარი მარცხენა ხელი მუშტად და სინათლის სიჩქარით მოვარდნილმა მრისხანებამ თვალების წვაც კი მაგრძნობინა. რა თქმა უნდა, წამითაც არ გამივლია გონებაში, გადამერეკა და მეკითხა რამე ხომ არ გინდოდა-მეთქი. ადამიანს, ვინც ბუნკერში გადაგდებული მოძველებული ნივთივით უსარგებლოდ მიგვიჩნევდა მეც და ჩემს დასაც, ამხელა მნიშვნელობას ნამდვილად არ მივანიჭებდი.

სიმწრის ღიმილი მომადგა სახეზე. რახან თავისი ქართული ნომრით მიკავშირდებოდა ესე იგი, უკვე დაბრუნებულიყო მალდივური მოგზაურობიდან და სრულიად უჩვეულო ვითარებაში გახსენებოდა საკუთარი შვილი.

მართალია დედაჩემთან არანაირი კავშირის არ მქონდა ამ წლების განმავლობაში, თუმცა სოც-ქსელებში გამუდმებით ვადევნებდი თვალს მისი ცხოვრების ყოველ დეტალს და თითოეული მის მიერ გამოქვეყნებული ღიმილიანი ფოტო გულში ნემსის ჩხვლეტასავით მტკიოდა, რადგან ვხვდებოდი, რამდენად სულ ერთი გახლდათ ამ ქალისთვის შვილებისგან შორს ყოფნა.

ჩემზე მეტად, უდედობას მუდამ ნიცა განიცდიდა ხოლმე. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც შუა ღამით, ატირებულს გამოღვიძებია, ჩემს საწოლში გადმომძვრალა და მთელი ღამე მის დამშვიდებაში გამიტარებია. რამდენჯერ დამსველებია მაისური ტყუპისცალის მარილიანი ცრემლებით, ადიდებული მდინარესავით რომ გადმოდიოდა ხოლმე ჯებირებიდან და სანამ ბოლომდე არ დაიცლებოდა, ვერანაირი ძალა ვერ აშრობდა.

წარსულის ამ მოგონებებმა თითქოს უხილავი, ნეგატიური ტალღებით აავსეს ვაკუუმი. მეც გადავწყვიტე მათ ირგვლივ აღარ მეტრიალა, უბრალოდ გრძნობები გამეთიშა და ისე მოვქცეულიყავი, თითქოს ცოტა ხის წინ მომხდარი მხოლოდ წუთიერი ილუზია იყო და მეტი არაფერი. ერთ დროს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის მიმართ გრძნობებგაციებულს, ეს საკმაოდ მარტივად გამომივიდა. აღარ გახლდით ის პატარა ბიჭი, ვისაც სხვა ბავშვების შურდა, როცა დედასთან ჩახუტებულს დაინახავდა ხოლმე. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კმაყოფილი ვიყავი საკუთარი ცხოვრებით. კმაყოფილი იმიტომ, რომ ამ ქვეყნად ნიცა და აარონი გამაჩნდნენ -ჩემთვის ორი უმნიშვნელოვანესი ადამიანი, რომელთა გამოც ზუსტად ისევე ვიყავი მზად თავგანწირვისთვის როგორც ისინი ჩემთვის.

ტელეფონი კვლავ ახმაურდა. უკვე კარადასთან მისულმა, ვიფიქრე, კვლავ დედა მირეკავს-მეთქი და მაისურის გადაცმის შემდეგ, დავიხარე კიდეც საწოლთან, რათა მობილური ამეღო და იგი ავტოპილოტის რეჟიმზე გადამერთო, თუმცა მის მაგივრად, ხელში ნიცა შემრჩა, ვინც, როგორც მუდამ ხდებოდა ხოლმე, ამჯერადაც ვიდეო-ზარით ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას.


-გისმენ -საძინებელში, ჩემს საყვარელ ფორთოხლისფერ სავარძელში ჩავესვენე და ისე ვუპასუხე მის ზარს. ეკრანზე სწრაფად გამოისახა ჩემი დის სახე. შევატყვე, ჩვეულ ხასიათზე არ იყო და რაღაც აწუხებდა. იქნებ სწორედ ის, რაც მე ამ წამს?

-რა ქენი, უკვე ჩახვედი?

-ჰო, დილის ავტობუსს გამოვყევი. რამე მოხდა? ცუდი ხმა გაქვს

-ვფიქრობ, უნდა ხვდებოდე რატომაც მაქვს ცუდი ხმა

-აჰა, ანუ შენც დაგირეკა, არა? -მაშინვე ვკითხე ის, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ გულში ვფიქრობდი.

ნიცამ უხმოდ დამიქნია თავი. მის ტკივილიან მზერას კამერაშიც კი ცხადად აღვიქვამდი და კვლავ თვალების საშინელ წვას ვგრძნობდი. ზოგადად, მუდამ თვალების წვა მაწუხებდა ხოლმე, როდესაც რაღაცაზე ძალიან ვბრაზობდი.

-მერე რა ქენი? -ვკითხე -უპასუხე, თუ გაუთიშე?

-ვუპასუხე -თქვა, რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა და დაამატა -თუმცა ვერაფერი ვუთხარი. ყელში თითქოს ბურთი გამეჩხირა, ნიკა, მერე კი მივხვდი, რომ მასთან საუბარი არ მინდოდა და ყურმილი დავკიდე

ამ სიტყვების შემდეგ ჩვენს თავზე დუმილი ისე გაწვა, როგორც მთის მწვერვალზე დილის რძისფერი ნისლი. უბრალოდ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და დუმილისთვის წერტილის დასმას არც ერთი არ ვფიქრობდით. ვერ ვიტყვი კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ასე, სრულიად მოულოდნელად რაღაცის მსხვრევის ხმა რომ არ გამეგონა. თავდაპირველად ვიფიქრე ჩემს მისაღებში გატყდა რაღაც-მეთქი თუმცა ვინაიდან მარტო ვიყავი, არც რამე შინაური ცხოველი მყავდა და არც სულების ხეტიალი შემენიშნა სახლში, მივხვდი, რომ ეს ხმა ნიცას მხრიდან მოდიოდა.

-რა იყო, რამე გატეხე? -ვკითხე ჩემს ვარაუდში ბოლომდე დასარწმუნებლად.

-ჰო, ღამის სანათი . . . ხომ იცი, როცა ვნერვიულობ ნივთების მსხვრევა მაწყნარებს

-ნიცა -დავიწყე ღიმილით, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მეღიმებოდა იმ წამს -ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია შევეჩვიეთ, რომ მხოლოდ სამნი ვართ. მე, შენ და აარონი -განსაკუთრებით ხაზგასმით წარმოვთქვი ბოლო სიტყვები -ნუ იფიქრებ იმაზე, ვისაც ათ წელიწადში ერთხელ ახსენდება, შვილების არსებობა. ნურც მის ზარებს უპასუხებ და ნურც შეტყობინებებს, რადგან ზოგიერთი იმადაც არ ღირს, მის გამო ყურმილის ასაღებ ღილაკს გადაუსვა თითი

-ნიკა . . .

-გისმენ

-შენ და აარონი ხომ არასდროს მიმატოვებთ? ხომ მუდამ გეყვარებით ჩემი სისულელეების მიუხედავად?

-გვეყვარები -ჩემს სიტყვებში ასი პროცენტით დარწმუნებულმა გავუღიმე. გული ნაწილებად მეფლითებოდა, რადგან ვხვდებოდი ახლა იმის ნახევარსაც არ გამოხატავდა ჩემს წინაშე, რასაც რეალურად გრძნობდა. საშინლად მომინდა იმ წამს ნიცასთან ყოფნა. ვინანე კიდეც, საღამოს რეისს რომ არ გამოვყევი ბათუმამდე

-მართლა?

-მართლა . . . რახან ოცდაორი წელი გაგიძელით, იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა და აღარც შემდგომში გაგვიჭირდება

-რა იდიოტი ხარ -პირველად გაეცინა მთელი ამ ხნის განმავლობაში და მეც, თითქოს გულზე ჩამოკიდებული მძიმე ლოდის ნაწილობრივი შემსუბუქება ვიგრძენი.

-ეს იდიოტი მუდამ შენთან იქნება, რაც არ უნდა მოხდეს, არ დაგავიწყდეს, კარგი?

-კარგი -მცირედი პაუზა გააკეთა, შემდეგ კი დაამატა:-ძალიან მიყვარხარ ერთუჯრედიანო

-თავს გაუფრთხილდი, ალქაჯო . . . და ჰო, მეც ძალიან მიყვარხარ!

* * *

ნიცასთან საუბრის დასრულების შემდეგ, მობილური გამოვრთე. არ მინდოდა ვინმეს ზარებით ან შეტყობინებებით შევეწუხებინე მაშინ, როცა ნამდვილად არ ვიყავი არავისთან ლაპარაკის განწყობაზე.

ჩემი მაჯის საათი პირველის ნახევარს უჩვენებდა. მიუხედავად იმისა, რომ შუა დღის მზე, მთელი თავის რესურსს იყენებდა, რათა რაც შეიძლებოდა მცხუნვარე სხივებით გაენებივრებინა ქალაქი და გარეთაც უკვე სულის შემხუთველი სიცხე ტრიალებდა, მაინც საშინლად მომინდა ველოსიპედით გასეირნება. ძირითადად, ამის კეთებას მუდამ საღამო ხანს ვამჯობინებდი ხოლმე, როდესაც ზღვიდან უკვე გრილი ნიავი უბერავდა, თუმცა აღნიშნულ ეტაპზე ჩემთვის სულ ერთი იყო რა ციფრს უჩვენებდა გრადუსის მაჩვენებელი თერმომეტრი. ერთადერთი, რაც მინდოდა, ნიცას ტკივილიანი მზერის გონებიდან ამოშლა იყო, რასაც სახლში მარტო ყოფნით ნამდვილად ვერ მივაღწევდი.

ჩემი ველოსიპედი, როგორც ყოველთვის, სახლის მარცხენა მხარეს, პატარა ფარეხში მყავდა დაყენებული. უკვე იმდენად გახლდით შეჩვეული ამ ტრანსპორტით გადაადგილებას, ხანდახან მეგონა, რომ კვლავ ჩემს მანქანაზე გადაჯდომა ცოტათი გამიჭირდებოდა კიდეც. სიმართლე გითხრათ, დიდად არც მინდოდა. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ამას ვიტყოდი, მაგრამ მომწონდა ჩემი ამჟამინდელი ცხოვრება, წრე, რომელშიც გამუდმებით მიწევდა ტრიალი, ჩემს მეზობლად მცხოვრები ადამიანები, ვინებიც მუდამ ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი სითბოთი და ყურადღებით მესალმებოდნენ ხოლმე. დღევანდელი გადმოსახედიდან, სრულ უაზრობად მიმაჩნდა ჩემი ამერიკული დღეების დღიური, რაც ოცდაოთსაათიანი გართობის, ფულის ფლანგავისა და იმ გოგოებისგან შედგებოდა, რომლებიც საკუთარი სურვილით თანხმდებოდნენ ერთღამიანი გასართობები ყოფილიყვნენ ნიკოლოზ ქალდანის სიამოვნებისთვის.

იმდენად შორეულად მეჩვენებოდა ჩემი ასეთი ცხოვრება, თითქოს ეს ყველაფერი, თვეების წინ კი არა, საუკუნეების წინ ხდებოდა. უკვე ველოსიპედზე მჯდომს, თითქოს გაქცეულ კადრებად მივლიდა თვალწინ საკუთარი წარსულისა და აწმყოს მომენტები და რაც უფრო მეტი მოგონება მეხვეოდა გარს, მით უფრო სწრაფად ვატრიალებდი საკუთარი ორბორბლიანი ტრანსპორტის პედლებს. იმდენად სწრაფად მივდიოდი, ადრენალინის მოჭარბებასაც კი ვგრძნობდი სხეულის თითოეული უჯრედით. სიცხე ოდნავადაც არ მაწუხებდა. ალბათ იმ დონემდე გახლდით ჩაძირული საკუთარ სტიქიაში, ტემპერატურის შემაწუხებელი გავლენაც არ მიქმნიდა დისკომფორტს.

ჩემი ველორბოლა სულ რაღაც ხუთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც გავაცნობიერე, რომ უკვე კარგად ნაცნობ უბანს მივუყვებოდი. გამეღიმა ამის გააზრებისას. ისე უცნაურად და დაუგეგმავად ამოვყავი თავი იქ, საიდანაც რამდენიმე მეტრის მოშორებით მელინას სახლი იდგა, თავადაც ვერ მივხვდი. მხოლოდ უაკანსკნელ წუთებში აღვიქვი, რა მიმართულებით წამოვეყვანე ჩემს ქვეცნობიერს და კიდევ ერთხელ მომადგა სახეზე ღიმილი. ალბათ, ახლა სწორედ მისი ნახვა მჭირდებოდა. მინდოდა მელინას ხმა გამეგო, კიდევ ერთხელ მეხილა, როგორ იცურებდა თითებს თავის ღია თაფლისფერ თმაში, რა ოლიმპიური სიმშვიდით მიყურებდა თავისი ბავშვური თვალებით და მომესმინა როგორი ხავერდოვანი ხმით მეძახდა "ნიკოლოზ"-ს. თითქოს სრულიას სხვანაირად ჟღერდა მისი ბაგეებიდან წარმოთქმული ჩემი სახელი. აბსოლუტურად სხვა განზომილება იყო ეს გოგო. ისე იქცეოდა, ისეთ რამებს აკეთებდა, შეუძლებელი იყო არ შემემჩნია და ჩვეულებრივ, რიგით გამვლელად ჩამეთვალა, ვისთანაც არანაირი ურთიერთობა არ მექნებოდა. სხვა დროს თუ არა, ახლა ნამდვილად მეჭირა ხელში ის სადავეები, გუშინ გაგებული საიდუმლოს სახით, რომელიც აუცილებლად დამეხმარებოდა ჩემ ჭკუაზე ისე მეტრიალებინა, როგორც მომესურვებოდა. გეგმაში ცუდი არაფერი მქონია, უბრალოდ მსურდა ჩემგან თავი შორს აღარ დაეჭირა და დღევანდელ საღამოს, ერთ ადგილას წამომყოლოდა, სადაც განმარტოებასა და ზედმეტი ხალხის გარეშე შევძლებდით დროის გატარებას.

სასურველ სახლთან უკვე იმდენად ახლოს ვიყავი, იქამდე დარჩენილი გზის დასაფარად, სულ რაღაც ნახევარი წუთი დამჭირდა. სამკუთხედი გადახურვის ნაგებობა, კვლავ მდელოსფერი ხავსით დაფარული იდგა უამრავ ფერად-ფერად მცენარეს შორის, ისე, თითქოს თაიგულიდან ამოწვერილი ყველაზე ლამაზი ყვავილიაო.

ჭიშკართან მდგომი პატარა საფოსტო ყუთი, მწვანეს მაგივრად, ამჯერად ნარინჯისფრად დამიხვდა შეღებილი. ამ ფერის ტანისამოსი, მელინას ტანზეც ხშირად შემინიშნავს და ვარაუდი გამიჩნდა, რომ შეიძლებოდა ეს მისი საყვარელი ტონალობაც ყოფილიყო.

როგორც ამ სახლში პირველი ვიზიტიდან მახსოვდა, კარს ზარის ღილაკი არ ჰქონდა, ამიტომ კიბეების არბენის შემდეგ, მასზე რამდენჯერმე ხმამაღლა დავაკაკუნე და მოაჯირზე მიყრდნობილმა დავიწყე ლოდინი. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა -რადაც არ უნდა დამჯდომოდა, დღევანდელი საღამო მელინასთან ერთად უნდა გამეტარებინა და მასთან მოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც, სწორედ ამაზე დაყოლიება გახლდათ.

კარის გაღება ზომაზე მეტად დააგვიანა ჩემს მასპინძელს. ამის გამო, მასზე მეორედაც დავაკაკუნე. არც ამჯერად ყოფილა რამე ცვლილება. წამით, ისიც კი ვიფიქრე, სათვალთვალოში შეამოწმა მომსვლელის ვინაობა და ჩემი დანახვის შემდეგ გაღება გადაიფიქრა-მეთქი. სწორედ ასე არ მპირდებოდა იმ დღეს, მუხლებზე დატოვებულ წერილში სახლში მეორედ აღარ შემოგიშვებო? ამის გახსენებისას, ლამის მეც დავიჯერე, რომ სწორედ ამიტომ ვიდექი ჯერ კიდევ ზღურბლთან, თუმცა სანამ ამაში საბოლოოდ დარწმუნებას მოვასწრებდი, გვერდიდან უცნობი ხმა მომესმა:

-მაგ გოგონასთან მოხვედი სტუმრად, შვილო?

თავი ხმის მიმართულებით მივატრიალე. ამ სიტყვების ავტორი, ოდნავ ხანში შესული, მცენარეების მაკრატლით ხელში მდგომი კაცი იყო, მეზობელი სახლიდან, ვინც ეზოში ლამაზად ჩამწკრივებულ ბუჩქებს კრეჭდა, თან მზერა ჩემკენ ჰქონდა მომართული.

-დიახ, მასთან . . . სახლში არ არის?

-ცოტა ხნის წინ გავიდა -მერე თავი მოიქექა და დაამატა -ალბათ ასე ათი-თხუთმეტი წუთის წინ

ნირი წამიხდა. ნუთუ ტყუილად გამოვიარე ეს გზა?

-ხომ არ იცით სად წავიდა? -ვკითხე უხასიათოდ -ან დაახლოებით როდისთვის დაბრუნდება?

-სახლის ფორმაში იყო, შვილო. ალბათ აქვე, მარკეტშია გასული და წესით მალე უნდა გამოჩნდეს

აღარაფერი მიპასუხია. მხოლოდ თავი დავუქნიე იმის ნიშნად გასაგებია-მეთქი და გადავწყვიტე მელინას კიბეზე ჩამომჯდარი დავლოდებოდი. იმედს ვიტოვებდი, ნამდვილად მარკეტში იყო გასული და არა სადმე სხვაგან, საიდან დაბრუნებასაც კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებდა.

მზე თანდათანობით უფრო და უფრო აჭერდა. ასეთ ამინდში, ალბათ ვეღარც მეზობლად მცხოვრებმა ჭაღარათმიანმა კაცმა შეძლო თავისი საქმის გაგრძელება, ბუჩქების კრეჭას თავი მიანება და შუბლზე შერჩენილი ოფლის წმენდით შებრუნდა ცეცხლისფერი აგურით ნაგებ სახლში.

მარტო დავრჩი. ქუჩაზე სხვა არავინ ჩანდა. მხოლოდ გზის მეორე მხარეს მდგომი სახლიდან გამოდიოდა ბავშვების ხმა, რომელთაგან ზოგი ტიროდა, ზოგიც კი ხმამაღლა ყვიროდა.

დაახლოებით ხუთი წუთი გავიდა ასე ჯდომასა და სივრცის უაზროდ ყურებაში. შემაწუხებელ სიცხეს, უკვე მეც მთელი სხეულით ვგრძნობდი და ვნანობდი უფრო ღია მაისური რომ არ ჩავიცვი სახლიდან გამოსვლის წინ. მიუხედავად ამისა, შინ დაბრუნება არც მიფიქრია. რახან ამდენ ხანს ველოდე, კიდევ ცოტახანსაც გავუძლებდი მზის სხივების სასტიკ მცხუნვარებას და გავუძელი კიდეც, მანამ, სანამ ბოლოს და ბოლოს ის ობიექტი არ მოხვდა ჩემი მზერის ფოკუსში, ვისაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდა ქვეცნობიერი.

მოპირდაპირე ქუჩის მოსახვევიდან გამოსულს, ხელში დიდი პარკები ეჭირა, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ნამდვილად მარკეტიდან ბრუნდებოდა სახლში. პარალელურად ტელეფონში მუსიკებს უსმენდა და ვიღაცას ემესიჯებოდა.

ჩემი შემჩნევა მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა მეორე მხარეს მყოფმა, გზის გადმოჭრა გადაწყვიტა და გაკვირვებული სახითაც მოიხსნა ცალი ყურსასმენი. როგორც ჩანდა, ყველაზე ნაკლებად იმას ელოდა თავისი სახლის საფეხურზე მჯდომი დავენახე, მის მოლოდინში. ამაზე ოდნავ გამეღიმა და როგორც კი ბოლო მოახლოებული მანქანის ჩავლის შემდეგ ქუჩა გადმოჭრა, მისალმების ნიშნად ხელი ავუწიე.

-კეთილი იყოს შენი შინ დაბრუნება, თავგადასავლების მაძიებელო!

-მეგონა, იმ წერილში გასაგებად დავწერე, მეორედ სახლში აღარ შეგიპატიჟებ-მეთქი

-თუ ასეა, აქ ვისაუბროთ -თვალებით ვანიშნე კიბეზე ჩემს გვერდით დამჯდარიყო. სწორედ იმ დროს შევნიშნე, რომ ხელში საკმაოდ მოზრდილი პარკები ეჭირა და მათ ჩამოსართმევად, მაშინვე ფეხზე წამოვდექი -ესენი მომეცი, დაგამძიმებს

-რისთვის მოხვედი, ნიკოლოზ?

-მომენატრე. შენ არა?

-ასე რომ ყოფილიყო, თავად დაგპატიჟებდი

-მეგონა დარეკვა გერიდებოდა და გადავწყვიტე მოულოდნელი სიურპრიზი გამეკეთებინა -კიბის ბოლო საფეხურზე მივუჩინე ადგილი მისთვის ჩამორთმეულ პარკებს. ასეც უნდა დამეტოვებინა, თუმცა როდესაც შიგნით ალოეს წვენის ბოთლებსაც მოვკარი თვალი, მაშინვე დავიხარე და ერთი ჩემთვის ამოვიღე, ერთიც კი ჩემი მასპინძლისთვის.

-საიდან იცოდი ეს რომ მიყვარდა? -თავისისთვის განკუთვნილი ბოთლი მაშინვე მელინას გავუწოდე, თან კვლავ საფეხურზე ჩამოვჯექი, უწინდელ პოზაში. გარკვეული დროის განმავლობაში, ადგილიდანაც არ იძვროდა და ისე მიყურებდა. შემდეგ ღრმად ამოიხვნეშა, თვალები აატრიალა და სანამ გვერდით მომიჯდებოდა, მანამდე წვენის ბოთლიც ჩამომართვა, მოღუშული სახით

-რამის თქმა გინდა? -მკითხა მშვიდად. უკვე სიგიჟემდე მომწონდა მისი გადაჭარბებული სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში. თავაზიანი იყო მაშინაც, როცა წესით უხეში უნდა ყოფილიყო და მოთმინებას არ კარგავდა ისეთ მომენტებში, სადაც ნებისმიერი სხვა დაკარგავდა მის ადგილას.

-ჰო, მინდა -მივუგე ღიმილით, თან გამომცდელად ჩავხედე თვალებში -ზღაპრული პრინცესას ისტორიის შესახებ უნდა გიამბო, ვინც დიდებული სასახლიდან გამოიქცა და პატარა ქოხში, ოჯახისგან მალულად ცხოვრობს, უბრალო ადამიანივით

ადვილი შესამჩნევი როგორ შეიცვალა მელინას გამომეტყველება ჩემი სიტყვების მოსმენისას. მის თვალებში, დაძაბულობისა და დაბნეულობის ნაზავი აისახა. ალბათ, აღნიშნულ წამს იმაზე ფიქრობდა, თუ საიდან მქონდა ეს ინფორმაცია და როგორ მოვახერხე მასზე მთელი სიმართლის დადგენა.

-რა მოხდა, დაიბენი? -ვკითხე ღიმილით -სიმართლე გითხრა, მე მართლა დამაბნიე. ღამის ცვლებში მუშაობის გამო სანტორინზე უარის თქმა, ნამდვილად ის საქციელია, ძალიან ცოტა რომ ჩაიდენდა . . . დავით დევდარიანსაც სწორედ ამიტომ დაემალე არა დახლს უკან? იმის გამო, რომ მამაშენია და არ გინდოდა იქ ენახე, ბარისტას უნიფორმაში გამოწყობილი

მელინამ ალოეს წვენს თავი მოხსნა და ერთი ყლუპი მოსვა. რამდენიმე წამით არაფერი უთქვამს, თუმცა როგორც კი მისი სახე ნიკაპზე ხელის მოკიდებით ჩემკენ მოვატრიალე, ფეხზე სწრაფად წამოდგა და სახლში შესასვლელი კარისკენ დაიძრა.

-წადი აქედან, ნიკოლოზ, დაღლილი ვარ და უნდა დავისვენო

-არსად არ წავალ, სანამ არ ვისაუბრებთ -მეც უკან ავედევნე.

-საუბარი არ მინდა

-სამაგიეროდ მე მინდა

მელინამ სახლის კარი გასაღებით გააღო და ზღურბლზე გადაბიჯებისას, სცადა ჩემთვის იგი შიგნიდან ჩაეკეტა, თუმცა ბოლო წამს კარს ფეხი დავუხვედრე და ამის გაკეთების საშუალება არ მივეცი.

-გითხარი არ წავალ, სანამ არ ვისაუბრებთ-მეთქი

-რაზე უნდა ვისაუბროთ? უკვე ყველაფრის გაგება მოგისწრია და არა მგონია კიდევ რამე იყოს დასამატებელი

-დამატება საჭირო არაა -ზღურბლს მის უკითხავად გადავაბიჯე და კედელზე ისე ავაკარი, რომ მთელი სხეულით გადავფარე -უბრალოდ მინდა გითხრა, რომ შენზე ძალიან დიდი საიდუმლო ვიცი, ამიტომ, ცოტა ხნით მონათმფლობელობის ეპოქაში დავბრუნდებით და იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვი

-რაღაც არ მომწონს ეგ როგორც ჟღერს

-ნუ გეშინია, შენ რაც იფიქრე იმის გაკეთებას არ მოგთხოვ -გამეცინა მის სახეზე და თაფლისფერი თმა ყურს უკან გადავუწიე -უბრალოდ, მინდა ხელი არ მკრა და შენთან დაახლოვების საშუალება მომცე

-და გადაწყვიტე ამით დამაშანტაჟო, რათა შენს დაკრულზე მაცეკვო?

-მელინა, ბინძური ზრახვები არ მაქვს, დამიჯერე -ბოლომდე გულწრფელი ვიყავი მასთან იმ წუთას -უბრალოდ, მინდა ერთ სასიამოვნო ადგილას წაგიყვანო და დაგიმტკიცო, რომ არც ისეთი ნაძირალა ვარ, როგორიც წარმოგიდგენივარ. შეიძლება ამ ინფორმაციას დასაშანტაჟებლად ვიყენებ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ შენთან ახლოს მოსვლის უფლებას სხვანაირად არ მაძლევ

-იქნებ იმიტომ, რომ ჩემს გემოვნებაში არ ჯდები? -ამის თქმისას, სცადა ჩემგან თავი გაეთავისუფლებინა, თუმცა უფრო მეტად მოვიმწყვდიე მკლავებში და ნიკაპი ხელით დავუჭირე.

-შანსი არც არასდროს მოგიცია. შენთვის მუდამ გამოუსწორებელი კაზანოვა ვიყავი, ვისთან მიახლოვებაც კი არ შეიძლებოდა

-და რამე არასწორად ვიფიქრე?

-არ ვიცი რა იფიქრე სწორად და რა არასწორად, თუმცა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აქამდე პაემანზე არასდროს ვყოფილვარ და მინდა პირველად ეს შენთან ერთად გამოვცადო

-რაო? -გაეცინა მელინას -პაემანზე არასდროს ყოფილხარ?

-არასდროს -დავადასტურე ჩემი სიტყვები -პაემანი ნამდვილად არ დამჭირვებია იმისთვის, რათა სასურველი გოგო ჩამეგდო ხელში და . . .

-კარგი, კარგი, გასაგებია, მივხვდი -შუა გზაზე გამაწყვეტინა სათქმელი მან -ამ წუთას მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს

-მაინც რა კითხვა?

-ხელს როდის გამიშვებ? -თავის წელზე შემოხვეულ ჩემს მკლავებს დახედა ამის თქმისას და სახეში შემოხედვის შემდეგ, ცალი წარბი მაღლა ასწია.

-მაშინ გაგიშვებ, როცა დამთანხმდები

-თუ არ დაგთანხმდები, მამაჩემთან ჩამიშვებ?

-გამოიცანი

მიღებული პასუხის შემდეგ, მელინამ თვალები დახუჭა და ღრმად ამოიხვნეშა. იმ წამს, ტკივილამდე მომინდა მისთვის მეკოცნა, თუმცა თავს ვაიძულე მოწოლილი სურვილები მოეთოკა და გრძნობების ჩასახშობად, თავი სწრაფად გავატრიალე გვერდზე, რათა მისი სახისთვის ცოტა ხნით მაინც აღარ შემეხედა.

-როგორ გაიგე ჩემზე ეს ყველაფერი? -მკითხა უეცრად -სახელი, გვარი, იმიჯი -ყველაფერი შევიცვალე იმისთვის, რათა საკუთარი თავი კარგად შემენიღბა.

-ასე ვთქვათ, პატარა გამოძიება ჩავატარე და საჭირო მოწმეები დავკითხე -გადავწყვიტე მოკლედ ამეხსნა. იმის თქმა აღარ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მის სახლში ვიყავი მისული და მოახლეს ათასი ტყუილი ვუთხარი, რათა სასურველი ცნობები გამომეძალა -შენ რატომ მოიქეცი ასე? რით იყავი საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო?

-ეგ მხოლოდ ჩემი საქმეა

-ძალიან მარტივი კითხვა დაგისვი, არ შეგიძლია უბრალოდ მიპასუხო?

-დავუშვათ, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ის ატმოსფერო მახრჩობდა. ახლა შენ აკეთებ იგივეს -ცდილობ ყელში თოკი ჩამაბა და მიღებული ინფორმაცია ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენო

-მე მხოლოდ შენთან ყოფნას ვცდილობ, სხვას არაფერს -მხრები ავიჩეჩე -მარტო იმის გამო ვერ დავნებდები, რომ ახლა ჩემზე ცუდი წარმოდგენა გაქვს. ყველაფრის შეცვლაა შესაძლებელი და მეც სწორედ ამაზე ვმუშაობ -ჩემკენ მოვიზიდე, შუბლზე ვაკოცე და მელნისფერ თვალებში ჩავაცქერდი -ზიზღით ნურასდროს შემომხედავ, გთხოვ

-მე არავინ მძულს, მათ შორის არც შენ

-მაგრამ არც გულზე გეხატები, არა?

მელინა გაჩუმდა და აღარაფერი თქვა. სავარაუდოდ, მისი მხრიდან, ეს თანხმობის ნიშანი უნდა ყოფილიყო.

-კარგი, თუ კარგად გამიცნობ და სხვა კუთხითაც შემომხედავ, ამასაც ეშველება -საკუთარი თავის გამხნევებას უფრო ჰგავდა ჩემი სიტყვები, ვიდრე მის დასარწმუნებლად ნათქვამს

-გგონია ასე მოხდება?

-მცდელობად მაინც ღირს, არ მეთანხმები?

-ვერაფერზე დაგეთანხმები, სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდები -ჩემი მკლავებისგან თავი გაითავისუფლა ამის თქმისას და მზერა გასასვლელ კარს მიაპყრო -წავალ, პროდუქტებს შემოვიტან და რამეს მოვამზადებ, ძალიან მშია. შენ შეგიძლია წახვიდე

-ჯერ პასუხიც კი არ გაგიცია. სანამ თანხმობას არ მეტყვი, აქედან ფეხს არ მოვიცვლი

-თანხმობის გარდა სხვა გზა მაქვს?

-მგონი, არა -გამეღიმა -კარგი რა, ასეთი სახე ნუ გაქვს, მონსტრი არ ვარ და არც შენ შეჭმას ვაპირებ

-ასე შენს გამო ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ ძალიან მშია

-ჰოო? თუ გინდა მე მოგიმზადებ რამეს -შევთავაზე და პირდაპირ კარისკენ წავედი, კიბეზე დატოვებული პროდუქტების შემოსატანად. მალე, მელინაც უკან ამედევნა

-ამის რამე გაგეგება? -მკითხა

-გამეგება, გამეგება. თავად თუ გამოსდის მზადება, უამრავი მოსამსახურის გარემოცვაში გაზრდილ ანტონია დევდარიანს? -გვერდულად გავხედე ამის თქმისას -მოდი, მე ისევ მელინას დაგიძახებ ხოლმე, ასე ვარ შეჩვეული

მცირედი დუმილი . . .

-შენ გგონია მდიდარი მშობლების გატუტუცებული შვილი ვარ? -მკითხა წყენით -ნამდვილად არ გავდივარ იმათ კატეგორიაში, ვინებმაც ისიც კი არ იციან, თუ როგორ გატეხონ კვერცხი

გულწრფელი ღიმილი მომგვარა ამ სიტყვებმა, თუმცა სევდითაც ამავსო. ამ სევდის მიზეზი, ჩემი და მისი რადიკალური სხვაობა იყო. ფულმა და ძალაუფლებამ, მელინას უარყიფითისკენ შეცვლა ვერ შეძლო, მე კი, თავქარიან, არასერიოზულ ადამიანად მაქცია, ვისაც სურდა ამ ქვეყნად ყველაფერი მარტივად მიეღო და თითიც კი არ გაენძრია, რათა თავად გაეგო წარმატების მწვერვალზე ასვლის გემო.

-არა, ასე არ მგონია -კიბეზე დადებულ პაკეტებს დავწვდი ამის თქმისას და კვლავ სახლში შესასვლელი კარისკენ მივტრიალდი -პირიქით, ვთვლი, რომ ძალიან განსხვავდები იმ მდიდარი გოგოებისგან, ვისაც აქამდე ვიცნობდი

-როგორც ჩანს, ყველანაირი კატეგორიის გოგოსთან გქონია საქმე

-რა მოხდა, ხომ არ ეჭვიანობ?

-როცა ასე ფიქრობ, თავს უკეთ გრძნობ? -კითხვა შემომიბრუნა, მერე კი, სხვა თემაზე სცადა დიალოგის გადატანა, ისე, რომ ჩემი პასუხისთვის არ დაუცდია:-ჰო მართლა, რის მომზადებას აპირებ?

-ვაუ, ჩემს სახლიდან გაგდებას აღარ ცდილობ, ეს უკვე პროგრესია

-კარიდან რომც გაგაგდო, ფანჯრიდან შემოხვალ, ამიტომ, აზრი არ აქვს

-ნუ იკბინები

-არ ვიკბინები -გააპროტესტა -კითხვაზე არ გიპასუხია

-მაინც რომელ კითხვაზე?

-რის მომზადებას აპირებ-მეთქი?-ეს რომ მკითხა, უკვე სამზარეულოში ვიყავით შესულები და პაკეტებიდან, პროდუქტებს, მაგიდაზე ვალაგებდით.

-რაღაც განსაკუთრებულისას, სპეციალურად შენთვის. თუ გინდა დახმარება გამიწიე

მელინა მაგიდის კიდეს თეძოთი ჩამოეყრდნო და იდუმალი ღიმილით მომაცქერდა. ამის გამო, გადავწყვიტე პროდუქტებისთვის ცოტა ხნით თავი დამენებებინა და მთელი ყურადღება მასზე გადამეტანა.

-რა მოხდა, ასეთი სახით რატომ მიყურებ?

-იმიტომ, რომ შენს მხარზე ობობა დასეირნობს

-რა?! სად არის?! რა ადგილას მაზის?! -მაშინვე გიჟივით დავიწყე ტანსაცმელზე ხელების სმა, თან თვალებით გამწარებული ვეძებდი ჩემს სხეულზე ამოხოხებულ არსებას. ვერ ვიტყოდი, რომ მწერების მეშინოდა, თუმცა იმხელა სიძულვილი მქონდა მათდამი, იმის წარმოდგენასაც კი წყობიდან გამოვყავდი, რომ იგი სადღაც ტანზე დამცოცავდა. რაც შეეხება მელინას, იგი უბრალოდ იდგა და ჩემს რეაქციებზე ხმამაღლა იცინოდა. დახმარება არც კი უცდია. მგონი, ერთობოდა კიდეც ასეთ მდგომარეობაში რომ მხედავდა.

-მომაშორე, ეგრე ნუ დგახარ! -მასთან ახლოს მივიწიე ამის თქმისას -სწრაფად, ეს საერთოდ არ არის სასაცილო!

-დაწყნარდი, პატარა მწერია, რა პანიკებში ვარდები?

-თუნდაც მოლეკულას ზომისა იყოს, ახლავე მომაშორე!

-მშვიდად დადექი და ნუ ფართხალებ -სიცილით დამადო მხარზე ხელი, თან ჩემი მაისურის ბოლოებს წაეტანა და მისი გახდა დამიწყო -ხელები ასწიე და ეს რაღაც გაიძრე, მგონი შიგნით შეძვრა

-ჯანდაბა, ამ სახლში ობობებთან ერთად ცხოვრობ და თავს მაინც კომფორტულად გრძნობ? -მაშინვე დავემორჩილე მის „ბრძანებას“ და სულ რამდენიმე წამში, წელს ზემოთ შიშველიც ვიდექი მელინას წინ.

-ჩვეულებრივი ობობა არ გეგონოს, ჩემმა მეგობარმა მაჩუქა -წარბის აწევით გამომხედა ამის თქმისას -სხვათა შორის, შარლოტა ჰქვია

-შარლოტა?

-ჰო, რა იყო?

-ის იყო, რომ არანორმალური ხარ. ობობას სახელს ვინ არქმევს?

-ვინ და მე -მომიგო წყენით, შემდეგ კი, ჩემი მაისური დაფერთხა და აქედან რამდენიმე წამში, უკვე გამხიარულებულმა წამოიძახა -აი ისიც! აქ ყოფილა

-მიმიშვი, უნდა მოვკლა -იატაკზე მცოცავი შავი, საზიზარი არსებისკენ ინსტიქტურად გავიწიე, თუმცა მელინას ხელმა შემაჩერა, რომელიც ელვის სისწრაფით მიმაბჯინა გულზე.

-თუ არ გინდა შენც ზედ მიგაყოლო, მანდ იდექი და ფეხი არ მოიცვალო

-და რას აპირებ? სახლში თავისუფლად გინდა ასეირნო?

-ჩემი ბრალია, მისი კონტეინერი დამრჩა ღია, თორემ თავისთვის, ჭკვიანად ზის და ხელს არავის უშლის -ამიხსნა მშვიდად, მერე კი მაისური დამიბრუნა, ობობა იატაკიდან აიყვანა, ხელის გულზე ფრთხილად დაისვა და ისე, რომ აღარაფერი უთქვამს, სწრაფი ნაბიჯებით გაემართა მისაღებიდან გასასვლელი კარისკენ, სავარაუდოდ, შარლოტას თავის უწინდელ ადგილას დასაბრუნებლად.

საზიზღარი მწერის მოშორებით დამშვიდებულს, აღარც მე დამიკარგავს დრო. სანამ დროებით თვალს მიფარებული მელინა კვლავ სამზარეულოში შემოვიდოდა გადავწყვიტე საქმეს შევდგომოდი, ჩემი მაისური გადავიცვი და პირდაპირ მაგიდაზე დალაგებულ პროდუქტებზე გადავიტანე მთელი ყურადღება.

მათზე დაკვირვების შედეგად, მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე -რაც არ უნდა მომემზადებინა ამ ინგრედიენტებისგან, ყველაფერი დიეტური და ნაკლებად კალორიული გამოვიდოდა. ალბათ, საღამოობით ნოყიერი კერძების ჭამას ერიდებოდა, ან საერთოდაც სწორი კვების წესებს იცავდა.

მაგიდაზე სამი სახის ბოსტნეული -სტაფილო, ბროკკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო მედო, ქაღალდის პარკებში გადანაწილებული. იქვე ზეითუნის ზეთი და ცხარე კეჩუბიც მოჩანდა. წარმოდგენაც არ მქონდა რა უნდა მომემზადებინა ამ ყველაფრისგან. ალბათ, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ისევ იმპროვიზაციისთვის მიმართვა იყო და მეც ჩემი ინიციატივით, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე დავიწყე ვახშმის მომზადება.

უნდა მეღიარებინა, პირველი შემთხვევა იყო, როცა ნიცას გარდა, სხვა გოგოსთვის ვამზადებდი საჭმელს. მსიამოვნებდა კიდეც ეს პროცესი და იმის გაცნობიერება, რომ მელინა სულ მალე ჩემს ნახელავს დააგემოვნებდა.

ამ ფიქრებით გარემოცულმა, სპეციალური სათავსოდან სწრაფად ამოვაცურე საშუალო ზომის დანა. არც საჭრელი დაფის მიგნება გამჭირვებია, რადგან მელინას, სამზარეულოში ყველაფერი იდეალურ წესრიგში ჰქონდა მოყვანილი და თითოეული ნივთი თავის ადგილას ედო. მომწონდა მისი პატარა, თუმცა მეტად მყუდრო და გემოვნებით მოწყობილი სახლი, სადაც ყოველ წერტილში ამ გოგოს ნაზი ხასიათის შტრიხები იგრძნობოდა. აქაურობის აურას მხოლოდ ის ობობა აფუჭებდა სახელად თურმე შარლოტა რომ ერქვა და თავისი კონტეინერიდან ამოსვლის შემდეგ, თავისუფლად რომ დასეირნობდა ხოლმე მთელს სახლში.

-სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან გიხდება -ზურგს უკნიდან გაგებულმა ხმამ მაიძულა მივტრიალებულიყავი. მელინა კარის ჩარჩოს ცალი მხრით მიყრდნობოდა, გულზე ხელები დაეკრიფა და თვალს ისე მადევვნებდა, როგორც საეჭვო დამნაშავეს, დაკითხვის პროცესში.

-მგონი ეს პირველი კონპლიმენტი იყო, რაც შენგან მოვისმინე -სტაფილოს გასუფთავებას მოვრჩი და ამჯერად მისი დაჭრა დავიწყე.

-აღარ მეტყვი რის მომზადებას აპირებ?

-შენი ნაყიდი პროდუქტებიდან გამომდინარე, დიდი არჩევანი ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ ბოსტნეულის სალათზე შევაჩერე არჩევანი

მელინა კიდევ რამდენიმე წამით კიდევ მიყურებდა კარის ჩარჩოს მიყრდნობილი. მისკენ არ ვიყურებოდი, თუმცა მზერას ზურგიდანაც ვგრძნობდი და ჩემთვის მეღიმებოდა. მერე, ქოქოსის სურნელის გამძაფრებით ვიგრძენი როგორ მოვიდა ჩემთან ახლოს, გვერდით უხმოდ ჩამიარა, სამზარეულოს მაგიდაზე შემოსკუპდა და მასზე შემომჯდარმა განაგრძო ჩემი თვალიერება.

-გიზიდავ, მაგრამ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგები, რათა ამ გრძნობამ უფრო სერიოზული ხასიათი არ მიიღოს -ვუთხარი დარწმუნებით -ამიტომ არ გინდა ჩემთან ყოფნა, გეშინია შენს გონებაში ღრმად ჩაბეჭდილ აზრებს არ უღალატო და ჩემკენ არ გადმოდგა ნაბიჯი

-ისე დარწმუნებით ლაპარაკობ, თითქოს ჩემი გონების რენტგენში გატარება შეგეძლოს

-რა იცი, რომ არ შემიძლია?

-ვამჩნევ ძალიან თავდაჯერებული ხარ

-რას ვიზამთ, ბავშვობიდან ასეთი ვარ -თვალი ჩავუკარი -ისე თავად როგორი ბავშვი იყავი? შენმა მოახლემ ნაწილობრივ მიამბო, თუმცა ყველაფერი არა

-ჩემმა მოახლემ? -თვალები ორი ზომით დიდი გაუხდა, თან მაგიდიდან ჩამოხტა და წინ ამესვეტა -შენ რა, მას ელაპარაკე?

-ჰო, ველაპარალე -რახან საუბარში წამომცდა, გადავწყვიტე უკან აღარ დამეხია და ყველაფერი მეთქვა -მოვატყუე თითქოს შენგან წერილი უნდა გადამეცა, მერე კი საუბარში ცოტ-ცოტა რამები დავაცდენინე. სხვათა შორის, ფიქრობს, რომ მე და შენ ერთად ვართ და ძალიანაც მოვეწონე

-რა გაიძვერა ხარ, ეს თავში აზრად საიდან მოგივიდა? -ღიმილის შესაკავებლად ქვედა ტუჩზე იკბინა.

-ჩავთვალოთ, ჩემი ფანტაზია საზღვრებს არ ცნობს, მით უმეტეს, თუ შესასწავლი ობიექტი ძალიან აინტერესებს -ხელში დაჭერილი დანის წვერი ლოყაზე ნაზად ჩამოვუსვი ისე, რომ კანი არ გამიჭრია, თან თვალებში ჩავხედე გამომცდელად. საოცრად გამჭოლი მზერით მიყურებდნენ მისი მელნისფერი სფეროები. ვერ ვხვდებოდი რისი თქმა სურდათ ამ გამოხედვით, ან ცდილობდნენ თუ არა საერთოდ რამის გადმოცემას. თავიდან ბოლომდე შეუცნობელი იყო ჩემთვის ეს ადამიანი და რამდენიც არ უნდა მეცადა, მის გაშიფვრას მაინც ვერ ვახერხებდი.

-ანუ ძალიან გაინტერესებს შესასწავლი ობიექტი -ყოველი სიტყვას ხაზგასმით წარმოთქვამდა მელინა -თანაც ისე, რომ მის სახლში მოტყუებით შედიხარ და დეტექტივობანას თამაშს იწყებ

-აღიარე, ჩემმა გამომძიებლურმა შესაძლებლობებმა ძალიან მოგხიბლა

ჩაეცინა . . .

-ერთადერთი, რაც შენში მხიბლავს, ეგ საოცრად ლურჯი თვალებია -ჩემთან ახლოს მოიწია ამის თქმისას მელინამ, საჭრელი დაფიდან სტაფილოს ნაჭერი ამაცალა და ისე უეცრად მომშორდა, გააზრებაც კი ძლივს მოვასწარი. სანამ საპასუხოდ რამეს ვეტყოდი, კვლავ ის ალაპარაკდა:

-მე საძინებელში გავალ, ცოტას დავიძინებ -მითხრა მთქნარებით -როცა ვახშმის მომზადებას მორჩები და სახლში წასვლას გადაწყვეტ, გასასვლელი კარი ფრთხილად გაიხურე, რათა არ გამაღვიძო. საღამომდე, ნიკოლოზ . . .

სულ ეს იყო, რაც იმ მომენტში მითხრა. აღარც მე დამიბრუნებია პასუხი. უბრალოდ, სამზარეულოდან გასასვლელი კარისკენ წასულს, თვალი გავაყოლე, ტუჩის კუთხეში ოდნავი ღიმილი მომადგა და ჩემთვის ჩავილაპარაკე:

-რა უცნაურად წარიმართა ჩემი ცხოვრება . . . რა უცნაურად და უჩვეულოდ . . .





8 8 8 8

მელინადან წამოსვლის შემდეგ, ჩემი სახლის ჭიშკართან მისულს, კიბის მესამე საფეხურზე სიურპრიზი დამიხვდა იქ ჩამომჯდარი ენკეს სახით. ამ უკანასკნელს, მანქანა გზის მოპირდაპირე მხარეს დაეყენებინა, ყურებზე დიდი ნაუშნიკები ჩამოეცვა, მუსიკის რიტმს აყოლილი თავს აქეთ-იქით აქნევდა და თან მობილურის ეკრანს მზერას არ აშორებდა. ჩემი მოსვლა საერთოდ არ გაუგია. არც მაშინ შევუმჩნევივარ, როცა ველოსიპედიდან ჩამოვედი და იგი ფარეხთან მივაყენე. ერთიანად თავის სტიქიაში ჩაძირულს, გვერდით რაღაც დიდი, თეთრი ფერის პარკი დაედო, რომელშიც, სავარაუდოდ ლუდის ქილები და ჩიფსებით სავსე პაკეტები უნდა ყოფილიყო, რისი ხელს გამოყოლებაც, ჩემთან სტუმრობისას მუდამ ჩვეოდა ხოლმე.

იმდენად მომზადებული გახლდათ მოსული, ეჭვი გამიჩნდა, მანამ ვერ შევძლებდი მის მოშორებას, სანამ მელინასთან შეხვედრის დროის მოახლოებას არ აჩვენებდნენ საათის ისრები. ეს ადამიანი ჩემთვის ნიცასავით იყო -მიყვარდა, პატივს ვცემდი, მომწონდა მასთან ყოფნა, დროის გატარება და კონტაქტი, თუმცა მხოლოდ გარკვეული ხნით. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, ან მისი ფანჯრიდან გადაგდების სურვილი მიპყრობდა, ან უარეს შემთხვევაში, კლდიდან გადაჩეხვის.

ფარეხიდან რომ გამოვბრუნდი და კიბეზე პირველი ნაბიჯი ავდგი, მუსიკის ჰანგებში ჩაძირულმა ენკემ მხოლოდ მაშინ მოახერხა ჩემი შემჩნევა. გამომეტყველებაზე შევატყვე, დიდი ხანი არ იყო, რაც მელოდა. სხვა შემთხვევაში, ან გაბრაზებული სახით შემომხედავდა ან, ბასრ გამოხედვას მესროდა წარბების ქვემოდან, როგორც ეს უმეტეს შემთხვევაში ჩვეოდა ხოლმე.

-ეს ვინ მოსულა -ჩემი დანახვის თანავე, ყურსასმენები ყელზე ჩამოიცურა მან, თან ფეხზეც წამოდგა, ზანტად -სად დაწანწალებდი?

-მნიშვნელოვან საქმეს ვაგვარებდი

-ვიცი რაცაა ეგ მნიშვნელოვანი საქმე -ჩაეცინა ორაზროვნად -მერე რა ქენი? გახედნე შენი დაუმორჩილებელი ბუცეფალი?

რა თქმა უნდა, მელინას გულისმობდა.

-სისულელეებს შეეშვი . . . რა მოიტანე?

-ლუდი, ჩიფსები ცხარე საწებლით და მაკდონალდსის მენიუ -დაზეპირებული ტექსტივით ჩამომირაკრაკა, თან კიბის საფეხურზე დადებულ პარკს დასწვდა. საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდა ეს უკანასკნელი -რა ცვილის ფიგურასავით გაშეშებულხარ, დღეს ვიდეო-თამაშებს უნდა ჩავუჯდეთ. დროზე გააღე ეგ კარი და შიგნით შევიდეთ, თორემ მგონი ის შენი გვერდითა მეზობელი მოხუცი ქალი მეპრანჭება

-რომელი ქალი? -გამეცინა

-აი ის, თმები რომ იასამნისფრად აქვს შეღებილი და ჰგონია ასე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება -ამის თქმისას, ენკემ თავით ჩემი სახლის გვერდით მდგომ, კრემისფერი აგურით ნაგებ შენობაზე მანიშნა, რომლის ბაღშიც, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი "ელისაბეტის" ბებია ჩამომჯდარიყო და ღიმილიან მზერას არ გვაშორებდა.

-გამარჯობა, ვერა დეიდა! -მივესალმე ხელის აწევით მეზობელს. მის სახელს ვერა და ვერ გავიხსენებდი, თავად რომ არ ეთქვა ბავშვის წაყვანის მომენტში. რაც შეეხება პატარას, ელისაბეტის მაგივრად ანეტა ერქვა და იმ სახელთან, რომელიც მე დროებით მოვუფიქრე, არაფერი ჰქონდა საერთო.

-გამარჯობა, შვილო, როგორ ხარ?

-მშვენივრად. ანეტას მოკითხვა გადაეცით ჩემგან

-გადავცემ, გადავცემ -გაეცინა, შემდეგ კი დაამატა:-თუ გინდა ამ დღეებში კიდევ დაგიტოვებ, რამდენიმე საათით

-არა, არა, გმადლობთ, მოკითხვის გადაცემაც საკმარისია -მოვუჭერი მოკლედ, იმის შიშით, რეალობად არ მიქციოს ეს ხუმრობით ნათქვამი სიტყვები-მეთქი, თან კლიტეში გასაღები სასწრაფოდ გადავატრიალე.

-დროზე, შედი -ზღურბლისკენ ვანიშნე თვალებით ენკეს.

-ვინ არის ის უცნაური ქალი?

-ვინ უნდა იყოს, მეზობელია

-და ანეტა?

-ანეტა ისაა, ვინც ორი კვირის წინ უზარმაზარი კოშმარი გამომატარა -მივუგე და როგორც კი შიგნით შესული დავიგულე, კარიც მაშინვე მივხურე. სახლიდან გასვლამდე, ფარდები ბოლომდე ჩამოვაფარე, თან წინა დღეებში ნაყიდი ვენტილატორიც ჩართული მქონდა დატოვებული, რის გამოც, ახლა მეტად სასიამოვნოდ გრილოდა და გარედან შემოსულს, ეს ტემპერატურა ძალიან მესიამოვნა.

-კოშმარი? -ველოდი და ჩამეკითხა კიდეც -რას გულისხმობ?

-დღეს კარგ ხასიათზე ვარ და მაგის გახსენება არ მინდა. მიდი, ეგ პარკი ამოალაგე და მე მანამდე ფლეისთეიშენს შევაერთებ, ცოტა ვითამაშოთ

-კარგი, შეაერთე, თან ის მითხარი, მელინასთან ვიზიტმა რა შედეგი გამოიღო

-ის შედეგი გამოიღო, რომ დღეს საღამოს ერთმანეთს ვხვდებით

-რაო, რაო? -აშკარა გაკვირვების ნოტები იგრძნობოდა მის ხმაში -მეხუმრები თუ იმ უკარება თოჯინას დათანხმება მართლა შეძელი?

რა თქმა უნდა არ ვაპირებდი იმის მოყოლას, რომ მელინას ნამდვილი ვინაობის შესახებ შევიტყვე და აქედან გამომდინარე გავხადე იძულებული საღამო ერთად გაგვეტარებინა. საკუთარ თავზე ნამვილად არ ვფიქრობდი, უბრალოდ არ მსურდა მისი საიდუმლო კიდევ ვინმეს სცოდნოდა ჩემს გარდა, მათ შორის არც ენკეს.

-ხომ გითხარი ჩემთვის შეუძლებელია არაფერია-მეთქი? -ვეცადე დამაჯერებელი ხმა მქონოდა, რათა ტყუილში ვერ გამოვეჭირე -ცოტაოდენი მონდომება და მხოლოდ ეს იყო

ენკე ლუდის ქილების ამოლაგებას უკვე მორჩენილიყო და ამჯერად ჩიფსებს "უტევდა".

-აჰა, ანუ, დღეს ვიღაცას ქარიშხლიანი ღამე ექნება -ცოტა არ იყოს, შეპარვით მომიგო. მეც, თავისთავად მაშინვე მივხვდი რაც იგულისხმა.

-არაფერი მაგდაგვარი -უარის ნიშნად თავი გავაქნიე -უბრალოდ საღამოს ერთად გავატარებთ და მორჩა

-მეღადავები? -ლამის შუბლს ზემოთ გადაუვიდა თვალები, მე კი ღიმილი მომგვარა მისმა გამოხედვამ -ნიკოლოზ ქალდანი გოგოსგან არაფერს ელის და მიუხედვად ამისა, მაინც მზადაა With her დრო გაატაროს? Dude სიცხე ხომ არ გაქვს?

-მოდი შუბლზე ტუჩები მომადე და შეამოწმე

-მართლა მოვიდე, ფისო? -წარბები გამომწვევარ ამითამაშა ამის თქმისას, რის გამოც, ტელევიზორის გვერდით დადებული ბეისბოლის ბურთის სროლაც დაიმსახურა პირდაპირ მუცელში.

-ნადირი ხარ, რა -მიზანში საკმაოდ მწარედ მოხვედრილი ბურთი კვლავ უკან გამომიქანა, თუმცა ენკესგან განსხვავებით სწრაფი რეაგირება მოვახდინე და ზედმეტად ოსტატურად მოვახერხე მისი აცილება.

-ბევრს რომ არ ლაპარაკობდე, არ მოგხვდებოდა

-შენ იცინე და რაც ცოტა ხნის წინ მელინაზე მითხარი, იქედან მხოლოდ ერთი დასკვნა გამომაქვს?

-რა დასკვნა?

-ის, რომ მაგ გოგომ უწყლოდ დარჩენილ თევზს დაგამსგავსა, Dude -აწ, უკვე ცარიელი პარკი გვერდზე მოისროლა და დივანზე მოხერხებულად მიწვა -ტიპი ჩვეულებრივად გაშტერებს და ტვინს ნელ-ნელა გაცლის, შენ კიდევ პირდაღებული ზიხარ და ამის უფლებას აძლევ

-საიდან მოიტანე ეგ ყველაფერი? -მხოლოდ მაშინ გავეპასუხე, როდესაც ფლეისთეიშენის მოწესრიგებას საბოლოოდ მოვრჩი და ცალი ჯოისტიკი ოფიციალურად მას გადავეცი.

ენკემ ლუდის ქილებს თავები მოხსნა, მერე კი, ჩიფსების პაკეტს დააცხრა და დაახლოებით ოთხი ნაჭერი პირისკენ ერთდროულად გაიქანა.

-რას ნიშნავს საიდან მოვიტანე? -მკითხა პირგამოტენილმა -რაც დრო გადის, ზიანის მოყენების მეტს არაფერს გიკეთებს. ძალიან მომწონს ჩვენი მელინა, მაგრამ ეჭვი მაქვს გიყვარდება და ფრთხილად იყავი მერე მაგრად არ დაგადოს. ვამჩნევ, მაინცდამაინც არ ევასები და თუ გოგოს რეალურად არ ევასები, რთულია მის გონებაში შეაღწიო. ისიც კი არ ვიცი შეხვედრაზე რატომ დაგთანხმდა, ეჭვი მაქვს აქეთ გიგებს რამე ხაფანგს

შეუძლებელი იყო ენკეს სიტყვებზე ღიმილი არ მომდგომოდა. ისეთი ტონი ჰქონდა, როგორც დეტექტივს აქვს თავისი საეჭვო ვარაუდების ხმამაღლა გამოთქმისას. რა თქმა უნდა, კარგად ვხვდებოდი რეალურად რაც აწუხებდა და რატომ არ სურდა მელინასთან ურთიერთობა მქონოდა. იმ ფაქტს ვერ ეგუებოდა, რომ თუ ვინმესთან ნამდვილ ურთიერთობას დავიწყებდი, მაშინ ჩემთან ვეღარც გოგონებს ამოიყვანდა გასართობად და ვეღარც კლუბებში დავიწყებდით ხოლმე მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა ერთობლივი ძალებით გაბრუებას, როგორც ამას თავისუფალი ცხოვრების წესის დროს ვაკეთებდით.

-კარგი, გეყოფა დრამატიზება -საკუთარი ქილიდან ოდნავ მოვსვი ყინულივით ცივი ლუდი, რის შემდეგაც იგი კვლავ მაგიდის ზედაპირზე დავაბრუნე -მგონი ამ თემაზე იმაზე მეტს ფიქრობ, ვიდრე უნდა ფიქრობდე

-მხოლოდ ეგ გაქვს სათქმელი?

-მეტი რა უნდა მქონდეს? -სპეციალურად ვთამაშობდი მის ნერვებზე, თან ძლივს ვიკავებდი ტუჩებე მომდგარ ღიმილს. ენკე უკვე მოთმინების დაკარგვის ზღარზე იყო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ბოლოს მაინც სიმშვიდის გზისკენ აირჩია გადახვევა და უღიმღამოდ მომიგო:

-არაფერი . . . მოდი, თამაში დავიწყოთ, დროს ნუ ვკარგავთ

-კი ბატონო -სასწრაფოდ დავწვდი მის სიტყვებზე ჩემს ჯოისტიკს, ჩიფსის ერთი პაკეტი ახლოს მოვიწიე და როგორც კი ტელევიზორის დიდ ეკრანზე მოძრავი ფიგურები გამოისახნენ, მაშინვე ჭკვიანურ სტრატეგიაზე დავიწყე ფიქრი, რათა ეს ტური დამარცხებულის სტატუსით ენკეს დაემთავრებინა და არა, მე.

საღამომდე, თამაშში დრო ისე გავიყვანეთ, სასუსნავებიდან ერთი პატარა ნამცეციც არ დაგვიტოვებია. ვირტუალურ სივრცეში გამართულ ორთაბრძოლებში, ხან ერთი ვიმარჯვებდით, ხან მეორე. უნდა ითქვას, საკმაოდ კარგად გავიყვანე დრო, სანამ ჩემი დღევანდელი დღის მთავარი ნაწილი დაიწყებოდა და მხოლოდ შვიდი საათის შესრულებისას გადავწყვიტე, რომ უკვე თამაშის დასრულებისა და მომზადების დაწყების დრო იყო.

ენკეს იმის სურვილიც კი არ ჰქონდა სახლში წასულიყო. აიჩემა მონიტორზე ამდენხნიანმა მიშტერებამ თვალები მატკინა და ახლა რომ საჭესთან დავჯდე, აუცილებლად გამოსახულებები გამიორდება, რის გამოც, საიდანღაც გამოვარდნილი ტრაილერი გამიტანსო.

ვერაფერს ვიზამდი. სიტუაციიდან გამომდინარე, იძულებული ვიყავი მისთვის ჩემთან დარჩენა შემეთავაზებინა. როგორც ჩანს, თავადაც სწორედ ეს ჰქონდა ჩაფიქრებული, რადან აღნიშნული შეთავაზების მოსმენის შემდეგ, სახე კმაყოფილების ღიმილიმა გაუნათა და დივანზე ბოლომდე გადაწვა.

-რახან ასეა, მე აქ დავიძინებ -მახარა -შენ რომელი საათისთვის მოხვალ? თუ გინდა, ჩემი მანქანაც წაიყვანე, გთხოვნი

-რა იყო, მარტო ვერ იძინებ და უნდა მოგიწვე?

-დავაი რა! -ბალიში მესროლა -უბრალოდ მაინტერესებს როდისთვის უნდა გელოდო. შეიძლება გამეღვიძოს და არ მინდა ქურდი მეგონო, შემდეგ კი ბეისბოლის ბიტა გადაგატეხო თავზე

-მგონი შენი სახლში შემოშვება ცუდი იდეა იყო -ჯოისტიკები გამოვაერთე, მერე კი ტელევიზორის ეკრანი ჩავაბნელე.

ენკეს გაეცინა.

-კაი ვხუმრობ რა გჭირს? ისე, რა უნდა ჩაიცვა? თუ გინდა რამეს გირჩევ

-თუ ამჩნევ, ახლა ჩვენი დიალოგი, დაქალების დიალოგს ემსგავსება

-მოიცა, რა -ხელი აიქნია, თან ისე სწრაფად წამოხტა ფეხზე, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი -მართლა რჩევების მოცემას კი არ ვაპირებდი, უბრალოდ შენი გარდერობიდან თუ რამე მომეწონება, ავტომატურად ჩემთან მიმაქვს -მერე საეჭვოდ დახედა ჩემს მაჯას, ნიკაპზე ხელი მოისვა და კვლავ მზერა გამისწორა -ისე, მაგ საათზეც უკვე დიდი ხანია დადგმული მაქვს თვალი, მართლა მაგარი პატენტია

-შენ წარმოიდგინე ორიგინალია -მივუგე, მაგიდის ზედაპირზე შემოდებულ, სხვადასხვა სულელური ბრელოკებით გადავსებულ ენკეს მანქანის გასაღებს დავწვდი და ხელში შევათამაშე. ასეთ განსაკუთრებულ საღამოზე ტაქსით წასვლა ნამდვილად არ მსურდა, ამიტომ, სიამოვნებით ვისარგებლებდი მისი ავტომობილით, მით უმეტეს, როცა თავად შემომთავაზა.

-კი აბა რა, მაგის ორიგინალი შენი ერთი წლის ხელფასი ღირს -მომიგო ენკემ სიცილით. მერე მთქნარებით წამოდგა ფეხზე და ისე აიღო გეზი მისაღებიდან გასასვლელი კარისკენ, მეტად სიტყვაც აღარ დასცდენია. აღარც მე ჩამითვლია საჭიროდ პასუხის დაბრუნება. თუ მტკიცებას დავუწყებდი, საათი ნამდვილად ორიგინალია-მეთქი, იმის ახსნაც მომიწევდა, საიდან მოვიტანე ფული მის საყიდლად, ამიტომ გაჩუმება უფრო გონივრულ ვარიანტად ჩავთვალე და ჩემი ოთახისკენ წასულ ენკეს, უკან სწრაფად მივყევი. შეხვედრაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამეგვიანა. არც თავად მინდოდა ასე მომხდარიყო. უკვე ერთი სული მქონდა, კვლავ როდის ვნახავდი იმ ჯიუტ ბამბის თოჯინას . . .





8 8 8 8

მანქანა ერთიანად მდელოსფერი ხავსით დაფარულ სახლთან გავაჩერე და ვინაიდან, უკვე ის დრო იყო, როცა მელინა მზად უნდა დამხვედროდა, რამდენჯერმე დავასიგნალე მისთვის ჩემი მოსვლის შესატყობინენლად.

სასიამოვნო შეგრძნება იყო იმის გაცნობიერება, რომ ეს საღამო მასთან ერთად უნდა გამეტარებინა. ნამდვილად არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ ზედმეტის უფლებას მომცემდა. არც კი ვფიქრობდი ამაზე. ერთადერთი, რაც მსურდა, მის სიახლოვეს ყოფნა გახლდათ და აგრეთვე ისიც, რომ ჩემგან ის ადამიანი არ გამოეძერწა, ვისი ნდობაც არ შეიძლებოდა.

ძრავა ჯერ კიდევ არ მქონდა გამორთული, ამიტომ, საქარე მინა ბოლომდე ჩავწიე და მელინას სახლს მივაპყარი მზერა. შუქი მხოლოდ ერთ ფანჯარაში ჰქონდა ანთებული, თუმცა ვინაიდან, ფარდები ბოლომდე გადაეწია, შიგნით საერთოდ ვერაფერს ვხედავდი.

გვერდითა სახლში მცხოვრები კაცი, ვინც დილით ბუჩქების კრეჭის მომენტში დავინახე, ამჯერად ბაღში გამოსულიყო და ქვის მაგიდასთან მჯდომი, ფინჯან ჩაის გემრიელად შეექცეოდა, პატარა თეფშზე დაწყობილ ორცხობილებთან ერთად. მისმა შემხედვარემ, ოდნავი შიმშილი მეც ვიგრძენი და ისიც გამახსენდა, რომ დღეს ყელში ერთი ლუკმაც არ გადამსვლოდა. ამის გამო, იდეა დამებადა მარკეტში გადავსულიყავი და სანამ მელინა გამოჩნდებოდა, რამე მარტივი მეყიდა, თუმცა ზუსტად ამ დროს, მისი სახლის ერთადერთ განათებულ ფანჯარაში, მოულოდნელად შუქი ჩაქვრა და მეც მაშინვე მივხდი, რომ წუთი-წუთზე გარეთ გამოსულსაც ვიხილავდი. სწორედ ამ მიზეზით, გადავწყვიტე უწინდელი განზრახვა, გარკვეული დროით, მომავალში გადადებულთა სიაში ჩამეწერა.

აღნიშნულ წამს, ჩემთვის ყველაზე მთავარი ამ სახლის დახურულ კარს მიღმა მყოფი პიროვნება გახლდათ. ცხოვრებაში პირველად ვიყავი შეპყრობილი, რაღაც განსხვავებულით დავკავებულიყავი გოგოსთან ერთად. მინდოდა მისთვის ყოფილიყო დასამახსოვრებელი ჩემთან გატარებული წუთები და არა, ჩემთვის. უბრალოდ დაუოკებელი სურვილი მქონდა, დღის ბოლოს, თუ ხმამაღლა არა, გულში მაინც ეთქვა, რომ ამ საღამოს ათბალიანი სისტემიდან, ათით შეაფასებდა და გაიმეორებდა კიდეც შემდეგისთვის. ასეთი ფიქრები ნიკოლოზ ქალდანის ხასიათისთვის სრულიად უცხო გახლდათ და მეც ვხვდებოდი, რომ ჩემს თავს რაღაც დიდი და ჯერ კიდევ შეუცნობელი ტრიალებდა.

სახლის კარი რომ გაიღო, სალონიდან გარეთ გადავედი და მანქანას ზურგით მივეყრდენი. წინასწარ ნამდვილად არ მიფიქრია რა ეცმებოდა მელინას ამ საღამოს, თუმცა როგორც კი იგი დავინახე, გაოცებისგან ჯერ თვალების ხამხამი გადამავიწყდა, ხოლო შემდეგ კი თავი სიცილით გადავაქნიე და კინაღამ თვალებიც მოვისრისე, რათა ნანახის რეალურობაში დავრწმუნებულიყავი.

ჩემი დღევანდელი მეწყვილე, სულაც არ ჰგავდა ბარში წასასვლელად გამზადებულს. არც მიმზიდველი კაბა ეცვა და არც, სხვა რამე ელეგანტური სამოსი. ამის მაგივრად, ტანზე ანიმატორის, კერძოდ კი, კურდღლის ერთიანი, ყურებიანი კოსტიუმი მოერგო და ისე მოაბიჯებდა, თითქოს მისი ასეთი ჩაცმულობა ოდნავადაც არ უნდა გამკვირვებოდა. აშკარა გახლდათ, მის ამგვარ ქცევას რაღაც მიზეზი ჰქონდა და სულ ცოტა ხანში, ამოვიცანი კიდეც ეს მიზეზი -მელინას უნდოდა ასე გამოწყობის გამო, თავად მეთქვა უარი მასთან ერთად საღამოს გატარებაზე, მაგრამ ამ სურვილს არავითარ შემთხვევაში არ ავუსრულებდი. თუ იგი ჯიუტი იყო, მე მასზე ორჯერ უფრო მეტი სიჯიუტე უნდა გამომეჩინა, რათა ამ ბრძოლიდან წაგებულის დროშით არ გამოვსულიყავი.

-ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად იმ დაწესებულებისთვის შესაბამისი სამოსი აგირჩევია, სადაც მივდივართ -როგორც კი ხუთიოდე ნაბიჯზე მომიახლოვდა, მაშინვე მოვშორდი მანქანას და მისკენ წავიწიე -სად იშოვე ეს კოსტიუმი, ბავშვთა გასართობი ცენტრიდან მოიპარე?

მელინამ, ქვედა ტუჩი მოიკვნიტა ღიმილის შესაკავებლად და სცადა სერიოზული გამომეტყველება დაეჭირა.

-რა მოხდა? ახლა არ მითხრა, რომ ჩემი "ლუქი" არ მოგწონს. მთელი დრო დაუღალავად ვემზადებოდი, რათა საღამოსთვის იდეალური ვყოფილიყავი

-ამხელა სარკაზმის დოზა საბოლოოდ დაგახრჩობს, ბამბის თოჯინავ -მისი კოსტიუმის კაპიუშონზე მიკერებულ, მაღლა აპრეხილ ყურებს წავეთამაშე, მელინა ჩემკენ მოვიზიდე და თვალებში ჩავაშტერდი -ალბათ, ამ საოცრებას რომ იცვამდი, ღრმად იყავი დარწმუნებული მანქანას უკან მივაბრუნებდი და წავიდოდი, თუმცა ასე მარტივად ვერ მომიშორებ თავიდან

-ჰოო? აპირებ ვარდისფერ კურდღელთან ერთად წახვიდე შენს საყვარელ ბარში და ყველასთან თავი შეირცხვინო?

-გამოიცვლი მაგ რაღაცას

-გამორიცხულია . . . როცა მაშანტაჟებდი, იმაზე არაფერი გითქვამს, რომ სამოსის მხრივ აკრძალვები მექნებოდა და ამ პუნქტის ახლა დამატება ძალიან დიდი გაიძვერობა იქნება

-ნუთუ? საოცარია გაიძვერობაზე შენ რომ მესაუბრები

-მოკლედ, ან ასე წამიყვან, როგორც ახლა ვარ, ან მშვიდობიანი ღამე ვუსურვოთ ერთმანეთს და დავიშალოთ -ხმაზე ეტყობოდა, ჯერ კიდევ ჰქონდა ჩემი თავიდან მოშორების იმედი, თუმცა ნამდვილად არ ვაპირებდი ასე უბრალოდ დამეთმო პოზიციები, ამიტომ, კვლავ ავტომობილს მივეყრდენი, გამარჯვებულის მზერით

-თუ შენ არანაირი პრობლემა არ გაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხს ასეთ ფორმაში დაენახო, მაშინ მანქანაში ჩაჯექი და წავიდეთ, მე პრეტენზია არ გამოვთქვამ, ვარდისფერო კურდღელო -ვუთხარი რაც შემეძლო დარწმუნებით, თან ყურებიანი კაპიუშონი ქვემოთ ჩამოვუწიე და თაფლისფერი კულულები ზემოთ ამოვუყარე -აი, ასე ჯობია . . . თმა არასდროს დამალო, რადგან საოცრად ლამაზი გაქვს

ამის თქმის შემდეგ, რამდენიმე წამით თვალმოუშორებლად მიყურებდა მელინა და მზერას წამითაც არ მაშორებდა. როგორც ყოველთვის, ახლაც გაურკვეველი მეჩვენა მისი გამოხედვა და ვერაფრით მივხვდი რას ნიშნავდა, თუმცა ყველაფერი აშკარა გახდა, როცა ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა, მხარზე ხელი დამადო და მკითხა:

-რა უნდა ვქვნა იმისთვის, რათა ჩემთან ურთიერთობის სურვილი დაკარგო? ამაზე მეტი რა უნდა გავაკეთო?

-რატომ გინდა ასე ძალიან, რომ შენთან ურთიერთობა აღარ მსურდეს?

-იმიტომ, რომ სიმშვიდეს მირღვევ -ოდნავი ნერვიულობა შეეტყო ხმაში მელინას ამის თქმისას -სანამ შენ შეგხვდებოდი, ძალიან წყნარი ცხოვრება მქონდა და არც იმის მეშინოდა, რომ მშობლები ჩემს ნამდვილ ადგილსამყოფელს გაიგებდნენ

-თუ იმას გააკეთებ, რაც მინდა, ვერავინ ვერაფერს გაიგებს

-მანიპულატორი ხარ, იცი ეს?

-შენ კი, ხავსი ხარ ჩემს გონებაში, რომელსაც ვერაფრით ვიშორებ. გამოდის, ორივენი ვმოქმედებთ ერთმანეთის სიმშვიდეზე

ამჯერად, სიტყვაც აღარ გამიგია მოპასუხე მხარისგან. მელინა უბრალოდ გაექცა პასუხსაც და მეც, რადგან იმ სიტყვების შემდეგ თვალი ამარიდა, მანქანაში უხმოდ ჩაჯდა და კარი ისე ძლიერად მოხურა, ლამის მთელ ქუჩას გააგონა.

ვხვდებოდი, როგორ ძალიან არ უნდოდა ჩემს სიახლოვეს ყოფნა და ამის გამო, ხასიათი ოდნავ მიფუჭდებოდა, თუმცა იმასაც კარგად ვაცნობიერებდი, მის ჩემდამი უნდობლობაში, მხოლოდ თავად რომ ვიყავი დამნაშავე. ყველანაირად უნდა მეცადა, მელინას ეს დამოკიდებულება როგორმე გამომესწორებინა. სხვანაირად არ შემეძლო. მჭირდებოდა ამ ადამიანთან სიახლოვე. იმდენად მჭირდებოდა, ცოტათი მეშინოდა კიდეც, თუმცა იმდენად ნამდვილად არა, მისგან შორს წასვლა და დამალვა მომდომოდა, საკუთარი გაურკვეველი გრძნობების გასაჩუმებლად.

ანიმატორის კოსტიუმში გამოწყობილი მელინა, კვლავაც უძრავად მელოდა მანქანის წინა სავარძელზე მჯდომი. მეცინებოდა მის შემხედვარეს. ნუთუ მართლა ასე აპირებდა ბარში შემოსვლას? უნდა მეღიარებინა, თუ ასე მოიქცეოდა, ნამდვილად მივიპყრობდით გარშემო მყოფთა ყურადღებას და არც ჩვენკენ მომართული მზერების სიმცირეს ვიგრძნობდით მთელი საღამოს განმავლობაში.

რაც იყო, იყო. თუ ასე უნდოდა წამოსვლა, წავიყვანდი კიდეც. ნამდვილად არ შემაფერხებდა ის ფაქტორი, რომ სხვებისგან განსხვავებით, მეტად კომიკურად იქნებოდა გამოწყობილი. თუ იგი სიჯიუტის გზას ადგა, ნიკოლოზ ქალდანში ორჯერ უფრო მეტად იყო გამჯდარი ეს თვისება და ნამდვილად არ მივცემდი საშუალებას ჩემს ნებისყოფაზე გაემარჯვა.

ავტომობილში უხმოდ ჩავჯექი. ვინაიდან სალონში ჩამოვარდნილი მდუმარება არ მსიამოვნებდა და არც მელინას ემჩნეოდა, რომ ლაპარაკის ხასიათზე იყო, ძრავის ამუშავების შემდეგ მაგნიტოფონში მუსიკა ჩავრთე და მანქანა მთავარ გზაზე გავიყვანე. იმ ადგილამდე, რომელიც ნავიგატორში მქონდა მითითებული, მანძილი არც თუ ისე დიდი გახლდათ. ჩემი გათვლებით, ზუსტად ათ წუთში უკვე იქ უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ჩქარი სიარულის წყალობით, ეს მანძილი ორჯერ უფრო ნაკლებ დროში დავფარე და სასურველ უბანში მისულმა, წითელი ნათურებით განათებულ შენობას საქარე მინიდან შევავლე თვალი.

ბათუმში ჩამოსვლის პირველი საღამო, სწორედ ამ დაწესებულებაში გავატარე და შიგნით შექმნილი სასიამოვნო ატმოსფეროს გამო, წესით იქაურობა მელინასაც ისევე უნდა მოსწონებოდა, როგორც მე მომეწონა თავის დროზე. მხოლოდ ერთი პრობლემა რჩებოდა- მისი ჩაცმულობა და მიუხედავად იმისა, რომ ამ წამს, ასი პროცენტით სულ ერთი გახლდათ როგორი ტანსაცმლით გაატარებდა საღამოს ჩემთან ერთად, მაინც მსურდა მისთვის გამოცვლა დამეძალებინა. ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ არ ეგრძნო თავი უხერხულად როდესაც ამდენ ხალხში მოხვდებოდა.

-იქნებ, გადაიფიქრო და გაიხადო ეგ რაღაც? -ვკითხე როგორც კი შენობასთან მიახლოებულმა სვლა შევანელე და მანქანის დაპარკინგება დავიწყე. ორ ავტომობილს შორის, თითქოს ვიღაცას სპეციალურად ჩემთვის დაეტოვებინა თავისუფალი ადგილი, რათა დაყენების დროს ზედმეტი წვალება არ დამჭირვებოდა.

-რატომ უნდა გადავიფიქრო? -ეჭვით გამომხედა მელინამ -ნუთუ უხერხულობა იგრძენი იმის გამო, რომ ერთადერთი ბიჭი იქნები ამ ბარში, ვისაც ანიმატორული კურდღელი ეყოლება მეწყვილის რანგში?

-ასე ნუ იქცევი რა . . . ვიცი, დიდად არ გსიამოვნებს ჩემთან ყოფნა, თუმცა იმის გარდა არაფერს გთხოვ, რომ ცოტა ხნით სადმე გადამალო შენი ცუდი წარმოდგენები ჩემზე და შეეცადო სხვა კუთხითაც დამინახო. თუ ამ საღამოს შემდეგაც ისე ცუდ ადამიანად მოგეჩვენები, როგორც აქამდე, გპირდები, ჩვენს შორის მარტო მისალმებითი ურთიერთობა დარჩება სამსახურში მისვლისას და მეტი არაფერი

-ანუ, გარიგებას ვდებთ -საქმიანი ტონი დაიჭირა ამის თქმისას.

-ეგრე გამოდის

-ვფიქრობ, მსგავსი პირობები მეც მაწყობს

-თუ ასეა, ჩემი პირობაც შეასრულე და რამე სხვა ჩაიცვი -გამიხარდა, რადგან მივხვდი, მცირედ კომპრომისს მაინც მივაღწიე ამ უზომოდ ჯიუტ არსებასთან.

მელინა საზურგეს მთელი ტანით მიეყრდნო და გვერდულად გამომხედა.

-ჩავიცვამდი, მაგრამ ერთი პრობლემაა -ასეთ შემთხვევაში სახლში მოგვიწევს მიბრუნება

-მაგას მე მოვაგვარებ, აქვე ახლოს სადღეღამისო სავაჭრო ცენტრია და რამე ნორმალურს გიყიდი -მიუხედავად იმისა, რომ ფინანსებში მაინცდამაინც კარგი მდგომარეობა არ მქონდა, მაინც შევთავაზე.

-არა, საჭირო არაა -მაშინვე გააპროტესტა -მე უკეთესი იდეა მომივიდა

-მაინც რა იდეა?

-შენი პიჯაკი გაიხადე და მე მომეცი -სამოსის საყელოზე შემეხო ამის თქმისას -თავად მხოლოდ მაისურით შემოხვალ და პრობლემაც მოგვარდება

-მხოლოდ პიჯაკს ჩაიცვამ და სხვას არაფერს?

-ჰო, რა მოხდა? -მხრები გარკვირვებით აიჩეჩა მან -ვინაიდან ჩემზე მაღალი ხარ, სხეულს კარგად დამიფარავს და დიდი ალბათობით, ელეგანტურადაც მექნება

საწინააღმდეგო ვერაფერი ვთქვი. ნამდვილად არ იყო ცუდი აზრი და ამ საშუალებით, აღარც ზედმეტ დროს დავკარგავდით სავაჭრო ცენტრში სიარულში.

-მგონი მშვენიერი ვარიანტია -აღვნიშნე კმაყოფილებით -საყიდლებზე დიდხანს სიარული მაინც არ მიყვარს, ქალებს კი ეს პროცესი საშინლად გეწელებათ ხოლმე

-ყველა ქალს ერთ ქვაბში ნუ ხარშავ -გაეცინა მელინას -ზოგიერთს საერთოდ არ სჭირდება ორსაათიანი შოპინგ-ტური, რათა თავისთვის სასურველი სამოსი აარჩიოს

-ამით იმას ხომ არ გაუსვი ხაზი, რომ შენც ასეთი ქალების რიცხვში ხარ?

-მე იმათ რიცხვში ვარ, ვისაც სამოსს სულ დედა ურჩევდა ხოლმე და დახეული ჯინსის ჩაცმაც კი სანატრელი ჰქონდა ოჯახის სოციალური სტატუსის გამო -ღრმად ამოიხვნეშა ამის თქმისას მელინამ და იმ წამს, კიდევ ერთხელ მიმახვედრა, თუ რას გამოექცა თავისი ძველი ცხოვრებიდან.

-რთულია, როცა ასეთ პირადულ საკითხებს სხვები წყვეტენ შენს მაგივრად

-დამიჯერე, ეს იმაზე უფრო შემაწუხებელია, ვიდრე გგონია, თუმცა მაინც არ მომწონს, როცა შვილები, მშობლების მიმართ აგრესიას გამოხატავენ. რაც არ უნდა იყოს, მათი დამსახურებაა, რომ ამ ქვეყნად დავიარებით და სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამიტომ იმსახურებენ პატივისცემას

სახეზე ღიმილი მომგვარა მოსმენილმა მცირე მონოლოგმა. იმ წამს ცხადად გავიაზრე, რომ ერთხელაც კი არ მიგრძვნია მადლიერება საკუთარი მშობლებისადმი, რათა ამ ქვეყნად მომავლინეს. ეს გოგო, თითქოს ყოველ დღე რაღაც ახალს მასწავლიდა, ისეთს, რაზეც მანამდე ყურადღებას არასდროს ვამახვილებდი და თავში აზრადაც კი არ მომდიოდა.

-კარგი, მოდი სანამ ბარს დახურავენ ჩაცმის საკითხი მოვაგვაროთ და შევიდეთ -საუბარი სხვა სტადიაზე გადავიყვანე, პარალელურად კი პიჯაკის გახდა დავიწყე -მანქანიდან გადავალ და შეგიძლია მშვიდად გამოიცვალო. გარეთა ხედვის მინები დაბურულია და რომც შემოვბრუნდე, მაინც ვერაფერს დავინახავ

-რა უნდა ნახო ისეთი, რაც აქამდე არ გინახავს? -სიცილით მკითხა, თან იმ წამს გახდილი პიჯაკი ჩამომართვა.

-თუ ამ თემაზე საუბარს კიდევ განვაგრძობთ, რამე ისეთი წამომცდება, რაც გაგაბრაზებს, ამიტომ ჯობია გავჩუმდეთ

-ბოლო დროს უფრო მიხვედრილი მეჩვენები, ვიდრე აქამდე, იცი?

-უღრმესი მადლობა კონპლიმენტისთვის -ოდნავი სარკაზმი ჩავდე ჩემს ტონში და მანქანიდან ისე გადმოვედი, რომ მელინასთვის მეტად აღარაფერი მითქვამს.

ბარიდან ოდნავ თუ გამოდიოდა წყნარი მუსიკის ხმა. აქაურობა შეხვედრისთვის სწორედ იმიტომ შევარჩიე, რომ დაწესებულებაში მხოლოდ მშვიდი მელოდიები უკრავდა ხოლმე და არანაირი ხმამაღალი, შემაწუხებელი სიმღერები, როგორიც მელინასნაირი ხასიათების ადამიანს ნამდვილად არ უნდა ჰყვარებოდა.

ჯანდაბა, რატომ ვცდილობდი ასე ძალიან, რათა ყველანაირად ამ გოგოს ხასიათს მოვრგებოდი, მისთვის მესიამოვნებინა და ეს საღამოც დაუვიწყარი გამეხადა? ცხოვრებაში პირველად მქონდა შემთხვევა, როდესაც ქალისგან არაფრის მოლიდინი არ მქონდა, მაგრამ მაინც მსურდა ამ უკანასკნელთან დროის გატარება, მხოლოდ მისი წესებით და მის სიამოვნებაზე კონცენტრირებით.


მართლა რა მემართებოდა?ასე ხომ არასდროს მიცხოვრია? რა შეცვალა მელინას გამოჩენამ ისეთი, რომ მსგავსი უჩვეულო ნაბიჯების გადადგმა მაიძულა? ამ კითვებიდან, არც ერთ მათგანზე არ მქონდა პასუხი. დიდად არც მინდოდა მქონოდა. ერთადერთი, რაც მსურდა ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის თავიდან მოშორება და მხოლოდ დღევანდელი საღამოთი სიამოვნების მიღება იყო.

ბარიდან გამომავალი წყნარი მუსიკა, ახალმა მელოდიამ შეცვალა. აქედან დაახლოებით ხუთი წამის შემდეგ კი, მანქანის კარის გაღების ხმაც მისწვდა ჩემს ყურთასმენას. სავარაუდოდ, ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ მელინას უკვე დაემთავრებინა თავისი სამოსის გამოცვლა და ამის შესამოწმებლად, მეც უკან მივტრიალდი.

ჩემი ვარაუდი სინამდვილე აღმოჩნდა. ქუჩის ოქროსფერი განათების ფონზე, ნათლად გავარჩიე პრადას პიჯაკში გამოწყობილი მელინას ფიგურა, ვისაც ფეხზე შავი ფერის, საკმაოდ ელეგანტური ქუსლიანი ფეხსაცმელი მოერგო, გრძელი, თაფლისფერი, ტალღოვანი თმა მხრებზე ლამაზად ეყარა და ჩემკენ საკამოდ თავდაჯერებული გამომეტყველებით მოაბიჯებდა. სუნთქვა შემეკრა იმდენად ლამაზი იყო იმ წამს. პიჯაკი, ნათლად უსვამდა ხაზს მის იდეალურად სწორ, ლამაზ ფეხებს, რომელიც ასეთ მოკლე სამოსში მანამდე არასდროს მქონდა ნანახი. ზოგადად, არ ახასიათებდა გამომწვევი ჩაცმულობა, თუმცა დღეს იმდენად ვნებიანი ქალის იერი ჰქონდა, აშკარად დიდი ძალისხმევა დამჭირდებოდა, იმისთვის, რათა ჩემი ხელები მეკონტროლებინა და საკუთარი თავისთვის ზედმეტის უფლება არ მიმეცა.

-როგორც ვხედავ, მართლა არ ჰგავხარ სხვა ქალებს

-რას გულისხმობ? -კითხვით სავსე მზერით მომიახლოვდა და ჩემს წინ დატრიალდა -აბა, ნორმალურად გამოვიყურები?

-სუნთქვისშემკვრელად . . .

-და მანამდე დასმული შეკითხვის პასუხი რა არის?

-ის ვიგულისხმე, რომ სხვა ქალებივით დიდი დრო არ დაგჭირვებია მოსამზადებლად -განვუმარტე -ჰო მართლა, ეს ფეხსაცმელი სად ნახე? როგორც მახსოვს, კედებით იყავი წამოსული

მელინამ თავის ქუსლიანებს დახედა, შემდეგ კი კვლავ მე შემომხედა თვალებში.

-უკანა სავარძელზე ვიპოვე დაყრილი. ალბათ შენს რომელიმე გოგოს დარჩა

-აჰა, გასაგებია -გამეღიმა -თუმცა იმაში შეცდი, რომ ჩემს გოგოს დარჩა. ეს მანქანა ენკესგან ვინათხოვრე და მაგ ფეხსაცმლის მფლობელთანაც არანაირი კავშირი არ მქონია

-გასაგებია . . . კარგი, თუ ყველაფერს მოვრჩით, მაშინ შევიდეთ -ბარისკენ თვალებით მანიშნა მან, თან ერთი ნაბიჯით წაიწია დაწესებულებისკენ, აბრას თვალი ოდნავი ღიმილით შეავლო და ბანერზე წაწერილი სახელწოდება ხმამაღლა წაიკითხა: - The Colour Of Patience. დასახელებიდან გამომდინარე, წყნარი ადგილი უნდა იყოს

-მოდი, ეგ ცნობისმოყვარეობა შიგნით შესვლის მერე დაიკმაყოფილე -ხელზე, ხელი მოვკიდე ამის თქმისას, პიჯაკის საყელო ოდნავ შევუსწორე და პირდაპირ დაწესებულებაში შესასვლელი კარისკენ წავიყვანე.

წინა ვიზიტისგან განსხვავებით, ამ ჯერზე, ღია იასამნისფერ ტონალობაში გადაწყვეტილ დარბაზში, შედარებით მეტი ხალხი შეკრებილიყო. თავისუფალი მაგიდები, აქა-იქ თუ მოგხვდებოდათ თვალში. ბარის დახლთანაც კი ყველა სკამი დაეკავებინათ კლიენტებს და საღამოს გალამაზებას სხვადასხვაგვარი ალკოჰოლური სასმელით ცდილობდნენ.

-წავალ, რამეს შევუკვეთავ, შენ კი მანამდე თავისუფალი ადგილი იპოვე და დამელოდე, კარგი?

-რის შეკვეთას აპირებ? გაითვალისწინე, ალკოჰოლიანი არაფერი მინდა

-რატომ? გეშინია, რომ მთვრალს გამოგიჭერ და სიტუაციით ვისარგებლებ?

მელინას ოდნავ ჩაეცინა.

-სულაც არ მეშინია -ამაყად განაცხადა -უბრალოდ უცნაური ალერგია მახასიათებს - როცა ალკოჰოლს ვსვამ, საშინელი სიმხურვალე მივლის მთელს სხეულში და ამის გამო, ყინულიან წყალში ჩაწოლაც კი მინდება ხოლმე

-ასეთი რამ პირველად მესმის

-შეიძლება ასეა, მაგრამ არ გატყუებ -მომიგო, ჩემი ხელისგან, რომელიც ჯერ კიდევ მის მარჯვენაზე მქონდა მოკიდებული, თავი გაითავისუფლა და დარბაზში, თავისუფალი ადგილების საპოვნელად მოატარა მზერა.

-მომეწონა აქაურობა, იცი? -ოდნავი ღიმილით მომიბრუნდა -ველოდი, რომ რაღაც ხმაურიან, თინეიჯერულ კლუბთან გააჩერებდი მანქანას, სადაც ყველას ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზა აცეკვებს
-ვერ გეტყვი, რომ ეგეთ ადგილებში ფეხი არ შემიდგამს, მაგრამ თუ არჩევანზე მიდგება საქმე, მუდამ ისეთებს ვამჯობინებ ხოლმე, როგორშიც ახლა ვარ

-კარგი, მგონი ერთ თავისუფალ ადგილს მოვკარი თვალი -თითით მანიშნა დარბაზის კუთხეში მდგომი ორადგილიანი მაგიდისკენ, რომლის შუაშიც, ოქროსფრად მანათობელი, ბადისებრი სანათი დაედოთ, დეკორატიული გაფორმების სახით -წავალ, დავიკავებ, სანამ ვინმეს დაუსწრია

-იმედია, როცა მოვალ, სახლში გაქცეული არ დამხვდები

-მაგაზე დავფიქრდები -ოდნავ ჩაეღიმა და მეტად აღარაფერი უთქვამს, ისე გაემართა თავის მიერ არჩეული მაგიდისკენ.

მიუხედავად ხალხმრავლობისა, ბარში მაინც სასიამოვნო სიმყუდროვე იყო. წყნარი მუსიკა, თბილი აკუსტიკა და სიმშვიდის მომგვრელი დეკორატიული გაფორმება, თითქოს ხმაურის გამოწვევის ყოველგვარ სურვილს უკარგავდა თითოეულ აქ შემომსვლელს.

არც დაწესებულების ბარმენი ჰგავდა ამ პროფესიის ტიპურ წარმომადგენელს -უამრავი სვირინგით, უცნაური ვარცხნილობითა და პირსინგით. ამის მაგივრად, დახლთან ერთი ზედმეტად ჩვეულებრივი გარეგნობის ბიჭი იდგა, მუქ ლურჯ უნიფორმაში გამოწყობილი და გვერდითაც ასევე სრულიად ნორმალური ვიზუალის, დაახლოებით მისივე ასაკის გოგონა ამოდგომოდა. ამ ორის დანახვაზე, მაშინვე ჩემი და მელინას სამუშაო დღეები მომაგონდა, „ქვიშის ქარიშხალში“ და უნებურად ღიმილი მომერია.

-საღამო მშვიდობის -მივესალმე ორთავეს, თუმცა მათგან მხოლოდ ბიჭი იყო თავისუფალი, რადგან გოგონა, ერთ-ერთ კლიენტს ლუდს უსხამდა, თან რაღაცაზე მხიარულად ესაუბრებოდა.

-საღამო მშვიდობის, რას მიირთმევთ?

-ეს ოფიციალური ტონი მოიშორე რა, თორემ თავი ორმოცი წლის კაცი მგონია

-კარგი, კარგი -გაეცინა -მაშინ, რას დალევ, ძმაო?


-ასე ბევრად უკეთესია -მეც გამეცინა -დალევას რაც შეეხება, ერთი ირლანდიური ვისკი დამისხი და ერთიც, რომელიმე უალკოჰოლო კოქტეილი

-გასაგებია -თავი დამიქნია, მერე კი დაამატა:- უალკოჰოლო კოქტეილს რახან უკვეთავ, ესე იგი, აქ გოგოსთან ერთად ხარ

-როგორც ჩანს, შენი ლოგიკა მოწოდების სიმაღლეზეა

-უბრალოდ დიდი ხანია აქ ვმუშაობ. ახლოს მოიწი, რაღაც უნდა გითხრა -დახლზე გადმოიწია ამის თქმისას და მას მკლავებით ჩამოეყრდნო.
-რა უნდა მითხრა?

-ის, რომ ქალი სწორედ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ავლენს თავის ნამდვილ ხასიათს. თუ გინდა შენი გოგო უკეთესად გაიცნო, უნდა დატესტო როგორ გამოიყურება ნასვამი

-კარგად ვერ მივხვდი რას მთავაზობ. ანუ, მეუბნები, რომ ალკოჰოლის შემცველი კოქტეილი მივუტანო და მოვატყუო, რომ უალკოჰოლოა?

-სწორედაც -აღფრთოვანებით შემოჰკრა ტაში ბარმენმა -თაღლითობით, ცოტ-ცოტას ქალებიც თაღლითობენ ხოლმე ჩვენთან მიმართებაში, ამიტომ, ამით ბევრს არაფერს დააშავებ

-მეც მაინტერესებს როგორ მოქმედებს მასზე სიმთვრალე, თუმცა თქვა, რომ სასმელი ცუდად ხდის -უკვე მაგიდასთან მჯდომ მელინას გავხედე ამის თქმისას. ეს უკანასკნელი ტელეფონის ეკრანს დაჰყურებდა და ჩემს მოლოდინში ვიღაცას ემესიჯებოდა.

ბარმენს გაეცინა . . .

-კარგი რა ძმაო, ქალები ასე ცდილობენ შენიღბონ ის ფაქტი, რომ ალკოჰოლი მათ ზედმეტად ათამამებს. ალბათ ამას უფრთხის და ეგ ტყუილიც ამიტომ გითხრა

გამოგიტყდებით, ლოგიკური მეჩვენა ეს მოსაზრება. მართალია, ამაღამ მელინასთვის თითის დაკარებასაც არ ვაპირებდი, თუმცა მაინც შემიპყრო იმის ინტერესმა, თუ როგორ გამოიყურებოდა იგი ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზის მიღების შემდეგ და ამ ცნობისმოყვარეობამ მაიძულა ოდნავ გაიძვერული ხერხებისთვის მიმემართა.

-კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ, რამე ძლიერმოქმედი გამიკეთე, სადაც არაყის გემო არც ისე შესამჩნევი იქნება და მას ხილის არომატები გადაფარავს

-ნუ გეშინია, ეგ მე მომანდე -თვალი ღიმილით ჩამიკრა ბარმენმა. ეტყობოდა, ძალიან უხაროდა ჩემი დარწმუნება რომ მოახერხა და თავის მხარეზე გადამიბირა. იმ წამს თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა -მელინას რომ გაეგო, რასაც ვაპირებდი, ალბათ თავისი ჩვეული სიმშვიდით მეტყოდა მშვიდობით სამუდამოდო და აქაურობას დაუყოვნებლივ დატოვებდა. აღარც ჩემი შანტაჟი შეაჩერებდა და აღარც თავისი საიდუმლოს გამოაშკარავების შიში. თუმცა მიუხედავად ამ რისკისა, მაინც არ მინდოდა საკუთარ გადაწყვეტილებაზე ხელი ამეღო. დაუოკებელი სურვილი მიპყრობდა მისი ყოველნაირი სახე შემესწავლა -ფხიზელიც, მთვრალიც, გაბრაზებულიც, ანერვიულებულიც და კიდევ სხვა მრავალი. შეპყრობილი ვიყავი ამ ადამიანით. იმდენად შეპყრობილი, რომ ხანდახან საკუთარ „მე“-საც კი ვივიწყებდი და მხოლოდ მის სიამოვნებაზე ვიწყებდი ფიქრს. ისევე, როგორც დღეს . . .

-ესეც ასე, შენი შეკვეთა უკვე მზადაა -მოულოდნელად დამიდგა ბარმენმა წინ ჩემთის განკუთვნილი ჭიქები -სასიამოვნო საღამოს გატარებას გისურვებ, შენს პარტნიორთან ერთად

-გმადლობ . . . მაინც რამდენად ძლიერმოქმედია კოქტეილი?

-საკმაოდ. ცოტ-ცოტა, ოცი სხვადასხვა სახეობის არაყი აქვს, წესით ეფექტურად უნდა იმოქმედოს

-მშვენიერია -კმაყოფილების ღიმილი მომადგა ტუჩებზე -მაშინ წავალ და ექსპერიმენტს ჩავატარებ

ეს რომ ვთქვი, ზუსტად იმ წამს, დახლთან მდგომმა ბარისტამაც გააცილა თავისი კლიენტი და მზერა ჩემზე გადმოიტანა. მომეჩვენა, რომ ოდნავ გამომწვევადაც გამიღიმა, თუმცა საპასუხოდ არაფერი მომიმოქმედია, ისე გავემართე იმ მაგიდისკენ, სადაც მელინა იჯდა, ჩემს მოლოდინში.

უნდა მეღიარებინა, საკმაოდ მყუდრო ადგილი ჰქონდა შერჩეული. ჩვენი მაგიდა, სხვებისგან საკმაოდ დაშორებული და ასე ვთქვათ, იზოლირებულიც კი იყო, პატარა კრემისფერი შირმის წყალობით, ნახევრად რომ ევლებოდა მას გარს.

-აი, მეც დავბრუნდი. ხომ არ მოიწყინე? -როგორც კი თავისი კოქტეილი წინ დავუდე, მაშინვე ვკითხე, თან მის წინ ჩამოვჯექი, ჩემი ვისკის ჭიქით ხელში.

-არა, მუსიკა მეხმარება ყურადღების გადატანაში. და შენი პიჯაკის სურნელი -დაამატა ცოტა ხნის შემდეგ

-ანუ, მოგეწონა

-ძალიან . . . ბერგამოტის ტკბილ-ცხარე არომატს ვგრძნობ, სასიამოვნოა -პიჯაკის საყელო ორი თითით ასწია ამის თქმისას, კიდევ ერთხელ უყნოსა და ნეტარებისგან თვალები დახუჭა -ვგიჟდები ამ ციტრუსის სურნელზე

-შეგიძლია ხშირად იყო ხოლმე ჩემს სიახლოვეს, რათა ეს სურნელი იგრძნო

-შეგიძლია უბრალოდ შენი სუნამოს სახელი მითხრა. ამისთვის ერთად ყოფნა არ არის საჭირო

-ძალიან მწარე ენა გაქვს -ჭიქიდან ვისკი ოდნავ მოვსვი, მერე კი თვალებით კოქტეილისკენ ვანიშნე -შენ არ დალევ?

მელინამ თავის წინ მდგომ ჭიქას შეხედა, იგი ხელში აიღო, შემდეგ კი ისევ მე მომაპყრო მზერა.

-რა ჰქვია ამ კოქტეილს? -მკითხა -რაღაც არ მეცნობა

-სახელი არც მე ვიცი, ბარმენმა თავისი რეცეპტით მოამზადა და დამავიწყდა მეკითხა

-გასაგებია. მაშინ გავსინჯავ და ვნახავ რა მომიტანე -ჭიქაში ჩადებული საწრუპი, ალუბლისფერ ტუჩებში მოიქცია მან, ფეხი, ფეხზე მიმზიდველად გადაიდო, სკამის საზურგეს მოხერხებულად მიაწვა და როგორც იქნა კოქტეილიც მოსვა.

-აბა, როგორია? -ვკითხე შეპარვით, რათა გამერკვია ალკოჰოლის გემო იგრძნო თუ არა

-მანგოს და ფორთოხლის არომატითაა. ცუდი არ არის

სწორედ იმ წამს შევამჩნიე, რომ მე და მელინა, ერთმანეთისგან ძალიან მოშორებით ვიჯექით, ამიტომ, გადავწყვიტე ეს მანძილი მინიმუმამდე დამეყვანა და ჩემი სკამიანად მის გვერდით გადავინაცვლე, ძალიან, ძალიან ახლოს. აღნიშნულ მომენტში ბარში Coldplay-ს სიმღერა უკრავდა და რამდენიმე წყვილი, დარბაზის შუა გულშიც ცეკვავდა, ერთმანეთზე ჩახუტებული.

-შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვა?

-კი, თუ რთული კითხვები არ იქნება -თავის კოქტეილს ცოტა ხნით მოწყდა და მელნისფერი თვალები ცნობისმოყვარედ შემომანათა.

-სულ სამი კითხვაა, თან არც ისეთი რთული, მზად ხარ?

-ვფიქრობ, მზად ვარ, მკითხე რაც გინდა -თან საწრუპს ჭიქაში ათამაშებდა, თან მზერას არ მაშორებდა. მაბნევდა მისი ასეთი გამოხედვა. მიწვევდა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი ამას ჩემს გამოსაწვევად არ აკეთებდა. ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი ქალის წინაშე თავს ასე უცნაურად და ამას, აკლიმატიზაციის პრობლემას ნამდვილად ვერ მივაწერდი. საქმე გაცილებით უფრო სერიოზულად გახლდათ, მე კი კვლავაც არ მინდოდა იმ ფსკერამდე ჩავსულიყავი, სადაც ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის ზუსტი განმარტება იქნებოდა შენახული. ალბათ, ქვეცნობიერის რაღაც ნაწილი, იმ პასუხებს გაურბოდა, რომელთაც გულის სიღრმეში ჩახედვისას იპოვნიდა.

-მოკლედ, პირველი კითხვა -დავიწყე ლაპარაკი, თან მელინას ტალღოვანი თმის კულულს საჩვენებელი თითით წავეთამაშე. ამის კეთება მხოლოდ მაშინ შევწყვიტე, როდესაც ჩემი ქმედების გამო, ცალწარბაწეულმა გადმომხედა და მაგრძნობინა დისტანცია დაიცავიო -გულწრფელად უნდა მიპასუხო, კარგი?
-კარგი

-მაშინ, მითხარი, იქნებოდი თუ არა უფრო ბედნიერი, შენს ცხოვრებაში საერთოდ რომ არ გამოვჩენილიყავი?

შემეძლო დამეფიცა, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მე და მელინა ერთმანეთს ვიცნობდით, ამ უკანასკნელმა პირველად გამომხედა სითბოთი სავსე მზერით. ოდნავ გაეღიმა კიდეც ჩემს კითხვაზე და თავისი თაფლისფერი თმა მეორე მხარეს გადაიყარა.

-ამ კითხვას რატომ მისვამ? -თვალებში ცნობისმოყვარეობა ეხატა -ჩემს პასუხზე ბევრი რამაა დამოკიდებული?

-პირველ რიგში ჩემი განწყობა და მერე უკვე ის, თუ როგორ გაგრძელდება დღევანდელი საღამო

მელინამ კოქტეილის ჭიქიდან კიდევ ერთხელ მოსვა. ისედაც ლამის ნახევრამდე დაყვანილი სასმელი, ამჯერად თითქმის ბოლომდე გამოცალა და თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა.
-არა, არ ვიქნებოდი უფრო ბედნიერი -მითხრა დარწმუნებით -შენ რომ არა, ენკეს სულელურ ხუმრობებსა და მასთან მარტო ყოფნას, ნამდვილად ვერ გავუძლებდი

მართალია ეს ისეთი პასუხი არ ყოფილა, როგორსაც გულის სიღრმეში ვნატრობდი, თუმცა მაინც გამიხარდა, რომ არ მითხრა უშენოდ ცხოვრება გაცილებით სასიამოვნო მომეჩვენებოდაო.

-ანუ, საქმე მხოლოდ ენკეშია

-მგონი მეორე კითხვაც გქონდა -საუბრის ახალ თემაზე გადატანა სცადა და აღარც მე მივბრუნებივარ ძველს. ამის მაგივრად გადავწყვიტე, მეორე კითხვისთვისაც ამეხადა ფარდა

-კარგი, მოდი მითხარი რას შეუძლია შენი წყობილებიდან გამოყვანა? ერთხელაც კი არ მინახიხარ გაბრაზებული, არც შენი აწეული ხმა გამიგია ოდესმე

-რას შეუძლია ჩემი წყობილებიდან გამოყვანა? -გაეცინა. მერე კვლავ თმაში შეიცურა თითები და ჩაფიქრებული სახე მიიღო, თან პიჯაკის ერთი ღილი შეიხსნა. სავარაუდოდ, ალკოჰოლმა აუწია სხეულის ტემპერატურა და ცოტათი დასცხა -ვერ ვიტან, როდესაც ადამიანი თავისი მდიდარი წარმომავლობით ტრაბახობს და ამის გამო, სხვებს ისე უყურებს, როგორც ტარაკნებს, ვისი გასრესაც საკმაოდ მარტივად შეუძლია

-და ასეთ შემთხვევაში, აგრესიას როგორ გამოხატავ ხოლმე?

მელინამ ქვედა ტუჩის კუთხე კბილებში მოიქცია. აქედან რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ, ჩემს კითხვასაც უპასუხა:

-ბოლოს, როცა მსგავს ადამიანს გადავაწყდი, მამაჩემის მიერ, ჩვენი სახლის ბაღში გამართულ წვეულებაზე შემთხვევით ფორთოხლის წვენი გადავასხი, როგორც თვითონ აღნიშნა ხუთიათას დოლარიან ვალენტინოს კაბაზე -სიტყვა შემთხვევით, ისეთო ტონით წარმოთქვა, მაშინვე მიმახვედრა, რომ ეს ყველაფერი განზრახ ჰქონდა გაკეთებული

-სერიოზულად? -გულწრფელად გამეცინა მის სიტყვებზე -ბრაზსაც კი რა შენებურად გამოხატავ, მართლა მაკვირვებ

-მესამე კითხვა დაგრჩა -ტელეფონზე დაყენებული Reminder-ვით შემახსენა მელინამ.

-ჰოო, მესამეს რაც შეეხება, იგი წინა ორთან შედარებით ძალიან მარტივია და მასზე ან ჰო უნდა მიპასუხო, ან არა

ამ შეკითხვის დასმისთვის სწორედაც რომ შესაფერისი მომენტი იყო, რადგან სწორედ იმ წამს, დარბაზი Ed Sheeran Thinking Out Loud -ის ჰანგებმა მოიცვა და დარბაზშიც ნაზი, იისფერი შუქები აკიაფდა.

-კარგი, გისმენ, მკითხე

-იცეკვებ ამ მელოდიაზე ჩემთან ერთად?

-რა?

-მეცეკვები-მეთქი? -ამჯერად უფრო ხმამაღლა ვუთხარი, რადგან სავარაუდოდ, მუსიკის გამო ვერ მოახერხა გაგონება, თან ხელიც გავუწოდე კითხვის დასმის პარალელურად.

პასუხი ეგრევე არ გაუცია. ჯერ დარბაზის შუა გულში მოცეკვავე წყვილებს მოავლო მზერა, მერე თავისი მობილური შემოდო მაგიდის ზედაპირზე და მხოლოდ ამის შემდეგ დახედა ჩემს გამოწვდილ ხელს, რომელსაც ნელა დაადო ზემოდან თავისი მარჯვენა.

პასუხი უკვე მიღებული იყო. აღარც მე დამიკარგავს ზედმეტი დრო -მელინა სწრაფად გავიყვანე საცეკვაო მოედანზე, ჩემკენ მოვიზიდე და ცეკვისას მასთან იმდენად ახლოს მივედი, რომ ჩვენი ცხვირის წვერები პირდაპირი გაგებით ეხებოდნენ ერთმანეთს.

-ნიკოლოზ . . . -სცადა გაეპროტესტებინა, თუმცა უფრო მაგრად მოვხვიე ხელები წელზე და უფლება არ მივეცი ჩემს სხეულს მილიმეტრით მაინც მოშორებოდა.

-გთხოვ, არ გინდა -ვუთხარი, თან მის ლოყას შევეხე ტუჩებით -ზედმეტს არაფერს გავაკეთებ, ოღონდ გთხოვ ასე ვიყოთ

-ეს უკვე არის ზედმეტი

-არა, არ არის . . .. უბრალოდ მინდა შენც ისევე მიგრძნო, როგორც მე გგრძნობ ახლა -ამჯერად მის ყელს მივაკარი ტუჩები და დავინახე, როგორ ნერვიულად აუთამაშდა კისერზე ძარღვი. გამეღიმა -დაივიწყე ყველაფერი, რაც აქამდე გვაკავშირებდა, ან რაც აქამდე გადაგვიტანია ერთად. უბრალოდ ამ წამით იცხოვრე და მითხარი, რას განიცდი, როცა შენთან ამდენად ახლოს ვარ?

მელინამ თვალები დახუჭა. იმდენად ცოტა მანძილი მაშორებდა მის ტუჩებთან, თავს ძლივს ვიკავებდი მათთვის სუნთქვის ამოწურვამდე არ მეკოცნა. მთელი ორგანიზმი მუხურდა, გული რაღაც არანორმალური ტემპით მუშაობდა, თვალებში გამოსახულებები ორდებოდა და თავში მხოლოდ ის კითხვა მიტრიალებდა თუ რა ჯანდაბა მემართებოდა ამ წამს?! სასმელი რომ ჩემთვის მელინას მოეცა და არა ბარმენს, ვიფიქრებდი შიგნით ისევ რაღაც ჩამიყარა მეთქი, თუმცა ახლა უკვე აღარ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა.

-არ ვიცი რას განვიცდი -როგორც იქნა ალაპარაკდა ის -მე და შენ ერთმანეთისთვის თითქმის უცხონი ვართ და ასეთი სიახლოვეც მეუცხოვება -მერე სიმტკიცით სავსე სახე მიიღო, მის თვალებში ძლიერი ქალის გამომეტყველება ჩადგა და ალესილი დანასავით ბასრი მზერა მესროლა -ქალს არასდროს ეთამაშო, ნიკოლოზ! იგი ყველაზე ძლიერი იარაღია და როცა ფიქრობ, რომ მისი მახეში გაბმა გამოგივა, სრულიად შესაძლებელია შენ თვითონ აღმოჩნდე ის, ვისაც თავს დააკარგვინებენ

-გისმენ და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება გარეგნულად ასეთი ნაზი არსება, ასეთი საბედისწერო იყო, ასეთი გაიძვერა, თანაც ამხელა ვნების მატარებელი

-მეც გიყურებ და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ასეთი სუფთა ლურჯი თვალების მიღმა ის ადამიანი იმალებოდეს, რომლისთვისაც ყოველი ქალი ერთღამიანი გასართობია, ვისაც ლიმიტის ამოწურვის შემდეგ სანაგვეზე გადაგდება მოელის -ჩემს მკლავზე გადაწვა ამის თქმისას, ერთხელ დატრიალდა, მერე კი, კისერზე ორივე ხელი მომხვია და ამჯერად, თავად მოვიდა ძალიან ახლოს -ნუ მეთამაშები, გაიგე? თუ მოვინდომებ, შემიძლია შენი მექალთანური ბუნებაც დაგავიწყო და ისე მოვაწყო, რომ ძილშიც კი ჩემს სახელს აბოდებდე, ამიტომ სუსტ არსებად ნუ ჩამთვლი და ფრთხილად იყავი, შენივე ანთებულმა კოცონმა არ დაგწვას

-იქნებ მინდა რომ დამწვას? იქნებ, არც გეთამაშები და მართლა მთელი არსებით მინდიხარ? -ვკითხე და მეც, თითქოს თავში წარმოსახვითი ურო ჩამცხესო, ზუსტად იმ წამს გავიაზრე, რომ მსურდა მელინა თავიდან ბოლომდე ჩემი ყოფილიყო. მინდოდა, რომ ვყვარებოდი. აი, რა მინდოდა სინამდვილეში.

-გინდა ის ზღაპარი დამაჯერო, რომ შენთვის მხოლოდ ჩემი სხეული არაა მნიშვნელოვანი? -სიცილით გადააქნია თავი -უზარმაზარი პრობლემა ხარ ჩემთვის, ეს იცოდე

-იცი რას გეტყვი? -წელზე ხელები დავადე, ცეკვისას ოდნავ მაღლა ავწიე, დავატრიალე და კვლავ ქვემოთ ჩამოსმის შემდეგ, მკლავებში ხელი მსუბუქად ჩავავლე -არც მე ვარ შეჩვეული გამუდმებით ვინმეს სახე მედგეს თვალწინ და მასზე ფიქრებს გონებიდან ვერ ვიგდებდე, მაშინაც კი, როდესაც სხვა ქალთან ვატარებ ღამეს -ნენეს შემთხვევა მომაგონდა იმ წამს -როგორც ჩანს, ორივენი ძალიან დიდ პრობლემა ვართ ერთმანეთისთვის

-თუ პრობლემად მთვლი, ჩემგან თავს შორს რატომ არ იჭერ? გამუდმებით რატომ დამდევ?

-უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი, შენგან შორს ყოფნის ძალა რომ მქონდეს, მაგრამ არ მაქვს! ხავსივით ხარ ჩემს გონებაში და ეს უკვე დისკომფორტს მიქმნის!

-თუ ამჩნევ, ახლა ვჩხუბობთ

-რა გაგიკვირდა? რაც გაგიცანი მას შემდეგ მხოლოდ ვჩხუბობთ და სხვა არაფერი
-და ვისი მიზეზით?

-დამნაშავის ძებნას არ ვაპირებ, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე

-აქ ასე ძალიან ცხელა თუ მე მჭირს რამე? -წინა თემა გადაავიწყდა მელინას და სრულიად სხვა კუთხით წაიყვანა საუბარი. მასთან იმდენად ახლოს ვიყავი, თავადაც ვიგრძენი როგორ საგრძნობლად მოუმატა სხეულის ტემპერატურამ და იმ წამს თავში მის მიერ ნათქვამმა სიტყვებმაც გამიელვა, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ, იმდენად ცხელოდა, მზად იყო ყინულით სავსე წყალშიც კი ჩაწოლილიყო ხოლმე. იქნებ, მაშინ სიმართლე თქვა და სულაც არ სურდა მხოლოდ იმიტომ შეეკავებინა თავი დალევისგან, რათა ჩემთან ზედმეტი სითამამე არ გამოევლინა? შეიძლება სწორედ ასე იყო, მე კი რა გავაკეთე? ვიღაც ბარმენის პროვოკაციას წამოვეგე და ზურგს უკან ინტრიგების ხლართვა დავიწყე

-რა მოხდა თავს ცუდად გრძნობ?

-ჰო, მგონი რაღაც მჭირს -ცალი ხელით მხარზე უფრო ძლიერად ჩამომეყრდნო, ხოლო მეორე შუბლზე მიიდო და თვალები დახუჭა -სავარაუდოდ, ტემპერატურამ ამიწია, წავალ პირზე წყალს შევისხამ

"ჯანდაბა ნიკა, ნამდვილი იდიოტი ხარ" -გავიფიქრე უკმაყოფილოდ, თან მელინას ლოყაზე მივადე ხელი. მართლა საშინლად ცხელი იყო

-თუ გინდა, გამოგყვები -შევთავაზე.

-მადლობა, არ მინდა, მე თვითონ წავალ

-დარწმუნებული ხარ? ცუდად გამოიყურები

მელინამ თავი მსუბუქად დამიქნია.

-დარწმუნებული ვარ, უბრალოდ პირზე წყალს შევისხამ და დავბრუნდები. ალბათ ხალხმრავლობამ იმოქმედა

-კარგი, მაშინ ტელეფონიც გაიყოლე და თუ რამე დაგჭირდება, ზარი შემოუშვი

დარბაზი კვლავ ახალმა მელოდიამ მოიცვა. პრიალა იატაკზე მოთამაშე იისფერი განათება, ამჯერად ვარდისფერმა შეცვალა, საცეკვაო მოედანს კი, უფრო და უფრო მეტი წყვილი დაემატა.მელინას გასვლის შემდეგ, მაგიდიდან ვადევნებდი თვალს ამ ყველაფერს, თან აუჩქარებლად ვსვამდი ვისკის ჩემი ჭიქიდან.

თავს საშინლად დამნაშავედ ვგრძნობდი. რატომ ჩავიდინე ასეთი სიბრიყვე? რას ვერჩოდი იმ გოგოს? ხომ მითხრა სასმელი ცუდად მხდის და რამე უალკოჰოლო მომიტანეო? რისთვის დავიწყე ამ გამოსაცდელი ტესტების ჩატარება? ახლანდელი გადმოსახედიდან, საკუთარი საქციელი ზედმეტად სულელურად მეჩვენებოდა, თუმცა დროის უკან დაბრუნება და რამის შეცვლა უკვე ძალზედ გვიანი იყო.

დრო გადიოდა, მელინა კი კვლავაც არ ჩანდა. ათწუთიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, უკვე ის ნაბიჯიც გადავდგი, რომ ტელეფონზე დავურეკე, თუმცა ნომერი გამორთული ჰქონდა და მასთან დაკავშირება ვერაფრით მოვახერხე.

ცოტათი ავნერვიულდი. იქნებ მართლა რაღაც უჭირდა და ასე ამიტომაც აგვიანებდა? ნუთუ ალკოჰოლმა იმაზე ცუდად იმოქმედა, ვიდრე წარმოსადგენი იყო? რაც მეტი დრო გადიოდა, ეს ფიქრები თანდათანობით უფრო მითრევდნენ და სიმშვიდეს საგრძნობლად მიკარგავდნენ. იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რომ ჩემი სისულელის გამო მელინას რამე უსიამოვნო შეემთხვა.

ერთ ადგილად უმოქმედოდ ჯდომა უკვე აღარ შემეძლო. როგორი უხერხულიც არ უნდა ყოფილიყო დარბაზიდან გასვლა და ქალების საპირფარეშოს კარზე დაკაკუნება, ეს მაინც უნდა გამეკეთებინა. ვერ დავმშვიდდებოდი, სანამ არ გავიგებდი, რომ მის თავს ყველაფერი წესრიგში იყო.

ვისკის ჭიქაში ჩარჩენილი სასმელი ბოლომდე გამოვცალე და ფეხზე სწრაფად წამოვდექი. საპირფარეშო, დაწესებულების მთავარი დარბაზიდან ხელმარცხნივ, ალისფერი ნათურებით განათებული დერეფნის ბოლოს მდებარეობდა. მეც სწორედ იქითკენ ავიღე გეზი, თან გზაში გაუჩერებლად ვცდილობდი მელინასთან დაკავშირებას. სამწუხაროდ უშედეგოდ. ავტომოპასუხის ხმა კვლავ ჯიუტად მაუწყებდა, რომ მობილური ტელეფონი გამორთული ან გასული იყო მომსახურეობის ზონიდან.

მთავარი დარბაზი, უკან შესაშური სისწრაფით მოვიტოვე და მარცხენა მხარეს გადავუხვიე. აქ უკვე, მუსიკის ხმა შედარებით ყრუდ ჩამესმოდა. გრძელ დერეფანში სრული სიწყნარე ჩამოვარდნილიყო. მხოლოდ მამაკაცებისთვის განკუთვნილი საპირფარეშოს კართან იდგა ბიჭი და გოგო, რომლებიც ღიმილიანი სახეებით უყურებდნენ კამერას. სავარაუდოდ, სელფებს იღებდნენ, თუმცა რამდენად შესაფერისი უკანა ხედი გახლდათ ფოტოსესიისთვის ტუალეტის კარი, ეს უკვე სხვა საქმე იყო.

მათთვის დიდი ყურადღება ნამდვილად არ დამითმია. მხოლოდ ერთხელ შევავლე მზერა და როგორც კი ქალების საპირფარეშოს მივუახლოვდი, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე ავტეხე მასზე კაკუნი. არ მაინტერესებდა, თუკი შიგნით სხვა ვინმეც იქნებოდა. არც იმაზე ვდარდობდი, რას იფიქრებდა ჩემს უკან, სურათების გადაღებით დაკავებული წყვილი. მხოლოდ ის მინდოდა, რაც შეიძლებოდა მალე დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი მიზეზით ცუდი არაფერი მომხდარიყო და სანამ ვითარებაში არ გავერკვეოდი, მანამ აქედან ფეხის მოცვლასაც არ ვაპირებდი.

-მელინა, აქ ხარ?! -კიდევ ერთხელ დავაბრახუნე ჩაკეტილ კარზე, თან ამჯერად დავუძახე კიდეც -მელინა, ხმა ამოიღე!

ზღურბლის მეორე მხრიდან, მიუხედავად ამ, და კიდევ უამრავი მცდელობისა, პასუხს არავინ მცემდა. მხოლოდ საეჭვო დუმილი მეფობდა და რამდენიმე წუთში, აღნიშნული სიტუაციისგან დაღლილი, უკვე შიგნით შესვლაც კი ვაპირებდი, რომ სელფების გადაღებით დაკავებული წყვილი ერთობლივად გამომეხმაურა:

-პრადას პიჯაკში გამოწყობილ გოგონას ხომ არ ეძებთ, ცოტა ხნის წინ რომ მანდ შევიდა?

-მაღალი იყო და თაფლისფერი თმა ჰქონდა. მას ეძებთ? -ამჯერად გოგონამ დამისვა შეკითხვა. ორივენი ისე დაკვირვებით მიყურებდნენ, თითქოს ფართო საზოგადოების წინაშე გამოფენილი, მრავალწლოვანი სამუზეუმე ექსპონატი ვიყავი

-დიახ მას ვეძებ -მუვუგე სასწრაფოდ, როდესაც გონებამ გააცნობიერა, რომ ვიზუალური აღწერილობა დაემთხვა -მითხარით რომ ისევ აქ არის

-ცოტა ხნის წინ გავიდა -ჩემკენ წამოვიდა გოგონა ამის თქმისას -საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ გვკითხა აქ სადმე ახლომახლო აუზი ხომ არ არისო. ვუთხარი აუზი არა, მაგრამ ბარის უკანა მხარეს შადრევნებია-მეთქი და სწორედ იქითკენ აიღო გეზი
-ჯანდაბა! -აღმომხდა, თან ნერვიულად გადავისვი კეფაზე ხელი -დიდი ხანია, რაც წავიდა?

-არც მაიცდამაინც. სადღაც ოთხი-ხუთი წუთი იქნება გასული -ამჯერად პასუხი ბიჭმა გამცა, თან მაჯის საათს დახედა, თითქოს სწორედ ამ უკანასკნელისგან ელის დამოწმებასო

იმ წამს კიდევ ერთხელ გამახსენდა მელინას სიტყვები, როდესაც ალკოჰოლს ვსვამ, სხეულის ტემპერატურა ისე მიწევს, ყინულიან აუზშიც კი მზად ვარ გადასახტომადო და მაშინვე მივხვდი, თუ რას გააკეთებდა იგი შადრევანთან მიახლოების შემდეგ.

გონებაში საგანგაშო სიგნალები ამენთო. საკუთარ თავზე საშინლად გაბრაზებულმა ამჯერადაც თვალების წვა ვიგრძენი. უცნობ წყვილთან დიალოგის გაგრძელებაში მეტი დრო აღარ დამიხარჯავს. მათი ნათქვამიდან ისედაც ყველაფერი გასაგები იყო, რაც აღნიშნულ წამს მაინტერესებდა, ამიტომ ინფორმაციისთვის მადლობა მაქსიმალურად სწრაფად გადავუხადე, ზურგი ვაქციე და ლამის სირბილით გავემართე ბარის უკანა გასასვლელისკენ.

გზად შემხვედრ ხალხს გვერდს ისეთი სიჩქარით ვუვლიდი, რამდენიმე მათგანი კინაღამ გავიტანე კიდეც. არ ვიცოდი კონკრეტულად რისი მეშინოდა, თუმცა მელინას რომ ჩემი მიზეზით თმის ერთი ღერი მაინც ჩამოვარდნოდა, ვგრძნობდი ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი და სწორედ ამიტომ ვჩქარობდი ასე ძალიან გარეთ მოხვედრას.

ბარის უკანა გასასვლელს რკინის, მანათობელაბრიანი დიდი კარი ჰქონდა, წარწერით "Exit". მის ზღურბლზე გადაბიჯების შემდეგ, პირდაპირ კრემისფერი ქოლგების ქვეშ დადგმულ მაგიდებს მოჰკრავდით თვალს. მათგან დაახლოებით ოთხიოდე მეტრის დაშორებით კი მრგვალი ფორმის, თეთრი ფილებით დაფარული სივრცე მოჩანდა, საიდანაც საკმაოდ დიდ სიმაღლეზე იფრქვეოდა მიწიდან ამოხეთქილი შადრევნები.

გულზე მომეშვა, როდესაც მელინა სწორედ ზემოთ ხსენებულ შადრევნებთან შევნიშნე. მიუხედავად ამისა, ისეთ უცნაურ მდგომარეობაში დამიხვდა, შვებასთან ერთად შიშიც ვიგრძენი. ეს უკანასკნელი თეთრ ფილებზე, ზურგით იყო გაწოლილი, ზემოთ ატყორცნილი შადრევნიდან, ქვემოთ ჩამობრუნებული წყალი სხეულზე ესხმებოდა და ადგილიდან მილიმეტრითაც არ იძვროდა.

თვალწინ გადაშლილმა ამ სურათმა მაიძულა ნაბიჯები კიდევ უფრო მეტად ამეჩქარებინა. იმედს ვიტოვებდი, ცუდი არაფერი სჭირდა და ამ გზით, მხოლოდ სხეულის გაგრილებას ცდილობდა.

-მელინა! -იქამდე მისასვლელად ხუთიოდე ნაბიჯი მქონდა დარჩენილი რომ რაც შემეძლო ხმამაღლა დავიყვირე მისი სახელი. როგორც ველოდი, არავინ გამომხმაურებია, ამიტომ, მეორედაც ვცადე : -მელინა! მანდ რას აკეთებ?!


პასუხი არც ამჯერად გაუცია. მხოლოდ დაბინდული მზერით ამომხედა, როცა ფილებზე გაწოლილს თავზე წამოვადექი და თვალები კვლავ დახუჭა. გულზე მომეშვა, ესე იგი უგონოდ არ იყო.

-მოდი ჩემთან, აქ რატომ წევხარ? -სწრაფად ჩავიმუხლე მის წინ და მაჯებზე ხელის ჩავლებით ფეხზე წამოვაყენე. აქედან რამდენიმე წამში, მისი დაბალი, მისუსტებული ხმის ტემბრი მომესმა:

-გამიშვი, აქ მინდა ყოფნა -მითხრა ისე, თვალები არც გაუხელია. აშკარად არ იყო კარგად და ვერც იმას აცნობიერებდა, რას ლაპარაკობდა იმ წამს -მოდი, შენც გაგრილდი, ძალიან სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს

-გააფრინე? ეს წყალი ყინულივითაა, გინდა ფილტვების ანთება აიკიდო?

-ძალიან მახურებს

-ვიცი და ეს ჩემი ბრალია. მორჩა, წუნწაობა დამთავრდა, აქედან უნდა წაგყვანო -ხელში მსუბუქად ავიტაცე ერთიანად გალუმპული და მოხერხებულად მოვიქციე მკლავებში. სხეულზე კვლავ მძაფრად შერჩენოდა ჩემთვის საყვარელი ქოქოსის არომატი.

-შენი ბრალი რატომაა? -კვლავ მისუსტებული ხმა ჰქონდა. თავი ჩემს ბეჭზე ჩაემოედო და ტუჩები ყელთან იმდენად ახლოს მოეტანა, მის თითოეულ ამოსუნთქვას ვგრძნობდი საკუთარ კანზე. სასიამოვნო იყო. ზედმეტად სასიამოვნოც კი.

-იმიტომ, რომ იდიოტი ვარ -ვუპასუხე საკუთარ თავზე გაბრაზებულმა -ძალიან ცუდად ხარ?

-ახლა ყველაფერი გასაგებია . . . არ დამიჯერე და მაინც ალკოჰოლის შემცველი კოქტეილი დამალევინე

-ჰო, ასეა. ყველაფრის გაფუჭებაში უმაღლესი ქულა მეკუთვნის -თან ველაპარაკებოდი, თან პარკინგზე დატოვებული მანქანისკენ მიმყავდა, რათა დღევანდელი საღამო ოფიციალურად გამეუქმებინა და შინ წამეყვანა

-ეს რატომ გააკეთე? რა მიზანი გქონდა?

-შენი ყველანაირი სახის შეცნობა -ვუპასუხე ყოველგვარი შელამაზების გარეშე -ნებისმიერი დეტალის გაგება შენზე–იმის თუ როგორი ხარ ნასვამი, როგორ გიჭირავს თავი ამ დროს, ხარ თუ არა ზედმეტად გულახდილი . . . ვიცი, რამდენად აბსურდულადაც ჟღერს ეს ყველაფერი, თუმცა შენი მიზეზით სისულელეების კეთება უკვე ჰობად მექცა

-ნიკოლოზ . . .

-ეგრე ნუ მეძახი -სიმწრით დავხუჭე თვალები, თუმცა მალევე დავიმშვიდე აშლილი გრძნობები და ვკითხე :-რა იყო?

-ის იყო, რომ შენი მეშინია

ეს რომ მითხრა, უკვე ჩემს მანქანასთან ვიყავით მისულები და მის შიგნით ჩასმასაც ვაპირებდი, თუმცა მოსმენილმა სიტყვებმა ცოტა ხნით ადგილზე მიმაყინა და მანქანის კარისკენ წაღებული ხელიც ჰაერში გამიშეშდა.

-ჩემი რატომ გეშინია?

ღრმად ამოისუნთქა ამ შეკითხვის გაგონებაზე მელინამ. რაღაც პერიოდით თავჩახრილი დაჰყურებდა ასფალტს, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, კვლავ ვიხილე მისი მელნისფერი თვალები, რომლებიც დანისლული მზერით შემომყურებდნენ.

-იმიტომ მეშინია, რომ არ მინდა ჭაობში ჩამითრიო -ჩემს მკლავებში ამოძრავდა ამის თქმისას, რითაც მეც მიმახვედრა, რომ სურდა ძირს დამესვა. მართალია ძალიან არ მინდოდა, თუმცა ასეთ შემთხვევაში იძულებული ვიყავი მისთვის ხელი გამეშვა და ასეც მოვიქეცი.

-ჭაობში რას გულისხმობ? -თვალი, თვალში გავუყარე, რათა არც ერთი მისი რეაქცია არ დამრჩენოდა ყურადღების მიღმა

-არაფერსაც არ ვგულისხმობ. შენ თავად ხარ ჭაობი და ნუ ცდილობ მასში ჩამითრიო -თითქოს სიმტკიცის ცეცხლი აენთო მელნისფერ თვალებში -არასოდეს, დაიმახსოვრე, არასოდეს ვიქნები შენი ერღამიანი სათამაშო, ვისაც მეორე დღეს სხვენზე მიუჩენ ადგილს, მტვრიან ყუთში

-ასეც ვიცოდი

-რა იცოდი?

-ის, რომ ჩემი შეყვარების გეშინია -მისი ნიკაპი ცერა და საჩვენებელ თითს შორის მოვიქციე და სიახლოვის დადგენილი საზღვარი გადავკვეთე -ყოველი უჯრედით იბრძვი, რათა შენს გონებაში ღრმად არ გავიდგა ფესვები. სწორედ ამით განვსხვავდებით ერთმანეთისგან –მე არ გაგირბივარ, მიუხედავად იმისა, რომ დღედაღამ შენი სახე მიდგას თვალწინ, აი შენ კი შეგეშინდა

-სისულელეს ამბობ

-არადა სულაც არ არის სისულელე -თავი გავაქნიე -შენ რა გგონია, ჩემთვის უცხო არ არის ასეთი რამ და ყოველი მეორე გოგოს მიმართ, ვისთანაც სექსი მქონდა იგივეს განვიციდიდი?

-და ჩემში რა იპოვე ასეთი, რის გამოც სხვებისგან გამომარჩიე? -ეჭვიანი ჰქონდა ტონი. გამოხედვა კიდევ უფრო ეჭვიანი.

მინდოდა ამ კითხვაზე მეპასუხა, თუმცა ჩემთან იმდენად ახლოს იყო, სხვა რამეზე კონცენტრირება აღგზნებულ გონებას არ გამოსდიოდა. პირდაპირ ჩემს წინ იდგა, საოცრად ლამაზი, სველი და ბამბის თოჯინასავით ნაზი. მთელი სხეულით ვგრძნობდი მის შინაგან სიმხურვალეს, გულისცემას, სუნთქვას და მეტის მოთმენა უკვე მართლა აღარ შემეძლო. ჩემი პირობა, რის მიხედვითაც მისთვის ამ საღამოს ზედმეტად თითიც კი არ უნდა დამეკარებიანა, იმ წამს სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე, მკლავებში ხელის ჩავლებით მანქანის კარზე ავაკარი, მეორე ხელი წელზე შევუცურე და ალუბლისფერ ბაგეებზე მხეცივით ვეძგერე.

საოცარი იყო ამ ტუჩების გემო. თოთქოს მათრობდა, საღად აზროვნების უნარს მაკარგვინებდა და რეალური სამყაროსგან ზედმეტად შორს მივყავდი. წინააღმდეგობას არც მელინა მიწევდა. პირიქით, კოცნიდან ხუთი წამის შემდეგ, თავადაც მონდომებით ამყვა, თმებში თითებით ჩამაფრინდა და ბოლომდე მომენდო. დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ახლაც მორიგ ხრიკს ამზადებდა ჩემთვის, თუმცა აღნიშნულ მომენტში ესეც ფეხებზე მეკიდა. რა უნდა გაეკეთებინა ისეთი, რითაც იმ სიამოვნებას გადაფარავდა, რომელიც ცოტა ხნის წინ განმაცდევინა? ამას ვერანაირად ვერ შეძლებდა.

მელინას ტუჩებს მხოლოდ მაშინ მოვწყდი, როდესაც ჰაერის უკმარისობამ შემაწუხა. თვალები ჯერ კიდევ დახუჭული ჰქონდა, მკლავები ამჯერად ჩემს მხრებზე ეწყო და ხმამაღლა სუნთქავდა.

ღიმილი მომადგა. იმდენად საყვარელი იყო იმ წამს, თინეიჯერ გოგოს ჰგავდა, ვინაც ბიჭს პირველად აკოცა. იქნებ, იყო კიდეც ასე?

-მელინა -ჩუმად დავიჩურჩულე მისი სახელი, თან ლოყაზე ჩამოვუსვი გაშლილი ხელის გული -თვალებს არ გაახელ?

-არა

-რატომ? -კვლავ მეღიმებოდა.

-იმიტომ, რომ შავი ფონი მომწონს

-კარგი ვიხუმრეთ და გაგვეცინა, ახლა რეალური მიზეზი მითხარი

პასუხის გაცემის ნაცვლად, თვალების უეცარი გახელა ამჯობინა მან, თან უზომოდ მკაცრი მზერა მესროლა და სახეზე ჩამოყრილი სველი თმა უკან გადაიყარა.

-ეს კოცნა ჩემთან აღარასდროს ახსენო. არც ის ახსენო, რომ რაღაც სულელური კოქტეილით დამათვრე და უკანასკნელი ლოთივით გაწოლილი მიპოვე შუა ქუჩაში, შადრევნების ქვეშ, გასაგებია?

-კარგი, დავუშვათ მე არ ვახსენე, მაგრამ თავად თუ შეძლებ იმის დავიწყებას, რაც ცოტა ხნის წინ იყო?

-ცოტა ხნის წინ, მხოლოდ წუთიერი სისუსტე განვიცადეთ და მეტი არაფერი -ამჯერად უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ საკუთარ თავს უფრო არწმუნებდა ამ სიტყვებით, ვიდრე მე და ეს უზომო კმაყოფილებას მგვრიდა.

-ანუ მხოლოდ წუთიერი სისუსტე -ჩამეცინა -მეტი არაფერი გაქვს დასამატებელი?

-კი, მაქვს, სახლში მინდა წასვლა. შენ წამიყვან თუ ტაქსი გამოვიძახო?

-არა მგონია შენი ტელეფონი ტაქსის გამოსაძახებლად გამოგადგეს -ნიშნის მოგებით მივეყრდენი მანქანის კაპოტს ამის თქმისას

-ვითომ რატომ?

-იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ შადრევნებში აბანავე

-ჯანდაბა -შეწუხებულ სახეზე ხელის გული ჩამოისვა, შემდეგ კი ჯიბეში ჩაიყო ხელი ტელეფონის ამოსაღებად და უარესი გამომეტყველება მიიღო -ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის

-სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ მე გჭირდები, თუმცა ამას ჯერ ვერ მიხვდი

-ყველაფერში ხუმრობის მიზეზს ნუ ეძებ, თორემ . . .

-თორემ რა? -კვლავ მასთან მიახლოვება ვცადე, თუმცა დენდარტყმულივით დაიხია უკან და მარცხენა ხელის გული სასწრაფოდ ასწია მაღლა.

-არ მომეკარო, მანდ იდექი!

-მშვიდად, მშვიდად -გამეცინა მის ამ რეაქციაზე, რადგან მშვენივრად მივხვდი რისიც შეეშინდა -უბრალოდ მინდოდა მეთქვა ტაქსის გამოძახება საჭირო არ არის-მეთქი. სახლამდე მე მიგიყვან

ჩემი სიტყვების მოსმენის შემდეგ, ანერვიულებული სახე ოდნავ დაუმშვიდდა, თაფლისფერ თმაში შეიცურა თხელი თითები და ამჯერად თავად მოვიდა ჩემთან ახლოს.

-სულ სველი ვარ, შიგნით ასე ჩავჯდე? -მკითხა საწყალი სახით.

-არა უშავს, მანქანა მაინც ენკესია და იმან იდარდოს

-ახლა რომ გისმენდეს, ხომ იცი რასაც გიზამდა?

-ვიცი და იმედია არ ჩამიშვებ -ავტომობილის კარი ფართედ გამოვუღე ამის თქმისას, თან თვალებით ვანიშნე ჩამჯდარიყო. აღარც მას გაუპროტესტებია -უხმოდ დაჰყვა ჩემს ნებას, რადან სახეზე საშინელი დაღლილობა ემჩნეოდა და სავარაუდოდ, ერთი სული ჰქონდა როდის აღმოჩნდებოდა თავის საწოლში


მგზავრობისას, ცოტა ხნის წინანდელ ეპიზოდზე სიტყვასაც არ ვძრავდით. მართალია, პირადად მე ამასთან არანაირი პრობლემა არ მქონდა, თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, როგორ იგრძნობდა თავს მელინა, ამიტომ, მდუმარების შენარჩუნებას უფრო გონივრულ ვარიანტად ვთვლიდი. ჯერ კიდევ მძაფრად მქონდა შემორჩენილი მისი ტუჩების მოტკბო გემო, თმაში თითქოს ახლაც დასრიალებდნენ მელინას თხელი თითები და ამის გამო, ვცდილობდი მთელი კონცენტრირება საჭეზე გადამეტანა, რათა უწინდელი მოგონებებით გარშემორტყმული, გზად რამეს არ შევსკდომოდი.

ზუსტად არ ვიცი, კონკრეტულად რამდენი ხანი გავიდა უხმოდ მგზავრობაში. სალონში მხოლოდ ბორბლების ასფალტზე ხახუნისა და ჩვენი სუნთქვის ხმები ერწყმოდა ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ მელინა ჩემთან არასდროს ყოფილა ზედმეტად კონტაქტური, მისი ასეთი საეჭვო დუმილი მაინც უცნაურად მეჩვენა, ამიტომ, გზას ცოტა ხნით თვალი მოვწყვიტე და თავი გვერდზე გავატრიალე.

გულში აუხსნელი სითბო ჩამეღვარა მისი დანახვისას. იმდენად ძლიერმოქმედი ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა მიღებული, არც გამკვირვებია, როდესაც ოდნავ დადაბლებულ სავარძელზე მიყრდნობილი, თვალებდახუჭული დავინახე. მშვიდი და თანაბარი სუნთქვით საკმაოდ ადვილი მისახვედრი იყო, რომ თავისდაუნებურად ჩასძინებოდა.

თუ სახლამდე ვერ გამოფხიზლდებოდა, ნამდვილად არ ვაპირებდი მის გაღვიძებას. მომიწევდა თავად შემეყვანა შინ და საწოლშიც მე ჩამეწვინა. ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ ერთი კითხვა მაინც მაწუხებდა -ვინ გამოუცვლიდა სველ ტანსაცმელს, თუკი მის ნორმალურად გამოფხიზლებას ვერც სახლში შეყვანის შემდეგ შევძლებდი? როგორც ჩანს, დღეს საკმაოდ რთული გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი.

თუმცა ჩავაბარებდი . . .

აუცილებლად ჩავაბარებდი, რადგან სხვანაირად მოქცევის საშუალებას, უბრალოდ ჩემი ადამიანობა არ მომცემდა, თუნდაც ეს ყველაზე საოცნებო და სასურველი ქალი ყოფილიყო მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე . . .







* * *
მელინას საძინებელში, სავარძელში მოკალათებული ვიჯექი და საწოლში მწოლიარეს, თვალს წამითაც არ ვაშორებდი.

როგორც ბარიდან მომავალი ვვარაუდობდი, მისი სახლში შემოყვანა, საწოლამდე მიყვანა და მასში ჩაწვენა, უკლებლივ საკუთარ თავზე ავიღე. სიმართლე რომ ვთქვა, ამაში არანაირი სირთულე არ ყოფილა, თუმცა ნამდვილი თავდავიწყება მაშინ დაიწყო, როდესაც ლოგინზე დაწვენის შემდეგ, ვერაფრით ვაიძულე გამოფხიზლებულიყო და სველი ტანსაცმელი გამოეცვალა. მართალია, ბოლომდე გათიშული არ გახლდათ და კონტაქტზე გამოსვლაც თავისუფლად შეეძლო, მაგრამ თვითონვე არ ინდომა იმ დონეზე მოფხიზლება, რომ სველი პიჯაკის მაგივრად საღამურები ჩაეცვა და ძილი ისე გაეგრძელებინა.

გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა, ისიც კი ვიფიქრე, ასე დამეტოვებინა და შინ წავსულიყავი, თუმცა არ მსურდა მეორე დღეს, ჩემი მიზეზით, მაღალი ტემპერატურის თანხლებით გაღვიძებოდა. ამის გამო, მთელი არსებული და არარსებული ძალები უნდა შემომეკრიბა გარს, შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად.

სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა. მისთვის მე უნდა გამეხადა, თუმცა გარკვეული სტრატეგია მჭირდებოდა, რათა ხელები კონტროლში მქონოდა და მათთვის ზედმეტის უფლება არ მიმეცა.

მელინას ოთახში, თეთრ სავარძელში მჯდომი, შუბლის სრესით ვიხსენებდი ჩემს ცოტა ხნის წინანდელ საცოდავ მცდელობას, მისთვის ტანსაცმელი თვალებდახუჭულს გამეხადა, თანაც ისე რომ ზედმეტად არ შევხებოდი. ვაღიარებ, საკმაოდ რთულ ამოცანას ვიყავი შეჭიდებული, თუმცა საბოლოოდ მაინც გავიმარჯვე, იგი წარმატებით ამოვხსენი და როგორც კი მის ტანს სველი ტანსაცმელი საბოლოოდ მოვაშორე, ასევე თვალდახუჭულმა გადავაფარე წინასწარ მომზადებული პლედი შიშველ სხეულზე.

აი, სწორედ ასე წარიმართა ჩემი უჩვეულო საღამო. გაურკვეველი ემოციებით დატვირთულმა, მაშინვე სახლში წასვლაც ვერ შევძელი. ცოტა ხნით მინდოდა მელინასთან დავრჩენილიყავი და იმ სივრცეში გამეტარებინა დრო, სადაც ის მოძრაობდა, მეყურებინა იმ ნივთებისთვის, რომელთაც ის ყოველდღიურად ეხებოდა და უბრალოდ ოთახის სიჩუმეში გაბნეული, მისი მშვიდი სუნთქვისთვის მესმინა.

საძინებელში, მხოლოდ ღია ცისფრად მანათობელი, პატარა, ღამის ნათურა მქონდა დატოვებული. მის შუქზე საკმაოდ კარგად ჩანდა ოთახის მარცხენა კედელზე, ფერადი ჭიკარტებით დამაგრებული აურაცხელი სურათი, რომლებიც სავარაუდოდ მელინას გადაღებული უნდა ყოფილიყო, როგორც მოყვარული ფოტოგრაფის. უამრავი კადრიდან, ზოგზე ადამიანები იყვნენ გამოსახულნი, ზოგზე ბუნება,
ზოგზეც კი სხვადასხვა ჯიშის ყვავილები, ან თუნდაც ლამაზი სახლები. ერთი ფოტო განსაკუთრებით მომეწონა —სკამზე მჯდომი ხელჯოხიანი მოხუცი და მის ფეხებთან გაწოლილი ცეცხლისფერბეწვიანი ძაღლი რომ იყვნენ აღბეჭდილნი. ძაღლს თვალები მშვიდად დაეხუჭა, თავი ბერიკაცის ფეხსაცმელზე ჩამოედო, ხშირ ბეწვს კი მკრთალად უნათებდა მზის ოქროსფერი სხივები.

ზოგადად, ბევჯერ გამიგია საძინებელი ოთახი, მასში განთავსებული ნივთები და მათი წყობა, ადამიანზე ძალიან ბევრ რამეს ამბობსო. აღნიშნული სიტყვების სინამდვილეში სწორედ ახლა დავრწმუნდი ყველაზე უკეთ, რადგან მელინას პირადი სივრცე, აბსოლუტური სიზუსტით გადმოსცემდა მის ხასიათსა და შინაგანი სამყაროს თავისებურებებს. იმდენად უბრალო და უშუალო გახლდათ მილიონერი მამის ერთადერთი ქალიშვილი, რაღაც მხრივ კვლავ სათავგადასავლო ფილმის პერსონაჟად მყავდა წარმოდგენილი საკუთარ გონებაში.

მასზე გამუდმებულ ფიქრს უკვე იმ ზომამდე მოვყავდი, რომ საკუთარ თავს ვკარგავდი. მელინა მაგნიტი გახლდათ, მე მეტალი, ვისაც მუდამ თავისკენ იზიდავდა და ექაჩებოდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ერთხელაც არ მქონია მცდელობა ამ მიჯაჭვულობის შეგრძნებისთვის ხელჩართული ბრძოლა გამომეცხადებინა. პირიქით, მას ვემორჩილებოდი კიდეც, რადგან მელინას გაცნობის შემდეგ, საკუთარი თავი ბევრად უფრო მეტად მომწონდა, ვიდრე ეს აქამდე იყო.

სავარძლიდან უხმოდ წამოვდექი და საწოლში მწოლიარეს, ამჯერად ზემოდან დავაცქერდი. ბალიშზე უწესრიგოდ იყო გაბნეული მისი სველი, თაფლისფერი კულულები. სხეულზე წაფარებული პლედიდან, გამომწვევად იმზირებოდა მოშიშვლებული მარჯვენა ფეხი, რომელიც, ძილში მოძრაობის დროს ალბათ გარეთ გამოეტანა.

-სპეციალურად მიკეთებ არა ამ ყველაფერს? -სუნთქვაგახშირებული დავიხარე მისკენ და პლედი შიშველ ადგილებზეც გადავაფარე. ისედაც გონებას მირევდა ის ფაქტი, რომ ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში ეძინა, ტანსაცმლის გარეშე და კიდევ ამის დამატება ნამდვილად არ სჭირდებოდა ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ მოთმინების ფიალას.

მელინა კვლავ განაგრძობდა მშვიდად სუნთქვას. გასაკეთებელი უკვე მეც არაფერი მქონდა. წესით უკვე ის დრო იყო მანქანაში ჩავმჯდარიყავი და შინისკენ ამეღო გეზი, თუმცა არ მსურდა მისგან წასვლა. ჯერ კიდევ იმ კოცნის გემოს აღვიქვამდი მძაფრად, რომელიც მელინასგან მოვიპარე ამ საღამოს და დამეფიცებოდა, რომ კიდევ ერთი ასეთი მომენტისთვის ათასჯერ დავთმობდი ჩემს უწინდელ ცხოვრებას –ფულს, ძვირადღირებულ მანქანებსა და უმაღლესი კლასის აპარტამენტებს.

მაჯის საათს დავხედე. ეს უკანასკნელი უკვე პირველს უჩვენებდა. აშკარად დრო იყო სახლში დავბრუნებულიყავი და შინ დატოვებული ენკესთვის დამეხედა, რათა დავრწმუნებულიყავი იქაურობა არ გადაეწვა, თუმცა მანამდე ხუთი წუთი მაინც შემოვინახე საკუთარი თავისთვის. ამ ხუთი წუთის ათვლის დაწყებისას, ის გავაკეთე, რაზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდი– ფრთხილად წავიწიე საწოლისკენ, მის კიდეში მოვთავსდი, მელინას გვერდით მივუწექი და პლედიდან გამოწეული მისი ხელი ჩემსაში ავხლართე, თან მხურვალედ ვაკოცე სიფრიფანა თითებზე.

საკმაოდ ღრმად ეძინა. ასეთ დროსაც კი ულამაზესი მეჩვენებოდა, თუმცა კი არ მეჩვენებოდა, ნამდვილად იყო საოცრად ლამაზი. მომწონდა მასთან ასეთი სიახლოვე, მისი თითების შეგრძნება საკუთარ თითებზე, მშვიდი სუნთქვის მოსმენა და უბრალოდ იმ ადამიანის სახის ყურება, რომელიც ესოდენ საინტერესო და გამოუცნობი გახლდათ ჩემთვის.

იმ ღამით, ჩემს მიერ მოპარული ხუთი წუთი, რომლის გასვლის შემდეგაც წესით შინ უნდა წავსულიყავი, გაცილებთ უფრო დიდ დროის მონაკვეთად იქცა. მელინას საწოლზე, მისსავე ბალიშზე თავდადებულმა, ვერც კი გავიგე ისე მოულოდნელად მესტუმრა დაუპატიჟებელი ძილის შეგრძნება, თვალები თავისდაუნებურად დამეხუჭა და საბოლოოდ, დაღლილ-დაქანცულს იქვე ჩამეძინა.



8 8 8 8
ადრიან დილით, ნახევრად გადაწეული ფარდიდან შემოჭრილმა მზის სხივებმა გამომაღვიძეს. მოფხიზლების პირველ სტადიაზე, განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი მომხდარა, თუმცა როდესაც ნახევრად დახუჭული თვალების ბოლომდე გახელის ძალა ვიპოვე საკუთარ თავში და საწოლზე ოდნავ წამოვჯექი, გარემო აშკრად მეუცხოვა. შინ ნამდვილად არ ვიყავი, ამაში ასი პროცენტით გახლდით დარწმუნებული.


ოთახის მარჯვენა კუთხეში დატანებული აბაზანიდან კარიდან, წყლის წვეთების წკაპუნი ისმოდა. ვიღაც შხაპს იღებდა. თითქოს სწორედ მეც ამ ხმამ მომიყვანა გონს -გაქცეულ კადრებად დამიდგა თვალწინ გუშინდელი საღამო, შადრევნებთან ნაპოვნი მელინა, ის, თუ როგორ მივუწექი საწოლში გვერდით იმ იმედით, რომ ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ ხუთ წუთს დავყოფდი, შინ დაბრუნებამდე და უცებ ყველაფერი აშკარა გახდა -ჩამძინებია!

ამის გაცნობიერება და საწოლიდან წამოდგომა ერთი იყო. ვინაიდან აბსოლუტურად ჩაცმულს მეძინა, ადგომის შემდეგ მხოლოდ თმა გადავივარცხნე სარკეში, ორი თითით და ჯიბიდან ამოღებულ მობილურს დროის შესამოწმებლად დავხედე. ათის ნახევრის შესრულებას, სულ რაღაც წამები უკლდა. ეკრანზე გამოტოვებული ზარი და ორი შეტყობინებაც დამიხვდა ენკესგან. პირველში მწერდა, შენი გარდერობიდან იმდენი რამ მომეწონა, მგონი ტანსაცმლის გარეშე დარჩებიო, მეორე SMS-ში კი უკვე იმით ინტერესდებოდა, საიდან მოვიტანე ფული ასე ძვირიანი ბრენდული სამოსის საყიდლად.

გამეცინა მის მონაწერზე. მიუხედავად იმისა, რომ წერილი ღამის პირველ საათზე ჰქონდა გამოგზავნილი, პასუხად მაინც მივწერე, თუ გინდა მთელი გარდერობი წაიღე-მეთქი და მობილური კვლავ ჯიბეში ჩავიბრუნე. ვგრძნობდი, უკვე აღარაფერი მჭირდებოდა იქედან, რაც ჩემს უწინდელ, ყოველმხრივ უზრუნველყოფილ ცხოვრებას გამახსენებდა. ალბათ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არა ჩემი, არამედ ჩემი ძმის მიერ გახლდათ მიღწეული, დიდი მონდომების ფასად. ვეღარ გავაგრძელებდი ასე. უკვე სურვილი მახრჩობდა საკუთარი ცხოვრების უზრუნველმყოფელი თავად ვყოფილიყავი და ჩემს სხეულზეც, მხოლოდ ჩემივე შრომით გამომუშავებული ფულით ნაყიდი სამოსი დამენახა.

აბაზანიდან გამომავალი წყლის წვეთების ხმა კვლავაც არ წყდებოდა. ნეტავ რამდენ ხანს ანდომებდა ხოლმე შხაპის მიღებას? ზოგადად, ქალებს ეს პროცესი მუდამ დიდხანს უგრძელდებოდათ ხოლმე. ნიცასგანაც მქონდა მოსმენილი -მამაკაცი მხოლოდ ჰიგიენის გამო იღებს შხაპს, ხოლო ქალებისთვის, ეს პროცედურა ერთგვარი სიამოვნებასავითაა, რის დროსაც, წუთები შეუჩნევლად ეპარებათ ხოლმეო.

ვინაიდან, მელინაც მდედრობით სქესის რიგით წარმომადგენელად ითვლებოდა და დიდი ალბათობით, იგიც ამგვარი შეხედულებისა უნდა ყოფილიყო, მისი აბაზანიდან გამოსვლისთვის დაცდას არ ვაპირებდი. გადავწყვიტე, სანამ დილის პროცედურებს საბოლოოდ მორჩებოდა, სამზარეულოში გავსულიყავი და ყავა მომემზადებინა, მისთვისაც და ჩემთვისაც. ზუსტად ვიცოდი როგორიც უყვარდა -კაპუჩინოს სვამდა ხოლმე ნახევარი კოვზი შაქრითა და ცოტაოდენი ვანილით.

ზოგადად, უამრავი რამის გაგება შეიძლებოდა ადამიანზე მხოლოდ დაკვირვებით, უსიტყვოდ და ყოველგვარი კითხვების დასმის გარეშე. იმ კონკრეტულის ჟესტების, ქცევების, მიმიკების ცქერით, იმაზე მეტ ინფორმაციას აგროვებდი მასზე, ვიდრე გამოძიების ჩატარების საშუალებით გექნებოდა ხელთ. სწორედ ამას ვაკეთებდი მუდამ, როდესაც ღამის ცვლებში ერთად ვათენებდით ხოლმე მე, მელინა და ენკე. ჩემდაუნებურად ვსწავლობდი მის ხასიათს, მარტივ ჩვევებს, რა მოსწონდა, რა არა და ამ ხნის განმავლობაში, უკვე თავისუფლად შემეძლო იმის თქმა, რომ მელინას ხასიათში საკუთარივით ვერკვეოდი. მხოლოდ მისი შინაგანი გრძნობები რჩებოდა ჩემთვის ბერმუდის სამკუთხედად და ალბათ ასე იქნებოდა, მანამ, სანამ თვითონ არ მომცემდა თავის ბოქლომით დაკეტილ პატარა სამყაროში შესასვლელი კარის გასაღებს.

სამზარეულოში გასვლისას, პირველად თავის მინის კონტეინერში მოსეირნე შარლოტა მომხვდა თვალში. ზომით ისეთი უზარმაზარი გახლდათ, დიდი ალბათობით ტარანტული ჯიშისა უნდა ყოფილიყო.

-არანორმალური მწერების კოლექციონერი -სიცილით გადავაქნიე თავი ობობას შემხედვარემ, თან კედელზე მიმაგრებული თხილისფერი კარადიდან ორი ფინჯანი გადმოვიღე, ყავის მოსამზადებლად. უკვე ისიც კი ზეპირად ვიცოდი, სად რა ჰქონდა შენახული. ამ სახლში, მდოლოდ სამჯერ ვიყავი ნამყოფი, თუმცა ყველაფერს ისეთი მარტივი წყობა ჰქონდა, ნებისმიერი ადამიანი, მარტო ერთხელ გადათვალირებითაც კი დაიმახსოვრებდა თითოეულ დეტალს.

ყავის მადუღარა, ჭურჭლის სარეცხი ნიჟარიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იდო. კაპუჩინოს პაკეტებიც იქვე ელაგა და ერთ-ერთი მათგანისთვის უკვე თავიც უნდა მომეხსნა, რათა ჭიქაჩი ჩამეყარა, რომ ზურგს უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა :

-შენ ისევ აქ ხარ? -ტონი უზომოდ ცივი და გაყინული იყო. სწრაფად მივტრიალდი. მელინა ჩემს უკან, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა, სველი თმიდან წყლის წვეთები ჩამოსდიოდა და ბამბის ხალათში გახვეული, უემოციო სახით მიმზერდა. მისი დაკვირვებისას, მზერა აწითლებულ თვალის გარსზე მიმეყინა. ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ აჩნდა წვრილი, ალისფერი კაპილარები. ნუთუ იტირა? მაგრამ რატომ


-ჰო, აქ ვარ -ენის წვერით გავისველე ქვედა ტუჩი -შენ რატომ ხარ ასეთ ხასიათზე? რამე ცუდი გესიზმრა?

ირონიულად ჩაეცინა ჩემს კითხვაზე. წამით, თვალიც ამარიდა, თუმცა შემდეგ ისევ უტეხად შემომხედა, ამჯერად უკვე რეალურად აცრემლებული თვალებით.

-გამიკვირდა აქ რომ დაგინახე -მითხრა მშვიდი ხმით -მეგონა საწადელი აისრულე, შენი გაისწორე და ახლა უკვალოდ გამქრალი დამხვდებოდი. ისევ ჩემს სახლში რატომ ხარ? კიდევ რამე დაგრჩა მისაღები?

-მოიცა, მოიცა -ხელის აწევით გავაჩერე სასაუბროდ მომართული -რას ნიშნავს ჩემი გავისწორე? რა გაქვს მხედველობაში?

-შენი აზრით? -რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა. ჯებირებთან მომდგარ ცრემლებს, გახშირებული სუნთქვით ებრძოდა და არაფრით აძლევდა გადმოღვრის საშუალებას -წადი აქედან ნიკოლოზ! ერთხელ უკვე გავხდი შენი, ჩემი სურვილისდა საწინააღმდეგოდ, ვერ გამიგია მეტი რაღა გინდა? წყვილობანას მეთამაშები ჩემს სამზრეულოში დგომითა და დილის ყავის მომზადებით?

-გაჩუმდი! -რაც ერთმანეთი გავიცანით, პირველად მივმართე მას ამდენად ხმამაღლა და ბრაზმა ლამის ყელში წამიჭირა. კვლავ თვალების წვა ვიგრძენი, ამჯერად ყველაზე უფრო მძაფრად, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. მტკივნეული იყო ჩემთვის ის, რაც იმ მომენტში მის თავში ტრიალებდა -შენ რა, მართლა ფიქრობ, რომ წუხელ შენი უგონოდ ყოფნით ვისარგებლე და ლოგინში ჩაგიწვინე? ამას მეუბნები?

-სხვა რა უნდა ვიფიქრო, როცა ერთ საწოლში გვეღვიძება, მე კი ტანზე არაფერი მაცვია?

-გაინტერესებს რა უნდა იფიქრო? -მკლავებში ჩავავლე ხელი და ჩემკენ მოვიზიდე -ის უნდა იფიქრო, რომ სველი ტანსაცმელი გაგხადე, რათა ფილტვების ანთებით არ გაგეღვიძა დღეს დილით! აი რა უნდა გეფიქრა, მაგრამ შენთვის ყველაზე მარტივი იმ აზრს ჩაჭიდებაა, რომ მე ნაძირალა ვარ, ვისაც ყოველგვარ სიბინძურეზე შეუძლია წავიდეს, რათა თავისი გაისწოროს, როგორც შენ თქვი

-ანუ . . .

-გითხარი გაჩუმდი-მეთქი! -სანამ წინადადების დასრულებას მოასწრებდა მანამ გავაწყვეტინე -ხმა აღარ გამაგონო, გესმის?! კარგი, გასაგებია, თავდაპირველად, შენთან სტუმრობისას ოდნავ თავხედურად მოვიქეცი, თუმცა ძალადობა არც მაშინ მიფიქრია და არც ახლა! ის კი, რაც შენ ცოტა ხნის წინ დამაბრალე, უპატიებელი ძალადობაა ქალზე! ამას არასდროს ჩავიდენდი და არც არაფერი გამიკეთებია საიმისო, რომ ამგვარ გარყვნილ ნაბი*ვრად წარმომიდგინო, მელინა! არაფერი!

-ნიკოლოზ . . . -დამნაშავის მზერა ჩაუდგა თვალებში. როგორც ჩანდა დაიჯერა ჩემი სიტყვების, თუმცა ახლა იმდენად ვიყავი მასზე გაბრაზებული, ყველაფერი სულ ერთი იყო.

-ნუ მეძახი ეგრე! -ხელი უხეშად შევუშვი და ერთი ნაბიჯით მოვშორდი. მასთან სიახლოვე უკვე აღარ შემეძლო -გახსოვს, გუშინ ბარში გითხარი, თუ ამ საღამომაც ვერაფრით შეცვალა შენი წარმოდგენები ჩემზე, მხოლოდ მისალმებითი ურთიერთობა დარჩება ჩვენს შორის-მეთქი?

-ჯანდაბა, მაპატიე, კარგი?

-ჰოდა სწორედ მისალმება იქნება, რაც ერთმანეთთან დაგვაკავშირებს -მის სიტყვებს ყურადღებასაც არ ვაქცევდი, ისე განვაგრძობდი.

მელინა ჩემთან ახლოს მოვიდა. ჯერ უხმოდ, ანერვიულებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, მერე კი მკლავებში ჩამაფრინდა, თავისი წვრილი თითებით და ქვემოდან ამომხედა

-ბოდიში რაა -მითხრა თვალის არიდებით -ასეთი რამ არ უნდა მეფიქრა, ჩემი შეცდომაა

-შეცდომა შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში -რაც შემეძლო მკაცრად ვუთხარი, თან სამზარეულოს მაგიდაზე შემოდებული მანქანის გასაღები ავიღე. უკვე წასასვლელად ვემზადებოდი, რადგან ვგრძნობდი იქ სრულიად აღარაფერი მესაქმებოდა -არ უნდა მომეცა უფლება ამდენად ღრმად შემოჭრილიყავი ჩემს შინაგანში. ვისაც ზედმეტად შეეჩვევი, ზურგში დანის დარყმაც სწორედ მისგან გეტკინება ყველაზე მეტადო ხომ გაგიგია?

-ასე ნუ ლაპარაკობ, გთხოვ

-სახლში უნდა წავიდე. საღამომდე მელინა

-ნიკოლოზ . . .

-გითხარი ეგრე ნუ მეძახი-მეთქი! -საკუთარ თავზე ბრაზი მომდიოდა, რომ ჯერ კიდევ ამოდენა გრძნობებს იწვევდა ჩემში მისი მხრიდან სრული სახელით მომართვა.

-ბოდიში ხომ მოგიხადე?

-არა, ეს ბოდიში არ ყოფილა -გასასველი კარისკენ წასული, ნახევარი ტანით მოვტრიალდი მისკენ და ისე მივუგე -შენს გულს ჩემთვის ბოდიში არ მოუხდია. ეს მხოლოდ ცარიელი, უემოციოდ წარმოთქმული სიტყვა იყო, რასაც გულწრფელობასთან არაფერი აქვს საერთო. მგონი იმან უფრო გაგანაწყენა, შენი ამაზრზენი შეხედულებები რომ არ გამართლდა ჩემს შესახებ და ბოდიშიც მხოლოდ სიტუაციის განსამუხტად მოიხადე

-არ არის ასე . . . მე . . .

-სამსახურში შევხვდებით მელინა -კვლავ შუა გზაზე გავაწყვეტინე წამოწყებული წინადადება და სანამ მის ბოლომდე მიყვანას მოასწრებდა, გასასვლელი კარისკენ გავეშურე, სწრაფი ნაბიჯებით.

ახლა იმდენად ვიყავი გაღიზიანებული, არავისთან საუბარი არ მსურდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ზუსტად ვიცოდი, გასულ ღამით ჩემს სახლში დატოვებული ენკე, კვლავაც იქ დამხვდებოდა, ფეხმოუცვლელად, რათა გასული ღამის ამსახველი ყოველი დეტალი დაწვრილებით გამოეკითხა ჩემთვის . . .

მელინას სახლიდან გასული, შინისკენ მიმავალ გზაზე, მანქანას გიჟივით ვმართავდი და მაგნიტოფონში, ხმამაღლა აღრიალებულ მუსიკებს ოდნავადაც არ ვუწევდი ქვემოთ. ადრენალინი და შემაწუხებელი ხმაური, მართლაც სამაშველო რგოლივით მიწევდა დახმარებას, რათა კვლავ ცოტა ხნის წინანდელ დიალოგზე არ ვკონცენტრირებულიყავი.

ჩემდა სამწუხაროდ, მხიარულება მაინცდამაინც დიდხანსაც არ დამცალდა. როგორც ასეთ მომენტებში ხდება ხოლმე, სულ მალე, მუსიკასთან ერთად, საპატრულო სირენების დამატკბობელი ხმაც მისწვდა ყურთასმენას.

გაინტერესებთ რა იყო ამის შემდეგ?

იყო ჯარიმა სიჩარის გადაჭარბების გამო, უხალისო სახით ჩამორთმეული საგადასახადო ქვითარი და გაფრთხილება, რომ თანხა ერთი კვირის შუალედში, უნდა შემეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომობილის მფლობელისთვის, მართვის მოწმობის ჩამორთმევა გახლდათ დაწესებული ჯილდოდ.

ვერაფერს ვიტყოდი, აშკარად ფორტუნა მწყალობდა! მხოლოდ ერთხელ ვინათხოვრე მეგობრისგან მანქანა და მაშინაც ჯარიმით ხელდამშვენებული ვბრუნდებოდი შინ.

საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ მომადგა ბრაზი. ასი პროცენტით უიღბლო დღე გამთენებოდა, თუმცა შეცვლით უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი, ამიტომ ჩემი დაუფიქრებელი საქციელისთვის მიღებული პრიზით ხელში კვლავ დავიკავე კუთვნილი ადგილი, მესაჭის სავარძელზე და ამჯერად, გზა მაგნიტოფონში აჟღერებული მუსიკების გარეშე განვაგრძე.

რა თქმა უნდა, ჯარიმის გამოწერის გამო, ავტომობილს იმდენად სწრაფად ვეღარ ვმართავდი, ამიტომ სახლის ჭიშკართანაც ჩვეულებრივზე გვიან მივაყენე მანქანა და შინ მოღუშული სახით შევედი.

ჩემმა ლოგიკამ ამჯერადაც ათიანში მოარტყა -როგორც ველოდი ენკე ადგილზე დამხვდა, ფეხმოუცვლელად. ეს უკანასკნელი ტელევიზორის წინ გაჭიმულიყო, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი, ჩემს შოკოლადის ნაყინს შეექცეოდა და "შერეკილების" ყურებით იყო გართული.

გამეცინა. ეს ფილმი, ბავშვობის შემდეგ აღარ მენახა, თუმცა როცა ეთერში უშვებდნენ, მუდამ ძალიან ვხალისობდი ხოლმე. სახელიც კი სრული სიზუსტით ემთხვეოდა მასში მიმდინარე მოვლენებსა და პერსონაჟების ხასიათს.

-მე დავბრუნდი -მანქანის გასაღების ასხმა კომოდზე დავაგდე და მეორე ხელში დაჭერილ ჯარიმის ფურცელს დავაცქერდი -თან საჩუქარიც მოვიტანე

ენკე თითქმის ერთდროულად მოწყდა ტელევიზორის ეკრანსაც და ნაყინის კონტეინერსაც. რა თქმა უნდა, სანამ ხმა არ ამოვიღე, ჩემი შესვლა არც გაუგია. ბუნებით ასეთი გახლდათ, თუ სხვა რამით გახლდათ დაკავებული, გვერდით ბომბიც რომ აფეთქებულიყო, ყურადღებასაც არ მიაქცევდა.

-რა საჩუქარი? -მკითხა დივნის საზურგეზე ნიკაპჩამოდებულმა და პირში კოვზგარჭობილმა -ან როდის შემოხვედი, ვერაფერი გავიგე

-ზუსტად ამ წამს -გადავწყვიტე ჯერ მეორე შეკითხვაზე გამეცა პასუხი, შემდეგ კი პირველს მივუბრუნდი -საჩუქარს რაც შეეხება, არ ინერვიულო, მე გადავიხდი

რამდენიმე წამით სიჩუმეს ინარჩუნებდა ენკე. მერე ჩემს ხელში დაჭერილ თეთრ ქაღალდზე გადაიტანა მზერა და ჩაეცინა :

-რაო, დაგაჯარიმეს შუმახერო?

-სულ ცოტათი

-კაი დაიკიდე მე გადავიხდი, რა პრობლემაა -ხელი აიქნია, თან უწინდებურად ეკრანისკენ მიმართა მზერა. აშკარა იყო ნაკლებად ადარდებდა მომხდარი, თუმცა ნამდვილად არ ვაპირებდი ჩემი გაფუჭებული საქმის გაკეთება სხვისთვის მეიძულებინა.

-არ გამოვა, საკუთარ დასვრილს ყოველთვის მე ვწმენდ ხოლმე -ვუთხარი გადაჭრით, რითაც ვაგრძნობინე ამ თემაზე საუბარი შეწყდეს-მეთქი, თან დივანში მის გვერდით ჩავეშვი, თვალებდახუჭული -ცოტა ჩაუწიე რა, თავი მისკდება

-რაღაც უკმაყოფილო ჩანხარ -ჯერ ჩემი თხოვნა შეასრულა და მხოლოდ ამის შემდეგ ალაპარაკდა -არადა, წუხელ ღამე მელინასთან დარჩი და წესით ახლა სხვანაირად უნდა ჭიკჭიკებდე

-ძალიან გთხოვ, ეგ სახელი ჩემთან აღარ ახსენო

-ასე ცუდად წავიდა საქმე? -გაეცინა - ამჯერად საშხაპე კაბინაში დაგაბა თუ სარდაფში?

-ნეტავ ეგ გაეკეთებინა, ნაკლებად გაბრაზებული მაინც ვიქნებოდი

-არ ამოღეღავ? -მობეზრებით ამოიხვნეშა ენკემ, თან ფილმი იმ ადგილას დააპაუზა, სადაც შეშლილი მეცნიერი ამტკიცებს, რომ "სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი"

-აუ წადი რაა ცივი ყავა გამიკეთე, დილით დალევა ვერ მოვახერხე

-ყავა შენს ცოლს მოადუღებინე, მე კი რაღაც კითხვა დაგისვი ცოტა ხნის წინ და იმაზე მიპასუხე

ღრმად ამოვიხვნეშე. ვიცოდი, სანამ რამეს არ ვეტყოდი, მანამდე იტრიალებდა თავისთვის საინტერესო თემის გარშემო, ამიტომ გადავწყვიტე მოკლედ მომეყოლა დილანდელი ინციდენტის შესახებ :

-სათქმელი ბევრი არაფერია, უბრალოდ გუშინ ცოტა დალია, შადრევნებთან დასველდა და მომიწია მძინარესთვის გამომეცვალა სველი ტანსაცმელი. მეორე დილით გაღვიძებულმა კი, თავისი არანორმალური ტვინით იფიქრა, რომ სიტუაციით ვისარგებლე

-Wait, Wait, თქვენს შორის წუხელ არაფერი ყოფილა? -აშკარა გაკვირვება იკვეთებოდა მის მზერაში. ვგრძნობდი, თვალებით მეკითხებოდა, თუ არაფერი გქონიათ, მაშინ ამდენ ხანს იქ რა ჯანდაბა გინდოდაო.

-ჰო, არაფერი მომხდარა და მგონი გითხარი ეგეთი რამ გეგმაში არც მქონია-მეთქი

გარკვეული დრო კვლავ უხმოდ მიყურებდა ენკე. შემდეგ მუხლებს იდაყვებით ჩამოეყრდნო და თითები ერთმანეთში გადახლართა.

-I Think რაღაც გჭირს -ამოთქვა ბოლოს -ცივი გონებით ვეღარ მოქმედებ. ერთგული ქმარივით დაიწყე ლაპარაკი, ვინც ცოლს ჯაჭვით ყავს დაბმული, ამ ჯაჭვის ბოლო კი მელინას უჭირავს ხელში. მაგ გოგოსთან დაახლოების შემდეგ ნელ-ნელა უარესობისკენ მიდიხარ, Dude

-მაგ გოგოსთან დაახლოების შემდეგ, საკუთარი თავი უფრო მეტად მომწონს -გაუცნობიერებლად დამცდა, თუმცა რომ დავუფიქრდი, სწორედ ასე იყო. მელინას ჩემს ცხოვრებაში შემოჭრით, თითქოს იმ ნიკამ შეძლო ცხრაკლიტულის კარების ჩამოღება, ვინც დიდი ხნის წინ გამოვამწყვდიე იქ, რათა სიმარტივითა და ბოჰემური ცხოვრებით შემძლებოდა ჩემი აურაცხელი პრობლემებისგან თავის დაღწევა.

ზოგჯერ ერთადერთი გზა, რათა ტკივილი არ იგრძნო, მხოლოდ ისაა, რომ საერთოდ აღარაფერი იგრძნო —მეც ამ გზით მივდიოდი მანამ, სანამ მთელი გულით არ მომინდა სხვა მიმართულების არჩევა. მანამ, სანამ არ გავაცნობიერე, რომ უკვე ძალიან ღრმად ვიყავი ჩაფლული იმ ჭაობში, რომელშიც ერთ დროს საკუთარი ნებით შევცურე, ამ ცხოვრებისგან გასაქცევად. იმისგან გასაქცევად, რომ მამაჩემი მეტად ვეღარასდროს მეტყოდა აარონს დაუძახე და მოდით ფეხბურთს ერთად ვუყუროთო, იმისგან, რომ დედაჩემს ფეხებზე ვეკიდე და იმისგან, რომ ელისაბეტს ვერასოდეს წავუკითხავდი ძილის წინ თავის საყვარელ ზღაპარს, რის გარეშეც დაძინება არასდროს გამოსდიოდა ხოლმე.

ერთიანად დაშლილი ოჯახის ნანგრევების ქვეშ მოყოლამ, თითქოს ძირფესვიანად ამოიღო ჩემგან ძველი ბუნება-ჩვეულებები. თუმცა იმ გარემოცვაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებოდი, ვგრძნობდი, ნელ-ნელა ვიბრუნებდი ჩემს დაკარგულ სახეს და ეს, საკმაოდ კარგ შეგრძნებას მიტოვებდა.

-მე ვიცი შენ რაც გჭირს -ხანგრძლივი დუმილი, ენკეს ხმამ დაარღვია. მისკენ არ ვიყურებოდი, თუმცა ტონზე შევატყვე იღიმოდა.

-დიაგნოზს მისვამ? -ვიკითხე უხალისოდ

-შენი დიაგნოზი ძალიან მარტივი ასახსნელია და ამ დაავადებას სიყვარულისგან გაგიჟება ჰქვია. ეგ გოგო შეგიყვარდა, Dude. თვითონ წამოეგე ანკესზე, არადა თავდაპირველად სულ სხვა გეგმები გქონდა

-თქვა სიყვარულის დამსახურებულმა ექსპერტმა ენკე ტაბიძემ -დაცინვით შევხვდი მის სიტყვებს, თუმცა მალევე დამიბრუნდა სახეზე უწინდელი სერიოზული გამომეტყველება -საიდან დაასკვენი ის, რაც ცოტა ხნის წინ თქვი?

-დიდი ფილოსოფია ნამდვილად არ დამჭირვებია. აბა დაფიქრდი, რიგითი გოგოს რომ ისეთი რამ ეფიქრა შენზე, რაც მელინამ იფიქრა, ზუსტად იგივენაირ მდგომარეობაში იქნებოდი, როგორშიც ახლა ხარ? -და მანამ უპასუხა თავის შეკითხვას, სანამ პირის გაღებას მოვასწრებდი -რა თქმა უნდა, არ იქნებოდი. ამ წამს კი, ისე გამოიყურები, ერთადერთი კრივის მსხალისთვის მუშტების ქნევა თუ დაგეხმარება ბრაზის ამონთხევაში

-შენი ბოდვის მოსმენას, ჯობია წავიდე და ყავა დავლიო. ცოტას მომაფხიზლებს

-ჰო, მიდი გაექეცი პასუხებს. ერთ დღეს თავად გიპოვნიან და თვალში ჩაგთხრიან თითს -მითხრა ოდნავ დამცინავი ტონით, თან დაპაუზებულ ფილმსა და დროებით მივიწყებულ ნაყინის კონტეინერს მიუბრუნდა, მოღუშული სახით.

-აუ მაგრად მევასება რა ეს ფილმი -გამომძახა უკვე სამზარეულოში გასულს -მგონი ერთი მე დავრჩი, ვინც ქალბატონი მარგალიტას ბუხარში არაა ნამყოფი

-სამაგიეროდ, გათხოვილი ქალების კარადებში გიმოგზაურია მრავალგზის

-წადი შენი! -გაეცინა -ერთხელ დავიჭირე საქმე ეგეთ ქალთან და ნუ გადამაყოლე. თანაც, ხომ გითხარი, თვითონ შემომიჩნდა, მე არაფერ შუაში ვარ-მეთქი?

-ყავა შენც გინდა? -სხვა თემაზე გადავუტანე.

-ყავა რად მინდა შე*ემა?! ლუდი თუ გაქვს, ის მომიტანე

-ლუდი მაქვს, მაგრამ ჩემი ნაყინი რატომ შეჭამე? -გავძახე, როგორც კი მაცივარში ცარიელ კონტეინერს მოვკარი თვალი.

-რომ იცოდე, ტკბილეული კბილებს აფუჭებს

-ჩემს პირად სტომატოლოგად როცა დაგნიშნავ, რჩევები მაშინ მომეცი

-ეგღა მაკლია მთელი ცხოვრება დაღებულ პირში გიყურო . . . ჰო მართლა, კორპორაციულის მერე რომ სამსახურში ერთ ცვლაში აღარ ვიმუშავებთ ხომ იცი


-ვიცი -ყავითა და ლუდის ქილით ხელში შემოვედი მისაღებში და კვლავ დივნისკენ ავიღე გეზი -ბატონმა თორნიკემ მახარა ერთი კვირის წინ

ენკეს სახეზე აშკარა უკმაყოფილებამ გადაურბინა და ვერც იმ ლუდმა დაუბრუნა განწყობა, რომელიც წინ დავუდგი.

-აუ, მაგრად არ მევასება რა ეგ ტიპი -ტელევიზორის ეკრანს ცოტა ხნით მოწყვიტა თვალი და მე გამომხედა -ისე, რამდენჯერმე თვალი მოვკარი და მგონი შენს ჯულიეტასაც ეჩალიჩება, შეფარულად

-მაგას თავადაც მშვენივრად ვხვდები -ჭიქა ლამის ხელში შემატყდა მელინასა და ჯაყელის ერთად წარმოდგენაზე.

-მერე?

-მერე რა? -გვერდულად გავხედე -თორნიკე რას გრძნობს, დიდად არ მაინტერესებს, მთავარია მან არ უპასუხოს იგივეთი

-რომ ჰკითხო, გაბრაზებული იყო და იმ გოგოს სახელის ხსენებაც არ სურდა -ჩაეცინა -ისე, რას ერჩი? თუ არაფერი ახსოვდა წინა ღამიდან, ბუნებრივია კარგს არაფერს იფიქრებდა

-ჩემს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ეჭვი მაინც შეეპარებოდა ხომ არ ვცდებიო, მე კი დაუფიქრებლად მომაკრა ნეკროფილის იარლიყი

-კარგი, კარგი, მოდი ფილმს ვუყუროთ, თორემ მაგ თემას თუ ვუტრიალეთ, კიდევ დიდხანს არ გამოგისწორდება ეგ მჟავე სიფათი

ჩემი ჭიქიდან, ყავა კიდევ ერთხელ მოვსვი. საპასუხოდ აღარაფერი მითქვამს. მთელი დარჩენილი დრო, ენკეს წასვლამდე, ტელევიზორის ეკრანის ცქერაში გავატარეთ. ფილმის დამთავრებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი, ისიც წამოდგა, როგორც დამპირდა, ჩემი გარდერობიდან თითქმის ყველაფერი გამოსადეგი მოხიკა და შინ კვლავ სრულიად მარტო დავრჩი.

დღეს, ისე როგორც არასდროს მინდოდა სამსახურში წასასვლელი არ ვყოფილიყავი, თუმცა გაცდენა არანაირად არ გამოვიდოდა. ჯაყელის წყალობით, ჩვეულებრივზე ადრეც კი ვიყავი დაბარებული და ეს უფრო მეტად მიფუჭებდა ხასიათს.

ერთადერთი შედარებით პოზიტიური ამბავი ის გალხდათ, რომ ჩემი ცვლა, წესისამებრ საღამო ხანს იწყებოდა, რაც საშუალებას მომცემდა მანამდე კიდევ ერთხელ გამომეძინა ნორმალურად.

ტელევიზორის ეკრანი პულტით ჩავაბნელე და კედების გახდის შემდეგ დივანზე გულაღმა გავწექი. თავის ტკივილს ჯერ კიდევ არ გადაევლო. ასეთ მომენტებში კოფეინი მუდამ მიწევდა ხოლმე დახმარებას, თუმცა ამ ჯერზე ვერანაირი შედეგი ვერ მომცა.

სახლში სამარისებური სიჩუმე მეფობდა. არც ქუჩიდან შემოდიოდა რამე ხმა, რომელიც სიზმრებს დამიფრთხობდა, თუმცა დაძინებას მაინც ვერ ვახერხებდი. თავდაპირველად მეგონა, ატკივებული თავი არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ამის მიზეზი ენკეს ნათქვამი იყო. ყურებში თითქოს რამდენიმე წამის ინტერვალით ჩამესმოდა სიტყვები:

"ეგ გოგო შეგიყვარდა"

"ეგ გოგო შეგიყვარდა"

"ეგ გოგო შეგიყვარდა"

უზომოდ არეული ვიყავი ამ წამს. ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, სასიყვარულო თემებში დიდი გამოცდილებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნიდი, ამიტომ, არც ის ვიცოდი რა უნდა დამეჯერებინა და რა, არა.

აღნიშნულ ფიქრებში ჩაძირულმა, ალბათ ძალიან დიდი ხნის შემდეგ აღვიქვი კარზე ძლიერი კაკუნის ხმა. ამჯერად უკვე თვალებგახელილმა, მობეზრებით ამოვიხვნეშე. ოცდაორწლიანი არსებობის მანძილზე, სტუმრების მიღების ხასიათზე ახლა ყველაზე ნაკლებად ვიყავი. არც ვაპირებდი ფეხზე ადგომასა და კარის გაღებას, თუმცა როცა კაკუნი არა და აღარ შეწყდა და ატკივებულ თავზეც უროს ჩარტყმასავით იმოქმედა ამ ყველაფერმა, გადავწყვიტე როგორც არ უნდა შემზარებოდა, დაუპატიჟებელი სტუმრის ვინაობის დასადგენად მაინც გავსულიყავი.

დივნიდან წამომდგარმა, ჰოლისკენ მიმავალ გზაზე, ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, ენკეს ხომ არ დარჩა რამე და შუა გზიდან ხომ არ მობრუნდა-მეთქი, მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი მანქანის გასაღებისა და ყურსასმენების გარდა თან არაფერი ჰქონდა, გასვლისას კი ერთი ხელში ეჭირა, მეორე კი კისერზე ჰქონდა შემოხვეული.

ამ არგუმენტით, ენკეს ხელახალი ვიზიტი გამოირიცხა. უცნაური მხოლოდ ის იყო, რომ კართან მისვლისა და სათვალთვალოში გახედვის შემდეგ, ზღურბლის მეორე მხარეს სიცარიელე დამიხვდა. იქ საერთოდ არავინ იდგა, ქუჩაზეც სიმშვიდე იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, საკეტი მაინც გადავატრიალე და კარის გამოღების შემდეგ, ოდნავ გაოცებული დამტოვა იმ სურათმა, რომელიც იქ დამხვდა.

ზღურბლთან დაფენილ Welcome-ს ხალიჩაზე, ნაწნავებიანი, პატარა წითური გოგონა იდგა, წითელი, გულის ფორმის ბუშტით ხელში. ამ უკანასკნელს, ცხვირზე ღია ყავისფერი ჭორფლები გაბნეოდა და ღიმილით შემომცქეროდა, თავისი მწვანე თვალებით.

მისი სახე, აშკარაც მეცნობოდა საიდანღაც. ცოტა ხანში, გამახსენდა კიდეც. ეს ბავშვი, ჩემს მეზობლად, ქუჩის ბოლოში ცხოვრობდა. ყოველ დილით, როდესაც ველოსიპედით, ბულვარში გავდიოდი ხოლმე სასეირნოდ და მის სახლთან ჩავივლიდი, ეზოდან ხელს მიქნევდა ხოლმე და არც თავის ბავშვურ ღიმილს იშურებდა ჩემთვის. ახლა უკვე გასაგები გახდა რატომაც ვერ დავინახე სათვალთვალოში ვერავინ. ჩემი პატარა სტუმარი, მუხლამდეც კი ძლივს მწვდებოდა და ბუნევრივია, ვერც სათვალთვალოში გამოჩნდებოდა.


-ერთი უყურეთ ეს ვინ მოსულა -ღიმილით დავიხარე მის წინ და გრძელი ნაწნავები წინ გადმოვუწიე -რამ შეგაწუხათ პატარა ქალბატონო?

-ეს მოგიტანე -კიდევ ერთხელ შემომცინა თოვლივით თეთრი კბილებით.

გოგონას პასუხის შემდეგ, მზერა მის ხელში დაჭერილ, გულის ფორმის ბუშტზე გადავიტანე. ჩვეულებრივი ნამდვილად არ გახლდათ, რადგანაც, რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ მასზე, შავი მარკერით, ზუსტად ათ ენაზე ეწერა სიტყვა "ბოდიში", ხოლო სულ ბოლოში, ქართული ასოებით ჰქონდა მიწერილი წინადადება:- "ჩემი გული გიხდის ბოდიშს".

აღნიშნულ მომენტში, დილანდელი დიალოგი გამახსენდა მელინასთან. რთული მისახვედრი ნამდვილად არ ყოფილა, რომ ამ პატარა საჩუქრის ავტორი, სხვა ვერავინ იქნებოდა თუ არა ის. აშკარად ორიგინალური მოფიქრება იყო, თანაც ძალზედ მოულოდნელი.

უცნაური საჩუქრის გამომგზავნის ვინაობის დადგენის შემდეგ, გარემო დაკვირვებით მოვათვალიერე. ქუჩაზე საეჭვო არავინ ჩანდა და არც ხმას იღებდა ვინმე. ალბათ, თუ სადმე აქვე იყო, კარგად იმალებოდა, რათა მხედველობის ფოკუსში არ მომხვედროდა.

-მისმინე, ეს ვინც გამოგატანა, ახლა სად არის? -ეჭვით დაწვრილებული თვალებით შევეკითხე ბავშვს. როგორც ჩანდა, ეს უკანასკნელი კარგად იყო "დამუშავებული", რადგან ჩემს კითხვას შემდეგი სიტყვებით უპასუხა :

-ეგ საიდუმლოა . . . თუ ვიტყვი, ცუდი გოგო ვიქნები

-ბევრ კანფეტს მოგცემ

-დედა ამბობს კანფეტები კბილებს დაგაცვენსო -მტკიცე მზერით მიყურებდა ამის თქმისას.

-მაშინ, ბარბის თოჯინას გიყიდი -კვლავ ვაგრძელებდი საქმიან მოლაპარაკებას.

-არ მინდა, თოჯინები არ მიყვარს

-სათამაშო მანქანები?

-მაგით ჩემი ძმა თამაშობს, მე გოგო ვარ

-გოგო ხარ, თანაც ძალიან ჯიუტი -დანებების ნიშნად ამოვიხვნეშე, რადგან მივხვდი, სიტყვას ვერ დავაცდენინებდი, რამდენი დროც არ უნდა დამეხარჯა მცდელობებში -ნეტავ იცოდე, როგორ ძალიან ჰგავხარ იმას, ვინც ეგ ბუშტი გამოგატანა

-მართლა?

-მართლა, მართლა -მერე ჩემთვის განკუთვნილი საჩუქარი ჩამოვართვი, ოდნავი ღიმილით გადავიკითხე ათივე ენაზე დაწერილი სიტყვა "ბოდიში" და კვლავ ნაწნავებიანს მივუტრიალდი -მოდი ახლა ასე მოვიქცეთ, მე ამას შევინახავ, მერე კი ჩვენ ორნი წავიდეთ და ცივი შოკოლადი დავლიოთ სადმე. დედაშენს ნებართვას თავად ვთხოვ

-რა მაგარია, მიყვარს ცივი შოკოლადი -ბედნიერების ნაპერწკლებით გაბრწყინებული მწვანეები შემომანათა წითურმა, მერე კი დაამატა:- ოღონდ მარწყვის ჩიზქეიქიც უნდა მიყიდო

-მოსულა . . . ჰო მართლა, თქვენი სახელი მითხარით პატარა ლედი

-მილანა მქვია


"მილანა და მელინა . . . არა, ნამდვილად ბედისწერა დაგცინის ნოკოლოზ" -გავიფიქრე სიცილით და ცოტა ხნით შიგნით შევბრუნდი მიღებული საჩუქრისთვის შესაფერისი ადგილის მოსაძებნად . . .







8 8 8 8

საღამო ხანს, როგორც ჯაყელმა "მიბრძანა" სამსახურში მისვლა დანიშნულ დროზე ერთი საათით ადრე მომიწია. საქმე დიდი არაფერი იყო, უბრალოდ ცვლის დაწყებამდე, ვისკების, შამპანიურებისა და არაყის ბოთლები, ასოების მიხედვით უნდა დამელაგებინა თაროებზე, რათა კორპორაციულ საღამოზე დაქირავებული მიმტანებისთვის ყველაფერი მარტივად მისაგნები ყოფილიყო და მომსახურების სისწრაფეც ერთიორად გაზრდილიყო.
იმ მომენტში, ბარში სრულიად მარტო ვიყავი. დაწესებულება, მხოლოდ ორმოც წუთში ამუშავდებოდა ოფიციალურად და სტუმრებისთვისაც მხოლოდ ამის შემდეგ გაიღებოდა შემოსასვლელი კარი. ბოთლების დახარისხებაში გართული, ბასებში, დაბალ ხმაზე აჟღერებულ მუსიკას ვუსმენდი და თან მელინასგან მიღებულ საჩუქარზე ვფიქრობდი. ვაღიარებ, ბრაზს ცოტათი ნამდვილად გადაევლო, თუმცა მაინც უსიამოვნოდ მახსენდებოდა ჩვენი დილანდელი დიალოგი. გონებიდან არ ამომდიოდა მისი ცრემლიანი თვალები და იმედგაცრუებული გამოხედვა, რომლითაც აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ მიყურებდა.
გრძნობდე ნეგატიურ დამოკიდებულებას ადამიანისგან, ვინც შენთვის არც ისე დიდი მნიშვნელობის მატარებელია, მართლაც არ მოქმედებს განწყობის ცვლილებაზე, თუმცა როდესაც ამგვარ რამეს შენთვის მეტად ფასეული და ძვირფასი პიროვნებისგან იღებ, თითქოს მთელი სხეული გეწვის და ეს შეგრძნება შიგნიდან გხრავს.
და მაინც, რატომ იყო ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი ეს გოგო? მართალია ადრე სწორედ ასე ვფიქრობდი, მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებდით, სრული ნაბოდვარი გახლდათ ის ფაქტი, რომ მხოლოდ მისი ძნელად მისაწვდომობის გამო დავდევდი ამდენ ხანს. მუდამ სულელურ ზღაპრად მიმაჩნდა ცუდი ბიჭისა და კარგი გოგოს სიყვარულის ისტორიები, სადაც ცუდ ბიჭს, მიზანში ამოღებული ქალის შებმის გზაზე წინააღმდეგობა ხვდება და ეს აიძულებს ქედი მოიხაროს. ჩვენი შემთხვევა სრულიად სხვანაირი გახლდათ. მელინასადმი მიზიდულობის მიზეზი, არა მისი ძნელად მოსაპოვებელობა, არამედ ის ხასიათის თავისებურებები იყო, რომელიც მის პიროვნულობას ქმნიდა და რომელსაც გაცნობის დღიდანვე აღფრთოვანებაში მოვყავდი. შეიძლება ითქვას, ცხოვრებაში პირველად მქონდა მომენტი, როცა თავს კონკრეტული გოგოს ღირსად ოდნავადაც არ ვთვლიდი. მართლაც რით ვიყავი შესაფერისი იმ ადამიანის, ვინც მიუხედავად ოჯახის მაღალი სოციალური სტატუსისა, თავად ცდილობდა გზა გაეკვალა და ამისთვის არაფერს თაკილობდა? პასუხი ერთი იყო -არაფრით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი დათმობა ნამდვილად არ გამომდიოდა, რადგან მხოლოდ ის გახლდათ ჩემთვის იმ ჭაობიდან ამოსასვლელი ოქროს ბილეთი, რომელშიც უკვე დიდი ხანი იყო რაც ყელამდე ვიყავი ჩაფლული. აღარ მინდოდა კვლავ იქ დაბრუნება. აღარ მინდოდა საკუთარი თავის ძველ ვერსიას გადავყროდი, მისთვის ხელი მაგრად ჩამეჭიდა და ისევ იმ ბინძური ჭაობისკენ გავყოლოდი, მხოლოდ შორიდან რომ ჩანდა მბზინვარე და ლამაზი.
სასმელის ბოთლების დახარისხებას, ჩემდა გასაკვირად იმაზე სწრაფად მოვრჩი, ვიდრე ამას საქმის დასაწყისში მოველოდი. მართალია, კარგი იყო დროულად დამთავრება, თუმცა აღნიშნულ მომენტში ერთი კითხვა მრჩებოდა -რა მეკეთებინა მანამ, სანამ ენკე ან მელინა შემოაღებდნენ ბარის კარს? არც მობილური მქონდა თან, რადგან ახალი შინაგანა წესის თანახმად, ამ უკანასკნელს, გასახდელში დატოვების მაგივრად, უკვე მოსვლის თანავე ვაბარებდით დაცვის თანამშრომლებს, რათა რომელიმეს არ გაებედა და ჩუმად არ მოეხერხებინა სამუშაო საათებში მისი შემოპარება.
იმედგაცრუებული, ბარის დახლს მკლავებით დავეყრდენი და მასზე ნიკაპი ჩამოვდე. სივრცე უწინდებურად მოეცვა ბასებიდან გადმოღვრილი ხმადაბალი მუსიკის ჰანგების ტონალობას. მაგიდებისგან მოშორებით, თავმოხდით მდგომი როიალი, ზედმეტი სისუფთავისგან შავად ლაპლაპებდა და ისეთ შეგრძნებას ტოვებდა, თითქოს მასზე ვინმეს მბზინავი წერტილები მოუბნევია, მეტი სიკაშკაშისთვისო.
რამდენი ხანი იყო, რაც ამ ინსტრუმენტს ჩემი თითები აღარ შეხებოდა. არადა, მახსოვს, როგორ ვუკრავდი ხოლმე ელისაბეტის თხოვნით ყოველ ღამე და როგორ სულგანაბული მიმზერდნენ მისი წყლისფერი თვალები.
სევდიანად გამეღიმა წარსულის ამ მოგონებებზე. ამდენი ხნიანი პაუზის შემდეგ, რატომღაც ისევ მომინდა როიალთან დაჯდომა და თითქოს ფეხებიც ინსტიქტურად დაჰყვნენ გონების კარნახს. ნელა, აუჩქარებლად მივუახლოვდი ერთ დროს ხშირად გამოყენებად დასაკრავ ინსტრუმენტს, მის წინ მდგომ, მართკუთხედი ფორმის სკამზე ჩამოვჯექი და პიუპირტზე გადაშლილ ნოტებს მივაცქერდი. რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი მისით მეხელმძღვანელა. იმ წამს, თავში მხოლოდ ერთი მელოდია მიტრიალებდა, ამიტომ, ვიოლინოს გასაღებებით სავსე რვეული მაშინვე დავხურე, გვერდზე გადავდე და აქამდე მდუმარე შავ-თეთრი კლავიშები, ჩემი თითების შეხებით ავახმაურე.
თითქოს კიდევ ერთხელ გაცოცხლდნენ წარსულის მოგონებები. ამ ბუნდოვან კადრებში, ელისაბეტი ისევ როიალის თავზე იყო გაწოლილი, ლოყებით ხელის გულებს დაყრდნობოდა, მაღლა აწეულ ფეხებს ჰაერში აქანავებდა და სრულ მდუმარებაში ჩაძირული უსმენდა ჩემი ინტერპრეტაციით შესრულებულ Andy Williams -Where Do I Begin-ს.
დაკვრისას, ცხადად ვგრძნობდი, რომ მიუხედავად დიდი ხნის გასვლისა, ამ მელოდიის შესრულება ისევე კარგად მახსოვდა, როგორც საკუთარი სახელი და გვარი. თითქოს უხილავი ჩრდილი მკარნახობდა რომელი კლავიში იყო შემდეგი და როგორ უნდა გამეგრძელებინა დაკვრა უშეცდომოდ.
იმდენად გადავეშვი საკუთარ სტიქიაში, გარშემო თითქოს ყველაფერი გადღაბნილ სურათებად მეჩვენებოდა. ბარში ნივთები ნელ-ნელა იცრიცებოდა, ქარის დაქროლვისგან ზემოთ ავარდნილი მტვერივით უჩინარდებოდა და ვრჩებოდით მხოლოდ მე, როიალი და ელისაბეტის სიახლოვე, რომელსაც ყველაზე ცხადად ვგრძნობდი ამდენი ხნის შემდეგ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ახლაც ჩემს გვერდით იყო, თითქოს სადღაც ახლომახლო დადიოდა და სულ მალე კვლავ ვიხილავდი ჩემი უმცროსი დის წყლისფერ თვალებს, მუდამ განსაკუთრებული სიყვარულით რომ შემომცქეროდნენ ხოლმე.
მელოდიის ბოლო ნაწილზე, კლავიშებისკენ მიმართული მზერა დროებით გარშემო მიმოვატარე. თითქოს ყველაფერი ისევ ძველებურად იყო -კვლავ ისეთივე სიმშვიდე სუფევდა, როგორც ცოტა ხნის წინ, მაგრამ ერთი რამ მაინც შეცვლილიყო -თუ აქამდე მეგონა, რომ ბარში სრულიად მარტო ვიყავი და უცხო თვალიც არ მაკვირდებოდა, ახლა უკვე ის კითხვა მიტრიალებდა თავში, რამდენი ხნის განმავლობაში უსმენდა დახლთან იდაყვზე დაყრდნობით ჩამომდგარი პიროვნება ჩემს "გამოსვლას".
მელოდიის დაკვრა მაშინვე შევწყვიტე და საბოლოო აკორდად, კლავიშებს, დასაწყისიდან ბოლომდე გადავატარე ხელი. გარემო ჩვეულ სტილს დაუბრუნდა, ელისაბეტის უხილავი აჩრდილიც უსასრულობას შეერწყა, გაუჩინარდა და მეც თითქოს წარმოსავითი სამყაროდან, რელობაში ამოვყავი თავი.
-დიდი ხანია მანდ დგახარ?
-საკმაოდ -არც კი განძრეულა ისე მომიგო -საოცრად უკრავ, იცი ეს?
-თუ გინდა გაკვეთილებზეც ჩაეწერე, თანამშრომლებზე ორმოცდაათ პროცენტიანი ფასდაკლება მაქვს
-ჰოო? -გაეღიმა მელინას და ყავის აპარატისკენ შებრუნდა თავისთვის კოფეინის მომზადების მიზნით, თან წამით მზერა ისევ ჩემკენ მოაბრუნა -შენც ხომ არ დალევ რამეს?
-გმადლობ, უკვე დავლიე შენს მიერ მოგზავნილ წითურ პეპისთან ერთად -მივუგე, თან მეც ბარის მაგიდისკენ გავეშურე -ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო სხვათა შორის, თუმცა მგონი ჩემი გამოჭერა აქვს გადაწყვეტილი
-გამოჭერა? -გაუკვირდა
-ჰო, გამოჭერა -გამეცინა ჩემი და ჭორფლიანის დიალოგის გახსენებაზე -დღის ბოლოს ამაყად განმიცხადა, როცა გავიზრდები, ცოლად უნდა გამოგყვეო
-რაო? -მელინასაც გამოესახა სახეზე ღიმილი -სერიოზულად ამბობ?
-სრულიად
-კარგი და ჩემს საჩუქარზე რას იტყვი, შეასრულა თავის ფუნქცია, თუ არა? -ყავის ფინჯანს თითები მოხვია, თან გამომცდელად შემომხედა თავისი მელნისფერი თვალებით. სახეზე შევატყვე, ყველაზე მეტად ამ თემაზე საუბარი და პასუხების მიღება ეჩქარებოდა, ამიტომ დიდხანს აღარ მე ვალოდინე :
-არა, არ შეუსრულებია -თავი გავაქნიე -ათის მაგივრად თხუთმეტ ენაზე რომ მოგებოდიშა, კიდევ დავფიქრდებოდი, მაგრამ ახლა შანსი არ გაქვს
-მაგას ისეთი სერიოზული სახით ამბობ, ვინმეს ეგონება ნამდვილად ასე ფიქრობ
-და რა იცი, რომ სრული სერიოზულობით არ გესაუბრები? -კვლავ ვაგრძელებდი მის წვალებას
-ნიკოლოზ!
-ნიკოლოზი მომსახურეობის ზონიდანაა გასული, სხვა დროს გადაურეკეთ
-ბავშვივით იბუტები -შემომიბღვირა, თუმცა მალევე, ოდნავშესამჩნევი ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში : -ჰო მართლა გუშინდელიდან მცირედი დეტალები მომაგონდა
-ნუთუ?
-ნუ ცინიკოსობ -ცალი წარბი მაღლა აზიდა, მერე კი განაგრძო : -როცა სველ ტანსაცმელს მიცვლიდი, რამდენიმე წამით გონს მოვედი და შემოგხედე. თვალები მაგრად გქონდა დახუჭული და ერთი წამითაც კი არ გაგიხელია. მეხებოდი, თუმცა არც კი მიყურებდი, მიუხედავად იმისა, რომ შენთვის იმ წამს ყველაზე ადვილად ხელში ჩასაგდებ მდგომარეობაში ვიყავი

-მიხარია, თუ გუშინდელი ღამე გაგახსენდა. ახლა ალბათ მოძალადის სტატუსსაც დავემშვიდობები

-ნიკოლოზ, ისედაც ნერვები მეშლება საკუთარ თავზე და ნუღარ მიმატებ -მწარე ღიმილით გადააქნია თავი ამის თქმისას, მერე კი, უზომო სითბო ჩაეღვარა მელნისფერ თვალებში -გუშინდელი ღამისთვის სამადლობლად, მინდა ერთი რამ გავაკეთო

-მადლობა საჭირო არ არის, უბრალოდ ისიც საკმარისია, რომ სისულელეებს აღარ ფიქრობ

-არა, საჭიროა -ზედმეტად ახლოს მოვიდა ამის თქმისას, აუხსნელი მზერა მესროლა და რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ, ოდნავ ფეხის წვერებზე აწეული, ყურის ქვემოთ შემეხო ტუჩებით. აი, აქ კი უკვე მართლა ვეღარ შევძელი უწინდელი სიცივის შენარჩუნება. თითქოს დენის დარტყმასავით იმოქმედა მისმა უბრალო კოცნამ და სულ მალე, კედელზეც აღმოჩნდა აკრული ჩემს მიერ.

-რის გაკეთებას ცდილობ? -ბასრი მზერა ვესროლე და ისე ვკითხე -იცი, რომ ეგ ყველაზე მგრძნობიარე ადგილია მამაკაცისთვის და უამრავ სურვილს ააქტიურებს?

-მაპატიე, მე უბრალოდ მინდოდა . . .

-გაჩუმდი -ბაგეებზე საჩვენებელი თითი ავაფარე, მერე კი მაისურის ქვეშ ორივე ხელი შევუცურე და მის ნაზ კანს ნელ-ნელა ავუყევი ზემოთ. გამეღიმა იმის დანახვისას, როგორ დაეხუჭა თვალები უნებურად, ქვედა ტუჩი ენის წვერით გაისველა და სხეული მთლიანად მოუდუნდა. მკლავებში რომ არ მყოლოდა მომწყვდეული, ალბათ ფეხზე მყარად დგომასაც ვერ შეძლებდა.

-ნიკოლოზ, გეყოფა -ამოთქვა გახშირებული სუნთქვით. თვალებს კვლავ ჯიუტად არ ახელდა. ცოცხალი თავით არ სურდა ჩემთვის შემოეხედა.

-რა მოხდა, ნელ-ნელა იაზრებ შენი სიტყვები "ჩემს გემოვნებაში არ ჯდები" უკვე ჩამქრალი ნაკვერჩხალივით რომ ბჟუტავს?

ამის თქმისას, მისი მაისურიდან ხელები გამოვასრიალე, ფეხის მოსახრელებში ხელის ჩავლებით მარტივად შემოვისვი წელზე სიფრიფანა სხეული და კვლავ კედელს მივანარცხე.

ამჯერად უკვე მისი გახელილი თვალების ხილვასაც ვეღირსე, თუმცა ამ მდგომარეობაში ყოფნა დიდხანს არ დასცალდა, რადგან ყელის არეში კოცნით, კვლავ ვაიძულე სიამოვნებისგან თვალები დაეხუჭა. მისი სხეულის უამრავი ადგილი მოიარა ჩემმა ტუჩებმა -ლავიწები, ყბის ძვალი, ყელთან მფეთქავი არტერია, ნიკაპი, თუმცა არა ბაგეები. გამიზნულად არ ვკოცნიდი, რადგან ვიცოდი, სწორედ ეს სურდა და მისი მოთმინების ფიალის დაცლა უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა.

-აღიარე, რომ მთელი სხეული გეწვის, ისე გინდა ჩემი ტუჩების შენსაზე შეგრძნება -ვუჩურჩულე ყურთან ძალიან ახლოს, თან ბიბილოზეც დავუტოვე კოცნის კვალი.

-იცი, რომ ზედმეტი თავდაჯერება ადამიანს ღუპავს? -მიპასუხა ჩურჩულითვე -საიდან მოიტანე, რომ ჩემზე მოქმედებ?

-ახლა არ მითხრა, რომ შენს მარცხენა მხარეს განთავსებული ორგანო, ასე არანორმალური ტემპით თანდაყოლილი ტაქიკარდიის გამო ცემს

-ძირს დამსვი ნიკოლოზ, ნებისმიერ წამს შეიძლება ვინმე შემოვიდეს

-ერთ რამეს თუ აღიარებ, დაგსვამ

-რა გინდა რომ ვაღიარო? -მზერაში ის სიმტკიცე ჩაუდგა, მე რომ ასე ძალიან მაგიჟებდა.

-ის, რომ შენც ისევე არანორმალურად გიზიდავ, როგორც მე

-ნიკოლოზ დამსვი!

-აღიარე!

-არა!

-კი!

-არა!

-კი!


-ნახე, ენკე შემოვიდა -ამის თქმისას, სწრაფად გაიშვირა ხელი შემოსასვლელი კარისკენ და მეც სწორედ აქ შემიყვანა შეცდომაში. როგორც კი ყურადღება ოდნავ მოვადუნე და იგი სხვა მხარეს გადავიტანე, ისე მოულოდნელად დამისხლტა მკლავებიდან, ნორმალურ გააზრებაც ვერ მოვასწარი. რა თქმა უნდა, კართან არანაირი ენკე არ იდგა. ეს მხოლოდ ჩემს გასაცურებლად მოფიქრებული ოინი გახლდათ, მელინას მიერ.

-ყოჩაღ, ნამდვილი მსახიობი ხარ -ტაშის დაკვრის იმიტაცია გავაკეთე ამის თქმისას -თუმცა რომც არაფერი მითხრა, სახეზე ისედაც ყველაფერი HD-ხარისხში გაწერია

-იქნებ მეც მითხრა რა მაწერია

-მე არაფერს გეტყვი, როცა სიამაყესთან გამომშვიდობებას გადაწყვეტ, თავად მიხვდები, თუკი ეს დღე ოდესმე დადგა რა თქმა უნდა
-ახლა სახეზე გამარჯვებულის ღიმილი გაქვს, მაგრამ ეგ ღიმილი მაშინ მოიშველიე, როცა სხეულის ტემპერატურა მაქსიმალურზე არ აგივარდება ჩემი სიახლოვისას -მითხრა გამომწვევი ტონით -მგონი თავად მეუბნებოდი ხავსივით ხარ ჩემს გონებაში და მუდამ შენ მიდგახარ თვალწინო. ამის მერე თვითონ განსაჯე ვის რა აწერია სახეზე
-მე ისიც გითხარი, ამ გრძნობის არ მეშინია, შენგან განსხვავებით-მეთქი -არანაკლებ გამომწვევი იყო ჩემი ტონი -რაც შეგეხება შენ, საკუთარ თავზე მეტი იმუშავე, რათა ფობიები დაძლიო და ჩემთან მიმართებაში ნაკლებად მაცდური იყავი, თუ არ გინდა სრულიად გადამავიწყო სამსახურში რომ ვართ
მელინა ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. გამომეტყველებაზე შევამჩნიე პასუხის გაცემასაც აპირებდა, თუმცა ზუსტად იმ დროს, როცა ეს უნდა გაეკეთებინა, ბარის, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კარი ხმაურით გაიღო და ზღურბლს ლამის ერთდროულად გადმოაბიჯეს ენკემ და ჯაყელმა.
ამ უკანასკნელმა, შემოსვლის თანავე სასმელების თაროს შეავლო თვალი, იმის გადასამოწმებლად, შევასრულე თუ არა მისი დაკისრებული საქმე და მხოლოდ იმის შემდეგ დაგველაპარაკა, როცა დარწმუნდა ყველაფერი წესრიგში იყო.
-საღამო მშვიდობის, კოლეგებო -ჩვეული სტილით მოგვესალმა ის, ბოლოს კი მზერა მელინაზე გააჩერა, თან ზედმეტად თბილად გაუღიმა
-შენ ჩემს კაბინეტში უნდა წამოხვიდე -უთხრა მტკიცედ -რამდენიმე საათის საქმე მაქვს, კორპორაციულის დეკორაციების დეტალებზე უნდა დამეხმარო, შემდეგ კი სახახშმოდ გავიდეთ სადმე, მხოლოდ ჩვენ ორნი და სახლამდეც თავად მიგიყვან
-კი მაგრამ დღეს ჩემი ცვლაა, სამსახურს რა ვუყო?
-არა უშავს, ამ ერთხელ დასვენების დღეს გინიშნავ, ნიკოლოზი და ენკე შენს გარეშეც მიხედავენ აქაურობას -ორთავეს გადმოგვხედა ამის თქმისას, იმ მზერით, რომლითაც გვეკითხებოდა რამე საწინააღმდეგო ხომ არ გაქვთო
-ბიჭებო, თუ ბევრი ხალხი იქნება და გაგიჭირდებათ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დამირეკოთ და მაშინვე გამოვიქცევი -შემოგვთავაზა მელინამ, თუმცა აქაც ჯაყელი ჩაეჩრა საუბარში:
-არანაირი დარეკვა არაა საჭირო, ეს ორი როგორმე თავს გაართმევს, ამის მჯერა, აი შენ კი დღეს ჩემი ხარ
"აი, შენ კი დღეს ჩემი ხარ " -თორნიკეს ეს სიტყვები, საკმაოდ უსიამოვნოდ მომხვდა ყურში. შევატყვე, არც მელინა დარჩენილა აღფრთოვანებული ჯაყელის ასეთი გაშინაურებით, თუმცა თქმით მაინც არაფერი უთქვამს ისე დაუქნია თავი და გასასვლელი კარისკენ წასულს, უკან მორჩილი ბავშვივით მიჰყვა.
ბარში მხოლოდ მე და ენკე დავრჩით. დაწესებულების გახსნამდე მხოლოდ ათი წუთი იყო დარჩენილი, თუმცა, შექმნილი უსიამოვნო სიტუაციიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ მუშაობის განწყობა მქონდა. იმაზე ფიქრი, რომ მელინა და ჯაყელი ერთ კაბინეტში, ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ, მთელს შიგნეულობას ვულკანური ლავასავით მიწვავდა.
ნამდვილად უსიამოვნო მომენტი იყო. თორნიკეს, გამოხედვაზე აქამდეც მუდამ ეტყობოდა, რომ მელინას მიმართ გულგრილი არ იყო, თუმცა დღეს ალბათ საბოლოოდ გადაეწყვიტა დისტანციის დარღვევა და ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანის გზას ადგა.
-ეგეთი სახე ნუ გაქვს, თორემ სტუმრებს დააფრთხობ
ამ სიტყვების გაგებისას, გვერდზე გავიხედე. საკუთარ ფიქრებში ღრმად ჩაძირულს, ენკეს იქ ყოფნა საერთოდ გადამვიწყებოდა. ეს უკანასკნელი, ლითონის თერმოსს ზემოთ-ქვემოთ ანჯღრევდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კოქტეილს ამზადებდა თავისთვის.
-ძალიან კარგი, თუ დაფრთხებიან ნაკლები საქმე გვექნება
-პრინციპში You Are Right -გაეცინა -ჰო მართლა, ჯაყელთან არ ჩამიშვა სამუშაო საათებში რომ ვსვამ. დაცვის ბიჭებთან უკვე მოგვარებული მაქვს, ისე მოიქცევიან, თითქოს კამერებში ვერაფერი დაინახეს
-ეგ რომ არ გეთქვა, ახლავე მივრბოდი ენის მისატანად
-რავიცი, მაინც დავიზღვიე თავი -მხრები აიჩეჩა, შემდეგ კი ლითონის თერმოსზე მანიშნა -შენც ხომ არ დალევ? ბოლო-ბოლო, სასურველ გოგოს გახევენ და დარდს სასმელს მაინც გაატან
-ენკე, თუ არ გინდა გარშემო ყველაფერი დავლეწო და შენც ზედ მიგაყოლო, მაგ თემაზე სიტყვა აღარ დაძრა! -შევუღრინე გაღიზიანებულმა. ზოგადად, ყოველთვის საომარი ყუმბარასავით ვფეთქდებოდი ხოლმე, როდესაც ჩემთვის არასასურველ რამეს მეუბნებოდნენ და ამ ჯერზეც ზუსტად ასე მოხდა
-რას მეჩხუბები, რა ჩემი ბრალია თუ თორნიკე და მელინა კაბინეტში არიან შეკეტილები და ერთმანეთს ეხვევიან?
-საიდან მოიტანე, რომ ეხვევიან? სპეციალურად მიშლი ნერვებს, არა?
ენკეს ირიბად ჩაეცინა.
-Dude, ეგ ტიპი ყველა მიმტანს მოსწონს, ვინც აქ მუშაობს, მან კი მხოლოდ ჩვენს მელინას დაადგა თვალი. How do you think, მაგ გოგოში ინტერესს ვერ გამოიწვევს? -მკითხა ეჭვით დაწვრილებული თვალებით და წამოწყებული საუბარი მანამ განაგრძო, სანამ საპასუხოდ რამის თქმას მოვასწრებდი - თანაც, საკმაოდ ჭკვიანური ტაქტიკა აქვს, ნელ-ნელა მიიწევს წინ და არა შენსავით, პირველივე დღეს რომ სახლში მიუვარდი და დაუფარავად აგრძნობინე რა მიზნებიც გამოძრავებდა
-ჩემი მიზნები დროთა განმავლობაში შეიცვალა და ეს შენც მშვენივრად იცი!
-მე კი ვიცი, მაგრამ ეგ რომ ქალს გააგებინო, ცოტა შრომა ნამდვილად არ დაგჭირდება. ხომ იცი მაგათი გონება მათემატიკური სირთულითაა მოწყობილი და თუ ამ სფეროში ძლიერი არ ხარ, დისკრიმინანტიდან ფესვს ვერ ამოიღებ
-ენკე, ეგ უაზრო საუბრები სხვა დრისთვის შემოვინახოთ, ახლა წადი და წარწერა შემოატრიალე ბარის კარზე, უკვე რვა საათია
-ამის გოგოს სხვა კაცი აბამს, ეს რეგვენი კი ამ დროს დგას და იმის მაგივრად ზომები მიიღოს ბრაზს ჩემზე ანთხევს
-და რას მთავაზობ? -ვკითხე ოდნავ გაღიზიანებული ტონით -ჯაყელის კაბინეტში აბორიგენის ტომის ბელადივით შევვარდე და მელინა იქედან ძალით გამოვათრიო?
-რატომაც არა? -გულუბრყვილო ბავშვივით აიჩეჩა მხრები -რომ იცოდე, მსგავს სიტუაციაში ჩავარდნილი ზუსტად ასე მოვიქცეოდი
-შენ რომ დარტყმული ხარ, მაგაში ეჭვი არც არასდროს შემპარვია, თუმცა მე განსხვავებული წესებით თამაშს ვარ ჩვეული
-თუ ეგრეა, Do what you want, bro, მე ხელები დამიბანია -თერმოსიდან კოქტეილი ჭიქაში გადმოასხა ამის თქმისას, მაჯის საათს დახედა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია -წავალ Open-Closed წარწერას შემოვატრიალებ, შენ კი სახე გაასწორე და მოემზადე, დღეს ბევრი ლუდი გასაღდება, გერმანელი ტურისტები ჩამოგვითრია ღრმად პატივცემულმა აირზენამ . . .



* * *
მანქანის სავარძელზე, ნახევრად თვალდახუჭული ვიყავი მიწოლილი და მუხლებზე თითებს მონოტონურად ვათამაშებდი. გიჟური სამუშაო გრაფიკის შემდეგ, შინ ენკეს მანქანით ვბრუნდებოდი, რადგან გარეთ კოკისპირულად წვიმდა და ველოსიპედით წასვლა არც თუ ისე ჭკვიანურ ვარიანტად მესახებოდა.
საშინელი ჭექა-ქუხილი, ირგვლივ ყველაფერს მიწისძვრასავით აზანზარებდა. მანქანის მინის საწმენდებიც, თითქოს ხელჩართულ ბრძოლაში ჩართულიყვნენ, შეთანხმებულად მოძრაობდნენ აქეთ-იქით და ძლივს ასწრებდბენ თავის საქმის შესრულებას, რომ წამის მეასედში კვლავ სველი ბურით იფარებოდა წინა ხედვის მინა.
გზაზე, ჩვენს გარდა, კიდევ ორიოდე მანქანა თუ მოძრაობდა. მოღრუბლული ამინდის გამო, გათენებასაც აგვიანებდა, ამიტომ, წყვდიადს მხოლოდ ლეგიონერებივით გამწკრივებული ლამპიონები უცხადებდნენ ბოიკოტს და მთელი ძალით ცდილობდნენ მის გადაფარვას.
ენკე კვლავ უხმოდ, ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე ატრიალებდა საჭეს. კიდევ კარგი ხვდებოდა, ჯაყელისა და მელინას კაბინეტში განმარტოებისა და ერთობლივი ვახშმის გამო, მაინდამაინც გადასარევ ხასიათზე რომ არ ვიქნებოდი და საშუალებას მაძლევდა მარტო დავრჩენილიყავი საკუთარ თავთან.
კვლავ იქუხა.
ცაზე, წინანდელთან შედარებით უფრო მკაფიოდ გაიბრწყინა კლაკნილმა ხაზმა და ამას, დაჭრილი ცხოველის მსგავსი საზარელი ხმაც მოაყოლა ბონუსად. სწორედ ასეთ ამინდში მომიწია მუშაობა, ერთი კვირის წინაც. კარგად მახსოვს, მაშინაც საშინლად ქუხდა და ამის გამო, არც ბარში შევუწუხებივარ ზედმეტ ხალხს, რადგან ვერანდა, წვიმის გამო არ ფუნქციონირებდა.
რამდენიმე წამში, კიდევ ერთი გაცრეცილი კადრი ამოტივტივდა ამ დღის მოგონებების ალბომიდან. თვალწინ დამიდგა მელინას საეჭვოდ დამფრთხალი სახე, როცა შუა ღამეს, ბარის მაგიდასთან იდგა და ჭიქებს სპეციალური ტილოთი აპრიალებდა. აღნიშნულ მომენტში, ენკე საპირფარეშოში იყო გასული, არც ჩვენ გვყავდა ბევრი სტუმარი, ამიტომ, ორივეს მცირედი შესვენება გვქონდა აღებული ლანგრით ხელში სირბილისგან.
-რა გჭირს? რაღაც შეშინებული მეჩვენები -ვუთხარი დარწმუნებით მისი გამომეტყველების შემხედვარემ -ცუდად ხომ არ ხარ?
-არა, ისეთი არაფერია, უბრალოდ მე და ჭექა-ქუხილი ერთმანეთს მაინცდამაინც ვერ ვეწყობით -ჩემკენ არც გამოუხედავს ისე მომიგო
-მგონი იმაზე მეტია ეს ყველაფერი, ვიდრე ვერ შეწყობა. სხეული გიკანკალებს, იცი?
-ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო, ნიკოლოზ -კვლავ ჭიქის გაპრიალებას განაგრძობდა ყურადღების გადატანის მიზნით და ამ უკანასკნელს ხელს ისე უჭერდა, ცოტაც და მისი ნამსხვრევები მელინას კანქვეშ აღმოჩნდებოდა, დროულად რომ არ ჩავრეულიყავი
-ეს მე მომეცი -სწრაფად ჩამოვართვი ზომაზე მეტად გაპრიალებული ჭურჭელი და კვლავ ჭერიდან ჩამოშვებულ სათავსოში დავამაგრე, თავდაყირა. მელინამ წამით თვალები დახუჭა, რამდენიმე წამში კი საწყლად გამომხედა
-როგორ ფიქრობ, მალე გადაიღებს? -მკითხა აშკარად შეშინებული ხმით -არაფერი მთრგუნავს ისე, როგორც ელვის ხმა
წამით ჩავფიქრდი. ვეცადე რაღაც გამოსავალი მეპოვნა, რათა მისი ეს შიში ბოლომდე თუ არა, ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, დამებადა კიდეც ერთი პატარა იდეა.
-თვალები დახუჭე და აქ მოდი -მაჯაზე ხელი მოვკიდე ამის თქმისას, თან ოდნავ მოვიზიდე ჩემკენ. სანამ ცნობისმოყვარეობის ღილაკი აუციმციმდებოდა და მკითხავდა ასე რატომ იქცევიო, მანამდე მაგიდის უჯრაში ჩადებულ, ბასების პულტსაც დავწვდი, მუსიკას ხმა უფრო მეტად ავუწიე, ქუხილის გადასაფარად და წელზე ცალი ხელი შევუცურე -თვალები დახუჭე მელინა
-რატომ?
-გააკეთე რასაც გეუბნები
ამჯერად აღარაფერი უთქვამს და უსიტყვო მორჩილება ამჯობინა. ბავშვივით კანკალებდა მისი სხეული. ეტყობოდა, ძალზედ სერიოზული ფობია ჰქონდა მსგავსი ამინდის მიმართ და სწორედ ამიტომ იყო მთელი საღამო ასეთი დაძაბული.
-კარგი, დავხუჭე, ახლა?
-ახლა შეეცადე მხოლოდ იმ მუსიკას უსმინო, რომელიც ამ წამს უკრავს -ყურთან ახლოს ჩავჩურჩულე, თან მეორე ხელი მის კეფაზე მოვათავსე და უფრო მეტად მივუახლოვდი -კიდევ შეეცადე ჩემს სიახლოვეზე გადაიტანო მთელი ყურადღება, გარშემო ყველანაირი ხმა და გრძნობა ჩაახშე. მხოლოდ მელოდიას და ჩემს ხმას უსმინე
-შენ რა, ქალებთან გამოსაყენებელი მაცდური საუბრების კურსები გაქვს გავლილი? -ჩემს სხეულს არ მოშორებია ისე მკითხა.
ღიმილი მომგვარა მისმა სიტყვებმა.
-ეს მაცდური საუბრები კი არა, ერთგვარი ყურადღების გადასატანი საშუალებაა. სხვა ადამიანთან ფიზიკური კონტაქტი, შიშის დაძლევაში გიწევს დახმარებას
-მართლა მეხმარები, იცი? -ამის თქმისას, ვიგრძენი როგორ ფრთხილად შემომეხვია წელზე მისი წვრილი მკლავები და როგორ ჩამალა ცხვირი ჩემს ყელში. ტკივილამდე სასიამოვნო იყო ყველაფერი ეს
-უკეთ ხარ?
-ჰო, უკეთ ვარ -მერე მცირეხნიანი პაუზა გააკეთა და დაამატა -ასე მგონია სიმშვიდის გადამტანივით ხარ, გეხები და დაძაბულობას ოდნავადაც აღარ ვგრძნობ. როგორ აკეთებ ამას?
-დაბადებიდან ნიჭიერი ვარ -თაფლისფერ თმაზე ხელი ჩამოვუსვი ამის თქმისას და უფრო მაგრად ჩავიხუტე გულში სიფრიფანა სხეული. იმ წამს, ალბათ ორივესთვის სულ ერთი გახლდათ ვინ გვიყურებდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ნამდვილად ასე იყო . . .
მოგონება, იმ წამს ცაზე გავარდნილი ელვის დამაბრმავებელი შუქივით გაქრა. თუ აქამდე შინ მისვლა მეჩქარებოდა და ერთი სული მქონდა როდის ვეღირსებოდი ნანატრ ძილს, წარსულის ამ პატარა მოგონებამ, ოთხმოცდაათი გრადუსით შემოატრიალა ჩემი გეგმები საპირისპირო მხარეს.

ასეთ საშინელ ამინდში, სავარაუდოდ, მელინა ისეთივე შეშინებული იქნებოდა, როგორც მაშინ, ჩვენი მორიგეობის საათებში. თითქოს გულზე რაღაც დამაწვა. არ შემეძლო სახლში წავსულიყავი და მშვიდად დამედო თავი ჩემს ბალიშზე, როცა ვიცოდი, რამდენად ანერვიულებული იქნებოდა იგი ამ წამს. მე ხომ საკუთარი თვალით გავხდი იმის მოწმე, რა პანიკურადაც ეშინოდა იმ ღამით ყოველი გაელვების? არა, ასე ნამდვილად არ გამოვიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ჯერ კიდევ ვბრაზობდი, ვერაფრით მოვახერხებდი ასეთ რთულ დროს მარტო დატოვებისთვის გამემეტებინა, ამიტომ, ლამის ჩემი ქუჩის გადასახვევამდე მისულ ენკეს გავხედე და ჩამოვარდნილი დუმილიც, საკუთარი ინიციატივით დავარღვიე, ამდენი ხნის შემდეგ:

-მისმინე, მარშრუტში პატარა ცვლილებებია -ვუთხარი შეპარვით -შინის მაგივრად, მელინასთან უნდა წამიყვანო, თანაც სასწრაფოდ -ისეთი ტონი მოვიშველიე, რომელშიც, კატეგორიულობასთან ერთად თხოვნაც გამოსჭვიოდა

აშკარად გაუკვირდა . . .
გარკვეული დროით, ისე მიყურებდა სიტყვაც არ უთქვამს. ალბათ ისიც იფიქრა, ეძინება და რაღაცას ბოდავსო, თუმცა როდესაც ჩემმა მზერამ დაარწმუნა არ ვხუმრობდი, მანქანის სიჩქარე საგრძნობლად დააგდო და მალე, იგი გზიდანაც გადაიყვანა.

გავჩერდით. ძრავა გამოირთო. აღარც საქარე მინიდან ცვლიდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ხედები. მხოლოდ წვიმის მსხვილი წვეთების შხაპუნი ისმოდა სალონში, ჩვენი სუნთქვის ხმებთან ერთად.

-რაო, რა თქვი ცოტა ხნის წინ? -გვერდულად გამოაპარა ჩემკენ მზერა ენკემ -ძმაო, შენ რა სულ გამოშტერდი? დილის ექვსის ნახევარზე იმ გოგოსთან რა ჯანდაბა გინდა, ალბათ ახლა უკვე მერვე სიზმარს ხედავს

-არა მგონია ეძინოს -მისი აღრენილი ტონის მიუხედავად, მაინც მშვიდად გავეპასუხე -ჭექა-ქუხილის ძალიან ეშინია და სრულიად შესაძლებელია ახლა ბოლო ხმაზე აწეული ტელევიზორის წინაც კი იჯდეს, ამ ხმების გადასაფარად

-Wait, Wait, Please -ხელის აწევით გამაჩერა, თან ნიკაპზე ხელი მოისვა -ახლა სერიოზულად აპირებ ნანატრ ძილზე უარი თქვა, მაგ გოგოსთან მიხვიდე და მხოლოდ იმიტომ უთიო ღამეები, რომ ცაზე გაკლაკნილი წვრილი ხაზი აშინებს? -ისეთი სახით მიყურებდა ამ კითხვის დასმისას, შეუძლებელი იყო არ გამცინებოდა და გამეცინა კიდეც

-ჰო, იცინე, იცინე, ნეტავ მართლა სასაცილოდ გქონდეს საქმე და მეც დიდი სიამოვნებით გავიცინებდი -დანანებით გადააქნია თავი ენკემ, როდესაც მიხვდა, რომ რასაც ვამბობდი იმაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული -მაგრად გაუბიხარ და ეგაა, სხვა რაღა უნდა გითხრა?

-ის უნდა მითხრა, რას აპირებ ბოლოს და ბოლოს -წამიყვან თუ ტაქსი გამოვიძახო?

-ჯანდაბას შენი თავი, ეგდე სადაც გდიხარ, წაგიყვან! -შემომიღრინა აშკარად უკმაყოფილების მორევში ჩაფლულმა.

-სულ მქონდა შენი იმედი

-მოიშორე ეგ თვითკმაყოფილი გამომეტყველება

-ჩათვალე მოშორებულია

-ნამდვილად? მოდი შემოგხედო -სახეზე შემათვალიერა ამის თქმისას და როგორც კი ჩემს სიტყვებში თავადაც დარწმუნდა, კვლავ უწინდებურად გასწორდა თავის სავარძელში.

-ღვედი გაიკეთე, დაგვიწყებია

-არ დამვიწყებია, უბრალოდ ღვედებს ვერ ვიტან

-მე კიდევ ჯარიმებს ვერ ვიტან, ამიტომ გააკეთე რასაც გეუბნები! -მომიგო ღრენით, ძრავა უწინდებურად აამუშავა, გაზს მიაწვა და მანქანა ისეთი მანევრით მოატრიალა უკან, დიდი ალბათობით გამოცდილ დრიფტერსაც კი შეშურდებოდა . . .

მაღალი სიჩქარით სიარულის წყალობით, დანიშნულების ადგილას იმაზე სწრაფად აღმოვჩნდით, ვიდრე ამას თავდაპირველად ვვარაუდობდი.

ნესტისგან დაბურული საქარე მინიდანაც კი შევნიშნე, როგორ იღვრებოდა სამკუთხედი გადახურვის შენობის თითქმის ყოველი ფანჯრიდან ოქროსფერი განათება. ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებდა, რომ სახლის პატრონს შუქი თითოეულ ოთახში ცალ-ცალკე დაეტოვებინა ანთებული. ყველაფერი ამის დანახვამ, ჩემი ინტუიციის ძლევამოსილებაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა -მელინას ნამდვილად არ ეძინა და სავარაუდოდ, ამას ვერც მოახერხებდა მანამ, სანამ ამინდი ოდნავ მაინც არ ჩაწყნარდებოდა.

-ველოსიპედი ცოტა ხნით შენს საბარგულში იდოს, მერე წავიყვან -ღვედის გახსნის პარალელურად, თავი ენკესკენ გავატრიალე. ამ უკანასკნელს, მანქანა უძრავად გააჩერებინა სახლის წინ და საჭეზე თითებს უსიტყვოდ ათამაშებდა

-მივხედავ შენს ველოსიპედს, გადადი -მითხრა რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ. შევატყვე, უხასიათოდ იყო, თუმცა ამის მიზეზს ვერა და ვერ ვხვდებოდი.

-რამე არის, რაც უნდა ვიცოდე? -ვკითხე -ისეთი სახით იყურები, თითქოს ფრონტის წინა ხაზზე მგზავნიდე, საომრად

-შენ წარმოიდგინე, სიყვარული ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ფრონტის წინა ხაზი -ჩემკენ არც მოუხედავს ისე მომიგო, მერე კი მკითხა : -იცი, რომ ადრე ორი უახლოესი მეგობარი მყავდა და ახლა ისინი სწორედ ქალის სიყვარულის გამო აღარ მყავს?

-ანუ?

მწარე ღიმილი გაუკრთა ტუჩებზე ენკეს. აშკარა იყო, გონებაში რაღაც ისეთი აზრები უტრიალებდა, რის არსსაც ბოლომდე თავადაც ვერ ვწვდებოდი.

-ანუ ის, რომ ქალის სიყვარულმა ორივეს ცხოვრება შეიწირა -სივრცის ყურების პარალელურად შეუდგა თავისი სიტყვების ახსნას -ერთი უპასუხო სიყვარულმა გააგიჟა, თავის რჩეულს, ქორწილის დღეს საქმრო დაუჭრა ცეცხლსასროლი იარაღით და ვინაიდან, ის ტიპი პოლიტიკოსის შვილი იყო, ოცწლიანი პატიმრობა მისცეს. მერე ესეც არ აკმარეს და სპეციალურად შეგზავნილმა ტიპებმა ციხეშივე წაუჭირეს ყელზე მავთული -აქ მცირედი პაუზა გააკეთა, შუბლი ხელებით დაიზილა და რამდენიმე წამში კვლავ ალაპარაკდა :- მეორეს რაც შეეხება, თავისი იდიოტური ჭკუით, ქორწილის წინა ღამით, ზუსტად ღამის ორ საათზე მოუნდა საყვარელი საცოლის ნახვა. ჩაჯდა კიდეც მანქანაში და მისი სახლისკენაც აიღო გეზი, თუმცა საიდანღაც, გალეშილი, ძვირიან ავტომობილზე მომხტარი, მთვრალი მამიკოს ბიჭი გამოვარდა და ღრმად პატივცემული ავარია მოახდინა

კვლავ მცირედი პაუზა . . .

-სასაცილოა არა? სულ ეს იყო ამ ორი რეგვენის ისტორია. თანაც როგორც ხედავ, ორივეგან ქალის ბრალეულობა იკვეთება მათ ამბავში -მერე გვერდულად გამომხედა, თან საჭეს ცალი იდაყვით ჩამოეყრდნო -ძალიან მაინტერესებს შენ რა მოგელის? ხიდიდან გადავარდები სასმელის ნახევრად დაცლილი ბოთლით ხელში თუ სატვირთო გაგიტანს უახლოეს დღეებში?

ახლა უკვე ყველაფერი გასაგები გახდა. თითქოს ენკეს გონებაზე ჩამოფარებული წარმოსახვითი ფარდა ზემოთ აფრიალდა და გარკვევით დამანახა, რა ხდებოდა მის მიღმა. ღიმილი მომერია. აი, თურმე რატომ ჰქონდა მუდამ უკმაყოფილო სახე, როდესაც მელინას შესახებ ესმოდა ჩემგან. მას უბრალოდ არ სურდა მეც ისეთივე ფატალური შედეგით დამესრულებინა, როგორც ეს მისი ახლო მეგობრების შემთხვევაში მოხდა.

-მაგაზე შეგიძლია არ ინერვიულო და სადარდებელთა სიიდანაც ამოშალო. მე ისტორიის გამეორებას არ ვაპირებ -მხარზე ხელი გამამხნევებლად დავარტყი ამის თქმისას, თუმცა შევატყვე დიდად ვერ იმოქმედა, ამიტომ დავამატე :- და იმის პირობასაც ვდებ, რომ ღამის ორ საათზე, ქორწილის წინა ღამით საწოლში დავრჩები და არავის ნახვა არ მომინდება

-საერთოდ არ მეხუმრება!

-შენ რა გულჩვილი ვინმე ყოფილხარ, ტაბიძე -ხმამაღლა გამეცინა.

-გაჩუმდი, თორემ ბო*იშვილი ვიყო მაგრად გცემ!

-ჩუმად ვარ, ჩუმად -დანებების ნიშნად ავწიე ორივე ხელი. გულში კვლავ მეღიმებოდა იმის გააზრებაზე, რომ მისი უხასიათობის მიზეზი ჩემზე ნერვიულობა იყო. ერთი შეხედვით ყველაფრის მიმართ ფლეგმატურ, ბავშვური გართობების მოყვარულ, არასერიოზულ, ნარცისიზმის სინდრომით დაავადებულ ტიპს, სიტყვა "მეგობრობა" იმაზე უკეთ ესმოდა, ვიდრე რომელიმე სხვას და ისეთი რთული რამები გადაეტანა წარსულ ცხოვრებაში, როგორსაც მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი, თავად რომ არ მოეყოლა სრული სიმართლე


-გადახვალ ახლა ბოლო-ბოლო თუ გადაგაგდო? -კვლავ იღრინებოდა, სავარაუდოდ წარსულის ბნელი მოგონებების გახსენებისგან გამოწვეული ტკივილის გადასაფარად

-გადავდივარ, ჰო. თავად კი მანამდე მოასწარი სახლში მისვლა, სანამ წყალდიდობა მოგისწრებს. სურვილი არ მაქვს ხვალ დილით საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმინო შენს შესახებ

-ნეტავ იმასაც არ მეტყოდე, როცა მიხვალ მომწერეო -ამდენ ხნიანი დაძაბულობის შემდეგ, პირველად გაეღიმა.

-არ გეტყვი, მაგრამ შენ თუ მოგინდება მაინც მომწერე -გადავწყვიტე თავადაც ავყოლოდი ხუმრობაში.

-კარგი, წადი შენს როუზთან, ჯეკ, სანამ მოთმინების ფიალა ამვსებია და მართლა მიცემიხარ . . .

ენკეს მანქანიდან პასუხის გაცემის გარეშე გადავედი. თავსხმა წვიმა გადაღების მაგივრად უფრო და უფრო ძლიედებოდა, მისი მძვინვარების შემხედვარეს კი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ნახშირისფერ ღრუბლებს, მთელი თავისი მრისხანების ამოფრქვევა ერთ ღამეში ჰქონდათ გადაწყვეტილი.

სახლისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალს, ბუნდოვნად ჩამესმა როგორ აამუშავა ენკემ მანქანის ძრავა და როგორ გაიყვანა იგი, პარკინგიდან, მთავარ გზაზე.

უკვე კარის ზღურბლთან ვიყავი მისული, როდესაც ელვამ ყველაფერი კიდევ ერთხელ გაანათა დღესავით და მეც სწრაფად დავაკაკუნე ჩემს წინ აღმართულ ბარიერზე, შიგნით შესვლაში რომ მიშლიდა ხელს.

ზღურბლის მეორე მხრიდან, საკმაოდ მაღალზე აწეული მუსიკების ხმა მომესმა. დიდი ალბათობით, ჩემს მიერ გამოყენებული საშუალება ჰქონდა გონებაში ჩარჩენილი, როდესაც ბარში, ქუხილის გადასაფარად ავუწიე ბასებს, რათა ნაკლებად შეშინებოდა და თავადაც ზუსტად იგივე გზას მიმართავდა.

გამეღიმა. ოცდაერთი წლის გოგოსთვის, მართლაც სასაცილო იყო ჭექა-ქუხილისადმი ასეთი დამოკიდებულება, თუმცა ფობია ისეთი რამ გახლდათ, რისი კონტროლიც ადამიანთა დიდ ნაწილს ცუდად გამოსდიოდა, ამიტომ მაინცდამაინც გასაკვირად ნამდვილად არ მეჩვენებოდა თავისი შიშის გადალახვა, ვერც ამ კედლების მიღმა მყოფმა რომ ვერ შეძლო.

პირველი დაკაკუნების შემდეგ, კართან დგომამ კიდევ დიდხანს მომიწია. რთული მისახვედრი არ იყო, რომ ხმამაღლა აწეული მუსიკების გამო, მელინამ ჩემი მოსვლის გაგება ვერ შეძლო და კაკუნი კიდევ ერთხელ გავამეორე, ამჯერად ორჯერ უფრო ძლიერად.

კიდევ რამდენიმე წამი გავიდა. გადავწყვიტე, მესამე მცდელობაც შემემატებინა წინა ორისთვის, თუმცა როგორც კი დასაკაკუნებლად ხელი ზემოთ ავწიე, სწორედ იმ წამს მომესმა საკეტის ჩხაკუნის ხმა და სულ მალე, მელინას გაოცებულ გამომეტყველებასაც შევეჩეხე, ჩემი დანახვისას უმალვე რომ გადაეკრა სახეზე.

-ნიკოლოზ? -ისე მკითხა, თითქოს ჩემს სინამდვილეში ეჭვი ეპარებოდა და მხოლოდ მირაჟი ვეგონე -ამ დროს, აქ რას აკეთებ?

-როგორც ჩანს, ქართველებს აშკარად დაკარგული გვაქვს სტუმართმოყვარეობა -ვითომ დანანებით გადავაქნიე თავი ამის თქმისას -ადრე, ასეთ თავსხმაში რომ ვინმეს სტუმარი ეწვეოდა, ზღურბლთან კი არ აყენებდა, არამედ სასწრაფოდ შეიპატიჟებდა შინ, ბუხარს უნთებდა, ათბობდა და ცხელ წვნიანს სთავაზობდა ხოლმე

მელინას ცილილი აუტყდა ჩემს ნათქვამზე, თან კარის ჩარჩოს იდაყვით მიეყრდნო და ცერა თითით შიგნითკენ მანიშნა.

-შემოდი, შემოდი -მითხრა გამხიარულებულმა -ცხელ წვნიანს და ბუხარს ვერ დაგპირდები, თუმცა პირსახოცის და ცაცხვის ჩაის შემოთავაზება არ გამიჭირდება


-ვერ ვიტან ცაცხვის ჩაის -შუბლშეჭმუხნულმა გადავაბიჯე ზღურბლს. მხოლოდ ნესტიანიდან, მშრალ ატმოსფეროში გადანაცვლებამ მიმახვედრა, თუ რამდენად სველი ვიყავი იმ წამს და აშკარად ვიგრძენი პირსახოცის საჭიროება.

-მაშინ პიტნის ჩაის ვარიანტიც მაქვს, რას იტყვი?

-არაფერი მინდა, მხოლოდ პირსახოცის გადაუდებელი დახმარება მჭირდება

-ახლავე -სწრაფად დატოვა მისაღები ოთახი და ორი წუთიც არ იყო გასული, რომ ჩემთვის სასურველი ნივთით ხელში დაბრუნდა უკან.

-აი, აიღე და მოწესრიგდი, მერე კი ის მითხარი, ამ დროს აქ რამ მოგიყვანა

-რიანა მეც მომწონს, თუმცა იქნებ ხმისთვის ოდნავ ჩაგეწია? შენი მეზობლები უკვე ხელმოწერებს აგროვებენ, რათა გაგასახლონ -ტელევიზორის ეკრანისკენ ვანიშნე, რომელიც მუსიკალურ არხზე გადაერთო და საკმაოდ ხმამაღლა აღრიალებდა.

მელინამ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. მიზეზს მაშინვე მივხვდი, მე ხომ კარგად ვიცოდი, რატომაც იყო მისი ტელევიზორი ჩართული დილის ექვსის ნახევარზე, ამიტომ, სველი თმის მშრალებისის პარალელურად, ღიმილით ვუთხარი:

-ვიცი რა მიზეზითაც გაქვს ხმა აწეული და აქ სწორედ ამიტომ ვარ -სველი მაისური ტანზე გადავიძრე ამის თქმისას და მისი ალეწილი სახის დანახვაზე გამეცინა -ტელევიზორის ბოლომდე აწევა და გარშემო ყველას გაღვიძება არაა საჭირო, მე დაგეხმარები ყურადღების გადატანაში

რამდენიმე წამით, გაფართოებული თვალებით მიყურებდა. ალბათ, იმ სიტყვების გადახარშვას ცდილობდა, რაც ცოტა ხნის წინ ვუთხარი. სახეზე ეტყობოდა, ძალიან აკვირვებდა ის დასკვნა, რომლისკენაც ნელ-ნელა მიდიოდა.


-შენ რა, ამ დროს აქ მართლა იმიტომ მოხვედი, რომ იცი ჭექა-ქუხილს ვერ ვიტან? -მკითხა ბოლოს, თან გამომცდელი მზერაც მოაყოლა თავის სიტყვებს.

საპასუხოდ, წარბები ავზიდე თანხმობის ნიშნად. მერე წვიმის წვეთებით დანამული პირსახოცი დივნის სახელურზე გადავფინე, ჩემს გალუმპულ მაისურთან ერთად და თავადაც მასში ჩავეშვი.

-მოდი ჩემთან -თვალებით ვანიშნე მელინას გვერდით დამჯდომოდა

-უმაისუროდ ხარ, ნიკოლოზ

-იმიტომ, რომ ჩემი მაისური სველია და თუ არ გინდა შეურაცხყოფა მომაყენო, ნურც იმას მეტყვი, ჩემსას გათხოვებო -ბოლო სიყვებზე ღიმილით გავხედე და მისი გაღიმებაც შევძელი.

-გამოუცნობი ვინმე ხარ, იცი? -გვერდით მომიჯდა, საზურგეს ცალი მხრით მიეყრდნო და თითქოს სულში შემიძვრა თავისი გამჭოლი მზერით.

-კიდევ როგორი ვარ, ვამჩნევ რაღაც დაგრჩა სათქმელი

-ჰო, დამრჩა -ტელევიზორის ეკრანი მთლიანად ჩააბნელა იქვე მიგდებული პულტით, თან დივანზე აკეცილ მუხლებს, მკლავები შემოხვია.

-თუ ასეა, გისმენ

-დამაბნეველი ხარ -თქვა სივრცეში, ერთ კონკრეტულ წერტილს მიშტერებულმა -ადამიანს ჰგონია გიცნობს, შენზე ზუსტი წარმოდგენა აქვს შექმნილი, თუმცა რაც დრო გადის მით უფრო არწმუნებ მას, რომ რასაც აქამდე ფიქრობდა ყველაფერი ტყუილი იყო. რთულია შენი კარგად შეცნობა

-ან, შენ არ გიცდია უკეთ გაგეცანი -შევუსწორე, მერე კი მის რეაქციას დაველოდე, თუმცა იმ წამს კიდევ ერთხელ იქუხა ძლიერად და მელინამაც უფრო მაგრად შემოაჭდო მკლავები მუხლებს. ისიც ნათლად დავინახე როგორ მთელი ძალით ჩააჭირა თავისი გრძელი ფრჩხილები შიშისგან, კანს.

რაღაც უნდ გამეკეთებინა. რაღაც ისეთი, რომ კიდევ ერთხელ შემძლებოდა მისი ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, ოღონდ ამჯერად მუსიკის გარეშე.

-მომიახლოვდი -მაჯაზე ხელი მოვკიდე ამის თქმისას და სანამ კითხვების დასმას მოასწრებდა, ჩემკენ მოვიზიდე -ახლა თუ რასაც გეტყვი ყველაფერს გააკეთებ, დამიჯერე ნახევარ საათში უკვე ჩაძინებული იქნები და სამსახურშიც ენერგიით სავსე წახვალ

-მაგას როგორ აპირებ? -ეჭვიანი მზერა ჰქონდა მელინას.

-დასაწყისისთვის გულზე თავი დამადე და თვალები დახუჭე -ვუპასუხე ზედმეტი დაფიქრების გარეშე -ჩემს წელს ზემოთ სიშიშვლეს ყურადღებას ნუ მიაქცევ, ზღვაზე ისედაც ყოველ დღე ხედავ გახდილ ბიჭებს

-ძალიან ცდები თუ გგონია, რომ შენი მიმზიდველი პრესისკენ გამირბის თვალი და ყურადღებას ვაქცევ

-თუ არ გაგირბის, საიდან იცი, რომ მიმზიდველი პრესი მაქვს?

-გულზე თავის დადებაზე საუბრობდი -თვალი ამარიდა და ოსტატურად შეცვალა საუბრის თემა. მეც აღარ ჩავძიებივარ უწინდელს, რადგან ვხვდებოდი უხერხულობას ვუქმნიდი და უპრობლემოდ გადავერთე ახალ ტალღაზე.

-ჰო, ეს თერაპიის ნაწილია, ამიტომ მოუსმინე შენს ექიმს და შეწინააღმდეგებას ნუ ეცდები

ჩემდა გასაკვირად და გასაოცრად, ჯიუტობა არ დაუწყია. სულ მალე ვიგრძენი, როგორ მოიწია ჩემთან უფრო ახლოს, როგორ ჩამომადო თავი გულზე და როგორ გაიფანტა მისი თაფლისფერი თმის ტალღები ჩემს სხეულზე.

-ახლა თუ ისევ გამარჯვებულის ღიმილით იყურები, იცოდე სახეს მოგაძრობ

-ნუ ღელავ, არ ვიყურები -გამეცინა მის სიტყვებზე, თან თმაზე გადავუსვი მარჯვენა ხელი. აბრეშუმივით რბილი და ფაფუკი ჰქონდა ეს უკანასკნელი -თვალები ხომ დახუჭული გაქვს?

-კი, დახუჭული მაქვს

ამ პასუხის მოსმენის შემდეგ, მარცხენა ხელი მელინას ხელში გადავხლართე, თითებზე ოდნავ შევეხე ტუჩებით და სიმშვიდის თერაპიისთვის, იმის ლაპარაკი დავიწყე, რაც თავში პირველად მომივიდა აზრად :

-იყო და არა იყო რა, ზონაში სადაც ღრმად პატივცემული ელექტრული ველის დაძაბულობამ კრიზისულ ზღვარს მიაღწია, ჰაერის თავისუფალი ელექრტონები, ჯეკი და ჯეიმსი, დიდი სიჩქარით გამოემართნენ დედამიწისკენ და ჰარის ატომებთან შეჯახებით გამოიწვიეს დარტყმის იონიზაცია -ისე ვუყვებოდი ამ ყველაფერს, როგორც ზღაპარს, ძილის წინ -შემდეგ ისე მოხდა, რომ ეს წარმოქმნილი კლაკნილი ხაზი, ეგრედწოდებული ელვა, ცაზე გავრცელდა, გაბრაზებული ხმები გამოსცა და ერთი ადამიანის ძილი დააფრთხო. გინდა ბოდიში მოვახდევინო ამისთვის?

-რა სულელი ხარ -მთელი იმ დროის მანძილზე, რაც ზემოთ აღნიშნულ აბსურდს ვლაპარაკობდი, ჩუმი სიცილი არ შეუწყვეტია მელინას, თან კვლავ ჩემს გულზე ჰქონდა თავი ჩამოდებული -ეს რა, ქუხილის წარმოქმნის შენებური მეცნიერული ახსნა იყო?


-ჰო, თანაც სახელები, ჯეკი და ჯეიმსიც იმიტომ გამოვიყენე, რომ პოზიტიურად ჟღერს და სიტუაციასაც უხდება -თითებზე მისი თმის ბოლოები დავიხვიე ამის თქმისას და მათზე დავიწყე თამაში.

-იცი? თავიდანვე ასეთად რომ გამცნობოდი, როგორიც ახლა ხარ, ალბათ ბევრ რამეს გადაურჩებოდი

-მაგალითად?

-მაგალითად საათების განმავლობაში, საპირფარეშოში დაბმული ჯდომას

-ჰო, ეს რატომღაც თავიდანვე ვერ გავთვალე -გამეცინა, მერე კი დავამატე :- მოკლედ და კონკრეტულად, უკვე დავრწმუნდით, რომ ჭექა-ქუხილში საშიში არაფერია, თუკი ამ დროს გარეთ არ ხარ და რკინები არ გაქვს ასხმული

-უკვე ვეღარ გავიგე ფსიქოლოგიას მე ვსწავლობ თუ შენ

-ფსიქოლოგიას სწავლობ? -კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია გავიგე მელინაზე იმ წამს.

-ჰო, დამამთავრებელ კურსზე ვარ

-აჰა, ახლა უკვე გასაგებია რატომაც ხარ მუდამ ასეთი თავდაჯერებული

-ჩემი თავდაჯერება ასე გაშინებს? -ეჭვით ამომხედა.

-მე უფრო ვიტყოდი, რომ მიწვევს . . . ახლა კი მოდუნდი და შეეცადე დაიძინო

-ნიკოლოზ . . .

-გისმენ

-გუშინწინდელის გამო ხომ აღარ ბრაზობ? -მკითხა შეპარვით -მართლა არ მინდოდა უსამართლოდ მოქცევა, უბრალოდ ასე გამოვიდა

გამეღიმა. თავასაც მიკვირდა როგორ, თუმცა ბრაზის შეგრძნებისგან, რომელსაც მეგონა კიდევ დიდხანს ვერ მოვიშორებდი, თითქმის აღარაფერი დარჩენილიყო პატარა ფრაგმენტების გარდა და ისინიც ნელ-ნელა ეძლეოდა დავიწყებას.

-თუ ხუთ წუთში დაიძინებ, დიდსულოვნებას გამოვიჩენ და ყველაფერს გაპატიებ -ულტიმატუმის წაყენებასავით ჟღერდა ჩემი ეს სიტყვები.

-შენ აქ დარჩები?

-გინდა რომ დარჩე?

-მსგავს ამინდიში გარეთ რომ გაგიშვა ძალიან სასტიკი უნდა ვიყო -კვლავ თვალებდახუჭულმა დამადო თავი გულზე.

-შენს დაძინებამდე აქ ვიქნები, ახლა კი გონება დაიმშვიდე და შეეცადე რამე სასიამოვნოზე იფიქრო
აღარაფერი უპასუხია. უბრალოდ თავი დააქნია თანხმობის ნიშნად და ვიგრძენი როგორ აათამაშა თავისი წვრილი თითები ჩემს გულ-მკერდზე. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა მელინას ასეთი მოუსვენრობა, თუმცა როცა თითების მოძრაობა შეწყვიტა, მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი, რომ ღრმად ჩასძინებოდა და მისი მშვიდი, თანაბარი სუნთქვის გაგონებამ ამაში საბოლოოდ დამარწმუნა . . .




8 8 8 8


შუა დღის ორი საათი სრულდებოდა, როდესაც ძილი რაღაც უსიამოვნო და ამავდროულად, უცნაურმა ხმამ დამიფრთხო. მელინას სახლიდან, გამთენიისას წამოსულს, აღნიშნულ მომენტში, კარგად გამოძინებაზე მეტად არაფერი მინდოდა, თუმცა როგორც ჩანდა, ვიღაც ნაკლებად იყო დაინტერესებული ჩემთვის სიმშვიდის უზრუნველყოფით და მეც, საკუთარ თავს მაქსიმალურად დავატანე ძალა, რათა თვალები გამეხილა და ამ უეცრად შემოჭრილი პიროვნების ვინაობა დამედგინა.

გაკვირვება, ბრაზი, მოულოდნელობის შეგრძნება, თითქმის ყველაფერი ერთდროულად გამომესახა ნამძინარევ სახეზე, როგორც კი ოთახში, ბრაზიანი პოლკოვნიკივით თავზე მდგომი, კვირების უნახავი უფროსი ძმა შევნიშნე. ამ უკანასკნელს, ცალ ხელში ჩაის ჭიქა ეჭირა, მეორეში ვერცხლისფერი კოვზი და მას, ფინჯანს საკმაოდ ხმამაღლა ურტყამდა, ჩემს გასაღვიძებლად.

რამდენიმე წამის განმავლობაში, ლოგინზე წამომჯდარი, უხმოდ ვუყურებდი ამ სანახაობას. ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, რამე ხომ არ მეჩვენება, ან უარეს შემთხვევაში, სიზმარში აარონს ხომ არ ვხედავ-მეთქი, თუმცა მალევე დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი რეალობაში ხდებოდა და საწოლიდან თვალების სრესით წამოვდექი.

-გეყოფა, გააჩუმე ეგ გონგი, უკვე მღვიძავს -ვუთხარი უხალისოდ, მერე კი გამახსენდა, რომ შემოსვლისას კარები გასაღებით ნამდვილად ჩავკეტე და ვკითხე : -აქ რანაირად შემოაღწიე? საკეტი გატეხე?

-ამდენი ხნის უნახავ ძმას ასე ხვდებიან, ნიკოლოზ? -ეჭვით დაწვრილებული თვალებით მიყურებდა ამის თქმისას აარონი
-მაგ ძმას რომ კეთილი ენება და ჩუმად შემოსულიყო, მერწმუნე უფრო თბილ დახვედრას მოვუწყობდი -მერე თავი გადავაქნიე, გამეცინა და შევათვალიერე. თითქოს არაფერი შეცვლილიყო მასში იმის გარდა, რომ თმა ონდავ წამოზრდოდა და მუდამ გაპარსული წვერი, ახლა დაბალზე მოეშვა -როდის ჩამოხვედი? ნიცაც აქ არის? თქვა რომ კორპორაციულისთვის ისიც აპირებდა ჩამოსვლას

-არა, ნიცა თბილისშია -სავარძელში ჩაჯდა და ისე მიპასუხა -რაღაც საქმე გამოუჩნდა და მხოლოდ მე და ანასტასია წამოვედით

-ჰოო? მერე მასაც რატომ ვერ ვხედავ?

-სასტუმროს ნომერში დავტოვე, გუშინ ღამით გვიან ჩამოვედით და აღარ გავაღვიძე, ღრმად ეძინა -მერე დაკვირვებით შემათვალიერა, თავისი სავარძლიდან და ტუჩის კუთხეში ოდნავი ღიმილი გაუკრთა -შენ როგორ ხარ? ამ ბოლო დროს პრეტენზიის გამოსახატი ზარებით ნაკლებად მანებივრებ ხოლმე, რაც ცოტა არ იყოს მიკვირს

-შემთხვევით ჩემი პრეტენზიების გამო ნოსტალგიის გრძნობა ხომ არ გაგიჩნდა?

-მე გაკვირვებას უფრო ვიტყოდი. რამე ხდება და არ ვიცი?

-რა უნდა ხდებოდეს? -მხრები ავიჩეჩე.

-არ ვიცი, უბრალოდ რაღაც შეცვლილი მეჩვენები ნიკოლოზ -კიდევ ერთხელ ამათვალიერა დაკვირვებით ამის თქმისას, თან ოდნავი ღიმილით დაამატა :ოღონდ ვიზუალური მხარე არ მაქვს მხედველობაში

-ალბათ, მძიმე სამუშაო გრაფიკმა იმოქმედა -გამეცინა, მერე კი, რატომღაც საუბრის სხვა თემით ჩანაცვლება გადავწყვიტე -ჰო მართლა, რამეს ხომ არ დალევ?

-რა შეგიძლია შემომთავაზო?

-ვფიქრობ, დიდი ალტერნატივა არ მაქვს, ყავასა და ჩაის შორის უნდა გააკეთო არჩევანი

-თუ ასეა, იყოს ყავა

-მაშინ წადი და ერთი ჩემთვისაც გააკეთე, მანამდე პირზე წყალს შევისხამ -ვუთხარი სწრაფად და აბაზანის კარი ისე შევაღე, მეტად არაფრის თქმა აღარ დავაცადე.

"თურმე ყავა უნდა გავუკეთო. ყავების კეთება სამსახურშიც მყოფნის, ძვირფასო ძამიკო" -ხელის გულებში დაგუბებულ წყალს პირზე ვისხამდი, თან გაბრაზებული ვფიქრობდი. ვერ ვიტყვი, რომ აარონზე კიდევ ვიყავი ნაწყენი, თუმცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყავების მომზადება უკვე იმ საქმიანობად ქცეულიყო, რომელიც გულს მირევდა და ენკესაც კი უკიდურეს შემთხვევაში ვუმზადებდი ხოლმე -ზუსტად მაშინ, როდესაც მინდებოდა, ცოტა ხნით პირი რამით დაეკავებინა და მოეკეტა.
სახეზე წყლის შესხმასა და კბილების გახეხვას რომ მოვრჩი, აბანაზნიდან შედარებით მოფხიზლებული გამოვედი. აარონი, ამჯერად ჩემი საძინებლის სავარძელში აღარ იჯდა და ოთახის ღია კარიდან მესმოდა სამზარეულოდან მომავალი მისი ნაბიჯების ხმა. როგორც ჩანდა, ნამდვილად ყავის მომზადებით იყო გართული, ჩემთვისაც და თავისი თავისთვისაც.

-რა ქენი, შაქარს მიაგენი თუ მოგაძებნინო? -გავძახე, თან ტანზე ახალი მაისური გადავიცვი, ძველს კი კუთხეში დადგმულ, გასარეცხი ტანსაცმლის კალათში მივუჩინე ადგილი.

-ვიპოვე, არ მინდა -მალევე დამიბრუნა პასუხი -აქ ყოველთვის ასე ცხელა?

-მე უკვე შევეჩვიე ზაფხულში კონდინციონერის გარეშე ყოფნას -თავადაც სამზარეულოში გამოვედი ამის თქმისას და მაგიდას მივეყრდენი -თუ გინდა ვენტილატორს ჩაგირთავ, ან მაცივრის საყინულეს გაგიღებ და მის წინ დადექი, მაგრად ასწორებს

აარონს სიცილი აუტყდა ჩემს სიტყვებზე. მეც გამეცინა. თითქოს ამ წამს გავაცნობიერე მთელი სიცხადით, რომ სრულიად დამვიწყებოდა რას ნიშნავდა მაღალი სტანდარტებით ცხოვრება, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ ეს ფაქტი ისევე მეკიდა ფეხებზე, როგორც ინდური დამწერლობის არცოდნა.

-კარგი, ეგრე ნუ ლაპარაკობ, თორემ თავს დამნაშავედ ვიგრძნობ -თქვა მაშინვე, როგორც კი სიცილს მოვრჩით, მერე კი დაამატა :- ჰო მართლა, აბაზანში რომ იყავი, შენს ტელეფონზე დროს ვამოწმებდი და შემთხვევით, გალერიაზე მომიხვდა თითი. მაშინვე ერთი გოგოს ფოტო გაიხსნა. საკმაოდ ნაცნობი სახე ჰქონდა.

ერთადერთი გოგო, ვისი ფოტოც ტელეფონში მქონდა, ეს მელინა იყო, ამიტომ მაშინვე მივხვდი, რომ აარონი სწორედ იმ სურათს გულისხმობდა, მე რომ გადავუღე, მალულად, თავის მანქანასთან მდგომს.

-ჰო, ნაცნობი სახე ჰქონდა და იცნობ კიდეც -მივუგე მაშინვე.

-ძალიან კარგი გოგოა -გულწრფელად აღნიშნა ჩემმა ძმამ -იცოდე, მაგასაც გამოყენებას და მიგდებას თუ უპირებ . . .

-აღარ დაასრულო, ძალიან გთხოვ -შუა გზაზე გავაწყვეტინე დაწყებული წინადადება -მაგ ადამიანისადმი, სიტყვების "გამოყენების" და "მიგდების" ხმარებაც კი არ მსიამოვნებს

აარონს, გაკვირვებული მზერა ღიმილიანმა შეუცვალა და ადუღებული ჩაიდნიდან, წყალი ჭიქებში გადმოასხა. ყავის არომატული სურნელი, პატარა სამზარეულოში მალევე გავრცელდა და ჩემი სუნთქვის რეცეპტორებამდეც მოაღწია. ამ სურნელზე, ნესკაფეს ყავის საახალწლო რეკლამები გამახსენდა, ჩემს ბავშვობაში რომ ტელევიზორის წინ, მოუთმენლად ველოდით ხოლმე მე და ნიცა, თოვლის ბაბუისა და მისი ირმებიანი მარხილის გამოჩენის იმედით.

საკუთარ ფინჯანს უხმოდ დავწვდი და მაგიდასთან ჩამოვჯექი. იგივე გააკეთა აარონმაც, თუმცა თავის ჭიქას არ გაჰკარებია. ამის მაგივრად, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო, თითები ერთმანეთს გადააჭდო და მკითხა :

-თქვი ნაცნობი სახე აქვს და იცნობ კიდეცო, საიდან? -კვლავ უწინდელ თემას მიუბრუნდა იგი, თან კითხვის ნიშნებით სავსე მზერა მესროლა. რომ დავფიქრდი, არანაირი აზრი არ ჰქონდა აარონისთვის სიმართლის დამალვას. პირიქით, თუ საქმე ცუდად წავიდოდა და საიდუმლო გამოაშკარავების პირას აღმოჩნდებოდა, შეეძლო მელინას დახმარებოდა კიდეც, ამიტომ მისთვის ყველაფრის მოყოლა გადავწყვიტე და საუბრის დაწყების წინ, საკუთარი ფინჯნიდან ოდნავ მოსვი.

-გოგო, ვისი სურათიც ტელეფონში ნახე, შენი საქმიანი პარტნიორის, დავით დევდარიანის შვილია -ვუთხარი -ალბათ ერთმანეთს სადმე შეხვედრიხართ და ნაცნობი სახეც ამიტომ აქვს

-დავით დევდარიანის? -გაუკვირდა -კი მაგრამ, მაგ გოგოს შენ საიდან იცნობ, დავითი რამდენიმე დღის წინ ვნახე და მითხრა, რომ ანტონია სანტორინში იყო, საზაფხულო არდადეგებზე

"ანტონია" –როგორ მეუცხოვებოდა ეს სახელი, მაშინ როცა მე სრულიად სხვანაირად გამეცნო და არა მარტო მე, არამედ მთელს ჩვენს გარემოცვასაც.

-არანაირი სანტორინი -თავი გადავაქნიე ამის თქმისას -ეგ გოგო ამ ქალაქში ცხოვრობს, სასტუმროში ჩემს ცვლაში მუშაობს და სახელიც და გვარიც შეცვლილი აქვს

ამ სიტყვების მოსმენისას, აარონმა, პირისკენ წაღებული ფინჯანი, კვლავ მაგიდის ზედაპირზე დააბრუნა, თან გაოცებული ღიმილი მოადგა სახეზე.

-რას ბოდავ? -მკითხა -დავითის შვილს ჩემს სასტუმროში რა ესაქმება? იქ რატომ უნდა მუშაობდეს?

-იმიტომ, რომ თავის ცხოვრებას უცხადებს ბოიკოტს . . . გრძელი ამბავია, მეც ახლახანს გავიგე, თუმცა მამამისმა ამის შესახებ არაფერი უნდა იცოდეს და იმედია კორპორაციულ საღამოზე ისიც არაა მოწვეულ სტუმართა შორის

-არა, არ არის -ჩემს ძმას ხმაზე ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო სიტუაციაში -მაგრამ დევდარიანმა რომ ეს ამბავი გაიგოს, ალბათ ბრაზისგან შეიძლება. მისთვის და მისი ცოლისთვის, იმიჯი და "რას იტყვის ხალხი" ყველაფერს ნიშნავს

-მიკვირს ეგეთ უსიამოვნო ტიპთან საერთოდ რომ გაქვს ურთიერთობა -ვაღიარე გულწრფელად -თანაც იმდენად უსიამოვნოსთან, ვისაც საკუთარმა ქალიშვილმაც კი ვერ გაუძლო და სახლიდან გამოექცა

აარონს გაეცინა.


-მართალი ხარ, დავითი ნამდვილი სასჯელია, თუმცა საქმეში საჭირო კაცია. სხვა მხრივ, რომ გითხრა მასთან ძალიან ვმეგობრობ-მეთქი, მოგატყუებ

არც გამკვირვებია ასეთი სიტყვები. ზოგადად, აარონი ვერასდროს ეწყობოდა ხოლმე მსგავსი კატეგორიის ხალხს და მის სამეგობროშიც ყოველთვის უბრალო, მხიარული
ადამიანები ჭარბობდნენ, რომელთათვისაც სხვებისთვის ქედმაღლურად ყურება სრულიად უცხო ცნება იყო.

-კიდევ კარგი, თორემ რომ გეთქვა ჩემი მეგობარიაო, შენი ძმობის შემრცხვებოდა

რამდენიმე წამით სიჩუმემ დაისადგურა ჩვენს შორის. ორივენი უხმოდ ვსვამდით დილის ყავას, მანამ, სანამ კვლავ აარონი არ ალაპარაკდა :

-და ანტონიასთან რა ურთიერთობაში ხარ? -გამომცდელი მზერა მოაყოლა ამ სიტყვებს. აშკარა იყო, მეტის გარკვევას ცდილობდა, მაგრამ რა მეპასუხა? პასუხი თავადაც არ მქონდა, ამიტომ სწორედ სიტუაციიდან გამომდინარე რაღაც ვთქვი :

-ვერ გეტყვი მასთან რა ურთიერთობა მაქვს. ისეთი მომენტია, რომ სახელს ვერაფერს ვარქმევ

-მაგრამ?

-მაგრამ ძალიან მინდა ჩემი იყოს -მერე შუბლი ორი თითით მოვისრისე და დავამატე :- ამ ბოლო დროს მეჩვენება, რომ ჩვენს შორის ყინულიც ლღვება

-ბევრი ქალი მოგდომებია, თუმცა შენს მობილურში არც ერთი მათგანის ფოტო არ მინახავს და დარწმუნებული ვარ, არც ყოფილა

-ჰო, არ ყოფილა -დავეთანხმე.

-და რას ფიქრობ? შეგიყვარდა?

ღრმად ამოვიოხრე ამ მორიგ ჩამჭრელ შეკითხვაზე. ბოლო პერიოდში, ყველა სიყვარულზე მესაუბრებოდა, თუმცა რა ჯანდაბა უნდა მექნა, როცა ამ მხრივ სრულიად გამოუცდელს პასუხებს მთხოვდნენ?

-იქნებ შენ მითხრა ეს როგორი გრძნობაა? -მაგიდას მკლავებით დავეყრდენი და ისე მივუგე -როგორც ამ სფეროში გამოცდილმა, მითხარი რა სახის შეგრძნებები გეუფლება ხოლმე ანასტასიასთან ყოფნისას? აღმიწერე, რას განიცდი, როცა შენგან თითის შესახებ მანძილზეა?

-რას განვიცდი? -ჩაფიქრებული სახით დააცქერდა ფინჯანში ჩარჩენილ კოფეინს, თანაც ოდნავ ჩაეღიმა. მისი მზერაც კი სხვანაირი გახდა, როდესაც საყვარელი ქალის სახელი ვუხსენე -ანასტასიასთან ყოფნას ერთადერთი მინუსი აქვს -მუდამ მიწევს ავიტანო მისდამი მიმართული სხვა მამაკაცების სურვილით სავსე მზერა, მაშინაც კი, როცა ჩემს გვერდითაა, თუმცა ეს რაღაც მხრივ სასიამოვნოც კია. ფლობდე ქალს, ვისზეც ბევრი ოცნებობს და დარწმუნებული იყო იმაში, რომ მხოლოდ შენი შეხება მოქმედებს მისი სუნთქვის ცვლილებაზე, უჩვეულო სიამოვნებას გგვრის

-მაგრამ მე სულ სხვა რამ გკითხე -გამეცინა -თემას გადაუხვიე, აარონ

-ვიცი რაც მკითხე და ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს -როცა ანასტასია ჩემთან ახლოსაა, როცა თითის შესახებ მანძილზეა, მუდამ თავისუფლების განცდა მაქვს. თითქოს დაძაბულობით სავსე გარმოდან, სიმშვიდის კუნძულზე გადავდივარ, სადაც ყველაფრისგან და ყველასგან შემიძლია დავისვენო. ამას ძალიანაც რომ მინდოდეს, მხოლოდ სიტყვებით ვერ ავხსნი, ეს თავად უნდა გამოსცადო

-ჰო, ალბათ მართალი ხარ -თავი დავუქნიე და მივხვდი, რომ ყავა მეტად აღარ მინდოდა -ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თუ ჩემი და მელინას გზები გაიყრება, ამას სახეზე ღიმილით ნამდვილად ვერ შევხვდები. თითქოს ის ერთ-ერთი ნაწილი მომაკლდება, რაც ცხოვრებას აზრს აძლევს

-არ შევმცდარვარ

-რას გულისხმობ?

აარონმა ჩემს მსგავსად გადადო ყავის ფინჯანი გვერდზე და ნიკაპზე ხელი მოისვა. ამ მხრივ, ორივეს ერთნაირი ჩვევა გვქონდა, ყავას ბოლომდე ვერასდროს ვამთავრებდით ხოლმე და არც ამჯერად შეცვლილიყო რამე.

-აქ სრულიად სხვანაირი გამოგიშვი -მომიგო მან, მერე წარბები ისე შეჭმუხნა, თითქოს რაღაც მივიწყებულს იხსენებსო და დაამატა -ახლა კი, როცა საუბრობ და გისმენ, მგონია, რომ შენი თავი ვიღაცამ გამომიცვალა

-აი შენ კი ოდნავადაც არ შეცვლილხარ -ვუთხარი. ერთი სული მქონდა სასაუბრო თემისგან გადამეხვია, რადგან ვერასდროს ვიტანდი, როდესაც ჩემი პიროვნული ცვლილებები იყო განხილვის საგანი, დადებითისადმი გახლდათ მიმართული ეს ეს, თუ უარყოფითისადმი. მიუხედავად ამისა, სასიამოვნო განცდა დამეუფლა, აარონმა რომ ჩემში რაღაც კარგი აღმოაჩინა, ამდენი ცუდის შემდეგ

-მივხვდი, ამაზე საუბარი არ გინდა -მაშინვე გამშიფრა თავისი დამკვირვებლური მზერით. ზოგჯერ მიკვირდა კიდეც საიდან ხვდებოდა ასე ზუსტად იმას, რაც ჩემს გონებაში, მისგან ფარულად ხდებოდა.

-ჰო, ასე ჯობია

-ცოტა არ იყოს მომენატრე, იცი? -სიცილით მიეყრდნო სკამის საზურგეს ამის თქმისას და ისე შემომხედა -თანაც შევამჩნიე, როდესაც მოგაკითხე, ნორმალურად არც კი მომსალმებიხარ. ჩემზე ისევ ბრაზობ, ხომ?

-ოდნავადაც კი არა -თავი გავაქნიე. ეს კითხვა, რომ ბათუმში გამოგზავნის წინა დღეს დაესვა, რა თქმა უნდა, პასუხი დადებითი იქნებოდა, თუმცა ახლა, მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა, რა უაზრო იქნებოდა ჩემი ცხოვრება, აარონს რომ შანტაჟის გზით არ წამოვეყვანე ლოს-ანჯელესიდან და ბათუმში არ გამოვეშვი, ჭკუის სწავლების მიზნით

-მიხარია თუ ასეა -ორივე გასარეცხ ფინჯანს დასწვდა ამის თქმისას, ფეხზე ნელა წამოდგა და ისინი ნიჟარისკენ წაიღო. ალბათ ამორეცხავდა კიდეც ჩემს მიერ ნათქვამ სიტყვებს რომ არ გაეჩერებინა:

-შეეშვი, ამ დროს წყლის მოწოდება წყდება რამდენიმე საათით, მერე მე თვითონ მივხედავ

-წყლის მოწოდება რატომ წყდება?

-რაო, გვიკვირს ძამიკო? -გამეცინა მის დაბნეულ სახეზე -ჩვეულებრივი ხალხი ასე ვცხოვრობთ და ჩვენთვის აქ გასაოცარი არაფერია

-ბევრს ნუ ლაპარაკობ -სიცილით მოშორდა ონკანს ამის თქმისას, მერე კი საზე საგრძნობლად დაუსერიოზულდა, თან შუბლი მოისრისა -მართლა არ მეგონა, თუ ასეთ შეუფერებელ პირობებში გიწევდა ცხოვრება

-შენ მაგაზე არ ინერვიულო -მაგიდიდან მწვანე ვაშლი ავიღე და ხმაურით ჩავკბიჩე. ვგიჟდებოდი ამ ხილზე. მისი სიმჟავე, განსაკუთრებით ლოს-ანჯელესში ცხოვრებისას მსიამოვნებდა, როდესაც კლუბებში გართობის შემდეგ, თითქმის ყოველ დილით ნაბახუსევზე ვიღვიძებდი ხოლმე

აარონი კვლავ მაგიდასთან ჩამოჯდა. თითები რომ ერთმანეთში გადააჭდო და გამჭოლი მზერა მესროლა, შევატყვე, კიდევ ჰქონდა დარჩენილი სათქმელი, თუმცა სანამ გონებაში მოტრიალე სიტყვების ხმამაღლა გასაჟღერებლად პირს გააღებდა, შემოსასვლელიდან წამოსულმა კარის ჯახუნმა მიიპყრო მისი ყურადღება და აგრეთვე, ჩემიც.

-ამ დროს ვინმეს ელოდებოდი?

-არა, არავის -მხრები ავიჩეჩე. სავარაუდოდ, აარონს შემოსვლის შემდეგ კარი ჰქონდა დატოვებული ღიად და ცოტა ხნიანი დაფიქრების შემდეგ, თავადაც მშვენივრად მივხვდი ყველაფერს. ვის შეეძლო შემოსვლა ყოველგვარი დაკაკუნებისა და ნებართვის კითხვის გარეშე? რა თქმა უნდა, მხოლოდ ენკე ტაბიძეს.

არც შევმცდარვარ, როდესაც მსგავსი აზრი მომივიდა თავში. ჩემი ვარაუდის წამოტივტივებიდან რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ, მისაღებში ნაბიჯების ხმასთან ერთად, ენკეს ძახილიც გაისმა:

-ნიკა, ბიჭო, იცი დღეს რა ქალი დავკერე? -მეკითხებოდა ენთუზიაზმით, თან სიარულს განაგრძობდა ჩემს მოსაძებნად -სადა ხარ ეე?

აარონმა შეკავებული სიცილით გადმომხედა და მზერით შემეკითხა ეს ვინააო.

-ერთ-ერთი ბარმენია შენს სასტუმროში -სწრაფად ვუპასუხე მის დაუსმელ შეკითხვას, მერე კი ენკეს გავძახე -სამზარეულოში ვარ, მოდი!

უნდა ითქვას, უცნაურ სიტუაციაში ვიყავი. აარონი ჩემთან იყო სახლში, მალე კი ენკეც შემოვიდოდა და აშკარად დააინტერესებდა იმის მიზეზი, თუ რატომ მეწვია ჩვენი სასტუმროს მფლობელი ჭიქა ყავაზე. რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი მის მოტყუებას, თუმა აქამდე არასდროს დავფიქრებულვარ იმაზე, რომ ვინმესთვის სიმართლის გამხელა ასე მოულოდნელად და სრულიად მოუმზადებელ ვითარებაში მომიწევდა, სპონტანურობის აუცილებლობით.

მაგიდაზე თითებგადაჭდობილი ჩამოვჯექი და ღრმად ამოვიოხრე. აარონმაც მალევე დააფიქსირა ჩემი უკმაყოფილო მზერა და მხარზე ხელი დამადო.

-შეგიძლია ყველაფერი უთხრა, მე ნამდვილად არ გაიძულებ, რომ შენთვის ახლობელი ადამიანები მოატყუო

მის ამ სიტყვებზე კომენტარი არ გამიკეთებია. მართალია ვაპირებდი რაღაც მაინც მეთქვა საპასუხოდ, თუმცა ენის წვერზე მომდგარი წინადადების იქვე დატოვება, ენკეს შემოსვლის გამო მომიწია და მეც მდუმარების გზას მივუყვებოდი მანამ, სანამ მოულოდნელმა სტუმარმა თავად არ ამოიღო ხმა:

-მეგონა მარტო იყავი -მოტანილი პარკები, რომელშიც სავარაუდოდ კვლავ ლუდები და ჩიფსები ელაგა იატაკზე დადო და შორიახლოს მდგომ ჩემს ძმას დაკვირვებით შეხედა. მზერაზე შევატყვე აშკარად იცნო, რადგან მისიდან ჩემზე, იმდენად გაკვირვებული მზერა გადმოიტანა, რამდენადაც კი საერთოდ შესაძლებელი იყო.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სურვილი არ გამჩენია ენკეს მხრიდან იმ შეკითხვის ხმამაღლა გაჟღერებას დავლოდებოდი, რომელსაც ვიცოდი ადრე თუ გვიან აუცილებლად დასვამდა, ამიტომ, მაგიდიდან ფეხზე წამოვდექი, აარონს რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი და კვლავ შემოსასვლელ კარში მდგომ უეცარ სტუმარს გავხედე.

-ალბათ გაინტერესებს აქ რატომაა -ძმისკენ ვანიშნე თავით ამის თქმისას.

-თუ გინდა, შემიძლია მე ვთქვა -შემომეშველა აარონი. ენკეს კვლავ დაბნეული მზერა ჰქონდა, ხან ერთს შემოგვხედავდა, ხან მეორეს და ვინ იცის, რა სახის აზრები უტრიალებდა თავში აღნიშნულ მომენტში

-გაჩუმდი, თავადაც შემიძლია ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა

-კი ბატონო, მაშინ ასპარეზს გითმობ -ორივე ხელი ასწია დანებების ნიშნად და ამჯერად თავად ჩამოჯდა მაგიდასთან, თანაც ზუსტად იმ სკამზე, რომელზეც ცოტა ხნის წინ მე ვიჯექი.

ირგვლივ დაძაბულობა ჩამოწვა. ნიცა რომ აქ ყოფილიყო, ალბათ ხელში პოპ-კორნის დიდ ჯამს დაიკავებდა და ისე მიადევნებდა თვალყურს მინდინარე მოვლენებს. ჩემი ტყუპისცალი გიჟდებოდა ასეთ მძაფრ მომენტებზე.

-მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და სათქმელსაც გარშემო რომ არ ვუარო, ეს ადამიანი, ვისაც ახლა მაგიდასთან მჯდომს უყურებ, ჩემი ძმაა -ლამის ერთი ამოსუნთქვით წარმოვთქვი ეს წინადადება. ვაღიარებ, სასიამოვნო შეგრძნება დამიტოვა ყველაფრის სწრაფად გამჟღავნებამ. გულის სიღმეში, არასდროს მომწონდა, როცა ვინმეს ვატყუებდი, ან სიმართლეს არ ვეუბნებოდი და ახლაც, თითქოს ის დიდი ლოდი დაიფშვნა ნაწილებად, მტკივნეულად რომ აწვა ჩემს სინდისს, მთელი იმ დროის განმავლობაში. აღნიშნულ მომენტში, ისიც მტკიცედ გადავწყვიტე, რომ სიმართლე, მელინასთვისაც აუცილებლად უნდა მეთქვა, თანაც უმოკლეს ვადებში.

-მოიცა, მოიცა, რა? -ენკეს გაოცებულმა ტონმა მომწყვიტა ფიქრებს -სასტუმროს ფლობელი შენი ნამდვილი ძმაა?

-ვფიქრობ, მარტოებმა უნდა განაგრძოთ საუბარი -ფეხზე წამოდგა აარონი ჩვენი დაძაბულობით აღსავსე დიალოგის შემხედვარე, თან მანქანის გასაღებიც აიღო მაგიდის ზედაპირიდან -კორპორაციულზე შევხვდებით, ნიკოლოზ

-უკვე მიდიხარ?

-ჰო, მივდივარ -მომიგო მაშინვე და ენკესაც დაემშვიდობა მზერით -ანასტასიას დავპირდი, რომ დენდროლოგიური პარკის დასათვალიერებლად წავალთ და სავარაუდოდ, უკვე ღვიძავს კიდეც

-კარგი, თუ ასეა, კარგი დრო გაატარეთ

-გაცილება არ მინდა, მე თვითონ წავალ. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა . . . -მერე მიხვდა, რომ სახელი არ იცოდა და შუა გზაზე გაჩერდა, სანამ თავად საჭირო ადამიანმა არ შეაშველა სიტყვა:

-ენკე ტაბიძე -ხაზგასმით წარმოთქვა სახელი და გვარი, თან ჩამოსართმრვად გაუწოდა თავისი ხელი. აარონმაც შეაგება საკუთარი მარჯვენა, რითაც გაცნობის ფორმალური მხარე ოფიციალურად შედგა.

-მოკლედ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, ენკე, თუ სასტუმროს პერსონალს რამე ჩივილები გაქვთ და გინდათ ჩემამდე მოიტანოთ, ხვალინდელ კორპორაციულს თავადაც დავესწრები და შეგეძლებათ პირადად გადმომცეთ

ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფმა ენკემ, ჩემს ძმას უბრალოდ თავი დაუქნია და იგიც უკვე სწრაფი ნაბიჯებით გაემართა სამზარეულოდან გასასვლელი კარისკენ. მუდმივად მაჯის საათზე ყურება და ტელეფონის ეკრანის შემოწმება, სავარაუდოდ, იმის მანიშნებელი გახლდათ, რომ ანასტასიას შეტყობინებას ელოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის განმარტოვდებოდა მასთან კიდევ ერთხელ.

მე და ენკე, სახლში სრულიად მარტონი დავრჩით, ერთმანეთის პირისპირ. ამ უკანასკნელმა ჯერ უხნოდ მიყურა, გარკვეული დროით, შემდეგ იატაკზე დადებულ პარკებს მიუახლოვდა, იქედან, როგორც ვვარაუდობდი ლუდის ქილები ამოაძრო და ერთი ცალი ჩემკენ ისროლა.

-ახლა ეგ მოსვი, პირი გაისველე და მერე ნორმალურად ამიხსენი რა ჯანდაბა მოხდა ცოტა ხნის წინ -მაშინვე ალაპარაკდა, როგორც კი ლუდის ქილა ოსტატურად დავიჭირე ცალი ხელით.

გამეცინა. ისეთი მზერით მიყურებდა, ალბათ მოსმენილის სინამდვილეში, ბოლომდე ჯერაც არ იყო დარწმუნებული.

-სათქმელი მეტი არაფერი მაქვს -ლუდის ქილის გახსნის პარალელურად მივუგე -მთავარი უკვე იცი და რაც მოისმინე სრული სიმართლეა

-და მთელი ეს დრო არაფერი თქვი? -აშკარა წყენა გაისმა მის ტონში -ან თუ მილიარდელი ძმა გყავს, ცოტა უკეთეს პირობებში რატომ არ ცხოვრობ, ან რამე ნორმალურ სამუშაოს რატომ ვერ გიძებნის? არ ევასები და რამე?

-ასეც ვერ ვიტყოდი, უბრალოდ, ჭკუის სასწავლებელ კურსებს გავდივარ, გარკვეული დროით

-ანუ?

პასუხი ცოტა დავუგვიანე. ეს უკანასკნელი, მხოლოდ ლუდის ქილიდან რამდენჯერმე მოსმის შემდეგ გავეცი.

-ანუ ის, რომ აქ ჩამოსვლამდე, ამერიკაში ვცხოვრობდი და ერთ დღეში იმდენს ვხარჯავდი, რასაც შენ ორი თვის განმავლობაში ხარჯავ, კომუნალური გადასახადების ჩათვლით -მწარედ ჩამეცინა. ახლანდელი გადმოსახედიდან, საოცრად შორეულად მეჩვენებოდა ჩემი უწინდელი ცხოვრება და ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, თითქოს იგი ჩემი არც არასდროს ყოფილიყო -მერე კი აარონმა უბრალოდ გადაწყვიტა, რომ საკმარისი იყო, ჩემს უაზრო გართობას ერთი თეთრითაც აღარ დააფინანსებდა და სასჯელის მოსახდელად ბარმენის პროფესიით დამასაჩუქრა, მისსავე სასტუმროში

ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა ჩემი სიტყვების შემდეგ. ენკეს გამომეტყველებას დიდი, წითელი ასოებით ეწერა, რომ დუმილს მხოლოდ მიღებული ინფორმაციის ბოლომდე აღსაქმელად და კარგად გადასახარშად ინარჩუნებდა. არც გამკვირვებია ამგვარი რეაქცია. აქამდე მისთვის, „ქვიშის ქარიშხლის“ ერთ-ერთი უბრალო თანამშრომელი ვიყავი და რას წარმოიდგენდა, საბოლოო ჯამში თუ თავად დაწესებულების მფლობელის უმცროსი ძმა შერჩებოდა ხელში?

-არაფრის თქმას არ აპირებ? -საკმაოდ დიდხანს გაწელილ სიჩუმე, უკვე ჩემთვის გახდა შემაწუხებელი და გადავწყვიტე თავადვე დამესვა წერტილი მისთვის.

ენკემ კვლავ შეინარჩუნა გაქვავებული ადამიანის პოზიცია რამდენიმე წამს, თუმცა შემდეგ ალბათ ვეღარც თვითონ გაუძლო და მაგიდას, რომლის შორიახლოსაც ვიდექი, რამდენიმე ნაბიჯით მოუახლოვდა.

-ანუ, მთელი ეს დრო ყველას გვაბოლებდი -ეჭვით დაწვრილებული თვალებით ლამის მხვრეტდა იმ წამს. გაბრაზებული იყო. ძალიან გაბრაზებულიც კი

-არავის დაბოლება, ან ზურგს უკან დაცინვა არ მიფიქრია. უბრალოდ პირობა თავიდანვე ასეთი იყო -ჩემი ნამდვილი ვინაობა არავის უნდა სცოდნოდა, რათა თითოეული იქ დასაქმებული ისე მომქცეოდა, როგორც თანასწორს. მარტო ჯაყელმა და სასტუმროს მთავარმა მენეჯერმა იცოდნენ ყველაფერი. მათაც მხოლოდ იმიტომ, რომ თვალყური ედევნებინათ რამე არ გამეფუჭებინა

-აჰა, ესე იგი ჯაყელიც საქმის კურსში ბრძანდებოდა მე კი, უბრალო გამვლელივით სრულიად შემთხვევით ვიგებ, თანაც მაშინ, როდესაც ფაქტზე გისწრებ და სხვა გამოსავალი აღარ გრჩება გარდა სიმართლის თქმისა

-თუ ძმა ხარ, ეს გაბუტვები არ გვინდა რა -შევატყვე საითკენაც მიყავდა დიალოგი და სწრაფად გავაჩერე -ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, არც თავიდან დავმალავდი ვინ ვიყავი, თუმცა სულ სხვანაირი სიტუაცია შეიქმნა

ენკემ ლუდის ქილიდან მოზრდილი ყლუპი მოსვა და სკამზე ჩამოჯდა. თვალებში არ მიყურებდა, თუმცა ამის გარეშეც ადვილი მისახვედრი იყო, რომ ცოტა ხნის წინ მოსმენილის აღქმა ჯერ კიდევ უჭირდა.

-ანუ, ყველა ის ძვირადღირებული, ბრენდული ტანისამოსი და ნივთები შენი უწინდელი ცხოვრებიდანაა შემორჩენილი? -ძლივს მოიფიქრა ბოლოს სიტყვებისთვის თავმოყრა. მართალია, კვლავაც ნაწყენი ტონი ჰქონდა, თუმცა მაინც გამიხარდა რომ გამომელაპარაკა.

-ჰო, ასეა

-მაშინ ძალიან მიკვირდა ხოლმე საიდან მოიტანე ფული მათ შესაძენად, ისიც კი ვიფიქრე, ადრე მდიდარი, მოხუცი საყვარელი ხომ არ ჰყავდა, ვინაც ბოლო წამს გაიგო, რომ მხოლოდ ფული აინტერესებდა და პანღური ამოჰკრა-მეთქი, თუმცა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ეს მდიდარი სპონსორი, თავად შენი ძმა თუ აღმოჩნდებოდა, აარონ ქალდანი

-ახლა უკვე ყველაფერი იცი

ენკემ ისევ მცირედი პაუზა აიღო. ხმა არ ამოუღია ერთხანს.

-ჰო, ვიცი -გაისმა რამდენიმე წამის შემდეგ მისი დახშული ხმა -ვიცი და მინდა კრივის მსხალივით გირტყა ამ წამს

-კარგი, მაწყობს, ოღონდ შენ თვითონ მოდი, თორემ მაქამდე მოსვლა ძაან მეზარება

კვლავ დუმილი მოპასუხე მხარისგან და კვლავ მცირედი პაუზა, რომელიც, ამჯერად ჩემს მიერ იქნა აღკვეთილი :

-ენკე, ფაქტზე წასწრების გარეშეც მოგიყვებოდი ერთ დღეს -ვუთხარი. მივხვდი სწორედ ამის გაგონება სჭირდებოდა, რათა მის გულში ჩარჩენილი წყენის ნახევარს მაინც, ბარგი ჩაელაგებინა და ნელ-ნელა დაეტოვებინა იქაურობა -დამიჯერე, ჩემი ნამდვილი ვინაობის დიდხანს დამალვას, უკვე აღარც მე ვაპირებდი

-ვითომ? -წარბების ქვემოდან ამომხედა, საგულდაგულოდ ჩაბღუჯული ლუდის ქილა მაგიდის ზედაპირზე დააბრუნა და სკამის საზურგეს მოხერხებულად მიაწვა.

-თუ ვერ იჯერებ, სიცრუის დეტექტორი იშოვე და მიმაერთე

-მელინამაც არ იცის? -დაკვირვებით შემათვალიერა, თან ნიკაპზე მოისვა მარჯვენა ხელი.

-არა, თუმცა ხვალ, კორპორაციულ საღამოზე, მასაც ყველაფერს ვუამბობ

-თუ ასეა წარმატებებს გისურვებ -ვატყობდი, მშვიდი ტონის შენარჩუნებას ძლივს ახერხებდა ის. მერე ფეხზე წამოდგა და სანამ მაგიდას მოშორდებოდა, ლუდის ქილიდან კიდევ ერთხელ მოსვა -მე ჯობია სახლში წავიდე. აქ კალათბურთის მატჩის საყურებლად გამოვედი, თუმცა რატომღაც ხასიათზე აღარ ვარ

-ვერც ის საათი მოგიყვანს ხასიათზე გუშინ რომ ჩემთან ყოფნისას ნახე და მოგეწონა?

-ჩემს მოსყიდვას ნუ ცდილობ!

-კარგი, ხვალამდე მაინც იფიქრე -გამეცინა, რადგან მივხვდი საათის ხსენებით მისი შინაგანი ბრაზი საგრძნობლად შევარყიე და როგორც კი გასასვლელი კარისკენ გაემართა, მაშინვე ფანჯრის მხარეს მივტრიალდი.

ხვალ გაცილებით უფრო რთული დღე მელოდა. კორპორაციულის საღამოზე თავად მელინასთვის უნდა მეთქვა სიმართლე და არ ვიცოდი რა დამოკიდებულება გაუჩნდებოდა იმ ნიკოლოზის მიმართ, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ლოს-ანჯელესში დავტოვე, ამ ქალაქში ჩამოსვლამდე . . .






8 8 8 8
კორპორაციული წვეულების გამო, სასტუმრომ, ყველა თანამშრომელს დასვენების დღე მისცა და იმ საღამოსთვის, სპეციალურად დაიქირავა მიმტანთა და მზარეულთა ჯგუფი, "ქვიშის ქარიშხალის" მრავალრიცხოვანი კოლექტივისთვის ხარისხიანი მომსახურეობის გასაწევად.

უნდა მეღიარებინა, ოდნავადაც კი არ მქონდა სურვილი ამ საღამოზე დასწრების. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც წასვლაზე უარს არ ვამბობდი, ეს მელინა იყო. გუშინდელი დღიდან მოყოლებული, მხოლოდ იმის ფიქრში ვიყავი, რომ კორპორაციულის საღამოზე მასაც ისევე გავუმხელდი სიმართლეს, როგორც ენკეს და ამით ჩემს პატარა ტყუილსაც საბოლოოდ დაესმებოდა წერტილი.

შეკრება საღამოს შვიდი საათიდან იწყებოდა. სასტუმროს რესტორანი, სპეციალურად მოყვანილი დიზაინერების მიერ, უკვე სადღესასწაულოდ გახლდათ მორთული და მოთმინებით ელოდა სტუმრების მიღებას.

დაახლოებით ექვსის ნახევარი იყო, როდესაც როგორც იქნა დავამთავრე ტელევიზორში, მარტო სახლშის ვინ იცის მერამდენედ ყურება და იმაში დარწმუნებულმა, რომ უკვე ადგომისა და მომზადების დაწყების დრო იყო, დივნიდან ზანტად წამოვდექი. ზოგადად, ვერასდროს ვიტანდი სმოკინგებს და მსგავს სულელურ დრესკოტებს, თუმცა რადგანაც, ამ საღამოს ყველა მსგავს ტანისამოსში იქნებოდა გამოწყობილი, არანაირად არ მსურდა ერთადერთი შავი ქვა ვყოფილიყავი, მარგალიტისფერი თვლებით აწყობილ მძივში და გადავწყვიტე, თავადაც ამეტანა სმოკინგის ტარება, რამდენიმე საათის განმავლობაში.

ვინაიდან, ბოლო დღეების განმავლობაში, წვიმიანი ამინდები ხშირი იყო და ჩემი ველოსიპედი არც ისე შესაფერისი გადაადგილების საშუალება ჩანდა ასეთ მომენტებში, გუშინ საღამოსვე მივიღე გადაწყვეტილება გაქირავებიდან რამე ნორმალური მანქანა გამომეყვანა და ჩემი ორბორბლიანი მეგობარი სათადარიგო სკამზე გადამესვა. სწორადაც მოვიქეცი. დღეს საღამოს, იმდენად ქარიანი ამინდი იყო, არც ველოსიპედით წასვლა გამოვიდოდა და არც ენკესთან დარეკვა, რათა სასტუმრომდე მივეყვანე. ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, ჩემზე ჯერ კიდევ უწინდელივით ბრაზობდა და არც ზარს
უპასუხებდა დიდი ალბათობით.


მომზადებას რომ საბოლოოდ მოვრჩი, სმოკინგში გამოწყობილი საკუთარი გამოსახულება სარკეში რამდენიმე წამით შევათვალიერე და კაკლისფერი ყუთიდან ამოღებული, ნიცას ნაჩუქარი საათი, მაჯაზე უწინდელის ნაცვლად მოვირგე. ცუდი იყო ისიც რომ ვერ ახერხებდა ამ საღამოზე დასწრებას. ნეტავ რა გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა ასეთი ჩამოსვლა რომ ვერ შეძლო?

ამას, მოგვიანებით აუცილებლად გავიგებდი, თუმცა ახლა დიდი დრო ნამდვილად აღარ მქონდა. შვიდ საათამდე, მხოლოდ ოცდაათი წუთი იყო დარჩენილი, მე კი ამ დროს განმავლობაში ორი რამ უნდა მომესწრო -მელინასთან შევლა და მასთან ერთად, სასტუმრომდე მისვლა. ეს აზრი, ჯერ კიდევ მაშინ დამებადა, როდესაც ავტომობილი გამომყავდა გაქირავებიდან. მართალია, მას თავისი მანქანაც ჰყავდა და შეეძლო მისი საშუალებით წასულიყო სასურველ ადგილას, თუმცა ღრმად გახლდით დარწმუნებული იმაში, რომ მარტო მგზავრობას, ჩემთან ერთად წამოსვლას არჩევდა, ჩემივე ავტომობილით.

შინიდან გამოსულს, კვლავ ჩვეული სიწყნარე შემომეგება ქუჩიდან. მხოლოდ უპატრონო კატები დარბოდნენ აქეთ-იქით. როგორც ჩანს, ერთი მეორეს მხოლოდ იმიტომ მისდევდა, რომ მის პირში მოქცეული საკვების ნაგლეჯი წაერთმია და თავად მიესაკუთრებინა. გამეცინა მათ შემხედვარეს. ჩემი და ნიცას ბავშვობა გამახსენდა, როდესაც მაცივარში დარჩენილი ბოლო შოკოლადის ნაყინისთვის ხელჩართულ ბრძოლას ვაწყობდით და ერთმანეთს ველურთა ტომის რიგითი წევრებივით დავდევდით მთელს სახლში.

კატები მეორე მოსახვევში მიეფარნენ თვალს და მეც, ბოლოს და ბოლოს შევწყვიტე მათი ყურება. ჩემი მანქანა ერთგული მეგობარივით მელოდა ჭიშკართან, ამიტომ აღარც მე დამიყოვნებია დიდხანს, იგი გასაღებზე თითის დაჭერით გავაღე და მესაჭის სავარძელზე სწრაფად მოვთავსდი.

მელინას სახლამდე მისასვლელ გზაზე, მთელი დროის განმავლობაში, მაგნიტოფონში აჟღერებული მუსიკა წამითაც არ გამიჩუმებია. არასდროს მიყვარდა უხმოდ მგზავრობა. ასეთ დროს მეგონა, თითქოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ვიყავი, ვინც მთელი დღის განმავლობაში ერთ წრეზე დადიოდა და მხოლოდ საჭის აქეთ-იქით ტრიალი ევალა.

სწრაფად სიარულის წყალობით, სასურველ ადგილას ორჯერ უფრო ნაკლებ დროში აღმოვჩნდი, ვიდრე ეს ჩვეულებრივ გახლდათ შესაძლებელი. თითქოს გასაოცარი არაფერი იყო ირგვლივ, ერთიანად მდელოსფერი ხავსით დაფარული, სამკუთხედი გადახურვის შენობა, რომლის კედლების მიღმაც მელინა ცხოვრობდა, კვლავ უწინდელივით იდგა თავის ადგილას. ეჭვს მხოლოდ ერთი რამ ბადებდა -სახლის წინ, ჭიშკრიდან დაახლოებით ორიოდე ნაბიჯის მოშორებით, შავი ჯიპი იყო გაჩერებული, ამ ჯიპის მარჯვენა კარს კი თავად თორნიკე ჯაყელი მიყრდნობოდა, სადღესასწაულო, მუქ ლურჯ სმოკინგში გამოწყობილი და რაღაცის მოლოდინში ტელეფონის ეკრანს ჩაშტერებოდა.

უნდა მეღიარებინა, ძალიან გამაკვირვა მისმა იქ დანახვამ, თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, გამაბრაზა-მეთქი. აშკარა იყო, ამ ტიპის მელინასთან ვიზიტის მიზეზიც ზუსტად იგივე იყო, რაც ჩემი და ამის გაცნობიერებას, ნამდვილად არ დავუყენებივარ იდეალურ განწყობაზე. იქნებ, მელინა სწორედ მასთან ერთად აპირებდა წასვლას და ელოდა კიდეც? იქნებ, ჯაყელს აქ ჩემსავით გაუფრთხილებლად არ გადაეწყვიტა მოსვლა და ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი? დიდ იმედს ვიტოვებდი ასე არ იყო და მელინას ამ ტიპისადმი სიმპათიები არ გააჩნდა. სხვა შემთხვევაში, საღამოზე ჩამოტარებული ალკოჰოლური სასმელების ოთხმოცდაათი პროცენტი, ჩემს მიერ იქნებოდა გასაღებული.

თორნიკეს შემხედვარემ, მანქანის გასაღები უხალისოდ გადავატრიალე, ზედმეტად უხეშად გამოვაძვრე და სალონიდან სწრაფად გადმოვედი. მანქანას მიყრდნობილმა ჯაყელმაც მხოლოდ ამის შემდეგ იკადრა შეეწყვიტა თავისი ტელეფონისთვის დროის დათმობა და ამჯერად ჩემზე გადმოიტანა მთელი ყურადღება.

-აქ რა დაგრჩენია, ბოს? -ვკითხე დაეჭვებით, სანამ თავად მოასწრებდა ხმის ამოღებას. სახეზე აშკარად ეწერა, რომ იმაზე ორჯერ უფრო გაოცებული ჩანდა ჩემი აქ დანახვით, ვიდრე მე, მისით.

-ნიკოლოზ? -თავის ჯიპს მოშორდა რამდენიმე ნაბიჯით და ძლივს ამოღერღა -თვითონ რა ქარმა გადმოგაგდო აქ?

-მელინას წასაყვანად მოვედი. შენ ალბათ ჩვენი ესკორტი იქნები, არა?

-ეგ დამცინავი ტონი მოიშორე! თუ დაგავიწყდა გეტყვი, რომ შენს წინ,
შენივე უფროსი დგას


-ჩემი უფროსი მხოლოდ სამსახურში ხარ, აქ კი სიტყვებზე ცენზურას ვერ დამიწესებ, ჯაყელო!

-მელინას თავად წავიყვან, სხვისი გაცილება არ სჭირდება -საუბრის თემის შეცვლის პარალელურად, კიდევ გადმოდგა ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი, თან ბასრი მზერაც მოაყოლა სიტყვებს ბონუსად. გამეცინა. ყოველთვის კომიკურად მეჩვენებოდა, როცა ფიქრობდა, რომ მისი მკაცრი გამოხედვა მომგვრიდა შიშს

-აჰა, ანუ შენ წაიყვან და სხვისი გაცილება არ სჭირდება -დაუფარავი ირონიით გავიმეორე მისი სიტყვები, მერე კი საკუთარი ავტომობილის კარს მივეყრდენი, ზურგით -კარგი, რახან ასე ამბობ, მაშინ წავალ

-ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, ქალდანო, თორემ ისეთ დღეში ჩაგაგდებ, შენი მილიარდელი ძამიკოც ვერ შეძლებს დაგეხმაროს

-ჩემი ძმის დახმარებას ნამდვილად არ ვსაჭიროებ და არც მის კალთას ვარ ამოფარებული! -ბრაზისგან თავისდაუნებურად შემეკრა მუშტად მარჯვენა ხელი, რადგან მივხვდი რისკენაც მიმანიშნებდა.

-ჰოო? მე კი სხვანაირად მგონია. შენ არ იყავი ლამის ყურით რომ მოგათრიეს სასტუმროში, რათა ერთი ადგილი გაგენძრია და შენი თავისთვის თვითონვე მიგეხედა? -თითქოს ჩემს პროვოცირებას ცდილობდა ამ სიტყვებით, რაც უნდა ვაღიარო, გამოსდიოდა კიდეც.

-ზღვარს გადადიხარ, თორნიკე! შენს ადგილას ენას კბილს დავაჭერდი და არც კორპორაციულზე, ჩალურჯებული თვალით გამოცხადების რისკის ქვეშ დავაყენებდი საკუთარ თავს

ჯაყელმა გულზე ხელები დაიკრიფა, ირონიით გატენილი მზერა მესროლა და რამდენიმე წამის შემდეგ, მკითხა :


-აქ რისი იმედით მოხვედი? გგონია ეს გოგო -მელინას სახლისკენ გაიშვირა თითი ამის თქმისას -შენნაირ უსაქმურს გახედავს, როცა სიმართლეს გაიგებს? ფიქრობ მოეწონები იმის შემდეგ, რაც ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება როგორი უპასუხისმგებლო მაჟორიც ხარ სინამდვილეში? ამის ამბიცია მართლა გაქვს?

ამჯერად მის პროვოკაციას აღარ წამოვგებივარ. ოდნავ დამშვიდების შემდეგ, უკვე ჩემთვისაც ნათელი გახდა, რომ თორნიკეს ყოველი სიტყვა, ჩემი წყობიდან გამოყვანისკენ იყო მიმართული და მათ არაფრით არ უნდა ავყოლოდი.

-მე მხოლოდ სასურველი ქალისთვის ბოლომდე ბრძოლის ამბიცია მაქვს -მივუგე უზომოდ მშვიდი, თავდაჯერებული ტონით - ამას კი ვერც შენი სიტყვები შეცვლის და ვერც ვინმე სხვისი, ამ პლანეტაზე!

თორნიკეს ბრაზისგან აღრჭიალებული კბილების ხმა, ალბათ მთელს ქუჩას ექოდ გადაეცა ჩემი სიტყვების მოსმენის შემდეგ. ვინ იცის, კიდევ სადამდე გასტანდა ეს მზერებით პაექრობა, უეცრად და ორივესთვის მოულოდნელად, ჩვენს წინ აღმართული შენობის კარი რომ არ გაღებულიყო და იქედან, სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილი მელინა რომ არ გამოსულიყო, გასაღების ასხმით ხელში.

თითქოს ჰაერის უკმარისობა ვიგრძენი ისე თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა ამ საღამოს. გრძელი, მეწამული ფერის კაბა, რომელიც მის სხეულს ფარავდა, ცალ მხარეს თეძომდე ჰქონდა ჩახსნილი, მკერდზე გაკეთებული ზომიერი ჭრილი კი, საკმაოდ მიმზიდველად უსვამდა ხაზს მისი სხეულის ამ ნაწილს. ყველაზე მძაფრად, მაინც ერთმა რამემ მიიპყრო ჩემი ყურადღება, აქამდე მუდამ დატალღული, თაფლისფერი თმა, დღეს ლამაზად დაესწორებინა და თითქმის წელამდე ჩამოსდიოდა ეს უკანასკნელი.

საოცარი იყო, უზომოდ სასურველი, სუნთქვისშემკვრელი და აგრეთვე, ჩვენ ორის თავისი სახლის ჭიშკართან ნახვით დაბნეული. უკვე დაზუსტებით შეიძლებოდა იმის მტკიცება, რომ ისევე როგორც ჩემსას, არც თორნიკეს ნახვას ელოდა ქუჩაში გამოსული და ამის გააზრებამ, დიდი ლოდი მომაშორა გულის არედან.

მელინამ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩვენი მიმართულებით. ახლოდან, ორჯერ უფრო მიმზიდველი მეჩვენა და სიგიჟემდე მომინდა მის გრძელ თმას ცოტა ხნით მაინც მოვფერებოდი.

-რა ხდება, კორპორაციულის გამართვა ჩემი სახლის წინ გადაწყდა? -ჯერ თორნიკეს შეხედა ამ კითხვის დასმისას, მერე კი ჩემზე გადმოიტანა მზერა, თან თავისი პატარა ჩანთა, უფრო მოხერხებულად გადაიკიდა მხარზე.

-არა, არ გადამწყდარა -ჯაყელმა გასცა პასუხი ორივეს მაგივრად, მე კი უბრალოდ ჩამეღიმა და ჩემი მანქანის კაპოტზე ჩამოვჯექი, მელინასთვის თვალმოუშორებლად. ვხედავდი, თავადაც მიყურებდა. წამით მომეჩვენა, რომ იმას აკვირდებოდა, როგორ გამოვიყურებოდი სმოკინგში. თუმცა იქნებ არც მომჩვენებია და ნამდვილად ასე იყო?

-როგორღაც ისე გამოვიდა, რომ ორივემ გამოგიარეთ, სასტუმროში წასვლამდე -კვლავ განაგრძობდა ჯაყელი სიტუაციის ახსნას და ამ დროს, მეტად სასაცილოდაც გამოიყურებოდა -ახლა უკვე შენი გადასაწყვეტია რომელს გაჰყვები კორპორაციულზე და რომელს გაუშვებ ხელცარიელს

მელინამ ღრმად ამოიოხრა. რამდენიმე წამით ჩუმად იყო, მერე კი, ჩამოვარდნილ მდუმარებაში, მისი ხმაც გაისმა :

-საერთოდ, მე ჩემი მანქანით ვაპირებდი მოსვლას და არც კავალერებს ველოდი ჭიშკართან -სათითაოდ შეგვავლო თვალი ამის თქმისას. მერე, მზერა კვლავ ჩემზე გააჩერა, გარკვეული დროით მომაშტერდა და კვლავ ჯაყელს მიუტრიალდა.

-თორნიკე, იცი, ზუსტად ახლა გამახსენდა, რომ მე და ნიკოლოზს რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე გვაქვს სალაპარაკო -დაიწყო მან, თან ჩემკენ ანიშნა თავით ამის თქმისას -ცუდია, რომ გაუფრთხილებლად მოხვედი და ასე უხერხულად გამოვიდა, მაგრამ წინააღმდეგი ხომ არ იქნები ამ ჯერზე მარტო რომ გაგიშვა და ნიკოლოზთან ერთად მოვიდე სასტუმრომდე?

აი, სწორედ ამას ვეძახდი გამარჯვების ტკბილ შეგრძნებას. რა თქმა უნდა მშვენივრად ვუწყოდი მე და მელინას რომ არაფერზე გვქონდა სასაუბრო ისეთზე, რის გამოც იგი ჩემთან ერთად წამოსვლას დათანხმდებოდა. ვხვდებოდი, ეს უბრალოდ გონივრული მიზეზი იყო ჯაყელის თავიდან მოსაშორებლად, რათა მისი პომპეზური ჯიპის ნაცვლად, ჩემს მანქანაში ჩამჯდარიყო და დანიშნულების ადგილამდეც ერთად მივსულიყავით.

-კარგი, არა უშავს, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ -ალბათ, ყველანაირად შეეცადა თორნიკე იმ მომენტში ჯენტლმენურად გამოჩენილიყო და ის უკმაყოფილება არ შეტყობოდა, რომელიც დარწმუნებული ვიყავი მის შინაგანს ვულკანური ლავასავით სწვავდა.

-ნამდვილად?

-ნამდვილად -ზედმეტად თბილად გაუღიმა, რის შემდეგაც, ჩემს ჯიბრზე, ლოყაზეც შეეხო ტუჩებით -ძალიან ლამაზი ხარ დღეს საღამოს. იცოდე, როდესაც მოხვალ ერთი ცეკვა აუცილებლად უნდა მაჩუქო

-შევეცდები -საპასუხოდ, მელინამაც გაუღიმა, მერე კი, ისე, რომ მეტად აღარაფერი უთქვამს, ჯაყელს ზურგი აქცია და პირდაპირ ჩემი მიმართულებით წამოვიდა.

-მორჩა, შეგვიძლია წავიდეთ -მაჯაზე შემოხვეულ ოქროსფერ საათს დახედა ამის თქმისას -მხოლოდ ათი წუთი დაგვრჩა

-არაფერი მოხდება ცოტათი თუ დავიგვიანებთ -უკვე თავის მანქნაში მოკალათებულ და წასასვლელად გამზადებულ ჯაყელს, თვალი ჩავუკარი ამის თქმისას. ამ უკანსკნელმა, საპასუხოდ ერთი დაბღვერილი მზერა მესროლა, ავტომობილის ძრავა აამუშავა და იქაურობას ისე სწრაფად გაშორდა, როგორც ეს საერთოდ იყო შესაძლებელი.

მე და მელინა, ქუჩაზე სრულიად მარტონი დავრჩით. მასთან განმარტოებულმა, კიდევ ერთხელ შევათვალიერე თავიდან ფეხებამდე და ვერაფრით შევძელი კმაყოფილების ღიმილის შეკავება.



-რატომ იღიმი? -მანქანის კაპოტზე გვერდით ჩამომიჯდა და ისე მკითხა მელინამ. მისი კაბის ამოღებულ ზურგს, ლამაზად ეფინებოდა თაფლისფერი თმა და თოვლივით თეთრ კანს უფარავდა.

-წამოდი, ეგ გზაში განვიხილოთ, თორემ საშინელი ქარია და ვარცხნილობა გაგიფუჭდება

მელინამ თავი დამიქნია, რის შემდეგაც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაჰყვა ჩემს ნებას. მანქანაში უხმოდ ჩავსხედით. თუ ისევე სწრაფად ვივლიდი, როგორც აქეთობისას, წესით სასტუმრომდეც დროულად და დაგვიანების გარეშე უნდა მივსულიყავით.

-აბა? მზად ხარ მეჯლისზე წასასვლელად, კონკია? -გამომცდელად გავხედე გასაღების გადატრიალების წინ.

-მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ეტლი გოგრად არ გადაიქცევა

-თუკი სახლში დაბრუნებას თორმეტ საათამდე მოვასწრებთ, მსგავსი არაფერი მოხდება

მელინას გაეცინა, მერე კი ჩვენი უწინდელი დიალოგი გაახსენდა და როგორც კი მანქანა მთავარ გზაზე გავიყვანე, შემახსენა კიდეც მის შესახებ :

-ჰო მართლა, ცოტა ხნის წინ შენი იდუმალი ღიმილის მიზეზის ახსნას დამპირდი

-ანუ არ დაგვიწყებია

-იშვიათად მავიწყდება რამე

-შენს ადგილას, მაგაში მთლად დარწმუნებულიც არ ვიქნებოდი -იმ ღამეზე ჩავუნამიოკე, როდესაც ბარიდან დაბრუნების შემდეგ, სველ ტანსაცმელს ვუცვლიდი და ჩემს მინიშნებას ისიც მშვენივრად მიხვდა.

-მეგონა, ამაზე ლაპარაკს უკვე მოვრჩით და დავივიწყეთ კიდეც

-ჰო, მართალი ხარ -მერე მცირედი პაუზა გავაკეთე და დავამატე :- ჩემი ღიმილის მიზეზს რაც შეეხება, უბრალოდ სასიამოვნო შეგრძნება იყო ჯაყელის მაგივრად მე რომ ჩამიჯექი მანქანაში . . . მაინტერესებს კიდეც, ასე რატომ მოიქეცი?

-იმიტომ, რომ ასე მინდოდა

-მოკლედ და კონკრეტულად

-უფრო ვრცელ პასუხს ელოდი? -ღიმილი შეეპარა ღია ვარდისფრად შეღებილი ტუჩის კუთხეში.

-სიმართლე გითხრა, ამაზე უარს არ ვიტყოდი

-კარგი, გეტყვი

-ყურადღებით გისმენ

-მიზეზი ის იყო, რომ ბოლო პერიოდში, შენს მხარში დგომას ყველაზე მეტად ვგრძნობ, ჩემთვის რთულ მომენტებში და გადავწყვიტე არც მე მეწყენინებინა.

არაფერი მიპასუხია, მიუხედავად იმისა, რომ თავისი სიტყვებით გულწრფელი ღიმილი მომგვარა. ამის მაგივრად, კალთაში ჩადებულ მის ხელს დავწვდი, ტუჩებთან ახლოს მივიტანე და მთელი გრძნობით ვაკოცე. აშკარად არ გამჭირვებია იმის შემჩნევა, როგორ დაეჭიმა სხეული ამ შეხებაზე და ოდნავ შეაჟრჟოლა კიდეც. ესეც რომ არ ყოფილიყო, მარტო გამოხედვა გაყიდდა ისეთი არეული მზერით მიყურებდა იმ წამს. ვერ გეტყვით, რომ შეჩვეული არ ვიყავი გოგონებისგან მსგავს გამოხედვას, პირიქით, იმაზე მეტადაც კი გახლდით ნაჩვევი ვიდრე კოფეინის განსაზღვრული დოზის მიღებას, ყოველ დილით, მაგრამ როდესაც ამგვარ მზერას, ჩემთვის საოცნებო ქალისგან ვიღებდი, თვითკმაყოფილების გრძნობას, უჩვეულო ბედნიერებაც ემატებოდა თან და საბოლოო ჯამში, უზომოდ სასიამოვნო ნაზავს ქმნიდა.

-დამაკმაყოფილებელი იყო შენი პასუხი -ვუთხარი ბოლოს, თან მისი თითებიც გავათავისუფლე.

-ჰოო?

-ნამდვილად . . . ჰო მართლა, კიდევ ერთი კითხვა მაქვს

-დამისვი, დღეს როგორც ჩანს მოპასუხე მხარე ვარ -ოდნავ ჩაეღიმა და კითხვით სავსე მელნისფერი თვალები შემომანათა. აღარც მე დავაყოვნე დიდხანს და მაშინვე ვკითხე, რაც გონებაში მიტრიალებდა :

-მაინტერესებს, სასტუმროში კიდევ რამდენ ხანს აპირებ მუშაობას? დიდი ალბათობით, როცა ამ ნაბიჯს დგამდი, არ გიფიქრია, რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდებოდა

-ჰო, მართალი ხარ, არ მიფიქრია -სიტყვებითაც დამემოწმა და თავის დაკვრითაც -იქ მანამდე ვიქნები, სანამ მშობლებს საბერძნეთში ვეგონები. მერე არდადეგებიც მთავრდება და სწავლას უნდა დავუბრუნდე

შუქნიშანზე გავჩერდით. მწვანეს ანთებამდე, ოცი წამი იყო დარჩენილი და ამ დროის განმავლობაში, საჭეს ცოტა ხნით ხელები ავუშვი.

-იცი? დღეს ერთი რამ უნდა გაგიმხილო საკუთარი თავის შესახებ -ვუთხარი, თან გამომცდელი მზერით მივაცქერდი, რეაქციის მოლოდინში. მელინა ჩემკენ ნახევარი ტანით მოტრიალდა, ეჭვით დაწვრილებული თვალებით, ისე თითქოს დანაშაულში ცდილობს გამომტეხოსო.

-მაინც რა? -მკითხა ბოლოს.

-გეტყვი, როდესაც სასტუმროში მივალთ . . . და კიდევ, დღეს რომ ჯაყელს ერთ ცეკვას დაპირდი ხომ გახსოვს?

-მახსოვს, მერე?

-ნებისმიერ ერთ სურვილს შეგისრულებ, თუკი რამეს მოიმიზეზებ და ამ დაპირებას არ აუსრულებ

-ნებისმიერსო თქვი?

-კომპრომისის სუნი მცემს?

-შესაძლოა, შესაძლოა -სიცილით გამეპასუხა მელინა, სავარძელში კვლავ გასწორდა და როგორც კი შუქნიშანზე მწვანეს ანთების შემდეგ ავტომობილი დავძარი, დაამატა :- ოღონდ მერე სურვილის სირთულეზე არ დაიწყო წუწუნი . . .











8 8 8 8

სასტუროს რესტორანი, იმდენად ლამაზად მოერთოთ, პირველი შეხედვის თანავე, ადამიანს სასიამოვნო შეგრძნებებით ავსებდა.

ღია კრემისფერ გადასაფარებლებლებიან მაგიდებზე მრავლად იყო დაწყობილი ხილით, ტკბილეულითა და დელიკატესებით მორთული მრავალსართულიანი, ვერცხლისფერი ლანგრები. თეთრ პერანგებში გამოწყობილი ოფიციანტები, სასმელებს აქეთ-იქით დაატარებდნენ, ხოლო სადღესასწაულო კაბებსა და სმოკინგებში ჩაცმული სასტუმროს თანამშრომლები, ნელ-ნელა ხურდებოდნენ და სივრცეში გაბნეული მელოდიის ჰანგებს მხიარულად ჰყვებოდნენ.

მე და მელინა, დარბაზში ერთად შევედით და ბოლომდე გაღებული, ორფრთიანი კარის ზღურბლსაც ერთობლივად გადავაბიჯეთ. შიგნით მოხვედრისას, პირველი რაც მან გააკეთა ის იყო, რომ ჩემთან უფრო ახლოს მოვიდა და ხელკავი ფრთხილად გამომდო. ვაღიარებ, მესიამოვნა მისი ეს ჟესტი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც გავხედე კითხვით სავსე მზერით და ოდნავ გავუღიმე კიდეც.

-რა იყო? -ჩემი დაუსმელი შეკითხვის პასუხად მხრები აიჩეჩა მან -მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული მაინცდამაინც კარგად არ გამომდის, დარბაზში კი პრიალა იატაკია და არ მინდა ამდენი ხალხის თვალწინ წავიქცე

-ჰოო? თუ ასეთი ვითარებაა, მაშინ შემიძლია წელზეც მოგხვიო ხელი, რათა უფრო მეტად შევამციროთ დაცემის რისკები

-საჭირო არ არის, ხელკავიც საკმარისია

-როგორც გინდა, მე შემოგთავაზე


-რატომ გეცინება?

-არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ ჩემთან ზედმეტი სიახლოვე გაშინებს, რადგან მშვენივრად ხვდები, შენი სხეულის ენა რა დაუფიქრებლადაც გაგყიდის ამ დროს

-თქვა სხეულის ენის ექსპერტმა, ნიკოლოზ ქალდანმა

-რა, არ გჯერა ამ სფეროში ჩემი პროფესიონალიზმის?

-ცუდია წებოვანი ლენტი რომ არ წამომიღია თან

-წებოვანი ლენტი რაში გჭირდება? -გაკვირვებულმა გავხედე.

-იმდენ სისულელეს ლაპარაკობ, ცოტა ხნით გაჩუმება ნამდვილად არ გაწყენდა და იმაში

-როგორც ყოველთვის მწარე ენა გაქვს -ოდნავი ღიმილით შევხვდი მის სიტყვებს, თან, პარალელურად დარბაზი მოვათვალიერე. ენკე ჯერ არსად ჩანდა. როგორც მუდამ ხდებოდა ხოლმე, აქაც კი აგვიანებდა. არც ჯაყელისთვის მომიკრავს თვალი, თუმცა მიმტანებიდან ყველა ადგილზე იყო და საკმაოდ მხიარული საუბარიც ჰქონდათ გამართული ერთმანეთში.

მერე კი . . .

მერე იმათაც მოვკარი თვალი, ვინებსაც აქ შემოსვლის წამიდან ვეძებდი, მზერით. დარბაზის მარცხენა კუთხეში, ხილითა და სასმელებით გადავსებულ ფურშეტის მაღალ მაგიდასთან, ერთმანეთის გვერდიგვერდ აარონი და ანასტასია იდგნენ. ეს უკანასკნელი, მოკლე, კაქტუსისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, გრძელი თმა ცალ მხარეს გადმოეყარა და შამპანიურის ჭიქით ხელში, ჩემს ძმას რაღაცაზე მხიარულად ესაუბრებოდა. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ ერთად. ზედმეტადაც კი უხდებოდნენ და ამის გამო, მათი ყურებაც კი სასიამოვნო ემოციებს იწვევდა ჩემში.

-წამოდი, ვიღაცები უნდა გაგაცნო -ჩემი ძმისგან და მისი საცოლისგან, მზერა გვერდით მდგომ მელინაზე გადმოვიტანე ამის თქმისას.

-ვინ უნდა გამაცნო? მეგონა, ამ დარბაზში მხოლოდ საერთო ნაცნობები გვყავდა

-გამომყევი და ნახავ. ხომ გახსოვს გზაში გეუბნებოდი საკუთარი თავის შესახებ რაღაც უნდა მოგიყვე-მეთქი? ახლა სწორედ ამას ვცდილობ და იმედია ამბის თხრობას ისე დავასრულებ, რომ მის ბოლოს, ჩემგან მილიონი კილომეტრის მოშორებით ყოფნის სურვილი არ შეგიპყრობს

-რა მოხდა, ვინმე მოკალი?

-არა, ბუნებით ძალიან ჰუმანური ვარ, ასეთ რამეს არ ვიკადრებდი -ავყევი ხუმრობაში, თან პირდაპირ იქითკენ წავიყვანე, სადაც ჩემი ძმა იდგა.

-ნიკოლოზ, რომ იცოდე, ახლა პირდაპირ ამ სასტუმროს მფლობელის მაგიდისკენ მივდივართ, დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი გეშლება? -მისკენ არ ვიხედებოდი, თუმცა მაინც ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, ეჭვით დაწვრილებული თვალებით მათვალიერებდა.

-არაფერი მეშლება, უბრალოდ ჩუმად გამომყევი, კარგი?

-კი ბატონო, ხმას არ ვიღებ -პირზე ელვის შეკვრის იმიტაციით მომიგო, თან დარბაზს ათვალიებრებდა დამკვირვებლური მზერით და აშკარა იყო, ყველაფერი ძალიან მოსწონდა.

ანასტასია და აარონი, იმდენად გართულიყვნენ ერთმანეთით, ჩვენი მიახლოება მანამ არ გაუგიათ, სანამ ფურშეტის მაგიდიდან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით არ გავჩერდი და ყურადღების მისაქცევად არ ჩავახველე. აი, აქ კი უკვე გამოერკვნენ თავისი პატარა სამყაროდან, მზერებს მიმართულება შეუცვალეს და ამჯერად ჩვენკენ გამოიხედეს.

-ხელი ხომ არ შეგიშალეთ?

-ნილოლოზ! -როგორც კი დამინახა, მაშინვე ღიმილით წამოვიდა ჩემკენ ანასტასია და თბილად გადამეხვია -მაპატიე, გუშინ აარონს ვერ გამოვყევი, როცა შენს სანახავად წამოვიდა, ძალიან ვიყავი დაღლილი

-არა უშავს, ხომ იცი ნიცასავით მარტივად არ მწყინს -მერე მელინას ჩავკიდე ხელი და მათთვის წარსადგენად ჩემთან უფრო ახლოს მოვიზიდე -გაიცანით, ეს მელინაა, ჩემი . . .

-უბრალოდ მელინა -სიტყვა შემაშველა, როდესაც მიხვდა, რომ წინადადებას ვერ ვაბოლოვებდი, შემდეგ კი მე გამომხედა ისეთი მზერით, რაშიც ნათლად ჩანდა შეკითხვა- "საიდან იცნობ ამ ხალხს?"

-სასიამოვნოა შენი პირადად გაცნობა -სანამ რამის ახსნას დავიწყებდი, მანამ გაუწოდა აარონმა ხელი ჩამოსართმევად, მერე კი, როდესაც მელინას მზერას გადააწყდა, დაამატა -მართალია, ადრე სულ სხვა სახელით გიცნობდი, მაგრამ ნუ ღელავ, ეს ყველაფერი ჩვენ შორის დარჩება

-ანუ გახსოვართ?

ანასტასიამ, მელინას მხარზე დაადო ხელი მეგობრულად და გამამხნევებლად გაუღიმა.

-ასეთი სახე ნუ გაქვს, რახან ამბობს, რომ ეს საიდუმლოდ დარჩება, ასეცაა -მერე მე მომიბრუნდა მზერით, თან თვალებით მანიშნა ახლა შენი საუბრის დროაო. მართალიც იყო. მელინასთვის ჯერ კიდევ არ ამეხსნა, რა კავშირი მქონდა აარონთან და ანასტასიასთან. ამისთვის შესაფერისი დრო, სწორედაც რომ ახლა იყო და აღარც მე ვაპირებდი დაყოვნებას.

-მელინა, ალბათ მედიის წყალობით ორივეს კარგად იცნობ და ვინაობის დასახელება არაა აუცილებელი, თუმცა იმის თქმა ნამდვილად საჭიროა, რომ ერთი ჩემი ძმაა, მეორე კი ჩემი ძმის საცოლე -ვუთხარი ერთი ამოსუნთქვით, თან წამითაც არ მომიშორებია მზერა მისი სახისთვის, რომელზეც ნელ-ნელა უფრო და უფრო მძაფრად იდებდა ბინას გაოცება. სწორედ ამგვარ რეაქციას ველოდი -რამდენიმე წამით გაჩუმებას, დუმილის შენარჩუნებასა და მხოლოდ თვალების ხამხამს, გაკვირვების ნიშნად, თუმცა როდესაც მისმა კომენტარმა ზომაზე მეტად დააგვიანა, კვლავ ჩემი ძმა ჩაერია საუბარში:

-ცუდად ნუ გაიგებ, მე მინდოდა, რომ თავისი ნამდვილი ვინაობა არავისთვის გაემჟღავნებინა -თითქოს გამომესარჩლა ამ სიტყვებით. მისი ნათქვამიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, მელინამაც ამოისუნთქა ღრმად და მაგიდაზე ჩამწკრივებული ჭიქებიდან, ფორთოხლის წვენით სავსე ბოკალს დასწვდა. აშკარა გახლდათ წამი-წამზე მის ხმასაც გავიგებდი და ჩემი წინათგრძნობა გამართლდა კიდეც:

-გასაგებია, რა პრობლემაა -ოდნავ გაეღიმა ამის თქმისას -უბრალოდ ძალიან დავიბენი და იმას ვერ ვხვდები, ეს დაჯგუფებაში საიდუმლო აგენტის შეგზავნასავითაა, თუ რას ემსახურება ნიკოლოზის ამ დაწესებულებაში მუშაობა?

-აარონ, საცეკვაოდ არ დამპატიჟებ? -დარბაზის შუა გულში მდგომი, ერთმანეთზე მიხუტებული წყვილებისკენ ანიშნა ანასტასიამ ამ კითხვის დასმისას -მგონი, ნიკოლოზსა და მელინას განცალკევებით სჭირდებათ დალაპარაკება და უნდა დავტოვოთ

-ვფიქრობ სრულიად ლოგიკურია, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე -თბილად გაუღიმა მას ჩემმა ძმამ, წელზე მარჯვენა ხელი მოხვია და ჩვენთან თვალებით დამშვიდობების შემდეგ, იგი საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა.

მე და მელინა, სრულიად მარტონი დავრჩით, ფურშეტის მაგიდასთან. ჩვენ ორს შორის ჩამოვარდნილი ეს აუტანელი დუმილი უკვე ნერვებს მიშლიდა, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ თავად ვიყავი ის, ვისაც უნდა ელაპარაკა, ხოლო მელინა კი ის, ვისაც ჩემთვის უნდა მოესმინა ამ დროს.

-მისმინე -დავიწყე, თან ქვედა ტუჩი ენის წვერით გავისველე -საამაყო წარსულით ნამდვილად ვერ დავიტრაბახებ და სიმართლე გითხრა, დეტალებში არც მინდა შენთვის ამ ყველაფრის მოყოლა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ოცდაორი წელი ნამდვილად შეუფერებელი ასაკია იმის მისახვედრად, როგორ არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, მაგრამ ისევე როგორც სიარულისა და ლაპარაკის სწავლა, ამის გაცნობიერებაც ძალიან დამიგვიანდა -გამეცინა და მისი ოდნავი ღიმილიც შევნიშნე აღნიშნულ მომენტში -რას ვიზამთ, დაბადებიდან ყველაფერში საკმაოდ ნელი ვიყავი, ალბათ ეს თვისება დღემდე მაქვს გამოყოლილი

-მგონი დაახლოებით უკვე ვხვდები შენი ქვიშის ქარიშხალში მოხვედრის მიზეზს -ყვითელი სითხე მოსვა ჭიქიდან. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ვსაუბრობდი, ყურადღებით მისმენდა და კომენტარიც მხოლოდ იმ წამს გააკეთა -დიდი ალბათობით, ამაში აარონის ხელი უნდა იყოს გარეული

-მართალი ხარ -თავის დაკვრით დავემოწმე -ჩემთვის უკითხავად ჩამწერა კურსებზე სახელწოდებით "გავიგოთ როგორია საკუთარი შრომით გამომუშავებული ფული" და სიმართლე გითხრა, ეს კურსები არც ისეთი საშინელი ყოფილა, როგორიც თავდაპირველად მეგონა -მერე მის გამომეტყველებას დავაკვირდი, ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი და ვკითხე: -მიბრაზდები?

გარკვეული დროის მანძილზე, კვლავ სიჩუმის გვირგვინი ადგა თავზე მელინას. შემდეგ ჩაეღიმა, ცალი წარბი მრავალმნიშვნელოვნად აზიდა მაღლა და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ გამცა:

-შენ ხომ არ გაბრაზებულხარ, როცა ჩემი ნამდვილი ვინაობა დაგიმალე? -მკითხა -თუ ასეა, მე რატომ უნდა ვბრაზობდე?

-ალბათ იმიტომ, რომ გოგონები ზედმეტად მგრძნობიარედ უდგებით ამგვარ საკითხებს და ზოგჯერ პრეტენზიულებიც ხართ ხოლმე

-პრეტენზიებს ერთმანეთს შეყვარებული წყვილები უყენებენ, აი ჩვენ კი . . . -აქ სიტყვა უნებურად გაუწყდა, ქვედა ტუჩს კბილები მოსდო, თან მელნისფერ თვალებში დაბნეულობა ჩაუსახლდა.

-ჩვენ რა? წინადადება დაასრულე

-იმის თქმა მინდოდა, რომ არც კი ვიცი რა ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის. მეგობარსაც ვერ დაგარქმევ, რადგან სასაცილოა მეგობარი უწოდო ბიჭს, ვინც დაგემუქრა ერთ დღეს ჩემად გაქცევ და აუცილებლად ავისრულებ იმ ოცნებას, რასაც შენი შეცდენა ჰქვიაო

-სხვათა შორის, ეგ სიტყვები შენზე გაბრაზებულმა ვთქვი. სიმართლე გითხრა, აღარც კი მეგონა თუ გახსოვდა

-ჰო, შეიძლება მეც ზედმეტი მომივიდა და ტუალეტში შენი დაბმა ოდნავ სისასტიკე იყო

-არა უშავს, სამაგიეროდ შენი პირადი ჰიგიენის თაროების თვალიერებისას ის გავარკვიე, რომ ქოქოსის შამპუნს, ტანის გელსა და თხევად საპონს იყენებ

-ძალიან მომწონს შენი იუმორი. ყოველთვის საჭირო ადგილას ურთავ ხოლმე

-კიდევ რა მოგწონს? -ყურთან ახლოს მივუტანე ტუჩები ამის თქმისას, თან მკლავზე ჩამოვუტარე ხელი გამომწვევად. ამჯერადაც შეაჟრჟოლა, მაგრამ გამოხედვა კვლავაც ისეთივე ამაყი, მშიდი და თავდაჯერებული ჰქონდა, როგორც ყოველთვის. სწორედ ეს თვისება მაგიჟებდა მასში.

-კიდევ ის მომწონს, რომ სმოკინგში საკმაოდ მიმზიდველი ხარ და იგივე სუნამო გასხია, რომელიც იმ საღამოს გესხა, ბარში

-მეფლირტავები, ბამბის თოჯინა? -მისი თმის მცირედი ნაწილი დავიხვიე თითზე, თან გამომცდელი მზერით ჩავხედე თვალებში.

-როგორც ჩანს, ძალიან გინდა ასე იყოს, თუ ვცდები?

-არა, ნამდვილად არ ცდები. თუკი ეგეთ ალერსიან საუბარს კიდევ ცოტა ხნით გააგრძელებ, შუა ღამით პრინცის კოცნასაც მიიღებ ჯილდოდ

-და პრინცი შენ ხარ? -შეკავებული ღიმილით ამომხედა, თან თავისი წვენის ჭიქა კვლავ მაგიდის ზედაპირზე დააბრუნა.

-ახლა არ თქვა მირჩევნია ბაყაყს ვაკოცოო, თორემ გარეთ მართლა დავინახე სადღაც და წავალ, შემოგიყვან

-ბაყაყი სტუდიაში! -სიცილით ამყვა ხუმრობაში მელინა.

-ბაყაყი, რომელიც პრინცად არ გადაიქცევა და ვერც შენ გაქცევს ზღაპრულ პრინცესად

ამჯერად ორივეს გაგვეცინა. ჩვენი საერთო მხიარულება თითქოს დარბაზსაც გადასდებოდა. ირგვლივ ყველა საუბრობდა, ერთობოდა, იცინოდა. ჩემს ძმასა და მის პარტნიორს რაც შეეხება, ისინი კვლავ საცეკვაო მოედანზე მოჩანდნენ, ღია იისფერი განათების ფონზე. ანასტასიას, აარონის კისერზე შემოეხვია ხელები, ცხვირით, მის ცხვირს ეხებოდა და თვალებდახუჭული, კვლავ ღიმილით ესაუბრებოდა რაღაცაზე. კარგად გამოიყურებოდნენ ერთად. საკმაოდ კარგადაც კი.

-ვაკვირდები და ვფიქრობ, ძალიან უხდებიან -თითქოს ჩემი ფიქრები გაახმოვანა მელინამ იმ წამს. ჩემსავით ისიც საცეკვაო მოედნისკენ იყურებოდა აღნიშნულ წამს და მის შუა გულში მდგომ წყვილზე ჰქონდა მზერა გაჩერებული.

-ჰო, მეც ასე მგონია -შამპანიური მოვსვი -აარონი მუდამ ფიქრობდა, რომ მოდელის პროფესიის ქალს თავის ცხოვრებას არასდროს დაუკავშირებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ბრძნული გამონათქვამი - "არასოდეს თქვა არასოდეს" ამჯერასაც მოწოდების სიმაღლეზეა


-შეიძლება -თავის დაქნევით შეხვდა ჩემს სიტყვებს, მერე კი დარბაზს მოატარა მზერა და მკითხა: -ჰო მართლა, ენკეს ვერსად ვხედავ, მოსვლას არ აპირებს?

-წარმოდგენა არ მაქვს -მხრები ავიჩეჩე -შეიძლება უბრალოდ აგვიანდება. ჩვენ მაინც ხომ ვიცით, რომ დაგვიანების გარეშე ერთ დღესაც კი არ მოსულა სამსახურში

-სამსახური სხვაა და გართობა სხვა. სადაც მუსიკა, დასალევი და ლამაზად ჩაცმული გოგონებია, იქ არასდროს იგვიანებს ხოლმე -გაეცინა -სწორედ ამიტომ გამიკვირდა

დარბაზი კვლავ ახალი მელოდიის ჟღერადობამ მოიცვა და მოცეკვავე წყვილებიდან უკლებლივ ყველამ, შეუსვენებლად გადააბეს წინა ცეკვა, მომდევნოს.

-როგორც ჩანს, შენც კარგად მოგიხერხებია ენკეს შეცნობა

-ენკეს შევეშვათ და მგონი თორნიკე გვიახლოვდება -თვალებით მანიშნა ჩვენკენ ზომიერი ნაბიჯებით მომავალი, მომღიმარი ჯაყელისკენ, ვისი შემჩნევაც მელინაზე ბევრად უფრო ადრე მომესწო და ხასიათიც გამფუჭებოდა ამის გამო.

-ჰო, ვხედავ -მივუგე ოდნავი ღიმილით -როგორც ჩანს დაპირებული ცეკვის მიღება სურს

-მეც ასე ვფიქრობ -მერე გამომცდელი მზერა მესროლა და მკითხა:- შენი ერთი სურვილი ისევ ძალაშია?

-გინდა თქვა, რომ მისთვის უარის თქმას აპირებ?

-გაჩუმდი, უკვე ძალიან ახლოსაა -ამჯერად უკვე ჩურჩულით მითხრა მელინამ, თან ჩვენგან უკვე ორიოდე ნაბიჯში მდგომი თორნიკე, თავაზიანი ღიმილით დააჯილდოვა.

-კიდევ ერთხელ საღამო მშვიდობისა -სიტყვებით ორთავეს მოგვესალმა, თუმცა მზერა მხოლოდ მელინასკენ ჰქონდა მიმართული ჯაყელს. ვაღიარებ, ამ ტიპს აშკარად ნიჭი ჰქონდა მუდამ შეუფერებელ სიტუაციებში "გავეხარებინე" ხოლმე თავისი მოულოდნელი გამოჩენით.

-საღამო მშვიდობის -უპასუხა მელინამ, მე კი მხოლოდ თავი დავუკარი, ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით, თან შამპანიურის აწ უკვე ჩაცლილი ჭიქა, ახლით ჩავანაცვლე.

-მგონი, ჩემი რაღაც გემართა ამ საღამოს

-მართლა? -ისეთი ტონით მიუგო, მიანიშნა, რომ ყველაფერი ახსოვდა.

-ჰო მართლა და იმედია ჩემს უარით გასტუმრებას არ გეგმავ

-როგორ შეიძლება ჩემს უფროსს უარი ვუთხრა -სწრაფად დააბრუნა თავისი წვენის ჭიქა უწინდელ ადგილას მელინამ, რის შემდეგაც, ჯაყელის გამოწვდილ მარჯვენას, თავისი ხელი დაადო, თანხმობის ნიშნად.

ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა. ცოტა ხნის წინ, თითქოს იმ ვარიანტს განვიხილავდით, რომ შეიძლებოდა თორნიკე უარით გაესტუმრებინა, მაგრამ ახლა ისე მიჰყვებოდა გვერდით, თითქოს არაფერიო.

აშკარად ვერ მივიღე მისი ამ ნაბიჯით სიამოვნება. მართალია, ეს მხოლოდ ცეკვა იქნებოდა და მეტი არაფერი, თუმცა რატომღაც ისიც კი საშინლად მაღიზიანებდა, რომ ეს ტიპი მელინას შეეხებოდა და მასთან ახლოს იქნებოდა.

გულზე მოწოლილი უარყოფითი შეგრძნებებისგან, მწარედ ჩამეცინა და თავი გადავაქნიე. მერე კვლავ მელინასკენ გავიხედე, რათა გამერკვია დაწყებული ჰქონდა თუ არა თორნიკესთან დაპირებული ცეკვა, მაგრამ იქ სრულიად განსხვავებული სურათი დამხვდა იმისაგან, რასაც თავდაპირველად მოველოდი. მელინა, საცეკვაო მოედანზე ყოფნის მაგივრად, კვლავ ჩვენი მაგიდისკენ მოემართებოდა, ოღონდ ჯაყელის მკლავზე ხელგადახვეული და ცალი ფეხის კოჭლობით. გამიკვირდა. ამას ნამდვილად არ ველოდი.

-რა გჭირს? რამე მოხდა? -ჭიქა მაშინვე დავდე, მათკენ რაც შემეძლო სწრაფად წავედი და თავისუფალ მკლავზე ხელი მოვკიდე, რათა თავადაც დავხმარებოდი სიარულში.

-ისეთი არაფერი, უბრალოდ ფეხი გადამიბრუნდა -შეწუხებული სახით ამომხედა -გითხარი კიდეც, მე და მაღალქუსლიანები მაინცდამაინც ვერ ვმეგობრობთ-მეთქი

თორნიკე უკმაყოფილო სახით მიყურებდა. ალბათ ორი რამის გამო იყო გაბრაზებული -პირველი, იმის, რომ მელინასთან ცეკვა ვერ შეძლო, ხოლო მეორე იმის, რომ ერთადერთი არ იყო, ვინც ამ უკანასკნელს დახმარებას უწევდა კვლავ მაგიდასთან დაბრუნებაში.

-ნამდვილად კარგად ხარ? ექიმთან ხომ არ წაგიყვანო? -შესთავაზა ჯაყელმა.

-თუ სჭირდება, თავად წავიყვან, ერთმანეთთან მაინც ახლოს ვცხოვრობთ

მელინამ ორივეს სათითაოდ გადმოგვხედა და უარყოფის ნიშნად თავიც გადააქნია.

-დამშვიდდით, არანაირ თეთრხალათიანს არ ვსაჭიროებ, უბრალოდ ნაკლებს ვივლი, ერთ ადგილას გაუნძრევლად ვიდგები და მალე გადამივლის

-ნამდვილად?

-ნამდვილად, თორნიკე -ღიმილით დაუმოწმა მან.

ამასობაში, ჩვენს მაგიდამდეც მივაღწიეთ. ჯაყელმა კიდევ რამდენჯერმე ჰკითხა დაზარალებულს, ნამდვილად კარგად გრძნობდა თუ არა, თავს, რაც იმდენად მომაბეზრებლად ჟღერდა, მელინას მაგივრად მე გამოვედი წყობიდან და ეს ვერც დავმალე:

-იქნებ საკმარისია? -ბასრი მზერა ვესროლე ამის თქმისას ჯაყელს -უბრალოდ ფეხი გადაუბრუნდა, დრამატიზება არ არის საჭირო

-როცა აზრს გკითხავენ, მაშინ ილაპარაკე, გაიგე? -ზუსტად ჩემნაირად მკაცრი იყო მისი მზერაც.

-არ ვიცოდი ხმის ამოსაღებად შენი ნებართვა თუ იყო საჭირო. სასტუმროს შინაგანა წესში ასეთ პუნქტს თვალი ვერსად მოვკარი

როგორც ჩანს, ჩვენს შორის არსებული ეს უთანხმოება, არც მელინასთვის ყოფილა უხილავი, რადგან კამათის დაწყებიდან მალევე, მაშველი რგოლივით ჩაგვიდგა შუაში და ორივეს სათითაოდ გამოგვიწოდა შამპანიურის ჭიქები.

-მოდით, უბრალოდ დაძაბულობა მოვიხსნათ და დღევანდელი დღის აღსანიშნავად თითო ჭიქა დავლიოთ

თორნიკეს გაეღიმა.

-კი ბატონო, თუკი შენც დალევ

-მელინა ვერ დალევს, სასმელი მასზე ცუდად მოქმედებს

-საინტერესოა, შენ საიდან იცი -ხმაში გაღიზიანება დაეტყო.

-სიმართლეს ამბობს, თორნიკე. ჯობია მხოლოდ თქვენ ორმა დალიოთ, თუ ზედმეტ პრობლემებს არ ეძებთ

-კარგი, რა გაეწყობა, იყოს ასე -ღიმილით ჩამოართვა თავისი ჭიქა ჯაყელმა. მეც ზუსტად იგივე გავაკეთე, თუმცა დალევას არ ვაპირებდი. მახსოვდა, რომ საჭესთან ვიყავი და წინა ორი ჭიქაც საკმარისი ჩავთვალე ამ საღამოსთვის.

-და რის სადღეგრძელოს ვსვამთ? -ინტერესით გამომდედა ჯაყელმა კითხვის დასმისას, რითაც მიმახვედრა, რომ სწორედ მე უნდა ვყოფილიყავი ამის მოფიქრების ინიციატორი. იდეას დიდხანს არც დაუგვიანია:

-მოდი, პირველ რიგში იმ ცეკვის სადღეგრძელო დავლიოთ, რომელიც ვერ შეასრულეთ

მელინას ჩუმად ჩაეცინა, ხოლო თორნიკეს მჟავე გამომეტყველებამ გადაურბინა სახეზე, თუმცა თავისი ჭიქა, ჩემსას მაინც მოუჭახუნა და ქარვისფერი სითხე ოდნავ მოსვა. სწორედ იმ მომენტში, ტექსტური შეტყობინებაც მივიღე ტელეფონზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავად ჩემს გვერდით მდგომი მელინა მწერდა. SMS შემდეგი სახის შინაარსს შეიცავდა:

<<პირობა უკვე შევასრულე, ერთი სურვილი ჩემია>>

<<კონკრეტულად რა პირობის შესრულებაზე ლაპარაკობ?>> -დავუბრუნე პასუხი, ისე, რომ წერილის ავტორისკენ თავი არ გამიბრუნებია. არც ისე ზრდილობიანად გამოვიდოდა, ჯაყელს შეემჩნია, რომ მის წინ საიდუმლო მიმოწერა გვქონდა გამართული.

გაგზავნის ღილაკზე თითის დაჭერიდან ათი წამიც არ იყო გასული, ტელეფონი კვლავ აზუზუნდა.

<<შენი აზრით, საცეკვაო მოედნისკენ მიმავალს მართლა გადამიბრუნდა ფეხი?>> -ბოლოში, ჩაფიქრებული სმაილი და ცხვირგაზრდილი პინოქიო ახლდა შეტყობინებას. გამეცინა. ახლა უკვე ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა. ცოტა ხნის წინ მომხდარი, უბრალოდ მელინას ერთგვარი ხრიკი იყო, რათა არც ჯაყელთან გამოსვლოდა უხერხულად დაპირებულ ცეკვაზე უარის თქმა და ჩემთვისაც მოეგო დაპირებული სურვილი.

<<მართლა რა გაიძვერა ვინმე ხარ. შენი უნდა ეშინოდეთ.>>

<<როგორც ჩანს, ჩემგან ბევრი რამ გაქვს სასწავლი, ნიკოლოზ . . . სურვილზე მოგვიანებით დავფიქრდები.>> -მომწერა და აღნიშნულ წამს ისიც დავინახე, როგორ ჩააცურა მობილური კვლავ თავის პატარა ჩანთაში. სავარაუდოდ, ეს მიმოწერის დასასრულს ნიშნავდა და აღარც მე მიხლია ჩემი ტელეფონისთვის ხელი მეტად.

იმ საღამოს, კიდევ ერთი რამ მოხდა ისეთი, რამაც საკმაოდ ნასიამოვნები დამტოვა. მაშინ, როდესაც უკვე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩვენს შორის დამაბრკოლებელი ბარიერივით აღმართულ ჯაყელს ვერა და ვერ მოვიშორებდი თავიდან, სწორედ ამ დროს, სასტუმროს მთავარმა მენეჯერმა დაუძახა, აქეთ მოდი, ვიღაცას უნდა შენი გაცნობაო და მანაც უარი ვეღარ უთხრა, ზრდილობის ნორმებიდან გამომდინარე.

ჩემს ძმასა და ანასტასიას, უკვე დაემთავრებინათ საცეკვაო მოედანზე თავიანთი "გამოსვლა" და ამჯერად, ვიღაც შუა ხნის, სათვალიან მამაკაცს ესაუბრებოდნენ, ჩვენგან საკმაოდ მოშორებით მდგომ მაგიდასთან.

-კარგი, ესე იგი ერთი სურვილი წავაგე -ხილის ასორტის დაცარიელებული ჩხირის, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ სათავსოში ჩაგდების შემდეგ, კვლავ მელინას მივუტრიალდი. გამიკვირდა, თუმცა ფაქტი იყო, ამ უკანასკნელს სახეზე აღარც უწინდელი მხიარულების კვალი აჩნდა და აღარც უდარდელობის. ამის მაგივრად, გამომეტყველებაზე დაძაბულობა ეტყობოდა და თვალმოუშორებლად მიშტერებოდა ერთ კონკრეტულ წერტილს.

მის მზერას თვალი უხმოდ გავაყოლე. ერთი შეხედვით, გარშემო საეჭვო არაფერი ჩანდა ისეთი, რასაც შეეძლო მისი აფორიაქება გამოეწვია. უცნაური იყო ეს ყველაფერი.

-ისეთი სახე გაქვს, თითქოს შენი დიდი ბებიის აჩრდილი დაინახე, რა გჭირს?

ამ შეკითხვის მიუხედავად, მელინას კვლავაც არ შეუცვლია თავისი მზერისთვის მიმართულება.

-ჩემი დიდი ბებიის აჩრდილს ვერ დავინახავდი, იმიტომ, რომ ცოცხალია -მომიგო ხმადაბლა.

-ჰოო, მაშინ რაღაც ვერ გამომსვლია კარგად -გამეცინა -შორიდან ვუხდი ბოდიშს პატივცემულ ბებიას

-გადავცემ, როდესაც ვნახავ -მითხრა და აღნიშნულ წამს, კიდევ ერთი უცნაური რამ გააკეთა - სახეზე თავისი პატარა ჩანთა აიფარა, მერე კი ჩემს ზურგს უკან მიიმალა, პოლიციისგან დევნილი საშიში დამნაშავესავით.

ნეტავ ამჯერად რაღაში იყო საქმე? ვაღიარებ, ეს ადამიანი მუდამ მაოცებდა ხოლმე თავისი იდუმალებითა და მოულოდნელობებით, ამიტომ ვერც ახლა ვიტყოდი, მისი საქციელით მაინცდამაინც გაკვირვებული დავრჩი-მეთქი. თუმცა მიზეზი მაინც მაინტერესებდა და გადავწყვიტე გამერკვია კიდეც:

-ხომ ვერ მეტყვი, დამცავ ბარიერად რატომ მიყენებ? -მისკენ არც გამიხედავს ისე ვკითხე -შემთხვევით, ის ბიჭი ხომ არ დანახე სადმე, წვეულებაზე რომ ხელი გთხოვა და უარი სტკიცე? -ნიცას მიერ, მანქანაში მოყოლილი ამბავი გამახსენდა იმ მომენტში.

მელინასგან გარკვეული დრო პასუხი არ ყოფილა. მისი ხმა მხოლოდ შეკითხვის დასმიდან ათი წამის მერე გავიგე:

-შენ საიდან იცი ეგ ამბავი?

-ჩავთვალოთ, რომ მე ყველაფერი ვიცი. ახლა კი, თუ შეიძლება კითხვაზე მიპასუხე

-აქედან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიდე, ნიკოლოზ -ხმაზე შევატყვე რაღაც საშინლად ძაბავდა -სანამ მუსიკა უკრავს და შუქები ჩამქვრალია უნდა მოვასწრო. წამიყვან თუ ტაქსი გამოვიძახო?

თუკი აქამდე, ისე ველაპარაკებოდი, რომ მისკენ არ ვიყურებოდი, ახლა მთელი ტანით მივტრიალდი და დამკვირვებლური მზერით შევათვალიერე. ისე მოუსვენრად გამოიყურებოდა, ოდნავადაც არ ჰგავდა უწინდელ მელინას, ვისთანაც რამდენიმე წუთის წინ ვსაუბრობდი.

-ამიხსნი რა ხდება თუ მეექვსე გრძნობა ჩავრთო? -ვკითხე კატეგორიულად, რადგან მსურდა პასუხი რაც შეიძლებოდა მალე მქონოდა ხელთ. უნდა ითქვას, ჩემმა ხერხმა გაჭრა კიდეც:

-ამ განათებაზე კარგად ვერ ვარჩევ, თუმცა მგონი აქ დავითის დაცვის უფროსი შევნიშნე

-მამაშენის?

-ჰო, მამაჩემის -სასწრაფოდ მომიგო -გამორიცხული არაა რაღაცას ეჭვობდეს და აქ სწორედ ჩემს მოსაძებნად ჰყავდეს გამოგზავნილი. თანაც შევამჩნიე, რომ დარბაზს ათვალიერებდა და ეჭვები გამიმძაფრდა. ეს ნამდვილად არ უნდა იყოს უბრალო დამთხვევა.
-კი მაგრამ მამაშენს საიდან უნდა გაეგო ეგ ყველაფერი?

-არ ვიცი, ამ სასტუმროში ბევრი გავლენიანი ადამიანი ისვენებს, ზაფხულობით და ნახევარზე მეტი ჩემს მშობლებს კარგად იცნობს. მართალია ბათუმში ჩამოსვლისას იმიჯი ძალიან შევიცვალე, მაგრამ შესაძლოა რომელიმე მათგანმა მაინც მიცნო და მამაჩემამდეც მიიტანა ეს ამბავი

-და ფიქრობ დავითმა გადასამოწმებლად თავისი დაცვის უფროსი მოგიგზავნა?

-არაა გამორიცხული -მერე კვლავ ჩემს ბეჭს იქით გაიხედა, მალულად და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია -დაუყოვნებლივ უნდა წავიდე აქედან!

აარონსა და ანასტასიას გავხედე. მათთან დაუმშვიდობებლად სასტუმროს დატოვება ნამდვილად არ შედიოდა ჩემს თავდაპირველ გეგმებში, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფაქტი იყო, ვერც მელინას მარტო გაშვებას შევძლებდი, ამიტომ გადაწყვეყილებაც რეკორდული სისწრაფით მივიღე:

-ტაქსის გამოძახება არ გჭირდება, თავად წაგიყვან -როგორც იქნა ვუთხარი ის, რასაც ამდენი ხნის მანძილზე მოელოდა ჩემგან -ოღონდ მანამდე მითხარი ის ტიპი როგორ გამოიყურება, რათა ვიცოდე ვისგან გვიწევს გაქცევა

-თეთრ სმოკინგშია გამოწყობილი, ასე მარტო მას აცვია და არა მგონია ცნობა გაგიჭირდეს

იქაურობას თვალი მოვატარე. ვინაიდან, დარბაზში თეთრი ფერის სამოსში არავინ იყო, ხსენებული ტიპის შემჩნევა ნამდვილად არ ყოფილა რთული ამოცანა. პირიქით, საკმაოდ მალე მოვახერხე მისი სხვებისგან გამორჩევა და მელინას ხელს, საკუთარი ჩავჭიდე.

-ვფიქრობ, აქ მართლა ვიღაცას ეძებს, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ზუსტად ისაა, ვინც გგონია? იქნებ გეშლება და ტყუილად გავრბივართ?

-ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ისაა

-კარგი, თუ ასეა, მაშინ, ჯობს ის ერთი პროცენტი დავიკიდოთ და ვიჩქაროთ!

დარბაზიდან გასასვლელი კარისკენ, იმდენად სწრაფად გავემართეთ, რამდენადაც ეს საერთოდ გახლდათ შესაძლებელი. როგორც ვფიქრობდი, აარონთან და ანასტასიასთან გამომშვიდობება ვერ შევძელი. მუსიკა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, მალე დარბაზიც უწინდებურად განათდებოდა და ახლა ნამდვილად არ იყო ვინმესთან გამოსამშვიდობებლად შესაფერისი დრო.

გასასვლელ კართან, დაახლოებით თხუთმეტიოდე ნაბიჯი გვაშორებდა, როდესაც, სრულიად მოულოდნელად, გზა ჩვენმა თამამშრომელმა ერთ-ერთი მიმტანმა გოგომ გადაგვიღობა. გაგიკვირდებათ, თუმცა მისი სახელიც კი არ მახსოვდა და არც ახლო ურთიერთობა გვაკავშირებდა. მიუხედავად ამისა, ორივეს ისე გადაგვეხვია, როგორც ბავშვობის საუკეთესო მეგობრებს.

-ნიკოლოზ, რა სიმპათიური ხარ! -მხიარულად შემომცინა, როგორც კი კისერზე შეოხვეული ხელები მომაშორა -შენც საკმაოდ კარგად გამოიყურები მელინა

-გმადლობ, ენი, მაგრამ ახლა ძალიან გვეჩქარება

აჰა, ესე იგი ენი ერქვა. დღეიდან მეცოდინებოდა.

-სად გეჩქარებათ? თქვენ რა, უკვე წასვლა გადაწყვიტეთ? ასე ადრიანად? -გაკვირვება დაეტყო ხმაში, ლაიმისფერ კაბაში გამოწყობილ ენის.

-ჰო, ასე გამოვიდა -პასუხებს ზედმეტად სწრაფად სცემდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ერთი სული ჰქონდა თავს როდის დააღწევდა მელინა. ინტუიცია გაუჩერებლად მკარნახობდა, გადაუდებელი ჩარევის დროაო და საბოლოოდ, დავემორჩილე კიდეც მის ხმას:

-მისმინე ენი -მხარზე ხელი დავადე ამის თქმისას -ვიცი, ჩვენი ასე ადრიანად წასვლა ცოტათი უცნაურად გეჩვენება, მაგრამ გადაუდებელი საქმე გვაქვს და სხვა დროს ვისაუბროთ

აღარაფერი უთქვამს. როგორც ჩანს, ჩემი პასუხი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რათა უხმოდ გამდგარიყო გვერდზე და ბოლოს და ბოლოს, ჩახერგილი გზაც დაეთმო, მატარებლის ორი ვაგონისთვის.


-ვაუ, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც წამების წინ გააკეთე, ძალიან სასტიკი ვინმე ყოფილხარ -მითხრა მელინამ, როგორც კი გაკვირვებულ ენის რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდით -გოგოს აშკარად მოსწონხარ, შენ კიდევ ეუხეშე
-საიდან მოიტანე, რომ მოვწონვარ?

-აბა რა გეგონა, ჩემს მოსაკითხად მოვიდა, როცა არც კი მიცნობს ნორმალურად? აშკარა იყო, ელოდებოდა როდის დაპატიჟებდი საცეკვაოდ

-ჰოო?

-ნამდვილად. ადამიანისთვის გონების არევის საოცარი ნიჭი აქვთ შენს ლურჯ თვალებს

-და კიდევ ვის აურია გონება ჩემმა ლურჯმა თვალებმა? შემთხვევით შენ ხომ არა? -თან გასასვლელისკენ მივემართებოდი, თან ვესაუბრებოდი.

-გონება შენ უფრო გაქვს არეული ჩემს გამო, ასე რომ საკუთარ თავზე იზრუნე

-მომავალი ფსიქოლოგის თავდაჯერება კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა -მივუგე და უკვე დარბაზიდან გასასვლელი კარის ზღურბლსაც უნდა გადამებიჯებინა მასთან ერთად, რომ უეცრად მუსიკა შეწყდა და სადღესასწაულოდ მორთული დარბაზიც უწინდებურად გაანათა თბილმა ოქროსფერმა შუქებმა.

მელინამ თავი უკან მიატრიალა. შიგნიდან აპლოდისმენტების ხმაც მოისმა, თუმცა არ ვიცოდი რატომ. ამას არც დავუინტერესებივარ. მხოლოდ იმას ვაქცევდი ყურადღებას, რომ ჩემს ხელში მოქცეული მისი მტევანი, ნელ-ნელა ცივდებოდა და ვხვდებოდი, ეს ნერვიულობისგან იყო გამოწვეული.

-ნიკოლოზ, მგონი უკან რომ გავიხედე დაგვინახა და ახლა მოგვყვება -მითხრა, თან კვლავ შეატრიალა თავი

-ნუ იხედები, წინ იყურე

-ვცდილობ

-ცოტა სწრაფად არ შეგიძლია? -დარბაზს კარგა მანძილზე ვიყავით გაშორებული, როცა ეს ვკითხე -კუ ჩვენზე ბევრად უფრო სწრაფად ივლიდა

-რა ვქვნა, ისეთი მაგარი არ ვარ ქუსლიანებით სირბილი რომ გამომდიოდეს

-მე კი მაიკლ სკოფილდი არ ვარ, ასეთ გამოუვალ სიტუაციებშიც კი რომ ელვის სისწრაფით შემეძლოს ჭკვიანური გეგმის შემუშავება

-ჩემი ბრალი არაა, დახმარების ხელი თავად გამომიწოდე და ნამდვილად არ მქონდა იმის დრო, ამ ხელისთვის დიდი ხნის განმავლობაში მეყურებინა, რადგან ცუდ დღეში ვიყავი!

-კარგი, კარგი, როგორც ჩანს ისევ პრინცმა უნდა იხსნას კონკია -ამის თქმის შემდეგ დიდხანს აღარც დამიყოვნებია, სწრაფად შევუცურე ხელები მუხლების ქვეშ, ხელში ბუმბულივით მსუბუქად ავიტაცე და გზა ორჯერ უფრო სწრაფად განვაგრძეთ.

მელინამ ჩემს კისერს ხელები მოხერხებულად შემოხვია, მერე კი კვლავ უკან გაატრიალა თავი.

-ნიკოლოზ, მოგვდევს

-ხომ გითხარი უკან არ გაიხედო-მეთქი?

-აბა როგორ უნდა გავარკვიო მოგვყვება თუ არა?

-თავის დროზე რომ თავის ტრიალი არ დაგეწყო და მხოლოდ წინ გეყურა, დიდი ალბათობით საერთოდ ვერ შეგამჩნევდა

-ანუ მე ვარ დამნაშავე?

-რა თქმა უნდა შენ ხარ. ახლა კი გაჩუმდი და ხელს ნუ მიშლი, სადაცაა მანქანასთანაც მივალთ -უკვე სასტუმროს კარიდან გასულმა ვუთხარი. კიდევ კარგი, ბევრი არ დამილევია და ზუსტად მახსოვდა კონკრეტულად რა ადგილას ეყენა ჩემი ავტომობილი.

-ეი, მის ანტონია! -მოგვესმა უკნიდან მამაკაცის ბოხი ხმა -მოიცადეთ, სად გარბიხართ?!

-მის ანტონია? -სიცილი ამიტყდა.

-ძალიან გთხოვ, ამაზე კრინტი არ დაძრა! -თვითონაც ძლივს იკავებდა სიცილს და ამისთვის, ქვედა ტუჩს კბილებს მთელი ძალით აჭერდა.

-კარგი არ დავძრავ, მაგრამ ყველაფერი რომ დასრულდება, გამახსენე მარათონულ სირბილში ჩავეწერო, გამოცდილება რაღაც მხრივ უკვე მაქვს

-არანაირ სიტუაციაში არ კარგავ იუმორს

-მის ანტონია, ახლავე გაჩერდით! -მოგვესმა კვლავ, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ, უკვე მანქანამდეც ვიყავით მისულები და სამშვიდობო ხაზის გადაკვეთამდეც სულ ცოტაღა გვაკლდა.

-ჩქარა, დაჯექი! -სასწრაფოდ ჩამოვსვი ძირს მელინა, შემდეგ კი გასაღებზე თითის დაჭერით კარებიც გავაღე და დაუყოვნებლივ მოვთავსდი მესაჭის ადგილას. წამიც არ იყო გასული, ჩემი გვერდითა სავარძელიც რომ შეივსო.

მელინამ ღვედი გადაიჭირა და გვერდზე გაიხედა. დაცვის მელოტი, თეთრსმოკინგიანი თანამშრომელი, დაგეშილივით მორბოდა და სულ მალე, მოგვიახლოვდებოდა კიდეც.

-რა ჰქვია ამ ტიპს? -ვკითხე მელინას, თან ძრავაც ავამუშავე.

-შავლეგი

-შავლეგი? -სიბრალულით შევავლე თვალი სახელის გაგებისას, თან დავამატე:- ისე აწყვეტილი მორბის, ჩემი აზრით ჯეკა უფრო უხდება


-ჰო, მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები, ამიტომ, თუ ცოფის საწინააღმდეგო აცრა არ გაქვს გაკეთებული, დროზე გავასწროთ -გაეცინა და კვლავ საქარე მინისკენ გაიხედა -სწრაფად ნიკოლოზ!

-ჰო, მივდივარ, მივდივარ -გაზს რაც შემეძლო ძლიერად მივაჭირე ფეხი, რათა ავტოსადგომიდან რაკეტასავით სწრაფად გავვარდნილიყავი და ეს მიახლოებით გამომივიდა კიდეც.

ჩემი სწრაფი მანევრირების წყალობით, ზემოთ ხსენებული შავლეგი, ცოტა ხნით საგრძნობლად ჩამოვიტოვეთ, თუმცა სიტუაცია მაშინ გართულდა, როდესაც ეს უკანასკნელიც ჩვენს მსგავსად ჩაჯდა თავის ოთხბორბლიან მეგობარში და პოლიციის სირენებიანი მანქანასავით გამოგვედევნა უკან.

-ესღა გვაკლდა -თვალები მობეზრებით აატრიალა მელინამ, თან სავარძლის საზურგეს ხვნეშით მიეყრდნო.

-ვაღიარებ შენთან სულ უფრო და უფრო მეტი ადრენალინია

-მეგონა გაბრაზდებოდი შარში რომ გაგხვიე

გამეცინა.

-შარში თავად ხარ ბამბის თოჯინა, აი მე კი იქედან გამოსვლაში საკუთარი ნებით გეხმარები და ეს რომ არ მინდოდეს, არც მაგ სავარძელში იჯდებოდი

-დამაჯერებელი პასუხი იყო

-გირჩევნია უკან გაიხედო და მითხრა მამაშენის ცოფიანი შავლეგი გვეწევა თუ არა

ჩანთის უკანა სავარძელზე მიგდების შემდეგ, მელინამ, როგორც ვთხოვე, თავი მიატრიალა და რამდენიმე წამში, კვლავ მე გამომხედა.

-ჯერ ვერ გვეწევა, თუმცა სიჩქარე არ დააგდო

-კარგი, ასე ვიზამ, მაგრამ სადამდე აპირებს ჩვენ დევნას? მთელი ღამით კატა-თაგვობანა უნდა გვეთამაშოს?

-არ ვიცი, მასთან ტელეპატიურ კავშირს ამ ბოლო დროს ვეღარ ვამყარებ . . .

-ირონია იქეთ გადავდოთ და შენ ხომ ნომერ პირველი გაიძვერა ხარ? ამჯერად არაფერი მოგდის თავში აზრად? -ეჭვით დაწვრილებული თვალებით ვკითხე. მელინამ მკლავზე მიჩქმიტა.

-რას აკეთებ, მეტკინა!

-თუ არ გაჩუმდები, ათჯერ უფრო მეტად გეტკინება

-გაბრაზებული იმიტომ ხარ, რომ თავის დასაძვრენი იდეები გაგირბიან?

-არა, გაბრაზებული იმიტომ ვარ, რომ ჩემი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს და ეკრანს მამაჩემის სახელი აწერია, დიდი ასოებით

-თუ გინდა მე ვუპასუხებ -შევთავაზე -ვეტყვი, რომ მისი შვილი გავიტაცე და გამოსასყიდს ვითხოვ, მილიონი დოლარის ოდენობით

-ჰო, მერე კი ფული ავიღოთ, მოვტყდეთ და ტოსკანაზე დავისვენოთ, არა?

-ვაღიარებ, მშვენიერი აზრია

ორივეს გაგვეცინა, ჩვენი საუბრის განმავლობაში კი თანდათანობით ის იდეაც გამოჩნდა ჰორიზონტის ხაზზე, რომელიც აღნიშნულ წამს, ჰაერზე მეტად გვჭირდებოდა.

-ვფიქრობ გეგმა მაქვს როგორ უნდა ჩამოვიშოროთ გზიდან ის მელოტი ბულდოგი

-მაინც როგორ? -თვალებში დაღლილობა ედგა და თავისი ხმაგამორთული მობილურის ეკრანს დაჰყურებდა. როგორც ჩანდა, დავით დევდარიანი კვლავაც არ წყვეტდა ქალიშვილთან დაკავშირების მცდელობებს. მიზეზი კი, დიდი ალბათობით ის იყო, რომ უკვე მოესწრო მისი ორმაგი ცხოვრების დეტალების გაგება, თავისი ერთგული დაცვის უფროსისგან.

-სანამ გეგმას გაგიმხელდე, ჯერ ერთ კითხვას დაგისვამ

-რა კითხვას?

-ოდესმე დაძრული მანქანიდან გადამხტარხარ?

-რაო? -მელნისფერი თვალები გაკვირვებამ მოიცვა -ახლა არ მითხრა, რომ იმას აპირებ, რაც გავიფიქრე

-რას ვიზამთ, შენდა სამწუხაროდ უნდა გაცნობო, რომ ასეა

-ამას არ გავაკეთებ, ნიკოლოზ. მეცამეტე რაიონი მეც ნანახი მაქვს, მაგრამ მსგავსი ილეთების გამეორება ჩემს შესაძლებლობებს აღემატება


მიუხედავად მისი სიტყვებისა, ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელის აღებას არ ვაპირებდი. ვიცოდი, თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებდი არც ერთს არ დაგვემართებოდა რამე ცუდი, ამიტომ, საჭეს დროებით ხელები ავუშვი და და პიჯაკის გახდა დავიწყე.

-რას აკეთებ?

-აი ეს მოიცვი, გადახტომისას მკლავები რომ არ დაგეკაწროს

-ნიკოლოზ, არ გადმოვხტები!

-გადმოხტები!

-არ გადმოვხტები!

-მელინა, აქ ვარ და არ დავუშვებ რამე დაგემართოს -მის ხელს, ჩემი ხელი მაგრად მოვუჭირე გასამხნევებლად -უბრალოდ მენდე, კარგი? რამე ცუდის მოლოდინი რომ მქონდეს, არც საკუთარ თავს ჩავაგდებდი საფრთხის ქვეშ და მით უმეტეს, არც შენ!

შევატყვე, ჩემმა სიტყვებმა შიში საგრძნობლად შეურყია, თუმცა იგი საბოლოოდ მაინც არ გააქრო, რადგან მის მელნისფერ თვალებში მაინც ჩანდა ის ყოყმანი, რაც საშუალებას არ აძლევდა კვლავ ის მტკიცე გამომეტყველება მიეღო, ასე ნაცნობი რომ იყო მისი პიროვნებისთვის.

-ზუსტად იცი, რომ არაფერი მოგვივა? -მკითხა ცუდი ღამეული სიზმრისგან შეშინებული ბავშვივით. გამეღიმა მის სახეზე, მიუხედავად იმისა, რომ ახლა სრულიად არ იყო ღიმილისთვის შესაფერისი დრო.

-ზუსტად ვიცი, დამიჯერე -თითებზე ვაკოცე და მათ უფრო მაგრად მოვუჭირე -ახლა შემდეგ მოსახვევში გადავუხვევ, სვლას ოდნავ შევანელებ და სამ თვლაზე ვხტებით

-და მერე? -მთელი არსებული ძალით ამზადებდა საკუთარ თავს მომავალი სახიფათო მანევრისთვის.

-მერე უბრალოდ ბორდიულის უკან ჩავიმალოთ და სანაპიროსკენ დავიძრათ, რაც შეიძლება სწრაფად. სიბნელე იქნება და თავის დაძვრენას უფრო მარტივად შევძლებთ

-ნიკოლოზ . . .

-გისმენ

-შენთან ბევრად უფრო მეტი ადრენალინია, ვიდრე ჩემთან

-როგორც ჩანს ორივე ადრენალინის წყარო ვართ -დარწმუნებით მივუგე და კიდევ ერთხელ შევხედე გამომცდელი მზერით -მორჩა, მოსახვევთან ახლოს ვართ, მზად ხარ?

-მზად ვარ -ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ სწრაფად მომიგო. იმ წამს, ნაცნობი მტკიცე გამომეტყველებაც დაბრუნდა მის სახეზე -მზად ვარ, მაგრამ თუ რამე მოვიტეხე, ან ყველაფერი ისე არ წავიდა და პალატაში ამოვყავით თავი, იცოდე, რომ მადლობელი ვარ შენი იმის გამო, რაც დღეს ჩემი გულისთვის გააკეთე

-მაგაზე შეგიძლია არ იღელვო, არ დავუშვებ პალატაში მოგვიწიოს გაღვიძება, გაჭიმული ფეხითა და თაბაშირით -საკუთარი თავის ასეთ მდგომარეობაში წარმოდგენაზე, შემაჟრჟოლა კიდეც. ისიც კი ნათლად წარმოვიდგინე რამდენს სისულელეს დამახატავდა ნიცა თაბაშირით დაფარულ ადგილებზე.

-კარგი, ესე იგი ამას ვაკეთებთ

-ვაკეთებთ -თავის დაკვრით დავუმოწმე და მოსახვევთან მიახლოებისას, სიჩქარის მაჩვენებელიც დავაგდე, ოდნავ -ახლა კი ღრმად ჩაისუნთქე, ღვედი გაიხსენი და მორალურად მოემზადე, თავდავიწყება იწყება!





* * *
ყველაზე სასიამოვნო გრძნობა ალბათ ისაა, როცა კონკრეტულ გეგმას დასახავ, მას გონებაში დაალაგებ და საბოლოოდ აღმოაჩენ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე აეწყო, როგორც ეს დასაწყისში გქონდა წარმოდგენილი.

აღნიშნულ მომენტში, სწორედ ამ გეგმის გამართლებისგან მოგვრილი კმაყოფილების შეგრძნებით მოცული მივუყვებოდი სანაპირო ზოლს, მელინასთან ერთად, თან შარვლის ბოლოები ოდნავ ამეკეცა, ხელში საკუთარი ფეხსაცმელი მეჭირა და ნაპირისკენ პეროოდულად წამოსული ტალღები მასველებდა.

შავლეგისგან გამოქცევის შემდეგ, უკვე ათი წუთი იყო გასული, რაც ასე უხმოდ დავსეირნობდით და ცოტა ხნის წინ განცდილ ადრენალინს, დუმილში ვახშობდით. ლამაზი ღამე იყო, თუმცა ქარიანი, ამიტომ, ჩემი პიჯაკი კვლავ მელინას ჰქონდა მხრებზე მოსხმული, ხოლო რაც შემეხება მე, ვცდილობდი, როგორმე ამის გარეშეც გავსულიყავი ფონს.

ტალღების შრიალი, ყურს ისე სასიამოვნოდ ხვდებოდა, როგორც აქამდე არასდროს. სანაპიროს იმ ნაწილშიც მხოლოდ ჩვენ ვიყავით და ვერც მყუდროებას დაგვირღვევდა ვინმე.

მელინას ტელეფონმა, ვინ იცის უკვე მერამდენედ გამოსცა შეტყობინების მოსვლის ხმა. ეს, ყოველი ოცი წამის ინტერვალში ხდებოდა ხოლმე ჩვენი სანაპიროზე მოსვლის შემდეგ და მეც მხოლოდ ახლა გადავწყვიტე კითხვა დამესვა, რადგან ვამჩნევდი ყოველი SMS-ის ხმა, მის ნერვებზე მოქმედებდა ცუდად.

-რა ხდება, ისევ მამაშენია? -ცალი ხელი ჯიბეში ჩავიყავი ამის თქმისას, მეორეთი კი კვლავ ფეხსაცმელი მიმქონდა. ჩემს მსგავსად, მელინასაც გაეხადა თავისი მაღალქუსლიანები და მასაც ხელით მოჰქონდა ეს უკანასკნელი, თან გრძელი კაბის ბოლო, მუჭში ჰქონდა მოქცეული, რათა ზღვის ტალღებში არ დასველებულიყო.

-ჰო, მამაჩემია -ამოიოხრა -ზარებზე რომ არ ვუპასუხე, შეტყობინებებზე გადმოვიდა. აშკარად რთული სიტუაციაა

-კარგი და ახლა რას აპირებ? -მაინტერესებდა, აპირებდა თუ არა სასტუმროში მუშაობის გაგრძელებას.

-წარმოდგენა არ მაქვს, იდეის გარეშე ვარ -მხრები აიჩეჩა -თუ მიპოვეს, საუკეთესო შემთხვევაში ინგლისისკენ მიმავალი გემის ბილეთს მიყიდიან და ლონდონში მიკრავენ თავს

-ლონდონში? ეს საიდან მოიტანე?

-. . .

-მელინა!

-დავითმა მომწერა ამ წამს -აღიარა ბოლოს. შევამჩნიე, რომ ამის თქმისას ხმა გაებზარა -როგორც ოჯახის რეპუტაციის შემარცხვენელს, სასჯელის მოხდა და სწავლის დასრულება ლონდონში მომიწევს. ამ ქალაქს და მის ნესტიანობას ვერ ვიტან. ეს მანაც კარგად იცის და სწორედ ამიტომ შეარჩია ლონდონი

-ხუმრობ არა? -მხრებზე ხელი მოვკიდე და თვალებში ისე ჩავხედე, რამდენადაც ამის საშუალებას ცაზე მანათობელი მთვარე მაძლევდა -შენი ასაკი ოცდაერთი წელია, რა უფლება აქვს იქ გაგიშვას სადაც თავად მოესურვება?


-შენ დავითს არ იცნობ, ნიკოლოზ -სინანული ეტყობოდა ხმაში -თუ რამე მოისურვა, გააკეთებს კიდეც, თუნდაც ძალის გამოყენება დასჭირდეს ამის მისაღწევად. ერთადერთი გამოსავალი ისაა, ჩემი პოვნა ვერ შეძლოს, თუმცა დიდხანს დამალვაც რომ არ გამომივა, ესეც ფაქტია

-ამას სერიოზულად ამბობ? -ყურებს ვერ ვუჯერებდი. წარმოდგენა არ მქონდა მსგავსი ტიპის მშობლები კიდევ თუ არსებობდნენ სადმე. მელინას გაეცინა, თუმცა სიმწრის სიცილს უფრო ჰგავდა ეს ყველაფერი.

-სერიოზულად ვამბობ, სერიოზულად -მომიგო, მერე კი ხუმრობის ტონით დაამატა:- გათხოვება მაინც მომესწრო ამ დროის განმავლობაში, მერე ნამდვილად არ იქნებოდა დავითის საქმე სად წავიდოდი და როგორ

-თუ მოინდომებ, ვერც ახლა იქნება

ჩემი სიტყვების საპასუხოდ, თითქოს მათგან რაიმე სახის შთაგონება მიიღოო, მელინა უეცრად შედგა, ღრმად ჩაისუნთქა და დაკვირებით ამომხედა. მის მზერაში იყო რაღაც იდუმალი, რისი გაშიფვრაც ძალზედ გამიჭირდა აღნიშნულ წამს.

-როცა მითხარი, ერთ სურვილს შეგისრულებო, ნებისმიერი სახის სურვილისთვის იყავი მზად, არა? -სანამ ხმას ამოვიღებდი და მისი უცნაური გამომეტყველების შესახებ კითხვას დავსვამდი, ისევ თავად ალაპარაკდა.

გამიკვირდა ეს შეკითხვა. უფრო სწორად ის გამიკვირდა, თუ რატომ გაიხსენა ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახლა, მაშინ როდესაც სრულიად სხვა რამეზე ვსაუბრობდით. მიუხედავად ამისა, პასუხი მაინც გავეცი:

-ჰო, ნებისმიერი სურვილისთვის ვიყავი მზად . . . ზღვის ტალღებმა შთაგონება მოგცეს და რამე მოგაფიქრდა?


-კი, მომაფიქრდა -თავი დამიქნია და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მითხრა ის, რის მოსმენასაც მისგან ყველაზე ნაკლებად მოველოდი :-ცოლად უნდა მომიყვანო, ნიკოლოზ, თანაც ხვალვე!

ვაღიარებ, მოულოდნელობისგან თვალებიც კი გამიფართოვდა ამ სიტყვების გააზრებისას. გოგო, ვინც ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ იმის სურვილით იწვოდა, მისგან თავი შორს დამეჭირა, დღეს სრულიად გააზრებულად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მთავაზობდა საკუთარ თავს, თანაც ისე, რომ ხმაში ხუმრობის არანაირი ნიშან-კვალი არ ეტყობოდა. მე რა, ახლა სიზმარში ვიყავი თუ შამპანიურის ჭიქაში ვინმემ ჰალუცინაციების გამომწვევი აბები გამირია? აშკარად ეს ვერსიები უფრო ლოგიკურად მეჩვენებოდა იმ წამს, ვიდრე მელინას უეცარი შემოთავაზება.

-ახლა იხუმრე ხომ? -გაოცებულს, ხმის ამოღებაც კი ძალიან დამიგვიანდა, თუმცა, საბოლოოდ ეს მაინც შევძელი და პასუხის მოლოდინში დაკვირვებით მივაცქერდი. ჯანდაბა, რაღა მაიცდმაიანც ახლა ბნელოდა და რაღა მაინცდამაინც ახლა ვერ ვხედავდი გარკვევით მის სახეს.

-რომ იცოდე არ მიხუმრია -განაცხადა მტკიცედ -სურვილი სურვილია და რაც არ უნდა იყოს, იგი უნდა შესრულდეს

-კი მაგრამ, ეს აზრი საიდან ან რატომ დაგებადა? არაფერი მესმის

მელინას გაეცინა, მერე კი მხარზე დამადო ხელი.

-გეყოფა რა, ნუ გაქვს ეგეთი სახე, ნამდვილად არ ვაპირებ სახლში ბოროტი ცოლივით დაგიჯდე, უბრალოდ დამეხმარები, რათა ბოლო სასწავლო წელი აქ დავასრულო, მანამდე კი სიტუაციაც დაწყნარდება და ჩემი მშობლებიც დამშვიდდებიან

-აჰა, ანუ საქმე შენს მშობლებშია -მისი მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი, აბსოლუტურად გასაგები გახდა იმ წამს.

-აბა რა გეგონა? გათხოვება სერიოზული ნაბიჯია და ქალები ამას ერთი წუთის ინტერვალში არ წყვეტენ

-ჰო, ვიცი, ძირითადად, როცა ბეჭედს წინ უდებენ, მოსაფიქრებლად დრო სჭირდებათ ხოლმე -ვთქვი ფარული ირონიით, რადგან მუდამ კომიკურად მეჩვენებოდა ხოლმე ქალის მხრიდან მსგავსი შინაარსის პასუხები. მამაკაცის ცოლობა ან გინდა, ან არა. ამაზე ფიქრს ერთ წუთზე მეტი ნამდვილად არ უნდა სჭირდებოდეს.

-კარგი, მოდი მსგავსი კატეგორიის სულელ ქალებზე ლაპარაკს შევეშვათ -მელინაც მიხვდა ჩემს ნამიოკს და სიცილით შემაჩერა -შენ ის მითხარი, ჩემს წინადადებაზე რა აზრის ხარ, მოსაფიქრებლად ერთი წუთი გაქვს -საკმაოდ ხაზგასმით აღნიშნა ბოლო სიტყვები.

-ერთი წუთიც კი არ მჭირდება საპასუხოდ -მივუგე წამსვე - მართალია, მივხვდი ამას შენი მშობლების გამო აკეთებ, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ აშკარა სიგიჟის ჩადენას მთავაზობ

ჩემი პასუხის შემდეგ, გარკვეული ხნით ჩუმად იყო და მხოლოდ მისი სუნთქვის ხმა ერთვოდა ზღვის ტალღების მელოდიურ შრიალს. მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როცა კვლავ საკუთარ თავზე ვაპირებდი ამეღო დუმილის დარღვევა, რადგან უკვე მეგონა აღარაფერს იტყოდა.

-მოდი, ჩამოჯდეთ და ეგ საკითხი ისე განვიხილოთ -მითხრა ჩვეული სიმშვდით -ნამდვილად არაა ის თემა, რასაც ფეხზე მდგომები უნდა ვწყვეტდეთ

ნაპირს ოდნავ მოვშორდით და უხმოდ ჩამოვსხედით მშრალ ქვებზე. ვერ ვიტყოდი, რომ მელინას სურვილის შესრულება ჩემთვის რთული იქნებოდა, რადგან აშკარად არ მივეკუთვნებოდი იმ კატეგორიას, ვინებიც ქორწინების ხსენებაზე სოროებს ეძებდნენ დასამალად, თუმცა ჩემი თავქარიანი ცხოვრებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი თავქარიანი ნაბიჯის გადადგმა არც ისე ჭკვიანურ ვარიანტად მესახებოდა, თუნდაც იმ გოგოსთან ერთად, ვინც ჩემთვის საკმარისზე მეტს ნიშნავდა.


-კარგი, აბა განვიხილოთ, რაც განსახილველია -ვინაიდან ნაპირთან ახლოს აღარ ვიყავით, ფეხსაცმელები კვლავ ჩავიცვი და თასმების შეკვრის პარალელურად, გვერდით მჯდომს გავხედე. როგორც ჩანდა, იგი ღრმად გახლდათ დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში, რადგან შემდეგი სახის პასუხი გამცა:

-დასაფიქრებელი აქ არაფერია, ნიკოლოზ, მხოლოდ წლის ბოლომდე გთხოვ დახმარებას, სამუდამოდ კი არ გაიძულებ ჩემს ატანას

-არა -თავი გავაქნიე -შენთან მიმართებაში სიტყვა "ატანა" გადაჭარბებული ნათქვამია, რადგან . . . -მერე გადავწყვიტე წინადადება აღარ დამესრულებინა. ამის მაგივრად, საუბარი სრულიად სხვა კუთხით წარვმართე -და როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას თუკი ის გავაკეთეთ, რასაც მთხოვ? ნამდვილად ვიქნებით ცოლ-ქმარი, თუ ცალ-ცალკე ოთახებს გავინაწილებთ და აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ მორცხვი გოგოსავით დამემალები ხოლმე, რათა შემთხვევით პირსახოცშემოხვეული არ დაგინახო?

მელინამ პასუხი დამიგვიანა, თუმცა, საბოლოოდ მაინც ვეღირსე მისგან ხმის ამოღებას.

-მე არ გაძალებ, რომ ამ დროის მანძილზე მიერთგულო, ნიკოლოზ -მითხრა და ამით, თითქმის ყველა კითხვას გასცა პასუხი. მას მხოლოდ ჩემი დახმარება სჭირდებოდა და ნაკლებად ინტერესდებოდა იმით, მეყოლებოდა თუ არა ვინმე სხვა. ცუდი შეგრძნება იყო ამის გააზრება.

-ანუ თუ ჩემს საწოლში სხვა გოგო დაინახე, გაიღიმებ და დილის ყავას შემოგვიტან, კრუასანებთან ერთად?

-ეს ზედმეტად ფრანგულია

-და ზედმეტად უაზროც -დავამატე -თუ ცოლად მოგიყვან, მე ნამდვილად არ მომინდება შენს გვერდით სათადარიგო მამაკაცის ხილვა, მიუხედავად იმისა, მშობლებისგან თავის დასაძვრენად აკეთებ ამას თუ არა

-დამიჯერე ვერც იხილავ -პირობის დადებას ჰგავდა მისი სიტყვები -არ ვაპირებ სხვა კაცებთან დავიწყო სირბილი, რადგან, შენც რომ სრული თავისუფლება მომცე, ამის მოთხოვნილება თავად არ გამიჩნდება

-და იქნებ არც მე მაქვს სხვა ქალთან მიკარების სურვილი? ამაზე არ გიფიქრია?

მელინას გაეცინა, თუმცა მის სიცილში იყო რაღაც სევდიანი.

-გინდა დამაჯერო, რომ ნიკოლოზ ქალდანს, ვინც ყოველ დღე ახალ-ახალ გოგოსთან ერთად იღვიძებს, ერთი პატარა ხელმოწერა შეაჩერებს, რათა ლამაზი ქალები სრულიად გააქროს თავისი ცხოვრებიდან?

-მაგრამ შენ ხომ გინდა ასე იყოს? -გამომცდელად გავხედე ამ კითხვის დასმისას, თან ნიკაპი ხელით დავუჭირე, რათა ჩემთვის მზერა არ მოეშორებინა -თქვი, ხომ გაქვს სურვილი, რომ არავის ხედავდე ჩემს გვერდით? ერთხელ მაინც შეწყვიტე თვალთმაქცობა და აღიარე. თუ ამას გააკეთებ, ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებ და რაზეც გინდა იმაზე მოგიწერ ხელს

დავინახე როგორ გაწვა ქვებზე ზურგით მელინა, ჩემი შეკითხვის შემდეგ. მეც იგივენაირად მოვიქეცი და მასთან იმდენად ახლოს აღმოვჩნდი, მკლავებითაც კი ვეხებოდით ერთმანეთს. რაღაც პერიოდი, მხოლოდ მისი დაძაბული სუნთქვა მესმოდა. მერე ისიც ვიგრძენი, როგორ გადმობრუნდა ჩემკენ, გულზე ხელი ფრთხილად დამადო და ჩუმად ამოიჩურჩულა:

-მნიშვნელობა აქვს იმას, რა მინდა მე? -ხმა ტკივილით გაჟღენთვოდა. აღნიშნულ წამს თავი დამნაშავედ ვიგრძენი, თუმცა არ ვიცოდი კონკრეტულად რატომ -მე არ გაიძულებ შეიცვალო, არც მაქვს ამის უფლება
-არ მიკითხავს რისი უფლება გაქვს, მე გკითხე გინდა თუ არა ჩემს გვერდით სხვა ქალის დანახვა-მეთქი?

-ჩამჭრელი კითხვების დასმაში აშკარად უკონკურენტო ხარ -ამოიოხრა, სახეზე ხელები ჩამოისვა, შემდეგ კი ისინი თავქვეშ ამოიდო.

-პასუხი მჭირდება მელინა, მათ ნუ გაურბიხარ

-არ ინერვიულო, არაფერს გავურბივარ. თუ პასუხები გჭირდება, მიიღებ კიდეც -ამჯერად უკვე დამშვიდებულმა ამოთქვა და იდაყვზე დაყრდნობილმა ოდნავ წამოიწია -შენს გვერდით სხვა ქალის ხილვა ნამდვილად არ მომგვრის სახეზე ღიმილს. არც დილის ყავის შემოტანა მაქვს გეგმაში, კრუასანითა და თეთრი ვარდით. არ ვიცი, კიდევ რისი მოსმენა გჭირდება, მაგრამ სულ ეს იყო, რაც ამ წამს აუცილებლად უნდა მეღიარებინა

თითქოს ბევრი არაფერი უთქვამს. არც ზედმეტად გამოუხატავს გრძნობები და ყველაფერი ოქროს შუალედში მოაქცია, თუმცა ჩემთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რათა სახეზე კმაყოფილების ღიმილი დამბრუნებოდა.

-კარგი

-რა კარგი?

-ვასრულებ შენს სურვილს -განვუმარტე -იმის მიუხედავად, რა გიჟურადაც არ უნდა ჩანდეს ეს ნაბიჯი, ვასრულებ და ამაზე ყოყმანს აღარ ვაპირებ

-მაგას სერიოზულად ამბობ?

-სრულიად . . . მართალია, ბეჭედი არ მაქვს, რათა ხელი რომანტიულ ვითარებაში გთხოვო, თუმცა ეს მხოლოდ შენი ბრალია, წინასწარ არ შემამზადე -დავამატე სიცილით.

-ჯანდაბა, არც კი მეგონა მსგავსი სახის სიგიჟეზე თუ მართლა წახვიდოდი -ფეხზე წამოჯდა და ზემოდან გაკვირვებული დამაცქერდა -აშკარად არანორმალური ხარ, იცი ეს?

-ჩემი აზრით, იყო ბოლომდე ნორმალური, ეს მოსაწყენია

თანხმობის ნიშნად, მხოლოდ თავი დამიქნია, მერე კი მსუბუქად ჩაეცინა და საკუთარ თითებს დაუწყო წვალება. ალბათ იმიტომ, რომ სათქმელი მეტი აღარაფერი ჰქონდა და უხერხულ დუმილს ებრძოდა ასე. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, შემაწუხებელი სიჩუმის გასაფანტად ახალი თემა წამომეჭრა, ამისთვის კი, თავადაც წამოვჯექი, კვლავ ზღვის ტალღებს გავხედე და ხელის გულებით დავეყრდენი ცივ ქვებს.

-გინდა ეს ღამე სანაპიროზე გავათიოთ? -შევთავზე -თუ აქაურობას კარგად მოვათვალიერებთ, სადმე ორი შეზლონგიც მოიძებნება, ჩვენთვის

-შენ რა, სანაპიროზე ღამე აქამდეც გაგითევია?

-უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი მომიწია-მეთქი -ის შემთხვევა გამახსენდა, როცა ენკეს ჩემი სახლი სრულ განკარგულებაში გადავეცი, ერთი ღამით, თავის გოგოსთან განსამარტოებლად -ვაღიარებ, საერთოდ არ იყო ისეთი ცუდი, როგორიც თავდაპირველად წარმომედგინა

-კარგი, თუ ეგრეა, გავათიოთ. ჩემთვისაც ახალი გამოცდილება იქნება

-ხვალ კი, მოწმეები ვიშოვოთ და ხელი მოვაწეროთ, არა?

-მოდი ამაზე ცოტა ხანში ვისაუბროთ, კარგად რომ გადავხარშავ ყველაფერს

-როგორც გინდა -ღიმილით მივუგე და კვლავ გავჩუმდი. ტელეფონის ანთებული ფანარი რომ საათის ციფერფლატს დავანათე, შევამჩნიე, ისრები ღამის თოორმეტს უჩვენებდნენ. სწორედაც რომ შესაფერისი დრო იყო, ამ მომენტის დამაგვირგვინებელი ყველაზე სასიამოვნო ნაწილისთვის.

-უკვე შუა ღამეა

-ჰო, მერე?

-ერთი დაპირება უნდა შეგისრულო, რაც ჯერ კიდევ სასტუმროში ყოფნის დროს მოგეცი

-რა დაპირებას გულისხმობ? -ვიგრძენი აშკარად გაუკვირდა, ამიტომ, აღარც თავად დამიყოვნებია მისი სიტაუციაში გარკვევის მცდელობა:

-ალბათ იმ დაპირებას, რომლის მიხედვითაც, ამაღამ პრინცის კოცნა გეკუთვნის ჯილდოდ -ვუთხარი ღიმილით, წელზე ცალი ხელის მოხვევით ჩემკენ მოვიზიდე და ისე დავაცხრი მის ტუჩებს, ხმის ამოღებაც კი აღარ დავაცადე.



8 8 8 8

ცხოვრება მართლაც გიჟური რამაა. დღე, რომელიც გგონია, რომ განსაკუთრებულს არაფერს მოგიტანს, შეიძლება მთელი შენი ყოველდღიურობის შემცვლელი გახდეს და ყველაფერი რადიკალურად შეცვალოს.
როდესაც ბათუმში ჩამოვედი, ქვიშის ქარიშხლის ზღურბლს გადავაბიჯე და მელინას შევხვდი, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ზუსტად ისე გაგრძელდებოდა, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა. გაქცევა დაცვის თანამშრომლისგან, მანქანიდან გადახტომა, მოულოდნელი ქორწინების შეთავაზება -ყოველივე ზემოთ ხსენებული, ერთ დიდ აბლაბუდას ქმნიდა, რომელშიც ორივენი ერთად ვიყავით გაბმულები და იქედან გამოსასვლელ გზას ვეღარ ვპოულობდით.
იქნებ არც გვინდოდა გასასვლელის პოვნა? იქნებ, ამ გიჟური ქორწინებისგან ორივენი ველოდით რაღაცას? იმას, რაც მომავალი ურთიერთობის საწყის წერტილად იქცეოდა ჩვენთვის და საბოლოოდ გაგვაერთიანებდა კიდეც. ვინ იცის? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებდა.

ხელის მოწერის ცერემონია, რომელსაც სანაპიროზე ყოფნისას, შეზლონგებზე გაწოლილები, თითქმის მთელი ღამის მანძილზე განვიხილავდით, საკმაოდ არაორდინალურ ვითარებაში წარიმართა. იმ სულელური წესის თანახმად, რის მიხედვითაც, წყვილის ქორწინების დარეგისტრირებისთვის მოწმეები გახლდათ საჭირო, გამთენიისას, პირველ რიგში ენკესთან მომიწია დარეკვა, დახმარების სათხოვნელად. როგორც სატელეფონო საუბრიდან გაირკვა, იგი სასტუმროს კორპორატიულზე ორი საათის დაგვიანებით მისულიყო იმ მიზეზით, რომ მოულოდნელად, საკუთარი კორპუსის ლიფტში გაჭედილიყო და მხოლოდ საათ ნახევრის შემდეგ მოეხერხებინა სამაშველო ჯგუფს მისი იქედან გამოყვანა.

ენკე, ჩემზე ჯერ კიდევ უწინდებურად გახლდათ გაბრაზებული და ეს ხმაზეც ნათლად ეტყობოდა, მაგრამ ავუხსენი თუ არა ის მიზეზი, რის გამოც ვუკავშირდებოდი, მხოლოდ სიტყვებით -"მოვალ და ყველაფერი მანდ ამიხსენი"-თ შემოიფარგლა და ყურმილიც სწრაფად დამიკიდა.

ჩვენ სამის შეხვედრა ბულვარში შედგა. ვინაიდან, ამგვარი სიტუაცია იყო შექმნილი, ისევე როგორც მე, მელინასაც მოუწია ენკეს წინაშე თავისი პატარა საიდუმლოს გამჟღავნება და შემდეგ იმის მოყოლა, თუ რატომ გადავწყვიტეთ ასე მოულოდნელად მატჩის ბიუროში ამოგვეყო თავი.

ისტორიის სრული ვერსიის მოსმენის შემდეგ, რაც აბსოლუტურად ყველაფერს ხდიდა ფარდას, გარკვეული დრო ორთავეს ისე მოგვშტერებოდა, როგორც მფრინავი თეფშიდან გადმოსულ მწვანეკანიან უცხოპლანეტელებს. არც მიკვირდა მისი -გუშინ დილით ჩემზე გაიგო მთელი სიმართლე, ახლა კიდევ მელინაზე და ამდენი იდუმალების შემდეგ, სრულიად ბუნებრივ რეაქციად მეჩვენებოდა მისი გაოცების ზენიტში მყოფი სახე.

ახლაც მეცინება ენკეს კომენტარზე, რომელიც მაშინ გააკეთა, როცა შედარებით გონს მოსვლა შეძლო. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ზუსტ ციტირებას მოვახდენ -"ახლა რომ ვინმე გამოხტეს და მითხრას, გაიღიმე, ფარული კამერააო, იმ კამერასაც თავზე გადავალეწავ და თქვენ ორსაც ზედ მიგაყოლებთ!".

აი, ზუსტად ასეთი გახლდათ ჩვენს მიერ მოყოლილ ისტორიასა და ქორწინების მიზეზების შესახებ ნაამბობზე, ენკეს რეაქცია. მიუხედავად ყველაფრისა, დიდი თხოვნის შემდეგ, საბოლოოდ მაინც დამთანხმდა მოწმედ გამომყოლოდა, მელინასთვის კი, ამ სტატუსით, ჩვენი სასტუმროს იმ მიმტანთაგან ამოარჩია ერთ-ერთი გოგო, ვისთანაც შედარებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ეს პატარა პრობლემაც, საკმაოდ მარტივი გზით გადაგვაჭრევინა.

რა იყო მერე?

მერე იყო მატჩის ბიურო, სადაც მართლა ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ოცდაორი წლის ასაკში მომიწევდა ფეხის შედგმა, თანაც საკუთარი სურვილით, იყო ჩვენი ხელმოწერები ფურცლის ბოლოში, მოწმეების დასტური, სახელდახელოდ ნაყიდი ოქროს რგოლების გაცვლა ერთმანეთში, რეგისტრატორის ღიმილიანი მოლოცვა და ჯერ კიდევ ბოლომდე გაუცნობიერებელი რეალობა, რის მიხედვითაც, უკვე ცოლიანი კაცის სტატუსით ვსარგებლობდი, მარცხენა ხელის არათითზე კი, ბეჭედიც მიბრწყინავდა ამის ნიშნად.

ბიუროდან, უკვე დაქორწინებული წყვილის სტატუსით გამოსვლის შემდეგ, ენკემ თავის მეგობარ მიმტანს, გაწეული დახმარებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა, სახლში ტაქსით გაუშვა და ჩვენს ქორწინების მოწმობას თავისი მობილურით ფოტოც კი გადაუღო. თავდაპირველად მეგონა ეს ყველაფერი „სთორი“-ზე ასატვირთად სჭირდებოდა და არც დიდი ყურადღება მიმიქცევია, თუმცა როდესაც გვახარა, რომ სურათი ინტერნეტში გაავრცელა, თანაც აარონისა და დავითის პირად სოც-გვერდებზე, მე და მელინამ, ლამის ერთობლივად მივიღეთ მისი ზღვაში ჩახრჩობის გადაწყვეტილება. ხსენებულ უბედურებას მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გადაურჩა —რამდენიმე წამის შემდეგ, თავადაც გავაცნობიერეთ, რომ ეს ამბავი დიდი ხნის განმავლობაში მაინც არ დაიმალებოდა ჩვენი ოჯახებისგან და ერთობლივად ვთქვით, ასე უკეთესიც კია-მეთქი.

ქორწინების სახლიდან, პირდაპირ ენკესთან გადაწყდა წასვლა, მისივე დაჟინებული მოთხოვნით. მობილურები ორივეს ფრენის რეჟიმზე გვქონდა გადაყვანილი, რათა მოგვიანებით გვეპასუხა იმ ზარებისთვის, რომლებიც დარწმუნებულნი ვიყავით, განუწყვეტლივ შემოგვდიოდა ტელეფონებზე.

უნდა ითქვას, საკმაოდ მხიარულად აღვნიშნეთ ჩვენს მიერ ჩადენილი ახალგაზრდული სიგიჟე. ენკემ სამი ფილმი ჩაწერა სანახავთა სიაში, რომელთაგან თითოეული მათგანი, სიმბოლურად შეეხებოდა ფიქტიური ქორწინების თემას. პარალელურად, გვაიძულა თავის მიერ გამომცხვარი შოკოლადის კექსი გაგვესინჯა, რომელიც იმისდა მიუხედავად, რომ ვიზუალურად, ცუდ ხასიათზე მყოფი შეფ-მზარეულის ნახელავს ჰგავდა, გემო მაინც დამაკმაყოფილებლად კარგი ჰქონდა.

იმ დღეს, ენკეს საბოლოო პატიებაც დავიმსახურე, დაპირებული საათის სანაცვლოდ. ისიც შევამჩნიე, რომ მან და მელინამაც იმაზე კარგად გაუგეს ერთმანეთს, ვიდრე ეს აქამდე გამოსდიოდათ. თითქოს წრე შეიკრა ამ ორი ადამიანისგან, რომლის მესამე წევრიც მე ვიყავი და მაშინ ერთი რამ ვიგრძენი ზედმეტად ცხადად -ჩემს სამყაროს, კიდევ ორი მნიშვნელოვანი პიროვნება შემატებოდა. პირველი-ენკე, ვინც ნამდვილად არასდროდ ჩაჭრილა ადამიანისთვის ყველაზე დასაფასებელ თვისებაში —მეგობრობაში და მელინა —გოგო, რომელიც, ვერც კი გავიაზრე ისე გახდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი შინაგანი ხმა, საკმაოდ მკაფიოდ ჩამძახოდა, რომ ეს გრძნობა, ძალიან შორს იყო დროებითი, ბავშვური გატაცებისგან. მილიარდობით კილომეტრით დაშორებულიც კი . . .







8 8 8 8

ხელის მოწერიდან ორი დღის შემდეგ, მაშინ, როდესაც ჩვენზე უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა, მე და მელინა დაუყოვნებლივ ჩავედით თბილისში, რათა დასახული გეგმა, საკუთარ ოჯახებთან დალაპარაკებსას რომ მოიაზრებდა, სისრულეში მოგვეყვანა, ოღონდ ცალ-ცალკე და ერთმანეთის გარეშე, რათა სიტუაცია უფრო მეტად არ გამწვავებულიყო.

ნამდვილად არასწორი ვიქნები თუ ვიტყვი, ჩემებმა ცუდად მიიღეს ეს ამბავი-მეთქი. როდესაც სიტუაცია ავუხსენი და მთელი სიმართლე დაწვრილებით ვუამბე, აარონმა და ნიცამ, რაღაც მხრივ მხარიც კი დამიჭირეს, თუმცა მაინც კარგად ვამჩნევდი, როგორ გიჟურადაც ეჩვენებოდათ ჩემი ეს სრულიად მოულოდნელი ცხოვრებისეული ნაბიჯი. ოჯახის წევრებიდან, მხოლოდ ანასტასია გადამეხვია მოლოცვის ნიშნად და აარონისგან შეუმჩნევლად, შემდეგი სიტყვებიც ჩამჩურჩულა ყურში: -"კორპორატიულზე მაგ გოგოს ისე უყურებდი და ისე გიყურებდა, ერთ წელიწადში ნამდვილად არ დამთავრდებით. გაგრძელებაც აუცილებლად გექნებათ."

სასიამოვნო იყო მისგან ამ სიტყვების მოსმენა. ესე იგი, მხოლოდ მე არ მიტრიალებდა თავში მსგავსი შინაარსის ფიქრები და ვიღაც სხვაც ვარაუდობდა, რომ ჩვენს ერთობლივ ცხოვრებისეულ ფილმს, მეორე ნაწილიც ექნებოდა, სრულიად ახალი სცენარითა და განსხვავებული სიუჟეტით.

სამწუხაროდ, დევდარიანების გვარში საქმე გაცილებით რთულად წავიდა. როგორც კი ყველაფერზე დალაპარაკების შემდეგ, აარონის სახლი დავტოვე და მელინასთან გადარეკვა შევძელი, ამ უკანასკნელმა, მოღუშული ხმით მაცნობა, რომ დაცვა სახლში შესვლის უფლებასაც კი არ რთავდა, მამამისის მიერ გაცემული ბრძანების გამო. მშობლებთან დალაპარაკებაზე საუბარიც ზედმეტი იყო.

-ისევ მანდ ხარ? -ვკითხე და გზაზე მომავალი პირველივე ტაქსი გავაჩერე.

-ჰო, აქვე ვარ, სკვერში -მიპასუხა აშკარად უხასიათოდ, მერე კი დაამატა:-ნიკოლოზ, ჩემს მშობლებს მართლა სასტუმროში მომუშავე ბარმენი ჰგონიხარ და ამიტომაც აქვთ ასეთი მწვავე რეაქცია. სულ სხვანაირად იქნებოდა, აარონისა და შენი ნათესაური კავშირის შესახებ რომ ჰქონდეთ ცნობები

ღრმად ამოვიოხრე. ზუსტად ვიცოდი ამ ხალხს როგორი მამაკაციც ჰყავდათ შერჩეული წარმოსახვებში, თავიანთი შვილის გვერდით. რაც შემეხება მე, სრულებით არ ვიყავი სიმდიდრის ის ეტალონი, რომელიც მათ ასე ძალიან სჭირდებოდათ. შესაძლოა ადრე ზუსტად მათნაირად ვცხოვრობდი, თუმცა ახლა აღარ ვაპირებდი მარტივი ფული მიმეღო, იმისგან, ვისგანაც მთელი ეს დრო ვიღებდი სარგებელს. მსურდა თავად მომეწყო საკუთარი ცხოვრება და უკვე დაზუსტებით შემეძლო იმის თქმა, რომ საჭირო მონდომების შემთხვევაში, ყველაფერში სასურველ შედეგს დავდებდი.

-მელინა, მე სწორედაც რომ მაგ სასტუმროში მომუშავე რიგითი ბარმენი ვარ და მეტი არაფერი -საქარე მინა ჩამოვწიე და ნესტიანი ჰაერი ჩავისუნთქე. ღრუბლებს ისეთი ფერი ჰქონდა, სავარაუდოდ, მალე იწვიმებდა კიდეც -შენებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შვილი, არც მდიდარი ოლიგარქის მემკვიდრეს გაჰყოლია ცოლად და არც ლორდის ტიტულის მატარებელს, ვინც ორივე ჯიბით ლიმიტამოუწურავ საკრედიტო ბარათებს დაატარებს. მე აღარ ვაპირებ ჩემს ძმას ერთი თეთრი მაინც გამოვართვა. ეს თემა აღარ განიხილება

პაუზა რამდენიმე წამს გაიწელა. ამ დროის მანძილზე, ტაქსის მძღოლს, ვინც ჯერ კიდევ გაჩერებული იდგა და ელოდებოდა როდის ამოვიღებდი ხმას, სწრაფად ვუკარნახე დევდარიანების სახლის მისამართი და მანქანის დაძვრის მოლოდინში, სავარძლის საზურგეს მივაწექი.

-ზუსტად ამის მოსმენა მჭირდებოდა შენგან -როგორც იქნა, კვლავ ალაპარაკდა. ტონზე კმაყოფილებაც კი შევატყვე აღნიშნულ წამს -სიმართლე გითხრა, არც გაბღენძილი ოლიგარქის მემკვიდრე მჭირდება და არც ჯიბეგასქელებული ლორდი. უბრალო ადამიანებთან ურთიერთობაა ჩემთვის სიამოვნება. ამ სიტყვებით დაამტკიცე, რომ შენში არ შევმცდარვარ

-მაინც რაში არ შემცდარხარ?

-იმაში, რომ ნიკოლოზ ქალდანში ყველაფერია, რამაც კი ადამიანში შეიძლება მიმიზიდოს . . . საკუთარი თავი სათანადოდ დააფასე, რადგან ძალიან განსაკუთრებული ხარ


-ახლა რომ აქ იყო, შენი კოცნისგან თავს ვერ შევიკავებდი -ვაღიარე და თვალებიც დავხუჭე. მართალია, რეალურად ვერ განვახორციელე, თუმცა გონებაში მაინც წარმოვიდგინე ეს სცენა, რათა ჩემში ცოტათი მაინც ჩამეცხრო ქარიშხალივით აშლილი გრძნობები.

-ზუსტად ისე დაუკითხავად მაკოცებდი, როგორც მაშინ გააკეთე, სანაპიროზე?

-რაღაც არ გეტყობოდა, რომ უკმაყოფილო დარჩი. ისიც კი მახსოვს, რა მითხარი

-ჰოო? და რა გითხარი?

-მითხარი, შენს ტუჩებს სითბოს გემო აქვსო -თითქოს კვლავ მკაფიოდ ჩამესმა მისი სიტყვები და სახეზე ოდნავი ღიმილიც მომადგა.

-მანქანის ხმა ისმის, ჩემთან მოდიხარ? -სწრაფად გადამიტანა სხვა თემაზე. მუდამ ოსტატურად ეხერხებოდა ხოლმე პასუხებისგან თავის დაძვრენა, როდესაც მისთვის უხერხულ თემებზე ჩამოვარდებოდა ლაპარაკი და რაკი არ სურდა, აღარც მე ჩავცივებივარ დიდად.

-ჰო, შენთან მოვდივარ, იქნებ ჩემი ნახვა და დალაპარაკება მაინც მოუნდეთ შენს მშობლებს

-ხომ შევთანხმდით, რომ ეს სიტუაციას გაამწვავებდა?

-იმაზე მეტად ვეღარ გაამწვავებს, როგორც ახლაა გამწვავებული

-პრინციპში მართალი ხარ -დანებდა ბოლოს, მერე კი დაამატა:- მაპატიე, ისე გავერთე ჩემი ამბებით, სულ გადამავიწყდა მეკითხა შენებმა როგორ მიიღეს ეს სიახლე. მათაც ცუდი რეაქცია ჰქონდათ?

-დამშვიდდი, ჩემკენ სრული სიმშვიდეა, ამაზე შეგიძლია არ ინერვიულო

-მართალს ამბობ? -შევატყვე გულზე მოეშვა. მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ, ვატყობდი, თავს ძალიან დამნაშავედ გრძნობდა ჩემს წინაშე, რადგან ეგონა შარში გამხვია და ამისთვის, რამდენჯერმე ბოდიშიც კი მომიხადა. ალბათ ამას არც გააკეთებდა, რომ სცოდნოდა, რამდენად სასიამოვნო იყო ჩემთვის ის ქსელი, რომელშიც მისი წყალობით გავეხვიე და როგორ ძალიან არ მინდოდა იქედან თავის დახსნა.

-მართლა, მართლა -დავუმოწმე კიდევ ერთხელ -მანდ იყავი, უკვე ძალიან ახლოს ვარ და სულ მალე შენთან ვიქნები

-ანუ ჩემს მშობლებთან დალაპარაკებას სერიოზულად აპირებ?

-რატომაც არა?

-ეს, ლომის ხახაში თავის შეყოფას ჰგავს, ნიკოლოზ, არ მინდა რამე ცუდი მოხდეს. იქნებ შევეშვათ ამ საქმეს და როცა ცოტათი დამშვიდდებიან მერე მოვინახულოთ?

-როცა მანდ ვიქნები, ამ ყველაფერზე შემდეგ ვისაუბროთ, კარგი?

-კარგი, გელოდები -მიპასუხა მშვიდად მელინამ და აქედან რამდენიმე წამში, წყვეტილი ზუმერის ხმაც მომესმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყურმილი დაკიდა.

საუბრის დასრულების შემდეგ, ტელეფონი კვლავ ჯიბეში ჩავაბრუნე და ამჯერად, ტაქსის მძღოლს ვაცნობე, რომ საბოლოო გაჩერების მისამართს ვცვლიდი. დევდარიანების სახლის მაგივრად, ვთხოვე იმ პატარა სკვერთან შეეჩერებინა მანქანა, რომელიც იქვე ახლოს, მასთან ორმოციოდე მეტრის მოშორებით მდებარეობდა.


მიუხედავად მელინას სიტყვებისა, მის მშობლებთან დალაპარაკების გეგმა მაინც არ მქონდა მოხსნილი დღის წესრიგიდან. ვხვდებოდი ამას რისთვისაც აკეთებდა -უნდოდა ჩემთვის ის უსიამოვნო სიტყვები აეცილებინა თავიდან, რომელთაც აუცილებლად მოვისმენდი, თუკი მისი სახლის ზღურბლს გადავაბიჯებდი, მაგრამ ამას ახლა საერთოდ არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. აღნიშნულ მომენტში, მელინასა და მის მშობლებს შორის არსებული დაძაბულიბის გაქრობა უფრო მაინტერესებდა, ვიდრე დავით დევდარიანის მახვილივით ბასრი სიტყვები, რომელთაც ჩემი მისამართით გამოისროდა ასიდან, ოთხმოცდაცხრამეტი პროცეტის შემთხვევაში. რაც არ უნდა ყოფილიყო, ამ თემის განხილვა კიდევ ერთხელ მოგვიწევდა, მაშინ, როდესაც მელინას პირადად შევხვდებოდი და ამ მომენტამდე, გადავწყვიყე ზედმეტი ფიქრებით თავი არ შემეწუხებინა. ყველაფერს ჩვენი მომავალი საუბარი გადაწყვეტდა და აგრეთვე ის, თუ რა ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებდით ამ დიალოგის ბოლოს.

ტაქსის მანქანა რომ ჩემთვის სასურველ ადგილას გაჩერდა, დაახლოებით საღამოს რვა საათი იყო. მელინა, ზუსტად იმავე სკამზე მჯდომი დამიხვდა, რომელზეც ნიცა იჯდა, როცა ჩემი თბილისში ჩამოსვლის დღეს, ამ სკვერში შევხვდით ერთმანეთს. გამეღიმა ამის გააზრებაზე. არა, რაღაც ნამდვილად არსებობდა.

-მართლა რა მალე მოხვედი -ფეხზე წამოდგა და ისე შემეგება, როგორც კი მანქანიდან გადმოსული დამინახა მელინამ.

-რა იყო, ასე მალე მოგენატრა შენი ქმარი?

-ლამის დამწვა მონატრებამ. წვიმას ველოდები ცოტათი რომ გავგრილდე -მერე ცას ახედა, გაეღიმა და კვლავ ჩემკენ მომართა მზერა -ისე, მგონი ნამდვილად აპირებს წვიმას, ხომ არ ჯობია სადმე თავი შევაფაროთ?

-ნუ ცდილობ გადამარწმუნო, რათა შენს მშობლებს არ დაველაპარაკო -მაშინვე გავშიფრე მისი ხრიკი. დამარცხებული მელინა კი მოიღუშა.

-ასე ძალიან მეტყობა?

-შეტყობით არა, უბრალოდ მე გავიწაფე ამ ბოლო დროს შენი ოინების ამოცნობაში

-თუ ასეა, ცუდად ყოფილა ჩემი საქმე

-კარგი, მაგას შევეშვათ. მოდი, დავსხდეთ -სკამისკენ ვანიშნე თვალებით და როგორც კი კვლავ მასზე დამჯდარი დავიგულე, თავადაც გვერდით მივუჯექი.

-ისეთი ტონით თქვი დავსხდეთო, აშკარად რაღაც სერიოზულს განვიხილავთ -მომესმა რამდენიმე წამში მელინას დაღლილი ხმა. სახეზე პირველი წვიმის წვეთიც დამეცა იმ მომენტში.

-შენი აზრით არ უნდა განვიხილავდეთ? -ვკითხე -ჩემებთან დასალაპარაკებლად რომ წავედი, შეგნებულად არ გამომყევი, რადგან ჯერ კიდევ თვლი, რომ ეს ყველაფერი მარტო შენი მოგებული სურვილის გამო ხდება და თავს იდანაშაულებ. დავიჯერო მართლა ვერ ხვდები, სხვას რომ იგივე ეთხოვა, მასთან ხელის მოწერის ალბათობა, მინუსებში რომ იქნებოდა გადასული?

-ამას მეც ვხვდები, ნიკოლოზ -ამოთქვა დახშული ხმით და მაშინვე მომხვდა თვალში მისი სითბოთი სავსე მზერა -უბრალოდ პირველად გადავდგი ცხოვრებაში ასეთი სპონტანური ნაბიჯი და სანამ არ მითხარი, ჩემი ოჯახის მხრიდან პრობლემა არ შექმნილაო, მანამდე შვებით ამოსუნთქვაც კი ვერ შევძელი. პარადოქსია, მოსალოდნელ შედეგებზე მხოლოდ ქორწინების სახლიდან გამოსვლის შემდეგ რომ დავფიქრდი, მაგრამ როგორღაც ასე მოხდა

-ჰოდა თუ მოხდა, ესე იგი ასეც უნდა მომხდარიყო -გამამხნევებლად დავადე მხარზე ხელი. მერე მის ტალღოვან თმაში ავხლართე თითები, სახე ჩემკენ მოვაბრუნებინე და თოვლისფერ კანზე ხელის გული ჩამოვუტარე -დამიჯერე, არანაირი გართულება არ მოჰყვება შენს ამ ნაბიჯს, მშობლებს რაც შეეხება, ადრე თუ გვიან, მაინც გადაწყვეტენ კომპრომისზე წასვლას, ამას მე მოვაგვარებ

-მჯერა, მოაგვარებ, მაგრამ მოდი დღეს არა, კარგი?

-მელინა, რაც არ უნდა მითხრას მამაშენმა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ ჩემს სიტუაციიდან გარიდებას შეეშვი და გამომყევი!

-მარტო ეს არ არის მიზეზი -ოდნავ მოშორდა ჩემს სახეს და ნერვიული გამოხედვაც დაურთო თავის სიტყვებს -სანამ ჩემი სახლიდან აქ მოვიდოდი, დაცვის თანამშრომელს ველაპარაკე. მითხრა, დავითმა რაღაც მნიშვნელოვანი ტენდერი წააგო, საშინლადაა გაცოფებული ცალკე ამის და ცალკე შენი ამბის გამოო. ასეთ სიტუაციაში, მართლა არაა შესაფერისი დრო მისი და ჩემი საუბრისათვის, თანაც მაშინ, როცა იმის შესახებაც ახალი გაგებული აქვს, საბერძნეთში რომ ერთი დღეც არ გამიტარებია

დავნებდი. მელინას საუბარმა, საბოლოოდ მაინც მაიძულა თეთრი დროშის ფრიალი დამეწყო. თუ დავითი ნამდვილად მსგავს სიტუაციაში იყო ჩავარდნილი, სრულიად ალოგიკური იქნებოდა მისთვის რამის ახსნის მცდელობა, ამიტომ, თავადაც მოცდა ჩავთვალე უფრო გონივრულ ვარიანტად და გვერდით მჯდომს ოდნავ გავუღიმე.

-კარგი, იყოს როგორც შენ გინდა. თუმცა ერთი რამ იცოდე -გამაფრთხილებელი მზერა ვესროლე ამის თქმისას -როდესაც მშობლებთან ამ თემის განსახილველად წახვალ, მეც იქვე ვიქნები და შენი ხელი მეჭირება, რადგან ზუსტად ვიცი, ამის აუცილებლობას იგრძნობ და ძალიან გთხოვ არც შემეკათო!

საბედნიეროდ, ჩემმა კატეგორიულმა ტონმა, სასურველი შედეგი გამოიღო, რადგან ამჯერად მართლა აღარ შემწინააღმდეგებია და უხმოდ თავის დაქნევა ამჯობინა. იმ წამს, კიდევ ერთხელ დამეცა სახეზე მორიგი წვიმის წვეთი. როგორც ჩანს, ჩემი პროგნოზი გამართლდა -მალე მართლაც დაუშვებდა წვიმა.

-კარგი და ახლა რა იქნება? -ინტერესით შემომყურებდნენ აწ უკვე ჩემი ცოლის მელნისფერი თვალები -ისევ ბათუმში დავბრუნდებით და სასტუმროში გავაგრძელებთ მუშაობას?

უცნაურად მეჩვენა, რომ აღნიშნულ თემაზე ჯერ კიდევ არ გვესაუბრა ხმამაღლა, თუმცა გონებაში უკვე ყველაფერზე ზედმიწევნით მქონდა ნაფიქრი, ამიტომ, ბევრი ფიქრიც არ დამჭირვებია პასუხის გასაცემად.

-არა, ბათუმში აღარ დავბრუნდებით, აქ დავრჩებით

-აქ?

-ჰო, აქ . . . უნივერსიტეტში არქიტექტურას ვსწავლობდი, შევეცდები რამე ნორმალური სამსახური ვიშოვო, შენ კი როცა ზაფხული ჩამთავრდება, სწავლას მიხედავ და თუ რამე შეთავსებით სამუშაოსაც მოახერხებ, შეგიძლია იმუშავო კიდეც, ეგ უკვე თავად უნდა გადაწყვიტო

-მგონი კარგი აზრია -დაიჩურჩულა თავისთვის, სკვერში დადგმული სასრიალოებისკენ გაიხედა და მასთან მოთამაშე ბავშვებს უყურებდა მანამ, სანამ კვლავ ჩემკენ არ მოატრიალა თავი.

-როცა შენს გეგმებს ვუსმენ, ასე მგონია, თავიდან დავიბადე და სიარულსაც ახლა ვსწავლობ -აღიარა სიცილით. მეც გამეცინა მის სიტყვებზე, რადგან თავადაც ზუსტად მსგავსი შეგრძნებებით ვიყავი გარემოცული.

-კარგად მესმის შენი. შეიძლება ადვილი არ იყოს, მაგრამ თუ ვეცდებით ჩვენში ის გაფუჭებული, მდიდარი ბავშვი მოვკლათ, ვისაც ყველაფერი ლანგარზე დაწყობილი მისდიოდა, აუცილებლად გამოგვივა რამე

-არ გინდა ცოტა ხნით ამ ქალაქიდან წავიდეთ? -მოულოდნელად, სამას სამოცი გრადუსით შემოატრიალა საუბრის თემა და თავის შეკითხვას, გამომცდელი მზერაც მოაყოლა თან.

-თაფლობის თვეში წასვლას მთავაზობ, თუ უბრალოდ მეჩვენება?

-კარგი, რა -სიცილით გამკრა მხარი -უბრალოდ ცოტა ხნით, სადმე საინტერესო ადგილას დავისვენოთ. ქვიშის ქარიშხლის გიჟური გრაფიკის გამო, ეს ნამდვილად მჭირდება, ცოტა ხნით

-მაინც სად გინდა წასვლა? -გადავწყვიტე მისი უეცარი იდეის მიმართ მეტი ყურადღება გამომემჟღავნებინა, რადგან თავადაც დავინტერესდი. რატომღაც იმის მოლოდინი მქონდა, რომ პასუხი ან საფრანგეთი იქნებოდა, ან იტალია, ან კიდევ ავსტრია, თუმცა მისმა ნათქვამმა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, როცა მკითხა, ოდესმე კახეთში თუ ყოფილხარო.

-კახეთში? -ვკითხე დაეჭვებით, რათა დავრწმუნებულიყავი ნამდვილად სწორად გავიგე თუ არა

-ჰო, კახეთში. ყოველთვის მინდოდა ამ მხარის მონახულება, თუმცა შესაძლებლობა არასდროს მომცემია

-სიმართლე გითხრა, ყველაფერს ველოდი იმის გარდა, რაც ახლა მითხარი -ვაღიარე გულწრფელად. ჩემმასიტყვებმა, მელინას ინტერესიანი მზერა დაიმსახურა.

-მაინც რას ელოდი? -სკამის საზურგეზე მკლავით დაყრდნობილმა მკითხა -გეგონა ვერონაში მომინდებოდა წასვლა, რათა ჯულიეტას ქანდაკების მკერდს შევხებოდი, თუ იფიქრე ვენეციაში, გონდოლებით სეირნობას ვინატრებდი, სიმპათიურ მევიოლინე გამცილებელთან ერთად?

ჩამეცინა. ეს გოგო აშკარად კითხულობდა ჩემს ფიქრებს.

-ჰო, სიმართლე გითხრა, რაღაც ეგეთის ილუზია მქონდა -ვთქვი ბოლოს -მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კახეთი უფრო საინტერესოდ გეჩვენება

-თუ შენ არ გინდა, შეგვიძლია ცვლილებები შევიტანოთ -მაშინვე დაიხია უკან, თუმცა შევაჩერე:

-არა, არა, ეგ კუთხე არც მე მაქვს მონახულებული და მაინტერესებს კიდეც -აბსოლუტურად გულწრფელად ვუთხარი ეს სიტყვები. ნამდვილად გამოიწვია იქაურობამ ჩემში ინტერესი. ბოლოს და ბოლოს, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მქონდა ათვისებული ყოველი კუთხე-კუნჭული, საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი მხარე კი ჯერაც მოუნახულებელი დამრჩენოდა. აშკარად არ ეკადრებოდა ეს ჩემნაირ „პატრიოტ“ ადამიანს.

-ანუ წავალთ, ხომ? -ოდნავ წამოწია თავი მელინამ. თვალებში სიხარულის ნაპერწკლები უთამაშებდა და მათი შემჩნევა, ადვილზე ადვილი იყო.

-წავალთ, თუმცა ამისთვის ავანსის აღება დაგჭირდება სამსახურიდან -ფინანსებზე დავიწყე ფიქრი, მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.

-კარგი რა, რა ავანსი, ნიკოლოზ? -ხმამაღლა გაეცინა -დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც მე, ძველი ცხოვრებიდან, შენც გექნება შემორჩენილი ნივთები, რომელთა გაყიდვის შემთხვევაშიც კი სერიოზულ ჯეკპოტს მოვხსნით. ჩათვალე, რომ ეგაა შენი ავანსი

საკმაოდ ლოგიკური მეჩვენა მელინას აზრი. ჭკვიანურიც კი და ეს არც დამიმალავს:

-კარგი მოფიქრებაა. თუ ჩემი საათების კოლექციას მთლიანად გავყიდი, კახეთში კი არა, მალდივებზეც დავისვენებთ, ერთი თვით, ინგლისის მონარქებივით

-ჰოდა თუ ასეა, ორივემ გავწიროთ რამე ძვირფასი ნივთი

-მაწყობს -მის გამოწვდილ ხელს, ჩემი შევაგებე და გარიგებაც შედგა.

-ანუ, ფინანსური პრობლემა უკვე გადავჭერით

-გადავჭერით -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე -ახლა კი, მშრალი ადგილის პრობლემა გადავჭრათ და სადმე თავი შევაფაროთ, თორემ მალე ძლიერი წვიმა დაუშვებს

მელინა ფეხზე სწრფად წამოდგა, ჭაობისფერი ჩანთა მხარზე გადაიკიდა და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ გამცა:

-რამე იდეა გაქვს, სად შეიძლება თავის შეფარება? -მკითხა, თან ზემოდან დამაცქერდა, გულზე ხელებდაკრეფილი. შორტებსა და უმკლავო მაისურში გამოწყობოლი, თანაც გაშლილი თმით, იმდენად ლამაზად გამოიყურებოდა, საკუთარ თავს ძლივს ვუწევდი კონტროლს, მისთვის კოცნაში არ ამომეხადა სული.

-მაქვს ერთი იდეა -ვნებებაშლილმა თავი გვერდზე გავატრიალე და წამით თვალებიც დავხუჭე -აქვე ახლოს, ერთი ვინტაჟური კაფეა, საკმაოდ გემრიელ ჩაის ამზადებენ, თუ გინდა იქ შევიაროთ

-მაწყობს. ჩაი და წვიმიანი ამინდი ერთმანეთს ძალიან უხდებიან

-რომანტიკოსი ხარ ბამბის თოჯინა? -ფეხზე წამოვდექი ამ სიტყვებზე, თან თითით ვანიშნე იქითკენ, საითაც ხსენებული კაფე მდებარეობდა -აი, იმ მხარეს წავიდეთ, ქუჩის ბოლოს რომ მოსახვევია, იქვეა

-რომანტიკოსი რომ ვიყო, წვიმაში ვალსის ცეკვაც მომინდებოდა, მაგრამ ახლა თავის შესაფარებელ ადგილს ვეძებ

-რომ იცოდე, შენდაუნებურად ახლა არაჩვეულებრივი იდეა მომაწოდე -ერთ ადგილას გავჩერდი ამის თქმისას, თან მის მაჯასაც ჩავავლე ხელი და ჩემკენ მოვიზიდე. თვალებში შევატყვე უკვე ხვდებოდა რასაც ვაპირებდი და არც შევმცდარვარ, როცა ასე ვიფიქრე:

-ნიკოლოზ, უკვე წვიმს და მალე უფრო გაძლიერდება, შენ რა ამის გაკეთებას მართლა აპირებ? -ხმაშიც და სახეზეც ღიმილი ეპარებოდა.

-გაჩუმდი და მოდი ჩემთან

-მერე ჩვენი გეგმა კაფესა და ცხელ ჩაიზე?

-კაფეში მაშინ შევალთ, როცა დავსველდებით და შეგვცივდება

-გიჟი ხარ -გაეცინა, თუმცა მეტად აღარაფერი უთქვამს. ამის მაგივრად სხეული მოადუნა, კისერზე ხელები შემომხვია და ჩემს ნელ მოძრაობებს აჰყვა, თან პირდაპირ თვალებში მიყურებდა და მზერას არ მაშორებდა. სახიფათოდ მიწვევდა თავისი ასეთი გამოხედვით. დარწმუნებული ვიყავი, ეს თვითონაც მშვენივრად იცოდა და სპეციალურად უკრავდა ჩემს ნერვულ სისტემაზე.

-იმაზე მეტად არა, ვიდრე ჩემი ცოლი -მის ლოყაზე გავასრიალე ტუჩები და თვალთან ძალიან ახლოს ვაკოცე.

-შენი ცოლი დისტანციის დაცვას ითხოვს -ისეთი ხმით ამოთქვა, მივხვდი ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო ნამდვილი გრძნობების დასამალად და იმ წამს, ისევე როგორც მე, მელინასაც ფეხებზე ეკიდა ჩვენს შორის გავლებული ზღვარისთვის გადაბიჯება

-ცოლსა და ქმარს შორის დისტანციის დაცვა სრული სისულელეა -ამჯერად მის წვიმის წვეთებისგან დასველებულ ყელს ავუყევი ტუჩებით. ვიგრძენი, როგორ მომენდო ამის შემდეგ მთელი სხეულით, თავი გულზე დამადო და ღრმად ამოიოხრა.

-რაღაც მჭირს, ნიკოლოზ -შხაპუნის ხმაში, სმენას ძლივს მისწვდა მისი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები. იმდენად ჩუმად საუბრობდა, წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ საერთოდ არ სურდა გამეგო, თუმცა როდესაც ლაპარაკი უკვე ჩემი თვალების ყურების პარალელურად განაგრძო, უწინდელ მოსაზრებაში მაშინვე შევიტანე ეჭვი -ამას დღითიდღე უფრო ცხადად ვგრძნობ და სიმართლე გითხრა საკმაოდ მძაფრადაც

-მაინც რა გჭირს?

-ვერ გეტყვი . . . მხოლოდ ის ვიცი, რომ ასეთი გრძნობა მხოლოდ შენთან ყოფნისას მაქვს

მელინას გული, საოცარ ტემპში ფეთქავდა იმ წამს. ისე, თითქოს რაღაცას ელოდა. თითქოს ბავშვი იყო, ვინც დაბადების დღეზე, ნანატრ საჩუქარს აცლიდა შეფუთვას და გულისფანცქალით უცდიდა იქედან სასურველი პრიზის ამოღებას.

თვალები დავხუჭე და მის წვრილ წელს, უფრო მაგრად შემოვხვიე მკლავები. უკვე კოკისპირულად წვიმდა, თუმცა ფეხებზე მეკიდა. ვინმეს რომ ეთქვა, ოდესმე სასიყვარულო ფილმების ამ ბანალურ სცენას რეალობაში გადმოიტანო, ალბათ ბევრს დავცინებდი, თუმცა როგორც ჩანდა, აქაც "არასოდეს თქვა, არასოდეს" პრინციპი თამაშობდა გადამწყვეტ როლს და გულიანადაც იცინოდა ჩემი შემხედვარე.

არც ეს მაინტერესებდა. უბრალოდ ყველას და ყველაფერს ვიყავი მოწყვეტილი საყვარელი ქალის გარდა, ვისაც მკლავები, ჯერ კიდევ კისერზე შემოეხვია ჩემთვის და წვიმის მელოდიას ჩემთან ერთად აყოლებდა ტანს.

-აღმიწერ ახლა რას გრძნობ? -დავიჩურჩულე პირდაპირ მის ყურთან -შეიძლება გაგიჭირდეს, მაგრამ შეეცადე

პირი რამდენჯერმე გააღო მელინამ რაღაცის სათქმელად, მაგრამ ყოველ მცდელობაზე ჩაფლავდა. მის სიტყვებს, თითქოს უხილავი ბორკილები დაედოთ, ვერაფრით ახერხებდა დუმილის სამყაროდან გამოსვლას. ისევ თავად უნდა დავხმარებოდი ამაში.

-თვალები დახუჭე და ეცადე ისე თქვა, თითქოს არავინ გისმენს. თითქოს მე მეუბნები, მაგრამ მე აქ არ ვარ და წარმოსახვით ნიკასთან გაქვს დიალოგი გამართული

-ნიკოლოზი . . .

-რა?

-ნიკა არა, ნიკოლოზი -განმიმარტა -ასე უფრო გიხდება

გამეცინა.

-კარგი, ამ მხრივ შეზღუდვა არ გაქვს, რაც გინდა ის დამიძახე, ოღონდ ჯერ ჩემს კითხვას უპასუხე

-ამ ბოლო დროს, საკმაოდ ბევრ ისეთ კითხვას მისვამ, რომლებზეც პასუხების გაცემა ძალიან მიჭირს

-მაგრამ მაინც მიპასუხებ, არა? -ნიკაპში ხელი ჩავავლე, სახე, სახესთან ახლოს მივუტანე და ისეთი ტონი დავიჭირე, რომელშიც თხოვნაც ისევე იყო გარეული, როგორც ბრძანება.

-ჰო, გიპასუხებ -აქამდე თუ მზერის არიდების მცდელობებში ამყარებდა რეკორდს, ახლა კვლავ უწინდებურად თავდაჯერებული მელინა დამიბრუნდა, ვინც უტეხად ჩამაშტერდა თვალებში და შემდეგი სიტყვები მითხრა:- როცა ახლა, შენს გვერდით ვარ, მხოლოდ ერთ რამეს ვგრძნობ. შენი კოცნის უზარმაზარ სურვილს

ძარღვებში თითქოს სისხლი ადუღდა ამის მოსმენისას. შინაგანად მანგრევდა მისდამი ამხელა მიზიდულობა. იგი კვლავ რკინა იყო, მე კი მაგნიტი, რომელსაც მთელი ძალით ექაჩებოდა თავისკენ და გასაქანს არ უტოვებდა.

-გინდა ეგ სურვილი ახლავე შეგისრულდეს? -ჩემი ხმაც კი მეუცნაურა იმ მომენტში. სიტყვები რომ ძლივს გადავაბი ერთმანეთს, მოწოლილი სურვილებისგან, ამაზე უკვე აღარაფერს ვამბობ.

-მინდა -ოდნავ დამიქნია თავი -ყველაფერზე მეტად მინდა

-ანუ ჩემდამი გრძნობები აღარ გაშინებს

-ცხოვრებაში რისკზე არა ერთხელ წავსულვარ ნიკოლოზ, შენც მორიგი რისკი იქნები

-მორიგი, თუმცა ყველაზე სასიამოვნო რისკი -ვუთხარი ღიმილით და როგორც კი ჩემი სიტყვების საპასუხოდ მასაც გაეღიმა, ალუბლისფერ ტუჩებზე ფრთხილად შევეხე.

კოცნა, თითქოს უსასრულობამდე გაგრძელდა. არ შემეძლო მის სხეულს მოვშორებოდი, მისი ბაგეები ასე მარტივად დამეთმო, ამიტომ, ჰაერის მარაგის შევსების შემდეგ კოცნას ისევ და ისევ ვანახლებდი და ერთი წამითაც არ ვაძლევდი ამოსუნთქვის საშუალებას.

დრო კი კვლავ მიდიოდა . . .

არც წვიმა აპირებდა გადაღებას . . .

სადღაც, კორპუსის რომელიღაც ფანჯრიდან, ფოტო-აპარატის ჩხაკუნიც გაისმა. როგორც ჩანს, ვიღაცამ სურათი გადაგვიღო, თუმცა იმ მომენტში, ესეც ფეხებზე მეკიდა, ისევე როგორც, ჩემი სველი მაისური და ის დაკარგული თავი, რომელიც მელინას გაცნობამდე აშკარად მხრებზე მება.



8 8 8 8
კახეთში დასასვენებლად წასვლა, მართლაც საუკეთესო იყო იმ გადაწყვეტილებათაგან, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმეღო.


უკვე მეორე კვირა იწყებოდა, რაც სიღნაღში, პატარა, ეზოიანი კოტეჯი გვქონდა დაქირავებული და ყველას და ყველაფერს მოწყვეტილები, მხოლოდ ერთმანეთთან ვატარებდით დროს.

საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა ამ დროის განმავლობაში ჩემსა და მელინას შორის. ვგრძნობდი როგორ მეჩვეოდა თანდათანობით, როგორ იხსნებოდა ჩემთან, როგორ ამჟღავნებდა თავის ნამდვილ ხასიათს, რაც იმაზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენი გაცნობის პირველ დღეებში ვფიქრობდი. უმთავრესი კი მაინც ის გახლდათ, რომ მისი ჩემდამი ნდობა დღითიდღე უფრო და უფრო იზრდებოდა. ვგრძნობდი, ისევე როგორც მე, ისიც მოელოდა რაღაცას ამ ურთიერთობისგან, თუმცა ხმამაღლა არასდროს არაფერი უთქვამს და არც აშკარად გამოუხატავს საკუთარი სურვილები. მეც თავს ვიკავებდი. მსგავს სიტუაციაში, სიჩქარე მაინცდამაინც კარგი გამოსავალი ვერ იყო, ამიტომ, თვითონაც დინების მიყოლას ვამჯობინებდი, იმ იმედით, რომ ბოლო გაჩერება სასურველი შედეგის მომტანი აღმოჩნდებოდა.

ორშაბათი საღამო იყო. ვინაიდან აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდანვე, ვახშმის მომზადებაზე განრიგი გქვონდა დაწესებული და ამჯერად, მასში ჩემი სახელი ფიგურირებდა, ვცდილობდი მაცივარში მქონე მცირედი პროდუქტებისგან რაღაც მარტივი, თუმცა გემრიელი მომემზადებინა.

მელინა, კოტეჯის ეზოში, კერძოდ, პალმის ხეებს შორის გაბმულ ჰამაკში იჯდა და თავის მეგობარს, სახელად მიას, ვისაც ჯერ კიდევ არ ვიცნობდი პირადად მისი ტოკიოში ყოფნის გამო, ვიდეო-ზარით ესაუბრებოდა.

მზიანი ამინდი იყო. ვახშმის შემდეგ, ალაზანზე წასვლა გვქონდა გადაწყვეტილი, საბანაოდ, იმ მანქანით, რომელიც გაქირავებიდან გამოვიყვანეთ სიღნაღში ჩამოსვლის პირველივე დღესვე. ზოგადად, ყოველ ახალ დღეს, ერთად ვგეგმავდით ხოლმე რა დროს რა უნდა გაგვეკეთებინა და უნდა ითქვას, გასული ერთი კვირის მანძილზე, თითქმის მთელი კახეთის მოვლა შევძელით, თანაც ისე, რომ ერთი ქვაც კი არ დაგვიტოვებია უნახავი.

საჭირო პროდუქტების გამოღების შემდეგ, მაცივარი კვლავ მივხურე და ინგრედიენტები მაგიდაზე მოვათავსე. სწორედ იმ მომენტში, ნაბიჯების ხმაც შემომესმა მისაღებიდან. როგორც ჩანდა, უკვე დაემთავრებინა მელინას, თავის მეგობართან სატელეფონო საუბარი და საბოლოოდ, ჩემი არსებობის შესახებაც გახსენებოდა.

-აი მეც მოვედი -მითხრა მხიარული ტონით, როგორც კი შიგნით შემოვიდა და სანამ პასუხს გავცემდი, გრძელი მაგიდის ბოლოშიც შემოსკუპდა, თან დაკვირვებით გადახედა ერთად დახვავებულ, სხვადასხვა სახის ბოსტნეულს -მოიფიქრე რის მომზადებას აპირებ?

-ალბათ რაღაც ისეთის, რაც იჭმევა -მივუგე -დიდი არჩევანი რომ არ მაქვს და ჩვენი ბოლო გაჩერება ბოსტნეულის სალათია, ალბათ ხვდები

-ჩემი ბრალია, პროდუქტების საყიდლად მე არ გაგიშვი, გუშინ

-მაგას არა უშავს, სამაგიეროდ, პოპ-კორნი გავაკეთეთ და ტომი-ჯერის ვუყურეთ ბოლომდე, ეს უფრო მნიშვნელოვანია

მელინამ მხარზე მიჩქმიტა.

-კარგი რა, ნუ დამცინი, მულტფილმები ადამიანს ყველა ასაკში უნდა უყვარდეს -ეს კი მითხრა, თუმცა ვამჩნევდი თვითონაც ძლივს იკავებდა სიცილს -სხვათა შორის, ახლა ცოლ-ქმარი ვართ და ტელევიზორის ერთად ყურება ძალიან მნიშვნელოვანია მყარი ურთიერთობისთვის

-ნამდვილად? -მართალია ეს სიტყვები ხუმრობის ტონით თქვა, თუმცა მაინც სიამოვნებით ავყევი წამოწყებულ თამაშში, რომელიც ზუსტად ვიცოდი, იუმორით შენიღბულ ფლირტსაც გულისხმობდა, რაღაც კუთხით -მოდი, მაშინ ახლა თავადაც ჩამოვთვლი შენს მოვალეობებში რა შედის

-კი ბატონო, მაწყობს

-პირველ რიგში ჩემი ღალატი აზრადაც არ უნდა გაივლო, მეორე -მუდამ რბილი უნდა იყო ჩემთან მიმართებაში და მესამე -როცა ფეხბურთი დაიწყება, სერიალზე გადართვა არ უნდა მთხოვო

მელინამ ყველაფერი მშვიდად მოისმინა და ჩემი სიტყვების ბოლოს, გვერდულად ჩაეცინა.

-კარგი, იყოს ასე -რატომღაც მაშინვე დამთანხმდა, მერე კი ბასრი მზერაც მოაყოლა თავის სიტყვებს -ახლა, თუ ნებას დამრთავ, მეც ჩამოგითვლი ჩემს წესებს

-ბრძანეთ, ყურადღებით გისმენთ

-დავიწყებ იმით, რომ შენი სუნამო არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოცვალო -გამაფრთხილებლად ამიწია თითი ამის თქმისას -დანარჩენი ორი კი შემდეგში მდგომარეობს -სახლში არ უნდა მოწიო და ფრაზა "ნასკი გამხადე ქალო" არასდროს უნდა გამოიყენო

სახალისო იყო მისთვის მოსმენა. ზედმეტად სახალისოც კი.

-ვინაიდან ძალიან იშვიათად ვეწევი, მეორე პუნქტის შესრულება არ გამიჭირდება, დანარჩენებზე კი როგორღაც ვიმუშავებ -გამეცინა და მაგიდაზე შემომჯდარს, წელზე ხელები მაგრად მოვხვიე. ამ შეხებაზე ოდნავ შეკრთა, თუმცა პროტესტი არ გამოუთქვამს. ბოლო დროს, ეჩვეოდა კიდეც ჩემს სიახლოვეს, რომელსაც მუდამ ნორმის ფარგლებში ვაქცევდი და ზედმეტი არასდროს მომდიოდა ხოლმე -კიდევ ხომ არ გაქვს რამე დამატებითი პუნქტი, ბამბის თოჯინა?

-სიმართლე გითხრა, მაქვს, ოღონდ ეს თხოვნა უფროა

-მაინც რა თხოვნაა?

-გუშინწინ რომ გამასინჯე, იმ კერძს ხშირად მოამზადებ ხოლმე -მუდარით შემომყურებდნენ მელნისფერი თვალები ამის თქმისას -მართლა საოცრად გემრიელი იყო

-რა თქმა უნდა გემრიელი გამოვიდოდა -გადავწყვიტე კონპლიმენტი ბოლომდე შემეფერებინა, თან სიცილით დავძინე:- ისე, კარგი იქნებოდა ცოტა ჩემთვისაც დაგეტოვებინა, რავიცი მაინც ორზე იყო გათვლილი

-სხვა დროს შენც დაგიტოვებ ხოლმე, ამ ჯერზე როგორმე მაპატიე. ჰო მართლა, რამდენი ხანი დასჭირდება შენს ბოსტნეულის სალათს, ხომ არ მოგეხმარო?

-თუ გინდა, მეორე დანა აიღე და სტაფილო დაჭერი -შევთავაზე -ორის მუშაობის შემთხვევაში, მდინარეზე უფრო მალე წავალთ

-ჰო მართლა, ცურვა თუ იცი? -მაგიდიდან ჩამომხტარი მელინა გვერდით დამიდგა და სტაფილოები მოიმარაგა. მერე საშუალო ზომის, ყავისფერტარიანი დანა ამოაცურა სათავსოდან და ჯერ კიდევ გაურეცხავი ბოსტნეული, ონკანიდან წამოსულ წყლის ნაკადს შეუშვირა.

-ოცდაორი წლის ასაკში რომ ცურვა არ ვიცოდე, სირცხვილით თავს ვერსად გამოვყოფდი

მელინამ ღიმილით გადმომხედა, თან მაგიდაზე, წვერით დარჭობილ დანის ტარს დაეყრდნო, მარჯვენა მკლავით.


-ანუ როცა მდინარეზე მივალთ, ყვინთვაში შეჯიბრებასაც შევძლებთ

ვაღიარებ არ იყო ცუდი იდეა და გადავწყვიტე დავთანხმებოდი კიდეც.

-რა თქმა უნდა, შევძლებთ, ოღონდ თამაშს რომ აზარტი ჰქონდეს, წაგებული მხარე, მოგებულის პირადი შეფ-მზარეული იქნება, მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც აქ ვიქნებით.

მელინას თვალები ეჭვით დაუწვრილდა, მერე კი, უკვე გასუფთავებული სტაფილო ხმაურით ჩაკბიჩა.

-ცდილობ, წამაგებინო და საჭმლის მომზადებას აარიდო თავი, არა?

-პირიქით, ვცდილობ ჩემი ცოლი კარგ მზარეულად ჩამოვაყალიბო. ქალის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ისაა, რომ გემრიელი საჭმელების მომზადება შეუძლია

-არა, დღითიდღე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა, მართლაც კუჭზე გადის -თვალები აატრიალა ამის თქმისას, მერე კი სათადარიგო საჭრელი დაფა აიღო და სტაფილოს "შეუტია".

-ვინც ეგ თქვა, ალბათ სექსის შესახებ არ სმენოდა არაფერი

ჩემმა სიტყვებმა, მელინას იდუმალი ჩაცინება გამოიწვია.

-გირჩევნია გაჩუმდე -დანის წვერი მიმოშვირა ამის თქმისას. აღარც მე მითქვამს რამე, უბრალოდ ოდნავი ღიმილით შევავლე თვალი მის სახეს, რომელიც უკვე მე აღარ მიყურებდა და თავადაც ნახევრად დაჭრილ პროდუქტებს მივუბრუნდი.


მთელი დარჩენილი დრო, უხმოდ ვამზადებდით ჩვენს ბოსტნეულის სალათს. სამზარეულოშიც მხოლოდ საჭრელ დაფაზე დანის პერიოდული კაკუნის ხმა ისმოდა. შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა დუმილიც კი უზომოდ სასიამოვნოდ მეჩვენებოდა მასთან ერთად. ალბათ, ესეც ამ გოგოსადმი გაჩენილი გრძნობებისგან გამოწვეული ერთ-ერთი პარადოქსი იყო.





* * *

არ არსებობს იმაზე უარესი სასჯელი, ვიდრე გყავდეს ცოლი, ვისი უბრალოდ ყურებაც კი ძარღვებში სისხლს გიცხელებს და მისი შეხების უფლებას იყო მოკლებული.

სწორედ ეს აზრი მიტრიალებდა თავში მას შემდეგ, რაც, მდინარეზე წასასვლელად გამზადებული, შოკოლადისფერ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი მელინა დავინახე პირველად. ახლაც, როდესაც ნაპირზე ვიჯექი და მის მშვიდ ცურვას ვაკვირდებოდი, იმას, თუ როგორ ლამაზად უბრწყინავდა წყლის წვეთები ბამბისფერ კანზე, ლამის მთელი სხეული მტკივდებოდა მოწოლილი სურვილებისგან.

ჩვენს შორის გამართულ ყვინთვის შეჯიბრში, სპეციალურად წავაგე, რათა მის თვალებში ის სიხარულის ნაპერწკლები დამენახა, ასე ძალიან რომ მიყვარდა, თუმცა არ გამომივიდა. წარმოდგენა არ მაქვს საიდან, მაგრამ როგორღაც მაინც მოახერხა ჩემი პატარა ტყუილის გაშიფვრა და მაშინვე მეორე ტური მოითხოვა, ამჯერად ყოველგვარი თაღლითობის გარეშე.

მეორედ ჩატარებულ ორთაბრძოლაში, გამარჯვებულის გვირგვინი უკვე მე დავიდგი თავზე და ამის გამო, მელინას მოუწევდა მთელი დარჩენილი დრო, რასაც კახეთში გავატარებდით, დამოუკიდებლად ეზრუნა საუზმის, სადილისა თუ ვახშმის მომზადებაზე. აი მე კი, ჭურჭლის დარეცხვის საპატიო მოვალეობა ავიღე საკუთარ თავზე, რათა სახლში ყველაფერი მისი გასაკეთებელი არ ყოფილიყო.

მდინარის ნაპირზე უხმოდ მჯდომმა, კვლავ ცას ავხედე. უკვე აშკარად შეიმჩნეოდა დაბინდების ნიშნები და ნელ-ნელა, მტრედისფერი ედებოდა ნარინჯისფრად შეფერილ კაბადონს. ალაზნის იმ ნაწილში, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. ჩემი სურვილი იყო ისეთი ადგილი ამერჩია საბანაოდ, სადაც ზედმეტი ხალხი არ შეგვაწუხებდა, თუმცა ახლა აშკარად ვნანობდი ამ გადაწყვეტილების მიღებას. მელინასთან განმარტოება, თანაც ასეთ გარემოში, აშკარად ფსიქოლოგიური წამების ტოლფასი გახლდათ ჩემთვის.

-ნიკოლოზ, რატომ აღარ ჩამოდიხარ?! -გამომძახა წყლიდან კიდევ ერთი ამოყვინთვის შემდეგ, თან სველ თმაზე გადაიტარა ორივე ხელი. გადავწყვიტე ცოტა მეხალისა, ამიტომ შემდეგი სახის პასუხი გავეცი:

-არ ვიცი, შეიძლება მომეჩვენა, თუმცა ცოტა ხნის წინ, დავინახე რაღაც დიდი მისრიალებდა წყლის ქვეშ

-რაღაც დიდი მისრიალებდა? -ტონი შეეცვალა და სახეზეც გადაურბინა ფერებმა. მაშინვე ნაპირისკენ რომ დაიწყო სვლა, ცურვით, იმაზე უკვე აღარაფერს ვამბობ. სიცილის შეკავება ვცადე. არაფრით უნდა შეემჩნია, რომ ვეხუმრებოდი.

-ჰო, ასეა და ჯობს დროულად ამოხვიდე, რა იცი რამდენად შხამიანი იქნება

-აქამდე რატომ იყავი ჩუმად? რას ელოდებოდი? -შეკრული წარბებით ამოვარდა წყლიდან. აშკარად გაბრაზებული ჩანდა და ამას არც მალავდა, თუმცა გაბრაზებულზე მეტად, შეშინებული უფრო იყო.

-ალბათ იმიტომ, რომ შენი საცურაო კოსტიუმში დანახვა მიფანტავს აზრებს -უკვე ჩემს გვერდით ჩამომჯდარს, გამჭოლი მზერა ვესროლე და როგორც კი კვლავ მოვკარი თვალი მის სხეულს, ხვნეშით დავამატე -ჯანდაბა მელინა, უფრო დახურული ვერაფერი ნახე?


ჯერ დაბნეული სახით მიყურებდა ჩემი სიტყვების შემდეგ. მერე გარშემო მიმოიხედა და გაკვირვებულმა მკითხა:

-რა მოხდა? აქ ხომ არავინაა? ან რომც იყოს, ჩემს ჩაცმულობას რატომ აკრიტიკებ?

-ჩაცმულობის კრიტიკა აქ არაფერ შუაშია -გამეცინა, რადგან ყველაფერი არასწორად გაიგო და თვალის დახამხამებაში მიმაკუთვნა იმ მამაკაცების რიცხვს, ვინებიც ოდნავ მოღებულ სამოსზეც კი "ჭედავენ".

-აბა რა არის შუაში? -მუხლებს ხელები შემოხვია და ისე მკითხა. მისი ამ ჟესტით მივხვდი, რომ წყლიდან ამოსულს შესცივნოდა და სწრაფად მოვახურე თავისთვის განკუთვნილი პირსახოცი. ასე აშკარად უკეთესი იყო, რადგან ჩემი ინტერესის სფერო მთლიანად დაიფარა და შედარებით ნორმალურად მოვახერხე ამოსუნთქვა.

-არაფერი, დაივიწყე -კვლავ მდინარსეს გავხედე ამის თქმისას. ცაზე უკვე ერთი ნაფლეთი ნარინჯისფერიც აღარ იყო დარჩენილი. თუ კარგად დააკვირდებოდით, სავსე მთვარის მკრთალი გამოსახულებაც იკვეთებოდა უკვე.

-ნიკოლოზ, შეიძლება რაღაც გკითხო? -ჩემკენ შემოტრიალდა მელინა ამის თქმისას, თან პირსახოცი უფრო მჭიდროდ მოიხვია მხრებზე და ლოტუსის ფორმაში დაჯდა.

-მკითხე რაც გინდა

ხმის ამოღების წინ, ღრმად ამოისუნთქა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. აშკარად ფიქრობდა, გაეჟღერებინა თუ არა ხმამაღლა სასურველი შეკითხვა. ბოლოს, ალბათ მაინც პინაზე მოთავსებულმა დადებითმა პასუხმა გადაწონა მის გონებაში არსებული სასწორი და პირდაპირ თვალებში ჩამხედა:

-ოთხი დღის წინ, როდესაც მარკეტში ვიყავით და შენი საფულე მომეცი, რათა პროდუქტების თანხა გადამეხადა, შევამჩნიე, რომ მასში ვიღაც პატარა გოგონას სურათი გედო -ისე მიყურებდა ამის თქმისას, თითქოს ჩემს რეაქციებს აკვირდება და რამე არასასურველის დანახვის შემთხვევაში, მაშინვე მზადაა გაჩუმდესო -მაინტერესებს, ვინ არის იგი? ვინმე მნიშვნელოვანია?

და აი, ის თემა წამოიჭრა, რომელიც ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა წამოჭრილიყო ჩვენ ორს შორის. რაც ბათუმში ხელი მოვაწერეთ, მას შემდეგ ვიცოდი, მელინასთან აუცილებლად მომიწევდა ამ საკითხის განხილვა, თუმცა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუკი ეს ახლა და ამ წამს მოხდებოდა.

ქვებზე უხმოდ გავწექი და ცას ავაშტერდი. მუდამ ცუდ გუნებაზე მაყენებდა აღნიშნული თემის ირგვლივ ტრიალი, თუმცა ვაცნობიერებდი, მას უფლება ჰქონდა ყველაფერი სცოდნოდა და არც რამის დამალვა იჯდა ჩემს სამომავლო გეგმებში.

-ჩემი უმცროსი დის სურათია, ელისაბეტის -ვუთხარი ისე, რომ ცისთვის თვალი არ მომიშორებია -ზუსტად იმ წელს დაგვტოვა, როცა ეგ ფოტოა გადაღებული

მდუმარებაში ჩავიძირეთ ამ სიტყვების შემდეგ. მელინას კრინტიც კი არ დასცდენია, თუმცა რამდენიმე წამში, ცხადად ვიგრძენი როგორ ამოივსო მისი თითებით, ჩემს თითებს შორის დარჩენილი ნაპრალები და როგორ ძლიერად მომიჭირა ხელი. სწორედ ეს მჭირდებოდა ახლა -უსიტყვო მხარდაჭერა და მანაც თითქოს ჩემი ფიქრები მოისმინა იმ წამს.

-თუ გინდა არ გააგრძელო -თავადაც გვერდით მომიწვა ამის თქმისას, თანაც ისე, რომ ჩემი ხელისთვის წამითაც არ გაუშვია -ისეთ რამებს ნუ გაიხსენებ, რაც ხასიათს გაგიფუჭებს

-ნუ ღელავ, შემიძლია ამბის ბოლომდე მოყოლა -მელინას მზრუნველობამ, სახეზე ოდნავი ღიმილიც კი მომგვარა და ინსტიქტურად გავიწიე, რათა შუბლზე მეკოცნა მისთვის.

-დარწმუნებული ხარ?

-მოდი ჩემთან -პასუხის გაცემის მაგივრად, მისი თავი დავიდე გულზე და სველ თმაში შევუცურე თითები, მერე კი, თითქოს ამან უხილავი ძალა შემმატაო, ამბის თხრობა ისე დავიწყე, თითქოს ჩემს მაგივრად სრულიად სხვა ადამიანი ლაპარაკობდა -ელისაბეტი, ჩვენს შორის ყველაზე უმცროსი იყო და ყველაზე მეტად გვიყვარდა -ამის თქმისას, თითქოს უჩვეულო ნაღველი დამაწვა გულზე, თუმცა საუბარი მაინც არ გამიწყვეტია -ზოგადად, მე, ნიცას და აარონს, ბავშვობაში მუდამ შეჯიბრი გვქონდა გამართული, ვინ უფრო კარგ საჩუქარს აჩუქებდა ხოლმე დაბადების დღეზე, ლისას. მახსოვს, მისი მეშვიდე იუბილე ახლოვდებოდა, როდესაც მტკიცედ გადავწყვიტე ის ველოსიპედი მეჩუქებინა, რომელიც ჩემთან ერთად სეირნობის დროს, მაღაზიის ვიტრინასთან ჩავლისას მოეწონა. მინდოდა თანხა თვითონ შემეგროვებინა და რას აღარ ვაკეთებდი ამის გამო -ხან მეზობლებს ვუწმენდდი თოვლიან სახლებს, ხან თეატრებს ვალაგებდი ხოლმე რეპეტიციის ბოლოს, ხანაც ნაცნობ ბიბლიოთეკარს ვეხმარებოდი წიგნების დახარისხებაში და მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერს ვიყავი მოდებული -ბოლო სიტყვებზე ცას თვალი მოვწყვიტე და მელინას შევხედე. გაკვირვებული მიმზერდნენ მისი მელნისფერი თვალები

-რა მოხდა? გაოცებს ის ფაქტი, რომ ოდესღაც ასეთიც ვიყავი? -მაშინვე მივუხვდი გულის ფიქრებს.

-სიმართლე გითხრა, ჰო, თუმცა უკვე შევეჩვიე შენი პიროვნების მიღმა ახალ-ახალი სახეების აღმოჩენას -მერე ქვედა ტუჩი ენის წვერით გაისველა და დაამატა:- კარგი, შეგიძლია თხრობა განაგრძო, თუ რა თქმა უნდა . . .

-უკვე გითხარი ყველაფერი კარგადაა-მეთქი -ვცადე ისევ გამამხნევებლად გამეღიმა. როგორც კი თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, ცაზე მკრთალად დამჩნეულ მთვარეს შევხედე, ისე, თითქოს იგი საუბრის გასაგრძელებლად საჭირო უხილავი ძალის მომცემი ყოფილიყო -ჩემი დის დაბადების დღემდე, ერთი კვირა იყო დარჩენილი, როცა იმ ველოსიპედისთვის საჭირო თანხის შეგროვება შევძელი. უნდა გენახა რა დიდი ენთუზიაზმით შევფუთე ეს საჩუქარი და რა გახარებულმა გადავეცი ზუსტად შუა ღამით, ჯერ კიდევ ოჯახის წევრების მოლოცვის მოლოდინში მყოფ ელისაბეტს. გუშინდელივით მახსოვს, მისი ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები, იმ მომენტში. ისე იყო გახარებული, გვიან ღამითაც კი აპირებდა ახალი ველოსიპედით სასეირნოდ გასვლას, თუმცა მე, აარონმა და ნიცამ, გაჭირვებით ჩავაწვინეთ საწოლში და ათასი ზღაპრის მოყოლა მაინც დაგვჭირდა, რათა საბოლოოდ ჩასძინებოდა. აქედან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ კი, სწორედ ის წყეული საჩუქარი აღმოჩნდა მიზეზი იმისა, რის გამოც, ლისას დაბადების დღეს, უკვე მერვედ აღვნიშნავთ მის გარეშე


-ანუ? -ძალიან ჩუმად ამოილაპარაკა მელინამ. ემოციურად გატეხილი ხმის გადასაფარად, ოდნავ ჩაახველა კიდეც -ველოსიპედი რა შუაშია? ვერ მივხვდი

-იმ შუაშია, რომ ზუსტად ჩემი ნაყიდი საჩუქრით დასეირნობდა ქუჩაში, როდესაც, მოსახვევიდან მაღალი სიჩქარით გამოვარდნილმა მანქანამ დაარტყა -სიმწრით დავხუჭე თვალები ამ სიტყვების წარმოთქმისას, რადგან მოყოლილი ისტორიის შესაბამისი კადრები ისე ცხადად დამიდგა თვალწინ, თითქოს მათი მომსწრე თავად გავმხდარიყავი ერთ დროს -მას შემდეგ თითქოს ჩვენი ოჯახიც დაინგრა -დედა, მამას გაშორდა, სხვა კაცს გაჰყვა ცოლად და აღარც კი გვეხმიანებოდა, ნიცას ფსიქიკა აერია, აარონი კი, გამუდმებით საქმეებში ჩაფლული ცდილობდა ამ ტკივილის გადალახვას. რაც შემეხება მე, სასმელი, გოგონები, ბარები და კლუბები ჩავთვალე დეპრესიის გადასალახ ერთადერთ გზად, რადგან მომხდარში მუდამ საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, იმ საბედისწერო საჩუქრის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ეს ხმამაღლა არავის უთქვამს.

-ნიკოლოზ, ამის შენთვის დაბრალება ყველაზე დიდი უსამართლობა იქნებოდა -ღრმად ამოსუნთქვის დახმარებით, ცრემლებს სააშკარაოზე გამოსვლის უფლება ჩამოართვა მელინამ.

-არ ვიცი . . . წარმოდგენა არ მაქვს, ვის რა ბრალეულობა მიუძღვის ამ საკითხში, თუმცა ელისაბეტის დაკარგვამ რომ ყველანი სრულიად შეგვცვალა და ჩვენი პირვანდელი სახე დაგვაკარგვინა, ეს აშკარაა. მერე ალბათ ისე შევეჩვიეთ ამ ახალ სახეებს, ნელ-ნელა დაგვავიწყდა კიდეც როგორები ვიყავით ადრე

-ვფიქრობ, შენ ეს ნელ-ნელა გახსენდება -საკმაოდ დამაჯერებელი ტონი ჰქონდა ამის თქმისას, თან მზერას წამითაც არ მაშორებდა, თითქოს ჩემს შიგაგან სამყაროში სურს შეღწევა, ზუსტი პასუხების საპოვნელადო.

-ასე გგონია?

-და შენ არა? -ხელის გული ჩამომისვა ლოყაზე ამის თქმისას, მერე კი ტუჩებით შემეხო ზუსტად იმ ადგილას და კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი ჩემი მშვიდი სუნთქვის დარღვევას -ერთი რამ არასდროს დაივიწყო, ნიკოლოზ

არაფერი მითქვამს, თუმცა კითხვით სავსე მზერა ვესროლე, რათა თავისი სიტყვები დაებოლოვებინა და აღარც მან მალოდინა დიდხანს:

-ყოველთვის გახსოვდეს, რომ ნებისმიერ თემაზე შეგიძლია დამელაპარაკო, მე კი მუდამ მზად ვიქნები მოგისმინო და თუკი საჭირო გახდა ხელი ძლიერად ჩაგკიდო. დამიჯერე, ამას ყველას არ ვეუბნები, თუმცა შენ გაცილებით მეტს იმსახურებ, ვიდრე ეს სიტყვებია

გამეღიმა. ზედმეტად სასიამოვნო იყო იმის გააზრება, რომ ამას ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანისგან ვისმენდი და არა ვინმე სხვისგან, ვისგანაც ამდენად დიდი ეფექტი არ ექნებოდა.

-თუ ასეა, მაშინ შენც გახსოვდეს ერთი რამ -მისი სველი თმის კულულს წავეთამაშე. მელინას მზერაში ცნობისმოყვარეობამ გაიდგა ფესვები.

-რა უნდა მახსოვდეს?

-ის, რომ ჩემთვის ბედნიერებასთან ასოცირდები

მისი წვრილი თითები, კვლავ ჩემსაში იყო გადახლართული. სასიამოვნო იყო ასე წოლა. თითქოს ყოველ კუთხე-კუნჭულში სიმშვიდე იგრძნობოდა და უნდა მეღიარებინა, მეც პირველად ვგრძნობდი თავს ასე მშვიდად და თავისუფლად, ამდენი ხნის შემდეგ. როგორც ჩანდა, სიმშვიდე და მელინას სიახლოვე, პირდაპირპროპორციულ კავშირში იყო ერთმანეთთან.

იმ წამს, აარონის პასუხიც მომაგონდა, როდესაც ვკითხე, რა სახის შეგრძნებები გეუფლება ანასტასიას გვერდით-მეთქი. კარგად მახსოვს, მითხრა, მასთან ყოფნა იგივეა, რაც დაძაბულობით სავსე სამყაროდან, სიმშვიდის კუნძულზე გადმოსვლაო. ახლა უკვე მეც მქონდა ჩემი სიმშვიდის კუნძული და ყველაფერს გავაკეთებდი, რათა მასზე ფეხის დადგმის უფლება არასოდეს დამეკარგა.






8 8 8 8

შუა დღე იყო. კოტეჯის გადახურულ აივანზე მდგომი, ნიცასთან ვიდეო-ზარით საუბრის შემდეგ, ამჯერად უკვე აარონს ველაპარაკებოდი, თან მელინას ვუყურებდი, ვისაც ხასხასა ბალახზე პლედი გაეფინა, მასზე ზურგით გაწოლილიყო და ცაზე მიშტერებული, ყურსასმენებში ჩემთვის უცნობ მუსიკას უსმენდა. მეღიმებოდა მის შემხედვარეს. მიუხედავად იმისა, რომ მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, მაინც არ მყოფნიდა ხოლმე მასთან სიახლოვე. ალბათ იმიტომ, რომ რაღაც მხრივ, ჯერ კიდევ შორს გვეჭირა თავი ერთმანეთისგან, იმისდა მიუხედავად, რომ გულის სიღრმეში, უკვე ვერც ერთი ვეღარ ვგრძნობდით ამის აუცილებლობას.

-დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი დახმარება არ გჭირდება? -ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, რაც დავით დევდარიანის, ჩვენი ქორწინებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებაზე საუბარმა გამოიწვია, კვლავ მომესმა ჩემი ძმის ხმა
-დახმარებაში რას გულისხმობ?

-მატერიალურ დახმარებას, ნიკოლოზ -მომიგო ხმადაბლა -შენ ჩემი ძმა ხარ და იცოდე, თუ რამე დაგჭირდებათ შენ და მელინას . . .

-გმადლობ, არაფრის საჭიროება არ გვაქვს -შუა გზაზე გავაწყვეტინე წამოწყებული სიტყვა, რადგან არანაირი სურვილი არ მქონდა წინადადება დაესრულებინა -ეს ჩემი ცოლია, აარონ, ჩემი პასუხისმგებლობა, ჩემი საზრუნავი და ყველაფერს თავად უნდა მივხედო, სხვისი ჩარევის გარეშე

-კარგი, კარგი და რას აპირებ?
-ჯერჯერობით აქ ვგეგმავთ ყოფნას. სიტუაცია რომ ცოტათი ჩაწყნარდება, თბილისში დავბრუნდებით, რამე სამსახურს ვიშოვით და საკუთარ თავებს თვითონვე მივხედავთ, მანამდე კი ჩვენზე ნუ ინერვიულებ

-ვამაყობ შენით, იცი? -მართალია, ნიცას მსგავსად ვიდეო-ზარით არ მირეკავდა და ვერც მის სახეს ვხედავდი, თუმცა ტონზე მაინც შევატყვე, იღიმოდა. რაც თავი მახსოვდა, აარონის მხრიდან, ჩემი მისამართით პირველად გავიგონე ეს სიტყვა და უნდა ვაღიარო, ნამდვილად იყო სასიამოვნო მოსასმენი

-მე კი, მთელი ცხოვრება ვამაყობდი შენით -ვუპასუხე მაშინვე, მერე კი, კვლავ გაზონზე მწოლიარე მელინას გავხედე და დავამატე: -კარგი, ჩემი წასვლის დროა, სხვა დროს კიდევ ვისაუბროთ. ანასტასიას მოკითხვა გადაეცი

-აუცილებლად გადავცემ -დამპირდა აარონი და ჩვენი სატელეფონო კავშირიც, სწორედ აღნიშნულ მომენტში გაწყდა

მობილურის ჯიბეში ჩაბრუნების შემდეგ, ღრმად ჩავისუნთქე აღმოსავლეთიდან მონაქროლი ოდნავ გრილი ჰაერი, აივნის პატარა კიბეები ჩავირბინე და პირდაპირ იქითკენ გავემართე, სადაც მელინა იწვა, თავის ჭრელ პლედზე. ამ უკანასკნელს, კვლავ მოუშორებლად ეკეთა ყურსასმენები, ფეხები მუხლებში მოეხარა, თვალები დაეხუჭა და ადგილიდანაც არ იძვროდა. ვაღიარებ, საკმაოდ კარგი რელაქსაცია ჰქონდა მოწყობილი, ამიტომ, მასთან მიახლოების შემდეგ, გვერდით ფრთხილად მივუწექი, ცალი ყურსასმენი გამოვაძვრე და ყურის ბიბილოზე ტუჩები ოდნავ შევახე.

-შენ აქ წევხარ, მე კი ცოლის ყურადღება მჭირდება -ჩავიჩურჩულე პირდაპირ მის ყელთან, ლავიწის ძვალზე ნაზად მივაკარი ტუჩები, თავი კი მხარზე დავადე. მელინამ, სახეზე თითებით მოფერებით უპასუხა ჩემს ამ ჟესტს, თან ღიმილით დამაცქერდა ზემოდან

-ესე იგი, ყურადღება მოგაკლდა, არა?

-ჰო მომაკლდა და უფლებას გაძლევ ეს გამოასწორო

-კარგი, გამოვასწორებ -სიცილით აიშვირა საჩვენებელი თითი ცისკენ -ოღონდ, დასაწყისისთვის მითხარი იმ ღრუბელს რისი ფორმა აქვს?

-მაინც რომელს? -პლედზე მეც ზურგით გავწექი და ზემოთ ავიხედე

-აი იმას, ყველაზე დიდი რომაა

-ჰმმ, ალბათ უყურადღებოდ დატოვებული, მოწყენილი ქმრის

-კარგი რა -მკლავზე ჩქმეტით დამაჯილდოვა -სერიოზულად გეკითხები და შენც სერიოზულად მიპასუხე. დიდი ხანია ვუკვირდები და ვერ გავარკვიე რისი ფორმაა

ამჯერად, მის თხოვნას სერიოზულად მივუდექი და ყველაზე დიდი ღრუბელი დაკვირვებით შევათვალიერე. არ ვიცოდი, რამდენად მართალი ვიყავი, თუმცა მომეჩვენა, რომ მისი ფორმები ძალიან ჰგავდა ცხენისას და გადავწყვიტე, ჩემი გამოძიება მეტად აღარც გამეწელა.

-ვფიქრობ, ცხენი უნდა იყოს -შუბლის სრესით მივუგე -თავად რას ამსგავსებ?

-შენ წარმოიდგინე, მეც რაღაც ეგეთი ვიფიქრე, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი

-რა გინდა, გაგიმართლა, თეთრი ცხენი ზემოდან დაგყურებს, პრინცი კიდევ გვერდით გიწევს. აშკარად იღბლიან ვარსკვლავზე ხარ დაბადებული

მელინა ჩემს სიტყვებს ღიმილით შეხვდა, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია ისე მომარგო ცალი ყურსასმენი, მეორე კი თვითონ გაიკეთა და მობილურში, ჩემთვის საყვრელი Wind Of Change-ს მელოდია ჩართო. ეს სიმღერა, თითქოს იმ ყველაფრის დასაწყისთან იგივდებოდა, რაც მელინას შეეხებოდა და სწორედ ამიტომ, ჩავთვალე, რომ სიტუაციისთვის სრულიად შესაფერისი იყო.

-ახლა ის საღამო გამახსენდა, როდესაც დაგინახე, როგორ უკრავდი ამ სიმღერას, სანაპიროზე -ვაღიარე

-ჰოო? -გვერდულად გამომხედა ხსენებული კითხვისას, თან ცალი წარბი აზიდა მრავალმნიშვნელოვნად -მაინტერესებს, მაშინ ჩემზე რა იფიქრე?

-ჯანდაბა! -ამოვთქვი სიცილნარევი ოხვრით, მერე კი თხოვნით სავსე ტონი მოვიშველიე დამხმარე ძალად:-უმორჩილესად გთხოვ ეგ არ მკითხო, თორემ დღესვე დამიდებ წინ განქორწინების საბუთებს

-ასე ცუდად იყო საქმე? -თვითონაც გაეცინა.

-ვაღიარებ, რომ კი, მაგრამ მას შემდეგ ათასი რამე მოხდა და ის ფიქრებიც წარსულში დარჩა -მისი ხელი, ჩემსაში მოვიქციე ამის თქმისას და სათითაოდ დავუკოცნე ყველა თითი. მელინამ თვალები დახუჭა. რამდენიმე წამში ღრმად სუნთქვასაც მოჰყვა. სიამოვნებისგან გამოწვეული მისი დაძაბულობა, თითქოს მეც გადმომეცემოდა, ჯაჭვური ენერგიით.

-ერთ რაღაცაზე უნდა მიპასუხო, ოღონდ გულწრფელად, კარგი?

-მაინც, რაზე?-ისე მკითხა, თვალები არც გაუხელია

-ერთხელ მაინც თუ გინატრია, რომ მომავალშიც ჩემი იყო? რომ ეს ყველაფერი, შენი დამამთავრებელი კურსის დახურვასთან ერთად არ დასრულდეს და არც ჩვენ დავმთავრდეთ -ვკითხე ის, რაც მთელი ეს დღეები მიტრიალებდა თავში და რაზე პასუხიც ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ვაღიარებ, გიჟური სურვილი მქონდა ამაზე დადებითად ეპასუხა. თუ აქამდე კიდევ რაღაცას ვყოყმანობდი, ახლა უკვე ბოლომდე გახლდით დარწმუნებული საკუთარ გრძნობებში და ძალიან მინდოდა, მელინასგან იმის ნახევარ მაინც მეგრძნო, რასაც თავად განვიცდიდი მისდამი.

-ნიკოლოზ, ამას რატომ მეკითხები? -დახშული ხმით, ძლივს ამოთქვა ბოლოს. ვამჩნევდი როგორ აუდ-ჩაუდიოდა მკერდი ნერვული სუნთქვისგან და ეგოისტური კმაყოფილება მიპყრობდა იმის გამო, რომ ამ ყველაფრის გამომწვევი თავად ვიყავი

-უბრალოდ მიპასუხე, კარგი? მსურს შენი პასუხიც მოვისმინო, რადგან მე მართლა არ მინდა შენთან გაშორება, არც ერთი, არც ორი და არც, მრავალი წლის შემდეგ

-რატომ?

-მიზეზი გაინტერესებს?

-მაინტერესებს

-დაფიქრდი, იქნებ არაფრის თქმა არ არის საჭირო და თვითონ დაინახო ჩემს თვალებში? -სახეზე ხელი ჩამოვუსვი, თვალებში ჩავაცქერდი და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ პასუხებს ვთხოვდი, ახლა სიტყვის თქმაც აღარ დავაცალე ისე გადავაწექი ზემოდან და მოწყურებული დავეწაფე მის ალუბლისფერ ტუჩებს.

თავადაც მიპასუხა. მიპასუხა ისე, როგორც არასდროს, ისეთი გრძნობით, როგორც არასდროს და მეც უკვე ბოლომდე გადავლახე ჩემში ის თავშეკავების საზღვარი, რომელსაც აქამდე არასდროს ვაბიჯებდი ხოლმე. ვგრძნობდი, რომ მინდოდა ეს გოგო. გულსაც ისევე უნდოდა, როგორც სხეულს, გონებასაც ისევე უნდოდა, როგორც აშლილ სურვილებს და უკვე ბოლომდე გამოვრთე ის კონტროლის მექანიზმი, რაც მელინასადმი სიახლოვის საზღვრებს მივლებდა ხოლმე.

ხომ გინახავთ, ბანალურ რომანტიულ ფილმებში, წყვილის ემოციური მომენტების დროს რომ წვიმა წამოვა ხოლმე, მოულოდნელად და სიტუაციისთვის სრულიად შეუფერებელ მომენტში? ჩვენს შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა. ჯერ ერთი წვეთი დამეცა, მეორე მეორე, ბოლოს კი ისეთი ამბავი შეიქმნა და ისეთი გრუხუნი ატყდა, პლედის აღებისა და დაუყოვნებლივ შინ შესვლის გარდა აღარაფერი დაგვრჩენოდა. ასეც მოვიქეცით –უეცრად გაბრაზებული ღრუბლების წყალობით ნახევრად გალუმპულები, სირბილით შევვარდით სახლში, დახურულ კარს მივეყრდენით და ერთმანეთს გადავხედეთ.

სახლს მკრთალად ანათებდა ვერცლისფერი შუქი, რომელიც კედელზე მიმაგრებული სანათიდან იფრქვეოდა. როგორც ჩანს, არც წვიმა აპირებდა გადაღებას, პირიქით, თანდათანობით უფრო ძლიერდებოდა და ქუხილიც მატულობდა.

-მოდი აქ, ასეთი დაშინებული სახე ნუ გაქვს -ღიმილით ვუთხარი მელინას, თან მისი სხეული მკლავებში მოვიქციე და თავზე ვაკოცე -ამაღამ სხვაგან არ დავიძინებ, სანამ ელვა იქნება, შენთან დავრჩები

-არც ერთი წამით არ დამტოვო, გესმის? -მაისურზე ხელებს ძლიერად მიჭერდა და სახეს ჩემს ყელში მალავდა. პატარა ბავშვს ჰგავდა, ვინც მთლიანად ჩემზე იყო მონდობილი, ეს კი გულში უზარმაზარ სითბოს მიღვრიდა

-არ დაგტოვებ, ოღონდ ეცადე ეს მაისური არ შემომახიო, კარგი? -სიცილით ავაწევინე თავი. ვცადე თვალებში ჩამეხედა, რათა მზერითი კონტაქტით, ცოტათი მაინც გამექრო მისი შინაგანი დაძაბულობა -ნიცას დაბადების დღის საჩუქარია და თუ რამე მოუვიდა, ორივეს დაგვხოცავს

-ნიცას ისე აღწერ, მისი უკვე მეშინია

-შენ ვინმესი გეშინია? მეგონა ჩემს წინ ნომერ პირველი გაიძვერა იდგა

-შენ ჯერ კიდევ ტუალეტის ინციდენტი გაქვს ჩარჩენილი გონებაში -ნელ-ნელა საუბარში მყვებოდა და ვამჩნევდი, რომ იმდენად აღარ ეშინოდა, როგორც ადრე. მეც სწორედ ეს მიზანი მამოძრავებდა, ყურადღება რამეთი უნდა გადამეტანინებინა, რათა თავის ფობიაზე საფიქრელად მინიმალური დრო დარჩენოდა

-ტუალეტის, კლუბისაც, როცა კურდღლის კოსტიუმში გამოწყობილი გამომეცხადე, როცა შენი კუდში დევნა მიწევდა და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო?
-აღარ ჩამოთვალო -ლოყაზე მხურვალედ მაკოცა ამის თქმისას მელინამ და თვალებში უტეხად ჩამაშტერდა. იმ წამს, მის მზერაში უზარმაზარი სურვილი ამოვიკითხე. ჩემთან სიახლოვის სურვილი და თითქოს ძარღვებში სისხლიც გამიცხელდა ამის გააზრებისას.

-შენი მზერა . . .

-რა სჭირს ჩემს მზერას? გაბნევს არა? -გამაწყვეტინა, თან უფრო მეტად მომიახლოვდა თავისი გამომწვევი გამოხედვით

-გთხოვ, შეწყვიტე . . .

-ხომ გითხარი, ოდესმე ამასაც დაგმართებთქო? ხომ გაგაფრთხილე, შენს მიერ დანთებული ცეცხლი დაგწვავს-მეთქი?

-პირობის შესრულებაში კონკურენტი არ გყავს -წამით თვალები დავხუჭე და ისე მივუგე -სასჯელის ტოლფასია, როცა ჩემთან ამდენად ახლოს ხარ და შენი ნორმალურად შეხების უფლებაც არ მაქვს

მელინას მზერაში, ამაყი თავდაჯერება, სითბომ შეცვალა. თვალებში თითქოს მზისფერი სხივები ჩაუდგა და ოდნავი ღიმილით ჩამომისვა ლოყაზე თავისი თხელი თითები.

-გაქვს -მითხრა, თუმცა უნდა ვაღიარო, ამ ერთი სიტყვიდან ვერანაირი აზრი ვერ გამოვიტანე. ალბათ, ესეც ჩემი მაცდური ცოლის ზომაზე მეტი სიახლოვის ბრალი გახლდათ

-ვერ მივხვდი?

-გაქვს ჩემი შეხების უფლება -განმიმარტა ისეთი ტონით, რომელშიც ეჭვის შეტანაც კი არ შეიძლებოდა -სხვას არავის აქვს, თუ არა შენ, გესმის? ბოლო პერიოდში, მუდამ მიმტკიცებ რამხელა მსვერპლის გაღება შეგიძლია ჩემი გულისთვის, შენს მხარდაჭერას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და ეს ყველაფერი სიყალბე ვერ იქნება. არც შენ ხარ ყალბი -მეორე ხელიც მოადო ჩემს ლოყას ამის თქმისას, თან მკითხა: -გახსოვს იმ დღეს მანქანაში, როდესაც ბორკილებით იყავი მიბმული, გითხარი ჩემი თავის ტკივილი ხარ-მეთქი?

-ჰო, მახსოვს, თუმცა სასიამოვნო მოსასმენი იყო-მეთქი, ვერ გეტყვი -ოდნავ გამეღიმა. პარალელურად მისი გაღიმებაც შევძელი -ამას ახლა რატომ მეკითხები?
-იმიტომ, რომ ეს თავის ტკივილი, დროთა განმავლობაში, ტკივილის მოსაშორებელ წამლად გადაიქცა. ახლა კი მინდა მე გავაქრო შენი ტკივილები -დამატყვევებელი, ქალური ცეცხლი გიზგიზებდა მთელი ამ დროის მანძილზე მელინას თვალებში და მეც უკვე კარგად ვხვდებოდი, რისი მანიშნებელი იყო ეს ყველაფერი. სხეული ერთანად დამეჭიმა. უცნაურად შეცვლილ შინაგან ტემპერატურას უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი. ორივე საფეთქელში, თითქოს უროსავით მიკაკუნებდა რაღაც მძიმე. ჯანდაბა, ნუთუ რეალურად მემართებოდა ეს ყველაფერი?

-მელინა . . . -ამოვთქვი დახშული ხმით მისი სახელი და გამშრალი ყელის გასასველებლად ნერწყვი გადავყლაპე. არ გამომივიდა. ნერწყვიც კი გამშრობოდა იმ წამს - დარწმუნებული ხარ? -საკუთარი ხმაც კი მეუცნაუებოდა საუბრისას, თუმცა ხელსაც კი ვერ გავანძრევდი ეს კითხვა რომ არ დამესვა და ყველაფერში საბოლოოდ არ დავრწმუნებულიყავი

რამდენიმე წამით არაფერი უთქვამს. არც მე ვიღებდი ხმას და მხოლოდ მის თვალებში ყურებით შემოვიფარგლებოდი. მერე თითქოს გონს მოეგოო, უფრო მეტად მომიახლოვდა, შუბლზე, შუბლი მომადო და სახეზე თავისი ცხელი სუნთქვა შემომაფრქვია.

-ნიკოლოზ -ამოიჩურჩულა, თან ენა გადაიტარა ქვედა ტუჩზე -იცი? არასდროს მდომებია ასე ვინმესი გავმხდარიყავი. შენ შეძელი . . . შეძელი და ჩემს გონებაში შემოაღწიე

სწორედ ამის მოსმენა მჭირდებოდა იმ წამს. ვაღიარებ, მეტის მოთმენას და დამატებითი კითხვების დასმას მართლა აღარ ვაპირებდი. ამის მაგივრად, ფრთხილად ჩავაცურე ხელები მისი ფეხებისკენ, სარაფანი თეძოებზე ფრთხილად ავუწიე და სულ მალე, ტანზეც გადავაძრე. მისი სხეულის სამოსის გარეშე ხილვამ, კიდევ უფრო მეტად ამირია სუნთქვა. ვუყურებდი ჩემს წინ მდგომ სრულყოფილებას, მისგან წამოსული ქოქოსის სურნელით ვივსებდი ფილტვებს და ცხოვრებაში პირველად მსურდა ყველა მოქმედება დიდი სიფრთხილით მომეზომა, რათა ჩემი პარტნიორისთვის, ყველაფერი იდეალურად დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

-ბამბის თოჯინა -ჩურჩულით ამოვთქვი მისი ზედმეტსახელი, წელზე ხელი მოვხვიე და ჩემკენ ნელა მოვიზიდე. ვერ ვიტყოდი, რომ ნერვიულობდა, თუმცა მისთვის რომ უხერხული იყო ჩემს წინაშე ასე დგომა, მაშინვე მივხვდი და ნიკაპში ხელის ჩავლებით, თავი ბოლომდე ავაწევინე

-ერთი წამითაც არ შეგეშინდეს, კარგი? -პირველად, მისი ყელი დავაგემოვნე, თან ლავიწის ძვალზე გადავუტარე ცერა თითი. მელინას კანის სინაზემ, ერთიანად გამითიშა ტვინის ყველა უჯრედი. მეცინებოდა საკუთარ თავზე, რადგან იმ წამს, რეალურად მეგონა, თითქოს ქალს პირველად ვეფერებოდი. რაღაც აუხსნელ გრძნობებს იწვევდა ჩემში ეს გოგო, ისეთს, თავადაც რომ ვერ ვწვდებოდი ბოლომდე და ბევრიც რომ მეცადა, არც მაშინ გამომივიდოდა ამის გაკეთება.

-მინდა, ეს მომენტი შენთვის ჯადოსნური იყოს -ამოვიჩურჩულე პირდაპირ მის ყურთან და ბიბილოზე კოცნის კვალი დავუტოვე -მსურს ყოველი წუთი და წამი კარგად დაიმახსოვრო, ყოველი ჩემი შეხება და კოცნა ღრმად ჩაიბეჭდო მეხსიერებაში, რადგან ეს რაღაც არარეალური იქნება და ამას უკვე აშკარად ვგრძნობ

-შენთან ყველაფერი ისედაც ზღაპარს ჰგავს. ლამაზ, არარეალურ ზღაპარს

გამეღიმა, თუმცა აღარაფერი მიპასუხია. კიდევ რამდენიმე წამიც და უკვე თავდავიწყებით ვეფერებოდი მისი სხეულის ყველა უჯრედს. საწოლზე რომ გადავაწვინე და მის თითებში, ჩემი თითები გადავხლართე, უკვე სუნთქვაც კი გახშირებოდა სიამოვნებისგან. მიუხედავად ამისა, თვალებში მაინც არ მიყურებდა. არადა, როგორ მინდოდა ასე მოქცეულიყო.
-მელინა, შემომხედე . . . ნუ იძაბები, კარგი?

თავი დამიქნია თუმცა არაფერი უთქვამს. მისი ოდნავი სიმორცხვე, სახეზე ღიმილს მგვრიდა.

-თუ მოდუნდები, სიამოვნებასაც მიიღებ -კვლავ მასწავლებელივით ვარიგებდი ჩემს ქვემოთ მოქცეულს -ახლა თვალებში შემომხედე და მზერა არ მომაშორო. აი, ასე, ყოჩაღ . . .

-თუ გინდა, რამე ლამაზიც მითხარი -სერიოზული მზერით ამომხედა ამის თქმისას

პასუხად, ჩემკენ დავქაჩე, ქვედა ტუჩზე ცერა თითი ნაზად გადავუტარე და ყელიდან მუცლამდე, თითქმის ყველა წერტილი დავუკოცნე. იმის შეგრძნებაც კი მსიამოვნებდა, როგორ ეხორკლებოდა კანი და როგორ ეჭიმებოდა გიტარის სიმივით მთელი სხეული, ჩემი ტუჩების ოდნავი შეხებისასაც კი.

-რა გინდა რომ გითხრა? -ვკითხე, როდესაც კვლავ მის ბაგეებს დავუბრუნდი და მსუბუქად ვაკოცე

-ის, რასაც ახლა გრძნობ

-რასაც ახლა ვგრძნობ?

-ჰო -მომლოდინედ მიყურებდნენ მისი მელნისფერი თვალები და მეც აღარ დამიყოვნებია პასუხის გაცემა

-ვგრძნობ, რომ სიგიჟემდე მიგყავარ, მელინა -მივუგე საკუთარ თავში დარწმუნებული ტონით, მისი სხეული უფრო მოხერხებულად მოვიქციე მკლავებში და ალუბლისფერი ტუჩები კვლავ ხარბად დავუკოცნე -ახლა კი, გავჩუმდეთ და მხოლოდ სხეულის ენა გამოვიყენოთ . . .







8 8 8 8

შუა ღამით გაღვიძებულმა, როცა მელინასთვის განკუთვნილი ბალიში ცარიელი დავინახე, ძილი თვალის დახამხამებაში გამიტყდა. რა თქმა უნდა, არ შემეძლო ასეთ დროს უწინდებურად დავრჩენილიყავი საწოლში, ამიტომ, თავადაც წამოვდექი ფეხზე, სწრაფად ამოვიცვი იქვე მიგდებული შარვალი და პირდაპირ მის მოსაძებნად გავეშურე.
ოთახებში საშინლად ბნელოდა, თუმცა ამისდა მიუხედავად, სინათლის ანთება არ მიფიქრია. გონება ჯერ კიდევ იმ ფიქრებით მქონდა გამოტენილი, რომ ჩვენი ცოტა ცოტა ხნის წინანდელი ნაბიჯი, რატომღაც ახლა სანანებელი გახდენოდა და სწორედ ამიტომ ცდილობდა ჩემთვის თავის არიდებას.
ფიქრიც კი არ მინდოდა ამაზე. იმის წარმოდგენაც კი გონებას მიწამლავდა, რომ ის ჯადოსნური მომენტები ინანა, რაც ჩემთვის ყველაზე სუფთა და ნამდვილი იყო მათ შორის, რაც კი აქამდე მქონია.
მისაღებსა და სამზარეულოში, მელინას ვერანაირი კვალს ვერ მივაგენი. ვაღაირებ, ცოტათი შემეშინდა კიდეც. გონებამ ის აზრიც მომაწოდა ხასიათის გასაფუჭებლად, რომ იგი ამ სახლში აღარც კი იყო და ტყუილად ვეძებდი, მაგრამ აშლილი ფიქრები, თითქოს შტორმგადავლილი ზღვასავით ჩაწყნარდა, როცა სუსტი განათების ფონზე, აივნის სავარძელში მჯდომი, პლედშემოხვეული სილუეტი შევნიშნე, ბუნდოვნად.
შვებით ამოვისუნთქე. მართალია, უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, როდესაც გამოღვიძებულს, მისი ბალიში მეპატრონის გარეშე დამიხვდა, თუმცა მთავარია ჯერ კიდევ აქ იყო და ჩემგან წასვლაზე არც კი ეფიქრა.
აივანზე უხმაუროდ გავედი. წვიმას უკვე ბოლომდე გადაეღო და ირგვლივ, სველი ფიჭვების საამო სუნი ტრიალებდა. პლედში გახვეულ მელინას, ჩემი შესვლა არც კი გაუგია. ეს არც იყო გასაკვირი. იმდენად უხმაუროდ ვმოძრაობდი, საკუთარი ნაბიჯების ხმა თავადაც ყრუდ ჩამესმოდა.
-ვერ მეტყვი მანდ რას აკეთებ? -ვკითხე ხმადაბლა, რათა ჩემი მისვლა გაეგო, თან წინიდან მოვუარე სავარძელს, რომელშიც ის იჯდა. სახეზე შეეტყო, აშკარად არ ელოდა თავისი მყუდროების ნაჭუჭის დამსხვრევას, თუმცა როგორც კი დამინახა, ტუჩებზე მაინც მოადგა ოდნავი ღიმილი და საკუთარი თმის ბოლოებზე თამაშიც შეწყვიტა
-ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გამოვედი -მთქნარებით მომიგო, თან იდუმალი მზერით შემათვალიერა და დაამატა:- რამე მოხდა? სახეზე უხასიათობას გატყობ
სანამ პასუხის გასაცემად ხმას ამოვიღებდი, მის წინ ფრთხილად ჩავიმუხლე და ორივე ხელზე, ხელი მოვკიდე.
-ეს მე უნდა გკითხო -გამომცდელად ვუყურებდი თვალებში ამის თქმისას -მაინტერესებს, ნანობ იმ ყველაფერს, რაც ჩვენ შორის მოხდა? თუ ასეა, ამის შესახებ აუცილებლად უნდა ვიცოდე, მელინა
-შენ რა, ხუმრობ? -ჩემკენ გადმოიხარა, რათა სწორედ ისე მომფერებოდა სახეზე, როგორც ეს მუდამ ჩვეოდა. ხელების ზემოთ აწევისას, პლედი მის სხეულს ოდნავ მოშორდა და შიშველი, თოვლისფერი მხრები გამოუჩნდა -ამ საოცარ ღამეს არასდროს ვინანებ, ნიკოლოზ. რა გზითაც არ უნდა წავიდეს ჩვენი ცხოვრება, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს მუდამ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტი იქნება. შენი კვალი, რომელიც ჩემს სხეულზე დატოვე, სამუდამოდ დარჩება. მას ვერც ვერავინ წამართმევს და ვერც ვერავინ წაშლის.
ამ სიტყვებს უკვე აღარ ამბობდა ის გოგო, ვინც სასტუმროში პირველი მისვლის დღეს გავიცანი. ამ სიტყვებს ამბობდა ქალი, რომელიც მიყვარდა და რომლის ჩემდამი მომართული მზერაც ღრმად მარწმუნებდა, მისი მხრიდან იგივე სახის დამოკიდებულებაში.
სასიამოვნო იყო იმის შეგრძნება, რომ საერთოდ არაფერს ნანობდა. ჯერ კიდევ ჩამესმოდა ყურებში სიტყვები:- "ჩემი სხეულიდან შენს კვალს ვერავინ წაშლის" და მათგან უდიდესი დოზით ვიღებდი ენდორფინს.
-თუ ასეა, ღამღამობით ეგრე ჩუმად ნუღარ გამომეპარები ხოლმე, კარგი? -პლედიანად ავიტაცე ხელში ამის თქმისას, პირდაპირ აივნის მოაჯირისკენ წავიყვანე, იქვე შემოვსვი, თან მეც წინ დავუდექი და მის ფეხებს შორის მოვექეცი
-არ გამოვპარულვარ, უბრალოდ შენი გაღვიძება არ მინდოდა -სიცილით გააპროტესტა. მერე კისერზე დამაწყო ხელები და თითების ჩემს თმაში სრიალს მოჰყვა -რა მოხდა, იფიქრე როცა ჩამეძინა სიტუაციით ისარგებლა, ბარგი ჩაალაგა და წავიდაო? აივანზე შემოსვლისას ძალიან ანერვიულებული სახე გქონდა
-რომც წასულიყავი, მაინც ყველგან მოგაგნებდი -თავი ავარიდე მის შეკითხვაზე პასუხს. არ მინდოდა მომენტის გაფუჭება იმ ფიქრებით, რაც რამდენიმე წუთის წინ ბასრი ისრებივით მიტრიალებდა თავში
-ნამდვილად ყველგან?
-ეჭვიც არ შეგეპაროს -ტუჩებზე ოდნავი შეხებით კიდევ ერთი კოცნა დავტყუე. შემდეგ ჩემს არათითზე წამოცმულ ოქროს რგოლს დავხედე და გადავწყვიტე, რომ სწორედ აღნიშნულ წამს იყო შესაფერისი დრო იმის სათქმელად, რაც ზუსტად მაშინ გადავწყვიტე მტკიცედ, როდესაც მელინა ჩემი გახდა
-მისმინე, ეს კითხვა გარეთ უკვე დაგისვი, მაგრამ მაშინ პასუხის გაცემა არ დაგაცადე და მინდა კიდევ ერთხელ გაგიმეორო -პლედის შიგნით ჩატნეული თმები ზემოთ ამოვუყარე. ვგიჟდებოდი მის გრძელ კულულებზე, მუდამ ლამაზ ტალღებად რომ ეფინებოდა ხოლმე მხრებზე
-გისმენ, რა უნდა გამიმეორო? -დიდი კითხვის ნიშნები ჩასდგომოდა მელნისფერ თვალებში. აღარც თავად მქონდა შემაწუხებელი დუმილის უფრო მეტად გაწელვის სურვილი, ამიტომ ამ უკანასკნელს, სწრაფად დავუსვი დიდი, შავი წერტილი და გაშლილ ხელის გულზე, მხურვალედ ვაკოცე.
-იქნები სამუდამოდ ჩემი? -ვკითხე ჩურჩულით, თან ცალ ბეჭზე პლედი ოდნავ ჩამოვუწიე და პირდაპირ იმ ადგილას შევეხე ტუჩებით, სადაც პაწაწინა, თითქმის უფერული ხალი ჰქონდა დამჩნეული
-სამუდამოდ შენი? -ჩემი სიახლოვისგან არეულმა, დახშული ხმით ამოთქვა. თვალები ნეტარებისგან დახუჭვოდა და ღრმად სუნქვას ატანდა თავისი სხეულის სასიამოვნო კანკალს
-ჰო, სამუდამოდ ჩემი -მერე დავფიქრდი, მივხვდი, ამ წინადადებას რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი აკლდა და სწრაფად დავამატე:- სამუდამოდ ჩემი ცოლი
სახეში შევხედე. თვალის გარსი ოდნავ ჰქონდა აწყლიანებული და ჯერ კიდევ მდუმარების ფსკერზე ჩაძირული მათვალიერებდა. აშკარად ჩემი გამოხედვიდან სურდა იმ სიტყვების რეალურობაში დარწმუნებულიყო, რაც ცოტა ხნის წინ მოისმინა, საკუთარი ყურებით.
-იცოდე, თუ წლის ბოლოს გამეყრები, მეორედ, ძალიანაც რომ მთხოვო ცოლად აღარ მოგიყვან -ვუთხარი ღიმილით. იმ წამს, ჩემი ხმის ამოღებას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა -მსურდა საბოლოოდ დაეჯერებინა რამდენიმე წამის წინანდელი სიტყვების რეალურობა და მცირედი ეჭვებიც აღარ ჩარჩენოდა გულში.
სუნთქვაშეკრული მიმზერდა მელინა. მისი გამოხედვიდან ბევრს ვერაფერს ვკითხულობდი გარდა იმისა, რომ საცაა ხმასაც ამოიღებდა. არც შევმცდარვარ. აღნიშნული მოსაზრების გონებაში გავლებიდან საკმაოდ მალე, მისი წვრილი თითები ჩემსაში გადაიხლართა და მელინას ოდნავმა ღიმილმა, თითქოს მზესავით გაანათა, ღამის სიბნელეში.
-მზად ხარ ცოლის ჭირვეულობის ასატანად? -თითქოს სამსახურეობრივ გასაუბრებას მიტარებდა, ისე დამისვა ეს კითხვა. ამჯერად, ქვედა ტუჩი კბილებში ჰქონდა მოქცეული და ისე ელოდა ჩემს პასუხს
-შენ ჭირვეული არ ხარ
-ჰო, არ ვარ
-და პასუხი?
მელინა ჯერ მოაჯირიდან ჩამოხტა, მერე ცერა თითით ჩემი ტუჩების კონტურები შემოხაზა და თვალებში უტეხად ჩამაშტერდა.
-შეიძლება კოცნა თანხმობად ჩაითვალოს? -შემეკითხა იმ თავდაჯერებული მზერით, რომელიც მუდამ მაგიჟებდა ხოლმე მის ხასიათში და უკვე ნათლად მიმახვედრა, საითაც მიჰყავდა საუბარი
-რა თქმა უნდა, შეიძლება
-თუ ასეა, მაშინ ეს იქნება ჩემი პასუხი -თითის წვერებზე ოდნავ წამოიწია ამის თქმისას, ჩემს ტუჩებს მისწვდა და იმაზე სასიამოვმო თანხმობა მაჩუქა, ვიდრე ეს საერთოდ იყო შესაძლებელი . . .






ნაწილი -2


ცხოვრება მოულოდნელობებით სავსე სკივრია. ყოველი დღე, რაღაც ისეთ სიურპრიზს გვიმზადებს, როგორსაც აქამდე გონებაშიც კი არ გავივლებდით. ერთ დღეს ვფიქრობთ, რომ გვყავს კატეგორია ადამიანებისა, ვისნაირებსაც არასდროს დავუკავშირებთ ჩვენს ცხოვრებას და ვცდილობთ, მათგან თავი მაქსიმალურად შორს გვეჭიროს, თუმცა მეორე დღე, სიტუაციას ოთხმოცდაათი გრადუსით აბრუნებს და უეცრად ვხვდებით, რომ რაც აქამდე გონებაში ღრმად გვქონდა ჩაბეჭდილი, ნელ-ნელა წარმოსახვითი საშლელით იწყებს იქედან ამოშლას.

სწორედ ამ წარმოსახვითი საშლელის დამსახურებით დატრიალდა ჩემს ცხოვრებაში ცვლილების ქარიშხალი, რამაც თითოეული ჩემი მოსაზრება და გეგმა, გაურკვეველი მიმართულებით წარიტაცა, ისე, რომ ამის ნებართვა არც კი უთხოვია. აღნიშნულ საშლელს, იმ ადამიანის გამოჩენასთან ვაიგივებდი, ვინც სრულიად მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. ეს პიროვნება, ნიკოლოზ ქალდანი იყო.

ბიჭი, ვისთვისაც მცირედი შანსის მიცემასაც კი არ ვაპირებდი, რათა ჩემთან დაახლოება ეცადა, დროთა განმავლობაში ისეთ ყოველდღიურობად იქცა, რომლის გარეშეც, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ჰაერიც კი არ იყო საკმარისი. მისმა გამოჩენამ, ყველაზე დიდი რამ მასწავლა - ის, თუ რამხელა სისულელე იყო ადამიანის პირველი შთაბეჭდილებით შეფასება და მისი სულის სიღრმეში ჩაუხედავად, სარწმუნო დასკვნების გამოტანა.

მართალია, ნიკოლოზი არ გახლდათ იდეალური. მასაც ჰქონდა თავისი ნაკლოვანებები და მინუსები, მაგრამ მე, ეს მინუსების ისევე მიზიდავდა, როგორც ამ ადამიანის დადებითი მხარეები. მომწონდა მისი სიჯიუტე, როცა ყოველ დილით პატარა ბავშვივით მეკამათებოდა და მარწმუნებდა, რომ სწორედ ის უნდა შესულიყო აბაზანაში პირველი, მომწონდა, როდესაც დაუკითხავად სვამდა იმ ყავას, რომელსაც ჩემთვის მოვიდუღებდი, როცა საუზმის საერთო ძალებით მზადებისას, ჩუმად იპარავდა ხოლმე გამზადებულ პროდუქტებს საჭრელი დაფიდან და ისიც, რომ დასახული მიზნის ვერ მიღწევის შემთხვევაში, უნდებოდა გარშემო ყველაფერს გარიდებოდა, უბრალოდ მდუმარედ მჯდარიყო და ხმა არ ამოეღო.

ასეთ დროს, ყოველთვის ვიცოდი რა უნდა მომემოქმედა. ვხვდებოდი, ლაპარაკით საქმეს ვერ ვუშველიდი, ამიტომ, მის გვერდით ვჯდებოდი ხოლმე, ხელზე ხელს ვკიდებდი და ორივენი ერთად ვუსმენდით ჩვენს თავზე გაწოლილ სიჩუმეს, რომელსაც საბოლოოდ ნიკოლოზის ღიმილი და სიტყვები - „წამოდი, დავიძინოთ, ბამბის თოჯინა“ მოჰყვებოდა, სიმშვიდის მომგვრელი ჰანგების მსგავსად.

თავისუფლება იყო მასთან ყოფნა. ყოველი დღე იმაზე ფიქით მეღვიძებოდა, რომ მე ამ ადამიანის ცოლი ვიყავი და თავი ჯერ კიდევ ლამაზ ზღაპარში წარმომედგინა, საიდანაც ადრე თუ გვიან ისე მომიწევდა დაბრუნება, როგორც ალისა დაბრუნდა საოცრებათა ქვეყნიდან. ძალიან არ მინდოდა ეს. რაღაც მხრივ, უზომოდ მეშინოდა იმის დაკარგვის, რაც ახლა მქონდა. ჩვენი ქორწინება, სპეც-ეფექტებით დაჩქარებული ფილმის კადრივით სწრაფად შედგა. სწორედ ამიტომ, საეჭვო იყო სად მიგვიყვანდა ეს ყველაფერი. არც კი ვსაუბრობდით ამაზე, თუმცა ფაქტი ერთ რამეში მდგომარეობდა -ორივეს საოცარ კომფორტს გვიქმნიდა ერთმანეთის გვერდით გაღვიძება, საერთო საუზმე ბაღში მდგომ მაგიდასთან, ჩვენი მხიარული საღამოები, რომელთაც სხვადასხვაგვარად ვგეგმავდით ხოლმე სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ და ძილის წინ, აივანზე გატარებული ის ნახევარი საათიც, რომელიც ჩვეულებრივ, ნიკოლოზის რეცეპტით მომზადებული ცხელი შოკოლადის სმასა და ღამის ქალაქის ხედების დაკვირვებაში გაგვყავდა.

ქორწინების შემდეგ, ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. დასაწყისისთვის ორივენი წამოვედით „ქვიშის ქარიშხლიდან“, თბილისში პატარა, თუმცა საკმაოდ მყუდრო სახლი ვიქირავეთ და მუშაობაც დავიწყეთ. ვინაიდან, ნიკოლოზს არქიტექტურა ჰქონდა დამთავრებული, თანაც ამერიკის საკმაოდ პრესტიჟულ კოლეჯში, ზედმეტი გასაუბრებების გარეშე აიყვანეს სამუშაოდ, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში. აი რაც შემეხება მე, ვინაიდან ჯერ კიდევ სტუდენტის სტატუსს ვატარებდი, მეტად კარგი შეთავსებითი სამსახური ვიპოვე, ერთ-ერთ Call Centr-ში, რომელილიც გერმანელების საკუთრება იყო და ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შემთხვევაშიც კი სრულიად დამაკმაყოფილებელი ანაზღაურება ჰქონდა. ინგლისური და გერმანული ენები, თითქმის მშობლიურივით ვიცოდი, ამიტომ, თავის ქებაში არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ მართლაც ღირსეული კადრი ვიყავი ამ პოზიციისთვის. დასვენების დღეების მქონდა -კვირაში ორი დღე, რის გამოც, ნამდვილად არ მიჭირდა სწავლისა და ლექციების ერთმანეთთან შეთავსება და არც მეცადინეობაში მეშლებოდა ხელი.

ნიკოლოზის ოჯახს, რომელიც ნიცას, ანასტასიასა და აარონისგან შედგებოდა, საკმაოდ მარტივად და კარგად შევეწყვე. ანასტასია მარგიანს, აქამდე მხოლოდ მედიის წყალობით ვიცნობდი და მუდამ ამაყ, ამპარტავან მოდელად წარმომედგინა, თუმცა მისმა პირადად გაცნობამ, რადიკალურად შეცვალა ის შეხედულებები, რაც კი აქამდე მქონდა და ხელთ საკმაოდ სასიამოვნო, მხიარული ადამიანი შემრჩა, ვისთანაც ნებისმიერ თემაზე შეიძლებოდა დალაპარაკება.

ჩემს მშობლებს რაც შეეხება, მათთან, მართალია როგორც საჭირო იყო ვერა, თუმცა ნიკოლოზის წყალობით, ნაწილობრივ მაინც აღვიდგინე კონტაქტი. არ ვიცოდი, რაზე ილაპარაკეს მან, დედაჩემმა და მამაჩემმა, თუმცა აშკარად ამ დიალოგის დამსახურება გახლდათ ის ფაქტი, რომ დავითი და ელენა, ჯერ კიდევ თავიანთ შვილად მთვლიდნენ და კვირაში ერთხელ, ტელეფონითაც კი მიკავშირდებოდნენ ხოლმე, ახალი ამბების გასაგებად.

აი, ასე ვცხოვრობდი მთელი ოთხი თვის მანძილზე. ჩემთვის რთულ მომენტებში, მუდამ ვგრძნობდი ხოლმე ნიკოლოზის საოცარ მხარდაჭერას. მიყვარდა მისი ლურჯი თვალებიდან გადმოღვრილი, მზის სხივებივით თბილი მზერა, რომლითაც მხოლოდ მე მიყურებდა ხოლმე, მიყვარდა მისი სიცილი, მოწყენა, ჭირვეულობა და ის თავბრუდამხვევი მამაკაციც, რომელიც ჩემი მოფერების დროს ხდებოდა ხოლმე. ამ ადამიანმა მუდამ მშვენივრად იცოდა, როგორ უნდა შემხებოდა ისე, რომ ჩემს შიგნით, ყველაფერი საახალწლო ფეიერვერკივით აეფეთქებინა და აღნიშნულ ფაქტს, დრო საერთოდ ვერაფერს აკლებდა.

დღეები გადიოდა. მეხუთე თვის დასაწყისში, უნივერსიტეტში საკმაოდ რთული ქვიზები მქონდა გადასაგორებელი და ერთიანად წიგნებში ვიყავი ჩაფლული. მახსოვს, რამდენჯერმე გავათენე კიდეც, თუმცა არა -ნიკოლოზმაც ჩემთან ერთად გაათენა. როდესაც მე ვიჯექი და მასალას ვიზეპირებდი, იგი საწერ მაგიდასთან, მათ ამოკონსპექტებას ცდილობდა და ყოველი ძველი მასალის სწავლის შემდეგ, ახალ შემოკლებულ ვარიანტს მაწვდიდა. ერთ-ერთი ასეთი ღამის შემდეგ, სამშაბათ დილას, საკმაოდ გამოფიტული ვიდექი გაზქურასთან, ორ წამში ერთხელ ვამთქნარებდი, თან მოთმინებით ველოდი როდის გაიკეთებდა წყალი ნანატრ ბუშტუკებს, რათა იგი ფინჯანში ჩამომესხა. კიდევ კარგი, ამ დღეს სამსახურიდან დასვენება მქონდა აღებული, რაც იმას ნიშანვდა, რომ ლექციების მერე პირდაპირ სახლში შევძლებდი დაბრუნებას და კარგადაც გამოვიძინებდი.

წყალმა როგორც იქნა დუღილის ხმები გამოსცა და მეც, იმით გახარებულმა, რომ კოფეინი ოდნავ მაინც დამეხმარებოდა თვალების ნორმალურად გახელაში, ადუღებული წყალი ფინჯანში გადმოვასხი. იქვე, პატარა, შოკოლადის ნამცხვარიც მედო ყავასთან მისაყოლებლად, თუმცა როგორც კი მის ასაღებად ხელი გავწიე, ვიგრძენი როგორც ამაცალა ვიღაცამ მაგიდიდან ეს უკანასკნელი და მეც წუწუნით მივტრიალდი უკან.

-კარგი რა, ნიკოლოზ, მერამდენედ უნდა მომპარო ჩემი ნამცხვარი? -ვკითხე შეწუხებული სახით. მისგან ასეთ ქცევას შეჩვეული ვიყავი, რადგან ბოლო ნაჭერი ნამცხვრი გამო, მუდამ კამათი მოგვდიოდა ხოლმე და არც ამჯერად დარღვეულა ტრადიცია

-საყვარელი ადამიანები, ერთმანეთს საჭმელს უნდა უყოფდნენ -უდარდელად მაკოცა ლოყაზე და მაგიდას მაისურის გარეშე, მხოლოდ ჯინსის შარვლით მიუჯდა. უკვე ოთხი თვე იყო რაც ცოლ-ქმარი ვიყავით, მაგრამ დღესაც ისევე გამირბოდა თვალი მისი პრესისკენ, როგორც პირველ ჯერზე

-თუ ასეა, თავად რატომ არ მიყოფ ხოლმე? -მის კალთაში არხეინად მოვკალათდი, თან საკუთარი ფინჯნიდან ყავა ცხელი მოსვი. როგორც ჩანს, ადრიანად მომივიდა, რადგან მაშინვე უსიამოვნო შეგრძნებამ დამიმანჭა სახე -ჯანდაბა, მგონი პირი დავიწვი!

-მოუსვენარი რომ ხარ მაგის ბრალია, ყავას ჯერ გაცივება უნდა აცადო -მითხრა სიცილით, შოკოლადის კრემში ამოსვრილი ჩანგალი ცოტა ხნით გვერდზე გადადო და მაგიდის ზედაპირზე შემოდებული გრაფინიდან ცივი წყალი ჩამომისხა -მიდი დალიე, დამწვარ ენას დაეხმარება

წყალი მართლაც რომ ერთი ამოსუნთქვით გადავკარი. უნდა ითქვას, ამის შემდეგ, ჩემმა პირის ღრუმ აშკარად იგრძნო ნაწილობრივი შვება, ნიკოლოზმა კი, როდესაც ეს სახეზე შემატყო, იმ წამსვე განაგრძო თავისი ნამცხვრის დაგემოვნება.

-ცოტა დამიტოვე რა, მეც მინდა

-გამორიცხულია, ჩემი ცოლის სხეულზე ზედმეტ კილოგრამებს ვერ ავიტან

-ძალიან კარგად იცი, რომ ჩემს სხეულს ზედმეტი წონის აკრების ფუნქცია დაკარგული აქვს, ამიტომ მიზეზებს ნუ ეძებ -ყავის ფინჯანი დავდე, ლურჯ თვალებში ჩავხედე და კისერზე მოვხვიე ხელები ამის თქმისას -იცოდე, თუ არ მაჭმევ, დღეს შენს გვერდით არ დავიძინებ

-ჯანდაბა, ესე იგი ასე მსჯი, არა? -ჯერ გაეცინა, მერე კი ტუჩებზე ოდნავ შემეხო -ვაღიარებ, ნამცხვარს ნამდვილად შენი თავი მირჩევნია, თან ამაღამ გეგმებიც მაქვს

-რა გეგმები? -გამარჯებულის ღიმილით ავიღე ჩემი მოპოვებული ნამცხვარი და ჩანგლით, თავზე შოკოლადის მინანქარი გადავაცალე, რათა ჩემი ეს საყვარელი ნაწილი, ბოლო ლუკმად მომეტოვებინა

-კონსპექტების მაგივრად, მე უნდა დაგღალო, თანაც ორჯერ უფრო ძლიერ -ლურჯ თვალებში, იდუმალი სხივები აუთამაშდა ამის თქმისას და ჩემი გაღიმებაც შეძლო

-მოუთმენლად ველოდები ამ ყველაფერს -სწრაფად წამოვდექი მისი კალთიდან, პარალელურად კი მაჯის საათს დავხედე. ლექციები თერთმეტ საათამდე არ მეწყებოდა, ამიტომ დრო ჯერ კიდევ მქონდა, თუმცა ნიკოლოზი ნამდვილად აგვიანებდა

-ჯერ კიდევ ჩაუცმელი ხარ, არადა სამსახურში წასვლამდე ცოტა დრო გაქვ დარჩენილი

-მაგას არა უშავს, დღეს საქმე თითქმის არ მაქვს, მხოლოდ კლიენტთან დამინიშნეს მნიშვნელოვანი შეხვედრა და ისიც შუა დღის საათებშია -თავისთვისაც დაიწყო ყავის მზადება ამის თქმისას -სავარაუდოდ სახლშიც ადრე დავბრუნდები -მერე სწრაფად მომიტრიალდა და გამომცდელად შემომხედა -გინდა საღამოსთვის რამე წამოგიღო?

-მგონი კარამელის დონატები ცუდი არ იქნებოდა

-კარამელის დონატები? -როგორც კი ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა მაშინვე მომიახლოვდა, ჩემი ყავის ჭიქა მაგიდის ზედაპირზე დააბრუნა, წელზე ხელები მომხვია და თავისკენ მიმიზიდა

-გინდა ამისთვის რაღაც მსხვერპლი გავიღო, არა?

-ჰო, მინდა

-კოცნაზე რას იტყვი?

-მე დილის შხაპი მირჩევნია, ჩემს სასიკვდილოდ მიმზიდველ ცოლთან ერთად

-კი მაგრამ, შხაპი ხომ უკვე ორივემ მივიღეთ?

-მართალია, მივიღეთ, მაგრამ ცალ-ცალკე, ერთად კი ბევრად უფრო კარგად გავერთობით -მითხრა იდუმალი ღიმილით, ხელში ამიტაცა, ზურგზე გადამიკიდა და პირდაპირ სააბაზანოსკენ დაიძრა, ჩემი ყვირილის მიუხედავად, რომ ყავა და ნამცხვარი ჯერ კიდევ არ დამესრულებინა . . .
















8 8 8 8

გუშინდელი მეცადინეობისა და მთელი ღამის გათენების წყალობით, ქვიზი მოსალოდნელზე კარგად დავწერე და ლექციების დასრულების შემდეგ, მეტად კმაყოფილი სახით გამოვედი უნივერსიტეტის შენობიდან.

ნოემბრის სუსხიანი შუა დღე იყო. ცივი ქარი, ფოთლებისგან გაძარცვული ხეების ტოტებს აქეთ-იქით მიაქანებდა და როგორც ჩანს, მათი თავის ჭკუაზე ტარებით ძალიანაც გახლდათ კმაყოფილი.
დღეები ნელ-ნელა კარგავდნენ შემოდგომის სურნელს. ისინი ზამთრის მკაცრი, ყინულისფერი კაბით იმოსებოდნენ და სიცივის გამჭვირვალე საბურველში ხვევდნენ მთელს ქალაქს.
ქუჩებში აქა-იქ თუ მოძრაობდა ხალხი. ჩემგან ორიოდე მეტრის დაშორებაზე, სპეციალურად გადახურული გაჩერების ქვეშ, მგზავრები თავიანთ ტრანსპორტს ელოდნენ, მოთმინებით აღჭურვილი სახეებით. მეც სწორედ იქითკენ გავემართე, თან ქურთუკის ჯიბიდან მობილური ამოვიღე, რათა ნოკოლოზისთვის ქვიზის წარმატებით ჩაბარება მეცნობებინა.
დარეკვას არ ვაპირებდი. ვიცოდი, ჯერ შესვენებაზე არ იყო გასული, სამუშაო საათებში კი, სატელეფონო კონტაქტებისგან თავს იკავებდნენ იმ კომპანიის თანამშრომლები, სადაც ის მუშაობდა. სწორედ ამიტომ, სხვა სახის ალტერნატივა მოვძებნე და სენსორზე შეტყობინება ავკრიბე.
<<საქმე გაკეთებულია, უმაღლეს შეფასებას ველოდები>> -ტექტს, ბოლოში ბედნიერების გამომხატველი სმაილიც დავურთე და საჭირო ნომერთან გადავაგზავნე. პარალელურად, გაჩერების ქვეშ, სხვა მგზავრების მსგავსად დავდექი და საკუთარ ავტობუსს დავუწყე ლოდინი. მართალია, ზოგადად მუდამ ტაქსის მეშვეობით გადავადგილდებოდი ხოლმე და არც დიდხანს ლოდინი მიწევდა გაჩერების ჯიხურების ქვეშ, თუმცა ამ ეტაპზე, რატომღაც მაინც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შევაჩერე არჩევანი.
ადრე, სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, ერთი საინტერესო ჰობი მქონდა. როდესაც ჩემი დატვირთული გრაფიკის გადამკიდე თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, მაშინვე საკუთარ ფოტო-აპარატს დავავლებდი ხელს, ავტობუსში ვჯდებოდი და იქ ყოფნის მომენტში, თუკი რაიმე საინტერესო კადრს გადავაწყდებოდი, ყველაფერს ფირზე ვინახავდი. ჩემი ამ ჰობის შესახებ, ერთ მშვენიერ დღეს დედამაც გაიგო, მიუხედავად იმისა, რომ ვცდლობდი ეს საიდუმლოდ შემენახა. ვერ ვიტყვი, რომ აკრძალვით რამე ამიკრძალა, თუმცა ის კი ბევრჯერ გამიგია რამდენჯერ უთქვამს მოსამსახურეებისთვის, რასაც კი იმ ბინძურ ავტობუსში ყოფნისას ჩაიცვამს და გამოცვლის შემდეგ სარეცხ მანქანაში მოათავსებს, ყველაფერი უკლებლივ დაწვითო. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩემს ამ ჰობსა და დედაჩემის სასაცილო ახირებას, გარდერობის ნახევარზე მეტი მაინც შეეწირა.
წარსულის გამოღებულ კართან მდგომი, ნიკოლოზის შეტყობინების მოსვლამ დამაბრუნა აწმყო დროში. მწერდა, ზუსტად ვიცოდი ასე იქნებოდაო, მერე კი ამატებდა, რომ შინ დაახლოებით ოთხისთვის იქნებოდა და მეკითხებოდა, კარამელის დონატებთან ერთად, კიდევ ხომ არ მინდოდა რამე წამოეღო.

<<არა, მეტი არაფერი მინდა, დონატებიც საკმარისია>> -სწრაფად ავკრიბე საპასუხო ტექსტი და ის-ის იყო გაგზავნის ღილაკს თითი დავაჭირე, რომ ტელეფონი მაშინვე აზუზუნდა. ეკრანს ჩემთვის უცნობი ნომერი ეწერა, რომელიც სატელეფონო წიგნაკში ნამდვილად არ მქონია ჩანიშნული. ეს ნომერი სულ რაღაც ოთხი კვირის წინ ავიღე და მხოლოდ ახლობელმა ადამიანებმა იცოდნენ, ამიტომ, ჩავთვალე, რომ ვიღაცას აბონენტი ეშლებოდა და ყურმილის ასაღებ ღილაკს დავაწექი, რათა პირადად მეხარებინა, სხვაგან მოხვდით-მეთქი.

-გისმენთ -ჩავძახე, ყურზე ბეჭით მიბჯენილ ტელეფონს, თან ქურთუკიდან ლურჯი სვიტერის სახელოები გამოვაცურე, მაგრად დავქაჩე და ხელთათმანების ფუნქცია მივანიჭე, ჩემი გაყინული ხელების გასათბობად.

-მელინა, შენ ხარ? -ჩამესმა მამაკაცის თითქოს და ნაცნობი ხმა. შევცდი. აშკარად არ ეშლებოდათ ნომერი და ამ ადმაიანს, ზუსტად ჩემთან საუბარი სურდა.

-დიახ, მე ვარ -პასუხის გაცემის პარალელურად, დაფას შევხედე. როგორც იქედან გავარკვიე, ჩემი ავტობუსი კიდევ ათი წუთის განმავლობაში არ გამოჩნდებოდა -ვის ვესაუბრები?

-ნუთუ ასე მალე დაგავიწყდა ჩემი ხმა? -ოდნავ ნაწყენი ტონით მკითხა უცნობმა. ნომერს კიდევ ერთხელ დავხედე, იქნებ როგორმე ასე მაინც გავიხსენო-მეთქი, თუმცა არაფერი გამომივიდა. წარმოდგენა არ მქონდა ვინ მირეკავდა.

-ბოდიშით, თქვენი ნომერი არ მიწერია, ამიტომ . . . -აქ უკვე სიტყვა გავწყვიტე და მის პასუხს დაველოდე. იმედი მქონდა, დიდად აღარ გაწელავდა და თავად გამიმხელდა ვინაობას, გამოცნობანას თამაშის მაგივრად.
რამდენიმე წამის შემდეგ, ყურმილში კვლავ გაიჟღერა უცნობის ხმამ:

-თორნიკე ვარ მელინა

-თორნიკე? -უცებ ვერ მივხვდი და ალბათ, დაბნეული გამომეტყველებაც დასეირნობდა ჩემს სახეზე იმ წამს

-ჰო, თორნიკე -მერე ცოტა ხნიანი პაუზა გააკეთა და დაამატა:- თორნიკე ჯაყელი

ადგილზე გავშეშდი. ყველაფერს ველოდი ამ სახელის და გვარის გაგების გარდა. ნეტავ საიდან იშოვა ჩემი ნომერი? ან რა მიზეზით მირეკავდა? ნამდვილად უცნაური იყო ეს ყველაფერი. ზედმეტად უცნაურიც კი.

-ჰო, ახლა მივხვდი -ტონისთვის დაბნეულობის მოშორება ჯერაც ვერ მოვახერხე და ალბათ ეს შემეტყო კიდეც -ბოდიში, ჩვენი ბოლო შეხვედრიდან დიდი ხანი გავიდა და ხმაზე ამიტომაც ვერ გიცანი

-არა უშავს, არა უშავს -გაეცინა -თბილისში ხარ ხომ?

-კი, რა ხდება?

-შენთან შეხვედრა მინდა, თუ წინააღმდეგი არ ხარ -წამიც არ დაუყოვნებია ისე მომიგო -ტყუილად ნამდვილად არა, რაღაც სერიოზული საქმე მაქვს და გამიხარდება თუ მოხვალ

-ტელეფონით ვერ მოვაგვარებთ? -აშკარად არ მხიბლავდა იმ წამს ჯაყელთან შეხვედრის პერსპექტივა. ვიცოდი, ამას ნიკოლოზს ვერ დავუმალავდი და ნულს ქვემოთ იყო იმის შანსი, რომ იგი ამ ამბავს სიხარულით მიიღებდა.

-ვერა, მელინა, ვერა -ყველანაირი იმედი გადამიწურეს მისმა სიტყვებმა -თუ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვს, იქნებ ცოტაოდენი დრო დაგეთმო ჩემთვის? ძველი ნაცნობობის ხათრით მაინც

დანაშაულის გრძნობა გამიჩინა მისმა სიტყვებმა. მართალია, თორნიკე ერთ დროს, ისე მიყურებდა როგორც ქალს და ჩემი თავის არიდებაც სწორედ ამ მიზეზით გახლდათ გამოწვეული, თუმცა მისგან ბევრი კარგიც მახსოვდა და არც ამის დავიწყება შეიძლებოდა. რა უნდა მექნა? ნამდვილად ცუდად გამოჩნდებოდა უარის თქმა, ამიტომ, დათანხმება ვამჯობინე და ხმის ამოღების წინ, ღრმად ჩავისუნთქე:

-კარგი, მითხარი სად მოვიდე და როდის

-მიხარია, რომ დამთანხმდი -კმაყოფილებამ გაიჟღერა ყურმილის მეორე მხარეს მყოფის ტონში -ლოკაციას შეტყობინებით გამოგიგზავნი და თუ შეგიძლია ახლავე წამოდი, კარგი?

-კარგი -ისე დავუქნიე თავი, თითქოს ამის დანახვას შეძლებდა და ყურმილის დაკიდების ღილაკს მანამ დავაწექი, სანამ საპასუხოდ კიდევ რამეს გავიგებდი მისგან.

მობილურზე მალევე მომივიდა თორნიკეს SMS. მასში იმ ადგილის ზუსტი მდებარეობა იყო ჩაგდებული, ერთმანეთს რომ უნდა შევხვედროდით. "Sunrise" -ასე ერქვა იმ კაფეს, სადაც რამდენიმე წუთში თორნიკე უნდა მენახა. როგორც ნავიგატორი უჩვენებდა, ეს ადგილი, უნივერსიტეტის გაჩერებიდან ოთხიოდე კილომეტრის დაშორებით მაინც მდებარეობდა. ავტობუსი, რომელსაც მანამდე ვუცდიდი, იქამდე ნამდვილად ვერ მიმიყვანდა, ამიტომ, მომიწევდა სრულიად სხვას დავლოდებოდი.
ღრმად ამოვიოხრე. ნეტავ რა საქმე უნდა ჰქონოდა ამ ადამიანს? ან, საერთოდ რატომ ვუპასუხე მის ზარს? ახლა ხომ ასეთ გამოუვალ სიტუაციაში არ ვიქნებოდი?
ფიქრებში წასულმა, მაჯის საათს დავხედე. უკვე სამი დაწყებულიყო. საათნახევარში ნიკოლოზიც სახლში იქნებოდა და იმედს ვიტოვებდი, რომ მის დაბრუნებამდე შინ მისვლას მივასწრებდი. თუ აქამდე ვფიქრობდი, რომ ამ ამბავს მისგან არ დავმალავდი, ახლა უკვე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ გაჩუმება უკეთესი ვარიანტი იყო. ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა ამეტკივებინა აუტკივარი თავი? შევხვდებოდი, მოვუსმენდი რისი თქმა უნდოდა, მერე კი ისე დავიშლებოდით, თითქოს ეს შევხედრა არც არასდროს ყოფილიყო.

სადღაც ჩემს ახლოს, მანქანამ დაამუხრუჭა, ძლიერად. ამ დროს, კვლავ ავტობუსების განრიგის დაფას მივშტერებოდი, რათა გამერკვია მალე მოვიდოდა თუ არა ის ტრასნპორტი, რომელიც მე მჭირდებოდა. ხსენებულ საქმეში გართულს, მალე ძლიერი დასიგნალებაც მომესმა. სწორედ იმ მომენტში გამახსენდა, რომ რამდენიმე წამის წინ, ავტომობილიც გაჩერდა ფაქტობრივად ჩემს ფეხებთან და მზერას მიმართულება შევუცვალე.

მხოლოდ ახლაღა ვიცანი, შავად მოლაპლაპე, სპორტული მანქანა. მისი ჩამოწეული მინიდან ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანის სახე მოჩანდა, ვინც ხელით მანიშნებდა შიგნით ჩავმჯდარიყავი.

-აარონ? -ისე გაოცებით ამოვთქვი მისი სახელი, თითქოს მოჩვენება დამენახოს -აქ რას აკეთებ?

-აქვე ვიყავი, საქმეზე და ვიფიქრე თუ ჯერ კიდევ უნივერსიტეტშია, სახლში წავიყვან-მეთქი -მერე სალონიდან გადმოვიდა, მანქანის კარები გამომიღო და ოდნავ გამიღიმა -დაჯექი, ცივა

-მაგრამ . . .

-რა მოხდა, სხვა გეგმები გქონდა?
-სიმართლე გითხრა, კი -ვაღიარე, მაგრამ მთელი სიმართლის მოყოლა არც მისთვის მიფიქრია -კაფე -"Sunrise"-ში უნდა შევხვედროდი მეგობარს
-რა პრობლემაა, მანდ მიგიყვან და შემდეგ წავალ ჩემს საქმეებზე -ამის თქმისას გამომცდელად შემომხედა წარბებს ქვემოდან, თან ავტომობილის გამოღებულ კარს ჩამოეყრდნო ცალი მკლავით -აბა, რაღაც უცდი, არ წავიდეთ?
სხვა რა დამრჩენოდა? ბოლო-ბოლო იქამდე მიმიყვანდა და მეტი არაფერი. შიგნით შემოყოლას ხომ არ აპირებდა, რათა ენახა კონკრეტულად ვისთან ვაპირებდი შეხვედრას?
-კარგი, კარგი, წავიდეთ -ვცადე ოდნავ გამეღიმა ამის თქმისას -მადლობა რომ გამომიარე
-ისე ნუ მიხდი მადლობას, თითქოს ვინმე უცხო ვიყო შენთვის
-მაპატიე, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები -მზერითაც ისევე მოვუბოდიშე, როგორც სიტყვებით, მერე კი მესაჭის გვერდითა სავარძელში მოვთავსდი და კარებიც მოვხურე. აქედან მალევე, აარონმაც დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი, პარალელურად კი მე გადმომხედა
-გინდა გათბობა ჩავრთო? -ჩემს სვიტერის სახელოებით შეფუთვნილ ხელებს უყურებდა, როცა ამას ამბობდა
-კი, რა, თორემ თითები სულ გამეყინა
-შენ კიდევ არ მომყვებოდი -მანქანა დაქოქა, მობილურის ნავიგატოზე შესაბამისი ადგილი მონიშნა და ეს უკანასკნელი, სპეციალურად ტელეფონისთვის განკუთვნილ სათავსოში მოათავსა. მერე უკვე, ჩემს სიცივისგან გაყინულ ხელებსაც მიხედა და გამათბობელს აუწია
-ცოტაც მოიცადე და მალე დათბება -მითხრა მანქანის გზიდან გაყვანის თანავე
იმ სიჩქარის გათვალისწინებით, რომელსაც სპიდომეტრი აჩვენებდა, დანიშნულების ადგილას დაახლოებით ათ წუთში უნდა ვყოფილიყავით. მსუსხავი სიცივით გარემოცული ქუჩიდან, თბილ ადგილას გადმონაცვლებამ, უჩვეულო მოთენთილობა მოჰგვარა ჩემს სხეულს და სიამოვნების ღიმილით მივაწექი ტყავის სავარძლის რბილ საზურგეს.
-ანასტასია როგორაა? -საუბრის წამოსაწყებად, პირველი კითხვის დასმა საკუთარ თავზე ავიღე. ჩემი არ იყოს, არც აარონი გახლდათ მაინცდამაინც კონტაქტური, თუმცა ახლობელ ადამიანებთან, ისიც საკმაოდ გახსნილად იქცეოდა ხოლმე
-მშვენივრად. რაც ახალმა სააგენტომ გაუფორმა კონტრაქტი, შედარებით მეტი თავისუფალი დრო რჩება
-მაინც ვისთვის, შენთვის? -ცბიერი ღიმილით გავხედე ამის თქმისას. მანქანაში უკვე საგრძნობლად დამთბარიყო და აღარც იმ ბერეტის საჭიროებას განვიცდიდი, რომელიც თავზე მეხურა
-მგონი ვიღაცას ღილაკი, სახელად "ჭორიკანა" გაუაქტიურდა
-ალბათ სერიალის გავლენაა -ხელებაწეულმა თავი ვიმართლე
-შენც ბრუტუს? -ხმამაღლა გაეცინა აარონს -ნიცასაც გამუდმებით ეგ აქვს ჩართული, როგორც კი თავისუფალ დროს იპოვის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეათედ მაინც ამთავრებს ფინალურ სეზონს
-ალბათ, სერენა უანდერვუდსენის ცხოვრება იტაცებს
-ჰო, ამ ბოლო დროს ბრენდული ტანისამოსის ნაკლებობას განიცდის და ალბათ, დანაკლისს მისი კოქტეილის კაბების თვალიერებით ივსებს
-ჭორიკანა იქეთ გადავდოთ და ფულს კიდევ არ აძლევ?
-ვაძლევ, ვაძლევ, თუმცა იმდენს ნამდვილად არა, უწინდელივით თავში რომ აუვარდეს -მერე შუბლი მოისრისა და დაამატა:-სანამ არასრულფასოვნების კომპლექსს არ გადალახავს, მანამდე არაფერი გამოუვა ცხოვრებაში და იმედია ამას მალე შეძლებს
-არასრულფასოვნების კომპლექსს? -გადავწყვიტე ჩავძიებოდი, რადგან აშკარად ვერ მივხვდი, რა მიზეზით უნდა ჰქონოდა ნიცასნაირ თამამ გოგოს მსგავსი სახის პრობლემა
აარონმა მოპირდაპირე ქუჩაზე გადაუხვია და თავისი სიტყვების განმარტებას მხოლოდ მაშინ შეუდგა:
-რაც დედამისმა მიატოვა, მას შემდეგ გაუჩნდა ეს კომპლექსები -ამოთქვა უკმაყოფილო, ოდნავ ბრაზში გარდამავალი ტონით, რაც ზუსტად ვიცოდი, ნიცასადმი კი არა, თავად მისი დედისადმი გახლდათ მიმართული -მშობლის მხრიდან უარყოფის შემდეგ, მუდამ ჰგონია, რომ საქმე თავად მასშია და რაღაც სჭირს. ამის გამო სერიოზულ საქმეზე ხელის მოკიდება აშინებს. ფიქრობს, რომ არაფერი გამოუვა და აშკარა მარცხისთვისაა განწირული. ეს მარცხი კი მისთვის ზედმეტად რთულად შესაგუებელი იქნება
-მაგ ყველაფერს თავად მიხვდი? -მთელი ეს დრო, ჩაფიქრებული ვუსმენდი და ვაანალიზებდი, რომ ამ მოსაზრებაში ნამდვილად იყო სიმართლის მარცვალი, თანაც საკმაოდ დიდი ზომის
-რთული გამოსაცნობი ნამდვილად არაა, მით უმეტეს მაშინ, როცა ადამიანს ოცდაორი წელია იცნობ -მერე გამომცდელად ჩამხედა თვალებში და მკითხა:- ჰო მართლა, ნიკასთვის კიდევ ხომ არ დაურეკავს დედამისს?
-კი, დაახლოებით ერთი კვირის წინ დაურეკა -ის მომენტი გამახსენდა, როცა საღამოს, ტელევიზორის ყურებისას, თავის ტელეფონზე შემოსული ზარის ავტორის დანახვამ, გუნება საგრძნობლად გაუფუჭა ნიკოლოზს. არ ვიცოდი ამ ქალს, თავისი მოულოდნელი ზარებით პატიების თხოვნა სურდა თუ სხვა რაღაც სხვა მიზნები ამოძრავებდა, მაგრამ მის წარსულში ჩადენილ შეცდომას, არავითარი გამართლება რომ არ ჰქონდა, ამაში მეც კი ღრმად ვიყავი დარწმუნებული
-მერე რა ქნა? უპასუხა მის ზარს?
-არა, არ უპასუხია -თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად -ნიცასთანაც დაურეკავს რამდენჯერმე, თუმცა არც იგი იღებს ყურმილს
-ვიცი, საქმის კურსში ვარ, თუმცა ნიცასგან განსხვავებით, ნიკასთან ამ თემაზე არ ვსაუბრობ ხოლმე და ამიტომაც გკითხე. შენთან ბევრად უფრო გულახდილია, ვიდრე ჩემთან
-როგორ ფიქრობ, შვილებთან შერიგებას ცდილობს?
-შერიგებას? -მწარედ ჩაეცინა აარონს და თავი გადააქნია -თავიდან მეც ასე მეგონა, თუმცა რაღაცები გამოვიძიე და გავარკვიე, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, ქმართან გაშორების შემდეგ. ალბათ, ძვირიანი სამკაულების საყიდლად თანხა შემოაკლდა და შვილების ტელეფონის ნომრებიც ამან გაახსენა
გულის რევის შეგრძნება დამეუფლა ამ სიტყვების მოსმენისას. ჯერ კიდევ ვერ გამეგო, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ისეთი უგულო ყოფილიყო, ცხრა თვის განმავლობაში მუცლით ნატარები ბავშვების არსებობა, მხოლოდ პრობლემურატურ სიტუაციებში გახსენებოდა.
-ამის შესახებ ნიკოლოზმა არ იცის, არა? -ვკითხე და მაშინღა ვიგრძენი, რომ თვალები აწყლიანებული მქონდა
-ჰო, არაფერი იცის და ძალიან კარგადაც იქცევა, იმ ქალის ზარებს რომ არ პასუხობს -შუქნიშანზე გააჩერა ავტომობილი ამის თქმისას. პარალელურად საჭეზე თითები ააკაკუნა და გამათბობელს ოდნავ ჩაუწია, რადგან სალონში უკვე ძალიან ცხელოდა -ალბათ, მისამართები ჯერ ვერ დაადგინა, თორემ აქამდე, პირადადაც აუცილებლად მოინახულებდა ტყუპებს
-თუ კავშირზე გასვლას კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს, მისამართსაც დაადგენს და პირადადაც შეხვდება მათ -ვუთხარი დარწმუნებით, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მხიბლავდა ეს ვარიანტი
-ჰო, ამის ალბათობა ნამდვილად დიდია -აარონიც დამეთანხმა უხალისოდ, შუქნიშანზე მწვანეს ანთებისა და მანქანის დაძვრის შემდეგ -თუმცა ახლა ჩემს ძმას შენ ჰყავხარ და ზედმეტად აღარ ვდარდობ იმაზე, რომ ყველაფერ ამას მწვავე ფორმებში გადაიტანს.
გამეღიმა ამის მოსმენაზე. ალბათ იმიტომ, რომ აარონის ტონიდან, ჩემდამი უსაზღვრო ნდობა იღვრებოდა. მართალიც იყო. ნიკოლოზის გულისთვის, აბსოლუტურად ყველაფრისთვის ვიყავი მზად და არ დავიღლებოდი იმ სიმშვიდედ ყოფნით, რომელიც, საჭირო შემთხვევებში, უხილავ საბნად გადაეფარებოდა მის შიგნით დატრიალებულ ქარიშხალს.
-იცი, რომ არაჩვეულებრივი ძმა ხარ ნიკოლოზისთვის?
-ეს თავად მან გითხრა? -კითხვის ნიშნები ჩასდგომოდა ქვიშისფერ თვალებში
-თქმა არ არის საჭირო, თვითონაც შემიძლია ბევრი რამის გაანალიზება და ესეც ერთ-ერთი მათგანია
-თუ ასეა, მაშინ გმადლობ -ოდნავ წამოზრდილ წვერზე გაისვა ხელი ამის თქმისას, მერე კი, მანქანებით გადავსებულ გზას თვალი მოწყვიტა და მე გადმომხედა -ახლა რაღაცას გეტყვი და არ გეწყინოს, კარგი?
-მითხარი, არ მეწყინება -მაშინვე გავეცი დამაჯერებელი დაპირება, თან მისი პასუხის მოლოდინში გავინაბე
-უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ძალიან მიკვირს, შენი და დავითის მამა-შვილობის ამბავი -ოდნავი ღიმილით გადააქნია თავი ამ სიტყვებზე -მისგან ისე ძალიან განსხვავდები, როგორც შავი, თეთრისგან
არ გამკვირვებია, რაც მოვისმინე. აარონი პირველი ნამდვილად არ იყო, ვინც ამას მეუბნებოდა და მეც პატიოსნად შევასრულე ჩემი მიცემული სიტყვა, რომლის მიხედვითაც, რაც არ უნდა ეთქვა, არ უნდა მწყენოდა.
-ნუ ღელავ, მიჩვეული ვარ მამაჩემისადმი სხვების ნეგატიურ დამოკიდებულებას და რაღაც მხრივ, მესმის კიდეც ასეთი ხალხის
პასუხის გაცემის ნაცვლად, მხოლოდ მსუბუქი ღიმილით შემოიფარგლა აარონი, მერე კი, მთელი კონცენტრაცია უკვე საჭეზე გადაიტანა და მზერაც გზისკენ მიმართა.
კაფემდე დარჩენილი საკმაოდ მცირე მანძილი, ამჯერად უკვე ორივემ მდუმარებაში გავლიეთ.
აარონს რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე ეჩქარებოდა. ამის დასტურად, მის ტელეფონზეც განუწყვეტლივ შემოდიოდა ზარები, ამიტომ, ჩემი ადგილზე მიყვანის შემდეგ, სწრაფად დამემშვიდობა, თავისი თბილი ყელსახვევიც მომახვია კისერზე, დღეს ცივა, გამოგადგებაო და კვლავ მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ, დამშვიდობების ნიშნად ხელიც დამიქნია.
მას შემდეგ, რაც მისი ავტომობილის თვალს მიეფარა, რამდენიმე წამი ქუჩაში ვიდექი და ცივ ჰაერს ვისუნთქავდი ხარბად, ისე თითქოს დაწესებულებაში შესვლამდე, ჟანგბადის მარაგს ვივსებდი. მერე, მობილურის ეკრანს დავხედე. თორნიკეს ზუსტად ხუთი წუთის წინ ჰქონდა მოწერილი შეტყობინება, საიდანაც მაგებინებდა, უკვე ადგილზე ვარო და მეც, იმაში დარწმუნებულმა, რომ შიგნით შესულს იგი შენობაში დამხვდებოდა, მინის ოქროსფერსახელურიანი კარები სწრაფად შევაღე.
იმედი მქონდა, თორნიკესთან საუბარი მაინცდამაინც დიდხანს არ გაიწელებოდა. იმ წამს, ყველაზე მეტად, სახლში წასვლა და დასვენება სურდა ჩემს გულს და არა ძველი ნაცნობების მონახულება, ოთხთვიანი პაუზის შემდეგ.






* * *
დანახვის თანავე, საკმაოდ შეცვლილი მეჩვენა კაფის შუა გულში მდგომ მაგიდას მიმჯდარი თორნიკე. მხრებს მიწვდენილი, ქერა თმა, რომელიც აქამდე მუდამ ზემოთ ჰქონდა ხოლმე აკრული, ახლა საკმაოდ მოკლედ შეეჭრა და თითქოს სრულიად გადასხვაფერებულიყო ვიზუალურად ამ მცირედი დეტალის გამო.
უცნაური იყო ამდენი ხნის შემდეგ მისი ნახვა. უფრო უცნაური კი იმის გაცნობიერება გახლდათ, რომ პირისპირ დავუჯდებოდი წინ ადამიანს, ვისგანაც ერთ დროს სრულებითაც ვერ ვგრძნობდი მეგობრულ დამოკიდებულებას და შეფარულად ვიღებდი იმას, რაზე პასუხის გაცემასაც ჩემი გული ვერასდროს შეძლებდა.
თორნიკეს წინ ორთქლადენილი ყავის ფინჯანი ედო, თავი ოდნავ ჩაეხარა და მოლოდინის პროცესში ტელეფონის ეკრანს დაჰყურებდა. ალბათ, ჯერ კიდევ იმ შეტყობინების პასუხს ელოდა, რამდენიმე წუთის წინ რომ გამომიგზავნა, თუმცა მასზე პასუხის გაცემის აუცილებლობას ვეღარ ვხედავდი, რადგან უკვე აქ ვიყავი და შემეძლო პირადად მეპასუხა იმ SMS-ზე, იგნორირება რომ გავუკეთე ცოტა ხნის წინ.
-ბოდიში, ცოტათი დამაგვიანდა -ჯერ კიდევ მობილურში ჰქონდა თავი ჩარგული, როცა მის წინ სკამი გამოვწიე და მხარზე გადაკიდებული ჩანთა მოვიხსენი
თორნიკე თითქოს ღრმა ძილისგან გამოერკვაო, ისე ასწია თავი ზემოთ. როგორც კი დამინახა, მაშინვე კმაყოფილების ღიმილმა დაუწყო სახეზე თამაში, ფეხზე სწრაფად წამოიმართა და მომეჩვენა, რომ ზედმეტად თბილადაც გადამკოცნა.
-არა უშავს, მეც ახლახანს მოვედი, მაგაზე შეგიძლია არ ინერვიულო -მერე სკამი თავაზიანად გამომიწია და მანიშნა დავმჯდარიყავი -სანამ მოხვიდოდი, ჩემთვის ყავა შევუკვეთე, შენ რას დალევ? თუ გშია, რამეს კიდევ დავამატებ, პრობლემა არაა
-გმადლობ, არ მშია, მხოლოდ შავ ჩაის დავლევ -მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ცაცხვის ჩაის ვანიჭებდი უპირატესობას, ახლა რატომღაც არსებული ჩვევას გადავუხვიე და სრულიად სხვა მიმართულებით წავედი
თორნიკემ მიმტანი კიდევ ერთხელ იხმო და შეკვეთა მისცა. მერე, ზედმეტად სერიოზული სახით ჩამოჯდა ჩემს წინ, თან ოდნავ შუაზე გაყოფილი ნიკაპი ხელის გულს დააბჯინა.
-შენზე და შენს ქმარზე, უკვე ყველაფერი ვიცი მელინა -ისეთი ტონით წარმოთქვა სიტყვა "ქმარი" მთელს სხეულზე ცივი ქარივით მომედო უსიამოვნო ჟრუანტელი. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, ან რა იცოდა, ამიტომ, კითხვის დასმა ყველაზე ჭკვიანურ გამოსავლად ჩავთვალე ამ მომენტში:
-მაინც რა იცი? -თბილი შარფი, რომელიც აარონმა დამიტოვა წასვლის წინ, კისრიდან ოდნავ ქვემოთ ჩამოვიწიე, რადგან ისევე როგორც მანქანაში, ამ შენობაშიც ძალიან თბილოდა
თორნიკე სკამის საზურგეს მიერდნო. ისე მიყურებდა, თითქოს დაკითხვის ოთახში მამყოფებდა და ჩემგან იმ დანაშაულის აღიარებას ელოდა, რაც ზუსტად იცოდა მე მქონდა ჩადენილი.
-ვიცი, რისთვისაც გაყევი ცოლად იმ ტიპს -ხმადაბლა, თან უზომოდ მშვიდად მომიგო მან, მერე კი ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში -თავდაპირველად, მეგონა მასთან ოჯახის შექმნა გრძნობებმა გადაგაწყვეტინა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ მიზეზი სრულიად სხვა რამ ყოფილა
თვალებში, გულში, სხეულის თითოეულ უჯრედში გაოცება შემომისახლდა. ნუთუ მართლა ყველაფერი იცოდა? მაგრამ როგორ? ეს ხომ მარტო უახლოესმა ადამიანებმა და ჩვენი ქორწინების მოწმეებმა იცოდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი ენკე იყო, მეორე კი . . .
და უცებ გონების თვალი ამეხილა. გამახსენდა, რომ ენკემ, მეორე მოწმედ ქვიშის ქარიშხალში მომუშავე ერთ-ერთი მიმტანი - სახელად ნეკა წამოიყვანა. იქნებ თორნიკესაც სწორედ მან მოუყვა ყველაფერი? იქნებ სწორედ ამ გოგოსგან გაჟონა ჩვენმა საიდუმლომ?
-ეს საიდან გაიგე? -ვკითხე, როგორც კი ცხელი ჩაით სავსე ჭიქა დამიდგა მიმტანმა მაგიდაზე -ნეკამ გითხრა, არა?
-ჰო, სწორედ მან მითხრა, რამდენიმე დღის წინ -წამითაც კი არ უფიქრია ამის უარყოფა -ალკოჰოლი ადამიანებს გულახდილ საუბარში ეხმარება. თანამშრომლებმა ცოტა დავლიეთ, ზოგიერთმა ბატონი ნიკოლოზიც გაიხსენა და ჩვენმა ნეკამაც, საღამოს გასალამაზებლად ეს შესანიშნავი ისტორია გვიამბო. ყველაფერი მოგვიყვა შენზე, შენს ოჯახზე, მამაშენზე და იმ მიზეზებზე, რის გამოც, იმ კაზანოვასთან მოაწერე ხელი -თავისი სიტყვების ბოლოს, ყავა ოდნავ მოსვა და პირდაპირ თვალებში დამიწყო ყურება. ვერ ვხვდებოდი, რისი მოსმენა სურდა ჩემგან, ან რატომ მიტარებდა ამ დაკითხვას, თუმა ვაცნობიერებდი, რომ ამ ყველაფერს აშკარად ჰქონდა თავისი ლოგიკური მიზეზები.
-თორნიკე, რატომ მესაუბრები ამ საკითხზე? -ვცადე იმაზე მიმეღო პასუხი, რაც აღნიშნულ წამს ყველაზე მეტად მაინტერესებდა -თუ იმაზე გწყდება გული, რომ აქამდე არაფერი იცოდი, მიზეზად ერთ რამეს დავასახელებ -მე და შენ, მაინცდამაინც ახლოსაც არ ვყოფილვართ და გასაკვირიც არაა საქმის კურსში თუ არ ჩაგაყენე -ბოლო სიტყვები, ოდნავ უხეშად ვუთხარი, რადგან მისი გამომძიებლური ტონი, თანაც ჩემს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ცოტათი მაღიზიანებდა
-აქ იმაზე სასაყვედუროდ არ მომიყვანიხარ, რომ არაფერი მითხარი, მელინა -მშვიდად დაიწყო მან, თან მაგიდას დაეყრდნო ორივე. მკლავით -თუ გირჩევნია შენი ნამდვილი სახელი დაგიძახო?
-სიმართლე გითხრა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, როგორც თავად ჩათვლი საჭიროდ, ისე მომმართე
-კარგი, მაშინ როგორც სასტუმროში გაგვეცანი, მეც ისე მოგმართავ და მთავარ საქმეზე გადავალ, რათა უფრო მეტად აღარ გავწელო -საქმიანი ტონი დაიჭირა ამის თქმისას. თავის ყავის ფინჯანს რომ თითები შემოხვია, პირდაპირ სახეში მიყურებდა გამჭოლი მზერით და უნდა ვაღიარო, ასეთი დაჟინებული გამოხედვით, დისკომფორტსაც კი მიქმნიდა, რაღაც მხრივ
-მეც სწორედ ეგ მინდა, ამიტომ ყურადღებით გისმენ -პირველად მოვსვი მთელი ამ დროის მანძილზე ჩემი ჩაი და ცხელი სითხის ორგანიზმში მოხვედრა ძალიანაც მესიამოვნა
თორნიკე კიდევ რამდენიმე წამს იყო ჩუმად. მერე, თითქოს უხილავმა ხელმა კულისებიდან, სცენაზე გამოაგდოო, შუბლი ორი თითით მოისრისა და დაიწყო:
-შენ ალბათ მუდამ ხვდებოდი, რომ სასტუმროში მუშაობის პერიოდში, ისე არ გიყურებდი, როგორც დანარჩენებს. გთხოვ, არ გამაწყვეტინო, დამამთვრებინე! -მაშინვე გამაფრთხილებლად ასწია ხელის გული, როდესაც შეატყო მის სიტყვებზე ვაპირებდი კომენტარის გაკეთებას. მეც სხვა გზა აღარ დამრჩენოდა. პირზე ბოქლომი უნდა დამედო და მიუხედავად იმისა, რომ მისი საუბრის ბოლომდე მოსმენა არ მინდოდა, ეს მაინც მეიძულებინა საკუთარი თავისთვის.
-სანამ ჩვენთან სამუშაოდ მოხვიდოდი, მანამდე ერთხელ უკვე მყავდი ნანახი -ამჯერად უკვე ბაგეებზე ღიმილშეპარულმა განაგრძო -მახსოვს, ქუჩაში შეგნიშნე, სრულიად შემთხვევით. მართლა ყველასგან გამოირჩეოდი იმ წამს. თმა გაშლილი გქონდა, კისერზე ფოტო-აპარატი გეკეთა და ირგვლივ ყველაფერს ბედნიერი სახით აფიქსირებდი. ისე საოცრად იღიმოდი, თითქოს მსოფლიოს მთელი ბედნიერება შენ ერთში ყოფილიყო თავმოყრილი და მეც წამითაც ვერ გაშორებდი თვალს. ვაღიარებ, საშინლად მომინდა გამოგლაპარაკებოდი, მეტი გამეგო შენზე და ასე უბრალოდ არ დამეკარგე, მაგრამ ჩავთვალე, სისულელე იქნებოდა, ქუჩაში დანახულ გოგოს მივდგომოდი და მისთვის გაცნობა შემეთავაზებინა -ამ სიტყვების ბოლოს, თორნიკემ მზერა ერთ ამოჩემებულ წერტილს მოაშორა და თვალებში ისე ჩამხედა, თითქოს მათში რაღაც პასუხების პოვნას ცდილობსო
-მერე უკვე ისე მოხდა, რომ უამრავ ხალხში, ვერც კი გავიგე როგორ გაქრი მხედველობის არეალიდან -კვლავ განაგრძო მან, თავისი ხანმოკლე, მზერითი გამოძიების შემდეგ -გული დამწყდა. მეგონა ვეღარასოდეს გნახავდი მეტად, თუმცა აშკარად ძალზედ სასიამოვნო სიურპრიზი იყო შენი ქვიშის ქარიშხალში მოსვლა. გამოგიტყდები, მაშინვე გიცანი და ყველაზე მეტად, იმ ფაქტმა გამახარა, რომ ბუნებითაც ზუსტად ისეთი აღმოჩნდი, როგორიც დანახვის პირველ დღეს წარმოგიდგინე
-თორნიკე . . .
-გთხოვ, ნუ მაწყვეტინებ -მუდარა ჩადგა მის წყლისფერ თვალებში -ამას ოთხი თვე ვინახავდი გულში, რადგან მეგონა მართლა ის განებივრებული ტიპი აირჩიე ცხოვრების მეგზურად და მე ყველანაირი შანსი დავკარგე
კვლავ გაჩუმება ვამჯობინე. გადავწყვიტე, რაც არ უნდა ეთქვა, ყველაფერს დუმილით შევხვედროდი და კომენტარიც მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გამეკეთებინა, როცა საბოლოოდ მორჩებოდა საუბარს. ასე, ბევრად უკეთესი იქნებოდა.
-კარგი, დაასრულე რისი თქმაც გინდოდა -ჩემს წინ მდგომ ჩაის ფინჯანს დავხედე ამის თქმისას და გავაანალიზე, რომ მისი დალევა აღარ მინდოდა. შექმნილი სიტუაცია ისეთ შეგრძნებას მიტოვებდა, თითქოს ჭიქიდან ერთი ყლუპის მოსმაც კი დამახრჩობდა.
თორნიკემ, ჩემს ხელს, თავისი ხელი დაადო ზემოდან და ცერა თითით მომეფერა. იმდენად ვიყავი შოკირებული ყველაფერი იმით, რასაც ამბობდა, განძრევაც კი ვერ მოვიფიქრე. უბრალოდ, უხერხულად დავხედე მის ხელს და ამით ვაგრძნობინე, რომ უნდა გაეშვა. საბედნიეროდ, ჩემი ეს ჟესტი, მისთვის მარტივად გასაგები გახდა და სულ რამდენიმე წამში მომაშორა თავისი თითები. მერე კვლავ შემათვალიერა ჩვეული, გამომცდელი მზერით და ღრმად ამოიოხრა.
-ამ ყველაფერს, ახლა იმიტომ გეუბნები, რომ შენდამი პირველივე დღეებიდანვე გაჩენილი ეს უჩვეულო დამოკიდებულება, ჯერ კიდევ არ შეცვლილა -საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის ტონი იღვრებოდა ხსენებული სიტყვებიდან -ყველაფერში დაგეხმარები, რაც კი გინდა, მშობლებთანაც მოგიგვარებ პრობლემებს, თუკი მცირედი შანსი მაინც მაქვს შენთან. ვიცი, აბსურდია ამის გათხოვილი ქალისთვის თქმა, მაგრამ ჩემი გონება ვერაფრით უშვებს იმას, რომ შენნაირს, ოდესმე შეიძლება ისეთი მამაკაცი შეუყვარდეს, ვისაც სიტყვა ერთგულების მნიშვნელობაც კი არ ესმის და ეს უკანასკნელი "გუგლში" აქვს მოსაძებნი. ბევრად უკეთესის ღირსი ხარ, ვიდრე ისაა და მე . . .
-თორნიკე გეყოფა! -მართალია, საკუთარ თავთან პირობა დავდე ბოლომდე მოვუსმენ-მეთქი, მაგრამ ამ სიტყვებს უკვე ვეღარც მე ვუძლებდი და ვეღარც ჩემი სმენითი ორგანოები. ნიკოლოზის ასეთი აგდებული მოხსენიება, ერთ-ერთი იყო იმათგან, რის უფლებასაც სხვას არასდროს მივცემდი -მითხარი, აქ ამაზე სალაპარაკოდ დამიბარე?
-მელინა, თუ საქმე მორიდებაშია, გთხოვ ჩემი არ მოგერიდოს, კარგი? -კვლავ სცადა ჩემს ხელს შეხებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი, ვითომ შემთხვევით თმაში შევიცურე და ამის უფლება აღარ მივეცი
-მორიდება არაფერ შუაშია -ვცადე რაც შეიძლებოდა გარკვევითა და ხაზგასმით მეთქვა თითოეული სიტყვა -მართალია, ერთ დროს მე და ნიკოლოზმა საკმაოდ არეულ ვითარებაში მოვაწერეთ ხელი, მაგრამ ახლა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს და ამის შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებ.
თორნიკეს გვერდულად ჩაეცინა ჩემს სიტყვებზე. მერე ქვედა ტუჩის კუთხეს მოსდო კბილები და კეფაზე გაშლილი ხელის გული გადაისვა.
-და ფიქრობ ასეთი ადამიანის გვერდით დიდხანს გაძლებ? -კიდევ ერთი უსიამოვნო შეკითხვა დაამატა თავის სიას -გგონია, მისი თვალები ოდესმე სხვა ქალებისკენ გაქცევას შეწყვეტენ და თითზე გაკეთებული რგოლი შეაჩერებს, რათა უწინდელ თავაშვებულ ცხოვრებას შეეშვას? რეალურად გაქვს ამის იმედი?
-ახლა ჩემს პირად საქმეებში ერევი, თანაც ძალიან უხეშად და სრულიად უუფლებოდ -თანდათან ვბრაზდებოდი, თუმცა გონებაში განუწყვეტლივ ვიმეორებდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მასთან ზედმეტად უხეში ტონი არ უნდა გამომეყენებინა
-ჰო, ვერევი, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ მისნაირი იდიოტისთვის არ მემეტები და ნუ მისცემ უფლებას გამოგიყენოს -მერე ჩემკენ გადმოიხარა, სახეზე ხელის გული ჩამომისვა და როგორც კი იგი კვლავ მაგიდაზე დააბრუნა, თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა -მელინა, არ უარყო, რომ თავდაპირველად, ჩემდამი რაღაც სიმპათიები ნამდვილად გქონდა. თუ აქედან რამე კიდევ არის დარჩენილი, არ დაელოდო იმას, როდის გატკენს გულს შენი ქმარი. მე მუდამ მზად ვიქნები სიხარულით მიგიღო, თუკი ჩემი მიმართულებით გადაწყვეტ წამოსვლას, რადგან შენთან დაკავშირებით მართლა ძალიან დიდი გეგმები მქონდა თავის დროზე. არც კი იცი, რამდენად რთული გადასატანი აღმოჩნდა შენი უეცარი ქორწინების ამბავი. მთელი ზაფხული ისე გავატარე, მხოლოდ სამუშაოში ვიყავი ჩაფლული და ამ გზით ვცდილობდი სხვა რამეზე გადართვას, რათა კვლავ შენი სახე არ გაჩენილიყო გონებაში.
ყველაფერ ამას ისეთი მზერითა და ხმით წარმოთქვამდა, ეჭვის შეტანა მართლაც შეუძლებელი იყო, თუმცა ერთი პროცენტითაც კი არ შემეძლო მისი გრძნობებისთვის მეპასუხა. ჩემს გონებაში მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი ეწერა, დიდი ასოებით და ამ სახელს, ვერც ერთი საშლელი ვერ წაშლიდა იქედან.
-თორნიკე, მისმინე -დავიწყე, თან გამომშრალ ყელში მოზრდილი ნერწყვი გადავაგორე -ნამდვილად დასაფასებელია შენი გულახდილობა და ისიც, რომ ამ ყველაფრის თქმა არ შეგეშინდა, მაგრამ ჩემი და ნიკოლოზის ქორწინება, უკვე დიდი ხანია ნამდვილია და მას ბოლომდე ვენდობი
-ნამდვილში რას გულისხმობ? -შევატყვე ყბები ნერვიულად დაეჭიმა -მასთან უკვე გქონდა რამე?
-უხერხულ შეკითხვებს მისვამ!
-აქ არაფერია უხერხული, მელინა, ან ჰო მითხარი, ან არა -მის ტონს წინანდელი სირბილე დაჰკარგვოდა და უკვე კატეგორიული გამხდარიყო
-ჩვენს შორის ნამდვილი ცოლ-ქმრული ურთიერთობაა -მივუგე მტკიცედ და ვაგრძნობინე, რომ ამ თემაზე მასთან საუბარი დიდად არ მსიამოვნებდა -დანარჩენზე დასკვნები თავად გამოიტანე და მეტად ნუღარ დამისვამ პირადულ შეკითხვებს
მწარე ღიმილი გადაეფინა ბაგეებზე, ჩემი სიტყვების მოსმენის შემდეგ. შევატყვე არ ელოდა ასეთი სახის პასუხს. იმედგაცრუება იდგა მის თვალებში და მეც უკვე ვინ მოთვლის მერამდენედ ვიწყევლე თავბედი აქ მოსვლის გამო. მართალია, თაყვანისმცემლები ადრეც მყოლია და უარის თქმის გამოცდილებაც საკმაოდ დიდი მქონდა, მაგრამ ამის გაკეთება, მაშინ, როცა თითზე ოქროს ბეჭედი მიბრწყინავდა, გაცილებით უფრო უხერხული იყო ჩემთვის, ვიდრე სრული თავისუფლების მომენტში.
-ანუ, უკვე მიგამატა თავის კოლექციას -თითქოს ბასრი ხმალივით გაკვეთა ჩვენს შორის არსებული სიჩუმე თორნიკეს უეცარმა სიტყვებმა.
აი ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო და ვეღარც მე შევძელი, ჩემს შიგნით გამომწყვდეული უხეში ტონის შეკავება, მთელი ძალით რომ ცდილობდა ბოქლომით დაკეტილი კარების გამონგრევას.
-მე არავის კოლექციის ნაწილი არ ვარ და ზრდილობიანად მელაპარაკე! -ვერც კი შევამჩნიე, ისე ავუწიე ხმას. ზოგადად, უიშვიათესი იყო მომენტები, ვინმეს წყობიდან გამოვეყვანე, თუმცა თორნიკე ამ ამოცანას იდეალურად გაუმკლავდა -მოვედი, მოგისმინე, ყველაფერი აგიხსენი და აქ ჩემი ყოფნის აუცილებლობას უკვე ვეღარ ვხედავ. ჯობია სახლში წავიდე.
-მელინა, მოიცადე -თვალებში შიშჩამდგარმა დამიჭირა ხელი, როცა მიხვდა სკამიდან წამოდგომას ვაპირებდი -გთხოვ, მაპატიე, ეს არ უნდა მეთქვა, ძალიან უტაქტოდ გამომივიდა
ღრმად ამოვიოხრე. ეს საუბარი უკვე ნერვებზე მოქმედებდა.
-მართალი ხარ, არ უნდა გეთქვა, მაგრამ მაინც თქვი
-კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, უბრალოდ ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის ამის მოსმენა და წყობიდან გამოვედი
-არანაირი უფლება არ გაქვს ჩემთან მიმართებაში წყობიდან გამოხვიდე, თორნიკე -ამჯერად, უკვე თავადაც მშვიდი ტონი მქონდა -მე, ჩემი სათქმელი უკვე გითხარი და არაფრის დამატებას აღარ ვაპირებ
-დარწმუნებული ხარ? -ეჭვით ჩამეკითხა -ზუსტად იცი, რომ სწორედ იმ ადამიანის გვერდით ხარ, ვის გვერდითაც მთელ ცხოვრებას გაატარებდი?
მისი წყლისფერი თვალები, კვლავ იმავე გამომძიებლური მზერით მათვალიერებდნენ და ამის გამო, წარმოვიდგინე კიდეც მოცემულ მომენტში თავი დაკითხვის ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში.
პასუხი, რა თქმა უნდა მხოლოდ ერთი მქონდა. ენის წვერზე მადგა სიტყვები, რომ ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული ყველაფერში და ჩემი ცხოვრებაც სწორედ ისე მიდოდა, როგორც მინდოდა წასულიყო, თუმცა სანამ ამ წინადადებას ხმამაღლა გავაჟღერებდი, კვლავ თორნიკეს სიტყვებმა შემაჩერეს:
-ამას შენ უთხარი რომ აქ ვიქნებოდით?
-ვის? -დაბნეულმა ავახამხამე წამწამები და იმ მიმართულებით გავიხედე, საითაც ჩემს პირისპირ მჯდომი იყურებოდა. ლამის ადგილს მივეწებე, როცა კაფის კუპედან გამომავალი შუა ხნის, მაღალი, სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი და მისი თანმხლები პირი შევნიშნე, ჩვენი მაგიდიდან ათიოდე ნაბიჯის მოშორებით
-ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო, სწორედ ამ შემთხვევაზეა ნათქვამი -უკმაყოფილო ღიმილმა გადაურბინა თორნიკეს ბაგეებს -ანუ, შენ არ გითქვამს, არა?
-არაფერი მითქვამს -ჯერ კიდევ თვალმოუშორებლად ვუყურებდი როგორ ართმევდა ხელს დამშვიდობების ნიშნად, ის შუა ხნის კაცი ნიკოლოზს. მახსოვდა მისი დილით ნათქვამი სიტყვები, რომ შუა დღის საათებში კლიენტთან ჰქონდა შეხვედრა, თუმცა რას ვიფიქრებდი, ბრაზილიური სერიალების უკვე კარგად ნაცნობი, ბანალური სცენარი თუ ჩემს ცხოვრებაში გადმოინაცვლებდა და მას ზუსტად აქ გადავაწყდებოდი, თანაც რა დროს? მაშინ, როდესაც თორნიკესთან ერთად ისე ვსვამდი ჩაის, თითქოს არაფერიო. არა, ნამდვილად უიღბლო დღე მქონდა. ძალიან, ძალიან უიღბლო.
-ავდგებოდი და მივესალმებოდი, თუმცა კარგად იცი, რამდენადაც არ გვეხატება გულზე მე და შენს ქმარს ერთმანეთი -კვლავ თორნიკე ამეტყველდა საერთო სიჩუმეში. ნიკოლოზი ჯერ ჩვენკენ არ იყურებოდა, რადგან თანმხლებ პირს ესაუბრებოდა, გაცილების წინ. ნუთუ მთელი ეს დრო ისიც აქვე იყო, კაფის დახურულ კუპეში? ამის წარმოდგენაც კი სისხლს მიყინავდა ძარღვებში.
-შენი ადგომა საჭირო არ არის, როცა შეგვამჩნევს თავად მოვა
-არ გინდა, რომ ჩემს გვერდით დაგინახოს, ხომ ასეა?
-ვერ ვიტყვი მინდა-მეთქი, თუმცა არც დამნაშავესავით გაქცევას ვაპირებ -სახეში არც კი ვუყურებდი, ისე ვეუბნებოდი ამ სიტყვებს -რაც არის, არის, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო
-ჰოდა მოემზადე ქარიშხლისთვის, მგონი უკვე შეგვამჩნია
მზერა კვლავ ნიკოლოზისკენ მივმართე. მისი თანმხლები პირი უკვე აღარსად ჩანდა, თავად ის კი, აშკარად ჩვენი მაგიდისკენ მოდიოდა, თან არც ისე კეთილგანწყობილი სახით. განერვიულებულმა, წამით თვალები დავხუჭე. ჯანდაბა, რა იდიოტურად ვგრძნობდი თავს ამ წამს!
თორნიკე კვლავ თავის ყავას მიუბრუნდა და მივიწყებული ფინჯნიდან, სავარაუდოდ უკვე გაცივებული კოფეინი მოსვა. ნიკოლოზიც სწორედ იმ წამს წამოგვადგა თავს და მეც, როგორც იქნა ავიღე ოდნავ ჩახრილი თავი. პარალელურად, მუხისფერ მაგიდაზე, წარმოსახვითი წრეების ხაზვა შევწყვიტე.
-აბა, რა ხდება, ძველი კოლეგების შეკრებიდან მომტეხეთ? -მხარზე ვიგრძენი მისი ხელის დადება ამის თქმისას. ვიცოდი, ყურებითაც მე მიყურებდა, თუმცა ჯიუტად არ ვიხედებოდი ზემოთ, რათა მის თვალებში წყენა არ დამენახა
-შეკრება ახლახანს დაიწყო, კარგ დროს მოხვედი -მოჩვენებითი თავაზიანობით გაუღიმა მას, ჯაყელმა
რამდენიმე წამს ჩუმად იყო ნიკოლოზი. შემდეგ ჩემი მხარიდან ხელი აიღო, სკამი გამოსწია და ჩვენთან ერთად ჩამოჯდა, მაგიდასთან. ახლა უკვე გარკვევით ვხედავდი მის სახეს და აღარ ვიცოდი სად წამეღო დანაშაულის გრძნობით აღსავსე თვალები.
-მელინა, აქ რატომ ხარ? -მკითხა მან სიმშვიდის ნიღაბმორგებული ხმით -ამ ტიპთან რა საქმე გაქვს?
-ამ ტიპს სახელი აქვს, აქ კი იმიტომაა, რომ მე ვთხოვე მოსვლა
-შენ რომ გელაპარაკებოდე თვალებში შემოგხედავდი -მშრალად გააკეთა მან კომენტარი ჯაყელის სიტყვებზე, რის შემდეგაც კვლავ მე მომიბრუნდა, კითხვით სავსე გამოხედვით. უკვე დრო იყო ხმა ამომეღო და რამე მაინც მეთქვა.
-თორნიკეს რაღაც საქმე ჰქონდა, უკვე წასვლასაც ვაპირებდი
-ჰო, აპირებდი და წახვალ კიდეც, თანაც დაუყოვნებლივ -მაშინვე დამეთანხმა. ვგრძნობდი, რამხელა ნებისყოფად უჯდებოდა თავის შეკავება იმ წამს და მართალიც იყო რომ ბრაზობდა -შენი ნივთები აიღე და გარეთ დამელოდე. მე ანგარიშს გადავიხდი და მოვალ
-ქმრის სტატუსი მასზე მბრძანებლობის უფლებას არ გაძლევს, ქალდანო -აშკარა ზიზღით იყო ნათქვამი ეს წინადადება თორნიკეს მიერ. ვგრძნობდი, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდებოდა, თუკი არ ჩავერეოდი და ასეც მოვიქეცი
-მბრძანებლობა არაფერ შუაშია, უკვე თავადაც წასვლას ვაპირებდი თორნიკე -ყელსახვევი და ჩანთა ავიღე ფეხზე ადგომის პარალელურად -ჩაისთვის მადლობა
-ბოლომდე არც კი დაგილევია
-შენ არ ინერვიულო, სახლში დალევს -წარბებშეკრული უმზერდა მას ნიკოლოზი, რითაც კიდევ უფრო მეტად მაგრძნობინებდა საკუთარ შეცდომას, აქ მოსვლით რომ გამოიხატებოდა
ჯაყელს ისე დავემშვიდობე, ნორმალურად არც კი შემიხედავს ამ უკანასკნელისთვის. ვინაიდან, ნიკოლოზს ანგარიში უნდა გადაეხადა და მთხოვა ქუჩაში დამეცადა, გარეთ მის გარეშე გავედი, ფილტვები სუფთა ჰაერის უხვი მარაგით გავივსე და უკვე ნათლად წარმოვიდგინე ის მძიმე დიალოგი, რაც წინ ყოველ მიზეზგარეშე გველოდა.
არადა როგორ არ მსურდა დღევანდელი დღის კამათით დაგვირგვინება. ვფიქრობდი, სახლში მშვიდად დავისვენებდი, შინ დაბრუნებულ საყვარელ ადამიანს მოვეხვეოდი და ეს დღეც წინების მსგავსად სასიამოვნოდ ჩაივლიდა. სიტუაციიდან გამომდინარე კი ჩანდა, რომ ჩემს ამ სურვილს ახდენა არ ეწერა.
ზურგს უკნიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა. იმაში დარწმუნებული, რომ ეს ნიკოლოზი იქნებოდა, მაშინვე მივტრიალდი, თუმცა წინანდელზე ორჯერ უფრო მეტად დავიძაბე, როცა მის მაგივრად, ხელში ჩემკენ ზედმეტად სწრაფი ნაბიჯებით მომავალი თორნიკე შემრჩა.
-რა მოხდა, შიგნით რამე დამრჩა? -დაახლოებით ოთხიოდე ნაბიჯი თუ მაშორებდა მისგან, როცა ეს კითხვა დავუსვი. პირველად, სწორედ ეს მომივიდა თავში აზრად, რადგან სხვა მიზეზს ვერ ვპოულობდი, რა უნდა სდომებოდა თორნიკეს იმ დიალოგის შემდეგ, ცოტა ხნის წინ რომ გვქონდა
-არა, არაფერი დაგრჩენია -მომიგო მსწრაფლ, თან, ბეჭებში ხელის ჩავლებით თავისკენაც მიმიზიდა -უბრალოდ, ეს თუ არ გავაკეთე, მთელი დარჩენილი ცხოვრება დამტანჯავს. უნდა გავაკეთო, ერთხელ მაინც
-რა უნდა გააკეთო? -ვუყურებდი მისი წყლისფერ თვალებში აღბეჭდილ ამღვრეულ მზერას და ვერ ვხვდებოდი როგორი იქნებოდა ჯაყელის შემდეგი ნაბიჯი
-უნდა გავიგო მცირედი რამ მაინც თუ არის დარჩენილი იმ თავდაპირველი სიმპათიიდან, ჩემს მიმართ რომ გქონდა
-შენს მიმართ სიმპათია არასდროს მქონია თორნიკე -ვაღიარე გულწრფელად, თუმცა მან უფრო მეტად მიმიზიდა თავისკენ, მითხრა დაზუსტებით ვიცი გქონდაო და ისე მოულოდნელად დააცხრა ჩემს ტუჩებს, სიატუაციის გააზრებაც კი გამიჭირდა რამდენიმე წამს. თავდაპირველად ვერ გავიგე ეს რეალურად ხდებოდა თუ არა, მაგრამ როდესაც უკვე მძაფრად ვიგრძენი თორნიკეს ბაგეები ჩემსაზე, გონზე მოსულმა გულზე ხელების კვრით მოვიშორე და ერთი ნაბიჯით მოვშორდი მის სხეულს.
-რას აკეთებ? გაგიჟდი?! -განერვიულებულმა მიმოვიხედე ირგვლივ. ვნატრობდი ნეტავ ეს ვინმე სხვასაც არ დაენახა-მეთქი, თუმცა არც ამ მხრივ გამიმართლა. კაფეს კარისკენ გახედვისას, ნათლად დავინახე, როგორ მოემართებოდა ჩვენი მიმართულებით ის, ვისაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა ცოტა ხნის წინანდელი ეპიზოდი ეხილა. ჯანდაბა, მართლა რამდენი პრობლემა იყო ერთი დღისთვის? ნეტავ, როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი?
-ეს მის გასაღიზიანებლად გააკეთე, არა? -ბრაზით შევატრიალე თავი თორნიკეს მხარეს და სანამ პასუხს გამცემდა, მანამ წავედი გაცოფებული ნიკოლოზისკენ, რათა რამე სისულელე არ ჩაედინა
-მელინა, გაფრთხილებ წინ არ გადამიდგე! -ხმამაღლა დამიყვირა მან, თანაც ჩვენი გაცნობის მომენტიდან, პირველად. მის ლურჯ სფეროებში აგიზგიზებული ცეცხლის ალი, თითქოს გარშემო ყველაფერს წვავდა და შეწინააღმდეგებაც დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული
ნიკოლოზის მრისხანების შემხედვარემ, თვალები მაგრად დავხუჭე და გზიდან აკანკალებული გადავდექი. მხოლოდ მაშინ ავწიე ზემოთ გუგებზე ჩამოფარებული ფარდა, როდესაც მან გვერდით ჩამიარა და უკან გახედვისას, ნერვიულობისგან დაბინდული მზერით დავინახე, რა ძლიერადაც გაარტყა სახეში ერთ ადგილას, ქანდაკებასავით უძრავად ჩამომდგარ ჯაყელს.
სიმწრისგან ქვედა ტუჩზე ვიკბინე. თორნიკეს ცხვირიდან შადრევანივით წასკდა სისხლი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ირონიულად იღიმოდა და თითქოს გამარჯვებულის მზერით ცდილობდა ნიკოლოზის გამოწვევას. მივხვდი, ასეთი ქცევით მის პროვოცირებას ცდილობდა და ამ ყველაფრისთვის შორიდან ყურება აუცილებლად უნდა შემეწყვიტა.
-ნიკოლოზ, გთხოვ, შეეშვი -რაც შემეძლო სწრაფად მივუახლოვდი და მხარზე ხელი მაგრად ჩავჭიდე, თუმცა მან ყურიც არ მათხოვა ისე უთავაზა ჯაყელს მეორე მუშტიც. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, ეს უკანაკნელი ასფალტზე დაეცა და კბილებიდან გამოჟონილი სისხლი ზიზღით გადააფურთხა. უწინდელი ირონიული გამომეტყველება, დამცირებულმა ჩაანაცვლა მის სახეზე. როგორც ჩანდა, ძირს გართხმა ნამდვილად არ შედიოდა მის გეგმებში.
-ამ ყველაფერს მწარედ განანებ, ქალდანო, გესმის?! -როგორც კი სული მოითქვა, მაშინვე შეუღრინა თავზე წამომდგარ ნიკოლოზს, ვისაც ჯერ კიდევ მკლავით ვიჭერდი, რათა მეტად აღარაფერი მოემოქმედა
-დასაწყისისთვის, გატეხილი ცხვირზე იზრუნე და მერე მანანე -ამ სიტყვების პარალელურად მე მომიტრიალდა, გამჭოლი მზერით ლამის გამხვრიტა, ხელში თავისი „ჰონდას “გასაღები ჩამიდო თან ავტოსადგომისკენ მანიშნა თვალებით -წადი და ახლავე მანქანაში ჩაჯექი, შენ იქ დაგელაპარაკები!
-არ ჩავჯდები, თუკი შენც არ წამოხვალ
-მელინა, ცოტა ხნით გაჩუმდი და შენი ხმა არ გავიგო!
-არა, არ გავჩუმდები! -თავადაც შევუტიე -როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, უნდა ვეცადო დაგამშვიდო. აი, რაც შეგეხება შენ -იმ წამს ფეხზე წამომდგარ თორნიკეს გავხედე, ვინც ჯერ კიდევ ცხვირის ქვეშ დარჩენილ სისხლის ნაკვალევს იწმენდდა, ჯიბიდან ამოღებული ხელსახოცით -აღარ გაბედო და მეორედ ახლოს არ გამეკარო. დღეს უკანასკნელად შევხვდით ერთმანეთს
ტკივილნარევი მზერით ჩაეცინა ჩემს სიტყვებზე ჯაყელს. მერე თავისი მანქანა, გასაღებზე თითის დაჭერით გააღო და სანამ მისკენ წავიდოდა, კვლავ თვალებში ჩამხედა:
-საწყენია შენნაირ ლამაზ ყვავილს რომ ასეთი შხამიანი ფუტკარი დასტრიალებს თავს -დანანებით აღნიშნა მან. ნიკოლოზმა კვლავ გადადგა ერთი ნაბიჯი მისი მიმართულებით, თუმცა ამჯერადაც შევაჩერე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვიცოდი საცემად აღარ მიიწევდა
-ეპიკური პოემის გმირივით საუბარს შეეშვი და მოშორდი აქედან! -ბრაზისგან კბილებში გამოსცრა მან -თუ კიდევ ერთხელ შეეხები ჩემს ცოლს, ან მასთან კონტაქტზე გასვლას შეეცდები, ცოტა ხნის წინანდელი ცემა მასაჟად მოგეჩვენება
-ნიკოლოზ, მორჩა, წავიდეთ ამ ადგილიდან -შორიახლოს დაყენებულ მის ავტომობილს მოვკარი თვალი და იმით დაიმედებულმა, რომ მესამე მსოფლიო ომი ავიცილე თავიდან, მაჯაზე ხელის ჩავლებით, ძლივსძლივობით წავათრიე ავტოსადგომისკენ. ამჯერად, უკვე თავდაპირველივით აღარ მიწევდა წინააღმდეგობას. რამდენიმე წამის შემდეგ კი, სრულებით მოდუნდა და უკვე თავისი ნებით მომყვა უკან.
სალონში, უხმოდ დავიკავეთ ჩვენ-ჩვენი ადგილები. თორნიკე უკვე აღარსად ჩანდა. მხოლოდ მისი დაბურულმინებიანი მანქანა ეყენა პარკინგზე და სავარაუდოდ, ისიც შიგნით იჯდა.
-თუ გინდა, საჭესთან მე დავჯდები -შევთავაზე გვერდითა სავარძელში მჯდომს, როდესაც უკვე კლიტეში გასაღებს არგებდა
-ვცდილობ დავწყნარდე, ამიტომ შენი ხმა ნუ მესმის!
-ზუსტად შენს დაწყნარებას ვცდილობ ახლა, თუკი ვერ შეამჩნიე
-როცა საუბრობ, პირიქით ჩემს სიმშვიდეს უშლი ხელს!
-გეყოფა რა -თავი ჩემკენ მოვაბრუნებინე და სახეზე ხელები დავადე. ლურჯ თვალებში, ნაცნობი სითბოს ვერ დანახვამ გული მატკინა, თუმცა მაინც არ გავჩუმებულვარ -ისეთი არაფერი მომხდარა, რომ მსგავსი რეაქცია გქონდეს. შენც კარგად იცი, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, ჩემთვის არაფერს ნიშნავს
-აღარ მინდა მაგ ტიპს კიდევ შეხვდე -სახიდან ჩემი ხელები მოიშორა და მანქანა შესაშური სისწრაფით დაძრა -შენ იცი, რომ აქამდე არასდროს არაფერი მიბრძანებია, რადგან ცოლ-ქმრობა მონური ბორკილების დადებას არ ნიშნავს ერთმანეთისთვის, თუმცა ეს შემთხვევა ყოველგვარ ზღვარს სცდება! ან გაითვალიწინებ ჩემს აზრს, ან არადა ოჯახური კონფლიქტების მაჩვენებლით, ალბათ გინესის რეკორდს მოვხსნით!
-ნუ ღელავ, ცოტა ხნის წინაც ვთქვი და ახლაც პირობას ვდებ, რომ თორნიკე დღეს ბოლოჯერ ვნახე -მაშინ მივუგე, როდესაც უკვე მთავარ გზაზე ვიყავით გასულები -არც მე მესიამოვნებოდა ასეთი რამის გადატანა, ამიტომ შენი კარგად მესმის -მერე საჭეზე დადებულ ხელზე, საკუთარი ხელი დავადე და მისკენ ოდნავ გადავიხარე -ახლა მანქანა გააჩერე და საჭესთან დამსვი, არ მინდა ასე განერვიულებულმა მართო ავტომობილი
დამემორჩილა. ჩემდა საბედნიეროდ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, მანქანა გზიდან გადაიყვანა, მანიშნა გადმოდიო და ადგილებიც უხმოდ, ზედმეტი კომენტარების გარეშე გავცვალეთ. მიუხედავად ამ მცირედი კომპრომისისა, ჩვენს შორის მაინც იგრძნობოდა დაძაბულობა. არ მინდოდა ასე. მსურდა კვლავ უწინდელი ნიკოლოზი დაბრუნებულიყო, ამიტომ, პოზიტივის შემოსატანად მაგნიტოფონში მუსიკები ჩავრთე და სიჩქარეს ოდნავ მოვუმატე.
-ვერ მეტყვი საით მიდიხარ? -ჩემკენ არც გამოუხედავს ისე მკითხა ნიკოლოზმა.

-კონკრეტულად არსაით . . . უბრალოდ, გზა და მუსიკა განწყობას ამაღლებს, შენ კი ზუსტად ეს გჭირდება -ამის თქმისას, თითები, მის თბილ თითებში გადავხლართე, ღიმილით გავხედე და დავამატე:-თორნიკეს მხოლოდ იმიტომ შევხვდი, რომ დამარწმუნა, მართლა აუცილებელი საქმე მაქვსო. გთხოვ, დაივიწყე ეს ეპიზოდი. ერთადერთი, ვის შეხებასაც მსიამოვნებს, ეს შენ ხარ და ამას ვერასდროს ვერაფერი შეცვლის

და აი ისიც! ამდენი ხნის შემდეგ, ძალიან ოდნავშესამჩნევი, თუმცა მაინც ღიმილი დავინახე ნიკოლოზის სახეზე. გარკვეული დროით კვლავ უხმოდ იყურებოდა წინ, შემდეგ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, მთელი ტანით მომიტრიალდა და ხელზე, ხელი უფრო მაგრად მომიჭირა:

-გააჩერე მანქანა!

-რა?

-მიდი, გააკეთე რასაც გეუბნები

-მაგრამ . . .

-მელინა, გააჩერე-მეთქი!

-კარგი, კარგი, ვაჩერებ -მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი გავიგე, მაინც გადავწყვიტე მისი თხოვნის შესრულება.

ძრავა გამოირთო. ოდნავ ჩაწეული საქარე მინიდან ჯერ კიდევ შემოდიოდა გრილი ჰაერი, რომელიც ახლა მართლაც სასიცოცხლო სჭირდებოდა ნერვიულობისგან მომატებულ ჩემს შინაგან ტემპერატურას. უკვე ვაპირებდი მეკითხა, თუ რატომ გავჩერდით შუა გზაზე ასე მოულოდნელად, მაგრამ სანამ რამის სათქმელად პირს გავაღებდი, ნიკოლოზმა, წელზე ხელის მოხვევით კალთაში გადამისვა, ნიკაპი ხელით დამიჭირა და თვალებში დაჟინებით ჩაშტერების პარალელურად, მითხრა:

-ახლა ადგები და ისე მაკოცებ, რომ ცოტა ხნის წინანდელი სცენა სრულებით გადამავიწყო. ეს ისე უნდა გააკეთო, რომ ჯაყელის კვალი ერთიანად გაქრეს შენი ტუჩებიდან. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავმშვიდდები, ასე, რომ ძალიან უნდა მოინდომო!


გამეღიმა. ეჭვიანობის გრძნობაც კი რა თავისებურად ზომიერი იყო ამ პიროვნებაში. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც იდეალურთან მიახლოვებული ადამიანები და ეს ერთი-ორად მიზრდიდა მისდამი მიჯაჭვულობას.


-რომ იცოდე, ეგ პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს -კისერზე ღიმილით მოვხვიე ხელები ამის თქმისას, თან ცხვირზე, ცხვირის წვერი მივადე და მისი სხეულიდან წამოსული არომატის შეგრძნებისას, თვალები სიამოვნებისგან მივლულე.


-აბა ვნახოთ, რამდენად კარგად გაართმევ თავს ამ ამოცანას


-როგორც ყოველთვის იდეალურად -ვეცადე საკმაოდ დიდი თავდაჯერება ჩამედო ამ სიტყვებში და მისი რომანტიული თხოვნის შესრულებას მთელი მონდომებით შევუდექი.


8 8 8 8

ხუთშაბათი საღამო იყო. სამსახურიდან დაბრუნებული, საშხაპედან ახალი გამოსული ვიყავი, როდესაც კარზე გაბმული ზარის ხმამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ნიკოლოზის დაბრუნებამდე, ჯერ ძალიან ადრე იყო, რადგან ნახევარი საათის წინ დამირკეა იმის სათქმელად, დღეს ჩვეულებრივზე ცოტათი გვიან მოვალო.
ტანსაცმელი ჯერ კიდევ არ მეცვა და მხოლოდ საცვლებში ვიყავი გამოწყობილი, ამიტომ, ზღურბლის მეორე მხარეს მყოფი რომ უსასრულობამდე არ მელოდინებინა, ტანზე რაც პირველად ხელში მომყვა ის გადავიცვი და სასწრაფოდ გავემართე კარის გასაღებად.
სათვალთვალოში გახედვა არც მიფიქრია. საშინაო სპორტიულებში გამოწყობილმა, საკეტში გარჭობილი ვერცხლისფერი გასაღები ისე გადავატრიალე, შინაგანადაც კი არ დავუინტერესებივარ იმას, თუ ვინ დამადგა თავს ასე მოულოდნელად, მაგრამ როგორც კი ზღურბლთან მდგომ ადამიანს მოვკარი თვალი, სახე მაშინვე ბედიერების ღიმილმა გამინათა და დიდი სიხარულისგან, გულიდან ამოხეთქილი ხმაც კი ვერ გავაკონტროლე.
-ენკე! შენ . . . შენ აქ რას აკეთებ?
-რა იყო, მოგენატრე? -ღიმილით გადმოაბიჯა კარის ზღურბლს და გულში მაგრად ჩამიკრა. მიუხედავად იმისა, რომ მეც და ნიკოლოზსაც მასთან სატელეფონო კონტაქტი საკმაოდ ხშირი გვქონდა, ნახვით ბათუმიდან წამოსვლის შემდეგ აღარ გვენახა, ამიტომ, უნდა მეღიარებინა, მართლა ძალიან მყავდა მონატრებული
-რომ გითხრა მომენატრე-მეთქი, მაშინვე თავში აგივარდება -სიცილით შემოვხვიე მკლავები, თან ჩალისფერი თმა ავუჩეჩე
-როგორც ჩანს, უკვე საკმაოდ კარგად მიცნობ, მელტონია
-კარგი რა, რამდენჯერ უნდა გითხრა ეგრე აღარ დამიძახო-მეთქი? -ცალი წარბი მკაცრად ავზიდე. მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე მთელი სიმართლე მოვუყევი, მუდამ ჩემი ორი სახელის -მელინასა და ანტონიას ნაზავს -"მელტონიას" მეძახდა და მიუხედავარ დიდი მცდელობისა, ამას ვერაფრით გადავაჩვიე
-რამდენჯერაც არ უნდა მითხრა, შედეგი მაინც ნული იქნება -ცხვირზე ხელი მომიჭირა და მისაღებში გასულმა, იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა -ჰო მართლა, შენი ფიქტიური ქმარი სად ბრძანდება? რაღაც მისი ხმა არ ისმის
-ჯერ არ მოსულა, დღეს ცოტათი შეაგვიანდება -მერე უკვე დივანში არხეინად მოკალათებულს გვერდით მივუჯექი და პლაზმურ ტელევიზორს, რომელიც მუსიკალურ არხზე მქონდა გადართული, ოდნავ ჩავუწიე -აბა, ახლა მოყევი შენ რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ. დავიჯერო მხოლოდ ჩვენს მოსანახულებლად ჩამოხვედი?
ენკემ ჯერ დივანზე დადებული ფუმფულა ბალიში შეათამაშა ხელში, მერე ჩემგან ოდნავ შორს ჩაიწია, ეს უკანასკნელი ბურთივით გადმომიგდო და პასუხიც გამცა:
-მხოლოდ მოსანახულებლად არა, სამსახურის შემოთავაზება მივიღე ერთ-ერთი ახლადგახსნილი სასტუმროდან, ამ ქალაქში
-მართლა? -ბალიში კვლავ უკან ვესროლე და მანაც დაიჭირა. საკმაოდ კარგი ახალი ამბავი იყო ის, რაც მითხრა. თუკი ენკე თბილისში დარჩებოდა, უფრო ხშირადაც ვნახავდით ხოლმე და ეს ფაქტი ძალიან მახარებდა
-ჰო მართლა -მომიგო, თან კვლავ უწინდებურად განაგრძო ბალიშის ბურთად გამოყენება და ისევ ხელებში მესროლა იგი
-კარგი, მოვრჩეთ, ცხელ კარტოფილს ხომ არ ვთამაშობთ? -გამეცინა იმის გააზრებისას, რასაც ცოტა ხნის წინათ ვაკეთებდით, თუმცა ზუსტად ვიცოდი, ენკეს ბავშვური ხასიათიდან გამომდინარე, მისთვის არც ეს ბავშვური გართობა გახლდათ პრობლემა
-შენი არ ვიცი, მაგრამ მე ამ თამაშს დღემდე ვეთამაშები ხოლმე საკუთარ ძმისშვილებს
-თუ ასეა, შენს ძმისშვილს ძალიან გაუმართლა, თავისი ჭკუის ბიძა რომ არგუნა ბედმა
მანამ, სანამ პასუხად რამეს მეტყოდა, შეტყობინების მოსვლის ხმა გამოსცა ენკეს მობილურმა. ეკრანზე დახედვისას, მის სახეზე აშკარა უკმაყოფილება გაკრთა და სენსორი ისე დაბლოკა, SMS-ის ავტორისთვის პასუხი არც დაბრუნებია.
-რა იყო, რამე ცუდი მოხდა? -ვკითხე შეპარვით
-არა, რა ცუდი, უბრალოდ ჯაყელმა მომწერა, სამსახურში ერთი საათით ადრე მოდიო -ამიხსნა მაშინვე -ამ იდიოტმა ჯერაც არ იცის, ქვიშის ქარიშხლიდან რომ უკვე წამოვედი და იქ აღარ ვმუშაობ
ამ გვარის ხსენებაზე, ტანში უსიამოვნოდ გამცრა. ჯერ კიდევ შავი ლაქასავით აჩნდა გონებას მისი და ნიკოლოზის ქუჩაში ჩხუბის მომენტები და დანაშაულის გრძნობას ვერ ვიშორებდი იმის გამო, რომ ამგვარი სიტუაციის შექმნაში, მთავარი ბრალეულობა სწორედ ჩემს სინდისს აწვა, ტვირთად.
-ძალიან გთხოვ, მაგ ადამიანს ნუ მიხსენებ -დივანზე აკეცილ მუხლებს, მკლავები მოვხვიე ამის თქმისას, თან მათ ნიკაპით დავებჯინე. მართალია, ენკესკენ არ ვიყურებოდი, თუმცა მაინც ვიგრძენი რამხელა ინტერესი გამოიწვია მასში ჩემმა ნათქვამმა და ეს მალე სიტყვებითაც გამოხატა:
-რამე ისეთი მოხდა, რაც არ ვიცი? -ჩემს შემხედვარეს, ხმა საგრძნობლად დაუსერიოზულდა. დარწმუნებული ვიყავი, გამოხედვაც სწორედ ასეთი ჰქონდა
-თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მე და ნიკოლოზმა, ორი დღის წინ, მის გამო საშინლად ვიკამათეთ, კი
-ასეთი რა ჩაიდინა იმ გამოქლიავებულმა?
ღრმად ამოვიოხრე. მართალია, ახლა ამ ყველაფრის გახსენება კვლავ ნეგატიურ შეგრძენებებში გამხვევდა, თუმცა რახან დავიწყე, უნდა დამესრულებინა კიდეც, ამიტომ ფეხზე წამოვდექი და ჯერ კიდევ დივანში მოკალათებულ ენკეს, ზემოდან დავხედე.
-სამზარეულოში გამომყევი, ნაყინი ვჭამოთ და თან ყველაფერს გიამბობ, სანამ ნიკოლოზი დაბრუნდება
-კარგი, ოღონდ დიდი ბურთულები უნდა მომიჭრა -მაშინვე პატარა ბავშვივით ამედევნა გემრიელი დესერტის ხსენებაზე, თან მხარზე ხელი გადამხვია და ოდნავ გამიღიმა -მომენატრე მელტონია. შენ წარმოიდგინე, ის ნახევრად ჩამოძინებული სახეც კი მენატრება ხოლმე, სასტუმროში მოსვლის პირველ დღეებში რომ გქონდა, ღამის ცვლებისგან გატანჯულს
სახეზე ღიმილი მომადგა. იყო რაღაცები, რაც ნამდვილად არ იცვლებოდა და ენკეს ხასიათიც სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახლდათ. კარგი იყო ეს თუ ცუდი?
რა თქმა უნდა, კარგი, რადგან პირადად მე, ამ ადამიანში სწორედ ის უზღვავი, დაულეველი პოზიტივის წყარო მიზიდავდა, რაც ყოველი მის გვერდში მყოფისთვის, მუდამ განწყობის გაუმჯობესების საწინდარი ხდებოდა ხოლმე.
სამზარეულოს მაგიდასთან, ნაყინის დიდი თასებით დავსხედით და დესერტის დაგემოვნების პარალელურად, ენკესთვის ორი დღის წინანდელი ისტორიის მოყოლას შევუდექი. მართალია, ჩემი თხრობის მომენტში, ხმამაღლა კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მისი მზერა წამში ერთხელ მაინც იცვლებოდა და მონაცრისფრო თვალებიც თანდათან უფრო და უფრო იკრებდა უკმაყოფილებას.
ნაყინის თასი, დაახლოებით ნახევარზე მაინც მქონდა ჩაყვანილი, როცა თავს გადამხდარი ამბის თხრობას საბოლოოდ მოვრჩი და დიდი წერტილიც დავუსვი ამ ყველაფერს. ჩემგან განსხვავებით, ენკეს თავისი დესერტი ბოლომდე დაემთავრებინა და სანაყინეს მიწვდიდა იმის ნიშნად, ცოტა კიდევ დამიმატეო.
-ნეტავ რატომ იქ არ ვიყავი, რომ მაგ რეგვენის ცხვირის გატეხვისთვის პირდაპირ ეთერში მეყურებინა -დანანებით აღნიშნა მან და თავიც გადააქნია მოღუშულმა -არ გინდა შენს მაზლს დაელაპარაკო და ეგ ტიპი სასტუმროდან მოაშორონ? ყველას ნერვებს უშლის, მიმტანი გოგოების გარდა
-კარგი რა ენკე -კიდევ ორი ნაყინის მოზრდილი ბურთულა მოვუჭერი, ზემოდან შოკოლადის სიროფი მოვუსხი და წინ დავუდე -შეიძლება პიროვნულად არ მოგწონდეს, მაგრამ საქმეს აშკარად იდეალურად უძღვება და ამის დავიწყებაც არ შეიძლება
-შენი ჰუმანურობა უკვე მღლის -სიცილით აატრიალა თვალები -ოდნავი აგრესია მაინც გამოხატე ვინმეს მიმართ, თორემ უკვე სერიოზულად ვიწყებ დაჯერებას, რომ არაამქვეყნიური ხარ
-გაჩუმდი და შენი ნაყინი ჭამე, თორემ იმდენს ლაპარაკობ, სანამ პირს დააკარებ, მანამდე გალღვება
-რა გაალღვობს გოგო ნაყინს გაგანია ნოემბრის თვეში?
-რა გაალღვობს და მაღალი ტემპერატურა -თვალებით, მისაღებში დამონტაჟებულ თითქმის ბოლომდე აწეულ კონდინციონერზე ვანიშნე ამის თქმისას
-ამას ხომ სიტყვა-პასუხში ვერ მოუგებ
-ჰოდა ნურც ეცდები -გამარჯვებულის მზერაც დავურთე ჩემს სიტყვებს, თან კვლავ მის პირდაპირ ჩამოვჯექი -ჰო მართლა, თბილისში რატომ გადმოხვედი? ამ სასტუმროში უკეთესი პორობებია?

ენკემ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.

-არა, პირობები იგივეა, უბრალოდ მე ვერ ვჩერდები დიდხანს ერთ ადგილას. ბათუმი ზაფხულშია კარგი ახლა კიდევ, სიახლეები მჭირდება -მერე ნაყინის კოვზი გალოკა და დაამატა:-თან ამ სასტუმროს მმართველთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს. მალე კრეატიული დირექტორიც აპირებს სამსახურიდან წასვლას და თუკი ამ პოზიციაზე მე ამიყვანეს, გპირდები მალდივების საგზური ჩემზეა -გაშლილი ხელის გული ასწია მოცემული დაპირების დამადასტურებელ ნიშნად.

-კი მაგრამ, მალდივებზე, მარტომ რა უნდა ვაკეთო, ენკე? -სიცილით ვკითხე, ღიმილჩამდგარი თვალებით ჩემკენ მომზირალს.

-რას ქვია რა უნდა აკეთო? პირველ რიგში, ცოტა ხნით შენს ქმარს მოშორდები, გაირუჯები, გაერთობი და ჩემს სადღეგრძელოსაც შესვამ, დიდი ჭიქით. მერე კი, თუ გინდა ვინმე სიმპათიური მარიოც გაიცანი, დაკუნთული სხეულით და ცოტა გახალისდი
არა, ოდნავადაც არ შეცვლილა. ისევ ისეთი დარტყმული იყო, როგორიც ადრე.
-ახლა რომ ნიკოლოზი გისმენდეს, მაგ ჯერ კიდევ არ ნაყიდ მალდივების ბილეთებს თავზე გადაგახევდა -ვუთხარი სიცილით, თან ბანანის შეიკის მზადება დავიწყე, რადგან ვიცოდი, ენკეს ძალიან უყვარდა
-ჰო, გამახსენდა ეგ რომ "ერთგულება მევასება"-სასტავში გადის და თვითონაც "ცოლის მეტი არავინ მაინტერესებს"-კატეგორიაში რომ გადაეწერა
-ოდესმე შენც მოიყვან ცოლს და მერე ვნახოთ, თავად როგორ გაუშვებ ხოლმე ზაფხულობით, სიმპათიურ, დაკუნთულ მარიოსთან გასართობად, მალდივებზე

-ცოლს თუ მოვიყვან, არც მას ექნება ჩემს მიმართ მოვალეობები და არც, მე -განაცხადა მტკიცედ, რითაც კიდევ უფრო დამარწმუნა თავის არანორმალურობაში
-ახლა რომ ფემინისტები გისმენდნენ, ალბათ ხელებსაც დაგიკოცნიდნენ, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ძალიან მაგრად გაკლია
-მაინც რატომ მაკლია? ზუსტად ვიცი, ქორწინების შემთხვევაში, მაინც არ გამიქრება დანარჩენი ქალებისადმი ლტოლვა და საკუთარი ცოლი რატომ უნდა შევზღუდო, როცა თავად სხვასთანაც მექნება ურთიერთობა? მე, ჩემო მელტონია გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ
-გენდერული თანასწორობის მომხრე კი არა შეშლილი ხარ -სიცილით ჩავყარე ბლენდერში შეიკის ინგრედიენტები და თავიც მჭიდროდ დავახურე, რათა კარგად ამეთქვიფა
-მთავარია შენ მყავდე დალაგებული და დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა -მერე სამზარეულოს კედელზე მიმაგრებულ კარადას მიუახლოვდა, იქედან ორი ჭიქა გამოიღო, სავარაუდოდ, მზადების პროცესში მყოფი სასმელისთვის და გვერდით ცნობისმოყვარე მზერით მომიდგა -ისე, შენს კურსზე ლამაზი დაქალები არ გყავს? ამ ბოლო დროს რაღაც ვპასიურობ პირადი ურთიერთობების მხრივ
-არც იფიქრო ენკე, ჩემს მეგობრებს კი არა, შენთვის მოსისხლე მტერსაც ვერ გავიმეტებდი, მისი ყოლის შემთხვევაში
-იქნებ მაინც გამოგემეტებინა რომელიმე? -საყვარლად ააფახულა თავისი მონაცრისფრო თვალები და ვინ იცის, უკვე მერამდენედ მოახერხა დღეს ჩემი გაცინება
-გითხარი არა-მეთქი და გადაფიქრების პერსპექტივა ნულს ქვემოთაა
-მომენტებში რა მამაშენივით უსიამოვნო ხდები ხოლმე, მელტონია -უკმაყოფილებისგან შეეჭმუხნა წარბები ენკეს
-ნუ გადაეკიდეთ რა ამ მამაჩემს, თორემ, დარწმუნებული ვარ, ამდენი ხსენებისგან უკვე ასლოკინებს კიდეც
-კარგი, კარგი, დღეს მშვენიერ ხასიათზე ვარ და ამ ჯერზე დავინდობ ბატონ დავითს -დამპირდა პატიოსნად, შეიკის ბლენდერში თქვეფის პროცესის დასასრულს კი, კარადიდან გამოღებული მინის ჭიქები შემომაშველა, რათა დესერტი მათში თანაბრად გადამენაწილებინა . . .
ოჯახის ახალი წევრის შემომატებას ჰგავდა ენკეს თბილისში გადმოსვლის ამბავი. ვგრძნობდი, რომ ჩვენს ცხოვრებაში უფრო მეტი სიხალისე, სიფერადე და პოზიტივი შემოვიდოდა და ამაში, ნასაღამოვებს, ნიკოლოზის შინ დაბრუნებამაც ღრმად დამარწმუნა, ვინც ჩემზე არანაკლებ ამაღლებული განწყობით შეხვდა დიდი ხნის უნახავ მეგობარს.
საკმაოდ ბევრი ვიმხიარულეთ იმ დღეს. ლამის მთლიანად გავავლეთ მუსრი დესერტს, რაც კი მაცივარში მოგვეპოვებოდა. მისაღების ხალიჩაზე მსხდომნი, ათასგვარი ტკბილეულობით გარემოცულები, ღიმილით ვიხსენებდით ქვიშის ქარიშხლის დატვირთულ გრაფიკს, პრობლემურ სტუმრებს, ვინებიც განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებდნენ, ჩვენს უწინდელ სამსახურთან დაკავშირებულ წვრილმანებს, ხალისიან უქმეებს და ხელის მოწერის გიჟურ დილას, რამაც ძირფესვიანად შეცვალა ჩემი და ნიკოლოზის მთელი ცხოვრება.
იმ საღამოს, ენკე საკმაოდ გვიანობამდე, თითქმის თერთმეტ საათამდეც კი შემორჩა ჩვენთან. ის ვარიანტიც განვიხილეთ, რომ ღამითაც აქ დარჩენილიყო, სასტუმრო ოთახში, თუმცა საბოლოოდ, მაინც წასვლა გადაწყვიტა და მიზეზად, პირადი ჰიგიენის იმ ნივთების არქონა დაასახელა, რაც მუდამ სჭირდებოდა ხოლმე ყოველ დილით.
დღე სასიამოვნოდ დასრულდა. მხოლოდ ხალიჩაზე მიმოფანტული დესერტის შეფუთვები ქმნიდა უსიამოვნო განწყობას, თუმცა მეც და ნიკოლოზმაც, როცა იქაურობის მოთვალიერების შემდეგ ერთმანეთს გადავხედეთ, მზერით შევთანხმდით ყველაფერს ხვალ ავალაგებთ-მეთქი და ეს შეთანხმება, თავის მსუბუქად დაქნევითაც დავადასტურეთ.
-საძინებელში გასვლას აღარ ვგეგმავთ? -შევეკითხე მთქნარებით. ძილით მაინცდმააინც არ მეძინებოდა, თუმცა როცა საათის ისრები ათს გადაცდებოდა, მუდამ მთქნარება მიტყდებოდა ხოლმე
-შენ გადი, მე მინერალურს დავლევ და ახლავე მოვალ
-ბევრი ტკბილეული მოგივიდა არა? -გამეცინა. ყოველთვის ასე იყო, თუკი ერთ ლუკმას მაინც გადაამეტებდა, უსიამოვნო დისკომფორტს გრძნობდა ხოლმე და გაზიანი წყლის დაუოკებელი მოთხოვნილება უჩნდებოდა ამ დროს
-ჰო, მგონი დოზას გადავაჭარბე. გამახსენე ხვალისთვის სპორტ-დარბაზში შევიარო
-აუცილებლად გაგახსენებ, რადგან შენი პრესის ღიპით ჩანაცვლებას პირველ რიგში მე ვერ გადავიტან
-გაჩუმდი რა, მაგ სიტყვის ხსენებაც კი ცუდ ხასიათზე მაყენებს -თავადაც გაეცინა უკვე სამზარეულოსკენ წასულს და ჩემკენ მოუბრუნებლად მომაძახა -მიდი, დაწექი და მეც მალე შემოგიერთდები
საძინებელში მთქნარებით შევედი. ვინაიდან ირგვლივ სრული სიბნელე იყო, ფარდები კი ჩამოფარებული, კედელზე მიმაგრებული, ღამის პატარა სანათით გავანათე იქაურობა. ამ უკანასკნელს, ძილის დროსაც კი არ ვაქრობდით ხოლმე, ჩემი სულელური ამოჩემების გამო, რადგან ბავშვობიდან არ მიყვარდა ისეთ ოთახში ძილი, რომელსაც რამე მცირედი მაინც არ ანათებდა. კიდევ კარგი, ამ მხრივ არც ნიკოლოზს გასჩენია პრობლემა. ბოლო დროს ძილი იმდენად უყვარდა, მაშინაც კი შეეძლო ამის გაკეთება, თუკი პირდაპირ პროჟექტორს დაანათებდი დახუჭულ თვალებზე.
გარდერობის მეორე თაროს, ლამაზად დაკეცილი ჩემი პიჟამა ამშვენებდა. მისი გამოღების შემდეგ, ამ გარდერობის მეორე თანამფლობელის განყოფილებებსაც შევავლე თვალი. თეთრი შურით მშურდა მისი -თავისი ტანისამოსი, იმდენად ლამაზად ჰქონდა შეკეცილი უჯრებში, ასე ეფექტურად მეც კი არ გამომდიოდა ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ვიყავი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. აღნიშნულის გამო, ბევრჯერ პირდაპირ მითხოვია კიდეც საკუთარი უჯრების მოწესრიგებაში დამხმარებოდა.
საღამურის გამოღების მერე, ისინი საწოლზე ლამაზად დავაწყვე, კბილები გავიხეხე და კვლავ ტახტთან ახლოს მივედი და ტანსაცმლის გახდას შევუდექი. ნიკოლოზმა სწორედ იმ მომენტში შემოაღო ჩვენი საძინებლის კარი, როდესაც ბიუსჰალტერის გაჭედილ შესაკრავს ვეწვალებოდი გასახსნელად და როგორც კი შეატყო, მის გახსნა არ გამომდიოდა, სწრაფად მომიახლოვდა, ეს საპატიო მოვალეობა საკუთარ თავს დააკისრა და გაჭედილი შესაკრავის გახსნის შემდეგ, ლიფი საწოლზე დაუდევრად მიაგდო
-მორჩა, საქმე გაკეთებულია -პირდაპირ ყურთან ჩამჩურჩულა ეს სიტყვები. ვიგრძენი როგორ მომეხვია უკნიდან ამის შემდეგ მთელი ძალით და ჩემს მუცელზე დაიწყო ხელების სრიალი, თან ცხელი ტუჩების მწველი შეხებით თითქოს ცეცხლივით მედებოდა ყელის არეებზე და ლამის რეალობისგანაც კი გამოვთიშულიყავი მიღებული სიამოვნებისაგან.
-მიყვარს შენი სხეული -კვლავ ჩემს ყელში თავჩარგულმა ამოთქვა და ამჯერად მხარზე მაკოცა -შენს ბეჭზე დამჩნეული პაწაწინა ხალიც მიყვარს, ის სურნელიც, რომელსაც შენი კანი აფრქვევს, ის გემოც, რაც შენს ტუჩებს აქვთ. ვერც კი წარმოიდგენ ჩემთვის რამხელა სიამოვნება ხარ
-ნიკოლოზ… -სუნთქვაგახშირებულმა ამოვთქვი მისი სახელი, თვალები მაგრად დავხუჭე და უკან გადაგდებული თავი მის ბეჭს ჩამოვადე. იმ წამს, ნათლად ვიგრძენი ჩემთვის საყვარელი გულისცემა და გამეღიმა. ნიკოლოზის და ჩემი გახშირებული სუნთქვა, ლამის მთელს ოთახში ისმოდა და სიჩუმის ნაწილაკებს ერთიანად ფანტავდა.
-რაღაც უნდა გითხრა -სიამოვნების ზენიტში მყოფი, ამჯერად უკვე თავისკენ მიმატრიალა მან, თან მკერდზე ჩამოყრილი თმა ზურგზე გადამიყარა და მეტად კმაყოფილი მზერით შემათვალიერა
-რა უნდა მითხრა?
-პირველ რიგში ის, რომ ტანსაცმლის გარეშე გიჟურად ლამაზი ხარ
-და მეორე რიგში? -გაღიმებულმა შევუცურე ხელები მკლავების ქვეშ და ტკიპასავით ავეკარი მის სხეულს
არაფერი უპასუხია. ამის მაგივრად შუბლზე ნაზი კოცნის კვალი დამიტოვა, ხელში ამიტაცა და პირდაპირ საწოლისკენ წამიყვანა. ამჯერად აღარაფერი მიკითხავს. თითოეულ მის მოქმედებას უსიტყვოდ ვყვებოდი და ვცდილობდი ყველა მომენტი კარგად შემენახა მეხსიერებაში.
ნილოლოზმა ზედმეტად ნაზად, ლამის ფაიფურის თოჯინასავით გადამაწვინა რბილ მატერიაზე, თავადაც ჩემს ზემოდან მოექცა და ლურჯი თვალებიდან გადმოღვრილი თბილი მზერით, ჩემს შიშველ სხეულს მთლიანად მოედო.
-გახსოვს, ცოტა ხნის წინ ენკემ რომ თავისი ძმისშვილის ვიდეოები გვაყურებინა? -მკითხა მოულოდნელად. გამეცინა. ვერც კი მივხვდი, რა შუაში იყო ახლა ეს ყველაფერი, თუმცა მაინც ვუპასუხე:
-მახსოვს, მერე?
ნიკოლოზი ჩემკენ დაიხარა და კიდევ ერთი კოცნა მომპარა.
-მერე ის, რომ მეც მინდა ერთი ასეთი, შენგან
-რაო რა თქვი? -აშკარად ვერ აღიქვა მოსმენილი ჩემმა გონებამ. ნუთუ მართლა იმას გულისხმობდა, რაც ამ წამს გავიფიქრე? ნუთუ ეს რეალურად სურდა?
-რაც გაიგე -ხელები თავს ზემოთ გამიკავა ამის თქმისას, მეორე ხელი კი თმებში შემომიცურა და თავისკენ დამქაჩა -შენ არ გინდა პაწაწინა არსება, რომელიც ხალიჩებზე ოთხზე დამდგარი იხოხებს და სიარულის ჩათვლით ყველაფერს ჩვენ ვასწავლით?
-ნიკოლოზ, მახსოვს შენი დამოკიდებულება ბავშვებთან, პამპერსის გამოცვლაც კი არ შეგიძლია -ელისაბეტის შემთხვევა მოვაგონე და მისი გაცინებაც შევძელი
-მერე რა? ადამიანი გამოცდილებაზე სწავლობს, მეც ერთ-ერთი მათგანი ვიქნები
-ვერ ვიჯერებ -თავი გავაქნიე ჯერ კიდევ მის ქვემოთ მოქცეულმა -შენ ეს მართლა რეალურად გინდა? სრულიად საღ აზრზე მყოფი ამბობ მაგას?
-ასი პროცენტითაც საღ აზრზე მყოფი და ყოველგვარი ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების გავლენისგან თავისუფალი -წამის მეასედიც არ დასჭირვებია მოსაფიქრებლად ისე მომიგო -ახლა კი, პატივი დამდე, გაჩუმდი და მაცადე საქმეს მივხედო -ღიმილიანი მზერა ჩაუდგა ლურჯ თვალებში ამის თქმისას, თავისი მაისური სადღაც ჯანდაბაში მოისროლა და ვნებამორეული დამაცხრა ტუჩებზე.





8 8 8 8

ღამის ორი საათი იყო, როდედაც საწოლზე შეშინებული წამოვვარდი და სუნთქვააჩქარებულმა, მაშინვე გულზე მივიჭირე მარჯვენა ხელი.
საშინელი სიზმარი მესიზმრა. არ ვიცოდი ღამით რა ფიქრები ჩამყვა, თუმცა ჩემს ძილის წარმოსახვებში, ტბის პირას ვიდექი, სრულ სიბნელეში და თვალცრემლიანი ვეძახდი ვიღაცას ჩემთან დაბრუნებულიყო. უზომო ტკივილით მქონდა გასიებული გული იმ წუთას. მართალია, გამოღვიძებულს აღარც კი მახსოვდა, ვის ვუხმობდი ასეთი სასოწარკვეთით, თუმცა ის კი ნამდვილად ვიცოდი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო და სწორედ ეს მაყენებდა ცუდ განწყობაზე.
ზოგადად, ცუდი სიზმრები არასდროს მესიზმრებოდა ხოლმე და მათდამი განსაკუთრებულ შიშსაც განვიცდიდი, ერთი შემთხვევის შემდეგ. ბავშვობაში, როდესაც დაახლოებით რვა წლის ვიყავი, დამესიზმრა, თითქოს ჩემს პატარა ლეკვს-სიმბას, ბებიამ რომ მაჩუქა დაბადების დღეზე, თვალები ცრემლიანი ჰქონდა და საცოდავად წკმუტუნებდა, ორი დღის შემდეგ კი, სიმბა მანქანამ გაიტანა და სამუდამოდ დავკარგე. ამ უბედური შემთხვევის მერე, შიში ჩამყვა, რომ ჩემი თითოეული ღამეული ზმანება, რაღაც მხრივ, რეალობაშიც გადმოინაცვლებდა და ისე მატკენდა გულს, როგორც ეს ცამეტი წლის წინ მოხდა, ჩემი პატარა ლეკვის შემთხვევაში.
ახლაც სწორედ მსგავსი შეგრძნებებისგან ვიყავი შეშინებული. ახალგამოღვიძებულს, მთელი სხეული მიკანკალებდა, ამიტომ, ტუმბოზე დადებული გრაფინიდან, სწრაფად ჩამოვასხი წყალი და დასამშვიდებლად, რამდენიმე ყლუპი მოვსვი. არ მიშველა, თუმცა სამაგიეროდ, ჩემი ხმაურითა და დაუდევრობით, ნიკოლოზის გაღვიძება შევძელი. ამის გამო, გონებაში ათასჯერ მაინც გავლანძღე საკუთარი თავი. კარგი, მე სულელური კოშმარისგან შეშინებულს გამომეღვიძა, მაგრამ მას მაინც რაღატომ ვურღვევდი მყუდროებას? ხომ შემეძლო ცოტათი ჩუმად დამელია წყალი და არც ისე ხმამაღლა მესუნთქა, რომ ჩემი ხმა მთელს ქუჩას გაეგონა?
-რა გჭირს? რამე მოხდა? -თვალების სრესით წამოდგა ნიკოლოზი საწოლზე, თან ღამის ნათურა აანთო და დაკვირვებით შემათვალიერა
-არაფერი, ბოდიში რომ გაგაღვიძე
-სახეზე ფერი არ გადევს -ნიკაპში ხელის ჩავლებით, სახე თავისკენ მიმაბრუნებინა მან -რამე ცუდი გესიზმრა?
-ჰო, თუმცა ბერვი არაფერი მახსოვს. მოდი, დავიძინოთ -ლოყაზე ვაკოცე ამის თქმისას და თავი კვლავ ბალიშზე მივდე. აქედან რამდენიმე წამში, ვიგრძენი როგორ შემომეხვია წელზე მისი მკლავი და ყელზეც მომეფრქვია ნიკოლოზის ცხელი სუნთქვა. მესიამოვნა. თითქოს სიმშვიდეს გადმომცედა თავისი სიახლოვით და ეს სიმშვიდე, ნელ-ნელა იწყებდა დაძაბულობის განდევნას ჩემი ტვინის აფორიაქებულ უჯრედებიდან.
-გინდა აივანზე გავიდეთ და ცხელი შოკოლადის თერაპია ჩაგიტარო? -შემომთავაზა უეცრად. მსგავს თერაპიებს, მარტო მაშინ მიმართავდა ხოლმე, როდესაც ან თავად ვერ იყო რაღაც პრობლემის გამო კარგ გუნებაზე, ან მე. ალბათ ახლაც შემატყო მთლად გადასარევადაც რომ ვერ ვგრძნობდი თავს და გადაწყვიტა კვლავ ნაცადი ხერხისთვის მიემართა.
-ნიკოლოზ, კარგად ვარ, მართლა. ძილი გავაგრძელოთ, ხვალ ადრე უნდა ადგე
-კარგად არ ხარ -თავისკენ გადამატრიალა ამის თქმისას -ძილს რაც შეეხება, კარგად იცი, რომ ღამეში ოთხი საათიც საკმარისია ჩემთვის. ქვიშის ქარიშხლის გიჟურმა გრაფიკმა მაინც თავისი ქნა
დავნებდი. გულის სიღრმეში, არც თავად მინდოდა ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა, რადგან ჯერ კიდევ უსიამოვნოდ მიღრღნიდა გულს იმ სიზმრიდან შემორჩენილი ნეგატიური ფიქრები, დაბურული ტყესავით რომ მოსდებოდნენ მთელს ჩემს გონებას და სიმშვიდის შეგრძნებას, ჩემთან მოახლოების საშუალებასაც კი არ აძლევდნენ.
-კარგი, რამეს მოვიცვამ და გავიდეთ -ოდნავ გავუღიმე ამის თქმისას -გუშინ, შენი საყვარელი მწარე შოკოლადიც ვიყიდე, შეგიძლია ეგეც გამოაყოლო
-მართლა?
-ჰო, თუმცა ჯერ არ ვაჩენდი, განსაკუთრებულ დღეს ველოდებოდი
-რომელ განსაკუთრებულ დღეს? -საწოლიდან წამოდგა და კარადიდან გამოღებული პირველივე მაისური გადაიცვა
-გუშინ ხომ ამბობდი, ხვალ საღამოს ერთ ადგილას უნდა წავიდეთო? -გავახსენე თავისი სიტყვები -მართალია, ჯერ არ ვიცი სად მიგყავარ, თუმცა შოკოლადი ყველა ადგილსა და სიტუაციას ერთნაირად უხდება
-ჰოო? -ტუჩებზე ღიმილი მოჰგვარა ჩემმა სიტყვებმა -მაშინ, რატომ გადაწყვიტე მაინცდამაინც ახლა გაგეხსნა ჩემი შოკოლადი?
-გპირდები, ხვალ ახალს გიყიდი, უბრალოდ ამ წამს ძალიან მომინდა რაღაც ტკბილ-მწარე
-მაგას ვიმახსოვრებ -მითხრა წარბაწეულმა ნიკოლოზმა ღიმილით და საძინებელი ოთახიდან, სამზარეულოში გავიდა, ცხელი შოკოლადის გასაკეთებლად
ოთახში მარტო დარჩენილმა, ღრმად ამოვიოხრე და სახეზე ხელები ჩამოვისვი. ნიკოლოზთან საუბარმა ცოტათი დამამშვიდა, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიყავი ბოლომდე კარგად. გრძნობა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, იმდენად იყო გასიგრძესიგანებული ჩემს შინაგანში, შეუძლებელი იყო ეს ყველაფერი ასე მალე გამქრალიყო უკვალოდ.
საბედნიეროდ, საკუთარ ფიქრებთან განცალკევებით ყოფნა დიდხანს არ დამცალდა, რადგან ათი წუთიც არ იყო გასული ჩემი მარტოობიდან, რომ კვლავ ნიკოლოზმა შემოაღო კარი, ფეხის გამოყენებით, თან, ოთახში, ორი ორთქლადენილი ფინჯანი შემოიტანა.
სახეზე, დაუპატიჟებელი სტუმარივით მეწვია სიამოვნების ღიმილი. ამ ადამიანის ერთი თბილი მზერაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რათა თავი შედარებით უკეთ მეგრძნო და ცხოვრებაც გაცილებით ლამაზი მომჩვენებოდა.
აივანზე, უხმოდ დავსხედით, ჩვენი ფინჯნები ხელში. მე, ნიკოლოზის კალთაში ვიყავი მოკალათებული, ღამის ქალაქის რიტმს ვუსმედი და ვგრძნობდი, როგორ მაცოცდებოდა ნელ-ნელა სხეულზე ნანატრი სიმშვიდე.
მდუმარებაში ჩაძირული, მხოლოდ ჩემს გვერდით მყოფი ადამიანის გულისცემას ვგრძნობდი და ვაცნობიერებდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამ გულის ძგერა.
-სხეული აღარ გიკანკალებს -მუცელზე ვიგრძენი ნიკოლოზის ხელის გასრიალება ამ სიტყვებიდან რამდენიმე წამის შემდეგ. თვალები უნებურად დამეხუჭა. ზოგჯერ, სასიამოვნო ტკივილამდეც კი მივყავდი მისი ოდნავი შეხებისგან გამოწვეულ შეგრძნებებს
-მგონი, შენმა ცხელმა შოკოლადმა ამჯერადაც გაჭრა
-ცხელი შოკოლადის გარდა იცი რა შველის ცუდი სიზმრისგან გამორკვეულ ქალს?
-რა?
-ქმრის მოფერება -იდუმალი ხმითა და ღიმილით მომიგო ნიკოლოზმა -არ გინდა დაგაწყნარო?
-შენ წარმოიდგინე, მინდა -სიცილით ვუთხარი, თან კისერზეც შემოვხვიე ხელები. მაოცებდა, მისი უჩვეულო უნარი ნებისმიერ სიტუაციაში გავემხიარულებინე და კარგ ხასიათზე დავეყენებინე. ეს ალბათ ერთ-ერთი იყო იმათგან, რაც საუკეთესოდ გამოსდიოდა
-აქ ცივა, მოდი ჩვენს საძინებელში შევიდეთ და იქ მოგხედავ
ამ სიტყვებით, მუხლების ქვეშ ცალი მკლავი შემიცურა, მეორე წელზე მომხვია და ხელში ამიტაცა. ოკეანისოდენა სითბოსა და პოზიტივს ასხივებდა მისი ლურჯი თვალები და მეც ამ სილურჯის სიმშვიდეში ვიკარგებოდი, თავიდან ბოლომდე.
-ნიკოლოზ . . .
-ასე რომ იწყებ ხოლმე, ძირითადად რამე ლამაზის თქმა გინდა ჩემთვის
-მოხარშულს მიცნობ -კისერზე მოვხვიე ხელები და მის ყელს ტუჩებით შევეხე. გამეღიმა იმის დანახვაზე, თუ როგორ დაეჭიმა კანზე დამჩნეული ლურჯი ძარღვი, ჩემი შეხებისას და რა გიჟურად დაიწყო ფეთქვა ამ უკანასკნელმა
-კარგი, მიდი, მითხარი, ყურადღებით გისმენ -საძინებლისკენ წამიყვანა ამის თქმისას, თან სითბოთი სავსე მზერას არ მაშორებდა
-არასდროს დამტოვო, კარგი? -კვლავ უწინდელი სიზმრის ფრანგმენტები მიწიწკნიდა გულს და მსურდა ბოლომდე დავემშვიდებინე მის დაპირებას.
ნიკოლოზმა საწოლზე გადამაწვინა, ჩემს ზემოდან მოქცეულმა შუბლზე მაკოცა და მკერდზე თავი დამადო.
-მე უკეთესი აზრი მაქვს -ამოთქვა ჩურჩულით. სანამ რამეს ვკითხავდი, დაამატა:-ნურც ერთი ნუ დავტოვებთ ერთმანეთს. ძალიან რთული იქნება ჩემთვის იმ ადამიანის გარეშე დარჩენა, ვისაც მუდამ ვეკამათები ხოლმე ნამცხვრის ბოლო ნაჭერზე
-დაპირებული მოფერება გავიწყდება -უკვე სრულიად დამშვიდებულმა, ღიმილით შევახსენე
-არ დამვიწყებია, უბრალოდ მანამდე ვხურდები -სიცილით მომიგო, ლურჯ თვალებში კვლავ ნაცნობი სითბო ჩაუდგა და ფრთხილად დაიხარა ჩემი ბაგეებისკენ




8 8 8 8

დილით გამოღვიძებულს, ტუმბოზე თეთრ, ოთხკუთხედ ქაღალდზე დაწერილი წერილი დამიხვდა. ავტორი მატყობინებდა, რომ საღამოსთვის, ერთ მეტად საინტერესო ადგილას ვაპირებდით წასვლას, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებოდით, სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით და მეუბნებოდა სამსახურიდან გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე დაგირეკავ, რათა მომზადება დროულად მოასწროო.
კარგ ხასიათზე დამაყენა ამ წერილმა. გუშინდელი კოშმარისგან მოგვრილი უსიამოვმო შეგრძნებებიდან, ერთი პაწაწინა წვეთიც კი აღარ დარჩენილიყო ჩემს გულში და ამით გახარებული, სწრაფად წამოვდექი საწოლიდან, დილის შხაპის მისაღებად.
ვინაიდან დღეს არასამუშაო დღე მქონდა, გადავწყვიტე ერთი დღე უნივერსიტეტიც გამეცდინა და მშობლების სანახავად წავსულიყავი, რადგან დღევანდელ ღამის რეისზე, იტალიაში აპირებდნენ გამგზავრებას, სამსახურის საქმეებზე, თანაც ორი კვირით. მართალია, მთელი ამ დროის მანძილზე ერთმანეთთან სატელეფონო კავშირი გქვონდა, თუმცა ზაფხულში მომხდარის გამო, პირადად უკვე დიდი ხანი იყო აღარ შევხვედროდით, რის გამოც, ორივენი ძალიან მყავდნენ მონატრებულნი.
აღნიშნული გადაწყვეტილება, შხაპის მიღების პროცესში მივიღე და სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ, შევუდექი კიდეც დასახული გეგმის სისრულეში მოყვანას. იქედან გამომდინარე, რომ დედაჩემის ხასიათი კარგად ვიცოდი, ყველაზე ძვირიანი და ელეგანტური ტანისამოსი ჩავიცვი, რაც კი გარდერობში მომეპოვებოდა, შემთხვევით, მისი დამცინავი გამოხედვის მსხვერპლი რომ არ გავმხდარიყავი. უნდა ითქვას, საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდი შავი ფერის ზამთრის კომბინიზონსში, თეთრ ბერეტსა და ამავე შეფერილობის, ოდნავ მაღალძირიან ფეხსაცმელში. სარკეში ჩახედვისას, თავადაც დავრწმუნდი ამაში, კმაყოფილებით აღსავსე ღიმილით ჩავილაპარაკე სიტყვები "Black is always elegant" და ტაქსის გამოძახების შემდეგ, ჩანთაგადაკიდებული გავედი სახლიდან.
მძღოლმა, დაახლოებით ოც წუთში მიმიყვანა დანიშნულების ადგილამდე. ამდენი თვის უნახავი შენობის დანახვამ, რომელშიც, მთელმა ჩემმა ბავშვობამ განვლო, რაღაც მხრივ, ნოსტალგიის შეგრძნებაც კი გამიჩინა. ვიგრძენი, ის დაცვის თანამშრომლებიც კი მომნატრებოდნენ, მუდამ მგლების ხროვასავით რომ დასტრიალებდნენ ხოლმე ჩვენი სახლის ჭიშკარს და ამ აღმოჩენამ, სახეზე ოდნავშესამჩნევი ღიმილიც მომგვარა.
ვინაიდან, ელენასა და დავითს, ჩემი სახლში შემოშვების აკრძალვა უკვე დიდი ხანი იყო, რაც მოხსნილი ჰქონდათ, დაცვის ბიჭებთან მისალმების შემდეგ, ჭიშკრის მეორე მხარეს, საკმაოდ მალევე აღმოვჩნდი და ხეივნის გავლით, პირდაპირ მთავარი შესასვლელისკენ ავიღე გეზი.
იქაურობა, საერთოდ არ შეცვლილიყო. ყველაფერი ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც იმ დღეს, როცა ვითომ საბერძნეთში მიმავალმა გამოვიხურე კარი, საკუთარი ჩემოდნით ხელში და გეზი, პირდაპირ ბათუმისკენ ავიღე, თვალსაწიერის გასაფართოვებლად.
ცხოვრებაში, ყველაზე მეტად, სწორედ ამ ნაბიჯს არ ვნანობდი. მისი წყალობით გავიგე, როგორი იყო საკუთარ თავზე თვითონ ზრუნვა, გავატარე უამრავი ლამაზი დღე, გავიცანი ენკე და რაც ყველაზე მთავარია, შევხვდი ნიკოლოზს, ვინც სულ რამდენიმე კვირაში გადაიქცა იმ საოცნებო პრინცად, მთელი ბავშვობა სულელი გოგოსავით რომ ველოდებოდი ხოლმე, ლიდიას მიერ, ძილის წინ წაკითხული ზღაპრების გავლენით.
სახლში შესასვლელი მინის კარი, სულ ოდნავ იყო შეღებული. გამიკვირდა. მიუხედავად დაცვის თანამშრომლების სიმრავლისა, ელენა და დავითი, მოსამსახურეებს, მაინც არასდროს აძლევდნენ ხოლმე უფლებას შესასვლელი კარი ღიად დაეტოვებინათ.
იქნებ, საქმე უბრალოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ჩემს წასვლასთან ერთად, ძველი წესებიც აბარგებულიყვნენ ამ სახლიდან და მათ მაგივრად, ახლები იმკვიდრებდნენ ფეხს? ვინ იცის?
სახლის კართან მისულმა, მის ზღურბლს უხმაუროდ გადავაბიჯე და ჰოლში ლამის ფეხაკრებით შევედი, ისე, თითქოს, იქაურობის გასაძარცვად შეპარული ქურდი ვყოფილიყავი. ეს არც გახლდათ გასაკვირი. ნამდვილად ვერ დავდებდი თავს, რომ ჩემს მშობლებს, შესაბამისი რეაქცია ექნებოდათ თავისი შვილის დანახვაზე. ერთი იყო სატელეფონო კონტაქტი, ხოლო მეორე, პირადად ხილვა. სწორედ აღნიშნული ფაქტი მიღვივებდა შიშის გრძნობას და საკუთარ სახლში თამამად შესვლის ყოველგვარ გზას ურცხვად მიკეტავდა.
ჩემები, კვირის ამ დღეს, დროის ამ მონაკვეთში, მუდამ შინ იყვნენ ხოლმე. ვინაიდან ეს კარგად ვიცოდი და არც რაიმე სახის ცვლილებებს ველოდი ხსენებული კუთხით, გეზი პირდაპირ მისაღები ოთახისკენ ავიღე, მათ საპოვნელად. არც შევმცდარვარ. დავითსა და ელენას, იქაურობა ისე უყვარდათ, თავისუფალ დროს, ძირითადად ყოველთვის მანდ ჯდომასა და ჩაის სმაში ატარებდნენ ხოლმე.
ალბათ გიკვირთ, რა ჰქონდა ასეთი განსაკუთრებული ჩვენს მისაღებს. ახლავე გეტყვით. მისი მთელი მშვენიერება იმაში მდგომარეობდა, რომ 3D იატაკზე, მოლივლივე წყლის ილუზიას რომ ქმნიდა, სხვადასხვა ქოთანში ჩარგული, უამრავი უცხოური ჯიშის მცენარე იწონებდა თავს და შიგნით შესვლისას, პირდაპირ წყალზე გაშენებულ ზღაპრულ ორანჟერეაში აგრძნობინებდა თავს ნებისმიერ ადამიანს.
მისაღების ამოჭრილ კართან მისულს, პირველად დავითი მომხვდა მზერის ფოკუსში. იგი, ბუხართან მიდგმული სავარძლებიდან ერთ-ერთში მოკალათებულიყო, შოკოლადისფერ ხალათში გამოწყობილი და მოპირდაპირე სავარძელში მჯდომ, თავისკენ გადმოხრილ ელენას, პლანშეტში რაღაცას აჩვენებდა. ორივენი იმდენად იყვნენ გართულნი განათებული ეკრანის ცქერით, მათი ყურადღების მიპყრობა მხოლოდ მსუბუქად ჩახველების შემდეგ მოვახერხე და შიგნით შესვლის ნებართვის მომლოდინე უცხოელი ელჩივით, ერთ ადგილას მობუზული ჩამოვდექი.
მამამ პლანშეტს თავი მაშინვე მიანება და გაკვირვებული სახით შემომხედა. არანაკლები გაკვირვება იკითხებოდა ელენას მზერაში. მათმა გამომეტყველებამ მიმახვედრა, რომ სანამ თავად არ ვიტყოდი რამეს, ისინი ხმის ამომღებებიც არ იყვნენ, ამიტომ, ერთი ნაბიჯი წინ გადავდგი და ორივეს სათითაოდ გადავხედე.
-აბა, რას იტყვით? -ვიკითხე ხმადაბლა -შემოვიდე თუ ჩემს დანახვაზე ალერგიული ქავილი გეწყებათ და კვლავ ტელეფონის საშუალებით გავაგრძელოთ ურთიერთობა?
დავითს ოდნავ ჩაეცინა. ელენას სახეს კი კვლავაც არ ტოვებდა ჩვეული, მკაცრი გამოხედვა.
-შემთხვევით შენი ქოხი ხომ არ ამოგივიდა ყელში? -მკითხა მან შეფარული ირონიით -თუ ასეა, კარგად მიმოიხედე ირგვლივ და გაანალიზე, საიდან სად გადახვედი საცხოვრებლად
არ მწყენია. აქ მოსვლამდე, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი პირადად დანახვისას, ცდუნებას ვერ გაუძლებდა და აუცილებლად წამკბენდა სიტყვებით. როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ იზეიმა ჩემმა სიმართლემ.
-შენი შვილის სახლში ერთხელაც კი არ შემოგიხედავს, დედა, საიდან იცი, რომ ქოხია? -ამჯერად, თითქოს რაღაც უჩვეულო ძალა ჩამისახლდაო, თამამად შევაბიჯე შიგნით და ბერეტის მოხდის შემდეგ, ბუხართან დადგმულ მესამე სავარძელში ჩავესვენე, მათ გვერდით. იმ წამს, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს დევდარიანების ოჯახი კვლავ ერთ მუშტად შეიკრა და უხილავი წრე შეკრა, რომლის შემადგენელ ნაწილებად ყოფნის უფლებაც მხოლოდ ჩვენ სამს ჰქონდა მონიჭებული.
-ანუ ქოხი არ არის? -კვლავ ირონიის ოკეანე იღვრებოდა დედას ტონიდან -გინდა მითხრა, რომ ისეთივე მაღალი სტანდარტებით ცხოვრობ, როგორც ჩვენთან?
-ელენა, შეეშვი -პირველად ამოიღო ხმა დავითმა მთელი ამ დროის განმავლობაში, თან ფეხზეც წამოდგა და ბუხარში, რკინის საჩხრეკით შეშა გაასწორა -ხომ ხედავ, მან უკვე გააკეთა თავისი არჩევანი და რამდენიც არ უნდა ელაპარაკო, ვერაფერს გახდები
-ჰო, ვხედავ მის არჩევანს. ყველაფერს იმას, რაც ჩვენთან დარჩენის შემთხვევაში ცხოვრებისგან ელოდა, იმ ბიჭის ლამაზი თვალების ყურება ამჯობინა -ამ ყველაფერს ისე ამბობდა, ჩემკენ არც იყურებოდა, თუმცა ბოლოს მაინც მოატრიალა თავი და თვალებში ჩამაცქერდა, ახლადალესილი დანასავით ბასრი მზერით -ერთი მითხარი, სად დავუშვი შეცდომა შენი აღზრდისას? როდესმე მისწავლებია, რომ მხოლოდ გარეგნული მახასიათებლები უნდა გამხდარიყო შენთვის ბიჭის შეფასების კრიტერიუმი და დანარჩენი ყველაფერი ფეხებზე დაგეკიდებინა?
-დედა, გთხოვ, შეწყვიტე -მანტოც გავიხადე ამის თქმისას, რადგან ბუხრის წინ მჯდომს, ძალიან დამცხა -მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებად ითვლებოდა, მაინც გამუდმებით ცდილობდი ყველა სქელჯიბიანი გაგეცნო ჩემთვის, ვისაც კი იგრეკ ქრომოსომა ჰქონდა. ოდესმე თუ დაფიქრებულხარ იმაზე, რომ საერთოდ არ გააჩნდათ ჩემს თვალში ხიბლი გატუტუცებულ, მამიკოს ბიჭებს, ვინებისთვისაც, ტრაბახის თემა გამხდარიყო თავიანთი სოციალური სტატუსი? ოდესმე, შეგიმჩნევია, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა მჭირდებოდა?
-შენ, ჩემო კარგო, ყველაფერს ვარდისფერი სათვალით უყურებ და სიყვარულის საზომით ზომავ -აღნიშნა დარწმუნებით დედამ, თან დავითს გადახედა, ისე, თითქოს მისგან ნოტარიული კუთხით ელის დამოწმებასო -მაგრამ ეგ გრძნობა, ერთ დღეს აუცილებლად გახუნდება. სწორედ მაშინ, როცა ვეღარც ახალ ძვირადღირებულ სამკაულებს დაინახავ შენს ზარდახშაში და მანეკენზე ჩაცმულ ლამაზ კაბებსაც, მოწყენილი სახით აუვლი გვერდს იმის გამო, რომ თუ მათ შეიძენ, კომუნალურების გადასახდელს ფულს მოაკლდება. აი, მერე ნამდვილად მიხვდები რა ბრიყვული შეცდომაც დაუშვი შენი დაუფიქრებელი ნაბიჯით
გული მეტკინა. ქალი, რომელმაც ოცდაერთი წლის განმავლობაში მზარდა, იმ დონემდეც კი არ მიცნობდა, რომ გაეგო, რამდენად მეორეხარისხოვანი გახლდათ ჩემთვის ის ყველაფერი, რაც ცოტა ხნის წინ ჩამოთვალა. საშინლად უსიამოვნო შეგრძნებებით ამავსო ამის გათვიცნობიერებამ.
-ერთი ეს მითხარი, დედა -მისკენ გადავიხარე და ისე დავიწყე. დავითი კვლავ მდუმარების მორჩილი იყო და ჯერ-ჯერობით, მხოლოდ გარეშე პირის სტატუსით ესწრებოდა ჩვენს დაძაბულ დიალოგს -ოდესმე, შენს მიერ ნაყიდი ორას და სამასკარატიანი ბრილიანტის ყელსაბამები მკეთებია, თუკი თავად არ დამაძალებდი მის ტარებას, უაზრო წვეულებებზე თავის წარმოჩენის მიზნით? ან, როდის დაგინახავს, რომ ოციათას დოლარიანი კაბების გარეშე ჰაერის უკმარისობა დამწყებია? ჩემთვის მთავარი ისაა, კარგად გამოვიყურებოდე და თუ ტანისამოსის ღირებულება ტელეფონის ნომერს არ მაგონებს, ამას არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
ელენა გაჩუმდა. ალბათ, ის არგუმენტები შემოეძარცვა, რომლებითაც კიდევ შეძლებდა ჩემთვის კბენას და ამის გაცნობიერებამ, მეც შვებით ამომასუნთქა. ბოლო-ბოლო, აქ საჩხუბდად კი არა, მათ სანახავად ვიყავი მოსული და დიალოგის მსგავსი კუთხით წარმართვა ნამდვილად არ იჯდა ჩემს ინტერესებში.
-თქვენ როგორ ხართ? -ვკითხე გაღიმებული სახით, რათა ცოტაოდენი პოზიტივის შემოტანით მაინც გადამეჭრა ჩვენ სამს შორის უხილავად გავლებული, დაძაბულობის ძალით გამაგრებული ძაფები. დავითიც სწორედ იმ წამს მორჩა ბუხრის საჩხრეკით ნაკვერჩხლებში თამაშს და კვლავ კუთვნილ სავარძელზე დაიკავა ადგილი.
-ორი დღის წინაც დაგვისვი ეგ კითხვა და გითხარით, მშვენივრად ვართ-მეთქი -მომიგო მან მედიდური სახით -მას მერეც არაფერი შეცვლილა
ნერვები მომეშალა. არა, ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო და ჩემს მოთმინების ფიალასაც გამოეცალა ისედაც მორყეული ძირი.
-კარგით რა ხალხო, რა უჟმური სახეებით მელაპარაკებით?! -ვერც კი გავიგე ისე ავუწიე ხმას ამის თქმისას -ექვსი თვეა თვალით არ გინახივართ და დავიჯერო საერთოდ არ მოგენატრეთ?
-თვითონ თუ შეგაწუხა მაგ გრძნობამ, აქამდეც უნდა მობრძანებულიყავი -აშკარად ნაწყენი ხმით მითხრა დედამ, თუმცა ამასთან დაკავშირებით, მეც მქონდა ჩემი გასამართლებელი მიზეზი და ეს, არც დამიმალავს:
-ზუსტად იმიტომ არ მოვდიოდი, რომ ვიცოდი ასეთ "თბილ" დახვედრას მომიწყობდი -მერე დავითს გადავხედე და მზერა მასზე უფრო დიდხანს გავაჩერე -შენ რას იტყვი მამა? ვაპირებთ ნორმალური ოჯახივით საუბარს, თუ გირჩევნიათ ჩავიცვა და ახლავე წავიდე?
რამდენიმე წამის განმავლობაში, სიჩუმე სქელ ნისლად გაწვა ჩვენს თავზე. არც ერთი არ ვიღებდით ხმას. მხოლოდ ხმადაბალი სუნთქვით ვარღვევდით მდუმარებას და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ უეცრად, დავითი კვლავ არ წამოდგა ფეხზე.
-მოდი აქ -მითხრა მან ჩვეული, ამაყი მზერით, თუმცა მაინც დავინახე როგორ ოდნავშესამჩნევად შეეპარა ტუჩის კუთხეში ღიმილი. მეც ინსტიქტურად დავყევი მის ნებას, მანტო სავარძლის სახელურზე გადავფინე, იქედან სწრაფად წამოვდექი და პირდაპირ მამას დავუდექი წინ.
-დიდი იმედი მაქვს სილას არ გამაწნი -ვთქვი ოდნავ ეჭვიანი ტონით
-ოდესმე შენთვის გამირტყამს ანტონია?
-არა, არასდროს -თავი გავაქნიე. ნამდვილად ასე იყო -რაც არ უნდა დამეშავებინა, დავითს ჩემზე ხელის აწევა არასდროს გამოსდიოდა ხოლმე და ამას ურყევი კანონივით ჰქონდა გადგმული ფესვები ჩვენს ოჯახში
-ჰოდა, არც ახლა მოხდება ეგ -თმაზე ხელი ჩამომისვა ამის თქმისას, მერე კი, მხარზე ხელის მოხვევით, თავისკენაც მიმიზიდა და გულში ისე მაგრად ჩამიკრა, რომ მთელ სხეულზე მომედო აუტანლად სასიამოვნო სითბო. ლამის ტირილიც კი დავიწყე უეცრად მოწოლილი სიხარულისგან. როგორი უხეში და უსიამოვნოც არ უნდა ყოფილიყო მამაჩემი სხვა ადამიანებთან მიმართებაში, მაინც მუდამ ვგრძნობდი, რომ მეც და დედაც, ორივენი სიგიჟემდე ვუყვარდით და ასევე უპირობოდ მიყვარდა იგი, მეც.
-ელენა შენც მოდი, მანდ ნუ ზიხარ -უთხრა მან ჯერ კიდევ სავარძელში მოკალათებულ ცოლს, ვინც დაკვირებით გვათვალიერებდა შორიდან -თავის შეკავება საჭირო არ არის, ვიცი, თვითონაც ძალიან გინდა ჩვენს პატარა ავანტიურისტს მოეფერო
მსუბუქი ღიმილი გაკრთა დედას სახეზე მოსმენილი სიტყვების შემდეგ. რამდენიმე წამით, ჩაფიქრებული მიშტერებოდა კედელზე დაკიდებულ ბუნების ლამაზ პეიზაჟს, ერთი წლის წინ, საქველმოქმედო აუქციონზე რომ ჰქონდა ნაყიდი, მერე, იაპონური ჩხირებით კოსად აკრულ თმაზე ხელი გადაისვა, ფეხზე წამოიმართა და კიდევ ერთხელ შემოგვხედა ორივეს, ამჯერად უფრო ფართე ღიმილით.
-შენს მეამბოხე ქალისშვილს უთხარი, რომ ბრაზს ჯერ კიდევ არ გადაუვლია ბოლომდე -მიმართა მან დავითს, თუმცა ყურებით, მე მიყურებდა -უბრალოდ ახლა ძალიან მინდა ჩავეხუტო
-მაგ მეამბოხე ქალისშვილს, ყველაფერი გარკვევით ესმის და თავისთანაც გიხმობს -ვუთხარი სიცილით, თან მამის მკლავებში მოქცეულმა, ელენასკენ გავიწვდინე მარჯვენა ხელი
კიდევ რამდენიმე წამიც და დევდარიანების ოჯახმა, ერთი პატარა მთლიანობა შეკრა.
ღირდა . . .
მშობლების სითბოს კვლავ შეგრძნება ნამდვილად ღირდა იმ უსიამოვნო დიალოგის გადატანად, სულ რამდენიმე წუთის წინ რომ მიმდინარეობდა ჩვენს შორის.
იმ დღეს, საკმაოდ გვიანობამდე შემოვრჩი ჩემს უწინდელ სახლში. დავითთან და ელენასთან საუბარიც აღარ იყო დაძაბული და ძირითადად, ჩემი ბავშვობის მოგონებების გახსენებას შეეხებოდა. ბუხრის წინ, მოგიზგიზე ცეცხლთან მოკალათებულებმა, სქელყდიან საოჯახო ფოტოალბომებსაც კი გადავავლეთ თვალი, მასში აღბეჭდილ კადრებზეც ბევრი ვიცინეთ და ზუსტად ისეთი დრო გავატარეთ, როგორზეც, ტაქსის მანქანაში მჯდომი, აქეთკენ მომავალი ვოცებობდი.
ამის შემდეგ უკვე, ჩემთვის უსაყვარლესი და ფაქტობრივად მეორე დედის, ლიდიას მოსანახულებლად გავეშურე, სამზარეულოში. უნდა გენახათ როგორ გაუხარდა ჩემი დანახვა. სიხარულისგან იტირა კიდეც და გულშიც ისე ჩამიკრა, როგორც ფრონტის ხაზიდან დაბრუნებული შვილი, ვისი კიდევ ერთხელ ნახვის იმედიც უკვე გადაწურული ჰქონდა. ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ მე და ლიდიამ. ის ამბებიც დაწვრილებით მომიყვა, როგორ შემოიპარა ჩვენს სახლში ნიკოლოზი, მებაღის სტატუსით, როგორ ცდილობდა ჩემზე ინფორმაციის მოპოვებას და როგორ მწარედ გააცურა საბრალო ლიდია. მეღიმებოდა ამ ყველაფრის მოსმენაზე. ვხვდებოდი რა არანორმალურ, არაორდინალურ ადამიანთანაც მქონდა საქმე და ეს ფაქტი, ერთიორად ზრდიდა მისდამი ისედაც უჩვეულო მიზიდულობას.
საათის ისრები დაახლოებით ექვსის ნახევარს უჩვენებდნენ, როდესაც ყველას დავემშვიდობე, დაცვის ბიჭების ჩათვლით და იმით უზომოდ გახარებული, რომ მშობლებმა დამაბარეს, ჩვენი იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, კიდევ შემოგვიარეო, დავითის პირადი მძღოლის მანქანაში ჩავჯექი, ვისაც მამაჩემის თხოვნით, სახლამდე უნდა მივეყვანე.
მართალია, შემეძლო კიდევ უფრო დიდხანს დავრჩენილიყავი, რადგან ჩემი მშობლების რეისი რვისთვის იყო დანიშნული და ჩემოდნებიც უნვე ბოლომდე ჰქონდათ ჩალაგებული, თუმცა მახსოვდა, რომ მე და ნიკოლოზს, ამ საღამოსთვის რაღაც გეგმები გვქონდა, მისი ორი საათის წინ გამოგზავნილი შეტყობინებაც ამშვენებდა ჩემი მობილურის ეკრანს, სადაც მწერდა ექვსისთვის უკვე სახლში ვიქნებიო და სწორედ ეს გახდა ჩემი იქედან დროზე ადრე წამოსვლის მიზეზიც.
შინ მისვლამდე, მთელი გზა ველოდი მის ზარს. წესით აქამდე უნდა დაერეკა კიდეც, რათა გამეგო, დამეწყო თუ არა მომზადება ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ჩემი ტელეფონი საეჭვოდ დუმდა. სახლის კარის შეღების მერეც არ ყოფილა რამე სიახლე. არც თავად მოდიოდა, არც შეტყობინებას მიგზავნიდა და არც რამე ისეთს, რითაც გამაგებინებდა, ჯერ კიდევ ძალაში იყო თუ არა ჩვენი საღამოს გეგმები.
ლოდინი რომ საკმაოდ დიდხანს გაიწელა და კედლის საათმაც შვიდის შესრულება მამცნო, გადავწყვიტე მის ზარს აღარ დავლოდებოდი და თავად დამერეკა. სამწუხაროდ, აქაც სრული ფიასკო განვიცადე. ზარის გაშვებიდან ორი წამის შემდეგ, ტელეფონი ავტომოპასუხეზე გადაირთო და ხმოვანი შეტყობინების დატოვება მთხოვა.
-ნიკოლოზ სად ხარ? -მობილურს ხელი მაგრად მოვუჭირე და ყურმილს ოდნავ განერვიულებულმა ჩავძახე, რადგან დღევანდელ დღემდე, მისგან მსგავსი მოქცევა არ მაგონდებოდა -შენს ზარს ველოდები. როგორც კი ამას მოისმენ, იცოდე მაშინვე გადმომირეკე, ვნერვიულობ.
კიდევ ერთი საათი გავიდა უაზროდ ლოდინში . . .
ახალი კვლავაც არაფერი ისმოდა ნიკოლოზისგან. ათასჯერ მაინც დავურეკე და ორი ამდენი ხმოვანი შეტყობინება დავუტოვე, თუმცა შედეგი მაინც ნული იყო. საკმაოდ ცუდად მენიშნა ეს ყველაფერი. სახლში მარტო დარჩენილმა, არც კი ვიცოდი რა მომემოქმედა. ამხელა ქალაქში, მის მოსაძებნად გასვლაც რომ ვერ იყო მთლად გონივრული ვარიანტი, ალბათ თქვენც დამეთანხმებით.
საკუთარ თავს ჩიხში მიმწყვდეულად ვგრძნობდი, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. მართლა აღარ ვიცოდი რა მექნა. ერთადერთი გამოსავალი, რისი მოფიქრებაც იმ პერიოდში ჩემს აფორიაქებულ ტვინს გამოუვიდა, ეს აარონთან დარეკვა იყო.
გონება უკვე აღარ მაწვდიდა დამატებით იდეებს, თუ რა ხერხისთვის უნდა მიმემართა, მასთანაც რომ ვერ მომეხერხებინა კავშირზე გასვლა, თუმცა საბედნიეროდ, ჩემი შიშები არ გამართლდა და აარონმა, ზარს საკმაოდ მალე უპასუხა. ცოტათი დამამშვიდა კიდეც მისი ხმის გაგონებამ. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მთლად მარტოც აღარ ვიყავი, საკუთარი შიშის წინაშე.
-ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ? -ვკითხე, თან დივნის სახელურზე ჩამოვჯექი
-არა, არა, ზუსტად ამ წამს შემოვედი სახლში -მანქანის გასაღების ასხმის, მაგიდაზე დაგდების ხმაც გავიგონე, როცა ეს მითხრა -მოხდა რამე? რაღაც შენი ხმა არ მომწონს
-არ ვიცი, ნოკოლოზს ვერ ვუკავშირდები, ტელეფონი გამორთული აქვს და ვიფიქრე, სანამ ქსელიდან გაითიშებოდა, შენ ხომ არ გითხრა რამე-მეთქი
აარონმა, დუმილი რამდენიმე წამის განმავლობაში გაწელა.
-არა, მელინა, მასთან გუშინს მერე არ მისაუბრია -მითხრა ბოლოს ყოყმანით -შეიძლება სამსახურში შეყოვნდა და ვერ გპასუხობს, მაგაზე არ ინერვიულო
-ეგეთ დროს შეტყობინებას მიგზავნიდა, ახლა კი საერთოდ გამორთული აქვს მობილური
-იქნებ ელემენტი დაუჯდა? -მორიგმა შესაძლო ვერსიამ გაიჟღერა აარონისგან, შექმნილი სიტუაციის ასახსნელად
-ელემენტის ბანკი მუდამ თან დააქვს ხოლმე, დატენვას მაინც მოახერხებდა
საათს კიდევ ერთხელ გავხედე. არა, ნამდვილად უნდა დაბრუნებულიყო აქამდე.
-კარგი, აარონ, მეგონა შენ მაინც იცოდი რამე -ვუთხარი შუბლის სრესით -ცოტა ხანში ისევ ვცდი დარეკვას, იქნებ კავშირზე გასვლა შევძლო
-სამსახურიდან, პირდაპირ სახლში აპირებდა დაბრუნებას? -შევამჩნიე, თავადაც დაეტყო ხმაში ოდნავი ნერვიულობა და მეც უფრო მეტად დავიძაბე
-ჰო, ჩემთვის უნდა გამოევლო, საღამოსთვის რაღაც გეგმები გქვონდა. რატომ მეკითხები?
დუმილი, წინანდელზე უფრო დიდხანს გაიწელა, ბოლოს კი, იგი კვლავ აარონის ხმამ ჩაანაცვლა, ისე, როგორც პირველ ჯერზე.
-პოლიციაში ნაცნობები მყავს -თქვა მან -თუ სამსახურიდან სახლში წამოვიდა, ამ გზაზე ბოლო ორი საათის კამერების ჩანაწერებს ამოიღებენ და მანქანასაც მარტივად იპოვნიან, ნომრის მიხედვით
-სერიოზულად ამბობ? -თითქოს ჩემს გულზე მაგრად მოჭერილი მარწუხები მოუშვა მისმა სიტყვებმა. შვებით ამოსუნთქვაც შევძელი იმ წამს
-ჰო, სერიოზულად -დამიმოწმა წამსვე -არც ისე დიდი ხნის საქმეა, ჩემს ზარს დაელოდე
-გმადლობ, აარონ, საუკეთესო ხარ!
-საუკეთესო, საუკეთესოთა შორის! -სიცილით შეიტანა შესწორება ჩემს ნათქვამში და ჩვენს შორის კავშირიც სწორედ ამ ნაწილში გაწყდა
მოლოდინის პროცესში, საძინებელ ოთახში გავედი და შედარებით უფრო თავისუფალ ტანსაცმელში გამოვეწყვე, რადგან მივხვდი, დღევანდელი საღამო აღარ შედგებოდა. ამას არც ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარი იყო, ნიკოლოზი მენახა შინ დაბრუნებული და სახლშიც ისევე სასიამოვნოდ გავატარებდით დროს, როგორც მის გარეთ.
იმის გამო, რომ აარონის ზარი არ გამომპარვოდა, ტელეფონს ხმა ბოლომდე ავუწიე და ეს უკანასკნელი, სპორტული შარვლის ჯიბეში მოვათავსე. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ მალევე გადმომირეკა, თუმცა მისაღებში ორმოცწუთიანი ბოლთის ცემისას რომ დიდი ხნის ნანატრი ზარის ხმა გამოსცა მობილურმა, წამის მეასედიც კი არ დამიცდია ისე დავაწექი ყურმილის ასაღებ მწვანე ღილაკს.
-გისმენ . . .
-მელინა, მისამართს ლოკაციით გიგზავნი და იქ მოდი, კარგი?
-რა ხდება აარონ? -აშკარად არ მომეწონა მისი ხმის ტემბრი. ან, იქნებ უბრალოდ პარანოია მქონდა და რაღაცები მეჩვენებოდა?
-მართალი გითხრა, ბევრი მეც არაფერი ვიცი -არა, ნამდვილად არ მომჩვენებია და ცუდად შენიღბული განერვიულებული ტონი, აშკარად გასცემდა მის მოჩვენებით სიმშვიდეს. ამაში, საბოლოოდ ახლა დავრწმუნდი -ნიკოლოზის ავტომობილს, ხიდთან გაჩერებულს მიაკვლიეს, თუმცა სალონი ცარიელია და არც მანქანის კარებებია ჩაკეტილი. მხოლოდ მისი პირადი ნივთები დახვდათ ადგილზე, მობილურის გამოკლებით
-კი მაგრამ, თვითონ სად უნდა წასულიყო? -მთელ სხეულში, შიშით ნაკვები ცივივე მქონდა გამჯდარი და ნელ-ნელა ვგრძნობდი, როგორ მეყინებოდა ტელეფონზე მოჭერილი ხელის თითები
-არაფერი ვიცი, მელინა. ადგილმდებარეობა უკვე გამოგიგზავნე შეტყობინებით. ტაქსი გააჩერე და მოდი. თუმცა არა, მე თვითონ გამოგივლი და წაგიყვან, მანდ დამელოდე
-უკვე გამოსული ხარ?
-ჰო, ამ წამს გზაში ვარ. დაახლოებით ათ წუთში შენს სახლთან ვიქნები და როცა სიგნალის ხმას გაიგებ, მაშინვე გამოდი, კარგი?
-კარგი, კარგი . . . ჰო მართლა, ახლა ნიცაც შენთანაა?
-არა, ნიცა სვანეთშია, სადღაც მიყრუებულ სოფელში, მეგობრებთან ერთად -მომიგო სწრაფად -წესით ოთხ დღეში უნდა დაბრუნდეს, თუმცა ტელეფონიც კი არ იჭერს იქ, რათა დავურეკო და რამე შევატყობინო
-გასაგებია
-მელინა, ნუ ინერვიულებ. დარწმუნებული ვარ ნიკას თავს ყველაფერი რიგზეა -ალბათ საშინელი ხმა მქონდა, რადგან თავადაც განერვიულებული, ისევ ჩემი გამხნევების მცდელობაში იყო
-მალე მოდი რა, აარონ -მხოლოდ ამის თქმა შევძელი საპასუხოდ, მერე კი, მოსმენილი ამბისგან მუხლებში ძალაწართმეული, სახეზე აფარებული ხელებით დავენარცხე დივნის ზედაპირს
აღნიშნულ მომენტში, თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა. როგორ შეიცვალა ყველაფერი ასე მოკლე დროში? ჯერ კიდევ დილით, იმაზე ვფიქრობდი, რა ადგილას შეიძლებოდა წავსულიყავით დღევანდელ საღამოს, ახლა კი, მთავარ კითხვად ის ქცეულიყო, სად იყო ამ წამს ნიკოლოზი?
მისაღების განათებულ ოთახში მჯდომს, იმ წამს კადრებიც კი გაწელილად მოძრავი მეჩვენებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში ვიცოდი არ მიპასუხებდა, ნიკოლოზთან დარეკვა კიდევ ერთხელ ვცადე.
რა თქმა უნდა, ამაოდ. ჩემთვის სასურველი ადამიანის მაგივრად, კვლავ ეს წყეული ავტომოპასუხე მესაუბრებოდა და მეც ვგრძნობდი, რომ ამ უკანასკნელის ხმა ზუსტად ისევე შემძულებოდა, როგორც ბროკკოლის წვნიანი მძულდა ბავშვობაში.
-ჯანდაბა, სად ხარ, სად? -ამოვთქვი ისე, რომ ვერც კი გავიგე როგორ გადავაქციე საკუთარი ფიქრები, სიტყვებად. გარეთ უკვე საკმაოდ ბნელოდა და ქუჩაშიც ლამპიონები იყო ანთებული. ოდნავ წვიმდა კიდეც და ციდან წამოსული წვეთების შხაპუნა ხმა, მდუმარების მორევში ჩაძირულ სახლში, საკმაოდ მკაფიოდ შემოდიოდა.
ჩემს ხელში მოქცეული მობილური კიდევ ერთხელ აზუზუნდა. სანამ თავს ავწევდი და ეკრანს დავხედავდი, ვიფიქრე კვლავ აარონი რეკავს-მეთქი, თუმცა ამჯერად, თვით ენკე შემრჩა ხელთ.
-გისმენ
-რა მოხდა, რა ხმა გაქვს?
როგორც ჩანს, ჩემი ამჟამინდელი ხმის ჟღერადობა, ყველას ერთნაირად აშინებდა.
-რისთვის რეკავ, ენკე? -ვკითხე ისე, თითქოს დღის თორმეტსაათიანი მონაკვეთი, ორასკილოგრამიანი ტომრების თრევაში გამეტარებინოს და ახლა, ძილში წასულს, ურცხვად მაღვიძებდნენ სატელეფონო ზარის მეშვეობით
-ნიკას ვურეკავდი, საქმე მაქვს, თუმცა ვერ ვუკავშირდები -ამოთქვა მეტად დაბნეულმა. აშკარად იმის ფიქრში იყო, რა ბზიკმა მიკბინა იმ წამს -თუ შენს გვერდითაა, შეგიძლია ტელეფონი მიაწოდო?
თვალები სიმწრისგან დავხუჭე. ნეტავ, ახლა მართლა ჩემს გვერდით ყოფილიყო და არა სადღაც, ჯერ კიდევ დაუდგენელ ადგილას.
-არ არის ჩემთან ერთად, ენკე -ვუთხარი გატეხილი ხმით და გადავწყვიტე სანამ დამატებით კითხვებს დამისვამდა, ისტორიის სრული ვერსიაც მეამბო -მისი მანქანა ხიდთან იპოვეს, ცოტა ხნის წინ, თუმცა შიგნით არავინაა. მალე აარონი გამომივლის და ჩვენც იმ ადგილას უნდა წავიდეთ. შენც მოდი რა, მჭირდები
-მოიცა, მოიცა, მელინა, რა ხიდი? რა ცარიელი მანქანა? -ალბათ, ბევრი ვერაფერი გაიგო ჩემი აბდაუბდა საუბრიდან, თუმცა დამატებითი ცნობები არც თავად მქონდა, რათა ისიც ნათლად გამერკვია საქმის ვითარებაში -ნორმალურად ამიხსენი რა მოხდა და სად არის შენი ქმარი?
-ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვი, ენკე. ერთადერთი, რაც შემიძლია ისაა, რომ ადგილმდებარეობა გამოგიგზავნო შეტყობინებით. დანარჩენს იქ გავარკვევთ
-კარგი, კარგი, ახლავე გამომიგზავნე, გელოდები
-ფრთხილად იარე, კარგი? შენც ნუ დამემატები სადარდებლად
-მელ, გამოუშვი ეგ დაწყევლილი ლოკაცია და ჩემი სპიდომეტრის კონტროლსაც შეეშვი. კარგად იცი, ისედაც გიჟივით რომ დამყავს მანქანა
-კარგი, კარგი, ვაგზავნი -მერე თვალები დავხუჭე, ღრმად ამოვიოხრე და ვკითხე -ხომ ყველაფერი კარგად იქნება, ენკე?
-უნდა იყოს, მელინა, უნდა იყოს. -მომიგო დამაიმედებელი ხმით -სხვა რამეზე ფიქრი ახლა ყველაზე ნაკლებად მინდა -რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ესეც დამაატა და ყურმილი მანამ დაკიდა, სანამ კიდევ მოვასწრებდი ხმის ამოღებას
თუმცა რაღა უნდა მეთქვა? სათქმელი მეტად არც არაფერი მქონდა, ამიტომ, მაშინვე შეტყობინებების ველში შევედი და აარონის მიერ გამოგზავნილი ლოკაცია, პირდაპირ ენკესთან გადავამისამართე.





8 8 8 8

შემთხვევის ადგილას მისული, მანქანიდან მანამ გადავხტი, სანამ აარონი მოასწრებდა გადმოსვლას და პირდაპირ ჩემთვის კარგად ნაცნობი "ჰონდასკენ" გავიქეცი. არ ვიცი რას ველოდი იქამდე მიღწეული, მაშინ როცა კარგად ვიცოდი, ნიკოლოზი შიგნით არ დამხვდებოდა, მაგრამ ჩემს გულს, ჯერ კიდევ სურდა ყველაფერი საკუთარი თვალებით ეხილა, რათა ბოლომდე დარწმუნებულიყო იმაში, რაც მხოლოდ სხვისგან ჰქონდა მოსმენილი.
სამწუხაროდ, რეალობა სწორედ ისეთივე მწარე აღმოჩნდა, როგორსაც მთელი მგზავრობის განმავლობაში ელოდა ჩემი ქვეცნობიერის ერთი ნაწილი. სალონში, ყველაფერი უკლებლივ იყო -ნიკოლოზის პირადი ნივთები, მისი საფულე, სუნამო, სარკის უკან ჩამაგრებული მართვის მოწმობა და უსადენო ყურსასმენებიც კი, თუმცა თავად მათი პატრონი არსად ჩანდა.
ირგვლივ, სამაშველოს, პოლიციისა და სასწრაფოს მანქანები მოგჭრიდათ თვალს. დაძაბულობა და ჩოჩქოლი იგრძნობოდა ყოველ კუთხე-კუნჭულში, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა აქ ან, რისთვის იყო საჭირო ამხელა მობილიზება.
უკან გავიხედე. ჩემკენ აარონი მოემართებოდა საეჭვოდ განერვიულებული სახით. ამ უკანასკნელმა, ახლოს მოსვლის თანავე მომკიდა მკლავზე ხელი, გასამხნევებლად ოდნავ გამიღიმა და ჩემთან ერთად დაიძრა ხიდის მოაჯირთან რაციით ხელში მდგომი ახალგაზრდა, პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცისკენ, ვინც მზერას წამითაც აქ გვაშორებდა, მას შემდეგ, რაც შეგვამჩნია.
საკმაოდ ცუდად მენიშნა ეს ყველაფერი. მართალია, ნიკოლოზი არსად ჩანდა, თუმცა რატომ იყო მისი მანქანა გაჩერებული მაინცდამაინც ხიდთან ახლოს, ან, რა ესაქმებოდათ აქ საპატრულოსა და სასწრაფოს თანამშრომლებს? თითოეული ეს კითხვა, მართლაც ფუტკარივით მიბზუოდა, ისედაც გაურკვევლობის ბურუსში გახვეულ გონებაში და აზრებითაც ყოველივე ნეგატიურისკენ მივყავდი.
ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ პოლიციელს რომ მივუახლოვდით, აარონმა მას ხელი ჩამოართვა. როგორც მისალმებიდან გამომდინარე მივხვდი, ამ მამაკაცს ედუარდი ერქვა და ის და აარონი, ახლო მეგობრები იყვნენ.
-რა ჯანდაბა მოხდა ამ ადგილას? -ხელის გაშვების თანავე ჰკითხა მას აარონმა -ახლა არ თქვა, რომ ზუსტად ის ხდება, რაც ამ წამს გავიფიქრე
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აარონს ისიც კი აღარ გახსენებია ეს ადამიანი ჩემთვის გაეცნო, თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, ოღონდ კი რაღაც მაინც გამეგო იმ ადამიანზე, ვისზეც უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში არ მსმენოდა არავითარი სიახლე.
-ვერაფერს გეტყვი, ძმაო -თავი უიმედოდ გადააქნია ფორმიანმა, რის შემდეგაც სამაშველო მანქანისკენ ანიშნა მზერით -ცოტა ხნის წინ, ინციდენტი მოხდა. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი თინეიჯერი ბიჭი გადავარდა ხიდიდან და ერთი საათის უკან წაიყვანა სასწრაფომ -კეფაზე გადაისვა ხელი ამის თქმისას, თან რაციაც ჩაიმაგრა ბუდეში -ბევრს ვერაფერს იხსენებს, მხოლოდ იმას რომ ვიღაცამ გადაარჩინა, მაგრამ მისი სახე ვერაფრით აღიდგინა მეხსიერებაში
-მოიცა, მოიცა -ვერც კი გავიაზრე ისე ჩავერიე მათ საუბარში. მართალია მთლად ზრდილობის ნორმებშიც ვერ ჩაჯდა ჩემი უეცარი შეჭრა, თუმცა ამით ახლა ყველაზე ნაკლებად გახლდით დაინტერესებული -ანუ დიდი შანსია იმისა, რომ ეს იდუმალი გადამრჩენელი ნიკოლოზი იყოს?
პოლიციელმა დაკვირვებით შემათვალიერა. ალბათ, დაითრგუნა კიდეც იმდენად შეშინებული სახით ვუყურებდი იმ წამს.
-დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი -მომიგო მან შეპარვით -თუმცა არც მაგ ვერსიის გამორიცხვა შემიძლია, მით უმეტეს, რომ მანქანა აქ დგას, შიგნით კი არავინაა
აარონმა მკლავზე უფრო მაგრად მომიჭირა. ალბათ, მარტივად იგრძნო ამ პასუხის შემდეგ მოგვრილი ის სისუსტე, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე რომ დაეპატრონა ჩემს სხეულს და ლამის მუხლებში ჩამკეცა.
-ედუარდ, ის ბავშვი ნამდვილად ვერაფერს იხსენებს მასზე, ვინც გადაარჩინა? -ჰკითხა აარონმა გატეხილი ხმით, მე კი თვალები დავხუჭე უეცრად გულის არეზე, მძიმე ლოდივით დაწოლილი ტკივილის გამო
-არ ახსოვს. როგორც გითხარი, ნარკოტიკული საშუალებები ჰქონდა მიღებული და ვერ გაარჩია მისი სახე. მარტო იმას ამბობს, დინების გამო, სუნთქვა აღარ ჰყოფნიდა და ბოლო წამს, მთელი ძალა მოიკრიბა, რათა მე მაინც მოვესროლე ნაპირისკენო -მერე კვლავ ხიდისკენ გაიხედა და მწუხარე ხმით დაამატა -ახლა მყვინთავები უკვე იმ ადამიანსაც ეძებენ და ვინაიდან, მანქანა ხიდზეა დაყენებული, დიდია იმის ალბათობა, რომ ეს უცნობი მაშველი სწორედ ნიკა აღმოჩნდეს. ტელეფონშიც გეტყოდი მთელ სიმართლეს, მაგრამ მინდოდა ამ ადგილამდე მშვიდობით მოგეღწია. ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად ძმაო, თქვენ ორნი, ძალიან ვწუხვარ . . .
პოლიციელის თანაგრძნობით აღსავსე ხმა, თითქოს ექოსავით გაიწელა, ყურებში მძიმე უროს მსგავსად მომხვდა, მთელს სხეულს ზამთრის სუსხიანი ქარივით მოედო და თვალწინ კადრები ნაწილობრივ დამიბნელა. არ დამინახავს აარონის სახე, არც მისი სიტყვები გამიგია, არც რეაქცია მიგრძვნია. უბრალოდ, ფეხებმა ინსტიქტურად წამიყვანეს ხიდის მოაჯირისკენ, პირდაპირ მის კიდესთან დამაყენეს და ზემოდან გადამახედეს იმ ყველაფრისთვის, რაც წვიმისგან უმნიშვნელოდ ადიდებულ მდინარეში ხდებოდა.
სამაშველო ჯგუფი, მთელი მობილიზებით ცდილობდა დაკარგული ადამიანის პოვნას. გასაბერი ნავები, რომელთაგან თითოში ორ-ორი კაცი მაინც იჯდა, ფანრებით იყო განათებული და იქედან რაღაცას ხმამაღლა გაჰყვიროდნენ, თუმცა ვერც ამ სიტყვებიდან ვახერხებდი რამის გარჩევას, ისე, თითქოს ჩემთვის უცნობ ენაზე მიმდინარეობდა საუბარი.
ერთიანად ძალაგამოცლილი, საბოლოოდ, მოაჯირის კიდესთან ჩავიკეცე და ამღვრეული თვალები მდინარის ტალღებს მოვაშორე. იმ წამს, გასულ ღამით ნანახი ჩემი სიზმარი გამახსენდა, სადაც ტბის პირას, მარტოდმარტო ვიდექი და ვიღაცას სასოწარკვეთილი ვეძახდი ჩემთან დაბრუნებულიყო. ნუთუ ნიკოლოზსაც ისევე დავკარგავდი, როგორც იმ ადამიანს, ვისაც სიზმარში ვუხმობდი?
ამაზე ფიქრიც არ მინდოდა, თუმცა მეორეს მხრივ, ის აზრი არ მაძლევდა მოსვენებას, რომ უკვე აღარ ვიყავი ბედნიერი, ოქროსფერთმიანი ალისა, ვისაც საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობა ხვდა წილად. აღნიშნულ წამს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ ქვეყნიდან დასაბრუნებელ ბილიკს მოვუყვებოდი, ჩემი მძიმე ჩემოდნებით, რათა კვლავ სიმწარით სავსე რეალობაში ამომეყო თავი.
ტირილი მომინდა. მომინდა იმის გამო, რომ არც კი ვიცოდი როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი, რანაირად გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება და იქნებოდა თუ არა მასში ის ადამიანი, ვისზეც უკვე საბედისწეროდ ვიყავი მიჯაჭვული.
ცრემლები უკვე ჯებირებთან იყო მომდგარი. სასოწარკვეთამდე მისულს, მათი შეკავების ძალა აღარ შემწევდა, თუმცა სანამ ისინი შიშისგან გაყინულ ღაწვებზე გაიკვლევდნენ გზას, ზურგს უკნიდან, სრულიად მოულოდნელად ვიგრძენი თბილი ხელის დადება, მარცხენა ბეჭზე.
ადგილზე ქანდაკებასავით მიყინულს, განძრევის ძალაც არ მეყო, რათა მივტრიალებულიყავი და ამ ადამიანის სახე დამენახა. ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ გავიგებდი მის ვინაობას, ისევ თვითონ რომ არ გაეცა საკუთარი თავი, ხმის ამოღების საშუალებით:
-მელინა, მოაჯირს მოშორდი, კარგი? -აშკარად ენკე ცდილობდა ჩემს გაფრთხილებას. საოცარია, მისი მოსვლაც კი ვერ გავიგე. ჩემს გარშემო მოვლენები ისე ვითარდებოდნენ, ამაში ვერც მონაწილეობას ვღებულობდი და ვერც მათი თვითმხილველი ვხდებოდი. წარმომედგინა, როგორ გრძნობდა თავს ახლა აარონი, თუმცა ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ ტკივილზე ვიყავი ჩაციკლული და ძალას ვერ ვპოულობდი, რათა ნუგეშისცემის ნიშნად, სხვისთვისაც ჩამეჭიდა ხელი
-ენკე, გთხოვ თავი დამანებე -ძლივსძლივობით შევძელი სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა, თუმცა როგორც სიტუაციამ აჩვენა, ეს უკანასკნელი, დანებებას არ აპირებდა
-გევედრები, მაქაურობას ცოტა მოვშორდეთ და ისე ვილაპარაკოთ, კარგი?
-ვილაპარაკოთ? -ნახევრად დახუჭული თვალებით გავხედე ჩემს გვერდით ჩამუხლულს -მაინც რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ენკე? იმაზე, რომ მყვინთავებმა შეიძლება იქედან ნიკოლოზის გაცივებული სხეული გამოიტანონ?
-მელინა . . . -ჩემი დაბინდული მზერითაც კი დავინახე, რამხელა ტკივილი იდგა მის მონაცრისფრო თვალებში. შემძულდა საკუთარი თავი. შემძულდა იმის გამო, რომ ამ წამს, ყველა და ყველაფერი ფეხებზე მეკიდა ირგვლივ, პირადი სასოწარკვეთის გარდა, სხეულის თითოეულ უჯრედში რომ სასიკვდილო შხამივით მქონდა გამჯდარი
-ახლა რა მოხდება ენკე? -ვკითხე შეშლილი მზერით, თან თმაში შევიცურე თითები, ისე როგორც ნერვიულობისას მჩვეოდა ხოლმე -ნუთუ აორთქლდება მაშინ, როცა ასე გიჟურად შევეჩვიე? როცა ჩემს ყოველდღიურობად გადაიქცა? მაშინ, როცა ჰაერივით საჭირო გახდა? -მწარედ ჩამეცინა და გვერდით მჯდომს მავედრებელი მზერა ვესროლე, თითქოს მას შეეძლო იმ ნუგეშისმცემელი ბურთის გადმოგდება, ასე ძალიან რომ ესაჭიროებოდა ჩემს ტკივილისგან დასერილ შინაგან სამყაროს
-ენკე მითხარი რამე. მითხარი, რომ ნიკოლოზი კარგადაა და ამაღამ კვლავ ჩემთან ერთად დაიძინებს, ჩვენს საძინებელში
-მელინა ეს მეც ძალიან მინდა, მაგრამ . . .
-არა! -დავუყვირე ხმამაღლა, თან საყელოში ორივე ხელით ჩავაფრინდი. ნუგეშისცემის ბურთი, რომელსაც ასე ველოდი, საპნის ბუშტივით გასკდა ჰაერში. ენკეს გატეხილმა ტონმა თითქოს ერთიანად ამიწვა მთელი შინაგანი, გულზე ორივე ხელი მძლავრად მომიჭირა და მისგან სისხლი მთლიანად გამოტუმბა -არ გაბედო მაგ წყეული წინადადების დასრულება, გაიგე?! არც იფიქრო იმის თქმა, რომ ნიკოლოზის გარეშე მომიწევს ამ სამყაროში დარჩენა, თორემ გეფიცები საკუთარ თავზე კონტროლს დავკარგავ და რაღაცას დაგიშავებ!
-გთხოვ, თავი ხელში აიყვანე -წელზე ხელები მომხვია და ფეხზე ფაქტობრივად ძალით წამომაყენა. სწორედ იმ საბედისწერო მომენტში, მესამე პირიც დაგვადგა თავს, აარონის სახით. ანასტასიას კვლავ ვერსად ვხედავდი. როგორც ჩანდა, ან ჯერ კიდევ არ იცოდა მომხდარის შესახებ, ან ახლახანს გაეგო და უკვე გზაში იყო, რათა აქამდე მოეღწია
-ენკე, გთხოვ მელინა ჩემს მანქანაში ჩასვი და გვერდიდან არ მოშორდე -სთხოვა მან ისე, რომ ჩემკენ ყურება წამითაც არ შეუწყვეტია. სიტყვებით არაფერს ამბობდა, თუმცა მზერით თითქოს იმის გადმოცემას ცდილობდა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი გარკვეული და არც პანიკის ატეხვა უნდა გვეჩქარა. ამისდა მიუხედავად, შინაგან კანკალს ვერაფერს ვუხერხებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ნერვიულობისგან ორჯერ უფრო სწრაფად აძგერებული, მარცხენა მხარეს განთავსებული ორგანო, მალე კედლებს გამოანგრევდა და იქედან, გალიიდან თავდაღწეული ჩიტივით გაფრინდებოდა უსასრულობაში. არანორმალურად მჭირდებოდა ახლა საკუთარი მშობლების გვერდში დგომა, თუმცა ალბათ ისინი უკვე თვითმფრინავში ისხდნენ და მათთან დარეკვასაც არ ჰქონდა არანაირი აზრი, რათა უბრალოდ ხმა მაინც გამეგონა
-მელინა, წამოდი, მანქანაში ჩავჯდეთ -მკლავზე ხელი მსუბუქად მომკიდა ენკემ, როგორც კი აარონს ჩამოართვა გასაღების ასხმა. ეს იმდენად ფრთხილად გააკეთა, მივხვდი ნიადაგს მისინჯავდა, თუ როგორი რეაქცია მექნებოდა, რათა ამის მიხედვით განესაზღვრა თავისი შემდგომი ნაბიჯები
-არსად ჩაჯდომა არ მინდა, აქ უნდა ვიყო სანამ ყველაფერი არ გაირკვევა -ჩემი იმჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც შემეძლო მტკიცედ მივუგე
ენკემ ბეჭებში ხელების ჩავლებით შემაბრუნა თავის მხარეს. ზუსტად იმ მომენტში, კიდევ ერთი მანქანა გაჩერდა ხიდთან ახლოს და გარკვევით დავინახე, როგორ მაგრად გადაეხვია, იქედან გადმოსული ანასტასია, პოლიციის თანამშრომლებთან მოსაუბრე აარონს, თან ყურთან ახლოს რაღაც ჩასჩურჩულა კიდეც, თუმცა რა, ეს ნამდვილად არ გამიგია და შეუძლებელიც იყო გამეგონა.
-მისმინე -კვლავაც არ წყვეტდა მცდელობების დაუსრულებელ სერიას ენკე -მანქანა აქვეა დაყენებული. თუ რამე ცვლილება იქნება, შენც ისევე გაიგებ ამის შესახებ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. ნუ ჯიუტობ და წამომყევი, კარგი?
-ენკე მეშინია . . . ძალიან, ძალიან მეშინია -სასოწარკვეთით იყო გაჟღენთილი ჩემი ტონი იმ წამს -ასე ძალიან არასდროს არაფრის შემშინებია ქვეყნად
ჩემს წინ მდგომის თბილი მკლავების მოხვევა, საკმაოდ ცხადად ვიგრძენი აღნიშნულ მომენტში. რაღაც კუთხით, მესიამოვნა კიდეც, თუმცა მეორეს მხრივ, მათგან წამოსული სითბო, ვერც გაყინულ რეალობას ათბობდა და ვერც ჩემს შიშებზე ახდენდა არსებით ზეგავლენას.
დავყევი . . .
ძალა აღარ მომეპოვებოდა იმისთვის, რათა ამჯერადაც შევწინააღმდეგებოდი, ამიტომ, მის ნებას მორჩილად დავყევი და ორივენი ერთად გავემართეთ, იქვე, ორიოდე მეტრში დაყენებული აარონის მანქანისკენ.
წინა სავარძლებზე, რომელთაც ჯერ კიდევ შერჩენოდათ სითბო, სრულიად უხმოდ მოვთავსდით. სიცივიდან, თბილ გარემოში გადანაცვლებამ, ვერანაირი ზეგავლენა ვერ იქონია ჩემს გაყინულ სხეულზე. მხოლოდ გარეგანად ვიგრძენი ტემპერატურის ცვლილება. ისეთი შეგრძნება მქონდა, ახლა მთელ მსოფლიოში არსებული პლედები რომ მოეტანათ და ყველა ერთიანად გადაეფარებინათ ჩემთვის, შვებას ოდნავადაც კი ვერ ვიგრძნობდი.
-მელ -ხელზე ენკეს თითები რომ შემეხო, თითქოს ბნელი ნისლის ბურუსიდან, ძალის გამოყენებით გამომაგდო ჩემთვის უხილავმა არსებამ. დანისლული თვალებით გავხედე გვერდით მჯდომს. მის მზერაში დანახულმა ტკივილმა, ლამის ერთიანად გადამაგდო სასოწარკვეთის მორევში და ის იმედის პატარა ნაპერწკალიც ჩამიქრო, გადამწვარი ნათურასავით რომ ანათებდა ჩემი გულის მივარდნილ კუნჭულს
-ენკე გთხოვ, ეგრე ნუ მიყურებ -სახეზე ხელები ნერვიულად ავიფარე ამის თქმისას -გემუდრები, ეგ უიმედო გამომეტყველება მოიშორე, თორემ თავადაც ყველაფერ იმაზე ვიწყებ ფიქრს, რაზეც საშინლად არ მინდა ვფიქრობდე
-მაპატიე, მელ . . . მაპატიე, უბრალოდ პირველად არ ვარ მსგავს სიტუაციაში. უკვე მესამედ განვიცდი საუკეთესო მეგობრის დაკარგვის შიშს -შეჭმუხნილ შუბლზე გაისვა ხელი ამის თქმისას. არც ის იყო ჩემზე უკეთეს დღეში, თუმცა იმის ძალა მაინც ჰყოფნიდა სხვისი დამშვიდება ეცადა და იმ მომენტში ძალიან მომინდა თავადაც შემძლებიდა ვინმესთვის ხელი ჩამეჭიდა, მხარდაჭერის გამომხატველად
-რას ნიშნავს მესამედ განიცდი საუკეთესო მეგობრის დაკარგვის შიშს? -მისი ნათქვამიდან, მხოლოდ ეს წინადადება დავიჭირე. აღნიშნული ფაქტის შესახებ, ნამდვილად პირველად მესმოდა ენკესგან და კითხვაც სწორედ ამ მიზეზის გამო დამებადა
-ყურადღებას ნუ მომაქცევ, ახლა ამაზე ლაპარაკის დრო ყველაზე ნაკლებადაა -მაშინვე დაიხია უკან -უბრალოდ მოვიცადოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ნიკას თავს ყველაფერი კარგადაა
-და რომ არ იყოს? -კვლავ მანქანის საქარე მინის მიღმა მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდი. როგორც ჩანდა, მყვინთავებს ჯერ კიდევ ვერ ეპოვნათ ვერანაირი ხელჩასაჭიდი
-იქნება, მელინა -თავისკენ მიმიზიდა და გულში ჩამიკრა ამის თქმისას -იქნება და ამას მალე საკუთარი თვალითაც ვიხილავთ
ჭრილობაზე მალამოს წასმას ჰგავდა ეს სიტყვები. იმ წამს, ყველაზე ნათლად შევიგრძენი, თუ როგორ ჩამომენგრეოდა ცხოვრება თავზე, იმის საპირისპირო რომ მომხდარიყო, რაც ენკესგან მოვისმინე. მის მკლავებში მოქცეულს, თითქოს ერთბაშად დამაწვა დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნებები და აღარც ამდენი ხნის ნაკავები ცრემლები დამიტოვებია იქ, საიდან გადმოდინებასაც ისინი მთელი ძალისხმევით ლამობდნენ.









8 8 8 8

აარონის ბინაში, მისაღები ოთახის დივანზე, მუხლებზე ხელებმოხვეული ვიწექი და თვალები უსასრულობისთვის მქონდა გაშტერებული. უკვე მეორე იდღე იწურებოდა, რაც არც ნიკოლოზის შესახებ ისმოდა რამე ახალი და არც იმ მდინარეში გაუჩინარებული ადამიანის, ვისი იდენტობაც ჯერ კიდევ დაუდგენელი იყო.
უკვე მეორე დღე იწურებოდა, რაც არც მე მძინებოდა ნორმალურად, არც აარონს, არც ანასტასიას და არც, ენკეს. ამის მაგივრად, ყველანი სასტუმრო ოთახში ვათენებდით ღამეს და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ, იმედით აღსავსე მზერით დავყურებდით ჩვენს ტელეფონებს, კარგი ამბის გაგების მოლოდინში.
საათის ისრები თითქოს ათასწლეულებივით მიიზლაზნებოდნენ მორიგ წრეზე. ენკე, აივნის გამოღებულ კართან მდგომი ეწეოდა, აარონი დივანზე, ჩემს ფეხებთან მოკალათებულიყო და ტელეფონს ხელში ათამაშებდა, ხოლო ანასტასია, რაღაც მიზეზის გამო სამზარეულოში გასულიყო, თუმცა არ ვიცოდი რა იყო ეს მიზეზი.
ამ წამსა და ამ მომენტში, ყველაზე მძაფრად ვგრძნობდი ნიკოლოზის მონატრებას. გონებაში მუდამ ჩემთვის საყვარელი თბილი, ლურჯი თვალები მიტრიალებდნენ და თითქოს ცხადად ჩამესმოდა მისი ბაგეებიდან წარმოთქმული "ბამბის თოჯინა".
უჩვეულოდ მტკივნეული იყო ეს შეგრძნებები. უბრალოდ შეუძლებლად მეჩვენებოდა იგი ამდენად მალე გამომცლოდა ხელიდან. თუ მაინც ასე უნდა მომხდარიყო, მაშინ საერთოდ რატომ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს? რატომ უნდა შემყვარებოდა? რატომ უნდა მიმეძღვნა მისთვის საკუთარი თავი, ან მას რატომ უნდა გაეკეთებინა იგივე?
თვალები მაგრად დავხუჭე და წამწამებიდან უნებურად მომწყდა ეული ცრემლი. ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ გამიჩნდა მშობლებთან დარეკვის სერიოზული მოთხოვნილება, იმ საბედისწერო დღის შემდეგ, თუმცა ბოლოს მუდამ ვაცნობიერებდი ხოლმე, რომ ისინი იტალიაში გასართობად კი არა, მნიშვნელოვან სამსახურის საქმეებზე იყვნენ ჩასულები და ნამდვილად არ მსურდა ჩემს გამო პრობლემები შექმნოდათ, თავის საქმეში.
ღამის ორი სრულდებოდა. წინა დღით გამოუძინებელს, დაღლილობის შეგრძნება მთელს სხეულში მქონდა გამჯდარი, თუმცა მიუხედავად ამისა, თვალებს მთელი ძალით ვაიძულებდი გახელილ მდგომარეობაში დარჩენილიყვნენ. ყოველს წამს სატელეფონო ზარის მომლოდინეს, აშკარად არ მსურდა ჩაძინების გამო გამოვკლებოდი რაიმე სიახლეს, თუნდაც სულ მცირედსაც კი.
სამზარეულოდან გარკვევით მომესმა ნაბიჯების ხმა. იგი პირდაპირ მისაღებისკენ მოდიოდა და აქედან ძალიან მალე, დავინახე კიდეც მრგვალად ამოჭრილ კარში, სინზე დაწყობილი მინის ჭიქებით შემოსული ანასტასია.
-ხალხო, იქნებ ეს მაინც დალიოთ, უკვე მეორე დღეა არაფერი გიჭამიათ, არც ერთს -ფრთხილად დადო მან სინი პატარა, ჟურნალების მაგიდაზე და დივნის სახელურზე, აარონს ჩამოუჯდა გვერდით
-რა არის ეგ? -უხალისოდ იკითხა ამ უკანასკნელმა
-თაფლიანი წყალია, ვიფიქრე რომელიმეს მაინც გენდომებოდათ
მე და ენკეს, არც სურვილი გამოგვითქვამს და არც ხმა ამოგვიღია. მხოლოდ აარონმა დაარღვია გამეფებული სიჩუმე:
-შენც არაფერი გიჭამია ეს დღეები. იქნებ საკუთარი თავით დაგეწყო?
-მე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე შიმშილობასაც მიჩვეული ვარ და ბევრ სხვა რამესაც, აი თქვენ კი, ასე თავს დაიზიანებთ -მერე მე გადმომხედა და სინიდან ერთ-ერთი ჭიქა აიღო -მელინა, ადექი და ცოტა მაინც მოსვი, ეგრე არ შეიძლება
-არ მინდა ანასტასია, გმადლობ
-მართალია არ გინდა, თუმცა ძალის შესანარჩუნებლად გჭირდება -ენკემაც აუბა მხარი მის გეგმას, სახელწოდებით- "რაღაც საკვები მაინც მივაწოდოთ მელინას ცარიელ კუჭს". აღნიშნულ მომენტში, ყველაზე ნაკლებად მათი წყენინება მსურდა, თუმცა ფაქტი იყო ახლა რომ ამ ჭიქიდან ერთი ყლუპი მაინც მომესვა, ყელში მოწოლილი სპაზმებისგან ყველაფერს უკან ამოვიღებდი და ნამდვილად ვერ დავუშვებდი ასეთი რამ მომხდარიყო
-გთხოვთ რა ნუ დამაძალებთ, მართლა არაფერი გადამდის ყელში -ამოვთქვი მუდარის ტონით, თან ენკეს და აარონს გადავხედე სათითაოდ -ჯობია თვითონ დალიოთ, ძალების მოკრება თქვენთვისაც არ იქნება ურიგო
ყველანი გაჩუმდნენ. ალბათ მიხვდნენ, მცდელობებს არანაირი აზრი არ ჰქონდა და გადაწყვიტეს თავიც დაენებებინათ. მხოლოდ აარონმა აიღო ანასტასიას მოტანილი ჭიქებიდან ერთ-ერთი, ისიც ალბათ იმიტომ, რომ მისთვის არ ეწყენინებინა, თუმცა წაიღო თუ არა პირისკენ ეს უკანასკნელი, მაშინვე გაუვარდა ხელიდან და მარმარილოსფერ იატაკს, სისველესთან ერთად, მინის ნამსხვრევებიც გადაეკრა.
-ამის დედაც! -ჟურნალების მაგიდა ორივე ხელით ააყირავა აარონმა აღნიშნული "ინციდენტიდან" რამდენიმე წამის შემდეგ და ფეხზე გაავებული წამოხტა. მთელი იმ დროის მანძილზე, რაც ამ ადამიანს ვიცნობდი, მართლაც პირველად ვნახე ასეთი წყობიდან გამოსული. როგორც ჩანდა, ძალა აღარ ჰყოფნიდა მთელი ამ დროის მანძილზე შენარჩუნებული სიმშვიდის ნიღაბი კიდევ ერთი წამით მაინც გაეჩერებინა სახეზე და მოცემულ მომენტში, მის გარეშეც დაგვანახა საკუთარი თავი.
-უკვე მეორე დღეა არავინ არაფერი იცის! -კვლავ ხმამაღლა იყვირა აარონმა და ამჯერად, ფაიფურის ლარნაკი მიანარცხა კედელს -ელისაბეტის მერე ამის კიდევ ერთხელ გადატანა არ მინდა! ძმასაც ვეღარ დავკარგავ! ნიკას ვერ დავკარგავ! -კეფაზე ორივე ხელი გადაისვა და სიმწრისგან ორივე თვალი დახუჭა. მის შემხედვარეს, მომინდა ავმდგარიყავი და რაღაც მაინც გამეკეთებინა დასამშვიდებლად, თუმცა სანამ რაიმე სახის რეაგირებას მაინც მოვასწრებდი, თითქოს მაშველი რგოლივით გაჩნდა მის გვერდით ანასტასია. დავინახე როგორ წაართვა მან, აარონს, ხელში აღებული მორიგი "მსხვერპლი"-ღამის პატარა სანათი და აცრემლებული, მთელი ძალით ჩაეხუტა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, საპასუხოდაც მიიღო მკლავების ძლიერი მოხვევა. თითქოს პატარა ბავშვს დაემსგავსა აარონი იმ წამს, ვისაც სახე ანასტასიას ყელში ჩაემალა და საკუთარი გულის კარზე მომდგარი აუტანელი ტკივილის შემსუბუქებას ამგვარი გზით ცდილობდა.
ვუყურებდი ამ ორს, ვხედავდი, როგორ უჭერდა მხარს საყვარელი ქალი აარონს, მისთვის ყველაზე რთულ მომენტებში, როგორ საკუთარივით განიცდიდა ამ ტკივილს და უფრო მეტად მინდებოდა ნიკოლოზის დაბრუნება, რადგან მათ შემხედვარეს, ზუსტად ჩვენს შორის არსებული ძლიერი ურთიერთმხარდაჭერა მაგონდებოდა.
თვალები კვლავ დავხუჭე. არც მაშინ გამიხელია, როცა ჩემს თავთან დივნის ჩაზნექა ვიგრძენი. აშკარად ვიღაც დაჯდა და მართალია არ შემიხედავს, თუმცა ტანსაცმელზე შემორჩენილმა სუნამოს სურნელმა მიმახვედრა, რომ იგი ენკე იყო.
-კარგად ხარ? -შემეკითხა იგი ძლივსგასაგონად, პარალელურად კი, მუხლებზე დაიდო ჩემი თავი. მალე, თმებზეც ვიგრძენი მისი თითების მსუბუქი შეხება და ცხელი ცრემლებიც მომაწვა აღნიშნულის გამო. ამგვარად, ყოველთვის ნიკოლოზი მეფერებოდა ხოლმე, როდესაც ჩვენს საყვარელ დივანზე მოკალათებულები, გვიან ღამემდე შემოვრჩებოდით ბლოკბასტერების საყურებლად
-კარგად მხოლოდ მაშინ ვიქნები, როცა ეს კოშმარი დასრულდება. სხვანაირად ეგ არ გამომივა
-ჰოდა შენც ისე მოიქეცი, რომ როცა ყველაფერი დასასრულს მიუახლოვდება, თვითონ არ ჰგავდე კოშმარს -მითხრა დამრიგებლური ტონით -ერთი საკუთარ თავს შეხედე რას დაემსგავსე გამოუძინებელი სახითა და ორდღიანი შიმშილობის გავლენით
-ენკე, გგონია ახლა ეგ მადარდებს? -თვალები ნახევრად გავახილე და ქვემოდან ავხედე, როცა ეს ვუთხარი.
ვერაფერი მიპასუხა. ცხოვრებაში პირველად, ენკე ტაბიძეს პასუხი არ ჰქონდა და მე ეს მის თვალებში ამოვიკითხე. თითქოს ყველაფერი შეეცვალა ამ ერთ საბედისწერო შემთხვევას. შეეცვალა და ალბათ ვეღარაფერი იქნებოდა ძველებურად, თუკი ამ ისტორიას, ბედნიერი დასასრული არ დააგვირგვინებდა . . .







8 8 8 8

მზე სულ ახალი ამოსული იყო, ყველასთვის მოულოდნელად რომ აარონის ტელეფონმა გამოსცა ზარის ხმა. მისაღებში შეკრებილთაგან ყოველი მათგანი, რა თქმა უნდა ჩემი ჩათვლით, სიახლეების მოლოდინისგან გაიტრუნა, თუმცა როგორც მობილურის პატრონის გამომეტყველებამ მიგვახვედრა, ეს სიახლე ნამდვილად არ იყო ის, რასაც ყველანი ასე მოუთმენლად ველოდით
ჩემს გულში გაღვივებული იმედის ისედაც პატარა ნაპერწკალი ნელ-ნელა დაპატარავდა, სულ პაწაწინა გახდა და საბოლოოდ, საპნის ბუშტივითაც გასკდა მარცხენა მხარეს მფეთქავ ორგანოში.
-რა მოხდა, ვინ რეკავს? -იკითხა ანასტასიამ და ტელეფონის ეკრანსაც დახედა, თუმცა სანამ მასზე ზარის ადრესატის ვინაობას ამოიკითხავდა, თავად აარონმა გასცა პასუხი:
-ლივიაა, ნიკას და ნიცას დედა -აშკარა უკმაყოფილებით წარმოთქვა ეს სახელი მან, თან მობილურს ხმა გამოურთო -ალბათ, მომხდარის შესახებ გაიგო და რახან ნიცას ვერ დაუკავშირდა, მე მირეკავს
-მერე იქნებ გეპასუხა? რაც არ უნდა იყოს, დედაა და გამორიცხულია ოდნავ მაინც არ განიცდიდეს მომხდარს
-მასთან ლაპარაკის თავი არ მაქვს, ანასტასია, მირჩევნია შეტყობინება გავუგზავნო
-კარგი, მომეცი, მე თვითონ გავუგზავნი -სწრაფად ჩამოართვა მობილური, რადგან აარონს სახეზეც კი ემჩნეოდა SMS-ის აკრების თავიც რომ არ ჰქონდა იმ წამს
მისაღებში კვლავ დაძაბულმა დუმილმა დაისადგურა. ენკე ჯერ კიდევ აივანზე იყო გასული, მოსაწევად. აარონი მდუმარედ ათამაშებდა მუხლებზე თითებს და ერთ ამოჩემებულ წერტილს არ აშორებდა მზერას.
საშინელი იყო ეს დაუსრულებელი მოლოდინი. ყველაზე აუტანელი კი მაინც ის გახლდათ, რომ არ ვიცოდით კიდევ რამდენ ხანს გასტანდა ჩვენი საერთო აგონია, თავიდან ბოლომდე რომ ვიყავით მასში ჩაფლულები.
მაჯის საათს დავხედე. თითქმის ცხრის ნახევარი იყო. იმ წამს გავაცნობიერე, რომ უკვე მეორე დღე იყო ტანსაცმელი არ გამომეცვალა და თავი ვალდებულად ჩავთვალე შხაპი მიმეღო. ვინაიდან ანასტასია, აარონის მეზობლად, გვერდითა ბინაში ცხოვრობდა, გადავწყვიტე მისთვის მეთქვა ჩემთვის დროებით რამე ეთხოვებინა, თავისი გარდერობიდან. აბაზანასაც მის სახლში მივიღებდი, რადგან ასე ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა ჩემთვის, ვიდრე აარონის სველი წერტილებით სარგებლობა.
-ანასტასია, შეგვიძლია ცოტა ხნით შენთან გავიდეთ? -მაშინვე ვუთხარი, როგორც კი უკან, მისაღებში დაბრუნდა და აარონს კუთვნილი მობილური გადასცა
-კი, რა პრობლემაა, თუმცა რა მოხდა?
-შხაპის მიღება მინდა -წელი ძლივს ავითრიე დივნიდან, თან აარონს გავხედე. ეს უკანასკნელი, კვლავ უწინდებურად მიშტერებოდა ერთ ამოჩემებულ წერტილს და მდუმარების გვირგვინის თავიდან მოხსნას, ალბათ კიდევ დიდხანს არ აპირებდა
-მიხარია ეს რომ მესმის შენგან -მთელი ძალით სცადა ოდნავ მაინც გაეღიმა ამის თქმისას -წამოდი, გავიდეთ, თან სუფთა ტანსაცმელსაც მოგცემ -მერე გვერდით მჯდომ აარონს მიუტრიალდა და ლოყაზე მსუბუქად შეახო ტუჩები
-გთხოვ, ყველაფერი კარგის იმედი იქონიე -ჩასჩურჩულა პირდაპირ ყურთან -ნიკას რომ რამე დამართნოდა, მყვინთავები აქამდეც იპოვნიდნენ. დარწმუნებული ვარ, ცოცხალია და აქ რაღაც სხვა ამბავი ტრიალებს
-ჰო, თავადაც სწორედ ეგ იმედი მაძლევს ძალას -აივნის მოაჯირზე დაყრდნობილ ენკეს გახედა აარონმა ამ სიტყვებზე, მერე კი ფეხზეც წამოდგა დივნიდან -გავალ, ცოტას მეც მოვწევ, თორემ უკვე თავი მისკდება
ანასტასიამ, სევდიანი მზერა გააყოლა აივნისკენ მიმავალ განადგურებულ მამაკაცს. რამდენიმე წამით, გაქვავებული იდგა და ადგილიდანაც არ იძვროდა. მერე თვალები მაგრად დახუჭა და ისე ამოთქვა, თითქოს თავის შინაგან ხმას ესაუბრებაო:
-არადა, ზოგადად არასდროს ეწეოდა ხოლმე
მხარზე ხელი გამამხნევებლად დავადე. მასზე შეხებისას, თითქოს მაგნიტურად ვიგრძენი, როგორ ძლიერ სტკიოდა იმ წამს, საყვარელი ადამიანის ტკივილი.
-არც ენკე ეწეოდა ხოლმე -ვუთხარი დაბალი ხმით, მერე კი სიმწრის ღიმილით დავამატე: -სიმართლე გითხრა, თავს მეც ისე ვგრძნობ, ნიკოტინზე კი არა, დაბოლებაზეც არ ვიტყოდი უარს
-გთხოვ, თავს ნუ დაკარგავ მელინა. ცოტაც გაუძელი და მალე ყველაფერი დალაგდება -ხელი მაგრად ჩამჭიდა მან ამის თქმისას და ისე, რომ მეტად აღარაფერი უთქვამს, სახლიდან გასასვლელი კარისკენ წამიყვანა . . .
ანასტასიას ბინაში სრული სიმშვიდე და იდილია სუფევდა. მანამდე აქ არასდროს ვიყავი ნამყოფი და შექმნილი სიტუაცია რომ არა, ინტერიერსა და დეკორაციებსაც კი გავუკეთებდი კონპლიმენტს, თუმცა ახლა, თავს ისე ვგრძნობდი, სახლის მოწყობა კი არა, ისიც არ ვიცოდი, სად ჯანდაბიდან მომეკრიბა იმდენი ძალა, შხაპის მიღების მომენტში, ბოლომდე ფეხზე მყარად დგომა რომ შემძლებოდა.
-საით არის სააბაზანო? -ვკითხე, თან კიდევ ერთხელ მოვატარე მზერა იქაურობას, თითქოს მისაღების ოთახში შევძლებდი საშხაპე კაბინის პოვნას
-დერეფნის ბოლოშია, აქედან ხელმარჯვნივ -თითითაც მანიშნა ახსნის პარალელურად მან -წამოდი, მე დაგეხმარები, მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურები. მანამდე ჩემს ოთახში შევიდეთ, რამე ტანსაცმელს მოგიძებნი
-მოიცა, მოიცა, შენ რა, აბაზანაშიც აპირებ შემოყოლას? -აშკარად გაკვირვებული დამტოვა მისმა სიტყვებმა
-ჰო, უნდა შემოგყგე და ეს აღარ განიხილება!
-ანასტასია ს არ ვაპირებ, უბრალოდ შხაპის მიღება მინდა
-ვწუხვარ, მაგრამ შენი სახის გამომეტყველება მაგ სიტყვებში ეჭვს აღმიძრავს -მომიგო ისეთი ტონით, რომლითაც დაუფარავად მიმანიშნებდა კონტრარგუმენტების წამოყენებას არანაირი აზრი არ აქვსო და ამაში დარწმუნებულმა, მეც გადავწყვიტე მის სურვილს დავყოლოდი
ანასტასიას საძინებელში შესულს, პირველად, უზარმაზარი, მთელ კედელზე გაყოლებული ღია გარდერობი მომხვდა თვალში. მის ზოგიერთ თაროზე ჩანთები იყო შემოწყობილი, ზოგიერთზე ფეხსაცმელები, ზოგიერთზე კი სამკაულების ზარდახშები, ხოლო საკიდებზე, ლამაზად გახლდათ გამწკრივებული მაისურები, კაბები, პერანგები, თუ ქვედა ბოლოები.
-აი ესენი აიღე -სწრაფად გამომიწოდა ერთ-ერთი თაროდან გამოღებული, მანდარინისფერი სვიტერი და ჯინსის შარვალი, დიდ, თეთრ პირსახოცთან ერთად -იმედია კარგად გექნება
-გმადლობ, წესით ზუსტად უნდა მქონდეს -ყველაფერი უკლებლივ ჩამოვართვი, მადლობის გამომხატველი მზერით
-თუ მეტი არაფერი გინდა, მაშინ წავიდეთ
-ანატასია, აუცილებელია შემომყვე? -ნამდვილად არ მხიბლავდა ის ვარიანტი, რომ ბანობის მომენტში ჩემთვის ვინმეს უნდა ეყურებინა, თუნდაც ეს ჩემივე სქესის წარმომადგენელი ყოფილიყო
-ნუ ღელავ, კაბინაში შემოყოლას არ ვაპირებ, უბრალოდ იქვე ვიქნები რამე რომ დაგჭირდეს
-კარგი, კარგი, როგორც გინდა -კიდევ ერთხელ ავაფრიალე დანებების თეთრი დროშა და ანასტასიასთან ერთად, დერეფნის ბოლოში მდებარე სააბაზანო ოთახისკენ ავიღე გეზი
როგორც დამპირდა, საშხაპე კაბინაში არ შემომყოლია, თუმცა სანამ ჩემს საქმეს მოვრჩებოდი, მანამდე ერთგულად მელოდა აბაზანაში, სარეცხ მანქანაზე შემომჯდარი და ფეხიც კი არ მოუცვლია იქედან. სევდიანად მეღიმებოდა დაორთქლილი მინიდან მის შემხედვარეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თითოეულ გვერდით მყოფს ვაწუხებდი ჩემი ზომაზე მეტად ჩამოჟამებული სახით და ორმაგად ძლიერად ვაგრძნობინებდი შექმნილი სიტუაციის მთელ სიმძაფრეს.
ცხელი წყლის წვეთები, კვლავ განუწყვეტლივ ეცემოდნენ ჩემს კანს. შიგნით მყოფს, ის მომენტი მომაგონდა, თუ რა თავდავიწყებით მკოცნიდა ნიკოლოზი საშხაპეში, რამდენიმე დღის წინ. კვლავ ბოლო ხმაზე ტირილი მომინდა იმ მომენტში. არ შემეძლო. უბრალოდ არ შემეძლო ერთი წამით მაინც არ მეფიქრა მის თბილ, ლურჯ თვალებზე, ღიმილისას მზის სხივების მსგავსად რომ უბრჭყვიალებდა ხოლმე.
საბედნიეროდ, ცრემლების შეკავება დროულად შევძელი. არ უნდა მეტირა. ტირილი იმას ნიშნავდა, რომ იმედი დაკარგული მქონდა, მე კი არ მინდოდა უიმედობის მორევში ჩაძირვისთვის გამემეტებინა საკუთარი თავი. ეს ყველაფერი ხომ დასასრულთან იგივდებოდა? იმ დასასრულთან, საიდანაც უღიმღამო, შავ-თეთრი სამყარო მიქნევდა ხელს, ყოველგვარი ფერადი სხივების გარეშე.
დგუშის ქვეშ დგომა, საკმაოზე დიდხანს გამიგრძელდა, თუმცა ამის გაცნობიერება მანამდე ვერ შევძელი, სანამ ჩემი კანი, ერთიანად არ დაიჭმუჭნა ცხელი წყლის წვეთებისგან. ამისდა მიუხედავად, შემეძლო კიდევ დიდი ხნით ვმდგარიყავი იქ, თუმცა ანასტასიასი მომერიდა, ვინც ჯერ კიდევ არ მშორდებოდა გვერდიდან, ამიტომ, საბოლოოდ იმ აზრამდე მივედი, ჭავლი გადამეკეტა და კაბინიდანაც გამოვსულიყავი.
-შეგიძლია პირსახოცი მომცე? -გავძახე მას წყლის ნაკადის შეწყვეტის თანავე.
-კი, კი, ახლავე -სარეცხი მანქანიდან ჩამომხტარმა, საკმაოდ სწრაფად მომაწოდა სასურველი ნივთი, კაბინიდან გამოწვდენილ ხელში
-გმადლობ
-არაფრის . . . თავს უკეთ გრძნობ?
-მგონი, ჰო -ვიცრუე. როგორ შემეძლო სულ ცოტათი მაინც ვყოფილიყავი უკეთ, მაშინ, როცა ჩემთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანთაგან ერთ-ერთი, უგზოუკვლოდ გაუჩინარებულად ითვლებოდა და ისიც კი არ ვიცოდი, კვლავ ძგერდა თუ არა სადმე კიდევ მისი გული? მხოლოდ თავის მოჩვენება შემეძლო, თითქოს ჯერ კიდეგ არ ჩავძირულიყავი სულიერად განადგურებულთა უკიდეგანო მორევში და ახლა სწორედ ამ სიყალბით გახლდით დაკავებული.
საშხაპე კაბინიდან პირსახოცშემოხვეული გამოსვლისას, ანასტასიამ სათადარიგო პირსახოციც შემომაგება, თმის გასამშრალებლად, მერე კი ლამაზად დაკეცილი ჯინსი და სვიტერიც გადმომცა, რომელიც თავისი გარდერობიდან აერჩია ჩემთვის, სანამ აქ შემოვიდოდით.
-დაახლოებით ათი თვის წინ, მეც გადავიტანე რაღაც იმდაგვარი, რასაც ახლა შენ განიცდი -დაიწყო მან, თან სევდიანად ჩამხედა თვალებში -სწორედ ამიტომ, ახლა ყველაზე უკეთ მესმის შენი
მივხვდი, იმ შემთხვევას გულისხმობდა, როცა ჯერ კიდეგ დაუდგენელმა პიროვნებამ დაჭრა აარონი, ტყეში. იმ პერიოდში, მთელი მედია-საშუალებები სწორედ აღნიშნული ამბით გახლდათ აჭრელებული და მეც საკმაოდ ხშირად ვადევნებდი ხოლმე თვალს, რადგან მთელი არსებით მინდოდა მისი გადარჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ახლოს არც ვიცნობდი.
-რთული წარმოსადგენი არაა როგორ იქნებოდი მაშინ -სანამ პირსახოცით თმას ვიმშრალებდი, ტანსაცმელს, კედელზე მიმაგრებული მრავალსათავსოიანი თაროს ერთ-ერთ განყოფილებაში მივუჩინე ადგილი
-ჰო, საშინელი დღეები იყო -თავი დამიქნია დასტურის გამოსახატად -ექიმები, ფაქტობრივად იმედს ვერ იძლეოდნენ. მე, ნიცა და ნიკა, უმეტესად საავადმყოფოში ვათენებდით ღამეებს, სანამ ბოლო-ბოლო გამოჯანმრთელება არ დაიწყო და არ გამოწერეს
-შენ იცოდი მაინც სად უნდა გეძებნა აარონი. მე იმის შესახებაც არ მაქვს წარმოდგენა, ახლა მარსზეა, მერკურზე თუ ნეპტუნზე
-დედამიწაზეა მელინა -ოდნავი ღიმილით ჩამავლო ორივე მხარში ხელი ანასტასიამ -ყოველთვის, როცა რამე ცუდი ხდება, კარგის იმედი იქონიე და ასე უფრო მარტივად შეძლებ იმ სტრესის გადალახვას, რომელსაც, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული ახლა ნამდვილად განიცდი
-სამწუხაროდ, ამდენად ძლიერიც არ ვარ -სხეულს პირსახოცი მოვაშორე და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე -ბავშვობიდან ზედმეტად ფაქიზად მზრდიდნენ და ცხოვრებისეულ ტკივილებთან გამკლავების გამოცდილებითაც ვერ დავიკვეხნი. ჩემს გაჭრილ თითზეც კი სხვას აწმენდინებდნენ სისხლს, რათა შემთხვევით ფსიქიკა არ დამზიანებოდა -ხაზგასმითი ირონიით წარმოვთქვამდი ყოველ სიტყვას -შენ წარმოიდგინე, თექვსმეტ წლამდე მეტროც კი არ მქონდა თვალით ნანახი, სანამ ერთ დღეს, თავად არ გავიპარე მის სანახავად. ხანდახან ისიც კი მგონია, რომ რაპუნცელის მსგავსად კოშკში გამოკეტილს მზრდიდნენ და რეალური სამყაროს ხილვაც საკმაოდ გვიან მომიწია -დანანებით გადავაქნიე თავი -არ აქვს მნიშვნელობა რომელ სოციალურ წრეს ეკუთვნი, შვილი ასე მაინც არ უნდა გაზარდო. მსგავსი მოპყრობით სუსტ, უნუგეშო, მომაბეზრებელ არსებას ძერწავ, ვინც გამუდმებით ტირილს იწყებს ყველა იმ პრობლემაზე, რასაც კი ფულით ვერ აგვარებს
-მელინა, გეყოფა -გამაწყვეტინა და უკვე თავიდან ბოლომდე ჩაცმულს, კმაყოფილებით შემავლო მზერა -პირველ რიგში გეტყვი, რომ ჩემი ტანსაცმელი ძალიან მოგიხდა
-მგონი, თითქმის ერთი ტანის ვართ. თითქმის კი არა, ვფიქრობ ზუსტად ერთნაირი პარამეტრები გვაქვს. და კიდევ -შენ არც სუსტი ხარ, არც უნუგეშო და არც მომაბეზრებელი. შენ ხარ ადამიანი, ვინც, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველაფრითაა უზრუნველყოფილი და ამის საჭიროება ოდანავადაც არ აქვს, მაინც საკუთარი ძალებით ცდილობს ცხოვრებაში წარმატების მწვერვალზე ასვლას. შენ განსაკუთრებული ხარ, მელინა და შენს გვერდით, ნიკაც ისეთ განსაკუთრებულ მამაკაცად იქცა, ვისზეც ნებისმიერი ქალი უსასრულოდ იოცნებებდა. საკუთარ თავს ასე მკაცრად ნუ ექცევი, რადგან თუ რამეს იმსახურებ, ეს მხოლოდ დადებითი სიტყვებია და მეტი არაფერი
-მართლა ასე ფიქრობ? -ცრემლები მიბრჭყვიალებდა ორივე თვალში, მთელი იმ დროის მანძილზე, რაც ის საუბრობდა -ნამდვილად არ გგონივარ გატუტუცებული, მდიდარი მამიკოს გოგო?
-რა თქმა უნდა არ მგონიხარ -პატარა ბავშვივით ჩამიკრა გულში, როგორც კი ეს თქვა -პირიქით, ვფიქრობ ძალიან საყვარელიც კი ხარ და შენგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება
-მაინც რის?
-მაგალითად იმის, თუ როგორ უნდა დავაბათ ბიჭი ტუალეტში
-შენ ეგ ვინ გითხრა? -ღიმილი მომერია ჩემი და ნიკოლოზის წარსულის, ამ ეპოზოდის გახსენებაზე
-თავის დროზე, როცა ზედმეტად დააინტერესე, შენთან დაკავშირებით რჩვებს მეც მეკითხებოდა ხოლმე და ზოგი რამ იქედან ვიცი
-რჩვებს გეკითხებოდა? სერიოზულად? -ლამის ორი ზომით დიდი გამიხდა თვალები ამის მოსმენისას. ანასტასიას გაეღიმა.
-ჰო, მეკითხებოდა -კიდევ ერთხელ დამიმოწმა მან -მართალია ბევრს არც არაფერს ამბობდა, თუმცა მისი მცირედი მონათხრობიდანაც კი აშკარად ჩანდა, რამდენად სერიოზულად იყო საქმე თქვენ ორს შორის
-გაღიმებას ვეღარასდროს შევძლებ მას რომ რამე დაემართოს ანასტასია -ქვედა ტუჩს მოვდე კბილები, მოწოლილი ცრემლების შესაჩერებლად. სევდიანად მიმზერდნენ ჩემს პირისპირ მდგომის თვალები. ალბათ, სურდა კიდეც რამე მაინც ეთქვა გასამხნევებლად, თუმცა რამდენჯერაც გააღებდა პირს რაღაცის სათქმელად, მაშინვე ჩუმდებოდა. ალბათ, სიტყვებიც კი ამოწურვოდა, თუმცა აღნიშნულ მომენტში ისინი არც მჭირდებოდნენ. ახლა, მხოლოდ ნიკოლოზის ჩახუტება უნდოდა თითოეულ ჩემს უჯრედს და მთელი სხეული, ტანჯვის ნაწილაკებით მქონდა დაფარული, რადგან ეს არ შემეძლო.
-მგონი, შეტყობინება მოგივიდა, ტელეფონზე -შარვლის მარცხენა ჯიბისკენ ვანიშნე ანასტასიას. იმ წამს, ისიც გავაცნობიერე, რომ ჯერ კიდევ აბაზანაში ვიყავით და ისე, რომ არაფერი მითქვამს, პირველად თავად გავედი იქედან
-აარონი მწერს -მალევე, ანასტასიაც მომყვა უკან, მობილურში თავჩარგული -სასწრაფოდ სადღაც უნდა გავყვე, შენ ენკესთან დარჩი
-სად უნდა გაყვე?
-მეც არ ვიცი, მწერს არაფერი მკითხო, უბრალოდ გამომყევი, ძალიან სასწრაფოაო -თვითონაც აშკარად გაკვირვებული ჩანდა SMS-ის შინაარსით, რადგან ნამდვილად ვერ გაეგო, რა უნდა ყოფილიყო ასეთი მნიშვნელოვანი, თანაც ამ დროს
-კარგი, თუ ასეა, დავბრუნდეთ აარონთან და თქვენც დროულად წახვალთ თქვენს საქმეებზე
-ნუ ღელავ, ენკე შენთან იქნება და იმას ნამდვილად არ გეტყვი, თუ რამე დაგჭირდეს, მისთვის თქმა არ მოგერიდოს-მეთქი, რადგან ვამჩნევ, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ხართ
არაფერი მიპასუხია. უბრალოდ თავი უხმოდ დავუქნიე, მისაღების მაგიდაზე დატოვებული ჩემი მობილური ავიღე და ბინიდან გასასვლელი კარისკენ ჩქარი ნაბიჯებით წასულ ანასტასიას, თავადაც უკან მივყევი.




8 8 8 8

შუა დღე იყო. მე და ენკე, აივნის მოაჯირს ვიყავით დაყრდნობილები და ბოლო სართულიდან გადავყურებდით ქვემოთ გადაშლილ ქალაქს. ვინაიდან შხაპი ახალი მიღებული მქონდა, თავზე ჩემი ბერეტი მეფარა, ტანზე კი, ის ქურთუკი მქონდა მოცმული, რომლითაც თავის დროზე აქ მოვედი.
ანასტასიასა და აარონის წასვლიდან, უკვე რამდენიმე საათი იყო გასული. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა იყო ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, რამაც ამდენად სასწრაფოდ გადააწყვეტინათ წასვლა, თუმცა ამით დიდად არც გახლდით დაინტერესებული.
აივნიდან, ქალაქის ულამაზესი ხედები იშლებოდა. ხელის გულივით მოჩანდა მთელი თბილისი და მისი ულამაზესი ადგილები. ალბათ, სხვა დროსა და სხვა სიტუაციაში, სიამოვნებასაც კი მივიღებდი ამგვარი პანორამისგან, თუმცა ახლა, სრულიად ვერაფერს ვგრძნობდი გარდა უბრალო, სრულიად უმნიშვნელო მოწონებისა.
ჩრდილოეთიდან სუსხიანი ქარი უბერავდა. ალბათ ოდნავ მციოდა კიდეც, თუმცა ახლა ვერც ამას ვგრძნობდი. თითქოს ყველანაირი ადამიანური შეგრძნება ისე შემომძარცვოდა, როგორც შემოდგომის ხეებს, ფოთლები და მხოლოდ ტკივილი დარჩენილიყო მათგან, ჩემი განუყრელი თანამგზავრის სტატუსით.
-მითხარი, ჩემზე რას გეუბნებოდა ხოლმე?
-რა? -დაბნეულ გამომეტყველებაზე შევატყვე, ნამდვილად ვერ ჩამწვდარიყო დასმული შეკითხვის არსს ენკე და ოდნავ გაკვირვებული სახითაც მიმზერდა ამის დასტურად
-ნიკოლოზზე გეკითხები -ხმადაბლა განვუმარტე -როცა მასთან არც თუ ისე სახარბიელო ურთიერთობა მქონდა და მხოლოდ თქვენ ორს გაკავშირებდათ ახლო მეგობრობა, ჩემს შესახებ რას გიყვებოდა ხოლმე?
-ამას რატომ მეკითხები?
-იმიტომ, რომ მინდა ყველაფერი ვიცოდე. მინდა ვიცოდე, როგორი იყო იგი ჩემამდე

ენკეს ოდნავ გაეღიმა, მოაჯირს მოშორდა და აივანზე მდგომ ხის სავარძელში ჩაეშვა. მისი ეს ნაბიჯი, საუბრის დასაწყებად მომზადებას ჰგავდა, ამიტომ მეც მას მივბაძე და მეორე სავარძელში ჩაჯდომით, გვერდით მივუჯექი.
-არ ვიცი, რა უნდა გითხრა -მხრების აჩეჩვით დაიწყო ენკემ -მისი ყოველი ნაბიჯი მაკვირვებდა შენთან მიმართებაში. იმიტომაც კი შეეძლო შენთან დილის ექვს საათზე მოსვლა, თანაც ღამის ცვლებისგან გასავათებულს, რომ ჭექა-ქუხილის გეშინოდა და ვერ დაიძინებდი
გამახსენდა ეს დილა. თითქოს ახლაც ნათლად დამიდგა თვალწინ კადრები, თუ როგორ გავუღე კარი ერთიანად გალუმპულ ნიკოლოზს, როგორ მივაწოდე პირსახოცი და როგორ ცდილობდა ჩემთვის ამ ფობიის დავიწყებას, თავისი უჩვეულო, სახალისო თერაპიებით.
-ეგ ამბავი თავადაც ვიცი, რამე სხვა მითხარი
-მხოლოდ ერთს და ყველაზე მნიშვნელოვანს გეტყვი, მელინა -მთელი ტანით მობრუნდა ჩემკენ იგი, თან მხარზე დამადო ხელი -თუ სადმე მინახავს ერთმანეთისადმი ამდენად გიჟური დამოკიდებულება და ქიმია, ეს თქვენ ორს შორისაა. მჯერა, რომ ამ ისტორიის წერა, აქ არ დასრულებულა. უბრალოდ, მართლა კიდევ ბევრი რამ უნდა მოასწროთ ერთად და ეს ნიკამაც იცის, სადაც არ უნდა იყოს ახლა იგი.
აღარაფერი მითქვამს. ცოტა ხნის წინ ნათქვამი სიტყვების საპასუხოდ, უბრალოდ ოდნავ გავუღიმე და კვლავ აივნიდან გადაშლილ ხედს დავუბრუნდი მზერით. საკმაოდ დიდხანს ვიჯექით ასე, სრულ მდუმარებაში ჩაძირულები. ცხოვრებაში პირველად ხდებოდა, რომ ენკეს გვერდით ამგვარი სიჩუმე და უსიტყვობა სუფევდა. უცნაურად, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მაინც სრულიად ლოგიკურად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი.
ცა ჟანგისფრად იყო შეფერილი. ამინდს საწვიმარი პირი უჩანდა. ალბათ, ბუნებაც ზედმიწევნით უწყობდა ფეხს ჩემს ხასიათს, იმ მომენტში.
ღრუბლებში პირველი ელვა გაკრთა. სულ ცოტა ხანში, მას, შემზარავი გრუხუნის ხმაც მოჰყვა. გამიკვირდა. ცხოვრებაში ერთადერთხელ მოხდა, როცა ამ ხმის ოდნავადაც არ შემშინებია. მეტიც, რეაგირებაც კი არ მქონია. ის გრძნობა, რომელსაც ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შიში ერქვა, ჩემში იმდენად იყო გამჯდარი, სხვა რამისთვის, მოლეკულის ზომის ადგილსაც აღარ ტოვებდა.
ენკე ჩემკენ გადმოიხარა და ხელზე, ხელი მომიჭირა. დიდი ალბათობით, იფიქრა, რომ ეს ხმა, ახლაც ისეცე აღძრავდა ჩემში უსიამოვნო გრძნობებს, როგორც ადრე, თუმცა „სულ ერთია“ მზერის საშუალებით მივახვედრე რომ ამჯერად ეს უკვე აღარ მაწუხებდა და მანაც, თავის ოდნავი დაკვრის თანხლებით მოაშორა თავისი თითები, ჩემსას.
-წამოდი, შიგნით შევიდეთ, ძალიან აცივდა და ხელები გაყინული გაქვს -მითხრა მან -ტუჩებიც სულ გაგილურჯდა
-ცოტა ხნით კიდევ ვიჯდეთ რა
-მელინა, ასე პნევმონიას აიკიდებ -პროტესტი გამოკრთოდა მისი ტონიდან
-არ ავიკიდებ
-კარგი, გეყოფა, შენ ხომ დამჯერე გოგო ხარ? -ღიმილით წამოდგა სავარძლიდან, ფეხზე და ის-ის იყო, ჩემთვისაც უნდა მოეკიდა ხელი, რათა წამოვეყენებინე, რომ მის ჯიბეში ჩადებული ტელეფონი აწრიპინდა.
ენკეს ბევრი აღარ უფიქრია, ჩემი სახლში შეყვანის მცდელობა ცოტა ხნით გვერდზე გადადო და მობილურის ეკრანს დააცქერდა. მეც ზუსტად მასავით მოვიქეცი და ისიც გავარკვიე, რომ შემომავალი ზარი აარონისგან იყო.
-გისმენ -ისე ჩასძახა ყურმილს, ჩემთვის მზერა არ მოუშორებია. მინდოდა მეთქვა ხმამაღალი კავშირი ჩართე-თქო, მაგრამ შემეშინდა, რომ რაღაც ცუდს გავიგებდი, ამიტომ, მერჩივნა ისევ ჩემს წინ მდგომის სახის გამომეტყველებაზე ამომეკითხა, რა ხდებოდა.
-სერიოზულად? -შუბლზე ხელი გაისვა ენკემ და აივნის მოაჯირს ზურგით მიეყრდნო -როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
მისი სახის ყურებისას, ვრწმუნდებოდი, რომ იგი საგანგაშოს არაფერს გამოხატავდა და მეც, ნელ-ნელა მაცოცდებოდა სხეულზე სიმშვიდე.
-კარგი, კარგი, მელინას ვეტყვი და ახლავე ჩამოვალთ ქვემოთ
-ენკე რა ხდება? -ჯერ კიდევ არ ჰქონდა ყურმილი დაკიდებული, როცა ეს ვკითხე. იმანაც გამაკვირვა, რომ აარონმა მასთან დარეკა და არა ჩემთან, თუმცა როგორც კი მარჯვენა ხელში მოქცეულ ტელეფონს დავხედე, მაშინღა მივხვდი ელემენტი რომ დაჯდომოდა და ამის გამო გამორთულიყო
-სწრაფად ჩავიდეთ ქვემოთ მელინა -მაჯაზე მომკიდა მან ხელი ამის თქმისას, თან აივნიდან გასასვლელი კარისკენაც წამიყვანა -აარონის მძღოლი გველოდება კორპუსის შემოსასვლელთან
-ენკე, რა ამბავი გაიგე ცოტა ხნის წინ? -უკვე მოთმინება მეწურებოდა -ან, სად უნდა წაგვიყვანოს აარონის მძღოლმა?
-კლინიკაში მივდივართ. შენი გამოტვინებული ქმარიც იქ გადაჰყავთ ამ წამს
-რა? -ლამის ვიკივლე -რა უნდა კლინიკაში? რა სჭირს?
-დაწყნარდი, მშვიდად ისუნთქე. ისეთი არაფერია განგაშის ატეხვა რომ ღირდეს -მაშინვე მომიბრუნდა, როგორც კი პანიკის საწყისი ნიშნები შემატყო -თურმე მართლა მაგ თავზეხელაღებულს გადაურჩენია ის ნარკომანი ბავშვი და მერე, მეც არ ვიცი რა და როგორ მოხდა, მაგრამ ვიღაც მდინარის პირას მცხოვრებ, მოხუც კაცს უპოვნია, ორი დღის წინ, თავის სახლთან, უგონოდ, თანაც იქედან რამდენიმე მეტრის მოშორებით, სადაც მყვინთავები ეძებდნენ მთელი ორი დღე -თან მელაპარაკებოდა, თან უკვე ლიფტის კაბინაში შესული, მოუთმენლად შეჰყურებდა როგორ ნელ-ნელა მიიწევდა ციფერფლატზე, სართულების აღმნიშვნელი რიცხვები ქვემოთ.
-ენკე, ნამდვილად ცოცხალია? -ხმაც კი ციებიანივით აკანკალებული მქონდა იმ წამს -მართლა არაფერი სჭირს?
-მელ, დაწყნარდი რა, იქამდე საღ გონებაზე მყოფმა ხომ უნდა მიაღწიო? -მხიარული ტონით გაუმართა მან ბრძოლა ჩემს შინაგან დაძაბულობას -გითხარი, ცოცხალია-მეთქი, დანარჩენს კი ადგილზე გავარკვევთ, რა და როგორ მოხდა. ტელეფონის საშუალებით ყველაფერი ვერც მე გავიგე
აღარაფერი მითქვამს. უბრალოდ ღრმად ამოსუნთქვას გავაყოლე სხეულის უსიამოვნო კანკალი და საკუთარი თავის ძლიერი ვარიანტი მოვიხმე. მართლა რა მჭირდა? რატომ ვიყავი ფსიქიკურად ისეთი სუსტი, რომ მუდამ სხვის დამშვიდებას ვსაჭიროებდი ხოლმე? ამ უარყოფით თვისებაზე, მომავალში აუცილებლად ძალიან ბევრი უნდა მემუშავა, სანამ საბოლოოდ არ ამოვძირკვავდი ჩემი პიროვნებიდან.
კორპუსიდან გასულებს, გარეთ მართლაც დაგვიხვდა აარონის მიერ გამოგზავნილი მანქანა, რომელმაც შესაშური სისწრაფით მიგვიყვანა საავადმყოფოს შენობასთან. უკვე გვარიანად წვიმდა. ანასტასია და აარონი, შესასვლელში იდგნენ და ერთმანეთში რაღაცაზე საუბრობდნენ. სანამ მივუახლოვდებოდი, სახეზე ორივეს სათითაოდ დავაკვირდი. თითქოს ღრმა ჭრილობაზე მალამოს წასმასავით მესიამოვნა იმის გაცნობიერება, რომ ნერვიულობის არანაირი ნიშანკვალი არ ეტყობოდა არც ერთის გამომეტყველებას.
-აარონ! -ხმამაღლა დავიძახე მისი სახელი და ლამის სირბილით ავირბინე საავადმყოფოსკენ მიმავალი კიბეები. ენკეც იგივე ტემპით მომყვა უკან. დარწმუნებული ვიყავი, არც იგი იყო ჩემზე ნაკლებად დაინტერესებული მომხდარის შესახებ სრული ისტორიის მოსმენით
-მალე მოსულხართ -ანასტასიამ, ღიმილით ჩამომისვა მკლავზე ხელი, როგორც კი შესასვლელ კართან მდგომებს მივუახლოვდი -ნიკასთან ახლა ექიმია და შიგნით არ გვიშვებენ, თუმცა საგანგაშო არაფერია, უბრალოდ ძალიან მაღალი სიცხე აქვს
-ამ საქმის გამო გამოხვედით სახლიდან თქვენ ორნი, სრულიად მოულოდნელად? -ვკითხე დაეჭვებით. არაფერი მითხრეს, თუმცა დადებითი პასუხის ამოკითხვა მათი მზერებიდანაც მშვენივრად შევძელი და ოდნავი ბრაზიც ვიგრძენი ამის გამო -კი მაგრამ, მე რატომ არაფერი მითხარით? ყოველი წამის გასვლა კოშმარი იყო, ახალი ამბის გაგების მოლოდინში და თქვენ მაინც გაჩუმდით?
აარონი ერთი ნაბიჯით წინ წამოვიდა. როგორც ჩანს მან აიღო საკუთარ თავზე პასუხის გაცემის ინიციატივა.
-პოლიციაში განაცხადი შეიტანეს, მელინა -მითხრა ხმადაბლა -განმცხადებელი, ვიღაც მუნჯი, მეთევზე კაცი იყო, ვინაც მდინარის პირას, უცნობი ადამიანი იპოვა და თავის სახლში უვლიდა. არც ჟესტების ენა იცის ნორმალურად, არც წერა-კითხვა და ისიც კი ვერ აუხსნა პოლიციელებს, როგორ გამოიყურებოდა მის მიერ ნაპოვნი პიროვნება, ამიტომ, განყოფილებაში დარწმუნებული თითქმის არავინ იყო, მის ვინაობაში, სანამ ამ კაცმა თვითონ არ წაგვიყვანა საკუთარ სახლში. მერე, ნიკაც გადმოვიყვანეთ კლინიკაში, სასწრაფოს მანქანით და თქვენც მაშინვე დაგირეკეთ. ხომ იცი, თავიდანვე გეტყოდი, უბრალოდ მომხდარს ყველაზე მეტად შენ განიცდიდი და არ მინდოდა ცრუ იმედები შეგქმნოდა. ამიტომაც დაგიმალა სიმართლე ყოველმა ჩვენგანმა
-მოიცა, მოიცა, ანუ ამ ვაჟბატონმა ყველაფერი თავიდანვე იცოდა? -ამჯერად ენკეს მივუტრიალდი. ეს უკანასკნელი მაშინვე გაიტრუნა და მზერაც ამარიდა. აღარ იცოდა, სად წაეღო დანაშაულის გრძნობით აღსავსე მონაცრისფრო თვალები
-კარგი რა, ახლა მე ნუ დამესხმები თავს -ბავშვივით ამოიწუწუნა მან -ხომ შეიძლებოდა ის ტიპი ნიკა არ ყოფილიყო? ტყუილი იმედები შეგექმნებოდა და უფრო უარესი იქნებოდა შენთვის
-ხალხო, ახლა ყველამ კარგად მომისმინეთ! -სათითაოდ გადავხედე სამივეს, გაბრაზებული მზერით. მათი თავის მართლების მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერ მომენელებინა ის ფაქტი, რომ ერთადერთი ვიყავი, ვინაც ყველაფერი ბოლო წამს გაიგო -მართალია, ნიკოლოზი ზედმეტსახელად ბამბის თოჯინას მეძახის, მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ მეც მის მსგავსად ვსაჭიროებ მოფრთხილებას! გადაჭარბებული ლოლიავი და დაცვა, ჩემი მშობლებისგანაც მეყო მთელი ოცდაერთი წელი, ახლა კი თქვენც იგივეს აკეთებთ!
-თავისებურად ისიც მართალია -ჩემი გამოსვლის შემდეგ, მხარდაჭერა ვიგრძენი როგორც ანასტასიას სიტყვებიდან, ასევე მისი გამოხედვიდან -თუმცა ახლა ჩხუბის დრო არაა. მთავარია, ყველაზე უარესი ავიცილეთ თავიდან და ჩვენი ბამბის თოჯინას პატიებასაც ნელ-ნელა დავიმსახურებთ, არა მელინა?
რამდენნაირად არ ვცადე თავის შეკავება. რა ცუდი ამბები აღარ გავიხსენე, რათა ამ სიტყვებზე არ გამღიმებოდა, თუმცა ბევრი მცდელობისდა მიუხედავად, ტუჩები მაინც თავისით გამეხსნა და კვლავ აარონს შევხედე.
-ნიკოლოზის ნახვა მინდა, რომელ პალატაშია?
-ორას მეცხრეში -მაშინვე მომიგო მან, შემდეგ კი დაამატა -თუმცა მასთან ჯერ არ შეგიშვებენ, ექიმი სინჯავს
-გასაგებია -დავნებდი, იმისდა მიუხედავად, რომ უკვე ერთი სული მქონდა, როდის დავინახავდი მის სახეს -ჰო მართლა, ნიცას კიდევ ვერ ურეკავთ?
-ვერა, ვერ ვურეკავთ -ამჯერად ანასტასიამ გამცა პასუხი -ისეთ ადგილასაა, სატელეფონო ხაზები არ იჭერს, თუმცა არა უშავს, ზეგ თვითონაც აპირებდა დაბრუნებას
-ერთი რამ ვერ გამიგია, იმ კაცმა აქამდე რატომ არ შეატყობინა არავის, არაფერი? -ენკეც შემოუერთდა ჩვენს საერთო დიალოგს. ამის თქმისას, აარონს უყურებდა ცნობისმოყვარეობით გატენილი თვალებით და მის დასმულ შეკითხვასაც, სწორედ ამ უკანასკნელმა უპასუხა
-ეგ განყოფილებაშიც ჰკითხეს -ოდნავი ღიმილით თქვა მან -ყველაფერი იმით ახსნა, რომ მარტო ვერ ტოვებდა, სანამ ცოტათი მაინც არ გამოკეთდა. ვერც სასწრაფოს გამოძახება შეძლო, რადგან მეტყველება არ შეუძლია და რომც შეეძლოს, ამბობს მისი მკურნალობის ხარჯებს მაინც ვერ დავფარავდი, პატრონი რომ არ გამოჩენოდა, რადგან თავადაც არაფერი მაბადიაო
-მალე მორჩებიან მის გასინჯვას? -ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი, ისე მეჩქარებოდა ნიკოლოზის ნახვა -ავალ, პალატასთან მოვუცდი, აქ ვერ ვჩერდები
-მეც წამოგყვები -ხელკავი გამომდო ანასტასიამ ამის თქმისას. სანამ ნაბიჯს გადადგამდა, აარონსა და ენკეს მიუბრუნდა
-თქვენ არ წამოხვალთ?
-როდესაც შესვლის ნებართვას მოგცემენ, დაგვირეკეთ. მანამდე აქ ვიქნებით მე და ენკე -ისე წარმოთქვა მისი სახელი, ზუსტად მივხვდი რაღაც ისეთი საქმე ჰქონდა მასთან, რაზეც თავად სრულიად არაფერი ვიცოდი. თუმცა, ამისდა მიუხედავად, ანასტასიას მაინც გავყევი და რამდენიმე წამში, შენობის შიგნითაც აღმოვჩნდით, სადაც გაცილებით უფრო მეტად თბილოდა, ვიდრე გარეთ.
-გთხოვ, მითხარი, რამე ისეთი ხდება, რაც უნდა ვიცოდე? -გულის კარებზე მოწოლილი ცნობისმოყვარეობის გრძნობა დიდხანს ვეღარ შევაკავე და მაშინვე ვკითხე, როგოორც კი მიმღებში ჩვენი სახელებისა და გვარების თქმის შემდეგ, ლიფტის გამოძახების ღილაკს დავაწექით.

ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, კიდევ რაღაც საიდუმლო იმალებოდა ყველაფრის უკან და ამაში, ენკესა და აარონის განმარტოებითი საუბარი მარწმუნებდა.
ჩემმა შეკითხვამ, ანასტასიას უხერხულად შეშმუშვნა გამოიწვია. აშკარა გახლდათ, რაღაც ნამდვილად იცოდა, თუმცა ყოყმანობდა გაემხილა თუ არა ჩემთვის. ამის გამო, იძულებული გავხდი თავად წავხმარებოდი გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებაში.
-თუ ეს ყველაფერი იმ პალატაში მყოფ ადამიანს ეხება, ვისთანაც ახლა მივდივართ, უნდა ვიცოდე, გესმის? -ვუთხარი და ლიფტის კაბინაშიც შევაბიჯე, რა თქმა უნდა, მასთან ერთად -დილიდან მოყოლებული, ისედაც ნერვებს მიშლის ეს საიდუმლოებები და მოდი ამ ტემპით სიარულს ნუღარ გავაგრძელებთ
-ცუდი არაფერი ხდება, მელინა, დამიჯერე
-მაგრამ მაინც ხდება რაღაც, რაზეც მე წარმოდგენაც კი არ მაქვს, არა?
ანასტასიამ ღრმად ამოიხვნეშა, მერე კი საწყალი თვალებით მომიბრუნდა.
-თუკი დამპირდები, რომ ნიკასთან ამაზე სიტყვა არ დაგცდება, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მოგიყვები
-კი მაგრამ, ასეთი რა არის, ნიკოლოზს რომ უნდა დავუმალო? -ნამდვილად ვერ მოვიხიბლე იმ ვატიანტით, მისგან რამე საიდუმლო რომ შეიძლებოდა მქონოდა
-ვხვდები რასაც ფიქრობ და ნუ ღელავ, ისეთი არაფერია, რაც თქვენს ურთიერთობაზე მოახდენს გავლენას. უბრალოდ დამპირდი, კარგი? -მომლოდინედ შემომყურებდნენ მისი თვალები და ვინაიდან, მისი თქმით, ისეთი არაფერი ხდებოდა, რომ ამის დამალვა შეცდომად შეიძლებოდა ჩამთვლოდა, გადავწყვიტე დავთანმხებოდი
-კარგი, გპირდები, არავის არაფერს ვეტყვი
სწორედ ამ დროს, ლიფტის კარიც გაიღო და დერეფანშიც გამოვედით. თითქოს გულიც სულ სხვანაირად აძგერდა, როდესაც ამდენად ახლოს აღმოვჩნდი იმ კართან, რომლის მიღმაც ახლა ნიკოლოზი იმყოფებოდა.
დერეფანში, შემოვლაზე მყოფი ექთნის თქმით, ექიმს ჯერაც არ დაეტოვებინა ორას მეცხრე პალატა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კიდევ ცოტა ხანს მოგვიწევდა ლოდინი.
მე და ანასტასია, მოსაცდელ სკამებზე დავსხედით, ერთმანეთის გვერდიგვერდ. საუბრის დაწყების წინ, მან, ცოტა ხნის წინ აპარატიდან ჩამოსხმული ცივი წყალი მოსვა, ერთი ჩაახველა და ნახევარი ტანით მოტრიალდა ჩემკენ.
-ის მოხუცი კაცი, ვის სახლშიც ნიკამ ორი დღე გაატარა, თავიდანვე მუნჯი არ ყოფილა
-ერთი წამით მოიცა -დაწყების თანავე გავაწყვეტინე სიტყვა -ამ ყველაფრის გადამკიდე, ეგ სულ გადამავიწყდა, ახლა სად არის ის კაცი?
-აქაა, კლინიკაში -ღიმილით მაცნობა ანასტასიამ -ლოგოპეტთან აქვს ვიზიტი
-ლოგოპეტთან?
-ჰო. აარონს უნდა მისი მკურნალობის ხარჯების საკუთარ თავზე აღება. როგორც აღმოჩნდა, ბავშვობაში რაღაც ტრავმა აქვს გადატანილი და ამის შემდეგ დაკარგა მეტყველების უნარი. ეს ყველაფერი აღდგენითია, უბრალოდ ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება, მისი მატარიალური მდგომარეობის მქონე ადამიანისთვის
-მაგას სერიოზულად აპირებს?
ანასტასიას ბაგეებს, მსუბუქი ღიმილი დაეტყო.
-აარონი, მისგან ძმის სიცოცხლითაა დავალებული, მელინა. რაც არ უნდა გააკეთოს, ყოველთვის ცოტა იქნება
-და თავად ის კაცი რას ამბობს ამაზე? -მორიგი კითხვა გავაჟღერე
-რა თქმა უნდა, არაფერი იცის -თავი გააქნია მან -ეგეთი კატეგორიის ადამიანები, როგორც წესი, დახმარებისთვის სანაცვლოდ, არასდროს არაფერს მოელიან. სწორედ ამიტომ, პატარა ტყუილის მოგონება დაგვჭირდება, თითქოს ამ ყველაფერს სოციალურად დაუცველთა სააგენტო უფინანსებს. ენკესაც ზუსტად მაგ თემაზე ელაპარაკება აარონი, განცალკევებით. სწორედ მან უნდა ითამაშოს იმ სოციალურად დაუცველთა სააგენტოს თანამშრომლის როლი, ვინც მკურნალობის ხარჯებს დაუფინანსებს. ამის გამო, კარგი იქნება, იმ ადამიანის აქ ყოფნის დროს თუ არ მოინახულებს ხოლმე ნიკას, თორემ შესაძლოა რამე ეჭვები დაებადოს
-მოიცა, მოიცა, სტოპ -ხელის აწევით შევაჩერე -ცოტა ხნის წინ არ თქვი, ახლა ლოგოპეტთანაა ვიზიტზეო? ამის ფინანსები საიდან, როცა ენკეს ჯერ არც შეხვედრია ის კაცი? -აშკარად ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჩავაჯინე ეს ყველაფერი, ამდენი სიახლეებისგან დაბნეულმა, თუმცა ანასტასიას სიტყვებმა, მალე ყოველივე გაურკვეველი გამოიტანეს დღის სინათლეზე.
-აქაც პატარა ტყუილი ჩავრთე, ოღონდ ამჯერად მე -კიდევ ერთხელ მოსვა გამჭვირვალე სითხე ერთჯერადი ჭიქიდან, ისე, თითქოს ლაპარაკის გაგრძელებამდე გამომშრალ ყელს ისველებსო -მაინტერესებდა მისი მდგომარეობა მკურნალობას თუ ექვემდებარებოდა და ლოგოპეტის თანხაც თვითონ გადავიხადე. თავად მას კი უთხრეს, რომ ერთი ვიზიტი უფასოდ ერგებოდა კლინიკისგან, საჩუქრად. იმ ლოგოპეტისთვის ჩემი ტელეფონის ნომერი მქონდა მიცემული წინასწარ, რათა გასინჯვის საწყის ეტაპზევე შეტყობინების სახით ეცნობებინა, თუკი რამე საშუალებით მაინც შეიძლებოდა ამ ადამიანის განკურნება. აღმოჩნდა, რომ შესაძლებლობა საკმაოდ მაღალია და როცა ეს აარონს ვუთხარი, მისი მკურნალობის სრულიად დაფინანსების იდეა უკვე თავად მოაფიქრდა
ახლა უკვე ყველაფერი გასაგები იყო. თითქმის ყველა კითხვას გაეცა პასუხი და ის ფარდაც აფრიალდა, რომელიც კულისებს, მაყურებლებისგან მიჯნავდა.
უნდა მეღიარებინა, სრულიად ბუნებრივად და სიტუაციისთვის შესაბამისად მომეჩვენა აარონის ეს მოულოდნელი წამოწყება. მას უფლება ჰქონდა, ძმის გადარჩენის გამო, თავისებურად გადაეხადა მადლობა იმ ადამიანისთვის, ვინც ეს სიკეთე გაუკეთა და ამის უფლებას, ნამდვილას ვერ წავართმევდი. თანაც, ზუსტად ვიცოდი, რომ აარონის ადგილას ყოფნის შემთხვწვევაში, თვითონაც ზუსტად ასე მოვიქცეოდი, ამიტომ, მიცემული პირობა, რის მიხედვითაც ამ თემაზე კრინტი არ უნდა დამეძრა, კიდევ ერთხელ დავუდასტურე სიტყვებით ანასტასიას და იმ წამს, ორას მეცხრე პალატის გამოღებული კარიდან, ყელზე მოხვეული გასასინჯი ხელსაწყოთი გამოსული თეთრხალათიანის შემჩნევისას, ლამის სინათლის სიჩქარეზე სწრაფად წამოვხტი ფეხზე. ბოლოს და ბოლოს, ახლა მაინც შევძლებდი ნიკოლოზის ნახვას.








8 8 8 8

ალბათ მართალია რომ ამბობენ, ადამიანი ცოტა ხნით შენი თვალთახედვის არეალიდან უნდა გაქრეს, მთელი სიმძაფრით რომ გააცნობიერო, რამხელა ადგილი უკავია ამ უკანასკნელს შენსავე გულშიო. ჩემი ცხოვრების ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, სწორედ იმაზე მეფიქრებოდა, რომ ნიკოლოზ ქალდანი, იმაზე გაცილებით მეტი ყოფილა ჩემთვის, ვიდრე მთელი ამ დროის მანძილზე წარმომედგინა.
საავადმყოფოში გატარებული ორი დღის განმავლობაში, შინ მხოლოდ. შხაპის მისაღებად თუ მივდიოდი და ღამითაც კი მის პალატაში ვრჩებოდი ხოლმე. მიყვარდა ამ დროს მის მძინარე სახეზე მოფერება და ის ცხელი ტუჩები, ძილისგან ნახევრად გამორკვეული რომ შემახებდა ხოლმე, გაშლილ ხელის გულზე. ღამის მონაკვეთი იმიტომ მომწონდა, რომ სწორედ ამ დროს ვრჩებოდით მარტონი. დილის საათებს რაც შეეხება, ხან ვინ იყო მასთან, ხან ვინ. იმ ბავშვის დედამაც კი ინახულა, ვისი შვილიც ნიკოლოზის წყალობით გადარჩა მდინარის ფსკერზე სიცოცხლის დასრულებას და ვინ მოთვლის, საბრალო, თვალცრემლიანმა ქალმა რამდენი მადლობა გადაუხადა ამის გამო.
როგორც მისგან გავიგეთ, იმ შემთხვევის შემდეგ, შვილი სასწრაფოდ გაეგზავნა ნარკოლოგიურ ცენტრში, სამკურნალოდ და ჩვენც უზარმაზარ ბოდიშს გვიხდიდა, კინაღამ ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლეც რომ შეიწირა მისი შვილის მიერ არჩეულმა არასწორი ცხოვრების გზამ.
არც კი მჯეროდა, რომ უკვე ოთხი დღე გასულიყო იმ საბედისწერო შემთხვევის შემდეგ. თითქმის ყველას დაგვვიწყებოდა მაშინდელი საზარელი წუთები, რაც ყოველმა ჩვენგანმა უკლებლივ გადავიტანეთ, თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ გველოდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იმაზე ბევრად უფრო დიდ ვულკანურ აფეთქებად, რაც ამ ორი დღის განმავლობაში გვარგუნა ბედმა, ნიცას თბილისში დაბრუნება მოგვევლინა.
ქალაქში ჩამოსვლის შემდეგ, როგორც კი მომხდარის შესახებ ყველაფერი უკლებლივ შეიტყო აარონისგან და სახლიდან, პირდაპირ კლინიკაში გამოიქცა, თავს ზუსტად ისე დაგვატყდა, როგორც მთიდან დაგორებული სასიკვდილო ზვავი. იმ წამს, ენკეს გარდა, ვინც იმ მომენტში, ტანსაცმლის გამოსაცვლელად გასულიყო სახლში, უკლებლივ ყველანი ნიკოლოზთან ვიყავით და მხიარულადაც ვსაუბრობდით, რომ უეცრად, პალატის კარი ისე შემოგლიჯეს, თითქოს მძარცველი ბანკის სეიფის გადატანად შემოიჭრა და სადაცაა იყვირებს "ყველანი იატაკზეო".
-ვერ ამიხსნით რა ჯანდაბა გჭირთ თქვენ ორს?! -არ ვიცოდი საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მაგრამ დამყაჩაღებლის ნაცვლად, ზღურბლზე ნიცას სილუეტი მოჩანდა, ვინც თავის ძმებს შორის ცვლიდა გაცეცხლებულ მზერას -უკვე დამღალა იმან, რომ ხან ერთი ხართ წამოწოლილი საავადმყოფოს პალატაში, ვიღაც უცნობი მანიაკის მიერ დაჭრილი, ხან მეორე, თავზეხელაღებულ გმირობას კინაღამ შეწირული. გინდათ საბოლოოდ გამაგიჟოთ?! გეკითხებით, რას მერჩით ან მე, ან ჩემს ისედაც დარტყმულ ფსიქიკას?
-ნერვული შეტევა აქვს -ჩუმად გადმომჩურჩულა და თვალი ჩამიკრა ღიმილით ნიკოლოზმა -არ ინერვიულო, ჩვენ მიჩვეულები ვართ ასეთ რამებს
-რას ბურტყუნებ მანდ ერთუჯრედიანო?
-მეც მიხარია შენი დანახვა, დაიკო
ნიცამ, ჩანთა პალატაში მდგომ პატარა სავარძელზე მიაგდო, უხეშად და პაციენტის საწოლს მიუახლოვდა. ანასტასიამ და აარონმა, კაფეტერიაში ყავის დალევა მოიმიზეზეს და მოსალოდნელ ისტერიკებს, თვითონაც რომ არ შესწრებოდნენ, სასწრაფოდ გაიძურწნენ პალატიდან.
ამჯერად, მარტო სამნი დავრჩით შიგნით. დაძაბულობამ იმატა. მხოლოდ ნიკოლოზის სახეს ვერ ვამჩნევდი ამ გრძნობის ვერანაირ ნიშან-კვალს.
-მოდი, ჯობია მეც დაგტოვოთ და ცალკე ისაუბროთ -სკამიდან ფეხზე წამოვდექი ამის თქმის თანავე, პარალელურად კი, საკუთარი ჩანთაც ავიღე
ნიცამ ხელის აწევით შემაჩერა.
-შენ აქ იყავი, არსად არ წახვიდე! -მითხრა მან ისე, თითქოს მალე სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოეტანა
-მეც დავაშავე რამე? -ვკითხე საწყალი ხმით, თან ღიმილს ძლივს ვიკავებდი მისი სახის შემხედვარე
-მაგას ახლა დავადგენთ -ნიკოლოზის საწოლზე ჩამოჯდა იგი, უფრო სწორად, მის ფეხებზე და კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით ამომხედა -სად ბრძანდებოდი იმ საღამოს, როცა ეს დაუნი ვიღაც გამოლენჩებული ნარკომანი თინეიჯერის გამო საკუთარ სიცოცხლეს აგდებდა სასწორზე?
-ნიცა, პირდაპირ ფეხებზე მაზიხარ, თუ შეიძლება ადექი, მტკივა
-ენა ჩაიგდე! სწორედაც რომ უნდა გეტკინოს, მაგაზე გაცილებით მეტის ღირსი ხარ! -ამ დროს, კვლავ მე მომიქცია მზერის ფოკუსში, თან ენის წვერი სახიფათოდ გადაიტარა ქვედა ტუჩზე -ახლა კი, თქვენს მიკროფონს ვრთავ, ქალბატონო დევდარიანო და ყურადღებით გისმენთ. მაინტერესებს რა გაქვთ სათქმელი
-ნიცა შეეშვი!
-შენ გაჩუმდი, თორემ უფრო მაგრად დაგაჯდები მაგ ფეხებზე და საერთოდაც მოგტეხავ, შემდეგში რომ იდიოტურ გმირობებს შეეშვა
-ადამიანი გადაარჩინა, ასე რატომ ლაპარაკობ? -ვკითხე, რადგან მართლა გამიკვირდა მისი ასეთი გულგრილობა.
ნიცას, ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა მალინისფრად შეღებილ ტუჩებზე.
-ვიცი, კეთილო ფერია ადამიანის გადარჩენა რაცაა, მაგრამ იმ ბიჭს არ კი იცნობდა! -ხმას საგრძნობლად აუწია მან ამის თქმისას -მე კი მთელი ცხოვრებაა გვერდით ვყავარ და სანამ იმ ხიდიდან თავით გადაეშვებოდა, რატომ არ დაფიქრდა, რომ ყველაფრის ცუდად დასრულების შემთხვევაში, მთელს სამყაროს ჩამომანგრევდა თავზე, რატომ?!
-ნიცა, გეყოფა -მხარზე ხელის მოხვევით სცადა ნიკოლოზმა მისი დამშვიდება, თუმცა მან იგი უხეშად მოიშორა და გაავებული მზერით მიუტრიალდა
-ჰო, რა ვთქვი ტყუილი? -თვალები ცრემლებით აევსო, როცა ეს თქვა, თან ხმაზეც დაეკარგა უწინდელი რიხი და ტკივილისგან თითქოს დაემსხვრა კიდეც ის -მართალია, არასდროს გეუბნები ხოლმე, მაგრამ საკუთარ სახელზე კარგად იცი, რა არანორმალურადაც მიყვარხარ შე იდიოტო და რომ მეც გამანადგურებ, თუკი რამე ცუდი დაგემართება!
-ნიცა მშვიდად -ამჯერად თავად ვცადე მისი დაწყნარება და მხრებზეც მსუბუქად შევეხე ამის ნიშნად. საბედნიეროდ, ნიკოლოზისგან განსხვავებით, ჩემი მოშორების მცდელობა არ ჰქონია, პირიქით, ისეთი რამ გააკეთა, რაღაც მრივ, გაოცებულიც კი დავრჩი. მის მხარზე შეხებიდან რამდენიმე წამში, თავისი აკანკალებული თითები ძლიერად მომიჭირა, საწოლიდან ფეხზე წამოდგა და ატირებული, ისე ძლიერად მომეხვია, რომ ლამის სუნთქვაც კი შემიკრა.
ამ სცენის შორიდან შემყურე, საწოლზე წამომჯდარმა ნიკოლოზმა, შუბლი ნერვიულად მოისრისა და ღრმადაც ამოისუნთქა. თითქოს ტელეპატიურად სტკიოდათ ტყუპებს ერთმანეთის ტკივილი და ამას, გარეშე პირიც, ანუ მეც ნათლად ვგრძნობდი.
-მორჩა, მორჩა, ყველაფერი კარგადაა -თმაზე ხელი ჩამოვუსვი ატირებულს, თან უფრო ძლიერად ჩავიკარი გულში. ჩვენი დუეტის შემხედვარემ, ვეღარც ნიკოლოზმა გაძლო საწოლში, ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა, იქედან საავამდყოფოს ხალათით წამოდგა და ჩემს მკლავებში მოქცეულ ნიცას, ხელზე, ხელი მაგრად მოუჭირა
-თავი დამანებე რა, ნუ მეხები
-ნწ, არ დაგანებებ -ამჯერად, ტუჩებთან მიიტანა მისი თითები და ღიმილით დაუკოცნა ისინი -რაო, რას ამბობდი, არანორმალურად მიყვარხარო, არა?
-მელინა, უთხარი ახლავე მოკეტოს!
-გესმის? უნდა, რომ გაჩუმდე
-არა, მინდა, რომ მოკეტოს!
-ამ ორ სიტყვას შორის რამე განსხვავება არის? -ეჭვით დაწვრილებული თვალებით იკითხა ნიკოლოზმა, თან სევდით გაზავებულ, ღიმილიან მზერას ვერ იშორებდა ბაგეებიდან
-დიახაც არის! მოკეტე უფრო უხეშად ჟღერს, შენნაირი ხისთავიანი ვირი კი, სწორედ უხეშად მოპყრობას იმსახურებს -ჩემი მკლავებიდან თავი დაიხსნა, ტყუპისცალსაც გამოგლიჯა თითები და სასწრაფოდ შეუდგა ლოყებზე დადენილი ცრემლების წმენდას -დაიმახსოვრე, უახლოესი ერთი კვირის მანძილზე, ხმა აღარ უნდა გამცე! არ შენს ზარებს ვუპასუხებ, არც შეტყობინებებს და თუ მოხვალ, კარსაც კი ცხვირწინ მოგიხურავ ხოლმე!
-კარგი, და ერთი კვირის მერე მაინც თუ შეწყვეტს ჩვენს შორის სირბილს შავი კატა? -კვლავ სცადა მასთან მიახლოება, მაგრამ ჯერ კიდევ გაბრაზებულმა ნიცამ, ხელის აწევით შეაჩერა
-გითხარი არ მომეკარო-მეთქი! რაღაც დროით, ჩემთან მოკარების უფლება ჩამორთმეული გაქვს და ამას უნდა შეეგუო -მერე სავარძელზე მიგდებულ თავის ჩანთას დაავლო ხელი, ორივეს ცალ-ცალკე გადმოგვხედა დამკვირვებლური მზერით და ბოლოს, ჩემზე მოშტერებულმა თქვა:
-ერთადერთი სწორი არჩევანი, რაც მაგ ერთუჯრედიანს ცხოვრებაში გაუკეთებია, ეს შენ ხარ -ნიკოლოზისკენ მანიშნა თავით ამ სიტყვების გაჟღერებისას -თითქოს, სპეციალურად მისთვის შეკერილი ტანსაცმელივით ხარ, ამიტომ, მიხედე მაგ იდიოტს, მომავალში უარესი სისულელეები არ ჩაიდინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ლურჯ თვალებს, ერთმანეთის მიყოლებით ამოვთხრი და წვნიანს მოვუმზადებ მისგან. უფრო მეტიც, ვაჭმევ კიდეც ამ წვნიანს!
-რა სისასტიკეა -ვამჩნევდი, სიცილს ძლივს იკავებდა მის სიტყვებზე ნიკოლოზი, ვისაც უკვე მოესწრო კვლავ საწოლში დაბრუნება და ამჯერად იქედან უგდებდა ყურს ჩვენს დიალოგს
-შეხედე რა, კიდევ ხუმრობის ხასიათზე რომაა

-კართან რატომ დადექი, უკვე წასვლას აპირებ?

-ჰო, მივდივარ -ჯიბრიანად შეხედა ტყუპისცალს, თან სახელურიც ჩამოსწია საკმაოდ ხმაურიანად.

-დარჩენილიყავი ცოტა ხნით, ასე სად გეჩქარება? ახლახანს არ მოხვედი?

-გაინტერესებს სად მეჩქარება? -როცა ეს იკითხა, ცალი წარბიც აზიდა გადაჭარბებული სარკაზმით და მანამ განაგრძო, სანამ ვინმე საუბარში ჩაეჩრებოდა -სად მეჩქარება და ჩემს მეორე ძამიკოსთან, ვისზეც ნაკლებად გაბრაზებული ვარ, თორემ თუ დიდხანს გიყურე, შეიძლება საწოლშივე ჩაგაკლა და აქედან გაწერასაც ვეღარ მოესწრო!

-ნიცა, ნამდვილად კარგად ხარ? -მისი უწინდელი ცრემლები მაგონდებოდა და მარტო გაშვება მაინცდამაინც არ მინდოდა.

-კარგად ვინც არ არის და საწოლში გდია, ეგ შენი ქმარია, ჰოდა შეგიძლია თავზე იმდენჯერ გადაუსვა ხელი, რამდენჯერაც მოგინდება -ბოლომდე გამოაღო კარი ამის თქმისას, დერეფანში გახედვისას უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და ცოტა ხნით შეყოვნდა ზღურბლთან -ჯანდაბა, ამ ჰიპოკრატეს ბიძაშვილს ყოველ აქ მოსვლაზე როგორ უნდა ვხვდებოდე

-ჰიპოკრატეს ბიძაშვილს? -კითხვით სავსე თვალებით გადავუჩურჩულე ნიკოლოზს, რადგან ვერ მივხვდი ვის გულისხმობდა.

-ერთი ექიმია ამ საავამდყოფოში, ნიცას მაინცდამაინც არ ეხატება გულზე და

-მესმის თქვენი ჩურჩული, მერცხლებო -ჩვენკენ არ მობრუნებულა, ისე გვითხრა, მერე კი როდესაც დარწმუნდა იქ აღარავინ იყო, დერეფანშიც გააბიჯა თავისუფლად -მორჩა, მე მივდივარ. აქ გაჩერების სურვილი ერთი წამითაც აღარ მაქვს!

-სხვა დროსაც შემოიარე ხოლმე

-ვიცი, რომ დღეს საღამოს უნდა გამოგწერონ, ერთუჯრედიანო, თუმცა სხვა მხრივ, ერთი კვირაც რომ დაგჭირვებოდა აქ ყოფნა, მაინც არ გინახულებდი

ნიცას მზერა, ისევ უწინდებურ ბრაზს გამოხატავდა. ვიცოდი, ამ გრძნობის გასანელებლად კიდევ დიდი ხანი დასჭირდებოდა, ამიტომ არც ის გამკვირვებია, დაპირებისამებრ რომ გაიჯახუნა პალატის კარები და თავისი ტყუპისცალი, ჩემთან მარტო დატოვა.

იმისდა მიუხედავად, რომ მთელი ძალით ცდილობდა ამის ნიღბის მიღმა მოქცევას, მაინც შევამჩნიე ნიკოლოზის სახეზე ის ტკივილიანი გამომეტყველება, ნიცას უწინდელი რეაქციიდან რომ იყო გამოწვეული. ასეთ მომენტში, მის გვერდით დგომა, პირდაპირი გზით იყო ჩემი ვალდებულება, ამიტომ, საწოლზე, გვერდით ფრთხილად მივუწექი და მის თითებში თითებგადახლართულმა, მხარზე თავი მსუბუქად ჩამოვადე.

-ნუ ღელავ, წყენა ძალიან მალე გადაუვლის -ვუთხარი თითქმის ჩურჩულით -უბრალოდ, ძალიან ინერვიულა შენზე და ყველაფერი ამის ბრალია

-ვიცი, რომ გადაუვლის მელინა, უბრალოდ ძალიან უსიამოვნო შეგრძნება მიჩნდება ხოლმე ასეთს რომ ვხედავ

-მეც უსიამოვნო შეგრძნება მიჩნდება, როცა ისე მანერვიულებ, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ გააკეთე -ტანში კვლავ უსიამოვნოდ დამიარა იმ კოშმარის გახსენებაზე და თვალებიც მაგრად დავხუჭე ტკივილიანი მოგონებების გასაქრობად.

-უსიამოვნო შეგრძნებები იქით გადავდოთ და ექიმმა რომ ასე გვნახოს, ორივეს ყურს აგვიწევს

-თემას ნუ ცვლი -მაშინვე მივუხვდი ჩანაფიქრს, თან სევდიანმა ღიმილმაც გადამირბინა ტუჩებზე -ეს დღეები როგორ გადავიტანე ახლაც მიკვირს

-ნუ ღელავ, ასე ვერ მიგატოვებდი -შუბლზე ვიგრძენი მისი ცხელი ტუჩები ამის თქმისას -ერთად კიდევ უამრავი რამ უნდა მოვასწროთ

-მაინც, რა უნდა მოვასწროთ? -დავინტერესდი და ცნობისმოყვარედ შევაცქერდი ლურჯ თვალებში. პასუხს არც დაუგვიანია:

-მაგალითად, ერთად არ გვიგუნდავია, ისე, როგორც ეს ბანალურ რომანტიკულ მელოდრამებში ხდება, კინოთეატრის უკანა რიგებში არ გვიკოცნია და არც პარიზში წავსულვართ სამოგზაუროდ

-აჰა, ანუ თვლი, რომ ეს ყველაფერი ბანალურია?

-კონკრეტულად რომელი პუნქტის ბანალურობამ გატკინა გული? -ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და რამდენჯერმე მაკოცა ფრთხილად და ნაზად.

სუნთქვა კვლავ გაფუჭებული საათივით აირია. ნუთუ ეს არასდროს შეწყდებოდა?

-ბოლო ორი გასაგებია, მაგრამ გუნდაობას რას ერჩი? -ვკითხე ეჭვით დაწვრილებული თვალებით. ნიკოლოზმაც მაშინვე იპოვა გამოსავალი:

-თუ ასე ძალიან გინდა, მომავალში ჩვენს შვილთან ერთად ვიგუნდაოთ ხოლმე -მითხრა მან მრავალმნიშვნელოვნად აზიდული წარბებით.

-აბა შვილი?

-დამაცადე, ჯერ ამ საწოლიდან ავდგე და მაგ საქმესაც მივხედავ -მერე სახეზე ჩამომიტარა ხელის ზურგი და ოდნავმა ღიმილმაც გაუხსნა სისხლისფერი ბაგეები -იცი? უკვე წარმოგიდგინე კიდეც გამობერილი მუცლით, გამუდმებით სასწორით ხელში რომ დააბიჯებ და მეკითხები, ასეთიც ხომ მოგწონვარო

-კარგი რა, ეგეთი აუტანელი არ ვიქნები და არც მოვიმატებ -განვაცხადე ამაყად -ამ მხრივ კარგი გენები მაქვს

ნიკოლოზმა სიცილით გადააქნია თავი.

-აი ვიცოდი, რომ შენი მშობლების გენებში, რაღაც მაინც იყო ღირსეული

-ხვდები, რომ ახლა ტიპური ქართველი კაცი ხარ, ვისაც სიდედრ-სიმამრის სიტყვებით კბენა მოსწონს?

-მთავარია რეალურად არ ვუკბინო სადმე და სიტყვებით კბენას კიდევ აიტანს ადამიანი

-სულ ხუმრობის ხასიათზე როგორ ხარ? -ღიმილის შეკავება მიჭირდა მისი სიტყვების გამგონეს.

-ეს საავადმყოფოს ხალათი, თვალის ფერზე მაინცდამაინც არ მიხდება და ვცდილობ ყურადღება გადავიტანო

გამეცინა. ნიკოლოზის მხარზე თავჩამოდებული, მის გულ-მკერდზე ხელს განუწყვეტლივ დავატარებდი და აუტანლად მსიამოვნებდა ჩემს თმებში მოსრიალე თითების შეგრძნება.

-იცოდე, ასე აღარასდროს შემაშინო, თორემ საპირფარეშოში ჩაკეტვა მონაგონი იქნება, ისეთ რამეს მოვიფიქრებ შენს დასასჯელად

-მემუქრები ბამბის თოჯინა?

-როგორც გინდა ისე გაიგე -გულის მხარეს ვაკოცე ამის თქმისას, თვალები დავხუჭე და უფრო მაგრად მივეკარი მის სხეულს -ჰო მართლა, რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი

-მაინც რა?

-ის, რომ დედაშენი ყოველდღე რეკავდა ამბის გასაგებად -პირდაპირ ვუთხარი, ყოველგვარი ზედმეტი შესავლის გაკეთებისა და შელამაზების გარეშე. ნათლად ვიგრძენი როგორ დაიძაბა ამ სიტყვების მოსმენისას. კისერზე დამჩნეულმა ძარღვმაც კი დაუწყო ნერვულად თამაში.

-მელინა გთხოვ არ . . .

-ვიცი, ვიცი, მესმის -მაშინვე გავაწყვეტინე -უბრალოდ, მხოლოდ ის მინდოდა გცოდნოდა, რომ მართლა გულწრფელად ნერვიულობდა და ეს ვერაფრით იქნებოდა მოჩვენებითი. რაც არ უნდა იყოს, მან გაგაჩინა და ცხრა თვე გატარა მუცლით

-არ მაინტერესებს! როგორც არ უნდა მოქცეულიყო, თუნდაც პალატის კართან სძინებოდა ფეხის საწმენდზე, მაგ ქალზე მაინც არაფრის მოსმენა არ მინდა -თქვა მან კატეგორიულად და გაჩუმდა კიდეც. მეც აღარ ამომიღია ხმა. მივხვდი, პატიება ან არ-პატიება, მარტო მისი პირადი გადასაწყვეტი იყო და ამაში თავად ნამდვილად არ უნდა ჩავრეულიყავი.

კიდევ რამდენიმე წამი გავიდა საერთო მდუმარებაში. შექმნილი დაძაბულობის განსამუხტად, უკვე ვაპირებდი კიდეც ახალი სასაუბრო თემა შემომეგდო, რომ სრულიად მოულოდნელად, ნიკოლოზის შეკითხვამ გაიჟღერა მდუმარებით მოცულ გარემოში:

-მელინა, მითხარი მართლა ყოველ დღე რეკავდა ხოლმე ჩემი ამბის გასაგებად?

დაუფარავად გამეღიმა.

მას აინტერესებდა. აინტერესებდა და უნდოდა კიდეც იმ ქალის სიყვარული, ვისაც დედამისი ერქვა.



8 8 8 8

ნიკოლოზის გამოწერიდან პირველი რამდენიმე დღე, თითქმის არც ერთი ჩვენიანი არ გვშორდებოდა გვერდიდან და მარტონიც საკმაოდ იშვიათად ვრჩებოდით ხოლმე. აარონი და ანასტასია, ზომიერების ფარგლებს იცავდნენ ჩვენს მონახულებაში, თუმცა ენკე და ნიცას რაც შეეხება, ლამის ჩვენთან გადმობარგდნენ იმ დღეებში. ნიცა, ერთ ღამით, შუაშიც კი ჩაგვიწვა, ლოგინში, სანამ იმ პირობით არ გააგდო ნიკოლოზმა, რომ ოთახიდან გასვლის შემთხვევაში, შეეძლო ის მაისური დაეტოვებინა თავისთვის, ზედ, თავად რონალდოს ავტოგრაფი რომ იყო წაწერილი. საბედნიეროდ, ამ ჭკვიანურმა ხერხმა სასურველი შედეგი გამოიღო და იმ ღამით, საწოლშიც მხოლოდ ორს გვეძინა, ყოველგვარი დამატებითი პირის გარეშე.

ტყუპების დედასთან ურთიერთობას რაც შეეხება, რაღაც მხრივ აქაც კომპრომისი მოხდა. მართალია, არც შერიგება ყოფილა და არც, რამე ამდაგვარი, თუმცა ახლა, ისევე როგორც ნიცა, ნიკოლოზიც პასუხობდა ხოლმე ხანდახან მის ზარებს და იმასაც ვამჩნევდი, როგორ აიძულებდა საკუთარ თავს ლივიასთან ლაპარაკს. ვხვდებოდი, გულის სიღრმეში სურდა მიზეზი ეპოვნა, რათა ეპატიებინა და ისიც დაეჯერებინა, რომ დედისთვის სულ ერთი არ იყო, ერწმუნა, რომ მის წასვლას ისეთი საფუძვლიანი მიზეზები ამართლებდა, რაზეც ჯერ თავადაც არ ჰქონდა წარმოდგენა.

უჭირდა. ვიცოდი, მასაც უჭირდა და ნიცასაც, მაგრამ ის, რასაც აკეთებდნენ, მაინც უზარმაზარ წინ გადადგმულ ნაბიჯად მეჩვენებოდა და ამის გამოც ძალიან კმაყოფილი ვიყავი.

სამშაბათი იყო. დაახლოებით საღამოს შვიდი საათი. სამსახურიდან დაბრუნებისა და შხაპის მიღების შემდეგ, საძინებლიდან უკანა ეზოში გამავალ აივანზე ვიდექი და ყავის სმის პარალელურად, არც კი ვიცოდი რას ვუყურებდი.
ირგვლივ, როგორც ყოველთვის, ახლაც შესაშური სიწყნარე იყო. ვერ ვიტყოდი, რომ ჩემი სახლი გარეუბანში იდგა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხმაურიანი ნამდვილად არ ეთქმოდა ამ ქუჩას. ძალიან მომწონდა აქაურობა. ოთხი თვის მანძილზე, ისე ძლიერ მომესწრო ამ ეზო-კარის თითოეული კუთხე-კუნჭულის შეყვარება, რომ ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა აქედან წასვლა, როდესაც მე და ნიკოლოზი, უკვე ჩვენს საკუთარ სახლს ვიყიდდით, სადმე სხვა ადგილას. მართალია, ამ უბნის დანარჩენ მაცხოვრებლებთან მაინცდამაინც ახლო მეზობლობა არ მაკავშირებდა, თუმცა შორიდან თითქმის ყველას ვიცნობდი და ზოგიერთთან, მისალმებითი ურთიერთობაც კი მქონდა.

ფიქრებში ჩაძირულმა და აივნის მოაჯირს დაყრდნობილმა, საღამოს სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ლამის უკვე ნახევრამდე მქონდა ჩემი ყავის ფინჯანი ჩაყვანილი, როდესაც ვიგრძენი, რომ აივანზე, უკვე მარტო მე აღარ ვიდექი. გამეღიმა. სანამ გამოვიდოდი, ტელევიზორის წინ, დივანზე დავტოვე ჩაძინებული, თუმცა როგორც ჩანს, უკვე გაღვიძებოდა და ჩემი ძებნაც დაეწყო.

-გამოიძინე ძილის გუდა? -ყავის ჭიქას, რაღაც დროით რკინის მოაჯირზე მივუჩინე ადგილი და მისკენ შეტრიალებულმა, ლოყაზე მაგრად ვაკოცე. პასუხად, ახლადგაღვიზებული ლურჯი თვალები მომანათა, ჩემს წელზე გაასრიალა ორივე ხელი და თავისთან ახლოს მიმწია.

-ბოლო ოთხი თვე, დიდხანს ვეღარ მძინავს, თუკი ერთი ვიღაც არ მიწევს გვერდით -მომიგო ოდნავი ღიმილით, თან ორი თითით გადამიწია თმა ყურს უკან -აშკარად ცუდად მაქვს საქმე

-ცუდად რატომ? -თითებით მის ტუჩების კონტურების მოხაზვა დავიწყე, შემდეგ კი ისინი ოდნავ წამოზრდილ თმაში შევუცურე. ვგიჟდებოდი მის ვარცხნილობაზე. უზომოდ უხდებოდა ასეთი სტილი.

-ალბათ იმიტომ, რომ შენდამი ასეთი ავადმყოფური დამოკიდებულება ცხოვრების ბოლომდე გამყვება

-თუ ასეა, მაშინ, ჩემი საქმეც ცუდად ყოფილა -ვაღიარე გულწრფელად და სიცილით. არ გამჭირვებია იმის შემჩნევა, როგორ ჩადგა მის ზღვისფერ თვალებში რაღაც იდუმალი, ჩემი სიტყვების მოსმენის შემდეგ. მალევე მივხვდი კიდეც მის არსს, როდესაც ნელა, აუჩქარებლად გადააძრო სქელი სვიტერი ჩემს სხეულს, მაღლა აწეული თმიდან სარჭი გამომაძრო და იგი ფრთხილად ჩამომიშალა მხრებზე.
-ნიკოლოზ, აივანზე ვართ

-მაგრამ თითქმის ბნელა -ჩურჩულით ამოთქვა ეს სიტყვები, პარალელურად კი ჩემს წინ ნელა ჩაიმუხლა და თეძოებზე ხელები მომთხოვნად აასრიალა.

მისი ცხელი ტუჩები რომ მოშიშვლებულ ჭიპზე ვიგრძენი, სიამოვნებისგან თავისდაუნებურად მიმელულა თვალები და თმებში თითებით ძლიერად ჩავაფრინდი. რამდენიმე წამში ისიც ვიგრძენი როგორ შემომხვია ხელები მაჯაზე, ქვემოთკენ დამქაჩა და მეც ინსტიქტურად დავყევი მის ნებას. სულ ცოტაც და უკვე ნიკოლოზის პირისპირ, მუხლებზე ვიდექი, მის მსგავსად.

ოკეანისფერი თვალები დაუფარავი სურვილით შემომყურებდნენ. ეს ტკბილი სიახლოვე, თავს მაკარგვინებდა და ერთადერთი სურვილი მიპყრობდა -რაც შეიძლებოდა მალე შეგეგრძნო მისი ცხელი სხეულისგან მოგვრილი საამო ჟრუანტელი კიდევ ერთხელ.

ნიკოლოზმა თავისი ხელი ჩემსაში ახლართა, ისე, როგორც მე მიყვარდა, მეორე კი ზურგზე მომხვია და სხეულზე ისე ამიკრა, ჩვენს შორის მანძილი, ნახევარი სანტიმრტრიც აღარ დატოვა. ამჯერად უკვე სახეზე მეცემოდა მისი გახშირებული სუნთქვა და თითქოს გულის არანორმალურ ბიძგებსაც კი ვგრძნობდი.

-იცი მაინც რამხელა სიამოვნება ხარ ჩემთვის? -უკვე მეორედ მისვამდა ამ კითხვას, თან ლავიწის ძვალზე მიტოვებდა კოცნის კვალს და ნელ-ნელა მხარისკენ მიუყვებოდა.

-უსასრულო სიამოვნება, არა?

-ჰო, სწორი პასუხია -ღიმილი ჩაუდგა ჩემთვის საყვარელ ლურჯ თვალებში, თან გულზე დამადო გაშლილი ხელი -აუტანლად სასიამოვნო შეგრძნება ყოფილა როცა ზუსტად შენთვის საყვარელი ქალი მოგანდობს თავის სხეულს, შენ კი უფლება გაქვს მისით ბოლომდე დატკბე

-ჰოდა მერე რაღას უცდი, დატკბი!

ნიკოლოზს ერთი ჩაეცინა და ტუჩის კუთხეში, ენით აღუწერლად ნაზი კოცნის კვალი დამიტოვა.

-სულ ეს ხარ? მეტი არაფერი შეგიძლია? -მის გამოწვევას ვცდილობდი, რადგან ვიცოდი ჩემი წვალება მოსწონდა და სიამოვნებას ამიტომაც იხანგრძლივებდა.

საბედნიეროდ, აღნიშნულმა ვერაგულმა მცდელობამ სასურველ შედეგამდე მიმიყვანა, რადგან ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, იგი ზედმეტად სწრაფად წამოდგა ფეხზე, ხელში ბუმბულივით მსუბუქად ამიტაცა და ჩვენი საძინებლისკენ მიმავალ გზაზე, მუქარასავით გაისმა მისი ღიმილნარევი სიტყვები:

-ახლა გაჩვენებ ვინც ვარ და რაც შემიძლია!

რა იყო მერე?

მერე იყო მისი ტუჩების კვალი ჩემს სხეულზე, გაჩერებული დრო და შეგრძნებები, რომლებიც ისევე არასდროს მიეცემოდა დავიწყებას, როგორც ნიკოლოზთან ერთად გატარებული თითოეული დღე, საათი, წუთი თუ წამი . . .









8 8 8 8

დეკემბერი თავის ბოლო დღეებს ითვლიდა. მოსალოდნელ საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველას ჩვენ-ჩვენი გეგმები გვქონდა. ანასტსია და აარონი, ნიუ-იორკში აპირებდნენ წასვლას, წინა წლის ხათრით, რადგან შარშანდელი ახალი წელი, სწორედ ამ ქალაქში ჰქონდათ გატარებული. რაც შეგვეხება ჩვენ, ესპანეთი გქვონდა ამოღებული მიზანში, რადგან ნიკოლოზის კომპანიის უფროსობამ, თითოეული იქ მომუშავე თანამშრომელი დაასაჩუქრა საახალწლოდ, სხვადასხვა ქვეყნების ორკაციანი საგზურებით, თანაც შემთხვევითობის პრინციპით.

აღნიშნული პრინციპი შემდეგში მდგომარეობდა:- თითოეული იქ დასაქმებული, სპეციალურად მოტანილი სანტას ქუდიდან ოთხად გაკეცილ ქაღალდს იღებდა და რომელი ქვეყნის სახელიც კი ამ ქაღალდზე იქნებოდა დაწერილი, სწორედ იმ ქვეყნის ორკაციან საგზურს გადასცემდა კომპანია. როგორც უკვე მიხვდით, ნიკოლოზს ესპანეთი ხვდა წილად და ვინაიდან, ამ ქვეყანაში არც ერთი არ ვიყავით ნამყოფები, მით უმეტეს ახალ წელს, გადავწყვიტეთ მიღებული საჩუქრით აუცილებლად გვესარგებლა. პრობლემა მხოლოდ ერთი რამ იყო -ჩემი თვითმფრინავებისადმი შიში, რომელთან დაპირისპირებასაც უკვე სერიოზულად ვაპირებდი, მაგრამ თუკი ჩავფლავდებოდი და არ გამომივიდოდა, ალტერნატიულ ვარიანტს მივმართავდი -ფრენისას, ძლიერმოქმედ საძილე აბებს მივიღებდი, რათა მთელი მგზავრობის განმავლობაში სრულიად ვერაფერი მეგრძნო.

თითქოს ყველაფერი ზღაპრულად მიდიოდა ჩვენს ცხოვრებაში. არც ნიცასა და ენკეს გიჟური დუეტი განიცდიდა სიახლეების ნაკლებობას. ვინაიდან, ამ ორს ახალ წელს ჩვენს გარეშე მოუწევდათ დარჩენა, ორთავემ ერთდროულად გადმოწერეს გაცნობის ახალი ინტერნეტ-აპლიკაცია, სადაც მთელი მონდომებით დაიწყეს იმ მეწყვილის ძებნა, ვისთან ერთადაც, საახალწლო კარნავალზე წავიდოდნენ, ქალაქის ერთ-ერთვ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში რომ იმართებოდა.

მოკლედ და კონკრეტულად, ყველას გაგვაჩნდა ჩვენ-ჩვემი გეგმები საახალწლოდ და ვინადან ეს გეგმები, დღესასწაულის ერთად აღნიშვნას არ მოიაზრებდა, ოცდათერთმეტ დეკემბრამდე ორი დღით ადრე, ოცდაცხრა რიცხვში შევიკრიბეთ ყველანი უკლებლივ, აარონის სახლში.

უჩვეულო მხიარულება იგრძნობოდა ამ წამს ყოველ კუთხესა თუ კუნჭულში. ენკე, ნიკოლოზი და აარონი, საახალწლო ნაძვის ხის მორთვით იყვნენ დაკავებულები, მე, ნიცა და ანასტასია კი, დილით ნაყიდ ტკბილეულს ვალაგებდით მუყაოს ყუთებიდან და ლამაზი ორნამენტებით გაწყობილ თეფშებზე ვანაწილებდით.

ათასგვარი სასუსნავი გვქონდა მოტანილი, დაწყებული სხვადასხვა სახეობის შოკოლადებიდან, დამთავრებული კაკაოს, კარამელისა, თუ ქოქოსის ნამცხვრებით, თუმცა, მიუხედავად ჩემი ტკბილეულობისადმი დიდი სიყვარულისა, ახლა არც ერთი მათგანისკენ არ მიმიწევდა გული. რამდენი არ მაძალეს ნიცამ და ანასტასიამ, სანამ მაგიდას ბოლომდე გავაწყობთ, ერთი ნაჭერი მაინც გასინჯეო, თუმცა დიდი მცდელობების მიუხედავად, მაინც ვერაფერს გახდნენ. აღნიშნულ წამს, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სულ პაწაწინა ლუკმაც კი მძიმედ დააწვებოდა ჩემს კუჭს და სწორედ ამის გამო ვიკავებდი თავს.

ენკე, ნაძვის ხის გაწყობასთან ერთად, ჩვენთვის ნერვების მოშლასაც ასწრებდა. ხან გოზინაყს იპარავდა თეფშიდან, ხან მარმელადს, ხან კიდევ, ნამცხვრებს აცლიდა მიწისთხილს და პარალელურად, ნიცას დასცინოდა იმ ირმებიან წინსაფარზე, მთელი დღე რომ უნდა ჰკეთებოდა ენკესთან ჭადრაკის თამაშისას წაგებული სურვილის გამო.

-მელინა, ვიცი ჯიუტობ, მაგრამ იქნებ ეს მაინც გასინჯო -როდესაც მაგიდაზე ხელსახოცებს ვალაგებდი, თეფშზე დადებული, პაწაწინა ნამცხვრის ნაჭერი მომიტანა ანასტასიამ -ნიცამ გამოაცხო ცოტა ხნის წინ და შენი აზრი აინტერესებს

-მაგან რა, ნამცხვრის გამოცხობაც იცის? -სიცილით გამოგვხედა ნაძვის ხესთან მდგომმა, კისერზე წვიმებშემოხვეულმა ენკემ, ვისაც ხელში თოვლის ფიფქების ტუბიკი ეჭირა და მას, სათამაშოებს აქა-იქ აყრიდა.

-მაგას სახელი აქვს და დიახ, ვიცი -თვით სამზარეულოდან იმ წამს გამოსულმა ნიცამ გასცა პასუხი დასმულ შეკითხვას

-გოგოებო, დარწმუნებული ვარ ნამცხვარი ძალიან გემრიელია, მაგრამ არაფერი მინდა, მართლა -ამჯერად, უკვე ორივეს მომლოდინე მზერას ვპასუხობდი უარით

-კარგი რა, როგორ შეიძლება ეს საოცრებები არ გინდოდეს -როცა გააანალიზა, გასინჯვას არ ვაპირებდი, გამოვწდილ თეფშზე დადებული ნამცხვარი თავად შეჭამა ანასტასიამ -ჩემი პროფესიისდა მიუხედავად, მაინც ვერ ვჩერდები, ყველაფერი იმდენად გემრიელია

ნიცას იდუმალი ღიმილით ჩაეღიმა და გვანიშნა ახლოს მოიწიეთო. ეტყობა არ უნდოდა ბიჭებს ჩვენი საუბარი გაეგოთ.

-რა ხდება? -თითქმის ერთდროულად ვკითხეთ მეც და ანასტასიამაც, რის შემდეგაც, მომლოდინე სახეებით დაველოდეთ პასუხს. ამ უკანასკნელს არც დაუგვიანია:

-ის ხდება, რომ ქალბატონ მარგიანს ურჩევნია ტკბილეული გვერდზე გადადოს და იმაზე იზრუნოს, რომ საქორწილო კაბაში ჩაეტიოს.

-რა? რა საქორწილო კაბაში? -ხმამაღალი ხველა აუტყდა ანასტასიას და ნამცხვრის ნაჭერი კინაღამ ყელში გადასცდა. ამან ბიჭების ყურადღებაც მიიპყრო, რადგან სამივემ მიანება თავი საკუთარ საქმეს და ჩვენ გამოგვხედა.

-რა ხდება გოგონებო, მანდ რამე თათბირს ატარებთ? -ღიმილით შემოგვყურებდა აარონი. ნიკას, ნაძვის ხეზე დასამაგრებელი ოქროსფერი მზე ეჭირა ხელში და ისიც არ გვაშორებდა თვალს. რაც შეეხება ენკეს, ამ უკანასკნელმა დრო იხელთა და კვლავ სამზარეულოში გაიძურწა, რაღაცის მოსაპარად.

-არაფერი არ ხდება, ძამიკო -თვალი ჩაუკრა მხიარულად ნიცამ -უბრალოდ, ანასტასიას ვეუბნებოდი, რომ ტკბილეული ზედმეტი არ მოუვიდეს. ხომ ხედავ, ისევ შენზე ვზრუნავ?

-ნაძვის მორთვას რომ დავამთავრებთ, გამახსენე ჩემი ინტერესების დამცველად დაგნიშნო -სიცილით გადააქნია თავი და ნიკოლოზს ანიშნა საქმე გავაგრძელოთო.

-დიდი სიამოვნებით, თუკი მაღალი ხელფასი მექნება

-ნიცა რა ხელფასი, ახლავე მითხარი რას გულისხმობდი საქორწინო კაბაში? -როგორც კი ბიჭებმა ყურადღება მოადუნეს, მაშინვე ჩაავლო მაჯაში ანასტასიამ და რაც შეეძლო ჩუმად ჩასჩურჩულა. უნდა მეღიარებინა, ამან ჩემშიც გამოიწვია დიდი ინტერესი, ამიტომ, ყურებდაცქვეტილი ველოდი, როდის ამოიღებდა ხმას ჩვენი ინფორმაციის წყარო.

-ქორწინებაში რას გულისხმობენ ხოლმე? -იკითხა ბოლოს მან, თანაც თვალების ტრიალით -ჩემი ძამიკო აპირებს ხელი გთხოვოს, როდესაც ნიუ-იორკში იქნებით

-რაო? -სკამზე დაეცა ანასტასია ამის გაგებისას და სახეზე ჩამოყრილი, ლამის წელამდე მიწვდენილი თმა ყურს უკან გადაიწია. არანაკლებ შოკირებული ვიყავი თავადაც, თუმცა კომენტარი მაინც არ გამიკეთებია -საიდან იცი ნიცა? დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი გეშლება?

-როგორ ფიქრობ, ზუსტად რომ არ ვიცოდე ასეთ რამეს გეტყოდი? -გულზე შეურაცხყოფილი, ნაწყენი სახით მიიდო ხელი, თუმცა ორივენი მივხვდით, რომ ეს მოჩვენებითი იყო და ხუმრობდა -რამდენიმე დღის წინ, აარონის ნივთებში ქექვისას გადავაწყდი ნიშნობის ბეჭედს და შენი აზრით ვისთვის უნდა იყოს, თუ არა შენთვის?

-ნიცა, იცი ახლა სიურპრიზი რომ ჩაშალე? ან, შენი ძმის ნივთებში რატომ იქექებოდი? -ვკითხე სიცილით. ანასტასიას შოკირებულ სახეზე, ცალკე მეცინებოდა.

-სიურპრიზი კი არ ჩავშალე, სასიკეთო საქმე გავაკეთე. ამისთვის რომ მოულოდნელად ეთხოვათ ხელი, სავარაუდოდ თევზივით დადუმდებოდა და ორი საათი ვერ ამოიღებდა ხმას. ჯობია წინასწარ შეემზადოს და სარკის წინ ირეპეტიციოს, როგორ იტყვის თანხმობას -მხარზე მოუთათუნა ხელი შოკირებულ ანასტასიას ამის თქმისას -რაც შეეხება, ჩემი ძმის ნივთებში ქექვას, ამას ბავშვოვიდან ვაკეთებ ხოლმე და დღემდე ვერაფრით გადავეჩვიე

-ჯანდაბა, მართლა ამას აპირებს? ესე იგი, ნიუ-იორკშიც სწორედ ამიტომ მივდივართ? ჩვენს ურთიერთობაში ხომ სწორედ იქ გაკრთა მთავარი ნაპერწკალი? -ისეთი სახით სვამდა ამ კითხვებს, თითქოს ჩვენ კი არა, ვიღაც არამიწიერ მეგობარს ელაპარაკებაო.

-შოკშია -გამოცდილი ექიმივით დაასკვნა ნიცამ და ღიმილით ჩაკბიჩა შოკოლადის მაფინი.

-ასე უცებ რომ მიახალე, აბა რა გეგონა?

-გოგოებო, ისე ნუ ლაპარაკობთ, თითქოს აქ არ ვიყო

-უპს, მართლა აქ ხარ? -ეჭვით ჩაეკითხა მას ნიცა -ჩვენ კი გვეგონა, რომ ფიქრებით უკვე საქორწინო მოგზაურობაში იყავი წასული, აარონთან ერთად

-ახლა გული გამისკდება ბედნიერებისგან -თვალები აწყლიანებოდა ანასტასიას და ცრემლების შესაკავებლად, თითებს იფრიალებდა სახეზე -მორჩა, მორჩა, ახლა ისეთ სახეს მივიღებ, თითქოს არც არაფერი ვიცი და არც არაფერი გამიგია -მერე კვლავ შოკოლადი ამოიღო სათავსოდან, თუმცა მაშინვე უკან დააბრუნა, როგორც კი ცოტა ხნის წინ მოსმენილი ამბავი გაახსენდა

-დასრულდა, ამიერიდან აღარანაირი ტკბილეული! თქვენ ორნი ჩემი კონტროლიორები უნდა იყოთ, რათა არაფერი მივქარო

-ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებითვის -ატრიალებულ თვალებს, აწეული ცალი წარბიც დაურთო ნიცამ, მერე კი გვერდით მიუჯდა მომავალ ძმის ცოლს -კარგად დაფიქრდი ჩემო კარგო სანამ "კი"-ს იტყვი. გაითვალისწინე, საკმაოდ სასტიკი მული ვიქნები და ცხოვრებას გაგიმწარებ

-კარგი რა ნიცა, ახლა ხუმრობის დროა? -ჩავერიე სიცილით -შეხედე სახეზე ნერვიულობის გარდა ისედაც არაფერი აწერია

-კარგი ერთი, რა ანერვიულებს, სანტამ საქორწინო ბეჭედი მოუტანა საჩუქრად ამ ახალ წელს -მაფინის ბოლო ლუკმა გაიქანა პირისკენ ამის თქმისას, თან ფეხზეც წამოდგა ხვნეშით - ეჰ, ჯობია ისევ სამზარეულოში გავიდე, ჩემი ნამცხვარი დავჭრა და იმაზე ვიფიქრო, მეც თუ მეღირსება ოდესმე ვინმე ნორმალურთან შეხვედრა

-ნორმალური რომ ინატრო, პირველ რიგში თავად უნდა იყო ნორმალური -სამზარეულოდან იმ წამს გამოსული ენკე გამოეხმაურა მის კომენტარს. ნიცამ ჯერ ენა გამოუყო, მერე კი სიტყვიერადაც გაეპასუხა:

-დასაწყისისთვის შოკოლადი მოიწმინდე ტუჩის კუთხიდან და მერე ილაპარაკე

-სპეციალურად არ მომიწმენდია, ასე უფრო გემრიელია ჩემი ტუჩები

-ნიკა სად იპოვე ეს ბუნების სასჯელი, ზუსტად შენნაირი ერთუჯრედიანი რომაა? -სამზარეულოში შესვლამდე გასძახა მას ნიცამ და შიგნით მანამდე შეაბიჯა, სანამ დასმულ შეკითხვაზე მიიღებდა პასუხს.

საერთო ძალებით მაგიდის გაწყობასაც მალევე მოვრჩით და მასზე სადღესასწაულო კერძების დალაგებასაც. არც ბიჭებს გაგრძელებიათ დიდხანს ნაძვის ხის მორთვის პროცესი. მხოლოდ ნათურები აკლდა ამ უკანასკნელს, სრულყოფილებისთვის, რათა ჩამქვრალი შუქის ფონზე, ლამაზად ეკაშკაშა მისაღებში, ამიტომ, მათ მოსაძებნად, აარონმა ანასტასია გაიყოლა, სულ ბოლო სართულზე, თურმე მინის სასახლედ რომ მოიხსენიებდა ჩვენი მომავალი პატარძალი. გასვლისას, ვანიშნე სახეზე არაფერი შეგეტყოს-მეთქი და მანაც თავის მსუბუქი დაქნევით მანიშნა როგორმე გავუმკლავდებიო.

-გაკვირდები და ხელი არაფრისთვის გიხლია -ტელეფონზე საათს დავყურებდი, როცა უკვე ბოლომდე გაწყობილ მაგიდასთან ჩამომჯდარმა, ნიკოლოზის გვერდით მოჯდომა ვიგრძენი. სუფრასთან ზუსტად შუა ღამეს უნდა დავმსხდარიყავით, ისე, თითქოს სწორედ დღეს იყო ახალი წელი, თუმცა ეკრანზე გამოსახული ციფრები, ჯერ მხოლოდ თერთმეტს უჩვენებდნენ -ნიცამ და ანასტასიამ ლამის ყველაფერი გადაჭამეს, შენ არაფერს გასინჯავ?

-არ ვიცი, რაღაც არ მშია -ლოყაზე ვაკოცე, თან ნაძვის ხეს გავხედე -ლამაზად მოგირთავთ . . . თუმცა მაპატიე, შესწორებას შევიტან - ძალიან ლამაზად

-ნაძვის ხეს შევეშვათ და შენ რატომ არ გშია? -გამომცდელად ჩამხედა თვალებში ამ კითხვის დასმისას -შუა ღამეს ელოდები, როცა ყველანი ერთად დავსხდებით მაგიდასთან?

მართლა რა მჭირდა? ირგვლივ ისეთი სურნელი ტრიალებდა და ყველაფერი იმდენად გემრიელად გამოიყურებოდა, შეუძლებელი იყო ნორმალურ ადამიანს მადა არ გაღვიძებოდა მათ შემხედვარეს.

-ვუყურებ და არაფერი მინდა, თავადაც არ მესმის რატომ -მხრების მსუბუქი აჩეჩვა მოვაყოლე ამ სიტყვებს.

ნიკოლოზმა ღრმად ამოისუნთქა, ჭიქიდან გაზიანი წყალი მოსვა და სკამის საზურგეს ჩაფიქრებული გამომეტყველებით მიეყრდნო.

-ციკლის საქმე როგორ არის? -მკითხა უეცრად მან

-რა?

-ჰო, რა იყო, მიპასუხე

-არ ვიცი, ძირითადად ოცდაშვიდში მაქვს ხოლმე

-და დღეს უკვე ოცდაცხრაა -ნახევრად მოჭუტული თვალებით გამომხედა ამის თქმისას -გუშინ კი, როცა შენც იცი რით ვიყავით დაკავებულები, ნამდვილად არ შემიმჩნევია, რომ ციკლის მაგვარი გქონდა რამე

აი ახლა კი უკვე მივხვდი საითკენაც მიმანიშნებდა. სახეზე ოდნავი ღიმილიც მომადგა ამის გამო.

-ნიკოლოზ, ის ფაქტი, რომ ტკბილეულის ჭამის სურვილი არ მაქვს და ციკლიც ორი დღით გადამიცდა, იმაზე არ მიუთითებს, რაზეც ამ წამს ფიქრობ

-იქნებ მაინც ღირდეს მაგის გადამოწმება? -თავისი ჭიქა მაგიდის ზედაპირზე დააბრუნა, მერე კი, სწრაფად წამოდგა და მაჯაზე ხელის მოკიდებით მეც წამომაყენა.

-ახლა, ცოტა ხნით რომ აქედან მოვტყდეთ, ვითომ ესენი შენიშნავენ? -ნაძვის ხის გარშემო მორბენალ ენკესა და ნიცას გახედა მან. ეს უკანასკნელი, ცომის საბრტყელებლით მისდევდა საბრალო ენკეს, იმის გამო, რომ მის გაკეთებულ ნამცხვარს, შოკოლადის მინანქარი მოაჭამა.

-სად აპირებ ჩემს წაყვანას? -ვიკითხე, მაშინვე რგორც კი იმ ორზე სიცილს მოვრჩი და კვლავ ჩემს წინ მდგომს დავუბრუნდი მზერით. ანასტასია და აარონი, ჯერაც მინის სასახლეში იყვნენ. ალბათ ან ნათურების პოვნას ვერ ახერხებდნენ, ან განმარტოება მოეწონათ და ცოტა ხნით, ერთმანეთით ტკბობა გადაწყვიტეს.

-აფთიაქში უნდა შევირბინოთ, თანაც ახლავე -მითხრა ისეთი ტონით, რომ მაშინვე მიმახვედრა შეწინააღმდეგებას არანაირი აზრი არ აქვსო -მარტოც წავიდოდი, მაგრამ რაღაც მიტყდებასავით ფარმაცეფტისთვის ორსულობის ტესტის თხოვნა. დღეს მედიცინა ისე წინ მიდის, რომ შეიძლება იფიქროს ჩემთვის მჭირდება

-ჯანდაბა, რა სულელი ხარ -ლამის ჩავბჟირდი მის სიტყვებზე, თუმცა იმის ალბათობამ რომ ტესტზე შეიძლებოდა მართლაც დამენახა ორი წითელი ხაზი, ჩემი სახე სინათლის სიჩქარით დაასერიოზულა.

-დადებითი რომ იყოს მერე რა იქნება? -ვკითხე ნიკოლოზს, ვისაც უკვე ჰოლში გავეყვანე და თბილ მოსაცმელს მაწვდიდა, რათა მხრებზე მომეცვა.

-დადებითი რომ იყოს სახელს მე ვარჩევ

-ვითომ რატომ არჩევ შენ?

-იმიტომ, რომ ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში -მომიგო სიცილით, მერე კი დაამატა: -და კიდევ ერთი რამის გამო

-მაინც? -ღიმილით ვუსმენდი თითოეულ მის სიტყვას და ვგრძნობდი, როგორ განსხვავებულად უყვარდა ეს ადამიანი ჩემს გულს.

-იმის გამო, რომ, ვინც შენს წინ დგას იმის გარეშე ეგ ტესტი საერთოდ არ დაგჭირდებოდა

-ვინც ჩემს წინ დგას იმის გარეშე, ცხოვრებასაც არ ექნებოდა აზრი -ვუთხარი და ისიც ნათლად დავინახე, როგორ აბრჭყვიალდნენ მისი ლურჯი თვალები ჩემი სიტყვებისგან მოგვრილი ღიმილით.

-შეგიძლია ეგ ჩვენს პატარასაც ხშირად უთხრა ხოლმე, თუკი რა თქმა უნდა ახლა მანდ ზის -მუცელზე მომადო საჩვენებელი თითის ამის თქმისას, თან გასასვლელი კარიც გამოაღო -მხოლოდ თქვენს შემდეგ

-როგორი ჯენტლმენი ბრძანდებით

-ჯენტლმენთან ერთად კიდევ რა დადებითი თვისებები მაქვს, მაგაზე შეგიძლია გზაში მესაუბრო -სადარბაზოში გასვლის თანავე მომიგო და ლიფტის გამოძახების ღილაკსაც მიაჭირა თითი.

-კიდევ ხომ არ ითხოვ რამეს წინასაახალწლოდ?

-მართალი გითხრა, კი

-მაინც რას?

-რას და ცხოვრების ბოლომდე დასამახსოვრებელ კოცნას ლიფტის კაბინაში -ვნებაჩამდგარი თვალებით მითხრა ეს ყველაფერი და უკვე გაღებულ კარებში შესულმა, კედელზე ელვის სისწრაფით ამაკრა.



№1 წევრი ლილილი

ავალ ავბრუნდები რომ წავიკითხო ეს საოცრება თავიდან მაგრამ მაქამდე,
ახალი ისტორიით როდის დაბრუნდები?

 


№2  offline წევრი ირო

რომ დავინახე ისტორია ვიფიქრე რამე ახალი იყო,გავაგრძელო და კი გადავიკითხე მეორედ,ისევ ისეთი ემოციით და ღიმილით,მელინდა საოცრებაა,მიკოზი ხომ საერთოდ მიხარია აარონის შრომა წყალში რომ არ ჩაიყარა ტყუპებთან მიმართებაში.

 


№3  offline წევრი A.N.A

მიყვარს ეს ისტორია თავისი პერსონაჟებით. მერამდენედ წავიკითხე უკვე არ ვიცი. ძალიან მომენატრე შენც რა შენი ისტორიებიც. მალე დაბრუნდი. ❣️

 


№4  offline წევრი Nobodyelse

სასიამოვნოდ წავიკითხე ამხელა ისტორია :D ისე დავამთავრე, ვერც გავიგე როგორ.
ძალიან კარგი იყო❤️❤️

 


№5 სტუმარი .

ძალიან მომეწონა... სულმოუთქმელად წავიკითხე... მადლობა

მზია ანთია

 


№6 სტუმარი Life is beautiful

რა კარგი იყო გახსენება❤️მადლობა შენ ამისთვის.
ეს ისტორია მართლა გულში მაქვს და მართლა ისეთია ათასჯერ რომ წაიკიხო ათასჯერ ახალს აღმოაჩენ❤️❤️კიდევ ერთხრელ მადლობა რომ ისევ განმაცდევინე ეს საუცხოო ემოციები❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი მარია

ნიცაზეც არის რომელიმე ისტორია ? ????????

 


№8 სტუმარი სტუმარი fatima

ra sasiamovno wasakitxia mindoda cota kide gagrcelebuliyo

 


№9 სტუმარი სტუმარი იაკო

ძალიან ვისიამოვნე კითხვის პროცესში.. მაგარი ისტორია თავისი გმირებით, ბრავო!

 


№10 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები,(უკვე მეორედ წავიკითხე) კარგად და საინტერესოდ სწერთ,მაგრამ ერთს ვერ ვეგუები,რატომ ხმარობთ დაჯინებას, ვინები, ზიან, მაშინ როცა გვაქვს ლიტერატურული სიტყვები დაჯდომა-დასვა, სხედან, რომლებიც.
გთხოვ, გაითვალისწინოთ შემდეგი ისტორიის დაწერის დროს.

 


№11  offline წევრი TamoTi

ძალიან მიყვარს♥️♥️ადრეც წავიკითხე მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ მელინას ნაწყვეტს ბოლოს????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent