გერგეთისკენ მიმავალნი (სრულად)
გერგეთისკენ მიმავალნი ახალი ჩაძინებული იყო, მისაღები ოთახიდან ტელეფონის გაბმულმა ზარმა გააღვიძა. - ლილი უპასუხე რა, გასკდა ტელეფონი… ლილიიი! დედააა! გაახსენდა, სანამ დაწვებოდა ლილი მარკეტში აპირებდა გასვლას, ზლაზვნით წამოდგა და ტელეფონისკენ გაემართა. – „კიდევ რეკავენ ამ ტელეფონებზე?!“ - გისმენთ! - ჩამოხვედი ხომ?! - ბრაზნარევი ხმა ჰქონდა თაკოს. - ძნელო. - მოლბა ლაშა, ბავშვობის მეგობრის ხმის გაგონებაზე. - ბოდიში მოიხადე რა. აღარ ვარ ძნელი. დავბრძენდი, დავსერიოზულდი, ერთი წელიც და მაგისტრის ხარისხს მივიღებ. ნუ თქვენსავით ევროპული განათლებით ვერ დავიტრაბახებ ბატონო ლაშა, მაგრამ... ჰო, დილას მამაშენი შემხვდა, სამსახურამდე მიმიყვანა და მითხრა რომ ჩამოხვედი, და შენ დეგენერატი ხარ რომ იცოდე, არ უნდა გეთქვა? ყველაფერს წინასწარ დავგეგმავდი. რა აღარ მოვატყუე დეიდაჩემს რომ გამოვეშვი, მანჩოს ხომ იცნობ შენ? ჩემი უფროსია აზრზე ხარ? მეგონა იქით კვირაში მოფრინავდი და... - კარგი, კარგი, ამოისუნთქე, რომ ჰკითხო ძნელი აღარ ვარო. - ღიმილიანი უსმენდა ლაშა. - აუ გამოდი რა, თორე მე ამოვალ. ლილიკო სახლშია? - არა, მგონი მარკეტში უნდა გასულიყო. - რა აკეთებ? - რას უნდა ვაკეთებდე მეძინა. - უი, გაგაღვიძე? - მოისაწყლა თავი თაკომ. - ვერ მიხვდა ქალბატონი! - უჰ,უჰ, წარმომიდგენია ახლა რა ფორმაში ხარ. ყოფილი კალათბურთელის მაღალი დაკუნთული სხეული მოაბიჯებს “იამამაის” ტრუსით, კვეთს საძინებელს, შედის მისაღებში... - ნერვებს მიშლი. შენ გირჩევნია ლილის დაურეკო, უთხარი მობილურის რაიმე ნომერი მიყიდოს. - დავურეკავ. ოღონთ აღარ დაიძინო და მალე გამოდი, ჩვენს ბიჭებს გავაგებინე უკვე და დღეს საღამოს შენს დაბრუნებას ავღნიშნავთ. - კარგი დროებით. თაკო ნიშნიანიძესთან საუბარი ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებდა. ალბათ უამრავია პოზიტიური ენერგეტიკის, უდარდელი და ლაღი ადამიანია მსოფლიოში, თუმცა მას ჰქონდა რაღაც ამოუცნობი, რაც მასთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს დადებითი ენერგიით მუხტავდა. ერთი შეხედვით გატუტუცებული გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებდა. მართალია, მისი მშობლები, როგორც ყველა დედისერთა ბავშვზე, გადაჭარბებულ ყურადღებას იჩენდნენ, რაც მისი ყველა ბავშვური კაპრიზის შესრულებაში გამოიხატებოდა, თუმცა თაკო არ შედგა მშობლებზე მიჯაჭვულ ადამიანად, რომელთაც დამოუკიდებელად ცხოვრების აწყობა უჭირთ. არ შედგა ადამიანად, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ ნაკლები მოთხოვნები და მაღალი თვითშეფასება აქვს. ლაშას სკოლის, თუ სტუდენტობის დროინდელი თითქმის ყველა სახალისო ისტორია თაკოსთან იყო დაკავშირებული. კლასელებმა სკოლის დამთვარებისთანავე ჩააბარეს უნივერსიტეტში. თაკოს ყოველთვის ჟურნალისტობა იზიდავდა და აკი დაიწყო კიდეც თავისი პროფესიით მუშაობა. ყვითელ პრესასთან მუშაობდა, რაც მისი მეგობრების აზრით მასზე ზედგამოჭრილია. - თაკომ გაგაღვიძა ხომ? - შემოსვლითანავე ჰკითხა ლილიმ. - ადგომას ვაპირებდი მაინც. - მიყიდე ნომერი? - ანტიკვარი გყავთ ეგ გოგო. აი გამომართვი. - გაუწოდა დედამ. - პაპას როგორ არის? გავიგე კახეთში ჩასულხართ შენ და მამა. - მაგას რა გახდის ცუდად, კერკეტი კაკალივითაა. ვარჯიშობს, ცხენით ჯირითობს. დედაჩემი კი დააბერა თავისი ცხოვრებით და... - მოხდა რამე? - არა, არაფერი. ზოგადად ვამბობ. ახლა კი რადიკალურად არის შეცვლილი, მაგრამ რაღა დროს... თუმცა შენ რას გასწვალი, მამაჩემს ჩემზე უკეთ იცნობ. - სამოცდაათის გახდა ხომ? მინდოდა მისი დაბადების დღისთვის ჩამომესწრო. - დანანებით ჩაილაპარაკა ლაშამ. - გაუხარდებოდა. კარგი დრო ვატარეთ. მხოლოდ ნათესავები იყვნენ. ბოლოს კი ტოიოტას ცენტრიდან მოდის შავი პიკაპი, მძღოლი ტოვებს მანქანას და იუბილარს აწვდის მისალოც ბარათს, წარწერით: „ვსეგდა ტვოი ბრატ, ვალერა გატჩნსკი“. - ვისგან არისო რა თქვა? - რავიცი მე, ვინმე ციხის ძმაკაცი იქნებოდა ალბათ. ან, ეს „გატჩინსკი“ რაღა უბედურებაა? - გატჩინა პატარა ქალაქია რუსეთში, ლენინგრადის ოლქში. - საძინებლისკენ მიმავალი ნომრის აკრეფას შეუდგა. - როგორ ხარ ბაკურ? - ჩამოხვედი ჩემო ბიჭო. - მოხუცის რამდენიმე სიტყვაში ისეთი სიყვარული იგრძნობოდა ბიჭს გული შეეკუმშა. – კარგადა ვართ, კარგად, რა გვიჭირს. აი ცოტა ბებიაშენი მიტრაკებს. - მოხუცმა საყვარელი შვილიშვილის მონატრებით გამოწვეული გულიჩვილობის დამალვა ბილწსიტყვაობაში სცადა. - აღარ გიხდება სამოცდახუთი წლის კაცს ეგ სიტყვები. - გაეცინა შვილიშვილს. - ბიჭო, როდის უნდა მორჩე შენ ჩემი ჭკუის დარიგებას? - გახალისდა მოხუცი. - მთელი ცხოვრება ჭკუის დარიგებას ჩემგან ითხოვდნენ. - ცხენი როგორ მყავს? - მგონი მაგან ჩემზე ადრე გაიგო შენი ჩამოსვლა, დილიდან მოყოლებული დაკუნტრუშობს. - არჩილს მანქანას ვთხოვ და დილითვე წამოვალ. - არა. არ გინდა, ტაქსით წამოდი. მეორე საღამოს შვილიშვილი მონატრებულ პაპასთან მაგიდის მოპირდაპირედ იჯდა და კახურ ღვინოს შეექცეოდა. - შენთვის საჩუქარი მაქვს. - შვილიშვილის ამბების მოსმენის შემდეგ უთხრა ბაკურმა. - შენი ახალი პიკაპი უნდა მაჩუქო? - შე გაიძვერა. - ჩაიცინა მოხუცმა. - მწვანეზე გევლოს, - გადაუგდო გასაღები შვილიშვილს. უეცრად ბაკურს ნაცნობი სახელი და გვარი მოესმა და ყურადღება ტელევიზორისკენ გადაიტანა. მელოტ, ტანმორჩილ კაცს, ბავშვთა სახლის რესტავრაციის დაფინანსებისთვის შეკრებილი ხალხი ოვაციებით ხვდებოდა. მისი დანახვისთანავე ბაკურს განწყობა შეეცვალა და დაბღვერილმა „შეიკურთხა“. - ტყულად არაფრის გადამხდელი არ არის ეს ჩათლახი, რაღაცაში ჭირდებოდა ალბათ ეს ამბავი“. - იცნობ? - გახედა შვილიშვილმა. - მქონდა მაგის ბედნიერება. ახლგაზრდა, დამწყები ბიზნესმენი იყო მაშინ. პეტერბურგში ვიყავი, საერთო ნაცნობით დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა. ისეთ კაცთან ერთად მოვიდა უარი ვერ ვუთხარი. - რა გთხოვა? - გრძელი ამბავია... მოსკოვში რომელიღაც კომპანიაში წილს ართმევდა ერთი რუსი ბიზნესმენი, ჩემი ნაცნობი ქურდის დახმარებით. კი იყო ღირსი. გაიძვერობით და ჩათლახობით ჰქონდა ნაშოვნი. ეს მერე გავარკვიე. მოკლედ დავეხმარე, ნაწილი დავათმობინე და ნაწილი დავუტოვეთ. რამდენიმე თვეში ეს ქურდი ტუპერკულიოზით დაიღუპა, მეც იმ პერიოდში დამიჭირეს. ამან კი დრო იხელთა, იქაურ მოლიციასთან ვასვასით უკან დაიბრუნა ყველაფერი. მგონი, ვითომ ფულის გათეთრებაზე დააჭერინა ეს კაცი, დარჩენილი ფულიც იქ ჩააყრევინა. ისე დაუყენა საქმე სულ ნოლზე დატოვა. მილიციაც ახეირა და თვითონ ხომ იხეირა და იხეირა. წელიწად-ნახევარში გამოვედი, დავიბარე ჩემთან. თავიდან უარობდა, ცამდე მართალი ვარო. ბოლოს კაი დიდი თანხა მივატანინე იმ ხალხთან. ვუთხარი აღარსად გადამყროდა. ახლა რომ შეხედავ დიდი ქველმოქმედი და უფრთო ანგელოზია. - კარგი რა, რუსეთში ვის უშოვია კანონიერად ამდენი ფული? - ჩემზე მეტი უკანონობა ვის ჩაუდენია ბიჭო, მაგრამ ჩათლახობა და ბა კაცო? ეჰ, რა ვიცი აბა, ბევრი წელი გავიდა მას მერე, იმედია ვცდები და ცოტა კაცობისკენ მოტრიალდა. *** ივნისის მზიანი დილა გათენდა. კახეთიდან გვინა ღამით დაბრუნებული ლაშა მზის სხივებმა გამოაღვიძეს. ჩვევად ჰქონდა, თუკი მომდევნო დღე საინტერესო მოვლენებით უნდა ყოფილიყო დატვირთული საძინებლის ფარდებს ყოველთვის გადაწეულს ტოვებდა. მზიანი დღის შემთხვევაში გათენებისთანავე, მაღვიძარის დარეკვამდე გაღვიძებოდა. საათს გახედავდა. რამდენიმე წამით მიაშტერდებოდა. მართკუთხედის ფორმის საათი სურათის იმიტაციას უფრო ახდენდა. ერთი შეხედვით, შეიძლება მხოლოდ გერგეთის სამება დაგენახათ და არა მასე წრიულად მოძრავი საათის ისრები. შემაღლებულ ბორცვზე აღმართული ეკლესია, რომელსაც ღრუბლები შარავადედივით ადგა თავზე. საათის მარჯვენა,ზედა კუთხეში, მუდამ თოვლიან მყინვარწვერზე კი იფიქრებდით მონასტერს ღრუბლები გადააფარა სიცივისგან დასაცავადო. შორტის ამარა გასულს სამზარეულოში, ყავის მადუღარით ხელში, არჩილ არაბული დაუხვდა. - როგორ გიხდებათ ყავის მომზადება ბატონო არჩილ. - დაამთქნარა ლაშამ. - სარბენად მიდიხარ? - უკვე დავბრუნდი... ადრე ამდგარხარ. კარგია დილიდან მასხრობის გუნებაზე რომ ხარ, ესეიგი კარგი დღე გექნება. - დღეს ტურიზმის დეპარტამენტში მივდივარ. რაღაც პროგრამაა, ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე კარგი ტური იგეგმება. - და შენ რა შუაში ხარ? - კარგი რა არჩილ, მაგას გამოვტოვებდი? მეგობარი მუშაობს დეპარტამენტში და ჩამრთო მეც, მთელი ზაფხული შემოვივლი ჩვენს ქვეყანას. - ჰოო, მაგრამ არ გეზარება მთელი ზაფხული კარავ-აკიდებულს ტყე-ღრეში ხეტიალი? - იცი სად მივდივართ? საინგილო, ტაო-კლარჯეთი, თუშეთი, სვანეთი და მისი უდიდებულესობა მყინვარწვერი, ალპინისტებთან ერთად. ორი კვირის ინტერვალით ვივლით. მითხარი აბა ვინმე შენი ნაცნობი, ვისაც ყველა ეს ერთად ნანახი აქვს? აი, მე მარტო ტაოში არ ვყოფილვარ და მანდაც წავალ. ბედნიერი მამა იყო არჩილ არაბული. ლაშას შემხედვარეს გული სიამაყით ევსებოდა. შვილმა, სკოლის დამთავრებისთანავე სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა. როგორც კი დაბრუნდა იურიდუილ ფაკულტეტზე ჩააბარა და წარმატებით დაასრულა. პერიოდულად უცხო ენებს ეუფლებოდა. ოცდასამი წლის ასაკში უკვე ხუთ ენაზე საუბრობდა. ბოლოს, ერთ წლიანი გაცვლითი პროგრამით გერმანიაში გაემგზავრა. - ჰო მართლა. - ფიქრებიდან გამოერკვა არჩილი. - ახალგაზრდავ, სად არის შენი გერმანული დიპლომი? - მოგვიანებით გამომიგზავნიან. ორ კვირაში უნდა ყოფილიყო მზად. აღარ დაველოდე. დამპირდნენ, რომ თვის ბოლომდე გამომიგზავნიან. იმის მტკიცება, რომ შვილები ქალს მეტად უყვარს, ვიდრე მამაკაცს, შეუძლებელია. უბრალოდ, ეს სიყვარული სხვადასხვანაირად ვლინდება. დედობრივი სიყვარული ბრმაა, მამობრივი - უფრო მომთხოვნი და ობიექტური. დედობრივი სიყვარული უპირობოა: „არ აქვს მნიშვნელობა, ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი ხარ თუ არა, - მე ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი შვილი“. მამობრივი სიყვარული პირობითია: „თუ იქნები ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი, მაშინ მე შენ გაგიკეთებ ამას და ამას; მე მამა ვარ და ყველაფერი შემიძლია“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დედა ასაჩუქრებს, მამა აჯილდოებს. მამაკაცები იშვიათად უყვავებენ შვილებს, სამაგიეროდ, ყოველთვის სჯიან მათ უსაქციელობის გამო. დედებს უყვართ ხანგრძლივი აღმზრდელობითი საუბრები, მამები კი აქტიურ ქმედებას ამჯობინებენ - დილის ვარჯიშს, ფეხბურთს... ლაშაზე ფიქრის შემდეგ არჩილს ყოველთვის მწუხარება იპყრობდა. მისი ფიქრები ჯაბაზე გადადიოდა. ვერა და ვერ აარიდა ქუჩას, მისთვის გაუგებარი იყო, რატომ ან როგორ გაიზარდნენ რადიკალურად განსხვავებულები მისი შვილები. მართალია, არჩილი ჯაბას დედასთან არ ცხოვრობდა.უბრალო გატაცებას ოჯახი არჩია, რის აღდგენასაც ორი წელი მოანდომა, ლილის შემორიგება ადვილი საქმე არ იყო. მაგრამ არასდროს არაფერში განუსხვავებია შვილები. არც ფინანსური კუთხით და არც მამობრივ სიყვარულით. ცდილობდა თანაბარი დრო დაეთმო შვილების აღზრდისთვის, თუმცა ნახევარძმები რადიკალურად განსხვავებულნი გაიზარდნენ. სხვადასხვა შეხედულებებით, სხვადასხვა აზროვნებით. მიუხედავად ამ ყველაფრისა ძმებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მხოლოდ ამით იმშვიდებდა თავს არჩილი. *** ხევსურული ვოიაჟიდან დაბრუნებული, გამოძინებული ლაშა ძმის უბანში მიაბიჯებდა. - ჩამოხვალ? შენს ეზოში ვარ. - კი,კი ჩამოვდივარ. - სწრაფად უპასუხა ჯაბამ. პატარა მყუდრო ბარში, რომელიც ჯაბას შერჩეული იყო, ძმებმა ლუდი შეუკვეთეს. - ისეთი სახით მიყურებ, უეჭველი უფროსი ძმის როლი უნდა მოირგო ხო? - გამომცდელად გახედა სავარძელში მოკალათებულ ლაშას. - მომენატრე ბიჭო... და შენთან როლების თამაში არასდროს დამჭირვებია! - იწყინა ძმამ. - ვხუმრობ, რა გჭირს. - როგორ მიდის შენი საქმეები? სკოლას ამთავრებ, რა გეგმები გაქვს? არ აპირებ სწავლის გაგრძელებას? - ერთბაშად დააყარა კითხვები. - გაგრძელებას? სკოლაში ხო დავბრდღვენი რა. - გულიანად გაიცინა ჯაბამ და სიგარეტს მოუკიდა. - მეგობრის მამამ თაეტრალური კოლეჯი გახსნა. იცნობ შენ, ჩემ კორპუსში ცხოვრობს, ვაჟა ბათურელი. - ხო ვიცი, ვიცი... - ჰოდა რაღაცნაირად გახდენ რა ამ თეატრალურს. რას იტყვი? - რას გეუბნებოდი წეღან? - რომ შემოგხედავ „იმენა“ გშიფრავ. ჯაბა მართალი იყო. არასდროს გამოსდიოდა ლაშას რაიმის დამალვა ძმასთან, ან მთავარი სათქმელის შორიდან მოვლა. - აბა ქუჩაში დგომას აპირებ?! - მომისმინე! ჩემი ძმა ხარ! და ეს სიტყვა „ძმა“ უბრალოდ სიტყვა არ არის, რომელთაც შეიძლება უბანში ვინმეს მივმართო... არც მარტო სისხილით ნათესაობას ვგულისხმობ! მე არ ვგრძნობ თავს ოჯახის გარეშე. არ ვგრძნობ თავს სხვანაირად გესმის?! ამით უფრო მაკოპლექსებთ! ჰო, შეიძლება ტეხავს მამა რომ ჩემთან არ ცხოვრობდა და ბავშვობაში გაკვეთილების მერე ეზოში მელოდებოდა, ან ცურვაზე წამიყვანდა და სახლში აღარ ამომყვებოდა, მაგრამ ამით არავისზე არ ვარ დაბოღმილი ლაშა! - რა შუაშია ეხლა ეგ? - იმიტომ, რომ არჩილამ გამოგგზავნა! - გამომგზავნა? - კაი, „იზვინი“, ალბათ ერთად მოიფიქრეთ, მაგრამ მინდა მე თვითონ ვიპოვო ჩემი გზა, გესმის?... ვაჰ, უკვე დაცალე? დაგტყობია გერმანია. - უნდა გასწავლო, როგორ შეცვალო ხოლმე თემა შეუმჩნევლად. - მხარზე ხელი მსუბუქად გაჰკრა ლაშამ გაღიმებულ ძმას. -ჰო რა ძმაო, მოვრჩეთ ამ თემაზე ბაზარს. - ხო იცი რამე თუ დამჭრდა არ მომერიდება. როგორც კი სკოლა დავამთავრე არჩილამ მანქანა მომიყენა ეზოში და ეგეც მაგრად მიტყდება. განა მანქანა არ გამისწორდა, „პროსტა“ შენ ამდენს მოძრაობ, სწავლობ და რამე, შენ უფრო გჭირდება და მე მიყიდა. - კარგი, კარგი მოვრჩეთ. - ლაშა. - ჰო. - მამამ ისევ არაფერი იცის? - არა. მხოლოდ შენ და ბაკურმა იცით. - მართლა ვერ ვხდები რატომ უმალავ. - იცი ჯაბა, მთელი ცხოვრება იმის ეშინოდათ, ბაკურს არ დაემსგავსოსო. ერთი პერიოდი ჩხუბიც კი მოუვიდათ, დედაჩემი ბაკურს სულ ეჩხუბებოდა, საერთოდ აღარ გამოვუშვებთ შენთან იარაღს თუ კიდევ გააკარებო. - ათი წლის ასაკიდან გასვლიდა სროლად და ირაღების დაშლა აწყობას. იმდენ დროს ატარებდი ბაკურთან, ეშინოდათ ქურდული რომანტიზმით არ გაიზარდოსო. შენ კი გაქანდი და იურიდიული დაამთავრე. - არა, მაგის არ ეშინოდათ. იცოდნენ ეგ არ მაინტერესებდა. არც ბაკური დაუშვებდა ამას. ჩემი იარაღებისადმი სიყვარული აშფოთებდათ ყოველთვის. ხომ იცნობ დედაჩემს, გადაირეოდა, როცა გაიგებდა, რომ გერმანიაში სწავლის ნაცვლად, ავღანეთში, ნატოს მისიაში ვიღებდა მონაწილეობას. - შენ უკეთ იცი ძმაო... - იცი რა გამახსენდა ახლა? ორი წლის წინ კახეთში რომ წამიყვანე შენებთან. შავი კვიცი გიყიდა იმ დღეს, რა კაი ტიპი იყო. გაიზარდა? - გაიზარდა, გაიზარდა. - წავიდეთ იქით კვირაში და იჯირითე, ბაკურსაც ნახავ თან. - მეტი საქმე არ მაქვს ბაკურის გაწვრთნილ ცხენს მოვაკვლევინო თავი. - ისე მოთვინიერება მართლა გაუჭირდა. ჩემთან ყოველთვის მშვიდია, ბაკური მეუბნება; შენ, რომ მიდიხარ პატარა ბავშვივით ჯიუტი ხდება ხოლმეო. - ვა ლაშაა. - ხმაურით შემოვიდნენ ბარში ჯაბას უბნელი ბიჭები. - რას შვები ძმაო, რა მოგვანატრე თავი, გამოგვიარე ხოლმე, ხომ იცი ჯაბას ძმა ჩვენი ძმაა. - ლუდზე დაგვეწვიეთ. - დიდად არ გახარებია ლაშას მათი ამ დროს გამოჩენა. ჯაბამაც იცოდა, ძმას გულზე ნამდვილად არ ეხატებოდა მისი მეგობრები. - პირიქით თქვენ თუ დაგვეწვევით უკეთესი იქნება, გოგოებს ველოდებით და თუ შემოგვიერთდები ნამდვილად გაგვიხადება. - არა, არა უნდა გავიდე მე უკვე, დილით ადრე ვარ ასადგომი. - ლაშამ ბიჭებს ხელი ჩამოართვა და ანგარიშის გასასწორებლად ბარმენისკენ წავიდა. - რას აკეთებ?! - გაჰყვა უკან ჯაბა. - კარგი, კარგი - გაეღიმა ძმას. - მოკლედ, წავედი და გთხოვ დაფიქრდი. - კარგი, მოვიფიქრებ. *** ივნისი ილეოდა. ლაშა მარტყოფის ღვთაების მონასტრის ეზოში იჯდა და მეგობრების ლოდინში ბუნებაზე დაკვირვებას აწარმოებდა. მთაში ცხოვრებაზე ფიქრობდა. ფიქრობდა კი არა თითქოს ოცნებობდა კიდეც. თვეში ერთხელ მაინც ადიოდა მონასტერში. საღა მოხანს ავიდოდა. კარგად ნაცნობ ბერებთან ისაუბრებდა, ცისკრის ლოცვას დაესწრებდოდა და დილის ცხრა საათზე უკვე სახლში ბრუნდებოდა. ახლა კი მამა ელისეს თხოვნით, მესამე დღე იყო სვეტის მშენებლობაზე ეხმარებოდა მორჩილებს. ფიქრებში გართული ლაშა სამრეკლოზე დარეკილი ზარის ხმამ გამოაფხიზლა. ოთხის ნახევარზე დარეკილი ზარი ტრაპეზის მანიშნებელი იყო. - მიდიხარ? - სატრაპეზოსკენ მიმავალი ბერი ლაშასკენ მიტრიალდა. - ტანსაცმელი მაინც გამოგეცვალა ბიჭო, სულ ცემენტიანი ხარ. - გამოსაცვლელი არაფერი წამომიღია მამაო. - წამოდგა ლაშა და ბერს მიუახლოვდა. - მამა ელისემ როგორც კი დამირეკა მაშინვე წამოვედი. - ღმერთმა დაგლოცოს შვილო! წამოდი მოგიძებნი რაიმეს. - არ არის საჭირო მამაო, წუთი წუთზე უნდა მოვიდნენ მეგობრები და წამიყვანენ. ხუთ კილომეტრიანი აღმართით დატანჯული შავი აუდი ვაკეზე ამოვიდა, სვლა შეანელა და მონასტრის კარიბჭესთან უნდა გაჩერებულიყო, რომ ლაშამ ხელით დაქნევით ანიშნა ეზოში შემოდითო. - მამაო, რაღაცეები ამოიტანეს ბიჭებმა და სად შეიძლება დავაბინავოთ? - მორიდებულად ჰკითხა ბერს. - ლაშა, ლაშა... დასახმარებლად დაგიძახეთ და კიდევ რაღაცებიო?! - მე რა შუაში ვარ მამაო თევდორე, ბიჭებმა ამოიტანეს. - მორიდებულად გაიღიმა და მანქანას მიაშურა. - აქეთ შემოიტანეთ შვილო. - თქვა ბერმა და სატრაპეზოსკენ წავიდა. - სად ხართ აქამდე? - მისალმებასავით გამოუვიდა ლაშას. ავტომობილს უკნიდან მოექცა და საბარგულის გაღება დაიწყო. - ბიჭო, რომ დაგვატვირთინე ეს მანქანა ამ აღმართზე ამოსვლა არ უნდოდა? - არც გზა ვიცოდით ნორმალურად, კიდევ კარგი, წამოსვლისას თაკო ჩაგვიხტა მანქანაში. მაგან მოგასწავლა გზა. ახლაღა შენიშნა ლაშამ უკანა სავარძელზე მჯდარი თვალებ-აციმციმებული გოგო, რომელმაც ლაშას გამოხედვაში თითქოს მსუფუქი გაბრაზება დაენახა, მაგრამ როგორც კი ბიჭმა გაუღიმა და ხელით ანიშნა შევზიდავთ და მოვალთო, მაშინვე ჩვეულებისამებრ ბავშვურად ენა გამოუყო. საბარგულიდან ფრთხილად გადმოიტანეს ტომრებით ფქვილი, კარტოფილი და სხვადასხვა სურსათი. მორჩილებიც მოეხმარნენ და სატრაპეზოს სამზარეულოში დააბინავეს. - ლაშა, ტრაპზზე დაპატიჟე ბიჭები. - მამა ელისე ანაფორის ფერთხვით გამოვიდა სამზარეულოდან და წასასვლელად გამზადებულებს მიმართა. საკმაოდ მაღალ, ორმოციოდე წლის მამაკაცს მუდამ სათნო ღიმილი აღბეჭდვოდა სახეზე. ლაშამ ბიჭებს ანიშნა შევიდეთო და სატრაპეზოში შეუძღვა. გრძელ, მართკუთხედის ფორმის მაგიდასთან უკვე თითქმის ყველა შეკრებილიყო. ლაშამ მეგობრებს მორჩილების გვერდით, სტუმრების კუთვნილი ადგილი დააკავებინა და გვერდით ამოუდგა. მონასტრის წეს-ჩვეულებების უცოდინარი ლუკა და გიორგი ლაშას მისჩერებოდნენ და მის ყველა ქმედებას იმეორებდნენ. ლოცვის შემდეგ ტრაპეზი დაიწყო. სატრაპეზო მაგიდის თავში შემაღლებულ ადგილას მდგარმა ერთ-ერთმა მორჩლმა წმინდა წერილების კითხვა დაიწყო. ლუკა და გიორგი მსწრაფლ წამოხტნენ ფეხზე და პირჯვარი გამოისახეს. გაღიმების ტალღამ გადაურბინა მორჩილების სახეებს. ბიჭები მიხვდნენ რაღაც რიგზე არ იყო და ლაშას შეხედეს, რომელიც წიწიბურას მადიანად შეექცეოდა. გაღიმებულმა მეგობარმა ბიჭებს თავის გაქნევით ანიშნა სკამისკენ. ერთ-ერთმა მორჩილმა დაბნეული და დამორცხვებულ ბიჭებს ლობიოს დიდი ქვაბისკენ მიუთითა, მიირთვითო და ჩაის დასხმა დაიწყო მათთვის. - რა წესია? დამსვით ამ მანქანაში და მალოდინებთ ამდენ ხანს?! - ბიჭების მანაქანაში ჩასხდომისთანავე დაიწყო თაკომ. - მომსალმებოდი მაინც ძნელო. - გაღიმებული ლაშა უკანა სავარძელზე თაკოს გვერდით მოკალათდა. - მოდი გაკოცო. - მოლბა გოგო და მისკენ გადაიხარა. - აქ ჯდომას, შესულიყავი ეკლესიაში და ერთი სანთელი დაგენთო, - გადმოხედა გიომ. - ვაპირებდი გენაცვალე, ვაპირებდი. მაგრამ მერე ვიფიქრე რომ გამოვიდნენ არ გამასწრონთქო ვა, - დატუქსული ბავშვივით ქვედა ტუჩი გამოწია გოგომ. - ერთხელ და ორჯერ მოგიტეხივართ აქამდე თუ რა. - აი, ვამბობ ძნელი ხართქო და არაო! - ხელი მოხვია ლაშამ და ჩაიხუტა. - ყველამ ერთად გაიცინეს. - რას აკეთებდით ამდენი ხანი? - ტრაპეზი იყო და დაგვპატიჟეს. - ჩაილაპარაკა გიომ. - აუ, როგორ მომშივდა. რა ჭამეთ? - ლაზანია. - მიამიტი სახე მიიღო გიომ. - უიმეე, დაგეძახათ მერე გამიხმა კუჭი. - გააგრძელა გოგომ. ლუკა, რომელიც ქვიან დაღმართს აკვირდებოდა და განსაკუთრებული გაფაციცებით მართავდა უცებ დაამუხრუჭა და სარკეში ჯიქურ გახედა გოგოს. - ელაპარაკე ეხლა ამას. - გოგოო! - მამათა მონასტ... - ვიცი დეგენერატო, ვიხუმრე! - სიტყვის დასრულება არ აცადა თაკომ. - კარგი, კარგი მორჩით. - მეგობრების კინკლაობით გახალისებულმა ლაშას გოგოსკენ გადაიხარა და რაღაც ჩასჩურჩულა. - რომელი რესტორანი? კახეთის გზატკეცილზე რომ არის? - თვალები გაუბრწყინდა გოგოს. ოღონთ არ ჩასკდეთ ეხლა სასმელით, ხვალ ხევსურეთში მომყვები, ხომ არ დაგავიწყდა? - შენი „სვეტსკი“ დაქალების ნერვები რომ არ მაქვს? - მისივე ხმის ტემბრით უპასუხა გოგოს. - უშენოდ მაინც ვერ წავალთ ხომ იცი? თან ყველამ მთხოვა. - მთელი სტუდენტობის დროს ძლივს მოვაბით თავი და ახლა ძლივს, პირველად მივდივართ ჯგუფელები. რამდენიმე გოგო და ორი ბიჭი იქნება, უმრავლესობას კი იცნობ... ხომ შემპირდიი? - გაბუტული სახის მიმიკების აწყობა დაიწო თაკომ. - მოვდივარ, მოვდივარ, ნუ იბუსხები. - გაეცინა ლაშას. შემდეგ კი ლუკას სთხოვა მათ საყვარელ რესტორანში დაერეკა და შეკვეთა მიეცა. *** შაბათს დილით, სააკაძის მოედანთან შეკრებილ ახალგაზრდებს მხოლოდ ლაშა და თაკო აკლდნენ. - სად არიან აქამდე? - იკითხა ნიკამ - არიან? მარტო თაკო არ დარჩა მოსასვლელი? - დაინტერესდა ცოტნე. - არა, ლაშაც მოდის. თაკოს მეგობარია. - ჩაერთო საუბარში ნინო. - კაი ტიპია. - ნიკამ შეამჩნია, რომ ცოტნეს დიდად არ გახარებია უცხოს წამოსვლა. - თაკომ გვთხოვა წამოვიდესო, ჩვენც დავთანხმდით, - თან ხშირად დადის აქეთ იქით და იცის ყველაფერი რა. - კარვებში უნდა დავიძინოთ? - დაინტერესდა ლიზი. - ხუთი ცალი ორ კაციანი კარავი გვაქვს და იმედია ვეტევით არა? - თქვა ცოდნემ და ხალხს გადახედა. - ვეტევით, თაკომ თქვა ლაშაც წამოიღებს კარავსო. - თქვა ნინომ. - ბავშვებო, გუშინ დაქალს ვეუბნებოდი ჩვენს წასვლაზე და ძალიან მოუნდა წამოსვლა, - მეუხერხულა თქვენთან და რავიცი აღარ შევთავაზე, - რა პრობლემაა, წამოვიდეს. პირიქით უკეთესიცაა, ბევრი ვერ წამოვიდა, სულ სამი ბიჭი გამოვდივართ და გოგოებში მეშვიდე ეგ იქნება. - გოგოს დამატება უკვე მოეწონა ცოტნეს. - კარგი დავურეკავ. - გაუხარდა გოგოს. - აი მოვიდნენ. - ტაქსიდან გადმოსულ თაკოს სალომემ ხელი დაუქნია და აქეთო ანიშნა. ლაშამ გოგოები მოიკითხა, ბიჭებს ხელი მეგობრულად ჩამოართვა და რა გეგმები გვაქვსო იკითხა. როგორც შეიტყო ორგანიზატორი ახალგაცნობილი ცოტნე იყო, სამი დღით აპირებდნენ ხევსურეთში გაჩერებას, სადაც აქამდე არცერთი მათგანი არ იყო ნამყოფი და წარმოდგენაც არ ჰქონდათ სად რა უნდა ენახათ. მხოლოდ ცოტნეს მოეგროვებინა ინფორმაცია ინტერნეტში და ამოებეჭდა. მიკროავტობუსის მოსვლისთანავე ახალბედა ტურისტებმა პროდუქტების და საჭირო ინვენტარის ჩატვირთვა დაიწყეს. ის ის იყო დაასრულეს, რომ მიკროავტობუსთან ტაქსი გაჩერდა. - ნინ, ეს არის შენი დაქალი? - უჩურჩულა გაოცებულმა ცოტნემ. - ამოდი, ამოდი - დაუძახა მეგობარს ნინომ. - ბავშვებო გაიცანით ეს მომხიბვლელი გოგონა ჩემი მეგობარი ქეთი ჯავახიშვილია. მომავალი ექიმი და ძალიან კარგი მხატვარი. ტანმაღალმა გოგონამ, მიკროავტობუსის დაბალი ჭერის გამო, გაჭირვებით მოიხსნა ზურგჩანთა, ნინოს მიაწოდა და ყველას მსუბუქი ღიმილით მიესალმა. ნიკა და ცოტნე გაოცებულები შეჰყურებდნენ და თვალს ვერ წყვეტდნენ ახალმოსულს. გოგონა მხრებზე ჩამოშლილ, გრძელ, წაბლისფერ თმებს ისწორებდა, მწვანე თვალები, მოხდენილი ტუჩები, სახეზე ალაგ-ალაგ დაბნეული ოქროსფერი წერტილები მომნუსხველს ხდიდა გოგონას გარეგნობას. წამიერად მისი ყურადღება, არათუ მასზე მიშტერებული ბიჭებისკენ, არამედ ლაშასკენ მიიმართა. ბიჭი თაკოსთან საუბარში გართულიყო და ახალმოსულისთვის ერთხელაც არ შეუხედავს. საპირისპირო სქესის ყურადღებით განებივრებულ გოგონას თითქოს გაუკვირდა ბიჭის უყურადღებობა. მიკროავტობუსი უკვე თბილისს სცდებოდა, როცა მძღოლის გვედზე მჯდარმა ცოტნემ საგანგებოთ ამობეჭდილი გეგმა მოიმარჯვა და დაიწყო. - ძვირფასო მეგობრებო, გაგაცნობთ იმ სამი დღის გეგმას რომელიც დაუვიწყარი უნდა იყოს. პარმენი... ხო პარმენი გქვია? - გახედა მძღოლს. - კი, კი. - ესეიგი პირველი გაჩერება გვაქვს ანანურში, შემდეგ პარმენი ჩაგვიყვანს პირდაპირ მუცოში, მუცოს შემდეგ წამოგვიყვანს შატილში და თვითომ გამობრუნდება თბილისში. დავათვალიერებთ შატილს და დღეს იქ დავბანაკდებით. ხვალ დილით კი ჩვენით გამოვბრუნდებით ბარისახოში. - და ზეგ დილით იქ მოგაკითხავთ არა? - გააწყვეტინა პარმენმა - ჰო, ზეგ დილით ბარისახოში. პრინციპში სულ ეს არის დანარჩენი გართობაა. - აპლოდისმენტების მსგავრი რეაქციის მოლოდინში გადახედა ხალხს ცოტნემ. - კითხვები ხომ არ გაქვთ? - არაფერი საყვარელო, მთავარია კაი პონტი იყოს. - სახასიათო ხმის ტემბრით წამოიკისკისა გოგომ უკნიდან. - სად იპოვეთ ეს ბიჭი, რა დაწვრილებით აგვისხნა ყველაფერი. - მსუბუქი ირონიული ტონით უჩურჩულა ლაშამ თაკოს. - მოკეტე. - ღიმილით უპასუხა თაკომ. - მკვლელი გეგმაა ვერაფერს იტყვი. - ცდილობდა არ გაეცინა, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და სიცილნარევად ჩაახველა. ცოტნე თითქოს მიხვდა, სიცილი მის მონოლოგთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული და უკმაყოფილო სახით გადახედა. ლაშამ კი სკოლის მოსწავლესავით თითი ასწია. - მე მაქვს ერთი კითხვა. შატილიდან რითი მოვდივართ? რამდენი კილომეტრი იქნება ნეტავ. - რამდენიმე კილომეტრი იქნება ფეხით სავალი. - ცოტნეს აშკარად ეტყობდოდა, რომ ამაზე დიდად არც უფიქრია. - ლაშქრობაა ძმაკაც, ლაშქრობა. - მოჩვენებითი დამაჯერებლობით ჩაიბურტუნა და სავარძელს დაუბრუნდა. - რავიცი „ძმაკაც“ ორმოცდახუთი კილომეტრი ხევსურეთში, თან ამ ბარგით, გაგვიჭირდება ცოტა. - რაააა! - წამოიყვირა „კაი პონტების“ მომლოდინე გოგომ და ცოტნეს გახედა. - სულ ფეხით არა, „მარშუტკებიცაა“ იქ. - დაბნეულმა პირველივე რაც მოიფიქრა ის უთხრა გოგოს. გაღიმებულმა ლაშამ მძღოლს მაგნიტოფონის ჩართვა თხოვა. მიკროავტობუსი ნიაზ დიასამიძის ჰანგებით მიუყვებოდა ხევსურეთის გზას. მუცოს უნიკარული ციხე-კოშკების, ულამაზესი ბუნების და მთის პეისაჟების დათვალიერებს შემდეგ სტუდენტები სოფელ ანატორში, აკლდამებს უახლოვდებოდნენ. ლაშა უკან მიჰყვებოდა წინ წასულ სტუდენტებს და დაახლოებით მაინც ხვდებოდა რა რეაქციები მოჰყვებოდა კეკლუცი გოგოების აკლდამაში შეხედვას. - თაკო, აკლდამაში ადამიანის ჩონჩხებია, ძვლები, თავის ქალები. თუ გეშინია არ შეიხედო, მაგათაც უთხარი არ აწივლდნენ აქ, სირცხვილია. - უჩურჩულა ბიჭმა. ცოტნე და ნიკა გაფითრებული უყურებდნენ სამ სართულიან ფიქლის თაროებს, რომლებზეც ადამიანის ძვლები იყო მიმოფანტული. - აქ ყველას ერთად მარხავდნენ? - გაოცებულმა ნიკამ ცოტნეს გადახედა. - თავს იმარხავდნენ. - ნელი სვლით აკლდამისკენ წამოვიდა ლაშა. - გადმოცემის თანახმად, ინფექცია გავრცელდა, აქაურად ჟამს ეძახიან. შავი ჭირი ალბათ. სხვასაც რომ არ შეჰყროდა ინფექცია, თან დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი რომ აღარავინ რჩებოდა, ავადმყოფები თავისი ფეხით მოდიოდნენ და აი იმ თაროებზე წვებოდნენ, სადაც ძვლები დაინახეთ, წვებოდნენ და სიკვდილს იქ ელოდებოდნენ. - მართლა? - ნიკამ ისევ შეიხედა აკლდამაში. ახლა უკვე გოგოებსაც გაუღვივდათ ინტერესი. - მეც უნდა ვნახო, - რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და აკლდამაში შეიხედა ქეთიმ, მას სხვა გოგობიც მიჰყვნენ. - მერე როგორ დასრულდა ეს ამბავი, არავინ გადარჩა? - იკითხა გოგომ. - არ ვიცი. არსებობს სხვა საინტერესო ლეგენდებიც. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით კაცს ანატორის ჯვარისთვის ისარი უსვრია, რომელიც შატილის თემის საერთო სალოცავი იყო. ჯვარი გაბრაზებულა და თემი დაუსჯია. - ამ ზღაპრების მოსმენას, ჯობია სადმე დასაბანაკებელი ადგილი ვნახოთ და ბარგი გადმოვზიდოთ, მძღოლი უნდა წავიდეს. - ჩაილაპარაკა ცოტნემ. - ხალხი თავისი ფეხით მოდიოდა. იცი, რომ უნდა მოკვდე, მოდიხარ, წვები და სიკვდილს ელოდები? - თვალს არ აშორებდა აკლდამას ნიკა. დაზაფრულ სტუდენტებს ზურგს უკან მჭეხარე ხმა მოესმათ. - გაუმარჯოს! მოულოდნებლობისგან შემცბარი სტუდენტები ერთიანად მოტრიალდნენ. - წინათ საკუთარ თავზე მეტად ერთმანეთი და ქვეყანა უყვარდათ... - საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ჭაღარა მოხუცი ნელი სვლით უახლოვდებოდათ. ორიოდე მეტრში შედგა, ხელჯოხს დაეყრდნო და ლაშას გახედა. - მახველ შვილო მშვიდობით? - მოველ ხევისბერო. თქვენ ხომ დამხვდით მშვიდობით. - გახსომსღა შენი სიტყვისა? - გამომცდელად მიაშტერდა ხევისბერი. - მახსოვს... - გაეღიმა ლაშას, ზურგჩნათა მოიხსნა, ფრთხილად ამოიღო თეთრი ქაღალდით შეფუთული მართკუთხედის ფორმის ნივთი და გაუწოდა. ხევისბერმა ფრთხილად გახსნა, თეთრი ქაღალდი მოაცილა და ღვთისმშობლის ხატს დახედა. - დიდება შენდა ღვთისმშობელო. - ჩაილაპარაკა და პირჯვარი გამოისახა.- საღამოს შინ მეწვია შვილო. - მიმართა ბიჭს. მიტრიალდა და ნელი სვლით უკან გაბრუნდა. შატილის კოშკებთან ახლოს, ტყით შემოსაზღვრულ მინდორზე სტუდენტებმა საქმე გაინაწილეს. გოგონებმა საკვები ჩაიბარეს მოსამზადებლად. ნიკა ხევისბერისგან ნათხოვები ცულით მოგროვილ ხის ხმელ ტოტებს ანაწილებდა. ლაშას, რომელიც მოკამათე მძღოლს და ცოტნეს შორიდან უყურებდა და ხვდებოდა კამათის დაახლოებით შინაარს, ქეთი მიუახლოვდა. - „პრივეტ“, ლაშა ხო? - გამარჯობა ქეთი. - უპასუხა ისე რომ არც კი შეუხედავს. - ჩემი სახელი გცოდნია. - გაუკვირდა გოგოს. ახლა ლაშამ შეხედა გაკვრივებით, თითქოს მის ღიმილში იკითხებოდა; „მთელი დღეა ერთად დავდივართ როგორ არ უნდა ვიცოდეო“. - რავიცი, ერთხელ არ შემოგიხედავს ჩემსკენ და... - მაპატიეთ, - ღიმილი შეეპარა ლაშას. - მეღადავები?! არაფერი უპასუხა. მზერა მძღოლისკენ გადაიტანა, რომელიც წასასვლელად ემზადებოდა. - მართლა ამხელა გზაა ბარისახომდე? ეს კაცი თუ წავიდა როგორ უნდა მივიდეთ ხვალ იქამდე? - ისეთი ხმის ტემბრით სვავდა კითხვებს, როგორსაც ლაშა თბილისურ აქცენტს ეძახდა. მოკლედ მოუჭრა, ყველაფერი კარგად იქნებაო და კარვის გაშლა დაიწყო. - რა მაგარი კარავი გაქვს. მე და ნინისაც ხომ მოგვეხმარები გაშლაში? - მოგეხმარებით. - აქ შენ და თაკო იძინებთ? - არა. ხომ არ ეჭვიანობ? - რა? - კარვის გაშლაში ალბათ ცოტნიკო უფრო მოგეხმარებოდა სიამოვნებით, ნახე როგორ გიყურებს. - ჩამუხლულმა ლაშამ გოგოს ამოხედა და წარბების აწევით ცოტნეზე მიუთითა, რომელსაც მძღოლთან კამათი დაესრულებინა და მართლაც მათკენ იყურებოდა. გაბრაზებული გოგო უკან, ნინო და თაკოსკენ გაბრუნდა. გოგონები განიერ ჯამში კიტრს და პომიდორს ჭრიდნენ. - ქეთი მოხდა რამე? - შეხედა ნინომ. - არაფერი! უბალოდ დეგენერატი ჯგუფელი გყავთ! - რა მოხდა? - ახლა თაკო დაინტერესდა. - იცი რა? - მოდი შენს შეყვარებულს უთხარი სიტყვებს დაუკვირდეს. - მოიცა, მოიცა. - გააწყვეტინა თაკომ. - ლაშა ჩვენი ჯგუფელი არ არის და არც ჩემი შეყვარებულია. ის ჩემი მეზობელი და ბავშვობის მეგობარია. რა გაწყენინა ასეთი? - არა... არ უწყენინებია. - დაიბნა ქეთი. - არაფერი ისეთი. - თაკოს სიტყვებმა უმალ განწყობა შეუცვალა გოგოს. ერთ-ერთ ცელოფანს ხელი წამოავლო, მოგეხმარებითო. თან ბიჭს შეპარულად გახედა, რომელსაც კარვის გაშლა დაესრულებინა და ახლა ის ესაუბრებოდა მძღოლს. - ძია პარმენ, იქნებ დარჩენილიყავით, გვიანია უკვე, გზაშიც დაგიღამდებათ. დილითვე წაგვიყვანე ბარისახოში და გაუყევი მერე თბილისის გზას. - ასე არ შევთანხმებულვართ, საქმე მაქვს ხვალ... საერთოდ, ნორმალურად რომ ეთხოვა დავრჩებოდი კიდეც. მოვიდა და მეუბნება ამხელა კაცს, „მაგრად რა საქმე გაქვს, გინდა თუ არა დარჩენა გიწევსო“, - გაცოფებულმა მძღოლმა სიგარეტის კოლოფი გახსნა. - ჰო, მაგრამ დღეს ხომ არ გაქვთ საქმე. დილით წაგვიყვანე და მერე წადი თბილისში. ერთის „ზრდილობის“ გამო ნუ დაგვტოვებ ამდენ ხალხს. უფროსი კაცი ხარ, კარგი მწვადის შეწვა გეცოდინება და დარჩი ბარემ. - წეღან იმ ხევისბერი მელაპარაკა შენზე... მოკლედ, ჯანი გავარდეს, დავრჩები. ოღონდ სამწვადეს ჩემს გარდა ხელი არავინ დაადოს. - ხალისი შეეპარა მძღოლს. პარმენის შემწვარი მწვადი მართლა უგემრიელესი გამოდგა. მგზავრობით და ხევსურეთის რელიეფით დაღლილი ხალხი მადიანად შეექცეოდნენ ცეცხლის პირას გაწყობილ სუფრას. ახალი დაბნელებული იყო. კოცონის გვერდით, მინდორზე სუფრა გაეშალათ და მადიანად შეექცეოდნენ. - მოდით, ჩვენ გაგვიმარჯოს. - წამოწია ერთჯერადი ჭიქაში შევსებული ღვინო ნიკამ. - ჩვენ მოფიქრებას და წარმატებით შესრულებას გაუმარჯოს, ალავერდი შენთან ვარ ლაშა. - ყველას ერთად გაგვიმარჯოს! გაგიმარჯოთ! - გადახედა მოშორებით მჯდომ მძღოლს ლაშამ. - მადლობა ვუთხრათ ძია პარმენს დარჩენისთვის და კარგი მწვადისთვის. მე კი ბოდიშს მოგიხდით, ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთ. - მალე შემოგიერთდებითო თქვა და წამოდგა. - სად მიდიხარ ამ შუა ღამეს? - მოღუშული სახით ახედა თაკომ - „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს, კიდეც ვილოცებ გუდანს. მთაში დარჩენილ ხევსურებს არდავიწყება უნდა“, არ გაგიგია? - წაიღიღინა ლაშამ. - ხევისბეთან ჩავირბენ ძნელო, თან თავის ცულს ჩავუტან. - ეე, რა მაგარია... კაი, მალე მოდი. - თვალები დააფახულა გოგომ. - შეიძლება მეც წამოვიდე? - დაადევნა მიმავალ ლაშას ქეთიმ. ბიჭმა მოიხედა. თითქოს წამიერად დაფიქრდაო, შემდეგ კი თავის გაქნევით ანიშნა წამოდიო. იმედას განსაკუთრებულად უყვარდა ლაშა. თოთხმეტი წლის იყო როცა ბაკურმა პირველად ჩაიყვანა ხევსურეთში, ბავშვობის მეგობარ ხევისბერთან. კახელი ბაკური შვილიშვილს მუდამ უმეორებდა: „არაბული ხარ, შენს კუთხეს კარგად უნდა იცნობდეო“. დიდი ხნის უნახავი ბაკურის სტუმრობამ ძალიან გაახარა იმედა. მათი სტუმრობა შატილობის დღესასწაულს დაემთხვა. ლაშამ, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ბაკურისგან მიიღო ნებართვა, დოღში მონაწილეობა მიეღო. „ქალაქელი ბავშვია ბაკურ, არაფერი მოიწიოს“ - დაფრთხა ხევისბერი. თუმცა, რამდენიმე საათში, მთაში დაბერებული კაცის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ქალაქელმა მოზარდმა ხევსური მხედრები დოღში უშანსოდ დატოვა. - დაისვენე ხევისბერო, დაისვენე. - წყვილმა იმედას ჭიშკარში შეაბიჯა. - რა ვქნა შვილო, საქმეს გამოვიჩენ ხოლმე, თან ვფიქრობ. - ხის მაგიდასთან ეზოში მჯდომი იმედა, ძველებური ლამპის შუქზე კარაბინს წმენდდა. - მოჰყეთ აბა, რა ხდება ქალაქში? - მშვიდობაა, ძველებურად ყველაფერი. - უპასუხა ლაშამ. - თქვენ როგორ ხართ, ჯამრთელობის ამბავი როგორ არის? - ამას წინებზე ძალიან ცუდად გავხდი, აღარ მეგონა თუ დავრჩებოდი. - წმენდა მიატოვა, გვერდზე გადადო, შემდეგ კი ბაკური მოიკითხა. - პაპა როგორა გყავს? - კარგად, მადლობა. - მაგას რა დააბერებს. - ჩაილაპარაკა ხევისბერმა. - ჟიპიტაურ დავლიოთ ცოტაო, თქვა და სახლსკენ წავიდან. მალევე მობრუნდა, ხილი და არაყი მაგიდაზე დადო და განაგრძო. - მე კი დავბერდი შვილო, ვზივარ ხოლმე საღამოობით და ვფიქრობ ჩემთვის, ხან ხმის გამცემიც კი იგრე მამენტარება ხომე. - ცოლ-შვილი არ გყავთ? - ჩაერთო ქეთი. - არა შვილო. - გაეღიმა იმედას. - ცხრამეტი წლიდან ხატსა ვმსახურობ. არც შვილი მყავს, არც ცოლი შამირთავს. ბერი ვარ, ასე ისურვა ანგელოზმა... - წუთიერად დადუმდა, შემდეგ კი ლაშას შეხედა. - ნახე ძმადნაფიცი? - ჯერ არა. - ძმადნაფიცი გყავს? - უჩურჩულა გოგომ ლაშას. ლაშამ თავი უხმოდა დაუქნია - ათენგენობა რა არის? - ახლა ხევსიბერს შეხედა გოგომ. - ათინოგენე ბერძენი მღვდლმოწამე იყო, ათენგენობა მის სახელს უკავშირდება. - იმედას მაგივრად უპასუხა ლაშამ. - ამ დღეს შვილო ხევსურები შვილებს ხატს ვაბარებთ. წმინდა გიორგის - ვაჟებს და ღვთისმშობელს - ქალებს. მერე შესაწირის სისხლით ბავშვებს შუბლზე ჯვარს გამოსახავენ, სანთლებს ვანთებს, ვლოცულობ და ღმერთს მათ კარგად ყოფნას ვთხოვ. - იცით? ღვთისმშობელი, რომ შეიძლება ქართველი ყოფილიყო? - წარმოთქვა მოულოდნელად გოგომ. მოხუცი და ლაშა ქეთის ინტერესით მიაჩერდნენ. - აი, ამას წინათ ვკითხულობდი ღვთისმშობლის ხატის, „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელის“ მცველებიდან ერთ-ერთის მოსაზრება ეწერა. - რა მოსაზრება? - დაინტერესედა ხევისბერი. - როგორც ვიცით აბრაამი ქალდეველი იყო. აბრაამმა შვა ისააკი, ისააკმა შვა იაკობი, ხოლო იაკობმა მარიამის ქმარი იოსები. როგორც ბიბლია გვეუბნება მაცხოვარი ღვისმშობელის უბიწოდ ჩასახული ძეა, მაგრამ ვიცით, რომ მარიამი და იოსები ნათესავები არიან, შესაბამისად გამოდის რომ ღვითისმშობელიც ქალდეველია, ანუ ქართველი. - ქეთიმ ლაშას გადახედა, რომელიც მის გვერდზე იჯდა და გაკვირვებული მიშტერებოდა. - ნუ გიკვრის, - შენიშნა ლაშას რეაქცია ხევისბერმა. - იცი ძველად ათონის მთაზე, ივერიის მონასტერში წირვის დროს, იმეორებდნენ იმ საგალობელს, რომელსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ახალშობილ მაცხოვარს უგალობდა. საგალობელში იყო ყველასთვის გაუგებარი სიტყვები, ყველაზე ხშირად მეორდებოდა „ნენანა“ ანუ „იავნანა“, მიუხედავად იმისა, რომ ათონელ ბერებს სულაც არ ესმოდათ ტექსტის შინაარსი, საგალობელი მაინც დიდი ხნის განმავლობაში შემოუნახავთ. - მაშინ მეც გეტყვით ერთს, რამაც შეიძლება თქვენი ვარაუდი გაამყაროს. - თქვა ლაშამ. - მეცნიერებს არცერთი მტკიცებულება არ აქვთ იმისა, რომ მოსემ ებრაელები ნამდვილად თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე შეიყვანა. არ არსებობს რაიმე წყარო სადაც ასეთი ქვეყნის არსებობა იქნება მინიშნებული. ცნობილია, რომ თავად მოსე აღთქმულ მიწაზე არც შესულა. ის მხოლოდ აღწერდა აღთქმულ მიწას, როგორც ნაყოფიერ ადგილს, სადაც ურიცხვი მდინარეები და ნაყოფიერი მიწებია, ისრაელი კი პრაქტიკულად უდაბნოა. თალმუდში წერია, რომ ებრალების ღმერთი, იაჰვე ეუბნება ებრაელობას: თუ გინდათ, რაიმე მითხრათ ისე, რომ მე გავიგო და ანგელოზებმაც ვერ გაიგონ, ქალდეულ ენაზე ილოცეთ დ მომმართეთო. თანამედროვე მკვლევარების ვაურაუდით კი ედემის ბაღი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა უნდა ყოფილიყო, ტრაპზონთან და აღწერილობითაც ყველაფერი ემთხვევა ერთმანეთს. ასევე, საიდუმლო სერობის ეპიზოდიც საინტერესოა, რომელიც პასექის დროს იმართება. ყველამ ვიცით, რომ ამ დროს უფალი პურს გატეხს, ღვინოში ჩააწობს და ამბობს: ესაა ხორცი ჩემი (პურზე) და ესაა სისხლი ჩემი (ღვინოზე). რატომ არმოჩნდა ტრაპეზზე პური, როცა პასექში იუდეველები არათუ პურს გამოაცხობენ, თითსაც კი არ დააკარებენ. არც ერთი იუდეველი ამას არ იზამდა! იმ დროს იერუსალიმში მარტო უცხოტომელები აცხობდნენ პურს და მიირთმევდნენ. არც პურის ყანებით იყო ცნობილი იუდეა და არც ვენახებით. პურის და ღვინის სამშობლო კი საქართველოა და იქნებ უფალი ამბობს ჩემი სისხლი და ხორცი არის ესო, ანუ სადაც ეს პური და ღვინოა იქ არის ჩემი სისხლიც და ხორციცო? შუა ღამემდე ისაუბრეს მოხუც ხევისბერთან. დამშვიდობებისას იმედამ ნაღვლიანად მიმართა „არ დამივიწყოთ შვილობო, ხშირად მესტუმრეთ ხოლმეო“, დალოცა და ორივეს სათითაოდ გადაეხვია. ნელი სვლით აუყვნენ აღმართს მეგობრებისკენ. - იცი სხვანაირი წარმოდგენა მქონდა შენზე. - როგორი? - ალბათ, როგორც შენ ეძახი, გოგონა „თბილისური აქცენტით“? - გაიღიმა გოგომ. - ეს ფრაზა საიდან იცი? - თაკოსგან. მითხრა ასე მოიხსენიებს გოგონებს, რომლებიც... - შეგცივდა? - გააწყვეტინა ბიჭმა. - ჩემთან სულ ზაფხულია და სულ ცხელა მონსენიორ. - მოჩვენებითი სიამაყით თქვა გოგომ, გაჩერდა და წელში გაიმართა. - ეს სად წაიკითხე, - გაეცინა ლაშას. - არ მახსოვს. - მანაც გაიცინა და გზა განაგრძო. - კანკალებ, როგორ არ გცივა, - თხელი კაპიუშონიანი მოსაცმელი გაიხადა და მოაცვა. არაფერია, იმაზე მეტად სასიამოვნო, როცა მის ტანზე შენს მაისურს ხედავ. მაისურს ან სვიტერს, როგორც ყველასთვის სასურველ და მიმზიდველ საპორტიფიკაციო ნაგებობაზე აღმართულ შენს დროშას ან გერბს. შატილში მზიანი დილა გათენებულიყო. კარვიდან გამოსულ ლაშას გარეთ არავინ დახვდა, მინდორზე მხოლოდ წინა ღამის ნასუფრამი მიმოფანტულიყო. „რატომ არ მიკვირს ნეტავ“ - ხმამაღლა გაიფიქრა და ცელოფნის პარკების მოძებნა დაიწყო, რაშიც ნაგავს მოაგროვებდა. შეგროვებული ნაგავი ერთ ადგილას დააწყო. გაზის მომცრო ბალონს მოჰკრა თვალი, ყავაც მალევე იპოვა. პატარა ლითონის მადუღარა წყლით გაავსო და ბალონზე შემოდგა. წყალი ადუღებას იწყება, როცა უკნიდან ფეხაკრებით მოპარულმა თაკომ ლოყაზე აკოცა. - ძნელოო. - უკან მოუხედავად მიმართა გოგოს. - როგორ მიხვდი, რომ მე ვიყავი? - კისრის მასაჟის კეთება დაუწყო ბიჭს. - მასაჟი იმისთვის, რომ ყავას მეც გამიკეთებ. - აბა სხვა ვინ უნდა ყოფილიყო? - რა ვიცი, იქნებ ქეთი? - შეპარვით უთხრა გოგომ. - ქეთი? - რა იყო, მშვენიერი გოგოა. იცი წუხელ რა კარგი დრო ვატარეთ? - დათვერით? - აუ კიიი... და არც სასმელი დაგვრჩა და მგონი აღარც საჭმელი. - რამდენიმე „ტუშონკა“ ეგდო პარკებთან, მანქანაში ჩავდე წეღან. - ღიმილით ახედა ლაშამ. გაზის ბალონი გამორთო. პლასტმასის ჭიქაში, სადაც ყავის ფხნილი ეყარა, ცხელი წყალი დაასხა და მიაწოდა. - მადლობა. - გაიზარდე დიდი გოგო. - მისმინე, რა უნდა ვქნათ საჭმელზე? ვიყიდით სადმე? - მე რას მეკითხები? თქვენს ყოვლისმცოდნე ცოტნიკოს კითხეთ. - კაი რაა... აი ქეთიც მოდის, მიდი ყავა მიართვი რაინდო! - ჩაიფხუკუნა გოგომ. - დილა მშვიდობის. - ღიმილით მიესალმა ქეთი ორივეს. - ყავა... - „პრივეტ“. - არ დაასრულებინა თაკომ. - მე ლოყაზე კოცნით და კისრის მასაჟით დავიმსახურე ყავა და რავიცი... - წავალ რამეს მოვიცმევ თორემ გავიყინე. - პასუხს აღარ დალოდებია. - ასე ძვირი ღირს? - გააყოლა პასუხი მიმავალ თაკოს და ლაშას შეხედა. - გამომართვი, ნისიად იყოს. ხმაურიანი მდინარე, რომელიც გამეტებით ეხეთქება ლოდებს. ხშირი ტყით დაფარული მთები, რომლებიც ერთმანეთს თითქოს სიმაღლეში ეჯიბრებიანო. სუფთა ჰაერი და მხოლოდ ბუნების ხმაური საოცარ თავისუფლების გრძნობას უჩენდა ახალგაზრდებს. შუა დღე ილეოდა. ბარისახოში, შატილიდან წამოსულ სტუდენტებს ტყის განაპირა მინდორზე კარვების გაშლა დაესრულებიდათ. ლაშა მდინარესთან ჩასულიყო და პეშვით წყალს სვამდა. წამით შეჩერდა და ჩიტის გალობას ყუდი დაუგდო, მოლაღურის გალობა ფლეიტის ხმას მოგაგონებდათ. „ოჰ, მობრძანდა ვაჟბატონი“ - ჩაილაპარაკა ბიჭმა. - ვინ მობრძანდა. - თავს ნიკა და ცოტნე წამოადგნენ. - არავინ. - უპასუხა ბიჭმა და წყლის სმა განაგრძო. - ისე, ზევით, რომ ვინმე ბანაობდეს? - შეპარული ცინიზმით მიმართა ცოტნემ. ლაშა წამოდგა. სველი ხელები დაიფერთხა, ტუჩებსა და ნიკაპზე ერთდროულად ხელი მოისვა და საოცარი სიმშვიდით უპასუხა. - თუ ამ იაზვობას არ მორჩები ვინმე კი არა შენ იბანავებ აქ. - ღიმილში ისეთი მრისხანება გაუკრთა, რომ ცოტნემ უნებლიედ გვერდზე გაიხედა. - ამის დროა ეხლა? - გახედა მოშორებით მდგარ გოგოებს ნიკამ. - საჭმელი აღარ გვაქვს საერთოდ, შოკოლადებია დარჩენილი. ვერ გავთვალეთ რაოდენობა და აქაც მგონი არაფერია, რომ ვიყიდოთ. - ის პარმენა მაინც არ წასულიყო, სადმე გავიდოდით და ვნახავდით რაიმეს, გოგოებს კიდევ შევპირდი არის მაღაზიათქო. - დასჯილი ბავშვივით ჩაიბურტყუნა ცოტნემ. - სოფელში არის ერთი ოჯახი, ჰიპერმარკეტი არ არის, მაგრამ სასურსათო პატარა ჯიხური აქვთ, ოთხი კილომეტრი იქნება გზიდან.... ლაშას სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ცხენის ფლოქვების ხმა მოისმა. ახალგაზრდა ხევსურმა ცხენი ხელბურთის მოთამაშე გოგოებთან გააჩერა. -ეს ვინღაა ეხლა?! - ცხენოსნიკენ წავიდა ცოტნე. ნიკამაც გაყოლა დააპირა, მაგრამ ლაშამ შეაჩერა. - მოიცადე არ წახვიდე, ვიღადაოთ ცოტა. - რაა? - დაიცადე. - ხელი ჩაავლო ბიჭს. ცხენოსანს თვალს არ აშორებდა. გოგოების რექციას აკვირდებოდა, მათი რექცია კი უკვე პანიკაში გადადიოდა. - რა ხდება გამაგებინე?! - იკითხა გაკვირვებულმა ნიკამ. - რაღაცით აშინებს ეხლა. - ჩაეცინა ლაშას. - შენ რა, იცნობ? - ჩემი ძმადნაფიცია. მალე სრული აურზაური ატყდა. - კარვები დაშალეთ და სოფლისკენ ჩავიდეთ! - ლიზი, თაკო ჩანთები მოაგროვეთ! - ნიკაა! - განწირული ხმით გაიჰყვიროდა ცოტნე. - სად გაქრა ეხლა! - ლაშა სად არის? ლაშაა. - მდინარისკენ გაიქცა თაკო. - რა გაყვირებს გოგო, რა ხდება? - ტყიდან ლაშა და ნიკა გამოვიდნენ. - ლაშა, ლაშა... - სულს ძლივს ითქვამდა გოგო. - აქ მგლების ბუნაგები ყოფილა სულ, გარშემო. - ღამე აქ როგორ უნდა გაჩერდეთო. - დაწყნადი, - სიცილი ვეღარ შეიკავა ბიჭმა. - რა გაცინებს იდიოტო?! - გაოცდა გოგო. - წამოდი მთავარი მგელი დავაფრთხოთ. - ხელი გადახვია და ცხენოსანისკენ წავიდა. ცხენოსანს ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. ჩამოქვეითებულიყო, სიტყვას არ ძრავდა და ლაშას მიახლოვებას ელოდა. - შენსას არ იშლი ჰო ზვიად? - შორიდანვე გასძახა ცხენოსანს, თაკოს მხრიდან ხელი მოაშორა და მისკენ ჩქარი ნაბიჯით დაიძრა. ამ სიტყვების გაგონებაზე ყველა ერთდროულად გაჩერდა და ხან ლაშას, ხან ხევსურს უყურებდნენ. გაურკვევლობაში მყოფთაგან მხოლოდ ქეთი იღიმოდა და მათგან განსხვავებით მხოლოდ ლაშას უყურებდა. - დამფრთხალ ქალაქელების ცქერას რაი სჯობს. - უპასუხა და მისვლისთანავე გადაეხვია. - ეს ხომ ყველა გადამთიელს უნდა იცნობდეს. - ჩაილაპარაკა დამშვიდებულმა თაკომ და მათკენ წავიდა. - რა წესია ეხლა ეს?! მეტი საღადაო ვერ ნახეთ? - რა გულებს გვიხეთქავთ ვერ გავიგე! - მოვიდნენ დანარჩენი გოგობიც. ცოტნე კი, რომელსაც ნიკასგან უკვე გაეგო, რომ არანაირი მგლები არ იყვნენ და ეს ყველაფერი ხუმრობა იყო, გაბრაზების თავიც არ ჰქონდა, მოჭრილი ხის ძირზე ჩამომჯდარიყო და სულს ითქვავდა. - ნუ გამიწყებით ქალბატონებო. ლაშა ჩემი ძმადნაფიცია. მივხვდი აქ უნდა ყოფილიყო და გახუმრება გადავწყვიტე. რაით შემიძლია ჩემი დანაშაული გამოვისყიდო? - ღიმილით მიმართა გოგოებს. - მმმ... რით და ცხენზე გვაკატავე. - გაეკეკლუცა ლიზი. - არა, არა. შარის თავი სადა მაქ კაცო. ამ ცხენზე ჩემს მეტი ვერავინ ჯდება, ძალიან ურჩია არავის იკარებს. - აიქნია ხელი ბიჭმა და ლაშას მუბრუნდა. - იმედო ნახე? - ვნახე, ვნახე. - ჰო, მოგიკითხა იმ დღეს. წინა კვირას ვნახე. ჩვენს ამბებს ვუყვებოდი ავღანეთში. - შენები როგორ არიან? - კარგად, რა უჭირთ. რამე ხომ არ გჭირდებათ? ხომ იცი შენთვინ გაუჩინარს გავაჩენ. - თუ დახმარება გინდა ერთი საათით ცხენი მათხოვე. აქვე, სოფელში მინდა ჩავირბინო ცოტა რაღაცეები შემოგვაკლდა. - რა უნდა იყიდო, ჩემსა ჩამაიყვა ყველა. - აქცენტი აგიკიდებია ისევ. - გაიღიმა ბიჭმა. - ამ მთების გამო ჩამოვედით ბიჭო, სახლში რა გვინდა. - მე წავალ მაშინ, შენ მარტო მითხარ რა გინდათ. - აქ დარჩი, შენი ურჩი ცხენის გამოცდა მინდა. ნახე, რა ლამაზი გოგოები არიან. - თვალით ანიშნა გოგონებზე. - ხომ ეძებდი საცოლეს? - ჰოო... მორცხვად გადახედა გოგონებს ზვიადმა. - ჰა, მაძლევ ცხენს თუ არა? - წაიყვა კაცო რაღაის კითხულობ. ლაშა ცხენს მიუახლოვდა. ჯერ გრძელ ყბაზე მოეფერა, მერე გვერდზე ამოუდგა და უუნაგირო წელზე ხელი რამდენჯერმე გადაუსვა. ცხენი ოდნავ შეკრთა, თავი მაღლა წამოწია და თვალები დააბრიალა. აღარ შეეხო. ცოტა დამშვიდება აცალა. იქვე მდგარ ქეთის სთხოვა საყიდელი პროდუქტებისთვის რაიმე ცარიელი ზურგჩანდა მომიტანეო. გოგომ უცებ დაცალა პირველივე ჩანთა, რაც დაინახა და მიურბენინა. - სად მიდიხარ? - ჰკითხა ლაშას. ბიჭმა ერთხელ კიდევ გადაუსვა ხელი უნაგრის ადგილს და თვალის დახამხამებაში ამხედრდა. ცხენი თითქოს არ ელოდა ასეთ ბიჭის ამ ქმედებას. შეკრთა, დაიჭიხვინა ყალყზე შედგა, თითქოს გააპროტესტა,როგორ გამიბედეო. ლაშა ელოდა ცხენის ამგვარ რეაქციას და სადავე მაგრად ჩაებღუჯა. ყალყზე შემდგარ ცხენს კისერზე შემოეჭდო. ისევ ყბაზე უსვავდა ხელს და რაღაცას ეჩურჩულებოდა. ცხენი ოთხზე დადგა, დამშვიდდა, დამორჩილდა. - წამოხვალ? - ჰქითხა ქეთის. გოგოს თვალები გაუბრწყინდა, თავის სწრაფი დაქნევით ანიშნა წამოვალო და ხელი გაუწოდა. ლაშამ მარჯვენა ფეხის ტერფი გაამაგრა და ანიშნა ფეხი აქ დამადგიო, როგორც კი დადგა მაჯაში წაავლო ხელი და თავისკენ, ზევით მიიზიდა. - ხომ არ გეშინია? მაგრად შემომსხვიე ხელები. უნდა დაძრულიყო, რომ ცოტნემ დაუძახა. - მოიცადე, აი ფული გამომართვი საყიდლებისთვის. - ას ლარიანი გაუწოდა მხედარს. - შეინახე ეგ. მაგით თბილისში რომ ჩავალთ სადმე რესტორანში დავჯდეთ ნაბახუსევზე გამოვიდეთ და შევრიგდეთ. - უთხრა და ორივე ქუსლი ჰკრა ცხენს. - კარგი. - შემრიგებლურად გაიღიმა ცოტნემ. ცხენის ფლოქვების ხმა ნელ-ნელა იკარგებოდა. - აკი ჩემს გარდა ვერავინ ჯდებაო? - უსიტყვოდ მდგომი ხალხიდან ერთ-ერთი გოგონა გამოერკვა. - ცხენი ყოველთვის გრძნობს მხედარს... - თავისთვის ჩაილაპარაკა ხევსურმა. რამდენიმე წუთიანი ჭენების შემდეგ სვლა შეანელეს. უსიტყვოდ მიუყვებოდნენ გზას. - შენთან არაფრის მეშინია. - გოგომ ისე უჩურჩულა ყურზე ტუჩების შეხება იგრძნო ბიჭმა. - რა? - წეღან მკითხე ხომ არ გეშინიაო. ბიჭის ღიმილს გოგო ვერ ხედავდა. *** ლაშას კორპუსის სადარბაზოსთან მდგარმა თაკომ, რამდენჯერმე დარეკა ბიჭთან და პასუხი ვერ მიიღო. ამის შემდეგ ლილის ნომერი აკრიფა. - დილა მშვიდობის ლილი დეიდა. - მორიდებულად დაიწყო თაკომ. - ლაშას ვერ ვუკავშირდები, სახლშია? - გახლავთ გენაცვალე. დილა მშვიდობის. - დაბლა ველოდები. კბილის ექიმთან უნდა გავეყვანე. - აბაზანაშია. ამოდი, ყავას ვაკეთებ და სანამ მოწესრიგდება დამეწვიე. - თქვენს ყავაზე უარს რა მათქმევინებს. - პასუხს არ დაელოდა, ტელეფონი გათიშა და კიბეზე აირბინა. - თაკო წავედით. - ცოტა ხანში კორიდორიდან გამოსძახა ლაშამ. - დააცადე ბიჭო ბავშვს, არ დაულევია ჯერ. თაკოს ნაცვლად სამზარეულოდან ლილიმ გამოსძახა. - ცოტა მოვსვავ რა. - მისაღებში შესული ლაშა გოგოს ყავას დასწვდა. - ოოო... ლილი დეიდა ჩემს ყავას სვააავს. - დაჩაგრული ტონით წამოიკივლა გოგომ. - ეხლა ორივეს მიგაბრძანებთ აქედან. - სიცილით გამოსძახა ლილიმ. - კაი ჰოო. - დაუბრუნა ჭიქა გოგოს. - შენა და, ქეთის ნომერი არ გაქვს? - ჩურჩულით ჰკითხა. - ოჰ! აქეთ-იქით რომ დააჭენებდი თავად ვერ გკითხე? - გაქვს თუ არათქო?! - მაქვს ჰო, ნუ იბღვირები. თაკო კლინიკაში მიიყვანა. უკან დაბრუნებულმა მანქანა ეზოში შეაჩერა. მობილური ტეკეფონი მოიმარჯვა და ქეთის ნომერი აკრიფა. სანამ ზარი გავიდოდა დაბნეულმა სწრაფად გათიშა. რამდენიმე დღეა გოგო აკვიატებად ექცა. გონებიდან ვერ იშორებდა. მისი მიმიკებიც კი ახსენდებოდა და სასიამონო ღიმილს გვრიდა. საკუთარ თავზე გაეცინა. „რა მჭირს? აქამდე მსგავსი გრძნობა არ განეცადა ბიჭს. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა არასოდეს უჭირდა. ახლა კი... იქნებ მივწერო?“ გაიფიქრა უცებ. ბოლოს მაინც დარეკვა ამჯობინა და აკრეფილი ნომერი გაამეორა. - გისმენთ. - ავტომობილების ხმაურში ქეთის ხმა გაისმა. - გამარჯობა ქეთი. - არაფერი მესმის, ერთი წუთით, გავჩერდები, ახლავე... - არა არა, იყოს, სხვა დროს დავრეკავ. - დაბნეულმა გათიშა. ერთი წუთიც არ იყო გასული ქეთი რეკავდა. - რამდენიმე წამი მოცდა არ შეგეძლოთ ბატონო ლაშა? - რავიცი, ვიფიქრე ცუდ დროს ვრეკავდი, მიცანი? - ახლა მანდ, რომ ვიყო ისეთ სახეს მივიღებდი, როგორიც შენ, ხევსურეთში. როცა გკითხე ჩემი სახელი საიდან იცითქო. - ორივეს ერთად გაეცინათ. - ის ლოგიკური იყო, ეს არა. - რა გინდა მათქმევინო, ველოდებოდი შენს ზარსთქო? - ფინჯან ყავაზე მინდოდა დამეპატიჟე. - სად ხარ მითხარი და გამოგივლი. ლაშას დიდხანს ლოდინი არ დასჭირდა. სულ მალე მასთან “ლექსუსის” მარკის ჯიპი გაჩერდა. სპორტულ ფორმაში გამოწყობილ გოგო საოცრად მოხდენილად გამოიყურებოდა. აწეული თმების ფონზე მსუფუქად დაჭორფლილი სახე უფრო ნათლად გამოჩენოდა. მარაოსავით გაშლილ წამწამებს შორის მოქცეული მწვანე თვალების დანახვამ ლაშას გული აუჩქარა. გაუნძრევლად მდგარმა ბიჭმა თავს ძალა დაატანა უხერხულობა როგორღაც დამალა და მანქანიდან გადმოსული გოგოსკენ ნელ-ნელა დაიძრა. ავტომობილი სიონის ეკლესიას უახლოვდებოდა. - სად მივდივართ? - აქვე, ბოტანიკურთან, ჩემს სამფლობელოში. - უპასუხა გოგომ. - ამ მანქანის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ რაიმე ციხესიმაგრე უნდა იყოს. - ტელეფონზე საუბრისას როგორი მორიდებული მეჩვენე, თუმცა კბენებს მაინც არ ეშვები. - გაეცინა გოგოს. - ერთი პაწუკა ოთახია ჩემი სამფლობელო, ნახავ. მანქანიდან გადმოსული წყვილი ნელი სვლით ძველი თბილისის აივნიან შენობებს მიუყვებოდა. შუშაბანდებიან სახლთან შეჩერდნენ, ქეთიმ ანიშნა აქ ავდივართო და მოკლე კიბეს აუყვნენ. მეზობელი აივნებიდან ხანშიშესული ქალბატონები გადმომდგარიყვნენ. საოცარ ყურადღებას იჩენდნენ გოგოს მიმართ. „ქეთი,როგორ ხარ შვილო“. „ჩვენი პრინცესა მოსულა“, „სად დაგვეკარგე?“. - რა პოპულარული ხარ. - გადაუჩურჩულა ლაშამ. - ძალიან თბილი ხალხია. - გაიღიმა გოგომ და ბოქლომის გახსნას შეუდგა. რკინის კარის გახსნისთანავე ლაშას მაშინვე საღებავი სუნი ეცა. ოთახში შესულმა გოგომ შინდისფერი ფარდები გადაწია. ფანჯრის რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან ფუნჯები, საღებავები და სხვა მრავალი ნივთი ელაგა, რომელთა ზუსტ დანიშნულებას, ალბათ მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან. იატაკი ყვითელი, წითელი, ვარდისფერი და თეთრი საღებავის წვეთებით იყო დაწინწკლული. ოთახის კუთხეებში გადახვეული ტილოები, ხოლო კარის გვერდით, კედელთან ორი დაუსრულებელი ნახატი იდო. - მაპატიე, აქ სრული ქაოსია. ორი წლის წინ მიყიდა მამამ ეს ოთახი. თავისუფალ დროს მოვდივარ ხოლმე და ვხატავ. - არ ვიცოდი, თუ ხატავდი. - ვხატავ თავისუფალ დროს. - ერთ-ერთ გადახვეულ ტილოს დასწვდა. - ეს მეგობრის დედას უნდა ვაჩუქო. რამდენიმე თვის წინ მთხოვა დამეხატა, ალბათ ჰგონია რომ დამავიწყდა. დღეს დაბადების დღე აქვს და კარგი საჩუქარი გამომივა. - მოგწონს? - დახვეული ტილო გახსნა გოგომ. - არაჩვეულებრივად ხატავ. - ვცდილობ, ვცდილობ. - დიდად მხატვრობაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ისევე როგორც ლექსს კარგ ნახატსაც მუზა ან რაიმე შთაგონების წყარო სჭირდება არა? - იცი ლაშა, მე ყოველთვის წინასწარ ვიცი როგორი გამოვა ჩემი ნახატი. სწრაფად ვხატავ და შთაგონებას არ ველი. ხაზში, ფერში, მუსიკაში არ ვეძებ შთაგონებას. არც მუზები მიტევენ და შენ წარმოიდგინე არც ღამე მეღვიძება დასახატად. - გაეცინა გოგოს. - აი, შენი ჰობი ხომ მოგზაურობაა? ჩემი - ხატვა. სულ ეს არის. ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, ვისაც ხატვა მოსწონს. - მგონი ჩვეულებრივი მხატვარი არ არსებობს. - თქვა ლაშამ და დივანზე დაეშვა. - ალბათ ყველა ჩვენგანს გვქონია ჭარბი ემოციების მოზღვავების მომენტი და ამ დროს უფრო დიდი სურვილი გვიჩნდება საკუთარი თავი ხელოვნებაში გამოვხატოთ, მაგრამ მე ამას მუზას არ ვეძახი. აი მუზა მაგალითად მოდელიანს ჰყავდა, გიჟდებოდა ისე უყვარდა. ჟანა... რა გვარი იყო... დამავიწყდა. მგონი ის ქალიც მხატვარი იყო. ჩემი აზრით ამ სიყვარულმა შეაქმნევინა ყველაფერი. რავიცი, შეიძლება სიყვარული მართლაც ყველაზე დიდი მოტივაციაა. რამდენიმე წამიანი დუმილი ისევ ქეთიმ დააღვია. - მოდი ყავას გავაკეთებ. - თქვა გოგომ და მადუღარა ჩართო. - მომიყევი კიდევ შენზე. - რა მოგიყვე აბა? - დაიწყო ზურგით მდგარმა. - მინდა კარგი ექიმი გავხდე და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. შემოდგომამდე არდადეგები მაქვს, მერე ისევ დავბრუნდები გერმანიაში, იქ ვსწავლობ. ხატვა კი როგორც გითხარი ჩემი ჰობია. არ ვხატავ თანამედროვე მხატვერებივით, ფოტოსგან რომ ვერ გაარჩევ ნახატს. ერთი ინგლისელი მხატვარია რუფ ტაისონი, გრაფიტით და აკვარელის ფანქრებით ხატავს, შეიძლება მისი ნახატები ერთი შეხედვით გამოცდილ მხატვარსაც ფოტოები ეგონოს. მე არ მომწონს. ჩემი აზრით ნახატი ნახატს უნდა ჰგავდეს. ფერწერაა ჩემი სტიქია. მაქვს მასალა - ტილო,ზეთი, ფუნჯები. ჯერ ტილოს ჩარჩოზე ვჭიმავ, დავფარავ გრუნტით. რამდენიმე პირი გრუნტი სჭირდება, რომ საღებავი ტილოს უკანა მხარეს არ გამოვიდეს. როცა გაშრება შემდეგ ვიწყებ უკვე ხატვას. - მეგონა აქ სწავლობდი... - სევდანარევად ჩაილაპარაკა ბიჭმა. - დავამთავრებ და ჩამოვალ, არ თქვა ეხლა მომენატრებიო. - გადაიკისკისა გოგომ. - ებიუტერნი. - ჩაილაპარაკა ლაშამ. - რაა? - ჟანა ებიუტერნი იყო მოდელიანის შეყვარებული და მუზა. - ეხლა ჩემგან გაოცებას ელი ცინიკოსო? - ზურგით მდგარი გოგო მოტრიალდა და ყავა მიაწოდა ბიჭს. - არა, უბრალოდ უცებ გამახსენდა. არ გეთანხმები, რომ მხოლოდ საყვარელ ადამიანს მოაქვს მუზა, ან აქცევს მაგარ ხელოვნად. ედვარდ მუნკი გეცოდინება ალბათ? - რა თქმა უნდა. თუნდაც მაგის „კივილი“ რად ღირს. - ნუ, ეგ „კივილი“ ჩემთვის უაზრო ნათხაპნია. ზოგადად ეს ტიპი მართლა მაგარი მხატვარი იყო. იცი რას ამბობდა ეს მუნკი? ქალები ამ ქვეყნად კაცების სიცოცხლის გასამწარებლად არსებობენო. ბევრი ქალი ჰყავდა, მაგრამ მალევე წყვეტდა თითოეულთან ურთიერთობას. ისე, ერთ-ერთი საყვარელი ნიცშეს და, ელისაბედ ნიცშე იყო და ნამდვილ აფთრად ახასიათებდა. ჰო, და იმას ვამბობ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, როცა ქალის სიყვარული კი არა ზიზღი ჰქონდა მაინც ძალიან მაგარი და აღიარებული მხატვარი იყო. - იმას რატომ არ მეუბნები რატომაც ეზიზღებოდა? - გაეცინა გოგოს. - მუნკს ყველაზე მაგარი მუზა ჰყავდა რომ იცოდე. ახალგაზრდობაში მიატოვა გოგომ, ვინც მართლა ძალიან უყვარდა. მიატოვა კი არა მისმა ნასროლმა ტყვიამ საბოლოოდ დაუმახინჯა ხელი. აი ის იყო მისთვის მუზა. - ეგ არ ვიცოდი... ხო გითხარი ვერ ვერკვევი მხატვრობაშითქო. - გაეცინა ლაშას. - ცინიკოსი ხარ შენ! ამდენი თუ იცი მუნკზე, არც ეგ გამოგრჩებოდა. - მოჩვენებითი სიბრაზით გაიქნია თავი ქეთიმ. - კარგი, სად მეპატიჟებოდი გამახსენე. - ყავაზე, მაგრამ აქეთ დამპატიჟე უკვე. - ფინჯანს დახედა ბიჭმა. - სხვა დროს იყოს, კარგი? ახლა ჯობია დაბადების დღეზე წავიდე. - კარგი. ხვალ კახეთშუ მივდივარ. რამდენიმე დღეში დავბრუნდები და ყაზბეგში დაგპატიჟებ. ნამყოფი ხარ გერგეთზე? - არა. ცხენები იქნებიან? - იქნებიან. - გაეღიმა ბიჭს. - იცი მე იპოდრომზე სიარული დავიწყე. ჯერ შენნაირი მხედარი ვერ ვარ, მაგრამ მწვრთნელმა მითხრა, პირველად ვნახე გამოუცდელ მხედარს ასე ადვილად დამორჩილდეს ცხენიო. იქნებ ოდესღაც ქალი და მამაკაცი ერთი მთლიანი არსება იყო. ალბათ ამიტომ არ არის ადამიანი სრულყოფილი, ამიტომ დაეძებს გამუდმებით მეორე ნახევარს, ურომლისოდან სიცოცხლე თითქოს სავსე არ არის. ამიტომ ილტვიან ქალი და მამაკაცი მუდამ ერთმანეთსკენ, რათა შეავსონ ერთმანეთი და თავი სრულყოფილად, ერთარსებად იგრძნონ... ცალ-ცალკე ქალი და მამაკაცი სამყაროს სრულყოფილად, სრულფასოვნად ვერასდროს ვერ აღიქვამენ... ეს ალბათ მხოლოდ და მხოლოდ იმ მომენტებში ხდება, როცა თვითოეული ადამიანი ერთდროულად ქალის თვალებითაც ხედავს და კაცის თვალებითაც, სწორედ მაშინ შეიძლება ჩაწვდეს იგი სამყაროს ნამდვილ არსს, მის თითქმის მიუწვდომელ ჰარმონიას. ალბათ მაშინ, როცა სიყვარულია... სწორედ სიყვარული გვჩუქნის ბედნიერებას, აღვიქვათ სამყარო ისეთად, როგორიც არის - სრულყოფილად... და კიდევ ერთი რამ გვანიჭებს ამ ბედნიერებას - ნამდვილი ხელოვნება. როდის? როცა მხატვარი ჯერ სულს შთაბერავს თავის მიერ ტილოზე გამოსახულ პორტრეტს და შემდეგ მისი თვალებით დაინახავს. როგორც ტიციანი ხედავდა თავის მიერ შექმნილი ვენერას თვალებიდან. რემბრანდტი კი - სასკიას თვალებიდან. როცა კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი, ჟულიეტა მაზინას მიერ განსახიერებული პერსონაჟების თვალებით უმზერდა ამ ცხოვრებას. ორი რამ გვანიჭებს ამქვეყნად სრულყოფილების განცდას - სიყვარული და ხელოვნება. ამ ფიქრებში გართული ლაშა უკვე საკუთარი კარის ზღურბლთან იდგა და გასაღებს არგებდა რკინის კარს, ის ის იყო უნდა გაეღო, რომ ტელეფონი აწკრიალდა. - ლაშა ხარ?! - იკითხა ირონიულად უცნობმა. - გისმენ. - ლაშა ხართქო?! - კი. - მშვიდად უაპასუხა ისევ. - მოკლედ, ბევრ ახსნას არ დავიწყებ. ქეთის გვერდზე არ გნახო, არც არაფერი გავიგო. თუ რაიმე დამატებითი ახსნა გჭირდება შევხვდებით, ოღონდ მარტო საუბარი აღარ იქნება! ჭკვიანი ბიჭი ხარ, მიხვდები რასაც გეუბნები. - შენ რა მაგარი ბიჭი ყოფილხარ?! სახელი მაინც გეთქვა. - ვატო მქვია. - მომისმინე ვიტალი! - ხმა გაუმკაცრდა არაბულს. - არ მაინტერესებს შენი ახსნა-განმარტებები. როგორც ეკადრება და როგორც მოგვინდება, ისე გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა. სხვა თუ რამე გაინტერესებს სადაც გინდა და რა დროსაც გინდა... - ეგრე ჰო?! მაშინ შევხვდებით! ორიოდე წუთი კიდევ ისმენდა ლაშა უცნობის სიტყვებს. შევხვდებითო, უპასუხა მანაც, ტელეფონი გათიშა, კარი გაარო და სახლში შევიდა. ივლისის პირველი შაბათი გათენდა. გაღვიძებისთანავე თაკომ ტელეფონი მოიმარჯვა და რამდენიმე მეგობარს დაურეკა. ლუკა და გიო მაშინვე დაითანხმა ქალაქგარეთ პიკნიკის მოწყობაზე. ლაშა კი ზარს არ პასუხობდა. სახლში დარეკა, ლილისგან შეიტყო, რომ ლაშა კახეთში წასულიყო რამდენიმე დღით. „ესეც პიკნიკის ადგილი“ - გათიშა თუ არა ეშმაკური ღიმილით ჩაიალაპარაკა გოგომ. მაშინვე ქეთის დაუკავშირდა და პიკნიკზე წამოსვლა სთხოვა. თავიდან, ყოყმანით უარი მიიღო, თუმცა თავისი ენაწყლიანობით წყალობით მალევე დაიყოლია, იმ პირობით, რომ საღამოს დაბრუნდებოდნენ. ნახევარ საათში მეგობრები ქეთის დათქმულ ადგილას დახვდნენ და კახეთისკენ აიღეს გეზი. - ლაშამ იცის, რომ მივდივართ? - მანქანაში ჩაჯდომისთანავე იკითხა ქეთიმ. - ვურეკავ და არ მპასუხობს. - ლაშა რაღათ მინდა? - ნაძალადევად გაკვირვებული სახე მიიღო ლუკამ. - თქვენი არ ვიცი და მე პირადად ბაკურთან ჩავჯდები და კარგად მოვულხენ. - კაი რაა, დღესვე ვბრუნდებით ხომ იცი. სადმე ბუნებაში გავიდეთ გთხოვ . - წამოიწია თაკო. - დავბრუნდეთ კაცო, იქიდან ქეთი დაჯდება საჭესთან. - არ დაიბნა ლუკა. - ჰო ქეთი? - მძღოლად წამომიყვანეთ ჰო? - გაეცინა გოგოს. - ასე უკითხავად ჩასვლა უხერხული არ არის? - რა უხერხული, ნახავ როგორ გაუხარდებათ. იცი რა საყვარელი ბებია-ბაბუა ჰყავს? - ჩაერთო ისევ თაკო. - ჰო, დაუძახე ბაბუა და ნახავ მერე. - გაიცინა ლუკამ. - ეგ თქვენ ეძახით პაპას, თორემ ჩემგან არ უტყდება ბაბუა რომ ვეძახი. ორიოდე საათში, სოფლის განაპირად, მაღალი გალავნით შემოსაზღვრულ ადგილს მიადგნენ. ანანურის მომწვანო ქვით მოპირკეთებული გალავნის სიმაღლე მთლიანად ფარავდა მის შიგნით არსებულ სივრცეს. ჩვეულებისამებრ პირველი გიო გადმოვიდა მანქანიდან, ვიწრო შესასვლელი კარიდან შინაურულად შეაბიჯა ეზოში, რკინის მასიური ჭიშკარი შიგნიდან გააღო და მანქანას შესასვლელად გზა გაუთავისუფლა. ეზოში საოცარი სიმშვიდე და მყუდროება სუფევდა. პირველი, რაც ქეთის თვალში მოხვდა კახეთისთვის უჩვეულო ეზოს გამწვანება იყო. ფართო ეზოს ვიწრო ბეტონის სამანქანო გზა მიუყვებოდა, დანარჩენ მიდამოს კი თხელი, მწვანე გაზონი ამშვენებდა. გალავნის ნაპირებში სხვადასხვა ბოტანიკური მცენარეები ხარობდა. ეზოს ბოლოში მდგარ, წითელი აგურით ნაშენებ სახლს კი როგორც ტრადიციული ისე თანამედროვე ექსტერიერის ელემენტები ეტყობოდა. შუაგულში მედიდურად წამოჭიმულიყო უზარმაზარი კაკლის ხე, რომელიც თითქმის ნახევარ ეზოს ჩრდილავდა. - თქვენ კი გენაცვალეთ! ეს რა ხალხი მეწვია. - ახალგაზრდებს პირველი ბაკური შეეგებათ. - სად ხართ თქვე კაი ხალხო, ეგრე უნდა დამივიწყოთ? - აი, რომ არ გვავიწყდები ამიტომაც გეახელით ბაკური ბაბუა. – „ბაბუა“ სპეციალურად, განსაკუთრებული ინტონაციის წარმოთქვა თაკომ. - ჩემი მეტიჩარა გოგო. - ჩაიკრა გულში გახარებულმა მოხუცმა. - ეს ერთადერთია ვისგანაც ბაბუა არ მწყინს. - თაკოზე მიანიშნა დანარჩენებს. ბიჭებსაც რიგრიგობით გადაეხვია, შემდეგ კი მორიდებულად მდგარ ქეთის მიუახლოვდა. - შენ ალბათ ის ლამაზი გოგო უნდა იყო ჩემი ბიჭის გული, რომ დაატყვევა. ისედაც მორიდებული გოგო მთლად გააწითლა ბაკურის პირდაპირობამ. „რა ვქნათ კახელები პირაპირი ხალხი ვართო“, იმართლა თავი მოხუცმა და მასაც შინაურულად გადაეხვია. - ნანავ! აბა გამოგვხედე. - გასძახა ცოლს. სახლის გვერდით მდგარი სათონედან, ნანა ფქვილიანი წინსაფრის ფერთხვით გამოვიდა. ახლა გახარებული ბებია გადაეხვია ახალგაზრდებს და ყველა გულითადად მოიკითხა. - მიდი შენ გოგოებს შოთიც ცხობა ასწავლე. - მიმართა ცოლს ბაკურმა. - მანამდე კი ბიჭები ღვინოს ჩამოასხამენ. - მიუთითა ბიჭებს მარნისკენ. - ლაშა არ არის სახლში? - დაინტერესდნენ მეგობრები. - ამ დროს შინ რა გააჩერებს შვილო. - ჩაერთო ნანა. - დილაადრიან, აქაურ ბიჭებთან ერთად ალაზანზე წასულა სათევზაოდ. - თქვენ საქმეს მიხედეთ. ნახევარ საათში აქ გამოვაცხადებ. - თქვა ბაკურმა. - ჩვენც წამოვალთ რა, გთხოვთ. - გამოეყო სათონისკენ მიმავალთ თაკო. - პაპა, მოდი აქეთ-იქით აღარ ვიაროთ, ალაზანზე შენი ღვინო და შოთები წავიღოთ და იქ მოვულხინოთ, არ ჯობია? - იკითხა ლუკამ. - ჰოო, ისედაც პიკნიკს ვაპირებდით. - ტაში შემოჰკრა აღტაცებულმა თაკომ. - როგორც გინდათ შვილო. მიდი მაშინ, ეგე ლაშას მანქანა გამაიყვა. - მიუთითა პიკაპზე ლუკას. - ცოდოა თქვენი მანქანა იმ გზებზე. ნანავ, პურ-მარილი გაგვიმზადე წასაღებად. - მიუბრუნდა ცოლს. ალაზნის ჭალებს უახლოვდებოდნენ, როცა ფართოდ გაშლილ, მდორედ მიმავალ მდინარესთან ანკეს-მომარჩვებული რამდენიმე ბიჭი გამოჩნდა. სანამ მგზავრები მათ შორის ლაშას ამოცნობას ცდილობდნენ, მიმავალ მანქანას გვერდით საიდანღაც შავი ცხენი ამოუდგა. ბედაურს კუდი აებზიკა და ავტომობილს თანაბრად მისდევდა. - ეს ხომ ხორასნელია? - იკითხა აღფრთოვანებულმა თაკომ. - პატრონივით მოუსვენარია. - უპასუხმა ბაკურმა და სვლა შეანელა. მანქანა გაჩერდა. ათეული მეტრით წინ გავარდნილი ცხენი მოტრიალდა და ნელი სვლით ბაკურისკენ წამოვიდა. უნაკლო ცხოველი თითქოს უკუნეთ ღამეს ჩამოსტეხოდა თავისი ანკარა სიშავით. გლუვად მოციალე სხეული მზის შუქს ირეკლავდა. თეთრი, წვრილი კოჭები აბეზარ ხრეშში ეფლობოდა და ფეხებს ველური გრანდიოზულობით უნაცვლებდა ერთმანეთს. ქალის თმასავით ლამაზი ფაფარი მუხლამდე სცემდა. შუბლზე თეთრი ნიშანი ჰქონდა, თითქოს ღამეული ციდან ვარკვლავი იმიტომ ჩამობრძანებულიყო, რომ მისი მშვენიერი თავი დაემშვენებინა. “ღმერთო რა ლამაზია“. - ფიქრობდა ცხენზე მიშტერებული ქეთი. - მოგწონს? - თითქოს მიუხვდაო ბაკური. - ძალიან... ასეთი ლამაზი ცხენი არასდროს მინახავს. - აღფრთოვანებას ვერ მალავდა გოგო. - მჯდარხარ ცხენზე? - ბოლო დროს იპოდრომზე ხშირად დავდივარ. შეიძლება იქამდე გავაჭენო? - ხელი ლაშასკენ გაიშვირა. - მიდი. - მაშინვე დათანხმდა ბაკური. - ოღონდ გაითვალისწინე, რომ ეს იპოდრომის ცხენი არ არის. მთავარია არ შეგეშინდეს, გადმოგდებით არ გადმოგაგდებს. ქეთიმ ახლაღა შენიშნა, ცხენს არც აღვირი და არც უნაგირი არ ედგა. - ფაფარში წაავლე ხელი და გამაგრდი, დანარჩენი თვითონ იცის. შენ თუ ამ „არიფებს“ აჯობებ, მთელი ცხოვრება მეყოფა სალაპარაკოდ. ერთხელ ვერ დავსვი ზედ. - თვალის ჩაკვრით მიანიშნა ბიჭებზე. ამხედრდა თუ არა ცხენი დაიძრა. წამიერად ადრენალინმა გული შუფრიალა. ჯერ ნელი სვლით მიდიოდა შავი ბედაური. თითქოს აჩვევდა თავის მოძრაობას. შემდეგ იორღაზე გადავიდა. როგორც კი მიხვდა, რომ მხედარი კარგად იჯდა და არ ეშინოდა, გამაფრთხილებლდ დაიჭიხვინა, ადგილიდან მოწყდა და ლაშასკენ თავგამეტებით გაქანდა. მეგობრები შიშით, ბაკურს კი ხელით შუბლზე მოეჩრდილა და ინტერესით გასცქეროდა. მხედარი ისე მშვიდად იჯდა თითქოს მთელი ცხოვრება ცხენზე ჰქონოდა გატარებული. ცხენი ტყვიასავით მიფრინავდა, არც კი ირწეოდა, თითქოს ფეხს არ აკარებდა მიწას. მხედარს ფაფარი კარგად ჩაებღუჯა, დარჩენილი ნაწილი კი, შემხვედრი ქარის გამო, საბურველივით მოჰხვეოდა თავზე. გოგო კისერზე მინდობილად მიეხუტა და თვალები დახუჭა. - სად იპოვა ამ ბიჭმა ასე თავისნაირი. - ღიმილით ჩაილაპარაკა ლუკამ. მოთევზავეებს ანკესებისთვის თავი მიენებებიდან და ინტერესით გაჰყურებდნენ მათი მიმართულებით გამოჭენებულ ცხენს. - ლაშავ, ქალი უნდა იჯდეს მგონი, აბა გახედე. - გადარეული... - ლაშას სახეზე აღტაცების ღიმილმა გადაურბინა. მალე შავმა ბედაურმა ჭენება შეწყვიტა, ნაბიჯებზე გადავიდა და პატრონს მიეახლა. ბიჭი მხედარს ჩამოქვეითებაში მიეხმარა და ნელა ჩამოსვა მიწაზე, გოგოს სახეზე თოვლივით თეთრი ფერი დასდებოდა. - ლაშა, ის... ის დაფრინავს. - რა თქმა უნდა, მასზე ხომ დედოფალი იყო ამხედრებული. - გაუღიმა ბიჭმა. მეთევზეებს მალე დანარჩენებიც მიუახლოვდნენ. - მებადურებს სიცოცხლე! - ჰა, დაიჭირეთ რამე? - გიომ ვედროში მოავსებულ რამდენმე თევზს ჩახედა. - ჩვენ კი გვეყოფა ჯიგარო. - მიმართა კახელმა ბიჭმა. - მივდივართ? - გახედა ლაშას. - ჰო, ეგრე აჯობებს, მოდი ჩავალაგოთ ყველაფერი და ჩემთან წავიდეთ. - ეე, მოიცადეთ კაცო, სად უნდა წავიდეთ. რამდენი ხანია ალაზნის პირას არ მიქეიფია. - შეაჩერა ლუკამ. - თან ყველაფერი წამოვიღეთ შენებიდან. - აღარ უნდა ლაპარაკი, აქ ვშლით... მოიცადეთ, აქ კოღოები ხომ არ არიან? - თვალების მოჭუტვით იკითხა გიომ. - ეხლა კოღოზე არ დაიწყო თორემ არ ვიცი რას გიზამ. - წარბი აუწია თაკომ. - აქ ბევრმა არ იცის შენი და მწერების ურთიერთობების შესახებ და ნუ გადარევ ამ ხალხს. - სიამოვნებით მოვისმენდი. - დაინტერესდა ქეთი. - სიამოვნებით გიამბობთ. – „პუბლიკის“ ინტერესმა გაახარა ბიჭი. პირველი სადღეგრძელოს შემდეგ გიომ დაიწყო. - ერთ საღამოს, ჯგუფელთან ერთად, უკიდეგანოდ დავთვერი და მასთანვე დავჩი, მარტო ცხოვრობდა. გათენებისას ცხვირის წვერზე მსუბუქი ბწკენა ვიგრძენი. ეს ბწკენა მალე აუტანელ ქავილში გადაიზარდა და ძალიან მომინდა ვერცხლისფერი ბერეტადან 5 გასროლით ჩამეძაღლებინა პრეტენზიული კოღო, რომელმაც ორიოდე მეტრის მოშორებით ლუკას უზარმაზარ, მოშიშვლებულ ბეჭებს გვერდი აუარა და მაინცდამაინც ჩემს ცხვირის წვერს ჩაასო თავისი ბინძური, გაუსტერილებელი საწრუპი. პირველი გასროლით წავაცლიდი მარცხენა ფრთას, მეორეთი - მარჯვენას. მესამე სროლით მოვაგლეჯდი გულისამრევ ხორთუმს, მეოთხეთი დავჭრიდი უკანა ბარძაყში და ტკივილისგან აკივლებულს, მეხუთე ტყვიას ჩავაჭედებდი უქუთუთო, დაჭყეტილ თვალებს შორის, მელოტ შუბლში. როცა პახმელიისგან გასიებულ თავში რეალობა და წარმოსახვა ერთმანეთისგან როგორც იქნა გაიმიჯნა, იარაღის საძებნად საწოლის გარშემო ხელების ფათურს მოვეშვი. ახლა ხელისგულებით გასრესვაზეც თანახმა ვიყავი, მაგრამ კოორდინაცია ისე მქონდა დარღვეული, ცხვირი რომ მომეფხანა, სახის მოსაძებნად საკმაო დრო დამჭირდა. ჩემმა უსუსურობამ დროებით ჰუმანისტად მაქცია: "კაი ჰო, იფრინოს..." წინა საღამოს გახსენება დავიწყე. ვიხსენებ ბოლოდან: როგორ მოვედით მახსოვს. ფეხსაცმელები გავიხადე და საწოლზე გაუხდელად მივეგდე. რეაქცია ისეთი შენელებული მქონდა, რომ მივწექი, ვხედავდი, როგორ იხდიდა "მე" კედებს, ხოლო იმის იმედით რომ გახდის მერე რამეს წამაფარებდა ბეჭებზე, მშვიდად მივლულე თვალი და ასტრალს გავცდი. მახსოვს ქალის ლამაზი თითები, თანაც ისე დეტალურად, ალბათ ტრანსპორტში ან სადმე სხვაგან დიდხანს ვუყურე. კიდევ ობშიაგას უკანა ეზოში გადაყირავებული ურნის ხმაური და კედელზე მბობღავი 2 ლანდი. მეგონა სიზმარში ვნახე, მარა დილით გაფანტულმა ნაგავმა დამიმტკიცა რომ არ მომჩვენებია და ძალიან საინტერესო მოვლენები გამოვტოვე. კოღოს ისევ ჩემი სხეული აქვს მიზანში ამოღებული. მოთმინება ნელ–ნელა მღალატობს. ახლა სურვილი მაქვს დავიჭირო და მაგრად ვცემო. პარკეტზე გავიგდებდი და სისხლის ამოღებინებამდე ვურტყამდი მუცელში წიხლს. ძალიან მინდა ბორჯომი. მაღაზიამდე 200 მეტრია. 200 მეტრი კი 250 ჩემი ნაბიჯი. შევძლებ 250 ნაბიჯის გადადგმას? რომც შევძლო,იმდენივე უკან დასაბრუნებლად მინდა. 500 ნაბიჯის გადადგმის თავი ნაღდად არ მაქვს. კოღო ისევ ატრაკებს... ნეტავ რამდენ ხანს გასტანს ეს პარალიზაცია. გადავწყვიტე დავიჭირო და ხორთუმი მაკრატლით ძირში მოვაჭრა. ნელი,მტანჯველი შიმშილით სიკვდილის ბედნიერება მივანიჭო. სწორედ ამ დროს ისევ ვიგრძენი ბწკენა მარხცენა ხელის უსახელო და ნეკა თითებს შორის. თავს ძალა დავატანე და ავდექი. ცოტა ხანს ადგილზე ვიდექი, დავლოდე, სანამ ავტოპილოტი ვერტიკალური მდგომარეობის პარამეტრებს დააბალანსებდა. აბაზანაში შევლასლასდი. მეოთხედ რომ შევისხი სახეზე წყალი, მაშინღა აღვიქვი სისველე. გონებაში კადრებად გარბიან წუხანდელი საღამოს ნაგლეჯები... ოფიციანტი ქალის მწვანე თვალები, სომხური ქაბაბი, მეგობრების დიალოგთა ნაწყვეტები... ხელი ძალიან მექავება. ახვარი მწერი! იცი რას ვიზამ? ფეხსაცმლის საწმენდ ნაჭერს დავუცობ პირსაბანის ნიჟარას, დავიჭერ და ცივ წყალში ჩავახრჩობ. ნეკნები საშინლად მტივა. მგონი არ გვიჩხუბია... საწოლს გავხედე – მთელი ღამე ნოუთბუქის დამტენზე მდებია ფერდი. 3 ყლუპ ბორჯომზე ალბათ სულს გავცვლი. 3 ყლუპ ბორჯომზე და კიდევ კიტრის ხრაშუნა,მჟავე მწნილზე. "სილიოტკა" და მოხარშული კარტოფილიც გაასწორებდა ეხლა. არა, მაღაზიაში უნდა წავიდე... ბორჯომის ირემი წარმომიდგა თვალწინ. ბორჯომი ახლა ჩემთვის უფრო მეტია,ვიდრე ბარსას ფანებით სავსე ლურჯ–წითელი ნოუკამპი. ახლად ფეხადგმული ბავშვივით მივუყვები ბნელ დერეფანს. ლიფტთან, კუთხეში, ჭუჭყიან ქსელში გარინდული შავი ობობა შევნიშნე. კოღო გამახსენდა და სახეზე ბოროტმა ღიმილმა გადამირბინა. მაღაზიას მივაღწიე. ბორჯომს დავუწყე ძებნა. მაცივრებში მხოლოდ ლუდი და არაყია. ბორჯომი თბილად დევს ზედა თაროზე, სხვა მინერალურებთან ერთად. მართლა რა შტერი პერსონალია... თბილი ბორჯომი მოვიყუდე და უცებ ნაცრისფერი გარიჟრაჟი მილიონობით ფერით შეიღება. გავიგონე ჩიტების ჭიკჭიკი, რომელიც მანამდე არ მესმოდა; თვალი მომჭრა მოლარე გოგონას დეკოლტეში ორი უზარმაზარი,თეთრი ბორცვიდან არეკლილმა მზის სინათლემ, რომელიც მანამდე კაცად მომეჩვენა... საყლაპავის გასწვრივ ისეთი შვება ვიგრძენი, ბედნიერებისგან კუჭი ამიჩუყდა. მოვდივარ შინისკენ და სიცოცხლე მათრობს. ყველაზე მეტად კი ბორჯომის ოთხი სათადარიგო ბოთლი და კიტრის მწნილი მახარებს. ოთახში ფრთხილად შევდივარ, არ მინდა ლაშა გავაღვიძო. ეს არა. - მიუთითა ლაშაზე დანარჩენებს. მასაც ლაშა ჰქვია. მოკლედ, ნაზად ამოვალაგე ბოთლები პაკეტიდან და საწოლის თავთან დავიწყვე. ის იყო ჩასაწოლად გავემზადე, რომ კარზე გაკრული საქართველოს სახელმწიფო დროშის თეთრ ფონზე კოღო დავლანდე. ოჰ შე ახვარო!!! რატომ არ ვიცი, მაგრამ გახდილი მაისური ისევ გადავიცვი. მივეპარე, ცოცხლად შეპყრობა მქონდა გადაწყვეტილი... უცებ შემეშინდა : "რომ გამექცეს, მერე სად ვდიო ამ ჩემისას?!"... კოორდინატების ზუსტი გაანგარიშების შემდეგ მთელი ძალით ვთხლიშე ხელი კოღოს საპროექციო არეს. თხელმა ხის კარმა ძლიერად დაიბრახუნა. დრაკულას მომწვანო – მონაცრისფრო მოციქული წითელ ლაქად დააჩნდა დროშას. დამფრთხალი ჯგუფელი აზრზე მოდის და შეუდარებელი ქართულით გამოთქვამს პროტესტს: " კაი რა ბლიად! ეტა ნაგლასც უჟე, უყურებ ბლიად, რო ჩელოვეკ სპიტ. პროსტა რა უდნა გელაპარაკო! ნეტარი ღიმილით ვთხოვ პატიებას. საყვედურით სავსე თვალებით მიყურებს. დროშისკენ შევბრუნდი, ხელი ფრთხილად გადავუსვი – "ეს შენთვის დაღვრილი სისხლის უკანასკნელი წვეთი ყოფილიყოს" – ხმამაღლა შევძახე და მოწიწებით ვეამბორე ჰერალდიკურ ჯვარს. ჯგუფელის თვალებში საყვედური გაკვირვებამ და შეშფოთებამ ჩაანაცვლა. "ღმერთო შენ უშველე ამ უბედურს" უკმაყოფილო ბურტყუნით გადაიფარა საბანი თავზე. წამოვწექი. ცოტა შემაქანა, სანამ ჰორიზონტალურ მდგომარეობას შევეჩვეოდი. დავიგულე რა სასწაულმოქმედი სითხის ბოთლები ხელისგაწვდაზე, მშვიდად ჩავიძინე. - ბრავო! - აღტაცება ვერ დამალა ქეთიმ. - მართლა კარგი იუმორისტული ნოველები გამოგივიდოდა. - ტარაკანზეც მოვყვები ბარემ. არ გინდათ? - გადახედა მეგობრებს. - მუღამში შევიდა. - გადაიხარხარა ლუკამ. - მიდი, მიდი მოყევი, ეგ არც მე ვიცი მგონი. - კოღოს ამბებიდან რამდენიმე დღე იყო გასული მე და ისევ ამ ჯგუფელმა ბათუმში გადავწყვიტეთ გამგზავრება. მისი დის სახლში დავბინავდით. შუა ღამე იქნებოდა სერიალ „დაკარგულების“ ის ერთ ერთ სერიას ვამთავრებდი. „ესენი, მგონი ყველა მკვდრები არიან.“ - გავიფიქრე. წაგიღოთ ეშმაკმა ყველა, რეჟისორიან – სცენარისტებიანად! ერთი ღრმად ამოვიოხრე, ბალიშს მოვეხვიე და ის იყო, თვალი უნდა მიმელულა ერიკ კლეპტონის კომპოზიციის ფონზე, რომ სიბნელეში ნოუთბუქის სენსორულ დაფაზე გაშოტილ წითურ ტარაკანს მოვკარი თვალი. ეხლა ეს!!! საწოლიდან ფრთხილად ჩავაცურე ხელი იატაკამდე და ფეხსაცმლის მოსაძებნად პარკეტზე მოვაფათურე. აღვმართე მახვილი. არ შედრკა წითური! ბტრყელი სენსორული დაფის კიდეზე ედო, წინა ფეხებით პრობელს ეყრდნობოდა. მონიტორს მისჩერებოდა წვრილი თვალებით... ნოუთბუქი წმინდაა ჩემთვის,ზედ ვერ დავაკლავდი... კორპუსზე თითით დავაკაკუნე, იმედი მქონდა გადაცოცდებოდა სკამზე და მერე გავაბრტყელებდი. ჰმ, ჩემი ფეხები! ერთი შეარხია საზიზღარი სხეული, გაშეშებული კისერი ჩემსკენ მოღრიჯა და სახეში მომაჩერდა. თვალებში მიყურებდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ტარაკანს თავის მობრუნება ასე თუ შეეძლო. იმ გრძნობას, რომელიც ბევრი ზიზღის და ცოტა შიშისგან შედგება, ცნობისმოყვარეობამ სძლია ჩემში. შარვლის ჯიბიდან ასანთის კოლოფი ამოვაცოცე, ღერები გადმოვყარე. ცარიელ კოლოფში გამოვამწყვდიე სერიალების მოყვარული ფეხსახსრიანთა წარმომადგენელი. დილით ამ კოლოფის ნაგავში გადაგდება დავაპირე. მერე ვიფიქრე, სადმე დავდებ და დავაკვირდები, მშიერი რამდენ ხანს გაძლებს მეთქი, მაგრამ ესეც გადავიფიქრე. ვიკიპედიაში შეცდომით წერია, 3 კვირამდე ძლებენ მშივრებიო. ასანთის კოლოფის 16,5 კუბური სანტიმეტრი ჰაერი ორი-სამი დღეა საკმარისი, თუ კოლოფს საჰაერო ნაჩვრეტები არ გაუკეთდა. თავში უცნაური კითხვა დამებადა: ტარაკანი შარშანაც დავინახე ამ სახლში და თან ნოუთბუქზე. საინტერესოა, ეს ერთი და იგივე ტარაკანია თუ სხვადასხვა... იქნებ ისევე როგორც ადამიანებში, ტარაკნებს შორისაც არიან სხვადასხვა ინტერესის სფეროს მქონე ინდივიდები? გადავწყვიტე, წითური ტუსაღისთვის ერთი ფეხი მომეგლიჯა და გამეშვა ნებაზე. ასე იოლად ამოვიცნობდი შემდეგში. სასწრაფო წესით სახლის პატრონის ოთახში შევირბინე და სამი ფერის მანიკური ავიღე, წითელი ყვითელი და მწვანე. იაკო ათ დღეში ნეპალიდან უნდა დაბრუნებულიყო და არ მგონია ჰიმალაით აღფრთოვანებულს მანიკურების ქილებში რაოდენობა ხსომებოდა. კორონაროგრაფიულ მანიპულაციაზე ბევრად რთული აღმოჩნდა თავზარდაცემული ტარაკნის პინცეტით გაკავება და ბობ მარლის ფერებით მისი შეღებვის პროცესი. ზოლების სიგრძეზე გავლება მინდოდა, მარა ისე გაჭირდა საქმე, სიგანეზე წავუსვი. შევეცადე კისერი და ფეხები არ მომესვარა მისთვის, მოძრაობაში რომ არ შემეზღუდა. რამდენიმე წუთიანი ნატიფი და ბეჯითი მუშაობის შემდეგ ერიკ კლეპტონის კომპოზიციების ფონზე კმაყოფილი ღიმილით გავაცილე ეგზოტიკურ კომუფლაჟიანი ტარაკანი. დამეფიცება, იმ წუთას აზრადაც არ მომსვლია თავში, რომ ჩემი ასეთი ქმედებით მომავალში ჩემი ჯგუფელი ფსიქიკას სერიოზულ ზიანს მივაყენებდი... მეორე დღეს არ გამოჩნდა, თვალებს ვაცეცებდი ჩემი ტარაკნის ძებნაში. ხან ვფიქრობდი, რომ სამუდამოდ დაიკარგა, თან მეშინოდა, მოულოდნელად არ გამოჩენილიყო ლაშას თვალთახედვის არეში. მისთვის რა თქმა უნდა არ გამიმხელია, რაში დამჭირდა იაკოს მანიკურები. ჩემზე ისედაც მთლად ჯანსაღი წარმოდგენა ვერ აქვს და ექსპერიმენტის ამბავი საიდუმლოდ შემენახა, ვარჩიე. დიდხანს ვიფიქრე, რა დამერქმია ტარაკნისთვის. გადავწყვიტე, კლეპტონის საპატივსაცემოდ და კიდევ იმიტომ, რომ ოდესღაც წითურიც იყო, ერიკად მომენათლა. და აი ისიც! წვერს ვიპარსავდი აბაზანაში. ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად დარბოდა. ეტყობოდა, მაგრად იყო შეშინებული. საპარსი დავაგდე და „უძინართა მზეში“ დათო რომ პელეს მისდევს, დაახლოებით ისე გავეკიდე. ალბათ მიცნო თავისი ვიზაჟისტი! ისე გაქრა, თვალის მიდევნება ძლივს მოვასწარი. აბაზანის ღია კარიდან შემოსასვლელში მდგარი მაცივრის ქვეშ შეძვრა. სახეზე ქაფწასმული ოთხზე დავდექი, მობილურით ვანათებ და მაცივრის ქვეშ ვიყურები: – კაი რა ერიკ, რა გეწყინა შე კაი კაცო... მადლობელი უნდა იყო რომ ლაშას არ გადააწყდი, დაგასრესდა ადგილზე. ზატო ეხლა ბობ მარლის ზმანზე ხარ... „გმირების“ ახალი სერია რო გამოვა ერთად ვუყუროთ თუ გინდა. შეგიძლია ამაღამაც ამომიარო, ჩემპიონთა ლიგას ვუყუროთ...კაი ხო, რას იბუტ... სიტყვა კარის ჭრიალმა გამაწყვეტინა. ისე ვიყავი აგზნებული, სულ დამავიწყდა მეგობრის არსებობა. – რაებს ბოდიალობ ბლიად, ტი შტო, სავსემ რიხნულსა?! – დამადგა თავზე. – არა, არა... ერიკი შეძვრა და... –კტო ტაკოი ერიკ, ი კუდა შეძვრა?! – ერიკი შეძვრა. აი აქ, მაცივრის ქვეშ. ჩემი ერიკი. წითური რა! ერიკ წითური. უფრო სწორად ოდესღაც წითური. –წიპა ბლიად, მუსიკოსი? –ხო! –რა დალიე ამ დილა ადრიან? –არა, ფხიზელი ვარ. წადი რა, განაგრძე ძილი კაცო, რა გამიტრაკე საქმე ვა! – ახუიეეეეეც! ჯერ იყო ის კოღო?! ეხლა ვიღაც ერიკ რიჟის ეძებ! ვსიო ბლიად, ს მენია ხვაწიტ. შენ ვინა ხარ ე! გიპერაკწივნი სოცაპატ ნასტაიაშჩი! კარი ბრახუნით მომიხურა. ცოტა ხნის მერე შიგნიდან მესმის,როგორ ელაპარაკება ვიღაცას მობილურზე: – სლუშ ირაკლი, ტუტ ტაკოე ძელა... მოჯნა ია უ ტებია ნაჩევაც ბუდუ. ნა პარუ დნეი... ჩე–პე უ მენია, პატომ რასკაჟუ... და ნე ზნაიუ ია. ბელკა ბლიად უ დრუგა! კიდევ ორი დღე გავიდა და ჰოი, საორებავ! ისევ ნოუთბუქის პრობელზე გამოიჭიმა ერიკ ოდესღაც წითური, ოღონდ ამჯერად „სოპრანოს კლანს“ უყურა. გაუნძევლად იდო პრობელზე საათზე მეტხანს, ულვაშების ნერვიული ქნევით. მერე ცოტახანს იბოდიალა კლავიატურაზე და სადღაც გაქრა. იმ ღამეს აღარ გამოჩენილა. მომდევნო ღამეს „ბინდის“ პრემიერაზე გამოცხადდა. ეტყობა მაინცდამაინც ვერ დაინტერესდა ვამპირებით. 2–3 წუთის მერე მთელი ერთი დღით დაიკარგა. საგულდაგულოდ დავათვალიერე კლავიატურა, თითოეული მილიმეტრი. ვერაფერი ვნახე ისეთი, ტარაკანი რომ მიეზიდა. არ მინდოდა იმის დაჯერება რომ მწერს ფილმების სიუჯეტი აინტერესებდა, მაგრამ ფაქტი რომ ჯიუტია, სად გინდა გაექცე? „24 საათის“ მთელ 4 სერიას გაუნძრევლად უყურა. გული ამიჩუყდა. ისევ ასანთის კოლოფით დავიჭირე. მერე არაჟნის თითქმის ცარიელი ყუთი გამოვიღე კარადიდან. შიგნით ფრთხილად ჩავსვი – გაამოს ძმაო... დილამდე იქეიფე, მერე კი გაგიშვებ... დახურული ქილა კარადაში შევდგი. ეს პარასკევი ღამე იყო. სანამ მე ტკბილად მეძინა, მეგობარი უთენია ამდგარიყო. საუზმობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩემს არაჟნის ქილას წაავლო ხელი... – ააააააა!!! ფუუუ ბლიააად!!! ეტა შტო იშო ზა ხუინიაააა !!!! სანამ მე აზრზე მოსვლა მოვასწარი,სანამ გავიაზრე რა აბღავლებდა, ფანჯარა ზრიალით გამოაღო და „პრეზიდენტის” - ის ქილა ერიკიანად მოისროლა ფანჯრიდან... – კაი რა ბიჭო რა, აცალე სიცოცხლე, რას ერჩი ჩემს ტარაკანას, დადე ადგილზე რააააა!!! – ღრიალით ვეცი შარვალს, გაოგნებული ლაშა ოთახში დავტოვე და კორპუსის უკანა ეზოში მივირბინე. ერიკ, ერიკ, არ წახვიდე რა! არაჟნის ქილა ვიპოვე, მაგრამ წითური არსად ჩანდა. კაი ხანს ვათვალიერე 20 ნაბიჯის რადიუსში ყველაფერი,მაგრამ ვერ ვნახე წითური. ჯგუფელი შოკში იყო, მუტანტი ტარაკანი ვნახე შენს არაჟნის ყუთშიო. სასტერილიზაციო სითხეები მოიტანა. კიდევ რაღაც ფხვნილები. კბილის ჯაგრისით ხეხა ყველაფერი. მერე ეს აყროლებული ფხვნილი ყველა კუთხეში მოაბნია. ტარაკნებს ვინ ჩივის, კინაღამ ჩვენც გავწყდით იმ ღამეს. თავისი საწოლის ქვეშ ჩართული "ნაჩნიკი" დადგა ძილის წინ, ტარაკნებს სინათლის ეშინიათო, საწოლის გარშემო ის მყრალი ფხვნილი დაყარა და თეთრეულის ნაცვლად ჰერმეტულად დახურულ საძილე ტომარაში დაიძინა. ბოლო ერთი კვირაა ხან ტარაკნების მარტინ ლუთერს, ხან დედა ტარაკან ტერეზას მეძახის. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ტარაკანს ინტელექტი ჰქონდა. ამის დასამტკიცებლად ბევრი დრო აღარ მჭირდებოდა. სულ ცოტაღა იყო საკმარისი, მაგრამ... ვინ იცის სადაა ეხლა ჩემი ერიკ, ოდესღაც წითური... - სევდიანი ტონით დაასრულა გიომ. - მასხარა ხარ შენ, მასხარა. - გაიცინა ლაშამ და მინდორზე გაწყობილ პატარა სუფრასთან ჭიქების შევსება დაიწყო. * * * დღე დღეს მისდევდა. ქეთი დროის უმეტეს ნაწილს ხატვას უთმობდა. ერთი ნახვით სიყვარულის არასდროს სჯეროდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა იყო ის, რასაც ახლა ფიქრობდა, რასაც ახლა გრძნობდა. ლაშას თითოეული მოწერილი გულს ამოავარდნამდე უფრიალებდა, თუმცა კი იშვიათაც თუ მისწერდა ბიჭი. ლაშა ქალაქში თითქმის არ იყო, მასზე ინფორმაციას თაკოსგან იღებად. აინტერესებდა სად იყო, რას აკეთებდა. „თურმე ბაბუისთვისაც კი მოუყოლია ჩემზე. აბა რატომ არ მეკონტაქტება ხშირად, რატომ არ მირეკავს, რატომ რ მნახულობს“ - ფიქრობდა ხშირად გულნატკენი. ერთ დღესაც თავს ძალა დაატანა და დაურეკა. - როგორ ხარ? - კარგად ქეთი. - მოისმა პასუხი. - შენ როგორ ხარ? გამიხარდა რომ დამირეკე. - იქნებ მეც გამხარებოდა შენ თუ დამირეკავდი. - მაპატიე, დამნაშავე ვარ. სულ გადარბენებზე ვარ. - თავი იმართლა ლაშამ. - დღეს ვბრუნდები თბილისში რამდენიმე დღით, მერე საინგილოში მივდივარ და ამით ვრჩები. მოვითავებ ამ მოგზაურობებს და მერე იქნებ თავიც კი მოგაბეზრო. - მერე იქნებ მეც აღარ მომინდეს ყაზბეგში წასვლა... - არ დამვიწყებია. - გაიცინა ბიჭმა. - ხვალ დილით წავიდეთ თუ გინდა. - მინდა. - იყო მოკლე პასუხი. შუა დღე უკვე გადასული იყო, როცა წყვილი ყაზბეგში, გერგეთის სამების მიმდებარედ, მინდორზე გვერდიგვერდ ისხდა. ნაქირავები, დაღლილი ცხენები საბალახოდ მიეშვათ, თავად კი, საათზე მეტ ხანს, მყინვარწვერის ხედებით ტკბებოდნენ. კარგი მუსიკასავით არაჩეულებრივები იყვნენ, გულწრფელები და ხალასები. მოულოდნელად, სიმშვიდე გასროლილი თოფის მჭახე ხმამ დაარღვია. - ეს რა იყო. - შეცბა გოგო. - ნადირობენ? - არ მგონია. - უპასუხა ბიჭმა. - აქ სანადირო არაფერია. ალბათ ვინმე ტურისტს ასროლინა აქაურმა. - მძულს და მეზიზღება ნადირობა მონადირებიანად. ჩემთვის ნებისმიერი ცოცხალი არსების მოკვლა კატასტროფაა. სიცოცხლე ყველაფერზე მნიშვნელოვანია, იქნება ეს ადამიანის, თუ ცხოველის. - ამიტომაც სწავლობ სამედიცინოზე ალბათ. - გაიღიმა ბიჭმა. - შენ გიყვარს ნადირობა? - მე? - ჰო, აბა მე? - გაუკვირდა ბიჭის დაბნეულობა ქეთის. - ისე რა. - იცი სროლა? - მისვრია ერთი ორჯერ... ხომ არ შეგცივდა? - თემა შეცვალა ბიჭმა. გოგონამ ბიჭის მკერდიდან ოდნავ თავი წამოსწია, მარჯვნივს მოატრიალა, თვალებში შეხედა და გამომცდელად ჰკითხა: - გახსოვს რა გითხარი ხევსურეთში? - მითხარი, რომ შენთან სულ ცხელა და სულ ზაფხულია. - მაშინ ის უბრალო ფრაზა იყო, რომელიც სადღაც წამეკითხა. - ახლა? - ახლა უკვე, როცა შენთან ვარ მართლაც სულ ცხელა და სულ ზაფხულია. - ძალიან კარგი. - გაუღიმა ლაშამ - შენმა გაცნობამ რადიკალურად შემცვალა. არ მოგატყუებ, თითქოს ჩემი ცხოვრება აქამდე უინტერესო იყოთქო, მაგრამ... - დავიჯერებდი რაა. - სიცილით გააწყვეტინა. - გააგრძელე, მაინტერესებს. - ხელი ხელზე მოუჭირა გოგომ. - არ ვიცი როგორ ვთქვა. შენი გაცნობის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში თითქოს პრიორიტეტები იცვლება. შენს გარდა აღარაფერზე ვფიქრობ. ამ სიტყვებს მხოლოდ სიყვარულის ახსნის წინასიტყვაობად ნუ მიიღებ, უბრალოდ მართლა ასეა. შენს გვერდით თითქოს უკეთესი ვხდები. - რაღაც არ გეტყობა. - წარბი აწია ქეთიმ. - იცი დღეს შევამჩნიე, რომ ჩვენი ცხოვრება კრემიან ფუნთუშას გავს. სანამ მის ტკბილ ნაწილს გარშემო ვუვლით, სანამ გვგონია, რომ ბევრი დრო გვაქვს და მისით დატკბობას ყოველთვის მოვასწრებთ. ან ვიღაც გვაჩერებს, ან ვიღაც გვართმევს, ან უბრალოდ ვერ ვამჩნევთ. მერე იმაზე ვწუწუნებთ რომ ცხოვრება უსიამოვნო, ნაცრისფერი და უგემურია. ალბათ, ხანდახან ჯობია თავი ასწიო, თავისუფლად ჩაისუნთქო, გაიღიმო... მერე ცოტა ხნით ყველაფერი დაიკიდო და კრემიან ნაწილს შეექცე. მეორე მხრივ, გემრიელი შუაგულის შესახებ შეიძლება ვერასდროს გაიგო, თუ ვინმეს არ გაუტეხე შუაზე. - ბოლო წინადადება მომეწონა. თბილისში რომ ჩავალთ ფუნთუშები ვჭამოთ. - ჩაიცინა გოგომ. - მიხარია, რომ აქ წამომიყვანე, მაგრამ ჯობია წავიდეთ უკვე ჰო? დაგვიგვიანდება და ჩემები ინერვიულებენ. - კარგი, ცხენებს მოვიყვან და წავიდეთ. ამხედრებულები ჩაუყვნენ სამანქანო გზას. სოფელში ჩასულებმა ცხენები პატრონს ჩააბარეს და ავტომობილთან დაიძრნენ. სანამ ჩასხდებოდნენ ქეთი უკან მიტრიალდა და მთის წვერზე შემდგარ ეკლესიას ახედა. - მინდა, რამდენიმე წუთი ამ ყველაფერს კიდევ ვუყურო და დავიმახსოვრო. დღევანდელი დღე უნდა დავხატო. - შენს სამფლობელოში? - ჰო, მინდა შენ გაჩუქო. იმ საათის ნაცვლად დაკიდებ შენს ოთახში. - წამწამები დაუფახულა ბიჭს. - საიდან იცი ეს ყველაფერი ქალბატონო? - გაიცინა ლაშამ. - აჰ, თაკო... - არაფერი უთხრა. ხშირად მიყვება ხოლმე შენზე. - ჭორიკნებო. - ჯორიკნებზე გამახსენდა. ჩემებს ყველაფერი მოახსენეს კეთილის მსურველებმა. ალბათ მაგრადაც გააფორმეს. - რა მოახსენეს? - ნახატზე რომ გამყევი ჩემთან. - შენი თბილი მეზობლებიც ეგენი არიან. მერე? - არა ლაშა, ძალიან კარგი ხალხია, უბრალოდ მამაჩემი ყველგან მაკონტოლებს, როცა მოსკოვშია ხომ მითუმეტეს. - მოსკოვში? - ჰო, იქაც აქვს ბიზნესი. პრინციში ყველაზე დიდი ბიზნესი იქ აქვს. - ჯავახიშვილი... მოიცა, ვასილ ჯავახიშვილია მამაშენი? - დიახ ბატონო ლაშა. - გაიღიმა გოგომ. - არ თქვა ეხლა რატომ არ მითხარიო. რა უნდა მეთქვა, ჩემს მამიკოს ბევრი ფულები აქვსთო? - არა, უბრალოდ მაფიოზობას წამებენ მამაშენს რუსეთში და გაგეფრთხილებინე მაინც, ძვირად არ დამისვან მისი გოგოს სიყვარული. - გაიცინა ლაშამ. - სიყვარული? - გაზაფხულზე აყვავილებული მდელოს მსგავსად აუბრდღვიალდა მწანე თვალები. - გაგიბრაზდა ძამიკო? - არ გიცნობენ და იმიტომ. იცი, ასე ვთქვათ, პაემანზეც კი არ ვარ ნამყოფი. მე ხომ არც კი მყვარებია აქამდე... - აქამდე? - ახლა ლაშამ დაიჭირა სიტყვაზე. - გაიძვერა, მეც შევცვალო თემა? - ჩემი ძმა მთხოვდა შენს ნომერს და არ მივეცი. გაცოფებული იყო... - გავიცნობ და დაწყნარდება. რა ჰქვია შენს ძმას? - ვატო. ტყუპები ვართ ჩვენ იცი? ნერვებს კი მიშლის ხანდახან და წუხელ საერთოდ გამაგიჟა თავისი ქაჯობით, მაგრამ უზომოდ მიყვარს ჩემი. წყვილი თბილისისკენ მიუყვებოდა გზას. - რას დაარქმევ ნახატს. - დააღვია დუმილი ლაშამ. - მმმ... გერგეთისკენ მიმავალნი. *** სამ სართლულიანი სახლის დიდ ფოეში, სავარძელში მჯდარი ვასილ ჯავახიშვილი სანთებელას ნერვიულად ათამაშებდა. ყვირილისგან ყელის იოგები დაჭიმვოდა. პერიოდულად ზიზღით გადახედავდა თავჩაღუნულ შვილს და მის მეგობარს, რომელსაც დასიებული ცხვირი თითქმის სახეს უფარავდა. ვატოს მხოლოდ ტუჩი გახეთქვოდა და მცირე ჭრილობა ეტყობოდა. - ხვალვე წაეთრევი მოსკოვში. - ბობოქრობდა ვასილი. - ვასილ გთხოვ... გეყოფა. - სცადა ფატიმ მეუღლის დამშვიდება. - მეყოფა?! რა მეყოფა გამაგებინე?! - გაცეცხლებული მიუბრუნდა ცოლს. - ეს არის შენი გაზრდილი შვილები. გოგოს თურმე სახლშიც მიჰყავს დაუდგენელი ხალხი. ბიჭი კი დღისით მზისით დანას უყრის სკოლის მოსწავლეს! დის ნამუსი აღადგინა ბიჭმა! თავი აღარ გამომეყოფა ხალხში! - ნახატის წამოსაღებად გაყოლია მეგობარი ვასილ, რატომ არ გინდა გაიგო, გამოკეტე სახლში მაშინ და გყავდეს ასე. - კარგი ბატონო, მაგას გავარკვევ, ისიც მალე მეცონიდინება ვინ არის ის ვაჟბატონი. ამათ საქცილზე რას იტყვი?! - გაიშვირა ხელი ბიჭებისკენ. - თავი მაინც გაიმართლეთ რაიმით. - დაიღრიალა ისევ. - ან დანა რაში დაგჭირდათ სკოლის მოსწავლესთან ორ ბედოვლათს?! ამიხსენით რაში დაგჭრიდათ?! - თვითონ წამოაგო ხელი, არ დამირტყამსთქო. - დაიჩურჩულა ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ შვილმა. - ყველაფერი უცებ მოხდა ძია ვასილ. - განაგრძო მეორემ. - ის ლაშა, რომ ვერ ვნახეთ წამოსვლას ვაპირებდით. ამ ბიჭმა პირველი მე დამარტყა. „პროსტა“ ვატო დაიბნა, დანა ამოიღო და ამასაც, რომ მოუქნია ხელი დანაზე წამოეგო მკლავი. - „პროსტა“ უნდა გახეხინოთ კაცმა თითო წელი! მადლობა თქვით რომ არ იჩლივლეს. ახი კი იქნებოდა თქვენზე! ქეთი სად არის? - მიუბრუნდა ისევ ცოლს. ვასილს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული რომ ქეთიმ ნელი სვლით დაიწო კიბეზე ჩამოსვლა. თმა უწესრიგოდ მიმოფანტოდა მხრებზე. მისკენ მიშტერებულმა ხალხმა მხოლოდ ზიზღი დაინახა ტირილისგან დაწითლებულ თვალებში. უსიტყვოდ ჩამოიარა კიბეები, ძმის მოპირდაპირედ დაეშვა დივანზე და თავჩაღუნულებს მიაშტერდა. - როგორ მეზიზღებით ნეტავ იცოდეთ! - მშვიდად დაიწყო. - რომელიმე მაინც იყოთ მისნაირი! თავი ვაჟკაცები გგონიათ?! საცოდავი ერთუჯრედიანები ხართ კაცები კი არა! ვასილ ჯავახიშვილი პირველად ხედავდა შვილს ასეთ მდგომარეობაში. ყოველთვის მხიარულ და მომღიმარ გოგოს ერთდროულად სევდა და ზიზღი ჩასდგომოდა თვალებში. - დამშვიდდი შვილო. - აქვითინებული შვილი მიიხუტა და ცოლს უჩუმრად ანიშნა ოთახიდან გაიყვანეო. ის ის იყო დედა-შვილმა ოთახი დატოვა, კორიდორიდან კარის ხმა გაისმა. ოთახში შემოსული ორმოციოდე წლის მაღალი, ბრგე კაცი პირდაპირ ვასილის მიმართულებით წავიდა. პიჯაკი გაიხადა, რამაც ქამარში გარჭობილი პისტოლეტი გამოუჩინა. ბიჭებს გადახედა და თავი გაქნევით ანიშნა ოთახიდან გასულიყვნენ. რამაზი ვასილისთვის ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ყველაფერში ენდობოდა და მის აზრს თითქმის ბოლომდე ითვალისწინებდა. უმცროსი დისწული ის ადამიანი იყო, ვისთან ერთადაც ყველა ის გზა ჰქონდა გავლილი, რამაც ვასილ ჯავახიშვილი ოფიციალურ მილიონერად აქცია. რუსეთიდან გადმობარგების შემდეგ კი ოჯახის და ბიზნესის დაცვის სამსახურის ხემძღვანელობა ჩაიბარა. როგორც კი მარტონი დარჩნენ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, რაც მომხდარ ინციდენტზე გაეკვია. - პოლიცია ან პრესა? - იკითხა ვასილმა. - პრესამ არაფერი იცის. პოლიციასთან კი ყველაფერი მოგვარებულია. როგორც გითხარი არ უჩივლიათ და რომც იჩივლონ არც ეგ იქნება დიდი პრობლემა. მთავარია ბავშვს სერიოზული არაფერი სჭირს, მკლავში მოხვდა, ძვალსაც არ შეხებია. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ შენი ბიჭი ქუჩის „შპანას“ არის აყოლილი, მეტი არაფერი! - გაუმკაცრდა ხმა რამაზს. - მალე დაეწყება სწავლა და წავა მოსკოვში. არანაირად არ უნდა გაჟონოს პრესაში ამ ყველაფერმა. კარგად იცი, ჩემთვის მთავარი ოჯახია და არ დავუშვებ მის შერცხვენას. თან ხომ იცი აქაური პრესა, ბუზს სპილოდ გახდიან. - იბ ბავშვს ფული უნდა გავუგზავნოთ. - გაუგზავნე, საკმარისი ფული აღარც გაუჩენთ ჩივილის სურვილს. ცოტაც შეაშინე თუ საჭირო გახდა. შენ ის მითხარი იმ ვაჟბატონზე თუ გაარკვიე რამე? - ოოო, ეგ საინტეროსოა. - ჰოო? - ჩემებმა ყველგან გაიკითხეს. ქუჩაში, უნივერსტეტში, ჭორიკანა მეზობლებშიც კი. - მერე? - ყველა ძალიან კარგად ახასიათებს ვასილ. ერთი ცუდი ვერავისგან გაიგეს. წესიერი, განათლებული ბიჭია. ვარჯიშობს, მონასტერში დადის, მოგზაურობს. აქ არ არის, საინგლოში ყოფილა ეხლა... - ოჰო, რა იყო ბიჭო, კინოს პესონაჟია? - გააწყვეტინა დამშვიდებულმა. - კინო ახლა ნახე შენ... ყველაზე მეტ დროს თურმე ბაბუამისთან ატარებს, იცი ვინ არის ბაბუამისი? - ვინ? - ბაკური. - გამომცდელად შეხედა რამაზმა. - ბაკური?! აქ არის? - აშკარა გაოცება აღებეჭდა სახეზე. - ეს ბევრ რამეს ცვლის რამაზ. - ეგრეა. - დაეთანხმა დისწული. - და ვითომ მისი შვილიშვილი ასეთი ვაჟბატონია? - რა გითხრა... ბაბუამისივით ქურდული რომანტიზმი რომ არის განმსჭვალული ფაქტია. - მოიცა, მოიცა. - გააწყვეტინა ვასილმა. - თუკი აქ ცხოვრობს ჩვენი მთავრობის პირობებში პრობლემები არ აქვს? - რა პრობლემა უნდა ჰქონდეს? აქ არაფერი დაუშავებია. ცხოვრობს თავისთვის, წყნარად, გლეხურად. - ბაკური და გლეხი? - მოსკოვშიც გადავამოწმე. ყველაფერს შეეშვა თურმე. - შეეშვა? - აი ასე, ამდგარა ერთ დღესაც და წავედიო უთქვამს. თუმცა, როგორც გავარკვიე დღემდე დიდ პატივს სცემენ და... - ისედაც აღრენილი იყო ჩემზე. - არ დაასრულებინა ვასილმა. - ახლა შვილიშვილის დაჭრაც დაემატა. - ის ბავშვი მისი შვილიშვილი არ არის. ლაშას ნახევარძმა ყოფილა, მამის მხრიდან. ბაკური კი დედამისის მამაა. - რა მნიშვლობა აქვს რამაზ ნუ გადამრიე ეხლა! ბიძა-დისშვილმა საუბარი შეწყვიტა, როცა მისაღებში ვატო გამოჩნდა ტელეფონით ხელში. - ახლა დამირეკა. - ფერდაკარგული მიაუხლოვდა მამას. - ვინ? - წამოდგა ფეხზე ვასილი. - იმ ლაშამ. კახეთის გზატკეცილზე, ლილოს რომ გამოცდები პატარა რესტორანია და იქ შევხვდეთ ერთი ერთზეო. - კახეთის გზატკეცილზე? - გადახედა რამაზს. - ჰო, მარტო ვარ და შენც მარტო მოდიო. - წადი მერე და შეხვდი მარტომ! - უეცრად მოუჭრა შვილს ვასილმა და გამომცდელი თვალებით შეხედა. შვილის სახეზე ყველაფერი ნათლად იკითხებოდა, რასაც ვასილი გაცოფებამდე მიჰყავდა. ის ის იყო უნდა აფეთქებულიყო. როგორღაც თავს ძალა დაატანა და სავარძელში დაეშვა. შვილის უუნარობამ საკუთარი თავი შეაცოდა. - რამაზ მომაშორე აქედან... - ესღა ჩაილაპარაკა. - ჩაიცვით მივდივართ! - მოუჭრა ბიჭებს რამაზმა და პიჟაკის ჩაცმას შეუდგა. *** ლაშას დაწვრილებით შეეტყო უკვე ნახევარძმის ამბავი და საინგილოდან მოიჩქაროდა. ტაქსს საზღვარი გადმოეკვეთა და ლაგოდეხს უახლოვდებოდა, როცა ლუკას ნომერი დასარეკად უკვე მესამედ გაამეორა. - მართლა კარგად არის? არაფერი დამიმალო იცოდე. -გამაგიჟებ შენ. რა უნდა დაგიმალო ბიჭო, რამე სერიოზული რომ ყოფილიყო არ ვეტყოდი მამაშენს? საავადმყოფოც არ დაჭირდა. ახლობელი ექიმი მოვიყვანეთ სახვევი გაუკეთა რაღაც. დედამისმაც გვთხოვა არ უთხრათო არჩილს. - პოლიცია ხომ არ მოსულა? - არა, არა. - ორნი იყვნენ? -ჰო. ლაშა მისმინე... - თქო გითხარი! - მაგათ უკან სერიოზული ხალხი დგას, იცი საერთო ვინ არიან? - შენ ჩემს ადგილზე რას იზამდი? - ჩამოდი და ვილაპარაკოთ რა. - რას იზამდითქო გკითხე! - მოძალებულმა ემოციებმა ააყვირა ბიჭი. - ვერ მპასუხობ! - მოიცადე, საითკენ მიგყავეს ეხლა ლაპარაკი. - გააწყვეტინა ლუკამ. - რა უნდა მექნა? მომეძებნა და უფრო გამეფუჭებინა ყველაფერი?! ის ხომ ქეთის ძმაა?! - კარგი, საღამოს გნახავ. - მოუჭრა და ტელეფონი გათიშა. რამდენიმე წუთიანი შინაგანი შფოთვის შემდეგ ლაშა ფიქრებიდან გამოერკვა და მძღოლს ბაკურის მისამართი უკარნახა. - ჯერ ამ სოფელში შევივლით, შემდეგ კი თბილისში. გზას მე გიჩვენებ, ოღონთ რაც შეიძლება სწრაფად. - რუსულად უთხრა მძღოლს. - დედას „ვუთირებ“. - ქართულად ჩაილაპარაკა მძღოლმა. როცა ლაშას გაღიმებულ სახეს შეხედა ხალისი მიეცა, რამდენიმე სათიანი მდუმარე მგზავრობის შემდეგ საუბრის წამოწყების საშუალება მიეცა. - მე ინგილო ვარ, ქართულიც ვიცი, ინსტიტუტი თელავში დავამთავრე. - ანუ ქართველი ხარ. - შეუსწორა ლაშამ. - რა გქვია ? - ქართული სახელი 1996 წელში გადამიკეთეს შვილო. ახლობლებიღა თუ მეძახდნენ, ეხლა იმათაც დაივიწყეს. ვეღარც შვილებს დავარქვი ქართული სახელები. იქა სია აქვთ შვილო სახელებისა. სამშობიაროშივე აძლევენ და უნდა აარჩიო... ბაკური მერქვა, ეხლა კი... - ბაკური? - სიცილი ვერ შეიკავა ბიჭმა. - მე ლაშა მქვია. - რათ არ მოგეწონა ჩემი სახელი? - მოიღუშა მძღოლი. - პირიქით ბაკურ... პირიქით. პაპაჩემსაც ბაკური ჰქვია. - ჰოო. - მძღოლის დაწეულმა წარბებმა ნელ-ნელა ზევით იწყო სვლა და სახე დაულაგდა. - რამდენიმე დღე ვიყავი მხოლოდ. ვიცი რომ თავისუფლად ვერ ცხოვრობენ ინგილოები, ვნახე რომ ქართულ ეკლესიებზე აბრებია და წერია თითქოს ალბანური ძეგლიო, თუმცა ბევრი ქართველი ვნახე ქართული გვარ-სახელებით და ქრისტიანობით, არის ქართული სკოლა, მოქმედი ეკლესიაც კი. - ეგ კახშია შვილო, შენ საქათალა და ბელაქანი არ გინახამს ალბათ. ჩვენ ქართველობის შენარჩუნება ვერ შავძელით იქით... - ეს მხოლოდ თქვენი ბრალი არ არის. ამაში არავინ დაგძრახავთ. - ეეჰ, მა ვისი ბრალია? - ბედის ბიძაჩემო, ბედის. ბედის და განგების. - ქართველობის და ქრისტიანობის შანარჩუნება მართლა ვერ შავძელით. წეღან გითხარ ინგილო ვართქო და შენ კიდენა შამისწორე, ქართველიო, იცი ინგილო რას ნიშნავს? -“ახლად მორჯულებული”... ძია ბაკურ, ვიცი ინგილო რასაც ნიშნავს. ამიტომაც შეგისწორე. ვიცი რატომაც სწყინთ ეს კახში ქართველებს, მაგრამ გულში ხომ ქართველი ხარ? არ ვიცოდი თუ იქით ასეთი სიტუაცია იყო. ვერ მოვასწარი ყველაგან წასვლა, სასწრაფოდ აქეთ გამოვიქეცი. - ომში მიხვალ შვილო? - ომში? - გაოცებით გახედა მძღოლს ლაშამ. - ტელევიზიით გადმოსცეს ამ დილას, ცხინვალში ომი იწყებაო. შუა დღე ილეოდა, მზის სხივები ნელ-ნელა ძალას კარგავდნენ. მზე უკვე კარგად გადახრილიყო დასავლეთისკენ, როდესაც ტაქსი საბოლოო დანიშნულების ადგილას გაჩერდა. მგზავრმა მძღოლს ფული და მადლობა ერთდროულად გადაუხადა და დაემშვიდობა. მცირე ნაძვნარში ჩაფლული რესტორანს, რომელსაც სასადილო უფრო ეთქმოდა, გარშემო რამდენიმე დაწნული ფაცხა, შუაში კი დიდი ჭადრის ხე იდგა. უგემრიელესი კერძების და მშვიდი გარემოს მიუხედავად დიდი კლიენტურით არ გამოიჩეოდა. სწორედ ამ ყველაფრის გამო ლაშა, მეგობრებთან ერთათ ხშირად სტუმრობდა ამ ადგილს. ერთი საათით ადრე დაურეკავდა, შეკვეთას მისცემდა და ადგილზე მისულ მეგობრებს უკვე გაშლილი სუფრა ხვდებოდათ ფაცხაში. ეზოში შესულ ლაშას მემწვადე, კახელი ბიჭი, მახარე გამოეგება. სოფელში უქმად მჯდარი ბიჭი ბიძას სკოლის დამთავრებისთანავე თბილისში ჩამოეყვანა და თავის სასადილოში საქმე მოუძებნა. - ლაშას გაუმარჯოს, ლაშას! - შორიდანვე გამოსძახა და მისკენ დაიძრა. ლაშამ შინაურულად გადაკოცნა და იქვე მდგარ გრძელ, ზურგიან სკამზე დაეშვა. - დაჯექი, დაისვენე. - თავის მოძრაობით ანიშნა ბიჭს. - რით დავიღალე რო? - მიუჯდა გვერდით და სიგარეტი მოიმარჯვა. - შენ არ ეწეოდი მგონი. როგორ მიდის საქმეები? - რავიცი აბა, მიველ იმ კოლეჯში შენ, რომ მირჩიე. ერთ წლიანი კურსებია მზარეულის. ცოტაოდენი ფული დავაგროვე, მამაჩემიც რაღაცას დამიმატებს და ბინას ვიქირავებ. ოქტომბრიდან ვიწყებ სწავლას და მანამდე აქ წავიმუშავებ კიდევ. - ეე, ვინღა შეგვიწვავს კარგ მწვადს. - მოჩვენებითი დანანებით გადაიქნია თავი ლაშამ. - ვხუმრობ, კარგი ბიჭი ხარ. მხოლოდ აქ ყოფნით და მწვადის შეწვით წინ ვერ წახვიდოდი. - იგეთი მწვადი უნდა შეგიწვა რომა. - წამოხტა ბიჭი. - მაიცა, მარტო ხარ? - მწვადზე სხვა დროს შემოგივლი. ახლა პატარა საქმე მაქვს შენთან... მოკლედ, სტუმარს ველოდები. „ან სტუმრებს“. - გაიფიქრა გულში. - მოვა თუ არა ჰკითხე, თუ ჩემთან არის და მოაცილე. ბიძაშენსაც უთხარი არავინ შეგვაწუხოს კარგი? - რა პრობლემაა. - სერიოზული სახე მიიღო ბიჭმა. - შენს ფაცხაში? - არა, აი იქით, ბოლოში დავჯდები. - წამოდგა და თითი გაიშვირა. ცივი ბორჯომის შეკვეთა მისცა და ეზოს ბოლოში მდგარი ფაცხისკენ დაიძრა. ოციოდე წუთში სტუმრებმა ეზოში შემოაბიჯეს. რამაზი ბიჭებს წინ მოუძღვოდა და ინტერესით ათვალიერებდა მიდამოს. მოკლევადიანი დაზვერვის შემდეგ დარბაზში შევიდნენ და ყველა ცარიელი მაგიდიდან პირველივე აირჩიეს. - გამარჯობა, ლაშას ხომ არ ელოდებით. - ჰო, სად არის? - ახედა რამაზმა კახელ ბიჭს. - ეგე მანდ არი, მითხრა მოაცილეო. - გაიშვირა ხელი ფანჯრისკენ, საიდანაც ბოლოში მდგარი ფაცხა მოჩანდა. - „ეგე მანდ“ მეახლონო?! - გაღიზიანებულმა ვატომ გამაჯავრებლად ჩაილაპარაკა და წამოდგა. წამომდგარს დანარჩენებიც შეურთდნენ და მახარეს მიყვნენ. ფაცხაში შესვლისთანავე ლაშა წამოდგა. რამაზის მისასალმებლად გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება და უსიტყვოდ დაჯდა. - რა მოგართვათ. - იკითხა მახარემ. - ყველაზე კარგი კონიაკი რაც გაქვთ მოგვიტანეთ. - თავაზიანი ღიმილით მიმართა რამაზმა. რამდენიმე წამი, სანამ დასხდებოდნენ ლაშამ ყურადღებით შეათვალიერა სამივე. სტუმრებში ინტერესი, ნაძალადევი ზრდილობა და ქედმაღლობა ერთდროულად იგრძნობოდა. ვატო მაშინვე ამოიცნო ქეთის „ფეიბუქ გვერდიდან“, არც მეორეს გარკვევა გასჭირვებია ვინ უნდა ყოფილიყო. რამაზის წამიერი შეთვალერებისას კი მხოლოდ ქამარში გარჭობილი იარაღს მოჰკრა თვალი. - ვატო. - მახარეს გასვლის შემდეგ ახლა ვატომ გაუწოდა ხელი მისასალმებლად. აქამდეც გაღიზიანებულ ბიჭს სახეზე ალმური მოედო, როცა ლაშამ არათუ ხელი გაუწოდა, ხმაც არ ამოუღია მისასალმებლად. რამაზისკენ მომზირალი სანახევროდ მიტრილდა მისკენ და მშვიდად მიმართა. - რამაზი გქვიათ, ასე მითხარით ხომ ასეა? - რამაზი. ოღონდ არ გინდა თქვენობით. ერთი სტატუსით, შინაურულად ვისაუბროთ. მე ბიძამისი ვარ თავის მოძრაობით ანიშნა ვატოზე. ეს მისი მეგობარია, დათო. მე აქ იმიტომ ვარ, რომ წყნარად და მშვიდად გავარკვიოთ ყველაფერი. - ბატონო რამაზ, ამ შემთხვევაში, თქვენობით საუბრისას სტატუსს კი არა, ასაკს ვცემ პატივს. რა ვქნა, ოჯახში, უფროსებთან თქვენობით საუბარი მასწავლეს. დავამატებდი, რომ კაცს, შვილის ასაკის ხალხთან, იარაღით მისვლა არ ეკადრება მგონი, მითუმეტეს წყნარად გდომებიათ ყველაფრის გარკვევა. - მესმის, მაგრამ ვიმეორებ, იმიტომ გამოვყევი რომ ზედმეტი აყალმაყალი და გაუგებრობა ავირიდოთ თავიდან, ეს არავის არ გვარგებს დამიჯერე. რაც შეეხება იარაღს, სპეციალურად არ წამომიღია, უბრალოდ სულ ვატარებ. თუმცა მაინც მართალი ხარ. - ლაშას ირონიის მიუხედავად რამაზს უფრო და უფრო დადებითი შთაბეჭდილება რჩებოდა მასზე. - რა ბაზარია ვაბშე?! „პროსტა“ გაიგო, რომ უნდა ენახე ვატოს და ვერ გამოვედით მარტო. - წამოიყვირა ვატოს მეგობარმა და ფეხზე წამოხტა. - გავიდეთ და ცალკე „ვიბაზროთ“ თუ გინდა?! - დაეგდე ძირს! - რამაზის სიტყვებში მრისხანება გამოკრთა. ბიჭი უსიტყვოდ დამორჩილდა და ალეწილი სახეთ დაეშვა. ლაშა მხოლოდ მსუბუქი ღიმილით შეხვდა აღნიშნულ ინციდენტს, თუმცა რამაზი მის თვალებში საოცარ ზიზღს ხედავდა, შემზარავ და უსაზღვრო ზიზღს, რომელიც თითქოს შიგნიდან ნუსხავდა და სხეულს უყინავდა ბიჭს. გამოცდილი კაცი კარგად ხვდებოდა, რომ კიდევ ერთი ზედმეტი სიტყვა და მშვიდად ვეღარ განმუხტავდა სიტუაციას. რამდენიმე გეგმა ჰქონდა შემუშავებული, თუ როგორ შეიძლებოდა მშვიდად სიტუაციის მოგვარება, მაგრამ ამათგან უმეტესი უკვე გამოერიცხა. მიხვდა, რომ დაშინების მცდელობა არაფერს მისცემდა და უფრო გააღიზიანებდა ბიჭს. ამას გარდა შეიძლება ბაბუამისის ყურამდეც მისულიყო, რაც ნამდვილად არ მოეწონებოდა ვასილს. იგივე მიზეზის გამო, არც ბაბუამისთან ნაცნობობის აღნიშვნა მიიჩნია გამართლებულად. ბოლოს ისევ ფულზე შეჩერდა და პიჯაკის ჯიბიდან ას დოლარიანების თხელი დასტა ამოიღო. - მოკლედ, აქ სამი ათასი დოლარია, სხვანაირად ნუ გაიგებ, შენი ძმის მკურნალობისთვის გამოგადგებათ. ბიჭები კი ბოდიშს მოიხდიან. ჩაილაპარაკა თავდახრილმა რამაზმა. - რამაზ, წესიერი კაცი ჩანხარ და ნუ შემიცვლი წარმოდგენას შენზე! - შენობითზე გადავიდა ლაშა. რამაზმა დუმილით უპასუხა. ამასობაში მხარეც მობრუნდა. კონიაკი და ჭიქები მაგიდაზე დაალაგა, უკან გაბრუნებას აპირებდა, რომ ლაშამ შეაყოვნა. ფულის დასტა აიღო კახელ ბიჭს გაუწოდა. - მიხედავად ყველაფერისა, ბატონ რამაზს კეთილი საქმის გაკეთებაში ხელს არ შევუშვილი. - თქვა თავისთვის ლაშამ. - გამომართვი. ამ ფულით კოლეჯში მთელი სწავლის საფასურს გადაიხდი. - რას ამბობ?! - თვალები გაუფართოვდა მახარეს. - რაში მაძლევ ამ ფულს?! რამაზს სახეზე უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა. ხან ლაშას უყურებდა, ხან გაქავებულად მდგარ მახარეს. - გამოართვი შვილო, გამოართვი. - თქვა ბოლოს. - შეიძლება კარგიც იყოს რომ წამოყევი. - გააგრძელა ლაშამ. - რომ არა შენ, ამათ გონებრივ თუ ზრდილობის შესაძლებლობების შემხედვარეს ვეჭვებობ ეს საუბარი კარგად დამთავრებულიყო. ქეთის ბიძა ხარ და მინდა ალალად გითხრა. მე მისთვის ზედმეტი არ მიკადრებია. არაჩვეულებრივი გოგოა და მე თვითონაც არ მივცემ ვინმეს მასზე ზედმეტის თქმის უფლებას. ახლა მეორე საკითხი, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა ამან დამირეკა, - ცერა თითით მიანიშნა ვატოზე. - შეურაწყოფა მომაყენა, მაგრამ ქეთის ხათრით ამის ჩაყლაპვას ვაპირებდი. მინდოდა მენახა და ცივილურად გამერკვია ყველაფერი. მერე კი ესენი. - ისევ გაიშვირა თითი მათკენ. - ჩემს პატარა ძმას მიუვარდნენ. მეძებდნენ, თითქოს ვინმე ემალებოდათ. ისევ შეარაყოფა მომაყენეს, რაც ჩემმა ძმამ არ მოუთმინა. ამ ვაჟკაცებმა კი დანა იშიშვლეს და დაჭრეს. ახლა მითხარი, როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილას? - ჩვენ საერთოდ ხელის ხლებას არ ვაპირებდით! თვითონ დაგვარტყა პირველი. - გაცხარდა ისევ დათო. - რატომ დაგარტყათ?! - მიუბრუნდა დათოს. - „შენს ნაბოზარ ძმას გადაეცი ნუ გვემალებაო“ ასე არ უთხარი?! ამის მერე რა რეაქციას ელოდით მისგან?! უპასუხო კითხვების შემდეგ ისევ რამაზს მიუბრუნდა. - რამაზ, ხედავ ალბათ, რომ ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. იცოდე, მათი კიდევ ერთი ზედმეტი სიტყვა და აქედან თავისი ფეხით ვერ გავლენ. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ამ საცოდავებთან საუბარს საერთოდ არ ვაპირებ. ამაშიც ქეთის უმადლოდნენ. - გასაგებია. ბოდიშს მოიხდიან და დავიშალოთ. - თქვა რამაზმა და ბიჭებს გადახედა. - მე მათი ბოდიში არ მჭირდება. დღესვე წავლენ ჩემს ძმასთან და ბოდიშს მას მოუხდიან. - რა ბოდიში უნდა მოვიხადო?! - წამოიყვირა ვატომ. მოხიე ეხლა აქედან, სანამ მიგაწვინე შენს ძმასთან სამკურნალოდ! არაბულს წარბიც არ შეხრია. ნელი მოძრაობით ვატოსკენ შეტრიალდა და სახეზე ავისმომასწაველებელმა ღიმილმა გადაურბინა. აქამდე მის გონებაში ქეთი ტრიალებდა. რის გამოც ყოველ სათქმელ სიტყვასაც შეძლებისდაგვარად წონიდა, ახლა კი ვეღარაფერს ხედავდა ორი ადამიანის გარდა. შემდეგი მოვლენები წამებში განვითარდა. პირველივე რაც ხელში მოხვდა კონიაკი სავსე ბოთლი იყო. მარჯვენათი ელვის სისწრაფით დასწვდა და ვატოს თავზე გადაალეწა. თავგატეხილი, გონებადაკარგული ვატო ჯერ სკამიდან გადავარდნილიც არ იყო, რომ მარცხენა ხელი მოზრდილ ბროლის საფერფლეს დასტაცა და სწრაფი მოქნევით დათოს მაჯის ძვლები ჩაუმსხვრია. რამაზი სკამიდან წამოვარდა და ლაშას შესაჩერებლად გაიწია, თუმცა მისმა დაყვირებამ ადგილზე გააშეშა. - მანდ დარჩი! შენ არაფერ შუაში ხარ! რამაზმა ძირს დაგდებულ ბიჭებს თვალი მოავლო. შემდეგ კი არაბულს თვალი თვალში გაუყარა. - არ ვაპირებ, მაგრამ რატომ გგონია რომ არ გესვრი? - ხშირად რამდენიმე სიტყვა კმარა ადამიანების ამოსაცნობად. ვფიქრობ არც შენ უნდა გიჭირდეს ადმიანების ამოცნობა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, იარაღის ამოღებას და მითუმეტეს სროლას ვერ დამასწრებ დამიჯერე. - შენც იარაღით ყოფილხარ. - ჰო. იმიტომ რო ვიცოდი მარტო არ მოვიდოდა. რამაზმა აღარაფერი უთხრა, გონს მოსულ ვატოს დასწვდა და ფეხზე წამოაყენა. - წაიყვანე ესენი რამაზ, ანგარიში გასწორებულია! *** დღემ პირი იქცია და შებინდებას მწიფე შინდისფერი დაედო. განახევრებული მზე სისხლისფრანდ ენთო. ბაკური ბოლთას ცემდა. „ხუთი წუთიც არ გაჩერდა, არც მომიკითხა ნორმალურად, ცხენიც კი არ უნახავს, როცა პირველი მასთან გარბის ხოლმე“ - გონებაში საკუთარ თავს ესაუბრებოდა. მოხუცს შემთხვევით მაკაროვის გაქრობა აღმოეჩინა. საყვარელი შვილიშივილისაგან იარაღის მოპარვას არ ელოდა. არ ჰგავდა ლაშას საქციელს. იარაღის მოყვარულ ბაკურს საკმაოდ ფართო არჩევანი ჰქონდა. ბაბუის ნებართვით, იარაღი ხშირად წაუღია ალაზნის პირებში, ხან სანადიროდ, ხანაც მიზანში სასროლად. ახლა კი მოულოდნელად მივიდა შვილიშვილი, დაუბარა საღამოს დავბრუნდებიო და გაუჩინარდა. შვილიშვილის ნომერი უკვე მერამდენედ აეკრიფა თუმცა ერთი და იგივე ფრაზას, „მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“, ისმენდა. უკვე არჩილთან დარეკვას აპირებდა როცა ლაშამ შემოაბიჯა. ეზოს ბოლოში მდგომი ბაკური ყურადღებით ათვალიერებდა მისკენ მომავალ შვილიშვილს. ბაბუის თვალებს არ გამოჰპარვია შვილიშვილის სახეზე აღბეჭდილი ცვლილებები. ზურმუხტისფერი ოაზისივით მწვანე თვალები აბრდღვიალებოდა. თეთრი სახე ჩვეულებრივზე მეტად თეთრი ეჩვენა. ხშირი და გრძლად გაწოლილი მუქი წარბები და დიდი მწვანე თვალები, ღაწვზე მცირე ხალი და ვიწრო ყბები ერთმანეთთან ეგზოტიკურ კონტრასტს ქმნიდნენ. სქელი ტუჩები ჯიუტად მოეკუმა. ვიწრო ნიკაპზე ეროსის თითი აჩნდა. უცნაური გამომეტყველება ქონდა, ერთდროულად - მკაცრი, ღირსეული, მშვიდიც და მშფოთვარეც. მიუახლოვდა თუ არა შვილიშვილი, ბაკურმა ზურგი აქცია და უსიტყვოდ, სახლის განაპირად მდგარი მარნისკენ გაუძღვა. გზად მშვიდად ჩაილაპარაკა „თითო ჭიქა დავლიოთ და ვილაპარაკოთო“. როგორც კი სახელდახელოდ გაწყობილ სუფრასთან დასხდნენ ბაკურმა თვალი თვალში გაუყარა. - გაიგებდი ცხინვალის ამბებს. - გავიგე, მაგრამ პისტოლეტი ამიტომ არ წამიღია. - რა პისტოლეტი? - მოჩვენებითად გაიკვირვა ბაკურმა. - დაუკითხავად წავიღე და ბოდიში უნდა მოგიხადო. - გამოიყენე? - არ მისვრია. - კარგი მაგაზე სხვა დროს... შენ ის მითხარი დაგიძახეს უკვე? - არც ვიცი რა დონეზეა კომფლიქტი. საყოველთაო მობილიზაციის შემთხვევაში დამიძახებენ ალბათ. - მაგ სიტყვებით შენი მშობლები დაამშვიდე. ჩემზე უკეთ იცი, რომ დაგიძახებენ. - დღეს ჩამოვედი კახიდან, ალბათ რეკავდნენ. ძველი მობილურის ნომერი ექნებოდათ ბაზაში. - რა მნიშვნელობა აქვს, სახლში მოგაკითხავენ. - ჩაილაპარაკა მოხუცმა. წამიერად გაირინდა და განაგრძო. - მოდი ეხლა პაპა-შვილობა გვერდზე გადავდოთ და როგორც კაცი კაცს ისე დავილაპარაკოთ. თუ ომი დაიწყო ეს დიდხანს არ გაგრძელდება. დამიჯერე, ცხინვალს აფხაზეთზე ადრე დაიკავებს რუსეთი და ისევე როგორც მაშინ, ახალგაზრდები უაზროდ შეეწირებიან. - ცხოვრებაში უაზროდ არაფერი ხდება, მითუმეტეს თუ საქმე სამშობლოს ეხება. - ლაშა! აქ მხოლოდ სწორი დიპლომატიის დროა, რაც შენი საქმე არ არის. მხოლოდ ეს შეაჩერებს მოსალოდნელ ომს. - დიპლომატია ქართველებს დიდად არ გამოგვდის... რა გგონია? ნატოსკენ მისწრაფებას რუსეთი ასე ადვილად აპატიებს საქართველოს?! უნდა დავანახოთ რუსეთსაც და მსოფლიოსაც, რომ ასე ადვილად ვერავინ ვეღარაფერს წაგვართმევს! - ლაშა! - მაშინ დავსხედით დიპლომატიის იმედზე და ვისაც რა მოუნდება იმას წაიღებს. - გაშალა ხელები შვილიშვილმა. - ქვემო ქართლში ნახევარი აზერბაიჯანელია უკვე, აბა ვინმემ ზედმეტი გაუბედოს. კახში კი ძველი ქართველი, შიშით შვილს ქართულ სახელსაც ვერ დაარქმევს. თურქეთი ისევ ჩასაფრებულია აჭარაზე. აქეთ კი სომხებს უჭირავთ თვალი ჯავახეთზე და ჩვენ თურმე გულხელდაკრეფილები უნდა ვიჯდეთ! ბაკურმა ჭიქის შევსება დაიწყო. ხელი ისე უკანკალებდა თითქმის ნახევარი დააქცია, შემდეგ კი საკუთარი უმწეობით ბრაზმორეულმა თიხის გრაფინი მოწყვეტით ესროლა კედელს. ლაშა რამდენიმე წუთი უსიტყვოდ იჯდა, აცადა ნერვების დაოკება, როგორც კი შეამჩნია რომ ოდნავ დამშვიდდა პატარა სუფრაზე საპირისპიროდ მჯდარს ხელი სიყვარულით მოხვია. - ყველაზე მეტად, საკუთარ მშობლებზე მეტად მიცნობ და მშვენივრად იცი, რომც არ დამიძახონ სახლში არ დავჯდები. შენ მასწავლიდი ძმობას, კაცობას, ადამიანობას და სამშობლოს სიყვარულსაც. ახლა ცდილობ ეს ყველაფერი დავივიწყო? - რა ვქნა შვილო. - დანებდა ბაკური. - ვინა მყავს მე შენს მეტი? ერთი სიცოცხლე გავათავე შენი ავღანეთში ყოფნისას. - აკი პაპა-შვილობა გვერდზე გადავდოთო? ჰა? პაპავ ბატონო. - გაიღიმა ბიჭმა. - აღარ მინდა ხიფათში მეგულებოდე. - კარგი რა ბაკურ, დამშვიდდი, ხომ იცი, ჩემი მოხელთება ადვილი საქმე არ არის. - ეგ კი ვიცი „მფრივავო ჰოლანდიელო“! * * * არჩილი სამსახურში წასვლას აპირებდა, როცა კარზე კაკუნი გაისმა. ზღუბლზე ბავშვობის მეგობარი, ვიცე პოლკონიკი გიორგი ახვლედიანი დაუხვდა. მთლად სასიკეთოდ არ ენიშნა წლების უნახავი მეგობრის დილიადრიან სტუმრობა. მეგობრულად გადაეხვია და მიიპატიჟა. ერთმანეთის გულითადი მოკითხვის შემდეგ პოლკოვნიკიმა ჯერ ლილი მოიკითხა სახლში თუ იყო. უარის შემდეგ კი მოსვლის მიზეზი გაუმხილა. ლაშასთან იყო მოსული, მასთან დაზვერვის სამსახურს პერსონალური დავალება ჰქონდა. - არჩილ, ჩვენი მეგობრობის ხათრით პირადად მოსვლა ვარჩიე. გავიგე, რომ არაფერი გცოდნია, მინდა.... - მოიცადე. - შეაწყვეტინა გაოცებულმა მამამ. - რა შუაშია ლაშასთან დაზვერვის სამსახური?! რომელი სპეცრაზმელი, ან რაიმე მსგავსი ჩემი შვილია?! მას მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახური აქვს გავლილი. ამ პოლკოვნიკ კაცს რაღაც გეშლება ჩემო გიორგი... სძინავს, გამთენიისას მოსულა. გავაღვიძებ ახლავე. - წამოდგა არჩილი. - ჯერ ნუ გააღვიძებ არჩილ. მინდა რაღაც მოგიყვე და ძალიან გთხოვ არ გამაწყვეტინო. პირველი რიგში, მინდა ბოდიში მოგიხადო, რომ ამ ყველაფერს ახლა იგებ. მაგრამ დამიჯერე მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ლაშა არაბული შენი შვილი იქნებოდა. თანამშრომელს ვაგზავნიდით დილას და შენს მისამართს, რომ თავად წამოსვლა ვარჩიე. შარშან თავდაცვის სამინისტროში მომიწია მასთან შეხვედრა. ბოლოს შენს იუბილეზე მყავდა ნანახი, პირველ კლასელი თუ იქნებოდა, აბა როგორღა ვიცნობდი. - პოლკოვნიკმა ცოტა შეისვენა, წყალი მოსვა და განაგრძო. - ავღანეთიდან დაბრუნებული ჯარისკაცებიდან რამდენიმეს სამხედრო დაზვერვის სამსახურში ჩარიცხვას ვთავაზობდით, რაზეც ლაშამ უარი განაცხადა. - რა სისულელეს მეუბნები გიორგი?! ლაშა ავღანეთში ნამყოფი არ არის. ან რა უნდოდა იქ? - არ ვიცი არჩილ, მაგას ვერც მე ვხდები. სამშვიდობო მისიის ფარგლებში თითქმის ერთი წელი გაატარა ავღანეთში. - ერთი წლით კი იყო გერმანიაში წასული, მაგრამ რაღაც სასწავლო გაცვლითი პროგრამით. რა შუაშია აქ ავღანეთი? - გერმანიაში ნამდვილად იყო, ჰოჰენფელსის სამხედრო ბაზაზე გაიარა წვრთნა. აი გამომართვი. - უთხრა გიორგიმ და საქაღალდიდან დოსიე ამოღო, სადაც პირველივე გვერდზე ლაშას ფოტო მოჩანდა. არჩილმა მაშინვე გამოართვა და გადაფურცვლას შეუდგა. პოლკოვნიკი კი აგრძელებდა. - გერმანიაში, ნატოს სამხედრო ბაზაზე გაიარა სამხედრო სნაიპერის გადამზადების კურსი და შემდეგ ავღანეთში, მე-2 ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად წავიდა. შენს შვილს უდიდესი სნაიპერული თვისებები აღმოაჩნდა არჩილ. ავღანეთში კი საკმაოდ დიდი გამოცდილება შეიძინა. არ ვიცი, ასეთი რა სიმპატია გაუჩნდათ ამერიკელებს, მაგრამ ის მათ მიერ განსაკუთრებულად გაწვრთნილი მზვერავი სნაიპერია. გავლილი აქვს სპეციალური წვრთნა შენიღბვაში, დაზვერვაში, რუკების კითხვაში, საველე ბრძოლებში და ინფლიტრაციაში. - რაში? - გაოგნებული ყურებს არ უჯერებდა. - ინფლიტრაციაში,რაც გულისხმობს მსუბუქად შეიარღებული ქვეითების მიერ, მოწინააღმდეგის გამაგრებული ადგილების გვერდის ავლას და ზურგში თავდასხმას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მას უნიკალური სიზუსტე აქვს. მისი მაქსიმალური დადასტურებული ნასროლი 2114 მეტრია, ეს თანამედროვე ქართველი სნაიპერის რეკორდია არჩილ. ასეთ ჯარისკაცს ბევრი ქვეყანა ინატრებდა. - არც კი ვიცი რა ვთქვა. - სიტყვებს ვერ პოულობდა დაბნეული მამა. - ასეა მეგობარო, ასე. ამერიკელები თავიანთ შეიარაღებულ ძალებში სთავაზობდნენ სამსახურს, მოქალაქეობას და სოლიდურ ანაზღაურებასაც. იცი იქ რა შეარქვეს? „მფრინავი ჰოლანდიელი“. - თავისივე კითხვას უპასუხა პოლკოვნიკმა. - გემის სახელი? - ჰო, გემი იყო. გემი მოჩვენება, რომლის ხილვაც ცუდ ნიშნად მიიჩნეოდა შუა საუკუნეებში და მისი გამოჩენა უეჭველ სიკვდილს იწვევდა. - მას მოუკლავს ადამიანი? - არაბუნებრივი ხმით იკითხა მამამ. - მოდი ამ ეტაპზე გვეყოფა, სხვა დროს გავაგრძელოთ. - აზარტში შესული პოლკოვნიკი გონს მოეგო და მეგობრის უფრო მეტად დამძიმებას მოერიდა. - ჯობია ლაშა გააღვიძო. ახლავე უნდა გამომყვეს. - მიპასუხე გიორგი! - მას უამრავი დადასტურებული ნასროლი აქვს... არჩილს შვილის გაღვიძება აღარ დასჭირდა. მისაღებ ოთახში ლაშამ შემოაბიჯა. სულ რამდენიმე წამი დასჭრიდა, იმის მისახვედრად, თუ რაზე ექნებოდათ საუბარი მამას და პოლკოვნიკს. შვილი, დაბნეული მამის სახეზე გაოცების გარდა მწუხარებასაც ხედავდა, რამაც გული საშინლად დაუმძიმა. როგორც იქნა უხერხული დუმილი დაარღვია და პოლკოვნიკს მიმართა. - ბატონო გიორგი. შუა დღემდე ბაზაზე ვიქნები. ახლა კი გთხოვთ... - არა ლაშა. - გააწყვეტინა პოლკოვნიკმა. - ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ ახლავე უნდა გამომყვე. დრო არ ითმენს. - მაპატიე მამა. - მიუბრუნდა ჩაფიქრებულ არჩილს. - ბოლო დღეებია სულ ბოდიშებს ვიხდი... - განაგრძო სევდანარევი ღიმილით. - არ მგონია ახლა ახსნა-განმარტების დრო იყოს. გპირდები, რომ ჩამოვალ ყველაფერზე ვილაპარაკებთ. დედას უთხარი, რომ... - ვეტყვი... - წამოდგა და მთელი ძალით გადაეხვია შვილს. - ვალდებული ვარ მამა. - მესმის. - ესღა ჩაილაპარაკა არჩილმა. როგორც კი პოლკოვნიკის მანქანა დაიძრა, ლაშამ მობილური მოიმარჯვა და ქეთისთან დარეკვა სცადა. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ტექსტური შეტყობინება მიიღო. გოგო თავის სამხატვრო ბინაში სთხოვდა მისვლას. დიდი ხვეწნის შემდეგ ლაშამ პოლკოვნიკი დაითანხმა, რამდენიმე წუთით ბოტანიკური ბაღისკენ გაევლოთ. მანქანა აბანოთუბანთან გააჩერებინა და ჩქარი ნაბიჯით აუყვა ქვაფენილს. ნაცნობ კართან შედგა. ის ის იყო უნდა დაეკაკუნებინა, რომ შეამჩნია კარი ღია იყო. ნელ-ნელა შეაღო. ოთახში სიცარიელე გამეფებულიყო. აღარსად ჩანდა საღებავები, ფუნჯები თუ სხვა სამხატვრო ატრიბუტიკა. აღარც გადახვეული სამხატვრო ტილოები იყო კუთხეებში. ოთახის შუაგულში, სახატავ დაფაზე მხოლოთ ერთი ნახატი წამოჭიმულიყო. ნახატზე აღბეჭდილმა გერგეთი სამებამ და მწვერვალ-შეთეთრებულმა მყინვარწვერმა წამიერად მონუსხა ბიჭი. მთის წვერზე, გაფერადებული ცისკენ აღმართულ ეკლესიას ღრუბლების თხელი ფენა გადაჰფარებოდა. აღმართზე, ტაძრამდე მისასვლელ ბილიკს შავ ცხენებზე ამხედრებული წყვილი მიუყვებოდა. წამიერად გაშეშდა, მიაშტერდა, რაღაც მისტიურს ენერგია მოდიოდა ნახატიდან. ვერაფერს მიხვდა, მალევე გამოერკვა და დაფის გვერდით წერილს მოჰკრა თვალი. სუნთქვა დაუმძიმდა, გული გამალებით უცემდა. ნელი მოძრაობით დასწვდა დაკეცილ ფურცელს. „როგორ ვოცნებობდი ჩვენზე! სულ ორიოდე დღის უკან უბედნიერესი ვიყავი შენით. დღეს კი ვხვდები, ოდნავადაც არ გყვარებივარ. მეგონა ჩვენი სიყვარული ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო. თურმე შენც მათნაირი ხარ, შენც მათნაირი მხდალი და მშიშარა ყოფილხარ, „ვითომ ვაჟკაცობის“ სინდრომით რომ ხართ შეპყრობილი. მინდა სახსოვრად გქონდეს ჩემგან. მინდა ამ ნახატმა მუდამ შეგახსენოს, რომ ძალიან მიყვარდი. ხედავ ალბათ, ჩვენი ბოლო პაემნის ადგილია აღბეჭდილი. მინდა მადლობა გითხრა, რომ სიყვარული მასწავლე. განმაცდევინე სიყვარულის პირველი სიხარული, ბედნიერება, სიყვარულით გამოწვეული უსაფუძვლო ღიმილები და ცრემლიც. ამბობენ ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის, მოდის და მთელ შენს ცხოვრებას, ფიქრებს და აზრებს იპყობსო. პირველი სიყვარული განსაკუთრებულიაო. ამქვეყნად ყველაზე ლამაზია, ის ყველას და ყველაფრისგან განსხვავდებაო. იმასაც ამბობენ, პირველი სიყვარულის დავიწყება ძნელია, დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის, რომ პირველი სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეფორიებისგან გათავისუფლდეო. ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება, მთელი ცხოვრების მანძილზე აღარ რჩება დრო იმისთვის, რომ ხელახლა შეგიყვარდესო. ბოლომდე არ ქრება, არ ხუნდება და სანამ ცოცხალი ხარ ბუდობს შენშიო. ამის ძალიან მეშინია ლაშა... ჩვენ აღარასდროს შევხვდებით. მალე გერმანიაში დავბრუნდები, სწავლას გავაგრძელებ და აქეთ აღარც კი გამოვიხედავ. გთხოვთ წაიღე ეს ნახატი, თუ შენი კედლის საათთან ახლოს არ დაკიდებ, სადმე საკუჭნაოში მაინც შეინახე. ხანდახან ნახე, მტვერი მოაშორე და გაიხსენე, რომ ზუსტად ასეთ მტვრად აქციეს ჩემთვის ყველაფერი. ერთხანს უემოციოდ, გაუნძრევლად იდგა. ნერვებისგან აკანკალებულ ხელს ავტომატურად დაუძვრა ფურცელი და იატაკისკენ დაეშვა. დავდახრილმა ერთხელ კიდევ ახედა ნახატს და კარისკენ მოტრიალდა. ავტომობილი ვაზიანის სამხედრო ბაზას უახლოვდებოდა. უსიტყვოდ მჯდარი ლაშა ფიქრებიდან გამოერკვა და მისიის არსი იკითხა. - დაწვრილებით ბაზაზე ვისაუბრებთ. - უპასუხა ახვლედიანმა. - დაახლობით, მოკლედ მითხარით. - კოტრ-დაზვერვა და მტრის სნაიპერები. - გასაგებია. იარაღი? - აირჩიე. - შორს მსროლელი 12.7 მმ ტყვიებით და „გლოკ 21“ მაყუჩებით. - გექნება. - ერთ კითხვასაც დაგისვავთ თუ შეიძლება, ზვიად ლიქოკელი ხომ არ იცით სად არის? - ლიქოკელი? - ავღანეთში ვმსახურობდით ერთად. - არ ვიცი სად არის, გავარკვევ. - უპასუხა პოლკოვნიკმა და ტელეფონი მოიმარჯვა. როდესაც საუბარს მორჩა ავტომობილი შეაჩერა და ლაშას მიუბრუნდა. - მომისმინე, შენი მისია მკაცრად გასაიდუმლოებულია. მისიის დასრულებამდე ყველანაირი კონტაქტი ახლობლებსა თუ მეგობრებთან გეკრძალება. ეს გადარეული ხევსური, სანამ გამოიძახებდნენ მანამდე მისულა ბაზაზე და შენ გკითხულობდა. ჩვენებს უთქვამთ არ გამოგვიძახიაო. არ არსებობს თვითონ არ მოსულიყო, უკვე აქ იქნება და მასთან ერთად უნდა ვიყოო. მისიის დასრულებამდე არც კი გაბედო მოძებნა. მობილურ ტელეფონსაც ბაზაზე დატოვებ. - გასაგებია ბატონო პოლკოვნიკო. *** “1 აგვისტო - გამთენიისას ცხინვალის რეგიონში ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე, ინტენსიური სროლები დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რის შედეგადაც ექვსი დაიღუპა, ხოლო 21 ადამიანი დაიჭრა. 2 აგვისტო - ოსი სეპარატისტები ქართულ სოფლებს მთელი ღამე ცხრილავენ. არის მსხვერპლი. საქართველოს ხელისუფლება ოს სეპარატისტებს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ. სეპარატისტები ცხინვალიდან ჩრდილოეთ ოსეთში ქალებისა და ბავშვების ევაკუაციას იწყებენ. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელს მარად კულახმეტოვს შეხვდა.მინისტრი ოს სეპარატისტებთან შეხვედრასაც ითხოვდა, მაგრამ უარი მიიღო. 3 აგვისტო - რუსეთის მთავრობამ საშუალება მისცა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთში გახიზნულიყო. ამავე დღეს რეგიონს ლტოლვილებით დატვირთული 20 ავტობუსი ტოვებს. ამის შემდეგ, როგორც განვაცხადეთ, საქართველო მოლაპარაკებებისათვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მზად არის.“ ინათა თუ არა ქართველი სნაიპერი კარვიდან გამოვიდა. დილის სუსხში ცივი წყალი არ ესიამოვნა. ცას არწივის თვალით გახედა, დაცხებაო გაიფიქრა. კარავში შებრუნდა, შაშხანა და ზურგჩანთა გამოიტანა. პისტოლეტს არასდროს იშორებდა, მუდამ თან ჰქონდა. ჩვეული მოძრაობით შეამოწმა შაშხანა და ოპტიკური სამიზნე. მცირე ზურგჩანთასაც ჩახედა ყოველ შემთხვევისთვის. სამედიცინო პაკეტი, ბინოკლი, ორი დღის საჭმელი... გულში გადათვალა, ყველაფერი რიგზე იყო. აგვიანებდა, მზე უკვე საკმაოდ ამოწვერილიყო და ჰაერი თანდათან თბებოდა. კარავი აშალა. ორასიოდე მეტრი ექნებოდა გავლილი, „სიფრთხილეს თავი არ სტკივაო“ გაიფიქრა, გაჩერდა და შავ ტანისამოსზე მასხალათი მოირგო. სახელდახელო გზის გვერდზე ფრთხილად მიუყვებოდა ბუჩქნარს. წამით გაირინდა. აშკარად გადალაპარაკება მოესმა. მაშინვე ბილიკთან ახლოს მოზრდილ ბალახებში ჩაწვა. ნაბიჯების ხმა უკვე გარკვევით ესმოდა. „მტრის პატრული, ახლა? აქ?“ - მტრის სამხედრო „სამშვიდობო“ ბაზა არც თუ ისე შორს იყო, მაგრამ მაინც გაუკვირდა მათი თავგასულობა. სამხედო მანქანამ სულ ახლოს ჩაუარა და მტვრის ბუღი დააყენა. ბალახებს შორის მალულად გაიხედა, სამნი გადმოვიდნენ მანქანიდან, რაღაცას უყვიროდნენ დანარჩენებს. მერე მანქანაშივე ჩასხდნენ და სწრაფად წავიდნენ უკან. გუმანით მიხვდა რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა ბაზაზე. რუკას დახედა, ოთხასიოდე მეტრი აშორებდა წინა ღამეს საგულდაგულოდ შერჩეულ სასროლ პოზიციას. ცოტაც და უკვე იქ იქნებოდა. მართლაც კარგი ადგილი იყო. ხშირი ტყით დაფარული მთის ბექობიდან ხელის გულივით ჩანდა მტრის ბაზა. იქვე ხის ძირას ჩაწვა, ბინოკლი ამოაცურა და დინჯად შეუდგა დაკვირვებას. ბაზაზე კისრისტეხით დარბოდა რამდენიმე ჯარიკაცი. რაღაც სამზადისი იყო, აშკარად ვიღაცას ელოდებოდნენ. მართლაც, მალევე ერთი სამხედრო მანქანა და ერთი ჯავშანტრანსპორტიორი სწრაფად შევიდა ბაზის ტერიტორიაზე. ყაზარმის წინ შეჩერდნენ. მანქანიდან გადმოსულები ხესთან, ჩრდილში შეჩერდნენ. სამხედრო დანაყოფი კი მხედრულ სალამს აძლევდა. „ჰმმ.. მაიორი“ - სამხრეებს დააკვირდა სნაიპერი. კამუფლაჟიდან ფრთილად ამოაძვრინა მაყუჩი და შაშხანის ალმქრობის ადგილს მჭიდროდ მოარგო. სამიზნე მაიორს გაუსწორა. სასროლი მანძილი დაახლოებით 550 მეტრი გამოდიოდა. „ობიექტის სიმაღლე 175 სანტიმეტრი“- უმალ გამოთვალა მცოდნე თვალმა. სამიზნე, ფრთხილი მოძრაობით ბაზის თავზე აღმართულ რუსულ დროშას მიაპყრო. ქვევით დაშვებული დროშით დარწმუნდა რომ ქარი საერთოდ არ იყო. „მიმართლებს“ - ისე უძგერდა გული, როგორც ხაფანგში გაბმული მხეცის დამნახავ მონადირეს. რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთა, გულისცემა დაიმშვიდა. სამიზნე მაიორის გულთან შეაჩერა, წამით სუნთქვა შეიკავა და დინჯად დააწვა სასხლეტს... მეორე წამს, როცა უკუცემით დაკარგული გამოსახულება აღადგინა ბაზა უკვე საგიჟეთს დამსგავსებოდა. ჯარისკაცები არეულად დარბოდნენ. ზოგს ბინოკლი მოემარჯვებინა და უაზროდ აკვირდებოდა ტყის საფარს. მაიორის ირგვლივ მოზრდილი ბრბო ტრიალებდა. ყველა დაბნეულად იქცეოდა, უშედეგოდ ცდილობდნენ მსროლელის პოზიციის დადგენას. ზოგიც შიშს აეტანა, შენობებს, ხეებს და მანქანებს ეფარებოდნენ. სამედიცინო პერსონალის გამოჩენისთანავე ბრბო გაიშალა და ნათლად გამოჩნდა სისხლის გუბეში მოსვრილი მაიორი. მალევე დააწვინეს საკაცეზე, თუმცა ნელა მიჰყავდათ, რაც იმას ნიშნავდა რომ ობიექტი განადგურებული იყო. წასვლის დრო იყო. მისი პოზიცია შეუმჩნეველი დარჩა. ნელ ნელა უკან გაცოცდა, როცა ბაზა თვალს მიეფარა წამოდგა და ნელი ძუნძულით გაუყვა ბუჩქნარს. შუადღეს წყაროსთან შეჩერდა, პეშვით იპკურა ცივი წყალი და მერეღა მოიხსნა კარვით დამძიმებული ზურგჩანთა. ადგილის სილამაზით მოხიბლული იქვე ჩამოჯდა. ტყის სიღრმიდან მომავალი ათასგვარი ფრინველის გალობა ზეციურ გალობასავით ჩაესმოდა ყურში. განსაკუთრებით ერთ-ერთი ფრინველის გალობის მოსმენა სურდა. იქნებ როგორმე ყური მოვკრაო, მაგრამ მოლაღურის გალობა არსად ისმოდა. ღინემიხდილი ბალახზე მიწვა... რამდენიმე წუთში შემცბარს გამოეღვიძა. ინსტიქტურად მიიხედ-მოიხედა და გაიღიმა. ბუნების სილამაზით მოჯადოებულს დაუცველად ჩასძინებოდა. არადა კარგად იცოდა, მასავით მარტოხელა მტრის სნაიპერები სწორედ ასეთ ადგილებთან არჩევდნენ პოზიციებს. საათობით სწავლობენ პოზიციებს და იმ ადგილებს არჩევენ სამიზნედ, სადაც სამხედრო აუცილებლად აკითხავს შესასვენებლად ან წყლის მარაგის შესავსებად. წამომდგარმა პირჯვარი გამოისახა, ბარგი აიკიდა და გზა განაგრძო. საათზე მეტ ხანს იარა აღმართებით დატვირთულ ბილიკზე და გორაკზე ჩამოჯდა. ბინოკლი ამოიღო და ტერიტორიის დაზვერვას შეუდგა. ერთ ადგილას გააჩერა ბინოკლი, დააკვირდა, მოძრაობა არ შეინიშნებოდა. გაახსენდა, ორი დღის უკან სწორედ აქ შეხვდა მტრის კოლეგას. მზეზე აბრჭყვიალებულმა სამიზნის ლინზამ ნაადრევად გაყიდა მტრის პოზიცია და დაღუპა კიდეც. კარგად ახსოვდა მისი სახეც, ტკივილი აღბეჭვდოდა მოკლულს. მხოლოდ საკვები აართვა, სხვა არაფერზე დაუდია ხელი. მიცვალებული კოლეგის გაძარცვა უღირს საქმედ მიაჩნდა. დაღმართზე ჩასვლას აპირებდა, რომ მოძრაობა შენიშნა. ფრთხილად დაწვა და უკან ბუჩქებისკენ გახოხდა. ისევ მოიმარჯვა ბინოკლი. მანძილი დაახლოებით 300 მეტრი იქნებოდა. ნიღბიანთა ათეული დიდი სიფრთხილით გადაადგილდებოდა მთის ფერდობზე. ბალახებით და ძონძებით შენიღბულებს ფორმა არ ეტყობოდათ. ჯერ უნდა დაედგინა ქართველები იყვნენ თუ არა. ათეული დინჯად მიიწევდა წინ, ფერდობს სიგრძეზე მიუყვებოდნენ. როგორც ჩანდა ქედის იქით აპირებდნენ გადასვლას. რუკას დახედა. ქედის იქით უკვე მიტოვებული ქართული სოფელი იყო. მასხალათი შეისწორა, შაშხანას მაყუჩი მოაეგო და ძუნძულით გაუყვა უცნობთა კვალს. ქედს რომ მიაღწია ათეული უკვე სოფელში შესულიყო და სახლებს ჩხრეკდა. შაშხანა მოირგო და გაირინდა. ათეულმა მალევე მიაგნო სოფელში დარჩენილ ერთადერთ ოჯახს. სახლიდან გამოიყვანეს და ეზოში დააყენეს. „მზვერავები“ - კბილებში გამოსცრა ქართველ სნაიპერს. სიტუაცია მეტად რთული ჩანდა. ცოლ-ქმარი და ახალგაზრდა გოგონა მტრის გარემოცვაში იყვნენ და გაუთვალისწინებელ მოქმედებას მათი დაღუპვა შეეძლო. ოჯახმა საკვები მალევე გამოუტანა. მაგრამ ამდენი კაცის სამყოფი, რა თქმა უნდა, არ იყო. სამიზნეში უყურებდა როგორ სცემდა რუსი ქართველს საკუთარ მიწაზე. არ ესმოდა მაგრამ ხვდებოდა როგორ შეურაწყოფდა უშვერი სიტყვებით მის ოჯახს, ისტორიას, წინაპრებს. სიმწრის ოფლი ასხამდა, მაგრამ არაფერი შეეძლო ჯერ... კარგად შეათვალიერა უდარდელად მყოფი მტერი. მათ შეიარაღებაში ყუმბარმტყორცნები, მაყუჩიანი ავტომატები და ტყვიამფრქვევები შეინიშნებოდა. ბევრი დრო აღარ რჩებოდა. სწრაფი მოქმედება იყო საჭირო. მანძილი 200 მეტრამდე იქნებოდა, აქედან ცეცხლის გახსნა მაყუჩითაც კი პოზიციის გაყიდვას უდრიდა. ჩანთა მხარზე მოიგდო და თითქმის სირბილით აიარა აღმართი. ბორცვის თავზე მაღალ ბალახში ჩაწვა და მანძილი ხელახლა გაზომა. 350 მეტრი გამოვიდა. უმალვე შეასწორა სამიზნე. ახლა მხოლოდ საჭირო დროს ელოდებოდა. მტერი სულ უფრო უხეშად იქცეოდა. აშკარა იყო ოჯახისთვის განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდათ. გარეთ სამი მებრძოლი დარჩა, დანარჩენები სახლის ხელმეორედ გასაჩხრეკად შევიდნენ. ერთი ოჯახს ადგა თავზე, დანარჩენი ორი, ათიოდე მეტრის მოშორებით, ღობესთან პატარა სკამზე ჩამოსხდნენ და სიგარეტებს მოუკიდეს. მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა, ამაზე კარგი შანსი შეიძლება აღარ მისცემოდა. ბევრი აღარ უფიქრია, განწირული ოჯახის წევრებზე წამომდგარ ჯარისკაცს ტყვია შუბლში გაუტარა. მისი სხეული ჯერ დაცემულიც არ იყო, რომ სკამზე მსხდომებიდან ერთ-ერთს ზურგში მოხვდა ჯავშანგამტარი ტყვია. მესამე ჯარისკაცმა დაბნეულობისგან დაყვირებაც ვერ მოიფიქრა, სკამიდან წამოხტა, თუმცა მესამე გასროლამ მაშინვე ჩაკეცა. თითქოს ელოდებოდნენო ერთიანად, უხმოდ აიშალა პატარა ოჯახი და ასიოდე მეტრით დაშორებული ტყის ზოლისკენ გაიქცნენ. ბიჭს გული გამალებით უცემდა, ტყეში შესულები რომ დაინახა მაშინღა დამშვიდდა. რამდენიმე წუთში სახლიდან ორი ჯარისკაცი გამოვიდა და მოკლულებისკენ გაქანდა. მაშინვე ხელების ქნევა ატეხეს და სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ. ერთი ღობესთან მდგარ კაკლის ხეს ამოეფარა, მეორე სახლის ჭიშკართან მდგარ თივით დატვირთულ ურემს. ნათელი იყო ვერ მიხვდნენ ვინ და საიდან ისროდა, რადგან დაბნეულები სხვადასხვა მხარეს იყურებოდნენ. მეორე სართულის ფანჯარაში ტყვიამფრქვევი გამოჩნდა, რომელიც მსროლელის მხარეს საეჭვოდ იყო მიმართული. მერე რაციაზე ერთამენთს რაღაც გადასცეს და ერთბაშად ყველამ მისკენ ყურება დაიწყო. საცეცხლე წერტილი ადვილი ამოსაცნობი აღმოჩნდა. ფრთხილად გაცოცდა უკან, თუმცა ბალახი მაინც ირხეოდა. თითქოს უსაფრთხო ადგილამდე გახოხდა, რომ ტყვიამფრქვევის ჯერი გაისმა, მის სიახლოვეს ორი ყუმბარაც დაეცა. აფეთქებამ წამით დააყრუა, ყურები უწუოდა, ჰაერში აყრილი მიწა თავზე ეყრებოდა. ტყვიამფრქვევი სროლას აგრძელებდა. მსროლელმა კი როგორც იქნა სამშვიდობოს გააღწია. შეეძლო უკან მოუხედავად წასულიყო, მაგრამ გული უკან ექაჩებოდა. ტყეში გახიზნულები შეეძლოთ ადვილად ეპოვნათ და ჯავრი მათზე ეყარათ. დაღმართი ჩაირბინა და ქედის პირას მისულმა გზა ხოხვით განაგრძო. გადარჩენილი მტერი უშიშრად დააბიჯებდა ეზოში, როგორც ჩანს ეგონათ, რომ მსროლელი გაანადგურეს. ზოგი მკვდრებთან ჩაცუცქულიყო, ზოგიც მთისკენ იყურებოდა, გაქცეულებს ეძებდნენ. სნაიპერმა დაუფიქრებლად ამოირჩია მეტყვიამრქვევე. ნაზად დააწვა სასხლეტს, შაშხანამ მოგუდულად დაიჩხაკუნა და მსხვერპლი შუბლგახვრეტილი დაეცა. ისევ აირივნენ, უკან დახევა დაიწყეს და უმისამართო ცეცხლი გახსნეს სხვადასხვა მიმართულებებით. შემდეგი სამიზნე შაშხანით შეაიარაღებული მებრძოლი აღმოჩნდა. ტყვია ზურგში მოხვედროდა და დაჭრილი ცახცახს აეტანა. დანარჩენებმა ფიცრის ღობის იქით გაასწრეს და უკანა მხარეს ჩასაფრდნენ. გადათვალა, ხუთნი უნდა დარჩენილიყვნენ, მაგრამ გაქცევით მხოლოდ სამნი გარბოდნენ. მსროლელმა ლოკაცია მცირედით შეიცვალა, რის მეშვეობითაც, სახლის უკანა მხარეს შენიღბული მტრის სნაიპერი შეამჩნია. მასთან ახლოს, ბუჩქთან მისივე დამხმარე შენიღბულიყო. პირველად ბუჩქებში შენიღბულ დამხმარეს ესროლა, სნაიპერს კი ადგილის სწრაფი დატოვება არ აცადა, ორი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, რომ ზურგში ტყვია დააწია. გაქცეული სამი ჯარისკაცი კისრისტეხვით გარბოდა ტყის მიმართულებით. გზადაგზა ტრიალდებოდნენ და მოკლე ჯერებად ისროდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ ზიგზაგისებურად ერბინათ ქართველი სნაიპერის ტყვიები სამივეს მისწვდა. წამოდგა. შუბლს მომდგარი ოფლი მოიწმინდა და სახლისკენ დაიძრა. მისვლისთანავე ზურგში ტყვია-ნაკრავ მებრძოლთან ჩაიცუცქა. ტყვიას ჯავშანჟილეტი გაეხვრიტა და მუცელში ღრუში შესულიყო. ჯერ ისევ ცოცხალი იყო, თუმცა დიდი დრო აღარ ეწერა. - შენ... შენ. - რუსულად ლუღლღებდა რუსი. - რით ვერ გაძეხით?! - ტკივილით დამანჭულ სახეს ზიზღით დახედა სნაიპერმა. - მფრინავი ჰოლანდიელი... - გახლავართ. - ირონიულად გაიღიმა ბიჭმა. - არიან ახლოს სხვა მზვერავები? - წადი შენი! - ძლივს ამოიხავლა მომაკვდავმა. ლაშამ აღარაფერი ჰკითხა. ფეხზე წამოდგა, შემართული პისტოლეტით საკონტროლო გასროლა განახორციელა და უკან გაბრუნდა. *** თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი, გიორგი ახვლედიანი მიერ ბოლო სამი დღის შეჯამებას უსმენდა. ამის შემდეგ კითხვა პასუხის რეჟიმზე გადავიდნენ. - დაზვერვაზე რას გვეტყვით? - დაზვერვის ინფორმაციით რუსეთის ძირითადი ნაწილები როკის გვირაბთან მალე მობილიზდება. რაღაცას ელოდებიან. - ალბათ ჩვენს მაშტაბურ ჩართვას. - ჩაილაპარაკა ერთ ერთ დამსწრეთაგანმა. - ვფიქრობ ასეა. დაზვერვისგან მიღებული ინფორმაციით საჭიროების შემთხვევაში მზად იქნებიან როკის გვირაბისკენ დაიძრნენ და ეს საჭიროება მაშინ დაუდგებათ, როდესაც ფართო მაშტაბიან შეტევას დავიწყებთ ცხინვალზე. - ხვალვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ ვაპირებთ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, მაგრამ ბატონებო... ვფიქრობ, ომი გარდაუვალია. სეპარატისტები მანამდე არ შეწყვეტენ ცეცხლს, სანამ არ ჩაგვითრევენ. - ვთანხმდებით იმ აზრს, რომ რუსეთი აუცილებლად ჩაერთვება სამხედრო მოქმედებებში. - ეჭვგარეშეა. მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. აღნიშნულმა მოსაზრებამ, უშიშროების თანამშრომლებში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დიდი ნაწილი ამტკიცებდა, რომ რუსეთი ცხივალის გამო, ვერ გაბედავდა ომის გაჩაღებას, არგუმენტად კი შეერთებული შტატებთან ურთიერთობები მოჰყავდა. მცირე ნაწილს მტკიცებით კი რუსეთი ტყულად არ გააძლიერებდა სამხედრო ტექნიკას ჩვენს საზღვრებთან. - ეს თავზე ხელაღებული „ჰოლანდიელი“ რას შვრება? - იკითხა აქამდე ჩუმად მჯდარმა შტაბის უფროსმა. - ბრძანებას ასრულებს. - უპასუხა ახვლედიანმა. - ნახევარი საათის უკან მქონდა კავშირი. დარწმუნებულია, რომ რუსები მალე დაიწყებენ როკისკენ წამოსვლას. მინდა მოგახსენოთ... - პოლკოვნიკმა დასრულება ვერ მოასწრო, რომ რაციის წითელი სანათი აციმციმდა. ლაშა არაბული კავშირზე გამოსვლას ითხოვდა. - ის არის? მოვუსმინოთ. - თქვა უშიშროების მინისტრმა. - ჩამაბარეთ ანგარიში. - თქვა რაცია მომარჯვებულმა პოლკოვნიკმა. - ბატონო პოლკოვნიკო. მტრის კოტრ-დაზვერვამ ჩვენი მზვერავები შეამჩნია. საჭიროა მათი დროული უკან დახევა. ვფიქრობ ჩვენებმა არ იციან, რომ შეამჩნიეს. - განაგრძეთ კაპრალო! - მტრის ათი მზვერავი განადგურებულია. ასევე, სხვადასხვა ლოკაციებში, სამი მზვერავი სნაიპერი შეინიშნებოდა. სავარაუდოდ სამივეს ეყოლებოდათ შემჩნეული ჩვენები. - მათი მდგომარეობა. - სამივე განადგურებულია. მაგრამ შესაძლოა მანამდე ჩვენების ლოკაცია გადასცეს სხვებს. - გასაგებია. უმოკლეს დროში გამოვალ კავშირზე. კავშირის დასასრული. - მოიცადეთ ბატონო გიორგი. - სამხედრო ეთიკის გარეშე, ნერვიული ტონით მიმართა ლაშამ. - ძალიან გთხოვთ ურჩიეთ ხელმძღვანელობას სასწრაფოდ გამოიხმონ ჩვენი ბიჭები ერაყიდან. ეს უდიდესი ძალაა. აქ მალე სრული ქაოსი დაიწყება. - დავალებაზე იმუშავეთ კაპრალო! - სანამ რუსეთის ჯარი დაიძვრება როკის გვირაბზე დივერსია აუცილებელია. - აგრძელებდა ლაშა. - ეს რამდენს ტლიკინებს?! - ნერვებმა უმტყუნა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს. - შენს დავალებას მიხედე და შემდეგ მითითებებს დაელოდე! ან როკის გვირაბის აფეთქება რა ჰგონია ამას?! - იქ შემოსულ ტექნიკის განადგურებას ვგულისხმობ და არა გვირაბის აფეთქებას. - არ ეპუებოდა ლაშა. - სანამ დროა გავამაგროთ თლიაყანა, იქ უნდა განლაგდეს არტილერია. თავისუფლად მივწვდებით იქიდან გუფთას მთას და როკს. უკანა მხრიდან ყველანაირი მისასვლელი მოესპობა ცხინვალს. მხოლოდ ცა დაგვრჩება გასაკონტროლირებელი. მესამე ბრიგადა სასწრაფოდ უნდა წამოვიდეს ფრისიდან თრიალაყანში, თუ რუსები როკს გადმოლახავენ მერე გვიანი იქნება. - დაელოდეთ მითითებებს! კავშირის დასასრული. - პოლკოვნიკმა რაცია გათიშა. საქართველოს სახედრო შენაერთები კონფლიქტის ზონის რვა ქართულ სოფელს: დმენისს, მუგუთს, დიდმუხას, სარაბუკს, ზემო ნიქოზს, ატოცსა და ქვემო და ზემო ოქონას სრულად აკონტოლებდნენ. ცხინვალის მისადგომებთან არსებულ თითქმის ყველა სტრატეგიულ სიმაღლესა და სოფელში ქართული დროშა ფრიალებდა. ქართული ქვედანაყოფები ქალაქ ცხინვალში შედიოდნენ. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს დროებით უკან დაეწიათ რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები, რომლებსაც როკის გვირაბიდან ჯავის რაიონში გადაადგილების მცდელობა ჰქონდათ. დაზვერვის სამსახურის მიწოდებული კოორდინატების შესაბამისად, არტილერიამ მასიული ცეცხლი გახსნა როკის გვირაბიდან გამოსულ რუსულ კოლონაზე. თუმცა ამის შემდე რუსეთის ავია გამანადგურებლებმა იერში მიიტანეს გორზე, დაიბომდა ქვეყნის სხვადასხვა სტრატეგიული ქალაქი, სამხედრო ბაზები, კოპიტნარის აეროპორტი, ფოთის პორტი, სენაკი. ორმა რუსულმა ავია მოიერიშემ გორთან ქართული არტილერიის პოზიციები დაბომბა. მეორე დღეს რუსეთი ლიახვის ხეობაში არსებულ ცხრავე სოფელს ბომბავდა, ამავდროულად მათი საპარაშუტო დესანტი გადმოისხა ცხინვალში. დღის ბოლოს რუსული და ოსური ძალები კომქლიქტის ზონის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. მანამდე, ზემო ნიქოზში გამაგრებული ლაშა მითითებების მოლოდინში იყო. პერიოდულად, ახლო სნაიპერული მანძილიდან, რუსეთის სამხედრო, ეგრედ წოდებულ „ზემო ქალაქის“ ბაზას უთვალთვალებდა. აღნიშნულ ბაზაზე რუსეთს მოჩვენებითად გახნილი ჰქონდა სამედიცინო პუნქტიც. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსულ მხარეს ომის დროს მიზნად ჰქონდა დასახული, ყველანაირი გზებითა და საშუალებით მიეღოთ თავიანთი სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეთა გვამები, რათა შემდეგ გაემართლებინათ ფართომასშტაბიანი აგრესია რუსეთის მხრიდან, საქართველოს მისამართით. ლაშას ინტერესს აღნიშნულ ბაზაზე მოძრავი რუსული სპეცრაზმი, დაზვერვის ოფიცრები, სამხედრო ტექნიკა და იარაღის საცავი იწვევდა. რამდენჯერმე ითხოვა გიორგი ახვლედიანისგან ბრძანება სნაიპერული შეტევის დაწყებაზე. პასუხისმგებლობას იღებდა მტრის საბრძოლო უნარების შემცირებაზე. ჰპირდებოდა, რომ რამდენიმე წუთში გაანადგურებდა მტრის მაღალ სამხედრო ფიგურებს, შეეძლო მწყობრიდან გამოეყვანა სამხედრო ტექნიკა. თუმცა ბრძანება აგვიანებდა. სნაიპერი თვალნათლივ ხედავდა მტრის ყველა მოქმედებას. ხედავდა როგორ შემოყავდათ დაჭრილები, ხედავდა როგორ გადიოდა საბრძოლო ტყვია-წამალი, რითაც მალევე ქართველი სამხედროები დაიღუპებოდნენ. დაინახა, როგორ გადმოათრიეს რუსული სამხედრო მანქანიდან ქართველი ტყვე. როგორ ჩაქოლეს ეზოშივე ოსმა სეპარატისტებმა. ამ ყველაფრის შემხედვარეს ტვინში სისხლი ეყინებოდა. ბოლოს, როგორც იქნა პოლკოვნიკი დაუკავშირდა. - უკან უნდა დაიხიო. - იყო ბრძანება. - ჩვენი მე-2 ქვეითი ბრიგადაც მანდვეა გამაგრებული, ნიქოზის სასაფლაოსთან. - ვიცი, შევამჩნიე. - ესე იგი მაინც იპოვნე მეგობარი. შეამჩნევდი ალბათ, ზვიად ლიქოკელიც მანდ არის. მათ 48 საათიანი დრო ჰქონდათ, სანამ საერთაშორისო ბერკეტები ამოქმედდებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ შეიძლება მალე ალყაში მოექცნენ. ამ შემთხვევაში ვეცდებით ჰაერიდან დავიცვათ. ასე, რომ დატოვე ტერიტორია და შეუერთდი ბატალიონს, გელოდებიან. - პოლკოვნიკო, მაპატიეთ, მაგრამ მე ყველა დავალება შევასრულე რაც აქამდე მივიღე. - გაცხარდა ლაშა. - აქედან ისე არ წავალ, სანამ თითოეული ჩვენი დაცემული ბიჭის სისხლს არ ავიღებ. - კაპრალო! - არა პოლკოვნიკო, არა! ვხვდები, რომ მალე მე კი არა, ყველა უკან დავიხევთ და მხოლოდ თქვენს მიერ ნახსენები „საერთაშორისო ბერკეტების“ იმედზე დავრჩებით. მე კი მანამდე დავრჩები აქ, სანამ ერთი ქართველი სამხედრო მაინც იქნება ამ ტერიტორიაზე. - ბრძანებას არ ემორჩლები?! - ცოტა, რომ დაფიქრებულიყვნენ მიხვდებოდნენ, რომ უაზროს არაფერს ვამბობდი. რატომ დროულად არ იხმეს ერაყიდან პირველი ბრიგადა?! ვერ ხვდებით რა შეეძლო ამ ორი ათას კაცს! შეიძლება იხმეთ კიდეც უკვე, მაგრამ დაგვიანებული იქნება დამიჯერეთ. როკის გვირაბზეც გირჩიეთ, ჯავაში შესასვლელად სულ ოცი წუთი იყო საჭირო. გვირაბს დავნაღმავდით, თლიაყანის სიმაღლეს დავიკავებდით და მერე მხოლოდ საჰაერო სივრცე გვექნებოდა საკონტროლო. მისი დანაღმვა და მერე კონტროლის დამყარება მანამდე იყო შესაძლებელი სანამ რუსის ჯარი შემოვიდოდა. - ვერ აცნობიერებ რა საფრთხეში ხარ?! ის თუ იცი შენი სახელი რა „პოპულარული“ გახდა?! იმდენი შენი რუსი კოლეგა გაანადგურე, რომ მტრის დაზვერვას, ყველა ოფიცერს თუ საველე მეთაურს აქვს უკვე ინფორმაცია შენზე და დარწმუნებული ვარ გააფთრებული გეძებენ. - მეძებონ, მეძებონ... - არაბუნებრივად ჩაიცინა ლაშამ. - ლაშა! ცხოვრება წინ გაქვს ბიჭო! გზად რომ გამაჩერებინე და გოგონას სანახავად გაიქეცი, ის მაინც არ გეცოდება? - იცით პოლკოვნიკო, არსებობენ ქალები ფეშენებელური სახლებივით, ლამაზი ფასადი აქვს და შიგნით სიცარიელეა. არსებობენ ქალები ქოხებივით, სადაც შეგიძლია დაისვენო. არსებობენ ქალები ჭაობივით, სადაც სიბინძურეა და უამრავი ბაყაყი ბინადრობს. არსებობენ ქალები ზღვებივით, თავიდან წყნარია და შეხვალ თუ არა მაშინვე ტალღებით აგაფორიაქებს, და კიდევ იცით როგორი ქალები არსებობენ? ქალები, ღია ფანჯრებივით, რომლებიც გიბიძგებენ სუიციდისკენ... - შენ ხუმრობის ხასიათზეც ყოფილხარ. - ცუდად ენიშნა პოლკოვნიკს. - დროზე გამოიქეცი მაქედან! - კარგით რა, გაქცევას რა უნდა. მოხერხება და სწრაფი ფეხები. მაგრამ როცა გარბიხარ, ის მაინც უნდა იცოდე საიდან და საით მიემართები. მე კი ისიც არ ვიცი სად ვარ და საითკენ გავიქცე როგორ მეცოდინება? იმის იმედი მქონდეს, რომ უკან დავბრუნდები? მეორე შანსის იმედი? მეორე შანსს, როგორც ამერიკელები ამბობენ, ყველა იმსახურებს. თუმცა მაგ ამერიკელების დიდად არ მჯერა და შესაბამისად არც მეორე შანსის. როგორც კუნდერა იტყოდა „ბევრი სიცოცხლე ჭირდება ადამიანს საკუთარი შეცდომილი გზა რამოდენიმეჯერ რომ გაიაროს, შედარების საშუალება რომ ქონდეს და გაარკვიოს სინამდვილეში როგორ იცხოვროს, თუმცა ჩვენ მხოლოდ ერთი ცხოვრება მოგვეცა და ზუსტად აქ უნდა გავარკვიოთ რომელია სწორი გზა“. სწორი გზას კი შეცდომების გარეშე ვერ გაარკვევ, თუმცა ისიც არ ვიცით სხვა გზები რომ აგვერჩია იქნებოდა სწორი? მოკლედ რომ ვთქვათ ერთი დიდი კითხვის ნიშანია, რომელსაც პასუხი არასოდეს გაეცემა და თუ კითხვას პასუხი არ გაეცემა მაშინ მასზე ფიქრსაც არ აქვს აზრი. - რეებს ბოდიალობ ბიჭო! – იყვირა ახვლედიანმა. - დამშვიდდით პოლკოვნიკო, ვხუმრობ. ვაფასებ თქვენ მზრუნველობას, მაგრამ სანამ „ზემო ქალაქის“ ბაზას ნანგრევებად არ ვაქცევ აქედან გამოსვლელი არ ვარ. - და როგორ აპირებ ამ ყველაფერს? - მოვიფიქრებ რამეს. - ღმერთი გფარავდეს შვილო... - მცირეოდენი დუმილის შემდეგ ყრუდ ჩაიალაპრაკა პოლკოვნიკმა. - ღმერთი ფარავდეს საქართველოს. - დაიჩურჩულა ბიჭმა. ლაშა ბაზის დაზვერვას აგრძელებდა და სასროლ ობიექტებს აკვირდებოდა. მალე კიდევ ერთი რუსული სამხედრო მანქანა შემოვიდა. ტყვეები გადმოსხეს და შენობისკენ მიჰყავდათ. სამხედრო ტყვეებში სამედიცინო პერსონალი შეინიშნებოდა. როგორც ჩანდა, მტერს ორი ქართველი ექიმი აეყვანათ. წამიერად გაშეშდა, ბინოკლი მოიშორა და შაშხანის სამიზნედან გაიხედა. თვალებს არ უჯერებდა, ერთ-ერთი ექიმი ქალი საოცრად ჰგავდა ქეთის. აღარც ავღანეთში იმყოფებოდა და არც რომელიმე ზღვაში, რომ მირაჟად მიეჩნია. ისევ დურბინდი მოიმარჯვა. ეს ქეთი იყო, ნამდვილად ქეთი იყო. მტვრიანი, თეთრი ხალათის ბოლოებს აგვისტოს ნიავი უფრიალებდა. ორი სამხედრო და ორი თეთრ-ხალათიანი ტყვე სწრაფი ნაბიჯით შენობაში შეჰყავდათ. ლაშა წამოდგა. ბევრი აღარ უფიქრია. შაშხანა და აღჭურვილობა საიმედო ადგილას დამალა, ნიღაბი მოირგო, პისტოლეტი მოიმარჯვა და ტყეში გაუჩინარდა. ტყის პირას, ნიქოზის სასაფლაოსთან გამაგრებული, დაქანცული მე-2 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები საფლავებთან ჩამომჯდარიყვნენ. ბეტონით შემოსაღვრულ საფლავთან მიყუდებული ჯარისკაცი, სულს ითქვამდა და გადამფრენ ჩიტებს გახედავდა ხოლმე. მესამე დღე იყო გასული, ჯარისკაცი პერიოდულად ბეღურასებრი ფრინველის ჭიკჭიკის იმიტაციას ახდენდა. ზოგიერთ თანამებრძოლს შეშლილიც კი ეგონა, ზოგიერთ მათგანს კი ფლეიტის ხმათ ჩაესმოდა ფრინველის გალობა, თუმცა ჯარისკაცის ეს იმიტაცია ხანნდახან კატის კნავილს მოგაგონებდათ. - რა ჩიტს აჯავრებ? ხან ფლეიტის ხმას გავს. ხან კი თითქოს კნავილიაო - ჰკითხეს ერთხელ. - მოლაღური ჰქვია ამ ჩიტს. - უპასუხა ჯარისკაცმა. - ავღანეთში გვყავდა გალიაში, იქ ვისწავლე მისი ხმა. როცა მოლაღური გალობს, მაშინ ფლეიტის ხმას გავს, მისი ხმამაღალი სტევნა კი კატის კნავილივით არის. - მსმენია ამ ფრინველზე. ჩვენში ბიჭო-გოგიას ეძახიან. - ჩაერთო სხვა ჯარისკაცი. - ბავშობაში ბებია ამბობდა ძმა დაკარგესო მაგათ, გოგია ერქვაო. მერე ჩიტებად გადაიქცნენ, დაკარგულს მაღლიდან უკეთ დავინახავთო. ასეც დარჩნენ, ვერ იპოვეს გოგია და დღემდე ეძებენო. - ყველამ ერთად გაიცინა. ჯარისკაცებმა თავდაცვითი სანგრების გათხრის ბრძანება მიიღეს. თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. საფლავები საკმაოდ მჭიდროდ იყო ერთმანეთთან განლაგებული და თითქმის ყველა ბეტონის ღობით იყო შემოსაზღვრული. მაშინ უბრალოდ ქვებით გადაწყვიტეს სახელდახელო სანგრების მომზადება. მოზრდილი ქვების მოგროვებისას ჯარისკაცს, მოულოდნელად, ჩიტის ჭიკჭიკი ჩაესმა. ძალიან ჰგავდა ნაცნობი ფრინველის ხმას. გალობა პერიოდულად სტვენაში გადადიოდა, შემდეგ კი ისე ფლეიტის ხმას უბრუნდებოდა. „სად ხარ აქამდე“ - ჩაილაპარაკა სახეგაბადრულმა ჯარისკაცმა. აქეთ-იქით გაიხედა, როდესაც დარწმუნდა არავინ მიყურებსო, ფლეიტის ხმას ტყისკენ გაჰყვა. - სასწრაფოდ მჭირდები ზვიად. - ანთებული თვალებით დაუხვდა ლაშა. - ჰოლანდელო! - ლიქოკელმა ავტომატი მოიხსნა და ძმადნაფიცს გადაეხვია. - რუსების სამხედრო ბაზას უნდა დავეცეთ. მომყვები?! - მოგიკვდეს ჩემი თავი თუ გვერდიდან მოგშორდე! - ბევრნი არიან ზვიად. - ჰმ! სანგრების თხრას მტრის ხოცვა მირჩევნია! - მტკიცედ ჩაილაპარაკა ხევსურმა. ლაშას ასეთი სასტიკი გამომეტყველება ეცნობოდა ხევსურს. პირველად ეს გამოხედვა ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ენახა. *** ერთ ერთი პატრულირების დროს, მოულოდნელად, ქართველთა და ამერიკელთა მცირე შენაერთზე თალიბებმა იერიში მიიტანეს. ტერიტორია საკმაოდ მშვიდობიანად ითვლებოდა და სამხედრობი მცირე რაოდენობით პატრულირებდნენ. სეპარატისტებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნენ შენობების სახურავებიდან. ზვიად ლიქოკელი სწრაფად გადმოხტა მანქანიდან, მოზრდილ ლოდს ამოეფარა და გრძელი ჯერი მიუშვა შენობის სახურავისკენ. მჭიდი შეცვალა თუ არა, უცებ ყრუდ ამოიგმინა, ზურგიდან ნასროლ ტყვიას ბარძაყში გაევლო. უკან მოტრიალდა და ახლა საპირისპირო შენობისკენ მიმართა ცეცხლი. თუმცა ორმხრივ ცეცხლში გარდაუვალი სიკვდილი ელოდა. სწრაფად წამოხტა და შენობაში კოჭლობით შევარდა. სანამ სახურავიდან მის მოსაკლავად მტერი ჩამოვიდოდა, თანამებრძოლებს გასძახა. „გაიქეცით! ყველა დავიხოცებით!’’ ალყაში მოქცეულს შენაერთს მართლაც სრული განადგურება ემუქრებოდა. დარჩენილი ჯარისკაცები მალევე მიხვდნენ, რომ სანამ დახმარება მოვიდოდა ისინიც დაღუპულების ბედს გაიზიარებდნენ და მესამე, გადარჩენილი ჯავშან-ტრანსპორტიორით გაეცალნენ შეტაკების ადგილს. ბაგრამის ავიაბაზაზე გაცოფებული ლაშა სასოწარკვეთილად ღრიალებდა და უშვერი სიტყვებით იგინებოდა ხან ქართულად, ხანაც ინგლისურად: „თქვენი დედაც, ლაჩარო ნაბიჭვრებო!“. როცა ყვირილმა ხმის იოგები დაუსუსტა, ცხელ ქვიშაზე ჩამოჯდა, დადუმდა და თვალებში ჩამდგარი სიმწრის ცრემლი მოიწმინდა. - რა უნდა ექნათ მეგობარო, ისინიც დაიღუპებოდნენ“, - თავს ამერიკელი ოფიცერი წამოადგა. - დამშვიდდი, მესმის შენი მეგობარია, მაგრამ გთხოვ ნუ მაიძულებ სადამსჯელო ზომები მივიღო შენს მიმართ. - რა იცით რომ მკვდარია ოფიცერო, იქნებ ტყვედ ყავთ?! - თავი ასწია ჯარისკაცმა. - იცით რას ვიზავდი? თავს შევაკლავდი და დაჭრილ მეგობარს თალიბებს საჯიჟგნად არ დავუტოვებდი... მშვენივრად იცით, რომ თუ გადარჩა აწამებენ. მე კი ვიცი, რომ ის არაფერს იტყვის, ეწამება და თავს მოაკვლევინებს. ლაშას გულის ტკივილს ისიც ემატებოდა რომ სეპარატისტებს ახლავე ვერ შეუტევდნენ. მიმდინარეობდა სადაზვერვო ოპერაცია და შემდეგ დაიგეგმებოდა თავდასხმა. მანამდე კი დიდი ალბათობით ზვიადი ცოცხალი აღარ იქნებოდა. ბოლო შანსი მოსინჯა, სწრაფად წამოხტა ფეხზე და ოფიცერს წამოეწია. - ოფიცერო, გთხოვთ მომეცი რაიმე მანქანა, ჩემი იარაღები და დილამდე დავბრუნდები. მერე როგორც ინებებთ ისე დამსაჯეთ. თუ ვერ დავბრუნდი თქვით რომ გავიპარე. ბიჭს დასტურის მოლოდინი დიდად არ ჰქონდა, თუმცა იმედის ბოლო ძაფიც გაუწყდა, როცა ოფიცერმა მრისხანე გამომეტყველებით ახლოს მყოფ ქართველ ჯარისკაცებს უბრძანა: - კაპრალი არაბული აღელვებულია, გაიყვანეთ მოსასვენებელ ოთახში, ცოტა დამშვიდდეს! შუა ღამე ეშხში შედიოდა. არაბულს კი ძილი არ ეკრებოდა. ფრთხილი ნაბიჯების ხმა მოესმა. ვიღაც უახლოვდებოდა და ცდილობდა ოთახში მძინარე ჯარისკაცები არ გაეღვიძებინა. - ჩაიცვი, ოფიცერი გიბარებს. - ჩაესმა ჩურჩული. ნახევარ საათში ლაშა მეგობრისკენ მიიჩქაროდა. ავტომობილის სატერფულს ბოლომდე აწვებოდა და წამოსვლის წინ ოფიცერის ნათქვამ ბოლოს სიტყვებზე იღიმებოდა. „თუ ცოცხალი დაბრუნდები, ბაზის დაუკითხავად დატოვებისთვის სამხედრო სასჯელი გელის, თუ არ დაბრუნდები იცოდე, ჯოჯოხეთშიც მოგძებნი და ჩემი შეცდომაში შეყვანისთვის პასუხს გაგებინებ!“ ავბედითი დილა უთენდებოდა თალიბების ოცეულს. შენობის სახურავზე გამაგრებული სნაპერი ტერიტორიას ზვერავდა და გუშაგების ითვლიდა. სამი გასროლა და ერთმანეთის მიყოლებით სამი უსულო სხეული დაეცა. როგორც კი მესამე გასროლა განახორციელა, შაშახნა მხარზე მოიგდო, პისტოლეტს მაყუჩი მოარგო, შენობა დატოვა და სირბილით უკუნეთ ღამეს შეერია. დამფრთხალი და გაოგნებული სეპარატისტები სხვადასხვა ლოკაციიდან ნასროლი ტყვიებით უსულოდ ეცემოდნენ. „დასყევლოს ალლაჰმა, მოჩვენებაა თუ რა არის“. - დაიყვირა მეთაურმა და ცოცხლად დარჩენილი მებრძოლებს შენობის გამაგრება უბრძანა. „მოჩვენება, მოჩვენება“ ყვიროდნენ დანარჩენებიც და თავშესაფარს ეძებდნენ. თალიბები გონს არ იყვნენ მოსული, რომ ორ სართულიანი შენობის პირველ სართულზე კვამლსადენი ყუმბარა შევარდა. მალევე მთელი სართული თეთრმა კვამლა დაფარა. კვამლში სწრაფად და უხმაუროდ მორბენალი მოჩვენება ახალ სიცოცხლეებს იპარავდა. როდესაც დარწმუნდა, მტერი განადგურებული იყო მეგობრის ძებნა დაიწყო. „ზვიად!“. - სარდაფში დაბმულ ლიქოკელს საკუთარი სახელი მოესმა. ეგონა მოეჩვენა, სისხლდენისგან გონებას ვკარგავო იფიქრა. „ზვიად სად ხარ?!“ - განმეორდა ძახილი. ვიღაც ქართულად იძახდა. ძალ-ღონე მოიკრიბა, წამოიწია და ქართულადვე გასძახა, სარდაფში ვარო. - შენ ხარ? - გაოცდა ხევსური, როცა მის წინ შავებში გამოწყობილი ლაშა ამოიცნო.- რა ფორმაში ხარ მოჯაჰედი მეგონე. - მტკივნეულად გაიღიმა. - ხუმრობის ხასიათზე ყოფილხარ. - დაიხარა მეგობრისკენ არაბული. - დროზე მოხვედით. ფრჩხილების დაძრობას იწყებდნენ. - მარცხენა ხელის მტევანი წამოსწია და სისხლიანი თითები უჩვენა. უცნაური იერი დაჰკრავდა ლაშა არაბულს. არაადამიანურ სახის გამომეტყველებას დააკვირდა ხევსური. ლურჯი თვალებიდან უსაძვრო სევდა, მაგრამ ამავე დროს ზიზღი, მრისხანება და უდიდესი სისატიკე მოსჩანდა. - დაჭრილი ხარ! - ბარძაყი შეუთვალიერა ლაშამ. - სიარული შეგიძლია? - მგონი არა. - ფეხი მოისინჯა ლიქოკელმა. - მარტოს გაგიჭირდება ჩემი გაყვანა, ჩვენებს დაუძახე. - მარტო ვარ. - მსხვილი თოკებით დაბმული მეგობარი გაათავისუფლა, მოტრიალდა, ზურგით მდგარი ჩაიმუხლა, ნელ-ნელ ზურგზე მოისვა და გაჭირვებით წამოიმართა. შენობის გასასვლელს უხლოვდებოდნენ. ზვიადს გონება ებინდებოდა თუმცა მაინც არჩევდა ოთახი მიმოფანტულ გვამებს. მეორე სართულზე შუბლ-გახვეტილი გვამების დანახვა არ გაჰკვირვებია, არაბულის სიზუსტეზე ბევრი საუბრობდა. თუმცა პირველ სართულზე ნანახმა სისასტიკემ ნამდვილად გააოცა ხევსური, ყელ-გამოჭრილი და დასახიჩრებულ გვამებს დაეფარათ იატაკი, აშკარად ახლო მანძილიდან დანით ებრძოლა არაბულს. - მოჩვენება. - დაიჩურჩულა ზვიადმა. - რაა? - მოჩვენებააო ყვიროდნენ. - მიანიშნა დახოცილებზე. - შენ რა ამათი ენა გესმის? - მესმის ალაგ-ალაგ. - ნუღარ ლაპარაკობ. როგორმე მანქანამდე უნდა მივაღწიოთ. - მეგობრის ზორბა სხეულის ტარებით გატანჯული ლაშა ნელი სვლით წინ მიიწევდა. - გახსოვს? ამას წინათ, ჟურნალში რაღაც გემზე რომ ვკითხულობდით, მფრინავი ჰოლანდიელი, ეგეც ხომ მოჩვენებასავით იყო? ჰა, ლაშა? - ჰო, იყო, იყო. გაჩუმდი ეხლა. - მფრინავი ჰოლანდიელი უნდა დაგარქვა. - რა დეგენერატი ხარ. - ღიმილი შეეპარა არაბულს. შემდეგ დღეებში ბაგრამის ავიაბაზაზე ყველა სამხედრო მფრინავ ჰოლანდიელზე საუბრობდა, გემ-მოჩვენებაზე, რომელიც იშვითად ჩნდებოდა. მისი გამოჩენა აუცილებლად მტრის სიკვდილით მთავრდებოდა. *** დღეს ბინდი ეპარებოდა. ლიქოკელი და არაბული „ზემო ქალაქის“ სამხედრო ბაზას სამასიოდე მეტრიდან უთვალთვალებდნენ. სამოქმედო გეგმა განეხილათ და დაღამებას ელოდებოდნენ. - ლაშა, გახსოვს თალიბებმა რომ დამიჭირეს? - დაიჩურჩულა ზვიადმა. - მახსოვს. - მიიღო პასუხი. - რას გრძნობდი მაშინ? - რას გულისხმობ? - როცა ჩემს საშველად მოდიოდი. - როგორ შეგიძლია ასეთ დროს ამ თემებზე ლაპარაკი. - ხმა გაუმკაცრდა ლაშას. - რავიცი მე რას ვგრნობდი, ერთი ის მახსოვს, რომ კილომეტრამდე ზურგით გათრევდი, შენ კი ენას არ აჩერებდი. - ეხლა რას გრძნობ? - სიმართლე გითხრა, ძნელი ყოფილა საკუთარ მიწაზე ომი. იქ უფრო მიადვილდებოდა. - მეც ეგრე ვარ. - შიშს ზვიად... ახლაც და მაშინაც შიშს ვგრძნობდი. - ჰოო, გეტყობა. - ირონიულად გაიღიმა ლიქოკელმა. - შენ რა, არ გეშინია? - ეხლა ლამპიონებს ნუ მამღერებ თუ კაცი ხარ. - უნდა გეშინოდეს! - ერთხელა ვცხოვრობთ, ეგეც შიშში გავატაროთ კაცო?! - დაიწყო ეხლა ხევსურულად! მიდი თუ არ გეშინია გაქანდი პირდაპირ რუსებისკენ. შიში საჭიროცაა ბიჭო. მითუმეტეს ჩვენს საქმეში. შიშის გარეშე დამალვის უნარს დავკარგავთ. - მზვერავი შენა ხარ. შენ გჭირდება დამალვის უნარი, მე არა. - ამაღამ შენც დაგჭირდება. როგორც კი ზვიადი ბაზას მიუახლოვდებოდა, ლაშას სნაიპერული თავდასხმა უნდა დაეწყო. როგორმე მტრის ყურადღება მისკენ უნდა მიემართა. ზვიადი აურზაურით ისარგებლებდა და შენობაში შეიპარებოდა. ამასობაში ლაშაც დაიძვრებოდა ბაზისკენ. ახლო მანძილიდან განაახლებდა შეტევას და ზვიადს დროს მისცემდა ტყვეების მოსაძებნად. პატარა, უფანჯრებო ოთახში გამოკეტილი დათრგუნული ტყვეები უსიტყვოდ ისხდნენ ბეტონის იატაკზე. იშვიათად ახალგაზრდა გოგონას გახედავდნენ და ამშვიდებდნენ. „არ შეგეშინდეს ჩვენებიც აიყვანდნენ ტყვეებს და გაგვცვლიან“, „ნუ გეშინია, ომში ექიმებს არ კლავენ“. თუმცა გოგოს არანარი ემოცია არ ეტყობოდა. მის გონებას შიშისთვის არ ეცალა. მხოლოდ სინანულსა და სევდას დაესადგურებინა მის გულში. ფიქრები მხოლოდ საყვარელი ადამიანისკენ იყო მიმართული. „ეს წერილი რომ არ დამეწერა იქნებ არც წასულიყო ლაშა, მეც არ ვიქნებოდი აქ. ჩემი ძმის საქციელზე უარესი რა გააკეთა?“ - საკუთარ თავს ეკითხებოდა გონებაში. *** სამხატვრო ბინაში მიბრუნებულს, ნახატი ისევ ადგილზე დახვდა. თუმცა ძირს დაგდებულმა ღია ფურცელმა მიახვედრა რომ ლაშა ნამდვილად იყო მოსული, მაგრამ რატომ არ წაიღო ნახატი? „ლაჩარი! უკანასკნელი თხოვნაც კი ვერ შემისრულა. რა თქმა უნდა, რატომ უნდა წაეღო, რატომ უნდა შეხედოს და გამიხსენოს, მეტი საქმე არ აქვს“.- ფიქრობდა გაბრაზებული. „ღმერთო რა სულელი ვარ, რატომ დავწერე ეს წერილი“, რატომ დავიმცირე თავი“. უცებ ტელეფონი აწკრიალდა, ნომერს დახედა, თაკო ურეკავდა. „ვითომ ლაშა არეკინებს? ვუპასუხო?“ - ბოლოს მაინც უპასუხა. ლაშას შესახებ ატყობინებდა. გოგო გაქვავებული უსმენდა და ნელ-ნელა ფერი ეცვლებოდა. როგორც კი ტელეფონი გათიშა მაშინვე მოხსნა ტილო ჩარჩოდან, ვიწროდ დაახვია და ოთახი დატოვა. უჩუმრად გაიპარა, მოხალისე მედდად ჩაეწერა გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უარი არ უთქვამთ, ჯარი ისედაც სამედიცინო პერსონალის სიმწირეს განიცდიდა და იმავე დღეს სასწრაფო დახმარების მედდად განაწესეს. ტყვიავის ტყეში დაბანაკებული სამედიცინო ბატილიონიდან სამედიცინო ავტომობილი გავიდა. ერთ-ერთი დაბომბილი სოფლიდან დაჭრილი ჯარისკაცი გადმოჰყავდათ, როცა უეცრად გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა. ჰაერის საშინელი, ცხელი ტალღა და შავი მტვერი წამოვიდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის მძროლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მათ წინ მოძრავ, ქართულ სამხედრო პიკაპს შეეჯახა. ახალგაზრდა ექთნის დაბინდულმა მხედველობამ მაინც გაარჩია, როგორ გაჩნდნენ უმალ ოსი სეპარატისტები, იარაღის მუქარით როგორ გადმოიყვანეს პიკაპიდან ორი სამხედრო, შემდეგ კი სასწრაფოს ავტომობილთან მოცვივდნენ. გადმოიყვანეს, გოგოს მაშინვე ყავისფერი. მომცრო ჩანდა ჩამოჰგლიჯეს მხრიდან. რაიმე ფასეულის ძიებით შეპყობილებს მხოლოდ წყლით სავსე ბოთლი და დახვეული სამხატრო ტილო შერჩათ ხელში. *** „ზემო ქალაქის“ ბაზაზე უეცრად დიდი აფეთქების ხმა გაისმა. ბენზინის ავზის აფეთქებამ რამდენიმე სამხედრო იმსხვერპლა. თავშესაფრის ძიებაში მორბენალი მტრის ჯარისკაცები თითო გასროლით ძირს ეცემოდნენ. ბაზაზე სრული პანიკა გამეფდა. რუსები უმისამართოდ ისროდნენ ტყის მიმართულებით. „სნაიპერები“. - ისმოდა განწირული შეძახილები. „დახმარება გვჭირდება, რამდენიმე სნაიპერი გვესვრის, ვერ ვხედავთ“ - ყვიროდნენ რაციებში. ვიდრე რუსები შველას ითხოვდნენ და თავშესაფარს ეძებდნენ, ზვიად ლიქოკელი უკვე მტრის ბაზაზე იმყოფებოდა. ლითონის კასრთან ჩაკუზული მტრის ცხედრებით მიმოფანტულს ეზოს გაჰყურებდა. „ფორმას არ კარგავ ჰოლანდიელო“. - გაიფიქრა ხევსურმა. ცდილობდა შეუმჩნევლად შეპარულიყო შენობაში. გეგმის თანახმად, თუ აუცილებელი საჭიროება არ იქნებოდა მანამდე არ უნდა ესროლა. სასურველი იყო მტერს ბაზაზე მისი ყოფნა არ შეემჩნია. ჯობდა ჰგონებოდათ, რომ მხოლოდ შორიდან ისროდნენ. სანამ მისი ძიებით იქნებოდნენ გართული, საკმარისი დრო ექნებოდა ტყვეების მოსაძებნად. სიტუაცია გეგმის მიხედვით მიდიოდა. ლაშა ყოველი მეორე გასროლის შემდეგ ადგილმდებარეობას იცვლიდა და მტერს თავგზას უბნევდა. ამასობაში დაუპატიჟებელ სტუმარს ტყვეების ადგილსამყოფელი გაერკვია. ოთახს ორი ჯარისკაცი იცავდა. საჭირო იყო სროლის გარეშე მათი განიარაღება. ეზოში გამეფებული ხმაური ხელს უწყობდა უჩუმრად მიახლოებაში. როგორც კი საჭირო მომენტი შეარჩია უკნიდან მიეპარა. ერთ-ერთ ჯარისკაცს ზურგში საბრძოლო დანა სწრაფად აძგერა და მეორე ჯარისკაცს ქორივით დააცხრა. ცალი ხელით ხორხში მძლავრად მოუჭირა და მეორეთი მის იარაღს წაეტანა, თუმცა რუსმა მაინც მოასწრო სასხლეტზე თითის დაშვება და ტყვია კედლისკენ გაქანდა. დრო აღარ ითმენდა, რუსები სროლის ხმას გაიგებდნენ და მალე იქ გაჩნდებოდნენ. როდესაც მეორე ჯარისკაციც უგონოთ დაეცა, ორივე მათგანს ჯერი გადაატარა და ტყვეებთან შევარდა. - დროზე, გავდივართ! - დაზაფრული ტყვეების მიმართულებით დაიღრიალა ლიქოკელმა და უკან, დახოცილებისკენ გაიქცა. ტყვეებიდან პირველად ქართველი სამხედროები მოეგნენ გონს, ორივე წამოხტა და ზვიადისკენ გაქანდა, მალევე ექიმი და ქეთის მიჰყვნენ. - იარაღები აიღეთ. - მიუთითა ჯარისკაცებს დახოცილი რუსების ავტომატებისკენ. - ქალი დაიცავით. იცოდეთ, რამე რომ დაემართოს საკუთარი თავებით აგებთ პასუხს! ჯარისკაცები ექიმს და ქეთის გვერდებზე ამოუდგნენ, იარაღები შემართეს და ზვიადს ვიწყო დერეფანში გაყვნენ. ეზოდან, ინტენსიური სროლის ხმა ნელ-ნელა წყდებოდა. „ტყვეები გარბიან“ - გაისმა რუსული შეძახილები. სწრაფი ნაბიჯების ხმა ძლიერდებოდა. მალე რუსი ჯარისკაცები საპირისპირო მიმართულებით დერეფანში გაჩნდებოდნენ. - უკან, დროზე უკან! - დაიყვირა ლიქოკელმა. სწრაფად მოტრიალდნენ და დერეფნის ბოლოში, იმ ოთახისკენ გაიქცნენ საიდანაც გამოვიდნენ. ზვიადი კართან დარჩა. როგორც კი დერეფანში რუსები გამოჩნდნენ გრძელი ჯერი მიუშვა. მტრის ორი ჯარისკაცი უსულო დაეცა, მესამე კი თანამებროლებმა დაჭრილი გაათრიეს. - ჩვენები სად არიან? - იკითხრა ერთ ერთმა ქართველმა ჯარისკაცმა. - ვინ ჩვენები? - კითხვითვე უპასუხა ლიქოკელმა და ოთახში, დანარჩენებთან შებრუნდა. - მარტო ხარ? აბა აქედან როგორ გავალთ? - არაბუნებრივი ხმით იკითხა მეორემ. - ნუ პანიკობთ! მოიცადეთ! - მრიცხანედ მიმართა ლიქოკელმა. მალე რუსებმა სროლა დაიწყეს. - კართან არავინ გაჩერდეს! კედელთან. - იყვირა ზვიადმა და თავადაც კედელს აეკრო. ოთახის კარს რამდენიმე ჯარისკაცი ცხრილავდა და დერეფნის ბოლოსკენ მოიწევდნენ. ზვიადი, რამდენიმე ავტომატიდან უწყვეტის სროლის გამო, კარს ვერ უახლოვდებოდა და საპასუხო ცეცხლს ვერ ხსნიდა. მოულოდნელად სროლა შეწყდა. რუსები დერეფნის შუაგულში, ათიოდე მეტრში გაჩერდნენ. ავის მომასწავებელი სიჩუმე ჩამოწვა. დაზაფრულ ტყვეებს ეზოდან მსუბუქი ქარის ხმაც კი ესმოდათ. - დაგვნებდით, იარაღები გადმოყარეთ და გადარჩებით! - სიჩუმე მეთაურმა დაარღვია. ოთახში მყოფი ყველა ზვიადს უყურებდა და მის ბრძანებას ელოდა. - დანებდით შვილებო, აქედან ვერ გავალთ. - დაიჩურჩლა მოხუცმა ექიმმა. ზვიადმა უარის ნიშნად თავი გააქნია, შემდეგ კი სამხედროებს მიმართა. - როგორც კი დავნებდებით აქვე დაგვცხრილავენ. - სხვა რა გზა გვაქვს? - დაველოდოთ. - უცნაურად ჩაილაპარაკა ლიქოკელმა. - რას დაველოდოთ? სიტყვა ბოლომდე დასრულებული არ ჰქონდა, რომ დერეფნის დასაწყისიდან ფრინველის უცნაური სტვენა გაისმა ექოდ. - აი ამას. დაწექით! - დაიყვირა ზვიადმა და ქეთისკენ გაქანდა. კედელთან ჩაცუცქულ გოგოს ხელები შემოხვია და გადაეფარა. წამის მონაცვლეობით ორი ყუმბარის აფეთქებამ გამაყრუებელი ხმა გამოსცა დერეფანში. ძველი კედლები აზანზარდნენ და ალაგ-ალაგ ნაპრალები შექმნეს. კედლების ხმაური ბოლომდე არ გაყუჩებულიყო რომ დაჭრილი რუსი და ოსი ჯარისკაცების კვნესა და მომაკვდავი ხავილი მოისმა. მალე ზვიადს მაყუჩიანი პისტოლეტის გასროლის მოგუდული ხმები მოესმა. თითოეული გასროლა მრავალხმიანი კვნესის ერთ ხმას ადუმებდა. როცა ხმაური შეწყდა, ზვიადი ფეხზე წამოდგა, ქეთი წამოაყენა და გავედითო დანარჩენებს მიმართა. დერეფანში გასულთ შემზარავი სანახაობა დაუდგათ თვალწინ. მიუხედავად მტვრის ბუღისა, დერეფნის ბოლოში ლანდად ჩანდა შავებში ჩაცმული, გაუნძრევლად მდგარი ნიღბიანი. მებრძოლი გაქვავებულივით იდგა და მათქკენ იყურებოდა. მალევე ნელი მოძრაობით, გასასვლელისკენ მიტრიალდა და მტვერში გაუჩინარდა. ვიწრო დერეფნის კედლები წითლად შეღებილიყო. ცხედრების კიდურები და სხვა სხეულის ნაწილები ქაოტურად მიმოფანტულიყო ირგვლივ, შედარებით დაუზინებელ გვამებს კი შუბლზე თითო ნატყვიარი ეტყობოდათ. „ღმერთო“ - ამოიკვნესა ქეთიმ. დაწინაურებული ზვიადი გოგოსკენ მიბრუნდა, მხარზე ხელი მოხვია, მკერდთან მიიხუტა, „თვალები დახუჭეო“ უთხრა და გასასვლელისკენ გაუძღვა. როგორც კი ყოფილი ტყვეები გარეთ გავიდნენ, ლიქოკელი ქეთის მოშორდა, უკან დაიხია, ყველას ტყისკენ გაქცევა უბრძანა და უკანვე მიჰყვა. იარაღ-შემართული მონაცველობით სხვადასხვა მხარეს იყურებოდა. მტერი აღარსად იყო, თუმცა აღარც ნიღბიანი მებრძოლი შეინიშნებოდა. თავი სამშვიდობოს იგრძნეს თუ არა დასასვენებლად შეჩერდნენ. „ხუთი წუთი დავისვენებთო“ თქვა ზვიადმა და აუხსნა, რომ მალე მე-2 ქვეთ ბრიგადასთან იქნებოდნენ. ჯარისკაცები და ზვიადი ბრიგადას შეუერთდებოდნენ, ექიმებისთვის კი ეცდებოდა მანქანა ეშოვა გასამგზავრებლად. ამ დრომდე უსიტყვოდ მსხდარი ხალხიდან პირველი ექიმი გამოერკვა. - რა გქვია შვილო, ჩვენი გადამრჩენელის სახელი მაინც ვიცოდეთ. ვინ იყო ის მანიაკი, ოცამდე კაცი ნაფლეთებად რომ აქცია? - ეგ ჩვენც გვაინტერესებს. - კითხვას შეუერთდა ერთ-ერთი ჯარისკაცი. - თხუთმეტი წელია ვმსახურობ, იმდენი მინახავს, იმდენი მსმენია, ჩემი გაკვირვება ადვილი არ არის, მაგრამ რაც ვნახე ... - მადლობის მეტი რა გვეთქმის. - განაგრძო მეორემ. - მაგრამ ის ნიღბიანი სად გაქრა, ან ვინ იყო, ან როგორ გარისკეთ ორმა კაცმა. - მე ზვიადი მქვია. მას კი მფრინავ ჰოლანდიელს ეძახიან. მთავარია ცოცხლები ვართ, დანარჩენი არაფერს აქვს მნიშვნელობა. - მოუჭრა ზვიადმა. შემდეგ ექიმს გახედა და გაღიზიანებული ტონით მიმართა. - თქვენ კი, ბატონო ექიმო! შეგახსენებთ რომ იმ „მანიაკმა“ საკუთარი სიცოცხლე გარისკა, თავისუფლება და სიცოცხლე გაჩუქათ! დარცხვენილმა მოხუცმა თვალებით მიწა მოძებნა. მათი საუბრისას, მოშორებით მჯდარი ქეთი ფიქრებში ჩაძირულიყო. პერიოდულად ზვიადს გახედავდა. ვერ გამოერკვია საიდან ეცნობოდა. ან რატომ ზრუნავდა მასზე. ზვიადის სიტყვები ფრაგმენტებად ჩაესმოდა: „ქალი დაიცავით, თუ რაიმე დაემართა საკუთარი თავებით აგებთ პასუხს“. იქნებ მხოლოდ იმიტომ ზრუნავდა რომ მათში ერთადერთი ქალი იყო. ეს ფაქტი მალევე უარყო გონებაში. მხოლოდ ამის გამო სიკვდილზე არ წავიდოდა. კარგად აცნობიერებდა რომ ზვიადის და ნიღბიანი მებრძოლის მოქმედება მართლაც სიკვდილზე წასვლას ნიშნავდა. რატომ გარისკა ორმა ჯარისკაცმა ამ რაოდენობის მტერთან შეტაკება?! უცებ გოგონას უცნაურად შეკრთა, სახეზე ფერი ეცვალა, ფეხზე წამოიჭრა და ლიქოკელს მიეჭრა. - ლაშა სად არის ზვიად?! - სასოწარკვეთილი და მუდარის სავსე თვალები მიაპყრო ბიჭს. - მეგონა აქამდე მიცნობდი. - გაიღიმა ხევსურმა. - ლაშა, ლაშა სად არის? - არ ცხრებოდა გოგო. - დამშვიდდი ქეთი. - გოგოს ხელი მოჰხვია. ნელი სვლით დანარჩენებს მოშორდნენ. - ზუსტად არ ვიცი სად არის. - არ მჯერა! - აგრძელებდა გოგო. - ვინ იყო ის ნიღბიანი? თქვენი მეგობარი იყო? იქნებ მან იცოდეს? - ერთბაშად დააყარა კითხვები. - როგორც ვიცი, რაღაც დავალებაზეა. - განაგრძო ზვიადმა. - დამშვიდდი და ნურაფერზე ნერვიულობ. მალე გორში უნდა წახვიდე, იქიდან კი მაშინვე თბილისში გაიქცევი იცოდე! - მბრძანებლურად გამოუვიდა ლიქოკელს. - მინდა ვნახო ზვიად, ძალიან გთხოვ, იქნებ მომაძებნინო. ის ჩემს გამო წამოვიდა აქ. - რატომ გგონია რომ შენს გამო წამოვიდა? - მე ის ძალიან მიყვარს. ვფიქრობ მასაც ვუყვარვარ...მე კი მივატოვე. ბოლოს წერილი დავუტოვე მივდივართქო. ნახატიც დავუტოვე სამახსოვროდ. არ წაიღო. როცა გავიგე აქ წამოვიდა მეც წამოვედი, ნახატი წამოვუღე. მინდოდა აქ გადამეცა, მეთქვა რომ ძალიან მიყვარს და ნუ დაიღუპავს თავს ჩემი სისულელის გამო. - ნუ ნერვიულობ. თავის დაცვა შეუძლია, თან არც თუ ისე ცუდად. - რა დავალებაზეა ზვიად? ძალიან მეშინია. გეტყობა შენ სამხედრო ხარ, ბრძოლა შეგიძლია. მან კი სროლაც არ იცის ნორმალურად. - ეგ თვითონ გითხრა? - რა, ასე არ არის? - ალბათ ასეა, რა ვიცი... - უცნაურად გაიღიმა ზვიადმა. - ყველაფერი კარგად იქნება. თუ ლაშას სადმე გადავაწყდი ვეტყვი, რომ თბილისში წახვედი და ელოდები. შენი ნახატიც იქ მიეცი. - ვეღაც მივცემ, ტყვედ რომ აგვიყვანეს მაგ დროს წამართვეს. - არა უშავს, ახალს დახატავ. ახლა მთავარია ცოცხალმა გააღწიო. - და მაინც, ვინ იყო ის მკვლელი? - ის მკვლელი არ არის ქეთი! - მაპატიე, ძალიან მძიმე იყო რაც ვნახე. მე მომავალი ექიმი ვარ, სისხლის არ მეშინია. უამრავი სისხლი მინახავს, გვამები მიკვეთია, მაგრამ ასე დანაწევრებული ადამიანები არასდროს მინახავს. ასე ავხორცად ადამიანების ჟლეტვა... - შენ ახლა ომი ნახე... ამაში არაფერია კარგი. ომი ყველაზე საშინელი სიზმარია, რაც ადამიანს შეიძლება დაესიზმროს. ომს საკუთარი ფსიქოლოგია აქვს და ამ ფსიქოლოგიას ყოველდღე სწავლობს კაცი. ყოველ გასროლაზე ემატება ცოდნა, ყოველ მოკლულზე მის წინ ახალი გამოწვევები ჩნდება და ბოლოს სიკვდილის მანქანად იქცევა, რომელსაც ღამით დაძინებისაც აღარ ეშინია, რადგან ერთ ღამეში შეუძლებელია ყველამ მიაკითხოს ვინც მისი ხელიდან მიიღო სიკვდილის დიადემა და ამიტომაც მას ტოვებენ, რიგში დგომა ეზარებათ. თავიდან მშვიდ ძილსაც კი წყობიდან გამოჰყავს კაცი. ბოლოს კი საკუთარ სიკვდილსაც შეუძლია შეაფურთხოს სახეში და უთხრას, რომ როცა მოკვდება, ზუსტად მასავით უხორცო გახდება, უსახელო სუბსტანცია და იმ პოზიციას დაიკავებს საიდანაც მის მოკვლასაც შეძლებს, საიდანაც სიკვდილსაც კი მოკლავს. იერარქიულად ყველაზე მაღალი სამხედროს ზემოთაც კი დგას პირველი გენერალი, თავად ომი, თავად ბოროტება. მაგრამ დამიჯერე, არც მე და არც იმ ნიღბიანს, ჩვენი თანამებრძოლების, თუნდაც მტრის ბიჭების მხრებზე არ დაგვინახავს მოხარხარე სატანა, მათ მხრებზე მხოლოდ ატირებულ ანგელოზებს ვხედავდით. ლიქოკელის სიტყვებით დაზაფრული გოგო ხმას ვეღარ იღებდა. - როგორც კი ჩვენებთან მივალთ ერთგან დავრეკავ, საღამოსკენ მანქანა მოვა და თბილისში წაგიყვანს. - სწრაფად განაგრძო ზვიადმა - ლაშას ნახვა მინდა! - მტკიცედ თქვა გოგომ. - იციან შენებმა აქ რომ ხარ? - არა. - სახლში ლაშას მეგობარი წაგიყვანს. შინ მისულმა კი შენებს რაიმე მოატყუე. ნუ მოუყვები ამ ყველაფერს. იდარდებენ, ცოდონი არიან. - ზვიად... - პირობა უნდა მომცე, რომ სულელურად აღარ მოიქცევი. - არ აცადა ლიქოკელმა. - შენი ადგილი აქ არ არის, მგონი უკვე მიხვდი ამას. ხომ ასეა?! - კი. - თავი ჩახარა გოგომ. - მაგრამ ლაშას უნახავად არ წავალ! ზვიადი დაფიქრდა. მიხვდა ვერანაირი ძალისხმევით ვერ გადააფიქრებინებდა. უკმაყოფილოდ თავი გადაიქნია და დანარჩენებისკენ გაუძღვა. სავსე მთვარე გუმბათივით მოქცეოდა ზემო ნიქოზის სასაფლაოს. სანგრების თხრით დაღლილი ჯარისკაცების უმრავლესობას პირდაპირ მიწაზე ეძინათ. ზვიდმა ექიმი და ქეთი ქართულ ბატალიონთან მყოფ სამხედრო ექიმებთან დააბინავა. რამდენიმე თანამებრძოლ მეგობარს დაუბარა, ჩემს დაბრუნებამდე ყურადღება მიაქციეთო, თავად კი მეთაურისგან უჩუმრად, ტყისკენ გაბრუნდა. მარტო დარჩენილი გოგო მოზრდილ ლოდზე ჩამოჯდა. სასაფლაოსთან მიმოფანტულ ჯარისკაცებს თვალი მოავლო. იცოდა ლაშა იქ არ იყო, თუმცა თვალებით ყველა ჯარისკაცში ეძებდა. ყველა მათგანის სახეზე დაძაბულობას, ზოგის სახეს კი შიშსაც კითხულობდა. „ნეტავ ლაშაც თუ ასეთი დამფრთხალია?“ - ფიქრობდა გოგო. - „როგორი გაბედულია ზვიადი. ჩემს გამო რა გააკეთა და თავისი მეგობრებისთვის ალბათ ყველაფერზეა წამსვლელი. ნეტავ ლაშაც აქ ყოფილიყო, ძმადნაფიცის გვერდით“. ფიქრებში გართულს ზვიადის მეგობარი მიუახლოვდა. ხომ არაფერი გჭირდებაო ჰკითხა. ქეთიმ უარის ნიშნად თავი გააქნია. - თუ რაიმე დაგჭირდეს აქვე ვარ. ზვიადმა შენზე ყურადღების მოქცევა დამავალა. - მადლობა. - პატივისცემის ნიშნად, მსუბუქად გაუღიმა გოგომ. - ზვიადის მეგობარი ხართ? - ერთად ვმსახურობდით ჯარში, სულ ერთად ვიყავით. მერე თვითონ ავღანეთში წავიდა. - ავღანეთში? - ჰო. მას მერე არ მენახა და აქ შევხვდით, ძალიან გამიხარდა. ომში მისნაირი მებრძოლის გვერდით ყოფნას ყველა ისურვებდა. - იქნებ ლაშა არაბული იცოდე სად არის. - ლაშა არაბული... - ჩაფიქრდა ჯარისკაცი. - არ ვიცი, საერთოდ არც ვიცნობ. - ზვიადის მეგობარია ისიც. - განაგრძო გოგომ. - ავღანელია? - ავღანელი? - გაიოცა გოგომ. ჯარისკაცის კითხვა უადგილო ხუმრობად მიიჩნია და გაღიზიანებულმა მკვახედ უთხრა: - ლაშა არაბული ავღანელი როგორ იქნება?! - ავღანეთში ნამყოფებს ვეძახით ასე. - გაიღიმა ჯარისკაცმა. - იქნებ ზვიადთან ერთად მსახურობდა იქ. - უკაცრავად. - დაიმორცხვა ქეთიმ. - არა უშავს, ცოტა ხანს დაგტოვებ, თუ რაიმე დაგჭირდეს არ მოგერიდოს. - ზურგი აქცია ჯარისკაცმა. - ერთი წუთი. - შეაჩერა ქეთიმ. - არც მფრინავ ჰოლანდიელს იცნობ? - ჰოლანდიელს? - ჯარისკაცი მოტრიალდა. ქვაზე მჯდარი გოგონას საპირისპიროდ ჩამოჯდა და ინტერესით მიაჩერდა. - შენ რა, იცნობ? - არა, არ ვიცნობ. მან და ზვიადმა გადამარჩინეს ტყვეობიდან. - იქ ჰოლანდიელიც იყო? - კი. - არ ვიცნობ, მაგრამ ბევრი რამ მსმენია მასზე. ბევრ რამეს ჰყვებიან ყვებიან მასზე. შეიძლება აზვიადებენ კიდეც, მაგრამ ფაქტია, ბევრისთვის ის ლეგენდაა. ჭორის დონეზე გავიგე, მეთაურებს უთქვამთ, მალე შემოგვიერთდებაო. ჩვენში არიან ბიჭები ვინც იცნობენ, მათ შორის ზვიადიც, მაგრამ მასზე კრინტს არ ძრავს. მხოლოდ ის აქვს ნათქვამი ჰოლანდიელთან სიცოხლით ვარ დავალებულიო. - ჰოლანდიელი ქართულ ჯარში როგორ მოხვდა? - მგონი ქართელია. ჰოლანდიელი მეტსახელი უნდა იყოს. ესე იგი არ გამოლაპარაკებიხარ? - არა, მხოლოდ შორიდან დავინახე, ნიღბით იყო და მალევე წავიდა. ზვიადი მოზრდილ ხის ძირზე მიყუდებულ, დაღლილ მეგობარს მიადგა. - დაჭრილი ხომ არ ხარ? - არა, კარგად ვარ. - თქვა ლაშამ. წამოდგა და მეგობარს მტკიცედ გადაეხვია. დასხდნენ თუ არა მაშინვე ქეთი მოიკითხა. ძმადნაფიცმა დეტალურად მოუყვა ყველაფერი. უთხრა, რომ ლუკას ესაუბრა და მათკენ მოდიოდა. თუმცა გოგონა მის უნახავად არსად წასვლას არ აპირებდა. - ამდენი ტყუილი სიცოცხლეში არ მითქვამს. ცოდოა ეს გოგო, მაინც არ მეუბნები რათ არ ნახულობ? - სხვა დროს ზვიად, სხვა დროს აგიხსნი. - ნახატი წამოუღია ბიჭო, უნდა მიმეცაო. - ეს? - ლაშა ხელით დაწვდა ყავისფერ ჩანთას. ნახატი ამოიღო, მთვარის ნათებისკენ მიატრიალა და ტილოზე აღბეჭდილი გერგეთის სამება აჩვენა. - დიდება შენდა ღმერთო! რა ლამაზია... - ნახატს თვალს ვერ წყვეტდა ხევსური. - შეხედე, როგორ ჰგავს შენსას. - თითით მიანიშნა ცხენზე. ლაშა ყურადღებით დააკვირდა. აქამდე არ დაკვირვებია. მართლაც მისი ცხენი იყო აღბეჭდილი. მისი ფერი, ფაფარის სიგრძე, ყველა თეთრი ლაქა, შუბლზე, კოჭებთან საოცარი სიზუსტით ემთხვეოდა. - ეეჰ, რა გოგოს უყვარხარ და ლაჩარივით იმალები. - წარბები შეკრა ზვიადმა. - არ მინდა ასეთი მნახოს... - ასეთი როგორი? - ის მხოლოდ ლაშა არაბულს იცნობს. ალბათ სჯობს ასე დარჩეს. - რას გულისხმობ? - დაიბნა ზვიადი. - სხვანაირი გოგოა ზვიად. ცხოვრება მხოლოდ ნათელი ფერებით აქვს ნანახი. დერეფანში როცა გამოხვედით ვაპირებდი მოსვლას, ნაბიჯი უნდა გადმომედგა, რომ მისი თვალები დავინახე. სევდა და სიბრალული იყო მის თვალებში, გადარჩენით გამოწვეული აღტაცება კი არა, სიბრალული დახოცილი მტრების მიმართ. როგორ გგონია ბედნიერი იქნებოდა იმის ნახვით, რომ ეს მე ჩავიდინე?! ბედნიერი იქნებოდა იმის გაგებით, რომ ხალხს ასე ვხოცავ? - ჰო მაგრამ, ეს ომია, ქუჩაში ხომ არ ჰკლავ ვინმეს! - შეეკამათა ძმადნაფიცს, თუმცა დერეფანში გამოსული ქეთის რეაქცია გაახსენდა. პირზე მომდგარი შემდეგი სიტყვა შეწყვიტა და გვერდით გაიხედა, სხვადასხვა ტიპის იარაღებს მოავლო თვალი. ლაშას ავტომატი, სათადარიგო მჭიდები, ხელყუმბარები და ტანკსაწინაღმდეგო ნაღმ-მყორცნი წამოეღო რუსული ბაზიდან. - ამდენი იარაღი როგორ ათრიე? - არ მკითხო, ძლივს გამოვასწარი. როგორც კი გამოვედი დამხმარე ძალა მოუვიდათ. - არ უნდა გაგერისკა... თანაც, შენზე გავიგე სროლა არ იცისო. - ღიმილი შეეპარა ხევსურს. - აბაა. - აჰყვა ლაშაც. - მალე დაგვიჭირდება ზვიად. ვფიქრობ დილით უკვე აქ იქნებიან. უკან დახევის ბრძანება მიიღეთ უკვე? - არ ვიცი, არაფერი გამიგია. ის კი ვიცი, რომ ჩვენებმა ცხინვალი უკვე დატოვეს. - მართალია, დატოვეს. - არადა რა იმედებით ვიყავით... ორი დღის წინ ჩვენი სპეცრაზმი წმენდდა ცხინვალს. - მალე აქედანაც უკან დავიხევთ. მეთაურებს ექნებათ უკვე ბრძანება, ალბათ უსაფრთხო კორიდორს ელოდებიან. - საიდან იცი? - გიორგი ახვლედიანი გახსოვს? - პოლკოვნიკი? - ინტერესით მიაშტერდა ლაშას. - მის დავალებით ვიყავი დაზვერვაზე. მეც კი უკან დახევა მიბრძანა. 58-ე არმია მოდის... სამხედრო საქმეში გამოწვრთნილ ხევსურს მეტი კონკრეტიკა აღარ დასჭირვებია. ნათლად ხვდებოდა ომი წაგებული იყო. რა თქმა უნდა არც ერთ ჭკუადმყოფელს არ ეგონა რომ რუსეთის წინააღმდეგ მარტო მყოფი საქართველო რაიმეს გახდებოდა, თუმცა ძალიან ბევრს და მათ შორის ზვიადსაც სჯეროდა, რომ რუსეთი ვერ გაბედავდა ამერიკის მოკავშირე მეზობლის წინააღმდეგ მაშტაბური ომის წარმოებას. მისი ჩართულობა, მაქსიმუმ იარაღის მიწოდება თუ იქნებოდა სეპარატისტებისთვის. - და ამერიკა? - იმედის ნაპერწკალი გაუკრთა თვალებში. - ჰმ, ამერიკა... ამერიკა ალბათ შეშფოთებულია. - ამისთვის ვიბრძოდით?! - წამოიჭრა ფეხზე ხევსური. - მაგათ გამო ჩემი ძმები იხოცებოდნენ ღვთისგან მივიწყებულ ადგილებში. მაგათ გამო დამჭრეს, მაწამეს... - გეყოფა! - ახედა ფეხზე მდგარ მეგობარმა. - ამის დრო არ არის. როგორც პოლკოვნიკისგან მივხვდი, მოლაპარაკებები მიდის. ალბათ ისღა დარჩენიათ ცხინვალს მთელი ქვეყანა არ გადააყოლონ. გოგოს საკითხი გადასაწყვეტი რჩებოდა. ცხადი იყო ლაშას არ სურდა მისი, თუნდაც დროებით, ბატალიონთან გაჩერება. მით უფრო, რომ შეიძლება მალე ალყაში აღმოჩენილიყვნენ. სხვა გზა არ რჩებოდა. ქეთი უნდა ენახა და თავად გაეყვანა უსაფრთხო ადგილამდე. - მოდი ასე მოვიქცეთ. - მიმართა დუმილის შემდეგ ზვიადს. - ჩადი და მეც გათენებისას ჩამოვალ. ზუსტად ხუთ საათზე ტყის შესასვლელისკენ მოიყვანე, თავად წავიყვან, გავაცილებ და მოვბრუნდები. - ანუ შაოსანი ჯეელი გამოდის სამზეოზე? - უთხარი, რომ დამიკავშირდი, მიპოვე და თქვენსკენ მოვდივარ. - კარგი. - თქვა ზვიადმა და წამოდგა. - ეცადე გათენებამდე ცოტა თვალი მოატყუო, მკვდრის ფერი გადევს. მარტო დარჩენილი არაბული ფიქრებს მიეცა. თვალს რული არ ეკარებოდა. მოლოდინისგან ცქმუტავდა გული. ფიქრები, ფიქრები... როგორ იცის ხოლმე სულმა აშრიალება მოლოდინის ფონზე. რაც უფრო მეტად ელი განთიადს, მით უფრო გვიანდება, ბოლოს კი, ლოდინისგან ღონემიხდილსა და დაქანცულს, უცაბედად დაგადგება თავზე. ადრეც უფიქრია, ზოგიერთ ადამიანს და მათ შორის მასაც, ჩვევად აქვს საბედისწერო ნაბიჯების ლაღად და ღიმილით გადადგმა. რომ ვიცოდეთ რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე, იქნება ღამე თვალსაც კი ვერ მოვხუჭავდით. თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ რასაც ყველაზე მეტად გავურბივართ, სწორედ ის მორბის ჩვენსკენ გაშლილი ხელებით. ხან დავრიშივით უდაბნოში ხეტიალისას ოაზისს წავაწყდებით. ხან კი ზღვის სანაპიროზე სეირნობისას ცხელი ქვა აგვიწვავს ტერფებს. ასეა, თუ ისე ცხოვრება საოცარი და ფათერაკებით აღსავსე რამაა. ის ნამდვილი განძის საბადოა მკვლევართათავის. პესიმისტებისა და ზარმაცებისთვის კი ამაოების საუფლოა მხოლოდ. ცას ნათელი ფერები შეეპარა, ახლოს იყო განთიადი. ჰორიზონტი რომ განათდა და ახალი დღის დადგომამ ღამის უკუნი დაარღვია, მაშინღა წამოდგა. რვა აგვისტოს მზე ჯერ კიდევ ბოლომდე არ ამოწვერილიყო, განახევრებული მზე სისხლისფრად ენთო. რუსეთს ცხინვალის მაშტაბური დაბომბვა დაესრულებინა. მოსახლეობას რამდენიმე საათი ჰქონდა ქალაქის დასატოვებლად. რუსულ ჯარს ქართული შენაერთები ისევ ცხინვალში ეგონა, არ დაინდო ცხინვალში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა და ათასობით ჭურვი დაუშინა ქალაქს. ლაშამ ნაალაფარ იარაღებს ხის ტოტები და ფოთლები გადააფარა, ავტომატი მხარზე მოიგდო და გულდამძიმებულმა კიდევ ერთხელ გადახედა კვამლში გახვეულ ქალაქს. შეხვედრის ადგილისკენ უნდა დაძრულიყო, რომ ჭურვის აფეთქების ხმა გაისმა, ერთს მეორე მოჰყვა. ხმა სასაფლაოს მხრიდან მოდიოდა. მტერს კარგად სცოდნოდა ქართველების ადგილსამყოფელი. „როგორ გამომეპარა“ გაბრაზდა საკუთარ თავზე. მაშინვე გადაქექა დამალული იარაღები და შაშხანას დასწვდა. უფრო შემაღლებული ადგილის და სასროლო პოზიციის ძებნა დაიწყო. ქართული ბატალიონისკენ მტრის ტანკები და ქვეითები მოიწევდნენ. მალე კასეტური ბომბი ისროლეს, რამდენიმე წუთში ათეულობით დაჭრილს ითვლიდა ქართული ბატალიონი. საპასუხო ცეცხლი გაიხსნა. ბრძოლა დაიწყო! მტრის რამდენიმე სნაპერი, მოშორებით მდგარ მიტოვებულ სახლებში გამაგრებულიყვნენ. ქართველებმა ერთ-ერთი მალევე შეამჩნიეს და მთელმა ოცეულმა სროლა მისკენ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. სნაპერი კარგად გამაგრებულიყო. შეწყვეტდა თუ არა ოცეული სროლას, მტრის სნაპერი მაშინვე ახალ გასროლას ახორციელებდა. გაშმაგებულ ზვიადს ცალი თვალი ქეთისკენ ეჭირა, ცალით კი დაჭრილ თანამებრძოლს უყურებდა. დაჭრილი ვერაფრით გამოჰყავდა. ორასიოდე მეტრიდან, მტრის სნაიპერი მიახლოების უფლებას არავის აძლევდა. ბინოკლით უყურებდა ფანჯრის ჩარჩოს, სადაც მტრის სნაიპერი ეგულებოდა. „მიდი ჰოლანდიელო“ ჩურჩლებდა ლიქოკელი. თითქოს მისი თხოვნა შეისმინესო, ქართველი სნაიპერის გასროლის შემდეგ ფანჯრის ჩარჩოს წითელი ლაქები დააჩნდა. მაშინვე მოსწყდა ადგილს, დაჭრილი თანამებრძოლი წამოაყენა, მხარი შეაშველა და მისი ბრძოლის ველიდან გაიყვანა დაიწყო. ბრძოლის შუა გულში მყოფი სამხედრო ექიმები წამით არ ყოყმანობდენენ. სადაც საჭირო იყვნენ უმალ იქ ჩნდებოდნენ. ლიქოკელმა დაჭრილი ექიმების სიახლოვეს ბალახზე დააწვინა და უშველეთო დაიძახა მათი მიმართულებით. დაჭრილთან, უმალ ქეთი გაჩნდა. თვალის დაუხამხამებლად, მჭიდროდ შემოიხვია ხელზე სტერილური სახვევი და ნატყვიარზე ხელისგულის ფუძე მაგრად დააჭირა. - არტერიული სიხლდენაა. დამწოლი სახვევი მჭირდება! - დაიყვირა ერთ-ერთი ექიმის მიმართულებით და ზვიადს ანიშნა მომიტანეო. - ფეხი აუწიე. - მიმართა უკან მობრუნებულ ლიქოკელს და სახვევის დადებას შეუდგა. ტყვიების წვიმა არ წყდებოდა. მალე ყველასთვის ნათელი შეიქმნა რომ ალყაში იყვნენ. მტერი კი უფრო და უფრო ავიწროვებდა ალყის რკალს. ბევრ ჯარისკაცს პირველი პანიკა მაშინ დაეუფლათ, როცა მტრის ბომბდამშენმა დასაზვერად გადაუფრინათ. მეორე გადაფრენა უეჭველად დაბობმვის მომასწავებელი იქნებოდა. თვითმფრინავმა ის იყო ჰაერში ცხვირი ასწია დასამიზნებლად, რომ ქართული მხრიდან „სტრელას“ ხმა გაისმა. მალე ყველამ დაინახა, როგორ გაუშვა ბოლი რუსულმა ბომბდამშენმა. გახარებულები გაუაზრებლად ფეხზე წამოიჭრენენ, მტრის სნაიპერებმაც არ დააყოვნეს, ორი ქართველი ჯარისკაცი უსულოდ დაეცა. კიდევ ნახევარ საათს გაგრძელდა ცეცხლი. შემდეგ კი ნელ-ნელა იკლო. ალაგ-ალაგ თუ ისმოდა ავტომატის ჯერი. მალე ისიც გაჩერდა, კვამლი გაიფანტა და უღრუბლო ცა ისევ გამოჩნდა. მტერი ალყას აღარ ავიწროვებდა. ამის ორი მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო. ან ბრძანებას ელოდებოდნენ და მართლაც მისცემდნენ გასასვლელ კორიდორს, ან უბრალოდ ძალების აღსადგენად იცდიდნენ. მოულოდნელად მტრის ორი ტანკი დაიძრა... სანამ ქეთი დაჭრილს უვლიდა ზვიადმა მობილური ტელეფონი შეამოწმა, სასურველი შეტყობინება მოსულიყო. ლუკა ნიქოზის სიახლოვეს ელოდებოდა გოგოს. - უნდა წავიდეთ! - მიმართა გოგოს. - წავიდეთ? სად? - ნახავ! - ხელი მაგრად ჩასჭიდა გოგონას და ტყისკენ გაიქცნენ. ტყეში შესვლისთანავე ლიქოკლემა ნაცნობი სიგნალი გაუშვა მეგობრისთვის. საპასუხოდ მალევე მოესმათ ფრინველის ფლეიტისებრი გალობა. შორს არ უნდა ყოფილიყო, ცოტაც და მასთან გაჩნდებოდნენ. ერთ-ერთი ხის ძირში გაჩერდნენ. „მოვედითო“ დაიჩურჩლა ზვიადმა და საპირისპიროდ მდებარე ბუჩქნარს მიაჩერდა. ქეთის ელექტროტალღასავით ჩხვლეტდნენ ემოციები. გაურკვევლობაში მყოფი გოგო დაბნეულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. თვალი კიდევ ერთხელ მოავლო გარემოს, იქ არავინ ჩანდა. - რა ხდება ზვიად, აქ რატომ მომიყვანე? - შენ აქ რჩები. - და შენ? - მე მივდივარ! ლიქოკელის ბოლო სიტყვები სიგნალი აღმოჩნდა შენიღბული სნაიპერისთვის. რამდენიმე მეტრის მოშორებით, მასიური ფოთლების ფენაში გაწოლილი ლაშას სხეულს სინდისის ძაფებმა დაუარეს. ძმადნაფიცი დაუფიქრებლად დაუდგა გვერდში, ლამის სიკვდილზე გაჰყვა ქეთის გადასარჩენად. ყოველივე ამის შემდეგაც ქეთის მეთვალყურეობას ავალებდა და ამით აბრკოლებდა. კარგად იცოდა ლიქოკელის ხასიათი, სიტყვას არასდროს გატეხდა და ძმადნაფიცის გამო ყველაფერზე წავიდოდა. მაგრამ ისიც კარგად უწყოდა რა დღეში იქნებოდა ზვიადი, როცა მისი თანამებრძოლები ბრძოლის ველზე იღუპებოდნენ, ის კი სანახევროდ გოგოს დაცვით იყო დაკავებული. ქეთის მოპირდაპირედ, ფოთლები და ხის ხმელი ტოტები შეირყა. შენიღბური სნაიპერი ბუჩქნარიდან მძიმედ წამოდგა, მიწიდან აყოლილი ტოტები მოიშორა, შაშხანა ზურგზე მოიგდო და წელში გაიმართა. დაფოთლილი ტოტებით, დაწნული ბალახითა და ძონძებისგან შექმნილ, თვითნაკეთ მასხალათში გამოწყობილი სნაიპერი საშინელი შესახედავი აღმოჩნდა გოგოსთვის. „ამ შეშლილ ჰოლანდიელთან მტოვებს“ გაიფიქრა გოგომ და მუდარით სავსე მზერა მიაპყრო ზვიადს. ზვიადმა გოგონას რეაქცია უპასუხოდ დატოვა და ლაშასკენ დაიძრა. ქეთისგან უჩუმრად ორიოდე წუთს ისაუბრეს. მალევე, უკან გოგოსკენ მოტრიალდა, მეგობრულად გადაეხვია და ყურში უჩურჩულა: „ყოჩაღი გოგო ხარ“. გოგონა გაქვავებულიყო, ზვიადის სიტყვები ნორმალურად ვერც გაიგო, რადგან საპირისპიროდ მდგომ სნაიპერს მასხალათი გაეხადა... მის წინ საყვარელი მამაკაცი იდგა. გონება დაებინდა. გული ისე აუჩქარდა, საკუთარი გულისცემაც კი ესმოდა. ვერ ხვდებოდა ეშინოდა თუ უხაროდა. მთელი ეს დღეები ხომ მის ნახვაზე ოცნობობდა. ამ დღეების მანძილზე ყველა წვრილმანზე ეფიქრა. შეხვედრისთანავე როგორ გაიქცეოდა მისკენ, ჩაეხუტებოდა. ეტყოდა, რომ აღარსად წავიდოდა. სულ მის გვერდით იქნებოდა. გაქვავებული გოგო შიშნარევი გამომეტყველებით იდგა, ხმას ვერ იღებდა. თვალები აუწყლიანდა, ერთ-ერთი თვალში ცრემლი ვეღარ დაატია და დაჭორფლილ ყვრიმალთან ჩამოუგორდა. ლაშა მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა. ცერა თითით ცრემლი მოუწმინდა, მკლავები ძლიერად მოხვია და ჩაიხუტა. უსიტყვოდ მდგარი, ჩახუტებული წყვილისთვის წუთიერად ყველაფერი გაჩერდა, არაფერი ესმოდათ, მხოლოდ ერთმანეთის სუნთვას და გულისცემას გრძნობდნენ. ძლიერ მკლავებში მოქცეული გოგო ნელ-ნელა გონს მოდიოდა, თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნო. მალე მის ფიქრებს გულისთქმამ სძლია, თავადაც შემოჰხვია ხელები წელზე და უფრო მეტად მიეხუტა. - შენ ხარ... - უნდა ვიჩქაროთ ქეთი. - მკლავები ნელ-ნელა მოაშორა. მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა. - ერთ კილომეტრში მანქანა გველოდება. ლუკა ხომ გახსოვს? - შენ არ მოდიხარ? - აკანკალებული ხმით იკითხა გოგომ. - არა. - არაფერს მეკითხები მე რა მინდა?! - არა! და ამაზე საუბარი დამთავრებულია. - გაუმკაცრდა ხმა არაბულს. გოგო უსიტყვოდ დამორჩილდა. - რისთვისაც ჩამოხვედი შეასრულე. რამდენიმე ადამიანსაც დაეხმარე, გხედავდი და თვალებს არ ვუჯერებდი, დაჭრილებს ისე უწევდი დახმარებას გამოცდილ სამხედრო ექიმს შეშურდებოდა. - ცდები, რისთვისაც ჩამოვედი ვერ გავაკეთე. - დანანებით ჩაილაპარაკა. - დარწმუნებული ხარ? - ლაშამ საკუთარი მოზრდილი ზურჩანთა გახსნა და ყავისფერი მომცრო ჩანთა ამოაძვრინა. - გეცნობა? - მაოცებთ ბატონო ლაშა. - თვალები გაუბრწყინდა გოგოს. - თუ მფრინავი ჰოლანდიელი უნდა დაგიძახოთ? - წავიდეთ. შაშხანა სხვა იარაღებთან ერთად დამალა. ზურგჩანთას და „კალაშნიკოვს“ ხელი წამოვლო და გოგოს წინა გაუძღვა. ოციოდე წუთი გაუჩერებლივ მიდიოდნენ. ხშირად დახედავდა ხოლმე კომპასიან საათს, ცდილობდა სამხეთისკენ აღებული კურსისკენ არ გადაეხვია. საფეხმავლო ბილიკებს ერიდებოდა და შედარებით ძნელად გასავლელ გზებს არჩვევდა. ასეთ ადგილებში უფრო ნაკლები შანსი იყო ვინმე გადაჰყროდათ. „არ გაჩერდე“ - ხშირად უმეორებდა გოგოს და წინ მიიწევდა. ქეთი ბოლო ძალებს იკრეფდა და ტყის კორომში კვალდაკვალ მიჰყვებოდა. თუმცა ძალაგამოცლილი მოულოდნელად წამორძიკდა, დაეცა და გონება დაკარგა. ლაშამ მაშინვე მის წინ ჩაიმუხლა. ყური ცხვირთან მიუტანა, როგორც კი კანზე ჰაერის ნაკადი იგრძნო შედარებით დაშვიდდა. ზუგჩანთა მოიხსნა და წყლის მათარა ამოიღო. ხელები დაისველა. სახის და საფეთქლების დაზილვის შემდეგ ყურის ბიბილოები მსუბუქად დაუსრისა. გოგონა მალევე მოვიდა გონს და დაღლილი თვალები მიაპყო ბიჭს. - ცოტა ხანს დავისვენოთ, გთხოვ. - დავისვენოთ. - გაუღიმა ღონემიხდილ გოგოს. - რამდენი ხანია არ გიჭამია? - გუშინ დილით ვჭამე... არაბულმა გოგონა ნელ-ნელა წამოაყენა. მოზრდილი ხის ამოზნექილ ფესვებზე ჩამოჯდნენ. ზურგჩანთიდან უცნაური ფორმის და შეფუთვის შოკოლადები ამოიღო. - ეს რა არის? - იკითხა გოგომ. - ენერგეტიკული შოკოლადებია, მოგაძლიერებს. - არ შემიძლია ლაშა, გული ამერევა. - ამრეზით დახედა ფინიკის მარცვლებით შეზავებულ შოკოლადს. - გთხოვ, ძალით უნდა ჭამო. – ხმა შესამჩნევად დაურბილდა ბიჭს. - ამ ყველაფერმა ჩაიაროს და თუ გინდა ყოველ დღე გატარებ რესტორენებში. - გაგახსენებ იცოდე. - სევდანარევად გაიღიმა და შოკოლადი გამოართვა. - მიხარია შენი ღიმილის დანახვა. - საჩვენებელი თითით ცხვირთან მოუღიტინა გოგოს. - მაშინ ხშირად გაგიღიმებ. - კიდევ ერთხელ გაუღიმა გოგომ. - ცხოვრება მართლაც მხოლოდ ის ღიმილებია, ფერდობზე შეფენილი გვირილებივით რომ დაბნევია ქალს სახეზე, სხვა ყველაფერი ტყუილია. - ჩაილაპარაკა ბიჭმა და შოკოლადი გახსნა. - ახლა ნამდვილი ლაშა ხარ... როდესაც ბოლომდე შეჭამა, ბიჭმა მათარით წყალი მიაწოდა. ქეთიმ რამდენიმე ყლუპი მოსვა და მოულოდნელად ჰკითხა. - დავმარცხდებით? - ჰო. - აბა რაღატომ ვიბრძვით? - მე სიყვარულისთვის ვიბრძვი ქეთი. - სიყვარულისთვის? - ვერ მიუხვდა გოგო. - ჰო, სამშობლოს სიყვარულისთვის. - ხომ დამეთანხმე, რომ დავმარცხდებით, რა აზრი აქვს მაშინ ამ ყველაფერს, რატომ ვაკვლევინებთ თავს? ან თქვენ რატომ კლავთ? - როგორ ფიქრობ, უნდა დავნებებულიყავით? - ასე არ სჯობდა? ხომ მაინც დავკარგავთ ამ ტერიტორიას?! - ჭადრაკში, ისევე როგორც ცხოვრებაში ზოგი სვლა გამარჯვებისთვის კეთდება, ზოგი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უფრო სწორი და მართებულია. და კიდევ... - ლაშა წამით შეყოვნდა, შემდეგ თავი ზევით ასწია და მტკიცედ ჩაილაპარაკა. - რაც ჩემი ნებით არ დამითმია ის დაკარგულად არ ითვლება! - არასდროს მჯეროდა პატრიოტიზმის... ყოველთვის ვფქირობდი, გმირები იმიტომ სწირავდნენ თავს, რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ. შენ და ზვიადს კი ვფიქრობ უამრავი რამ გაქვთ დასაკარგი. - შენი აზრით რა არის პატრიოტიზმი? - ვფიქრობ პატრიოტიზმი მხოლოდ ემოციაა, რომელიც არასდროს მყარდება მოქმედებით... - შეიძლება არ მყარდება, მაგრამ იზომება მოქმედებით! ვინ არის პატრიოტი? პასუხი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ ჩამონათვალში უმთავრესაც მართლაც მაინც გმირები მოხვდებიან, თან აუცილებლად შეწირული გმირები. მათ, ვისაც ბრძოლის წინა ხაზზე დგომა, სამშობლოსთვის სისხლის გაღება შეუძლიათ. მაგრამ პატრიოტიზმს დიდი მადა აქვს, უფრო მეტს ითხოვს. - თავგანწირვაზე მეტს? - კი, უფრო მეტს. მშვიდობიანობის დროს პატრიოტად ყოფნა უფრო ძნელი შეიძლება იყოს, რადგან ის უამრავი, ნაკლებად პოპულარული, მოსაბეზრებელი წვრილმანებისგან შედგება. მაგალითად ჩვენი ქვეყნის რომელიმე სპორტული გუნდი გულშემატკივრებით სავსე სტანდიონზე თამაშობს. ამ დროს მოთამაშეები და მაყურებლებიც თანაბარ პატრიოტულ ვალს იხდიან. თუნდაც როდესაც მაღაზიაში შევდივართ და ქართული წარმოშობის პროდუქტს ვანიჭებთ უპირატესობას ვიდრე იმპორტირებულს, ამით ჩვენ პატრიოტულ ვალს ვიხდით. ყოველი გაღებული თეთრი ქვეყნის ეკონომიკაში დარჩენილი ფულია და დიდი სტიმულია ადგილობრივი მეწარმეობისთვის. ქართული კომპანიების პროდუქციის შეძენით ჩვენ კაპიტალს ვაბანდებთ არა მხოლოდ ამ კომპანიის განვითარებაში, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაში. ძლიერი კომპანია კი თავს უფლებას აძლევს კიდევ უფრო ხარისხიანი პროდუქცია შემოგვთავაზოს. - წამოდი გთხოვ... - წასვლის დროა. - წამოდგა, ზურგჩანთა და იარაღი ზურგზე მოიგდო. ისევ გაუყვნენ ტყეს სამხეთისკენ. როგორც კი ტყე დასრულდა, მარჯვნივ ზემო ხვითი გამოჩნდა. შორიდანვე ეტყობოდა, სოფელი დაცლილი იყო. ზემო და ქვემო ხვითს ორიოდე კილომეტრი აშორებდა ერთმანეთისგან. ზვიადისგან იცოდა, რომ ლუკა სწორედ ქვემო ხვითის ღვითსმშობლის ეკლესიასთან უნდა დალოდებოდა. სამანქანო გზისკენ არ წავიდნენ. ლაშამ სასოფლო ნათესების გავლით არჩია გზის გაგრძელება. დანიშნულების ადგილს უახლოვდებოდნენ. ბინოკლი მოიმარჯვა. გზის პირად მდგარ მომცრო ეკლესიას გახედა. ბაზილიკის სტილში ნაგები ტაძრის განაპირას, მოზრდილი ხის ძირში ნაცნობი მანქანა შენიშნა. - ვახ შენ გენაცვალე! აღარ მეგონა თუ მოხვიდოდით. - შესძახა გახარებულმა ლუკამ. მეგობარს გადაეხვია და მაშინვე საქმეზე გადავიდა. - ვიჩქაროთ ლაშა, ისეთი ხმები ისმის ალბათ მალე აქ გაჩნდებიან. - ქეთი მანქანაში ჩაჯექი. - მიმართა არაბულმა გოგოს და ლუკა მოშორებით გაიხმო. - საღამომდე ალბათ აქამდეც მოვლენ. დიდი ხანი ვერ შევაკავებთ. - რჩები? - რას მეკითხები?! - კარგი ნუ იბღვირები. - რომელი გზით მოხვედი? - რაც ზვიადმა მითხრა, აბა გორიდან ვინ შემომიშვებდა? - იგივე გზით წადი. არსად არ გაჩერდე. - შენ რას აპირებ? - ზვიადთან ვბრუნდები. *** ვასილ ჯავახიშვილის ოჯახში დიდი თავყრილობა იყო. მესამე დღე იყო ყველა ნათესავი, მეგობარი თუ ბიზნეს პარტნიორი მის ეზოში დააბიჯებდა. თითოეული მათგანი საკუთარი კონტაქტებით ცდილობდა გაუჩინარებული შვილის პოვნაში დახმარებოდა ოჯახს. პოლიციისგან ახალი არაფერი იყო. თუმცა ისედაც ყველა აცნობიერებდა, რომ ომის დრო პოლიციას დაკარგული გოგონასთვის ნამდვილად არ ეცლებოდა. ქეთის მწირ სამეგობროში არავის წარმოდგენა არ ჰქონდა სად შეიძლებოდა გოგონა წასულიყო. გადაამოწმეს საავადმყოფოები, ძვირადღირებული საკურორტო სასტუმროები, საზღვრები და გასული დღეების ავია რეისები. გოგონას კვალი არსად ჩანდა. ეზოს კუთხეში განმარტოვებული ვასილ ჯავახიშვილი ბოლთას სცემდა და ღრმა ნაფაზებს ურტყამდა. „ბაკურ ეს თუ შენი გაკეთებულია...“ - ფიქრობდა, თუმცა მალევე საკუთარი ფიქრებს ეწინააღმდეგებოდა. „შვილით? შვილით გადამიხდიდა ვითომ სამაგიეროს?“ ფიქრებს ვეღარ გაუძლო და რამაზთან მიიჭრა. - ბაკურთან უნდა წავიდე! - ისევ დაიწყე?! - უნდა წავიდეთქო გითხარი! - ნერვიული ტონით აგრძელებდა ვასილი. - დამშვიდდი ვასილ და ამოიგდე ეგ ფიქრები თავიდან. არ არის ბაკური მაგის კაცი, მშვენივრად იცი ეს! - იმაში მაინც დავრწმუნდები, რომ ჩემი ქეთის გაუჩინარებაში ბრალი არ მიუძღვის. - როგორ ფიქრობ? ერთადერთი შვილიშვილი ომში გაუშვა, მერე ადგა და მისი შეყვარებული მოიტაცა?! რისთვის გამაგებინე?! - ჩემს გასამწარებლად! რა? არ არის ამაში ლოგიკა? - მის ადგილას შენ ასე მოიქცეოდი? - რამაზმა თვალებში ჩახედა ბიძას. ვასილმა თავი ჩახარა. სიგარეტის მორიგი ღერი ამოძვრინა და დამნაშავესავით ჩაილაპარაკა. - აღარ ვიცი რა ვიფიქრო... ვასილს სიტყვა არ ჰქონად დამთავრებული, რომ ღია ჭიშკართან შავი აუდი გაჩერდა. უნებლიედ მიიხედა და სახე გაეყინა როცა ავტომობილიდან გადმოსული შვილი დაინახა. გოგონას ფერი დაჰკარგვოდა. სახე თოვლზე მეტად გათეთრებოდა, მხოლოდ მწვანე თვალები უბრღვიალებდა ჩვეულებისამებრ. ძალაგამოცილი გოგო გაქვავებულივით მდგარ მამისკენ მძიმე ნაბიჯებით დაიძრა. ეზოში მყოფი გაოცებული ხალხი ერთბაშად ქეთისკენ გაქანდა და გარს შემოეხვივნენ. ჯაბას კომფლიქტის გამო ლუკას ჯავახიშვილებთან კომუნიკაციის დიდი სურვილი არ ჰქონდა. მანქანა მოატრიალა, უნდა დაძრულიყო, რომ რამაზმა კარი გამოაღო და გვერდით სავარძელთან მიუჯდა. - გამარჯობა. - ინტერესით სავსე თვალები მიაპყრო. - გაგიმარჯოს. - ვინ ხარ? - ლუკა. - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა. - მგონი ხვდები, რომ მხოლოდ სახელი არ მაინტერესებდა. - რა გაინტერესებს? - სახლში შევიდეთ. იქ ვილაპარაკოთ. - მეჩქარება. - კიდევ ერთხელ გკითხავ, ვინ ხარ? საიდან გაჩნდა ქეთი შენთან?! - ხმა გაუმკაცრდა რამაზს. - ლაშას მეგობარი ვარ! - მერე! - ცხინვალისკენ იყო. იქიდან წამოვიყვანე. - ცხინვალი? იქ რა უნდოდა? - გაოცდა რამაზი. - დაჭრილებს ეხმარებოდა. - მოიცადე, მოიცადე. - დაბნეული რამაზი ერთ წერტილს მიაშტერდა. - შენ ამბობ, რომ ქეთი ომში იყო და დაჭრილებს მკურნალობდა? - ჰო, ლაშამ იპოვა შემთხვევით. დამირეკეს და მის წამოსაყვანად ჩავედი. ერთ-ერთ სოფლამდე შემოვლითი გზებით ძლივს მივაღწიე. იქ მოიყვანა ლაშამ და გამომაყოლა. რამაზმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა ბიჭი. უმცროს ჯავახიშვილს მართლაც არ უჭირდა ადამიანების ამოცნობა. ლუკას სიტყვებს კი დამაჯერებლობა ნამდვილად ეტყობოდა. - დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა გადმოხვიდე? მშობლებს მადლობით თქმა მოუნდებათ. - არ არის საჭირო, კარგად ბრძანდებოდეთ. - ჩაილაპარაკა ლუკამ. მანქანა დაქოქა და რამაზს აგრძნობინა მანქანიდან გადასულიყო. - მოიცადე... „აუდი“ მოგწონს? - მიანიშნა საჭეზე აღბეჭდილ ავტომობილის ემბლემაზე. - რაა? - დასმული კითხვა ეუცნაურა ლუკას. - მეც მომწონს, რომელი წლიანია? - ჩემზე ცოტატი პატარაა. - მისამართი მითხარი. წლევანდელ მოდელს, „აუდი Q7” გამოგიგზავნი ხვალ. - ესეც მაკმაყოფილებს. - ამრეზი ღიმილით გახედა რამაზს. - მადლობა კი ლაშას უთხარით, ეს მის გამო გავაკეთე. მოულოდნელად ლუკას ტელეფონი აწკრიალდა. ნომერს დახედა, ზვიადი რეკავდა. გვერდით მჯდომი ბიჭის ტელეფონიდან გამაყრუებელი ხმები. „ლუკა, გააღწიეთ? სად ხართ, ლაშა სად დატოვეთ?“ - სროლის ხმის ფონზე ბიჭის ყვირილი გაისმა. ლუკამაც ხმამაღლა უპასუხა, რომ უკვე თბილისში იყვნენ, ლაშა კი დათქმულ ადგილას, იმავე სოფელში დატოვა სადაც შეხვდნენ. „კარგი წავედი, ბედნიერად“ - მოისმა ისევ ყვირილი. „რა ხდება?“ - ახლა ლუკამ დაიყვირა. „როგორც გავიგე, ეგ სოფელი ერთი საათის უკან დაბომბეს, ლაშა ჩემამდე არ მოსულა“. - ტყვიის ზუზუნივით გაისმა ზვიადის ბოლო წინადადება. *** ბაკური მთელ დღეებს ტელევიზორთან ატარებდა. აუცილებელი საჭიროებისთვის თუ დატოვებდა ოთახს. სირჩით ჭაჭის არაყი დაედგა მაგიდაზე. პერიოდულად წამოდგებოდა, პატარა ჭიქაში ჩამოასხამდა, გადაჰკრავდა და ისევ სავარძელში ჩაეშვებოდა. მთელი ეს დრო საინფორმაციო გამოშვებებს ადევნებდა თვალს. მობილურ ტელეფონი მუდამ გვერდით ედო. იქნებ ლაშამ დარეკოსო. თუმცა მეოთხე დღე იყო შვილიშვილი კავშირზე არ გამოდიოდა. არჩილსაც ყოველ საათში ურეკავდა, თუმცა უიმედოდ. არც მასთან დაერეკა შვილიშვილს. დღე იწურებოდა. ბაკურს მთელი სირჩა არაყი გამოეცალა, თუმცა არც სიმთვრალე და არც რული არ ეკარებოდა. არყის შესავსებად მეუღლისთვის უნდა დაეძახა, რომ მისივე ძახილი მოესმა. - აბა გამოხედე, ცხენი რაღაცამ დააფრთხო. - როდის იყო ეგ ფრთხებოდა. - ჩაილაპარაკა თავისთვის. - ადე კაცო, გამოხედე აბა რა დღეშია! - მოისმა ისევ. ზლაზნვით წამოდგა. ნელი სვლით ეზოში გავიდა და ეზოს ბოლოსკენ გაიხედა. ძლიერი, რკინის დაწნული ღობით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მყოფი ცხენი მართლაც უცნაურად იქცეოდა. შავი ბედაური გაუჩერებლივ ჭიხვინებდა. დროგამოშვებით ყალყზე დგებოდა. დაეშვებოდა თუ არა ღობისკენ გაქანდებოდა და გვერდულად ეტაკებოდა. ხან მოტრიალდებოდა უკანა ფეხებს ურტყავდა გასარღვევად. მერე თავს ჰორიზონტალურად გადაიქნევდა და გრძელ შავ ფაფარს აფრიალებდა. ცხვირის ნესტოები დაჭიმვოდა, ველური გრანდიოზულობით ფრუტუნებდა და განრისხებული წინა ფეხებს მიწას ურტამდა. ბაკურს ასეთი გაცოფებული არასდროს ენახა. თავიდან იფიქრა ქვეწარმავალი შემოძვრებოდაო. ღობის მიღმა ტერიტორია მოათვალიერა, ქვეწარმავალი არსად ჩანდა. ბაკურის მიახლოებამ ოდნავ დაამშვიდა ცხენი, მხოლოდ დიდრონ თვალებსღა აბრიალებდა და დაბერილ ნესტოებს ნერვიულად ათამაშებდა. - რა იგრძენი შე გადარეულო... - ნერვიულად ჩაილაპარაკა და ჩამოშლილი ფაფართან ხელი გადაუსვა. - რა დაემართა? - ჰკითხა ცოლმა გამობრუნებულ ბაკურს. - არ ვიცი. წადი მანქანის გასაღები და ტანსაცმელი გამიმზადე. მივდივარ. - ნასვამი ამ დროს სად მიხვალ? - თბილისში. ასე ჯდომა აღარ შემიძლია. იქნებ რამე გავარკვიო ლაშაზე. *** ქეთი ნელ-ნელა გონს მოდიოდა. კარგად გამოძინების შემდეგ დაღლილობა მოეხსნა. სახეზე ფერი დაუბრუნდა, მაგრამ კომფლიქტის ზონიდან ორი დღის დაბრუნებული გოგო თითქმის მთელ დროს საძინებელში ატარებდა. მშობლებს, უკითხავად წასვლისთვის ბოდიში მოუხადა. მოკლედ აუხსნა რომ რამდენიმე დღე გორის ჰოსპიტალში სჭირდებოდათ მედდები და მოხალისედ ჩაეწერა. ხოლო როცა გორის დაბომბვის რისკი გაჩნდა უკან დაბრუნდა. ოჯახის და ნათესავების დასმულ შეკითხვებს თავს არიდებდა და მხოლოდ ლაშაზე ფიქრით იქცევდა თავს. გასულ დღეებში რამდენი რამ გაიგო მასზე. ახლა ხვდებოდა, ლაშა თავიდანვე ამოუცნობი იყო. არც თავიდანვე ეჩვენა, მარტივი და ადვილად ამოცნობადი. თუმცა არა ამდენად. თავდაპირველად, ალბათ სწორედ ამან მიიზიდა გოგო. იმ პერიოდისთვის გოგოსთვის რომ გეკითხათ ბიჭს ორი სიტყვით, სასიამოვნო ადამიანად და ამავდროულად ცინიკოსად დაახასიათებდა. ახლა ორი სიტყვით დახასიათება კი არა საერთოდ ვერ ხვდებოდა ვინ იყო. საკუთარ გონებას მხოლოდ იმაში ეთანხმებოდა, რომ თავდავიწყებით უყვარდა. უკვე დარწმუნებული იყო, რომ გონება და სიყვარული სხვადასხვა მასალისგან არის შექმნილი. გონება ადამიანებს ბოჭავს, მაგრამ თითქმის არაფერს აკარგვინებს. სიყვარული კი ყველა ბორკილს ამსხვრევს და ყველაფერს დაკარგვის საფრთხე ემუქრება. გონება ყოველთვის გეუბნება: „ფრთხილად, ზედმეტ გზნებას ერიდე“! სიყვარული კი ამბობს: „ნუ კრთი, თამამად, თამამად!“ გონებას ადვილად ვერ გატეხ, სიყვარული კი ერთი ხელის მოსმით შეიძლება შემოგეფშვნას ხელში. მაგრამ განძი სწორედ ნანგრევებში იმალება. განძს შემუსრული გული ინახავს! ფიქრობდა. ფიქრობდა და ოცნებობდა. აღარ დარდობდა. მასზე ფიქრი ღიმილს და ბედნიერებას გვრიდა. ყველაფერი ის მოსწონდა, რაც მას მოეწონებოდა. ცხენზე ჯირითიც ხომ მის გამო ისწავლა. ცხენის გახსენებაზე ნახატი მოაგონდა. ლაშას ლუკასთვის გამოეტანებინა, სანამ ჩამოვალ შემინახეო. „უნდა გამოვართვა, მე შევუნახავ“ - გაიფიქრა და ტელეფონს დასწვდა. რაკი ლუკას ნომერი არ იცოდა თაკოს დაურეკა. - გამარჯობა თაკო. - ქეთი, როგორ მომენატრე. როგორ ხარ? - კარგად, მადლობა. შენ? - ძალიან კარგი. არ გირეკავდი ვიფიქრე დაისვენოსთქო. - ლუკას ნომერი შეგიძლია მომცე? - ლუკამ ახლახანს დამირეკა, ჩემთან უნდა გამოვიდეს. ლაშას ბაბუა ჩამოსულა გუშინ. ერთად გამოვლენ ალბათ. - უი, მართლა? - კი, და შენც თუ გამოხვალ ძალიან გაგვახარებ. - მოვემზადები და წამოვალ. გთხოვ ლუკას უთხარი ნახატი გამოაყოლოს, უნდა გამოვართვა. - რა ნახატი? - მიხვდება თვითონ. - კარგი. როგორც კი საუბარს მორჩა, გახარებული საწოლიდან წამოხტა და ასაბაზანისკენ წავიდა. ნახევარ საათში, მისაღებ ოთახში ჩასული გოგო მამას და რამაზს შეეჩეხა. - სად მიდიხარ შვილო? - ჰკითხა ვასილმა. - მეგობართან, საღამომდე დავბრუნდები. - რამაზი წაგიყვანს თუ გინდა. - არ არის საჭირო. - თავდაჯერებულად ჩაილაპარაკა გოგომ და ეზოში გავიდა. ჩაფიქრებული ვასილმა შვილს თვალი გააყოლა, როგორც კი თვალს მოეფარა რამაზს მიუბრუნდა. - როდის მიდის, როდის ეწყება სწავლა? სულ გადარია იმ ბიჭმა. - ერთ თვეში ალბათ . - უპასუხა რამაზმა. - ისე მაინც ვერ ვხდები რას ერჩი იმ ბიჭს. - შენ ნამეტანი ექომაგები ამ ბოლო დროს. იქ არ იყავი? შენს თვალიწინ არ გაუტეხა თავი ჩემს შვილს? ბაბუამისივით შეშლილია ეგეც. არ მჭირდება მე ეგეთი სიძე! არც ბაკურთან დანათესავება მხიბლავს! - მე ამ ბიჭში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მგონი მადლობილიც უნდა იყო. ის რომ არა, ვინც იცის გამოაღწევდა თუ არა ქეთი ომიდან. - ვფიქრობ და ვერაფრით მივმხვდარვარ რამაზ, როგორ გაბედა წასვლა? ადგა და შუაგულ ომში გაიქცა დაუფიქრებლად... ისე, რამხელა გული ჰქონია ამ მამაძაღლს. - ჩაილაპარაკა ვასილმა. სიამაყისა და კმაყოფილების გრძნობამ ნაღებივით წამოუარა მის ყველა ფიქრს. თაკოსთან მისულ გოგოს ბაკური და ლუკა ადგილზე დაუხვდნენ. ტანადი, ბრგე მოხუცი მობერებული ეჩვენა. უსიცოცხლოდ ჩაცვენილ თვალებში მაინც შერჩენოდა ახალგაზრდული ღონე, თუმცა მის გამოხედვაში საშინელი დარდი და ტკვილი ადვილი ამოსაცნობი იყო. გაუნძრევლად იჯდა, ნახატი ცხვირწინ გაეშალა და თვალს არ აშორებდა. ნახატზე დასაკვირვებლად ხან თვალებს ჭუტავდა, ხან კი თითქოს გააჟრჟოლებდა და გაკვირვებულს შუბლის ნაოჭები უსწორდებოდა. რაღაც იყო ამ ნახატში. რაღაც ამოუცნობი და მომნუსხველი, იდუმალი და მისტიური. - რა ჰქვია შენს ნამუშევარს. - სევდანარევი ღიმილით მიმართა ქეთის. - გერგეთისკენ მიმავალნი. - ყოჩაღ, ძალიან ლამაზია. ცხენი კი საოცრად ჰგავს ერთ გადარეულ ცხოველს. - მადლობა, მეც კი გამიკვირდა ისე ადვილად მოვახერხე მიმემსგავსებინა. ბაკურმა ტილო დაახვია. გვერდით გადადო და ცივი წყალი მოსვა. - მომიყევი შვილო. რას გრძნობდა რა ხასიათზე იყო? - არ კი ვიცი საიდან დავიწყო. არ ვიცი რამდენად იცნობთ მას... - ოთახში მსხდომებს თვალი მოავლო. - რას გულისხმობ? ბავშვობიდან ვიცნობთ მე და ლუკაც. - ჩაერთო თაკო. - მაინც არ მგონია ბოლომდე იცნობდეთ. - ჩემს შვილიშვილის ყველაზე უკეთ ვიცნობ შვილო, ჩემი გაზრდილია. საიდუმლოებების დრო აღარ არის. მომიყევი სად ნახე, რას აკეთებდა, სად იბრძოდა? - ერთიანად დააყარა კითხვები ბაკურმა. - კარგით, ვეცდები თავიდან დავიწყო. მე და ერთი ექიმი ოსებმა ტყვედ აგვიყვანეს. რუსულ სამხედრო ბაზაში ვყავდით ჩაკეტილი. კიდევ ორი ქართველი იყო ჩვენთან ერთად გამომწყვდეული. იქ მომაგნო ზვიადმა. - ზვიადი... ხევსური ბიჭი? - იკითხა ბაკურმა. - იცნობთ? - გაუკვირდა ქეთის. - ვიცნობ, განაგრძე. - ორნი იყვნენ მთელი დაჯგუფების წინააღმდეგ. ამ ორმა მთელი ბაზა ნანგრევებად აქცია. ვერ ავღწერ რა საშინელება იყო... ასეთი რამ მხოლოდ კინოში თუ მინახავს. ზვიადი ჩვენთან შემოიპარა. ცდილობდა შენობიდან გარეთ გავეყვანეთ, თუმცა გაიგეს რუსებმა და შეიარაღებულები ჩვენსკენ წამოვიდნენ. პატარა ოთახში ვიყავით გამოკეტილები, აღარაფრის იმედი არ იყო. უცებ რაღაც აფეთქდა, შემდეგ სროლა დაიწყო. დერეფანში რომ გამოვედით ის ხალხი, ვინც ჩვენ გვემუქრებოდა დახოცილი და ნაფლეთებად ქცეული ეყარა ძირს. წინ შავებში ჩაცმული ნიღბიანი იდგა და დახოცილებს დაჰყურებდა. ნელ-ნელა დავიძარით, ეზოში რომ გავედით იქაც უამრავი დახოცილი ვნახეთ. ზვიადმა გაგვიყვანა ტერიტორიიდან და ქართულ ბატალიონთან მივედით. - ის ნიღბიანი სად წავიდა? - იკითხა ბაკურმა. - არ ვიცი, სადღაც გაქრა. გარეთ გასულებს იქ აღარ დაგვხდა. ყველას გვაინტერესებდა ვინ იყო, ზვიადმა კი მხოლოდ მისი მეტსახელი გვითხრა. - მფრინავი ჰოლანდიელი! - ჩაილაპარაკა მოხუცმა და თვალები აუბრდღვიალდა. - ჰო... ყველაგან ლაშას ვკითხულობდი. ზვიადი ამბობდა, რომ ზუსტად არ იცოდა სად იყო. როცა ჩვენს ჯარისკაცებთან მივედით იქაც მოვიკითხე. არ იცნობდნენ. აი, მფრინავ ჰოლანდიელზე კი უამრავი რამ მომიყვეს. მისდამი პატივიცემით უამრავ სისატიკეს მიყვებოდნენ მასზე. მითხრეს, რომ ზვიადის მსგავსად ისიც ავღანელი იყო, ანუ ავღნეთში ნამსახურები. ის მაღალი დონის სნაიპერი იყო და ყოველთვის მარტო იბრძოდა. მითხრეს მალე შემოგვიერთდებაო. არ ვიცი ვერ მოახერხა, თუ არ უნდოდა მოსვლა, მაგრამ იქ არ გამოჩენილა. უმრავლესობა მას რეალურად არ იცნობდა. მხოლოდ მოსმენილ ისტორიებს მიყვებოდნენ. გულის სიღმეში მადლობელი ვიყავი, მაგრამ მძულდა იმის გამო, რომ ასე ცივსისხლიანად ხოცავდა, თუნდაც მტერს. მძულდა და მეშინოდა მისი. მოგვიანებით ყველაფერს მიხვდი და გავაცნობიერე. ომის კანონებიც, მისი მდგომარეობაც. ქეთიმ ცოტა ხანს შეისვენა, წყალი მოსვა და განაგრძო. - მალე იქაც საშინელება დაიწყო. ყველა მხრიდან ისროდნენ. ალყაში ვიყავით. განსაკუთრებით საშიში სნაიპერები იყვნენ. ჩემს თვალიწინ უამრავი ადამიანი მოკლეს. დაჭრილებს პირველად დახმარებას ვუწევდი. ძალიან ბევრი ჩვენი ჯარისკაცი უმისამართოდ გაიქცა, გაიფანტა. ზვიადი იბრძოდა და ისიც დაჭრილებს შველოდა. გავიგონე როგორ ეძახდა ჰოლანდიელს და შველას სთხოვდა. თავიდან ის არსაც ჩანდა, თუმცა როცა მტრის სნაიპერები აღარ ისროდნენ მივხვდი, რომ ეს იმ ნიღბიანის დამსახურება იყო. რუსები ჩვენსკენ მოიწევდნენ. ჩვენები ხვდებოდნენ რომ ვეღარ გაუმკლავდებოდნენ. ზვიადმა ტყისკენ წამიყვანა და ჰოლანდიელს ჩამაბარა, თვითონ კი უკან გაბრუნდა. - ეს რეები გადაგიტანია. - თაკო გვერდით მიუჯდა და ანერვიულებული გოგოს დამშვიდება სცადა. - ჩემთან როცა მოხვედით ლაშას სამხერო ფორმა არ ეცვა. შავებში იყო ჩაცმული.- გაფართოვებული თვალებით შეხედა ლუკამ. - ეს მფრინავი ჰოლანდიელი ლაშა იყო? ქეთი თავის დაქნევით დაეთანხმა. შემდეგ ბაკურს შეხედა. როცა მის სახეზე აღტაცება ამოიკითხა და არა გაკვირვება, დარწმუნდა, რომ ის მართლაც ყველაზე უკეთ იცნობდა შვილიშვილს. - ამის მერე ლუკასთან მომიყვანა და აქ გამომიშვა. ვეხვეწე წამოსულიყო... ვერ დავარწმუნე. - არ წამოვიდოდა. - შეაწყვეტინა ბაკურმა. - მეც ვეხვეწე არ წასულიყო, მაგრამ არ დამიჯერა. მშიშარა კაცი არ ვარ. ვინც არ უნდა წასულიყო ომში, ჩემიანი თუ სხვა, ყველას მოვუწონებდი საქციელს და გამახარებდა მისი ვაჟკაცობა. მაგრამ არა ლაშას შემთხვევაში... ასეთი ხასიათი აქვს, უკან დახევა არ იცის და ეს მაშინებს სწორედ.... ერთსღა გკითხავ შვილო. - თვალებში ჩახედა გოგოს. - შენს ნახატზე, ამხედრებული წყვილიდან ბიჭი რატომ არის გვერდზე ასე გადახრილი? თითქოს ცხენიდან ვარდებაო. - რა თქვით? - გოგო ფეხზე წამოხტა, ტილოს დასწვდა, გაშალა და სახეზე ფერი ეცვალა. ცხენზე მჯდომი ბიჭი თითქმის ოთხმოცდაათი გრადუსით გვერდზე გადახრილიყო. იქმნებოდა ილუზია, რომ თავს ვერ იმაგრებდა და მართლაც ცხენიდან ვარდებოდა. - მე ასეთი არ დამიხატავს... - ძლივს ამოილუღლუღა გოგომ. ყველამ გაკვირვებული თვალები მიაპყრო გოგოს. ქეთი გაშტრებული უყურებდა ნახატს და ხმას ვერ იღებდა. - როდის ნახე პირველად ეს ნახატი. - მიუბრუნდა ბაკური ლუკას. - ლაშამ პატარა ჩანთით გამომატანა. იქვე არ გამიხსნია. ამის ნახვის დრო ვის ჰქონდა... ქეთი მივიყვანე. მერე სახლში წავედი და იქ ვნახე. - ლუკამ კიდევ ერთხელ შეხედა ნახატს. - როცა ვნახე მაშინაც ასეთი იყო. - მე ასეთი არ დამიხატავს! - ახლა უკვე მტკიცედ და გარკვევით თქვა გოგომ. ბაკური ჩაფიქრდა. კუპრივით შავი ცხოველი თვეზე მეტის იქნებოდა, როცა ლაშასთვის თურქმენეთიდან ჩამოაყვანინა. შვილიშვილს დანაპირები აუსრულა და დაბადების დღისთვის აჩუქა. სატვირთო ავტომობილს სახლის ჭიშკართან დახვდნენ ბაბუა და შვილიშვილი. დიდი საბაგრული გახსნეს და ულამაზესი ცხოველი გადმოიყვანეს. „ეს ახალთექური, სუფთა სისხლის კვიცია ლაშა. ამ ჯიშის ცხენები ძალიან იშვიათად იბადება შავი ფერის. უმეტესად ოქროსფერი ან ჩალიფერია. უძველესი დროის ჯიშია და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზ ლამაზ, ძლიერ და ამტან ჯიშად ითვლება. როგორც ამბობენ, საკვებისა და წყლის გარეშე უდაბნოში რამდენიმე დღის გავლა შეუძლიათ. ძველ დროში ამ ჯიშის ცხენი უფრო მეტად ფასობდა, ვიდრე ქალები და ბავშვები. პატრონი ამ ცხენს დაბმულს არასდროს ტოვებდა. იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანია, საოცარი მახსოვრობა და ინტელექტი აქვს. თუ შეძლებ და მოიშინაურებ, ჩათვალე საუკეთესო მეგობარი შეიძენე. გაითვალისწინე, ის პატრონს ძალიან ეჩვევა და სხვას იშვიათად ემორჩლება“ - უთხრა მაშინ შვილიშვილს. საჩუქარმა ძალიან გაახარა ბიჭი. კვიცთან მივიდა, ცხოველის სილამაზით აღფრთოვანებულმა თავი ვერ შეიკავა, მოგრძო კისერზე ხელები მოხვია და მიიხუტა. - წამიკითხავს, მაკედონელის ჯარში თითქმის სულ ახალთექური ცხენები ჰყავდათო. - თქვა ლაშამ. - ეგ არ ვიცი. - უპასუხა შვილიშვილს.- ის კი მითხრეს, რომ შენი კვიცი 24 აპრილს დაიბადა. თურქმენეთში ეს ახალთექური ცხენის დღეა. ასე, რომ ბედნიერ ვარსკვლავზეც ყოფილა გაჩენილი. შეიყვარე, გაზარდე და თავად მოათვინიერე. - რა დავარქვა? - იკითხა ლაშამ. - ხორასნელი დაარქვი. - რატომ ხორასნელი? - ხორასანი ახლა ირანის ტერიტორიაა, თუმცა მანამდე ის ავღანეთის და თურმენეთის მიწებს მოიცავდა. საუკეთესო ახალთექური ცხენები სწორედ იქ იყვნენ. - ხორასნელი... კარგად ჟღერს. - ჩაილაპარაკა ლაშამ. შემდეგ კვიცს მუბრუნდა, მოკლე საბელში ხელი წაავლო. - წავიდეთ ხორასნელო. - ჩაილაპრაკა და ეზოსკენ გაუძღვა. ლაშას ყოველი დღე ცხოველზე ზრუნვით იწყებოდა და მთავრდებოდა. ეზოს ბოლოში სადგომი აუშენა და ეზოს დიდი ნაწილი შემოუღობა. ბიჭის დანახვისთანავე კვიცი მაშინვე მასთან ჩნდებოდა. ანცი ცხოველი მის წინ დაკუნრუშობდა და ცდილობდა თამაშში აეყოლიებინა. რამდენიმე თვეში ლაშა ყველა მის ქცევას ზუსტად ხვდებოდა. იცოდა რომ ცხენებს საკუთარი ენა ჰქონდათ, რისი გაგებაც მათ ქცევებზე დაკვირვებით იყო შესაძლებელი. მაგალითად, როცა ცხენს რაიმის დაყნოსვა ან დაგემოვნება უნდოდა, ზედა ტუჩს მაღლა სწევდა. როცა ვინმეს ან რაიმეს მოუთმენლად ელოდებოდა, ფლოქვებს მიწას აბაკუნებდა. თუ კუდს მაღლა სწევდა და დაკუნტუშებდა, ესე იგი კარგ ხასიათზე უნდა ყოფილიყო. ხოლო თუ ყურებს უკან სწევდა, ან ნესტოებს ბერავდა - ბრაზობდა. ლაშა ცხენის გაწვრთნასთან დაკავშირებულ ბევრ ინფორმაცის გაეცნო. ხორასნელი წელიწადს გადაცილებული იყო, როცა მისი გაწვრთნა დაიწყო. თავდაპირველად ხალხმრავალ ადგილებში სიარულს, მანქანების და იარაღის ხმას მიაჩვია, რათა შემდგომში არანაირ ხმაურზე არ დამფრთხალიყო. როცა ერთი ცხენს მეორის ყურადღების მიქცევა უნდა ზურგს აქცევს, ამით მისი ყურადღების მიქცევას ცდილობს. ძირითადად ასე წვრთნიდა ლაშაც. ზურგს შექცევით ანიშნებდა, მომიახლოვდი არაფერს დაგიშავებო. წვრილი ჯოხის დახმარებით წრიულ მოძრაობას აჩვევდა. ასწავლა უკუსვლით სიარულიც. ვარჯიშის მიწურულს გრძელ საბელს აბამდა და წრიულად ბევრს არბენინებდა. ბაკური ურჩევდა სანამ სამი წლის არ გახდება ნუ შეჯდებიო, მაგრამ არ დაუჯერა და ერთ დღეს ფართო მინდვრისკენ გაიყვანა. ცხენს ზურგზე ხელი გადაუსვა, ფაფარზე მოეფერა, გვერდულად ამოუდგა და თვალის დახამხამებაში ზურგზე მოახტა. ბაკური ცხენებში საკმაოდ კარგად ერკვეოდა, იცოდა, როგორც წესი პირველი ამხედრების დროს ნებისმიერი ცხენი საკმაოდ ჯიუტობს, ტლინკებს ყრის და ხშირად მხედარსაც ძირს აგდებს. სწორედ ამიტომ მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ხორასნელმა მსგავსი არაფერი გააკეთა. უფრო მეტიც, ბაკურს მოეჩვენენა, რომ ცხენს თითქოს უხაროდა კიდეც პატრონის მასზე ჯდომა. ამხედრებული ლაშა წინ გადაიხარა და მცირე ხანს რაღაც უჩურჩულა. შავი ულაყი ჯერ სეირნობით წავიდა, მერე თოხარიკზე გადავიდა. ბოლოს კი გამაფრთხილებლად დაიჭიხვინა და შურდულივით მოსწყდა ადგილს. მას შემდეგ ბაკური ხშირად ხედავდა ცხენთან მოჩურჩულე შვილიშვილს. ჰკითხა კიდეც ერთხელ, რას ელაპარაკებიო. „არაფერს, უბრალოდ ჩემს ხმას ვაჩვევო“ - მიიღო პასუხად. - შენს ხმას ხმამაღლა ლაპარაკით უფრო მიაჩვევდი. - ტყუილს მიუხვდა ბაკური. - გგონია ესმის? ლაშამ პასუხას მხოლოდ გაიღიმა. მაშინ ბაკურმა ბევრი იცინა, ახლა კი დარწმუნებული იყო, რომ მათში რაღაც განსაკუთრებული იყო. ცხენი გრძნობდა პატრონს, გრძნობდა მაშინაც კი როცა მასთან არ იყო. ამის დაჯერება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ნახატის ტრანსფორმაციას ახსნას ვერ უძებნიდა და საგონებელში ვარდებოდა. ერთი იმას ხვდებოდა, რომ ნახატის სახეცვლილება კარგის მომასწავებელი არ უნდა ყოფილიყო. *** ზემო ნიქოზთან გამაგრებული მე-2 ბრიგადის ნაწილს უკვე დაეტოვებინა ტერიტორია და უკან დაეხია. ნიქოზთან, მეთაურის გარეშე დარჩენილი ერთადერთი ბატალიონის ნაწილი იბრძოდა. ირგვლივ, მინდორზე უამრავი ცხედარი ესვენა. დარჩენილი ორი ოფიცერი და ორმოცამდე ჯარისკაცის უმეტესობა უკვე უმისამართოდ ისროდა. მანამდე, დაბნეული და დამშეული სამხედრო მოსამსახურეების ნაწილს იარაღი დაეყარა და მიმდებარე მინდვრების გავლით უგზო-უკლოდ, უმისამართოდ გაფანტულიყო. ზვიად ლიქოკელი ნათლად ხედავდა, უკვე ყველა საკუთარი თავის უფროსი და სარდალი იყო. მისთვის ძნელი მისახვედრი აღარ იყო, რომ უამოცანოდ დარჩენილი ქვედანაყოფი მალე სნაიპერებისა და ყუმბარმტყორცნების იოლ სამიზნედ გადაიქცეოდა. რაღაც უნდა ეღონათ. ვრცელდებოდა ჭორები ბატალიონების სრული განადგურების შესახებ. ცოცხლად დარჩენილ მეთაურებს კი აღარ შესწევდათ ძალა ჯარისკაცთა ასეთი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოესწორებინათ. შეტყობინება მოვიდა, რომ დახმარება მოვიდოდა და ჰაერიდან დაიცავდნენ. ჯარისკაცებს იმედი მიეცათ. მალევე საჰაერო გამანადგურებელი შენიშნეს. გახარებული ჯარისკაცები მისასალმებლად სამალავებიდან გამოცვივდნენ და ხელების ქნევა დაიწყეს. „ადგილზე დარჩით! ჩვენები არ არიან“ - გაჰყვიროდა ლიქოკელი. კარგად იცოდა, საქართველოს ასეთი ავია გამანადგურებლები არ ჰყავდა. ერთ გამანადგურებელს მეორე მოჰყვა, მალე მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვა დაიწყეს. დამფრთხალი ჯარისკაცები კვლავ სანგრებს დააუბრუნდნენ. - ჩემი ნებართვის გარეშე აღარავინ გაინძრეს. - იღრიალა ლიქოკელმა. - ჩვენ რატომ არ დაგვბომბეს? - იკითხრა გაოცებულმა ჯარისკაცმა. - მაინც ალყაში ვართ, ალბათ ამიტომ. - უპასუხა ზვიადმა. გადაწყვიტა დროებით მეთაურობა თავად ეკისრა და ჯარისკაცების უმრავლესობა ახლოს მოიხმო. - მომისმინეთ ყველამ! როგორც იცით, ჩვენმა ბრიგადამ უკან დაიხია ფხვენისისკენ. ჩვენ თუ გასვლა ვერ მოვახერხეთ, არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დავიხოცებით, ანდა ლაჩრულად უნდა მოვიქცეთ და მტერს შიში ვაჩვენოთ. ახლა რომ გავიქცეთ ალყას ვერ გავარღვევთ, თუ როგორმე მოვახერხებთ მტერი მაინც მალევე წამოგვეწევა და სირცხვილით სიკვდილს, კაცური სიკვდილი გვიჯობდეს! თუნდაც გადავრჩეთ, ცხოვრება მაინც ისე გაიპარება, როგორც ქვიშაში წყალი და ორი დღით მეტი სიცოცხლისთვის აბუჩად ნურავის ავაგდებინებთ ჩვენს სახელს! ნურც იმ ვაჟკაცების სულებს გადავაბიჯებთ. - ხელი დახოცილი ჯარისკაცებისკენ გაიშვირა ზვიადმა. - ხომ ითქვა ჰოლანდიელი შემოგვიერთდებაო, რატომ არ მოვიდა? - იკითხა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა. - მეთაურისგან გავიგე, სანამ წავიდოდა თქვა, ჰოლანდიელი ცოცხალი აღარ იქნებაო... - ჩაილაპარაკა ოფიცერმა. ზვიადი წამიერად გაქვავდა. ყველა საჭირო სიტყვა თითებს შორის სლიპინა სიფსიტებივით გაუსხლტა. - დაისვენეთ! თვალი მოატყუეთ და გული გაიქვავეთ! - თვალებანთებულმა მკაცრად მიმართა ყველას. თუმცა მისი უწინდელი თავდაჯერებულობა სადღაც გამქრალიყო. ღამე იწურებოდა. ახლოს იყო განთიადი. ზვიადმა სადარაჯოდ მორიგეობა დააწესა. დანარჩენებს დასვენება უბრძანა. თავად კი ტყისკენ წავიდა, ძმადნაფიცთან ბოლო შეხვედრის ადგილი მოინახულა. იარაღის სამალავი შეამოწმა და ლაშას შაშხანა აღმოაჩინა. „რომ მობრუნებულიყო, ამას აუცილებლად აიღებდა“ - გაიფიქრა და გული დაუმძიმდა. შაშხანასთან ერთად სხვა იარაღებიც მოაგროვა და უკან გაბრუნდა. დაქანცულ ჯარისკაცებს სახელდახელოდ გათხრილ სანგრებში ეძინათ. სროლის ხმა არსაიდან ისმოდა. თითქოს ბუნებაც ისვენებდა. მიწაზე გულაღმა გაწოლილი ლიქოკელს, გვერდით მეგობრის შაშხანა მოედო და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გასცქეროდა. მისი გული უაზღვრო სევდას და ბრაზს მოეცვა. გაბზარულ კედლებს ჰგავდა ხევსურის სხეული. დარდობდა ძმადნაფიცს, ბრაზობდა ცხოვრებაზე. ფიქრებში გართულს თანამებრძოლი მიუახლოვდა, მის გვერდით ჩამოჯდა და მათარით წყალი მიაწოდა. - ეს ჰოლანდიელის იარაღია? - ჯარისკაცმა შაშხანაზე მიანიშნა. - ჰო. - ზვიადი წამოიწია და წყალი გამოართვა. - ბევრს ნუ იდარდებ. - ფიქრებს მიუხვდა ჯარისკაცი. მისი ცხედარი არავის უნახავს. იქნებ ცოცხალია. - ავღანეთში ხშირავ ვუყურებდით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. - სევდიანი ღიმილით დაიწყო ზვიადმა. - ასე, წამოვწვებოდით, ზევით ვიყურებოდით და სამშობლოზე ვსაუბრობდით. ერთხელ მითხრა; დადგება დღე და თავისუფლების მზე უფრო გაათბობს გარემოს, ვიდრე ვარსკვლავთა მთელი არისტოკრატიაო. - ვაჰ, რა ლამაზი ნათქვამია. - სახე გაებადრა ჯარისკაცს. - თუკი რაიმე მსმენია მასზე, ყველა ამბობს, ის რაღაც სხვანაირი, განუმეორებელი მეომარიაო. როგორც ადამიანი კი ძალიან იდუმალი და უცნაურიაო. - იდუმალი არ არის, უბრალოდ ჩემსავით ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. - გაიღიმა ზვიადმა. - ღმერთმა თავის ხატად შეგვქმა ყველანი, მაგრამ მაინც ყველანი განსხვავებულნი და თავისებურად განუმეორებლები ვართ. დედამიწის ზურგზე ორი ერთმანეთის მსგავსი ადამიანი არ მოიძებნება. ორი გულიც კი არ ძგერს ერთი რიტმით. ღმერთს რომ ჩვენი იდენტურობა ნდომოდა, ფიზიკურადაც კი ყველას ერთნაირებად გაგვაჩენდა. ამიტომ ვინც განსხვავებას პატივს არ სცემს და თავის აზრს სხვებს ახვევს, პირველ რიგში ღვთიურ წესრიგს არ უწევს ანგარიშს. - მის მოკვლაზე ავღანეთში მართლა ჯილდო იყო დაწესებული? - იყო ერთი პერიოდი. ჩემს გამო იყო ყველაფერი... - როგორ თუ შენს გამო? - ტყვეობიდან, წამებით სიკვდილისგან მიხსნა. - ამიტომ ამბობდი ჰოლანდიელთან სიცოცხლით ვარ დავალებულიო... - ჰო. იმ უღმერთო მიწაზე ყველა ძმებივით ვიყავით, მაგრამ ადვილი საქმე არ არის საკუთარი სიცოცხელე გადადო მეგობრის გადასარჩენად. ომში კი სიცოცხლე ყველაზე ძვირად ფასობს... ქალაქში ბევრს საუბრობენ ძმობაზე, გვერდში დგომაზე, მაგრამ არ დაიჯერო იცოდე, ცარიელი სიტყვებია... ძმობა მხოლოდ მოქმედებით ფასდება. - მათარიდან ყლუპად წყალი მოსვა და განაგრძო. - მაშინ უბრალო ნაცნობები ვიყავით. როცა გაიგო, რომ დამატყვევეს ბაზიდან ღამით გამოპარულა, ჩემამდე მოვიდა და მარტომ გაანადგურა თალიბების დაჯგუფება, ოცამდე მაინც იქნებოდნენ. - მარტომ? მართლა ასეთი მაგარი სნაიპერია? - მარტო სნაიპერი? - ირონიულად გაიღიმა ზვიადმა. ნეტავ აქ ყოფილიყო და ნახავდი ვინც არის, საველე ბრძოლებში ათ კაცს მაინც უდრის ჰოლანდიელი. თავიდან არც ხიბლავდა სნაიპერად ყოფნა. მაგრამ მისნაირი სიზუსტის მქონე არავინ გვყავდა, ამიტომ სნაიპერად გაამწესეს. ჯარისკაცი აღტაცებული უსმენდა. - შენ მისი დანის ხმარება არ გინახავს. - განაგრძო ეშხში შესულმა ლიქოკელმა. - ტყვეობაში დაჭრილი ვიყავი, ზურგით გამოვყავდი შენობიდან. თვალებს არ ვუჯერებდი, მთელ სართულზე დანით აჩეხილი ათამდე კაცი ეყარა. ეზოში კი შუბლგახვრეტილი ხალხი ესვენა. ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ერთ კაცს შეეძლო. ბაზაზე რომ მიმიყვანა იქ დავრწმუნდი, როცა ხელმძღვანელობამ ბაზის უნებართვოდ დატოვებისთვის მხოლოდ ის დასაჯა, ორი კვირით, იქაურ „გაუბახტში“ გაუშვეს. თალიბებმა კი მის მოკვლაზე ჯილდო დააწესეს. როცა გათავისუფლდა ოფიცერმა შესთავაზა გარკვეული დრო არ გასულიყო ბაზიდან. თალიბები ეძებდნენ. ერთი მაგარი სნაიპერი ჰყავდათ, ოსმანი ერქვა. ძალიან გამწარებულებულები ვყავდით. რამდენიმე ამერიკელი თანამებრძოლი მოგვიკლა. ჩვენებიც ეძებდნენ. გვქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ჰოლანდიელზე ნადირობდა. მას ეს უფრო აღაგზნებდა. მაინც ერთვებოდა მისიებში, როცა ვპატრულირებდით სიმაღლეებიდან გვიცავდა. ვიცოდი, რომ ამავდროულად მტერ კოლეგას ეძებდა. ოსმანმაც კარგად იცოდა, რომ ჩვენი პატრულირებისას, დიდი შანსი იყო ჰოლანდიელი შორიახლოს ყოფილიყო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ დღესაც, ხრიოკიან მთაზე შენიღბული აღმოაჩინა ჰოლანდიელმა. ოპტიკურ ლინზაზე არეკლილმა მზის სხივმა გაყიდა ოსმანი. - მოკლა? - მოკლა. დაახლოებით კილომეტრს-ნახევრიდან ესროლა. - რას ამბობ?! - გაოცდა ჯარისკაცი. - ეგრეა. საღამოს მითხრა უნდა დავმარხოვო. გავყევი, მარტო არ გავუშვი. გზად ვეუბნებოდი მის გამო ხიფათში ნუ იგდებ თავს უკან დავბრუნდეთთქო. არ დამიჯერა... უკლებლივ ყველა სულიერისათვის, დედამიწაზე იქნება ის, ზღვაში თუ ჰაერში, გადარჩენის ერთადერთი გზა არსებობს: ეშმაკობით უნდა აჯობო მტერს. ცოცხალი რომ დარჩე უნდა იბრძოლო და მოკლა კიდეც თუ საჭიროა, მაგრამ ის ვაჟკაცი იყო და არ ეკუთვნის მზის გულზე, სვავების საჯიჯგნად ყოფნაო. თვლიდა, რომ ყველა ადამიანშია სიკეთის მარცვალი, ალბათ ამ სიკეთის მარცვალს ეძებდა გარშემომყოფებში მუდამ... როცა დავმარხეთ და მოვბრუნდით დანაღვლიანებული მეჩვენა, ხმას არ იღებდა. ის მტერი იყოთქო ვუთხარი და იცი რა მითხრა? - იკითხა ლიქოკელმა და მომღიმარე სახე ისევ ცისკენ აღაპყრო. - რაო? - აპლოდისმენტებს მტერიც იმსახურებს, ცხოვრებაში ერთხელ მაინცო! წუთიერი დუმილი ჩოჩქოლის ხმამ დაარღვია. საგუშაგოდ მდგარი ჯარისკაცებს უიარაღო კაცი მიუახლოვდათ. შუახნის ასაკს გადაცილებულ კაცს საუბრისას აშკარად ეტყობოდა ოსური აქცენტი. „ოსია, შემოგზავნილია“ - ისმოდა ხმები. ძირს დაგდებული, შებოჭილი უცნობი თავს იმართლებდა, „არ ვარ ოსი, ქართველი ვარ, აქაური ვარ“. ზვიადი მაშინვე წამოხტა და მათკენ წავიდა. - რა მოხდა?! - იკითხა ზვიადმა. - ჩვენსკენ მოიპარებოდა. - ერთხმად უპასუხეს გუშაგებმა. - გაჩხრიკეთ და წამოაყენეთ. - უბრძანა ჯარისკაცებს. მაშინვე გაჩხრიკეს და ფეხზე წამოაყენეს. - ვინ ხარ, აქ რას აკეთებ? - მშვიდად ჰკითხა ზვიადმა. - თქვენიანი ვარ... - ამოილუღლუღა შეშინებულმა კაცმა. - ალყაში ვართ, თუ ჩვენიანი ხარ აქამდე როგორ მოაღწიე?! - თვალებში ჩააცქერდა უცნობს. - მე აქაური ვარ, ყველა ბილიკი ზეპირად ვიცი. - რისთვის მოხვედი? - მზოლოდ ზვიად ლიქოკელთან ვისაუბრებ! - უწინდელისგან განსხვავებით, მის სიტყვებში სიმტკიცე შეინიშნებოდა. - მე ვარ ზვიადი, ესენი კი ჩემი თანამებრძოლები არიან და მათთან დასამალი არაფერი მაქვს. - ორი დღის უკან, ჩემს სახთან ახლოს, დაჭრილი ბიჭი ვიპოვე. რამდენიმე დღეა საკუთარი სახლის სარდაფში ვიმალებოდი. წყალი გამითავდა და დაბნელებულზე გარეთ ამოვიპარე. მოგუდული კვნესა მომესმა. ჭიშკართან ჩამომჯდარი, კედელს მიყუდებული ბიჭი თავად იმუშავებდა ჭრილობას. სარდაფში ჩავიყვანე და ჭრილობა დავამუშავეთ. მუცელთან ახლოს ნაღმის ნამსხვრევი ჰქონდა შევარდნილი, გამოვიღეთ და შევუხვიე. მთელი ღამე მაღალი სიცხე ჰქონდა. მოგვიანებით ჩაეძინა. ბოდავდა, გაუკვეველ სიტყვებს ამბობდა, არაბულ ენად მომეჩვენა. მერე ქართულადაც თქვა, „დამშვიდდი ხორასნელო“. - რა თქვი?! - უცნობს ხელებით მხრებში ჩააფრინდა და შეაჯანჯღარა. - ხორასნელი ახსენა? - ეგრე თქვა... - ისევ ამოილუღულა დაფრთხალმა სტუმარმა. - გონს რომ მოვიდა წამოსვლას აპირებდა. ბევრი ვეხვეწე, არ ვუშვებდი დაჭრილს. ვუთხარი, რომ აქ უკვე მტერი იდგა. ბოლოს დამთანხმდა, თქვა, ჩემი იარაღის გარეშე მაინც გამიჭირდებაო. მთხოვა ღამით აქ წამოვსულიყავი. თუკი ჩვენი ჯარისკაცები აქ დამხვდებოდნენ, ზვიად ლიქოკელი მომეძებნა, მეთქვა, რომ ის ცოცხალია და გელოდება. - სახელი რა ჰქვია?! - ზვიადისთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო თუმცა კაცის სიტყვებში ბოლომდე დარწმუნება სურდა. ის თუ ლაშა იყო საკუთარ სახელს, მითუმეტეს მეტსახელს არავითარ შემთხვევაში არ ახსენებდა. - სახელი არ უთქვამს. მითხრა, რომ შენივე სიტყვები გადმომეცა, ამით მიხვდებოდი მის ვინაობას: „შაოსანი ჯეელი გამოდის სამზეოზე“. „ჰოლანდიელო!“ - გონებაში წამოიყვირა ზვიადმა. ცოტა ხანს დუმდა შემდეგ კი ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. - რა ბილიკებითაც მოხვედი, შეძლებ ჩვენი იგივე გზით გაყვანას? - ყველას ერთად ვერა, შეგვამჩნევენ. ნაწილ-ნაწილ კიდევ შეიძლება. - მადლობელი ვარ უფროსო. - პატივიცემის ნიშნად უცნობს თავი დაუკრა. მაშინვე ჯარისკაცებს მოუბრუნდა და ბრძანა, ბარგი და იარაღი შეეგროვებინათ. - გათენებამდე უნდა დავტოვოთ აქაურობა! - დაიძახა ლიქოკელმა. ზვიადმა ჯარისკაცები ოთხ ნაწილად დაჰყო. გასასვლელი ბილიკის უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად პირველივე ნაკადს თავადაც გაჰყვა. ოცამდე წუთი იარა ათეულმა, წინ ზვიადი და ლაშას მიერ გამოგზავნილი კაცი მიუძღოდნენ. მალე ტყე დასრულდა, ჯარისკაცები ვაშლის პლანტაციებს მიადგნენ. მარჯვნივ, კილომეტრამდე მანძილზე მტრის ჯავშანტრანსპორტიორი მოსჩანდა. ჯარისკაცებმა პლანტაციები გადაკვეთეს და მიტოვებული შენობის ნანგრევებში გამაგრდნენ. ზვიადი კი სტუმართან ერთად უკან, დარჩენილი თანამებრძოლებისკენ გაბრუნდა. მზე ახლად ამოწვერილიყო. ყველა მათგანი უკვე სამშვიდობოს გრძობდა თავს. მაგრამ მტერი მაინც ახლოს იყო. საჭირო იყო, გორის მიმართულებით, დროულად დაძრულიყვნენ. ლიქოკელმა ბოლო მითითებები მისცა ჯარისაკაცებს. უთხრა, სამანქანო გზებზე არ ევლოთ და ფხვენისამდე შხირად არ შეესვენათ. თუ ავიაციას შეამჩნევდნენ მაშინვე გაფანტულიყვნენ. ოთხმა ათეულმა ჯარისკაცმა მიტოვებული შენობა დატოვე და გეზი სამხრეთისკენ აიღო. ზვიადმა თვალი გააყოლა, „ღმერთი გფარავდეთ ბიჭებო“. - ჩაილაპარაკა და უცნობს მოუბრუნდა. - შენი სახელი არ მიკითხავს უფროსო. - ვაჟა. - წავიდეთ ვაჟა, „შაოსანი ჯეელი“ მოვინახულოთ. სწრაფი ნაბიჯით დაიძრნენ. ძმადნაფიცის ნახვის სურვილით აღტკინებულს, გული გამალებით უცემდა. „მოვდივარ ძმაო!“ - ხშირად იმეორებდა გონებაში. მოზრდილი ბორცვი გადაიარეს და სოფელიც გამოჩნდა. რამდენიმე სახლს ცეცხლი ეკიდა. ერთხანს მაღალ ბუჩქნართან შედგნენ. ზვიადმა სოფელს თვალი მოავლო, დაბომბვის კვალი არსად ჩანდა. ასეც რომ ყოფილიყო ხმას აუცილებლად გაიგონებდნენ. „მაროდიორები“ - გამოსცრა კბილებში. უცებ, სოფლის ვიწყო მოსახვევიდან, დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა გამოვარდა. ჟიგულის მარკის ავტომობილი ერთ-ერთ სახლთან გაჩერდა და ოთხი შეიარაღებული ბოევიკი გადმოხტა. ყველა მათგანს, მწვანე, დაფოთლილი ფორმა ეცვა და თეთრი სამკლაურები ეკეთათ. მძღოლი გარეთ დარჩა, დანარჩენები კი სახლში შეცვივდნენ. - რუსები არიან? - იკითხა ზვიადმა და ლაშას ბინოკლი მოიმაჯვა. - არა, ოსები არიან. ჩემი კლასელის, ზალინა ბესტაევას ძმიშვილები. - ჩაილაპარაკა ვაჟამ. - ამ არაკაცებმა ომამდე ხომ სისხლი გაგვიშრეს სოფელს და ახლა რაღა გააჩერებთ?! დარბიან ალბათ და ძარცვავენ ყველაფერს. მალევე სატვირთო მანქანა მოვიდა, ჟიგულს გვერდი აუარა და გასაძარცვი სახლის შესასვლელთან მაქსიმალურად ახლოს გაჩერდა. ბოევიკებმა სახლიდან ავეჯის გამოზიდვა დაიწყეს. ზნედაცემული ბოევიკები, არა მხოლოდ მსხვილ საყოფაცხოვრებო ავეჯსა თუ ტექნიკას, წვრილმან ჭურჭელსაც კი ეზიდებოდნენ და სატვირთო მანქანის საბარგულზე ათავსებდნენ. ამ ყველაფრის შემყურე ლიქოკელს გულისრევის შეგრძნება დაუფლა. ერთი სული ჰქონდა, იარაღ-შემართული მათკენ გაქცეულიყო და ავტომატის გრძელი ჯერი გადაეტარებინა. თავი მალევე მოთოკა. ყველა მათგანსაც რომ გამკლავებოდა, სროლის ხმაზე დამხმარე ძალა მალევე გამოჩნდებოდა, ეს კი არა მხოლოდ მის, ლაშას დაღუპვასაც ნიშნავდა. - შენი სახლი რომელი? - მიმართა ვაჟას. - აი ის, გვერდით. - გახევებულად მდგარმა კაცმა ხელით გაძარცვული ოჯახის გვედით, ოციოდე მეტრის მოშორებით მდებარე სახლზე მიანიშნა. - ანუ შემდეგი შენი სახლია? - ჩემი სახლიდან ბევრს ვერაფერს წაიღებენ. ყველაფერი, რაც ფასეული იყო ჩემებს გავატანე ქალაქში, მაგრამ სარდაფში აუცილებლად ჩავლენ, რუსებისთვის არაყს ეძებენ ხოლმე. შენი მეგობარი სარდაფშია და ადვილად მიაგნებენ. - ჰქონდა იარაღი ჩემს მეგობარს? - ჰქონდა, ავტომატი და მაყუჩიანი პისტოლეტი. - სიარული თუ შეეძლო? - ძლიერი ბიჭი ჩანდა, დაჭრილიც კი თვითონ იმუშავებდა ჭრილობას. ახლა ბევრად უკეთ უნდა იყოს. - კარგია. - ჩაილაპარაკა ზვიადმა. ბინოკლი კიდევ ერთხელ მოიმარჯვა, ბოევიკებს გახედა და მათი იარაღის შეფასებას შეუდგა. უმრავლესობა კალაშნიკოვის ტიპის იარაღს ატარებდა, ორ მათგანს მხოლოდ პისტოლეტი მოუჩანდა ქამარში. ახლა ვაჟას სახლს გახედა. შენობის ძირში, მომცრო, კვადრატული გისოსები მოათვალიერა. სარდაფის სარკმელები უნდა ყოფილიყო. რაც იმას ნიშნავდა, რომ ლაშა დიდი ალბათობით სეპარატისტების ხმას გაიგონებდა და მზად იქნებოდა ბრძოლისთვის. ამასობაში ოსებმა ძარცვა დაასრულეს, ფარდებს ცეცხლი წაუკიდეს და ვაჟას სახლისკენ დაიძრნენ. ჟიგულმა და სატვირთო მანქანამაც მომდევნო ჭიშკართან გადაინაცვლა. მძღოლები ჩამოქვეითნენ, დანარჩენი ბოევიკები კი სახლში შევიდნენ. საჭირო იყო ლაშასთვის მისი ადგილზე ყოფნა ემცნობებინა. ზვიადმა მოლაღურის ხმაზე რამდენჯერმა დაუსტვინა და ვაჟას მიუბრუნდა. - იარაღის ხმარება იცი? ზვიადმა უსიტყვოდ თავი დაუქნია. - გამომართვი. - ავტომატი გაუწოდა კაცს. - არსად წახვიდე. აქედან მხოლოდ მაშინ გაიქეცი, თუკი მომკლავენ, ან რომელიმე ოსი გააღწევს შენი სახლიდან. - რას აპირებ? ნებას მისცემ სახლში შევიდნენ? - ჰო, სწორედ ამას ვიზამ... შევიდნენ, შევიდნენ სასაკლაოში და უკანასკნელი რასაც იგრძნობენ მისი ტყვიების სიმხურვალე იქნება! - ავად გამოსცრა ხევსურმა. - ვისი, დაჭრილის? - იკითხა დაბნეულმა კაცმა. ლიქოკელმა კითხვა უპასუხოდ დატოვა. ძმადნაფიცის შაშხანა ზურგზე მოიგდო და წელში მოხრილი ბუჩქნარს გაუყვა. ასიოდე მეტრიღა რჩებოდა სახლამდე. ბუჩქნარიც მთავრდებოდა. მეტად მიახლოება აღარ ივარგებდა. მუცელზე გაწვა, შაშხანა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა. ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრით დაშორებულ, ხან ჟიგულის, ხანაც სატვირთოს მძღოლს უმიზნებდა. ვაჟას სახლიდან ბრახუნის და მტვრევის ხმები ისმოდა. ჩანდა, ბოევიკები ჯერ კიდევ პირველ სართულზე იყვნენ და გაავებულები გამოუსადეგარ ნივთებს ლეწდნენ. ზვიადი დარწმუნებული იყო, სარდაფში მყოფი ლაშა ცოტას მოიცდიდა, მტერს დაარწმუნებდა, რომ სახლი ცარიელი იყო, შემდეგ თავად ავიდოდა პირველ სართულზე და მტერს მოულოდნელად თავს დაესხმებოდა. ოფიცრის სიტყვები გაახსენდა. გერმანიაში, თეორიულ წვრთნაზე ძმადნაფიცის გვერდით იჯდა და ოფიცრის სიტყვებს იწერდა. „მოულოდნელობა სამხედრო ხელოვნების ერთ-ერთი პრინციპია. რაც მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის დაბნევას ან მისი ყურადღების მოდუნებას. მოულოდნელობა შეიძლება იყოს, სრული ან ნაწილობრივი, ხოლო მაშტაბების მიხედვით - სტრატეგიული ან ოპერატიული დიტაქტიკური. შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ომის დასაწყისში, ისე მისი მსვლელობისას, სტრატეგეიული ოპერაციის ჩატარების დროს“. ზვიადი მეგობრის გასროლას ელოდა და მოთმინება ფიალა ნელ-ნელა ევსებოდა. წვრთნების დროს უამრავჯერ უსვრია შაშხანიდან, არასდროს გასჭირვებია. ახლა კი გულისცემა გახშირებოდა, ერთიანაც ყველა კიდური აუცახცახდა. უამრავი სახის ბრძოლა გადაუტანია, საველე ბრძოლა იქნებოდა, ურბანული თუ ხელჩართული. მაგრამ მსხვერპლის თვალთვალი, გაუნძრევლად ყოფნა და მოთმინება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ხშირად უხუმრია მეგობრისთვის. „შენ რა გენაღვლება, ხარ შენთვის შეყუჟული. მე ვიკითხო თორემ....“. პასუხად მხოლოდ მისი ირონიული ღიმილი და თავის უმაყოფილოდ გადაქნევა მიუღია. ახლაღა დარწმუნდა, რა გარჯად და ნერვებად უჯდებოდა შენიღბულს სამალავში ყოფნა, ლოდინი და შემდეგ ზუსტი გასროლა. ოდნავი უყურადღებობა, შფოთვა, მილიმეტრულად არასწორი მოძრაობა და შესაძლებელია გასროლა არასწორი ყოფილიყო, რასაც შესაძლოა თანამებრძოლების დაღუპვა, ან ოპერაციის სრული კრახი გამოეწვია. „ახლა გადავრჩეთ და ხმა აღარ ამოვიღებ ჰოლანდიელო“ - გაიფიქრა ზვიადმა. თავს ძალა მაქსიმალურად დაატანა და თავი შეიმაგრა. მოულოდნელად სახლიდან წამოსული ბრახუნი ხმა შეწყდა. ზვიადმა ყურადღება კარისკენ გადაიტანა, უკმაყოფილო ოსების გამოსვლას ელოდა, მაგრამ არავინ ჩანდა. „ალბათ სარდაფში ჩადიან, შევცდი“ - გულმა რეჩხი უყო ლიქოკელს. მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. სამიზნე სასწრაფოდ მოატრიალა, ჟიგულის მძღოლი მიზანში ამოიღო და სასხლეტი დაუფიქრებლად დაუშვა. მაშინვე მეორე მძღოლისკენ შემართა შაშხანა, თუმცა გასროლა აღარ დასჭირვებია, სატვირთოს შუბლგახვრეტილი მძღოლი უსულოდ იწვა. მალევე მოესმა ძმადნაფიცის სიგნალი. ფლეტისებრმა სტვენამ ბედნიერების ჟრუანტელი მოჰგვარა ზვიადს. კარში გამოსულმა ლაშამ, ბუჩქებში გაწოლილ ძმადნაფიცს ხელი დაუქნია და თავისთან მიიხმო. ზვიადი წამოიმართა და მაშინვე მოწყვეთით დაეშვა მეგობრისკენ. მხურვალედ გადაეხვია, მისი ჭრილობა მოიკითხა და როცა დარწმუნდა ყველაფერი რიგზე იყო გაკვირვებულმა ჰკითხა. - რა თვალი გაქვს ასეთი? როგორ შემამჩნიე, პირდაპირ რომ ჩემსკენ დაიქნიე ხელი? - ეგრე რომ ვიმალებოდე აქამდე ცოცხალი კი არ ვიქნებოდი. - გაიღიმა არაბულმა. - კარგი რა, ვჩანდი? - გეხუმრე, არ სჩანდი. - აბა როგორ მიხვდი? - პროფესიული საიდუმლოა. - თვალი ჩაუკრა ძმადნაფიცს. - ნუ მაწვალებ მითხარი. - მუდარით სავსე თვალები მიაპყრო. - პირველ რიგში სროლის ტრაექტორია. მეორე, შენ მასხალათის ჩამცმელი არ ხარ მინდროზე, რომ გაწოლილიყავი. ბუჩქნარი კი მხოლოდ ერთი მიმართულებით იყო, მეტი სად უნდა ყოფილიყავი? - ჰმ. - თავი გადაიქნია ზვიადმა და სახლის შესასვლელისკენ წავიდა. ოთხივე გვამს, ჩვეულებისამებრს თითო ნატყვიარი ეტყობოდა შუბლზე. - პისტოლეტიდან ესროლე? ხმა ვერ გავიგე. - ჰო, მაყუჩით. ხმაურს მოვერიდე, თანამებრძოლი არ ჰყავთდეთთქო ახლომახლო. - ავტომატი რატომ არ გამოიყენე? ოთხნი იყვნენ მაინც. - ოთხ კაცს ავტომატი რად უნდა ბიჭო? - არ ხარ შენ ნორმალური! - მადლობა, მეც მიყვარხარ. - გაიღიმა არაბულმა. - ამ სახლის პატრონი სად არის? - ზემოთ დავტოვე. - უპასუხა ზვიადმა. - ჩამოვა, დაგვინახავდა უკვე. - ჩვენ დროზე უნდა წავიდეთ აქედან ლაშა. - წავიდეთ, მაგრამ მანამდე ეგ მძორები მოვაშოროთ აქედან. - მიუთითა მოკლულებზე. - სახლში ნუ დავუტოვებთ გვამებს. დახოცილი ოსები სახლიდან გამოათრიეს და სატვირთო მანქანის საბარგულზე შეყარეს. ლაშა კაბინაში ავიდა, დაქოქა და ეზოდან გამოიყვანა. უკან უნდა გადმოსულიყო, რომ სავარძელზე ნაჭრის, პატარა ჩანთას მოჰკრა თვალი. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩანთაში უამრავი ოქროს სამკაული აღმოაჩინა. „ამდენი ნაქურდალი ოქრო ჰქონიათ და კიდევ ავეჯს ეზიდებიან ეს ღორებო“. - გაბრაზდა არაბული, მანქანიდან გადმოვიდა და ზვიადისკენ დაიძრა. ლიქოკელმა ვაჟას ჟიგულის გასაღები გაუწოდა და უთხრა, რომ დახოცილებს ძებნას დაუწყებდნენ და სასწრაფოდ დაეტოვებინა სოფელი. - შენები სად არიან? - ჰკითხა ლიქოკელმა. - თბილისში გავაგზავნე ჩემს ძმასთან. - უპასუხა ვაჟამ. - შენ რატომ არ წახვედი? - ამ სახლის მეტი არაფერი გამაჩნია. როდემდე შევეკედლები ჩემს ძმას. ისიც ვიწროდ არის ქალაქში. ვიფიქრე სახლს ყურადღებას მივაქცევდი, მალე ჩაწყნარდებათქო ყველაფერი და ჩემებს უკან ჩამოვიყვანდი. - ბიძაჩემო! - მიმართლა ლაშამ. - შენი დიდი მადლობელი ვარ. ბოდიში და მადლობაც ერთდოულად მაქვს სათქმელი. შარში გაგხვიე… - ჩემს კარზე მოსულ დაჭრილ სტუმარს, მტერსაც მივხედავდი შვილო. ესეც რომ არა, ის დამპლები მაინც მოვიდოდნენ და იქნებ ცოცხალიც არ დავეტოვებინე. - თქვა ვაჟამ და ზვიადს მანქანის გასაღები გამოართვა. - ახლავე წავალ. წყალსაც წაუღია სახლიც და კარიც, წავალ და ცოლ-შვილს ჩავეხუტები. - აი ეს გამომართვი. - ოქროთი სავსე ჩანთა გაუწოდა ლაშამ. - შეიძლება ეს მამაპაპისეული სახლი ვეღარ დაიბრუნო, მაგრამ ამით ნამდვილად შეძლებ ახალი ცხოვრების დაწყებას. კაცმა ფრთხილად გახსნა ჩანთა და სახეზე ფერი ეცვალა. - არაფერი მითხრა. - სიტყვა პირთან შეაყინა ლაშამ. - დაჯექი და ახლავე წადი. - მიუთითა მანქანაზე. უხმოდ მოტრიალდა, მანქანაში ჩაჯდა. ერთი კიდევ შეხედა ახალგაზრდებს მადლობელი თვალებით და ძრავი ჩართო. როგორც კი ვაჟა თვალს მიეფარა, ბიჭებმაც დაძრეს სატვირთო და სოფელი დატოვეს. - ხომ იცი, ის ოქრო საწყალი ხალხის ძარცვით იქნებოდა მოგროვებული. - უთხრა ზვიადმა. - ვიცი ზვიად, მაგრამ აბა იმ ხალხს სად ვიპოვნიდით? ერთ კაცს მაინც მოვუმართეთ ხელი ამით. ერთით ნაკლები უსახლკარო ლტოლვილი ეყოლება ჩვენს ქვეყანას... სატვირთო ტყის კორომთან დატოვეს, თავად კი ფეხით გაუყვნენ გზას გორის მიმართულებით. რამდენიმე საათი იარეს. შორიდან გაჰყურებდნენ დაცლილ და განადგურებულ ვარიანს. სოფელში მხოლოდ უპატრონოდ მიტოვებული საქონელი დასერინობდა. დაღლილობამ და შიმშილმა თავისი გაიტანა. ლიახვის პირას, ჭალაში შეჩერდნენ დასასვენებლად. ზვიადმა ზურგჩანთიდან ერთადერთი შემორჩენილი ხორცის კონსერვი ამოაძვრინა. ლაშას კი ორიოდე შოკოლადი შემორჩენოდა. დღე იწურებოდა. ჩამავალი მზის სხივები ალაგ-ალაგ აღწევდა ჭალაში და მდინარესთან მოკალათებულ ორ მეგობარს თვალებს სჭრიდა. ძალადაკარგულ სხივებს უშენდა და თვალის გუგებს უვიწროვებდა ბიჭებს. წამიერად გასული დღეები დაავიწყდათ, მზის ჩასვლის სიდიადითა და აღმატებულობლისგან გული შეეკუმშათ. აგვისტოსთვის დამახასიათებელი ცხელი მზე არ იყო, უჩვეულოდ თბილოდა. თბილი იყო, როგორც ედემის ბაღის ფოთოლცვენა. კავკასიონიდან მონაბერი სუსხი, თითქოს ყრუდ ატანდა ძვალ-რბილში. არადა, გახედავდი და ვეებერთელა, მრგვალი ცეცხლის ლავა თითქოს ერთი ხელის გაწვდენაზე იყო. ადამიანი, შესაძლოა მზის ჩასვლას თვით ჯომოლუნგმას ფერდობებზე შეხვედრია, ან ყაზბეგის მყინვარწვერიდან გადაშლილი ხედით დამტკბარა, მაგრამ ასეთი ვნებიანი მზის ჩასვლა ბიჭებს არსად ენახათ. საიდანღაც არწივი აფრინდა. დიდრონი ფრთები ააშრიალა და ჰაერი ტალღებად გასერა. გრძელი კისერი ზევით აისროლა და ცის კიდეში რკალი მოქარგა. აიჭრა, უფრო მაღლა აიჭრა. გაფერადებული ცა ყველაზე ახლოს იყო მასთან. შემხვედრი ქარი კი მის ფრთებზე წუილის მელოდიას აჟღარუნებდა. არაფრად მიაჩნდა, ქარს მიაპობდა და გრძნობდა უზენაესობას თავის ფერხთით განთხმულ სამყაროზე. სამყაროზე, რომელიც ფრთების ყოველი გაქნევისას ფართოვდებოდა, მისი ბინადარნი კი უჩინარდებოდნენ, თავად წითური მზეც კი სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა ქვესკნელისკენ, წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა სუსხს და ნელ-ნელა ნებდებოდა. - ამ არწივმა ჩემი ხევსურეთის კლდეები მომანატრა. - სევდიანად ჩაილაპარაკა ლიქოკელმა. - დაიწყო ეხლა. - მოჩვენებითი უკმაყოფილებით ჩაილაპარაკა არაბულმა. - შენ რა, არ მოგენატრა? რომ იცოდე, შენ ჩემზე მეტად ხარ... ისა, რას მეძახი ხოლმე? ჰო, სენტიმენტალური ხევსური. განა ვერ დავინახე რა თვალებით გასცქეროდი. - ვნახავთ მალე ნუ დარდობ. - გაიღიმა ბიჭმა. - ვნახავთ რო? თუ დეზერტირობაზე არ დაგვაბრალეს. გაკვირვებულმა ლაშამ ჩვეული ცინიზმით ასწია წარბი. - ჰო, რა იყო, არც მე დავრჩი ჩემს დანაყოფში და არც შენ შეასრულე ბოლო ბრძანება. დადექი და უმტკიცე რას ვაკეთებდით, იქნება არც დაიჯერონ? - ვის რა უნდა ვუმტკიცო ზვიად?! იმათ, კუდამოძუებული რომ გაიქცნენ?! იმდენი რამ ვნახე, ზოგიერთი მტერზე მეტადაც კი შემძულდა... თუ ოფისებში მოკალათებულ ყვავებთან აპირებ რაიმის მტკიცებას?! - ბრაზი მოუვიდა არაბულს. - მთავარია კაცი საკუთარ თავთან და სამშობლოსთან იყოს მართალი. შენც არავისთვის რაიმე სამტკიცებელი! შენ არწივი ხარ ძმაო! - არწივი? - ჰო, არწივი! ყვავი ერთადერთი ფრინველია, ვინც ბედავს არწივს ზურგზე შეაჯდეს და კისერში ნისკარტი ჩაავლოს. იცი არწივი ამ დროს რას აკეთებს? - რას? - არც არაფერს. არ ებრძვის. მასზე დროსა და ენერგიას არ ხარჯავს. უბრალოდ მაღლა და მაღლა მიფრინავს. რაც უფრო მაღლა ადის, მით ნაკლები ჰაერი რჩება ყვავს სასუნთქად. იგი თანდათან გონებას კარგავს, იგუდება უჟანგბადობით და ძირს ვარდება... ჰოდა ჩემო ძმაო, როცა ადამიანი თავისი მაღალი მიზნიკენ მიდის, ვინმესთვის რაიმის მტკიცებაში დრო არ უნდა დაკარგოს. მხოლოდ წინ და ზევით უნდა იაროს და ყველაფერი ზედმეტი თავისით ჩამოსცილდება! - არწივი შენ ხარ ჰოლანდიელო! ნამდვილი, კლდის არწივი! - გაბადრულმა მიმართა ძმადნაფიცს. მალევე ისევ მელანქოლიური იერი დაედო ხევსურს. ახლა მყინვარწვერი გაახსენდა. შარშან ამ დროს, სწორედ მყინვარწვერს ლაშქრავდა ძმადნაფიცთან ერთად. მანამდეც უმარავჯერ ასულან გერგეთში. ცხენებით იჯირითებდნენ. სამებაში ილოცებდნენ, ბოლოს მინდორზე წამოჯდებოდნენ და მყინვარწვერის სიდიადით ტკბებოდნენ. მისტიურ ზემოქმედას ახდენდა მყინვარი ყაზბეგი. განსაკუთრებით ლაშას აფიქრებდა ეს ყველაფერი. ზვიადს ხშირად სმენია მისგან, „რაღაც არის მყინვარწვერში, რაღაც მისტიური მოქმედებს ჩემზეო“. - გინდა ცხენებით ავიდეთ მყინვარწვერზე? მეტეო სადგურამდე მაინც - ჰკითხა ერთხელ ლიქოკელს. - ამ ცხენებით გავიჭირდება, მიუთითა დაბერებულ, ნაქირავებ ცხენებზე. - იქით კვირას ხორასნელით წამოვალ ხევსურეთში, მერე აქ წამოვიდეთ. - ხორასნელით? კახეთიდან აქამდე? - მერე რა მოხდა, უფრო შორს არ დადიოდნენ ჩვენი წინაპრები? ახმეტიდან გადმოვალ, თიანეთის გავლით ჟინვალისკენ. იქიდან ბარისახოში ამოვალ შენთან. მერე ჟაუხებისკენ წავიდეთ ჯუთაში. ჯუთადან კი რაღა დარჩება გერგეთამდე. - ავიდეთ ძმაო. თანაც, ჩვენი ხევსიბერისგან მსმენია, მყინვარწვერზე საყდარი თუ გამოქვაბული ყოფილა. ბეთლემს ეძახიანო. - ვიცი. - ჩაერთო ლაშა. - ილიას განგელი მაგ საყდარში მყოფ ბერზეა დაწერილი. - ჰოო, აი ზუსტად, იმედოს მეგობარიც ეგრე ასულა განდეგილად მანდ. თქვა ახალგაზრდობის მერე აღარ მინახავს, იქნებ ცოცხალიც აღარ არისო. ერთი კვირის თავზე, საღამოხანს ჩავიდა ბარისახოში, შავ ბედაურზე ამხედრებული არაბული. ხორასნელის სილამაზემ და მედიდურობამ დანახვისთანავე მონუსხა ლიქოკელი. - მართალაც ისეთი ყოფილა, როგორსაც აღწერდი. - მიმართმა მეგობარს და ცხენს გრძელ ფაფარზე ხელი გადაუსვა. ხორასნელმა, უკმაყოფილების ნიშნად თავი გვერდზე გადაიქნია. - იმედოს მოვუყევი სადაც მივდივართ. ჩემსა ჩამოვიდა, ლაშასაც მოვინახულებ და გზას დაგილოცავთო. შუა ღამემდე ისაუბრეს ბიჭებმა ხევისბერთან. - ბეთლემის გამოქვაბული, ციცაბო, მოწითალო ანტეზიტის მთებშია. იქ წმინდა გიორგის საბრძანებელია შვილებო. ღვთის მადლით, თუ ბერი იქ დაგიხვდათ ჩემი მოკითხვა და ეს ხატი გადაეცით საჩუქრად. - წმინდა გიორგის ხატი გაუწოდა ლაშას. - არაბულია გვარად, გაახარებს ნათესავის ხილვა. - თუ არ დაგვიხვდა? - იკითხა ზვიადმა. - საყდარში დააბრძანეთ მაშინ, უკან არ წამოიღოთ. ინათა თუ არა, საგზალი ცხენებს აჰკიდეს, ხევისბერს გამოემშვიდობნენ და გზას გაუდგნენ. რამდენიმე დღეში, განსხვავებული კლიმატით დაღლილი მეგობრები ყაზბეგის მეტეო სადგურზე ათევდნენ ღამეს და აკლიმატიზაციის პროცესს გადიოდნენ. გამთენიისას ლაშა დაფეთებული წამოვარდა ფეხზე. ხმაურზე ზვიადსაც გამოეღვიძა და გაკვირვებულმა გახედა. - უცნაური სიზმარი ვნახე ზვიად. - რა ნახე? - ზუსტად არ მახსოვს... - დაბნეულმა ჩაილაპარაკა. - ხომ კარგად ხარ? - ბერი იქ არის ბიჭო! გზა უნდა გავაგრძელოთ, ახლოს ვართ. ცხენებით გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო. ჩაიცვეს, მსუბუქად ისაუზმეს, ცხენები მეტეო სადგურთან მიაბეს და ციცაბო აღმართს აუყვნენ. სუსტი ქარი ქროდა. რაც უფრო ზევით მიიწევდნენ ნისლი მით უფრო ძლიერდებოდა. მწყემსის ნაგაზებივით კლდის ნაპრალებიდან ამოდიოდნენ, ზლაზვნით მიიწევდნენ ზევით, ერთიანდებოდნენ, მზის სხივებს აქრობდნენ და ქარის ზუზუნის დახმარებით, მთის კალთიდან წამოღებულ თოვლს სეტყვად აყრიდნენ ორ მოლაშქრეს. - გაჩერდი. - ქარის ხმაურში დაუყვირა ლიქოკელს. - რა იყო. - მიუახლოვდა ზვიადი. - გაიგონე? - რა უნდა გამეგო? - ჯაჭვის ჟღარუნს ჰგავს. - არაფერი მესმის. ათიოდე მეტრი კიდევ გაიარეს და ციცაბო ფერდობზე ხელოვნურად ნაგები კარიბჭე შენიშნეს. მომცრო კედელზე დიდი წითელი ჯვარი გამოსახულიყო. ბოლო ძალები მოიკრიბეს, კლდის ციცაბო ფერდზე გამოკვეთილი გამოქვაბულისკენ ავიდნენ, პირჯვარი გამოისახეს და რკინის კარი შეაღეს. ფეხი შედგეს თუ არა, საოცარი სიმშვიდის გრძნობა დაეუფლათ, დაღლილობა და სიცივის შეგრძნება ერთიანად მოეხსნათ. ირგვლივ მიმოიხედეს. ორი ვიწრო სარკმლიდან დღის სინათლე სუსტად აღწევდა. კედელზე ნაქსოვი, მოზრდილი ხატები ეკიდა. კუთხეებში, ალაგ-ალაგ პატარა ხატები და სასანთლეები შენიშნეს. სამლოცველოში იყვნენ. ერთი შეხედვითაც შესამჩნევი იყო, მათ ამჟამინდელ სამყოფელს უპატრონობა არ ეტყობოდა. სამლოცველოს ბოლოდან დინჯი ნაბიჯების ხმა მოისმა. სიბნელიდან მოხუცებული, წვეროსანი გამოვიდა. გამხდარი, ორ მეტრამდე სიმაღლის კაცი ნელის სვლით სამლოცველოს შუაში გაჩერდა. - დამლოცეთ მამაო. - პირველი ზვიადი მიუახლოვდა და მის წინ ქედი მოიხარა. - ღმერთმა დაგლოცოს შვილო. - დაიჩურჩულა განდეგილმა. პირჯვარი გამოსახა და მზერა ლაშაკენ გადაიტანა. მისკენ დაიძრა, ერთი მეტრის დისტანციაზე შედგა და თვალებში ჩახედა. - გელოდებოდი! ლაშას გაკვირვება აღებეჭდა სახეზე. ზვიადის მსგავსად მანაც ქედი მოიხარა და დალოცვა ითხოვა. მოხუცმა მასაც ჯვარის გადასახა, ტუჩების მოძრაობით, ხმადაბლა გაურკვეველი წინადადებები დაიჩურჩულა. შემდეგ კი შეციებული ბიჭები კელიაში მიიპატიჟა. - მშვიდობით მოხვედით შვილებო? - იკითხა მოცუხმა და ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი. - ღვითის მადლით მამაო... ხევისბერმა მოკითხვა შემოგითვალათ და საჩუქარი გამოგიგზავნათ. - ლაშამ ხატის ამოსაღებად ზურგჩანთის გახსნა დაიწყო. - სწორედ წმინდა გიორგის ხატმა მოგიყვანათ აქამდე. - სათნო ღიმილი აღებეჭდა განდეგილს. - საიდან იცით რომ... - გაოცებულმა ზვიადმა მომცრო ხატი გაუწოდა განდეგილს. მოხუცმა დაიჩოქა. ხატის წინ პირჯვარი გამოისახა. წამოდგა და ხატი სამლოცველოში გაიტანა. უკან მალევე მობრუნდა, თან დაკეცილი ტილო შემოიყოლა. დაბალ, ფიცრებისგან შეკრულ მაგიდაზე დადო და ბიჭების მოპირდაპირედ ჩამოჯდა. - არაბულო! - ეს ტილო ხევისბერს წაუღე. ჩემი ხელით არის ზედ წმინდა ღვთისმშობელი ამოქარგული. ქარგვა დავაჩქარე, ვიცოდი დღეს ამოხვიდოდი. თუ მოახერხებ ჩარჩოში ჩაუსვი და ისე მიართვი. გაოცებული ბიჭები დამუნჯებულიყვნენ. კითხვის დასმას ვერ ბედავდნენ. - ნუ გიკვირთ შვილებო. მეორე კვირაა ხილვები მაქვს. - ხილვები? - თავიდაუნებურად იკითხა ზვიადმა. - წმინდა გიორგიმ, დაილოცოს მისი ძალა და მადლი, ინება და ხილვად მომევლინა. სწორედ მისი ძალით მოხვედით აქამდე. ბევრი ადამიანისთვის ეს გამოქვაბული უხილავია. ძნელია შორიდან თვალი შეჰქკიდო შემოსასვლელს, თუკი არ იცი რომ ნამდვილად აქ არის. უწინ ბევრი ძე კაცისა ვერ ამოვიდოდა აქამდე. მხოლოდ ერთი გზა იყო ამოსასვლელი. მას იქით ბუნებაც, კლიმატიც შეიცვალა. - ჯაჭვის ხმა მესმისო ეგრე არ თქვი? - ჟრუანტელი დაუარა ზვიადს და ლაშას გადახედა. ლაშამ, თანხმობის ნიშნად, ნელი მოძრაობით თავი დაუქნია, ისე რომ ბერისთვის თვალი არ მოუშორებია. - დიდება შენდა ღმერთო! - ხელები აღაპყრო მოხუცმა. - ის ჯაჭვი მრავალი წელია, აქ აღარ არის. მკვლევარებს წაუღიათ უწინ. შუა დღემდე ისაუბრეს. დამშვიდობების შემდეგ, გაბრუნებული ბიჭები, ხმამაღალი შეძახილით შეაჩერა. - ბიჭებო! - გისმენთ მამაო. - ერთხმად შეაგებეს სიტყვა. - ლოდში მოყოლილი ყვავილივით გაუძლოთ უნდა! მოხუცის ნათვამს ვერცერთი ვერ ჩასწვდა, თუმცა განმარტება არც ერთს უთხოვია. ფიქრებიდან გამორკვეულმა ზვიადმა ლაშას მიმართა. - ნაქარგი ღვთისმშობელი გადაეცი იმედოს? - გადავეცი. ბოლოს რომ ჩამოვედი მაშინ მივეცი ჩარჩოში ჩასმული. საიდან გაგახსენდა? - დაინტერესდა ლაშა. - ბეთლემის გამოქვაბული გამახსენდა ძმაო. ნეტავ ბერის სიტყვები ამას ნიშნავდა? - რას? - ლოდში მოყოლილ ყვავილზე რომ გვითხრა, ჩვენს დღევანდელ ყოფას ნიშნავს ვითომ? - რა გითხრა აბა, იმედია ამას და მეტს არაფერს. - იმედია... ახლა რას ვაპირებთ? - სადაც საჭიროა იქ წავალ, აქ ჩარჩენილ მშვიდობიანებს დავეხმარები გასვლაში. - თავი ჩახარა. შემდეგ ისევ წამოსწია და ზვიადს შეხედა. - მე ვრჩები ზვიად. შენ კი შენს დანაყოფს უნდა შეუერთდე. - ჰოლანდიელო! - ხმა გაუმკაცრდა ლიქოკელს. - ძმობაში არ დამზოგო და სირცხვილი არ მაჭამო იცოდე! - კარგი ნუ გაგიჟდები ხოლმე. - გაიცინა არაბულმა. - ქეთი არ გენატრება? - იკითხა მოულოდნელად. - მენატრება... მის გაცნობამდე მეგონა არაფერი მაკლდა თითქოს. თურმე ასე ჰქონია კაცს, სანამ არ მოვა ვინმე, ის ერთი და არ მიგახვედრეს, რა გაკლდა მთელი ამ ხნის მანძილზე. როგორც სარკე ნაკლს უფრო ირეკლავს, ვიდრე ღირსებას, ასეა ის ვინმეც. საკუთარ სულში ჩაგახედებს და დაგანახებს, რომ ის გაუდაბურებულია. შენ კი ამის აღიარება აქამდე არა და არ გინდოდა. მთავარი მიზანი ყოფილა, იპოვო ადამიანი ვინც შენს სულს შეავსებს. მაგრამ... არსებობს ერთი მაგრამ. კაცმა ისიც უნდა იფიქრო, ის კი შეავსებს შენს სულს, მაგრამ შეავსებ კი შენ მისას? იქნება კი ჩემნაირთან ბედნიერი? - როგორ თუ შენნაირთან? - წარბები დაქაჩა ლიქოკელმა. - როცა ვკლავ, მისგან აუცილებლად მომყვება რაღაც. ან კვნესა ან ხელის მოძრაობა, სუნიც კი, თუკი ახლოს არის. მე ამას მსხვერპლის წყევლას ვეძახი. სხეულზე აგეკვრება, კანში ჩაგიძვრება, გულისკენ მიიწევს და სამუდამოდ გაგიჯდება კაცს ტანში... ცოდოა არ არის ჩემნაირ ადამიანთან ზვიად. - მის პასუხს აღარ დალოდებია. ბინოკლი დასწვდა და სწრაფი მოძრაობით წამოდგა. - საით? - ჰკითხა ლიქოკელმა. - ზევით ავალ, გავიხედავ რა ხდება. ლიახვის ჭალიდან აღმართს აუყვა. შემაღლებული ბორცვი მოძებნა და ბალახზე გაწვა. პირველ ეტაპზე უახლოსი ტერიტორიებია მოათვალიერა. საფრთხე არსად ჩანდა. შემდეგ ცენტრალური გზისკენ მიმართა ბინოკლი და ელდა ეცა. გრძელი კოლონა გორის მიმართულებით მიიწევდა. ათამდე ტანკს ბეტეერებზე შემომსხდარი რუსების კოლონა მიჰყვებოდა. გრძელ რიგს სამხედრო სატვირთო მანქანები ამთავრებდნენ. იცოდა გორი დაბომბილი იყო, თუმცა გულის სიღმეში იმედი ჰქონდა მტრის ქვეითი ჯარი გორისკენ აღარ წავიდოდა და ცხინვალის რაიონის სოფლებს დასჯერდებოდა. სოფელ ვარიანს გახედა. განადგურებულ სოფელში მაროდიორები დათარეშობდნენ. გაავებულ არაბულს კბილებში გამოსცრა. ნელ-ნელა წამოიმართა, უკან მობრუნდა და ახლა, მოშორებით მდებარე სოფელ კარალეთს გახედა. სოფელი დაბომბილს არ ჰგავდა, მაგრამ ალა-ალაგ სახლებს აქაც კვამლი ასდიოდა. ჩანდა ოსი მუქთახორები იქაც უნდა ყოფილიყვნენ. გამოცდილმა თვალმა ერთ-ერთი სახლის ეზოში ხალხის მოძრაობა შენიშნა. ბინოკლი მაქსიმალურად მოაახლოვა. ხანში შესული კაცი და ქალი დაჭრილს აქეთ-იქიდან ამოდგომოდნენ და რის ვაივაგლახით შეჰყავდათ სახლში. კარალეთის შემოგარენი დაათვალიერა. მოზრდილი სოფლის შესასვლელთან, ტრიალ მინდორზე ხალხმრავლობა და ორი რუსული ტანკი შენიშნა. სამხედრო ფორმით სულ რამდენიმე თუ იდგა. დანარჩენ მებრძოლებში, სხვადასხვა სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილ ოსები ამოიცნო. ბოევიკები სხვადასხვა მიმართულებებით ხელებს იშვერდნენ და კამათობდნენ. ლაშასთვის ადვილი გასაშიფრი იყო, რომ ოსი სეპარატისტები ძარცვისთვის მიმართულებებს ინაწილებდნენ. კიდევ ერთხელ, სწრაფად გადაათვალიერა სოფელი, წამოხტა და ჭალისკენ დაეშვა. ნანახი დაწვრილებით უამბო ძმადნაფიცს, კარალეთში წასვლა და შეუმჩნევლად შესვლა ჰქონდა განზრახული. სოფლამდე მისასვლელად, ნახევარ კილომეტრის შემდეგ, გრძელი მინდვრების გადაჭრა იყო საჭირო, რაც თავის მხრივ, ავიაციის გამოჩენის შემთხვევაში, დიდ რისკს შეიცავდა. ლაშამ ვაჟასგან იცოდა, რომ რუსების სამხედრო შვეულმფრენებს ერთი ოსი სეპარატისტი მაინც ახლდათ თან და მათი შეფასებით, სოფლებში შერჩევით ანადგურებენ სახლებს. ეთნიკურად ოსების სახლებს არაფერს ერჩოდნენ, ქართველებისას კი ბომბავდნენ. მსგავსი შვეულფრენი თუ შეამჩნევდათ, შესაძლოა სროლა არ აეტეხათ თუმცა კარალეთში გამაგერებულ მებრძოლებს აუცილებლად გადასცემდნენ ინფორმაციას მათზე. უსაფრთხო გზების შერჩევა და მისი მეშვეობით სოფლამდე მიღწევა დიდ დროს წაიღებდა. გადაწყვიტეს გაერისკათ, მინდორი რამდენიმე შესვენებით სირბილით გადაეჭრათ და როგორმე სოფელში შეეღწიათ. - რამდენი დათვალე. - იკითხა წასვლამდე ზვიადმა. - ორმოცამდე იქნებიან. მაგრამ არ მგონია ერთიანად იარონ, პატარ-პატარა ჯგუფებად ივლიან. - იარაღი რა ვქნათ? ბოლო მჭიდი მიდევს. - მიანიშნა საკუთრ ავტომატზე ლიქოკელმა. - შაშხანის გარდა, პისტოლეტი და ერთი ყუმბარა მაქვს, მაგრამ მთავარია შეუმჩნევლად შევიდეთ სოფელში, დანარჩენი მე მომანდე. - თვალი ჩაუკრა არაბულმა. მზე დასავლეთისკენ გადახრილიყო. ორ ქართველ მებრძოლს მინდვრები უსაფრთხოდ გადაელახათ და სოფელს უახლოვდებოდნენ. სვლა შეანელეს, შეჩერდნენ და ტერიტორია დაზვერეს. ჩანდა მაროდიორები აქამდე ჯერ არ მოსულიყვნენ. მოპირდაპირედ მდგარ სახლებს ძარცვის კვალი არ ეტყობოდა. მალევე მანქანის ძრავის ხმა მოისმა. ბიჭები უახლოესი სახლისკენ გაიქცნენ და გალავანს ამოეფარნენ. ორი რუსული წარმოების ავტომობილი გზის მოპირდაპირედ გაჩერდა. თავზე ბენდენა წაკრული ბოევიკები მანქანებიდან გადმოხტნენ და ოსური გადაძახილებით ორ სხვადასხვა სახლში შეცვივდნენ. ზვიადი და ლაშა ნელი მოძრაობით სახლის მეორე სართულზე ავიდნენ, საიდანაც ხელის გულივით მოჩანდა მტრის მანქანები და გასაძარცვი სახლები. უაზის ტიპის ავტომობილილისთვის სახურავის ადგილას ტყვიათმფრქვევი დაემონტაჟებინათ. ავტომობილის საჭეებთან ორი მძროლი დარჩენილიყო. სახლში შესული სეპარატისტების რაოდენობა კი უცნობი იყო. არაბულს აზარტულმა ღიმილმა გადაურბინა. უკეთეს სიტუაციას ვერც ინატრებდა. ნაუცბათევი გეგმა ძმადნაფიცს გაუმხილა და ფანჯარასთან შაშხანა მომართა. ის გარეთ დარჩენილს ორ მებრძლს მოკლავდა, ზვიადს კი მაშინვე ტყვიათმფრქვევიანი ავტომობილი უნდა დაეკავებინა. ლიქოკელი ფრთხილად გავიდა ეზოში. როგორც კი გალავანს ამოეფარა გასროლის მოგუდული ხმა მოესმა, ერთს მეორე მოჰყვა. სამანქანო გზაზე გაიჭრა. უაზზე შეხტა, შულგახვრეტილი სეპარატისტი სწრაფი მოძრაობით ძირს გადმოაგდო და ტყვიათმფრქევი შემართა. ბევრი მოცდა არ დასჭრიდათ ერთ-ერთი სახლიდან ნადავლ-აკიდებული სეპარატისტები გამოვიდნენ. ზვიადმა ტყვიათმფრქვევის ჯერი მიუშვა და რამდენიმე წამში სამი მებრძოლი მოცელა. მეორე სახლში დარჩენილი მებრძოლები ფანჯრებს ეცნენ და იარაღები გადმოყვეს. მეორე სართულზე გაამგრებული ლაშას ელოდა მტრის ასეთ რექცია, პირველივე ვინც მოპირდაპირე ფანჯარასთან გამოჩნდა ერთი გასროლით განგმირა. ზვიადმაც იარაღი ფანჯრებისკენ მიმართა და სროლა დაიწყო. გარემო გამაყრუებელმა ხმებმა მოიცვა. ზვიადი უმოწყალოდ ცხრილავდა ფანჯრებს და მტერს თავის აწევის საშუალებას არ აძლევდა. ამ დროს, გეგმის მიხედვით, ლაშა მტერთან უნდა შეჭრილიყო, მაგრამ მოულოდნელად ზვიადმა სროლა შეწყვიტა. გაცეცხლებულმა ამოიღმუვლა და მარჯვენა მხართან ხელი იტაცა. თავი მაინც შეიმაგრა, მარცხენა ხელით ავტომატს დასწვდა, უაზიდან გაჭირვებით გადმოძვრა და ორიოდე ნაბიჯის შემდეგ ჩაიკეცა. სამანქანო გზის ბოლოდან, მტრის ორი მანქანა სროლით მოიწევდა წინ. „დაწექი, თავი არ ასწიო“ - დაიყვირა არაბულმა. ეზოში ჩამოსულმა შაშხანა მათკენ მომავალ, პირველ მანქანას დაუმიზნა. მტრის ავტომობილის საქარე მინა უმალ სისხლის შხეფებით მოიცვა. მღოლის გარეშე დარჩენილი ავტომობილი ბეტონის კედელს შეეჯახა და გვერდულად დაეცა. მეორე მანქანაც შეჩერდა, მებრძოლები გადმოხტნენ, მანქანებს ამოეფარნენ და ცეცხლი გახსნენ. არაბული ზვიადისკენ გაქანდა. ლიქოკელს ტყვია ბეჭთან გაჩერებოდა და საშინელ ტკივილს განიცდიდა. დრო არ ითმენდა, მალე შეიძლება ორმხრივ ცეცხლში აღმოჩენილიყვნენ. ძმადნაფიცი ბეტონის ღობემდე მიათრია, „გამაგრდი, ახლავე მოვალო“ - უთხრა, საკუთარი შაშხანა გვერდით მოუდო და მის ავტოტომატს დაავლო ხელი. - მოიცადე! - ამოიგმინა ზვიადმა. - ყუმბარა დამიტოვე. - არ გაბედო. - ნააზრევს მიუხვდა ლაშა. ყუმბარის ნაცვლად საკუთარი პისტოლეტი ჩაუდო ხელში, გააფთრებული მხეცივით წამოიჭრა ფეხზე. იმ სახლისკენ გაქანდა, სადაც მტერი ეგულებოდა. მეორე საერთულზე აირბინა და ავტომატის რამდენიმე მოკლე ჯერის შემდეგ, ფანჯრაში გადმოდგა. ამოტრიალებული მანქანისკენ გაიხედა. გზის ბოლოდან ისევ ისროდნენ თუმცა არა მათი მიმართულებით. ოსების დამხმარე ძალისთვის, ერთ-ერთი ახლომდებარე შენობიდან ვიღაცას ცეცლი გაეხსნა. სეპარატისტებიც მთელ სახლს ცხრილავდნენ. სასწრაფოდ ქვემოთ დაეშვა. ტყვიმფრქვევით შეაიარაღებული უაზი დაქოქა, მტრისკენ მოატრილა და დაიძრა. ოცამდე მეტრი რჩებოდა დისტანცია, რომ მტრის მებრძოლებმა ცეცხლი მისკენ მიმართეს. გაშმაგებული არაბული მტრის გარდა ვეღარაფერს ხედავდა. ყოველთვის ფრთხილ და გაწონასწორებულ ჯარისკაცს თვალებზე ბინდი გადაჰკროდა. დაცხრილული უაზი ერთბაშად დაამუხრუჭა, უკანა სავარძელისკენ გადახტა და მტერს ტყვითმფრქვევი მიუშვა. ღრიალებდა და აქეთ-იქით, ბუმბულივით ატრიალებდა მსხვილ კალიბრიანი იარაღის ლულას. ვაზნები მალევე ამოიწურა. საპასუხო ცეცხლიც აღარ იყო. კვლავ ავტომატს დასწვდა, მანქანიდან გადმოხტა, ზურგზე მოიგდო და მათქკენ გაქანდა. ათიოდე მეტრიდან ყუმბარა გახსნა და ოსების მანქანებისკენ ისროლა. მტრის ორმა, ცოცხლად დარჩენილმა ჯარისკაცმა სასწრაფოდ დატოვა სამალავი და თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა გზაზე. ლაშამაც არ დააყოვნა, იარაღ შემართულებს სროლა არ აცადა და მეგობრის იარაღში დარჩენილი ტყვიები ჯერად მიუშვა. ყუმბარის აფეთქების შემდეგ, ბარძაყთან დამაგრებული ბუდიდან მოზრდილი, სამხედრო დანა იშიშვლა და ძირს მოფენილ მტერთან მიიჭრა. დანა აღარ დასჭირვებია. სიცოცხლის ნიშანწყალი აღარავის ეტყობოდა. - ცოცხალი ხარ?! - დაიყვირა უმისამართოთ. - ცოცხალი ვარ. - მოესმა სახლიდან მოხუცის ხმა. - გამომყევი. - დაიყვირა ისევ. მტრის იარაღს ხელი დასტაცა და უკან, ზვიადისკენ გაიქცა. გულ-ამოვარდნილმა მიირბინა ძმადნაფიცთან. მის წინ ჩაიმუხლა. - მოდი მიშველე. - გასძახა მათკენ გამოქცეულ ადგილობრივს. - მანქანას მოვაყენებ, ვიცი სადაც უნდა წავიყვანოთ. - დაიძახა კაცმა და მანქანისკენ გაიქცა. ტკივილით გატანჯული ლიქოკელი თვალებს ლულავდა. - გამაგრდი ძმაო, ახლავე! - ამხნევებდა არაბული. - მელაპარაკე, თვალების დახუჭვა არ გაბედო იცოდე! - უტირე დედა ჰოლანდიელო? - მტკივნეული ღიმილით ამოთქვა ზვიადმა. - ყუმბარა მაინც არ დამიტოვე. - ყუმბარა რათ გინდოდა ბიჭო?! - სევდიანი ღიმილით ჰკითხა არაბულმა. - რომ ვერ გამკლავებოდი, მეორე ტყვეობას ვეღარ ავიტანდი... - ეგრე მიცნობ?! ამასობაში კაცმა მანქანა დაჭრილთან მოაყენა, გადმოვიდა და ლაშას მის აყვანაში დაეხმარა. - სად მივდივართ? - მანქანის დაძვირსთანავე იკითხა არაბულმა. - აქვე ახლოს, ჩვენები არიან. სარდაფში დაჭრილები მყავს დამალული. ჩემი ცოლი მკურნალობს, სოფლის ექიმია. დანიშნულების ადგილი მართლაც ახლოს აღმოჩნდა. ადგილობრივმა პარალელურ ქუჩაზე გადაუხვია, ასამდე მეტრი გაიარა და შეჩერდა. დაჭრილი ფრთხილად გადმოიყვანეს და მომცრო სახლის სარდაფში ჩაიყვანეს. - გვიშველე ექიმო. - ჩასვლისთანავე დაიძახა კაცმა. შუა ხნის ქალმა სისხლიანი ხელთათმანები მოიხსნა. შუბლს მონადენი ოფლი მოიწმინდა და დაჭრილითვის დასაწოლი მაგიდისკენ მიუთითა. უფანჯრებო სართაფში ერთადერთი ნათურა ბჟუტავდა. ბეტონის იატაკზე, გაცრეცილი ლეიბებზე ორი დაჭრილი ჯარისკაცი ყრუდ გმინავდა. დაჭრილი ზვიადი ნათურის ძირში მდგარ ძველებურ მაგიდაზე, მკერდით დააწვინეს. ექიმმა მაკრატლით მაისური გაუჭრა და ჭრილობა გამოაჩინა. - ბევრი სისხლი დაუკარგავს. - ჩაილაპარაკა ქალმა. - სასწრაფოდ ტყვია უნდა ამოვიღო. - ექიმო. - მიუახლოვდა ლაშა. - მორფი არ გაქვს? - ერთი ამპულა დარმჩა. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ქალმა. - იქნებ უარესი პაციენტი გამოჩნდეს, მერე რაღა ვქნა. - გეხვეწები ექიმო! - მუდარით სავსე თვალები მიაპყრო ლაშამ. - ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს. - კარგი, კარგი. - ნერვიულად ჩაილარაპარაკა ქალმა და საქმეს შეუდგა. ლაშამ უკან დაიხია. მის თანხმლებს მიუახლოვდა და მის წინ სამფეხა სკამზე ჩამოჯდა. - მითხარი რა ხდება სოფელში. ბევრი ხალხია დარჩენილი? - არ ვიცი შვილო. არ მგონია ვინმე დარჩენილიყო. გარეთ არ გავდიოდი. წეღანაც საჭმელის მოსატანად გამოვედი ჩემს სახლში. ეს ჩემი ძმის სახლია, ყველანი ქალაქში წავიდნენ. მე ვერ დავტოვე აქაურობა, არც მეგონა ამ დონემდე თუ მივიდოდა საქმე... ვერ დავტოვე საქონელი, მსხომიარე ხეხილი, ჩემი ფუძე. - ეს დაჭრილები ვინ არიან? - აქაურები არიან. წინა ხაზზე იბრძოდნენ. ჩვენ ჯარს რომ უკან დაუხევია, ესენი არ გაჰყოლიან, ჩვენი სოფელი უნდა დავიცვათო. ეკლესიასთან ახლოს ბომბი ჩამოაგდეს იმ უღმერთოებმა. ნამსხვრევები მოხვდათ. - ცრემლი ჩამოუგორდა კაცს. - გამაგრდი, მოვიფიქრებთ რამეს. - მხარზე ხელი მოუთათუნა ლაშამ. - ეჰ, ჩემ თავს აღარა ვდარდობ, თქვენ, ახალგაზრდები მეცოდებით. - ჩაილაპარაკა და თავი ჩახარა. - მომისმინეთ, როგორმე უნდა გავაღწიოთ აქედან. აქ დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. - როგორმე გადავიდოდი სამშვიდობოს, მაგრამ ამ დაჭრილებისთვის რა მექნა. სოფლის თავში ტანკები უდგათ, ფეხით კი ამათ ვერ გავიყვანდი. - ვერ გავალთ მანქანით, ისე რომ გვერდი ავუაროთ? - მათ რომ გვერდი ავუაროთ ოსებს მაინც ვერ გავცდებით, დათარეშობენ მთელ სოფელში. მალე აქაც მოვლენ ალბათ. - მანქანის აქ დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. - ჩაილარაპარაკა ლაშამ, წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა. - სად მიდიხარ შვილო? - დაადევნა მასპინძელმა. - შენ თავს შეხედე რა დღეში ხარ. ლაშა შედგა. სისხლიანი მაისური აიწია და ჭრილობიდან წამოსული სისხლი შენიშნა. - შებინდებამდე მოვბრუნდები. ჩემს მეგობარს მიხედეთ და წასასვლელად მზად დამხვდით. მანქანაში ჩაჯდა. მარჯვენა ფეხზე დამაგრებული პისტოლეტის ბუდე მოსინჯა. ბინოკლი, შაშხანა და ნაალაფარი ავტომატი გვერდით სავარძელზე მოათავსა.ზურგჩანთაში სახვევი მოძებნა. დაქოქა და სწრაფად მოშორდა ადგილს. ჯერ შეტაკების ადგილას გაიარა. ამოტრიალებულ მანქანასთან გაჩერდა. მოათვალიერა, სასურველი იარაღი ვერ იპოვა. ახლა მეორე მანქანასთან მივიდა. აქ კი გაუმართლა. ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, რპგ-7 იპოვა. რამდენიმე ჭურვი მანქანაში გადაიტანა და ტანკებისკენ დაიძრა. ბედად არც ერთი მაროდიორთა დაჯგუფება არ შეხვდა. ჩაფიქრებული ჰქონდა რაც შეიძლება მაღალი სახლი მოეძენდა, საიდანაც მტრის შეკრების ადგილი გამოჩნდებოდა. ბოლოს არჩევანი სკოლის შენობაზე შეაჩერა. მანქანა მოშორებით, ჩიხში შეჩერა. მხოლოდ შაშხანა აიღო და სკოლის შენობაში შევიდა. მიტოვებული სკოლის კიბეებს ბოლომდე აუყვა და სახურავზე ავიდა. სნაიპერული შაშახანა სახურავის კიდესთან მოათავსა. დაწვა და მტერს ბინოკლში გახედა. ერთად შეკრებილი მებრძოლები რაღაცისთვის ემზადებოდნენ. მათ ნერვიულ ქცევებს აშკარად ეტყობოდა, რომ სისხლისღვრის ამბები შეეტყოთ ან სროლა მაინც გაეგონათ. დაფეთებული ოსები, რუსებთან გამოიქცეულიყვნენ რჩევის საკითხავად. „ყოჩარ, კარგად შეკრებილხართ“ - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა. გაავებული სნაიპერი თავის სტიქიაში იყო, ახლა მას ვეღარაფერი შეაჩერებდა. ბინოკლი გვერდით გადადო. მანძილი და ქარის სიძლიერე განსაზღვრა, სამიზნე გაასწორა და ღრმად ჩაისუნთქა. პირველი მსხვერპლი შეარჩია. ტანკთან მდგომი რუსი ჯარისკაცი, ვინც ყველაზე მეტს ყვიროდა და ბრძანებებს გასცემდა მიზანში ამოიღო. შაშხანამ მოგუდულად გაიჩხაკუნა, რუსი დაეცა. სამიზნე მაშინვე მანქანების სიახლოვეს გადაიტანა, გონს მოსვლა და თავშესაფრის მოძებნა არ აცადა. ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ოსი განგმირა. გაქცევას ან ტანკებთან და მანქანებთან მიახლოვების უფლებას არავის აძლევდა. ვინც კი მკვეთრ მოძრაობას ეცდებოდა უსულოდ ეცემოდა. შოკირებულმა, მიწაზე გართხმულმა მტერმა სხვადასხვა შენობებისკენ დაუმიზნებლად სროლა დაიწყო. ჰოლანდიელი კი აგრძელებდა. ყოველ მეხუთე გასროლაზე ჯიბიდან ტყვიებს იღებდა და ცარიელ ვაზნას ავსებდა. მისი უწინდელი ემოციები სადღაც გამქრალიყო. ნახევარი საათის უკან თუ გაშმაგებული ყვიროდა, ისროდა და მტრის საპირისპიროდ დაუფიქრებლად გარბოდა. ახლა წარბშეუხრელად, გაყინული, უემოციო თვალით იმზირებოდა სამიზნეში. ჩახმახზე ყოველი მისი თითის დაშვება მომდვენო მებრძოლის სიკვდილით სრულდებოდა. ჩვეულებისამებრ, სასროლ პოზიციას არ იცვლიდა, თითქოს სურდა კიდეც მისი მდებარეობა შეემჩნიათ. მტერი ხელის გულზე ჰყავდა. თვალის ერთი მოძრაობით გადათვალა. ათამდე დარჩენილიყვნენ. თუმცა ერდროულად თუ გაიქცეოდნენ მანქანებისკენ, უმეტესობა ადგილის დატოვებას მოახერხებდა. შაშხანა დატენა და ცეცხლი ავტომობილების ბენზინის ავზებისკენ მიმართა, რამდენიმე გასროლა და ერთ-ერთს ალი ავარდა. ერთს მეორე მოჰყვა. ამასობაში მებრძოლებმა დრო იხელთეს, ტანკებთან მისვლა და ჩაძრომა მოახერხეს. ტანკები სკოლის მიმართულებით დაიძრნენ. ლაშას გეგმის მეორე ეტაპი იწყებოდა. სასწრაფოდ წამოხტა და კიბეებისკენ გაიქცა. ეზოში ჩასულმა შაშახანა მანქანაში ჩააგდო. ყუმბარმტყოცნი და სათადარიგო ჭურვი აიღო. შენობის საწინააღმდეგო მხარეს გაიქცა და გზასთან ჩასაფრდა. ლაშას მოლოდინი არ გამართლდა, ტანკები ას მეტრში შედგნენ და იერიში შორიდან მიიტანეს. მალე პირველი ჭურვი მოხვდა სკოლას. მეორე გასროლამ კი მარცხენა ფასადი ჩამოანგრია. რამდენიმე წუთში, სკოლა თითქმის მიწასთან იყო გასწორებული. მეტის მოცდა აღარ შეიძლებოდა. გაცოფებული მტერი მალე მიმდებარე შენობებზე გადავიდოდა. არაბული ვიწრო ბილიკით, სახლებს შორის გაიქცა. გზადაგზა ჯიბიდან წინასწარ გამზადებული ბამბა ამოიღო და ყურებში ჩაიტენა. ერთ-ერთ ტანკს გვერდულად გაუსწორდა და ყუმბარმტყორცნი მხარზე შემოიდო. პირველივე გასროლა წარმატებული აღმოჩნდა. ტანკი შესამჩნევად შეტორტმანდა და მწყობრიდან გამოვიდა. სასწრაფოთ სათადარიგო ჭურვის მორგება დაიწყო. მეორე ჯავშანმანქანა უკვე ლულას ატრიალებდა, რომ ჰოლანდიელმა ისევ გაისროლა. მეორე გასროლა უფრო წარმატებული გამოდგა, ჭურვი ტანკს კოშკურაში მოხვდა, რაც შიგნით მყოფების უეჭველ განადგურებას ნიშნავდა. კვამლი ნელ-ნელა იფანტებოდა. პირველი ტანკიდან, გადარჩენილი ეკიპაჟის წევრებმა გამოღწევა სცადეს. თუმცა ტანკს ზემოდან მოქცეულ ქართველ ჯარისკაცს ხელყუმბარა მოემარჯვებინა. როგორც კი თავსახურს ახადეს, გახნილი ხელყუმბარა ჩააგდო და გადმოხტა. უკან მიბრუნებულმა ზვიადის ამბავი მოიკითხა. - ტყვია ამოვიღე, ჭრილობა დავამუშავე და გავკერე. - თქვა ექიმმა. - მადლობა ქალბატონო, ამას არ დაგივიწყებთ. - მიმართა ექიმს, შემდეგ კი მის მეუღლეს მიუბრუნდა. - გორისკენ წასვლა არ შეიძლება. - წითელუბანში წავიდეთ, ნათესავები მყავს. იქით შედარებით სიმშვიდეა. - რა მანძილია? - ოცამდე კილომეტრი იქნება. - კარგი. დღის შუქზე საშიშია, მალე დაბნელდება და წავიდეთ. - თქვა ლაშამ. მომცრო, დაბალ მაგიდაზე მიმოფანტულ ნივთებში კალამს მოჰკრა თვალი. სკამი ახლოს მიიდგა. სქელი რვეულიდან ბოლო ფურცელი ამოხია და წერას შეუდგა. მალევე დაასრულა. ფურცელი ოთხად მოკეცა, ზევიდან სახელი ბაკური და მისი ტელეფონის ნომერი დააწერა. - მოდი შვილო ჩემთან. - მოულოდნელად მიმართა ექიმმა ლაშას. - ჭრილობა მაჩვენე. გახსნილილი ჭრილობა, სპირტით დაუმუშავა და თავიდან გაუკერა. - მკვეთრი მოძრაობები არ უნდა აკეთო, თორემ ისევ გაგეხსნება. - ვეცდები ქალბატონო. - თქვა ლაშამ და ნელი მოძრაობით წამოდგა. დაჭრილები ფრთხილად მოათავსეს უკანა სავარძელზე. მორფის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ლიქოკელს გუგები შევიწროვებოდა, სახელზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა. „ლაშა“, ლაშა“, - უმიზნოდ იმეორებდა. მასპინძელი კაცი და მისი ცოლი მძღოლის გვერდი სავარძელზე მოთავსდნენ. ლაშა საჭესთან დაჯდა, კაცს გზის მითითება სთხოვა და მანქანა დაძრა. უსაფრთხოების მიზნით მანქანის ფარები არ ჩართო. მთვარის შუქზე მიუყვებოდა ხრეშიან გზას და დროდადრო აქეით-იქით იხედებოდა. ირგვლივ არავინ ჩანდა. ცოტაც და სოფელს გასცდებოდნენ, რომ მარჯვნიდან, გზის გადაღმა სინათლე გამოჩნდა. ფარებ-ანთებული ორი ავტომობილი სიგნალებით მათკენ მოიწევდა. - ოსები! - განწირულად წამოიყვირა ქალმა. „ვერ გავექცევით“ - გაუელვა გონებაში. არც მანქანიდან სროლა ივარგება. საპასუხო ცეცხლს მალევე გახსნიდნენ, დაჭრილებს კი სწრაფად ვერ გადმოიყვანდა მანქანიდან. მოულოდნელად მოწყვეთით დაამუხრუჭა. - ჩქარა საჭესთან გადმოდი. - დაუყვირა კაცს. შაშხანა აიღო და მანქანიდან გადავიდა. ჯიბიდან დაკეცილი ფურცელი ამოიღო და კაცს გაუწოდა. - აქ ნომერი წერია. სამშვიდობოს, რომ იქნები დაურეკე აუცილებლად, უთხარი ლაშასგან ვრეკავთქო. - რას აკეთებ შვილო?! - შევაჩერებ! წადი, ჩქარა წადი! - ლაშამ ისე იღრიალა, რომ დაბნეულმა კაცმა სიტყვის თქმა ვეღარ გაბედა, გაზის სატერფულს ბოლომდე დააწვა და ადგილიდან მოსწყდა. გზის პირას, ბალახში გაწვა. შაშხანა დაამაგრა და ცეცხლი გახსნა. დაწინაურებულ მანქანას სინათლის ფარები ჩაუმსხვრია. რამდენიმე გასროლის შემდეგ წამოხტა და გზაზე აჩრდილივით გადაირბინა. საპირისპირო მხარეს ჩაწვა და ცეცხლი განაახლა. პირველი ავტომობილი შეჩერდა. ტყვიას ძრავიც დაეზიანებინა. მებრძოლები გადმოხტნენ, გაიფანტნენ და სროლა ატეხეს. მეორე ავტომობილი კი მოძრაობას აგრძელებდა. ნებისმიერ ფასად მეორე მანქანაც უნდა დაეზიანებინა. თუ ვერ მოახერხებდა, ზვიადს და დანარჩენებს სიკვდილისგან ვეღარაფერი იხსნიდა. მოახლოვებულ ქვეითებს ყურადღებას აღარ აქცევდა. მთავარი ამოცანა მანქანა იყო. უშედეგოდ გამოჰკრა სასხლეტს. შაშხანაში ტყვიები აღარ იდო. ჯიბეები მოიქექა. ორი ტყვიაღა დარჩენოდა. სწრაფად დატენა. წინა საბურავს ესროლა. წონასწორობა დაკარგულმა მანქანამ სვლა შეანელა, რამაც ზუსტი გასროლისთვის საჭირო, კიდევ რამდენიმე წამი მისცა. როგორც კი მანქანა გაუსწორდა, საწვავის ავზი მიზანში ამოიღო და სასხლეტი დაუშვა. როცა მეგობარი სამშვიდობოს დაიგულა, თვითგადარჩენის ინსტიქტი ჩაერთო. პისტოლეტი იძრო, თუმცა წამოიმართა თუ არა ზურგიდან ნასროლი ტყვია მარჯვენა ფეხში მოხვდა და ჩაიკეცა. თვალის დახამხამებაში თავს რამდენიმე მებრძოლი წამოადგა. პისტოლეტი იარაღის მუქარით ხელიდან გააგდებინეს. თანამებრძოლების დაღუპვით გამწარებულმა ერთ-ერთმა ოსმა იარაღი შემართა და ლაშას დაუმიზნა. - არ ესროლო! - იარაღი ჩააწევინა მეორემ. - შეიძლება ის იყოს... ცოცხალი სჭირდებათ. - ვინ ის?! - მფრინავი ჰოლანდიელი. - მესროლე . - რუსულად დაიხრიალა ლაშამ. - უარესი მოგელის ჰოლანდიელო! უარესი ვიდრე შუბლში ტყვია! - ავად ჩაიქირქილა ოსმა. *** ბაკურს შვილიშვილზე ვერანაირი ინფორმაცია ვერ გაერკვია. ღამეს შვილთან და სიძესთან ათევდა. დღისით ლაშას ყველა ნაცნობს ხელახლა უკავშირდებოდა, თუმცა ახალს და სასიკეთოს ვერაფერს ისმენდა. ლაშა არავისთან გადიოდა კავშირზე. ერთადერთი, რაც მან და არჩილმა პოლკოვნიკისგან შეიტყვეს იყო ის, რომ ლაშა ბოლო ბრძანდებას არ დაემორჩილა და დამოუკიდებლად მოქმედება არჩია. ახლად გაღვიძებული ბაკური გულდამძიმებული გამოვიდა მისაღებში. არჩილს ტელევიზორი ჩაერთო და საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა. წამყვანი იტყობინებოდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა და მაშტაბური ბრძოლები შეწყდა. ევროპა და ამერიკა რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს აგრესია და დაუბრუნდნენ კომფლიქტამდე არსებულ საზღვრებს. - რაო არჩილ, რას ამბობენ? - იკითხა ბაკურმა და სავარძელში დაეშვა. - ჩვენები აღარ იბრძვიან, ყველგან რუსები დგანან. მოულოდნელად კაკუნი მოისმა. კარის ზღურბლზე გიორგი ახვლედიანი იდგა. - ბოდიშს მოვიხდი, ცალკე მინდა საუბარი არჩილ. - დაჯდომისთანავე თქვა პოლკოვნიკმა. - მასთან დასამალი არაფერი მაქვს, ჩემი სიმამრია. - მეუღლე? - ლილი მოიკითხა გიორგიმ. - სძინავს, მითხარი რა ხდება. - მოუთმენლად მიმართა არჩილმა. - არჩილ, დასაწყისში ვიტყვი, რომ ტელეფონით არ მინდოდა ამაზე საუბარი, მოსვლა ვარჩიე. კარგად იცი, როგორ პატივს გცემ არჩილ... - სული ნუ ამოგვხადე პოლკოვნიკო! - გააწყვეტინა გაბრაზებულმა ბაკურმა. - ლაშაზე გაქვთ ინფორმაცია? - ხვალ ტყვეები უნდა გავცვალოთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ლაშაც ტყვედ ჰყავთ. - მერე? - დაიძაბა ბაკური. - გამთენიისას მქონდა კომუნიკაცია რუსებთან. თავიდან დაადასტურეს, რომ მათ ყავდათ. შემდეგ კი ტყვეების სიიდან ამოიღეს. - რას ნიშნავს ამოიღეს? - გაფითრდა არჩილი. - არ ვიცი. როგორც განაცხადეს, შეეშალათ და ასეთი ტყვე არ ჰყოლიათ. ბაკური და არჩილი დამუნჯებულიყვნენ, სახე ორივეს გაფითრებოდა და სიტყვას ვერ ძრავდნენ. - სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ არის. - განაგრძო პოლოვნიკმა. - ეს სრული სისულელეა... მე ყველა გზით ვეცდები ასე არ მოხდეს. - რა არ მოხდეს? - იკითხეს ერთდროულად. - თუ დაბრუნდება შესაძლოა ღალატში დასდონ ბრალი. ხელმძღვანელობიდან რამდენიმე მათგანი ფიქრობს, რომ ლაშა გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდა მტერს. - რაო?! - წამოიყვირა ბაკურმა. - ასე რატომ ფიქრობენ? - იკითხა არჩილმა - მან უკან დახევის ბრძანება არ შეასრულა, ეს თქვენც იცით. ამას დაემატა ისიც, რომ ერთ-ერთი თათბირის დროს დავუკავშირდით, ანგარიში ჩაგვაბარა. მერე რაღაცაზე გაღიზიანდა და საკმაოდ მკვახედ მიმართა რამდენიმე მაღალჩინოსანს. - და ამის გამო?! - გაოცდა მამა. - საკმაოდ გარკვევით მიანიშნა თავიანთ ტაქტიკურ შეცდომებზე. არჩილ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს ბრალდება სისულელეა! ჩვენში დარჩეს, ვფიქრობ ზოგიერთ მაღალჩნოსანს, საკუთარი გაუაზრებელი შეცდომების გადასაფარად სჭირდება ეს ყველაფერი. უცბებ ბაკურის მობილური ტელეფონი აწკრიალდა. ეკრანს დახედა, ნომერი არ ეცნო. - გისმენთ. - ბაკური ბრძანდებით? - ბაკური ვარ. - მე დავითი მქვია. ლაშასგან გირეკავთ. - მოისმა ტელეფონში. დენდარტყმულივით წამოიჭრა ფეხზე. - ერთი წუთი. - უთხრა უცნობს და ოთახი დატოვა. ერთ საათში, ბაკური და არჩილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყვნენ. მიმღებში ზვიად ლიქოკელის პალატა იკითხეს და კიბეებს მიაშურეს. ოთახის კართან შუა ხანს გადაცილებული კაცი შენიშნეს. ფერმკთალ კაცს თმები უსწორმაწოროდ აჩეჩვოდა, სახის გამომეტყველება მისი განვლილი დღეების სიმძიმეს მოწმობდა. ბაკური გუმანით მიხვდა, ზარის ავტორი უნდა ყოფილიყო. მაშინვე მასთან მივიდა, გაეცნო და დაჭრილი ზვიადი მოიკითხა. გაიგო, რომ უკეთესად იყო. ხვალ გაწერდნენ და რეაბილიტაციის კურსი სახლში უნდა გაევლო. - შევიდეთ. - პალატის კარი გააღო და შეუძღვა. - დაბმული რატომ არის? - შესვლისთანავე იკითხა არჩილმა. - დამამშვიდებელი გაუკეთეს და ჩაეძინა. დააბეს, როგორც კი გაიღვიძებდა ყვირილს იწყებდა, გამიშვით ლაშასთან უნდა წავიდეო. - დავით, კაფეტერიაში ჩავიდეთ, დავსხდეთ და ყველაფერი დეტალურად მოგვიყევი. - უთხრა არჩილმა. როგორც კი დასხდნენ ბაკურმა მაშინვე ლაშას წერილი მოიკითხა. დაკეცილი ფურცელი გამოართვა, თრთოლვით გაშალა და კითხვას შეუდგა. „როგორ ხარ ბაკურ? მე კარგად ვარ, არაფერზე იდარდოთ. ერთხელ მითხარი, ცხოვრებაში ოცნებებს და იმედებს არ აჰყვე, წინ იარეო. მეც ასე ვიქცევი. ბევრი დრო არ მაქვს. მარტო თხოვნები მაქვს ბევრი. ზვიადს მიმიხედე, ხანში შესული დედა ჰყავს მხოლოდ ხევსურეთში, მეტი არავინ. დავითმა გადაგვარჩინა მეც და ზვიადიც. ამ პატიოსან კაცსაც ყურადღება მიაქციე, ეგ შენ არ გესწავლება. ხორასნელსაც მიმიხედე. ლაშა“ - ტელეფონით მითხარი კარალეთში ჩამოგვშორდაო. - იკითხა ბაკურმა. - ეგრე იყო. - რატომ არ წამოგყვათ? ჩვენები უკვე მცხეთამდე ჩამოსულან, თვითონ რატომ დარჩა იქ. - სოფელში შემოსული ოსები ძალიან გააბრაზა. ბევრი ხალხი დაუხოცა.. წითელუბანში რომ გავედით, მეორე დღეს იქ გავარდა ამბავი, ერთმა კაცმა რუსებს ტანკებიც კი აუფეთქაო... ღამე მოვდიოდით. შეგვამჩნიეს და გამოგვიდგნენ. მანქანაში სამი დაჭრილი გვყავდა. თვითონაც დაჭრილი იყო. რომ დაგვწეოდნენ ალბათ ყველას დაგვხოცავდნენ. ჩამოხტა მანქანიდან, წერილი მომცა და გამოგვიშვა.... - დავითი ცოტა ხანს შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო. - მათი შეჩერება უნდოდა, ჩვენ რომ სამშვიდობოს გამოვსულიყავით. მაგრამ ახლა ვფიქრობ, წინასწარ რატომ დაწერდა წერილს თუ ჩვენთან ერთად აპირებდა წამოსვლას? - სად იყო დაჭრილი?! - იკითხა დაზაფრულმა არჩილმა. - მენჯის ზემოთ ჰქონდა გამავალი ჭრილობა, მაგრამ ყოჩაღად იყო. წამოსვლამდე ჩემმა ქალმაც ხელახლა დაუმუშავა. მერე წითელუბანში გადავედით ნათესავთან. ზვიადი უძლებდა, მაგრამ ის ორი დაჭრილი გვიკვდებოდა. სოფელში ვერაფერს ვუშველიდით. თბილისში უნდა წამომეყვანა, მაგრამ გზებზე უკვე რუსები იდგნენ. სამინისტროს დავუკავშირდით და როგორღაც გამოგვიყვანეს. - დანარჩენი დაჭრილების ახლობლებმა იციან მათი ამბავი? - დაინტერესდა არჩილი. - იციან. უთენია მოვიდნენ, წეღან ველაპარაკე. - შენი ცოლი სად არის, თბილისში დასარჩენი გაქვთ სადმე? - იკითხა ბაკურმა. - ნათესავს აქვს აქ სახლი. ჩემები ვყველა იქ არიან. ჩემი ცოლიც გავუშვი, მე აქ წამოვედი. ცოტა ხნით მინდა წავიდე მეც. თვალს მოვატყუებ, თორემ ვეღარ ვაზროვნებ უკვე. - თქვა კაცმა და წასასვლელად მოემზადა. - მისამართი დაგვიწერე და წადი დავით, დაისვენე. გეტყობა დიდი ხანია არ გიძინია. კარგი კაცი ხარ, არც ღმერთი და არც ჩვენ არ დაგიკარგავთ ამ სიკეთეს. – თავის აუღებლად უთხრა ბაკურმა. დავითის წასვლის შემდეგ სიძე-სიმამრი დიდხანს იჯდა უხმოდ. მათ სახეებზე დაძაბულობა, შიში და ამავდროულად გაურკვევლობა ერთიანად იკითხებოდა. ბოლოს დუმილი ბაკურმა დაარღვია. - რას იტყვი? - რა გითხრა ბაკურ, ჩემი შვილი ჩემზე უკეთ შენ გცოდნია. ჩემს გვერდით იყო და თურმე საერთოდ არ ვიცნობდი. ვერ ვხდები, ვინერვიულო, შემეშინდეს თუ ვიამაყო. გახეთქვაზე მაქვს გული... იქით შენი შვილის დაწყნარებაში ვარ. ვერც ვერაფერს ვეუბნები, მეშინია გული არ გაუსკდეს. ხან რას ვატყუებ ხან რას. - მე ერთი რამ მაფიქრებს. - დაიწყო ბაკურმა. - თუ ჩვენს პოლკოვნიკს დავუჯერებთ, ლაშა ტყვეობაშია. ესე იგი, როცა კარალეთში ამათ ჩამოშორდა შეტაკებისას არ მოუკლავთ. როგორც ამ კაცმა თქვა, ძალიან გაუმწარებია ოსები და რუსებიც. ვიცი, არც მანამდე იჯდებოდა უქმად. ასეთი შესაძლებლობის ტყვე თუ არ მოკლეს, მაშინ საკმაოდ ძვირად უნდა უღირდეთ. მაგრამ საერთოდ რატომ შეიყვანეს გასაცვლელი ტყვეების სიაში, თუ ისევ ამოიღებდნენ? - ანუ გულისხმობ რომ... - ხმა დაუმძიმდა არჩილს. - მაგაზე ფიქრიც არ მინდა. კი მხედავ რა დღეში ვარ, მაგრამ ვცდილობ ლოგიკურად მივყვე. - ბაკური ჩაფიქრდა. სახეზე ხელი ნერვიულად მოისვა და თავისთვის ჩაილაპარაკა. - ერთგან უნდა დავრეკო. - ამ დაჭრილ ბიჭს იცნობ? - ზვიადზე ჰკითხა სიმამრს. - დედამისს უნდა გავაგებინოთ ალბათ. - ვიცნობ, ერთხელ ჰყავდა ლაშას ჩემთან ჩამოყვანილი. დედამისს არ ვიცნობ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ბარისახოში ცხოვრობს. ალბათ აჯობებს, ხვალ ჩვენთან წავიყვანოთ. აქ გამოჯანმრთელდეს. - კარგი. დავითზე რა ვქნათ? - ლტოლვილს რა დასჭირდება ყველაზე მეტად? ფული ჩემო არჩილ. სხვა არაფერი შეგვიძლია... მაგას მე მივხედავ. - თქვა ბაკურმა. წამოდგა და ისევ ზვიადისკენ წასვლა დააპირა. სანამ დაიძვრებოდა არჩილისკენ მოტრიალდა. სთხოვა სახლში წასულიყო, ლილისთვის მიეხედა და ზვიადისთვის ლაშას ოთახი მოემზადებინათ. თვითონ დარჩებოდა და ბიჭს მიაქცევდა ყურადღებას. - ხო კიდევ, ჯაბას დაურეკე, რაიმე კომპიუტერი და ყურსასმენი წამომიღოს. - სთხოვა არჩილს. - კომპიუტერი რათ გინდა? - სკაიპი თუ რაღაც ჯანდაბა რომაა, იმით მინდა დავრეკო. - კარგი, ლეპტოპს გამოვატან და გამოვუშვებ. პალატაში შესულს ზვიადი გამოღვიძებული დაუხვდა. ჭრილობის გამო გვერდულად იწვა. ფეხები და მარცხენა ხელი საწოლზე მიებათ. ახალგაზრდა ექთანი თავზე ადგა რაღაცას ეხვეწებოდა. ბიჭი თავისუფალ ხელს ნერვიულად იქნევდა და უფლებას არ ძლევდა წვეთოვანი დაემაგრებინა. - გამიშვით! აღარ დამაძინოთ! - გაიძახოდა ბიჭი. ბაკური მიუხლოვდა, გვერდულად შემოურა. მის წინ ჩამოჯდა, თავისუფალი ხელი დაუჭირა და თვალებში სათნო ღიმილი შეანათა. - დაწყნარდი შვილო. - პაპა... - ნაკვთები დაულაგდა ზვიადს. - პაპამისი ხართ? - იკითხა ექთანმა. - რა კარგია, გთხოვთ იქნებ თქვენ მაინც დაგიჯეროთ. დამამშვიდებელს აღარ ვუკეთებ. მხოლოდ გადასხმაა, სხვადასხვა ვიტამინებით. - წინაზე რატომ დამაძინეთ?! - არ ჩერდებოდა ზვიადი. - გითხარით კარგად ვარ, გამიშვით! ეგრე დამაძინეს იქაც, თორემ ეხლა ჩემს ძმასთან უნდა ვიყო... - ბოლო წინადადებაზე თავი ვეღარ შეიკავა, სახე დაემანჭა და თვალზე ცრემლი მოადგა. ბაკური წამოდგა. გოგონა გვერდით გაიხმო და მისი მდგომარეობა მოიკითხა. ექთანმა დავითის ნათქვამი დაუდასტურა. უთხრა, რომ ჭრილობა საგანგაშო არ იყო, წოლით რეჟიმს გამოუწერდნენ და სახლში გაწერდნენ. - ცოტა ხანს დაგვტოვე შვილო. დამიჯერე, როცა შემოხვალ აღარ შეგეწინააღმდეგება. - დამაჯერებლად მიმართა ექთანს. ექთანის გასვლის შემდეგ. ზვიადთან მიბრუნდა და ისევ მის წინ ჩამოჯდა. ბიჭმა დაწვრილებით მოუყვა ბოლო დღეს განვითარებული მოვლენები. ახსოვდა როგორ დაიჭრა, როგორ მიიყვანეს სარდაფში, სხვა დაჭრილებთან. მას შემდეგ კი ყველაფერი ფრაგმენტებად ახსენდებოდა. - ლაშას ყვირილი ჩამესმის, ამ კაცს უყვიროდა ჩქარა წადითო. მეტი არაფერი მახსოვს, გათენებისას აქ გავიღვიძე. ბაკური მდუმარედ ისმენდა ბიჭის მონაყოლს და გული უფრო მეტად ევსებოდა დარდით. - იმ დილით მეუბნებოდა, უკან დახეულ ჯართან წამოვსულიყავი. თვითონ დარჩენას აპირებდა. გავბრაზდი, არსად წავალ მეთქი. ვთხოვე ძმობაში არ დამზოგო მეთქი პაპა... - დამშვიდდი შვილო. - ხელი მოსიყვარულედ გადაუსვა თავზე. - ჩამოვა და მერე ეჩხუბე მაგაზე. - სევდიანი ღიმილით მიმართა ბიჭს. - ცუდი მდგომარეობა იყო ბოლოს. ნეტავ რას შვრება, ხომ არ დაურეკავს? რაიმე ახალი ხომ არ იცით? - არა, არაფერი ვიცი. - მის დამძიმებას მოერიდა ბაკური. - როგორც კი გამწერენ უკან წავალ. - ჯიუტად ჩაილაპარაკა ლიქოკელმა. - ომი მორჩა შვილო. ხომ ხვდები, რომ მაგ ზურგით ბრძოლა კი არა ჯერ-ჯერობით სიარულიც გაგიჭირდება. ხვალ გაგწერენ და ერთად წავალთ ლაშას სახლში. იქ მომჯობინდები. შენი ძმადნაფიციც მალე გამოჩნდება ალბათ. მანამდე კი ნუ მაწყენინებ და დაუჯერე ექიმებს კარგი? - კარგი პაპა. პალატიდან გამოსულმა ბაკურმა ტელეფონი მოიმარჯვა, კონტაქტების სიას ჩამოუყვა, არჩევანი სახელ, ვალერა გატჩინსკიზე შეაჩერა და დარეკა. - ვალერა, ბაკური ვარ... სალაპარაკო მაქვს... ტელეფონით არ გამოვა... კარგი, მალე დავრეკავ. დიდ ხანს ლოდინი არ მოუწია. გათიშა თუ არა ლაშას ნახევარძმამ დარეკა. უკვე მოსულიყო და საავადმყოფოს მისაღებში ელოდებოდა. ახალგაზრდასავით ჩაირბინა კიბეები და ბიჭი კაფეტერიისკენ გაიხმო. - სკაიპი ჩამირთე. გეტყვი სადაც უნდა დავრეკოთ. - დასხდომისთანავე უთხრა ბიჭს. ჯაბამ ინტერნეტი ჩართო. მიკროფონიანი ყურსასმენი ლეპტოპს მოარგო, სკაიპი ჩაურთო და ბაკურის ნაკარნახები მომხმარებელი მოძებნა. - ოცდამესამე პალატაში ადი, ლაშას მეგობარი წევს დაჭრილი, მოინახულე. - კარგი. დარეკა თუ არა რამდენიმე წამში მონიტორზე სლავური გარეგნობის კაცი გამოჩნდა. გამხდარ, ხანში შესულ კაცს სახე საგრძნობლად დანაოჭებოდა. ბაკურის დანახვაზე სიგარეტი პირიდან გამოიღო, მის წინ დაგროვილი კვამლი ხელის გაქნევით გაფანტა და რუსულად მიესალმა. - ჩემს ძმას სიცოცხლე! - გამარჯობა ვალერა. - როგორ მიდის საქმეები? - ცუდად! - მოუჭრა მოკლედ. - შენი დახმარება მჭირდება. *** თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში საგანგებო შეხვედრა იმართებოდა. სხდომას ესწრებოდა, როგორც სამთავრობო ისე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. ბოლო საკითხი ტყვეთა გაცვლას ეხებოდა. დაპირისპირებული მხარეები ვერაფრით თანხმდებოდნენ. ქართული მხარე მოითხოვდა ტყვეები გაცვლილიყვნენ პრინციპით „ყველა-ყველაში“. რუსული მხარე, გარკვეულწილად ეთანხმებოდა აღნიშნულ შემოთავაზებას, თუმცა დამატებითი მოთხოვნა ჰქონდა. საქმე ეხებოდა წლების უკან დაპატიმრებულ საქართველოს მოქალაქეს, ვინც სასჯელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის იხდიდა. ქართულ მხარეს პატიმარი ოფიციალურად უნდა გაეთავისუფლებინა საპატიმროდან და რუსული მხარისათვის გადაეცა. დამსწრეთა აზრები ორად იყოფოდა. თუმცა უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ სხვა გზა არ იყო, რუსეთის ეს მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინათ. - რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს სარდალი ვასილევი. - დაიწყო უშიშროების მინისტრმა. - მასთან მოსალაპარაკებლად ისეთი ადამიანი გვჭირდება ვისაც ის მოუსმენს. აქამდე ყველა ჩვენი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. რუსები საკმაოდ კატეგორიულები არიან. გვაქვს ინფორმაცია, რომ ქართველი ბიზნესმენი, ვასილ ჯავახიშვილი, რომელსაც მოსკოვში მსხვილი ბიზნესი აქვს, მეგობრობდა ვასილევთან. ბატონო სერგო. - მიმართა უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანს. - ჯავახიშვილს ვესაუბრეთ და გელოდებათ, მოსალაპარაკებლად დაამუშავეთ და შეხვედრაზე წაიყვანეთ. - არის. - თავი დაუკრა სერგო ფალავანდიშვილმა. სიტყვა გენერალური შტაბის უფროსს გადაეცა. - ერთხმად უნდა შევთანხმდეთ, ვაძლევთ რუსებს პატიმარს, თუ არა. - შტაბის უფროსმა დამსწრეებს თვალი მოავლო, შემდეგ კი გიორგი ახვლედიანს მიმართა. - თქვენ რას იტყვით ბატონო გიორგი? - უნდა გადავცეთ. მითუმეტეს, რომ ყველამ ვიცით, აღნიშნული პატიმარი სახელმწიფოსთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. - არ წარმოადგენს?! - გააწყვეტინა სერგო ფალავანდიშვილმა. - მაშ რატომ ითხოვენ ასე კატეგორიულად?! - იკითხა ირონიული ტონით და მოჩვენებით გაკვირვების ნიშნად ხელები ცინიკურად გაშალა. - იქნებ იმიტომ, რომ ჩვენი მტერი უპატრონოდ არ ტოვებს თავის ერთგულებს! ჩვენ კი ვსხედვართ და საკუთარი მებრძოლების დახსნაზე ვერ ვთანხმდებით! - შეუვალი ტონი ჰქონდა პოლკოვნიკს. - ბატონო სერგო. - ჩერთო შტაბის უფროსი. - სწორედ თქვენი მოვალეობა იყო თავდაცვითი წერტილების სწორად შერჩევა. თუნდაც თლიაყანის არ დაკავება რად ღირს! თქვენგან განსხვავებით უბრალო კაპრალიც კი მიხვდა ამას! - ლაშასთან სატელეფონო ინციდენტი შეახსენა შტაბის უფროსმა. - გაგახენოთ მისი ნათქვამი ზედმეტ ტლიკინად, რომ მიიჩნიეთ?! - კი, მაგრამ ხომ იცით, რომ თლიაყანაზე ნამდვილად იყო განლაგებული ჩვენი ქვედანაყოფი. რუსების მასიურმა შეტევამ დაგვახევინა უკან. - ვითომ ვერ ხვდებით რას ვგულისხმობ?! - განრისხებული წამოიჭრა ფეხზე. - თლიაყანაზე არტილერია უნდა განთავსებულიყო! - მრისხანება მალევე მოთოკა. სკამს დაუბრუნდა და მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა. - ახლა ამის დრო არ არის. გადავწყვიტოთ პრიორიტეტული საკითხები. ზოგიერთების კონპეტენციაში კი მოგვიანებით გავერკვევით. ყველასთვის აშკარა იყო, „ზოგიერთში“ სერგო ფალავანდიშვილი იგულისხმებოდა. - სწორედ ეგ წყეული ჰოლანდიელი იყო ვინც ჩვენს ლოკაციებს აწვდიდა მტერს! - წამოიყვირა ჩიხში მოქცეულმა ფალავანდიშვილმა. - რაო?! - წამოხტა ახვლედიანი. - მაქვს ინფორმაცია, რომ მტერთან თანამშრომლობდა. სხდომის მონაწილეებს ჩურჩულის ტალღამ გადაურბინა. - ერთი წუთით. - წამოდგა შტაბის უფროსი. - გიორგი, ადგილს დაუბრუნდი! - მიმართა ახვლედიანს. შემდეგ კი ფალავანდილშვილს გამომცდელი თვალებით შეხედა. - საიდან გაქვს ეს ინფორმაცია? ეს თუ სიმართლეა აქამდე რატომ არ თქვი?! - დაზვერვის ერთ-ერთმა ოფიცერმა მომაწოდა ინფორმაცია. ჯერ ჯერობით მტკიცებულება არ მაქვს, ამიტომ არ გავამჟღავნე. - სიცრუეს განაგრძობდა ფალავანდიშვილი. - კონკრეტულად რომელმა ოფიცერმა? - კიტა მჭედლიშვილმა. - მკვდარი ოფიცერი მოგყავს მოწმედ?! - გაცეცხლდა ახლედიანი. - კიტა ჯავაში მოკლეს და ეს ყველამ კარგად ვიცით! არაბული კი ტყვეობაშია! - ასეა, კიტა მჭედლიშვილი მკვდარია. მაგრამ ეს ხომ არ გამორიცხავს იმას, რასაც ვამბობ?! - არ ეპუებოდა ფალავანდიშვილი. - მოვრჩეთ! - წამოდგა მინისტრი. - ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდებით. - მთავარსარდალს ჩავაყენებ საქმის კურსში, იმასთან დაკავშირებით, რომ შევთანხმდით პატიმრის გადაცემაზე. საკუთარი დავალება ყველამ იცის, საქმეს მივხედოთ. სხდომიდან შეშინებული და ნირწამხდარი გამოვიდა სერგო ფალავანდიშვილი. „ჩემს სახელს და კარიერას ამ ლაწირაკს არ გადავაყოლებ“. - ფიქრობდა გულში. ერთ საათში ვასილ ჯავახიშვილს სახლში ეწვია. მაპინძელი უგუნებოდ დაუხვ. სერგოს მოსვლამდე დაერეკა და მისი სტუმრობის მიზეზი დაახლოებით იცოდა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენს არანაირად არ სურდა სამხედრო კომპლიქტში, თუნდაც მცირედით ჩართულობა. რუსეთში კარგად ნაცნობი ბიზნესმენი საქართველოშიც საკმაო ქონებას ფლობდა. მისი მხრიდან, მოლაპარაკებაში ჩართვას კი შესაძლებელია რომელიმე მხარესთან დაძაბულობა გამოეწვია. თუ მოლაპარაკებაზე უარს იტყოდა, დიდი ალბათობით, საქართველოში მის ბიზნესს საფრთხე დაემუქრებოდა. თუ დათანხმდებოდა, შესაძლოა მისი საქციელი, რუსეთს ჩაეთვალა, როგორც მისი საქართველოსთან მოკავშირეობა. როგორმე სტუმარი უნდა დაერწმუნებინა, რომ მისი ჩართულობა შედეგს ვერ გამოიღებდა. თუმცა სერგო ფალავანდიშვილმა ზუსტად იქ დაარტყა, რაზეც სტუმრის მოსვლამდე თავადაც ფიქრობდა. სამუშაო კაბინეტში განმარტოვდნენ და ხელმძღვანელობის დავალება დაწვრილებით გააცნო. - ბატონო ვასილ, როგორც მოგახსენეთ სამშობლოს თქვენი დახმარება სჭირდება. ვფიქრობთ თქვენი ნაცნობობით შეძლებთ საჩვენოდ შემოატრიალოთ საქმე. - უარი, რომ გითხრათ? - მოსინჯა ჯავახიშვილმა. - თქვენ საკმაოდ დიდი აქტივები გაქვთ ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფოს თავისუფლად შეუძლია ამ აქტივებში გარკვეული სამართლებრივი ხარვეზების პოვნა. ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი უარის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გავავრცელოთ ინფორმაცია, რუსეთში ნაშოვნი ფულით, როგორ აფინანსებდით ქართულ შეიარაღებას. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა ზიანი მიადგება ამით თქვენს ბიზნესს რუსეთში. - კი, მაგრამ ეს ხომ ტყუილია. - რა თქმა უნდა. - გაიღიმა სტუმარმა. - გასაგებია. - ჩაიალაპაარკა ვასილმა და თავი ჩახარა. - ანუ შევთანხმდით. - ერთი რამ ვერ გავიგე. როგორც მითხარით, რუსეთი პატიმრის გათავისუფლებას ითხოვდა. უარზე იყავით და ტყვეთა გაცვლაზე მოლაპარაკება არ შედგა. მაგრამ ამბობთ, რომ ახლა თანახმანი ხართ, ხომ ასეა? - დიახ. - მაშ მე რაღაში გჭირდებით? - საქმე იმაშია, რომ გაცვლა უნდა მოხდეს ყველა-ყველაში. როგორც გითხარით საწყის ეტაპზე პატიმარს არ ვაძლევდით, რამაც რუსული მხარე საკმაოდ გააღიზიანა. თუ სხვას გავგზავნით მოლაპარაკებაზე, ვშიშობთ, ამ პრინციპით გაცვლაზე უარს იტყვიან. შემოგვთავაზებენ გაცვლას ერთი-ერთში. ამ შემთხვევაში ჩვენს ყველა მოქალაქეს ვერ გავათავისუფლებთ. - ესე იგი მათ მეტი ტყვე ჰყავთ? - სწორად მიხვდით. - თავი მსუბუქად დაუკრა სტუმარმა. - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. - ფალავანდიშვილმა მოკლე პაუზა გააკეთა და განაგრძო. - ტყვეებს შორის არის ვინმე ლაშა არაბული და ის არ უნდა გაიცვალოს. - ლაშა არაბული? - ყბა ჩამოუვარდა ვასილს. - რა იყო, იცნობთ? -იჭვნეულად შეხედა. - მე? აა... არა, არა. - ენა დაება ჯავახიშვილს. - კარგად მომისმინეთ. რუსეთის მხარემ ლაშა არაბული ტყვეების სიიდან უნდა ამოიღოს. თქვას, რომ შეეშალათ და ასეთი ტყვე არ ჰყავთ. - მერე? - მერე არაფერი. რაც უნდათ ის ქნან. - ჩაიქირქილა ფალავანდიშვილმა. - არ მგონია ამით ნაწყენები დარჩნენ. - შეიძლება მიზეზი ვიცოდე? - ზედმეტ კითხვებს სვამთ! გაითვალისწინე, არაბულის საკითხი ჩემი პირადი დავალებაა და სიტყვა არსად დაგცდეს. ლაშა არაბული სამშობლოს მოღალატეა! - და საქართველოს მოღალატე რუსებს ტყვეობაში ჰყავთ? - ალმაცერად გახედა ჯავახიშვილმა. - გითხარი ზედმეტ კითვებს სვამთქო! - ხმა გაუმკაცრდა სტუმარს. - რა გაეწყობა... შევთანხმდით. - მშვენიერია. - კმაყოფილებით ჩაილაპარაკა. - მოემზადეთ, ახლავე გავდივართ. ვასილ ჯავახიშვილი მთლად უგუნებოდ აღარ გამოიყურებოდა. საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად, ფალავანდიშვილის მოთხოვნაზე მაინც დათანხმდებოდა, მაგრამ მოლაპარაკების ბოლო დეტალმა ხასიათი გამოუკეთა. ლაშას არ დაბრუნების შესაძლებლობა მას საკმაოდ ხიბლავდა. მარტივად შეეძლო საყვარელი ქალიშვილისთვის არასასურველი ადამიანი აერიდებინა. - გამოგყვე ვასილ? - ეზოში დაუხვდა რამაზი. - არ არის საჭირო. - მოკლედ მოუჭრა ძმიშვილს. - საღამოს დავბრუნდები. ვასილის ქცევა ეუცნაურა. სანამ მანქანაში ჩასხდებოდნენ სტუმარი შეათვალიერა, ბიძას კი გაკვირვებული მზერა გააყოლა. ქეთი, მთელი დღეები, საკუთარ შემოქმედებას შეჰყურებდა და საყვარელ მამაკაცზე ფიქრობდა. ნახატი სახელად „გერგეთისკენ მიმავალნი“ ფორმას დღითიდღე იცვლიდა. ცხენზე ამხედრებული წყვილიდან, მამაკაცის სილუეტი უფრო და უფრო იხრებოდა მარჯვნივ, სადაცაა ცხენიდან გადმოვარდებოდა. ქალის სილუეტს დააკვირდა. არ იცვლებოდა. ერთი ის იყო, რომ ნახატის შექმნისას, ცხენზე, ქალი მამაკაცის უკან იჯდა. ხელები წელზე შემოეხვია და თავი მინდობილად მიედო მის ზურგზე. შეცვლილ ნახატზე კი ქალს ხელები უცნაურად დარჩენოდა ჰაერში. „ღმერთო, რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი“. - ფიქრობდა თავისთვის. მარტო მას რომ შეემჩნია, იფიქრებდა მელანდებაო, ჭკუიდან ვიშლებიო. მაგრამ ბაკური, თაკო და ლუკაც იგივეს ხედავდნენ ნახატზე. „მათ ორიგინალი არ უნახავთ და იქნებ ეჭვიც შეაქვთ ჩემს ნათქვამში?“ – „იქნებ ფიქრობენ, რომ მე ზუსტად ასეთი დავხატე, როგორიც ნახეს, მაგრამ ახლა რაღას იფიქრებენ როცა ნახატი ისევ შეიცვალა?“ ნახატის შექმნის დღე გაახსენდა. სანამ ხატვას დაიწყებდა. ერთმა აზრმა გაუელვა. რაკი ნახატზე ეკლესიაც იქნებოდა, გადაწყვიტა მოძღვარისთვის კურთხევა ეთხოვა. „უფრო ადვილად დავხატავ და ლამაზიც გამომივა“. - იფიქრა მაშინ. ბოტანიკური ბაღის ქვაფენილი სწრაფი ნაბიჯით ჩამოიარა და სიონის ეკლესიისაკენ დაიძრა. მოძღვარს მისი განზრახვა გაანდო და კურთხევა მიიღო. იგივე მოძღვართან გადაწყვიტა მისვლა. იქნებ მისგან გაეგო რა ემართებოდა ნახატს. გოგოს იმედი ფუჭი გამოდგა. მოძღვარმა ნახატი შეათვალიერა, უდროობა მოიმიზეზა და „უსაქმური ინტრიგანი“ უკან გააბრუნა. აქამდე ნათელმხილველების, ექსტრასენსებისა და მსგავსი მოდგმის ადამიანების არასდროს სჯეროდა. ფულის გამომძალველ აფერისტებად მიაჩნდა მუდამ. სხვა გზას ვეღარ ხედავდა. ახლა ესეც უნდა მოესინჯა. ინტერნეტი გადაქექა. ერთ-ერთ ექსტრასენსს უამრავი გამოხმაურება ჰქონდა, ხალხის ნაწილი ამტკიცებდა, რომ განსაკუთებულ ძალას ფრლობდა, თუმცა მასთან მოხვედრა ადვილი არ იყო. საკონტაქტო ნომერი აკრიფა. ექსტრასენსის დამხმარე გოგონას სოლიდურ ანაზღაურებას დაჰპირდა და გადაუდებელ ვიზიტზე ჩაეწერა. როგორც კი მისამართი მიიღო მაშინვე მისკენ გაემართა. დანიშნულების ადგილზე მოზრდილი რიგი დახვდა. გვერდი აუარა, კართან მდგომ მამაკაცს სახელი და გვარი უთხრა და ურიგოდ შევიდა. მისაღებში, გოგონას დაპირებული თანხა გადასცა და ექსტრასენსთან შევიდა. ორმოც წელს გადაცილებული, უცნაურად ჩაცმული ქალი დაყენებული, ნაძალადევი ღიმილით დაუხვდა. სავარძელზე დაჯდომისკენ მიუთითა და ვიზიტის არსი ჰკითხა. ქეთიმ დაწვრილებით მოუყვა ნახატის შექმნის ისტორია და შემდეგში განვითარებული მოვლენებიც. დაკეცილი ტილო ჩანთიდან ამოიღო, მაგიდაზე დადო და მის წინ გაშალა. ქალი შეცბა. სახეზე ალმური მოედო. სკამზე მჯდომმა, ტილოსკენ გადახრილმა ექსტრასენსმა მთელი სხეულით უკან დაიხია. ქეთი, თითოეულ მის მოძრაობას ყურადღებით აკვირდებოდა. ქალი, რამდენიმე წუთს გაუნძრევლად, უხმოდ იჯდა. გაფართოვებული თვალებით უყურებდა ტილოს. მერე ნელ-ნელა ნახატისკენ მიიწია, მარჯვენა ხელის თითები ნელი მოძრაობით მოუსვა და ლაპარაკი დაიწყო. - ძალიან... ძალიან დიდი ენერეგია მოდის... ეს ეკლესია, ეს მთა. - თოვლით დაფარულ მყინვარწვერს გადაუსვა თითები. - ეს ცხენიც კი... - არა! არა! - წამოიყვირა უცებ. - არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადმოვარდეს! - რას გულისხმობთ? - ძლივს ამოთქვა სიტყვები, ქალის უეცარი წამოყვირებისგან დამფრთხალმა ქეთიმ. - ეს ბიჭი... - ემოციების მოთოკვას ცდილობდა ქალი. - ეს ბიჭი არ უნდა გადმოვარდეს ცხენიდან! - რა მოხდება თუ გადმოვარდება? - იკითხა აკანკალებული ხმით. - მოკვდება! ტყვეთა გაცვლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველომ ხუთი რუსი სამხედრო ტყვე გაათავისუფლა. მათ შორის იყვნენ სამხედრო მფრინავები, რომელთა საფრენი ბომბდამშენები, ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ, ცხინვალის მისადგომებთან ჩამოაგდო. რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაპატიმრებული კი ციხიდან, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა. რუსეთის მხარემ თხუთმეტი ტყვე გადასცა მოწინააღმდეგეს. მათ შორის ცამეტი სამხედრო და ორი შვიდობიანი მოქალაქე. შემდგომში, რამდენიმე დაჭრილი, ყოფილი ტყვის, დაკითვისას ირკვეოდა, რომ ვლადიკავკაზის სამხედრო ჰოსპიტალში მათ ნორმალურად ექცეოდნენ. ისინი ერთ პალატაში ჰყავდათ. თუმცა იქ, მათსავით დაჭრილ, სხვა ქართველ ტყვეს ვერავინ იხსენებდა. მომდევნო სხდომაზე სერგო ფალავანდიშვილი, თავაწეული აკეთებდა მოხსენებას, ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებასა და წარმატებით შესრულებაზე. რუსეთის მხრიდან, ლაშა არაბულის ტყვეთა სიიდან ამოღება, სწორე მისი სიტყვების ჭეშმარიტებას მოწმობდა. ფალავანდიშვილი ამბობდა, რომ მისი ვარაუდი და ინფორმაცია გამართლდა, ლაშა არაბული მტერს ქართული ქვედანაყოფების კოორდინატებს აწვდიდა. - ლოგიკას ვერ ვხედავ. - მოხსენების დასრულებისთანავე დაიწყო გიორგი ახვლედიანმა. - დაფიქრდით! თუკი არაბული მოღალატე და რუსეთის ჯაშუშია, რატომ ამოიღეს ის ტყვეთა სიიდან? რატომ არ გამოუშვეს სხვა ტყვეებთან ერთად? ამით ხომ ერთით მეტი ჯაშუში ეყოლებოდათ ჩვენს ქვეყანაში?! - ალბათ იეჭვეს, რომ გაიშიფრა. - მომზადებული პასუხი შეაგება ფალავანდიშვილმა. - ბატონო გიორგი. - ჩაერთო უშიშროების მინისტრი. - ვიცით თქვენი და არაბულის ოჯახის მეგობრული ურთიერთობის შესახებ. ამიტომ კარგად ვაცნობირებთ თქვენს გულისტკივილს. სამწუხაროდ შექმნილი სიტუაცია საშუალებას არ გვაძლევს სხვა რამ ვიფიქროთ. არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ლაშა არაბული, დაჭრილი ჩავარდა ტყვედ. ის რომ ჯაშუში არ იყოს, ან გაცვლიდნენ, სხვა ტყვეების მსგავსად, ან მოკლავდნენ. ხომ მეთანხმებით? - დიახ. - უპასუხა თავჩახრილმა ახვლედიანმა. - ვთქვათ მოკლეს, ან შემოაკვდათ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ განაცხადებდნენ მის დაღუპვაზე? ბოლო-ბოლო იტყოდნენ, ომში მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალაო და ცხედარსაც გადმოგვცემდნენ. ახვლედიანმა დუმილით უპასუხა. - მოვიცადოთ, დრო უკეთ გამოაჩენეს სიმართლეს. - დუმილი ისევ მინისტრმა დაარღვია. დღევადელი შეხვედრა დასრულებულიაო, ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა. *** ზვიადისთვის დღეები უსაშველოდ იწელებოდა. მისი ჭრილობა შუშდებოდა, თუმცა სიარული კვლავაც არ შეეძლო. ძმადნაფიცის ოთახში მწოლიარე, როგორც კი თავს მარტოდ დაიგულებდა, მაშინვე წამოჯდებოდა და ნელი მოძრაობით საწოლიდან დგებოდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ზურგის საშინელი ტკივილი ეუფლებდა. რის ვაი-ვაგლახით საწოლს უბრუნდებოდა და გულმოსული წვებოდა. მარტო იშვიათად იყო. თაკო, ლუკა და გიო ყოველ დღე სტუმრობდნენ. ჯაბაც თითქმის მთელ დღეს მასთან ატარებდა. ხშირად ღამეც მასთან რჩებოდა. ოთახის ბოლოში, დივანზე მიწვებოდა და სანამ ზვიადი არ დაიძინებდა მანამდე ელაპარაკებოდა. ცდილობდა მოწყენილობა და დარდი არ ეგრძნო. როდესაც უგუნებობას შეამჩნევდა ცდილობდა გაემხიარულებინა. მაგრამ მის დაღონებულ და განრისხებულ თვალებს ვერაფერი შველოდა. ლიქოკელს ბაკურისგან შეეტყო, რომ ლაშას მოღალატეობაში სდებდნენ ბრალს. „ვინც ეგ პირველმა თქვა, ჩემი ხელით დაემშვიდობება სიცოცხლეს“. - ჯაბასთან საუბრისას, ხშირად იმეორებდა ერთიდაიგივე წინადადებას. - მეც იქ ვიქნები! - უთხრა ერთ დილას ჯაბამაც. - შენც გამიხდი ეხლა სადარდებელი! - წინა დღით, სოფელში ჩასული ბაკური უკან მობრუნებულიყო. კართან მოახლოვებულმა მათ სიტყვების ყური მოეკრა. ოთახში შემოვიდა, ჯაბას მკლავთან ხელი მეგობრულად გაჰკრა და ზვიადი მოიკითხა. სანამ ზვიადი უპასუხებდა, ჯაბამ ბაკურის ქცევაზე ყრუდ ამოიგმინა. - რა იყო ბიჭო ასე გეტკინა? - გაუკვირდა ბაკურს. - არაფერია. - დაიმორცხვა ჯაბამ. - მაჩვენე. - მკლავთან მაისური აუწია და ჭრილობას დახედა. - ეს საიდან გაქვს?! ჯაბამ ტყუილი ვერ გაუბედა და დაწვრილებით მოუყვა ყველაფერს. „აი, თურმე რაში დასჭრიდა“ - შვილიშვილის მიერ პისტოლეტის მოპარვა გაახსენდა ბაკურს. - გაცოფებულა ლაშა. შეხვედრია ქეთის ძმას. ის მშიშარა ბიძასა და ძმაკაცთან ერთად მისულა. - მერე? - თავი გაუტეხია მისთვის. მთელი უბანი ამაზე ლაპარაკობდა. - მე რატომ არ ვიცოდი? - საყვედურით სავსე მზერა მიაპყრო ჯაბას. - ლაშამ მთხოვა არ მეთქვა. - თავი ჩახარა ბიჭმა. ბაკური დაფიქრდა. შვილიშვილი არასდროს არაფერს უმალავდა, ეს რატომ დაუმალა. თანაც ძმაც გაუფრთხილებია, რომ ბაკურს არ გაეგო. „კარგად იცოდა, მის საქციელს არ დავძრახავდი. საკუთარი ძმის დაცვას როგორ არ მოვუწონებდი?! მაგრამ მაინც არ მითხრა. ვითომ ჩემს განერვიულებას მოერიდა? უარესებიც მოუყოლია. არა!“- თავისივე ფიქრი უარყო კაცმა. – „აქ რაღაცაშია საქმე“. - მეგონა ყველაფერი აირეოდა. - განაგრძო ჯაბამ. - მეშინოდა, ლაშა შარში გავხვიეთქო. მაგრამ მოულოდნელად ჯავახიშვილები გაჩერდნენ, აღარაფერი მოიმოქმედეს. - ერთი გაებედათ და ნახავდნენ! - ჩაერთო ზვიადი. - საკადრისი მიიღეს და გაჩერდნენ! ბედი მაგას, რომ ქეთის ძმა ყოფილა, თორემ ხელის მოტეხვას არ აკმარებდა ჰოლანდიელი! - ამაყად თქვა ლიქოკელმა. - მაგათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. - მიუბრუნდა ლიქოკელს ჯაბა. - მამამისი მილიონერი ყოფილა. უნდა ნახო დაცვებით და ესკორტებით როგორ დაგრიმიტობენ. ეს მაგის ბიჭიც ვითომ ძველ ბიჭებთან ძმაკაცობს. მეშინოდა მაინც, სადმე მარტო მყოფი არ გამოეჭირათ. ბაკური ისევ მდუმარედ იჯდა. სიტყვას არ ძრავდა. ჯავახიშვილის ხსენებაზე ძარღვებში სისხლი გაეყინა. ძველი ბრაზი მოაწვა. ხავსს ეჭიდებოდა. ოღონდ ის არ იყოს, ოღონდ ის არ იყოს! - გონებაში უმეორებდა საკუთარ თავს. იქნებ სხვა ჯავახიშვილია?“ მაგრამ სხვა მილიონერი, გვარად ჯავახიშვილი არ გაეგონა. - რა გჭირს პაპა? - ზვიადს ბაკურის სახის ცვლილება არ გამოეპარა. - ქეთის მამა ვასილ ჯავახიშვილია? - იკითხა არაბუნებრივი ხმით. ჯაბამ, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ორიოდე წუთს გაუნძრევლად იჯდა. თვალებამღვრეული ერთბაშად ფეხზე წამოიჭრა, კარისკენ მიტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი. ბოლო დღეებში ვასილ ჯავახიშვილი სახლიდან არ გადიოდა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. ვატო მოსკოვში გააგზავნა, ქეთისაც მალე სწავლა დაეწყებოდა და გერმანიაში წავიდოდა. ისე დალაგდა ყველაფერი, რომ როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მთავრობა მისით კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. არც ბიზნეს და არც ოჯახს საფრთხე არ ემუქრებოდა. თუმცა გული დამძიმებული ჰქონდა. მისი სხეული შიშს მოეცვა, გაურკვეველ და უცნაურ შიშს. დაძინებაც უჭირდა. უცნაურ სიზმრებს ხედავდა. დიდი ნაწილი გაღვიძების შემდეგ აღარც ახსოვდა. თუმცა იყო ერთი სიზმარი, რომელსაც ძალიან ხშირად ნახულობდა და მოსვენებას არ აძლევდა. შუა საუკუნეების დროში ინაცვლებდა. დანგრეულ ქალაქში ბრძოლა ახალი დამთავრებული იყო. ირგვლივ გვამები მიმოფანტულიყო, დამწვარ ქოხებს ალაგ-ალაგ კვამლი ასდიოდა. თვითონ კი შეშინებული, უმისამართოდ დაიარებოდა. საითაც არ უნდა წასულიყო, ცეცხლის ალში გახვეულ ტერიტორიასთან ჩერდებოდა. უკან ვეღარ იხევდა, გახევებული იდგა და ცეცხლის გადაღმა, შავ ცხენზე ამხედრებულ რაინდს უყურებდა. ბრძოლისგან დაღლილ მხედარს აბჯარი სისხლით შეღებვოდა და ავის მომასწავლებლად იყურებოდა მისკენ. მისი გამოხედვა პანიკურ კანკალს აწყებინებდა. მათ შორის გაუვალი ცეცხლი იყო, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი, რომ შეიძლება მხედარს ცეცხლი გადმოელახა შიშის ზარს სცემდა კაცს. ვასილის გამოჩენაზე, მხედარი ცხენს გამეტებით ჰკრავდა დეზებს და ცეცხლის გარღვევისკენ მოუწოდებდა. ბედაური ყალყზე დგებოდა, დაიჭიხვინებდა და შურდულივით მოწყდებოდა ადგილს, ცეცხლის ერთ ნაკადს გაარღვევდა თუ არა მაშინვე ახალი ნაკადი აღიმართებოდა მის წინ. ყოველი მომდევნო მცდელობა მხედარს ძვირად უჯდებოდა. არ ნებდებოდა და ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ცხენს, შემდეგი ნაკადის გარღვევისკენ მოუწოდებდა. საბოლოოდ, გამოღვიძებული ვასილი შუბლზე ოფლს მოიწმენდდა. გახარებული იმით, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო, საწოლიდან უჩუმრად დგებოდა და მისაღები ოთახისკენ მიდიოდა. ჩაის მოიმზადებდა, დივანში ჩაეშვებოდა ხოლმე და ფიქრს იწყებდა. ბიძის უცნაური ქცევა, რამაზს ყურადღების მიღმა არ დარჩენია. ახალი გათენებული იყო, რომ დივანში მოკალათებულ ბიძას თავს წამოადგა. - ვერ იძინებ? - აჰ, შენ ხარ? - მოულოდნელობისგან შემკრთალმა კაცმა ძმიშვივილს ახედა. - ბოლო დროს უცნაურად იქცევი ვასილ, მოხდა რამე? - არაფერი, რა უნდა მომხდარიყო? - კითხვითვე უპასუხა. - ქეთიზე ვნერვიულობ, მგონი აღარ აპირებს სწავლის გაგრძელებას. - აპირებს, უბრალოდ აქეთ უნდა საბუთების გადმოტანა. - იმ ვაჟბატონის გამო არა?! - ბრაზი შეეპარა ვასილს. - მის გამო, ევროპულ განათლებაზე უარი რატომ უნდა თქვას ჩემმა შვილმა?! თანაც, ხომ გითხარი, ალბათ ცოცხალი აღარც არის. - რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული? - ტყვედ ყოფილა. რუსებმა იუარეს, ასეთი არ გვყავსო. ესეიგი მოკლეს, აბა სხვა რა იქნება? - არ ვიცი, მაგრამ ასე, გადაჭრით თქმა მაინც მეტისმეტია. - ასეა, თუ ისეა ფაქტი ფაქტად რჩება. - რაღაცას მიმალავ ვასილ. მაშინაც უცნაურად მეჩვენე, როცა იმ მოლაპარაკებიდან დაბრუნდი. სანამ არ ჩაგაცივდი არაფერს მეუბნებოდი. - რა მექნა? მითხრეს საიდუმლოდ დამეტოვებინა. - თავი იმართლა ჯავახიშვილმა. - რა სისულელეს მეუბნები ახლა?! ჩემთან რა გაქვს დასამალი?! - არაფერსაც არ გიმალავ! - ფეხზე წამოიჭრა ვასილი. - უბრალოდ, მინდა ჩემს შვილს, ვიღაც კრიმინალების ოჯახთან კავშირი არ ჰქონდეს. რამაზი რაღაცის თქმას აპირებდა, როცა მის რაციაში შხრიალის ხმა გაისმა. ჭიშკართან მდგომი დაცვა სტუმრის მოსვლას ატყობინებდა. - ვინ არის ამ დილაადრიან? - ჩაილაპარაკა რამაზმა და რაცია მოიმარჯვა. - ბატონ ვასილთან უნდა შეხვედრა. - ვინ არის? - გაიმეორა კითხვა. - ბაკური მქვიაო. - მოისმა რაციაში. - შემოუშვით! - დაუფიქრებლად უბრძანა დაცვას. - გავჩხრიკოთ? - არა, ხელი არ ახლოთ. ეზოში შემოაცილეთ. რამაზი, სტუმართან შესაგებებლად ეზოში გავიდა. კაცმა ფართო ეზო სწრაფი ნაბიჯებით გადაჭრა. რამაზს მიუახლოვდა და ხელი უხმოდ გაუწოდა. ვასილისგან განსხვავებით, რამაზი ყოველთვის მოსწონდა. ახალგაზრდა კაცისთვის ხშირად მიუცია რჩევა, საკუთარი ცხოვრებისთვის მიეხედა. ნათესავური კავშირით შენიღბული ხელქვეითი ნუ გახდებიო აფრთხლებდა. ბაკურისთვის მის სიტყვას ყოველთვის ფასი ჰქონდა. სწორედ მისი თხოვნით აპატია ვასილს და პირობა მიიღო, რომ აღარასდროს გადაიკვეთებოდა მათი გზები. ეს პირობა დაირღვა. რამაზის ბრალეულობით, თუ მის გარეშე, პირობა არ შესრულდა. სხვა შემთხვევაში, აღარც რამაზს მოუსმენდა, მაგრამ იღბლიან მილიონერისთვის ახლა საკუთარი შვილი აღმოჩნდა მფარველი ანგელოზი. - არ ბერდებით ბატონო ბაკურ. - თავაზიანი ღიმილით მიმართა რამაზმა. - მე შენი ბატონი არ ვარ! - ბაკურს აშკარა აგრესია ეტყობოდა. - სახლშია? - სახლშია, შევიდეთ. - ხელის მოძრაობით შესასვლელისკენ მიუთითა და უკან მიჰყვა. ჯავახიშვილის სამუშაო კაბინეტში შესულ ბაკურს ვასილი კართან შეეგება. ხელი ჩამოართვა და ჩვეული არტისტიზმით მეგობრულად მოიკითხა. ბაკურმა მხოლოდ ნაძალადევი ღიმილით უპასუხა, ოთახში შევიდა და სავარძელში დაეშვა. ვასილმა სტუმრის გულგრულობას ყურადღება არ მიაქცია და ძმიშვილს სთხოვა მიმტანისთვის დაეძახა. - დაჯექი, ბევრი დრო არ მაქვს. - ვასილის მისამართით ჩაილაპარაკა ბაკურმა. - შენც დარჩი რამაზ. ემანდ, მოთმინებამ არ მიმტყუნოს და ბიძაშენს რაიმე არ დაუშავდეს. ვასილი გაღიზიანებული ჩამოჯდა. - შენი შვილიშვილისა და ჩემი გოგოს ურთიერთობის ამბავს გაიგებდი ალბათ? - დაასწრო ვასილმა. - დღეს გავიგე, რომ შენი შვილია. - მათი ერთად ყოფნა ისედაც არ გამოვიდოდა. - გამოვიდოდა? - წარსულ დროში ნათქვამი სიტყვა ეუცნაურა. - რას ნიშნავს არ გამოვიდოდა?! ჯავახიშვილმა ენაზე იკბინა. - ვიფიქრე იმის გამო მოხვედი, რომ ეს საქმე მოგვეგვარებინა. - სწრაფად გადააკეთა ვასილმა. - ამის გამო წარსულ დროში ვთქვი. - შენთან დანათესავება არც მე მხიბლავს, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ არის. ახალგაზრდებმა თავად გადაწყვიტონ ყველაფერი. ამის გამო არ მოვსულვარ. - გისმენ მაშინ. - შენ მისმენ?! - ხმა გაუმკაცრდა ბაკურს. - მოთმინება არ დამაკარგვინო ვასილ, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი. ჯავახიშვილი ერთიანად დაიბნა. ვატოსა და ჯაბას კონფლიქტი არც კი გახსენებია. ჩათვალა, რომ მისი მოსვლა ტყვეების გაცვლის პროცესს უკავშირდებოდა. ვერაფრით მიხვდა საიდან შეიძლებოდა ბაკურს გაეგო, მაგრამ მის ვიზიტს სხვა ახსნას ვერ უძბენიდა. - ტყვეების გაცვლას თავს ვერ აბავდნენ. რუსების ერთ-ერთი სარდალი, ვინც ჩართული იყო გაცვლის საკითხებში ჩემი ძველი ნაცნობია. ჩვენი უშიშროების თხოვნით ჩავერთე მოლაპარაკებებში. ბაკურს გული აუჩქარდა. საუბრის ასეთ წამოწყებას ერთი წამითაც ვერ წარმოიდგენდა. ემოციების შეკავება უჭირდა. ვასილი თუ გაკვირვებას შეატყობდა, შესაძლებელია ყველაფერი აღარ მოეყოლა. თავს ძალა დაატანა და მოაჩვენა, თითქოს სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ იყო მოსული. - განაგრძე. - ძლივს ამოთქვა ბაკურმა. - რუსები, თავიანთი პატიმრის გადაცამესაც ითხოვდნენ. დავთანხმდით. მათ კი ყველა ჩვენიანი უნდა გადმოეცათ. - მერე?! - ვეღარ ითქმენდა კაცი. - წასვლამდე, უშიშროებისგან გავიგე, რომ ლაშაც ტყვედ ჰყავდათ. მოლაპარაკებებში ჩართვაზე სწორედ ამის გამო დავთანხმდი. - რატომ? - ბაკური ერთ წერტილს მიშტერებოდა, თითოეულ ნათქვამ სიტყვას დაკვირვებით ისმენდა. პერიოდულად შეხედავდა და მისი თვალებიდან სიმართლის ამოკითხვას ცდილობდა. - ბაკურ, იცი ალბათ, რომ ჩემი გოგოც ცხინვალში იყო. ლაშამ გადაარჩინა და სამშვიდობოს გამოიყვანა. რაც არ უნდა გვძულდეს ერთმანეთი, ჩემი შვილის გადამრჩენის გამო უკან არაფერზე დავიხევდი. დაუფიქრებლად წავედი და გენერალს ლაშას გადმოცემასაც ვთხოვდი. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ტყვეთა სიაში ეწერა, ამბობდნენ ასეთი ტყვე არ გვყავსო. ვასილევს ძველი მეგობრობა დავაფიცე, დიდი ფულიც კი შევთავაზე. მანაც იგივე მითხრა, ასეთი ტყვე არ გვყავსო. კარგად ვიცნობ ბაკურ, ლაშა რომ იქ ყოფილიყო, იმდენი ფული შევთავაზე უარს ვერ იტყოდა. - ჩვენი უშიშროება რას ამბობდა? - ჩემთან საუბარში დარწმუნებული იყვნენ, ლაშა მათ ჰყავდათ, მაგრამ რაღას იღონებდნენ. ძალიან შეწუხებულები იყვნენ. საუკეთესო ჯარისკაცი დავკარგეთო. ვარაუდობდნენ, ცოცხალი აღარ არისო. - შენც იქ იყავი? - ბაკურმა თავი წამოსწია და რამაზს გახედა. - არა, რამაზი იქ არ იყო. - ძმიშვილის ნაცვლად უპასუხა ვასილმა. - შენთვის არ მიკითხავს. - გაცხარდა სტუმარი. - შენ ის გირჩევნია ამიხსნა, აქამდე რატომ არ მითხარი ეს ყველაფერი?! ან ლაშას მშობლებს რატომ არ შეატყობინე?! - როგორ უნდა მეთქვა? არც კი ვიცოდი საქართველოში თუ იყავი. მშობლებთან დაკავშირებას ვაპირებდი, მისამართის გარკვევას ვცდილობდი. - აქამდე ვერ გაარკვიე ჰო?! შენი ლაწირაკი შვილი, დანით რომ მიუვარდა ლაშას ძმას, მაშინ ხომ მშვენივრად გაარკვიეთ მისი მისამართი?! - ბაკურ... - თავის მართლება სცადა ჯავახიშვილმა. - ეხლა კარგად მომისმინე! - დაიწყო ბაკურმა. - შენს სიტყვებში ტყუილს ვხედავ. სახეზე გაწერია, ყველაფერს არ მეუბნები. შენს თვალებში გულწრფელობა არ სჩანს. - წამიერად შეყოვნდა და ისევ უხმოდ მდგარ რამაზს შეხედა. - ილოცე რამაზ, ილოცე, ბიძაშენი არ მატყუებდეს, თორემ მართლა არ ვაცოცხლებ! - ბაკურ, ხომ იცი, რომ პატივს გცემ? - წამოიწყო რამაზმა. - რაც ახლა ვასილმა მოგიყვა, მეც იგივე მოვისმინე მისგან. ჯაბას დაჭრას რაც შეეხება, ჩვენ წინასწარ არაფერი ვიცოდით. სხვა შემთხვევაში, პირადად მე არ დავუშვებდი ამ ყველაფერს. მოგვიანებით არც ლაშამ დააკლო, ჩემს თვალიწინ ვატოც და მისი მეგობარიც უარეს დღეში ჩააგდო. იქ ვიყავი და ხელი არ გამინძრევია იცოდე. რამაზის სიყვებში სიმართლე დაინახა. ისევ ვასილს მიუბრუნდა, ზიზღნარევი მზერა ესროლა და სწრაფი მოძრაობით წამოდგა. - ქეთი რომ არა, დღის ბოლომდე ცოცახალი აღარ იქნებოდი! - ყრუდ ჩაიალაპარაკა. კარისკენ მიტრიალდა და დაიძრა. რამაზი უკან მიჰყვა. ჭიშკრამდე მიაცილა, უნდა დამშვიდობებოდა, რომ აივნიდან ქეთის ძახილი მოისმა. - პაპა. - დაიყვირა გოგომ. - არ წახვიდეთ. ორიოდე წუთში ეზოში გამოიჭრა, ბაკურსკენ გაიქცა და ჩაეხუტა. რამაზს თვალები გაუფართოვდა. მის ხელში გაზრდილი ბიძაშვილისგან მსგავსი ემოციები არასდროს ენახა. ბავშვობიდან, მშობლებთან ურთიერთობაშიც კი თავდაჭერილი გოგო ბაკურს ისე თბილად ჩაეხუტა, რამაზმა განცვიფრება ვერ დამალა. გაოცებულ კაცს სჯეროდა, რომ სიტყვით ყოველთვის მოიტყუებოდა ადამიანი, ჩახუტებით ვერა. სიტყვებს დიდებისგან სწავლობენ ბავშვები, ჩახუტებას კი დიდები სწავლობენ ბავშვებისგან. - როგორ ხართ? თქვენ აქ საიდან? - შენ იყავი კარგად შვილო... - სევდანარევი ღიმილით უთხრა ბაკურმა. თავზე ხელი მზრუნველად გადაუსვა, ზურგი აქცია და ჩქარი ნაბიჯით წავიდა. დაბნეულმა და გაკვირვებულმა გოგომ, რამაზს ინტერესით სავსე მზერა მიაპყო. - ვინმე გამაგებინებს აქ რა ხდება? - ცრემლი ჩამოუგორდა ქეთის. რამაზმა გოგონას ცრემლებს ვეღარ გაუძლო. დარწმუნდა, რომ ცრუ ილუზიებს მწარე სიმართლე სჯობდა. ეზოს განაპირად, მასთან ერთად სკამზე ჩამოჯდა. ბაკურთან ძველი ნაცნობობა გაუმხილა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უამბო. ქეთი კანკალმა აიტანა, ისტერიკის ჭვლებმა დაუარეს. გასული დღეების განმავლობაში, ლაშას სიკვდილი ბევრჯერ დაუშვა გონებაში. ყოველი მომდევნო დღეც კი მისი გადარჩენის იმედს უკარგავდა. შინაგანად ამის შეგუება უჭირდა. უყვარდა, მთელი არსებით გრძნობდა, რომ უყვარდა. მერე რა, რომ ეს მისთვის არასდროს უთქვამს. არც ბიჭი გამოსტყდომია სიყვარულში. მასთან უერთიერთობის დროს დარწმუნდა, რომ ადამიანმა, ყველაზე მთავარი, გულის ჭრილობებით უნდა გამოხატოს. ერთი კია, ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მისგან კვალი ყოველთვის დარჩება. ნაიარევი თუ არ არის, გული რა გულია! ამ იარების წყალობით, კუნთების უბრალო გროვა ჩვენი განვლილი წლების მოწმე და უკანასკნელი თანამოსაუბრე ხდება. ბოლო პერიოდში, სიყვარულით ანთებული გული ცივ გონებასთან ჭიდილში იყო. გონება ირწმუნებოდა: „ის ცოცხალი აღარ არის! ომი დამთავრდა. თუ ცოცხალია აქამდე გამოჩნდებოდა. შეეგუე, შეეგუე! ხომ გრძნობ, რომ მის გულსაც უყვარხარ? მაშ რატომ არ გამოჩნდა?“ გოგონას გული არ ნებდებოდა. ის კვლავ ცეცხლის ალში გიზგიზებდა და ცივ გონებას მასზე გავლენის მოხდენის უფლებას არ აძლევდა. “ის ცოცხალია!“ - არ ნებდებოდა გული და გონებას უტევდა. „აი ნახავ, მალე დაბრუნდება და სამუდამოდ გაგაჩუმებ.“ - ნახატი. - წამოიყვირა გოგომ და სკამიდან წამოიჭრა. - რა ნახატი? - რამაზმა პასუხი ვეღარ მიიღო და გაქცეულ ბიძაშვილს გაკვირვებული მზერა გააყოლა. ქეთი ელვის სისწრაფით გავარდა სახლისკენ. კიბეებზე აირბინა, საკუთარ ოთახში შევარდა და მაგიდაზე გაშლილ ტილოს დახედა. ბიჭი ცხენიდან გადმოვარდნილიყო. გოგონა ერთიანად გაშეშდა. ნაბიჯს ვეღარ დგამდა. ერთბაშად გაიყინა. გაიყინა, როგორც ცივ ზამთარში ფოთლებ გაცვენილი ხე. გაყინულ სხეულში აგიზგიზებული გული ნელ-ნელა ძალას კარგავდა. „ხომ გეუბნებოდი“ - უთხრა გონებამ და მომაკვდავ გულს საკუთარი ცივი მარწუხები მოახვია. დრო უმოწყალოდ გარბოდა. დღეები დღეებს მისდევდნენ. ყოველი გათენებული დილა ქეთისთვის მტანჯველი ფიქრების დასაწყისი იყო. „ცხოვრება განაგრძე, დრო ყველაფერს კურნავს“ - ესმოდა ყველა მხრიდან. საბოლოოდ დრომ მართლაც თავისი გაიტანა. ცდილობდა, დაკარგული სიყვარული, ნელ-ნელა გულის შორ, ვიწრო კუნჭულში ჩაემარხა. არაფერს ნანობდა. პირიქით ეცოდებოდა კიდეც ის ადამიანი, ვისაც ასეთი გრძნობა არ გამოუცდია, გრძნობა, რომელიც დენივით დაგარტყავს, მთელ სხეულს ბედნიერების ჟრუანტელს მოჰგვრის და აღაფრთოვანებს. უკვე კარგად იცოდა, ბედნიერება იმიტომ არის ბედნიერება, რომ მოკლეა. მალე მიაქვს დინებას და ეს ციცინათელების მცირე შუქი ისევე მალე ქრება, როგორც უცებ გამოჩნდება ხოლმე წყვდიადში. რამდენიმე დღეში მისი გამგზავრების დროც მოვიდოდა. თაკოსაც შეხვდებოდა, ავბედით ნახატს დაუტოვებდა და გერმანიაში გაფრინდებოდა. დილითვე დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. გოგონა, ლაშას საყვარელი მონასტრისკენ მიმავალ გზაზე აღმოჩნდა. - პაპამ მთხოვა და ღვთაების მონასტერში მიმყავს. იცი? ლაშა ხშირად ამოდიოდა ხოლმე აქ. - ვიცი, წამიყვანა ერთხელ. - უპასუხა ქეთიმ. - სამ დღეში მივფრინავ, შენი ნახვა მინდოდა. - საღამოს ვიქნები. - მანდ რომ წამოვიდე მეც? - წამოდი, შორი არ არის, ერთი საათიც არ დაგჭრიდება. ქეთი მაშინვე მოემზადა. ოთხად მოკეცილი ნახატი ჩანთაში ჩაიდო და მარტყოფისკენ დაიძრა. სოფელ ნორიოში შესულმა, ადგილობრივებს მონასტრისკენ მიმავალი გზა ჰკითხა. გრძელ აღმართს აუყვა. მანქანა ეკლესიისგან მოშორებით, ფართო საპარკინგე ადგილზე გააჩერა. ფეხით გაუყვა გზას. შესასვლელთან შეჩერდა, სკამზე ჩამოჯდა. „ალბათ რამდენჯერ მჯდარა აქ“ - გაეფიქრა უცებ და სევდა შემოაწვა. შემოდგომის მშრალი, თავაშვებული ქარი მეეზოვესავეთ მიახვეტებდა ჭრელ, ძალაგამოცლილ ჭადრის ფოთლებს, ტალღა-ტალღა ეფინებოდა ტაძრის განაპირა ჩაყოლებულ ბილიკს რბილ, ხმაურიან ხალიჩად. უსმენდა ქარის შექმნილ შემოდგომის რექვიემს. ყოველი ფოთლის ერთ მოძრაობას ერთ ნოტს უსაბამებდა. რამდენი ნოტისგან შედგებოდა ეს ნაწარმოები. უსმენდა და იწერდა იქ, მსხვილ მფეთქავ არტერიასთან. ოქტომბრის ქარი საშიშ მუსიკას უკრავდა. უსიცოცხლო, გაყვითლებული ჭადრის ფოთოლი მუსიკამ მუხლზე დაასვა. იგრძნო... ხელში თოთო ბავშვივით აიყვანა და ხელის გულზე დაისვენა. ქარმა მელანქოლიურად გააგრძელა მღერა. მიხვდა, რომ შემოდგომის ეს დიადი კომპოზიტორი ახალ სამგლოვიარო მარშს ქმნიდა. დასტიროდა დაობლებულ ხეებს, საკუთარი ხელით ჩამომხრჩვალ თითოეულ ფოთოლს, რომელთაც სინანულით უგალობდა. წამით შეზიზღდა ქარი. მკვლელი და გულბოროტი უწოდა. ქარმა საწყალობლად დაიკვნესა, მიუხვდა თითქოს ბრალმდებელს და უფრო მეტად მოხვია მარწუხები ჭადრის ფოთლებს. ფოთლები დანებდნენ. მათ აღარ შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ. კომპოზიტორი კვლავ სინანულით სჩადიოდა ახალ ცოდვას და დანაშაულს. იგი შვილებს უკლავდა ხეებს და გარდაცვლილი ფოთლები მიჰყავდა დედებისგან შორს...დედა ხეები ნერვულად კანკალებდნენ და ცდილობდნენ შვილების შენარჩუნებას. - მოხვედი? - გვერდით მიუჯდა თაკო. - კი. პაპა სად არის? - ბერებს ელაპარაკება. მე გამოვედი, მომერიდა. - როგორ არის? - ეჰ, როგორ იქნება? - სევდიანად ჩაილაპარაკა თაკომ. - ვერ ეგუება. დღემდე იძახის, ჩემი ბიჭი ცოცხალია და მისი გლოვა არ გაბედოთო. მის მშობლებსაც კი აუკრძალა შვილის გლოვა. ცოტაც მაცადეთ. ის ცოცხალიაო. - საწყალი. - შეებრალა ბაკური ქეთის. - სხვათა შორის ზვიადიც ამას იძახის. - გააგრძელა თაკომ. - არც ის არის სრულ ჭკუაზე. კინაღამ დაიჭირეს. - რას ამბობ, რა მოხდა? - თავდაცვის სამინისტროში მივარდნილა. დაულეწია ყველაფერი, ძლივს გააკავესო. ყვიროდა, როგორ გაბედეთ ლაშას მოღალატეობაში დადანაშაულება, მისნაირად ქვეყანა რომელს გიყვართო. - რატომ არ მითხარი? მამაჩემს ბევრი ნაცნობი ჰყავს, მაშინვე გამოუშვებდნენ. - პაპამ აგვიკრძალა, მათგან არაფერი გვჭირდებაო. ათ დღემდე ჰყავდათ დაჭერილი. საბოლოოდ პოსტ-ტრამვულ აშლილობას მიაწერეს და გამოუშვეს. - ეხლა როგორ არის? - უკეთ არის. პაპასთან ერთად დადის ხოლმე. ისევ ლაშას ეძებენ, რაღაცას იძიებენ. არ ვიცი, არ ვიცი. - თავი გადაიქნია თაკომ. - ძალიან ვნერვიულობ, ვეხვეწები დამშვიდდეს, დაისვენოს. ერთი შეხედვით ძლიერი და ვაჟკაცურია, მაგრამ იცი როგორი მიამიტი და სუსტი გული აქვს? - კარგი ბიჭია ზვიადი. - გაიღიმა ქეთიმ და ღიმილიანი თვალები მიაპყრო. - ასე რატომ მიყურებ? - დაიმორცხვა თაკომ. - ისე, უბრალოდ. - შენ როგორ ხარ? მიდიხარ ესეიგი? - სასწრაფოდ თემა შეცვალა თაკომ. - მივდივარ და მინდა ნახატი დაგიტოვო. - ჩანთა გახსნა ქეთიმ. - არ შემიძლია ამის დატოვება. - რატომ? - წარბები შეკრა თაკომ. - აღარ მინდა ამდენი დარდი, აღარ შემიძლია ნახატის ყურება. მუდმივად მას გამახსენებს. სწორად გამიგე გთხოვ. ვცდილობ ცხოვრება გავაგრძელო. - მესმის, მაგრამ შენს ადგილზე ამ ნახატს არავის მივცემდი. - რატომ? - ნუ გაშლი შენც, ნუ შეხედავ. გქონდეს ასე დაკეცილად შენახული. - ხმაში უკმაყოფილება დაეტყო თაკოს. - კარგი, როგორც გინდა. მომეცი და პაპას მივცემ. - მადლობა. - თავჩახრით ჩაილაპარაკა თაკომ. - როგორ ფიქრობ? ლაშა რომ ცოცხალი აღმოჩნდეს, რა პასუხი უნდა გასცე? ორი თვეც ვერ დაგელოდე და ის ერთადერთი ნივთი, რაც საყვარელ ადამიანთან მაკავშირებდა, მაშინვე მოვიშორეო?! ქეთიმ ვეღარაფერი უპასუხა. ოთხად მოკეცილი ტილო სკამზე დატოვა და გულდამძიმებული, მანქანის მიმართულებით დაიძრა. თაკომ ბრაზნარევი მზერა გააყოლა. წამოდგა, ტილო აიღო და მონასტრის ეზოში შევიდა. მალე ბაკურიც გამოჩნდა. უმისამართოდ მოძრაობდა და დაძაბული სახით ტელეფონით საუბრობდა. გოგონა გუმანით მიხვდა, საქმე ლაშას ეხებოდა. „ვლადიკავკაზში კი არა ქვეყნის დასალიერში ჩამოვალ“. - მოესმა ბაკურის სიტყვები. კაცმა ტელეფონი გათიშა. ღრმად ჩაისუნთქა და სახეზე ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა. - რა მოხდა? - ჰკითხა მოახლოვებულ კაცს. - ზვიადი მომიძებნე, უთხარი არჩილთან, სახლში დამელოდოს. - ახლავე დავურეკავ. - ტელეფონი მოიმარჯვა გოგომ. - ვიჩქაროთ. გზიდან დაურეკე. - მოშორებით მდგარი მანქანისკენ დაიძრა ბაკური. არჩილთან მისულებს კარი ლილიმ გაუღო. - ზვიადი აქ არის? - შესვლისთანავე ჰკითხა შვილს ბაკურმა. - მისაღებში გელოდება. სწრაფი ნაბიჯით შევიდა მისაღებში, ხევსურს ხელი ჩამოართვა და თავის მოძრაობით ლაშას საძინებლისკენ ანიშნა. ლილი და თაკო უსიტყვოდ მიხვდნენ, ბაკურს ზვიადთან განმატოვებულად საუბარი სურდა. - მომისმინე. - კარი მოიხურა და მაშინვე დაიწყო ბაკურმა. - ვლადიკავკაზში უნდა წავიდე. - ლაშაზეა რამე ახალი? - გული აუფრიალდა ხევსურს. - ვიპოვეთ ზვიად, წეღან დამირეკა ვალერამ. - ცოცხალია?! - წამოიყვირა ზვიადმა. - სად არის, როგორ არის? - ჩუმად! სანამ ყველაფერში არ დავრწმუნდებით, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ. სამხედრო ჰოსპიტალში ჰყოლიათ. - კარგად არის? - კომაში ყოფილა. გამოვიდა და ახლა გონზეაო. ალბათ მალე გადაიყვანენ ჰოსპიტალიდან. - რას ვაპირებთ? - ვალერა ერთ-ერთ რუს სარდალს ელაპარაკება, ვინც ცხინვალში იბრძოდა. ფიქრობს, ფულით შეიძლება ლაშას გამოხსნა. მაგრამ არ არის დარწმუნებული, თავი მაინც უნდა დავიზღვიოთო. - რას გულისხმობთ? - თავდასხმას, გადაყვანის დროს. - როდის მივდივართ? - სახე სიხარულით გაებადრა ზვიადს. - წამოხვალ? - აბა რა ვიზავ პაპა. - ამაღამვე მივდივართ შვილო. შენი გამოცდილება მჭირდება, როგორმე საზღვარზე უნდა გადავიპაროთ. - მაგის მეტი რა ვიცი. მაგრამ, ახლა როცა ჰოლანდიელი გამოჩნდა, სხვა რამ უფრო მედარდება. - რას გულისხმობ? - წარმოგიდგენიათ რა დაემართება, როცა გაიგებს, რომ მოღალატედ შერაცხეს? ჰოლანდიელს ვერაფერი გატეხდა, ვერც ტანჯვა, ვერც ტკივილი. ეს ბრალდება გატეხს პაპა. მისთვის სამშობლო უზენაესია. ერთადერთი რამ არის, რაზეც ჩვენც კი გაგვცვლიდა. - მაგის მეტი სადარდებებლი არ მოგცეს ღმერთმა. - ღიმილით მიმართა ხევსურს. - ჩვენ ლაშა წამოვიყვანოთ და გპირდები, სანამ უკან მოვბრუნდებით ყველას ეცოდინება ვინ დასწამა ცილი ჩემს ბიჭს. - რაო? - გაუკვირდა ზვიადს. - იცით ვინც არის და არაფერს ვაკეთებთ? - შორი გზა გველის შვილო. ამაზე გზაში ვილაპარაკოთ. - რა ამბობ პაპა?! მითხარი ვინ გაბედა, გეხვეწები მითხარი და ჩემი ხელით ამოვგლეჯ ენას. - მოთმინება გვმართებს ზვიად. არც ჩემთვის არის ადვილი, მაგრამ ჯერ ის ჩირქი მოვაშოროთ, რაც ლაშას მოსცხეს, შემდეგ კი ვერსად დამემალებიან. მოულოდნელად ოთახის კარი თაკომ შეამოღო. გოგონას სახე გაფითრებოდა. ნახატი მათ წინ, მაგიდაზე გაშალა და აკანკალებული თითი ნახატის ცენტრისკენ მიიტანა. - შეხედეთ! ნახატი საწყის კონდიციაში დაბრუნებულიყო. ტილოზე აღბეჭდილი, ძირს გადმოვარდნილი ბიჭი ძველებურად ამხედრებულიყო. ბაკურს ნახატის ცვლილება არ გაჰკვირვებია. ფეხზე წამოდგა, ნახატი აიღო, დაკეცა და თაკოს სთხოვა სანამა რ დაბრუნდებოდა არავისთვის არაფერი ეთქვა. *** ვლადიკავკაზის სამხედრო ჰოსპიტალის მთელი სამედიცინო პერსონალი უცნაურ პაციენტზე საუბრობდა. თითქმის უსიცოცხლო პაციენტი რაღაც ძალებით მაინც აგრძელებდა ბრძოლას. თვეზე მეტი იყო გასული, რაც უცხოელი პაციენტი კომაში იმყოფებოდა. მეოთხე სტადიის კომატოზური მდგომარეობა ექიმებს მისი გადარჩენის იმედს უკარგავდა. პაციენტს არანაირი რეფლექსი აღარ გააჩნდა. მისი მდგომარეობა სპონტანური სუნთქვის შეჩერებით, არტერიული წნევისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნით ხასიათდებოდა. სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ორგანოები ხელოვნურ მართვაზე იყო, პარალელურად მიმდინარეობდა მკურნალობის კურსი, რომლის მიზანი კომის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა იყო. ექიმების მცდელობის მიუხედავად, პაციენტი არა თუ კომიდან გამოდიოდა, რამდენჯერმე გულიც გაუჩერდა. ბოლოს, გულის გაჩერებას სისხლის მიმოქცევის შეჩერებაც მოჰყვა. რამდენჯერმე მისი მართვითი სუნთქვიდან გამორთვა განიზრახეს, თუმცა აპარატი პაციენტის ტვინის სიცოხლისუნარიანობას ადასტურებდა. „კლინიკური სიკვდილია“, ამბობდა ნეიროქირურგი და გულის დახურული მასაჟის გაკეთებას ბრძანებდა. მალევე პაციენტის გულისცემა და სისხლის მიმოქცევა ღდგებოდა, თუმცა პაციენტის შემდეგი დღეები იმედის მომცემად არ გამოიყურებოდა. ბოლო სტადიის კომატოზური მდგომარეობა, რაც თავის ტვინის ქერქის ზედა ფენის დაზიანებისგან იქნა გამოწვეული პაციენტის გამოჯანმრთელების იმედს ყველას უკარგავდა. სარდალი ვასილევის ბრძანებით, ჰოსპიტალი უიმედო პაციენტს მართვით სუნთქვიდან არ თიშავდა. თუმცა ბოლოს, მთავარი სამხედრო ექიმის დაჟინებული მოთხოვნით მისი აპარატიდან გამორთვა გადაწყდა. - რატომ გადაწყვიტეთ მისი აპარატიდან გამორთვა. - მისალმების გარეშე იკითხა მთავარი ექიმის კაბინეტში შესულმა ვასილევმა. - გამარჯობა ბატონო იგორ! - შეეგება სტუმარს მთავარი ექიმი. დასაჯდომად სკამი შესთავაზა, კარადიდან ძვირადღირებული ალკოჰოლული სასმელი გამოიღო, ჭიქები კონიაკით შეავსო და მონოტონური ტონით დაიწყო. - მისი მდგომარეობა უიმედოა. მეოთხე სტადიის კომაშია. ორჯერ კლინიკური სიკვდილიც გადაიტანა. უამრავი ჭრილობა ჰქონდა, მართალია ჭრილობები შეუხორცდა, მაგრამ მისი ტვინი პრაქტიკულად განადგურებულია. მარტივად რომ აგიხსნათ, ტვინი ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში მუშაობს და სასწაულიც, რომ მოხდეს და კომიდან გამოვიდეს, არათუ მეხსიერების დაკარგვა ალბათ საუბარსაც ვეღარ შეძლებს. - რას ვკარგავთ? დაველოდოთ, იქნებ გაგვიმართლოს. - მესმის, მაგრამ ვფქრობ აჯობებს აპარატი, რომელზეც შეერთებულია, სხვა პაციენტებისთვის გამოვიყენოთ, ვისი გადარჩენაც შესაძლებელია და არა მტრის ჯარისკაცისთვის, ვისი მდგომარეობაც, როგორც გითხარით, უიმედოა. - თქვენ მგონი ჰიპოკრატეს ფიცი დაგავიწყდათ. - ჩაიცინა ვასილევმა და კონიაკი გადაჰკრა. - როგორ გეკადრებათ. - იწყინა ექიმმა. - მშვენივრად მახსოვს და სწორედ ამიტომ მინდა ეს აპარატი სხვა პაციენტების გადასარჩენად გამოვიყენო. ვასილევმა ცარიელი ჭიქა შეივსო, თითებს შორის მოიქცია და ხელის სწრაფი მოძრაობით მეორე ჭიქა გამოსცალა. - სიმართლე გითხრათ, აღფრთოვანებულიც კი ვიყავი ამ პაციენტით. - განაგრძო ექიმმა. - იმდენი ჭრილობა, რაც მას ჰქონდა, ნებისმიერი ექიმი გადარჩენის მხოლოს ერთ პროცენტს თუ მისცემდა. თუმცა მას ამ ჭრილობებმა ვერაფერი დააკლო. რომ არა ტვინის ქერქის დაზიანება ახლა ჩიტივით იქნებოდა. ვასილევს მომაკვდავი პაციენტის საბედისწერო დღე გაახსენდა. გათენებისას ოსმა სეპარატისტებმა სისხლში მოსვრილი სამხედრო ტყვე რუსების ბლოკ-პოსტთან მიათრიეს. ჯარისკაცს რამდენიმე ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. იქ მყოფი, თითქმის ყველა მებრძოლი აგრესიას ვერ მალავდა. ტყვეობაში მოხვედრილი ჯარისკაცის ბოღმა ყველა ჯარისკაცს ახრჩობდა, ერთი ბრძანება და მის მოსაკლავად ხელი არავის აუკანკალდებოდა. თუმცა ვასილევისგან მკაცრი ბრძანება ჰქონდათ, ყველა ტყვე მასთან მიეყვანათ და მისი ნებართვის გარეშე, დატყვევებული ჯარისკაცის თუ მშვიდობიანის მოკვლა არავის გაებედა. სარდალმა კედელზე მიყუდებულ დაჭრილს დახედა. ერთი შეხედვით მიხვდა, რამდენიმე ჭრილობიდან მომდინარე ინტენსიური სისხლდენა მალე გონებას დააკარგვინებდა. ჭრილობების გარდა ცემის კვალიც ეტყობოდა. მიუხედავად ყველაფრისა ტყვე ისევ გონზე იყო. - დაჭრილის ცემა რა ვაჟკაცობაა?! - დაჭრილის გულის მოსაგებად უსაყვედურა ოსებს, შემდეგ კი დაჭრილთან ჩაიკუზა და თვალებში ჩახედა. - ესე იგი, ეს არის მფრინავი ჰოლანდიელი. - გაიღიმა შეზარხოშებულმა. - კვდები ჰოლანდიელო? - სროლაც არ შეგიძლიათ ნორმალურად, ძაღლებო! - სუსტი ხმით, ღიმილნარევად ჩაიქირქილა ტყვემ. - სიკვდილს ნატრობ? - მომკალი, გირჩევ! - მირჩევს. - გადაიხარხარა ვასილევმა. - ცივი შამპანიურიც ხომ არ დაგალევინო? ლაშამ ბოლო ძალები მოიკრიბა და ყველასთვის მოულოდნელად, მასზე მიშტერებულ სარდალს სახეში შეაფურთხა. იმედი ჰქონდა ამ დამცირების შემდეგ სასიკვდილო ტყვიას მიიღებდა. არაბული მშვენივრად ხვდებოდა, რომ მისი ქცევა უდიდესი შეურაწყოფა იყო არმიის სარდლისთვის, მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა. შერცხვენილმა ვასილევმა, ფურთხი მოიწმინდა, ფეხზე მძიმედ წამოდგა და ბრძანა ტყვე ექიმთან გაეყვანათ. - ექიმი?! ნება მოგვეცით აქვე მოვკლათ. - აყვირდნენ განაწყენებული ოსები. - ექიმთან გაიყვანეთ. - მრისხანედ გადახედა რუს ჯარისკაცებს ვასილევმა. მეორე დღეს ტყვეების გაცვლა იყო ჩანიშნული. ვასილევს მკაცრი მითითება ჰქონდა მიცემული, ნებისმიერ ფასად უნდა გამოეხსნა პატიმარი, რომელიც ქართულ ციხეში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იხდიდა სასჯელს. მისი აზრით, ქართული მხარე ჰოლანდილის ნაცვლად, დაუფიქრებლად დათმობდა პატიმარს. მეორე დღეს სარდალის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მოსალაპარაკებლად მოსულმა ძველმა ნაცნობმა, ვასილ ჯავახიშვილმა საქართველოს უშიშოროების დანაბარები გადმოსცა. ტყვე, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდა ქართულ მხარეს არ აინტერესებდა. უფრო მეტიც, მათი აზრით, ის მოღალატედ აღიქმებოდა და მისი მიღება არ სურდათ. პატიმარს კი მის გარეშეც გადასცემდნენ რუსეთს. ვასილევი დაიბნა. „იქნებ მართლაც ჩვენი ჯაშუშია“ - გაიფიქრა. ყველა შესაბამის უწყებაში გადაამოწმა, მაგრამ მასზე არავის არაფერი სმენოდა. სასწრაფოდ ტყვეების სიიდან ამოიღო. მისდამი ინტერესს და ზიზღს ერთდოულად განიციდდა. ათეულობით რუსი ჯარისკაცის მკვლელი ტყვე შეეძლო სიკვდილით დაესაჯა, ან განაწყენებული ოსები მოემადლიერებინა და მათთვის გადაეცა. ბოლოს გადაწყვიტა დაეცადა, როცა ჭრილობები მოუშუშდებოდა, დაკითხავდა და ამის შემდეგ გადაწყვეტდა როგორ მოქცეულიყო. ბლოკ-პოსტში მისულს ტყვე კომაში დაუხვდა. მაშინვე ვლადიკავკაზის სამხედრო ჰოსპიტალში გადააგზავნა, იმის იმედით რომ თუ კომიდან გამოვიდოდა, შესაძლებელი იყო მისგან მტრის ბევრი სამხედრო საიდუმლო გაეგო. დრო მიდიოდა. არაბულის მდგომარეობა კი უფრო მძიმდებოდა. ხელი ჩაქნეული ჰქონდა, როცა ერთ დღეს, რუსი კრიმინალური ავტორიტეტის სახელით დაუკავშრდნენ. როგორც გაირკვა ლაშა არაბულის სანაცვლოდ დიდძალ ფულს იხდიდნენ. ვასილევს ახალი ინტერესი გაუჩნდა. სარგებელი იმდენად დიდი იყო, რომ მისი დაკითხვა მეორე ხარისხოვანი გახდა. თუ ერთ კურდღელს ვერა, მეორეს და უფრო მსუყეს მაინც დაიჭერდა. სარდალი ფიქრებიდან მედდის ყვირილმა გამოიყვანა. თეთრებში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგო ოთახში აქოშინებული შემოვარდა და ექიმის მისამართით დაიყვირა. - ექიმო, ის... ის... - რა მოხდა?! - მკაცრად იკითხა ექიმმა. - ის კავკასიელი კომიდან გამოვიდა. - რაო?! - ფეხზე წამოიჭრა, სწრაფი ნაბიჯით კაბინეტი დატოვა და პალატისკენ დაიძრა. ვასილევიც სასწრაფოდ უკან მიჰყვა. პალატაში შესულებს პაციენტთან რამდენიმე ექიმი დაუხვდათ. ლაშას თვალები გაეხილა და ქართულ ენაზე სვამდა კითხვებს. - როგორ გრძნობ თავს? - ჰკითხა რუსულად ნევროლოგმა. - სად ვარ? - ახლა რუსულად იკითხა. - საავადმყოფოში. - უპასუხა ექიმმა. - მაგას ვხედავ. - ბრაზნარევად გამოუვიდა პაციენტს. - ვლადიკავკაზში. ლაშამ აღარაფერი იკითხა, თვალები ოდნავ ჩახარა და დადუმდა. მთავარმა ექიმმა ექიმების ალყა გაარღვია და პაციენტს მიუახლოვდა. - გახსოვს რა გქვია? რამდენი წლის ხარ? - ჰკითხა მთავარმა ექიმმა. ლაშამ პასუხის გასაცემად თვალები ისევ წამომართა, მისი მზერა წამიერად კუთხისკენ მდგარ ვასილევს შეეჯახა. კბილებში შეუმჩნევლად გამოსცრა. თავი მალევე მოთოკა და ხმადაბლა, მოჩვენებითი მწუხარებით ჩაილაპარაკა. - მე... მე არაფერი მახსოვს. ვლადიკავკაზში ჩასული ბაკური და ზვიადი, ვალერასგან წინასწარ შერჩეულ მისამართზე მივიდნენ. კონსპირაციულ ბინაში ვალერა არ დაუხვდათ. მასპინძლობას ახალგაზრდა კაცი უწევდათ. გაშლილ სუფრასთან მიიპატიჟა, ჭიქები შეუვსო და მაგიდასთან, მოპირდაპირედ ჩამოჯდა. - ბევრი მსმენია და მიხარია თქვენი გაცნობა. - მიმართა ბაკურს მასპინძელმა. - ვალერა ყოველთვის სიამაყით გვიყვებოდა თქვენზე. სამართლიან და ვაჟკაც ადამიანად გახასიათებდათ. ბედნიერია, რომ თქვენი დახმარების შანსი მიეცა. - სად არის? - იკითხა ბაკურმა. - საღამომდე დაბრუნდება. - უპასუხა მასპინძელმა. - გთხოვთ მის მოსვლამდე არსად გახვიდეთ. მე კი მანამდე ყველაფერს მოგიყვებით. - ლაშა როგორ არის? - ვასილევი ბიჭის ადგილსამყოფელს არ ამბობს, თუმცა ვუთვალთვალებდით და ვიცით, რომ სამხედრო ჰოსპიტალში ჰყავთ. - ბევრნი იცავენ? - არც ისე. ბიჭი რომ კომაში არ ყოფილიყო, დაცვას გავუმკლავდებოდით. მაგრამ მისი კომაში ყოფნა გვიშლის ხელს. სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული. - გასაგებია. ახლა ეს მითხარი, ვასილევმა გითხრათ, რომ კომაში იყო? - არა. - თავი გააქნია მანპინძელმა. - ჩვენი არხებით გავიგეთ. ვასილევი საერთოდ არ ახსენებდა მის კომატოზურ მდგომარეობას. ბაკურმა ხელი ნერვიულად მოისვა წვერზე და მწარედ გაიღიმა. - ვალერაც ასე ჰგონია. - ფიქრებს მიუხვდა მასპინძელი. - რაკი ვასილევმა ბიჭის კომა არ ახსენა, დავრწმუნდით, რომ ის გადმოცემას არ აპირებს. - დაზღვევაზე ახსენა რაღაც. რას გულისხმობდა? - შემდეგი კითხვა დასვა ბაკურმა. - მოკლედ, საქმე ასეა. - მასპინძელმა სკამი მაგიდასთან მიაახლოვა და ბაკურისკენ გადაიხარა. - ვასილევმა თანხის ნახევარი წინასწარ მოითხოვა. ვალერამ კი სანაცვლოდ ვიდეო ჩანაწერი სთხოვა. სადაც სახელი და გვარები უნდა დაასახელოს, ვინც ლაშას ტყვეების სიიდან ამოღება სთხოვა. ამით საქართველოში მისი სახელის აღდგენას შეძლებთ. - ყოჩაღ, კარგად მოუფიქრებია. - აღტაცება ვერ დამალა ბაკურმა. კარის ჩხაკუნის ხმა მოისმა. ლიქოკელი ნერვიულად წამოხტა და ხელი ქამრისკენ წაიღო. - დაწყნარდი, ვალერაა. - თქვა მასპინძელმა და თავადაც წამოდგა. მალე ოთახში, სლავური წამოშობის კაცი შემოვიდა. შუა ხანს გადაცილებულ, გამხდარ კაცს სახე დანაოჭებოდა და თმაში თეთრი ფერი მოსდებოდა. ერთი შეხედვით უდროოდ დაბერებულს ჰგავდა, თუმცა თვალებიდან ახალგაზრდული სიამაყე და ვაჟკაცობა მოსჩანდა. კაცმა ხელჯოხი კედელთან მიაყუდა, ბაკურისკენ დაიძრა და გაშლილი ხელებით გადაეხვია. რამდენიმე წუთში, ბინაში მყოფი ხალხი ვიდეო ჩანაწერს უყურებდა. კადრში მხოლოდ რუსი სარდალი ჩანდა. ის, მოჩვენებითად, მეგობარს ვიდეო ზარით ესაუბრებოდა. საუბარი ერთმანეთის მოკითხვით, ცხოვრებისეული თემებით დაიწყო, ბოლოს კი ვასილევმა ცხინვალში მომხდარი ეზიპოდი გაიხსენა. „ხომ იცი? ორმოცი წელია სამხედრო ვარ. მაგრამ რაც ცხინვალში მოხდა, მსგავსი რამ არ მინახავს. ბრძოლები რომ მორჩა, ტყვეები უნდა გაგვეცვალა. ერთი მაგარი მებრძოლი ჰყავდათ ქართველებს. მფრინავ ჰოლანდიელს ეძახდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ტყვე სწორედ ის გვყავდა. ნამდვილი ვაჟკაცი იყო, რამდენიმე ადგილას დაჭრილი, სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ არ ტყდებოდა. ხელ-ფეხ შეკრულიც კი წინააღმდეგობას გვიწევდა. ნეტავ მისნაირები მყოლოდა ჩეჩნეთში, ერთ კვირაში ავიღებდი გროზნოს. მეგონა ყველაფერზე წავიდოდნენ მის სანაცვლოდ. საქართველოს მხრიდან, მოლაპარაკებებში, ვინმე სერგო ფალავანდიშვილი მონაწილეობდა. გაოცებული დავრჩი. ძველი მეგობარი, ვასილ ჯავახიშვილი მომიგზავნა და მისი პირით შემომითვალა, რომ ეს ტყვე სიიდან ამომეღო. არ ვიცი რა ინტერესი ამოძრავებდა ან ერთს ან მეორეს, მაგრამ ფაქტია ამ ქართველი ჯარისკაცის ბედი არ აინტერესებდათ. უფრო მეტიც, მოხარულები იქნებოდნენ თუ მოკვდებოდა. სანაცვლოდ ჩვენი ყველა ჯარისკაცი, მათ შორის ჩვენი ჯაშუშიც გაათავისუფლეს საპატიმროდან. ჩვენც, მის გარდა, ყველა ქართველი ტყვე გადავეცით მოგვიანებით კი მათ ჯინაზე მფრინავი ჰოლანდიელი გავათავისუფლე... აი ასე, ავდექი და გავათავისუფლე. როგორც კი ჩანაწერი დასრულდა ვალერა ბაკურს მიუტრიალდა - რას იტყვი? ჯავახიშვილის ხსენებას ნამდვილად არ ველოდი ბაკურ. ბაკური ერთ წერტილს გამძვინვარებული თვალებით მიშტერებოდა. - ჩემს ადგილზე რას იზამდი? - იკითხა ჩაფიქრებულმა. - ვერაფერს გირჩევ ბაკურ, შენი გადასაწყვეტია... მე ქურდი ვარ, იმას ვერ გეტყვი ჩანაწერი სამართალდამცავებს გადაეცითქო. მაგრამ თუ ამას არ იზამ და შენით იმოქმედებ, ლაშა საქართველოში ვეღარ ჩავა. ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში თავშესაფარი ჩემზე იყოს, კარგად იცი არაფერს გავუჭირვებ. - მოვიფიქრებ. - ახლა სხვა დანარჩენი განვიხილოთ. - განაგრძო ვალერამ. - დარწმუნებული ვარ, ეს ვასილევი ბიჭის გადმოცემას არ აპირებს. თან ბიჭის გადმოცემის პროცესში ჩემი იქ ყოფნა მოითხოვა. სხვას არ ვენდობიო. დიდი ხანია ძებნილი ვარ, დარწმუნებული ვარ, ჩემს ასაყვანად აკეთებს ყველაფერს. ფული უკვე საკმარისი აქვს. თუკი პოლიციას ჩემს თავს დააჭერინებს, ალბათ ჯეროვნად დაუფასებენ და კარგ კარიერას მოიწყობს. - მართალი ხარ. - დაუფიქრებლად დათანხმდა ბაკური. - ხუთამდე სამხედრო იცავს შესასვლელს, პალატის კართან კიდევ ორი ჯარისკაცი დგას. მაქვს ინფორმაცია, რომ ლაშა კომიდან გამოვიდა. მაგრამ ეს რომ სიმართლე არ გამოდგეს ჩვენი შეჭრა უშედეგო და დამღუპველი იქნება. - მე შემიძლია ამის გარკვევა. - აქამდე ჩუმად მჯდომმა ზვიადმა დამტვრეული რუსულით წამოიძახა. მას შემდეგ, რაც ლაშა გონს მოვიდა სარდალი ვასილევი ჰოპიტალს არ ტოვებდა. დაცვას მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდა, თავად კი გონებაში ყველაფრის აწონ-დაწონივით იყო დაკავებული. ვალერას სწორად ვარაუდობდა. სარდალი ნამდვილად არ აპირებდა ლაშას გადაცემას. მისი მისამართით დაგროვილი ბოღმა გონებას უმღვრევდა. დამსახურებული სარდალი მტრის ჯარისკაცმა, ყველას თვალწინ შეარცხვინა. მან კი საპასუხოდ ვერაფერი მოიმოქმედა. ბრძანების თანახმად, ტყვეების ლიკვიდაცია აკრძალული ჰქონდა. ამის გამო უსიტყვოდ აიტანა დამცირება, მაგრამ გულში ნადები ბოღმა ვერაფრით მოიშორა. ახლა შესანიშნავი შანსი ჰქონდა. ერთი სვლით რამდენიმე კურდღელი შეეძლო დაეჭირა. პირველ რიგში, ვიდეო ჩანაწერით საკმაო ფული გამოიმუშავა. აღნიშნული ჩანაწერი შეეძლო თავადვე აეტვირთა სოციალურ ქსელებში. ამით ქართულ ჯარს დაამცირებდა. ამასთან, საქვეყნოდ შეეძლებოდა ეჩვენებინა, როგორი ჰუმანური და სამართლიანი სარდალია. მან ხომ სამშობლოსგან უარყოფილი მტრის ჯარისკაცი ტყვეობიდან გაათავისუფლა. მანამდე ვალერა გატჩინკის შეხვედრის ადგილზე შეუთანხმდებოდა“, ადგილზე მისულ კანონიერ ქურდს რუსული სპეცსამსახურები დახვდებოდნენ. საბოლოოდ კი ლაშა მას დარჩებოდა. - ხვალ ქართველი პაციენტი გადაგვყავს. - მთავარი ექიმის კაბინეტში შესვლისთანავე მისალმების ნაცვლად თქვა ვასილევმა. - დიდად გაგვახარებთ. - კმაყოფილებით ჩაილაპრაკა ექიმმა. - სიარული შეუძლია? - ჯერ-ჯერობით არა, ძალების მოკრეფვა სჭირდება. - მეხსიერებაზე რას მეტყვით, როდის შეიძლება აღუდგეს? - ვერაფერს გეტყვით. ეს პროცესი, მედიცინისთვის, დღემდე ამოუხსნელი ფენომენია. ყოფილა შემთხვევები, კომიდან გამოსულ პაციენტს დროის, მხოლოდ გარკვეული მონაკვეთი დავიწყებოდა. ზოგს ბავშვობის წლები, ზოგს კი კომამდე არსებული ზრდასრულობის წლები ან თვეები. იშვიათ შემთხვევაში ზოგს საერთოდ ყველაფერიც დავიწყებია. ჩვენ ამ უკანასკნელთან გვაქვს საქმე. მას საერთოდ არაფერი ახსოვს და ვერც იმას მოგახსენებთ როდის შეიძლება გაახსენდეს. ამას შეიძლება დღეები, თვეები ან წლებიც დასჭირდეს. - დარწმუნებული ხართ, რომ არ სიმულიანტობს? - სიმულიანტობს? - გაიოცა მთავარმა ექიმმა. - რა გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია. - უნდა მოვინახულო. - ჩაილაპარაკა ვასილევმა. წამოდგა და კარისკენ წავიდა. სანამ გავიდოდა მოტრიალდა და იკითხა. - ხელბორკილი ხომ ადევს? - არა, თქვენებს უარი ვუთხარი. ისედაც ფსიქოლოგიური ტრამვა აქვს. სიარული მაინც არ შეუძლია და რა საჭირო იყო ხელბორკილი? ვასილი უხმოდ გატრიალდა და კორიდორში გავიდა. პალატასთან მიახლოვებულმა, კართან მდგომი მცველები მოიკითხა. მხარზე ხელი გამამხნევებლად მოუთათუნა და ოთახში შევიდა. - მოხვედი აზრზე ჰოლანდიელო? - ცბიერი ღიმილით წამოადგა თავზე. - მე ჰოლანდიელი ვარ? - არაფერი გაგხსენებია? - არა... ვინ ხართ?- უემოციო თვალები მიაპყრო სარდალს. - სარდალი ვასილევი. - უპასუხა მკვახედ. - რუსული ენა მშვენივრად გახსოვს, თითქმის უაქცენტოდ საუბრობ. რაღა სხვა დანარჩენი დაგავიწყდა? - არ ვიცი. - რა ენაზე ფიქრობ? - ქართულად. - ქართველო ძაღლო! - რა მქვია? აქ რატომ ვარ? რა დამემართა? - ერთიანად დააყარა კითხვები. - მორჩი ამ მასკარადს! - მოთმინებამ უმტყუნა ვასილევს. - ხვალ აქედან გაგიყვან და ვნახავ თუ არ აჭიკჭიკდები. წინ ბევრი დრო გვექნება. ისე გაწამებ მევედრებოდე მომკალიო. ვერც კი წარმოიდგენ როგორი ფანტაზია მაქვს. - რა დაგიშავეთ? - შეშინებული ხმით იკითხა ლაშამ. - კარგი. - ხელი ჩაიქნია ვასილევმა. - მოდი გაგანათლებ. ჩავთვალოთ, რომ მართლა არაფერი გახსოვს. - სარდალი სკამზე მოკალათდა და დაიწყო. - მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული მაქვს ბოლო მოგიღო, ჩემთვის ნამდვილი ღვთის საჩუქარი გახდი. შენი წყალობით ბევრი ფული ვიშოვე და მალე კარიერასაც გავიუმჯობესებ. ვბერდები, როდემდე უნდა ვიწანწალო სამხედრო ბანაკებში, წვრთნებზე, სწავლებებზე? ჩემს თავს უკვე თბილ, კომფორტულ კაბინეტში წარმოვიდგენ. ვხედავ როგორ მოაქვს ყავა და კონიაკი მომხიბვლელ მდივანს... - ოცნებებში წასულმა ვასილევმა რამდენიმე წამით პაუზა გააკეთა. შემდეგ თავი კვლავ წამომართა. კმაყოფილებით სავსე სახე გესლიანი იერით შეეცვალა. - შენ კი ჩემი ძაღლი გახდები. შენისთანები გამიტეხია?! - რა დაგიშავეთ? - ისევ შიშნარევი ხმით იკითხა ლაშამ. - ჰმ, რა დამიშავე ჰო?! წლების ნაგროვები ავტორიტეტი შემილახე! ვგრძნობ, როგორ დამცინიან ზურგს უკან ჩემი ჯარისკაცები! მაგრამ მალე გავიმარჯვებ, მალე ყველას მივუჩენ საკუთარ ადგილს! იცი საბოლოოდ როდის ვიქნები გამარჯვებული?! როცა გატეხილს გნახავ. როცა ყველაფერზე ალაპარაკდები, მერე კი ზლუქუნით სიკვდილს განატრებინებ... ისე, რომ იცოდე ჩვენი პირველი შეხვედრისასაც მევედრებოდი მომეკალიო. საავადმყოფოს ეზოდან მოლაღურის სტვენა მოისმა. გალობა ჩვეულებისამებრ, ფლეტის ხმას ჰგავდა. შემდეგ კი კატის კნავილის მსგავ ხმაში გადაიზარდა. - რა უცნაურად უსტვენს ეს ფრინველი! - ჩაიბურტყუნა ვასილევმა. წამოდგა და მოლაღურის სტვენით შეწუხებულმა პალატის შეღებული ფანჯარა დაკეტა. სკამზე დაბრუნებულმა მომღიმარ ლაშას შეხედა. ბიჭი თვალებს აქეთ იქით აცეცებდა. - რას ეძებ? ან რა გიხარია? - ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა ვასილევ. - ჰოო? - ერთი რამ უნდა შეგისწორო. ჩვენი პირველი შეხვედრისას, არა თუ გევედრებოდი, გირჩიე მოგეკალი! - მართალი ხარ, მირჩიე. - გადაიხარხა ვასილევმა. - უნდა დაგეჯერებინა! - თვალები ავის მომასწავლებლად აენთო. რუსმა სარდალმა გონს მოსლა ვერ მოასწრო. ლაშა ფეხზე ელვის სისწრაფით წამოიჭრა. ვასილევის ჩააფრინდა და კისერი ხელების სწრაფი მოძრაობით მოუღრიცა. წამიერად გაშეშდა. სკამიდან გადმოვარდნილ უსიცოცხლო სხეულს ზიზღით დახედა. ფანჯარასთან მივიდა. თვალის სწრაფი მოძრაობებით გარემო მოათვალიერა. ზვიადი ვერსად შენიშნა. თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ის აუცილებლად დაინახავდა. ღია ფანჯარსთან დადგა და მოლაღურის ხმით, ნაცნობი სიგნალი გაუშვა. სტვენას დროდადრო აგრესიულს ხდიდა, რითაც მეგობარს საბრძოლო მოქმედებებისკენ მოუწოდებდა. პალატის შუაგულსიკენ შემობრუნდა. გაქცევისთვის მზადებას შეუდგა. ხვდებოდა, სამხედრო ჰოსპიტალში უნდა ყოფილიყო, რაც ავტომატურად გულისხმობდა იმას, რომ შენობაში სამხედროები იქნებოდნენ. დარწმუნებული იყო, დაცვა კართანაც უნდა ყოფილიყო. პირველ რიგში, საჭირო იყო მათი რაოდენობა გაერკვია. მაგრამ ზვიადის მოსვლამდე, კორიდორში უიარაღოდ გასვლა სწორად არ მიიჩინია. პალატაში დარჩენაც დიდი რისკს შეიცავდა. ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა პალატაში სამედიცინო პერსონალი შემოსულიყო. „არ უნდა მეჩქარა“ - ვასილევის დაუფიქრებელი მკვლელობა ინანა. საკუთარი მაყუჩიანი პისტოლეტი ინატრა. ერთი მჭიდიც არ დასჭირდებოდა ისე გააღწევდა სამშვიდობოს. ცხედარს შარვალი გახადა და სასწრაფოდ ჩაიცვა. პალატას თვალი ისევ მოავლო, მზერა სკამზე შეაჩერა. მოძველებული სკამს ლითონის, ვიწრო ფეხები მარტივად მოხსნა და შემოსასველ კართან აიტუზა. შორიახლოდან მამაკაცების ხმადაბალი საუბარი და დინჯი ნაბიჯების ხმა მოდიოდა. გამოცდილი ყური მიხვდა, ორნი იყვნენ. კართან ახლოს, რომ ყოფილიყვნენ შეეძლო მოულოდნელობის ეფექტით ესარგებლა. ორივეს მარტივად გაუმკლავდებოდა და იარაღს ხელთ იგდებდა, მაგრამ ხმა მინიმუმ ათი მეტრიდან მოდიოდა, იქამდე მიღწევა, ისე რომ მოწინააღმდეგეს სროლა ვერ მოესწრო, თითქმის შეუძლებელი იყო. საჭირო დრო უნდა შეერჩია. გადაწყვიტა, როგორც კი პალატის კარს მოუახლოვდებოდნენ შეტევაზე გადასულიყო. ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიათან, ავტომობილის უკანა სავარძელზე მსხდომი ბაკური და ვალერა გაკვირვებული შესცქეროდნენ მოზრდილი ხის ძირთან ატუზულ ზვიადს. ბიჭი, მოშორებით მდგარი ჰოსპიტალის სხვადასხვა ფანჯარას აკვირდებოდა, მანამდე კი ფრინველის ენაზე გალობდა. მესამე სართულის, ერთ-ერთ ფანჯარასთან მკვეთრი მოძრაობები გამოჩნდა. ლიქოკელს გული აუძგერდა. გაბადრული სახით მანქანისკენ მიირბინა და ბაკურს ახარა ლაშა კარგად არის, სასწრაფოდ უნდა შევიდეო. - შეხვიდე? - ჰო, ახლავე უნდა შევიდე! - ბევრნი არიან, მარტო შენი შესვლა არ ივარგებს. - მე და ლაშა ამაზე უარესებიდან გამოვმძვრალვართ. აქ დარჩით და მზად იყავით. როგორც კი გარეთ დაგვინახავთ მანქანა კართან მოიყვანეთ. - რა გგონია? აქ იმიტომ წამოვედი, რომ მტერთან შეგიშვა და მე შორიდან გიყურო? - პაპა... - ერთად შევალთ! - ხმა გაუმკაცრდა ბაკურს. - ოღონთ ასე დაუგეგმავად არა. - მეც გამაგებინეთ რა ხდება?! - იკითხა რუსულად ვალერამ. სანამ ბაკური მეგობარს ელაპარაკებოდა, ჰოსპიტალიდან ისევ მოისმა ლაშას სიგნალი, სტვენა უფრო აგრესიული ჩანდა. - გესმის? დახმარებას მთხოვს პაპა! - არ ცხრებოდა ზვიადი. - ბაკურ, შეხედე! - ვალერამ ჰოსპიტალის შესასვლელისკენ ხელი გაიშვირა. შესასვლელთან მოდარაჯე, სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ხუთივე ჯარისკაცმა იარაღები მოიმარჯვა საავადმყოფოში შევარდა. - წავედით! - დაუყვირა მძღოლს ბაკურმა. მძღოლმა დაქოქა და სატერფულს ბოლომდე დააწვა. მანქანა ადგილს მოსწყდა, ჰოსპიტალის ეზოში, მოწყვეტით შევარდა და შესასვლელთან გაჩერდა. პალატის კარს უკან მდგარ ლაშას მოთმინება ელეოდა. რა არის ყველაზე მძიმე? ლოდინი. რა არის ყველაზე საამური? ისევ ლოდინი. ასე სმენოდა არაბულს და თავადაც სულით და გულით ეთანხმებოდა. ქეთისთან პაემნები გაახსენდა. მართლაც, არაფერია იმ წამებზე საამური, როდესაც საყვარელ ადამიანთან შეხვედრას ესწრაფვი. წინმსწრები წამები ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე სასურველ შეხვედრას შეიძლება მოჰყვეს. ასევე, რაიმე განსაცდელის ან ტკივილის მოლოდინიც მეტია მის აღსრულებაზე, იმ წამებზე, როდესაც ხორცს შეისხამს მოსალოდნელი. ბაკური ბავშობიდან უნერგავდა, რომ ერთსაც და მეორესაც თავისებური დახვედრა სჭირდებოდა. კვიცივით არ უნდა კუნტრუშებდე, თუ რაიმე საამურს ელი. არც თვალები უნდა დაითხარო იმის შიშით, რაიმე ცუდი არ შემემთხვასო. როდესაც გარდაუვალის წინაშე დადგები, ძალების მოკრეფვააო მხოლოდ საჭირო. მოლოდინი, შეიძლება ნიავზე უფრო მსუბუქი იყოს, როცა რაიმე სასიამოვნოს ელი. ანდა პირიქით, ისე დამძიმდეს, უზარმაზარი ლოდის წონასაც კი გადააჭარბოს. ალბათ ამიტომ დაერქვა მოლოდინი, ლოდთან წილნაყარი სახელი... სხვა რა გზაა, უნდა გაუძლოს კაცმა და გადააგოროს ეს წამები. „ლოდქვეშ მოყოლილი ყვავილივით გაუძლო უნდა.“ - ბერის სიტყვებიც გაახსენდა ბოლოს. მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. მოულოდნელობის პრინციპით უნდა ესარგებლა. კარგი სახელური შესამჩნევად გააჩხაკუნა. კარის საპირისპიროდ დადგა, ოდნავ უკან დაიხია და სკამიდან მოხნილი ლითონის ფეხები ორივე ხელში გაინაწილა. ფრთხილი ნაბიჯების ხმა მოისმა. დაცვის ერთ-ერთმა წევრმა კარი შემოაღო. ლაშამ, მარცხენათი ლითონის ნაჭერი მოწყვეტით დაუშვა თავზე. მოშორებით მდგარ, იარაღ შემართულ ჯარისკაცს კი რკინის მეორე ნაჭერი ესროლა. მიზანში მოახვედრა. თავგატეხილი მტერი ძირს დაეცა, თუმცა სასხლეტის დაშვება მოასწრო და ავტომატის გრძელმა ჯერმა დერეფნის კედელზე ზოლი დაამჩნია. არაბული გაავებული დააცხრა რუსს. ავტომატი აართვა და კონდახი სახეში ჩაასცხო. პირველი ჯარისკაცისკენ მიბრუნდა, მისი ავტომატიც აიღო, მხარზე მოიგდო და დერეფნის ბოლოს, კიბეებისკენ გიქცა. ქვედა სართულებზე აურზაური სუფევდა. პანიკაში მყოფი პერსონალი სამხედროებს მთავარი ექიმის კაბინეტში გამოეკეტათ. თავად კი ფრთხილი სვლით ზემოთ მიიწევდნენ. ჰოსპიტალის ფოიეში შევარდნილ ზვიადს, ბაკური და ვალერა მიჰყვნენ. მეორე სართულამდე ასული დაცვა ხმაურზე უკან მობრუნდა და იარაღ შემართულ სამეულს ცეცხლი გაუხსნა. ლიქოკელმა იმარჯვა. ელვის სისწრაფით ეცა ბაკურსა და ვალერას. ძირს დასცა და ბეტონის განიერი სვეტისკენ მიუთითა, ამოეფარეთო. როცა ისინი სამალავში დაიგულა, ფეხზე წამოიჭრა, მოპირდაპირე სვეტისკენ გაქანდა და ამოეფარა. ჰოსპიტალის ფოიეში სროლის ხმები გამაყრუებელ ექოდ ისმოდა. მტერი უწყვეტი ცეცხლით მოიწევდა წინ. - დაგაზღვევთ, ჩქარა გარეთ! - ბაკურის მისამართით დაიყვირა ზვიადმა. - ლაშას გარეშე არსად წავალ! - დაიღრიალა ბაკურმა. პისტოლეტი სამალავიდან გამოყო და სროლა დაიწყო. ვალერამაც მეგობარს მიბაძა და სვეტის მეორე მხრიდან სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა. მათმა სროლამ შედეგი გამოიღო, მტერმა დროებით, სროლა შეწყვიტა და სამალავი მოძებნა. მალე ბაკურის პისტოლეტმა, სროლის ნაცვლად გამაღიზიანებელი ჩხაკუნი დაიწყო. - გამითავდა! - კბილები გამოსცრა კაცმა. სროლს ხმა აღარ ისმოდა. სიჩუმეს ხიფათის სუნი აუვიდა. კანტიკუნტად, ტყვიებისგან დაზიანებული ჭერიდან ჩამოცვენილი ფათქაშის ჩამოვარდნის ხმებიღა ისმოდა. დერეფანში მოლაღურის მშვიდი გალობა გაისმა. სტვენა წყნარი, მშვიდი და სასიამოვნო უნდა ყოფილიყო, მაგრამ თითოეული მებრძოლის გონებაში ავის მომასწავლებლად აღწევდა. მხოლოდ ლიქოკელს დასთამაშებდა სახეზე ღიმილი. ბიჭმა ხელის და თავის მოძრაობით გასასვლელისკენ ანიშნა. სამივე მათგანი ადგილს მოსწყდა და გასასვლელისკენ გაიქცა. - რა ხდება?! - გასვლისთანავე ჰკითხა გულამოვარდნილმა ბაკურმა. - ლაშას უნდა ვაცადოთ. - დამაჯერებლად ჩაილაპარაკა ზვიადმა. - რაო? ჩვენ არ მივეხმარებით? - უკვე მივეხმარეთ. მას ჩვენგან სწორედ ეს უნდოდა. მტერს ყურადღება ჩვენზე გადავატანინეთ. ამ დროს კი ის მოქმედებდა. - რას ნიშნავს მოქმედებდა? - ასე ვთქვათ, მტრის რაოდენობას და შესაძლებლობას არკვევდა. - კი, მაგრამ იქ მინიმუმ ხუთი კაცია, ავტომატებით... - ახლა ნახავ რა შეუძლია ჰოლანდიელს. - ლიქოკელს თვალები აზარტულად აუციმციმდა. ჰოსპიტალში ავტომატმა მოკლე ჯერად გაისროლა. ჯარისკაცის სხეული უსულოდ დაეცა. დარჩენილმა ოთხმა მებრძოლმა, მტრის სავარაუდო მიმართულებით ინტენსიური სროლა დაიწყო. რამდენიმე წამში საწინააღმდეგო მიმართულებიდან ნასროლმა ტყვიებმა ორი ჯარისკაცი განგმირა. „აქეთ არის“ - გადასძახა ცოცხლად დარჩენილმა ჯარისკაცმა თანამებრძოლს. ახლა მეორე მხარეს მიმართეს ცეცხლი. საპასუხო ცეცხლი არსად ჩანდა. სროლა შეწყვიტეს. სვეტს ამოეფარნენ და მჭიდის შეცვლა დაიწყეს. გაოგნებული რუსი ჯარისკაცები თავიდან ბოლომდე კანკალს აეტანა. „შენი დედაც“ - აყვირდა ერთ-ერთი. მტვერში გახვეულ ფოიეში უჩინარივით დაძვრებოდა ლაშა არაბული. – „გამოჩნდი წყეულო, გამოჩნდი შენი დედაც...“ ღრიალებდნენ გადარჩენილი ჯარისკაცები. ავტომატის ჯერმა კვლავ იგრიალა და მებრძოლებს სიტყვები პირთან შეეყინათ. ხმაური შეწყდა და კვლავ მოლაღურის ნაცნობი გალობა გაისმა. გარეთ მყოფთაგან ლიქოკელი გამოერკვა. - აქ დარჩით. - თქვა ზვიადმა და ფოიეში შევიდა. შესვლისთანავე, მტვერში გახვეულ სივრცეში უძრავად მდგარი სილუეტი შენიშნა. სახით გასასვლელისკენ მდგარ სილუეტს ავტომატი მხარზე მოეგდო და უსიცოცხლო სხეულებს დასცქეროდა. ზვიადი დაიძრა, მიუახლოვდა და მის წინ უსიტყვოდა გაჩერდა. - მოხვედი ძმაო? - უემოციოდ ჩაილაპარაკა არაბულმა. - მოვედი ჰოლანდიელო. ლაშას სახე გაყინვოდა. უცხო თვალი ვერანაირ ემოციას ვერ შეატყობდა. ძმადნაფიცის გამომეტყველება მხოლოდ ზვიადისთვის იყო ნაცნობი. კარგად უწყოდა, ძმადნაფიცს მისი თოთოეული „შედეგიანი“ გასროლა სიცოცხლის რაღაც ნაწილს ართმევდა, გულს უმღვრევდა და თითქოს ადამიანურობას აკარგვინებდა. - მომენატრე ძმაო... - ლიქოკელმა ემოციები ვეღარ დამალა და ცრემლმორეული ძმადნაფიცს გადაეხვია. შესასვლელთან მდგარი მოხუცი მეგობრები, ხან ირგვლივ მიმოფანტულ გვამებს, ხანაც მათკენ მომზირალ მებრძოლს უყურებდნენ. გაფითრებულ ბაკურს სუნთქვა დაუმძიმდა. ძალ-ღონე მოიკრიბა, თავი შეიმაგრა და ნელი სვლით საყვარელი შვილიშვილისკენ დაიძრა. - ეს რა ბიჭი გყოლია ბაკურ. - თავისთვის ჩაილაპარაკა განცვიფრებულმა ვალერამ და მეგობარს უკან მიჰყვა. ლაშას სახე დაულაგდა, იარაღი მოიხსნა, ზვიადს გაუწოდა და თავადაც ბაკურისკენ დაიძრა. - აქ შენ ნახვას არ ველოდები ბაკურ. - ღიმილნარევად მიმართა. - მე კი გელოდი შვილო... გელოდი! ვლადიკავკაზის ცენტრალურ გამზირზე მიმავალმა ავტომობილმა სიჩქარეს უკლო. ვიწრო მოსახვევში შეუხვია, აღმართს აუყვა და დაბალ სართულიანი კორპუსის სადარბაზოსთან ახლოს შეჩერდა. მანქანიდან პირველი მძღოლი გადმოვიდა. ტერიტორიას თვალი მოავლო და დანარჩენებს ანიშნა ყველაფერი რიგზეაო. დანარჩენი მგზავრებიც სწრაფად გადმოვიდნენ და სადარბაზოში შევიდნენ. სახლში შესულებს სუფრა გაშილილი დახვდათ. - მოვწესრიგდეთ და ვივახშმოთ, ჩვენი წარმატება ავღნიშნოთ. – მიმართა სტუმრებს ვალერამ. რამდენიმე წუთში ყველა მაგიდასთან იჯდა. - მიირთვი ლაშა, მოშიებული იქნები. - მზრუნველად შეხედა მასპინძელმა. - ქართული კერძები შეგირჩევიათ. - მსუბუქი ღიმილით ჩაილაპარაკა არაბულმა. - მხოლოდ შენს გამო არა. ძალიან მიყვარს ქართული სუფრა. აი, პაპაშენმა შემაყვარა. - გვერდით მჯდომ ბაკურს ხელი მოჰხვია. - როცა მოსკოვში ცხოვრობდა, მხოლოდ ქართულ რესტორნებში დამატარებდა. ლაშას მზერა ფანჯრისკენ გადაიტანა. თვალში ფოთლებ-გაცვენილი ხე შერჩა. გაშიშვლებულ ჭადარს უსიცოცხლო ფოთლები ალაგ-ალაგ შერჩენოდა. - დღეს რა რიცხვია? - იკითხა უცებ. - ათი ოქტომბერია. - უპასუხა ბაკურმა. - ოქტომბერი? - სევდა შეერია ხმაში. - ჰო. - ამდენი ხანია არ მიჭამია? - გაიცინა და ხაჭაპურის ნაჭერი გადაიღო. - ხუმრობა ხომ არაა, თითქმის ორი თვე იყავი კომაში. - კარგი დასვენება გამომსვლია. - იხუმრა ლაშამ. ჩაფიქრებული ბაკური მის თითოეულ სიტყვას და მიმიკას უჩუმრად აკვირდებოდა. შვილიშვილის ქცევა უცნაურად ეჩვენებოდა. ჰოსპიტალის დატოვებიდან მოყოლებული ლაშას ემოცია ყოველ წუთიერად იცვლებოდა. მის სიტყვებს ხან სიხარული, ხან კი სევდა ეტყობოდა. პერიოდულად ჩაფიქრდებოდა და გაყინული სახით ერთ წერტილს აშტერდებოდა. მაგრამ თუკი ამ დროს ვინმე კითხვას დაუსვამდა, მაშინვე გამოერკვეოდა და ნაძალადავევი ღიმილით პასუხობდა. ახლა ხუმრობის ხასიათზეც მოსულიყო. თითქოს რამდენიმე საათით ადრე, ხალხის ხოცვით კი არა, ცხენზე ჯირითით ყოფილიყო დაკავებული. ვახშმის შემდეგ ვალერამ სტუმრები მისაღებ ოთახში მიიწვია. - მოდით ყველაფერი განვიხილოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. - დაიწყო მასპინძელმა. - თავიდან დავიწყოთ ლაშა. იცი რატომ წამოგიყვანეს აქ? რატომ სხვა ტყვეების მსგავსად არ გაგცვალეს? - არ ვიცი რატომ არ გამცვალეს. მით უფრო საკვირველია, როცა ტყვეობისას ვასილევს ერთი სული ჰქონდა მოვეკალი. ამის ნაცვლად კი აქ სამკურნალოდ წამომიყვანა. - როგორ ფიქრობ, რატომ არ მოგკლა ცხინვალში? - ალბათ ვინმე მნიშვნელოვანში აპირებდა ჩემს გაცვლას. მერე კი აშკარად რაღაც შეიცვალა. დღეს საუბრისას ახსენა, რომ ჩემი წყალობით ბევრი ფული იშოვა. ბოლოს კი საკუთარ ძაღლად გამხდიდა. - ასე გითხრა? - გაეხარდა ვალერას. - ეს რას ნიშნავს? - იკითხა ბაკურმა. - ხომ გეუბნებოდი? ვასილევს ნამდვილად არავისთვის გაუმხელია ლაშას ვინაობა. მაქსიმუმ იმ ჯარისკაცებს სცოდნოდათ, ვინც ჰოსპიტალში იყო. ისინი კი ვასილევის მსგავსად ცოცხლები აღარ არიან. საკუთარ ძაღლად გაგხდიო უთქვამს, ეს იმას ნიშნავს რომ მის შესახებ რუსეთის ძალოვანებმა არაფერი იციან. ფულის აღების მიუხედავად. ვასილევი ლაშას თავს არ გადმოგვცემდა. როგორც ჩანს, რაღაც განსაკუთრებული ბოღმა ამოძრავებდა შენი მისამართით. - მიუბრუნდა ლაშას. - ცხინვალში საკუთარი ჯარისკაცების თვალწინ სახეში შევაფურთხე. - თქვა ლაშამ. - აჰა, აი მიზეზიც. - ნიშნის მოგებით თქვა ვალერამ. - დიდი გული გქონია შვილო, რუსეთის არმიის სარდალს დატყვევებული კაცი სახეში აფურთხებ, ხუმრობა საქმე არ არის. სხვათა შორის, დამპალ ვასილევს ვიდეო სიკვდილამდე გამოუქვეყნებია ინტერნეტში. ამით თავი დაიზღვია. შენს შესახებ რუსეთს კითხვები არ გაუჩნდება. საქართველოს მთავრობას კი თქვენს ჯარში რეპუტაცია შეულახა. აჩვენა, რომ სახელმწიფოს საკუთარი მებრძოლები ფეხებზე ჰკიდია. - ერთი წუთით. - გააწყვეტინა ლაშამ. - რა ვიდეოჩანაწერზეა საუბარი? - გაჩვენებთ. - ჩაერთო ბაკური. - ოღონდ უნდა დამპირდე, რომ დაუფიქრებლად არაფერს მოიმოქმედებ და დანარჩენ საქმეს მე მომანდობ. - ასეთი რა არის? - ტყვეების გაცვლისას ქართულ მხარემ შენს გადმოცემაზე უარი თქვა. - რაო?! - თვალები გაუფართოვდა არაბულს. - უფრო სწორად ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ვინც უშუალოდ კურირებდა ტყვეების გაცვლას. ზოგადად ქვეყანამ კი სამშობლოს მოღალატედ გამოგაცხადა. - ვიცით ვინ არის ეს მაღალჩინოსანი? - ვინმე სერგო ფალავანდიშვილი. - ასეთს არავის ვიცნობ. - გიორგი ახვლედიანს დავუკავშირდი დილას. მისგან გავიგე, რომ ამ ფალავანდიშვილისთვის რაღაც შეურაწყოფა მიგიყენებია, დაგიმცირებია. სავარაუდოდ ამის გამო გაგწირა. სამინისტროში კი მოუტყუებია ლაშა არაბული რუსებს არ ჰყავთ, სავარაუდოდ მკვდარიაო. - გამახსენდა...ოპერაციის დროს რაციაზე დავუკავშრდი ახვლედიანს. ბრძანებას მაძლევდა. იქ სხვებიც იყვნენ. მე გარკვეული რჩევები მივეცი და არ გაითვალისწინეს. ალბათ მას ვეკამათე, არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ ამის გამო სასიკვდილოდ როგორ გამწირეს?! - რა გითხრა შვილო... - და კიდევ ერთი! მე არასდროს არავინ დამიმცირებია. სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ვეუბნებოდი ყველას, ეს კარგად იცი. - მე ისიც გასწავლე, რომ პირდაპირობა ყოველთვის გამართლებული არ არის. - ხმა გაუმკაცრდა ბაკურს. - მისმინე, ახლა ვიდეოს გაჩვენებთ და კიდევ ერთხელ გთხოვ, დამპირდი, რომ არაფერს მოიმოქმედებ. - ვერაფერს დაგპირდები. თუ ჩემი გასაკეთებელია მე გავაკეთებ. მაჩვენეთ! ვიდეოკადრში ვასილევის გამოჩენამ ლაშას ზიზღი კიდევ ერთხელ მოჰგვარა. არაბული წარბშეუხრელად ისმენდა ვასილევის სიტყვებს. სახე ისევ გაყინვოდა, ავის მოლოდინში გული გამალებით უცემდა. როგორც კი ვიდეო დასრულდა ფეხზე წამოდგა, ვალერას სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინდა, მოუკიდა და ნელი ნაბიჯით ბალკონზე გავიდა. - არ გაჰკვირვებია. - ზვიადის გასაგონად ქართულად ჩაილაპარაკა ბაკურმა. - ვითომ ვასილევისგან იცოდა? - არ მგონია. - ეწყინა პაპა. ფაქტია ძალიან ეწყინა, მაგრამ იმდენი უნახავს მისი გაკვირვება ადვილი აღარ არის. ლაშა მალევე შემობრუნდა. დივანზე დაეშვა და ბაკურს თვალებში ჩახედა. - გთხოვ პაპა... - დაიწყო არაბულმა. - ჯავახიშვილებს ხელი არ ახლო, არ ჩაერიო ამ ამბავში. მე კი იმას გპირდები, რომ სისულელეს არ ჩავიდენ. - ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა მთავარი შენ ხარ. დიდი ტანჯვა გამოიარე და გული მიკვდება. ნორმალურად იმასაც არ მეუბნები როგორ ხარ. - კარგად ვარ. - ფიზიკურად ვხედავ, რომ კარგად ხარ. აი აქ. - მკერდზე მიადო თითი. - აქ როგორ ხარ?! - რა გითხრა, ორი თვე მეძინა. მანამდე კი... ძალიან მივეჩვიე ნეგატივისგან კმაყოფილების შეგრძნების მიღებას. წესით ეს სასიხარულო უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც, რატომღაც მაშფოთებდა. სულში ჯერ ისევ ცოცხალი ადამიანურობის მცირე ნაწილი მეუბნებოდა, რომ ეს არასწორია. ამ მცირე ნაწილს დიდი ძალა აქვს. და რომ არა ჩემს თავში მცხოვრები ერთი საშიში არსება, იქნებ ყველაფერი არც ისე ცუდად ყოფილიყო. მგონია, რომ... არა, დარწმუნებული ვარ, ჩემს თავში კლოუნი ცხოვრობს. - ხუმრობის დროა ახლა?! - გაბრაზდა ბაკური. - არ ვხუმრობ პაპა. - გაიღიმა ლაშამ. - მართლა ვფიქრობ, რომ რაღაც კლოუნის მსგავსი ცხოვრობს ჩემში. ამ კლოუნს სულმდაბალი ცინიკოსის შერჩეული სამოსი და გრიმი აქვს. მისი გარეგნობა და ჩაცმულობა ერთდროულად გამოხატავს ზიზღს საკუთარი თავის და გარშემო არსებული სამყაროს მიმართ. როგორც კი ის ადამიანური ნაგლეჯი რაიმე ადამიანურს გაიფიქრებს, როგორც კი აზრი გარეთ გამოსვლას იწყებს, ეს კლოუნიც, გრძელი წითელი ფეხსაცმლით და სევდიანი მელოდის სტვენით განოტყაპუნდება ხოლმე ტვინის ბნელი გვირაბიდან, სულის კიდესთან დგება, სასაცილო, ზოლიან შორტზე ღილს იხსნის... ფრთების გასაშლელად გამზადებულ, ადამიანურ აზრს ცინიკური ღიმილითა და უსაზღვროდ სევდიანი თვალებით აფსამს ზემოდან. - ბიჭო! - კარგად ვარ პაპა. მართლა კარგად ვარ. მხოლოდ ის მადარდებს... მხოლოდ ის მინდა, რომ სამშობლოსაც ისე ვუყვარდეთ როგორც მე და ზვიადს გვიყვარს ის! შენ არაფერზე იდარდო. ყველას დავუმტკიცებ ჩემს სიმართლეს, ყველა პასუხს აგებს ცილისწამებაზე. მე ისევ წამოვდგები ფეხზე და ისევ გავაქროლებ ჩემს ხორასნელს... ხო მართლა, როგორ არის? გაანგრია ღობე ბოლობოლო? - შენ რა იცი რომ... - ფერი წაუვიდა ბაკურს. - ვიცი, ვიცი. - გაიღიმა ლაშამ და ფეხზე წამოდგა. - სულ ეგ მესიზმრებოდა. ახლა ნება მოგვეცი მე და ჩემმა ძმამ გავისერნოთ, ცოტას გავერთობით, თან ბევრი სალაპარაკოც დაგვიგროვდებოდა. - წადით გაერთეთ, ფრთხილად იყავით ოღონთ. ბაკურმა ბიჭები გააცილა. მისაღებში მობრუნდა და ვალერასთან ჩამოჯდა. - ჩვენს თავს მახსენებს ხოლმე ახალგაზრობაში. - არა ძმაო, ის ჩვენზე ბევრად მაგარია. ნახე ჰოსპიტალში რა გააკეთა? ვინმეს რომ მოეყოლა ვერ დავიჯერებდი. - მაშინებს ეს ყველაფერი ვალერა. - კარგი რა, ძალიან გულჩვილი გამხდარხარ. გაწყინა საქართველოს ჰაერმა შენ, ხომ არ დაბრუნდებოდი მოსკოვში? ლაშაც აქ დატოვე. ჭკვიანი ბიჭი ჩანს, ჩავაბაროთ ერთი კარგი ბიზნესი და იცხოვროს მშვიდად. - რუსეთში არ გაჩერდება. - გაიღიმა ბაკურმა. - ჰო, ალბათ. ხორასნელი რა არის? გავაქროლებო ამბობდა. - ცხენის სახელია, თვითონ გაზარდა. მათ შორის რაღაც მისტიური კავშირია... ეს ნახატიც... - ვერაფერი გავიგე. - დაიბნა ვალერა. - არაფერი, არაფერი. მგონი ჭკუიდან ვიშლები ამ სიბერეში. ქუჩაში გასულმა ძმადნაფიცებმა პატარა სასტუმროს მყუდრო ბარი შეარჩიეს. თანამედროვე, მბჟუტავი ნათურებით განათებულ ბარში ისეთი სითბო სუფევდა, პალტოები და ქურქები მხოლოდ სკამებს მოეხურად ზურგზე. მოზრდილო ვიტრაჟიდან მოსჩანდა როგორ ლექავდა შემოდგომის ნისლი მიძინებულ ქალაქს. ბარში სულ რამდენიმე სტუმარი იყო. უმრავლესობა ბართან ჩამომჯდარიყო და სიმპათიურ ბარმენთან საუბრით იქცევდა თავს. პატარა ბარში სამიოდე მაგიდა მოსჩანდა. ერთ-ერთ მაგიდასთან ორი რუსი გოგონა იჯდა და რძიან ყავას მიირთმევდა. ლაშა და ზვიადი მათ სიახლოვეს, თავისუფალ მაგიდასთან ჩამოჯდნენ და ვისკი შეუკვეთეს. - აბა, როგორ მიდის შენი საქმეები? - დაიწყო ლაშამ. - რაღაც მინდა გითხრა შენს მეგობარზე... თაკოზე. - წამოწითლდა ზვიადი. - მართლა? - სიცილი ვერ შეიკავა არაბულმა. - რა მართლა? - თაკო? - სიცილს არ წყვეტდა ლაშა. - რა გაცინებს. - წარბები შეკრა ზვიადმა. - შენ თუ მაგ გოგოს მოარჯულებ ხელები ამიწევია ძმაო. - ისევ გაიცინა ლაშამ და ხელი მეგობრულად შემოჰხვია მხარზე. - მიხარია ზვიად, ძალიან მიხარია. - როგორ მიხვდი? - სახეზე გაწერია ყველაფერი. - ქეთიზე არაფერს მკითხავ? - ზვიადმა მშვენივრად იცოდა, რომ მათი გასეირნების უმთავრესი მიზეზი ქეთიზე საუბარი იყო. - იცის მამამისის საქციელი? - არ მგონია. თვითონ არ ეტყოდა. - იმედია ვერც გაიგებს. ცოდოა... - თუ ეს ვიდეო გამოქვეყნებულია ადრე თუ გვიან მაინც ნახავს. - მართალია. - ის წავიდა ლაშა. - წავიდა? - გული საშინლად დაუმძიმდა. თითქოს დავბრუ დაეხვა, ცოტაც და სკამიდან გადავარდებოდა. ძალ-ღონე მოიკრიბა, თავს ძალა დაატანა, ვისკი ერთიანად გადაჰკრა და გააგრძელეო სთხოვა. - ბოლოს თაკოს შეხვედრია. ის ნახატიც დაუტოვებია, არ მინდა ნახატის დანახვამ ლაშას თავი გამახსენოსო. დარწმუნებული იყო, რომ მკვდარი იყავი. თითქმის ყველას ასე ეგონა. - რამდენიმე წამით შეისვენა. ალკოჰოლი მოსვა და განაგრძო. - ამ ნახატმაც საერთოდ გადაგვრია ხალხი. ხომ გახსოვს როგორიც იყო? ცხენზე ბიჭი და გოგო ისხდნენ. შენი გაუჩინარების დღიდან ბიჭმა ცხენიდან გადმოვარდნა დაიწყო. ნელ-ნელა გვერდულად იხრებოდა მიწისკენ. - ცხენი ძალიან ჰგავდა ხორასნელს, ხომ ასეა? - კი. - კარგი, ეგ არ მაინტერესებს... გერმანიაში წავიდა? - ჰო. - გასაგებია. - რას აპირებ? - არაფერს. - არაფერს? როგორ, არაფერს მოიმოქმედებ? - ზოგჯერ სიყვარულის ყველაზე დიდი ქმედება უმოქმედობაა! - ალბათ მართალიც ხარ, დრო ყველაფერს კურნავს. - დრო არაფერს კურნავს ძმაო. ის უბრალოდ ტკივილთან ერთად ცხოვრებას გვასწავლის... - ხო მაგრამ... - მოვრჩეთ ამაზე, ჩვენ ხომ გასართობად მოვედით არა? - თვალის ჩაკვრით და თავის გაქნევით გვერდით მჯდომ გოგონებზე მიანიშნა. ზვიადმა გოგონებს გახედა. მზერა უნებურად ერთ-ერთის ზღვის ქაფივით თეთრ გულმკერდზე შეუჩერდა. უცქერდა თხელ ლავიწებს ქვემოთ გამოსახულ ცნობილ აზიურ სიმბოლოს, რომელიც ორ ცალთვალა თავკომბალას აგონებდა. ფიქრობდა, არც ისე სახეირო ადგილას გაუკეთებია სვირინგიო, მაგრამ როდესაც გოგონა შაქრის კუბიკის ასაღებად გადაიხარა, აზიური სიმბოლოს გამოსახულება მკერდს მოსწყდა და ჰაერში დაიწყო ფარფატი. ზვიადი მაშინღა მიხვდა, რომ ეს ყელსაბამი იყო, რომლის თოკი თმის ღერზე წვრილი უნდა ყოფილიყო. გოგონებს მეზობელი მაგიდიდან ყურადღება არ გამოჰპარვიათ. - რამე დაკარგე? - ალმაცერად გახედეს ზვიადს. - უკაცრავად. - მორცხვად ჩაილაპარაკა ლიქოკელმა. - საბოდიშო არაფერია. უბრალოდ თვალებს აცეცებდი, ვიფიქრე რაიმე დაკარგათქო. - გადაიკისკისა გოგომ. - აპატიეთ ჩემს მეგობარს. უბრალოდ თქვენი ყელსაბამი მოეწონა. - ჩაერთო ლაშა და თავაზიანად სთხოვა მათთან გადასულიყვნენ. - ერთი პირობით. თუ თვენი მეგობარი ამ სიმბოლოს სახელს მეტყვის გადმოვალთ. - გამომწვევად გადაიკისკისა მეორემ. ზვიადმა დაბნეული თვალები მიაპყრო ლაშას. - იცი რა ჰქვია ამ თავკომბალებს? - დაიჩურჩულა ქართულად. - ინი და იანი. - ინი და იანი რა არის ბიჭო, დამცინი? - ეე, უთხარი. ზვიადი გოგონებისკენ მიბრუნდა. წამით კიდევ დაფიქრდა, ხომ არ მატყუებსო. მაგრამ სხვა ვერსია მაინც არაფერი ჰქონდა. - ინი და იანი. - მიმართა გოგონებს. - ოჰო. - გაკვირვება ვერ დამალეს გოგონებმა. სკამებიდან წამოდგნენ, საკუთარ ჭიქებს დასწვდნენ და ბიჭებთან გადაიტანეს. - აქაურ ბიჭებს არ ჰგავხართ, სადაურები ხართ? - ჰკითხა ლაშამ - ამას აქვს მნიშვნელობა? - პრინციპში არა. ჩვენ მოსკოვიდან ვართ. მე ანა ვარ, ჩემს მეგობარს კი ლენა ჰქვია. - სასიამოვნოა. - გაიღიმა ლაშამ. - მიირთმევთ ვისკის ჩვენთან ერთად? - ესეც უნდა დაიმსახუროთ. - ყელსაბამი მკერდიდან თითებით ამოაძვრინა ანამ. - სახელი სცოდნია შენს მეგობარს. ახლა კი თუ შენ ამ სიმბოლოს მნიშვნელობას მეტყვი ვისკიზეც დაგეწვევით. - თუ ჩინური ფილოსოფიით ვიხემლძღვალებთ არსებობს ერთმანეთისგან განუყოფელი საპირისპირო ძალები... - დაიწყო ლაშამ. - საკმარისია. - გააწყვეტინა ანამ. - შეუკვეთეთ ვისკი. - თითქმის ყველა ადამიანს უნახავს ეს სიმბოლო. თუმცა იშვიათმა თუ იცის, რომ ეს სიკეთის და ბოროტების სიმბოლოა. - თქვა ლენამ - გარწმუნებთ, ეს მხოლოდ სიკეთისა და ბოროტებას არ აღნიშნავს. ჩემს წარმოდგენაში ეს ეს უფრო სინათლისა და სიბნელის სიმბოლოა. ინ - წყვდიანი, ქალური. იან - ნათელი, კაცური. იანი, ეგრეთ წოდებული ნათელი, ეს არის ჭიქა სავსე რძით, რომელშიც ერთი კოვზი ყავაა გაზავებული, ხოლო ინი, ეს არის ყავა და მასში მოტივტივე შაქრის ნატეხი. ყავა და რძე, აი, რა არის ცივილიზაციის მთავარი ღირსება და არა ვისკი. ანამ ბიჭის ხუმრობაზე სიცილი ვერ შეიკავა. - შეიძლება ეს არის კაცობრიობის ღირსება, - ქალმა სიტყვა "ეს"-ზე ყელსაბამს მოკიდა ხელი, - მაგრამ ვისკი მაინც ღვთიური სასმელია. - აი, ანტიკურ საბერძნეთში თქვენი ყელსაბამი წმინდად შავი და ალალად თეთრი იქნებოდა, არანაირი პატარა შავ-თეთრი სფეროებით შუგულებში. - ვითომ რატომ? - იმიტომ, რომ იმ ეპოქაში კეთილი სიგიჟემდე კეთილია, ბოროტი სიკვდილამდე ბოროტი. თეთრსა და შავს შორის ასა და ისრაელს შუა გავლებულ საზღვარზე უფრო შეუღწევადი გალავანია აღმართული. აი, ძველბერძენ, მისტერ კეთილშობილება გმირს შემწვარი ქათამი, რომ მიართვათ არაფრის დიდებით არ აიღებს ბარკალს, მხოლოდ თეთრი ხორცით დანაყრდება. ისინი ამბობდნენ "კალოს კაგატოს”, ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო. თუმცა მე მე ფროიდს უფრო დავეთანხმებოდი. რაც უფრო ლამაზია ადამიანი, მით უფრო მეტი დემონია მასში. და თუ ეს მხოლოდ სუბიექტური აღქმა არაა, თქვენი შემხედვარე ჯოჯოხეთი ცარიელ ქვესკნელად მომეჩვენებოდა. - ვაღიარებ. სიმპათიურთან ერთად განათლებული ბიჭი ჩანხარ. რას საქმიანობთ? - ამ წუთას ჩემი საქმიანობა მომხიბვლელი გოგონას შებმაა. - უჩვეულო პირდაპირობით უპასუხა გოგოს. - თქვენ? - რა მე? - თქვენ რას საქმიანობთ? - მეც ამ წუთის საქმიანობა გითხრა? ამ წუთას ვერაფერს ვაკეთებ, რადგან მგონი სიმპათიური ბიჭის ანკესზე ვეგები. - თმები კეკლუცად გაისწორა ანამ. - ზოგადად კი მხატვარი ვარ. - მხატვარი? - არაბუნებრივი ხმით იკითხა ლაშამ. - დიახ. აბსტრაქტულ ნამუშევრებს ვხატავ, მაქვს შექმნილი კოლექცია "უსაფეხურო კიბე", სადაც საკუთარ ნახატებს შესაბამის გრძნობასთან, განცდასთან ვაიგივებ და ამავე ემოციის სახელს ვარქმევ, ჩემი ყველაზე შემოსავლიანი კოლექციაა. ჭკუიდან გადავდივარ ამ ქაოსურად გადღაბნილ ზოლებსა და ფერების უაზრო თამაშსს როგორ აკერებს ადამიანი დიადურობის იარლიყს, როდესაც სინამდვილეში მხოლოდ ნაგავია და მეტი არაფერი, ნაგავი, რომელსაც ადამიანის გონება ტიმ ნობლი და სიუ ვებსტერივით გარდაქმნის მშვენიერებად. ყველაფერს ადამიანი თხზავს, არანაირი დიდებულება არ დევს ჩემს ნამუშევრებში. როგორ შეიძლება ღირებული იყოს ნახატი, რომელსაც თავდაპირველად შეგიძლია მოუფიქრო სახელი"ამპარტავნება" და შემდგომ "თავმდაბლობად" გადააკეთო. შემეძლო შენს წინაშე თავი მხატვარ გენიოსად გამესაღებინა, რომელიც სამყაროს ფარული მინიშნებები ტილოზე გადმოაქვს, მაგრამ მინდა გულწრფელი ვიყო და გითხრა, რომ ჩემი საქმიანობა ხალხის გამასხარავება და შარლატანობაა. - მაპატიეთ... ჩემი წასვლის დროა. - ლაშა წამოდგა, ბართან მივიდა. ანგარიში გაასწორა, ზვიადს წასვლისკენ ანიშნა და მასთან ერთად, დაუმშვიდობებლად დატოვა ბარი. - გადაირიე? რა გეტაკა?! - ბუზღუნით აედევნა ლიქოკელი. - არაფერი... ცოტა ფეხით გავიაროთ ზვიად. ქუჩაში გასული მეგობრები ერთხანს უსიტყვოდ მიუყვებოდნენ გზას. ციოდა. ღამის სუსხი ნელ-ნელა ძალას იკრეფდა. მთვარე არსად სჩანდა, ღრუბლებს პირი ავის მომასწავლებლად შეეკრათ. მალევე დაიქუხა და ელვამ, ალმაცერად დასერილი სივრცე ცისფრად გაანათა. - იწვიმებს. - ჩაილაპარაკა ლიქოკელმა. სიტყვა ბოლომდე დასრულებული არ ჰქონდა, რომ ერთბაშად თავსხმა წვიმა წამოვიდა. უახლოესი თავშესაფარი მოძველებულ, სადღეღამისო ჯიხურთან მდებარე ფანჩატური აღმოჩნდა. ღია ფანჩატურში ლუდისა და არყის ბოთლები, პლასტმასის ჭიქები ქაოტურად მიმოფანტულიყო. გრძელ მაგიდაზე, ჭადრაკის დაფის ნაკვალევი მკრთალად შეინიშნებოდა. სჩანდა, ოდესღაც ეს ადგილი სამაგიდო თამაშების, ამხანაგობების შეკრების ადგილი უნდა ყოფილიყო. დროთა განმავლობაში კი უსაქმური ლოთების თავშეყრის ადგილად იქცა. გალუპული მეგობრები კანკალმა აიტანა. - დალევ არაყს? - ჰკითხა ძმადნაფიცს ლაშამ. პასუხს აღარ დალოდებია. ჯიხურთან მიირბინა. შუა ხანს გადაცილებულ, ჩასუქებულ გამყიდველ ქალს ფული გაუწოდა და ერთი ბოთლი არაყი, მონადირული ძეხვი, ნატურალური წვენი და ჭიქები სთხოვა. უკან მობრუნებულს ფანჩატურში შეზარხოშებული ახალგაზრდა დაუხვდა. ბიჭი გრძელი სკამის ბოლოში ჩამოჯდა და სიცივისგან შეწუხებული მოიკეცა. ლაშამ მაგიდაზე პოლიეთილენის პარკი გაშალა, ნაყიდი პროდუქტები დააწყო და სტუმარს გადახედა. - დალევ ჩვენთან ერთად? სტუმარმა თავი სახეგაბადრულმა წამოსწია. გახარებული წამოდგა და ლაშასკენ წავიდა. მაშინვე არყის ბოთლს დასწვდა, ჭიქები შეავსო, უსიტყვოდა გადაჰკრა და ბიჭებს მადლობელი თვალებით შეხედა. - პირველად გხედავთ, ამ უბნელები არ უნდა იყოთ? - არა, აქაურები არ ვართ. - უპასუხა ლაშამ. - კავკასიელები ხართ? - აქცენტზე მიხვდა რუსი. - რა ხდება თქვენთან ყარაბაღში? - ასე ვგავართ სომხებს? - მაშ აზერები ხართ? არა, მათ ცოტა სხვანაირი აქცენტი აქვთ. - თავისივე კითხვას უპასუხა რუსმა. ქართველები არ იქნებით. ისინი, ამ დროს კი არა, დღისითაც თავს ვერ ჰყოფენ გარეთ. - რატომ? - ბევრი ქართველი ძმაკაცი მყავადა. უმრავლესობა უკან, საქართველოში დაბრუნდა. დანარჩენებს, გავიგე, ქუჩაში თუ დაინახეს სცემენო. პოლიცია თუ ჩაავლებს დეპორტაციას უკეთებენო. - ომის გამო? - რა თქმა უნდა. - ქართველები ვართ! - ჯიქურ მდგარი ლიქოკელი მრისხანე თვალებით იყურებოდა. - ქართველები? - გაიოცა რუსმა. მალე მისი გაოცება ირონიანარევმა ღიმილმა შეცვლა. - მიშიკო, მიშიკო... „ფაშისტ“, „პედარასტ“. - პედარასტები შენს მთავრობაში მოიკითხე. პუტინი, მედვედევი, ჟირინოვსკი. სამი მთავარი პედარასტი. - ლაშას, ზვიადისგან განსხვავებით ღიმილი ეტყობოდა. - არაა... მიშა! მიშა! - ინერციით აგრძელებდა რუსი. ისევ არაყს დასწვდა. რუსული ორთქმავალივით ამოიქშინა და ჭიქები შეავსო. ფიქრობდა. ახლა მის ტვინში, ურთიერთ გამომრიცხავი აზრები დომოდედოვოს აეროპორტიდან ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ძრავის სიჩქარით ბრუნავდნენ. რაღაცის თქმას აპირებდა, მერე ხელი ჩაიქნია და კიდევ ერთი ჭიქა გადაჰკრა. აღარ ბრაზობდა. პირიქით, ახლა მის თვალებში რუსული ზამთარი სითბოთი იცვლებოდა. მართალია ნელა, მაგრამ შეუქცევადად. - ცოტაც და სულიკოს სიმღერას გვთხოვს, ან ჩიტო გვრიტოს. - ზვიადს ქართულად გადაულაპარაკა ლაშამ. გაკვირვებული რუსი ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს. მას ახლა ბიძგი ესაჭიროებოდა. თავგადასავლებს მონატრებულმა ლაშამაც უბიძგა. - გიყვარს შენი ქვეყანა? - ჰქკითხა რუსს. - დიახ, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. მაგრამ არ მიყვარს ჩემი მთავრობა. რუსმა მოულოდნელად პირი დააფჩინა. მერე წელში გასწორდა და რაღაცისთვის მოემზადა. „ახლა აყალმაყალს ატეხს“ - გაიფიქრა ლაშამ. - მოიცადე, დაჯექი! - მოქაჩა საყელოზე. - ყვირილი რა, არგუმენტია? არ შეეშინდა, მაგრამ მიხვდა რომ ლაშა მართალი იყო და დაჯდა. მერე თითქოს ავრორამ გაისროლაო, ისე მჭახედ და რევოლუციური პირდაპირობით დაიძახა. - დაასხი! ლაშამ ჭიქები შეავსო. - ჩვენს პედარასტ პრეზიდენტებს გაუმარჯოს. - თქვა რუსმა და მოიყუდა. ლაშა შეწინააღდეგებას აპირებდა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. - ჯანდაბას შენი თავი, ალბათ მართალი ხარ. - თქვა თავისთვის ქართულად, საკუთარი ჭიკა ზვიადისას მიადო და გადაჰკრა. ორი ქართველი და ერთი რუსი გათენებამდე, უმისამართოდ დაიარებოდა ქუჩებში. ციოდა, მაგრამ სიცივე აღარ აწუხებდათ, რადგან კიდევ ორი ბოთლი დაემატებინათ. ბოლოს, ლაშამ და ზვიადმა გვარიანად მთვრალი და დაღლილი რუსი ფანჩატურთან დააბრუნეს. თავად კი სახლისკენ წავიდნენ. სადარბაზოში შესულები ბინის კარს უახლოვდებოდნენ, რომ ლიქოკელი შეჩერდა. თავი გადაიქნია და გაიცინა. - რა გაცინებს? - ინსტიქტურად გაეცინა ლაშასაც. - რამდენიმე თვის უკან რუსები გვეზიზღებოდა, ახლა კი მათთნან ერთად ვსვავთ. გვიხაროდა, რომ ასე უბრალოდ, ყოველგვარი სამიტის, ჩარჩო-ხელშეკრულების, მესამე და შესაძლოა უფრო პედარასტი სახელმწიფოს ლიდერის გარეშე მოვრიგდით. - ასეა ძმაო. მთავრობა შეიძლება პედარასტი იყოს. იყვიროს, იომოს. უბრალო ხალხი კი ერთმანეთთან ყოველთვის იმეგობრებს... ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ არაყი არსებობს ამ ქვეყანაზე. - გაიცინა ისევ და ზარი დარეკა. - სად ხართ აქამდე?! მოვკვდი ნერვიულობით. - კარი გაუღო ბაკურმა. - ცოტა დავლიეთ პაპა. - ცოტა? - გაიღიმა ბაკურმა და მისაღებისკენ მიმავალ, მობარბაცე ზვიად შეხედა. - კარგით, დაიძინეთ. - ერთ-ერთი საძინებლისკენ მიანიშნა ბიჭებს. - როდის მივდივართ? - იკითხა საძინებლისკენ მიმავალმა ლაშამ. - საღამოს შენს ახალს პასპორტს მოიტანენ. ხვალ ერევნის გავლით წავალთ. - გზის ასე დაგრძელება რად გვინდა? - ასეა საჭირო. არაბულის თვალს რული არ ეკარებოდა. ფიქრებთან მარტოდმარტო დარჩენას ვეღარ გაუძლო. წამოწია, ზურგით საწოლის თავს მიეყრდნო და დაიჩურჩულა. - მაინც როგორ წავიდა?! - ნუღარ იფიქრებ მაგაზე. - დაიჩურჩულა ლიქოკელმაც. - არ გძინავს? - არა. - თაკოზე ფიქრობდი არა? კარგი გოგოა თაკო, გაგიმართლა. აი მე კი... - ნუღარ იფიქრებთქო მაგაზე. - წამოჯდა ზვიადი. - შენ და ქეთი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობთ. ჩვენ სამხედროები ვართ, მეომარი, სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარზე მყოფი ხალხი. ის ფუფუნებაში, კეთლდღეობაში და უდარდელობაში გაზრდილია. ალბათ ამიტომაც უმალავდი ბევრ რამეს. - რა უნდათ ქალებს ზვიად? - აბა მე რა ვიცი რა უნდათ. - განა ღატაკს არ ასდევნებია ქალი ცხრა მთას იქით? ან არ გადაჰფარებია მოსაკლავად განწირულ კაცს? რაც არ უნდა იყოს კაცის ცხოვრება ერთი დიდი ტყუილია. უნდა თუ არ უნდა მალავს თავის ცხოვრებას იმ ქალთან, ვინც უყვარს. ასე გამოდის და რატომ არ ვიცი. ალბათ თავიდანვე ასე იყო, კაცი უფრო ალალად და პატიოსნად ექცეოდა ქალს, მაგრამ მალევე ხვდებოდა რომ ქალი მაინც თავისას ფიქრობს. პატიოსნად ექცევი თუ უპატიოსნოდ. აი ამიტომ კაცმა გადაწყვიტა რაღაცეები დაუმალოს და მოატყუოს. კაცი გამუდმებით რაღაცას იგონებს და დაეძებს, ქალს კი რა უნდა, არაფერს დაეძებს, ელოდება, მხეცსს გავს. - მხეცს? - დიახაც მხეცს! ქალი ჩასაფრებულია და იცდის. ერთხელაც კაცს დაუვარდება ტყულებით სავსე ტომარა და ჩასაფრებული ქალი ამოირჩევს იმას რაც უნდა. წამოკრეფს მიწიდან და ყველაფერი მის ხელშია. ქალი ავი და ბედნიერია რადგან ყველაფერი რაც უნდოდა, რაც აწყობდა ახლა ხელთ მოიგდო. და ვინ იბრძვის ყველაზე კარგად? ვინც გაავებული და ბედნიერია. მეორე საღამოს, სტუმრები ვალერას დაემშვიდობნენ. ჯერ მოსკოვში ჩაფრინდნენ. იქიდან კი ერევნის მიმართულებით მიმავალ, თვითმფრინავზე გადაჯდნენ. ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობის შემდეგ, ერევანში ჩასულებმა ტაქსი იქირავეს და საქართველოს საზღვრისკენ მიაშურეს. ბაკურმა, ჯერ კიდევ ვლადიკავკაზიდან დაურეკა ჯაბას და საქართველო სომხეთის საზღვართან, სოფელ სადახლოში დახვედრა სთხოვა. საზღვარზე გადმოსულები ბევრი სიარული არ დასჭირდათ. მალე ჯაბას მანქანა დაინახეს და გეზი მისკენ აიღეს. ჯაბამაც მალე შეამჩნია უფროსი ძმა. მანქანიდან გადმოხტა, ლაშასკენ პატარა ბავშვივით გაიქცა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გადაეხვია. - რა იყო ბიჭო, შენც მკვდარი ხომ არ გეგონე? ჯაბამ ძმის შეკითხვა უპასუხოდ დატოვა და დანარჩენებს მიუბრუნდა. - მადლობა პაპა. მადლობა ზვიად. მადლობა, რომ ძმა დამიბრუნეთ. - შენ ეს მარტო შენი ძმა ხომ არ გგონია? - ლაშაზე მიანიშნა ზვიადმა. - წავიდეთ დროზე, ათასი თვალია აქ. - თქვა ბაკურმა და ავტომობილისკენ წავიდა. - ხომ არ ჯობია ჯერ თბილისში ჩავიდეთ? ცოტას დაისვენებთ. - დაადევნა ბაკურს ჯაბამ. - არა შვილო. ახლავე კახეთში მივდივართ. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ყველაფერი დალაგდეს ჯერ, თბილისი არსად გაექცევა შენს ძმას. - როგორც იტყვით. წავედით ლაშა. - ლაშა აღარ ჰქვია მაგას. - გაიცინა ზვიადმა. - ნახე ერთი მაგის პასპორტი. - როგორ კი მივალთ, პირველი მაგას დავწვავ. - გაიცინა ლაშამაც. - მაჩვენე რა. - პასპორტი ხელიდან გამოგლიჯა ჯაბამ. რუსული პასპორტი გაშალა და ფოტოს გვერდით სომხური სახელი და გვარი გევორქ ასატრიანი ამოიკითხა. გვარიანად დაბნელებულიყო, როცა ბაკურის სახლს მიუახლოვდნენ. ჩაბნელებულ სოფელში რწმენასავით ბრწყინავდა ერთ-ერთ სახლში ანთებული სანთელი. ავტომობილი სწორედ ამ სახლთან შეჩერდა. ლაშა გადმოვიდა და ჭიშკარის გაღებას შეუდგა. ხმაურზე, ნანამ ლოცვას თავი ანება, ეზოში განათება ჩართო და გამოვიდა. - შენა ხარ შვილო?! - არაბუნებრივი ხმით შესძახა ქალმა. ლაშამ ჭიშკარი გააღო. ბებიისკენ წავიდა, გულში ჩაიკრა და თვალს მომდგარი სიხარულის ცრემლი მოსწმინდა. ეზოში შემოსულ ხალხს უცნაური ხმები მოესმათ. ორმოციოდე მეტრის მოშორებით, ცხენი წინა ფეხებს ერთდროულად ურტყამდა მიწას და ნერვიულად ფრუტუნებდა. - რა დღეშია ეს გადარეული. - ღიმილით ჩაილაპარაკა ბაკურმა. - ვითომ ლაშას მოსვლა იგრძნო? - გაოცდა ლიქოკელი. ხორასნელი ყალყზე შედგა, უცნაურად დაიჭიხვინა და ღობისკენ მოწყვეტით გაქანდა. ამ ჯერზე გააფთრებული ცხოველი ღობემ ვეღარ შეაჩერა, გაარღვია და ლაშასკენ გამოქუსლა. - არიქა შვილო არავის დაეტაკოს. - შეჰკივლა ნანამ. ლაშა, იმის შიშით, რომ მოძალებული ემოციებით ცხენს ვინმე არ დაეშავებინა თავადაც მისკენ გაქანდა და გზა გადაუღობა. ფაფარში მარჯვენა ხელი ჩაავლო, გააჩერა, კისერზე მოეფერა და ტუჩები ყურთან მიუტა. რამდენიმე წამი ჩურჩულებდა, შემდეგ კი აჩეჩილი ფაფარი გაუსწორა და გრძელ, შურდულივით მოდრეკილ კისერზე ისევ მოეფერა. დამშვიდებულ ცხენს მოშორდა, ზურგი აქცია და მისი სადგომისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა. ერთ ადგილას გაშეშებულ ჯაბასა და ზვიადის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ცხენიც, ლაშას მსგავსად მიტრიალდა და პატრონს მორჩილად უკან მიჰყვა. - რას ელაპარაკებოდა? - უმისამართოთ იკითხა ჯაბამ. - ეგ ვიცოდე და... - ჩაილაპრაკა ბაკურმა და ლიქოკელს სახლში შეუძღვა. შვილის უვნებლად დაბრუნდებით გულდამშვიდებული არჩილ არაბული მისაღებ ოთახში იჯდა და ყავას შეექცეოდა. ლილის ლაშასთან სატელეფონო საუბარი ახალი დასრულებული ჰქონდა, რომ არჩილმა თავისთან მიიხმო. - მალე გიორგი ახვლედიანი მოვა. ეს ბედნიერი სახე არ აჩვენო. - ღიმილით მიმართა ცოლს. - რატომ? - ვერ მიუხვდა ლილი. - არ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ლაშას ასავალ-დასავალი ვიცით. - არ ენდობი? - არ ვიცი ლილი, არ ვიცი. ალბათ ვცდები, მაგრამ სანამ ყველაფერი არ გაირკვევა ალბათ ასე აჯობებს. ჯერ მოვისმენ რას მეტყვის და მერე გადავწყვეთ ვუთხრა თუ არა. - კარგი. მივესალმები და დაგტოვებთ, მეორე ოთახში გავალ... აი, მოვიდა კიდეც მგონი. - თქვა ლილიმ და ზარის ხმაზე კარის გასაღებად გატრიალდა. მისაღებში შემოსულ სტუმარს, მოჩვენებითად სევდიანი სახით ყავა მიართვა და ოთახი დატოვა. - როგორ ხარ არჩილ? - ბავშვობის მეგობარი მოიკითხა პოლკოვნიკმა. - როგორ ვიქნები აბა? - კითხვითვე უპასუხა ბავშვობის მეგობარმა. - კარგი ამბავი მაქვს. - თუ იმ ვიდეოჩანაწერს გულისხმობ ეგ მეც ვნახე. - არა მარტო. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა არსად სჩანს მისი სახელი გაწმენდილია მეგობარო. შენი შვილი მოღალატე არ არი, ეს დადასტურებულია. ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე სერგო ფალავანდიშვილი მიიმალა. - ვასილ ჯავახიშვილი? - წუხელ ავიყვანეთ და დაკითხვაზეა. თუმცა ალბათ პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ამბობს ფალავანდიშვილმა რაც დამავალა ის გავაკეთე. მეგონა სახელმწიფოს დავალება იყო, რას ვიფიქრებდი თუ მას პირადი მოტივები ამოძრავებდაო. - რას ნიშნავს ვერ იფიქრებდა?! რატომ არ უნდა მიეღო სახელმწიფოს საკუთარი, თუნდაც მოღალატე ჯარისკაცი და თავად არ გაესამართლებინა? ნუთუ ეს კითხვა არ დაებადა? - არ ვიცი არჩილ, გაირკვევა ყველაფერი, პირობას გაძლევ. კარგად იცი, პირადად მე ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი ლაშას პატიოსნებაში. საბედნიეროდ ახლა ყველა დარწმუნებულია, რომ ლაშა ქვეყნის მოღალატე არ იყო. - იყო? იმ რუსმა სარდალმა ხომ თქვა გავუშვიო? - მაპატიე არჩილ, მაგრამ არ მგონია ცოცხალი დაეტოვებინათ. რუსებს და ოსებს ისეთი დღე აყარა, რომ... - კარგი, გასაგებია. სულ ეს არი? ამ ყველაფერს ტელეფონითაც მეტყოდი. - თავდაცვის მინისტრმა პირადად მთხოვა მოვსულიყავი და ბოდიში მომეხადა. ბოდიში იმისთვის, რომ ლაშა მოღალატედ გამოვაცხადეთ. - ჰმ!... მაშინ დღესვე, ოფიციალურად გამოაცხადოს ეს და მივიღებ მობოდიშებას გიორგი. - სანამ ფალავანდიშვილს არ ავიყვანთ და დავკითხავთ მანამდე ვერ გამოაცხადებენ ალბათ. - მაშინ არაფერში მჭირდება თქვენი ბოდიში. ჩემმა შვილმა სახელი ყველას წინაშე უნდა აღიდგინოს, თორემ მე და შენ ისედაც ვიცოდით სიმართლე. ამასთან, ლაშა რომ ცოცხალი აღმოჩნდეს და დაბრუნდეს, აქ პრობლემები არ უნდა შეექმნას. - კარგი, ვეცდები მაქსიმუმ ხვალ ოფიციალური განცხადება გაკეთდეს. - შევთანხმდით. - კიდევ ერთი საკითხი უნდა განვიხილოთ არჩილ. - გისმენ. - პირველ რიგში იცოდე, რომ ეს ჩემი მოსაზრებაა და სამთავრობო სტრუქტურებში ამაზე არავინ საუბრობს. როგორც მეგობარი მეგობარს ისე გეუბნები, უფრო სწორად გთხოვ... მოკლედ, რუსი სარდალი, ვინც ლაშა ტყვედ აიყვანა... - ვიდეოში რომ საუბრობს? - ჰო. რამდენიმე დღის უკან ვლადიკავკაზში მოკლეს. - მოკლეს? - აშკრა გაოცება დაეტყო არჩილს. - ისიც და მისი რამდენიმე ჯარისკაციც სამხედრო ჰოსპიტალში უმოწყალოდ ჩახოცეს. როგორც ვიცი, რუსებს წარმოდგენა არ აქვთ ვის შეიძლებოდა მოეკლა. მე კი ვფიქრობ, ეს ყველაფერი შენს სიმამრს უკავშირდება. - რაო?! - მისმინე არჩილ. მე პრეტენზია არ მაქვს. პირიქით მოხარულიც კი ვარ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უბრალოდ ჩემი ვარაუდია. გპირდები, სულაც რომ მართალი აღმოვჩნდე, ამას ჩემგან ვერავინ გაიგებს. - მოიცადე! რატომ ფიქრობ რომ ბაკურის ნამოქმედარია? მოხუცს კაცს როგორ შეეძლო რუსეთის არმიის სარდალი და ჯარისკაცები რუსეთშივე დაეხოცა? - კარგად ვიცი მისი წარსული არჩილ. - მერე რა? - საზღვრის კვეთა გადავამოწმე და ზუსტად ამ პერიოდში ბაკურმა და ლაშას მეგობარმა, ზვიად ლიქოკელმა საქართველოს საზღვარი დატოვეს. სხვათა შორის, სწორედ ზვიად ლიქოკელი იბრძოდა ლაშას მხარდამხარ. გუშინ კი, სომხეთის მხრიდან ორივე უკან დაბრუნდა. თუ ჩემი ვარაუდი სიმართლეა და ბაკურმა შური იძია, სავარაუდოდ ვასილ ჯავახიშვილსა და სერგო ფალავანდიშვილის წინააღმდეგაც იგივე განზრახვა ექნება. ამიტომ გთხოვ, ხელი ააღებინე ამ ქმედებაზე. ამით ვეღარაფერს შეცვლის. მეტად ნუღარ გაიმწარებს სიბერეს. ეს რომ გამოსავალი იყოს ჩემი ხელით დავხოცავდი ორივეს. - მოდი ასე გეტყვი, ჩემი შვილი დაბრუნდება! დაბრუნდება და თუ თქვენ არ დასჯით მათ, მე ლაშას ვერ შევაჩერებ და ის თავად გადაწყვეტს მათ ბედს. - არჩილი, უჩვეულოდ მრისხანე ტონის შემდეგ, წამოდგა და პოლკოვნიკს დასამშვიდობებლად ხელი გაუწოდა. - პირობა არ დაგავიწყდეს გიორგი. ხვალ ოფიციალურად გამოცხადდეს, რომ ლაშა მოღალატე არ არის! რამდენიმე დღეში ვასილევის ვიდეოჩანაწერი ქართულ ინტერნეტ და მედია სივრცეში ვირუსულად გავრცელდა. ქართველები მოღალატე სერგო ფალავანდიშვილსა და გმირ, ლაშა არაბულზე საუბრობდნენ. ახალგაზრდა, პატიორტ და ვაჟკაც ბიჭზე, რომელიც მტერმა ვერაფრით გატეხა და ძირი ისევ ქართველმა გამოუთხარა. ინეტრნეტ სივრცეში ვიდეოს შესახებ უამრავმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი რეაქცია. კომენტარების უმეტესობა ფალავანდიშვილის გინებასა და ლაშას ქება-დიდებას შეეხებოდა. ხალხის უმეტესობა მწუხარებით გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ქართველი სნაიპერი ცოცხალი აღარ იქნებოდა. ერთ-ერთი კომენტარი ვრცლად ასახავდა ლაშას ქმედებებს სოფელ ვარიანში. კომენტრის ავტორი ახალგაზრდა ბიჭი იყო, იგი დეტალურად აღწერდა საკუთარი მამის მონაყოლს და დიდი მადლობას უხდიდა ლაშა არაბულს მამის გადარჩენისთვის. აღწერდა როგორ გაუმკლავდა ახალგაზრდა სნაიპერი რუსულ და ოსურ ბანდ-ფორმირებებს. ბოლოს კი, როცა მამამისი და მისი დაჭრილი მეგობრები, მანქანით სოფლიდან გამოჰყავდა, რუსული სამხედრო მანქანები წამოეწიათ. ახალგაზრდა სნაიპერმა მანქანა გააჩერა, ჩამოხტა, საჭე მამისისს დაუთმო და გზის გაგრძელება უბრძანა. თავად ათეულობით მტრის ჯარისკაცს გადაეღობა, სანუკვარი წუთები მოიგო და დანარჩენებს საშუალება მისცა სოფლიდან გამოეღწიათ. ტელესივრცემაც მთელი გადაცემა და სიუჟეტები მიუძღვნა ახალგაზრდა სნაიპერს. გადაცემაში მთავრი სტუმარად გიორგი ახვლედიანი იყო. პოლკოვნიკმა ერთის მხრივ პირობა შეასრულა და ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ლაშა არაბული გმირი იყო. თუმცა გავრცელებულ ხმებში, თითქოს ლაშა არაბული რუსეთის ჯაშუში იყო, ისევ რუსულ ბინძურ პროპაგანდას გადააბრალა. *** ვასილ ჯავახიშვილის პატიმრობა რამდენიმე დღიანი გამოდგა. საბოლოოდ ძვირადღირებულმა ადვოკატებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი სერგო ფალავანდიშვილის ბრძანებას ასრულებდა და არანაირი პირადი მოტივები არ ამოძრავებდა. გათავისუფლებულ ჯავახიშვილს პროკურატურის გასასვლელთად ძმისწული დაუხვდა. რამაზს სახეზე აშკარა ბრაზი და წყენა ეტყობოდა. - ახლა მორალის კითხვა არ დამიწყო გთხოვ. მე ოჯახის დაცვას ვცდილობდი! - მანქანაში ჩაჯდომისთანავე დაიწყო ვასილმა. - რა აზრი აქვს შენთან მორალზე ლაპარაკს?! ბიძა არ იყო ჩემი ხელით...! - სიტყვა აღარ დაასრულა რამაზმა. ვასილი შეკრთა. ასეთი ტონით პირველად ელაპარაკებოდა ძმისწული. მის ხელში გაზრდილი კაცი მრისხანებას ვერ მალავდა. ეს არ კმაროდა, სახლში მისულ ვასილს ცოლი ნამტირალავი შეეგება და სთხოვა ახლავე ქეთისთან დაერეკა. - რა მოხდა ქალო?! - შეშინდა ვასილი. - ხომ მშვიდობაა? - არ ვიცი ვასილ, ყვიროდა, ილანძღებოდა. სასწრაფოდ დამირეკოსო. ჯავახიშვილმა რამაზს ტელეფონი გამოართვა და ოთახი დატოვა. რამდენიმე წუთში ოთახში ფერდაკარგული შემობრუნდა. - რა მოხდა? - მივარდა ცოლი. - არაფერი. - რას ნიშნავს არაფერი? რა გითხრა ქეთიმ? - არაფერითქო, დაგვტოვე! - კარისკენ მკაცრად მიუთითა მეუღლეს და რამაზისკენ მიტრიალდა. რამაზის უხმოდ, ჩაფიქრებული აკვირდებოდა ბიძას. - მითხრა ცხოვრება შენ დამინგირიეო... არასდროს გააპტიებო. მე ხომ ყველაფერი მისი კეთილდღეობისთვის მინდოდა. - გავა დრო, დამშვიდება და გადაუვლის. მარგამ იმ საცოდავ ბიჭს აღარაფერი ეშველება და ეს ყველაფერი შენს კისერზეა ვასილ! ქეთის კი გადაუვლის, მაგრამ შენ როგორ უნდა მოისვენო?! - ვასილი შეკამათებას აპირებდა მაგრამ რამაზმა არ აცადა. - ჩემთან მაინც არ სცადო თავის გამართლება! არ თქვა ის, რომ სახელმწიფო დავალებას ასრულებდი! როგორ ფიქრობ? შენს ადგილზე, რომ ბაკური ყოფილიყო როგორ მოიქცეოდა?! რატომ გაჩუმდი მიპასუხე! ვასილი სიტყვას ვერ ძრავდა. - კარგი, მომისმინე ახლა! გეტყობა ჯერ ვერ ხვდები რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. პატიმრობას გადაურჩი, მაგრამ იქნებ ჯობდა კიდეც პატიმრობაში დარჩენილიყავი. გარკვეული დრო სამარტოო საკანში მაინც იქნებოდი უსაფრთხოდ. - ფიქრობ ბაკური ჩემს მოკვლას ეცდება? - არ ხარ მოსაკლავი? - ირონიული სახით, კითხვითვე უპასუხა რამაზმა. - სხვათა შორის, არა მარტო ბაკური. სანამ დაკავებული იყავი ის შენი ახალი მეგობარი დამიკავშირდა. - სერგო ფალავდიშვილი? - მაშინვე მიხვდა ვასილი. - დაიმუქრა, ჩემს საწინააღმდეგო თუ კრინტს დაძრავს ინანებსო. - ოჰ, ეგ მაპოვნინა და ვინ ინანებს ვაჩვენებ! - გაცხარდა ჯავახიშვილი. -გავიგე გაქცეული ყოფილა. - ჰო, აფხაზეთში გადაპარულა. იქაური ნათესავები ჰყოლია. ეს ყველაფერი ბაკურმაც იცის და არ მგონია დიდი დღე ეწეროს მაგ შენს სერგოს. - საიდან იცის? - მე ვუთხარი. გუშინ ვისაუბრეთ ტელეფონზე. შეხვედრა ვთხოვე და უარზეა, მითხრა შენთან საქმე არ მაქვსო. ისე მგონი შენ დაგავიწყდა თუ არ იცი რაზეა წამსვლელი. მითუმეტეს ლაშას გამო. შენ ისიც არ გეცოდინება, რომ რუსი სარდალი, ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდით მოკლეს. - მოკლეს? - თვალები გაუფართოვდა ჯავახიშვილს. - მოკლეს ვასილ, მოკლეს! სამხედრო ჰოსპიტალში შეცვივდნენ, ის და მისი ჯარისკაცებიც ცივსისხლიანად დახოცეს. დაფიქრდი აბა ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა? - ბაკური? - აკანკალებული ხმით იკითხა ჯავახიშვილმა. - მას თუ რუსეთში მისწვდა, აბა მე აქ... - ჰო! - გააწყვეტინა რამაზმა. - დაცვას გავაძლიერებ. ან იქნებ სახელმწიფოს ვთხოვო დაცვით უზრუნველყოფა? - რა მიზეზით? მთავრობას უნდა უთხრა არაბულის ბაბუა მოკვლით მემუქრებაო? - აბა რას მთავაზობ? - ბაკური უნდა ვნახო, კახეთში წავალ. იმას მაინც გავარკვევ რას აპირებს. - რამაზი მძიმედ წამოდგა, საკიდიდან კოსტუმი ჩამოხსნა და გასასვლელისკენ წავიდა. კართან შედგა, ბიძისკენ შეტრიალდა. ერთხანს თვალებში მიაშტერდა, მერე თავი ჩახარა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა - ვეცდები ყველაფერი მოვაგვარო. შენ გამზარდე, ამ ოჯახს საკუთარ ოჯახად ვთვლი და არ მინდა აქ ტრაგედია დატრიალდეს. ვეცდები ყველაფერი დავალაგო. ამის მერე კი მივდივარ იცოდე! - თქვა რამაზმა და ეზოში გასვლას აპირებდა, რომ ვასილმა შეაჩერა. - ხვალ ქეთი მოფრინავს. - რატომ? - მასაც ბაკურის ნახვა უნდა. - ჩვენ ყველა ერთად წავალთ ბაკურთან. - თქვა და ეზოში გავიდა. *** აფხაზეთის ცაზე მზე ნელნელა დასავლეთისკენ მიიპარებოდა. მალე დაბინდდებოდა. მაღალმთიან სოფელ ფსხუდში სუსხი შესამჩნევლად კბენდა. ორი შენიღბული მებრძოლი მთის კალთიდან სოფლის განაპირად მდებარე ხის სახლს ბინოკლით ზვერავდა. სახლი დილიდან მათი დაკვირვების ქვეში იყო. მზვერავთა დაკვირვებით სახლში ოთხი კაცი უნდა ყოფილიყო. პერიოდულად ეზოში გამოდიოდნენ, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში ეზოდან არცერთი გასულა და არც სტუმარი მიუღიათ. როცა სახლში შევიდოდნენ, ერთი-ერთი მაინც გარეთ რჩებოდა და ირგვლივ ტერიტორიას ზვერავდა. აშკარა იყო ხის სახლის ბინადარნი რაღაცას უფრთხოდნენ. როგორც კი დაბნელდა ნიღბიანები წამოდგნენ და ნელი სვლით სოფლიკენ დაეშვნენ. მთის ტყიანი ფერდობი ჩაიარეს, ცოტაც და ღია მინდორზე გავიდოდნენ საიდანაც უწინდელი დაკვირვების ობიექტამდე ასი მეტრიღა რჩებოდა. ერთ-ერთი ნიღბიანი შედგა, მიწაზე გაწვა და სნაიპერული შაშხანა მომართა. მეორემ პისტოლეტი მოიმარჯვა, მინდორი მარჯვნიდან გადაჭრა, სამიზნეს უკანა მხრიდან მოექცა და ეზოში შეიპარა. სნაიპერის გასროლამ არ დააყოვნა. შაშხანის მოგუდული ხმა გაისმა და ეზოში მდგარი დარაჯი მოწყვეტით გადავარდა. უსულო სხეული მორებზე გადებულ ხმელ ფიცარზე დაეხეთქა და ჩატეხა. ჭახანის ხმაზე სახლში დარჩენილები ფეხზე წამოიჭრნენ. - რა მოხდა?! ერთ-ერთი მაშინევ დენის გამომრთველს ეცა. ჩააქრო და იატაკზე გაწვა. - დაწექით, გარეთ არავინ გავიდეს. - დაიჩურჩულა და ფანჯრისკენ მიღოღდა. ცალი თვალით გაიხედა და შუბლ-გახვრეტილი გვამის დანახვაზე სახეზე ალმური მოედო. - ის არის. - აღმოხდა კაცს. - უკნიდან გავიდეთ. - დაიყვირა ერთ-ერთმა. ეზოში გასულმა სამეულმა მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოასწრო. ზურგიდან ჩასაფრებულმა ნიღბიანმა რამდენჯერმე სწრაფად გაისროლა, ორი მათგანი მოცელა, მესამესთან მიიჭრა და პისტოლეტის ტარი კისერში ჩასცხო. სროლის ხმაზე მინდორზე გაწოლილი სნაიპერი ფეხზე წამოიჭრა. შაშხანა ზურგზე მოიგდო და მათკენ შურდულივით გაქანდა. ეზოში შევარნილმა სახლს შემოაუარა და პირველი მეგობარ ნიღბიანთან მიიჭრა. - კარგად ხარ? პასუხად თავის დაქნევა მიიღო. - ხომ არ მოკალი? - მიწაზე მიმოფანტული სამეულიდან ერთ-ერთს დახედა. - არა, გათიშულია. - ყოჩაღ. სახლში შევათრიოთ. რამდენიმე წუთში, სკამზე გადაწოლილ უგონოდ მყოფ კაცს სახეში გაშლილი ხელი იმდენად ძლიერად მოხვდა, რომ წამსვე გონს მოვიდა და ხელი ნატკენ ლოყაზე იტაცა. - ვინ ხარ? - მაშინვე მის წინ ატუზული ნიღბიანის მიმართულებით იკითხა. ნიღბიანი უძრავად იდგა. მხოლოდ თვალები მოუჩნდა, თვალები საიდანაც მხოლოდ მომნუსხველი მრისხანება და ზიზღი გამოსჭვიოდა. - ვინ ხარ?! - ყვირილზე გადავიდა კაცი. - გესმის?! დამენახეთქო ვინ ხარ! სნაიპერმა სკამი მოიმარჯვა, მის წინ ჩამოჯდა რამდენიმე წამი უყურა შემდეგ კი ნიღაბი იძრო. - ჰოლანდილი... - ამოიკნავლა კაცმა წამიერად მკვდრის ფერი დაედო. ლაშამ მეტის თქმა აღარ აცადა. პისტოლეტი შუბლზე მიადო და სასხლეტი დაუფიქრებლად დაუშვა. სერგო ფალავანდიშვილის უსულო სხეული იატაკზე გადაგორდა. - წავიდეთ ლაშა. - მხარზე ხელი დაადო ლიქოკელმა. - ხვალ ჯავახიშვილები ჩადიან ბაკურთან. - წავიდეთ ზვიად, წავიდეთ. - ჩაიალაპარაკა ლაშამ, წამოდგა და მეგობრისკენ მობრუნდა. - მეშინია მოთმინებამ არ უმტყუნოს. - ნუ ღელავ. პაპა ჩემს თხოვნას არ გადავა. - და შენ რას აპირებ? - ჩემს მოთმინებაზეც ღელავ? - მსუბუქად გაიღიმა არაბულმა. - ჰო. - პატიება ყველაზე დიდი ნიჭია ხევსურო. - ქეთიზე რას იტყვი. ხომ იცი, რომ ისიც იქ იქნება? არ მინდა გულის ჭრილობები თავიდან გაგეხსნას. - ჭრილობა თავიდან არ იხსნება, ის ჯერ უნდა შეხორცდეს... ნაადრევი თოვლი მოსულიყო სოფელში. ბოლო წლებში იშვიათი გახდა კახეთში თოვა. ის კი არა, ცა თუ პატარა ფანტელებს მაინც წამოყრიდა, საერთოდ ღვთის წყალობად შეიძლება ჩათვლილიყო. თოვდა... ფიფქები თვითმკვლელებივით ცვიოდნენ ღრუბლებიდან. სოფელსაც, შემოდგომით „დასვრილი“ ტანსაცმელი გაეხადა და ფიფიქებით შეკერელი მოსასახამი მოეცვა. ჯავახიშვილების ავტომობილი ბაკურის სახლს უახლოვდებოდა. მანქანას რამაზი მართავდა, ვასილ არაბული უკანა სავარძელზე მოკალათებულიყო. მძღოლის გვერდით მჯდარი ქეთი გაყინული, უემოციო სახით წინ იყურებოდა. ერთხელაც არ მიუხედავს მამისკენ. თბილისიდან მოყოლებული, მთელი გზა საუბარს თავს არიდებდა. მამის ყველა მცდელობას, შვილთან საუბარი დაეწყო უშედეგო გამოდგა. იშვიათად, რამაზს თუ დაელაპარაკებოდა ვასილის გასაგონად. „რამაზ, თუ საუბარს არ შეწყვეტს ახლავე ჩავალ მანქანიდან. შეახსენე ბიძაშენს, რომ აქ მხოლოდ მისი მშიშარა თავის გადასარჩენად ჩამოვედი, მინდა ბაკურს მისი დანდობა ვთხოვო, ამის მერე უკან დავბრუნდები“ - იმეორებდა გოგო. „თანაც არ მინდა კარგმა ადამიანმა, ვინც ერთადერთი შვილიშვილი დაკარგა, ჩემი არაადამიანი მამის მკვლელობით უარესად გაიმწაროს სიცოცხლე“. მანქანა მასიურ ჭიშკართან გაჩერდა. რამაზი უნდა გადმოსულიყო, რომ რკინის ჭიშკარი ხმაური გაიღო. ზვიად ლიქოკელმა მძღოლს თავის მოძრაობით ანიშნა შემოსულიყო. ზვიადმა მანქანა დაძრა და ნელი სვლით ეზოში შევიდა. მანქანიდან ყველა ერთად გადმოვიდა. მიდამოს თვალი მოავლეს, ზვიადის გარდა ირგვლივ არავინ ჩანდა. ეზოს ბოლოში მხოლოდ ხორასნელი მოსჩანდა, შავი ბედაური ღობის მიღმა ძეგლივით გაშეშებულიყო და ქეთისკენ იყურებოდა. ზვიადმა ჭიშკარი დაკეტა, სტუმრებთან მივიდა, ვასილს მკაცრი სახით შეხედა და მისალმების ნაცვლად ხელით მოშორებით მდგარი მარნისკენ მიუთითა. ვასილი დაიძრა, ქეთი და რამაზიც უკან უნდა გაჰყოლოდნენ, მაგრამ ზვიადმა შეაჩერა. - თქვენ აქეთ მობრძანდით. - მიუთითა სახლის კარისკენ. - ზვიად გთხოვ... - ნუ გეშინია. - არ დაამთავრებინა ზვიადმა, მზერა აარიდა და ზვიადს შეხედა. - სახლში შებრძანდით, სიტყვას გაძლევთ ბიძათქვენი უვნებელი გამოვა იქიდან. რამაზმა თავი უხმოდ დაუკრა და ზვიადისგან მითითებული კარი შეაღო. ქეთიც უკან მიჰყვა. მისაღებ ოთახში შესვლისთანავე ქეთი შედგა. ოთახის ცენტრში მოზრდილი სუფრა გაშლილიყო. განაპირად მდგარ, მოზრდილ დივანზე სანახევროდ მიწოლილი ბაკური შენიშნა, როდესაც სტუმრები შემოვიდნენ გასწორდა და ვითომც არაფერიო, შინაურულად, ხელის დაქნევით ანიშნა შემოდითო. ქეთის და რამაზს ვერაფერი გაეგოთ, ხან ერთმანეთს, ხან ბაკურს, ხანაც გაშილლილ სუფრას უყურებდნენ. უცებ მეორე ოთახის კარი გაიღო და ნანამ და თაკომ თეფშებით სხვადასხვა საჭმელი შემოიტანეს და სუფრას დაამატეს. თაკო ზვიადისკენ წავიდა, ნანამ კი ხელების წინსაფარზე გადაისვა და თვალზე ცრემლმომდგარ ქეთის გადაეხვია. - მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ მაპატიეთ. - თავს ვეღარ იკავებდა ქეთი. - ნუ ტირი შვილო, ყველაფერი კარგად არის. - ამშვიდებდა გაღიმებული ნანა. რამაზის გაოცებას, ყველაზე მეტად ის იწვევდა რომ ოჯახში ვერანაირ სამგლოვიარო განწყობას ვერ ხედავდა. ზურგს უკან მდგარი ზვიადისკენ ჯიგურ მოტრიალდა. - ჩვენ სამშვიდობოდ მოვედით! - გითხარი უვნებელი მოვათქო. - ჩუმად უპასუხა ზვიადმა. - ან როგორ გგონია, ოჯახში სტუმარს რაიმეს დავუშავებთ? რამაზი აღარაფერი თქვა. ბაკურთან მივიდა და მის გვერდით დივანზე ჩამოჯდა. - ბაკურ, გამაგებინე რა ხდება. - ჰკითხა დაბნეულმა კაცმა. - მოთმინება რამაზ, მოთმინება. - ჩაიალაპარაკა ბაკურმა. არანაკლებ დაბნეული ქეთი ნანას შემდეგ თაკო და ზვიადისკენ დაიძრა. სანამ რამეს იტყოდა თაკომ დაასწრო. - იქნები ჩემი მეჯვარე? ვთხოვდები. - ჰკითხა ქეთის. - მართლა? - გულწრფელად გაუხარდა აცრემლებულ გოგოს. - გილოცავთ. - სევდანარევი ღიმილით მიმართა წყვილს და რიგრიგობით გადაეხვია. - შენი ნიშნობის სუფრას თავად აწყობ? - არა მარტო ჩემსას. - ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა თაკოს. ამასობაში შემოსასვლელი კარი გაიღო და ოთახში უფროსმა ჯავახიშვილმა შემოაბიჯა. ერთხანს შედგა. აცრემლებულ შვილს შეხედა. უცნაური იერი დასდებოდა ვასილ ჯავახიშვილს. ერთბაშად გაკვირვებული და აღტაცებულიც. - გარეთ გადი შვილო. გელოდებიან, - ღიმილით მიმართა მამამ. ქეთი თითქოს გონება გაუნათდაო დენდარტყმულივით გავარდა გარეთ. ვასილი დივანზე მჯდარ ბაკურს მიუახლოვდა. მის წინ შედგა და მარჯვენა გაუწოდა. წარბშეკრული მასპინძელი წამოდგა. ერთხანს თვალი თვალში გაუყარა, მერე კი თავი მოჩვენებითი უკმაყოფილებით გადაიქნია და შემრიგებლური ხელი ჩამოართვა. ვასილი ჯერ სუფრისკენ შეტრიალდა, მერე კი თავი ბაკურისკენ მოატრიალა და სერიოზული სახით იკითხა. - კარგი ღვინო გაქვს მძახალო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.