შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთის შამანი I (სრულად)


1-08-2023, 00:14
ავტორი nestandarejan
ნანახია 25 972

ვინც ჩემ ბლოგზე წაიკითხა პირველი თავი, გთხოვთ, თავიდან გადაიკითხოთ, დამატებულია კიდევ ოთხი თავი ამ ნაწილში და შეცვლილია რამდენიმე მონაკვეთი <3

თავი პირველი
შატილიონი
მოძველებული, პატარა ავტობუსი უკანასკნელი იმედივით გამოკიდებოდა ციცაბო კლდეებს. ფანჯრიდან გადახედვას და ბუნებით ტკბობას ვერავინ შეძლებდა, თავზეხელაღებულ თქეშს მძღოლისთვისაც კი გაეძნელებინა ხედვა და საათ–ნახევრის გზა აგერ უკვე ორი საათია ვერ დაფარეს.
მგზავრები ფხიზლობდნენ. დაფეთებული თვალებით მისჩერებოდნენ გამეხებულ და მოქუფრულ ღრუბლებს და ყველა თავის ენაზე ლოცულობდა გადარჩენისათვის. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, თითქოს ამინდის მეტად გაბრაზება აღარ უნდოდათ, მხოლოდ ჩუმად თუ გადასჩურჩულებდნენ რაღაცას ერთმანეთს და არაკომფორტულ სავარძლებს სახსრების გათეთრებამდე აფრიდნებოდნენ.
–ნამეტნავად უცნაური ზაფხული გვაქვს წელს, –სიჩუმე დაარღვია მძღოლის უდარდელმა ხმამ. ღიმილით გადაულაპარაკა მის გვერდით მჯდომ ქართველებს. –ამდენი ნალექი ივნისის ბოლოს დიდი ხანია, არ მინახავს.
–მალე ჩავალთ? –სახე გადაფითრებოდა ახალგაზრდა გიდს. ეტყობოდა, ავტობუსში ექიმის ყოფნა უმსუბუქებდა შიშს, თორემ ტურისტებზე ნაკლებად შეშინებული არც თავად ჩანდა. არადა, ერთი ექიმი შიშველი ხელებით ვის რას უშველიდა, თუ მეწყერი ჩამოწვებოდა, ან კლდიდან გადაეშვებოდნენ? მაგრამ მაინც იმედი იყო.
–ცოტა დაგვრჩა, ნუ გეშინია. –უპასუხა მძღოლმა და გიდის გვერდით ჩუმად მჯდომ ექიმს ღიმილით შეაპარა მზერა. ახალგაზრდა გოგო წარბშეუხრელად იყურებოდა ფანჯრიდან. ეტყობოდა, ფიქრებს შორს გაეტაცებინათ მისი გონება და მხოლოდ სხეული დარჩენილიყო დაფეთებული მგაზვრებით სავსე ავტობუსში. –აქიმო, თქვენ იქ რჩებით?
–დეკა, შენ გეკითხებიან... –მხარი გაკრა ჩაფიქრებულ ექიმს გიდმა.
–უკაცრავად, –მტრედივით შეფრთხიალდა ერთ ადგილზე გოგონა, თვალები შეუფხიზლდა. –რა მკითხეთ?!
–თქვენ აქა რჩებით–მეთქი? –გაუმეორა მძღოლმა.
–ხო, ვრჩები. რაღაც პროგრამაში ვარ ჩართული, მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებულ ხალხურ სამკურნალო–სამედიცინო კულტურას ვსწავლობ და ეს კუთხე მხვდა წილად.
–ანუ, აქიმბაში არა ხარ, –ხევსურული კილოთი სცადა მძღოლმა გახუმრება. ადგილობრივები სწორედ ასე უწოდებდნენ მკურნალებს.
–არა, –გაეღიმა დეკას, –ჯანდაცვას ვსწავლობდი უნივერსიტეტში, მერე კოლეჯში საექთნო საქმესაც, მაგრამ ექიმი მაინც არ ვარ.
–რამდენი ხნით რჩები?
–ექვსი თვე. –მოკლედ პასუხობდა მგზავრი. აშკარად დაეღალა ჯაყჯაყით მგზავრობას და სიმაღლესთან ერთად აწეულ წნევას. თავი ასტკივდა. ნეტავ ყველა გაჩუმდებოდეს და სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად ფანჯარაში თავის გაყოფა შეეძლოს.
–შატილს მკაცრი ზამთარი იცის.
–შემოდგომაზე ბარისახოში ჩამოვალთ.
–აქაურები უცნაური ხალხია, თავიდან ცოტა გაგიჭირდება. მკაცრი ხასიათი აქვთ, არ უყვართ ზედმეტი კითხვების დასმა, თუმცა სტუმართმოყვარე და საინტერესო ადამიანები არიან ნამდვილად, –გაიქაფა მძღოლი, –და ლუდი აქვთ, აუფ! ათენგენობის დღესასწაულზე ხარშავენ, აუცილებლად გასინჯე.
–არ მიყვარს ლუდი. –ცხვირი მოჭმუხნა დეკამ. თავი ძლივს შეიკავა, თვალები რომ არ გადაეტრიალებინა და ეთქვა, ძალიანაც კარგად რომ შეეგუებოდა აქაურებს, თუ ზედმეტი კითხვებით თავს არ მოაბეზრებდნენ. სწორედ ეს სჭირდებოდა ახლა და არა ცნობისმოყვარე, გალექსილი ადამიანები ცხოვრებაში. სიმშვიდე.
–აქაური სულ სხვაა, –თავი გააქნია მძღოლმა. –იმ ინდოელს, თაგვივით რომ გადათეთრებულა, უთხარით ნუ ეშინია, თორემ პატრონი ვეღარ იცნობს, რომ დაბრუნდება თავის ქვეყანაში.
ქვების სიმფონია. შატილი. ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი, მკლავგადახვეული ქვით მშრალად ნაგები კოშკები მედიდურად დახვდნენ სტუმრებს. გადაღებულ წვიმასა და მუქ ნაცრისფერ ღრუბლებს ნაადრევად დაეღამებინა გარემო. არადა, ჯერ შუადღეც არ მომდგარიყო.
სუფთა ჰაერმა ფილტვები დაუსერა დეკას. მჭიდროდ შემოიკრა სხეულზე თხელი მოსაცმელი. თბილისის ამოგუდული ჰაერის და ავტობუსის ჩახუთული, უჟანგბადო სივრცის შემდეგ აქაურობა თავიდან დაბადებას უფრო ჰგავდა, ვიდრე სუფთა ჰაერით ტკბობას.
თვალები დახუჭა. გარემოს სიძლიერე, მისტიურობა და სიმკაცრე ერთიანად შემოეხვია სხეულზე და უეცრად ძალიან პატარა არსებად იგრძნო თავი. ერთდროულად სიამოვნებასაც გრძნობდა და მღელვარებასაც.
ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო. დარეკვის მწვანე ღილაკს რამდენჯერმე დააჭირა ხელი, თუმცა აზრი არ ჰქონდა, ხაზები აქ არ იჭერდა. ღილაკების წკაპუნით აკრიფა მეგობრისთვის გასაგზავნი მოკლე ტექსტი. „ჩავედი. კარგად ვარ.“
ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა. ღმერთმა უწყის, როდის მიაღწევდა ის შეტყობინება ადრესატამდე, მაგრამ აღარ უდარდია.
კიდევ კარგი, წამოსვლამდე ამინდი შეამოწმა და რეზინის ბოტები ჩაიცვა. ტურისტები და საცოდავი გიდი მუხლამდე ტალახში ბანაობდნენ უკვე.
–აბა, კარგად, საბა! –ხელი დაუქნია გიდს, –მადლობა მგზავრობისათვის. საინტერესო იყო. წარმატებები!
საბამაც ხელი დაუქნია. აშკარა იყო შეემჩნია, დეკა მგზავრობის დროს რომ არ უსმენდა, გაეცინა და ერთმანეთს გაშორდნენ.
ორ ზურგჩანთას ძლივს მიათრევდა. ძველი ფოტოაპარატი კისერზე ჩამოეკიდა, თუმცა კადრების აღსაბეჭდად არ იყენებდა. მხოლოდ აკვირდებოდა ამ ულამაზეს ციხე–ქალაქს და ფიქრობდა, ნეტავ როგორ ცხოვრობდნენ აქ დეკადების წინ.
ხევსურების შესახებ თავადაც იმდენი იცოდა, რამდენიც საშუალო განათლების მქონე დანარჩენმა ქართველებმა. მკაცრი, ტრადიციების დამცველი ხალხი იყვნენ, საინტერესო კულტურით, სამზარეულოთი და ძლიერი ხასიათით.
ამ კლდეებს შორის დაბადებული და გაზრდილი ადამიანი შეუძლებელია სხვანაირი იყოსო, გაიფიქრა.
ციხე–ქალაქს ოდნავ გასცდა, ჩრდილოეთით იყო მისი საოჯახო სასტუმრო, სადაც მთელს ზაფხულს გაატარებდა. უნდა მოეკითხა მზია არაბული და მიასწავლიდნენ. ასე გააფრთხილა ჩურჩულით მამამისმა წინა დღეს, ნაჩქარევად რომ ალაგებდნენ ბარგს.
დაბნეული ტურისტების და ტალახში ამოგვანგლული გიდების გარდა არავინ შეხვედრია. არავინ იცოდა ვინ იყო მზია არაბული. დეკაც დაუსრულებლად დადიოდა ატალახებულ ბილიკებზე და მთელი სოფლის მიწა ფეხსაცმელზე აეწებებინა.
– ტურისტი ხართ? –გატეხილი რუსულით მიმართა გზაზე უეცრად შემოფეთებულმა ხანში შესულმა ქალმა.
არ ესიამოვნა. ყველაზე მეტად იმას ვერ იტანდა, როცა რუსს ამსგავსებდნენ, მაგრამ ახლა არც იყო გასაკვირი ვინმე რომ შეეცდინა. ტურისტივით ეცვა და ჟღალი თმა ჰქონდა. ქალი დაკვირვებით უმზერდა. მკაცრი მზერა სწორი, შავი წარბები და ჭაღარაშეპარული, უკან შეკრული თმა ადგილობრივს ისე ამსგავსებდა, იფიქრებდით, ამ კუთხიდან არასოდეს წასულაო.
–გაგიმარჯოს. არა. –ქართულად უპასუხა დეკამ. –ქართველი ვარ და მზია არაბულს ვეძებ. ხომ ვერ მიმასწავლით?
ქალმა აათვალიერა. მზერა შეურბილდა და ოდნავ გაიმართა წელში რომ უკეთ დაკვირვებოდა.
–შენ ხარ მალხაზის გოგო?
–დიახ. –იჭვნეული მზერა ესროლა ქალს დეკამ. ჟინჟღლავდა. ისევ წვიმას იწყებდა. –თქვენ?!
–მზიას და ვარ, ნათია. –ოდნავ გაეღიმა ქალს, მაგრამ არც ზედმეტად.
დეკას გულს მოეშვა. კიდევ კარგი, თორემ უკვე უკან გაბრუნებაზე იწყებდა ფიქრს.
–წამოდი, სანამ გაწვიმდა. –ქალი გაბრუნდა და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა წინ.
უსიტყვოდ იარეს სახლამდე. ერთმანეთის მოშორებით რამდენიმე პატარა საოჯახო სასტუმრო ჩაედგათ.
ერთ–ერთი მათგანის კიბეებზე შეაბიჯა ნათიამ. გზადაგზა უკან იხედებოდა და სტუმარს აკვირდებოდა, ხომ ნამდვილად მომყვებაო. დეკა გარემოს ყურადღებით ათვალიერებდა. ვერც კი გაიაზრა, ისე მიადგა სახლს.
–ფეხსაცმელი ძალიან ტალახიანია, –ქვის კიბესთან გაჩერდა, –ყველაფერს მოვსვრი.
–არაუშავს. –კარიდან ამჯერად სხვა ქალის ხმა მოესმა. ნათიას ძალიან ჰგავდა. ალბათ, ეს იყო მზია, –შემოდი, გენაცვალე.
მზია უფრო ფართოდ იღიმოდა, ვიდრე ნათია. გულღია ქალი ჩანდა. სიამოვნებით შეუძღვა სახლში სტუმარს.
–გთხოვთ, ფეხზე გავიხდი, –ერთ ადგილზე შედგა დეკა, არ უყვარდა სახლში ფეხსაცმლით სიარული, მით უმეტეს, თუ ამ ფეხსაცმელზე ნახევარი შატილი აკრობოდა.
ჩანთები ზურგიდან მოიხსნა. თურმე რამხელა ტვირთს ატარებდა. გაეღიმა. როცა ტვირთს დიდ ხანს მიათრევ, როგორ გავიწყდება, რომ ტვირთია. მხრებიდან ჩამოიხსნი თუ არა, მაშინვე გახსენდება, რამხელა სიმძიმეს ატარებდი.

დეკას ოთახი პატარა იყო, მაგრამ კეთილმოწყობილი. ერთადგილიანი საწოლი ფანჯრის გვერდით იდგა, ფანჯარასთან პატარა ხის სამუშაო მაგიდა და სკამი მოეთავსებინათ, ზედ მუშტისოდენა დოქი დაედგათ და შიგნით ვიღაცას ცისფერ–იისფერი მთის ყვავილები ჩაელაგებინა.
–ხათუთამ დაკრიფა შენთვის, –მზიას ხმა შემოესმა უკნიდან. უცებ მიაბრუნა თავი დეკამ. ეღიმებოდა. –ისე უხარია, ისე... ჩვენთან რომ იქნები ცოტა ხნით.
–ხათუთა თქვენი ქალიშვილია? მადლობა გადაეცით.
–ფაქტობრივად, კი. ისე, ჩემი მაზლის შვილია. ობოლია. –თვალებზე ნაღველი გადაეგლისა მზიას, მაგრამ მალევე გადამალა საკუთარი წუხილი. –ბარშია დილიდან თორღვასთან ერთად წასული, ქალაქში საყიდლებზე გავუშვი. სად არიან ამდენ ხანს? მიდი, აღარ შეგაწუხებ. მოისვენე და როცა გენებოს, ჩამოდი.
დეკა მიხვდა, საოჯახო სასტუმროში კი არა, ჩვეულებრივ ოჯახში აღმოჩნდა. ახლა ამაზე დარდის დრო არ ჰქონდა. რახან იმ საგიჟეთს გამოექცა, არაფერი ადარდებდა. აქაურ მედიდურ მთებთან, შევერცხლილი თმებივით რომ დაჰყროდათ ძლიერ მხრებზე თოვლი, თავისი პრობლემები იმდენად პატარა მოეჩვენა, საკუთარი სადარდებელის შემჩნევაც კი გაუჭირდა ბუნების თვალიერებაში გართულს. ჰაერი სუფთა იყო, კამკამა. არსაიდან მანქანის ჭუჭყიანი გამონაბოლქვის სუნი არ შემოდიოდა. დავიწყებოდა კიდეც როგორი შეგრძნებაა, როცა ფილტვებს სისუფთავით ივსებ. ეკლესიაში დიდი ხანია არ ყოფილა, ალბათ, ღრმა ბავშვობის შემდეგ, მაგრამ სწორედ ასეთი გრძნობის მომგვრელი უნდა იყოს მორწმუნისათვის ეკლესიაში შესვლა: სიმშვიდის, სისუფთავის და სიმსუბუქის.
პატარა კარადაში ნივთები იდეალურად დაეტია. შარვალი და დიდი სვიტრი გადაიცვა. აქაურ ბუნებას ჯერ კიდევ არ ეღიარებინა ივნისის დასასრული. ციოდა და გარეთ ისევ თქეში წვიმა წამოვიდა.
სამზარეულოში რძის და კარაქის სასიამოვნო სურნელი იდგა. მზია და ნათია ისე შეხმატკბილებულები ფუსფუსებდნენ, დეკას მოერიდა ხმის ამოღება და მათთვის ხელის შეშლა.
–ჩამოხვედი? –მზიამ შენიშნა. –გინდა ჩაი დავლიოთ? სად არიან ხათო და თორღვა, ღმერთო, მაგათი ერთად გაშვება არ შეიძლება არსად! –ცალი თვალი ფანჯრისკენ გაურბოდა მზიას, ხელები ფქვილში ჰქონდა ამოსვრილი.
–დაგეხმარებით, –ტყუილად ჯდომა არ უყვარდა, მზარეულობა – კი. თუ რამე ახალს ისწავლიდა, უფრო მეტი სიამოვნებითაც მიიღებდა ფუსფუსში მონაწილეობას დეკა. –რას ამზადებთ?
–ხინკლის ცომს. გინდა გასწავლო?
–სიამოვნებით, მე არასოდეს გამომდის ცომი. –გაუხარდა დეკას, ხვეწნა–მუდარა რომ არ მოუწია და მარტივად ჩართეს საქმეში.
ხინკლის ცომს მანამ ზელდა და ამუშავებდა, სანამ მაჯები არ ასტკივდა. ბოლოს ისე გამაგრდა ცომი, მზია მიუშვა ისევ, თვითონ ძალა აღარ შესწევდა. ცომიანი ხელებით აივანზე გავიდა გადასაბანად, კიბეზე ახალგაზრდა, ტანწერწეტა გოგო რომ შემოხტა გაბადრული სახით.
–ვაიმე! ჩამოგვასწარი, –ისე შემოხვდა დეკას, თითქოს პირველად არ ხედავდა.
შავი თვალ–წარბი ჰქონდა, გრძელი, ბზინვარე თმა მხრებზე აბრეშუმივით ეცემოდა. ისეთი მშვენიერი იყო, წამით ენაც კი ჩაუვარდა დეკას.
–ხათუთა ვარ, შენ თუ გინდა ხათო დამიძახე, თუ გინდა თუთა... –ხელი გაუწოდა, არადა სხეული ისე უცახცახებდა, აშკარად ჩახუტება სურდა.
–მე მედეა, მაგრამ დეკას მეძახიან. –გაეღიმე გოგოს, –ხელს გადავიბან და...
–აუ, ხინკალი გვაქვს დღეს? რა მაგარია! შენ რამდენს ჭამ ხოლმე? ჩემი რეკორდია ხუთი... გინდა, შევეჯიბროთ?! მე, თორღვა და ლაშა სულ ვეჯიბრებით–ხოლმე...
გაუჩერებლად ტიტინებდა თუთა, სანამ დეკა ხელებს იბანდა, მაგრამ მისი საუბარი სულაც არ აბეზრებდა თავს, პირიქით, სიამოვნებდა სიცოცხლით სავსე ადამიანის ხმის გაგონება.
–გააჩნია ზომას, –ხელი ჩამოართვა დეკამ, ერთად შევიდნენ თბილ სამზარეულოში. გაყინულმა წყალმა სახსრები დაუწითლა. –ჩემი რეკორდიც ხუთია.
–ქალაქში გაკეთებული ხინკალი არ ითვლება! აქაური სხვანაირია. დე, ბრინჯი აღარ ჰქონდათ, –მიმართა მზიას.
–ნუ გაიქაფე ახლა შენებურად, ამოასუნთქე ადამიანს და მოდით, ხინკალი მოახვიეთ.
–იცი ხინკლის მოხვევა?
მზია ცომს აბრტყელებდა, ერთნაირ, იდეალური წრის ფორმას აძლევდა. დეკა და თუთა გვერდიგვერდ იდგნენ მაგიდასთან.
–ისე რა, –ხინკლის მომხვევის ოსტატობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა დეკა. რამდენჯერაც სცადა, იმდენჯერ წარუმატებლად დასრულდა მისი ხინკლის მომზადების რიტუალები. –მაგრამ შენ მასწავლე.
–ჩემი რეკორდია ოცდასამი ნაოჭი. –გაიჯგიმა თუთა. სწორედ ამ დროს შემოვიდა ოთახში მაღალი, ახალგაზრდა ყმაწვილი. მასაც შავი თმა–წვერი და თაფლისფერი თვალები ჰქონდა, როგორც ამ ოთახში მყოფთაგან ყველას, დეკას გარდა.
–ნუ იტყუები, ჭინკა, –გააწვალა ბიძაშვილი. უეჭველად მზიას შვილი უნდა ყოფილიყო, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მას. –გამარჯობა!
სტუმარი არც თორღვას გაკვირვებია.
–გაგიმარჯოს, –გაუღიმა დეკამაც. უფრო უნებური იყო მისი ღიმილი, ვიდრე თავაზიანი. –დეკა.
–თორღვა. შენ ჩვენი მეცნიერი ხარ, ხო?
–რა მეცნიერი, ბიჭო! –ხელი აუქნია თუთამ, მართლაც რომ პირველად უწოდეს მეცნიერი დეკას. გაეღიმა. –ექიმია. ხო, დეკა?
–არც ერთი და არც მეორე, უფრო, ფარმაცევტი გამოვდივარ.
–ხოდა ეგრე, არც შენი და არც ჩემი! –თვალი ჩაუკრა ბიჭს თუთამ და დეკასთვის ხინკლის მოხვევის მისეული ხერხის სწავლებას შეუდგა, რომელსაც თავად უწოდა სახელი „თუთაური“.
აქ მოსულმა პირველად იგრძნო, რომ რაღაცაში გაუმართლა.
პირველი ღამე ისე გაიწელა, როგორც მზებუდობისას. გადაუღებლად წვიმდა. მცველებად აღმართულ უზარმაზარ მთაგრეხილს პერიოდულად ატყდებოდა თავს გავერანებული ჭექა–ქუხილი. რატომ და რისთვის უწყრებოდა ცა მიწას ასე ძალიან, ვერავინ მიხვდებოდა. ალბათ, არასასურველი მდგმურის შეფარების გამო.
ბევრი იწრიალა დეკამ უცხო საწოლში, მაგრამ საკუთარი მაინც არ უნატრია.
პირველი კვირა უცებ გავიდა ხეტიალსა და სხვადასხვა მცენარეების შეგროვებაში. თუთა გაუჩერბელად ლაპარაკობდა და სვამდა ათას კითხვას, რომლებზეც დეკა მოთმინებით პასუხობდა. ნათია თითქმის არ ლაპარაკობდა, მზია კი ზუსტად ისეთი დიასახლისი იყო ხევსური ოჯახისა, როგორიც შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა: ჯანმაგარი, მტკიცე და თბილი ერთდროულად.
თორღვა ხან ალთას ადგა, ხან ბალთას. მოუსვენარი უმცროსი ვაჟის სახელს ამართლებდა. უფროსიც ჰყოლიათ, თუთა ახსენებდა ხშირად ლაშას, მაგრამ დეკას არცერთხელ უნახავს, სახლში არც არასდროს გამოჩენილა.
ამინდი ისევ ურჩობდა. ღრუბლები მზეს მალავდნენ და ჩვეულებრივზე ადრე ღამდებოდა. იმ დღესაც ბუხრის წინ ისხდნენ თუთა და დეკა. გოგონას ცხოვრების ამბებს ღიმილიანი სახით ისმენდა.
–სტუდენტობა ძალიან მომწონს, ერთი სული მაქვს მეორე კურსი დაიწყოს, –არ ჩერდებოდა თუთა. დეკა სტაფილოსფრად განათებულ ცეცხლის ენებს უმზერდა.
უყვარდა ღრუბლების, ცეცხლის ალების, ფოთლების და ხის ტოტების საგნებთან და ცხოველებთან მიმგვანება. თვალები ყვითლად უელავდა და ლოყები გაღუებოდა ცეცხლთან ახლოს ჯდომისაგან.
–იქ ერთ გოგოსაც დავუმეგობრდი, სალომე ჰქვია. რა ლამაზი სახელია არა? სხვათა შორის, ბიბლიური სახელი ყოფილა, კი არ ვიცოდი...
მოულოდნელად ცეცხლის ალებიდან არწივი გამოიკვეთა, ყოველ შემთხვევაში, დეკამ ასე აღიქვა, ცეცხლის სიღრმიდან მოფრინაავდა თითქოს და კოცონიდან გამოღწევას ცდილობდა. ბოლოს ვიღაცის მხარზე ჩამოჯდა. კაცის სხეული იყო... მერე ნათიამ ცეცხლს შეუკეთა და გამოსახულებაც გაქრა.
თავი გააქნია დეკამ. სისულელეები ელანდება.
–ძალიან კარგი ლექტორია. ისეთი საინტერესოა... –განაგრძობდა თუთა. მხოლოდ ახლა გაიაზრა გოგონამ, რომ მისი ნაამბობის ნახევარიც კი არ მოუსმენია. –ვაი, ცხვირიდან სისხლი მოგდის!
სწორედ მაშინ იგრძნო დეკამაც თბილი სითხის ჩამოგორება ტუჩებთან. პეშვი შეუშვირა სახეს, რომ იატაკი არ მოესვარა. ესღა აკლდა.
–უკან არ გადაწიო თავი, –თუთას დაფეთებულ ხმაზე მზიაც წამოვარდა, –ოდნავ წინ გადმოსწიე თავი და პირით ისუნთქე, ყინულს მოგიტან.
–ეტყობა, კლიმატის შეცვლის ბრალია, –ამშვიდებდა თუთა დეკას, რომელიც საერთოდ არ ღელავდა.
–ნუ გეშინია, კარგად ვარ.

კარგად დაბნელებული იყო უკვე, დაწოლასაც აპირებდნენ ძაღლების ყეფა რომ შემოესმათ ეზოდან და მანქანის ფარებმა ფანჯრებში შემოანათა.
–თორღვა იქნება, –მაშინვე წამოვარდა თუთა.
–არ გახვიდე გარეთ! –მკაცრი ხმა ჰქონდა მზიას. მისი აქ ყოფნის განმავლობაში პირველად გაიგონა დეკამ ქალის ამგვარად გამყინავი ხმა. მოულოდნელად გააცია.
თუთაც ღიმილშემოცლილი შემობრუნდა ოთახის სიღრმისკენ.
კარი მზიამ გააღო და გარეთ გაიხედა. ძაღლები ისევ ყეფდნენ. ოჯახის წევრი რომ ყოფილიყო ან ვინმე ნაცნობი, ხომ აუცილებლად გაჩერდებოდნენო, გაიფიქრა დეკამ და მღელვარებამ გულ–მუცელი აუწვა. გაოცებულმა გადახედა ჯერ თუთას, შემდეგ კი ნათიას, მასთან ერთად რომ ისხდნენ ბუხრის წინ და მზიას შეჰყურებდნენ მკაცრი, ცივი თვალებით.
–ვინა ხართ? –მამაკაცური სიმტკიცე და სიუხეშე შეეპარა მზიას ხმას, იფიქრებდით, ცოტაც და იარაღს აიღებს ხელში და საბრძოლველად გაიჭრებაო. შემდეგ რუსულადაც გაიმეორა იგივე. –ვინა ხართ–მეთქი!
–თუთა, ოთახში ადით. –წამოდგა ნათია. ხის კარადა გამოაღო და იქედან ორლულიანი თოფი რომ გადმოიღო, მიხვდა დეკა, გული ცუდს სწორად რომ უგრძნობდა.
ენა პირში გაუკავდა შიშისაგან. თუთაც ადგილზე გაიყინა.
–დროზე!
–მზიუ, რა ხდება? –ხმა აუკანკალდა თუთას, თითქოს არ ესმოდა ნათიას ბრძანებები. დეკამ მკლავში ჩაავლო ხელი. სწრაფად გაიყვანა ოთახიდან და საკუთარ საძინებელში გამოიკეტნენ. იქედან კარგად ჩანდა მანქანის ფარებით განათებული ეზო.
ორი კაცის პირისპირ იდგა მზია. შეუიარაღებელი თვალიც კი შენიშნავდა ამ სიბნელეში მათ შორის გაბმულ დაძაბულობის ძაფებს.
–ვიცი ეს კაცები, –ხმა ამოიღო თუთამ. ჩურჩულებდა, თითქოს ხმამაღლა რომ ეთქვა რაიმე, დეკას გარდა სხვაც გაიგონებდა. ჩამოფარებული ფარდიდან იჭყიტებოდნენ ჩუმად ორივე, –ლაშასთან აქვთ პრობლემები.
–ცუდი ხალხია? –თვალს არ აშორებდა კაცებს დეკა.
–ვინც ლაშას არ მოსწონს, კი, ცუდი ხალხია. თან რუსები არიან.
–აქ რა უნდათ? –რუსების გაგონებისას ზიზღი და ბრაზი ერთიანად მოაწვა ყელში დეკას. საკუთარი ხელით მოუსწრაფებდა ორივეს სიცოცხლეს, რომ შეეძლოს.
–არ ვიცი, მაგრამ პირველი შემთხვევა არაა. ამ თვეში მეორედ მოვიდნენ უკვე.
ხმადაბლა საუბრობდნენ კაცები, მზიაც ასევე პასუხობდა. არაფერი ესმოდათ დეკას და თუთას, მხოლოდ მათ გამოსახულებებს ხედავდნენ. მერე ერთმა კაცმა მეორეს გადახედა, გაიცინეს და მანქანაში ჩასხდნენ.
–ლაშამ რომ გაიგოს, თორღვა სახლში არაა, მოკლავს. –ღრმად ამოისუნთქა თუთამ, როცა მანქანა მათ ეზოს გაცილდა და სასწრაფოდ მისაღები ოთახისაკენ წავიდა.
–შენს ძმას დაურეკე, –უბრძანა ნათიამ თუთას, რომელსაც ისედაც მოემარჯვებინა ტელეფონი ხელში უკვე.
–არ პასუხობს. –ამოილაპარაკა განერვიულებულმა.
დეკას უნდოდა ეკითხა, რა ხდებაო, მაგრამ გუმანი კარნახობდა, რომ პასუხს არავინ გასცემდა, ამიტომ ჩუმად აკვირდებოდა აღელვებულ მასპინძლებს.
მზიას სახლში ეზოს სიცივე შემოჰყვა. მკაცრი სახით მიიხურა კარი ზურგსუკან.
–ლაშას დაურეკე. –თვალი თვალში გაუყარა თუთას, ამით თითქოს აგრძნობინა, ზედმეტი კითხვები არ დაესვა.


–ლაშა რომ გაიგებს, ღელე–ღელე დაწანწალებ, ხომ იცი, არ დაგადგება კარგი დღე, –წაუსისინა დილაადრიან თუთამ თორღვას. ბიჭს აშკარად ეტყობოდა ნანერვიულებს თეთრად რომ გადაეთენებინა ღამე.
–ენას ამოგაცლი, ხათუნა! –დაუბღვირა და ჩაბღუჯულ ჭიქას სახსრების გათეთრებამდე წაუჭირა ხელები.
–ხათუნა და ჯანდაბა შენ! –სახეზე წამოწითლდა თუთა. –სად დადიხარ, ჰა? არამგონია, ჭინჭარაულების გოგოს სახლის წინ ათენებდე ღამეებს!
–ნუ მიხსენებ. –გაღიზიანება დაეტყო ხმაზე თორღვას.
რა ხდებოდა ამ ოჯახში საერთოდ? ხმას არ იღებდა დეკა. ცდილობდა, მაქსიმალურად შეუმჩნეველი ყოფილიყო მისი არსებობა.
–შენს მომავალ ცოლზე წესიერად ილაპარაკე, არ შეშვენის არაბულის კაცს ქალის უპატივცემულობა. –ენა გადმოუყო თუთამ და კმაყოფილებით გაიღიმა, თორღვას ხმა რომ აღარ გაუცია.
მაგიდიდან წამოვარდა და თავისი ოთახის კარი ისე მაგრად მიიჯახუნა, კედლებს ზანზარი გაუვიდათ.
–რა ხდება? –ახლაღა იკითხა დეკამ, მარტო რომ დაიგულა თავი თუთასთან. –არ მითხრა, აკვანში არიან დანიშნულებიო...
–თუ გინდა, მოგატყუებ. –გაეცინა თუთას.
–მოიცა... ასეთები ახლაც ხდება? შენც...
–არა, მე გამიმართლა. –თავი გააქნია თუთამ, შავი აბრეშუმივით ბზინვარე თმა ფანჯრიდან შემოვარდნილმა სინათლემ აუელვარა. –სამწუხაროდ, ხშირია ასეთი შემთხვევები მთაში. ახლობელი ოჯახები დანათესავების მიზნით აკვანში ნიშნავენ თავიანთ შვილებს. ტრადიციების და მშობლების პატივისცემა იმდენად დიდია აქაურებში, არავის უფიქრია უკვე მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა. ჩემი მშობლები ადრე გარდაიცვალნენ, დედა ჩემს მშობიარობას გადაჰყვა. აქ არაა მარტივი ცხოვრება ქალისთვის და ორსულობა მითუმეტეს, თან... ნუ მოკლედ, დედამ ვერ გაუძლო. მამას, ალბათ, ბევრი მიზეზი ჰქონდა იმისათვის, რომ ნაადრევად არ გადაეწყვიტა ჩემი ბედი.
–რა საშინელებაა, –გულდამძიმებული ისმენდა დეკა თუთას ნალაპარაკებს, –აქამდეც ვიცოდი ამ ტრადიციის შესახებ, მაგრამ აღარ მეგონა, ისევ თუ ხდებოდა... და თუ არ შეუყვარდება წყვილს ერთმანეთი? იქნებ, სხვა უყვარს შენს ძმას. უარის თქმის უფლება არ აქვს?
–რაც თავი მახსოვს, ახალშობილებს აკვანში აღარ ნიშნავენ. იმედია, ჩვენი თაობა ბოლოა, ვისაც ამ ტრადიციების უღლის ტარება უწევს. ხო, რაც შეეხება უარს... როგორც ვიცი, ქალს შეუძლია უარი თქვას ქორწინებაზე, მაგრამ მის ოჯახს დიდი ხარჯის გაღება მოუწევს ამისათვის. გაშორებაც შეიძლებოდა, თუ ცოლ–ქმარი ვერ შეეგუება ერთმანეთს, მაგრამ როგორ გითხრა… ეს ორივესთვის შეურაცხმყოფელია, ქალისთვის განსაკუთრებით. ქმრის ოჯახიდან წამოსულის უკან მიღება ოჯახისთვის სასირცხვილოც კია.. მოკლედ, ქალს რომც უნდოდეს, ალბათ, ვერასოდეს გაბედავს უარი თქვას. კაცი თუ ღირსეულია, არასოდეს მიაყენებს ქალს ასეთ შეურაცხყოფას და ამ წესის წინააღმდეგ არ წავა. თორღვა უმცროსია, წესით, ლაშა უნდა დაენიშნათ...
–რას ლაქლაქებთ? –თავზე წამოდგათ ნათია. მოულოდნელობისაგან ადგილზე შეხტნენ დეკა და თუთა.
–ნათო, როგორ იცი ხოლმე ეს თავზე წამოდგომები! –გაეცინა თუთას. დეკა გუმანით მიხვდა, ნათიამ ზედმეტი ლაპარაკისგან რომ შეაჩერა გოგო, თითქოს არ სურდათ ოჯახის პირადი საქმეები ახალჩამოსახლებული უცნობისთვის გაემხილათ.
ვერც გაამტყუნებდა დეკა. თავადაც არ სურდა მის წარსულზე ვინმეს რამე სცოდნოდა, თუმცა საამბობის ნაკლებობას არც თავად უჩიოდა.
ეს პერიოდი მცენარეების შესაგროვებლად საუკეთესოა. თითქმის ყველაფერი ხარობს და ყვავილობს, ამიტომ სანამ მცხუნვარე მზე გადაახმობს ან მოულოდნელი წვიმებისგან წაქეზებული მეწყერი გადათელავს, დეკამ დრო იხელთა. იმ საუბრის შემდეგ, ნათია რომ შემოეჭრათ, თუთას კრინტი აღარ დაუძრავს დეკასთან ამ თემაზე. არც მას უკითხავს რაიმე. ეტყობა, ნათიამ კარგად დაამუშავა და აუკრძალა მდგმურთან ოჯახის ქვეშაგების გამოფენა.
–აქაური სვია და ქაცვი ძალიან მდიდარია ვიტამინებით, –უხსნიდა თუთას დეკა.
თორღვა შორიშორ მოყვებოდათ. ზურგზე სანადირო თოფი გადაეკიდა და თითქოს არც უსმენდა ლაქლაქში გართულ ქალებს. მუდამ ცისკენ იხედებოდა, ეტყობა, თავისი ტყვიის სამიზნის გამოჩენას ელოდა.
ელდაქის წყლის აუზი მდიდარია სასარგებლო და სამკურნალო მცენარეებით. რა თქმა უნდა, გზის მცოდნის გარეშე აქ ვერ წამოვიდოდა დეკა, ამიტომ თორღვამ და თუთამ გაუწიეს მეგზურობა. ათას მცენარეს აკვირდებოდა, ზოგს კრეფდა, ზოგს მხოლოდ ფოტოს უღებდა თავისი კამერით.
–რა მშვენიერია აქაურობა, –ღრმად შეისუნთქა სუფთა ჰაერი დეკამ და თუთას სახეზე გაეღიმა, როგორღაც მოეხერხებინა და ტალახში ამოსვრილიყო. –ასკილი და ჟოლოც წავიყოლოთ, თუ სადმე დაინახავთ მწიფეს. ისეთი ჩაი კეთდება, ისეთი...
–მახსოვს, ნურა ამზადებდა ხოლმე, –თქვა თორღვამ და რამდენიმე წამში თუთას დანაღვლიანებულ სახეს რომ გადააწყდა, მზერა აარიდა ორივეს.
–დედაჩემს ერქვა ნურა. –განმარტა დაბნეულობის გასაფანტად გოგონამ. –ლამაზი სახელია არა?
–კი, ძალიან უცხოა, ქართულს არ ჰგავს.
–არც ყოფილა დედაჩემი ქართველი, –თქვა სევდამორეული ხმით. მათ გვერდით უსიტყვოდ მოდიოდა თორღვა, ორივე ცხენის სადავე თავად ეჭირა ხელში, ისინიც მორჩილად მიჰყვებოდნენ უკან თავიანთ პატრონს. ერთი წითელი იყო, მეორე მთლიანად შავი. –ქისტი იყო. ძალიან ლამაზი ყოფილა, სამწუხაროდ, სურათებიც არ მაქვს, მხოლოდ სხვების მონაყოლით ვიცი.
–შენ ჰგავხარ, –გაუღიმა თორღვამ. –შავი თმა ჰქონდა შენსავით ნურა ბიცოლას. ქართული ძალიან კარგად იცოდა.
–რა საინტერესოა, როგორ გაიცნეს ერთმანეთი?
ხევსური კაცისა და ქისტი ქალის სასიყვარულო ურთიერთობა ია–ვარდებით მოფენილი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ზედმეტად ჩაძიება და ჭრილობების გადახსნა სურდა დეკას თუთასთვის. ენაზე იკბინა, ცნობისმოყვარეობამ რომ სძლია.
–ბიძაჩემმა მოიტაცა, –თქვა თორღვამ. ძლიერი, მაგრამ მოგუდული ხმა ჰქონდა, ფიქრისგან დამძიმებული თითქოს. მხრებგაშლილი დადიოდა და გონებით სულ სხვაგან დაფრინავდა, უჩვეულო კავშირის და ფამილარობის გრძნობა გაუჩნდა დეკას მის მიმართ. –ძალიან უყვარდა, თორემ ქრისტიანი ხევსურისთვის მუსლიმი ქალის მოყვანა არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ნურას რჯულის შეცვლა მოუწია, ასეთ ნაბიჯს არც ქისტები შეხვდნენ მარტივად და არც ჩვენებურები, მაგრამ გოჩას სიტყვა ეთქმოდა და პატივსაც სცემდნენ, ამიტომ ხმას არავინ იღებდა.
–ნურასაც უყვარდა? –სცადა ხმაში ბრაზი არ შეპარვოდა დეკას, თუმცა მიუხვდა თორღვა, გვერდულად გადმოხედა და ჩაეღიმა. მარტივი არ უნდა ყოფილიყო ქალისათვის, როცა გიტაცებენ და სარწმუნოების შეცვლა გიწევს, რომ მშვიდად ცხოვრების საშუალება მოგცენ. მხოლოდ სიყვარულის გამო თუ ღირს ამხელა მსხვერპლის და გულისტკივილის გაღება.
–კი, ნურასაც უყვარდა. სხვათაშორის, აქიმბაშობა გამოსდიოდა კარგად, გოჩა სიკვდილს გადაარჩინა და სწორედ მაშინ შეუყვარდათ ერთმანეთი.
–თავი კინოში მგონია, –გაეღიმა დეკას. თუთა ჩუმად ისმენდა მათ საუბარს და ასკილს კრეფდა შარაზე გადმომდგარი ბუჩქიდან.
–აქაურობა სავსეა ასეთი ამბებით. წესები და ტრადიციები ხევსური კაცის ხასიათის განმტკიცებასა და თავისუფლების სიყვარულის ჩამოყალიბებასთან ერთად ცხოვრებას ერთი–ორად ურთულებს.
–იცი, არ მინდა ცუდად გამიგო, მაგრამ არ მესმის როგორ აკავშირებთ ამ ტრადიციებს თავისუფლებასთან. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორ შეიძლება ასე გზღუდავდეთ ტრადიციები თუნდაც მეორე ნახევრის არჩევაში და თავს მაინც თავისუფლად გრძნობდეთ?
–ხომ გითხარი, ბარის ხალხს არ ესმით–მეთქი. –გაეცინა თორღვას, უფრო გაუღრმავდა თვალებში მხიარულება. –აქაურობას ბატონი არ ჰყავს და არც არასდროს ჰყოლია, დეკა. როგორ ფიქრობ, რატომ? აქ ადამიანი ბუნების ნაწილია და ისეთივე თვითმყოფადია, როგორც წყაროს წყალი. ქალაქელები ალმაცერად გვიყურებენ, ხან კრიტიკული თვალით, მაგრამ სწორედ მაგ ტრადიციების წყალობითაა, აქაურებს ერთი ბატონი რომ არ ჰყოლიათ და პირიქით, ყოველთვის მხსნელებად ევლინებოდნენ მუდამ არეულობით შესუსტებულ, დაბეჩავებულ ბარის ხალხს. აქ ყველა წესს და ტრადიციას თავისი მიზანი და შინაარსი აქვს, და ყველა მათგანი ადამიანის ხასიათის და სულის გამტკიცებას ემსახურება, რომლის გარეშეც თავისუფლება, შენც ხომ ხვდები, რომ უბრალოდ ვერ იარსებებს.
–უცნაური ხალხი ხართ, –ჩაეცინა დეკას. ყველაფერში ეთანხმებოდა თორღვას, მაგრამ მაინც ბევრი კითხვა უხტოდა გონების ნაპირებზე. –ძალიან პოეტურები ხართ, თუმცა ხასიათი არ გაქვთ მარტივი, ეს ტრადიციები კი სულაც არ გამძიმებთ, პირიქით…
–აქ ყველაფერი ასეა მოწყობილი. ადამიანიც და ბუნებაც პოეტურია, მაგრამ რთული და მძიმე. ახლა წავიდეთ, თორემ ბნელდება და შეიძლება შემოგვაღამდეს.
–ანუ ჩემნაირი ქალაქელი აქ ვერ გაძლებს? –უნაგირზე შემოჯდა დეკა, მაგრად შემოაჭდო ფეხები ცხენის ფერდებს, რომ არ გადმოვარდნილიყო. გაეცინა თორღვას, თითქოს პასუხი იმდენად აშკარა იყო, ხმამაღლა გაჟღერებაც კი არ ღირდა.

შუაღამე იდგა. ბადრი მთვარე უტიფრად ანათებდა ტერასებად შეფენილ მოხუცებულ ციხე–სოფელს. შორიდან მოისმოდა მდინარე არღუნის მორიდებული ჩურჩული.
ვერაფრით მოისვენა დეკამ. ძილი არ ეკარებოდა. დიდხანს იბორგა საწოლში, მერე წამოდგა, თავის მაგიდას მიუჯდა და ჩანაწერებს გადახედა. ვერც ამას დაუდო გული.
ბოლოს წყლის დასალევად და ოთახის ჰაერის გამოსაცვლელად სამზარეულო ოთახში გავიდა. იქ ჯერ კიდევ იდგა მთელი დღის მზარეულობით დატრიალებული ხორცის და კარაქის თბილი სურნელი.
სასმელი წყალი აივანზე მოდიოდა. ჭიქიანად გავიდა გარეთ. მთვარე ისე ანათებდა გარემოს, ქვა–ღორღიანი გზის დანახვაც კი არ გასჭირვებია დეკას.
დაფეთებულმა მოუჭირა ჭიქას ხელი, ჭიშკარს რომ ორი სხეული მიუახლოვდა. სწრაფად შევარდა სახლში. გული ამოვარდნას ჰქონდა და რამდენიმე წამი შედგა. არც ხმა ამოსდიოდა შეშინებულს, რომ საშველად დაეყვირა. თითქოს ენა გადაყლაპა. მერე გაახსენდა, როგორ გადმოიღო ნათიამ იარაღი კარადიდან.
ვინმესთვის დასაძახებლად პირი რომ გააღო, მხოლოდ ხავილი ამოუვიდა. ალბათ, ის რუსები დაბრუნდნენ. კარგ საქმეზე არ უნდა იყვნენ. სწრაფად მივარდა თორღვას კარს და გაბმული ბრახუნი ატეხა. გვიანი იყო. აივანზე ისმოდა მძიმე ნაბიჯების ხმა. სასწრაფოდ მივარდა კარადას. იარაღი გადმოიღო. ასეთი მძიმე თუ იქნებოდა, არ ელოდა. შეიძლება, გადატენილიც არ იყო, მაგრამ სულ არაფერს ხომ სჯობდა?
კარი გაიღო. ზღურბლი მთლიანად ამოავსო ვიღაცის მაღალმა, მხარგანიერმა სხეულმა.
მთვარე თითქოს სადღაც მიიმალა. ყველაფერი ჩამობნელდა.
თვალი რომ გაახილა დეკამ, თავის საწოლში იწვა უკვე. ოთახში სპირტის მწარე სუნი იდგა.
–გული წაგივიდა, –უთხრა თუთამ, როგორც კი შენიშნა მისი გონზე მოსვლა და ქუთუთოების შეფართხალება. გათენებულიყო. –გაუფრთხილებლად დაბრუნდნენ მამა და ლაშა, სახლში რომ შემოვიდნენ, შეგეშინდა. თავი დაარტყი. ხომ არ გტკივა?
–ცოტა. –ხმა ჩასწყდომოდა დეკას. საფეთქლები დაძაბულობისაგან დაბერვოდა და შუბლი აუტანლად სტკიოდა. –წყლის დასალევად ავდექი. შემეშინდა…
წუხანდელი გამოსახულება რომ გადაეკრა მის გონებას, ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ხერხემალში. ორი ბნელი სხეული რომ შემოდის სახლში, სხვა რაზე უნდა იფიქრო თუ არა თავდაცვაზე?
–არაუშავს, მეც შემეშინდებოდა. –დაამშვიდა თუთამ. –იწექი, არ ადგე, აქ მოგიტან საჭმელს. დედამ კეცეული გაამზადა, სუნი არ გცემს?
–ეგ რა არის? –ყნოსვა დაძაბა დეკამ. მართლაც მოდიოდა მზიას სამზარეულოდან საუცხოო, თბილი და გემრიელი სურნელი. საშინლად გაბრაზდა საკუთარ თავზე, ასეთი სუსტი რომ აღმოჩნდა.
რას იფიქრებს ეს ხალხი? რომ ვიღაც ქალაქელია, რომელსაც ყველაფრის ეშინია?
–კეცზე გამომცხვარი ხაჭაპურივითაა, ოღონდ ერბოშია გამომცხვარი. ლაშას უყვარს და მაგიტომ გააკეთა. შენ იწექი, არ ადგე.
–არა, ავდგები. კარგად ვარ, არ მინდა წოლა. –ავადმყოფის როლში ყოფნა საერთოდ არ სურდა. საბანი გადაიძრო და ფეხზე წამოდგა.
თავი უბრუოდა და იდეალურად ნამდვილად არ იყო, მაგრამ მაინც არ შეიმჩნია. სამზარეულოში რამდენიმე წუთში გამოცხადდა ჩაცმულ–დავარცხნილი. მზია და ნათია ტრადიციულად ფუსფუსებდნენ.
–როგორა ხარ, გენაცვა? –მხიარულად შემოეგება მზია გოგონას. ნათიას არც გამოუხედავს მისკენ. –შუბლზე კოპი გამოგსვლია.
–ხო, –გაეცინა დეკამ, ზედ ხელი მოისვა. –დიდი ვერაფერი, მალე გაივლის. მოგეხმარებით.
–მაგიდას თუ გააწყობ, მეტი არაფერია გასაკეთებელი. ორი საინი დაამატე.
სუფრას ისე შლიდა, თითქოს ეს იყო მისი ცხოვრების მთავარი მიზანი და საზრუნავი. ალბათ, იმიტომ აკეთებდა ამას ამხელა მონდომებით, რომ აქამდე არასდროს უგრძვნია თავი ოჯახურ გარემოში, სადაც ყველა ერთად სადილობს და ვახშმობს. ყოველთვის მხოლოდ თავად იჯდა მისი სახლის სამზარეულოს მაგიდასთან საჭმელად და ასეც ერჩივნა. ჩემი ოჯახი ასე ერთად რომ შეიკრიბოს სუფრასთან, იქაურობა ბრძოლის ველად იქცევაო, გაიფიქრა.
–რას ნადირობენ ამდენს, გამიხმა კუჭი! –შეწუხდა ხათუთა. ხელს არაფერს არავინ ახლებდა ამ ოჯახში, სანამ ყველა მაგიდის ირგვლივ არ შემოიკრიბებოდა. მოსწონდა ეს რიტუალის მსგავსი უსიტყვო შეთანხმება ოჯახის წევრებს შორის.
–არ არიან სანადიროდ, ხათო, მალე მოვლენ, დაითმინე.
–ჩემს ძმას ოღონდ იარაღი აკიდე და ტყეში გაუშვი, მეტი არაფერი უნდა! წესიერად არც გვინახავს, მაშინვე გარეთ გავარდა.
–საქმე ჰქონდა, დედა, რა დაგემართა? –გაუწყრა ქალიშვილს მზია, აშკარად არ უყვარდა ბევრი წუწუნი.
–ვიცი მე მაგისი საქმე! ხან რუსებთან დაძვრება, ხან ქისტებთან, ხან ლეკებთან და ხან – ჩეჩნებთან! მომინდომა დიპლომატობა, გაუჩეჩქვავენ იმ თავს და ნახავს მერე. საუკუნეებმა ვერ მოარჯულა და მოარიგა ეგ ხალხი, ეგ რომელი მშვიდობისმყოფელი მყავს?
–ვაიმე, მოუჭერი ამას ხაჭაპური, ნათია, თორემ მოგვაჭამს ყურებს!
კმაყოფილი ღიმილით ჩაუკრა თვალი დეკას თუთამ.
მომსვლელებს ბევრი აღარ დაუგვიანიათ. კარი მთლიანად ამოავსო მაღალმა სხეულმა. დეკამ თვალი რომ შეავლო, დარწმუნდა, წუხელ ნანახი მის გონებას რომ არ გადაუჭარბებია. მაღალი იყო, მხარგანიერი, თორღვას წააგავდა, მაგრამ მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ შეამჩნევდა ამას. ძმასავით გახსნილი სახე ჰქონდა, მკვირცხლი თვალები და გამოხედვა მაშინვე მიმართა წინა ღამის სანახაობის მომწყობისკენ. საშინლად არ უნდოდა დეკას, უხერხულობა დასტყობოდა. წუხელ ბნელი სილუეტის ნაცვლად ლაშას სახე რომ დაენახა, ნამდვილად არ შეშინდებოდა ასე ძალიან.
–როგორა ხარ? –აუღელვებლად მიმართა დეკას ლაშამ. თან მხრებიდან სანადირო თოფი ჩამოიხსნა, ქურთუკთან ერთად დაკიდა კარის გვერდით მიჭედებულ საკიდებზე.
–კარგად, მადლობა. –მშვიდად უპასუხა დეკამ. ფეხზე წამოდგა და მზიას მიეშველა სუფრის გაწყობაში თუთასთან ერთად.
როგორ უნდა, დრო მალე გავიდეს და ყველამ დაივიწყოს მისი ინციდენტი, მაგრამ წუთები ისე მიიზლაზნებოდა, როგორც ლოკოკინა ნაწვიმარ ქვაზე.
–დეკა, როგორ მოგწონს ჩვენი მხარე? –ჰკითხა ოჯახის უფროსმა, გურამმა. თავისი ვაჟებისაგან განსხვავებით მკაცრი სახე ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი, ადამიანს რომ შეაშინებდა. უფრო მეტად რიდის გრძნობა გაუჩნდა მის მიმართ დეკას.
–საოცრებაა, ყველაფერი საინტერესოა, ხილულიც და უხილავიც. თანაც ჯერ ძალიან ცოტა რამის ნახვა მოვასწარი. თქვენი ტრადიციული მედიცინა და მკურნალობის ხერხები განსაკუთრებით…
–შენ არ იდარდო! ყველგან წაგიყვანთ, – დაამშვიდა თუთამ, კარგად ისიამოვნა მზიას და ნათიას ნახელავით და ხასიათზე მოვიდა.
–მარტო არსად არ წახვალთ, –წარბები აზიდა ლაშამ. მკაცრად არ უთქვამს, მაგრამ გაფრთხილების ნოტები ჟღერდა მის ხმაში.
არ ესიამოვნა დეკას ბრძანებითი ტონი, მხოლოდ გაკვირვებით და სიურჩით სავსე მზერა მიანათა სახეში.
–ჩამოვიდა და დაიწყო თავისებურად, –დაიჯღანა თუთა. აშკარად ეტყობოდა უხაროდა უფროსი ძმის დაბრუნება და არ იცოდა, სხვაგვარად როგორ გამოეხატა. –რა ქენი, მოაგვარე გეოპოლიტიკური პრობლემები?
–თუთი, რა პატარა ცხვირი გაქვს და მაინც ახერხებ სხვის საქმეებში ჩაყოფას. მარტო ბოდიალზე ჩემი გითხარით. საშიშია. –ცხვირზე თითი ჩამოკრა ლაშამ დას. არ გამოპარვია დეკას უკმაყოფილო მზერა.
–რატომ არის საშიში? –ვერ მოითმინა დეკამ. თუ აზრის გათვალისწინებას სთხოვდნენ, უნდა აეხსნათ კიდეც – რატომ. –ჩვენ ხომ ტურისტულ ზონაში ვართ, მესაზღვრეები მკაცრად აკონტროლებენ ყველაფერს.
–მესაზღვრეები მაშინ აკონტროლებენ ყველაფერს, როცა საჭირო ადამიანები მოისურვებენ საზღვრის კონტროლს. ბევრი ავაზაკი დაძრწის ჩუმ–ჩუმად. თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, ისე აღმოჩნდებით იმ საზღვარს მიღმა, რომელსაც ასე იცავენ მესაზღვრეები. –მშვიდად აუხსნა ლაშამ. მის ხმაში არც მღელვარებას ესაქმებოდა რაიმე და არც ბრაზს, მაგრამ მაინც როგორღაც ახერხებდა რაღაც ძალით მკაცრი და კატეგორიული ყოფილიყო.
თაფლისფერი თვალები ჰქონდა და ფართო ღიმილი. ოდნავ კეხიანი ცხვირი და სქელი წარბები უფრო ამგვანებდა ხევსურს. ძლიერი კისერი განიერ მხრებზე ეშლებოდა. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს არასდროს იღლებოდა. ამას სულელიც შეამჩნევდა და დეკამაც შენიშნა.
აღარაფერი უთქვამს. ნათიამ უარი განაცხადა გოგოების დახმარებაზე სუფრის ალაგებაში. აივანზე გავიდნენ და გადაჭრილი ხის ჯორკოებზე ჩამოსხდნენ ერთმანეთის პირისპირ დეკა და თუთა. დეკამ შელურჯებულ იალაღებს გაუსწორა თვალი. წამით გაიფიქრა, იქ ჯირითი ალბათ, რა მაგარი იქნებაო, თუმცა არასდროს მჯდარა ცხენზე. წარმოსახვითმა ადრენალინმა სისხლი აუჩქროლა.
–სახლი არ მოგენატრა? –უეცრად ჰკითხა თუთამ. სრულიად გულუბრყვილოდ, როგორც სჩვევია ხოლმე. არ ესიამოვნა დეკას, მაგრამ არც ის სურდა, რამე დასტყობოდა.
უცხო ადამიანთან ოჯახზე აუგად ლაპარაკით მხოლოდ არასწორ შთაბეჭდილებას შექმნიდა საკუთარ თავზე.
–კი, –მოიტყუა.
–მეც ვერ ვჩერდები ხოლმე ჩემებისგან შორს. ლაშა სულ სადღაც დაბოდიალობს და ცოტა მიჩვეული ვარ, სახლში რომ არ არის. მაგრამ მამაჩემის და დედაჩემის გარეშე ორი კვირაც ვერ ვძლებ.
გაეღიმა დეკას. რამხელა სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ, რომ ბიძას და ბიცოლას დედ–მამათი მიმართავდა.
–თორღვა უხასიათოდაა, –შენიშნა, ეზოს კუთხეში თვალი რომ შეავლო შეშის ჩეხვის დროს არაბულს. რაღაცას დაეღონებინა.
–ხო, მაგისი ქორწილი ახლოვდება. მაგრად კი მიყვარს ქორწილებში ქეიფი, მაგრამ უბედური როცაა ჩემი ძმა, რა დამალხენს. არადა, არაა ცუდი გოგო თამთა. –უკან მიიხედა თუთამ, არ სურდა ნათიას გაეგო ალბათ მისი საუბარი. –ლამაზია და ჭკვიანი, მაგრამ არც ის არის ბედნიერი თავისი ბედით.
–გული დამიმძიმდა, –მთებს არ აშორებდა თვალს დეკა, –არ ვიცი, აქაურობა საოცრად მაბნევს და მაქვს რაღაც უსაზღვრო თავისუფლებისა და სიმძიმის შეგრძნება ერთდროულად.
–რაც მეტს იფიქრებ, უარესია. ორივე ახალგაზრდაა, რამე გამოუვათ თუ მოინდომებენ. აქაური კაცი არ გადაუვა სიტყვას და ტრადიციას, არც კანონს, ისევე როგორც ხევსური ქალი. ბარის ხალხს ველურები ვგონივართ ჩვენი ხასიათის გამო, ტრადიციების პატივისცემა თავისუფლების შეზღუდვად ეჩვენებათ, მაგრამ არავინ ისეთი თავისუფალი არ არის ამ ქვეყანაში, როგორც აქაური ხალხი.
–უბრალოდ მებრალება ორი ადამიანი უბედურებისთვის. –სხვა აღარაფერი თქვა დეკამ. –თანაც იმ გოგოს გაუმართლა, შენი ძმა კარგი ბიჭია.
–ხო, როგორ არა, –თვალები გადაატრიალა თუთამ და გაეცინა. სევდიანი თვალებით გახედა ძმას, შეშის ჩეხვა რომ დაემთავრებინა და სახლისკენ ეზიდებოდა. –გაგაცნობ მერე თამთას.

საღამოხანს ლაშა ეზოში წითური ცხენით რომ დაბრუნდა, დეკა ეზოში ჩანაწერებს აკეთებდა. უცებ გადადო გვერდით თავისი ძველებური წიგნაკი და გრძელი კაბის ფრიალით წავიდა ჭიშკრისაკენ.
–რა ჰქვია? –გაბედულად შეეკითხა ხევსურს ფაშატის სახელი. მოფერება უნდოდა, მაგრამ მიკარებას ვერ ბედავდა, არ დავაფრთხოო ცხოველი. –ლამაზია.
–ალისა, მოეფერე თუ გინდა. უწყინარია. –ცხენიანად მიუახლოვდა ლაშა დეკას.
ქალმა გაუბედავად გასწია ხელი და მბზინავ, წითურ ქათიბზე გადაუსვა ხელი. სიამოვნებისგან გაეღიმა და ლაშას გახედა.
–ლამაზი სახელია. თვითონაც ლამაზია.
–გინდა დაჯდე? –უნაგირის ჩამოხსნას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა არაბულმა.
–არ ვიცი, არასოდეს მიჯირითია.
–გინდა თუ არა, გამოცდილების შესახებ ხომ არ მიკითხავს. მოდი.
ორივე ხელი ისე გაშალა ლაშამ, თითქოს პატარა ბავშვს უხმობდა თავისკენ ჩასახუტებლად.
გაუბედავად გადადგა ნაბიჯი დეკამ.
–დაჯდომაში დაგეხმარები, –გააფრთხილა ლაშამ, სანამ წელზე ხელებს მოხვევდა, რომ უნაგირზე შემოესვა.
–კარგი, –მისკენ ზურგით დადგა დეკა, წელზე ისე შემოეჭდო ლაშას ხელები, თავი ყველაზე პატარა არსებად იგრძნო დედამიწაზე. თავად ალბათ ბუმბულს ვერ ასწევდა ისე მარტივად, როგორც ის ააფრიალა ხევსურმა ჰაერში.
სირცხვილისა თუ მღელვარებისა იყო ის გრძნობა, ვერ გამოერკვია. უეცრად სისხლი არაგვივით აუჩხრიალდა ძარღვებში და ზედ ლოყებზე მოასკდა ადუღებული ნაკადი. წამოწითლდა.
ლაშას გაეღიმა და არც დაუმალავს.
–კომფორტულად ხარ? –ორივე ფეხი ერთ მხარეზე ეწყო დეკას.
–კი.
–მგონი, მატყუებ. –წარბები აზიდა ლაშამ და სანამ უარყოფას მოასწრებდა დეკა, მანამ აღმოჩნდა ხევსური მის ზურგს უკან ამხედრებული, –ისუნთქე, არ გადამივარდები.
ღიმილნარევი ხმით უთხრა ლაშამ, როცა დეკას ტანი ლარივით დაეჭიმა. ორივემ იცოდა გადავარდნის შიშმა კი არა, არაბულის სიახლოვემ რომ შებოჭა მდგმური.
–გარეთ უნდა გავიდეთ? –იკითხა დეკამ დაძაბულობისაგან თავის დასახსნელად, როცა ღია ჭიშკარში გაატარა ცხენი ლაშამ. ორივე ხელით სადავე ეჭირა და მკლავებს შორის ტუსაღივით მოექცია ქალი არაბულს. მის სუნს გრძნობდა დეკა, საოცრად თბილს და ამავდროულად ტყიურს. ისიც კი იფიქრა, სახლში მოსვლამდე ალბათ ბალახებში იკოტრიალაო.
–სახლს წრეს დავარტყამთ, ნუ გეშინია, არ მოგიტაცებ.
–სად უნდა გამიტაცო, ისედაც შენს სახლში არ ვარ?
ჩაცინება ზურგით იგრძნო დეკამ. უფრო მეტად მიეწება თითქოს მკერდზე მის ძლიერ სხეულს.
–რა იცი, რა დამარტყამს თავში, –მუქარანარევი ღიმილით ჩაილაპარაკა, იმდენად ხმადაბლა, მხოლოდ დეკას რომ გაეგო თითქოს, თუმცა მთების გარდა ისედაც არავინ იყო მათი შემყურე.
–მართალი ხარ, არ ვიცი, –წამიერად, ყრუდ, მაგრამ მაინც გაუელვა შიშმა. –რომ მომიტაცო, ვინმესგან უნდა მიგყავდე, ან გაგირბოდე.
–ნუ მაქეზებ. –ჩაეღიმა ლაშას.
ჩორთით მიუყვებოდნენ ნახევრად დაბნელებულ ბილიკს. დეკა მთებს არ აშორებდა თვალს, როგორმე ყურადღება უნდა გადაეტანა.
–იმ დღეს შეგეშინდა?
ქალს წამით დაფიქრება დასჭირდა, რომელ დღეს გულისხმობდა ხევსური.
–ცოტა. თუთას უფრო.
–წასვლა არ გინდა?
–სად? –დაიბნა დეკა. თავი წამიერად დაკითხვაზე იგრძნო.
–სახლში. შენი ჩამოსვლის პირველივე კვირას ასეთი ამბავი რომ დაგიხვდა. სახლში არ გირჩევნია? ქალაქში, უსაფრთხოდ.
–არა, აქ მირჩევნია.
–რატომ?
–აქ დამცველი მაინც მეყოლება, საფრთხე რომ შემექმნას. თანაც საქმე მაქვს და პროგრამას დასაწყისშივე ვერ გავწყვეტ. აქ რომ მოვდიოდი, ვიცოდი, არ იქნებოდა მარტივი.
ლაშას აღარაფერი უთქვამს. ეზოში მალევე დაბრუნდნენ. წამით დეკას გულიც კი დასწყდა, რომ უნდა ჩამოქვეითებულიყო. ზურგიდან არაბულის სითბოს კედელი რომ შემოეცალა, უკმაყოფილება იგრძნო და შეეცადა სახეზეც არ დასტყობოდა შინაგანი მღელვარება.
–მადლობა, –გვერდზე მოქცეული კაბა გაისწორა დეკამ.
ლაშას აღარაფერი უთქვამს, თვალი ჩაუკრა მხოლოდ და თავისი ცხენიანად სახლს უკან გაუჩინარდა.

ხევსურეთში გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად დოღი სცოდნიათ. ქალების დატირებასთან ერთად იმართება დოღი, სადაც გარდაცვლილის ცხენიც იღებს მონაწილეობას თურმე, რომ პატრონი იმქვეყნად გააცილოს და იმიერში შეხვდეს. არაბულების სარძლოს ბაბუა გარდაეცვალა. ახალგაზრდა კაცი წვიმიან ამინდში ბარიდან სოფელში მომავალი ხევში გადაჩეხილა მანქანით. სამგლოვიაროდ ეცვა დეკასაც. ირგვლივ ქალების ტირილს ცხენების ფლოქვების ხმაც ემატებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს ძალიან მოუხდებოდა წვიმა, მზე უმოწყალოდ აცხუნებდა.
–თამთა, გაიცანი, ეს დეკაა ჩვენი მკვლევარი ქალაქიდან. –მაშინვე გააცნო თუთამ დეკა გოგონას, როგორც კი დაიმარტოხელა. სახლს ჩრდილში ამოეფარნენ.
–ვიზიარებ მწუხარებას, –ხელი ჩამოართვა დეკამ.
გოგონამ თავი დაუქნია მხოლოდ. ნაღვლიანი მზერა შეავლო ორივეს და გაღიმება სცადა. ვერ მიხვდებოდით, გარდაცვლილს გლოვობდა თუ საკუთარ თავს.
დეკამ თვალი მოკრა ქუჩაში უუნაგირო ცხენზე ამხედრებულ ლაშა არაბულს. შავები ეცვა, ხვეული თმა მზეზე უბზინავდა და წარბშეკრული მოაჭენებდა თავის ბედაურს. უფრო გამაღლებული მოეჩვენა. სასწრაფოდ თვალი მოარიდა, როცა შენიშნა, რომ მასთან ერთად ყველა გოგო ლაშას უმზერდა.
–დეკა, მიხარია, რომ გაგიცანი. ისევ შევხვდებით, ახლა უნდა გავიდე, სანამ დედა ძებნას დამიწყებს. –მორიდებით დაემშვიდობათ თამთა, სინამდვილეში კი თორღვას გაექცა მხოლოდ, უკნიდან რომ მოადგათ.
–რაო? –სასხვათაშორისოდ იკითხა.
–არაფერი. გახარებული ჩანს, ქორწილი რომ გადაგედოთ. –წაკბინა თუთამ. –ლამაზი გოგოა და ნუ იბღვირები!
თორღვას არაფერი უთქვამს. წარბშკერული იხედებოდა იკეთკენ, სადაც მისი საცოლე გაუჩინარდა.
–შენ არ იღებ დოღში მონაწილეობას? ამდენი მხედარი სადმე რომ გადაიჩეხოს… –გაოგნებული აკვირდებოდა დეკა დოღში მონაწილეებს.
–არასდროს მსგავსი არაფერი მომხდარა, ოჯახიდან ერთი წევრი გამოდის და ამჯერად ლაშას რიგია, ქალბატონო მედეა. –გაუღიმა არაბულმა და მხრებში გაშლილი, ზუსტად ისეთი მანევრებით წავიდა თავყრილობისკენ, როგორც ლაშა მოძრაობდა. ნამდვილად ძმები იყვნენ.
ფლოქვების თქარუნმა ბუღი აადინა შატილის იალაღებს. დეკა და თუთა გვერდიდან არ მოიშორა თორღვამ. ჭირის დღეს მაინც საიდან უნდა მოსულიყო ეს უხილავი საფრთხე, ვერ ხვდებოდა სტუმარი, თუმცა არაფერს აპროტესტებდა.
გაუკვირდებოდა კიდეც, ლაშა გამორჩეული მხედარი რომ არ ყოფილიყო. ისეთი ვნებითა და მონდომებით მიაჭენებდა თავის უუნაგირო ბედაურს, თითქოს მისი ერთადერთი მიზანი ამ რიტუალში მონაწილეობა გამორჩეული მხედარი.
–ლაშა როდის ჩამოვიდა, ხათო? –უკნიდან მოადგათ ახალგაზრდა გოგო. გაუაზრებლად მოაბრუნა თავი მისკენაც დეკამ. ლამაზი იყო, მაგრამ გამომეტყველება არ ჰქონდა მთლად კეთილგანწყობილი ქალისა. უფრო ეშმაკურად იმზირებოდა.
–საჭირო რომ ყოფილიყო, გეცოდინებოდა, სალომე. –უდარდელი ხმით უპასუხა თუთამ. ღიმილი სახეზევე შეახმა ქალს.
–ეს ვინ არის? –თვალებით დეკასკენ ანიშნა სალომემ.
–დეკა, –უდარდელად გაუღიმა და ხელი თვითონ ჩამოართვა, თუმცა ნებისმიერი ქალი მიხვდებოდა, ეს ღიმილი გაფრთხილებით რომ უფრო მეტად იყო განზავებული, ვიდრე გაცნობის სიხარულით. –სასიამოვნოა.
–ხო, ჩემთვისაც. –კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავიდან ბოლომდე სალომემ მის თვალებს ჯიქურ მიშტერებული ქალი, მერე ვეღარ გაუძლო უწყვეტ მზერას და გაშორდა.
–ლაშაზე უდგას თვალი, –მაშინვე გადაუჩურჩულა თუთამ, ეტყობა, არ უნდოდა თორღვასაც გაეგონა. –მაგრამ ვერ მიართვეს. ახლა კუდში დასდევს, ოღონდაც თვალში მტვრის ნაწილაკივით ჩაუვარდეს.
ზედმეტი ყურადღება აღარ დაუთმია უკვე გაუჩინარებული ქალისთვის და ისევ დაკვირვებული მზერა დაასო შავ ცხენზე შემართულ მხედარს, რომელიც სინათლეს ასხივებდა ჭირის დღეშიც კი. რომ შენიშნა, სხვა გოგოებიც მასავით ინტერესიანი და აღფრთოვანებით სავსე თვალებით მისშტერებოდნენ ლაშას, გაბრაზებულმა მოარიდა მზერა არაბულს და სხვების თვალიერებით სცადა თავის გართობა.
–სისხლი მოგდის, –კაბის ჯიბიდან თეთრი ხელსახოცი ამოაცურა შეწუხებულმა თუთამ, –აკლიმატიზაცია ამდენ ხანს გრძელდება კი მაგრამ?
ისევ ცხვირიდან წასკდა სისხლი. ხალხს თუთასთან ერთად გამოეყო ხის ჩრდილში.
–ძალიან ცხელა და ალბათ მაგის ბრალია, –თავადაც არ სჯეროდა ამ სიტყვების დეკას. გული უცნაურად უფეთქავდა, თითქოს ბლანტ სითხეში გამოხვეულიყო და კიდურების გამოძრავება უჭირდა. გული ერეოდა პირში ჩაღვრილი ლითონის სურნელზე.
–წყალს მოგიტან. –წამოდგა თუთა.
–მოიცა, არ მინდა, მარტო არ წახვიდე. –მკლავში ჩაავლო და ადგილზე მოისვა ისევ. ინსტიქტური და გაუაზრებელი იყო მისი ქმედება. აუხსნელის და დაუნახავის შიში შემოეფინა მის არსებას. –აქ იყავი.
დეკას დაგუდულ სმენას მალე მისწვდა ქალების კივილი და აუტანელი ჩოჩქოლი. ყველა სადღაც მიმოიფანტა. ძაღლებმა ყეფა შექნეს და ცხენებიც სასოწარკვეთით ჭიხვინებდნენ. გასროლის ხმას მოჰყვა უარესი ქაოსი და არეულობა. სასწრაფოდ მკლავში ჩაავლო დეკამ თუთას და თორღვას დაუწყო ძებნა. გადღაბნილ სხეულებში ერთი ნაცნობიც ვერ იპოვა. სოფლის ცენტრი რამდენიმე წამში დაიცალა ქალებისა და ბავშვებისაგან. მხოლოდ კაცები და ეს ორნი დარჩნენ.
–სახლში წავიდეთ, დეკა. –ჩრდილოეთისაკენ მოქაჩა თუთამ. შეშინებული თვალები ჰქონდა და ისიც თავის ძმებს ეძებდა.
–რა ხდება?
–არ ვიცი, წავიდეთ. –ხმა უკანკალებდა არაბულს, შარაზე უნდა გადასულიყვნენ წინ ვიღაც შავებში ჩაცმული, შავყაბახიანი კაცი რომ გადმოუდგათ წინ. ჩაყვითლებული კბილებით საზარლად იცინოდა.
–თუთა, სახლში წადით! –გვერდით ამოუდგათ თორღვა. ხმა ბრაზისა და სიმკაცრისაგან დაბოხებოდა. მზერა ქალებიდან მასზე გადაიტანა ველური გამომეტყველების კაცმა. ტურას ჰგავდა.
–სალამი არ უნდა ვუთხრა ჩემს ნათესავს, თორღვა? როგორ იქცევი? –რუსულად მიმართა მას კაცმა. ხმაც ტურასავით ჰქონდა, მისი ავი ღიმილი ცუდად ენიშნა დეკას. –ეს ლამაზმანი ვინ არის?
–შენი საქმე არ არის, ახმეტ. აქ არაფერი გესაქმება. დაბრუნდი შენს სოფელში, სანამ ლაშამ მოგისწრო. –წინ გადაუდგა დასა და სტუმარს თორღვა, ცალი მკლავი ჩამოაფარა დეკას, რომელიც ინტერესიანი და, ცოტა სულელურად კი ჟღერს, მაგრამ უშიშარი მზერით ბურღავდა ახმეტს.
მის უდრეკ გამოხედვაზე უარესად გახელდა დაუპატიჟებელი სტუმარი, ან იქნებ მტერიც. უფრო ფართოდ გაიღიმა და უფრო მეტად დამახინჯდა. თვალს არ აშორებდა მედეას. ბოლოს ისევ ქალმა ააცილა მზერა და შავყაბალახიანს უკან მათკენ მომავალი ლაშა დაინახა. სხვა ხევსურებიც გვერდში ამოდგომოდნენ.
–ლაშას გაუმარჯოს, –მას მიუბრუნდა ახმეტი, ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. ლაშამ ისე დახედა მარჯვენაზე, თითქოს მოჭრას უპირებსო. არ გარხეულა.
–სამტროდ მოსულები გამარჯობას როდის მერე ამბობთ, ახმეტ?
იმ წამს ისეთი სახე ჰქონდა არაბულს, თითქოს ცხოვრებაში არ გაუცინია. მის ზურგსუკან წამომართულ კავკასიონის მყინვარებსაც კი შეშურდებოდათ ლაშას ხმის სიმტკიცისა და სიცივის.
–სამტროდ სულაც არ მოვსულვართ, –კვლავ მლიქვნელურად იცინოდა ახმეტი.
–რაღაც არამგონია სალხინოდ მოსული ადამიანი იარაღს ისროდეს სხვა ხალხის მიწაზე! აქ დღეს ჭირის დღეა, ახმეტ. წადი და რა საქმეც გაქვს, სხვა დროს მოვაგვაროთ. მიცვალებულსა და მის ოჯახს პატივი ეცი.
–ამ საქმის გადადება არ შეიძლება, ლაშა. –წელზე შემორთხმულ შავ ტყავის ქამარზე ხელები შემოილაგა ახმეტმა. ხევსურის გვერდით ტანითაც პატარა ჩანდა და არსებითაც.
ძმის ზურგს ამოფარებული თუთა მთელი სხეულით ცახცახებდა. დეკასაც მკლავს აფარებდა თორღვა, თუმცა როგორღაც მაინც ახერხებდა ლაშას სახეზე შეყინული სიმტკიცე დაენახა. მერე ისევ ახმეტის სახე შემოეფეთა და მხოლოდ ამის შემდეგ შეავლო მზერა ხევსურმა ქალის სახეს და მხარზე ჩამოქცეულ მზეზე ცეცხლისფრად აელვარებულ თმას. თითქოს ჩანაფიქრს მიუხვდაო მტერს.
–თქვენ გვარს ჩვენი ერთი ქალი მართებს, მე კი თუთას მოსაკითხად მოვედი.
–ახმეტ, იმ ზღვარს ნუ გადახვალ, რომელსაც უკან ვეღარ გადააბიჯებ. იცოდე, არ დაგინდობ თუ ჩემი დის სახელი კიდევ ერთხელ წამოსცდება შენს პირს. –მხრებში უფრო გაიშალა ლაშა. თორღვა დაძაბული იდგა ორ ქალს ძეგლად გადაფარებული. დეკა დაიძაბა, შეშინებულმა გახედა თუთას, ცრემლები რომ ჩუმად სცვიოდა.
–ნუ გეშინია. –გადაუჩურჩულა და სხეულზე მიიკრა. თვალს არ აშორებდა ლაშას და ახმეტს.
–იცი, მართალი ხარ. ზუსტი ანგარიშსწორებისთვის შენი დის რძლად წაყვანა არ იქნება სანაქებო საქციელი, –მხიარულად შესძახა ახმეტმა, მზერას არ აშორებდა დეკას. გული შეუხტა ქალს. ხვდებოდა, საითან მიჰყავდა საუბარი. –ან შენი საცოლე, ან შენი სარძლო… შენ თვითონ აარჩიე.
ლაშას ჩაეცინა. სახეზე ყინული გაუტყდა თითქოს.
–ზღაპრებს მოეშვი, –მიმართა ახმეტს. დეკას წამიერად მოეჩვენა რომ მისი ხმა მთელს კავკასიონს ესმოდა. –ეგ ქალი ჩემი საცოლე კი არა სტუმარია, აქედან ვერავის წაიყვან, ახმეტ. სანამ მთელი ხარ, გამასწარი იცოდე. ჩვენ არავისი ვალი გვაქვს და შეიგნეთ ახმადოვებმა. შენს სოფელში დაბრუნდი და ხალხს ნუ გვიწიოკებ, აქაურის ერთი უძილო ღამეც არ შერჩებათ ჩეჩნებს, იცოდე.
–ანუ ბრძოლა გინდა, –თავი გააქნია ახმეტმა, შეშინებული სულაც არ ჩანდა ხევსურის მუქარით და ამით უფრო მიემგვანა სულელს. –კი ბატონო, ბრძოლაში მოპოვებული ძღვენი უფრო ძვირფასია. ჩვენ ორს შორის გადაწყდეს მაგ ქალის ბედი.
–საკუთარი თავის მოსაკლავად მაინცდამაინც კავკასიონს გადმოცილება არ იყო საჭირო, ახმეტ–ბატონო. –ჩაეცინა ლაშას. მის გვერდით მდგომს რაღაც ანიშნა თვალით. ისიც უკან უსიტყვოდ გაბრუნდა და არაბულების სახლისაკენ დაიძრა სწრაფი ნაბიჯებით. დეკას ტვინში სისხლმა ამოასხა. კბილებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს და შესაფერის დროს ელოდა, რომ ემოქმედა.
–დარწმუნებული ვარ, თქვენებშიც ბევრს სურს შენთვის სიცოხცლის მოსწრაფება.
–შენსავით არავის, ქართველო, –დამცინავად წარმოთქვა ბოლო სიტყვა ახმეტმა. თორღვა დაიძაბა, მაგრამ სანტიმეტრითაც არ იძროდა. დეკა დარწმუნებული იყო, შავყაბალახიანის ერთი ზედმეტი მოქმედებაც და თავს შეაკლავდა მისი დის გულისათვის.
თუთა გულის წასვლამდე გათეთრებულიყო.
–აი, შენი სარძლოც მოვიდა, –წაიმღერა ახმეტმა. ორი მისნაირი ტურა თავშალგადავარდნილ თამთას მოათრევდა. გოგოს შავი თმა ტირილისგან წაშლილ სახეზე ჩამოშლოდა. მთლიანად კანკალებდა.
–ხელი გაუშვით, –პირველად ამოიღო ხმა თორღვამ. ქართულად მიმართა. დარწმუნებული იყო დეკა, ყველამ კარგად გაიგო მისი ბრძანება, მაგრამ ახმეტი თითქოს არაბულების ნერვებზე თამაშით ერთობოდაო, მხოლოდ იღიმოდა.
–შენ მგონი დროა, შენს ცოლს მიხედო, თორღვა, არავინ წაგართვას. ბიძაშვილის და უცხო ქალის დაცვას ეგრე გერჩივნოს.
–ჭკუის დამრიგებლადაც ვერ გამოდგები, ახმეტ. წადი აქედან, სანამ ტყვიების წვიმა წამოსულა შენს სოფელში. შავი ღრუბელი მოდის მაქეთკენ, –თვალებით ჩრდილოეთით, კავკასიონისკენ მიანიშნა თორღვამ. ქარი ცხვრების ფარასავით მიერეკებოდა იქეთკენ შავი ღრუბლის ნაფლეთებს.
თამთას ხელი შეუშვეს. თავი ძლივს შეიკავა, რომ არ დაცემულიყო. გაუაზრებლად მიეშველა დეკა. ახმეტისთვის სულ არ შეუხედავს და იმ წამს არც ედარდებოდა მისი იქ ყოფნა. საშინლად შეეცოდა ეს გოგო. დაუძლურებული და გაუბედურებული იყო ისედაც, დეკამ ყველაზე კარგად იცოდა, რა საშინელებაა, როცა ასეთ დროს არავინ გყავს მომშველებელი. თამთაც მაშინვე დაეყრდნო მხარზე.
მალე გამოჩნდა ლაშას მიერ გაგზავნილი ბიჭი, მხარზე იარაღი მოეგდო, ხელი ცხენის სადავეებისათვის ჩაევლო და აქეთკენ მოჰყავდა.
–რა ხდება? –გაოცებით იკითხა დეკამ ქართულად. მზერა ლაშასკენ მიმართა.
–სახლში წადით, –მხოლოდ ეს უპასუხა არაბულმა. მოსულს იარაღი და ცხენი გამოართვა, –მალე მოვალ.
–დიდი იმედი ნუ გექნებათ, –წაისისინა ახმეტმა, –ჩემოდანი ჩაალაგე, ლამაზო, ამის გვამი გაცივებასაც ვერ მოასწრებს, ისე უცებ გადაგატარებ კავკასიონს.
–ქალების წინ თავს ნუ დაიმცირებ, ახმეტ. თორღვა, გოგოები სახლში წაიყვანე. მე დუტუ გამომყვება.
–მოიცა, ერთი წუთით! –როგორც კი თამთას სხეული მოაშორეს, მაშინვე წინ გადაუდგა დეკა ლაშას. –რას აკეთებ?
–რომ მოვალ, მერე მოგიყვები, –გაუღიმა ლაშამ, თვალი ჩაუკრა. მისმა უდარდელობაში გაზავებულმა სითბომ ცეცხლი წაუკიდა ქალს სახეზე. –სახლში წადი, მეც მალე მოვალ.
–დეკა, წამოდი. –ბრძანებასავით გაისმა თორღვას ხმა. თუთა და თამთა შეშინებულები გადგომოდგნენ გზას. დეკა კი ხესავით იდგა უძრავად, მხოლოდ სამხრეთიდან მონაბერი ქარი უბურდავდა შემოდგომის ფოთლებივით სპილენძისფერ თმას.
–შენ ჩემთვის პასუხი გაქვს გასაცემი, –მუქარასავით გაჟღერდა დეკას ხმა. ლაშა ისევ იღიმოდა. თითქოს მიხვდა, სხვა სიტყვებით რომ უთხრეს, სიკვდილი არ გაბედოო.
ზიზღიანი მზერა აჩუქა ჩეჩენს მედეამ. გუმანით ხვდებოდა, რაც უნდა მომხდარიყო ამ ორს შორის და ჭკუიდან შლიდა იმის გააზრება, რომ ისევ სხვებს უნდა გადაეწყვიტათ მისი ცხოვრების ბედი. ბრაზისაგან ცახცახებდა, მაგრამ არც ის სურდა ამდენ შეიარაღებულ კაცს შორის მის სიჯიუტეს და ცნობისმოყვარეობას უფრო გაემწვავებინა ისედაც ძაბული სიტუაცია.
–შენ მაინც თქვი, რა ხდება! –ვეღარ მოითმინა დეკამ. მაშინვე წარბშეკრულ თორღვას მიმართა. თუთა და თამთა უხმოდ მიუყვებოდნენ ბილიკს სახლამდე. –ვინ ჯანდაბაა ეს ახმეტი.
–ახმეტი შენთვის არავინაა, დეკა. ლაშა იმაზე იზრუნებს, რომ არც მომავალში იყოს ვინმე.
–მგონი, ეგ თავადაც შემიძლია გადავწყვიტო, თანაც იარაღის გარეშე!
–არ შეგიძლია. ნუ გეშინია, არ მოკლავს. ხევსურისთვის ადამიანის მოკვლა დიდი ცოდვა და სირცხვილია.
–ის მეორე ხომ არ არის ხევსური? იმან რომ მოკლას?
–ვერ მოკლავს. დაწყნარდი და სახლში შედით.
თამთა ჭიშკართან შედგა. ახლაღა შეხედა თორღვას, თითქოს თვალის გასწორებას ითხოვდა კაცისგან, რომელიც მთელი ძალისხმევით ცდილობდა მისთვის თავის არიდებას.
–ერთი წუთით, –მხარში ხელი ჩაავლო არაბულს თამთამ, როცა იგრძნო, რომ მის მზერას განზრახ არიდებდა თავს.
–შენც შემოდი, თამთა. –უთხრა მშვიდად, თუმცა დეკას მოეჩვენა, რომ მხოლოდ მღელვარების დამალვას ცდილობდა წარუმატებლად, –სახლში ვერ წახვალ ახლა.
–პაპა…
–მე მივხედავ ყველაფერს. შედი სახლში. –მხარზე ხელი ჩამოადო და ეზოში შესვლისაკენ უბიძგა.

დეკას ოთახში ისხდნენ სამივენი. ხმას არ იღებდნენ, თითქოს გასროლის ხმას, ან აყალმაყალს ელოდნენ, მაგრამ გარემო ზუსტად ისე დუმდა, როგორც მიცვალებულის საფლავში ჩაწვენის შემდეგ.
–ჩემი ძმა გიყვარს, თამთა? –მშვიდად იკითხა თუთამ. ჯერ კიდევ შოკში მყოფს ხმა ჩახელჩვოდა და ტუჩები გადაფითრებოდა.
თამთა არ ელოდა ამ შეკითხვას.. ისიც თავისებურად ღელავდა და ფიქრებს შორს წაეღოთ აქედან, ან აქვე, ვინ იცის.
–რა მნიშვნელობა აქვს, –თქვა მშვიდად. იმედდაკარგული ადამიანის ხმით. –ყველაფერი მაინც ისე მოხდება, როგორც საჭიროა.
–ანუ არა? –ჩაეძია თუთა. დეკა ოდნავ განაწყენდა მასზე, ასეთ დროს ასეთ თემაზე რომ ეძიებოდა გოგოს, ალბათ იმიტომ, რომ თავად კარგად ესმოდა თამთასი.
თამთას ჩაეღიმა. არაფერი უთქვამს, არც ხო და არც არა. ალბათ, ვერ ბედავდა პასუხის ხმამაღლა გაჟღერებას, მაგრამ შეწითლებულმა ლოყებმა და თვალებში ჩამდგარმა ცრემლებმა გასცეს.
–რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, –თქვა მან რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ, –სხვანაირი ცხოვრება მსურდა ჩემთვის. ვბედავდი და ვოცნებობდი სწავლაზე, პროფესიის ქონასა და დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, მაშინ როცა ვიცოდი, რომ ჩემს აკვანზე უკვე შეებნიათ ნიშნობის სამკაული. არ ვიცი რამდენად შემიძლია მიყვარდეს კაცი, რომელიც ოცნებებს წამართმევს.
–ის არაფერს გართმევს, თამთა, –დაიცვა ძმა თუთამ, –თავადაც აქვს ოცნებები და მიზნები, რომლებზეც უარის თქმა უწევს.
–ის კაცია, ხათო. დიდი განსხვავებაა ცოლის და ქმრის ოცნებებსა და პრიორიტეტებს შორის. მისი ერთადერთი სასჯელი ჩემთან საწოლის გაყოფა იქნება, ჩემთვის თავისუფლების წართმევა, რომელიც არც არასდროს მქონია. –ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე თამთას.
–არჩევანი, –ჩაეცინა დეკას. სისხლი შუბლზე შემოაწვა თავისი წარსულის გახსენებისას, –რა ტკბილი რამეა და ხანდახან რა მიუწვდომელი, როცა შენს სიცოცხლეს ეხება საქმე.
–შენ რა იცი? –გულუბრყვილოდ იკითხა თამთამ, ვერც კი მიხვდა, ცხელ გულზე რომ არ გამოუვიდა სწორად ნათქვამი, მაგრამ დეკა არ გაბრაზებულა.
–უსამართლობას ყველგან შეხვდები, თამთა. თქვენთან უფრო ახლოა საფრთხე, ვიცი. ტრადიციებიც ყველაფერს ართულებს, ამისაც მესმის, მაგრამ ერთია, როცა საფრთხის მოლოდინი გაქვს და მეორეა, როცა არ ელოდები და ისე გესხმიან თავს. ზოგჯერ თავდაცვის საშუალებაც დიდი ფუფუნებაა.
–შენ რა შეგემთხვა? –წარბები შეკრა თუთამ. შეუძლებელი იყო ვერ მიმხვდარიყო ადამიანი, რომ საკუთარი გამოცდილება ალაპარაკებდა მხოლოდ დეკას.
არაფერი უთქვამს. მზერა ფანჯრისკენ მიმართა. ჭიშკრის ჭრიალი გაისმა. მას მალე მოჰყვა სამი ადამიანისა და ცხენის ფლოქვების ხმა. ქალები ერთდროულად წამოიჭრნენ ფეხზე.

მეორე თავი
კოლხი შამანი
–ახლა აგეწვება, –მშვიდად თქვა დეკამ. ბოლო ორმოცი წუთი ჭრილობის გაწმენდას მოანდომა მხოლოდ. ზედაპირული ჭრილობა იყო, მხარზე ბასრი საგნით მიყენებული.
–არ ამეწვება. –მშვიდად თქვა ლაშამ. დაღლილი სახე ჰქონდა, მაგრამ ხასიათზე მაინც არ ემოქმედა მის დღევანდელ მარიფათს. თვალები ისევ ისე უელავდა, როგორც ყოველთვის. თითქოს მსხვერპლს უყურებდა და ატკბობდა იმის გააზრება, რომ მალე კბილებით ჩააფრინდებოდა მოღერებულ ყელში.
ცხვრის ძველი დუმა თითებზე წაიცხო დეკამ. ჭრილობების სამკურნალო ერთ–ერთი უძველესი ტრადიციული მალამო ყოფილა, კიდეებზე გადაატარა ფრთხილად თითებით. მიზანმიმართულად მოქმედებდა, თუმცა გონებაში ათასი აზრი უტრიალებდა, ცდილობდა მზერა მის თვალწინ გადაშლილი გულ–მკერდისაკენ არ გაქცეოდა. მეორე მხარზე გველის ტატუ შემოკლაკვნოდა არაბულს.
ჭრილობის შეხვევას რომ მორჩა, მაშინვე ხელები გაიწმინდა, ლაშა დაკვირვებით უმზერდა მის ყოველ ქმედებას.
–აბა, გისმენ. –უთხრა დეკამ როგორც კი საქმეს მორჩა და ყველაფერი მიალაგა. ხელები გულზე დაიკრიფა მისი საწოლის მოპირდაპირე მხარეს და კოპებშეკრული მიაშტერდა.
–რას მისმენ? –წარბები აწკიპა ლაშამ. გაეღიმა.
–ვერ ხვდები? რას ნიშნავდა დღევანდელი რიტუალი, ვინ იყო ის კაცი. მოკალი?
–არა, გავაქციე. –უფრო ფართოდ გაეღიმა, ოდნავ წამოწევა სცადა.
–არ გაინძრე–მეთქი, გეტკინება. –შენიშვნა მისცა მაშინვე დეკამ. –ისე გააქციე, რომ აღარ დაბრუნდება?
–ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, შენ შეიძლება აქ აღარ იყო მაგ დროს, სანამ მაგას ჭრილობები მოუშუშდება.
– ამის გარეშე ვერ მოგვარდებოდა? სისხლი და ბასრი საგნების ქნევა აუცილებელია?
–იცი, ვაჟას უთქვამს, ხევსურის ჩაცმულობა, სმა–ჭამა, ცხოვრების ადათები და ჩვეულებანი, შეხედულებანი შესახებ ქვეყნისა და ცისა, ერთი სიტყვით, ყოველივე ის, რაც შეადგენს „ხევსურს“ და იმის ცხოვრებას, გეუბნებათ მხოლოდ იმას, რომ ხევსური ჯერ ისევ, თუ შეიძლება ასე ვსთქვათ, ნახევრად ველურია.
–ვაჟა თითქმის ერთი საუკუნის წინ გარდაიცვალა, ლაშა. მგონი, საკმარისზე მეტი დროა იმისათვის, რომ ხალხი ცივილიზაციის ნაწილი გახდეს. აქაურები ჯერ კიდევ იძულებით ქორწინებაზე ლაპარაკობთ, პრობლემებს იარაღით აგვარებთ…
–ბარის ხალხისთვის მარტივია ასე ლაპარაკი, –გაეღიმა ლაშას. თავისუფალი ხელი თავქვეშ ამოიდო და წამოიწია, უკეთ რომ დაენახა მოსაუბრე. ქალს სახეზე ალმური ასდიოდა.
–მე არ ვარ ბარის ხალხი, ლაშა.
–კოლხი მედეა არ ხარ? –ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, ო, როგორ უშლიდა ნერვებს მისი სიმშვიდე დეკას. –მცენარეებს აგროვებ, წამლებს ამზადებ, მედიცინას სწავლობ და მედეა გქვია, ჯადოქარივითაც გამოიყურები.
–რაო? –სულ მთლად ჭარხალს დაემსგავსა ქალი.
–ხო, რა გაგიკვირდა? რომ ჩამოიშალე ეგ ჟღალი და ხვეული თმა და გადარიე ის ჩეჩენი.
–კოჭები და მხრებიც ხომ არ დავმალო შემდეგისთვის? იმას ჩემი გადარევა არ სჭირდება, ისედაც შეშლილი იყო.
–მეც მაგას ვამბობ, შეშლილებს ადამიანური ენა არ ესმით, როცა თავიანთ ენაზე ელაპარაკები, შენც მათნაირი ჩანხარ. რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა ასეთ დროს, როცა თავისი ახლობლების და სტუმრის კეთილდღეობა დევს სასწორზე? პოლიციას გამოუძახოს? ხევსური კაცი ამ გზებზე პოლიციის ამოსვლას რომ ელოდოს, ქალებისგან დაცლილი იქნებოდა ეს მხარე. აქ მხოლოდ აქაურების კანონი მოქმედებს, დეკა. სანამ აქ იქნები, უნდა შეეგუო ამას. მესმის, ქალაქში სხვანაირადაა ალბათ და გიჭირს აქაურობასთან ადაპტაცია, მაგრამ შენ ვერაფერს შეცვლი. სანამ ჩემს სახლში ხარ იცოდე, რომ ვერავინ მოგეკარება. ისე კი, მე მაინც მგონია, საკუთარი სამართალი თვითონ უნდა ეძებოს ადამიანმა.
–ამ ფასად? –ხელი მისი ჭრილობისკენ გაიქნია დეკამ. სიტყვები აღარ ყოფნიდა, რადგან გულის სიღრმეში ეთანხმებოდა კიდეც არაბულს.
–მე სიცოცხლის ფასადაც მიღირდა შენი იმ მხარეში გატაცებისგან დაცვა.
ენა ჩაუვარდა დეკას. კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, აკანკალებული სუნთქვა რომ არ გამოქცეოდა მის ტუჩებს. მუცელი ერთდროულად აუწვა დანაშაულისა და სიამოვნების შეგრძნებამ, ფლირტის თბილ ნოტებთან რომ დასცდა ლაშას ბაგეებს.
–ნუ მეპრანჭები! აღარ გაბედო, არ მჭირდება სხვისი სიცოცხლის ფასად ცხოვრება, ასეთი არც სიმშვიდე მინდა და არც თავისუფლება. იქ თავი მხოლოდ იმიტომ შევიკავე, რომ არ მსურდა ცეცხლზე ნავთი დამესხა, და არა იმიტომ, რომ შენ დაგეცავი.
–ვიცი და კარგი გოგო ხარ. –ფართო ღიმილით ბავშვივით შეაქო ლაშამ, თითქოს ჯიბეებსაც მოიქექავდა კანფეტი რომ გადაეცა მისთვის კარგი საქციელისათვის.
გაოგნებისგან ჩაეცინა დეკას. თავი გააქნია და გაიფიქრა, ამ „ნახევრად ველურ“ ხევსურთან ლაპარაკს მირჩევნია წყალი ვნაყოო.
–აქ ასე ხდება? კაცი ქალს ხელს დაადებს და მორჩა, ქალს არავინ არაფერს ეკითხება?
–ჩეჩენი იყო ის გადარეული. და შენ რა გგონია, მარტო მთაში ხდება ეგრე? მოტაცებული ან გარიგებით დაქორწინებული ბარში არავინ გინახავს? თუ რახან მთაში, სოფელში მცხოვრები აკეთებს ამას, ის უფრო ველური და საშინელია, ვიდრე ქალაქელი გამოწკეპილი ტიპი? ან რატო არ მეკითხები, რისთვის ჩამოეთრა ახმეტი, იქნებ მართალია და მისი რამე გვმართებს?
–მაგდენს ვხვდები, რომ არ არის მართალი. ჭირის დღეზე დაგესხათ თავს იარაღით და უდანაშაულო ადამიანის წაყვანა სურდა. იმიტომ არ გეკითხები, რომ აშკარად პირადულია და არ მინდა ჩარევა.
–ჭკვიანურადაც იქცევი. შენ ვერავინ შეგეხება აქ. როგორც არ უნდა გინდოდეს, რომ შენი თავი მარტომ დაიცვა, აქ არ გამოგივა. საზღვართან ახლოს ვართ, ხალხი სხვანაირია, გარემო, ბუნება და ჰაერიც კი. უბრალოდ შენი საქმე აკეთე და დამერწმუნე, არავინ შეგიშლის ხელს მაგაში, მედეა. ისე, მართლა კოლხი ხარ?
–დღეს არ ადგები, –გული ამ ბრძანებით მოიოხა თითქოს დეკამ. ლაშას ღიმილნარევი შეკითხვა ღრენით დააიგნორა და ნივთები წამოკრიფა.
კარისკენ დაიძრა გაწიწმატებული. ყურთასმენას ჩუმი ჩაცინება მისწვდა კარში გასვლისას.
აქ ყოფნის განმავლობაში დეკას ტელეფონი პირველად იმ დღეს აწკრიალდა. გულწრფელად რომ ითქვას, არც კი ახსოვდა მობილური რომ თან ჰქონდა. არავის ურეკავდა და არც მას აწუხებდნენ. ეკრანზე მამამისის ნომერი რომ დაეწერა, უკმაყოფილების შეგრძნება მოეძალა. მაინც უპასუხა, იქნებ, რა ჰქონდა სათქმელი, თორემ მოსაკითხად რომ არ დარეკავდა, იცოდა.
–გისმენ.
–როგორ ხარ, დეა? –მოესმა მამის ხმა, ფხიზელი ნამდვილად არ ეთქმოდა, ხმაში ნაღველი ჩაღვროდა კაცს და მეტიც, ტიროდა კიდეც. –მამა…
–კარგად, შენ?
ძალიან უნდოდა დეკას, რამე ეგრძნო გაღიზიანებისა და ბრაზის გარდა, თუმცა მისი გრძნობებისა და მოთმინების ფიალა ბოლომდე დაცლილიყო და ვეღარაფრით ავსებდა. ვერანაირი ცრემლი და თბილი სიტყვა შეძლებდა იმ გატეხილი ჭურჭლის ამოქოლვას, ნამსხვრევებად რომ ჩაყროდა ხმაში მამამისს.
–მე როგორ ვიქნები.
–მშვიდობაა? –უხასიათოდ იკითხა, უნდოდა, მალე გაეთიშა და გონებიდან სასწრაფოდ განედევნა უსიამოვნო ფიქრები და შეგრძნებები, მოგონებები, რომელშიც დაუკითხავად ჩაითრიეს და ახლა ღამის კოშმარებად აგონდებოდა ყოველ ღამით.
–ხომ კარგად ხარ მანდ, ვინმე ხომ არ გაწუხებს?
–არა, ყველა კარგად მექცევა, არ ინერვიულო. თქვენ ხომ არ გაწუხებენ ისინი? მოაგვარა სოსომ?
–რა ვიცი, აღარ გამოჩენილან. მოაგვარა ალბათ. ცოტა ხანს კიდევ გაჩერდი მანდ.
–ხო. კარგი, მამა, კარგად იყავით.
სანამ პასუხს მოისმენდა, მანამდე გაუთიშა. გულის სიღრმეში მაინც იგრძნო დანაშაულის გრძნობა საკუთარი გულგრილობისა და სიუხეშის გამო, მაგრამ არც ისე მძაფრად, რომ მეორე წუთში ვერ დაევიწყებინა.
ტელეფონი საწოლზე მიაგდო და სამზარეულოში ჩავიდა. მხოლოდ მზია შემორჩენილიყო მაგიდასთან, თუთა კი რაღაცაზე ეწუწუნებოდა აივნიდან. მწვანილს ჭრიდა რაღაცაზე ჩაფიქრებული და დანაღვლიანებული და სულაც არ უსმენდა ქალიშვილის ვედრებას.
უხმოდ მიუახლოვდა დეკა, მიუხედავად იმისა, რომ თავად არასოდეს უგრძვნია დედობრივი სიყვარული, წარმოდგენაც არ უნდოდა, რას შეიძლება გრძნობდა მზია, რომელიც მაზლიშვილებსაც კი საკუთარი სისხლი და ხორცივით ზრდიდა.
–მზია, ხომ არ მოგეხმარო? დაისვენე შენ. –ფრთხილად კითხა, თითქოს მისი ფიქრების დაფრთხობა არ უნდოდაო.
–არა, გენაცვა, ასე მირჩევნია, უფრო გადამაქვს ყურადღება.
უხერხულად ჩამოჯდა დეკა იქვე. თავი დამნაშავედ იგრძნო ამ ქალის წინაშე და მზიამაც შენიშნა მისი მღელვარება.
–შენი ბრალი არაფერია, შენ რომ არ ყოფილიყავი, თუთას მაინც არ დაანებებდა თავს ის ურჯულო ახმეტი. აქ, ზოგადად, ქალების ბრალი ცოტა რამეა, შვილო. რამე რომ დააშავო, გადაწყვეტილების მიღების უფლება უნდა გქონდეს. ჩეჩენს და რუსს, რომელსაც რევოლვერი უჭირავს ხელში, სულ ფეხებზე ჰკიდია, შენ რას იტყვი და რა გინდა. აქ განსაკუთრებით რთულია ყველას თვალში მართალი იყო, ხევსურს რომ ეზიზღება სისხლის ღვრა ისე არავის, მაგრამ როცა საქმე ოჯახის ღირსებაზე მიდგება…
–დაბრუნდება ის კაცი?
–თუ გადარჩა, ალბათ, კი.
–დღეს მამაჩემმა დარეკა, –თქვა გაუბედავად დეკამ, მზიას მიაშტერდა სახეში. ქალს დანა გაუქვავდა ხელში წამიერად.
–რაო? –შავი თვალები გაუსწორა დეკას. მან აშკარად ყველაფერი იცოდა დეკაზე, თუმცა რატომ ენდობოდა მამამისი ასე ძალიან ამას კი ვერ ხვდებოდა.
–არაფერი ისეთი. როგორც მივხვდი, ყველაფერი იცი ჩემზე. –ჩვეულებრივზე ხმადაბლა თქვა დეკამ, არ სურდა ოთახში ვინმეს შემოესწრო და საუბარი გაეგონათ. ბოლოს და ბოლოს, იმდენად მაინც გაუშინაურდა მზიას, რომ მიკიბულ–მოკიბულის გარეშე ესაუბრათ ყველაფერზე.
მზიას თვალები ნაღველით ამოევსო, აშკარად შეებრალა დეკა.
–მამაჩემს საიდან იცნობ? –პირდაპირ ჰკითხა, თავშეკავების გაჭიანურებას აზრი აღარ ჰქონდა.
–მე იმდენად არა, რამდენადაც ჩემი ქმარი, –მაგიდასთან ჩამოჯდა ქალი, თითებზე შერჩენილი მწვანილის ნამცეცები მოიშორა, –გურამს ერთი ადამიანის პოვნაში დაეხმარა წლების წინ, ჩვენ ასე რომ ვთქვათ, ვალში ვიყავით მის წინაშე. შენზე რომ გვითხრა, არც კი გვიფიქრია, ისე დავთანხმდით. აქ უსაფრთხოდ ხარ, იცის, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგიცავთ.
–ეგ შეეძლო თავად გაეკეთებინა, –თავი ვერ შეიკავა დეკამ, –მაგრამ მაინც მიხარია, იქაურობას რომ მოვშორდი. ისიც მაშინებს, აქ უარეს შარში არ გავყო თავი.
–მამაშენს არ შეეძლო შენი დაცვა, დეკა, ნუ გაუბრაზდები მშობელს.
–მამაჩემს შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ არავის დაცვა არ დამჭირვებოდა. აქაურების მიკვირს, ქალს სიტყვის თქმის უფლებას არ აძლევენ–მეთქი, თითქოს ქალაქში რამე სხვანაირადაა.
–ფიცხი ხარ, –გაეღიმა მზიას. –ახალგაზრდობაში მეც ასეთი ვიყავი.
–შემოდი სალომე, –უკმაყოფილო სახე ჰქონდა თუთას, როცა სახლში სალომეს მოუძღოდა. ქალს ხელში რაღაც ეჭირა და ზრდილობიანად იღიმოდა. –ლაშას მოსანახულებლად მოვიდა, დედა, სალომე.
–მობრძანდი შვილო, ლაშა დაწოლილია. –თავშეკავებული თავაზიანობით მიესალმა სტუმარს მზიაც.
–არაუშავს, უბრალოდ მოსაკითხად მოვედი. –მაგიდასთან დეკას საპირისპირო მხარეს ჩამოჯდა სალომე, –თან ჩემი გაკეთებული ნამცხვარიც მოვუკითხე.
–ვერ იტანს ლაშა ტკბილს, –დაუფიქრებლად წამოიყვირა თუთამ, მზიას თვალების ბრიალსა და დეკას კბილებით დაჭერილ ღიმილს რომ გადააწყდა, უხერხულად გაიკრიჭა, –მაგრამ შენს გამომცხვარს შეჭამს. ძალიან გაუხარდება, მადლობა, სალომე.
–რატომ ადექი? –წარბები შეკრა დეკამ , როცა ლაშა გამოჩნდა ოთახში. ყურადღება არ მიუქცევია სალომეს წარბებაზიდული გამოხედვისათვის. არაბული ნელა მოძრაობდა, აშკარად აწუხებდა ჭრილობა, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია.
–მომწყურდა. –გაეცინა დეკას შეკითხვასა და გამომეტყველებაზე, –შეიძლება, რომ დავლიო, უფროსო? გამარჯობა, სალომე.
–როგორა ხარ, ლაშა? გავიგე რაღაც გაუგებრობაში გაგხვიეს...
–ძალიან კარგად. მადლობა. –არცგაუხედავს მისკენ, ისე ჩამოჯდა სავარძელზე, წინადადების ბოლო ნაწილი კი თითქოს არც გაუგონია.
–ისეთი ექიმი უვლის, არაფერი მოუვა. –სიტყვა ჩააკვეხა მზიამაც. სალომეს ყალბი ღიმილი ნელ–ნელა უფერულდებოდა. იფიქრებდით, სადაცაა ცეცხლი წაეკიდება და აქაურობასაც ხელის ერთი დატკაცუნებით გადაწვავსო.
–კარგი, წავალ მე. კარგად, ლაშა.
–ნახვამდის, სალომე. –სანამ ლაშა დამშვიდობებას მოასწრებდა, მანამ გამოეპასუხა დეკაც. სალომე მიხვდა, არაბულების სტუმრის იგნორირება რომ აღარ გამოუვიდოდა და მასაც უხალისოდ დაუქნია თავი გასვლის წინ.
–გააქციეთ ეს გოგო, –გაეცინა ლაშას, როგორც კი სახლიდან გააბიჯა სტუმარმა. დეკას თვალებმოჭუტული აკვირდებოდა.
–რას მიყურებ? ჭრილობა გაგეხსნება, ნუ მოძრაობ. –ფეხზე წამოდგა თვითონ და აივნისკენ წავიდა, –დაჯექი, მე მოგიტან.
–არა, როგორ გეკადრებათ, ჩემს მსახურად ხომ არ დაგიყენებ კოლხის ქალს, –უკან გაჰყვა ლაშაც. სახეზე უდარდელი ღიმილი დასთამაშებდა.
–მსახურად დაყენება სხვა რამეა! ამას ჩემი სურვილით ვაკეთებ.
–რატომ? –დეკას მოშვებულ ონკანს ჭიქა შეუშვირა ლაშამ და თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა. ცივმა ჟრუანტელმა დაუხორკლა კანი ქალს, სიტყვა წამიერად ყელში გაეჩხირა.
–იმიტომ, რომ შენი მკურნალი ვარ და არ შეიძლება მოუსვენრობა, როცა ოცი წუთის წინ შეგიხვიე ჭრილობა, მერე ისევ მე გავწვალდები.
–მერე შენც ეგ არ გინდა? გამჭერი და გამკერე რამდენჯერაც მოგესურვოს, დატესტე შენი შხამ–წამლები.
ერთი სავსე ჭიქა ორ ყლუპში გადაცალა. დაკვირვებით უყურებდა დეკა, როგორ უმოძრავებდა კანქვეშ კუნთები და გამოკვეთილი ყბები, როგორ დახუჭა თვალები, როცა ჭიქა მის ტუჩებს შეეხო და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, თითქოს თუ მოშორდებოდა ეს ფიქრებიც გაქრებოდნენ მისი გონებიდან. ნერწყვი მძიმედ გადააგორა, თავადაც მოსწყურდა, პირი გამოუშრა მღელვარებისგან.
–ჩემი ექსპერიმენტების გამო სულაც არ მინდა, ვინმე დავასახიჩრო, –ჭიქა ხელიდან გამოგლიჯა დეკამ, ალმური ასდიოდა სახეზე, –თქვენ ისეთი ველურები ხართ, არ მომაკლდება საკვლევი ობიექტები, არ იდარდო.
–ხო, მართალი ხარ, რომ დამასახიჩრო, მერე ეგეთი თვალებით ვეღარ დამათვალიერებ ხოლმე. –ჩაეცინა ლაშას და სანამ დეკა რამის თქმას მოასწრებდა, ზურგი შეაქცია.
–როგორი თვალებით? შენ მგონი მოლანდებებიც დაგეწყო.
პასუხი ვერ მიიღო დეკამ და სავსე ჭიქით ხელში აკვირდებოდა ლაშას გაშლილი ზურგის მოძრაობას და მხარზე დაკლაკნილ გველის კუდს.
ვერც ორმა ჭიქა ცივმა წყალმა უშველა დეკას ადუღებულ სისხლს.
–ლაშ, ფრთხილად იყავი მაგ გოგოსთან, –სიტყვა დააწია ძმას თუთამ.
–თვითონ იყოს ფრთხილად, ორი ქალი და ერთი ჯადოქარი მიცავს კბილებით.
**
ძილბურანში გახვეულიყო დეკას გონება, სიზმარში კარზე კაკუნის ხმა რომ შემოესმა. თავი ძლივს წამოსწია საწოლიდან. შემოდიო, დაიძახა.
–დეკა, ლაშას მაღალი სიცხე აქვს, –ძველებური ლამფით ხელში შემოვიდა ოთახში თუთა, თმები აბურძგლოდა და გრძელი ღამის პერანგი კოჭებამდე დასთრევდა.
–გამოვალ ახლავე. –ტანსაცმელი სასწრაფოდ გადაიცვა და უჯრიდან რამდენიმე გამხმარი მცენარის ფხვნილი ამოიღო.
ოთახში მზია წამოდგომოდა თავს თუთასთან ერთად ავადმყოფს. ოფლით დაცვარული შუბლი ლამპის შუქზეც კი შესამჩნევად ულაპლაპებდა ლაშას, თვალები ნახევრად გახელილი ჰქონდა და მაინც ახერხებდა ისე გაეღიმა, როგორც დამნაშავეს, რომელსაც დანაშაულზე წაასწრეს.
–ვერაფრით დავუგდე სიცხე, –შეწუხდა მზია, –არ გაგაღვიძებდი, მაგრამ იქნებ რამე უშველო.
დეკამ სკამი მიუდგა საწოლთან, მაგიდაზე დააწყო რისი წამოღებაც მოახერხა და შუბლზე მიადო გაყინული ხელები. თაფლისფერი თვალები გამოღიავებოდა ლაშას. გული მოეწურა მის დანახვაზე, თუმცა არაფერი შეიმჩნია, არც ასეთ მდგომარეობაში იყო არაბული სანდო. ყველაფერს ხედავდა და ამჩნევდა და მერე აუცილებლად გამოიყენებდა მის საწინააღმდეგოდ, როცა გამოკეთდებოდა.
–ჭრილობიდან მოდის, –მაშინვე მოხსნა სახვევები დეკამ, საშინელ დღეში ჰქონდა ჭრილობა. –ეს დაღეჭე, –პირში რაღაც მცენარე ჩასჩრა. თვითონ თამბაქო ამოიღო და დაღეჭა.
საზიზღარი გემო ჰქონდა, მაგრამ უნდა დაელბო.
–რა საზიზღრობაა, –ამოიზმუვლა უკმაყოფილოდ.
–რომ არ გეხვანცალა, არ მოგიწევდა გაწვალება. –დატუქსა მაშინვე ექიმმა, ნერწყვში დამბალი თამბაქო ჭრილობაზე დაადო. მწარე უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც კი გარყეულა ლაშა.
–ამით ჩაი გაუკეთე, თუთა, –ერთი ფლაკონი ხელში შეაჩეჩა გოგონას, შემდეგ ჭყანტა და გამხმარი ფაფანაგა ერთმანეთში აურია. ეს ორი მცენარე ძლივს იშოვა, ხშირად გამოიყენებოდა აქაურებში ჭრილობების სამკურნალოდ. ზოგადად, ხევსურები ავად იშვიათად თუ ხდებოდნენ, არც სხვა დაავადებები იყო აქაურებში გავრცელებული, ექიმი ხევსურს მხოლოდ მიყენებული ჭრილობის სამკურნალოდ თუ დასჭირდებოდა.
დაღეჭილი თამბაქო რამდენიმე წუთში მოაშორა ჭრილობას.
–ეს რამდენი ხანი უნდა ვცოხნო? –ამოთქვა ყბების ქნევით დაღლილმა.
–გადაყლაპე, არაფერი მოგივა. ახლა ამ ჩაისაც დააყოლებ და მალე უკეთესად გახდები.
მანამდე ისხდნენ მის საწოლთან თუთა და დეკა, სანამ ოფლი არ შეაშრა შუბლზე და მიეძინა. თავი გვერდზე გადაქინდრა პატარა ბავშვივით, ხვეული თმა შუბლზე მიწებებოდა. მშვიდად სუნთქავდა.
–ხიფათის მაძიებელია, ამის ხელში საქმე არ მოგაკლდება. –დაიჩურჩულა თუთამ, როცა მიხვდა, რომ საბოლოოდ ჩაეძინა მის ძმას.
კიდევ ერთხელ მიადო დეკამ შუბლზე ხელი, რომ დარწმუნებულიყო, ტემპერატურამ დაუწია. ძლივს მოაშორა ხელი, რომ გაუაზრებლად ლოყაზე არ მოფერებოდა, თვალის უპეები დაღლილობისგან ამოშავებოდა და ტუჩებიც გაცრეცილი ჰქონდა.
დანაშაულის გრძნობა ამოუბუყბუყდა გულში. მერე რა, რომ ტექნიკურად თვითონ მართლა არაფერ შუაში იყო და იქ რომ არ ყოფილიყო, შეიძლება მაინც იგივე ხიფათი დატყდომოდა თავს. მაინც ვერაფერს უხერხებდა გულში აგორებულ უცნაურ შეგრძნებას პირდაპირ დანაშაულის გრძნობამდე რომ მიჰყავდა დეკას არეული გონება. პირველად დაიცვა ვიღაცამ საფრთხისგან, აღარც ახსოვდა, ბოლოს მასზე როდის იზრუნეს და ცოტა შეეშინდა კიდეც, საკუთარი თავის იზოლირება რომ ვერ მოეხერხებინა ლაშასგან.
–ცოტა ხნით დავრჩეთ, რამემ არ შეაწუხოს, –თქვა ხმადაბლა ბოლოს და ლამფა მაგიდაზე დადგა.
საშუალო ზომის მყუდრო ოთახს ყვითლად ანათებდა ნავთის ლამფა, ფანჯარა ოდნავ შეაღო, რომ მცენარეების, სისხლის და ნავთის სუნი გარეთ გასულიყო. სუფთა ჰაერმა თვითონაც შეაფხიზლა. თუთას სავარძელზე თავი ჩამოედო და თვლემდა. დეკამ კი იქაურობა მიალაგა. ერთ პატარა წიგნების თაროს მოავლო მზერა. ძველებური, ტყავისყდიანი წიგნები ელაგა ზედ. განთიადი მოსდგომოდა ციხე–სოფელს და ისედაც მუდამ ფხიზლად მყოფ მთებს ნელ–ნელა სილურჯეს აცლიდა მხრებიდან.
ვერ დაიძინებდა, იქვე, ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და წიგნი მოიხელთა. ფრთხილად გადაშალა ძველი ფურცლები. ვაჟა–ფშაველას “გველისმჭამელი” მოხვდა ხელში. ჩაეღიმა და დაკვირვებული მზერა მოავლო საწოლში მიძინებულ შატილიონს. მხრიდან გველის გამოსახულების ტატუ კლაკნილად მოუჩანდა, საბანი მხოლოდ წელს ქვემოთ ეფარა და მისი გულ–მკერდის დასათვალიერებლად დიდი გასაქანი მიეცა აქიმბაშს.
–რაო, შამანო, გადავრჩები? –ამოიხრიალა დაღლილი ხმით პაციენტმა. კითხვაში დრო გაჰპარვოდა დეკას და კინაღამ ფანჯრიდან გადავარდა მოულოდნელობისაგან.
–გული გამიხეთქე. –ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა და წიგნი თაროზე დააბრუნა. ზემოდან დააჩერდა ახალგაღვიძებულს. –არ მოკვდები, თუ დამიჯერებ.
–კიდე ის საზიზღრობა უნდა მაჭამო? –სახე სასაცილოდ დაეღმიჭა ლაშას. გაეცინა დეკას, მთელი ღამის უძილარი დაღლას საერთოდ ვეღარ გრძნობდა.
შუბლზე მიადო ხელის ზურგი შატილიონს, გრილი ჰქონდა.
–მარტო შუბლზე რატომ მეფერები? –წამწამები ააფახულა ლაშამ; ხელის გულზე სასიამოვნოდ მიელამუნა მისი ქუთუთოების მოძრაობა დეკას, მაგრამ არ შეიმჩნია და სასწრაფოდ გაშორდა. მისი პირდაპირი და დაუფარავი ფლირტი სისხლს უდუღებდა. საქმეც ეს იყო – სახეზე მაშინვე ეტყობოდა, როგორ მოქმედებდა უბრალო სიტყვებით ეს ადამიანი მასზე და სანამ შევარდისფერებული ღაწვების დამალვას მოასწრებდა, ლაშა უკვე იღიმოდა. კიდევ კარგი, ჩემი გაცეცხლებული გულის ხმა არ ესმისო, თავი ინუგეშა.
–მაინტერესებდა, სიცხე გქონდა თუ არა.
–მაგისთვის თერმომეტრი არსებობს. –უფრო მეტად გახალისდა ლაშა. თვალები ისეთი მკვირცხლი არ ჰქონდა, როგორც რამდენიმე დღის წინათ, როცა სრულიად ჯანმრთელი იყო, მაგრამ მაინც ახერხებდა დეკას აფორაჯებული სახის შეთვალიერებას.
–მაპატიე, აღარ შეგეხები.
აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, ამ ენაკვიმატ ადამიანს ყველაფერზე მოეძებნებოდა ისეთი პასუხი, რაც ბოლოს მხოლოდ დეკას გააწითლებდა.
–მე გითხარი მარტო შუბლზე რატომ მეფერები–მეთქი.
–შენ ნუ მეთამაშები, –ავად დაუქნია ცხვირწინ თითი დეკამ, მზერა მისი თვალებიდან საჩვენებელ თითზე გადაიტანა ლაშამ და უფრო ფართოდ გაეღიმა. სასაცილოდაც არ ყოფნიდა მისი მუქარა. –თორემ ძვირად დაგიჯდება.
–მომწამლავ? –წარბები აწკიპა კაცმა, ოდნავ წამოიწია საწოლში.
–საწოლიდან არ ადგები დღეს, თორემ გუშინდელი წამალი მონაგონი იქნება.
–ლამაზი თმა გაქვს, –არსაიდან წამოისროლა ლაშამ, სულ არ უსმენდაო თითქოს ქალის ბრძანებებს, მის სახესა და თმებზე დააცოცებდა თვალებს.
–რა?
–ლამაზი თმა გაქვს, –გაუმეორა მშვიდად, მერე ისე ჩახედა თვალებში დეკას, უეჭველად რამე მწარე რომ უნდა ეთქვა. –გაგიმართლა ამ საუკუნეში რომ დაიბადე, თორემ ალბათ კოცონზე შეგაპიწკინებდნენ, არავინ დაგიჯერებდა, რომ ალქაჯი არ ხარ.
–წამება არც ახლა მაკლია, –წაუსისინა დეკამ, –სადარდებლად არ დამემატო, თორემ ქაჯები სანატრელი გაგიხდება.
–ერთი უკვე მყავს. –ფართო ღიმილი და თეთრი ხანძრით აალებული თვალები შეაგება ქალის მუქარას.
დეკამ მხოლოდ თავი გააქნია, ამასთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო, გაიფიქრა და ოთახიდან გავიდა. სინამდვილეში, ლაშასთან სიახლოვეს გამოექცა მხოლოდ იქედან, ძლივს დამშვიდებულ გულისცემას სამი სიტყვით რომ გადაუღებელი ქარიშხალივით დაატყდა თავს.
უკვე თავადაც სჭირდებოდა მკურნალი.

დეკა შატილში ცხოვრების განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა თავისი ძველი ცხოვრება ქალაქში დაეტოვებინა, მაგრამ ადამიანის გონება ისეთია, რაც უფრო ძლიერად მიაწვები მოგონებებს, ორმაგი ძალით ისხლეტს მეხსიერების კედელი და უკან გიბრუნებს ყველაფერს, რისი გახსენებაც არ გსურს.
კოშმარები აღარ სტანჯავდა და არც იმის შიში ჰქონდა, რომ ვინმე შემოიჭრებოდა სახლში, საძინებელში და პირდაპირ საწოლიდან ეცდებოდა მის წათრევას. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე აქ ყველა მხრიდან მოსალოდნელი იყო, თავს ისე გრძნობდა, როგორც უსაფრთხოების მემბრანაში გამოხვეული უჯრედი.
საკუთარ თავს არაფრით უტყდებოდა იმაში, რომ რეალურად რამდენად დამოუკიდებელიც არ უნდა ყოფილიყო, სიამოვნებდა ვიღაცის იმედი რომ ჰქონდა, ვიღაცას რომ დაეყრდნობოდა, როცა შიში მუხლებში გადატეხავდა, იმედი ექნებოდა, რომ ვიღაც ხელს შეაშველებდა და დაცემის ტკივილისგან მაინც იხსნიდა.
ლაშას უნებურად აკვირდებოდა ყოველ დილით, როცა ცხენზე შემომხტარი გაუყვებოდა ხოლმე ჩორთითი შატილის შარაგზებს. მიუხედავად იმისა, რომ წესიერად არც იცნობდა და არაფერი იცოდა მისი წარსული თუ ამჟამინდელი ცხოვების შესახებ, მაინც ვერაფრით უძებნიდა მასზე ფიქრებს ვერც თავს და მითუმეტეს, ვერც – ბოლოს.
–რა ცბიერია ეს გოგო! –გონებაზე მარწუხებივით შემოხვეული ფიქრები თუთას აფორიაქებულმა ხმამ შემოაცალა. გაწიწმატებულს ალი ასდიოდა სახეზე. ქარიშხალივით შევარდა დეკას ოთახში. და–ძმას ჰქონდათ საერთო ეფექტის მოხდენის ტექნიკები, რომლებიც დეკაზე ძალიან, ძალიან წარმატებულა მოქმედებდა.
–რა მოხდა? მშვიდობაა?
–ხომ გითხარი, გამოჭერა უნდა–მეთქი! ჩვენთანაც მაგიტომ მოეთრა, ხალხმა რომ შეამჩნიოს და ყველამ იფიქროს, ლაშასთან საქმე აქვს დაჭერილი. გეუბნები, არ მოისვენებს სალომე, სანამ რამეს არ გადაყრის ჩემს ძმას.
–ამოღერღავ ახლა? –მოუთმენლობა შემოუჩნდა დეკას. იმ ქალის ხსენებამ უსიამოვნო შეგრძნება გაუჩინა, რომელსაც არაფრით არქმევდა თავის რეალურ სახელს – ეჭვიანობას.
–წყლის მოსატანად იყო ლაშა გასული, ესეც გაეკიდა. აქ არაა სწორი ორი დასაოჯახებელი ახალგაზრდა მარტო რომ დაიარება, ხალხი მაშინვე ლაპარაკს იწყებს. ეს არ იკმარა და სახლამდეც მიიტყუა ეს სულელი! ვითომ თვითონ ვერ ათრევდა სამლიტრიან დოქს! ახლა მამამისი ელაპარაკება ლაშას.
–კარგი, რა მოხდა მერე? დიდი ამბავი, თუ გამოელაპარაკა ადამიანი. მეეჭვება, შენს ძმას ვინმემ რამე დააძალოს.
–შენ არ იცი მაგ კაცის ამბავი! სალომე უკვე ოცდაშვიდი წლისაა, ფაქტობრივად, გაუთხოვარია.
–და რა, ცოლად მოაყვანინებს ლაშას? კარგი რა, –გაეცინა დეკას, თუმცა უსიამოვნოდ მაინც გაკენწლა უჩვეულო შეგრძნებამ. ფანჯრიდან გადაიხედა ინტერესით სავსე თვალებით. ლაშა უკვე შინ ბრუნდებოდა, –აი, მოდის, თან მარტო.
–არ ვიცი, გული ცუდს მიგრძნობს. –მაინც ვერ ისვენებდა თუთა და ისიც დეკასთან ერთად იჭყიტებოდა ფანჯრიდან. –შენ არ იცი, ეგ გოგო როგორია. არაფერი ადარდებს, ოღონდ თავის მიზანს მიაღწიოს.
–კარგი, თუთიკო, დამშვიდდი. –გაეღიმა თუთას აფორიაქებულ გამომეტყველებაზე, თუმცა ფიქრებმა ისიც იმ წყაროსაკენ წაიყვანა, სადაც ლაშა და სალომე ერთად ავსებდნენ წყაროს წყლით თავიანთ ჭურჭელს, სადაც მარტონი იყვნენ და სადაც სალომე შანსს არ გაუშვებდა ხელიდან, არაბულთან სიახლოვით არ დამტკბარიყო.
გულ–მკერდის ღრუში რაღაც ძალიან ბლანტი და ამოუხსნელი შეუსქელდა თითქოს, სუნთქვაც კი შეუკავდა ფილტვებში წამიერად. ერთი ამოსუნთქვა დასჭირდა ფიქრს გონების ნათელ წერტილამდე მისაღწევად, სადაც დეკას გონებას ყველა კითხვაზე შეეძლო პასუხის მიცემა. პასუხები იყო მწარე და პირდაპირი, ახლადმოჭრილი ისარივით პირწამახული და ბასრი. დასაკუთრების შეგრძნებას მოყოლილმა უკონტროლო ეჭვიანობამ მის გულში შხამიანი ტყვიასავით გაიარა.
ბნელოდა და ვერაფრით დაიძინა. აქაური ღამეები მალ–მალე მოდიოდნენ და წასვლა არ ეჩქარებოდათ, თითქოს ზაფხულის დღე–ღამის თანაფარდობის კანონებსაც ეწინააღმდეგებოდა ხევსურული ბუნება.
სარაფანი გადაიცვა და ეზოში ჩავიდა. თორღვას გაკიდებულ ჰამაკში ჩაწვა და ნელა ირწეოდა. ფიქრები კი მაინც არ ცვიდონენ მისი თავიდან, რაც არ უნდა შორს გაფრენილიყო ჰამაკი.
–ვერ იძინებ?
სიბნელიდან მოულოდნელად გამოიზარდა ლაშას მაღალი ფიგურა. ეტყობა ფანჯრიდან შენიშნა ქალის აფრიალებული თეთრი სარაფანი, ან იქნებ მისი აყვირებული ფიქრებიც კი შემოესმა.
–შენ მე ერთხელაც გულს გამიხეთქავ, –გულის ფიცარზე ხელი მიიდო დეკამ. რომ არ შეგშინებოდა, მაინც ასეთი რეაქცია გექნებოდაო, დამცინავად ჩასძახა იმ ხმამ, მის გონებაში რომ ცხოვრობდა და ამაღამ დაძინების საშუალება არ მისცა.
–გაწუხებს რამე? –ჰკითხა ლაშამ, ოდნავ დაარწია მისი საქანელა. თითქოს ქალის სურნელის მიმოფანტვა და ხარბად ჩასუნთქვა უნდაო.
–უბრალოდ ვერ დავიძინე. შენ?
–ვერც მე. –გადაჭრილი ხის კუნძზე ჩამოჯდა ლაშა. ცალი ხელით აკვანივით არწევდა ჰამაკში მოკუნტულ ქალის სხეულს და დაკვირვებული მზერით ცდილობდა მთვარის შუქზე მისი თვალების დანახვას.
–თუთა გაანერვიულე დღეს, –ვერ მოითმინა, რომ არ ეთქვა. –სალომე აუცილებლად გააბამს ჩემს ძმას მახეშიო.
–გამოუცდელი ბავშვია, –გაეცინა ლაშას, თუმცა დაჟინებულ მზერას არ აშორებდა დეკას თვალებს. ორივე ზრდასრული ადამიანები იყვნენ და აზრი არ ჰქონდა თავის დაბრმავებას იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე დეკამ მხოლოდ თუთას ნერვიულობის გამო ახსენა.
უცნაურად ასტკივდა ისევ მუცელი, გულში სისხლის ნაცვლად ბლანტი, მწარე სითხე აუმოძრავდა თითქოს ქალს. გრძნობდა, როგორ შესქელდა წუთის წინ მსუბუქი და უმასო ჰაერი და გულ–მკერდზე დააწვა.
–შენც ეგრე გგონია?
–მე იმედი მაქვს, რომ ცბიერ ქალზე ჭკვიანი აღმოჩნდები. ეგ სულაც არ არის მარტივი საქმე. თუ, რა თქმა უნდა, შენი სურვილი არაა, რომ სალომეს მახეში გაება.
–აქ რატომ ხარ, დეკა? –რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ თემა შეცვალა, თითქოს აღარ ღირდა სალომეზე მეტად რამის თქმა, იმდენად ამოწურული იყო ეს თემა, მიუხედავად იმისა, რომ დამაკმაყოფილებელი პასუხი არ მიუღია მისგან დეკას. –ეს მთელი პროგრამა და კვლევები მესმის, მაგრამ მაინც და მაინც ჩვენთან როგორ აღმოჩნდი მალხაზ ცერცვაძის ქალიშვილი?
–მამაჩემს იცნობ? –ოდნავ წამოჯდა დეკა ჰამაკში, ფეხები გადმოსწია და მხოლოდ ამის შემდეგ ინანა დაუფიქრებელი მოძრაობები, როცა ჰამაკი ზედმეტად ახლოს გააჩერა თავისთან ლაშამ. მის თბილ სუნთქვას გრძნობდა სახეზე და წამით გონება იმ ფიქრისაკენ გაექცა, რომ ასეთი სურნელი იდგა მის ოთახში და ალბათ ასეთი სუნი ასდიოდა მის ბალიშსაც.
–მე არა, ბიძაჩემი იცნობს. ერთი საერთო ნაცნობი გვყავს.
–ვინ ნაცნობი? –ძლივს გადააგორა ყელში გაჩხერილი ნერწყვი დეკამ. მთელი სხეული გამოუშრო თითქოს მღელვარებისგან ადუღებულმა სისხლმა.
–იგორ დავიდოვი.
სახელის გაგონებაზე სუნთქვა ისე სწრაფად შეეკრა ქალს, ლაშას კი არა კავკასიონის მწვერვალებს არ დარჩებოდათ შეუმჩნეველი. გონება წამიერად გამოეთიშა, თუმცა განწირულივით აუკივლდა შეშინებული გული.
–იგორთან შენ რა საქმე გაქვს? –ძლივს ამოღერღა.
–ანუ შენც იცნობ. –ჩაეცინა ლაშას. ჰამაკს არაფრის დიდებით არ უშვებდა ხელს. ეს ჩაცინება არ ჰგავდა არც ერთ მის ძველ ნათელ ღიმილიანობას. პირიქით, მძიმე და ბნელი იყო, ისეთივე როგორც იმ მთების ძირი, ზემოდან რომ გადმოჰყურებდა ამ სანახაობას და უტყვად უგდებდა ყურს ამ ორის ჩურჩულს.
–სამწუხაროდ, მაგრამ ახლა აღარ გვაქვს ურთიერთობა. –აკანკალებულ ხმას ვერაფერს უხერხებდა დეკა. უფრო ახლოს მისწია ლაშამ. იმდენად ახლოს, რომ მუხლებით ეხებოდნენ ერთმანეთს.
–შენ მაინც რატომ გაგაცნო ეგ კაცი?
–მამას არ გაუცნია. ჩემმა ძმამ... –ხმა ჩაუწყდა საბოლოოდ, პირი გამოუშრა. –შენ საიდან იცნობ–მეთქი, ლაშა?
–ასე რომ ვთქვათ... ჩემი თანამშრომელია. –ირონიანარევი გაღიზიანებული ხმა ჰქონდა ლაშას. ორივე ხელით ეჭირა ჰამაკი. ზედმეტად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და რომ არა დეკას წარსულიდან დაუპატიჟებელი სტუმარივით დაბრუნებული ყველაზე საძულველი სახელი და გვარი, ალბათ, ყველაზე სასიამოვნო წუთებს გაატარებდა ამ ეზოში ცერცვაძე.
–საშიში კაცია ეგ, ლაშა, რა საქმე გაქვს იგორთან?
–მე უფრო საშიში ვარ, –გაეღიმა ლაშას. ისევ თავისებურად, თბილად და გულწრფელად, ერთდროულად რომ მოსწონდა და ნერვებს უშლიდა დეკას.
იმდენად დაუჯერებელი იყო იგორ დავიდოვზე საზიზღარი და საშინელი ადამიანის არსებობა, რომ ქალს ამ აზრის გაჟღერებისთანავე გაეღიმა.
–რა, არ გჯერა? –მოჩვენებითი შეურაცხყოფა იგრძნობოდა ლაშას ხმაში, ჰამაკს სულ უფრო და უფრო მეტად ქაჩავდა თავისკენ, ისე, რომ დეკას ფეხები ცოტაც და ჰაერში გამოეკიდებოდა.
–არა, ვერ იქნები შენ იმაზე საზიზღარი და საშიში, –სიახლოვით დაბნეულმა ქალმა ძლივს მოუყარა ტუჩებს თავი, შეეშინდა, შემთხვევით არ ეკოცნა ლაპარაკის ნაცვლად.
–ახლა არ გეშინია ჩემი? –კიდევ უფრო მოზიდა მისკენ ჰამაკი ლაშამ, ღიმილი სადღაც გაუქრა და მთებისგან არეკლილი მკაცრი სილურჯე ჩაეღვარა თაფლისფერ თვალებში. სქელ ტუჩებს ძლივს დასცდა ბგერები და თითქოს კი არ გაიგონა მისი ნათქვამი, ტუჩებით იგრძნო საკუთარ სახეზე დეკამ.
–შენი არა, –წეღანდელი შიში სადღაც გაქრა, არ ჰგავდა ეს არც იგორ დავიდოვის სახელის ხსენებით გამოწვეულ შეძრწუნებას და არც სხვა პირველყოფილ შიშებს, მუცელი დაეჭიმა დაძაბულობისაგან. –ასე ახლოს რომ ხარ, მაგის მეშინია.
ჰამაკს ფრთხილად რომ შეუშვა ხელები ლაშამ, მოულოდნელად თავს დატეხილმა უკმაყოფილებისა და პროტესტის გრძნობამ დაამუნჯა ცერცვაძე. შეეშინდა სახეზეც არ დასტყობოდა განშორებით გამოწვეული უკმაყოფილება და ჰამაკზე გადაწვა ნაკლებად შესამჩნევი რომ ყოფილიყო მისი მონგრეული გამომეტყველება.
–ლაშა, მართლა საშიშია იგორი. –უთხრა შეფიქრიანებულმა. მოგონებები მკვდარი თევზებივით ამოუტივტივდნენ გონებაში ქალს.
–ვიცი. შენც რომ იცი, ეგ არ მომწონს. –მიუხედავად უკუნი სიბნელისა ყრუდ რომ ტეხავდა მთვარის ბაცი განათება, მაინც იპოვა დეკას მწვანე თვალები მზერის გასასწორებლად. თითქოს იქ უნდოდა ამოეკითხა ის, რასაც თავისი პირით არ ეუბნებოდნენ.
–გაანებე თავი მაგასთან ნებისმიერ საერთო საქმეს.
–ზოგადად არ მომწონს, როცა რამეს მიმითითებენ, მაგრამ შენ გიხდება.
–მე რომ არ მიჯერებენ, ეგ არ მომწონს. გამიგონე, ნებისმიერ ჩეჩენზე საზიზღარია ეგ რუსი.
–შენ რამე დაგიშავა? –ისეთი ხმით ჰკითხა ლაშამ, აშკარად ფიქრობდა, ღირდა თუ არა ამ შეკითხვის დასმა. ზოგიერთი შეკითხვის დასმა პასუხის გაცემაზე მეტად გაახლოვებს იმ ადამიანთან, ვისაც გულის გადაშლას სთხოვ.
გული საგულეში გაუკავდა დეკას. წამიერად მოეძალა შიში.
–ვერ მოასწრო. –თქვა გადაწყვეტით. არც ტყუილს ჰგავდა მისი სიტყვები და სიმართლეს – მითუმეტეს. არაბულიც მიხვდა ამას და ზედმეტად აღარ ჩასძიებია. ჭრილობების გადახსნა ყველასგან მოწყვეტილი, განმარტოებული ადამიანისათვის ვერაფერი ნუგეში იქნებოდა. მისთვის თითქოს ისედაც აშკარა იყო, რომ ვისაც იგორ დავიდოვის მავნე საცეცები მოხვდებოდა, არავინ დარჩებოდა დაუზიანებელი და შეურყვნელი. დეკასნაირი ქალიც კი.
–კარგი, წამოდი, დაწექი. არ ჩაგეძინოს აქ. –რამდენიმე წუთი ფიქრი დააცადა დეკას და გარემო დაძაბულობისგან რომ განიმუხტა ფეხზე წამოდგა ლაშა.
–დეკა... –გაიმეორა, როცა პასუხი ვერ მიიღო. ოდნავ დაიხარა მისკენ, აბურდულ თმებში სახე რომ გამოერჩია. ჩაძინებული ჯადოქარს სულაც არ ჰგავსო, გაიფიქრა წამიერად და ჩაეღიმა მისი დამშვიდებული სახის შემყურეს.
წელსა და ფეხებქვეშ ამოსდო ხელები და თავისზე პატარა სხეულის გაუძალიანებელმა სიახლოვემ უჩვეულო სითბოს და სიამოვნების ნაპერწკლები აუფეთგა გულში. ისე ფრთხილად ადგამდა ნაბიჯებს, თითქოს არ სურდა გაღვიძებოდა და ხელიდან გასხლტომოდა. მისი ოთახიც ზედმეტად ახლოს მოეჩვენა და ინატრა, ნეტავ სოფლის დასაწყისში ჩასძინებოდა ასე ღრმადო.
საბანი რომ მიაფარა და საკუთარი თავი რამდენიმე წამით ისევ ქალის სახეზე მიშტერებული გამოიჭირა, ღრმად ამოიოხრა და უკან გაბრუნდა.
დიდხანს ნაგროვები მტვერივით სცადა მისი გონების თაროებზე დაბუდებული ფიქრების თავიდან გადმოყრა და სამუდამოდ გამოდევნა, მაგრამ ყველა აზრი ჰაერში გაეფანტა და ერთმანეთში უარესად აებურდა.
*
–წავიდეთ რა მდინარეზე, გეხვეწებით, –ლამის ყელი გამოიღადრა ვედრებით თუთამ, არცერთი ძმა არ თანხმდებოდა მის თხოვნას, არ გვცალიაო. –ხოდა, მარტო წავალთ!
წარბები ისე აწკიპა უფროსმა არაბულმა, როცა ეს სიტყვები მოესმა, თითქოს ჩანაფიქრშივე სისულელედ ჩაუთვალა დას და გაჟღერებადაც არ ღირდა.
–დავიხრუკეთ. რა უნდა მოგვივიდეს, ხალხში გავერევით, –არ ნებდებოდა თუთა.
–ხო, ცოტა ხნით წავალთ. –აჰყვა დეკაც, უფრო მეტად ის არ სიამოვნებდა, ასე უსიტყვოდ რომ ცდილობდა ლაშა მათთვის რამის აკრძალვას, ვიდრე მდინარეზე წასვლა სურდა.
თანაც წყლის ეშინოდა და მაინც ვერ ჩავიდოდა მდინარეში, მაგრამ ვერც იმას აიტანდა ასე ებატონათ ხევსურებს მის გადაწყვეტილებებზე. ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა ის ფაქტი, რომ იგორ დავიდოვს ისიც იცნობდა, მეტიც – რაიმე კავშირი ჰქონდა მასთან და პოტენციური საფრთხის წინაშე მდგარი ახლა ისეთი სახით მიირთმევდა სადილს, დეკამ ისიც კი გაიფიქრა, შეიძლება სულ სხვადასხვა ადამიანებზე ვისაუბრეთო.
–ახლა ყვითელი სამყურა ხარობს, –დაამატა, როცა მოჭუტული თვალებით გამოხედა მაგიდის ბოლოდან ლაშამ, ლუკმას წყალს აყოლებდა და თვალს არ აშორებდა არცერთს. –ცოტას დავკრეფ და თავი რომ გაგიტყდება, გიმკურნალებ.
ბოლო სიტყვები ისე დაამატა დეკამ, თითქოს ის, ვინც თავს გაუტეხავდა მსგავსი უტიფარი და მბრძანებლური დამოკიდებულებისათვის ლაშას, თავად იქნებოდა.
–დაივიწყეთ. ეგ ყვავილები ეზოშიც ბევრია და შეგიძლია იქ დაკრიფო. –ჭამას რომ მორჩა, ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. –მზიუ, გვიან დავბრუნდები. ესენი არსად გაუშვა.
ოთახში შემოსული ნათიასთვის ზედაც არ შეუხედავს ლაშას. ზოგადად, როცა სახლში იყო, არც არასდროს ესაუბრებოდა მას. დეკას მოეჩვენა, რომ ქალიც თავს არიდებდა.
–მაინც წავალთ, –მიაძახა ზურგში თუთამ და გაღიზიანებულმა გაძიძგნა ქერის პური, –თვითონ ხომ კარგად დაეთრევა საგულაოდ.
–თუთა, წესიერად ილაპარაკე მაგიდასთან, –თვალები დაუბრიალა მზიამ ქალიშვილს.
–და არა მარტო მაგიდასთან, –დაამატა თორღვამ და ისიც ფეხზე წამოდგა. –მეც გვიან მოვალ.
თუთამ კმაყოფილებით აათამაშა წარბები. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათი „გაგულავების“ ორი მთავარი წინაღობა თავიანთი ნებით მოშორდათ თავიდან. ცოტა ხანი დრო გაიყვანეს სახლში ნათიასთან და მზიასთან ერთად, ბოლოს რომ მიხვდნენ, ისე გაერთვნენ ქალები საქმის კეთებაში, მათ ვეღარც ამჩნევდნენ, მდინარისაკენ დაუყვნენ ფეხით.
–იმედია ჩემი ძმები არ შეგვხვდებიან, –აღფრთოვანებული ჩანდა თავისი თავქარიანობით თუთა. –თამთასაც ხომ არ გავუაროთ? მაგის ჭიშკარიც უნდა გავიაროთ.
–თუ წამოვა, რატომაც არა. –მხრები აიჩეჩა დეკამ, მასაც აღიმებდა ურჩობით გამოწვეული კმაყოფილება. ჯინაზე არასოდეს მოიქცეოდა, მაგრამ დაუმორჩილებლობის დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა, უსიტყვოდ რომ ეცადა არაბული მისთვის რაღაცის აკრძალვას. მისი სიმშვიდე დეკას ცეცხლზე მხოლოდ ნავთს ასხამდა. უარესად უჩენდა წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის სურვილს.

თამთაც გამოყვათ. საინტერესო და მშვიდი ადამიანი ჩანდა, მოსწონდა მასთან საუბარი დეკას. კლასელები ყოფილან თურმე ის და თორღვა, ბარისახოში ერთად დადოდნენ სკოლაში ყველანი. ათას ამბავს იხსენებდნენ ბავშვობიდან, მის საქმროზე მეტად ურჩი და მოუსვენარი ლაშა ყოფილა, ამწარებდა თურმე მასწავლებლებს, მაგრამ მაინც ყველას ის უყვარდა გამორჩეულად. არც გაკვირვებია დეკას. ქარიზმა ჰქონდა ამ კაცს და ამისთვის თავის არიდება არ იყო მარტივი საქმე. თვალი რომ დაეხუჭა, მაინც იგრძნობდა, რომ სადმე ახლოს ის დააბიჯებდა თავისი მშვიდი გამომეტყველებითა და გაშლილი მხრებით.
–უნივერსიტეტში არ გისწავლია, თამთა?
–არა, ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ წავედი. –ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.
თუთა მაშინვე წყალში შევარდა, ისინი ნაპირთან ჩამოსხდნენ. მათ გარდა კიდევ რამდენიმე ტურისტი და დამსვენებელი გრილდებოდა, თუმცა საკმაოდ სწრაფი მთის მდინარე იყო და ცურვას ვერავინ ბედავდა. დეკაც თვალს არ აცილებდა თუთას, რამე რომ არ შემთხვეოდა.
–არ გინდა, შენც ჩადი წყალში… –თვალით ანიშნა თამთამ მდინარისკენ.
–არა, მეშინია წყლის. –უსიამოვნო მოგონებები ამოუტივტივდა თავში დეკას, –აქ მირჩევნია შენთან ლაპარაკი.
–შენ სად სწავლობდი? მომიყევი, როგორია სტუდენტობა.
–მე ჯერ ჯანდაცვას ვსწავლობდი სამედიცინო უნივერსიტეტში, შემდეგ საექთნო საქმეს ერთ–ერთ კოლეჯში, სიმართლე გითხრა, ბოლომდე ვერ გავარკვიე, რისი კეთება მინდა და მომწონს. მერე ფარმაციასაც შევეხე ცოტა და ამ პროგრამაში ჩავერთე, სადაც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ტრადიციულ მედიცინას შევისწავლით, ვაპირებთ წიგნი გამოვცეთ… მაგრამ ამის მერე რა უნდა გავაკეთო, არ ვიცი. ჩემი სტუდენტობის წლებზე რა გითხრა, მე ისე კარგად არ მაგონდება, როგორც უმეტესობას, მაგრამ მგონია, რომ ეგ ეტაპი ყველამ უნდა გამოსცადოს. სულ მცირე იმას მაინც მიხვდება ადამიანი, როგორი მოშლილია ჩვენი განათლების სისტემა. შენ რა გინდა, რომ გამოხვიდე?
–რა მნიშვნელობა აქვს, –გაეცინა თამთას, –ჩემი მომავალი დაგეგმილია ისედაც, გავთხოვდები, შვილებს გავაჩენ, დავზრდი, ქმარს მოვუვლი და მოვკვდები.
–ასე ნუ ამბობ. მესმის, რთულია შენთვის, სულ სხვა გეგმები გაქვს, მაგრამ ქორწინებას ისე ნუ შეხედავ, როგორც შენი ცხოვრების დასასრულს. თორღვა კარგი ბიჭია, ერთად თუ გაიზარდეთ, შენც გეცოდინება. ცუდად არასდროს მოგექცევა, იქნებ გაუგოთ ერთმანეთს და დაეხმაროთ ოცნებების ასრულებაში.
–არც კი მელაპარაკება, –ხმა გაუტყდა თამთას, აშკარად გულნატკენი იყო, –არც ჩემთვისაა მარტივი, მაგრამ მისი დუმილი, თავის არიდება ყველაფერს ართულებს. საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს.
–ორივემ რომ თქვათ უარი? არ შეიძლება?
–თორღვა არასდროს გადააბიჯებს ტრადიციას. ბიძამისის სიტყვას მითუმეტეს. ყაწიმი შეაბეს ჩემს აკვანს და ყველაფერი გადაწყდა.
–ყაწიმი? –პირველად გაეგო ეს სიტყვა დეკას.
–ხო, სამკაულია, რომელსაც ბიჭის ბიძა აბამს გოგოს აკვანს. ნიშანია, რომ ის გოგო დანიშნულია იმიერიდან.
–კი მაგრამ რატომ გააკეთეს ეს? მტრობა გაკავშირებთ? თუ რა…
–გაგეცინება რომ გითხრა, –თავი გააქნია თამთამ. კენჭი ისროლა წყალში.
–აუ ჩამოდით რა, მაგარი წყალია, –ხელს უქნევდათ თუთა ნაპირიდან. წიწილასავით გაწუწულიყო.
–შორს არ გახვიდე, გადარეულია ეს მდინარე. –გააფრთხილა დეკამ გოგო და ისევ თამთას მიუბრუნდა, –რა არის მიზეზი? არ დაგცინებ, სულაც არაა სასაცილო.
–ერთმა ქალმა იწინასწარმეტყველა ჩვენში წლების წინ, ენკენისთვეს შატილში დაბადებული ქალი ვარდობისთვეში დაბადებულმა ვაჟმა უნდა შეირთოსო.
–რატომ?
–წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ორ გვარს გამგრძელებელი არ ეყოლება და ამოწყდებიანო. არავინ დაიჯერებდა ალბათ, ათი წლის შემდეგ თორღვა რომ არ დაბადებულიყო მაისში და მე სექტემბერში.
–კი, მაგრამ თორღვას დაბადებამდე არაბულებს ხომ ჰყავდათ ლაშა…
–ლაშა დანიშნული იყო აკვანში, მაგრამ ის ბავშვი მალევე დაიღუპა. ეს აქ ცუდის მანიშნებელია, ამიტომ როგორც კი დავიბადე, მაშინვე მოვიდა მამამისი ჩვენთან და დაგვნიშნეს მე და თორღვა. მერე ჩემი ძმა გაჩნდა, –გაეცინა, თავადაც ვერ იჯერებდა, რომ ასე ემთხვეოდა ყველაფერი.
–ეს ცრურწმენები ყველაფერს ართულებს, –გაბრაზდა დეკა. –აქაურებს იმდენი შვილები ჰყავთ, რა არის გასაკვირი იმაში, რომ თქვენი დაბადების თვეები დაემთხვა.
–დედას და მამას შვილი დიდი ხანი არ ჰყავდათ, დეკა. ამდენი დამთხვევის შემდეგ რთული არ არის წინასწარმეტყველების დაჯერება.
–შენ გჯერა?
–ვნახოთ, დარწმუნებული ვერაფერში იქნები, მაგიაში მითუმეტეს, თუმცა ის ქალი იშვიათად ცდებოდა.
–თქვენ აქ რას აკეთებთ?
კივილით შეხტნენ ერთ ადგილას ორივენი, უკნიდან თორღვას ხმა რომ შემოესმათ. გულზე ხელი მიიდო დეკამ, როგორმე რომ დამშვიდებულიყო. თამთაც სულ გადაფითრდა.
თუთა გაკრეჭილი ამოიძურწა წყლიდან.
–გააფრინეთ ხო? –სამივეს რიგ–რიგობით შეხედა თორღვამ, –ლაშამ არ თქვა გარკვევით, რომ ფეხი არ გაგედგათ?
–კარგი რა, რა მოხდა. უკვე მივდიოდით ისედაც, –აწუწუნდა თუთა, პირსახოცით თმის მშრალება დაიწყო, –თანაც არაფერი მომხდარა. შენ რა გინდა აქ?
თითქოს ზუსტად ის იკითხაო თუთამ, რაც თამთასაც აინტერესებდა. უცნაური მზერა მიაპყრო საქმროს.
–საქმე მქონდა.
–მდინარესთან რა საქმე გქონდა? –წარბები აწკიპა თუთამ და თვალებით ანიშნა, თამთასთვისაც შეეხედა.
–შენ რატომ წამოხვედი აქ? –ახლა საცოლეს გახედა მკაცრი მზერით.
–ჩვენ დავუძახეთ და ნუ იბღვირები ბუღასავით, –ხელი აუქნია თუთამ, გამწარდა მის უხეშობაზე. თამთასაც ლოყები აუწითლდა მღელვარებისგან. –ჩვენც გვაქვს გართობის და სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება!
–აქ ყველგან სუფთა ჰაერია, სულელო გოგო, არაა აუცილებელი გადარეულ მდინარეში იჭყუმპალავო. დროზე, წავედით. ილოცეთ ლაშა არ შემოგხვდეთ.
–ხახვი არ დაგვაჭრას ყურებზე, –წაიდუდღუნა თუთამ. კბილები მაგრად დააჭირა დეკამ ტუჩებს, ხმამაღლა რომ არ გასცინებოდა. თვითონ მაინც კმაყოფილი ჩანდა თავისი ურჩობით და იმედი ჰქონდა, რომ ლაშაც გაიგებდა ამის შესახებ. იქნებ იმ უდარდელი ღიმილის ნაცვლად სხვა ემოციაც გამოსახვოდა ლამაზ სახეზე.
–ენას ამოგაძრობ. –დაიმუქრა თორღვა და უკან მწყევსივით გაჰყვა სამ დაუმორჩილებელ ქალბატონს. დეკამ მხარზე ხელი გადახვია უცნაურად დანაღვლიანებულ თამთას და გოგონამაც სევდიანად გაუღიმა. ლამაზი, ცისფერი თვალები ჰქონდა.
–მაგ მზერით ყველას დამონება შეგიძლია, სწორად გამოიყენე. –ჩაუჩურჩულა ყურთან ჩუმად, მხოლოდ თამთას რომ გაეგო და უკან გახედა წარბებშეკრულ არაბულს, ლამის წკნელი რომ დაეჭირა ხელში. დეკას ღიმილიანი მზერა რომ შენიშნა, მაშინვე მოარიდა თვალი თამთას შავ თმას.
–ვინც არ მიყურებს, როგორ დავიმორჩილო.
–არადა, თვალს არ გაცილებს. მგონი, უკვე ეშინია შენი. –თეძო მხიარულად გაკრა და აიძულა გამხიარულებულიყო.

–რატომ არ დაემშვიდობე? –წაუსისინა ძმას თუთამ, როცა თამთა ეზოში შევიდა და მის ჭიშკარს გამოსცილდნენ სამივენი.
–შენ ყველაფერში ნუ ყოფ მაგ პატარა ცხვირს.
–ცუდად ექცევი, –არ ჩერდებოდა თუთა, დეკას ძალიანაც სიამოვნებდა მისი დაუმორჩილებლობა. –თვითონ შენზე ნაკლებად არ უჭირს ბედთან შეგუება და შენ ყველაფერს ურთულებ.
–შენი საქმე არაა–მეთქი. აი, შენი ძმა მოდის და გირჩევნია გაიქცეთ. ორივე. –ავისმომასწავლებლად ჩაეღიმა თორღვას.
ლაშა მხრებგაშლილი და წარბშეკრული, მხარზე იარაღგადაკიდებული რომ დაინახა დეკამ, მუცელი უსიამოვნო შეგრძნებამ აატკივა. ისე ძალიან აღარ უნდოდა მის სახეზე ღიმილი ნაცვლად სხვა ემოციის დანახვა. ეჭვი აქვს, თავად იყვნენ მისი გამწარების მიზეზი და ისე ძალიანაც აღარ ახარებდა საკუთარი დაუმორჩილებლობა.
–უპსიკ, –სიმწრით ჩაეცინა თუთას, –არ ჩაგვიშვა რა, თორო, ფლიზ.
–სულ სველი ხარ, გოგო, შენი აზრით, ვერ მიხვდება?
თუთამ ერთი ამოიოხრა და იმ ქარიშხლის ამოვარდნისათვის მოემზადა, რომელიც უახლოვდებოდათ.
–სახლში, –წარბები აზიდა ლაშამ, ჯერ ერთს შეხედა, მერე – მეორეს და თავით სახლისკენ ანიშნა.
–ძმაო, ეგ თოფი რად გინდა? –გახუმრება სცადა თუთამ, დეკამ ჯიქურ გაუსწორა თვალი და მოძრაობა ისე გააგრძელა, თითქოს არავინ დაენახა.
–შენი ხმა არ გავიგო.
ზურგს სწვავდა მისი დაჟინებული მზერა, მაგრამ ისე მედიდურად მიაბიჯებდა ქვიან ბილიკებზე მხრებჩამოყრილ თუთასთან ერთად, თითქოს საუკუნის გმირობა ჩაიდინა ლაშას რომ შეეწინააღმდეგა.

დივანზე დატუქსული ბავშვებივით დასვეს ორივე. ლაშამ იარაღი თავის ადგილას დააბრუნა, მერე ცივი წყალი დალია და მათ პირდაპირ დაჯდა. ღრმად სუნთქავდა და აშკარად ცდილობდა საკუთარ თავზე კონტროლი არ დაეკარგა.
–შენთვის რამე ოდესმე უმიზეზოდ დამიშლია? –მკაცრი ხმით მიმართა თავის დას, რომელიც მზერას ვერ უსწორებდა და საკუთარ თითებს დასჩერებოდა. უარის ნიშნად თავი გააქნია თუთამ.
–პატარა ბავშვებივით აპირებ ჩვენს დატუქსვას? –ჩაეცინა დეკას, სასაცილო იყო ეს სცენა. გაყინული მზერა ამჯერად მისკენ მიმართა ლაშამ. ანიშნა, რომ მას არ ელაპარაკებოდნენ და გაჩუმებულიყო.
–რა მოხდა ისეთი, ოცი წუთის გზაზეც კი არ ვყოფილვართ, უამრავი ხალხი იყო ჩვენ გარდა და ყველა ერთობოდა. თუ არ იცი, კანონით სრულწლოვან ადამიანს აქვს გადაწყეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება. თუ ამ საგიჟეთში არ ამოუღწევია ჯერ სამართლის და კანონის ხმას? რას იზამთ ახლა, ბოსელში დაგვაბამთ?
–შენ დაგავიწყდა ორი კვირის წინ რა მოხდა? –თვალები დააწვრილა ლაშამ, იმხელა ენერგია მოდიოდა მისგან, შეეშინდა კიდეც დეკას და ინანა, ენას კბილი რომ არ დააჭირა. ზედმეტი მოუვიდა. თავის სიფიცხეს უცხო ადამიანებთან ასე მარტივად არ ავლენდა, მაგრამ არც ის სიამოვნებდა, როცა სხვები უწყვეტდნენ თავის გადასაწყვეტს.
–დატუქსვის გარეშეც შესაძლებელია მგონი იმის გაგებინება, რომ დაუბარებლად არ უნდა წავსულიყავით.
–ჯერ ეს ერთი, არავინ გტუქსავთ, ეს თქვენ გრძნობთ თავს ასე, რადგან იცით, რომ დააშავეთ. მერე მეორე, დაუბარებლად კი არა, საერთოდ არ უნდა წასულიყავით.
–და რატომ? რა დაშავდა? თუ ბრძანებას გვაძლევ და გინდა დაგემორჩილოთ, ისიც გვითხარი, ეს რატომ უნდა გავაკეთოთ. –სახეზე წამოწითლდა დეკა. დაიძაბა თითქოს მათ შორის ელექტრული ველი და სახლის კედლებს ზანზარი გაუდიოდა გაძლიერებული ტალღებისაგან.
ლაშას ჩაეცინა და თავი ისე გააქნია, თითქოს წარმოუდგენელ სისულელეს ეუბნებოდნენ. ამით დეკას ბრაზით აგიზგიზებულ ცეცხლზე ნავთი დაასხა მხოლოდ.
–ბრძანება არ მომიცია, მორჩილებას კი არა, გაგებას და ჩემი სიტყვის პატივისცემას გთხოვთ, რაც, სხვათა შორის, ორმხრივია და მომავალში თქვენც გამოგადგებოდათ, თინეიჯერი გოგოებივით რომ არ მოგენდომებინათ მატრაკვეცობა და სულელურად მოქცევა. სოფელი ქისტებითაა სავსე, ეგ მდინარე კიდე ჩეჩნეთიდან მოდის და ღმერთმა უწყის, რა საფრთხეს წამოიღებს დინება. მითხარით, რა უნდა მეფიქრა, როცა სახლში ორი წამით შემოვიარე და მზია სახეს იხოკავდა, თქვენი კვალი კიდევ არსად ჩანდა. იმიტომ გითხარით, რომ არ წასულიყავით, ვიცოდი, ქისტები იყვნენ აქ და ღმერთმა უწყის, რომელ შეშლილს მოუნდებოდა თქვენი წაყვანა.
–თავიდანვე გეთქვა და არსად გავადგამდით ფეხს.
–შენ ყველაფრის ცოდნა გჭირდება, ჯადოქარო? –მზერა იჭვნეულად დააწვრილა ლაშამ და ოდნავ წინ გადაიხარა, მწვანე თვალებში უკეთესად რომ ჩაეხედა.
–დიახ, ყველაფრის ცოდნა მჭირდება. –მშვიდად დაეთანხმა დეკა, მიუხედავად იმისა, რომ კაცის მიმართვამ ნერვები აუშალა. ფეხზე წამოდგა. –წავალ, მზია დეიდას ვნახავ.
ბნელოდა ციხე–სოფელში. ლურჯა მთებს მონუსხული მისჩერებოდა დეკა არაბულების ეზოში გადაჭრილ ჯორკოზე მჯდომი და ფიქრობდა ყველაფერზე და არაფერზე. ქისტებზე. ჩეჩნებზე. ხევსურებზე. თორღვაზე და თამთაზე. ლაშაზე. მზია ძლივს შემოირიგა, გურამსაც ბოდიში მოუხადა. ყველაფერი იმ შეშლილი შატილიონის ბრალი იყო ერთდროულად მზრუნველიც რომ შეეძლო ყოფილიყო და სქელშუბლიანი ურჯულოც. ეზოში თორღვა შემოვიდა. დეკა რომ დაინახა, მისკენ წამოვიდა და მოშორებით ჩამოჯდა თავისუფალ კუნძზე. დაღლილი და ჩაფიქრებული სახე ჰქონდა, თუმცა მაინც ეტყობოდა, რომ საუბარი სურდა.
–რაზე ფიქრობ, თორღვა? –დეკამ გამოიჩინა ინიციატივა, ხვდებოდა, ურთულდებოდა ვაჟს ლაპარაკის დაწყება.
–თამთამ რაო? –მშვიდად იკითხა. დეკასკენ არ გამოუხედავს, ერთი მწვერვალი ამოეღო მიზანში და იმას აშტერდებოდა დაჟინებით.
–უნდა, რომ დაინახო.
გაკვირვებული მზერით მოაბრუნა თავი მისკენ არაბულმა. ვერ მიუხვდა.
–შეშინებულია და შენც რომ არ ეხსნები, უფრო მეტად ეშინია. თავისი გეგმები და ოცნებები აქვს, რომლებსაც საფლავს უთხრის. მე ზუსტად ვერ გეტყვი, რას გრძნობს. კარგი იქნება, შენც თუ დაელაპარაკები, იქნებ ორივე დამშვიდდეთ…
–მე მშვიდად ვარ. –იუკადრისა ამაყმა ხევსურმა.
–ალბათ მე გავიგე არასწორად, –გაეღიმა დეკას, –არ გიყვარს და ეს პრობლემაა, როცა დაქორწინება გარდაუვალია, მაგრამ ქალვაჟური სიყვარულის გარეშეც შესაძლებელია ადამიანის ტკივილი გაიზიარო და გაუგო. ცხოვრება გრძელდება, “ქვეყანა მეცნიერდება”, შენ არ ჰგავხარ ისეთ ბიჭს, ვისაც მორჩილება და გამრავლება სჭირდება ცოლისგან მხოლოდ და არც თამთას სურს ასეთი ქალი იყოს. ის შენზე მეტად უუფლებოა და შინაგანად კლავს საკუთარი უძლურება, როცა სული თავისუფალი აქვს. მე მისი ძალიან კარგად მესმის და ძალიან მებრალება, რომ ვერსად გაიქცევა.
–შეუძლია გაიქცეს და გადაიკარგოს. –თქვა ცოტახნიანი პაუზის შემდეგ თორღვამ.
–ხომ იცი, ამას არასდროს გაგიკეთებს არც შენ და არც თავის ოჯახს, ამიტომ უფრო მეტად იმსახურებს უკეთესად გრძნობდეს თავს. –ფეხზე წამოდგა დეკა და კაბის კალთა დაიფერთხა. თორღვა ისევ მწვერვალს მისჩერებოდა, თითქოს მისგანაც სურდა რამის მოსმენა, –თან რა ლამაზი თვალები აქვს…
უარესად აუშალა საღერღელი უმცროს არაბულს დეკამ. თორღვამაც შენიშნა, იყო ამ ქალში რაღაც შამანური.

–დედა, სად არის ეს ბიჭი ამდენ ხანს? –აღელდა მზია. ნათია დასაძინებლად დაწვა.
–ნუ ნერვიულობ, მალე მოვა. –დაამშვიდა გურამმა ცოლი და ბუხარს შეუკეთა.
დეკა და თუთა ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ დივანზე, ზუსტად ისე, როგორც ნაშუადღევს ლაშას წინაშე.
–გავალ, გავხედავ, –ვეღარ მოისვენა თორღვამ და ისიც წავიდა სახლიდან.
–დაისვენეთ, მზია დეიდა. გინდათ, დამამშვიდებელი მოგცეთ? –წამოდგა დეკა.
–მიეცი შვილო, წამო, მზიკო. –ფეხზე წამოაყენა ცოლი გურამმა და საძინებლისკენ წაიყვანა.
გული მოეწურა მოსიყვარულე ცოლ–ქმრის დანახვისას დეკას. ცრემლები მოაწვა თვალებზე, თუმცა მაშინვე გადაყლაპა. უკან გაყვა გურამსა და მზიას, ოთახიდან მცენარეული დამამშვიდებელი გამოუტანა. ერთი თუთასაც მისცა, იმდენად ღელავდა ძმას რომ აწყენინა, ცრემლს ვერ იშრობდა თვალებიდან. შენთან დავწვებიო დეკას უთხრა, მანაც დაუფიქრებლად გაუყო საწოლი გოგონას.
თვითონ კი ვერაფრით დაიძინა. სანთლის შუქზე კითხულობდა საკუთარ ჩანაწერებს, ძველს ასწორებდა და ახალს ამატებდა, გონება კი შორს დაუქროდა შატილის იალაღებზე, სადაც ღმერთმა უწყის, რა თავგადასავალი ემთხვეოდა ახლა ლაშას. საკუთრ თავზე გაბრაზებულმა დახურა წიგნაკი.
ჭიშკრის ჭრიალი რომ შემოესმა დეკას, მხოლოდ მაშინ წამოყო წიგნიდან თავი. ფარდა გადასწია, უკეთ რომ დაენახა, ნამდვილად ძმები დაბრუნდნენ შინ. როგორც ჩანს მათაც შეენიშნათ ერთადერთი ყვითელი სინათლე თვიანთი სახლის ფანჯარაში, ზემოთ ამოიხედა ლაშამ, თუმცა სვლა არ შეუნელებია. მალე სახლის აივანზე შემოაბიჯეს და სახლის კარის ხმაც გაიგო დეკამ. სანთელი ჩააქრო და გვერდით მიუწვა თავის საწოლში მთვლემარე თუთას.
თვალი მაინც ვერ მოხუჭა. რამდენიმე წუთში ფრთხილად დააკაკუნეს მის კარზე. სწრაფად დაიძრა გასაღებად და სულ გადაავიწყდა ბრეტელიანი აბრეშუმის პერანგის ამარა რომ იწვა საწოლში. კარი გამოაღო. ლაშა იდგა, ცალ ხელში ნავთის სანათი ეჭირა, მეორე ხელში კი – ფუთად თავმოკრული თეთრი ნაჭერი.
–გამომართვი, –უთხრა მშვიდად და ხელი გაუწოდა. დეკამ ისე გამოართვა გაკვანძული ნაჭერი, რომ მისთვის თვალი არ მოუცილებია. სანამ რამის თქმას მოასწრებდა, მანამ თქვა ხევსურმა ძილინებისაო და თავისი ოთახისკენ გაბრუნდა.
–ლაშა, მოიცა. –ხმადაბლა დაიჩურჩულა დეკამ და თავისი ოთახის კარი ზურგს უკან მიიხურა. ნელა მობრუნდა ლაშა, თუმცა არ მიახლოებია.
–ახლა დაღლილი ვარ, დეკა.
–ბოდიში მინდოდა მეთქვა, –ვერ მოითმინა ქალმა, ფეხის წვერებზე წამოიწია რამდენჯერმე მღელვარებისაგან, –ჩვეულებრივ ასეთი ფიცხი არ ვარ უცხო ადამიანებთან, მაპატიე.
ლაშას ჩაეცინა.
–არ მწყენია. შედი, თორემ გაცივდები.
სასწრაფოდ თავის ოთახში შებრუნდა დეკა და კარი მიიხურა.
ნაჭერში ფრთხილად გამოეხვიათ ყვითელი სამყურები.

თავი მესამე
„ერთი რამის სიყვარული“
ეშმაკს არ სძინავსო, ხომ გაგიგიათ, მაგრამ მაშინ, როცა ეშმაკიც დაიღლება და წამიერად წუთისოფელს თვალს მოუხუჭავს, სალომე ლიქოკელი იღვიძებს თურმე. როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს ისე თუ არა, როგორც ეშმაკი ქალი თავის მსხვერპლს ისე გადათელვა მართლა ელოდა ლაშას, სერიოზულად თუ არ შეხედავდა ლიქოკელის გრძნობებს მის მიმართ. თუთას გაფრთხილებები სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, მოერიდე მაგ გოგოს, არაფერს გადაგყაროსო. თავისებური ეშმაკური ღიმილით პასუხობდა, მე შამანური ძალები მიცავენ ავი ქალის თვალებისგანო და გაგულისებული, მასზე შეყვარებული ქალის ლაქუცს და ზედმეტ მონდომებას სულაც არ აქცევდა ყურადღებას.
დილაუთენია კივილმა აიკლო სოფელი. დაფეთებული წამოხტა ფეხზე დეკა. ისედაც არ ეძინა ნორმალურად. ცხვირზე მოისვა ხელი უნებურად, სისხლი ხომ არ მომდისო. გული გაუაზრებლად დაუმშვიდდა და საერთო თავყრილობას თვითონაც შეუერთდა.
–რა ხდება? –ჰკითხა ნათიას, როცა სამზარეულოში გავიდა. ქალმა მხრები აიჩეჩა მხოლოდ და ცომის ზელა განაგრძო. გაკვირვებით აზიდა წარბები დეკამ და ეზოში გავიდა. მთელს ოჯახს ვიღაც მოტირალ ქალთან მოეყარა თავი.
–რამე მიშველეთ, გეხვეწებით, ლაშა, შენი ჭირიმე, –ხმით მოთქვამდა ქალი. ფერწასულს სიცოცხლესთან მხოლოდ ნიაღვარივით დადენილი ცრემლები აკავშირებდა. გული მოეწურა დეკას მისი საცოდაობისგან.
–ნათელა დეიდა, შემოდით სახლში. ნუ ნერვიულობთ, –მკლავებში ჩააფრინდა ქალს თუთა და შინისკენ წამოიყვანა. –დეკა, რამე დამამშვიდებელი მოუტანე, რა.
–კარგი, ახლავე, –სახლისკენ წასულ ლაშას უკან დაედევნა დეკა. იმხელა ნაბიჯებს ადგამდა არაბული, სირბილი დასჭირდა რომ დაწეოდა, –ლაშა, რა მოხდა?
–სალომე არ ჩანს.
–რას ნიშნავს არ ჩანს, მოიტაცეს?
–არ ვიცი. რამე დაალევინე ნათელას.
–მარტო მიდიხარ?
–ნწ, –გაუღიმა ლაშამ და თვალი ჩაუკრა, –ნუ გეშინია, არ მოგტაცებენ ჩემს თავს.
–ძალიან არასწორი წარმოდგენა გაქვს ჩემს შიშებზე. –ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, ზედმეტად რომ მიუახლოვდა არაბული თავის კართან მისულს.
–მართლა? მე კი მგონია, რომ არ ვცდები. –გაუღიმა და სასწრაფოდ გაუჩინარდა თავის ოთახში.
სანამ დეკა დამამშვიდებელ ბალახ–ბულახს მოუყრიდა თავს, ფანჯრიდან მოასწრო ლაშას ცხენის ფლოქვების თქარუნი, ქუჩაში მომლოდინე ორ მხედარს რომ შეუერთდა.
–გეფიცები, ამ გოგოს რაღაც აქვს ჩაფიქრებული, –საიდუმლოსავით ხმადაბლა უჩურჩულა თუთამ, როცა ნათელას მოშორდნენ და ქალებთან ერთად დატოვეს.
–ნუ სულელობ, თუთა. –არაფრით უნდოდა იმის დაჯერება დეკას, რომ ადამიანს მშობლის ასეთ დღეში ჩაგდება შეეძლო კაცის ყურადღების მისაქცევად.
–აბა მაგას ლაშა ისე არ გაეკიდება. –რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ შეთქმულივით გახედა დეკას, ისე იღიმოდა, როგორც თავისი ძმა: –წამო, ჩვენც მოვძებნოთ.
–გაგიჟდი? სალომეს ნაცვლად ჩვენ რომ გვიპოვოს შენმა ძმებმა...
–კარგი ხო, –ამოიფრუტუნა უკმაყოფილოდ, –ისე, შენ კარგად დაგამუშავა ლაშამ.
–რაო?
–ვიხუმრე, –გაეკრიჭა თუთა, თუმცა ის ეშმაკები, თვალებში რომ უხტოდნენ საპირისპიროს ამტკიცებდნენ მხოლოდ.

ისე შემოეპარა სოფელს საღამოისხანი, არც სალომეზე გაგონილა სიტყვა და არც მის საძებნელად წასულ ბიჭებზე. მოუსვენრობამ შეიკლა დეკა. ხან რას მიადგა, ხან – რას, მაგრამ ვერაფრით დაუდო საქმეს გული.
უკანა ეზოში ხეზე მიბმულ ალისას ეფერა, ისე ელაპარაკა, თითქოს მის გაგებას შეძლებდა.
–ჩვენც ხომ არ წავიდეთ საძებნელად? – უეცრად გაუელვა აზრმა, ისე კითხა ალისას, თითქოს მისგან პასუხს მიიღებდა. –თუთას არ ვუთხრათ.
თოკი შეხსნა ფაშატს და ეზოს უკანა გასასვლელიდან გაიპარა. გული უცნაურად აუძგერდა, თუმცა აუხსნელი შეუპოვრობით გრძნობდა, რომ სწორად იქცეოდა.
ზედმიწევნით გაიხსენა ლაშასთან ერთად ჯირითის „მასტერკლასი“. ფრთხილად მოთავსდა უნაგირზე და თან ალისას ეფერებოდა სიტყვებით, რომ რამე არ შეშლოდა და აღვირახსნილივით არ გაჭრილიყო ცხენი კლდეზე შეკიდულ გზებზე.
წყაროსკენ გადაჭრა გზა, მდინარის ნაპირს აუყვა ჩორთით. შორიდან თავდაპირველად კლდისგან მოგლეჯილი მოკუნტული ქვის ლოდი ეგონა, მერე რომ შეირხა და ქალს თავი, გრძელი თმა გამოეკვეთა, მისკენ რომ იხედებოდა, ამოიცნო მდინარის პირას მჯდარი სალომე.
ჩამოქვეითდა და ფრთხილად მიუახლოვდა დეკა. ყველას ელოდა მის გარდა, აშკარად დაეტყო უკმაყოფილება ლიქოკელს სახეზე.
–მაინც და მაინც შენ უნდა გეპოვნე? –ფეხზე წამოდგა სალომე. სიმწრისგან ჩაეცინა.
–დედაშენი საშინელ დღეშია, სალომე, ცოცხალი არ გონიხარ. წამოდი, გელოდება.
–ამდენი წელია მიყვარს... ბავშვობიდან, –ხმა ცივი ჰქონდა, ყინულივით შეუვალი და იმ მდინარესავით აღელვებული, ცხვირწინ რომ მიანგრევდა მთების დუმილს. დაუფარავი ბრალდება დაინახა მის თვალებში დეკამ, –ყველას დავუპირისპირდი მის გამო. მამას, დას, ძმას... ყველას უარი ვუთხარი, ვინც ჩემი ხელი ითხოვა. და რა? შენი ერთი გავლა საკმარისია სოფელში, რომ თვალი ვერ მოგაცილოს.
–რას ლაპარაკობ? –კუშტად შეკრა წარბები დეკამ.
–ვითომ არ იცი, –ჩაიქირქილა ქალმა, სიმწრის ცრემლები შეიწმინდა, საკუთარ თავს გაუწყრა თითქოს მეტოქის წინაშე რომ გატყდა. –შენ გამო ჩეჩენს თავი გაუტეხა და თავისიანებს მიუგდო მოსაკლავად. ეს იცი რას ნიშნავს? არა, საიდან უნდა იცოდე ქალაქელმა... მტრის ხელით სიკვდილზე უარესია მოყვარე რომ შერცხვენილს მოგკლავს. მაგრამ არ შეცდე, დეკა. შენ აქ ვერ გაძლებ და ლაშას არ შეუძლია აქედან წასვლა.
–შენი ლაშასთან ურთიერთობა და ამდენწლიანი მცდელობები თუ წარუმატებელია, სალომე, ამაში არავინაა დამნაშავე. ხშირად არ გვიმართლებს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობებში, ვისთანაც ყველაზე მეტად გვინდა სიახლოვე. არ ღირს იმ კაცის გამო დედის ცრემლები და განერვიულება, რომელსაც შენი შეყვარება არ შეუძლია. მე მითუმეტეს არაფერში მიმიძღვის ბრალი და დამიჯერე, საერთოდ არაფერი ხდება ჩემსა და ლაშას შორის, თუ ეს დაგამშვიდებს. რატომ მოიქეცი ასე? მას რომ ეპოვე, რას შეცვლიდი?
–მკითხავმა მითხრა. –დეკამ გაოცებისგან აზიდა წარბები, იმდენად სულელურად მოეჩვენა სალომეს დასახელებული მიზეზი. იმანაც რომ შენიშნა დამამცირებელი გაოცება, თვალები უარესად ჩაუსისხლიანდა, –ეგრე ნუ მიყურებ. ის ქალი არასოდეს ცდება. თორღვას და თამთას ამბავიც მან იწანასწარმეტყველა წლების წინ.
–და რაო? თუ დაიკარგები, ვინც გიპოვის, ის ცოლად შეგირთავსო?!
–ლაშა თავისი ნებით დაკარგულ ქალს თვითონვე იპოვის და ცოლად დაისვამსო. მე აშკარად არ ვარ ეგ ქალი.
–კარგი, თუ გინდა წავალ და ლაშას ვეტყვი, რომ აქ ხარ. გინდა? –გაეღიმა დეკას. უკანასკნელ ხავსს ეჭიდებოდა შეყვარებული ადამიანი და შეიძლება ამაში არაფერი იყო სასაცილო, რომ არა წინასწარმეტყველებისადმი ასეთი სულელური რწმენა.
–აზრი არა აქვს, –წინ გაუძღვა სალომე. ალისა და დეკაც უკან გაყვნენ. –დედამ ძალიან ინერვიულა?
–ბოლოს დაძინებული დავტოვე, –გულში სითბო ჩაეღვარა დეკას, –დამამშვიდებლები მივეცი.
–იდეალური ქალი ხარ, რომ არ შეყვარებოდი ეგ უფრო გამიკვირდებოდა. მის ცხვირწინ ტრიალებ, შენნაირს მეორეს ვერავის ნახავს, თან აქაურ კაცებს ქალაქელები სხვანაირად მოსწონთ, აკრძალული ხილივით.
აღარაფერი უთქვამს დეკას. აზრი არ ჰქონდა იმის მტკიცებას, რომ ლაშას გრძნობები მხოლოდ სალომეს წარმოსახვისა და ეჭვიანობის ნაყოფი იყო.
კარგად ბნელოდა უკვე, სოფელში რომ დაბრუნდნენ. ხმა აღარ გაუციათ ერთმანეთისათვის. ორივე თავის ფიქრებს მიერეკებოდა შატილამდე და ამ სიჩუმეში მაინც შესაძლებელი იყო მათ შორის უნებლიედ გაჩაღებული ქიშპობის შემჩნევა.
არაბულების ჭიშკარს რომ მიუახლოვდნენ, მაშინ შედგნენ მხოლოდ. ვერც კი შენიშნეს, როგორ გამოვარდა ჭინჭარაულების ეზოდან გაშმაგებული უფროსი არაბული.
–აი, მოდის შენი პრინციც, –ერთი ამოიხვნეშა სალომემ და თავით ლაშასკენ ანიშნა.
–ახლა დაიწყებს, –დაიდადღანა, მეხივით რომ გავარდა არაბულის სახეზე ავი ჩაცინება.
–გააფრინე, ხო? ცხენზე ჯირითი რომ არ იცი, სად წაბრძანდი? –ალისას მოეფერა.
სალომეს ჩაეცინა. ნიშნისმოგებით გამოხედა დეკას, ხომ გეუბნებოდიო. დაკარგული მე ვიყავი და მაინც შენმა გაუჩინარებამ ააღელვაო.
–ან შენ სად დადიხარ? –მასაც მიუბრუნდა ლაშა. –მოკვდა ლამის დედაშენი შენზე დარდით.
–გავისეირნე უბრალოდ და ჩვენს სტუმარს დავუმეგობრდი. –ჯერ ერთს შეავლო გამომცდელი მზერა, შემდეგ მეორეს და ისე გაუჩინარდა თავის ეზოში, თითქოს აქ არც არასდროს ყოფილაო.
–სად იყო?
–შენ გელოდებოდა წყაროსთან, –წარბები აწკიპა დეკამ, –უყვარხარ და ვიღაცამ უწინასწარმეტყველა, თუ გიპოვის ცოლად მოგიყვანსო.
–აფსუს, და შენ შერჩი ხო ხელში? –თავის ცხენს ისე ეფერებოდა, დამნაშავედაც კი იგრძნო დეკამ თავი, პატრონს რომ მოაშორა.
–არაა სასაცილო, შეყვარებული ადამიანი რომ ყველა საშუალებას იყენებს თავისი სიყვარულისთვის.
–სიყვარულსა და ამოჩემებას შორის არსებობს ერთი, ზოგისთვის ძალიან რთულად შესამჩნევი განსხვავება. ერთს მალავ, მეორეს ხმამაღლა აჟღერებ ყველგან და ყველასთან, თან ისე, რომ ერთხელ არ გიწითლდება ლოყები და თვალებს არ ხრი მორიდებისაგან.
– „ერთი რამის სიყვარული, დამალვა რომ სჭირდება?“
–ხო, –სახლში შეატარა ლაშამ და რაღაცნაირად გადმოხედა ზემოდან, –იმდენად ნაღდია, გეუხერხულება გამჟღავნება.

მეოთხე თავი
„დაფარული რომელი არა გამოცხადნეს“ ლუკა 12:2; 3


ხატობა მოუახლოვდათ ხევსურებს. ათენგენობას აქაურები ისე აღნიშნავენ, როგორც ბარში ახალ წელს, შეიძლება უფრო მეტი მონდომებითა და ენთუზიაზმითაც კი. დეკა ისე გაერია საოჯახო საქმეებში მზიასთან და ნათიასთან ერთად, თავისი საქმე სანახევროდ გადაავიწყდა კიდეც. აქ ყოფნის მესამე კვირა სრულდებოდა და უკვე იცოდა კარაქის ამოყვანის ხელოვნება, ფუტკრებთან მუშაობა, ერთადერთი, რაც არ გამოსდიოდა ძროხის მოწველა იყო და ამასაც ისეთი ურჩი მიზანსწრაფულობით ცდილობდა დაუფლებოდა, მზია შანსს შანსზე აძლევდა.
–დეკა, მგონი შენთან არიან, –გაკვირვებული სახით შემოვიდა იმ დღეს თუთა სამზარეულოში.
–ჩემთან? –წარბები შეკრა დეკამ. თითქოს დაავიწყდა კიდეც, აქ მოსვლამდე ცხოვრება რომ გააჩნდა, ადამიანებთან რომ ურთიერთობდა და ქალაქში დატოვებული წარსულის გახსენებამ გონების შორეულ ათასკუთხედში მიძინებული შიში ჩვილივით გამოუღვიძა.
მზიას გადახედა. ისიც გაფართოებული და გადაფითრებული სახით მისჩერებოდა ოჯახის წევრად ქცეულ მდგმურს.
–ხო, ასე მითხრა, ზურა ვარო. ჩემი სახელი უთხარი და მიხვდებაო.
ცუდსა და უარესს შორის ამ სახელის გაგონება ცუდი უფრო მეტად იყო. თვალებით მიანიშნა მზიას, მივხედავო და სახლიდან გავიდა.
–ვინ არის? შემოვიპატიჟო? –უკან აედევნა თუთა. დაბნეული აცეცებდა თვალებს.
–არა, თუთი. დაველაპარაკები და მოვალ, კარგი? მერე მოგიყვები.
–ეზოში დასხედით მაინც. –არ მოეშვა თუთა.
–ნუ გეშინია.
ჭიშკარს გადასცდა თუ არა, მაშინვე დაინახა მანქანაზე მიყრდნობილი ნაცნობი სხეული და სახე. გული უსიამოვნოდ შეუხტა, თუმცა სახეზე ნაკვთიც არ გატოკებია.
–როგორ მომაგენი? –ჰკითხა კაცს, როცა იმდენად მიუახლოვდა, რომ მისი ხმადაბალი ლაპარაკის გაგონებას შეძლებდა.
–კარგად, დეა. შენ როგორა ხარ? –გაუღიმა მოსაუბრემ და გადასაკოცნელად გასწია, თუმცა სახე უკან გადაზიდა ქალმა. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ამით ანიშნა, რომ დისტანცია დაეცვა.
–აქ რა გინდა, ზურა? –გაუმეორა ცივად. ეზოსკენ გაეპარა თვალი, მზია აივანზე გამოსულიყო და უყურებდათ. მთავარი თვალი, ვისაც ყველაზე ნაკლებად უნდა ეხილა ეს სცენა, კიდევ კარგი არ ჩანდა.
–მოსაკითხად ჩამოვედი. ჩაჯექი, დავილაპარაკოთ.
–რამდენჯერ გავიმეორო შეკითხვა, რომ პასუხის გაცემის პატივი დამდო, ზურა? დროზე თქვი რა გინდა და წადი აქედან.
–იგორი გეძებს.
–ახალი ამბავი! –სახე აელეწა დეკას, კიდევ დაშორდა ზურაბს ერთი ნაბიჯით.
–იცის, რომ ქვეყნიდან არ გასულხარ. ჯობია, შენი ფეხით წამომყვე, დეა, თორემ შენს ოჯახს არ მოასვენებს, იცოდე.
–და რომ წამოვიდე, მე რა მომელის? თვითონ გაიხვიეს თავი შარში და მე უნდა ვაგო ახლა პასუხი იმის გამო, რაშიც ბრალი არც კი მიმიძღვის?
–ჩემთან ერთად თუ წამოხვალ, არაფერს დაგიშავებს. ათასჯერ მითქვამს, დათანხმდი ჩემს შემოთავაზებას.
–ანუ ცუდს და უარესს შორის მთხოვ არჩევანის გაკეთებას, არა? –მწარედ ჩაეცინა დეკას. თვალი გზაზე მომავალი წარბშეკრული არაბულებისკენ გაექცა. თვითონ იგორ დავიდოვის დანახვა არ შეაშინებდა ისე ძალიან, როგორც ამ სამის ერთად შეყრა ახლა.
–წადი დროზე, არ მინდა პრობლემები. აქ უსაფრთხოდ ვარ და სანამ შენც შარს გადაეყრები, გამიგონე. მე საკმარისად გავიღე ჩემი ოჯახისთვის.
–შუადღე მშვიდობისა, –დაჟინებული, ინტერესით ადუღებული მზერით უყურებდა ლაშა ქალს თვალებში. თითქოს იქ სურდა იმ ადამიანის ვინაობის ამოკითხვა, ვისმა დანახვამაც ასე გააღიზიანა.
–გამარჯობა, ლაშა. –ზურას ისეთი სახით გახედა დეკამ, შეევედრა, არაფერი თქვაო.
–გამარჯობა, –რა თქმა უნდა, არაფრად ჩააგდეს მისი მინიშნება. ძმებს მიუბრუნდა ზურაბი და ხელი ჩამოართვა ორივეს. დაბნეული მზერები ჯერ დეკას უსაჩუქრეს ძმებმა, შემდეგ ქალაქელ სტუმარს. –მე დეას ახლობელი ვარ.
მათი კავშირის ამ სასაცილო შესატყვისმა მწარე ღიმილი მოგვარა სახეზე ცერცვაძეს. მუცელში უკმაყოფილების გრძნობა გაუქვავდა არაბულის ხანჯალივით ბასრი მზერა რომ დაესო მის თვალებს.
–მის წასაყვანად მოვედი.
–ჩემი საქმე აქ ჯერ არ დასრულებულა, ზურაბ. –სიმშვიდის უკანასკნელი ნარჩენები გამოფხიკა და ხმაში მოუყარა თავი, როგორმე საკუთარი თავი რომ არ გაეთქვა დეკას ყველას წინაშე.
–მთავარი საქმე თბილისში გელოდება. მამაშენმა გამომიშვა, ჩაალაგე და წავალთ.
–მე კიდევ ვამბობ, რომ არ ვაპირებ წამოვიდე. მამაჩემთან მოკითხვას გაბარებ.
–დეა, იგორი არ დაგანებებს თავს არც შენ და არც შენს ოჯახს, –უფრო მეტად შეზიზღდა ზურა იმ წამს, არაბულების წინაშე რომ ახსენა დავიდოვის სახელი. სახე აელეწა ბრაზისა და მოულოდნელობისაგან. იგრძნო, როგორ დაიძაბა მის ზურგს უკან კლდესავით აღმართული ლაშას სხეული. –ამ ხალხსაც საფრთხეს ნუ შეუქმნი ტყუილად.
–იგორს შენთან რა საქმე აქვს, ქალბატონო? –გვერდით ამოუდგა ქალს ლაშა, სახეზე რომ უკეთ შეეხედა, ან ვინ იცის, ამით ზურაბსაც მიანიშნა იქნებ, რომ ვერავის ვერსად წაიყვანდა აქედან.
–თან არაფერი გითქვამს იმ ოჯახისთვის, ვინც ღამეს გათევინებს, –ირონიული ღიმილი გაედღაბნა სახეზე ზურაბს და ისე დამახინჯდა, თვალი მოარიდა დეკამ. –ვიცოდი, ეგოისტი რომ იყავი, მაგრამ ამდენადაც...
–ფრთხილად, ზურა. –გაუღიმა ლაშამ, იმდენად სულისშემძვრელად მშვიდი იყო იმ სიტყვების წარმოთქმისას, დეკას ტაომ დააყარა სხეულზე.
–შენმა უვარგისმა ძმამ ვერაფერი მოაგვარა, რომ იცოდე, –მანქანისკენ გაბრუნდა ფარხმალდაყრილი კაცი, თვალს არ აშორებდა დეკას. –იგორის ხალხი ყველგან შენ დაგეძებს, შენ ადგილას ქალაქში, ხალხში გარევა მერჩივნებოდა რუსეთის საზღვართან ასე ახლოს ძილს. მერე მე ვეღარ გიშველი.
მანქანის კარი ზათქით მიხურა და ორ წუთში უკვე გაუჩინარდა სოფლიდან. დარჩენილები ჩაფიქრებული თვალებით მისშტერებოდნენ წასულს და მათ თავებში გაწყვეტილი მძივივით აბნეული შეკითხვები გარკვევით ესმოდათ დაბერებულ მთებს.
–ჩვენ სალაპარკო გვაქვს. –ოდნავ მიბრუნდა ქალისკენ არაბული. მთელი ამ დროის განმავლობაში თითქოს შოკირებული მდგომარეობიდან გამოსვლას აცდიდაო.
თორღვა უკვე მიუყვებოდა სახლისაკენ ეზოში დაკლაკნილ ბილიკს.
–წამოდი, –ჭიშკარში არ შესულან ის და ლაშა. ეზოს მოუარეს და ტყით ჩავიდნენ მდინარემდე.
ჩუმად მიჰყვებოდა ფეხდაფეხ ხევსურს დეკაც. გული ყურებში უგუგუნებდა და ცდილობდა, სათქმელისათვის ისე მოეყარა თავი, რომ საუბრისას არ ატირებულიყო, ან მეტისმეტად შეშინებული არ გამოჩენილიყო.
–აქ ვერავინ გაიგონებს ჩემ გარდა შენს ნათქვამს. ყველაფერი უნდა მითხრა, რაც იგორზე იცი და რაც მაგ კაცთან გაკავშირებს. ყველაფერი. –ისეთი მონდომებითა და დაჟინებით აშტერდებოდა თვალებში დეკას, შეუძლებელი იყო მის მზერას ერთი გადამალული სიტყვაც კი გამორჩენოდა. თავისი ხელით დასვა ქვაზე, მის მოპირდაპირედ და თავი ააწევინა. –საფრთხეს მარტო შენი სიჩუმით და რამის დამალვით შეგვიქმნი, გაიგე? არ ვიცი, ის რეგვენი ვინ იყო, აქ რომ მოვიდა, მაგრამ იგორზე სიმართლე გითხრა – მოგაგნებს. საქართველოს საზღვარს თუ გაგაცილებს, იქედან შენი მობრუნების შანსი ნულს ქვემოთ იქნება.
–ჩემმა ძმამ დიდი ფული წააგო კაზინოში, –მაინც მოერია ცრემლები დეკას ხმას, –ჩვენ მაგდენი შესაძლებლობა არ გვქონდა, სოსოს ვალის გასტუმრებაში რომ დავხმარებოდით, ბანკმაც არ მოგვცა კრედიტი. თვითონ კაზინოს თანამშრომელმა დააკავშირა იგორ დავიდოვთან. გასესხებს და ნელ–ნელა დაუბრუნებ ფულსო. თურმე ეს რაღაც მახეა, შეკრული წრე, საიდანაც დავიდოვი ფულს და უფასო მუშახელს შოულობს თავისი ბინძური საქმეებისთვის. ჩემი ძმა ზედმეტად მშიშარაა იმისთვის, რომ ვინმეს რამე დაუშავოს, საქმეს ვერ აკეთებდა, ამან იგორი გააბრაზა და არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩვენც მოგვადგა. მე მოვეწონე...
ხმა გაუწყდა იმ ჯოჯოხეთის გახსენებისას, აქ წამოსვლამდე ორი ღამით ადრე რომ გადახდა. სასწრაფოდ მოიშორა ცრემლი, სანამ ლოყაზე ჩამოუგორდებოდა და ლაშას დაეცემოდა ხელზე.
აქამდე მშვიდად მსმენელს შენიშნა, როგორ აუელვარდა თეთრი ცეცხლი თვალებში, სუნთქვა გაუღრმავდა თითქოს, მაგრამ წამითაც არ შეტოკებია წარბი.
–და შენი თავი სთხოვა ფულის სანაცვლოდ, –ირონიულად ჩაეცინა არაბულს ამბის ლოგიკური დასასრულის გაჟღერებისას.
–სოსო დათანხმდა. –თვალები გაუცივდა დეკას, სირცხვილმა აუწვა ლოყები, –დედაჩემიც.
გაოგნებისგან ფერი ეცვალა ლაშას. წამიერად უკან გადაიხარა და ისე მიაჩერდა ქალს შორიდან, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ არ შემოესმა.
–და ეს ვინღა იყო? –ჰკითხა მშვიდად. თავი ისე გაიქნია სოფლისაკენ, თითქოს ზურა ჯერ კიდევ იქ იდგა და ბარგაკიდებულ დეკას ელოდა. –დეა.
–ზურა მამას ძმაკაცის შვილია.
–და რა კავშირი აქვს შენთან? სანდოა?
–კი. მამა ენდობა. ერთადერთი, ვინც არ გამწირა მალხაზია, ისეთს არ გამოუშვებდა აქ, ვინც ჩემი ძმასავით ორ კაპიკზე გამყიდდა იგორთან. მზიამ და მამაშენმაც იციან, მგონი. –დაამატა ბოლოს დარცხვენილმა. როგორც არ უნდა ეცადა აქამდე, ამ ოჯახთან მჭიდრო კავშირის შეგრძნება არ გასჩენოდა, ახლა უკვე შეუძლებელი იყო თავის არიდება.
–აჰა, –თვალები მოჭუტა და მდინარის მეორე ნაპირს გახედა ლაშამ, –და ჩემთვის რომ გეთქვათ, არ ჩათვალეთ საჭიროდ.
–მზიამ რომ იცის რაღაც, აშკარაა. მამაჩემი ბიძაშენს დახმარებია ვიღაც ადამიანის პოვნაში და ვალში ვიყავითო თქვენთან. მე არ ვთვლი, რომ ვალდებულები ხართ აქ დამმალოთ.
–ეგ პროგრამა, რაშიც თქვი რომ მონაწილეობდი, მართლა არსებობს?
–კი. ამას რა მნიშვნელობა აქვს ახლა?
–ინფორმაციამ თუ გაჟონა, მარტივად მოგაგნებს. ვერ ხვდები?
–მე არ ვმონაწილეობ, ჩემი სახელი და გვარი არსად ჩანს. არ შემარჩიეს.
–ანუ ამდენი ხანი გვატყუებდი.
–სხვა გზა არ მქონდა.
–არ გიბრაზდები, დეა.
–ნუ მეძახი–მეთქი ეგრე! –სახეც თმისფერი გაუხდა. აღელვებისგან ადგილს ვეღარ პოულობდა, არაბულის სიახლოვეს – მითუმეტეს. ისეთი ხმითა და თვალებით ესაუბრებოდა, თითქოს მის დაჰიპნოზებას ცდილობდა.
–რატომ? –ოდნავ გაეღიმა ლაშას.
–არ მომწონს და იმიტომ! და საერთოდ, როგორ ხარ ასე მშვიდად? აშკარად შენც იცი, ვინ არის იგორი, ახლა ისიც გაიგე, რომ ჩემზეა დაგერშილი, შენ კიდევ მიდგახარ წინ, მიღიმი და მეკითხები, რატომ არ უნდა დამიძახო ეგ წყეული სახელი? მალე წავალ აქედან ისედაც, ლაშა. დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებდი. ერევანში გადავალ, როცა იგორი ჩემს ძებნას შეწყვეტს საზღვრებთან. ერთადერთი, რასაც ვცდილობ ის არის, რომ კვალი არ დავტოვო.
–არ გამოგივა. –ცერცვაძის ისტერიკას სიმშვიდით შეხვდა ხევსური. ქვემოდან უყურებდა თავზე წამომდგარს, აღელვებისგან რომ ღრმად აუდ–ჩაუდიოდა მკერდი, თმაც აფუებოდა თითქოს და ვერავინ დააჯერებდა ლაშას იმ წამს, რომ თვალწინ ალქაჯი არ ედგა ამ სიტყვის ყველაზე ინტიმური და მიმზიდველი გაგებით.
–რა არ გამომივა?
–კვალის გარეშე სადმე ფეხის დადგმა. ადამიანი შემოგხედავს თუ არა, მაშინვე დაამახსოვრდები. შენი სილამაზე, ასე რომ ვთქვათ, შენი წყევლაა.
–შენ მემგონი მართლა ვერა ხარ, იცი? –მოულოდნელი კომპლიმენტით აჩქარებული გულისცემის გადაფარვის მცდელობას უფრო ჰგავდა დეკას გაბრძოლება, ვიდრე ლაშას უტიფრობით გაოცებას.
–ვერსად ვერ წახვალ ჯერ.
–რატომ? რახან შენ ამბობ ასე?
–ნაწილობრივ – ხო, ნაწილობრივ შენც იცი, რომ ასე ჯობია.
–და რა გარანტია მაქვს, რომ ვინმე ჩეჩენი ან ქისტი არ გამიტაცებს მანამდე?
–უჩემოდ საზღვარს ვერავინ გადაგატარებს. ყოველ შემთხვევაში, ამ კუთხიდან. ეს იგორმაც იცის. მამაშენმა ჭკუაში აჯობა, ჩვენთან რომ გამოგიშვა. იცის, იგორი მომაკითხავს, თუ დასჭირდა.
–შენ რუსებთან თანამშრომლობ? –პირი გამოუშრა დეკას. უეცრად დაუარა ტანში ცივმა ჟრუანტელმა. –საზღვრებს აკონტროლებ, თუ რა იცი? მშვენივრად მობრძანდა ის ჩეჩენი, რა ვიცი, არ ჰგავდა ადამიანს, რომელმაც შენგან აქ მოსვლის ნებართვა აიღო.
–მაგის გამო იმ ჩეჩენმა სიცოცხლით აგო პასუხი და კარგი მაგალითი მისცა თავისიანებს. და არა, რუსებთან არ ვთანამშრომლობ, სამშობლოს გამყიდველივით ნუ მიყურებ.
–იგორთან რა კავშირი გაქვს? –ვერ გადაეწყვიტა დეკას, ღირდა თუ არა ამ ადამიანის ნდობა. გული გონების საპირისპიროდ ექაჩებოდა, იმას, რომ უცნობი კაცი იყო, საშიში კავშირებით, ათასი ჭრილობით და სისხლით ხელებზე, გასულელებული გრძნობები ლაშას მშვიდ ღიმილს, სუფთა თვალებს და ყვითელ სამყურებს უპირისპირებდა.
–არანაირი. საზღვარზე რამდენჯერმე გადაპარება უნდოდა რაღაცების და ვიღაცების, ჩემგან უარი მიიღო, ახლა არ მოვწონვარ.
–მოდი გამოვიცნობ, –ჩაეცინა დეკას, თავზე ისე წამოადგა ქვაზე მჯდომ არაბულს, მისი სახე მუცელს გაუსწორდა. ნოტიოდ გრძნობდა თბილი სუნთქვა როგორ ურხევდა კაბის კალთებს და რაღაც მოულოდნელად დაეჭიმა მუცელში, შემდეგ თითქოს გამლღვალი ლითონივით სქელი და მძიმე მასა ჩაეღვარა ფეხებს შორის ამ პოზიციის ინტიმურობის გააზრებისას, რომელსაც კაცის ღიმილნარევი გამოხედვა უფრო აუარესებდა. –არ მოსწონხარ კი არა, გემტერება. მე რომ ჩამოვედი, შენ და გურამი აქ არ იყავით. თქვენს აქ არ ყოფნაში ორი არასასურველი რუსი გვესტუმრა, შენ შეშინებული მაშინვე დაბრუნდი. რატომ?
–შენს ეჭვებს ლოგიკური კავშირი რომ ჰქონდეს იგორთან, ვიფიქრებდი, რომ სამყაროში ყველაზე გონებამახვილი დეტექტივი ყველაზე მიმზიდველი ქალია და ახლა ჩემს წინაშე დგას–მეთქი, მაგრამ მწარედ აცდი რეალობას. –ერთი სანტიმეტრითაც არ გარხეულა ადგილიდან, თითქოს მოსწონდა ქვემოდან რომ უყურებდა თავზე წამომდგარს და ყველაფერს გრძნობდა, რაც დეკას სხეულსა და გონებაში ტრიალებდა იმ წამს.
–ფლირტით ჩემი გონების არევა არ გამოგივა.
–შენ გამოგდის სამაგიეროდ ფლირტის გარეშე. –ისე უთხრა, წამით არ გაუწყვეტია მზერით კავშირი დეკას ქარიშხალმორეულ თვალებთან. მოურიდებლად წაიღო კაბიდან გამოშვერილი ფეხისკენ ხელი და ფრთხილად აუსვა საჩვენებელი თითის ზურგი შიშველ წვივზე. შეხება იმდენად ბუნებრივი იყო, თითქოს ელოდნენ კიდეც მოფერებას.
–სალომეს როგორ გამოსდის? –ორი ნაბიჯით მოშორდა, როცა მიხვდა დეკა, ცოტაც და თავისივე სურვილით ჩაუჯდებოდა კალთაში. კოცნის სურვილმა რომ წასძლია, სახეში ხელის გალაწუნებასავით ამოუტივდივდა თვალწინ სალომეს ცბიერი გამომეტყველება და დაუფარავი სურვილით სავსე მზერა.
–სალომეს არ გამოსდის, ეს შენც იცი. –ლაშას გაეცინა და ფეხზე წამოდგა. –იგორს არაფერში ვეხმარები, თუ ეგ ეჭვი გღრღნის. შენი აქ ყოფნა ახლა ყველაზე უსაფრთხოა და ვერსად წახვალ, იცოდე. იმ შენს თაყვანისმცემელზე მე ვიზრუნებ, რომ ენა არ დაიგრძელოს.
–ზურა არაფერს იტყვის.
–მე მაინც არ ვენდობი. მამაშენთან მიჰყავდი იგორისთვის რომ ჩაებარებინა შენი თავი, რა ვიცი, რომ არ გაგცემს?
–მაგიტომ არ მოსულა. –სახეზე წამოწითლდა დეკა, ერთიანად აელეწა გამომეტყველება ზურას შემოთავაზება რომ გაახსენდა.
–აბა ყველაფერს მოგიყვებიო? –ნიკაპში თითები ამოსდო და თავისკენ მიაბრუნებინა თავი ლაშამ. –მთავარი გამოტოვე?
–მე არაფერს შეგპირებივარ, –სასწრაფოდ მოიშორა მისი ხელები დეკამ, გაკაპასდა. უკვე მართლა იჯერებდა, რომ ამ დაბალი, გამოზომილი ხმით და დაჟინებული, შეუფარავად ველური გამოხედვით მის ჰიპნოზირებას ცდილობდა ლაშა.
–რატომ არ გაყევი?
–არ მინდოდა და იმიტომ, მაგის გარეშეც შევძლებ თავის გადარჩენას.
–და მე რატომ გამომყევი? –თითქოს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა პასუხს მისცემდა დეკა მის პირველ შეკითხვას, მთავარი მეორეზე პასუხი იყო. ცერცვაძემ თავი მახეში გაბმულად იგრძნო და თუ რამეს ვერ იტანდა, ეს დამარცხება იყო კაცის წინაშე და მით უმეტეს, ლაშასნაირი კაცის წინაშე, რომელიც მთელი თავისი არსებით ისრუტავდა.
–იმიტომ, რომ მინდოდა. –შეეცადა მტკიცე ხმა ჰქონოდა, მაგრამ არაბულის ხმამაღალმა სიცილმა მთლიანად გადაფარა მისი სიტყვები და სერიოზულობის მცდელობაც.
–ხო, ვაღიარებ, ჩემთვისაც დიდი ცდუნებაა...
–შენი გარყვნილი ფიქრების გაგონება არ მინდა, ლაშა! –სასწრაფოდ გააწყვეტინა წამოწითლებულმა და უკან დაიხია. ვერც კი გაიაზრა საკუთარი გულის ხმაურსა და გონების სასოწარკვეთილ კივილს შორის – რომ ჩასძახოდა სასწრაფოდ მოშორდი მაგ კაცსო, როგორ მიუახლოვდა გადარეული მდინარის ნაპირს. არაფერი ესმოდა ახლა საკუთარი აგუგუნებული გულისცემის ნაცვლად დეკას, ვერაფერს ხედავდა ლაშას თეთრად აელვარებული გამოხედვის და ნერვებისმომშლელად მიმზიდველი ჩაღიმების გარდა. –შენ მთხოვე გამოგყოლოდი, სალაპარაკო გქონდა. რატომ მეთამაშები?
–არ გეთამაშები, დეკა, ეს შენ იწყებ ჩხუბს, როგორც კი ერთი ნაბიჯით გიახლოვდები.
–ხოდა, ნუ მიახლოვდები!
–ცოტა მიჭირს. –თავი გააქნია და ოდნავ ჩაეღიმა, –სიმართლე გითხრა, არც ვცდილობ.
ლაშას ერთი ნაბიჯი წინ ნიშნავდა დეკას ორ ნაბიჯს უკან. ცერცვაძემ ხელების ჰაერში გასავსავება მოასწრო მხოლოდ, როცა ფეხქვეშ სიმყარე გამოეცალა და ვეღარც კი მოასწრო რამეს ჩასჭიდებოდა, ისე გადაეშვა ზურგით აღრიალებულ მდინარეში.
წყალმა სასოწარკვეთისგან დაღებული პირი ამოუვსო და ფილტვები აუვსო ჰაერის ნაცვლად ჩასუნთქულმა არღუნმა. ფართხალისგან რამდენიმე ქვასაც გაკრა ფეხი აქა–იქ. ტკივილს ვეღარ გრძნობდა, მხოლოდ ენითაღუწერელ დახრჩობის შიშს. თითქოს საუკუნე გავიდა სანამ ძლიერი მკლავები შემოეხვეოდნენ მუცელზე და ნაპირზე უნიჩბებო ნავივით გამოათრევდნენ.
ხველა აუტყდა. გონება რომ არ დაუკარგავს, მხოლოდ მაშინ მიხვდა, წვა რომ იგრძნო ფილტვებში.
–ჩემს დახრჩობას ხომ ცდილობ! –ამოიხრიალა, როგორც კი ლაპარაკის უნარი დაუბრუნდა. ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან ბრაზისაგან.
–გრძელი ენა რომ გაქვს, თუ იცი? ან არ გესმოდა მდინარის ხმა?
–შენ რა იცი, რამსიგრძე ენა მაქვს? გამიშვი! –ფეხზე წამოდგომა სცადა, როგორც კი მისკენ გამოიწია ლაშა სახიდან თმის გადასაწევად.
თხელი ტილოს კაბა ტანზე ეკვროდა. აღარაფერი დარჩენოდა დასამალი მის სხეულს თითქოს, გადაფითრებული მარმარილოს ქანდაკებას მიაგავდა იმ ერთადერთი განსხვავებით, რომ წითელი თმა გამეხებულ ტუჩებთან ერთად თოვლზე დაღვრილი სისხლივით უელავდა.
–მაგ თვალებს დაგთხრი! –უარესად გაცხარდა, როცა შეკავებული მზერა მაინც გაექცა მისი სხეულისკენ ლაშას. კაბის ბოლოები გაიწურა.
–„აქედან ვერ ამოშლი“, –საფეთქელზე მიიდო ხელი იმის სადემონსტრაციოდ, რომ არასოდეს დაივიწყებდა ნახულს და უფრო ფართოდ გაიღიმა, უარესად რომ აუალდა ლოყები დეკას. –კარგი, ნუ ბრაზობ. ცოტა გაშრი და წავიდეთ. ჩემ მაისურს შემოგთავაზებდი, მაგრამ არ იქნება ლამაზი, რომ დაგვინახონ.
–არ შეწუხდე, –დაისისინა ავად ცერცვაძემ. კაბის შემდეგ თმის გაწურვას შეუდგა.
–რა უნდოდა ზურას? რა შემოგთავაზა, –ისევ ჩაფიქრიანებული და დასერიოზულებული გაუხდა არაბულს ხმა. დეკამ ერთ ამოხვნეშას ამოაყოლა მისთვის რაიმეს დამალვის მცდელობა. არ მოეშვებოდა მაინც.
–ცოლობა. –მოკლედ და ცივად მოუჭრა. ლაშას ჩაცინება წასისინებას უფრო ჰგავდა, ვიდრე გულწრფელ ღიმილს, თავი გააქნია.
–ვერ ვიგებ, დებილია თუ ჭკვიანი. თუ მართლა უყვარხარ, ჭკვიანია, სიტუაციით კარგად სარგებლობს, თუ არ უყვარხარ ა.
–არ მაინტერესებს მაგისი გრძნობები, –ქვაზე გაბრაზებული ჩამოჯდა და იმ მდინარეს გაუსწორა თვალი, წეღან რომ ლამის სიცოცხლე წაართვა. –არც ვაპირებ ცოლად გავყვე. რამეს მოვიფიქრებ.
–იგორს გადაიმტერებს მხოლოდ შენი ცოლად მოყვანით.
–ვალს გადაუხდის და შემეშვება დავიდოვი.
–კი, როგორ არა, –ჩაეცინა არაბულს, მთებიდან მზერა დეკას მხრებზე მუქწითლად მიწებებულ თმაზე გადაიტანა. უცნაურად შეუხტა რაღაც გულის არეში და სწრაფად მოაცილა თვალები, თითქოს ამით გათავისუფლდებოდა იმისგან, რაც შიგნიდან ებრძოდა. –საქმე ფულში აღარაა. მილიონები რომ აჩუქოს, იგორმა თუ ამოგიჩემა... არ გადათქვამს.
–როგორ დამამშვიდე. –მწარედ წაისისინა. ბრაზობდა იმას რომ ისმენდა ხმამაღლა, რასაც ჩუმად ეჩურჩულებოდა თავისი გონების საღი ნაწილი.
–სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო, ასე უკეთესად შეძლებ თავის დაცვას. აქ საფრთხე არ გემუქრება. არც ახლა და არც არასდროს. იმედია შენმა „პაკლონიკმა“ გააგნო გზას აქედან და ენას არ გაასარსალებს არასაჭირო ხალხთან.
–შენ ნუ ნერვიულობ. წავიდეთ ახლა, გავშრი. –ფეხზე წამოდგა დეკა. საჯდომიდან დაიფერთხა ზედ აწებებული მტვერი.
*
როგორც ჩანს, ზურამ გონებას მოუხმო და მართლა დაბრუნდა თბილისში. მთელი ღამე ციებიანივით იწრიალა დეკამ. ვერაფრით მოისვენა საწოლში და ბოლოს ისევ ეზოში გაექცა თავის ოთახში გამეფებულ ერთმანეთში აბურდული ძაფივით გადახლართულ ფიქრებს.
სუფთა ჰაერს მიუშვირა სახე. არაბული ისევ სადღაც დაბოდიალობდა. ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო შინ და არაფრით უტყდებოდა საკუთარ თავს ქალი, მასზე დარდს რომ აჰყოლოდა შინაგანად.
ვერ ხვდებოდა, ჩვეულებრივი სტუდენტის ცხოვრება როგორ გადაიქცა მანიაკი ბოროტმოქმედისგან გაქცევაში მყოფი ქალის ცხოვრებად, რომელიც ხევსურებს აფარებდა თავს და აქ ცალკე უწევდა გრძნობებთან და ათას სხვა მტერთან ჭიდილი.
–ვერ იძინებ ხომ უჩემოდ? –ჭიშკრის ჭრიალს დაასწრო ლაშას დაღლილმა ხმამ. ისე ნელა შემოვიდა ეზოში, ფეხებს ძლივს მოათრევდა. უეცარი სიმშვიდე იგრძნო დეკამ და ამან უარესად დააშინა.
–როგორი ეგოცენტრული ხარ, –წაისისინა უკმაყოფილოდ. მთელი გულით მოუნდა ლაშა სახლში შესვლის ნაცვლად მასთან ერთად ჩამომჯდარიყო და თუნდაც ათასი სიმწარე ეთქვა მისთვის.
–შენ კიდევ როგორი მჭევრმეტყველი, –ვარსკლავის ჩამოვარდნისას ჩაფიქრებული სურვილივით აუხდა. გვერდით მიუჯდა და მისი სუნი ვოლიერიდან გამოვარდნილი ნადირივით ეცა ნესტოებში. გამყინავ ღამეშიც კი თბილ არომატს აფრქვევდა – თავისებურს. –ვერ იძინებ?
–ვერა. –ნაღვლიანად უპასუხა. –სად იყავი?
–ჩემზე ფიქრობდი? –ეშმაკურად გაუღიმა. მთვარის ბლანტ განათებაზეც კი შეეძლო თვალისმომჭრელი ყოფილიყო.
–სად იყავი, ლაშა? –გაუმეორა, ამჯერად უფრო მტკიცედ. არ ეღიმებოდა, დაძაბული მისჩერებოდა სახეში და სიმართლის გამოძალვას ცდილობდა.
–ჯერ სალომეს მამასთან, მერე – არსად.
–მასთან რატომ?
–სალომეზე დამელაპარაკა, –თქვა მძიმედ, ოდნავ გაღიზიანებულმა.
–ცოლად მოიყვანეო?
–პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ მინიშნებები მომცა, რომ თუ რამე მაკავებს, ის თანახმაა თავისი ქალიშვილი გამომაყოლოს.
–მერე შენ რა უთხარი?
–მე არაფერი მაკავებს, დეკა, –გვერდულად გამოხედა, მისი რეაქციის შემოწმება უნდოდა თითქოს, –არ მინდა და მორჩა.
–რატომ? ლამაზია, ჭკვიანიც. –მაინც შეუჩნდა ქალი, იმ კუთხეში უნდოდა თითქოს მისი მომწყვდევა, სადაც ერთადერთი პასუხი იმალებოდა მხოლოდ.
–არ გინდა, –ჩაიფრუტუნა, მისკენ მიტრიალდა მთელი ტანით და დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში, ცალი ხელი წაიღო მხრებზე ჩამოყრილი წითელი თმების გასაფანტად. –არ მითხრა, რომ ვერ ხვდები.
–რას უნდა ვხვდებოდე? –თავი გაისულელა, ზედმეტად შესამჩნევად, მისი შეხებისგან დაყრილი ტაოს დაფარვაც კი ვერ მოახერხა. სუნთქვა შეეკრა დეკას, თუმცა ადგილიდან არ გარყეულა და იყო ამაში რაღაც ნებართვისმაგვარი შემდეგი შეხებისათვის.
–თუნდაც იმას, ახლა რომ გეხები და შენ სახეში არ მილაწუნებ და არ მლანძღავ ხელების ფათურის გამო. –მხრიდან მკლავებზე გადაცურებისას ცალი ბრეტელიც თან გაიყოლა ლაშამ, ღიმილი რაღაც ნახევრად ველურმა, გაღვიძებული ნადირის გამოხედვის მაგვარმა შეცვალა მის თვალებში. ხიფათის მოახლოებას ასეთი მომზადებული არასდროს შეხვედრია ცერცვაძე, ძლივსღა სუნთქავდა.
–იმიტომ, რომ არ მიფათურებ. –გამომშრალი პირით ძლივს ამოიხრიალა ორიოდ სიტყვა. მკერდს ძლივსღა უფარავდა ბრეტელჩამოვარდნილი თეთრი პერანგი.
–იმიტომ, რომ შენც გინდა. ეს განსხვავებაა ფათურსა და მოფერებას შორის – ორმხრივი სურვილი.
ამჯერად ლავიწზე გადაატარა ხელი, ყელზე მოეფერა. ქალის ყველა რეაქციას სწავლობდა, გამოხედვის და სუნთქვის სიხშირის ცვლილებას, ფერშეცვლილ ლოყებს და ნახევრად მინაბულ თვალებს.
–ახლა რომ არ დგები და არ მიდიხარ, ჩემს მოთმინებას ცდი. –უთხრა დაგუდული ხმით, –ეჭვი მეპარება იმაში, რაშიც აქამდე დარწმუნებული ვიყავი. საკუთარი თავისა და სურვილების კონტროლში ეჭვი შემაქვს შენი ურჩი უმოქმედობით.
–გინდა რომ წავიდე? –უფრო ახლოს მიიწია დეკა, ოდნავ რომ გააქრო დაბერილმა ნიავმა ლაშას სურნელი. თვითონაც ვერ ხვდებოდა, როდის უშვა საკუთარი თავის კონტროლის სადავეებს ხელი, როდის შეთამამდა ასე ძალიან. იმას, რასაც სხვა ნებისმიერს უხამსობაში ჩამოართმევდა, ლაშასგან მიმზიდველი და მისაღები იყო. მუცელი გაუქვავდა გამძლავრებული მიზიდულობისგან.
–არ მინდა, –ხმაშიც ეტყობოდა, რომ ძლივსღა იკავებდა თავს არაბული. თითქოს გრძნობდა ქალის სურვილის სუნის სიმძაფრეს, ესმოდა ადუღებული გრძნობების ხმა და რაღაც ფატრავდა შინაგანად ყოველი თავშეკავებული წამისთვის, –ის რომ გავაკეთო, რაც მინდა, ერთ სახლში ვეღარ ვიცხოვრებთ, დეკა.
–მე რომ გავაკეთო, მაინც წახვალ? ის, რაც მე მინდა.
–არ გააკეთო, –ვედრებას უფრო ჰგავდა, ვიდრე თხოვნას ლაშას სიტყვები, მუხლებზე ჩამოადო ორივე ხელი. –ნუ შემშლი, იცოდე.
–კარგი, –აკანკალებულ სუნთქვას ამოაყოლა დეკამ სიტყვები, მაგრამ წამითაც არ დახეულა უკან, მხოლოდ თვალი მოჰკრა არაბულის თვალებში აგიზგიზებულ თეთრ ცეცხლს – ბრაზი და უკმაყოფილება რომ წვავდნენ.
ორი სანტიმეტრით გადაიხარა წინ და თვითონ აკოცა სუნთქვაშეკრულს. სხეულის მოდუნების ნაცვლად ყველა გრძნობის სახეზე მოწოლა იგრძნო. იცოდა, არ იყო მართალი. ხვალ რომ გათენდებოდა, აუცილებლად ინანებდა ასე რომ მოიქცა, მაგრამ იმ მომენტში სხვა არაფერი უნდოდა ეგრძნო იმის გარდა, რომ ლაშასაც ისე უნდოდა, როგორც თვითონ. თმებში ჩაავლო და უფრო დაქაჩა თავისკენ, უფრო ახლოს რომ ჰყოლოდა, გაუაზრებლად გაჰკრა კბილი ტუჩებზე, ბარძაყზე რომ აუსრიალა ხელი.
–იცოდე, უკან დასახევ გზას აღარ ვიტოვებთ, –უთხრა ლაშამ მოგუდული ხმით, როგორც კი მოშორდა.
–მე ისედაც არ ვაპირებდი უკან დახევას, შენთან ერთად თუ უშენოდ, ლაშა. –ფეხზე წამოდგა, შეისწორა მხრიდან გადავარდნილი ბრეტელი.
ლაშას მხოლოდ ჩაეცინა და უკან გაჰყვა ჩაფიქრებული.
–უჩემოდ აღარ გამოვა. –ხმადაბლა უთხრა დეკას, სანამ თავისი ოთახის კარს შეაღებდა.
რაღაც უსიტყვო შეთანხმებისმაგვარი შედგა მათ შორის, თავიანთ საძინებელში შესვლამდე რომ გაუცვალეს ერთმანეთს მზერა. ორივემ იგრძნო, ამ მდგომარეობას შარი რომ აღარ ერქვა, რომ ხაფანგში ორივე ერთდროულად გაება და აქედან ვერცერთი გააღწევდა მარტო.

თავი მეხუთე
ნათიას საიდუმლო


სამი დღე გადაუღებლად აწვიმდა ციხე–სოფელს. გარეთ ისედაც არავინ დაიარებოდა ადგილობრივების გარდა, ახლა კი საერთოდ გაუკაცრიელდა ატალახებული შუკები. წვიმის კვალი აჩნდათ მხოლოდ ბილიკებს და ტყის გამოსასვლელთან აქა–იქ ნადირის ნაფეხურებსაც შენიშნავდა მახვილი თვალი.
ამ ამინდს ძმებისთვის გარე–გარე ხეტიალი არ მოუშლია. სახლში მხოლოდ ქალები იყვნენ დღისით. გურამი ხატში წასულა საწმინდანოდ, მზიამ უთხრა. ხატობამდე ორი კვირით ადრე თურმე ხატის მსახურები გაერიდებოდნენ ოჯახებსა და გარე სამყაროს, რათა ცოდვებისაგან თავი დაეცვათ და განწმენდილები შეხვედროდნენ ათენგენობის დღესასწაულს.
მზია ხავიწს ადუღებდა, ნათია ლობიოს არჩევდა. ყველა თავისებურად საქმიანობდა და ხმას არცერთი იღებდა. ასეთი სიმყუდროვე დიდი ხანია არ ეგრძნო დეკას. ყურს უგდებდა ფანჯრებიდან შემომავალი დელგმის ხმას და რაღაცას ხატავდა თავის წიგნაკში. ჭიშკრის ყოველ გაჭრიალებაზე კისერს იგრძელებდა იმის შესამოწმებლად, ლაშა ხომ არ დაბრუნებულაო. ცარიელი ეზო რომ შერჩებოდა ხელში, უკმაყოფილოდ აგრძელებდა რაღაცის ჯღაბნას და თუთას დაკვირვებულ მზერას შეგნებულად არიდებდა თავს.

–მომეწყინა, –ამოიზუზუნა ბოლოს თუთამ. რა თქმა უნდა, ის იქნებოდა პირველი, ვინც ამ სიმყუდროვეს გააპროტესტებდა. –წამო თამთულასთან.
–დედა, სად მიდიხარ ამ ამინდში? –მზიას უკვე ქადის ცომის ზელა დაეწყო.
–აქვე გადავალთ თამთასთან, გვიყურე სანამ მის ჭიშკარში არ შევალთ, თუ გინდა.
–არ დაიღამოთ, იცოდე.
ეზო სწრაფი სირბილით გადაჭრეს. დიდი რეზინის ჩექმებით ტალახში ეფლობოდა დეკა და თრითინასავით მორბენალ თუთას ვერაფრით ეწეოდა. დაუძახებლად გამოაღო ჭინჭარაულების სახლის ჭიშკარი, ისეთი თქეში წვიმა მოდიოდა, ხედვა უჭირდა. ლაშას დიდი მოსახური თავზე წამოემხო, რომ არ დასველებულიყო, თუმცა სველი კაბის კალთები უკვე მიკრობოდა ბარძაყებზე. წამიერად მოარიდა თვალი თუთას, როცა ზურგსუკან ცხენის ხმა შემოესმა. მერე ძლიერი დარტყმა იგრძნო კეფაში და ყველაფერი ჩამობნელდა.
რომ გაიღვიძა ისევ წვიმდა, ამჯერად კოკისპირულად. თავი უსკდებოდა და წელზე ვიღაცის ხელებს გრძნობდა, გულ–მკერდით სხეულზე მიეკრათ და ჩორთით მიერეკებოდა თავის ცხენს მყრალი მხედარი. ოფლის და ტალახის სუნი ჰქონდა. გულისრევა უფრო გაუმძაფრდა დეკას, მაგრამ იცოდა, ახლა რომ განძრეულიყო, აუცილებლად უარესი შეემთხვეოდა. უნდა გარკვეულიყო ჯერ, რამდენი ადამიანი იყო მასთან ერთად, რამდენად ჰქონდა გაქცევის შანსი… მაგრამ უზარმაზარი შავი ყაბალახი, წვიმა და სიბნელე ართულებდა ცხენოსნების დათვლას.
–ადიდებულია მდინარე, ვერ გადავალთ, –რუსულად თქვა იმ კაცმა, ვისთან ერთადაც ცხენზე იჯდა დეკა.
გული საგულიდან ამოუხტა და თავში დაუწყო გუგუნი. ის მცირეოდენი იმედი, რომ მისი გამტაცებელი ქართველი მაინც იქნებოდა, გაფიქრებისთანავე ჩაუკვდა რუსულის გაგონებისას. ათასი კითხვა უტრიალებდა თავში და ყველა მათგანზე ერთმანეთზე უარეს პასუხებს აძლევდა საკუთარი გონება. იგორმა გაატაცებინა, თუ ახმეტის ხალხი დაბრუნდა შურის საძიებლად? ზურამ გასცა მისი სამყოფელი? იქნებ, მამამისმა... გული ერეოდა თავის ტკივილის, დაუსრულებელი ჯაყჯაყის, გამტაცებლის მყრალი სუნის და საკუთარი ბედისწერის დაუნდობლობისგან. ისე მოემჩვარა სხეული, წამიერად დანებდა კიდეც თითქოს ბედს. რაც იქნებოდა, იქნებოდა. ამდენი ბრძოლის ძალა აღარ შერჩენოდა.
–ნუ გეშინია, მაგას ხომ არ გაუღვიძია? –შორიდან მოესმა მეორის ხმა.
–არა, ჩვენს საჩუქარს სძინავს.
–მეორეც უნდა წამოგვეყვანა.
–მოგვკლავდა მისი გიჟი ძმა. გაგიჟდი?
თუთაზე ლაპარაკობდნენ უეჭველად. მთელი სხეული დაეძაბა დეკას. ანუ ის მაინც გადარჩა. ამ განსაცდელში მარტო ყოფნა ასე თუ გაახარებდა, ვერასოდეს იფიქრებდა. თუმცა ვერც იმას იფიქრებდა ოდესმე, ასეთ განსაცდელში თუ აღმოჩნდებოდა.
მდინარის ხმა მოახლოვდა და წყალში შევიდნენ. შიშველი ფეხები რომ დაუსველდა, მიხვდა, წყალში იყო, მაგრამ ისე გაყინულიყო ვეღარც სიცივეს გრძნობდა და ვეღარც სისველეს.
ახლა რომ გადავხტე, წყალი წამიღებსო, იფიქრა. წამიერად გაუელვა სიკვდილზე ფიქრმა გონებაში. იქნებ, რამე უარესი მოელოდა იქ, სადაც მიათრევდნენ, იქნებ ვერ გამოქცეულიყო, იქნებ გადახტომა და მდინარის ქვებზე სულის დალევა მისი ცხოვრების საუკეთესო დასასრულიც კი იყო.
წვიმა, ჩეჩენის მყრალი სუნი და უცხო მიწა–წყალი შემოხვეოდა დეკას არსებას. იგრძნო, რომ საქართველოში აღარ იყო. შიშისაგან თავი ვეღარ შეიკავა და ზედ იმ კაცის აყროლებულ გულ–მკერდზე აღებინა, ცხენზე ვისთან ერთადაც იჯდა.
–ფუ შენი! –შეიგინა კაცმა და ცხენის სადავე მოუშვა, სწრაფად ჩამოხტა ცხენიდან და ქალიც ჩამოაგდო. მუხლებით დაეცა ქვიან მიწაზე დეკა, იგრძნო, როგორ გაიტკარცალა ძვლებმა კანქვეშ და თბილი სისხლი გადმოედინა კვირისტავებზე.
–ზედ დამარწყია ამ ბოზმა ქართველმა, –ხელი მოუქნია მუხლებზე დაცემულს და ისე მჭახედ დაეშვა დეკას სახეზე იმისი მსუქანი ხელი, მთელს კავკასიონს შემოესმა თითქოს ქალის მოულოდნელი, ტკივილიანი წამოკივლება.
ცხვირთან ხელი მოისვა. შემხმარ სისხლს ახალი, თბილი ნაკადი დაემატა ზემოდან, რკინის გემო ჩაეღვენთა პირშიც.
გამწარებული, შეშლილი სახით ახედა ჩეჩენს. ბნელოდა, მაგრამ არც ისე, მისი სახე რომ ვერ შეემჩნია. ინატრა, იქვე დაელიათ სული ორივეს და ყველა მისნაირ არაკაცს.
არწივი აფრინდა ტებულოსმთის იალაღებიდან. გაცხარებით კიოდა. სამხრეთით, საქართველოსკენ მიფრინავდა და დეკამ იფიქრა, ნეტა ჩემი წაყვანაც შეეძლოსო.
–რა გააკეთე, შე ალქაჯო? –დაყვირა ზემოდან კაცმა რუსულად. წამით დეკამ შენიშნა, რომ მისგან თვალის თვალში გაყრას არ მოელოდა და გაკვირდა. –ფეხით წამოეთრევი.
დეკამ თვალი მოავლო გარემოს. ბნელდებოდა, ვერსად გაიქცეოდა. უღრან ტყეში აუცილებლად მგლის საკბილო გახდებოდა.
–რამეზ, –მეორე მხედარმა ისეთი მზერა სტყორცნა შეშლილს, აშკარად არ უწონებდა გადაწყვეტილებას. –ბატონს არ მოეწონება, ამას თუ ასე მოექცევი. არ მინდა ამ ს გამო საკუთარი სიცოცხლით მოვიხადო სასჯელი.
–ხოდა შენ გყავდეთ! ბევრი არაფერი გადაუხდიათ ისედაც ჩემ... –უეცრად ყურები ცქვიტა რამეზმა. ხელი შეუშვა თავის ცხენს და იქეთკენ მიიხედა, საიდანაც ფაჩუნის ხმა მოდიოდა.
დეკამაც იმას მიბაძა. დაძაბულობისგან ყურები უშიშინებდა და თავად არაფერი გაუგია, თუმცა ორივე ჩეჩენს სიფითრემ რომ გადაუარათ მახინჯ სახეებზე, მიხვდა, კარგს არაფერს მოელოდნენ.
–დროზე წამოეთრიე, –მკლავში მოქაჩეს, თუმცა ადგილიდან არ დაძრულა. იქნებ, ლაშა იყო? იქნებ იპოვა და უკან წაიყვანს? უნებურად გაუძალიანდა, –დაყრუვდი?
–მიშველეთ! –დაიკივლა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. ყბები შიშისა და სასოწარკვეთისგან დაძაბვოდა. მისი არაადამიანური ხმა მთელს კავკასიონს მოესმა თითქოს. –მიშ...
–ენა ჩაიგდე! –სახეში გაარტყა რამეზმა.
თვალებში დაუბნელდა წამიერად, მაგრამ არც იმდენად ტყიდან გამოჭრილი მხედარი რომ ვერ დაენახა. არც ლაშას ჰგავდა და დეკას მოეჩვენა, რომ არც ქართველს. ერთადერთი, რაც ამ მდგომარეობაში მყოფს ანუგეშებდა ჩეჩნების ალეწილი სახეები იყო, მანამ რომ ვერ მოასწრეს გაქცევა, სანამ უცხო სხეული წამოეწეოდათ.
მოახლოებულმა ჯერ დეკას დახედა შეჭმუხნული წარბებით, შემდეგ კი ორ ტურასავით მოკუნტულ, გადაფითრებულ კაცს.
პირგამომშრალი, ერთიანად სველი და აკანკალებული ვეღარც ხვდებოდა უკვე, წინ უარესი ელოდა, თუ გადარჩა. ერთადერთი ის ანუგეშებდა, რომ ჩეჩნებს არ ესიამოვნათ და მეტიც – შეშინდნენ კიდეც მხედრის დანახვისას.
–შენ ვინღა ხარ? –რამეზს ეტყობოდა, ძალიან ცდილობდა სითამამე შარვალში არ გაპარვოდა. უცებ გასაცოდავდა, მხედარი რომ ჩამოქვეითდა და დეკასკენ წავიდა.
დამფრთხალმა უკან დაიხია. ახალგაზრდა კაცმა ხელები ასწია დანებების ნიშნად და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, თითქოს ქალს კი არა გამძვინვარებულ დრაკონს უახლოვდება და არ უნდაო მისი გაცხარება. სინამდვილეში სამი უცხო კაცის გარემოცვაში, რომელთაგან ორი მის გატაცებას ცდილობდა და ერთს ამოუცნობი მიზანი ჰქონდა, გულის წასვლამდე იყო ცერცვაძე შეშინებული.
–სად მიგყავთ ეს გოგო? –თითქოს ვერ გაიგოო რამეზის შეკითხვა, ახლა თავადვე ჰკითხა რუსულად ბიჭმა. იმდენად სუფთად და სწორი აქცენტით, გული დასწყდა დეკას. ქართველი არ უნდა იყოსო დაასვკნა.
–შენი საქმე არაა! აქ რას მოეხეტები? გაგვეცალე, რა!
–კარგ საქმეზე არ უნდა იყოთ, –გაეცინა ახლადმოსულს დამხვდურთა საცოდაობაზე. ქამრისკენ წაიღო ხელი და თვალებგაფართოებულებს უკეთესად დაანახა თავისი შეიარაღება.
დეკას სუნთქვა შეეკრა დაძაბულობისგან, მაგრამ სამ ყორანს შორის მოქცეულს გონებაც ისევე დაბინდვოდა, როგორც იმ წყლის ხეობები წეღან რომ გადმოარეს.
–ჩვენთვის ხელის შეშლით ვერაფერს მოიგებ, –არ ნებდებოდა რამეზი, –ეს ქალი ჩვენთვის არ გვინდა და ვისთვისაც გვინდა, ის არ შეგარჩენს გზაზე გადაღობვას.
–მართლა? მერე თვითონ რატომ არ მიჰყავს თავისი ქალი?
–ხევსურებმა გამოგვატანეს, –დეკამ პირი დააღო ამ გაუგონარი ტყუილის გაგონებისას, ცალი წარბი შეერხა მოსულს ქალის გაკვირვების შემჩნევისას, თუმცა მისკენ არ გამოუხედავს. მოლაპარაკეს დაჟინებით ჩასჩერებოდა თვალებში, –იგორი დიდხანს ეძებდა ამ ქალს, ერთმა ხევსურმა იპოვა და ძველი წყენის დასავიწყებლად გადასცა.
–იტყუება, –გამოსცრა დეკას რუსულად. გველის სისინივით გაისმა მისი ხმა და სამივემ ქალისკენ მოაბრუნეს თავი, –ქუჩიდან გამიტაცეს.
–ეგ იმიტომ, იცოდა ლაშამ შენი ნებით არ გამოგვყვებოდი. თვითონ ახლა იგორთან ერთად ვახშმობს და ელოდება, როდის მივუყვანთ შენს თავს. მთელი დღეა გასულია, არა? ნეტავ, სად უნდა იყოს. –ირონიულად ჩაეცინა რამეზს. ისე აეზილა გამოსახულება დეკას ზიზღისაგან, უარესად დამახინჯდა ჩეჩენი.
–ამიტომ გაგვატარე ძმაო, –ამჯერად მეორე აბლუკუნდა, თითქოს ყველაფერი ნათელი იყო და მარტოხელა მხედრის შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ჰქონდა.
ჩაეცინა მოსულს.
–შენი ძმა არ ვარ, –დაუსისინა ავად. წამი დასჭირდა სადავისაკენ ხელის წასაღებად და მისთვის შულის გასახვრეტად.
სანამ ჩასუქებული რამეზი რამეს მოახერხებდა, დეკა სწრაფად მოახტა მის გადარეულ ცხენს. წამიერად მოკრა თვალი თავისი ბედაურისკენ გაბრუნებულ ახალგაზრდა კაცს როგორ ჩააფრინდა ტიტველი ხელებით რამეზი. მერე აღარაფერი დაუნახავს. ისე სწრაფად მიაჭენებდა ჩეჩნის ნახევრადველურ ცხენს, ირგვლივ ყველაფერი ერთმანეთში გაიცრიცა და ერთი ფერი მიიღო. მთელი სხეულით ეკვროდა ცხოველს და გამოკიდებულ კლდეებზე ჩარბენისას ვინ იცის, რამდენჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში. შოკისგან თითქოს ყველა გრძნობა გამოუშრა, არც ცრემლი სდიოდა და ვერც საკუთარ გაგიჟებულ გულისცემას გრძნობდა. რამდენიმე წუთი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ მარტო იყო უღრან ტყეში, უცხო მხარეში, სადაც რომელ მხარესაც არ უნდა წასულიყო, სახლში ვერც ერთი მიიყვანდა. სახლში, რომელიც შეიძლება არც ჰქონდა.
ვაი–და, მართალი იყოო ის ჩეჩენი, წამიერად გაიფიქრა. იქნებ, მართლა გაატანეს მისი თავი. უკვე აღელვებულ მდინარეში შევარდნილიყო, ვიღაცის ყვირილი რომ მოესმა უკნიდან. უცებ მიიხედა. დაბნელებულში ვეღარაფერს ხედავდა, მაგრამ აშკარად ის უცხო მოსდევდა, რამეზის ძმაკაცი რომ მოკლა და ვინ იცის, იქნებ მეორეც გზას გაუყენა.
–მოიცა, გოგო! –ეძახდა ქართულად.
ცხენი კი აღვარცოფებულ მდინარეს ძლივსღა უწევდა წინააღმდეგობას, ტაატით მიიწევდა წინ და ცოტაღა აკლდა მეორე ნაპირზე გადასასვლელად, უეცრად რომ მოტყდა და მხედრის სუსტი სხეული ზედმეტ ტვირთად რომ აწვა, უნაგირიდან გადმოაგდო.
უკანასკნელი წამოკივლება მოსწყდა დეკას ბაგეებს.
*
სიმხურვალემ და სუნთქვის უკმარისობამ შეაფხიზლა. ოფლი ასხამდა შუბლზე და გულზე თითქოს უშველებელა ლოდი დაადეს. სანამ თვალებს გაახელდა, მანამ დაფიქრდა, ნეტავ, ასეთი თუ არისო პირველი შეგრძნება სიკვდილის შემდეგ.
მაგრამ ასეთ სიმწარეს გულ–მკერდისა და ცხვირის არეში მხოლოდ ცოცხალი შეიძლება გრძნობდეს.
ძლივს გაახილა თვალები, თუმცა ვერაფრის დანახვა მოასწრო ჰაერმა ისე აუწვა მწვანე ირისები და ცრემლები გადმოსცვივდა, სწრაფად რომ მიაწება ქუთუთოები ერთმანეთს.
იქ, სადაც იყო, თბილოდა. ცეცხლის და უცხო ადამიანის სახლის სუნი იდგა. მძიმე საბანი ეფარა და რბილ ბალიშზე ედო თავი.
გამხმარი ენა გამომშრალ სასაზე მიწებებოდა და კიდევ ერთხელ დააძალა დეკამ თავს გამოღვიძება.
ოთახს ბაცად ანათებდა ბუხრის ცეცხლი. საწოლთან ხის სკამი მიედგათ, ბალიშისპირთან დაედოთ დეკასთვის წყლით სავსე ჭიქა და დოქი. წამოიწია და მოწყურებულმა გამოცალა შემთბარი წყალი. მეორეც მიაყოლა და მესამეც, სანამ ბოლომდე არ დაეცალა მარაგი. ძვლებში ტეხავდა და დარწმუნებული იყო, სიცხეც ჰქონდა.
ისევ გადავრჩიო, გაიფიქრა, თუმცა იმდენად ვეღარ ენდობოდა საკუთარ ბედისწერას ცოცხლად ყოფნა გადარჩენად რომ ჩაეთვალა.
კარი მაშინ შემოაღეს, საწოლზე რომ წამოჯდა.
ოთახში ნათიას გამოჩენამ შოკი და შვება მოგვარა.
–ნათია, –ამოიხრიალა. საკუთარი ხმა ვერ იცნო. –სად ვარ?
–უსაფრთხო ადგილას. –მშვიდად უპასუხა ქალმა. –შენი წამლები მოგიტანე.
–მე ბოლოს... ვიღაც მომდევდა, მგონი, რუსი... მერე მდინარეში... –აბნეულად დაუწყო ქალს ახსნა, სასოწარკვეთილს უკუნ სიბნელეში ჩარჩენილივით სინათლესავით სჭირდებოდა სიმართლის გაგება, –ასე მითხრეს... ლაშამ... ჩეჩნებმა მითხრეს, რომ ლაშამ ჩემი თავი გადასცა იგორს.
–დაწყნარდი, დეკა. ახლა აღარაფერი გემუქრება. ლაშამ იცის, რომ ცოცხალი ხარ და მალე მოგაკითხავს.
–სად ვართ? შენ თუ აქ ხარ, ის რატომ არ არის? ვინ მიპოვა?
–ვერ მოვიდა. ჩვენ ალისთან ვართ.
–ალი? ალი ვინ არის.
–ლაშას ნათესავი. –მძიმედ თქვა ნათიამ. დეკას მოეჩვენა, რომ აქ ყოფნა სულაც არ სიამოვნებდა ქალს და უარესად აღელდა, –დედის მხრიდან. ალიმ გადაგარჩინა. დანარჩენს ლაშა გეტყვის, როცა მოვა. მეტი მეც არაფერი ვიცი.
–შატილში რატომ არ წამიყვანა? აქ რა მინდა? არ მინდა უცხოს სახლში... გთხოვ, წავიდეთ, ნათია, –ცრემლები ტყვიებივით დასცვივდა თვალებიდან. ერთიანად მოაგონდა ყველაფერი – როგორ გაიტაცეს ჩეჩნებმა, როგორ მოახტა ერთ–ერთ ერთის ცხენს, როგორ მოსდევდა ვიღაც და მერე საკუთარი კივილი.
–აქ უმჯობესია შენთვის. დაისვენე ახლა.
გვირილის ჩაი და რამდენიმე დამამშვიდებელი მისცა ნათიამ. სიცხიანს რომც არ სდომებოდა დაძინება, ამდენი წამალი არ მისცემდა ფხიზლად ყოფნის საშუალებას.

შუაღამე გადასულიყო კარმა რომ დაიჭრიალა ჩუმად. ბუხარში ცეცხლი მინავლებულიყო და გარედან შემოსული მთვარის ბაცი შუქი ოთახის ნახევრის დახსნასაც ვერ ახერხებდა ღამის კლანჭებისგან.
–ვინ ხარ? –ტირილს უფრო ჰგავდა დეკას შეკითხვა, ვიდრე ინტერესით სავსე კითხვებს.
შუბლი საშინლად სტკიოდა და ცხვირით ნორმალურად ვერ სუნთქავდა. ჯერ კიდევ გრძნობდა მდინარის სუნს ცხვირ–ხახაში რომ დაუკითხავად შეუვარდა და მოუშორებელი ლაქასავით რომ ჩამჯდარიყო ქსოვილებში.
–მე ვარ, ნუ გეშინია. –ნაცნობი ხმა რომ გაიგონა, თავიდან ეგონა მოეჩვენა. საწოლზე წამოჯდა და თვალები დააწვრილა.–კარგად ხარ?
–შენ როგორ ფიქრობ?
შუქი აანთო ოთახში ლაშამ. ტალახში ამოსვრილიყო ერთიანად, თვალები ამოშავებოდა და ძველებული ნათელი ღიმილი ძველი წიგნის ფურცლებივით გაცრეცვოდა სახლიდან. მხრებში მოკუნტული იმდენად დაღლილი და დაუძლურებული მოეჩვენა, თავისი მრისხანებისა შერცხვა დეკას.
იმ სკამზე ჩამოჯდა, სადაც წყლის ჭიქა და დოქი დახვდა საღამოს დეკას. ზემოდან დაჰყურებდა დაღლილი სახით და შეხებას ვერ ბედავდა.
–ჩემი ბრალია, –თქვა ყრუდ და იმდენად ხმადაბლა, თითქოს არც უნდოდა მოსაუბრეს რომ გაეგონა. თვალი არ მოუცილებია, დამნაშავეს არაფრით ჰგავდა, მზერას რომ არიდებენ მოსაუბრეს ტყუილის თქმის დროს.
–რა? მთელს კავკასიონს რომ ვერ აკონტროლებ? –ძალიან უნდოდა დეკას მისი დამშვიდება, თუმცა სასტიკი სიმართლის მოლოდინი აკავებდა. ერთადერთი, რაც სურდა ის იყო ამ დაღლილობის და დაუძლურებული გამომეტყველების მიზეზი მასზე ნერვიულობა ყოფილიყო და არა დანაშაულის გრძნობა.
–რამეზმა რომ წაგიყვანა.
–წამიყვანა? –წამოწითლდა დეკა, ბრაზისგან ისედაც უჭირდა ნორმალურად მეტყველება, ყოველი ბგერის წარმოთქმა განუზომელ ტკივილს ანიჭებდა, –წამიყვანა კი არა - მომიტაცა. თავში ჩამარტყა, გამთიშა და მომიტაცა. მერე მითხრა, თურმე შენ მიგიცია ამის ნება, იგორისთვის რომ გადაეცათ ჩემი თავი ცოლად. მაგარია არა? ნივთივით რომ გეპყრობიან, რას იტყვი?
–დამშვიდდი, გთხოვ. ყელი გტკივა, ისედაც ძლივს ლაპარაკობ.
–მითხარი, რომ ტყუილი თქვა იმ ჩეჩენმა და ხმას არ ამოვიღებ.
–სხვა გზა არ მქონდა, დეკა.
წამიერად ენა ჩაუვარდა მოსმენილი ჯერ ყურს და მერე გონებას რომ მისწვდა. გაეცინა, ეგონა შემოესმა.
–თვალებში მიყურებ და მაგას მეუბნები? –ცივად წაისისინა, ოდნავ წამოჯდა საწოლზე უკეთესად რომ ჩაეხედა თვალებში.
–სხვა გზა არ მქონდა–მეთქი, შენი ზურიკელა აპირებდა შენს ჩაშვებას, მე უნდა დამესწრო, დეკა. სხვანაირად ვერ დაგიცავდი.
–რამე მეტყობა დაცულის? შემომხედე, რას ვგავარ! იმ ვიღაცას რომ არ მოესწრო, არც ვიცი, რას მიზამდნენ!
–ალი მე გამოვუშვი.
–მართლა? –სიმწრისგან გაეცინა, –და შენ რას აკეთებდი ამ დროს? ჩიბუხს აბოლებდი იგორთან ერთად?! მიპასუხე!
–უნდა მენდოს, დეკა. სხვანაირად ვერ გადაგარჩენ, გოგო, რატო არ გესმის? ის ჩეჩნები მკაცრად გააფრთხილა არაფერი დაეშავებინათ შენთვის, სიტყვის გატეხვისთვის ალიმ გასცა პასუხი...
–როგორ ვერ გიტან! –დაუკივლა სასოწარკვეთილმა, თავის შეკავება უჭირდა, რამე ისეთი რომ არ ჩაედინა, რასაც ინანებდა ბოლოს.
–მაპატიე, რა. –ხელები გაუკავა მკერდთან და რამდენჯერმე სცადა შუბლისკენ საკოცნელად გაწევა ლაშამ, თავი რომ აუქნიეს. –გეფიცები, სხვა გზა არ მქონდა. უნდა დამიჯერო.
–სიმართლე რომ გეთქვა, არ შეგეძლო? ჰა? შენი გადაცემა მინდა იგორისთვისო, გეთქვა პირდაპირ თვალების ჟუჟუნის ნაცვლად! რა გინდოდა ჩემგან, თუ იგორის ნდობის მოსაპოვებლად მიყენებდი?
–დამაცდი ყველაფრის ახსნას? არ არის ისე, როგორც ჩანს, დეკა.
–და უნდა დაგიჯერო, ხო? –ირონიულად ჩაეცინა მის სიტყვებზე, მაჯები ხელებიდან გამოგლიჯა. ისიც კი აღიზიანებდა, ამხელა ბრაზის მიუხედავად მასთან სიახლოვე რომ უნდოდა.
–მომისმინე და მერე შენ გადაწყვიტე, ღირს თუ არა ჩემი ნდობა, რა.
–იგორზე რომ გკითხე, რატომ არ მითხარი სიმართლე?
–რაც გითხარი, სიმართლე იყო, დეკა. ყველაფერი საერთოდ.
–და რაც არ მითხარი? რაც დამიმალე?
–ახლა გეტყვი.
–ახლა? ამ ყველაფრის შემდეგ? –ფეხზე წამოდგა დეკა, სადღაც გამქრალიყო სირცხვილის შეგრძნება მისი ათასნაირი გრძნობების ფიალიდან, მოურიდებლად გადაიძრო კაბა და ბრეტელებიანი მაისურის და საცვლის ამარა დაუდგა წინ თვალებჩაწითლებულს. ორჯერ ისე დემონსტრაციულად დატრიალდა არაბულის წინაშე, თითქოს საქორწინო კაბას აჩვენებდა და არა გადაყვლეფილ კვირისტავებს, დალურჯებულ ბარძაყებს და დაკაწრულ წვივებს. თვალი მოარიდა ლაშამ და თვალებში ხელები ამოისვა. ვერ მიხვდებოდით, ცრემლებს იშორებდა, თუ ნანახის გამორეცხვა უნდოდა. –გინდა გითხრა რამდენჯერ ვინატრე სიკვდილი? გინდა?
–დაჯექი, რა, –შეევედრა არაბული, ფეხზე წამოდგა და თავისი ხელით გადააცვა თავზე თეთრი კაბა.
–არ მინდა, არ დავჯდები! –უთხრა ხმაგამტყდარმა, თავი რომ ვერაფრით დააღწია, თვალები დახუჭა მის მზერას მაინც რომ გაქცეოდა. –რომ გამოვფხიზლდი და მივხვდი, გამიტაცეს, ყველაზე ვიფიქრე, რომ დამაღალატა, მამაჩემზეც კი. ერთი წამითაც არ გამიფიქრია, რომ...
–ძალიან მინდა სიბრაზე გალაპარაკებდეს ახლა და მართლა არ ფიქრობდე, რომ ამ დღეში ჩემი ნებით ჩაგაგდე. –მოგუდული ხმით უთხრა ლაშამ, ზედმეტად ვერც მიკარებას ბედავდა და ვერც მოშორებას.
ფრთხილად დასვა თავის წინ საწოლზე, ორივე ხელს შორის მოიქცია დეკას გადაფითრებული, ნერვიულობისგან გადასიებული სახე და გულში თითქოს ბლაგვი იარაღი გაუყარეს, ჩაწითლებული თვალებით რომ ამოხედა ქალმა.
–ზურა აპირებდა შენზე თქმას, –დაიწყო ხმადაბლა, ოდნავ რომ დაუმშვიდდა სუნთქვა დეკას, –მამაშენმა დაგვირეკა გუშინ დილით, სოსოსთვის გაუმხელია და იმან ზურა გამოგზავნა დასარწმუნებლად, თორღვა დაეწია და მოაბრუნა ის , მაგრამ გადარეკილი ჰქონდა უკვე სოსოსთან. იძულებული ვიყავი, ჩემი პირით მეთქვა იგორისთვის შენზე. გუშინვე ამოვიდა შატილში. ვერ მიხვდა ვერაფერს, ვუთხარი, რომ შემთხვევით წამოგცდა მისი სახელი და ასე დაგაკავშირე იმ ქალთან, რომელსაც მთელ ქვეყანაში ეძებდა. ჩემგან რომ არ გაეგო, ისე წაგიყვანდა აქედან, ვერ გავიგებდი შენს ადგილსამყოფელს. არ მენდობოდა და მგონია, არც ახლა მენდობა ბოლომდე, მაგრამ არ იმჩნევს. ჩეჩნებით მე გამომცადა. ვუთხარი მე თვითონ მოგიყვან–მეთქი და იუარა, დარწმუნება უნდოდა... რომ შენს მიმართ... მოკლედ, ჩვენ არაფერი ვართ.
–რატომ იეჭვა ეგ სისულელე? –წაუსისინა თავისებურად ცერცვაძემ, ოდნავ გაუკრთა ღიმილი სახეზე ლაშას.
–იმიტომ, რომ ჩემთან ცხოვრობდი და თან ლამაზი ხარ.
–კარგი, მერე? –ცივად არ შეიმჩნია დეკამ, როგორ გაცრა ტანში მისი სიტყვების გაგონებისას. ვერაფრით უყურებდა უნდობლობით. თითქოს შეუძლებელი იყო ამ თვალების და ღიმილის პატრონს ტყუილი ეთქვა მისთვის.
–ალი ჩემი ბიძაშვილია, –ღრმად ამოიოხრა ლაშამ, –დედაჩემის ძმის შვილი. ნათია გავუშვი დახმარების სათხოვნელად. დროულად გიპოვა, მაგრამ შენ გაექეცი. ჯერ–ჯერობით იგორი ფიქრობს, რომ ცოცხალი აღარ ხარ. ორივე ჩეჩენი მკვდარია და შენ არსად ჩანხარ, ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედები არ აქვს, რომ ცოცხალს გიპოვის.
–მერე რა იქნება? –ხმადაბლა კითხა, თითქოს პასუხის გაგონება არ უნდაო.
–რამდენიმე დღე, აქ იქნები. –თვალი მოარიდა, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, ეტყობოდა, არც ისე შორეულ მომავალზე ფიქრი და მითუმეტეს მისი ხმამაღლა გაჟღერება არ უნდოდა. მომლოდინე თვალებით მისჩერებოდა დეკა, სუნთქვა შეეკრა პასუხის მოლოდინში. თვითონ ვეღარ ხედავდა ამ ლაბირინთიდან გამოსავალს და ერთადერთი იმედიც თვალს არიდებდა ახლა. –მერე ერევანში გადაგიყვან.
–დიდი ხნით?
–არ ვიცი, დეკა, სანამ არ დაწყნარდება ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში, სანამ შენს ძმას გამოსირებულ ჭკუაზე არ მოვიყვან და იგორიც არ გააჯვამს ამ ქვეყნიდან.
–აქ რომ ვიყო არ შეიძლება? –ნიკაპზე ამოსდო თავისი თითები დეკამ და აიძულა თვალებში შეეხედა. მიწყნარებული ქარიშხალი გააღვიძა თითქოს ცერცვაძემ, ისე აემღვრა თვალები ლაშას. ფრთხილად მოიშორა მისი ხელი და ხელისგულზე აკოცა.
–მეშინია, –უთხრა თვალებდახუჭულმა. შიგნეულობა ჩაწყვიტა დეკას მისმა მოგუდულმა და სასოწარკვეთილმა ხმამ, –სადმე ახლოს თუ იქნები, ვერ შევძლებ. ერევანში მყავს მეგობრები, საზღვარზეც უპრობლემოდ გადაგიშვებ და უფრო მშვიდად ვიქნები.
–რამე სისულელეს აპირებ? –ახლაღა შენიშნა მისი დაბეჟილი, სიწითლეშეპარული სახსრები და დანაშაულის გრძნობა მოაწვა სახეზე, აქამდე რომ ვერ შენიშნა. თავი ძლივს შეიკავა რომ არ ეკოცნა და ყველაფერი უარესად არ გაერთულებინა. –სოსოს დაანებე რა, მამაჩემმა ვერ მოიყვანა არზე და შენ რას უზამ? გთხოვ, დაანებე იგორსაც.
–იგორთან პირადი საქმე მაქვს, –თვითონ აკოცა შუბლზე ლაშამ, ახლა არავინ ეწინააღმდეგებოდა.
–არ გინდა, რა.. მისნაირებთან აზრი არ აქვს, არ გაქვს შენ მაგდენი ძალა და ფული იგორი თავიდან რომ მოიშორო. სარეველასავით არიან მაგისნაირები, გგონია ამოთხარე და იმის მაგივრად ათჯერ მეტი ამოდის...
–შენ არ იდარდო, ხო? – ზანტად წამოდგა არაბული.
–სად მიდიხარ? –მაშინვე წარბები შეკრა დეკამაც. –ამ შუაღამეს...
–უნდა დავბრუნდე უკან, დეკა, –ისე ხმადაბლა უთხრა, თითქოს საიდუმლოს უმხელდა. –მომიკითხავენ და არ მინდა საეჭვოდ ბოდიალი. აქ ისედაც არაა ჩემი ადგილი. ხვალ ამ დროს მოვალ კიდევ.
–ცოტა ხანს დარჩი, –პატარა ბავშვივით შეეხვეწა. არ უნდოდა აქ უცხო ადამიანების გარემოცვაში მარტო დარჩენილიყო. გაეღიმა ლაშას, –სანამ არ დამეძინება... და მერე წადი, თუ ძალიან არ ხარ დაღლილი.
–წეღან ვერ მიტანდი... –საწოლზე ჩამოჯდა.
–ვერც ახლა გიტან, –უთხრა საბანში ჩამალულმა, კარგად რომ დაეფარა ლაშას დარჩენით გამოწვეული ეგოისტური კმაყოფილება.
–გინდა იავნანა გიმღერო?
–კარგად მღერი? –ჰკითხა თვალებდახუჭულმა და ოდნავ გაეღიმა თვითონაც. იმ კოშმარულ დღეს ასეთი დასასრული თუ ექნებოდა, ვერც იფიქრებდა, როცა ცხენზე ამხედრებული გაურბოდა ალის.
არაფერი უთქვამს ლაშას. ჩუმად აკვირდებოდა მის სახეს, სანამ ძილისგან არ დაუმშვიდდა და ძლივს წამოდგა ფეხზე. გული და სხეული აქეთკენ ექაჩებოდა და გონების ყვირილს აყოლილი ლამის შუაზე გახლეჩილიყო, ისე უნდოდა მოხვეოდა და მასთან ერთად დაეძინა, თუნდაც სამყარო დამხობოდათ თავზე.
იგრძნო დეკამ, როგორ შემსუბუქდა მისი საწოლი და ღრმად ჩაისუნთქა, დიდხანს რომ გაჰყოლოდათ მის ფილტვებს ლაშას დაღლილი სურნელი. ნახევრადმძინარემ იგრძნო ლოყაზე თბილი ტუჩების და სუნთქვის შეხება.
ოთახის კარი ისე გაიხურა ხევსურმა, თითქოს ყველაზე მეტად უკან შებრუნება არ უნდოდა.
*
მეორე დღეს საწოლიდან ადგომა აიძულა თავს. ალის სახლი იმხელა არ იყო, რამხელაც არაბულებისა, მაგრამ ასეთი უფრო მოსწონდა დეკას. პატარა და მყუდრო. როგორც ჩანს, მარტო ცხოვრობდა ლაშას ბიძაშვილი, ან ეს მისი სადაჩე სახლი იყო, რადგან მთელი დღე არავინ უნახავს ირგვლივ ნათიას ჩაფიქრებული სახის გარდა.
–ნათია, –დეკა მიხვდა, მათი პირველი შეხვედრის შემდეგ ახლა რომ დარჩნენ მარტონი ის და ნათია. აქამდე არასდროს დალაპარაკებიან ერთმანეთს. –მადლობა, რომ აქ ხარ.
–არაფრის, –მშვიდად უთხრა ქალმა. არც გაღიზიანებული და დაძაბული ჩანდა, როგორც ჩვეულებრივ იყო ხოლმე. –მიხარია კიდეც აქ რომ ვარ.
–რატომ? –გულწრფელად გაუკვირდა დეკას. ლაშასთან მის უცნაურ ურთიერთობას თუ არ ჩათვლიდა, ყველას ძალიან უყვარდა ნათია. რატომ უნდა მოენდომებინა სახლიდან შორს წამოსვლა უცხო ადამიანის საყარაულოდ, რომელსაც რუსი ბოროტმოქმედი დაეძებდა, ვერ ხვდებოდა. –ბოდიში, თუ რამე ისეთს გეკითხები, უბრალოდ...
–არა, მესმის, –მაგიდასთან ჩამოუჯდა ნათიაც, –როგორც იქნა შანსი მომეცა, ლაშასთვის რაღაც გავაკეთო... ამიტომ მიხარია, თუ ჩემი აქ ყოფნით გამოვადგები. მასთან ასე რომ ვთქვათ, ვალში ვარ.
–გასაგებია.
–დედამისის სიკვდილი ნაწილობრივ ჩემი ბრალია, –აღსარებასავით ჟღერდა ნათიას ხმა. ენა გაუსქელდა დეკას გაოგნებისგან, პირში ვერ მოატრიალა ორი სიტყვა რომ ეთქვა, ან გაოცება მაინც გადაეფარა. –მე და ნურა მარტო ვიყავით სახლში პატარა ლაშასთან ერთად, მაშინ თუთიკაზე იყო ორსულად. ვიჩხუბეთ რაღაცაზე და მე მაშინ... მოკლედ ახალგაზრდული ფეთქებადობა მახასიათებდა, ნურასთანაც არ მქონდა კარგი ურთიერთობა... მე ქმარი ახალი გარდაცვლილი მყავდა და გაუბედურებული ვიყავი, ყველას ბედნიერება ნერვებს მიშლიდა, არ მინდოდა ვინმე გაცინებული დამენახა. ნურა კი ისეთი იყო, ყველგან სიცოცხლე შეჰქონდა... ცხრამეტი წლის ვიყავი, მეტის კი არა... სისულელეზე წავკამათდით და მე მარტო დავტოვე. –ხმა ჩაუწყდა ნათიას მომძლავრებული ემოციებისაგან. დეკას მოეჩვენა, რომ პირველად ყვებოდა სხვასთან იმას, რაც თავს გადახდა და უარესად შეეცოდა ქალი, რომელსაც თავისი ცოდვები წლების შემდეგაც ჯოჯოხეთში აცხოვრებდა. –სულ რაღაც ნახევარი საათით, დეკა. სულ რაღაც. ცივ ჰაერზე გავედი აზრზე მოსასვლელად, რომ დავბრუნდი, შეშინებული ნურა სისხლში იწვა და ატირებულ ლაშას ეხუტებოდა. ის სცენა... მე ის სცენა არასოდეს ამომივა თავიდან, დეკა. არც ვიკითხავ, ისე შევაბიჯებ ჯოჯოხეთში, არც გამიჩნდება კითხვა – რატომ, ღმერთო, რისთვის მსჯი ასე... ძალიან მომეხმარა ნურა... თუთას გადარჩენაში, მაგრამ ექიმი რომ მოვიდა, ის უკვე აღარ იყო ცოცხალი. ლაშა ამას შეესწო. ყველაფერი დაინახა იმ ბავშვმა და სანამ ცოცხალი ვარ, მისი თვალები იქნება ჩემი ყველაზე დიდი სასჯელი ამიერში. ამაზე დიდი ჯოჯოხეთი არ არსებობს, დეკა. ქმრის გამო ჩაცმულ შავებს ადრე თუ გვიან გავიხდიდი, მაგრამ ნურას ამბავმა სამუდამოდ ჩამაბნელა. გაღიმებისა მერიდება, თუკი ლაშა მიყურებს. ამით დედას ვერ დავუბრუნებ, მაგრამ რაღაცაში მაინც წავადგები და ოდნავ შემსუბუქებული ნამუსით მაინც წავალ იმქვეყნად.
–ნათია, ძალიან ვწუხვარ, –ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი დეკამ. –უბედური შემთხვევები ხდება.... შენს ადგილას ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო...
–მაგრამ მე ვიყავი იქ, დეკა, მე დამტოვეს ორსულ ქალთან... წინას კინაღამ გადაყვა და მეორეზე ძალიან ვფრთხილობდით... ფრთხილობდნენ... არ ღირს, არ გინდა ჩემი დამშვიდება. ლაშას არასდროს არავისთვის არაფერი უთქვამს. ესეც ჩემი სასჯელი იყო თითქოს შვიდი წლის ბავშვისგან, რომელიც ღირსეულად მიხდიდა სამაგიეროს დედამისის გულისთვის. არ ვიცი, როგორ დადგა ასეთი... ადამიანებს ვერ გადააქვთ მარტივად მსგავსი ტრამვები. საერთოდ სხვანაირი გაიზარდა – ლაღი, ღიმილიანი, თბილი და მოსიყვარულე. რომ მთხოვოს, გული ამოიღე და მომეციო, იმაზეც კი არ ვეტყვი უარს, არათუ შენს მოვლაზე... მითუმეტეს, ისეთი რომ ვნახე გუშინწინ... ლამის შეშლილი მოვიდა სახლში. არასოდეს მინახავს ასეთი სასოწარკვეთილი და გაშმაგებული. მდინარემ შენი ფეხსაცმელი და დამხრჩვალი ცხენის ცხედარი რომ გამორიყა, ცოცხალი აღარ ეგონე არავის, საკუთარი ფეხით გაიარა ნაპირები, სად არ გეძება... გვიან მივაწვდინე ხმა, აქ ტელეფონი არ იჭერს და ფეხით ჩავედი შატილში. პირველად შემომხედა მადლიერებით სავსე თვალებით გუშინ. პირველად. ამაზე დიდი ხსნა ჩემთვის მარტო სიკვდილია, დეკა.
–ასე ნუ ლაპარაკობ, ნათია. –სწრაფად მოიწმინდა ცრემლები ცერცვაძემ. გაეღიმა მის რეაქციაზე ქალს.
–რთული გზა კი აირჩია ვინმეს შესაყვარებლად, მაგრამ იმ გზას ბოლომდე გაყვება. მე პირველივე დღეს მივხვდი, რომ მოეწონე.
–კარგი რა, –ისე ჩაიფრუტუნა დეკამ, თითქოს სიგიჟემდე არ ესიამოვნა ერთი ნახვით რომ ჩაუვარდა გულში არაბულს. –არ გესმოდა, როგორ მელაპარაკებოდა?
–მაგან ეგრე იცის იმათთან, ვინც უყვარს. გაგამწარებს, რომ მერე დატკბობა დაგჭირდეს.
*
მთელი დღე ელოდა და ღამის პირველი ნახევარიც. ათასჯერ დაარტყა წრე ალბათ ალის სახლს, შორიდან მომავალი მაინც რომ დაენახა რომელიმე მხრიდან, თუმცა დაღლის გარდა არავინ მისულა დეკასთან.
იმედგაცრუებული მიწვა საწოლზე ბოლოს. ფიქრობდა ნათიას ნაამბობზე, ყველაფერზე, რაც თავს გადახდა და პატარა, შვიდი წლის ლაშას რომ წარმოიდგენდა, როგორ ეხვეოდა სისხლში ამოსვრილ დედას მარტო, მტკივნეულად ეკუმშებოდა სხეულის ყველა უჯრედი, უეცრად პატარავდებოდა თვითონაც.
ღამის სამ საათს რომ გადაცილდა ალის სახლის საათის ტიკტიკა ისარი, დანებდა ლოდინს. არაფრით აძლევდა საკუთარ თავს საშინელებაზე ფიქრის უფლებას, რომ იქნებ იგორმა ყველაფერი გაიგო და სიცოცხლისთვის იბრძოდა ლაშა.
წარმოდგენაც არ უნდოდა, როგორ უნდა გაეძლო სხვა ქვეყანაში… კილომეტრებით და გრძელი ღამეებით დაშორებულს მისგან…
კარზე დააკაკუნეს ფრთხილად და არც განძრეულა ისე თქვა, შემოდიო. ნათია აკითხავდა ალბათ ისევ, დაიძინეო რომ ეთქვა მეათასედ. შუქი ჩაექრო საძინებელში და სიბნელეში გამოხვეული ცდილობდა თავის თავთან მარტო დარჩენას.
–დაგიძინია უკვე, სად მეპატიჟები… –ხმადაბლა გაისმა მისი ხმა ოთახში და ისე სწრაფად წამოხტა დეკა საწოლიდან, თითქოს თაგვი შეუძვრაო საბანში.
სიხარულისა და შვებისგან ისე სწრაფად შემოხვია მკლავები კისერზე, შუქის ანთება ძლივს მოასწრო არაბულმა.
რომ გაიაზრა, რასაც აკეთებდა, უკვე ზედმეტად მთვრალი იყო ლაშას სურნელით და სითბოთი, ამჯერად დარცხვენილს აღარ უნდოდა მოშორება მისგან, შერცხვენილი სახე რომ არ დაენახვებინა არაბულისთვის. ისიც ნებიერად იკრავდა ქალს და თმაში ცხვირჩარგული თითქოს სიცოცხლის საზრდოს იღებდა ყველა დატანჯული წამისთვის.
–ასე მოგენატრე? –ოდნავ მოშორდა, თვალებში რომ ჩაეხედა და ღიმილი ვერ შეიკავა სირცხვილს ბრაზიც რომ შეერია დეკას მწვანე თვალებში. –რა ბრაზიანი ხარ, მაშინებ ხანდახან…
–მეგონა რამე მოგივიდა! –აფართხალდა მისი მკლავებისგან რომ დაეხსნა თავი, თუმცა უფრო მეტად მიიკრა ლაშამ.
ცალი ხელი წელზე დაუტოვა, მეორით კი წითური თმა გადაუწია შუბლიდან.
–მეც მომენატრე.
მოჩვენებითმა ყინულმა სახეზე რომ აეფარებინა დეკას, გალღვობაც ვერ მოასწრო ისე აორთქლდა. მწარე ტკივილი და სიამოვნება ერთდროულად იგრძნო მკერდის არეში დეკამ. ვერც გაიაზრა ისე აუთრთოლდა ქვედა ტუჩი და მისი ემოციები ზედმეტად საჩინო რომ არ ყოფილიყო, გვერდზე გაიხედა.
–კარგად ვართ ყველა… –საწოლზე ჩამოსვა ქალი და მხრიდან გადავარდნილი ბრეტელი ისეთი უკმაყოფილო სახით შეუსწორა, აშკარად არ სურდა ამის გაკეთება. –იგორი გეძებს ყველგან… მეც ჩართული ვყავარ საქმეში, ამიტო დამაგვიანდა.
–თავს აჩვენებდი, რო მეძებდი?
–ხო, –გაეღიმა ლაშას. –ვერსად გიპოვე…
–ნუ ეთამაშები ასე იმ კაცს, ლაშა.
–როგორ მიყვარს სახელს რო მეძახი, იცი? –მხარზე აკოცა, იმდენად ფრთხილად, თითქოს კვალის დატოვება არ უნდაო.
–არ მინდა წასვლა…
–ეგ აღარ განიხილება, –მშვიდად მოუჭრა და ამჯერად მეორე კოცნა მიაკრა ყელთან ახლოს.
სისინით ჩაისუნთქა ჰაერი დეკამ. იგრძნო, როგორ დაეხორკლა კანი მთელს სხეულზე, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ცხელოდა კერტები ქვასავით გაუმაგრდა და მხოლოდ ბრმა თუ ვერ დაინახავდა თხელი აბრეშუმის კაბაში გამოკვეთილ ძუძუსთავებს.
–შენ რატო იღებ გადაწყვეტილებას ჩემ მაგივრად? –გაპროტესტება სცადა, თუმცა ორი სანტიმეტრით რომ დაიხია უკან ლაშამ, თვითონ მიუახლოვდა უსაშველოდ გაზრდილი მანძილი რომ შეემცირებინა.
–არ მეთანხმები? –მოგუდული, ვნებამორეული ხმით უთხრა და ორივე თეძოზე ხელის ერთი ჩავლებით გადაისვა კალთაში ზედმეტად მოშორებით მჯდომი ქალი.
საკუთარ სხეულქვეშ მისი ბარძაყების შეგრძნებამ უარესად აურია დეკას თავგზა. აბრეშუმის ღამის პერანგი მუხლსზემოთ ამოსწეოდა უკვე და იმაზე მიმზიდველად უმზეურებდა ფეხებს, ვიდრე თავად შეემჩნია ეს აქამდე. ოდნავ გადაწვა ლაშა საწოლზე და თან გაიყოლა მასზე მიკრული ქალიც.
–სანამ არ ჩაგეძინება, გავჩერდები. –უთხრა მოგუდული ხმით. მთელი სხეულით გრძნობდა დეკა მის აჩქარებულ გულისცემას და გახურებულ კანს უფრო არომატულად რომ აფრქვევდა სურნელს.
–ასე თუ უნდა მეფერო, არ დამეძინება.
თმებზე ტუჩებმიდებულს გაეცინა და თეძოდან მკლავამდე ააცურა მოუსვენარი თითები. ვერ მოითმინა და მაინც გადაუწია მკლავიდან წეღან ჩამოვარდნილი ბრეტელი, მკერდს რომ ნახევრად უშიშვლებდა და სადისტივით აწამებდა საკუთარ თავს იმის ყურებით, რასაც ისე ვერ შეეხებოდა, როგორც უნდოდა.
–შენ შემიწირავ, –უთხრა გაღიმებულმა, უდანაშაულო სახით რომ ახედა ქვემოდან დეკამ, –ყველაზე მაცდური ქალი ხარ.
–ბევრს შეხვედრიხარ? –დამტკბარი ხმით ჰკითხა და ეშმაკური ღიმილი ვერ შეიკავა საკუთარი მდგომარეობის გააზრებისას. ისე უნდოდა მისი შეხება ახლა, ჭკუიდან შეშლიდა ალბათ უმოქმედობა.
–შენნაირს არავის, –მახეში გაბმულივით გასცა პასუხი ლაშამაც და მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს თავისუფალი ხელი ნახევრადმოშიშვლებული მკერდისკენ რომ წააღებინა დეკამ. –ვიცი, რასაც მიკეთებ… გინდა მიმიჯაჭვო, რო მერე შენ ჭკუაზე მატარო, ხო?
სანამ ქალისგან პასუხს მიიღებდა, მანამ ჩააცურა გრძელი თითები პერანგში და მკერდისთავზე რამდენჯერმე გადაატარა წრიული მოძრაობით.
–ცდები, –ჩურჩულით გამოსძალა ტუჩებს სიტყვები, მისმა შეხებამ მთელს სხეულზე რომ წაუკიდეს ცეცხლი. პირდაპირი მნიშვნელობით გრძნობდა, როგორ უდუღდა მუცელში ყველა გრძნობა და კიდურები მოემჩვარა განცდილი სიამოვნებისგან.
–გინდა, რომ დავრჩე? –საუბარს და გამაწამებლად სასიამოვნო ფერებას არ წყვეტდა ლაშა, ისე ნაზად ეხებოდა უხეში ხელებით, რომ უარესად ახელებდა ისედაც თავდავიწყებისგან აკანკალებულ სხეულს. პასუხი რომ ვერ მიიღო, ოდნავ მოუჭირა თითები მკერდის თავზე და გახშირებული სუნთქვის შესაკავებლად ტუჩები მიადო ცეცხლწაკიდებულ თავზე. –გინდა?
–მინდა, –ვედრებას ჰგავდა დეკას თანხმობა. გაუაზრებლად დაასო ქვედა ტუჩებს კბილები კვნესა რომ შეეკავებინა. კისერი დაიგრძელა, გონისწასვლამდე ნასიამოვნები სახე მარტო თავად რომ არ ჰქონოდა და მოღერილ ყელზე მიაკერა სუნთქვას ამოყოლილი კოცნა.
–ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, –ოდნავ მოუჭიდა მკერდზე ხელი, სანამ მოშორდებოდა კიდევ ერთი მოსალოდნელი კოცნით შეშინებული, –თორემ ფიალა არც ისე ღრმაა, როგორიც შენ გგონია…
ძლივს მოშორდა დეკაც. დაძაბულობა ისე იზრდებოდა, აუცილებლად შეეწირებოდა რომელიმეს დაწვრილებულ ძაფზე გამოკიდებული თავშეკავება.
–შენი ნივთები ჩაალაგა თუთამ, –უთხრა კართან მისულმა, ზურგით მიეყრდნო კედელს.
–უკვე?
–ხო, ყველა გაფრთხილებულია, ყოველ ღამე გველოდებიან საზღვართან. ალიც მზად არის.
–ალიმ უნდა წამიყვანოს? შენ რჩები?
წარბები აზიდა ლაშამ და ტუჩის კუთხე ჩაუტყდა უნებურად მის შეკითხვაზე.
–ნახვამდის, დეკა.

უჩვეულოდ ცხელი იყო ღამე, როცა დეკა შატილს უნდა გამომშვიდობებოდა. ნათიამ სახელდახელოდ ჩაულაგა საგზალი. ხმა არ გაუღია მანამდე, სანამ პატარა ჩანთას თავი არ მოუკრეს. ერთმანეთის წინაშე იდგნენ ჩუმად და უსიტყვოდ, თითქოს გამომშვიდობებისაც კი ერიდებოდათ.
-ყველაფრისათვის დიდი მადლობა, ნათია. -გულწრფელი იყო დეკას სიტყვები, თუმცა თავს გაღიმება ვერაფრით დააძალა.
-არ გემშვიდობები მე, -თავის დამჭკნარ ხელში მოიქცია ახალგაზრდა გოგონას ნაზი თითები. ასეთი თვალსაჩინო არასდროს ყოფილა ის დეკასთვის უხილავი წლები, ნათიას რომ ეცხოვრა, -იქ არავინ დაგტოვებს.
-თავს გაუფრთხილდით. თუთასთან და მზიასთან მოკითხვას გაბარებ. თორღვაც მომიკითხე. ყველა მომიკითხე, ნათია. -ვეღარ მოითმინა და გადაეხვია, ცრემლები მოადგა თვალებზე.
ასეთი ემოციური მაშინაც კი არ ყოფილა, სახლიდან რომ გამოაპარეს. ახლა თითქოს მართლა თავისი ერთადერთი ოჯახიდან მიდიოდა და როგორც ზაფხულში ბებოს სოფლის სახლის დატოვება, ისე ეძნელებოდა უკანმოუხედავად ამ მხარიდან წასვლა. ქვეყნიდანაც. მაგრამ აქ უფრო მეტად იგრძნო სამშობლო, მასზე შეყვარებული ადამიანების გარემოცვაში, ვიდრე აქამდე თბილისში ცხოვრებისას.
ახლა თითქოს გადამწვარი სახლიდან გადაასახლეს და სახელმწიფომ ახალაშენებული ბინა აჩუქა ქალაქის გარეუბანში - თითქოს უკეთეს ადგილას, მაგრამ მისი სახლი მაინც არ იყო. ერევანში უსაფრთხოდ იქნებოდა, მაგრამ გული აქ თხოვდა დარჩენას.
წითური თმა საგულდაგულოდ დაუმალა ნათიამ შავ თავშალში. ყაბალახი წამოახურეს და ალისთან ერთად გავიდა სახლიდან მასთან ერთად ცხენზე ამხედრებული. ნათია კიდევ დიდხანს იდგა ჭიშკართან და მანამ უყურებდა წასულებს, სანამ მთებმა არ ჩაყლაპეს.
ცხენით იარეს დათვრისჯვრის უღელტეხილამდე. ბნელოდა და არცერთი იღებდა ხმას. მხოლოდ ცხენის ფლოქვების მონოტონური თქარუნი არღვევდა მძინარე ხეობის სიმშვიდეს.
ერთადერთი, რაც გულს უმშვიდებდა ის იყო, რომ იცოდა დათვისჯვრიდან ლაშას გადააბარებდა ალი, რომ სანამ საზღვარს გადაატარებდა და სხვა ქვეყანაში გადამალავდა, მის გვერდით მაინც მოასწრებდა ყოფნას.
–მადლობა უნდა გითხრა, დეკა, –ხმადაბლა თქვა ალიმ. დეკა იმდენად ახლოს იყო მასთან, სუნთქვაც კი ესმოდა, არათუ ჩურჩული.
–რისთვის, ალი? –ბურტყუნით ჰკითხა მანაც. ამ ტყე-ღრეში მტაცებლების მეტი მაინც ვერავინ გაიგებდა მათ ლაპარაკს, მაგრამ ვერცერთი ბედავდა მეორისათვის ხმამაღლა ეთქვა სიტყვა. თითქოს იმდენად შორეულები იყვნენ, ლაპარაკიც კი ეკრძალებოდათ.
–შენ რომ არა, მამიდაშვილი არც მოიხედავდა ალბათ ჩვენკენ. ლაშას არ უყვარს ჩვენი სოფელი. და ჩვენ, ზოგადად. არადა, მამამისია დამნაშავე ყველაფერში, რაც მოხდა. ამის აღიარება ყოველთვის უჭირდა. შენი თავი რომ ჩამაბარა იმ ღამეს, ვიფიქრე, ის ქალი ან ძალიან ძვირფასი უნდა იყოს ან სულ არ უნდა ედარდებოდეს, იმ მხარეში რომ გადახვეწოს, საითაც თვითონ სულ არ იხედება–მეთქი. რომ დაგინახე მივხვდი, ძვირფასი იქნებოდი უეჭველად და გამიხარდა, პირველად გამოიხედა ჩვენკენ, პირველად დავჭირდი–მეთქი. ბოროტულად გამიხარდა კიდეც, ყველაფერი ასე რომ აეწყო. მე მასთან არ მივდიოდი შატილში, ის აქ არ მოდიოდა – ჩვენებთან, თითქოს არც ვარსებობდით ერთმანეთისთვის, მაგრამ გურამი აიძულებდა დაბადების დღეებზე დავეპატიჟებინე, სანამ უჯერებდა. მეც ვპატიჟებდი, მაგრამ არ მოდიოდა. ჩემი ძმა ხარ–მეთქი, რომ ვუთხარი ერთხელ, ისე გამიბრაზდა, ფიქრისაც კი მეშინოდა მასზე კარგა ხანს. შენ რომ არა, არც მოვიდოდა ჩემს სახლში და არც ხელს ჩამომართმევდა. ძალიან უნდა ადარდებდე, ასე რომ გიცავდეს. მიკვირს კიდეც, მამამისის შვილი ასეთი რომაა.
ჩუმად უსმენდა დეკა და აგუგუნებული გულისცემა ყურებში რომ გაჯდომოდა, ნორმალურად აზროვნების საშუალებასაც ართმევდა. იმდენად გულწრფელად ჟღერდა ალის სიტყვები, ეჭვის შეტანა მოერიდა.
–რას გულისხმობ? მამამისი ცუდი კაცი იყო? –ფრთხილად ჰკითხა. ალბათ, ამ საკითხის გარკვევა ლაშასთან აჯობებდა სხვა დროს, მაგრამ ინტერესმა წასძლია.
–არ იყო ცუდი კაცი, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ქალის მოტაცება არც ჩვენებს უკვირთ, მაგრამ რაც გოჩამ გააკეთა არაკაცობაა. გოგოს რომ იტაცებ, მისი მოფრთხილებაც უნდა შეგეძლოს. დანარჩენი ჩემი სათქმელი არ არის, თან მოვედით უკვე.
სვლა შეანელა ალიმ, მერე ჩამოქვეითდა და ფეხით გაუძღვა თავის ცხენს. ახლოს იყვნენ. დაიანახა გზის პირას იდგა მანქანას მიყდრნობილი და ტუჩებთან წითელი წერტილი უელავდა. რომ მიუახლოვდა, შეამჩნია როგორ გააფრქვია პირიდან შავი ღრუბელივით შესქელებული სიგარეტის კვამლი და მისკენ გადმოდგა ნაბიჯი.
ისე ღელავდა, თითქოს პირველად უნდა ენახა დეკას მისი სახე. ცხენთან მივიდა და ორივე ხელი გაუწოდა ლაშამ, უნაგირიდან რომ ჩამოესვა. მისუსტებული მკლავებით მხრებზე დაეყრდნო ქალი, მიწაზე ფეხის დადგმამდე მაინც რომ მოესწრო შეხება და სწრაფად მოსცილდა.
–მადლობა, ალი. –უთხრა დეკამ.
უთქმელი ცოდვასავით მდუმარე იყო ალის გამომშვიდობება და მისი გასტუმრება. მანქანაშიც ისე ჩასხდნენ, არც შეუხედავთ ერთმანეთისთვის.
დეკას ეგონა, ლაშა თუ გაყვებოდა საზღვრამდე მაინც, დაძაბულობა შეუმსუბუქდებოდა და ისე აღარ შეეშინდებოდა ბურუსში გახვეული მომავლის. მაგრამ ახლა განშორების წამი თითქოს მთელი მგზავრობა უნდა გაგრძელებულიყო და იმდენად ასტკივდა შიგნით რაღაც ისეთი, არცერთი ორგანოს ტკივილს რომ არ ჰგავდა, სუნთქვა შეეკრა. მანქანა დაძრა ლაშამ.
–რაო ალიმ?
–მადლობაო.
გაკვირვებით გადმოხედა ლაშამ, არ ელოდა ამგვარ პასუხს, საერთოდ არ ელოდა მის კითხვაზე პასუხს, იმდენად გაუაზრებლად ჰკითხა.
–შენ რომ არა, ლაშა ჩემკენ არასდროს გამოიხედავდაო.
გზას გაუსწორა თვალი ლაშამ. თითქოს იმდენად მართალი იყო ალი, თავის მართლებასაც კი არ ჰქონდა აზრი.
–არ ჩანს ცუდი ადამიანი.
–არც არის. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს ახლო ურთიერთობა. რთული ამბავია. –მოკლედ მოუჭრა არაბულმა, მერე სწრაფად შეცვალა თემა, –თუთას ენატრები.
–მეც მენატრება. ყველა. ასე ძალიან თბილისში დარჩენა არ მდომებია, შატილში რომ გავექეცი იგორს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირველად მივდივარ სახლიდან და ყველას უკან ვტოვებ, ვინც მიყვარს.
–მამაშენმა არ იცის,- ხმადაბლა თქვა ლაშამ. მოგუდული ხმა ჰქონდა და აშკარად აიძულებდა საკუთარ თავს ლაპარაკს. –ვერ ვეტყვი. ვერ ვენდობი. მაპატიე. მესმის, მამაშენია, მაგრამ ვერ ვენდობი.
–არ მწყინს. –ნესტოები აუწვა დეკას სირცხვილის გრძნობამ. მამის ნდობაც კი არ შეეძლო და ამას ახალი გაცნობილი ადამიანიც კი ხვდებოდა, რომელიც ახლა მის გვერდით იჯდა და ყველაფერს რისკავდა მისი უსაფრთხოებისთვის. –ალბათ გიკვირს, რა ოჯახი მყავს ასეთი… დედა და ძმა რომ ფულზე გყიდის, მამა ვერ გიცავს.
–არ გინახავს სარეველაში გამორეული ლამაზი ყვავილი? -ისე გაუღიმა ლაშამ, როგორც იცოდა ხოლმე. დეკამ წამიერად იგრძნო შვება. დაძაბული დღეების შემდეგ არც კი ეგონა ლაშას ძველებურად გაღიმება თუ შეეძლო.
–დედაჩემი რუსია, -დამნაშავესავით დახარა თავი, თითქოს აღსარებას ამბობდა, ისეთი ხმა ჰქონდა, –უცნაური მიზეზია არა რუსების სიძულვილისთვის, როცა დედაც ერთ-ერთი მათგანია?! საკუთარ არსებობაში მაგ ნაწილზე მეტად არაფერი მეზიზღება, რომ იმ ხალხის ბინძური სისხლი მირევია, იცი? სულ ვაკვირდები ჩემს თავს, მეშინია, რამე ისეთი არ გავაკეთო, ან არ ვთქვა რაც რუსთან უფრო მიმამსგავსებს. ვიცი, სიგიჟეა. სკოლაში ყველაფერს კარგად ვსწავლობდი და რუსულის მასწავლებელი ამის ხათრით მიწერდა ნიშანს. დედაჩემი იქეთ ალაპარაკდა ქართულად, მე რომ ვერ მომაქცია თავის ენაზე. მერე გალოთდა და სულ ერთი გახდა, რას იტყოდა. მამაჩემიც აჰყვა. სოსო ხელიდან წავიდა, მე - სახლიდან. ბებიაჩემთან ვცხოვრობდი, სანამ არ გარდაიცვალა. მისი გაზრდილი ვარ და ეს ცოტა მიმშვიდებს გულს, რომ რამე საშინელ თვისებას ვერ გამოვავლენ, იმიტომ რომ ნინომ გამზარდა და არა სვეტამ. არ ვიცი, როგორ იყო ასეთი უსიყვარულო და გულგრილი… არასდროს ესწრებოდა ჩემი სკოლის კონცერტებს, არც მშობელთა კრებას, არც ექსკურსიებზე დამყვებოდა თავიდან, მერე უკვე ყველაფრის ფულს ისედაც სასმელში ხარჯავდა და ჩვენ მაგრად ვეკიდეთ. ვერ ვიტან სექსისტურ კომენტარებს, მაგრამ ოჯახს ან ქალი დააქცევს ან ქალი ააშენებს. არც მალხაზი ყოფილა ცუდი კაცი. მისი არსიყვარული არ შემიძლია, ისე როგორც დედაჩემის. ალბათ იმიტომ რომ მისი შებრალებისთვის მიზეზი მაქვს, სვეტა კი უმიზეზოდ გულცივი და შეუგნებელი იყო ყოველთვის. დამპალი ვაშლის პრინციპი ხო იცი… ერთ ახალ ვაშლს თუ დამპალი ვაშლებით სავსე კალათში ჩადებ, ისიც დაიწყებს ლპობას. აი, ეგ მაშინებდა ყოველთვის, რომ იქნებ ვერ გავექეცი იმ სიდამპლეს, ოჯახში რო მქონდა. სადაც ფეხი დავდგი, არაფერმა გაიხარა. მერე იგორი გამოჩნდა და აქეთ გამოვიქეცი, ახლა აქედანაც გავრბივარ. და ის სიდამპლე ყველგან მომყვება, სადაც არ უნდა წავიდე. შენ საერთოდ არ ხარ ვალდებული...
–არ გინდა, რა.
–არა, დამამთავრებინე, –მისკენ მიტრიალდა დეკა, იცოდა, რომ მთელი ყურადღებით უსმენდა ლაშა, მაგრამ მაინც ისეთი დაჟინებით მისჩერებოდა გზას მის პირდაპირ, ლამის მზერით საქარე მინა გაებზაროს. –შენ არ ხარ ვალდებული, ვიცი. იცოდე, თუ ამას მარტო ჩემთვის აკეთებ, თავისუფლების ნაცვლად მარტო დამამძიმებს ეს ტვირთი. მირჩევნია, აქ დავრჩე, თბილისში და პოლიციაში მივიდე კიდევ ერთხელ, ვიდრე შენ ჩაგაგდო საფრთხეში, ან შენი ოჯახი...
–ამას მარტო შენთვისაც გავაკეთებდი, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, –მანქანა გადააყენა და მისკენ მობრუნდა. ბრაზისა და გაურკვეველი ემოციებისგან თვალები ჩაწითლებოდა, –შენც გააკეთებდი და ეჭვი მაქვს, ნებისმიერისთვის იზამდი იგივეს, თუნდაც სრულიად უცნობისთვის. პოლიცია კორუმპირებული გამოსირებულების ერთი დიდი სანაგვეა, თუ მართლა მაგათი იმედი გაქვს, ვიფიქრებ, რომ სულელი ხარ. იგორთან მაქვს საქმე, რომელიც უნდა დავასრულო.
–რა საქმე? –თვალი მოარიდა ლაშამ და ფანჯარა ჩამოსწია. გათენებას იწყებდა. –მითხარი.
–ჩემამდე მამაჩემი იყო მაგისი საზღვრის კაცი. –სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან. აქედან ვერც კი შენიშნა დეკამ, რომ ეწეოდა. –ოფიციალურად არანაირი მსგავსი წოდება არ არსებობს, მაგრამ ნუ... მამაჩემმა გზები და საზღვრები კარგად იცოდა, აქაური იყო და საკუთარ თავს არ იცნობდა ისე კარგად, როგორც იმ მთებს. 50-იანებში ბოლშევიკებმა ხევსურები მასიურად გადაასახლეს ბარში, მაგრამ ჩვენი ოჯახი და კიდევ რამდენიმე დარჩა აქ. იგორი მაშინ ახალგაზრდა ნაძირალა იყო, ვირთხა, რომელიც ყველა ხვრელში გაძვრება. ლარსით ისეთი მარტივი არაა შავი საქმეების გაპარება, როგორც აქეთ, კლდე–ღრეში. მთელს კავკასიონს მეტასტაზასავით მოედო, არც სვანები მოასვენა, არც ხევსურები. შეუჩნდა მამაჩემს, ფულს ათეთრებდა, რა არ გაჰქონდა და გადმოჰქონდა. ორჯერ უთხრა უარი გოჩამ, მესამედ შემოაკვდა.
ენა გადაეყლაპა თითქოს დეკას, პირში ვერაფრით მოაბრუნა ორი დამამშვიდებელი სიტყვა მაინც რომ ეთქვა. იგორის სახელთან დაკავშირებული უარესი საშინელებებიც გაუგია აქამდე, მაგრამ როცა ასეთი ახლო, თითქმის ხელშესახები აღმოჩნდა დავიდოვის ცივსისხლიანობა, სული გაეყინა.
–კი მაგრამ... –ამოთქვა ბოლოს, –როგორ ვერავინ გაიგო? თქვენში ხომ სისხლის აღება იციან, აქამდე როგორ... გადარჩა.
–გურამს არავისთვის უთქვამს. ვფიქრობ, ჩვენ შევეცოდეთ. ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლი და გაჩუმდა, თორღვა პატარა იყო მაშინ, თუთაც... ოჯახი ჰყავდა, იგორის მოკვლა უარეს საფრთხეში ჩაგვყრიდა მაშინ, რუსის სისხლს ვერ გამოეკიდა და გულის სიღრმეში მიხარია კიდეც ასე რომ მოხდა.
ხმა არ ამოუღია დეკას. შეეშინდა იმ წამიერი გაფიქრების, ლაშამ რომ არც კი გააჟღერა.
რთული მისახვედრი არ იყო, რა ნიაღვარიც ტრიალებდა მის გულსა და გონებაში იმ წამს.
–ახლა? –ხმა ჩაიწმინდა ქალმა, –ახლა არ ჩაყრი შენს ოჯახს უარეს საფრთხეში?
–ისედაც საფრთხეში ვართ ყველა. ყველაფერს ვერ მოითმენ, რაღაცებს არ მოითმენ. იმ სირმა ჩვენს მხარეში რომ შემოაბიჯა მამაჩემის ამბის მერე, ამაზე დიდი დამცირება არ არსებობს აქაური კაცისთვის. ერთხელ შერჩა და რა? მეორედ აღარ იზამს? –სიმწრისგან ჩაეცინა ხევსურს, ისე იხედებოდა, შეეშინდა კიდეც დეკას მისი. –შენ წახვალ, თუთას ალისთან დავტოვებ, გურამი თავის ოჯახს მიხედავს, იგორის კი მაგრად დაენძრევა.
–რას ლაპარაკობ? გაგიჟდი შენ? –ღვედი შეიხსნა დეკამ, უფრო გადაიწია მისკენ, თითქოს ახლოდან უნდა ჩაეხედა თვალებში და ტვინიდან ამოეკითხა, რომ რაც თქვა, არ გულისხმობდა. –გურამი მარტო დაგანებებს, გგონია? იცი, იგორს რა ღრმად აქვს გადგმული ფესვები? ერთი ადამიანის ძალა არ ეყოფა მაგის ამოთხრას, გაიგე? სახელმწიფო საქმეც რომ იყოს, არაა გამორიცხული. ისე გაგაქრობენ, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ. არსადაც აღარ მოვდივარ, გახსენი მანქანა.
–გვიანია უკვე, –დეკას სიფიცხეზე გაეცინა მხოლოდ არაბულს, მოჭუტული თვალებით უმზერდა გვერდულად, თითქოს ცდილობდა ქალის შემდეგი ქმედება ეწინასწარმეტყველა. მერე ძრავი ჩართო, –შეიკარი ღვედი და ნუ ხვანცალებ.
–დაგიჯერებ, როგორ არა! სასაცილოდაც არ მყოფნის შენი იდიოტური შემართება, მარტო და ტიტველი ხელებით შეებრძოლო ფულში მოცურავე რუსს.
–არ ვარ მარტო, დეკა. –თვითონ გადაიწია მისკენ ღვედის შესაკრავად და ისე წამიერად მიეკრა ქალი სავარძლის ზურგს, აჩქარებული გულისცემა მთელს მანქანაში გაისმა. ისე დაუფარავად გაეღიმა, როგორც სჩვეოდა.
–არ წავალ! –ისევ შეიხსნა ღვედი, როცა ლაშა თავის ადგილას გადაჯდა და მანქანის დაძვრა დააპირა. –სომხეთში როგორც კი გადავალ, ვიტყვი, რომ მომიტაცეს და იქ უკანონოდ ვარ, უკან დამაბრუნებენ და მე იმ შენს შატილში ამოგაკითხავ, რომ თავი გაგიტეხო ასეთი სიჯიუტისთვის.
–ის სამყურები გამოგადგება, –თავისი საჩუქარი შეახსენა ეშმაკური ღიმილით. გულთან ახლოსაც კი არ გაატარა ქალის მუქარა, რომელიც სულაც არ იყო ბრაზისგან წამოსროლილი.
–შენ მე არ მიცნობ, –დაუსისინა ხმადაბლა, –არ იცი, რისი გაკეთება შემიძლია. არანაირ სომხეთში არ წავალ შენ თუ აქ გაგიჟებას აპირებ, გაიგე? ალისთან დამაბრუნე. ახლოს მაინც ვიქნები.
–არ განიხილება. –თავშალისკენ წაიღო ხელი და შუბლზე გაკრული კვანძი გაუხსნა ხევსურმა. ახლადგადახსნილი ჭრილობიდან გამოვარდნილი სისხლივით დასცვივდა წითელი თმა მხრებზე დეკას, –თან რად გინდა ჩემთან ახლოს ყოფნა?
–ხელებს ნუ მიფათურებ, –გამწარებულმა გამოგლიჯა ნათიას ნაქონი თავშალი და ძლივს-ძლივობით წაიკრა თავზე.
–რა ვიცი, წინაზე შენ თვითონ...
–უკან დამაბრუნე! –მუქარის ვარსკვლავებმა გაუელვა დეკას თვალებში, ბრაზისგან ლოყები წამოწითლებოდა და მოცუცქნულ ძველებურ მანქანაში ვეღარ ეტეოდა მძვინვარებისაგან.
–სისხლი მოგდის, ნუ ბრაზდები ეგრე ძალიან...
უცებ მიიტანა ცხვირთან ხელები დეკამ. თბილი და ბლანტი სითხე გადმოეღვარა ბალიშებზე და სასოწარკვეთილი თვალებით ახედა ლაშას.
–ნუ გეშინია, სისხლია უბრალოდ, –თვითონ მოსწმინდა სახიდან და თითებიდან სისხლი ხევსურმა, –რანაირი ექიმი ხარ...
–ლაშა, არაა კარგის ნიშანი. –გაუბედავად გაუმხილა თავისი შიშები და ირგვლივ მიმოიხედა.
–კარგი რა, არ დაიწყო ახლა შენც იმათსავით, –გაეცინა და ნიკაპში თითები ამოსდო თვალებში რომ ჩაეხედა, –ექიმთან უნდა მიხვიდე, ცუდ ნიშნებზე კი არ უნდა ფიქრობდე ასეთ დროს.
–არაა სასაცილო! დაძარი მანქანა და ავბრუნდეთ აქედან. დროზე!
–არსად არ ვბრუნდებით–მეთქი.
მის სიჯიუტეს დეკას ჯიქურ შეწინააღმდეგება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ უკნიდან მომდგარმა მანქანის ფარებმა არემარე ისე გამოანათა, თითქოს ყველას ცოდვა გამოიტანაო სააშკარაოზე.
–არ გადმოხვიდე! –მკაცრი გამომეტყველება სახეზე შეეყინა ლაშას. –ხო გაიგე?
თავი დაუქნია დეკამ მხოლოდ. პირობას ხმამაღლა ვერ დადებდა, თუ ერთხელ მაინც გაიფიქრებდა, რომ არ შეასრულებდა.
–სოფელში დარეკვა სცადე. –უთხრა გადასვლამდე და მანქანის კარი ფრხილად მიხურა.
არ იჭერდა. თუთას გარდა არც არავის ნომერი ჰქონდა, რომ დაერეკა. პოლიციაც სცადა, მაგრამ არაფერი. სავარძლიდან ფრთხილად მიტრიალდა.
მანქანის ფარების შუქზე ხედავდა, როგორ იდგა ხევსური ორი უცხო კაცის წინაშე. იმის გააზრებამ, რომ არც ერთი მათგანი იგორი არ ყოფილა, ოდნავ დაამშვიდა დეკა. ლაშა არ იძროდა, მაგრამ კისერზე დაჭიმული კუნთებითა და მხრებით ხვდებოდა, რომ ლაპარაკობდა. იმდენად ხმადაბალი იყო მათი დიალოგი, საკუთარ აგუგუნებულ გულისცემაში ფაქტობრივად არაფერი ესმოდა დეკას.
მოულოდნელად ლაშას მოქნეული ხელი ხმაურიანად დაესვენა ერთ-ერთის მარცხენა ლოყაზე. მეორემ რუსულად შეიგინა და სანამ იარაღის ამოღებას მოასწრებდა, მანამ მოხვდა ფერდში. ხმამაღალი კივილი რომ არ დასცდენოდა, პირზე აიფარა ორივე ხელი და მანქანისკენ გამობრუნებულ არაბულს სასოწარკვეთილი თვალებით გახედა.
ისიც ისე უყურებდა, თითქოს გალიიდან გამოშვებული არწივი ყოფილიყოს. მერე მოსულების მანქანისკენ დაიძრა, როგორც ჩანს, გასაღები ამოიღო და შორს მოისროლა. სამ ნაბიჯში დაფარა დეკამდე მანძილი და მანქანაში ჩაჯდა.
სანამ რამის კითხვას მოასწრებდა ცერცვაძე, უკვე უკან, შატილისკენ მიმავალ გზაზე მიჯაყჯაყებდა მათი მანქანა.
მთებს ლურჯი ღრუბლები სიზმრებივით შემოეცალათ. თენდებოდა დათვისჯვრის თავზე.
-თეთრი კაბა გაქვს? -ჰკითხა, როცა შორიდან გამოჩნდა შუღლწაუგებელი შატილი.


*********************
აბა, რას ფიქრობთ?
მეორე ნაწილიც იწერება, რომლითაც დასრულდება ეს ისტორია, მანამდე ვერ მოვითმინე რომ არ გამეზიარებინა და თქვენი აზრი გამეგო:)))
ბევრი პარალელია ხევსურეთის ისტორიიდან, სიმბოლიზმი და ა.შ, რაც მეორე ნაწილში გაირკვევა. მანამდე კი მოვისმენ თქვენს შეფასებებს <3



№1  offline წევრი Lizard84

ბლოგის ლინკი რომ ჩამიგდოთ შეგიძლიათ? heart_eyes relaxed

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგი ისტორიაა, უმაგრესია. ველით გაგრძელებას

ბლოგის ლინკი დაწერეთ გთხოოვთ

 


№3 სტუმარი სტუმარი ლუსი

ძალიან კარგი იყო.მალე დადე შემდეგი ნაწილი

ბლოგის ლინკიი დადეე

 


№4  offline წევრი gaomao

მეც მინდა ბლოგის ლინკი :)

 


№5 სტუმარი ნია

მალე დადეთ გაგრძელება გთხოოვთ

ლინკი მეც მინდა

 


№6 სტუმარი One

Saocreba iyo❤️ Vgijdebi tqvens nichierebaze))
Moutmenlad veli meore tavs))

 


№7  offline ახალბედა მწერალი nestandarejan

ბლოგზე და საიტზე ყველაფერს ერთნაირად ვდებ, ერთსა და იმავე დროს:) ვისაც მაინც გაინტერესებთ შეგიძლიათ მეგობრებში დამამატოთ და იპოვით ჩემ ბლოგსაც.
დააკლიკეთ აქ -->
ჩემი ბლოგი
მადლობა, ვინც წაიკითხეთ. 70 გვერდია ამ ნაწილში, შემდეგი მალე ვერ იქნება ფიზიკურად:) თუმცა ბევრს არ გალოდინებთ, რადგან ვწერ უკვე დასასრულს

 


№8 სტუმარი სტუმარი კატო

მადლობა ასეთი გამართული, შინაარსიანი და სასიამოვნო ამბისთვის.
არ ვართ განებივრებული.
გელოდებით <3

 


№9 სტუმარი ნანამია

უუუუჰჰჰ...ავფეთქდი... ამოვისუნთქე... კითხვა რომ დავიწყე ვეღარ გავჩერდი... მადლობა ბევრი ემოციისთვის...მე როგორც ვიცი ის წესები რაზეც შენ წერ ჯერ კიდევ შემორჩენილია საქართველოს მაგ მხარეს... ყველაფერი ძალიან საინტერესოდ იკითხება..."სულმოუთქმელად" ველოდები შემდეგ ნაწილს...დიიიიდიიი მადლობა ააა... საუკეთესო ხარ!!!

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინა

მოვიხიბლე არაჩვეულებრივია. მალე დადეთ გაგრძელება ჩემო კარგო. გელოდებით

 


№11  offline წევრი აბლაბუდა

არაჩვეულებრივი, გამართული და კარგად წასაკითი რომანია. იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება დასასრულს :))

 


№12 სტუმარი სტუმარი ელენე

საოცარი ისტორიაა. მოვიხიბლე, მალე დადეთ გაგრძელება

 


№13 სტუმარი kati

ძალიან საინტერესო და გამართული ნაწერია.ველოდები გაგრძელებას.წარმატებები.

 


№14 სტუმარი ნია

მაგარი ისტორიაა. ველით გაჰრძელებას

 


№15 სტუმარი Tamo

საუკეთესოაა <3 ველი დასასრულს

 


№16  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

გავგიჟდი!
ყველა სიტყვა, ყველა წინადადება თავის ადგილასაა.. აი, რატომაც მიყვარს შენი ისტორიები.

თამთას და თორღვას ველოდები. თუთაც არა მგონია ისე დარჩეს ❤️

 


№17 სტუმარი სტუმარი დიანა

ეს რა არის? გული რატომ ამიფორიაქეთ?! მეორე ისტორია ამ საიტზე რომელმაც ღამე გამათენებინა… პირველი ისტორია სამწუხაროდ იქ გაწყვიტა მწერალმა, სადაც ყველაზე საინტერესო იყო :( აგერ უკვე ერთი წელია ველი უშედეგოგთ… ჰოდა ძებნაში აღმოგაჩინეეეეეთ, არ გაჩერდეთ! ყოჩაღთ და დასასრულს ველი მთელი არსებით ????????❤️ მადლობა თქვენ ????????

 


№18 სტუმარი სტუმარი მარიამი

დამათენდა, ისეთი ემოციური და სასწაული იყო არ მინდა დასრულებულიყო. ავფორიაქდი ვიტირე და გულიც ამოვარდნაზე მქონდა. მადლობა თქვენ❤️ როგორ ველოდებოდი ამ წუთიდან უკვე მეორე ნაწილს.

 


№19 სტუმარი სტუმარი ნინო

ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი. შესანიშნავი. არაფერი გადამეტწბული და გადაპრანჭული. ველოდები სულმოუთქმელად შემდეგ ნაწილს. იმედია ეს ცხირიდან სისხლი არ იქნება ცუდის ნიშანი❤️

 


№20  offline წევრი Anna nia

ძალიანნ მომეწონა,ველოდები შემდეგ ნაწილს.❤️

 


№21  offline ახალბედა მწერალი nestandarejan

დიდი, დიდი მადლობა ყველას!♥ ვეცდები დასასრულმა ყველას გაგიმართლოთ იმედები♥

 


№22 სტუმარი სტუმარი მერი

ისე გულით ვკითხულობდი სამსახურში რომ მაღლიდან ხარვეზი ჩამომივიდა ტელეფონის ხშირი გამოყენებისთვის????????სამაგიეროდ სანამ არ დავასრულე თავი ვერ დავანებიე .უმაგრესია და ველოდები სასწრაფოდ ახალ თავს????????

 


№23  offline წევრი Anna nia

აუ,ახალი ნაწილი როდის დაიდება❤️ველოდებიიი მოუთმენლად

 


№24 სტუმარი Ana-maria

როგორც ყოველთვის,ძალიან კარგი,საინტერესო და ემოციებით დატვირთული ისტორიაა. მიყვარს თქვენი ისტორიების გმირები. მუდამ ცეცხლი გიზგიზებს მათ შორის. წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ❤❤❤❤❤

 


№25 სტუმარი სტუმარი თამო

აი ძალიან მაგარი ისტორია რომ კითხულობ და არ გინდა რომ დამთავრდეს.საოცარი წყვილებით და ურთიერთობებით.ლაშაზე ვგიჟდები მის ფლირტზე ხომ საერთოდ ისე უხდებიან ეს ორი ერთმანეთს ისე ავსებენ.საოცარი წყვილია.ასევე თორღვა და თამთა საინტერესეო ურთიერთობა ექნებატ მატ ვფიქრობ.თუთას ამბავიც საინტერესოა და საერთოდ მეორე ნაწილს მოუთმენლად ველი

 


№26 სტუმარი სტუმარი ნათია

მოუთმენლად ველოდები მეორე ნაწილს , ძალიან კარგად წერ ,ყველა შენი ისტორია ერთი ამოსუნთქვით იკითხება,გინდა რომ არ დამთავრდეს.

 


№27 სტუმარი სტუმარი gvantsa

მიხარია რომ კარგად წერ, სამწუხაროდ ძაან იშვიათი გახდა ამ საიტზე კარგი ისტორიის წაკითხვა,მადლობა რომ სასიამოვნო მოლოდინს გვიტოვებ,დარწმუნებული ვარ მეორე ნაწილიც ესეთივე კარგი იქნება.

 


№28 სტუმარი სტუმარი ნანა

დასასრულს როდის დადებთ. გელოდებით. დიდი პატივისცემით

 


№29 სტუმარი სტუმარი მარიამო

ძალიან მიყვარს შენი ისტორიები :* როდის დადებ დასარულს? ერთი სული მაქვს წავიკითხო

 


№30 სტუმარი სტუმარი თამთა

მიყვარს, მიყვარს,მიყვარს ყველა და ყველაფერი ამ ისტორიის ❤️❤️❤️ ერთი ამოსუნთქვით იკითხება სულმოუთქმელად ველოდები გაგრძელებას და იმედია მალე იქნება, დაგელოცოს მარჯვენა უნაკლო ნაშრომია მიხარია რომ აღმოგაჩინეთ ❤️❤️❤️

საოცარი ისტორიაა, აღფრთოვანებული ვარ და ძალიან ბედნიერი რომ წავიკითხე. იცი როგორ წავიკითხე?გემრიელი შოკოლადი რომ გაქვს და პატარ პატარა ლუკმებად ჭამ მალე არ დაგელიოს ისე, კითხვის დაწყებამდე კომენტარებს გადავავლე თვალი წარმოდგენა რომ შემქმნოდა ღირდა თუ არა,საოცრად დავინტერესდი. ისიც ვიცოდი სადღაც შეწყდებოდა და მეორე ნაწილამდე ცდა რადგან მიწევდა ნელნელა, გაზომილად ვიკითხე რომ დიდხანს გაგრძელებულიყო ეს სასიამოვნო პროცესი მადლობა ამ ემოციების განცდის საშუალება რომ მომეცი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent