შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომკიდე ხელი - თავი პირველი


8-09-2023, 19:32
ნანახია 1 543

ნოემბრის სუსხიან საღამოს სავარძელში მოკალათებული წიგნის კითხვასა და ცხელი ჩაის წრუპვას არაფერი შეედრება. მეც ასე წვიმის წვეთების ცეკვისა და ნაბიჯების ხმას ვუგდებდი ყურს და წიგნს გამალებით ვფურცლავდი.
სწორედ ამაშია მარტოობის გენიალურობა...
სიჩუმე, მისი ხმა,რომელსაც მხოლოდ ქარის ნაზი სიმღერა და ბებერი ჭადრების გამხმარი ფოთლების შრიალი არღვევდა, სასიამოვნოდ მეღვრებოდა ყურში და ოთახის კუთხეში მოწყობილ იდილიურ გარემოს ლონდონის ერთ პატარა ქუჩაზე, წითელი აგურით ნაშენები სახლის პატარა მყუდრო ბინის პატარა კუთხეში არსებულ პატარა სამოთხეს ამსგავსებდა. მშვიდი, მაგრამ ამავდროულად დაძაბული ხმა სიჩუმისა წიგნში ჩემ თვალწინ გადაშლილ სამყაროს ხორცს ასხამდა და შეგრძნებებს მიასმაგებდა. ამ იდეალური გარემოს დანგრევა მხოლოდ „დამატებით“ ხმას, ხმაურს ან ზედმეტ ამოსუნთქვასაც კი შეეძლო. ჩემი გულისცემა, სუნთქვის სიხშირე და გარემოს ხმები ისე ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს, რომ არც ყურთასმენას აღიზიანებდა და თან ბეთჰოვენის „მთვარის სონატას“ მაგონებდა. მისი შექმნის ისტორიაც ხომ მსგავს საღამოს უკავშირდებოდა. სრულიად მოულოდნელად სამზარეულოდან დედის უკმაყოფილო ხმა მომესმა:
-მერი, აქ მოდი!
-რა მოხდა?- უკმაყოფილოდვე გავეპასუხე.
-რას აკეთებ?
-ვკითხულობ.
-გირჩევნია თავი დაანებო დამტვერი გადაწმინდო. მომეხმარე რაღაცაში, არ დაიქცევა ქვეყანა. მერე გააგრძელე ეგ დაუსრულებელი დეტექტივი.
უხალისოდ გადავდე წიგნი გვერდზე და ავეჯზე მომწვანო ფერის ტილო გადავასრიალე. არც წვიმის, ქარის, გულისცემისა და სუნთქვის ხმა ერწყმოდა ერთმანეთს სასიამოვნოდ და აღარც „მთვარის სონატის“ მსგავსად ჟღერდა. ტელევიზორი ჩავრთე. რომელიღაც ქართველი მწერლის წიგნის პრეზენტაციაზე გადიოდა პირდაპირი ჩართვა „თბილისი მარიოტიდან“.
მომბეზრდა.
დივანზე მოწყვეტით დავეშვი. გავიგონე, როგორ გაიღეს ზამბარებმა ღრჭიალი. ფიქრების მორევში მალევე გადავეშვი.
კვლავ იდილია.„მთვარის სონატა“... კლავიშებზე ათამაშე- ბული თითებისა და წვიმის წვეთების შეხმატკბილებული სინთეზი...
ისევ ლონდონის ქუჩები...
ახლა თბილისის. რუსთაველის პროსპექტი, თავისუფლების მოედანი... ცარიელი ქუჩები და გაყინული ასფალტი...
მერე დედის კოცნა და ძილი, ღრმა ძილი...
სიზმარი, რომელიც ღრმა ძილის ფაზიდან გამოსვლის და ძილის საშუალო ფაზაში გადასვლის შემდგომ იბადება ადამიანის ქვეცნობიერის მიერ და რომლის გაკონტროლებასაც მძინარე ტვინი ვერ ახერხებს, იმ ღამით საკმაოდ სასიამოვნო მეჩვენა, თუმცა მხოლოდ შეგრძნებების დამახსოვრება შეძლო სხეულმა და გონებამ, მაგრამ მაინც, უსიამოვნო რეალობისა და დამღლელი რუტინისაგან წამიერი მოწყვეტაც საკმარისია გადაღლილი სხეულისა თუ გონების ოდნავ განსატვირთად.
დილით საკმაოდ ადრე, 6 საათისათვის გამეღვიძა. ჯერ კიდევ არ იყო გათენებული, თუმცა ძილის შებრუნება ვეღარ შევძელი. ვერც ადგომას ვახერხებდი, რადგან ისეთ პატარა ბინაში, როგორშიაც მე და დედა ვცხოვრობდით, შეუძლებელი იყო ერთიმეორის გაუღვიძებლად ან შეუწუხებლად მოქმედება. ერთისაათიგამოფხიზლებასა და ახალი დღის დასაწყებად ენერგიის მოკრებაში დავხარჯე. 7 საათზე წამოდგომა დავაპირე, როცა მზის სხივებმა მინებს მიღმა ნელ-ნელა დაიწყეს შემოჭრა და არემარის განათება; თუმცა გადავიფიქრე, რადგან თბილი ბამბის საბნიდან გახურებული სხეულის ტემპერატურის ჩქარი ცვლილება არ მესიამოვნა და კვლავ წინა მდგომარეობას დავუბრუნდი. ვუცქერდი, როგორ ამოდიოდა მზე აღმოსავლეთიდან და როგორ ჰფენდა მის ნათელ სხივებს სამყაროს. მზის მაღლა და მაღლა „სვლის“ შემყურე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი გალილეო გალილეისა და ჯორდანო ბრუნოს აზრის სისწორეში. ყვითლად მოკაშკაშე სხივებს ნოემბრის რუხი ღრუბელი გადაეფარა, თითქოს ცდილობდა, მოფენილი სითბო როგორმე ჩაეკლა და კვლავ ცივი, სუსხი ნოემბრის განწყობა შეექმნა ჩვენთვის. მაინც შეძლო... რვა საათამდე სოციალურ ქსელებში ვიქექე, კინო სიახლეებს თვალი გადავავლე, რვა საათისათვის კი ფრთხილად წამოვდექი, რომ დედა არ გამეღვიძებინა. სხეულის გარემო ტემპერატურის ცვლილება თბილი საწოლიდან ცივ ოთახში კვლავ არ მეხატა გულზე, თუმცა ახლა კი აუცილებელი იყო თავის მოწესრიგება სკოლაში წასასვლელად. ჩემი კარადიდან საყვარელი ჰუდი გამოვიღე წარწერით „London“ და „ბიგ-ბენის“ გამოსახულებით, მოვემზადე და საკმაოდ გამოფხიზლებული დედასგაუ- ღვიძებლად სკოლის გზას დავადექი(სკოლის გზას დავადექიო, ისე ვამბობ, თითქოს 2 კმ-იანი გზა ფეხით უნდა გამევლო). მხოლოდ 100 მეტრი მაშორებდა სკოლიდან და აივნიდან ვუცქერდი მისი თეთრი, თაბაშირით შელესილი, გაუ- რემონტებელი შენობის ბოლო სართულის სამ ფანჯარას, რომლებიც სწორედ რომ ჩემს კლასს ეკუთვნოდა.
სახლიდან გასვლისას ჩემი საყვარელი საუნდტრეკი ჩავრთე და ყურსასმენები მოვირგე. გზაში წამოწეული თანაკლასელი და ერთ-ერთი მეგობარი, ნუცა კისერზე შემომახტა, ქუჩაში ყურსასმენების ტარების გამო მისაყვედურა, როგორც ყოველ- თვის და ამის შემდეგღა მომესალმა:
-მერი! როგორა ხარ?
-რა ვიცი, ნორმალურად. შენ?
-მე არაჩვეულებრივად!- ყურებამდე გაღიმებული წაბლის-ფერთმიანი ნუცა ისევ შემომახტა კისერზე.
- რა მოხდა, არ იტყვი?
- მოკლედ, წერილი მივიღე!
- რა წერილი?
- აკადემიაში მიწვევენ! ცეკვის შესასწავლად! ჭკუაზე არ ვარ, ისე მიხარიააააააა!
- გილოცავ! მართლა მაგარია! ოღონდ ჩამოხტი ახლა, არ დამახრჩო, თორემ მერე შენს კონცერტზე ვეღარ მოვალ.
- უი!- კვლავ ყურებამდე გაიღიმა და მისი ფერადად მოელ- ვარე ბრეკეტები გამოაჩინა.-მართლა, შენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს.
-აბა, რა ხდება?
- მოკლედ...
-ვიცი!
-აბა?!.
-„შერლოკის“ ყურებას იწყებ?
-ჰოო!
-ვაჰ! სასწაული მოხდა! რამდენი ხანია გეხვეწებიი! მადლობა ღმერთს!
-მართლა საცოდაობა იყო უკვე, იმდენი ხანი მთხოვდი,-კვლავ გაიცინა, ოღონდ ამჯერად არც ყურებამდე გაუღიმია და არც მოელვარე ბრეკეტები გამოუჩენია.- ისე რა მიზეზით მოგწონს,არ ვიცი.
-უბრალოდ მომწონს და თუ ნახავ, მიხვდები,- მეც გავიღიმე. ყურებამდე. უბრეკეტოდ.
-ოჰ, მერი, მერი...
-კარგი, კარგი... შენ ის მითხარი, დღეს გაკვეთილების შემდეგ გეცლება?
-რა ვიცი, კი.
-ვიფიქრე, თუ ეცლება, ჩემთან დავპატიჟებდი-მეთქი.
-მცალია,- თავი დაიპატიჟა.
სკოლის თეთრ შენობაში ღრმა ამოსუნთქვით შევაბიჯეთ. ორივეს გვეცა ცხვირში იოდის, დეოდორანტის, სარეცხი საშუალებისა და ქლორის სუნი, მთელ შენობაში რომ ტრიალებდა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დაახლოებით 5 საათის განმავლობაში აბრუებდა. მეოთხე სართულამდე მარცხენა დერეფნის ბოლოს მდებარე ძველი კიბით ავედით ისე, რომ სიტყვაც არ დაგვცდენია. ფლიგელში შეხვევისთანავე კლასის „სთარი“ ელენე დიდი „სიხარულით“ შემოგვეგება.
-ვაა! ნუცა და „შერლოკა“!- მოღიმარ სახეზე სიყალბის ჩრდილმა გადაუარა და თვალებში ოსტატურად დამალული, თუმცა მაინც შესამჩნევი ბოღმის ნაპერწკალი გაუკრთა. - როგორ ხართ, გოგოებო?
-ნორმალურად, -ზედმეტი სიტყვების გარეშე ვუპასუხეთ.
-რა იყო, ინგლისურის მასწავლებელმა ათიანი რომ დამიწერა, შეგშურდათ?- აქ უკვე ყოველგვარი შენიღბვისა და დამალვის გარეშე ასპიტივით გადმოანთხია ბოღმა.
-სულაც არ მაინტერესებს.
-ვითომ, მერი?
-მართლა.
-იმასაც ვნახავთ, ვის არ დააინტერესებს ბოლოს,- კვლავ განაგრძო დაგესვლა.
-ისევ ჩვენ!
-შეურაცხყოფის მოყენებას თავი დაანებე, თორემ...
-ნახვამდის!
ფლიგელიდან საკმაოდ მშვიდი სახითა და ნელი, უდარდელი ნაბიჯით გავეშურე კლასის კარისაკენ.ნუცაც კუდში ამედევნა. მე-4, მე-5 კლასებში მის ამგვარ გესლვასა და მოშხამვას მეც იმავე გზით ვცემდი პასუხს, თუმცა, საბედნიეროდ, მოგვიანებით გავიაზრე, რომ ვინც შხამს ანთხევს და ამით სხვის მოწამლვას ცდილობს, ამავე შხამით თავად იწამლავს ორგანიზმს, გონებასა და ტვინს.ხოლო მოწამლვის გასამკლავებლად მხოლოდ საჭიროა საკუთარი შხამგამანეიტრალებლის, ჩემ შემთხვევაში უემოციო და მშვიდი სახით პასუხის გაცემის უნარის, საკუთარ თავში პოვნა.
-არ აჰყვე,- მივუგე ნუცას, სანამ თავად იტყოდა რამეს, ზემოთხსენებულ „სუპერსტარსა“ და მის რომელიმე თვისებას გაუსვამდა ხაზს.
კლასში შესვლისას ცენტრალურმა გათბობამ ძვლები გაგვით-ბო და ერთიანად მოგვადუნა. ნახშირორჟანგით მდიდარი ჰაერი ჟანგბადის შესუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდა და გვაიძულებდა, სუნთქვა გაგვეხშირებინა. გახშირებულ სუნთქვას თან გულისცემის შენელებაც მოსდევდა, თითქოს გულ-სისხლძარღვთა სისტემა სიგნალს გვაძლევდა, რომ სასიცოცხლოდ ჟანგბადის მარაგის შევსება და გულისათვის ენერგიის მიწოდება იყო საჭირო. ოთახში ფეხის შედგმის წამს გონებასა და გულში უსიამოვნო გრძნობამ გამიარა, მთელი სხეული მოიარა და კვლავ გონებაში დაბუდება არჩია გულს. მერე კი საერთოდ გაქრა. ეს გრძნობა უხერხულობისა და მეტსახელის დაძახების შიშის წამიერი შეგრძნება იყო, რომლის გაკონტროლებაც მხოლოდ გონებას შეეძლო. შეძლო კიდეც. წამის შემდეგ შეგრძნება უმალ მომშორდა და პირჯვრის გადაწერის შემდეგ სულში ჩასახლებული სატანასავით გაიძურწა. წასული არ იყო, რომ განვითარებულმა მოვლენებმა კვლავ მოიყვანა:
-ვააა! „შერლოკა“ მოსულაა!- ერთხმად შესძახეს კლასელებმა. ჩემი უხერხულობის გრძნობა ჩემმა გულწრფელმა ღიმილმა შეცვალა და საბოლოოდ განმათავისუფლა.
- დილამშვიდობისა!- გულითადად მივესალმე, ჩემი დიდი ბრიტანეთისდროშიანი ფავორიტი ქურთუკი საკიდზე ჩამოვ- კიდე და მერხს მივუჯექი. ჩემ პირდაპირ ჩემი მეგობარი ალექ- სანდრე მოკალათდა.
-მერი, როგორ ხარ?- გამიღიმა. შუბლი შეკრა.
-რა ვიცი, არამიშავს. რატომ შეკარი კოპები?
-ნერვები მეშლება.
-რატომ?
-საკმარისი განათლება არ გვეძლევა იმისათვის, რომ განვ-ვითარდეთ...
-მაგას ახლა მიხვდი?-გადავიხარხარე.
- უბრალოდ გუშინ ერთი ბიოლოგიური კვლევის ჩატარება მომინდა, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე, ისიც იმიტომ, რომ უჯრედის აგებულებაც კი არ ვიცით წესიერად და უკვე ცხოველების გამრავლებას ვსწავლობთ!
-მაგას ვერაფერს უშველი. ეს ზოგადი განათლებაა და არა ჰარვარდი. მასი მოვიდა. მერე ვილაპარაკოთ.- სასწრაფოდ ამოვიღე რუსული ენის სახელმძღვანელო და რვეული. კლასიც უცებ აფაფხურდა. ე.წ „ჯგუფებად “ დანაწევრებულ კლასში 4-5 მერხი ერთმანეთთან ისე ახლოს იყო მიდგმული, ადამიანს დაჯდომისას სუნთქვა შეეკვრებოდა. რუსული ენის სახელმძღვანელო, რვეული და კალამი ყველამ ამოაცურა ზურგჩანთიდან. კლასში ატეხილი ჟივილ-ხივილი და ქაოსი არ ჩაწყნარებულა დამრიგებლის, ანუ რუსული ენის მასწავ-ლებლის, შემოსვლისას. მაღალ, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონს მეწამული ფერისქვედაბოლო და ლურჯი ფერის პიჯაკი ემოსა, რომელსაც არაჩვეულებრივად ეხამებოდა ამავე ფერის ფეხსაცმელი. ღაწვებზე ატმისფერი გადაჰკრავდა და ხაკისფერი თვალები უჩვეულოდ უციმციმებდა, თითქოს ამით წინასწარ განგვაწყობდა რაიმე ახალი ამბისათვის. კარგად დავფიქრდი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ახალი ჩვენს კლასში. ბევრი შესაძლო ვარიანტის აწონ-დაწონის შემდეგ 99%-ით დავრწმუნდი, რომ ახალი ამბავი ახალი კლასელის გადმოსვლას უნდა შეხებოდა და წინასწარვე აგდებულად განვეწყე. ჩემი პრობლემებიც ბლომად მქონდა.
-დილამშვიდობისა, ძვირფასო ბავშვებო!..- დაიწყო დამ-რიგებელმა დიდი შემართებით. ნაცადი მეთოდი იყო, რომ მოსაბეზრებელი საუბრის მოსმენის თავის ასარიდებლად საჭირო იყო ამ საუბრიდან ერთი სიტყვის აკვიატება და გონებაში უსასრულოდ გამეორება; თანაც ეს მეთოდი პარალელურად იძლეოდა საშუალებას, რომ ფიქრთა მორევში ჩაძირულიყავი და მოწყვეტილიყავი რეალურ სამყაროს, თუნდაც რამდენიმე წუთით, როგორც სიზმარი გვათავისუფლებს დამღლელი რუტინისაგან და ქვეცნობიერში ჩაკეტილ არწივს ათავისუფლებს გალიიდან, საშუალებას აძლევს ოცნებაში ამოგზაუროს თავისი თავი, გააბედნიეროს, შეაშინოს, აგრძნობინოს, მაგრამ იმ პირობით, რომ შემდეგ კვლავ თავის გალიაში ჩაიკეტება და განაგრძობს კვებას, სმას, გალიის გისოსებს ჩაბღაუჭებასა და მიწყდომას, რათა წუთიერი თავისუფლება მოიპოვოს და ამით წამიერი შვება იგრძნოს. ფანჯარაში ცქერა დავიწყე, იქნებ ამით მაინც გავირთო თავი-მეთქი, გავიფიქრე. სიო ნელა არხევდა ფანჯრების წინ მდგარ ორ ჭადარს. შეყვარებულ წყვილს მოგაგონებდათ რამდენიმე ფოთოლშერჩენილი ორი ჭადარი, თითქოს ერთად ყოფნას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ სწვდებოდნენ ერთმანეთს, რათა მიალერსებოდნენ და წამით მაინც ეგრძნოთ სიახლოვე და ამ წუთისოფლის ჭირს წამით მაინც მოშორებოდნენ და თუნდაც ხანმოკლე ბედნიერებით, ერთად ყოფნის ბედნიერებით ეჯერათ გული; ნიავქარი კი მაქსიმალურად ცდილობდა მათთვის ეს ბედნიერება მიე- ნიჭებინა, თუმცა სანაცვლოდ ალისფერ თუ მზისფერ ფოთლებს ითხოვდა, სულ რამდენიმეღა რომ შერჩენოდა ჭადართა წყვილს. ისინი ხომ მათი შვილები, მათი სიყვარულის ნაყოფნი იყვნენ, როგორ შეეძლოთ მათი დათმობა! თუმცა საბოლოოდ ნიავს გადუჩურჩულებდნენ: „აჰა! წაიყვანე, გააქროლე და სათუთად მოუარე, გაუფრთხილდიო!“ ნიავქარიც თავს დაუკანტურებდა, კარგიო, - ეტყოდა. თუმცა იცრუებდა. მას არ ძალუძდა ამდენი წყვილი ჭადრისაგან შეკრებილი ალისფერი შვილების სათუთად გაფრთხილება, მათთვის სამყაროს ჩვენება. ის ხომ მხოლოდ ნიავქარი იყო! მის ადგილს ახლა ნოემბრის ცივი დაუნდობელი ქარი დაიკავებდა, ნიავქარის მშობელი დედა. ის კი ერთი სულის შებერვით მოატარებდა წარსულში მხოლოდ ბეტონის შენობების მომზირალ ფოთლებს ქვეყანას, აგრძნობინებდა, აჩვენებდა, გულს შიშით, სიხარულითა და აღტაცებით აუვსებდა, აჩვენებდა, თუ რა ლამაზი შეიძლება იყოს ცხოვრება და რისთვის ღირს ამ დედამიწაზე მოვლენა. მერე დაიღლებოდა. სიცოცხლის ბოლოს ერთი ქუჩის კუთხეში დაასვენებდა მგზავრებს და მონატრებას იგრძნობდა მშობლიური ადგილისა და შვილისა, კვლავ დაუბრუნდებოდა მშობლიურ ქალაქსა და ქუჩას...
წარმოსახვა გონებაში ფრთებს შლიდა და ღრუბლებს ზევით ეწადა აფრენა. ყურებში კლასელების ჩურჩულისა და დამ- რიგებლის საკმაოდ ხმამაღალი საუბრის ხმა ზუზუნივით ჩამესმოდა და ვერ ვგრძნობდი, ამქვეყნად ვარსებობდი თუ -არა. მოღრუბლული ციდან თავსხმა წვიმა წამოვიდა. მოქუფრული ღრუბლები გულზე დანით მიყენებული იარებისა და მასში შენახული, დამალული ტკივილის ატანას ვეღარ ახერხებდნენ და შეუჩერებლივ აპკურებდნენ დედამიწას ბროლივით წმინდა ცრემლს. ცრემლმა ასფალტით მოპირკეთებული გზები სულ მთლად დაასველა. ჩვენს ფანჯრებსაც მრავლად დაეტყო მათი კვალი.
გაკვეთილისათვის განკუთვნილი 45 წუთიდან 40 წუთი ახალი კლასელის გადმოსვლასთან დაკავშირებული ღონის- ძიებების გატარებასთან დაკავშირებულ საუბარს დაეთმო, რომლიდანაც 30 წუთი ფანჯრის მინების მიღმა ცქერასა და ოცნებაში გავატარე. დანარჩენი 10 წუთის განმავლობაში კი ალექსანდრეს ვაკვირდებოდი, რომელსაც ჩემთვის მოებაძა და ჭადრების ცქერით ირთობდა თავს. არ ვიცოდი, რაზე ფიქრობდა. ვერც მივხვდებოდი. განა ის მიხვდებოდა, გულში რა მედო, გარდა იმისა, რომ ჭადრებისა და ღრუბლების გაპიროვნებით ვირთობდი თავს...



ძალიან კარგია, წარმატებები ❤️ :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent