მგლის ბილიკი თავი XXII
თავი XXII სამი დღე გავიდა ლოდინში. რეზო წიკლაურისაგან არ იყო არავითარი ცნობა. არჩილ ჩოხელი საგონებელში ჩავარდა. „ნუთუ ერთხელ მივიდა მწყემსებთან ვადიმ ურალოვი მათე ხაპიაშვილთან ერთად და შემდეგ კი ორივენი გადაიკარგნენ!“ ფიქრობდა იგი. კარგი და მათ ხომ ცალთვალა ლევანიც გაჰყვა, სანდრო ყარაშვილის ძმა. ეს ხო მწყემსი იყო, ის მაინც დაბრუნდებოდა, ცხვარს თავს ვერ დაანებებდა. იქნებ რეზოს საშუალება არ მიეცა ჩამოსულიყო ყიზლარში და ეცნობებინა? ან, ვინ იცის, ვაითუ იმ მგელკაცამ საიდანმე თვალი მოჰკრა, როგორ შეხვდა რეზო წიკლაური არჩილ ჩოხელს, ეჭვი აიღო, თავისებურად, მგლურად გაუსწორდა რეზოს და შემდეგ ხელახლა გადაიკარგა? ამისთანა და სხვა ათასგვარი აზრები უტრიალებდნენ არჩილს და თუ ძია მაკარი არა, რომელიც აკავებდა მას, ურჩევდა მოთმინებას და ცდას, ვინ იცის რას ჩაიდენდა, რამდენჯერმე დააპირა საძოვრებზე წასვლა უნდოდა გაეგო, შეეტყო ყველაფერი, გული დაემშვიდებინა, მაგრამ ძია მაკარი წასვლასაც უშლიდა, არ ურჩევდა. – ფიქრი ნუ გაქვს, ყმაწვილო, რეზო წიკლაურს არაფერი დაუშავდება, თავის დროზე ყველაფერი გამოირკვევა. სულსწრაფობით საქმე არ გაკეთებულა, მართალია ხშირად სისწრაფე და მოქნილობაა საჭირო საქმეში. მაგრამ ხანდახან მოლოდინიც მოიტანს ხოლმე სასურველ შედეგებს, – არიგებდა მას ძია მაკარი. ძია მაკარის სიტყვებს ერთგვარი მაგიური გავლენა ჰქონდა არჩილ ჩოხელზე და ისიც ითმენდა და ელოდა რეზო წიკლაურისაგან ამბავს, თუ არა ძია მაკარი, ვერაფერი ვერ დააკავებდა არჩილს, მას უმოქმედობა, გაურკვევლობა აბრაზებდა, მაგრამ მაინც ითმენდა. ან კი მეტი რა გზა ჰქონდა რომ არ მოეთმინა! მეოთხე დღეც შეღამდა, არჩილი ფანჯარასთან იჯდა და მიუხედავად იმისა, რომ ფანჯრის რაფაზე გადაშლილი წიგნი ედო, კითხვას გულს ვერ უდებდა. რამდენიმე სტრიქონს მექანიკურად ამოიკითხავდა ხოლმე, მაგრამ მისი აზრი და ფიქრი ისევ ვადიმ ურალოვის ბრბოს შეპყრობის საკითხს უბრუნდებოდა. ხუტა გაწერელია დარბოდა ქალაქში. ამ სამიოდე დღის განმავლობაში მან ბლომად ნაცნობებიც გაიჩინა. მოხდენილი, ტანადი და ლამაზი ახალგაზრდა განსაკუთრებით ქალებს მოსწონდათ და ცდილობდნენ მის გაცნობა. რა თქმა უნდა, ხუტა ყველაზე ნაკლებად ფიქრობდა რაიმე რომანტიულ სათავგადასავლო ამბებზე, მისი მიზანი იყო ყოველივე ახალი ნაცნობობა გამოეყენებინა საქმისათვის. არჩილ ჩოხელი აფრთხილებდა მას, რაიმე ხიფათს არ გადაჰყროდა, მაგრამ ხუტა გაწერელია ამშვიდებდა. – ფიქრი ნუ გაქვს, ჩემო არჩილ, მე შერჩეული ნაცნობობა მყავს აქ, ესენი არიან: დალაქები, რესტორანის მიმტანი ქალები, მანიკურის გამკეთებლები. თუ იმისთანა ავაზაკმა, როგორიც მერი იყო, დაინდო მიხეილ ჩაჩბა, განა ეს ახალი „მეგობრები“ გამყიდიან, კოკი ჟვანიას? არავითარ შემთხვევაში. – კარგი სახელი კი შეირჩიე ხუტა. კოკი ჟვანია, ეს ხომ იგივე დონჟუანია, შენ მართლაც დონ-ჟუანის ტიპი ხარ. – თუკი ეს საქმისათვის გამომადგება, რატომაც არა, გარდა ამისა, მე თავმდაბალი კაცი გახლავარ ჩემო არჩილ. მაღალ საზოგადოებას არ ვეპოტინები. უბრალო ხალხთან მაქვს საქმე, ეს იმიტომ, რომ თუკი გინდა ახალი ამბავი გაიგო, ამას ან დალაქებში შეიტყობ, ან მიმტან ქალებთან. სადალაქოში ორი კაცი რომ არის, ერთი პირს იპარსავს, მეორე კი რიგში დგას, ხშირად ისეთ საიდუმლო ამბებს უზიარებენ ხოლმე ერთმანეთს, რომელიც მესამე პირის ყურებმა არ უნდა გაიგონ, მაგრამ თუ დალაქსაც ასხია ყურები და ყველაფერი კარგად ესმის, ამას აღარ ფიქრობენ. ასევეა სასადილო-რესტორანები ბევრს იმისთანას დაფქვავენ, რაც სხვამ არ უნდა იცოდეს, მაგრამ თუ მიმტანს ყველაფერი ეყურება, ამაზედ ისინი ნაკლებად ფიქრობენ, ჩემი უბედურება ის არის, რომ ის საძაგლები ძალზე ეჭვიანები არიან და ჩხუბი მოსდით ხოლმე. არჩილს გაეღიმა ამ სიტყვებზე, მან წარმოიდგინა ქალების ჩხუბი „კოკი ჟვანიას გაყოფაზე“, ვინ იცის რამდენი მეგობარი ქალი როგორ გადაჰკიდა ერთმანეთს მისმა მოხდენილმა ტანმა და სილამაზემ. ხუტამ, მანამდე თუ ულვაშებსაც იპარსავდა, ახლა წვერიც გაუშვა და ძალიან მოუხდა კიდეც, უფრო მეტი ვაჟკაცური იერი მიეცა. გარდა ამისა თავისი სწრაფი და მოხდენილი ქართული ცეკვით ხომ ჭკუაზე შეშალა ქალები. – ხვალ საღამოს მიწვეული ვარ ერთ ვახშამზე. ჩემს ტანიას ერთი ახლობელი მეგობარი ქალი ჰყავს, ლიდია გავრილოვნა, ის ელის თავის ახლო მეგობარს და იმის შესახვედრად ემზადება, მე და ტანიაც მიწვეულნი ვართ ამ ვახშამზე. – ფრთხილად იყავი, იქ, სტუმრებში ვადიმ ურალოვს არ წააწყდეთ.– გააფრთხილა არჩილმა. – მერე რა, მეც ეგ მინდა სწორედ, – უპასუხა ხუტამ. – ვიცი, რომ მასთან შეხვედრა გენატრება, მაგრამ არა ისეთ პირობებში, როგორშიც შენ იქნები, იქ ხომ მარტო იქნები და შენი ტანია ვერაფერ დახმარებას ვერ გაგიწევს. – ფიქრი ნუ გაქვს, – უპასუხა ხუტამ. – შენ ეს მითხარი, სად ცხოვრობს ლიდია გავრილოვნა? იცი მისი ბინა, წინასწარ გაქვს დაზვერილი? – შეეკითხა არჩილი. – არ ვიცი, მგონი სადღაც ქალაქის გარეუბანში უნდა იყოს. – ეცადე წინასწარ შეიტყო და მაცნობო. გარდა ამისა, რომ მიდიოდე მითხარი. უჩემოდ არავითარ შემთხვევაში არ წახვიდე. – რა, შენც აპირებ ვახშამზე დასწრებას? – ფიქრი ნუ გაქვს. არც ვახშამზე და არც შენს სატრფოებში არავინ ლება, მით უმეტეს მე. შენი გარეუბანში ყოფნა კი უდროო დროს არ იქნება მოკლებული საშიშროებას. სადა მყავს ახლა შამილ გაფუროვი და ახმად ალიევი! – ინატრა არჩილ ჩოხელმა. – შენ, ჩემო ძმაო, ენამ არ გიყივლოს და მართლა ვადიმ ურალოვს არ წავაწყდე. რაღაც ისე დაბეჯითებით მელაპარაკები, თითქოს წინასწარ იცოდე ვინ იქნებიან სტუმრად ლიდია გავრილოვნას სახლში. – თავისდა უნებურად წამოიძახა ხუტამ – არა, მე ეს არ ვიცი. მე მხოლოდ აზრით ვლაპარაკობ. საქმე იმაშია, რომ ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ყოველ მოულოდნელობას უნდა ელოდეს და მზად იყოს ამისათვის. ყოველ შემთხვევაში გატენილი დამბაჩა მზად იქონიე, – ურჩია არჩილმა. – კარგი, თუ ძმა ხარ, ძალიანაც ნუ აზვიადებ. ისე არა წვიმს, როგორც ქუხს, ნათქვამია. შენ ყველგან ვადიმ ურალოვი გელანდება და დღე და ღამე იმის ფიქრში ხარ. – განა შენ კი არა ხარ ასეთ ფიქრში? გააწყვეტინა სიტყვა არჩილმა, შენი საქციელი პოდპოლკოვნიკმა ზურაბ ლომაურმა რომ შეიტყოს, არა მგონია მოგიწონოს. შენს გამო შეიძლება მეც მივიღო შენიშვნა, მაგრამ მე თუ არ გიშლი მხოლოდ იმიტომ, რომ იმედი მაქვს შენი ახალგაცნობილ მიმტანი ქალების საშუალებით იქნებ წავაწყდეთ ვადიმ ურალოვის კვალს. ის რომ აქ არის, ამაში უკვე დარწმუნებული ვარ. რეზო წიკლაური არ შესცდებოდა, მან კი ფიდო ძიას სახელით ისეთი პიროვნება აღწერა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვადიმ ურალოვი შეიძლება იყოს. თუ ამ ღამითაც არ მოვიდა რეზო წიკლაური, ხვალ მე და შენ საძოვრებზე მოგვიხდება გასეირნება. ყოველ შემთხვევაში გავიგებთ მაინც ცალთვალა ლევანის ამბავს და მისი საშუალებით ვეცდებით მივაგნოთ ვადიმ ურალოვს. ხუტა გაწერელია დაფიქრებული უსმენდა არჩილ ჩოხელს. – იცი რა გითხრა. შეიძლება მე მართლაცდა სწორედ არ ვიქცეოდე, შეიძლება არ იყოს ჩემი საქციელი არაფრით გამართლებული, გეფიცები, მე ყველა ამას იმისათვის ვაკეთებ, რომ მინდა კვალს დავადგე. როგორ გგონია? ვადიმ ურალოვი თუკი მართლა საძოვრებზე გამოჩნდა, განა დასაშვები არ არის, რომ მას ქალაქშიც ექნება ბინა? ვისთან დაიჭერს კავშირს, თუ არა იმისთანა ხალხთან, რომელთა წრეშიც მე გავერიე? აბა, მილიციის უფროსს არ გაეკარება და აღმასკომის თავმჯდომარეს არ გაეცნობა, ცხადია ეს. თუ შენ გინდა არ წავალ ხვალ საღამოს ლიდია გავრილოვნას სახლში, ჭირსაც წაუღია. – არა, მე არ გიშლი, – სიტყვა ჩამოართვა არჩილმა, – მით უმეტეს, რომ ვიცი ძია მაკარიც არ იქნება წინააღმდეგი. მე კი ამ ბერიკაცისა ისე მჯერა, ვითომც ამხანაგი ზურაბ ლომაური ყოფილიყოს აქ მის ადგილზე. წადი მაგრამ ფრთხილად იყავი. წინასწარ გაიგე სად არის ბინა. – მაგას დღესვე შევიტყობ. – აბა შენ იცი. ხუტა გაწერელია ახალი წასული იყო, როდესაც არჩილ ჩო- ხელთან ეზოში წიკლაური მოვიდა. – სადა ხარ, რეზო, ამდენ ხანს, სად დამეკარგე? შენს ლოდინში თვალები გამომიღამდა, – საყვედურით მიმართა მას არჩილმა. – ამხანაგო არჩილ, ჯერ ერთი, რომ ადვილი არ იყო თავის დაღწევა და წამოსვლა, მეორეც, ისეთი მნიშვნელოვანი, არაფერი მოხდა დღემდე, რომ აუცილებელ საჭიროდ ჩამეთვალა წამოსვლა. – უპასუხა რეზომ. – ახლა რა მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი, ფიდო ძიამ მოკითხვის წერილი ხომ არ გამოგატანა? – ღიმილით შეეკითხა არჩილი, – დიახ, ფიდო ძიამ მოგიკითხათ ნახვის ნატვრით, – მოჭუტა ცალი თვალი და ღიმილითვე უპასუხა რეზომ, – ხომ გითხარით ფიდო ძიას მოსვლის შესახებ საძოვრებზე, ისა, მათე და ცალთვალა ლევანა რომ წავიდნენ სადღაც. ცალთვალა ლევანა მეორე დღესვე დაბრუნდა ფიდო და მათე კი მხოლოდ წუხელის მოვიდნენ ცხენებით, ლევანას ბინაში გაათიეს ღამე. დღეს დილით კი ცხენები დასტოვეს და წავიდნენ, მე მოვახერხე ქალაქისაკენ წამოსვლა, ვითომ ვაპირებდი თქვენთან იდუმალად მოსვლას ისე, რომ არავის დავენახე, მაგრამ ეშმაკად აქ წავაწყდი მათ! – ვისა? ფიდოსა და მათეს? – შეეკითხა არჩილი. – აბა სხვა ვისა? ამაზე იტყვიან: „ვერიდებოდი ღოლოსა, და მიხვდა სოფლის ბოლოსაო“. – მერე, გითხრეს რამე? – გამაჩერეს, მელაპარაკნენ. „ბიჭო, შენ რა ხშირ-ხშირად დარბიხარ ქალაქად? აქ ცხვრების სამწყემსავად ხარ გამოგზავნილი თუ სასეირნოდ?“ – შემეკითხა მათე. მე გავშრი, არ ვიცოდი რა მეპასუხა, უცბად ვერ მოვისაზრე, მაგრამ ფიდომ გამომიყვანა უხერხული მდგომარეობიდან. „თავი დაანებე, რა გინდა მაგ ბიჭისაგან. – შეეპასუხა იგი მათეს, – ახლა ვეღარ მიხვდი რა არბენინებს საძოვრებიდან ქალაქად? ალბათ რომელიმე კოხტა გოგო ჩაუვარდა თვალში და გული არ უდგება საძოვრებზე. მე რომ მაგის ხნისა ვიყავი, ერთ გოგოს არ გავუშვებდი მოუხილავს. ასე არ არის? ... შენი სახელი კი დამავიწყდა“... – მომმართა მე. გამეხარდა. ძალიან კარგ აზრზე მიმაგდო, სიმართლე გითხრა. „მე რეზო მქვიან სახელად, რეზო წიკლაური, ის კი თქვენ საიდან იცით, რომ მე აქ საცოლე მყავს?“ შევეკითხე მე. „ხომ გითხარი, – მიუბრუნდა ფიდო მათეს, – ახალგაზრდაა, გული ღია აქვს. იცი რას გეტყვი, ჩემო რეზო, ვიდრე ნამდვილ ცოლს შეირთავ, ჯერ კიდევ ბევრ საცოლეებს გამოიცვლი!“ მე ვიწყინე, რა თქმა უნდა, განგებ, ავიმრიზე და მკვახედ ვუპასუხე: მე ქალი მიყვარს და არავის მივცემ ნებას, რომ ჩემს საქმეში ჩაერიოს. თქვენ მე ჭკუას უნდა მასწავლიდეთ და იმის მაგივრად კი დამცინით მეთქი. შემოვბრუნდი და წასვლა დავაპირე, რომ ფიდომ ხელახლა გამაჩერა. „ნუ გეწყინება, რეზო, გეხუმრე. ახლა კი არა, შენ ალბათ უკანვე გაბრუნდები ბინებში“. გავბრუნდები აბა რას ვიზამ, – ვუპასუხე მე. ლევანა ნახე და უთხარი, ხვალ ღამით ცხენები ჩამორეკოს ქალაქში“. სად? – ჩემდა უნებურად შევეკითხე. მან ეჭვის თვალით გადმომხედა, მაგრამ შემდეგ გამიღიმა და მითხრა: „თვითონ იცის სადაც“. დავპირდი, რომ შევუსრულებდი თხოვნას და გამოვემშვიდობე. ესა რომ გამოვიარე უკან მივიხედე. ისინი საწინააღმდეგო მხარისაკენ მიდიოდნენ. ორივენი ნაბდებში იყვნენ გახვეულნი და თავზე ფაფახები ეხურათ, მე დამაინტერესა, დავბრუნდი და დიდი სიფრთხილით მივყევი შორიახლო. ქალაქის გარეუბანში გავიდნენ. გზის მოშორებით ერთ-ერთ ბაღში შევიდნენ. ბაღში შუშაბანდიანი სახლია, იმ სახლში მივიდნენ. იქ ვიღაც ქალი გამოეგება და შინ შეიყვანა, მე კი წავედი. სულ ველოდი შეღამებულიყო, რომ თქვენთან მოვსულიყავი, შემეტყო- ბინებინა. ეს მართლაც, ძალიან კარგი და დროული ცნობა იყო. ჩოხელმა დაწვრილებით გამოჰკითხა რეზოს სად იყო ის სახლი და თუმცა ქალაქს კარგად არ იცნობდა, მაგრამ ისეთი დამახასიათებელი ნიშნები მიიღო, რომ ბინის პოვნა არ გაუჭირდებოდა. არჩილმა მადლობა გადაუხადა რეზოს და გამოემშვიდობა, რადგანაც იცოდა, რომ რეზო იმავე ღამით უნდა დაბრუნებულიყო საძოვრებზე. რეზოს წასვლისთანავე არჩილმა ინახულა ძია მაკარი და დაწვრილებითი ინფორმაცია გაუკეთა მას. – რა იქნება, რომ ამაღამვე ჩავატაროთ ეს ოპერაცია? – შეეკითხა არჩილი ძია მაკარს. – მოითმინეთ არჩილ, წინდაუხედავად გადადგმულ ნაბიჯს შეუძლია საბოლოოდ წაახდინოს საქმე. ახლა თუ აქედანაც გაგვისხლტა ხელიდან, შემდეგ იმედი ნუღარაფრისა გექნება, მორჩა, გაფრენილ ფრინველს ვეღარ მიეწევი. კარგი, ვიცით, რომ ორივენი მივიდნენ გარეუბნის ერთ-ერთ სახლში. სახლის დადგენაც არ გაგვიჭირდება, მაგრამ, დარწმუნებული ხარ იმაში, რომ ღამეს იქ გაათენებენ? იქნებ უკვე წასულებიც არიან იქიდან? ნუ ჩავიდენთ იმისთანა წინდაუხედაობას, რომელიც მათ გააფრთხილებს. ხვალ კარგად უნდა დაზვეროთ ბინა. შენ ამ საქმეში არ გა მოდგები, თუ თვალი მოგკრეს – გიცნობენ. ხუტა გაწერელიამ, მართალია, ნაწილობრივ შეიცვალა სახე და ტანსაცმე ლიც, მაგრამ არც იმისი გამოჩენა ივარგებს. ადგილობრივი მილიციის თანამშრომლებიც არ გამოგვადგე ბიან ამ შემთხვევაში. – აბა საშველი არ ყოფილა და ის არის, – უიმედოდ წამოიძახა არჩილმა. ძია მაკარიმ გაიღიმა თავისი ჩვეულებრივი მომაჯადოებელი ღიმილით და მიუგო: – საშველი როგორ არ არის, მე როგორ მიყურებთ, განა სხვებზე ნაკლებად დავზვერავ იმ არემარეს? ფიქრი ნუ გაქვთ. აქ მე არავინ მცნობს, გარდა მილიციის უფროსისა და მისი ზოგიერთი თანამშრომელისა. მე ბერიკაცს არავინ მომაქცევს ყურადღებას. ჩვენი მიზანია ახლა ის სახლი გადავაქციოთ ჩვენი თვალყურის დევნების ობიექტად. – რა ვიცით, იქნებ დღეს იმ ბინაზე არიან და შემდეგ აღარ გაეკარონ სიახლოვეს, – წარმოსთქვა არჩილმა. – თუ მათ ხვალ ღამისათვის ცხენები დაიბარეს, მაშასადამე ისინი ჯერ კიდევ არ აპირებენ არსად წასვლას, ეჭვი არ მეპარება, რომ ცალთვალა ლევანისთან ვადიმ ურალოვს ის ბინა ექნება დათქმული, სადაც რეზო წიკლაურმა მიაგნო, ჰო, მართლა, გამაცანი რეზო წიკლაური, ეტყობა რაღაც არაჩვეულებრივი ახალგაზრდაა, ხედავ როგორი წინდახედულია, რა ოსტატურად მისდია და დაადგინა სად მივიდნენ ის ავაზაკები, სჩანს ამ ქალაქში ძალიან უშიშრად გრძნობენ თავს, რომ ასე აშკარად დადიან და არაფრის არ ეშინიათ. – სიამოვნებით გაგაცნობთ რეზო წიკლაურს. ახალგაზრდა მწყემსია. უნდა მოგახსენოთ, რომ მეტად ცოცხალი და ხელმარჯვე ჩანს. – მაშ ასე, შევთანხმდით, ხვალ დილით მე მივდივარ ქალაქ გარეთ სასეირნოდ. ნაშუადღევს მილიციის უფროსის კაბინეტში შევიმუშავებთ ოპერატიულ გეგმას, ხოლო ღამით კი წყნარად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე ავიყვანთ სამივეს: ვადიმ ურალოვს, მათე ხაპიაშვილს და ცალთვალა ლევან ყარაშვილს. კიდევ აი რა, თუ ხუტა გაწერელია, ამჟამად კოკი ჟვანიად ცნობილი, მართლა იმ ბინაში არის მიწვეული, სადაც ეს ავაზაკები იქნებიან, ნუ წავა, მოიმიზეზოს ავადმყოფობა, ან რაიმე სხვა და თავი აარიდოს. მისი იქ ყოფნა არა თუ სარგებლობას არ მოგვიტანს, პირიქით ხელსაც კი შეგვიშლის ოპერაციის ჩატარებაში. – კარგი, აღარ გავუშვებ, უპასუხა არჩილ ჩოხელმა და პატარა დაფიქრების შემდეგ შეეკითხა ძია მაკარს, – მე მაინც გაურკვევლად მიმაჩნია ერთი რამ. რა მიზეზი უნდა იყოს, რომ ავტომანქანა ცხენებით შესცვალეს? – ეს არ არის ძნელი გამოსაცნობი. აქ იმისთანა ადგილებია, სადაც ცხენი უფრო ადვილად გაივლის, ვიდრე ავტომანქანა. ავტომანქანას გზა უნდა, ბილიკებზე ვერ ივლის, ცხენი კი ყველგან თავისუფლად დადის. შუაღამე მოტანებული იყო, როდესაც ხუტა გაწერელია დაბრუნდა. არჩილ ჩოხელს ჯერ კიდევ არ ეძინა, წამოწო ლილი წიგნს კითხულობდა, ხუტამ კარი შემოაღო. – დავადგინე მისამართი, შენ რომ ასე ძალიან გაინტერესებდა, – მიმართა მან არჩილს. – სახლი ალბათ გარეუბანში იქნება? – შეეკითხა არჩილი. – სწორედ გარეუბანშია! – გაკვირვებით უპასუხა ხუტამ. ერთსართულიანია, გზატკეცილის მოშორებით. ირგვლივ ხეხილი აქვს გარშემორტყმული, ესე იგი ბაღშია სახლი. ხუტას გაკვირვება განცვიფრებაში გადავიდა. – რა იცი? – ჩიტმა მომიტანა ამბავი, – გაიცინა არჩილმა. – კაცო, ნუ შემშლი ჭკუაზე. რომელ ჩიტზე ლაპარაკობ, შენ მგონია გარეთ არც კი გაგიდგამს ფეხი და საიდან იცი ასე დაწვრილებით? – აი რას გეტყვი, ჩემო ხუტა. წეღან რომ გეუბნებოდი, იმ ბინაში სადაც გეპატიჟებიან, ვადიმ ურალოვს არ წააწყდე მეთქი, შენ მიპასუხე „ენამ არ გიყივლოსო“, თურმე მართლა მიყივლა ენამ, იმ ბინაში ვადიმ ურალოვი, მათე ხაპიაშვილი და ალბათ მათი მეგობრებიც იქნებიან, შენი წასვლის შემდეგ აქ რეზო წიკლაური იყო და მან ყველაფერი დაწვრილებით მიამბო. ხვალ დილით იმ სახლის დასაზვერად ძია მაკარი წავა, ნაშუადღევს კი მილიციის უფროსთან ერთად შევიმუშავებთ ოპერატიულ გეგმას. საფიქრებელია, რომ ვადიმისა და მათეს გარდა შეიძლება იქ მათი სხვა თანამოაზრეებიც იყვნენ. ამრიგად, ძალიან ფრთხილად და მოხერხებულად უნდა ჩავატაროთ ეს ოპერაცია. იცოდე ეს უკანასკნელი ღონისძიება იქნება, თუ ახლაც წაგვივიდა ხელიდან, მორჩა, გათავდა, ჩვენ ამ ავაზაკის კვალს სამუდამოდ დავკარგავთ. – მაშ, ჩემი იქ გამოჩენა ძალიან საშიშია, – წამოიძახა ხუტამ. – შენ ვახშამზე არ წახვალ, ხვალ საღამოს საძოვრებიდან ვადიმსა და მათეს ცხენებს ჩამოუყვანს ცალთვალა ლევანა. თუ სად და როგორ ავიყვანთ მათ, ეს ოპერატიულ თათბირზე გადაწყდება. – მათ თუ ცხენებს ჩამოუყვანენ, მაშასადამე, ისინი იქ ღამეს არ გაათევენ, – წარმოსთქვა ხუტამ. – რა თქმა უნდა, არ გაათევენ ღამეს, – დაუდასტურა არჩილმა. – შეიძლება გათენებამდე იყვნენ. შემდეგ კი წავიდნენ. კარგი, ახლა დაწექ, დაიძინე, ხვალ ბევრი სამუშაო მოგველის. კარი ჩა- კეტე. ხუტა დაწვა დასაძინებლად, მაგრამ შეეძლო კი დაძინება? მას ახლა თავში ათასი აზრი უტრიალებდა. არც არჩილს ეძინა. ისიც ფიქრობდა და სხვადასხვა გეგმებს ჰქმნიდა ხვალინდელი ოპერაციის ჩასატარებლად. ამ ფიქრში შემოათენდათ ორივეს. რა თქმა უნდა, არც ვადიმ ურალოვსა და არც მათე ხაპიაშვილს აზრადაც არ მოსდიოდა ის გარემოება, რომ აქაც მიაგნეს მათ თვალყურს ადევნებდნენ. მათე ხაპიაშვილი პატიმრობიდან გამოქცეული იყო და როდესაც თავისი ნათესავის, ცალთვალა ლევანისაგან შეიტყო მისი დედ-მამის, ცოლისა და შვილი მიხას დაპატიმრების ამბავი, გადაწყვიტა აღარ დაბრუნებულიყო თავის სოფელში, რადგან კარგად იცოდა, მაშინვე შეიტყობდა მის ჩა- მოსვლას მილიცია, დაუწყებდა დევნას და ადრე იქნებოდა თუ გვიან, მაინც შეიპყრობდნენ. ამისათვის მტკიცედ გადაწყვიტა თავი აღარ დაენებებინა ცაცია მუხრანელისათვის, რომელი სახელითაც ის იცნობდა გერმან ბაზილს. გერმან ბაზილმა ჯერ კიდევ არ იცოდა ჯემალის, ვერონიკასი და მისი მეორე გაგზავნილის დაპატიმრების ამბავი და ელოდა ვერონიკას ჩამოსვლას. როდესაც თავისი ხალხი თანდათანობით დაჰკარგა, აღარ იცოდა რა ექნა და აი, შემთხვევით, პატიმრობიდან გამოქცეულ მათე ხაპიაშვილს რომ წააწყდა, ძალიან გაუხარდა. კიდევ მიეცა იმედი, რომ შექმნიდა ახალ ბრბოს და დაიწყებდა ძველებურად თარეშს. მათე ხაპიაშვილი, პატიმრობიდან გამოქცევის შემდეგ აპირებდა მწყემსებთან გამოზამთრებას, მაგრამ, როდესაც თავის ძველ მეგობარს შეხვდა, იმედი მიეცა, რომ შესძლებდა მასთან ერთად ემოქმედნა. იგი კარგად იცნობდა ცაცია მუხრანელს, იცოდა მისი მოხერხებულობა და ამისათვის დიდი იმედიც ჰქონდა მისი. როდესაც გერმან ბაზილს ნაცნობმა ქალებმა უამბეს ვინმე კოკი ჟვანიას შესახებ, მან უცბად ვერ მოიაზრა, თუ ეს ის პიროვნება იქნებოდა, რომელიც მერის აედევნა და რომლის საშუალებითაც კინაღამ ორივე ფეხები გაჰყო მახეში, მაინც დაინტერესდა მისი პიროვნებით. მან რატომღაც წარმოიდგინა, რომ ალბათ კოკი ჟვანია რაიმე დიდ დანაშაულში არის გარეული და აქ, ამ მივარდნილ მხარეში არიდებს თავს პასუხისმგებლობას, ამისათვის მასთან გაცნობა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ის ამბავი, რომ ვითომდა იმ ბინაში, სადაც უნდა შეხვედროდა გერმან ბაზილი ხუტა გაწერელიას, საზეიმო ვახშამი იყო მოწყობილი, ეს მეტად გაზვიადებული იყო. არავითარი ზეიმის მოწყობა აზრადაც არ მოსვლია არავის. გერმან ბაზილი ასეთ ვახშამზე, რომ იგი მართლა ყოფილიყო, ვერც გაბედავდა გამოჩენას. ის რომ მას ფეხდაფეხ სდევდნენ, ჯერ კიდევ არ იყო ამოშლილი მისი გონებიდან. მართალია იგი დარწმუნებული იყო, რომ მან მდევრებს უკვე აუბნია გზაკვალი, ეგონა, რომ მას დაეძებენ ქალაქ გროზნოს მიდამოებში, ან სადმე ჩრდილო კავკასიაში, მაგრამ, როგორც არ უნდა ყოფილიყო, სიფრთხილე მაინც იყო საჭირო და ისიც ფრთხილობდა რაც შეეძლო. ვერონიკასაგან უმთავრესად იარაღის ჩამოტანას ელოდა, მას შემდეგ, რაც იგი მანქანიდან გაექცათ, ძლივს მოახერხა ერთი დამბაჩის ხელში ჩაგდება რამდენიმე ვაზნით და თავისი განუყრელი ბებუთის შოვნა. იარაღი მას ვერონიკას ბინაში ჰქონდა გადამალული ქალაქ ბუინაკსკში და რას წარმოიდგენდა თუ „მისი საწყობი“ უკვე აღმოაჩინა მილიციამ. როდესაც მეორე დღეს ხუტა გაწერელიამ თავის ტანიას აცნობა, რომ შეუძლოდ არის და ვახშამზე ვერ მივა, ხოლო ეს ამბავი უთხრეს გერმან ბაზილს, უკანასკნელი დაუფიქრდა და გუნებაში გაჰკრა, ხომ არაფერია აქ მოწყობილი საქმეო, თვითონაც გადაწყვიტა აღარ წასულიყო დაპირებულ ბინაზე, მაგრამ მათემ დაამშვიდა და დაიყოლია მისვლაზე. მილიციის ოპერატიული ჯგუფი ჩასაფრდა ბინის ირგვლივ, მაგრამ ძია მაკარის წინადადებით არჩილ ჩოხელი, ხუტა გაწერელია და ორი ოპერატიული თანამშრომელი ქალაქ გარეთ გზისპირად ჩასაფრდნენ, საიდანაც ცალთვალა ლევანას უნდა მოეყვანა ცხენები. ძია მაკარი თავის ამ წინადადებას იმ მოსაზრებით აყენებდა, რომ იგი ფიქრობდა, შეიძლება ის განზრახული ვახშამი სხვა ბინაზე ყოფილიყო მოწყობილი და არა აქ, სადაც მათ შეათვალეს. მათ უნდა მოეცადათ ვიდრე ცალთვალა ლევან ყარაშვილი ცხენებს გაატარებდა გზაზე, ხოლო შემდეგ მის კვალს მიჰყოლოდნენ, სად მიიყვანდა იგი ცხენებს. ეს ოპერატიული ძალების დაქსაქსვას იწვევდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ეს აუცილებლად უნდა განეხორციელებინათ. შუაღამე გადასული იყო, როცა მწყემსის ტყაპუჭში გახვეული მხედარი გამოჩნდა გზაზე, ერთ ცხენზე თვითონ იჯდა, ორი კი უნაგირის ტახტაზე აღვირებით გამობმული მოჰყავდა. მხედარი წინ გამოუშვეს და ოპერატიული მუშაკები დიდი სიფრთხილის დაცვით შორიახლო გამოჰყვნენ უკან. დიდი სიფრთხილე მაინცდამაინც არ იყო საჭირო, რადგანაც მხედარი, ეტყობოდა არც ძალიან ფრთხილობდა, ის პირში ჩიბუხჩაჩრილი თავისთვის მოღიღინებდა და ნელა მოერეკებოდა ცხენებს. ეტყობოდა რომ არ ეშურებოდა. არჩილი და მასთან მყოფი გაკვირდნენ, როდესაც მხედარმა სულ სხვა მიმართულება აიღო და იმ მხარეს კი არ წავიდა, სადაც მათი აზრით უნდა მისულიყო, არამედ სხვა გზას დაადგა. მხე- დარი გავიდა ქალაქის განაპირას და ერთი განმარტოებული ეზოს წინ გაჩერდა, ჩამოხტა ცხენიდან, მიაბა ბოძზე, შემდეგ გააღო ჭიშკარი და ეზოში შერეკა ცხენები. ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე შუქი ენთო, საიდანაც მიყრუებული სიცილი და კანტი-კუნტი ხმაურობა ისმოდა. არჩილი მაშინვე მიხვდა, რომ არ დახვედროდნენ მხედარს, თავის დღეში ვერ მიაგნებდნენ ამ ბინას. მაშინვე აფრინა კაცი მილიციის უფროსთან და ძია მაკართან. გათენება მოტანებული იყი, არჩილს იმის შიშიღა ჰქონდა, მოასწრებდნენ თუ არა მოსვლას მილიციის უფროსი და ძია მაკარი. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გერმანი და მათე მზის ამოსვლას არ დაუცდიდნენ, ისე შესხდებოდნენ ცხენებზე და წავიდოდნენ. აქ კი მხოლოდ სამნიღა იყვნენ, არჩილ, ხუტა და ერთი თანამშრომელი. რა თქმა უნდა, ძნელი იქნებოდა ბანდიტების შეპყრობა, მით უმეტეს, რომ ბინაში ალბათ სხვა საინტერესო პირებიც იქნებოდ- ნენ მილიციისათვის, არჩილი უთვალთვალებდა ბინას. იგი ხედავდა, რომ სტუმრები უკვე იშლებოდნენ. აგერ სამი უკვე გამოვიდნენ ბინიდან ჩამოვიდნენ დაბლა ეზოში, ორნი შესხდნენ ცხენებზე, მესამემ კი ჭიშკარი გააღო. არჩილმა გადაწყვიტა, ეხმარა იარაღი და ამ საშუალებით შეეფერხებინა მათე წასვლა, უკიდურეს შემთხვევაში ცხენებისათვის ესროლა. უკვე თენდებოდა. მანქანის გუგუნი გაისმა, ცხენოსნებსა ალბათ იგრძნეს საშიშროება, რომ ცხენები მოს- ხლიტეს ადგილიდან. არჩილმა აღარ მოუცადა მანქანას, ეზოდან გამოსული მესამე მხედარი ჩამოაგდო ცხენიდან, შეჯდა თვითონ, ხუტას მიაძახა მანქანით გამოსდგომოდა და გააჭენა. დაწინაურებულმა მხედრებმა უკან რომ მოიხედეს და მანქანა ვერ შენიშნეს, ხოლო მარტო ცხენოსანს დაჰკრეს თვალი, ალბათ თავისიანად მიიღეს და ჭენება შეანელეს. წყვდიადი თანდათან იფანტებოდა, წინმავალი მხედრების სილუეტები უფრო და უფრო მკვეთრ გამოხატულებას ღებულობდნენ. არჩილი მალიმალ უკან იყურებოდა, მაგრამ რატომღაც მანქანა არ ჩანდა. ნუთუ მარტო შერჩა ორ ავაზაკს ხელში? მარტომ რა უნდა გააკეთოს, როგორ შეიპყროს? დახოცოს? ეს ადვილი საქმეა, ორი მარჯვე გასროლა და წინა მხედრები მიწაზე განირთხებიან, მაგრამ მას ხომ მათი ცოცხლად ხელში ჩაგდება აინტერესებს. განსაკუთრებით კი გერმან ბაზილის, იმისი, რომელსაც თბილისიდან მოსდევს. რამდენი უძილო ღამე, რამდენი წვალება და მოუსვენრობა განიცადა, რამდენჯერ გაუსხლტა, ახლა კი, როდესაც თითქმის ჩაბღუჯული ჰყავს, ნუთუ უნდა გაუშვას ხელიდან? არჩილმა ცხენდაცხენ გამომიზნა და ჩახმახს გამოჰკრა თითი. ერთი მხედარი გადმოეკიდა ცხენზე, ერთ ხანს ათრია ცხენმა, შემდეგ კი მიწაზე გაიშხლართა, მეორემ კი ცხენს მათრახი გადაუჭირა. როცა არჩილმა მიწაზე გაშხლართულს მოჰკრა თვალი, მიხვდა რომ ის გერმან ბაზილი არ იყო. ალბათ მათე ხაპიაშ- ვილი იქნებოდა და ცხენი დააოთხა. გზიდან მარცხნივ ტყე მოსჩანდა, ნეტავი ტყეში არ შეასწროს, ახლა მხოლოდ ამის ფიქრშიღა იყო არჩილი. წინა მხედარმა ცხენი ტყისაკენ მიმართა, არჩილმაც გადაუხვია გზას. ამ რამდენიმე ნაბიჯიც და დაიმალება, დაჰკარგავს. ჯანდაბას, ამ საშუალებას მაინც არ გაუშვებს ხელიდან, რაც მოხდება მოხდეს, ისევ სიკვდილი, სიკვდილი ათასების სიკვდილისათვის, სიკვდილი ათასების ცრემლისათვის, არჩილმა ხელახლა გამომიზნა. დამბაჩა გავარდა, წინა ცხენმა წაიფორხილა, მუხლებზე წაიჩოქა და შემდეგ გვერდზე გადაწვა. მხედარმა მოასწრო გადმოხტომა. არჩილი ისევ გამოუდგა გაქცეულმა ტყეში გაუსწრო, გზაზე ავტომანქანის სიგნალი გაისმა, ალბათ აც- ნობა არჩილს რომ ნუ გეშინია, აქა ვართ, ახლავე მოგეხმარები- თო, მაგრამ ახლა იმისთვისღა სცალია არჩილს, რომ საყვირს უგდოს ყური? წინ მგელი მირბის, მგელი კი არა მგელზე უარესი – მგელკაცი. არჩილი გაქანებული ცხენიდან გადმოხტა. წაიფორხილა, წაიჩოქა, მაგრამ მაშინვე წამოხტა და გამოუ დგა, ცხენი მისთვის უკვე ზედმეტი იყო. მაგრამ აქ მართებს არჩილს სიფრთხილე. არ შეიძლება იმ მგელკაცას არ ჰქონდეს იარაღი. ვინ იცის რომელ ხის ძირში ჩასაფრდება და ესვრის. არჩილს სიცოცხლე არად უღირს, მაგრამ დავალების შესრულება? თუ ახლაც ვერ შეიპყრო, სირცხვილით სადღა გამოყოს თავი? მტერი არ ჩერდება, მირბის, ჩინჩხვარს მის ფეხქვეშ ლაწალუწი გაუდის. ალბათ მანაც შეამჩნია ავტომანქანა, იგრძნო, რომ მას ერთი რო- დი მისდევს, ბევრნი მოსდევენ, ბევრი და სულ იმის ცდაშია, თავი დააღწიოს. მაგრამ არა, არჩილ ჩოხელი მას თავს არ დაანებებს, სამარეშიც ჩაჰყვება თუ საჭირო იქნა. კარგა განათდა, მზე უკვე ამოიწვერა, მაგრამ ტყეში მაინც შედარებით წყვდიადია. არჩილი მხოლოდ ფიჩხნარის ლაწალუწზე მისდევს გაქცეულს. ტყეში კანტი-კუნტი სროლა ისმის. ორივენი თერგის ნაპირზე გავიდნენ. გერმანი აპრიალებული ბებუთით ხელში აელვარებული თვალებით შესცქერის არჩილს, გაჩერებულია, ალბათ ელის მიახლოებას. მას ხელში დამბაჩა აღარ უჭირავს. რატომ? აკი ისროდა, ალბათ ვაზნები თუ გაუთავდა. არჩილს კიდევ აქვს დამბაჩაში ერთი ვაზნა. გერმანმა ნახტომი გააკეთა არჩილისაკენ, სულ რამდენიმე ნაბიჯიღა არის მათ შორის. ერთსა და იმავე დროს გავარდა არჩილის დამბაჩა და გაიწუილა ჰაერში გერმანის ბებუთმა. არჩილს მკერდში დაეძგერა ნასროლი ბებუთი, გერმანს კი ტყვიამ მარჯვენა ფეხი გაუხვრიტა მუხლში, არჩილს არ უნდოდა მისი მოკვლა, გულში არ ესროლა. სადაც დაუმიზნა იქ მოხვდა. გერმანი კი დარწმუნებულია, რომ არჩილი უკვე გაამგზავრა საიქიოს. რაღა დარჩა გერმანს? მიცოცავს მდინარისაკენ. ცოტა კიდევ და წყალში ამოყოფს თავს. ცურვა კარგად იცის. გასცურავს თავს გადაირჩენს, მუხლი დამტვრეული აქვს, უნდა გაუძლოს... გერმანმა ჩოჩვით მიაღწია მდინარემდე, შევიდა შიგ და მკლავური მოუსვა. თერგის წყალი წითლად შეიღება. ტყიდან ხუტა გაწერელია გამოვარდა, მან მაშინვე დაინახა გერმან ბაზილი წყალში შესული, მაგრამ იქვე მდინარესთან მისი საუკეთესო მეგობარი და თანამებრძოლი მკერდში ბებუთგაყრი- ლი პირაღმა გაშოტილიყო. მივარდა ხუტა არჩილს, რომ ამ დროს ტყიდან ძია მაკარი გამოვიდა. – ამას მე მოვუვლი, შენ მას მისდიე! – შესძახა ძია მაკარმა. ხუტამ დაინახა, რომ გერმან ბაზილი მძიმედ მიაპობდა მდინარის ტალღებს. ის გადაეშვა მდინარეში. წყალი ყინულივით იყო, მაგრამ ვინ დაგიდევს ამას, როდესაც აგერ მტერი მიცურავს. მკლავის რამდენიმეჯერ მაგარი მოსმა და ხუტა უკვე გერმანის გვერდით აღმოჩნდა. გერმანმა სტაცა ხელი ხუტას და ჩააყურყუ- მელავა, მაგრამ ამ დროს ხუტას ტანი მოხვდა გერმანის დაჭრილ მუხლს, მან შეჰკივლა და გული წაუვიდა. ხუტა ამოძვრა მდინარის ზედაპირზე, სტაცა გერმანს საკინძეში ხელი და უკან გამობ- რუნება დაიწყო. ძლივს მოაღწია ნაპირს და თან გერმან ბაზილიც გამოათრია. გათოშილი ხუტა კანკალებდა, კბილს კბილზე ვერ ადგამდა, მაგრამ მას თავისი თავის დარდი არ ჰქონდა, მაშინვე მიირბინა ძია მაკართან. – ძია მაკარ, როგორ არის არჩილი? მითხარით ჩქარა. – რა თქმა უნდა, სახარბიელო მდგომარეობაში არ არის, მაგრამ მე ვხედავ შენ უფრო უარეს მდგომარეობაში ხარ, თერგდალეულო, ჩაიცვი ჩქარა, – ამ სიტყვებით ძია მაკარმა გაიხადა თავისი პალტო და ხუტას შემოახვია. – ფიქრი ნუ გაქვს, არჩილს არაფერი დაუშავდება. ყოველ შემთხვევაში სასიკვდილო არაფერი სჭირს, – დაამშვიდა მან ხუტა გაწერელია. ამ დროს მილიციის უფროსი და ოპერატიული თანამშრომლები გამოჩნდნენ. – როგორ არის საქმე? – იკითხა მილიციის უფროსმა. – არც ძალიან კარგად, – უპასუხა ძია მაკარმა, – აი, ეს ბიჭი დაგვიჭრეს. – საშიში ხომ არაფერია? – არაფერი. მე უფრო იმ ახალგაზრდისა მეფიქრება, – ძია მაკარმა ხუტა გაწერელიაზე მიუთითა, რომელსაც ჩინჩხვარი დაეგროვებინა, აენთო ცეცხლი და მიფიცხებოდა, – ცოტა არ იყოს თერგის წყალი ყლაპა და ფილტვების ანთება არ დაემართოს. – ფიქრი ნუ გაქვთ, ძია მაკარ, – ვერ მოითმინა ხუტამ, – ჩემი ფილტვები სიცივეს მიჩვეულია. აი, ის არ მოგიკვდეთ, მას უნდა მივხედოთ. ამ სიტყვებით ხუტა გაწერელიამ მდინარის პირას გამოტანილ გერმან ბაზილზე მიუთითა, რომელსაც თვალები ფართოდ დაეჭყიტა, შუბლს იჭმუხნიდა, კბილებს აკრაჭუნებდა. ცდილობდა ადგილიდან დაძვრას, მაგრამ ვერ ახერხებდა. ძია მაკარს მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ გერმან ბაზილი დაჭრილი იყო, მივიდა მასთან, გაუჭრა შარვალი და გაუსინჯა ჭრილობა. არჩილ ჩოხელის ტყვიას მისთვის მარჯვენა მუხლის თავი დაემტვრია. – არჩილ ჩოხელმა თვალი გაახილა. პირველად ეუცხოვა ადგილმდებარეობა, შეინძრა და მკერდში რომ ტკივილი იგრძნო, მაშინვე თვალწინ წარმოუდგა მთელი ამბავი თავიდან ბოლომდე, შეშფოთდა და იკითხა: – კიდევ ხომ არ წაგვივიდა ხელიდან? – ფიქრი ნუ გაქვს, ყმაწვილო, ის უკვე ვეღარსად წავა, ძალიანაც რომ ეცადოს, – ღიმილით უპასუხა ძია მაკარმა. დაჭრილები სახელდახელოდ გაკეთებული საკაცეებით გზაზედ გაიყვანეს და იქიდან კი ავტომანქანით ქალაქისაკენ გაამგზავრეს. მოკლული მათე ხაპიაშვილის გვამი უკვე ჩაეტანათ ქალაქის საავადმყოფოს პროზექტურაში. ხუტა გაწერელიამ დაუყოვნებლივ აცნობა თბილისში ზურაბ ლომაურს დეპეშით. ზურაბ ლომაური მეორე დღესვე გადმოფრინდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.