შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა ველურები


25-11-2023, 22:01
ავტორი maci76
ნანახია 720

გავიგე, ჩემი კლასის დამრიგებლად ვიღაც ახალგაზრდა კაცი დაუნიშნავთ, რაც ნაკ-ლებად მაინტერესებდა, რადგან მე და ჩემი ძმები სკოლაში თითქმის არ დავდიოდით.
თეთრი, დანჯღრეული „მერსედესი“ ჰყოლია იმ კაცს, რომლითაც იმ დღეს ჩემს სახლში მოხრიგინდა.
ცხადი იყო ვიზიტის მიზეზი.
პატარებმა გაქცევა მოასწრეს; ქვაღორღიან თემშარაზე ფეხშიშველები გაიჭრნენ. მე ეს ვერ მოვახერხე, რადგან მამამ ვენახის შეწამვლა დამავალა და მანქანა ზურგიდან დროულად ვერ ჩამოვიხსენი; ეგ რომ მომესწრო, მეც ჩემს ძმებს მივყვებოდი, მაგრამ რადგან ვერ შევძელი, არასასურველ სტუმართან პირისპირ დავრჩი.
რატომღაც ეზოში დაუკითხავად შემოვიდა. კიდევ კარგი, ჩემი ცუგა სტუმართმოყვარე იყო, კუდის ქიცინით გაემართა მისკენ. მასაც არ შეშინებია და ჩემს კეთილშობილ მეგობარს მიეფერა.
ასეთ საცოდავ მდგომარეობაში რომ მნახა, შეწუხდა. ეს სახის გამომეტყველებაზე შეეტყო. მომიახლოვდა, ის წყეული საწამლავი მანქანა მიწაზე დამადგმევინა; ძლივს შვება და სიმსუბუქე ვიგრძენი.
ტანსაცმელზე შაბიამნის ზედმეტად ლურჯი ლაქები მეცხო. არასასიამოვნო ფორმაში ვიყავი და ამიტომ დარცხვენილმა თავი ჩავქინდრე, მან კი დამიყვავა:
-რა იყო ზურიკო, გვემდური, შე კაცო?.. რატომ არ დადიხარ სკოლაში?! - მე მას არ ვიცნობდი, პირველად ვხედავდი, მაგრამ ისე თბილად მითხრა ეს ყველაფერი, მის მიმართ სიმპათიით განვეწყვე. ასეთი გრძნობა მასწავლებლებისადმი თითქმის არასოდეს მიჩნდე-ბოდა.
სკოლაში რატომ არ დადიხარო, რომ მითხრა, დახეთქილ, დაკოჟრილ ფეხებზე დავიხედე. რა ხანია, ფეხსაცმელი არ მაქვს, მაგრამ მას ხომ არ შევჩივლებდი? რა მისი ბრალი იყო ჩემი სიღარიბე?..
ამასობაში დედამ გამოიხედა. დაკონკილი ტანისამოსი ემოსა მშობელს. ოდესღაც ლამაზი გოგო, შესაბრალისად გამოიყურებოდა. ძირგამძვრალი ქოშების გამო, კოჭლობით გაემართა სტუმრისკენ. სახეზე სიმორცხვის ალმური ასდიოდა.
-გამარჯობა, ქალბატონო! - მიესალმა სტუმარი.
- ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ბატონო! _ ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა დედამ.
-ბავშვების გამო გეახელით, როგორც გავიგე, დიდი ხანია სკოლაში არ გამოცხადებულან, ასე როგორ შეიძლება?! _ ის შეეცადა მკაცრი ყოფილიყო, მაგრამ არ გამოუვიდა.
დარწმუნებული ვარ, იმ დღეს, ჩვენთან, საჩხუბრად იყო მოსული, მაგრამ ჩვენი ოჯახური მდგომარეობა რომ იხილა, ალბათ ამიტომ ბრაზმა გადაუარა.
მე და ჩემს ძმებს დალხენილი ცხოვრება არ გვქონდა. სიღარიბე სულს გვიხუთავდა. გვშიოდა, გვწყუროდა, ამის გამო პატარა დაიკო სიკვდილმა წაგვართვა. ის ისეთი ლამაზი იყო, ანგელოზს ჰგავდა. ღმერთმა, რომლის გულმოწყალებაში, ადრე ეჭვი მეპარებოდა, თავისთან წაიყვანა.
ხანდახან ცრემლი ნიკაპთან მენასკვებოდა. განსაკუთრებულად მაშინ, როცა ძაან მშიოდა და სახლში გამხმარი პურის მეტი არაფერი იყო. ასაკით დიდი ვიყავი, პატარა ძმებს რომ ულუფას გავუყოფდი, მშიერს კუჭი მაწუხებდა და მთელი ღამე საწოლში მოუსვენრად ვწრიალებდი.
ერთ პატარა, ფარღაღალა საძინებელში ვიწექით ყველანი.
მამა სოფელ-სოფელ დაეხეტებოდა. ხან სად იყო და ხან - სად, თავს ასე ირჩენდა. გოჭებივით დაგვყარა. დის გარდაცვალების მერე ხუთნი დავრჩით; მას დარჩენილი შვილების ბედიც ნაკლებად აღელვებდა. ბავშვებს ვირივით გვამუშავებდა. როცა ჩვენი თანატოლები თამაშობდნენ, ან სკოლაში იყვნენ, ჩვენ ხან ყანაში ვიწყვეტდით წელს, ხანაც ვენახში, ხან ტყიდან ზამთრისთვის შეშას ვეზიდებოდით.
სახლში პატარა ტელევიზორი გვქონდა, რომელიც ერთმა ჩვენმა თანასოფლელმა გვიწყალობა. ბევრი კეთილი ხალხიც ცხოვრობს აქ, მაგრამ ცოტაა, ვისაც უანგარო დახმარება შეუძლია, ყოველი შემთხვევისთვის, მე იშვიათად მენახა ასეთი ადამიანი. იმ ტელევიზორის სანაცვლოდ სამი დღე სათოხარში ვედექი მეზობელს; როცა საქმეს მოვრჩით, მომცა იმ კაცმა ის „ჯადოსნური ყუთი,“რომელიც უამრავ საინტერესო ამბავს ჰყვებოდა.
ერთხელ იქ, ასეთ რამეს მოვკარი ყური: ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართო. რაღაცნაირი, სევდანარევი ხმით თქვა იმ სათვალიანმა ჟურნალისტმა.
წერა-კითხვა კარგად არ ვიცოდი, მაგრამ მივხვდი, ჩვენი სიდუხჭირის მიზეზი, მარტო მამაჩემის მუქთახორობა არ იყო.
აქ, სოფელში, ბევრს უჭირდა, მაგრამ ჩვენი ოჯახის მდგომარეობა გადაჭარბებულად მძიმე იყო. სხვა ბავშვების ყოფა ჩვენსას გაცილებით სჯობდა.
ეს ყველაფერი ჩვენმა ახალმა კლასის დამრიგებელმა საკუთარი თვალით ნახა და გულიც შეუწუხდა. დედამ სახლიდან ფეხმორყეული სკამი გამოიტანა. სტუმარს იფნის ხის ძირას, ჩრდილში დაუდგა და დაჯდომა შესთავაზა.
-გმადლობთ, არაა საჭირო, ფეხზე ვიდგები, - დედას მიხვედრილობისთვის მადლობა გადაუხადა.
-თავადაც ხედავთ, როგორ გვიჭირს, ბაღნები შიშვლები დამიდიან თორემ განა არ ვიცი, სკოლაში რომ უნდა იარონ?! _ გულწრფელი იყო დედაჩემი.
-ვხედავ, ქალბატონო, ყველაფერს ვხედავ, _ ამოიოხრა სტუმარმა.
-ერთ კვირაში სოციალურს ავიღებ, ბატონო, ფეხსაცმელებს მაინც ვუყიდი ბაღანებს და გავუშვებ სკოლაში.
საწყალ დედას ვერ შეეკამათებოდი, მართალი იყო. დამრიგებელი უსიტყვოდ დაემორ-ჩილა მას. სხვა რა გზა ჰქონდა, ბოდიში მოიხადა და ჭიშკრისკენ გასწია. გზად ისევ მე შევეფეთე. მომიახლოვდა, თავზე ხელი გადამისვა, მომეფერა და შრომისგან დაღლილ სხეულში საოცარი სითბო ჩამეღვარა...
მომეწონა ეს კაცი, მზერა მივადევნე და მანამდე არ მომიცილებია, სანამ მისი დან-ჯღრეული მანქანა თვალს არ მიეფარა.

****
ჩვენი თანატოლები, სკოლაში რომ მიდიოდნენ, ჟივილ-ხივილით იკლებდნენ სოფლის თემშარას. როგორც მოხუცი თარაში იტყოდა, მათ ცქერას არაფერი სჯობდა.
ჩვენ კი ამ ყველაფერს ბუჩქებიდან ვუყურებდით.
მე, ჩემს ძმებში ყველაზე დიდმა (ტანითაც და ასაკითაც) ვიცოდი, რომ რადგან განვითარებად ქვეყანაში ვცხოვრობდით, იმათ მშობლებსაც არ ულხინდათ, მაგრამ მამა-ჩემისგან განსხვავებით, წელებზე იდგამდნენ ფეხს და შვილები კოხტად ჩაცმულები დაუ-დიოდათ.
ჩვენც ადამიანებად ვიყავით დაბადებულები და სირცხვილის გრძნობას აღვიძებდა მუხლებზე გადაფხრეწილი, სხვა ფერის მატერიადაკერებული შარვალი, გაცრეცილი, ლანჩგამძვრალი ფეხსაცმელები. ფიქრად არავის მოსდიოდა, რამე ეღონათ და ჩვენთვის ტანისამოსი ეყიდათ. ბედს შეგუებული დედის საფიქრალი, მხოლოდ ის იყო, ბიოლოგიურად გადავრჩენილიყავით. გროშებს შეაკოწიწებდა და საჭმელს გვყიდულობდა.
სოციალური დახმარების მიღებიდან პირველი ათიოდე დღის განმავლობაში არა გვიჭირდა, რადგან არ გვშიოდა. დედას ფეხსაცმელები და ტანსაცმელი რომ ეყიდა, მშივრები დავრჩებოდით, ამიტომ ამჯობინებდა, სურსათ-სანოვაგით დატვირთული მოსულიყო სახლში. ნამარხულევი ჩემი ძმები დაესეოდნენ ხოლმე ტკბილეულობას და ნთქავდნენ ყვე-ლაფერს. მე ყველაზე ნაკლები საჭმელი მხვდებოდა, რადგან დიდი ვიყავი და თავდაჭერილი.
მამაც მუსრს ავლებდა ყველაფერს. დედას სიგამხდრისგან ლანდი გასდიოდა. ოდესღაც ცისფერი თვალები უსიცოცხლო გახდომოდა. ქერა იყო დედა, მაგრამ ამ ბოლო დროს ზედმეტად ფითრგადაკრული დადიოდა. საოჯახო საქმეებსაც ძველებურად ვერ აკეთებდა. მისი ქმარი ამას ყურადღებას არ აქცევდა. თავად ისე იყო გასუქებული, ზედმეტი ხორცი აწუხებდა და ღორივით ქშინავდა.
ზოგიერთი მეზობელი ცუდად იქცეოდა. სახლში არ აკეთებდა არაფერს, თორემ ძალა კი ერჩოდა მამას, რომელსაც ყველა სათავისოდ იყენებდა, თითქმის მუქთად, ღვინის და არაყის სანაცვლოდ. გამოიბრუჟებოდა და შინ დაბრუნებული, ქოფაკივით გამოენთებოდა დედას, რომელსაც წასასვლელი არსად ჰქონდა, რადგან მშობლები ადრე დაეხოცა; მის იდიოტ ძმას კი დის ბედი ნაკლებად აღელვებდა. საბრალო ქალი ტანჯვისთვის იყო დაბადებული. მეცოდე-ბოდა ის, მაგრამ ვერაფრით ვეხმარებოდი. მხოლოდ ის შემეძლო, საოჯახო საქმეებში ხელი შემეშველებინა...

****
იმ დილით დედამ თავისი ძველმანები ჩაიცვა და რაიონში წავიდა. ყოველი თვის თოთხმეტი რიცხვის მოსვლა გვიხაროდა. ამ დროს ოჯახი დახმარების ფულს იღებდა.
მშობელმა კლასის დამრიგებლისთვის მიცემულ სიტყვას არ უღალატა, წავიდა და მე და ჩემს ძმებს ფეხსაცმელები მოგვიტანა. ხუთი წყვილის ყიდვა არ იყო იოლი. ამ ყველაფერს ჩვენი კუჭები შეეწირა, რადგან სურსათ-სანოვაგე ცოტა შეგხვდა, სამი თუ ოთხი დღის სამყოფი, რაზეც მამა გადაირია და დედას ეჩხუბა:
- რა არის, ქალო, ეს, ფეხსაცმელები ჭამონ ამ გასაწყვეტლებმა? _ ყვიროდა გახელებული.
დარწმუნებული ვარ, ჩვენს დანაყრებაზე უფრო საკუთარი კუჭის ამოყორვაზე ფიქრობდა და წუხდა.
დედა იშვიათად შეეპასუხებოდა ხოლმე, მაგრამ იმ დღეს გამონაკლისი მოხდა.
-მარტო ჭამაზე რომ ფიქრობ, ბავშვებმა სკოლაში არ უნდა იარონ?!
- სკოლაში... ივლიან და დაგეზრდებიან ახლა ესენიც პროფესორები! - თქვამ მამამ და გულიანად გადაიხარხარა.
-ღმერთო ჩემო, ასეთი ველური საიდან გაჩნდი?! - დედას თვალთაგან ცრემლები ცვიოდა.
ჩემი ცელქი ძმები, მამის ხმამაღალ საუბარზე გარბოდნენ, მე კი არა, დედას ვგულშემა-ტკივრობდი, რომელიც ასეთ დროს ძალიან ნერვიულობდა.
ადრე მამა, თუ ზედმეტად ნასვამი იყო, დედას ხელითაც ეხებოდა. ბოღმა მახრჩობდა, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა, მისთვის საკადრისი პასუხი გამეცა. კბილებს ვახრჭიალებდი და სიმწრისგან ტუჩებს ვიკვნეტდი.
მეც არ მომეწონა ფეხსაცმელები რომ მიყიდეს, რადგან საშინელებაა შიმშილი. თავბედიც ვიწყევლე და არც ჩემი დამრიგებელი დამილოცავს, რადგან ის რომ არ ჩამოსულიყო, ტრადი-ციულად ათი დღე მაინც ვიქნებოდით დანაყრებულები.
ყველაფერს ვიზამდი რომ არ გვეშიმშილა, მაგრამ ბაბუაჩემისგან ბევრი არაფერი მიგვიღია. ერთი პატარა, ფარღაღალა ქოხი და მცირედი მიწა იყო ჩვენი ავლა-დიდება. იმ მიწაზე ორასიოდე ძირი ვაზი, ამდენივე ბოლქვი თხილი და საყანე ნაკვეთი იყო განთავ-სებული. მამა შრომით თავს არ იწუხებდა, მაგრამ მე რომ წამოვიზარდე, ყველაფერი მოვა-წესრიგე. ის, რაც გაგვაჩნდა, ავ თვალს არ ენახვებოდა, მაგრამ რად გინდა, მცირედი შემო-სავალი მოჰქონდა და ჩვენს სიღარიბესაც ბოლო არ უჩანდა...

****
ძნელია ეულად ყოფნა, მაგრამ მე ამას მივეჩვიე.
ფეხსაცმელები რომ მიყიდეს, სკოლაში მომიწია წასვლა. არ მინდოდა, მაგრამ დედას ვერ გავუტეხე ხათრი. ჩემი ძმები შუა გზიდან დაბრუნდნენ. არც ვიცი, სად წავიდნენ.
საკლასო ოთახის კუთხეში ჩემი მერხი მელოდებოდა. თითქოს კეთროვანი ვყოფილიყავი, არავინ მეკარებოდა.
არც დაუბანელი გახლდით, არც არასასიამოვნო სუნი ამდიოდა, დედაჩემი სუფთა ქალი იყო, მაგრამ თანაკლასელები მაინც მერიდებოდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, გამრიყეს, რადგან ყოველთვის სიძველისგან გაცრეცილი, ფერდაკარგული ტანისამოსი და ლანჩგამძვრალი ფეხ-საცმელები მეცვა.
ამ გარემოებიდან გამომდინარე, ეულად ყოფნას შევეჩვიე და დუმილი ვისწავლე.
ზოგი მასწავლებელი ცდილობდა, ხმა ამომეღო, მაგრამ ამაოდ. გაჯიუტებული ავდ-გებოდი და ვიდექი ასე თავჩაქინდრული. ზოგიერთი ყურადღებასაც არ მაქცევდა, თითქოს ჩემი არსებობა მათთვის ნაკლებად საინტერესო იყო.
ეს მე არ მწყინდა, რადგან ეულად ყოფნას მივეჩვიე და დუმილი ვისწავლე.
მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი ერთფეროვანი იყო. არადა, ბავშვი ვიყავი და განვითარებად ქვეყანაშიც ჩემი სამყარო, უფრო ფერადი და ხალისიანი უნდა ყოფილიყო.
ბავშვები გაკვეთილებზე აქტიურობდნენ, წერდნენ, კითხულობდნენ, დასმულ კითხვებს პასუხობდნენ, წაკითხულს იაზრებდნენ, ტესტებს ავსებდნენ, ფაციფუცობდნენ და რადგან მე თავისუფალი მსმენელივით ვიჯექი, მოსაბეზრებელი იყო მათი ცქერა.
დასვენებაზე ბევრს თამაშობდნენ და ერთობოდნენ ჩემი კლასელები და სკოლელები.
მარტოსული მზეს მივეფიცხებოდი ხოლმე. ის ერთადერთი იყო, რომელიც მიღიმოდა და რომელსაც ვუყვარდი. მისი კეკლუცი სხივები, გაღეღილ გულმკერდში მიძვრებოდნენ და ის იყო ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ღირდა ჩემი გაუსაძლისად ქცეული სიცოცხლე.
სკოლის პატარა მოედანზე გამოსულ თანატოლებს შორიდან ვუცქერდი. რადგან ბავშვი ვიყავი, მეც მიჩნდებოდა ბურთაობის სურვილი, ამიტომ კარებთან ავიტუზებოდი ხოლმე და ვთრთოდი.
არავინ მეძახდა, ზურიკო, მოდი, ვითამაშოთო. არადა, მინდოდა, ფეხქვეშ მეც გამეგდო ბურთი და გოლი გამეტანა.
გატოკებული სურვილის ძაფი ეულად ყოფნას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ის წყეული დუმილი, ცხოვრებამ რომ მასწავლა, მბორკავდა და ხელს მიშლიდა.
არავინ ჩანდა, ვინც დამინახავდა და დამეხმარებოდა.
გაბრაზებულს ერთი სული მქონდა, როდის გავიქცეოდი სახლში. ხანდახან მეც ჩემს ძმებს ვბაძავდი და ტყისკენ ავიღებდი გეზს. იქ სიმშვიდე მეუფლებოდა. უწყინარი ჩიტების გარემოცვაში, საოცარ ჰარმონიას რომ ქმნიდნენ, წამით მაინც ვხდებოდი ბედნიერი. მაშინ ვგრძნობდი, მეც ბუნების შვილი ვიყავი და მქონდა სიცოცხლის თუ ბედნიერების უფლება.
შუაგულ ტყეში მე და ჩემი ძმები ვთამაშობდით, ვიცინოდით, ფეხშიშველები დავტანტა-ლებდით მანამ, სანამ ვინმე ადამიანი _ მონადირე, ან საქონლის მაძებარი არ გამოგვე-ცხადებოდა. იქაურობას მაშინათვე გავერიდებოდით, რადგან არავისთან გვინდოდა ურთი-ერთობა, ისინი, თუ ნაცნობები იყვნენ, დაგვცინოდნენ, თუ არა, მათ ყურადღებას „ორიგინალური“ ჩაცმულობით ვიქცევდით.
- ჰეი, სად გარბიხართ! _ მოგვაძახებდნენ, მაგრამ ჩვენ არაფერი გვეყურებოდა.
გამომდინარე აქედან, თანასოფლელებმა „პატარა ველურები“ შეგვარქვეს და ჩვენი მდგომარეობის გამო მასხარაობდნენ ხოლმე.
ბუნების სხვა ქმნილებები ჩვენ მიმართ უფრო კეთილგანწყობილნი იყვნენ, ვიდრე ადამიანები, რომელთაც მხოლოდ ის აინტერესებთ, თუ როგორი ქსოვილით ხარ შეფუთული. შიგთავსი მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. მე რომ ეულად ყოფნას მივეჩვიე, ამ გარემოებამ განაპირობა...

****
ამბობენ დაღმართს აღმართი მოჰყვებაო და პირიქით. დღეს ღამე ცვლის, ღამეს _ დილა სისხამი.
ჩემი სოფლის ფერდობებს რომ გადმოსცდება მზე დიდებული, ლორთქო, ცვარ-შეუშრობელ ბალახზე აცეკვებული ოქროსფერი სხივების ცქერას არაფერი სჯობს. ესაა სი-ცოცხლის არსი და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ჩვენს ცხოვრებას ვერც ალიონი ახალისებდა, სიბნელესთან მებრძოლი და ვერც ცხრაკარა მზის ღიმილი.
ტუტუც ძმებს ნაკლებად, მაგრამ მე დედის ბოლოდროინდელი მდგომარეობა მაღელვებდა, ცუდად იყო და ძალაგამოცლილი; სახეზე ფერი არ ედო. ოცდაათი წლისაც არ იყო, მაგრამ ადრე დაბერდა თითქოს, ნაოჭები მოუმრავლდა.
მას შემდეგ რაც მშობლის მდგომარეობა გართულდა, ტყისკენ არ მიმიწევდა გული. დედასთან მინდოდა ყოფნა და მისი თხოვნით სკოლაშიც დავიწყე სიარული. ძმები კი, სამ-წუხაროდ, ძველებურად განაგრძობდნენ ცხოვრებას.
ჩემს დამრიგებელს გიორგი ერქვა. სწორედ მან მაგრძნობინა თავი ადამიანად, ძალიან კეთილი იყო, კლასში ყველას უყვარდა. ბევრისგან აბსოლუტურად განსხვავდებოდა. დედის თხოვნასთან ერთად ამ კაცის ფაქტორმაც განაპირობა ჩემი სკოლაში დაბრუნება, თუმცა, ეულად ყოფნას რომ ვიყავი მიჩვეული, გამიჭირდა თანატოლებთან ურთიერთობის აწყობა. ხალასი ბუნებისა არ ვიყავი და მათაც არ ჰქონდათ ჩემთან მეგობრობის სურვილი, აი ბატონი გიორგი კი სულ სხვა იყო. მას შემდეგ რაც სკოლაში დამაბრუნა, ცდილობდა, ჩემს სამყაროში შემოეღწია.
რადგან საბრალო დედაჩემის მდგომარეობა დღითიდღე რთულდებოდა, ხანდახან ვერ ვტოვებდი მას. დამრიგებელი სახლში მაკითხავდა და ჩემს ტკივილს იზიარებდა. „პატარა ველურები“ კი კვლავინდებურად გარბოდნენ.
სოფლის თვალში მამა ისევ ხეპრე და უვარგისი იყო. ძმებზე არა, მაგრამ ჩემზე აშკარად შეიცვალა ხალხმა აზრი.
-პატრონი და მყვარებელი რომ ჰყავდეს, ამ ზურიკოსგან კაცი დადგება, - ისე იტყოდნენ თითქოს ვინმესთვის ამეკრძალოს ჩემი შეყვარება...

****
სოციალური პროგრამით დაგვაფინანსეს და ავადმყოფი დედა ბატონმა გიორგიმ გამოკვლევაზე, ქალაქში წამაყვანინა.
მამა სახლში დარჩა. ის ადამიანი კი ექიმებთან დარბოდა, საჭირო საბუთებს აგროვებდა და გვპატრონობდა. მანქანაში ბენზინიც კი არ ჩამასხმევინა, არადა, ჩვენს ქვეყანაში საწვავი ძვირია.
ახლაც ვფიქრობ, რა კარგი კაცია ბატონი გიორგი. ერთი წლის ურთიერთობის თავზე, ადამიანად ყოფნის სურვილი გამიჩინა. ძალიან ძნელი იყო ჩემი კალაპოტში ჩაყენება, მაგრამ მან ეს შეძლო. ასე თუ ისე, თანაკლასელებთანაც მისი დამსახურებით დავლაგდი. ჩემი კლასი მთელს სკოლაში ყველაზე მზრუნველი და მეგობრული გახდა. ერთად დავდიოდით ლაშქრო-ბებზე. სადმე, ბუნების წიაღში ჩამოვჯდებოდით ხოლმე ცხოვრებისეულ საკითხებზე ვმსჯე-ლობდით. სპორტის რატომღაც არააქტიური პედაგოგიც კი აიძულა, ჩვენი კლასისთვის სხვადასხვა გამაჯანსაღებელი აქტივობები მოეფიქრებინა. ჩემი ქვეყანა დროის მცირე მონა-კვეთში არ განვითარებულა, ისევ განვითარებადი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ჩემი სამყარო გახდა უფრო საინტერესო.
საწუხარი, დარდი ადამიანის თანმდევია: ცხოვრებაში მისთვის მიზეზი ყოველთვის მოიძებნება. მე მაწუხებდა „პატარა ველურების“ ურჩობა და დედის მდგომარეობა. ბატონმა გიორგიმ დამიმალა, რა ეწერა იმ დღეს აღებულ სამედიცინო დასკვნაში. მითხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ძვირადღირებული წამლები გამოუწერეს. რასაც გაწვდა, თავისი სახსრებით მიყიდა. მე კი შემრცხვა, ჯიბეში იაფფასიანი „ციტრამონის“ ფულიც რომ არ მიჭყაოდა. ამ გარემოებამ, მომიტევეთ და, მამაჩემი კიდევ უფრო შემაძულა. ყველაზე ცუდი აზრი გავივლე გულში და კითხვაც დავსვი: ღმერთი რატომ აჩენს ასეთ კაცებს?!
საბრალო დედა, სახლში რომ მოგვყავდა, მეხუტებოდა. ამ უბედური ქალის გახშირებული სუნთქვა მაშფოთებდა. ვგრძნობდი, რაღაც უხილავი ძალა უღრნიდა სხეულს და საშინლად ტკიოდა, მაგრამ წუხილს ერიდებოდა.
-ანანო, _ ჩემი გარდაცვლილი დის სახელს ბუტბუტებდა თავისთვის.
ბატონ გიორგის ეს არ გაუგონია, რადგან საჭესთან იყო, თანაც ჯაბახანა ავტოს მაყუჩი ჰქონდა გაფუჭებული და ძრავა საშინლად ხმაურობდა.
დედა ფეხზე ძლივს დგებოდა; კლასის დამრიგებელი დამეხმარა და სახლში შემაყვანინა. ჩემი ძმები ეზოში დატანტალებდნენ. მამა, როგორც ყოველთვის, შინ არ იყო.
იმ დღეს „პატარა ველურებს“ გაქცევა არ უცდიათ. დედა რომ შემოვიყვანეთ, ჯარის-კაცებივით ჩამწკრივდნენ და გაჩუმდნენ.
გარეთ გასული ჩემი ძმები, როგორც წესი, შინ გვიან ბრუნდებოდნენ. ავადმყოფ დედასთან შეივლიდნენ და დიდხანს ეფერებოდნენ ხოლმე. ერთხელ, მეზობელს მიეხმარნენ, იმან კი პური და მისაყოლებელი უწყალობა. ის დედას მოურბენინეს, თუმცა ავადმყოფმა მშობელმა მას პირი ვერ დააკარა.
ისინი კეთილები იყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრებამ დაგვანათლა ყველას ერთად უცნაური თვისებები.
- ლუკა, საბა, ნიკუშ, ოთო, არ გაიქცეთ, მოდით აქ! - დაუძახა ბატონმა გიორგიმ.
ლუკა ცქმუტავდა, გაქცევას ლამობდა, მაგრამ ნიკუშამ არ დაანება.
-ბავშვებო, რას ჰგავს თქვენი საქციელი?.. მიბაძეთ ზურიკოს, რა მოგივიდათ? რა დაგრჩენიათ იმ ტყეში, კაცო, მოდით სკოლაში, ყველანაირად დაგეხმარებით, მეგობრებსაც შეუყვარდებით და ცხოვრება გაცილებით უკეთესი გახდება.
მასწავლებლის ამ სიტყვებს ბიჭებმა დუმილი შეაგებეს.
-დაფიქრდით, ბავშვებო, დაფიქრდით, დედათქვენის ხათრით მაინც, - ბატონი გიორგი წასასვლელად მოემზადა.
„პატარა ველურები“ დედასთან შეიჭრნენ, საძინებელში, დანჯღრეულ საწოლზე რომ იყო მისვენებული და მძიმედ სუნთქავდა. მას ხელთ სამედიცინო დასკვნა ეჭირა და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.

****
მართალია, ბატონი გიორგის წყალობით, კითხვაში გავიწაფე, მაგრამ ექიმის მიერ გამოყვანილ ოკრობოკრო ასო-ნიშნებს ვერაფერი გავუგე, არადა, მაინტერესებდა, რა ეწერა იმ დასკვნაში?! ჩემი დამრიგებელი კი მამშვიდებდა, საგანგაშო არაფერიაო, მაგრამ ვგრძნობდი, საბრალო დედას მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა.
ჩვენ, „პატარა ველურებს“ სახლში არც ტელეფონი გვაქვს, არც ინტერნეტი; მამაჩემი ამბო-ბდა, რაში გჭირდებათ, არ იყო ჩვენს ბავშვობაში ეგ ყველაფერი, მაგრამ ხომ ვცხოვრობდითო?
მე, რადგან ბატონმა გიორგიმ შეძლო და სკოლაში დამაბრუნა, ველურობიდან ოდნავ ცივილურ სამყაროში რომ აღმოვჩნდი, გავეცანი თანაკლასელების კომფორტულ ცხოვრებას, თითქმის ყველას ჰქონდა სენსორებიანი სმარტფონები. რამდენიმე მეგობარი შევიძინე, თან ძალიან სწრაფად. მათი წყალობით გავეცანი უკიდეგანო ვირტუალურ სამყაროს, სადაც თითქმის ნებისმიერი სახის ინფორმაცია შეგიძლია მოიძიო. ეს რომ გამახსენდა, ავიღე დე-დაჩემის სამედიცინო დასკვნა თუ დიაგნოზი და ლევანიკოსთან გავიქეცი, რომელთანაც ველურობის ხანაში, ყველაზე მეტად მიჭირდა ურთიერთობა, მაგრამ ბოლო დროს ის ჩემთვის ძალზე ახლობელი გახდა.
დავგუგლეთ ის საზარელი სიტყვა, რაც მანდ ეწერა. ლევანიკო შეცბა, შემომხედა აწყ-ლიანებული თვალებით და მე მივხვდი, დედაჩემი კვდებოდა...

****
- ერთხელ სიკვდილმა ჩემი დაიკო წაიყვანა. ახლა ის ჩემი ფარღაღალა ქოხის ზღურბლთან დგას და დედაც უნდა წამართვას, რატომ, ბატონო გიორგი, რატომ?!
კლასში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ჩემმა ყველა კლასელმა თავი ჩაქინდრა. მათ ამ დიდებულმა კაცმა თანაგრძნობის უნარი შესძინა. იმ დღეს პირველად ვიგრძენი, მარტო არ ვიყავი, რამაც მომცა საშუალება, დავფიქრებულიყავი და ცხოვრებისთვის სხვა თვალით შემეხედა.
დაახლოებით ხუთი წუთი მასწავლებელს ხმა არ ამოუღია. ბავშვების მსგავსად ისიც თავჩაქინდრული იყო და ფიქრობდა. მერე მომიბრუნდა და მითხრა:
-ზურიკო, არ უნდა გატყდე, შვილო! შენთვისაც მოიცლის ბედნიერება, ოღონდ გეხვეწები, არ მკითხო, როდის?!.
არც ვაპირებდი რამის თქმას, მე იმ წუთას, მხოლოდ დედაზე მეფიქრებოდა, ჩემს ძმებზე, ჩემს და მათ ბუნდოვან მომავალზე.
-მეტნაკლებად ადამიანი ყველა იმ უნარ-ჩვევით იბადება, რომელიც აუცილებლად გამოადგება ცხოვრებაში, როგორიცაა მაგალითად გამძლეობა, „ჭირსა შიგან გამაგრება,“ ვაჟკაცობა, მაგრამ, ჩემო ზურიკო და საყვარელო მოსწავლეებო, მთავარი უნარი, რაც უნდა გააჩნდეს თითოეულ თქვენთაგანს, სიყვარულია. თქვენ არავინ არ უნდა გძულდეთ, არც სიცოცხლე, არცა სიკვდილი და მითუმეტეს არცა ღმერთი, დაიმახსოვრეთ ეს ყოველივე. ახლა ჩამოვშალოთ და ვთქვათ, რატომ უნდა გვიყვარდეს სიცოცხლე? ყველაზე ხანმოკლეა ის და სხვა ფიქრისთვის სად გვცალია? ნერგი კეთილი უნდა დარგოს თითოეულმა ჩვენთაგანმა. სიკვდილი მარადისობისკენ მიმავალი გზაა, ამიტომ არ გვაქვს უფლება მისი შეძულების, ღმერთი კი, ჩვენს წარმოსახვაში არსებული ყველა სიკეთის ავტორია, რომელიც გვეხმარება მარადიულობის შეგრძნებაში. სიკვდილი არ არის დასასრული, მას მერე რაღაც სხვა იწყება.
გულს მოეფონა მისი სიტყვები. მე არაერთხელ დამცდა ღმერთის საყვედური, მაგრამ ახლა, ამ ძნელბედობის ჟამს, ამ ღვთისნიერი ადამიანის წყალობით, ბევრ რამეს მივხვდი.
დედა კვდება, ვიცი ეს და გული მეწვის. გზად მიმავალი დავფიქრდი, ბატონმა გიორგიმ რომ თქვა, ნერგი უნდა დარგოს ადამიანმა ამ ხანმოკლე სიცოცხლეშიო, კი მაგრამ რა შექმნა ჩემმა საბრალო მშობელმა ასეთი ღირებული? არის კი ვალმოხდილი ამ სამყაროს წინაშე?
უცებ, თითქოს გონება გამინათდა, ჩემს კითხვაზე თავად ვიპოვე პასუხი:
-მე და ჩემი „პატარა ველურები,“ აი, ვინ შექმნა დედამ! - უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, რა მეკეთებინა და როგორ მეცხოვრა.
ბატონი გიორგის წყალობით, ორი-სამი წიგნი რის ვაი-ვაგლახით წავიკითხე, მერე შემიყვარდა ეს საქმე, ასო-ნიშნებს გავუშინაურდი და ამ ყველაფერმა ფიქრისა და აზროვნების უნარი შემძინა. ჩემი ძმები კი ძველებურად ცხოვრობდნენ, მთელი სკოლა ფეხზე დადგა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. ყოველი მასწავლებლის დანახვაზე, ტყისკენ აიღებდნენ გეზს და მათ ვინ დაიჭერდა ?..

****
ბოლო დროს, მამა ოდნავ დააფიქრა დედის მდგომარეობამ, მაგრამ ბევრი არაფერი შეც-ვლილა, ლოთობდა კვლავაც, ოღონდ დედას თვალს არიდებდა, ნასვამი არ დაენახვებოდა. ეზოში სკამფიცრულზე ჩამოჯდებოდა ხოლმე და მე ის უფრო სევდიანი მეჩვენებოდა. ხმას არ იღებდა, ისეთი უხეშიც არ იყო, როგორიც ადრე. თითქოს სინდისი აწუხებდა და ჩვენც გვა-რიდებდა თვალს.
სიკვდილი ჩვენი ფარღაღალა ქოხის ზღურბლთან იდგა. მას მხოლოდ დედა ხედავდა და მე ეს ვიცოდი.

****
ბატონი გიორგი ხშირად გვაკითხავდა და თქვენ წარმოიდგინეთ, მას ნელ-ნელა ჩემი „პატარა ველურებიც“ შეეჩვივნენ, აღარ გარბოდნენ.
ხშირად, ნუგბარ ტკბილეულობას მოაყოლებდა ხელს და ჩამოგვირიგებდა ხოლმე. მე, ჩვეულებისამებრ, არ ვჭამდი. პატარებსაც თავიანთი წილი დედასთან მიჰქონდათ, რომელმაც აზროვნების უნარიც დაკარგა და გონდაკარგული, უაზროდ ჭერს იყო მიშტერებული.
ჩონჩხად იქცა ავადმყოფი.
ფარღაღალა ქოხის ზღურბლს გადააბიჯა სიკვდილმა და დედას სასთუმალთან დაუჯდა...
-ანანო, ჩემო ანგელოზო! _ წამოიძახა მომაკვდავმა და სახეზე ღიმილი შევნიშნე. თითქოს გულში იხუტებდა თავის ანგელოზს და ეფერებოდა.
დედის სიკვდილს შევესწარით: მე, „პატარა ველურები,“ მამა და ბატონი გიორგი. მეზობლები მერე მოვიდნენ ფორმალური ვაი-ვიშით და მოთქმა-გოდებით.
საინტერესო იყო მამის მდგომარეობა. არავის დაანება და დედა საკუთარი ხელებით გააპატიოსნა, მერე შემზარავად იბღავლა და ცხედარს ზედ დაემხო აზლუქუნებული. მძიმე იყო ამ ყველაფრის ყურება. ცხოვრებაში პირველად შემებრალა ეს კაცი, რომელმაც თავიდანვე ხელი ჩაიქნია, ბედს დამორჩილდა და არაფერი იღონა ჩვენი მდგომარეობის გასაუმჯობე-სებლად.
-მე არ ვარ სიცოცხლის ღირსი! - ეს სიტყვები ამოთქვა მამამ, მერე ჩემს დამრიგებელს მიუბრუნდა, - მადლობა, ყველაფრისთვის მადლობა, ბატონო გიორგი! .. აბა თქვენ იცით!
თქვა და გაგვშორდა მამა, თვალს და ხელს შუა გაუჩინარდა. მისგან არავინ არაფერს მოელოდა და არც არავინ ასდევნებია. ვერავინ მიხვდა, რას ნიშნავდა მისი ეს სიტყვები. ან მიხვდნენ და არაფერი იღონეს ბედისწერის შესაჩერებლად.
კარგია არ შეიძულო, მაგრამ გამითავხედდა სიკვდილი, საწამლავი დალია მამამ და დედას მიეწია. ეს კი მეტისმეტი იყო ჩემთვის და „პატარა ველურებისთვის,“ რადგან მარტონი დავრჩით.
იმ შაბათ დღეს ორი კუბო გაასვენეს ჩვენი ფარღაღალა ქოხიდან. ზღვა პროცესიამ გააცილა უკანასკნელ გზაზე ჩემი მშობლები. იმ დღეებში ბევრი პატრონი და სპონსორი გამოგვიჩნდა, კარგადაც გამოგვპრანჭეს „პატარა ველურები,“ ასე ჩაცმული არასოდეს ვყოფილვართ.
ხანგრძლივად იავადმყოფა დედამ და ჩვენ ხშირად წამლის ფული არ გვქონდა. ახლა დიდძალი ხარჯი გასწია ხალხმაც და ხელისუფალმაც, ქელეხის მრავალფეროვანი სუფრა გაიშალა და სადღეგრძელოებში, ჩემი უპოვარი მშობლები ადამიანებად იქცნენ...

****
მიებარნენ მიწას დედა, მამა. ბიძამ და ბიცოლამ მხოლოდ ერთი ღამე გაათიეს ჩვენთან და წავიდნენ.
მე, როგორც აწ უკვე ოჯახის უფროსმა, ჩემი „პატარა ველურები“ შემოვიკრიბე და ვუთხარი:
-ლუკა, საბა, ნიკუშ, ოთო, დღეის ამას იქით ჩვენ სხვა ადამიანები უნდა გავხდეთ. სკოლაშიც ვივლით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ფეხზე დავდგეთ!
ისინი ჩვეულებისამებრ არ ცქმუტავდნენ, გულდასმით მისმენდნენ...

****
გამიკვირდა, თითქმის ერთი კვირა, ბატონი გიორგი რატომღაც არ გამოჩენილა. გული დამწყდა. ვიფიქრე, მანაც ხომ არ მიგვატოვა-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად, იმ ორშაბათ დღეს გამოგვეცხადა თავისი ჯაბახანა ავტოთი.
მე ეზოში ვსაქმიანობდი. „პატარა ველურებს“ ეძინათ. გამიხარდა ბატონი გიორგის დანახვა და მივეგებე.
-ბიჭები სად არიან? _ მკითხა.
- ბიჭები?.. ბიჭებს სძინავთ.
-რა დროს ძილია, ჩქარა წამოყარე, გველოდებიან! _ ბატონ ადამს სახე უბრწყინავდა.
მე არ დამჭირვებია მათი გაღვიძება. პატარა ველურები~ ამდგარიყვნენ, ახალი ტანსაცმელი ჩაეცვათ და სკოლაში წასასვლელად გამზადებულიყვნენ, რამაც ძალიან გამახარა.
-დამიცადეთ, მეც ჩავიცვამ, _ ვთქვი მე.
-აბა მიდი, მალე, მალე ჩაიცვი, დრო არ ითმენს! _ მაჩქარებდა ბატონი ადამი.
ათუხთუხებულ ჯაბახანა ავტოში ჩავსხედით და სოფლის თემშარას დავადექით. ვი-ცოდით, სკოლაში რომ მივდიოდით, მაგრამ იქ რა გველოდებოდა, იმის წარმოდგენაც არ გვქონდა.
როგორც იქნა მივედით და რაც ჩვენ იქ ვნახეთ, არასოდეს დამავიწყდება.
სკოლის კარებთან უზარმაზატი ტრანსფარანტი იყო გამოფენილი წარწერით: „თქვენ მარტო არ ხართ!“
ჩვენი თანატოლები და მასწავლებლები, ორ მწკრივად დალაგებულიყვნენ, ფერადი ბურთებით, უმშვენიერესი თაიგულებით და ღიმილიანი სახეებით გველოდებოდნენ სკოლის კარებთან. ცრემლები წაგვსკდა „პატარა ველურებს,“ ოღონდ ეს არ იყო მწუხარების ცრემლი. ყველანი უსაზღვრო სიხარულმა შეგვიპყრო. გული საგულეში მოუსვენრობდა, თითქოს სამ-ყარო შეიცვალა, თითქოს სიყვარულმა სიძულვილზე იზეიმა და სიკეთემ - ბოროტებაზე. აღარ იყო ბულინგი, გარიყულობა. თითქოს სხვა სულისკვეთებამ გაგვინათა გონება, თითქოს წაქცეულის ფეხზე დაყენება, ცხოვრების წესად გვექცა. ადამიანთა გაღიმებულმა სახეებმა დამარწმუნეს, რომ ღმერთი ღმერთობს და არასოდეს არ უნდა დაგვცდეს მასზე ცუდი.
-აბა ჰე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! _ თქვა ბატონმა გიორგიმ.
- ლუკა, საბა, ნიკუშ, ოთო, წავედით! _ მივმართე ჩემს ძმებს.
ჩემი „პატარა ველურები,“ ცხოვრებაში პირველად დამემორჩილნენ უსიტყვოდ და ჩვენს ძვირფას ადამიანთან, ბატონ გიორგისთან ერთად, ამაყად გავიარეთ ღირსების დერეფანი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent