კომუნისტი (მეორე თავი)
მეორე თავი ძალიან მინდოდა ერთი საღამო მარტოს გამეტარებინა. თანმხლები პირების გარეშე უბრალოდ მებოდიალა და მეღო ფოტოები. ზედმეტი, არაფრისმომცემი, ფასადური დიალოგებისა და კითხვების გარეშე. დამესვენა მომაბეზრებელი თარჯიმნისა და კუთხე-კუთხე ვითომ კონსპირაციულად დამალული ლანდებისგან. ხომ ვითომ არაფერი, არც ვინმე მზღუდავდა, არც ახლოს მოდიოდნენ, მაგრამ დამიჯერეთ მაინც მოქმედებდა, როცა ვგრძნობდი მუდმივად როგორ მაკვირდებოდნენ, თითქოს უცხო ჯიშის ცხოველი ვიყავი, რომლისგანაც საფრთხეს ელოდნენ. ქალაქის ცენტრში თავს იწონებდა 18 სართულიანი, აშკარად ახალი აშენებული მოდერნისტული არქიტექტურის ნაგებობა, სასტუმრო „ინტურისტი“. მეც სწორედ აქ დავბინავდი. პირველივე რაც გავაკეთე ფანჯრები გავხსენი და დილის გრილი ჰაერი ფილტვებში ღრმად ჩავუშვი. თვალწინ ხელისგულივით გადაიშალა მთელი ქალაქი. მინდა გითხრათ, რომ არა ცენტრში ასვეტილი დიდი ბელადების ძეგლები თბილისს იტალიასაც კი მივამსგავსებდი. ყველაზე მეტად რაც თვალში მომხვდა ავტომობილების სიხალვათე გახლდათ. ყველგან მშენებლობა იყო წამოწყებული. კომუნიზმის „აღმშენებელი ხელი“ ერთმანეთის მსგავსი სოკოებივით ასვეტილი კორპუსების სახით ცხადია აქაც ეტყობოდა, მაგრამ ჩემი ყურადღება თბილისის ძველმა ნეგებობებმა უფრო მიიქცია. ბევრი არ მიფიქრია, წყალი გადავივლე, სპორტულად, ტავისუფლად გამოვეწყე, განუყრელი აპარატი მოვიმარჯვე და წავედი თავგადასავლების საძიებლად. დროის აღქმა დამეკარგა, დავდიოდი ქუჩა-ქუჩა, წვრილი, პატარა ქვაფენილიანი ქუჩების გასწვრივ წითელი კრამიტით გადახურული აივნებიანი სახლები იწონებდა თავს. ვიღაცის მადლიან ხელს თითოეულ მათგანის ჩუქურთმები საგულდაგულოდ ისე გამოეყვანა, რომ ხელოვნების ნიმუშად ექცია. ჩემთვის საინტერესო კადრებს ფირზე აღვბეჭდავდი. მდინარე მტკვარი ორად ყოფდა ქალაქს, თითქოს თავად ბუნებამ მოინდომა ასე. ცალ მხარეს ძველი შენობები, თბილისის ისტორიული ნაგებობები იწონებდნენ თავს, მეორე მხარეს კი ახალი თბილისი ისხამდა ხორცს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ კარკასები და ამწეები იდგა. საინტერესოა როგრი იქნებოდა 20 წელიწადში ეს პატარა კოხტა ქალაქი, რომელსაც მიუხედავად კომუნიზმის მკაცრი ხელისა, მაინც შენარჩუნებინა ტაძრები და ეკლესიები, დიახ არ ცდებით, სანაპიროზე ერთმანეთის მიყოლებით ამდენი ტაძარი სხვა ქალაქში არც კი მენახა, აქ კი თითქმის ყოველ კუნჭულში გუმბათსა და ჯვარს ვხედავდი და რამდენად უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო იქვე იდგა სინაგოგაც და მეჩეთიც. მრგვალმა მოზაიკით მოხატულმა გუმბათებმა და იქვე მყოფნა გოგირდის სუნმა თბილისის კოლორიტად ქცეული აბანოების იქვე ყოფნაც მამცნო. მაგრამ ჩემი ყურადღება კლდის თავზე აღმართულმა ტაძარმა უფრო მიიპყრო და გეზიც იქით ავიღე. ჩემი ყურადღება უცნაურმა, სიმღერის მსგავსმა ბგერებმა მიიპყრო, აი თურმე როგორი ყოფილა ქართული ენა. ტაძრისკენ მიმავალი ხუთიოდე გოგონა ლაპარაკ-პალარაკით, ლაღი სიცილით მიუყვებოდა აღმართს. ყავისფერ კაბებს თეთრი, გახამებული წინსაფრები უმშვენებდათ, ხელში „საკვოიაჟი“-ს ფორმის ტყავის ჩანთები ეკავათ. ვერ ვიტყოდი რომ ლამაზები იყვნენ, მაგრამ საოცრად ცოცხალი, მკვირცლი თვალები ნამდვილად ქონდათ. გრძელი წაბლისფერი თმები ერთმანეთის მსგავსად ორად გაეყოთ, მსხვილ ნაწნავებში თეთრი ბაფთები ლამაზად ჩაეგრიხათ. მკერდზე დაბნეული კომკავშირლების (სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი) ნიშნითა და წითელი ყელსახვევებით მაშინვე მიხვდებოდი სკოლის მოსწავლეების რომ იყვნენ, მაგრამ პატარა კომუნისტებს ასეთ დროს აქ რა უნდოდათ? სიცილი ვეღარ შევიკავე, როცა კომკავშირლების ნიშნები და ყელსახვევები მოიხსნეს. აქეთ-იქით მიმოიხედეს, როცა დარწმუნდნენ რომ საფრთხე არ ელოდათ, ჩანთებში დაუდევრად ჩაკუჭეს და ტაძრისკენ გაიქცნენ. არც მე დამჭირდა დიდი დრო. თაფლის სანთლისა და საკმევლის სუნი სასიამოვნოდ მომეღიტინა ცხვირში. პატარა, კომუნისტი, ვითომ ათეისტი ქალბატონები ხატებსა და სასანთლეებს მონდომებით ასუფთავებდნენ. თითოეულ მათგანს სათუთად ეფერებოდნენ და ისევ უკან ასვენებდნენ. იქვე ტრიალებდა უკვე ასაკში შესული მამაოც. ფოტო-აპარატზე უსიტყვოდ მიმანიშნა არ გამომეყენებინა, მეც აღარ შევეწინააღმდეგე, სასანთლეში ერთი სანთელი დავანთე და ტაძრიდან გამოვედი. ზუსტად ვერ ავხსნი ასე რამ გამახარა, მაგრამ უსაზღვრო ბედნიერების შეგრძნებით ავივსე, ფილტვები აშკარად სულ სხვანაირად სუნთქავდა. ცოტახანს კიდევ გავჩერდი, ზემოდან გადმოვყურებდი თბილისს, ცოტა არ იყოს ვინანე კიდეც თარჯიმანთან ერთად რომ არ ვიყავი, სხვა თუ არაფერს, ისტორიას მაინც ხომ მომიყვებოდა. თუმცა ყველაფერი წინ მქონდა. რაც მთავარია ამ პატარა, მოწითალო აგურისფერ ქალაქში ხალღი იღიმოდა. სიცოცხლე დუღდა. დიახ, თავი იმდენად კომფორტულად ვიგრძენი თითქოს სამშობლოში დავბრუნდი. საათს დავხედე, შუადღის 12 საათს მიჩვენებდა. სასტუმროში დაბრუნების დრო იყო. მალე ჩემთვის გამოყოფილი გიდ-თარჯიმანიც მოვიდოდა სასტუმროში და ალბათ ძებნას დამიწყებდნენ. ერთხელ კიდევ გავხედე ამაყად მომზირალ ტაძარს და სასიამოვნო ემოციებით დატვირთული, ბედნიერი დავუყევი დაღმართს. სულ რაღაც ნახევარ საათში სასტუმროში ვიყავი. მოსაწესრიგებლად დიდი დრო არ დამჭირდა, უცებ გამოვიცვალე და მიმღებში ჩავედი. - თქვენთან სტუმარია. - ტყავის სავარძელში მჯდომ ქალიშვილზე მიმითითა რეგისტრატორმა. ზურგით მჯდომი გოგონა წელში იმდენად გამართული იჯდა, რომ შორიდან მანეკენიც კი გეგონებოდათ, გრძელი ტალღოვანი წაბლისფერი თმა მხრებს უფარავდა, თეთრი გახამებული პერანგი და ღია ცისფერი, შლაქსის სტილის ჯინსები ეცვა. მაღალ ხის ქუსლლებიან საბოებზე. ვერცხლისფერი მეტალის სანაყინით შოკოლადის ნაყინი ეგდა და იმდენად გემრიელად მიირთმევდა ნერწყვიც კი გადამცდა. - მოგესალმებით, იმედია დიდხანს არ მოგიწიათ ცდა! - იტალიურად მივესალმე უცნობს. - გამარჯობათ! არა, რას ბრძანებთ! - ფეხზე წამოდგა ქალიშვილი და მისასალმებლად ხელი გამომიწოდა. რამდენიმე წამით დავიბენი, რატომღაც სულ სხვანაირი წარმომედგინა ქართველი თარჯიმანი. ჩემი რეაქცია არ გაკვირვებია, ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა, საკუთარ ადგილს დაუბრუნდა და ისევ ნაყინს მიუბრუნდა. სუნთქვა შეკრული ვუმზერდი. იქნებოდა ალბათ 20-დან მაქსიმუმ 25 წლამდე, ცალ-ცალკე რომ დაკვირვებოდი ბევრ ნაკლს შენიშნავდი. ოდნავ კეხიანი ცხვირი, თხელი გამოყვანილი ტუჩები. პერანგის ჩახსნილი ღილებიდან მოუჩანდა სიგამხდრისგან ამოწეული ლავიწის ძვლები, ყვრიმალები და ცხვირი ალაგ-ალაგ ჭორფლს დაეფარა, მაკიაჟს არ ხმარობდა, ან უბრალოდ ჩვენი შეხვედრისთვის გაპრანჭვა არ ჩათვალა საჭიროდ. არც დიდი მკერდი ქონდა, არც მრგვალი ფორმები, რაც ქალში ასე ძალიან მომწონდა, მაგრამ ვაღიარებ რომ ასეთი სილამაზე არასოდეს მენახა. თვალები ქონდა სასწაული. დიდი, თაფლისფერი, წყლიანი, თითქოს სატირლად გამზადებული, მაგრამ ოდნავ გაიღიმებდა თუარა, მაშინვე ანცი ჭინკები იწყებდნენ ხტომას, იღიმოდა და ოდნავ გვერდულად უტყდებოდა ტუჩთან. სიცილის დროს, ალბათ ბავშვობის დროინდელი ონავრობის კვალი, პატარა იარაც ჩანდა ვარდისფერ ზოლად და ლოყებზეც პატარა ნასვრეტები უჩნდებოდა. ჩემი დაჟინებული მზერა ეუხერხულა, ლოყები წითლად შეეფაკლა, მაგრამ თვალის არიდება აზრადაც არ მომსვლია. ხმას არ ვიღებდი, უბრალოდ ვტკბებოდი მისი მზერით, მასში იყო რაღაც უცხო, ძალიან ეგზოტიკური, ალბათ მხოლოდ ქართველი ქალისთვის დამახასიათებელი, რამაც იმდენად მომნუსხა მუდამ კომუნიკაბელური, უბრალოდ დამამუნჯა. - მანანა მთსითუღი? - ბეიჯზე ამოტვიფრული მისი სახელი და გვარი ძლივს წარმოვთქვი. - მანანა მწითური ... - დუმილი დაარღვია ქალიშვილმა. - ბატონო? - ქართულად ასე გამოითქმის, მანანა მწითური. - მთსი... - საკუთარ ფუჭ მცდელობაზე, სწორად წარმომეთქვა თავადვე გამეცინა. - ეგ არაფერი, ქართული ასოები რთულად წარმოსათქმელია, ლათინურად სწორად ამბობთ. - სიცილი ვერც მან შეიკავა, თუმცა სწრაფადვე დასერიოზულდა - მისტერ პოლ. გავეცანი ჩვენს გეგმას. როგორც ჩანს, ჩვენი სამშობლოს, საბჭოთა ხალხისა და კულტურის გაცნობაში უნდა დაგეხმაროთ. უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. - არა, სხვა მიზნით ბრძანდებით? რამე შეცდომაა? - ისევ ჩახედა წინ მოთავსებულ გრაფიკს. - დიახ, ნაწილობრივ. ჩემი მზიანი მართლა თქვენი სამშობლოს გაცნობაა, მაგრამ საბჭოთა კავშირის კი არა, რეალური საქართველო მინდა ვნახო. -ბოლო სიტყვები ჩურჩულით წარმოვთქვი. ჩემი სიტყვებით გამოწვეული გაოცება უნდობლობამ მალევე შეცვალა. აშკარად ეჭვით დამაცქერდა. - ვერ მიგიხვდით! - გაღიზიანება ხმაშიც შეეტყო. - ქალბატონო მანანა... - ქალბატონო არა, ამხანაგო! - კბილებში გამოსცრა მიმართვის კომუნისტური ფორმა. - თქვენი გაღიზიანება არ მინდოდა. მაგრამ მე ამ პატარა ქვეყნის გაცნობა მინდა, მისი ხალხის, მისი ტრადიციების და არა იმის რასაც გაზეთებში გვთავაზობენ. - ბატონო პიერ... - ამხანაგო! - ამჯერად მე შევუსწორე ღიმილით. - უკაცრავად. მაგრამ მე ჩემი ვალდებულებები მაქვს. - მეტი თვალსაჩინოებისთვის წინ დამიდო განრიგი - ვერ დავარღვევ. თქვენი შემოტავაზება კი ჩავთვლი არც მომისმენია. ალბათ, უკეთესი იქნება თარჯიმნის შეცვლა მოითხოვოთ. - რატომ? სულაც არ მინდა თქვენი შეცვლა. - ამხანაგო პიერ, არ ვიცი, რას წერთ ან რას ეძებთ. მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ საბჭოთა კავშირში ბრძანდებით. არ არსებობს არც საქართველო, არც აზერბაიჯანი, ან რომელიმე ნებისმიერი რესპუბლიკა... - თვალები უელავდა სიბრაზისგან. - თქვენი განაწყენება არ მინდოდა. მოდით სწორად ვიტყვი, მე საბჭოთა რესპუბლიკების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, საქართველო უნდა დავათვალიერო, და ამაში თქვენი დახმარების იმედი მაქვს. უარს ხომ არ მეტყვით? - რომც მინდოდეს, ვერ გეტყვით! - მიუხედავად მისი უკმაყოფილო ხმის ტონისა, ინტუიცია მკარნახობდა, რომ ამ გოგონაში მისხალიც კი არ იყო კომუნისტური იდეოლოგიის, მისი ტემპერამენტი, მისი ელვარე თვალები კი დასათმობად ნამდვილად არ მემეტებოდა. პირობა არ დამირღვევია, წამითაც კი არ გადაგვიხვევია გეგმაში მითითებული გრაფიკისთვის. მოვინახულეთ ღირსშესანიშნავი არგილები, ოპერის ახალი თეატრი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც მეტ-ნაკლებად შემონახული იყო ძველი ქართული ნივთები, ღვინის შენახვის ქართულმა ტექნოლოგიამ, ქვევრმა ხომ საერთოდ მომხიბლა, ასეთი რაღაც არასოდეს მენახა, მაგრამ უკმარისობის შეგრძნება მაინც არ მტოვებდა. რაღაც ყურადღების მიღმა მრჩებოდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. [justify][/justify] |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.