შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 47)


23-09-2021, 22:05
ავტორი Impermeable
ნანახია 2 140

თავი 47

„ყოველი მიდის, ყოველი ბრუნდება; მარად ბრუნავს ბორბალი
ყოფისა. ყოველი კვდება, ყოველი კვლავ ჰყვავის, მარად რბის
წელი ყოფისა. ყოველი წარხდების, ყოველი ახლად ეწყობა;
მარად შენდება იგივე სახლი ყოფისა. ყოველი განიყრება,
ყოველი ახლად შეიყრება; მარად ერთგულია თავისა წრე ყოფისა”

ასე იტყოდა ზარათუსტრა


მაპატიებ, რომ ვაპატიო?

დავუდი

ადამიანის საკუთარი „მეს“ გამოვლენის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო სიყვარული . ამასთანავე, როგორც ჯებრანი იტყოდა, სიყვარულია ერთადერთი თავისუფლება ამ სამყაროში. და თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ თავისუფალი მაშინ ვართ, როცა სიყვარული შეგვიძლია. ალაჰ, თუ შენი მომადლებულია სიყვარული, როგორც ჩვენი შინაგანი თავისუფლების შემეცნების საშუალება, მაშ რაღატომ გვიჩენ გადაულახავ ქარაფებს? რით ვერ დაიღალე ამდენი ტანჯვითა და გამოცდით? როცა მგონია, რომ მორჩა, ამოვისუნთქეთ, შეგვიძლია დავტკბეთ ერთად ყოფნით, მაშინვე მიძინებული შეიტანი ახალ-ახალი მანქანებით ცდილობს დაგვაცალკევოს, განგვაშოროს და ერთმანეთის წყურვილით დაგვშრიტოს. ლეა ხომ ანკარა წყაროა შუაგულ უდაბნოში, რაღატომ მართმევ მას, ვინც ყველაზე ძვირფასია? ნუთუ გინდა, რომ ეჭვი შევიტანო შენში? და თუ ალაჰი არა, მაშინ ქრისტე ღმერთი რატომ არ შეისმენს ლეას ლოცვას? აქამდე მეგონა, რომ ისლამიც და ქრისტიანობაც ჭეშმარიტებისკენ მიმავალი სხვადასხვა გზებია, რომლის საბოლოო დანიშნულებაც ერთია, მაგრამ ნუთუ ეს გზები ისე დავანგრიეთ ადამიანებმა, რომ თავადვე ავირიეთ და გზას ვეღარ ვიკვლევთ? მაშ რატომაა, რომ ბოროტნი მარტივად აღწევენ წადილს, ხოლო ვისაც გვგონია, რომ მართალნი ვართ, მუდმივად ქარბობალას შუაგულში აღმოვჩნდებით? ნუთუ ჩემი ჰარამი ისაა, რომ ქრისტიანი შევიყვარე? ისიც ხომ წიგნის რელიგიის მიმდევარია, არც შენ გვიკრძალავ ამ კავშირს, მაშ რაღატომ ვეღარ ვაღწევთ საწადელს? ახლაც მზარავს, რომ მახსენდება, საავადმყოფოში გონს მოსულმა ლეას მაგიერ აცრემლებული ნილაი რომ დავინახე, მხოლოდ მან გაბედა ჩემთვის ლეას გაუჩინარების შესახებ სიმართლის თქმა. თითქოს ეს არ მყოფნიდა, იქვე მოვარდნილი საიდი პასუხს მთხოვდა საკუთარი ცოლის ვერ გაფრთხილების გამო. ისე გაუჩინარდა, ერთი მოწმეც კი ვერ იპოვეს. თავიდან კი მივიტანე საიდზე ეჭვი, მაგრამ როცა მითხრეს, რომ თავად საიდმა განაცხადა ლეას დაკარგვის შესახებ და თავისი ხალხიც ანალოგიურად დაეძებს, ისევ ექსტრემისტებში დავუწყე კვალის აღმოჩენა. ალაჰმა უწყის, რა გადავიტანე ამ ერთი თვის მანძილზე. როგორც შლეგი, კარდაკარ დავეძებდი ლეას. არას დაგიდევდით მამაჩემის და მეგობრების გაფრთხილებას. სახლში ვერაფრით დავბრუნდებოდი. როცა სამი კვირის მერე საკუთარმა მამამ მნახა, ბომჟი მებრძოლი ვეგონე და გვერდი ამიარა. ასეც სჯობდა. ჯერ ISISის გატაცებული მეგონა. ჩემი კავშირებით იმდენი მოვახერხე, რომ ერაყელ ლიდერებზე გავედი და გადავაქოთეთ მებრძოლთა სამალავები, მაგრამ ამაოდ. სამწუხაროდ, აქაც შევცდი, აქაც დავიგვიანე, აქაც ვერ ამოვიცანი ნაღალატევი პირფერობა.

უკვე მერამდენედ დავიგვიანე ლეა შენს წინაშე? შეძლებ კი პატიებას? მგონი ვეღარ და ვეღარც გაგამტყუნებ. პირველად მაშინ დავაგვიანე, სეიდაბადში რომ გიხილე და შინაგანი შიშის გამო ვერ გავბედე მოახლოება, შენ იმდენად ცხადად ქცეული ოცნება იყავი, რომ არ ჩავთვალე საკუთარი თავი ღირსად ოცნებას შევხებოდი. მეორედ მაშინ დავიგვიანე, როცა გაქცევის საშუალება მოგეცი საქართველოში. პირველი დაგვიანების შედეგებს დღემდე ვიმკი, სხვა კაცი გახდა შენი პირველი მამაკაცი, სხვამ დაიპყრო ჩემამდე შენი გული და სხეული. მართალია, ამ თემას არასდროს ვახსენებთ, გონების ბნელ კუნჭულში საგულდაგულოდ ვახშობ, მაგრამ იმის გაფიქრებაც, რომ ჩემ გარდა ოდესმე ვინმე შენს სურნელს და ვნებით ანთებულ თვალებს შეიგრძნობდა, ჭკუიდან მშლის. მეორედ დაგვიანებისას, ყოფილი ქმრის ტყვეობაში აღმოჩნდი. მართალია საკუთარ გრძნობებში გაერკვიე, მაგრამ შენს წარსულთან და აწმყოსთან გამომშვიდობებად დაგიჯდა. ახლა რა იქნება? მაპატიებ დაგვიანებას? მაპატიებ, რომ ვაპატიო საკუთარ თავს?

***

4 საათით ადრე

ისევ ჰამერში ჩამძინებოდა, როცა ჯემალის ზარმა გამომაფხიზლა. ღამენათევი, დამძიმებული ქუთუთოები დიდი ძალისხმევით დავაშორე და ვეცადე გამოვფხიზლებულიყავი.

- დავუდ, სასწრაფოდ უდაის სასახლეში წამოდი, მგონი იქ ყავთ ლეა. მეც გზაში ვარ.

- ვის, სად, როდის? - თან გონებას ვაიძულებდი სწრაფად გამოფხიზლებას და თან საჭესთან გასაღების მორგებას ვცდილობდი.

- საიდს ჰყავს, იჩქარე.

- . - ტელეფონი სავარძელზე მოვისროლე და მაშინვე უდაის სასახლისკენ ავიღე გეზი. - დამპალი . მორჩა, საკუთარი ხელით გამოვასალმებ სიცოცხლეს. ბრაზისგან გაცეცხლებული მექანიკურად ვმართავდი საჭეს და არად დავდევდი სიჩქარის გადაჭარბების გაბმულ სიგნალს.

უდაის სასახლე სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი სასახლეთაგანი იყო, რომელსაც მისი უფროსი ვაჟი უდაი განკარგავდა და აღვირახსნილი წვეულებების და ორგიების ადგილად მიიჩნეოდა. არაერთი სკანდალი უკავშირდებოდა ამ ადგილს, როგორც პატარა გოგონების გარყვნის უდაის მრავალრიცხოვან ჰარამხანაში, ასევე მისი უცხოელი მეგობრების ვნებების დაკმაყოფილების სივრცეს. ვნებებს აყოლილი მემკვიდრე მამამისის თანამოაზრეებსაც კი არ ინდობდა და მათ გოგოებს აბახებდა, ხმასაც ვერავინ იღებდა შიშით. ისიც კმაროდა, რომ მოყირჭებულს კარგი ფეშქაშით მებრძოლებზე ათხოვებდა. სადამის დასჯის შემდეგ აქ ჯერ ამერიკელი მაღალჩინოსნების შტაბი იყო, მერე კი აუქციონზე გამოიტანეს, რომ ინვესტორს სასტუმროდ გადაეკეთებინა. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს შეიძინა საიდმა და ახლა ლეას ტყვეობისთვის იყენებდა. შესანიშნავი სვლაა, სწორედ ამიტომ ვერ აღმოაჩინეს მის ბუნაგებში ლეას კვალიც კი და ალიბად პოლიციაში განაცხადი მოიტანა.

როგორც კი სასახლეს მივუახლოვდი, ნერვიულობამ პიკს მიაღწია. ასე ძალიან დაგვიანების არასდროს შემშინებია. ოღონდ აქ იყოს, ოღონდ ცოცხალი იყოს და აქედან დახსნა შევძლო. ბიჭებს უკვე მოესწროთ ალყის შემორტყმა, ჩემს დანახვაზე კი უცებ გაანეიტრალეს კარიბჭესთან მდგომარე დაცვა და ეზოში შევიჭერით. უცებ განწირული კივილის ხმა გავიგეთ და ხმას მივყევით. იარაღის მუქარით გზა გავიკვალე და შიდა ტერასაზე აღმოვჩნდი, ნანახისგან თვალთ დამიბნელდა. თეთრპერანგიანი ქალი ხელებით მოაჯირზე მიებათ და ვიღაც მათრახს უჭერდა. თავზე ტომარა ჩამოეცვათ, თეთრპერანგიან ზურგს შემზარავად ზებრას ზოლებივით სდევდა სისხლის ნაკვალევი. ინსტიქტურად ჩახმახს ხელი გამოვკარი და მათრახიან კაცს მაჯაში ვესროლე ისე, რომ ხელიდან როზგი ხელიდან გაუვარდა. ქალის სხეული უგონოდ ჩამოჰკიდებოდა ძელზე. აგონიაში მყოფი ტყვიების ზუზუნში მივიჭერი, ხელები გავუთავისუფლე თუ არა, მკლავებში ჩამესვენა და ნაცნობი სხეულის შეგრძნებამ საბოლოოდ დამასამარა ცოცხლად. აკანკალებული გადავაძრე თავზე ჩამოცმული ტომარა და ხელებში განადგურებული ლეა შემრჩა. წამიერად თვალთ დამიბნელდა. დრო ამ სასტიკ წამზე გაჩერდა. დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა და მზის მწველმა სხივებმა დაკარგეს სითბო. ხელში მომაკვდავი ნაწამები სული მეჭირა და 50 გრადუს სიცხეში სიცივისგან ვცახცახებდი. როგორც სანთელი ცეცხლისქვეშ, ისე იღვენთებოდა ნაფერები სიყვარული. არაადამიანური ხმით ვღრიალებდი. აღარც საიდი მახსოვდა, აღარც ჩემი და მისი კაცების ხელჩართული ჩხუბი. გულში ვიხუტებდი უმწეო სხეულს და შველას არსაიდან ველოდი. არვიცი როგორ, საიდან, მაგრამ ჩვენს გვერდით შვეულმფრენი დაეშვა, უცებ მოვედი გონს, ავიტაცე ხელში საყვარელი სხეული და შვეულმფრენით კლინიკაში გადავიყვანეთ.

მოლოდინის საათი საუკუნედ იქცა. და მე დავრჩი მარტო სამყაროს ორი ძალის წინაშე, რომელთაც ყველაფერი ხელეწიფებათ. სიყვარული და სიკვდილი. თუ თავად არ მოისწრაფებ სიცოცხლეს, არც სიკვდილი და არც სიყვარული არ გვეკითხება, კარს როდის მოგვიკაკუნებს. სიყვარულის ხელოვნურად გამოწვევა შეუძლებელია. ის თავად მოდის და მოსვლისთანავე ააღორძინებს გულს. პირველი შეხედვით გამოწვეული სიყვარული არის მარადიული. ჯებრანის სიტყვები ამოტივტივდა გონებაში:
„სიყვარულ ხალხში სხვადასხვანაირია და მისი უმრავლესობა სარეველასავითაა ყანაში – უყვავილოა და უნაყოფო.
ჭარბი სიყვარული მსგავსია ღვინისა: მცირე სასიამოვნოა, ბევრი კი ღვინის მოყვარულთათვის – სახიფათო”
الحب في الناس ا شكال و اآثرها آالعشب في الحقل لا
زهر و لا ثمر و اآثر الحب مثل الروح أيسره يرضى و اآثر للمدمن الخطر

ნუთუ ჩვენმა სიყვარულმა ვერ დაგვიტია ლეა? ნუთუ ჩემი შენდამი სიყვარული სახიფათო გახდა? ნუთუ შხამნარევი ღვინით ჩავეშვით ბახუსში? როდის? როდის გავხდი ეგოისტი? მზად ვარ თავადვე ჩავარჭო გულში ისარი შინაგან ეგოიზმს, მზად ვარ გაგიშვა, ოღონდ არ დაგკარგო. მირჩევნია მე ვიგემო შენი წილი შხამიც, და შენ ნაბახუსევზე გამოსვლაში დაგეხმარო. მირჩევნია ვიცოდე, რომ ამქვეყნად სუნთქავ და შენი ბედნიერებით ვიბედნიერო, ვიდრე ის ფრთები დაგაჭრა, რომელიც თავად დაგიფრთიანე. ხომ არ დაგკარგავ ლეა?

ფიქრებიდან ექიმის ხმამ გამომიყვანა.

- ბატონო დავუდ, ვწუხვარ..
- არ გაბედო... არ თქვა…
- სამწუხაროდ დავკარგეთ…
ექიმს საყელოში ვეცი.

- არ გაპატიებ ეგეთ ხუმრობას, ეს შეუძლებელია...

- მესმის თქვენი მდგომარეობა, ძალიან პატარა იყო, ყველაფერი ვცადეთ, გარწმუნებთ.

აქ უკვე ჯემალი და ბიჭები მაკავებდნენ.

- მხოლოდ 10 კვირის იყო. სამწუხაროდ გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა.

- 10 კვირის?

- დიახ, თუმცა გამაგრდით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სისხლდენა შევაჩეროთ და ისევ შეძლოთ შვილების ყოლა. ამ ასაკის ნაყოფი ბევრს ისე ეღუპებათ, ვერც ხვდებიან, რომ ორსულად იყო და ციკლის გადაცილება ჰგონიათ. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ...

ექიმის ხმა უკვე ბუნდოვნად ჩამესმოდა. ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა. ერთი ჯოჯოხეთი არ მკმაროდა, მეორეშიც რომ მომიმზადეს კუპრით სავსე ქვაბი. ლეა ცოცხალია… მთავარი ესაა… მაგრამ 10 კვირისო? გამოდის, რომ ისე დავკარგეთ პირველი შვილი, ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, ვერც შევიცანით მისი არსებობა მუცლადყოფნისას, ვერც საფლავი გვექნება, რომ დავიტიროთ. ალაჰ, რატომ გაგვიმეტე ასეთი განსაცდელისთვის? როგორ შევძლებთ ჩვენ ერთად, ან ცალ-ცალკე ცხოვრების გაგრძელებას? როგორ ავუხსნა ლეას, რაც მოხდა? არა, რაც არუნდა დიდ ცოდვას ჩავდიოდე, ლეას ამ ტკივილისთვის ვერ გავიმეტებ. მირჩევნია გულშივე ჩავიმარხო არდაბადებული შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია, მე მინდოდა შვილი, ეგოისტურ სურვილებს შევწირე სიყვარული. ნეტავ დროის დაბრუნება შემეძლოს, საერთოდ არ გავიტაცებდი. ვინ იცის, იქნებ ჯობდა სანდროსთან მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთთანაცხოვრება ტკივილიან სიყვარულს?
ცრემლები მოვიწმინდე და მტკიცედ გადავწყვიტე ლეასთვის მომხდარის შესახებ არ მეთქვა. მერჩივნა მარტო მეზიდა შვილდაკარგული მშობლის ტვირთი. მისი მხრები ამ ჭაპანს ნამდვილად ვერ გაუძლებდა. სამედიცინო პერსონალი, ყველა გავაფრთხილე კრინტი არ დაეძრათ.

როგორც იქნა ინტენსიურში შესვლის ნება დამრთეს. შესაბრალისი სანახავი იყო. მუცელზე დამხობილი დაეწვინათ და შიშველ ზურგზე სქლად დოლბანდები გადაეკრათ, თავთუხისფერი თმები გაცრეცოდა და უწინდებული ბზინვარება დაეკარგა. მილებს შორისაც ნათლად ჩანდა ნატანჯი სახე. აჩრდილად ქცეულიყო მაცოცხლებელი ძალა. თმებზე ნაზად ვაკოცე და მის სახესთან მუხლმოდრეკილი ვიდექი, ვიდრე პერსონალმა ძალით არ გამიყვანა. გაურკვევლად ვბუტბუტებდი, გვიანღა გავაცნობიერე, რომ ვლოცულობდი, ვისზე და ვის არვიცი, მაგრამ ვლოცულობდი, არც ალაჰს ვევედრებოდი, და არც ქრისტე ღმერთს, ჩვენს სიყვარულს შევთხოვდი ლეას გადარჩენას, ლოცვაარშესმენილი ლეა ქცეულიყო ჩემთვის ერთადერთ სალოცავ ხატებად. ცხოვრებაში პირველად ვინატრე, რომ ამნეზია დამართნოდა. დაე, მეც დავვიწყებოდი, ოღონდ კი ეს ტანჯვა არ გახსენებოდა, რაც გამოიარა.

***

ლეა

პირქვედამხობილს გამეღვიძა. ზურგი ისე მეწვოდა, თითქოს ათასი შანთით დამშანთესო, ტკივილი ნერვული დაბოლოებებით მთელ სხეულში ვრცელდებოდა და ხელ-ფეხს მიბუჟებდა. თავის აწევა ვცადე და გვერდით მიმოვიხედე. დავუდს ჩემს თავთან იატაკზე ჩამხობილს ჩასძინებოდა.
მომისწრო? დამიხსნა? გადამარჩინა.

საელჩოს მიღება, ცეცხლი, საავადმყოფო, საიდის მიერ გატაცება, ტყვეობა, ძალადობის მცდელობა და გამათრახება. ერთმანეთის მიყოლებით კადრებად ამომიტივტივდა უახლოესი წარსული.

გამამათრახეს.

მე, ლეა, დემოკრატიულ სახელმწიფოში დაბადებული და გაზრდილი ქალი ოცდამეერთე საუკუნეში გამამათრახეს.

რატომ? რისთვის? რით დავიმსახურე ასეთი სასჯელი?

გამამათრახეს.

მაგრამ მე არც შარიათი დამირღვევია და არც შუა საუკუნეებში ალქაჯობა დაუბრალებიათ.

მაინც გამამათრახეს.

ნეტავ როდის მომიწრო დავუდმა? მხოლოდ მათრახს დასჯერდნენ?

იმედია...

კათეტერი გამოვიღე ვენიდან და წამოდგომა ვცადე. კბილები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს რომ არ მებღალვა. სიმწრით მივლასლასდი სააბაზანოსკენ და ხელსაბანზე იდაყვებდაყრდნობილი ვეცადე საკუთარი ორეულისთვის თვალი გამესწორებინა.

ვერ შევძელი.

ნუთუ ეს მე ვარ?

ვუყურებდი სარკის ანარეკლში გამოსახულებას და გაოცებას ვერ ვმალავდი. გაოცებული მიყურებდა სარკეში მოთავსებული გამოფიტული, დაღლილი, თმააწეწილი, თვალებჩასიებული, ტუჩებდაშრეტილი ფერმკრთალი სახეც. ვუყურებდი სხეულს, რომეთანაც არაფერი მაკავშირებდა. უცხო, საშინელ, ჩემთვის მოულოდნელ ფორმებს. ჩალურჯებები, სისხლნაღვენთები, უზარმაზარი დოლბანდებით გადაკრული ზურგი. წარმოდგენაც არ მინდა ბინტებს ქვეშ რა სიტუაცია დამხვდება. ალბათ სამუდამო იარებად დამრჩება ღირსების აყრაზე უარის თქმა. ცხელი ცრემლები თავისით იკვალავდნენ გზას ლოყებზე, ღარავდნენ გამომშრალ უჯრედოვან ქსოვილს, შემდგომ ნიკაპქვეშ ერთიანდებოდნენ და ერთი ნაკადით ჩადიოდნენ მკერდის შუაგულში. ქვემოთ დავიხედე. აშკარად მენსტრუაციას ჯერ არ ველოდებოდი, ეს ყრუ ტკივილი და საფენები რას მივაწერო? რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ სხეულიდან რაღაც ამომგლიჯეს? რატომ ვგრძნობ შინაგან სიცარიელეს? იმედია არ იძალადა. არ იძალადეს. არა, შეუძლებელია, ამას ნამდვილად ვერ გავუძლებ.

როგორ შევძლებ ეს ფურცელი გადავშალო? როგორ შევძლებ ყველაფერი გადავხარშო და წინ წავიდე?

არა მე ეს არ ვარ. შეუძლებელია, ლეას ასეთი რამ დამართნოდა. ეს კოშმარია, გამეღვიძება და დავუდს ვეტყვი, რომ ცუდი სიზმარი ვნახე და წყალს მოვუყვები. ის კი ცრემლიან თვალებს კოცნით ამომივსებს და თავის მკერდზე მიმიკრავს, რომელიც დედამიწაზე ყველაზე მყარი თავშესაფარია.

მაშინ, როდესაც გამოსაფხიზლებლად მკლავზე ვიჩქმიტე, კარი შემოგლიჯეს და დავუდის შეშფოთებულ სახეს შევეფეთე, ამღვრეულ ზღვისფერებს, რომლის შტორმშიც ერთადერთი სიტყვა იკითხებოდა: მაპატიე.

ჯანდაბა, ეს რეალობაა.



№1  offline წევრი salomea1992

ისეთი თავი იყო, ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა კომენტარი და რა ემოცია უნდა მქონოდა. ახლაც შოკში ვარ, ის არ კმაროდა რაც გამოიარა კიდევ ნაყოფის სიკვდილი რომ დაემატა. არვიცი რამდენად სწორად იქცევა დავუდი, არამგონია ამ ამბის დამალვა სწორი იყოს. არ მინდა დავიჯერო, რომ ბრძოლას შეწყვეტს ახლა ჭირდება ლეას ყველაზე მეტად მისი გვერდით დგომა, რა გაშვება cry sob
მგონი ყველაზე მძიმე თავი იყო.
disappointed_relieved

 


№2  offline წევრი Impermeable

salomea1992
ისეთი თავი იყო, ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა კომენტარი და რა ემოცია უნდა მქონოდა. ახლაც შოკში ვარ, ის არ კმაროდა რაც გამოიარა კიდევ ნაყოფის სიკვდილი რომ დაემატა. არვიცი რამდენად სწორად იქცევა დავუდი, არამგონია ამ ამბის დამალვა სწორი იყოს. არ მინდა დავიჯერო, რომ ბრძოლას შეწყვეტს ახლა ჭირდება ლეას ყველაზე მეტად მისი გვერდით დგომა, რა გაშვება cry sob
მგონი ყველაზე მძიმე თავი იყო.
disappointed_relieved

ვერ წარმოიდგენ როგორ გამიჭირდა ამ თავის დაწერა და კიდევ უფრო როგორ მიჭირს რომ გავაგრძელო pensive მადლობა

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან მძიმე წასაკითხი იყო ჩემთვის და წარმოდგენილი მაქვს დაწერა რა რთული იქნებოდა იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება და ბედნიერები იქნებიან მიუხედავად ამდენი ტანჯვა წამებისა ბოლო ალბათ კეთილია

 


№4  offline წევრი Impermeable

სტუმარი მაკო
ძალიან მძიმე წასაკითხი იყო ჩემთვის და წარმოდგენილი მაქვს დაწერა რა რთული იქნებოდა იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება და ბედნიერები იქნებიან მიუხედავად ამდენი ტანჯვა წამებისა ბოლო ალბათ კეთილია

მიხარია, რომ გესმის, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

მალე დადე ხოოლმე გთხოვ დავიტანჯეეეეე

 


№6  offline წევრი Impermeable

სტუმარი ანა
მალე დადე ხოოლმე გთხოვ დავიტანჯეეეეე

ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent