შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიალოგი (სრულად)


23-07-2021, 00:05
ავტორი Loey
ნანახია 20 122

ის მოპირდაპირე სკამზე ზის, ალკოჰოლნარევი მზერით მიყურებს და ვხვდები, უხერხული დიალოგი არ აგვცდება. შუაღამის გრილ ნიავს ჩემამდე ლუდის სუნი მოაქვს. ლუდზე წინა ზაფხული მახსენდება. იმ ზაფხულსაც სასმლის სუნი ჰქონდა და ბევრი, ძალიან ბევრი აკრძალული მომენტით იყო სავსე. იქნებ, ამ წელს მაინც გავცდეთ დრამებს და საბოლოოდ, შევთანხმდეთ, რომ ჩვენ შორის არაფერი გამოვა.

უხერხულ სიჩუმეს ბავშვების ხმა არღვევს. ჩემ უკან, ოდნავ მოშორებით, სამიოდე კაცი დაილანდება. სამივე ჩვენი მეგობარია და სამივე ოსტატურად არ იმჩნევს, ცალკე რომ გამოვპარულვართ.

- კიდევ რამდენჯერ უნდა დამაიგნორო? - ყურთასმენას სწვდება ამღვრეული ხმა და მე ამ ხმაში ყველაფერს ვამჩნევ: ნერვიულობას, წყენას, ბედნიერებას და სულ ცოტა ბრაზს. ზუსტად ვიცი, ჩემი ბრალია.

- როდის? - ეშმაკურად ვუღიმი. ისიც მიღიმის, მაგრამ აპრეხილი ტუჩისკუთხე კიდევ უფრო მაბნევს.

- მოდი, თავის გასულელება არ გვინდა. მერამდენედ?
- მესამედ,- დაუფიქრებლად ვპასუხობ. სირცხვილის გრძნობა თვალებშუა მირტყამს და რამდენიმე წამით მზერას ვარიდებ. როგორ ავუხსნა, რატომ დავუმალე უკვე მესამედ, რომ ჩამოვედი?

- რატომ? - ღმერთო, ეს ხმა.
- არ ვიცი, - ტყუილით დამძიმებულ მხრებს მძიმედ ვიჩეჩავ და თვალებში ვუყურებ. ისევ იღიმის. ვიცი, ნერვიულობს. ერთხელ მითხრა, სერიოზულ თემებზე როცა ვლაპარაკობ, სახის მიმიკებს ვერ ვიმორჩილებო.

- მატყუებ. მითხარი, რატომ?

ვზივარ და ვფიქრობ, როგორ ავუხსნა ყველაფერი ისე, რომ ამ ერთი შეხედვით კომიკურ სიტუაციას კიდევ უფრო მეტი უხერხულობა არ შევძინო. ჩემი სიტყვებით, ჩემი სტატუსით. საერთოდაც, ჩემით.

- რომ გითხრა, ან ძალიან გეწყინება, ან მაგრად გაგიტყდება. მოდი, არ გვინდა, რა, - კიდევ ერთხელ ვცდილობ თავის დაძვრენას. გამომცდელად მიყურებს. რა თქმა უნდა, ჩემი სიტყვებით უფრო მეტად ვუღვივებ ინტერესს. ისიც არ აყოვნებს და მეუბნება, რას მაინტრიგებო. იქნებ, მინდა კიდეც, რომ იცოდეს. იცოდეს, მაგრამ ასე არა. არა პირდაპირ. არა მაშინ, როცა ჩემ საყვარელ მდგომარეობაშია. ნასვამია. და მე ვიცი, რომ ნასვამი ყველაზე საყვარელია. ვიცი, რომ არასდროს გრძნობებს არ მალავს და ის დრო მენანება, ახლა დიალოგში რომ უნდა გაიწელოს და, იქნებ, ჩვენ შორის გაჩენილი ნაპრალი კიდევ უფრო გააღრმავოს.

- რამდენად ნასვამი ხარ?
- არც იმდენად, რამე ვერ გავიგო.
- მაშინ, მოდი, გვიან ტელეფონზე მოგწერ და ისე აგიხსნი, - ვეკრიჭები. უხერხულად იშმუშნება. იქნებ გაიფიქრა, სოციალური ქსელის გარეშეც აღარ შეგვიძლია საუბარიო? უარყოფის ნიშნად თავს აქნევს.
- ასე ვერ მელაპარაკები? - მაკვირდება.

საქმე იმაშია, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ვერ ველაპარაკები. არადა, იმდენი სიტყვა მასკდება ერთიანად თავში და პირის გაღება ამდენად არასდროს გამჭირვებია. ვფიქრობ, რაღა დროს ჩემი დრამებია. დროა, ბავშვურ საქციელებს თავი გავანებო და ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებულ ადამიანად ვიქცე. მაგრამ მერე ასე ვსხედვართ. ჩვენ ორნი. ერთმანეთს წინ, ერთმანეთს ვუყურებთ და ამ ორიდან ერთმა არც კი იცის, როგორ და რაზე უნდა ისაუბროს.

- აღარ დაიწყებ? - რეალობაში ვბრუნდები.
- მთვრალი რომ იყო და ვიცოდე, რომ მეორე დღეს არაფერი გემახსოვრება, უფრო გამიადვილდებოდა.
- მაშინ ჩათვალე, რომ ეგრე ვარ და ამოღერღე.

იმას, ვინც ჩემ წინ ზის, ლამაზი ტუჩები აქვს. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მე ამ ტუჩების უკვე წლებია მშურს და ყოველთვის, როცა რაღაცის სათქმელად გამზადებული ბაგეები წინ წამოიწევიან და სინქრონულად ათამაშდებიან, გული მიჩერდება. იქნებ იმიტომ, რომ ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთი რაღაც მაინც ეკრძალება და ჩემი აკრძალვა სწორედ რომ მისი ტუჩების ხაზზე გადის.

- იცი, როგორი მომენტი მაქვს ხოლმე? შემიძლია ტელეფონი ავიღო და ჩვენ ნებისმიერ საერთო მეგობარს ნებისმიერ დროს მივწერო. თუნდაც სრულიად უაზრობა. თუნდაც ის, რომ ჩამოვედი და მნახონ. შენ რომ მოგწერო, მაგისთვის მიზეზი მჭირდება. მჭირდება, რომ თავი დავიშტერო. სხვადასხვანაირად დავალაგო წინადადებები, რომ ზედმეტებში არ გადავეშვა. რომ თავი დამნაშავედ არ ვიგრძნო. შეტყობინების გამოგზავნის შემდეგ, არ გავიფიქრო, რატომ მივწერე-მეთქი. ნერვიულობისგან ფრჩხილები არ დავიჭამო. სანამ მიპასუხებ, ტელეფონი არ გადავაგდო და ხმა გავუთიშო. იმის იმედით, რომ ხელში აღებულზე შენი მოწერილი დამხვდება. მე ეს ყველაფერი შინაგანად მანადგურებს და საერთოდაც, მგონია ხოლმე, რომ ასე ყოფნას, ჯობს, მიზეზები გამოვიყენო. მაგალითად, დაუფარავად გკითხო, სადაა ჩვენი საერთო მეგობარი და შენ ასე გაიგო, რომ მე ჩამოვედი. რომ აქ ვარ და გელოდები. გეწყინება თუ არა ის, რომ ჩემ შესახებ ყველაფერს ასე იგებ, ჩემთვის, იმ მომენტში, ნაკლებად სადარდებელია. ვიცი, რომ საშინელებას ვამბობ. ისიც ვიცი, შენ რომ მსგავსი რამ გაგეკეთებინა, დედამიწის გადაბრუნებაც კი ვერ გიშველიდა და მთელი ცხოვრება ვერ ამოიღებდი მაგ წყენას ჩემი გულიდან. ეს ყველაფერი რომ ვიცი და მაინც ეგრე ვიქცევი, ეგ კიდევ უფრო უარესია, გეთანხმები. მაგრამ ასეა და რა ვქნა?!

თვალებში ვუყურებ. მიყურებს. მე ამ თვალებში ვეღარაფერს ვკითხულობ და მიჭირს იმის თქმა, ახლა რას გრძნობს. განაჩენივით ველოდები, როდის ამოიღებს ხმას და ღმერთო, ისე იწელება ეს მომენტიც, თითქოს მთელი ცხოვრებაა ამ სკამზე ვზივარ და უსიტყვო მზერა ნაწილ-ნაწილ მჭამს.

- საერთოდ არ მინდა დავიჯერო ის, რასაც ახლა მეუბნები. როდის? რანაირად? რატომ? რატომ გაგიჩნდა ტვინში ეგ ყველაფერი. ისე კარად ვიყავით ერთმანეთთან. შტერი ხარ, - აღელვებული მეუბნება. ხმის ტონში ნათლად ვგრძნობ გაჩენილ ძახილისნიშნებს და ახლა უფრო მეტად მგონია, რომ ამ დიალოგს აზრი საერთოდ არ აქვს.

- შეიძლება, მაგრამ თავსაც ვერაფერს ვუხერხებ.
- იცი, ახლა რას მეუბნები? ეგ იგივეა... - გაჩუმდა. იქნებ, ვერ მოიფიქრა, რა შეიძლებოდა ეთქვა?
- ეგ იგივეა, ადგე და ჩემამდე ყველაფერი ჩემ მეგობრებს მოუყვე. მერე მე შემთხვევით გავიგო, რომ შენ ტელეფონი აიღე ხელში და მე კი არა, სხვას მიწერე. იმ სხვამ ჩემთან საუბრისას სიტყვას მოაყოლა თქვენი საუბრის შესახებ და... ვხვდები. გგონია, ვერ ვხვდები?

თავს უარყოფის ნიშნად აქნევს. ერთხანს ზის და მე კი არა, სადღაც ჩემ უკან იყურება. მერე, უეცრად, ფეხზე დგება და გაშლილი ხელებით მიახლოვდება. წამის მეასედში ვაანალიზებ, რომ უნდა ჩამეხუტოს. უნდა ჩამეხუტოს. უნდა ჩამეხუტოს. უნდა...

თბილი ხელები აქვს. კიდევ უფრო თბილი სხეული და მიუხედავად იმისა, რომ უხერხულ პოზაში გავშეშებულვარ, ახლა ხელის გაშვებას სიკვდილი მირჩევნია.

ჩემ გვერდით ჯდება. ზედმეტად ახლოს. იმდენად ახლოს, რომ მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობ და ახლა აღარ მჭირდება ღამის ნიავი იმისთვის, რომ სუნთქვას გამოყოლილი სასმლის ნიშნები ჩემამდე მოვიდეს.

ნელ-ნელა წინ იხრება, ფრთხილად მადებს თავს მუხლზე და გადაჯვარედინებულ ფეხებზე ხელს მხვევს. ცალი პროფილით მომჩერებია. ალმაცერად მიღიმის. გული მიჩქარდება და უხერხულობის გასაფანტად გვერდით ვიხედები. პირი გამიშრა.

- შენ მიზეზიც გექნება, - ამბობს უეცრად და თავს წევს.
- რისი მიზეზი? - ვუყურებ.
- რატომ გრძნობ თავს ეგრე. რატომ ვეღარ მელაპარაკები.
- მიზეზი არ მაქვს. არ შეიძლება, უმიზეზოდ იყოს?
- შეიძლება, მაგრამ შენ უეჭველი გექნება.

აი, კიდევ ერთი ხიდი. ვგრძნობ, ერთი სიტყვაც და ამ ხიდზე შემდგარი ფეხი გადამიბრუნდება, ძველი ხიდი ჩაიმტვრევა და ჰაერში გამოკიდებაც ვეღარ მიშველის, ისე ჩავვარდები იმ ნაპრალში, ჩვენ ურთიერთობაში რომ გაჩნდა.

- გაგიხარდა ჩემი დანახვა? - ვეკითხები.
- როგორ არ უნდა გამხადებოდა? - აქეთ მეკითხება.

მხრებს ვიჩეჩავ. სახეზე ხელს ვატარებ და კონტურებს ვხაზავ. სახის ულამაზესი ნაქვთები ჩემი თითების ქვეშ ცხელდება.

- მგონი, სიცხე გაქვს? - შუბლზე ვეხები.
- შეიძლება.

მერე მე კიდევ დიდხანს ვეთამაშები სახეზე. ის თვალებს ხუჭავს. მე კრუგს ვურტყამ ცხვირის გარშემო ყველაფერს და გაბედულად ვატარებ თითს ტუჩის ზედაპირზე. უხილავი დენი მირტყამს. თავში განგაშის ზარი მერთვება. გონებაში ვყვირი, ადექი და გაიქეცი-მეთქი, მაგრამ გასაქცევი არსად მაქვს.

- ჰოდა, რაო მიზეზზე? - ისევ უბრუნდება.

პირიდან უცნაურ ხმებს ვუშვებ. ამ ხმებით მიჭერს და ის ხვდება, რომ რაღაც მართლა არსებობს, მე კი ვხვდები, რომ ხიდი უკვე დიდიხანია ჩატყდა და უსასრულობისკენ პირდაპირ ცხვირით მივექანები.

- მიდი, მითხარი, - კიდევ ერთხელ მაწვება და ჯანდაბას-მეთქი, ვფიქრობ.
- ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს გაწუხებ ხოლმე, - ხმამაღლა ვამბობ და არც კი მჯერა, რომ გონებაში გადახარშული სიტყვები რეალობაში კიდევ უფრო სულელურად ჟღერს. აი, ახლა გაიცინებს, გავიფიქრე და შევხედე.

გადიდებული თვალებით მიყურებს. სიცილი? ვის ახსოვს სიცილი.

- შტერი ხარ-მეთქი, ხომ გეუბნები, რა, - გიჟივით იყურებს. იქნებ, მართლაც გიჟი ვარ. ვინ იცის.
- ხომ გინდოდა მიზეზი? ჰოდა, ეგაა, - ვითომც არაფერი, ხელს ვიქნევ.
- რას ჰქვია, მაწუხებ. როდის მიგრძნობინებია? რა შუაშია?

როგორ ავუხსნა, რომ საკუთარ თავთან გაუთავებელ კონფლიქტს მოაქვს გადაწყვეტილებები და აზრები, რომელთაც ახსნა არ აქვს და რომ ყველაფერს, რასაც ვფიქრობ, ბევრად უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება, ვიდრე ჰაერზე გასროლილი შეფასებებია.

სწორედ ამიტომ, დანარჩენ მიზეზებს ჩემთვის ვიტოვებ და ცის კიდეზე მობარბაცე მთვარეს ამღვრეული თვალებით ვუყურებ.

ის იხრება და მუხლზე მკოცნის. რამდენიმე კოცნას ხელისგულზეც მიტოვებს და გული უკვე მეორედ მიჩერდება. ყველანაირად ვებრძვი თავს, რომ მეასედ დაშვებულ შეცდომას კიდევ ერთი არ დავუმატო და ლოყაზე საკოცნელად გადაწეული უკან ვბრუნდები. ეს ყველაფერი აუცილებლად მიიღებს რაღაც ფორმას. ფორმას, რომელიც არც ერთს დაგვტოვებს პასუხ გაუცემელი კითხვებით და არც მეორეს - უპასუხოდ. უფრო სწორ დროს და სწორ ადგილას. არა აქ და ახლა !



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

როგორი კარგი იყო და როგორი ემოციური. აი, ამ პაწაწინა ჩანახატმა იმდენი ემოცია დამიტოვა, იმდენი... რამდენად და როგორი რეალური იყო, თითოეული სიტყვა ვიგრძენი. ძალიან ბევრი მინდა ასეთი ჩანახატი, ძალიან!❤ წარმატებები!❤❤❤

 


№2  offline წევრი Loey

სტუმარი თიკო
როგორი კარგი იყო და როგორი ემოციური. აი, ამ პაწაწინა ჩანახატმა იმდენი ემოცია დამიტოვა, იმდენი... რამდენად და როგორი რეალური იყო, თითოეული სიტყვა ვიგრძენი. ძალიან ბევრი მინდა ასეთი ჩანახატი, ძალიან!❤ წარმატებები!❤❤❤


მადლობა, რომ წაიკითხე ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

<333333

 


№4  offline წევრი Loey

სტუმარი გვანცა
<333333


❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent