შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენი გადახდილია (სრულად)


20-09-2021, 17:10
ავტორი guroo
ნანახია 6 590

დილის ძილისგან გამოსაფხიზლებლად მომართული მაღვიძარას უსიამოვნო ახმაურებასავით გაუკრთა ფიქრი, რომ სამსახურში აგვიანებდა. თვალები უცებ გაახილა. ყველაფერი ისე იყო, როგორც ყოველთვის: მზე უწინდელივით სერავდა ოთახს ხაზებად, ჩიტებიც ჩვეულებისამებრ უმღეროდნენ დღე-ღამის გასაყარზე მზის აფეთქებას, სორა დრტვილი სიმშვიდით სავსე სახლში, სიჩუმედაგუბებულ საძინებელში იწვა... და მიუხედავად ჩვეული ყოვედღიურობისა, მაინც არ ასვენებდა განცდა, რომ დილის რუტინა რაღაც გაუთვალისწინებელმა გაარღვია.
ხელი ბალიშის ქვეშ შეაცურა, იქიდან ტელეფონი გამოაძვრინა, რომელიც ენერგიადაცლილი და უფუნქციო აღმოჩნდა. არ ჩაირთა. სორამ საათებისა და წუთების იმჟამინდელი კომბინაცია ვერ გაიგო. მერე კედელზე ჩამოკიდებულ მრგვალ საათს გახედა, მზერა დაძაბა და შენიშნა, რომ დრომ გაასწრო გუშინ დაგეგმილ დღის წესრიგს, მაგრამ ამან ოდნავადაც არ ააჩქარა. საწოლში კიდევ ორიოდე წუთი დაჰყო, რათა იმავე ფიქრებს მიბრუნებოდა, უეცრად რომ ატეხეს განგაში და გაუსაძლისი ხმაურით გააყრუეს იმ მომენტისთვის მის ცნობიერებაში გაჩენილი ვაკუუმი, რომელიც წამიერად აივსო მჭექარე ბგერებით, რეალობის ხრინწიანი და შფოთიანი ხმებით და სორამ კვლავ იგრძნო დროის მდინარება, სამსახური გაახსენდა, ტელეფონს მიაშურა... ანუ ყოფიერება და ყოფითი წვრილმანების დაუსაზღვრელი, თვალუწვდენელი სივრცე ისე მსწრაფლ შეენაცვლა ტრანსცენდენტურ ძილბურანს, რომ სორას არსება შფოთმა და ყოველდღიურობის ჩვეულებებმა მოიცვა.
"აუ, დაჯდა?!" - ეს იყო ერთადერთი ფრაზა, რომელიც სორამ თქვა და რომელმაც საკუთარ თავში ერთდროულად გააერთიანა იმედგაცრუება, გაოგნება, სარკაზმი და უცაბედად მოხელთებული, ჰაერის ატომებს შორის მოფარფატე პარადოქსი - რომ კონსტრუქციული და წინდახედული სორა ვერ ახერხებდა თავი დაეზღვია მსგავსი შემთხვევებისგან.
დრო არ იყო ყველა ფიქრს კუდში ადევნებოდა და შორიდან შეეხედა მათთვის, დაკვირვებოდა, ეყურებინა გემოვნებიანი ფილმივით, რომელიც გაუნელებელი ინტერესით შეიძლება გალიო პირველი წამიდან მოყოლებული - სუნთქვაშემკვრელ ფინალამდე. გადაურჩა დატენილი იარაღივით დამიზნებულ კრიტიკას და როგორი სიმამაცე და გამბედაობაც არ უნდა გამოემჟღავნებინა, იგი მაინც სასტიკად შეაძრწუნებდა.
ასე გადაიდო თვითგვემა დაუდგენელი ვადებით ჯერ დაუგეგმავ მომავალში.
აუჩქარებლად მოემზადა.
გამოვიდა სახლიდან, ჩამოდგა ეკლესიასთან, სადაც ზემოდან მომავალ მარშუტკას აჩერებდა და თბილისში მიჰყვებოდა ხოლმე. ყველა მისი ქმედება არაფრით განსხვავდებოდა წინა დღეებში ჩადენილისგან, მაგრამ ახლა გარემოებები იცვლებოდა, თითქოს, და სორას სწრაფად უნდა მოეხერხებინა მათზე მორგება, თუკი დარღვეული სიმშვიდე მართლა აწუხებდა და წარსული უშფოთველობის დაბრუნება გულით ეწადა.
ის კი არ იცოდა, აქამდე მშვიდად იყო თუ არა.
მარშუტკამ ნაადერევად ჩამოიარა. ვიდრე ეკლესიას მიუახლოვდებოდა და გაჩერდებოდა, სორამ შორიდანვე შეამჩნია, რომ უკანა ფანჯრების კონტურები არ ჩანდა. ე.ი, მარშუტკა სავსე იყო და შეიძლება არც გაეჩერებინა. თუმცა, ამის ხდომილება მიწის გასანოყიერებლად გადაყრილი ნაცარივით იმ წამსვე გაიფანტა, როგორც კი სორამ თავის ფერად ფეხსაცმელებთან მოგორებული ტრანსპორტის კარი გააღო და ავიდა.
- შეგიძლიათ კარი მოხუროთ? მე ვერ ვბრუნდები, - უთხრა მძღოლის გვერდზე ჩამატებულ სკამზე მჯდომ მგზავრს, რომელსაც მაინცდამაინც არ გაუხარდა კარი რომ უნდა მოეხურა.
მოხუცი კაცი იყო ის მგზავრი, ჭაღარა თმა ჰქონდა კოხტად დავარცხნილი. არ გაუღიმია, არაფერი უთქვამს, კეთილგანწყობის ნატამალი არ გამოუხატავს. უბრალოდ ხელი გააძვრინა სორასა და კიდევ სხვა მგზავრს შორის, მისწვდა კარის სახელურს და რა წამს ხელი ჩასჭიდა მას, ძლიერად მოზიდა თავისკენ. ბრახუნის ხმა გაისმა, მერე მარშუტკა დაიძრა და კარზე შემჯდარმა სორამ მადლობა გადაუხადა მოხუც კაცს, რომლის სახეს გაჭირვებით ხედავდა.
- არ გინდა ასე გაძლო, სანამ ქალაქში ჩავალთ? - სორას წინ ვიღაცამ ბრაზისგან თავი გააქნია.
ყურადღება არ მიუქცევია. ჩაფიქრდა.
მიდიოდა მარშუტკა. ბოლო გაჩერებებზე მგზავრი აღარ დახვედრია და ალაგ-ალაგ დანგრეულ, ორმოებიან გზაზე მიდიოდა შეუჩერებლად. სორამ გონებაში გაიმეორა: "არ გინდა ასე გაძლო, სანამ ქალაქში ჩავალთ?" და თვითონაც გააქნია თავი. უცებ მიხვდა, რომ სხვისი დიალოგი კი არ მოისმინა, არამედ მას დაუსვეს ეს კითხვა და მართალია, პასუხი ძალიან დააგვიანდა, მაინც ომახინად და ყველას გასაგონად თქვა:
- არ მინდა.
უხერხულობის შეგრძნებას არ დაუგვიანია, მაშინვე ტანზე ააცოცდა მოუსვენარი მწერივით.
მერე გამოსავალი მოძებნა და იფიქრა ამ სიტუაციიდან გამოძვრებოდა, თუ მეტ განმარტებას მოაყოლებდა თავის ნათქამს.
- არ მინდა ასე ვიმგზავრო. გავიგუდე. უკვე აღარც ისუნთქება.
- თუ არ მოგწონს, ჩადი, - უდარდელად უპასუხა მძღოლმა.
- ჩავიდოდი სამსახურში რომ არ მაგვიანდებოდეს; - სწრაფად უპასუხა. იფიქრებდით სცენარი დაიზეპირეს და ერთმანეთს მხოლოდ რეპლეკიბს ესვრიან, თამაში და როლი სულ არ ადარდებთო.
მართლაც არ იცოდა მძღოლმა, რომ მისი როლი მგზავრების ტრანსპორტირება იყო ა პუნქტიდან ბე პუნქტამდე და პირიქით. ოღონდ ერთსაათიანი ინტერვალებით არა, რის გამოც ყოველთვის ზედ ეჭყლიტებოდნენ მგზავრები ერთამნეთს. ასევე, წარმოდგენა არ ჰქონდა სორას, როგორ გადატრილებულიყო მცირე კბილანასავით, რომ უფრო დიდი და მასიური კბილანებიც მოქმედებაში მოეყვანა და ამ საერთო სინქრონით მთლიანი მექანიზმის გამოცოცხლება მოეხერხებინა.
- თუ არ მოგწონთ, ნება თქვენია. გავაჩერებ მანქანასა და ჩაბრძანდით, რა პრობლემაა? - წამღერებით მიმართა მძღოლმა ყველა მგზავრს.
აი, ეს კი ძალიან კარგად იცოდა, ყველა მკვდარ და ცოცხალ უჯრედში, ძალიან ღრმად, ცენტრალურ ადგილას ბირთვის ნაცვლად სწორედ ეს ფრაზა ჰქონდა ჩაშენებული რომელიღაც ოპერააციის ძალისხმევით, რომელსაც სახელსაც ვერ დაარქმევდით. მხოლოდ გაგულისება შეიძლება გეგრძნოთ, მხოლოდ ბრაზი თუ მოგერეოდათ ან ნიჰილიზმი ჩაგავლებდათ თავის მძიმე და შემაყოვნებელ ხელებს, ცოცხალი პროცესების შენელება და ჩაკვდომა რომ სჩვევიათ.
არავინ ჩავიდა.
სორამ ხალხი შეათვალიერა. გარშემო იმდენი თავი, მხრები და კისერი დალანდა და ისე ახლოს იყვნენ ისინი, ისე მჭიდროდ ეკვროდნენ სხეულზე, წამით ინანა კიდეც, რომ მათი შემჩნევა დაიწყო. მგზავრობა უფრო მარტივი გადასატანი იქნებოდა, მხოლოდ ერთ წერტილს რომ მიშტერებოდა და თავი ისე დაეჭირა, თითქოს მარტო იყო. არადა იქვე ნაცნობების ქიმერული ერთიანობა იდგა. ცხრათავაინ დევს ჰგავდნენ. ერთი საერთო სხეული და ზედ ამოზრდილი მრავალი თავი ჰქონდათ. ყოველი შემთხვევისთვის, სორას მზერა ასეთს ხედავდა მათ და რომ არა წარმოსახვის უნარი, სორა მათ განცალკევებულ სხეულებს ვერ წარმოიდგენდა და მართლა უშველებელი გოლიათი ეგონებოდა.
ერთ-ერთის თვალებს გადაეყარა. მერე ორივეში იფეთქა კომუნიკაციის სურვილმა და ერთმანეთს ახალი ამბები გამოჰკითხეს. სორასთვის ასეთი ქცევა ჩვეულება მეტად იყო, ვიდრე სპონტანურად გაჩენილი ცნობისმოყვარეობა. ამიტომ ყველა წინადადება, რომელსაც ამბობდა, მშრალი, მექანიკური და თვალთმაქცური გამოსდიოდა.
მარშუტკა მთავარ მაგისტრალზე რომ გავიდა და იმ ნაცნობმა ისევ ჰკითხა რაღაც, დაუნგრეველ გზაზე შედარებით რბილად მოძრაობის გამო მცირედით შვებამოგვრილმა სორამ ჩვეულებას უღალატა. ისეთი რამ უპასუხა, ჯერ საკუთარი თავისთვისაც რომ არ ჰქონდა გამხელილი.
- სინამდვილეში მაგრად მომბეზრდა ეს სამსახური, რა. რობოტივით ვარ. დილით ვდგები, მერე მივდივარ ქალაქში, ვაკეთებ ყოველდღე ერთი და იგივეს, მოვდივარ სახლში, ენერგია აღარ მაქვს სხვა რამის გასაკეთებლად, ვიძინებ და მერე ისევ ვიღვიძებ, როცა თენდება. მალე წამოვალ.
- ჰო, მესმის. მაგარი დებილობაა. მაგრამ კმაყოფილი იყავი, მე ეგრე მახსოვს.
- კმაყოფილი ახლაც ვარ.
- აბა, მომბეზრდაო?
- თვითონ სამსახური კარგია. მე კი ასე ცხოვრებამ დამღალა. რაღაც ახალი მჭირდება.
- უცებ არ იშოვო ახალი სამუშაო. სად დაფრინავ?
- კი არ დავფრინავ, ჩემი შესაძლებლობების მწამს და მჯერა, რომ ყველაფერი გამომივა. სხვებიც გრძნობენ ამას.
- ზედმეტად თავდაჯერებული ხარ. ეგ არ არის კარგი.
- ვიცი; - თქვა და გზას გახედა. მერე ისევ მიუბრუნდა და მენტორული ტონით უთხრა, რომ სამსახურის გამოცვლა მის ცხოვრებაში სიახლეს ვერ შეიტანდა. რა შუაში იყო ახალი სამსახური? - მე ყველაფერი კარგად მექნება. მთავარია შენ ისწავლო, როგორ აიტანო, რომ კეთილი მომავლის ძალიან ღრმად მწამს.
- რაც გიცნობ, სულ მაგის ატანა-გაძლებაში არ ვარ? - გაიცინეს.
- შენ ის მომიყევი, კაფე რა ეტაპზეა. მალე გაიხსნება?
- უკვე გავხსენი, სორა.
- მერე ახლა უნდა ვიგებდე? ძალიან მაგარი ამბავია! გილოცავ.
- მადლობა.
- კიდევ კარგი მარშუტკაში მაინც გნახულობ, თორემ შენი ამბები საერთოდ არ მეცოდინებოდა. თან რა სასწაულები ხდება შენს თავს? იცი, რა მახსოვს? წლების წინ რომ მითხარი, პატარა კაფე მინდაო, მუსიკას ჩემი გემოვნებით ჩავრთავო, ცოტა რეტრო, ცოტა ვინტაჟური სტილიო... შენი ოცნებები ახდა. ყველაფერი გააკეთე, რაც გინდოდა. შენ კიდევ ასე ჩუმად ხარ?! გეფიცები, მართლა გჭირდება, რომ წარმატების არსებობა დაიჯერო.
- რა ვქნა, ხო არ ვიყვირებ?
- საქმე ზუსტადაც რომ ეგრე გაქვს. უნდა იყვირო, აბა რა. აუ, ძალიან გამიხარდა. გილოცავ მთელი გულით და სულით. მე ცარიელი თავთავი ვარ შენთან შედარებით. ჯერ ვერ დავდექი წარმატების გზაზე. შენ კიდევ ბავშვობის ოცნებებს იხდენ. ვაჰ, ძალიან მაგარი ამბავია. აი, ძალიან!
- კარგი, სორა, დამშვიდდი; - ისევ გაიცინეს.
- ლუკა, გილოცავ. მეც არ ვიცოდი. ახლა მოვისმინე; - სორას ნაცნობს მხარზე შეეხო ვიღაც.
- მადლობა, ლიზ. შენც აქ ხარ? ვერ დაგინახე აქამდე.
- ოჰოო, საუკუნეების მონატრებული ლიზიც აქ ყოფილა. როგორ ხარ? - ისევ კომუნიკაციის ჩვეულებამ დაბადა ახალი დიალოგი.
- კარგად, შენ?
- ჩემი უაზრო ცხოვრების გადამკიდე როგორ ვიქნები?
- ყველამ ვიცით, რომ კარგად ხარ. რას წუწუნებ? ან შენ რომ იტყვი უაზრო ცხოვრება მაქვსო, სხვამ რაღა თქვას?
- ოოო, როგორც მე ვამბობ ისეა. მოკლედ, ამ დილას განსაკუთრებული დღე გამითენდა.
- რამე ხდება და გვიმალავ?
- ჰო, ლიზი, გიმალავ, რომ შენი დანახვა ყოველთვის მიხარია და იმასაც გიმალავ, რომ რაღაცნაირად მომხიბვლელი ხარ. სილაღე, სიკეთე, ყველაფერი დადებითი მოდის შენგან. შეიძლება ლამაზი ჰაბიტუსის ბრალია, შეიძლება ყველაფერი ერთად მუშაობს. მოკლედ, სულ მიხარია, შენ თუ გადაგეყრები ხოლმე. ადრეც, გახსოვს, როგორ მიყვარდა შენთან ერთად ყოფნა? სკოლაში დასვენებებზე სულ შენ გეძებდი.
- როგორ არ მახსოვს. აუ, რა მაგარი ტიპი ხარ, რა. მთელი გზაა გისმენ და ვერთობი. ახლა რომ გითხრა ძაან ემოციური ხარ-მეთქი, მიპასუხებ არაო.
- მართალია. არა ვარ ემოციური.
- მთელი ეს დრო სახე გიბრწყინავს. სიხარულსიგან ენას ვერ აჩერებ და შენ მეუბნები, რომ ემოციები არ გაქვს? შენ ხარ ქვა და რკინა? კაი, რა. აი, ლუკას ვკითხოთ.
- მგონი, მაგას ჩემზე მეტად უხარია კაფე რომ გავხსენი; - ლუკამაც მხარი აუბა ლიზის.
- ესეც მე ვარ? - ნიშნის მოგებით ჰკითხა და თითი ლუკასკენ გაიშვირა.
- არა, ეგ ლუკაა. სამის აიღეთ; - მძღოლამდე ძლივს გაიწვდინა ხელი. მერე ხურდების შეხება იგრძნო, მუჭი შეკრა და უკან გამოიწვდინა; - თქვენი გადახდილია, ბავშვებო.
- ერთხელ მაგრად გამოგლანძღავ მაგის გამო და ნაწყენი დამრჩები.
- გამომლანძღე, ლიზიკო, ვინ გიშლის? - წარბები ასწია; - მე უნდა გავიქცე, მაგვიანდება.
ორივემ მადლობა გადაუხადა.
სამგორის უგვანო მეტროში საათს გახედა და დამწუხრდა, რომ საათები და წუთები ერთსა და იმავე რიცხვებს არ აჩვენებდა. დრო ისევ არ იყო დუბლირებული. კვლავ აგვიანებდა სორა და სამყაროს კეთილი ძალები არც საათზე, არც კედლებზე ამოკაწრული თუ მიხატებული ციფრთა განმეორებით, არც სხვა საშუალებითა და ჯადოსნობით მინიშნებებს არ იძლეოდა, რომ დღეს სორას ერგებოდა მათი მოწყალება.
გვირაბიდან ხმამ რომ გამოაღწია, ბაქანის კიდესთან ახლოს მივიდა და ის ადგილი შეარჩია, სადაც, მისი ვარაუდით, პირველივე ვაგონის რომელიმე კარი უნდა მოხვედრილიყო, როცა მატარებელი სვლას შეაჩერებდა. იქიდან დაინახა როგორ აცახცახდა რელსები, მერე ფანჯრებმა და უცნობი ადამიანების სახეებმა დაფარა ხედვის არე.
კარი ზუსტად მის წინ გაიღო, რამაც მომავლის მკითხაობის წინა მცდელობები უყოყმანოდ დააქუცმამცა ჩაიში შასაფშხვნელად გამზადებული პეჩენიასავით და ამან ცხადყო, რომ სორა ჩასაფრებული უცდიდა მოვლენათა გამოცნობის სრულიად უაზრო და შემთხვევით ფაქტსაც კი, რომ მაშინვე ერწმუნა - პოზიტიური ძალები მის სასარგებლოდ მუშაობდნენ.
ხალხმრავალი მეტროს ვრცელ ვაგონში მეტი თავისუფალი ადგილი დახვდა, მაგრამ პირი რომ მოკუმა, რუსთაველამდე აღარ გაუხსნია და იგრძნო, როგორ შეეცვალა განწყობა მდუმარების ჟამს.
ცოტახნის შემდეგ იმ შენობის მეორე სართულზე ავიდა, რომელიც წინა საუკუნემ სრულიად უალტერნატივოდ უანდერძა თანამედროვეობას, რადგან სხვა მემკვიდრე ბებერ, მომაკვდავ და სისხლით გაჟღენთილ მეოცე ასწლეულს მეტი არ ჰყავდა. ალბათ, ამის ბრალი იყო ის ფაქტიც, რომ შენობის გარე ფასადთან შეუსაბამო, მკვეთრად კონტრასტული და პომპეზური ოფისი ჰქონდათ განთავსებული მიწიდან ოდნავ ზემოთ, მეორე სართულზე, სადაც სორა მუშაობდა.
-რატომ დააგვიანე? - შესვლისთანავე ჰკითხა კოორდინატორმა.
სორას აღარ ახსოვდა დრო რომ მის საწინააღმდეგოდ აწყობდა ვერაგ ამბოხებას. მაშინვე შუბლიდან ნიკაპამდე გადაეკრა მომაკვდავი განწყობა მხიარულებისა, რომლის ბოლო ამოსუნთქვა - ხრინწიანი და უცაბედი - მაშინ გაიგონა, როცა ისევ შეეკედლა მის ცნობიერებას დანაშაულის განცდა. რომ გეკითხათ, ვერ გეტყოდათ დანაშაული ვისთან ან რასთან მიუძღვოდა. დროსთან, საკუთარ თავთან თუ კოორდინატორთან?
-დაღლილი ვიყავი. მეძინებოდა. მაღვიძარა შეცდომით მოვმართე; - ჯერ თვითონაც შეიცხადა, რატომ ვიტყუებიო, მაგრამ წეღან განცდილი სიკვდილისა და გაფუჭებული განწყობის გამო და კიდევ იმიტომაც, რომ ძალიან ბრაზობდა დანაშაულის გაუგებარი, ბუნდოვანი, დამთრგუნველი შეგრძნება ღმერთის რისხვასავით შეუცნობლად რომ დაატყდა თავს უთანასწორო და წამლეკავი ძალით და იმის გამოც, რომ დილით მეგობარს გამოუტყდა, აქედან წამოსვლა უნდოდა, სორამ ნავთის ბოლო წვეთებებამდე დახარჯვა გადადაწყვიტა მგზნებარე ცეცხლის გასაღვივებლად.
-ეგ ამბავი კი იმით გრძელდება, რომ საჭირო დროს ვერ გაიღვიძე და სამსახურში ამიტომ დააგვიანე.
-კიდევ იმიტომ, რომ დედაჩემმა გემრიელად მასაუზმა.
-მაინც რა ჭამე?
-ღმერთების საჭმელი.
-ეგ რომელია?
-შემწვარი კარტოფილი.
-და ამის თქმას ასე ურცხვად როგორ ბედავ? არასერიოზული დამოკიდებულებით ბევრს ვერ მიაღწევ.
-ღმერთივით წითელ პომიდორზე ჯერ არაფერი მითქვამს?
-მოდი, რა, ღმერთს შეეშვი და საქმეს მიხედე.
-პომიდვრები დავკალი, ხასხასა წითელი ფერის პომიდვრები. ამანაც დრო წაიღო.
-იცი, ახლა რას იზამ?
-რას?
-შეწყვეტ მასხარაობას და ნახევარ საათში რამე გამოსადეგ იდეას მომაწვდი!
-რის შესახებ?
-საქმეს მიხედე, თორემ სამსახურს დაემშვიდობები. ჩათვალე, შენი ქვიშის საათი უკვე თავდაყირა დგას.
-ჰო, აბა რა! და ქვიშის მარცვლები ისე ცვივიან დროის ვერტიკალზე, როგორც ლუციფერი ჩამოიფერთხა ღმერთმა ქვესკნელში.
-კიდევ ერთხელ ახსენებ ღმერთს და მაგრად გცემ.
-მშვენიერია. მაშინ უფალი; - გაიქცა.
-სად მირბიხარ, ლაჩარო?
-არსთა გამგეს უნდა მივუტანო ამბავი. აი ნახე, მკაცრად დაგსჯის.
-გიჟია ეს! აქ მოსული აღარ გნახო. გათავისუფლებული ბრძანდები.
-კარგად მეყოლეთ. ჯვარი მანდაურობას, უჩემობაში ეშმაკი არ მიიჩვიოთ, თქვე ტვინგამრუდებულებო. ფუ, როგორ მეზიზღებით და რა კარგია, რომ ჩემს ცხოვრებაში აღარ იქნებით.
-წადი თორემ დაგეწევი და მერე ნახე, რა მოგივა.
-ვერ დამეწევი, ქონებიანო ღორო.
-ახლა კარგად მომისმინე!..
-გისმენენ ჩემი ყურები.
-მე შეურაცხყოფას არ გაყენებ. უბრალოდ წადი, რა.
ვეღარაფერი უთხრა სორამ. წინ ვერ აღუდგა კოორდინატორის გულწრფელ თხოვნას. მასხარაობა ისევე უფუნქციოდ შეაჭკნა, რამდენად ფუნქციურიც შეიძლება იყოს იმ წიგნში ჩადებული სანიშნი, რომელსაც არავინ კითხულობს, თუმცა მაინც გაფაციცებით ელოდება ვინმე გულისხმიერის გუგებგაფართოებულ თვალებს, მის სტრიქონებს რომ მარცხნიდან მარჯვნივ გაუყვება და ნელ-ნელა ჩავა ქვემოთ, ყველაზე დაბლა, ფურცლის ღრმა კიდემდე და მერე რომ გადაშლის, იგივეს გაიმეორებს და ამ გამეორებათა განსხვავებული სისქის ციკლს ჩაამთავრებს უკანასკნელ წინადადებასთან. მაშინ ხომ მართლა აღარ იქნება უფუნქციო?
-კარგი. მივდვარ. ბოდიში.
ახლა ის უნდა აერჩია, სახლში წასულიყო თუ თბილისში დარჩენილიყო ცატახანს, საკუთარ საწოლში მოკუჭული ქაღალდივით მოკეცილიყო და დაგორგალებულიყო თუ ქუჩებში ეხეტიალა, ედარდა თუ არ ედარდა, ეფიქრა თუ დაევიწყებინა. "თუ" სასწორის ღერძი იყო და სასწორის პინებზე განუწყვეტლივ იცვლებოდა ასაწონ-გასაზომი ქმედებები, რომელთაგან ერთი გაცილებით მძიმე უნდა აღმოჩენილიყო, რომ ყველა დანარჩენი გადაეწონა. დაფნის გვირგვინი სახლში დაბრუნების ვარიანტმა ჩამოიფხატა თმაგაცვენილ თავზე.
ნაცნობმა ხმამ დაიძახა სორას სახელი. მყისვე უკან მიატრიალა კისერი. ყოფილი თანამშრომელი იყო. ღიმილიანი ანი.
- სორა, ხომ კარგად ხარ?
- ძალიან კარგად ვარ... და შენ?
- რა მე?
- შენ ხომ ხარ კარგად?
- ა, ჰო, კარგად ვარ. არ ვიცი რა გითხრა. მომენატრები.
- მეც მომენატრები. მხოლოდ შენ კი არა, ყველა ძალიან მომენატრებით.
- რაღაც უნდა გთხოვო. საღამოსკენ ვაპირებდი თქმას, მაგრამ შენ...
- მაგრამ მე წავედი. ფული გჭირდება?
- ჰო.
სორამ საფულე ამოიღო, საგულდაგულოდ მოქექა.
- ორმოცდაათი ლარი მაქვს. ხურდებს მე დავიტოვებ. გამომართვი, ანიკო.
- აუ, არ მეყოფა.
- კიდევ რამდენი გინდა?
- რა მნიშვნელობა აქვს? მეტი მაინც აღარ გაქვს.
- ანიკო, გადმოგირიცხავ. ბარათზე მაქვს თანხა.
- მაგრად მიყვარხარ.
- ვიცი; -მადლიერებით აევსო გული; - წავალ, რა. მეჩქარება. სახლში რომ მივალ, შეგეხმიანები. ტელეფონი დამჯდარი მაქვს.
- ჰო, გირეკავდი და არ გამოვიდა ზარი. ჰოდა, გამოგეკიდე.
- აბა, შენ იცი. შეგეხმიანები.
რუსთაველის გრძელი ექსკალატორი სწრაფად ჩაირბინა. წითელი მარმარილოთი გაწყობილ თაღებს შორის ხალხის ნაკადმა გამოიარა. სორა კიდევ უფრო სწრაფად გაიქცა, უხეშად გაიჭრა უცნობ ადამიანებს შორის და ღია კარში შევარდა. გვიან ჩაირაზა მეტროს ვაგონები. იმდენად გვიან, რომ სორას ლოდინიც კი მოუხდა. ხელი გულზე ედო. სწრაფად უცემდა, ძლივს სუნთქავდა და კარი გაწელილი ლოდინის შემდეგ დაიხურა.
მარშუტკაში ადგილი შეხვდა, რადგან დილის საათებში თბილისიდან ცოტა მგზავრი ბრუნდება სოფელში. დიდხანს იყურყუტა, სანამ მძღოლი საჭეს მიუჯდა. შეიძლება ჩასთვლიმა, შეიძლება ფიქრებმა გაიტაცა, მაგრამ გონს მაშინ მოვიდა, როცა სოფლის უსწორმასწორო გზაზე შედგა ტრანსპორტი. მალევე უნდა ჩამოსულიყო. საფულე ამოიღო ჯიბიდან. ოთხი ოცთეთრიანი და ორი ათთეთრიანი დათვალა.
"ვაიმე" - გაიფიქრა და შუბლზე ხელი იტკიცა. აკანკალდა. ხურდები ძირს დაეფანტა. ყოველი მხრიდან იგრძნო მგზავრთა ინტერესიანი მზერა. ამასობაში ეკლესიაც გამოჩნდა.
- ეკლესიასთან გააჩერეთ; - ძლივს გასაგონად წარმოთქვა. მძღოლმა ვერ გაიგო.
- გააჩერეთ, - ისევ წაიჩურჩულა.
- გააჩერეთო, გეძახით ბავშვი; - წინა სკამზე მჯდომი ქალის ხმა გაისმა.
ფანჯარაში ბუნების სურათებმა მოძრაობა შეწყვიტა. ნეტავ იმ დროს მომკვდარიყო სორა. ოღონდაც ტანჯვის ის წამები არ გამოეარა, რისი გადატანაც მაშინ მოუხდა.
- ფული არ მაქვს. სხვა დროს გადაგიხდით.
- აჰაა, ფული არა აქვს, თურმე! და მერე მაინც თქვენა ყაყანებთ მარშუტკები დაამატეთ, რეისები დაამატეთო. ჯერ ეხლა რასა ვშოულობ და მერე რაღა იქნება, საწვავის ხარჯი რომ გამეზრდება? თან თუ ფულიც არ გადაიხადეთ... ე, ეგრე სად არის?
- ვერ გავთვალე კარგად და შემომეხარჯა. შემდეგ ჯერზე ოთხმაგს გადაგიხდით, თუ გნებავთ.
- დროზე ჩადი, რა. ჰმ, თუ მნებავს, თუ მნებავს... - მძღოლს გაბრაზება დაეტყო.
სორამ ეკლესიას ჩაუარა, გადაუხვია სახლისკენ, ბარბაციით გაიარა იქამდე დარჩენილი მცირე გზა დაღვრემილმა და დამწუხრებულმა, შერცხვენილმა და დაქანცულმა და როცა ტანმაღალ ალვის ხეებს გასცდა, თავში ერთმა კითხვამ გაუელვა: რომელი საათი იყო, როცა მეტროში ჩავიდა?
ცხადია, არაფერი შეიცვლებოდა 12:12 ან 13:13 რომ დაენახა დროის ციფერბლატზე. საფულე ხომ უკვე ცარიელი ჰქონდა... მაგრამ მაინც სასტიკად აწვალებდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა, ყველა უბედურებას სწორედ ეს დაუკვირვებლობა ასაზრდოებდა.
დრო სახლის შესვლისთანავე შეამოწმა. მერე დამტენი მოძებნა და ტელეფონი დენის წყაროსთან შეაერთა დასამუხტად.
ანის დაურეკა. უთხრა თანხა მომწერე და პირადი ნომერიო.
- უკან დაბრუნებაზე არ იფიქრო. გჩუქნი.
- ვაიმე, სორა შენ ვინ ხარ.
- სორა არის სორა. მარტივი ჭეშმარიტება ასეთია და შენ თუ გინდა გაართულე. ოღონდ მე ნუ შემიღონებ ტვინს. კარგად იყავი. მიყვარხარ, მომენატრებით.
მეორე დილამდე ეძინა.
გარეთ ისე ხმაურიანად წვიმდა და ისე სევდიანად, რომ ბალიშში თავჩარგული, უმწეოდ აქვითინდა. ტიროდა ძალიან შავი, უფსკრულის სიღრმეში გაჩენილი წყვდიადისავით მუქი და ბნელი ქაოსისკენ ლტოლვას, რომელიც მაცდურად შეეპარა ხალასი, მზესავით ნათელი და მომხიბვლელი, სიცოცხლით ნაჯერი ხასიათის ცარიელ ნაპრალებში, თითქოს მედალიონის ორივე მხარე გაერთიანდა. მაგრამ ვერ გაუძლო სორამ ამ სისრულეს, ამ მძიმე სისავსეს და მუხლებში მოიდრიკა, უძლურებისგან კი ცრემლები წასკდა.
გადაწყვიტა, რომ ვალი დაებრუნებინა მარშუტკის მძღოლისთვის.
ეკლესიასთან რომ გადავიდა, უკვე გვარიანად სველი იყო. სამგორში სხვა მძღოლმა ჩაიყვანა. გზად წვიმამ გადაიღო, მარგრამ მარშუტკის ჭერიდან ისევ ჟონავდა წყალი, რომელიც სახურავზე დაგროვებულიყო.
მგზავრების პროტესტს მძღოლის მხრიდან ასეთი პასუხი მოჰყვა:
- "ბოლტ-გაიკები" სადაც უკეთია, იქ სილიკონი არ არის ჩასხმული და მანდედან ჩამოდის წვიმა. აბა, მე რა ვქნა, ეხლა გაძელით და მე დღესვე ვიყიდი სილიკონს. მაგრამ თქვენ რა გადარდებთ? რა დიდი ამბავი ეგ არის, მე თუ რეისის ფულებს საჭმელში კიარა, სილიკონებში დავხარჯავ, არა?
უნივერსიტეტის ნაცნობებს შეეხმიანა. შუადღე მათთან გაატარა. მერე კი კვლავ სამგორში დაბრუნდა და დაელოდა მძღოლს, რომლისთვისაც ოთხმაგი უნდა გადაეხადა.
ცა აპირებდა ბინდის გადაკვრას, მარშუტკა რომ ავტოსადგომიდან დაიძრა.
მთავარ მაგისტრალზე ტრანსპორტი სპონტანურად დამუხრუჭდა.
- რო მიყვირიხარ ჩირინასთან გააჩერეო, გამოვცდით უკვე მაგ შენ ჩირინასა; - მგზავრს შეუღრინა მძღოლმა.
- იმდენჯერ დავიძახე გააჩერეთ-მეთქი... თქვენ არ გესმით და რა ჩემი ბრალია?
- კატასავით ნუ იკნავლებ და გავიგებ, გეთაყვა.
- საზიზღარი კაცი ხართ, რა. აჰა, აიღეთ ფული და კარგად იყავით.
- საზიზღარი, აი, ის არის და ყველა იმის ნაირი კიდე! ფუი, მაგის... - ჭკუა დაარიგა დანარჩენ მგზავრებს.
სორა ფეხზე იდგა, მძღოლთან ახლოს და იქიდან უთხრა:
- უტაქტო და უხეში მძღოლები, სახურავგახვრეტილი მარშუტკებიც ჩვენ ვართ, ალბათ.
- ამას რა უნდა, ამ გაქუცულსა, ჰა? - გულწრფელად გაუკვირდა; - შენ ხმასაც ვერ უნდა იღებდე და აექ თავჩაქინდრული ბრძანდებოდე, შე მათხოვარო! აქეთ რომ აქვს დიდი პრეტენზიები? - აკანალებული ხმით იკითხა - ეს მათხოვარი! მადლობელიც არ არის. გუშინ საფასურის გარეშე რომ მოვაბრძანე სოფელში.
- მე არ ვმალავ, რომ გუშინ ფული არ გადამიხდია. რა მასკარადებს აწყობთ? დღესვე ვაპირებ ვალის დაბრუნებას; - სორას სიმშვიდე მთელ მარშუტკას მოედო, ისე აუღელვებლად და წყნარად ლაპარაკობდა.
- აპირებ კი არა, შეგარცხვინე და იმიტომ ამბობ გადაგიხდიო. მოიტა აბა ფული. თუ დღესაც პანჩურის ამოკვრაზე ხარ? - ეჭვი არ ეპარებოდა თავის სიმართლეში; - აეხლა ჩაბრძანდები და ვისაც გინდა, იმას უქნიე ხელ-ფეხი: წამიყვანე, წამიყვანეო.
სორა ჩასასვლელად მოემზადა. ქალს, რომელმაც ჩანთისა და პარკების დაჭერა შესთავზა ფეხზე დგომის გამო , მზერით ანიშნა ჩემი ნივთები დამიბრუნეთო.
- აჰა, ხო ვამბობდი ისევ უფულოდ წამობზაკუნდა-მეთქი.
- გამომართვით. ხურდა არ მინდა. სოფლის თავში ერთი ქალატონი ჩამოვა და არ გადაახდევინოთ.
- რომელი აბა?
- ჩანთა ვინც დამიჭირა.
- დარჩი, თუ გინდა.
- არ მინდა. კარგად.
დიდხანს არ უცდია, როდის გამოჩნდებოდა ვინმე გულისხმიერი, რომელიც სახლში წაიყვანდა, მაგრამ მანამდე, მოლოდინით გაწელილ დროში, სორას წინ, გზის გადაღმა ყაყაჩოებით მოფენილი, დაბნელების ბურუსში ჩაიძირა ნიავის სუნთქვაზე დარწეული, მთვლემარე მდელო. დამნაშავის ნაბიჯებით, შეპარვით, ნელ-ნელა მიუახლოვდა მზე ნარინჯისფრად აბრიალებული ღრუბლების სადარაჯოს და ნიავს აყოლებული მტვერივით თანდათან გაქრა.
სორასაც მოუნდა გაუჩინარება, მზესავით მიმალვა და დროებით წასვლა.
სახლში რომ მივიდა, ისევ დაიძინა.



№1  offline მოდერი guroo

ვიცი, რომ დახვეწილობის შეგრძნებას არ ტოვებს. უბრალოდ არ შემეძლო, არ ამეტვირთა.
გამოხმაურებას ველოდები.

ელ პინი
მოსწავლეებს როგორც კი მოვრჩები, ეგრევე აქ ვარ, თან მშიერი. :)))))

ბევრი იმედგამაცრუებელი გემო დაგხვდება, მაგრამ დანაყრდები.
გელი <3

 


№2 სტუმარი Ana-maria

როგორი სევდიანი ისტორია იყო სიკეთით სავსე გოგონაზე. გული მატკინა სორას ვერ გაგებულმა სითბომ!მას ადამიანები უყვარდა!მოკლედ მომეწონა და გულში სევდა დამრჩა. წარმატებები და ახალი ისტორიები.

 


№3  offline მოდერი guroo

Ana-maria
როგორი სევდიანი ისტორია იყო სიკეთით სავსე გოგონაზე. გული მატკინა სორას ვერ გაგებულმა სითბომ!მას ადამიანები უყვარდა!მოკლედ მომეწონა და გულში სევდა დამრჩა. წარმატებები და ახალი ისტორიები.

“სიკეთით სავსე გოგონა”.
სორას სიკეთე ქარფშუტობისკენ გადადგმული ნაბიჯია. ქაოსი უნდოდა და მიიღო. მერე ამ ქაოსმა აატირა.
მართალია, ძალიან მტკივნეულია ვერგაგებული სითბო. სორამ ადამიანებთან საურთიერთობოდ ინფანტილური სიკეთე არჩია. მტანჯველი ტკივილისთვის წინასწარ გაწირა თავი.
მინდოდა, რომ სევდიანი გამოსულიყო. თურმე გამომივიდა.
მადლობა კეთილი სურვილებისთვის. იქნებ, მალევე დავწერო ახალი.
❤️

 


№4 სტუმარი Tek la

სიკეთით სავსე ადამიანი რა ძალიან საყვარელი და თბილი იყო განსაკუთრებით როცა ბოლო კაპიკები მიასესხა მეგობარს <3 მომეწონა ძალიან აი მძღოლს კი გამოვლანძღავდი კარგად უტაქტო :(
❤❤

 


№5  offline მოდერი guroo

Tek la
სიკეთით სავსე ადამიანი რა ძალიან საყვარელი და თბილი იყო განსაკუთრებით როცა ბოლო კაპიკები მიასესხა მეგობარს <3 მომეწონა ძალიან აი მძღოლს კი გამოვლანძღავდი კარგად უტაქტო :(
❤❤

ვერ მიხვდა, რომ ფული ბოლომდე დახარჯა. რომ მიმხვდარიყო, იქნებ არც ესესხებინა.
ფული ვისაც ასესხა, თანამშრომელია. ღიმილიანი ანი. რომელსაც ვერ ეუბნება, რომ მხოლოდ ის, სხვებისგან განცალკევებული კონკრეტული პიროვნება მოენატრება და არა ყველა ერთად, ვისთან ერთადაც მუშაობდა ხოლმე.

 


№6 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

გადამღლელი ყოველდღიურობა, მობეზრებული რუტინა , გაცვეთილი ფეხსაცმლის ძირები.
პესიმიზმით გაჯერებული აბზაცი და ფრაზა , ნეგატივის და ზიზღის ნაერთი, რომელიც სუბიექტურად აისახება მთლიან ტექსტზე.
ერთფეროვნება , მრავალფეროვნების ხარჯზე.
საინტერესოა...
ზოგადად, კარგი მეხსიერება მაქვს, ამიტომ ვიმახსოვრებ სიტყვებს , ფრაზებს , შეგრძნებებს, ჩემგანდამოუკიდებლად.
და რომ დავფიქრდი მივხვდი, რომ ყველა ნაწარმოები შენს კუთვნილებაში, ორი რაღაცით გავსს ერთმანეთს.
პირველი ის , რომ შენ ქმნი და მეორე ,რომ ყველა ლამაზად შეფუთულ სიმართლეს წარმოადგენს.
წარმოიდგინა, ვიღაცა გჩუქნის საჩუქარს, დიდი ყუთით რომელიც ნიკაპამდე გწვდება, გახსნი და ყუთში ყუთი აღმოჩნდება, მატროშკასავით, ასე ჩადიან ბოლოში, ინტერესით, წადილით გაიგო ,რა დევს. მოუთმენლობით, სიბრაზით...
ბოლოს ნახულობს პატარა კოლოფს, ყუთს რომელიც ხელის გულზე ეტევა, შეიძლება ბრილიანტია ან უბრალოდ , ზღვის ნიჟარა , რომელშიც ზღვის ხმა და ნოსტალგია ისმის..
მთავარია რა არის მნიშვნელოვანი, სუბიექტურად შენთვის.
აი ასეთ შეფუთვას ჰგავს, სწორეთ ესეთ შეგრძნებებს გავდივარ, ინტერესით რა იმალება , ყველაზე პატარა ყუთში.
ამ ჩანახატებში შეფუთვის ყველა ფენას თავისი ადგილი უჭირავს, ზოგი გულს გიორგის ადამიანს , რომ არ მთავრდება, ზოგი პირიქით აზარტს გმატებს, ყველას თავისი მნიშვნელობა და გარდაუვალობა ახასიათებს.
წარმოჩენილი იყო , "შეცვალე მოცემულობა".
მე კი მიყვარს, როცა დინების საწინააღმდეგოდ ვიღებ გეზსს.
სათაური, როგორი თბილი და იმედიანია "თქვენი გადახდილია" პესიმიზმიდან , ოპტიმიზმისკენ სწრაფვა, თუმცა მხოლოდ პოტენციური ოპტიმიზმისკენ. არაფერი დადასტურებული.
ყველა რეალური აქტის მიმართ , დაუძლეველი , ანამორფოზული სულიერი კავშირი და მაინც, უზომოდ ლამაზი , თავისი უცნაურობის გამო.
გაზვიადების ნიჭი გაქვს , ღვთისგან ბოძებული
მზის სინათლესავით. ))
მოკლედ , სულ პირველმა წავიკითხე , მაგრამ ეხლა მომიწია დაწერა, არ მიყვარს უსიტყვოდ წასვლა, ამიტომ მოცლილზე დავბრუმდი, თუმცა ცოტა შეგრძნებებს შენელებული, ამიტომ არ იყო ის, რისი თქმაც ბოლომდე მინდოდა.


შეცვალე მოცემულობა , თუ ეს მოცემულობა , აზრს გაკარგვინებს, აზრს მთავარის , სიცოცხლის აზრს. მაგრამ თუ ისევ გაქვს მიზანი , მაშინ უბრალოდ იბრძოლე და მიიღე მოცემულობა, უბრალოდ დაატყვე შენი ხელი, რადგან მხოლოდ შენ იცი, რა არის შენი მოცემულობა. ))

 


№7  offline მოდერი guroo

სტუმარი Life is beautiful
გადამღლელი ყოველდღიურობა, მობეზრებული რუტინა , გაცვეთილი ფეხსაცმლის ძირები.
პესიმიზმით გაჯერებული აბზაცი და ფრაზა , ნეგატივის და ზიზღის ნაერთი, რომელიც სუბიექტურად აისახება მთლიან ტექსტზე.
ერთფეროვნება , მრავალფეროვნების ხარჯზე.
საინტერესოა...
ზოგადად, კარგი მეხსიერება მაქვს, ამიტომ ვიმახსოვრებ სიტყვებს , ფრაზებს , შეგრძნებებს, ჩემგანდამოუკიდებლად.
და რომ დავფიქრდი მივხვდი, რომ ყველა ნაწარმოები შენს კუთვნილებაში, ორი რაღაცით გავსს ერთმანეთს.
პირველი ის , რომ შენ ქმნი და მეორე ,რომ ყველა ლამაზად შეფუთულ სიმართლეს წარმოადგენს.
წარმოიდგინა, ვიღაცა გჩუქნის საჩუქარს, დიდი ყუთით რომელიც ნიკაპამდე გწვდება, გახსნი და ყუთში ყუთი აღმოჩნდება, მატროშკასავით, ასე ჩადიან ბოლოში, ინტერესით, წადილით გაიგო ,რა დევს. მოუთმენლობით, სიბრაზით...
ბოლოს ნახულობს პატარა კოლოფს, ყუთს რომელიც ხელის გულზე ეტევა, შეიძლება ბრილიანტია ან უბრალოდ , ზღვის ნიჟარა , რომელშიც ზღვის ხმა და ნოსტალგია ისმის..
მთავარია რა არის მნიშვნელოვანი, სუბიექტურად შენთვის.
აი ასეთ შეფუთვას ჰგავს, სწორეთ ესეთ შეგრძნებებს გავდივარ, ინტერესით რა იმალება , ყველაზე პატარა ყუთში.
ამ ჩანახატებში შეფუთვის ყველა ფენას თავისი ადგილი უჭირავს, ზოგი გულს გიორგის ადამიანს , რომ არ მთავრდება, ზოგი პირიქით აზარტს გმატებს, ყველას თავისი მნიშვნელობა და გარდაუვალობა ახასიათებს.
წარმოჩენილი იყო , "შეცვალე მოცემულობა".
მე კი მიყვარს, როცა დინების საწინააღმდეგოდ ვიღებ გეზსს.
სათაური, როგორი თბილი და იმედიანია "თქვენი გადახდილია" პესიმიზმიდან , ოპტიმიზმისკენ სწრაფვა, თუმცა მხოლოდ პოტენციური ოპტიმიზმისკენ. არაფერი დადასტურებული.
ყველა რეალური აქტის მიმართ , დაუძლეველი , ანამორფოზული სულიერი კავშირი და მაინც, უზომოდ ლამაზი , თავისი უცნაურობის გამო.
გაზვიადების ნიჭი გაქვს , ღვთისგან ბოძებული
მზის სინათლესავით. ))
მოკლედ , სულ პირველმა წავიკითხე , მაგრამ ეხლა მომიწია დაწერა, არ მიყვარს უსიტყვოდ წასვლა, ამიტომ მოცლილზე დავბრუმდი, თუმცა ცოტა შეგრძნებებს შენელებული, ამიტომ არ იყო ის, რისი თქმაც ბოლომდე მინდოდა.


შეცვალე მოცემულობა , თუ ეს მოცემულობა , აზრს გაკარგვინებს, აზრს მთავარის , სიცოცხლის აზრს. მაგრამ თუ ისევ გაქვს მიზანი , მაშინ უბრალოდ იბრძოლე და მიიღე მოცემულობა, უბრალოდ დაატყვე შენი ხელი, რადგან მხოლოდ შენ იცი, რა არის შენი მოცემულობა. ))

გულწრფელად ვიტყვი. “თქვენი გადახდილია” არ ვარგა. ბევრი წერტილი მოვნიშნე და წერის დასასრულს მათი შეკავშირება დამეზარა. ასე ზედაპირულად, რა ხანია, არ მიწერია. ნებისყოფის ძაფი უთვალავჯერ გამიწყდა. მხოლოდ კომენტარების ხათრით გავედი ბოლოში.
დანარჩენზე რა გითხრა? შეფუთვა ჩემგან დამოუკიდებლად ხდება. ვწერ, ვწერ, ვწერ და ვბოდავ. კიარადა ვაზვიადებ, როგორც შენ თქვი. მოკლედ, თავისით იფუთება.
სათაურებით ხშირად ვტყუი. მაგრამ ამჯერად ეს ტყუილი ტექსტის შინაარსსაც ერგება. ეს იყო განსხვავება. შეიძლება მთლიანობაში ნაწერი ვერ შედგა, მაგრამ რაღაცებმა გაამართლა.
შენმა კომენტარმა ძალიან გამახარა. ვისიამოვნე კიდეც. ისე მონდომებით გქონდა წაკითხულ-გააზრებულ-ნაფიქრი, პირადად ჩემთვის იყო საინტერესო წასაკითხი, რაც დამიწერე.
გმადლობ❤️
პ.ს. მირჩევნია ჩემი ხელი დავატყო მოცემულობას. რადიკალური ცვლილებები შინაგანად მანგრევს და ვერ ვუძლებ.

 


№8 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

უკეთესიც შეიძლებოდა და ისიც მესმის , რომ სურვილი ვიღაცამ შეიმჩნიოს, რომ არსებობ და გაქვს შენი იდეალები, მაგრამ არ იყო შენი.
ვიცი , რომ ამის თქმა არ გჭირდება, ისედაც გააკრიტიკებდი თავს, თუმცა მე არ გაკრიტიკებ, რადგან ერთხელ შევიგრძენი, როგორია როცა , სხვა სრულიად უცნობი, ან ნაცნობი, მაგრამ საბოლოოდ მაინც უცნობი ადამიანი, ჩნდება შენი ჩანახატის ქვეშ და გიცვლის აზრს.
ხოდა, მთავარია შეიგრძნო, ამით დატკბე.
მაგრამ თუ ეს შენს პროფესიასთან პირდაპირ კავშირშია, თავს მეტი უნდა მოთხოვნო, აქ კი, რა მნიშვნელობა აქვს როგორი იქნება, ყველას ჭირდება დაშლა და აწყობა, დაზეთვა.
სანამ დაზეთავ (არ ვიცი , სხვანაირად რა ქვია) კი, თავისუფლება მინიჭებული იქნები , სხვა და სხვა ნაწილით, ის ჟანგი თუ არ მოიშორე რაც გჭამს, ისე სურვილიც აღარ გექნება ისევ გამართულად იმუშაო, მოკვეთილი ჭანჭიკებით.
ხოდა , აქ რა აზრი აქვს, უფრო სწორად არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამდენად გადასარევი იქნები, მაშინაც კი , თუ ეს პროფესიასთან პირდაპირ კავშირშია.
ყველას ჭირდება ამოსუნთქვა, სულსწრაფობით , რომ მერე გამართულად იმუშაო.
იმედი მაქვს, სწორად გაიგებს ჩემსნათქვამს.

 


№9  offline მოდერი guroo

კარგად მესმის — ზუსტად ისე, როგორც ამბობ. შემიძლია, რომ ასე გავიგო.
მაგრამ ასეთი დამოკიდებულება მასიურ ხასიათს თუ მიიღებს და ნორმად იქცევა, საიტი აუცილებლად გახდება სანაგვე.
თუ დაწერ და ვერ მიხვდები (ნებისმიერი ავტორი იგულისხმება), რომ კრახი განიცადე, ეგ ცალკე უბედურებაა. როგორ ქეციანივითაც არ უნდა გაწუხებდეს მუზები ანდა ამბიციები, მაინც მნიშვნელოვანია, იცოდე, რას წერ.
მე ვიცი რას ვწერ.
ყველაზე უკეთ მე ვიცი, როდის ვმარცხდები აზრებისა და სიტყვების ჭიდილის დროს ნაქურდალი წინადადებების ფურცელზე გადმოტანაში. ზოგჯერ ვიმარჯვებ და მიხარია.
ამჯერად ხელთ შემრჩა მწარე, მაგრამ მანამდეც გამოცდილი ფიასკო, რომელსაც ისე არ მატკინა, როგორც სულ პირველად.
კრიტიკა მიყვარს. სხვისი გაკრიტიკებაც კარგია და ისიც, შენ რომ გაკრიტიკებენ.
არასდროს არაფრის მოგერიდოს❤️

ბოდიშს გიხდი დაგვიანებისთვის. დღის მანძილზე დრო არ მქონდა, რომ პასუხი დამებრუნებინა.

 


№10  offline მოდერი guroo

კომენტარების მოლოდინში დრო უნაყოფოდ გარბის.
იქნებ დღეს დავწერო რამე.
აქ ისევ გელოდებით.

 


№11 სტუმარი სტუმარი ლილე

მეორედ წავიკითხე. პირველად კომენტარის გარეშე წავედი, რადგან ვერ მოვუყარე თავი აზრებს. ახლაც არ ვარ ბოლომდე ჩამოყალიბებული)) ...თუმცა, რაღაცებს ვიტყვი)) პირველი, რაც თვალში მომხვდა, ტელეფონი არ ჩაირთა კი არა, არ ჩაირთო. მე რომ სამსახურში მაგვიანდება ხოლმე, ისე ვჩქატობ, ადრეც მივდივარ ხოლმე დდ ჩამოუყალიბებელი ტიპია სორა) ვერ გაუგია რა უნდა. სამსახური თუ უსამსახურობა, სიჩუმე თუ ხმაური. ნაცნობები თითქოს არ უნდოდა, მერე ისე გაუხარდა, ლამის თან გაიყოლა) სრული ქაოსი აქვს თავში. კეთილია თუ სულელი, ამაზე ვფიქრობდი) ალბათ, კარგი დანაზოგი ჰქონდა, ან რავიცი.. ბოლოს რაც არ მომეწონა მისი საქციელიდან, სანამ მძღოლი წამოაძახებდა, იქამდე უნდა მიეშავებინა ის ხურდები, თუ რაც იყო. აღარ ექნებოდა სალაპარაკო). ასეა თუ ისე, მომეწონა) სევდის მარცვლები დასდევს... დიალოგები ისევ რაღაცნაირია) არასაკმარისი. თუმცა, მაინც მიყვარხარ ♡♡♡ სორას მსგავსად, მეც ჩამოუყალიბებელი ვარ) თავში ალიაქოთი მაქვს, აზრებს ვერ ვალაგებ ) სულ გელოდები ხოლმე და როგორ დავაგვიანე, გაოცებული ვარ *(

 


№12  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილე
მეორედ წავიკითხე. პირველად კომენტარის გარეშე წავედი, რადგან ვერ მოვუყარე თავი აზრებს. ახლაც არ ვარ ბოლომდე ჩამოყალიბებული)) ...თუმცა, რაღაცებს ვიტყვი)) პირველი, რაც თვალში მომხვდა, ტელეფონი არ ჩაირთა კი არა, არ ჩაირთო. მე რომ სამსახურში მაგვიანდება ხოლმე, ისე ვჩქატობ, ადრეც მივდივარ ხოლმე დდ ჩამოუყალიბებელი ტიპია სორა) ვერ გაუგია რა უნდა. სამსახური თუ უსამსახურობა, სიჩუმე თუ ხმაური. ნაცნობები თითქოს არ უნდოდა, მერე ისე გაუხარდა, ლამის თან გაიყოლა) სრული ქაოსი აქვს თავში. კეთილია თუ სულელი, ამაზე ვფიქრობდი) ალბათ, კარგი დანაზოგი ჰქონდა, ან რავიცი.. ბოლოს რაც არ მომეწონა მისი საქციელიდან, სანამ მძღოლი წამოაძახებდა, იქამდე უნდა მიეშავებინა ის ხურდები, თუ რაც იყო. აღარ ექნებოდა სალაპარაკო). ასეა თუ ისე, მომეწონა) სევდის მარცვლები დასდევს... დიალოგები ისევ რაღაცნაირია) არასაკმარისი. თუმცა, მაინც მიყვარხარ ♡♡♡ სორას მსგავსად, მეც ჩამოუყალიბებელი ვარ) თავში ალიაქოთი მაქვს, აზრებს ვერ ვალაგებ ) სულ გელოდები ხოლმე და როგორ დავაგვიანე, გაოცებული ვარ *(

ვფიქრობ, სორას ჩამოუყალიბებლობა ნევროზის რომელიღაც სახეობა შეიძლება იყოს. ამისდაჯერება უფრო მეტად მაწყობს, ვიდრე იმაზე დარდი, ნამდვილად არის თუ არა ასე.
შენ სასწორი ხარ. შენთვის ბუნებრივიც კია, რომ არეული იყო, მაგრამ არეულობა ოდესმე წესრიგს მაინც ექვემდებარება, არა?
რაღაცნაირი გამომივიდა. ყველა პასაჟი დაუსრულებელია. სკოლის მოსწავლის თემას ჰგავს. ექვსი-შვიდ ქულაზე დაწერილს. ყველაფერს რომ მიედ-მოედო და საბოოლოდ ვერაფერი თქვა.
რა კარგი ხარ, შეიძლება არ იცი.
მადლობა <3

 


ძალიან ნიჭიერი ხარ და დიდი მომავალი გაქვს სამწერლობო ასპარეზზე. მიაკითხე გამომცემლობებს და შესთავაზე შენი ნამუშევრები.

პ.ს.
ამას უბრალოდ გამოცდილი მკითხველი არ გიწერს.

 


№14  offline მოდერი guroo

ფურცლებში დაკარგული
ძალიან ნიჭიერი ხარ და დიდი მომავალი გაქვს სამწერლობო ასპარეზზე. მიაკითხე გამომცემლობებს და შესთავაზე შენი ნამუშევრები.

პ.ს.
ამას უბრალოდ გამოცდილი მკითხველი არ გიწერს.

ოდესმე ეგ დროც დადგება. ჯერ უნდა დავაგროვო შესათავაზებელი მასალა.
ძალიან გამახარეთ. მადლობა❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი ლიკა

ზოგადად, ისეთი ნაწარმოები არაა, როგორებსაც ძირითადად ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ მომწონს და მიხარია, ზოგჯერ გასხვავებულსაც რომ ვუგებ გემოს.

კარგი იყო, თემაც ძალიან კარგად იყო წამოჭრილი. ყველასათვის დამღლელი ყოველდღიურობა და ერთფეროვნება.

ჩემი აზრით სორამ ცხოვრებაში მრავალფეროვნების შემოტანისთვის ცოტა არასწორი მხარე აირჩია. მე მის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი. მაგრამ ალბათ, სჭირდებოდა, რომ რამენაირად წუთიერად მაინც მოწყვეტილიყო ამ ერთფეროვნებას.

მერე განვითარებულ მოვლენებს რაც შეეხება, ზედმეტად კეთილი აღმოჩნდა(

თითქოს სორაში ჩემი ხასიათიც დავიჭირე. რაღაცნაირად მგონი, მგავს.

მოკლედ,
მომეწონა.
წარმატებები!❤️

 


№16  offline მოდერი guroo

სტუმარი ლიკა
ზოგადად, ისეთი ნაწარმოები არაა, როგორებსაც ძირითადად ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ მომწონს და მიხარია, ზოგჯერ გასხვავებულსაც რომ ვუგებ გემოს.

კარგი იყო, თემაც ძალიან კარგად იყო წამოჭრილი. ყველასათვის დამღლელი ყოველდღიურობა და ერთფეროვნება.

ჩემი აზრით სორამ ცხოვრებაში მრავალფეროვნების შემოტანისთვის ცოტა არასწორი მხარე აირჩია. მე მის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი. მაგრამ ალბათ, სჭირდებოდა, რომ რამენაირად წუთიერად მაინც მოწყვეტილიყო ამ ერთფეროვნებას.

მერე განვითარებულ მოვლენებს რაც შეეხება, ზედმეტად კეთილი აღმოჩნდა(

თითქოს სორაში ჩემი ხასიათიც დავიჭირე. რაღაცნაირად მგონი, მგავს.

მოკლედ,
მომეწონა.
წარმატებები!❤️

გამარჯობა, ლიკა.
ვიცი, ელოდებოდი ჩემს პასუხს. პოსტი ვნახე ფეისბუქ ჯგუფში. ვმუშაობდი და დრო არ მქონდა, სათანადო ყურადღება გამომეჩინა.
ჩემი აზრით, სორას ცხოვრება მრავალფეროვანი იყო და სახე მონოტონურობისკენ იცვალა. ხომ ვწერ კიდეც, რომ სისავსეს ვერ გაუძლო?
მიხარია, რომ მოგეწონა. არ არის ფორთხაჯური (ფორთხაჯი - მე ასე ვეძახი აქაურობას), არც რომელიმე წიგნს ჰგავს, რომელიც მანმდე შეიძლება წაგეკითხა. განახვავებულია.
და რა კარგია, რომ ჩრდილში უმოწყალოდ არ ამოლპა, არ დაიწუნეს... მე, როგორც ავტორს, გულისფანცქალით რომ ელოდება ასეთ არასტანდარტულ სიტუაციებში მკითხველის გამოხმაურებას, სიგიჟემდე მიხარია, როცა კომენტარების ველში დადებითი მუხტი თავს იჩენს ხოლმე.
მადლობა, ლიკა.
❤️

 


№17  offline წევრი likuu_s

guroo
სტუმარი ლიკა
ზოგადად, ისეთი ნაწარმოები არაა, როგორებსაც ძირითადად ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ მომწონს და მიხარია, ზოგჯერ გასხვავებულსაც რომ ვუგებ გემოს.

კარგი იყო, თემაც ძალიან კარგად იყო წამოჭრილი. ყველასათვის დამღლელი ყოველდღიურობა და ერთფეროვნება.

ჩემი აზრით სორამ ცხოვრებაში მრავალფეროვნების შემოტანისთვის ცოტა არასწორი მხარე აირჩია. მე მის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი. მაგრამ ალბათ, სჭირდებოდა, რომ რამენაირად წუთიერად მაინც მოწყვეტილიყო ამ ერთფეროვნებას.

მერე განვითარებულ მოვლენებს რაც შეეხება, ზედმეტად კეთილი აღმოჩნდა(

თითქოს სორაში ჩემი ხასიათიც დავიჭირე. რაღაცნაირად მგონი, მგავს.

მოკლედ,
მომეწონა.
წარმატებები!❤️

გამარჯობა, ლიკა.
ვიცი, ელოდებოდი ჩემს პასუხს. პოსტი ვნახე ფეისბუქ ჯგუფში. ვმუშაობდი და დრო არ მქონდა, სათანადო ყურადღება გამომეჩინა.
ჩემი აზრით, სორას ცხოვრება მრავალფეროვანი იყო და სახე მონოტონურობისკენ იცვალა. ხომ ვწერ კიდეც, რომ სისავსეს ვერ გაუძლო?
მიხარია, რომ მოგეწონა. არ არის ფორთხაჯური (ფორთხაჯი - მე ასე ვეძახი აქაურობას), არც რომელიმე წიგნს ჰგავს, რომელიც მანმდე შეიძლება წაგეკითხა. განახვავებულია.
და რა კარგია, რომ ჩრდილში უმოწყალოდ არ ამოლპა, არ დაიწუნეს... მე, როგორც ავტორს, გულისფანცქალით რომ ელოდება ასეთ არასტანდარტულ სიტუაციებში მკითხველის გამოხმაურებას, სიგიჟემდე მიხარია, როცა კომენტარების ველში დადებითი მუხტი თავს იჩენს ხოლმე.
მადლობა, ლიკა.
❤️

კი, კი მართლა ვამოწმებდი და ველოდებოდი პასუხს :დდ
ჯგუფში კიდევ რაც დავწერე უბრალოდ ზოგადი იყო, რომ ისე გულისფანცქალით ველოდები ხოლმე კომენტარებზე პასუხს, როგორც თქვენ, მწერლები - ნაწარმოებზე კომენტარებს და მითხველის ემოციებს.

დროს მართლა არ აქვს მნიშვნელობა, მესმის რა თქმა უნდა, რომ ყველას არ აქვს დრო, რომ ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ამოწმოს კომენტარების ველი. მთავარია რომ მკითხველის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენ, რაც მართლა ძალიან მახარებს.

სხვებისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ამას მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

არც ერთი შედევრი არ იმსახურებს ამოლპობას.

კი, მართლა არ არის ფორთხაჯური (ისიც ვიცი რატომ დაარქვი ფორთხაჯი :დ) მაგრამ ამ საიტის საშუალებით მაინც ეცნობა ხალხს.

იმედია, ამ საიტს გაცდები ოდესმე და არა მხოლოდ შენ სხვებიც. მართლა იმსახურებთ უფრო დიდ ფარგლებს. ❤️

 


№18 სტუმარი ის

იმაზე მეტი რა ვᲗქვა რაც უკვე დაიწერა.. Თუმცა ორიოდე სიტყვას მეც ვიტყვი..
სულ სხვა მოლოდინებიᲗ დავიწყე და მიხარია, რომ არ გამიმარᲗლდა..
Შინაარსობრივად მრავლისმთქმელია, რომელიც ერᲗი ᲨეხედვიᲗ მოკლე Ჩანდა ᲩემᲗვის..
საᲗაური სწორადაა ᲨერᲩეული, ამას იმიტომ აᲦვნიᲨავ, რომ ვგიᲟდები ისეᲗ საᲗაურებზე, ხელმეორედ, რომ Ჩაგაფიქრებს ნაწერზე..
ამას რომ ვწერ Თან Ჩემი ნაწერი მიყურებს. რატომ არის ეს ფაქტი აᲦსანიᲨი არ ვიცი Თუმცა კი გამეᲦიმა ამ ფაქტზე...
მოკლედ კარი წასაკითხი იყო და ვისურვებდი უფრო დიდი ისტორიის წაკიᲗხვას Შენი ავტორობიᲗ.. ????

 


№19  offline მოდერი guroo

ის
იმაზე მეტი რა ვᲗქვა რაც უკვე დაიწერა.. Თუმცა ორიოდე სიტყვას მეც ვიტყვი..
სულ სხვა მოლოდინებიᲗ დავიწყე და მიხარია, რომ არ გამიმარᲗლდა..
Შინაარსობრივად მრავლისმთქმელია, რომელიც ერᲗი ᲨეხედვიᲗ მოკლე Ჩანდა ᲩემᲗვის..
საᲗაური სწორადაა ᲨერᲩეული, ამას იმიტომ აᲦვნიᲨავ, რომ ვგიᲟდები ისეᲗ საᲗაურებზე, ხელმეორედ, რომ Ჩაგაფიქრებს ნაწერზე..
ამას რომ ვწერ Თან Ჩემი ნაწერი მიყურებს. რატომ არის ეს ფაქტი აᲦსანიᲨი არ ვიცი Თუმცა კი გამეᲦიმა ამ ფაქტზე...
მოკლედ კარი წასაკითხი იყო და ვისურვებდი უფრო დიდი ისტორიის წაკიᲗხვას Შენი ავტორობიᲗ.. ????

უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ კომენტარის გარეშე არ წახვედით. ამიტომ, მადლიერებით დავიწყებ - დიდი მადლობა.
სათაური ისეთია, რომ მკითხველს ატყუებს, ოღონდ სასიამოვნოდ გამოსდის ეს ყველაფერი.
ჩემს გამარჯვებად ჩავთვლი იმასაც, რომ ტექსტზე წაკითხვის შემდეგაც გეფიქრებათ.
უფრო დიდი ისტორია წერის პროცესშია. უკვე წლებს ითვლის მისი დაწერის და დასრულების მცდელობა. როცა დავასრულებ, ამის შესახებ თქვენც გაიგებთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent