შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი VI


24-06-2021, 10:51
ავტორი ცირაკო
ნანახია 797

თავი მეექვსე
გამგზავრება პლატფორმიდან, რომლის ნომერია ცხრა და სამი მეოთხედი დერსლებთან გატარებული ბოლო ერთი თვე ჰარისთვის საკმაოდ უინტერესო იყო. დამფრთხალ დადლის ჰარისთან მარტო დარჩენისა ეშინოდა. დეიდა პეტუნია და ძია ვერნონიც შეიცვალნენ: აღარც საკუჭნაოში კეტავდნენ, აღარც რაიმეს კეთებას აიძულებდნენ, აღარც უყვიროდნენ. ისე იყვნენ გაბრაზებულებიც და შეშინებულებიც, ხმასაც კი აღარ სცემდნენ, თითქოს ჰარი საერთოდ არ არსებობდა. წინანდელ ყოფას ალბათ ეს სჯობდა, მაგრამ მალე ესეც აუტანელი გახდა.
ჰარი თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა. ერთადერთი მეგობარი ბუ ჰყავდა, რომელსაც ჰედვიგი დაარქვა. ეს სახელი „მაგიის ისტორიაში“ ამოიკითხა. ჰოგვორტსის სახელმძღვანელოები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, გვიან ღამემდე იწვა და კითხულობდა. ჰედვიგი თავის ნებაზე იყო მიშვებული. ღია ფანჯარაში როცა უნდოდა, გაფრინდებოდა, როცა უნდოდა, მოფრინდებოდა. კიდევ კარგი, დეიდა პეტუნია თავისი მტვერსასრუტით აღარ ამოდიოდა ჰარისთან ოთახის დასალაგებლად, თორემ იქაურობის დანახვაზე საშინელ ამბავს ატეხდა: ჰედვიგს სულ მკვდარი თაგვები მოჰქონდა შინ.
ჰარიმ კედელზე ფურცელი მიაკრა. ყოველ საღამოს, დაძინებამდე, თითო დღეს გადახაზავდა ხოლმე და ასე ითვლიდა, რამდენი დღე დარჩა პირველ სექტემბრამდე.
აგვისტოს ბოლო დღეს ჰარიმ გადაწყვიტა, დროა, დეიდაჩემსა და მის ქმარს ვუთხრა, რომ ხვალ კინგს ქროსის სადგურში უნდა მივიდეო. სასტუმრო ოთახში ჩავიდა, სადაც ყველანი ტელევიზორთან ისხდნენ და რაღაც ვიქტორინას უყურებდნენ. ჰარიმ ჩაახველა, მოვედიო. დადლიმ დაინახა თუ არა, შეჰყვირა და ოთახიდან გავარდა. — ძია ვერნონ...

ძია ვერნონმა უკმაყოფილოდ შეუღრინა, აქაოდა, ვერა ხედავ, ვუსმენო!
— იცით რა, ხვალ კინგს ქროსის სადგურში უნდა ვიყო, ჰოგვორტსში მივდივარ... პასუხად კვლავ ღრენა გაისმა.
— თუ შეიძლება, წამიყვანეთ...
ისევ ღრენა... ჰარიმ იფიქრა ეს ღრენა თანხმობის ნიშანიაო და თქვა:
— გმადლობთ!
გატრიალდა და ოთახიდან გასვლას აპირებდა, რომ ძია ვერნონმა, როგორც იქნა, ხმა ამოიღო:
— ჯადოქრების სკოლაში მატარებლით მიდიხარ? სასაცილოა პირდაპირ. რაო, დაგიძველდათ მფრინავი ხალიჩები, სუყველა ჩრჩილმა დაგიჭამათ?
ჰარიმ არაფერი უპასუხა.
— საინტერესოა, სად არის ეგ შენი სკოლა?
— არ ვიცი, — თქვა ჰარიმ. მართლაც, არ იცოდა. ამაზე არც კი უფიქრია. ჯიბიდან ჰაგრიდის მიცემული ბილეთი ამოიღო, — თერთმეტ საათზე მივყვები მატარებელს ცხრა და სამი მეოთხედი პლატფორმიდან, — წაიკითხა ჰარიმ.
დეიდა და ძია გაშტერდნენ.
— რომელი პლატფორმიდან?
— ცხრა და სამი მეოთხედიდან.
— ნუ ლაპარაკობ სისულელეს, — თქვა ძია ვერნონმა. — არ არსებობს პლატფორმა ცხრა და სამი მეოთხედი.
— ჩემს ბილეთში ასე წერია.
— არანორმალურები. დარტყმულები. ჰო, ჰო, ისინი. ჯერ დაიცა, შენ თვითონაც ნახავ. კი ბატონო, წაგიყვანთ კინგს ქროსზე. ხვალ დილით ისედაც ლონდონში მივდივართ და შეგიძლია, წამოგვყვე, თორემ თავს არ შევიწუხებდი.
— ლონდონში რატომ მიდიხართ? — იკითხა ჰარიმ, რომ საუბარი ცოტათი გულთბილი გამხდარიყო.
— დადლი მიგვყავს ექიმთან, — დაიღრინა ძია ვერნონმა, — სანამ სკოლაში წავა, ის ოხერი კუდი უნდა მოვაჭრათ.
* * *
ჰარის გამთენიისას გამოეღვიძა. ხუთი საათი იყო, მაგრამ ისე ღელავდა, ისე ნერვიულობდა, ვერაფრით ვეღარ შეიბრუნა ძილი.
ადგა, ჯინსი ჩაიცვა, სადგურში ამით წავალ, ჯადოქრის მანტიას მერე, მატარებელში მოვისხამო. სიას კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი, რამე არ დამრჩესო. შეამოწმა ჰედვიგი — საიმედოდ იყო გალიაში ჩაკეტილი. მერე ოთახში ბოლთას სცემდა და დერსლების გამოღვიძებას ელოდა. ორი საათის შემდეგ ჰარის ვეებერთელა, მძიმე ჩემოდანი ძია ვერნონმა თავისი მანქანის საბარგულში მოათავსა, დეიდა პეტუნიამ ძლივს დაიყოლია დადლი, ჰარის გვერდით დამჯდარიყო უკანა სკამზე და გზას გაუდგნენ.
თერთმეტის ნახევარზე უკვე კინგს ქროსის სადგურში იყვნენ. ძია ვერნონმა ჩემოდანი ურიკაზე შემოდო და თავისი ხელით გააგორა. ჰარიმ იფიქრა, რა უცნაურია, რომ ასე კეთილად მექცევა ძია ვერნონიო, სანამ კეთილი ძია ვერნონი უცბად არ შედგა და დამცინავი ღიმილით არ წარმოთქვა:
— აი, მოვედით, ბიჭო! პლატფორმა ნომერი ცხრა და პლატფორმა ნომერი ათი. შენი სადღაც შუაში უნდა იყოს. მგონი, ჯერ არ აუშენებიათ, არა, როგორ ფიქრობ?
მართლაც, ასე იყო. ერთ პლატფორმას ეწერა დიდი ცხრიანი, მეორეს — დიდი ათიანი, შუაში სხვა არაფერი ჩანდა.
— აბა, კარგად! შენ იცი, როგორ იმეცადინებ! — ძია ვერნონმა ავად გაუღიმა და წავიდა. ჰარიმ დაინახა, როგორ დაიძრა დერსლების მანქანა, როგორ იცინოდნენ სამივენი და პირი გაუშრა. ახლა რა ქნას? ხალხი გაოცებით ათვალიერებდა მას და ჰედვიგს. არა, ალბათ, უნდა ჰკითხოს ვინმეს.
მატარებლის გამცილებელმა ჩაუარა. ჰარიმ ის გამცილებელი გააჩერა, მაგრამ ვერ გაბედა, ეკითხა, ცხრა და სამი მეოთხედი პლატფორმა რომელიაო. ის კი გაარკვია, რომ ამ გამცილებელს ჰოგვორტსი არც გაეგონა, ხოლო როცა ჰარიმ ისიც ვერ უთხრა, ქვეყნის რომელ ნაწილში იყო ეს ჰოგვორტსი, გამცილებელი საშინლად განაწყენდა, თითქოს ჰარი განზრახ ისულელებდა თავს. სასოწარკვეთილმა ჰარიმ კითხვა ახლა ასე შემოაბრუნა: თერთმეტ საათზე რომელი მატარებელი გადისო. თერთმეტზე არაფერიც არ გადისო, უპასუხა გამცილებელმა. ბოლოს გამცილებელი თავისი გზით წავიდა, თან ბუზღუნებდა, რამდენი უსაქმურია ამ ქვეყანაზეო. ჰარი ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა. სადგურის დიდი საათის მიხედვით ჰოგვორტსის მატარებელი ათ წუთში უნდა გასულიყო. ჰარის კი წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ მოხვედრილიყო ამ მატარებელში. გაოგნებული იდგა ორ პლატფორმას შორის ტყვიასავით მძიმე ჩემოდნით, ჯიბე ჯადოქრების ფულით ჰქონდა სავსე, ხელში კი თავისი ბუ ეჭირა.
არა, ჰაგრიდს ნამდვილად დაავიწყდა, ეთქვა ჰარისათვის ის რაღაც, რაც ახლა იყო საჭირო, როგორიცაა, მაგალითად, მარცხნივ, მესამე აგურზე მიკაკუნება მრუდე ქუჩაზე გასასვლელად. ჩემი ჯადოსნური ჯოხი ხომ არ ამოვიღო და მეცხრე და მეათე პლატფორმებს შორის ბილეთების ყუთზე დავაკაკუნო, იქნებ გაჭრასო, — იფიქრა.
სწორედ ამ დროს ვიღაცეებმა ჩაუარეს გვერდით და ჰარიმ გაიგონა მათი ნათქვამი:
— მოკლედ, ამ მაგლებს გვერდს ვერ აუვლი... ჰარი მიტრიალდა და დაინახა მსუქანი ქალი, ოთხ ბიჭს ერთად რომ ელაპარაკებოდა. ყველას ცეცხლივით წითელი თმა ჰქონდა, ყველას ჰარისნაირი ჩემოდანი მოჰქონდა და ხელში ბუ ეკავა.
ჰარის გული შეუფრთხიალდა. ურიკა მოაბრუნა და მათკენ გააგორა. ისინი შეჩერდნენ. ჰარიც გაჩერდა. ისე ახლოს იდგა, მათი ლაპარაკი კარგად ესმოდა.
— რომელი პლატფორმაა? — იკითხა ბიჭების დედამ.
— ცხრა და სამი მეოთხედი, — წკრიალა ხმით გამოაცხადა პატარა გოგონამ. თმა მასაც ჟღალი ჰქონდა და დედას ხელჩაკიდებული მიჰყვებოდა, — დედა, მეც მინდა წასვლა...
— ჯერ პატარა ხარ, ჯინი, წყნარად იყავი. პერსი, შენ პირველი წადი.
პერსი ბიჭებს შორის ყველაზე უფროსს ჰგავდა. ჰარი ყურადღებით დააკვირდა, საით გაემართა ბიჭი. მეცხრე და მეათე პლატფორმებს შორის გამყოფი კედელი იყო. პერსი პირდაპირ იმ კედლისაკენ წავიდა. მაგრამ უეცრად ჰარის ტურისტების დიდმა ჯგუფმა ჩაუარა წინ. აი, შემდეგ რა მოხდა, ან ბიჭი სად გაქრა, ჰარიმ ვეღარ გაარკვია.
— ფრედ, ახლა შენ! — თქვა მსუქანმა ქალმა.
— დედა, მე ჯორჯი ვარ, — უთხრა ბიჭმა, — დედაც ამას ჰქვია, ვერ არჩევ, ჯორჯი ვარ თუ ფრედი?
— მაპატიე, ჯორჯ, ძვირფასო...
— გეხუმრები, დედა, ფრედი ვარ, — გაიცინა ბიჭმა და წავიდა. ტყუპისცალმა მიაძახა, დაუჩქარეო და ეტყობა, მართლაც დაუჩქარა, რადგან, წამიც და — გაქრა, მაგრამ ნეტავ სად?
უკვე მესამე ბიჭი გაეშურა იმ კედლისკენ, მიუახლოვდა და ისიც გაუჩინარდა. არა, გასასვლელი იქ ნამდვილად არ იყო.
— უკაცრავად, — მიმართა ჰარიმ იმ მსუქან ქალბატონს.
— გამარჯობა, ძვირფასო. შენ ალბათ პირველად მიდიხარ ჰოგვორტსში, არა? აი, რონიც პირველად მიდის.
ქალმა თავის უმცროს ვაჟიშვილზე მიუთითა. რონი მაღალი იყო, გამხდარი, აწოწილი და ჭორფლიანი. დიდი ხელები, დიდი ფეხები და გრძელი ცხვირი ჰქონდა.
— დიახ, — მიუგო ჰარიმ, — საქმე ის გახლავთ, რომ მე არ ვიცი, როგორ...
— როგორ მოხვდე პლატფორმაზე, არა? — ქალს საოცრად ალერსიანი ხმა ჰქონდა. ჰარიმ თავი დაუქნია.
— ნუ ღელავ, ჩემო კარგო, ახლავე აგიხსნი, რა უნდა ქნა. წახვალ სულ პირდაპირ, იმ კედლისკენ, მეცხრე და მეათე პლატფორმას შორის რომ არის. არ შეჩერდე და, რაც მთავარია, არ შეშინდე, დავეჯახებიო. თუ ნერვიულობ, მაშინ ჯობია, სირბილით იარო. ჯერ შენ წადი, მერე რონი გამოგყვება.
— კარგი, — დაეთანხმა ჰარი და ურიკა კედლისკენ შეაბრუნა.
ჩვეულებრივი კედელი ჩანდა, საკმაოდ მყარი. ჰარი კედლისკენ გაემართა. გარშემო უამრავი ხალხი მოძრაობდა. ჰარი გაჭირვებით მიიკვლევდა გზას. შემდეგ ნაბიჯს აუჩქარა. აი, სადაცაა, შეასკდება ბილეთების ყუთს და დაიმტვრევა. ჰარი ურიკას მიაწვა და გაიქცა. კედელი სულ უფრო და უფრო უახლოვდება, ახლა რომც მოინდომოს ვეღარ შეჩერდება, ურიკა თავისით მიქრის. ჰარი ძლივს ეწევა, თვალები დახუჭა, სადაცაა კედელს შეასკდება...
არაფერიც არ მოხდა... ისევ მირბოდა... თვალი გაახილა.
ხალხით გატენილი ალისფერი ორთქლმავალი პლატფორმასთან იცდიდა. ტაბლოზე ეწერა: ჰოგვორტსის ექსპრესი — 11:00.
ჰარიმ უკან, კედლისკენ მიიხედა. კედლის ადგილას თუჯის თაღი იყო. ჰარიმ წაიკითხა:
„პლატფორმა 9 3/4“ ყველაფერი რიგზეა!
ბოლი ბოლქვებად ასდიოდა ორთქლმავალს და უამრავ წამსვლელ-გამცილებელს ნისლივით ეხვეოდა. ძირს, ფეხებს შორის, ნაირნაირი შეფერილობის კატები დაძვრებოდნენ. ისმოდა ჟრიამული, მძიმე ჩემოდნების ჭრიალი და ბუების უკმაყოფილო კივილი, ერთმანეთს გადაძახილით რომ ატყობინებდნენ რაღაცას.
წინა ვაგონები უკვე სავსე იყო მოსწავლეებით. ზოგი ფანჯარაში გადმოყუდებულიყო და ახლობლებს ემშვიდობებოდა, ზოგი ადგილებისთვის ძიძგილაობდა. ჰარიმ თავისი ურიკა გააგორა და თავისუფალი ადგილის მოსაძებნად პლატფორმას გაუყვა.
ერთი პუტკუნა ბიჭი წუხდა:
— ბები, ჩემი გომბეშო ისევ დამეკარგა...
— ოჰ, ნევილ, ნევილ... — ამოიოხრა მოხუცმა ქალბატონმა.
ჰარიმ ახლა იმ ბიჭს ჩაუარა, რომელსაც ხელში რაღაც ყუთი ეკავა, გარშემო ხალხი ეხვია და სთხოვდა:
— ლი, მიდი რა, გვაჩვენე...
ბიჭმა თავსახური გადასწია. ყველამ შიშით შეჰყვირა და უკან დაიხია, რადგან ყუთიდან რაღაცამ გრძელი, ბანჯგვლიანი ფეხი გადმოყო.
იმდენი ხალხი ირეოდა, გვერდის ავლა ჭირდა. როგორც იქნა, ჰარიმ სადღაც სულ ბოლოს, თითქმის უკანასკნელ ვაგონში თავისუფალი კუპე იპოვა. ჯერ ჰედვიგი შეიყვანა და დააბინავა. შემდეგ თავის ჩემოდანს დაეჭიდა. კიბეზე ვერაფრით ვერ აიტანა. ორჯერ გაუსხლტა ხელიდან და ფეხზე დაეცა.
— მოხმარება ხომ არ გინდა? — ეს ჟღალთმიანი ტყუპისცალი იყო.
— დიახ, თუ შეიძლება, — ჰარი ძლივს სუნთქავდა.
— ფრედ, მოდი, მოგვეხმარე!
ტყუპებმა ჰარის ჩემოდანი ერთად შეათრიეს კუპეში და კუთხეში დადეს.
— გმადლობთ! — გაუღიმა ჰარიმ და თვალებზე ჩამოყრილი სველი თმა გადაიწია.
— ეს რა გაქვს? — იკითხა ერთმა და შუბლზე მიუთითა.
— აუ, ეს ნამდვილად ის... — წამოიძახა მეორემ, — შენ ისა ხარ?
— ის არის, — დაუდასტურა პირველმა, — ხომ მართლა შენა ხარ?
— ვინ? — დაიბნა ჰარი.
— ჰარი პოტერი! — ერთხმად თქვეს ტყუპებმა.
— ჰო, ისა ვარ, — გაეცინა ჰარის, — უფრო სწორად, მე ვარ.
ტყუპები პირდაღებულნი მიაჩერდნენ. ჰარიმ იგრძნო, რომ გაწითლდა. კიდევ კარგი, ღია კარში ქალის ხმა გაისმა:
— ფრედ! ჯორჯ! სადა ხართ?
— მოვდივართ, დე...
ისევ შეავლეს თვალი ჰარის და ძირს ჩახტნენ.
ჰარი ფანჯარასთან დაჯდა, კუთხეში. აქედან კარგად მოჩანდა ჟღალთმიანთა ოჯახი და მათი საუბარიც ისმოდა. დედას ცხვირსახოცი ამოეღო.
— რონ, მოდი, რაღაც მოგეცხო ცხვირზე.
დედამ ძალით დაიჭირა და ცხვირის წმენდა დაუწყო.
— დე, კარგი რა, — არ უჩერდებოდა რონი.
— ლონიკოს ცხვილზე ლაღაცა მოეცხო! — წაუმღერა ტყუპისცალმა.
— მოკეტე! — გაბრაზდა რონი.
— პერსი სად არის? — იკითხა დედამ.
— აგე, მოდის.
პერსი, ძმებს შორის უფროსი, მათკენ მოაბიჯებდა. ტანისამოსის გამოცვლა მოესწრო და ჰოგვორტსის შავ მანტიას მოაფრიალებდა, მკერდზე ბზინვარე ვერცხლის ემბლემა ეკეთა, რომელზედაც ასო „პ“ ეწერა.
— დედა, ძალიან მეჩქარება, — თქვა პერსიმ, — მე წინა ვაგონში ვარ. პრეფექტებისთვის ორი კუპეა გამოყოფილი.
— ახ, შენ უკვე პრეფექტი ხარ?! — ვითომდა განცვიფრებული სახე მიიღო ერთ-ერთმა ტყუპისცალმა.
— ვერ გვითხარი, მერე? ჩვენც ხომ უნდა გვცოდნოდა!
— მოიცა, მახსოვს, მგონი ამბობდა, — თქვა მეორემ, — ერთხელ...
— თუ ორჯერ...
— წუთში ორჯერ...
— მთელი ზაფხული...
— ოჰ, მორჩით! — გაბრაზდა პრეფექტი პერსი.
— კი მაგრამ, რატომ აქვს პერსის ახალი მანტია? — იკითხა ერთერთმა ტყუპისცალმა.
— იმიტომ, რომ პრეფექტია — ალერსიანად თქვა დედამ, — წადი, ჩემო კარგო, წადი. აბა, შენ იცი, ჩახვალ თუ არა, ბუ მაშინვე გამომიგზავნე, — პერსის ლოყაზე აკოცა და ბიჭიც სწრაფად წავიდა. დედა ტყუპებს მიუბრუნდა:
— ტყუპებო! თქვენ გეუბნებით, წესიერად მოიქეცით. არ გავიგონო, ბუმ რამე ცუდი ამბავი მომიტანოს. მაგალითად, ტუალეტი ააფეთქესო ან კიდევ...
— ტუალეტი ჩვენ ავაფეთქეთ, დედი? არაფერიც! — ისე, კარგი აზრია!
— არ მეცინება... რონს მიხედეთ!
— ნუ ინერვიულებ. ლონიკო კალგათ იქნება!
— მოკეტეთ! — ისევ გაბრაზდა რონი. სიმაღლით თითქმის ტყუპების ტოლა იყო. ცხვირი ჯერ კიდევ გაწითლებული ჰქონდა იმ ადგილას, სადაც დედა უწმენდდა.
— დე, აბა, თუ გამოიცნობ, ვინ ვნახეთ მატარებელში?! ჰარი კუთხეში მიიკუნჭა, ფანჯრიდან არ გამოვჩნდეო.
— ის შავთმიანი ბიჭი, ჩვენთან ერთად რომ იდგა სადგურზე, — იცი, ვინ იყო?
— ვინ?
— ჰარი პოტერი!
უცებ პატარა გოგონას ხმა გაისმა:
— დედა, ავალ რა, მატარებელში, მეც მინდა, ვნახო! — შენ ის უკვე ნახე, ჯინი. რა , ზოოპარკია თუ რა, მიხვიდე და უცქირო. ნამდვილად ის არის, ფრედ? საიდან იცი?
— ვკითხე. ნიშანიც ვნახე შუბლზე. მართლა ელვასავითა აქვს!
— საბრალო ბიჭი. იმიტომაც იყო მარტო. მეც არ გამიკვირდა?! მერე რა ზრდილობიანად იკითხა, პლატფორმაზე როგორ გავიდეო?
— დე, როგორ გგონია, „ჩვენ რომ ვიცით“, ის ახსოვს, როგორია? დედა გაბრაზდა:
— ფრედ, არ გაბედო, არ შეეკითხო, გიკრძალავ, იცოდე! პირველსავე დღეს ეგ უნდა მოაგონო?
— კაი, კაი, ნუ ღელავ! სასტვენის ხმა გაისმა.
— მიდით, მიდით! — ააჩქარა დედამ.
სამივენი მატარებელში ახტნენ, ახლა ფანჯარაში გადმოეყუდნენ და დედას საკოცნელად ლოყები მიუშვირეს. მათი უმცროსი და ატირდა.
— ჯინი, ნუ ტირი, იცი რამდენ ბუს გამოგიგზავნი!
— გინდა, ჰოგვორტსის უნიტაზს გამოვატან.
— ჯორჯ!
— ვხუმრობ დედა, რა მოგივიდა!
მატარებელი დაიძრა. ჰარი ხედავდა, როგორ უქნევდა ბიჭებს ხელს დედა, როგორ მოსდევდა სიცილ-ტირილით ვაგონს პატარა გოგონა. მერე მატარებელმა სიჩქარეს უმატა; გოგონაც გაჩერდა და ხელის ქნევა დაიწყო.
ჰარი მათ თვალს არ აშორებდა, ვიდრე მატარებელმა არ მოუხვია და ორივე არ გაუჩინარდა. ახლა ფანჯარაში სახლები გარბოდნენ. ჰარის მღელვარება დაეუფლა. ვინ იცის, რა ელის იქ, საითაც ახლა მიაქროლებს მატარებელი, მაგრამ რასაც მოშორდა, იმას ნამდვილად აჯობებდა.
კარი გაიღო. კუპეში უმცროსი ჟღალთმიანი ბიჭი შემოვიდა.
— აქ ზის ვინმე? — იკითხა და ჰარის პირდაპირ, ცარიელ ადგილზე მიუთითა, — სხვა ყველა ადგილი დაკავებულია.
ჰარიმ თავი გაიქნია, არაო. ბიჭი დაჯდა. ჰარის სწრაფად შეავლო თვალი და ფანჯარაში გაიხედა, ვითომ არც შეუხედავს. ცხვირზე შავი ლაქა ისევ შერჩენოდა.
— ეი, რონ! — ახლა ტყუპები შემოვიდნენ, — შუა ვაგონში მივდივართ, ლი ჯორდანს გიგანტური ტარანტული ჰყავს.
— კარგი, — ჩაილაპარაკა რონმა.
— ჰარი, — მიუბრუნდა ერთი ტყუპისცალი, — გაცნობა ვერ მოვასწარით: ფრედ და ჯორჯ უისლები. ეს კიდევ რონია, ჩვენი ძმა. აბა, ჯერჯერობით. — ნახვამდის! — ერთად უპასუხეს ჰარიმ და რონმა. ტყუპებმა კარე გაიხურეს.
— შენ მართლა ჰარი პოტერი ხარ? — ვეღარ მოითმინა რონმა, ჰარიმ თავი დაუქნია.
— ოჰ, მე კი მეგონა, ეს ფრედისა და ჯორჯის მორიგი ხუმრობა იყო. შუბლზე მართლა გაქვს... აი, ისა...
ჰარიმ თმა გადაიწია. რონი ნაიარევს დააცქერდა.
— ესე იგი, „ჩვენ რომ ვიცით“, იმან აქ...
— ჰო, მაგრამ მე არ მახსოვს, — უთხრა ჰარიმ.
— სულ, სულ არაფერი? — ჩაეკითხა რონი.
— მხოლოდ კაშკაშა მწვანე შუქი მახსოვს, მეტი არაფერი.
— აუ! — რონი ორიოდ წუთს ჩუმად და დაჟინებით უცქეროდა, შემდეგ თითქოს გამოერკვა, ცოტა ზედმეტი მომდისო, და სასწრაფოდ ისევ ფანჯარაში გაიხედა.
— თქვენს ოჯახში სულ ყველანი ჯადოქრები ხართ? — შეეკითხა ჰარი. მასაც აინტერესებდა რონის ამბავი, ისევე როგორც რონს — მისი.
— ჰო, მგონი, ყველანი, — რონი წამით დაფიქრდა. — თუ არ ვცდები, დედაჩემს ჰყავს ერთი ბიძაშვილი, ბუღალტერი, მაგრამ იმაზე არასოდეს არ ვლაპარაკობთ ხოლმე.
— მაშ, უკვე ბევრი რამე გეცოდინება ჯადოქრობაზე.
უისლები, აშკარად იმ ტრადიციულ ოჯახებს ეკუთვნოდნენ, ვისზედაც ის ფერმკრთალი ბიჭი ლაპარაკობდა, მადამ მალკინის მაღაზიაში რომ ნახა.
— შენ ხომ მაგლებთან ცხოვრობდი. როგორი ხალხია? — დაინტერესდა რონი.
— საშინელი. არა, ალბათ, ყველა არა, მაგრამ დეიდაჩემი, მისი ქმარი და ჩემი დეიდაშვილი ძალიან ცუდები არიან. ნეტავი მეც შენსავით სამი ჯადოქარი ძმა მყავდეს.
— ხუთი, — თქვა რონმა და რატომღაც მოიღუშა, — მე მეექვსე. ვარ, ვინც ჩვენი ოჯახიდან ჰოგვორტსში მიდის. როგორც ხედავ, მეტისმეტად ბევრი მისაბაძი მაგალითი მყავს. ბილმა და ჩარლიმ უკვე დაამთავრეს. ბილი ჰედ ბოი იყო — მთელი სკოლის მოსწავლეთა წინამძღოლი, ჩარლი — ქვიდიჩის გუნდის კაპიტანი. პერსიც პრეფექტია, კლუბს წინამძღოლობს. ფრედი და ჯორჯი სულ მაიმუნობენ, მაგრამ კარგი ნიშნები აქვთ და სკოლაში ძალიან უყვართ. ახლა ყველა ელოდება, რომ მეც ისეთივე ყოჩაღი ვიქნები, როგორებიც ჩემი ძმები არიან. ასეც რომ იყოს, დიდ მიღწევად მაინც არ ჩამეთვლება, პირველები მაინც ისინი იქნებიან. თანაც ხუთი ძმის პატრონი ახალს ვერაფერს ვეღირსები. ბილის ძველი მანტიები, ჩარლის ძველი ჯოხი და პერსის ძველი ვირთხა მერგო.
რონმა ჯიბიდან მსუქანი რუხი ვირთხა ამოიყვანა. ვირთხას ეძინა.
— სკაბერზი ჰქვია, სულ სძინავს. ამისგან რა ხეირი უნდა ნახო?! მამამ პერსის ბუ აჩუქა, რაკი პრეფექტი გახდა და ვეღარ შეძლეს, ჩემთვის... როგორც არის, მოკლედ, პერსის ვირთხა მე მერგო.
რონს ყურები გაუწითლდა. ზედმეტს ვლაპარაკობო, აღელდა და ისევ ფანჯარაში გაიხედა.
ჰარიმ იფიქრა, მერე რა მოხდა, თუ ოჯახს იმის შესაძლებლობა არა აქვს, რონისთვისაც ბუ ეყიდათო. აბა, თვითონ ასე არ იყო?! ფული სად ჰქონდა. მხოლოდ ერთი თვის წინ შეიცვალა ყველაფერი. და რონს უამბო, როგორ დადიოდა დადლის გამონაცვალი ტანსაცმლით; რომ არც დაბადების დღეს უხდიდნენ და არც საჩუქრებს ყიდულობდნენ მისთვის. ამან რონს, ცოტა არ იყოს, გუნება გამოუკეთა.
— ...ჰაგრიდს რომ არ ეთქვა, არც ის ვიცოდი, რომ ჯადოქარი ვარ; არც ის, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, არც ვოლდემორის...
რონმა განცვიფრებისგან პირი დააღო.
— რა მოხდა? — შეწუხდა ჰარი.
— შენ „ჩვენ რომ ვიცით“ იმის სახელი წარმოთქვი! — რონი დაფრთხა და შეძრწუნდა, მაგრამ ეტყობოდა, ნათქვამმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, — არ მეგონა, რომ გაბედავდი...
— იცი რა, არ იფიქრო, ვაჟკაცობით მომივიდა და მაგარი ვარ. უბრალოდ, არ ვიცოდი, რომ არ ახსენებთ. მიხვდი, რას ვამბობ? ხედავ, რამდენი რამე უნდა ვისწავლო კიდევ... ასეა, — ამოიოხრა ჰარიმ და რონს გამოუტყდა, რაზე ნერვიულობდა ყველაზე მეტად: — კლასში ჩემზე უარესი არავინ იქნება!
— სულაც არა. მაგლების ოჯახებიდან მოდიან და ისინიც კი ჩქარა სწავლობენ ყველაფერს, — დააწყნარა რონმა.
ბიჭები საუბარში გაერთნენ. მატარებელი ლონდონს რა ხანია გასცდა. ახლა ფანჯარაში აქა-იქ მიმოფანტული ძროხებითა და ცხვრებით აჭრელებული ლამაზი საძოვრები ელვის სისწრაფით მისდევდნენ ერთმანეთს. გაჩუმდნენ და ლამაზ პეიზაჟს მიაცქერდნენ. პირველის ნახევარი იქნებოდა, როცა მატარებლის დერეფანში ჩოჩქოლი და მხიარული ხმები გაისმა. მალე მათი კუპეს კარი მოლი— მარმა ქალმა გააღო. ქალს ღიმილის გამო ლოყებზე პატარა ფოსოები აჩნდა. — რამეს ხომ არ ინებებთ, ძვირფასებო? ჰარი წამოხტა, დილით არც უსაუზმია, ისე წამოვიდა, რონი კი ისევ ყურებამდე გაწითლდა და ალუღლუღდა, არა, გმადლობთ, ზე სენდვიჩი გამომატანესო. ჰარი დერეფანში გაჰყვა იმ ქალს.
დერსლებთან რომ ცხოვრობდა, ჰარის ტკბილეულის საყიდელი ფული არასოდეს ჰქონია, ახლა კი, როცა ჯიბეები ოქროსა და ვერცხლის მონეტებით ჰქონდა გამოტენილი, მზად იყო, იმდენი „მარსის“ შოკოლადი ეყიდა, რამდენსაც მოერეოდა; მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალბატონს „მარსის“ შოკოლადი საერთოდ არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ათასი უცნაური რამ შესთავაზა: ბერტი ბოტის კანფეტები ყველანაირი არომატით, დრუბლის საუკეთესო გასაბერი საღეჭი რეზინები, შოკოლადის ბაყაყები, გოგრის ღვეზელი, ქვაბის ფორმის ნამცხვრები, ძირტკბილას საწუწნი ჩხირები და კიდევ უამრავი ისეთი უცნაური რამ, რაც ჰარის თავის დღეში არ ენახა. ცოტ-ცოტა ყველაფერი აიღო, რამე არ გამომრჩეს გაუსინჯავიო. თერთმეტი ვერცხლის სიკლი და ბრინჯაოს შვიდი კნატი გადაიხადა.
კუპეში დაბრუნდა და რაც იყიდა, სულ ერთად დაახვავა თავისუფალ ადგილას.
— ასე მოგშივდა? — გაუკვირდა რონს.
— შიმშილით ვკვდები! — უპასუხა ჰარიმ და მადიანად ჩაკბიჩა გოგრის ღვეზელი.
რონმა თავისი საუზმე ამოიღო. ქაღალდი შემოხსნა. იქ ოთხი სენდვიჩი აღმოჩნდა. ერთი გახსნა და უკმაყოფილოდ ამოიოხრა:
— დედაჩემს სულ ავიწყდება, რომ ვერ ვიტან ამ დამარილებულ ხორცს.
— ამაში გიცვლი, — შესთავაზა ჰარიმ და ღვეზელი გაუწოდა, — აიღე!
— შენ ეს არ მოგეწონება. ისეთი ხმელია... — გააფრთხილა რონმა, — რა ქნას, დრო არ ჰყოფნის, — დაუმატა საჩქაროდ, — ჩემ გარდა კიდევ ხუთი ჰყავს.
— მიდი, აიღე ღვეზელი, — უთხრა ჰარიმ. მანამდე არასოდეს ჰქონია რამე, რომ სხვას გამასპინძლებოდა, უფრო სწორად, არც არავინ ჰყოლია, რომ რამე შეეთავაზებინა. რონთან თავს საოცრად კარგად გრძნობდა. ისხდნენ და ჰარის ნაყიდ ტკბილეულს სიამოვნებით შეექცეოდნენ (რონის სენდვიჩი ვიღას ახსოვდა).
— ეს რა არის? — ჰარიმ პაკეტი აიღო, რომელშიც შოკოლადის ბაყაყები იდო,
— იმედია, ბაყაყი ნამდვილი არ იქნება, — ჰარი გრძნობდა, რომ უკვე ვეღარაფერი გააკვირვებდა.
— არა, რა თქმა უნდა, — უთხრა რონმა, — ოღონდ პაკეტში ბარათი ნახე, აგრიპა ხომ არ არის, აგრიპა მაკლია.
— რა?
— ა, ჰო, შენ არ გეცოდინება: შოკოლადის ბაყაყებს ბარათები მოჰყვება, პაკეტში დევს. შეგიძლია, შეაგროვო — ცნობილი მისნები და ჯადოქრები. მე უკვე თითქმის ხუთასი ცალი დამიგროვდა, მაგრამ აგრიპა და ფტოლემე არა მაქვს.
ჰარიმ გახსნა შოკოლადის ბაყაყი და ბარათი ამოიღო. იქიდან მამაკაცი უცქეროდა ნახევარმთვარის მსგავსი სათვალით, გრძელი, კეხიანი ცხვირითა და ვერცხლისფერი თმა— წვერით. ქვეშ წარწერა იყო — ალბუს დამბლდორი.
— ეს ყოფილა დამბლდორი! — ი გაუხარდა. ჰარის.
— ახლა არ მითხრა, დამბლდორიც არ გამიგონიაო! — თქვა რონმა, — შეიძლება, ერთი ბაყაყი ავიღო? იქნებ აგრიპა ვნახო... გმადლობ!
ჰარიმ თავისი ბარათი გადააბრუნა და წაიკითხა:
„ალბუს დამბლდორი, ამჟამად ჰოგვორტსის დირექტორი, მრავალთა მიერ ჩვენი დროის უდიდეს ჯადოქრად აღიარებული. პროფესორი დამბლდორი განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ 1945 წელს დაამარცხა ბოროტი ჯადოქარი გრინდელვალდი, აღმოაჩინა დრაკონის სისხლის გამოყენების თორმეტი ხერხი და გამოაქვეყნა ალქიმიური ნაშრომები ნიკოლას ფლამელთან ერთად. პროფესორი დამბლდორი გატაცებულია კამერული მუსიკითა და ბოულინგით“.
ჰარიმ ბარათი გადმოატრიალა და განცვიფრდა — დამბლდორის გამოსახულება გამქრალიყო!
— გაქრა!
— აბა, რა გეგონა, მთელი დღე აქ გაგიჩერდებოდა?! — უთხრა რონმა. — არაფერია, ისევ მოვა. მე მორგანა ამომივიდა. უკვე ექვსი მაქვს... არ გინდა? შენც შეაგროვე!
ჰარიმ შეამჩნია, რომ რონი დაჟინებით უცქეროდა შოკოლადის ბაყაყებს, უნდოდა, კიდევ გაეხსნა.
— აიღე რამდენიც გინდა, — უთხრა ჰარიმ. — იცი რა, მაგლებთან ფოტოებზე არასდროს არავინ არ ქრება.
— მართლა? საერთოდ არ მოძრაობენ? — რონის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, — სასწაულია!
ამასობაში ბარათზე დამბლდორი დაბრუნდა და ჰარის გაუღიმა. რონი, ეტყობა, შოკოლადმა უფრო გაიტაცა, ვიდრე ბარათების ძებნამ, ჰარი კი ფოტოების თვალიერებით ვერ ძღებოდა. მალე ბლომად ბარათი დაუგროვდა: დამბლდორისა და მორგანას გარდა, ჰყავდა კიდევ ვუდკროფტელი ჰენგისტი, ალბერიკ გრანიონი, კირკე, პარაცელსიუსი და მერლინი. ბოლოს, როგორც იქნა, მოსწყვიტა თვალი დრუიდ კლიოდნას, ცხვირს რომ იფხანდა, და ახლა ბერტი ბოტის კანფეტებს მიადგა.
— მანდ ფრთხილად იყავი, –— უთხრა რონმა. — რაკი აწერია, ყველანაირი გემოსიო, ეს იმას ნიშნავს, რომ გემო მართლა ყველანაირი იქნება. შეგხვდება, ვთქვათ, შოკოლადის, პიტნის, მარმელადის გემო, მაგრამ ისპანახის, ღვიძლის და ხაშის გემოსაც კი შეიძლება წააწყდე, ჯორჯმა თქვა, ერთხელ წვინტლის გემოსი შემხვდაო.
რონმა ერთი მწვანე კანფეტი აიღო, ყურადღებით დააცქერდა და მერე ფრთხილად მოაციცქნა კუთხე.
— ფუუუჰ! ბრიუსელის კომბოსტო!
ყველანაირი გემოს კანფეტებმა ორივე გაამხიარულა. ჰარის შეხვდა შებრაწული პურის, ქოქოსის, მოხალული მუხუდოს, ხენდროს, ცხარე საწებლის, ბალახის, ყავის, სარდინის გემოს კანფეტები. ბოლოს ისე გათამამდა, რომ ერთი უცნაური რუხი ფერისა აიღო, რომელსაც რონმა თითიც არ დააკარა, გაკვნიტა და... წიწაკა აღმოჩნდა.
პეიზაჟი, რომელიც ახლა მიქროდა ფანჯარაში, თანდათან ველურ ბუნებად იქცა. აღარსად იყო მოვლილი მინდვრები. ახლა ჩანდა ტყეები, დაკლაკნილი მდინარეები და მუქი მწვანე ბორცვები.
კარზე დააკაკუნეს და კუპეში ის პუტკუნასახიანი ბიჭი შემოვიდა, ჰარიმ პლატფორმაზე რომ შეამჩნია. ბიჭს თვალები ცრემლით ავსებოდა.
— უკაცრავად, — მოიბოდიშა ბიჭმა, — სადმე გომბეშო ხომ არ გინახავთ? ამათ თავი გააქნიეს, არაო. ბიჭი ატირდა.
— დამეკარგა! სულ გამირბის ხოლმე!
— გამოჩნდება სადმე, — ანუგეშა ჰარიმ.
— ჰო, — საწყლად თქვა ბიჭმა, — თუ სადმე ნახოთ... — და წავიდა.
— ნეტავ რა ანერვიულებს, — გაიკვირვა რონმა. — გომბეშო რომ მყავდეს, რაც შეიძლება, ჩქარა დავკარგავდი მე თვითონ. თუმცა ჩემი ვირთხის პატრონი ამას არ უნდა ვამბობდე.
რონის მუხლებზე მოკალათებული ვირთხა ისევ თვლემდა.
— რომც მოკვდეს, განსხვავებას ვერ შეამჩნევ, — ზიზღით თქვა რონმა, — გუშინ ვიფიქრე, მოდი, ყვითელ ვირთხად გადავაქცევ, უფრო საინტერესო იქნება მეთქი, მაგრამ შელოცვამ არ გაჭრა, აი, ნახე...
· . რონი კარგა ხანს იქექებოდა თავის ჩემოდანში და ბოლოს ერთი ძველისძველი ჯადოსნური ჯოხი ამოიღო, რომელიც ალაგ-ალაგ ჩამომტვრეული იყო და ბოლოში რაღაც თეთრი მოუჩანდა.
— ეს ცალრქიანი ცხენის ბეწვი მალე სულ გამოსძვრება, რას იზამ...
ის იყო, ჯადოსნური ჯოხი აღმართა, რომ კარი ისევ გაიღო. გომბეშოდაკარგული ბიჭი, ამჯერად, გოგონასთან ერთად მოვიდა. გოგონას უკვე ჩაეცვა ჰოგვორტსის ტანისამოსი. შემოვიდა და მბრძანებლური ტონით იკითხა:
— ვინმეს გომბეშო ხომ არ გინახავთ? ნევილმა დაკარგა.
ხშირი წაბლისფერი თმა ჰქონდა, წინა კბილები თოხის პირს მიუგავდა.
— ჩვენ უკვე ვუთხარით, რომ არ გვინახავს, — უპასუხა რონმა, მაგრამ გოგონა არ უსმენდა, რადგან რონის ჯოხს უყურებდა.
— ოჰო, ჯადოქრობთ, არა? აბა, მეც მიჩვენეთ! — და თავისუფალ ადგილას დაჯდა.
— კი ბატონო, — რონს ნამდვილად არ ესიამოვნა მისი დასწრება, მაგრამ ჩაახველა და წარმოთქვა:
მზევ, კარაქო, გვირილებო — ოქროსფერი ვინც ხართ, გამიყვითლეთ ეს მსუქანი და ჩერჩეტი ვირთხა! თან ჯოხი გაიქნია, მაგრამ არაფერიც არ მოხდა, ვირთხა ძველებურად რუხი იყო და ისევ მშვიდად ეძინა.
— დარწმუნებული ხარ, რომ სწორი შელოცვა თქვი? — ჰკითხა გოგონამ, — რაღაც არ ჰგავდა ჯადოსნურ სიტყვებს. მე ერთი-ორჯერ ვცადე მარტივი შელოცვების გამოყენება და ყველამ გაჭრა. ჩემს ოჯახში ჯადოქრები არ არიან. სკოლიდან წერილი რომ მომივიდა, ძალიან გამიკვირდა, თან გამიხარდა — ეს ხომ ჯადოქრების საუკეთესო სკოლაა. ყველა სახელმძღვანელო დავიზუთხე, მე მგონი, ყველა... ჰო, მართლა, მე ჰერმიონ გრეინჯერი ვარ. თქვენ რა გქვიათ? — სხაპასხუპით მიაყარა ყველაფერი.
ჰარიმ რონს გადახედა. მის გაოცებულ სახეზე ამოიკითხა, რომ არც რონს დაუზუთხავს სკოლის სახელმძღვანელოები, და ცოტა დამშვიდდა.
— მე რონ უისლი ვარ, — ჩაიბურტყუნა რონმა.
— ჰარი პოტერი, — თქვა ჰარიმ.
— მართლა?! — წამოიძახა ჰერმიონმა, — შენი ამბავი დაწვრილებით ვიცი. კლასგარეშე საკითხავ წიგნებში წავიკითხე: „ჯადოქრობის უახლეს ისტორიაში“,
„ბნელი ძალების აღზევებასა და დაცემაში“, „მეოცე საუკუნის უდიდეს ჯადოსნურ მოვლენებში“.
— ჩემზე ეწერა? — განცვიფრდა ჰარი.
— ღმერთო ჩემო, არც კი გაუგია. შენს ადგილას რომ ვიყო, ყველაფერს მოვძებნიდი, სად რა წერია, — ვერ მოითმინა ჰერმიონმა, — თქვენ უკვე იცით, რომელ კლუბში იქნებით? მე გავიკითხე და, გრიფინდორი ყოფილა საუკეთესო. იმედია, იქ ჩავირიცხები. დამბლდორმაც ეს დაამთავრა. ისე, რეივენქლოც არ უნდა იყოს ცუდი, ჰო, მართლა, უნდა წავიდე, ნევილს დავეხმარო გომბეშოს პოვნაში, დროზე გამოიცვალეთ ტანზე, უკვე მალე მივალთ — და გავიდა, გომბეშოს პატრონი ბიჭიც თან გაიყოლა.
— რომელ კლუბშიც გინდა, იქ ჩავირიცხო, ოღონდ ამ გოგოსთან ერთად არა, — რონმა ჯადოსნური ჯოხი ისევ ჩემოდანში ჩააგდო, — სულელური შელოცვაა, ჯორჯმა მასწავლა. ალბათ, მომატყუა.
— შენი ძმები რომელ კლუბში არიან? — დაინტერესდა ჰარი.
— გრიფინდორში, — რონი ისევ მოიღუშა, — დედაჩემი და მამაჩემიც იქ სწავლობდნენ. მე რომ სხვაგან ჩამრიცხონ, გაგიჟდებიან. რეივენქლოც არ არის ცუდი, მაგრამ, წარმოიდგინე, სლიზერინში თუ მოვხვდი!...
— მანდ იყო, მგონი, ვოლდე... „ჩვენ რომ ვიცით“, არა?
— ჰო, — თქვა რონმა და ნირწამხდარი დაუბრუნდა თავის ადგილს.
— ნახე, ვირთხას ცოტა გაუღიავდა ულვაშები, — ჰარი შეეცადა, თემა გამოეცვალა, — შენი ძმები რას აკეთებენ, რომლებმაც დაამთავრეს?
ჰარის აინტერესებდა, რას აკეთებდნენ ჯადოქრები სკოლის დამთავრების შემდეგ.
— ჩარლი ახლა რუმინეთშია, დრაკონების შესასწავლად. ბილი კი გრინგოტსმა აფრიკაში გაუშვა. გრინგოტსში რა მოხდა, გაიგე? ახლახან „დილის მისანი“ წერდა, თუმცა, შენ მაგლებთან როგორ წაიკითხავდი. ვიღაცას ზესაიდუმლო საცავის გაქურდვა უცდია.
— მერე? რა ქნეს? — დაინტერესდა ჰარი.
— არაფერი, ამიტომაც ატყდა ერთი ამბავი. საქმე ის არის, რომ ქურდი ვერ დაიჭირეს, მამაჩემმა თქვა, გრინგოტსში მხოლოდ ძალიან ძლიერი ბოროტი ჯადოქარი თუ შეაღწევდაო, მაგრამ უცნაური ისაა, რომ, როგორც ამბობენ, არაფერია წაღებული. როცა ასეთი რამ ხდება, ყველას გული უსკდება, ამ ყველაფრის უკან,
„ჩვენ რომ ვიცით“, ის არ იდგესო.
ჰარიმ შეამჩნია რომ „ჩვენ რომ ვიცით“, იმის ხსენებაზე უკვე თვითონაც გაჰკრავდა ხოლმე შიში. იფიქრა, ალბათ, ჯადოქრების სამყაროში ეს ბუნებრივიაო, თუმცა დარწმუნებული იყო, ჯობია, პირდაპირ უბრალოდ ვოლდემორი თქვანო.
— ქვიდიჩის რომელი გუნდის გულშემატკივარი ხარ? — დაინტერესდა რონი.
— არც ერთი არ ვიცი, — გამოტყდა ჰარი.
— რაა? — რონის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა. — ეს ხომ დედამიწის ზურგზე საუკეთესო თამაშია! — და აუხსნა, როგორ თამაშობენ ოთხი ბურთით, როგორ პოზიციაში დგას და მოძრაობს შვიდი მოთამაშე. შემდეგ უამბო ყველა იმ მნიშვნელოვან მატჩებზე, რომელთაც ძმებთან ერთად დასწრებია. ისიც უთხრა, როგორ ცოცხს იყიდდა, ფული რომ ჰქონოდა. რონი ლაპარაკის ეშხში იყო შესული, როცა კარი ხელახლა გაიღო. ამჯერად ეს არც გომბეშოკარგვია ბიჭი იყო, არც ჰერმიონ გრეინჯერი. სამი ბიჭი შემოლაგდა. შუაში მდგომი ჰარიმ მაშინვე იცნო. მადამ მალკინთან რომ ფერმკრთალი ბიჭი ნახა, ის იყო. ახლა მას ჰარის მიმართ ბევრად უფრო მეტი ინტერესი ეტყობოდა, ვიდრე იქ, მრუდე ქუჩაზე.
— მთელი მატარებელი ლაპარაკობს, ამ კუპეში ჰარი პოტერიაო. მართალია? ეს შენა ხარ?
— დიახ, — უპასუხა ჰარიმ და იმ ორ დანარჩენს შეხედა. ჩასკვნილი ბიჭები იყვნენ, საკმაოდ უსიამოვნო შესახედაობისა. ფერმკრთალ ბიჭს აქეთ-იქიდან ედგნენ პირადი მცველებივით.
— ეს კრაბია, ეს — გოილი, — ისე სხვათა შორის გააცნო ფერმკრთალმა ბიჭმა, რადგან შეამჩნია, რომ ჰარი ბიჭებს უცქეროდა, — მე მალფოი ვარ, დრაკო მალფოი. რონმა ჩაახველასავით, ალბათ, სიცილის დასაფარავად. დრაკო მალფოი მისკენ
მიბრუნდა.
— რა, ჩემს სახელზე გეცინება? რომც არ გკითხო, ისედაც ვიცი, ვინცა ხარ. მამაჩემი ამბობს, ყველა უისლი წითური და ჭორფლიანია, თანაც იმდენი შვილი ჰყავთ, ვეღარც უვლიანო.
შემდეგ ისევ ჰარის მიუტრიალდა:
— პოტერ, მალე თვითონვე მიხვდები, რომ ჯადოქრებში ზოგი ოჯახი სხვა ოჯახებზე უკეთესია. შემთხვევით ცუდებს არ გადაეყარო. ამაში მე მოგეხმარები.
და ჰარის ხელი გაუწოდა, მაგრამ ჰარის. არ ჩამოურთმევია.
— გმადლობ, თვითონ მივხვდები, ვინ არის ცუდი!.. — უპასუხა ცივად.
დრაკო მალფოი გაწითლდაო, ვერ იტყოდი, მაგრამ გაცრეცილ სახეზე ოდნავ გადაჰკრა ვარდისფერმა.
— შენს ადგილას ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი, პოტერ! — თქვა წყნარად, — მეტი თავაზიანობა გმართებს, თორემ შეიძლება, შენი მშობლების ბედი გაიზიარო. მათაც ვერ გაიგეს, რა სჯობდა მათთვის. უისლებისა და ჰაგრიდისნაირ ვიგინდარებთან თუ იმეგობრებ, შენც მაგათ დაემგვანები.
ჰარი და რონი ერთდროულად წამოხტნენ. რონს თმა და სახე ერთი ფერისა გაუხდა. — აბა, გაიმეორე, რა თქვი! — თქვა რონმა.
— ჩვენთან ჩხუბი გინდათ, არა? — ჩაიცინა მალფოიმ.
— კი, თუ ახლავე არ გახვალთ აქედან, — თქვა ჰარიმ და თვითონვე გაუკვირდა თავისი სიმამაცე, რადგან კრაბი და გოილი მასზე და რონზე ბევრად დიდები იყვნენ.
— არსადაც არ ვაპირებთ წასვლას, არა, ბიჭებო? რაც რამე გვქონდა, ყველაფერი შევჭამეთ, თქვენ კიდევ ბევრი გქონიათ...
გოილი შოკოლადის ბაყაყს სწვდა, რონის გვერდით რომ იდო, რონი მისკენ გაიწია, მაგრამ ხელის შეხებაც ვერ მოასწრო, რომ გოილმა საშინლად იბღავლა.
გოილს თითზე ვირთხა ეკიდა, წვეტიანი პატარა კბილები შიგ სახსარში ჩაესო და არ უშვებდა. კრაბმა და მალფოიმ უკან დაიხიეს. გოილი ხელს გამწარებული იქნევდა აქეთ-იქით. ბოლოს, როგორც იქნა, ვირთხა მოსწყდა და ფანჯარას მიეხალა, ის სამი კი თვალის დახამხამებაში გაიძურწა კუპედან. შეიძლება, იფიქრეს, აქ კიდევ იქნებიან ტკბილეულში ჩასაფრებული ვირთხებიო. ან შეიძლება, ფეხის ხმა გაიგონეს, რადგან ზუსტად ერთ წამში ჰერმიონ გრეინჯერი შემოვიდა კუპეში და სწრაფად იკითხა:
— რა ხდება?
იატაკზე კანფეტები იყო მიმოფანტული. რონს კუდით ეჭირა თავისი ვირთხა.
— მგონი, ნოკაუტშია, — უთხრა ჰარის და ყურადღებით დააცქერდა სკაბერზს, — გინდ დაიჯერე, გინდ არა — სძინავს.
ვირთხას მართლაც ეძინა.
— მალფოის იცნობდი? — ჰკითხა რონმა ჰარის.
ჰარიმ უამბო, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მრუდე ქუჩაზე.
— ვიცნობ მაგის ოჯახს, — თქვა რონმა და მოიღუშა, — ეგენი პირველები გადმოვიდნენ ისევ ჩვენს მხარეს, როცა „ჩვენ რომ ვიცით“, ის გადაიკარგა. მოგვაჯადოვაო, თქვეს. მამაჩემს არ სჯერა. ამბობს, მალფოის მამას სულ არ სჭირდება საბაბი შავი მაგიის მხარეზე გადასასვლელადო, — მერე ჰერმიონს მიუბრუნდა: — რით შეგვიძლია, დაგეხმაროთ?
— ჯობია, იჩქაროთ და მანტიები მოისხათ. ახლა მემანქანესთან ვიყავი და ასე თქვა, თითქმის მივედითო. ჩხუბობდით? ჯერ არ ჩასულხართ და უკვე დაიწყეთ?
— სკაბერზმა იჩხუბა, ჩვენ კი არა, — შეუბღვირა რონმა, — ხომ არ დაგვტოვებდი, რომ ტანსაცმელი გამოგვეცვალა?
— კი, ბატონო. მარტო იმიტომ მოვედი, რომ დერეფანში ზოგიერთები უაზროდ დარბიან, ბავშვურად იქცევიან, — თქვა ჰერმიონმა დამცინავად, — სხვათა შორის, შენ კიდევ ცხვირზე რაღაც გაცხია, იცოდი?
რონმა მრისხანედ გახედა მიმავალ ჰერმიონს. ჰარიმ ფანჯარაში გაიხედა. ბინდდებოდა. მთებს და ტყეებს მუქი იისფერი ცა დაჰყურებდა. მატარებელმა სიჩქარეს უკლო.
ბიჭებმა ქურთუკები გაიძვრეს და გრძელი შავი მანტიები გადაიცვეს. რონს მანტია მოკლე ჰქონდა, ქვემოდან ბოტასები მოუჩანდა.
ვიღაცის ხმამ მთელ მატარებელში გამოაცხადა:
— ხუთ წუთში ჰოგვორტსში შევდივართ. გთხოვთ, ბარგი მატარებელში დატოვოთ, ცალკე წამოიღებენ!
ჰარის ნერვიულობისაგან მუცელი ასტკივდა, რონი კი ისე გაფითრდა, ჭორფლიც კი გაეცრიცა. დარჩენილი ტკბილეული ჯიბეებში ჩაიყარეს და ხალხით გაჭედილ დერეფანში გავიდნენ.
მატარებელი სვლას თანდათან ანელებდა, ბოლოს გაჩერდა. ყველანი კარს მიაწყდნენ და პაწაწინა, ბნელ ბაქანზე გადმოვიდნენ. ჰარის ღამის სიცივისაგან შეაჟრჟოლა. უცებ თავებს ზემოთ მოქანავე ფარანი გამოჩნდა და ჰარის ნაცნობი ხმა მოესმა:
— პირველკურსელები! პირველკურსელები აქეთ! ჰარი, ყველაფერი რიგზეა? გაბურძგნილი ჰაგრიდი გაბადრული დასცქეროდათ ზემოდან.
— მომყევით, პირველკურსელებო! არავინ დარჩეთ! ფრთხილად იარეთ! ბორძიკითა და სხლტომა-სრიალით ჩაუყვნენ ვიწრო, ციცაბო ბილიკს. წინ
ჰაგრიდი მიუძღოდათ. გარშემო საშინლად ბნელოდა. ჰარის ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს უღრან ტყეში მიიკვლევდნენ გზას. ხმას არავინ იღებდა. ერთი-ორჯერ ნევილმა, გომბეშოკარგვია ბიჭმა, დაიქსუტუნა.
— წამიც და, ჰოგვორტსს დაინახავთ, — დაიძახა ჰაგრიდმა. — აი, ამ მოსახვევს იქით!
ყველას ერთხმად ხმამაღლა აღმოხდა „ო-ო-ო!“
ვიწრო ბილიკი უზარმაზარ შავ ტბასთან გასულიყო. მეორე ნაპირას, მაღალი მთის წვერზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ფონზე, წამომართულიყო უზარმაზარი ციხე-კოშკი, უამრავი კოშკურითა და ციმციმა ფანჯრით.
— თითო ნავში ოთხზე მეტი არ ჩასხდეთ! — გამოაცხადა ჰაგრიდმა და ნაპირთან მდგომი ნავებისკენ გაიშვირა ხელი. ჰარისთან და რონთან ჰერმიონი და ნევილი ჩასხდნენ.
— ყველანი ჩასხედით? — ჰაგრიდი ცალკე ნავში იჯდა, — მაშ, წავედით! პატარა ნავების ფლოტილია ერთბაშად დაიძრა და მოსარკულე ტბის ზედაპირს გაუყვა. გარინდულები უზარმაზარ ციხე-კოშკს თვალს არ აშორებდნენ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ, ისიც მით უფრო მაღლდებოდა და იზრდებოდა.
კლდის ქიმს რომ მიადგნენ, ჰაგრიდმა გადასძახა: — თავი დახარეთ! — სუროს მწვანე ფარდა გაიარეს და გრძელ გვირაბში შეცურდნენ, რომელიც ალბათ ციხე-კოშკის ქვეშ შედიოდა. ბოლოს მიწისქვეშა ნავსადგურს მიადგნენ და კლდეზე გადაფორთხდნენ.
— ეი, ეს გომბეშო ვის დარჩა? — დაიძახა ჰაგრიდმა, როცა ცარიელი ნავები მოათვალიერა.
— ტრევორ! — შვებით ამოისუნთქა ნევილმა და ორივე ხელი გაიწოდა. შემდეგ ისევ ჰაგრიდის ფარნის შუქს გაჰყვნენ და ზედ ციხეკოშკის წინ ნამიან ბალახზე გამოვიდნენ, აიარეს ქვის საფეხურები და უზარმაზარ მუხის კართან მოიყარეს თავი.
— ყველანი აქა ხართ? ეი, შენ, გომბეშო თანა გყავს?
ჰაგრიდმა ვეება მუშტი ასწია და ციხე-კოშკის კარზე სამჯერ დააბრახუნა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent