შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელფერის სასახლის ქურდი (თავი 11)


8-08-2022, 09:06
ნანახია 5 915

გვიან იყო, მთვარეც ამოსულიყო... ფერი ეზოში გავიდა, სუფთა ჰაერი შეისუნთქა და ცას ახედა. უეცრად ნაბიჯების ხმა შემოესმა და სწრაფად მიტრიალდა უკან.
_ ფერი, შენ ხარ?... _ მოესმა ქალს და კაციც ჩაეხუტა, ლოყაზე აკოცა: _ მომენატრე...
_ მეც... _ წამოიძახა გახარებულმა ქალმა და სახე დაუკოცნა.
_ როგორ ხარ?!
_ მე შესანიშნავად. შენ?!
_ მომენატრე...
_ მეც ძალიან... _ თქვა და ისევ მიეხუტა კაცის სხეულს.
_ ისევ ისეთი ლამაზი ხარ...
_ ჯერ იქ მხოლოდ თვეებია ვარ!
_ ფერი, რატომ ეგუები ამას?!
_ რას?! _ გაუკვირდა ქალს და კაცს სახეში შეხედა.
_ იმ ქალის საზიზღარ საქციელს!
_ რა საქციელს?!
_ იცი, რასაც ვგულისხმობ!
_ არ ვიცი! ამიხსენი!
_ იმ ქალმა დაგამცირა და ხელი მოგიქნია! ამას რატომ ეგუები? ის კაციც ასე გამცირებს?! იცოდე, მამას ვეტყვი და უკან წამოგიყვანს! ხომ იცი, რომ მიგიღებს!
_ არააა! მამამ არ უნდა იცოდეს! შენ საიდან გაიგე?!
_ რა მნიშვნელობა აქვს! მიპასუხეე!
_ რაზე გიპასუხო?!
_ ის ქალი სულ გამცირებს და ამას მშვიდად ხვდები, მაშინ როცა უსამართლობას არასდროს ეგუებოდი!
_ იცი რატომაც ვეგუები! _ თქვა ჩუმად ფერიმ და თავი დახარა.
_ მინდა ის ქალი მოვკლა და ის კაციც! შენ არასდროს არავინ შეგხებია! არავის უცემიხარ და არავის უყვირია შენთვის! ფერი... დაბრუნდი უკან...
_ არა!
_ რატომ?.. ისევ ერთად ვიქნებით! ისევ ვირბენთ ერთად ჩვენს სამყაროში და ისევ გამოჩნდება სიყვარული, ნამდვილი სიყვარული!
_ არა!
_ რა ჯიუტი ხარ! ჩემ გამო მაინც დაბრუნდი უკან!
_ არა! არაა! ნუ მთხოვ დაბრუნებას!
_ ვიცი, რატომაც არ ბრუნდები! დაივიწყე იმ კაცის ბრძანება, რომ მასთან უნდა იყო და უკან დაბრუნდი!
_ მოვრჩეთ ამაზე საუბარს! ამდენ ლაპარაკს ჯობია მომეფერო! _ თქვა ქალმა და კაციც ჩაეხუტა.
_ კიდევ რა ჩაიდინა იმ ქალმა?!
_ არაფერი!
_ მითხარი, ფერი! ახლავე მითხარი!
_ გეყოფა-თქო! შენ ხომ ისედაც იგებ ყველაფერს!
_ მე შენ მიყვარხარ! ფერი...
_ მეც მიყვარხარ! _ მიუგო ქალმა და უფრო მიეხუტა.
გარეთ გამოსულ ელის ესმოდა მათი დიალოგი და გაშეშებული იდგა ხეს მიყრდნობილი. ისე ჩაბღაუჭებოდა ხეს, რომ ხელები სულ დაკაწრული ჰქონდა, მაგრამ ვეღარაფერს გრძნობდა. ერთმანეთი უყვარდათ და მე დავაშორე?!. უტრიალებდა თავში. ამაზე მეტად ის მოხვდა გულში, რომ ფერის სხვა უყვარდა და ამის შესახებ მას არაფერი უთხრეს. ახლა ყველაზე მეტად ეს სტკიოდა და გულს უჭამდა. დაე, უკან დაბრუნდესო, გაიფიქრა და ჩახუტებულ სხეულებს თვალი მოარიდა.
ელიანი მათთვის გამოყოფილ ოთახში შევიდა და დივანზე წამოწვა. ცოტა ხანში ფერიმაც შემოაღო კარი.
შემოსვლისთანავე იატაკზე სისხლის წვეთები დაინახა და თვალი გააყოლა ნაკვალევს, რომელიც დივანზე მწოლიარე კაცისკენ მიდიოდა. მერე მის ხელს შეხედა და კაცისკენ დაიხარა.
_ ელიან... _ პირველად მიმართა ასე ხმადაბლა და შეშინებულმა.
_ გისმენ... _ ელიმ თვალები გაახილა.
_ ხელი გაქვს ნატკენი...
_ არა უშავს.
_ მანახე... _ მისი ხელისკენ წაიღო ხელი, გადმოატრიალა და თვალები გაუფართოვდა, როცა მის ხელისგულებზე ნაკაწრები და სისხლის ლაქები დაინახა.
_ რა მოგივიდა?!
_ არაფერი.
ფერი წამოდგა, ბინტი აიღო, პატარა ჯამით წყალი მოიტანა, ნოხზე დადო და იქვე ჩაიმუხლა.
კაცი წამოდგა.
_ საჭირო არაა.
_ იწექი, ისე შეგიხვევ!
_ არ მინდა-მეთქი! _ თქვა ხმამაღლა.
_ ხელი გაქვს ნატკენი! იმიტომ გიხვევ, რომ დასჯისას ხელი არ შეგიშალოს!
_ გულიც მაქვს ნატკენი!
_ მერე? კლარამ მოგიშუშოს! _ ჩაიცინა ფერიმ და სისხლიანი ლაქების მოწმენდას შეუდგა.
_ იმასაც შემიხვევ?!
_ გული საერთოდ გააქვს?! _ ჰკითხა ქალმა და მაჯაში ჩასჭიდა ხელი, _ დაჯექი და შეგიხვევ!
კაცი დივანზე ისევ დაჯდა. ქალმა სველი ნაჭრით მთლიანად მოწმინდა სისხლი და გადაუხვია. მორჩა თუ არა, კაცს მოშორდა და ფეხზე წამოდგა: _ კარგი, ძილი ნებისა.
_ ძილი ნებისა და მადლობა, _ თქვა კაცმა და დივანზე წამოწვა.
მართალია... გული არ მაქვს... არც კი ვიცი... _ თქვა კაცმა ჩურჩულით და ქალს შეხედა. მთელი ღამე მძინარე ქალს გაჰყურებდა, რომელიც ხან ერთ მხარეს გადატრიალდებოდა, ხან მეორე მხარეს. _ დღეს ბოლოჯერ გხედავ... ღამით... _ თქვა და ნატკენი ხელი თავზე შემოიდო. იგრძნო თუ არა სახვევი, მასაც შეეხო მეორე ხელით, თითქოს ფერის რაღაც ნაწილს ეხებოდა და არ უშვებდა. როგორ თბილად ეუბნებოდა იმ კაცს, მიყვარხარო... ერთმანეთს როგორ ტკბილად ესაუბრებოდნენ, ასე მე ფერი არასდროს დამლაპარაკებია... მხოლოდ ერთი ელფერის სასახლე მახსოვს მისგან საოცრად თბილად და მომაჯადოებლად წარმოთქმული... რა ბედნიერი იქნებოდა ეს კაცი, ფერი გვერდით რომ ჰყოლოდა, მაგრამ მე ჩავდექი შუაში. ან ამ კაცმა რატომ გამოუშვა ჩემთან?! რატომ არ მოიტაც?.. _ ქალს უცქეროდა და ვერ მშვიდდებოდა. ვერ დავიცავი, ვერ დავიცავი კლარასაგან! მისი ტყუილის გამო დაისაჯა, მაგრამ კლარას დასჯაც არ შემიძლია, რადგან ყველაფერი მხოლოდ ეჭვიანობის გამო ჩაიდინა. ექიმს დაავალა, მოვეტყუებინე და ფერისთან დავეშორებინე. მას ვუყვარვარ... ვუყვარვარ და არ უნდოდა ჩემი დაკარგვა ან ფერისთან გაყოფა... ის ხომ ამდენი ხანია ჩემთანაა და არ უღალატია ჩემთვის. არასდროს არ უღალატია ჩემთვის. ფერი?.. ფერის კი სხვა უყვარდა და მე ჩავდექი თურმე შუაში, მესამე, ზედმეტი... მისთვის მე ზედმეტი ვარ... აი, თურმე რატომ ვძულვარ და ვეზიზღები! მე ხომ მას დავაშორე, თავის სიყვარულს დავაშორე... სასახლეშიც კი იგებდა თურმე ქალის ამბებს... მაგრამ იქ რომ არ გამოჩენილა?! ან იქნებ მოდიოდა და იქაც ხვდებოდა?! იქნებ მე ბევრი რამ არ ვიცი? მგონი, ფაბისაც უყვარს. ამიტომაც იდგა მის გვერდით მთელი ღამე სპილო რომ მოკვდა, თბილად ეხვეოდა ქალის სხეულს... მის სახესაც ეხებოდა და ეფერებოდა... ფერიიი... ნუთუ სხვა გიყვარს და ამ დაკარგული სიყვარულის გამო გეზიზღები?... _ ფიქრობდა კაცი და ნელ-ნელა ძილბურანში იძირებოდა.
დილას ადრე ადგა და აივანზე გავიდა, ცოტა ხანი ისევ ფიქრებს მისცა თავი, თუ როგორ უნდა ეთქვა მისი მშობლებისთვის, რომ ფერის აქ ტოვებდა. მერე სასაუზმოდ ჩავიდა. ფერიც მალევე ჩამოვიდა და წამოიძახა, ძალიან მშიაო.
_ მოდით, შვილებო, ყველაფერი მზადაა, თქვენ გელოდებოდით.
ის იყო სუფრას მიუსხდნენ, რომ ის უცნობი კაციც შემოვიდა, ღამით ფერის რომ ეხუტებოდა.
_ მე არ მელოდებოდით?! _ ღიმილით წარმოთქვა მან და გაბრაზებულმა ელიმ მუშტები შეკრა. მეტი ვეღარ მოითმინა:
_ თქვენ აქ რა გესაქმებათ?! ფერი მხოლოდ მე მეკუთვნის! _ იყვირა და მისკენ დაიძრა, მაგრამ ფერის მამამ შემდეგი სიტყვებით გააჩერა:
_ შვილო, ის ოჯახის ნათესავია, ფერის ბიძაშვილი...
_ ბიძაშვილი?! _ გაუკვირდა ელის, ვერ დაიჯერა.
_ დიახ, ასეა! _ თქვა ფერიმ და კაცს გვერდით ამოუდგა: _ ის ჩემი ბიძაშვილია, ფერდინანდი! ეს კი ელიან ლამბეტი, ჩემი ქმარი! _ გააცნო ფერიმ კაცები ერთმანეთს და სუფრას მიუჯდა.
_ შვილო... _ დაიწყო ელაიანმა და ელის შეხედა, _ ფერდინანდი წუხელ გვიან ჩამოვიდა და ამიტომაც ვერ გაგაცანით. ის რამდენიმე ხანი ჩვენთან ცხოვრობდა და ბავშვები ერთად ერთობოდნენ ეზოში, ამიტომაც შვილივითაა ჩვენთვის და ძმასავით ბავშვებისთვის.
_ ძალიან კარგი, ბოდიშს გიხდით ჩემი უხეშობისთვის თქვენც და თქვენც, ბატონო, _ ყველას ბოდიში მოუხადა ელიანმა და ყველანი ვახშმობას შეუდგნენ.
მოგვიანებით ფერი და დედამისი სამზარეულოში განმარტოვდნენ. ელიანი, რომელიც ფერის ეძებდა, სრულიად შემთხვევით შეესწრო მათ დიალოგს და ყური მიუგდო.
_ ფერი.
_ გისმენ, დედაა.
_ არაფერი გაქვს ჩემთვის მოსაყოლი?! რამე ხომ არ გაწუხებს?!
_ არაფერი დედა, სასახლე ლამაზია და მშვენიერია... ყოველდღე გლიცენიის სურნელით ვტკბები...
_ ელის მშობლები როგორ გექცევიან?!
_ ძალიან კარგად. რომ იცოდე, როგორი კარგი ქალია, საოცრად თბილი და ნაზი, შენ გგავს. მკერავს ჩემთვის კაბა შეაკერინა, გაგიჟდები რომ ნახავ, ისეთი ლამაზი ქსოვილებია.
_ ქალბატონი კლარა როგორია?!
_ კარგი ქალია.
_ ცუდად გექცევა?!
_ არა, დედა.
_ ორი სიტყვით როცა ადამიანს ახასიათებ, გამოდის, ცუდად გექცევა!
_ ცუდად არ მექცევა, დამშვიდდი. მე მას არაფერს ვართმევ და ცუდად ვერ მომექცევა.
_ ფერი! ახლავე მითხარი, რა დაგიშავა!
_ დედა, არაფერი!
_ მითხარი, იქ მართლა კარგად ხარ?!
_ კი, დედა ძალიან კარგად ვარ და ბედნიერი ვარ იქ ყოფნით!
_ კარგი, შვილო... სხვა არაფერი გაქვს სათქმელი?!
_ არა. ნუ ინერვიულებ, მშვიდად და კარგად ვცხოვრობ, მომწონს იქაურობა...
_ ფერი... მე ყოველთვის ვგრძნობ, როცა რაღაცას მიმალავ... ამიტომ სთხოვე მამას ცოტა ხნით დამიანის აქ დატოვება!
_ დედა, იმ პატარა თბილ ბიჭუნას ჩემ მაგივრად გიტოვებთ ცოტა ხნით და არაფერს გიმალავ.
_ ელიანი ცუდად გექცევა?!
_ არა.
_ სიმართლე მითხარი...
_ არა, დედა, მართალია, ვკამათობთ ხოლმე, მკაცრი და უხეშია, მაგრამ ცუდად არ მომქცევია.
_ კარგი, ფერი. დამპირდი, რომ არავის მისცემ უფლებას, ცუდად მოგექცეს!
_ გპირდები, დედა, არავის მივცემ ამის უფლებას! _ შეჰპირდა ფერი და დაფაცურდა. როგორც ჩანდა, დედა-შვილი ნამცხვრის გამოცხობას აპირებდა. ფერიმ ჯამში ფქვილი და შაქარი ჩაყარა, დედაც ეხმარებოდა. ამიტომ ელი მაშინვე მოშორდა კარს.
_ აი, სიძეც დაბრუნდა... _ თქვა ძმამ და ზეზე წამოდგა. _ ჩემთან ერთად ჭადრაკს ითამაშებთ?!
_ დიდი სიამოვნებით. _ მიუგო და მის წინ დაჯდა. თამაში დაიწყეს თუ არა, ეზოდან რაღაც ხმამაღალი საუბრის ხმები შემოესმათ. ელი შეშფოთდა, ანხელმა კი გაიცინა: _ ფერი, ალბათ, ვიღაცას ეჩხუბება...
_ საიდან მოდის ეს ხმა?! _ დაფეთდა ელი და აივანზე გავარდა. ყველანი უკან მიჰყვნენ და ეზოში გადაიხედეს.
ფერის ხმალი დაეკავებინა და ისე უქნევდა ფერდინანდს, გეგონებოდათ, ერთმანეთი უნდა დახოცონო.
_ რა ხდება?! _ წამოიძახა ელიმ და ანხელს შეხედა.
_ დამშვიდდი და უყურე!
_ ესენი სულ ასე კამათობდნენ?!
_ ფერი ყველას ეკამათება, გამონაკლისი არც ფერდინანდია!
_ წუხელ ისე თბილად საუბრობდნენ ერთად, შეყვარებულები მეგონა... _ თქვა და მოფარიკავეებს გახედა.
_ ამიტომაც მოხდა ის ინციდენტი?! _ იკითხა და გაეცინა.
_ დიახ, ბოდიშს გიხდით...
_ არა უშავს, შეყვარებული კაცი ეჭვიანია...
პირველად გაიგონა ასეთი სიტყვები თავის მიმართ და გაოცებული ისევ ანხელს შეაცქერდა.
_ ასეა... თქვენ ეჭვიანობთ! ახლაც.
უცებ ისევ გაისმა ფერის ხმა და ორივემ მაშინვე მისკენ გაიხედა.
ქალმა ფერდინანდს ხმალი ხელიდან გააგდებინა და მუქარით უთხრა:
_ ის ჩემი ელფერის სასახლეა! არ მოგცემ უფლებას, იქ ისე მოიქცე, როგორც შენ მოგესურვება! _ იყვირა უცბად და სახლისკენ გაიქცა.
_ არ იცი რაზე იჩხუბეს?! _ ჩაეკითხა ანხელს ელიანი.
_ არა, ვაღიარებ, პირველად შევესწარი მათ ასეთ კამათს. მოდი, თამაშს დავუბრუნდეთ, თუ წინააღმდეგი არ ხართ...
_ კარგი..._ დათანხმდა ელი და ისევ ჭადრაკს მიუბრუნდნენ.
რამდენიმე ხელი ისე ითამაშეს, სულ ელი აგებდა.
_ მე ვფიქრობ ძლიერი მოთამაშე ხართ, მაგრამ ახლა ფერიზე უფრო ფიქრობთ, ვიდრე თამაშზე.
_ ასეა... _ მიუგო ელიანმა ანხელს.
_ კარგი, მაშინ სხვა დროს ვითამაშოთ... _ და ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
ელიანი ანხელს გაშორდა და საძინებელს მიაშურა., მაგრამ ოთახში ვერ გაჩერდა და აივანზე გავიდა. ცოტა ხანში ფერიც შემოვიდა და გვერდით ამოუდგა.
_ რატომ ეკამათებოდი ბიძაშვილს?!
_ არ მოსწონს სასახლეში რომ ვარ თქვენთან და კლარასთან ერთად!
_ რატომ?!
_ ბრაზდება, კლარა ცუდად გექცევაო!
_ ფაბისთან რა გაკავშირებს?!
_ მე შენ არ გგავარ! შენნაირი კი არ ვარ, ორ ადამიანთან ერთდროულად ვიყო! _ უთხრა მკაცრად და ოთახში შებრუნდა.


იმწუთას ლოგინში ჩაწვა და დაძინება სცადა, მაგრამ მოულოდნელად საბნის შერხევა იგრძნო და ჩუმად წამოიყვირა, რათა მეორე ოთახში ბავშვი არ გაეღვიძებინა:
_ აქ რა გინდა?!
_ ვინმემ რომ შემოიხედოს, რას იტყვის, თქვენ ცალ-ცალკე გძინავთო?!
_ მერე რა! გადადი შენს დივანზე!
_ დამაძინე და დაიძინე! _ ჯიბრიანად მიუგო კაცმა და ქალი დაიჭირა, რომ არ გადამხტარიყო საწოლიდან, _ ხომ დარწმუნდი, რომ ძლიერი ვარ და გერევი. შეგეშინდეს მაინც!
_ ვიყვირებ და ყველა აქ გაჩნდება!
_ მიდი, იყვირე და აქ ამ სამოსით კი არა, შიშველს გნახავენ! _ დაემუქრა ქალს, გადატრიალდა და პლედი გადაიფარა.
_ მხეცი ხარ, ველური!
_ ხოდა გეშინოდეს ამ მხეცის! _ თქვა და ქალს გაუცინა. _ უნდა გიხაროდეს ასეთი მხეცი რომ გყავს ქმრად, ვერავინ წაართმევს თავის ტყვეს და ნადავლს!
_ მე ნადავლი არ ვარ! _ დაარტყა მკერდზე ხელი. კაცმა ქალს ხელი წაავლო, ზურგზე გაშხლართა, თვითონ კი ზემოდან მოექცა და ქალს თვალებში ჩახედა. ქალმა თვალები დახუჭა კაცის შიშველი მკერდის დანახვისთანავე: _ ჩაიცვი რამეეეე!
_ მცხელა და როგორ ჩავიცვა! ძალიან მცხელა!
_ მაშინ გამიშვი ხელი, რაღას მეხუტებიიი!
_ მართალია, შენნაირ ქალს არ უნდა ჩაეხუტო! _ გაბრაზებული ელიანი მოშორდა ქალს და ისევ თავის მხარეს დაუბრუნდა. თუმცა უცებ ისევ შემობრუნდა და უჩურჩულა:_ მაკოცე და დავიძინოთ. _ ამ სიტყვებით ქალის ტუჩებს მიუახლოვა თავისი ტუჩები და დაელოდა. გაბრაზებულმა ფერიმ მოწყვეტით აკოცა.
_ მშვენიერი იყო, _ თქვა კმაყოფილმა ელიმ, და ისევ გადატრიალდა.
მეორე დილით, სანამ დამიანი გაიღვიძებდა, ფერი დაბლა ჩავიდა. ელიანი ელაიანთან იჯდა და საუბრობდნენ. ფერიმ ყური მიუგდო. მამა ეუბნებოდა სიძეს, ჩემს შვილს ასე უცბად არ გაგატანდით, მაგრამ თქვენი მშობლები მომეწონა და მაგიტომ დაგთანხმდით, თუმცა ვნანობ, სხვა ქალიც რომ გყავთ, ფერი არ არის მიჩვეული, იყოს მეორეო.
_ ერთ დღეს რომ გახაროთ, შვილიშვილი გეყოლებათ-თქო, გაგიხარდებათ?!
_ რააა?!!! _ იყვირა კაცმა და წამოხტა.
_ ჩემი ქალიშვილი ბავშვს ელოდება?!
_ არაა, არაა. ისე გამოდის, რომ არ მოვწონვარ ფერის. იქნებ თქვენც მიწუნებთ სიძედ?
_ შვილოო... თუ ფერის ცუდად არ მოექცევით, მასზე იზრუნებთ და სიყვარულით გააჩენს თქვენგან შვილს, ეს ყველას გაგვიხარდება...
ამის გაგონებაზე ფერიმ გაბრაზებულმა მომუშტა ხელი.
_ ეს მხეცი თავიდანვე უნდა მომეშორებინაა! _ წამოიძახა, მაგრამ ამ დროს ანხელი შემოვიდა და დას ხელი გაუკავა.
_ ეს მხეცი შენი ქმარია, დაო.
_ სულაც არაა ჩემი ქმარი! _ ჩაიბუზღუნა და მამას მიუბრუნდა.
_ გამოდის, ამ მხეცისგან შვილიშვილი გინდა, მამა?! _ ჩაეკითხა.
_ შვილო, ის ხომ შენი ქმარია... შვილები უნდა გაუჩინო. რა, ცუდად გექცევა?! შენ ხომ თქვი, ბედნიერი ვარ და კარგად მექცევიანო?
_ ბედნიერი ვარ... მაგრამ ეს კაცი არ მიყვარს! და არც ვინმემ იფიქროს, რომ შემიყვარდება! მას მე ჩემი ნებით არ გავყოლივარ!
_ თუ ასეა, აქ დარჩი და როცა მოისურვებ, მაშინ გამომყევი! _ მოესმა უეცრად ელის ნათქვამი ფერის და მისკენ გაიხედა, მაგრამ თვალებში არ შეხედა.
_ მაგრამ ჩემი ძმები რომ დაპატიჟე სასახლეში სტუმრად?! ასე უცბად გადაიფიქრე?!
_ არა... შენც დარჩით და მერე მათ გამოჰყევი... თუ გამოჰყვები, ბედნიერი ვიქნები... თუ ამის სურვილი არ გექნება, მაგასაც შევეგუები.
_ შენთან ერთად მოვედი და შენთან ერთად წამოვალ! თუ ხელს არ შეგიშლი მგზავრობაში! _ თქვა და ნირწამხდარი ფეხზე წამოდგა.
მერე ბავშვთან ავიდა, რომელსაც უკვე გაეღვიძა, ჩააცვა და ჰკითხა, სათევზაოდ წავიდეთო?!
_ კიიი, კიიიი! _ იყვირა ბავშვმა და ფერის ჩაეხუტა.
საუზმის მერე ყველანი სათევზაოდ გაეშურნენ. მდინარეს ჩაუყვნენ. ფერის კაბა ქვებზე შრიალებდა, რაც ელიანს სიამოვნებას ჰგვრიდა. უხაროდა ისიც, რომ ქალი არ ტოვებდა და უკან წაჰყვებოდა. ძმებმა ბავშვს ხელი ჩაჰკიდეს და ხტუნვა-ხტუნვით მიარბენინეს ნაპირთან. ფერი მოშორებით ჩამოჯდა, მის გვერდით ელიანიც დაჯდა და მოთევზავეებს გადახედა. ბავშვი ბედნიერი ჟრიამულობდა და მოუსვენრად ელოდებოდა პირველ თევზს. ფერიმ ვერ მოითმინა და ძმებისკენ დაიძრა ელიანიც გვერდით ამოუდგა. ქალმა ნაბიჯი გადადგა ნაპირისკენ, დაიხარა და წყალში ჩაყო ხელი, ააფართხალა შიგ ხელები და ცივი ნაკადის შეხებაზე შეაკანკალა. მაშინვე ჩანჩქერში გათამაშებული სიკვდილი გაახსენდა და კაცის პირველი ძლიერი ჩახუტება. მაშინვე წამოდგა ფიქრების გასაგდებად, მაგრამ ქვაზე ფეხი დაუცდა და წამოიკივლა თუ არა, ელიანმა დაიჭირა.
_ გამიშვებ თუ ასე უნდა ვიყო! _ დაიყვირა ქალმა და გაიბრძოლა, როცა ქმარმა ხელი აღარ გაუშვა.
კაცმა უფრო მაგრად მოუჭირა ხელი ზემოდან დააცქერდა ქალს, _ იყავი ასე, თუმცა სად შეგიძლია გაჩერება, როცა ჩემი გეშინია! _ თქვა და ფერი მიიხუტა.
_ არ მეშინია! გამიშვი ხელი!
_ მადლობა მაინც მითხარი და გაგიშვებ... _ უთხრა რბილად და ჩურჩულით.
_ არასდროს! _ მიუგო და კაცს მკლავებში ჩაავლო ხელი მოსაშორებლად, მაგრამ ძვრა ვერ უყო და გაბრაზებულმა დაიწუწუნა. _ გამიშვიიი!
_ არასდროს!_ მისი ნათქვამი გაიმეორა კაცმა, ქალს ხელი უფრო მჭიდროდ მოხვია წელზე და გარშემო მიმოიხედა. არცერთი მათგანი აღარ ჩანდა ახლომახლო ჩაეღიმა, მიხვდა, ანხელმა რომ გაარიდა სხვები და ფერის ბაგეებს დააცხრა. ქალი ისევ აფართხალდა, გაიბრძოლა, მაგრამ კაცი მაინც არ უშვებდა. ბოლოს ცოტა ხნით შეეშვა, რათა ფერის ამოესუნთქა. სანამ ქალი რამეს იტყოდა, კაცმა დაასწრო:
_ თუ რამეს იტყვი, კიდევ გაკოცებ! _ დაემუქრა და ქალიც გაჩუმდა.
_ და კიდევ! _ თქვა კაცმა და ბედნიერმა გაიღიმა: _ მომენატრა შენი კოცნა. შენ არ მოგენატრა?
_ მხეცოოო! _ წამოიძახა ქალმა, მაგრამ კაცმა ისევ დაიჭირა და ტუჩებში ეცა. გაბრაზებული ქალი ისევ გაირხა, მაგრამ რომ ვერაფერს გახდა, გაჩერდა და ქმრის ნებას მიჰყვა.
ცოტა ხანში კი, როცა გაიაზრა, რასაც აკეთებდა, ელის ხელიდან დაუსხლტდა:
_ მე შენ მძულხარ! მეზიზღები და რაც უნდა გააკეთო, უფრო შემზიზღდები! ვერ ვიტან შენს შეხებას და კოცნას! მძულს ყველაფერი, რაც შენთანაა დაახლოებული! _ დაიყვირა და ზიზღით შეხედა.
გაოცებულმა კაცმა უკან დაიხია, ქალს სრულიად მოშორდა და წინ წავიდა. ქალი უცბად მიჰყვა უკან, სიჩქარეში ფეხი ისევ გადაუბრუნდა და ამოიკივლა, მაგრამ კაცმა აღარ დაიჭირა. ქალმა გაბრაზებულმა გადახედა, რაზედაც კაცმა უპასუხა:
_ ჩემი შეხება გძულს და დახმარება იმედია, არ გჭირდება!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent