შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელფთა სამეფო: შავი ჯადოქარი (თავი მეშვიდე) - წინასწარმეტყველების ახდენა


15-08-2022, 14:55
ნანახია 752

ჭრილობების მოშუშება ძალიან რთული აღმოჩნდა. ყველაზე მეტად დანაკარგი ერონიდასმა განიცადა. განმარტოება გადაწყვიტა, სასახლე დატოვა და ჰაიარნანს ეწვია, რათა მარტოობაში მოეკლა დარდი.
ელფ ოსტატებს დიდი პატივი მიაგეს. ერონიდასმა მათთვის აკლდამები ააგო, რათა ამქვეყნიური სამუდამო სამყოფელი დაემკვიდრებინა. დაკრძალვა დიდი და ხანგრძლივი გამოდგა. ასობით ელფს მოეყარა თავი. ყველა მხრიდან ჩამოსულიყვნენ. ვინც კი არქიტექტორებს სიცოცხლეში სცემდა პატივს, ყველა მოვიდა. იყვნენ ადამიანებიც, ბლიზერებიც და ცხვირაცვლილების მთელი ჯგუფი. პროცესიამ თითქმის მთელი დღე გასტანა - დილიდან საღამომდე ელფების ნაკადი არ შეწყვეტილა. ყველამ თავისებურად იგლოვა: ზოგმა ულამაზესი და უიშვიათესი ყვავილები მოიტანა, ზოგმა - ჩაქუჩი, გამორჩეულმა მჭედლებმა კი აკლდამებთან ნატიფად გამოჭედილი ორი დიადემა მოაბრძანეს.
სასახლეში მდუმარება მეფობდა. ერონიდასის გარეშე გოლუნდირი პირქუშ ადგილად იქცა, კასალანდრა კი ოთახიდან იშვიათად გამოდიოდა, მხოლოდ ტრაპეზს ესწრებოდა, ისიც არლონდირის გულისთვის. თვითონ არლონდირი კი თავს მარტოსულად გრძნობდა და სასახლე ქვის გალიად ეჩვენებოდა.

* * *
ორიოდე კვირის შემდეგ ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. ცხოვრებამ ისევ ჩვეული რიტმით განაგრძო დინება. ერონიდასი დაბრუნდა, კასალანდრაც უფრო ხალისიანი გახდა და სასახლეც ძველებურ ადგილად იქცა.
ერთ-ერთი სადილობის დროს კასალანდრამ მეფეს შეახსენა, რომ უახლოეს მომავალში მკვახეველის კომპლექტის სტუმრობას აპირებდნენ. ბოლო მოვლენების შემდეგ კი, დასახლების დათვალიერება და ელფებთან შეხვედრა მათთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა. გადაწყვიტეს მეორე დღესვე წასულიყვნენ.
დილაადრიანად სამეფო ოჯახი მკვახეველის კომპლექტისკენ დაიძრა. დასახლება ახლოს არ მდებარეობდა, ამიტომ გზა ცოტა დამქანცველი გამოდგა, მაგრამ კასალანდრას სულისკვეთება და ენერგიულობა ერონიდასსა და არლონდირს დაღლის საშუალებას არ აძლევდა. დედოფლის აღტაცება მის გვერდზე მსხდომთ ხალისს ჰმატებდათ.
ბოლოს, ორიოდ საათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა, ეტლი გაჩერდა. ირგვლივ სიჩუმე მეფობდა. მხოლოდ ფოთლების შრიალი ისმოდა ალაგ-ალაგ, რაც ძალიან უცნაური იყო, რადგან ამ ადგილას მუდამ ჟრიამული იდგა.
ერონიდასს შექმნილი გარემო საეჭვოდ მოეჩვენა და ეტლიდან გადმოვიდა. მის წინ არსებულმა სურათმა კი სულ სხვა განწყობაზე დააყენა.
- კასალანდრა, არლონდირ. შეგიძლიათ გადმოხვიდეთ, - მიმართა შიგნით მყოფთ.
ეტლიდან გადმოსულებს საოცარი სანახაობა დახვდათ. მათ წინ ელფების მთელი დასახლება იდგა. ყველა საზეიმოდ გამოწყობილიყო და რაღაცის მოლოდინში გასუსულიყო. როცა სამეფო ოჯახი მთელი თავისი დიდებულებით წარდგა, ელფები ერთიანად ახმაურდნენ. ყველა რაღაცას გაიძახოდა, ყველა თავისას ყვიროდა. შიგადაშიგ ისმოდა:
- დიდება მეფე ერონიდასს!
- დიდება დედოფალსა და უფლისწულს!
- დიდხანს სიცოცხლე მეფე-დედოფალს!
- გაუმარჯოს ჩვენს მომავალ მეფეს!
რთული იქნებოდა ასეთ დროს არ გაგღიმებოდა. ერონიდასი კმაყოფილებისა და სიამაყისგან ბრწყინავდა, კასალანდრა აღტაცებისგან ფართოდ იღიმოდა, არლონდირს კი სიამოვნებასა და სიხარულს ჰგვრიდა ის, რომ მშობლების ფონზე სულ მთლად მივიწყებული არ იყო და ელფები მის სახელსაც აღტაცებით გაიძახოდნენ.
ქვაფენილი ყვავილებით მოეფინათ, დახლებზე საუკეთესო საქონელი გამოტანათ, ჰაერში კი მადისაღმძვრელი სუნი ტრიალებდა. დაცვა მოყიჟინეებს კი აკავებდა, მაგრამ მათი გაჩუმება შეუძლებელი იყო. ბოლოს, როგორც იქნა, გზა გაიხსნა და ელფები ორ მხარეს გაიყვნენ. ყველა ცდილობდა ახლოდან ენახა მეფე-დედოფალი და უფლისწული. ხელებს იშვერდნენ იმ იმედით, რომ რომელიმე მათგანს მაინც შეხებოდნენ, თუმცა - ამაოდ. მცველები ყველანაირად ორგანიზებული იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ არსებული სიტუაცია მოულოდნელი იყო.
ჰასიკი ელფები ერთად შეჯგუფულიყვნენ და მთელი ხმით გაჰყვიროდნენ დედოფლის სახელს, გზადაგზა ყვავილებს უყრიდნენ და ხელებს იქნევდნენ.
კასალანდრამ ცდუნებას ვერ გაუძლო და მათკენ გაეშურა. ჰასიკი ელფები აღელვებისგან ატირდნენ.
- დედოფალო! დედოფალო!
- დალოცვილი იყავით, დედოფალო!
- ჯანმრთელობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ დედოფალო!
- დაე, თქვენს სახეს ღიმილი არ მოშორდეს და დიდხანს იცოცხლოთ, დედოფალო!
კასალანდრა სიტყვებს ვერ პოულობდა. სიხარულისგან ცრემლები სდიოდა. კი იცოდა, რომ ელფებს იგი სიგიჟემდე უყვარდათ, მაგრამ რას წარმოიდგენდა, რომ ასე თავგამოდებით შეეცდებოდნენ თავიანთი სიყვარულის გადმოცემას. ჰასიკებს ყვავილები გამოართვა და ცდილობდა ყველასათვის მიეწვდინა ხელი. ისინი, ვისაც ეს ბედნიერება ხვდა წილად, სიხარულის ცრემლებს ყრიდნენ და დედოფლის ცამდე მადლიერები იყვნენ.
კასალანდრა ყველას უღიმოდა და მადლობას უხდიდა. ცოტა ხნით მათთან შეყოვნდა, რათა კომპლექტის ამბები გამოეკითხა და გაეგო, უჭირდათ თუ არა რაიმე.
- ყველაფრით კმაყოფილი ხართ? - იკითხა მზრუნველად, - რაიმე ხომ არ გიჭირთ?
- თქვენი და მეფის შემწეობით, დედოფალო! - მიუგო ტანსრულმა, ჩაფსკვნილმა ჰასიკიმ, - არაფერი გვიჭირს. ყველაფერი, ქვეყნიერების ნებით, კარგადაა.
- ზეცის წყალობა არ მოგაკლდეთ, დედოფალო! - მხარი აუბა მეორემ, - არაფერს ვუჩივით, ყველაფერი რიგზე და მეტისმეტად კარგადაც კი გვაქვს!
კასალანდრამ გაიცინა და თავი დაუკრა. განშორება ძალიან გაუჭირდა. მისთვის რომ გეკითხათ, მთელ დღეს მათთან გაატარებდა. ძლივ-ძლივობით გამოეყო აღფრთოვანებულ ბრბოს და მეფისა და უფლისწულისკენ გაეშურა.
ერონიდასი ელფებს შორის ამაყად მიაბიჯებდა, არლონდირი კი გვერდით მიყვებოდა და აღტაცებულ სახეებს უყურებდა. კასალანდრა მათ დაეწია და აღტაცებულმა თქვა:
- რა კარგად მოვიქეცით, რომ მოვედით. შეხედეთ მათ სახეებს, როგორი ბედნიერები არიან!
უცებ მეფესთან მსახური გაჩნდა და მოახსენა:
- მეფეო, ელფები თავიანთ დახლებთან დგანან და თქვენს მოსვლას ელოდებიან.
- აუცილებლად ვინახულებ, აქ სწორედ ამიტომ ვარ, - მიუგო მან და დახლებისაკენ გასწია.
მსახურმა თავი დაუკრა და ჩქარი ნაბიჯით გაბრუნდა უკან. ქვაფენილი თანდათან დავიწროვდა და დაკლაკნილ ბილიკად იქცა. ახლადმოსულებს წინ მთელი კომპლექტი გადაეშალათ. შორიდან დანახული პატარ-პატარა სახლები და სხვადასხვა პუნქტები ახლა ერთ დიდ დასახლებად იქცა. ქვაფენილი ზოგან ლამაზი საღებავებითა და ორნამენტებით იყო გაფორმებული. შიგადაშიგ იკვეთებოდა მოზაიკები, რომლებშიც ელფური მითებიდან თუ ლეგენდებიდან სხვადასხვა სცენები იყო წარმოდგენილი. დახლს დახლი მოსდევდა, სახლს - სახლი. სახლების საპირისპიროდ სამრეწველო, საფეიქრო, სასადილო და სამჭედლო პუნქტები ჩამწკრივებულიყო, ელფების ის ნაწილი, რომელიც მეფე-დედოფალსა და უფლისწულს შემოსასვლელში არ დახვდა, ქუჩებში გამოსულიყო და იქიდან ესალმებოდა სტუმრებს.
- აქეთ მობრძანდით, მეფეო!
- საუკეთესო ნაჭერი მთელს ელფთა სამეფოში!
- ცხელ-ცხელი ფუნთუშები! უტკბილესი ლოქუმი!
ყველა ცდილობდა თავი მოეწონებინა მეფე-დედოფლისათვის. რაც კი რამ გააჩნდათ, გარეთ გამოჰქონდათ. გზადაგზა უფენდნენ ათასგვარ ხალიჩასა და ყვავილებით მოწნულ გვირგვინებს, ლამაზად მორთულ ქსოვილებს და ოქროთი მოქარგულ მოსასხამებს. ყველა ცდილობდა თავისთან მიეზიდა და ძღვენი მიერთვა ამ უძვირფასესი და უიშვიათესი სტუმრისთვის.
- ხედავ, არლონდირ? - კასალანდრამ ჩუმად გადაულაპარაკა უფლისწულს, - სწორედ ამაზე გეუბნებოდი.
- სასახლისათვის ახალი ხალიჩა ხომ არ მოგვეძებნა, კასალანდრა? - უცებ მიმართა წინ მავალმა ერონიდასმა.
კასალანდრამ თავი დაუქნია და მეფესთან ხელკავით მათ წინ დაფენილი ხალიჩებისკენ გაემართა.
საშუალო სიმაღლის ელფი, რომელიც დახლის მფლობელი უნდა ყოფილიყო, წინ და უკან დარბოდა და ცდილობდა როგორმე თავიდან მოეშორებინა ძაფები, რომლებიც თმაში ჰქონდა ახლართული.
- მობრძანდით! მობრძანდით! ოჰ, ზეცავ მაღალო! - აყვირდა მათ მოსვლაზე.
- ეს ხალიჩები უბრალოდ ულამაზესია! - გაოცებითა და აღტაცებით წარმოთქვა კასალანდრამ.
- მართლაც უბადლო ნამუშევარია! - შეაქო ერონიდასმა.
ელფს სიხარულით სახე დაემანჭა და ენა დაება:
- დ-დიდად გ-გმადლობთ, დიდად! - ძლივძლივობით წარმოთქვა მან, - ნახეთ, აარჩიეთ, თუკი მოგწონთ, ნებისმიერი, გინდ მთელი დახლი თქვენთვის მიჩუქნია მეფეო, დედოფალო! - და თვალებში სიხარულის ცრემლი ჩაუდგა.
კასალანდრამ ღიმილით მოავლო თვალი ნატიფად მორთულ ხალიჩებს. მართლაც უნაკლოდ იყო შესრულებული! ერთი შეხედვით მძიმე, მაგრამ უნაზეს ნაჭერზე ოქრო-ვერცხლით ულამაზესი და ურთულესი არაბესკები იყო ამოყვანილი.
ხალიჩის ქსოვა რთული საქმე იყო, არაბესკის შესრულება კი მასზე უფრო რთული და უდიდესი დაკვირვების მომთხოვნი. ხელის ერთი გატოკება და ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა.
კასალანდრამ ეს სხვებზე უკეთ იცოდა, რადგან ყმაწვილობისას თვითონაც არაჩვეულებრივად ფლობდა ამ ხელობას. ამიტომ მთელი გულით დააფასა მქსოველთა შრომა და პატივისცემით განიმსჭვალა მათ მიმართ. ერთი ასეთი ხალიჩის მორთვას წელიწადზე არანაკლები დრო სჭირდებოდა, ეს ელფი კი მთელი ასეთი დახლის ჩუქებას აპირებდა.
- ერონიდას, ეს მეწამული ხალიჩა ძალიან ლამაზია, - უთხრა მეფეს, - ამ ზურმუხტით მორთულ ქსოვილს შეხედე! - და თვალგაბრწყინებულმა მათ თავზემოთ გაკრულ ხალიჩაზე მიუთითა.
ქსოვილი უზადოდ იყო შესრულებული. მწვანე ნაჭერს ვერცხლით ნაქარგი ორნამენტები ამშვენებდა. წვრილ-წვრილი ზურმუხტისთვლებითა და საფირონით მორთული ეს უნატიფესი ნამუშევარი ყველაზე მშვენიერ გამწვანებულ მდელოს წააგავდა, რომელიც კი შეიძლებოდა წარმოდგენაში შექმნილიყო.
- ეს... - თქვა კასალანდრამ, მაგრამ ვეღარ გააგრძელა.
- აქ ყოველგვარი სიტყვა უძლურია, კასალანდრა, - მიუგო ერონიდასმა, - სწორედ ესაა ხელოვნების ის საიდუმლო, რომელსაც მოკვდავნი უსიტყვოდ ვეთაყვანებით.
დახლის მფლობელი ამის მოსმენისას თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა. იმ წუთებში ისეთი ამაყი და ისეთი ბედნიერი იყო, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც კი მეფე და დედოფალი მოისურვებდნენ.
- ასეთი ნამუშევრისათვის აუცილებლად დაჯილდოვდები, - მიმართა მას ერონიდასმა, - სწორედ შენი და შენნაირების წყალობით ვარ მშვიდად, რომ ელფური ხელოვნება არასოდეს მიეცემა დავიწყებას.
- მ-მეფეო, - ამოისლუკუნა ელფმა, - გმადლობთ, მადლობა ასეთი გულუხვი სიტყვებისთვის! - და სახელოთი ცრემლები მოიწმინდა.
- დღეიდან სამეფო სასახლეში გააგრძელებ შენს საქმიანობას, - უთხრა მას ერონიდასმა, - რა თქმა უნდა, თუკი ამის სურვილი არ გაქვს, ძალას არ დაგატან, აქედან შევიძენ შენს ნაწარმს. მაგრამ ხელოვანთა და ოსტატთა გზა ჩემს სასახლეში ყოველთვის ხსნილია. შენნაირების ადგილი ჩემთან მუდამ მოიძებნება.
- მეფეო! - წამოიყვირა ელფმა და ძირს დაიხარა მისი მოსასხამის კიდის სამთხვევნად.
ერონიდასი მიხვდა, რომ ელფი თანახმა იყო. დაიხარა და ელფს მხარზე დაადო ხელი.
- წამოდექი, - თქვა მან, - რა გქვია?
- ბერბუქიმი, - მიუგო აცრემლებულმა ელფმა.
- ძალიან კარგი, ბერბუქიმ, - მიუგო ერონიდასმა, - შენ დღეიდან სასახლის კარზე იმსახურებ. შენს გადმოსვლაზე დღესვე ვიზრუნებ და ხვალ უკვე შეგეძლება შენთვის საჭირო ნივთები მოაგროვო და გოლუნდირში გადმოხვიდე. ამ დახლს კი რაც შეეხება, მე მას მთლიანად ვყიდულობ. რომ მოხვალ, ყველაფერი თან წამოიღე და ადგილები შემარჩევინე, მათ გასაფენად.
ბერბუქირმა თავი ისე დახარა, თითქოს ძირს აპირებდა დახეთქებას და ისევ ემთხვია მეფეს. ერონიდასმა მხარზე ხელი დაადო და გამოემშვიდობა. გრძნობადაკარგული ელფი დიდხანს იდგა და ფიქრობდა, ყველაფერი ცხადში ხდებოდა თუ სიზმრად ევლინებოდა ესოდენი სასწაული. ასეთი ბედნიერი დღე მის ცხოვრებაში ჯერ არ გათენებულა.
ერონიდასი და კასალანდრა მისეირნობდნენ და ერთმანეთს თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. არლონდირი მათ გზაში დაეწია და თან წუთის წინ ნანახ ჭურჭელზე ფიქრობდა, თან ცალი ყურით მათ საუბარს უსმენდა, რომელიც ერთობ საინტერესო და სერიოზული ეჩვენა. სანამ მისი მშობლები ხალიჩებს ათვალიერებდნენ, თვითონ თასებისა და სასმისების დახლმა წარსტაცა თვალი. მოჯადოებული იმ დიდი ოსტატობითა და სინატიფით, რომლითაც ეს ჭურჭელი დაემზადებინათ, არლონდირი დიდხანს მონუსხული იდგა და გულს იჯერებდა მათი თვალიერებით. დახლის აღტაცებულმა პატრონმა მას საუკეთესო ელფური ღვინო ჩამოუსხა და ვერცხლის თასით მიართვა. არლონდირმა წამით თვალი გაუშტერა ამ ჭურჭლის მომხიბვლელობას, მერე კი ღვინო შესვა და სასმისი ბოლომდე გამოსცალა. მთელ სხეულში სასიამოვნო სითბო ჩაეღვარა და თასის თვალიერებას მოჰყვა.
ბზინვარე ვერცხლის თასი ოქროს სახელურებით მოეჭედათ. ერთ მათგანზე ფრთოსან გველეშაპს დაეფჩინა ხახა, რომელიც ცეცხლის გადმოფრქვევას ცდილობდა, ხოლო მეორეზე ფრთოსან ზეციურ ქმნილებას, რომელიც პირიდან თითქოსდა სუსხსა და სიცივეს უბერავდა. გველეშაპს საყელო ზურმუხტისა ჰქონდა და პირიდან წვრილად მოუჩანდა ლალის პაწაწინა კენჭები, ზეციურ არსებას კი ლურჯად მოელვარე პერანგი ჩაეცვა და ტუჩებთან პატარ-პატარა საფირონები უბრწყინავდა. თასის მთელ სიგრძე-სიგანეზე მცირე ზომის ძვირფასი ქვები ჩაემწკრივებინათ, რომელთა განლაგება რომელიღაც სიმეტრიის კანონს ექვემდებარებოდა.
არლონდირი დიდხანს აკვირდებოდა ამ თვალისმომჭრელ სასმისს, რომლის მსგავსიც მას ჯერ არ ენახა.
- საოცრად მომაჯადოებელია, - თქვა მან, - მისი შეძენა მსურს. დღესვე გამოგზავნონ სასახლეში.
დიდი ძალისხმევით საბოლოოდ მოსწყვიტა მზერა და უკან დააბრუნა.
- როგორც ინებებთ, უფლისწულო! - შესძახა გახარებულმა ელფმა, - როგორც ინებებთ!
არლონდირმა დახლს მონუსხულმა აქცია ზურგი და მეფე-დედოფლისკენ წავიდა, რომლებიც მეტად კმაყოფილები გაშორდნენ ხალიჩების ოსტატს.
კასალანდრა დიდი აღტაცებით საუბრობდა მისთვის რაღაც მეტად მნიშვნელოვანზე, როდესაც მისი ყურადღება ულამაზესმა გვირგვინებმა მიიპყრო. მაშინვე ამ მბზინავი დახლისკენ გასწია, რითაც მისი პატრონი ცას ეწია.
- რა ლამაზია! - აღფრთოვანებით წარმოთქვა დედოფალმა.
- თქვენს სილამაზესთან შედარებით ეს გვირგვინები უბრალოდ გამოჭედილი ქვებია და მეტი არაფერი, დედოფალო! - გაბრწყინებულმა მიუგო დახლის მფლობელმა.
კასალანდრას გაეცინა. ის უკვე თვალს ვეღარ წყვეტდა ერთ-ერთ მოლიცლიცე გვირგვინს, რომელიც ცენტრში, შემაღლებულზე იდო და დანარჩენებზე მეტად დიადი და აღმატებული იყო.
- მოგწონთ, დედოფალო? - მის მზერას გააყოლა თვალი ელფმა, - ის ახლავე თქვენი გახდება! - და უკან მდგომებს მიმართა, - აბა დროზე, შეფუთეთ!
- არა, არა. ეს არ არის საჭირო... - დაიწყო კასალანდრამ.
- როგორ თუ, დედოფალო? ჩემთვის უდიდესი პატივია ელფთა სამეფოს დედოფალს საკუთარი ხელით დამზადებული ძღვენი მივართვა! - შეეპასუხა ელფი.
- სწორედ ამიტომ, არ არის საჭირო...
- რა არ არის საჭირო? - მათ საუბარში ერონიდასი ჩაერთო და კასალანდრას ისევ გააწყვეტინა სიტყვა.
- თვით მეფე მობრძანდა ჩემს დახლთან! თვით მეფე! - ელფი იუველირი სიხარულის ცრემლებს ყრიდა.
- რაო, კასალანდრა, მთელი დახლის ჩუქებას ხომ არ აპირებენ? - ხუმრობით მიმართა ერონიდასმა, - აბა ეგ ბზინვარე გვირგვინი და ეს მოციმციმე ბეჭედი გვანახე, - მიუთითა ერონიდასმა იმავე გვირგვინზე.
- ახლავე! ახლავე მეფეო! მთელი ქვეყნიერების მმართველი ჩემგან ძღვენს იღებს!
- კარგი, ძღვენად ჩავთვალოთ თუ გინდა, მაგრამ შეფუთვა არ არის საჭირო, - კასალანდრას მსგავსად გაიმეორა ერონიდასმა.
- აჰ, ერონიდას! - მიუხვდა კასალანდრა და გაუღიმა, რადგან მეფემ თავისი სათქმელი დააბოლოვა.
- როგორც მიბრძანებთ! როგორც მიბრძანებთ! - დამორჩილდა ელფი.
იუველირმა ფრთხილად აიღო გვირგვინი და ბეჭედი და მეფეს პირადად გადასცა. მეფემ თავის საყვარელ დედოფალს თავზე დიდებული გვირგვინი დაადგა და თითზე ულამაზესი ბეჭედი გაუკეთა.
- ერონიდას! - კასალანდრა სულ მთლად ბრწყინავდა და თვალზე ცრემლი უციმციმებდა.
ერონიდასმა კასალანდრას სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა.
ელფები აჟრიამულდნენ. ამ სცენის მომსწრენი იმაზე ათმაგად უფრო ხმამაღლა ახმაურდნენ, ვიდრე მეფე-დედოფლის გამოჩენისას. არლონდირი მოშორებით იდგა და გულის სიღრმეში უხაროდა, რომ მისი მშობლები ბედნიერები იყვნენ.
კასალანდრამ კიდევ ერთხელ დახედა ბეჭედს, რომელიც მის კოხტა თითს ამშვენებდა. მომრგვალებულ სამკუთხა ბეჭედს ორ მწკრივად წვრილ-წვრილი ალმასები მიჰყვებოდა, შუაგულში კი მუქი მეწამული ამეთვისტო კაშკაშებდა.
- მეწამული ამეთვისტო! ერონიდას, რა ლამაზია! - კასალანდრა სიხარულით ცას ეწია.
გვირგვინი კი ცალკე სანახაობას წარმოადგენდა: მოვერცხლილი ნაკეთობა სამ საფეხურიანი იყო. პირველი ორი, მართკუთხა ამეთვისტოებისა და მათ შორის ჩასმული ალმასების მწკრივს შეადგენდა. ალმასებს ზემოდან ვერხლისგან გამოჭედილი ლამაზი ფორმები ელამუნებოდნენ და თავიანთ ხლართებში მოქცევას ცდილობდნენ. ამ ორ მწკრივს თავზემოთ კაკლისოდენა ამეთვისტოები ჩალაგებულიყვნენ ერთმანეთისგან მოშორებით. ყოველი ქვის გარშემო ვერცხლისგან ნამდვილი საოცრებები გამოეჭედათ - პატარა ვერცხლის კუპიდონები, რომლებიც ხელებით ეზიდებოდნენ თითქოსდა მძიმე ტვირთს. გვირგვინს შუაში ყველაზე დიდი ამეთვისტო ჰქონდა, რომლის გარშემოც კუპიდონებს სხვადასხვა მიმართულებით ექციათ თავი, თითქოს ქვის მზერას გაურბოდნენ. ზემოდან კი ყველა დანარჩენთან შედარებით მოზრდილი თავი მოჩანდა, რომელსაც ზურგს უკან ფრთები გაეშალა და უძირო თვალებით იმზირებოდა, ტუჩები კი ჰაერის შესასრუტად ჰქონდა გამზადებული. არლონდირს მან ძალიან მოაგონა თავის სასმისზე ამოჭედილი ფრთოსანი არსება, რომელსაც მსგავსი სახის გამომეტყველება ჰქონდა.
მეფემ კიდევ ერთხელ აკოცა კასალანდრას და ქვაფენილზე ხელგადახვეულმა წაიყვანა. დახლს რომ მოსცილდნენ, ერთ-ერთმა მსახურმა დახლზე ოქროთი სავსე სკივრი დატოვა. ერონიდასმა მშვენივრად იცოდა რამდენი შრომა სჭირდებოდა ერთი ბეჭდისა თუ გვირგვინის დამზადებას, მით უმეტეს - ასეთის. მეწამული ამეთვისტოს შოვნა კი სულაც არ იყო მარტივი საქმე, რომ აღარაფერი ვთქვათ მის დამუშავებაზე. ამიტომ მათი შემქმნელის შრომა მეფეს დაფასების გარეშე არ დაუტოვებია.
ქუჩას სამივენი ერთად მიუყვებოდნენ და გარშემომყოფთ უღიმოდნენ.
- რას იტყვით, ცოტა ხომ არ შეგვესვენა და თან წაგვეხემსა? - იკითხა ერონიდასმა.
- კარგი იქნებოდა. ცივ შერბეთს დავლევდი, - მიუგო კასალანდრამ, - არლონდირ, ერთ ჭიქა ლიმონის შერბეთზე რას იტყოდი?
არლონდირს უნდოდა ეთქვა: „მადლობა, რომ გაგახსენდითო!“, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ „სიამოვნებითო“ უპასუხა.
- კარგი, მაშინ ამ პატარა სასადილოში ჩამოვსხდეთ, საიდანაც საკმაოდ მადისაღმძვრელი სუნი გამოდის, - შესთავაზა ერონიდასმა და სამივემ მყუდროდ მოწყობილი სასადილოსკენ აიღო გეზი.
- მობრძანდით, მობრძანდით! ო, რას მოესწრო ჩემი თვალები! მობრძანდით მეფეო, დედოფალო, უფლისწულო! ო, ვფიცავ ქვეყნიერებას, როგორ გაზრდილხართ! ბოლოს რომ გნახეთ, ერთი ციდა იყავით!
- ჰო, დრო მალე გადის, - ღიმილით მიუგო ერონიდასმა, - ცივი ალუბლის, ვარდისა და ლიმონის შერბეთი მოგვიტანე და ცოტა ლოქუმი.
- ახლავე, ახლავე! რას მოვესწარი! - და მაღალი, ჩასკვნილი მზარეული სამზარეულოში შევარდა.
მეფემ მის გარშემო მდგარი რამდენიმე მზარეული ელფი შენიშნა და ერთ-ერთ მათგანს გამოელაპარაკა:
- როგორ მიდის საქმე? რამეს ხომ არ უჩივით?
- არა, მეფეო. თქვენი წყალობით ყველაფერი კარგადაა. არაფერს ვუჩივით. დალოცვილი იყავით! - სიხარულითა და მადლიერებით მიუგო ერთ-ერთმა მათგანმა.
ერონიდასი ამ სიტყვების მოსმენამ დიდად დაამშვიდა და გაახარა. ესე იგი, კომპლექტი მუშაობდა. ესე იგი, შრომას უნაყოფოდ არ ჩაუვლია.
მალე ჩასკვნილი მზარეულიც გამოჩნდა, ხელში ლანგარი ეჭირა, უკან კი დამხმარეები მოჰყვებოდნენ.
- აი, ინებეთ მეფეო! დედოფალო! ცივი შერბეთი გაგაგრილებთ. ინებეთ უფლისწულო! - წამოიძახა აღტაცებულმა, უკან მდგომებს ლანგრები გამოართვა და მაგიდაზე დააწყო.
- მიირთვით, მიირთვით. ახალთახალი ლოქუმია! ყველაზე რბილი და ღრუბელივით ფაფუკი! ყველანაირი გემოსი! აი, კიდევ თბილი ღვეზელები, სულ ახლახანს გამოვაცხვე. ესეც კრემიანი ფუნთუშები ხილის არომატით...
- ძალიან სტუმარმოყვარე ბრძანდებით. გმადლობთ, - თბილად გაუღიმა კასალანდრამ.
მზარეული თავით ბოლომდე აჭარხალდა. დედოფლისგან შექებას არ ელოდა.
- ე-ეს ჩ-ჩემთვის დ-დიდი პატივია თ-თქვენო უ-უდიდებულესობავ! - ენა ძლივს მოიბრუნა ელფმა.
- გემრიელად გამოიყურება და მადისაღმძვრელი სურნელიც აქვს, - შეაქო ერონიდასმა და ერთი ფუნთუშა გადაიღო.
ელფს შეფასების მოლოდინში სუნთქვა შეეკრა, მაგრამ უეცრად ყველაფერი ისე დატრიალდა, რომ ფუნთუშები აღარავის ახსოვდა. შექების ნაცვლად ხმამაღალი დახეთქებისა და ყურისწამღები კივილის ხმა გაისმა.

* * *
ყველაფერი წამებში აირია. ყველაფერი თავდაყირა დადგა. ელფები გონზე ვერ მოსულიყვნენ და იმას აკეთებდნენ, რასაც ინსტინქტი კარნახობდა: აქეთ-იქით ეფეთებოდნენ, გაქცევას ცდილობდნენ. ზოგი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, ზოგიც მეფისკენ იწევდა - „არიქა, მეფეს არაფერი დაუშავდესო!“ წამის წინ არსებული სიმშვიდე უეცრად ქაოსად გაიდაიქცა. ლამაზი, მხიარული სახლები წამებში დანგრეულიყო და ცეცხლის კვამლში რაღაც უზარმაზარი ჩრდილები იკვეთებოდა.
- მეფე დაიცავით! მეფე დაიცავით! - გაჰყვიროდნენ მცველები და მეფე-დედოფალსა და უფლისწულის გარშემო დამცავ ფარს ქმნიდნენ.
- კასალანდრა! არლონდირ! ერთად იყავით! გვერდიდან არ მომცილდეთ! - ბრძანა ერონიდასმა.
კასალანდრამ გულთან მიიკრა არლონდირი და ხელები მაგრად მოჰხვია, არლონდირი კი თავის დაღწევას ლამობდა.
- ყველაფერი დაგეგმილი იყო! - გაჰყვიროდა არლონდირი, - შეთქმულება მოაწყვეს, მამა! აქაურობას უნდა გავეცალოთ, ახლავე!
ერონიდასი ელდანაკრავივით შედგა. თვალებგაფართოებული უყურებდა თავის შვილს და ვერ გამორკვეულიყო მის ნათქვამში. რამდენიმე წამი დასჭირდა გონზე მოსასვლელად. ბოლოს ბრძანა:
- დედოფალი და უფლისწული ეტლში ჩასვით და სასახლეში წაიყვანეთ! სწრაფად!
- ერონიდას! - დაიყვირა კასალანდრამ, - არსადაც არ წავალ! მარტო არ დაგტოვებ! ერონიდას!
მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ოცამდე შეიარაღებული მცველი მწყობრს გამოეყო და კასალანდრა და არლონდირი სირბილით გაარიდა იქაურობას. არლონდირი შეკრთა და მამამისს გამოხედა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მცველებმა გზა გადაუღობეს.
- ერონიდას! ერონიდას! - ყვიროდა კასალანდრა და მეფისკენ მიიწევდა, მაგრამ მცველები დასხლტომის საშუალებას არ აძლევდნენ. მათ უკვე ძალით მოჰყავდათ დედოფალი და მხოლოდ იმასღა ცდილობდნენ მალე გაეყვანათ სამშვიდობოს.
მეფის მწყობრი ახალი ელფებით შეივსო. კასალანდრასა და არლონდირს რაც შეიძლება ჩქარა მიარბენინებდნენ, ირგვლივ კი მცველები გზას იკაფავდნენ გასასვლელისკენ. ერონიდასმა ბოლოჯერ შეავლო თვალი ცოლ-შვილს, სანამ რომელიღაც მოსახვევში გაუჩინარდებოდნენ. მან იცოდა, რომ ეტლი შემოსასვლელში იდგა, იქ მისვლას კი არცთუ ისე ცოტა დრო სჭირდებოდა. ერთადერთი იმედი მისთვის ახლა შემოსასვლელში იდგა.
უეცრად უკნიდან საშინელი მსხვრევის ხმა გაისმა. წითელი სახურავით მოპირკეთებული სახლი წამებში ნანგრევებად იქცა და მის ადგილას მტვრისგან რაღაც გაურკვეველი ამოიზიდა. მის გვერდზე კიდევ ერთი, ერთი - უკანაც. ბორცვები თანდათან მაღლდებოდნენ და ბურუსიდან გამოდიოდნენ.
- გოლიათები! - დაიყვირა ვიღაცამ.
- გოლიათები! თავს უშველეთ!
- გოლიათები! მეფე დაიცავით!
ელფები პანიკაში ჩაცვივდნენ. ზოგიერთი იქვე ჩაიკეცა, ზოგი გაურკვევლობისგან სახლში შერბოდა, ზოგი კი შიშით გაქვავებულიყო და ადგილიდან ფეხს ვერ იცვლიდა.
- სამაშველო რაზმი გამოიძახეთ, ჩქარა! - დასჭექა ერონიდასმა და ხმალი ამოაძრო.
- კი, მაგრამ მეფეო, ჯერ თქვენ უნდა გაგარიდოთ აქაურობას, თან იქამდე მისვლას დიდი დრო დასჭირდება... - შეეპასუხა მცველთა მეთაური.
- ვერ გაიგე რა გითხარი?! დაუყონებლივ უხმეთ სამაშველო რაზმს! ეს ბრძანებაა!
მცველმა მეფეს მსწრაფლ დაუკრა თავი და ადგილიდან მოწყდა.
- პირველი რიგი! ელფები გაარიდეთ აქაურობას! ყველა აქ მცხოვრები გაიყვანეთ კომპლექტიდან. თუკი ერთ ელფს მაინც ვნახავ დარჩენილს, საკუთარ თავს დააბრალეთ! მეორე რიგი! კედელი გაამაგრეთ და მესერი შექმენით მოწინააღმდეგის დასახვედრად!
ამასობაში შემოსასვლელში ოცამდე შეიარაღებული ელფი გამოჩნდა, რომლებიც სირბილით მოიწევდნენ ერონიდასთან.
- მეფეო, - შესძახა მცველთა მეთაურმა, - თქვენი ბრძანებით, სასახლეში ცნობა უკვე გავუშვი და ორმოცდაათი ელფი შემოგვემატება.
- ორი მაგდენი დაგვჭირდება, ფალკოუს. ელფს მაცნე დააწიე და გადაეცით რაზმი გააორმაგონ. მესამე რიგი! მწკრივი შეკარით და ელფები დაიმატეთ, დამცავი მესერი გააძლიერეთ და...
უცებ წინიდან რაღაცამ ისე დაიბღავლა, სახლების ნანგრევები აზანზარდა და მტვრის ბუღი დააყენა. რამდენიმე მეტრის მოშორებით უზარმაზარი ტანის მქონე არსება სწრაფი ნაბიჯით მოიწევდა წინ. მისი სხეული თანდათან გამოიკვეთა და სრულად წარსდგა მეფისა და იქ მყოფთ წინაშე - ექვსიოდე მეტრის სიმაღლის, მსუქანი, ღონიერი. დიდ ტანზე დიდი თავი ისე ჰქონდა მიმაგრებული, რომ კისერი სულ არ უჩანდა. სქელი ღაბაბი ორ ფენად ეკვროდა და მის თავსა და ტანს ერთმანეთზე აწებებდა. ცხვირი მიჭ....ტილ პომიდორს მიუგავდა, თვალები კი დიდ შავ კაკლებს, რომლებიც მრისხანებით ანათებდნენ. მოლიპულ თავზე აქა-იქ, თითო-ოროლა თმის ღერი მოუჩანდა. ტანზე დაფხრეწილი ნაჭრები შემოეხვია, მსხვილ ხელებს კი ყველა მიმართულებით იქნევდა.
ერონიდასი რამდენიმე წამს იდგა ადგილზე გაქვავებული. ბოლოს გონება მოიკრიბა და ბრძანება გასცა:
- ხაზი გაასწორეთ! მწკრივში ჩადექით!
გოლიათს უკან თავისნაირი მოჰყვა. მერე კიდევ ერთი, მეორე, მესამე. თითქოს მტვრის კორიანტელიდან დგებოდნენ და პირისპირ მიდიოდნენ მათ შესახვედრად.
- მშვილდ-ისრები მოიმარჯვეთ! - ერონიდასმა ცოტა ხანს მოახლოება აცადა, - დაუშინეთ!
ჰაერში ორმოცდაათამდე ისარმა გაიელვა. ორი გოლიათი დაიჭრა. ერთ-ერთ მათგანს ისარმა შუბლი გაუხვრიტა და უგონოდ დაენარცხა მიწაზე. ყველაზე წინ მდგომმა გოლიათმა სიმწრისგან დაიღრიალა, თავისი ტლანქი ხელით ორ ელფს მისწვდა და ჰაერში მოისროლა.
- მწკრივი შეავსეთ! მოიმარჯვეთ ისრები! ცეცხლი!
მეფე გოლიათებს ახლოს მოსვლის უფლებას არ აძლევდა. ყველაზე ახლოს მოსული ძირს დავარდა, რადგან რამდენიმე ისარი მუხლში მოხვდა და დაჭრა.
- თავსა და ფეხებში დაუმიზნეთ!
კვამლიდან გამოსულმა უზარმაზარმა გოლიათმა, რომელსაც ტერფში ეძგერა ისარი, ერთი შებღავლა და იქვე ჩაიკეცა. ორ მათგანს ისარი პირდაპირ თვალში მოხვდა. გამწარებულები ხელებს ასავსავებდნენ და ირგვლილ ყველაფერს ლეწდნენ, რამდენიმე წამში ისევ ფეხზე დგებოდნენ და გამწარებულები, მთელი ძალით მოექანებოდნენ წინ.
მეფეს კიდევ სამჯერ დასჭირდა ბრძანების გამეორება:
- ცეცხლი! - და ისრების წვიმა გაუთავებლად მოდიოდა.
როგორც იქნა, დამხმარე რაზმიც გაჩნდა ადგილზე. უსწრაფესი ცხენებისა და ვითარების გათვალისწინებით, ეს აღარც იყო გასაკვირი.
ერონიდასმა ახალმოსული რაზმი ელფებს შეამატა, განალაგა და ერთიანი შემართებით, ათმაგი ძალით შეუტია მოწინააღმდეგეს. ისრებით დაჩხვლეტილები, ტლანქი არსებებები გონმიხდილნი ეცემოდნენ ძირს. მიწაზე სულ ათიოდე გოლიათი ეგდო, მაგრამ ყველა მკვდარი როდი იყო. უმეტესობა მხოლოდ გათიშული ეგდო მიწაზე.
როდესაც ერონიდასი დარწმუნდა, რომ კვამლიდან მორიგი ურჩხული აღარ ამოიზიდებოდა, ბრძანება გასცა:
- ერთის გარდა ყველა დახოცეთ. ერთი ცოცხალი მჭირდება. გავიგოთ, რა უნდოდათ და რისთვის მოაწყვეს თავდასხმა.

* * *
ამასობაში კასალანდრა და არლონდირი ეტლში ნერვიულობით ადგილს ვეღარ პოულობდნენ.
- ნეტა რა ხდება ახლა ან იმ სამაშველო რაზმის გამოძახება რაში დასჭირდათ? ნუთუ ასე ცუდადაა საქმე! ასამდე ელფი მაინც იქნებოდა, თან ისე სწრაფად მიაჭენებდნენ, ვეღარაფრის კითხვა მოვახერხე. ნეტავი მეფე ხომ არ დაიჭრა, ო ქვეყნიერებავ! - კასალანდრას ფიქრები ერთმანეთში ერეოდა. ერთი მეორეზე საშინელი და შემზარავი იყო. არლონდირს მისი ხელი ეჭირა.
- ყველაფერი დაგეგმილი იყო... ყველაფერი... - ჩუმად იმეორებდა არლონდირი და დედამისს ეხვეოდა.
- არლონდირ, მთელი გზაა უკვე ამას იმეორებ! - აღელვებითა და გაბრაზებით უთხრა კასალანდრამ.
- უნდა დამიჯეროთ, დედა! - არლონდირმა დედამისს ახედა და თვალებით შეევედრა მისთვის დაეჯერებინა.
ამასობაში მათ საუბარი ვიღაცამ გააწყვეტინა:
- მოვედით, დედოფალო.
ეტლი გაჩერდა. დედოფალმა ფარდა გადასწია და წინ გოლუნდირის მობიბინე ბაღები გადაეშალა. ვერც კი შეამჩნია, რომ უკვე მოსულიყო.
- სიმართლეს გეუბნებით, დედა! უნდა დამიჯეროთ! - იმეორებდა არლონდირი.
- კმარა, არლონდირ! ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, - ამღვრეული სახით მიუბრუნდა კასალანდრა.
არლონდირი ეტლიდან ჩამოვიდა და დედოფალს ხელი გაუწოდა.
- ეტლიდან ნივთები აიღეთ და ჩემს მოსასვენებელში წაიღეთ, - უბრძანა კასალანდრამ შეგებებულ მსახურებს.
ეტლში ასვლისთანავე ჰასიკი ელფების ყურადღება კუთხეში დაბრძანებულმა გვირგვინმა მიიპყრო. მისი თვლები სარკმლიდან შემოსულ მკრთალ სინათლეზე ათასფრად ანათებდნენ და ყველა მიმართულებით სხვადასხვა ფერს აფრქვევდნენ. გვირგვინის ქვეშ დედოფლის თხელი მოვარდისფრო მოსასხამი იდო დაკეცილი. ელფებმა ნივთები გამოიტანეს და ეტლიც თავის ადგილზე დასადგომად დაიძრა.
სასახლეში დაძაბული ატმოსფერო სუფევდა. ელფების მოუსვენრობა გოლუნდირის ყოველ კუთხე-კუნჭულში იგრძნობოდა. ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა სასახლიდან ასი მეომარი ელფის გამოძახება.
კასალანდრამ სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა ბაღები და ახლა მედგრად მიიწევდა სასახლისაკენ. არლონდირი თან ახლდა და სწრაფად მიდიოდა, რომ როგორმე დასწეოდა. კიბეები სწრაფად აიარეს და კარის გაღებისთანავე კასალანდრა წამით შეყოვნდა, სასახლე თვალით მოიარა და წინ შეგებებულ მთავარ მსახურს უბრძანა:
- მალთუს ვაზარის უხმე.
დედოფალმა დიდი დარბაზი გაიარა და კიბისკენ აიღო გეზი. არლონდირი თან გაჰყვა და როდესაც საკმარისად მიუახლოვდა, ჰკითხა:
- რის გაკეთებას აპირებთ, დედა?
- მამაშენი საფრთხეშია, არლონდირ. ჩვენ გარდა მას ვერავინ დაეხმარება, - მიუგო კასალანდრამ და თავის მოსასვენებელს მიაშურა.
ოთახში ორი ელფი დახვდა, რომლებმაც დედოფალს შემოსვლისთანავე თავი დაუკრეს. შეშინებულები ჩანდნენ და სახეზე მღელვარება ეწერათ, მაგრამ ვერაფრის თქმას ვერ ბედავდნენ.
- კაბა მომიმზადეთ, - ბრძანა კასალანდრამ და სარკის წინ სავარძელში დაჯდა.
- რომელ კაბას ინებებთ დედოფალო? - მდაბლად ჰკითხა ერთ-ერთმა ელფმა.
ამ დროს კასალანდრამ ვარდებთან, ბალიშზე დაბრძანებული გვირგვინს მოჰკრა თვალი, რომელიც მეორე გასასვლელით შემოეტანათ და მის მოსვლამდე დაებრძანებინათ. კასალანდრამ მოიგონა, ჯერ კიდევ დღისით რომ დაადგა იგი თავზე ერონიდასმა. ამის გახსენებაზე ცრემლი მოადგა. ცოტაოდენი დუმილის შემდეგ მიუგო:
- ზურმუხტისფერს.
- როგორც მიბრძანებთ, - თავი დაუკრა ჰასიკიმ და ოთახის საპირისპირო მხარეს, ლამაზად მოხატულ კარებში გაუჩინარდა.
ამასობაში მეორე ელფი დედოფალს ვარდისფერი მორგანიტის საყურეებს ხსნიდა და ხის ზარდახშაში აწყობდა. ეს ზარდახშა არლონდირმა გამოთალა და დედოფალს დაბადების დღეზე აჩუქა. ეს მისი პირველი საჩუქარი იყო უფლისწულისგან და ამასთანავე, ყველაზე ძვირფასიც.
როდესაც არლონდირს ექვსი წელი შეუსრულდა და ცოტაოდენ ჯადოქრობას დაეუფლა, გადაწყვიტა ისეთი რამ გაეკეთებინა, რაც ერთიანად ლამაზიც იქნებოდა და საოცარიც, ამიტომ ბევრი ვარჯიშის შემდეგ, ბოლოს შეძლო მის მიერ გამოთლილი ზარდახშა აემღერებინა. დედოფალმა გაცვიფრებისაგან ლამის მეტყველების უნარი დაკარგა, როდესაც დილით ელფური სიმღერის არაამქვეყნიურმა ჟღერადობამ გააღვიძა და სარკის წინ ლამაზი ორნამენტებით მოპირკეთებული ხის ზარდახშა დახვდა. მას მერე ამ ზარდახშას დედოფლის ოთახსა და გულში შეუცვლელი ადგილი დაეკავებინა.
კასალანდრას მისთვის ნაცნობი მელოდიის გაგონებისას გაეღიმა.
- მოიცადე! - შეაჩერა მსახური, - იყოს ღია, არ დაკეტო, - მიუთითა ზარდახშაზე.
ოქროთი მოწნული მორგანიტის ყელსაბამი მსახურმა ზარდახშაში ფრთხილად ჩადო და უკან დაიხია.
- თმა ერთიანად ასწიე ზემოთ.
ელფმა თავი დაუკრა და ერთმანეთში აბნეული თმის დაშლა დაიწყო. პატარა გაკრისტალებული ვარდი, რომელიც კასალანდრას კულულებს ერთმანეთში ლამაზად ხლართავდა, ყელსაბამის გვერდით ჩადო ზარდახშაში. დავარცხნის შემდეგ, ელფმა დედოფლის გრძელი, ოქროსფერი კულულები ერთად მოიქცია და უკან დაუხვია, აუწია და თავზე მყარად დაუმაგრა.
ამასობაში ოთახიდან გამოსული ელფი კაბით ხელში იცდიდა. მან, ისევე როგორც ყველა მსახურმა ელფმა, იცოდა რომელი იყო ზურმუხტისფერი, მიუხედავად იმისა, რომ დედოფალს რამდენიმე ზურმუხტისფერი კაბა ჰქონდა. ეს ზურმუხტისფერი სხვებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მას დედოფალი მხოლოდ მეტისმეტად მნიშვნელოვან, დაძაბულ ვითარებაში იცვამდა და, სხვებთან შედარებით, საკმაოდ პირქუში შეხედულება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ლამაზი იყო. საქმე ისაა, რომ კასალანდრას სწორედ მაშინ ეცვა იგი, როდესაც მამამისი გარდაიცვალა. მას მერე შესძინა ამ კაბას ასეთი სახელი და მხოლოდ არასასურველ ვითარებაში ჩაცმის პატივი არგუნა.
კასალანდრამ კაბა ჩაიცვა, ზურმუხტის საყურეები გაიკეთა, თავზე ზურმუხტისთვლიანი გვირგვინი დაიდგა და დარბაზში ჩასასვლელად მოემზადა.

არლონდირი კიბესთან იდგა ფიქრებში ღრმად წასული და მომხდარის გააზრებას ცდილობდა. დედოფლის დანახვაზე სახე გაუნათდა და თითქოს ყველა ფიქრი გაეფანტა, თუმცაღა იცოდა, რომ ამ სილამაზეს თავისი დანიშნულება ჰქონდა. ეს სილამაზე ასეთი სახით მხოლოდ რთულ და დაძაბულ ვითარებაში ჩნდებოდა, მაგრამ მაინც - მწვანედ შემოსილი კასალანდრა საოცრად თვალისმომჭრელი იყო.
დედოფალი არლონდირთან ხელკავით ჩავიდა კიბეზე და მისი თანხლებითვე დაბრძანდა თავის სავარძელში. რატომღაც, სულ ერთი წამით, არლონდირმა იფიქრა და ყველა იქ მყოფს შიშნარევმა ეჭვმა გაჰკრა, რომ უფლისწული მეფის სავარძელს დაიკავებდა, მაგრამ დედოფალმა იგი გვერდში ამოიყენა.
ამ დროს შემოსასვლელის კარი გაიღო და სინათლეში მაღალი ფიგურა გამოჩნდა. დინჯი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით, დარბაზში მეფის მარჯვენა ხელი, მალთუს ვაზარი შემოვიდა და დედოფლის სავარძელთან მივიდა, თავი დაუკრა და დაბალი, მშვიდი ხმით მიმართა:
- მიძახებდით, დედოფალო.
კასალანდრამ მშვიდად ჰკითხა:
- თუ იცით, ახლა რა ხდება ჩვენს სამეფოში?
- ჩემ მიერ მიღებული ზომების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სიმშვიდე უნდა იყოს, - წყნარად უპასუხა ელფმა.
კასალანდრამ დაეჭვებით შეხედა:
- მოგივიდათ ამბავი მკვახეველის დასახლებაში მომხდარის შესახებ?
- მკვახეველის დასახლებაში ცოტა ხნის წინ გავგზავნე შეიარაღებული ძალა ასი ელფის რაოდენობით.
კასალანდრა მდუმარედ უყურებდა მის წინ მდგარ ელფს, რომელიც მიუხედავად მძიმე ვითარებისა, თავს ძალიან მშვიდად გრძნობდა. წამიერი დუმილის შემდეგ კასალანდრამ ნიკაპიდან ხელი ჩამოიღო და დაკვირვებით, თან ოდნავი აღელვებით, ჰკითხა:
- ესე იგი, ის ელფები, გზაში რომ შევხვდით, თქვენი გაგზავნილი იყო. ამჟამად რა ვითარებაა? ან საერთოდ, რა მოხდა? როგორ გაბედეს გოლიათებმა სამეფო ოჯახზე თავდასხმა?! - მის ტონში აშკარა გაბრაზება იგრძნობოდა.
- არ ვიცი, დედოფალო, - მიუგო მოხელემ, - ჯერ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია დარწმუნებით, რომ მეფე უსაფრთხოდაა. თქვენს გამოძახებამდე ელფი მოვიდა და ამბავი მოიტანა. მეფე საღ-სალამათი დაგიბრუნდებათ თავისი მეომრებითურთ.
კასალანდრას ამ სიტყვების გაგონებაზე სახეზე სიხარულის ნაპერწკალმა გაურბინა და ღიმილით ჩაქინდრა თავი. არლონდირიც გაახარა ამ ამბავმა და დედოფალს ხელი მაგრად ჩასჭიდა.
უცებ კასალანდრამ ისევ სერიოზული ხმით იკითხა:
- ზარალი რამხელაა, მალთუს?
- დიდი არ არის, დედოფალო, თუმცაღა რამდენიმე ელფი დაიღუპა.
კასალანდრას ეს სიახლე არ ესიამოვნა. არლონდირმა მწუხარების ნიშნად თვალები დახუჭა.
- კარგია, რომ ყველაფერს დროზე ადრე მიაქციეთ ყურადღება, - უთხრა წუთიერი დუმილის შემდეგ, - ელფთა სამეფო თქვენი მადლობელია.
- მადლობელი ვარ თქვენი შექების დედოფალო, მაგრამ ეს ჩემი ვალია, - მშვიდად მიუგო მალთუსმა.
- რა თქმა უნდა, - დაეთანხმა კასალანდრა, - როგორც კი გაარკვევთ თავდასხმის მიზეზს და დეტალებს, მაშინვე შემატყობინეთ. შეგიძლიათ წახვიდეთ.
მალთუს ვაზარიმ დედოფალსა და უფლისწულს თავი დაუკრა და წასასვლელად მობრუნდა, როდესაც დარბაზში გამოაცხადეს:
- მეფე დაბრუნდა!
კასალანდრამ ყურები დაცქვიტა და შემოსასვლელს გახედა. უეცრად კარი გაიღო და ჩასული მზის წითელ სხივებში ტანადი სილუეტი გამოიკვეთა. კასალანდრა იმწამსვე ფეხზე წამოხტა და შემოსულს გაფართოებული თვალები მიანათა. დამაბრმავებელი სინათლის ფონზე მაშინვე გაარჩია მისი საყვარელი ჰარინი და მაშინვე მისკენ გასწია. არლონდირს ღიმილი დასთამაშებდა და თვალებში მოუთმენელი სიხარულის ნაპერწკალი აუგიზგიზდა.
დედოფალი ისეთი სისწრაფითა და ძალით ჩაეხუტა მეფეს, რომ ერონიდასმა ორი ნაბიჯით უკვან დაიხია და თავი ძლივს გაიმაგრა. კასალანდრა მთელი ძალით ეხვეოდა ერონიდასს და ამოსუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდა. არლონდირი მაშინვე მათთან მივიდა. სადაც იყო ცრემლი წასკდებოდა მოზღვავებული გრძნობით. მთელი ეს რამდენიმე წუთი მალთუს ვაზარის სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა. მან უკან დაიხია და შორიდან მიადევნა თვალი სიხარულისა და აღელვების სცენას.
კასალანდრამ ძლივძლივობით მოათავა მეფის ხვევნა-კოცნა და, როგორც იქნა, განზე გადგა. სინათლეზე კარგად ჩანდა, როგორ ბზინავდა მისი ცრემლით სავსე თვალები. ახლა მეფესთან არლონდირი მივიდა და ძლიერად მოეხვია. ერონიდასმა შვილი მაგრად მიიკრა გულთან და თავზე აკოცა. ამის შემდეგ ორივე - დედოფალიცა და უფლისწულიც თავისთან მიიზიდა და ორივეს მაგრად მოეხვია. სამივე ერთად იდგა ჩამავალი მზის ფონზე.
ბოლოს, ერთმანეთით გული რომ იჯერეს, ერონიდასმა თქვა:
- აბა, მითხარი ერთი, არლონდირ, რა შეთქმულებაზე ლაპარაკობდი.
არლონდირი წამით ელდანაკრავივით შედგა. მეფისგან ამბის ასეთ დასაწყისს არც თვითონ მოელოდა და არც - კასალანდრა. არლონდირმა ღრმად ჩაისუნთქა, თითქოსდა მოყოლას აპირებდა, მაგრამ კვლავ დადუმდა. სიჩუმე ისევ ერონიდასმა დაარღვია:
- მალთუს ვაზარი, ვფიქრობ შენთვისაც საინტერესო უნდა იყოს. მოდით სათათბირო დარბაზში გადავინაცვლოთ, - და ხელით წაუძღვა ყველას დარბაზის მოპირდაპირე მხარეს.

სათათბირო დარბაზი, რომელსაც მეორენაირად მცირე დარბაზსაც ეძახდნენ, ერთი, ზომით შედარებით მცირე დარბაზი ან ოთახი იყო. მხოლოდ იმით განსხვავდებოდა სხვა სამუშაო ოთახებისგან, რომ შიგნით შემსვლელს ისეთი შეგრძნება უჩნდებოდა, თითქოს დიდი დარბაზიდან არ გამოსულა და მის ერთ-ერთ განყოფილებაში იმყოფებოდა, ვინაიდან გარედან მცირე ზომისაში, შიგნიდან სულ სხვაგვარი გრძნობა ეუფლებოდა. მასში დიდი დარბაზის მსგავსი სიდიადე და აკუსტიკა სუფევდა, მაღალი ჭერი კი ექოს მხოლოდ ოთახის შიგნით გამოსცემდა, გარეთ ხმას ახშობდა და კედლებს იქით არ ატარებდა.
სათათბირო დარბაზი სასახლეში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ის თითქმის არასდროს იყო ცარიელი, რადგან მეფე ყოველდღიურად კრებდა თავის სამეფო მოხელეებს და სხვადასხვა საკითხს განიხილავდა. კრებაზე წყდებოდა ყველაფერი, რაც სამეფოს ეხებოდა. ბოლოს კი შედეგი ელფებისთვის ხდებოდა ღია და ცნობილი.
კრება სულ ექვსი ელფი მოხელისაგან შედგებოდა. მეშვიდე იყო მეფე. სახელმწიფო მოხელეები თანმდებობის მნიშვნელობისდა მიხედვით ისხდნენ. მეფესთან ყველაზე ახლოს მთავარი მოხელე იჯდა, მის შემდეგ არმიის სარდალი, განათლების მოხელე, მთავარი ხაზინადარი, არქიტექტურისა და ბოლოს, ხელოვნების მოხელე.
კრება პირველად ას მეცხრე წელს ჩატარდა, როდესაც ელფთა მეფე ბალდულუინს ბრძოლისათვის რჩევები და ელფების დახმარება დასჭირდა. მაშინ პირველად დაინიშნენ ელფები სამეფო თანამდებობებზე მათი დამსახურებისდა მიხედვით და დროთა განმავლობაში სიტყვა „ვარნაშმა“, რაც ძველ ელფურად „სამეფო მოხელეს“ ნიშნავდა, უბრალოდ „მოხელის“ სახე მიიღო.
პირველ კრებაზე ოთხი ელფი, ოთხი ტომის წინამძღვარი, შეიკრიბა. ბალდულუინმა ისინი ბრძოლაში ჩაბმაზე დაითანხმა და, ბოლოს და ბოლოს, მტრის დარმორჩილებაც შეძლო და მიწების შემოერთებაც. ის ოთხი ელფი კი, რომელიც მეფემ შეკრიბა, შემდგომში ოთხ თანამდებობაზე გაწესდა. მათ არმიის სარდლის, ხაზინადარის, განათლებისა და მშენებლობის მოხელეების ადგილები დაიკავეს. ეს თანამდებობები დროთა განმავლობაში უფრო გაიშალა, დაიხვეწა და საბოლოო სახე მიიღო.
კასალანდრა, არლონდირი და მალთუს ვაზარი გრილ დარბაზში შევიდნენ, სადაც, როგორც ყოველთვის, სამარისებური სიჩუმე სუფევდა. ლამაზი ორნამენტებითა და ბრძოლის სცენებით მოხატული მინის ფანჯრები, ოთახის კედლებზე ნაირფრად ირეკლებოდა.
მეფემ შემოსულებს სავარძელზე მიუთითა, თვითონ კი კუთვნილი ადგილი დაიკავა და მშვიდად დაიწყო საუბარი:
- დღევანდელი დღე საკმაოდ გრძელი და რთულად გადასალახი გამოდგა. მკვახეველის სტუმრობა მე და ჩემს ოჯახს სიცოცხლის ფასად დაგვიჯდა. რომ არა ელფთა დამატებითი რაზმები, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ დავბრუნებულიყავი. ამისათვის მადლობას მოგახსენებ მალთუს ვაზარი, სწრაფი რეაგირებისა და დროული დახმარებისათვის.
მალთუს ვაზარი ფეხზე წამოდგა და მეფეს მდაბლად დაუკრა თავი მადლიერების ნიშნად.
ერონიდასმა განაგრძო:
- თქვენ უნდა იცოდეთ ვინ და რა მიზნით მოახდინა ჩვენზე თავდასხმა, - მცირედით დადუმდა ერონიდასი და რამდენიმე ხანში თქვა, - გოლიათები.
კასალანდრამ და არლონდირმა საკუთარი თვალით ნახეს და, რაღა თქმა უნდა, იცოდნენ ამის შესახებ. მაგრამ გაოცება და სიბრაზე მაინც დაეტყოთ. მალთუს ვაზარიმაც იცოდა თავდასხმელთა ვინაობა და პასუხად მხოლოდ თვალები დახარა.
- კი, მაგრამ... - წამოიწყო კასალანდრამ, მაგრამ ერონიდასმა ხელით ანიშნა გაჩუმებულიყო და განაგრძო:
- ჩვენ მიერ ხელთგდებულმა ერთ-ერთმა გოლიათმა აღიარა, რომ თავდასხმა მათი მოწყობილი არ იყო და ეს სხვისი ბრძანებით გააკეთეს.
- სხვისი ბრძანებით?! კი, მაგრამ, ეს ვის უნდა ჩაედინა? ვინ გაბედავდა ამის გაკეთებას? - სულ მთლად გადაფითრდა კასალანდრა.
- ხომ იცით, გოლიათები მოუხერხებელი არსებები არიან და გონებითაც ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ საკმაოდ ძლიერები და ამტანები არიან. მათი გასულელება და მართვა ძალიან მარტივია. მხოლოდ რჩება კითხვა - ვის რაში სჭირდება მათი ბოროტად გამოყენება მეფის წინააღმდეგ? სულ მცირედი ძალდატანება დაგვჭირდა და ჩვენი ტყვე, ალფიც, მალევე ალაპარაკდა და ყველაფერი გადმოაპირქვავა. მისი გაურკვეველი, ენაბორძიკი ლუღლუღიდან გასაგები გახდა, რომ ჩვენზე თავდასხმა მოწყობილი იყო ვინმე შავი ჯადოქრის მიერ, - კასალანდრამ ამის ხსენებაზე ფერი დაკარგა, - სამწუხაროდ, არანაირი ცნობა მაქვს იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს შავი ჯადოქარი, თუმცაღა უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ძველ ჯადოსნებს, ელფებს ან ადამიანთა ოჯახს მიეკუთვნება. ჩვენი კეთილი ალფი კი სიმართლის თქმის გამო დავაჯილდოვეთ და სიცოცხლე შევუნარჩუნეთ. იგი დიდი მანძილის მოშორებით, დაუსახლებელ ტყეში გადავასახლეთ. სიმართლეს ყოველთვის ვაფასებ, მით უმეტეს, ასეთ დროსა და ვითარებაში.
მეფემ მოყოლა დაასრულა. რამდენიმეწამიანი დაძაბული სიჩუმე მალთუს ვაზარიმ დაარღვია:
- კი, მაგრამ საიდან ვიცით, რომ ვიღაც ალფის გაურკვეველი ლუღლუღი სიმართლეს შეესაბამება?
მას მოჰყვა კასალანდრა, რომელზეც ნამდვილად არ ითქმოდა, რომ ამ სამთაგან თავს ყველაზე კარგად გრძნობდა:
- ამ ვიღაც შავი ჯადოქრის ხრიკები საერთოდ არ მომწონს. წარმოდგენაც კი არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს, თუმცაღა ჩვენს სამეფოში არაერთი მიმართავს შავ ჯადოქრობას, მაგრამ ელფისგან ეს მეტისმეტად მოულოდნელია. ადამიანებს კი, რა მოუვათ თავში აზრად, თვითონ არ იციან. მათ ჯადოქრობას არ ვიცნობ და საერთოდ, არც ვიცი, შეუძლიათ თუ არა.
- შეუძლიათ კასალანდრა, შეუძლიათ, - მიუგო ერონიდასმა, - ოღონდ ისე არა, როგორც - ელფებს. რაც შეეხება ალფის გაურკვეველ ლუღლუღს, მასზე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სრული სიმართლე გვითხრა.
ამას მოჰყვა კასალანდრას კიდევ ერთი შეკითხვა, შემდეგ მალთუს ვაზარის და ბოლოს მათი საუბარი ცხარე კამათად გადაიქცა. მთელი ეს ხანი არლონდირი ჩუმად იყო. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ფეხზე სხარტად წამოხტა.
- ხომ გითხარით ყველაფერი დაგეგმილია-მეთქი! ხომ ვამბობდი! თავიდანვე გაგაფრთხილეთ, როცა ყველაფერი აირია! მაშინვე გითხარით! გითხარით და მთელი გზა ამას ვიმეორებდი! - მწყრალად გადახედა დედოფალს, - არ დამიჯერეთ! მაინც არ დამიჯერეთ!
- არლონდირ, ადგილზე დაჯექი! - წყნარად, მაგრამ მკაცრად უთხრა ერონიდასმა, მაგრამ უფლისწული არ ცხრებოდა, თითქოს უნდოდა მთელი თავისი ამდენი ხნის დაგროვებული სიბრაზე გადმოენთხია:
- არა! ყოველთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, მხოლოდ საკუთარ აზრს ითვალისწინებთ! თითქოს ჩემი სიტყვა არაფერს ნიშნავდეს! თითქოს არაფერს წარმოვადგენდე! მაგრამ მეც გამაჩნია საკუთარი აზრი! განა არ ვთქვი, რომ თავდასხმა დაგეგმილი იყო? განა გზაში სულ იმას არ გავიძახდი, რომ ყველაფერი დაგეგმეს-მეთქი? ასე არ იყო, დედა? თქვით, თქვენ ხომ იქ იყავით!
კასალანდრამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ერონიდასმა შეაწყვეტინა:
- საკმარისია, არლონდირ! ამაზე საუბარს მე თვითონ ვაპირებდი! როგორ ან საიდან გაიგე შენ იმის შესახებ, რომ თავდასხმა მოწყობილი იყო, ვინ მოგაწოდა ამის შესახებ ცნობა და რატომ მანამდე არაფერი თქვი!
არლონდირმა გონება მოიკრიბა, დამშვიდდა გაიხსენა, რომ მეფის სასახლეში შემოსვლიდან პირველი სიტყვები, სწორედ მისდამი მიმართვა იყო. დაჯდა და წუთიერი დუმილის შემდეგ, ამბის მოსაყოლად მოემზადა.
რამდენიმე ხანში სასახლეში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი გაისმა.

სერვერალდ ანდრასინის ძე სავარძელში მყუდროდ მოკალათებულიყო და ასტრონომიულ ცნობარში რაღაცას გააფთრებით ეძებდა, როდესაც მისმა ერთგულმა მსახურმა, ლაქმანმა, შეატყობინა, რომ მთავარ სასახლეში იბარებდნენ. ასტრონომს სულ არ ესიამოვნა, რომ საქმეს უნდა მოწყვეტილიყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. შეწუხებული სახით წამოდგა და სამზადისს შეუდგა.
- ჩემი ოქროსფერი მოსასხამი და რუხი შარვალი გამიმზადე, ლაქმან, - გასცა განკარგულება და თმის დავარცხნას შეუდგა.
ცოტა ხანში მორთულ-მოკაზმული, საუცხოოდ გამოწყობილი ელფი ეტლში იჯდა და სასახლისკენ მიეშურებოდა. მას წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ იხმო იგი მეფემ და ოდნავ ღელავდა კიდეც, თუმცაღა მისი მომხიბვლელობის მიღმა ეს რთულად შესამჩნევი იყო.
უკვე მოსაღამოვებულიყო, როცა ეტლიდან გადმოსული ელფი საქმიანი ნაბიჯით მიიწევდა სასახლისკენ. ელფები ცნობისმოყვარეობით ადევნებდნენ თვალს ამ ქერათმიან, მაღალ ელფს, რომლის სასახლეში მოსვლა მათთვის ნამდვილი ზეიმი იყო. განა ერთხელ და ორჯერ უკითხავთ მისთვის რჩევა კეკლუც ჰასიკებს! ხშირად მოეხელთებინათ მისი მომწყვდევა გოლუნდირის ბაღში შადრევანთან ან ხეხილის ბაღჩასთან და უსვამდნენ ათას კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებდა იგი თმის იდეალურად გასწორებას, რა საშუალებებს იყენებდა კანის დასარბილებლად, რომელ სუნამოებს ხმარობდა ან ღირდა თუ არა თაფლისა და ატმის ნაყენის მიღება ძილის წინ. სერვერალდი ყოველთვის გულღია და ზრდილობიანი იყო მათ მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ თავისი სილამაზის საიდუმლოებების გამხელა საერთოდ არ ეპიტნავებოდა.
ასტრონომის ქუსლების კაკუნმა დარბაზში შეკრებილებს ანიშნა, რომ მათი პატრონი უკვე მოსულიყო. მსახურმა ელფმა სტუმარს ის კარი გაუღო, რომლის მიღმაც იგი არასდროს ყოფილიყო და რომელში შესვლაზეც ის დიდი ხანი ოცნებობდა. აინტერესებდა, მართლა ისეთი იყო როგორც ამბობდნენ თუ ზედმეტად აზვიადებდნენ.
საბედნიეროდ, ასტრონომის მოლოდინი გამართლდა. გადააბიჯა თუ არა ზღურბლს, მაშინვე სრულად შეიგრძნო იქ გამეფებული სიმყუდროვე და აკუსტიკა.
- დიდებულია... - ჩაილაპარაკა თავისთვის და ოთახს თვალი მოავლო.
- მოგესალმები, სერვერალდ, - ჰაერში გაიჭრა მეფის მაღალი ხმა.
სერვერალდი ახლაღა გამოერკვა და მეფესა და იქ მყოფთ თავი მდაბლად დააუკრა.
- მომიტევეთ, მეფეო, - მოიბოდიშა მან, - დარბაზის თვალიერებამ გამიტაცა. მართლა ისეთია, როგორც მასზე ამბობენ.
- მოხარული ვარ, რომ ჩემი დარბაზი მოგეწონა. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.
მეფის საქმიანმა ტონმა სერვერალდი ოდნავ ააღელვა. ერონიდასმა ხელის ჟესტით მიუთითა დამჯდარიყო.
უფლისწულის პირისპირ აღმოჩენილმა ასტრონომმა თვალი მას სწრაფად აარიდა და საქმიანი იერი მიიღო. მეფემ დაიწყო:
- არლონდირმა ერთი საკმაოდ საინტერესო ამბავი გვიამბო, - ასტრონომს მღელვარება დაეტყო, - მაგრამ მოდი ჯერ სხვა რამით დავიწყოთ. დღევანდელი ამბის შესახებ არაფერი გსმენია?
სერვერალდი შეიშმუშნა და ანერვიულებულმა უპასუხა:
- მომიტევეთ, მეფეო, მაგრამ არა. ამ დილით დავბრუნდი სახლში. ქალაქგარეთ ვიყავი გასული, გრანიტის აღმომჩენ ექსპედიციაში, ამიტომ...
- გსმენია თუ არა რაიმე შავი ჯადოქრის შესახებ?
ასტრონომს ფერი ეცვალა. თითქოს ამ სახელმა რაღაც ძველი მოგონებები ამოუტივტივა. პასუხის გაცემა უნდოდა, მაგრამ სიტყვას ვერ ამბობდა. ბოლოს ხველება აუტყდა და მეფემ მისთვის წყალი მოატანინა.
ცოტა ხანში სერვერალდმა სული მოითქვა და დამფრთხალი სახით მოყოლას შეუდგა:
- იცით, ელფებში არსებობს ძველი თქმულებები, რომ ვითომ ნისლიან ტყეში ერთი ჯადოქარი ბინადრობს. მას მეორენაირად შავ ჯადოქარსაც უწოდებდნენ. იგი ელფებს გაშორდა და მარტოსულ ცხოვრებას დაადგა. გამარტოების მიზნით კი საცხოვრებლად ნისლიან ტყეში დაიდო ბინა, - სერვერალდს პირი გაუშრა და წყალი მოსვა. შემდეგ განაგრძო, - ამბობენ, რომ ჯადოქარს ტყის შუაგულში ქოხი აქვს, სადაც გზააბნეულ ელფებს იმწყვდევს და შემდეგ მათ ცხოველებად აქცევს, რათა თავის საქმიანობაში დაიხმაროს. ზოგიერთი ელფი ამტკიცებს, რომ საკუთარი თვალით უნახავს, როგორ თოხნიან მიწას ხარები შუაგულ ტყეში, ზოგი კი იმასაც ამბობს, რომ ტყეში სულის მოსათქმელად შესულებს, ქოფაკი ძაღლები ადევნებიან. არსებობს მეორე თქმულებაც, რომლის მიხედვით შავი ჯადოქარი ელფების მიერ იყო განდევნილი და ახლა სამაგიეროს გადახდის მიზნით, დროგამოშვებით სოფლებში დაეხეტება და ყველას წყველის. თუმცაღა მე არც ერთს ვემხრობი და არც - მეორეს და, საერთოდ, ვფიქრობ, რომ შავი ჯადოქრის შესახებ თქმულებები მხოლოდ წინაპრების მიერ შემონახული და კარგად გაცვეთილი ზღაპრებია და მეტი არაფერი. ჩვენ ხომ ისიც არ ვიცით, შავი ჯადოქარი ელფია, ადამიანი თუ სულ მთლად გოლიათი? - სერვერალდმა მკვახედ ჩაიცინა, - არა, არა. ეს მხოლოდ ზღაპრებია.
ოთახში მყოფნი მხოლოდ ახლაღა გამოერკვნენ. ამდენი ხნის განმავლობაში ისინი მონუსხულნი უსმენდნენ ასტრონომის მონათხრობს, ახლა კი სახეზე ოდნავი მღელვარება დასთამაშებდათ. სიჩუმე დედოფალმა დაარღვია:
- რატომ გგონია, რომ ეს თქმულებები შავი ჯადოქრის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება?
- როგორ გითხრათ, დედოფალო, ეს მონაყოლი მეც ელფებისგან ვიცი. ჯერ კიდევ ჩემი პირველი მოგზაურობების დროს გავიგე მათ შესახებ და გამოგიტყდებით, თმა ყალყზე დამიდგა. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ხშირად ვმოგზაურობდი შორეულ მხარეებში, ახალ-ახალ თავგადასავლებსა და ფათერაკებს ვეძებდი. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს იმ ელფებმა, რომელთა სახლში გასათევად დავრჩით მე და ჩემი ერთგული ლაქმანი, გვიამბეს ამ ლეგენდის შესახებ, რომელიც მათ დიდი ბებიისგან ჰქონდათ მოსმენილი.
მეორე დღეს გადავწყვიტე წავსულიყავი ნისლიან ტყეში, რათა ჩემი თვალით მენახა იქ მცხოვრები ჯადოქარი და მისი კარ-მიდამო. მინდოდა გამეგო, მართლა ჰყავდა თუ არა ცხოველებად გადაქცეული ელფები და ამუშავებდა თუ არა მათ თავის მიწაზე. ლაქმანი ცდილობდა ჩემთვის აზრი შეეცვლევინა და სასტიკ წინააღმდეგობას მიწევდა, მაგრამ ერთხელ ჩუმად გავიპარე და ბევრი ხეტიალის შემდეგ, როგორც იქნა, ტყე ვიპოვე. კარგად მივხვდი, თუ რატომ ეძახიან მას ნისლიან ტყეს. ყველაფერი ბურუსითაა მოცული. ორ მეტრს ზემოთ უკვე რამის გარჩევა შეუძლებელი ხდება. ირგვლივ სულ ნისლია და გზის გაგნება ჭირს. მიუხედავად ამისა, ძალა მოვიკრიბე და ტყის შუაგულისკენ გავწიე. მალე გზა ამებნა და მივხვდი, რომ წრეზე დავდიოდი, მაგრამ ვერანაირი ჯადოქრისა და ქოხი კვალს ვერ მივაგენი. ვაღიარებ, შემაძრწუნებელი ადგილია. შებინდებისას მანდ მოხვედრას ნამდვილად არ ვისურვებდი, მით უმეტეს - გზის აბნევას. ბოლოს და ბოლოს, ტყიდან ლაქმანმა და რამდენიმე ელფმა გამომიყვანა. რა დამავიწყებს ლაქმანის იმედგაცრუებას, მას მერე ერთი კვირა დამჭირდა მის შესარიგებლად.
სერვერალდმა ღრმად ამოისუნთქა და ძველ მოგონებებში გადაეშვა. ბოლოს კასალანდრამ შეახსენა:
- ასე, რომ...
- ასე, რომ, - გამოერკვა სერვერალდი, - არანაირი ჯადოქარი მე არ შემხვედრია და ამიტომ დარწმუნებით ვაცხადებ, რომ ეს მხოლოდ თქმულებებია და მეტი არაფერი.
- თავიდან რომ გაიგე, საუბარი შავ ჯადოქარს ეხებოდა, დიდად არ გესიამოვნა. ახლა კი ამტკიცებ, ეს ყველაფერი მოგონილიაო, - ჩაერია ერონიდასი.
- დიახ, როგორც ხედავთ, მაინც და მაინც, სასიხარულო მოგონებები არ მაკავშირებს ამ ამბავთან.
- ეს საკითხი გულდასმით უნდა განვიხილოთ, - თქვა ერონიდასმა და დანარჩენებს მიმართა, - კიდევ გასარკვევია არსებობს თუ არა საერთოდ ეგ ჯადოქარი და შემდეგი საქმე უკვე მისი მოძებნა იქნება. ელფი ჯადოქრები ცოტანი არ არიან, მაგრამ მათ შორის თავიანთი საქმის ოსტატები რთულად მოიძებნება. ძლიერ ჯადოქრებზე მსმენია ძველი გადმოცემებიდან, მაგრამ ისინი სხვადასხვა დროს მოღვაწე სხვადასხვა პიროვნებები არიან. თანამედროვე წყაროები კი ბევრი არ მოგვეპოვება.
მცირე პაუზის შემდეგ ერონიდასმა განაგრძო:
- ახლა, რაც შეეხება მეორე ამბავს. გეტყვი, რომ დღეს ჩემზე და ჩემს ოჯახზე თავდასხმა მოხდა მკვახეველის კომპლექტში, - სერვერალდს აღელვებისგან ფერი ეცვალა, - გოლიათების მიერ, - დაამატა ბოლოს.
სერვერალდი გადაფითრდა. გაოცებისგან პირი დაეღო და სიტყვებს ვერ პოულობდა. ენა აუბორძიკდა. ბოლოს დაახველა და წყალი დალია.
- კი მაგრამ... როგორ? რანაირად? როგორ გაბედეს? - გაფართოებული თვალებით ხან მეფეს შეხედავდა, ხანაც - დედოფალს.
- როგორც გავიგეთ, თავდასხმა შავი ჯადოქრის მიერ იყო მოწყობილი, - მიუგო ერონიდასმა, - ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ უფლისწული თავიდანვე გაიძახდა, თავდასხმა დაგეგმილი იყოო. სანამ ჩვენთან მოხვიდოდი, მან მოგვითხრო იმის შესახებ, რაც შენ გაწუხებდა და მოსვენებას არ გაძლევდა ორიოდ თვის წინ. იმ წინასწარმეტყველებას ვგულისხმობ, რომელიც შენ გააკეთე და რომელიც, სხვათა შორის, საკმაოდ საინტერესო და, ამავე დროს, საშიშია, - ერონიდასი აღარ ხუმრობდა, - იცი რა სასჯელი ეკუთვნის მას, ვინც თავის სამეფოს უღალატებს? - ხმას აუწია მეფემ, - შენი საქციელი კი სრულიად სამართლიანად და გონივრულად შეიძლება ჩაითვალოს ღალატად. ასტრონომის ერთადერთი მოვალეობაა შეატყობინოს მეფეს ცაზე მომხდარი ცვლილებები, მათი მიზეზები და შედეგები და ზოგჯერ იწინასწარმეტყველოს კიდეც!
ერონიდასის ხმა ჭექა-ქუხილივით გრგვინავდა ოთახში. მის მაღალ ხმაში აშკარა სიბრაზე იგრძნობოდა.
სერვერალდი სულ მთლად ცახცახებდა. წყალი სულ ძირს დაეღვარა. ოთახში გაუსაძლისი დაძაბულობა შეიქმნა.
- ჩვენ შევთანხმდით, რომ მას არაფერი დაუშავდებოდა, - უცებ წამოიძახა არლონდირმა.
- ეს სახელმწიფოებრივი დანაშაულია, უფლისწულო. კანონის წინაშე კი ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც არ უნდა იყოს ის, - პირველად გაიღო სიტყვა მალთუს ვაზარიმ, რომელიც მთელი საუბრის განმავლობაში ჩუმად იყო.
მაგრამ არლონდირს მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ის ისევ მამამისს უყურებდა გაფართოებული თვალებით და მისგან პასუხს ელოდა:
- თქვენ მე პირობა მომეცით!
ერონიდასმა, როგორც იქნა, ხმა ამოიღო, თუმცა ის არა უფლისწულს, არამედ დედოფალს მიმართავდა:
- კასალანდრა, შენ რას ფიქრობ?
დედოფალი ცოტა ხანს ყოყმანობდა. ბოლოს ადგა, მეფესთან მივიდა, ხელზე ხელი დაადო და უთხრა:
- მალთუს ვაზარი მართალია, მაგრამ... შვილს პირობა მიეცი, ერონიდას.
ერონიდასმა კასალანდრას თვალი გაუსწორა და რამდენიმე წუთს ჩაფიქრდა. მისი დუმილი ოთახში მყოფთ სამუდამოდ ეჩვენათ. ყველა მეფის განაჩენის მოლოდინში იყო. ბოლოს, დიდი ყოყმანის შემდეგ, სერვერალდს მიმართა:
- პირობა პირობაა, - ჩუმად თქვა მან, - ვითვალისწინებ ჩვენს ამდენი ხნის მეგობრობას და ჩემს შენდამი პატივისცემას, ამიტომ ამჯერად გპატიობ. თავისუფალი ხარ.
სერვერალდი ვერ გამორკვეულიყო, რა ხებოდა მის ირგვლივ. ელდანაკრავივით იჯდა და მთელი სხეულით ცახცახებდა.
მალთუს ვაზარის არ ესიამოვნა მეფის გადაწყვეტილება და უკმაყოფილოდ ჩაქინდრა თავი. თუმცაღა, განაჩენს უნდა დამორჩილებოდა. უნდოდა ეს თუ არა, მის წინააღმდეგ უძლური იყო.
სერვერალდი ბორძიკით წამოდგა და მეფის წინაშე მუხლი მოიდრიკა:
- მ-მადლობა, მეფეო, დედოფალო, უფლისწულო. მსგავსი საქციელი აღარ გამეორდება! - იძახდა ათრთოლებული, - მომიტევეთ!
შემდეგ მეფეს მიუახლოვდა, მისი მოსაცმელის კიდეს ემთხვია და არეული ნაბიჯით გასწია კარისკენ.
- სერვერალდ! - შეაჩერა ერონიდასმა და ელფი კარში სხარტად შედგა, - სათქმელი ხომ არაფერი გაქვს? შენს წინასწარმეტყველებაში რაიმე ხომ არ შეცვლილა?
სერვერალდი წამით შეყოვნდა, ჩაფიქრდა და ბოლოს მიუგო:
- არა, მეფეო. ცვლილებები არ შემინიშნავს.
ცოტა ხანს დაელოდა, უპასუხებდა თუ არა რამეს მეფე და რაკი პასუხად დუმილი მიიღო, სწრაფად დატოვა ოთახი.
გარეთ გასულ ასტრონომს სახეში ცივმა სიომ დაუბერა და გამოაფხიზლა. აღარ მიუქცევია ყურადღება ჰასიკი ელფებისთვის, რომლებიც უკან აედევნენ და პირდაპირ გასასვლელისკენ გასწია, სადაც თავისი ეტლი ელოდებოდა.
ცოტა ხანში ასტრონომი უკვე სახლისკენ მიმავალ გზას ადგა. სერვერალდი ფანჯრიდან მთვარით განათებულ ღამეში იყურებოდა და მშვიდად, აუღელვებლად ტიროდა.

* * *
- როგორ ფიქრობ, სიმართლე გვითხრა? - შეეკითხა კასალანდრა მეფეს.
- კი. სერვერალდი არასდროს იტყუება, უბრალოდ... იმედი გამიცრუა, - ერონიდასს დამწუხრებული სახე ჰქონდა. აშკარა იყო, რომ მეგობრისგან იმედგაცრუებას არ ელოდა.
სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც მალთუს ვაზარიმ დაარღვია:
- მეფეო, თუ უფლებას მომცემთ, გავთავისუფლდები.
ერონიდასმა ახლაღა შეამჩნია, რომ მალთუს ვაზარი მთელი ეს დრო შეწუხებული იჯდა. მაშინვე მიუხვდა მიზეზს, მაგრამ ზედმეტი შეკითხვების დასმის თავი აღარ ჰქონდა და მოკლედვე უპასუხა:
- შეგიძლია წახვიდე, მალთუს. ხვალ ამ საკითხს კრებაზე განვიხილავთ.
- როგორც მიბრძანებთ, - ვაზარიმ მეფე-დედოფალსა და უფლისწულს თავი დაუკრა და ოთახიდან გავიდა.
დარბაზში მდუმარებამ დაისადგურა. ერონიდასს ცალი ხელით სახე დაეფარა, მეორეთი კასალანდრას ხელი ეჭირა. უცებ დედოფალმა წამოიძახა:
- ერონიდას!
მისმა უეცარმა შეძახილმა მეფე იმწამსვე გამოაფხიზლა.
- ლეგენდის თანახმად, რომელ ტყეში ბინადრობს შავი ჯადოქარი? - იკითხა კასალანდრამ აღელვებით.
- ნისლიან ტყეში, - დაეჭვებით მიუგო ერონიდასმა.
- ერონიდას! შენი ტყვე, გოლიათი ალფი! ის ხომ სწორედ მანდ გადაასახლე!
ერონიდასი ახლაღა მოეგო გონს. ამდენი ამბის შემდეგ სულ გადაავიწყდა თავისი ტყვე - გოლიათი ალფი, რომლის გადასახლებაც, არც მეტი არც ნაკლები, ნისლიან ტყეში ბრძანა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent