შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაე (თავი 8)


25-03-2021, 17:29
ავტორი MoonDaughter
ნანახია 963

***
საგრძნობლად ჩამობნელდა. მარიამი კუს ნაბიჯებით მიიწევდა ფსიქიატრიული საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე და თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა. ამის გამო, სახე ოდნავ გვერდზე მოჰქცეოდა და უაზროდ უმზერდა ყველა წერტილს. მერე, შეჩერდა. ღრმად ჩაისუნთქა და თავზე იტაცა ხელი. ირგვლივ მიმოიხედა, გადაწყვიტა რომ იქ მისი მისვლა ცუდი იდეა იყო და სწრაფად გაბრუნდა უკან. ნაბიჯს უფრო მეტად მაშინ აუჩქარა, როცა რკინის უზარმაზარი კარის ღრჭიალი გაიგო, მაგრამ მიხვდა რომ ჩიხამდე ვერ მიასწრებდა და იქვე, ერთმენთთან მიდგმულ ქვის ბოძებს ამოეფარა. უკვე, გვარიანად ბნელოდა და ამან ხელიც კი შეუწყო მის გაუჩინარებას. ბოძებს შორის, პატარა ნაპრალიდან გაიჭყიტა და დაინახა, როგორ გამობაჯბაჯდა საავადმყოფოდან დაბალი, მრგვალი მასა, რომელიც სიბნელეში გაბერილ ბუშტს ჰგავდა, მიწის ზედაპირზე მოფარფატეს. ეს მასა, მარიამისკენ გამოემართა და რაც უფრო უახლოვდებოდა, უფრო და უფრო ემსგავსებოდა დაბალ, მსუქან ადამიანს. ათი მეტრიდან, უკვე სქესიც გაარკვია გოგონამ. ეს იყო, 35 წლამდე ახალგაზრდა ქალი. მარიამმა, წინ გაიხედა - სამი მეტრიღა აშორებდა ჩიხს და თუკი სიფრთხილეს მოუხმობდა, შეძლებდა კიდეც უჩუმრად გაპარვას. ფეხზე, ტრადიციულად, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, რაც საქმეს ართულებდა. ფრთხილად დაიხარა და ფეხსაცმელი გაიხადა, მერე კი ნელა, ფეხის წვერებით გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი. ამ დროს, მის უკან, მძიმე ფეხების ხმა შეწყდა და მარიამი გაშეშდა. თვალები გაუფართოვდა, შიშისგან გულის ცემა გაუხშირდა და სუნთქვაც შეეკრა. მერე, ფრთხილად მოატრიალა თავი და ბოძებს იქით გაიჭყიტა. ეს მსუქანი მასა კიდევ უფრო გაბერილიყო და დაპატარავებულიყო, თანაც უცნაური გმინვა აღმოხდა და მარიამს მოეჩვენა, რომ იხრჩობოდა. მერე, კარგად დააკვირდა და დაინახა რომ ფეხსაცმლის თასმის შესაკრავად, წელში მოხრილიყო და ქოშინებდა. დრო იხელთა მარიამმა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. ჩიხს გასცდა თუ არა, შლაგბაუმთან შეჩერდა და ფეხსაცმელი ჩაიცვა. სუნთქვააჩქარებულმა მიირბინა თავის მანქანასთან და კარი გამოაღო, თუმცა აქ შეჩერდა. რაღაც აზრმა გაუელვა თავში და კარი მიხურა. ისევ მიირბინა შლაგბაუმთან და ტელეფონში დაიწყო ძრომიალი, თან ვიწრო გასასვლელისკენ ეჭირა თვალი. ერთი წუთი საუკუნედ ეჩვენებოდა, ტუჩებს გამალებით იკვნეტდა და თმას ხან მარჯვნივ გადაიგდებდა, ხანაც მარცხნივ. როგორც იქნა, ვიწრო გასასვლელიდან, მსუქანი სხეული გამოგოგმანდა ქოშინით და გზისკენ გაუხვია. მარიამი მიხვდა, რომ დრო ძალიან ცოტა ჰქონდა. ქალი სულ მალე გადაჰკვეთდა გზას და რომელიმე ტრანსპორტი წაჰგლეჯდა ხელიდან. სირბილით მივარდა თავის მანქანასთან, სწრაფად ჩახტა შიგნით და ადგილს მოსწყვიტა. შლაგბაუმი გადაკვეთა თუ არა, ქალსაც მალევე გაუთანაბრდა და მოძრაობა შეანელა. მინა ჩამოსწია მარიამმა და ღიმილი შეანათა ქალბატონს, ამ უკანასკნელმა უცნაურად გამოხედა და შეჩერდა.
-გამარჯობა. საით მიბრძანდებით? -ღიმილი არ შორდებოდა სახიდან გოგონას.
-შორს. -დაუჯერებლად სუსტი ხმა ჰქონდა.
-მგონი ტრანსპორტის პრობლემაა ქალაქში, აი უკვე თითქმის ნახევარი საათია ერთ ავტობუსსაც არ ჩაუვლია. -ხელით გაჩერებისკენ ანიშნა გოგონამ. -შემიძლია, გაგიყვანოთ.
ქალმა უნდობლად გახედა, მერე მანქანაში შეიჭყიტა და უკანა სავარძელს გახედა.
-რატომ?
-უბრალოდ, გაგიყვან. რა პრობლემაა?! -სანდომიანად გადაიკისკისა მარიამმა და ეს იმდენად გულწრფელად გამოუვიდა, რომ ქალსაც ჩაეღიმა, მორცხვად.
-კარგი. -გაიფხორა უცნობი და მანქანას შემოუარა.
კარი მარიამმა გააღო და უცნობს გაუღიმა. ეს უკანასნელი კი, უცნაურად გაიბერა და გაწილთლდა. რაღაც სიმწრისფერი დაედო სახეზე და საგანგებო ჟღარუნის ხმები ამოუშვა სახის რომელიღაც ნახვრეტიდან. მარიამი სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან. უკნიდან მოუარა მანქანას და საფეხურზე ცალფეხშემოდგმულ მდგომარეობაში გაჭედილ მრგვალ სხეულს მკლავებქვეშ ამოსდო ხელი. რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ზევით აჰქაჩა და ძლივს აიტანა სავარძლის ზედაპირამდე - უცნობი მანქანაში მოთავსდა. მარიამმა კი, ძლივს მოითქვა სული და მიხურულ კარს ორი წამით მიეყრდნო.
მთავარ მაგისტრალზე, სხვა მანქანებს შორის, მშვიდად მიიწევდა მარიამის G63. მანდილოსნების წინ გადაჭიმულ, მართკუთხა მინაზე, წიკწიკით დაეცა წვიმის წვეთები. რამოდენიმე წამში კი, უფრო მძიმედ და მალევე, თხლეშვით ჩამოიქცა ზეციდან. მანქანაში კი, წვიმის ხმა, სასიამოვნოდ ჟღერდა და უხერხულობა თითქმის სულ გაფანტა.
-სად ცხოვრობ? -დაარღვია სიჩუმე მარიამმა.
-ქალაქის შემოსასვლელში, გომელაურის ქუჩაზე. -მორცხვად უპასუხა ქალმა. -შორს არის, რომელიმე გაჩერებაზე ჩამოვალ.
-არა, რას ამბობ?! მე მიგიყვან. -ლაღად უპასუხა მარიამმა. -მე მარიამი მქვია, შენ? -მარჯვენა ხელი გაუწოდა გოგონამ ჩამოსართმევად, თან გზას თვალს არ აშორებდა.
-მაგდა. -უცერემონიოდ უპასუხა და მსუქანი ხელით, მარიამის თხელ თითებს ჩაებღაუჭა.
-ასე შორს მუშაობ?
-არა, დედაჩემის სანახავად ვიყავი.
-აქ ცხოვრობს?
-არა, ავადაა. კლინიკაშია და მე მისი საყვარელი ღვეზელები მიმაქვს მისთვის. -მაგდა, საზეპიროსავით ამბობდა ტექსტს, ყველანაირი ემოციის გარეშე.
-რა სჭირს? -წამით გამოხედა მარიამმა და მერე ისევ გზას მიაჩერდა.
-ამნეზიური სინდრომი აქვს, იგივე კორსაკოვსკის სინდრომი. მერე, შიზოფრენიაც დაემატა და სტაციონარული დახმარება გახდა საჭირო. მეც არ ვახსოვარ, ვერ მცნობს. უფრო სწორად, გაზრდილს ვერ მცნობს. ახსოვს რომ შვილი ჰყავს, ზეწარში გახვეულ ბალიშს დაატარებს და ყოველ მისვლაზე იმას მეუბნება, „ფრთხილად მომეცი ეგ ორცხობილები, ბავშვი არ გამიღვიძოო.“
-რთულია. -სხვა სიტყვა ვერ იპოვა მარიამმა. დათრგუნა არა იმან, რომ ფსიქიკური პრობლემები სხვადასხვანაირია და საშიშიც კი. არამედ იმან, თუ როგორ მშვიდად და უმნიშვნელოდ ჰყვებოდა ამას მაგდა.
-უკვე შევეჩვიე. უბრალოდ, კვირაში ერთი დღე ვიზიტი არ მკმარა. თანაც, ისეთ დროს მიწევს მისვლა, უკან დაბრუნების დროს ტრანსპორტის გაჩერება ყოველთვის ჭირს. -აქ პირვალად დაეტყო მაგდას, რომ რაღაცაზე წუხდა.
-რა ჰქვია დედაშენს? -უცბად, იკითხა მარიამმა. -ჩემს ოჯახს ბევრი კარგი ნაცნობი ჰყავს, შეიძლება შევძლო შენი დახმარება. -დააიმედა მარიამმა.
-მშვენიერი იქნება, ეს ნამდვილად კარგი იქნება. შაბათის ნაცვლად, კვირას თუ შევძლებ ვიზიტს და სამშაბათის ნაცვლად, პარასკევს. თუკი, დღის პირველ ნახევარში მომიწევს ვიზიტი, ეს არაჩვეულებრივი იქნება. -ემოციებს თავს ვერ უყრიდა და სხეულის შიგნით დაგროვებული ყვითელი ცხიმის მასები თითქოს ისე ამოძრავდნენ, რომ გარედან კანი უცნაურად იბერებოდა და ნაკეცებად ინამებოდა.
-გპირდები, ვეცდები. -ღიმილით უთხრა მარიამმა. -აქ შევუხვიო?
-დიახ, აქ მარჯვნივ და მერე მარცხნივ.
რამოდენიმე წამი მდუმარედ გაიარეს და პატარა ჩიხში შეუხვიეს, მარცხნივ. მომცრო, ნახევრად დანგრეული კოტეჯები ერთმანეთს მხოლოდ 3 მეტრის დაშორებით ჩამწკრივებოდნენ. სულ ბოლო კოტეჯთან, რომელიც თითქმის ნახევრად იყო ჩამონგრეული, მაგდამ გაჩერებას სთხოვა მარიამს.
-დიდი მადლობა. დედაჩემს დარეჯან აღლაძე ჰქვია.
-მაქსიმალურად ვეცდები, დაგეხმარო. შემდეგი ვიზიტი როდის გაქვს?
-ხვალ, 18:00 საათზე.
-შენი ნომერი დამიწერე და დაგირეკავ. -ტელეფონი გაუწოდა მარიამმა.
მაგდამ მოკლე, მსუქანი თითები მარიამის ტელეფონის სენსორზე ააბაკუნა და მორცხვად დაუბრუნა უკან.
-დიდი მადლობა. -ჩაილუღლუღა.
მარიამმა, მხარზე მოუსვა გაუბედავად ხელი და თბილად გაუღიმა. მაგდამ კარი გამოაღო და წვიმის ხმა, ისეთი ხმაურით შემოაწვა მთელს მანქანას, რომ მარიამს ყურები დაუგუბდა.
-ხომ არ დაგეხმარო? -ხმამაღლა გასძახა მაგდას, რომელიც გაღებული კარიდან კი არ გადავიდა, აშკარად გადავარდა. მარიამს თავისი ხმა შორიდან მოესმა, წვიმის ხმა აშკარად დომინირებდა და სამყაროს ყოველ ჟღერადობას უმოწყალოდ ჩაგრავდა.
მაგდამ რაღაც უპასუხა, თან კარს დაეძგერა და ძლივს მიხურა. მერე კი, სირბილით გაქანდა კოტეჯისაკენ. მარიამი ერთხანს ცდილობდა გამოისახულება გაერჩია სიბნელეში, მაგრამ თვალი ვერაფერს მოჰკრა. მერე საჩქაროდ ჩაიწერა ტელეფონში „დარეჯან აღლაძე“, მანქანა მოატრიალა და გაზს დააჭირა.

***

-თვალები სულ ჩაგწითლებია. შენ რა, საერთოდ არ გეძინა? -ცერა და საჩვენებელი თითით, თავი მაღლა ააწევინა თორნიკემ და თვალებში ჩააჩერდა წარბებშეკრული.
-არა, უბრალოდ გვიან დავწექი. -ხელი გააშვებინა გოგონამ. -მეგონა, საღამოს შემოივლიდი.
-სახლში მამაშენი იყო და ხომ იცი, დიდად გულზე არ ვეხატები. -ნაძალადევად ჩაიცინა თორნიკემ.
-როდის მერე აქცევ ყურადღებას მაგას? -ეჭვნარევი ღიმილით ჰკითხა მარიამმა. -ისე, საინტერესოა, რას გერჩის?!
თორნიკემ მხრები აიჩეჩა და მონიტორს აჰხედა მოუთმენლად. მარიამისთვისაც შესამჩნევი იყო მისი ეს მოუთმენლობა, მეტადრე მას შემდეგ, რაც წინა საღამოს მოხდა.
-მალე რეგისტრაციაც დაიწყება. -თავის თავს უთხრა თორნიკემ.
ტელეფონის ხმა არ წყდებოდა.
-ყოველ წამს რეკავს, აღარ შემიძლია. -თვალები აატრიალა მარიამმა და ტელეფონს უპასუხა.
თორნიკე მათ შორიახლოს მდგარ, ოთხი დაცვის თანამშრომელს დააკვირდა. რობოტებივით გაჯგიმულიყვნენ, არადა წესით მათი იქ ყოფნა შეუმჩნეველი უნდა ყოფილიყო.
-ყოველ წამს, ერთი და იგივეს მეუბნება. -მობეზრებული ოხვრით აღმოხდა მარიამს და თორნიკეს მიუახლოვდა.
-ნერვიულობს, რომ ვერ გაცილებს. -თვალების ცეცებით უპასუხა თორნიკემ.
-ვინმეს ეძებ?
-არა. -შეცბა ახალგაზრდა მამაკაცი და ნაძალადევად გაიცინა. -ყავა ხომ არ დავლიოთ?
-არა, სულ მალე რეგისტრაცია დაიწყება. -თვალებში უყურებდა მარიამი და ეს სულ ნაკუწებად შლიდა თორნიკეს მოხდენილ სახის ნაკვთებს. -კარგი იქნებოდა, გუშინ რომ მოსულიყავი. -უფრო გამჭოლად ჩააჩერდა გოგონა.
-მთელი საღამო მეძინა. დაიჯერებ? -ნაძალადევად გაიცინა. -მინდოდა დილით ადგომა არ გამჭირვებოდა. ხომ იცი, დილის ძილს თავს ვერ ვაღწევ ხოლმე.
მარიამს ქლესურად გაეღიმა და თავი დაუქნია.
-აი, რეგისტრაციაც დაიწყო. თან, ავალ. -სწრაფად მიაყარა მარიამმა და წავიდა.
რეგისტრაციის შემდგომ, თორნიკე მაგრად გადაეხვია და როცა მარიამი თვალს მიეფარა, თვალები დახუჭა და შვებით ამოისუნთქა. იქამდე იცადა აეროპორტში, სანამ მარიამის თვითმფრინავმა ფრთები არ გაიშვირა და ღრუბლებში არ გაუჩინარდა.

***

შსს მინისტრი და პრეზიდენტი, ერთ-ერთი დახურული რესტორნის ასევე დახურულ კუპეში ისხდნენ. ოთხი კაცისთვის განკუთვნილი მაგიდის მეოთხედი, ლუდში მოხარშულ კანჭს ეკავა. დანარჩენ ადგილებში სხვადასხვა ქართული საჭმელი ელაგა. თითქმის მთელი მენიუსთვის მუსრი გაევლო ორ ოლიგარქს.
-მაშ, გავარკვიეთ რამე? -ძვალს ღრღნიდა პრეზიდენტი და თან ენით ცდილობდა კბილებს შორის გაჩხერილი ხორცის გამოღებას.
მინისტრმა ლუდის ჭიქა პირთან მიიყუდა და თითქმის ბოლომდე ჩაცალა. მერე, ხმაურიანად ამოისუნთქა და ჭიქა მაგიდაზე დადო.
-გაბრიელ ევანისელი, 25 წლის. მამამისი, კონსტანტინე ევანისელი ინგლისში ცხოვრობს და ყოველ 6 თვეში ერთხელ ჩამოდის. სულ რამდენიმე დღე ჩერდება, მერე ისევ უკან ბრუნდება. იამაიკელი ცოლი ჰყავდა, რომელსაც 16 წლის წინ გაშორდა, ანუ გაბრიელის დედას. მაგიტომაც აქვს მუქი ფერის კანი. -რასისტული ზიზღით თქვა. -ერთი უცნაური გარემოებაა.
-რა გარემოება, გიორგი? -წარბები შეკრა მიხეილმა და თითქმის ბოლომდე დაღრღნილი ძვალი ცივად დააგდო თეფშზე.
-გაბრიელის დაბადების მოწმობა, საერთოდ მისი დაბადების დამადასტურებელი მოწმობა არ არსებობს. 15 წლის წინ, ის სამშობიარო, სადაც დაიბადა დაიწვა და არქივით მთლიანად განადგურდა. აბა სად გვქონდა კომპიუტერები 25 წლის წინ?! -ხელი აიქნია გიორგიმ.
-ფიქრობ, რამე საეჭვოა მაგაში?! -მადა გაუქრა პრეზიდენტს და ცხიმიანი ხელები ხელსახოცზე მიაცხო.
-რავიცი. -მხრები აიჩეჩა მინისტრმა. -ყველაფერი შეიძლება. ის ქალი, ყოფილი ცოლი იამაიკაზეა. იქნებ, დაშორების მიზეზი დაგვეხმაროს რამეში?! ამ ქალს საქართველოს საზღვარი 15 წელია არ გადმოულახავს. საინტერესოა, ქმარს გაშორდი, მაგრამ შვილსაც? -საეჭვოთ დაგრიხა ხელები გიორგიმ.
-სანამ ამ ამბავს ვიძიებთ, ეს ხალხი არ ჩერდება. ახლა რომ უსამართლოდ ვინმე დავიჭიროთ, უარესი არ მოხდეს. ჰა, გიორგი? -ახალი ხორცი მოათალა კანჭს მიხეილმა და კბილები ჩაასო.
-ვჭამოთ და მერე. -უღიმღამოდ უპასუხა მინისტრმა და გემრიელად ჩაასრიალა ხორცი ყელში.

***

თეთრ სამოსში გამოწყობილი გამხდარი ქალბატონი, უხმო ნაბიჯებით მიიწევდა გამელოტებული ბილიკის ბოლოში აღმართული მწვანე რკინის კარისაკენ. პატარა ჩარჩოს კარი თავისკენ გადმოსწია და შიგნით გაიჭრიტა. სახე ვერ იცნო, თუმცა არც გაჰკვირვებია, რადგან ვიზიტების დღე იყო.
-გისმენთ.
-გამარჯობა. დარეჯან აღლაძესთან მოვედი. სამწუხაროდ, მისმა ქალიშვილმა ვერ შეძლო მოსვლა, მე მათი ოჯახის ახლობელი ვარ, მისი საყვარელი ორცხობილები მოვუტანე. -თქვა მარიამმა და ორცხობილებით სავსე კალათა მაღლა ასწია, რომ კარგად შეეხედა.
-ის მიკვირდა, აქამდე როგორ ახერხებდა სიარულს?! -მალევე გაიღო მარიამის წინ კარი. -ვიზიტისთვის განკუთვნილ ერთ საათს აქედან შენობამდე მისვლას ანდომებდა. მობრძანდით. პირადომის მოწმობა გაქვთ? აუცილებელია რომ მიმღებში მნახველის მონაცემები ჩავწეროთ.
-ვის ვნახულობ, ამასაც იწერთ?
-დიახ, რა თქმა უნდა. -უკმეხად უპასუხა ქალმა და წინ გაუძღვა მარიამს. -ამას, თქვენ მისცემთ? -კალათისკენ ანიშნა.
-დიახ. -სწრაფად დაუკრა თავი მარიამმა და ნაბიჯს აუჩქარა. გარბოდა, რადგან მის წინ თითქმის სირბილით მიმავალ ექთანს ვერ ეწეოდა. კალათაც საკმაოდ მძიმე იყო.
მიმღების დახლთან დატოვა მარიამი ექთანმა და სთხოვა, რომ დალოდებოდა. გოგონამ დახლზე კალათა შემოდგა და მის წინ გაშლილ ცხრილს დააშტერდა. იმ დღევანდელი თარიღი ეწერა და სტუმრების სია, გვერდით კი -პაციენტის. უფრო გვერდით, ვიზიტის დაწყებისა და დასრულების დროები. მარიამი მიხვდა, რომ თუ ერთი ფურცლით უკან გადმოშლიდა, წინა დღის სიას ნახავდა. ანერვიულდა, ჯერ იყო და მაგდას იმ საშინელ სოროში მთელი დღე გაატარა. გზად კი, სხვაგან დასარჩენ ადგილზე ფიქრობდა. ამ გარემოებისთვის მზად არ იყო მარიამი. ახლა არ იცოდა რა ექნა, არადა რა მარტივი იყო. ფურცლის გადაშლაზე მარტივი რა უნდა იყოს?! არც მძიმეა, არც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ირგვლივაც არავინ იყო, ერთი თითის აქნევა და ეგ არის - ბოლოსდაბოლოს, გაიგებდა, ვისთან მივიდა გუშინ თორნიკე. იქნებ, სულაც დრედებიანის სახელი და გვარიც ამოეკითხა?! მარიამი მიუახლოვდა დახლს და საჩვენებელი თითი თითქმის შეახო ფურცელს.
-გამარჯობა. -ხმამაღალი კაკუნით გამოემართა მისკენ ექთანი. ამჯერად, ექთანს თმა წითელი ჰქონდა, სახეც სხვანაირი. ჩაცმულობა და ვარცხნილობა კი - ზუსტად იგივე. მარიამი, შიშისაგან შეხტა და ნერვიულად გაიღიმა.
-გამარჯობა. -გასცა საპასუხო სალამი.
ექთანმა პირადობის მოწმობა მოსთხოვა მარიამს, რაღაცეები ჩაწერა ცხრილში. მერე ნაძალადევი სალამი ესროლა გოგონას, თვალები დახლზე დადგმული კალათისკენ გადაუქაჩა და დეფერნისკენ აიღო გეზი, თან მარიამს ანიშნა - გამომყევიო. ეს უკანასკნელიც მაშინვე აედევნა. საავადმყოფოს უკანა ეზოში გავიდნენ, სადაც რამოდენიმე უცნაური ადამიანი დამთრგუნველად დაბაჯბაჯებდა. თითქოს, მათთან ერთად კიდევ იყვნენ ადამიანები, უბრალოდ მარიამი მათ ვერ ხედავდა. მხოლოდ ისინი ხედავდნენ და მხოლოდ მათ ეკონტაქტებოდნენ. გოგონამ შიშგამჯდარი ნაბიჯებით ჩაიარა მათ შორის და უეცრად შეჩერდა. ჭადრის ხის ქვეშ მდგარ, თეთრ სამოსში გამოწყოფილ, თოვლივით თეთრ ბიჭს მოჰკრა თვალი. ოქროსფერი, თვალებში ჩამოყრილი თმა ჰქონდა და გულიანად კისკისებდა. მარიამს მოეჩვენა, რომ თავისი ბავშვობის მოგონებას შეხედა. მაშინ, როცა პირველად ნახა ნისლი და ფიქრობდა, რომ ნისლს მოხაზულობა და ხორცის შესხმა სწყუროდა. ცვარიანი და ნესტიანი, გრილი სითეთრე კი ხორცშესხმის ნაცვლად გაიფანტა და ძალიან უნდოდა მარიამს რომ კვლავ ენახა იგი. ისე, როგორც ნისლს სურდა მაშინ. ეს კადრი, თითქოს არ იყო ნამდვილი და ბავშვობის ზმანებას ჰგავდა, მაგრამ ისეთივე ნამდვილი იყო როგორიც ბავშვური შთაბეჭდილებები. მერე, დაინახა რომ ამ ხორცშესხმულმა ნისლმა, თავისი მკრთალი თვალებით გამოხედა და ისე დააკვირდა, თითქოს იცნო ის პატარა გოგონა, ნისლთან გამომშვიდობებას რომ აზლუქუნებული შეხვდა, მას შემდეგ კი არასდროს უნახავს. ის, სწორედ ის ნისლი არ უნახავს, რომელსაც განკაცება სურდა, რადგან ის მარიამი, რომელიც ნისლს გულდაწყვეტილი გამოემშვიდობა, ბავშვობაში გაიჭედა და დიდობაში აღარ გადმოსულა. გოგონასა და ოქროსთმიანს შორის, სამოთხის სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც უცნაურმა ხმამ ამოავსო და დიდ, წითელწვერა ურჩხულად გაიფარჩხა მათ შორის.
-აქეთ, გოგონა. -თვალებში გაეჩხირა წითელთმიანი.
მარიამი სწრაფად გაჰყვა უკან ქალს, ერთხელ მოიხედა უკან, მაგრამ თეთრთმიანი ჭაბუკი მისგან ზურგით დამჯდარიყო ჭადრის ქვეშ მდგარ მწვანე მაგიდასთან.
როგორც იქნა, წითელთმიანი ერთ, ადრეულად დაბერებულ ქალთან შეჩერდა, რომელსაც ყვითელი ნაქსოვი ჟილეტი ეცვა. შევერცხლილ თმაში, აქა-იქ შერჩენოდა ახალგაზრდობის დროინდელი წაბლისფერი თმა. სქელი შალის, ნაცრისფერი ელასტიკი ეცვა, რაც იმთავითვე ხაზს უსვამდა ქალის ფსიქიკურ მდგომარეობას. ხელში, თეთრ ზეწარში გადახვეული ბალიში ეჭირა და ხან მაღლა ასწევდა, ხანაც დაბლა ჩამოსწევდა. წითელთმიანმა უნდობლად გამოხედა მარიამს და ხელით ანიშნა, რომ მისულიყო. ეს უკანასკნელი კი, ნაძალადევი ღიმილით, გაუბედავად მიუახლოვდა ქალს.
-გამარჯობა. -ოდნავ წელში მოიხარა მარიამი და ქალისკენ გადაიწია.
-სუ! -წარბებშეკვრით შეჰბღვირა ქალმა და სახეში შეაჩერდა.
მარიამი შიშისგან სწრაფად გასწორდა წელში და წითელთმიანს გახედა, რომელსაც ოდნავ ჩაჰღიმებოდა.
-ის მსუქანა რატომ არ მოვიდა? -ჩურჩულით ჰკითხა ქალმა.
-ვერ მოახერხა, მაგრამ აუცილებლად მოვა. -ასევე ჩურჩულით უპასუხა მარიამმა.
-ჰაჰ. უთხარი, როცა მოვა ჩუმად იაროს. როცა მოდის, მაგდა სულ ტირის. -კიდევ ერთხელ დაარწია ბალიში ქალმა. მერე, ისევ მარიამს ამჰხედა. -დადე, ეგ ორცხობილები და ფეხაკრებით გაბრუნდი.
მარიამი უმალვე დაემორჩილა ქალს. კალათა იქვე დადო და წასასვლელად მოემზადა. წითელთმიანი კვლავ წინ უსწრებდა მარიამს. უკანა ეზოში რომ აღმოჩნდნენ, ჭადრის ქვეშ ჩოჩქოლი ამტყდარიყო. წითელთმიანი სწრაფად გაიქცა იქითკენ. სამი ექთანი თავზე ადგა ოქროსთმიანს, რომელიც მიწაზე ეგდო და კანკალებდა. ხელები და ფეხები დაგრეხვოდა. ექიმები რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ, მერე კი ნემსი ყელში გაუკეთეს და ბიჭიც მოეშვა, მოდუნდა, აღარ კანკალებდა. მარიამი სწრაფად შევიდა უკანა ეზოდან შენობაში და მიმღებისკენ გაექანა. დახლს იქით არავინ იდგა. მარიამმა სწრაფად ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან, მიიხედ-მოიხედა და დახლთან მიირბინა. ფურცელს დაუფიქრებლად დაავლო ხელი, უკანა გვერდზე გადაშალა და ორივე მხარეს სურათები გადაუღო. მერე კი, ელვის სისწრაფით მოშორდა ადგილს და ასკეტურად გაიჯგიმა შემოსასვლელ კართან. სულ რაღაც, ხუთიოდე წამში წითელთმიანის ნაცვლად, ისევ იგივე შავთმიანი შემოვიდა, რომელმაც კარი გაუღო. სახეზე მიტკალისფერი ედო, მერე კი მოუხერხებლად აფართხალდა დახლს იქით. მარიამს პირადობა დაუბრუნა და კარისკენ ანიშნა. ამ უკანასკნელმა, მორიდებულად დაუკრა თავი შავთმიანს და შენობა დატოვა. როგორც კი, მწვანე ზღურბლს გადმოსცდა, თავქვე დაეშვა და დაღრეცილი გზებით, ძლივს აღმოჩნდა მაგისტრალზე. იქ, სათვალე მოირგო, კეპი ჩამოიფხატა და ტაქსი გააჩერა. სტუმრების სიას დაკვირვებით ჩამოჰყვა მარიამი და, როგორც კი ნაცნობ სახელებსა და გვარებს შეხედა, სუნთქვა შეეკრა. თვალები დაენისლა და ვეღარაფერს ხედავდა რამოდენიმე წამი. მერე, კარგად დააკვირდა:
გაბრიელ ევანისელი-რაელი-16:00/18:00
თორნიკე გაღაბიანი-რაელი-16:20/18:00
მარიამს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ჰაერი ყელში ეჩხირებოდა. თითქოს, კისერში ვიღაცამ ხელი წაუჭირა და ახრჩობდა. ცივმა ოფლმა დაასხა და გრძნობდა, რომ სახეზე მიტკალისფერი ედო. მერე, ისევ ჩახედა ცხრილს და ნახა, რომ როგორც მნახველების, ასევე პაციენტების სახელები ეწერა გვარებით, მხოლოდ რაელს არ ჰქონდა გვარი. ვინ იყო რაელი? რა საერთო ჰქონდა მას დრედებიანთან და თორნიკესთან, ერთდროულად? რა საერთო ჰქონდათ დრედებიანსა და თორნიკეს და რატომ გავრცელდა მამამისის ფოტოები, დრედებიანის კლუბიდან? მიხვდა, რომ დიდი საიდუმლოს კარიბჭეს მიაგნო, რომლის იქით ღმერთმა იცის, თუ რა ელოდა?! კითხებისგან ლაბირინთში გაეჭედა და გასასვლელს ვერ პოულობდა. გაქცევა სურდა მარიამს. ლაბირინთიდან გაღწევა სურდა სადმე, თუნდაც არმყოფობაში.



№1  offline წევრი თ. ა.

ოჰ იმდენად ემოციურად ჩავიკითხე და რამდენიმე აბზაცს ხელმეორედ დავუბრუნდი, ახლა ვფიქრობ მარიამმა გაბოზე და თორნიკეზე რთულ საქმეს შეეჭიდე. თან არ მინდა რაელით ისარგებლოს ნამდვილად აღარ იქნება მარიამი მხარდაჭერის ღირსი.
ისე გული მიგრძნობს მარიამი არც თუ ისე გვიან მათ მხარეს გადაბარგდება როცა მამის გმირობებს გაიგებს.
კიდევ იმას ვფიქრობ რომ გაბო და თორნიკე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს მალე მარიამის გამო.
მოკლედ ოქრო გოგო ხარ ასე მალე არ ველოდი და ძალიან გამიხარდა.

 


№2  offline მოდერი MoonDaughter

თ. ა.
ოჰ იმდენად ემოციურად ჩავიკითხე და რამდენიმე აბზაცს ხელმეორედ დავუბრუნდი, ახლა ვფიქრობ მარიამმა გაბოზე და თორნიკეზე რთულ საქმეს შეეჭიდე. თან არ მინდა რაელით ისარგებლოს ნამდვილად აღარ იქნება მარიამი მხარდაჭერის ღირსი.
ისე გული მიგრძნობს მარიამი არც თუ ისე გვიან მათ მხარეს გადაბარგდება როცა მამის გმირობებს გაიგებს.
კიდევ იმას ვფიქრობ რომ გაბო და თორნიკე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს მალე მარიამის გამო.
მოკლედ ოქრო გოგო ხარ ასე მალე არ ველოდი და ძალიან გამიხარდა.

ძალიან საინტერესო ვერსიები გაქვს ❤️❤️ ვნახოთ აბა რა იქნება ???? მადლობა ჩემო განსაკუთრებულო ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი nina

აი ასეთი მარიამი მომწონს, ძლიერი და ჭკვიანი. დაირღვა სტიგმა ამ საიტზე ❤️❤️

 


№4  offline მოდერი MoonDaughter

სტუმარი nina
აი ასეთი მარიამი მომწონს, ძლიერი და ჭკვიანი. დაირღვა სტიგმა ამ საიტზე ❤️❤️

ჰოო, მარიამი შეუპოვარია :დდ <3 heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent