გზა, სიცოცხლისა ... (თავი 6)
სუსხიანი დილა იყო, ზამთარი მიუხედავად იმის, რომ მისი დღეები დათვლილი იყო და სულ მალე გაზაფხული ამაყად შემოაბიჯებდა დედამიწაზე, მის ბებერ სუსხიან კუდს მაინც ამაყად იქნევდა. - ღმერთო ჩემო, როგორ ცივა. - სიცივისგან აბუზულმა, ნიამ, სალონის კარები ძლივს გააღო. - ამ სიცივეში რა ექორწილება ამ ხალხს? - წუწუნებდა და თან შუქებს ანთებდა. - დილა მშვიდობისა, - არანაკლებ გათოშილი შემოვიდა კატო. - დედაა, ზამთარი ახლა იწყება თუ რა უბედურებაა, რა სუსხია. - მეც მაგას არ ვწუწუნებ? არადა დღეს რვა დედოფალი გვყავს. - იმედია გამოიდარებს და მზიანი დღე ექნებათ. - საჭირო ინვენტარის ამოწყობა დაიწყო კატომ, ამასობაში სალონში სხვებიც მოვიდნენ. - ნიაა, - გასძახა ანომ, - 8 საათი სრულდება და ხომ არ აგვიანებს პირველი დედოფალი და მეჯვარე? - არაა, ველაპარაკე და წუთი-წუთზე აქ იქნებიან. - აუ, ჩემი ფენი ცოტა ურევს, უნდა ვუთხრა ერთი კახას რომ ჩამომიტანოს ახალი. - აუ, კახასთან მეც მინდა რაღაცეები. - კატო ცხელ ყავას წრუპავდა. - მერე ჩამოვწეროთ რაც გვინდა და დავურეკოთ. - Ok, მასე ვქნათ. - დილა მშვიდობისა. - სალონში უკვე გამოჩნდა პირველი დედოფალი. - ოჰ, მოვიდა პრინცესა, რომელიც მალე დედოფალი გახდება. - მხიარული სახით მიეგება კლიენტს ანო. - იცოდე ნამდვილ დედოფლად უნდა მაქციო, დღეს ჩემი დღე არის და გასაოცარი უნდა ვიყო. - იქნები კიდეც. - მუშაობას შეუდგნენ სტილისტები. - გამარჯობაა. - შემდეგი დედოფალიც მოვიდა. - მოხვედი უკვე? - გახედა ანომ. - კიი. - სულ ცოტაც დამრჩა და მალე დაგაჯენ, - საათს გახედა. - კი არ არის პრობლემა, - იქვე მდივანზე ჩამოჯდა და ჟურნალებს დაუწყო თვალიერება. - გოგოებო ყავა ან ჩაი ხომ არ გინდათ? - მიუახლოვდა ნია. - არაა, ახლა ისე ვღელავ ვერაფერს ვერ დავლევ. - რა გაღელვებს გოგო? - გამოეპასუხა ანო. - რავიცი, თავისებური ღელვა ჰქონია ამ დღესაც. - კიი, აბა ახლა ცოტა თუ არ იღელვე და ემოცია არ გამოხატე, ადამიანი არ ყოფილხარ. - დეა მოსულია? კაბა ისე მაინტერესებს როგორი დარჩა, ბოლო დეტალებს წუხელ დაამთავრებდა. - ჯერ არ მოსულა, მოვა მალე. სალონი ნელნელა ივსებოდა დედოფლებით და მეჯვარეებით, რომლებიც თავის დროს ელოდნენ და დრო ლაპარაკში გაჰყავდათ. - თეკო. - ხო. - დღეს თეფშს ხო გატეხავ? - რა თეფშს? - აი, სახლში რო მიდიან და დედამთილი თეფშს, რომ ატეხინებს და შოკოლადს პირში ხო გიდებს თან? - აუუ, თეფშის ნატეხი გინდა? იციან ეგ ნეტა კიდევ? - ხო, მინდა ვცადო. იქნებ დამესიზმროს საბედო. - აკისკისდა გოგო. - რაც მე სამეზობლო-სანათესაოს გატეხილი თეფშები მაქვს ანახიკი და ბალიშის ქვემოთ შენანახი. - ხელი უიმედოდ აიქნია ერთ ერთმა. - მერე ერთი უნდა აგეღო და შენ თუ თვეში 10 თეფშის ნატეხს იღებდი, რა გაგათხოვებდა. - უფრო მეტი ბიჭი გამოჩნდებაო და მაგის იმედით ვაგროვებდი. - მოიცა ჯერ 34 წლის ხარ, იმედს ნუ დაკარგავ. - დაამშვიდა მეგობარი. - აუუ, მე იცით რა მახსენდება? მარილიანი კვერები, აღდგომის წინა დღეებში რომ უნდა ჭამო ღამის 12 საათზე თან გზაჯვარედინზე. მე საწყალმა საბედოს ნახვის იმედით იმდენი ვჭამე, თან ისეთი მარილიანი იყო, დღემდე მლაშე მაქვს პირი. - აუუ, შენ რო არ იტყვი. მე აბა, ბებიაჩემი სულ მეუბნებოდა თეფშს თუ მოვაპრიალებდი, ლამაზი ქმარი მეყოლებოდა. მგონი იმდენი ვაპრიალე, საერთოდ გავაქრე. - ყველას გულიანი სიცილი აუტყდა. დღე დამღლელი და შრომატევადი იყო. დედოფალი დედოფალს ენაცვლებოდა, ფოტოსესია ფოტოსესიას. საღამოს კი ისეთი სიმშვიდე ჩამოწვა, როგორც იტყვიან, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდი. - ღმერთოო. რა სიმშვიდეა. - მდივანზე გადაწვა ნია. - რა საგიჟეთი იყო ამ კვირაში და დღეს კიდე! - ახლა მაისამდე არა ივნისამდე ასეთი დღეები არ გვექნება. - გვერდით მიუჯდა კატო. - ხო, მაისში ვითომ ქორწინება რო არ შეიძლება და რამე ხო? - აჰამ, ეგ ცრურწმენის ამბავია. - მეძინება, - გოგოებს მიუწვა ანოც. - შენ კიდე მაგრად დგახარ ფეხზე, 8 დედოფალი, პლიუს რამდენი შეჭრა დავარცხნა გყავდა. - შენ ვიზე რას ამბობ, შენ 12 მეჯვარე გყავდა და პლიუს აღარ ჩამოვთვლი. - ვანო სადაა ხმას რომ არ იღებს? სიძეები კი გამოწკიპა ყველა თავისი მეჯვარეებით. - ხოო, ის ძაან საყვარელი წყვილი იყო, ბიჭმა რომ დაინახა საცოლე და რომ ატირდა. - აუუ, ქოო. ახლანდელ თაობას უფრო არ უჭირთ ემოციების გამომჟღავნება. - დეა რას შვრება? სამკერვალოში არანაკლები საგიჟეთი იქნებოდა დღეს. - დღეს ყველაზე მშვიდად მე ვიყავი. - ამაყი ნაბიჯებით შემოვიდა ნუცა. - კიი, იყო მის კაბინეტში შეკეტილი და არ გაუგია არაფერი. - ხო, თან ბევრიც არ იყო ჩაწერილი დღეს. - ქუჩას გახედა, სადაც კანტი-კუნტად მოძრაობდა ხალხი. - ისე თუ მოვრჩით, აღარ წავიდეთ სახლებში? - ისე ვარ გათიშული ახლა ვინმე რომ ამიყვანდეს და გადამაწვენდეს ჩემს ლოგინში, არ იქნებოდა ურიგო. - ოჰ, მოინდომა გოგომ ტელეპორტაცია. - კატომ თმები აუწეწა ანოს. - არც იყოს და არც ვიოცნებო? - საათს გახედა, - მოვა ახლა ჩემი პირადი „ტელეპორტაცია“ და წამიყვანს. - მიშოს ელოდები? - ხო, მანქანა მაგას ჰყავდა დღეს, ტექდათვალიერება უწევს და მომიწესრიგებდა. - ნეტა ჩემს მანქანას როდის უწევს? - ჩაფიქრდა ნუცა. - თუ არ გახსოვს, ჰკითხე პატრულს და გადაგიმოწმებს. ხომ იცი მაგაზე 50 ლარიანი ჯარიმაა, თუ არ გაივლი დროულად. - ხო, ვიცი ეგა. - რას შვრებით? - შემოუერთდა თანამშრომლებს დეა. - რავი შენ როგორ ხარ? - აუ ძაან გადავიღალე, ერთ კაბაზე ცოტა ვინერვიულე. - რატომ? - რავიცი, რა ჭამა ამ პატარძალმა ბოლო სამ დღეში, ისე იყო მომატებული ძლივს ჩავაკვეხე კაბაში და ტანზე ისე ლამაზად არ ადგა, როგორც წარმომედგინა. - მართლაა? - მაინც ლამაზი იქნებოდა შენს კაბაში. - კიი, თვითონ ძაან აღფრთოვანებული იყო, მაგრამ მე ხო ვიცოდი რა მინდოდა და რა მივიღე. - უკმაყოფილოდ დამანჭა სახე. - დედოფალი თუ კმაყოფილი იყო, შენ რა განერვიულებდა? - გაკვირვებით გახედა ნუცამ. - ეს მაქსიმალისტია, ხომ არ დაგავიწყდათ? - ჩაეცინა ნიას. - მაქსიმალისტი, რომ არის მიტომ ჰყავს ამდენი კმაყოფილი კლიენტი. - დეას მხარე დაიცვა ანომ. - ასეა თუ ისეა, დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა და მაისამდე შედარებით თავისუფლად ვიქნებით. - კიი, ეგ არის. - არ მიდიხართ? - კი, აი, მოვიდა მიშოც. აბა ხვალამდეე. - ხვალამდე. ნელნელა დაიცალა სალონი. დეა სამკერვალოში შებრუნდა, დაცარიელებულ ოთახს თვალი მოავლო, სიგარეტის კოლოფს ხელი დასტაცა და უკანა კარებში გაუჩინარდა. იქვე კიბეებზე ჩამოჯდა, სიგარეტის ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან და ნება ნება გააბოლა. - მგონია, რომ ბევრს ეწევი... - ნაცნობი ხმა მისწვდა მის ყურებს. - დემნა? - ნახევრად ჩაბნელებულ კიბეებზე ნაცნობი სილუეტი ამოიცნო. - საღამო მშვიდობის. - მის გვერდით ჩამოჯდა. - შენც მშვიდობიანი ღამე. - გვერდულად გახედა და გაუღიმა. - აბა დღემ როგორ ჩაიარა? - თითქოს სხვათაშორის იკითხა დევდარიანმა და სივრცეს გახედა. - ვიტყოდი გიჟურად. - რატომ? - დღეს ამ სეზონის ბოლო ქორწილები გვქონდა, ხვალიდან კი ახალი სეზონის მზადებას შევუდგებით. - ქორწილებს სეზონები აქვს? - კი, შობის მარხვიდან აღდგომის მარხვამდე, შემდეგ აღდგომის მარხვიდან პეტრე-პავლობის მარხვამდე, შემდეგ კი პეტრე-პავლობის მარხვიდან მარიამობის მარხვამდე და მერე შობის მარხვამდე და ასე წრეზე ტრიალებს. - ვაა, მაგაზე არასოდეს მიფიქრია. - ცხვირზე ცერა თითი გაისვა, - ვივიენი როგორ არის? - კარგად, რა უჭირს. და მაქსიმე როგორ არის? - მაქსიმე... - ამოიხვნეშა და თითების წვალება დაიწყო, - უჭირს... თან კონტაქტზე არ გამოდის ჩემთან. კიდევ კარგი მაგის ბიზნესში ოთოც იყო ჩართული და იცის და იცნობს ხალხს და მისი დახმარებით შეფერხება არ დატყობია ჩვენს ბიზნესს, თორემ არ ვიცი რა მოხდებოდა. - ეს, რომ ეგულება სხვა ვინც იცის, ამიტომაც მშვიდად არის ან აქვს კი დრო მაგაზე ფიქრის? იქ, სადღაც ოთხ კედელში გამომწყვედულ ადამიანს, რომელსაც ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად, კაცს რომელიც ყოველი დღით ტკბებოდა, გულღია და კეთილი იყო, ახლა, სადღაც გამოკეტილია, უსუსრია და ამხელა ცოდვა აკიდებული აგრძელებს ცხოვრებას რა, ალბათ სუნთქვას... როგორ შეიძლება ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი არ ნანობდეს იმას რაც გააკეთა? არ ტკიოდეს ის რაც მის ცოლს გაუკეთა? მე ხომ მაინც ვიცი მათი სიყვარულით სავსე თვალები, მათი ურთიერთობები. ისე განვიცდი, ხოლმე, რომ დავიფიქრდები როგორ წამიერად იცვლება ცხოვრების ეტაპები. ოდნავ თუ მოდუნდები, ხელიდან დაგისხლტება ცხოვრების სადავეები, რომელსაც ასე ძალიან უფრთხილდებოდი და ისე გაგექცევა, შეიძლება წლები დაგჭირდეს მის დასაჭერად. - თუ დაიჭირე, ხომ კარგი. - ცხვირში ჩაიდუდუნა დევდარიანმა. - ისე აქ როგორ მომაგენი? - ოჰ, დიდი მოუგნებელი ადგილია ეს, - ჩაეცინა მამაკაცს. - შემთხვევით, ხომ არ დაგავიწყდა რომ ამ ბინაში ვცხოვრობ და თან ეს ფართი ჩემი ძმისაა. - კი, ეგ გადამავიწყდა. - თან რამოდენიმეჯერ შეგამჩნიე, რომ აქ გამოდიხარ ხოლმე. - ხო, ეს მოფარებული ადგილია და თამარ მეფეზე ვერ დავიწყებ ბირჟაობას და სიგარეტის მოწევას, თან ჩემმა ძმამ თუ დამინახა, არ მაქვს ხოლმე მისი წიკვინის ნერვები. - ძმამ? რატომ გიშლის? - უფრო კაცობს, ასე ვიტყოდი. - და რამდენი წლის არის? - ოცდაორის. ჩვენი ოჯახის სიამაყე, გვარის გამგრძელებელი, საუკეთესო სასიძო და ბევრი სხვა რეგალია აქვს. - ოჰო და შენ რა რეგალიებით გამოირჩევი? - მეც არ მაქვს ცუდი რეგალიები, აი, მაგალითად: ქმარ გაშორებული, მარტოხელა დედა, სიგარეტის მწეველი ქალი და ა.შ. - სერიოზულად? - თვალებ მოჭუტული უყურებდა დემნა, ეგონა რომ დეა ეხუმრებოდა. - რამე არასერიოზულის შემატყვე? - სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა და სწრაფად გააბოლა. - მე კი მეგონა, რომ ყველაზე მიზანდასახული, პოზიტიური და ასევე ძალიან მაგარი დედის რეგალიები გექნებოდა. - ქვედა ტუჩი სასაცილოდ გადმოაბრუნა. - ნუ სხვები, რა რამოდენიმე ფიქრობს შენსავით და მიხარია, შენც თუ ასე ფიქრობ, მაგრამ ... - ეჭვისთვალით გახედა. - რა მაგრამ? - ნუცამ გითხრა ეს თუ? - ნუცას რატომ უნდა ეთქვა? რა შემატყვე რომ აზროვნების ან დაკვირვების უნარი არ მაქვს? ადამიანები, რომლებიც არ მალავენ თავიანთ რეალურ სახეს, იოლად ამოიცნობ მათ სუფთა და წკრიალა გულს. ისინი კი ვინც ყოველწამიერად ცდილობენ თავგზა აგიბნიონ სხვადასხვა ნიღბებით და ახლართული გზებით გატარებენ, აუცილებლად უშვებენ ისეთ შეცდომას, როდესაც წამიერად, ყალბი ნიღაბი მათ რეალურ სახეს ცილდება და საშუალება გაქვს შეიცნო ისინი. მე კი ლამის ნახევრი საუკუნის ვარ და ადამიანების ცნობა კარგად გამომდის. - ნახევარი საუკუნე, როგორ ეხამუშა ყურს. - ყურზე ხელი მიიჭირა დეამ. - ხო, კაი არ ვარ მაგდენის, მაგრამ არც ანცი ბიჭი ვარ პატარა. - უცნაურად თბილ მზერას არ აშორებდა ჩაფიქრებულ დეას. - როგორ კარგად თქვი, „წამიერად, ყალბი ნიღაბი მათ რეალურ სახეს ცილდება“, და ზოგჯერ იმ წამს თუ გამოტოვებ, შეიძლება მთელი ცხოვრება იმ ადამიანის ხელში გაატარო, რომელიც დროთა განმავლობაში ისე იწაფება ნიღბების ცვლაში, რომ მერე უკვე გვიანია ამოიცნო ადამიანის რეალური სახე, თუ ის თვითონ არ აღმოჩნდება ისეთ მახეში, რომ იძულებული გახდება, ყველა ნიღაბი ჩამოიხსნას ან იძულებით ჩამოხსნიან! **** როგორი რთულია, როდესაც გეტირება და უნდა გაიღიმო. როგორი ძნელია თავის აიძულო გაღიმება, როცა გინდა ცას წვდებოდეს შენი გოდება. როგორი ძნელია გაუმკლავდე ჩუმ დარდებს და აცრემლებული თვალების მიზეზად უდანაშაულო მტვრის ნაწილაკები დაასახელო. როგორი რთულია ვერ გრძნობდე სიყვარულის მათგან, ვისთვისაც ყველაფერს დათმობდი და როგორი რთულია, როდესაც შენი ცრემლების მიზეზს ვერავის უმხელდე. რთულია, რთულია გულიანი გაღიმება, როდესაც გულს ცამდე ეტირება. - სიბნელეში რატომ ზიხარ? - შუქი აანთო ლილიმ, - მოიცა, შენ რა ტირი? - ხმა გაებზარა. - მეე? საიდან მოიტანე... - დეა ყელში გაჩხერილ ბურთს ძლივს იკავებდა, თუმცა ტირილისგან დასიებულ სახეს და თვალებს ვერ დამალავდა. - რა მოხდა? - ლილი მის წინ ჩამოჯდა და თვალებში ჩააშტერდა. - რა მოხდა... რა მოხდა... - როგორღაც ემოციებს მოერია, თავი ხელში აიყვანა და მშვიდი ტონით განაგრძო, - მამაჩემი მეჩხუბა. - ჩემი ძმა? - კი. - რა უნდოდა? - არ ვიცი, ისევ ძველებურად. მაგათი გული ხომ ვერ მოვიგე, რაც გავთხოვდი მის მერე და მერე, რომ გავშორდი უფრო მძიმე ფორმატშია მდგომარეობა. წუნკალი ხარო, უმადური ხარო, რამეს რომ გეტყვის ადამიანი, არ ისმენ და გული მოგდისო! ვერ გავიგე რა უნდა ვქნა? უკვე დავიღალე იცი? - ხმაჩაწყვეტით ამოილაპარაკა და თავი კედელს მიაყრდნო. - დამღალა „კარგი შვილის“ სტატუსის ტარებამ, რომელიც არაფერში მარგია! კარგს გავაკეთებ თუ ცუდს, მაინც ყველა უკმაყოფილოა! მუდამ უნდა ვაკონტროლო ჩემი ქცევები, სურვილები და ვასიამოვნო დედა და მამა! მშობლები, რომლებსაც არასდროს შევუქივარ! არასოდეს უამაყიათ ჩემით! მორალურადაც კი გვერდით არ მიდგანან! მხოლოდ ჩემი ძმაა მათი ეპიცენტრი! რა დავუშავე მათ? მე რომელიც დღემდე ვცდილობ, ვიბრძვი, რომ „კარგი შვილი“ ვიყო! მთელი ქალაქი მიცნობს, ჩემი შექმნილი კაბები ლამის მთელ საქართველოში იყიდება. ყველა შეკვეთას ვერ ვღებულობ კიდეც! ყველა მადლობელია და კმაყოფილია ჩემით. იცი? - მამიდამის გახედა, - როცა მამაჩემი ჩემი ლანძღვით იყო დაკავებული, ზედიზედ შეტყობინებები მომივიდა, რომ „ოქროსხელება ვარ“, რომ „სასწაულებს ვქმნი“ და ა.შ. გამეცინა, ამ პარადოქსებზე გამეცინა გესმის? იმათგან ვისგანაც ყველაზე მეტად მინდა გავიგონო ეს სიტყვები მხოლოდ მლანძღავენ, სხვებიდან კი ისეთ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ. - თვალებში ცრემლები მოაწვა, ნესტოები დაებერა. - მაგრამ მივხვდი, რომ უნდა „დავიკიდო“ და მხოლოდ ჩემი შვილის ბედნიერებისთვის ვიცხოვრო, ვიბრძოლო! დავიღალე, იმ ხალხთან თავის მოწონებით, რომლებიც ან არ მხედავენ ან ვერ მხედავენ! დღეიდან იმათ მივუძღვნი თავს, ვინც მხედავს, მაფასებს და ვუყვარვარ! - ყოჩაღ, ჩემო გოგო. ყოჩაღ! მომწონს შენი შემართება. მიკვირს შენი მშობლების ეგ დამოკიდებულება, მაგრამ ხომ იცი მათთან არც მე ვარ ახლოს. უბრალოდ გული იმაზე მწყდება, რომ შენ და შენი ძმა, ისევე როგორც მე და ჩემი ძმა, ახლოს არ ხართ! ისევ იგივე შეცდომა მეორდება. თუმცა იმ სხვაობით, რომ შენ შვილი გყავს და დიიდი მიზეზი იმის, რომ იბრძოლო და იყო ბედნიერი შენს ვივისთან ერთად. - მამიდულა, - ზურგიდან მოეხვია, - ხომ იცი არაა? შენ და ვივი ჩემი საყრდენები ხართ! ჩემი ძმა კი იმედია ოდესმე მიხვდება, რომ დასთან სხვა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს და არა ისეთი, როგორიც ახლა გვაქვს! - იმედია, იმედია. - წამოდგა ლილი და ჭურჭლის რეცხვას შეუდგა. - მგონი კარზე ზარია ხომ? ვინ უნდა იყოს? - საათს გახედა, ღამის 11 საათი სრულდებოდა. - გავაღო? - არა, იყავი. - ჩუსტების ჩლაჩუნით გაიარა დერეფანი, - ვინ არის? - დახურულ კარს მიღმა იკითხა. - მე ვარ... - მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ ნაცნობი ხმა მისწვდა დეას ყურს, გული აუჩქროლდა, ბრაზი მოაწვა, ყველა ნეგატიური გრძნობა ერთიანად აირია მასში და კარები კი არ გააღო, გამოგლიჯა. - შეენ? - უცნაური ზიზღით სავსე მზერით უცქერდა არასასურველ სტუმარს. - დეა. - მხრებში მოშვებული იდგა ანდრო და ყოფილ ცოლს სევდით დანისნული თვალები შეანათა. - რა გინდა? აქ რას აკეთებ? - მხოლოდ ეგ კითხვები გაქვს? - ჰმ, - ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა დეას სახეზე, - აბა რა კითხვებს ელოდებოდი? ვაჰ, საყვარელო დაბრუნდი? ან როგორც იქნა მოხვედი? თუ რას ელოდი? - კარებში დიდხანს უნდა ვიდგეთ? - აჰ, უნდა შემოგიპატიჟო კიდეც? - სარკაზმი ისმოდა ქალის ხმაში. - დეა, რა გჭირს? მართლა, დეა ხარ? - დაეჭვებულმა შეხება სცადა. - ნწ, არა დეა არ ვარ, მისი ორეული რობორტი ვარ! ანდრო, მისმინე, უკვე გვიანია, წადი ხომ? - სანამ არ ვისაუბრებთ არსად წასვლას არ ვგემავ. - კაცს ხმა შეუვალი გაუხდა. - კარგი, ვისაუბროთ, მაგრამ რაზე? - დეა, თავიდან ვერ შემიყვარებ? - ჰა ჰა ჰა, რა თქვი? - თავი უკან გადააგდო დევიძემ და ყოფილ ქმარს გამჭოლად გახედა, - როგორ საერთოდ არ მიცნობდი თურმე, თორემ ის მაინც გეცოდინებოდა, რომ ნაგავში გადაგებულს უკან არასდროს ვიბრუნებ. - ანუ? - ანუ ნაგავში მოსროლილია ჩემი გრძნობები შენს მიმართ და აღდგენას არ ექვემდებარება!!! - უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები. - და მე რომ მიყვარხარ? - ანდრო? რამე მოწიე? - არაა. - აბა ამ შუაღამეს რა სიყვარულის ახსნები მოგინდა? შენი ქმედებები დაგვიწყდა, აქედან რომ თავქუდმოგლეჯილი გაიქეცი? მაშინ არ გიყვარდი? როცა მჭირდებოდი, ჩემს გვერდით არ იყავი! ახლა არ გგონია, რომ დაგაგვიანდა? - ჩვენ ხომ შვილი გვყავს? - შვილი? - მკვლელი მზერით გახედა. - გახსოვს ეგ? შვილი, რომელიც მაშინ მიატოვე, როგორც კი აუტისტური სპექტრი დაუდგინდა!!! და ახლა გაგახსენდით? - დეას ხმაზე გაღიზიანება დაეტყო. - მე ... ვნანობ... - ნანობ? როდიდან? ან როდის მიხვდი სინანულს? ან ახლა რაში მჭირდება შენი სინანული? არ იცი, რომ ხანდახან სინანული ძალიან დაგვიანებულია? და დაგვიანებული სინანული პატიებას არ იმსახურებს?! რატომ? რატომ ახლა? რა დედიკოს ბიჭი აღარ ხარ? თუ მამობრივი გრძნობები ახლა რატომ გაგახსენდა? - დედიკოს ბიჭი არასდროს ვყოფილვარ! - ნესტოები დაებერა კაცს. - ვითომ? ჰმ! როგორი საცოდავი ხარ! არ ყოფილა თურმე! - სიგარეტს მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა. - როგორ დავბრმავდი, როგორ ვერ გამოგიცანი? დრო გადის და სულ ვფიქრობ, რა შეცდომა დავუშვი? ჩემს გულში როდის შემოგიშვი? - ახლა ეგ საკითხი უნდა განვიხილოთ? ეგ ხომ წარსულია? - კი, მწარე წარსული. წარსული რომელმაც აწყმო და მომავალი ამირია და ძლივს დავალაგე, ახლა ჰარმონიაში ვარ და რატომ გამომეცხადე? რა გინდა? - სიგარეტის ნამწვავი იქვე საფერფლეში ჩაასრისა. - გთხოვ, იქნებ დაფიქრდე, ვივიენის ხათრით მაინც. - არ ნებდებდა ანდრო. - შენი ცხოვრების არსი ხომ უდარდელად ცხოვრებაა? ამიტომ ასე განაგრძე, წლებია წასული ხარ ჩვენგან და ახლა რატომ მოგინდა კარგი მამობა? რატომ? რატომ ? ამიხსენი? - ხმის ტონს ვეღარ აკონტროლებდა დეა. - იმიტომ, რომ მივხვდი, რომ უდარდელობა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაზე შემიძლია, მაგრამ იცვლები, როცა ხვდები, რომ სხვისი ცხოვრება სამუდამოდ გიკავშირდება! - სხვისი? - ამ შემთხვევაში ვივიენს ვგულისხმობ. - ოჰ, როგორ გაზრდილხარ! - დეას ირონიულად ჩაეცინა, - მაგრამ ცოტა ხომ არ დაგაგვიანდა შვილზე ზრუნვა? უკვე 6 წლის ხდება, შენ კი ბოლო სამი წელია არც გინახავს და შესაბამისად არც ახსოვხარ, - უნდოდა ეთქვა სხვას ეძახის მამასო, მაგრამ თავი შეიკავა. - და მანამდე კიდე ... საერთოდ ბავშვი რამდენჯერ გყავს ნანახი? - ვნანობ, გულწრფელად ვნანობ და ვივიენთან მაინც ნუ დამიშლი ურთერთობას. - ხმა უთრთოდა და ცივ ოფლში იწურებოდა. - გთხოვ, წადი. - ხელით ანიშნა, - ვივი უშენოდაც კარგადაა. - არ გავჩერდები, ასე მარტივად არ დაგთმობთ! - წადი, წადი. - დეამ კარები ცხვირწინ მიუჯახუნა და იქვე ჩაჯდა. - ღმერთო ჩემო, დღეს როგორი კარმული დღეა... ყველას დღეს რატომ მოუნდა ჩემგან ყველა ენერგიის წაღება და გამოშრეტა? ამ ანდროს რაღა უნდოდა? საიდან გამოიჩეკა? - ძლივს წამოდგა და სამზარეულოში შეფრატუნდა. - დეა. - გაფითრებული სახით შეხედა ლილიმ ძმისშვილს. - იცოდე, მაგ ბიჭს არ შეურიგდე! - ვის? ანდროს? ჰმ! ჯერ მასე არ გავგიჟებულვარ, მაგრამ თუ შემატყობ ვგიჟდები, ეგრევე ხონში გამგზავნე! აი, მოთამაშე და უპასუხისმგებლო ადამიანს რატომ უნდა დავუბრუნდე? კიდევ კარგი ეგ სახლი მაინც, რომ დამრჩა. - შეიძლება ისევ ვალები აქვს. - ოჰ, მერე მისი დედიკო რას მიკეთებს? ვეღარ უსტუმრებს ნეტა? - არ ვიცი, არ ვიცი. რადგან გამოჩნდა, ხომ იცი რომ თავს არ დაგანებებს? - მერე 112-ში ზარი და შემკავებელი ორდერი გამოეწერება მაშინვე და თუ ძალადობას დააპირებს, ციხეში გავუშვებ! ხომ გითხარი წეღან, დღეიდან ჩემი მიზანი რაც არის? ძლიერი დედა უნდა ვიყო და მხოლოდ ვივისთვის ვიცხოვრო. - შუბლზე აკოცა მამიდას და დასაძინებლად წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.