შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი V


23-06-2021, 10:14
ავტორი ცირაკო
ნანახია 813

თავი მეხუთე მრუდე ქუჩა
მეორე დილით ჰარის ადრე გაეღვიძა. იგრძნო, უკვე გათენებულიყო, მაგრამ თვალის გახელა არ უნდოდა.
„ეს ყველაფერი სიზმარი იყო, — ირწმუნებდა თავს, — დამესიზმრა, რომ მოვიდა ერთი გოლიათი, სახელად ჰაგრიდი და მითხრა, ჯადოქრობის სკოლაში წახვალო. თვალს რომ გავახელ, შინ, ჩემს საკუჭნაოში ვიქნები“.
უცებ ხმამაღალი კაკუნი მოესმა.
„აჰა, ესეც დეიდა პეტუნია., მიკაკუნებს“, გული დასწყდა ჰარის, რა კარგი სიზმარი იყოო, თვალს მაინც არ ახელდა.
— კაკ-კუკ! კაკ-კუკ!
— ვდგები, ვდგები, — ლუღლუღებდა ჰარი.
წამოჯდა. ჰაგრიდის მძიმე პალტო ძირს ჩამოსრიალდა. ქოხი მზის სინათლით იყო სავსე, ქარიშხალი ჩამდგარიყო, ჰაგრიდს ჩანგრეულ დივანზე ეძინა, ფანჯარას კი ბუ მოსდგომოდა, ნისკარტით გაზეთი ეკავა და ბრჭყალებით აკაკუნებდა, გამიღეთო.
ჰარი წამოხტა. საჰაერო ბუშტს რომ გაბერავენ, ისე გაივსო ბედნიერებით. ფანჯარასთან მიირბინა და სასწრაფოდ გამოაღო. ბუ ოთახში შემოფრინდა და გაზეთი ჰაგრიდს ზედ დააგდო. ჰაგრიდს არ გაუღვიძია. ბუ იატაკზე დაჯდა და ახლა მის პალტოს დაუწყო კორტნა.
— ნუ შვრები მაგას, — შეუძახა ჰარიმ და აუქშია.
ბუ მოტრიალდა, ნისკარტი ავად ააკაწკაწა და ისევ პალტოს გლეჯა განაგრძო.
— ჰაგრიდ! — იყვირა ჰარიმ, — ბუ მოფრინდა და...
— გადაუხადე, რა! — ჩაიბურტყუნა დივანში თავჩარგულმა ჰაგრიდმა. — რა?
— გასამრჯელოს გთხოვს გაზეთის მოტანისთვის. ჩემ ჯიბეში ნახე.
ჰაგრიდის პალტო სულ ჯიბეებად იყო ქცეული: გასაღებების აცმა, საწუწნი აბები, თოკის გორგლები, პიტნიანი კარამელი, ჩაის პაკეტები... ბოლოს ჰარიმ მთელი მუჭა უცნაური მონეტები ამოიღო, — ხუთი კნატი მიეცი, — ძილბურანში ამოილაპარაკა ჰაგრიდმა.
— კნატი?
— ბრინჯაოს პატარა მონეტები.
ჰარიმ გადათვალა ხუთი ბრინჯაო. ბუმ ფეხი გაუწოდა, ჰარიმ ფული ფეხზე მიბმულ ტყავის ქისაში ჩაუყარა და ბუ ღია ფანჯარაში გაფრინდა.
ჰაგრიდმა ხმამაღლა დაამთქნარა, წამოჯდა და გაიზმორა.
— ჯობია, დროზე წავიდეთ, ჰარი. დღეს ბევრი საქმე გვაქვს, ლონდონში მივდივართ — სკოლისთვის რაღაცები უნდა ვიყიდოთ.
ჰარი ჯადოქრების ფულს ხელში ატრიალებდა და თვალს არ აცილებდა. უცებ ისეთი რაღაც მოაფიქრდა, რამაც მახათივით უჩხვლიტა ბედნიერების ბუშტს.
— იცი, რა, ჰაგრიდ...
— ჰა? — ჰაგრიდი თავის უზარმაზარ ჩექმებს იცვამდა.
— ფული არა მაქვს, ძია ვერნონმა წუხელ რა თქვა, ხომ გაიგონეთ — არ გადამიხდის ფულს, რომ წავიდე და მაგიის სკოლაში ვისწავლო.
— მაგის დარდი ნუ გაქვს, — ჰაგრიდი წამოდგა და თავი მოიფხანა, — შენ რა გგონია, მშობლებმა არაფერი დაგიტოვეს?
— კი მაგრამ, სახლი თუ სულ განადგურდა...
— სახლში კი არ ინახავდნენ ოქროს, ბიჭო. ჩვენ ჯერ გრინგოტსში მივალთ, ჯადოქრების ბანკში. მიდი, სოსისი ჭამე, ცივიც გემრიელია, მე კი უარს არც შენი დაბადების დღის ტორტის ნაჭერზე ვიტყოდი.
— ჯადოქრებს ბანკები აქვთ?
— მარტო ერთი. გრინგოტსი. გობლინები მართავენ. ჰარის სოსისი გაუვარდა ხელიდან.
— გობლინები?
— ჰოდა, იცი, რას გეტყვი, ნამდვილად გიჟი უნდა იყო, მაგ ბანკის გაქურდვა რომ მოინდომო. დაიმახსოვრე, ჰარი, გობლინების გადამტერება ღმერთმა გაშოროს. ისე კი, თუ რამის შენახვა დაგჭირდება, მთელ მსოფლიოში ამაზე საიმედო ადგილს, ჰოგვორტსის გარდა ვერსად ნახავ... სხვათა შორის, ისედაც მისასვლელი ვარ გრინგოტსში. დამბლდორმა დამავალა. ჰოგვორტსის საქმეა, — ჰაგრიდი ამაყად გაიჯგიმა. — როცა რამე ძალიან მნიშვნელოვანია, მე მავალებს ხოლმე. მაგალითად, შენი წაყვანა, გრინგოტსიდან რაღაცის აღება... იცის, რომ შეუძლია მენდოს, გამიგე? ხომ არაფერი გვრჩება? მაშინ წავედით.
ჰაგრიდი გარეთ გავიდა. ჰარი უკან გაჰყვა. ცა მოწმენდილიყო და ზღვის ზედაპირი მზის შუქს ირეკლავდა. ძია ვერნონმა რომ ნავი იქირავა, ისევ იქ იდგა, ქარიშხალს ბლომად წყალი ჩაეგუბებინა შიგ.
— თქვენ რით მოხვედით? — იკითხა ჰარიმ, რადგან სხვა ნავი არსად ჩანდა.
— მოვფრინდი, — მიუგო ჰაგრიდმა.
— მოფრინდით?
— ჰო, მაგრამ უკან ამ ნავით წავალთ. ახლა ჩემთან ხარ და ჯადოქრობის უფლება არა მაქვს.
ნავში რომ სხდებოდნენ, ჰარი ჰაგრიდს უცქეროდა. ცდილობდა, წარმოედგინა, როგორ დაფრინავდა ეს გოლიათი.
— მინდა ახლა მე ამ ნიჩბების მოსმა?! — თქვა ჰაგრიდმა და ისევ ის ალმაცერი მზერა გააპარა ჰარისკენ, — სულ ცოტა სიჩქარე რომ წავახმარო ნავს, ჰოგვორტსში ხომ არ გამცემ?
— არა, რა თქმა უნდა, — გაუხარდა ჰარის. ერთი სული ჰქონდა, კიდევ რამე სასწაული ენახა.
ჰაგრიდმა ვარდისფერი ქოლგა ამოიღო და ნავს გვერდზე ორჯერ მიუკაკუნა. ნაპირისკენ სწრაფად გაცურეს.
— გიჟი რატომ უნდა იყო, გრინგოტსის გაქურდვა რომ მოინდომო? — დაინტერესდა ჰარი.
— ყველაფერი მოჯადოებულია... — თქვა ჰაგრიდმა და თან გაზეთი გადაშალა,
— ამბობენ, ზესაიდუმლო საცავებს დრაკონები დარაჯობენო. მერე კიდე, იქ გზის გაკვლევა არ გინდა? გრინგოტსი,იცი, სად არის? ასობით მილის სიღრმეშია ლონდონის ქვეშ. მეტროზე ბევრად დაბლაა. კიდეც რომ მოახერხო და რამე ხელში ჩაიგდო, გარეთ სანამ გამოხვალ, შიმშილით მოკვდები.
ჰარი იჯდა და იმაზე ფიქრობდა, რაც მოისმინა. ჰაგრიდი გაზეთს კითხულობდა,
„დილის მისანს“. ჰარიმ ძია ვერნონისაგან ისწავლა, რომ როცა კაცი გაზეთს კითხულობს, ხელი არ უნდა შეუშალო, მაგრამ მოთმენა ძნელი იყო, ამდენი კითხვა ცხოვრებაში არ გასჩენია.
— მაგიის სამინისტრო ისევ ინტრიგებს ხლართავს, — ჩაილაპარაკა ჰაგრიდმა და გაზეთი გადაფურცლა.
— მაგიის სამინისტროც არსებობს? — თავი ვეღარ შეიკავა და იკითხა ჰარიმ.
— რასაკვირველია. დამბლდორი უნდოდათ მინისტრად, რატომაც არა, მაგრამ ის ჰოგვორტსს არ მიატოვებს. ჰოდა, დანიშნეს ერთი გადაყრუებული კორნელიუს ფაჯი. ასეთი რეგვენი არავინ გვყოლია, ყოველ დილით აკლებული ჰყავს დამბლდორი. ბუს ბუზე უგზავნის, რჩევას ეკითხება.
— მაგიის სამინისტრო რას აკეთებს?
— ძირითადად ცდილობს, მაგლებმა არ შეიტყონ, რომ ჯადოქრები ყველგან არიან.
— რატომ არ უნდა შეიტყონ?
— რატომ? დამიჯერე, ყველას მოუნდება, მაგიით მოაგვაროს თავისი პრობლემები. არა, ჯობია, თავი დაგვანებონ.
ამასობაში ნავი ნაპირს მიადგა. ჰაგრიდმა გაზეთი დაკეცა. ისინი ქვის კიბით მაღლა ავიდნენ, ქუჩაში გავიდნენ და რკინიგზის სადგურისკენ გაემართნენ.
გამვლელები განცვიფრებულნი უცქეროდნენ ჰაგრიდს. ჰარი ვერც გაამტყუნებდა მათ. ჯერ ერთი, ჰაგრიდი ყველაზე ორჯერ მაღალი იყო, თანაც თითს იშვერდა სავსებით ჩვეულებრივი საგნებისკენ, როგორებიცაა, ვთქვათ, ავტოსადგომის მრიცხველი და ხმამაღლა იძახდა: „ნახე, ჰარი, ნახე, ეს რეები მოუგონიათ მაგლებს!“
— ჰაგრიდ, — აქოშინებული ჰარი სირბილით ძლივს ეწეოდა. — თქვენ ამბობთ, რომ გრინგოტსში დრაკონები არიან?
— ასე ამბობენ. ღმერთო ჩემო, როგორ მინდა, დრაკონი მყავდეს!
— მართლა?
— ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობ. აი, მოვედით.
სადგურს მიადგნენ. ლონდონის მატარებელი ხუთ წუთში გადიოდა. ჰაგრიდმა, ამ მაგლების ფულისა არაფერი გამეგებაო და ჰარის მისცა, ბილეთები შენ იყიდეო.
მთელი მატარებელი ჰაგრიდს თვალს არ აშორებდა. ჯერ ერთი, ორი კაცის ადგილი ეკავა და მთელი გზა ცირკის კარვის მსგავს რაღაცას ქსოვდა, მოყვითალო-მომწვანო ფერისას.
— წერილი აქა გაქვს? — შეეკითხა ჰარის, თან ამოყვანილ თვლებს ითვლიდა. ჰარიმ პერგამენტის კონვერტი ამოიღო ჯიბიდან.
— კარგია. მანდ არის სია, სადაც ჩამოწერილია ყველაფერი, რაც შენ გჭირდება. ჰარიმ წერილის მეორე ფურცელი გაშალა, რომლისთვისაც წუხელ ყურადღება
არ მიუქცევია, და წაიკითხა:

მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა ჰოგვორტსი ფორმა:
პირველი კურსის მოსწავლეებს სჭირდებათ:
1 სამი ცალი უბრალო სამუშაო მანტია (შავი)
2. ერთი ცალი უბრალო წვეტიანი ქუდი (შავი), დღისით სატარებლად ვ. ერთი წყვილი დამცავი ხელთათმანი (დრაკონის ტყავის ან მსგავსი) 4. ერთი ზამთრის მოსასხამი (შავი, ვერცხლისშესაკრავებიანი)
შენიშვნა: ყველა მოსწავლის ტანისამოსს აუცილებლად უხდა ჰქონდეს იარლიყი სახელისა და გვარის მითითებით.
წიგნები:
ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შემდეგი სახელმძღვანელოები: მირანდა გოშოკის „შელოცვების ქრესტომათია (პირველი კურსი) ბათილდა ბეგშოთის „მაგიის ისტორია
ადალბერტ, ვოფლინგის „მაგიის თეორია
ემერიკ სვიჩის ტრანსფიგურაციის დამხმარე სახელმძღვანელო დამწყებთათვის“ ფილიდა სპორის „ათასი სასწაულმოქმედი მცენარე და სოკო“
არსენიუს ვაიგერის „სასწაულმოქმედი წამლები და საწამლავები“ ნიუტ სკამანდერის „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ ქვენთინ გრიმბელის „ბნელი ძალები: თავდაცვის სახელმძღვანელო“

სხვა აღჭურვილობა:
1 ჯადოსნური ჯოხი
1 ქვაბი (მოკალული, სტანდარტული, ზომა 2)
1 მინის ან ბროლის წამლის შუშების კომპლექტი
1 ტელესკოპი
1 თითბრის სასწორი
მოსწავლეებს შეუძლიათ, თან იყოლიონ ან ბუ, ან კატა, ან გომბეშო.
მშობელთა საყურადღებოდ: პირველკურსელებს ეკრძალებათ საკუთარი ტარიანი ცოცხის მოტანა.

— და ეს ყველაფერი ლონდონში შეგვიძლია ვიყიდოთ? — გაოცდა ჰარი.
— თუკი იცი, სად მიხვიდე! — მიუგო ჰაგრიდმა.
* * *
ჰარი პირველად იყო ლონდონში. მართალია, ჰაგრიდმა ალბათ იცოდა, სადაც მიდიოდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ იქ ჩვეულებრივი გზით არ დადიოდა. ჯერ იყო და, მეტროს გასასვლელში ბარიერმა ჩაკეტა, მერე ხმამაღლა გამოთქვამდა უკმაყოფილებას, ეს რა პატარა სკამებია და მატარებელი რა ნელა მიდისო.
— არ მესმის, როგორ ახერხებენ მაგლები მაგიის გარეშე არსებობას, — თქვა ჰაგრიდმა, როცა გაფუჭებულ ესკალატორს ფეხით აუყვნენ და მაღაზიებით სავსე ხალხმრავალ ქუჩაში გავიდნენ.
ვეება ჰაგრიდი გზას იოლად მიიკვლევდა. ჰარი უკან მისდევდა. წიგნის მაღაზიები, მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიები, ჰამბურგერების კაფე-ბარები, კინოთეატრები. რამდენი რამ იყო გარშემო, მაგრამ არც ერთი არ ჰგავდა იმ ადგილს, სადაც შეიძლებოდა, ჯადოსნური ჯოხი გეყიდა. ეს იყო სრულიად ჩვეულებრივი ქუჩა და ხალხიც ჩვეულებრივი დადიოდა. ნუთუ შეიძლება, რომ მათ ქვემოთ, სადღაც ქვესკნელში, მართლაც ჯადოქრების ოქრო იყოს დაფლული? ან ნეტავ არსებობს სადმე მაღაზია, სადაც შელოცვის წიგნებსა და ტარიან მფრინავ ცოცხებს ყიდიან? ხომ არ დასცინიან ჰარის? დერსლებმა ხომ არ მოუწყვეს? არა, შეუძლებელია, დერსლებს იუმორის გრძნობა არ გააჩნიათ. ამაში ჰარი ნამდვილად დარწმუნებული იყო. ჰაგრიდი რასაც ამბობდა, თითქოს ყველაფერი დაუჯერებელი იყო, მაგრამ ჰარი რატომღაც ყველაფერს იჯერებდა.
— აჰა, მოვედით, — თქვა ჰაგრიდმა და შეჩერდა, — „გახვრეტილი კარდალა“. ეს ძალიან ცნობილი ადგილია.
ეს იყო ერთი პატარა, ძველისძველი ლუდხანა. ჰაგრიდს რომ არ ეთქვა, ჰარი მას სულაც ვერ შეამჩნევდა. ცალ მხარეს წიგნის დიდი მაღაზია იყო, მეორე მხარეს — ასევე დიდი ფირფიტების მაღაზია. მათ შორის ეს ლუდხანა არც კი მოჩანდა. ხალხი ვერც ამჩნევდა, ისე უვლიდა გვერდს. სიმართლე რომ ითქვას, ჰარის ისეთი უცნაური შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს მას მხოლოდ თვითონ და ჰაგრიდი ხედავდნენ. სანამ ამ მოსაზრებას ჰაგრიდს გაუზიარებდა, უკვე შიგნით იყვნენ.
ძალიან ცნობილი ადგილის კვალობაზე, აქაურობა მეტისმეტად ბნელი და ღარიბული იყო. რამდენიმე მოხუცი ქალბატონი კუთხეში იჯდა და ციცქნა ჭიქებით ლიქიორს მიირთმევდა. ერთი მათგანი გრძელტარიან ყალიონს ეწეოდა. ვიღაც ცილინდრიანი პატარა კაცი მოხუც ბარმენს ესაუბრებოდა. ბარმენი მელოტი იყო და წებოვან კაკალს ჰგავდა. მათ შესვლაზე ჩუმი საუბარი უცებ მიწყდა. ჰაგრიდს ყველა იცნობდა. ესალმებოდნენ და უღიმოდნენ. ბარმენმა ჭიქა გადმოდგა.
— როგორც ყოველთვის, ჰაგრიდ?
— არა. ვერ დავლევ, ტომ, ჰოგვორტსის საქმეზე ვარ, — თქვა ჰაგრიდმა და ისე დაჰკრა ჰარის მხარზე ხელი, რომ ბიჭი მუხლებში ჩაიკეცა.
— ღმერთო ჩემო! — წამოიძახა ბარმენმა ჰარის დანახვაზე, — ნუთუ ეს... ეს... მთელი „გახვრეტილი კარდალა“ ერთბაშად გაირინდა და გაისუსა.
— ღმერთო დიდებულო, — ჩურჩულით თქვა ბარმენმა, — ჰარი პოტერი... რა პატივია.
ბარიდან გამოვარდა, ჰარისთან მიირბინა და თვალზე ცრემლმომდგარმა ხელი ჩამოართვა.
— კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, მისტერ პოტერ!
ჰარი დაიბნა. ყველა მას უცქეროდა. მოხუცი ქალბატონი ვერ ამჩნევდა, რომ ყალიონი ჩაუქრა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ქაჩავდა. ჰაგრიდი გაბადრული იდგა.
უცბად სკამების რახარუხი ატყდა, წამში ყველა იქ მყოფი ჰარის გარს შემოერტყა და სათითაოდ ართმევდა ხელს.
— მე დორის კროკფორდი გახლავართ. მისტერ პოტერ, არ მჯერა, რომ, ბოლოს და ბოლოს, შეგხვდით.
— ბედნიერი ვარ თქვენი გაცნობით, მისტერ პოტერ!
— ვოცნებობდი, თქვენთვის ხელი ჩამომერთმია, ძალიან ვღელავ!
— სასიამოვნოა, მისტერ პოტერ, ვერც კი გამოვხატავ. მე დიგლი მქვია, დედალუს დიგლი.
— გიცანით, — უთხრა ჰარიმ. დედალუს დიგლს კინაღამ ცილინდრი გაუვარდა აღელვებისგან, — თქვენ ერთხელ სუპერმარკეტში მომესალმეთ.
— ვახსოვარ! — წამოიძახა დედალუს დიგლმა და მიმოიხედა, — გაიგონეთ? მე მას ვახსოვარ!
ჰარი ყველას სათითაოდ ართმევდა ხელს, დორის კროკფორდმა კი რამდენჯერმეც ჩამოართვა.
ბოლოს ერთი ფერმკრთალი, ძალზე აღელვებული ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა. ცალი თვალი ნერვიულად უტოკავდა.
— პროფესორი ქვირელი, — გააცნო ჰაგრიდმა, — ჰარი, პროფესორი ქვირელი შენი მასწავლებელი იქნება ჰოგვორტსში.
— პ-პ-პ-პოტერ, — პროფესორმა ქვირელმა ჰარის ხელი ჩაბღუჯა, — ვერც კი ა- ა-აგიწერთ, რა ბე-ბე-ბე-დნიერი ვარ, რომ შე-შეშეგხვდით...
— თქვენ მაგიის რომელ სფეროს ასწავლით, პროფესორო?
— თ-თ-თავდაცვას, ბ-ბ-ბნელი ძალებისაგან, — ისე ამოილუღლუღა პროფესორმა ქვირელმა, თითქოს ამაზე ფიქრიც არ უნდოდა, — თ-თთქვენ, ვგონებ, არც გ-გ-გჭირდებათ ეს საგანი, არა, პ-პ-პოტერ? — ნერვიულად გაიცინა პროფესორმა ქვირელმა, — სასკოლო ნივთებს ყიდულობთ, არა? მეც ვა-ვა-ვამპირებზე ვა-ვა- ვაპირებ ახალი წიგნის ყიდვას, — და ისეთი შეწუხებული სახით შემოხედა, თითქოს ამის გაფიქრებამ შიში მოჰგვარაო.
მალე პროფესორ ქვირელს ჰარი ისევ სხვებმა გამოსტაცეს. მათგან თავდახსნას თითქმის ათი წუთი დასჭირდა, ბოლოს ჰაგრიდმა როგორც იქნა მოახერხა და ყაყანი გადაფარა: — ჩვენი წასვლის დროა, ბევრი რამ გვაქვს საყიდელი. ჰარი, წავედით!
დორის კროკფორდმა ერთხელაც ჩამოართვა ხელი და ჰარი, ჰაგრიდთან ერთად, კედლით შემოსაზღვრულ პატარა უკანა ეზოში გავიდა. იქ არაფერი იყო ნაგვის ურნებისა და სარეველების გარდა.
— რა გითხარი მე შენ?! — გაუღიმა ჰაგრიდმა ჰარის, — გეუბნებოდი, ცნობილი ხარ მეთქი! პროფესორი ქვირელიც კი აცახცახდა, შენ რომ დაგინახა... თუმცა, ეგ სულ ცახცახებს!
— ასეთი ნერვიულია?
— ჰო, საწყალი კაცი, ძალიან ჭკვიანია. სანამ წიგნებში იყო ჩაფლული, ყველაფერი რიგზე ჰქონდა. მერე ერთი წელი აკადემიური აიღო, რაღაც პრაქტიკა უნდა გაევლო... ამბობენ, უღრან ტყეში ვამპირებს გადააწყდაო, თანაც ერთ გრძნეულ ალქაჯთან ჰქონდა პრობლემები. მოკლედ, სხვა კაცი გახდა. ახლა მოსწავლეებისაც ეშინია, რასაც ასწავლის, იმისიც ეშინია. ჰო, ჩემი ქოლგა სად არი?
ვამპირებიო... ალქაჯებიო... ჰარის თავბრუ დაეხვა. ჰაგრიდი კი ამასობაში ნაგვის ურნის ზემოთ კედლის აგურებს ითვლიდა:
— სამი ქვევიდან ზევით... ორი გარდიგარდმო... — ბუტბუტებდა თავისთვის. — სწორია. უკან მიიწი, ჰარი.
ქოლგის წვერით აგურს სამჯერ მიუკაკუნა. აგური შეინძრა, გაიწია და გაჩნდა პატარა ნახვრეტი, რომელიც ნელ-ნელა გაიზარდა, გაიზარდა და სულ მალე ისეთი თაღი გაკეთდა, რომ ჰაგრიდიც კი თავისუფლად გაეტეოდა შიგ. გამოჩნდა რიყის ქვით მოკირწყლული ქუჩა, რომელიც იკლაკნებოდა და სადღაც უხვევდა.
— ესეც ჩვენი მრუდე ქუჩა, — თქვა ჰაგრიდმა და ჰარის განცვიფრებული სახის დანახვაზე გამხიარულდა. თაღში გასვლა და კედლის გამთლიანება ერთი იყო.
მზე ანათებდა. მისი შუქი ათასფრად ირეკლებოდა უახლოესი მაღაზიის წინ გამოდგმულ ლაპლაპა ქვაბებზე. „ქვაბები — ნებისმიერი ზომის, სპილენძის, თითბრის, მოკალული, ვერცხლის, თვითმომრევი, დასაკეცი“ გვთავაზობდა წარწერა მაღაზიის თავზე.
“ ერთი ასეთი ქვაბი შენც დაგჭირდება, მაგრამ ჯერ ფული ავიღოთ, — თქვა ჰაგრიდმა.
მრუდე ქუჩას გაუყვნენ. ჰარი ნატრობდა, ნეტავ ბევრი თვალი მომცა, ყველაფრის დანახვა მოვასწროო. რამდენი საინტერესო რამ იყო გარშემო: მაღაზიები, გარეთ გამოწყობილი ნივთები, საყიდლებზე გამოსული ხალხი... ერთი ფუმფულა ქალბატონი აფთიაქთან იდგა და თავს აქნევდა: — „დრაკონის ღვიძლი, ერთი უნცია 17 სიკლი, სულ გაგიჟდნენ“...
ბნელი მაღაზიიდან ჩუმი, ნაზი ჟივჟივი ისმოდა. მაღაზიის აბრა იუწყებოდა:
„აილოპსის სავაჭრო ცენტრი „ბუ“: ბუები, ბუკიოტები, ბაიყუშები, ჭოტები, წყრომები, მოკლეყურა, გრძელკუდა, წვერა, შოტლანდიური, აზიური, ტყის ბუ, ბუხრინწა, პოლარული “...
ჰარისტოლა ბიჭებს გვერდით ვიტრინაზე მიეჭირათ ცხვირი და მფრინავ ცოცხებს ათვალიერებდნენ.
— ნახე, ნახე, — ამბობდა ერთი, — ეს უახლესი მოდელია, „ნიმბუს-2000“, უსწრაფესი.
ზოგ მაღაზიაში მანტიები იყიდებოდა, ზოგში — ტელესკოპები და ვერცხლის უცნაური ხელსაწყო-იარაღები, რომელთა მსგავსი ჰარის არასოდეს ენახა. ვიტრინებში გამოდგმული ჰქონდათ ღამურას ელენთითა და გველთევზას თვალებით სავსე კასრები. იყო უთვალავი, მაღალ რიგებად შეწყობილი შელოცვის წიგნები, ბატის ფრთები, პერგამენტის გრაგნილები, წამლის შუშები, მთვარის გლობუსები...
— აი, გრინგოტსი, — თქვა ჰაგრიდმა.
მათ წინ თოვლივით ქათქათა შენობა იდგა, რომელიც პატარ–პატარა მაღაზიების ფონზე კოშკივით წამომართულიყო. ბრინჯაოს მბზინავ ორფრთიან კართან ოქროსფრით გაწყობილი ალისფერი უნიფორმით იდგა...
— ჰო, ეს გობლინია, — უჩურჩულა ჰაგრიდმა, როცა თეთრი ქვის კიბეს აუყვნენ. გობლინი ჰარიზე ერთი თავით დაბალი იყო. მას შავგვრემანი სახე, გონიერი თვალები, წამახული წვერი და ძალიან გრძელი თითები და ტერფები ჰქონდა. კარში რომ შედიოდნენ, გობლინმა მდაბლად დაუკრა თავი. მეორე ორფრთიანი კარი ვერცხლისა იყო. ზედ ასეთი სიტყვები ჰქონდა ამოტვიფრული:

მობრძანდი, უცნობო, და გქონდეს რიდი, ქურდობის ჩადენა ცოდვაა დიდი.
როცა იმას იმკი, რაც არ გითესია, ორმაგს გადაიხდი ასეთი წესია. თუკი ჩვენს წიაღში დაეძებ განძს, რაც შენი არ არის და ართმევ სხვას,
მპარავი ყოფილხარ. ჯობს, ხუ შეცდები, აქედან ვერ გახვალ, ტყუილად ეცდები.

— რა გითხარი, გიჟი უნდა იყო, გაქურდვა რომ სცადო მეთქი, — თქვა ჰაგრიდმა. ვერცხლის კარის აქეთ-იქით ორი გობლინი იდგა. მათაც მდაბლად დაუკრეს თავი
და ჰაგრიდი და ჰარი მარმარილოს დიდ დარბაზში შევიდნენ. გრძელ დახლთან, მაღალ სკამებზე ასიოდე გობლინი იჯდა თავისთვის და საქმიანობდა: ზოგი უზარმაზარ დავთარში იწერდა რაღაცას, ზოგი თითბრის სასწორზე წონიდა მონეტებს, ზოგი პატიოსან ქვებს სინჯავდა გამადიდებელი შუშით. დარბაზს უთვალავი კარი ჰქონდა. თითოეულ კართან თითო გობლინი იდგა. მათ ხალხი შემოჰყავდათ და გაჰყავდათ.
ჰაგრიდი და ჰარი დახლთან მივიდნენ.
— დილა მშვიდობისა, — მიესალმა ჰაგრიდი თავისუფალ გობლინს, — ჩვენ მოვედით, რომ მისტერ ჰარი პოტერის სეიფიდან ფული ავიღოთ.
— გასაღები გაქვთ, სერ?
— ჰო, მქონდა, სადღაც, — ჰაგრიდმა ჯიბეების ამოტრიალება დაიწყო. ყველაფერს დახლზე ყრიდა, ერთი მუჭა დაობებული ბისკვიტები კი პირდაპირ გობლინის დავთარზე დაუცვივდა. გობლინმა უკმაყოფილოდ შეჭმუხნა ცხვირი. ჰარი მეორე გობლინს უცქეროდა, მარჯვნივ. მის წინ უზარმაზარი ნაკვერჩხლებივით მოელვარე ლალის ქვები ეყარა და წონიდა.
— აი, ვიპოვე, — როგორც იქნა, ჰაგრიდმა ჯიბიდან პაწაწინა ოქროს გასაღები ამოაძრო. გობლინი ყურადღებით დააცქერდა გასაღებს.
— ყველაფერი რიგზეა.
— და კიდევ წერილი მაქვს პროფესორ დამბლდორისგან, — ჰაგრიდი ამაყად გაიჯგიმა, — „ჩვენ რომ ვიცით“, იმის თაობაზე, 713-ე აკლდამაში.
გობლინმა გულდასმით წაიკითხა.
— კეთილი, — თქვა მან და წერილი ჰაგრიდს დაუბრუნა, — ვინმეს გაგაყოლებთ დაბლა და ორივე საცავში მიგიყვანთ. გრიპჰუკ!
გრიპჰუკიც გობლინი იყო. ჰაგრიდმა მთელი თავისი ხარახურა ისევ ჯიბეებში ჩაიყარა და ჰარისთან ერთად გრიპჰუკს ერთ-ერთი გასასვლელისკენ გაჰყვა.
— რას ნიშნავს, „ჩვენ რომ ვიცით“ 713-ე აკლდამაში? — იკითხა ჰარიმ.
— უფლება არა მაქვს, გითხრა, — იდუმალი ხმით მიუგო ჰაგრიდმა, — საიდუმლოა, ჰოგვორტსს ეხება. დამბლდორი მენდო, თანაც რომ გითხრა, სამსახურს დავკარგავ.
გრიპჰუკმა კარი გამოაღო. ჰარი იქაც მარმარილოს ელოდა, მაგრამ ჩირაღდნებით განათებულ ვიწრო ქვის დერეფანში აღმოჩნდა, რომელიც თავქვე ეშვებოდა. იატაკზე ვიწრო რელსები ეგო. გრიპჰუკმა დაუსტვინა და ქვემოდან პატარა ღია ვაგონეტი ამოგრიალდა. ჩასხდნენ — ჰაგრიდს, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა, — და ვაგონეტი ადგილიდან მოწყდა.
გზა ლაბირინთს ჰგავდა. ჰარი შეეცადა, დაემახსოვრებინა, საით მიდიოდნენ. გაუხვიეს მარცხნივ, მერე — მარჯვნივ, ისევ — მარჯვნივ, მარცხნივ, მერე გზაჯვარედინი იყო და პირდაპირ წავიდნენ. ისევ მარჯვნივ, ისევ მარცხნივ... არა დამახსოვრება შეუძლებელი იყო... რახრახა ვაგონეტმა, ალბათ, თვითონ იცოდა თავისი გზა, რადგან გრიპჰუკი მას არ მართავდა.
საიდანღაც ცივი ჰაერის ტალღა მოვარდა. ჰარის თვალები ეწვოდა, მაგრამ მაინც ფართოდ აღებდა და გაფაციცებული იცქირებოდა აქეთ-იქით. ერთი დერეფნის ბოლოში მოეჩვენა, რომ ცეცხლის ალი ავარდა. ჰარი აწრიალდა, რომ დაენახა, დრაკონი ხომ არ არისო, მაგრამ დანახვა ვერ მოასწრო — უფრო ღრმად ჩაეშვნენ. მიწისქვეშა ტბას ჩაუარეს, ჭერზე და იატაკზე უზარმაზარი სტალაქტიტები და სტალაგმიტები იყო.
— ჰაგრიდ, — ხმამაღლა დაუძახა ჰარიმ, რომ ვაგონეტის გრუხუნში ხმა მიეწვდინა, — ვერაფრით ვერ გავიგე, რა განსხვავებაა სტალაქტიტებსა და სტალაგმიტებს შორის.
— სტალაგმიტებში „მ“ ურევია. გთხოვ, ნუღარაფერს შემეკითხები, გული მერევა. ჰაგრიდი, მართლაც, სულ გამწვანებულიყო. ვაგონეტი, როგორც იქნა, ერთ პატარა კართან შედგა. ჰაგრიდი გადმოვიდა და კედელს მიეყუდა, რადგან მუხლები
უკანკალებდა.
გრიპჰუკმა კარი გამოაღო. შიგნიდან მწვანე ბოლი გამოვარდა და
როცა გაიფანტა, ჰარიმ გაოცებისგან პირი დააღო: საცავში ოქროს მონეტები გორებად იდგა, ვერცხლის ფული — სვეტებად, ბრინჯაოს ხურდა კი გროვად ეყარა.
— სულ შენია, — გაუღიმა ჰაგრიდმა.
სულ ჰარისი? — დაუჯერებელია. ალბათ დერსლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, თორემ თვალის დახამხამებაში გააქრობდნენ აქედან. რამდენს აყვედრიდნენ, რა ძვირი ჯდება შენი შენახვაო, მთელი ამ ხნის განმავლობაში კი თურმე არსებობდა მისი საკუთარი ქონება, ლონდონის ქვეშ ღრმად ჩაფლული.
ჰაგრიდი შეეშველა და ცოტაოდენი ფული ჩანთაში ჩაყარეს. თან უხსნიდა:
— ოქროს მონეტებს გალეონი ჰქვია, ვერცხლის ფულს — სიკლი, ჩვიდმეტი სიკლი 1 გალეონია. 1 სიკლი კი — 29 კნატი. სულ ადვილია. კარგი, ეს გეყოფა ერთი-ორი სემესტრისთვის, დანარჩენი ისევ შევინახოთ, — ჰაგრიდი გრიპჰუკს მიუბრუნდა:
— ახლა 713-ე ნომერი აკლდამა გვინდა, არ შეიძლება, უფრო ნელა ვიაროთ?
— მხოლოდ ერთი სიჩქარე გვაქვს, — მიუგო გრიპჰუკმა.
ვაგონი უფრო ღრმად დაეშვა და თან სიჩქარეს მოუმატა. საგრძნობლად აცივდა, განსაკუთრებით — მოხვევის დროს. მიწისქვეშა უფსკრულის პირას მიქროდნენ. ჰარი გადაიხარა, აინტერესებდა, რა იყო ქვემოთ, ბნელ ფსკერზე. ჰაგრიდმა შიშით შეჰყვირა, ქეჩოში სწვდა და უკანვე გადმოათრია.
713-ე აკლდამას კლიტის ჭუჭრუტანა არ ჰქონდა.
— უკან დაიხიეთ, — თავმომწონედ თქვა გრიპჰუკმა, თავისი გრძელი თითით ფრთხილად დააკაკუნა და კარი გაქრა.
— ეს გრინგოტსის გობლინის გარდა ვინმე სხვამ რომ გააკეთოს, კარი შეისრუტავს და შიგ გამოამწყვდევს, — განმარტა გრიპჰუკმა.
— ხშირად ამოწმებთ ხოლმე, შიგნით ვინმე ხომ არ არის? — იკითხა ჰარიმ.
— დაახლოებით, ათ წელიწადში ერთხელ, — შემზარავად გაიღიმა გრიპკჰუკმა. ჰარის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ამ საიდუმლო ოთახში მართლა რაღაც არაჩვეულებრივი ინახებოდა და იქაურობას თვალი მოავლო. სულ მცირე, ზღაპრული სამკაულები მაინც იქნებაო, მაგრამ თავდაპირველად მხოლოდ სიცარიელე მოხვდა თვალში, შემდეგ კი შეამჩნია, რომ იატაკზე იდო ბინძურ ყავისფერ ქაღალდში გახვეული პატარა შეკვრა. ჰაგრიდმა სწორედ ეს აიღო და ღრმად შეინახა გულის
ჯიბეში. ჰარის ერთი სული ჰქონდა გაეგო, რა იყო ეს, მაგრამ აღარ უკითხავს.
— წამო, ჩავსხდეთ ამ ჯოჯოხეთურ მანქანაში და სანამ არ გადმოვალთ, არ დამელაპარაკო! იცოდე, აჯობებს, პირი არ გავაღო, — თქვა ჰაგრიდმა.
* * *
ვაგონი ისევ სწრაფად გაქროლდა და მალე გრინგოტსის მიწისქვეშეთიდან თვალისმომჭრელ მზის შუქში გამოვიდნენ. ჰარიმ აღარ იცოდა, საით გაქცეულიყო და რომელი ერთი რამ ეყიდა, როცა ჩანთა ფულით ჰქონდა სავსე. რას დაგიდევდათ, ერთი ფუნტი რამდენ გალეონს უდრიდა. ისედაც ხვდებოდა, რომ ამდენი ფული თავის დღეში არ ჰქონია და, რაც მთავარია, არც დადლის ჰქონია არასოდეს.
— შენი ფორმა გვეყიდა ბარემ, — ჰაგრიდმა თავი გააქნია მაღაზიისკენ, რომელსაც ეწერა „მადამ მალკინის მანტიები, ყველა სიტუაციისთვის“.
— ჰარი, ხომ არ გეწყინება, სანამ აქ იქნები, მე რომ „გახვრეტილ კარდალაში“ შევიდე და ცოტა გადავკრა? ამ გრინგოტსის ვაგონს ვერ ვიტან, — ჰაგრიდი მართლაც ცუდად გამოიყურებოდა, ასე რომ, ჰარის მადამ მალკინის მაღაზიაში მარტოს მოუწია შესვლა და ცოტათი ღელავდა.
მადამ მალკინი დაბალი, მსუქანი, მოღიმარე ჯადოქარი აღმოჩნდა, თავით ფეხამდე მოვარდისფრო-იისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი.
— ჰოგვორტსში მიდიხარ, ჩემო კარგო? — ჰკითხა ჰარის და პასუხს არ დაელოდა, — ყველაფერს მოგართმევ. სწორედ ახლა კიდევ ერთი ყმაწვილი იმოსება ჩემთან.
მაღაზიის სიღრმეში ფერმიხდილი, სახეწაწვეტებული ბიჭი იდგა სკამზე და მეორე ჯადოქარი გრძელ შავ მანტიას უმოკლებდა. მადამ მალკინმა ჰარიც დააყენა სკამზე იმ ბიჭის გვერდით. მასაც მოასხა გრძელი მანტია და შემოკეცვა დაუწყო.
— გამარჯობა, შენც ჰოგვორტსში მიდიხარ? — დაინტერესდა ის ბიჭი.
— ჰო, — მიუგო ჰარიმ.
— მამაჩემი ახლა გვერდით მაღაზიაში ჩემთვის წიგნებს ყიდულობს, დედაჩემი კი ჯადოსნურ ჯოხს ეძებს, — ბიჭი ნელა და გატყლარჭულად ლაპარაკობდა, — მერე წავათრევ ორივეს და მფრინავ ცოცხებს ვნახავთ. არ მესმის, რატომ არ შეიძლება, პირველკურსელმა საკუთარი ცოცხი იქონიოს. მამაჩემს ტვინს შევუჭამ და ვაყიდინებ, მერე როგორმე შევაპარებ სკოლაში.
ამ ბიჭმა ჰარის რატომღაც დადლი მოაგონა. — შენ გაქვს ცოცხი? — არ ჩუმდებოდა ბიჭი.
— არა, — მიუგო ჰარიმ.
— ქვიდიჩს არ თამაშობ?
— არა, — უპასუხა ჰარიმ და თან გაიფიქრა, ნეტავ ეს ქვიდიჩი რაღა არისო.
— მე — კი. მამა ამბობს, შენი კლუბის ნაკრებში თუ არ აგიყვანენ, დანაშაული იქნებაო. მეც ასე ვფიქრობ. შენ რომელ კლუბში იქნები, «ერ არ იცი?
— არა, — ჰარიმ აღარ იცოდა, სად წასულიყო.
— თუმცა, წინასწარ არც არავინ იცის, სად მოხვდება. მე კი ვიცი, რომ სლიზერინში ვიქნები. მთელი ჩემი ოჯახი იქ სწავლობდა. ჰაფლეპაფში რომ გამიშვან, სკოლიდან წავალ. შენ?
ჰარიმ არ იცოდა, რა ეპასუხა.
— ჰეი, ერთი იმ კაცს შეხედე! — წამოიძახა ბიჭმა. ვიტრინასთან ჰაგრიდი იდგა. იღიმებოდა და ორი დიდი ნაყინი ეჭირა, რის გამოც მაღაზიაში ვერ შედიოდა.
— ეგ ჰაგრიდია, — თქვა ჰარიმ და გაუხარდა, რომ მან რაღაც იცოდა, ბიჭმა კი
— არა, — ჰოგვორტსში მუშაობს.
— ა, ვიცი, გამიგონია. მგონი, მსახურია, არა?
— ტყის მცველია, — ჰარის უფრო და უფრო არ მოსწონდა ეს ბიჭი.
— სწორია. ამბობენ, ნამდვილი ველურიაო, სკოლის ტყეში ცხოვრობს, პატარა ქოხში. ლოთია. სულ უნდა, რაღაც სასწაული მოახდინოს და ყველაფერი იმით მთავრდება, რომ თავის ლოგინს ცეცხლს უკიდებს ხოლმე.
— მე ძალიან მომწონს, — უთხრა ჰარიმ ცივად.
— მართლა? — ბიჭმა ჩაიცინა, — შენთან რა უნდა? შენი მშობლები სად არიან?
— ცოცხლები აღარ არიან, — მოკლედ მოუჭრა ჰარიმ. ამ ბიჭთან ურთიერთობა არ უნდოდა.
— სამწუხაროა, — ბიჭის ხმას წუხილისა არაფერი ეტყობოდა, — მაგრამ იმედია, ჩვენნაირები იყვნენ.
— ორივენი ჯადოქრები იყვნენ, თუ ამას გულისხმობ.
— მე მგონია, არაჩვენნაირებს არც უნდა იღებდნენ ჩვენს სკოლაში. სხვანაირები არიან და ისეთებადვე დარჩებიან, ვერაფერს ისწავლიან. ზოგმა ჰოგვორტსის არსებობაც არ იცის, სანამ წერილს არ მიიღებს, წარმოგიდგენია?! ჩვენთან მხოლოდ ტრადიციული ოჯახებიდან უნდა მოდიოდნენ. შენ რა გვარი ხარ?
სანამ ჰარი უპასუხებდა, მადამ მალკინმა თქვა: — მორჩა, ჩემო კარგო.
ჰარიმ შვებით ამოისუნთქა, საუბრის შეწყვეტისთვის საპატიო მიზეზი რომ გამოუჩნდა და სკამიდან ჩამოხტა.
— იმედია, ჰოგვორტსში შევხვდებით, — სიტყვა დაადევნა მეტიჩარა ბიჭმა. ჰარი ჩუმად შეექცა ჰაგრიდის ნაყიდ შოკოლადიან-ჟოლოიანთხილიან ნაყინს.
— მოხდა რამე? — შეეკითხა ჰაგრიდი.
— არაფერი, — იცრუა ჰარიმ.
პერგამენტისა და ბატის ფრთების საყიდლად შეჩერდნენ. ჰარი ცოტათი გამხიარულდა, როცა ისეთი მელანი აღმოაჩინა, რომელიც წერის დროს ფერს იცვლიდა. მაღაზიიდან რომ გამოვიდნენ, ჰარიმ იკითხა:
— ჰაგრიდ, ქვიდიჩი რა არის?
— ჯანდაბას ჩემი თავი, სულ მავიწყდება, რამდენი რამე არ იცი. აბა, კაცმა ქვიდიჩი არ იცოდეს!..
— შენ ნუღარ დამიმატებ, რა, — სთხოვა ჰარიმ და იმ ფერმკრთალ ბიჭზე უამბო, მადამ მალკინთან რომ ნახა, — ჰოდა, მაგლების ოჯახებიდან ბავშვებს სულაც არ უნდა იღებდნენ ჩვენს სკოლაშიო.
— მერე, შენ ხომ არა ხარ მაგლების ოჯახიდან! იმას რომ სცოდნოდა, შენ ვინა ხარ! თუ მისი მშობლები ჯადოქრები არიან, შენი სახელი პატარაობიდანვე ეცოდინება. ხომ ნახე, რა ხდებოდა „გახვრეტილ კარდალაში“. მაგან ბევრი იცის! რამდენი საუკეთესო ჯადოქარია მაგლების ოჯახებიდანაც, შენ რომ იცოდე, თუნდაც, დედაშენი ავიღოთ! და მის დას შეხედე!
— მაშ, ქვიდიჩი რა არის?
— ჩვენი სპორტია, ჯადოქრების. იცი, რას წააგავს? მაგლების ფეხბურთს წააგავს. ძალიან პოპულარულია. ჰაერში თამაშობენ, ცოცხებით დაფრინავენ. ოთხი ბურთია. ცოტა არ იყოს, ძნელია წესების ახსნა...
— სლიზერინი და ჰაფლეპაფი რაღაა?
— სასკოლო კლუბები. სულ ოთხია. ყველაზე ჩლუნგებს ჰაფლეპაფში ამწესებენ, მაგრამ...
— დაგენაძლევები, მე მანდ ჩამრიცხავენ, — ნაღვლიანად თქვა ჰარიმ.
— ისევ მანდ ჯობია სლიზერინში ყოფნას, — მოიღუშა ჰაგრიდი, — ყველა ბოროტი ჯადოქარი იქიდანაა გამოსული. „ჩვენ რომ ვიცით“, ისიც სლიზერინში სწავლობდა.
— ვოლ.. უკაცრავად, „ჩვენ რომ ვიცით“, ის ჰოგვორტსში სწავლობდა?
— ჰო. ოდესღაც, დიდი ხნის წინ.
სახელმძღვანელოები „ფლორიშ ენდ ბლოტში“ იყიდეს. თაროები ჭერამდე იყო სავსე. აქ ელაგა ტყავგადაკრული, ლოდივით დიდი წიგნები, სულ პაწაწკინტელა, საფოსტო მარკასავით ერთი ციცქნაც — აბრეშუმისყდიანი; უცნაური სიმბოლოებით სავსეებიცა და სუფთა ფურცლიანებიც. დადლიც კი, რომელიც არასოდეს არაფერს კითხულობდა, აქ ნამდვილად გახალისდებოდა.
ჰაგრიდმა ლამის ძალით მოგლიჯა ჰარი პროფესორ ვინდიქტუს ვირიდიანის წიგნს, „წყევლა და საპასუხო წყევლა” (მოხიბლეთ თქვენი მეგობრები და თავგზა აუბნიეთ მტრებს უთანამედროვესი შურისძიებით: გამელოტება, მუხლებში მოთენთვა, ენის ბორძიკი და უამრავი სხვა რამ).
— ვფიქრობდი, დადლის ვაჩვენებ მეთქი სეირს.
— ვერ ვიტყოდი, რომ ცუდი აზრია, მაგრამ საქმე ის არის, რომ მაგლების სამყაროში აკრძალულია მაგიის გამოყენება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. თანაც, შენ ჯერ არ გამოგივა. ბევრი უნდა ისწავლო, რომ შეძლო.
ჰაგრიდმა არც იმის ნება დართო, რომ ოქროს ქვაბი ეყიდა: „შენს სიაში წერია, მოკალულიო.“ სამაგიეროდ, სასწორი იყიდეს წამლის ინგრედიენტების ასაწონად, მართლაც, ძალიან ლამაზი, და კიდევ, თითბრის დასაკეცი ტელესკოპი. შემდეგ აფთიაქში შევიდნენ. იქაურობა ისეთი მომაჯადოებელი იყო, იმდენი საინტერესო რამ აღმოჩნდა, ვინღა აქცევდა ყურადღებას საზიზღარ სიმყრალეს — თითქოს ლაყე კვერცხისა და დამპალი კომბოსტოს სუნი ერთმანეთში ირეოდა. იატაკზე ლორწოვანი სითხეებით სავსე კასრები იდგა. თაროებზე ათასგვარი მცენარით, გამხმარი ფესვებით, ფერადი ფხვნილებით სავსე ქილები ჩაემწკრივებინათ. ჭერზე კი რა არ ეკიდა: შეკრული ფრთები, ბუმბულები, თოკზე აცმული ეშვები, მოკაუჭებული ბრჭყალები.
სანამ ჰაგრიდი ძირითადი წამლების სავალდებულო ინგრედიენტებს ყიდულობდა, ჰარიმ ყურადღებით დაათვალიერა ვერცხლში ჩასმული ცალრქიანი ცხენის რქა (თითო ოცდაერთი გალეონი რომ ღირდა) და ხოჭოს ნამცეცა მბზინავი თვალები (სირჩა — ხუთი კნატი).
აფთიაქიდან რომ გამოვიდნენ, ჰაგრიდმა ისევ სიას ჩახედა.
— დაგვრჩა მხოლოდ ჯადოსნური ჯოხი და, ჰო, შენი დაბადების დღის საჩუქარიც ჯერ არ მიყიდია.
ჰარიმ იგრძნო, როგორ გაწითლდა.
— აუცილებელი არ არის... — ვიცი, რომ აუცილებელი არ არის. იცი რა, მოდი, ცხოველს გიყიდი. გომბეშო არ გვინდა. მოდაში აღარ არის. დაგცინებენ. კატები არ მიყვარს. რატომღაც მაცემინებს კატებზე. ბუს გიყიდი. ყველა ბავშვი ამაზე ოცნებობს. თანაც მაგრად გამოგადგება. წერილები მიაქ-მოაქ.
ოც წუთში გამოვიდნენ ბუების მაღაზიიდან, სადაც ჩუმი შრიალი, ფრთხიალი და კივილი ისმოდა და სიბნელეში მხოლოდ თვალები ანათებდა პატიოსანი ქვებივით ბრჭყვიალა და ბრიალა.
ჰარის დიდი გალია მოჰქონდა. შიგ ულამაზეს, თოვლივით ქათქათა პოლარულ ბუს ეძინა ფრთისქვეშ თავშერგულს. ჰარიმ იმდენი მადლობა თქვა, იმდენჯერ გაიმეორა ეს მადლობა, რომ პროფესორ ქვირელივით დაება ენა.
— არაფრის, არაფრის, — ჰაგრიდი უცებ მოიღუშა: — ეტყობა, დერსლები საჩუქრებით არ განებივრებდნენ. ახლა კი ოლივანდერთან მივდივართ. ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ ოლივანდერთან იყიდება. საუკეთესო ჯოხი უნდა ვიყიდოთ.
ჯადოსნური ჯოხი... აი, რას ელოდა ჰარი ყველაზე დიდი გულისფანცქალით. მაღაზია ვიწრო და უბადრუკი იყო, კარის თავს ფერგადასული მოოქრული
წარწერა ამშვენებდა: „ოლივანდერები: საუკეთესო ჯადოსნური ჯოხების მწარმოებლები ძვ. წ. 382 წლიდან“.
მტვრიან ვიტრინაში, გახუნებულ მეწამულ ბალიშზე, ერთადერთი ჯოხი იდო. კარი რომ შეაღეს, შიგნით, სიღრმეში, ზანზალაკმა გაიწკარუნა. პაწაწინა სივრცეში
მხოლოდ ერთი სკამი იდგა, წვრილი და გრძელი. ჰაგრიდი დაჯდა. ჰარის უცნაური გრძნობა დაეუფლა, თითქოს ბიბლიოთეკაში შევიდა, სადაც უმკაცრესი წესები მოქმედებდა. ბევრი კითხვა გაუჩნდა, მაგრამ არაფერი უკითხავს, მხოლოდ ერთმანეთზე ჭერამდე შეწყობილ ათასობით ვიწრო ყუთს დაუწყო თვალიერება. რატომღაც, კისერმა ჩხვლეტა დაუწყო. მტვერი და სიჩუმე იდუმალებას მატებდა აქაურობას.
— მოგესალმებით, — გაისმა მშვიდი ხმა. ჰარი შეხტა. ალბათ ჰაგრიდიც შეხტა, რადგან ის გრძელი სკამი გატკაცუნდა და ჰაგრიდი წამოხტა.
მათ წინ მოხუცი კაცი იდგა. მაღაზიის ბინდბუნდში მისი დიდი, უფერული თვალები მთვარესავით ანათებდა.
ჰარი უხერხულად მიესალმა.
— დიახ, დიახ, ვიცოდი, რომ სულ მალე გნახავდით. ჰარი პოტერ! დედის თვალები გაქვთ. თითქოს გუშინ იყო, აქ რომ იდგა და თავის პირველ ჯოხს ყიდულობდა. ოცდაექვსი სანტიმეტრის სიგრძისა იყო, მოქნილი, ტირიფის ხისა. სწორედ რომ სასწაულმოქმედი ჯოხი, მისტერ ოლივანდერი ჰარის მიუახლოვდა.
ნეტავ თვალები დაახამხამოსო, ფიქრობდა ჰარი. მოხუცის ვერცხლისფერი თვალები ჟრუანტელს ჰგვრიდა.
— მამათქვენს წითელი ხის მოეწონა. ოცდაშვიდი სანტიმეტრის სიგრძის, მოქნილი, ძლიერი და ტრანსფიგურაციისთვის ზედგამოჭრილი. მე კი ვთქვი, მამათქვენს მოეწონა მეთქი, მაგრამ, სინამდვილეში, ჯოხი ირჩევს ჯადოქარს და არა
— პირიქით.
მისტერ ოლივანდერი ისე ახლოს მისულიყო, რომ ცხვირი თითქმის ჰარის ცხვირზე ჰქონდა მიბჯენილი. ჰარი თავის ანარეკლს ხედავდა მოხუცის ნისლიან თვალებში.
— აი, თურმე აქ... — მისტერ ოლივანდერმა გრძელი თეთრი თითი ჰარის კლაკნილ ნაიარევს მიადო, — სამწუხაროდ, უნდა მოგახსენოთ, რომ ჯოხი, რომელმაც ეს კვალი დატოვა, მას მე მივყიდე. ოცდათოთხმეტი სანტიმეტრი, ურთხელი, ძლიერზე უძლიერესი ჯოხი, მაგრამ ცუდ ხელში აღმოჩნდა... მე რომ მცოდნოდა, ის ჯოხი რას მოიმოქმედებდა...
მოხუცმა თავი გაიქნია და, ჰარისდა საბედნიეროდ, ჰაგრიდი დაინახა.
— რუბეუს! რუბეუს ჰაგრიდ! სასიამოვნოა, რომ ისევ შეგხვდით... მუხა, ორმოცი სანტიმეტრი, საკმაოდ დრეკადი ჯოხი. ხომ ასე იყო?
— დიახ, ასე იყო, სერ!
— კარგი ჯოხი იყო, მაგრამ, თუ არ ვცდები, რომ გაგრიცხეს, ჯოხი შუაზე გადაგიტეხეს,— მისტერ ოლივანდერი უცბად გამკაცრდა.
— დიახ, მართალსა ბრძანებთ, ასე იყო, — ჰაგრიდი აწრიალდა, შემდეგ მხიარულად დაუმატა: — ნაწილები შენახული მაქვს, სერ.
— იმედია, არ იყენებთ, — მრისხანედ იკითხა მისტერ ოლივანდერმა.
— ო, არა, არა, სერ, — სწრაფად უპასუხა ჰაგრიდმა და ჰარიმ შეამჩნია, როგორ ჩაბღუჯა თავისი ვარდისფერი ქოლგა.
მისტერ ოლივანდერმა გამომცდელი მზერა ესროლა და კვლავ ჰარის მიუბრუნდა:
— კეთილი, მისტერ პოტერ, აბა, ვნახოთ! — ჯიბიდან ვერცხლისდანაყოფებიანი სანტიმეტრი ამოიღო, — რომელი ხელით გიჭირავთ ჯოხი, — საერთოდ, მარჯვენა ხელს ვხმარობ.
— გამომიწოდეთ თქვენი მარჯვენა ხელი. აი, ასე.
და დაიწყო ზომვა. მხრიდან თითებამდე, მაჯიდან იდაყვამდე, მხრიდან იატაკამდე, მუხლიდან იღლიამდე, თავის გარშემო, თან ლაპარაკობდა: — ოლივანდერის თითოეულ ჯოხში მოთავსებულია მძლავრი მაგიური სუბსტანცია, გული, მისტერ პოტერ. ვიყენებთ ცალრქიანი ცხენის ბალანს, ფენიქსის კუდის ბუმბულს, დრაკონის გულის ძარღვებს... ოლივანდერის ყოველი ჯოხი ერთადერთია და განუმეორებელი, ისევე, როგორც ორი ცხენი, ფენიქსი და დრაკონი განსხვავდება ერთმანეთისგან. ჰოდა, თუ არასწორად აირჩიე ჯადოსნური ჯოხი, სასურველ შედეგს ვერასოდეს მიაღწევ.
ჰარიმ უცებ შენიშნა, რომ სანტიმეტრი, რომელიც ახლა ნესტოებს შორის მანძილს უზომავდა, ამას თვითონ, დამოუკიდებლად აკეთებდა. მისტერ ოლივანდერს ყუთები ჩამოჰქონდა თაროებიდან.
— საკმარისია, — გამოაცხადა მან და სანტიმეტრი იატაკზე დავარდა, — მისტერ პოტერ, აი, ეს სინჯეთ: წიფელა და დრაკონის ძარღვი. ოცდაორი სანტიმეტრი. კოხტა და დამყოლი. აიღეთ და გაიქნიეთ.
ჰარიმ ჯოხი აიღო და გაიქნ-გამოიქნია, თან ფიქრობდა, სულელურად გამოვიყურებიო. მისტერ ოლივანდერმა მაშინვე გამოსტაცა ხელიდან.
— აბა, ეს, ნეკერჩხალი და ფენიქსის ბუმბული. თვრამეტი სანტიმეტრი, ნახეთ, რა ჰაეროვანია.
ჰარიმ გაქნევაც ვერ მოასწრო, ისე გამოსტაცა მოხუცმა ხელიდან.
— არა. არა. აბა, ეს, აბანოზის ხის, ცალრქიანი ცხენის ბალნით, რვანახევარი, ზამბარასავითაა, მოდით, სინჯეთ.
ჰარი სინჯავდა. მერე ისევ სინჯავდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ეძებდა მისტერ ოლივანდერი. სკამზე უკვე ბლომად დახვავდა გასინჯული ჯოხები. რაც მეტს იღებდა ბატონი ოლივანდერი თაროებიდან, მით უფრო მხიარულდებოდა.
— რთული კლიენტი აღმოჩნდით! მაგრამ არაფერია. აუცილებლად შეგირჩევთ შესაფერისს. აქ იქნება სადმე... ეს ხომ არა, უცნაური შეხამებაა. იქნებ, სწორედაც, ეს... ბაძგი და ფენიქსის ბუმბული. ოცდარვა სანტიმეტრი. მოქნილი, მშვენიერი ჯოხი.
ჰარიმ გამოართვა და იგრძნო, როგორ ჩაეღვარა თითებში სითბო. ჯოხი თავს ზემოთ ასწია და სწრაფად დაიქნია მტვრიან ჰაერში. ჯოხის წვერიდან ფეიერვერკივით დაცვივდა წითელ-ოქროსფერი ნაპერწკლები, კედლებზე კი ათინათი ათამაშდა. ჰაგრიდმა ყიჟინა დასცხო და ტაში შემოჰკრა, მისტერ ოლივანდერმა კი შესძახა:
— ბრავო! მშვენიერია, თანაც მეტად... მეტად... უცნაურია... მართლაც უცნაურია...
— ჰარის ჯოხი ყუთში ჩადო და ყავისფერ ქაღალდში გაახვია, თან გაუთავებლად ბუტბუტებდა: — საოცარია... საოცარია...
— უკაცრავად, — ვერ მოითმინა ჰარიმ, — რა არის საოცარი?
მისტერ ოლივანდერმა ფერგამქრალი თვალები კვლავ ჰარის მიაპყრო.
— მახსოვს ყოველი ჯოხი, რაც ოდესმე გამიყიდია, მისტერ პოტერ, მოხდა ისე, რომ იმ ფენიქსის კუდიდან, რომლის ბუმბულიც თქვენს ჯოხშია, კიდევ ერთი სხვა ბუმბულიც იყო. უცნაური სწორედ ის გახლავთ, რომ თქვენ გერგოთ ჯოხი, რომლის ძმამ, დიახ, ძმამ ეგ ნაიარევი დაგიტოვათ.
ჰარიმ ნერწყვი გადაყლაპა.
— დიახ. ოცდათოთხმეტი სანტიმეტრი. საოცარია, როგორ ხდება ასეთი რამეები. გახსოვდეთ, ჯოხი თვითონ ირჩევს ჯადოქარს... დიად საქმეებს უნდა მოველოდეთ თქვენგან, მისტერ პოტერ... ბოლოს და ბოლოს, მან, ვისი სახელიც არ ითქმის, ასევე დიდი საქმეები ჩაიდინა, მართალია, საშინელი, მაგრამ დიდი...
ჰარის ჟრუანტელმა დაუარა. არა, არ მოსწონდა ეს მისტერ ოლივანდერი. გადაიხადა შვიდი ოქროს გალეონი და ოლივანდერმა თავის დაკვრით გააცილა ისინი მაღაზიიდან.
* * *
მზე უკვე გადახრილიყო, როცა ჰარი და ჰაგრიდი იმავე გზით დაბრუნდნენ უკან: მრუდე ქუჩა, მერე კედელი, ლუდხანა „გახვრეტილი კარდალა“. აქ აღარავინ იყო. ჰარის მთელი გზა ხმა არ ამოუღია. გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდა. ვერც იმას ხედავდა, რა ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ მეტროში მის უცნაურად შეფუთულ ყუთებს და თეთრ ბუს, ისევ რომ ეძინა ჰარის მუხლებზე. აიარეს ესკალატორი და პედინგტონის სადგურში ამოვიდნენ. ჰაგრიდმა ხელი მოუთათუნა მხარზე და ჰარი მხოლოდ ახლა გამოერკვა, სად იყო.
” — სანამ შენი მატარებელი გავა, რამე შევჭამოთ, — უთხრა ჰაგრიდმა. ჰამბურგერები იყიდა და პლასტმასის სკამებზე ჩამოსხდნენ. ჰარი აქეთ-იქით იხედებოდა. რა უცნაური ეჩვენებოდა ყოველივე!
— რა დაგემართა, რაღაც მეტისმეტად მიჩუმდი, — ჰკითხა ჰაგრიდმა.
ჰარიმ იფიქრა, არა მგონია, შევძლო ამის ახსნაო. რა თქმა უნდა, ეს იყო მისი საუკეთესო დაბადების დღე, მაგრამ ახლა... ჰამბურგერს ღეჭავდა და სიტყვებს ეძებდა. ბოლოს თქვა:
— ყველა ფიქრობს, რომ მე რაღაცით გამორჩეული ვარ, ყველა, ვინც
„გახვრეტილ კარდალაში“ იყო, პროფესორი ქვირელი, მისტერ ოლივანდერი... მე კი ჯადოქრობის შესახებ არაფერი არ ვიცი... აბა, რომელი დიადი საქმეები შემიძლია, ჩავიდინო? სახელგანთქმული ვარ და არც კი მახსოვს, რის გამო. ისიც კი არ ვიცი, რა მოხდა იმ ღამეს, როცა ვოლ... უკაცრავად, მინდოდა, მეთქვა, იმ ღამეს, როცა ჩემი მშობლები დაიღუპნენ.
ჰაგრიდი მაგიდის მეორე მხრიდან გადმოიხარა. ამ გაჩეჩილ, წარბებგაფარჩხულ გოლიათს საოცრად კეთილი ღიმილი ჰქონდა.
— ნუ დარდობ, ჰარი. ძალიან ჩქარა გეცოდინება. ჰოგვორტსში ყველა თავიდან სწავლობს ყველაფერს. აი, ნახე, რა მაგარი იქნები. შენ, უბრალოდ, გევალება, რომ იყო ის, რაც ხარ. მესმის, ადვილი არ არის, როცა კაცი რჩეულია, განსაკუთრებული. ეს მძიმე ტვირთია, მაგრამ ჰოგვორტსში ძალიან მოგეწონება. მეც მომწონდა ყოველთვის და, მართალი გითხრა, ახლაც მომწონს.
ჰაგრიდმა ჰარი მატარებელში ჩააბარგა, რომელსაც ისევ დერსლებთან უნდა წაეყვანა ბიჭი. შემდეგ კონვერტი მიაწოდა და უთხრა:
— ეს შენი ბილეთია, ჰოგვორტსის მატარებლის. პირველი სექტემბერი, კინგს ქროსის სადგური... ბილეთზე ყველაფერი წერია. დერსლებთან თუ რამე გაგიჭირდეს, მომწერე. შენმა ბუმ იცის, სად მომძებნოს... ნახვამდის, ჰარი...
მატარებელი დაიძრა. ჰარიმ იფიქრა, სანამ თვალს მიეფარება, მინდა, ჰაგრიდს ვუცქიროო, წამოდგა და ფანჯრის მინას მიადო ცხვირი, მაგრამ თვალი დაახამხამა და, ჰაგრიდიც გაქრა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent