დრო - საუკუნო შეხვედრამდე
კაცს, რომელსაც ყველაზე კეთილი, წყლიანი ცისფერი თვალები ჰქონდა.... ნაწილი 1. ბავშური თამაშობები სოფელში, სადაც ჩემი ბავშვობის განსაკუთრებული მოგონებები იხატებოდა, დიდი რწყავის ხე გვქონდა.... ის ისეთი ბუმბერაზი და დიდი იყო, რომ მთელ ეზოს ჰფარავდა მისი შავი ნაყოფით დახუნძლული ღეროები... მზე გურიაში სულ სხვანაირად იცინის და ამიტომაც ეს რწყავის ხე, როგორც ბაბუჩემი იტყოდა : „ნამდვილი სულის მოთქმა იყო“ ... ნაყოფიც როგორი გემრიელი ჰქონდა,ის სიშავე რომელიც ხელებსა და ენაზე მრჩებოდა-ბედნიერების მომტანი იყო... იცით, საქანელა მქონდა, თუ ჩემი დაიკო ძალიან დიდზე ამწევდა, თვალებს მაგრად ვხუჭავდი, წარმოვიდგენდი თითქოს ბათუმში გადმოვფრინდებოდი-დედიკოს და მამიკოს ვაკოცებდი და ისევ უკან დავბრუნდებოდი... ასე გრძელდებოდა სამი თვე-დაუსრულებლად, მთელი ეს პერიოდი მუხლებგადატყევებული თეთრი გოგო ვიყავი, რომელსაც კელამიდეს მჭადები და კეცის ხაჭაპურებით ანებივრებდა ბებიე... თოვლიც მახსოვს გურიაში, ისეთი თოვლი არსად მინახავს მას შემდეგ, ჩემთვის ციგა - პოლიეთილენის პარკი იყო (ცელოფანი) , რომელიც იმაზე მეტად გაბედნიერებს ადამიანს, ვიდრე მოწყობილობები, რომელსაც თანამედროვე რეალობაში ვხვდებით. მე, რომ მკითხონ მაინც რას დააბრუნებ ბავშობიდანო, ერთი პასუხი ამაზე არც მექნება და მხოლოდ ერთი რამის დაბრუნებას, მირჩევნია ყველაფერი ისევ ისე დავტოვო, როგორც არის ბაბუაზე მინდა მოგიყვეთ, პატარა ტანის, ულვაშებიანი და საოცრად მიმზიდველი კაცი, სულ შრომაში მაგონდება, მარჯვენა ხელი არ ჰქონდა ბაბუს, 1991 წელს დაიზიანა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირველად მისგან ვიწამე, რომ ამ ქვეყნად შეუძლებელი არაფერია, იგი მიწას მარცხენა ხელით ამუშავებდა და გუთანს უძღვებოდა, საქმეებს შორის შესვენებისას წიგნებს კითხულობდა, უდიდესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, ასე იტყოდა: „ბაბუა, აგენი თითო-თითო რამდენჯერმე მაქ წაკითხული და გეიგებ მერე, მაი რამხელაა სიამოვნებაა-ო“ ძალიან პატარა ვიყავი და ვუყურებდი გაოცებული, როგორ ახერხებდა ამდენს , იმასაც კი ვფიქრობდი, რომ მარჯვენა ხელი ალბათ უხილავი აქვს და რომ გავიზრდები შემდეგ შევძლებ დანახვას თქო. ჩემს გაზრდამდე იგი წავიდა, წავიდა სადღაც შორს და ეს იყო ჩემი პირველი დამარცხება სიკვდილთან... დედა მიხსნიდა, რომ ახლა თვითონ ბაბუ გახდა უხილავი, მაგრამ ის უკვე უკეთ შესძლებდა ნებისმიერ დროს-ჩვენს გვერდით ყოფნას. ამ ბავშვობას, განსაკუთრებულად ცისფერთვალება მამიკო ალამაზებდა, მთვარესავით იდუმალი და ნათელი იყო.. მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე - არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის დღესასწაული იყო. ნაწილი 2. აჩუნი აჩუნი, აჩო.. მა, ასე ვეძახდი და ვეძახი დღემდე. ამ კაცმა მასწავლა, რომ სიკეთე შეგიძლია აკეთო მაშინაც კი თუ ცხოვრების დასასრულთან ხარ მისული და ბეწვის ხიდი გიტყდება... ქალაქი, სადაც დღემდე აჩუნის გამო ვცხოვრობ, მასავით ქათქათა და მშვიდია, ზღვა კი სწორედ მისი თვალების ფერი. სიამაყით დააბიჯებდა ეს ლამაზი ბიჭი ქალაქში, ქალაქში სადაც ყველა მისი მეგობარი, ის კი ყველას აჩიკო იყო. როგორ უნდა გამმართლებოდა ამ ქვეყნად, რომ მამად აჩიკო მყოლოდა, ან მე უნდა ვყოფილიყავი იმდენად კარგი გოგო, რომ მისი განვლილი გზა კიდევ უფრო გამენათებინა. ნაწილი 3. ელზა წავიდა. მთვარესავით ბიჭს-გაზაფხულივით გოგო უყვარდება და ის თვლის, რომ ამ ქვეყნად მხოლოდ მას აუხდა ოცნება, მხოლოდ ის გაბედნიერდა ყველაზე მეტად. ასეც იყო.. მოგიყვებით როგორი გულისცემით გრძელდებოდა მათი სიყვარული. გრძელდებოდა თქო ვთქვი,არასწორია-გრძელდება დღემდე. გინახავთ ცაში აფრენილი სიყვარული? მე მინახავს, ეს იყო გრძნობა, რომელიც სწორედ ცამდე ავიდა და ვარსკვლავები რომლებიც ღამ-ღამობით ცაზე გამოდიან, მათი მოწმეები არიან... გაზაფხულივით მიდიოდა ჩვენი ცხოვრების ტემპი, მანამ სანამ 2010 წელი არ დადგა, მე თქვენ მოგიყვებით ამბავს, რომელიც ბევრისთვის წლების წინ მიწაში ჩაფლული ბოთლივით არის, რომლშიც წერილის ყოფნა ვერც კი წარმოედგინათ. მახსოვს, ბებომ დარეკა... „მომენატრეთ ეგება ქე ამოხვიდეთო“ - მოლაპარაკების შედეგად ჩვენ სამნი წავედით, მე აჩო და თაკო, დედას, როგორც ყოველთვის არ ეცალა და ქალაქში მოუწია დარჩენა. გურიაში ჩასულებს, დედა გვირეკავს-მამამ ყურმილი აიღო და ნელი ნაბიჯებით ეზოს ბოლოსკენ წავიდა..... არ მეუცნაურა მაშინ ეგ ამბავი, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო(მათი საათობით საუბარი) რაღაც პერიოდის შემდეგ, მამას გაოცებულ სახეს მოვკარი თვალი და ოდნავ ავნერვიულდი, ნეტავ ავად ხომ არ გახდა დედუცი თქო... თურმე იმ დღეს ბათუმს-დედასთვის უღალატია. ორი დღის დასვენების შემდეგ ქალაქში დავბრუნდით და ვეცადეთ სიტუაციაში გავრკვეულიყავით, არ გამოგვივიდა, ვინც კი დედას იცნობს, დამეთანხმება, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც თავის პრობლემებს თავზე არავის მოახვევდა. ლოგიკური იქნებოდა ახლა, გაგრძელებაც დამეწერა, მაგრამ დედასთვის მიცემული პირობის თანახმად, ეს თავისთავად უნდა მოხდეს და არა გამიზნულად. ნაწილი4. მამაო ამის შემდეგ, 2011 წელი შემოგვეპარა უტუხად, თავხედურად და გადაწყვიტა მთელი ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დაეყენებინა. მარტის თვე იყო, გაზაფხულივით ქალბატონი პირველად, რომ ცუდად გამიხდა... რიცხვი არ მახსოვს, ის კი მახსოვს დედის დღე გასული იყო, ეგ იმიტომ დამამხსოვრდა, რომ ჩემი დისგან მიიღო განსაკუთრებული მილოცვა(თბილისში სწავლობდა, პირველ კურსზე იყო მაშინ) ... ფრაზა მახსოვს მაგ მილოცვიდან: „ დე, შენი მხოლოდ სამი მარტი კი არა, 365ვე დღე არისო „ ... ბურთივით გაჩხერილი ცრემლებით-ამაყად იძახდა, შედგა ჩემი ცხოვრებაო. ცუდად გახდომის შემდეგ, 20 დღეში ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა გაზაფხული, მაგრამ ეგ სხვებისთვის, მე ხომ ვამჩნევდი თუ როგორ ჩაუქრა თვალებში ის ნაპერწკლები, რომელიც მისი სავიზიტო ბარათი იყო. ტანში ჟრუანტელით მეძინებოდა და მეღვიძებოდა, თითქოს ვგრძნობდი, რომ რაღაც საშინელება მელოდა წინ... დადგა აპრილი .... ხარების დღესასწაულზე დედას ვთხოვე ტაძარში მინდა საოცრად წასვლა თქო, -მარტო წახვალ დე? -კი წავალ, აუცილებლად უნდა წავიდე... ტაძარში მისულს, სულ რამდენიმე ადამიანი დამხვდა შიგნით, უცებ, რაღაც ძალამ მუხლებზე დამცა და ცხარე ცრემლით დავტიროდი იმ შეგრძნებებს, რაც მარტის თვიდან არ მტოვებდა და რომელიც ვერ ამეხსნა, თუ რას ნიშნავდა..... მერე წერილი მომივიდა ტელეფონში: სად ხარ დე? ეს იყო, მისგან გამოგზავნილი ბოლო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელსაც არ ვშლიდი მანამ, სანამ სამი წლის შემდეგ-თითონ ტელეფონი არ გაფუჭდა და არ წაიშალა. 9 აპრილს დედა მომიკვდა. სავადმყოფოში გარდაიცვალა მარადისობის დედოფალი, სვავებივით ტრიალებდა ორფეხა არსებები მის ირგვლივ, დღემდე მაბრაზებს ის 14 წლის გოგო, რომელიც სათითაოდ არ გამოეკიდა ყველას და არ გაყარა პალატიდან... და ამ დროს ჩემი და თბილისშია და არაფერი იცის, ეს გრძნობა კიდევ უფრო მანადგურებდა თუ როგორ ჩამომეყვანა ბათუმში.... ნათლიამისს მივანდეთ, მისი ქალაქში დაბრუნება მოტყუებით. მასაც გული უგრძნობდა... ჩამოსვლამდე უამრავჯერ დაურეკა მამიკოს, ისიც შეგნებულად შორს გადიოდა, რომ ტირილის ხმა არ გაეგო თაკოს. ჩემი თაკუნა იქედან ეუბნებოდა: „მააა, დედიკოს არ უთხრა, რომ მოვდივარ, სიურპრიზსს ვუკეთებო“ ჩამოვიდა, მე დავხვდი ქალაქის შემოსასვლელთან, ვერავის მივცემდი უფლებას მისთვის ამხელა ტკივილი მიეყენებინა, მე ვიცოდი, რომ მხოლოდ ჩემსას გაიგებდა, მხოლოდ მე დავაწყნარებდი, იმიტომ რომ მეც მასავით მომიკვდა გულის გაზაფხული. გასვენების პერიოდი რომ მოვიდა, თითქოს იმ დღეებში სამყარო მეორედ ჩამომენგრა თავზე, არავის სურდა რეანიმაციაში გარდაცვლილი ქალისთვის წესის აგება... მხოლოდ ერთადერთმა მამაომ თავისით დამიძახა და მითხრა-მე გავაცილებ დედაშენს ბოლო გზაზე, ჩვენ ხომ ღმერთები არა ვართ, ყველაფერი ზუსტად ვიცოდეთო... მადლობა მას, რომ მომცა შანსი უფალი არ დამეკარგა ჩემში. რა უცნაურია, ყოველთვის მიკვირდა, შავი ფერი რატომ იყო გლოვის ფერი. მერე მივხვდი, უბრალოდ მაგ დროს არ გინდა ვინმეს ხედავდე და არც ის გინდა ვინმე გხედავდეს. ის ნათესავებიც გაღიზიანებს, რომლებსაც მხოლოდ ასეთ საშინელ დღეებში ნახულობ, შუშის თვალებით გიყურებენ და ცდილობენ ტუჩების უმოძრავებლად იჭორაონ მომხდარზე. თუ თვლით, რომ ასეთ დროს ვერავინ გამჩნევთ, იცოდეთ გამჩნევთ სწორედ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სტკივა იმ მომენტში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.