დიდი ღამე თავი პირველი
თავი პირველი ღარის წყალთან ბალღები თამაშობდნენ. თხუთმეტიოდე წლის ჭაბუკი ნაკადულზე დახრილიყო, ღარიდან გადმომდინარ წყალს პაწაწინა ბორბალს უსწორებდა და მიწაში ჩარჭობილ ორკაპა ჯოხებზე მართავდა. მერე უცებ ხელი უშვა, ბორბალს წყალი მოხვდა და თავბრუდამსხმელად დატრიალდა. ბორბლის აბრუნება და ბავშვების აჟივლება ერთი იყო. ბრუნავდა ბორბალი და შხეფებს ყრიდა. კისკისებდნენ გახარებული ბავშვები და დედის ძუძუზე მიხვეული გოჭებივით ერთიმეორეს არ აცლიდნენ «წისქვილთან» ადგილის დაჭერას. ნაკადული ჭაბუკის ლაჯებქვეშ მიედინებოდა და კრიალა წყალში ბავშვების გაცინებული სახეები ირეკლებოდა. ვაჟი ფიქრში წასულიყო, წყალს დაჩერებოდა, მაგრამ, ეტყობოდა, იქ ვერაფერს ხედავდა. არც ბავშვების გნიასი წვდებოდა მის სმენას, რადგან გულისყური და გონების თვალი სხვაგან ჰქონდა. ამ ჟივილ-ხივილში რაღაც მაინც გაიგონა, თუ მოელანდა, _ ადგილს მოსწყდა და ჭიშკრისაკენ გაექანა. შარაგზაზე სახედარი მოჩაქჩაქებდა. ზედ სიმსუქნით ნაადრევად დამძიმებული კაცი იჯდა, შეშუპებულ სახეზე მკრთალი ფერი გადაჰკრავდა და სუნთქვა უმძიმდა. სახედარს ქვეითად მოუძღოდა ცამეტიოდე წლის ქალიშვილი. ცალ ხელში ავშარა ეჭირა და ცალით დროდადრო წკეპლას იქნევდა. ვაჟი ჭიშკართან გამოვიდა, შარვალზე სველი ხელები შეიმშრალა და გზის პირას უხერხულად დადგა. ქალიშვილმა შორიდანვე შეჰღიმა, სახედარს გზისპირისკენ მოსწია და ნაბიჯი შეანელა. _ მიდიხარ? _ ოდნავგასაგონად იკითხა ვაჟმა და მზერა უმალ სახედარზე მჯდომარეზე გადაიტანა, თუმცა მისი კითხვა მხოლოდ ქალიშვილისთვის იყო ნათქვამი. _ ერთ წუთს დამიცადე, პავლია... ცაგო... ახლავე მოვალ! _ შეეხვეწა ვაჟი ორთავეს, დასტურს აღარ დაელოდა და ეზოს სიღრმეში ჩაკარგულ პატარა სახლისკენ გაიქცა. _ ნეტავ ვაჩეც მოდიოდეს! _ ამოოხვრით თქვა ცაგომ. _ ბარემ კარგი იქნებოდა! გამიძნელდება უმაგისოდ რუკების ხაზვა, _ სინანულით დასძინა პავლიამ. ცაგომ არაფერი თქვა, მხოლოდ ამოიოხრა და სახე იბრუნა. ქლოშინით მოიჭრა ვაჩე. აბრეშუმის ქსოვილში სათუთად გახვეული რაღაც გადასცა ცაგოს და მორცხვად უთხრა თავდახრილმა: _ შენი იყოს... მოგისწარი... ცაგომ საჩუქარს აბრეშუმი შემოაცალა, უცხოდ მოხატულ წიგნს დახედა და აღტაცებით შესძახა: _ თორელის წიგნი! სწრაფად გადაშალა, თითქო სურდა, დარწმუნებულიყო ხომ ნამდვილად ის არის, ვაჩესაგან აგრე მუყაითად, ფურცელ-ფურცელ მოხატული თორელის წიგნიო. სიამით სახეგაბადრულმა წიგნი მაშინვე დახურა, ვაჩე თავისკენ მიიზიდა და ანგარიშმიუცემლად უცებ ლოყაზე აკოცა. ვაჟი გაშრა, ერთიანად გაწითლდა. ქალი, თითქო გონს მოეგოო, უცებვე მოშორდა ცივად, სახედარს წკეპლა გადაჰკრადა ჩქარი ნაბიჯით გზას გაუდგა. დიდხანს იდგა ვაჩე სახეალეწილი და გაოგნებული. უხურდა ლოყა, ცეცხლი ეკიდა. ნაკოცნ ადგილზე ხელისზურგს იდებდა, მაგრამ სახე უფრო ენთებოდა, საფეთქლები უროები ვით სცემდნენ და თვალში ბინდი ერეოდა. მუხლებში სისუსტე იგრძნო. არ წავიქცეო, შეეშინდა, ღობეს ხელი შეაშველა და ქვაზე ჩამოჯდა. ერთხანს ასე იყო რეტდასხმული. მერე ქვა და მიწა მოსინჯა, თავისსავე ტან- ფეხს ხელით შეეხო. ყველაფერი ძველებურად იყო, თავის წესსა და ადგილას, მხოლოდ ახლა მთელ სხეულში რაღაც სითბო ეღვრებოდა და თავით ფეხებამდე საამო ჟრუანტელი უვლიდა. იჯდა ასე, მანამდე განუცდელი ნეტარებით მთვრალი, ბურანში ჩაძირული, ქვეყნისაგან გამოთიშული და ვნების ფრთებით დარწეული, გაბრუებული. თავს ტოლები წამოადგნენ. არც უკითხავთ, ისე ჩამოსხდნენ მის გვერდით. _ გაიგე, ვაჩე? ტახტის ბედი გადაწყვეტილა... _ დაიწყო ერთმა. ვაჩემ რომ მისი ნათქვამი არაფრად ჩააგდო და ხმაც არ გასცა, გაჯავრებულმა დასძინა: _ დარბაზს რუსუდანის გამეფება დაუდგენია... _ მერე ჩვენ რა?! ჩვენ რა გვეკითხება, მეფე ვინ იქნება?! _ არხეინად თქვა მეორემ, ვაჩეს მხარი წაჰკრა და დაუმატა, _ ასე არ არი, ვაჩე? ვაჩე არც შერხეულა. _ როგორ თუ ჩვენ არ გვეკითხებაო, გესმის, ვაჩე?! _ გაწიწმატდა ამბის მთქმელი და მუხლზე ხელი დაიკრა. _ მეფედ ქალი დასვან და ჩვენ არ გვეკითხება? ქალის მეფობით ჩვენ რა სიკეთე მოგვივა, ომს ვერ იქმს და ლაშქრად ვერ წაგვიძღვება! _ სახელი ჩვენ არ გვექნება და ნადავლი! _ დაურთო მესამემ. ბიჭები ვაჩეს ტოლები იყვნენ, საულვაშე უკვე შავად დაჩნეოდათ და გული სახელისა და ხმლისკენ მიუწევდათ. _ თამარიც ქალი იყო, მაგრამ მის დროს ქართველთა ხმალს არ მოშივნია! _ შენიშნა მეორე ჭაბუკმა. _ თამარი სხვა იყო! თამარი ერთი იყო და სხვა ვეღარავინ იქმს თამარობას! _ მოსჭრა ისევ პირველმა და, სამეფოს ბედისადმი ვაჩეს უნაღვლელობით გაბრაზებული, ფეხზე წამოდგა. წავიდეთო, ანიშნა ბიჭებს და საყდრის გზას გაუყვნენ. ცოტა რომ გაიარეს, შეჩერდნენ, ერთმანეთს რაღაც უთხრეს და ვაჩეს გადმოსძახეს: _ საჭიდაოდ არ წამოხვალ, ვაჩე? ვაჩე ფეხზე წამოდგა ტოლებს ზურგი აქცია, კლდის ქიმს გადაადგა და თბილისის გზას დააცქერდა. დაბლა, ხეობაში მდინარის გასწვრივ ფერდობ-ფერდობ მიიკლაკნებოდა თბილისის გზა. უკვე დიდი მანძილი გაევლოთ, მაგრამ ჯერ კიდევ ჩანდნენ სახედარზე ამხედრებული და ქვეითად მიმავალი. ვაჩეს უნდოდა დაეძახა და ხმა მიეწვდინა მათთვის. მაგრამ ტოლებისა თუ შერცხვა, ისევ დუმილი არჩია და უხმოდ ჩამოჯდა. მიდიოდნენ მგზავრები, გზა იკეცებოდა და კვლავ იშლებოდა. ვაჩეს თვალიც მათთან ერთად კეცავდა იმ გრძელ გზას და ფიქრი ფიქრს მისდევდა. ვაჩეს მამა ადრე დაეღუპა ლაშქრად. ობლად, დედის ანაბარად დარჩენილი ბალღი სანახევროდ ცაგოს სახლში იზრდებოდა. ცაგოს მამა გააზნაურებული მოლაშქრე იყო და ერთ დროს მეფის კარზე ტრიალებდა. სხვა კარისკაცების მსგავსად, მეფეთა საზაფხულო სადგომების ახლო მასაც ჰქონდა აგარაკი ახალდაბაში. კარგად ცხოვრობდნენ, მაგრამ ეშმაკს შეშურდა და ოჯახის უფროსს მარცხი შეამთხვია: უებრო რაინდი და უბადლო მობურთალი, მეფეთა გასართობად გამართულ ასპარეზობაზე, ცხენიდან გადმოვარდა, ცხენმა ათრია და მოედნიდან უსულოდ გაიტანეს. ოჯახის ბედი ჩარხუკუღმა დატრიალდა. მალე მევალეებმა წამოჰყვეს თავი და თითქმის ყველაფერი წაიღეს. სამი შვილის დაქვრივებულმა დედამ აგარაკიღა შეინარჩუნა, ხილის მცირე ბაღითა და მცირე სახნავ-სათესით. კიდევ კარგი, რომ უფროსი ვაჟი მალე წამოესწრო და მხარში ამოუდგა დედას. მამუკამ მამის სიცოცხლეშივე მოასწრო სწავლის მიღება, ხელოვანის ნიჭი გამოიჩინა, ოქროს კვეთა ისწავლა და ახლა ქალაქში პირველ ოქრომჭედლად ითვლებოდა. სწორედ მამუკასთან მიდიოდა ახლა მისი უმცროსი და-ძმა, მისივე წვევითა და შემოხვეწნით. ძმას ორი წლის ასაკიდან ორივე ფეხის დამბლა ჰქონდა და კუტი იყო. სოფელმა ეს ხინჯი მეორე სახელად უქცია და დიდი და პატარა «პავლია კუტს» ეძახდა. თვითონაც ისე შეეჩვია ამ ზედწოდებას, რომ არათუ დამამცირებლად მიაჩნდა იგი, მარტო სახელის დაძახებაზე კაცს აღარ აგონებდა, თუ ზედ «კუტსაც» არ დააყოლებდნენ. მთელი სიცოცხლე მარტოოდენ ჯდომად და წოლად განწირული ხეიბარი თავიდანვე შეეგუა უძრავ ყოფას, სწავლას დაეწაფა და ცოდნითა და წიგნით ცდილობდა იმ დიდი სულიერი ტკივილის დაყუჩებას, რომელსაც სხეულის გამოუსწორებელი ნაკლი აყენებდა. ფეხები არ ემორჩილებოდა პავლია კუტს, თორემ სხვა მხრივ ძალუმი სხეული ჰქონდა. ხელით ცხენის ნალს ღუნავდა და სუფრაზე სამი ვაჟკაცის ულუფას ჭამდა. უძრაობამ და ჭამაში მოუპირაობამ ქონი მორია და სხეული ნაადრევად დაუმძიმა. სიმსუქნისაგან ცოტა სუნთქვა უჭირდა, მაგრამ მუშაობით დაღლა არ იცოდა. ღამეების ტეხვა წაბმით შეეძლო და ქვეყანა რომ დაქცეულიყო, დაწყებულ საქმეს დამთავრებამდე არ მოშორდებოდა. ენებს საოცარი სისწრაფით ითვისებდა. უცნობ ენას ორ-სამ თვეში სწავლობდა. საქართველო სავსე იყო ომებიდან წამოყვანილი ტყვეებითა და მონებით. სპარსელი და ბერძენი, თურქი და არაბი კარდაკარ დაწანწალებდნენ სამუშაოს საძებრად და სამათხოვროდ. პავლია კუტი შესაფერ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდა. უცხოელს მაშინვე ქირაზე მოურიგდებოდა და მერე ის უბედური მისი ნამდვილი ტყვე იყო: ისიც მის მაგიდასთან უნდა მიჯაჭვულიყო ან მისი ბორბლებიანი სკამი ეგორებინა და ყოველი ფრინველისა და ცხოველის, ბალახისა თუ ყვავილის, საგნისა თუ საქმის სახელი გამუდმებით ემეორებინა ცოდნას დახარბებული ხეიბრისათვის. ორ-სამ თვეში გაძვალტყავებული გადამთიელი მოსულიერდებოდა და ხორცს შეიბამდა, მაგრამ უცნაური ბატონი მისი გულუბრყვილო გაკვეთილებით ვეღარ კმაყოფილდებოდა, რადგან მასწავლებლის ენა უკვე თვითონ მასზე უკეთ იცოდა და იმ ენაზე წიგნებს თავისუფლად კითხულობდა. ხეიბრის ახირებასა და სურვილების შესრულებას შეჩვეული უცხოელი ცრემლით სტოვებდა მისთვის იოლ სამუშაოს და ხელახლა სოფელ-სოფელ წანწალს იწყებდა ლუკმაპურის საძებრად. ლამაზი ხელი ჰქონდა პავლია კუტს. მისი გადაწერილი დავითნი ან ოთხთავი ხელიდან ხელში გადადიოდა და კარგ ფასადაც იყიდებოდა. ამ საქმეში მისი განუყრელი თანაშემწე ვაჩე იყო. კუტმა ვაჩეს წერა-კითხვა და ხატვა ასწავლა; წიგნისა და ხატვის სიყვარული ჩაუნერგა გონიერ ბავშვს. ღარიბსა და ობოლს სხვა რა მადლის გადახდა შეეძლო, _ თავის მასწავლებელს წიგნების გადაწერასა და ყდაში ჩასმას შველოდა. ბოლო დროს პავლია კუტი «საქართველოს სამეფოს» აღწერას შეუდგა. უამრავი ქართული და უცხოური წიგნი დაიწყო წინ, ნავალთა, მნახველთა და გამგონეთაგან ნაამბობს იწერდა, აღწერილსა და გადმოცემულს ერთიმეორეს ადარებდა და წერდა. დღედაღამ თავაუღებლად წერდა იმ ქვეყნის ადგილისა და მდებარეობის, ჰავისა და მოსავლის, ხალხის ზნისა და ჩვეულებისათვის, რომელიც აგრერიგად უყვარდა; წერდა იმ ქვეყნის ავსა და კარგს, რომელიც არათუ ფეხდაფეხ არ მოევლო, ერთი თვალის გადავლებითაც არ ენახა. სკამ-ლოგინზე მიჯაჭვულს საქართველოს შემოვლის ნატვრაც არ შეეძლო. თავის საოცნებო სამშობლოს მხოლოდ ერთ უმცირეს ნაწილს ხედავდა დღემუდამ თავისივე სახლის აივნიდან და ეზოდან. მაგრამ, ჰოი, რა ლამაზი, რა წარმტაცი იყო ეს პატარა ნაკვეთი მშობელი ქვეყნისა! წინ _ ფერად-ფერად ხალიჩებად დაფენილი, ღობეებითა და ხეთა მწკრივებით დასერილი მინდვრები, დაბლა _ მწვანით დაბურული, ბნელი ხევი ღრანტეებით, ტყვიისფერი მდინარითა და პირდაღებული უფსკრულებით, მაღლა _ ცად აზიდული ლურჯი მთები გაცრეცილი ნისლის ლეჩაქით, კალთებზე შეფენილი ცხვარ-ძროხით და შორს... უფრო შორს, ცის დასალიერზე ღრუბლის თეთრ სვეტებად თუ ბროლის კოშკებად ამართული კავკასიონი. წარმოდგენით, პავლია კუტს თავისი კუთხის ამ საზღვრებში მოექცია მთელი დანარჩენი საქართველოს სურათი. ჩარჩო პატარა იყო, მაგრამ ოცნება დიდი და უნაპირო _ სამშობლო მთლიანად ასე წარმტაცი და მიმზიდველი ეჩვენებოდა და თუმცა მისი ყოველი ნაწილის ხილვის ბედნიერებას მოკლებული იყო, წიგნებითა და ნაამბობით საქართველო თავისი ხუთი თითივით იცოდა. პავლია კუტის სწავლულობისა და მეცნიერობის ხმა შორს განთქმულიყო. მის მიერ დიდის რუდუნებით გადაწერილ საღმრთო წიგნებს, მონასტრებს გარდა, დიდგვარიანთა ოჯახებისკენაც გაეკვლია გზა და ბოლოს მეფის კარზეც შეეღწია. გელათის აკადემიის მოძღვართმოძღვარს უცნობი მწიგნობრის მიერ გადაწერილი «ბალავარიანი» ჩავარდნოდა ხელთ. გადამწერის ხელს სწავლულის ყურადღება მაშინვე მიუპყრია, მაგრამ მოძღვართმოძღვარი უფრო მეტად იმ შენიშვნებს დაეფიქრებინა, რომლებიც პავლია კუტს წიგნისათვის დაერთო, მსჯელობის სიღრმესა და აზრის სითამამეს წინამძღვარი გაეოცებინა და უცნობი მწიგნობრის ხილვა მოესურვებინა. აკადემიის მოძღვართმოძღვარი სწორედ იმხანად თბილისში უნდა ყოფილიყო მეფის კურთხევაზე და მამუკა მასთან შესახვედრად იწვევდა თავის კუტ ძმას. თვალი ძლივს სწვდება მიმავალთ. უკვე ცალ-ცალკე აღარ ჩანან სახედარზე მჯდომი კუტი და ქვეითად მიმავალი ცაგო. ყველანი ერთ სხეულად შეკრულან იმ შორეთში და ლანდადღა ხედავს. ფიქრი კი, ვაჩეს ფიქრი, მაინც მათთან არის, მათთან ერთად აგრძელებს დიდ გზას. მარტოოდენ წიგნის სიყვარული როდი იზიდავდა ვაჩეს პავლია კუტის ეზო-კარისაკენ, ცაგო მისი ტოლი იყო, ერთად იზრდებოდნენ. ჯერ ერთად თამაში, მერე ერთად ოცნება და ბოლოს თვითონაც აღარ იცოდა, რა ეწეოდა მისკენ, გრძნობა თუ ჩვეულება. ეს კი იყო, რომ მასთან სიახლოვე მოთხოვნილებად გადაქცეოდა. პავლია კუტის ყველა წიგნი ერთად ჰქონდათ გადაკითხული ცაგოს და ვაჩეს. ხატვის სიყვარულიც პირველად მათ ოჯახში გაეღვიძა ყრმას. ათი წლისაც არ იყო ვაჩე, მათ სოფელში ბეთანიისკენ მიმავალი უცნობები რომ გამოჩნდნენ. ცნობისმოყვარე ბავშვები უკან აედევნენ უცხოებს, რომელთაც ტაძრის ეზოში კარვები დადგეს, ახლად აშენებულ ტაძარში ხარაჩოები გამართეს და კედლების მოხატვას შეუდგნენ. მხატვრებმა მაშინვე შენიშნეს ცნობისმოყვარე ბიჭი, მათ საქმიანობას გაფაციცებით რომ ადევნებდა თვალს. დაუძახეს, მოეფერნენ, დასაქმეს კიდეც მცირე რამ. ბიჭუნა დაუზარლად, ხალისით ასრულებდა მხატვრების ყველა თხოვნას. ხან ცივი წყალი მოჰქონდა მათთვის, ხან ახლომახლო ეგზავნებოდა და ხანაც საღებავების გაზავებაში შველოდა. გამჭრიახი, მკვირცხლი ვაჩე თვალში მოუვიდა მხატვართუხუცესს, დემეტრე იყალთოელს. ვინაობა გამოჰკითხა. როცა გაიგო, რომ მამუკას მეზობელი იყო, ესიამოვნა. _ არ გინდა, შენც მამუკასავით ხელოვანი გამოხვიდე? _ შეეკითხა მოკრძალებულ ბიჭს იყალთოელი. _ იქნებ მასაც აჯობო, ა? რას იტყვი? _ შეუჩნდა ოსტატი და, ბავშვმა რომ ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა, ხელით ანიშნა, _ ე მანდ რომ ფუნჯია, აიღეო. ვაჩე ფუნჯს დასწვდა, ოსტატმა საღებავში ჩააწებინა და პირველი ხაზები გაავლებინა. ასე, მოულაპარაკებლად, ყოველგვარი პირობის დაუდებლად დაემოწაფა იყალთოელს ვაჩე, თვითონაც სანახევროდ ბეთანიაში დაიდო ბინა და ერთ წუთსაც არ შორდებოდა თავის მასწავლებელს. ნელა, მაგრამ გულმოდგინედ მუშაობდა იყალთოელი. მისი ჯადოსნური ყალმის ქვეშ ნელ-ნელა ინაკვთებოდა დიდებული თამარის სახე; უკვირდა ყმაწვილს, როგორ შეუმჩნევლად ცოცხლდებოდა მის თვალწინ ფერი და ხაზი, როგორ თანდათანობით ისხამდა ხორცს მხატვრის ფიქრი და შთაგონება. არარაობიდან _ ცარიელი კედლიდან დაიწყო იყალთოელმა. ორი წელიც არ იყო გასული, რომ ეს ცივი, მუნჯი კედელი გაცოცხლდა, ამოძრავდა და ამეტყველდა. სუნთქავდა სხეული და ეს მშვიდი სუნთქვა იმ მძიმე ტანსაცმლის ქვეშიდანაც მჟღავნდებოდა, რომლითაც ასე თვალისმომჭრელად შემოსა მხატვარმა ღვთაებრივი დედოფალი. ისე მიიწურა სამუშაო, ისე თვალსა და ხელს შუა გაირბინა ორმა წელიწადმა, არც კი გაუგია ვაჩეს. ბოლო დროს უცნაურობა დასჩემდა დემეტრე მხატვარს: მთელი დღეები ხარაჩოდან არ ჩამოდიოდა, იდგა და კი არ ხატავდა, ისე, გარინდებული უჭვრეტდა თამარის სახეს. ფიქრსა თუ ოცნებაში წასულს საჭმლის ჭამა ავიწყდებოდა. როდის-როდის, თვითონვე თუ მოვიდოდა გონს, თორემ შეხსენებასა და ხმის გაცემას ვერავინ უბედავდა. ამ დროს ტაძარში სულდგმული არავინ იყო ხოლმე და მხატვარი თავის ქმნილებასთან მარტოდარჩენილი ეძლეოდა შთაგონების თავდავიწყებას. ღამღამობით, სხვები რომ შუაძილში იყვნენ, დემეტრე მხატვარი ჩუმად დგებოდა ხოლმე, მთვარიანში მაღლა მთებისკენ მიდიოდა, რაღაცას თავისთვის ღიღინებდა და მერე გვიანობამდე, სადმე, კლდის ქიმზე ჩამომჯდარი დაჟინებით უცქერდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. ერთ ღამეს კარავში მძინარე ვაჩეს ხმაური ჩაესმა. გამოეღვიძა. ტაძრიდან სინათლე გამოდიოდა, ტაძრის კარი დაკეტილი იყო. ვაჩე, ცოტა არ იყოს, შეშინდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ დასძლია. სარკმელთან მივიდა და ტაძარში ჩაიხედა: ტაძარში დემეტრე იყო მარტო. სანთლები აენთო და თამარის ფრესკას ხარაჩოებს აშორებდა. ვაჩე სარკმელზე აცოცდა, რომ უფრო კარგად დაენახა: დემეტრემ უკანასკნელი ფიცარი კუთხეში დადო, მძიმედ ამოისუნთქა და იმავე ფიცარზე ჩამოჯდა. ერთხანს ასე უყურა. სახეზე ღიმი უთამაშებდა. მერე ნელა წამოდგა და ადგილი მოინაცვლა. ტაძრის ხან ერთი კუთხიდან, ხან მეორედან უცქერდა დემეტრე თამარის სახეს, უცქერდა და თან რაღაცას ღიღინებდა თუ ბუტბუტებდა. ვაჩეს უცებ მოეჩვენა, რომ თამარიც თვალს ადევნებდა მხატვრის მოძრაობას კედლიდან, ისიც იქით იბრუნებდა პირს, საითაც მხატვარი დგებოდა. ბოლოს სულ ახლო მივიდა დემეტრე თავის ქმნილებასთან, ალბათ, ვაჩესავით მასაც ცოცხლად ეჩვენა თამარის სახე, ეგებ შეეშინდა კიდეც მისი, _ მუხლებზე დაეცა, ეთაყვანა და კალთაზე ემთხვია. მერე, თითქო გონს მოვიდაო, უცებ წამოდგა, სანთლებს ჩამოუარა, სათითაოდ ჩააქრო და ტაძრიდან სწრაფად გავიდა. მეორე დღეს, როცა ყველამ გაიღვიძა, დემეტრე აღარსად ჩანდა. არავის გაჰკვირვებია, რადგან დილაადრიან იცოდა დემეტრემ მუშაობის დაწყება. საუზმე რომ გააწყვეს, ტაძარში შეიხედეს ოსტატის მოსაპატიჟებლად. ტაძარი ცარიელი იყო, ხარაჩოები დაშლილი და მილაგებული. კუთხეში ფუნჯები და საღებავები ეწყო შეკრულ-შეხვეული. ტაძრის წინამძღვარი და სამუშაოთა ზედამდგომელი გაოცდნენ, მხოლოდ იყალთოელის მოწაფეები და თანაშემწეები, მასთან ერთად დიდხანს ნამუშევარი მხატვრები და თანამშრომლები მიხვდნენ, რომ ოსტატს ხატვა დაესრულებინა და ბეთანიიდან წასულიყო. ასე იცოდა თურმე იმ მარჯვენანაკურთხმა: ხატვას რომ მორჩებოდა, ერთხანს უნდა დაკარგულიყო, ნადირობასა და ქეიფში უნდა დაევიწყებინა ის, რითაც ასე დიდხანს ცხოვრობდა და ამას მარტო იმიტომ კი არ სჩადიოდა, რომ ახალი თვალით შეეხედა თავისი ქმნილებისათვის; უფრო მეტად თურმე მნახველთა და შემფასებელთა აზრის მოსმენა აღიზიანებდა, სანამ მუშაობას არ დაასრულებდა, გარეშეთაგან ტაძარში არავის შეახედებდა, მაგრამ როგორც კი ხმა დაირხეოდა, დემეტრე მხატვარმა ხატვა დაამთავრაო, უამრავი მნახველი მოაწყდებოდა. მოდიოდნენ დიდ-დიდი მთავრები და დიდებულები, საერონი და სამღვდელონი დემეტრეს ქმნილების სანახავად, რომ შემდეგ თვითონაც მიეწვიათ მხატვარი ახლად ნაშენი ტაძრებისა და პალატების მოსახატავად. მოდიოდნენ თავად მეფენიც, მაგრამ მოსულთა შორის ყველაზე მეტი მხატვრები იყვნენ მუდამ. საიდან არ ეწვეოდნენ _ აფხაზეთიდან თუ ჰერეთიდან, ლეკეთიდან თუ ტრაპიზონიდან. ყველა მოუთმენლად ელოდა იყალთოელის ახალი ქმნილების ნახვას. საათობით იდგნენ და უცქერდნენ ნახატს, ერთიმეორეს უხსნიდნენ და ეკამათებოდნენ. თავის ქნევითა და გაოცებით სტოვებდნენ იქაურობას, რომ შემდეგ დემეტრეს ხაზი თუ ფერი, ჩრდილი თუ შუქი გადაეტანათ და გაემეორებინათ სამცხისა თუ ლეკეთის, ჰერეთისა თუ ჯიქეთის, ტრაპიზონისა თუ სომხეთის ტაძრებსა და სასახლეებში. ოსტატის წასვლის შემდეგ ვაჩეც აღარ გაჩერებულა ბეთანიაში. დემეტრეს ნაჩუქარი საღებავები და ყალამ-ფუნჯები აბგაში ჩაალაგა და შინ დაბრუნდა. გაგარეგნებულმა ბიჭმა გული ვეღარ დაუდო სოფლის ყოველდღიურ საქმეს, ბაღისა და ვენახის მოვლას და, ალბათ, სახლიდან გაიქცეოდა, ცაგო და პავლია კუტი ახლო რომ არ ყოფილიყვნენ. ხეიბარმა თავისი ახალი შრომისათვის რუკების დახაზვა სთხოვა. ვაჩემ ჩინებულად დაუხაზა რუკები. ყმაწვილის გულისმოდგინებითა და ნიჭიერებით წათამამებულმა პავლიამ მეტი მოინდომა, თავის «საქართველოს სამეფოს» აღწერის წიგნში ქვეყნის ღირსშესანიშნაობათა ჩახატვა განიზრახა და ვაჩეც ამ საქმეს დიდი ხალისით შეუდგა. პავლია კუტი და ვაჩე რომ ამ შრომაში იყვნენ, ცაგოს გული შინ არ უდგებოდა, მთელი დღე გარეთ იყო, გოგო-ბიჭებში, მაყვლისა თუ შინდის საკრეფად დადიოდა, ქაჯივით დარბოდა ტყეებსა და მინდვრებში და შინ მხოლოდ საჭმელისათვის თუ შეიხედავდა. პირველად აგდებულად უყურებდა ვაჩეს ნაადრევ სიდინჯეს, უკვირდა, მასაც გული მინდვრისკენ რომ არ მიუწევდა ტოლებივით, მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, როცა მის მიერ მოხატული წიგნი ნახა, არც თავის თვალს დაუჯერა, არც ყმაწვილის შრომით აღტაცებულ ძმას და არც თვითონ თავმდაბლად გაღიმებულ ვაჩეს. წიგნს ხელი დაავლო, ჯერ დედას მიურბენინა, მერე შარაზე გავარდა და ტოლებს გადაუშალა. გაოცებული ბავშვები წიგნს ეტანებოდნენ, მაგრამ ცაგო ხელს არავის აკიდებინებდა, ნელა ფურცლავდა და თავის აღფრთოვანებას ბავშვებს უზიარებდა. იმ დღიდან ტოლებმა ხომ სხვა თვალით დაუწყეს ყურება ვაჩეს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ თავად ცაგომაც ზნე იცვალა. კუტი ძმის ოთახში რომ არ შეეხედა, ვეღარ ძლებდა. ჯერ ძმისა და ტოლის მუშაობას აკვირდებოდა, მერე თვითონაც მოუნდა შრომა, დედას აბრეშუმის ქსოვილი გამოართვა და ხელსაქმეს შეუდგა. ქარგვა რომ მოსწყინდებოდა, ცაგო ჩონგურს დაავლებდა ხელს, სიმებს ჩამოკრავდა და ტკბილად დასძახებდა: ახალდაბაო, დაბაო, შორს ურჯულოებს ვკაფავო... მაშინ ვაჩეც თავაუღებლად აჰყვებოდა: მანდ ერთი გოგო დავტოვე, ტანს ეცვა მწვანე კაბაო... უცნაურად გამოცოცხლებული ცაგოს ხეიბარი ძმაც დვრინს დააბუბუნებდა: თუ მომკლავს, მტერი ვერ მომკლავს, ის მომკლავს, შავთვალწარბაო. მღეროდნენ და მუშაობას ეშხი და ხალისი ემატებოდა. მაგრამ ცაგო დიდხანს ვერც სიმღერას უდებდა გულს, საკერავსაც მალე სტოვებდა და კვლავ ეზოსკენ, მზისა და მინდვრისკენ გარბოდა. ერთხელ ნაქარგი გვერდზე გადასდო, მომწყინდა სულ პეპლებისა და ყვავილების, ჩიტებისა და ქურციკების ქარგვაო, _ ჩაილაპარაკა და წავიდა. ნათქვამი გულში ჩარჩა ვაჩეს. დედას თეთრი მანდილი გამოართვა და ჩუმად შეუდგა ხატვას. ის იყო, მოათავა კიდეც, რომ ჭიშკარს ცხენოსანი კაცი მოადგა. უცხო კაცს დედამ გახედა. ცხენოსანმა ვაჩე იკითხა და დედამ სტუმარი შინ შეიწვია. სარკმლიდან უყურებდა ვაჩე და თვალს არ უჯერებდა: ცხენიდან დემეტრე იყალთოელი ჩამოხდა, დედას მიესალმა, ცხენი აღვირით ჭიშკრის ბოძთან გამოაბა და სახლისკენ წამოვიდა. ცას სწვდებოდა სიხარულით ვაჩე. დემეტრე ოსტატი გუდარეხის სასახლის მოსახატავად მიდიოდა და ვაჩეს დედას სთხოვდა, შვილი შეგირდად გაეყოლებინა. დედა ხედავდა, როგორ გაიხარა შვილმა ოსტატის ნახვით, იმასაც კარგად გრძნობდა, რომ ვაჩეს გული შინ არ უდგებოდა, ამ უცხო კაცისკენ, ხატვისა და შემოქმედებისაკენ მიუწევდა. დედას ბევრი აღარ უყოყმანია, გუდარეხი არც ისე შორს იყო, მხატვარს თანხმობის პირი მისცა და საგზლის სამზადისს შეუდგა. დილით, ვიდრე სტუმარი ადგებოდა, ვაჩემ ცაგოსას გადაირბინა. პავლია კუტის ოთახის სარკმელი ღია იყო. კუტი მაგიდას უჯდა და წერდა. ცაგოს მეორე ოთახში ეძინა. ხმადაბლა, სხაპასხუპით უამბო ვაჩემ უფროს მეგობარსა და მასწავლებელს თავისი გამგზავრების ამბავი, გადაეხვია, გადაჰკოცნა და წასვლისას ხელმანდილი გადასცა, _ ცაგოს მიეციო. ვაჩე სირბილით გაშორდა იქაურობას. პავლია კუტმა ერთხანს თვალი გააყოლა, მერე დაკეცილი მანდილი გახსნა და ზედ ამოსაქარგავად მკრთალად გამოყვანილ ნახატს დააცქერდა: ცაგოს სახე დაეხატა, გაღიმებული, ბედნიერი გოგონას სახე; თავს მინდვრის ყვავილების გვირგვინი დაედგა, მინდვრის ყვავილები ეყარა მხრებსა და მთელს ტანზე ცაგოს და ხელები რატომღაც მარცხნივ ჰქონდა აპყრობილი. მიხვდა პავლია კუტი და გაეღიმა: ვაჩეს ბეთანიის კედლის ის მხატვრობა გადმოეტანა მანდილზე, რომელზედაც ასე გატაცებით უამბობდა ხოლმე მას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დიდი თამარის ნაცვლად, პატარა ცაგოს სახე დაეხატა და ძვირფასი სამკაულების მაგივრად, მინდვრის ყვავილებით შეემკო იგი. თბილისის გზა ვიწროებში შედის, მგზავრები ბუზის ტოლაღა ჩანან. მიდიან და თან ვაჩეს ფიქრი მიყვებათ, იმ გზასავით გაგრძელებული და ჩახლართული ფიქრი... ორი წლის თავზე დაბრუნდა გუდარეხიდან ვაჩე. იყალთოელს სასახლის მოხატვა დაესრულებინა და ახლა ხლათის მელიქის აშრაფის მოწვევით, ვანის ტბისპირა ქვეყანაში უნდა გამგზავრებულიყო ხლათელთა სათაყვანებელი ქართველი დედოფლის, თამთას ეკლესიის მოსახატავად. ამ ხნის განმავლობაში ვაჩეს შეჩვეოდა, ნიჭიერი ჭაბუკი მისი უახლოესი თანაშემწე გამხდარიყო და გულით უნდოდა ხლათშიც თან წაეყვანა. დედამ მაშინვე შორს დაიჭირა, ერთადერთ, დამმარხველ შვილს ცხრამთას იქით როგორ დავკარგავო. იყალთოელმა ერთი კვირის ვადა დაუდო დედა-შვილს. კარგად მოიფიქრეთო, მე თქვენთვის სიკეთე მინდა და კარზე მომდგარ ბედს ხელს ნუ კრავთო. ვაჩეს თავის გულში პასუხი გადაწყვეტილი ჰქონდა. იყალთოელს ხლათში კი არა, ჯანდაბასა და დოზანაში გაჰყვებოდა, ოღონდ მისი მუშაობისთვის ეცქირა, მისი რჩევა და შეგონება ესმინა და მისივე დახმარებით თვითონაც ამაღლებულიყო, როგორც მხატვარი და შემოქმედი. იყალთოელის გასტუმრებისთანავე ვაჩე ცაგოსას გადავიდა. ეზოში არავინ იყო და პირდაპირ პავლიას ოთახს მიაშურა. კუტი საწერს უჯდა და მისი შესვლა არც გაუგია, ვაჩემ ფეხი წინ წადგა და მისი ჩრდილი ეტრატს დაეცა. მხოლოდ მაშინ ასწია თავი საპყარმა. გაოცებული უყურებდა ხეიბარი გაღიმებულ ვაჩეს. მერე, რომ იცნო, სკამზე ბურთივით შეხტა იმსიმძიმე კაცი და აღტაცებით აღმოხდა: _ ვაჩე! ჩემო ვაჩე, რამოდენა გაზრდილხარ, როგორ დავაჟკაცებულხარ. ულვაშებიც დაგიმშვენებია, _ ბუბუნებდა კუტი და გულში იკრავდა მის სკამთან ჩაჩოქილ ვაჩეს. ხვევნას რომ მორჩნენ, ვაჩემ თავი აიღო. კედელზე მისეული ხელმანდილი იცნო. მისივე ნახატით ამოქარგული. ნახატის გულუბრყვილობაზე გაეღიმა. ხოლო მარცხნივ წმიდანივით გაშვერილი ცაგოს ხელების დანახვაზე გაწითლდა, შერცხვა უკვე დაოსტატების გზაზე შემდგარ მხატვარს. ხმაურზე ცაგო გამოვიდა. კარის ზღურბლზე გაჩერდა და გაოცებით მიაჩერდა იქ მყოფთ. ვაჩე წამოდგა, ცაგოს მიგებება გაიფიქრა, მაგრამ ფეხი წინ ვერ დასძრა: კართან ცაგო იყო, მაგრამ ის ძველი ცაგო კი არა, _ ტანაყრილი, მკერდგაღვიძებული. ქალიშვილიც, ალბათ ასევე ფიქრობდა შეღერებულ ჭაბუკზე, რომელიც ვაჩეს ჰგავდა, მაგრამ წინანდელი ვაჩე აღარ იყო. რატომღაც ორივე გაწითლდა, ორივეს შერცხვა, მაგრამ რისა და რატომ _ არც ერთს არ ესმოდა. _ ცაგო! ვაჩე დაბრუნდა... ნუთუ ვერ იცანი! _ შესძახა ხეიბარმა. ცაგო თავისკენ მისწია და თითქმის ძალით ჩამოართმევინა ქალ-ვაჟს ხელი. იმ ღამეს ვაჩეს არ ეძინა. თვალწინ სულ ცაგო ედგა, დამშვენებული და თითქმის ქალობაში შესული, მაგრამ ჯერ კიდევ ბავშვი და წმინდა. მეორე დღეს დილიდან ისევ ცაგოსას დაიკარგა და ვაჩეს დედა მიხვდა, რომ მისი შვილი შორს აღარსად წავიდოდა. ცაგომ პირველი დღეებიდანვე აღადგინა ვაჩესთან ადრინდელი დამოკიდებულება _ თავის ტოლ-სწორთან ძველებურად უშუალოდ ეჭირა თავი და ბუნებრივი, ბავშვური მიამიტობით ისევ ისე თავისუფლად და ძალდაუტანებლად იქცეოდა მასთან, როგორც წინათ, ვაჩეს გუდარეხში წასვლამდე. თითქო იმ ორ წელს არც ჰასაკი მოეტანოს მათთვის, არც ბაგეებზე პირველი ულვაში აეშალოს, არც მკერდი შეემაღლებინოს ოდნავ და არც ახალ, მანამდის უცნობ ზმანებებში ეტარებინოს სიმწიფის ზღურბლზე მისული ქალ- ვაჟი. ერთი ცვლილება შენიშნა ვაჩემ: ცაგო ძველებურად ანცი და დაუდგრომელი, კისკისა და უნაღვლო აღარ იყო. რაღაც სევდა შეჰპარვოდა, ნაადრევი, აუხსნელი და გაუგებარი სევდა, რომელიც მის ლამაზ თვალებს ახალ, უჩვეულო შუქს აძლევდა და კიდევ უფრო სანდომიანს ხდიდა. განუყრელად თან დაჰქონდა პატარა წიგნი ცაგოს. დროდადრო ფიქრში წასული ამ წიგნს შლიდა და ლექსებს ბუტბუტებდა. ცოტა რომ შეეჩვია ვაჩეს, ცაგომ წამღერებით ერთი ლექსი წაუკითხა. ვაჩე გაშტერდა. უცებ მოეჩვენა, რომ ეს ლექსი მისი იყო, მისი გამოუთქმელი სათქმელი, რომელიც სხვას მისანივით ამოეკითხა მის გულში და უმისოდ გამოეთქვა. ვაჟის ყურადღებით წახალისებულმა ცაგომ კიდევ ერთი ლექსი წაიმღერა და რომ დაამთავრა, შეკავებული ოხვრა ჩაესმა. ვაჩეს მოხედა: ჭაბუკი ერთიანად წამოწითლებულიყო. _ საიდან იცოდა?! _ წაიდუდუნა ვაჟმა და გაკვირვებით მოშტერებულ ცაგოს თვალი აარიდა. _ რაო, რა საიდან იცოდაო? _ იკითხა ცაგომ. _ ჩემი გულისთქმა, ჩემი სათქმელი საიდან იცოდა მაგის გამომთქმელმა, _ ოდნავგასაგონად თქვა ვაჟმა და ისევ თავი ჩაჰკიდა. გოგონას კისკისი აუვარდა. უყურებდა გაოცებულსა და გაოგნებულ ვაჩეს და იცინოდა, იცინოდა, სიცილით კვდებოდა. ვაჟმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, შეურაცხყოფად და დაცინვად მიეღო ქალიშვილის სიცილი და გაბრაზებულიყო, თუ თავათაც შუბლი გაეხსნა, ცაგოს აჰყოლოდა და მასავით უმიზეზოდ ეცინა, ეხარხარნა. ვაჟმა მეტი ვეღარაფერი მოიფიქრა, წიგნი ხელიდან გამოსტაცა და ხარბად დააჩერდა. ქალმა არ იწყინა. ახლო მივიდა და გვერდით ჩამოუჯდა. _ იცი, ვისი ნათქვამია? _ ხმადაბლა ჰკითხა. _ აბა, საიდან მეცოდინება! _ მხრების აჩეჩვით უპასუხა ვაჟმა და წიგნი გადაფურცლა. _ თორელის ლექსებია, მეფის კარის მგოსნის, თურმან თორელის, _ წარმოთქვა ქალმა, გადაშლილ ფურცლებზე ლექსის სათაურს დახედა და ისევ ზეპირად, წამღერებით დაიწყო ლექსის კითხვა. ვაჟმა წიგნი დახურა და მოჯადოებული მიაჩერდა. _ რა კარგად უთქვამს! _ აღმოხდა ჭაბუკს, როგორც კი ქალმა დაასრულა. _ თორელის ლექსები გამიგონია, _ დასძინა ვაჟმა, მერე ისევ ცაგოს ახედა და ჰკითხა: _ თამთას ლექსია? _ არა! _ თავის გაქნევით უპასუხა ცაგომ. _ მაშ, რუსუდანისა იქნება! _ დაჯერებულად თქვა ვაჟმა. ქალმა ისევ თავი გააქნია და წამოწითლდა. ეტყობოდა, ეწყინა ვაჟის მიუხვედრელობა, რადგან თავის გულში, რატომღაც, ამ ლექსებს მისდამი მიძღვნილად, მისი სიყვარულით დაწერილად თვლიდა, თუმცა მათ დამწერს იგი თვალითაც არსად ენახა და, ალბათ, მისი არსებობაც არ იცოდა. _ სულ ზეპირად იცი? _ ჰკითხა ვაჟმა. _ სულ, თავიდან ბოლომდე, _ დაუდასტურა ქალმა. _ ნეტავ, მეც ვიცოდე! _ ინატრა ვაჟმა და გაუბედავად დაუმატა, _ მომეცი ეს წიგნი. ქალმა წარბი შეიკრა. _ არა, სულ კი არა, _ დაამშვიდა ვაჟმა, _ ცოტა ხნით მომეცი, გადავწერ და დავასურათებ. _ დაასურათებ? _ ჰო, რასაც ამ ლექსებში დავინახავ, ყველაფერს იქვე დავხატავ, თვითეულ ლექსთან. _ მართალს ამბობ? გულით დახატავ? _ გულით... სულით და გულით დავხატავ... _ უთხრა ვაჟმა და წიგნი სათუთად დაკეცა. წაიღო ვაჟმა წიგნი და ცოტა ხანში მანაც ზეპირად ისწავლა. თავიდანვე რომ თავის ნათქვამად მოეჩვენა თორელის ლექსები, შემდეგ, რაც უფრო ჩაუფიქრდა თავის გულსა და ამ ლექსებით თქმულს, მით უფრო განუმტკიცდა რწმენა, რომ მგოსანს მისი სათქმელი გამოეთქვა. თავად მისთვის ლექსად გამოთქმის ნიჭი არ მოემადლებინა ღმერთს. რამდენი კარგი ლექსი წაუკითხავს და მოუსმენია, მაგრამ მანამდე მგოსნების არ შეხარბებია, არც ლექსად თქმის ნიჭი უნატრია. ახლა კი, თორელის ამ ლექსების კითხვისას, გრძნობდა, რომ მგოსანი მის გულისთქმას ამბობდა და შურდა, რომ მისი სათქმელი სხვას გამოეთქვა. დემეტრე იყალთოელი ლექსების დიდად მოყვარული იყო. ბევრი წიგნი უჩვენებია ოსტატს მოწაფისათვის, არაბული თუ ირანული, ბერძნული თუ სომხური, ზოგი უჩუქნია კიდეც მისთვის. ბევრი მათგანი ლამაზ ყდაში იყო ჩასმული და შიგნით უცხოდ მოხატული: სარკეში მზირალი ფართოხალიანი ხათუნებით, დაკოდილი შვლის ნუკრებით, მოზიდული მშვილდ-ისრებით, დაჭრილი გულებითა და გონწასული მიჯნურებით. ვაჩემ ზოგი სხვისი გაიხსენა, ზოგიც თავისი მოიგონა და შეუდგა წიგნის ხატვას. პატარ-პატარა სატრფიალო ლექსებს ეტრატის თითო გვერდს უთმობდა. სათაურები და დასაწყისი ასოები ფრინველებისა და ცხოველების მიმსგავსებით გამოჰყავდა და ეტრატის თავსა და ბოლოში ლექსის გმირებს აცოცხლებდა. მაგრამ გასაოცარი ის იყო, რომ ყველა ლექსის მისამართი და მთავარი გმირი ერთადერთი სახით, ცაგოს სახით ეცხადებოდა და არც კი დაფიქრებულა, თუ რატომ _ წიგნის ყველა გვერდზე მარტო ის ჩნდებოდა საზთან თუ ნიამორთან, იასთან თუ ვარდთან, ხეზე გასულ ვაზის მტევანთან თუ წყლის დასალევად წყაროზე ჩაჩოქებულ შვლის ნუკრთან. თვითონაც არ იცოდა, როგორ გაჩნდა მისი ყალმის ქვეშ ეს სახე, გონების რომელი კუნჭულიდან ამოტივტივდა მის დაუკითხავად და როგორ გაცოცხლდა ხაზსა და ფერში. ვაჩე მეტს არაფერს აკეთებდა, თორელის წიგნს უჯდა და გარეთ აღარ გამოდიოდა. ცაგოს საყვარელი წიგნის მოხატვას თავის არსებას, ფიქრსა და შთაგონებას, სულსა და გულს ატანდა. ცაგო მოუთმენლად ელოდა, ვაჩეს ნამუშევრის ნახვისათვის სული მისდიოდა, მაგრამ თავს იკავებდა, მხატვარს არ აკითხავდა, რომ ხელი არ შეეშალა. ბოლოს ვაჩემ თვითონ მიიწვია. მთავარი უკვე დაესრულებინა და დასახატავი ცოტაღა დარჩენოდა. წიგნის გადაშლა და ცაგოს წამოწითლება ერთი იყო. თავის თავს თუ ეგრე წარმტაცად და ნაირფერად დახატულს ნახავდა, არ ელოდა. ბაგის ბოლოსთან ღიმი აუთამაშდა და თვალში უცხო ნაპერწკალმა გაუელვა. უყურებდა ვაჩე სახეალეწილსა და სუნთქვააჩქარებულ ცაგოს და ვერ გაეგო, ეს სიწითლე და შეკავებული ღიმილი სიამაყისა იყო თუ მოკრძალების. ცაგომ თავის თავზე არაფერი თქვა, მაგრამ მხატვრობით აღტაცება არ დაჰფარა: _ მსგავსი ჯერ არაფერი მინახავს, ვაჩე! _ თავაუღებლად, წიგნის ფურცვლით თქვა ცაგომ და ვაჩე სიხარულით ცას ეწია. ამაზე მეტი ჯილდო, ალბათ, არც ერთ მხატვარს არ უნატრია, _ იმ უმაღლეს მსაჯულს, რომლის შთაგონებითაც ესოდენ დაშვრა ჭაბუკი, მისი ნამუშევარი მოსწონდა. _ ასეთი წიგნი მეფეებსაც არ ექნებათ! თავმომწონედ თქვა სახეგაბრწყინებულმა ცაგომ და თავის ფიქრში წასულმა დაუმატა: _ ალბათ, არც თორელს ექნება ასეთი წიგნი! ვაჟი არაფერს ამბობდა, თავს არ იღებდა და უხერხულად იღიმებოდა. _ მალე დაასრულებ, ვაჩე? _ მალე, რაღა დამრჩა! სულ სამიოდე დღის სამუშაოა... _ კარგი იქნება, ჩემს წასვლამდე მოასწრებდე. ვაჟი შეკრთა, გაოცებულმა ახედა. _ თბილისში მივდივარ, ჩემი ძმა მამუკა მეფის კურთხევაზე გვიწვევს. მოულოდნელი ამბის გაგონებამ თითქო მეხი დასცა ვაჩეს. შეტორტმანდა და სკამის ზურგს წაატანა ხელი. _ იქნებ, მეფის კარზეც მოვხვდე... ეგებ, იქ თორელიც ვნახო... _ თავისთავთან მარტოდ დარჩენილივით ლაპარაკობდა ოცნებაში წასული ცაგო. _ თბილისში დიდხანს დარჩები? შეშინებულივით ძლივს ამოიდგა ენა ვაჩემ. _ ვინ იცის, ეგ ბედზეა, ვაჩე! იქნებ, სულაც იქ დავრჩე! _ აღტაცებით თქვა ქალიშვილმა. ვაჟს ფერი ეცვალა, შუბლი შეკრა და სახე დაეღრუბლა. _ სწორედ სამ დღეში მივდივარ, ვაჩე, ეგებ, მოასწრო დამთავრება, _ შეეხვეწა ცაგო და მკლავში ხელი ჩასჭიდა. _ ვეცდები... უთუოდ მოვასწრებ! _ უხალისოდ, მძიმედ უთხრა ვაჟმა და წიგნი იქით მისწია. _ შენ იცი, ვაჩე, თუ თან გამატან, იქნებ, ეს წიგნი თორელსაც ჩაუვარდეს ხელთ. _ ოცნებაში წასულმა ქალმა გულზე მიიდო ხელი, თითქო აჩქარებული სუნთქვის შეჩერება სურდა. მერე უცებ გამოერკვა და ცივად მოსჭრა: _ წავალ, აღარ გაგაცდენ... თავათაც ბევრი საქმე მაქვს, წასასვლელად უნდა მოვემზადო... ქალი სირბილით გავიდა. ვაჟი მხრებჩამოყრილი დაეშვა სკამზე. იმ სამმა დღემ სწრაფად გაირბინა. ცაგო წასვლის სამზადისში იყო და ვაჩესთან შესასვლელად აღარ ეცალა. ვაჩე წიგნს უჯდა და ხატავდა, თუმცა ძველი გულით ვეღარ მუშაობდა. სულაც თავს მიანებებდა, მაგრამ ცაგოსათვის მიცემული სიტყვა სამუშაოზე აბამდა. ცაგოს წასვლის ამბავმა მთლად ააფორიაქა ჭაბუკი. ისე ეჩვენებოდა, თითქო ცაგოს წასვლით მარტო მისი ცხოვრების ჩვეულებრივი მდინარება და ახალდაბის პატარა აგარაკის მყუდროება კი არ ირღვეოდა, არამედ მთელი სამყაროს წესი და რიგი იშლებოდა, თავდაყირა დგებოდა და ცხოვრება მოულოდნელობით და გაურკვევლობით ივსებოდა. ასე რატომ მიუხაროდა თბილისისაკენ ცაგოს, ასე გატაცებით რატომ ოცნებობდა იქ დარჩენასა და ცხოვრებაზე? ამ კითხვას თავი ადვილად გაართვა: თბილისში ცხოვრება და, მით უფრო, სამეფო კარზე მოხვედრა ყველასათვის სანატრელი იყო და უმშვენიერეს ცაგოს რატომ არ უნდა ეოცნება ფუფუნებითა და სანიმუშო რაინდობით საქვეყნოდ განთქმულ ბაგრატოვანთა კარზე. საწყენი და გულდასაწყვეტი ის იყო, რომ ცაგო უკან არ იხედებოდა, დატოვება არაფრისა ენანებოდა და განშორება არავისი ეძნელებოდა. მაგრამ იქნებ არც არავინ იყო ასეთი, იქნებ... იქნებ, ვერც ხედავდა ცაგო, თუ რა ძვირფასი იყო ვაჩესათვის მისი სიახლოვე! განა ცაგოსთან განშორების შიშით არ უთხრა უარი ვაჩემ თავის უსაყვარლეს მასწავლებელს ხლათში წასვლაზე? განა მცირე იყო მსხვერპლი იმ ახალგაზრდა მხატვრისათვის, რომელიც სიცოცხლის აზრსა და თავის მომავალს დემეტრე იყალთოელის გვერ დით ხატვასა და ცხოვრებაში ხედავდა! რატომ ვერ გრძნობდა ცაგო, რაოდენ ერთგული, რაოდენ მაღმერთებელი ჰყავდა ასე ახლო, სულ ახლო, კარის მეზობლად, როგორ თაფლის სანთელივით წმინდად იწვოდა მის ხატთან ამქვენიური ბიწისაგან ჯერ კიდევ შორს მდგარი უწვერული ჭაბუკი. იქნებ, იმიტომ არ ესმოდა ცაგოს ვაჩეს გაუმხელელი გულისთქმა, რომ ისიც ბავშვი იყო, მასავით გამოუცდელი და მიუხვედრელი? მაგრამ რატომ ამბობდა ასე გრძნობითა და გატაცებით თორელის ლექსებს... და განა მარტო ლექსებს... თავათ მგოსნის სახელს... ასეთი სასოებით მხოლოდ ღმერთის სახელს წარმოსთქვამენ ხოლმე. რატომ ნატრობს ცაგო თორელის ნახვას, მასთან შეხვედრას ასეთი დაჟინებით, ასეთი თავდავიწყებით? ნუთუ? მაგრამ საიდან, ცაგოს თვალითაც არ უნახავს თორელი. დასრულდა წიგნის ხატვა. ძველებურად აღარ ახარებდა, თითქო სძულდა კიდეც ვაჩეს ეს საოცარი წიგნი, რომელსაც ასეთი შთაგონებით ხატავდა და რომელმაც ასე აუხსნელად დაუკარგა სიმშვიდე. აბრეშუმის ქსოვილში შეახვია სათუთად წიგნი მხატვარმა და უცებ საშინელმა ფიქრმა გაჰკრა: ვაითუ, მზითვად ვატან ცაგოს ამ წიგნს თბილისშიო. გული და გონება მოეწამლა, წიგნს უწმინდურებასავით უშვა ხელი და უცებ მოშორდა. მაინც გულმა არ უქნა. წეღან ქალაქისაკენ მიმავალი ცაგო რომ დაინახა, წიგნი მაინც გამოუტანა და გადასცა. მერე ის უცნაური კოცნა და უცნაური განშორება... სიშორეში ჩაკარგულან, წაშლილან და გათქვეფილან თვალის დასალიერში მიმავალი მგზავრები. ლანდადაც, წერტილის ოდენაც აღარ ჩანან. ვაჩე წამოდგა, სოფლისკენ მობრუნდა და თვითონაც არ უფიქრია, ისე დაუყვა შარას. ეკლესიის ეზოში ბიჭები ჭიდაობდნენ, ერთი აურზაური ჰქონდათ, ვაჩე დაინახეს და დაუძახეს. ჭაბუკს არც გაუგონია, გზა განაგრძო. გზაზე ვიღაცეები ხვდებოდნენ, ალბათ, მეზობლები და ნაცნობები იყვნენ, სალამს ეუბნებოდნენ და უღიმოდნენ, მაგრამ მათგან ვერავის ცნობდა და არც არავისი ესმოდა. სოფელი სავსე იყო, დიდი და პატარა ყანასა და ბაღში, ეზოსა და გზაზე გამოსულიყო, მაგრამ ვაჩეს ყველაფერი დაცარიელებული, უკაცური ეჩვენებოდა _ ეზოებიც და სახლებიც, ბაღებიცა და მინდვრებიც. რაღა გაძლებს, რაღა აცხოვრებს ამ აკლდამასავით გაცივებულსა და გამოცარიელებულ სოფელში ვაჩეს?! შინ მობრუნდა. წყალთან ბავშვები აღარ იდგნენ, დედაც აღარსად ჩანდა. სახლი მიიარ-მოიარა. მკვდრული სიჩუმე იყო ყველგან და იქაურობაც გამოცარიელებული ეჩვენა. კედელზე იყალთოელისეული აბგა ეკიდა, მაგიდაზე ყალმები და ფუნჯები ეყარა. თითქო მათმა დანახვამ გამოარკვიაო, უცებ გამოცოცხლდა, აბგა ჩამოხსნა, საღებავები, ფუნჯები და ყალმები შიგ უწესრიგოდ ჩაჰყარა, განჯინიდან შოთი პური გამოიღო, იმასაც აბგაში უკრა თავი, ზურგზე მოიგდო და სახლიდან გავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.