სათაურის გარეშე 3
ჩვენს ქალაქში ერთი ციხე დგას. მაღალი კოშკი, რომელსაც დრომ ხელი უკვე შეავლო და ქვის ნაპრალებში მწვანე მომავალი, მცენარეები ამოუყვანა. ეს ციხე თითოეული მოქალაქისთვის საგანძურს წარმოადგენს, მეტიც, ხშირად სალოცავადაც კი იყენებენ მას და ფურცელზე დაწერილ სურვილებს მცენარეებთან ერთად აკვეხებენ ნაპრალებში. დედაჩემი ამბობდა ხოლმე, კოშკს პატივი უნდა სცე, მასზე აძრომა შეიძლება, თუმცა მისი დაზიანებისთვის ღმერთი დაგსჯისო. ასე ვიზრდებოდით ყველანი, ზრდასრულობაში კი ვხვდებოდით, რომ ეს უბრალოდ წარსულით მობერილი ლეგენდების დამსახურება იყო. კოშკზე ორი სხვადასხვა ლეგენდა დადის ქალაქში. 1. პირველი ლეგენდის მიხედვით კოშკი ჩვენამდე სამი საუკუნით ადრე აშენებულა ტბის ქალაქის ხალხის მიერ, რომლებიც თავს მეფეს აწონებდნენ. მეფეს ყველაზე ნაკლებად ეს მხარე ჰყვარებია და შესაბამისად, ყველაზე ნაკლებად სწორედ ამ მხარეს სწყალობდა. მაშინაც კი, როდესაც ქვეყანაზე ომი იყო, მეფე საბრძოლო ველად სწორედ ჩვენს მიწებს იყენებდა, რადგან მისთვის სულერთი იყო რა მოუვიდოდა მას. ერთ-ერთი ბრძოლის დროს, რომელიც ისევ და ისევ ჩვენს მიწაზე მიმდინარეობდა მეფე დაუჭრიათ. მაშინვე თავშესაფრის ძებნა უბრძანებია მეფეს და ჩვენი ქალაქის წინამძღოლს კოშკისკენ გაუპარებია. ჭრილობის დასამუშავებლად კი ქალაქის ექიმის ქალიშვილი მოსულა. ულამაზესი ყოფილა ქალიშვილი, მთელი სოფელი მას შენატროდა და შეხაროდა. მეფეს კი მის დანახვაზე მუხლი მოუდრიკავს და ჭრილობა სულ დავიწყებია. მალევე დასრულდა ბრძოლა და გამარჯვებული რაინდების დაბრუნების დროს მეფეს მოუთხოვია ექიმის ქალიშვილი გამაყოლეთო, თუმცა ექიმი ხმალს გადაფარებია და უთქვამს - ჩემს გოგონას ვერ გავატან კაცს, რომელმაც ჩვენი ეზო, ჩვენი მიწა სასაკლაოდ აქციაო. მეფე გაბრაზებულა, თუმცა მიხვდა მის შეცდომას, ამიტომ ის თვეში ორჯერ მოდიოდა აქ მცირე ამალით და ექიმის ქალიშვილს კოშკში ჩუმად ხვდებოდა. 2. მეორე ლეგენდის მიხედვით ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნემდე აშენებულა აქ პატარა სალოცავი. ერთ დღესაც სამქალაქგამოვლილი ქალი ამ ადგილას მუხლებით დაცემულა და ცხარე ცრემლით უტირია. ქალს დიდი სადარდებელი დასტყდომია თავს. მისი ორი ვაჟი მინდვრებში წასულა, იქედან კი აღარ დაბრუნებულან. გამწარებული დედა კი ყველაფრის ამარა წამოსულა და შეუსვენებლად იმდენი უვლია, რომ ფეხები სულ დამსკდარი ჰქონია. ტირილით გული, რომ იჯერა, ზემოთ აიხედა, ირგვლივ მიმოიხედა და სალოცავი დაინახა. გევედრები შვილები დამიბრუნდეს და ამ ადგილას დიდ კოშკს ავაგებო, ამის თქმა იყო და ცას დაუქუხია, ქუხილის ხმაში კი ქალის ვაჟებს დედასთვის დაუძახებიათ. სწორეს ეს ორი ლეგენდა მართავს დღეს ჩვენს ქალაქს. ჩემთვის ბევრად სასიამოვნო პირველი ლეგენდაა, სიყვარულის თავშესაფარი, სადაც რა მნიშვნელობა აქვს მეფე იყო თუ უბრალოდ ფერმერი, მთავარია ამ ადგილმა მათ საიმედო ნავსაყუდელი შეუქმნა. მამაჩემი იტყოდა ხოლმე - ჩვენს ქალაქში ეს კოშკი, რომ არ ყოფილიყო უკვე დიდი ხნის გამქრალები ვიქნებოდით ჩვენი ქვეყნის რუკიდან. მხოლოდ ტბების მონახაზებად დავრჩებოდით. ამ კოშკმა უამრავ ადამიანს ჩაუსახა იმედი, გაჭირვების დროს უამრავი ადამიანის გამამახნევებელი იყო. ბაბუაჩემი გამიყვანდა ხოლმე კოშკთან და საათობით მაყურებინებდა, ყოველი ქვა უნდა იცოდე სად დევს, რადგან მოვა დრო და ეს ქვები შენც გაგიმართავენ ხელსო. მაშინ ვერ ვხვდებოდი და როდესაც ქვეყნის ჩრდილოეთიდან წამოსული ქარიშხალი ჩვენს ქალაქს თავს დაესხა მთელი ქალაქი ამ ქვებს ვეფარებოდით იმ იმედით, რომ ამასაც გაუძლებდა. კოშკმა კი ესეც შეძლო, უამრავ მიწისძვრასა და ქარბობალას გადაურჩა. მე რომ ბევრი ფული მქონდეს, ამ კოშკს ირგვლივ დიდ სასახლეს მოვუშენებდი და ტბებით კი არა, არამედ ამ კოშკით გავხიდი ჩვენს ქალაქს ცნობილს-ო. *** მგზავრობით გადაღლილები შევწექით საწოლებში. თეთრი, ძალიან ტკიცინა თეთრეული მძიმე საბანს ეკრო გარს და ჩვენს სხეულებს ათბობდა. ჩემსა და ნიკის საწოლებს შორის პატარა მაგიდაზე იდო სანთელი, რომელიც ძალიან ნელა იწვოდა, თითქოს სიცოცხლეს იხანგრძლივებსო. -მენატრება ის დრო - თქვა ჯომ და საწოლიდან თავი წამოყო - სანამ უბედურება დატრიალდებოდა ჩვენს თავს. -ცხოვრება ასეა - ამოიხვნეშა ნიკმა და სანთლის შუქმა პროფილი გაუნათა, რომელიც ჭერისკენ იყო მიპყრობილი - არასდროს წარმომედგინა, რომ მაწანწალა გავხდებოდი. პატარა, ძალიან სამართლიანი ოჯახი მყავდა. ბავშვობაში მუდამ ოინების მოწყობა მიყვარდა, ერთხელაც ამ თამაშ-თამაშში თივას ცეცხლი წავუკიდე. მახსოვს მამაჩემი როგორ გაბრაზდა, თუმცა ხელი არ დაურტყამს, დედაჩემს ჩემი საყვარელი საჭმელი გააკეთებინა, მე კი მოხარშული კარტოფილის ჭამა მაიძულა. ჩემი საზიზღარი ძმა კი პირის მტლაკუნით შეექცეოდა ჩემ საყვარელ ხორცის ღვეზელს. იმ დღის შემდეგ ის ღვეზელი შემძულდა, რადგან მახსენებდა თუ როგორ დავისაჯე ჩემი საქციელის გამო. -დასჯაზე გამახსენდა ისტორია, რომელიც თქვენთვის არ მომიყოლია - კიდევ უფრო წამოიწია ჯო და საწოლში ჩამოჯდა - ბავშვის დასჯა აღზრდის ნაწილია, დედაჩემს ეს ზედმეტად ესმოდა და ხშირად მიბრაგუნებდა ხოლმე თავში. მაშინ კი, როდესაც რაიმე არასწორად გავაკეთებდი მამაჩემი დედას უწყრებოდა, შენი ბრალია ტვინი, რომ გაუწყალდა, ამიტომ ბევრს ნუღარ ურტყამო. დედის ცემისგან გაბრაზებული და თვალებამღვრეული კი გარეთ გავდიოდი და ლეკვებს ან პატარა ცხოველებს დავერეოდი ხოლმე. მინდოდა ვინმესთვის ტვინი მეც გამეწყალებინა. იატაკის ჭრიალი გაისმა. სამივემ ერთმანეთს გადავხედეთ და ოდნავ შეშინებული სახეებით დიალოგი გავაგრძელეთ. -საწყალი დედა - ვთქვი მე - მგონი მოარჩენს ექიმის მიცემული ნაყენი. როგორი დაუდევარი ქალია, ხომ შეეძლო ჩვენი გაგზავნილი ფულით ხალხი დაექირავებინა და მათთვის მიენდო საქმე, მაგრამ არა, ეს სიამაყე შიგნიდან მოსდევს. ხედავთ რა მოხდა, ჩემი ქმარი ქალაქში დავტოვე, მე კი ერთი კვირაა გზაში ვარ. თან როგორი სათნო დიასახლისი შეგვხვდა არა? უგემრიელესი ხელი ჰქონია. -შენც გემრიელი საჭმელი გამოგდის, დაიკო - ამყვა ჯო და საბანი ყელამდე აიტანა - ჩემი შვილი შენ უნდა მოგაბარო, ხომ წაიყვან ამ ზამთარს? -ბიძასთან არ გამოუშვებ? - ჩაიხითხითა ნიკმა და ზურგი მაქცია - ბიჭს ქალების პატივისცემა უნდა ასწავლო, გოგოს კი ბიჭების ცემა. მომაბარე შენი შვილი სამი თვით და ყველა ბიჭს აჯობებს ჭიდაობაში. -მე არ ვიცი შენი ცხოველური მიდგომა, ჩემი გოგო პრინცესასავით გაიზრდება. -ხოდა რომ მოუნდება ბიჭს აკოცოს შენს გოგოს, მერე გამიხსენე. -ნიკ - საწოლიდან გადმოვიდა ჯო - შენი აღზრდის სტილი შენთვის შეინახე. მამა, რომ ღვეზელებს არ გაჭმევდა და არ გცემდა კარგი იყო და ჩემს გოგოს ცემა-ტყეპა უნდა ასწავლო? -სამაგიეროდ შენ გირტყამდა დედა კარგა გვარიანად და ამიტომ ვერ ატან ტვინს ჩემს სიმართლეს, ხანდახან მართლა რა უტვინოსავით იქცევი, აშკარად გაგიწყალდა ტვინი, ჩემო ჯო - აუღელვებლად, შეუტოკებლად თქვა ნიკმა და ამოიხვნეშა. -გეყოფათ ბიჭებო - სანთლის შუქი ჯოს გაცეცხლებულ სახეს ანათებდა - დავიძინოთ, ხვალ ბევრი საქმე გვაქვს, არ ღირს ენერგიის კარგვად ეს დიალოგი. წინ დიდი საქმეები გვაქვს, დიდი მისია, ამიტომ ახლა კარგად გამოიძინეთ. გახსოვდეთ, ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს, საერთოდ არავინ - ბოლო სიტყვები ჩუმად ვთქვი, რადგან კართან ჩუმად მოპარული დიასახლისს არაფერი გაეგო. სანთელი ჩავაქვრე და გავიტრუნე. შორიდან მესმოდა ძაღლის ყეფა და ნიკის ფშვინვა. *** მეჩვიდმეტე დაბადების დღეს სხვა გრძნობით ველოდი. ამ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად უნდა შეცვლილიყო, ამ დღის შემდეგ გათხოვილი ქალის სტატუსი უნდა მქონოდა. ჰენრის უკვე შეეძინა სახლი ჩვენი მომავალი ოჯახისთვის. სამსართულიანი, ღია ცისფერ სახლს თეთრი აივნები და ფანჯრები ამშვენებდა. იმ დროს ყველაზე მოდურად სახლზე სამკუთხედი წარგრძელებები ითვლებოდა, ჩვენს სახლს კი ასეთი სამი ჰქონდა, სახლის მთავარი სახურავი და თითო-თითო მარჯვენივ და მარცხნივ. სახლის პირველ სართულზე დიდი, ორ რკალიანი კიბე საკმაოდ დიდ ადგილს იკავებდა. პირველ სართულზევე იყო სამზარეულო და დიდი მისაღები. სამზარეულო ღია მწვანე ტონალობაში იყო გადაწყვეტილი, ხოლო მისაღები რძისფერში. ჰენრი ამბობდა: -ძალიან დიდი სახლია იმისთვის, რომ მხოლოდ შენ ასუფთავო და თან სადილები აკეთო. მოდი, დავიქირაოთ დამხმარე ქალები. ფული და შეძლება გვაქვს, ღვთის შეწევნით და რატომ დავიკლოთ სიამოვნება? -ცოტა ხნით არ გვინდა - უარზე ვიყავი მე - მინდა თავად შევიგრძნო ახალი სახლი და რაც მთავარია შენ, უცხო ადამიანთან ერთად კი ამას ვერ შევძლებ. ხომ გესმის ჩემი? ვგრძნობდი, რომ არ ესმოდა, მაგრამ ცდილობდა ჩემს გაგებას, მე კი ამას ვუფასებდი. ჩემი მშობლების სახლის ინტერიერი ასეთი მდიდრული და მორთულ-მოკაზმული არ ყოფილა, არც ბროლის ჭაღი ეკიდა ოთახის ცენტში და არც ძვირადღირებული ნახატებით თუ ნივთებით იყო გაწყობილი, თუმცა არაჩვეულებრივი ეზო გვქონდა, დიდი, ფერად-ფერადი ყვავილებით. დედას ძალიან უყვარდა მცენარეების მოვლა, შესაბამისად ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ სტუმრებისთვის სუფრა ეზოში გაეშალათ. ფუსფუსი დაბადების დღის წინა დღით დაიწყო. ეზოში გამოიტანეს მაგიდები და მათზე თეთრი, ქათქათა გადასაფარებლები გადააკრეს, თითოეულ მაგიდას შუაში ფერადი ყვავილების თაიგული იდგა, რომლებიც პატარა ბავშვებმა ტკბილეულის საფასურად დაკრიფეს. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, თუმცა ეს სამზადისი, ახალი სახლი, თავად ჰენრიც კი შიშს მგვრიდა. ეს იყო შიში ახალი ცხოვრების დაწყებისა, რომელიც ძალიან ჩვეულებრივად შეგვიძლია მივიღოთ. დედამ ამ დღისთვის ღია იისფერი, ატლასის კაბა შემიკერა, რომელსაც კისრიდან ჭიპამდე ამავე ფერის ღილები მიჰყვებოდა, წელს ქვემოთ კი კაბა მთლიანად იშლებოდა და შიგნიდან ჩაცმული სპეციალური კაბით განიერ იერს იღებდა. თავი ზღაპრის პრინცესა მეგონა. თუმცა ასეც უნდა ყოფილიყო, მე ხომ ამ დღეს თითზე ბეჭედს გამიკეთებდნენ და ყველაზე ლამაზი სახლის დიასახლისი გავხდებოდი. -მეგობრებო - ფეხზე წამოიმართა ჰენრი - დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, დღეს ხომ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქალი ჩვიდმეტი წლის გახდა - იქნებ გავიქცე, გაიფიქრა გონებამ - ამასთან ერთად ის ჩემი მეუღლეც ხდება და ამით მე უბედნიერესი მამაკაცი ვხდები - ნუთუ შევძლებ ცოლის ამპლუაში ყოფნას - კვლავ გონებამ შემახსენა თავი - არასოდეს მჯეროდა მეჯლისის საიდუმლოების, მეც შემთხვევით აღმოვჩნდი იქ - ჯერ ხომ მისი ცოლი არ ვარ, შემიძლია უარი ვთქვა - ახლა კი მჯერა, რომ მეჯლისს რაღაც ზებუნებრივი, ჯადუსნური დაყვება თან, რაც ორ ერთნაირ სულს აერთიანებს - უნდა წავიდე, ვთქვი ოდნავ ჩუმად და წამოვდექი - ელიზაბეტ, ჩემო ელი, გამომყვები ცოლად? - ჰენრიმ თავი დამიკრა, ჯიბიდან კი თეთრთვლიანი ოქროს ბეჭედი ამოიღო. სიჩუმე. შიში. -თანახმა ვარ - ვთქვი არც ისე ხმამაღლა და ხელის არათითზე პატარა რგოლი ჩამოსრიალდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.