შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილია


22-06-2023, 23:14
ავტორი ჯეინ ტოდი
ნანახია 1 019

თავი 1

ბუნებამ სამყარო გასაწირად გაიმეტა. მანქანის სავარძელში პატარა გოგო დასისხლიანებული მეწვინა. წვიმის თქეშმა გზის ხილვადობა საგრძნობლად შეამცირა, ამის გამო ოთხი მანქანა უმოწყალოდ დაეჯახა ერთმანეთს. ბევრი ადამიანის სიკვდილს შევსწრებივარ, მაგრამ ეს განსხვავებული იყო. სასწაულებრივად გადავრჩი. ჯერ ყურებში ვიგრძენი საშინელი სრიალის, შეჯახების და ამოყირავების ხმა. თვალები მხოლოდ მაშინ გავახილე, როცა ყველაფერი დამთავრებულიყო.
ახლა მხოლოდ იმ პატარა გოგოს გადარჩენას ვცდილობდი, რომელიც მანქანიდან ადრე გადმოვარდნილიყო და პულსი ესინჯებოდა. არც კი ვფიქრობდი და ვაანალიზებდი, თუ როდის გადავაჭარბე 120-ს. ზოგადად საჭესთან ძალიან ვფრთხილობ, მაგრამ ახლა პატარა გოგოს სიცოცხლე დროზე იყო დამოკიდებული.
პატარა რაიონის, პატარა საავადმყოფოში ქირურგად ვმუშაობდი. აქამდე მოსაღწევად დიდი და შრომატევადი გზა განვლე. ცხოვრებამ იმაზე მეტი საზრუნავი დამატეხა, ვიდრე სხვებს, ჩემს ასაკში.
მაშინ, როცა საავადმყოფომდე ორი კილომეტრიღა მაკლდა, უცაბედად შევნიშნე მანქანა, რომელიც მეორეხარისხოვანი გზიდან გამოდიოდა. ვერ დავამუხრუჭებდი, სიჩქარესაც ვერ დავაგდებდი, ამიტომ გზა ზედმეტი ფიქრის გარეშე გავაგრძელე. წამებში, ჩუმი ხახუნის ხმა გავიგე. არაფერი მნიშვნელოვანი, თითქმის მივედი. საავადმყოფოს კარებთან მივაჩერე, თუ არა მანქანა, ერთადერთი რაც გულიდან მთელი ძალით აღმომხდა იყო -საკაცე.
ჩემმა გრძნობის ორგანოებმა ვერც კი შენიშნეს, ჩემი თეთრი ლუნას უკან უცნაური შეფერილობის მანქანა.
ოპერაცია დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. ყველანაირად ვეცადე დაობლებული გოგონას გადარჩენა. ჩემმა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო, ბავშის პულსი და სუნთქვა ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა.
სპირტის, იოდის და სისხლის არეული სურნელი დავტოვე. ხალათი გავიხადე და საავადმყოფოს გასასვლელისკენ იმ იმედით წავედი, რომ მალე სიმშვიდეს მოვიპოვებდი. შევცდი, კარებთან ორი კარგი აღნაგობის, საშუალო ასაკის და უცნაური იერის მქონე კაცები შევნიშნე. თვალებში მხილოდ ერთი, გაშტერებით მიყურებდა, მეორეს როგორც ჩანს სადღაც ეჩქარებოდა და კარებს ვერ აცილებდა მზერას. ჩემს წინ მდგომს ყურადღებით დავაკვირდი, ის ჩემი პაციენტი არ უნდა ყოფილიყო. თვალებში ჩავხედე, ვეცადე მის მზერაში ამომეკითხა მისი მიზანი.
-რა გნებავთ? - ვკითხე უხერხული სიჩუმის შემდეგ. წარბი შეეკრა, მის მზერაში რაღაც სიბრაზე იკვეთებოდა. უეცრად ჩემს გვერდით ექთანი გაჩნდა და ამოსუნთქვის გარეშე დააყვავა- როგორც ჩანს თქვენ მას მანქანით დაეჯახეთ.
ელდა მეცა, ახლაღა გამახსენდა მანქანის ჩუმი გასმა. უცნობს გავხედე, მზერა შეცვლოდა.
-მაპატიეთ, მართლა ვერ ვიგრძენი. ალბათ დიდიხანია მიცდით. ყველაფერს მოვაგვარებ- ვთქვი და გარეთ მათი მანქანის დასათვალიერებლად ნაჩქარევად გავედი. ჩემს ხმაში, ისევე როგორც სხეულში ამოუცნობი, ჯერ არ მომხდარი შიში შეპარულიყო.
მათ მანქანას თვალი დაკარგვოდა, ჩემსას კი მხოლოდ რამდენიმე ტალღა დაეხატა გვერდზე. ნერვიულობას ვერ ვაოკებდი, მეგონა უცნობი მუნჯი იყო, თუმცა ჩემმა მდგომარეობამ ალბათ სიბრალული აღუძრა და რამდენიმე სიტყვა კბილებიდან ძლივს გამოცრა
-როგორც ჩანს ადამიანის გადასარჩენად ჩქარობდით, გარდა ამისა თქვენი მანქანაც დაზიანებულია...
-მანქანის გაკეთების დიდი არაფერი გამეგება, გასაკეთებელი ფასი დაასახელეთ და გადავიხდი!
-მანქანას დაზღვევა გააკეთებს, თქვენ კი შეგიძლიათ ზარალი ყავით აანაზღაუროთ
-ამ დროს?- გამიკვირდა. მის სახეში განაწყენება შევნიშნე და დავამატე, რომ კარგი ადგილი ვიცოდი.- ახლავე დავბრუნდები ვუთხარი სანდომიანად და საავადმყოფოში ჩემი ჩანთის ასაღებად გავბრუნდი. შესულს აქა-იქ მესმოდა ჭორის სუნად დამძიმებული ჩურჩული, აი ისეთი სოფელში ან კორპუსში მეზობელი, რომ მოყვარეს გამოიჭერს განსაკითხად.
-უეჭველი უშიშროებიდან არიან...
-სამხედროა, ვიცი... ნეტა როგორ დაეტაკა
-მაგიტომ ქალს არაფერი ესაქმება საჭესთან
ჩემი ცნობიერება ნამდვილად არ იყო მზად მათ მოსასმენად. გახუნებულ კედლებს გვერდი უემოციოდ ავუარე. ჩემს კაბინეტთან, შესასვლელი კარების წინ მდგარს, ახლაღა გამახსენდა, რომ ჩანთა მანქანიდან არც კი გადმომეტანა. მოსაცდელ სკამებს მკვეთრი, ლურჯი საღებავი სიძველისგან ასცლოდა. ყრუდ მესმოდა პალატიდან მომკვნესავის ხმა და შეგუებული უკვე გულგრილად ვაცილებდი ყურს იმედდაკარგულის ვედრებას.
გასასვლელთან ორი ლანდი აჩრდილივით შეეპარა ჩემს ფიქრებს. მათ სილუეტს ირგვლივ მზის სხივების მსგავსად ევლებოდა ჭერზე ნახევრად მოცეკვავე ნათურა. უკან მოვიტოვე სპირტის, სისხლის სუნად გაჟღენთილი, გოდებით გადაღლილი, მომაკვდავთა სასტუმრო და შევერიე ცივად მოელვარე ღამეს.
ამინდს ფერი შეცვლოდა, წვიმისგან თავმობეზრებულს ეწადა ვარსკვლავებით დაეხატა ზეცა. სიკვდილივით შავი ფერის ღრუბელს, ისე გადაეფარა თავისი დაძონძილი ნაბადი, როგორც ქვრივ ქალს სიყვარულის ლოდინით დამძიმებულს.
მანქანასთან ჩანთის ასაღებად, ისე მივედი თვალებში არ ჩამიხედია არცერთისთვის. ჩემს გადაღლილ , უთქმელ მზერას მოვკარი თვალები მანქანის პატარა სარკიდან. ლუნა დავქოქე და მხოლოდ მაშინ ვანიშნე ქანდაკებასავით მდგარ ჯარისკაცებს გამომყოლოდნენ.
ნისლში ჩაძირული ქალაქი, ისე უჩუმრად იყუჟებოდა, როგორც თოვლს გაქცეული მერცხალი, აივნის ბუდეში. ლამპიონებით გაშუქებული ქუჩები,სახურავის მილიდან ჩანჩქერად წამომსკდარი წვიმის წყალი და გადაჩერგილი ყვავილების კვირტები წამეში იცვლებოდა ჩემს წარმოდგენაში. მანქანა იმ კუთხეში მივაყუდე, სადაც რესტორნის შუქურა ნაზად ხვდებოდა. ეს ის ადგილი იყო, რომელიც აბორიგენ მოსახლეობას სიახლისა და გონების აღრევისა, თუ დალაგების შესაძლებლობას აძლევდა. ერთ დროს სიმშვიდისა თუ მუზის ადგილი, საჭორიკნო ბუდედ ქცეულიყო, ამისდა მიუხედავად, ყოველთვის იყო ჩემთვის ადგილი ფანჯარსთან ახლოს, რათა დაქანცულს და ენერგია ამოწურულს, შემევსო სიმშვიდის ტკბილი, მაგრამ ამოწურვადი წუთები.
ნიაღვარად ჩამომავალ ტალახიან წყალს ფეხი ძლივს ავაცილე. უხილავი მზერა იგრძნო ძარღვებში აჩქეფებულმა სისხლმა. ხედვის არეალი გავაფართოვე, სანამ 180 გრადუსით მოვტრიალდი, ქორივით უსწრაფესად გამიარა ყავაზე ნაძალადევად მოპატიჟებულმა. კარი ფრთხილად გამიღო, როგორც ჩანს ჯენტლმენობას იკვეხნიდა. მადლობის ნიშნად თვალებში ჩავხედე, თითქმის ყველა ადამიანის თვალები მქონდა ნანახი, ნაირ-ნაირი ფერი სხვადასხვა გრძნობის: სასოწარკვეთის, გადარჩენის სურვილის, მომაკვდავის , მაგრამ მისი თვალები ამოუცნობ მოყვითალო-მოთაფლისფრო იერს ტოვებდა. მარტივად დავიკავე ჩემი განკუთვნილი ადგილი და შემოერთებულ სტუმრებთან ერთად შევუკვეთე ტრადიციული ყავა.
არც კი ვიცოდი რაზე უნდა მესაუბრა, ამიტომაც ჩემი გრძნობა და გონება სხვა მიმართულებით წარვმართე. გარშემო სიმყუდროვე სუფევდა, რამდენიმე ადამიანს დაეკავებინა მაგიდა და სიცივისგან გაფითრებულთ, ზოგს ცხელი ჩაი ედგა, ზოგი ყავას მიირთმევდა. კუთხეში, ჩამოკიდებულ, აწიკწიკებულ საათის ძირას ხუთი მეგობარი მამაკაცი, ისხდა და ლუდით ცდილობდა სევდიანი დღის განგმირვას. ოთახის ცენტრი ორ გოგოს დაეკავებინა, ხოლო ფანჯრისკენ, ჩემს მოპირდაპირედ წყვილი უხმაუროდ მიირთმევდა ჩაის.
ფიქრებში ჩაძირულს, ჩემ წინ ახლად დამდგარი, ყავის სურნელი რეალობისკენ მეზიდებოდა. თითები ისე მოვხვიე ჭიქას, როგორც ვენახის ტოტი მიბჯენილ ჯოხს. ყავის სითბომ სიმყუდროვე და დაცულობის შეგრძნება მომგვარა, ერთმა ყლუპმა სიმწრის, სიტკბოს და ენერგიის მაცოცხლებელი ძალა ერთბაშად აღმიძრა.
-როგორც ჩანს რთული დღე გქონდათ- მითხრა ჩემ წინ მჯდომმა. თვალებს დამკვირვებლურად მაშტერებდა და ყავის ფინჯანს ხელს არ აშორებდა. თანხმობის ნიშნად თავი დინჯად დავაქნიე. მის გვერდით მჯდომს ტელეფონის ზარის ხმამ აიძულა დაეტოვებინა ჩვენი სამყოფელი, გარეთ გავიდა და როგორც ჩემი ინტუიცია მკარნახობდა, მისი საუბარი ახსნა-განმარტებითი იქნებოდა.
-თქვენი სახელი?
-რისთვის?!- მივხვდი რომ უხეშად გამომივიდა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მიხსნა არეულობისაგან, მაგრამ მაინც სიტყვა უკან არ წამიღია. თავი ჩავღუნე და ფინჯანში დარჩენილ ყავის ქაფის ისე დეტალურად დავაჩერდი თითქოს მასზე ყოფილიყოს დამოკიდებული ჩემი ავ-კარგიანობა.
-ლილია... შენი სახელი ისედაც ვიცი, უბრალოდ საუბრის დაწყებას ვცდილობ... დიდი დრო არ მაქვს.
გულმა ცოტახნით შეწყვითა ფეთქვა, ჩემი ფსიქიკა პასუხის საძიებლად ქვესკნელში ჩავიდა, რათა აღმოეჩინა ეს კაცი საშიში იყო ჩემთვის თუ უბრალოდ მოლაყბე. დიდი დრო არ აქვს? მაშ ამ შუაღამეს რას გადამეკიდა ყავაზე დამპატიჟეო და სახელი? ალბათ საავადმყოფოს ჭორიკანა ექთანმა სიხარულით ამცნო.
-თქვენ? იქნებ თქვენ გესაუბრათ. კარგი მსმენელი ვარ
-ალექსი. ამ ქალაქში რაღაც საქმეზე შემოვიარე. თავისუფალი თითქმის არასოდეს არ ვარ...
-რას საქმიანობ ალექსს?- მივხვდი, რომ პირველი შემხვედრისთვის ეს კითხვა უხერხული და ზედმეტი იყო. შევატყვე, რომ არც სურდა ამაზე პასუხის გაცემა, ამიტომ უსწრაფესად დავამატე:
-თავისუფალი არც მე ვარ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემს თავს განტვირთვით ვანებივრედ.- ოდნავ გავიღიმე, მზერა ავარიდე და ფინჯანი ტუჩებთან ფრთხილად მივიტანე.
-მეეჭვება განტვირთვის მნიშვნელობა იცოდეთ. როგორც ჩანს იმაზე მეტად დატვირთული ხართ ვიდრე გგონიათ... ადამიანის თვალებში მარტივად იკითხება თუ რამდენი ტვირთის ატანა უწევს მას.
-მაპატიეთ... არასოდეს მიცდია სხვა ადამიანის თვალებში ჩახედვით მის სულში მეფათურა- ამაყად მივანიშნე, რომ არ ქონდა უფლება, ჩემი თვალებიდან გამომდინარე ჩემს ცხოვრებაზე დასკვნები გამოეტანა, რადგან ჩემთვის თვალები ის ერთადერთი გზაა, რომელსაც სულამდე მივყავართ.
-არასდროს მიფიქრია...- თავი მხრებისკენ ოდნავ გადახარა, თვალებში ინტერესის ცეცხლი აუღვივდა და სიტყვის გაგრძელება ისეთი ინტონაციით შეაპარა, გრძნეული მეგონა, ჩემს მოსაჯადოებლად მოგზავნილი. როგორც ბაირონს არ დასცალდა ,,დონ ჟუანის“ დასრულება, ასევე მასაც გაუწყდა სიტყვა, ხმაურის შემოჭრის გამო.
მოპირდაპირე მაგდიდან, ის წყვილი, რომელიც ბედნიერების ზენიტში მეგონა, უეცრად ისე გადასხვაფერდა, როგორც მარტი, სითბოში თოვლის ფანტელებს ურცხვად, რომ ურევს. მამაკაცმა მეუღლეს სახეში უსწრაფესად დაატყო თავისი მსხვილი, დაკოჟრილი თითები. ხალხის გათვალისწინების გარეშე, ველურივით მოჰყვა ლანძღვა-გინებას. ქალს მკლავზე წაავლო, დათვივით მსხვილი, ბეწვიანი ხელები და კარისკენ ეზიდებოდა. ამდენ მამაკაცში არავინ გამოჩნდა, ისეთი ვინც ამ ქალს დაიცავდა. ჩემს წინ მჯდომს გამომწვევად შევხედე, მის სახეზე ნამდვილად ამოვიკითხავდი გულდედლობას, მაგრამ მასში იყო კიდევ რაღაც სხვა, რაშიც ჩემი საქმე არ არის იგულისხმებოდა. ამ მომენტში ჩემს თავს ვწყევლიდი, ასეთი გულადი და სუსტი, რომ გავჩნდი. მომტირალი ქალის დასაცავად ანაზდეულად წამოვდექი, ჩემ ჩანთაში ყოველთის იყო გადანახული საავადმყოფოდან მონაპარი ნემსი, რომელიც წამებში აძინებდა ცხენსაც კი. ყოველთვის მეგონა დამჭირდებოდა და ასეც იყო. ალექსის გაკვირვებით, გაბრაზებით და ჩემი შეჩერების წყურვილით აღრეოდა სახე.
-უკაცრავად ბატონო...- კარებიდან სანახევროდ გასული ნაპერწკლებს ჩემკენ ყრიდა. -რაღაც დაგრჩათ- ვითომც მისი მაგიდიდან რაღაც ავიღე და მოზომილი ნაბიჯით მივუახლოვდი. გამომცდელად მიყურებდა, ქალს ხელს უჭერდა და ვითომც ძაღლს დაეყეფოს შეტრიალდა და თავის ნადავლს მიათრევდა. მოვიქეცი ისე, როგორც სწორი მეგონა, ალექსის გამოხედვას არ შევეპუე და არც მაინტერესებდა. მკლავში წამში გაიკვლია გზა ნემსმა. სანამ გაიაზრებდა რა მოხდა იატაკზე უგონოდ დავარადა და მიწისძვრის მსგავსად დაიზანზარა სიძველეშეპარულმა კედლებმა.
-სანამ გათიშულია გაქვს დრო პოლიციას მიმართო! არ მებრალები! შენი ცხოვრება ყოველთვის შენს ხელში იყო, არის და იქნება. ნუ მოგწონს მსხვერპლად ყოფნა და ნუ ელოდები ვინმეს ვინც გადაგარჩენს. იბრძოლე და გახდი დამოუკიდებელი!- ვუთხარი მკაცრად აკანკალებულ, შეშინებულ გოგოს. მის გამო თავი მართლა შარში მქონდა, ამიტომ ჩემი ახლად გაჩენილი არეულობის თავის დასაღწევად მისი სიმამაცეც მჭირდებოდა.
-შენ რა იცი? ოჯახი რომ არ გყოლოდა ახლა ამდენს ვერ გაბედავდი.- ცრემლებს იმაზე მეტად ღვრიდა, ვიდრე ღრუბელი მთელი ამ დღის განმავლობაში. მისი სიტყვებიდან გამომდინარე ნათლად მივხვდი, რომ მისი აზროვნებაც იმ კლიტულში იყო გამოკეტილი, რომელშიც ქალის ყოველი სიტყვა გაბედვად მიიჩნეოდა და შესაბამისად, მარტივად დავასკვენი მისი სიმსხვერპლის მიზეზიც და შედეგიც.
-იმაზე მეტად მესმის ვიდრე გგონია. ჩემზე ოჯახი ძალადობდა, მაგრამ შენსავით არასოდეს ვქცეულვარ საცოდავ, უსუსურ არსებად და ჩემი თავი ჩემითავისთვის გავაძლიერე. შენგან განსხვავებით მე არავინ მყოლია ვინც დამიცავდა, ასე რომ ან გამოიყენე ეს შანსი ან სამომავლოდ ჩემს საავადმყოფოში, უარეს შემთხვევაში მიწაში გიხილავ.- ემოციებს ავყევი. დიდი ნაბიჯით გადავუარე გვამივით დაგდებულ, ცივად მფეთქავ ადამიანს, რომელსაც სიბოროტისაგან ლეშის სუნი ასდიოდა. გარეთ გასულს არც კი გამხსენებია ჩემი მეწყვილე და მისი მეგობარი. მანქანაში ცრემლსავსე ვჯდებოდი მისი ხელი, რომ მწვდა მკლავში. შევკრთი, ვერ ვიტანდი შეხებას. გული და თვალები რისხვით ამევსო, თუმცა ცეცხლის ბურთივით ჩამომგორდა თვალის კუთვნილი მარგალიტები.
-არ მეგონა... ვერ ვიფიქრებდი თქვენისთანა... ვისაუბროთ?
-არც იფიქროთ!- ხელები მოვიშორე, მანქანა ათრთოლებულმა დავქოქე და უკვე მიმავალმა, გვერდითა სარკიდან შევნიშნე ალექსის ძეგლის მსგავსი სილუეტი. გარეთ გამოსული, თავგვემილი ქალი, ამოუცნობი ჯარისკაცის მოტივი და უგრძნობთა რესტორანი მეორე დღისთვის მხოლოდ სიზმარი იყო, წარმოსახვით სამყაროში აღმოჩენილი.
ლუსკუმი ღამე მზის ალისფერმა, მოკიაფე, სხივებმა მეყსეულად გაფანტა. ისე ვიყავი ბურუსი ფიქრებისგან დატყვევებული, როგორც ამირანი გამოქვაბულში. აივანზე გამოსულს მტრედისფერი ზეცა, აბალახებულ ყვავილთა დამათრობელი სურნელი და ამოუცნობ ჩიტთა გულისწამღები გალობა ანდამანტივით მიზიდავდა. საქმე გაშმაგებით მიხმობდა.
დილის რვა საათზე მოწესრიგებული და ემოციურად სტაბილური მივემართებოდი იქ, სადაც სიკვდილთან მიწევდა გამუდმებული ბრძოლა. მანქანა დავქოქე და ჩავუფიქრდი მის სახელს. ლუნა- სწორედ ეს სახელი მიტივტივდებოდა თავში, ოცი წელი, მაინ რიდის ,,უთავო მხედარის“ წაკითხვის შემდეგ. მიმქრალი მოგონებები შიგადაშიგ დაქროდნენ არაცნობიერში და რეალობის საზღვრებს იქით მიმერეკებოდნენ.
საავადმყოფოში შესულს, ყურადღება არ მიმიქცევია არც ნახევრად ღია კარიდან მოჩურჩულე ექთნებისთვის და არც თვალდაკარგული, მინავლილი მანქანისთვის. მხოლოდ მაშინ, ამენთო სხეულში ცეცხლი, რაც პოლიცია და მასთან ერთად ჩემი ოჯახი შევამჩნიე კაბინეტში მობაასე.
გვერდი ავუარე ჩემს ფერგაცვენილ კარებს, გადახუნებულ კედლებს და გუშინ გადარჩენილი, დაობლებული გოგონას პალატას დაუპატიჟებელივით მივადექი. როგორც კი დავრწმუნდი მის გაუმჯობესებას, გასასვლელად მოვემზადე. სახელურზე ხელი არც მქონდა დადებული მისუსტებული ხმა, რომ მომესმა ზურგიდან.
-დედა და მამა სად არის? სად ვარ? რა მოხდა?
მძულდა ეს მომენტი. გადავარჩინე, მაგრამ პასუხი, რომელსაც ის ითხოვდა თვით სიკვდილზე უარესი იყო. მივუახლოვდი, თავზე ხელი გადავუსვი და იმედიანი თვალებით ვუთხარი, რომ ჯერ უნდა დაესვენა. დასამშვიდებელი წვეთოვანში გავურიე და ექთანთან გავედი. ატოკებული გული მიგრძნობდა, რომ ვეღარ მოვიდოდი, ამიტომაც საავადმყოფოს დარაჯები გავაფრთხილე მოსალოდნელი ოხვრის შესახებ.
ქალთმოძულე ჩემი ოჯახი მას შემდეგ არ მენახა, რაც უკეთესი მომავლის შესაქმნელად დავტოვე. თბილისში ჩასული 20 წლის გოგო, დამოუკიდებელი რამდენიმე დღეში გავხდი. ხალხმრავალ და ხმაურიან უცხო ქალაქში თავი გაბეჩავებული მეგონა. ბურუსიანი და თვითმკვლელობით გაჟღენთილი ავი ფიქრები ისე დაიფერფლა, როგორც ნაღვერდალი. არაქათგაწყვეტილს სიცოცხლის იმედი მზის სხივებთან ერთად გამიციაგდა და დიადმა მიზანმა ეფემერულად ამოლაგმა გზის გადაულახავი დაბრკოლება, მის ნაცვლად ბეწვისოდენა, თუმცა სიცოცხლისთის მნიშვნელოვანი კარი გაიღო. როგორც საჰარაში მყოფ ადამიანს წყალი ქუდბედიანად აქცევს, ასევე მეც პატარა სამსახური, თან და თან დედამიწის ხელა იმედად მექცა და საბოლოოდ სამედიცინოც დავამთავრე. ახლა კი ერთი თვის ჩამოსულს ავგაროზივით ამეკიდა წარსულის წყვდიადი.
-აქ არის- მომესმა ექთნის ხმა, მას რამდენიმე ნაბიჯის ხმაც მოყვა. მყის ვიგრძენი ამოვარდნილ გულთან ერთად სულის ამოოხვრა, მაგრამ ათრთოლებულ სხეულს არ შევეპუე და გოროზად ვიქეცი.
-ქალბატონო ლილია თქვენ დაკავებული ხართ სამსახურის თქვენი მიზნებისთვის გამოყენების გამო, მოპარვასა და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის!
-უკაცრავად?! მე უბრალოდ ვეცადე ადამიანი ძალადობისგან დამეხსნა... ფსიქოლოგიური ზეწოლა? ვისთან მიმართებით? - ალმოდებული, უსამართლობით, უმწეოდ ვიქეცი. მაჯებზე ბორკილები აბრაგის მსგავსად დამადეს. თითქოს ოთახი ნისლით გაივსო, ბუნდოვნად შევნიშნე ჩემი ძმების ირონიაშეპარული ლოყების წამიერი შეტოკება. მკლავებზე ხელებმოჭერით მიმაცილებდა პოლიციის ფორმით ჩაცმული, ცხვრის ტყავ მოცმული მგელი. თვალდაკარგული მანქანა განყოფილებამდე ბაჯბაჯით მომყვებოდა. აქ იყო გუშინდელი ბედნიერი წყვილი, რომელიც მზეთუნახავისა და ურჩხულის ანარეკლად აღმიდგა გონებაში.
დასაკითხად შესულმა რამდენიმე წამით ადრე, თვალი მოვკარი სახეალეწილ ალექსს წარწერით- მე იქ არ ვყოფილვარ. სასოწარკვეთილს სიცილი აღმომხდა. ჩემს ფიქრებში ორი პორტრეტი სილუეტივით აღმიდგა: ერთი მხრივ გულდედალი და მეორე მხრივ სამსახურის ბორკილებში მომწყვდეული ალექსი. როგორც არ უნდა იყოს მან ვერც გუშინ და მითუმეტეს ვერც დღეს შეძლო ჩემი დაცვა. ისევ მარტო ვიდექი ეკლიანი ქუჩით სავსე ცხოვრების გზაზე, ყოველივე სამსახურის დაკარგვას და ხელახლა ბრძოლას მიქადდა.
საბოლოოდ ჩემი სამსახური დავთმე და ჯარიმის სახით საკმაო თანხაც გადავიხადე. ჯადოსავით ამომიკვნესდა გონებაში დათა თუთაშხიას სიტყვები : ,, ვისაც ჩავაცვი იმან გამხადა“. დავრწმუნდი, რომ მისსა და ალექსის მსგავსად მეც არ უნდა გამოვსულიყავი ჩემი ნაჭუჭიდან სხვის დასაცავად, რადგან ამგვარად საკუთარი თავის ვერც დაცვას და ვერც ზრუნვას ვერ შევძლებდი. ეგოისტური დასკვნები გონებას ელვასავით მოედო და გულამდე მისასვლელ გზასაც იკაფავდა.
ისევ სამსახურის, დანაზოგისა და იმედის გარეშე დავრჩი. ქალაქის ბუღი სიოს გაეკვეთა. ბინდდებოდა, მე კი ვერაფრით ვეგუებოდი რეალობას და ვარსკვლავების მოლოდინში, ხეებსა და ყვავილებს შორის ჩამდგარ გადაფხრეწილ ბაღის სკამს გულმისუსტებული, უგრძნობლად ვეყრდნობოდი. ერთადერთი, რაც გადარჩეისთვის მჭირდებოდა ახალი მიზანი და მასთან დაკავშირებული მყარი იმედი იყო. ჩემი თავის ანასახს გულთამომკვლელად ვუყურებდი. ჩემს აღქმაში ერთმანეთს ენაცვლებოდა ჩემი სისუსტის, უმწეო მომავლისა და გაფლანგული, ქარწაღებული აწმყოს ხატები. უნდა გავძლიერდე ! -თავს შევძახე და კიდევ ერთხელ გავფანტე აზვირთული ფიქრები. შევერიე ახლადწარმოქმნილ, საშიშ ოცნებას, რომელიც დამეხმარებოდა გავძლიერებულიყავი, ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა მაშინ.
ღვიძილში ვიყავი ჩემს თავს ფრაგმენტულად, სამხედრო ფორმაში, რომ ვხედავდი. ლაჟვარდისფრად ალივლივებულიყო ცას შერეული, მოფარფატე კლინტუხი, რომელსაც კისერი მეწამულისფრად უკიაფობდა. უეცრად ცეცხლმოდებული, სიკვდილის ფრად შეფერილი ყვავი კლინტუხის მოლურჯო-მონაცრისფრო ბუმბულს სამყაროს ფიფქებივით აყრიდა. ვყვიროდი, მეღვიძა, მაგრამ თვალებს ვერ ვახელდი. თითქოს საუკუნის შემდეგ, ფრინველის სისხლით შეღებილი ჩემი სიზმარი, რეალობას წინ აღუდგა და ნაღვერდალივით ჩაიფერფლა. გამეღვიძა, შიში რამდენიმე დღეში გულის აკლდამაში მივასამარე და ალანთებული თვალებით ჩემი მომავლის ძიება სამხედრო სამსახურში დავიწყე, ჩემი პროფესიით- ხალხის გადასარჩენად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent