სასრულეთი (თავი 48)
თავი 48 „ყვავილის ქურდს ჰკიცხავენ და ამდაბლებენ, მოსავლის (ყანის) ქურდს კი ვაჟკაცად თვლიან, სხეულის მკვლელს სიკვდილითვე მიუზღავენ სამაგიეროს, სულის მკვლელს კი ვერ ცნობს ხალხი“ ჯებრან ხალილ ჯებრანი, ლიბანელი პოეტი „პროცესიები“ ლეა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ისე ეცემი, რომ თითოეული ძვალი ნამსხვრევებად იშლება. წამოდგომას ვერ ახერხებ, მაგრამ გარშემომყოფნი, შინაგანი რწმენა თუ სამყაროს შემოქმედი ძალას გაძლევს, და თუ ვერ გაძლევს, მაშინ გაიძულებს, გამთელდე და ისევ განაგრძო სუნთქვა. იშვიათად, თუმცა დგება მომენტი, როცა სულის ტკივილი იმდენად მაღალია, რომ გამთელებას აზრი არ აქვს, ვერ ხედავ მიზეზს, რომ განაგრძო. აი, აქ კი პაუზდები. მხოლოდ ორი არჩევანი გაქვს. ან ფერებდაკარგული არსებობა შეწყვიტო, ან მოსიარულე ჩრდილად იქცე. ვუყურებდი დავუდის შეშფოთებულ თვალებს და პირველად ვხედავდი სასოწარკვეთასა და უიმედობას. მე დავპაუზდი. ჩვენ დავპაუზდით. ძნელია იმ ყველაფრის მერე ღმერთის არსებობა ირწმუნო, რაც მე გამოვიარე. მაგრამ გულის სიღრმეში, სადღაც ჩემს შინაგან ეგოს დღემდე სწამს და სულის წარწყმედის შიშით ვერ ასრულებს მიზანდაკარგულ სიცოცხლეს. როგორც დამსხვრეული ფიტული, ყოველგვარი ემოციებისგან დაცლილი ვნებდები აწმყოს მახრჩობელა ხელებს და დაფლეთილი სულის ნაგლეჯებში ვცდილობ სიცოცხლის ძალა ვიპოვო. მუცელზე წოლა, გადასხმების კასკადა. ძალით ჩაყლაპული ხილფაფის მასის მაგვარი უგემური ლუკმები, შეკავებული და არ წამოსული ცრემლები. დუმილი, რომელიც სულაც არ იყო ოქრო. პირიქით ამძაღებულ ნეხვად ქცეულიყო და მასში მალპობდა. ხმას ვერც მე ვიღებდი და ვერც დავუდი. დაგვრჩენოდა კი რამე სათქმელი? ჩვენს შორის თითქოს იმოდენა კედელი აღმართულიყო, რომ ერთმანეთის დანახვა აღარ შეგვეძლო. ვიცოდი, ვგრძნობდი, მესმოდა რომ აქ იყო, ამ ოთახში, აქ ათენებდა და აღამებდა ჩემს საწოლთან ფეხთმორთხმული, ის მატენიდა უგემურ ლუკმებს, თვალებდახუჭული მექანიკურად რომ ვუღებდი პირს. ის მიმუშავებდა ზურგზე იარებს, მიცვლიდა, მბანდა, როგორც გონდაკარგულ დავრდომილს, უძლურებაში ჩავარდნილ მოხუცს რომელიც ამქვეყანას აღარ არის. არავის მაკარებდა, არც სანიტრებს, არც ექთანს, მხოლოდ მკურნალ ექიმს, მასაც ჩემთვის გაუგებარ ენაზე არაბულად ებუტბუტებოდა. ხომ ზრუნავდა, ხომ ვგრძნობდი სხეულის ყოველ ნაწილზე მის სუნთქვას, ხმაურიან გულისცემასა და დარდიან მზერას, მაგრამ არ შემეძლო შემეხედა. ყოველთვის როცა ჩემს სახესთან აღმოჩნდებოდა, ინსტიქტურად თვალებს ვხუჭავდი. ვერ ვახერხებდი თვალი გამესწორებინა მზერისთვის, რომელიც სარკესავით ირეკლავდა სულის ტკივილს, იარებს, რომელსაც ასე გავურბოდი. მხოლოდ მესამე დღეს გავაცნობიერე რომ მეშინოდა, მეშინოდა, თუ ჩემთვის ესოდენ ძვირფას ზურმუხტისფერ თვალებში იმედის ნაპერწკალს სამუდამოდ ჩამქვრალს დავინახავდი, მოვკვდებოდი. სულიერად და ფიზიკურად გავქრებოდი, თითქოს არც არასდროს ვყოფილვარ ცოდვანარევი სიყვარულით დამძიმებულ დედამიწაზე. რამოდენიმეჯერ მერიემი შემოვიდა, თუმცა ვერც მასთან შევძელი საუბარი. მხოლოდ ათრთოლებულ ცრემლით დანამულ ხელს შევაგებე გადასხმის სისტემა შებმული ხელი. ვაგრძნობინე რომ მჭირდებოდა. მისი, თუნდაც ათწუთიანი უტყვი თანადგომა მახსენებდა, რომ მარტო არ ვიყავი ამ დაწყვევლილ, ცოდვით სავსე ახლო აღმოსავლეთის მიწაზე. *** 2 კვირის შემდეგ ნაიარევები თითქოს შუშდებოდა, თუმცა სულის იარები უფრო და უფრო შემზარავ შესახედაობას იღებდა. როგორც ზამთრის სუსხში აკანკალებული ბეღურის ბარტყი ისე უმწეო ვიყავი იმ რეალობის წინაშე, ბედის უკურმართობამ რომ დამაყენა. ნაიარევებზე მალამოს წასმას და გადახვევას რომ მორჩა, პირველად ამ დუმილიანი დღეების მანძილზე ოთახში გაიჟღერა რიხგამტყდარმა ხმამ. - ლეა, მკურნალ ექიმს ვესაუბრე და თუ თანახმა იქნები, პლასტიკურ ოპერაციას გაგიკეთებენ და შეუმჩნეველი გახდება. - სულის იარებსაც გახდიან შეუჩნეველს? - მე ვიქნები, შენი სულის იარების მკურნალი ექიმი, თუ ისევ მიმიშვებ სულთან. - შეძლებ? - ვეცდები. - გჯერა, რომ შეძლებ? - მინდა, რომ მჯეროდეს. - პასუხი არადამაკმაყოფილებელია. - ლეა, მეე.. - ისევ გაუტყდა ხმა, თითქოს რაღაც თქმას ცდილობდა, და მერე ისევ გაჩუმდა. - დავუდ, შენც არ გჯერა შენი სიტყვების. რა აზრი აქვს ფიზიკურ გამთელებას, თუ შიგნით ნაწილებად დამსხვრეული სულია? ოპერაციას თუ ოდესმე გავიკეთებ, მხოლოდ მაშინ, როდესაც სულის იარების მოშუშების პირას იქნება. თითით თვალიდან წამოსული ურჩი ეული ცრემლი მომწმინდა და შუბლი შუბლზე მომადო. - ნეტავ შემეძლოს, ლეა, ნეტავ დროის უკან დაბრუნება შემეძლოს. ნეტავ შემძლებოდა ამ ტკივილის არიდება, მერჩივნა ჩემზე უარი გეთქვა, ვიდრე ეს ყველაფერი შეგხვედროდა. - მაგრამ არ შეგიძლია. გთხოვ, დავუდ, არ გინდა. ისედაც გრძელი საუბარი გამოგვივიდა. როცა შეძლებ, მერიემს დაუკავშირდი და თხოვე, აქ მოვიდეს. - ვთქვი თუ არა ისევ პირქვე დავემხე და თავი მეორე მხარეს გადავატრიალე, ამ ჟესტით ვანიშნე რომ ნაიარევი დიალოგი დასრულებულიყო. კარგა ხანს გამეხებული იჯდა ჩემსავე საწოლზე, შემდგომ მძიმე ნაბიჯებით ჭრიალით გაღებულ კარს მიღმა გაუჩინარდა. ისევ მარტო დავრჩი შინაგან დემონებთან. მიჭირდა აღმექვა დავუდის უტყვი მზრუნველობა მაღიზიანებდა თუ მჭირდებოდა. ლეას ერთ ნაწილს ეგოისტურად უნდოდა ისევ მასთან ეპოვა თავშესაფარი, მის ძლიერ მკლავებს და მხურვალე სხეულს მოეშუშებინა სხეულისა და სულის იარები, მეორე ნაწილი კი რატომღაც ადანაშაულებდა, ვერ პატიობდა, რომ ვერ მიუსწრო. რომ არ დავუდი, ალბათ ახლაც თბილისში უფერული ცხოვრებით განაგრძობდა ცხოვრებას. ღირდა კი ეს გზა? პასუხი ჩემში არსებულ სხვადასხვა ლეას არ ჰქონდათ. მუხისოდენა ფესვებად გატოტებულა ქაოსი ჩემს გონებაში არსებულ ყველა ლეაში და მათ გრძნობებსაც შთანთქმით ემუქრებოდა. ვერაფერს ვუხერხებდი სიცარიელეს გულ-მუცელს რომ მიხრავდა, კიდურებს მიყინავდა და დემონების წინაშე უსუსურს მხდიდა. ძნელზე კიდევ უფრო ძნელი იყო ამ მდგომარეობაში გადაწყვეტილების მიღება, გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება, მაგრამ სულთამხუთავი აწმყო სხვა გზას არ მიტოვებდა. დავუდმა პირობა შეასრულა. ერთ საათში მერიემი ფრთხილი ნაბიჯებით მიახლოვდებოდა. მეც პირველად, ამ ხნის მანძილზე სახე შევამბრუნე და ჩემი მზერა შევაგებე. წამით თითქოს იმედის სხივი გაუკრთა თვალებში, მე ხომ აქამდე სახესაც კი არავის ვაჩვენებდი, სირაქლემის პოზაშეგუებული და დანებებული, მაგრამ როგორც კი ჩემს ოცნებადაკარგულ თვალებს გადააწყდა, წამსვე დაეტყო შეშფოთება და ტკივილი. ნელ-ნელა მომიახლოვდა და სასთუმალთან ჩამომიჯდა. კარგა ხანს ვცვლიდით უტყვ მზერას და საუბრის დაწყებას ვერ ვბედავდით. მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როცა დავუდმა მარტო დაგვტოვა. - ლეა, როგორ ხარ. - ცუდადმეთქი რომ გითხრა, ამით რა შეიცვლება. - ლეა, დამიჯერე შენი ყველაზე მეტად მესმის. - გესმის არა? - ირონიულ ხარხარზე ისევ შემახსენეს იარებიდან წამოსულმა დაჭიმულობამ მათი არსებობა. - არ გესმის მერიემ, ვერ გესმის, ვერც ვერასოდეს გაიგებ. - აქ უკვე ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი ძალად შეკოწიწებულ მოთმინებას. - ცდები ლეა, ვწუხვარ, თუ ფიქრობ, რომ შენი არ გვესმის. - შენ არავის გაუმათრახებიხარ.- ხმა ჩამწყდარმა ამოვთქვი. უცებ მერიემმა თეთრი კაფტანი გადაიძრო, ხოლო შემდეგ მაისურიც გადაიძრო და ჩემსკენ ზურგშექცევით დადგა. შეხორცებული ნაიარევებით დასერილი ზურგი მთელი ძალით მახეთქებდა მწარე რეალობას სახეში. დავმუნჯდი. ხმას ვერ ვიღებდი. დიდი ხნის შეკავებული ცხელი ცრემლები იკვალავდა გზას ყვრიმალებზე და შანთებად თუთქავდა გაკვალულ ბილიკებს. -ახლა დარწმუნდი? -მე, მე.. არ ვიცოდი. - მხოლოდ ესღა ამოვილუღლუღე. უცებ გადაიცვა მაისური და კაფტანი, ჩემგან მალულად თავადაც მოიწმინდა ცრემლები და ახლოს მოვიდა. - მე შევძელი და გზა გავაგრძელე. გადავშალე კოშმარული ფურცელი და დავწვი. შენც შეძლებ ლეა, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს. - გამამხნევებლად გამიღიმა და დასძინა. - მე დავუდმა მიხსნა ჭაობისგან, შენც გიხსნის. - მეშინია, მერიემ, ძალა აღარ დამრჩა, ვერც მიზეზს ვხედავ, ვიბრძოლო. ყველაფერი, რისიც მწამდა, რისიც მჯეროდა, ჩაიფერფლა და ვერ ვახერხებ ფენიქსივით აღვსდგე. მე სულიერად უკვე გარდავიცვალე, მერიემ. - გამაგრდი ლეა, მეც საიდის დამქაშებმა დამმართეს, რასაც ზურგზე ხედავ. ბევრჯერ მქონდა შანსი, გამექრო მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია და გამოცდილება, რომელმაც იმად მაქცია, რაც დღეს ვარ ზალინა მერიემად. ყველაზე სასაცილო იცი რა არის, სატირალი რომ არ იყოს? ასეთ ცოდვაში საიდი თვითონ ხელს არ ისვრის და ვითომ შეშფოთებას გამოთქვამს ხოლმე. ყველას დღემდე სჯერა, რომ ამას მისი ერთგული ძაღლები თავისი ნებით აკეთებენ. დღესაც კი, ამდენი ხნის მერე შემიძლია მთელ სამყაროზე ვიყო გაბოროტებული, მაგრამ საიდს პირდაპირ ხელი ვერ დავადო. იცი თავიდან საიდი მომწონდა, გულუბრყვილოდ ვენდე. საოცარი შარმი ჰქონდა, გალანტური იყო. მეგონა, რომ ცოლობას მთხოვდა და რიგითი დაღესტნელი კონკიას ზღაპრული პრინცი იყო, მან კი ჩემს ოჯახთან გარიგება დადო, როცა იგრძნო, რომ მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი და ხარჭად მიყიდა. ოჯახი დღემდე ვერ მპატიობს, რატომ ვეცადე გაქცევას და არ გავხდი მისი ხარჭა, რომ მემკვიდრის გაჩენით მერამდენეღაცა ცოლი გავხმდარიყავი. იქ, ჩემთან გოგოები ამაზე ოცნებაშიც კი ათენ-აღამებდნენ. დავუდმა მიხსნა ჭაობისგან და მჯერა სწორედ ისაა ის ხავსი, ვისაც იმედდაკარგული ქალები ვეჭიდებით. ისევ ვერ შევიკავე ცრემლები და უკვე ხმამაღლა ავქვითინდი მერიემის კალთაში თავმიდებული. თვითონ თმებზე მეფერებოდა და მიყვავებდა. ყოველთვის ვოცნებობდი უფროსი და მყოლოდა, რომელსაც იმას გავუზიარებდი, რასაც დედაჩემი ვერ და არ გაიგებდა. ჯერ თინაში ვიპოვე შვება, ახლა კი მერიემი მიწევდა დარდების მეგზურობას. მაშინ, როდესაც ტკივილებიც კი გვაერთიანებდა, ჩემს გადაწყვეტილებაში კიდევ უფრო მყარად დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ის შეძლებდა ჩემს დახმარებას. - მერიემ, უნდა დამეხმარო. - ხმაში სასოწარკვეთილი ვედრება ერთიანად ჩავაქსოვე. - შენი იმედი მაქვს და შემდგომ შეთქმულივით გავანდე გულისნადები, რომელზეც თვალებგაფართოებული მომჩერებოდა და ბოლომდე ვერ იჯერებდა, რასაც ვეუბნებოდი. - დარწმუნებული ხარ ლეა? ხომ იცი, ამით უკანდასახევ ყველა გზას მოიჭრი. გთხოვ, კითხვები არ დამისვა. გემუდარები. ეს ჩემი არჩევანია. ეს ჩემი გასავლელი გზაა თუ მინდა რომ გავაგრძელო. *** ცხელ ქარი უხეშად გვაფრქვევდა სახეში უდაბნოდან მოტანილ ნარინჯისფერ ქვიშას, ფერებდაკარგული ქალაქი ახლა კიდევ უფრო ერთფეროვანი გამხდარიყო. ბურქაშიც კი აღწევდა ქვიშის ქარი და თვალებს მიწვავდა. ქუჩის კუთხეში ჩვენი ორგანიზაციის ქალები მელოდნენ. ქალები არანაკლებ ტრაგიკული ისტორიებით, ქალები, რომლებმაც წამოდგომა შეძლეს. თვალებს ვერ ვუსწორებდი. მე მათთნაირი ძლიერი ვერ ვიყავი, მათი ლიდერი, ლეა, სახელოვანი დაუდ ფაშას რძალი და მისი მემკვიდრის ერთადერთი სიყვარული, ლაჩარივით გავრბოდი ბრძოლის ველიდან და ერთგულ მეომრებს მტრის ხახაში ვაგდებდი. ვიცოდი, განა არ ვიცოდი რომ დავუდის ფაქტორი იყო მთავარი ძალა, რითაც ორგანიზაცია არსებობას განაგრძობდა. ყველაზე მეტად მათი იმედგაცრუების მეშინოდა და ახლა ყველა თვალებჩამქვრალი მაცილებდა. უკანასკნელად გადავეხვიე და დაბურულ მინებიან ჯიპში მოვთავსდი. ცრემლებს სრულ გასაქანს ვაძლევდი ბურქაში და ვერ ვაცნობიერებდი, როდის გამხდარიყო ეს ნაცრისფერი ქალაქი ჩემი ნავსაყუდელი, ისეთი განცდა მქონდა, რომ სამშობლოს ვღალატობდი, მშობლიურ მიწა-წყალს ვტოვებდი და ეს განცდა არ იყო იქედან მომდინარე, რომ ცხოვრების სიყვარულს ვემშვიდობებოდი გაურკვეველი პერსპექტივით. ახლაღა ვხვდებოდი, რომ მომდევნო რამდენიმე წლის მიზნები და ოცნებები ამ ქალაქთან დამეკავშირებინა, როგორ მინდოდა აქაური გოგოების გაძლიერება, მათი ხვედრის შემსუბუქება, ახლა კი დაუცველებს ვტოვებდი დრომორჭმული ტრადიციებისა და რადიკალ-ექსტრემისტების წინაშე. დანაშაულის განცდას ჯერ დავუდის მიმართ, შემდეგ კი ამ ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების მიმართ მთელი სხეული მოეცვა. ყოველგვარი ექსცესების გარეშე გავიარე საპასპორტო კონტროლი. ბორტზე ასვლისას უკანასკნელად მოვიხედე უკან, მერიემის მტკიცე გაფრთხილების მიუხედავად, იმდენად ვიყავი დაჩვეული დავუდისგან მოულოდნელობებს, რატომღაც მეგონა, რომ გაიგებდა და მოვიდოდა. თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყველაფერი დაგეგმილი სცენარის მიხედვით მიდიოდა. ის აქ არ იყო და ტკივილიან დამშვიდობებასაც ვირიდებდი თავიდან. ვერ შევძლებდი კიდევ ერთი აღელვებული ზღვისთვის პირისპირ შეგებებას მის მზერაში. მხრებჩამოშვებული შევედი თვითმფრინავში და ქალებისთვის განკუთვნილი სეგრეგირებული ადგილი დავიკავე. სტამბულში ჩასვლისთანავე პასპორტიც და ბურქაც საპირფარეშოს სანაგვეში მოვისროლე და უკვე ჩემი პასპორტით ავედი თბილისის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში. გქონიათ მომენტი, როცა თან ყველაფერზე ფიქრობ და თან არაფერზე? მოგონებები გაფუჭებული ფილმის ფირივით ირეოდნენ ერთმანეთში, სახეები, ადამიანები, ადგილები, დრო, ბაღდადი, თბილისი ყველაფერი ერთ დიდ ქაოსს ქმნიდა და ამ ქაოსს ჩემი ცხოვრება ერქვა. სტიუარდესის ხმამ მაცნო, რომ დაფრენისთვის მოვმზადებულიყავით. მეჯავრებოდა დაფრენის მომენტი, ყურები ისე მტკივდებოდა, ლამისაა თავი გამსკდომოდა. თან ახლა, არც ყურის საცობები მქონდა, არც გამაყუჩებელი. ის რაც საიდის დამქაშების მათრახმა დამაკლო, მგონი ამ დაფრენამ დამმართა. თითქოს ყურების ტკივილის მატებასთან ერთად ზურგზე არსებულ ყველა ნაიარევს პირი დაეფჩინა და უკნიდან დაეწყოთ ხერხემლის ძვლის ტვინის ხრა. ძლივს შევაკოწიწე დაფლეთილი დამძიმებული სხეული და ესკალატორზე დასაშვებად მოვემზადე. ვბრუნდებოდი ჩემს ქალაქში, თბილისში, სადაც თითოეული ქვა და კენჭი ბავშვობისდროინდელ მოგონებებს ირეკლავდა და თავს საშინლად გაუცხოებულად ვგრძნობდი. თითქოს ქალაქმა ხელი მკრა და უარი განაცხადა უძღები შვილის მიღებაზე, მე კი მაინც ჯიუტად ვცდილობ გული მოვულბო და გაქვავებულ ბებერ მკერდზე ავეკრა, სადაც სიბნელის და სიცივის მეტი აღარაფერი მხვდება. ვიცოდი, რომ თინა დამხვდებოდა. ესკალატორიდანვე დავუწყე დამხვდურებს შორის ძებნა და გაოცებისგან ენა ჩამივარდა. თინას გვერდით ალესანდრო დამდგარიყო და ისე მიღიმოდა, თითქოს წლების წინ უცხოეთში წასული ემიგრანტი ვუბრუნდებოდი ოჯახს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.