Love me tender (სრულად)
ამღვრეული თვალებით სათვალის ზემოდან მიყურებს. იქნებ, ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ სამწლიან ურთიერთობას, აი, ერთი შეხედვით, ასე მარტივად დავუსვი წერტილი და ისე, რომ მასთან არაფერი გამირკვევია, დამოუკიდებლად გადავხაზე ყველაფერი საერთო. სათვალეს ისწორებს. ფეხზე წამოდგომისას მუხლებს ხელებით ეყრდნობა და ყავისფერ მოსაცმელს გრძელ, ბიჭისთვის შეუფერებლად ლამაზ თითებს უჭერს. მარჯვენა ხელზე ის ბეჭედი უკეთია, რომელიც დაბადების დღეზე სულ რამდენიმე თვის წინ ვაჩუქე. მარცხენაზე ის, რომელიც თვითონ იყიდა ორივე ჩვენგანისთვის და ამით თითქოს და ახალი მნიშვნელობა შესძინა ჩვენს არეულ მდგომარეობას. თუმცა, მე ეს ბეჭედი წელიწადზე მეტია აღარ მკეთებია და უნამუსოდ მიმიჩენია ადგილი დამტვერილ კომოდზე. ნეტავ, რატომ არ იხსნის-მეთქი, გავიფიქრე და სანამ წასასვლელად ნაბიჯს გადადგამდა, გამახსენდა, როგორ გადაუვარდა მე-11 სართულიდან სახლის რემონტისას და როგორ დაარბენინებდა თავის ძმაკაცებს სართულიდან სართულზე, რომ ქვების გროვაში გაუჩინარებული პატარა რგოლი ეპოვა. - შენთვის, რა, ყველაფერი ამდენად უმნიშვნელოა? - თმაში ხელს იცურებს. - იქნებ ასეცაა, - თითქმის გამოცლილი ბოთლიდან სასმლის უკანასკნელ წვეთებს ჭიქაში ვისხამ. მე აღარ მიყურებს. მზერით ბურღავს ჩემი საყვარელი ღვინის, თეთრი ნახევრადტკბილი „ტვიშის“ უდანაშაულო ბოთლს და მერე ტუჩზე შერჩენილ წვეთებს დანანებით უყურებს. - ერთ დღესაც, არეული ნაბიჯებით შემოგინგრევს კარს საკუთარი თავი და საწოლზე, ახალგაზრდობის წინ, მოწყვეტით დაეხეთქება. უკმაყოფილო ამოსუნთქვებს ამოაყოლებს სასმელში ჩამხრჩვალ მარტოსულობას. მერამდენედ... ერთ დღესაც, სასმლისგან მობარბაცე სხეული საწოლამდეც ვეღარ მიაღწევს და იატაკზე, საკუთარ ნარწყევში ჩაეძინება. უსუსურობის განცდისგან შენც გული აგერევა და გვერდით მიუწვები. გაგეცინება, რამდენად შეიძლება დასჭირდეს მარტოობას კავალერი, - ჯიბიდან უკანასკნელ თეთრებს იღებს და მაგიდაზე უგულოდ ყრის. მერე ბრუნდება და მიდის. - მე სიყვარული შენს თვალთან გაჩენილი შრამი მგონია, - ვასრულებ და სულ რაღაც ათ წუთში მეც მივდივარ. სახლისკენ მიმავალ გზაზე მახსენდება, რომ ტანსაცმელი მაქვს გასარეცხი. თუმცა, იმისთვის, რომ ჭუჭყიანი ნაჭრების გროვა გონზე მოვიყვანო, აუცილებლად დამჭირდება სარეცხის ფხვნილი. სარეცხის ფხვნილისთვის მაღაზიაში შევდივარ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რომელი მჭირდება და იმას ვიღებ, რაც მეცნობა. სარეცხის მანქანაში ტანსაცმელი ტრიალებს. ტრიალებს. ტრიალებს... ის, რომ ნანატრ თავისუფლებას აგერ უკვე გაშლილი ხელებით ვეგებები, დიდად ვერ მახარებს. თუმცა ფაქტი, რომ საბოლოოდ გავაკეთე ის, რაც რამდენიმე თვეზე მეტია ტვინს მიჭამს, ოდნავ მსიამოვნებს კიდეც. მახარებს თუნდაც ის, რომ გმირულად ვეგებები მოახლოებულ მარტოსულობას და ერთი წამითაც კი არ ვნანობს იმას, რომ შესაძლოა ცხოვრებაში ყველაზე ახლო ადამიანი რამდენიმე საათის წინ დავკარგე. და დიახ, იქნებ მანადგურებს კიდეც იმაზე ფიქრი, რომ საკუთარი მხრებით ნათრევი ურთიერთობა და ხუთწლიანი წვალების შემდეგ აქამდე მოსული სიყვარული ჰაერში ბუშტივით გასკდა, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერზე. ჩემზე, მასზე და კიდევ იმ რამდენიმე ათეულ თუ ასეულ ადამიანზე, რომლებიც რამდენიმე თვეში კარს ღიმილიანი სახით შემომიხსნიან და თითზე წამოცმულ ნიშნობის ბეჭედს პირზე ხელაფარებული მომლოდინედ დაელოდებიან. ისინი ვერასდროს მიხვდებიან, რომ საზოგადოებაში გამჯდარი სტერეოტიპების გამო, იმის გამო, რომ ურთიერთობა ყოველთვის მიდის დაწესებულ ნორმებამდე და თეთრ კაბამდე, მე ძალიან მეშინოდა საკუთარი ბედნიერების და ორმაგად მაშინებდა ის ფაქტი, რომ სამწლიანი ურთიერთობის შემდეგაც კი, არ ვიყავი მზად იმისთვის, რომ ვინმესთვის თავი სამუდამოდ „მეჩუქებინა“. იქნებ ამიტომაც გადავწყვიტე, რომ დაშორება ერთადერთი და ყველაზე რეალური გამოსავალი იყო ყველაფრისთვის. გასაქცევად. უაზროდ გაწელილი გრძნობების დასამთავრებლად. უპერსპექტივო, მაგრამ სახლივით კომფორტული ადამიანის მისატოვებლად... იმ საღამოს, როცა მეხუთედ შევავსე გრძელფეხა ბოკალი და კედელს მიმსკდარი წითელი სითხე ერთიანად გამოვცალე, ტელეფონი აწკრიალდა. ამღერებულ მოწყობილობას ჩანთაში ძლივს მივაგენი და უცხო ნომერს უკმაყოფილოდ ჩავძახე, რა ხდება-მეთქი. ვიღაცამ ტელეფონის მიღმა ხმამაღლა ამოიოხრა და ისევ მთვრალი ხარო, ჩახლეჩილი ხმით მკითხა. გავთიშე. ნაწყენზე ან გაბრაზებულზე დალევა იგივეა, ტირილისგან გასკდე. ოღონდ, არის ხოლმე მომენტი, ტირილი გეზარება და ჭიქის შევსება უფრო ადვილი გგონია. ჰოდა, როცა სარკიდან არეულად მომზირალ სხეულს გავუღიმე და გამარჯობის ნიშნად ჭიქა ავუწიე, გული წამივიდა ან უბრალოდ გავითიშე. ნახევარი წუთის შემდეგ მივხვდი, რომ არაფერიც არ მომსვლია. ვწევარ, ჭერს ავყურებ და დაცემინებაზე ვფიქრობ. ისე მინდა დავაცემინო, მაგრამ მეშინია ამ სიმარტოვეში ვინმე არ გამომეხმაუროს. თავი მემილიონედ შევიკავე. ხომ ვიცი, ბოლოს მაინც გავსკდები. საკუთარი ანარეკლის გვერდით გაბურძგნულ თავს ვხედავ. ვეღარც ვიხსენებ, იქნებ საკუთარ სახლშიც კი არ ვარ. მომხიბვლელმა ჯეელმა გულწრფელად გამიღიმა. ტუჩსა და ლოყას შორის ორმო გამოუჩნდა. ოთახს თვალი ჩუმად მოვავლე და ამოვისუნთქე. ნეტავ როდის გაჩნდა „one night stand-ი“ ჩემს სახლში, ჩემსავე საწოლში? მხრებამდე ჩამოშლილი თმა მაქვს, ტირილისგან თვალები მაქვს ჩაშავებული და წითელი ტუჩსაცხი უაზროდ გადღაბნილი. წითელი არ მიხდება. არაა ჩემი ფერი. ყოველ დღე საკუთარ თავს ვუმტკიცებ, რომ რაც არ შემეფერება, ის უფროა ჩემი. მაგალითად, ქუსლებზე სიარული არ ვიცი და მაინც ყოველი ჩაცმისას თავი დედოფალი მგონია. ეს სიმაღლეც როგორ უხდება ჩემსავე თვითშეფასებას. ერთი საღამო მაინც არ ეცემა ქვემოთ, მინუსებისკენ. აზელილი მაკიაჟითაც კი თავი ყველაზე სექსუალური არსება მგონია. ეს ჯეელიც ისე მონდომებით მიღიმის. ნამდვილად არ უნდა ერთდღიანი ნავსაყუდელი იყოს, თორემ თავმოყვარე კაცი ზედაც არ შემაფურთხებდა. უცებ ვხვდები, რომ სიკვდილამდე მჭირდება ელვის პრესლი და დიორის „Pure Poison“. - რა იყო, რას მისტირი?- საწოლიდან იხრება და ეს ახალგაზრდა ჯეელი ქალისთვის დამახასიათებელი წვრილი ხმით მესაუბრება. ლამისაა გული ხელმეორედ ამერიოს. აღარ მინდა მის ორმოებში თავის დამარხვა. - იცი რა არის განუკურნებელი დაავადება?- სარკიდან აწეული წარბით მიყურებს. ტუჩებზე ისევ დასთამაშებს ბავშვური ღიმილი. რატომ არ მახსოვს ეს ტუჩები? - ლოთობა? - მონატრება,- წამის მეასედში ვუსწორებ. სულაც არ მინდა სმის სიხშირეზე კიდევ ერთმა ადამიანმა გამისვას ხაზი. - როდის მერე გახდა მონატრება დაავადება? - გააჩნია ვისი. მაცემინებს. კარის კიდეზე ატუზული ჩემი დაქალი გამკიცხავი მზერით მიყურებს და გვერდს მივლის. მე ვიცი, რომ ის არასდროს წამიკითხავს ლექციას ჩაფლავებულ ურთიერთობაზე, ალკოჰოლის სუნად აყროლებულ თმასა და ტანსაცმელზე, შემოსასვლელში დარჩენილ უცხო კაცის კაშნეზე, ნიჟარაში ჩაყრილ გასარეცს ჭურჭელსა და არეულ, თითქმის ყოველთვის დასალაგებელ ცხოვრებაზე, მაგრამ უსიტყვო დიალოგი საკუთარ თავთან და მუდამ კრიტიკულად მომზირალი თვალები სარკიდან მაიძულებს, რომ ხმა ამოვიღო. იქნებ, მჭირდება კიდეც. - როდის აპირებდი თქმას? - ყავის ჭიქა ტუჩებთან მიაქვს, ახლახან დასხმულ სითხეს ფრთხილად სვამს და მიყურებს. არასდროს მესმოდა, როგორ შეეძლო ასეთი ცხელი სასმელების დალევა. - ოდესმე ალბათ გეტყოდი კიდეც, მაგრამ ახლა არა. საიდან გაიგე? - პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ. მით უფრო პატარა ქალაქში. აქ რამე დაიმალება? - თვითონ დაგირეკა, არა? - დამირეკა, - თავს მიქნევს და ახლა უფრო დაკვირვებით მიყურებს. უაზროდ გაბუწულ თმას თავიდან ვიკრავ. - რაო, რა მინდაო? - მიზეზი აინტერესებდა. რანაირად მიხვედი ასეთ გადაწყვეტილებამდე? - როგორაა, იცი? ასეთი რაღაცები ერთ ღამეში არ მოდის. მე ვიჯექი სამი წელი და აქედან პირველი წელი ჩვენ ცხოვრებაში გამოჩენილ მესამე პირებზე ვდარდობდი, ვეჭვიანობდი. თითქმის უსიტყვოდ ვიტანდი იმას, რომ წინასწარ გამოწერილივით კვირაში ერთხელ ვნახულობდით ერთმანეთს, კრუგს ვურტყამდით, შენი თქმით, ამ პატარა ქალაქს და მერე რეალობაში ვბრუნდებოდით. პირველ წელს მე ძალიან მიყვარდა, მას უბრალოდ ვუყვარდი, რა. ჩვენი ურთიერთობაც ხომ ისე დაიწყო, თუ გინდა, ვცადოთო, რომ მითხრა. ისიც უბრალოდ, ყოველი შემთხვევისთვის. შენ კი კარგად იცი, რომ მე ძალიან მინდოდა. მეორე წელს ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში უფრო ღრმად შევიჭერით. მან ჩემი ოჯახი გაიცნო, მე მისი მეგობრები და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი იმაზე უფრო სწრაფად მიდიოდა, ვიდრე მე მინდოდა. შენ მეტყვი, მეორე წლისთვის არც თუ ისეთი სისწრაფეაო, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, რომ ხალხმრავლობა ამეტანა. ჯერ არ იყო ამის დრო. არა მაშინ, როცა უფრო მეტად ვმეგობრობდით, ვიდრე ვშეყვარებულობდით. სულ ცოტა ხანში, მას იმაზე მეტად შევუყვარდი, ვიდრე მე მიყვარდა და გამახსენდა როგორ მითხრა დედაჩემმა ერთხელ, ურთიერთობაში კაცს უფრო უნდა უყვარდეს ქალი, ვიდრე პირიქითო. მიხაროდა, რომ თავს უცხოსავით არ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვერ გავარღვიეთ რაღაც კედლები და ისევ ისეთ მოსაწყენ მდგომარეობაში დავრჩით, სადაც მე ყოველთვის ვცდილობდი პრობლემა არ შემექმნა და სამაგიეროდ ყოველთვის ვიღებდი პრობლემებს, რომლებსაც, ჩემი აზრით, არ ვიმსახურებდი. თან ყავა დალიე, რა, - თითქმის გაციებულ ჭიქაზე მივუთითე. შენ მაგაზე არ იდარდოო, თავი გააქნია. - ჰოდა, უკვე მესამე წელს, როცა მე ეჭვებმა ღრღნა დამიწყო და გავაანალიზე, რომ დიახაც, ძალიანაც მიყვარდა, მაგრამ საკუთარი თავი უფრო მეტად მიყვარს და ერთსა და იმავეზე მილიონჯერ საუბარი მაინც არაფერს შეცვლიდა, ამ გადაწყვეტილებამდე მივედი. დამიჯერე, რა, რომ მცოდნოდა, რომ რაიმე მაინც გამოსწორდებოდა, მე თვალს დავხუჭავდი კიდევ ათასჯერ და ამ მდგომარეობამდეც არ მივიდოდი. აღარ შემეძლო. - ახლა ბედნიერი ხარ? - ახლა ვცდილობ, ბედნიერი ვიყო. ერთ დღეს, ჩემმა ბავშვობამ დავიწყების კარისკენ დაიწყო სვლა. უსასრულობის სამყაროსკენ მიმავალი მეხვეწებოდა არ გამეშვა, მაგრამ კისერში ხანდაზმულობის წლები მიჭერდა და შენარჩუნება ვერ შევძელი. ერთ დღესაც, კიბეზე ამოსვლისგან დაღლილმა საკუთარმა თავმა, მუხლმოკვეთილმა, კაბაჩამოხეულმა, სახლში შესვლის უფლება არ მომცა და იქვე, კუთხეში მიმეძინა. წითლად შეღებილი დახეთქილი ტუჩიდან ლამაზად მდიოდა ცისფერი სისხლი. მაშინაც, ისე როგორც არასდროს, ძალიან მინდოდა ელვის პრესლი და დიორის “Pure Poison”, ჭიქა „ტვიში“ და მაღალი ქუსლები. ბედნიერების მოლოდიში სკამზე მჯდარმა გავაანალიზე, რომ მე თავად ვარ ბედნიერება. საკუთარი თავისთვის და არასდროს სხვისთვის. ვინ იცის, მერამდენედ... Love me tender, love me sweet Never let me go You have made my life complete And I love you so... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.