სიყვარულში უიღბლობის რეცეპტი (მეორე თავი)
მეორე თავი: სიყვარულის მონეტიზაცია სიყვარულზე პირგაქაფულები ლაპარაკობენ, ბევრს წერენ, უკრავენ, მღერიდან და ხატავენ კიდეც. ხელოვნების, თეატრისა და კინემატოგრაფიის საკრალური ლაიტმოტივიც ეს დაწყევლილი სიყვარულია! იმაზე აღარაფერს ვამბობ თავად მხატვრებს, მუსიკოსებს, მწერლებსა თუ მსახიობებს როგორი სიყვარულის ისტორიები აქვთ: ვიღაც ყურს იჭრის ერთგულების ნიშნად და მაინც ცალმხრივ სიყვარულს აჩეჩებენ საპასუხოდ, ვიღაცა - ქონებას ანიავებს, სატრფოსთვის ათასობით ვარდის მისართმევად, მერე კი სული კიბის ქვეშ ძვრება, სრულ სიღარიბესა და მარტოობაში. სიყვარული იყო და არის ღერძი ამ ხანმოკლე ცხოვრებისა, ათვლის წერტილი, იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც თავქუდმოგლეჯილი გაურბის მას, დასცინის, ამასხარავებს ან, სულაც, სრულად გამორიცხავს ამ გრძნობის არსებობას; იმათზე აღარაფერს ვამბობ, ვინც დაგეშილი ძაღლის გაშმაგებით ყველა მოსახვევში დაეძებს სიყვარულს და ზოგჯერ, სიყვარულის იმიტაციასაც კი სჯერდება ამ შიმშილის დასაოკებლად. მე ამას დავარქმევდი „სიყვარულის ისტერიკას“, რომელიც კაცობრიობას უხსოვარ დროს შეეყარა და ვეღარც განიკურნა; ჰო, ზოგადად რთულია შარს თავი დააღწიო, მითუმეტეს მაშინ როცა საქმე გრძნობებს ეხება. ყოველივე ამის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ბილბორდებიდან დაწყებული სკვერებით დამთავრებული, ყველგან „სიყვარულია“ - საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რადიოში, ტელევიზორში, ინტერნეტში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში, ბანკებში, მაღაზიებში, მიწის ქვეშეთსა და ჰაერშიც კი... თითქოს მთელი სამყარო ადგა და შეთანხმდა, რომ სიყვარული კარგად იყიდება, ამიტომ ბიზნესმა სიყვარულის მონეტიზაცია დაიწყო. მარკეტინგი, პიარი და რეკლამა „სიყვარულის ძალით“ მართავს პოტენციური მომხმარებლების გონებას და სურვილებს, ემოციებითა და სიყვარულის დანაკლისით ააქტიურებს ტვინის იმ უბნებს, რომელშიც აუცილებლად აღიძრება ჯიბეზე ხელის გაკვრის სურვილი. და ჩვენც „ვყიდულობთ სიყვარულს“, რომელიც ხან კინოთეატრებშია, ხან სავაჭრო ცენტრებში (თანაბრად საოჯახო ქიმიისა და ტკბილეულის განყფილებაში), ხან - ატრაქციონების პარკში, ხანაც - მიწისქვეშა გადასასვლელებში, მოკლედ ყველგან, სადაც ფულის დახარჯვა შეიძლება. მართალია სიყვარული ისეთი გადაღეჭილი თემაა, რომ ყელში ამოგივა ადამიანს, მაგრამ მაინც, არაფერი იყიდება სიყვარულზე უკეთესად. ბოლოს და ბოლოს, ადამიანებს ჩაბჟირებით გვინდა, ვუყვარდეთ ვინმეს, ზოგჯერ კი ამაზე შორსაც მივდივართ და საკუთარ თავში სხვისი შეყვარების უნარსაც ვპოულობთ, ეს კი „მოჯადოებულ ველს“ ქმნის ჩვენ გარშემო და გვაიძულებს ფულის კრეატიულად მშოვნელთა (ან უბრალოდ, შემოქმედებითი გაიძვერების) მიერ დაგებულ ყველა მახეში გავებათ. როცა სასიყვარულო უიღბლობებით იმდენად დავიღალე, რომ საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი ჩემს პირად ცხოვრებაზე, გადავწყვიტე გავმდიდრებულიყავი მაინც. აბა, ცხოვრებაში არც ფული გქონდეს და არც - სიყვარული, მართლა მეტისმეტია, იმ ადამიანისთვისაც კი, ვინც იუმორით უყურებს ცხოვრების მუხთლობას. ვინაიდან სიყვარულმა არაფერი მარგო, სინდისს დიდად არ შევუწუხებივარ, როცა მეც, სხების მსგავსად, სიყვარულის გაყიდვა გადავწყვიტე. თავიდან მაჭანკლობაზე დავფიქრდი... ბებიაჩემის საყვარელმა რუსულმა გადაცემამ - Давай поженимся - შთამაგონა, სადაც „კაი ბედში“ ჩასავარდნი ქალები და „კაი საცოლე გოგოს მაძიებელი“ მამაკაცები ბედის გამოსაცდელად მოდიოდნენ (უფრო გულახდილად, თავს საქვეყნოდ იმასხარავებდნენ). განა კლასიკური მაჭანკლობა მოვინდომე?! ნურას უკაცრავად! ეს იყო ოცდამეერთე საუკუნეს იდეალურად მორგებული მაჭანკლის იდეა, რომელსაც ხორცი შეეესხა თანამედროვე ტექნოლოგიების სრული ჩართულობით. ბანკის ვალი ავიღე (აბა, მე ფული საიდან?!) და შევქმენი საიტი „მოდი, ვიქორწინოთ“, სადაც კლიენეტები ორ აპლიკაციას ავსებდნენ - „ჩემ შესახებ“ და „პოტენციურ პარტნიორზე“. პირველ ფორმაში საკუთარ თავზე ყვებოდნენ - ვინაობა, ასაკი, განათლება, ინტერესები, ჰობი, აღნაგობა და მსგავსი ტრალი-ვალი; ფოტოსაც ურთავდნენ და ზოგჯერ ვიდეოსაც, რომ მომავალ მეუღლეს მარტივად ამოეცნო მათში გულის სწორი; მეორე აპლიკაცია უფრო დახუნძლული იყო, რადგან ადამიანებს ყოველთვის მოსათხოვი მეტი აქვთ, ვიდრე მოსაყოლი. ვიჯექი მერე საათობით, ვახარისხებდი ინფორმაციას და ვეძებდი საბედოებს. ამ საქმეს ბოლომდე რომ გავყოლოდი, იქნებ ხელოვნური ინტელექტიც ჩამენერგა საქმიანობაში, რომელიც ჩემ ნაცვლად მიაგნებდა იდეალურ კანდიდატურას კლიენტებისთვის: Congratulation, we found the perfect match for you! ნუ, საქმე მასე შორს ვერ წავიდა, რადგან აღმოჩნდა, რომ სოციალური ქსელი ისედაც იდეალური, უფასო გაცნობა-დაოჯახების „ბიუროა“ და შენი დახმარება არავის არაფერში სჭირდება! ამ გაბიზნესმენების მცდელობას, საბოლოოდ, ასე შევაფასებდი - „თხა ვიყიდე, თხა გავყიდე“. მერე რომანტიკული ურთიერთობების „ქოუჩობა“ მოვინდომე, ანუ ჭკუას ვარიგებდი სიყვარულით გაუბედურებულ ხალხს - როგორ აერჩიათ „სწორი ადამიანი“, დაეძლიათ ემოციური მიჯაჭვულობა, გარკვეულიყვნენ თავიანთ გრძნობებში, გაეშვათ ყოფილი შეყვარებული/მეუღლე „რადარებიდან“, დაენახათ ახალი სასიყვარულო ჰორიზონტები, ან ლექციას ვუკითხავდი იმათ, ვისაც სჯეროდა, რომ არსებობს კონკრეტული ფორმულები ჰარმონიული ურთიერთობების ასაგებად და „ნამდვილი სიყვარულის“ (აი, „იმ ერთადერთის“) საპოვნელად. ვუსმენდი ხოლმე კლიენტებს და მიკვირდა, ნუთუ მართლა ასეთი სულელები ვართ ყველანი?! განა საზღვარი არ აქვს ამ ჩვენს, კოლექტიურ უტვინობას, რომელიც ინდივიდუალური უტვინობითაა გამყარებული?! ჩემი ქოუჩობა ძალიან ჰგავდა ფსიქოლოგობას, მაგრამ არ შეცდეთ, მეგობრებო, ფსიქოლოგის და ქოუჩის ყოლა, ორი სხვადასხვა ფუფუნებაა, ერთი წარსულში იქექება, მეორე კი მომავალში აწარმოებს საჰაერო გათხრებს. ისე, საკმაოდ სახალისო ჰობია, ადამიანებს ის ასწავლო, რის აზრზე თავადაც არახარ; იმ კითხვებზე უპასუხო, რომელზე პასუხი თავად საპოვნელი გაქვს. ადამიანთა უმეტესობა მაინც იმითი შოულობს ფულს, რაშიც ვერ ერკვევა, ასე რომ ჩემს გაკიცხვას ნუ შეეცდებით. მოკლედ, ერთი უცხოური ონლაინ კურსი გადავამღერე, სერთიფიკატი ავიღე და თავდაჯერებით გამოვაცხადე, გადავკვალიფიცირდი, დღეიდან ქოუჩინგ-პრაქტიკას ვიწყებ-მეთქი. ისევ ავიღე ბანკის ვალი, ისევ შევქმენი საიტი და გვერდი სოციალურ ქსელში. რა თქმა უნდა, ლოცვები გავაძლიერე, რომ ამჯერად მაინც უპრობლემოდ დამეფარა თვიური შესატანი. ქოუჩობამ თუკი რამ შემძინა - ფინანსური ვალდებულების გარდა - უსათუოდ, სუყვარულის რეალურად აღქმის უნარი. მივხვდი, რომ ძირითადად სიყვარულზე გადამეტებული წარმოდგენა გვაქვს და ვთხოვთ იმას, რისი მოცემაც არ შეუძლია; ვცდილობთ სიყვარულში გავაერთიანოთ ყველა განცდა, გრძნობა და ემოცია; როლი, პასუხისმგებლობა და მოლოდინი; ყველაზე სასაცილო და აბსურდული მაინც ის აღმოჩნდა, როგორი მონდომებით ვეპოტინებით მისი მარადიულობისა და განუმეორებლობის იდეას. ვიღებდი კლიენტებს, ვუსმენდი, ყურებს ვუჭედავდი ზოგადი ჭეშმარიტებებით და ვუშვებდი... მალევე მივხვდი, რომ ამ საქმით ვერ გამდიდრდებოდი, ამიტომ ნელ-ნელა ხელი ჩავიქნიე სხვისი პირადი ცხოვრების დალაგებაზეც, ჩემი პირადი ცხოვრების მსგავსად. იდეების გენერატორი რომ ვარ ჯერ კიდევ მაშინ შენიშნავდით, როცა უიღბლობის თავიდან მოშორების გზებზე გიამბეთ, ასე რომ ჩემი მესამე ბიზნესიდეის პიკანტურობა დიდად არ გაგაკვირვებთ. დიდხანს ვიფიქრე საკუთარ ძლიერ მხარეებზე და მივხვდი, რომ ერთადერთი, რაშიც ვერავინ შემედრებოდა უიღბლობა იყო... ამიტომ ტრენინგ-ცენტრი დავაარსე მათთვის, ვისაც სიყვარულში უიღბლობის რეცეპტი სჭირდებოდა. ბაზარზე, რა თქმა უნდა, კონკურენტი არ მყავდა; მაშ, თავში აზრად ვის მოუვა, ვინმეს დაარიგოს, სიყვარულში როგორ გაუბედურდეს?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.