შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელფერის სასახლის ქურდი (თავი 13)


14-08-2022, 21:09
ნანახია 9 502

ხელებგაშლილი ქალი გახარებული გაიქცა ძმებისკენ. მათკენ მირბოდა და აღარაფერი აღარ ადარდებდა. ელიანი კი ქალს გასცქეროდა, რომელიც გახარებული ეხუტებოდა ძმებს, ბედნიერებით იყო სავსე და სრულიად არ თამაშობდა ამ ბედნიერებას.
მცირე დასვენების შემდეგ ფერიმ ფაბის შეახვედრა ძმები. ფილიპემ და ანხელმა მისი ნახვით ძალიან გაიხარეს. მერე ცხენები შეკაზმეს და სასეირნოდ გაემართნენ ყველანი ერთად.
ფერი, ფაბი და ფილიპე ჩამწკრივებულები იყვნენ ჩანჩქერთან და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.
_ რას აპირებენ?! _ იკითხა კაცმა, ცხენი გააჩერა და ანხელს შეხედა.
_ წყალში ჩახტომას! _ მოესმა კაცს და დაიყვირა:
_ რააა?! _ იყვირა ელიმ და გასაქცევად მოემზადა, მაგრამ ანხელმა გააჩერა.
_ ფერის უყვარს წყალი...
მაგრამ ელიანს გაახსენდა ფერის ჩანჩქერში გადავარდნა და მათკენ გაიქცა, თუმცა ფერი უკვე წყალში იყო დანარჩენებთან ერთად.
კაცმა გადახედა ზემოდან და დაინახა თუ არა ქალი წყალში მშვიდად მოცურავე, ამოისუნთქა. ქალი ძმასთან და ფაბისთან ერთად ცურავდა და იცინოდა.
_ ელიან... კარგად ხარ?! _ ანხელმა კაცს გახედა, რომელიც გაკვირვებული და გაოგნებული იყურებოდა ძირს.
_ ფერიმ ცურვა იცის?!
_ კი! რა იყო?!
_ მეგონა არ იცოდა და აქედან გადახტომის შეეშინდებოდა.
_ სიმაღლის არ ეშინია, თუ ქვემოთ წყალი ეგულება! _ თქვა კაცმა და გაიცინა, _ დამშვიდდი, ხომ ხედავ, კარგად არის და არაფერი მოსვლია... ნუ ნერვიულობ.
როცა ფერი წყლიდან ამოვიდა, ელი გვერდით დაუდგა და უთხრა:
_ ვიცი, რომ მომატყუე მაშინ ჩანჩქერთან და ცურვა იცი!
ფერიმ ვერაფერი უპასუხა. ელიანი ნაწყენი გატრიალდა.
_ მე შენ არ მჭირდები! _ მიაძახა ქალმა.
_ არც მე მჭირდები! არ მჭირდება შენისთანა ქალი, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია! _ დაიყვირა კაცმა და ნაბიჯს აუჩქარა.
ფერიმ თვალები დახუჭა: მე ის არ შემყვარებიააა! არ შემყვარებიაააა... მისი შეყვარების უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ... ვერც შანსს მივცემ ჩემს თავს... მას კლარა უყვარდა... ის პირველი იყო, ვინც უყვარდა... არ შემიძლია ვიყო მეორე... არ შემიძლიაა... _ თვალებიდან ცრემლები მოსწყდა და ელის დაედევნა.
_ ჩანჩქერთან წავიდეთ... _ დაეწია კაცს და ჩუმად უთხრა. ორივენი ერთ ცხენზე ამხედრდნენ. ქალი მის მკერდს ეხებოდა და სხეული უთბებოდა მის შეხებაზე. კაცი ბოლოჯერ იკრავდა ქალის სხეულს და სევდიანი მიაჭენებდა ცხენს. როგორც კი ჩანჩქერთან მდგარ სამეულს მიუახლოვდნენ, ფერიმ გაიღიმა და ელიანმაც გაიცინა. მერე ყველანი ჭენებით დაიძრნენ სასახლისკენ...

ყველანი სადილს მიუსხდნენ. ფერი გახარებული გადახედავდა ხოლმე ძმებს და უღიმოდა. ელიანს მისი გაღიმებული ბაგეების დანახვისას მათი კოცნა ახსენდებოდა და იმავეს გამეორება სურდა... მასზე ფიქრებში ჩაიძირა და აღარაფერი ესმოდა ქალის სიცილის გარდა. ფერიმ ფილიპეს თვალებს გააყოლა მზერა და ალმას შეეფეთა. ისევ ძმას გადახედა, რომელიც ქალს უყურებდა. ფერის გაუკვირდა ძმის ასეთი დაინტერესება და დაბნეული წვენს ისე დაეწაფა, დაახველა და დააქცია კიდევაც. უცბად წამოხტა ზეზე და ბოდიშის მოხდისთანავე დატოვა სამზარეულო. გაკვირვებული ბოლთას სცემდა და ფილიპეზე ფიქრობდა. პირველად შეამჩნია მისი ასეთი ინტერესი სხვა ქალისადმი, მის გამჭოლ თვალებს იხსენებდა და ეღიმებოდა. უცებ იგრძნო, კაბა სველი რომ ჰქონდა და კარადას მიუახლოვდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად. კარს ხელი წაავლო და ვერ გააღო. რამდენიმეჯერ დაეჯაჯგურა და გაბრაზებულმა დაიხია უკან. ესღაა მაკლდაო, დაიყვირა და ამ დროს ელიანი შემოვიდა.
_ რა მოხდა?! _ იკითხა კაცმა და ფერიმაც გარდერობს მიაშვირა თითი:
_ არ იღება!
_ არ უნდა ეს კაბა გაიხადო! _ გაეცინა კაცს.
ქალმა გაკვირვებულმა ახედა და მიტრიალდა თუ არა, მისი შეხება იგრძნო. ელიმ ქალი კარადისკენ გასწია ისე, რომ ფერი გარდერობსა და კაცს შუა აღმოჩნდა. კაცმა ისე ძლიერად მოიქნია ხელი გამოსაღებად, ქალმა უცბად დაიხია უკან და კაცის სხეულს შეასკდა. მის მკერდს ზურგით დაეჯახა და კაცმაც უცბად მოიმწყვდია მკლავებში. ფერი უცბად სამყაროს მოსწყდა, გული აუფრიალდა და მისი ხელების შეხებაზე მოდუნდა. კაცმა უფრო მჭიდროდ ჩაიხუტა, თვალდახუჭულმა ღრმად ჩაისუნთქა ქალის სურნელი და უცბად გაშორდა. ქალიც წამში გამოფხიზლდა, წაბორძიკდა, მაგრამ თავი შეიმაგრა. გაუკვირდა კაცის ასეთი საქციელი. ელის გააყოლა მზერა, როცა კაცმა ოთახი დატოვა. ფერიმ კაბა გაიხადა და გაბრაზებულმა დააგდო ძირს.
მწვანე კაბა ჩაიცვა და ეზოში ჩავიდა, რათა ძმებთან ერთად ღამე გაესეირნა. ძმები მის გვერდით მიაბიჯებდნენ, იცინოდნენ და ლაპარაკობდნენ, ფერი კი ჩუმად მიჰყვებოდა და ხმას არ იღებდა. ბოლოს ნაპირამდე ჩავიდნენ და ქალს იქ დაემშვიდობნენ, რადგან ელიანი დაინახეს. ანხელმა სიძეს მიმართა:
_ ჩვენ წავალთ, შენ გაბარებთ!
ფერიმ იყვირა:
_ თქვენ სად მიდიხართ?! აკი ერთად უნდა გაგვესეირნა?!
_ ჭკვიანად იყავი, ფერი... _ დაარიგა და ორივე ძმამ და სიცილით გაეცალნენ.
კლარა კი მშვიდად იწვა თავის ლოგინში და ძილს მისცემოდა, რადგან იცოდა, რომ ფერი ძმებთან ერთად იყო და სულ არ ეშინოდა ელის დაკარგვის...
ელიანმა ორი ფარანიი აანთო და ქალს ხელი გაუწოდა, რათა ნავში ჩამსხდარიყვნენ. პატარა გრძელი ნავი იყო, რბილი და ლამაზი დასაჯდომებით.
ქალი რბილად დაჯდა და კაციც მის წინ მოთავსდა. დინებას ნავი თავის ნებაზე მიჰყავდა. ფარნები გარემოს ანათებდნენ და მთვარის შუქს სიძლიერეს ანიჭებდნენ.
_ აბა, მოიფიქრე ჩემი სასჯელი?!
_ მზად ხარ გაიგო?!
კაცმა თავი დაუქნია და ქალის სახეს დააკვირდა, რომელიც ისევ გაბრაზებული უცქეროდა.
_ კალისტოს სახლში უნდა დარჩე, როგორც მუშა, რომელსაც ღარიბული სამოსი ეცმევა, ღარიბული ოთახი ექნება და სულ ცოტა საჭმელი! მათთან იმუშავებ და გააკეთებ, რასაც დაგავალებენ! მათთან მიხვალ თხოვნით, რომ შეგიფარონ და გამუშაონ! ერთი კვირა იმუშავებ გადაცმული, ისე, რომ არავის ეცოდინება ვინ ხარ! მიიღებ ამ სასჯელს?!
_ ვიღებ..._ თქვა კაცმა და ფეხზე წამოდგა. ქალი გაკვირვებული შეაცქერდა. რატომ დათანხმდა, თუ სპილო მას არ მოუკლავს? ტყუილად რატომ ისჯის თავს?
_ აქედან რომ წახვალ, რას იზამ, ფერი?! _ ჩაესმა ელის ხმა.
_ სპილოებს წავიყვან...
_ ისინი შენია, შეგიძლია წაიყვანო. სხვას რას იზამ იმ სახლში, რომელიც არ გიყვარს?!
_ აქამდე როგორც ვცხოვრობდი, ისე ვიცხოვრებ, სახლის საქმეებით და ჩემს სპილოებთან.
_ ცხენი მოგენატრება?!
_ კი.
_ გინდა წაიყვანო?!
_ არა...
_ მე გაგახსენდები?!
_ ალბათ!
_ და შორიდანაც გეძულები?!
_ ალბათ!
კაცმა მძიმედ ამოიხვნეშა და ქალისკენ ახლოს მიიწია. ხელი წაავლო და თავის ხელში მოიქცია:
_ ფერი... მითხარი რა გინდააა?! არაფერი გინდა ჩემგან?!
_ არა... რა უნდა მინდოდეს?!
_ ის, რასაც გაიძახი, ჩემიაო სასახლე, გლიცენია, ცხენი, სპილო!
_ შენი ნაჩუქარი არაფერი მინდა! ამ ბეჭედსაც დაგიბრუნებ უკან!
კაცს გული დასწყდა, ქალის ბეჭდიან ხელს აკოცა და უჩურჩულა:
_ ეს მუდამ შენი იქნება და შეგიძლია დაიტოვო. ატარებ ამ ბეჭედს თუ სადმე გარდერობში ჩაკეტავ?!
_ სადმე გადავაგდებ!
_ ქმარივით!
ქალს გაეცინა და ცას ახედა:
_ შენ ჩემი ქმარი არ ხარ!
_ აბა ვინ ვიყავი ეს პერიოდი?!
_ არავინ.... _ უპასუხა და კაცის შეხებისაგან გამოწვეული სიმხურვალე გაახსენდა, რომელიც გულში კვლავაც ჩარჩენოდა. კაცს ფერის ხელი ისევ ხელში ეჭირა და მის თითებს დასცქეროდა:
_ ვწუხვარ, ფერი... ბოდიშს გიხდი ყველაფრის გამო, რაც დაგიშავე...
_ სამწუხაროა, რომ ჩემი პირველი კოცნა შენ გერგო!
_ ფერიიიიიი... ფერიიიი... _ თქვა კაცმა და უცბად მიიკრა ქალის სხეული ისე, რომ მანაც გაუაზრებლად მოხვია ხელები. კაცმა დამწუხრებულმა უჩურჩულა: _ ვწუხვარ, რომ ბედნიერებას ვერ გრძნობ ჩემთან ყოფნით. მითხარი, ვინმე გყვარებია?!
_ ჯერ არა! _ თქვა გაღიმებულმა.
_ ასეთ ლამაზ ქალს, 26 წლისას რატომ არავისთვის გიკოცნია აქამდე? თუ სხვასთანაც ასეთი მტრული და უხეში დამოკიდებულება გქონდა?!
_ კიიი! ჯერ პატარა ვარ!
კაცს გაეცინა:
_ 26 წლის პატარა?! როცა გეუბნებიან, პატარა ხარო, დიდი ვარო, ამბობ. უჩემოდ ბედნიერი იქნები?!
_ ჰო. შენ არა?! სრულიად თავისუფალი იქნები ერთადერთ ქალთან, თუ კიდევ ვინმეს არ დაატყვევებ!
_ მე მხოლოდ შენნაირი ნადავლი დამაინტერესებს!
_ ქალაქელი გოგოები?!
_ ისინი არ მაინტერესებს!
_ რატომ?! ძალიან ლამაზები, ჭკვიანები და დამჯერი არიან!
_ შენნაირი ტყვე უფრო მომწონს.
_ და შენთან რა უნდა გავაკეთო?! ან რა უნდა გამეკეთებინა?! ბავშვები?!
_ ბავშვები... სიყვარულით.
_ მე მყავს უკვე ბავშვი, დამიანი...
_ მას შენთან დაიტოვებ?!
_ აბა რა, ის ხომ ჩემი ბიჭია უკვე!
_ რა ადვილად შეგიყვარდა... ერთ დღეში...
_ ის მიტოვებული ბიჭუნაა, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა.
_ მე რომ ვყოფილიყავი პატარა, მაშინ რას იზამდი?!
_ შენც გიშვილებდი! _ თქვა ქალმა და გადაიხარხარა.
_ გამოდის, უნდა ვინანო დიდი რომ ვარ?! _ გაეცინა კაცს, _ როგორ ეფერები ხოლმე დამიანს, ზღაპრებს უყვები, თამაშობ.
_ ის ბავშვია, მასზე ეჭვიანობ?!
_ ცოტას კი... მან თავი შეგაყვარა, მე კი ვერა...
კაცმა უცბად შუქი შენიშნა ნაპირზე და გაჩუმდა, მერე ნაპირისკენ წაიყვანა ნავი.
_ ბოდიში, მაგრამ სახლში გელოდებიან! _ თქვა მოსამსახურე კაცმა.
_ რამე მოხდა?!
_ დიახ! ქალბატონ ფერის მშობლები ჩამოვიდნენ!
_ დედა და მამა ჩამოვიდა ბავშვით... _ იყვირა ქალმა და გახარებული გადმოხტა ნავიდან. მაშინვე გაიქცა, კაციც უკან მიჰყვა და რამდენიმე ხანში ერთად შევიდნენ სასახლეში.
_ შვილო... ბატონო ელიან... ბოდიშს გიხდით ასე უცაბედი ჩამოსვლისთვის... მაგრამ ფელისიამ დაიჟინა და უარი ვერ ვუთხარი...
_ არა უშავს, ბატონო ელაიან... მიხარია თქვენი ჩამოსვლა... _ ერთმანეთი მოიკითხეს და მაშინვე დიდ დარბაზში გაშალეს სუფრა.
ელიანი კლარასა და ფერის შუაში იჯდა. მათ პირდაპირ _ ძმები და ბავშვი, მაგიდის თავში კი მშობლები ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ...
სადილის შემდეგ ელაიანი და ელიანი ერთად წამოდგნენ და კაბინეტისკენ დაიძრნენ. რამდენიმე ხელი ჭადრაკი ითამაშეს და საუბარშიც გაატარეს დრო. ელიმ ფანჯარაში გაიხედა და ელაიანმაც მის მზერას მიაყოლა თვალი. ფერი დამიანს ეთამაშობოდა, თან ღიმილით სავსე უცქერდა ძმებს და ფაბის ელოდებოდა, სპილოს როდის გამოიყვანდა. ელაიანი სიძეს მიუბრუნდა:
_ რას ფიქრობთ ჩემს შვილზე?!
_ ძალიან თავნებაა... მაგრამ საოცრად მხიარული და ისე გაზრდილი, რომ მომწონს... _ თქვა პირდაპირ და გააგრძელა:_ მომწონს მისი ღიმილიც და სიუხეშეც, მისი ზიზღიც და სიძულვილიც, დაბნეულობაც და სიმორცხვეც... ვაღიარებ, კარგი არჩევანი გავაკეთე.
_ მეც ვფიქრობ, რომ მისთვის კარგი რჩეული იქნებით... მართალია უხეშია თქვენდამი, მაგრამ თავისებური ხასიათი აქვს... თბილიცაა და კეთილიც... უყვარს ბუნება და მის გარშემო ყველაფერი.
_ ფერიმ მითხრა, არ მიყვარს სახლი, სადაც 20 წელი ვიცხოვრეო... ამაზე თქვენ რას იტყვით?!
_ ყველამ ვიცით, რომ არ უყვარდა... ეს, შვილო, მისი გულია და მას შეუძლია შეიყვაროს ან არ შეიყვაროს. მან ვერ შეიყვარა ის სახლი, მაგრამ იქ ჩვენთან ერთად იყო და ცდილობდა ბედნიერი ყოფილიყო.
_ როგორ გგონიათ, რატომ ვძულვარ?!
_ ძალიან უცბად მოუხდა სახლიდან წამოსვლა, ისე, რომ ვერც გაიაზრა... როცა ახლანდელ სახლში გადავედით, ახალი გარემო, ახალი მეგობრები გაუჩნდა, მაგრამ მაინც ბავშვობის მეგობრები ენატრებოდა... ვერ შეეგუა იმ ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა... არავინ ჰყვარებია ოჯახის, მეგობრებისა და ახლობლების გარდა... მისთვის ჯერ ძალიან ძნელია კაცის სიყვარული... ჯერ არც კი იცის ამ გრძნობების შესახებ არაფერი...
_ მასზე ამდენი საიდან იცით?! თვითონ გიყვებოდათ?! _ გაუკვირდა კაცს და სიმამრს გადახედა.
_ მე ყველაფერი ვიცი მასზეც და მის ქცევებზეც, რათქმა უნდა, ცოლისგან.
_ არავინ უყვარდა ამდენი ხნის განმავლობაში?! ეს წარმოუდგენელია. ცუდად არ გამიგოთ, ახლანდელი გოგოები ქალაქში არიან თუ მის გარეუბანში, მაინც პოულობენ სატრფოს.
_ მე შენ არ გგავარ! _ გაისმა უცებ ფერის ხმა. ორივე კაცი წამოდგა და მისკენ გაიხედეს. _ თუ რამე გაინტერესებს ჩემს წარსულზე, მე მკითხე, მამაჩემს ნუ მოუწყობ დაკითხვებს!
_ ფერი, მე... _ დაიბნა ელიანი, მაგრამ ქალმა არ აცალა.
_ მე შენ არ გგავარ და არც დაგემსგავსები! მე ჩემი პრინციპები მაქვს სიყვარულში! და როცა ამ პრინციპებს არღვევენ, ჩემგან სიყვარულს ვერ მიიღებენ!
_ და მე რა დავარღვიე შენთან, ფერი?!
_ ცოლიანი ან საყვარლებით გარემოცული კაცები არ მაინტერესებდა არც ადრე და არც ახლა!
_ ყველა კაცს აქვს წარსული... _ თავი იმართლა ქმარმა.
_ მე შენი წარსული ან მომავალი არ მაინტერესებს!
_ ფერი, კმარა, შვილო!.. _ მოესმა მამის ხმა და ფერიმ მამას გახედა. მერე გააღო კარი, ეზოში გავარდა და მყარი ნაბიჯებით გაუყვა ბილიკს ხეებს შორის.
ეს მხეცი! მხეცი! ახლა ისიც აინტერესებს, რატომ არავის ვხვდებოდი! იმიტომ, რომ არავინ მაინტერესებდა! მხოლოდ შენ მაინტერესებდი, ჩემი მტერი! რომელმაც სული და გული ისე წამართვა, რომ სხვისთვის აღარც კი დამიტოვა სხვა გრძნობა! ჩემი სასახლე ჩემია! ჩემი და არა შენი! შენ ელფერის სასახლის ქურდი ხარ და დარჩები! ჩემთვის კი ვერავინ გახდები! _ ელაპარაკებოდა თავის თავს.
ელიანმა ელაიანს შეხედა, როცა კაცმა შვილის გამო მოუბოდიშა. ელი ახლოს მივიდა სიმამრთან და მხარზე ხელი დაადო:
_ არაუშავს... მომწონს მისი თავნებობა და პირდაპირობა... მახარებს ის, რომ არავის ხვდებოდა და არავინ აინტერესებდა... _ თქვა და ჩაფიქრებული გაემართა თავისი ოთახისკენ...
უკან მობრუნებულმა ფერიმ დედას მიაშურა, ჩაეხუტა და მის კალთაში ჩადო თავი...
_ ელიანი ძალიან თბილად გიყურებდა და გათვალიერებდა. შენ კი მის ხელს ჩაკიდებული მხიარულად მიირხეოდი... _ აღნიშნა ფელისიამ.
ფერიმ გულს მიუგდო ყური, რომელიც კაცის სახელის გაგონებისთანავე აუფორიაქდა ისე, რომ სუნთქვა უჭირდა! უცბად წამოსწია თავი და დედას შეხედა:
_ დედა, შენ ფიქრობ, რომ ის კაცი შემეფერება?!
_ რას უწუნებ, ფერი...წარსული დაივიწყე და ისე დაფიქრდი, რა აქვს დასაწუნი?! სხვა ქალი გვერდში?! კარგად იცი, მე და მამაშენს არ გვინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ ასე გამოვიდა. შენ უნდა გაიგო, ის შენთვის რას წარმოადგენს და კარგად დაფიქრდე!
_ და თუ ჩემთვის არც მტერია და არც არავინ, მაშინ?!
_ მაშინ შეგიძლია სახლში დაბრუნდე, შვილო... ხომ იცი, მამაც და მეც აუცილებლად მიგიღებთ უკან.
_ ხალხმა რომ თქვას რამე?!
_ შენ იყავი მშვიდად შენს წარსულსა და აწმყოსთან. ესაა მთავარი...
_ დედა, მე მასთან არ ვყოფილვარ... მხოლოდ კოცნა მაკავშირებს, მაგრამ არ ვიცი მის კოცნას ავყვე თუ არა... _ თქვა ჩუმად და დედას ისევ ჩაუდო თავი კალთაში. ქალი მის ნოტიო თმას მოეფერა და სახეზე აკოცა:
_ რას გრძნობ მისი კოცნისას?!
_ არ მინდა ამაზე ხმამაღლა საუბარი... _ დაიჩურჩულა.
_ ფერი, ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ ან სამუდამოდ, ან რაღაც დროის განმავლობაში! შენ უნდა დაივიწყო ის 20-წლიანი ტკივილი და ცხოვრება განაგრძო! ეს შენია თუ სხვისია, ამას უნდა შეეგუო და თავს ბედნიერების უფლება მისცე... ან მასთან ან სხვასთან!
_ დედააა... არ მინდაა არ მინდა ვიყო მეორე! მე ის არ მჭირდება! _ ფერიმ დედამისს აკოცა და გავიდა...
ძმებს დაუძახა, ცხენზე ამხედრდა და მათთან ერთად ჩანჩქერისკენ გააქანა ცხენი.
ფერი საიდუმლო გვირაბში ჩავიდა და ძმებიც უკან მიჰყვნენ.
მისი ოთახი ნახეს და აღფრთოვანდნენ. ფილიპე დას ჩაეხუტა:
_ რა ლამაზი ოთახი მოგიწყვია, ფერიიი... აქ იძინებ ხოლმე?!
ფერიმ თავი დააქნია.
_ დაგისუფთავებიაა და გაგილამაზებია აქაურობა. _ მოუწონა ანხელმა და დას მიაშტერდა: _ როდემდე აპირებ იცხოვრო წარსულით და ამის გამო ჩაკეტო მომავალი?!
_ მომავალი ის მხეცი არაა!
_ მე ასე არ ვფიქრობ! კარგი კაცია, მუშაობაც იცის და შრომის ფასიც, კარგი სიძეა, სიმპათიური და ძლიერი! უკვე დიდი ხარ, 26 წლის, მორჩი მაგ წარსულის ისტორიის დრამატიზებას და შურისძიებაზე ფიქრს! უნდა განთავისუფლდე და მოეშვაა, ჩვენ სიძე მოგვწონს! ხომ ასეა, ძმაო?! _ გადახედა ძმას და მანაც დაუდასტურა.
_ მე მაინც არ მჭირდება ის კაციი! _ თქვა ფერიმ და თავი ჩაღუნა.
_ ნუთუ არ დაიღალე ამ სისულელეებით?! უბრალოდ, ადექი და ელიანს დააკვირდი! მას მოსწონხარ, შენ კიდევ მარტო ზიზღსა და სიძულვილს იმეტებ მისთვის!
_ არ მომწონს ეს კაცი მეეე! _ დაუყვირა ფერიმ ძმას და გვირაბისკენ გავარდა. ძმებიც უკან მიჰყვნენ. ანხელმა დას ხელი ჩასჭიდა და თვალებში ჩახედა:
_ მაინც რატომ არ მოგწონს?! ეს სასახლე რომ მისი იყო ამდენი წელი, მხოლოდ ამის გამო?!
_ იმიტომ, რომ არ მომწონს! არც მომეწონება სხვისი კაცი! არასდროს მომწონებია!
_ ფერი, შენ ერთი რამ დაგავიწყდა! ამ 20-წლიანი ტკივილის გამო არცერთი საყვედური, არცერთი ბრალდება ან რაიმე მსგავსი არ გითქვამს ელიანისთვის! ამდენი ხანი ერთხელაც არ გისაყვედურია ამ სასახლის გამო! მხოლოდ მძულხარ და მეზიზღების გარდა არაფერი გაგიმეტებია სათქმელად! მაშინ როცა 20 წელიწადი ამ ტკივილს ატარებდი! დაფიქრდი რატომ არ გისაყვედურია და რატომ არ გაგიმხელია მისთვის! შეგეძლო გეთქვა, თუ რატომ გძულს და გეზიზღება! ეს რომ გეთქვა, ის გაიგებდა შენი სიძულვილის მიზეზს, რაც გაანადგურებდა და მოკლავდა! მაგრამ შენ ის არც გაგინადგურებია და არც მოგიკლავს! 20 წელი გეზიზღებოდა კაცი, რომელმაც ეს სასახლე დაიკავა, მაგრამ არ იცოდი ვინ იყო, ისე გძულდა! შენ მის წინ იდექი, მაგრამ ერთხელაც არ გისაყვედურია მისთვის! დაფიქრდი რატომ არ უთხრი სიმართლე! რატომ არ გააკეთე ეს!
გაბრაზებულმა ფერიმ ხელი გაიქნია, ძმა ჩამოიშორა და უცბად გავარდა გვირაბიდან...
ელიანს გაეღვიძა, ბავშვი ლოგინზე წამომჯდარიყო. მაშინვე ხელი მოჰკიდა, მოეფერა და ერთად დაიძრნენ ეზოსკენ. კარგა ხანს ითამაშეს. კაცი ბავშვს ჰაერში აბურთავებდა და მის სიცილზე თვითონაც მხიარულდებოდა. მათი სიცილის ხმა ქალს მოესმა, რომელიც ამ დროს ეზოში შემოსულიყო. გულში კიდევ ერთხელ შეერხა რაღაც, აღტაცებული უცქერდა კაცს და მის ღიმილიან სახეს აკვირდებოდა. მოულოდნელად მისი კოცნა გაახსენდა და იგრძნო, რომ კიდევ უნდოდა. ამის გააზრებაზე უცბად მოიწყინა. _ ნუთუ მინდა? ნუთუ ის მინდა და მჭირდება?!!! _შეუძახა თავის გულს და ახლაღა დაფიქრდა, რომ თავის 20-წლიან ტკივილზე მისთვის მართლაც ერთხელაც არ უსაყვედურია. გაბრაზებულმა მიარტყა ხელი ხეს და მაგრად მოუჭირა კაბას ხელი:
_ ნუთუ დანახვისთანავე, როცა გულში რაღაც უცხო ვიგრძენი, მაშინ მომეწონა? _ დასევდიანებულმა ამოიოხრა და თავი დახარა.
_ მე ის არ მიყვარს! არ მიყვარს! _ გაეჯიბრა თავის გულს და ცხენებისკენ გაემართა. ცხენს ხელი გადაუსვა და ახლა მას შეეკითხა:
_ მე ის მომწონს?! შენც მოგწონს?!. ალბათ მოგწონს! იქნებ არაა ცუდი ადამიანი და ამიტომ მოგწონს! მაგრამ მას სხვა ქალი ჰყავს! ეს არ შემიძლია... არ შემიძლია ვიყო მეორე ან სხვისი ადგილის დამკავებელი... _ ცოტა ხანს ცხენს ეფერა და საჯინიბოდან გამოვიდა. კაცი უკვე აღარსად ჩანდა, ბავშვი კი იქვე დაინახა გლიცენიის ხეებთან და მაშინვე მისკენ დაიძრა. ბავშვს აკოცა და ჩაეხუტა. პირველად იგრძნო კაცის სურნელი ასეთი გრძნობით და ფიქრების განდევნა სცადა. მოუნდა დამიანთან ერთად ნავით გასეირნება, მაგრამ ჩასხდნენ თუ არა ნავში, ელიანიც დაბარებულივით მათთან გაჩნდა. ქალი უცბად შეხტა, ჟრუანტელმა დაუარა ტანში, როგორც კი იგრძნო მისი ხელიდან წამოსული სითბო, სწრაფად მოტრიალდა და სანამ რაიმეს იტყოდა, კაცმა დაასწრო, მეც თქვენთან ერთად გავისეირნებო. გადავიდა თუ არა მათთან, ნავი უცებ აქანავდა, შეშინებულმა ფერიმ კაცს მხრებში ჩაავლო ხელი და მიეხუტა კიდევაც. ორივემ ერთმანეთის თვალებში ჩაიხედეს და ჩაიძირნენ მათში. სრულიად გადაავიწყდათ ბავშვი. კაცმა ქალს ხელები მოხვია. ქალი კაცის სახის ყველა ნაკვთს უცქერდა და აკვირდებოდა. ღიმილი დაეფინა სახეზე და სრულიად მიავიწყდა ყველაფერი. კაცმა ხელი ძლიერად მოხვია წელზე და ქალის ტუჩებს დაეწაფა, თან უჩურჩულა:
_ საოცრად მაბედნიერებს შენი ღიმილი და გარემოში შენი გაფანტული სურნელი, შენი სიცილის მომაჯადოებელი ხმა. _ ქალს ისევ აკოცა და გაუშვა. ქალი მაშინვე ბავშვისკენ გაქანდა, რომელიც ღამეს გასცქეროდა.
ელიანმა ბავშვის გვერდით მოიკალათა:
_ დამიანი, მომიყევი, რა იცი შენზე ან შენს მშობლებზე?!
_ მეეე... არ ვიცი ისინი... არ მახსოვს... მხოლოდ პატარა ნავი მახსოვს... წყლის ზედაპირზე მოცურავე ყვავილები... მეტი არაფერი... _ თქვა ჩუმად. კაცმა მოხვია ხელები და მიიხუტა:
_ დამიანი, ახლა შენ გყავს დედა და მამა... ჩვენ შენზე ვიზრუნებთ... ცოტა ხანს ანხელთან უნდა იყო, მერე ისევ ჩვენთან დაბრუნდები და ერთად ბედნიერები ვიქნებით...
_ მპირდები?.. _ შეეკითხა ბავშვი და კაცმაც უჩურჩულა, გპირდებიო, მერე ლოყები დაუკოცნა, ქალისკენ გადასვა და ნავი ნაპირისკენ დაძრა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent