ოჯახი დაქირავებით(სრულად)
ოჯახი დაქირავებით 1 თქვენთვის რას ნიშნავს საოცნებო ახალი წელი? ბრდღვიალა ნაძვის ხეს? ნაძვის ხის ძირში დაწყობილ საჩუქრებს? რამდენიმე სართულიან სუფრას თუ სტუმრებს, თვეობით უნახავ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მეზობლებს? რას ნიშნავს ახალი წელი? რომელიმე ფეშენებელურ კურორტს? თუ ფერად და ხმაურიან ფეიერვერკს? ჩემთვის ახალი წელი მყუდროებას, დათოვლილ ნაძვნარს, ფანჯრიდან ფერადი ნათურების ციმციმს და რაღაც ამოუცნობი სასწაულის მოლოდინს ნიშნავს. ძალიანაც რომ მინდოდეს, ამაზე მეტს ვერაფერს გავუკეთებ საკუთარ თავს. რატომ? ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით. წლებია სამშობლოში არ ვყოფილვარ. აქ, სამწუხაროდ, ვერ შევდექი ვერც ქმრად, ვერც მეგობრად, ვერც შვილად, ვერც მწერლად. ვერაფერს მივაღწიე იმის გარდა, რომ მამაპაპურ ღვინოს მივეძალე და ბოლოს გალოთების პოტენციურმა კანდიდატმა, ჩავალაგე პატარა ჩანთა და საქართველო დავტოვე. ასე და ამგვარად თავი შორეულ იტალიაში ამოვყავი, ვერც აქ გავძელი დიდხანს და საფრანგეთში გადავედი, შემდეგ იყო გერმანია, შემდეგ ბელგია. ვერსად ვერ მივაგენი დაკარგულ "საკუთარ მეს" და ბოლოს სულაც კონტინენტი შევიცვალე და ამერიკაში ამოვყავი თავი. სად აღარ ვმუშაობდი ძაღლების გამსეირნებლიდან ბაბუს მომვლელობამდე. თუ კი რამ სამსახური იყო არაფერს ვთაკილობდი. არც სხვა გზა და ხსნა მქონდა. რამდენიმე ენას შეიძლება სრულყოფილად ვერა, მაგრამ სასაუბროდ ხომ მაინც ვფლობდი. ამიტომ სამუშაოს პოვნა არ მიჭირდა. თუმცა ყველაზე მთავარს მაინც ვერ მივაგენი, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ მე დაკარგული საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთხელ ყველას ცხოვრებაში ხდება, რომ ბედის მატარებელი ჩამოგიქროლებს და შეხტომას თუ მოასწრებ იმ სადგურამდე მიგიყვანს " სურვილების ასრულება " რომ ჰქვია. სწორედ ასე მოხდა ჩემთანაც. ბოლოს ერთი მოხუცს ვუვლიდი. ვუვლიდი რა, კომპანიონობას ვუწევდი, თორემ ისეთი მოხუცი იყო ბევრ ჩვენს ახალგაზრდას რომ სჯობია გონიერებითაც და მხნეობითაც. ჩემს ბაბუს მარკ გრეგორი შულცი ერქვა. ნაკითხი, განათლებული კაცი რომ იყო, ამას მისი უზარმაზარი ბიბლიოთეკიდან და მისი ჭკვიანი დაკვირვებული მზერდანაც მალევე მივხვდი. როგორც მომიყვა ადრე უზარმაზარ გამომცემლობას ხელმძღვანელობდა და მისი სახელი ახლაც კარგად ახსოვდათ იმ წრეებში. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. _ გიორგი, _ მითხრა ერთ დღესაც.როცა მოსაღამოვებულზე უზარმაზარ შუშის სარკმელთან ვისხედით სავარძლებში და ჩაის ვსვამდით. _ ვინ ხარ და რას წარმოადგენ? _ რა გითხრათ ბატონო მარკ?_ ავიჩეჩე მხრები_ სამშობლოდან საკუთარი თავის ძიებაში გადახვეწილი კაცი ვარ, ცოტა პესიმისტი და ცოტათი მწერალი! _ მწერალი?_ ბოლო სიტყვამ უცნაურად დააინტერესა._ რას წერ? ლექსებს? რომანებს? _ყველაფერს ცოტ ცოტას!_გამეცინა მე. _ მაჩვენე შენი ნაწერები! ყოველთვის მაინტერესებდა ახალი მწერლების აღმოჩენა. _ მომთხოვა სერიოზულად. არც კი ვიცი რატომ დაინტერესდა.ალბათ მასაც საკუთარი პროფესიის ნოსტალგია ჰქონდა. _ კარგით ბატონო მარკ, ჩვენი მეგობრობის ხათრით. დაე თქვენ იყავით ჩემი პირველი მკითხველი!_ ვუპასუხე და საძინებლიდან ჩემი ხელნაწერები გამოვიტანე. მან, რა თქმა უნდა, ქართული არ იცოდა , ამიტომ მომიხდა მისთვის ყველაფერი მეთარგმნა. ყურადღებით მისმენდა, როგორ ვყვებოდი საქართველოზე და ქართველებზე, ქართულ სოფლებზე, ხალხზე, ტრადიციებზე, სუფრაზე, ყველაფერზე, რაც ასე მენატრებოდა. საკუთარ თავზეც და ჩემს აწ გარდაცვლილ დედაზე. ყველაფერს ინტერესით ისმენდა, შიგა და შიგ კითხვებს მისვავდა, რაც მისთვის გაუგებარი იყო იმას აზუსტებდა. თითქმის გამთენიისას დავამთავრე ჩემი ხელნაწერების კითხვა. დაფიქრებული იჯდა მარკი და ქუჩის რიჟრაჟს აკვირდებოდა. _ ეგ ყველაფერი მართლა მასეა თუ შენ აზვიადებ?_ მკითხა დაფიქრებულმა. _ ყველაფერი სიმართლეა ბატონო მარკ! მე კიდევ არ მყოფნის უნარი ყველაფერი ისე გადმოვცე, როგორც არის! სინამდვილეში უფრო დიდებულია საქართველო!_ ვუპასუხე ამაყად. ვუყურებდი და ვხედავდი ფიქრებში. როგორ მოგზაურობდა ჩემი სამშობლოს წარმოსახვით მთებში და ტყეებში. სოფლებში და ამ წამს ფანჯრიდან იქნებ სულაც თბილისის ქუჩებს ხედავდა. _ გადაწყვეტილება მივიღე გიორგი!_ მითხრა მოულოდნელად მან._ ამ ახალ წელს შენს საქართველოში ვხვდებით! შენს ოჯახთან ერთად და თუ ყველაფერი ზუსტად მასეა, მე ვიქნები ის სპონსორი, ვინც შენს წიგნს გამოსცემს! _ ბატონო?_ გაოცებისგან თვალები შუბლზე ამასხდა. _ დიახ, დიახ, საქართველოში მივემგზავრებით!_ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მას._ მე აუცილებლად უნდა გავიცნო ეს სასწაული ხალხი. აქ ყველა ცივი და მიუდგომელია. საკუთარი შვილებიც კი მხოლოდ დამირეკავენ შობას, მათ დიდი ხანია ჩემთვის აღარ სცალიათ. სწორედ ამ მარტოობას მიმსუბუქებს შენი აქ ყოფნა. მე კი ადამიანური წრფელი ურთიერთობებით მინდა დავტკბე! დავფიქრდი. ჩემი სამშობლო 25 წლისამ დავტოვე. და აი უკვე 15 წელია თვალით აღარ მინახავს. ნელ_ნელა ყველასთან გავწყვიტე კავშირი. აღარც ძველი მეგობრები მყავდა, აღარც ნათესავებს ვახსოვდი, ისიც კი არ ვიცოდი, ჩემი სახლი სოფელში კიდევ იდგა თუ არა. საიდან მომეტანა მარკისთვის 15 წლის წინანდელი საქართველო? ან ჩემი არ არსებული ხალხმრავალი ოჯახი? და თბილი ნათესაურ_ მეგობრული ურთიერთობები. ან საერთოდ იქნებ ყველაფერი იმიტომ ავსახე ასეთ ნათელ ფერებში, რომ უბრალოდ დიდი ნოსტალგია მქონდა? ამოვიოხრე და დავფიქრდი. ასეთი შანსის დაკარგვას საკუთარ თავს არ ვაპატიებდი. ბოლო_ბოლო საკუთარი წიგნის გამოცემა ხუმრობა საქმე ხომ არ იყო? თუ ამისთვის მარკს ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახის ნახვა უნდოდა, მიიღებდა კიდეც ასეთ ოჯახს! ეს ხომ სწორედ ის ნატვრის მატარებელი იყო, რომლის გაშვებაც არ შეიძლებოდა! დავიჯერო სოფელში არავინ დამთანხმდებოდა სოლიდური თანხის სანაცვლოდ, მხოლოდ ამ ახალ წელს, სამიოდე კვირით, ჩემი ოჯახის როლი რომ ეთამაშა? 2 როგორც კი მარკთან საუბარი დავასრულე და ოთახში გავევდი, მაშინვე კომპიუტერთან დავჯექი. ახალი ინკოგნიტო ექაუნთი გავაკეთე და რამდენიმე ქართულ საიტზე ვრცელი განცხადება დავდე. " კონკრეტული ადამიანი ეძებს მსახიობების ჯგუფს, ან კონკრეტულ ოჯახს, რომელიც სოლიდური კომპენსაციის სანაცვლოდ სამი კვირის მანძილზე ითამაშებს მისი ოჯახის როლს. დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით, ამა და ამ ნომერზე. გპირდებით სრულ კონფედენციალურობას. იურიდიულ დონეზე." " Enter" დავაწკაპე და თითები მაგიდაზე დავაკაკუნე. ახლა მხოლოდ ლოდინიღა დამრჩენოდა. ნოუთბუქი დავხურე და დასაძინებლად დავწექი. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი, რამდენად სერიოზულ აფიორაში ვებმებოდი. არც იმაზე მიფიქრია თუ რა შედეგს მომიტანდა ჩემი ერთი შეხედვით გაუმართლებელი საქციელი. მაგრამ თუ სურვილის ასრულება მსურდა, უკანდასახევი გზაც აღარ მქონდა. მეორე დღიდანვე დაიწყო და დაიწყო რეზიუმეების გამოგზავნა. მაგრამ არცერთი იყო იმდენად დამაჯერებელი, რომ მარკისთვის წარმედგინა. საერთო ჯამში ვეძებდი ხნიერ ადამიანს მამის როლზე, ასევე ახალგაზრდა ქალს, ორი არასრულწლოვანი შვილით. ანუ ჩემს მიერ საქართველოში დატოვებულ ცოლ_ შვილს, ვითომ ჩემი ემიგრანტული ცხოვრების მიზეზს და მიზანს. რადგან ჩემს მოთხრობაში ვყვებოდი ისეთ კაცზე, რომელმაც დიდი გაჭირვების და უიმედობის წლებში, რომელსაც ვიცნობთ " წყეული ოთხმოცდაათიანების " სახელით საკუთარ თავზე იტვირთა ოჯახის გაჭირვებისგან ხსნის ტვირთი და აი უკვე თხუთმეტი წელია ელოდება იმ დღეს, როცა სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდება. და საკუთარი მოსიყვარულე ოჯახი და მონატრებული სამშობლო გულში ჩაიკრავენ. იმას, რასაც საკუთარ თავზე ვწერდი, ჩემს სურვილებზე, სევდაზე და მიზნებზე სიტყვას არც ვაკლებდი და არც ვამატებდი, ხოლო ოჯახი, რომელიც ჩემს ამბავში გამოვიგონე,სხვა არაფერი იყო , თუ არა ოცნება. რომ ოდესმე მეც მქონოდა ზუსტად ასეთი თბილი და მოყვარული , იდეალური ოჯახი. თუმცა მას შემდეგ, რაც მარკს ამაყად დავუდასტურე, რომ ყველაფერი, რასაც ვწერდი სრულ სიმართლეს შეესაბამებოდა საკუთარი სიტყვების უკან წაღება აღარ შემეძლო. თუ მარკი ჩემს ტყუილს გაიგებდა არათუ წიგნზე ოცნებას ,არამედ სამსახურსაც უნდა გამოვმშვიდობებოდი. ამიტომ ვეძებდი ზუსტად იმ სახეებს , რომლებიც ოცნებაში მყავდა წარმოდგენილი. რადგან ჩემს მოთხრობაში მთელი სიზუსტით მყავდა აღწერილი მათი პერსონაჟები. რაღაც მომენტში გავიფიქრე, იქნებ ჯობდა ჩემს წამოწყებაზე სულაც უარი მეთქვა? მაგრამ ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ ეს წამიერი წმინდა ზრახვები, ჩემი დაბეჭდილ_ გამოცემული წიგნის სახებამ წამშივე გამიფანტა. რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ მე მაინც არ მქონდა სასურველი შედეგი. ხან მამა არ ემთხვეოდა ჩემი პერსონაჟის სახეს, ხან ვაჟი, ხან სულაც ჩემი "მომავალი" მეუღლე არ ჯდებოდა ჩემთვის სასურველ პარამეტრებში. იმდენად ჩვევად მექცა ჩემი პერსონაჟების ძებნა, რომ სოც. ქსელებში უთავბოლო ხეტიალისას, ინსტიქტურად ვეძებდი მათ. ერთ საღამოსაც მოულოდნელად, თითქოს მონიტორის ეკრანი აკაშკაშდა, მე სწორედ იმ ქალის ფოტოს წავაწყდი ვიზეც მოთხრობაში ვსაუბრობდი. და ამ სურათის ქვეშ ჩემთვის ოდესღაც ძალიან მნიშვნელოვან სახელს და გვარს წავაწყდი. გვანცა გიგაური. გულშიც და მთელ სხეულშიც უცნაურად გამაჟრჟოლა. არც ვაციე, არც ვაცხელე და მის პროფილზე გადავედი, ავათვალიერე, ჩავათვალიერე. ორი შვილი ჰყავდა თითქმის თანატოლი ბიჭი და გოგო. ყველა მეორე სურთი მისი შვილების იყო. დაახლოებით ათი წლისები იქნებოდნენ. და ერთმანეთს საოცრად ჰგავდნენ. თავად გვანცა კი წლებს ოდნავ შეეცვალა, თმის ფერი შეეცვალა, თვალებში სევდა ჩასდგომოდა და მისთვის დამახასიათებელი ბავშვური ნაკვთები თითქოს დასერიოზულებოდა. თუმცა ისევ ის გვანცა იყო. თხუთმეტი წლის წინ ცოლად რომ გამომყვა და თავისი ბედი, როგორც მაშინ ორივეს გვეგონა, სამუდამოდ დამიკავშირა. კიდევ ერთხელ ყურადღებით დავათვალიერე ჩემი , როგორც უკვე მიხვდით, ყოფილი მეუღლის პროფილი, თუმცა მისი ახალი ქმრის ვერავითარ კვალს ვერ წავაწყდი. სული ამიკაწკაწდა ისე მომინდა მისთვის მიმეწერა, მომეკითხა, და მასთან რაიმე სიახლოვე, თუნდაც წამიერად, მეგრძნო. იმდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ ვნახე. ძალიან ჯიუტი გამოდგა გვანცა, როგორც დამპირდა ჩვენი დაშორების შემდეგ ჩემთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა , მხოლოდ ერთხელ ჩამომაკითხა ამერიკაში, და მაშინაც განქორწინების საბუთებზე მომაწერინა ხელი. მითხრა, რომ ახალ ცხოვრებას იწყებდა და სამუდამოდ გაუჩინარდა. როგორ სჩანს, მართლაც დაუწყია ახალი ცხოვრება, ამის მტკიცებულება მისი ქალ_ ვაჟი იყო. მაგრამ ალბათ ვერც ახალ ოჯახში იპოვა ის, რასაც ეძებდა. რამდენადაც შემეძლო ჩემს ინტუიციას დავყრდნობოდი, გვანცას არც ამჯერად გაუმართლა მეორე ნახევარში. ჩემში ხომ არ გაუმართლა და არ გაუმართლა. _ გამარჯობა გვანცა !_ მივწერე ხელის კანკალით. მესიჯი წაიკითხა და მაგრამ პასუხი არ გაუცია. დაახლოებით თხუთმეტი წუთი ველოდე და ბოლოს ვიფიქრე, რომ პასუხის ღირსად არც გამხდიდა, რადგან შეუძლებელი იყო ვერ ვეცნე. მხოლოდ მისი უინტერესობა რჩებოდა. საქართველოს დროით დაახლოებით თერთმეტ საათზე მიპასუხა. _ გამარჯობა გიორგი! _ ჰაერი ჩავისუნთქე და დამშვიდება ვცადე. რატომღაც უფრო იმ პასუხს ვიყავი შგუებული, რომ არ მიპასუხებდა. და თითქოს ამის ცოდნა შინაგანად სიმშვიდეს მინარჩუნებდა. მაგრამ გვანცამ გადაწყვიტა პასუხი გაეცა და ამით ჩემი სიმშვიდის გალავანი სულ მიწასთან გაასწორა. _ როგორ ხარ?_ ამაზე ბანალური რა შემეძლო მეკითხა? _ კარგად. _ მოკლედ მომწერა მან. სანამ ვფიქრობდ რა მიმეწერა, რომ საუბარი ამეწყო ვხედავდი, როგორ წერდა და შლიდა ის საკუთარ სათქმელს. ბოლოს მაინც გადაწყვიტა მხოლოდ ეს მოკლე სიტყვა ეკმარა. თუმცა მისი ყოყმანი ჩემთვის პასუხზე მეტი იყო. _ გვანცა მომენატრა შენთან საუბაარი!_ მივწერე მე და ამოვისუნთქე. ეს სრული სიმართლე იყო. _ მეც!_ მისი პასუხი ჩემთვის საოცრად მოულოდნელი იყო. 3 _ შენ არ შეცვლილხარ გვანცა, ისევ ისეთი ლამაზი ხარ._ კომპლიმენტს კი არ ვეუბნებოდი სიმართლეს ვამბობდი. _ თმაში გამიჩნდა ჭაღარა!_ სიტყვებს ღიმილის სმაილი მოაყოლა. _ შენც არა გიშავს!_ არასდროს უყვარდა გადამეტებული ლაპარაკი. ყოველთვის იმას ამბობდა, რასაც ფიქრობდა. რახან თქვა, რომ არა მიშავდა ესეიგი მართლაც არა მიშავდა! ორმოცი წლის ასაკში, როცა არა გიშავს რა თანაც თხუთმეტწლიანი ემიგრაციის შედეგ, გამოდის, რომ მართლაც კარგად გამოიყურები. _ ისევ ამერიკაში ხარ?_დაინტერესდა გვანცა. _ კი გვანცა, ახლა ბევრად სტაბილურად ვარ. თუმცა ცოტა ხანში საქართველოში მომიწევს დაბრუნება._ არც კი ვიცი რატომ ვეუბნებოდი ამას. _ მართლა?_ მგონი გაუკვირდა მას. _ და აქ რა დაგრჩენია?_ ვერ მივხვდი ირონია იყო თუ სარკაზმი? თითქოს მეწყინა. არა, იმის იმედი არ მქონდა, რომ გაუხარდებოდა, მაგრამ ...თუმცა არც კი ვიცი , რისი იმედი მქონდა. თავად რა მინდოდა იმაზეც კი არ მქონდა რაიმე გარკვეული წარმოდგენა. _ უცნაური ამბავი შემემთხვა გვანცა._ ვჭოჭმანობდი , მთლად სახარბიელო მოსაყოლი არ იყო, ის მიზეზი თუ რატომ მიწევდა თხუთმეტი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება , საიდანაც ლაჩრულად გამოვექეცი გაჭირვებას და დანგრევის პირას მისული ოჯახის პრობლემებს. ვიცოდი ვტყუოდი მასთან, რომ არ ვიბრძოლე მის შესანარჩუნებლად და ჩვენი დიდი სიყვარული ასე ადვილად დავთმე. _ შენ როგორ ხარ გვანცა, როგორ გყავს ოჯახი? გავიგე გათხოვილხარ!_ არაფერი მე არ გამიგია, მაგრამ ისედაც ხომ ყველაფერი გასაგები იყო?! _ რავი ვარ რაა! კიი, მართალი ხარ, მაგრამ როგორც სჩანს ერთხელ ჭირს ხოლმე რთული ნაბიჯის გადადგმა, მერე ადვილდება ყველაფერი._ უცნაური იყო თითქოს სინანულს არც გრძნობდა. _ ბავშვები?_ ვკითხე ინტერესით. _ გოგო და ბიჭი დამიტოვა და შენსავით მოუსავლეთში გადაიკარგა. არ მიმართლებს კაცებში_ ისევ სმაილი მოაყოლა მესიჯს. _ ია და ლადო როგორ არიან?_ დავინტერესდი ყოფილი სიდედრით და სიმამრით, კარგის მეტი არ მახსოვდა მათგან. ჩვენი დაშორების შემდეგაც კი იმედი არ დაუკარგავთ, რომ ერთ დღესაც დავბრუნდებოდი. მანამ სანამ გვანცამ ოფიციალურად არ მთხოვა გაყრა. რომ არა გვანცას გადაწყვეტილება, თავად მასთან განშორება აზრადაც არ მომივიდოდა. მიუხედავად იმისა , რომ მივატოვე, იმის ცოდნა, რომ სადღაც ერთგული ცოლი მელოდებოდა, რომ სადღაც ვიღაც ფიქრობდა ჩემზე და სადღაც ვიღაცას ვენატრებოდი სულს ეგოისტურად მითბობდა. _ დედა დაიღუპა გასულ ზამთარს. მამაც მოტეხილია, მაგრამ მაინც გულს არ იტეხს. _გული მეტკინა იას გამო, ახლაც მახსოვსა მისი ნამზადი ფხლოვანების გემო. გზა კაცის გულისკენ ხომ კუჭზე გადის. ხოდა მეც ამ ღვთისნიერ ქალზე, პირველი რაც გამახსენდა საჭმელი იყო. _ ვწუხვარ გვანცა, შენ როგორ ხარ, გამოდის ოჯახის მთელ ტვირთს შენს მხრებზე გადაუვლია. ისევ სოფელში ხარ?_ ან რა პირით გეკითხებოდი ამ ყველაფერს? _ კი სოფელში ვართ, დაბრუნებამ მოგვიწია თავის გადასარჩენად. ახლა რაიონის აფთიაქში ვმუშაობ, მამის პენსიაც მეხმარება, მაგრამ ბავშვებს ძალიან ბევრი რამ უნდათ, ქალაქში ცხოვრებას ვერ გავწვდით და ამიტომ სოფელს დავუბრუნდით, ქალაქის სახლი გავაქირავეთ. შენ კი გაექეცი სოფელს, მაგრამ მე სამდურავი არ მეთქმის. _ მოკლედ მომიყვა გვანცა თავის ამბავს. უცებ გონება გამინათდა. საოცრად , საოცრად გავდა გვანცას ოჯახი მათ ვიზეც მე ვწერდი. ზუსტად მათ ვეძებდი, მაგრამ არ ვიცოდი დახმარების თხოვნა მისთვის როგორ გამებედა. თუმცა მარტოხელა დედას ის შემოსავალი, რომელსაც სამ კვირაში გადავუხდიდი ნამდვილად არ აწყენდა. _შენზე რას მეტყვი? გახდი ბოლო ბოლოს დიადი მწერალი?_ მგონი ისევ დამცინოდა. _ ოცნების ასრულების ზღვარზე ვარ გვანცა, მაგრამ ისეთი რამ მოხდა, არც კი ვიცი როგორ მოგიყვე._ ჩიტი ნამდვილად ღირდა ბრდღვნად. დასაკარგიც არაფერი მქონდა. ბევრი ბევრი უარი ეთქვა. წარმოდგენას ჩემზე იმაზე მეტად მაინც ვეღარ დაკარგავდა, ვიდრე ახლა ჰქონდა დაკარგული. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. ცოტა ხანს არაფერი მიპასუხა, ეტყობა წაკითხულის გაანალიზებას ცდილობდა. მე სულიერად მოვემზადე, რომ ერთს გემრიელად დამცინებდა. მაგრამ გვანცა ხომ მუდმივად ახერხებდა ჩემს გაოცებას?! _ საინტერესო შემოთავაზებაა! ფული ზედმეტი არასდროსაა, ამიტომ თანახმა ვარ! თუმცა ყველაფერს იურიდიულ ფორმას მივცემთ. კონტრაქტის გავაფორმებთ. _ მომწერა მან._ სიტყვაზე აღარ გენდობი იცი? _ მართლა? გვანცა მაგარი ხარ!_ აღვფრთოვანდი მე. _ რა თქმა უნდა! ყველაფერი ისე იქნება როგორ მეტყვი!_ ყველაფერზე თანახმა ვიყავი. ოღონდაც არ გადაეფიქრებინა. _ გელოდები პარტნიორო!_ რამდენიმე სიცილის სმაილი მოაყოლა თანხმობას. იმ ღამეს მასზე ფიქრში ჩამეძინა. ვფიქრობდი და ვიხსენებდი იმ მიზეზს, რის გამოც ეს გოგო შემიყვარდა. მასთან საუბარმა საფიქრალი ამიშალა. თან უცნაურად ამაღელვა. საკუთარი თავი იმაში დავიჭირე, რომ მისი ნახვის პერსპექტივა საოცრად მიხაროდა. "რა უცნაურია?" ვფიქრობდი მე, თან მის თვალებს წარმოვიდგენდი. აღმოჩნდა, რომ გვანცა მართლაც მომნატრებოდა! 4 შემდეგ ჯერზე, როცა მარკმა საქართველოში მოგზაურობაზე დამიწყო საუბარი, ბევრად მშვიდად ვგრძნობდი თავს. გვანცასთან უკვე შეთანხმებული ვიყავი. მას კი ლადოსთანაც ყველაფერი უკვე მოგვარებული ჰქონდა და მხოლოდ ბავშვებისთვის სიტუაციის ასახსნელად სჭირდებოდა ცოტაოდენი დრო. მერჩივნა ჯერ მე ჩავსულიყავი საქართველოში, ყველაფერი მომეწესრიგებინა და შემდეგ მარკი წამოსულიყო , მაგრამ ჯიუტმა მოხუცმა ჩემთან ერთად ისურვა მგზავრობა. მეც სხვა რა გზა მქონდა და დავთანხმდი. უცნაურად ვღელავდი ფრენის წინა საღამოს. ეს მღელვარება მთელი ფრენის მანძილზე გამყვა. გული თითქოს საგულეს აღარ მქონდა. აეროპორტში არავინ გველოდა. მარკმაც იცოდა, რომ არ დაგვხვდებოდნენ. რადგან სოფელი თბილისიდან საკმაოდ შორს იყო. ამიტომ უბრალოდ ტაქსი დავიქირავეთ და გზას გავუდექით. საქართველო ყოველთვის ლამაზი რომაა ამაში ეჭვი არავის ეპარება ხომ? წლის ნებისმიერ დროს შეუძლებელია მის ბუნებას გულცივად შეხედო. შეუძლებელია სისხლი არ აგიჩქროლდეს უცბად თითქოს არსაიდან ამოზიდულ , ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში მყოფ ციხის ნანგრევებს, ან მონასტრებს რომ მოჰკრავ თვალს. აი, რომ უყურებ და ფიქრობ სწორედ აქაა მისი ადგილიო. თითქოს გაჩენის დღიდან იქ დგნენ და ისე შეესისხლორცენ ბუნების პეიჟაზებს, უბრალოდ წარმოუდგენელია, თითქოს არც გჯერა, რომ ადამიანის ხელმა შექმნა ეს ყველაფერი. მით უფრო საოცრება იყო ჩემი მთაგორების დანახვა, როცა თოვლის საბანში გახვეულებს თითქოს ეძინათ. ვუყურებდი მანქანის ფანჯრიდან და ვგრძნობდი, რომ გავცოცხლდი. ფანჯარა ჩავწიე და ჰაერით ფილტვები ავივსე, საოცარი სურნელი ქართული მიწის, ქართული სოფლის. უნებურად ცრემლი მომადგა, რა ჯანდაბას ვაკეთებდი ამდენი ხანი ამ ყველაფრის გარეშე? როგორ ვცოცხლობდი? როგორ ვსუნთქავდი? მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად აღარავინ მყავდა, ჩემს სამშობლოში თავს მარტო მაინც არ ვგრძნობდი. იმ სიმარტოვეს ვგულისხმობ აეროპორტში შესვლისთანავე რომ დაემგზავრება სამშობლოდან მიმავალ ადამიანს და უკან დაბრუნებამდე ერთგული მეგობარივით სულ თან რომ დაჰყვება. მარკს გავხედე და მივხვდი ისიც გაოცებული უმზერდა ირგვლივ გადაშლილ ბუნებას. თვალებში უზომო სიმშვიდე და აღფრთოვანება ერთდროულად მოუჩანდა. _ გიორგი, უთხარი გააჩეროს!_ ჩაილაპარაკა ისე, რომ მორიგი, გზის პირას მდგარი, პატარა ეკლესიისთვის თვალი არ მოუშორებია. კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა. გეზი პირდაპირ სოფლის საყდრისკენ აიღო.მეც უკან გავყევი. ეკლესიის კარი ჩვენთვის ჩვეულად ღია დახვდა. გაოცებით გამომხედა. ქუდი მოვიხადე, პირჯვარი გადავიწერე და თავდახრით შევედი ეკლესიაში. მარკმაც გაიმეორა. შიგნით ისეთი იდუმალი ბინდი იყო, მხოლოდ ეკლესიებში რომაა ხოლმე. თაფლის სანთლის და საკმევლის სუნი იდგა. და საოცარი სიმშვიდე სუფევდა. სასანთლეებში სანთლები ენთო. და ყოველი მხრიდან წმინდანები შემოგვყურრბდნენ სათნო და იდუმალი მზერით . მარკი ეკლესიის შუაგულში მივიდა და გაჩერდა. _ გიორგი, ვგრძნობ, აქ მართლა ცხოვრობს ღმერთი!_ მითხრა მან._ ასეთი უცნაური, იდუმალი გრძნობა დიდი ხანია არ მქონია. ასეთი სიმშვიდის, სიმყუდროვის . _ გააგრძელა მარკმა ხმადაბლა საუბარი. ეკლესიიდან დაფიქრებული გამოვიდა . მანქანაში ჩაჯდა და ისევ ფანჯრიდან დაიწყო ყურება. არ ვიცი რაზე ფიქრობდა, არც მიკითხავს. მეც საკუთარ საფიქრალში ვიყავი ჩაფლული. აქამდე არასდროს მიფიქრია იმაზე, თუ რა დავტოვე საქართველოში. არც დაბრუნება მდომებია ოდესმე. ახლა კი ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს წლებით სახლიდან წასული შინისკენ მივიჩქაროდი. თან მღელვარება მიპყრობდა , თან მეშინოდა. _ რამხელა მიწებია და სულ ცარიელი._ თქვა მოულოდნელად მარკმა. ფანჯრიდან ვრცელ დაუსახლებელ მინდვრებს გაჰყურებდა. _ არც ისე ბევრნი ვართ ქართველები და თითქმის ყველა ქალაქში ცხოვრებას ამჯობინებს. ან ჩემსავით უკეთესი ცხოვრების საძებნელად ემიგრაციაში მიდის . ამიტომ არა თუ ეს მიწები, დასახლებული სოფლებიც კი ცარიელდება._ ავუხსენი მას. ინტერესით გამომხედა. _ უკეთესი ცხოვრება?_ ჩაეცინა._ ანუ შენი ჩემთან ცხოვრება უკეთესი იყო, ვიდრე შენს წლებით მიტოვებულ ოჯახთან ცხოვრება? _ როცა სამშობლოს ვტოვებთ, არავინ ვფიქრობს, რომ სამუდამოდ ან დიდი დროით მივდივართ. უბრალოდ მერე თითქოს ყველაფერს ვეჩვევით. ამ ახალ წელს , შემდეგი ახალი წელი ცვლის, მაგრამ არ დაბრუნების მიზეზები არასდროს გველევა._ თითქოს შემრცხვა კიდეც რასაც თავის მართლებასავით ვამბობდი. _ როგორი ქალია შენი მეუღლე გიორგი?_ მკითხა მარკმა და თემა შეცვალა. დავფიქრდი. მართლაც როგორი ქალი იყო გვანცა? ლამაზი?_ უდავოდ. გონიერი, მამაცი, ჭკვიანი, კეთილი, მოსიყვარულე. იმდენი კარგი სიტყვა მომდიოდა მასზე ფიქრისას თავში და არც ერთი ცუდი. აბა რატომ დავშორდი? რატომ გავექეცი? რატომ? ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა. არა , უფრო სწორედ მქონდა, მაგრამ საკუთარი თავის ლანძღვა და თავის დადანაშაულება ხომ აგრე რიგად არ გვიყვარს ქართველებს. ამიტომ ეს კითხვა კვლავ უპასუხოდ დავიტოვე. _ საოცარი ქალია !_ მოკლედ ერთ სიტყვაში დავატიე გვანცას მთელი სიკეთეები . _ რატომ არ დაუბრუნდი ამდენი ხანი შენს ოჯახს?_ დაინტერესდა ის. _ მივეჩვიე მარტოობას ბატონო მარკ!_ ვუპასუხე მე. ცოტა ხანს იფიქრა და უცებ შექსპირის ერთ_ერთი სონეტიდან წაიბურტყუნა სიტყვები: _"ვისაც არა სურს თავის ბედის სხვასთან გაყოფა, ამ ქვეყანაზე მისი ყოფნა არის არყოფნა." ( შექს. 8 სონ.) ჩუმად ამოვიოხრე. ასეც იყო! რა აზრი ჰქონდა ჩემს სიცოცხლეს? უშვილ_ძიროდ, უოჯახოდ, უსამშობლოდ, უმიზნოდ, მხოლოდ მუდმივი ხეტიალი, მხოლოდ მარტოხელა მგელივით წანწალი. სულ მეგონა ნაკლები ადამიანი_ ნაკლები პრობლემათქო, მაგრამ თუ დარდის და სიხარულის გამზიარებელი არ გყავს ადამიანს, მხოლოდ შენთვის ცხოვრება დამღლელი , ერთფეროვანი და უინტერესო ხდება. მერე თითქოს გბეზრდება კიდეც ასეთი ცხოვრება. ცოტა ხანში სოფელს მივუახლოვდით და ჩემმა გულმა აჩქარებით დაიწყო ფეთქვა. ლამის იყო ცხვირით მივეჭყლიტე ფანჯრის მინას. ჯერ ჩემი მამა_ პაპისეულა სახლი უნდა გამევლო სანამ გვანცას მშობლების სახლამდე მივიდოდი. ვუყურებდი და ასე მეგონა სახლიც მიტოვებული მოხუცი მშობელივით მომჩერებოდა. თითქოს დედაჩემის სევდიანი თვალებით მიცქეროდა და უხმო საყვედურს გულშივე იკლავდა. გაშლილი ხელისგული ფანჯარას მივადე და თითქოს დედას მოვეფერე სევდიან სახეზე. _ მე დავბრუნდი დედა!_ ვუთხარი სახლს ქართულად._ სულ ცოტაც მომითმინე! მანქანა სახლს გასცდა. სოფლის ყოველი კუნჭულიდან თითო მოგონება მიქნევდა ხელს. ყველგან საკუთარ თავს ვხედავდი სხვადასხვა ასაკში. აი იმ ორღობეში ცხენიდან ჩამოვვარდი. აი იმ დაღმართიდან ციგით ვეშვებოდი. აი იმ ბაღში გულაბ მსახლს ვპარავდით ბავშვები ჯანო ძიას. აი იქით მდინარეზე ჩასასვლელი ბილიკია. აი იმ კაკლის ქვეშ გვანცას ვაკოცე პირველად ... და აი გვანცა! გული ლამის გამიჩერდა, რომ დავინახე. უკვე აღარ ვიცოდი, რომლის მონატრება იყო უფრო მძაფრი? საქართველოსი? სოფლის? დედის? სახლის? თუ გვანცასი? _ მოვედით ბატონო მარკ!_ ვუთხარი და დავინახე როგორი ინტერესით იჭერდა ჩემს სახეზე ასახულ სულ უმცირეს ემოციასაც კი. 5 მანქანა გვანცას წინ გაჩერდა. გვანცა ერთი შეხედვით ძალიან შეცვლილიყო, სურათებისგან განსხვავებით, რეალური გვანცა ბევრად ქალური და მშვენიერი მეჩვენა. რომ ხუმრობენ, ქმარს გაშორებული ქალი ბევრად მომხიბვლელი ხდება, ვიდრე იყო ქმართან თანაცხოვრების დროსო. მგონი მართალიც ყოფილა. დღეს რომ გვანცა პირველად დამენახა ცხოვრებაში, თვალს გულგრილად ნამდვილად ვერ მოვაშორებდი. ზუსტად ისე , როგორც ეს ხდებოდა მანამდე, სანამ ცოლად მოვიყვანდი. მერე კი, არ ვიცი რა დამართა. არა მარტო გვანცა ,არამედ ყველაფერი ჩემს გარშემო გაუფერულდა და სულერთი გახდა ჩემთვის აღარაფერი აღარ მინდოდა და აღარც მომწონდა. ვეღარც წერას ვუდებდი გულს. სახლში მისვლაც მძულდა. იმაზეც კი ვბრაზობდი გვანცას რომ ჰქონდა რეალური მიზნები. მას სამედიცინოზე სურდა ჩაბარება, უნდოდა კარდიოლოგი გამოსულიყო. მე კი იმის მაგივრად, საყვარელი ქალისთვის ხელი შემეწყო, ყველაფერი გავაკეთე, რომ იძულებული გამეხადა ოცნებაზე ხელი აეღო. ბოლოს ფარმაცევტული დაამთავრა და აი აფთიაქში დაუწყია კიდეც მუშაობა. კარდიოლოგობიდან ფარმაცევტობამდე, აი ასე ჩავკალი მისი ნიჭი, ოცნება და შემართება. ვოლოს საკუთარი თავი შემძულდა. არასდროს მიფიქრია იმაზე თუ რამდენად ეგოისტი და შეუმდგარი კაცი ვიყავი.თავად კი საკუთარი ოცნების ასასრულებლად საერთოდაც მივატოვე ოჯახი და სადღაც დასაკარგავში გავიქეცი. თვალებში ვუყურებდი გვანცას და ვხედავდი მის ირონიულ მზერას. სხვა მოლოდინი არც მქონია. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ გულში არ ჩამიკრავდა. და მაინც საოცრად მსურდა, იმ წამს, მას ჩავხუტებოდი. მანქანიდან გადმოვედი, ცალი თვალით მარკს გავხედე. ისიც გვანცას უყურებდა, გაოცებული და აღფრთოვანებული. აშკარად ვხვდებოდი, რასაც ფიქრობდა, ამ უტვინომ ასეთი ცოლი ამდენი ხნით როგორ დატოვაო. _ გამარჯობა!_ მივესალმე გაუბედავად. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. _ მშვიდობა შენს დაბრუნებას გიორგი!_ მითხრა და ხელებგაშლილი მომიახლოვდა. თუმცა ის უცნაური ირონია თვალებიდან არ წაშლია. მომიახლოვდა და მეც ინსტიქტურად ხელები გავშალე. გულში ჩამეკრა და ტუჩებზე ფრთხილად შემეხო. ალბათ ინტერესით მომზირალი მარკის დასანახავად აკეთებდა ამას. მისმა ტუჩების შეხებამ ელექტრული მუხტივით გამიარა სხეულში. ხელები თავისთავად მოეხვივენ წვრილ წელზე და ტუჩებმაც თავისით უპასუხეს კოცნაზე. შეკრთა და სწრაფად მომშორდა. თითქოს ბურანში დამტოვა. ისე დავიბენი, ისიც კი დამავიწყდა მარკი წარმედგინა მისთვის. მოულოდნელმა სიცილმა გამომაფხიზლა. _ მამააა, მამიკოო!_ ყვირილით გამოვარდნენ ეზოდან ბავშვები. საოცრად ერთნაირები. უცებ მივხვდი ტყუპები იყვნენ. ყელზე ჩამომეკიდნენ და მხიარულად იცინოდნენ. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მართლაც საკუთარ შვილებს ვეხვეოდი. მათი გულწრფელი ემოციები უცნაურად გადამდები აღმოჩნდა. ორივეს მოვხვიე ხელი ჰაერში ერთდროულად დაგატრიალე და ფაფუკ თოვლში მათთან ერთად გადავვარდი. ზეცას ავხედე, ხვავრიელად ცვიოდა მუჭისხელა ფანტელები და ჩემდაუნებურად ვინატრე: " რა იქნება, ღმერთო, ეს მართლა ჩემი ოჯახი იყოსმეთქი!" სამივე თოვლში გაბუმბლულები ავდექით. _ ბატონო მარკ, გაიცანი ჩემი მეუღლე გვანცა, და ჩემი ბავშვები ნიკა და ნია!_ მარკი ბედნიერებისგან გაბადრული სახით გვიყურებდა. _ აი ესაა მამა_ შვილობა! ეჰ, იყო დრო მეც ჩემს შვილებთან ასეთი ხალისით ვიცინოდი!_ სევდა შეპარული ხმით, მაგრამ ბედნიერი ღიმილით მიპასუხა მარკმა. გვანცას თავი დაუკრა და მიესალმა. _ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონო მარკ!_ გამართული ინგლისურით უპასუხა გვანცამ. მარკს ოდნავ კი გაუკვირდა, მაგრამ კარგად იცოდა გვანცას ნიჭიერების და შრომისმოყვარეობის ამბავი ჩემი მონაყოლიდან. ლადო არ გამოგვგებებია. ალბათ ჩემზე ძალიან იყო ნაწყენი. არც კი ვიცი გვანცამ როგორ დაითანხმა ჩემი მამის როლი რომ ეთამაშა . ბარგი გადავინაწილეთ და სახლისკენ წავედით. ეზოდან მოყოლებული სახლის ჩათვლით ყველაფერი შეცვლილიყო. გვანცას ხელი ყველაფერს ემჩნეოდა. სახლში უზარმაზარი ნაძვის ხე აღემართათ, გვანცას ყოველთვის უყვარდა ახალი წელი. უზარმაზარი ბუხარი გაემართათ და ახლაც გუგუნი გაუდიოდა. ბუხრის წინ სარწეველა სავარძელში იდნავ მომტყდარი და მობერებული ლადო იჯდა. ყველაზე კეთილი გამგებიანი და მომთმენი ადამიანი. ვიცოდი ძალიან დიდხანს მითმენდა და ყველაზე მეტად მელოდა. იქნებ გვანცაზე მეტად მას გავუცრუე იმედი ჩემი გაქცევით. _ გამარჯობა მამა!_ მივესალმე და მივუახლოვდი. ცალი ხელით ჯოხს დაეყრდნო, ცალით სავარძელს და ფეხზე ნელა წამოდგა. ნელა შემობრუნდა და თვალებში შემომხედა. ხმამაღლა არაფერი უთქვამს, მხოლოდ თვალებით მისაყვედურა, ჯობდა გაველანძღე, სილა გაერტყა. ოღონდ ასეთი იმედგაცრუებით არ შემოეხედა ჩემთვის. ყველას სათქმელი და სასაყვედურო დაიტიეს მისმა თვალებმა, დედაჩემიდან დაწყებული გვანცათი დამთავრებული. _ მიხარია, რომ დაბრუნდი!_ მითხრა და მისი ხმა გულწრფელად ჟღერდა. _ მაპატიე!_ ვუთხარი მე. _ მეე? _ გაუკვირდა მას_საკუთარმა თავმა გაპატიოს! იმედია იპოვნე, რის საძებნელადაც წახვედი! შემდეგ მარკისკენ შებრუნდა, ხელი გაუწოდა და მითხრა. _ ამ კაცს უნდა ვუმადლოდეთ არა შენს ხილვას!_ მარკს ხელი თბილად ჩამოართვა და მოპირდაპირედ მდგარ სავარძელზე დაჯდომა შესთავაზა . მარკი აშკარად კმაყოფილი იყო ყველაფრით. გარშემო იყურებოდა სახლს ათვალიერებდა და შიგა და შიგ კითხვებს მისვავდა. _ მამა ნაწყენია შენზე გიორგი? _ კი ბატონო მარკ, ვერ მაპატია არ დაბრუნება, თუმცა მალე მოულბება გული._ დავამშვიდე მე. გვანცამ სუფრა გაშალა. ეტყობა ემზადებოდა ჩვენს დასახვედრად. _ მოდით ივახშმეთ, ნამგზავრები ხართ!_ მიგვიპატიჟა მაგიდასთან. ბავშვები ელოდებოდნენ უფროსების დაჯდომას და მოთმინებით იცდიდნენ. _ ბავშვები არ ივახშმებენ?_ მკითხა მარკმა. _ ჩვენთან უმცროს_ უფროსობის წესია და ჯერ უფროსების დაჯდომას უცდიან და თავად ამის მერე დასხდებიან! _ ავუხსენი მე. _ საინტერესო ტრადიციაა, უფროსების პატივისცემა. ეს ისაა, რაც ჩვენთან, ამერიკაში უკვე დაივიწყეს!_ ჩაილაპარაკა მარკმა და მაგიდასთან ლადოსთან ერთად დაჯდა. ინტერესით და ყურადღებით აგემოვნებდა ყველაფერს, ეტყობოდა გვანცას ნამზადმა აღაფრთოვანა. _ ამას რა ჰქვია? _ ხან ფხალზე მეკითხებოდა , ხან ხაჭაპურზე, ხან საცივმა დააინტერესა, ბოლოს ღვინოს მიუბრუნდა. შავი ადესა მოეტანა ლადოს მაგიდასთან , თავისი ხელით დაწურული და ქვევრში დაყენებული. ჭიქას ჯერ დასუნა მარკმა, მერე სასმელი ნაპირებს მოატარა, შუქზე გახედა, პირთან მიიტანა და დააგემოვნა. _ რა საოცრებაა!_ შეაქო ღვინო ._ მე კარგად ვერკვევი ღვინოში მაგრამ ვერ მივხვდი რომელია? რა ფერია, რა გემოა და რა სურნელია!_ კვლავ შეაქო და ისევ მოსვა. _ ადესაა ბატონო მარკ. ლადოს ვენახის, მისივე დაწურული, მისივე მარნიდან!_ვუთხარი მე. _ მისივე მარნიდან? თქვენ რა მეღვინეობას ეწევით?_ გაუკვირდა მას . _ აქ საქართველოში ყველა გლეხი მეღვინეა, და ყველა გლეხის სახლში მარანია! ეს ჩვენი ტრადიციაა, ეს ჩვენი ისტორიაა!_ განა თავს ვიქებდი, სიმართლეს ვამბობდი. განა საოცრება არაა, რომ ყოველ სახლს მარანი ახლავს? რომ ყველგან არის ჩაფლული ერთი ქვევრი? რომ ყველა გლეხი საკუთარი ხელით დაწურულ ღვინოს გთავაზობს? მართლა არ გიფიქრიათ რა საოცრებაა? აი მარკი კი მაშინვე მიხვდა, ამ ჩვენთვის უბრალო ყოველდღიურობის მთელ სიდიადეს. _ გაუმარჯოს საქართველოს!_ დაილიცა და ღვინო შესვა. ვხვდებოდი ყოველი წამი აოცებდა მარკს. ვხედავდი, როგორი ინტერესით იჭერდა ყველა წვრილმანს. და აშკარად კმაყოფილი იყო. ხან და ხან გვანცას ვუყურებდი. როგორ მინდოდა მასთან მშვიდად მესაუბრა. მაგრამ თავს მარიდებდა, სახიდან კი უცნაური ღიმილი არ შორდებოდა . საღამო მალე მიილია, ბავშვები დასაძინებლად წავიდნენ, ძილის წინ ჩამეხუტნენ და მაკოცეს. ძალიან ზრდილობიანი ბავშვები იყვნენ. მარკსაც ორივე ძალიან მოეწონა. _ ჩვენებური ბავშვებისგან განსხვავებით, როგორი თბილი და ზრდილობიანი ბავშვები არიან, ამათ გარეშე როგორ ძლებდი გიორგი?_ მკითხა მან. ვახშმის შემდეგ გვანცამ მარკს მოსვენება შესთავაზა, მისთვის გამზადებულ საძინებელამდე მიაცილა. და ძილინებისა უსურვა. ლადოც დასაძინებლად წავიდა და შემოვრჩით ერთმანეთს მე და გვანცა. _ შენ არ გეძინება?_ მკითხა გვანცამ. პატარა ბიჭივით დავიბენი. ჩვენი შეთანხმების მიხედვით ერთ საძინებელში უნდა დაგვეძინა, რადგან ცოტა უცნაური იქნებოდა წლების უნახავ ცოლ_ ქმარს ცალ_ცალკე რომ დაეძინა. მაგიდის ალაგება დაიწყო, მეც წამოვდექი მისახმარებლად. _ მართლა?_ გაოცდა გვანცა, როცა მიხვდა რას ვაპირებდი. _ ხოო ძალიან სასიკეთოდ შეუცვლიხარ ამერიკას!_ გაეცინა მას. _კი ბევრ რამეზე შემეცვალა წარმოდგენა!_ გავიღიმე ცალყბად. _ კიდევ რა სიურპრიზები გაქვს შემონახული?_ გვანცასაც ჩაეცინა. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა . _ გვანცა, როგორც კი შევძლებთ მაშინვე წავიდეთ ნოტარიუსთან, კონტრაქტისთვის!_ ვთქვი, თან დარეცხილი ჭურჭლის დამშრალება დავიწყე. _ როგორც იტყვი!_ რატომღაც ხმა შეეცვალა გვანცას. აშკარად გაბრაზდა, მაგრამ რაზე ეგ კი ვეღარ მივხვდი. _ მხოლოდ სამი კვირა ამიტანე გვანცა!_ მობოდიშება მინდოდა , მაგრამ რატომღაც ეს ვუთხარი. _ სამი კვირა და გაქრები იმ თოვლივით ეზოში რომ დევს ახლა არა? _ არასდროს ყოფილა გვანცა ასეთი სარკასტული. _ გვეყოფა ახლა ყოჩაღობა, უკვე გვიანია. წამოდი დავწვეთ!_ ისე მითხრა არც კი შემომხედა. ჩაის ტილო დადო და საძინებლისკენ გაემართა. ცოტა ხანს ვიდექი, უცნაურად აღელვებული. ვგრძნობდი, რომ ერთმანეთთან გაუცხოებულები ვიყავით. ერთდროულად, თითქოს კარგად ვიცნობდით ერთმანეთს და თან ახლიდან ვცდილობდით გაცნობას. ამოვისუნთქე და უკან გავყევი. ოთახის წინ კედელზე ჩამოკიდულ სარკეში ჩავიხედე და საკუთარ თავს შემფასებლურად დავაკვირდი. ნარცისი არ ვარ, მაგრამ ნამდვილად კარგად გამოვიყურებოდი. ან რატომ არ იქნებოდა ასე? აგერ უკვე თხუთმეტი წელია არაფერზე არ ვდარდობდი ისე ვცხოვრობდი. მხოლოდ საკუთარი თავის მოვლით ვიყავი დაკავებული. საძინებლის კარი დაუკაკუნებლად შევაღე და შევედი. გვანცამ საღამურზე სწრაფად მოიცვა ხალათი. თითქოს ჩემი მოერიდა. მაგრამ რა ჰქონდა მოსარიდებელი. თვალი წამით მოვკარი, მაგრამ ისევ ის გვანცა იყო. ლამაზი და საოცრად ქალური ფორმებით. _ ბოდიში!_ მოვუბოდიშე ასე დაუკითხავად შესვლის გამო, მხიარულად გაეცინა. _ უცნაურია არა, შენი რომ მერიდება? ცოლ_ ქმარი ვიყავით ბოლო_ ბოლოს._ გრძელი ქერად შეღებილი თმა ხელში მოიგროვა და კოსად აიწია. გვანცას არ უყვარდა გაშლილი თმით დაძინება. ძილის წინ თმას ყოველთვის ასე იკრავდა ხოლმე. ზოგიერთი ჩვევა ეტყობა მართლაც რჯულზე უმტკიცესია. ოთახი მოათვალიერე, დიდი საწოლი, კარადა, სარკიანი მაგიდა და მოზრდილი ფუმფულა დივანი იდგა. _ მე, ალბათ იქ არა?_ ვკითხე და თვალით დივანზე ვანიშნე. ისევ გაეცინა. _ თუ მანდ გირჩევნია რატომაც არა!_ სწრაფად აიღო ბალიში და თბილი საბანი და გამომიწოდა. ენაზე ვიკბინე. " მოჩქარეს მოუგვიანდესო!" ისე იყო ჩემი საქმე. დამცინოდა თუ მართლა ჩემს გვერდით აპირებდა დაძინებას? ადრე გვანცას ყოველ ფიქრს უთქმელად ვხვდებოდი. ახლა კი ის ისეთი შორეული მეჩვენებოდა. უცნაურად იდუმალი ქალის ელფერი მიეღო. დავწექი და საბანი დავიფარე. გვანცამ სინათლე ჩააქრო. ფანჯრიდან თოვლიანი ღამის საოცარი სითეთრე შემოდიოდა. ვხედავდი, როგორ ბარდნიდა. მე სახლში ვიყავი, განა ეს საოცრება არ იყო? ჩემს გვერდით, სულ ერთი ხელის გაწვდენაზე ჩემი ოცნების ქალი იწვა, მე კი მასთან მიახლოებაც არ შემეძლო. საკუთარი თავი შემეცოდა. მხოლოდ ახლა, ამ სიმყუდროვის წამს, გავაცნობიერე რა დავტოვე საქართველოში. და რამდენად ძვირფასი გამხდარიყო ჩემი დანაკარგი ჩემთვის! _ გიორგი!_ დამიძახა უცებ ხმადაბლა გვანცამ. _ ხოო გვანცა წამოვიწიე ლოგინიდან. საბნის ზემოდან გვანცას პატარა თეთრი ხელი მოჩანდა, როგორც თოვლის თეთრი გუნდა. ერთი სული რომ გაქვს ხელი დასტაცო და მუჭში მოიმწყვდიო. _ მიუხედავად ყველაფრისა მიხარია შენი ნახვა გიორგი!_ მითხრა გვანცამ და ეს "მიუხედავად ყველაფრისა" გულში ბასრი დანასავით დამასო. 6 ცოტა ხანს ვიწრიალე. თვალი ვერაფრით მოვხუჭე. წამოვდექი და თბილი ჰუდი გადავიცვი. გვანცას დავხედე, ტკბილად ეძინა. ზუსტად ისე, როგორც ადრე სჩვეოდა. თავი მკლავზე ჩამოედო. ვუყურებდი მძინარეს და გული სევდით მევსებოდა. რა წიგნი? რის წიგნი? რა ოცნებები და რის თავისუფლება? მეუბნებოდა ჩემივე გული. და მეც ერთი სული მქონდა გულის ხმას ავყოლოდი. მაგრამ ვიცოდი, ჩემი პატიება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ოთახიდან გამოვედი და ბავშვების ოთახის კარი შევაღე. ნიკოს საბანი გადახდოდა და მოკუნტული იწვა, ალბათ სციოდა. ნიას კი გულში პატარა დათუნია ჩაეკრა და ისე დაეძინა. მივედი და ნიკოს საბანი დავაფარე. გამობრუნებას ვაპირებდი, რომ ნიამ გვერდი იცვალა და სათამაშო ძირს ჩამოუვარდა. ავიღე და კვლავ გვერდით დავუდე. რატომღაც ძალიან მეცნო ეს სათამაშო. უცებ მივხვდი, ეს დათვი პირველი საჩუქარი იყო, რომელიც გვანცას ჯერ კიდევ სკოლის დროს ვაჩუქე. ოთახის კარი ჩაფიქრებულმა გამოვიხურე. ნუთუ ამდენ ხანს ინახავდა გვანცა ამ უბრალო სახსოვარს? ან შვილს რატომღა მისცა? აივნის კარი გავაღე და გარეთ გავედი. მიუხედავად იმისა, რომ გაუჩერებლად თოვდა, თითქოს მაინც არ ციოდა. სოფელს მშვიდად ეძინა. აქა იქ წვრილად ამოდიოდა ბოლი სახლების საკვამურებიდან. შევეცადე თვალით ჩემი სახლი მომენახა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. იმ გორას გავხედე, სადაც სიფლის სასაფლაო იყო, _ დედა!_ ჩავილაპარაკე ჩუმად._ უძღები შვილი დაგიბრუნდა დე! უძღები და ცუდი შვილი! ხედავ შენს საფლავზეც კი ვერ ამოვსულვარ თამამად. ცოტა კიდევ , ჩემო კეთილო, ცოტა კიდევ მომითმინე!_ ვჩურჩულებდი და საკუთარი თავი მძულდა. განა ისედაც დიდხანს არ მელოდა დედაჩემი? განა ისედაც ბოლომდე არ მელოდა? მე სად ვიყავი, როცა მას დავჭირდი? ფულს რომ ვუგზავნიდი, მეგონა მის ვალსაც ამით ვიხდიდი და გულს ვიმშვიდებდი. არადა მე ხომ ვიცი, ერთი ჩახუტება რად უღირდა დედაჩემს? _ უნამუსო ხარ შენ გიორგი!_ ვუთხარი საკუთარ თავს. სახლში შევბრუნდი. ქუდი დავიფარე, ნაქსოვი კაშნი მოვიხვიე, ქურთუკი ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი. ჭიქა, პური და დარჩენილი შავი ღვინო ჩანთაში ჩავიდე და სახლიდან ჩუმად გამოვედი. სოფელს კვლავ ღრმა მშვიდი ძილით ეძინა , კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. გაუკვალავი თოვლი კი მუხლამდე მწვდებოდა. მივდიოდი გორისკენ და ჩემს უკან ჩემი ნაკვალევი რჩებოდა. თითქოს ჩემი სოფლის სუფთა ბილიკებზე თავიდან ვიწყებდი ჩემი საკუთარი ისტორიის წერას. თითქოს ცხოვრება კიდევ ერთ შანსს მაძლევდა დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. რაც უფრო ავდიოდი სასაფლაოს გორაზე მით უფრო მიჭირდა სიარული. მაგრამ აუცილებლად შესასრულებელი პირობასავით ჯიუტად მივიწევდი წინ. როგორც იქნა სასაფლაოს მივაღწიე , მივაღწიე, მაგრამ შევდექი. გული ტკივილმა დამისერა. არ ვიცოდი! გესმით? ისიც კი არ ვიცოდი, სად იყო დედაჩემი დაკრძალული. მე ორმოცი წლის კაცმა, რომელმაც მსოფლიო მოიარა და არასდროს არ დაუკარგავს დანიშნულების ადგილი, არ ვიცოდი სად იყო დედაჩემის საფლავი. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე გამშრალ ყელში. მუჭით ავიღე თოვლი და პირში ჩავიდე. სული მოვითქვი. _ დედაა!_ დავუძახე , ისე როგორც ბავშვობისას ვეძახდი, გუნდაობით დაღლილი, გაყინული ხელების გასათბობად სახლში რომ შევირბენდი ხოლმე. გადათოვლილი სურათებიდან მიყურებდნენ ჩემი ბავშვობის ადამიანები. _ გამარჯობა პავლე პაპა!_ მივესალმე მოხუცის სურათს._ახლაც მახსოვს შენი ბაღის საზამთროს გემო. შენი შესანდობარი იყოს პავლე!_ ვუთხარი, ღვინო მოვსვი და ჭიქა წავუქციე. _ გამარჯობა შალო ძია!_ ახლა მეორე მხრიდან მომზირალ შალო ბაკურიძეს მივესალმე._ შალო ძია გახსოვს შენმა ცხენმა ტლინკი რომ დამარტყა და წინა კბილი ჩამომტეხა? შენი შესანდობარი იყოს! აქაც მოვსვი და ცოტა საფლავზე მოვაქციე. უცნაურად იფერებოდა თეთრ თოვლზე შავი ადესა. თითქოს წინაპრების სისხლი იყო.მე კი სიცივეს ვეღარ ვგრძნობდი. მივყვებოდი სასაფლაოს ბილიკებს თოვლის სითეთრით ანთებულ ღამეში და ძველ ნაცნობებს ვესალმებოდი გზადაგზა. მოულოდნელად გავშრი, სულში რაღაც სიმი ჩამწყდა. მორიგი საფლავის ქვიდან, რომელიც მამამისის და დედამისის სურათის შუაში იდგა , ლუკა მიყურებდა ღიმილით. მოულოდნელობით შეცბუნებულმა ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. _ ლუკა, შენც ბიჭო? _ჩავილაპარაკე და ყელში ბურთივით გამეჭედა ცრემლების ბურთი. _ შენ როგორ? როდის? _ ლუკა ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. ჩემი ძმადნაფიცი. ძმა, რომელიც არასდროს მყოლია. _ ვინ ვარ ახლა მე ლუკა? _ ვკითხე ხმაჩახლეჩილმა. რა უნდა მეთქვა მისთვის, თავი რით მემართლებინა? რომელი ერთი მოგონება გამეხსენებინა მასზე? როგორ გადამარჩინა მდინარეში დახრჩობას? როგორ ეს წამომყვა მოზრდილ ბიჭებთან საჩხუბრად? როგორ უმღეროდა გვანცას ჩემთან ერთად სერენადას? როგორ გამომყვა მეჯვარედ? თუ ის აეროპორტში მიმავალს როგორ ჩამიდო ჯიბეში, კაცმა არ იცის რომელი შავი დღისთვის გადანახული, ასი დოლარი. _ შენი შესანდობარი იყოს ძმაო!_ ტუჩი შევახე ღვინოს, მის საფლავზე დავაქციე დარჩენილი. ის კი სურათიდან ჩვეული ეშმაკური ღიმილით მიყურებდა და საყვედურის მსგავსი არაფერი ეტყობოდა სახეზე. იმ ღამეს ლამის მთელი სასაფლაო მოვიარე. სოფლის ძველი საყდრის გვერდით მივაგენი დედის სურათს. ისეთი სევდიანი სურათი შეერჩიათ , თუ მე მეჩვენებოდა ასე? ღვინისგან ფეხარეული მივედი და მის წინ დავიჩოქე. _ გამარჯობა დედა!_ მივესალმე. _ფხიზელმა მოსვლაც ვერ გავბედე დედი! მაპატიე დედიკო! მოულოდნელად მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი. გეფიცებით, არ ვიცი, მომელანდა თუ ღვინის ბრალი იყო! არ ვიცი, მაგრამ უკან მიხედვა ვერ გავბედე. _ დარჩი გიორგი! _ მომესმა დედაჩემის ხმა. _ დარჩი და აღარ წახვიდე!_ ხმა ვერ ამოვიღე. მუხლებმა კანკალი დამიწყო. _ დამპირდი გიორგი!_ შეუვალი იყო ხმა. ფეხზე წამოვხტი და უკან მოვიხედე. არავინ იდგა. მხოლოდ თოვდა და თოვდა. ცოტა ხანს ვიდექი ასე და ჩემს აჩქარებულ გულის ხმას ვუსმენდი. გარშემო სიჩუმე და სიმყუდროვე იდგა. გარშემო საფლავის ქვებიდან უტყვი მოწმეებივით მიყურებდნენ ძველი ნაცნობები. იმათი მშობლები და ვინ იცის კიდევ იმათი მშობლებიც. შემომცქეროდნენ და ჩემს პასუხს ელოდნენ. ნელ _ნელა დავმშვიდდი. გულმაც ბაგა_ ბუგს მოუკლო. საგულეს დაუბრუნდა. ვიცოდი, რაც უნდა მეთქვა. ვიცოდი, რაც უნდა მექნა. იმ ღამეს, იქ სოფლის სასაფლაოზე, როგორც იქნა, ამდენი ხნის ძებნის და ძიების შემდეგ, ჩემს დაკარგულ მეს დავუბრუნდი. _ გპირდები დედა!_ დავპირდი დედის აჩრდილს. და გეფიცებით, არასდროს , არცერთ გადაწყვეტილებაში, არ ვყოფილვარ ისეთი დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ მე აქიდან აღარასოდეს წავიდოდი. რომ ძალიან დიდი ხნის შემდეგ, აქ, ამ სასაფლაოზე, იქნებოდა ჩემი საბოლოო დანიშნულების ადგილი. არ მახსოვს იქიდან სახლში როგორ დავბრუნდი. უკვე თენდებოდა ეზოს კარი რომ შევაღე. აღარ მეშინოდა, აღარ ვყოყმანობდი, აღარ მეეჭვებოდა. აქ ჩემი სოფელი იყო, აქ ჩემი სახლი იყო, აქ ჩემს საყვარელ ქალს ეძინა. ქურთუკი დავკიდე და საძინებელში ჩუმად შევედი. _ დედასთან იყავი?_ მკითხა მოულოდნელად გვანცამ. როგორც ჩანს გაიგო, რომ წავედი და ჩემს დაბრუნებას ელოდებოდა. როგორც მაშინ, ძალიან დიდი ხნის წინ, მელოდა ხოლმე სახლში დაგვიანებულს. _ კიი გვანცა._ ვუთხარი ჩურჩულით. _ გაიყინე?_ მკითხა მან. _ მგონი!_ გამეცინა მე. _ აქ დაიძინე, რომ გათბე. _ ხელი საწოლს დაადო გვანცამ. სიტყვისუთქმელად მივედი და საბანში შევძვერი. გვანცა ზურგშექცევით იწვა. ხელი ავწიე, მსურდა მკლავზე შევხებოდი, რომ მოულოდნელად ცივად მითხრა. _ არაფერი იფიქრო გიორგი, მხოლოდ იმიტო,მ რომ გათბე, მეტი არაფერი! _ ხელი უკან გამოვწიე. არაუშავს. ის 15 წელი მელოდა. ახლა ალბათ ჩემი ჯერია, ახლა მე უნდა დაველოდო. აი ასე ახალწლამდე, სულ რაღაც, სამი კვირით ადრე, მე ჩემს ოჯახში საბოლოოდ დავბრუნდი. და გვანცას სულ რომც გავეგდე, მე აქიდან ფეხის გამდგმელიც აღარ ვიყავი. 7 დილით რომ ავდექი, უკვე კარგა ხნის გათენებული იყო. მე კი ისე მშვიდად მეძინა, გათდნება არც კი გამიგია. ალბათ კიდევ კარგა ხანს არ გავიღვიძებდი, მხიარულ ხითხითს რომ არ გავეღვიძებინე. თვალები გავახილე და დავინახე ნია როგორ გაქრა ოთახიდან. გამეცინა, ეს პატარა ეშმაკუნა, ალბათ იდგა და დამცინოდა მძინარეს. წამოვდექი, ტანზე გადავიცვი და ოთახიდან გამოვედი. _ დილამშვიდობისა ნიკო!_ მივესალმე თავისი ოთახიდან გამომავალ ბიჭს. _ მშვიდობისა? რა ჯანდაბაა?_ მკითხა გაოცებულმა. თვალი გაოცებულმა გამომაყოლა და თავი სიბრალულის ნიშნად გადააქნია. ვერ მივხვდი რა გაუკვირდა. მხრები ავიჩეჩე. გვანცა სამზარეულოში ფუსფუსებდა. _ დილამშვიდობისა გვანცა!_ მივესალმე მასაც. _ რა დროს დილაა გიორგი!_ უკან არც მოუხედია, ისე გაიცინა გვანცამ. _ მარკი სადაა? ან ლადო?_ დავინტერესდი მე, რადგან მისაღებში ვერც ერთს ვერ მოვკარი თვალი. _ მარანში ჩავიდნენ! ლადომ საკუთარი ღვინის ქება თუ დაიწყო, ხომ იცი მარკს გალოთება არ ასცდება! წადი უშველე!_ გვანცა აშკარად კარგ ხასიათზე იყო და ეს მეც კარგად მენიშნა . სახლიდან გამოვედი, და მარნის კარი შევაღე. _ აქა მშვიდობა მამა!_ ვთქვი ომახიანად. ჩემი ხმის გაგონებისას ლადო მხიარულად შემობრუნდა. არადა იყო დრო, მარნის კარს გასაღებით კეტავდა, ოღონდ შიგნით არ შევსულიყავი და არ დამელია. ღმერთო რა საშინელი დღეები გამოვატარე ამ ხალხს?! სხვა თუ არაფერი, ამაში ხომ დამეხმარა საქართველოდან წასვლა? მუდმივი სამუშაოს ძიებამ უაზრო სმას თავი დამანებებინა. ლადო და მარკი ერთდროულად მოტრიალდნენ და მათი სიხარული გაოცებამ შეცვალა. ცოტა ხანს მიყურეს და მერე ორივეს სიცილი აუტყდა. _ რა იყო? რა გაცინებთ?_ გამიკვირდა მე. _ რომ ადექი ან სარკეში ჩაიხედე? ან პირი დაიბანე? _ მკითხა ლადომ. _ ზუსტად ახლა მივდიოდი ჭასთან._ ვუპასუხე და მარნიდან გაკვირვებული გამოვედი. მივხვდი სახეზე რაღაც უჩვეულო მჭირდა. მინდოდა პირი ჭის ცივი წყლით დამებანა , მაგრამ რატომღაც პირველად გულმა მათკენ გამომიწია. _ ხოდა წადი სარკეში ჩაიხედე და მიხვდები!_ ისევ გაეცინა ლადოს. რაც დავბრუნდით ეს პირვრლად იყო, რომ შუბლშეკრული არ მიყურებდა. წამოვედი და მაშინვე ჭასთან ჩამოკიდულ პატარა სარკეში ჩავიხედე. გეფიცებით, პირველი ჩახედვისას შემეშინდა. მაგრამ კარგად რომ შევათვალიერე საკუთარი ანარეკლი ხარხარი ამიტყდა. რაღაც ამოუცნობი ჯიშის ტრანსვესტიტს ვგავდი. თვალები ლურჯად მქონდა შეღებილი. ტუჩები ბრჭყვიალა ნარინჯისფრად , თან ამ ყველაფერთან ერთად საოცრად მიბზინავდა სახის კანი. ახლა კი მივხვდი, რას აკეთებდა ნია ოთახში და რატომ გაიქცა ასეთი მხიარული ხითხითით. ჩემი გამასხარავებით ერთობოდა აშკარად. სანამ პირს დავიბანდი ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და სელფი გადავიღე უაზროდ გაკრეჭილმა. ეს ხომ პირველი მხიარული მოგონება იყო, რაც გვანცას ბავშვებთან მაკავშირებდა. შემდეგ პირი საგულდაგულოდ დავიბანე და როგორც იქნა გავიშორე მთელი ის ბრჭყვიალა საღებავები, რაც სახეზე ასე გულდაგულ მეცხო. როცა სახლში შევედი გვანცა მაგიდას შლიდა, _ გვანცა, მოდი ყველა ერთად სადმე წავიდეთ დღეს, თან მარკს საქართველო ვაჩვენოთ , თან გავხალისდეთ და გავერთოთ!_ შევთავაზე და მაგიდის გაშლაში მივეხმარე. _ კი რატომაც არა, რა ხანია ბავშვებთან ერთად არსად გავსულვარ!_ თავი დამიქნია გვანცამ. ტელევიზორისკენ გავიხედე. ნიაც და ნიკოც ორივე ჩუმად გვითვალთვალებდა. როგორც კი ჩემი მზერა დაიჭირეს, მაშინვე ტელევიზორს მიაჩერდნენ დიდი ყურადღებით. ვითომ აქაოდა ძალიან გვაინტერესებსო , გამეღიმა. რომ არა ჩემი სისულელეები ეს ბავშვები ჩემი შვილები იქნებოდნენ. ვიცხოვრებდით მშვიდად და მოვერეოდით პატარ_პატარა პრობლემებს, ისე როგორ სხვები და ვიქნებიდით ბედნიერები. _ გიორგი მისმენ?_ მკლავზე მომქაჩა გვანცა და ფიქრებიდან გამომარკვია . _ თიაკოს ქმარს ჰყავს მინივენი, ხომ გახსოვს თიაკო ,_ მე თავი დავუქნიე. _სატაქსაოდ იყიდა , ხოდა გვათხოვებს ცოტა ხნით! წავალ მოველაპარაკები , თორემ ჩემს მანქანაში ყველა ვერ ჩავეტევით! _ კარგი!_ დავეთანხმე მე._ და საით წავიდეთ? _ მოდი ამ დიდ თოვლში ძალიან შორსაც ნუ წავალთ. მაინც სახიფათოა, გრემში გავისეირნოთ! რაღა ახლა მოუნდა ამ ამინდს გაგიჟება? ბავშვობის მერე ასეთი თოვლი აღარ მოსულა!_ გვანცას უყვარდა თოვლი. სულ ნატრობდა ხოლმე სადმე დასვენებას , სადაც უზარმაზარი თოვლი იქნებოდა. მე კი სურვილი ვერც ერთხელ ვერ ავუსრულე. გავიდა თუ არა გვანცა, ტელეფონს ვეცი და ოთახში შევიკეტე. _სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!_ ვუთხარი საკუთარ თავს. ამ ახალ წელს ზუსტად ისეთ დღესასწაულს მოვუწყობდი გვანცას, როგორზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. გვანცა მალე დაბრუნდა მეზობლისგან და სახეზე ეტყობოდა ყველაფერი მოეგვარებინა. _ ნია გაიქეცი და პაპაშენს დაუძაახე, მაგიდა გაშლილია ვისაუზმოთ._ სთხოვა გვანცამ შვილს. ნია მაშინვე წამოხტა და გარეთ გაიქცა. _ ნიკო დაიბანე ხელები და მოდი სუფრასთან!_ ახლა მეორე შვილს გასძახა გვანცამ. _ ამ მინდა!_ გამოაცხადა ნიკომ. _რატომ , რა მოხდა?_ დაინტერესდა გვანცა და მისაღებში გავიდა. ნიკო რომელიღაცა კომპიუტერულ თამაშს თამაშობდა გატაცებით და ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც ჭამა არ სურდა. _ ნიკო გამორთე თამაში და ადექი ხელები დაიბანე!_ ხმა გაიმკაცრა გვანცამ. _ არამეთქი!_ გაჯიუტდა ბავშვი. _ ნიკო არ გავიმეორო!_ გვანცა სიმშვიდეს არ კარგავდა, მაგრამ აშკარად ბრაზობდა. _ ნიკო დედას დაუჯერე, ჭამე და მერე ითამაშე!_ ვცადე განმემუხტა სიტუაცია . _ შენ ვინღა გეკითხება ერთი?! _ აყვირდა უცბად ბავშვი_ შენი თავი მართლა მამა ხომ არ გგონია! ამას მართლა არ მოველიდი. ჯერ კიდევ გუშინ მეგონა, მართლაც გულწრფელად უხაროდა ჩემი დანახვა. _ ნიკო ადექი ბოდიში მოიხადე და დატოვე ოთახი!_ ისეთი ხმით თქვა გვანცამ გეფიცებით ლამის მე მოვიხადე ბოდიში. მაგრამ იქნებ სწორედ მე მქონდა ბოდიში მოსახდელი?! _ ბოდიში ბატონო მამა!_ ვერ დაფარული ბრაზით და მოჭუტული თვალებით თქვა ბიჭუნამ. გვერდით რომ ჩამიარა ერთი კიდევ შემომიბღვირა თან ისე, რომ დედამისს არ დაენახა და ოთახიდან უხმოდ გავიდა. _ რა მოხდა აქ?_ კარისკენ შევბრუნდი და ახლა ლადოს გაბრაზებულ სახეს მოვკარი თვალი. ეტყობა დაინახა მისი შვილიშვილის გაწიწმატებული სახე და ჩათვალა, რომ მე ვიყავი დამნაშავე, აბა თავის ლეკვს ხომ არ მოსჭრიდა კუდს? _ არაფერი არ ხდება! კარგად იცი, რომ თავხედობას არავის ვპატიობ! _ მკაცრად თქვა გვანცამ და მარკს ღიმილით შეეგება. _ თქვენ ყველას გავიწყდებათ, რომ სტუმარი გყავთ._ ჩაილაპარაკა ქართულად, ხოლო მარკი მისსავე ენაზე მოიპატიჟა მაგიდასთან. მარკსაც ეტყობოდა, რომ აინტერესებდა რა მოხდა, მაგრამ კითხვის ერიდებოდა. _ თქვენთვის ერთი კარგი ამბავი გვაქვს!_ გამოაცხადა გვანცამ საუზმობისას. ყველამ ინტერესით შეხედა. _ დღეს პატარა ექსკურსიას მოვუწყობთ ბატონ მარკს. გადავწყვიტეთ გრემი დავათვალიერებინოთ! ჩვენც რა ხანია არსად გავსულვართ!_ იდეა ყველას მოეწონა. სწრაფად ვისაუზმეთ, გავემზადეთ და მანქანაში მოვთავსდით. წინ მე და გვანცა, უკან მარკი და ლადო. ცნობისმოყვარე და მხიარული ნია მათ შორის ჩაეკვეხა. ხოლო ჯერ კიდევ კოპებშეკრული ნიკო სულ უკანა სავარძელზე გადაძვრა. პროტესტის ნიშნად უზარმაზარი მწვანე ყურსასმენები მოირგო და დაბღვერილმა ფანჯარაში დაიწყო ყურება. აქოდა თქვენთან ვარ, მაგრამ სრულიად გემიჯნებითო. გვანცამ ერთი გახედა მოღუშულმა , მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. მარკი აღფრთოვანებული იყო ყველაფრით, რასაც ხედავდა. დიდი ინტერესით მოისმინა ციხე_ქალაქის ისტორია. უამრავი ფოტო გადაიღო და კიდევ უფრო ბევრი კითხვა დაგვისვა. თან ლადოს ხელებით უხსნიდა თავის აღფრთოვანებას. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ლადოს და მარკს ერთმანეთი ძალიან მოეწონათ. მართალია ერთმანეთის ენა არ ესმოდათ, მაგრამ ეს ხელს საერთოდ არ უშლიდათ ურთიერთობაში. _ ბიჭო გიორგი, _ მომიახლოვდა ლადო თან თვალს არ აცილებდა ფოტო_აპარატით შეიარაღებულ სტუმარს. _ სირცხვილი და უსინდისობა არაა ამ პატიოსან კაცს რომ ვატყუებთ? იქნება სიმართლე გეთქვა ჰა?_ ვიცოდი ლადოსთვის რთული იქნებოდა მარკის მოტყუება. რადგან პირდაპირი და ამაყი კაცი იყო. არც კი ვიცი გვანცამ როგორ მოახერხა მისი დაყოლიება, რომ ამ თამაშში ჩართულიყო. რომ ვაკვირდებიდი ფულიც არ იყო ამ ოჯახისთვის პრობლემა. სადღაც გულში ვერც ვხვდებოდი, რა მიზნით მიგვიღო გვანცამ. _ სულ სამიოდე კვირა მამა და ყველაფერი დამთავრდება._ ვუთხარი მე. _ და მერე, სამი კვირის მერე რა იქნება? ისევ მარკთან ერთად დაბრუნდები ამერიკაში?_ მკითხა ლადომ ინტერესით. _ არ ვიცი, ახლა ძალიან ვარ დაბნეული. მაგრამ წასვლა არ მინდა, თუმცა ეს ყველაფერი მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული, ხომ იცი არა?_ თვალი გავუსწორე ლადოს. _ მე თუ მკითხავ, სწორედ რომ მხოლოდ შენზეა დამოკიდებული და სხვაზე არავიზე!_ ულვაშის კუთხეში ჩაეღიმა ლადოს. ამასობაში მარკმა დამიძახა , მოდიო ხელი დამიქნია. მისკენ წავედი. _ გიორგი!_ უკან მიმახედა ლადომ_ ნიკო კარგი ბავშვია, უბრალოდ მისი გულისკენ გზა უნდა იპოვნო! ნუ გაბრაზდები მასზე!_ თავი დავუქნიე. მაგრამ ბოლომდე ვერ ჩავწვდი მის სიტყვებს. ბოლო ბოლო მე რა უფლება მქონდა გვანცას შვილზე გავბრაზებულიყავი? ტაძრის კარიდან გვანცა გამოვიდა, თავზე თეთრი თავსაფრით. ადგილზე გავქვავდი. ის დღე , არა ის წამი გამახსენდა თეთრი საქორწილო კაბით და ფატით რომ გამოვიდა თხუთმეტი წლის წინათ ამავე კარიდა. მაშინაც ზუსტად ასე შემომხედა და გამიღიმა. არ მეშლებოდა, მაშინაც ზუსტად ასე უციმციმებდა თვალები, სიყვარულით და იმედით. იქნებ ლადო მართალი იყო და ყველაფერი მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული? სახლში დაღლილები მაგრამ ბედნიერები დავბრუნდით. ყველა აჟიტირებული იყო. ნიკოსაც კი დავიწყებოდა, რომ ჩვენზე ბრაზობდა. ერთმანეთს ემოციებს უზიარებდნენ. _ რა საოცრებაა , არა გიორგი, იმ ხალხის ყურება, ვინც გიყვარს და ვისაც უყვარხარ?_ გვერდში ამომიდგა მარკი. _ ნამდვილად ასეა ბატონო მარკ._ დავეთანხმე მე. _ რას არ მივცემდი, ოღონდ ჩემი ოჯახის ასე დანახვა შემეძლოს, მაგრამ ჩვენს შორის დიდი ხანია დამწყდარია ის უხილავი ძაფები თქვენ რომ ასე მჭიდროდ გაერთიანებთ!_ ამოიოხრა და გარეთ გავიდა. ახლა პირველად დავფიქრდი, თუ რატომ მოუნდა მარკს საქართველოში ჩამოსვლა. წარმოგიდგენიათ, რამდენად ენაკლისებოდა ოჯახური და თბილი ადამიანური ურთიერთობები რომ ახალი წლის ჯადოსნური საღამოს გატარება სხვის ოჯახში ისურვა?! მართლა ძნელი ყოფილა მარტოობა, ფიზიკურიც და სულიერიც. არ უნდა დარჩეს ადამიანი მარტო. მაგრამ სანამ ახალგაზრდა და ჯან_ღონით სავსეა ამას ვერ აცნობიერებს. სრულიად იკარგება კარიერაში და ისეთ არარეალურ ოცნებებში, რომლებსაც კაცმა არ იცის უწერიათ კი ოდესმე ახდენა! ხოლო ყველაზე მთავარი ოჯახი , მეგობრები, სიყვარული, ამ დროს განზე რჩება. ადამიანს ჰგონია სულ ასეთი ჯეელი იქნება და არასდროს დასჭირდება მარტოობის გამზიარებელი. წლები კი უცებ გაუქრება თვალსა და ხელს შუა და ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ სულ მარტოა ამ ქვეყანაზე. სულ მარტო, მარტო სული და მარტო კაცი! ზუსტად ისე, როგორც ბატონი მარკი. _ გვანცა. _ დავუძახე , ვიცოდი არ ეძინა. _ რა იყო გიორგი?_ მკითხა წყნარად. _ რატომ არ დარჩი მაშინ ჩემთან ამერიკაში?_ მას მერე არ მასვენებდა ეს კითხვა, რაც გვანცამ ჩემი წასვლიდან ხუთი წლის შემდეგ ჩამომაკითხა. მეგონა ვენატრებოდი და ამიტომ მომნახა. მაგრამ მწარედ შევცდი. _ შენ რატომ არ დაბრუნდი ჩემთან ერთად გიორგი?_ კითხვა მომიბრუნა მან. _ მაშინ მეგონა მოგენატრე! _ იქნებ მომენატრე კიდეც_ გაეცინა. _ და მაშინ რატომ არ დარჩი?_ ძალიან მინდოდა ეპასუხა. _ ხუმრობ გიორგი? მართლა არ იცი? _ საწოლზე წამოჯდა გაბრაზებული. _ მე მარტო არ ვიყავი, მამაჩემი და დედაჩემი მყავდა აქ, ვისთვის ჩამებარებინა მათი თავი? კიდევ დედაშენი! ყველა რომ შენსავით თავქარიანი და უპასუხისმგებლო იყოს..._ კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ სიტყვა აღარ დაამთავრა. _ ბავშვი აღარ ხარ გიორგი, არც მაშინ იყავი!_ ჩაილაპარაკა და ზურგი მაქცია. ცოტა ხანს გავჩუმდი. იქნებ ზუსტად ამიტომ არ დავაძალე ჩემთან დარჩენა? ჩემგან განსხვავებით ის კარგი შვილი იყო. დედაჩემს ბოლომდე მან მიხედა და უპატრონა. მიუხედავად იმისა მე როგორ მოვექეცი მას. _ გვანცა!_ დავუძახე ისევ. ხმა არ გამცა. _ გვანცა!_ ისევ დავუძახე. _ რა გინდა გიორგი!_ მიხვდა, რომ თავს არ დავანებებდი. _ რატომ გათხოვდი გვანცა?_ ვკითხე და ახლა მე წამოვჯექი. _ რა ვქენი?_ ხმა შეეცვალა მას. _ ხოო თუ გიყვარდი და გენატრებიდი რატომღა გათხოვდი?_ მასზე ვბრაზობდი.მაგრამ რა უფლებით. ცოტახანს დაკვირვებით მიყურა. მერე ამოიოხრა და ჩაილაპარაკა. _ შენს ჯინაზე გიორგი! ჯინაზე გათხოვება ვისგაუგიამეთქი ? მომადგა ენის წვერზე, მაგრამ თავი შევიკავე. სანამ გვანცა ოთახიდან არ გამიძახებდა სჯობდა ჯერ მეფიქრა, სანამ რამეს ვიტყოდი. _ გვანცაა, არ გიფიქრია, რომ ერთხელ კიდევ ვცადოთ?_ ვკითხე ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ. მაგრამ მას ხმა აღარ გაუცია. მშვიდი სუნთქვის ხმაზე მივხვდი ეძინა. ავდექი და მივუახლოვდი. ვუყურებდი მძინარეს და მენანებოდა ყოველი წამი, რომელიც მის გარეშე გავატარე. "ერთი და იგივე შეცდომას ორჯერ მხოლოდ სულელები უშვებენ!"_ გავიფიქრე გულში და მის გვერდით საბანზე დავწექი. მის სიახლოვეს სიმყუდროვე, სითბო და სიმშვიდე იყო. დიდხანს ვუყურებდი და მის ყურებაში მშვიდად დამეძინა. 8 სოფელში მალე გავრცელდა ხმა, გიორგი დაბრუნებულაო. ერთ დღესაც ბავშვობის მეგობრები ერთად გვესტუმრნენ. იმაზე არ ვღელავდი, რომ რომელიმეს მარკთან რამე წამოსცდებოდა, რადგან უცხო ენასთან სკოლაშიც არ მეგობრობდნენ დიდად. _ ასე უნდა არა? ჯერ წახვედი და დაიკარგე, ახლა დაბრუნდი და იმალები! თავს აღარ გვიყადრებ თუ რა ხდება?_ მხარზე დამკრა ლომივით ტორი ვაჟიკომ. ვაჟიკო ჩვენი სოფლის, არა რაიონის განთქმული მკლავჭიდელი იყო. მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ სპორტს ჩამოშორდა და ოჯახზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო. ვაჟიკოც, ჩემი არ იყოს, ერთ ერთი არ ასრულებული და დამსხვრეული ოცნება იყო.მაგრამ ჩემგან განსხვავებით კაცობა ეყო და ცხოვრებისთვის თვალის გასწორება შესძლო. _ რას ამბობ ბიჭო? _ თვალი ჩაუკრა კობამ, კობამდე შავკანიანი ნანახი არ მყავდა , მაგრამ ბავშვობაში, როცა წარმოვიდგენდი, თუ რა ფერი შეიძლებოდა ყოფილიყო აფრიკის მკვიდრი, ყოველთვის კობა წარმომიდგებოდა ხოლმე თვალწინ. _ ეს სულ ასეთი ინტელიგენტურად გარინდებული იყო, ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ეტყობა ამ როლიდან !_ დამცინოდა ჩემი შავტუხა მეგობარი. _ გეყოფათ ახალა!_ გამეცინა მე. მიუხედავად ამდენი წლის განშორებისა , მათთან მაინც დიდ სიახლოვეს ვგრძნობდი. მათთან ხომ მთელი ბავშვობა მაკავშირებდა. _ სტუმრის მაინც მოირიდოთ! _ მარკს გავაცანი ჩემი მეგობრები._ მერე კი რაც გინდათ ის მიყავით! _ გამარჯობა ბატონო მარკ!_ თავისი უზარმაზარი ტორივით ხელი გაუწოდა ვაჟიკომ. _ ეს აშკარად ვაჟიკოა!_ ეტყობა აღნაგობით იცნო მარკმა. _ ეს კი კობა ხომ?_ ახლა კობას მოუბრუნდა მარკი ღიმილით. _ რაოო?_ გაუკვირდათ საკუთარი სახელების მოსმენა მათ. _ ამან საიდან იცის ვინ ვართ?_ შემომხედა დაეჭვებით ვაჟამ. მოულოდნელად მარკმა ისეთი კითხვა დასვა ყველა წამით გაირინდა. _ და ლუკა სადაა?_ ლუკას სიკვდილის ამბავი მე არც კი გამიგია. მხოლოდ იმ ღამეს შევიტყვე , სასაფლაოზე დედის საფლავს რომ ვეძებდი. ამიტომ ჩემს წიგნში ლუკა ჯერ ისევ ცოცხალი იყო და მარკსაც წარმოდგენა არ ჰქონდა სინამდბილეში რა ხდებოდა. უბრალოდ ჩემი მონაყოლიდან იცოდა , რომ ჩვენ ოთხნი განუყრელი მეგობრები ვიყავით ბავშვობაში. _ ლუკაო?_ ახლა უარესად გამოქაჩა ისედაც გამოქაჩული თვალები ვაჟიკომ. _ მე არ ვიცოდი ლუკას ამბავი, მარკიც ჩემი მონაყოლიდან ლუკას ნახვასაც მოელოდა. სულ ესაა!_ შეძლებისდაგვარად ავუხსენი მე. ორივემ ტკივილიანი და სევდიანი მზერა მომაპყრო. ეტყობა ჯერ კიდევ ვერ ეპატიებინათ ჩემთვის. _ ბიჭებო მოდით სუფრა გაშლილია!_ სიტუაცია განმუხტა გვანცამ. შევხედე და მადლიერმა გავუღიმე. მაგიდას შემოვუსხედით, და მალე ლადოს ღვინომ ჩვენს შორის არსებული ყინულის გალავანი გაალღო. ძველებურად ავხმაურდით, გავთბით და გულები გავიხსენით. სადღეგრძელოებს მარკს ვუთარგმნიდი და ისიც, როგორც სხვა ყველაფერი ქართულით, აღფრთოვანებული ბეჯითად იმეორებდა ინგლისურად. _ ბიჭოო ეს რა მაგარი კაცი ჩამოგიყვანია?!_ რამდენიმე ჭიქის შემდეგ ხელი გადახვია ვაჟიკომ მარკს. _ აქ ხომ არ დავიტოვოთ ჰაა?_ კიდევ კარგი მარკს არ ესმოდა მისი სიტყვები და მშვიდად იღიმოდა. _ გაანებე ბიჭო თავი სტუმარი არ გადამირიოთ!_ შეუბღვირა ლადომ ვაჟიკოს. _ ყველა გაიზარდა დაჭკვიანდა, დაბრძენდა ერთი შენ არ გეშველა არაფერი! _ რა გინდა ლადო ძია, ბავშვობის მერე მასე რომ გყავარ ათვალწუნებული!_ თავი მოისაწყლა ვაჟიკომ. წამოდგა და ეზოში გავიდა, ცოტას გავნიავდებიო. ცოტახანში მისი ხმამაღალი ძახილი მოგვესმა. _ გიორგიიი, კობააა , გამოდით გარეთ !_ ყვიროდა ვაჟა. რატომღაც შეშინებულები წამოვხტით, და გარეთ გავცვივდით. _ რა მოხდა ბიჭო რა გაღრიალებს?_ შეუძახა ლადომ , როცა დარწმუნდა , რომ მშვიდობა იყო. _ ნახეთ როგორ თოვს ხალხო! განა ახლა სახლში ჯდომის დროა? გამოდით გარეთ, ისიც გვეყოფა მერე, როცა ამ სილამაზეს ვეღარ დავინახავთ! _ისევ ხმამაღლა ყვიროდა ვაჟიკო _ რა სჭირს ამ ოხერს?_ გაოცებულმა იკითხა ლადომ. _ რა ხდება? _ დაიბნა მარკიც, ვერ გაეგო რატომ ჩხუბობდა ეს გოლიათი. _ ბავშვობა გავიხსენით ბიჭებო!_ დაიძახა ვაჟიკომ და მოულოდნრლად ზარბაზნის ყუმბარის ხელა გუნდა გამომიქანა. გუნდა მომხვდა და შემაბარბაცა. _ მეტის ღირსი ხარ შე უარგისო! როგორ წახვედი და ასე როგორ გადაიკარგე? ასე როგორ მიგვატოვე? ასე როგორ დაგვივიწყე!_ თან ტიროდა ვაჟიკო, თან გუნდებს ისროდა. სულ ღვინის ბრალი იყო მისი გულჩვილობა. _ მასე არა?_ გამეცინა მეც, და საპასუხო გუნდა ვესროლე. ცოტა ხანში ყველა ბავშვებივით ვგუნდაობდით, თოვლში ვგორავდით დაა სულ არ გვადარდებდა ჩვენი ჟრიამულით სოფელს ძილს თუ ვუფრთხობდით. ასე იცის თოვლმა. მგონი ერთადერთი რამაა ბუნებაში, ასე გამეტებით რომ შეუძლია უკან ბავშვობაში გადაგისროლოს. მხოლოდ თოვლს შეუძლია დაგავიწყოს ყოფიერება და ისევ პატარა ბავშვად გაგრძნობინოს თავი. თავისი სისპეტაკით და სითეთრით შლის ყველა წყენას და ტკივილს, ყველა დარდს და ყველა საწუხარს. აივანზე მდგომ მარკს მოვკარი თვალი. იდგა და ღიმილით გვიყურებდა ბავშვებივით თოვლში ამოგანგლულ სახებედნიერ მეგობრებს. და შემიძლია დავიფიცო, ფიქრებში საკუთარი შვილების ბავშვობაში იყო გადაფრენილი. ჩვენს ნაცვლად მათ ხედავდა, და თუნდაც წარმოსახვაში და წარსულში, თუნდაც მხოლოდ წამიერად, ძველებურად კვლავ ბედნიერებით ჰქონდა გული ავსებული. ამოვიოხრე. მარტოსულ მარკში თითქოს საკუთარი უცილო მომავალი დავინახე. ალბათ ოდესმე, ოცნებებასრულებული და ცხოვრებით ჟინდამცხრალი მეც ასე ვიდგებოდი და სხვების ბედნიერების შემყურე გამოვეკიდებოდი საკუთარი წარსულის ჯადოსნურ აჩრდილებს. არა ! ეს არ იყო ის, რაზეც მე ვოცნებობდი! ეს არ იყო ის, რაც მე მსურდა! ეზოს მოვავლე თვალი, ყველა აქ იყო ვინც რამედ მიღირდა. ყველა აქ ამ ეზოში იყო და ყველას გულწრფელად უხაროდა ჩემი დაბრუნება. როდის როდის დავიშალეთ, მარკი უცნაურად დაფიქრებული იჯდა ბუხართან. მერე წამოდგა ღამენებისა გვისურვა და საძინებელში შევიდა. _ შვილო, გიორგი, რამ აიძულა ეს კაცი, ახალი წლის გატარება ჩვენთან რომ მოისურვა? ეტყობა კარგი ადამიანი უნდა იყოს და რატომაა შვილებისგან ასე მოძულებული?_ დაინტერესდა ლადო. მივხვდი მარკს უთანაგრძნობდა. _ როგორც თავად მისგან ვიცი, ძალიან ლამაზი ცოლი და ორი ვაჟი ჰყავდა, ძალიან უყვარდა და ბედნიერიც იყო. მაგრამ შემდეგ კარიერაში გადაეშვა. თავიდან ბოლომდე კარიერას მიუძღვნა თავი, ნელ_ნელა ოჯახი დაკარგა და როცა გონს მოეგო, უკვე ძალიან გვიანი იყო. არ აპატიეს შვილებმა, რომ უმამოდ მოუწიათ გაზრდა._ ამოვიოხრე ჩუმად. ისევ ამოვიცანი მარკში ჩემი მომავალი. _ გიორგი, ადამიანის ცხოვრებაში ზოგჯერ დგება მომენტი , როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ შემდეგ არაფერი აღარ ინანოს!_ ლადო წამოდგა, მხარზე ხელი დამადო, ოდნავ მომიჭირა და ისიც დასაძინებლად წავიდა. ვიჯექი და ბუხარში ცეცხლის გიზგიზს ვუყურებდი. ვიჯექი და წარსულზე ვფიქრობდი. ვიჯექი და ვიცოდი, რომ იმ წამს ჩემს ვენებში ღვინო მეტი იყო, ვიდრე სისხლი, მაგრამ ერთადერთი სიმართლე, რასაც ღვინით გათამამებული გული მიკიჟინებდა მხოლოდ გვანცა იყო. ვიხსენებდი და ვხედავდი წარსულის გვანცას, მას ვინც მთელი ჩემი გააზრებული არსებობის მანძილზე მიყვარდა და ვადარებდი იმ ქალს, ახლა რომ აქ იყო , რამდენიმე ნაბიჯში, ასე ახლოს და თან ასე მიუწვდომელი. ვადარებდი და ვხვდებოდი ისევ ისე ძველებურად მიყვარდა. და უეცრად მივხვდი სწორედ მაშინ დავკარგე საკუთარი თავი , როცა დავიჯერე, რომ უმისოდ შემეძლო ცხოვრების გაგრძელება. როცა ამერიკაში ჩამოსული სიჯიუტის თუ სიამაყის გამო მეორედაც დავკარგე. არადა, როცა არსაიდან გამომეცხადა, იმ ბარში სადაც მიმტანად ვმუშაობდი , მეგონა მეძინა და მორიგ სიზმარში ვხედავდი. როცა იმ ღამეს მონატრებული ქალი გულში ჩავიკარი და თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. რატომ ვერ მივხვდი მაშინ , რომ არაფერს არ ჰქონდა აზრი, თუ საფასური უმისოდ ყოფნა იქნებოდა. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ უცბად დენივით გამჭვალა ამ მოგონებამ. იმ ღამეს ... იმ საოცარ ღამეს... ზუსტად ათი წლის წინ! თითქოს უეცრად თვალი ამეხილა, ამ უცაბედი ფიქრის გააზრებამ ფეხზე წამომაგდო. ლამის სირბილით მივედი ბავშვების საძინებელთან, კარი გავაღე და ნიკოს საწოლთან მივირბინე. მუხლებზე დავეშვი და სახეზე დავაკვირდი. ბავშვს მშვიდად ეძინა, მარჯვენა წარბს უკან მფეთქავ სფეთქელზე პატრა ხალი ჰქონდა, ნიასკენ მივბრუნდი და მასაც როგორც ველოდი, ზუსტად იგივე ადგილზე , იგივე ნიშანი აჩნდა. ნელა წამოვდექი და იქვე კარადის სარკესთან მივედი. მივუახლოვდი საკუთარ ანარეკლს და დაკვირვებით მივაჩერდი. თითქოს მხოლოდ ახლა დავინახე და აღმოვაჩინე ჩემს სახეზე იგივე ნიშანი. შეცბუნებულმა უკან დავიხიე და ახლა შორიდან დავაკვირდი ჩემს სახეს. ჩემს შიგნით ვულკანივით ბობოქრობდა უცნაური ემოცია. ბავშვებისკენ შევტრიალდი. უცნაური გრძნობა იყო. გულში დუღდა და ჯებირებს არღვევდა მთელ სხეულში. ეს უპირობო სიყვარული იყო. არ ვიცი ასე ერთბაშად საიდან მოვიდა და ჩემში როგორ გაბატონდა. ჩემს წინ ჩემი ორი ნატეხი, ჩემი სისხლი სისხლისმიერი და ხორცი ხორცისმიერი იყო. ჩემი უაზრო არსებობის გამართლებას ვხედავდი მათში. იმ წამს მივხვდი , რატომაც დასთანხმდა გვანცა ჩემს დაბრუნებას. მასზე თან ვბრაზობდი და თან მისი უზომოდ მადლიერი ვიყავი. ოთახიდან ჩუმად გამოვედი და საძინებლისკენ წავედი. გვანცას არ ეძინა. საწოლზე იჯდა, მივუახლოვდი. სულ სხვა თვალით ვუყურებდი და ახლა სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. ეს ქალი ხომ ჩემი შვილების დედა იყო ! მის წინ ლოგინზე დავჯექი. მიხვდა, რომ სიმართლე ვიცოდი. ამოისუნთქა, თითქოს მძიმე ტვირთი მოიშორაო და გამიღიმა. თითებით ლოყაზე მოვეფერე, აბურდული თმა ყურს უკან გადავუწიე. _ მე შენთან ვრჩები!_ ვუთხარი ჩურჩულით. _ დარჩი ჩემთან! _ მითხრა მანაც ჩურჩულით. ხელი მოვხვიე და გულში ჩავიკარი, მონატრებულ ტუჩებზე ტუჩებით ფრთხილად შევეხე. ეს ქალი იყო ჩემი წარსული , აწმყო და მომავალი. ეს ქალი იყო ჩემი ისტორია, წიგნი და ბიოგრაფია. ეს ქალი იყო ჩემი დაკარგული ნახევარი! _ გავთხოვდიო , როგორ მომატყუე?_ ვუთხარი ბრაზნარევი ღიმილით. _ და შენ როგორ დამიჯერე?!_ მკითხა და კოცნის მოლოდინში თვალები დახუჭა. 9 დილით აივანზე ვიპოვე გვანცა. ცხელი ჩაის ფინჯანი ეკავა ხელში და ჯერ კიდევ მძინარე სოფელს გადაჰყურებდა. მივედი და ზურგიდან მოვხვიე ხელები. _ ბევრი დრო დავკარგეთ ჩემ გამო, ახლა კი მინდა ეს ყველაფერი ავინაზღაუროთ._ ვუჩურჩულე ყურში და კეფაზე ვაკოცე. _ რას გულისხმობ?_ ამომხედა ინტერესით. _ ნახავ!_ გამეღიმა, როცა მისი სიხარული წარმოვიდგინე. თუმცა იმაზე ვფიქრობდი , თუ როგორ მეთქვა ბავშვებისთვის სიმართლე. არ ვიცოდი, როგორ მიიღებდნენ ამ ამბავს. _ გვანცა!_ მიხვდა რაღაც სერიოზული უნდა მეკითხა და ჩემკენ შემობრუნდა. ხელები წელზე მომხვია. _ გისმენ!_ თითქოს შემაგულიანა. _ ბავშვებმა იციან?_უცნაურ შიშს თუ დაძაბულობას განვიცდიდი, როცა მახსენდებოდა, რომ მათთან საუბარი მომიწევდა. _ იციან გიორგი!_ მიპასუხა გვანცამ. _ კი მაგრამ..._ ვერც კი დავასრულე ფრაზა. აი რატომ ვფიქრობდი, რომ მათ გულწრფელად გაუხარდათ ჩემი დაბრუნება. _ მაგრამ ნიკოს...._ ვერც ახლა დავასრულე სათქმელი. _ იმიტომ რომ ბრაზობს შენზე, ბიჭია და სხვანაირად უჭირს ყველაფრის გააზრება. მაგრამ ნუ ღელავ, სანამ ჩამოხვიდოდი ყველაფერზე ვისაუბრეთ და ნამდვილად გაუხარდა, რომ მამა ბრუნდებოდა. ალბათ ასე ადვილად არ მიგიღებს , მაგრამ რას იზავ, რასაც დასთეს იმას მოიმკი ძმობილო!_ გამკენწლა და თან ჩამეხუტა. _ ლადოსთან მაქვს სასაუბრო, არც კი ვიცი პატიება როგორ ვთხოვო!_ ჩავილაპარაკე მე. _ ყველას გამო ღელავ ჩემ გარდა არა?_ გაეცინა გვანცას. _ შენ გამო ? _ თვალები დავუკოცნე_ მაპატიე ჩემო სიცოცხლე. არ ვიცი ასეთი რა სიკეთე მაქვს გაკეთებული, ღმერთმა შენი თავი რომ მაჩუქა. _ მეშინია გიორგი!_ თვალები დახარა გვანცამ. _ რატომ? _ მეშინია, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ისევ გაქრები! _ მისი ღიმილის უკან წლების მანძილზე დაგროვილი ტკივილი, ეჭვი, უნდობლობა და მარტოობა იდგა. _ არასდროს გესმის? არასდროს დაგტოვებ მარტოს!_ ძლიერად ჩავიკარი გულში. ლადოსთან საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, მხოლოდ ის მითხრა, რომ ყველაფერი ჩამოსვლისთანავე მაპატია, რომ იცოდა აუცილებლად დავბრუნდებოდი და მთხოვა, მის პატრა ერთადერთ გოგონას ნუღარასდროს ავატირებდი. არ იყო ლადო ენაწყლიანი კაცი, მაგრამ რასაც ამბობდა ყველაფერს გულიდან ამბობდა. ვიცოდი ვუყვარდი, მის თვალწინ გაზრდილი ბიჭი. სწორედ ისე, როგორც შეიძლებოდა ადამიანს თავისი საკუთარი ვაჟი ჰყვარებოდა. _ მარკს რას უპირებ? კიდევ დიდხანს აპირებ ამ ადამიანის მოტყუებას?_ შევამჩნიე უცნაურად მიყურებდა,თითქოს ჩემს პასუხზე რაღაც ძალიან მნიშვნშლოვანი იყო დამოკიდებული. _ არა, ამის აღარც საჭიროება და აღარც სურვილი აღარ არსებობს. ყველაფერს ვეტყვი! და თუ აღარც წიგნს გამოსცემს და დაბრუნებასაც მოისურვებს არ მეწყინება. არ მეწყინება კი არა და მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები ოჯახი რომ დამიბრუნა._ სიმართლეს ვამბობდი. აღარავითარ წიგნს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა,, აღარც კი მახსოვდა და სადღაც გულში მეცინებოდა. ნია და ნიკო ,აი მთელი ჩემი განძი და სიმდიდრე. არაფერში არ გავცვლიდი იმას, რაც ბედმა ასე გულუხვად გაიმეტა ჩემთვის. რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდიოდა. ბავშვები აჟიტირებულები იყვნენ. საჩუქრებს ელოდნენ, თუმცა როგორც ველოდი ისეთი განსაკუთრებული არაფერი მოუთხოვიათ. ნიას ხატვისთვის აუცილებელი ნივთები, აკვარელები და ფუნჯები სურდა. ნიკოს ყურსასმენები. გამაოცა მათმა მოკრძალებულმა სურვილებმა. მთელი ათი წლის უმოქმედობა ერთბაშად მსურდა გამომესყიდა. ამიტომ მათ სურვილებს საკუთარიც მივუმატე. ზუსტად ახალი წლის წინა დღეს გამოვუცხადე ოჯახს, რომ დღესასწაულს ბაკურიანში შევხვდებოდით. _ ბაკურიანი რა არის?_ დაინტერესდა მარკი. _ ჩვენი სამთო კურორტია, თხილამურები და სრული ბედნიერება გველოდება._ ვუთხარი მე. _ამ პატარა ქვეყანაში სამთო კურორტიც გაქვთ?_ გაოცდა მარკი. _ არა მარტო სამთო, არამედ უამრავი გამაჯანსაღებელი კურორტი გვაქვს. ზღვა, უდაბნო, თუკი დედამიწაზე ბუნების რამე სახე არსებობს საქართველოში ყველაფერი მოგვეპოვება._ ამაყად ვუთხარი,ან კი შემეძლო არ მეამაყა ჩემი ხელისგულის ხელა, მაგრამ საოვრად ლამაზი სამშობლოთი?! გასამგზავრებლად სამზადისი დავიწყეთ. მალე დაქირავებული მანქანაც მოგვადგა. ჩავბარგდით სახლ_ კარი მისახედად მეგობრებს დავუტოვეთ და გვანცას ნანატრი ახალი წლის შესახვედად გავეშურეთ. მთელი კოტეჯი მქონდა ნაქირავები. რათა ყველა თავისუფლად მოთავსებულიყო და დრო ყველას სასიამოვნოდ გაეტარებინა. ლამაზად შეფუთული საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ დავაწყვეთ. ბუხარი ავაგიზგიზეთ, მაგიდა გავაწყეთ, გარეთ გადაუღებლად და სასწაულად ბარდნიდა. ხოდა, როგორც მახსოვს, როცა ჩემი ამბის მოყოლა დავიწყე, გკითხეთ: თქვენთვის რას ნიშნავს საოცნებო ახალი წელიმეთქი? ბრდღვიალა ნაძვის ხეს? ნაძვის ხის ძირში დაწყობილ საჩუქრებს? რამდენიმე სართულიან სუფრას თუ სტუმრებს, თვეობით უნახავ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მეზობლებს? რას ნიშნავს ახალი წელი? რომელიმე ფეშენებელურ კურორტს? თუ ფერად და ხმაურიან ფეიერვერკს? ჩემთვის ახალი წელი მყუდროებას, დათოვლილ ნაძვნარს, ფანჯრიდან ფერადი ნათურების ციმციმს და რაღაც ამოუცნობი სასწაულის მოლოდინს ნიშნავს. ძალიანაც რომ მინდოდეს, ამაზე მეტს ვერაფერს გავუკეთებ საკუთარ თავს. გვიან მივხვდი, რომ ყველაფერი, რაც მჭირდება ბედნიერებისთვის, ის ხალხია ვისაც ახლა, ამ ჭერქვეშ მოუყრია თავი. ხომ მართალი ვარ? ამაზე კარგი რაღა უნდა ვუსურვო ჩემს თავს?! თორმეტმა ჩამოჰკრა, გარეთ უზარმაზარი ფეიერვერკია, სახლში ბედნიერება, სულებში სიმშვიდე, გულებში სიყვარული და რაც ბავშვებს ყველაზე მეტად ახარებდთ ,ნაძვის ხის ქვეშ უამრავი საჩუქარია. თითო საჩუქარი გაცდენილი ყოველი წლისთვის . _ გილოცავ ჩემო ლამაზო ცოლო!_ ვეხვევი გვანცას. მიყურებს და ბედნიერია, მისი თვალებიდან მგონი ყველა ტკივილი განვდევნე. ახლა მის თვალებში მარტო მე ვჩანვარ. _ გიორგი, _ მარკი მიხმობს. _ მადლობა მინდა გითხრა! შენმა ოჯახმა ის დავიწყებული ბედნიერება გამახსენა, რაც წლებია აღარ მიგრძვნია! რომ დავბრუნდები, იქნებ შევძლო და ოჯახი დავიბრუნო! მეც ხომ ვიმსახურებ ერთ შანსს?_ უცნაურად იყო აღელვებული, არ ვიცი ლადოს ღვინის გამო, თუ ახალი წლის ჯადოსნური განწყობა მოქმედებდა მასზე. გადავწყვიტე , ახლა არ ღირდა, მაგრამ დაბრუნებისთანავე მოვუყვებოდი ყველაფერს. დაკვირვებულები ხართ, რომ ყველაფერი სასიამოვნო მალე მთავრდება და გულში უკმარისობის უცნაურ გრძნობას ბადებს. ასე მალე დამთავრდა ჩვენი დადვენების დღეებიც და სახლში იმ გრძნობით დავბრუნდით, რომ მომდევნო ახალწელსაც იქ დავბრუნდებოდით. იმ საღამოს, ვახშმის შემდეგ მარკთან მივედი. _ ბატონო მარკ, თქვენთან სასაუბრო მაქვს, წამოდით ფეხით გავისეირნოთ!_ თხოვნაზე დამთანხმდა და ქუჩას ჩემი სახლისკენ დავუყევით. ჩუმად მივდიოდით საკუთარ ფიქრებში გართულნი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ჩემს მშობლიურ სახლს მით უფრო მემატებოდა მღელვარება, თითქოს სახლთან კი არა წლების მიტოვებულ ადამიანთან მივდიოდი. თითქოს ვიცოდი, რომ საყვედურს მეტყოდა და ეს საყვედური მაფორიქებდა. ვიცოდი მეკუთვნოდა , მაგრამ მოსმენა არ მსურდა. ჭიშკართან შევჩერდი. მარკმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და რომ დაინახა არ მივყვებოდი შეჩერდა. _ ეს ვისი სახლია გიორგი?_ მკითხა ინტერესით. ნერწყვი გადავყლაპე. ჩემიმეთქი როგორ მეთქვა? ვიყავი კი ამის ღირსი? _ დედაჩემის!_ ვუპასუხე და ჭიშკრის თავზე გადაცმული რკინა ავწიე. კარი შევაღე და საოცარი მარტოსულობა შემომეფეთა. ცოვხალი ბინადარივით დაედო ბინა დედისეულ სახლში და ავად მიღრენდა. პირქუშად მიყურებდა სახლის ფანჯრებიდან. შამაკანკალა, განა მციოდა, აცახცახებულ ნერვებს ვერ ვიოკებდი. _ კარგად ხარ გიორგი?_ მარკი ამჩნევდა, რომ ძალიან ვღელავდი. _ კი მაგრამ ეს თუ შენი სახლია?_ მკითხა ინტერესით. _ ხოო, ბატონო მარკ , ჩემი მშობლიური სახლია. _ თავი დავუქნიე. მაგიდასთან სკამი გამოვწიე, მტვერი გადავწმინდე და მარკს შევთავაზე. მე მის წინ ჩამოვჯექი. _ პირველ რიგში მადლობა ბატონო მარკ, თქვენ მე დაკარგული ოჯახი დამიბრუნეთ._ დავინახე როგორ გულწრფელად გაოცდა. _ახლა კი ბოდიში , იმის გამო, რომ მოგატყუეთ, ყველაფერს მოგიყვებით. და თავად განსაჯეთ, როგორ მოიქცევით. თუ არ მაპატიებთ, ამას გავიგებ და ალბათ ღირსიც ვიქნები._ გაოცებული მიყურებდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა რის თქმას ვაპირებდი. მოყოლა დავიწყე, არც კი ვიცი რამდენ ხანს ვუყვებოდი ჩემს ნამდვილ ისტორიას, შეულამაზებლად, სიტყვა სიტყვით. არც ერთხელ არ გავუჩერებივარ, ყურადღებით მისმენდა. მხოლოდ სახეზე ხანდახან ვამჩნევდი ემოციებს, ხან სევდას, ხან ტკივილს, ხან მწუხარებას, თვალებში მიყურებდა და ვხვდებოდი ჩემი კარგად ესმოდა. მოყოლა დავამთავრე და პასუხის მოლოდინში გავჩუმდი. ცოტა ხანს ფიქრობდა, მერე სახლი მოათვალიერა. _ შენ ფიქრობ რომ შენი ადგილი იპოვნე?_ მკითხა ხმადაბლა. თავი მტკიცედ დავუქნიე. _ ანუ შენი ადგილი სულაც არ დაკარგულა არა? შენ იყავი თავად დაკარგული!_ ისევ დავეთანხმე. _ ანუ რასაც მთელ დედამიწაზე ეძებდი , აქ მშობლიურ მიწაზე და შინაურ ხალხთან ყოფილა? ანუ ბედნიერება ასე მარტივია?_ დაფიქრებული ჩანდა. _ კი ბატონო მარკ, ბედნიერება მარტივია, მხოლოდ სწორად უნდა აფასებდე მას!_ გულზე მომეშვა. მარკი წამოდგა და ჩუმად გაბიდა სახლიდან. მეც გავყევი. დახურვისას სახლის კარმა საცოდავად დაიჭრიალა , თითქოს სახლმა დაიკვნესა , რადგან კვლავ მივდიოდი. _ ნუ გეშინია !_მოვეფერე კარის სახელურს_ მე აღარსად ვაპირებ წასვლას! _ რას, რას ეუბნები?_ მარკი მიხვდა ,რომ სახლს ვესაუბრებოდი და არა მას. _ ვპირდები, რომ აღარ მივატოვებ!_ ვუთარგმნე მე. მარკი ორ დღეში გაემგზავრა. არ უთქვამს, რომ ნაწყენი იყო, არც ის უთქვამს, რომ მაპატია. მხოლოდ ჩემი ხელნაწერები მთხოვა და გულწრფელად დაგვემშვიდობა. სათითაოდ ჩაეხუტა გულში ლადოს, გვანცას და ბავშვებს. წასვლისას ხელი მაგრად ჩამომართვა. _ მადლობა გიირგი, რომ გზა დამანახეთ!_ თავი არ გამაცილებინა. ცხოვრება გაგრძელდა, როგორც მანამდე უნდა ყოფილიყო. ყველაფერი მოგვარდა და დალაგდა. რაც მარკი წავიდა კალამი აღარ ამიღია ხელში. თითქოს წერის მეშინოდა . თუმცა ამაზე აღარც ვდარდობდი. სოფელმა ჩამითრია ყოველდღიურობაში და საკუთარი ცხოვრების წესს მომარგო. ახლა მქონდა სახლი, ოჯახი, დედის საფლავი, მეგობრები. მქონდა შეგრძნება, რომ ის ვიყავი, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი და ეს გრძნობა სიმშვიდეს ბადებდა ჩემს გულში. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, უცხო დაოულიდნელი ამანათი მივიღე . ყუთს დავხედე და გაოცების შეძახილი აღმომხდა, ამანათი ამერიკიდან იყო და მარკის სახელი ეწერა. _ გვანცაა, _ სახლისკენ გავიქეცი_ გვანცაა! _ რა მოხდა გიორგი?_ჩემს ძახილზე დაფეთებული გამოვარდა ჩემი ცოლი. _ მარკმა ამანათი გამომიგზავნა!_ ყუთი მაგიდაზე დავდე და დავჯექი. გახსნას ვერ ვბედავდი. გვანცას ავხედე. _ მიდი გიორგი გახსენი!_ შემაგულიანა მან. რაც მარკი წავიდა აღარ დაგვკავშირებია. ხშირად ვწერდი ვკითხულობდი, მაგრამ არც ერთხელ არ უპასუხია. უკვე იმედი მქონდა გადაწურული და მეგონა, რომ მან უბრალიდ დაგვივიწყა. ახლა კი მისი გზავნილი მეკავა ხელში. ყუთი დიდი არ იყო, სწრაფად შემოვხსენი გარსაკრავი და არც მეტი არც ნაკლები წიგნი შემრჩა ხელში ჩემი საკუთარი ავტორობით და ჩვენი ოჯახის სურათით გარეკანზე, ახალ წელს ბაკურიანში რომ გადავიღეთ ,თავად მარკიც კი იყო იმ სურათზე. წიგნს სათაურად ეწერა: " ოჯახი დაქირავებით" იქვე კონვერტი იდო, ხუთი ბილეთით ამერიკაში და სულ ერთ წინადადებიანი წერილით. " it's your turn!" ( თქვენი ჯერია) დასასრული ვერა გურული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.