შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური ჰარემიდან, თავი 3


14-12-2021, 13:11
ავტორი Impermeable
ნანახია 1 287

1808 წელი, ისტანბული,

ესქისარაი, ძველი სასახლე

გახევებული ვიდექი, სანამ სასახლე ნელ-ნელა იცლებოდა მოფუსფუსე ბინადართაგან და ვერ ამომეხსნა, რით დამემსახურებინა ალაჰისა თუ ქალფის რისხვა. მოშურნე ჰარემის გოგოებიც კი უცქერდნენ რა მანამდე სასახლის მფლობელთა მხრიდან კეთილგანწყობას, ამჟამად თანაგრძნობის შესაბრალისი მზერით მიცქერდნენ.

ჰერშეიდე ვარდირ ბირ ჰაიირ (ყველაფერ ცუდში რაღაც კარგია) დამამშვიდებლად გამიღიმა ქიზლარ აღამ. ფრიად გამჰკვირვებოდა, ჰარამხანაში კაცი ზედამხედველი რომ გვყავდა, მოგვიანებით გოგოებმა ნათელი მოჰფინეს ამ ამბავს და მიამბეს, რომ ქიზლარ აღაც და ინაჩებიც (სასახლის მცველები) საჭურისნი იყვნენ. თუ კი მანამდე ნაქშიდილ სულთანი თავისთან მიხმობდა ხოლმე და საამოდ მებაასებოდა ახლა დადუმებული სასახლის კედელნი იყვნენ ჩემის ცრემლების გამზიარებელი, ჰამამის იატაკის ხეხვისას რომ მსდევდა თან. მხოლოდ აქ შემეძლო თავისუფლად ტირილი, ვინაიდან ჰამამის ორთქლში ვერა კაცი ვერ შეამჩნევდა ცრემლებს, სხვაგან კი გოგოებს ცრემლები აკრძალული გვქონდა, ამის გამო კოჭებში სახრე არ აგვცდებოდა და დაჩოქილი მოგვიწევდა ღამის გათენება. მეც ჩემდაუნებურად შევითავსე ჰარემის მხევალობა, რასაც სხვანი გაურბოდნენ, ჩემთვის საიმედო ნავსაყუდლად ქცეულიყო.

დადუმებულიყო ესქი სარაი სულთნისა და მხევლების მხიარული ბაასობის გარეშე. არვინ უკრავდა დაირას, არც სუფისტთა დითირამბებს, ვერ ვადევნებდით თვალს ქალთა საჭვრეტელიდან როგორ შემოვიდოდა შეჰზადეს ეტლი და სულთანს მიეგებებოდა. სახეს ვერ ვხედავდით, მაგრამ ახოვანი მხარ ბეჭი და მოხდენილი სიარული ათასგვარ აზრებს აღგვიძრავდა უმანკო ჯერ კიდევ შეუბილწავ გულებში. ჩვევად მექცა, ყოველდღე მოცალეობის ჭამს ამ საჭვრეტელთან მოვეშურებოდი და თვალს ვადევნებდი დაცარიელებულ სასახლის ბაღს იმედით, რომ ვინმე სასახლის უწინდელი ბინადარი კეთილს ინებებდა და მობრძანდებოდა.

თიბათვეს ჯერ კიდევ შემორჩენოდა სასახლის ბაღს თვალის მაამებლად გაფურჩქნული სისხლისფერი ვარდები. ისევ გამოვეშურე ჩვეულ საჭვრეთელს და შირმის მიღმა ვუცქერდი ამ ფრიად საამურ სანახაობას, ჩიტების ჭიკჭიკი რომ სდევდა ფონად. ბუნების ჰარმონიულ ხმიანობაში უცნაური ხმაური შემოიჭრა, ყური ვუგდე და ცხენთა ფლოქვთა ხმა შევიცანი, მალე მდიდრულად მოვარაყებული ეტლიც გამოჩნდა, რომლიდანაც გასაოცარ ზურმუხტისფერ ოქრომკერდით ნაქარგ ხავერდის სამოსელში მორთული თეთრი პირისახის ქალი გარდმოვიდა. პირველად იყო, რომ ქალს ეტლიდან გადმოსვლისას თავსაბურავი არ ეკეთა, თავი მზის სხივებზე ათასფრად მოელვარე გვირგვინით მოერთო. უეჭველად რომ, ევროპის რომელიმე სამეფოდან პრინცესამ დაგვდო პატივიმეთქი- გავიფიქრე, მაგრამ უმალვე შევყოყმანდი საკუთარს მოსაზრებაში. რა დარჩენოდა ბანოვანთაგან დაცლილ ესქი სარაიში მზეთუნახავს პრინცესას? ყურადღება რომ არ მიმექცია, გოგონების მოსასვენებელს მივაშურე, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მკლავდა. ერთი სული მქონდა ქიზლარ აღა მოსულიყო და იდუმალი სტუმრის ვინაობა ეცნობებინა. დიდხანს ლოდინიც არ დამსჭირდა.

ალაჰმა წყალობით აავსო ძველი სასახლე. თვით ესმა სულთანმა ინება მობრძანება. - ესმა სულთანი მობრძანებულა-ექოდ გაისმა დარაზში სასახლეში დარჩენილ მხევალთა ჩურჩული და მაშინვე ორ რიგად დაიწყეს დადგომა წესისამებრ, რათა სტუმარს თავდახრილი შეგებებოდნენ და ვინ იცის იქნებ რომელიმე ღირსიც გამხდარიყო მის კაბას მთხვეოდა.

- იალა, თქვენს თქვენს ალაგს დაუბრუნდით. ესმა სულთანი ჩქარობს და ვერ დაგდებთ პატივს სალმის ღირსად გაგხადოთ. ჰეი, შენ, გურჯო გოგო, სწრაფად მოემზადე და სუფთად ჩაცმული ბაღისკენ გასწიე, ესმა სულთანი ბაღში გელის. ეგ გუდა ნაბადი აქ დატოვე, იქ მაინც აღარ დაგჭირდება.

ვერაფერი გამეგო და დაბნეული ვაცეცებდი თვალებს, ირგვლივ მხოლოდ ერთ რამეს ვხედავდი შურს, ბოღმით სავსე თვალებს და პირველად, პირველად შემეშინდა. ჩემთვის ხომ ჰარემი ერთი დიდი ოჯახი იყო, გოგონები კი დები, და თუკი ისინი მზად იყვნენ მზერით განვეგმირე რა მელოდა სასახლეს მიღმა? შეშინებული დავწვდი ერთადერთ სუფთა თეთრ კაბას და ლურჯი ფარაჯა გადავიცვი. ჩაცმაში მაჰფირუზე ქალფა მეხმარებოდა და თან საჩქარობოდ ცდილობდა ჩემთვის მოთხრობას სტუმრის ვინაობის შესახებ.

- ესმა სულთანი ფადიშაჰის, მბრძანებელ მაჰმუდ მეორეს ნახევარდაა. განსვენებული ფადიშაჰ მუსტაფას ღვიძლი და. მაჰმუდს ბავშობიდანვე ძლიერ უყვარდა იგი და ძლიერ განიცადა, როცა ესმა სულთანმა განსვენებულ ფადიშაჰ სელიმის წინააღმდეგ აჯანყების ორგანიზებაში გაერია. ბრძანებელი იძულებული გახდა სასახლეში გამოეკეტა და გარეთ გასვლა აეკრძალა. როგორც იქნა, სულთანმაც გააცნობიერა თავისი შეცოდება ძმის მიმართ, შეინანა და ისევ აღადგინეს უწინდებული ურთიერთობა. ესმა სულთანი საოცარი ადამიანია, არცერთ ოსმალეთის სულთანს არა ჰგავს, მისი სასახლეები ფრანციცული და ანგლიურ სასახლეებს ჰგვანან. თავადაც ხედავ, როგორ იმოსება. 11 წელი ჰუსეინ ფაშას ჰყავდა ცოლად სიკვდილამდე განსვენებული ფადიშაჰ სელიმის ბრძანებით. თუმცა თვისი შვილი არა ეყოლა რა. დაქვირვებულმან უარი განაცხადა გლოვაზე და ერთი წლის რაჰიმე ფერესთუ იშვილა, დღეს ყველა მის ღვიძლ შვილად სცნობს. რაჰიმე უბიხთა სამეფო ოჯახიდანაა და ყველა იმ სამეფო ღირსებითაა შემკული, რაც სულთნის შვილს ეკადრება. ახლა კი ფადიშაჰთან შერიგების აღსანიშნავად გადაწყვიტა შენს განათლებაზე იზრუნოს, როგორც ფადიშაჰის სიკვდილისგან მსხნელისას და ამით გამოისყიდოს უწინდელი დანაშაული.

არ ვიცოდი ნაამბობი გამხარებოდა და მსწყენოდა. მეშინოდა მომავლის, რომელიც ვინ იცის რა ხათაბალებს მიმზადებდა. თავდახრილი წარვსდექი დიდებული სულთნის წინაშე და თვალს ვერ ვაშორებდი ზურმუხტისფერ ხავერდზე რუდუნებით გამოყვანილ საუცხოო ნაქარგობას. ჩემდა მოულოდნელად საოცრად რბილი და ფაფუკი ხელის მტევნით ნიკაპი ამაწევინა, თვალებში ჩამხედა და კმაყოფილმა ჩაილაპარა.

- მიუქემელ ბირ ქიზ. - შესანიშნავი გოგონაა. მეც გავბედე თვალის გასწორება და ვიგრძენი, რას ნიშნავდა დიდებულ სხეულში დიდებული სული. ესმა სულთანი ყოველგვარი ამ მორთულ-მოკაზმულობის გარეშეც საოცრად თვალთწარმტაცი გახლდათ. ერთმანეთში წნულად ახლართული თავთუხისფერი ტალღები ისეთ ვარცხნილობას ქმნიდა, აქამდე არცერთ სულთანზე რომ არ მენახა. ალმასის თვლებით გაფორმებული მომცრო გვირგვინი სრულად განსხვავდებოდა ოსმალური თავმორთულობებისგან. ხოლო მზერა კი იმ ზურმუხტისებრი ხავერდის სამოსელისფერი ჰქონდა, ასე რომ ამშვენებდა. სწორი, მომცრო ცხვირი და პატარა სავსე ტუჩები ერთობ მშვენდებოდა მოვარდისფრო ღაწვებით. ოდნავ შესაჩმნევად გაიღიმა და თვალით მანიშნა ეტლში ავსულიყავი.

დივანიოლუს ესმა სულთნის სასახლე, ისტანბული

რამოდენიმე საათის მერე ისტანბულის ერთ-ერთ ულამაზეს სასახლეს მივუახლოვდით, რომელსაც უზარმაზარი მოოქროვილი გალავანი და კარიბჭე ამშვენებდა. ლაბირინთებად დაქსელული სასახლის ბაღის შუაგულში უზარმაზარი საიმპერატორო შადრევანი აღემართათ. ხოლო ალაგ-ალაგ ისეთი რეალისტური სკულპტურები აღემართათ ცხოველებისა თუ ფრინველების გამოსახულებით, რომლებიც ზღაპრული სამყაროდან გადმოფრენილიყვნენ რეალურ სამყაროში. ისლამის წესები მკაცრად კრძალავდა ამგვარ ფიგურებს, აქაც კი იგრძნობოდა ესმა სულთნის განსაკუთრებულობა. სასახლის მთავარი კარიბჭემდე ორმა მცველმა თავის დაკვრით გაგვიღო, გავემართე თუ არა უზარმაზარ ბროლითა და ალმასებით გაფორმებულ დარბაზში ჩემდაუნებურად გაოცების შეძახილი აღმომხდა, რაზეც იქვე მდგომ მსახურებს ჩაეცინათ, თუმცა ესმა სულთნის განმგირავი მზერის შეგებებისას უმალვე თავმოდრეკით შემეგებნენ.

- ბეზმიალემ, შეგიძლია სასახლე დაათვალიერო, მე ჰარიმეს ვინახულებ. - ერთადერთი ფრაზა გამოიმეტა ესმა სულთანმა და თავისდაკვრაც ვერ მოვასწარი, რომ კიბეებს აუყვა.
დარბაზის შუაგულში ოქროთი მოვარაყებული ოდნავ მოხვეული უზარმაზარი კიბე ეშვებოდა, აქაც, ისევე როგორც სასახლის ბაღში უამრავ ქანდაკებას მოეყარა თავი. ეს იყო წმინდა, ადვილად აღსაქმელი დეტალები დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის მომთხრობი.წლების შემდეგ გავისიგრძეგანე, რომ ესმა სულთანი ოსმალეთის გულში, თვით ფადიშაჰის სასახლესაც კი უწევდა კონკურენციას, სულთანი ბაროკოს არქიტექტურისა და ხელოვნების დრამატულ სტილში სტუმართა და სხვა დიდგვაროვანთა მოხიბვლის საშუალებად ხედავდა, სამეფო კარისა და აროსტოკრატიის ხელოვნება იყო და მათ განდიდებას ემსახურებოდა. უზარმაზარ ედემის ბაღად ქცეული ეზო, უზარმაზარი მისაღები დარბაზი, გრანდიოზული კიბეები და მისაღები ოთახები ერთმანეთის მიყოლებით სულ უფრო დიდებული ხდებოდა. ამ სასახლეში თავს იყრიდა ხელოვნების, მუსიკის, არქიტექტურისა და ლიტერატურის ფორმათა კასკადი.

გადიოდა დღეები და სულ უფრო და უფრო მიზიდავდა სასახლისა და მისი პატრონის ერთობ მსგავსი რთული და ზოგჯერ შინაგანი წინააღმდეგობაც. მიუხედავად ფორმალურ ესთეტიკურ ნიშანთა მსგავსებისა, მის წიაღში მისტიციზმით განმსჭვალულ და რელიგიურ ექსტაზით აღბეჭდილ ან წმინდა პომპეზურ დანიშნულების მქონე ნივთების გარდა იყო სასახლის ბინადართა ქმედებებში რაღაც ღრმად რეალისტური, საღი, ცხოვრების მიერ შთაგონებული, დემოკრატიულ მიმართულების მქონე ქცევები, სრულიად მიუღებელს ისლამისეული ცხოვრების წესთან. მათ მტკიცედ სწამდათ ადამიანის გონების უსაზღვრო შასაძლებლობების, სამყაროსა და ყოფიერების სრული ჰარმონიის, კანონზომიერებისა და წონასწორობას, სულიერი აფორიაქების. წლების შემდგომ უკვე მქონდა პასუხი კითხვაზე, თუ რა მიზიდავდა ყველაზე მეტად ამ სასახლეში, ეს იყო ორი წინააღმდეგობის- ასკეტიზმისა და ჰედონიზმის განუსაზღვრელი თანაარსებობა. ანალოგიურად განისაზღვრა ჩემი როლიც მათ შორის. სულთნის გაღვიძებისას თუ ძილისპირულის წინ მის აბანოსა და ჰამამის პირისფარეში გახლდით, ხოლო დანარჩენ დროს თავს ფრანციიდან და ინგლისიდან მოწვეული გუვერნანტკები ათასგვარ გაკვეთილებს მიბოძებდნენ და დღითიდღე თვალსაწიერს მიფართოვებდნენ. ამ დროს თავს მართლაც სულთნის შვილად ვგრძნობდი, ერთ-ერთი მორიგი ფრანციცულის გაკვეთილისას კი მტკიცედ გადავსწყვიტე, რადაც არ უნდა დამსჯდომოდა, მეც მებრძოლა მიმსგავსებული ცხოვრებისთვის მაინც. იმედს ვიტოვებდი ესმა სულთანი თავის აღზრდილს რომელიმე ფაშას თუ არა პატივცემულ აღას მიქმრობდა და მზითვსაც არ დამზარდებოდა. ამ ფიქრებში ვიყავი, როცა მოგონებათა დახურული სკივრიდან ნელ-ნელა შორეულმა მირაჟმა იწყო ამოდინება. ხანძარი, სასახლის გვირაბი და დაჭრილი ყმაწვილი, რომელიც დღეს ფადიშაჰი გამხდარიყო. ხელახლა განცხოველდა მისი მზერა, მისი შეხება და ფართო გულ-მკერდს ქვემოთ ჩიტის გულისფექთვად ქცეული ჩემი გულისცემა. ერთიანად ტანში დავლილი უცნაური ჟრუანტელი და მუცელში უცნაურად მორბენალი ჭიანჭველები. მაშინ ერთმანეთთან ახლოს მყოფნი აფეთქებულ გულისცემათა თანხვედრას ვეგებებოდით, ახლა კი ჩვენს შორის უზარმაზარი ბაბილონის გოდოლი აღმართულიყო მეტაფორულად, ფიზიკურად კი დივანიოულოს სასახლეს და ფადიშაჰის თოფ ქაფი სასახლეს ზღვა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჰყოფდა. ყმაწვილი, რომელიც ალაჰის ნებით შემოიჭრა ჩემს მეტადრე უბადრუკ ცხოვრებაში, ახლა ფადიშაჰი, ოსმალური სამყაროს მბრძანებელი გამხდარიყო, მე კი ვინ ვიყავი? მის ჰარემში წაყვანის ღირსადაც არ ჩამთვალეს და ესმა სულთნის პირისფარეშობა გამიმწესეს. აქედან ფადიშაჰის გულამდე მიმავალე გზა იმაზე უფრო დიდი დაბრკოლებებით იყო სავსე, ვიდრე ოდისევსის მთელი ილიადა. მეც მთელი ჩემი გულისწადილი გონების უბნელეს კუთხეში საგულდაგულოდ გამოვკეტე, როგორც ესმა სულთანმა მიუჩინა ტრადიციულ ოსმალურ ავეჯსა და ნივთებს ადგილი სასახლის სხვენში მდებარე განჯინაში.

***

რამდენიმე თვე გახლდათ, რაც ესმა სულთნის სასახლეში დავიდე ბინა. განსხვავებით ესქი სარაიდან აქ ნამდვილად ყველანი კეთილგანწყობილნი იყვნენ, სულთნის შვილობილს თუ არ ჩავთვლით. მიუხედავად ჩემი ათასგზის მცდელობისა, გოგონა ახალ ახალ თავსატეხებს მიხლართავდა და რამდენიმეჯერ უხერხულ სიტუაციაში თავის მართლებაც მომიწია, რის გამოც სულთნის წყრომაც დავიმსახურე. როგორც გუვერნანტკები ამბობდნენ, შესანიშნავი მონაცემები მაქვს ფრანციცულ ენასა და ხელოვნებაში, ღრმატაკისა და არითმეტიკაში. გუვერნანტკა ღრმად დარწმუნებულია, რომ ჰარემამდე ცხოვრებაშიც წიგნიერი უნდა ვყოფილიყავ, ასე მალიმალ რომ ვითვისებდი ახალთახალ ცოდნას, როგორც წყურვილისგან დამაშვრალი ანკარა წყაროს. სწორედ ამ დროს უნებური სევდა მაწვებოდა, ვინ ვიყავ? ვისი გორისა? ნეტავ ვინ არიან ჩემი ათანი და ბაბანი? ფესვებ დაჭრილ ვარდებს სულ შარბათიანი წყალი ასხა, ადრე თუ გვიან ხმობას დაიწყებს, ერთადერთი შანსი მისი გადარჩენის სხვა ყვავილზე მიმყნობაა. ნუთუ მეც დავკარგე ჩემი პირვანდელი სახე და ჰარემის პირისფარეშად ვარ დამყნილი? უსათუოდ რომ ასრეა, ახლა მე ბეზმიალემ ვარ და როგორ ნაყოფს გამოვიღებ, სულ მთლად ჩემს გამჭრიახობაზედ არის დამოკიდებული.

ამ ფიქრებში გართული სასახლის ბაღის ლაბირინთში დავსეირნობდი. ლაბირინთში ხეტიალი, დაკარგვა და შემდგომ სწორი გასასვლელი გზის ძიება ჩემთვის ერთობ წარმტაც სანახაობად ქცეულიყო. მეც ხომ ერთი ცხოვრების ლაბირინთში გზააბნეული გოგო ვიყავ. საკუთარ თავს ლაბირინთში შესვლისას პირობას ვაძლევდი, თუ გარკვეულ დროში გასასვლელს ვპოვებდი, ცხოვრებაშიც ვიგებებდი ჩემს წილ ბედნიერების ნაყოფს. ერთ- ერთ გასასვლელში უცნაური ქმნილების ქანდაკებას წავაწყდი: ფრინველისთავიანი არსება ლომის ტანით, ამასთანავე ნისკარტით და ფრთებით და ფეხებზე ფრინველისებრი კლანჭებით, წინ მივდიოდი და ისევ უკან-უკან ვიხედებოდი, თვალს ვერ ვაშორებდი უცნაურ სკულპტურას რომ უცებ ვიღაცას მთელი ძალით შევასკდი და ორივენი მიწაზე დავეშვით.

უცნაურად ნაცნობი სურნელი და გულისფეთქვა, ნუთუ ეს სიზმარია? ღიმილით დამსცქეროდა თავს და სახეზე თავსაბურავიდან გამოპარულ ურჩ უწესრიგოდ ჩამოყრილ თმებს მისწორებდა.

- მიჩქმიტეთ. - ესღა ამოვთქვი.

- რა ბრძანეთ? - ხმამაღლა სიცილი ვერ შეიკავა, მკვირცხლად წამოდგა და ხელი გამომიწოდა.

- მიჩქმიტეთ, ვიცი რომ ეს სიზმარია ან მირაჟი, რომ დავრწმუნდე, რომელი მათგანია და ცდილობს თუ არა შეიტანი ჩემს ცდუნებას.

- ფრიად მიკვირს ფამილიარობა თუნდაც თქვენისთანა ლამაზმანისგან, მაგრამ მოიცა, თქვენ ხომ ჩემი მხსნელი ხართ? შეგიცანთ, როგორ გაზრდილხართ, ყმაწვილქალობაში ფეხი შეგიდგამთ.

- ალაჰ, ბრძანებელო, ნუთუ ეს რეალობაა? გთხოვთ შემინდეთ და მიწყალობეთ - მაშინვე მუხლებზე დავეშვი და მის კაბის კალთას შევეხე.

ვიგრძენი, როგორ დამიფარა მკლავები უცნაური სითბოთი აღვსილმა ხელებმა და წამომაყენა.

- მბრძანებელო, ეს ჰარამია. მე თქვენს ჰარემს არ ვეკუთვნი და მეხებით, ალაჰი ჯოჯოხეთის ცეცხლში დამდაგავს. კარგა ხნის პაუზის და გახევებულად დგომის შემდგომ ბრძანებელმან იდუმალი ხმით ამოთქვა.

- იცი ეს რისი ქანდაკებაა? - უარის ნიშნად თავი უხერხულად გავაქნიე.- ეს ფასკუნჯია. მითიური არსება. გურჯების არსება. მართალია, ამ არსებას სხვადასხვა სახელით სლავები და სპარსელებიც ცნობენ, მაგრამ სწორედ გურჯების წარმოდგენებში წარმოისახება ლომის ტანით, ამასთანავე ნისკარტით და ფრთებით და ფეხებზე ფრინველისებრი კლანჭებით და არა ფრთოსანი ქვეწარმავლის სახით, როგორც დრაკონი. თუ ვინმეს ხელში ჩაუვარდა მისი ერთ-ერთი ბუმბული, მაშინ გასაჭირში მისი გამოძახება შეუძლია ამ ბუმბულის დაწვით, რომელიც უმალვე ფენიქსივით აღდგება. გიცქერთ და ვფიქრობთ, რომ თქვენ სწორედ გურჯი ფასკუნჯის ბუმბული ხართ ალაჰის ნებით ჩემს ხელთ ჩავარდნილი.

ისევ ის უცნაური ღიმილით სავსე გამომეტყველება, მზერა, რომელიც ვგრძნობდი, როგორ მაშიშვლებდა და ჩემს შინაგანი სამყაროს უკიდურეს კუნჭულებში აღწევდა. ხუხულასავით ჩამომენგრა მთელი ჩემი ამაო ცდები. შეშინებულმა უკან დავიხიე და გზააბნეული გავიქეც უმისამართოდ.

- ისევ გიხილავთ ბეზმიალემ.

გაქცეულს ლახვარივით ჩამესო მისი უკანასკნელი სიტყვები. ჩემი სახელი იცოდა. ბრძანებელს ვახსოვდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent