რიონი, ფროიდი და სიგარეტი
ექვსი ოქტომბერი. წვიმს. ჩემს ოთახსა და აივანს შორის მანძილი ოთხასჯერ მაინც დავფარე. ცამეტი ნაბიჯია. არც მეტი, არც ნაკლები. ოთხ კედელში ვარ. გატყუებთ. კედლები ბევრად მეტია, მაგრამ შეგრძნება იგივეა, რაც ოთხ კედელში. ყოველი შემდეგი „გასეირნება“ აივნამდე უფრო რთულია. ნაბიჯები მიმძიმდება. სუნთქვაც. გარეთ გასვლა მინდა. ოთახში შევდივარ და სწრაფად ვიცვამ. - მე წავედი! - ხმამაღლა ვყვირი და კისრისტეხვით გავრბივარ. თითქოს დამაკავებენ, თითქოს მაგვიანდება. ნელა მივსეირნობ. დამეფიცება, რომ არაფერია წვიმის სუნით გაჟღენთილ სამყაროზე სასიამოვნო. ვსუნთქავ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ესეც სავსებით მაბედნიერებს. ნელი ნაბიჯით მივუყვები ქუჩას. ადამიანები ქოლგებით დადიან. შენობებს ან ტრანსპორტს აფარებენ თავს და მე ჩემთვის მოსიარულეს ისე მაკვირდებიან, როგორც უცნაურ ნივთს მაღაზიის ვიტრინაში. „მზერით მბურღავენ“ როგორი ფრაზაა? - გაცვეთილი. არც კი ვიცი რატომ ვთქვი, ზოგჯერ ბანალურობა მერევა. ადგილ-ადგილ დაზიანებული ასფალტის ზედაპირებზე ორმოებში ჩამდგარ გუბეებს ვაწყდები. შიგნით ჩაგროვილ წყალში საკუთარ ანარეკლს ჩავყურებ და მაბედნიერებს. გამოველაპარაკებოდი, მაგრამ ეს უცნაური ხალხი უცნაურობად ჩამითვლის. დაუმშვიდობებლად ვშორდები უამრავ ანარეკლს და ფეხები თავისით მიუყვება ჯაჭვის ხიდს. მიუხედავად იმისა რომ არ დამიგეგმავს, ფეხებმა იციან სად მიმიყვანონ. რიონისკენ მივდივარ. ისევ. იქ არასდროსაა ხალხი. ცოტა ხანს თეთრ ქვებზე დავჯდები და მშვიდად ვიფიქრებ. ისევ ვტყუი. კი არ ვიფიქრებ, უბრალოდ რიონის ხმას მოვუსმენ და დავტკბები. როგორც კი ქვემოთ ჩავდივარ, ყველა დაწყობილი გეგმა წყალში მეყრება. აქ ვიღაცაა. ზურგით ზის, თავზე კაპიშონი წამოუხურავს და სივრცეს უშტერებს თვალს. წამით იმასაც კი ვფიქრობ - მე ხომ არ ვარ, ძალიან მგავს იქ მჯდომი სხეული. მერე საკუთარ სიბრიყვესა და ფანტაზიის უნარზე მეცინება და ერთმანეთის მიყოლებით ვახტები ქვებს. უცნობს გვერდს ისე ვუვლი, არც ვუყურებ მიუხედავად იმისა რომ მაინტერესებს. ბოლოს საკმაო მანძილით ვშორდები და ერთ მოზრდილ ლოდზე ვჯდები. რიონი გრუხუნით მოდის. - როგორი მუქარა იცის წვიმაში... - ვფიქრობ და ღიმილი მეპარება. - მომენატრე, მეგობარო. - ისე ვეუბნები, თითქოს სულიერია და მისმენს. მერე უბრალოდ ვუსმენ. ჰო, რიონს. ვუსმენ და ვუყურებ. თავის ამბებს მიყვება. რა სუფთა იყო, როგორ დააბინძურეს ადამიანებმა. - მე მგავს, იქნებ, ამიტომ მიყვარს ასე? - ვფიქრობ, ისევ მეღიმება და ჰორიზონტს ასე ღიმილით გავყურებ. - შეიძლება? - უცნობის ხმას მოვყავარ გონს, უკვე თავზე მადგას. კაპიშონი ისევ ახურავს, შავი შარვალი და პიჯაკი აცვია. სევდიანი მზერა აქვს და უცნაური თვალები. უცნაური უცნაური ხალხისთვის, თორემ ჩემთვის საოცარია. ამჯერად მასზე მიშტერდება თვალი და ვფიქრობ რამდენად საოცარი ხმა აქვს. - შეიძლება დავჯდე? - კითხვას იმეორებს და სულ ოდნავ იღიმის. - ჰო, რა თქმა უნდა. - ვამბობ და ისე ვიჩოჩები და ადგილს ვუთავისუფლებ, თითქოს ასეთივე ლოდებით არ იყოს სავსე აქაურობა. უჩუმრად მიჯდება გვერდით, ჯიბიდან სიგარეტს იღებს და ხელში ათამაშებს. - ვილაპარაკოთ? - კითხულობს ისე, რომ სახეს არ აბრუნებს. - რაზე? - მის პროფილს ვაჩერდები და საკუთარი თავშეუკავებლობის მრცხვენია. - რა გიყვარს? - რიონი. - პირველი ის მომდის თავში, რისი ხმაც მესმის. - და მგონი, ფროიდიც. - ჩემს თითებში მოქცეული წიგნისკენ მანიშნებს და იღიმის. - ფროიდიც, ჰო. - დაბნეულობა ეტყობა ჩემს პასუხს. - მე კიდევ სიგარეტი მიყვარს, ფროიდიც და მგონი, რიონიც, - მცირე ყოყმანი ეტყობა მის საუბარს. - ესე იგი, ვილაპარაკოთ? - ამჯერად სახეს აბრუნებს და თვითონ აკვირდება ჩემს პროფილს. - რაზე? - კვლავ ვუბრუნებ კითხვას და ვფიქრობ, რომ გაღიზიანდება. - რიონზე, ფროიდსა და სიგარეტზე. - ღიმილით მიხსნის. - ვილაპარაკოთ. - აქ რას აკეთებ ამ წვიმაში, შეიძლება წყ'ლის დონემ აიწიოს და წყალმა წაგიღოს. - ღიმილს არ წყვეტს ახსნისას. - ვაკვირდები. - რას? - რიონს. - რიონს? - კი, რიონს. - სწრაფად ვუდასტურებ. - რატომ? - იმიტომ, რომ მომწონს. - რიონი თუ დაკვირვება? - რიონი. - ხმადაბლა ვამბობ, თუმცა, უცნობისკენ თავის მიბრუნებას ვერ ვბედავ. - კიდევ რას აკვირდები ხოლმე? - ადამიანებს. - ადამიანების რა მოგწონს თუ ღმერთი გწამს?! - ხმამაღლა იცინის და ასეთი სასიამოვნო ხმა რომ არ ჰქონდეს, სიამოვნებით გავბრაზდებოდი. - მრავალფეროვნება. - საინტერესოა, - სწრაფად სერიოზულდება და საუბარს განაგრძობს. - და ხშირად ხვდები მრავალფეროვან ადამიანებს? - ვერა. - თავს ვხრი და ლოდს ვაკვირდები. - ნუ ღელავ, მთავარია ხარისხი და არა - რაოდენობა. - მშვიდად ამბობს, ვგრძნობ როგორ ეღიმება. - შენ რას აკეთებ აქ, შესაძლოა წყ'ლის დონემ აიწიოს და წყალმა წაგიღოს. - მისივე ფრაზას ვუმეორებ და ამჯერად მე ვიღიმი. - მე უკვე წყალწაღებული ვარ. - სრული სერიოზულობა იგრძნობა მის ხმაში. - არც ისე კარგი წარმოდგენის ყოფილხარ საკუთარ თავზე. - წარმოდგენა არაფერ შუაშია, მე კარგი არ ვარ, მეტიც, შესაძლოა ამორალურიც თავისუფლად მიწოდოს ადამიანმა. - ამჯერად თვითონ ვერ ბედავს თავის მობრუნებას. - „ნორმალური ადამიანი არა მხოლოდ მრავალგზის უფრო ამორალურია, ვიდრე ჰგონია, არამედ მრავალგზის უფრო მორალურია, ვიდრე მან იცის“. - ღიმილით ვამბობ და წიგნის ყდაზე მიწერილ ფროიდის სახელსა და გვარზე ვუკაკუნებ თითს. - ერთით ნული შენ სასარგებლოდ. - ტუჩებს მოჩვენებითი ბრაზით ბუშტავს და დემონსტრაციულად უკრავს ტაშს. - სახელი, შენი სახელი არ ვიცი, რა გქვია? - სწრაფად ვუცვლი თემას. - რა მნიშვნელობა აქვს? - სახელს მნიშვნელობა არ აქვს? - ვფიქრობ, ორ შემთხვევაში არ აქვს სახელს მნიშვნელობა. როცა ადამიანი მოგწონს და როცა ადამიანი არ მოგწონს. - ეგ როგორ? - მხრებს ვიჩეჩავ გაკვირვების ნიშნად. - თუ ადამიანი ძალიან მოგწონს, მაშინ მისი სახელი ამ ადამიანზე მნიშვნელოვანი ვერ იქნება და ვერც წარმოდგენას შეგიცვლის რომელიმე კუთხით. აი, თუ არ მოგწონს, მაშინ არც დაინტერესდები მისი სახელით. - ეს ვინ თქვა? - მე ვთქვი, - ღიმილი უპობს ბაგეს. თითებში მოქცეულ სიგარეტის კოლოფს ერთ ღერს აცლის და ტუჩებს შორის იქცევს. - ეწევი? - ამჯერად მე მიწვდის კოლოფს. - არა. - რატომ? - ისე მეკითხება, თითქოს ჰაერზე ვამბობდე უარს. - იმიტომ რომ მავნებელია, შენ ბევრს ეწევი? - რამდენიმე კოლოფს დღეში. - რატომ? - მიზეზი უნდა მქონდეს? - კი. - კაყოფილი სახით ვუდასტურებ. - „ზოგჯერ სიგარეტი უბრალოდ სიგარეტია“, - ხმამაღლა მიცხადებს - და ესეც ერთით ერთი. - თვალებით მანიშნებს წიგნზე მიწერილ სახელსა და გვარზე. - ეეე, ეგ როგორ? ფროიდი სიგარაზე ამბობს. - ისე ვწუწუნებ, თითქოს მთავარ პრიზს მგლეჯდეს ხელიდან მისი ერთი ქულა. - მხოლოდ იმიტომ რომ მაშინ სიგარები იყო მოდაში, კარგი, რა, თანამედროვე ხალხი ვართ. - თავისთვის იცინის. - კარგი, ჯანდაბას შენი თავი, იყოს ერთით ერთი, მაგრამ მაინც მოგიგებ. - სიცილში ვყვები და ჩვენი ხმები ერთმანეთს სასიამოვნოდ ერწყმის. მალევე ვჩუმდებით. ის ეწევა, ერთ წერტილს უყურებს და სწრაფად სუნთქავს. მე მძიმედ ვსუნთქავ, ვფიქრობ და მზერას მთელ ჰორიზონტს ვატარებ. საერთო მხოლოდ დუმილი გვაქვს და ეს დუმილი საიმედოდ გაბმული ძაფია ჩვენ შორის. იმდენ ხანს იწელება, ბოლოს ვფიქრობ რომ ძაფის გაწყვეტის ორივეს გვეშინია. იქნებ, ჩვენ პირად სივრცეში ვართ და არ ღირს ერთმანეთს სიმყუდროვე დავურღვიოთ. თვალების უაზრო ცეცება მღლის, მაგრად ვხუჭავ და მთლიანად სმენად ვარ ქცეული. ისევ რიონს ვუსმენ და წამით მავიწყდება უცნობის არსებობა. მხოლოდ მანამ, სანამ სიმყუდროვეს არ დაარღვევს. - წყ'ლის დონე იმატებს. - მშრალად წარმოთქვამს, ხმაზე შეშფოთება მაინც ეტყობა. - მერე რა? - თვალებს არ ვახელ პასუხის გაცემისას. - უნდა წავიდეთ, მართლა ხომ არ გინდა წყალმა წაგვიღოს? - საიდან იცი, რომ წყ'ლის დონემ აიწია? - თვალებს ვახელ და მე პირადად ვერაფერს ვამჩნევ რიონს. - აი, იმ ქვას ხედავ? - თითს იშვერს. - ვერა. - ვპასუხობ, მაგრამ თვალებით მაინც ვეძებ მის მიერ მითითებულ ადგილს. - საქმეც ეგაა. რომ მოვედით, ჩანდა, ახლა წყალმა დაფარა. - სიგარეტს იქვე ლოდზე აქრობს და ნამწვავს ჯიბეში ინახავს. ფეხზე დგება და მოუსვენრად ბორგავს ლოდზე მდგომი. - არ წამოხვალ? ხომ ხედავ უკვე მეტისმეტად იმატებს წყალი. - მგონი პარანოიდი ხარ იცი? - ფეხებიდან სახისკენ ვაყოლებ მზერას და მის ანერვულებულ სახეზე მეღიმება. - „პარანოიდი ბოლომდე არასდროს ცდება“. - კარგი, რა, ორით ერთი. - წუწუნით ვაღიარებ და მეც ფეხზე ვდგები. უხმოდ მივუყვებით ლოდებს. ის წინ, მე უკან. მიუხედავად იმისა რომ ბევრად მაღალი მეჩვენა, გზაში ვაცნობიერებ რომ თითქმის ერთი სიმაღლის ვართ. მდუმარედ გადავდივართ ნაპირისკენ და ჯაჭვის ხიდისკენ მივუყვებით გზას. მოაჯირთან ვჩერდებით და თითქმის ნახევარი საათი ვაკვირდებით ზემოდან რიონს. ლოდები, რომელზეც ვისხედით, თანდათან წყ'ლით იფარება. - კიდევ გნახავ? - ვეკითხები, მაგრამ მისკენ შებრუნებას ვერ ვბედავ. - რა თქმა უნდა. - არც თვითონ აშორებს თვალს წეღანდელ სამყოფელს. - როდის? - როცა ისევ იქნება რიონის, ფროიდისა და სიგარეტის ამინდი. პასუხი ერთი შეხედვით გაურკვეველია, თუმცა, ზუსტად ვიცი რომ შევხვდები და ისიც ზუსტად ვიცი როგორ მივხვდები, როცა შეხვედრის დრო მოვა. - სხვანაირად ლამაზია ქუთაისი წვიმაში. - ძველ თემას გვერდს ვუვლი და მოაჯირს ოდნავ ვშორდები. - ვინ ხარ? - ჩემს გაბრწყინებულ თვალებს უყურებს და გულწრფელი გაოცება ეტყობა იმის გამო, რომ წვიმაში მოკლე სახელოიანი მაისურით ვდგავარ და ბედნიერებისგან არ ვიცი სად წავიდე. - „ჩვენ ვართ ჩვენი მისწრაფებები“. - კმაყოფილი ვამბობ ფროიდის კიდევ ერთ ფრაზას და ანგარიშის გათანაბრების შესახებ თითებით ვაცნობებ. - კარგი, კარგი. - ღიმილით მეთანხმება. - ჰოდა, წავედი ახლა, სანამ კიდევ ერთხელ გადაგისწრია. - წარბებს ეშმაკურად ვათამაშებ და თანდათან ვიხევ უკან. - დროებით. - შეხვედრამდე. - ვამბობ და სწრაფი ნაბიჯით ვშორდები. * * * ცამეტი ოქტომბერი. კოკისპირულად წვიმს. კომპიუტერთან ვზივარ და მოულოდნელად ვაწყდები დღევანდელ რიცხვს. დღეს ცამეტია, წვიმს. გონება სწრაფად მუშაობს. ჩემ გვერდით საწოლზე დადებულ „ფსიქოანალიზზე“ გადამაქვს მზერა. - რიონი, ფროიდი და სიგარეტი. - ხმამაღლა ვიცინი და ფეხზე ვდგები. ვიცვამ და ჯაჭვის ხიდისკენ ამჯერად ისე მივდივარ, რომ გზად არაფერს ვაკვირდები. მოაჯირთან მივრბივარ და ქვემოთ ვიხედები. იქ ზის. დაძახება მინდა, თუმცა, სწრაფად ვაცნობიერებ რომ სახელი არ ვიცი. ამიტომ მოაჯირს ვშორდები და სწრაფი ნაბიჯით მივიწევ ქვემოთ. ქვებს ერთმანეთის მიყოლებით ვახტები და სულაც არ ვიმჩნევ, რომ წვიმის გამო ფეხი რამდენჯერმე მისხლტება. რიონი ისე გამალებით ეხეთქება ლოდებს, ისე საშინლად ხმაურობს, დარწმუნებული ვარ, „უცნობი“ ჩემ მიახლოებას ვერ შეამჩნევს. სწრაფად ვუახლოვდები, სულს ძლივს ვითქვამ და ის ისაა ხმა უნდა ამოვიღო, რომ ისევ თავად მასწრებს საუბრის დაწყებას. - ვილაპარაკოთ? - ხმადაბლა ამბობს და ღიმილი ეპარება. - რაზე? - ხმამაღალი სიცილი მიტყდება. - რიონზე, ფროიდსა და სიგარეტზე. - ამჯერად თვითონ მაყოლებს ქვემოდან ზემოთ მზერას, ისიც ისევე ვერ ბედავს თვალებში შემოხედვას, როგორც მე წინა შეხვედრისას. - ვილაპარაკოთ. - ვამბობ და ამჯერად მე ვუჯდები გვერდით. ისევ სიგარეტი აქვს პირში გაჩრილი, ღრმა ნაფაზებს ურტყამს და ადიდებულ რიონს დასჩერებია. - მოწევ? - სიგარეტის კოლოფს მიწვდის. - ხომ იცი, რომ არ ვეწევი? - მაშინ როგორ ვლაპარაკობთ რიონზე, ფროიდსა და სიგარეტზე? - პლატონურად. - ვამბობ და ვიცინი. - ხომ იცი, რომ მაინც მოწევ? - ტუჩს იბზუებს და თავისი თავით კმაყოფილი ჩანს. - გინდა მოვწიო? - კი. - რატომ? - ასე სრულყოფილ სახეს მიიღებს ჩვენი საუბარი. - მხოლოდ ეს აკლია ჩვენს საუბარს სრულყოფილებამდე? - დიახ. - ღიმილით მიდასტურებს და ვაცნობიერებ რამდენად ნაცნობია ეს უცნობი უკვე. - მოვწევ, მაგრამ ერთი პირობით. - მითანხმდები? - არ ვიცი ჩემი ბავშვური კომენტარი აცინებს თუ თავისივე ნათქვამი, მაგრამ მომწონს რომ იცინის. - დავუშვათ ჰო, მზად ხარ შეთანხმებას მივაღწიოთ? - შემომთავაზე. - ძველი ნამწვიდან პირდაპირ ახალ ღერს უკიდებს, შემდეგ ძველს ლოდზე აქრობს და ისევ ჯიბეში ინახავს ჩვეულების შესაბამისად. - ადექი. - ვეუბნები და თვითონ მაშინვე ფეხზე ვდგები. რამდენიმე წამით ყოვნდება და ჩემს მოძრაობას იმეორებს. - ვიცეკვოთ. - მხიარულად ვაცნობებ და საკუთარი თავი კიდევ ერთხელ მაოცებს. მე ხომ არასდროს მიცეკვია. - რა? - თითქოს ვერ იჯერებს. - აი, აქ, ამ ლოდზე ვიცეკვოთ, მერე კი მოვწიოთ. - ცეკვა არ ვიცი. - სწრაფად უარყოფს. - არც მე, მაგრამ უარი არ მითხრა, რა. - წვიმს, ქვები სველია, შეიძლება წყალში გადავცვივდეთ. - გეშინია? - წარბს ვწევ გაკვირვების ნიშნად. - შიშს რას ეძახი? - „შიში არის საშიშროების წინაშე უკან დახევის გამოხატულება“ და ესეც სამით ორი. - კმაყოფილი ვუჩვენებ სამ თითს. - ოჰ, ფროიდი არ დაგავიწყდეს შენ. - ტუჩებს შორის მოქცეულ სიგარეტის ღერს კიდევ ერთხელ ურტყამს ღრმა ნაფაზს და ჩვენ შორის იასამნისფერი ბოლი დგება. - თემას მიცვლი? - ვეკითხები და ვცდილობ მისი სახე გავარჩიო ამ ბოლსა და წვიმაში. - არა. - მაშინ რატომ იგონებ რაღაც წინააღმდეგობებს, რომ არ იცეკვო? - „წინააღმდეგობის აღმოჩენა პირველი ნაბიჯია მისი დაძლევისა“ და სამით სამი. - ბოლი იფანტება და მის კმაყოფილ სახეს უკვე მშვენივრად ვარჩევ. - აუტანელი ხარ. - ისე ვეუბნები, სულ მავიწყდება რომ ეს ადამიანი ჯერ კიდევ უცნობია. - აბა, ვიცეკვოთ? - ხელებს მიწვდის და მეც ჩემსას ვახვედრებ. ახლოს ვიწევით ერთმანეთისკენ და ერთმანეთის ხელებს ვეყრდნობით. პირველად ვუსწორებ მზერას. უცნაური თვალები აქვს. ღრმა, სევდიანი, არაამქვეყნიური. ფერი? ვერ ვარჩევ, ვერ ვუკვირდები, ვერ აღვიქვამ. მისი თვალები ფერზე მეტია. მისი სახელივით უმნიშვნელო ხდება თვალის ფერიც. ასე ერთმანეთზე დაყრდნობილები ვდგავართ და წონასწორობის შენარჩუნებას ვცდილობთ წვიმის თუ რიონის წყ'ლისგან მთლიანად დასველებულ ლოდზე. ცეკვა? - ჩვენს თვალებში გამოჩენილი ჭინკები ცეკვავენ. ორივე მშვენივრად ვაცნობიერებთ, რომ ცეკვა - ეს მზერა და ეს უძრაობაა. არ ვიცი რამდენ ხანს ვდგავართ ასე. წვიმა იმატებს და საშინელი ქარია. კოჭებთან ამოსული რიონი გვახვედრებს, რომ ჩვენი ლოდი წყლით დაიფარა და „ცეკვას“ ვწყვეტთ. ერთად ვფხიზლდებით. - „ყველაფერი ღმერთს არ შეუქმნია“ და ოთხით სამი. - მზერას არ ვაშორებ, ისე ვეუბნები და ვაკვირდები როგორ ეფინება ღიმილი სახეზე. - ჰა? - სიცილით კითხულობს. - უძრავი ცეკვა თვალებით ჩვენ შევქმენით. - მეც მეღიმება. - წავიდეთ, ისედაც წყალწაღებულები კიდევ არ წაგვიღოს წყალმა. - მოწევა? - ვახსენებ, რადგან არ მინდა პირობა დავარღვიო. - შემდეგი შეხვედრისას მოვწევთ, ახლა წავიდეთ. - მხოლოდ იმის აღქმას ვასწრებ, რომ ისევ შევხვდებით და ახლა ეს სავსებით მაკმაყოფილებს. ნელ-ნელა მივიწევთ ნაპირისკენ. ადიდებული რიონი ათასი ჯურის უბედურებას გვახლის ფეხებზე. წყალი ბინძურია და იმუქრება. ახლა ფეხებიც ტანივით სველი მაქვს და ზემოდან კიდევ უფრო უმატებს წვიმა. სიმწრით გავდივართ სამშვიდობოს. წინა შეხვედრისა არ იყოს, ახლაც ჯაჭვის ხიდის მოაჯირს ვეყრდნობით და რიონს ვუყურებთ. - საშინლად ცივი ოქტომბერია. - ამბობს და ხელებს იორთქლავს. - საუკეთესო ოქტომბერია ჩემს ცხოვრებაში. - როგორც ყოველი წვიმისას, ახლაც იდიოტურად თვითკმაყოფილი სახე მაქვს. - მგონი შენ მართლა აფრენ. - ეღიმება და სიგარეტს იღებს ჯიბიდან, თუმცა, მთლიანად სველია, ამიტომ იძულებული ხდება უკან დააბრუნოს. - რატომ მოხვედი იმ დღეს სრულიად უცნობ ადამიანთან? - სერიოზული სახით ვაჩერდები პასუხის მოლოდინში. - „ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ მას, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში.“ - წარბს წევს, ხმადაბლა საუბრობს. - ჯანდაბა, ოთხით ოთხი. - ჩემივე პირით ვაღიარებ ანგარიშის გათანაბრებას. - წავედი ახლა, სანამ ისევ გადაგისწრია. - წინა შეხვედრისას ნათქვამ ჩემ ფრაზას იმეორებს და ამჯერად თვითონ მშორდება. ცოტა ხნით კიდევ ვდგავარ ხიდზე. მაწვიმს, საშინელი ქარია, რიონის ღრიალი მესმის და კმაყოფილი ვარ. * * * ექვსი ნოემბერი. წვიმს. დილით ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხიარული სიმღერა მაღვიძებს. თვალებს ვახელ და ხალხით სავსე ოთახს ვავლებ მზერას. შიშველ სხეულზე ზეწარს მჭიდროდ ვიფარებ და ვცდილობ გავაცნობიერო რა ხდება. - დაბადების დღეს გილოცავთ! - ერთხმად ყვირიან და ყურები მიგუბდება. - ხალხნო, გაგიჟდით? იქნებ, მაცადოთ ჩავიცვა? - უკმაყოფილოდ ვატრიალებ თვალებს და ოთახი ნელ-ნელა იცლება. ნელა ვდგები და აზრების მოკრებას ვცდილობ. დღეს ჩემი დაბადების დღეა, ექვსი ნოემბერია და გარეთ წვიმს. - რიონი, ფროიდი და სიგარეტი. - თავისთავად ტივტივდება გონებაში სამი სიტყვა და ელვის სისწრაფით ვიცვამ. სწრაფად გავდივარ ოთახიდან და სახლში მყოფ სტუმრებს არ ვიმჩნევ. - მაპატიეთ, უნდა წავიდე. - ხმადაბლა ვლუღლუღებ და სანამ პასუხის დაბრუნებას მოასწრებენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გავრბივარ სახლიდან. აქოშინებული ვდგავარ ნაცნობ მოაჯირთან და ქვემოთ ვიხედები. იქ ზის. მისი სახელი ისევ არ ვიცი. მოაჯირს ვშორდები და ვერც ვაცნობიერებ, რომ უკვე ლოდზე ვზივარ მის გვერდით. - ვილაპარაკოთ? - მეკითხება ჩვეული ინტონაციით. - რაზე? - ნაცნობი ღიმილი მეფინება სახეზე. - რიონზე, ფროიდსა და სიგარეტზე. - ვილაპარაკოთ, მაგრამ არაპლატონურად. უჩუმრად იღებს სიგარეტს, თვითონვე უკიდებს და მაწვდის. ბოლს ღრმად ვუშვებ ფილტვებში და თვალებში ვუყურებ. - პირველად ეწევი? - მეკითხება და მიუხედავად სიახლოვისა, წვიმისა და მდინარის ხმის გამო კიდევ უფრო ახლოს ვიწევი რომ გავიგო რას ამბობს. - პირველად ეწევი? - სახე ჩემს სახესთან ახლოს მოაქვს. - კი. - ვუდასტურებ და მისი სასიამოვნო არომატი მიღიტინებს ცხვირში. - ყოჩაღ. - რისთვის? - პირველი მოწევისას ყველას ხველა უტყდება. - მხრებს იჩეჩავს. - მე ყველა არ ვარ. - მოკლედ ვამბობ და ბრაზი მეტყობა სახეზე. მას მხოლოდ ეღიმება და თავის დაქნევით მეთანხმება. - დღეს დაბადების დღე მაქვს. - და მაინც აქ მოხვედი? - ჰო. - ჩემ გამო? - რიონის, ფროიდისა და სიგარეტის. - ანერვიულებული მეჩვენები. - ამ დილით თავზე დამახტნენ მძინარეს, კიდევ კარგად ვარ. ნერვები ძველ ნასახლარზე ტოტებს შორის შემორჩენილ სარეცხ თოკს მიმიგავს, ვგრძნობ რომ მალე დამაწყდება. - სევდიანად ვამბობ და იმხელა ნაფაზს ვურტყამ, სადაცაა ხველა ამივარდება. - „შენი შინაგანი სამყაროს მასშტაბი, განპირობებულია უდიდესი პრობლემით, რომელსაც შეუძლია მწყობრიდან გამოგიყვანოს“ და ხუთით - ოთხი. - ყოჩაღ, მშვენივრად იცი სიტუაციით როგორ ისარგებლო. - უკმაყოფილო, ბრაზიან მზერას ვაპყრობ. - ეს კომპლიმენტია? - თავისი საფირმო ღიმილით მიღიმის. - კომპლიმენტი? ჰმ, არა, ქება-დიდებაა. - „როცა მაკრიტიკებენ, მე შემიძლია თავი დავიცვა, ქების წინააღმდეგ კი უძლური ვარ“, ესეც ექვსით ოთხი და აშკარად არ ხარ ფორმაში. - წადი შენი! - ბრაზით ვამბობ და ჰორიზონტს ვაჩერდები. - შენ რა, მართლა ცუდად ხარ? - არა. ვხუმრობ. - თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ რიონის ხმას მოვუსმინო. - მარტო ყოფნა გინდა? - ჰო. - წავიდე? - ხმადაბლა ამბობს. - არა, მარტო ყოფნა მინდა შენთან ერთად. - ვგრძნობ როგორ უბრწყინდება სახე, მიუხედავად იმისა რომ არ ვუყურებ. - ყველაზე საიმედო კავშირია, როცა ვიღაცას შენი ყოფნა მარტოობაში ხელს არ უშლის. - ეს ვინ თქვა? - მგონია, რომ რომელიმე ბრძენის სიტყვებს იშველიებს და ჩემი დაბინდული გონება ვერ წვდება. - ყველაფერს სხვები ხომ არ იტყოდნენ, ჩვენც დაგვიტოვეს სათქმელი. - კმაყოფილება იგრძნობა მის ხმაში. - რა ჰქვია ჩვენს ურთიერთობას? - რა მნიშვნელობა აქვს? - სიგარეტის ბოლი მომდის და ვხვდები, რომ კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. - არა აქვს? - დაფიქრდი ადამიანებზე. ყველასთან, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს, რაღაც სტატუსს ანიჭებ. - მერე? - მერე დროა რაღაც სხვა შევქმნათ, უსტატუსო. - უსტატუსო? - ჰო, პირველი ადამიანები ვიქნებით, რომელთაც უსტატუსო ურთიერთობა აქვთ. მე და შენ ხომ უნიკალურები ვართ. - კი არ კითხულობს, დარწმუნებით ამბობს. - „რაც უფრო უნიკალურია ადამიანი გარედან, მით უფრო მეტი დემონი ცხოვრობს მის შიგნით“ და ექვსით ხუთი. - ამჯერად მე ვიცინი. - ახლა ძალით გაიღიმე, არა? - რა გინდა? - მაღიზიანებს, რომ ასე სწრაფად ხვდება ეს „უცნობი“ ჩემი ხასიათის შტრიხებს. თუმცა, რაღა უცნობი, ვის ვატყუებ. - მინდა ბედნიერი იყო. - „ადამიანის გაბედნიერება არ შედიოდა სამყაროს შემქმნელის გეგმებში“ და ექვსით ექვსი. - ოჰო! - ხმამაღლა ეცინება ,ჩემი თვითკმაყოფილი სახის დანახვისას. - ადამიანებს ვერ ვუგებ და ვერც ისინი მიგებენ. - სწრაფად ვცვლი თემას. - ეს ბუნებრივია, თავად თქვი რომ ყველა არ ხარ. - ჰო, მაგრამ არ ვიცი, შენ ხომ გიგებ არა? - ჩვენ ერთნაირები ვართ, მაგრამ მხოლოდ ორნი. - ამას რა მნიშვნელობა აქვს? - ხალხი საჭიროა, გესმის? - რა ჯანდაბის გამო? - საკუთარი სასოწარკვეთილი ხმა მჭრის ყურს. - წარმოიდგინე რომ ისინი საჭმელი არიან, გინდა თუ არა, გჭირდება, რა, დიდხანს ვერ გაძლებ საჭმლის გარეშე, ზოგჯერ უფრო „გემრიელია“, ზოგჯერ უფრო საძულველი და „უგემური“, მაგრამ მაინც საჭმელია და გჭირდება არსებობისთვის, რა. აი, ჩვენნაირ ადამიანებთან ურთიერთობა კი „სექსია“. საჭირო, მაგრამ არა - აუცილებელი, მის გარეშე იმდენ ხანს გაძლებ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება და თუ ვერ გაძლებ, „მასტუ'რბაციით“ ანუ „სარკესთან ლაპარაკით“ დაკავდები. - ისე იღიმის, ვხვდები თავადაც მოეწონა საკუთარი ნააზრევი. - აფრენ შენ. - უდარდელად მეღიმება და სულ მავიწყდება, რომ ცუდ ხასიათზე ვარ. - უნდა წახვიდე. - მზერა უსევდიანდება. - რატომ? - სტუმრები გელოდებიან, განა, ვინ ამბობს სექსის გამო საჭმელზე უარს? - არაადამიანურად ლამაზად იღიმის. - მე ვიქნები პირველი. - უკვე პირველი ხარ, ისინი დატოვე და აქ მოხვედი, მაგრამ ახლა უნდა დაბრუნდე. - შეუვალი ჩანს და მასთან კამათის ძალას ვერაფრით ვპოულობ საკუთარ თავში. - ისევ გნახავ? - მისთვის პირველ დღეს ნათქვამ ფრაზას ვიმეორებ. - რა თქმა უნდა, ყოველთვის, როცა რიონზე, ფროიდსა და სიგარეტზე საუბრის ამინდი იქნება. უჩუმრად ვდგები და ვხვდები, რომ თავად წამოსვლას არ აპირებს. არც მე ვაძალებ, ნელ-ნელა გადავდივარ სველ ქვებზე და სამშვიდობოს გასული რამდენიმე წუთი ვაკვირდები უცნობის ნაცნობ სხეულს. შემდეგ სწრაფად ვშორდები ადგილს, არც ჯაჭვის ხიდზე ვჩერდები და აღარც წვიმისა და რიონის ხმას ვუსმენ. * * * ცამეტი ნოემბერი. წვიმს. საშინელ ხასიათზე ვიღვიძებ. თუმცა, რა ახალი ამბავი ესაა, ჩემი დაბადების დღის შემდეგ ყოველ დილით საშინელ ხასიათზე ვიღვიძებ. ზანტად ვიღებ ტელეფონს, ფეისბუქის სქროლვას ვიწყებ და პატარა ციტატას ვაწყდები. „იმ მომენტში, როცა ადამიანი ცხოვრების აზრსა და მიზნებს უფიქრდება, შეიძლება იგი ავადმყოფად იქნეს მიჩნეული.“ ისევ ფროიდი. მაშინვე დღევანდელ რიცხვს ვნახულობ. წვიმს და ცამეტი ნოემბერია. - რიონი, ფროიდი და სიგარეტი. გონებაში მხოლოდ ეს ფრაზა ელავს და აზრზე რომ მოვდივარ, უკვე ჯაჭვის ხიდზე ვდგავარ. ქვემოთ ვიხედები. იქ არ ზის! გულში რაღაც მწყდება. ნელი ნაბიჯით ვეშვები ქვემოთ, გზად, მარკეტში სიგარეტსა და ასანთს ვყიდულობ და ძლივს მივლასლასებ ნაცნობ ქვებზე. უღონოდ ვჯდები და ღრმად ვსუნთქავ. რამდენიმე წუთი რიონის ხმას ვუსმენ. წვიმა სახეში მასხამს, მაგრამ ამას მხოლოდ ლოგიკით ვხვდები. არ ვიცი რამდენ ხანს ვზივარ ასე. მხოლოდ ის ვიცი, რომ ყელში ნაცნობი, მშვიდი სუნთქვა მხვდება. - ვილაპარაკოთ, რა, რიონზე, ფროიდსა და სიგარეტზე. - ხმადაბლა ვამბობ და თვალებს ვახელ. - ვილაპარაკოთ. - ამჯერად თვითონ მთანხმდება და გვერდით მიჯდება. ორ ღერს უკიდებს, ერთს მე მაწვდის, მეორეს კი ბაგეებს შორის იქცევს და მშვიდად მიყურებს. - გაღმერთებ იცი? - ყველაზე გაცნობიერებული გაუცნობიერებლობით ვამბობ და არაადამიანურად ლამაზ თვალებს ვუსწორებ მზერას. - „ცრუმორწმუნეობა ზოგჯერ მიზანშეწონილი და გამართლებულია, სხვა შემთხვევაში კი მცდარი და საზიანო, თუმცა, მაინც არასდროს ვიცით როდისაა ერთი და როდის მეორე.“ - ცხრით - რვა, მოიგე. - ვამბობ და მსოფლიოში ყველაზე გულწრფელი ღიმილი მიფარავს ბაგეს. - ვის ადარდებს? - მპასუხობს და ისეთივე ყველაფრის მთქმელია, როგორც მაშინ ნათქვამი: „რა თქმა უნდა, შევხვდებით, როცა რიონის, ფროიდისა და სიგარეტის ამინდი იქნება.“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.