ელფერის სასახლის ქურდი (თავი 7)
ფერი იწვა, მაგრამ ვერ ისვენებდა. სულ კაცის სახე ახსენდებოდა და მისი კოცნა, მთლიანად ამ ამბავს დასტრიალებდა მისი გონება. ბოლოს წამოდგა და აივნისკენ დაიძრა და როცა ძირს გადაიხედა, დაინახა კლარასთან ჩახუტებული კაცი. მაშინვე უკან შემობრუნდა, კარი გააღო და ძირს დაეშვა. საჯინიბოსკენ წავიდა. თავისი ცხენი მოინახულა, მერე სპილოებს ჩამოუარა, ეფერებოდა და უღიმოდა, შემდეგ თავის პატარა სპილოს დახედა და კმაყოფილმა გადაუსვა ხელი: ჩემი პატარა... ჩემი მშვენიერი ალექსანდრიტი... _ მიეალერსა და საჭმელი დაუყარა. სამზარეულოში რომ შევიდა, იქ მყოფ კამილას და ქალბატონ ფერნანდას მიესალმა. მხოლოდ ფერნანდა გამოელაპარაკა და მოიკითხა. კამილა, ელის ბებია რატომღაც ცუდი თვალით უყურებდა. მას აშკარად კლარა უფრო მოსწონდა. ყველა ელოდებოდა კლარას და ელიანს, რომლებიც ჯერ არ ჩანდნენ. ფერი მათ აღარ დაელოდა და ჭამას შეუდგა. კამილამ ამაზე შენიშვნა მისცა, მაგრამ ფერიმ ყურადღება არ მიაქცია და მშვიდად განაგრძო ლუკმის ღეჭვა. კამილა უარესად გაბრაზდა და ფეხზე წამოდგა, როცა ელიანიც შემოვიდა და კლარაც. _ ეს ქალი! არც კი იცის მაგიდასთან მოქცევის წესები! _ თქვა კამილამ და ფერის გახედა. ელიანმა ორივეს შეხედა და თავისი ადგილისკენ დაიძრა. _ რა ხდება?! _ იკითხა გაკვირვებულმა. _ ჭამა დაიწყო ისე, რომ არც დაგელოდათ! _ დაგაგვიანდათ! _ თქვა მკაცრად ფერიმ და კაცს შეხედა: _ ბოდიში მაინც მოიხადეთ! _ ფერიიი! _ დაუყვირა კაცმა და შეხედა, _ მე როცა მინდა მაშინ მოვალ საჭმელად! აქ მე ვარ უფროსი! და ამ სასახლის მეპატრონე! _ მეპატრონე... _ გაიმეორა ფერიმ და მძიმედ ამოისუნთქა. ამის მერე ხმა აღარ ამოუღია, ცდილობდა მშვიდად დანაყრებულიყო. ელიანი ორ ცეცხლს შუა იყო. კლარას წყენინება არ უნდოდა, ამის გამო ფერის ყურადღებას ვერ აქცევდა. _ ფერი, შვილო... წადი, დაისვენე... გაცივებული ხარ... ოთახში ადი და იქ მოგიტანენ საჭმელს... _ თქვა რბილად ქალბატონმა ფერნანდამ, ხოლო გაბრაზებულმა კლარამ წამოიძახა: _ გინდა შენი ავადმყოფობა გადაგვდო? ვინ გთხოვა საჭმელად ჩამოდიო! _ თქვა მკაცრად და ფერიც ადგა, ჯერ მას გადახედა, მერე კაცს შეხედა: _ მეც ბედნიერი ვიქნები, აქ რომ არ მიწევდეს ჩამოსვლა. თქვენც თუ იქნებით თანახმა, არც ჩამოვალ! _ თქვა ცივად. კაცმა მძიმედ ამოიხვნეშა. _ რაც აქ მოხვედი, მის მერე სრული ქაოსი ტრიალებს სახლში! არც ჩვენ გვინდა შენი დანახვა და როცა აქ არ ვიქნებით, მხოლოდ მაშინ ჩამოდი საჭმელად, გასაგებია?! _ თქვა გაღიზიანებულმა კლარამ. ფერიმ გაიღიმა, მხოლოდ ქალბატონ ფერნანდას დაემშვიდობა და გავიდა. კაცმა თვალი გააყოლა. როგორც კი ქალი გაუჩინარდა, მძიმედ ჩაიდო ლუკმა პირში, პირველად დასწყდა გული, რომ იძულებული იყო ასე მოქცეულიყო. კლარა და კამილა გემრიელად ილუკმებოდნენ, ელიანი და დედამისი კი ჩაფიქრებულები ერთმანეთს გადახედავდნენ ხოლმე. _ ელი, შვილო... მამამ საბუთები დაგიტოვა და გთხოვა გადაგევლო თვალი... _ უთხრა ფერნანდამ შვილს და ყველას დაემშვიდობა. მაშინვე ფერის მიაკითხა და დაამშვიდა. ქალი ლოგინში იწვა და ქალის მოტანილ წამალს სვამდა. ელი კაბინეტში შევიდა, მამამისის დატოვებულ საბუთებს დაუწყო ძებნა, რომ ვერ იპოვა, დედას მიაშურა დასახმარებლად. ქალმა საბუთები გაუწოდა, მერე შვილს ხელი წაავლო და თავის ოთახში შეიყვანა. _ ელი, კლარას გადაწყვეტილებას სულ რატომ იზიარებ?! _ ის ჩემი ცოლია! _ ცდები... ის შენი საყვარელია! შენ მისთვის არასდროს გითხოვია ცოლობა, მხოლოდ ბეჭედი აჩუქე! _ დედა! _ ფერის რაც შეეხება, რაც მოხვედით, მას მერე ორივენი შეცვლილები ხართ! რამე დაუშავე?! _ არა, დედა... _ თქვა ჩუმად და გაახსენდა, როგორ კოცნიდა ქალს. გაბრაზებული დასწვდა ჭიქას და წყალი მოსვა. _ ისევ ცუდადაა?! _ ჰკითხა დედას და მისკენ მიტრიალდა. _ ცუდადაა, სიმშვიდე სჭირდება, რასაც შენ, კამილა და კლარა ურღვევთ! _ მისი თვალები... _ ჰო, ის ფერია, რაც შენ მოგწონს... _ მიყვარს, დედა... _ თქვა ჩუმად და ფანჯარაში გაიხედა. _ მწვანე ფერი თუ ეს ქალი, შვილო?! _ ჩაეკითხა შვილს და მხარზე ხელი დაადო. კაცმა თავი მოაბრუნა და დედას შეხედა. ვერ მიმხვდარიყო, რა უყვარდა _ მხოლოდ მწვანე ფერი თუ ქალიც... არეული ქაღალდებს დასწვდა და კაბინეტისკენ აიღო გეზი... სევდიანი მიდიოდა. ამ დროს ფერიმ გვერდით ჩაუქროლა და ეგრევე მაჯა დაუჭირა. _ უნდა ვილაპარაკოთ! _ უთხრა კაცმა და თავისკენ მოატრიალა, როგორც კი მისი კაბა და თმა შეეხო, ორივე ხელით ჩაიხუტა... ქალმა გაიბრძოლა, ხელი ჰკრა და ის იყო სილის გასაწნავად მარჯვენა შემართა, რომ კაცმა დაუჭირა და ისევ ჩაიხუტა. ქალი ყვიროდა, გაშვებას ითხოვდა, მაგრამ კაცი არ უშვებდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა მისი ყვირილი, ქალს ხელი გაუშვა და მოშორდა. _ გაჩუმდი! არაფერს გიშავებ! შენგან არაფერი მინდა! გარდა იმისა, რომ შენი ხმა აღარ გავიგონო! _ და მაშინვე გატრიალდა იმით გაოგნებული, რომ ასეთი რამ უთხრა, არადა პირიქით, უნდოდა მისი ნაზი ხმა გაეგონა, მის თვალებში ჩაეხედა. ფერი უეცრად მოლბა და ელი შეაჩერა: _ წერილი ვის უნდა მივცე, რომ ჩემს მშობლებს წაუღოს?! _ რას სწერ მათ?! _ იმას, რომ კარგად ვარ, რომ რამდენიმე დღეში სტუმრად ვეწვევი და ვინახულებ, რომ ეს სასახლე ძალიან ლამაზია! _ მათთან სტუმრად ერთი თვის მერე შეგიძლია წახვიდე და ისიც ჩემთან ერთად! _ რაა?! ამ დღეებში რატომ არა?! _ ერთი თვე აქაურობას უნდა შეეგუო, კარგად შეისწავლო გარემო და ოსტატურად იცრუო, რომ აქ ბედნიერი ხარ! _ და ვინ თქვა აქ უბედური ვარო?! _ გადაიხარხარა ქალმა და იქვე მდგარ ტახტზე დაჯდა. _ არ მიბრძანებია დაჯექი-თქო! ქალი ადგა და ფანჯარასთან მივიდა: _ მე შენი მონა არ ვარ! _ მონა კი არა ცოლი ხარ! და არ იცი, რა გევალება! _ ელიანმა ხელი წაავლო და ისევ დივანზე დააგდო. მანაც შიშისგან წამოიყვირა, _ გამიშვიი! გამიშვი, მხეცო! _ შენ ჩემი ცოლი ხარ! ცოლი! _ ქალს სახე დაუჭირა და თვალებში ჩახედა. როგორ მოსწონდა ეს თვალები. _ მძულხარ! ვერ გიტან! _ მიახალა ფერიმ და თვალებში ზიზღი ჩაუდგა. კაცმა ხელი შეუშვა და თავის კაბინეტში შევარდა. დასამშვიდებლად ღვინო ჩამოისხა, რამდენიმე ჭიქა დაცალა და ეზოში გავიდა ჩაფიქრებული. კარგა ხანს ბოლთას სცემდა მინდორში. ქალის სიძულვილით სავსე თვალები ელანდებოდა და უფრო ბრაზდებოდა. ამ დროს მამამისმა დაინახა და მაშინვე მისკენ დაიძრა. _ ელიან?! ასე რატომ გადი-გამოდიხარ ასე განერვიულებული?! _ მამა... _ შვილო... ძალიან სევდიანი და ჩაფიქრებული დადიხარ, რა ხდება შენს თავს?! _ არაფერი მამა... დამშვიდდი... _ მე დამშვიდებული ვარ, შვილო... მაგრამ შენ არ ხარ მშვიდად... თუ ეს შენი პირადული პრობლემებია, მინდა იცოდე, რომ ჩემი გული ყოველთვის მხოლოდ დედაშენს ეკუთვნოდა. მეც მქონდა შენნაირი გატაცებები, მყავდა დროებითი ქალები... მაგრამ მხოლოდ დედაშენთან ვიყავი მთელი სულით და გულით... მე დედაშენი შემიყვარდა, მხოლოდ ის მიყვარდა... შენც უნდა გადაწყვიტო, ვინ გიყვარს ამ გულით და ვისთან გინდა ყოფნა... რამდენიმე წელი შენს გადაწყვეტილებას ვემორჩილებოდი და შენთვის არაფერი დამიშლია... სამსახურშიც დადიოდი და ქალებთან ატარებდი დღეებს... მაგრამ ეს არ ამიკრძალავს, მიუხედავად დედაშენის თხოვნისა... დაიმახსოვრე, ერთ სახლში, თუნდაც ამ სასახლეში, ვერ იქნება ორი ცოლი... გულს ორ ქალს ვერ გაუყოფ, ელიან... ან ერთი უნდა გიყვარდეს, ან მეორე! და თუ არ გიყვარს, ორივეს უნდა მისცე თავისუფლება და გაუშვა... აი, მაშინ მიხვდები, რომელი დარჩება შენს გულში... ელიანმა მამას მადლობა გადაუხადა და საქანელებისკენ გაეშურა. კლარა... ის ერთადერთია, ვისაც ასე ძლიერ ვუყვარვარ და სულ ჩემზე ფიქრობს... ის ერთადერთია, ვინც მინდა... მაგრამ... ფერი?! და უცებ ქალიც დაინახა. მეწამულისფერი გრძელი კაბა ეცვა. კაცი გაჩერდა, ახლოს აღარ მისულა, დაიცადა, ქალი რას იზამდა, მის სახეს, მის ქცევებს თვალს ადევნებდა და მის ბედნიერ სახეს აკვირდებოდა, რომელსაც სრულიად დავიწყებოდა კაცის მიმართ ზიზღი და სიძულვილი. ქალი ხესთან შეჩერდა, აიხედა და ერთი ამორჩეული ნაყოფისკენ წაიღო ხელი... მოწყვიტა, გაწმინდა, კაბა აიწია და ხის ტოტზე კოხტად ჩამოჯდა... მერე თავის სასახლეს გადახედა და ნაყოფი ჩაკბიჩა იმ ხილისა, რომელიც მამას დაერგო მის ბავშვობაში. კაცს მაშინვე გადაავიწყდა მამის ნათქვამი ყველა სიტყვა... ყველა სიტყვა, რაც დედისგან მოისმინა, კლარაც დაავიწყდა და მთელ სასახლეში მხოლოდ ფერის ხედავდა, მის თვალებსა და ტუჩებს იხსენებდა, რომელიც წინა ღამით პირველად ასე ახლოს შეიგრძნო და განიცადა სულ სხვა ბედნიერება, რომელიც უფრო და უფრო იზრდებოდა მის სულში და ვერ ხვდებოდა... კაცი ქალს მიეჭრა და ხელი სტაცა. _ ვინ დაგრთო ნება, მოწყვიტო რაც გინდა და ჭამო! _ ხემ! _ დაუყვირა ფერიმ და ხელი გამოგლიჯა. უცებ ინერციით უკან გადაქანდა და ჩამოვარდებოდა კიდევაც, მაგრამ კაცმა დაიჭირა. მძლავრად ჩაიჭირა მკლავებში. პირდაპირ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. ქალმა დაყვირება დააპირა, მაგრამ კაცმა პირზე ხელი ააფარა და უფრო მიიხუტა. ფერი ცოტათი მოლბა... მოლბა, რათა კაცს გაეშვა. კაცმა იგრძნო მისი სიმშვიდე, ხელი გაუშვა და უკან დაიხია, რადგან უცბად გაახსენდა კლარა. პირველად იგრძნო შიში... შიში, რომ კლარა დაინახავდა და ფერის ისევ გაუწყრებოდა... პირველად მოშორდა ქალს სხვის გამო და წინ დაუდგა. როგორც კი განთავისუფლდა, ფერიმ ტოტიდან ჩამოხტომა მოინდომა, მაგრამ არ უნდოდა აქაურობის დატოვება, მაინც წაიღო ხილი ტუჩებისკენ, აკოცა და გემრიელად ჩაკბიჩა. მისი სურნელიც შეიგრძნო და სიხარულით აივსო, სრულიად გადაავიწყდა აჩქარებული გული, კაცის შეხებისგან დატოვებული... _ ასე აპირებ ჩემს ბრძანებებს დაემორჩილო?! _ დაუყვირა კაცმა. _ დიახ! _ თქვა და ქალი ისევ მიტრიალდა ხისკენ. გაცოფებულმა კაცმა მუშტი შეკრა: ეს ქალი აქ ტყვე რომც იყოს, მაინც დაუმორჩილებელია! ნეტავ რა უხარია?! ის თავიდანვე არ ემორჩილებოდა მის ბრძანებებს და არც აგდებდა არაფრად. ქალის სხეული კიდევ ერთხელ აათვალიერა და მისი დაუფლების სურვილი გაუჩნდა. არასდროს არცერთ ქალთან არ ჰქონია პრობლემა, ყველა თავისი სურვილით უგორდებოდა ლოგინში, მაგრამ ხვდებოდა, რომ ფერის ადვილად ვერ დაეუფლებოდა და თავი აიძულა დამშვიდებულიყო. არადა, მოსწონდა მისი მიხვრა-მოხვრა, ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ისევ მოერია მისი დაუფლების სურვილი. უცბად მივარდა, ფერი ხელში აიტაცა და სახლში შეარბენინა. ეგონა, გაიმარჯვა, როცა ფერი მოეშვა, მაგრამ როგორც კი ხელი შეუშვა, ქალმა კედელზე დაკიდებული ხმალი დაინახა და სწრაფად ჩამოხსნა. ყველა ილეთი მსწრაფლ გაიხსენა და ხმალი გაიქნია: _ მე შენ მძულხარ! და მძულს ის, ვინც მე სასახლე და მასთან ერთად სული წამართვა! სულის ქურდი კი ვერასდროს გახდება ჩემი ქმარი! მე მას არასდროს არ ვაღიარებ, არასდროს! _ თავისთვის ჩურჩულით ჩაილაპარაკა და კაცს ეკვეთა... ელიმ ძლივს მოასწრო კედლიდან მეორე ხმლის ჩამოხსნა. ბრძოლა დაიწყო 25 წლის ფერისა და 30 წლის ელიანს შორის. ერთმანეთის მიმართ მოქნეული ხმალი რამდენჯერმე აიცილეს და მთელი აივანი შემოიარეს ფარიკაობით. ფერის მოქნეული იარაღი იქვე მდგარ ლარნაკს მოხვდა და დაიმსხვრა. ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა. არცერთი არ აპირებდა დანებებას. _ ბრძოლა გცოდნია! _ მტრის გამო ვისწავლე! _ მართალია. ასეთ სილამაზეს მტერი ეყოლება და თავი უნდა დაიცვას! _ ჩემი მტერი შენ ხარ! _ მისი სიტყვები კაცს გულში ხანჯალივით მოხვდა და ქალს ხმალი მოუქნია. მის ხელზე მოუხვდა და გაუსერა. ფერის სისხლი წამოუვიდა. კაცი მისკენ დაიძრა, მაგრამ ქალმა ხმალი მკერდზე მიაბჯინა და ახლოს არ მიუშვა. _ ერთი არასწორი მოძრაობა და ხმალი შენს გულს განგმირავს! _ მე გული არ მაქვს... _ გული ყველა ცოცხალ არსებას აქვს! სიმართლე გითხრა, სურვილი არ მაქვს მოვკლა ის, ვინც ცოცხალი აღარ არის! _ ფერიმ ხმალი გადააგდო და მის წინ უიარაღოდ დადგა. კაცმა ხმალი აიღო და მოუღერა: _ შეგეძლო მოგეკალი! _ უიარაღო კაცის მოკვლა ვაჟკაცობა არ არის! _ წეღან ჩემმა ხმალმა მიღალატა, ამაში კი შენი სილამაზეა დამნაშავე! _ უთხრა ქალს, ხმალი გადააგდო, უცბად მიეჭრა, ხელში აიყვანა და ლოგინზე დააწვინა. კაცმა მუშტი გაუშალა. მის ხელისგულს დახედა: _ ხომ გითხრა ექიმმა, ხელი გაქვს ნატკენი და გაღიზიანებულიო! _ შენი ქალის კაბის გამო მაქვს ასე! _ მიუგო მკაცრად. _ გინდა დავსაჯო?! _ შეეკითხა კაცი. _ არაა! საჭირო არაა! _ თქვა ქალმა და ლოგინიდან წამოვარდა. ხელები დაიბანა და მალამოს დასწვდა. კაცმა ხელიდან გამოგლიჯა: _ მე წაგისმევ... _ არ მინდა! _ რატომ?! _ არ მინდა! _ ფერი! არ გინდა რომ მალამო მე წაგისვა?! _ არა! ამას მე თვითონვე გავაკეთებ! კაცი ადგა და ოთახი მორჩილად დატოვა. ფერი სამზარეულოში ჩავიდა, თეფშზე საჭმელი დაიდო და ისევ თავის საძინებელში დაბრუნდა. კმაყოფილი ჩამოჯდა ლოგინზე, რომ დღევანდელ ვახშამს მარტო მიირთმევდა აივანზე. *** ელის გაეღვიძა და ახლაღა გაიაზრა, რომ ჩაცმულს ეძინა. მაშინვე ადგა და ქალის ოთახისკენ დაიძრა, ისე რომ სრულიად არ ფიქრობდა, საუზმეზე რომ აგვიანდებოდა. ფერი ოთახში არ დახვდა, სასახლიდან გასულიყო. შავი გრძელი კაბა ეცვა, ნაზად მინარნარებდა 20 წლის მივიწყებულ ქუჩებში და დახლებს ათვალიერებდა თავდახრილი, რომ მის თვალებში არავის ამოეცნო პატარა 5 წლის გოგონა, რომლის დაბადებაც ყველას უხაროდა... ბედნიერი, მაგრამ ჩაფიქრებული მიაბიჯებდა. უცებ გაჩერდა პატარა სახლის წინ, რადგან თავისი ტოლი ნაცნობი ბიჭი დაინახა. გაიღიმა და მიუახლოვდა. _ გამარჯობათ... _ გამარჯობათ, ქალბატონო... _ გავიგე, ცხოველები გყვარებიათ, იქნებ სასახლეში გემუშავათ... _ იმ ლამაზ ცხოველებთან?! _ დიახ... თანახმა იქნებით?! გთხოვთ... _ კარგი, ქალბატონო. თქვენ ალბათ ახალი ქალბატონი ხართ... _ თქვა თბილად ბიჭმა და ქალი აათვალიერა. _ მე... მალე გაიგებთ... დღეს სასახლეში გელოდებით. _ მოწყვეტით მიუგო და გზა განაგრძო. ახლა ქუჩა სევდიანი, ღარიბი, მოუვლელი მოეჩვენა და გული დასწყდა, რომ აღარ ჰგავდა 20 წლის წინანდელ ადგილს, სადაც სიხარული და სილაღე სუფევდა. ხალხი ბედნიერი და მშვიდი ახსოვდა, მაგრამ ახლა რაც ნახა, სულ სხვანაირი იყო. ხილის გამყიდველთან გაჩერდა და თავდახრილმა იკითხა: _ მახსოვს, მამა ამბობდა, ეს ქუჩა ძალიან მხიარული და მშვიდიაო, ახლა კი ახლა ასე აღარ არის, თითქოს სევდა შერევია აქაურობას... _ დიახ, შვილო... მამათქვენს სიმართლე უთქვამს, აქ უკვე 20 წელიწადია, აღარ სუფევს სიმშვიდე და მხიარულება... _ რატომ?! _ მას მერე, რაც სასახლეში ბატონი შეიცვალა, ყველაფერი სევდიანი გახდა ჩვენს ქუჩაზე, შვილო... ახლანდელი ბატონიც კარგია... მაგრამ ძველი ბატონი ისეთი თბილი და კეთილი იყო... თქვენ აქაურს არ ჰგავხართ..._ თქვა მან და ფერის შეხედა. _ მე სტუმარი ვარ ქალაქიდან, აქ დროებით ვარ... ვაშლი და ფორთოხალი ამიწონეთ 2 კილო... _ თქვა ჩუმად და ისევ გადახედა გარემოს. კაცმა ვაშლი ამოარჩია, აწონა და ფერის კალათში ჩაუწყო. მერე ფორთოხლისკენ წაიღო ხელი, მაგრამ ერთი ცალი ხელიდან გაუვარდა და ფერიმ დაიჭირა. _ ბოდიში, ქალბატონო... _ მოესმა კაცის შეშინებული ხმა. _ ბოდიშს რატომ იხდით?! _ გაუკვირდა ფერის და კაცს შეხედა. _ ასეთი სამოსით აქ მხოლოდ სასახლიდან დადიან, მათგან კი მხოლოდ ბოროტება მოდის... მაგრამ ქალბატონი ფერნანდა კარგი ადამიანია, ის არავის ჰგავს... ძალიან კეთილია... _ მაპატიეთ, თქვენი შეშინება არ მინდოდა... _ კეთილი ჩანხართ, შვილო... ეს კი თქვენი ფორთოხალია... _ გმადლობთ, ბატონო... ერთი ეს მითხარით, სასახლიდან ვინმე ცუდად გექცევათ და გაწუხებთ აქაურებს?! _ ბატონი. ყოველთვე ჩვენგან თანხას იღებს! _ გაოგნებული ფერი დახლს მიეყუდა. _ ვის აძლევთ თანხას?! _ თავად ბატონის ბრძანებით, სასახლეში ვტოვებთ... _ კარგი, ბატონო, დაგემშვიდობებით... _ თქვა ფერიმ, ფული გადაიხადა და კალათით ხელში სასახლისკენ გაბრუნდა. მძულს ის კაცი! ახლა უფრო მეტად მძულს! სასახლიდან გავაგდებ! ისევე როგორც მან გამაგდო და აქაურობა ასე გაანადგურა! მოვა დრო, მასაც გავაგდებ ამ სასახლიდან და ისიც ისევე იქნება დამცირებული და განადგურებული, როგორც ეს ხალხია! სამზარეულოში შესულმა მოსამსახურეებს, სთხოვა, მოტანილი ხილიდან მისთვის წვენი გამოეწურათ და მის ოთახში მიეტანათ. თავის ოთახში შესულს ელი დახვდა. ფერიმ თამამად შეხედა და უთხრა: _ გავიგე ცხოველებს ვინც უვლის კარგად. ფაბი ჰქვია, მკერავის შვილია. რამდენიმე ხანში მოვა... ჩემს ცხოველებს საქმის ცოდნე მომვლელი სჭირდება. _ და შენ უჩემოდ გადაწყვიტე, ჩემს სახლში ვიღაც უცხო კაცი მოსულიყო?! ახლა მეუბნები ამას?! _ წამოიძახა კაცმა. _ რა, არა მაქვს ამის უფლება? შენ არ შეგაწუხე და მე თვითონ გავიკითხე, თან დავიბარე! ის სპეციალისტია, შენი მომვლელები ვერ შეედრებიან! _ მეც მჯობია?! ქალმა გაიცინა: _ შენ ვერ შეგადარებთ, ის ნამდვილი ჯენტლმენია და თბილი ადამიანი! _ ასე კარგად საიდან იცნობ! _ მის თვალებში წავიკითხე! _ სად ნახე და როდის! მარტო შეხვდი უცხო კაცს?! _ ბაზარში გავისეირნე, მითხრეს, ის ყველაზე კარგიაო. დაველაპარაკე და მივხვდი, რომ მას მართლა შეუძლია ოთხ სპილოს და ყველა ცხენს მოუაროს! _ ჩემს ცხენსაც?! _ დიახ! მას შეუძლია ყველა ცხოველი დაიმორჩილოს და გაუგოს! ისევე როგორც მე შემიძლია მათი გაგება! _ მაინც როგორ უგებ მათ?! _ მე ისინი მემორჩილებიან, რადგან გული, გრძნობა და სული მაკავშირებს მათთან, მაგრამ შენ მხოლოდ იმიტომ გემორჩილებიან, რომ მათ აშინებ! _ შენც გეშინოდეს ჩემი! რადგან მალე მათსავით ძალით დაგიმორჩილებ! _ მე შენი არ მეშინია! _ თქვა მკაცრად და ფანჯარაში გაიხედა, _ აი, ისიც! _ შესძახა და კარისკენ გაემართა. კაციც უკან მიჰყვა. _ აქ დარჩები! მე დაველაპარაკები! _ მოესმა ქალს მისი ხმა და გაჩერდა. შორიდან შეხედა თავის ძველ მეგობარს, რომელსაც ჯერ კიდევ პატარაობიდან ესმოდა ცხოველების, იცოდა, რომ ფაბი მის ცხოველებსაც კარგ მეგობრობას გაუწევდა. ელიანი ბიჭს გამოელაპარაკა. როცა ყველაფერზე შეუფანხმდა, ნება დართო, მუშაობას შესდგომოდა. ბიჭიც დასთანხმდა და როცა ცხოველების ნახვა მოითხოვა, კაციც თან მიჰყვა. ამ დროს ბიჭის პატარა ძაღლი გამოიქცა, იქვე ღობესთან მდგარი და კარში გამოსული ქალისკენ გაქანდა. _ ეს ის ვერ იქნება! ის ახლა დიდი ძაღლი უნდა იყოს... მაგრამ ალბათ მისი ლეკვია... _ ქალი ჩაიცუცქა და ძაღლს მიეფერა: იგივე სურნელი, იგივე სითბო და იგივე გრძნობები დაუბრუნდა, რაც ბავშვობაში. ძაღლს აკოცა და გულზე მიიკრა. ბიჭმა თავისი ძაღლის დანახვაზე მოიხედა და უკან გამოიქცა. ქალს კი ამ დროს თავი ძირს დაეხარა და ძაღლს კოცნიდა. _ ქალბატონო, ბოდიშს გიხდით! _ მოესმა ქალს მისი ხმა და გააჟრჟოლა, ჩემი ძმა, ჩემი მესამე ძმა. _ არა უშავს! _ თქვა ფერიმ ჩუმი ხმით, ფეხზე წამოდგა, ბიჭს ხელი გაუწოდა და სახეში შეხედა: _ ფაბი! _ მისი სახელი წარმოთქვა. ბიჭმა ხელი ჩამოართვა და მის თვალებში კარგად ნაცნობი წარსული წარმოუდგა, მაგრამ ვერ მიხვდა, ეს რა იყო. _ მე ფერი ვარ... ბიჭმა ქალს გაუბედავად შეხედა. ბოლოს, როგორც იქნა, ქალში პატარა ცხოველების მეგობარი ფერი შეიცნო. _ გახსოვარ?! _ გაუღიმა ქალმა. _ ელფერი! _ აღმოხდა ბიჭს ხმის კანკალით. _ ბაზარში ვერ გიცანი... _ არავინ უნდა იცოდეს, მე ვინ ვარ! და შენ რომ გიცნობ! _ კარგი... _ ძაღლი დამიტოვე. ბინგოსიაა?! _ კი მისია. დედას... _ ამის გაგონებაზე ფერი შეტორტმანდა და უცბად ძირს დავარდა. ბიჭმა ხელი შეაშველა. ამ დროს კაცის ხმამ გამოაფხიზლა და მაშინვე მოშორდა ქალს. _ ჩემს ცოლს არავინ ეხება! მაგრამ მადლობა, რომ ხელი შეაშველეთ! ახლა კი ცხოველებს მიხედეთ! _ ცივად წარმოთქვა, ქალი თავის ხელში აიყვანა და სახლში შევიდა. პატარა ძაღლი ხელში ეჭირა ბიჭს და უხაროდა ბავშვობის მეგობრის დანახვა. მაგრამ აქ რა უნდა?! ამ კაცის ცოლი გახდა?! რატომ? რისთვის! ფიქრებით სავსემ მიაშურა იმ ცხოველებს, რომლებსაც ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ შორიდან უცქერდა და მათით სასახლის გარედან ტკბებოდა... ლეკვი იქვე დააბა და დემიანეს მიუახლოვდა. ცხენმა იცნო თუ არა, კუდი გაიქნია და მის ხელის სითბოს მშვიდად შეხვდა. ფაბიმ აჭამა ცხენს, სადგომი დაუსუფთავა და სპილოებს მიაშურა. უკვე იცოდა, ოთხი სპილო რომ დახვდებოდა. ოთხივეს მოეფერა, მათაც აჭამა და მათი სადგომის მილაგებასა და დასუფთავებას მიჰყო ხელი. ელიანმა ქალი ლოგინზე დააწვინა, ჩამოშლილი თმა გადაუწია და შუბლზე ხელი შეახო. სიცხე აღარ ჰქონდა. ქალმა თვალები გაახილა და წამოჯდა. _ სადილზე დაგაგვიანდა, წადი! _ უბრძანა ფერის. _ მე სადილზე არავინ აღარ მელოდება! _ მიუგო უხეშად და კაცმა უცბად წაავლო ხელი. _ გელოდებიან! ახლა შეგიძლია ყოველთვის ზუსტ დროს გამოცხადდე სამზარეულოში და მშვიდად მიირთვა! _ არ მსურს იქ მყოფებთან ვისადილო! _ ფერი... _ მიმართა ელიმ რბილად, _ დღეიდან საჭმელად თავის დროზე ჩამოდი... დედაჩემის ხათრით... _ დააყოლა ბოლოს და გავიდა. ფერი ისევ საჯინიბოში გავიდა და ფაბის გამოელაპარაკა: _ ბინგოს გარდა კიდევ მოკვდა რომელიმე?! _ ქალბატონო, ვწუხვარ, მას ვერ მოვუარე... შენი პატარა თევზებიც დაიხოცა. _ არა უშავს. შენ როგორ ხარ? რა მოხდა ამ 20 წლის მანძილზე?! _ რაც ახალი ბატონები გვყავს... ყველაფერი შეიცვალა... ხალხი ბედნიერი აღარაა და ყველას გაუჭირდა... _ ფულს ყველა უხდით ბატონს?! ელეონორაც?! _ დიახ... _ ეს დღეს გავიგე... თუ არ გადაიხდით, რას იზამენ?! _ ფრინველები ან ცხოველები მიჰყავთ, თუ თანხას არ გადავიხდით! _ მინდა ყველას დაელაპარაკო მალულად და თანხის გადახდაზე უარი თქვათ! დედა რას შვრება?! _ ისევ კერავს, ამ სახლში მოდის ხოლმე ქალბატონ ფერნანდასთან. ძალიან თბილი ქალიაო, ამბობს. რომ წახვედი, სულ შენ გკითხულობდა და ცუდად იყო... დედა ყოველ დაბადების დღეზე შენთვის კაბას კერავდა და გინახავდა... ფერი, აქ რატომ ხარ, მისი ცოლი გახდი?! _ აქ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ! _ გააფრთხილა ქალმა და გავიდა. თავის ოთახში შევარდა, ბალიშს ჩაეხუტა და ატირდა. იმ ქალს მამამ ფული აჩუქა, რომ კარგად ყოფილიყო და ფეხზე დამდგარიყო. ის კი ჩემთვის კაბებს კერავდა! კაბებს კერავდა და ჩემზე ფიქრობდა... მას მე არ დავვიწყებივარ და ვახსოვარ! ჩუმად, თავისთვის ტიროდა. ამ დროს ელი შემოვიდა: _ რატომ არ ჩამოხვედი?! ხომ გთხოვე, დედაჩემის... _ თქვა და ქალის ცრემლებისგან აწითლებულ სახეს რომ შეხედა, გაჩერდა. ფერის შავი კაბა ხელში ჩაებღუჯა და გაბრაზებული უყურებდა კაცს. მისი ხმა გაიგონა თუ არა, გააკანკალა და გააჟრჟოლა. მისი ხმაც კი აშინებდა, ზაფრავდა და აგიჟებდა. ხელები მოუჭირა კაბას და ხარბად დაიწყო ჰაერის შესუნთქვა. ღრმად სუნთქავდა და ფაბის სიტყვები ახსენდებოდა ფულის გადახდასა და მუქარაზე. წინ მდგომ კაცს ზიზღით და სიძულვილით ააყოლა თავისი მწვანე თვალები. ელიანმა იგრძნო მისი მტრული მზერა. _ მითხარი, ფერი... ასეთი სიძულვილი საიდან გაქვს ჩემ მიმართ?! _ ჯამაგირს უხდი ახალ მეჯინიბეს?! _ ჰო, მაგრამ უარი მითხრა, თქვა, უანგაროდ მოვუვლი ცხოველებსო! _ რატომ, იცი?! _ არა... _ და არც დაინტერესებულხარ?! _ ფერი... მე სხვა... _ სხვა პრობლემები გაქვს?! და ფულზე უარი რატომ გითხრა, ამით არ დაინტერესებულხარ?! _ ვკითხე და მითხრა, ცხოველები მიყვარს და მათზე ზრუნვა მსიამოვნებს, ფულის გამო არ დავთანხმებულვარო... _ ფული საიდან გაქვს?! _ მამა მუშაობს... ფული გჭირდება?! მითხარი რამდენი და რისთვის... _ ფული მაქვს... მადლობა არ მინდა... ახლა კი უნდა დავისვენო! _ თქვა მკაცრად და ლოგინისკენ წავიდა. კაცს გაახსენდა მისი წეღანდელი სასტიკი მზერა და ოთახი დატოვა. ელიანმა თავის ოთახს მიაშურა, გაბრაზებული დადიოდა აივანზე და დამშვიდებას ცდილობდა. რამდენიმე ხნის მერე გაემზადა და კლარასთან წავიდა იმ განზრახვით, რომ რამდენიმე დღით მასთან ერთად სასახლიდან წასულიყო და დაესვენა... ელი ქალის გვერდით იჯდა, ისევ ფერიზე ფიქრობდა, მაგრამ ახლა უნდოდა მისგან მთლიანად შორს ყოფილიყო და რამდენიმე დღე მაინც მისი სახე არ დაენახა. კლარა ბედნიერი ეხუტებოდა კაცს, რომელიც ჰპირდებოდა, ყველგან გავისეირნებთ, სადაც შენ გენდომება და რაც გინდა ის ვიყიდოთო. ბედნიერი ქალი მის სხეულს მიჰკვროდა და გარემოს უცქერდა, კაცის სევდას კი საერთოდ ვერ ხვდებოდა. ფერიმ სამზარეულოში შეაბიჯა, იქ ჯერ მხოლოდ ბებია კამილა და ქალბატონი ფერნანდა დახვდნენ. ორივეს მიესალმა, დაჯდა და შეუდგა ჭამას, თან გულის სიღრმეში უკვირდა, კლარა და ელიანი რომ არ იყვნენ სადილზე. უცებ ბებიამ თქვა: _ დასასვენებლად წავიდნენ რამდენიმე დღით, რადგან აქ სრული ქაოსია! _ ფერის გულში რაღაც ჩასწყდა. ქალს მაინც გაუღიმა: _ ახლა სრულიად არ არის ქაოსი! მე მშვიდად და გემრიელად მივირთმევ! მიხარია ერთად რომ არიან! _ მათაც უხარიათ ერთად და შენ გარეშე ყოფნა, აქ ნამდვილად ზედმეტი ხარ! _ კამილა, საკმარისია! _ უსაყვედურა ქალბატონმა ფერნანდამ კამილას და ფერის შეხედა: _ რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან, თან მამასთანაც შეივლიან სამსახურში. *** ფერი აივანზე იდგა, გაბრაზებული დააბიჯებდა და ვერ ხვდებოდა, რა აბრაზებდა. კაბინეტი გაახსენდა და უცბად ჩაიპარა კიბეზე. კარი შეაღო და შიგნით გაუჩინარდა... კაბინეტში. აქ გრძელი მწვანე ქვებით ნაშენი გვირაბი იყო, რომლის არსებობა არავინ იცოდა მისი მშობლების გარდა. ჩუმად მიუახლოვდა სამალავს. ქვებს ხელი გადაუსვა და აბლაბუდის ქსელები მოაშორა. გაუხარდა, რომ აქ არავინ იყო ნამყოფი. სამალავის კარი ფრთხილად გამოაღო იქვე კედელზე ჩამოკიდებული სანათური აანთო და ნახევრად სიბნელეში გზა გაიკვლია... ერთ ადგილას გადაუხვია და ქვის კიბეზე ჩავიდა, იქვე დადებული დიდი ქვა ასწია და იქით გაიხედა, საიდანაც ჩანჩქერის შხუილის ხმა ისმოდა. ქვა ისევ ადგილზე დააბრუნა და უკან წავიდა. საფეხურები ჩაიარა და კარში შევიდა. შუქი ძირს მიანათა. აქ თავისი მოწყობილი ოთახი ეგულებოდა, ლამაზი ქვებით ნაგები, რომლებმაც ერთდროულად გაანათეს სინათლის შუქზე. მაშინვე საწოლს მიაშურა და ჩამოჯდა. იქ დატოვებული თეთრეული ხელში ჩაბღუჭა და ძირს დააგდო: _ 20 წელი მელოდებოდა და მიცდიდა ეს ოთახი, სადაც მხოლოდ კაბინეტის გავლით შემიძლია მოხვედრა. აქ ერთად რამდენს დავრბოდით და ვთამაშობდით მე და ფაბი... ეს ჩემი ოთახი იყო, ჩემი კიდევ ერთი საიდუმლო ოთახი... _ თქვა და ფეხაკრეფით დაიძრა მეორე საიდუმლო კარისკენ, რომლითაც თავის ახლანდელ საძინებელში ადიოდა. წამში უკვე თავისთან იყო. ახალი თეთრეული აიღო და კვლავ გვირაბში დაბრუნდა, დაალაგა იქაურობა, ამდენი წლის განმავლობაში მტვერი რომ დასდებოდა. ღიღინით გამოცვალა თეთრეული. გახარებული წამოწვა მერე, ფერად ჭერს ახედა. გაახსენდა, პირველად რომ ჩაიყვანეს გამოქვაბულში და იქიდან ჩანჩქერი დაანახვეს. მის ხმაურზე შეეშინდა და ატირდა. ახლა კი ბედნიერი ჩაეხუტა თავისი ბავშვობის მოგონებას, თვალები დახუჭა და მიიძინა... დილით ქალბატონ ფერნანდას დაელაპარაკა, მარტონი როცა დარჩნენ. _ ერთი თხოვნა მაქვს, შეიძლება?! _ დიახ, შვილო, გისმენ._ თქვა ქალმა რბილი ხმით და ფერის შეხედა. _ ერთი მკერავი ყოფილა, ელეონორა. შეიძლება აქ დავიბარო?! _ მე ის უკვე დავიბარე, მალე მოვა, მინდა შენთვის ყველაზე ლამაზი კაბა შევაკერინო, ჩემგან საჩუქრად გქონდეს... გაღიმებულმა ფერიმ ქალს ხელზე აკოცა და მადლობა გადაუხადა. მერე თავის ოთახში ავიდა, მწვანე კაბა ჩაიცვა, რომელსაც ოქროსფერი ორნამენტები დაჰყვებოდა და აივანზე გავიდა. ნეტა ისევ ისეთია?! ლამაზი და მოხდენილი?! ისევ ისე კერავს ლამაზ კაბებს?! აი თურმე საიდან მეცნობოდა მისი ხელწერა და რატომაც მომეწონა ფერნანდას ჩაცმულობა... ამ დროს ელეონორაც გამოჩნდა. დაინახა თუ არა ქალი, დაბლა ჩაირბინა და მიეგება. მოუნდა პირველი შეხვედროდა და ისე ელაპარაკა, სანამ სასახლეში შემოვიდოდა. მკერავი გაოცებული ათვალიერებდა. მოსწონდა მისი ჩაცმულობა და მისი სახეც. _ გამარჯობათ, ქალბატონო, თქვენ ალბათ ფერნანდას რძალი ხართ?! _ დიახ. თქვენ კი ლამაზი კაბების მკერავი... _ ფერიც მიესალმა, მაგრამ სახელი არ უთხრა, ორივენი ქალბატონისკენ გაემართნენ. მერე ფერნანდას სთხოვა, იქნებ მკერავმა ახლავე ამიღოს ზომებიო და მალე ორივენი მარტონი დარჩნენ ოთახში. _ შეკერილი კაბები გაქვთ?! იქნებ რამე ამოვარჩიო?! _ მაქვს, მაგრამ იმათ ვერ გავყიდი, ქალბატონო... ისინი უკვე სხვისია. თქვენ როგორიც გენდომებათ, ისეთს შეგიკერავთ. _ ის 20 კაბა, რომელიც გაქვთ, არც იმათ დათმობთ ჩემთვის?! ყველანაირ ფასად, რასაც მეტყვით... _ ქალბატონო, იმ კაბებს ვერ გავყიდი. ცუდი საქციელია კაბები სხვას მივცე, როცა მათ უკვე ჰყავთ პატრონი... _ და თუ ის პატრონი ელაიანის ელფერია... მაშინ?! მას მისცემდით იმ კაბებს?! ქალს ცრემლები მოაწვა, ხმას ვეღარ იღებდა. _ ნუთუ ვერ იცანით იმ 5 წლის გოგონას ხმა?.. _ მოესმა ქალს და გოგონას თვალებში შეხედა. _ ელფერიი...შენ.... _ შესძახა ელეონორამ, ჩაეხუტა და ატირდა. _ 20 წელიწადი გავიდა და გელოდებოდი... 20 წელიწადი, შვილო... _ ცრემლები მოიწმინდეთ, მალე, ალბათ, შემოვლენ. არავინ უნდა იცოდეს, რომ მიცნობთ და ეს სასახლე რომ მეკუთვნოდა. _ ისეთივე ნაზი და თბილი ხარ, ფერი, მაგრამ შენს თვალებში ახლა სხვა რაღაც ჩანს და ეს გულს მტკენს... ფერიმ ქალს ცრემლი მოწმინდა. აკოცა და ოთახიდან გავიდა. მერე მკერავი ქალბატონ ფერნანდას დაელაპარაკა, კაბებს შევკერავ და გამოგიგზავნითო. ბოლოს ოჯახის დიასახლისმა იგი სადილზე დაპატიჟა. სამივენი ერთად დასხდნენ სადილად. ელეონორა ფერის უცქეროდა და მის ბავშვობას იხსენებდა, ძლივს იკავებდა ცრემლებს. შემდეგ ფერნანდას შეხედა: _ ძალიან მომეწონა თქვენი რძალი, თბილი და ლამაზია... თვალები კი საოცრად მწვანე და ხასხასა აქვს... ბედნიერი დედამთილი ხართ, ასეთი რძალი რომ გყავთ... ფერნანდამ ქალს გაუღიმა და ფერის შეხედა სიყვარულით სავსე მზერით. ელეონორა მალევე დაემშვიდობა მათ და ჩაფიქრებული გაუდგა გზას სახლისკენ... ნეტავ აქ რატომ არის მარტო?! ასეთი თბილი და თან ცივი მზერით სავსე?! როგორ გახდა მათი რძალი?.. ეკითხებოდა მკერავი თავის თავს და თან პატარა ელფერის 5-წლიან ცხოვრებას იხსენებდა. ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა, როგორც კი სამკერვალოში შეაბიჯა. მინდორში სასეირნოდ გასული ფერი კი იმაზე ნერვიულობდა, თურმე ელიანი ხალხს ფულს რომ ართმევდა. ფიქრობდა, თუ როგორ დაებრუნებინა ამ ხალხისთვის მათი ფული და მიენიჭებინა სიხარული. მან კარგად იცოდა, რომ მხოლოდ ფულით ბედნიერებას ვერავის დაუბრუნებდა, მაგრამ მათ ისევ უნდა ჰყოლოდათ კეთილი სასახლის მეპატრონე და მგრძნობიარე ადამიანი გვერდით, ვინც გაჭირვების ჟამს დაეხმარებოდათ... უკან დაბრუნებისას მსახური შემოეგება. _ ქალბატონო! ქალბატონი ფერნანდა გიბარებთ. ფერიმ იმწამსვე მას მიაშურა. ქალმა გვერდით დაისვა. _ გამიკვირდა, მკერავმა რომ ამდენი კაბა გამოგიგზავნა: თქვა, ეს გოგო ძალიან მომეწონაო და 20 კაბა გამოატანა ჩვენს მსახურს. ფული არ აიღო. კაბები შენს ოთახშია. მიდი, რომელიმე ჩაიცვი, მინდა გნახო. გოგონამ აკოცა და გავიდა. ელიანი საცაა მოადგებოდა სასახლეს მამამისთან და კლარასთან ერთად. ის მხოლოდ ფერიზე ფიქრობდა და მისი დანახვა სურდა... ოთახში შესულმა კაბები გადაათვალიერა და მწვანე აირჩია, მისი საყვარელი ფერი. ქსოვილი ისეთი ნაზი და რბილი იყო, რომ გააკანკალა: ეს ხომ მისთვის იყო შექმნილი! მხოლოდ მისთვის.... გაბადრულმა კაბა გადაიცვა. ფარდის უკან რომ ვიღაც იყო მიმალული, შეუმჩნეველი დარჩა. ისე გაიხადა ძველი და ჩაიცვა ახალი, რომ არც კი ეგონა, თუ ოთახში ვინმე იყო. `ფერი... როგორი ლამაზი ხარ... მომენატრა შენი დანახვა... შენი ზიზღი და სიძულვილიც კი მომენატრა... როგორი სავსე ხარ... ამ კაბებს რომ უცქერ და ბედნიერით სავსე გაქვს მზერა. ძალიან, ძალიან მინდა შენთან ახლოს ვიყო, თუნდაც ზიზღით შემომხედო~ _ გაიფიქრა ელიანმა და ქალს შეხედა, რომელმაც მწვანე თმის სამაგრი დაიბნია თმაზე და სარკესთან ჩამოჯდა. ფერიმ თავის თავს ახლაღა შეხედა სარკეში: მწვანე თვალები სევდით ავსებოდა, ამან გუნება მოუშხამა და სარკეს მოშორდა. კარი გამოხურა და სასადილო ოთახში ჩავიდა. უკვე ყველანი შეკრიბილიყვნენ: მშობლები, ბებია და მისი რჩეული რძალიც, კლარა. ფერი შემოვიდა თუ არა, ყველამ მისკენ მიაპყრო მზერა და რამდენიმე შურიანი მზერაც კი დაიჭირა. _ ფერიი... ულამაზესი ხარ.... ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ხარ და ჩვენი რძალი ხარ... _ თქვა ფერნანდამ და ჩაიხუტა. მამაც დაეთანხმა თავის ცოლს და შეამჩნია, როგორ უყურებდა მისი ვაჟი მის საყვარელ ფერში გამოწყობილ გოგონას, რომელიც იღიმოდა. _ მართლაც ძალიან ლამაზი ხარ... _ ამოთქვა კლარამაც და ფერის გააკანკალა. მისკენ გაიხედა: _ გმადლობთ, ქალბატონო კლარა, თქვენც ძალიან ლამაზი ხართ. ბედნიერი ყოფილა თქვენი ქმარი, რომ ასეთი ლამაზი ქალი ჰყავს გვერდით... დღეს ჩამოხვედით?! _ დიახ... მაგრამ ის თქვენიც არის, ქალბატონო ფერი... ფერის გაეცინა: _ ის მხოლოდ თქვენია და თქვენი იქნება მუდამ, არასდროს იფიქროთ, რომ მე ის რამეში დამჭირდება... ამიტომ გიხაროდეთ, რომ ის მხოლოდ თქვენია... _ მის მიმართ რატომ არ გრძნობთ არაფერს?! _ შეეკითხა გაკვირვებული ქალი. _ იმიტომ, რომ არ მომწონს... და არც არასდროს მომეწონება! _ თუ ასეა, თქვენს სახლში დაბრუნდით! _ ამაზე ფერის გააჟრჟოლა. ისევ წავიდე ჩემი სასახლიდან?! დაე ასე იყოს! თქვენ გგონიათ, ამაზე უარს ვიტყვი! არა! _ გაიფიქრა, კაცისკენ შებრუნდა და შეხედა: _ ჰოდა, დავბრუნდები... _ თქვა და კარისკენ ნაბიჯი გადადგა. _ შეჩერდი! _ მოესმა უცბად და ადგილზე შედგა. _ მხოლოდ ორი გზა გაქვს! ან აქ დარჩები და ცოლის მოვალეობას შეასრულებ, ან სახლში დაბრუნდები და გამოვაცხადებ, რომ შენთან არაფერი მქონია, მაგრამ არა მგონია, ვინმემ შენზე კიდევ იქორწინოს! _ დაქორწინება ჩემთვის არაფერს წარმოადგენს! თანაც არსებობს ადამიანი, ვინც ამაზე უარს არ იტყვის! _ თქვა უცბად გასაბრაზებლად და კაცს თვალი თვალში გაუყარა: _ არც ახლა ვარ ჩემი ნებით გათხოვილი! _ გამოდის, უკან დაბრუნება გირჩევნია, აქ ყოფნას?! _ გამწარებული შეეკითხა ელიანი. _ დიახ! _ უხეშად თქვა ქალმა და კაბინეტისკენ გაიქცა. კართან მიმოიხედა, ხომ არავინ მოსდევდა, მერე შიგნით შევიდა. წიგნების კარადას საჭირო ადგილას ხელი შეახო და კედელი დატრიალდა თუ არა, მის უკან გაუჩინარდა. მაშინვე ხის კიბეს ჩაუყვა და გვირაბში შევიდა. იქიდან ჩანჩქერს მიაშურა. უკვე ბნელდებოდა. იქვე ჩამოჯდა და წყალს გახედა, რომელიც ხმაურით ეშვებოდა კლდიდან. ელი ფერის ოთახში შევიდა და ქალი იქ რომ ვერ იპოვა, იფიქრა გაიქცაო და მისი მოძებნა ბრძანა. სასახლის მოსამსახურეები ყველგან ეძებდნენ მას, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. კაცი ცხენზე ამხედრდა და ტყისკენ გაჭენდა. მთელი ღამე ტყეში ეძებდა და ეძახდა, ნაკადულთანაც მივიდა, მაგრამ იქ თითქოს ყველაფერს ეძინა. ცხენი მოატრიალა და ტყიდან გავიდა თუ არა, ჩანჩქერისკენ აიღო გეზი. ფერის მაშინვე ჩაესმა ცხენის ფლოქვების ხმა და წამოდგა. გაიგონა კაცის ხმაც, რომელიც ცოტაც და მოახლოვდებოდა. ქალი ჩანჩქერის თავზე დადგა: _ მე შემიძლია ელფერის სასახლისთვის მოვკვდე! და სიცოცხლე შევწირო ჩემს წარსულს, რომელიც ასე მიყვარდა! _ თქვა და წყალში გადაეშვა. კაცის სმენას ექოსავით მისწვდა წყალში ჩავარდნის ხმა, თითქოს იგრძნო რასაც კარგავდა და თვითონაც გადაეშვა... დინებამ ორივე გამორიყა ნაპირზე. კაცს ქალის სხეულზე ხელი ჰქონდა მოხვეული და ნაპირისკენ მიჰყავდა, უსულო სხეული. ქალს კი ეღიმებოდა: გათამაშებული სიკვდილი! ვნახოთ რას გამოიღებს! ერთ დღეს წყალში ჩავხტი იმ იმედით, რომ ცურვას ვისწავლიდი და ქვევით მამა მელოდებოდა, რომელიც დახრჩობის შემთხვევაში წყლიდან ამომიყვანდა. ამის გაფიქრებაზე შეახურა, ისე იმოქმედა ელიანის სხეულზე რომ იყო აკრული. მისი თმა კაცს ყელზე ეხებოდა და რაღაც ახალს და თბილს განაცდევინებდა, სრულიად ახალ რამეს ბადებდა მასში... კაცი ნაპირზე ამოვიდა, ქალის სხეულიანად მიწვა ჩანჩქერის ცივ ნაპირებზე. როგორ შეიძლებოდა დამხრჩვალიყო ის, ვისგანაც შვილი მინდა! შვილი! _ გაიფიქრა და ქალს ხელი მოჰკიდა, რათა წაეყვანა: _ არ მინდა წამოსვლა! _ შენი ქმარი ვარ! და დღეს დაგაჯერებ, რომ ჩემი ხარ! _ მაჯაში ხელი წაუჭირა და ძალით მიათრია ცხენამდე, მერე ზედ შესვა და გაუყვნენ სასახლისკენ გზას. შინ მისულმა ყველას უბრძანა, არ შეგვაწუხოთო! _ და საძინებელში შესულმა სველი ქალი ლოგინზე დააგდო, შემდეგ ზემოდან დახედა და სახიდან თმა გადაუწია. _ ნუ მეხებიი! _ ჩაიბუზღუნა ფერიმ და თავი გააქნია, რომ მისი ხელი მოეშორებინა. მამაკაცი ქალს თვალებში ჩააცქერდა. _ რას გააკეთებ იმისთვის, რომ არ შეგეხო?! ხომ გინდა გაგიშვა?! ამისთვის რას გააკეთებ?! _ იყვირა კაცმა. ფერი აკანკალებული წამოხტა: _ მე შენს ბრძანებებს არ დავემორჩილები! მირჩევნია მოვკვდე! _ მაგრამ კაცმა ორივე ხელით გააკავა მისი სხეული. _ ახლა გაგიშვებ, მაგრამ ერთი კვირა ამ ოთახიდან ვერ გახვალ! _ თქვა და სააბაზანოში შევიდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ რომ გამოვიდა, ქალი ლოგინზე აღარ დახვდა. მთელ სახლში დაიგრგვინა მისმა ხმამ, ყველა გაქვავდა. ეძებეს, მაგრამ ქალი ისევ არსად ჩანდა. ფერი კი ამ დროს თავის საიდუმლო გვირაბში იმალებოდა და ეღიმებოდა, რომ ისევ გაიპარა სასახლიდან. გაბრაზებული კაცი კლარასთან წავიდა, მას მოეფერა, მაგრამ მიხვდა, რომ ამ ქალის და არცერთი მის ხელში გამოვლილი ქალის მიმართ მსგავსი არაფერი უგრძნია, რასაც ფერის მიმართ გრძნობდა და განიცდიდა... ცხოვრებაში პირველად ნანობდა, კლარა რომ მოინახულა. უნდოდა ყველა ქალი დაევიწყებინა და სამუდამოდ წაეშალა გონებიდან, ვინც კი მანამდე ჰყოლია... დილით ფერი ცხელი წყლით სავსე აბაზანაში ჩაწვა და ჩუმად ღიღინი დაიწყო. გამზადებული რძე და თაფლი გადაისხა სხეულზე და თავის ხელებს შეხედა, რომელიც ისევ სტკიოდა და ნელ-ნელა უხორცდებოდა. უცბად კაცმა კარი შეაღო და შეიხედა: ქალი წყალში შიშველი იწვა და თვალებდახუჭული ღიღინებდა. ელი მაშინვე უკუიქცა, არ უნდოდა ფერის დაენახა. თავის კაბინეტს მიაშურა და დივანზე მძიმედ დაჯდა. უცებ რაღაც მოაფიქრდა, დედამისთან მივიდა და სთხოვა, საღამოს ვახშამზე ყველანი შეკრებილიყვნენ. ის იყო, სასადილო ოთახში ჩასულმა ფერიმ ჭამა დაამთავრა, რომ მოსამსახურე შემოვიდა და რაღაც ბარგი გადასცა: _ ქალბატონო, ეს თქვენი მშობლებისგანაა. ფერის გაუხარდა, გოგონას აკოცა და ბარგი გამოართვა. ელიანი ამ სცენას გაოცებული უყურებდა, ჯერ არასდროს ენახა, აქ ვინმეს მოსამსახურისთვის ეკოცნა დედამისის გარდა! ეს ისე მოეწონა, სულ დაავიწყდა მისთვის გამოტანილი წუხანდელი სასჯელი. ფერიმ თავის ოთახს მიაშურა. ლოგინზე დაჯდა და შეფუთული კოლოფი გახსნა. ფრანკას გამოგზავნილი თმის სამაგრი მაშინვე თმაში ჩაიმაგრა გახარებულმა. მერე ძმების ნაჩუქარი ჭადრაკი ამოიღო და გაახსენდა, როგორ თამაშობდა მათთან ერთად ამ დაფაზე, ცელქობდა და მაინც უგებდა ორივეს. მეორე ძმამ თავისი გაკეთებული ზარდახშა გამოუგზავნა, შიგნით კი დედის ძვირფასი კოლიე იდო წარწერით: `ფერი დელავიანი. სიყვარულით დედისგან~! ეგრევე ყელზე გაიკეთა, კაბის შიგნით დამალა და მამის საჩუქარი გახსნა: `ძვირფასო ფერი, გილოცავ! იმედია, არ მიბრაზდები და მანდ თავს კარგად გრძნობ. თუ თავს ცუდად იგრძნობ, ნებას გაძლევ სახლში დაბრუნდე. მიყვარხარ და ყველას უყვარხარ, ჩემო ფერი... ეს კი ჩემგან საჩუქრად. სიყვარულით, მამა~. ისევ კოლოფში დაიწყო ქექვა, მაგრამ მამის საჩუქარი ვერ იპოვა. სადააა მამას საჩუქარიიი! მამას საჩუქარიიი! დაიკარგააა?! რა მაჩუქააა! კაბააა?! კაბაააა! კაბას მაჩუქებდა! თვითონ რატომ არ მოვიდნენ ჩემთან! ნუთუ არ იციან აქ რომ ვარ, ამ ჩემს სასახლეში! არა, იციან. _ გაიფიქრა და კარისკენ წავიდა. _ შენ?! _ მიმართა ზურგით კარს მიყრდნობილ კაცს. _ ჩემს მშობლებს უთხარი, აქ რომ უნდა მეცხოვრა?! _ დიახ... _ ახლა გასაგებია, მამამ ასე ადვილად რატომაც დამთმო! _ მიხვდა ქალი და კალმისკენ დაიხარა. კაცმა მშობლების გამოგზავნილი წერილი აიღო და წაიკითხა. _ რას გილოცავენ?! _ ფერის შეხედა. _ დაბადების დღეს! _ თქვა ჩუმად და ლოგინზე წამოწვა. ელი გავიდა. ფერი მოწყენილი იწვა. მამის საჩუქარი უნდოდა და ბრაზობდა, რომ დაიკარგა. მთელი საათები ლოგინში მოუსვენრად იკოტრიალა. მერე აივანზე გავიდა. კაცი ისევ დაბრუნდა. ფარდის მიღმა აივნისკენ გაიხედა და ისიც დაინახა. ფერის ცრემლები და ღიღინი ერთმანეთში შერწყმულიყო. _ მე ყველაფერს ვკარგავ! მამას ნაჩუქარი კაბაც დაიკარგა! კაბაა! ნეტა ვინ მომპარა?! _ ცრემლებს უმატა. უცბად მოტრიალდა და კაცი შერჩა ხელთ. მის წინ იდგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.