შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფლისწულის დაბადება (თავი პირველი)


22-07-2022, 15:07
ნანახია 974

დიდებული მეფე ერონიდასი თავის ულამაზეს და გამჭრიახ დედოფალ კასალანდრასთან ერთად დიად სასახლეში, გოლუნდირში, ცხოვრობდა.
გოლუნდირი მტკიცე, ძლიერი და გაუტეხელი სასახლეა. მისი მშენებლობა ხუთასი წლის წინ დაიწყო და აწ უკვე ოთხას ოთხმოცდამეჩვიდმეტე წელი უსრულდება, რაც ასე უდრეკად დგას და ამაყად გადაჰყურებს ნოყიერ მინდვრებსა თუ ტრამალებს. სასახლის აგებაში საუკეთესო ოსტატი ელფები, გოლიათები, ბლიზერები, ცხვირაცვლილები, მიწამხვრელები და ჯადოსნებიც კი მონაწილეობდნენ.
რა საოცარი სანახავია ეს დიდებული სასახლე! ბევრისთვის რომ გეკითხათ, გოლუნდირი ამქვეყნიურ სამოთხეს წარმოადგენდა. თვითონ გოლუნდირი კი ორი სიტყვისგან წარმოდგება და ელფურად „მარმარილოს სახლს“ ნიშნავს.
თეთრი, ქათქათა სასახლე სამოთხის ბაღების ცენტრში დგას. ბაღი კიდევ ცალკე სანახაობაა. პირველი, ყველაზე ფართო და განიერი სართული, რომელსაც გრძელი, ცისფერი ქვისგან გამოთლილი აივნის იატაკი აქვს, ღია ყვითელი, სალათისფერი და ალაგ-ალაგ წითელი ქვებითაა მოპირკეთებული. შიგა და შიგ ელვარებენ თეთრი ალმასებიც.
პირველი სართული დიდად ფართო გახლავთ, შესაბამისად, საიმისო ადგილიც დარჩება, რომ ამ აივნიდან ბუმბერაზი დროშა გადმოიშალოს უზარმაზარი ელფური სიმბოლოთი ცენტრში.
მეორე სართული ჩირაღდნებანთებულ სარკმელებს მოგაგონებთ: კრიალა ფანჯრებს ორივე მხრიდან, შუაში, ყველაზე დიდი და მათზე აღმატებული სარკმელი ჰყოფს. მაღალი, სქელშუშიანი ფანჯრიდან ყოველთვის კაშკაშა სინათლე იღვრება. ყველას თვალს სჭრის ის ბრწყინვალება და იდუმალება, რომელიც ფანჯრებს მიღმა იმალება. მეორე სართულის პატიოსანი თვლებით მოკირწყლული კედელი მზის სხივებზე ათასფრად ირეკლება.
ფანჯრებს ზემოთ, სასახლის მეორე სართულის თავზე, ვიწრო აივანია გადაშლილი. მწვანენარევი ცისფერი მარმარილოს აივანი მზის ჩასვლისას ყოველთვის ღია ვარდისფერ შეფერილობას იღებს, რაც ერთდროულად საოცარიცაა და შთამბეჭდავად ლამაზიც. ზედა აივნის იატაკი ღია ნარინჯისფერი მოზაიკებითაა მორთული, რაც ელფური დინასტიის სიდიადეს გადმოსცემს.
გოლუნდირის მესამე, დამაგვირგვინებელი ნაწილი მიწამხვრელების ქუდს მოგაგონებთ, რომ არა მისი კონუსისებრი ფორმა, ვერცხლისფრად რომ ელვარებს ციმციმა თოვლივით. მესამე სართულს ის სამკაული ხდის გამორჩეულს, შუაგულში რომ აქვს დაჭედილი - დიდი, მრგვალი, თვალისმომჭრელი. უშველებელ ოქროს ბურთში ზურმუხტის რომბები თამაშობენ. ამ პატარა ფორმებს შორის კაშკაშა გამჭვირვალე ალმასები იჭყიტებიან. „ოქროს გვირგვინის“ შემდეგ ჯერი „ვერცხლის თასზე“ დგება. ბზინვარე თეთრი ვერცხლის ფონზე გიშრის თვლები მოწმენდილ ცაზე მოკაშკაშე შავ ვარსკვლავებს მოგაგონებთ, მათ გვერდიგვერდ კი საფირონის ცისფერი ქვებია ჩამწკრივებული. ყველაზე მცირე ადგილი უკავია პატარა წრიულ სივრცეს, რომელიც ზემოხსენებულ წრეებს შიგნით მოქცეულიყო, მასში ხომ ათასფრად კიაფობენ ნაირგვარი ფერები. რას ნახავს მოკვდავის თვალი ამაზე უკეთესს! მას სახელად ალრონდი ჰქვია, რაც ელფურად „კაშკაშა ბურთს“ ნიშნავს. მუქ ვარდისფერ, ცისფერ, მწვანე, წითელ და კიდევ რა ფრად აღარ კაშკაშებს ეს ქვის ნატეხი მზისა თუ მთვარის სხივებზე. მისი ანარეკლები კი იფანტება, მაგრამ ბოლოს ერთმანეთში იკვეთება და იბლანდება ერთი რომელიმე კუთხის კუნჭულში.

სამოთხის ბაღები, სადაც გოლუნდირი მდებარეობს, კიდევ ერთი წარმტაცი სანახაობაა. მწვანე, აბიბინებულ ბალახს შორის ბილიკები გადის. თეთრი ბილიკები, რომლებსაც მზე ღია ყვითელ შეფერილობას აძლევს და მის ქვეშ ნიადაგს ნოყიერს ხდის. ბაღებში, ერთმანეთისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ქვისგან კოხტად გამოთლილი სკამები დგას, საიდანაც ბაღების სილამაზით დანაყრებულს, მოკალათებულს შეგიძლია ადევნო თვალი დიდ, წითელ ბურთს, რომელიც, მთებს შორის, სასახლის მიღმა იპარება.
ამ მწვანეში ჩაფლულ სამოთხეში, სკამების სიახლოვეს ჰკიდია ყვავილებმორთული ჩირაღდნები, რომლებიც მთვარის გამოჩენისთანავე წითელი ცეცხლით იწყებენ გიზგიზს. ყვავილების როლი სამოთხეში ყოველთვის დიდია და არც აქ არის გამონაკლისი - რა ჯიშის, ფერისა თუ სურნელის ყვავილს აღარ ნახავს თვალი: მუქ თუ ღია იისფერ იებს, ნაირფერ მიხაკებს, ნაზ შროშანსა თუ ზამბახს, ორქიდეას, ნარცისს, მკრთალ გვირილებს, სისხლისფერ ტიტებს. მაგრამ ვარდი განსაკუთრებული სილამაზითა და მზრუნველობით გამოირჩევა, რადგან ის დედოფალ კასალანდრას საყვარელი ყვავილია და ხშირად შეხვდებით წითელ თუ თეთრ ვარდებს მის სასახლესა თუ გვირგვინზე.
ბაღებში ვარდი სხვადასხვაგვარია: ველურიც და მოშენებულიც, გაშლილიც და გაუხსნელიც. ფერებს კი რა გამოლევს: ხასხასა წითელი, თოვლივით ბზინვარე თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი, მელნისფერი, ნაცრისფერი, მუქი იისფერი და სალათისფერიც კი.
ერთნაირი ჯიშის სხვადასხვაფერ ყვავილებს, ან პირიქით, ერთ კონად უყრიან თავს პატარა ფართობზე და ამრავალფეროვნებენ მსუბუქ, მწვანე ბალახს. მათი ტკბილი სურნელება არემარეს აბრუებს.
ბაღის კუთხეებში მწკრივადაა აღმართული ატმის, ალუბლის, ვაშლის, კაკლისა თუ მსხლის ხეები, რომელთაც მეორე კუთხეს წიფლის, არყის, ალვის, ტირიფისა და ჭადრის ხეები უმშვენებენ.
გოლუნდირის შესასვლელთან მარმარილოს გრძელი კიბე ადის. კიბის წინ ქათქათა მრგვალი აუზი ყოველთვის სავსეა წყლით, რომელიც ჰასიკის თეთრი ქანდაკებიდან შადრევნის სახით ისხმება. ზამთარში აუზი მთლიანად იყინება და მასში კამკამა წყალი უძიროდ ღრმა მოგეჩვენებათ. სასახლის აუზი ამ სეზონზე განსაკუთრებით ლამაზია, რასაც წყალში, დროდადრო, ალმასების ციმციმი ემატება. წყლის გარშემო ქვები ნაირნაირი თავმომწონე თვლებითაა მოპირკეთებული, რომლებიც ელფის თვალებივით ბრწყინავენ.
აუზის გარშემო წელიწადის ოთხი სეზონის სამეფო დელონიქსი დგას. ყოველი ზამთრის დადგომისას ხეს ვერცხლისფერი, ბზინვარე ტოტები ეყინება და მისი ფოთლებიდან გაყინული კრისტალები მიწაზე დახეთქებას ლამობენ. გაზაფხულისას დელონიქსს, მის მოახლოებისთანავე ტოტებში სიყვითლე ეპარება და სეზონის ბოლოს უკვე ფესვებიდან კენწერომდე მუქ ყვითელ შეფერილობას იღებს. ზაფხულის წყურვილი და სიცოცხლის ხალისი მისი მომასწავებელი ხის ყოველ ფოთოლს ეტყობა. ტოტები თითქოს ცეცხლის ალში ეხვევიან. ცოტაც და აგიზგიზებული დელონიქსი არემარეს გადაწვავს თავისი მუქი ვარდისფერი და წითლად აალებული ფოთლებით. შემოდგომის დადგომისას დელონიქსი ოქროსფერ ფონზე იწონებს თავს. შემოდგომის მოახლოებისთანავე ნარინჯისფერი სამეფო ხის ძირში ცეცხლის ხალიჩა ეფინება ჩამოცვენილი ფოთლებით. ეს ოქროს ბზინვარე ხალიჩა თანდათან უფრო ფუმფულა ხდება, როდესაც აშრიალებულ ტოტებს ჭრელ-ჭრელი ფოთლები ნაზად სწყდება და ძირს ეშვება. ბევრ ცელქ ფოთოლს ხშირად აუზის წყალშიც უბანავია.
გოლუნდირი თავის ბაღებთან და გარშემო მინდვრებთან ერთად, სწორედაც რომ ამქვეყნიურ სამოთხეს წარმოადგენს.




* * *
იმ დღეს, როცა გაყინული დელონიქსი თავის უკანასკნელ საათებს ითვლიდა, სამეფოში დუმილი და მღელვარება სუფევდა: დედოფალი კასალანდრა უფლისწულის გაჩენას ელოდებოდა.
მზე ნელნელა იჭყიტებოდა ღრუბლების ფუმფულა საბნიდან და ერთი სული ჰქონდა, როდის გააფერადებდა მდუმარებას. დელონიქსის ლოლოები თანდათან ლღვებოდა და მისი წვეთები თავმოღერებულ, სულსწრაფ ენძელებს გაღვიძებაში ეშველებოდა. ეს ყვავილი ყოველთვის პირველი ეგებებოდა მზის სითბოსა და სხივებს. გამლღვარ აუზში ფარფატა თევზები მოუსვენრად დაცურავდნენ. ბუნება რაღაცის მოლოდინში მიყუჩებულიყო. ბაღში სულიერის ჭაჭანებაც არ იყო, მხოლოდ პატარა ბეღურები თუ მოფრინდებოდნენ დროდადრო ჭიკჭიკით, ახალი ამბის გასაგებად. ზამთარი ასეთი მდუმარე არასდროს ყოფილა. გაზაფხული წუთი წუთზე შემოამტვრევდა სქელ ყინულს და გარემოს შეეგებებოდა.
მყუდრო სიჩუმეში უცებ გაბმული ტირილი გაისმა, რასაც შეძახილები და ჟივილ-ხივილი მოჰყვა - უფლისწული დაიბადა!
პატარა ოქროსთმიანი ჰარინი უკვე გამოცდილი თვალით აკვირდებოდა გარშემომყოფებს და უკვირდა მათი ასეთი საქციელი. უფლისწულს სახელად არლონდირი დაარქვეს, რაც ძველ-ელფურად „მზის სხივს“ ნიშნავდა. მართლაც რომ, მზის სხივივით კაშკაშა და ნათელი იყო. ქვეყნიერების რომელი მხრიდან აღარ მოდიოდნენ მეფე-დედოფალთან მოსალოცად. უფლისწულის დეიდამ, რომელიც მეფე ერონიდასის უმცროსი ძმის, სალდრინის ძვირფასი მეუღლე გახლდათ, ოქროს ამულეტი უძღვნა უფლისწულს ავი თვალისგან დასაცავად. კოხტად მოპირკეთებულ ძღვენს ცენტრში მზის დიდი სიმბოლო ჰქონდა, მის გარშემო კი ოთხი რომბი ბრუნავდა, რაც სამყაროს აღნიშნავდა. იმ სამყაროს, რომელიც ერთ დროს შესაძლოა ამ ახლადდაბადებული უფლისწულის ხელში გადასულიყო.
-დაე, ეს დიადი მანათობელი ყოფილიყოს შენი გზის გამკვლევი, ჩემო პატარა მზის სხივო! - ალერსიანად დალოცა დეიდა მილჰანირმა დისშვილი. მას სინაზე, ალერსი და ტკბილი სიტყვა სჩვევოდა.
მუდამ მოღიმარი მილჰანირი კასალანდრას უმცროსი და იყო. თვითონ სახელი მილჰანირი „მხიარულებას“, „სიცილსა“ და „ხალისს“ ნიშნავდა. ელფები მისგან ყოველთვის კარგ ამბავს იგებდნენ და მეტსახელად „სიხარულის მომტანს“ ეძახდნენ.
მაღალ, წელში გამართულ ჰასიკის ყველა მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდა. ყველას უყვარდა ცქრიალა და ახალგაზრდა ქალბატონი.
მილჰანირს გიშერივით შავი თმა ჰქონდა. მასში ხშირად ბზინავდნენ პატრონივით ლამაზი ალმასები ან ალმასებით მოპირკეთებული ნაზი დიადემა. გრძელი, სწორზე სწორი თმა წელამდე სწვდებოდა. თეთრი პირი-სახე და ხელები ჰქონდა. ნაცრისფერ თვალებში ყოველთვის კაშკაშა შუქი უთამაშებდა და ვარსკვლავებივით ანათებდა. ნაზი, ვარდისფერი ტუჩები მუდამ უღიმოდნენ. თმიდან დაცქვეტილ ყურებზე სხვადასხვანაირი მოსართავ-მოსაკაზმი ეკეთა, რაც მას უფრო მოხდენილსა და მიმზიდველს ხდიდა. ფარფატა ტანზე გრძელი, მსუბუქი კაბები ეცვა, ძირითადად თეთრი, ღია ყვითელი, ცისფერი და იისფერი, მთვარის შუქზე ყოველთვის ვერცხლისფერი ბზინვარება რომ ეპარებოდათ. ფეხებზე კოხტა სანდლები მოხდენოდა, ყვავილებითა და ზურმუხტით დამშვენებული.
მიმზიდველ მილჰანირს მეუღლეც შესაფერისი უნდა ჰყოლოდა და ასეც იყო. ერონიდასმა უმცროს ძმაზე თავიდანვე იზრუნა და გაუდაბნოებული მხარის სამართავად გაგზავნა. სალდრინმა ძმისა და საკუთარი გამოცდილება და სიბრძნე გამოიყენა და ერთ დროს გაუკაცრიელებული მიწები ნოყიერ მინდვრებად აქცია. მას ყველაფერში ძვირფასი მილჰანირი ეხმარებოდა და ხშირად აძლევდა სასარგებლო რჩევას.
ხესავით ატოტილ, ახალგაზრდა, ძლიერ სალდრინს ხელთ არცთუ ისე მწირი, შეიძლება ითქვას, საკმაოდ დიდი ძალაუფლება ეპყრა.
სალდრინს ჩალისფერი გრძელი თმა ერთ კონად შეეკრა ძირში. ყოველთვის ამაყად დააბიჯებდა თავისი ატოტილი ქალამნებით, შარვლითა და ნაირნაირი ბზინვარე მოსასხამებით. მისი ლამაზი, ყავისფერი თვალები ყოველთვის სიბრძნეს გამოსჭვიოდნენ.
იმ, ოდესღაც გაუდაბნოებულ მხარეს, რომელსაც სალდრინი განაგებდა, დრინგოლდურს უწოდებდნენ, რაც ელფურად „უდაბნოს სამოთხეს“ ნიშნავდა. ამწვანებული და აბიბინებული ადგილები საღამოობით თეთრი შუქებით იფინებოდა, რაც ელფური ჯადოსნობის დამსახურება იყო. ამ მხარეში ელფები პატარ-პატარა ხის სახლებში ცხოვრობდნენ. მდელოზე ათასობით ასეთი სახლი იდგა და შიგნით მუდამ თეთრი შუქი ენთო. მათი მმართველები კი წვრილსაფეხურებიან, მაღალ, ხით მოპირკეთებულ სასახლეში ცხოვრობდნენ. ეს ნაგებობა ზემოდან სულ ხისგან იყო მორთული და თავისი სილამაზითა და სიმტკიცით გამოირჩეოდა. თითქოს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ხის სახლი ყოფილიყო, მაგრამ დიდი ოსტატობისა და ხელობის წყალობით, მისგან თვალის მოშორება ადვილი სულაც არ იყო.

უფლისწულმა თითქოს გაიგოო დეიდის სიტყვები, მხიარულად ახითხითდა. ამ საღამოს ბევრ სტუმარს ელოდნენ და ასეც მოხდა. ჯუჯები, ფერიები, ბლიზერები - ყველა ჯიშისა და გვარის არსებას სასახლესთან მოეყარა თავი. დაბინდებისას გოლუნდირის ბაღები მორთულ-მოკაზმული არსებებით აივსო. ყველას როდი ხვდა წილად უფლისწულის ხილვის ბედნიერება. ვინც სურვილი მოიკლა, სხვებს უზიარებდა თავის შთაბეჭდილებებს.
ჩირაღდნების ანთებასთან ერთად მუსიკა და მხიარულებაც დაიწყო. უცხო მხარის სტუმრებმა აღტაცება ვერ დამალეს, როცა ბაღში, მათ თვალწინ უზარმაზარი მაგიდა თავისით გაიშალა მთელი ეზოს სიგრძეზე და რამდენიმე წამში მასზე ყველანაირი კერძი გაჩნდა, რაც კი მოიპოვებოდა.
უცებ, აივანზე კასალანდრას სიფრიფანა კაბა აელვარდა და იქ შეკრებილებმა მეფე-დედოფალი იხილეს, უფლისწულით ხელში. ყველა აჟრიამულდა. ტაშისკვრამ და ჭიქების კაკუნმა იქაურობა წალეკა. ერონიდასმა ხელის აწევით დააშოშმინა მოყიჟინენი:
- თქვენ ყველანი საერთო მიზნით შეიკრიბეთ აქ და ეს მე ძალიან მახარებს. უფლისწული, რომლის დაბადებასაც ჩვენ ასე მოუთმენლად ველოდით, ახლა თქვენ წინაშეა. შეეგებეთ და მიიღეთ, როგორც თქვენი მომავალი მეფე და გვარის გამგრძელებელი! შეგიძლიათ სუფრას მიუსხდეთ. მხიარულებას გახსნილად ვაცხადებ!
ეს სიტყვები პირველი და საბოლოო აღმოჩნდა. ერონიდასის ხელების აღმართვა და ინსტრუმენტების აყვირება ერთი იყო.
გოლუნდირში კიდევ ცალკე მაგიდა გაშლილიყო. მეორე სართულზე, დიდ კუთხოვან მაგიდაზე, დიდებული სუფრა გაეშალათ. თავში მას მეფე-დედოფალი, ხოლო გარშემო სამეფო ოჯახთან ყველაზე დაახლოებული ელფები ისხდნენ. უფლისწულს, მიუხედავად დიდი ჩოჩქოლისა და ხმაურისა, დიდ აკვანში მშვიდად და ტკბილად ეძინა. ესეც ელფური ჯადოქრობა იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent