სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ ( 8 )
- იკა რომ არა, იმ დღეს ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი, შოკში ვიყავი განძრევას ვერ ვახერხებდი, იკას სწრაფმა რეაქციამ გადაგვარჩინა და კიდევ იმან რომ ხიდზე ვიდექით რომლის ქვეშაც მდინარე გადიოდა, ძალით მიმათრია მოაჯირამდე, ერთი გემრიელადაც შემომცხო რომ გამოვეფხიზლებინე, სულ ორიოდე წამით გავასწარით ცეცხლს, გადავხტით და ჩავყვინთეთ თუ არა თავზე გადაგვიარა, ორივე კარგი მოცურავეები ვართ, დროის უმეტეს ნაწილს აუზზე ვატარებდით, ესეც დაგვეხმარა იმაში რომ დიდხანს შეგვეკავებინა სუნთქვა და წყლის ქვეშ მაქსიმალურად ხანგრძლივად დავრჩენილიყავით, რომ ამოვყვინთეთ ცეცხლის ტალღა გადავლილი იყო, იყვნენ გადარჩენილებიც რომლებიც ჩვენსავით წყლის ქვეშ დაემალნენ ცეცხლის ტალღას და ახლა ნაპირისკენ მიცურავდნენ... - შეჩერდი, მოიცადე, -გავაჩერე იკა რომელიც აპირებდა ნაპირისკენ გაეცურა. - რა ხდება? -გაკვირვებულმა შემომხედა, ნაპირისკენდამრეცი ფერდობისკენ ვანიშნე რომელზეც გადარჩენილები იყვნენ შეფენილები და თან ვაიძულე ხიდის დამჭერ ბეტონის სვეტს ამოფარებოდა რომელიც ჩემდა გასაკვირად ჯერ კიდევ ცხელი იყო. - რა ხდება ასე რატომ ვიქცევით, ჯობია სწრაფად გავცუროთ რომ აქ არ დაგვტოვონ, ვერ ხედავ რომ სამხედროები არიან? -თვალებგაფართოებული უყურებდა, სამხედრო ფორმებში ჩაცმულ, ადამიანებს რომლებიც გულდაგულ ჩხრეკდნენ გარემოს, გადარჩენილები მიყავდათ და დაჯავშნულ ავტომობილებში ათავსებდნენ. - ეს ყველაფერი საეჭვოდ არ გეჩვენება? - საეჭვო რა არის? ჯარისკაცები არიან და გადარჩენილებს ეხმარებიან, ალბათ უსაფრთხო ადგილზე უნდა გადაიყვანონ, წამოდი ჩვენც გავცუროთ. - მოიცადე იკა, კარგად დაფიქრდი, სულ რამდენიმე წუთია რაც ცეცხლმა გადაიარა, ასე უცბად საიდან გაჩნდნენ, ცეცხლს უკან მოყვებოდნენ? თვითონ როგორ გადაურჩნენ ამ ყველაფერს? - ალბათ ჯავშანმანქანებმა გადაარჩინათ, -მხრები აიჩეჩა და ისეთი სახით შემომხედა აშკარა იყო თვითონაც მიხვდა რომ სისულელეს ამბობდა. - ეს რომ ჩვეულებრივი აფეთქება არ იყო ფაქტია, ცეცხლმა უბრალოდ გადაიარა და მხოლოდ ადამიანები და შენობების მეტი წილი გაანადგურა, ის ფაქტი არ გაკვირვებს რომ ბუნება არ დაზიანებულა? კვამლიც კი არსად არ ჩანს, ესენიც ხომ ხედავ რა ორგანიზებულად მოძრაობენ, წინასწარ აქვთ გათვლილი ყველაფერი, ღმერთმა იცის სად მიყავთ ეს ხალხი... - ალბათ საკონცენტრაციო ბანაკებში, -ჩაიფხუკუნა და კიდევ ერთხელ გახედა სვეტს უკნიდან ნაპირზე მოძრავ ჯარისკაცებს, მის რეაქციაზე არ გავბრაზებულვარ, ვიცოდი ახლა უბრალოდ მისი გონება ამ ყველაფრის გაანალიზებას და გააზრებას ეწინააღმდეგებოდა, ცდილობდა შეძლებისდაგვარად მსუბუქად შეეხედა ამ საშინელი სიტუაციისთვის, ასე უფრო ადვილად გადაიტანდა, იკას ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი როგორი მგრძნობიარეც არის, იმის წარმოდგენაც კი არ მინდა მაშინ რას განიცდიდა. - შენ იცინე და სასაცილოდ გვაქვს საქმე? იქნებ მხოლოდ აქ არ მომხდარა ეს ყველაფერი, ჯერ არც კი ვიცით რა მასშტაბის კატასტროფასთან გვაქვს საქმე, -ჩავილაპარაკე და მერეღა დავფიქრდი იმაზე რომ შეიძლება მართლაც ასე იყო, ორივეს გვყავდა ნაცნობები, მეგობრები, ოჯახის წევრები, საყვარელი ადამიანები... ნეტავ ახლა სად იყვნენ, როგორ იყვნენ საერთოდ იყვნენ კი? ჯარისკაცებმა საგულდაგულოდ გადაჩხრიკეს იქაურობა, როცა დარწმუნდნენ რომ ცოცხლად გადარჩენილი ყველა მათთან ერთად იყო იქაურობას მოშორდნენ, რამდენიმე წუთი კიდევ შევიცადეთ და მერე მდინარიდან ამოვედით, ირგვლივ აღარავინ იყო, უცნაური სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდა, არანაირი ხმაური, აღარც მანქანების ხმა, მხოლოდ წყლის ჩუხჩუხი და ჩიტების ჭიკჭიკი, თითქოს სამყაროს ერთ დღესაც ყელში ამოუვიდა ყველაფერი და ადამიანთა მოდგმისგან და მათი ხმაურიანი ქმნილებებისგან დასვენება გადაწყვიტა, დიდხანს ვფიქრობდით რა უნდა გაგვეკეთებინა, ერთი წუთით ისიც კი ვიფიქრე რომ ზედმეტი მომივიდა და უბრალოდ არასწორად დავუკავშირე მოვლენები ერთმანეთს, იქნებ ის ჯარისკაცები სულაც არ აპირებდნენ ჩვენთვის რამის დაშავებას და მართლაც გადარჩენილების დახმარება უნდოდათ, იქნებ იკა მართალი იყო, თუ ასეა არც ეს უნდა ყოფილიყო პრობლემა, თავისუფლად შევძლებდით გადარჩენილ დასახლებულ პუნქტამდე მიგვეღწია, თუკი რათქმაუნდა ჯერ კიდევ არსებობდა სადმე ასეთი პუნქტი... - გასუსული ვუსმენდი რატის, სადღაც შორს იყურებოდა სივრცეში და ისე აგრძელებდა თხრობას, უამრავი კითხვა მქონდა მაგრამ არ მინდოდა შემეწყვეტინებინა, ბოლოს ვეღარ მოვითმინე... - ისე ვატყობ მაინც მართალი აღმოჩნდი... - ჰო ასე მოხდა, -გადმომხედა და ცალყბად გაიღიმა, -მართალი აღმოვჩნდი როცა ვიფიქრე რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, თუმცა ვისურვებდი რომ ეს ასე არ ყოფილიყო, მე და იკამ ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ სანამ იმ ჯოჯოხეთს რა ჯოჯოხეთშიც მოვხვდით თავს დავაღწევდით. - იქნებ არ ღირს რომ ყველაფერი ახლა მომიყვე, თუ გინდა მერე გავაგრძელოთ... -ვხედავდი როგორი დაძაბული იყო, ყბები დაჭიმული ჰქონდა, ხელები მომუშტული, მის ხმაშიც თანდათან უფრო და უფრო მეტი ბრაზი ისმოდა, მის ტკივილს ვგრძნობდი და მასზე ვღელავდი, შემომხედა, ერთხანს გამომცდელად მიყურებდა, ვერ მივხვდი რის ამოკითხვას ცდილობდა ჩემს სახეზე მაგრამ დავინახე როგორ გაუბრწყინდა თვალები, ამჯერად გულწრფელად და გულიანად გამიღიმა, ნაზად ჩამომისვა თითები ლოყაზე... - მე კარგად ვარ მირა, ამ ყველაფერმა უკვე ჩაიარა და ახლა კარგად ვარ, შენ კი ძალიან დიდხანს იყავი ვაკუუმში და ყველაფერი უნდა გაიგო რომ ახალი სამყაროსთვის ფეხის აწყობა შეძლო, გაგიჭირდება მაგრამ მე დაგეხმარები, სულ შენს გვერდით ვიქნები, ახლა როცა ასეთი სასწაული მოხდა და ჩემთან ერთად ხარ, ვეღარავინ და ვეღარაფერი მაიძულებს შენგან შორს ყოფნას. ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და ღიმილით დახედა სამაჯურს, ფრთხილად გადაუსვა თითები, ჩაფიქრდა თითქოს რაღაცას იხსენებსო, -ძალიან ორიგინალურია, -სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა. - არ მინდოდა რომ შენი ნომერი დამეკარგა და სამაჯურად ვაქციე, მერე კი ყოველ დღე ვუყურებდი და ვცდილობდი ჩემი თავი დამერწმუნებინა რომ შენთან დამერეკა, -სევდიანად გამეღიმა. - რატომ არ დამირეკე? - გამბედაობა არ მეყო, -ამდენი წლის შემდეგ როგორც იქნა ვაღიარე და შვებით ამოვისუნთქე, -ვერ გავბედე იმიტომ რომ... იმიტომ რომ... - იმიტომ რომ რა მირა? -ჩემსკენ გადმოიხარა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მსუბუქად შემახო ტუჩები ცხვირის წვერზე, პირი გამიშრა, ბაგეები ერთმანეთს დავაშორე, გონება და სხეული მეტს მთხოვდა ვიდრე ეს ერთი უბრალო უმანკო კოცნა იყო, გულისპირში ჩავავლე ხელი და ჩემსკენ მოვიზიდე, ის იყო უნდა მეკოცნა რომ უკან დაიხია და უფლება არ მომცა რომ შევხებოდი. - რას აკეთებ? -ჩემი ვნებისგან და სურვილისგან შეცვლილი ხმა ძლივს ვიცანი. - ჯერ მიპასუხე, მაშინ რატომ არ დამირეკე? -ეშმაკურად მიღიმოდა ჩემი მდგომარეობით გახალისებული და საყვარლად უციმციმებდა დიდი შავი თვალები, სახეზე ხელები ავიფარე, თავს ვაიძულე რომ როგორმე დავმშვიდებულიყავი და ასეთი საქციელის გამო მისი მოკვლა არ მეცადა. - ვერ შევძელი იმიტომ რომ მე და შენ ძალიან განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან, საერთოდაც არ მჯეროდა რომ შენნაირ ბიჭს შეიძლებოდა ჩემნაირ გოგოსთან ეცადა ურთიერთობა, ვერ წარმომედგინა რომ შეიძლებოდა ჩემთვის სხვა თვალით შემოგეხედა, შენ ნამდვილი სრულყოფილება ხარ მე კი... მე... უბრალოდ შემომხედე რატი, კარგად შემომხედე, -ხელები გავშალე და სიმწრის ღიმილმა გამიპო ბაგე. - გიყურებ, -მოკეცილ მუხლებზე დაეყრდნო იდაყვებით და ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ხელებზე ჩამოდო ნიკაპი, -გიყურებ მირა. - და რას ხედავ? - ულამაზეს გოგოს რომელსაც წარმოდგენაც კი არ აქვს იმაზე თუ როგორი ლამაზი და სასურველია. - კარგი რა... - არ ვიცი ვინ გაგინადგურა თვითშეფასება მაგრამ, არასწორად ფიქრობ მირა, ნამდვილი საოცრება ხარ, ულამაზესი და ისეთი სასურველი, დიდი ძალისხმევა მჭირდება შენს გვერდით ყოფნისას რომ თავი შევიკავო, ახლა ისე მინდა ჩაგეხუტო, გაკოცო, მთელი შენი სხეული ვიგრძნო, ჩემად დაგიგულო... - გეყოფა... - რატომ? ვხედავ შენც იმავეს გრძნობ, ახლა ბევრად უფრო თამამი ხარ ვიდრე მაშინ იყავი აეროპორტში, არ გინდა რომ მითხრა რა შეიცვალა ამ ხუთი წლის განმავლობაში... - უბრალოდ მივხვდი რომ სულელურად მოვიქეცი როცა არ ვცადე, მეგონა ბევრი დრო მქონდა, მეგონა დღეს თუ არა ხვალ დაგირეკავდი და შეგხვდებოდი, მეგონა ერთ დღესაც გავბედავდი, არადა ვინ წარმოიდგენდა იმ ყველაფერს რაც მოხდა, შეიძლებოდა ორივე დავღუპულიყავით, შეიძლებოდა იმ მიწისქვეშეთიდან ვერც გამომეღწია, მთელი ერთი თვე დავკარგე გესმის? ერთი თვე რომელიც შეიძლებოდა შენთან ერთად გამეტარებინა, მთელი ხუთი წელი იმაზე ფიქრში გავლიე თუ რა მოხდებოდა მაშინ შენთვის რომ დამერეკა... - და გადაწყვიტყე რომ შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და ისე იცხოვრო როგორც გული გიკარნახებს? -ისეთი სახით მიყურებდა აშკარად უფრო მეტი გაიგო ჩემი სიტყვებიდან ვიდრე მისთვის მინდოდა მეთქვა, -გული ჩემთან ერთად ყოფნას გკარნახობს? ამას შენს თვალებშიც ვხედავ მირა მაგრამ როცა ასე პირდაპირ მეუბნები სულ სხვა ეფექტი აქვს... ვუსმენდი და ვხვდებოდი რომ სისულელე იყო შეწინააღმდეგება, ასე თუ ისე მის ყოველ სიტყვას ვეთანხმებოდი, სულაც არ ვიყავი წინააღმდეგი ახლა, თუნდაც აქ, ამ წუთას მისი გავმხდარიყავი, სამუდამოდ მისი, ის კი ჩემი იქნებოდა, და ახლა? ახლა ვისია? სიჯეი... - სიჯეი? ვინ არის სიჯეი შენთვის? -არ მინდოდა მეკითხა მაგრამ რატომღაც ხმამაღლა წამომცდა. - ჩემი გუნდის წევრი და თანამებრძოლი, -სრულიად მშვიდად მიპასუხა. - მეტი არავინ? - არავინ. - დარწმუნებული ხარ? ღიმილით დამიქნია თავი, ისეთი გულწრფელი მზერა ჰქონდა მივხვდი რომ დილანდელ კოცნაზე ყურადღების გამახვილება აღარ ღირდა, თუ რატი ამბობდა რომ სიჯეისთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა ესე იგი ასეც იყო, თანაც ჯერ კიდევ არდაწყებულ, უფრო სწორად ძლივსდაწყებულ და ამდენი ხნის ნანატრ ურთიერთობას უაზრო ეჭვიანობით საფრთხეს ნამდვილად არ შევუქმნიდი... - მართლა ლამაზია, -რატის ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან, ჩემი ხელი ეჭირა ხელში და სამაჯურზე დაატარებდა თითებს. - ჩემი თილისმა გახდა, ეს სამაჯური რომ არა იმ ბუნკერიდან შენთან დარეკვას ვერ მოვახერხებდი, -უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა როცა ის დღე გამახსენდა, რატისაც წამში შეეცვალა მზერა. - გინდა გავაგრძელო? -მკითხა და შუბლზე ჩამოყრილი თმა თითების მსუბუქი მოძრაობით გადამიწია ყურსუკან, უხმოდ დავუქნიე თავი. - - შენ რომ დარეკე მაშინ მე და იკა სხვა ადამიანებთან ერთად ვიყავით შეფარებული ერთ-ერთ გადარჩენილ შენობაში, ქალაქისკენ მიმავალ გზაზე გადავეყარეთ რამდენიმე ადამიანს რომელიც რაღაც სასწაულებრივად იყვნენ გადარჩენილები ცეცხლს და ჯარისკაცებს, დაახლოებით ათამდე ვიყავით, ჩვენთან ერთად იყო მოხუცი მღვდელი, დედა ორ პატარა ბავშვთან ერთად და შუახნის ყოფილი სამხედრო რომელსაც ცალი ფეხი არ ჰქონდა, უამრავი სხვადასხვა ვერსია ჟღერდებოდა იმ პატარა ოთახში სადაც შეფარებულები ვიყავით, ელექტრო ენერგია არ გვქონდა, ტელეფონები არ მუშაობდა, წამდაუწუმ წყდებოდა კავშირი, მოხუცმა მღვდელმა ერთ-ერთ კარადაში ძველისძველი რადიო იპოვა და რომელიღაც არხის დაჭერა მოახერხა სადაც გადმოცემდნენ რომ მთელ მსოფლიოში ყველა ქვეყანაში ხდებოდა მსგავსი კატასტროფები, ადამიანების ნახევარზე მეტი დაღუპული იყო, გადაჩენილებს კი წამყვანი გვაფრთხილებდა რომ საკუთარი თავის გარდა არავის ნდობა არ უნდა გვქონოდა, ლაპარაკობდა მსოფლიო შეთქმულებაზე, ერთპიროვნულ ბატონობაზე, დამონებული ხალხის კოლონიებზე... - მაშინ ნახევარზე მეტიც კი არ გამიგია, გამწარებული ვცდილობდი რომ ჩემი ტელეფონი ჩამერთო რომელიც მდინარეში ყოფნისას დამისველდა, ის იყო ჩართვა მოვახერხე და შენც დარეკე... - შენ თვითონ რა დღეში ყოფილხარ, მე კი ვბრაზობდი რომ არ მოხვედი... - შენი მესმის მირა, კარგად ვიცი რა შეიძლებოდა გეგრძნო მაშინ, გეფიცები დავაპირე კიდეც შენს მოსაძებნად წამოსვლა, ისედაც დიდხანს ვერ დავრჩებოდით იმ თავშესაფარში, ის ღამე იქ გავატარეთ, დილით ის იყო მე და იკამ გარეთ გასვლა მოვახერხეთ რომ ჯარისკაცები მოვიდნენ. - მაპატიეთ, გუშინ სანამ ტელეფონები ჯერ კიდევ მუშაობდა მე დავრეკე და ვუთხარი სად ვიყავით, ქალმა რომელიც ორ პატარა ბავშვთან ერთად იყო აცრემლებული თვალებით შემოგვხედა, -პატარები მყავს, გოგო სულ ექვსი წლისაა, ავად არის შეხედეთ, -ყელზე შარფი მოხსნა და დავინახეთ როგორ ჰქონდა ჩაყენებული მილი, ვენაზეც ეტყობოდა გადასხმების კვალი... - სულელო ქალო, გაფრთხილებდი მაგრამ არ დამიჯერე, ახლა ღმერთიც კი ვეღარ გადაგარჩენს, -მღვდელმა პირჯვარი გადაიწერა და დანანებით გაიქნია თავი, შთაბეჭდილება დამრჩა რომ რაღაც იცოდა რასაც არ ამბობდა... - ოთახში შემოვიდნენ, ნიღბებით, იარაღით, გამოგვიცხადეს რომ ჩვენს გადასარჩენად იყვნენ მოსულები და უსიტყვოდ უნდა გავყოლოდით, წინასწარვე გაგვაფრთხილეს იმის შესახებ რომ თუ შევეწინააღმდეგებოდით ჩვენს წინააღმდეგ იარაღს გამოიყენებდნენ, თავს ზევით ძალა არ იყო უნდა დავმორჩილებოდით, გარეთ გაგვიყვანეს, სანამ ჩვენთვის განკუთვნილ ტრანსპორტში ჩაგვსხავდნენ გაგვანაწილეს, მოხუცი მღვდელი, ცალფეხა ჯარისკაცი და ერთ-ერთი ბავშვი სწორედ ის რომელიც ცუდად იყო ცალკე ავტომობილში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, დედას შვილი ხელებიდან გამოგლიჯეს ისე რომ არაფერი აუხსნიათ, ყვიროდა, ტიროდა, კიოდა მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა, ისე ჩანდა თითქოს ავადმყოფებს და უძლურებს ჯანმრთელებისგან აცალკევებდნენ... არაფერს გვეუბნებოდნენ, არაფერს გვიხსნიდნენ, კითხვებზე პასუხს არ გვცემდნენ, კარგა ხანს ვიყავით გზაში, დაბურული მინებიდან ვერაფერს ვხედავდით, არ ვიცოდით სად მივდიოდით, ბოლოს როგორც იქნა გავჩერდით და კარი გააღეს, გვიბრძანეს რომ ჩამოვსულიყავით, გაოცებულები ვათვალიერებდით მაღალი გალავნით გარშემორტყმულ უზარმაზარ ტერიტორიას რომელზეც უამრავი სახელდახელოდ აშენებული შენობა იყო განთავსებული, ყველგან ჯარისკაცები იყვნენ, განუწყვეტლივ იღებოდა უზარმაზარი ჭიშკარი და ახალ-ახალი ტრანსპორტი შემოდიოდა გადარჩენილებით სავსე, ორ მწკრივად დაგვაყენეს რიგში და ორსართულიანი თეთრად შეღებილი შენობისკენ წასვლა გვიბრძანეს... - რა ჯანდაბა ხდება ბოლოს და ბოლოს არ გვეტყვით? -შუახნის ჭაღარათმიანმა მამაკაცმა ვეღარ მოითმინა, რიგიდან გამოვიდა და აყვირდა. - რას აკეთებ ბილ, -დამტვერილი პერანგის კალთაში ჩაეჭიდა, გამხდარი ქერათმიანი ქალი, -გაჩუმდი და რიგში დაბრუნდი, რას აკეთებ? - მე რას ვაკეთებ? ესენი რას აკეთებენ, ან თქვენ რატომ არ იღებთ ხმას? -ახლა ჩვენ მოგვიბრუნდა ყვირილით, სიბრაზისგან მთლად გაწითლებული იყო და თავის შეკავებას ვერ ახერხებდა, -კინაღამ დავიღუპეთ ახლა კი მოგვათრევენ აქ ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ და კითხვებზე პასუხს არ გვცემენ არაფრად გვაგდებენ, კაცმა არ იცის რას გვიპირებენ... - ენაჩავარდნილები ვუყურებდით, ვერავინ გაბედა გვერდში ამოდგომოდა, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას რომ როცა იკამ მისკენ ნაბიჯი გადადგა უფლება არ მივეცი რიგიდან გასულიყო... რატი გაჩუმდა, მზერა გაუშტერდა, თითქოს მოგონებებში ჩაიძირა და ახლა იქ იყო, იმ ბანაკში, იმ რიგში, თავიდან ხედავდა და განიცდიდა ყველაფერს, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, თვალები მაგრად დახუჭა და ყბები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს... - ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე სამარცხვინო მომენტი იყო, -ჩავარდნილი ხმით ჩაილაპარაკა. - ვფიქრობ არასწორად არ მოქცეულხარ, -ეს მხოლოდ მის დასამშვიდებლად არ მითქვამს, მართლა ასე ვფიქრობდი, მხარი კიდეც რომ დაეჭირა იმ კაცისთვის მათ წინააღმდეგ რას გააწყობდა. - ცდილობ რომ დამამშვიდო? -ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში. - მართლა ასე ვფიქრობ რატი, შენ მაშინ ვერაფერს გააკეთებდი. - სამაგიეროდ ჩემს თავთან მართალი ვიქნებოდი და თუ ცოცხალი გადავრჩებოდი სინდისიც სუფთა მექნებოდა, -ამოიოხრა და თავი დახარა, -გავაგრძელო? გინდა გაიგო რა მოხდა მერე? როგორც კი ყვირილი მოესმათ რაზმის მეთაური მოგვიახლოვდა. - რიგში დაბრუნდი, ახლავე, -მკაცრი ხმით გამოუცხადა ბილს. - არ დავბრუნდები სანამ არ გვეტყვით აქ რა ხდება, რატომ მოგვიყვანეთ? ვინ ხართ რომ ასე მონებივით გვექცევით და იმის გაკეთებას გვაიძულებთ რისი გაკეთებაც არ გვინდა. - რიგში დაბრუნდი ეს ბოლო გაფრთხილებაა, -წარბი არ შეუხრია მეთაურს. - რომ არ დავბრუნდე? რომ არ დაგემორჩილოთ რას გააკეთებთ მომკლავთ? ასე უბრალოდ ადგებით და მომკლავთ? -ბილს უკონტროლო სიცილი აუტყდა, მეთაურმა სრულიად მშვიდი და უემოციო სახით ამოიღო ქამარზე დაკიდებული ბუდიდან იარაღი, ხელი ასწია და პირდაპირ შუბლში დააჭედა ტყვია, სახეზე ღიმილშეყინული დაეცა მტვრიან მიწაზე ერთადერთი მეამბოხე. - ბიიილ, ბიიიილ, -კივილით მივარდა ქერათმიანი ქალი და ზედ გადაემხო, ხალხი და მათ შორის ჩვენც გაოგნებულები და დაზაფრულები ვუყურებდით ჩვენს თვალწინ გათამაშებულ, ჩვენს დასაშინებლად განკუთვნილ სპექტაკლს, ვერავინ ვერ იღებდა ხმას, მხოლოდ აქა-იქ ისმოდა ვერ შეკავებული ტირილი და გმინვა... - რიგში დაბრუნდით, ახლავე, -ახლა ქერათმიანს მიმართა მეთაურმა, მას მისი სიტყვები არ გაუგონია, ისევ უსულო ცხედარზე იყო გადამხობილი რომელსაც ბილი ერქვა და რომელიც ცოტა ხნის წინ სუნთქავდა, იღიმოდა, ლაპარაკობდა... - რიგში დაბრუნდი, ეს ბოლო გაფრთხილებაა, -მეთაურმა დაზეპირებულივით გაიმეორა სიტყვები და იარაღიანი ხელი ასწია, ვეღარ მოვითმინე, რიგიდან გამოვედი, ქალს რომელიც გონზე არ იყო მხრებში ხელი ჩავავლე, ფეხზე წამოდგომა ვაიძულე და ძალით ჩავაყენე ჩემს წინ, იძულებული ვიყავი ხელით მჭეროდა რომ არ წაქცეულიყო ისე იყო ძალაგამოცლილი, მეთაურმა იარაღი შეინახა, ერთი გადმოგვხედა, მერე ხელქვეითებს ანიშნა გვამი მოაშორეთო და თვითონაც მოცილდა იქაურობას... - ახლა რა იქნება? -იკას ხმა მომესმა და თვალი გავუსწორე, დაძაბული იყო, ნერვიულობდა თუმცა როგორც ყოველთვის ცდილობდა რომ არ შეემჩნია, -ახლა რა უნდა ვქნათ რატი? - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ როგორმე აქედან გავაღწიოთ. - არა მგონია ეს შესაძლებელი იყოს, -ჩაილაპარაკა და სამხედრო ტექნიკით და ჯარისკაცებით სავსე ეზოს მოავლო თვალი, -ყველგან არიან, ძალიანაც რომ მოვინდომოთ გაქცევა არა მგონია რომ გამოგვივიდეს, თანაც შეხედე როგორი სახეებით მოძრაობენ, უცნაურად არ გეჩვენება? - ეს მეც ვიფიქრე, თითქოს უსულგულო რობოტები არიან და ადამიანობის არაფერი სცხიათ, დაპროგრამებულებივით ასრულებენ სამუშაოს, ნეტავ რა სჭირთ? - ნეტავ რა ჯანდაბა ხდება აქ? - არ ვიცი იკა და რატომღაც არანაირი სურვილი არ მაქვს რომ გავიგო, იმედია ჩვენზე რაღაც უაზრო ცდებს არ ჩაატარებენ, -ტანში უსიამოვნოდ გამცრა როცა წარმოვიდგინე თუ რა შეიძლებოდა დაგვხვედროდა იმ შენობაში. - ცდებს? რას გულისხმობ? ხუმრობ არა? - სულაც არ ვხუმრობ, უამრავი გასაიდუმლოებული პროგრამა არსებობს. - საქმეში ფანტაზია ჩართე? -გაეცინა იკას, ყოველთვის მაკვირვებდა მისი ხასიათი, ასეთ სიტუაციებშიც კი ახერხებდა ხუმრობას. - დაიძარით, -გაისმა ბრძანება და ჩვენი რიგიც ნელ-ნელა ტაატით დაიძრა შენობისკენ... - - - - - - - - - იმედია მაპატიებთ რომ ასე დავაგვიანე ახალი თავის ატვირთვა, სამაგიეროდ ვეცადე შედარებით ვრცელი ყოფილიყო ???? ახალი წლის შემდეგ გავაგრძელებ ჩვეულებრივად. 30 ში ან 31 ში კი საყვარელ საახალწლო იტორიას ავტვირთავ რომელსაც უკვე ვწერ და სულ მალე მექნება მზად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.