წყურვილი. დაბრუნება. [ თავი 4 ]
ნოემბრის ცივი, ნაცრისფერი დილა იდგა, ექიმი ალდო ტომპსონი ჩვეულებისამებრ, როგორც ბოლო დროს ჩამოუყალიბდა, ქალაქ ჯუნოს პორტში, ოკეანის პირას, მეთევზეთა ბარში იჯდა და ყავას წრუპავდა, თან პორტის ხედით ტკბებოდა, პრინციპში, ამ დაწესებულებას ბარს ვერ დაარქმევდით, უფრო სასადილოს წააგავდა. მშვიდად და მყუდროდ გრძნობდა თავს, როგორც სუფთა სინდისის მქონე ადამიანებს ახასიათებთ. გამოსასვლელი დღე იყო და ექიმს გადაეწყვიტა, წყნარად და მშვიდად გაეტარებინა ეს დღე, ფიცრულ მაგიდაზე სტუდენტების საგამოცდო ნამუშევრები ელაგა და თანმიმდევრულად, ყურადღებით ათვალიერებდა, თან წუხდა, რომ შეერთებულ შტატებში ახალგაზრდების განათლების დონე კატასტროფულად იკლებდა. მისი ღრმა რწმენით, აღნიშნული ფაქტი ტექნოლოგიების განვითარებასთან იყო დაკავშირებული სხვა უამრავ მიზეზთან ერთად, როგორიცაა სასმელი, ნარკოტიკი, ღამის ბარები და სხვა გასართობი საშუალებები, რაც გარკვეულწილად განათლების დონის ამაღლებაზე ფიქრში უშლიდა ხელს ყველას, თუმცა ეს მხოლოდ მისი სუბიექტური აზრი გახლდათ, საკუთარ აზრს კი არასდროს არავის ახვევდა თავს. - სერ... - ფიქრისგან ჭუჭყით ფერშეცვლილი წინსაფრიანი ოფიციანტის მშვიდმა, დაბალი ჟღერადობის ხმამ გამოარკვია, სათვალე შეისწორა და ჩაახველა. - დიახ, დიახ. - მაპატიეთ, თუ ხელი შეგიშალეთ, - ოფიციანტი უხერხულად შეუშმუშნა, ამ დაწესებულებაში განათლებული ექიმი, რომელიც შორიდან ჩამოსულიყო, პატივსაცემ და გამორჩეულ ადამიანად ითვლებოდა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე სტუმრობდა ბარს. ექიმმა გაიღიმა, ხელის გაქნევით ანიშნა, არაუშავსო. - თქვენთვის ამანათია, - განაგრძო ოფიციანტმა და მაგიდაზე მუყაოს ყუთი დადო. - ამანათი? - ექიმმა სათვალის ზემოდან გახედა ოფიციანტს, შემდეგ ყუთს დააკვირდა. არავინ ახსენდებოდა ისეთი, ვინც რამე საჩუქარს გამოუგზავნიდა, თვით მისი უახლოესი მეგობარი - შერიფი კრამერიც კი არ შეიწუხებდა თავს. "ალასკის შტატი. ქალაქი ჯუნო. მისტერ ალდო ტომპსონს." იუწყებოდა ყუთზე დაკრული საინფორმაციო ფურცელი, რომელსაც მოსდევდა მიმღები ფოსტის მისამართი, უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი და ადრესატის შესახებ მცირე ტექნიკური ინფორმაცია. ექიმმა კვლავ შეისწორა სათვალე და ყუთს ხელი გადაუსვა. - გმადლობთ, - მიუბრუნდა ოფიციანტს, - ერთი ფინჯანი ყავა კიდევ მომიტანეთ, თუ შეიძლება, - და როცა ოფიციანტი თავის ქნევით გაშორდა, საკანცელარიო დანა მოიმარჯვა. ყუთში მოეთავსებინათ შავ ცელოფანში მჭიდროდ გახვეული ოთხკუთხა საგანი. ექიმმა ხელით მოსინჯა, თუმცა ვერაფერს მიამსგავსა. გაღიზიანებულმა უხეშად გაგლიჯა ცელოფნის გარსი და თვალები შუბლზე აუვიდა. - ჯანდაბა... ეს... ეს... - მოხარული ვარ, რომ თქვენი გაოცება მოვახერხე, ძვირფასო ექიმო, რა დამთხვევაა, ამანათი და მე ერთდროულად გეახელით, - გაისმა მის ზურგსუკან და ალდო ტომპსონი მოულოდნელობისგან სკამზე შეხტა, ამ ცივ, სუსხიან ხმას, რომელიც სიმშვიდეს და მრისხანებას ერთდროულად ასხივებდა, რომელიც თანამოსაუბრეს საოცრად თრგუნავდა და წინააღმდეგობის გაწევის ყველანაირ სურვილს უკარგავდა, მილიონ ხმაში ამოიცნობდა. ექიმს უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, აქ, ამ მყუდრო სასადილოში, რომლის ერთ კუთხეში ბუხარი გიზგიზებდა და მშვიდ, თბილ და ოჯახურ ატმოსფეროს ქმნიდა, თითქოს ერთბაშად აცივდა, კანი დაეხორკლა. - მისტერ ლუციუს... - როგორც იქნა, ხმა ამოიღო ექიმმა. მაღალი, ქერა და ჟღალწვერა მამაკაცი მაგიდის მეორე მხარეს დაეშვა სკამზე და სუსტად გაიღიმა. - კარგად გამოიყურებით, შეიძლება ითქვას, შესანიშნავადაც კი, - შენიშნა ლუციუსმა და ექიმი თავით-ფეხებამდე შეათვალიერა გამჭოლი, რენტგენისებური მზერით. ტომპსონმა ღრმად ამოისუნთქა, ეს სიზმარი არ იყო, როგორც ჩანს, ვამპირი მაინც ესტუმრა მას ამ ღვთისგან მივიწყებულ მხარეში, ახლა გასარკვევი იყო, თუ რამ გამოიწვია მისი მოულოდნელი გამოჩენა. - ვერ ვიტყვი, რომ მეც ისევე გახარებული ვარ თქვენი დანახვით, როგორც თქვენ - ჩემით, - უკმაყოფილოდ გაიჟღერა ექიმის სიტყვებმა, - რასაც ამ საჩუქარზე ვერ ვიტყვი, - მან კიდეებშემოცვეთილ, დღიურისმაგვარ ხელნაწერს დახედა, რომლის ფურცლების სიყვითლე და გახუნებული, ფერდაკარგული მელანი დღიურის ხნოვანებას მოწმობდა. - სულ არ შეცვლილხართ, - ჩაიცინა ლუციუსმა და ჟღალი წვერი მოიწიწკნა, - მრავალი წლის წინ დახმარების სანაცვლოდ მე ამ დღიურს შეგპირდით და აჰა, ის თქვენია. ალდომ დღიურს ფრთხილად გადაუსვა ხელი. - თომას ჯეფერსონის მემუარები, - თქვა და თვალებით მოეფერა ხელნაწერს, - თქვენ, რა თქმა უნდა, განვლილი ათი წელიწადი საერთოდ არ დაგტყობიათ, - ირონია გაურია მან და ვამპირს ხელი გაუწოდა, - სიმართლეს გაუმარჯოს, რაღაცნაირად მესიამოვნა, ისევ რომ გხედავთ. ლუციუსმა მაგრად ჩამოართვა ხელი. - თქვენ ხომ ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისთანაც ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობა შემიძლია, - თქვა მან და ოფიციანტის მოტანილი ყავა მოსვა, - ამის ბედნიერება, დამერწმუნეთ, ჩემს სამყაროში ბევრს არ აქვს. - ჩემთვის პატივია, - გაიღიმა ექიმმა, - მაგრამ ჯობია კომპლიმენტების გაცვლას მოვრჩეთ და თქვენი აქ ყოფნის მიზეზი გამანდოთ, როგორც ვიცი, ბოლო ათი წლის განმავლობაში არცერთხელ დაგიტოვებიათ სალემი. ლუციუსმა ჩაახველა, ყელი ჩაიწმინდა. - დიახ, - მიუგო ვამპირმა, - არსად გავსულვარ, ბოლო წლები სიმშვიდე სუფევდა.. ექიმმა შუბლი შეკრა, გონებაში გააანალიზა, რომ რაღაც მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ზებუნებრივი მეგობარი არ დატოვებდა საცხოვრებელს და არც პირადად მას შეუქმნიდა სტუმრობით გამოწვეულ დისკომფორტს. - დარწმუნებული ვარ, თქვენი ნდობა ისევ შეიძლება და ჩვენი წარსული ურთიერთობიდან გამომდინარე, არც ახლა მეტყვით უარს დახმარებაზე, - ექიმის უსიტყვო ფიქრებს გამოეხმაურა ლუციუსი, რომელიც თანამოსაუბრეს ყურადღებით აკვირდებოდა. - დიახ, - ფრთხილად მიუგო ტომპსონმა, - თუმცა, წინასწარ ვერ შეგპირდებით, რომ თქვენს დახმარებას შევძლებ, საკითხს გააჩნია.. ლუციუსმა ხელის აწევით მოიხმო ოფიციანტი, კოსტიუმის შიდა ჯიბიდან დოლარების შეკვრა ამოიღო და მაგიდაზე დადო. - ამ წუთიდან ბარი დაკეტილია, - თვალი თვალში გაუყარა ოფიციანტს. ექიმმა ჩუმად ჩაიცინა. ოფიციანტმა თვალები გადმოკარკლა, ასდოლარიანების დასტა ხელში შეატრიალა და თავის სწრაფი დაქნევით ბრძანების შესასრულებლად გაიქცა. ლუციუსი დაელოდა, სანამ ბარი ბოლო სტუმრისგან არ გათავისუფლდა, შემდეგ სკამის საზურგეს მიეყრდნო და თითები ერთმანეთში ჩახლართა. ექიმი მოუთმენლად ელოდა, როდის გააცნობდა სიტუაციას ვამპირი. - მოდით, თავიდან დავიწყოთ, რომ ყველაფერი თქვენთვის უფრო გასაგები გახდეს, - თქვა ლუციუსმა, - როგორც მოგეხსენებათ, არსებობდა ვამპირთა შორის უფრო გამორჩეული უნარების მქონე კლანი, ე.წ. პრიმუმები, რომლებიც კანონს და წესრიგს ქმნიდნენ ზებუნებრივ სამყაროში და უზრუნველყოფდნენ ადამიანთა სამყაროსგან გამიჯვნას, მათივე უსაფრთხოების მიზნით. - დიახ, - თავი დაუქნია ექიმმა. - ამ ათიოდე წლის წინ, - განაგრძო ლუციუსმა, - ურთიერთობები ძალიან დაიძაბა ვამპირებს, პრიმუმებს და მაქციებს შორის, რამაც საბოლოოდ სისხლიან დაპირისპირებამდე მიგვიყვანა, ამ ომის შედეგები თქვენთვის ცნობილია, ვამპირები დაშოშმინდნენ, მაქციათა კლანი კი სანახევროდ განადგურდა ალფა მგელკაცის ჩათვლით, ხოლო გადარჩენილები ჩვენს პირობებს დათანხმდნენ და სალემიდან გადაიკარგნენ.. - რაც უსამართლობად მიმაჩნია, - ჩაურთო ექიმმა წარბის აწევით. - არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს საუკეთესო გამოსავალი იყო, - მოიღუშა ლუციუსი, - გამარჯვებული კარნახობს პირობებს დამარცხებულს, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, ეს ცხოვრების ულმობელი კანონია ჩვენს სასტიკ სამყაროში. - არ გეთანხმებით, - მიუგო ექიმმა, - თუმცა განაგრძეთ. - ამ ათი წლის განმავლობაში სრული სიმშვიდე სუფევდა სალემში, მე ერთადერთი ვამპირი ვიყავი იქ, თანაც პრიმუმი და ვფიქრობ ვერავინ გაბედავდა სიტუაციის კვლავ დაძაბვას. - კოვაქსი? - იკითხა სულსწრაფმა ექიმმა. - არა, - თავი გააქნია ლუციუსმა, - საკითხი ასე არ დგას, რეალურად, ქალაქში არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით მარკ კრამერის მდგომარეობას. ექიმმა ყური ცქვიტა, მარკ კრამერი მისი მეგობრის, შერიფის ძმის შვილი იყო, რომლის სხეულშიც პრიმუმთა კლანის ჯადოქარმა - რებეკამ უძლიერესი პრიმუმის - მარკუსის სული გამოაღვიძა ომში მონაწილეობის მისაღებად. ექიმისთვის ცნობილი იყო, რომ ომის დასრულების შემდეგ მარკის სული საკუთარ სხეულს დაუბრუნდა, მია ჯეკსონზე დაქორწინდა და მშვიდად ცხოვრობდა ქალაქში. - მას რა შეემთხვა? - ზუსტად ვერ ვიტყვი, - მხრები აიჩეჩა ლუციუსმა, - მას შთაგონება ადევს, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, მისი მეხსიერების ის კარი დაკეტილია, საიდანაც ზებუნებრივ სამყაროში შეღწევა და მოგონებების გაცოცხლება შეუძლია. ექიმი ჩაფიქრდა. - და რაში მდგომარეობს პრობლემა? - მისის ჯეკსონის თქმით, მისი მეხსიერება თავისით თავისუფლდება შთაგონებისგან. ექიმს თვალები გაუფართოვდა. - ეს შესაძლებელია? - სამწუხაროდ კი, თუ მას გარეშე ძალები ებრძვიან, - თავი დაუქნია ვამპირმა. - მარკუსი? - ლამის წამოიყვირა ექიმმა. - საიდან მიხვდით? - სუსტად გაიღიმა ლუციუსმა. - ამის მიხვედრას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება, შემდეგ? ლუციუსმა ყავა მოსვა. - კარგია, რომ თქვენთვის ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. - კიდევ რა ხდება? - ამოიოხრა ექიმმა. ლუციუსი წინ გადმოიხარა და ალდოს მიაშტერდა. - ჩვენ წიგნი გვქონდა, განსაკუთრებული წიგნი, ძალიან ძველი, ამის ახსნით არ გადაგღლით, რებეკამ წიგნის გარკვეული ნაწილი გაშიფრა და ყველასთვის მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ - პრიმუმები სულაც არ ვყოფილვართ ვამპირთა წინაპრები, რა უცნაურია, არა? - ლუციუსი დადუმდა. ექიმი ერთხანს ფიქრობდა. - ვერაფერს მივხვდი, - ხელები გაშალა მან. - ჩვენ გადმოცემით, უძველესი ლეგენდების მიხედვით ვიცოდით, რომ პირველი ვამპირი, საიდანაც დაიწყო ვამპირთა წარმოშობა, ასმოდეუსი იყო, მაგრამ რებეკას ხილვაში მხოლოდ ასმოდეუსი კი არა, სამი უცნობი და მარკუსიც ფიგურირებს. - ისევ მარკუსი, - თქვა ექიმმა. - რებეკა იმას ხედავს, რაც წარსულში მოხდა, - განაგრძო ლუციუსმა, - მისი ხილვის მიხედვით, ასმოდეუსს ვეღარ განვიხილავთ პირველ უკვდავად, მის გარდა ოთხი პიროვნებაც გამოჩნდა. ალდომ სათვალე შეისწორა და შუბლზე თითი მიიკაკუნა. - თქვენ თითქმის ათასი წლის ხართ, მისტერ ლუციუს, თუ მეხსიერება არ მღალატობს. - დიახ. - და არასდროს არაფერი გსმენიათ მათ შესახებ?- ეჭვმა გაიჟღერა ექიმის ხმაში. - არასდროს, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, - თავი გააქნია ვამპირმა. - გასაგებია, - ჩაიბურდღუნა ექიმმა, - ამ ყველაფერში, რაც მომიყევით, მე რა შუაში ვარ? ლუციუსმა გაიღიმა. - როგორც ადრე გითხარით, კოვაქსმა მარკუსის სხეული გაანადგურა, მაგრამ რებეკა ამაში დარწმუნებული არაა.. ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ მარკუსი ცოცხალია. ექიმი გახევდა, ლაპარაკის უნარი დაკარგა. - ცოცხალი? ამას სერიოზულად ამბობთ? - ასეთი სერიოზული არასდროს ვყოფილვარ, - გამოეხმაურა ვამპირი, - თუ ისინი მართლა არსებობენ, ჩვენი წინაპრები - რებეკას ხილვაში ნანახი სამი უცნობი, მაშ სად არიან? მე ვამპირთა კანონის წიგნის მცველი ვარ და ჩემი მოვალეობაა, ეს საკითხი გავარკვიო, რადგან ისინი ადრე თუ გვიან მაინც გამოჩნდებიან და ერთ-ერთი მათგანი აქ იმყოფება, ალასკაზე. ექიმს კიდევ ერთხელ ჩამოუვარდა ყბა გაკვირვებისგან, შემდეგ შიშით მიმოიხედა. - აქ? - ჩურჩულით იკითხა. - დიახ, კონკრეტულად ასმოდეუსი, მწვერვალ მაკ-კინლიზე, მე მას ერთხელ უკვე შევხვდი. ექიმმა ყავის ფინჯანს ხელი სტაცა, სულმოუთქმელად გადაკრა და ვამპირს მიუბრუნდა. - რას აპირებთ? - ერთადერთი ასმოდეუსია, ვისაც დაფარული წარსულისთვის ნათელის მოფენა შეუძლია, - თქვა ლუციუსმა, - მინდა, რომ მასთან სასაუბროდ წამომყვეთ, - ლუციუსი სკამზე გადაწვა და ექიმის სულელურ გამომეტყველებას, რაც მის სიტყვებს მოყვა, ღიმილით შეავლო თვალი. - ათბალიანი სისტემით ათს ვუწერ თქვენს ხარისხიან ხუმრობას, ჩემო მეგობარო, - ცივად თქვა ექიმმა, სკამზე გადაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და პორტში, ღუზაზე მდგომ თევმჭერ გემებს გახედა, რომელთა ანძები დახუნძლული იყო კუპრისფერი ფრინველებით. ლუციუსმა მის მზერას გააყოლა თვალი. - ყორნები. - დიახ, - ცალყბად დაემოწმა უხიაგი ექიმი, - გასაკვირია, როგორც წესი, წელიწადის ამ დროს ისინი აქ არასდროს მინახავს. - ჩვენ ახლა ყორნებზე არ ვსაუბრობთ, - გაიღიმა ლუციუსმა და ჟღალ წვერზე ხელი ჩამოისვა, არათითზე ავბედითად გაიელვა გვირგვინოსანმა ბეჭედმა. ალდო ტომპსონს არაფერი უპასუხია, ერთხანს ფრინველებს აკვირდებოდა, შემდეგ ამოიხვნეშა და შემობრუნდა. - თუ სწორად მივხვდი, თქვენ გინდათ კომპანიონობა გაგიწიოთ უძველეს ვამპირთან შეხვედრისას, რომელიც მრავალი ასეული წელია განმარტოებით ცხოვრობს დენალის ნაკრძალში, მაკ-კინლის მწვერვალზე, რომელმაც რამდენიმე წამში შეძლო პრიმუმთა კლანის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ცივსისხლიანად ამოჟლეტა და რომლისთვისაც თქვენს და მით უმეტეს, ჩემს სიცოცხლეს ფრჩხილის ფასი არ გააჩნია? ლუციუსმა ანგელოზივით გაიღიმა, ამ წუთას ის მართლაც ჰგავდა ანგელოზს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ უკიდურესად ცისფერი, თითქმის უფერული თვალების მკაცრ გამოხედვას. - აბსოლიტურად სწორად მიხვდით, ექიმო. ტომპსონი იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას, ნიკაპი ხელებში მოაქცია და თავის ზებუნებრივ მეგობარს ჩააშტერდა. - მაინც რისთვის? ეს უცნაური იდეა საიდან დაგებადათ? - როგორ გითხრათ... - ლუციუსი შეყოვნდა, - შესაფერის სიტყვებს ეძებდა, რომ ეს უჯიათი ექიმი დაერწმუნებინა. ადრე, როდესაც ჯერ კიდევ არ იცნობდა ექიმ ტომპსონს, მის დასარწმუნებლად და მიზნის მისაღწევად აუცილებლად გამოიყენებდა შთაგონების უნარს, რაც ექიმს მის მორჩილ მარიონეტად აქცევდა, მაგრამ ახლა ეს აზრი თავშიც კი არ გაუვლია, ტომპსონი მისი მეგობარი იყო, ერთადერთი მეგობარი ადამიანებიდან, ხოლო ქერა პრიმუმის შინაგანი ბუნება მეგობრების მიმართ ყოველგვარ ძალადობას მკაცრად ემიჯნებოდა. - ამოღერღეთ, - შეეშველა ექიმი. - მოგეხსენებათ, მე ვამპირი ვარ, პრიმუმი, ასმოდეუსიც ვამპირია, ჩვენი შეგრძნებები, ემოციები და იმპულსები ასმაგად მგრძნობიარეა, ვიდრე ადამიანების.. - დიახ, დიახ.. თავის მართლებას ვიწყებთ? - დამცინავად იკითხა ტომპსონმა. - არა, - უარყო ლუციუსმა, - უბრალოდ, თქვენ ადამიანი ხართ, ადამიანური გრძნობებით, შეხედულებებით და კაცთმოყვარეობით, - ლუციუსმა განსაკუთრებით ბოლო სიტყვას გაუსვა ხაზი, - ჩემი ღრმა რწმენით, სალემის მოსახლეობის ბედი თქვენ უფრო უნდა გაღელვებდეთ, ვიდრე მე. ტომპსონმა გაიღიმა. - ცდილობთ, ჩემს სინდისზე ითამაშოთ? - არ ვიცი, რამდენად კარგად გამომდის ეს, - მიუგო ლუციუსმა, - თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, ასმოდეუსთან საუბრის გარეშე ჩვენ სრულ სიბნელეში ვართ. ექიმი ჩაფიქრდა. ყინვისგან დაჭირხლულ ფანჯარასთან მოკალათებულმა ყორანმა საზარლად დაიჩხავლა. - კარგად გამოგდით, - თქვა რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ ტომპსონმა, - ფიქრობთ, რომ სალემს საფრთხე ემუქრება? ქერა ვამპირმა თავი დაუქნია. - დიახ, ასე ვფიქრობ. უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რადგან რებეკას უნარები მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როცა რაღაც საფრთხე გვიახლოვდება, თან ამ ყველაფერს მისი ხილვები და მარკის უცნაური მდგომარეობაც დაემატა, დამეთანხმებით, ბუნებაში ამდენი დამთხვევა გამორიცხულია. ალდო ყოყმანობდა, ერთი მხრივ, არ უნდოდა ეწყენინებინა ლუციუსისთვის, რომელიც ბევრად ადამიანური იყო მიუხედავად არაადამიანობისა, ვიდრე მის გარშემო მყოფი ჩვეულებრივი ხალხი, მეორე მხრივ ენანებოდა სიმყუდროვის და უსაფრთოების შეგრძნების დატოვების, რასაც ამ მიკარგულ, მშვიდ ქალაქში მიაღწია. - დარწმუნებული ვარ, თქვენ უფრო შეძლებთ ასმოდეუსთან საუბარს, ვიდრე მე, - სიჩუმე დაარღვია ლუციუსმა, - თქვენ უკეთ აუხსნით მისი დახმარების მნიშვნელობას, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ ადამიანი ხართ, მე კი ვამპირი. - კარგი, თანახმა ვარ, - გადაწყვეტილება მიიღო ექიმმა, - მაინტერესებს, ვინ რამდენი იცის ამ სიტუაციის შესახებ? ვამპირმა სუსტად გაიღიმა, თუ ტუჩების ოდნავ მორკალვას ღიმილი შეიძლება ეწოდოს. - რებეკა თავისთავად საქმის კურსშია, ასევე მია ჯეკსონიც, რაც შეეხება კოვაქსს... - კოვაქსი, - ცივად შეაწყვეტინა ექიმმა, მას თბილი მოგონებები სულაც არ აკავშირებდა სადიზმით და ულმობლობით განთქმულ შავგვრემან უკვდავთან, - ის რა შუაშია აქ? - სამწუხაროდ, ვფიქრობ ის საკვანძო ფიგურაა, - მიუგო ლუციუსმა. - რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? - როგორც იცით, მარკუსის სხეულის განადგურების მხოლოდ ორი მოწმე არსებობს, რებეკა - რომელმაც იხილა, როგორ დაიფერფლა ის ან მისი მსგავსი სხეული, და კოვაქსი - რომელმაც ჩაიდინა ეს. თუ ჩემი თეორია ჭეშმარიტებაა და კოვაქსმა თვალის ასახვევად სხვა სხეული დაწვა, მაშინ ლოგიკურად, მარკუსი ცოცხალია, ან მინიმუმ მისი სხეული მაინც არსებობს სადღაც, აქედან გამომდინარე, კოვაქსმა იცის ის, რაც ჩვენ არ ვიცით, რაც იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ის დაკავშირებულია აღნიშნულ სიტუაციასთან. დამიჯერეთ ექიმო, თქვენ კი არა, მე არ ვიცნობ ბოლომდე კოვაქსს, ის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და რთულად ამოსაცნობი პიროვნებაა, ის ბევრ რამეს მალავს და დარწმუნებული ვარ, მას შეუძლია ნათელი მოჰფინოს ამ ყველაფერს. გარეთ ისევ დაიჩხავლა ყორანმა. - კარგი, გასაგებია, - ჩაილაპარაკა ექიმმა, - დამარწმუნეთ. როდის გავდივართ? - გეგმა უნდა შევადგინო, - მიუგო ლუციუსმა, - და ვიღაც-ვიღაცებს დავუკავშირდე, ვფიქრობ, რაც ნაკლებ ადამიანს გავრევთ, მით უკეთესი იქნება ყველასთვის და იმედი მაქვს, ამ ქაოსს თქვენი დახმარებით უმტკივნეულოდ მოვაგვარებ. ექიმმა გაიღიმა. - მე მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემს ძალებს არ აღემატება. ლუციუსი წამოდგა, კოსტიუმი შეისწორა და ექიმს ხელი გაუწოდა. - ვიცოდი, რომ თქვენი იმედი ისევ შეიძლებოდა მქონოდა, დრო და მანძილი არ ცვლის ადამიანებს. - თქვენზეც იგივე შემიძლია ვთქვა, - ტომპსონმა ხელი ჩამოართვა, - სად გაჩერდებით? შემიძლია საკუთარი სახლი შემოგთავაზოთ. ლუციუსმა ხელის გაქნევით უარყო წინადადება. - არა, მადლობას გიხდით, არ მინდა თქვენი შეწუხება, თან მარტო მირჩევნია, აქვე, სასტუმროში ავიღებ ნომერს და ამ დღეებში შეგეხმიანებით, მზად იყავით, არც ისე მარტივი გზა გველის. - ვგიჟდები სირთულეებზე, - მიუგო ექიმმა, - თქვენს ზარს დაველოდები, მიხარია, რომ გესაუბრეთ, მისტერ ლუციუს. ქერა ვამპირმა თავი არისტოკრატული მანერით დაუკრა, სუსტმა ნიავმა დაქროლა და ექიმი ალდო ტომპსონი მაგიდასთან მარტო დარჩა. მან უკვე გაციებული ყავა მოსვა და ფანჯარაში გაიხედა, სადაც ღუზაზე მდგომი თევზმჭერი გემები მდორედ ირწეოდნენ. ანძებზე და ფანჯარასთან ყორნები აღარ ჩანდნენ. ექიმმა თავი გააქნია და მისი ყურადღება კვლავ სტუდენტთა საგამოცდო ნამუშევრებმა მიიპყრო. ***** ჩამუქებული, მდუმარე ტყის მყუდროებას მხოლოდ მდინარის ჩხრიალი არღვევდა. წყნარი ამინდი იყო, როგორც ზამთრის ამ თვეში იცოდა აქ, ცა ცივ, მუქ ნაცრისფერ, სქელ ღრუბელს დაეფარა, ადგილობრივი ამინდის პროგნოზის მიხედვით, სულ მალე მიდამოს თეთრი საფარველი დაფარავდა. მდინარის ნაპირთან, რამდენიმე ნაბიჯში ცეცხლი დაენთოთ, ხის ჯოხებით სახელდახელოდ მოწყობილ კავებზე თევზი იწვებოდა, რომლის მადისაღმძვრელი სუნი ღრმად იჭრებოდა ტყეში და ნადირს იზიდავდა, აქა-იქ ტურის ჩხავილი, მგლის ყმუილი და ფსოვის ყაპყაპი ისმოდა, თუმცა ეს სულაც არ აღელვებდა მხარბეჭიან მამაკაცს, რომელიც ცეცხლის პირას ფეხმორთხმით იჯდა, იდაყვებით მუხლებს ეყრდნობოდა, თვალები დაეხუჭა, როგორც ჩანს, ღრმა ფიქრებში წასულიყო, წელსზევით სრულიად შიშველს, სპილენძისფერ მძლავრ მხრებზე შავი ფერის სვირინგები უჩანდა, ხშირი შავი თმა მხრებზე სცემდა, რომელიც დაუდევრად შეეკრა ბოლოში. გვერდით ინდიელთა მსუბუქი საბრძოლო იარაღის - ტომაჰავკის მსგავსი პატარა ცული მოედო, რომლის ხისგან გამოთლილ ტარს ლამაზი ორნამენტები ამშვენებდა. ხის ტოტზე უძრავად მჯდომი ყორანი თევზს უთვალთვალებდა, თუმცა ადამიანის შიშით ვერ ბედავდა დივერსიულ მოქმედებას. ცეცხლის პირას მჯდომმა თვალები გაახილა, ირგვლივ გამჭრიახი მზერით მიმოიხედა, ტყეს მიაყურადა, თავი ოდნავ ასწია და ჰაერი დაყნოსა, საშიშროება არსაიდან იგრძნობოდა. შემდეგ სწრაფი მოძრაობით აიღო თევზი, შუაზე გაგლიჯა და დააგემოვნა, სახეზე კმაყოფილების გამომხატველი ღიმილი აღებეჭდა, თუმცა მის ღიმილში იყო რაღაც გამოუცნობი, რაღაც მტაცებლური. - კარგად მოწყობილხარ, - გაისმა გვერდიდან და ვიღაცამ ირონიულად ჩაიქირქილა. ცეცხლის პირას მჯდომმა ელვის უსწრაფესად გააგდო თევზი ხელიდან და მეორე წამს დაუპატიჟებელი სტუმრის წინ იდგა ტომაჰავკმომარჯვებული, წელში ოდნავ მოიხარა, სახის ნაკვთები გაუქვავდა და ნიღაბს დაემსგავსა, ხორხიდან ყრუ, საზარელი ღრენის ხმა ამოსდიოდა, ლოყებზე დაბერილ სისხლძარღვებში ალისფერი სითხე უწყვეტად გადაადგილდებოდა თვალების მიმართულებით. - ყოველთვის მწამდა, რომ ადამიანი ის არის, ვინც არის, - ფილოსოფიურად თქვა სტუმარმა, ქვის ნატეხს ფეხსაცმლის წვერი მისცხო და გვერდით მოისროლა. დამხვდური გამაფრთხილებელ ღრენას არ წყვეტდა და სტუმრის უმცირეს მოქმედებასაც კი ყურადღებით უთვალთვალებდა. მოსულს შიში არ ეტყობოდა, მშვიდად იდგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და სპილენძისფერკანიანს მიშტერებოდა ცინიკური ღიმილით, თუმცა მის ღიმილს წყვდიადისფერი თვალების სისასტიკე აქარწ....ბდა. - კონორ, - თქვა მან და ტყის მასივს შეავლო თვალი, - დიდი ხანია ერთმანეთს არ შევხვედრივართ. - ალბათ უფრო თბილ დახვედრას ელოდი, - დაუღრინა წითელკანიანმა, ვინც კონორად მოიხსენიეს. სტუმარმა ცივად გაიცინა და ხელები მოიფშვნიტა. მარცხენა ხელის არათითზე გვირგვინოსანმა ბეჭედმა გაიელვა. - საკუთარი თავის გადარჩენის საოცარი უნარით გამოირჩევი, - თქვა მან. - რა გინდა? - უხეშად იკითხა კონორმა, - თუ ისევ შენი ბოროტი აზრების და იდეების გასაზიარებლად მესტუმრე, დრო ტყუილად დაგიკარგავს, - მან ღრენა შეწყვიტა, ტომაჰავკი ქამარში გაირჭო და ცეცხლის პირას ჩამოჯდა, სახით სტუმრისკენ. სტუმარს ერთბაშად არ უპასუხია, უხმოდ მიჩერებოდა მოწკურული თვალებით. - გახსოვს, ათი წლის წინ როგორ აორთქლდი და მარკუსის პირისპირ დამტოვე? კონორმა ველურად გაიღიმა. - როგორც ვხედავ, ჯანმრთელობას არ უჩივი. კიდევ ერთხელ გიმეორებ, რისთვის მოხვედი? - შეიძლება ჩამოვჯდე? - იკითხა სტუმარმა, თანხმობას არ დალოდებია, ცეცხლის პირას, კონორის მოპირდაპირედ მოირთხა ფეხი, - გემრიელად გამოიყურება, - მიუთითა თევზზე. ხის ტოტზე ჩამომჯდარმა ყორანმა ფეხი შეინაცვლა და ხისტად დაიჩხავლა. სტუმარმა სწრაფი მზერით გახედა ფრინველს, მოიღუშა, დადუმდა, შემდეგ ისევ სპილენძისფერკანიანს მიუბრუნდა. - ვამპირებზე მონადირე პრიმუმის კვალობაზე, არც ისე კარგად გამოიყურები... ჩვენი ბოლო შეთანხმება გახსოვს? კონორს მრისხანება აღებეჭდა სახეზე. - მას შემდეგ ათი წელიწადი გავიდა და შეთანხმებამ ძალა დაკარგა. - ჩვენთვის დრო მხოლოდ ციფრებია, - დაიღრინა სტუმარმა, - შენ მე მიღალატე, სასიკვდილოდ დამტოვე მარკუსის კლანჭებში, მეგონა ამდენი წლის შემდეგ სინდისი ოდნავ მაინც შეგაწუხებდა. კონორმა ჩაიქირქილა. - სინდისი? გილოცავ, ახალი სიტყვა გისწავლია. როგორც მახსოვს, ეს სიტყვა შენს ლექსიკონში არ მოიძებნებოდა. სტუმარმა ლაღად გაიცინა და მოელვარე კბილები ავისმომასწავებლად გააელვა. - კარგი, კარგი.. დავივიწყოთ რაც მოხდა და ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. - არ ვაპირებ არაფრის დაწყებას, - ცივად მოუჭრა კონორმა. სტუმარი ერთხანს დუმდა, კუშტად შეჰყურებდა კონორს. - მე ერთადერთი ვარ, ვისაც მხარი არ დაუჭერია შენი პრიმუმთა კლანიდან მოკვეთის გადაწყვეტილებისთვის. კონორმა ჩაიცინა. - ამით რის თქმას ცდილობ, რომ შენი მადლიერი უნდა ვიყო? მე შენს წინაშე ვალდებულად არ მიმაჩნია თავი, მე თავისუფალი ვარ და ვერავინ მაიძულებს ვაკეთო ის, რაც არ მინდა, მე მონადირე პრიმუმი ვარ, იმედია, ეს არ დაგვიწყებია, - კონორს თვალები დაუვიწროვდა. სტუმარი მაშინვე მიხვდა სიტუაციის დაძაბულ ვითარებას, შესანიშნავად მოეხსენებოდა კონორის პიროვნების და მისი განსაკუთრებული უნარების შესახებ, რის გამოც ყველა ერიდებოდა მკაცრ და გულჩათხრობილ პრიმუმს. - ეგ არ მიგულისხმია, - სწრაფად თქვა სტუმარმა. წითელკანიანმა ხელში ტომაჰავკი შეათამაშა, მოიქნია და მიწაში ჩაარჭო. - რა გინდა? - სალემში დაბრუნება, - იყო პასუხი. - რისთვის? ჩვენ იქ აღარაფერი გვესაქმება, პრიმუმთა კლანი დაიშალა, უხუცესთა საბჭო განადგურდა, მაქციები წავიდნენ. - ბეჭედი მჭირდება. კონორს გაკვირვება გამოესახა სახეზე. - ბეჭედი? - დიახ, ლუციუსის ბეჭედი. - მაგრამ შენ და ლუციუსი ხომ.. მოიცადე, მისი ბეჭედი რაში გჭირდება? - შურისძიების შანსი გაქვს, - ცივად თქვა სტუმარმა, - ლუციუსი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კლანიდან შენი მოკვეთის იდეა წამოაყენა და მე ვიცი, რომ ამდენი ასწლეულის შემდეგაც კი, შენ შურისძიების გრძნობა არ გასვენებს. კონორს სახე გაუმკაცრდა. თვალები აუელვარდა. - გისმენ. - მინდა, რომ ისევ დავდოთ ხელშეკრულება, შენ და მე. მე დაგეხმარები ლუციუსის მოკვლაში. შენ შურისძიების წყურვილს დაიკმაყოფილებ, მე კი მის ბეჭედს მივიღებ. კონორს ეჭვმა გადაურბინა სახეზე. - ასე მარტივად? - დიახ, ასე მარტივად, - სატანისებურად გაიღიმა სტუმარმა. წითელკანიანი ჩაფიქრდა, ქერა უკვდავი ყველაზე მეტად სძულდა ამ სამყაროში, შურისძიების გრძნობას ვერაფერს უხერხებდა, უამრავი გეგმა შეადგინა, თუ როგორ დასხმოდა თავს, მაგრამ ყოველთვის უკან იხევდა, რადან ჭკვიანი იყო, შესანიშნავად მოეხსენებოდა, რომ ერთი პატარა შეცდომა, ერთი არასწორი ნაბიჯი და ვამპირთა კანონის წიგნის მცველს თავს ვეღარ დააღწევდა, რაც უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა, ლუციუსი მას არ დაინდობდა. - და ბეჭედი რად გინდა? სტუმარმა გაიღიმა, ახლოს მიიწია კონორთან და ტუჩები ყურთან მიუტანა, ასე ეჩურჩულებოდა მთელი ნახევარი საათი და ბოლოს, როცა დაასრულა, მოხდა ის, რასაც ელოდა, კონორის სახე უკიდურეს გაოგნებას გამოხატავდა, პირი გაეღო, თვალები გაფართოებოდა. - აბა, რას იტყვი? - თანახმა ვარ, - თქვა კონორმა, - ჯანდაბა, რა თქმა უნდა, თანახმა ვარ. წყვდიადისფერთვალებიანმა კმაყოფილებით ჩაიცინა, სიგარეტი ამოიღო, ერთი ღერი კონორს გაუწოდა, მეორეს თავად მოუკიდა და ხარბად დაარტყა ნაფაზი. ხის ტოტზე ქანდაკებასავით მჯდომი ყორანი აღარსად ჩანდა. *** უკვე შუაღამე იყო, შერიფი კრამერი ტელეფონის გაბმულმა ზარმა რომ გამოაღვიძა. ერთხანს საბნის ქვეშ ბორგავდა, გულში წყევლა-კრულვას უგზავნიდა კავშირგაბმულობის საშუალებების გამომგონებლებს, იმედი ჰქონდა, რომ ზარი შეწყდებოდა, თან საკუთარ დაუფიქრებელ საქციელზე მოსდიოდა გული - მობილური ტელეფონი ხომ სახლის პირველ სართულზე, კაბინეტში დატოვა. ბოლოს, გაბეზრებულმა გემრიელად შეიგინა, ისე, როგორც მხოლოდ შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ყოფილ სერჟანტს ეკადრებოდა, ბუზღუნ-ბუზღუნით წამოჯდა საწოლზე, ჩაბნელებულ საძინებელში მიმოიხედა, რომელსაც მხოლოდ მთვარის სუსტი, ცისფერი შუქი ანათებდა, შემდეგ წამოდგა და კიბეებს ჩაუყვა, შუქის ანთებით თავი არ შეუწუხებია, კაბინეტს მიაშურა და მაგიდაზე ხელის ფათურით მოიძია მყუდროების დამრღვევი. - რომელი საათია? - უხეშად ჩასძახა, - აქს, ყველა წმინდანს გეფიცები, სამსახურიდან დაგითხოვ პიროვნული შეუთავსებლობის და ზემდგომისადმი უპატივცემულო მოპყრობის გამო. - სერ, - მოისმა მისი თანაშემწის, აქსელსონის შეწუხებული ხმა, - გადაუდებელი საქმე რომ არ იყოს, არ შეგაწუხებდით. შერიფმა ბანჯგვლიანი მკერდი მოიქექა, მზერით მაგიდის კუთხეში მდგარ ვისკის ბოთლს მისწვდა და როცა მასში წვეთი სითხე ვერ აღმოაჩინა, უკმაყოფილოდ ჩაიღრინა. - რა ხდება? - მდინარის პირას ორი გვამი აღმოვაჩინეთ. - როგორ? - მეთევზემ შეგვატყობინა. შერიფმა კედლის საათს გახედა. - ღამის ოთხის ნახევარზე რა ჯანდაბად მოუნდა თევზაობა? ტელეფონის მეორე მხრიდან შეკავებული სიცილის ხმა მოისმა. - კარგი, გამოვდივარ. ჩემს მოსვლამდე რეპორტიორები და ათასი ჯურის ჭორიკნები მოაშორეთ. - გელოდებით. შემთხვევის ადგილზე მისულ შერიფს ჩვეულებრივი სურათი წარმოუდგა. გვამები სახით ქვემოთ, გვერდიგვერდ იწვნენ, ზედაპირული დათვალიერებით ძალადობის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდათ. - ასე, ასე, - შერიფმა ჩაიმუხლა და რეზინის ხელთათმანი მოირგო. ადგილზე უკვე მუშაობდა სალემის პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური. ექსპერტებმა გვამები გადმოატრიალეს და გაოგნებულ შერიფს, მის თანაშემწე აქსელსონს და ორ ექსპერტს თვალები გაუფართოვდათ. - ეს... რა ჯანდაბაა? - როგორც იქნა ამოღერღა შერიფმა, საშინლად დასახიჩრებულ სახეებს თვალს ვერ წყვეტდა. - დიდი ალბათობით, სიკვდილი მწვავე სისხლნაკლებობამ გამოიწვია, - გაგლეჯილ არტერიაზე მიუთითა ლენსმა, ერთ-ერთმა ექსპერტმა, - ვფიქრობ, იგივე დამართეს მეორეს, - ახალგაზრდა ქალის გვამს გახედა. - დამართეს? - ჩაეკითხა შერიფი და მოიღუშა. - მსგავს ტრავმებს დაცემისგან ვერ მიიღებდნენ, - შეეწინააღმდეგა ლენსი. შერიფი გაჩუმდა, თითოეულ წვრილმანს აკვირდებოდა, სწავლობდა, აანალიზებდა. - ამას შეხედეთ, - თქვა ლენსმა და პინცეტი ჭრილობაში ჩაყო, სისხლით მოსვრილი მოგრძო, რბილი საგანი ამოათრია და თვალებთან ახლოს მიიტანა. შერიფმა წარბები შეკრა. - ბუმბულს ჰგავს. - ნამდვილად ბუმბულია, - დაემოწმა მანამდე ჩუმად მდგარი აქსელსონი. - გეთანხმებით, - მოიღო მოწყალება ლენსმა, - შავი ბუმბული, სავარაუდოდ ყვავის ან ყორნის, მაგრამ საკითხავია, საიდან მოხვდა ის ჭრილობაში? შერიფი წამოდგა და ქამარზე ჩამოკიდებული "მაგნუმის" ბუდე შეისწორა. - ამ შეკითხვაზე და კიდევ მრავალზე თქვენ უნდა გაგვცეთ პასუხი, - თქვა მან, - მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ საქმის აღძვრას. აქს, გვამები პროზექტურაში გადაიტანეთ, შესაბამისი სამსახური მიხედავს. ოფიცერო ლენს, ექსპერტიზის პირველადი მონაცემები ხვალ დილას მაგიდაზე მედოს, - შერიფმა ბრძანებების გაცემა დაასრულა, ქუსლებზე შემოტრიალდა და საპატრულო "ფორდისკენ" გაემართა, გულში ინატრა გვერდით ყოლოდა ძველი მეგობარი ექიმი ტომპსონი, მისი მახვილი თვალი და გამჭრიახი ტვინი ძალიან დაეხმარებოდა, მაგრამ აღნიშნული ტვინი ახლა ძალიან შორს, გაყინულ ალასკაზე, ქალაქ ჯუნოში იმყოფებოდა და იქაურების ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. შერიფი საჭეს მიუჯდა, საკუთარ პროფილს გახედა უკანა ხედვის სარკეში და მზერა ყელზე არსებულ ნაწიბურზე შეაჩერა, წლების განმავლობაში თავს იმტვრევდა ფიქრით, თუ როდის და რა ვითარებაში მიიღო ჭრილობა, მაგრამ ამაოდ, მისი მეხსიერების ის ნაწილი თითქოს სქელ ნისლს მოეცვა, ვერაფერს იხსენებდა, პატარა წვრილმანსაც კი. შერიფმა თავი გააქნია, გასაღები გადაატრიალა და როდესაც რვაცილინდრიანი პიკაპი დაჭრილი ცხოველივით აღმუვლდა, ნელი სვლით დაიძრა ტყის ატალახებულ გზაზე. *** ათი წლის წინ. სალემი. საზიზღარი ამინდი იყო, გულისგამაწვრილებლად ცრიდა, თან ცივი ქარი ქროდა და საქარე შუშის გამწმენდები ძლივს უზრუნველყოფდა ნორმალურ ხედვას მანქანის სალონში მყოფთათვის. მია ჯეკსონი დუმდა, ელოდა, რას იტყოდა შერიფი, რომელიც ჩაფიქრებული მართავდა მანქანას, თუმცა ის როგორც ჩანს, ხმის ამოღებას არ აპირებდა, გონებაში აანალიზებდა გოგონას ნაამბობს. მოულოდნელად გზის გასწვრივ მდებარე ტყის ზოლში უფორმო საგანმა გაიელვა და გვერდიდან დაეტაკა მანქანას. - შენი დედაც, - ბილწად შეიგინა შერიფმა, ორივე ხელით ჩაეჭიდა საჭეს, რომლის დამორჩილება წვიმისგან ალაპლაპებულ ასფალტზე სრულიად შეუძლებელი აღმოჩნდა, პიკაპი მკვეთრად მოცურდა, რამდენიმე ბრუნი გააკეთა ჰაერში და სახურავით დაენარცხა ძირს, ჩაბნელებული ტყის მასივს შუშის ლეწვის და ფოლადის დაჭ....ტვის მჭახე ხმამ გადაურა და ყველაფერი დადუმდა. ...გოგონა თითქოს რძისფერ ნისლში დაცურავდა, შემდეგ გარშემო ყველაფერი დაიწმინდა და გაკრვევით დაინახა მის სახესთან დახრილი ქერა, მკაცრი გამომეტყველების ჟღალწვერა მამაკაცი. - ცოცხალია, - კმაყოფილებით აღნიშნა მან, წამოდგა, გოგონა ელვის სისწრაფით აიტაცა ხელში, მოჩვენებასავით გაჩნდა ტყის პირას და ფრთხილად დაუშვა ბალახზე. - ლუციუს... - ამოიხრიალა გოგონამ და იგრძნო, პირი მიწით გამოვსებოდა, - შერიფი... მისტერ კრამერი... იქ... მანქანაში... უშველე... ვამპირმა ტუჩებზე თითის მიდებით გააჩუმა. - ენერგია შემოინახეთ, მის ჯეკსონ. შერიფი აქვეა, თქვენს გვერდით. გოგონამ ბოლო ძალების დაძაბვით შეატრიალა თავი და მისი მზერა რამდენიმე იარდის მოშორებით მიწაზე გაშოტილ სხეულს მიწვდა. მწვანე მდელოზე გულაღმა იწვა გაფითრებული შერიფი, ყოველ ამოსუნთქვას ხროტინს აყოლებდა, ყელზე გაჩენილი ჭრილობიდან შუშის ნამსხვრევი გამოჩროდა, საიდანაც ბიძგებით იფრქვეოდა ალისფერი სისხლი. - არტერია, - დაიკვნესა გოგონამ, - ლუციუს, არტერიაა დაზიანებული... რამე მოიმოქმედე... რამდენიმე წუთში სისხლისგან დაიცლება... შემდეგ ნელ-ნელა გამოეცალა ძალა, თვალები თავისით დაეხუჭა და კვლავ რძისფერ ნისლში ჩაიძირა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.