აბეშთაშენი - 8050
ეძღვნება გიორგი მუჩიაშვილს, რომელიც 2015 წელს ტობა-ვარჩხილის ტბაზე უკვალოდ გაუჩინარდა. როდესაც ტობას მთის კანიონში ჩავძვერით და მიწისქვეშა მდინარე მთლიანად გავიარეთ, გზამკვლევს ვკითხე, საკმაოდ რთული მარშუტია და აქაურობა როგორ იპოვე მეთქი. იქვე, ნესტიან ქვაზე ჩამოვჯექი და გამოქვაბულის შესაზარ სიბნელეს გავხედე, საითაც გეზი გვქონდა აღებული. - სამძებრო სამუშაოების დროს. - ფანარი თავზე მიიმაგრა და ქოშინით განაგრძო - რამდენიმე წლის წინ მოლაშქრე დაიკარგა და მხოლოდ ერთადერთი ვარიანტიღა რჩებოდა, რომ ის, რომელიმე ნაპრალიდან კანიონებს შორის ამ მდინარეში მოხვდა. გულარისამ მალევე იკითხა, თუ როგორ დამთავრდა სამძებრო სამუშაოები, პასუხი კი მეტად სავარაუდო იყო. - კვალს ვერ მივაგენით. და ახლა კი, ხომ ცხადია, თუ რატომაც. ტობა ანომალიაა ჩემო კარგო ხალხო. ეგ კი არა, თქვენთვის და ზოგადად ქვეყნისთვის არც ისეთი ცნობილი ისტორიკოსისგან, გოგოთურ ჭოიალურისგან პირადად მსმენია, რომ აქაურობას ხშირად სტუმრობდა ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად. ხო, ახლა ცხადია, რატომაც. როცა დინარას ვკითხე, სჯეროდა თუ არა ჩვენი მისიის, ასეთი პასუხი დამიბრუნა, აბა, გიჟი კი არ ვარ, ხუთი ათას ხუთას ლარს არაფერში ვიხდიდეო. მართლაც როგორი მომხიბვლელია, ხუთი ათას ხუთასი ლარი დროში სამოგზაუროდ. არანაირი კოსმოსური ჰომალდები, ჭიის ხვრელები, ან კიდევ სხვა რომელიმე ასტრონომიული, ჭკვიანი და თან გიჟური მოვლენა. უბრალოდ ადიხარ ტობას მთაზე და მიწისქვეშა ტბის გავლით თავს უკან, ძალიან უკან ყოფ. დუტუს ამბავი გასაგებია, ეს ჩვენი გზამკვლევი სულ რომ თაღლითი იყოს და მიგვყაროს სადმე გამოქვაბულში, რომ იქიდან გამოსვლა ვეღარასდროს მოვახერხოთ, ის მაინც კმაყოფილი დარჩებოდა. ბავშვობიდან ასეთი კაცი იყო, ფათერაკებს და თავგადასავლებს მიწიდან ამოთხრიდა. აი თანდილას და თაყას კი ვერაფერი გავუგე. ძალიან ჩუმი ხალხია, ჩუმადაც ძმაკაცობდნენ. გულარისავით და დინარასავით არ იყვნენ, ყველაფერი სახეზე რომ ეწერათ, სად, როდის იღლებოდნენ, როდის ეშინოდათ, ან რა მომენტში ეპარებოდათ ეჭვი. გზამკვლევმა მძიმედ ამოიოხრა და მკაცრად შეგვატყობინა, რომ წასვლის დრო იყო. გამოქვაბულში შესვლისთანავე ისეთი ნესტიანი და ცივი ჰაერი წამოიღო სადღაც შორეთიდან, რომ რაღაც პერიოდი სუნთქვაც კი მიჭირდა. რაც უფრო ღრმად მივუყვებოდით გზას, სიცივე მით უფრო მატულობდა და უკვე აღარ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა იმ ტბაში შეცურვას, რაშიც შეცურვა გარდაუვალი იყო, თუ გვინდოდა გვენახა უძველესი დედამიწა... ან კიდევ, მინიმუმ, გამოვრკვეულიყავით მაინც თუ რა თამაშს თამაშობს ჩვენი ლაპარაკის მოძულე გზამკვლევი. ისეთი უსიცოცხლო და თან ავის მომასწავლებელი იყო ყოველი ნაბიჯის შედგმა სიღრმეში, რომ ყოველ წუთს ის ფიქრი მიცოცხლდებოდა, ხომ არ ჯობდა კვლავ ყინვარმწვერი დამელაშქრა, კიდევ ერთხელ მეთქი, ან კიდევ ვიეტნამში წავსულიყავი და კარგად დამესვენა. ხო, ალიოს გავყვებოდი, მაგან კარგად იცის იქაურობა, სად აკეთებენ დორბლის ჩამოწელვამდე სასიამოვნო მასაჟს და სად იღება ყველაზე ხარისხიანი მოსაწევი. ან კიდევ, ჩემ სოფელში წავსულიყავი და ველოსიპედით მესეირნა სიმინდის ყანების გარშემო, როგორც ბავშვობაში. არც მეტი და არც ნაკლები, ორსაათნახევრიანი ბოდიალის შემდეგ, როგორც იქნა მივაგენით ბნელით მოცულ ტბას მიწისქვეშეთში. ძალიან ჩუმ, ცოცხალ ტბას. ცოცხალი, რადგან მკაფიოდ ვგრძნობდი თუ როგორ იმზირებოდა, როგორ გველოდა. პირველ რიგში ტანზე გახდა დინარამ დაიწყო, მაგრამ ვაი რომ სიბნელემ შთანთქა ყველაფერი ის, რასაც მანამ ტანისამოსი მალავდა. აკვალანგებით აღვიჭურვეთ და შევცურეთ. სოფელი აბეშთაშენი - ქრისტეს შობამდე 8050 წელი ტბიდან ამოყვინთვისას, კანიონიდან გასასვლელს მალევე მივაგენით და გასასვლელთანვე ჩამოვსხედით სიგრილეში, გზამკვლევის დარიგებული სპეციალური ტანისამოსი რომ ჩაგვეცვა და ერთი დღის საგზალი გაგვენაწილებინა, რომელიც, მე თუ მკითხავ, ძალიან ცოტა იყო. როდესაც დავლაგდით და უკვე მზად ვიყავით გზის გასაგრძელებლად, გზამკვლევმა მეტად უცნაური რამ დაიჟინა, რომ ჩვენ ყველანი უნდა დავშლილიყავით და ისე შევსულიყავით სოფელში. - საეჭვო იქნება ჩვენი ერთად ყოფნა. ასე კი, ცალ ცალკე, ნაკლებად გამოვჩნდებით... - მოიცა, ძმაკაც... - თავისებური გაუშვა დუტუმ - ესე არ იქნება. ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ. არც კი ვიცი სად ვარ, საით უნდა წავიდე... ან საერთოდ, რომელი წელია, რომელი ეპოქა, იქნებ კვლავ ტობას მთის ქვეშ ვარ, ჩვენ დროში?! გადაგდება თუ გინდა, ეს არ გამოვა. - - სოფელი ჩვენგან ერთ კილომეტრშია. - განაგრძო გზამკვლევმა. - თუ დასჭირდათ მათ, იმაზე ველურები არიან, ვიდრე ეს შენ წარმოგიდგენია. დავიშლებით და ისე შევალთ, ასე ნაკლებად შესამჩნევად შევძლებთ იქაურობის დათვალიერებას. თუ რამე და, ვამბობთ რომ ღვინის მოსაპოვებლად ვართ. ეს ერთადერთი ადგილია ამ დროში, სადაც ღვინის ხელოვნებას დაეუფლნენ. ასეთია გეგმა. ხვალ დილით, მზის ამოსვლისას ისევ ამ ადგილზე მოვალთ. ეს ერთადერთი კანიონია შემოგარენში. ძალიანაც რომ მოინდომოთ, აქ ვერ დაიკარგებით. რადგანაც წინააღმდეგობის სიტყვები არავისგან გაისმა, დუტუც გაჩუმდა და ერთმანეთის მოშორებით სიარული დავიწყეთ სოფლისკენ, საიდანაც, სხვადასხვა ადგილიდან კვამლი ცისკენ იყრებოდა. გამონაკლისი შემთხვევა მხოლოდ დინარასთვის და გულარისისთვის დაიშვა, ისინი ერთად წავიდნენ... ქალები იყვნენ და ალბათ ამიტომაც. სოფელში შესვლისთანავე დავკარგე ყველა მათგანი, იმიტომ კი არა რომ ბევრი ხალხის მიმოსვლა იყო და ამ ხალხს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი, არამედ, უბრალოდ იქაურმა არქიტექტურამ და შესამოსელმა ისე მომხიბლა, საერთოდ ყველაფერი გადამავიწყდა, ისიც, რომ ახლა მე ჩემს დროში აღარ ვიყავი. ყველაფერი ეს ჯადოსნურ კარნავალს გავდა. იმაზე მეტად განვითარებული ცივილიზაციაში ამოვყავი თავი, ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო. პატარა სოფელი იყო, გარს ასევე პატარა გალავანი ერტყა და ამ გალავანთან ხის ლამაზი სახლები იყო ჩამწკრივებული, ცენტრში კი, აქა-იქ მოყრილი ხის კონსტრუქციები იდგა, ვერ გაიგებდი, საცხოვრებლად იყენებდნენ თუ უბრალოდ სავაჭროდ. არც ველურობის ეტყობოდა რაიმე ხალხს, როგორც ამის შესახებ გზამკვლევმა გაგვაფრთხილა. პირიქით, ყველა მათგანში რაღაც უჩვეულო სიმშვიდე იკითხებოდა. თითქოს ყველანი თავიანთ თავებში იყვნენ ჩამარხული. არ ვიცი, ან კიდევ ცოტა ისეთი დრო იყო... შუა დღე, გაგანია საქმის დრო. არავის ეცალა ერთმანეთისთვის თვალებში ეციცინათ, გაეღიმათ, ან უბრალოდ ახმაურებულიყვნენ. როდესაც სოფლის ბოლოში გავედი, ჩემხელა ბიჭების ხუთ კაციანი ჯგუფი დავინახე, წრიულად იდგნენ და ერთმანეთში იღიმოდნენ თუ იცინოდნენ... კარგად ვერ გამოვარჩიე. უხეშად შევეჭერი საუბარში და მივესალმე. - ეს აბეშთაშენია, ხო, ბიჭებო? ლამაზი სოფელია. აბეშთაშენიაო, მითხრეს და მომაშტერდნენ. - იცით... მე აქაური არ ვარ. მე არც სხვა რომელიმე ტომიდან ვარ. აქ ჩემ მეგობრებთან ერთად ჩამოვედი მომავლიდან. ცის რკინის ჩიტითო? - ასეთნაირი კითხვა მომცეს. - არა... არა... ცის რკინის ჩიტით? არა, ცხადია. მე ტობას მთიდან, კანიონების გავლით, ტბით მოვედი. არ ვიცი ეს როგორ ხდება... მართლა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მე აქ ვარ. აი, ეს ჩემი მობილური ტელეფონია. შეხედეთ! ახლა დამჯდარია... საერთოდ რას გელაპარაკებით... მოკლედ, ეს ტელეფონი ჩართული რომ იყოს, მე დაგაჯერებდით იმას, რომ მომავლიდან ვარ. მაგრამ თქვენ არ იცით მობილური ტელეფონი რას ნიშნავს... ეს ქსელის მაგვარია... აქ ინახება ყველა ის ცოდნა რაც ადამიანებმა მივიღეთ... ნუ, თითქმის, ყველა ცოდნა. ჩვენ ამ მოწყობილობით შეგვიძლია ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი დისტანციით დავუკავშირდეთ... კი, ზუსტად ასეა, ჩვენი სახის გამოსახულება ეკრანზე აღიბეჭდება და ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ ერთმანეთში... ან კიდევ ერთმანეთს მომენტალურად ტექსტური შეტყობინება გავუგზავნოთ. კი, ასეა. უბრალოდ ახლა ეს მობილური ტელეფონი დამჯდარია, თორემ ყველაფერს დაგიმტკიცებდით... არ ვიცი... შეიძლება გაფუჭდა კიდეც, იმიტომ რომ წყალი გამოვიარე... მაგრამ როგორც წესი ეს მობილური ტელეფონი წყალგამძლე უნდა ყოფილიყო... ხო, ჩემს სამყაროში ასეთი რაღაცეები ხდება. ერთ ერთი ბიჭი მომიახლოვდა და მობილური ტელეფონი გამომტაცა. კარგად დააკვირდა, შემდეგ კი თავის მეგობრებს ანახა და მათ უთხრა, რომ ამ მოწყობილობაზე მისი დიდი ბაბუა უყვებოდა ხოლმე. - არაა... არა, ეს შეუძლებელია, მეგობარო. შენი დიდი ბაბუა ამაზე ვერ დაგელაპარაკებოდა. ასეთ მოწყობილობას მხოლოდ ათი ათასი წლის შემდეგ შექმნიან. ეს შეუძლებელია. ახალგაზრდა ბიჭმა ტელეფონი დამიბრუნა და მათ ერთმანეთში წუხანდელი ამბების განხილვა გააგრძელეს და ცოტა დისტანცირდნენ კიდევაც ჩემგან, რაც საკმაოდ საუხერხულო იყო იმისთვის, რომ კიდევ ერთ წამს მაინც გავჩერებულიყავი მანდ. და საერთოდაც, აღარ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, (ის სოფელი ხო ძალიან პატარა იყო) სანამ არ გამოჩნდა ნამდვილი მშვენება, მზევინარი, რომელსაც ყავისფერი სამოსი ეცვა, მოქსოვილი კაბა და ზედა ტანი შემოსილი ქონდა რაღაც მსუბუქი, ნაზი მოსასხამით, რაზეც სრულყოფილი შავი სიფირონის ქვები ეკიდა. მოკლე, ქერა თმა ქონდა მხრებამდე ჩამოყრილი, შუბლი კი მთლიანად აპარსული სკალპამდე. ღრმა, შავი თვალები ქონდა და მოშიშვლებული ფეხებით თივას აბრტყელებდა მიწაზე გასართობად, თანაც, შიგადაშიგ მზერას შემავლებდა და მიწვევდა, რომ მასთან მივსულიყავი გამოსალაპარაკებლად. როცა მიხვდა, რომ გამბედაობის მოკრება ცოტა მიჭირდა, ეს თავად გააკეთა: - მართლა მომავლიდან ხარ? - კი, მე ვცხოვრობ... როგორ ვთქვა, რვა ათასი წლის შემდეგ. აი, ეს ჩემი მობილური ტელეფონია. ახლა დამჯდარია თუ გაფუჭებული, არ ვიცი, მაგრამ ეს არის ერთადერთი დამამტკიცებელი საბუთი, რომ მე შორეული მომავლიდან მოვედი. - მაშინ, მომიყევი, როგორ ცხოვრობთ რვა ათასი წლის შემდეგ. - არ ვიცი რა უნდა გითხრა... ბევრი რამის მოყოლა შეიძლება, მაგრამ ახლა არ ვიცი რა ვთქვა... ჩვენ მომავალში შუქი გვექნება. ყველას სახლში იქნება რამდენიმე სანტიმეტრიანი მზე. ჩვენ აღარ მოგვიწევს ცეცხლის გამოყენება ისე ხშირად, როგორც თქვენ ახლა იყენებთ. - ხო... მაგრამ ეს ხომ წარსულია. მზევინარი სოფლის საზღვარს გადაცდა და ტყისკენ წავიდა სეირნობით. აბეშთაშენს კიდევ ერთხელ გადავხედე, სადაც მოვლანდე თაყა და თანდილა ერთმანეთის მოშორებით, შემდეგ კი მეც მზევინარს გავყევი. - რას გულისხმობ, როცა ამბობ, რომ ეს წარსულია? - ყველაფერი ის, რასაც ყვები სინათლეზე და კიდევ შენ პატარა ყუთზე, რომელიც ხელისგულზე ეტევა და რომელშიც ყველაფერია, ეს წარსულია. რა იყო, ათი ათასი წლის შემდეგ, ადამიანებმა ჯერაც არ იცით, რომ ცის განგებამ, რამდენიმე ათასწლეულში გამოკვკეტა? და ეს ყველაფერი არის უბრალოდ წრე. მოიცა... როგორ ამბობს ცის ხალხი?.. როდესაც ბირთვი იტვირთება, ყველაფერი განახლებას იწყებს. არა კვდომას, არამედ, განახლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მზევინარი, მარადიულია. არავინ იცის სად და როგორ აღმოვჩნდები ყოველი განახლებისას, ან კიდევ ვინ ვიქნები. ახლა უბრალოდ მზევინარი ვარ, აბეშთაშენიდან. შეიძლება შენი წინაპარიც კი ვიყო და შენ, ჩემი, ვინ იცის... ეს იყო და ეს, ტყეს მიახლოებულები ვიყავით ცაზე რომ რამდენიმე სიფირონის ქვის მსგავსი ჰომალდი მოვლანდე, რომელიც აბეშთაშენში ეშვებოდნენ. მზევინარმა, ესენი ცის ხალხიაო, და ნუ იდარდებო, მერე კი ტყეში შემიყვანა და თავის ხის ქოხში შემიპატიჟა. მთელი ღამე აბეშთაშენზე, ცის ხალხზე და დროის წრეზე ვისმენდი ლაპარაკს, თვალმოუხუჭავად გავათიე და უბრალოდ ვტკბებოდი მზევინარის მშვენიერებით ცეცხლის შუქზე. მზის ამოსვლისას, სოფლის გავლით კვლავ კანიონთან მივბრუნდი.გზად აწ უკვე მიწაზე დასვენებული სიფირონის მსგავსი ჰომალდები კარგად შევათვალიერე, მაგრამ ახალი ვერაფერი გავიგე. კანიონთან ყველა მათგანი მე მელოდებოდა. საგზალი ყველას გათავებოდა და წასვლას ჩქარობდნენ. მანამ კი, სანამ გზას დავადგებოდით, გადავწყვიტე გზამკვლევისთვის მიმემართა: - გაცვეთილი სცენარია. ღმერთო ჩემო, როგორი გაცვეთილი სცენარია. - ყველა მათგანი მე მომაშტერდა - როგორ იდიოტურად წამოვეგე. ეს ხომ უბრალოდ სიზმარია. კი, ნამდვილად სიზმარია. ახლა ეტყობა გაღვიძების დროა და მოვლენები დაჩქარებას იწყებს. სიზმარშიც ზუსტად ესეა, ზანტად ვითარდება მოვლენები, ბოლოში კი ყველაფერი ჩქარდება. ვიცი ვინც ხარ, გზამკვლევო, წლების წინ სალაშქრო სეზონზე თვალი მოგკარი, ინსტრუქტორი იყავი რომელიღაცა მოლაშქრეთა ჯგუფის. თქვენც კარგად გიცნობთ თანდილა და თაყა, ჩემი კლასელები იყავით დაწყებით კლასებში. უკანა მერხზე ისხედით და ისეთივე ჩუმები იყავით, როგორც ახლა ხართ. შენ ერთ ერთ წვეულებაზე გაგიცანი - დინარას მივუბრუნდი - ისეთი მთვრალი იყავი პატრონს ვეღარ ცნობდი. შენ კი, ჩემო გულარის, არ ვიცი ვინ ხარ... ალბათ სადღაც, რომელიღაცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში თვალი მოგკარი და ასე და ამგვარად მოხვდი ჩემ ქვეცნობიერში. ისეთი ლამაზი ხარ, რომ მოხვდებოდი კიდეც, გასაკვირი არაფერია. შენ კიდევ, დუტუ, ჩემი ბავშვობის ძმაკაცი ხარ და ამგვარად მოხვდი ჩემ დედა მოტყნულ თავში. როგორ წამოვეგე... რა იდიოტი ვარ. ეს ხომ ერთი სულელური სცენარია ერთი სულელური სიზმრიდან. გზამკვლევი მომიახლოვდა, აკვალანგი შემაჩეჩა და მითხრა: - არ აქვს მნიშვნელობა, ეს ყველაფერი სიზმარია, თუ რეალობა. გაღვიძება და ძილი, ეს ხომ ერთიდაიგივე რამ არის. შენ ახლა აქ ხარ, გრძნობ, აზროვნებ, გვეხები, შენი სამყარო ახლა ეს არის, ისეთივე რეალური, როგორიც შენ გამოღვიძების მდგომარეობა გგონია. ჩვენ კი წინ გრძელი გზა გვაქვს. შესაბამისად აღვიჭურვეთ და ტბაში შევცურეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.