შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელფერის სასახლის ქურდი (თავი 6)


26-07-2022, 22:38
ნანახია 951

კაცი მიეფარა თუ არა თვალს, ხეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ახლაღა იგრძნო რაღაც ძლიერი, რომელიც უკვე აგიჟებდა... ეს ელაინის ხელები იყო. სწორედ იმან დაუკარგა მოსვენება. შეშფოთებული წამოხტა, გასწორდა, კაბა დაიფერთხა და გზას დაადგა. სრულიად არ აქცევდა ყურადღებას სად მიდიოდა, სიო სახეში ელამუნებოდა, ბედნიერი მისეირნობდა და ღიღინებდა...
ვერც შეამჩნია, როდის მოიღრუბლა და უცბად დაუშვა წვიმამ... ქალი ისე იყო გართული, ვერც იგრძნო როგორ სველდებოდა...
როცა სიცივისგან შეაკანკალა, თავისი ბავშვობის ხეს შეაფარა თავი. ამ დროს ცხენის ფლოქვების ხმა გაიგონა. ელაინი დაბრუნდა. კაცმა ცხენი გააჩერა და ქალს ზემოდან დახედა:
_ სადაც დაგტოვე იქ რატომ არ იყავი?!
_ იმიტომ, რომ არ გეპოვე! _ უთხრა გაღიზიანებულმა.
_ ადექი! მივდივართ! _ კაცმა ქალს შეხედა, რომელიც ისევ იჯდა და არ ინძრეოდა.
_ ჯერ მხეცებს არ შევუჭამივარ! კიდევ ვიქნები აქ თუ გინდა! _ თქვა მკაცრად და ხეს მიეყუდა, სიცივის მიუხედავად, რომელსაც მის კაბაში გაეღწია.
კაცი ჩამოქვეითდა და ქალს ხელი მოჰკიდა: _ კიდევ ვერ მიხვდი, რომ მე უნდა დამემორჩილო და რასაც გეტყვი, შეასრულო?!
_ ვერა!
_ კარგი! თუ ასეა, ღამე აქ მოგიწევს დარჩენა და რადგან ჩემნაირი მხეცის არ გეშინია, იქნებ ნამდვილი მხეცების მაინც შეგეშინდეს! _ თქვა და ისევ წავიდა. სასახლისკენ მიაჭენებდა იმაზე გაბრაზებული, ასე რომ ექცეოდა ქალი, მკაცრად და ქედმაღლურად. ეზოში შესული დედამისმა დაინახა:
_ ისევ დატოვე ტყეში ფერი?! ხომ გითხარი მოიყვანე-მეთქი!
_ როცა დამიჯერებს მოვიყვან!
_ შენ ის არ დაგიჯერებს, ელი!
_ რატომ?! მე მისი ქმარი ვარ!
_ კარგად დაიმახსოვრე. ფერი ისეთი ქალი არაა, შენ რომ გყოლია! ის სულ სხვაა! ახლავე წადი და მოიყვანე! მთელი დღე საჭმელიც არ უჭამია! თან წვიმს და გაცივდება! წადი!
_ ჯერ აზრზე მოვიდეს და მერე მოვიყვან!
_ შვილო! შენ ის არ დაგემორჩილება, რადგან შენს ბრძანებებს და ყვირილს ვერ იტანს, ამიტომ არ შეგისრულებს არაფერს! კლარა ხომ გყავს. ხოდა მას უბრძანე და ის შეგისრულებს! ფერის კი დაანებე თავი! მშვიდად მინდა იცხოვროს აქ!
_ რატომ?! მოგწონს ის უხეში გოგო?
_ ის არ ჰგავს იმათ, ვინც შენ გყოლია! კეთილია და თბილი. ამდენი ხანია აქ ვართ და რომელიმე შენს საყვარელს მოსამსახურეებთან უსაუბრია და მათ თბილად მოქცევია?! არა! მან შენი ცხენიც კი დაიმორჩილა! იმიტომ, რომ მას კეთილი გული აქვს და ესმის ცხოველების! სპილოებიც უყვარს და მათზე ზრუნავს! ყვავილებზეც ზრუნავს, სამზარეულოში ფანჯრები გააღო და ისეთი სიყვარულით გახედა გარემოს, რომ ჯერ არ მინახავს, ამ ლამაზი ბუნებისთვის აქ ვინმეს ასე შეეხედა! თუ გინდა კარგად მოგექცეს, მისი გაცნობა უნდა სცადო და არა მისი დამორჩილება! ახლავე წადი და მოიყვანე! გარეთ ქარია, წვიმს! ვინ იცის, როგორ სცივა, ცუდად არ გახდეს!
ელი ისევ ცხენზე ამხედრდა და ტყისკენ გაემართა. ქარი და წვიმა სახეში სცემდა და მაინც მიიკვლევდა გზას წინ. მივიდა იმ ხესთან, სადაც ფერი დატოვა, მაგრამ ქალი იქ აღარ დახვდა. მალე დაბნელდებოდა და შეეშინდა მისი ტყეში დატოვება. მიხვდა, რომ ასე არ უნდა მოქცეოდა, ცხენს მათრახი გადაუჭირა და ქალს დაუძახა. წვიმამ უმატა, უკვე მთელ ბილიკს ატალახიანებდა, ცხენსაც უჭირდა სიარული. უცებ წაადგნენ ფერის თავზე, მაგრამ ის უგონოდ იყო...
_ ფერიი! ფერიიი! ხმა გამეციი! _ დაიყვირა კაცმა, ქალი ხელში აიყვანა და ცხენზე შემოსვა. კარგა მანძილი რომ გაიარა, პატარა ქოხს მიადგა და ქალით ხელში შიგნით შევიდა. მაშინვე ლოგინზე დააწვინა ფერი და ცეცხლი დაანთო. აგიზგიზდა თუ არა კოცონი, ქალი ახლოს მიიყვანა ცეცხლთან და სხეულზე მიიხუტა. იგრძნო მისი სველი ტანსაცმელი და ნოხზე დააწვინა.
_ ბოდიში... მაგრამ სხვა გზა არ მაქვს... _ თქვა და ქალს სველი სამოსი გახადა. თავის სველ სამოსს სრულიად ვერ გრძნობდა და ქალს იხუტებდა. მხოლოდ თავისი სუნთქვა ესმოდა ისე გამალებით, რომ ხვდებოდა პირველად უძგერდა გული ასე. მის თმას ხელები შეახო, მერე აკოცა და თავი ბალიშზე დაადებინა. მოძებნა გადასაფარებელი და ქალს დააფარა. ცეცხლს შეშა დაუმატა. ცეცხლი გიზგიზებდა და ბნელ ქოხს ანათებდა. ირგვლივ მხოლოდ შეშის ტკაცატკუცი ისმოდა. კაცი ცეცხლის ალს თვალს აყოლებდა ჩაფიქრებული. ქალი შეირხა და თვალები მძიმედ გაახილა. კარგად ნაცნობ ძველ, ბავშვობის გარემოს მოჰკრა თვალი და წამოიწია.
_ აქ რა გვინდა?!
_ გარეთ წვიმს. ცხენიც დაიღალა. შენ კი შეგცივდა და გათბობა გჭირდებოდა.
ქალმა იგრძნო, რომ კაბა არ ეცვა და ყვირილით წამოხტა. დაფარებული ქსოვილი გადაუსრიალდა და კაცის მზერა რომ დაიჭირა, მაშინვე დასწვდა ქსოვილს და სხეულზე შემოიხვია.
_ მე... _ თქვა კაცმა ძლივს და ცეცხლის ალს შეხედა.
_ მხეცო! ვინ გითხრა შემეხე და კაბა გამხადეო!
_ დამშვიდდი! არაფერი დამიშავებია! სველი ტანსაცმელი მოგაშორე და მშრალი პლედი მოგაფარე მხოლოდ!
_ სასახლეში მინდა! _ დაუყვირა ფერიმ და კარისკენ გავარდა.
_ ჯერ ღამეა. დილამდე აქ ვიქნებით! _ დაუღრინა კაცმა და კარისკენ გაქცეულ ქალს დაეწია, _ რა კარგი იყო, რომ გეძინა და ხმას არ იღებდი!
კაცი ხელში სწვდა. ფერი გაუძალიანდა. ძიძგილაობაში ქალს ფეხი აუსრიალდა, კაციც ასრიალდა ტყლაპოიან მიწაზე და ორივე დაეცა. ქალი მისმა შეხებამ ადგილზე გააშეშა. ვერც წვიმას გრძნობდა და ვერც იმას, ტალახში რომ ამოიგანგლა. კაცმა ხელები მოხვია ქალს და უცებ მოეგო გონს, აყვირდა.
_ გამიშვიიიი! გამიშვიიი!
_ შენ ჩემი ცოლი ხარ! _ არ უშვებდა ელი.
_ შენ ჩემი ქმარი არ ხარ! არ ხარ ჩემი ქმარი! მძულხარ, მეზიზღები და მინდა მომშორდე!
_ ფერი, ასე ნუ მელაპარაკები! იცოდე ძალით გაგხდი ჩემად! ასე ნუ მესაუბრებიი!
_ მძულხარ! მძულხარ! _ შესძახა ქალმა და ატირდა, პირველად ტიროდა კაცის წინაშე. კაცმა ხელები მოხვია, მიიხუტა და მასთან ერთად დაბრუნდა ქოხში. ტალახიანი და სველი ქალი ახლოს დააწვინა ცეცხლთან. თვითონაც იქვე დაჯდა.
_ შეგიძლია გძულდე... მაგრამ მე შენ არასდროს შეგეხები... არასდროს გაიძულებ ჩემს ცოლობას! ოღონდ, როცა კიბიდან ვარდები ან ფეხი გისხლტება და საიდანღაც ეშვები, ვალდებული ვარ დაგიჭირო! სხვა მხრივ არასდროს შეგეხები! _ თქვა კაცმა და ქალს გადახედა, რომელიც მოკუნტული და თავდახრილი იჯდა. რატომ ვგრძნობ მისი შეხებისგან რაღაც ამოუხსნელს და გაურკვეველს? _ ფიქრობდა ფერი თავისთვის და იატაკს მიშტერებოდა. როცა ელიმ უთხრა, არასდროს შეგეხები და გაიძულებ ჩემს ცოლობასო, სადღაც სიღრმეში გული დასწყდა. კაცმა სხვა პლედი მოაფარა. ქალი ისევ დაჯდა ცეცხლთან ახლოს და კედელს მიეხუტა. ისევ თავის ახალგაღვიძებულ გრძნობებს დაუბრუნდა. ცეცხლისკენ მიიხედა და აგიზგიზებულ ალს ააყოლა მზერა... ცხელა... მისი შეხებისგან მცხელა... ახლაღა მიხვდა, რომ მისი შეხებისგან ცხელოდა და უფრო გაურკვევლობაში ვარდებოდა. ცეცხლს უყურებდა და მის მოფარფატე ალს თვალს ადევნებდა. მაგრამ წესით უნდა მძულდეს, მეზიზღებოდეს! მეტი მისთვის არაფერი მემეტება! მინდა მხოლოდ სიძულვილი და ზიზღი ვაჩუქო! ჩემი გულიდან და სულიდან, რადგან დამტანჯა 20-წლიანი სასტიკი ბედისწერით, რომელიც ამ სასახლის დაკარგვის გამო მხვდა წილად!
ფერი ისე ახლოს იჯდა ცეცხლთან, ღაწვები შეფაკლოდა სიცხისგან. მთელი სახე უხურდა... როგორც იქნა, გათბა.
_ შემომხედე... _ წარმოთქვა კაცმა ნაზად და ქალს შეხედა, _ ფერი, შემომხედე, არ შეგეხები...
ქალმა თვალებში ჩახედა, პირველად. პირველად იდგნენ ასე ახლოს ერთმანეთის პირისპირ. კაცი მისი მწვანე თვალებით იხიბლებოდა და მასში იძირებოდა, ქალის სითბო უნდებოდა. მერე გაუღიმა:
_ ხვალ დილას წავალთ სასახლეში... მანამდე კი დამშვიდდი და დაიძინე... ქარია გარეთ, წვიმაც არ ჩერდება და ცხენიც დაღლილია... ძალიან ბევრი ასეირნე მინდორში... ცოდოა, უნდა დაისვენოს... შენც უნდა დაისვენო და დაიძინო... მე შენგან შორს ვიქნები... _ უთხრა და კარისკენ გაიწია, იქ დაჯდა. ქალმა მის სახეს შეავლო მზერა. ისევ ცხელოდა, გახურებას გრძნობდა, რომელიც აგიჟებდა, თან მის თვალებს მიშტერებოდა, ლურჯ თვალებს, ქალს ასე ძალიან რომ მოსწონდა... უფრო ყურადღებით შეათვალიერა ელიანი. მისი სიმპათიური, ოდნავ უხეში სახის ნაკვთები... თმა ყავისფერი... აბურდული თმა... ტალახიანი და სველი სამოსი...
კაცი კართან რომ გადაჯდა, ფერი უცბად წამოდგა ფეხზე. ფანჯარას მიუახლოვდა და გარეთ, მთვარით განათებულ გარემოს გახედა. მინას მიაყრდნო ლოყა: ნუთუ მას უნდა წაეღო ჩემი ბედნიერება 5 წლიდან! მან დაისაკუთრა ჩემი სახლი! მან წამართვა ყველაფერი! ჩემი სულის ერთადერთი ბედნიერი ნაწილი! მინდა მძულდეს და მეზიზღებოდეს, მინდა სტკიოდეს და კლავდეს! კლავდეს ისე, როგორც მე მკლავდა ეს 20 წელიწადი სასახლის მონატრება! მისთვის ყველაფერი მემეტება: სიძულვილი! ზიზღი! შურისძიება! მტრობა! ის ჩემი მტერია, ჩემი 20 წლის დაუძინებელი მტერი! მისი განადგურება და სასახლიდან სამუდამოდ გაგდება მინდა!
უხეშად მოხვია ხელები ქსოვილს, რომელიც გარს ჰქონდა შემოხვეული. მერე უცბად მოიშორა, ხელებში მოიქცია და თამამად გადადგა ნახევრად შიშველმა ნაბიჯი. პლედი ბუხრის წინ დააგო და ზედ დაწვა. შემდეგ მოკეცა და დაიფარა, თან კაცს გულში განადგურებით ემუქრებოდა...
კაცმა მის სხეულს შეხედა, პირველად მიავიწყდა კლარა, მერე ქალს მზერა აარიდა. უნდოდა მასთან ახლოს ყოფნა და ვერ ეკარებოდა. ადგა, კარი გააღო და გულჩათხრობილმა ტყის მრისხანე სიბნელეს მიაშურა...
როგორც კი მარტო დაიგულა თავი, წამით შვება იგრძნო, მაგრამ მერე ვერ მოისვენა... წამები... წუთები... დრო გადიოდა, კაცი არ ჩანდა... ამ დროს დაიქუხა და შეეშინდა, სწრაფად კაბა გადაიცვა და გარეთ გავიდა. მხოლოდ ცხენი შენიშნა, იქვე მდგომი. კაცი არსად ჩანდა. ცხენს ზედ მოექცა და ადგილიდან დაძრა.
***
კაცი სევდიანი მიუყვებოდა გზას, არც კი იცოდა, სად მიდიოდა და რატომ! ყველაფერი სტკიოდა, სულიც სტკიოდა: ვძულვარ! ვეზიზღები! რატომ! რისთვის ვეზიზღები! რატომ ვძულვარ ასე! რატომ მიყურებს ზიზღითა და შურისძიებით! რატომ მებრძვის მუდამ და არ მემორჩილება?! რატომ მეუხეშება და მიშორებს?! რატომ! რატომ! ის რატომ უნდა იყოს ჩემი შვილების დედა, თუ ვძულვარ და ვეზიზღები?! რატომ დავუჯერე იმ ქვის სიტყვებს! რატომ! რატომ! _ ფიქრობდა თავისთვის. ბოლოს ხეს მიეყუდა და ხელები მოხვია: ფერი... ფერი... რატომ გძულვარ... რატომ გეზიზღები... რატომ მმტრობენ შენი თვალები... თვალები, რომელიც ასე მომეწონა და მინდა ბოლომდე ჩავიძირო და დავიკარგო მათში! რატომ ვძულვარ ამ თვალებს! რატომ?!.. ფერიიი.... ფერიიი! _ დაიყვირა მოულოდნელად. უცბად მის წინ ცხენი გაჩერდა. ქალმა კაცს შეხედა, ხეს რომ ჩახუტებოდა.
ქალი ჩამოქვეითდა.
_ წამოდი! _ უთხრა მკაცრად, თან მის სახეს თვალს არ აცილებდა.
_ ასეთი უხეში, ჭუჭყიანი და გაბრაზებულიც კი ლამაზი ხარ! _ თქვა კაცმა სევდიანად. ქალი მკლავში წვდა.
_ ცხენზე შეჯექი! თუ სიკვდილი გინდა, ჯობია იქ, სასახლეში მოკვდე. ოღონდ აქ არა! _ მკაცრად შენიშნა. ჯერ კაცი ამხედრდა, მერე ქალი. ამხედრდა. ცხენი ჩორთით მიიკვლევდა გზას ქოხისკენ. ქალის სხეულის სურნელს შეიგრძნობდა კაცი და სიამოვნებით ივსებოდა მისი სიახლოვისგან.
ქოხთან მისულები ჩამოქვეითდნენ და უხმოდ შიგნით შევიდნენ. კაცმა ცეცხლს შეუკეთა და კვლავ დასაძინებლად მიწვა, მაგრამ ფიქრებში გართულს ძილი არ ეკარებოდა... გარეთ კი წვიმდა და ქარი ქროდა...
დილით პირველად ელიანს გაეღვიძა. გარეთ გავიდა. წვიმას გადაეღო. მზე ამოსულიყო. ცხენი გაამზადა. მერე უკან შებრუნდა. ფერის უკვე გაღვიძებოდა და ჩაეცვა. წასასვლელად გაემზადნენ. კაცმა ქალს ხელი გაუწოდა დასახმარებლად, მაგრამ ფერი თავისით ამხედრდა ცხენზე. კაცი მის უკან დაჯდა და სასახლისკენ გააჭენა.
_ დედაჩემი რატომ მოგეწონა?! _ შეეკითხა გზაში.
_ ის დედაჩემს ჰგავს... მასავით თბილია... სადღაც ცივი... სადღაც სევდიანი და ასევე ნაზიც... მგრძნობიარე და გამგები...
_ მამაჩემი როგორია?!
_ მკაცრი, მორიდებული და ერთგული ჩანს... თქვენ არ გგავთ.
კაცმა ქალის რბილ ხმას მიაქცია ყურადღება, ესიამოვნა, ასე რომ საუბრობდა ფერი მათზე და გულის სიღრმეში გაუხარდა.
_ მაშ სასახლეში რომ მივალ, იქ მაძლევ სიკვდილის ნებას?!
კაცის შეკითხვაზე ფერიმ ჩაიღიმა:
_ მართალია შენზე არ მიქორწინია, მაგრამ დაქვრივებას არ ვაპირებ! ჯერ პატარა ვარ ამისთვის!
_ შენს მშობლებს არ უთქვამთ, პატარაა და შვილს ვერ მოგათხოვებთო!
_ მამა იძულებული იყო და იმიტომ გამომიშვა!
_ მე მას არ დავმუქრებივარ! არა მგონია ჩემი ეშინოდეს!
_ მან იცოდა ვინც იყავით, ამიტომაც გამოგიცხადათ თანხმობა! სპილოები რომ წამოიყვანეთ, მაშინ იგრძნო, რომ ბოროტი არ იყავით! მაგრამ მე პირიქით ვფიქრობ!
_ რას ფიქრობ?! _ ჩაეკითხა გაკვირვებული კაცი.
_ თქვენ ჩემთვის ერთი საძულველი კაცი ხართ და მეტი არავინ! მხოლოდ საშინელ კაცს თუ ეყოლება ქალი ქორწინების გარეშე, როგორც კლარასთან ხართ!
_ მაგრამ შენთანაც ასე არ ვარ?
_ ცდებით! მე თქვენთან არ ვარ და არც თქვენი საკუთრება ვარ! არც ვიქნები!
_ რატომ?! იმიტომ, რომ გძულვარ და გეზიზღები?!
_ იმიტომ, რომ არ მჭირდებით! მძულხართ და მეზიზღებით! თქვენთვის მეტი არაფერი მემეტება..._ თქვა ცივად.
კაცმა სწრაფად დაჰკრა ცხენს მათრახი და ცხენი მთელი სისწრაფით გააქანა.
_ გძულდე, გეზიზღებოდე, მხოლოდ ეს ორი რამ გემეტებოდეს ჩემთვის! _ შესძახა და ქალს ხელები მოუჭირა, რათა უფრო მჭიდროდ მიეხუტებინა და უკეთ შეეგრძნო მისი სურნელი. თვალები დახუჭა და ქალის სურნელის დამახსოვრებას შეუდგა. ქალი ყვიროდა, გაშვებას სთხოვდა, მაგრამ კაცი აღარ უსმენდა, ქალის სხეულს შემოხვეოდა, ლიანასავით მოექცია მკლავებში და მკერდზე მძლავრად იკრავდა, რომ არსად გაეშვა, რომ არ დაკარგვოდა და არ გაქცეოდა.
_ გპირდები, ეს სასახლე ყველაზე დიდი ციხე იქნება შენთვის! სადაც თავს მხოლოდ ტყვედ იგრძნობ! შენ იქნები ამ სასახლის ერთადერთი ტყვე!
მისი სიტყვები, რომ ამ სასახლის ტყვე იქნებოდა, ფერის უხაროდა კიდევაც, რადგან ეს მისი სასახლე იყო, სასახლე, სადაც ყოველ საგანს და აქ მცხოვრებ ყველა ადამიანს კარგად იცნობდა, ცხოველებსაც კი. იცოდა, რომ აქ მონობას და დამცირებასაც კი შეეგუებოდა და აიტანდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ერთადერთი სასახლე იყო, რომელიც გულის შეძვრამდე უყვარდა და ენატრებოდა. ახლა აქ იყო და ვინც უნდა ყოფილიყო _ ტყვე, მონა თუ მოსამსახურე, არად დაგიდევდათ. მაგრამ ის თავის სიძულვილს და შურისძიებას ამის გამო არ შეწყვეტდა, ის მხოლოდ მის მიმართ იქნებოდა სასტიკი და ულმობელი!
კაცმა ხელები უფრო ძლიერად მოხვია და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა:
_ ფერიიი... ეს სასახლე შენთვის ერთადერთი ციხე იქნება, რომელსაც თავს ვერ დააღწევ! ვერსად გაექცევი!
ქალს გაეღიმა. თავი კაცისკენ მიატრიალა და მის ტუჩებთან მოუხვდა ტუჩები, თვალებში ჩახედა და მათში ტკივილი, სევდა და შიში ამოიკითხა... უეცრად კაცმა მის წელს ხელი შეუშვა და გაშმაგებით ეძგერა კისერში საკოცნელად, მის თმაში ჩაეფლო, მერე კი ბაგეზე დაეკონა. ქალმა გაიბრძოლა, მის ხელებისგან გაქცევა სურდა, მაგრამ იმხელა სიამოვნება იგრძნო, მთლიანად მოსწყდა ყველაფერს და ყველას... მის სულში ვნება და სისასტიკე ებრძოდა ერთმანეთს და არცერთი მათგანი არ აპირებდა დათმობას... ქალმა თვალები დახუჭა. პირველად კოცნიდნენ მას ასე და ვეღარ გაეგო, სინამდვილეში რას გრძნობდა. ბოლოს კაცი შეეშვა და ცხენს დეზები ჰკრა.
ქალმა გზას გახედა, ამწუთას იგრძნო რაღაც ბედნიერების მსგავსი. წინ ხეივანი გამოჩნდა, რომელიც აუწყებდა, რომ სასახლეს უახლოვდებოდნენ. ფერის გაეღიმა და ბედნიერებით გაევსო სხეული... ის თავის სასახლეში ბრუნდებოდა, თუმცა ვერ ხვდებოდა, რომ ბედნიერების ეს შეგრძნება არა მხოლოდ სასახლის გამოჩენის, არამედ ელის კოცნის ბრალიც იყო, კაცისა, რომელიც სძულდა და ეზიზღებოდა...
ელიანმა ცხენი სახლთან გააჩერა, ჩამოქვეითდა და ფერისაც მიეხმარა. ქალი გაოგნებული იყო. რა ემართებოდა? აქამდე საერთოდ არ უსმენდა თავის გულს, ახლა კი კაცის ერთ შეხებაზე უცნაურ ბაგაბუგს გრძნობდა და ეშინოდა.
მათ ელის დედა შეეგება. ორივე ადგილზე გაშეშდა.
_ შვილო... ვინერვიულე თქვენზე, სად იყავით?!
_ პატარა ქოხში ტყეში... კარგად ვართ, დედა, არაფერია, არ ინერვიულო.
_ მერედა ვისი ბრალია!
_ დედა... არ მიყვარს, როცა არ მემორჩილებიან!
_ ხოდა გაითვალისწინე, რომ ფერი არ დაგემორჩილება! და ამას შეეგუე!
_ გავიგე! მე წავალ... _ ელიანმა დედას აკოცა და მაშინვე კლარასკენ გაეშურა.
ფერნანდამ შვილს მზერა გააყოლა, მერე ფერის შეხედა და თავზე გადაუსვა ხელი:
_ შვილო... ცუდად ხარ?! ჩემმა შვილმა ხომ არაფერი დააშავა...
_ არა... კარგად ვარ, უბრალოდ, ძალიან მშია და თავიც უნდა მოვიწესრიგო, თუ არ გეწყინებათ. _ როგორც კი ქალმა თანხმობა მისცა, ლოყაზე აკოცა და გაუღიმა.
ფერი ოთახში შევარდა კაბა მოისროლა, მაშინვე აბაზანაში ჩაეშვა და ბანაობას შეუდგა.
დაბანის შემდეგ გამზადებული და მოწესრიგებული ჩაუყვა კიბეს. სამზარეულოსკენ გაეშურა, შეაღო კარი და უცბად გაშეშდა, როცა ფერნანდას გარდა ელიც დაინახა. გაბრაზებულმა გადახედა კაცს და კლარას, ძალუმად რომ ეხუტებოდა მას და უფრო გაბრაზდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, უდარდელი სახე მიიღო და დაჯდა. კლარას დაასწრო მოკითხვა და მისალმებაც.
ფერიმ ლუკმა ჩაიდო პირში და კაცს მტრულად გადახედა, რომელიც თან ჭამდა და თან ხან კლარას უყურებდა, ხან ფერის. ფერის ბავშვობა გაახსენდა: დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა, ნამცხვარს უცხობდა. ყოველთვის ასე იყო _ პატარა ფერი დედის გამომცხვარ ტკბილეულს მიირთმევდა, მანამდე კი მამას თხოვნით იმღერებდა და იცეკვებდა. ამის გახსენებაზე თავი ჩაღუნა, რომ არ ეტირა. არავინ უნდა იცოდეს ჩემი სუსტი წერტილი! რასაც ჩემი სიკვდილი შეუძლია! მე მაშინ მოვკვდი, იმ დღეს, როცა მამას თხოვნით აქ უკანასკნელად ვიმღერე, ვიცეკვე და ნამცხვარი ვჭამე. მამამ კი თავისი მწვანე ქვა მომცა საჩუქრად, რომელიც წყალში ჩამივარდა და ყველაფერი მაშინ დასრულდა! მაშინ მოვკვდი! მაშინ დავკარგე სულის ნაწილი! ამის გამო ამ კაცის გასანადგურებლად ახლა სიკვდილსაც არ შევუშინდები! ჩემი მტრის არ მეშინია, არც მისი შეხების და ახლოს ყოფნის! _ გაიფიქრა გაბრაზებულმა და წვენიანი ჭიქა აიღო, მაგრამ უცებ ხელიდან გაუსრიალდა და წვენი კლარას შეესხა კაბაზე. ქალი წამოხტა და აყვირდა:
_ შენ მე კაბა გამიფუჭე! ადექი და სხვაგან გადაჯექი!
_ ბოდიში... ეს შემთხვევით მოხდა.
_ შენი ბოდიში არაფერში მჭირდება!
_ არა უშავს, ეს შემთხვევითობა იყო! _ თქვა ელიმ და ფერიმაც არ დააყოვნა:
_ ახლავე მივხედავ თქვენს კაბას, თუ მომცემთ!
_ ადგილზე დარჩით! _ დაიღრინა კაცმა და ქალებს გადახედა. ფერნანდა ჯერ მშვიდად შესცქეროდა სიტუაციას.
_ მან ჩემი საყვარელი კაბა გამიფუჭა! _ შესძახა კლარამ.
_ არა უშავს, კაბა გამოიცვალე და გაგირეცხავენ!
_ მაპატიეთ, მე დაგტოვებთ... _ ცოტა ხანში ძლივს ამოთქვა ფერიმ და წამოდგა. კარიდან გავიდა თუ არა, კლარას შეეფეთა, მას ახალი კაბა ეცვა, დალაქავებული კი ხელში ეჭირა. ფერის დანახვაზე ხელი მისკენ გაიშვირა:
_ გარეცხე!
_ მოსამსახურეებს მიეცი და მიხედავენ!
_ შენ გადამასხი წვენი და შენვე გარეცხავ! _ ქალმა კაბა სახეში ესროლა და სამზარეულოში შევიდა. ფერიმ ჩაისუნთქა და ძირს დაგდებული კაბა აიღო. სააბაზანოში შევიდა და რეცხვას შეუდგა. საგულდაგულოდ მოაცილა ლაქები, გაავლო, გაწურა და პირდაპირ სამზარეულოში წაიღო. შევიდა თუ არა, ეგრევე კლარას დაუდო წინ მაგიდაზე:
_ უკვე გაგირეცხეთ! _ წამოიძახა ხმამაღლა და ქალს თვალი ჯიქურ გაუსწორა.
იმანაც უყვირა:
_ სველი რად მინდა! გაიტანეთ და გააშრეთ!
_ მე რაც დავაშავე, უკვე გამოვასწორე! თუ გინდათ გააშრეთ, თუ გინდათ სველი ჩაიცვით! _ თქვა და მიტრიალდა, მაგრამ კლარა ხელში სწვდა:
_ ასეთი ტონით საუბარს როგორ ბედავ ჩემთან!
_ ხელი გამიშვი! _ დაიყვირა და ქალს მაჯა გამოგლიჯა, _ შენ ნუ მელაპარაკები ასეთი ტონით! თითქოს შენი მოსამსახურე ვიყო!
_ ამ კაბის გარეცხვით უკვე დაამტკიცე, რომ მოსამსახურე ხარ! და ჭურჭლის დარეცხვითაც!
_ შენ კი გგონია ამ სასახლის დედოფალი ხარ?! _ გაეცინა ფერის და კაცს შეხედა, რომელიც ჩუმად იდგა და მათ უსმენდა. ფერიმ ხელი გაიშვირა მისკენ და ქალს მიუბრუნდა: _ შენ მხოლოდ მისი დედოფალი ხარ და არა ჩემი! მე კი ამ სასახლეში სრულიად თავისუფალი ვარ და არა ამ კაცის საყვარელი ან მონა! არც შენი მოსამსახურე არ ვარ! კაბა დავსვარე და გაგირეცხე! და შენთვის ვინ ვარ ეს სრულიად არ მაინტერესებს! ჩემთვის მხოლოდ ამ კაცის საყვარელი ხარ და არა ცოლი! _ თქვა ბოლოს ხმამაღლა და გავიდა.
_ ეს?! ეს ქალი! ახლავე აქედან გააგდე ელიიიანნ! როგორ ბედავს ერთი დღის მოსული ქალი ასე მელაპარაკოს! _ იყვირა და კაცს მიუბრუნდა, _ იმ ქალმა შენს საყვარლად მომიხსენია! შენ კი ასე დგახარ და ხმას არ იღებ!
_ კმარა, კლარა! მისი დამცირება საჭირო არაა! შენ ისედაც პირველი ხარ ჩემთვის! _ თქვა კაცმა.
_ არ მინდა მის გვერდით იყო, ელიან! _ შესჩივლა ქალმა და კაცს მიეხუტა.
_ ის ჩემი ქალია! ისევე როგორც შენ!
_ მაგრამ მას არ უნდიხარ! მე კი მინდიხარ და ყოველწუთას გელოდები!
_ მე შენთან ვარ ახლაც და შენთან ვიქნები სულ! _ ქალს ხელი მოხვია და აკოცა. ქალსაც მიავიწყდა ფერიზე ეჭვიანობა და მთლიანად მიენდო კაცის სხეულს... რომელიც კაცის ფიქრებში მისი უკვე აღარ იყო...
***
ფერიმ აბაზანა მიიღო, რადგან ციოდა და აკანკალებდა. ჭრილობა ჯერაც სტკიოდა, ამიტომ ისევ გადაიხვია. მერე მუქი ნაცრისფერი კაბა ჩაიცვა და თმა უკან შეიკრა. ლოგინზე დაჯდა და ხელებს დააკვირდა... ბეჭედი შეათვალიერა, ხელი გადაუსვა. ლამაზი და დახვეწილი ბეჭედი იყო. ნასიამოვნებმა გულში მადლობა გადაუხადა ქალბატონ ფერნანდას.
ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა და მანაც დართო შემოსვლის ნებართვა. დაინახა თუ არა ქალბატონი ფერნანდა, მაშინვე მიეახლა და მოუბოდიშა სამზარეულოში მომხდარის გამო. ქალმა ჩაიხუტა, არაფერიაო, უთხრა და შუბლზე აკოცა. შუბლი შეიკრა, რადგან ფერი სიცხიანი ეჩვენა. მაშინვე დასვენება ურჩია, ლოგინში ჩააწვინა და შეჰპირდა, ექიმს მოვიყვანო. ბოლოს ისევ აკოცა და ოთახი დატოვა.
ფერის უკვე ჩასძინებოდა, როცა ფერნანდას ხმა შემოესმა და გამოფხიზლდა.
_ ფერი, შვილო, ბოდიში, ექიმი მოვიდა.
_ მობრძანდით, არა უშავს, _ უთხრა ხმადაბლა ქალს და გაუღიმა.
ექიმმა გასინჯა და ისეთი არაფერია, დასვენება სჭირდება და ცოტა სიცხეც აქვსო. ფერნანდამ მშვიდად ამოისუნთქა და ფერის აკოცა.
_ ხელზე რა მოგივიდათ?! _ შეეკითხა ექიმი და ფერის შეხედა.
_ ჭიქის ნამსხვრევით გავიჭერი... _ თქვა ჩუმად.
ექიმმა სახვევი მოხსნა, ხელისგული უნახა და ფერნანდას მიუბრუნდა:
_ ძალიან აქვს ნატკენი ხელი! გაღიზიანებულია... რამე გარეცხეთ?! ასეთი ხელით?!
_ დიახ, კაბა...
_ მალამო უნდა წაისვათ და მოერიდოთ რეცხვას! _ კაცი კალამს დასწვდა და ცოტა ხანში რეცეპტი გაუწოდა ქალბატონ ფერნანდას. მან ექიმი გააცილა და ისევ ფერისთან დაბრუნდა. მის გვერდით ჩამოჯდა, წამალი დაალევინა, ხელზე მალამო წაუსვა და ბოლოს მშვიდად გამოხურა კარი, რათა ფერის ჩასძინებოდა.
ფერნანდა დაბლა ჩავიდა და ელიანს გამოელაპარაკა.
_ შენი ნახვა მინდოდა! სიცხე აქვს ფერის!
_ მართლა?! ჩემთვის არ უთქვამს...
_ გარდა ამისა, ხელი აქვს ნატკენი! ჭრილობა გაუმიზეზდა შენი საყვარელი კლარას კაბის გამო! _ მკაცრად უთხრა ქალმა და შვილს გაბრაზებულმა შეხედა.
_ კარგი რა, დედა... _ მიუგო გულდაწყვეტილმა.
_ მხოლოდ ამის თქმა შეგიძლია?!
_ რა ვქნა?! ფერი არ მიკარებს ახლოს... მხოლოდ კლარა ზრუნავს ჩემზე! მაგ გოგოს ვეზიზღები და ვძულვარ!
_ კლარას უთხარი, ფერის თავი დაანებოს და მშვიდად იცხოვრებ ორივესთან! თუ ასე ძალიან გინდა კლარა გყავდეს გვერდით!
_ და ფერი?!
_ ფერი! ფერი! შენ აირჩიე და ჩვენც დაგეთანხმეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გოგო მომეწონა! შენ კი მას ჭრილობებს უმატებ! შენც და კლარაც!
_ კმარა! აღარ მინდა მასზე საუბარი! _ თქვა ელიმ და გარეთ გავარდა. გლიცენიის ხეზე გაბმულ საქანელაში ჩაწვა და გარემოს გადახედა.
ქალის თვალები ედგა თვალწინ, მხოლოდ მის მწვანე თვალებს ხედავდა. გაახსენდა, ელფერის სასახლის წარწერა მწვანე ქვებით რომ იყო მოჭედილი. მიხვდა, რომ ქალს მწვანე ფერი უყვარდა და გაეღიმა. მასაც მწვანე უყვარდა, როგორც ფერის. ამ ფიქრებში იყო, კლარა რომ მიუახლოვდა. მან ხელები მოხვია კაცს და მიეხუტა. ელიანს სულ დაავიწყდა კლარას არსებობა, წარმოიდგინა, ფერი მეხუტებაო და მისკენ შებრუნდა, მაგრამ როგორც კი კლარა დაინახა, სევდიანმა მიიკრა მკერდზე. ბედნიერი ქალი მის გვერდით მოკალათდა. კარგა ხანს ერთად ქანაობდნენ ბედნიერები, თუმცა პირველად იგრძნო კაცმა, რომ ეს ბედნიერება კლარას გვერდით უკვე მოჩვენებითი იყო...


ესეც 6 თავი.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ტკბილო, სამწუხაროა კომენტარებს რომ არ გიტოვებენ, ვფიქრობ, მოტივაციას გიკლებს.
მაგრამ მე აქ ვარ!
ძალიან მომწონს, უცხოა.
წარმატებებს გისურვებ და იცოდე, მე გელი.❤️

 


სტუმარი ანა
ტკბილო, სამწუხაროა კომენტარებს რომ არ გიტოვებენ, ვფიქრობ, მოტივაციას გიკლებს.
მაგრამ მე აქ ვარ!
ძალიან მომწონს, უცხოა.
წარმატებებს გისურვებ და იცოდე, მე გელი.❤️

Მადლობა ძალიან ძალიან დიდიი❤❤❤მეც არ ვნებდებიი და ვწერრ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent