შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხმა არსაიდან ( 1 )


17-03-2023, 22:17
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 367

გაბრაზებულმა დავხურე ლეპტოპი და თავი ძლივს შევიკავე რომ კედელზე არ შემომენარცხებინა, რას არ მივცემდი ახლა გულიანად ყვირილი რომ შემძლებოდა, კივილი, წივილი, გარშემო ყველაფრის დამსხვრევა რომ ის ბრაზი რაც შიგნიდან მჭამდა გარეთ გამომეშვა, გავაკეთებდი კიდეც მაგრამ ჩემი რომელიმე მეზობელი აუცილებლად გამოიძახებდა პოლიციას მე კი ახლა ყველაზე ნაკლებად მათთან ურთიერთობა მინდოდა, ღამის თორმეტი საათი ხდებოდა და მთელი დღე მუშაობისგან საშინლად დაღლილს მომიწია დედაჩემის ორ საათიანი ლექციის მოსმენა იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი, რომ თუ არ დავბრუნდებოდი მამაჩემი სახლში აღარ შემიშვებდა და ოჯახს დავკარგავდი, რომ მეზობლები ჭორაობენ ამერიკაში წავიდა და გაბოზდაო, რომ ჩემს უტვინო უფროს ძმას ყველაფერი ჯერა რასაც ჩემზე ამბობენ და მერე დედაჩემს ეჩხუბება შენი ბრალია რომ ნანე ასეთი გარყვნილი და ხელიდან წასულია, შენ ვერ გაზარდე ნორმალურადო, მერე მამაჩემიც უმატებს ზემოდან, დედა კი... დედა იმ ბოღმას და ბრაზს რაც მათზე უნდა გადმოანთხიოს და ვერ ბედავს ჩემზე ანთხევს უკანასკნელ წვეთამდე, არ ვიცი ამით რისი მიღწევა უნდა, ალბათ გულს იოხებს მაგრამ მე ისე მიშხამავს ხასიათს მთელი კვირა მიმყვება ხოლმე...
- ვიცოდი რომ სახლში იქნებოდი, -როგორც ყოველთვის ახლაც გაუფრთხილებლად შემოვარდა ოთახში ჩემი სომეხი მეგობარი ნათია, ოცდაექვსი წლის ვიყავი და უკვე შვიდი წელია ნიუ იორკში ვცხოვრობდი, ჩამოსვლისთანავე გავიცანი ნათია, მისი ოჯახიც საქართველოში ცხოვრობდა და სულ მარტო იყო, დავმეგობრდით, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა ფეხის მოკიდება, თუმცა ჩემი უპირატესობა ის იყო რომ ამერიკის მოქალაქე ვიყავი, ეს ერთი სიკეთე მაინც გამიკეთეს ჩემმა მშობლებმა, მართალია მაშინ როცა ამერიკაში დაბოდიალობდნენ ჩემზე არ უფიქრიათ, ის კი არადა საერთოდ არ ვყავდი არცერთს გეგმაში, თუმცა მაინც მოხდა მოსახდენი და ამ მიწაზე დავიბადე...
ერთი სიტყვით მე და ნათიამ ორი წლის წინ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი გავხსენით რომელიც ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ კარგად მუშაობდა, ნათია ყოველთვის ამბობდა რომ ჩვენი შეხვედრა ღმერთის მიერ იყო დაგეგმილი, მე რათქმაუნდა ამის არ მჯეროდა მაგრამ ღმერთის თუ არა ვიღაცის ან რაღაცის ხელი რომ ერია ჩვენს საქმეში ფაქტი იყო, ჯერ ერთი თითქმის ერთდროულად ჩამოვედით ნიუ იორკში, მერე ის რომ მაშინ შევხვდით ერთმანეთს როცა მეგობარი ორივეს ძალიან გვჭირდებოდა, კიდევ ის რომ ორივეს ერთი და იგივე პროფესია გვქონდა არჩეული, ორივე ბავშვთა ფსიქოლოგიას ვსწავლობდით და ყველაზე სასაცილო, ის სომეხი იყო და ნათია ერქვა მე კი ქართველი და მართლა არ ვიცოდი რატომ გაუჩნდათ ჩემს მშობლებს ის არაჩვეულებრივი იდეა რომ ჩემთვის სომხური სახელი ნანე დაერქმიათ, ამის გამო ნათია შანსს არ უშვებდა ხოლმე ხელიდან რომ ჩემთვის დაეცინა...
- გასაღები უნდა გამოგართვა თორემ ერთხელაც იქნება გულს გამიხეთქავ, -უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე, ჩემი უკმაყოფილება არც შეიმჩნია, საწოლზე წამოკოტრიალდა და ხელები თავქვეშ ამოიწყო.
- ვერ ეღირსები, გასაღები ჩემთან რჩება და საერთოდ არ გინდა რომ შენთან გადმოვიდე? ან შენ გადმოდი ჩემთან, მაინც ვერ ვხვდები რატომ ვცხოვრობთ ცალ-ცალკე, ერთად თუ ვიცხოვრებთ ფულს მაინც დავზოგავთ.
- ხომ იცი მარტო ცხოვრება მომწონს, თანაც შენი ცხოვრების წესისთვის ფეხის აწყობას ნამდვილად ვერ შევძლებ, -მოურიდებლად ვუთხარი და რეაქციამაც არ დააყოვნა, წამოჯდა და წარბაწეულმა შემოიდგა დოინჯი.
- ჩემი ცხოვრების წესს რას ერჩი?
- კარგი რა, თვეში ერთხელ იცვლი შეყვარებულს, როგორ გგონია შევძლებ ამ ბინაში შენი ბიჭების ატანას? სექსით რომ დაკავდებით ხოლმე რა ვქნა თქვენს ოხვრას და კვნესას ვუსმინო?
- შეგიძლია ყურსაცვამები გამოიყენო და ნუ აზვიადებ, რა ჭირთ აუტანელი? -მხრები აიჩეჩა, წამში შეეცვალა უკმაყოფილო გამომეტყველება და სახეზე ეშმაკური ღიმილი გადაეკრა.
- იცი მაქსი რა საყვარელია? უნდა გაგაცნო.
- ორი კვირის წინ არ გამაცანი?
- ეგ კარლოსი იყო.
- აბა მაქსი რომელიღაა?
- არ გახსოვს სამი დღის წინ რომ გიყვებოდი?
- მგონი გამახსენდა? -გონება დავძაბე რომ ნათიას მრავალფეროვანი და მრავალეროვანი ბიჭებიდან მაქსი გამომეცალკავებინა, -ქერათმიანი და მდიდარი, საკუთარი საგვარეულო სასახლე რომ ჰქონდა?
- ისევ გეშლება, -ამოიოხრა და თეატრალურად აატრიალა თვალები, -მაქსი წითურია და არანაირი სასახლე არ აქვს, სამაგიეროდ ვუყვარვარ, იცი რა ბედნიერი ვარ, მგონი ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვნე.
- კარგია თუ ასე ფიქრობ, შენი ბედნიერება მახარებს, მართლა, -გვერდით მივუჯექი და მოვეხვიე, მანაც მთელი ძალით შემომხვია მკლავები, ალბათ მართლა უდიდესი ბედნიერებაა როცა ფიქრობ რომ გაგიმართლა და ამ უკიდეგანო სამყაროში საკუთარი მეორე ნახევარი იპოვნე, ნეტავ მე თუ განვიცდიდი ოდესმე ასეთ ბედნიერებას...
- რა გჭირს კარგად ხარ? -ნათიას ნამდვილად არ გამოპარვია ჩემი უგუნებობა, -ისევ საქართველოდან დაგირეკეს არა?
- როგორ მიხვდი? -ისე ამოვიოხრე ლამის გულიც თან ამოვაყოლე.
- მხოლოდ დედაშენი და შენი ძმა თუ ახერხებენ რომ ასეთ დეპრესიაში ჩაგაგდონ ხოლმე, არა არ ვამბობ რომ ჩემები ანგელოზები არიან მაგრამ შენებს მართლა ზედმეტი მოსდით.
უბრალოდ თავის დაქნევით დავეთანხმე, არ მწყენია, ასეთი იყო ნათია პირში მოხლა უყვარდა, მიჩვეული ვიყავი მისგან რომ მწარე სიმართლეს აი ასე ყოველგვარი შელამაზების გარეშე გადმომილაგებდა ხოლმე წინ, სიმართლე რომ ვთქვათ არც მე ვაკლებდი მაგრამ რატომღაც მაინც ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, უსიტყვოდ და უთქმელად ვუგებდით ერთმანეთს.
- დედაშენი ისევ გთხოვს რომ დაბრუნდე?
- მთხოვს და თან მამადლის რომ მამასთან შუამდგომლობა გამიწია და მანაც მაპატია ის რომ აქ მათ აუკითხავად წამოვედი, მთხოვს რომ დავბრუნდე მაგრამ იცი რაზე მწყდება გული, იმის გამო კი არ უნდა ჩემი დაბრუნება რომ მოვენატრე უბრალოდ მამაჩემის და ჩემი ძმის ჩხუბს ვეღარ უძლებს რომლებიც ადანაშაულებენ რომ პატიოსან გოგოდ ვერ აღმზარდა და ასევე მეზობლების აზრიც აწუხებს რომლებსაც იმის გამო რომ ამერიკაში ვცხოვრობ ვგონივარ, მეზობლებმა თუ არა ჩემებმა მაინც ხომ იციან რომ ღამეებს ვათენებდი სწავლაში ას პროცენტიანი დაფინანსება რომ მიმეღო...
- მეგონა სხვისი აზრი არ გაინტერესებდა.
- არც მაინტერესებს, რომ არ მაინტერესებს ზუსტად ამან გამაბედინა აქ ჩამოსვლა, მათგან უჩუმრად მოვაგროვე ფული, მოვხიკე ბარგი და წამოვედი, იქ რომ დავრჩენილიყავი ალბათ ახლა სამი შვილი და მუდამ უკმაყოფილო ქმარი მეყოლებოდა, სწავლაზე და მუშაობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
- ჩემთვის არ მოგიყოლია, არასოდეს გითქვამს მაინც რამ ითამაშა მთავარი როლი რომ ასეთი სარისკო გადაწყვეტილება მიიღე.
- იმიტომ არ მომიყოლია რომ ყოველთვის ძალიან ცუდად მახსენდებოდა, თუმცა ახლა რომ ვუფიქრდები მეცინება ხოლმე, თავიდან ვყოყმანობდი და ვერ ვბედავდი ამ გადაწყვეტილების მიღებას მაგრამ საბოლოოდ მაშინ გავბედე როცა მამამ თავისი მეგობარი დაპატიჟა ჩვენთან, ოჯახით გვესტუმრნენ, ყვავილებით და ტკბილეულით ხელდამშვენებულები, რატომღაც სადღესასწაულოდ გამოწყობილ ოჯახს თან ერთადერთი ვაჟი ახლდათ, ოცდაოთხი წლის ტატო, დედაჩემმა ახალი კაბის ჩაცმა რომ მაიძულა და საკუთარი ხელით რომ დამვარცხნა თმა მაშინ კი დავეჭვდი...
- ახლა არ მითხრა რომ შენს დასანიშნად იყვნენ მოსულები, -სიცილით შემაწყვეტინა ნათიამ.
- ჰო ასე იყო, -უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა როცა ის დღე გამახსენდა, ტატოს შემფასებლური მზერა, ხარბად რომ ათვალიერებდა ჩემს სხეულს და მისი მშობლების მლიქნელური ღიმილი.
- უკვე ვიცი რომ ეს ყველაფერი მშვიდად არ ჩაივლიდა.
- არც ჩაუვლია, სახლიდან ისე გარბოდნენ უკან არ იხედებოდნენ, იმ დღეს პირველად დამარტყა მამაჩემმა, არასდროს ყოფილა იდეალური მამა მაგრამ ჩემზე ხელი არასოდეს აუწევია იმ დღეს კი ისე დამარტყა ჩალურჯებული თვალის გამო კარგა ხანს ვერ გავდიოდი სახლიდან, დედაჩემმაც მას აუბა მხარი, ჩემმა ძმამაც მე გამამტყუნა, თითქოს ნორმალური ყოფილიყო ჩემთან შეუთანხმებლად ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
- რა დროს სწავლაა, დაეტიე იქ სადაც ხარ, მამამ საქმე მოაგვარა, ტატოს მშობლებს ბოდიში მოუხადა და თვის ბოლოს ისევ მოვლენ შენი ხელის სათხოვნელად, ცოტა ხანში ქორწილსაც გადაიხდით და ეგ იქნება, სწავლა რა ქალის საქმეა, შენი მოვალეობა ის არის რომ ტატოს შვილები გაუჩინო და ოჯახს მოუარო, სამაგიეროდ ისინიც არაფერს მოგაკლებენ, შეძლებული ოჯახია, იცოდე სისულელე აღარ გააკეთო და აღარ შემარცხვინო თორემ ცოცხალი ვერ გადამირჩებიო, -ასე დამმოძღვრა დედაჩემმა.
- მერე რა მოხდა?
- მერე ის მოხდა რომ ზუსტად იმ დღეს გამოვფრინდი ამერიკაში როცა ჩემს დასანიშნად უნდა მოსულიყვნენ, დანარჩენი შენც კარგად იცი.
- დედაშენი ისევ არ გთანხმდება აქ ჩამოსვლაზე?
- შენ ხომ მაინც იცი რამდენჯერ ვთხოვე მაგრამ სასტიკ უარზეა, უკვე ვფიქრობ რომ მოსწონს ის ყოფა რომელშიც არის, რატომღაც ფიქრობს რომ მამა და ის მუტრუკი უიმისოდ ვერ იცოცხლებენ, თავიდან მეცოდებოდა, ახლა უკვე ვეღარაფერს ვგრძნობ, -დაძაბული წამოვდექი საწოლიდან, ფანჯარასთან მივედი და ჩაბნელებულ ქალაქს გადავხედე.
- ამ ყველაფერზე ლაპარაკი აღარ მინდა ნათია, ახლა იმაზე ვფიქრობ რომ ამაღამ კიდევ ვერ გამოვიძინებ და მერე მართლა მომიწევს რომ ვიღაცას ვუჩივლო.
- გაიგე ვინ არის? -თვალები აუციმციმდა, ერთი სული ჰქონდა ახალ საჭორაო თემას როდის იპოვნიდა.
- საქმეც ეგ არის რომ ვერ გავიგე, მთელი შენობა შემოვიარე და ვერაფერი ვერ გავარკვიე, ჩემს ზემოთ მოხუცი წყვილი ცხოვრობს და საერთოდ ვერ იტანენ ხმაურს, ქვემოთ სამბავშვიანი ოჯახია და შუაღამისას ვერანაირად ვერ ჩართავენ მუსიკას, ჩემს მოპირდაპირედ მცხოვრები წყვილი უკვე ოთხი თვე რაც ესპანეთში წავიდნენ და ჯერ კიდევ ერთი თვე არ ჩამოვლენ, არადა უკვე სამი თვეა იმ მუსიკის გამო ნორმალურად ვერ მძინავს.
- საინტერესოა ასეთ საშინელს რას უსმენენ?
- არ მითქვამს რომ საშინელია, პირიქით, ასეთი საოცარი რამ არასდროს გექნება მოსმენილი, წარმოუდგენლად ლამაზი და გულშიჩამწვდომი მუსიკაა.
- თუ არ გაწუხებს რა პრობლემაა ვერ ვხვდები?
- ის პრობლემაა რომ როცა იწყება ვერანაირად ვერ ვახერხებ დაძინებას სულ მინდა რომ ვუსმინო, ასე მგონია რომ სპეციალურად ჩემთვის შექმნეს, ვიღაცამ ჩემთვის დაწერა, თითქოს ცდილობს ამ მუსიკით რაღაც მითხრას, რაღაც ამიხსნას რის გაგებასაც ვერ ვახერხებ, ვერ აგიხსნი ეს რა გრძნობაა, გამთენიისას წყდება ხმა და მაშინღა ვახერხებ რომ დავიძინო.
ნათია ყურადღებით მისმენდა და თუ გავითვალისწინებთ როგორც მიყურებდა მგონი ზედმეტად სერიოზულად აღიქვა რაც მოვუყევი, რაღაცის სათქმელად ტუჩები ერთმანეთს რომ დააშორა მაშინვე მივხვდი რასაც მკითხავდა.
- მისმინე ნანე, დარწმუნებული ხარ რომ ეს მუსიკა მართლაც რომელიმე მეზობლის ბინიდან გესმის?
არ გავბრაზებულვარ თუმცა მაინც ავწიე წარბი და შევეცადე გაბრაზებული გამომეტყველება მიმეღო, ვერ ვიტყვი რომ თვითონაც არ მიფიქრია ამაზე მაგრამ ახლა მერჩივნა თუ ყურადღებას სხვა რამეზე გადავიტანდი, ისღა მაკლდა ვინმეს თუნდაც ნათიას ეფიქრა რომ შევიშალე და თავში ყველაფერი რიგზე ვერ მქონდა, სანამ ხმას ამოვიღებდი მანამდე მიხვდა ნათია თავის შეცდომას და გამოსწორება სცადა.
- კინაღამ დამავიწყდა რისთვის მოვედი, -წამოიძახა, წამოხტა, თმა შეისწორა და იქვე მდგარ სამუშაო მაგიდას მიუჯდა, -მოდი ნანე დაჯექი შენთან სერიოზული საქმე მაქვს, ხომ გახსოვს ის წყვილი წინა დღეს რომ დარეკეს?
- იმათ გულისხმობ უარი რომ ვუთხარი? -ისე მარტივად ჩავები საუბარში თითქოს ცოტა ხნის წინ არაპირდაპირად ჩემთვის შერეკილი არ ეწოდებინოს.
- ჰო მათ ვგულისხმობ, დღეს კიდევ დარეკეს, ძალიან უნდათ რომ შენ ჩახვიდე მათთან თურმე ბავშვი სხვას არავის იკარებს და შენ გითხოვს.
- გუშინ ვუთხარი რომ ვერ წავალ და იქ მთელი კვირა და საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტიც ვერ დავრჩები, მეგონა გასაგებად ავუხსენი რომ ასე არ ვმუშაობთ.
- მზად არიან ნებისმიერი თანხა გადაიხადონ, საქმე იმაშია რომ ბავშვს შენს გარდა არავის დანახვა არ უნდა.
- კი მაგრამ ასე რატომ ამომიჩემა?
- მშობლებს შენი იუთუბ არხი ჰქონიათ გამოწერილი და პირველად იქ უნახიხარ, მერე ტიკტოკზეც შეხვედრია შენი ვიდეო, შენი ვარდისფერი გაჩეჩილი თმის გამო მოსწონხარ, რომელიღაც პრინცესას თუ ვიღაც უცნაურ ანიმაციურ პერსონაჟს გამსგავსებს, დედამის შენი ფოტო უჩვენებია რას იტყვი შენთან რომ მოვიდეს სასაუბროდო და სიხარულისგან გაგიჟებულა არადა მანამდე ყველა ფსიქოლოგი გააგდო ვინც მიუყვანეს, რვა წლისაა და ძალიან საყვარელი ბავშვია, ვიცი რომ მის დახმარებას შეძლებ.
- ვერც ვიფიქრებდი თუ ვინმეს ამ თმის გამო მოვეწონებოდი, -ღიმილით შევიცურე თითები დატალღულ ვარდისფერ თმაში რომელიც მხრებამდე მწვდებოდა, -არადა ზუსტად გუშინ ვფიქრობდი რომ ყავისფრად გადამეღება.
- ახლა არ გამაგიჟო, ჯერ იქ ჩადი და იმ ბავშვს მიხედე და იქიდან რომ დაბრუნდები მერე თუ გინდა მწვანედ შეიღებე, ძალიან გთხოვ წადი რა, -საყვარლად ამიხამხამა გრძელი შავი წამწამები.
- ნუ მიჟუჟუნებ მაგ თვალებს თუ ქალი ხარ, ასე რომ მიყურებ მგონია ჰიპნოსს მიკეთებ, -სიცილით ავაფარე თვალებზე ხელი, -რატომ გინდა ასე ძალიან რომ წავიდე?
- იმიტომ რომ მთელი დღეები მუშაობ, არავის ხვდები, არ ერთობი, იქნებ გარემოს შეცვლამ ცოტა მაინც შეგცვალოს და მიხვდე რომ სამსახურს თავი არ უნდა შეაკლა, ულამაზესი პატარა ქალაქია სადაც უნდა წახვიდე, ჩადი, მათ სახლში დარჩები, ბავშვს დაეხმარე, გაიარე, გამოიარე, თვალს წყალი დაალევინე, რა იცი რა ხდება.
- რა უნდა მოხდეს? თუ წავალ სამუშაოდ და არა იმიტომ რომ ადგილობრივ მამაკაცებს თვალები ვუჟუჟუნო, -რატომღაც უხეშად ვუპასუხე თუმცა საპასუხოდ მხოლოდ თბილი ღიმილი მივიღე, იცოდა ნათიამ ჩემი დამოკიდებულება მამაკაცებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ვეძებდი იმ ერთადერთს რომელიც ჩემს ორად გახლეჩილ არსებას შეავსებდა და...
- ისევ ოცნებნებში გადავარდი? რაზე ფიქრობ?
- არ ვიცი, იქნებ სკოტს არ უნდა დავშორებოდი.
- ორი წლის წინ დაშორდი და ახლა გაგახსენდა?
- ძალიან მომწონდა და მიზიდავდა, უბრალოდ მას ჩემგან მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, არ ვუყვარდი ჩემი სხეული მოსწონდა ეს იყო და ეს.
- სექსისთვის აუცილებელი არ არის რომ გიყვარდეს, თუმცა ამ საკითხზე ჩვენ ვერასოდეს შევთანხმდებით, შენთვის სიყვარულის გარეშე ვინმესთან დაწოლა უბრალოდ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან ასოცირდება.
- განა შენთვისაც ასე არა არის? -გულიანად გამეცინა.
- ასეა მაგრამ მე არასდროს მინანია არცერთ ჩემს პარტნიორთან გატარებული არცერთი ღამე, შენ კი თუ სექსი მხოლოდ ვნებების დასაცხრომად გექნება დარწმუნებული ვარ მეორე დილით გამოღვიძებულს საკუთარი თავი შეგზიზღდება, ასე ნუ მიყურებ და არ თქვა რომ ვტყუი, -მუქარით დამიქნია თითი ფეხზე წამოდგა და იქვე მიგდებული ჩანთიდან საქაღალდე ამოიღო.
- კარგად გიცნობ ნანე და ვიცი რომ ასე იქნება ამიტომ ჯობს გააგრძელო იმ ერთადერთის ძებნა ვინც საკუთარ თავს გაპოვნინებს, მანამდე კი ამ საბუთებს გადახედე და თუ წასვლას გადაწყვეტ ხვალ დილით უნდა გახვიდე, ყველა ინფორმაცია აქ არის რაც შეიძლება დაგჭირდეს, აქაურობაზე არ იდარდო, შენს პაციენტებსაც მე მივხედავ და ყველაფერს ისევ ისე დაგახვედრებ როგორც დატოვებ, -საქაღალდე წინ დამიდო და სანამ რამეს ვიტყოდი მანამ გავიდა ოთახიდან.

შუაღამემდე ვკითხულობდი ჩემი მომავალი პატარა პაციენტის შესახებ ინფორმაციას, ბავშვი ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელი იყო, საკმაოდ ჭკვიანი და ნიჭიერი, თუმცა უძილობა სჭირდა, ძილის დროს კი დადიოდა და მშობლები იძულებულები ხდებოდნენ რომ საწოლზე გამოებათ რადგან ერთხელ მძინარე მდგომარეობაში კიბიდან დაგორდა და ფეხი მოიტეხა, მეორედ კი ქუჩაში გავიდა და კინაღამ გამვლელ მანქანას შეუვარდა ქვეშ, ღამე მარტო ყოფნის და მითუმეტეს მარტო დაძინების ეშინოდა, ამტკიცებდა რომ რაღაც საზარელი ხმები ესმოდა, იმის გამო რომ ღამით კარგად ვერ ეძინა ნერვიულობა დასჩემდა, სწავლას მოუკლო, თანაკლასელების და მეგობრების მიმართ აგრესიული გახდა...
- ოჰ, ეს ყველაფერი არც ისეთი ადვილი ჩანს, -ჩავილაპარაკე და გულაღმა გადავვარდი საწოლზე, ბალიშზე მივდე თუ არა თავი მაშინვე ჩამეძინა, ისევ ნაცნობი მუსიკის ჰანგები ჩამესმა ღრმა ძილში წასულს, ამჯერად არ გამღვიძებია, პირიქით, ხმა თითქოს დაძინებაში მეხმარებოდა, ისეთი სასიამოვნო იყო...
- მოდი ჩემთან ნანე, მოდი გელოდები, -ისე ცხადად ჩამესმა მამაკაცის სასიამოვნო ოდნავ ბოხი ხმა თითქოს ჩემს ყურთან დაეჩურჩულოს, დაფეთებული წამოვხტი და გაოცებულმა მოვიფშვნიტე თვალები, ფანჯრებიდან მზის შუქი შემოდიოდა, პირველად მოხდა ამ ბოლო თვეების განმავლობაში რომ ასე კარგად გამოვიძინე, თუმცა რაღაც მაწუხებდა და არ მასვენებდა, მგონი მართლა მჭირდებოდა გარემოს გამოცვლა, ეტყობა გადაღლილობის ბრალია რომ უკვე რაღაცეები მეჩვენებაოდა.
- ანუ ის ხმა მომეჩვენა? მესიზმრა? -ხმამაღლა ვკითხე საკუთარ თავს, თუმცა პასუხი ვერ მივიღე, ან როგორ მივიღებდი, გონება ისე მქონდა არეული, -უნდა წავიდე, -ისევ ხმამაღლა გამოვაცხადე და კარადის თავიდან ჩემოდანი გადმოვიღე, მერე კი ნათიას ნომერი ავკრიფე, მაშინვე მიპასუხა.
- რა ხდება რა გადაწყვიტე?
- შეგიძლია ბავშვის მშობლებს დაურეკო? უთხარი რომ თანახმა ვარ...




უჩვეულოდ ხალისიანი ვმართავდი საჭეს, ხმამაღლა ვაყოლებდი ხმას ჩემს საყვარელ სიმღერას, ბოლომდე ჩაწეული მინებიდან შემომავალი თბილი ნიავი სასიამოვნოდ მელამუნებოდა სახეზე, ფართო გზის ორივე მხარეს ჩაყოლებული უზარმაზარ ვარჯიანი ხეები მისტიურ გარემოს ჰქმნიდნენ და მე საოცრად მსიამოვნებდა ეს ყველაფერი...
ნათიას წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე რომ დანიშნულების ადგილამდე საკუთარი ავტომობილით ჩავსულიყავი, დიდი ხანია რაც დასახლებულ ადგილებს გავცდი და ახლა უსიერი ტყის შუაგულში გაჭრილ უკაცრიელ ვიწრო გზაზე მივქროდი, უცნაურად ვიყავი აღტყინებული, არ ვიცი იმ გრძნობისთვის რაც მოსვენებას მიკარგავდა რა უნდა დამერქმია, წინათგრძნობა? რაღაცის მოლოდინი?
ფიქრებში გართულს ისე სწრაფად გადამირბინა წინ რაღაც ცხოველმა ძლივს მოვასწარი დამუხრუჭება, შემეშინდა, ავღელდი, რამდენიმე წამს აჩქარებული გულისცემის დამშვიდებას ველოდი, მხოლოდ მერე გავაღე კარი და აცახცახებული ფეხები გადმოვალაგე ძირს, გადმოვედი და ყურადღებით მოვათვალიერე იქაურობა არაფერი ჩანდა, რაც არ უნდა ყოფილიყო აშკარად გადარჩა და ალბათ აქედან უკვე შორს იყო.
- სულელი ცხოველი, -გაბრაზებულმა ჩავიბურტყუნე და ის იყო ავტომობილისკენ შევბრუნდი რომ ნიავმა რომელიც მოურიდებლად მიწეწავდა თმას ჩემს ყურთასმენამდე ნაცნობი მუსიკის ხმა მოიტანა, შევცბი თუმცა რატომღაც არ შემშინებია, თვალები დავხუჭე და ყური მივუგდე, მუსიკა ნელ-ნელა ძლიერდებოდა და უფრო და უფრო მკაფიოდ მესმოდა, -ნანე, ნაანეეეე, -სულ ახლოდან რომ გავიგე ნაცნობი ხმა თვალები ვჭყიტე, შეუძლებელი იყო ასე აშკარად, ასე ცხადად გამეგონა ძახილი.
- ნააანეეეეეე, გელოდები, მოდი ჩემთან, -კიდევ ერთხელ ჩამესმა და ფეხებმა ჩემს დაუკითხავად იწყეს ნაბიჯების გადადგმა, გზიდან გადავედი და ტყეში შევაბიჯე, მეგონა ვიცოდი სადაც მივდიოდი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს თუ არ ვიჩქარებდი დამაგვიანდებოდა და მას ვეღარ ვნახავდი, კი მაგრამ ვინ უნდა მენახა? ვინ მეძახდა? ვის ხმას მივყვებოდი?
როგორც იქნა გონების მოკრება მოვახერხე და შევჩერდი, ირგვლივ მიმოვიხედე, გზადკეცილი აღარსად ჩანდა, გარშემო უღანი, გაუვალი ტყე მეკრა, მწვანე ფოთლებით დაფარულ ტოტებს შორის ძლივს ატანდა მზის სხივები, უცნაურად ციოდა, სულისგამყინავად, ვერ ვხვდებოდი როდის და როგორ მოვახერხე ტყეში ასე ღრმად შესვლა, ის იყო გადავწყვიტე უკან დასაბრუნებელი გზა მომეძებნა რომ უფრო მკაფიოდ ჩამესმა ვიდრე აქამდე...
- იჩქარე ნანე, იჩქარე, დრო ცოტა რჩება, ძალიან ცოტა, -ხმამ გონების გავლით მიაღწია გულამდე და წამით მეგონა რომ შეიძლებოდა ვეღარასოდეს ამომესუნთქა, უეცრად ჩემთვის ყველა და ყველაფერი უმნიშვნელო გახდა გარდა ამ ხმის პატრონისა, ვიცოდი რომ უნდა მეპოვა, აუცილებლად უნდა მიმეგნო და მერე... რა იქნებოდა მერე? ეს უკვე აღარ მაინტერესებდა.
- იჩქარე ნანე, -კიდევ ერთხელ ჩამესმა და სირბილით გავიკვლიე გზა ტოტებსა და ფოთლებს შორის, მივრბოდი მთელი ძალით, მივრბოდი უგზო უკვლოდ, ტოტები სახესა და სხეულს მიკაწრავდა, დროდა დრო ხეებს ვეხლებოდი და ვეცემოდი, ისევ ვდგებოდი და გზას ვაგრძელებდი, არ ვიცი რამდენხანს ვირბინე, ციცაბო ფერდობს რომ მივადექი უკვე გვიან იყო შეჩერება, ვეცადე მაგრამ არ გამომივიდა, ფეხი დამიცდა და კოტრიალით ჩავეშვი ხევში, სხეულში ქვები და მიწის გოროხები მერჭობოდა, ყველაფერი მტკიოდა, ბოლოს რაც მახსოვს თავის აუტანელი ტკივილი იყო და გონება დავკარგე.

თვალი რომ გავახილე და ის ოთახი არ მეცნო სადაც მეძინა თავიდან გამიკვირდა და ცოტა შევშფოთდი კიდეც მაგრამ მერე როცა გონებაში მართალია ბუნდოვნად მაგრამ მაინც აღვიდგინე რაც ჩავიდინე მივხვდი რომ იმაზე უარესი არაფერი დამემართებოდა რაც თვითონ დავმართე საკუთარ თავს, ჩემი სამყოფელი მოვათვალიერე, პატარა ხის კედლებიანი ოთახი იყო, ხისგან გამოჩორკნილ საწოლზე ვიწექი და თხელი ალბათ ათასჯერ დაკემსილი თუმცა საკმაოდ სუფთა საბანი მეფარა, მთელი სხეული მტკიოდა, კეფაზე მოვისვი ხელი, უზარმაზარი კოპი მაჯდა, თუმცა საგანგაშო ნამდვილად არაფერი მჭირდა, საწოლთან ფანჯარა იყო, თხელი ფარდა გადავწიე, ბევრი არაფერი ჩანდა მაგრამ აშკარა იყო რომ ისევ ტყეში ვიყავი, ოთახის ერთ კუთხეში ბუხარი ენთო და მიუხედავად იმისა რომ შუა ზაფხული იყო ამ ტყეში ისე ციოდა, ბუხრიდან წამოსული სითბო და ხმელი შეშის ტკაცუნის ხმა საოცრად მსიამოვნებდა, მეორე კედელთან ძველისძველი დივანი, პატარა მაგიდა, საღებავ აქერცლილი კარადა და ორი სკამი იყო მიდგმული, რამდენიმე თაროზე რაღაც უცნაური ქილები და გამხმარი მცენარეები იყო მოთავსებული, სულ ეს წარმოადგენდა აქაურობის მთელ ავლადიდებას, როგორც კი თვალიერებას მოვრჩი და გონზე მოსვლა მოვახერხე, უიმედოდ მოვიჩხრიკე ჯიბეები, თუმცა რათქმაუნდა ტელეფონი თან არ მქონდა, ჯანდაბა, ალბათ ნათია ახლა გაგიჟებული იქნებოდა, წესით უკვე დანიშნულების ადგილზე უნდა ვყოფილიყავი და...
ფიქრი კარის ჭრიალმა შემაწყვეტინა და შემკრთალი ავეკარი კედელს, ოთახში მოხუცმა კაცმა შემოალაჯა, მაღალი იყო, უზარმაზარი შავი ბოტებით, გრძელი ლაბადით და მთლად თეთრი თმით და წვერით, მხარზე სანადირო თოფი და ზურგჩანთა ჰქონდა გადაკიდებული, კაცს ქოხში ფეხდაფეხ შემოყვა დაბალბეწვიანი შავლაქებიანი ძაღლი, ერთი უინტერესოთ შემათვალიერა, მერე უხმოდ გაწვა ბუხრის წინ, თავი თათებზე დაიდო და თვალები დახუჭა.
- გაიღვიძე? როგორ ხარ? -თბილი ხმით მომმართა ჩემმა მასპინძელმა და სახეზე კეთილი ღიმილი გადაეფინა.
- კარგად ვარ, არა მიშავს, ვინ ხართ და აქ როგორ მოვხვდი? -ვკითხე მისი უშუალობით და აშკარად გამოხატული კეთილგანწყობით გათამამებულმა, საწოლზე ჩამომიჯდა და ყურადღებით შემათვალიერა.
- მონადირე ვარ, ბენი მქვია, მახლობელ ქალაქში ვცხოვრობ მაგრამ ამ ქოხში ხშირად ვრჩები ხოლმე ღამის გასათევად, გაგიმართლა რომ დღეს დილით სანადიროდ წამოსვლა გადავწყვიტე, მახლობელ ხევში გიპოვე, უგონოდ იყავი, გაჭირვებით მოგიყვანე აქამდე, მეშინოდა რომ შეიძლებოდა რამე გქონოდა დაზიანებული მაგრამ როგორც ვხედავ გადავრჩით და არაფერი გიჭირს...
- საავადმყოფოში რატომ არ წამიყვანეთ? ან სასწრაფოს რატომ არ დაურეკეთ? -უხეშად შევაწყვეტინე კითხვა მაგრამ ისეთი თვალებით შემომხედა მაშინვე ვინანე.
- იცი მაინც სად ხარ? -მშვიდად მკითხა, -ალბათ არ იცი რომ აქ ტელეფონი არ იჭერს, საკმაოდ შორს ხარ წამოსული, ვერანაირად ვერ მოვახერხებდი უგონო მდგომარეობაში მყოფი რომ გამეყვანე გზამდე.
- მაპატიეთ ამაზე არ მიფიქრია, -უხერხულად მოვიბუზე და თავი დავხარე.
- არა უშავს შვილო, მთავარია რომ კარგად ხარ, არ მეტყვი ამსიშორეზე რამ წამოგიყვანა, თანაც ასე მოუმზადებლად.
- რას გულისხმობთ?
- შენს ჩაცმულობას ვგულისხმობ, კეტებით მოკლემკლავიანი მაისურით და ჯინსის შორტით არავინ შედის უღრან ტყეში სასეირნოდ, თან არც ზურგჩანთა გაქვს, არც წყალი, არც საკვები, მითხარი რამე შარში ხარ გახვეული?
- სიმართლე რომ გითხრათ თვითონაც არ ვიცი რა ხდება, რომ მოგიყვეთ აქ როგორ მოვხვდი არ დაიჯერებთ და შესაძლოა გიჟად ჩამთვალოთ, -ხელები გავშალე და გავუღიმე, ერთხანს გამომცდელად მათვალიერებდა მერე წამოდგა, მაგიდასთან მივიდა, თაროდან თეფშები და ჭიქები გადმოალაგა, კარადა გააღო და თეთრ ტილოს ნაჭერში საგულდაგულოდ შეხვეული ყველი და პური გამოიღო, მაგიდაზე დადო, გვერდით რამდენიმე შემჭკნარგვერდებიანი ვაშლი მიუწყო, საიდანღაც გაბერილმუცლიანი ბოთლიც გააჩინა და მომიბრუნდა.
- დაპატიჟებას ელოდები? -მკითხა თბილი ხმით.
ცოტა ხანში უკვე გვარიანად ვიყავი შემთვრალი, ჭიქას ჭიქაზე ვცლიდით და მხიარულად ვბაასობდით, არ ვიცი რა ესხა იმ ბოთლში მაგრამ გუნება რომ გამომიკეთა ფაქტი იყო.
- აბა, არ მოხვედი სიმართლის მოყოლის ხასიათზე? -კიდევ ერთხელ გამივსო ჭიქა და ეშმაკურად ჩაიღიმა თეთრ ულვაშებში.
- გინდა დამათრო რომ მერე საინტერესო ინფორმაცია დამტყუო? -ისეთი ხმით გავიცინე, თვითონვე მეხამუშა და დარცხვენილმა შევხედე, -მართლა გაინტერესებს რატომ ვარ აქ? რომ მოგიყვე მომისმენ? -რატომღაც ძალიან მომინდა ვინმესთვის გულის გადაშლა და ახლა სუნთქვაშეკრული ველოდი პასუხს.
- რათქმაუნდა მოგისმენ, აქ უიშვიათესად მყავს სტუმრები, ქალაქშიც მარტო ვცხოვრობ და ხანდახან ხმის გამცემიც კი მენატრება ხოლმე, მოგისმენ კი არა მადლობელიც კი ვიქნები თუ შენზე და იმ მოვლენებზე მომიყვები რამაც აქამდე მოგიყვანა.
გულწრფელი ჩანდა, ადამიანებთან თბილ და უშუალო ურთიერთობას მონატრებული, მეც ასე ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ ნიუ იორკში მეგობარი მყავდა მაინც ხშირად ვგრძნობდი მარტოობას, ნათია კარგი მეგობარი იყო, ჩემთვის სულსაც კი არ დაიშურებდა მაგრამ არასდროს ყოფილა კარგი მსმენელი, უიშვიათესი შემთხვევების გარდა მოთმინება არ ყოფნიდა.
- რაზე ფიქრობ? -ჩემს ჭიქას ჭიქა მიუჭახუნა ბენმა და ერთ ყლუპად გამოცალა სასმელი.
- გინდა სულ თავიდან დავიწყო? -გახარებულმა და უცნაურად აჟიტირებულმა გავუხახუნე ხელისგულები ერთმანეთს.
- აბა სხვანაირად როგორ? -გაიკვირვა და სკამზე უფრო მეტად კომფორტულად მოთავსდა, მისი პოზა ჩემი მოსმენისთვის სრულ მზადყოფნას გამოხატავდა და მეც დიდხანს აღარ დამიყოვნებია, დიდხანს ვყვებოდი და დიდხანს მისმენდა, დროდადრო ბრაზს, სევდას, ან ჩემი გამბედაობით აღფრთოვანებას გამოხატავდა, თუმცა რაც ყველაზე სასიამოვნო იყო ვერ ვამჩნევდი რომ თავი მოვაბეზრე.
- ჰოდა ასე იყო, წესით დღეს უკვე ქალაქში უნდა ვყოფილიყავი რომ ჩემი პატარა პაციენტი მომენახულებინა, თუმცა აქ აღმოვჩნდი და ახლა მთვრალი ტვინს გიბურღავ, -როგორც იქნა ჩემი ისტორიის დასასრულს მივუახლოვდი.
- მაინც ვერ ვხვდები რატომ შემოხვედი ტყეში, რამ გაიძულა?
- ეგ რომ გითხრა არ დამიჯერებ და რა საჭიროა, ნამდვილად არ მინდა რომ გიჟი გეგონო, მგონი საკმარისია ის რაც უკვე მოგიყევი.
- რომ იცოდე ჩემი არც თუ ისე ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში რა მაქვს ნანახი, გადატანილი, გაგონილი და დაჯერებული მაგას აღარ მეტყოდი.
- ხმა ჩამესმის, უკვე დაახლოებით სამი თვეა მუსიკის ხმა მესმის, -მოკლედ მოვჭერი და მის რეაქციას დავაკვირდი, სახეზე არაფერი ეტყობოდა.
- სულ ეს არის? -მხოლოდ ეს მკითხა.
- მეტი რაღა უნდა იყოს, გითხარი რომ ხმები მესმის, ხმები არსაიდან, მხოლოდ მე მესმის, თავიდან მუსიკა იყო, ულამაზესი, უნაზესი, სულში ჩამწვდომი, ახლა უკვე მამაკაცის ხმა დაემატა, მეძახის, სახელით მომმართავს, მეუბნება რომ მასთან უნდა მივიდე, რომ მელოდება...
- ტყეშიც ამ ხმის გამო მოხვდი?
- გზაზე რაღაცამ გადამირბინა, გავჩერდი რომ მენახა რამეს ხომ არ დავეჯახე, ავტომობილიდან რომ გამოვედი ხმა ჩამესმა, მეძახდა, ხმა ტყიდან მოდიოდა, არ ვიცი რამდენი ვიარე ან აქ როგორ აღმოვჩნდი, გონება გათიშული მქონდა ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ის ხმა იყო და შეგრძნება რომ იმ ხმის პატრონს ჩემი დახმარება სჭირდებოდა.
მოყოლა შევწყვიტე და მზერა გავუსწორე, მოღუშული მიყურებდა, ცდილობდა არ შეემჩნია მაგრამ ვხვდებოდი რომ აღელვებული იყო, არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ მგონი მის თვალებში შიშიც დავინახე, ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო კი ის იყო რომ აშკარად დაიჯერა რაც მოვუყევი, მისი რეაქცია ნათლად მეუბნებოდა ამას...
- შეგიძლია მითხრა სად მიდიხარ და ვინ არის შენი პაციენტი? -ჩემი აზრით სრულიად არალოგიკური კითხვა დამისვა თუმცა მაინც ვუპასუხე, ქუჩა, სახლის ნომერი და მათი გვარიც კი ვუთხარი, როგორც კი ეს ყველაფერი მოისმინა, უშვერად შეიგინა და მუშტი დასცხო მაგიდას, ხმაურზე აქამდე ბუხართან ბედნიერად მძინარე ძაღლი წამოხტა და აწკავწკავდა.
- გაჩუმდი, -დაუცაცხანა მოხუცმა, წამოდგა და ცეცხლი შეშა შეუკეთა, ცოტახანს ჩემგან ზურშექცევით იდგა და მერე შედარებით დამშვიდებული მიუჯდა მაგიდას.
- მაცადე რისი თქმაც მინდა, -ხელის აწევით შემაწყვეტინა როცა მიხვდა რომ ვაპირებდი მისი რეაქციის შესახებ მეკითხა, -მისმინე შვილო, მომწონხარ, ჭკვიანი გოგო ჩანხარ, ახალგაზრდა ხარ და მთელი ცხოვრება წინ გაქვს, ვიცი კითხვები გაქვს მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცეებიც რაზეც ჯობია არ ვისაუბროთ, ხანდახან უმჯობესიც კია თუ კითხვაზე პასუხს ვერ მიიღებ...
- რას გულისხმობ? -თვალებმოჭუტული ვუყურებდი და ყველანაირად ვცდილობდი, ძილს და სიმთვრალეს შევბრძოლებოდი მაგრამ ვერ ვახერხებდი, ალკოჰოლი უკვე მთელ სხეულში მქონდა გამჯდარი და ბუხრიდან წამოსული სითბო ისე მთენთავდა სადაცაა მაგიდაზევე ჩამომეძინებოდა.
- შეიძლება იფიქრო რომ ჩემი საქმე არ არის რასაც ახლა გეტყვი მაგრამ რომ არ გაგაფრთხილო საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ, მე გაგაფრთხილებ და მერე შენ აირჩევ გზას.
- უკვე მაშინებ, -გამეცინა და საზურგეზე გადავწექი თვალებ მილულული.
- უნდა გეშინოდეს კიდეც, -ხმაში სიმკაცრე შეეპარა, -ამაღამ ღამე აქ გაათიე, დილით გზამდე აგაცილებ და იქ დაბრუნდი საიდანაც მოხვედი.
- ალბათ არ გახსოვს მაგრამ წეღან გიყვებოდი რომ პაციენტთან მივდივარ, პატარა გოგონაა და ჩემი დახმარება სჭირდება.
- დარწმუნებული ვარ ასეცაა და მართლაც სჭირდება დახმარება, მაგრამ შენ ვინ დაგეხმარება?
- ვერაფერი ვერ გავიგე, მართლა ვერ ვხვდები...
- ერთადერთი რაც შემიძლია გირჩიო ისაა რომ აქედან წახვიდე, იცოდე როგორც კი ქალაქში ფეხს შედგავ, უკანდასახევი გზა აღარ გექნება, ახლა ჯერ კიდევ შორს ხარ და მოახერხებ წინააღმდეგობის გაწევას, მერე ამის უფლებას აღარ მოგცემს.
არეულად საუბრობდა, ნაწილ-ნაწილ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, აზრის გამოტანა მიჭირდა, მიჭირდა წინადადებების ერთმანეთთან დაკავშირება.
თუ შენი და შენი ახლობლების ცხოვრება და სიცოცხლე ცოტათი მაინც გედარდება, აქედან უკანმოუხედავად გაიქეცი, ამ ქალაქს მოშორდი, საერთოდ წადი ამერიკიდან, დაბრუნდი შენს ქვეყანაში და ნუ მოუსმენ იმ ხმას ასე რომ ცდილობს ახლოს მიგიტყუოს, უფლება არ მისცე მოგნუსხოს, დამიჯერე თუ შორს წახვალ და ეცდები წინააღმდეგობა გაუწიო დროთა განმავლობაში შეგეშვება...
- მაგრამ არ მინდა რომ შემეშვას, -თვითონაც არ ვიცი ეს რამ მათქმევინა, მოხუცმა ისეთი სახით შემომხედა მივხვდი რომ ვებრალებოდი.
- მე გაგაფრთხილე, -მითხრა ცივი ხმით.
- ვხვდები რომ უფრო მეტი რამ გაქვს სათქმელი მაგრამ რატომღაც არ მეუბნები.
- ისედაც საკმარისი გითხარი, როგორც წესი მათ საქმეებში ჩარევა ჩვენნაირი უბრალო და უმნიშვნელო არსებებისთვის კარგად არ სრულდება ხოლმე.
- ვის გულისხმობ, მეტყვი ბოლოს და ბოლოს რისი თქმა გინდა? ეს ყველაფერი ერთი დიდი აბურდული გორგალია და ვერაფრით ვპოულობ ძაფის წვერს რომ გავყვე...
- იქნებ არ უნდა გაყვე, იქნებ საერთოდ არ მოგეწონოს ის რასაც ბოლოში მიაგნებ...
- როგორც ვხედავ გიყვარს ნართაულები, არადა მირჩევნია პირდაპირ მითხრა...
- ისედაც ბევრი მოგიყევი, -ჩაიბურტყუნა და წამოდგა, -საწოლში ჩაწექი და დაიძინე, მე და ბობო მალე დავბრუნდებით, -ძაღლს დაუსტვინა, ისიც წამოხტა და კართან დადგა...
-
ალბათ სასმლის დამსახურება იყო რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მშვენივრად გამოვიძინე, დილაუთენია ბობოს სველმა ენამ გამაღვიძა, თავთან მედგა და მთელი მონდომებით მდორბლიდა სახეზე, მოხუცი ბილი უბრად შემხვდა, არც კი მომსალმებია, ჩაი დამისხა და მიმითითა მაგიდასთან დაჯექიო, საუზმის შემდეგ ტყეში წინ გამიძღვა, არ ვსაუბრობდით, ის მიდიოდა მე კი თოკზე გამობმული ცხვარივით მივყვებოდი უკან და ვცდილობდი გონებაში გუშინდელი საუბარი თავიდან ბოლომდე აღმედგინა, უნდა შემშინებოდა იმის გამო რაც მითხრა? შიშს რატომ ვერ ვგრძნობდი? იქნებ გამეთვალისწინებინა მისი რჩევა და უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ მერე ცნობისმოყვარეობისთვის რა უნდა მომეხერხებინა? მთელი ცხოვრება იმაზე უნდა მეფიქრა რა მოხდებოდა უკან დაბრუნების მაგივრად დანიშნულების ადგილისკენ რომ წავსულიყავი, ფიქრებში გართული გამიყვანა გზადკეცილზე, ტყიდან გავედით თუ არა და ასიოდე მეტრის მოშორებით მდგარი ჩემი მანქანა რომ დავინახე სიხარულისგან შევყვირე და ადგილზე ხტუნაობა დავიწყე, ერთად მივედით მასთან, მშვენივრად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა რომ კარი ღია იყო, ყველაფერი თავის ადგილზე დამხვდა, ბილს მოვუბრუნდი მადლობის სათქმელად და შევცბი თვალებში ისეთი უზომო სევდა, დარდი და გულწრფელი მწუხარება ედგა...
- არ გკითხავ რა გადაწყვეტილება მიიღე, სიკეთის გაკეთება მინდოდა და პირიქით გამომივიდა, ახლა ინტერესის და ცნობისმოყვარეობის გამო წახვალ იქ ხომ ასეა?
- არ მეტყვი რა ხდება? -კითხვაზე კითხვით ვუპასუხე, თავი გააქნია უარის ნიშნად, ზურგი შემაქცია, გზა გადაკვეთა და ტყეს შეერია, კარგა ხანს გავყურებდი მის კვალს, მერე ავტომობილში ჩავჯექი, ღვედი გადავიჭირე და ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში სრულიად დარწმუნებულმა გასაღები გადავატრიალე...




მყუდრო, უზარმაზარი ხეებით დაჩრდილულ ქუჩაზე ვიდექი და ორსართულიან, ღია კრემისფრად შეღებილ სახლს შევყურებდი რომელსაც გარშემო ლამაზად გაკრეჭილი ბალახით და მწვანე მცენარეებით სავსე ბაღი ეკრა, მშვენიერი გარემო იყო ბავშვისთვის და ზოგადად დასვენებისთვის თუმცა ეზო ზედმეტად უკაცრიელად გამოიყურებოდა, უცაბედად ამოვარდნილი ქარი წინ და უკან აქანავებდა ვარდისფერი ყვავილებით გადაპენტილი ხის ქვეშ მდგარ მწვანედ შეღებილ საბავშვო საქანელას, გულისგამაწვრილებლად ჭრიალებდა დაჟანგული ჯაჭვი...
- გამარჯობა, თქვენ ალბათ ნანე უნდა იყოთ, -მომესმა სასიამოვნო ხმა, სახლს თვალი მოვაშორე და შევბრუნდი, ჩემს წინ ქერათმიანი, ლამაზი ახალგაზრდა ქალი იდგა და ცნობისმოყვარეობით სავსე მზერით შემომცქეროდა, სპორტულად ეცვა თავისუფლად, მარჯვენა ხელში პროდუქტებით სავსე პაკეტი ეკავა მარცხენით გულზე ჩამოკიდებულ უზარმაზარ ვერცხლის ყელსაბამს აწვალებდა, მაშინვე ვიცანი ლილი ბენეტი იყო პატარა ჯენას დედა, პაკეტი ძირს დადო და ხელი გამომიწოდა, მაშინვე შევაგებე თითები და გავუღიმე.
- გუშინ გელოდით, ცოტა არ იყოს ვინერვიულეთ როცა არ ჩამოხვედით, ნათიასაც კი დავურეკეთ რომ თქვენი ამბავი გაგვეგო, თავიდან გვეგონა რომ ჩვენთან მუშაობა გადაიფიქრეთ მაგრამ როცა გავიგეთ რომ წამოსულხართ და ნათიამაც არ იცოდა რატომ ვერ ჩამოაღწიეთ ჩვენამდე მართლა შეგვეშინდა.
გაუჩერებლად საუბრობდა, ვერ ვხვდებოდი ასეთი მანერა ჰქონდა თუ უბრალოდ ჩემი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა, თუმცა მომეწონა, უბრალო და საიამოვნო ადამიანი ჩანდა, ისეთი რომელთან დამეგობრებაც კი არ გამიჭირდებოდა, კარგი აურა ჰქონდა.
- უბრალოდ გზაში გაუთვალისწინებელი რაღაც შემემთხვა, ნათიას უკვე ვესაუბრე და გავაგებინე რომ კარგად ვარ, გზაში ცოტა გავწვალდი მაგრამ ყველაფერი რიგზეა და ერთი სული მაქვს თქვენს გოგონას როდის გავიცნობ, -როგორც იქნა მოვახერხე სიტყვის ჩართვა.
- იმედია სერიოზული არაფერი შეგმთხვევიათ, -ჩემი ჩალურჯებული ლოყა და გადაქექილი მკლავები დაკვირვებით შეათვალიერა.
- ისეთი არაფერი, გზაზე კურდღელმა გადამირბინა, მერე წავიქეცი და საბოლოოდ მომიწია ღამე სხვაგან გამეთენებინა, ეს არის და ეს.
- ოჰ ეს ცხოველები, -ჩაილაპარაკა და პაკეტს დაავლო ხელი, -მაპატიეთ რომ ასე დაგაყენეთ შუა ქუჩაში და აქ გესაუბრებით, წამობრძანდით სახლში შევიდეთ.
ავტომობილიდან ჩანთა გადმოვიღე და უკან ავედევნე, სახლის შიდა ინტერიერმაც ისევე მომხიბლა როგორც გარე ფასადმა და ბაღმა, ყველაფერი მყუდროდ და გემოვნებით იყო მოწყობილი, შევედით თუ არა მეორე სართულზე ამიძღვა და პატარა მაგრამ ძალიან ლამაზ საძინებელში შემიყვანა რომლის უზარმაზარი ფანჯრები უკანა ბაღს გადაჰყურებდა.
- ჩვენთან ყოფნისას ეს შენი საძინებელი იქნება და თუ წინააღმდეგი არ იქნები მირჩევნია რომ შენობით მოგმართო, რას იტყვი?
- ჩემთვისაც ასე უფრო უკეთესია, -გავუღიმე და საწოლზე ჩამოვჯექი, ისეთი რბილი და ფუმფულა იყო საშინლად მესიამოვნა.
- ჯენა სად არის? დღეს მოვახერხებ მის გაცნობას? -ვკითხე თუმცა ახლა ერთი გულიანად გამოძინება ყველაფერს მერჩივნა.
- მაიკმა სასეირნოდ წაიყვანა, მერე ალბათ კინოთეატრში გაივლიან და ალბათ გვიან მოვლენ, დღეს დაისვენე და გამოიძინე, ხვალიდან შეუდგები საქმეს, თუ გინდა შხაპი მიიღე და თუ ვერ დაიძინებ ქვემოთ ჩამოდი უგემრიელესი ლაზანია უნდა მოვამზადო.
- მოიცადე ლილი, -კართან მისული შევაჩერე, შემობრუნდა და სითბოთი სავსე ცისფერი თვალებით შემომხედა, -მეგონა ჯენას გარეთ გასვლა და სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ უყვარდა, როგორც ვიცი დიდი ხანია ოთახიდან გასვლაზეც კი უარს აცხადებდა...
- ახლავე მოგიყვები რაც მოხდა, -სახეგაბრწყინებული მობრუნდა უკან და საწოლზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა, -როგორც იცი პირველად იუთუბზე გნახა და აგიკვიატა, მერე როცა მაიკს ის არაჩვეულებრივი იდეა მოუვიდა თავში რომ მის ფსიქოლოგად მოგვეწვიე და ჯენას ვუთხარით ამის შესახებ ძალიან გაუხარდა, თვითონ გვთხოვდა რომ შენთან დაგვერეკა და გვეთხოვა ჩამოსულიყავი, უკვე იმდენად შეგვაწუხა რომ სამი დღის წინ ჯერ კიდევ მანამდე სანამ დაგვთანხმდებოდი ვუთხარი რომ დაგითანხმეთ და ჩამოხვიდოდი, ვერ წარმოიდგენ როგორ შეიცვალა მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გაიგო, გახალისდა, ისევ ძველი მხიარული ჯენა გახდა, ის რაღაც ხმები აღარც უხსენებია, წუხელის მთელი ღამე ისე ეძინა ერთხელაც არ გაუღვიძია, ამ დილით კი მამიკოს სთხოვა გასართობად წამიყვანეო, მეც მინდოდა წაყოლა მაგრამ შენ გელოდი და ვერ წავყევი, ვერ წარმოიდგენ როგორ ვნერვიულობდი რომ ჩამოსვლა არ გადაგეფიქრებინა...
ერთდროულად აღელვებულიც იყო, გახარებულიც, დაბნეულიც და სევდიანიც ქალიშვილის მდგომარეობის გამო, არ მიკვირდა, მისი კარგად მესმოდა, ვხვდებოდი რა კარგი ვქენი რომ ჩამოვედი, აშკარა იყო რომ დახმარება არა მარტო ჯენას ლილისაც ჭირდებოდა, მარტოსული ჩანდა და ჩემში იმედს ხედავდა...
- ყველაფერი კარგად იქნება, რაც არ უნდა იყოს ერთად გავუმკლავდებით, -ვუთხარი და მხარზე ფრთხილად მოვხვიე ხელი, აწყლიანებული თვალებით შემომხედა, თავი დამიქნია და წამოდგა.
- დაისვენე ნანე, როგორც გითხარი თუ რამე დაგჭირდება მე ქვემოთ ვიქნები.
-
თბილი შხაპი მივიღე, ფართო მაისური და ნაჭრის შორტი ამოვიცვი და საწოლზე წამოვწექი, ჯერჯერობით ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, არადა ბილთან იმ უცნაური საუბრის შემდეგ დაძაბული ვიყავი, რაღაც ცუდს ველოდი, სულ მცირე იმას რომ დრაკულას ბუნაგში ამოვყოფდი თავს, არადა აქაურობა ვამპირების ან მაქციების ბუნაგს ნამდვილად არ ჰგავდა, გარემოც უზომოდ სასიამოვნო იყო და ლილიც არაჩვეულებრივი ქალი ჩანდა, იმედია ჯენასთანაც მოვახერხებდი საერთო ენის გამონახვას, დავმშვიდდი, მოვდუნდი, საბოლოოდ დავაჯერე ჩემი თავი იმაში რომ უცნაური არაფერი ხდებოდა და ის რაც ბილმა მითხრა რეალობას არ შეესაბამებოდა, იქნებ მე კი არა მას არ ჰქონდა თავში ყველაფერი რიგზე, იქნებ უბრალოდ უნდოდა შევეშინებინე...
მგზავრობით დაღლილს ძილი მომერია, სასიამოვნოდ გრილოდა, ღია ფანჯრებიდან შემომავალი ნიავი ცისფერ, ნახევრად გამჭვირვალე ფარდებს აფრიალებდა და ოთახში ჩიტების ჭიკჭიკის ხმა შემოჰქონდა, არ მახსოვს როდის ჩამეძინა მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ნაცნობი მუსიკის ხმა ახლოდან, ძალიან ახლოდან... მერე სუნთქვა ზედ ჩემს სახესთან, ნაზი შეხება ყელზე და მკერდზე, სურნელი, უცნაური უცხო და დამათრობელი...
- ნანეე, ნანე, დიდხანს გელოდი, როგორც იქნა აქ ხარ, ჩემთან, -ცხადად ჩამესმა და დაფეთებული წამოვხტი, მარტო ვიყავი, ღია ფანჯრებიდან საღამოს ბინდ ბუნდი დაუკითხავად მოძვრებოდა ოთახში, შემამცივნა, სხეულზე მოვიხვიე მკლავები და მოვიბუზე, შევკრთი როცა დაუკაკუნებლად შემოაღეს კარები, თავი ავწიე, ჩემს პირდაპირ, პატარა, გამხდარი, დედასავით ქერათმიანი და ცისფერთვალება გოგონა იდგა და დაუფარავი სიხარულით შემომცქეროდა, გამხდარი იყო და უპეებ ჩაშავებული თუცა მხნედ და ხალისიანად გამოიყურებოდა.
- შეიძლება რომ ჩაგეხუტო? -პირდაპირ მკითხა და პასუხს არ დალოდებია გამოიქცა, საწოლზე ამოხტა და კისერზე ჩამომეკიდა, გაუცნობიერებლად ჩავიკარი გულში.
- მართლა პრინცესას გავხარ, რა ლამაზი თმა გაქვს და როგორი ლამაზი ნაცრისფერი თვალები, ასეთი თვალები არასოდეს მინახავს, კარგია რომ ჩამოხვედი, რომ გაიგებს აქ ხარ ძალიან გაუხარდება, არ გეგონოს რომ მე არ მინდოდა შენი ჩამოსვლა მართლა მომწონხარ, უბრალოდ მას უფრო ძალიან უნდოდა, მეუბნებოდა რომ შენ სჭირდები, მხოლოდ შენ და სხვა არავინ, -შეუჩერებლად ტიტინებდა, როგორც კი გაჩუმდა და ცოტათი დაწყნარდა ჩემს წინ ჩამოჯდა და გაღიმებულმა შემომხედა, გახარებული ჩანდა, ბედნიერი მე კი მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად ვგრძნობდი რაღაც შიშისმაგვარს და ჩემი გონება გამალებით მუშაობდა რათა გამოენახა გზა თუ როგორ მიეღო ამ პატარა საყვარელი არსებისგან სასურველი ინფორმაცია ისე რომ არ დაეფრთხო.
- შეიძლება ამაღამ შენთან ერთად დავიძინო? -მკითხა და საყვარლად აახამხამა თვალები.
- ამაზე დავფიქრდები, -ჩაფიქრებული დავეყრდენი მოკეცილ მუხლებზე დაყრდნობილ ხელებს და მისი გაბუსხული ტუჩების დანახვისას სიცილი მაინც ვერ შევიკავე, მიუხედავად იმისა რომ უკვე ვიწყებდი გაცნობიერებას სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე.
- რათქმაუნდა შეგიძლია ჩემთან ერთად დაიძინო, ოღონდ ერთი პირობით, უნდა მითხრა რატომ გინდა ჩემთან ერთად დაძინება.
- იმიტომ რომ თუ შენ ჩემს გვერდით იქნები მშვიდად დაძინებას შევძლებ, არ დამესიზმრება და ისედაც არ დამელაპარაკება, ახლა უკვე აქ ხარ და თანაც მას ხომ მე კი არა შენ სჭირდები, -მიპასუხა ბავშვური გულწრფელობით.
- და თუ აქ შენთან არ დავრჩები და უკან დავბრუნდები მაშინ რა მოხდება? -ვკითხე და მაშინვე ვინანე, სახე შეეცვალა და ტუჩები სატირლად მოებრიცა.
- გთხოვ არ წახვიდე, აღარ მინდა იმ საშინელი ხმების გაგონება და იმ სიზმრების ნახვა, გთხოვ ნანე არ წახვიდე, თუ წახვალ ისევ მოვა სიზმრებში და შემაშინებს...
- დამშვიდდი, დამშვიდდი, -მხრებში ჩავავლე ხელი და ვეცადე დამემშვიდებინა, სულ მთლად ცახცახებდა, შესაბრალისი მზერით მიყურებდა, წარმოდგენაც არ მინდოდა ახლა მის გონებაში რა ხდებოდა, თუმცა უკვე დარწმუნებული ვიყავი ეს ყველაფერი ნამდვილად არ იყო მისი წარმოსახვის ნაყოფი...
- ნუ ნერვიულობ არსად წასვლას არ ვაპირებ გესმის? -თავი ავაწევინე და თვალებში ჩავხედე.
- მართლა? -იმედით აევსო მზერა.
- მართლა, ოღონდ მასზე უნდა დამელაპარაკო.
- მასზე?
- ჰო, იმაზე ვინც გესაუბრება ხოლმე, ვინც სიზმრებში გსტუმრობს და ვინც გითხრა რომ მშობლებისთვის ჩემი ჩამოყვანა გეთხოვა, შეგიძლია მითხრა ვინ არის?
- არამგონია მოეწონოს, -დაეჭვებულმა გადააქნია თავი.
- მე კი ვფიქრობ რომ რაკი უკვე აქ ვარ აღარ უნდა გადარდებდეს რა მოეწონება და რა არა, -ვეცადე გამემხნევებინა და მგონი შედეგი გამოიღო, ის იყო მოსაყოლად მოემზადა რომ კარზე კაკუნის ხმამ შეგვაწყვეტინა, ლილი ქალიშვილს ეძებდა.
- რა გითხარი ნანე არ შეაწუხოთქო, -დატუქსა და ჯენაც თავდახრილი, მობუზული ადგა საწოლიდან.
- მეღვიძა და არ შევუწუხებივარ, თანაც უკვე დავმეგობრდით, -დავიცავი და შეუმჩნევლად ჩავუკარი თვალი, შეთქმულივით შემომღიმა და ხტუნვა-ხტუნვით გავარდა ოთახიდან.
- შენს ვალს ვერასოდეს გადავიხდით, -უხერხულად მხრებაწურული იდგა ჩემს წინ ლილი და ნერვიულად ათამაშებდა თითებს, -ვერანაირი ფული ვერ ეყოფა იმას რაც შენ გააკეთე ჩვენთვის.
- რას ამბობ, მე ჯერ არაფერი გამიკეთებია, -ცოტა არ იყოს მისმა ასეთმა საქციელმა თავი ცუდად მაგრძნობინა.
- შენ რომ გენახა რა დღეში ვიყავით ამას არ იტყოდი, ჯენა ადამიანს აღარ გავდა, მთელი დღეები ოთახში იყო ჩაკეტილი, გვეჩხუბებოდა, საჭმელს არ ჭამდა, ყველა ფსიქოლოგი გააგდო ვინც მივუყვანეთ, ღამე სიარული დასჩემდა იძულებულები გავხდით დაიძინებდა თუ არა საწოლზე გამოგვება ფეხით, ამტკიცებდა სულ მეშინოდა რომ შეიძლებოდა საკუთარი თავისთვის რამე დაეშავებინა და ღმერთო ჩემო მრცხვენია ამას რომ ვამბობ მაგრამ მეშინოდა რომ ჩვენ დაგვიშავებდა რამეს...
- ასე რატომ ფიქრობდით?
- არ ვიცი, არ ვიცი, -ნერვიულად ჩამოისვა აცახცახებული თითები სახეზე და ერთ ხანს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა თითქოს გონების მოკრებას ცდილობდა, -როცა ჯენას ეს პრობლემები დაეწყო...
- როდის დაეწყო?
- თითქმის მაშინვე რაც ამ სახლში გადმოვედით, ახალი ნაყიდი გვაქვს, დაახლოებით სამი თვეა რაც აქ ვცხოვრობთ, დიდი ქალაქიდან ამ ადგილზე იმიტომ გადმოვედით საცხოვრებლად რომ ბავშვი მშვიდ და სუფთა გარემოში გაგვეზარდა მაგრამ ხომ ხედავთ რაც დაგვემართა, ვერ წარმოიდგენ მშობლისთვის რა ძნელია როცა ერთადერთ შვილს ასეთ მდგომარეობაში ხედავს და არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მე და მაიკმა უამრავი ინფორმაცია მოვიძიეთ ასეთი შემთხვევების შესახებ და ცოტა არ იყოს შეგვეშინდა...
- დარწმუნებული ვარ უამრავ ფილმსაც უყურეთ სადაც უმეტესწილად გაზვიადებულად და დამახინჯებულად არის გადმოცემული ინფორმაცია...
- არ უარვყოფ, უბრალოდ ხომ გესმის...
- შენი კარგად მესმის ლილი, -მხარზე ხელი დავადე და თბილად გავუღიმე, -მესმის რატომაც ნერვიულობ და ღელავ თუმცა მერწმუნე ჯენა სრულიათ ჯანმრთელ და უპრობლემო ბავშვს ჰგავს, ვფიქრობ რომ შევძლებ მის დახმარებას, უბრალოდ დრო მჭირდება რომ გავარკვიო რატომ ხდება ის რაც ხდება.
- დრო უამრავი გაქვს, ოღონდ არ წახვიდე და არ მიგვატოვო, -სასოწარკვწეთილი ხმით აღმოხდა და მომეხვია, მართლა მესმოდა მისი, ჯენასიც მესმოდა, ის პატარა და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის მქონე იყო, მე ზრდასრული ადამიანი ლამისაა გავეგიჟებინე იმ ხმებს და ჯენა კიდევ კარგად უძლებდა, რაც მთავარია ნელ-ნელა ვიწყებდი ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირებას, მათი ამ სახლში გადმოსვლის თარიღი და ის პერიოდი როცა პირველად ჩამესმა ის საოცარი მუსიკის ხმა, საეჭვოდ ემთხვეოდა ერთმანეთს, ახლა კი ჯენას მონაყოლი იმის შესახებ რომ თურმე ''მას'' მე ვუნდოდი და ვჭირდებოდი, აქ რაღაც უცნაური ხდებოდა და აუცილებლად უნდა გამერკვია რა, აქედან ისე არ წავიდოდი თუ ამ ყველაფერს ფარდას არ ავხდიდი...
-
ვახშამი არაჩვეულებრივი იყო, მაიკი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, ეტყობოდა რომ ცოლ შვილზე ამოდიოდა მზე და მთვარე, სასიამოვნო საუბარში გავლიეთ რამოდენიმე საათი ვახშმის შემდეგ, ვსაუბრობდით ყველანაირ თემაზე გარდა იმისა რისთვისაც აქ ჩამოვედი, ასეც უნდა ყოფილიყო, ლილის შევუთანხმდი რომ ხვალიდან დავიწყებდი ჯენასთან მუშაობას და ჩემს სამოქმედო გეგმასაც გავაცნობდი.
მიუხედავად იმისა რომ დღისით კარგად გამოვიძინე, ნოყიერი ვახშმისა და უამრავი სახალისო და საინტერესო ისტორიის შემდეგ ისევ მომერია ძილი, მასპინძლებს მოვუბოდიშე და წამოვდექი, ჯენაც მაშინვე წამოხტა, გვერდით დამიდგა და ხელი ჩამკიდა.
- დღეს ნანესთან ერთად ვიძინებ, -გამოუცხადა მშობლებს.
- ნუ შეაწუხებ, დასვენება სჭირდება, -დატუქსა მამამ.
- არ მაწუხებს, გამიხარდება თუ უფლებას მისცემთ რომ ჩემთან ერთად დაიძინოს, -ღიმილით გადავხედე, მიკსი მდგომარეობით გახარებულ მშობლებს და თანხმობის მიღების შემდეგ ხელჩაკიდებულები გამოვედით მისაღებიდან, ის იყო მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან მივედით რომ ისე ცხადად ჩამესმა მუსიკის ხმა თითქოს ვიღაც სადღაც ჩემს მახლობლად უკრავდა, შევჩერდი და აღელვებულმა მოვათვალიერე იქაურობა, ყურებზე ხელები ავიფარე მუსიკა კი არადა არ ჩერდებოდა შემდეგ კი უცბად დადუმდა და როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქე.
- კარგად ხარ? -ჯენა გაფართოებული თვალებით შემომყურებდა, თავი დავუქნიე.
- შენც გესმის არა? ნუ გეშინია არავის არ ვეტყვი, -გამიღიმა და თანაგრძნობის ნიშნად პატარა თითები მომიჭირა ხელზე.
- რას გულისხმობ? -მთელი ძალა და ნებისყოფა მოვიკრიბე რომ ისეთი ტონით მეკითხა ვითომ მართლა ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა.
- იმას ვგულისხმობ რომ ის შენც გელაპარაკება ხომ ასეა? მაგრამ იცოდე რომ არავის ვეტყვი.
- რატომ არ ეტყვი არავის?
- დედამ და მამამ რომ გაიგონ შენც გესმის ხმები იფიქრებენ რომ ჩემსავით გაგიჟდი და აქედან გაგიშვებენ, მე კი არ მინდა რომ წახვიდე, მითხარი ხომ არ წახვალ?
აღარაფერი მითქვამს საპასუხოდ გავუღიმე, ხელი მაგრად ჩავჭიდე და კიბეზე ავუძეხი, რატომღაც ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ეს ღამე ძალიან ბევრ რამეს შეცვლიდა ჩემს ცხოვრებაში...
-
-
-
იმედია მოგეწონებათ :)
დაახლოებით ერთ კვირაში ავტვირთავ ახალ თავს.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან საინტერესო ისტორიაა მაგრამ გვიან რომ ტვირთავენ შემდეგ თავებს ინტერესი იკარგება და გვავიწყდება ისტორიები

 


№2 სტუმარი One

Mogvewona abba ra, dzalian sainteresoa,
Roca shedzleb lilagogo❤️

 


საინტერესო დასაწყისია.
ველი გაგრძელებას❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent