შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეკვიემი (ამბავი პირველი) (პირველი ნაწილი სრულად)


29-11-2023, 07:17
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 1 954

თავი 1

შობას თოვლი უხდება, თეთრი ქათქათა თოვლი, ბავშვების ჟრიამული, თოვლის ბაბუები,ლამაზი დეკორაციები, ფერადი განათებები და მორთული ნაძვის ხეები, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ქალაქში არ თოვს! სხვა ყველაფერი კი თოვლის გარეშე თითქოს უკმარისობის შეგრძნებას ტოვებს. ვისაც თოვლიანი შობა უნახავს აუცილებლად დამეთანხმება, ამ დროს თითქოს თოვლიც რაღაც უფრო ბედნიერია და განწყობაც ესეთივე გვეუფლება. თუმცა როგორც უკვე ვთქვი ჩვენ ქალაქში არ თოვს, ამ შობას კი საშინელი ამინდი დაგვატყდა თავს. ჯერ კოკისპირული წვიმა და ქარი, შემდეგ ქარი უფრო გაძლიერდა და ქარიშხალში გადაიზარდა, საშობაოდ გამოფენილი დეკორაციებისგან აღარაფერი დარჩა, ფერად-ფერადი განათებები შემოაგლიჯა ხეებს და ქალაქის ცენტრში ასვეტილი ნაძვის ხეც მიწასთან გაასწორა, აქაურობა ბრძოლის ველს დაემსგავსა. სახლების ნაწილს სახურავები გადახადა და ქუჩებში მოფინა, ხეებს ტოტები შემოამტვრია და ზოგი სულ მოგლიჯა. ამინდი კი არა ნამდვილი კოშმარი იყო, მაგრამ ქარიშხალს საერთოდ არ აინტერესებდა რას ფიქრობდა ხალხი მასზე, ვის სძულდა, ვინ ბრაზობდა, ან რას აშავებდა თვითონ. გიჟივით აღმა-დაღმა დაჰქროდა და ყველაფერს ანადგურებდა რისი განადგურებაც შეეძლო.
მოძრაობა მალევე აიკრძალა, ხალხი ვისაც სად შეეძლო იქ აფარებდა თავს, ზოგს გაუმართლა და შინ მისვლა მოასწრო. კავშირგაბმულობა დაზიანდა, ელექტრო ენერგიის გადაცემი ხაზები დაწყდა და ნახევარი ქალაქი უშუქოდ დარჩა, ნათესავები და მეგობრები ერთმანეთის ამბის გაგებას ვერ ახერხებდნენ. წესით ეს დღე ბედნიერი, მყუდრო, ოჯახური დღესასწაული უნდა ყოფილიყო, ახლობლებს ერთამანეთისთვის მიელოცათ და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ყველა ბედნიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ხშირად ინგრევა ჩვენი წაროდგენები. იმედები, რომ ყველაფერი კარად იქნება, რომ ხვალინდელი დღე აჯობებს დღევანდელს, რომ შემდეგ წელს უფრო მეტს შევძლებთ, რომ უფრო მეტს ვიშრომებთ, მეტად მოვინდომებთ, მეტად გაგვიმართლებს და ა.შ. ეს ქარიშხალიც რეალობასავით იყო. არსაიდან მოვიდა, უცაბედად შემოჭრა და ყველა წარმოდგენა თავზე დაგვამხო, სიხარულის ნაცვლად დარდი, ტკივილი და ნერვიულობა მოგვიტანა. მაგრამ ადამიანებს ყველაფერთან გამკლავება შეგვიძლია სწორედ ხვალინდელი დღის იმედით (რასაც ფანჯრებიდან მბჟუტავი საშობაოდ ნაყიდი სანთლების შუქიც ადასტურებდა).
საგანგებო და სამაშველო სამსახური მთელი ღამე მუშაობდნენ, მაგრამ მოხალისეების გარეშე რთული სათქმელია იმდენს თუ მოახერხებდნენ რამდენიც შეძლეს...
გათენებასთან ერთად ქარიშხალმაც ნელ-ნელა უკან დაიხია, დამშვიდდა, იმდენად დაპატარავდა, რომ ბოლოს უწყინარ სიოდ გადაიქცა და ხანდახან თუ წამოუბერავდა ხოლმე არიქა და არ დაგავიწყდეთ ჩემი არსებობაო, მაგრამ ძალიანაც რომ მოენდომებინათ ვის დაავიწყდებოდა წუხანდელი ღამე?! როცა მთელი სიცხადე დღის შუქმა მოჰფინა მის მავნებლობას...
თუმცა იყვნენ ისეთებიც ვისაც საერთოდ არაფერი გაუგია წინა ღამეს დატრიალებული ამბებიდან და დილას, როცა ფარდები გადაწია ქეითმა დენდარტყმულივით დაიხია უკან.
- რა მოხდა?
- ეს თვითონ უნდა ნახო. - უთხრა მან და თვითონაც ახლოს მივიდა ფანჯარასთან.
მამაკაცი მყისიერად წამოდგა, ისე როგორც ჯარისკაცებს სჩვევიათ ხოლმე, აღნაგობაც ისეთი ჰქონდა, ნავარჯიშები, ათლეტური სხეული და ალაგ-ალაგ შრამები, მაგრამ სამხედრო სამსახური გავლილიც კი არ ჰქონდა, არასდროს ჰქონია მაღალი იდეალები, ყოველთვის მიაჩნდა, რომ ყველაფრის ყიდვას შეძლებდა, მაგრამ ფასს ყოველთვის ფინანსური თვალსაზრისით არ ზომავდა. მიაჩნდა რომ ნებისმიერი ურთიერთობა სავაჭრო გარიგებას ჰგავდა და თუ ორივე მხარე კმაყოფილი არ იქნებოდა გარიგება არ შედგებოდა. ფასს ყოველთვის თვითონ ადგენდა! ყიდულობდა და ყიდდა, როგორც თავად ამბობდა. მიაჩნდა რომ ერთგულების ყიდვაც შეიძლებოდა, მაგრამ რომ გეკითხათ რითო გიპასუხებდათ საპასუხო ერთგულებითო მთავარია გიღირდეს ამ საფასურის გადახდაო. მაგრამ ვინ განსაზღვრავს ხვალ რა იქნება მისთვის ფასეული?! მიუხედავად ამისა მაინც უამრავი ადამიანი ჰყავდა გარშემო, ახერხებდა რომ საზოგადოების სული და გული გამხდარიყო, სადაც ის იყო ყველგან მხიარული განწობა სუფევდა, იუმორით, ინტელექტით და რაღაცნაირი შარმით აჯადოვებდა ყველას, ისე თითქოს განსაკუთრებული მიზიდულობის ძალა ჰქონდა, ვინც ერთხელ მაინც ნახავდა თითქოს ჰიპნოზის ქვეშ ექცეოდა. თვითონ კი ყოველთვის ზედაპირული ურთიერთობებით კმაყოფილდებოდა და ერთი დღით ცხოვრობდა.
იმ ღამესაც ასე მოხდა, უბრალოდ გაიარშიყა გაუვიდა და დილას ზუსტად არც ახსოვდა ვის საწოლში გაიღვიძა, მაგრამ წამის მეასედებში გამოფხიზლდა და არაფერი შეიმჩნია. ფანჯარასთან მივიდა, ინტერესიანი მზერა მოავლო გარემოს, ხმა არ ამოუღია ტელეფონი მოიმარჯვა და დარეკვა სცადა, კავშირი ჯერ კიდევ არ იყო. ავტომობილს გადახედა ფანჯრიდან და მიუხედავად იმისა რომ, ბილწსიტყვაობა არ ახასიათებდა გულიანად შეიკურთხა. ქალისთვის ყურადღება არც მიუქცევია ისე ჩაიცვა. ის ჯერ კიდევ ფანჯარასთან იდგა გაქვავებულივით და რაღაცას დაჟინებით უმზერდა. მერე ჯერ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე, შემდეგ მეორე და ბოლოს ცრემლების ნიაღვარიც წამოვიდა, მამაკაცი გაკვირვებული მიუახლოვდა ფანჯარას და მზერა გააყოლა ქალის გაშვერილ თითს და თვითონაც გაქვავდა, გზის გადაღმა პატარა უსულო სხეული ჩაეკრა დედას და თავადაც განეტევებინა სული. მაშველები მოხალისეებთან ერთად ცდილობდნენ მათი სხეულების მოგლეჯილი სახურავის ნაწილებისგან გათავისუფლებას, წუთიც არ იყო გასული რომ შემზარავმა კივილმა გაკვეთა ჰაერი და იქვე ჩაიკეცა მოხუცი ბებო.
- უნდა წავიდე - უთხრა მამაკაცმა გაქვავებულ ქალს და ისე შებრუნდა პასუხს არც დალოდებია.
- წადი - ცივი ხმით უპასუხა ქალმაც, მაგრამ მას მისი ნათქვამი აღარ გაუგია.

ქეითი ერთხანს ისევ ისე უძრავად იდგა ფანჯარასათან, იქამდე სანამ ძალა არ გამოეცალა და არ ჩაიმუხლა. ზურგით კედელს მიყრდნო და თავი ხელებში ჩარგო, თითქოს ცრემლიც გაშრა მხოლოდ მარილის სიმშრალე სწვავდა ღაწვებს. ნელ-ნელა ძალა მოიკრიბა, აზრს და გონებას თავი მოუყარა, გამხდარ თითქმის უფორმო სხეულზე კიდევ უფრო უფორმო სათხილამურო კომბინიზონი ჩაიცვა, თმა არც კი დაუვარცხნია ისე ჩამოიფხატა სასხვათაშორისოდ შემოსასვლელში მიგდებული ქუდი და ეზოში ჩავიდა მეზობლების დასახმარებლად. თვითონ ფიზიკურად ბევრი არაფერი შეეძლო, მაგრამ წყლის და ცხელი ჩაის მიწოდებაც დახმარება იყო იმ სიტუაციაში. მის ჩასვლამდე მოხუცი ბებო საავადმყოფოში წაეყვანათ და გარდაცვლილი დედა-შვილიც გადაესვენებინათ, მეზობლის ქალბი ვიშვიშებდნენ, კაცები ჩუმად იკავებდნენ მომდგარ ცრემლებს, ქეითს კი ცრემლი თითქოს გამშრალი ჰქონდა გაყინული სახით იდგა და გამოწვდილ ჭიქებში ასხამდა ცხელ სითხეს.
პატარა ქალაქებში ასე ხდება ხოლმე, ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთის სატკივარს იზიარებს, ჭირიც და ლხინიც საერთო აქვთ. დღეს დიდი ლხინი უნდა ყოფილოყო, დიდი სიხარული, მაგრამ შობა ამ ქალაქში აღარასდროს იქნებოდა ისეთი, როგორც მანამდე სანამ ეს ადამიანები იცოცხლებენ და ემახსოვრებათ წუხანდელი ღამე.

თავი 2

შობის შემდეგ ქალაქის ცხოვრება შეიცვალა. ადამიანები შეიცვალენ. თითქოს ერთ მთლიანობად იქცნენ, ერთამნეთს დახმარების ხელს უწვდიდნენ, დამწუხრებულები, მაგრამ შრომაში ჩაბმულები. დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი ქუჩების წმედითა და სახურავების შეკეთებით იყო დაკავებული, ვისაც რა შეეძლო აკეთებდა. საავადმყოფოები გადაივსო, ყველგან საჭირო გახდა დამხმარე ხელი, ქალები სადილს მორიგეობით აკეთებდნენ სამეზობლოში აკრფილი პროდუქტებით, ბავშვები სასმელ წყალს და ცხელ ყავას თუ ჩაის სთავაზობდნენ შრომაში ჩაბმულ ადამიანებს. ასეთი ერთობა მხოლოდ დიდ ტრაგედიას შეუძლია გამოიწვიოს, დიდ დანაკარგს... მართლაც ის ღამე ნამდვილი ტრაგედია იყო. თითქოს ღვთის რისხვა დაატყდათ თავს, ქეითი გარდაცვლილი დედა-შვილის დავიწყებას ვერ ახერხებდა, თვალის მოხუჭვაც არ შეეძლო, მუდმივად მათ სახეებს ხედავდა და ისევ ის შემზარავი კივილი ჩაესმოდა ყურში. რამდენიმე დღეში თითქმის მთლიანად წაიშალა ქარიშხლის კვალი ქალაქის ქუჩებიდან, ახალი წელი მოდიოდა, მაგრამ საახალწლო განწყობა არავის ჰქონდა! მოსახლეობა გარდაცვლილებს გლოვობდა, მერიის გადაწყვეტილებით არ მუშაობდა არც ერთი კლუბი და გასართობი ცენტრი, მხოლოდ რამდენიმე ლუდხანაში შეიძლბოდა უფლება მიგეცა თავისთვის ცოტა მოდუნებულიყავი. ქეითი ალკოჰოლს არ ეტანებოდა, არც ასეთ ადგილებს სტუმრობდა ხოლმე, კლუბები ერჩივნა, ამოჩემებული ადგილები ჰქონდა და ხშირი სტუმარიც იყო ამ ადგილების. ის ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ყოველთვის მიაჩნდა, რომ მისი ადგილი აქ არ იყო. რაღაც უფრო დიდი, რაღაც უფრო მეტი უნდოდა. სკოლის შემდეგ სწავლა არ გაუგრძელებია, მწერლობაზე ოცნებობდა და სულ ბლოკნოტი და კალამი ეჭირა ხელში რაც თავი ახსოვდა. ერთხელ სცადა დიდ ქალაქში გადაბარგება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ისე ჩაერთო ცხოვრების ფერხულში, რომ გადაღლილს ჭამის და გადავლების თავიც არ ჰქონდა. წერის კი არა თმის დასავარცხნი დრო არ რჩებოდა. მუშაობდა იმისთვის, რომ გადასახადები ეხადა და ელემენტარული ხარჯები დაეფარა. ბინის ქირა სამჯერ და შეიძლება ოთხჯერ ძვირიც იყო ვიდრე მის ქალაქში. ბინა სიტყვის მასალად ერქვა თორემ სინამდვილეში ერთი ოთახი იყო აბაზანით სასტუმროს ნომერივით. რომ არა გაზქურა და ონკანი მართლაც სასტუმროს ნომერი გეგონებოდათ. ერთი საწოლი და პატარა მაგიდა, სადაც ორი ადამიანი თუ მოთავსდებოდა. უყურებდა ამ აივნისხელა ბინას და ფიქრობდა - "ნუთუ ამისთვის ღირს წვალება?!" მისი სახლი ამ უჟმური, თალხისფერი ოთახისგან განსხვავებით ნამდვილი სასახლე იყო და ის ნამდვილი პრინცესა ამ სასახლეში. მას ნამდვილად შეეძლო ყოფილიყო პრინცესა, საკუთარი თავის რწმენა ოდნავ მაინც რომ ჰქონოდა. მაგრამ ის შინაგანად ერთი დაკომპლექსებული, უენო ბავშვი იყო, რომელსაც სითამამის ნიღაბი მოერგო და წარმატებით ახერხებდა არასწორი ადამიანების ყურადღების მიპყრობას, იმ ღამესაც ასე აღმოჩნდა იმ კაცთან ერთად, რომლის სახელიც კი არ იცოდა, არც სჭირდებოდა რომ სცოდნოდა, რომანის გაბმას კი არ აპირებდა, პირიქით, მეტი პირადი სივრცე სჭირდებოდა, უბრალოდ იმ დღეს ასე გამოვიდა, მხოლოდ ერთხელ მასაც ქონდა უფლება ერთი დღით ეცხოვრა...
მას შემდეგ რაც დევიდს დაშორდა არავის შეხვედრია, დევიდი დიდ ქალაქში გაიცნო წვეულებაზე, სამსახურისთვის თავი უკვე დანებებული ჰქონდა და მშობლიურ სახლში დაბრუნებას აპირებდა. წამოსვლამდე თავს უფლება მისცა კლუბებს წვეოდა. თითქმის წელიწადზე მეტი იცხოვრა და ისე, როგორ წამოვიდოდა იქიდან ერთხელ მაინც არ წასულიყო წვეულებების მეფედ წოდებული პოლის საღამოზე.
რაც დანაზოგი გააჩნდა და მშობლებისგან დატოვებული მცირე ბიზნესიდან გადანახული თანხებიც, რომელსაც ყოველ თვე უგზავნიდა დეიდა მერი ერთ თვეში დაანიავა იმ საღამოს შემდეგ. წვეულბის მოსაწვევი დიდი წვალებით მაგრამ მაინც იშოვა, ფერიას გავდა და მოჩვენებითი სითამამის ნიღაბიც სწორედ იმ დღეს მოირგო პირველად სხვა გოგონების მიბაძვით, მანამდე კი მართლაც მოჩვენებასავით იყო, ზედმეტი გაღიმებისაც კი ერიდებოდა, მაგრამ ამ დღეს დასაკარგი რა ჰქონდა შეეძლო ნებისმიერი ვინმე გამხდარიყო ვისაც წარმოიდგენდა, იქ ხომ არავინ იცოდა მის შესახებ არაფერი, -"მხოლოდ ერთი დღით მე მე არ ვიქნები - გადაწყვიტა მან, - ეს პოლის წეულებაა, შემიძლია გონების დაკარგვამდე გავერთო და ხვალ მაინც არავის არაფერი ემახსოვრება". მართალი იყო, მეორე დღეს არავის ახსოვდა, თავად მასაც კი არაფერი ახსოვდა. თვალი რომ გაახილა თალხისფერი ოთახის ნაცვლად სასტუმროს ძვირადღირებულ ნომერში იყო. გამჭვირვალე შუშის ფასადიდან ქალაქის ხედი მოჩანდა, მაშინვე მიხვდა სადაც იყო მაგრამ იქ როგორ მოხვდა წარმოდგენა არ ჰქონდა. ნომერში მის გარდა არავინ იყო. "ჯანდაბა" გაიფიქრა მან და საწოლის ბოლოზე დადებული ხალათი მოიცვა. საწოლის თავთან ტუმბოზე ჭიქა წყალი და ასპირინი იდო, ვიღაცას წინასწარ ეზრუნა ყველაფერზე. გრილმა შხაპმა, ასპირინმა და გამოძინებამ ცოტა აზრზე მოიყვანა. ცოტა ხანში კარზე კაკუნიც გაისმა და ოთახში შემოპატიჟების შემდეგ უნიფორმაში გამოწყობილი პერსონალი შემოვიდა. ბატონს აინტერესებს მასთან ერთად თუ ისაუზმებთო. "ბატონსო" უცებ დაუტრიალდა თავში ყველაფერი. რაღაცეები ბუნდოვნად გაახსენდა მაგრამ, რა იყო რეალობა და რა არა ამის გარჩევა მის გონებას იმ წუთში არ შეეძლო. ტანსაცმელი მოიკითხა წვეულების კაბა მეორედ ჩასაცმელად ნამდვილად აღარ ვარგოდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, აქედან ხალათით ხომ არ წავიდოდა...
პერსონალი ვერანდისკენ წაუძღვა, იქიდან მართლაც მომაჯადოვებელი ხედი იშლებოდა, ვერანდაზე კი ეგზოტიკური მცენარეები აფრქვევდნენ სასიამოვნო სურნელს. "ბატონი" ახალგაზრდა ყმაწვილი აღმოჩნდა სასტუმროს მეპატრონის ვაჟი, როგორც კი დაინახა ქეითი გულიანად გადაიხარხარა და ფეხზე წამოიჭრა
- დარწმუნებული ვარ არაფერი გახსოვს, მაგრამ არ იდარდო ჩვენ პატიოსანი ხალხი ვართ, წუხელ დიანამ მოგხედა - ხელით ანიშნა ქეითს სასტუმროს პერსონალზე - მიყვარს მხიარული ხალხი - განაგრძობდა ის - აბა რაო რას ვწერო?
ქეითს მეგობრული ჟესტების ფონზე გულზე მოეშვა და თვითონაც სცადა იუმორში აყოლოდა. იმ დღიდან მოყოლებული მეგობრობენ ის და მაიკლი. ქეითი დიდხანს უღწერდა მას მეხსიერებაში ჩარჩენილ სახეებს, განსაკუთრებით იმ ერთს რომელმაც თითქოს მთელი მისი არსება შეარყია.
- რატომ მოგწონთ გოგოებს პრობლემური ბიჭები ? - გულწრფელი გაოცებით იკითხა მაიკლმა და მხრები აიჩეჩა.
- იცნობ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ შენთვისვე აჯობებს თავი შორს დაიჭირო!
- რატომ ?
- გრძელი ისტორიაა, ნარკოტიკები, დეპრესია, ოჯახური დრამები, სკანდალური ოჯახია, ჯობია საერთოდ არ მიეკარო.
- ოკ. - უხალისოდ დათანხმდა ქეითი და სასაუბრო თემა გადაიტანა - შენთან ვალში ვარ - უთხრა მაიკლს - გუშინდელის გამო.
- ვიცი - გაიღიმა მან - წუხელ მითხარი რომ წასვლას აპირებდი.
- კი ასეა
- 1 თვით დარჩი და ვალი გადახდილი იქნება
- 1 თვით? - შეიცხადა ქეითმა
- კი მხოლოდ 1 თვე, აქ იცხოვრებ შენ ნომერში და საკრედიტო ბარათსაც მოგცემ, დანარჩენს დიანა მოაგვარებს - იქვე მოფუსფუსე პერსონალს გახედა მაიკლმა.
- ჩემი დარჩენა რაში გჭირდება ?
- სიმართლე გითხრა დაჭირვებით არაფერში, მაგრამ კარგი კომპანიონი არ მაწყენდა სანამ აქ ვარ.
- არამგონია დავრჩე, ახლა კი ჯობია წავიდე - უთხრა მაიკლს, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და თავის დაკვრით დაემშვიდობა დიანასაც.
- კარგი რა, წინ მთელი თვეა - უკან გამოედევნა მაიკლი - კარგად გავერთობით და მერე თუ მოგინდება წადი, ეს საუკეთესო მოენტია ჩვენ ცხოვრებაში. მეც შემეშვებიან და შენც გაერთობი, სანამ ზაფხულია და საქმე არ გვაქვს ჩათვალე ზღაპრული შვებულებაა - არ ჩერდებოდა ის.
- ვერ გადამარწმუნებ - დაბეჯითბით უმეორებდა ქეითიც.
- დაგეხმარები შენი ნოველების კრებული გამოვცეთ. - უეცრად არსაიდან დაახეთქა მაიკლმა.
- რა?!
- დაგეხმარები გამოცემაში. - გაიმეორა მან.
- არა, არა ამის შესახებ საიდან იცი?
- წუხელ მომეყევი.... - ახლა გაახსენდა მაიკლს რომ ქეითს არაფერი ახსოვდა.
ეს უკვე მეტისმეტი იყო, ქეითის გაცხარებას საზღვარი არ ჰქონდა, ეს მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, მისი სულის ნაწილი, ის ხომ მისი თითეული პერსონაჟის ცხოვრებით ცხოვრობდა, თითეული მათგანის ტკივილით და სიხარულით სულდგმულბდა მთელი ამდენი წლის განმავლობაში და ეს ვიღაც ფულიანი მამიკოს შვილი მისი სულით ვაჭრობდა იმ წუთში. მაიკლიც მალე მიხვდა ქეითის ფიქრებს და ცოტა უკან დაიხია.
- აღარასდროს შეეხო ამ საკითხს, - მკაცრად გააფრთხილა ქეითმა - დარჩენას თუ გადავწყვეტ გეტყვი. - უთხრა და იქიდან გიჟივით წამოვიდა, ესღა აკლდა ვიღაცას მის სულში ეფათურებინა ხელები!
ქეითი მართლაც დარჩა თვის ბოლომდე დიდ ქალაქში, მაგრამ თავის უღიმღამო თალხისფერი ოთახი არჩია სასტუმროში ცხოვრებას, ის და მაიკლი წვეულებებს არ ტოვებდნენ, ქეითი იმდენად მიეჩვია "ახალ ტყავს" რომ თითქმის მისი ნაწილი გახდა. ერთი შეხედვით ერთი გარყვნილი გოგო გეგონებოდათ, სინამდვილეში კი კოცნითაც არავიზე ეკოცნა ჯერ.
დევიდსაც კიდევ რამოდენიმე წვეულებაზე შეხვდა და თავში მუდმივად მაიკლის სიტყვები უტრიალებდა - "მისგან თავი შორს დაიჭირე!" - ამიტომ მუდმივად ცდილობდა დისტანცია დაეცვა.
თვის ბოლოც მოდიოდა, მაიკლს წასვლა არ უნდოდა, მაგრამ მის მაგივრად ლექციებს ვერავინ დაესწრებოდა.
ქეითს უკვე ნაყიდი ქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, როცა კიდევ ერთხელ სრულიად შემთხვევით გადააწყდა დევიდს, ნასვამი დაცვას ეკამათებოდა რაღაცაზე. უკვე ეტყობოდა ჩხუბში გადაიზრდებოდა და მანაც გადაწყვიტა ჩარეულიყო. დევიდის მწვანე თვალები სასმლისგან უფრო მეტად პრიალებდნენ და რაღაცნაირად ასხივებდნენ. თუმცა ფხიზელს უფრო დეპრესიული გამოხედვა ჰქონდა ხოლმე. წინააღმდეგობა არ გაუწევია ისე გაყვა ქეითს იქიდან და იმ დღიდან დაიწყო მათი ამბავიც.
დევიდი საშუალოზე მაღალი, მწვანეთვალება, შავგვრემანი ბიჭი იყო, გამხდარი, მაგრამ სხეულს ჯერ კიდევ ეტყობოდა ვარჯიშის კვალი. ძვირად ღირებული სამოსი და ავტომობილი მის სოციალურ სტატუსზე მიუთითებდნენ, მაგრამ მას ეს საერთოდ არ აინტერესებდა. ერთადერთი რისი ინტერესიც ჰქონდა საკუთარი ცხოვრებისგან გაქცევა იყო, გაქცევა მშობლების კონფლიქტისგან, ქონებრივი დავებისგან, პრესისგან, ყოველდღიური ცხოვრების რუტინისგან. და გასაქცევად ყველაზე ცუდი გზა აირჩია ალკოჰოლი და ნარკოტიკები. მაიკლი მართალი იყო მისი ოჯახი ჭაობს ჰგავდა, მუდმივი სკანდალებით, მამამისის შვილის ასაკის საყვარებით, დედამისის თავშეუკავებელი გამოსვლებით და სამარცხვინო განცხადებებით, ფსიქოლოგიური სტრესებით და სახლში აუტანელი სიტუაციით, იმდენად აუტანელით, რომ მათ ოჯახში არც ერთი სააგენტოდან აღარ მიდიოდნენ დამხმარე პერსონალი. დალაგების პირობაც კი ასეთი იყო, რომ შინ არ უნდა ყოფილიყო არავინ.
დევიდი ცუდი ბუნების ბიჭი არ იყო, პირიქით კეთილი და თავაზიანი ადამიანი გახლდათ, რაც თვითონ აკლდა იმას რომ გასცემდა, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა რომ, ჰქონდა ნარკოტიკებს ახლოსაც არ გაეკარებოდა. ეს მისი ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემა იყო და ამ პრობლემამ მისი ცხოვრების ყოველი ნათელი წერტილი ნისლით დაბურა.
ფიქრებში წასულმა ქეითმა გვიანობამდე იწრიალა საწოლში, სარეცელს ჯერ კიდევ ასდიოდა უცნობი მამაკაცის სურნელი, იგრძნო რომ ეზედმეტებოდა და საწოლში ვეღარ გაჩერდა. უკვირდა რომ აქამდე არ შეხვედრია, არა და მისთვის რომ გეკითხათ მთელ ქალაქს იცნობდა. ვერც სხვა ოთახებში იპოვა ადგილი და ლუდხანისკენ გაეშურა. უკვე წლებია მარტო ცხოვრობდა, მაგრამ ასეთი სიცარიელე მშობლების დაკარგვის შემდეგ არ უგრძვნია. გარეთ გამოსულმა უცნობის მანქანა ინტერესით შეათვალიერა - "რა უცნაურია, რომ ჯერ კიდევ არ მოუკითხავს" - გაიფიქრა მან და ტაქსში ჩაჯდა.

თავი 3

სანდროც ქეითივით ვერ ახერხებდა ნანახის დავიწყებას, სწორედ ამიტომ არ დაბრუნდა მანქანის წამოსაყვანად, თან გასაღებიც ქეითთან დარჩა და მისი მეორედ ნახვა საერთოდ არ ქონდა განზრახული. არა სიამოვნბით ნახავდა სხვა ვითარებაში, სხვა მიზნებით, მაგრამ ახლა საუბარი არ უნდოდა და ამიტომ არიდებდა თავს. მას საერთოდ არ უყვარდა უსიამოვნო თემებზე საუბარი. მომხდარის მერე მით უმეტეს... თანაგრძნობით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ქვეცნობიერში მაინც უტივტივდებოდა ქეითის უსიტყვო ტკივილით და ცრემლებით გაჟღენთილი სახე, გარდაცვლილი დედა-შვილი და მოხუცი ბებოს გამყინავი კივილის ხმა, რომელიც თითქოს ახლაც ისევ ისე აპობდა ჰაერს.
- "ღმერთო მაღალო" - თავისდაუნებურად აღმოხდა მას და ქუჩას ფეხით დაუყვა. ციოდა მაგრამ არა აუტანლად. - "ესეც ჩვენი ახალი წელი - ფიქრობდა ის, - ვის სჭირდება ასეთი დღესასწაული". ისედაც დიდად არ უყვარდა დღესასწაულები უბრალოდ გართობა ერჩივნა სადმე ხმაურიან ადგილზე, ნაცნობ-მეგობრებთან ან უბრალოდ კლუბებში, ახლა კი ნამდვილად მოუწევს სახლში ჯდომა. არა მშობლებთან არაფრის გულისთვის არ წავა. ნეტავ შობამდე წასულიყო, ნეტავ არაფერი ენახა, ნეტავ შესძლებოდა დროის უკან დაბრუნება. იქნებ ის დედა-შვილი გადაერჩინა ან იქნებ სამუდამოდ გაქცეულიყო აქედან, ვინ იცის რას იზამდა, ვინ იცის, მაგრამ ამას ვეღარასდროს გავიგებთ. მის თავში უამრავი არაფრის მომცემი ფიქრი ირეოდა, აი ისეთი მარტო რომ დარჩები და თვითგვემას მიეცემი მეორე წუთში კი ზუსტად იცი, რომ იგივეს გაიმეორებ. ასე ჩაიარა მთელი ქუჩა, ამდენი ფეხით უკვე წლებია არ უვლია, - "ეს ხშირად უნდა გავაკეთო" - უთხრა საკუთარ თავს და ქუჩის გადაღმა ერთ-ერთ ლუდხანას მიაშურა. რომ სცოდნოდა ქეითიც იქ იქნებოდა ალბათ არც შეივლიდა, მაგრამ აბა საიდან უნდა სცოდნოდა?! არა თავიდანვე რომ შეემჩნია მაშინაც გამობრუნდებოდა, მაგრამ შემჩნევითაც არ შეუმჩნევიათ ერთმანეთი.
სანდრომ შესვლისთანავე ნაცნობებს მიაშურა და იქიდან ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა შენი ახალი გოგოც აქ არისო.
"ესღა მაკლდა" გაიფიქრა მან მაგრამ არაფერი შეიმჩნია ისე გაემართა ქეითისკენ.
უსიტყვო მისალმების შემდეგ მათ მაგიდასთან ჩამოჯდა.
- სანდრო - გაეცნო ქეითის თანამოსაუბრეს.
- ევა - გააცნო ქეითმა მეგობარი - უმცროსია ექიმია ჩვენს კლინიკაში, ახლა მიყვებოდა რომ მუშა ხელი არ ჰყოფნით და მოხალისედ ვაპირებ წასვლას.
- ?!
- სამედიცინო განათლება არ მაქვს, მაგრამ ავადმყოფის მოვლა შემიძლია - დარწმუნებით თქვა ქეითმა და თვალწინ გაურბინა იმ 4 წელმა ლოგინად ჩავარდნილ დედას რომ, უვლიდა დეიდა მერისთან ერთად.
- ჩვენ გამოცდილი ადამიანები მეტად გვჭირდება, ვიდრე თეორიის მცოდნეები - საუბარში ჩაერია ევა, რითაც ხაზი გაუსვა ქიეთის წამოწყების მნიშვნელობას.
სანდროს საწინააღმდეგო რა უნდა ჰქონოდა, ნორმალურად არც კი იცნობდა, არც მივიდოდა, მინიშნება რომ არ მიეღო მეგობრისგან. ის ხომ ამპარტავნების ზენიტში იდგა, ქეითს რომ შეემჩნია და შორიდან მისლამებოდა ისიც შეიფერებდა და ამით ამოიწურებოდა ყველაფერი, მაგრამ ასეთი შეუმჩნეველიც არ იყო ამიტომ თავად მივიდა მათ მაგიდასთან და ერთი სული ჰქონდა წასულიყო იქიდანაც. რაც მთავარია ნაცნობებს ხომ მიანიშნა - "ახალ გოგოსთან" ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოსო.
- იქნებ თქვენც შემოგვიერთდეთ - სანდროს მიმართა ევამ - დახმარება მხოლოდ პროფესიული კუთხით არ გვჭირდება.
- საავადმყოფოები არ მიყვარს, ფიზიკურად არ გამოგადგებით, მაგრამ შემიძლია ფინანსურად დაგეხმაროთ.
- ნებისმიერ დახმარებას მივიღებთ ბატონო სანდრო - ევას ნაცვლად უპასუხა ქეითმა და წამოდგა - წამოდი ჩვენი წასვლის დროა.
სანდროს და ქეითის მზერა ერთმანეთს შეხვდნენ. თითქოს თვალებით კამათობდნენ. "თურმე საავადმყოფოებს ვერ იტანს იდიოტი - ფიქრობდა ქეითი - რა ჯანდაბა უნდოდა ჩვენს მაგიდასთან. ჩვენ ხომ ერთმანეთის არავინ ვართ რას მოვიდა და ჩამომიჯდა ძველი მეგობარივით. თავიდანვე უნდა მიმებრძანებინა. ჩემი დევიდი არასდროს ჩამაყენებდა ასეთ უხერხულ სიტუაციაში".
ჩემი დევიდიო ახლა სულ აირია, საიდან იყო დევიდი მისი განა თვითონ არ მიატოვა?! განა თვითონ არ უთხრა რომ ვერ დაელოდებოდა?! განა თვითონ არ წამოვიდა ისე, რომ არც კი დამშვიდობებია? ახლაა დევიდი მისი? ახლა როცა გაიგო რომ რეაბილიტაციის კურსი გაიარა ახლა მოუნდა? თუ დევიდი უნდოდა სანდროსთან რაღა ესაქმებოდა?
სკამზე მოწყვეტით დაეშვა და თავი ხელებში ჩარგო.
ევა და სანდრო ერთმანეთს გაოცებულები უყურებდნენ, საიდან უნდა სცოდნოდათ რა ქარცეცხლი ტრიალებდა მის სულში.
"ეგოისტი ხარ - ლანძღავდა ქეითი საკუთარ თავს - ადამიანმა სამი თვე გთხოვა, სამად სამი თვე შენი უბადრუკი ცხოვრებიდან და ვერ დაელოდე, არ ენდე, არ დაუჯერე რომ შეძლებდა ნარკოტიკის გარეშე ცხოვრებას. არ დაუჯერე რომ თავს დააღწევდა მანიპულატორ მშობლებს, რომლებიც არაფერში ითვალისწინებდნენ და მხოლოდ აქეთ ითხოვდნენ მათთვის პრობლემები არ შეექმნა. ჯანდაბა ქეით შენ არაფრის ღირსი არ ხარ". - თავის თავზე ბრაზობდა და საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას სანდროსა და ევას.
სანდროც ფიქრობდა რომ აქ არაფერი ესაქმებოდა, წავიდოდა კიდეც, მაგრამ ძალიან უცნაურად გამოჩნდებოდა ეს "მეგობრების" თვალში. ის კი ამას დიდ ყურადღებას აქცევდა.
- რა დაგემართა - ჰკითხა ევამ მეგობარს და სანდროც უცნაურად შეათვალიერა.
- სტრესის ბრალია - უპასუხა სანდრომ ქეითის ნაცვლად - გამოიძინებს და ხვალ ყველაფერი უკეთესად იქნება.
ევამ ისევ უნდობლად შეათვალიერა ორივე, მაგრამ ქეითი ხმას არ იღებდა და სანდროს თავისი ვარაუდების გამო ვერ განსჯიდა.
ერთხანს ასე უხმოდ ისხდნენ, თვითგვემას მიცემული ქეითი, გაურკვევლობაში მოხვედრილი ევა და სანდრო, რომელსაც ერთი სული ჰქონდა გასცლოდა იქაურობას.
ბოლოს ისევ სანდრომ დაარღვია სიჩუმე - წამოდი სახლში წაგიყვან - უთხრა ქეითს და სკამის საზურგეზე ჩამოკიდებული ქურთუკი მოასხა მხრებზე. ქეითიც უხმოდ ადგა, ჩანთას ხელი მოკიდა ევას დაპირდა ხვალ ყველაფერზე ვისაუბრებთო და გასასვლელისკენ დაიძრა. სანდროც უკან გაყვა, მაგრამ ქეითმა შეაჩერა - საჭირო არ არის, მით უმეტეს რომ ჩვენ შორის აღარაფერი მოხდება.
სანდროს არც უფიქრია, რომ ისევ შეიძლებოდა მომხდარიყო რამე, არც ის აპირებდა მასთან რომანის გაბმას. პირიქით რაც შეიძლებოდა შორს სურდა ყოფნა ამ ქალისგან. იმ არასასიამოვნო მოგონებებისგან მოსვენებას რომ არ აძლევდნენ. არც დღეს და არც სხვა დღეებში არ გეგმავდა მის ნახვას. არც გაცილებას შესთავაზებდა, უბრალოდ არ იცოდა სხვაგვარად როგორ დაესრულებინა ეს უხერხული სიტუაცია. ევას მაინც ეთქვა მე მივიყვანო მაშინვე გადგებოდა გვერდით... სანდრომ თვალი მოავლო ლუდხანას, იქაურობა აუტანლად მოეჩვენა და თავადაც აღარ მოუნდა დარჩენა, ნაცნობებს შორიდან დაემშვიდობა და ქეითთან ერთად გამოვიდა. ხმა არც ერთს ამოუღია ისე გადაჭრეს გზა და ტაქსოპარკისკენ გაემართნენ.
- საით ახალგაზრდებო? - ჩამოწეული შუშიდან იკითხა მოხუცმა მძღოლმა.
- ქალბატონი მიიყვანეთ - უთხრა სადრომ და აშკარად იმაზე ბევრად მეტი გაუწოდა მძღოლს ვიდრე საჭირო იყო.
- ამდენს ვერ გამოგართმვთ - იუხერხულა მოხუცმა
- გამოართვით! - საუბარში ჩაერია ქეითი და მანქანაში ჩაჯდა - ამით არაფერი დააკლდება...
მოხუცმა უხერხულობისგან თავი ჩახარა, ნებისმიერი სხვა რომ ყოფილიყო აუცილებლად გამოართმევდა და სასწრაფოდ გაეცლებოდა იქაურობს არიქა და არ გადაიფიქროსო, მაგრამ მოხუცი არ იძვროდა.
- წავიდეთ! - ზრდილობიანად სთხოვა ქეითმა. მას მართლა სურდა რაც შეიძლება მალე გასცლოდა იქაურობას. სანდროს არ დამშვიდობებია, არც მადლობა უთქვამს. არც დაფიქრებულა ამაზე თორემ დაემშვიდობებოდა მაინც. ისევ თვითგვემას მიცემული როგორ მივიდა სახლამდე არც კი ახსოვდა. არც მოხუცს ამოუღია ხმა მთელი ეს დრო. თითქოს უსიტყვოდ უთანაგრძნობდა გოგონას, რომელიც მის შვილიშვილებზე ოდნავ უფროსი თუ იქნებოდა ან შეიძლება არც ყოფილიყო.
ქეითი არც მძღოლს დამშვიდობებია, უსიტყვოდ გადმოვიდა მანქანიდან და ფეხარეული გაემართა სახლისკენ. ერთხანს ვერანდაზე შეყოვნდა, მიხვდა რომ არც სახლში ყოფნა უნდოდა, მოტრიალდა მაგრამ ტაქსი უკვე წასული დახვდა. უღიმღამოდ ჩაიქნია ხელი და სახლში შევიდა. გაახსენდა რომ საძინებელში ჯერ კიდევ სანდროს სურნელს გრძნობდა და იმ წუთში თავიც ეზიზღებოდა, სანდროც და ის ოთახიც.
ერთადერთი რაც სურდა მაიკლთან საუბარი იყო, მხოლოდ მან იცოდა ყველაფერი, მხოლოდ მას შეეძლო გაეგო, როგორ უნდოდა ჩახუტებოდა და ბევრი ეტირა, მისგან ყველაფერს უსიყტვოდ მიიღებდა საყვედურებსაც, კრიტიკასაც, ჭკუის სწავლასაც... საერთოდ ყველაფერს... რას არ დათმობდა ახლა რომ მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ ის ოკეანის გადაღმა ეგულობედა და ტელეფონიც უსუსურად მიაგდო... მოუნდა ეყვირა მაგრამ ამის ძალაც არ ქონდა და იქვე დივანზე მიიკუნტა ფიქრებარეული.

თავი 4

სანდრო დიდხანს დაეხეტებოდა მარტო ღამის ქუჩებში. როგორც ვთქვით ფიქრი დიდად არ უყვარდა, მითუმეტეს უსიამოვნო ფიქრები, მაგრამ თავს ვეღარაფერს უხერხებდა. სიარული არ ღლიდა, არადა სწორედ ამ მიზნით დაიწყო ხეტიალი, დავიღლები და დაძინებას შევძლებო. არა კიდევ ერთი ასეთი ღამე და ექიმთან წავიდოდა ამის ატანას არ აპირებდა! უკვე თენდებოდა, რიჟრაჟთან ერთად სიცივემ იმატა, მაგრამ ის ვერაფერს გრძნობდა, ისევ მიდიოდა და რაც უფრო თენდებოდა მით უფრო იხევდნენ უკან ბნელი ფიქრებიც... არც გაუაზრებია როგორ აღმოჩნდა საკუთარ მანქანასთან. იმ დილის შემდეგ აქ დაბრუნება ყველაზე ნაკლებად სურდა. – “აქ რა მინდოდა?!” - თავის თავზე გაბრაზდა და ქუჩა გადაჭრა. ზუსტად იმ ადგილზე იდგა სადაც ის მოხუცი ბებო, გულში რაღაც ჩაწყდა, რაღაც მწველი და მტკივნეული ჩაიღვარა. უცხო გრძნობა იყო მისთვის, რაღაც ახალი და უჩვეულო. უსიამოვნო და ამავდროულად იგრძნო რომ ისევ ცოცხლობდა. დიდი ხანია უკვე სიცოცხლეს ვეღარ გრძნობდა, ალბათ მას შემდეგ რაც სტუდენტობის წლებიც გაფრინდა... დაავიწყდა ბოლოს როდის იყო ბედნიერი. შეიძლება ბავშვობაში, მაგრამ იყო კი ნამდვილად ბედნიერი?! ან რა არის ნამდვილი ბედნიერება, რკინის გალავანით შემოსაზღვრული ეზო და სასახლის მსგავსი სახლი ნამდვილად არა, სადაც ოჯახის წევრებზე მეტი მომსახურე პერსონალი და უსაფრთხოების სამსახურია. და მაინც როდის იყო ბედნიერი? ალბათ იყო რამდენიმე მომენტი მის ცხოვრებაშიც, მაგრამ ახალა გახსენება არ შეეძლო. მის ცხოვრებაში ყველაფერი ამქვეყნიური ფუფუნება მარტივად მოდიოდა და არც ფასი ჰქონდა. არც ადამიანებს აფასებდა. ისინიც მიდიოდნენ და მოდიოდნენ. საცხოვრებელსაც ხშირად იცვლიდა, ამოწურავდა და მიდიოდა. ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება არ შეეძლო . ან რატომ უნდა გაჩერებულიყო? ისეთი არსად არაფერი ხდებოდა მისი ყურადღების მიქცევა რომ შეეძლო. უძრავად იდგა, გაყინული სახით, ისევ ის ხმა ჩაესმოდა ყურში და ძარღვებში სისხლი ეყინებოდა. მზე ნელ-ნელა იწვერებოდა. ხალხიც ამოძრავდა, ის კი ისევ ისე იდგა და ვერაფრით იცილებდა იმ დილით ნანახ სურათს. აქედან რაც შეიძლება შორს უნდა წასულიყო, თუ დავიწყება სურდა. ყველა და ყველაფერი ჩამოეცილებინა რაც ამ ქალაქთან და ამ ხალხთან აკავშირებდა, ყველაფერი მოეშორებინა, მაგრამ ამ გრძნობებისთვის რა უნდა მოეხერხებინა არ იცოდა, ან ამ გამყინავი ხმისთვის ასე ცხადად რომ ჩაესმოდა.
მხარზე შეხებამ გამოაფხიზლა, შემობრუნდა. ქეითი შერჩა ხელში, რომელიც მანქანის გასაღებს უხმოდ უწვდიდა.
- დაიტოვე! - ისე წარმოსთქვა თითქოს უბრალო ნივთი ყოფილიყო - მე აღარ გამომადგება.
- არც მე მჭირდება! ჩემ სახლს მოაშორე და რაც გინდა ის უქენი.
- თვითონ მოაშორე - დაუდევრად მიუგდო სანდრომ და იქაურობას სწრაფი ნაბიჯით გაეცალა.
ახლა ქეითი იდგა გაოგნებული, თუ მანქანა არა აბა რას აკეთებდა ეს ვაჟბატონი მისი სახლის წინ. ან მისი მანქანა ვის რაში სჭირდბოდა ან რატომ უნდა დაეტოვებინა. ამას ვის გადაეკიდა, ისედაც აღიზიანებდა მისი არსებობა, მისთან გატარებულ ღამეს დიდ შეცდომად თვლიდა და ახლა ეს მანქანაც დაემატა, როგორც სასჯელი ყოველ სისხამ დილით, შეხსენება რომ ერთი დღით ცხოვრება არ არსებობს. - დღესვე მოვაშორებ - გაიფიქრა ქეითმა და ტაქსი გააჩერა. ისევ ის მოხუცი შეხვდა წინა ღამიდან. ესღა აკლდა, კიდევ კარგი მოხუცს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა! ლაპარაკი კი არა ხმას საერთოდ არ იღებდა. ეს სიჩუმეც გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ ქალაქი დიდი არ იყო და საავადმყოფომდე მისვლას ათიოდე წუთიც არ დასჭირდა. ამჯერადაც არ დამშვიდობებია ქეითი მოხუცს, ეს რა დასჩემდა, გამარჯობა და ნახვამდის რაღა გახდა, ისევ თავის თავზე გაბრაზდა. ამ ბოლო დროს სულ ბრაზობდა საკუთარ თავზე. ან როგორ არ უნდა გაბრაზებულიყო, მისი ცხოვრება ერთ დიდ ნეხვს დაემსგავსა და ამაში დამნაშავე მხოლოდ თვითონ იყო.
სიგარეტს გაუკიდა, საერთოდ არ ეწეოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს ამასაც მიეჩვია. ბევრი მავნე ჩვევა გაუჩნდა ამ ბოლო დროს. არა ასე გაგრძელბა არ შეიძლებოდა. ეს ქალაქი მისთვის ჭაობი იყო ერთფეროვანი, უმიზნო ყოველდღიურობით, ათასჯერ მაინც უფიქრია ერთ დღეს ავდგები და უბრალოდ წავალო, მაგრამ სად წასულიყო? დიდი ქალაქი გაახსენდა, არა იქ აღარ დაბრუნდება, იქ თუ იცხოვრბს ოცნება უნდა შეწყვიტოს. მხოლოდ იმუშაოს, იმუშაოს და ისევ იმუშაოს. ახალგაზრდობის წლები უპერსპექტივო სამსახურებში გალიოს. მაგრამ აქ რას აკეთებს?! აქ არც ეს უპერსპექტივო სამსახური აქვს და რომ არა დეიდა მერი ალბათ ოჯახური ბიზნესიც ან ჩამოეშლბოდა ან თავად გაყიდდა. თვითონ ბიზნესის მართვის არაფერი გაეგებოდა, ციფრებს საერთოდ ვერ იტანდა, მართალია სკოლაში კარგი ნიშნები ქონდა, მაგრამ ზედაპირულად ნასწავლი მხოლოდ ნიშნბადე მიჰყვებოდა, მერე კი მალევე დავიწყებას ეცემოდა. სახლის გაყიდვაზე არ უფიქრია, ეს სახლი მშობლებს და ბედნიერ წლებს ახსენებდა, სიმყუდროვეს უქმნიდა ალბათ ამიტომაც დაბრუნდა და ამიტომაც ინახავდა შემდეგი დაბრუნებისთვისაც. ფიქრობდა თუ არაფერი გამომივა ჩემი სახლი მაინც მიმიღებსო, ის მაინც დამელოდება რამდენი ხანიც არ უნდა წავიდეო, მართალიც იყო. სახლი მუდამ დაელოდებოდა, როგორი სევდიანიც არ უნდა ყოფილიყო მარტოობა ის მაინც იქ იქნებოდა მის მოლოდინში. -ნეტავ ადამიანებიც ამ სახლს ჰგავდნენ, მშვიდები, უბოროტოები და მოთმინებით სავსენი იყვნენ - ფიქრობდა ქეითი და გრძნობდა რომ თვითონაც არ ჰგავდა ამ სახლს. მოთმინება რომ შესძლებოდა დევიდს არ მიატოვებდა, დაელოდებოდა, გვერდით დაუდგებოდა, არ უღალატებდა მაინც... არა ფორმალურად არ უღალატია რამდენიმე თვის წინ დაშორდა და უფლება ჰქონდა ახალი ურთიერთობები დაეწყო, მაგრამ ეს გრძნობა მაინც უღრღნიდა გულს. მაინც როდის უღალატა, როცა მიატოვა თუ როცა სანდროსთან გაატარა ღამე?! მიტოვებაც ღალატია, როცა საყვარელ ადამიანს თანადგომა სჭირდება შენგან. იქნებ ეს უფრო მეტი ღალატი იყო ვიდრე სხვასთან გატარებული ღამე. დევიდს ხომ მისგან მხოლოდ სიყვარული და თანადგომა სჭირდებოდა?! ასეთი ეგოისტიც არ უნდა ყოფილოყო, ადამიანები იმსახურებენ მეორე შანსს. დევიდი ცდილობდა უკეთესობისკენ შეეცვალა ცხოვრება, შეეძლო ამ გზაზე მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ მან საკუთარი გზა აირჩია. იმაში ცუდი არაფერია როცა საკუთარ გზას ირჩევ, მაგრამ ზოგჯერ არ ვიცით სად მიგვიყვანს ეს გზა, ან როგორი გასავლელი იქნება ია-ვარდით მოფენილი თუ ეკლიანი და უღრანი. იქნებ არც ღირს მარტო სიარული, იქნებ სხვისი გზაც არ არის მხოლოდ სხვისი და შეიძლება ერთ გზად იქცეს. იქნებ ამ გზაზე დევიდის გვერდით უნდა ყოფილიყო, იქნებ ერთად დაეძლიათ ყველაფერი და ბედნიერად ეცხოვრათ?! არა ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება, მისი ცხოვრება კი არაფრით ჰგავდა ზღაპარს.
საავადმყოფოში უამრავი ხალხი ირეოდა, მისაღებში, რეგისტრატურაში, კაბინეტების წინ ცოცხალი რიგი იდგა, თითქოს რაღაც ეპიდემიამ გადაურა ქალაქს. ევამ კი უთხრა ვერ ავუდივართ პაციენტებსო, მაგრამ მთლად ასე არ წარმოედგინა. პალატები გადავსებული იყო, კოლიდორშიც პაციენტები იწვნენ, ექთნების მოსასვენებელ კაბინეტშიც და ყველა თავისუფალ სივრცეშიც სადაც საწოლის დადგმა შეიძლებოდა. ქეითის და მარის მოვალეობაში ევას დახმარება შედიოდა. წნევისა და ტემპერატურის გაზომვა. საკვების დარიგება და ალაგება და კიდევ ათასი წვრილმანი, რასაც უამრავი დრო მიჰქონდა და არ ღირდა სამედიცინო პერსონალის მოცდენა. მძიმე დღე გამოდგა, ჩამოჯდომის დროც არ ქონიათ, მაგრამ ქეითმა ისევ იგრძნო რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილად თავი. რაღაც ისეთის რაც თვითკმაყოფილებას გვრიდა, ყველას გამოგვიცდია ეს გრძნობა, როცა რაღაც კარგს ვაკეთებთ და შინაგანად გვეამაყება საკუთარი თავი. არავის მადლობა არ გვჭირდება, არც ველოდებით საპასუხოდ არაფერს უბრალოდ ვგრძნობთ, რომ სწორად ვიქცევით. შეგვიძლია გულგრილად ჩავიაროთ, როგორც სხვები მიდიან, ამისთვის არავინ გაგვკიცხავს, მაგრამ ვჩერდებით და ვაკეთებთ იმას რაც საჭიროა რომ გავაკეთოთ. კი არ გვევალება უბრალოდ შეგვიძლია და გვინდა. ასეთია სიკეთე - არ იკარგება, შენ სხვას გადასცემ, ის სხვა კიდევ სხვას, ის სხვაც - სხვას და ასე შეიძლება ოდესმე შენც დაგიბრუნდეს, მაშინ როცა არ ელოდები და ყველაზე მეტად გჭირდება. შეიძლება ქეითს პაციენტებზე მეტად სჭირდებოდა მაშინ ეს გარემო, შეიძლება მათზე მეტად საკუთარ თავს ეხმარებოდა, მაგრამ ეს ერთმანეთს არ გამორიცხავდა, ქეითსაც სჭირდებოდა დახმარება და მათაც. იშვიათად ხდება ასე, როცა სასარგებლო ეთავსება სასიამოვნოს. როცა იღლები, მაგრამ ეს სულ სხვანაირი დაღლაა, ისეთი კი არა ყოველდღიურ ცხოვრებაში მობეზრებული რომ გვაქვს ვალდებულებებით სავსე და არაფრის მომცემი. ჯანდაბამდე რომ უნდა გაუშვა, მაგრამ შეჩვეული ჭირი რომ გირჩევნია შეუჩვეველს. ეს ბევრად სხვაა იღლები, მაგრამ არ იფიტები, რაც მეტ ენერგიას ხარჯავ მეტი მოდის, თითქოს ენერგიის უშრეტ წყაროს მიაგენი, მოტივაციას არ კარგავ და გინდა მეტი და მეტი შეძლო. თითქოს შინაგან სიმშვიდეს პოულობ, გრძნობ რომ იქ ხარ სადაც უნდა იყო და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ის დღე სრულდებოდა, იმ დღეს ის წელიც სრულდებოდა, კიდევ ერთი წელი ბარდებოდა წარსულს, კიდევ ერთი გაფლანგული წელი... ყოველ წელს ფიქრობდა, რომ შემდეგი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ყველა განვლილი წელი სინამდვილეში მეტი ტკივილით იყო სავსე. იქნებ ეს მართლაც უკეთესი წელი იყოს, ვინ იცის იქნებ არც, მაგრამ სურვილით მაინც ხომ უნდა ისურვოს.
ასე ფიქრებში გართული და დაღლილი გაემართა სახლისკენ ახალი წლის შესახვედრად. ეს პირველი ახალი წელი იყო, რომელსაც მარტო ხვდებოდა. მარტოობის მრავალი წლიდან პირველი, როცა გაიაზრა, რომ ნამდვილად მარტო იყო და ისევ მაიკლი გაახსენდა ის ხომ მაინც ყავს, მაიკლი და დეიდა მერი, კი ნამდვილად ორივე ყავს, საშინლად მოუნდა მათთან ყოფნა, მაგრამ ამაზე ადრე უნდა ეფიქრა. სახლში ერთი ბოთლი წითელი ღვინო ეგულებოდა, ამაღამ კი მეტი არაფერი სჭირდებოდა.
ცხოვრება ქეითისთვის სკოლის პერიოდს ჰგავდა, ის კი რაღაცნაირი მოსწავლე იყო თითქოს კარგად სწავლობდა, მაგრამ მალევე ავიწყებდა, მხოლოდ ნიშნები რჩებოდა ფურცლებზე და ქეითის ცხოვრებაც ასეთი იყო, შემთხვევით მიღებული დაბალი ნიშანივით გამოერეოდა ცხოვრებისგან მიღებული იარები, დაიმსხვრეოდა, აეწყობოდა და ახალ ფურცელს ისე შლიდა, როგორც გამოუცდელი ბავშვი. მერე ისევ იგივე მეორდებოდა თავის თავზე გაბრაზობდებოდა, თვითგვემას მიეცემოდა, ჩაივლიდა დეპრესიული დღეების და ზოგჯერ კვირების წყება და როგორღაც ისევ ახერხებდა გამთელებას. ან უფრო ხელახლა დაბადებას, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე, ხელახლა იდგავდა ფეხს და ათასჯერ გავლილ გზას უბრუნდებოდა პირვანდელი შემართებით. თითქოს საკუთარი, მაგრამ ამავდროულად სხვისი ცხოვრებით ცხორობდა. თითქოს ის ცხოვრება მას არ ეკუთვნოდა და ერთი სული ჰქონდა მალე დაესრულებინა, რომ ახალი დაეწყო. მხოლოდ ფურცლები ინახავდნენ მის ტკივილებს, პერსონაჟებში ცოცხლდებოდნენ და სამუდამო ცხოვრებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა არასდროს ღირსებიათ დღის სინათლე.
- ახლავე უნდა მოვაშორო - გახედა მანქანას ქეითმა - ხვალაც ამის დანახვა აღარ მინდა.
მანქანაში ჩაჯდა, მაგრამ ჯერ ვერ გადაეწყვიტა სად მიჰყავდა. ქუჩა დაასრულა თუ არა გზაჯვარედინზე მანქანა მთელი სისწრაფით შემოვარდა, ქეითმა სცადა არიდება, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ჯერ მკვეთრმა სინათლემ მოსჭრა თვალები, შემდეგ სადღაც შორიდან შეჯახების ხმაც ჩაესმა და უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა.

თავი 5

ვინ ჯანდაბაა უხალისოდ დასწვდა სანდრო ტელეფონს, ნაცნობ ნომერს არც უპასუხებდა არავის თავი არ ჰქონდა, მხოლოდ დალევას და გამოძინებას აპირებდა.
- ბატონი სანდრო ... ბრძანდებით? - გაისმა მეორე მხრიდან ოფიციალური ხმა.
- დიახ! ვინ ბრძანდებით?
- პოლიციდან ვართ, თქვენი ავტომობილით ქალბატონი მოყვა ავარიაში...
- ჩემი მანქანით?! ცოცხალია?
- დიახ საავადმყოფოშია, რამოდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ შეგიძლიათ განყოფილებაში მობრძანდეთ?
- ფორმალობები მოიცდის, ჯერ საავადმყოფოში უნდა მივიდე - უპასუხა სანდრომ და ტელეფონი გათიშა. ეს ქალი მისი ცხოვრებიდან არა და არ მიდიოდა, რაც უფრო მეტად უნდოდა შორს ყოფნა, მით უფრო მეტად იჭრებოდა.
ოპერაცია დილამდე გრძელდბოდა, ექიმები იმედს არ იძლეოდნენ. ოპერაციას წინ რამოდენიმე ფორმალობა უძღვოდა, მათ შორის ხელმოწერა, რომ შეიძლებოდა პაციენტი ვერ გადარჩენილიყო ან თუ გადარჩებოდა შეიძლებოდა ფეხზე გავლა ვეღარასდროს მოეხერხებინა. სანდრო ერთხანს გამშრალი სახით იდგა ექიმის წინ, აქ რას აკეთებდა? რატომ იღებდა ამხელა პასუხისმგებლობას?
- პაციენტის ვინ ბრძანდებით? - ჩაესმა სადღაც შორიდან და თითქოს ზარივით დარეკა ამ სიტყვებმა მის გონებაში!
მართლაც ვინ იყო პაციენტის? არავინ! საერთოდ არავინ! და თუ არავინ მაშინ აქ რას აკეთებდა?! არაფერს! ახლავე უნდა წასულიყო, ახლავე! რაღაც საბუთების წყებაზე ხელი მოაწერა, როგორც პაციენტის შორეულმა ნათესავმა და იქიდან შურდულივით გამოვარდა. ვერ გაანალიზა, როგორ მივიდა განყოფილებამდე, არც ის ახსოვდა, რას ეკითხებოდა გამომძიებელი, მასაც ფურცლების წყებაზე ხელი მოუწერა და იქიდანაც ისე გამოვიდა არც იცოდა სად მიდიოდა, გონს რომ მოეგო ისევ საავადმყოფოს ეზოში იყო.
- არა აქ არ უნდა მოვსულიყავი - გაიფიქრა და გამობრუნება დააპირა
- ამბავს მაინც იკითხე! - შეუტია მეორე მემ.
- რომ მითხრან მოკვდაო?!
- რომ გითხრან გადარჩაო?
- რომ მითხრან ინვალიდი დარჩაო?
- ეს სიკვდილს ნამდვილად ჯობია!
- ნამდვილად?! - დაეჭვებით შეუბრუნა კითხვა საკუთარ თავს.
- იქნებ არც დაინვალიდდეს...
- იქნებ ჯობია, რომ ასე ვიფიქროთ! - გადაწყვიტა მან და უკან გამობრუნდა. - რა თქმა უნდა გადარჩება! ძლიერი ქალი ჩანს, გადაიტანს! - თავს ირწმუნებდა და ასე ცდილობდა ამხედრებული სინდისის დამშვიდებასაც.
ოპერაციიდან გამოსულ ექიმს აღარავინ დახვდა ვისაც მიახარებდა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პაციენტის გაღვიძებას უნდა დალოდებოდნენ. – “უცნაურია “- გაიფიქრა მან და დაღლილი ისევ ბლოკისკენ გაემართა.
იმ დღის შემდეგ სანდრო აღარავის უნახავს, არავის დამშვიდობებია, სახლშიც კი არ მიბრუნებულა პირადი ნივთების ასაღებად. მატარებელში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით გაემართა. ერთადერთი რაც სურდა ყველაფრისგან შორს ყოფნა იყო, მიდიოდა და თან მისდევდა გაურკვეველი სიცარიელე სულში, ბებოს გამყინავი კივილის ხმა, რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო შორიდან ესმოდა, მაგრამ არაფრით დუმდებოდა, ქეითის ცრემლითა და ტკივილით სავსე სახე, რომელსაც მანძილი ჯერ კიდევ ვერ შლიდა და დედა-შვილის გაყინული სხეულები, რომლებსაც არასდროს შეხებია, მაგრამ მაინც გრძობდა ამ სიცივეს.

****

ქეითის ერთადერთი ნათესავი დეიდა მერი იყო. სწორედ მას შეატყობინა ევამ ქეითის ავარიის ამბავი. დეიდა მერი იმ დღესვე იქ გაჩნდა.
- საცოდავი გოგო - ვიშვიშებდა ის და ნერვიულად მიმოდიოდა კორიდორში სანამ სანახავად შეუშვებდნენ. რაღაც ფორმალობები შეავსეს და ბოლოს როგორც იქნა გაუნთავისუფლეს პალატისკენ მიმავალი გზაც. ქეითს ჯერ კიდევ ეძინა, სახეზე ტანჯვა და ტკივილი აღბეჭდვოდა, ღმერთმა იცის სული მეტად სტკიოდა თუ სხეული.
- კარგად იქნები ჩემო პატარა - ხელებს უკოცნიდა მძინარეს დეიდა მერი და თავისდაუნებურად უსველდებოდა ნაოჭებისგან დაღარული სახე.
- დეიდა - ძლივს გასაგონად წარმოსთქვა ქეითმა და თვალის კუთხეებში ცრემლი ჩაიღვარა
- არ იტირო ჩემო გოგო, არ იტირო - ამშვიდებდა დეიდა მერი. - ყველაფერი კრგად იქნება.
- დეიდა - ისევ აღმოხდა ქეითს და ყელში მომდგარი ბურთი ვეღარ გადაყლაპა.- მითხრეს რომ ვეღარ გავივლი!
- გაივლი შვილო გაივლი! ამათმა რა იციან, ექიმებს სასწაულების არ სჯერათ!
- ვერაფერს ვგრძნობ დეიდა, ფეხებს ვეღარ ვგრძნობ! - ქვითინებდა ქეითი.
- მერე რა შვილო, ისევ იგრძნობ - არწმუნებდა დეიდა მერი და თვითონაც სჯეროდა ამის - აი ნახავ, მთავარია შენ არ ინერვიულო ყველაფერი მოგვარდება.
- პაციენტს სიმშვიდე სჭირდება - მკაცრი ტონით თქვა ოთახში შემოსულმა ექიმმა.
- დამშვიდდება, - ასევე კუშტად მიუგო დეიდა მერიმ, "- ჩემზე უკეთ იცის ამ გაბღენძილმა რა სჭირდება ჩემ გოგოს? რა თქმა უნდა არა!" - გაიფიქრა მან. მის გოგოს ახლა ტირილი სჭირდებოდა, ემოციებისგან დაცლა, ვინმესთან საუბარი, მარტოობა და სიმშვიდე რას მიქვია, ასე ხომ გაგიჟდება საცოდავი, თითქოს არ ჰყოფნიდეს სიკვდილს რომ სასწაულებრივად გადაურჩა, ახლაც სასწაულებრივად მოახერხებს ფეხზე დადგომას. მაგრამ ჯერ უნდა იტიროს, ჯერ უნდა დაიცალოს, მერე ძალა მოიკრიბოს და მიზნისკენ მიმავალ გზას დაადგეს. დეიდა მერის გონება ერთი წამითაც არ უშვებდა, რომ ქეითისთვის ეს საბოლოო განაჩენი იყო.
- დამშვიდდი შვილო, დამშვიდდი, ამასაც გადავლახავთ, მე და შენ ბევრი გადავიტანეთ ერთად, ამასაც მოვერევით, მთავარია რომ ცოცხალი ხარ დანარჩენს ყველაფერს ვუშველით.
- ეს რა ბედი გაქვს დეიდა - განაგრძობდა ქეითი ტირილს - ჯერ დედას უვლიდი, ახლა ჩემთან ხარ...
- აბა სად უნდა ვიყო? - შეაწყვეტინა მან - მერე შენ მომივლი როცა დავბერდები, ჩემო გოგო.
- რანაირად დეიდა ინვალიდი რაში უნდა გამოგადგე...
- ასე ნუ ამბობ ჩემო გოგო, აუცილებლად გაივლი, აქ თუ არ იციან როგორ, სხვა საავადმყოფოებს მივმართავთ , რეაბილიტაციის კურსებს გავივლით, რაც საჭირო იქნება ყველაფერს გავაკეთებთ, მთავარია შენც გჯეროდეს შვილო.
ექიმი ერთხანს თვალს ადევნებდა მათ დიალოგს, რამოდენიმეჯერ დააპირა შეეწყვეტინებინა და და ეთქვა, რომ ყველაფერი გაუკეთდა რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ ქეითის თვალებში აკიაფებულმა იმედის ნაპერწკალმა ამის საშუალება არ მისცა.
- მედიკამენტების მიღების დროა - მხოლოდ ეს თქვა და ქეითს რამოდენიმე ფერადი აბი მისცა - შემდეგ შემოვალ და სახვევებს შეგიცვლით, შენ კი ეცადე მშვიდად იყო კარგი?
- იქნება - ისევ ქეითის მაგივრად უპასუხა დეიდა მერიმ. - ჩემი ქეითი ძლიერი გოგოა, ყველაფერს გაუმკლავდება! აი ნახავთ რა მალე გაივლის ფეხზე!
- ღმერთმა გისმინოთ! - გულწრფელი თანაგრძნობით დაადო მხარზე ხელი ექიმმა. დეიდა მერი მართალი იყო სასწაულები ნამდვილად ხდებოდა, ქეითის გადარჩენაც სასწაული იყო. "- იქნებ გაიაროს კიდეც"- გაიფიქრა ექიმმა და პალატიდან გავიდა.

დაახლოებით ერთი კვირა იყო ქეითი საავადმყოფოში, შემდეგ გადაწყვიტა სახლში გაეგრძელებინა მკურნალობა, ევა ხშირად მიდიოდა მის სანახავად და სახვევებს უცვლიდა, დეიდა მერი პატარა ბავშვივით ელოლიავებოდა, ყოველ დღე თოჯინასავით ვარცხნიდა, ჩააცმევდა და აიძულებდა ეტლში ჩამჯდარიყო, ლოგინში წოლის უფლებას არ აძლევდა, ქეითს კი მხოლოდ ეს სურდა, უბრალოდ წოლა და სიჩუმე. მეათასედ თუ მეათიათასედ მოესწრო საკუთარი თავის გამოგლოვა ამ ერთ კვირაში, ისე რომ ცრემლი გაშრობოდა, ჩამქრალი, ამოღამებული თვალებით შესცქეროდა საკუთარ ანარეკლს და ბედს სწყევლიდა გადარჩენისთვის. ფიქრობდა რომ ცხოვრება უსამართლოდ მოექცა, უამრავი ადამიანი იღუპება ყოველ დღე, მას კი ამაშიც არ გაუმართლა. საავადმყოფოდან წამოღებულ საბუთებს ათვალიერებდა და სანდროს სახელს მოჰკრა თვალი, ახლაღა მიხვდა ვინ "ნათესავი" დასთანხმდა სარისკო ოპერაციას და კიდევ ერთხელ დასწყევლა მათი შეხვედრის დღე.
დღეები დღეებს მიჰყვებოდნენ, დეიდა მერი ხან ერთ კლინიკას უგზავნიდა საბუთებს, ხან მეორეს, არც ქვეყანაში დარჩა წამყვანი კლინიკები და არც ქვეყნის გარეთ, მაგრამ იმედის მომცემი არაფერი ჩანდა. ტრადიციული რომ აღარაფერი დარჩა სამედიცინო სფეროში, ახლა ექიმბაშებს მიადგა, არც გაემტყუნებოდა, სანამ ყველაფერს არ შეამოწმებდა ვერ შეეგუებოდა. ქეითი კი მიეჩვია უარის მიღებას, თითქოს წინასწარ იცოდა რა პასუხი მოვიდოდა.
ერთ დღეს სასაფლაოზე წაყვანა სთხოვა დეიდას. დიდი ხანია მშობლების საფლავზე არ ვყოფილვარო, იქ ყოფნის დროს რაღაც უცნაურ სიმშვიდეს განიცდიდა, რას არ მისცემდა მათთან ერთი ჩახუტების საშუალება, რომ მისცემოდა, საშინლად ენატრებოდა ორივე, დედაც და მამაც, ახლა რომ მის გვერდით ყოფილიყვნენ თავს ასე უბედურად არ იგრძნობდა. დეიდა მერიც და მაიკლიც ყველაფერს აკეთებდნენ რაც შეეძლოთ, მაგრამ ის რაც ქეითს სურდა მათი შესაძლებლობების მიღმა იყო.
სასაფლაოზე გვიანობამდე შერჩნენ, მზე უკვე გადადიოდა, მაგრამ ზამთრის სუსხს ვერც ერთი მათგანი ვერ გრძნობდა. როგორც ჩანს ვერც მოხუცი ბებო გრძნობდა, ყვავილებით ხელში რომ მოუყვებოდა ბილიკს. ქეითს ეცნობოდა ეს სილუეტი, მაგრამ საიდან ჯერ ვერ ხვდებოდა, რაც უფრო ახლოს მოდიოდა მით უფრო ნაცნობი ხდებოდა და ბოლოს გაახსენდა, როგორც იქნა გაახსენდა ბებია სახლის ფანჯრებიდან და მისი შემზარავი კივილის ხმა ისევ ჩაესმა ყურში. ყველაფერი თვალწინ დაუდგა და გამშრალი ცრემლებიც თავისდუნებურად დაბრუნდნენ. რატომღაც დეიდა მერიც წარმოიდგინა ყვავილებით ხელში, მისი საფლავიკენ რომ მოემართებოდა, წარმოიდგინა და გულწრფელად შეეცოდა, მხოლოდ მისთვის ღირდა გადარჩენა, დეიდას არაფერი დაუშავებია, რომ ეს ტკივილიც გადაეტანა. ასეთ სასჯელს არ იმსახურებდა!
- ნუ ტირი შვილო - უთხრა მოხუცმა ბებომ და წითელი ვაშლი გაუწოდა - ჯერ ყველაფერი წინ გაქვს!
- წინ?! - მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია თავი ქეითმა.
- ჰო შვილო წინ! - დაბეჯითებით გაიმეორა მოხუცმა ბებომ - მე აქ ჩემი შვილის და შვილიშვილის საფლავზე მოვდივარ, შენ - მშობლების, ეს არის სწორი, შვილები უნდა მოდიოდნენ მშობლებთან, შვილიშვილები უნდა დარბოდნენ ბებია-ბაბუების საფლავებზე, აბა ჩემი სიცოცხლე რაღა ღირს, მხოლოდ თითო კონა ყვავილები და თითო დანთებული სანთელი...
- ასე ნუ ამბობთ ქალბატონო - უთხრა დეიდა მერიმ - ღმერთსაც კარგი უნდა თავისთვის. თორემ ჩემი და კი არა მე უნდა წავეყვანე უფალს. ის უნდა ყოფილიყო მისი შვილის გვერდით, იქნებ ამ განსაცდელსაც ავცილებოდით.
ქეითი უხმოდ უსმენდა ორ გულმოკლულ ქალს, რომელთაც დანაშაულის გრძნობა აწუხებდათ იმის გამო რომ ცოცხლობდნენ და სიამოვნებით გაუცვლიდნენ ადგილს საყვარელ ადამიანებს, ოღონდ ისინი ყოფილიყვნენ კარგად. ნეტავ დედაც ასე იტყოდა დეიდა მერიზე? მასაც შეაწუხებდა ეს განცდა? ისინი ხომ ასე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ალბათ ისიც ასე იტყოდა რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში ქეითს ამის სჯეროდა. ჩვენ ადამიანები არ ვაფასებთ რაც გაგვაჩნია, მოხუცი ყველაფერს გაიღებდა მისი შვილი, რომ გადარჩენილიყო და თუნდაც მთელი დარჩენილი სიცოცხლე მის მოვლაში გაეტარებინა. ქეითი კი სიკვდილს მისტიროდა, დეიდა მერი ბედნიერი იყო, რომ გადარჩა მისი გოგო, მაგრამ მეორე სასწაულიც სურდა, სურდა რომ ისევ გაევლო და ძველებური შუქი დაბრუნებოდა მის ჩამქრალ თვალებს. ისინი ყველაფერზე თანახმა იყვნენ ოღონდ მათ საყვარელ ადამიამებს ეცოცხლათ. ეს მედალის მეორე მხარეა, მიცვალებულებს არ აწუხებთ საკუთარი გარდაცვალება, ისინი ამის შემდეგ ვეღარაფერს გრძნობენ, მხოლოდ ოჯახის წევრები და ნაცნობ-მეგობრები განიცდიან ტკივილსა და მწუხარებას. როგორ იმ ღამეს ის დედა-შვილი, იქნებ იმ დედას სულ არ უნდოდა გადარჩენა, თუ მისი შვილი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ მოხუცი ბებოც დედა იყო და მისი შვილის გადარჩენა ყველაფერს ერჩივნა.
- არც ერთ დედას უნდა უკვდებოდეს შვილი! - თქვა დეიდა მერიმ და დაამატა - არც დედები უნდა კვდებოდნენ უდროოდ!
და მაინც როდის არის სიკვდილი დროული?! იქნებ სანამ სიცოცხლე მოგბეზრდება მანამდე, ან სანამ ავადმყოფობა შეგჭამს და ტკივილებით გატანჯულს ცხოვრება შეგძულდება, ან იქნებ მანამდე სანამ სასოწარკვეთას მიეცემი და ბოლომდე დაიმსხვრევი. ან იქნებ არასდროს, სანამ ის ადამიანები გყავს გვერდით ვისაც უყვარხარ, ვინც მზად არის მხარში ამოგიდგეს და შენთან ერთად გაიაროს დარჩენილი ცხოვრება, ან იქამდე სანამ ის ადამიანები იცოცხლებენ ვისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ. ან იქნებ სიკვდილს საერთოდ არ აქვს დრო, უბრალოდ არსებობს როგორც მოცემულობა დანარჩენი კი აღქმაზეა დამოკიდებული, ზოგისთვის დროულია, ზოგისთვის - არა. როგორ შეიძლება დედის გარდაცვალება დროული იყოს რა ასაკშიც არ უნდა იყო. მაგრამ ბევრჯერ გაგვიგია სიტყვები ან შეიძლება გვითქვამს კიდეც: - იქამდე მაცოცხლა და მერე სულ დოლ-გარმონით გამიშვითო. ასეთია ცხოვრება არც კარგი, არც ცუდი უბრალოდ - ასეთი. დაბადება - გარდაცვალება და შუაში მოქცეული პატარა დეფისი, რომელიც მთელ "ასეთ" ცხოვრებას იტევს. ქეითის არსებობა ჯერ კიდევ ამ დეფისში გრძელდებოდა, მაგრამ საჭირო იყო ეცოცხლა და ისე ეცხოვრა, გარდაცვალება მხოლოდ სიკვდილი არ არის! მისნაირი ცოცხალი - მკვდრებით სავსე სამყაროდან გამოღწევის გზა სუსტებისთვის არ არსებობს. მთელი ცხოვრება ფიქრობდა სიკვდილზე, ჯერ მამა წაართვა, შემდეგ დედა, დეიდა მერის და საკუთარ სიკვდილზეც ფიქრობდა ხოლმე, მაგრამ თვითმკვლელობაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში არ უფიქრია იმდენი, რაც იმ ერთ თვეში. თვითმკვლელობასაც სჭირდება ვაჟკაცობა! ქეითი მხდალი აღმოჩნდა, არც იმისთვის ეყო გამბედაობა, რომ საკუთარ მდგომარეობას შეგუებოდა და არც იმისთვის - დაესრულებინა.
- დრო ყველაფრის მკურნალიაო - იტყოდა ხოლმე დეიდა მერი და მართალიც იყო. დრო გვაიძულებს ტკივილთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ.
ქეითმა ვერ ისწავლა, ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება, საკუთარ ნაჭუჭში გამოიკეტა, უფრო სწორად საკუთარ სასახლეში და მხოლოდ სახლის უკანა ბაღში გააგორებდა ეტლს დრო და დრო სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. მაიკლსაც აუკრძალა ჩასვლა, მხოლოდ ახალ ნოველებს უგზავნიდა შესაფასებლად. დეიდა მერი მასთან გადავიდა საცხოვრებლად, მოხუცი ბებოც სტუმრობდათ ხოლმე ხანდახან. თავის ცხოვრების შესახებ უყვებოდა და ქეითიც წერდა მის ამბავს. ეს მისი პირველი წიგნი იყო, რომელიც მაიკლის ძალისხმევით გამოიცა და ძალიან მალე გახდა ბესტსელერი, გარეკანზე ეტლში მჯდარი ქეითის ფოტო იყო, მოხუც ბებოსთან ერთად სასაფლაოს ფონზე. ზუსტად ისეთი ფოტო, მათ ცხოვრებას, რომ ზედმიწევნით ასახავდა...
სანდრო მთელი წელი ცდილობდა ახალი ცხოვრების წამოწყებას და ის იყო ახალი ფურცელი გადაშალა, რომ წარსული წამოეწია. საითაც არ უნდა გაეხედა ყოველი მხრიდან ქეითის და ბებოს სევდითა და ტკივილით სავსე მზერას აწყდებოდა. ამ ქალებმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს. დაუკითხავად დარჩნენ მოგონებებში და ამას ვერც "იყიდდა" და ვერც "გაყიდდა"!
უცნაურია რატომ ახასიათებთ მკითხველებს ავტორების ატაცება, პირველ ბესტსელერს მეორე და მესამე მიყვა, ქეითის ცხოვრებასაც აზრი დაუბრუნდა. ზოგჯერ ადამიანს ალბათ უნდა შეემთხვას რაღაც ცუდი, რაღაც ისეთი რაც აიძულებს ცხოვრება არ გაფლანგოს, საკუთარი დანიშნულება იპოვოს და მას გაყვეს...
კიდევ ერთი შობა მოდიოდა, ისევ წვიმდა, ისევ ქარი დათარეშობდა და ძარცვავდა მორთულ-მოკაზმულ ქალაქს. ჯერ ის დრო იყო დაგვიანებულები, რომ ყიდულობდნენ საჩუქრების უკანასკნელ ეგზემპლარებს და შემორჩენილ თაროებსაც ათავისუფლებდნენ ელვის სისწრაფით. ქეითი ბუხართან იჯდა და მომდევნო წიგნზე მუშაობდა, კარზე რომ ზარის ხმა გაისმა. არავის ელოდა დეიდა მერის გარდა, ამიტომ ისე გააღო არც უკითხავს თუ ვინ იყო. ზღურბლზე თავიდან ბოლომდე სველი სანდრო იდგა და სიცივით თუ ნერვებით აკანკალებულ ხელში წითელი ღვინის ბოთლი და ყვავილების პატარა თაიგული ეჭირა.
ერთხანს ორივე გაყინული, არაფრის მთქმელი და ამავდროულად ტკივილით სავსე თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს.
- წადი! - ძლივს ამოთქვა ქეითმა და ცრემლები ღაპაღუპით დაეშვა ღაწვებზე. თითქოს ყველა იარამ ერთდროულად გახსნა პირი და ამოსუნთქვის საშუალებას აღარ აძლევდა.
სანდროს ხმა არ ამოუღია, იდგა გახევებული და ნერვიულად უცახცახებდა მხრები, ყველაზე მეტად ამის ეშინოდა, უარყოფის, აქ რომ მოდიოდა რისი იმედი ჰქონდა თავადაც არ იცოდა, მხოლოდ საუბარი უნდოდა, უნდოდა ეთქვა რომ მის გამო წუხდა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა, ის წყეული მანქანა რომ არ დაეტოვებინა არაფერი მოხდებოდა, ორივე შეძლებდნენ მშვიდად გაეგრძელებინათ ცხოვრება... მაგრამ ახალა გვიანი იყო, ძალიან გვიანი!
- მაპატიე - მხოლოდ ამის ამოთქმა შეძლო. მოტრიალებას და ისევ გაქცევას აპირებდა, მაგრამ ადგილიდან დაძვრას ვერ ახერხებდა. რაღაც არ უშვებდა, გრძნობდა რომ მისი იქ ყოფნით ქეითს ტკივილს აყენებდა, მაგრამ იმასაც გრძნობდა რომ ემოციებისგან დაცლა ორივეს სჭირდებოდა.
სრულიად გაუაზრებლად დაეშვა მუხლებზე, ღვინის ბოთლს და თაიგულს ხელი ფრხილად უშვა და ქეითს მოეხვია.
- მაპატიე - ისევ იმეორებდა ერთი და იგივეს და ქეითის დაშენილ მუშტებს თითქოს ვერც გრძნობდა.
დეიდა მერიმ შორიდანვე დაინახა კართან განვითარებული მოვლენები, მაგრამ მანქანიდან გადმოსვლას არ ჩქარობდა, გრძნობდა, რომ მათ ჯერ ერთმანეთთან უნდა გაერკვიათ ურთიერთობა.
- ყველაფერი შენი ბრალია - ლუღლუღებდა ახლა უკვე სანდროს მკლავებში მოქცეული ქეითი - საერთოდ არ უნდა დაბრუნებულიყავი!
- საერთოდ არ უნდა წავსულიყავი!
- სახლში შემობრძანდით - თავს წამოადგა მათ დეიდა მერი, როცა დაინხა, რომ სიტუაცია შედარებით განიმუხტა. მთელი ეს დრო მისი გოგო განდეგილივით ცხოვრობდა და ეს არსაიდან გამოჩენილი სიმპათიური ახალგაზრდა ახლა სწორედ რომ დროული იყო. - ორივე სულ მთლად სველები ხართ ასე როგორ შეიძლება!
- შეიძლება შემოვიდე? ჩასჩურჩულა ქეითს და ფრთხილად გაუშვა ხელი.
- არა! - თავი არ აუწევია ისე უპასუხა ქეითმა.
სანდროს აღარაფერი უთქვამს უხმოდ დაუკრა თავი დეიდა მერის და კიბეებს დაუყვა.
ქეითი უხმოდ უყურებდა წვიმაში მიმავალ სანდროს, ცრმლებისგან დაბინდული თვალებით. უამრავი გრძნობა ირეოდა ერთმანეთში, ბრაზი, სიძულვილი, სასოწარკვეთა, ყველაფერი მისი ბრალი იყო, თითქოს იმ საბედისწერო ღამეს იმ მანქანის საჭესთან ვიღაც გალეშილი და ნარკოტიკებით გაბრუებული მძღოლი კი არა ის მჯდარიყოს.
- ვინ არის შვილო? - ჰკითხა დეიდა მერიმ და წვიმაში მიმავალ უცნობს გახედა.
- ის არის დეიდა ის! - თქვა ქეითმა და თავი ხელებში ჩარგო.
დეიდა მერი სწრაფად მოეგო გონს ვინ "ის" შეიძლებოდა ყოფილიყო უცნობი, ის არ ფიქრობდა რომ ავარია სანდროს ბრალი იყო, ყოველთვის სურდა მისი ნახვა და მადლობის გადახდა იმ ხელმოწერების გამო, რამაც მისი გოგო გადაარჩინა და საავადმყოფოს ხარჯების გამოც, რომლის შესახებაც ქეითმა არაფერი იცოდა.

თავი 6

- გაცივდები შვილო სახლში შევიდეთ - მზრუნველად გადაუსვა დეიდა მერიმ ქეითს თავზე ხელი და მკერდზე მიიხუტა.
- რისთვის დაბრუნდა დეიდა?! რას მერჩოდა?! რატომ გამახსენა ყველაფერი?!
- დამშვიდდი შვილო! დამშვიდდი! ყველაფერი კარგად იქნება! ეხლა შევიდეთ და ტანსაცმელი გამოვიცვალოთ სულ მთლად სველი ხარ!
- რატომ მოვიდა?! რა უნდოდა?! - ვერ მშვიდდებოდა ქეითი - ნეტავ იმ დღეს მომკვდარიყავი!
- ეგ აღარასდროს გაიმეორო! - ბოხი მაგრამ ათრთოლებული ხმით წარმოსთქვა სანდრომ და ბოლო საფეხურებიც აიარა.
- რა იყო სინდისის ქენჯნამ შეგაწუხა?! - ახლა უკვე ირონია გაურია ქეითმა ხმაში
- შემაწუხა - დაეთანხმა სანდროც.
- გებრალები არა?! საცოდავი ინვალიდი გგონივარ! საწყალი ...
- საკმარისია! - სიტყვა გააწყვეტინა სანდრომ და დეიდა მერის ანიშნა დაგვტოვეო - საკმარისია ქეით! რის მიღწევას ცდილობ! თუ გინდა რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნო გილოცავ 3 წელია ამით ვცხოვრობ. მაგრამ დამნაშავე მხოლოდ იმაში ვარ, რომ დაგტოვე და არა იმაში რაც მოხდა. თუ შვებას მოგგვრის შეგიძლია ეგეც მე დამაბრალო, მეც ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, მაგრამ იმ წყეული მანქანის საჭესთან მე არ მჯდარვარ! მეც ვფიქრობ იმ დილით რომ გასაღბი გამომერთმია იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო... მაგრამ ახლა არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.
- რატომ არ გამომართვი?
- არ შემეძლო გესმის, არ შემეძლო, იმ დილის მერე ვერაფრით ვივიწყებდი ნანახს. შენც ის მანქანაც, ყველაფერი იმ დილას მახსენებდა, იმ მოხუცის ქალის კივილი დღემდე ჩამესმის კოშმარებში... თავგზა მქონდა არეული. არაფერი მინდოდა რაც ამ ყველაფერს გამახსენებდა...
- ჩემზე არ გიფიქრია? არც მე მჭირდებოდა ის მანქანა, ყოველ დილით ვუყურებდი და მახსენდებოდა, რომ იმ ღამით საკუთარ თავს ვუღალატე, როცა სრულიად უცნობი კაცი ჩავიწვინე საწოლში. საკუთარ გრძნობებს ვუღალატე, ამის გამო საკუთარი თავიც მძულდა და შენც მძულდი, ის მანქანაც მძულდა ყოველ დილას რომ მეჩხირებოდა თვალებში და დავიწყების საშუალებას არ მაძლევდა... მაგრამ ყველაზე მეტად იცი როდის შემძულდი?! როცა სამედიცინო ფურცლებზე შენი ხელმოწერა ვნახე, ასე როგორ მომექეცი?! ასეთი ცხოვრებისთვის როგორ გამიმეტე?! - ისევ ცრემლები წასკდა ქეითს და თავი ხელებში ჩარგო. - არ ჯობდა მომკვდარიყავი?!
- ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ამის შემეშინდა, საავადმყოფოში დაბრუნება ვეღარ გავბედე, მხოლოდ დილით გავიგე, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ეგოისტურად მოვიქეცი როცა ქალაქიდან წავედი, ვიცოდი რომ ცოცხალი იყავი და ეს საკმარისად ჩავთვალე, ყველაფრის დავიწყება და ახალი ფურცლიდან დაწყება მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, სადაც არ უნდა წავსულიყავი ფიქრებით მუდამ აქ ვიყავი გაჭედილი.
- რატომ დაბრუნდი?!
- ჩვენ გამო
- "ჩვენ" გამო?!
- ორივე უნდა გავთავისუფლდეთ ქეით, შენი წიგნი წავიკითხე ვიცი რომ შენც გინდოდა ჩემთვის თვალებში ჩაგეხედა...
- შენთვის არა! - თვალებში ჩახედა ქეითმა და ისევ მის მკლავს მიაყრდნო თავი - უწინდელი სანდროსთვის, მას არ აწუხებდა ადამიანების ბედი...
- ამ სანდროს შემოუშვებ შენ ცხოვრებაში?
- რომელიღაც სანდრო ყოველთვის იარსებებს ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ ჯობია ეს შენ იყო. - სევდიანი ღიმილით წარმოსთქვა ქეითმა.
- პირობას გაძლევ, რომ ეს სანდრო არასდროს გაწყენინებს - პატარა ბავშვივით მოეფერა ლოყაზე და თავზე აკოცა. - ახლა კი სახლში შევიდეთ ცხელი კაკაო და საშობაო ნამცხვარი არ გვაწყენდა.
- არც გამოცვლა გვაწყენდა - სველ ტანსაცმელზე ანიშნა ქეითმა.
- და არც ცხელი შხაპი...
- ოცნებებში ნუ წახვედი - გაიცინა ქეითმა და ეტლი კარისკენ შეაბრუნა.
- მოიცა - შეაჩერა სანდრომ და სახლში პატარა ბავშვივით ხელში აყვანილი შეიყვანა - ოცნებებში არა?! მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა მან და პირდაპირ სააბაზანოს მიაშურა.
- რა ჯანდაბას აკეთებ! - შეუბღვირა ქეითმა.
- დამშვიდდი ისეთს არაფერს გავაკეთებ, რაც არ მოგეწონება.
- ახლავე დამსვი!
- ახლავე?!
- არა ახლავე არა! დივანზე დამსვი! - თან გაბრაზდა საკუთარ მდგომარეობაზე თან სიცილი წასკდა.
- პატარა ბავშვივით ხარ. - გაეცინა სანდროსაც და აბაზანის კარი შეაღო.
მართლაც სასაცილოდ იყო ორი ზრდასრული ადამიანის დანახვა ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და ქურთუკებით ცხელი შხაპის ქვეშ, ისინიც სულელებივით იცინოდნენ და თითქოს რაღაც მომენტში სიძულვილმაც უკან დაიხია და ბრაზმაც, სასოწარკვეთამაც და გაურკვეველმა შიშებმაც. იმ სივრცეში მხოლოდ ორნი დარჩნენ და არც ერთს აღარ სურდა იმ ტკივილით მოცულ ქაოსში დაბრუნება, რომელსაც მათი ცხოვრება ერქვა.
ქეითი, სანდრო და დეიდა მერი გათენებამდე საუბრობდნენ სხვადასხვა მხიარულ და სევდიან ამბებზე, მიუხედავად ყველაფრისა ეს პირველი ბედნიერი შობა იყო სამივეს ცხოვრებაში იმ ავარიის შემდეგ.

*******
- ყოველთვის მინდოდა მადლობა გადამეხადა მაგრამ ამ დრომდე მაგის შესაძლებლობა არ მომეცა - უთხრა დეიდა მერიმ სანდროს წამოსვლის წინ. - თქვენ რომ არა ალბათ ჩემი გოგო აღარ მეყოლებოდა...
- მე რომ არა თქვენ გოგოს არაფერი დაუშავდებოდა - სევდიანად ამოთქვა მან ისე თითქოს სიტყვებს გული ამოაყოლაო და თავი დამნაშავე ბავშვივით ჩახარა.
- ბედისწერა შვილო, ბედისწერა! ეს არც შენი ბრალია და არც ქეითის... ადრე თუ გვიან ისიც გაუსწორებს სიმართლეს თვალს. მარტო დარჩა და მთელ სამყაროზე ბრაზობს დრო სჭირდება. - სიყვარულით სავსე მზერით გახედა დეიდა მერიმ დიშვილს.

*****
- რას აკეთებ სანდრო! რას აკეთებ! - თავისთავს ელაპარაკებოდა
სასტუმროს ნომერში დაბრუნებული სანდრო და სარკეში საკუთარ ანარეკლს ისე ათვალიერებდა თითქოს თავად არ ყოფილიყოს. მართლაც არ ჰგავდა თავის თავს ქეითის მამის შარვალსა და პერანგში, არც ის თვალები იყო მისი გახუნებული, ჩამკვდარი გამოხედვით. - რა გინდა იმ ხალხისგან?! შენ ხომ იცი რომ არ დარჩები რისთვის დაბრუნდი ?! მერე რა იქნება, გგონია კოშმარები დაგანებებს თავს?! გახსოვს საერთოდ რატომ წახვედი?!
ნერვებმა ერთიანად უმტყუნა, ყველა კადრმა ერთიანად ჩაიარა თვალწინ, წუხანდელი კადრებიც ამოუტივტივდა ქეითის გამშრალი სახე მისი დანახვისას და ცრემლების ზღვა. შემდეგ მისი კისკისი ჩაესმა ყურში და ანთებული თვალები გაახსენდა და თავისდაუნებურად გაეღიმა.
- მხოლოდ ამისთვის ღირს დარჩენა - უპასუხა თავის თავს და სასიამოვნო განცდებით მოცულმა სიზმრების სამყაროში შეაბიჯა. სადღაც აქამდე უცნობ ადგილას იდგა სპორტულ მაისურსა და შარვალში გამოწყობილი ზუსტად ისე სტუდენტობისას რომ იცვამდა, ისეთივე ახალგაზრდა და თავისუფალი. თავის თავს ვერ ხედავდა მაგრამ გრძნობდა ამ სილაღესა და თავისუფლებას. ირგვლივ სიცოცხლე ჩქეფდა, ბავშვების მხიარული კისკისი და ჩიტების ჟღურტული ერწყმოდა გარემოს. მწავანეში ჩაფლული კოტეჯებიდან ბედნიერი ხალხის სახეებს ხედავდა
- სანდრო, სანდრო - მოესმა ნაცნობი ხმა და ერთიანად მობრუნდა.
- დედა - გაუღიმა მან და ქერათმიან საშუალო სიმაღლის ულამაზეს ქალს გადაეხვია.
- მიდი მოეხმარე მამაშენს ნივთების ამოლაგებაში - მხარზე მსუბუქად უბიძგა ქალმა და თვითონაც უკან მიყვა.
- ჩამოხვედით - გამოეგება ქეითიც ჩამოსულებს და კიბებეები მხიარულად ჩამოირბინა. ის ისეთივე ლაღი, მხიარული და სიცოცხლით სავსე იყო, როგორც იმ დღეს პირველად რომ ნახა სანდრომ, ისევ იმ თეთრ სიფრიფანა კაბას და წელამდე ჩამოშლილ ღია წაბლისფერ, ტალღოვან თმას ქარი თანაბრად უფრიალებდა და თითქოს რაღაც იდუმალ შუქს აფრქვევდა ირგვლივ. სიზმარი კარზე გამალებულმა ბრახუნმა შეაწყვეტინა, უკვე შუადღე იყო, რომ არა სიზმრიდან გამოყოლილი დადებითი ემოციები ალბათ ვერ გადაურჩებოდა სასტუმროს პერსონალი, რომელიც ერთი დღით დაქირავებული ნომრის დაცლას სთხოვდა, რადგან უკვე სხვებს ჰქონდათ დაკავებული. სანდრომ პირზე წყალი შეისხა, ნომრიდან გამოვიდა. სასტუმრო აღარაფერში სჭირდებოდა, ეს პირველი ღამე იყო კოშმარის გარეშე, პირველი ღამე გაატარა ზღაპრულ სამყაროში სადაც გვერდით საყვარელი ქალი და ისეთი მშობლბი ჰყავდა, როგორსაც ბავშვობაში წარმოიდგედა ხოლმე. რა თქმა უნდა იცოდა, რომ ამ სიზმარს არასდროს ეწერა სიცხადე, მაგრამ მაინც ბედნიერად გრძნობდა თავს. რამოდენიმე თვეში 35ს გადააბიჯებდა, ის კი ისევ უბრალო, თბილ, მეგობრულ მშობლებზე ფიქრობდა. თავის თავზე გაეცინა, მაგრამ რეალობას ვერ მისცემდა უფლებას განწყობა გაეფუჭებინა.
- ახალი სახლი მჭირდება - ჩაილაპარაკა თავისთვის და პირველივე უძრავი ქონების სააგენტოს მიაკითხა.

****

ქეითმა დილას ადრიანად გაიღვიძა, დეიდა მერი სამზარეულოში ფუსფუსებდა, გული უგრძნობდა, რომ სტუმარს არც დღეს დასჭირდებოდა დაპატიჟება.
- დეიდა - გასძახა ქეითმა - დამეხმარე ავდგე.
- გაიღვიძე შვილო?! - უცნაური მხიარული ღიმილით სავსე სახით გამობაჯბაჯდა სამზარეულოდან.
- გავიღვიძე დეიდა გავიღვიძე - გაიზმორა ქეითი და დეიდას შესცინა.
- ასეთი ქეითი მომენატრა - მხრებზე მოხვია ხელი დეიდამ.
- მეც - სევდა გაერია ხმაში ქეითს - მიდი მითხარი, ვიცი რომ ერთი სული გაქვს როდის ვილაპარაკებთ.
- ცუდი ადამიანი არ უნდა იყოს შვილო...
- არ ვიცი დეიდა ადრე ასეთი არ იყო - მხრები აიჩეჩა ქეითმა
- ახლა როგორიც არის იმაზე რას ფიქრობ?
- იცი არ მინდა, რომ ვიფიქრო საერთოდ, ჯერ კიდევ მას ვაბრალებ ყველაფერს, კიდევ ვბრაზობ იმ დილას რომ გასაღები არ გამომართვა. მას რომ გასაღები გამოერთმია არაფერი მოხდებოდა
- ან საავადმყოფოს ფოეიეში მარი, რომ არ შეგხვედროდა, ან ფეხით რომ არ წამოსულიყავი, ისედაც მთელი დღის დაღლილი და ავტობუსს დალოდებოდი, ან ტაქსით გემგზავრა, ან მანქანაში რომ დაჯექი, მაშინვე წასულიყავი, ან საერთოდ სხვა მიმართულებით წასულიყავი 1 წუთით რომ ადრე გაგევლო ან 1 წუთი რომ შეყოვნებულიყავი არაფერი მოხდებოდა... - დაზეპირებულივით გააგრძელა დეიდა მერიმ ქეითის სიტყვები.
- ვიცი დეიდა მილიონი ვარიანტი მაქვს მაგრამ მე მაინც მასზე ვბრაზობ, არაფერი ესაქმებოდა მის მანქანას ჩემი სახლის წინ, მაგრამ ასეთს რომ ვხედავ ვეღარ მძულს.
- ნუ ფიქრობ ამაზე შვილო, აწი მხოლოდ მომავალზე უნდა იფიქრო
- ვიცი დეიდა, თეორიულად ყველაფერი ვიცი, მაგრამ ძალიან რთულია ისევ იქ ვარ გაჭედილი, რასაც არ უნდა ვაკეთებდე მაინც იქ ვბრუნდები. ამდენი ხანი გავიდა და მაინც ვერ ვეგუები...
- მისი ბრლი არ არის შვილო, არც მას დაუგეგმავს ასეთი რამ.
- ვიცი დეიდა მაგარამ...
- ეს ბედისწერაა შვილო - დაბეჯითებით გაიმეორა ისევ გახუნბული ფრაზა - არც ერთის ბრალი არ არის გარდა იმ არაადამიანისა, მაგრამ ისიც გზა მართალს არის, სანდროზე გაბრაზებას კი აზრი არ აქვს, წუხელ თქვენი საუბარი მესმოდა, ორივე ცოდოები ხართ შვილო, ორივე ცოდოები.
- არ ვიცი დეიდა, რაღაც მომენტში გულის სიღმეში გამიხარდა კიდეც რომ ისიც იტანჯებოდა, ნუთუ გავბოროტდი კიდეც? - შეცბა ქეითი და ამ აზრით შეშინებული მიაჩერდა დეიდას.
- რას ამბობ შვილო?! სად შენ და სად ბოროტება - გაიცინა დეიდა მერიმ. - ადამიანები ასეთები ვართ, გვტკივა და გვინდა მათაც იგივე განიცადონ, ვის გამოც გვგონია რომ გვტკივა. მასზე ბრაზობდი და იმიტომ გაგიხარდა, რომ გყვარებოდა ისიც შეგეცოდებოდა...
- თუ შეგეცოდა ე.ი. შეგიყვარდა?
- არა ქეით, ბავშვივით ნუ მსჯელობ! მასაც იგივე ფიქრები ტანჯავს რაც შენ. ერთმანეთი თუ შეგეცოდებათ არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი შეგიყვარდათ.
- ვიცი დეიდა ვიცი - უცნაურად გადაიკისკისა ქეითმა
- რა გაცინებს?!
- ეს წუთია ახალი პერსონაჟი დაიბადა - ისევ მხიარულად მოიფშვნიტა ხელები და დასძინა - იმედია დღესაც არ მოვა, ბევრი სამუშაო მაქვს!
- მე კი მგონია რომ მოვა...

პირვლი ამბის, პირველი ნაწილის დასასრული




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent