ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 1-5)
დიდი ხნით ვერ შევძელი აქტიურობა, 30 ნოემბერს პატარა შიოს მამა გავხდი და ვფიქრობ გახსენება წინა თავების არ გაწყენდათ. მე დავბრუნდი. გოლიათი სიტყვები ქარში წამიერად იფანტება და ზურგს უკან მონასროლი ტყვიასავით ქრება. მას შემდეგ რაც სულში ჩააფურთხეს და გოლიათის ცხოვრება ფსკერზე ეშვება თავს ვერაფრით უმხელს სიმართლეს. მის ცხოვრებას აზრი მაშინ უქრება, როდესაც საქართველოს მტრად, ერის შემარცხვენლად აღიარებენ და ჭაში ულმობლად ჩააგდებენ, მაშინ ქრება სიცოცხლის ხალისი, როდესაც თვალებში ნაცარს შეაყრიან და დააბრმავებენ. დაბრმავებული, დაბეჩავებული, სულით დაცემული, მტვრად ქცეული გოლიათი სიკვდილს ებრძვის ჭის ფსკერზე და ისეთი შეგრძნება ეუფლება თითქოს მის სხეულს პირანიები მიირთმევენ. -ცხოვრება წამართვეს, იმიტომ რომ დიადი ტანის ვარ? - ჩაიბურტყუნა და თავში იტაცა ხელი. - უფალო, ეს არის შენი სამართალი? შენი მიმტევებლობა და შენი სიყვარული? დაე, იყოს ნება შენი, და მიიღე ჩემი სული უკვდავი შენს ძღვენად. თავი ხელებში ჩარგო და სუნთქვა შეწყვიტა. თავი 1 „დღეები მიქრიან, წლები გარბიან და სულისკვეთება ადამიანისა, რომ მიაღწიოს სასურველ შედეგს, არ იცვლება.“ -როგორ ვამარცხებთ დემონებს ჩვენსას? -რაო იკა? - ლიკამ გაურკვევლად შეუქიცინა წარბები. -არაფერი. - დაუბღვირა ირაკლიმ, რომელსაც სულ არ სიამოვნებს იკას რომ ეძახიან. -დემონები ჩვენში არ სახლობენ ვაჟკაცო. - თვალი ჩაუკრა გოგონამ და თავი მუხლებში ჩაუდო. -დემონები სწორედაც რომ ჩვენს სულს ეპატრონებიან და გვილპობენ მას. – არ დანებდა ირაკლი, ამასობაში ლიკუნას თმებით თამაშობდა და ცხოვრების სიმწარეებს იხსენებდა, ცდილობდა გაეხსენებინა საკუთარი შრამები წარსულში, რაც ცხოვრებამ მთელი მონდომებით მიაყენა და გონებიდან ვერ შლიდა. -წარსულის ბილიკებს მხოლოდ აწმყო თუ წაშლის. - თითქოს მის ფიქრებს კითხულობსო ლიკამ ისე წამოიძახა გაუცნობიერებლად და ირაკლის ქვევიდან ნიშნისმოგებით ახედა. -კაი, ადე ფეხზე, სამსახურში მაგვიანდება, სასწრაფო საქმე მაქვს. -სამსახურში თუ ნაშებში ძვირფასო? -სიტყვა ნაშას ნუ ამბობ რამდენჯერ გაგიმეორო? ყველა ქალს საკუთარი თავის თამადობით პატივი ეცი და ნაშა არ დაუძახო. სიამოვნების გამო ადამიანი რას ჩაიდენს სხვისი გასაკითხი და მითუმეტეს იარლიყ-მისაკრობი არ არის. თავის ცხოვრებას ვისაც როგორ სურს ისე განკარგავს და არავის მოეკითხება. -რატომ გაბრაზდი ცუგრუ? მოდი დედიკოსთან... - მიმზიდველად მოილოკა ტუჩები და შემდეგ ვნებიანად იკბინა რათა საკუთარი მეუღლე გაეგიჟებინა, მაგრამ ამ ჯერად არ გამოუვიდა. ირაკლი გაცხარებულ დისკუსიაში იყო და როგორც ნამდვილი გამომძიებელი ვერაფერი დაახევინებდა უკან. -კაპიტანი მიხმობს, წავედი. - არად ჩააგდო ლიკას მოღუშული, განერვიულებული თუ განრისხებული მზერა და კარი მიიჯახუნა. განყოფილებაში გამოცხადებისთანავე შეატყობინეს რომ დავიდოვიჩი ელოდებოდა და პირდაპირ მის კაბინეტის კართან წამიერად შეყოვნდა. სანამ დააკაკუნებდა გუშინდელ ღამეზე დაფიქრდა იმ ალქაჯთან, რომელსაც მეუღლე ერქვა, ვნებიან ღამის შემდეგ მისმა რეპლიკებმა იმდენად გააღიზიანეს, რომ გაცოფებული ლამის უფროსს შეუვარდა კაბინეტში. ცდილობდა ნორმაში მოეყვანა საკუთარი თავი, დაემშვიდებინა ნერვები და ღრმად ჩაისუნთქა. „დემონები ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ და ადამიანების გარკვეული კატეგორიაც შედის მათში.“ - გონებაში გაუელვა. დილიდან ამ დემონებზე ფიქრით დაღალა გონება, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ. რად შეუჩნდა ეს აზრები, რატომ ვერ იგდებდა გონებიდან. შესაძლოა მისი პროფესიიდან გამომდინარეც გაუჩნდა მისთვის დამღუპველი ფიქრი, გონება ეთამაშებოდა, დასცინოდა და მთლიანად ლამობდა მისი დადებითი გამოვლინების ჩაყლაპვას, რომელიც დაებადებოდა მასში. -გაუმარჯოს დავიდოვიჩ, გავიგე მეძებდი, გისმენ. - ნელი ნაბიჯით შეაბიჯა კარში და მის პირდაპირ, ზურგით მოქცეულ, დიად ბორბლებიან, მოჩუქურთმებულ და ლამაზად მოქარგულ სავარძელში მჯდომ მამაკაცს მიმართა. -ხომ იცი ირაკლი ქებურია, რომ ადამიანის სისასტიკეს საზღვარი არ გააჩნია? -პროფესია დღითიდღე მარწმუნებს ამაში დიახ, რატომ მეკითხები? - რიტორიკული შეკითხვის შემდეგ კვლავ განაგრძო საუბარი, ისე რომ დავიდოვიჩს პასუხის გაცემა არ აცადა. - თუნდაც ბოლო საქმე ავიღოთ. ყოველდღე ჩემს თავს ვეკითხები, ამაზე საზარელი დანაშაული რაღა უნდა მოხდეს-მეთქი, მაგრამ მაინც ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. -კი ნამდვილად... - ბოლო სიტყვა გაწელა დავიდოვიჩმა. - მეც არ მესმის, როგორ უნდა მოაჭამო ყური ადამიანს, შემდეგ თითები დააჭრა, შეიწვა ჭამო და ამის შემდეგ დაასაჭურისო, როგორ უნდა მიგიყვანოს კაცმა ამ დონემდე, რომ ამ ყველაფრის ჩადენა გაიძულოს. საოცარნი ვართ ადამიანთა მოდგმა. -უნდა გაითვალისწინო ის ფაქტიც, რომ მამაკაცმა მთელი ცხოვრების განმავლობაში სული ამოხადა ქალს, რომელიც ყოველღამ მასთან ერთად წოლას კი არა სამყაროდან გაქცევას ლამობდა. მე შევისწავლე მათი ყოველდღიურობა, ცოლს ცხოვრებას უმწარებდა ყოველდღიურ სახეს მიცემული ქმრის გალეშილ მდგომარეობაში შინ დაბრუნება. ამას მოჰყვებოდა ხოლმე გაუთავებელი კამათი ჩხუბში გადაზრდილი, ჩხუბი კი ხშირ შემთხვევაში ქალის დასახიჩრებით მთავრდებოდა, ისე გამეტებით ურტყამდა მუშტებს ის ახვარი კაცი, თითქოს უცხო ეცემოს, ფოტო კი ნანახი გექნებათ რაც საქმეს დავურთეთ. მართალია ამას არ უნდა ვამბობდე და სასამართლო არ დამეთანხმება, მაგრამ ვფიქრობ დამსახურებულად მიეზღო და ასეთ ადამიანებს სამაგიეროს ყოველთვის ბუნება უზღავს სხვის ხელით. -შენგან ასეთ მსჯელობას მოკლებული ვარ ჩემო ირაკლი. -რას ვიზამთ, პროფესიულმა გამოცდილებამ მოიტანა. - თითქოს რაღაცამ შეუღიტინა ირაკლის, ყური მოიქავა, ბრძნული გამოხედვა მიიღო, აქაოდა ყველაზე მეტი მე ვიციო და პოლიციის დეპარტამენტის უფროსს გამომცდელად შეხედა. - ყოველგვარ აზრს მოკლებულია, რომ ჩადიოდე უმსგავსო, ამორალურ საქციელს და განცდა არ გქონდეს იმისა, რომ უკან მოგიბრუნდება საკუთარი ქმედების ანარეკლი. -სამყაროა ესეთი არა? -კი, როგორც ამას მუდამ ვამტკიცებ. -შენი სამყარო არ ვიცი როგორია, მაგრამ საქმეზე გადავიდეთ, ჭორაობას შევყევით. - ლევან ბურდულს გაეცინა, მაგრამ მალევე დამალა. იგი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელნიც ფიქრობენ რომ თუ თანამდებობა გიკავია და შენს თანამშრომლებს სისუსტე, ღიმილი ან მეგობრული განწყობა აჩვენე მაშინვე დაკარგავ მათ პატივისცემას და საქმისადმი დამოკიდებულება უთუოდ შეეცვლებათ. ამიტომ ლევანი ყოველთვის დისტანციის დაჭერას ამჯობინებდა ყველასთან, რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეს, თუმცა გაურკვეველი ფაქტორის გამო ირაკლისთან ძალიან უჭირდა და ყოველგვარ ხერხს მიმართავდა რათა ეს დაემალა. -გულისყურით გისმენთ. - თავი მსახიობივით დაუკრა და კბილებში რაღაც გამოსცრა, რაც თავადვე არ გაუგია. -ერთ მიყრუებულ სოფელში, რომლის სახელიც პირველად გავიგე მკვლელობა მოხდა. -მკვლელობა? სოფელში? -ხო, რა გიკვირს? -არა, არაფერი... განაგრძეთ. -სოფელი ოფიციალურად არც არსებობს, ერთი პატარა დაჯგუფება უფროა, რომელსაც მიკვირს რომ სახელმწიფო არსებობის უფლებას აძლევს. მას ტომის „ბელადი“ - გაეცინა და ორივე ხელით საჩვენებელი და შუა თითები მოხარა. - სიცილიას ეძახის და არსებობს ჩვენებები იუსტიციიდან, რომ რამდენჯერმე მოუთხოვიათ ამ ადგილის რუკაზე შეტანა. სიცილია... - ჩაიხითხითა ლევანმა. - თავი მარიო პიუზოს რომანში მგონია. -რატომ ასე დაძაბულად? - გააწყვეტინა იკამ. - იქნებ სულაც არ იგულისხმება ის სიცილია ჩვენ რომ ვიცით... და იმაზე სურთ ხაზგასმა, რომ სოფელში სულ ქეიფი და სიცილია? - სცადა გახუმრება, მაგრამ ლევანის მძიმე სახის დანახვისას თავადაც დასერიოზულდა. -სადაც სულ სიცილია, იქ მკვლელობაც სიცილის ფონზე ხდება ხო? თან სიცილისთვის დამახასიათებელი მკვლელობა, ბუმბერაზი ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეკორდების წიგნში უსათუოდ შესატანი იქნებოდა ყველაზე ღრმა ჭის ფსკერზე დატოვეს უპატრონოდ, მაცხოვრებლები იქ ყოველდღე დადიოდნენ, მახლობელ ჭიდან, რომელიც ამ უკანასკნელიდან ორმოცდაათი მეტრითაა დაშორებული, წყალს ეზიდებოდნენ და არავის მოსვლია აზრად თავიანთ ოქროს ტვინებში, რომ მას დახმარება სჭირდებოდა. -პუტინი... -რა? -ჩავფიქრდი და მისთვის ბელადი კი არა, პირდაპირ პუტინი უნდა გეწოდებინათ. -შესაძლოა მართალი ხარ, თუმცა ამ კაბინეტიდან ეს არ უნდა გავიდეს. -სამარე ვარ, გპირდებით. -ცინიკოსობას, როდის შეეშვები? მოკლედ ამ საქმეზე უნდა გაგგზავნო. მე მაქვს მათ მიერ დახაზული არაოფიციალური რუკა, თუ სადაც მდებარეობს ეს სოფელი, იუსტიციამ დღეს დილით მომაწოდა. საქმის არსის და მისი სიმძიმის გათვალისწინებით ჩემი საუკეთესო დეტექტივი გამოვიძახე და მინდა რომ დღეს საღამოსვე შეუდგე საქმეს. -კი მაგრამ... -არავითარი მაგრამ... დრო საკმარისად გაქვს, ბარგის ჩალაგებას მოასწრებ, ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა და ეს საზარელი ამბავი გვამცნო ის კაცი თანახმაა, რომ ოჯახში მიგიღოს და დაგაბინავოს. ღმერთმა იცის, ეს კაცი რომ არა... - თავი ჩაქინდრა ლევანმა და მთელი სხეული აუკანკალდა. - კიდევ კარგა ხანს ვერ გავიგებდით ამ ამბავს, სანამ ვინმე არქეოლოგიური გათხრებისას მის ძვლებს არ აღმოაჩენდა, სრულიად შემთხვევით. - ხელები კისერზე დაიბჯინა. მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ განაგრძო. - ვინ იცის... კიდევ რამდენი დანაშაული ხდებოდა სიცილიაში და ჩვენამდე არც მოუღწევია... თავი 2 “ჰმ... სიცილია. “ - ფიქრების მწვავე ნაკადი შეეჯახა იკას. შებინდებისას, ორი საათი იყო გასული მას შემდეგ, რაც თავის ნარინჯისფერ ბედაურს მოაჯდა და უეცარი შეტევისგან მცირე ხნით გადააყენა ავტომობილი, რათა უბრალოდ ჩაფიქრებოდა ამ დანაშაულის არსს. „სიცილთა ბანაკი“ ხელები შემოიჭდო კისერზე და სავარძელს მიეყრდნო. სარკეში გაიხედა, თითქოს მაინც თავს იზღვევს და ამოწმებს რომ ნამდვილად მარტოა მთელ გზაზე. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ამ საშინელ გზაზე ფიქრებიც კი ხმამაღლა მეტყველებენ. ნავიგაციას არ უნდა ნდობოდა. მხოლოდ მაცხოვრებლების მიერ დახატული რუკა ჰქონდა ბედად და ამ ერთადერთი იმედით ხელმძღვანელობდა. გზაზე არავინ იცოდა ამ ადგილის შესახებ, თითქოს ვაკანდასავით განმარტოებით, ყველასგან გარიყულად რაღაც უჩინარი ბარიერი ჰყოფდა გარესამყაროსგან. „რას ვაკეთებ. მეც შტერივით მარტო წამოვედი იმ კაცის დახმარების იმედით, ვინც ეს განაცხადა. მახე რომ იყოს? იქნებ ახალ მსხვერპლს ეძებენ, რაც არაა გამორიცხული. საშიშ გზას დავადექი, სახლში კი უსაყვარლესი მეუღლე დავტოვე, რომელმაც არც კი იცის რა ჯურღმულში ამოვყავი თავი.“ ღრმად ჩაისუნთქა. წამიერად დაეწმინდა ბნელი ფიქრებისგან გონება და გზას გაუყვა. დასავლეთისკენ კვლავ ოთხმოცდაცამეტი კილომეტრის გავლის შემდეგ მარჯვნივ გადაუხვია, საიდანაც ძალიან დამრეცი ფერდობი მიუყვებოდა, გზა ქვა-ღორღიანი იყო და ისეთ ეფექტს ქმნიდა თითქოს უდაბნოში, უკაცრიელ ადგილას მიჰყავდი ბილიკს, საიდანაც უკან დაბრუნება გაჭირდებოდა. მისდა გასაკვირად ფეხით მიმავალ მამაკაცთა ჯგუფს გადაეყარა. -მოგესალმებით ამხანაგებო. - სვლა შეანელა და ფანჯარა ჩამოსწია. - სიცილიამდე გზას ხომ ვერ მიმასწავლით. მითხრეს სადღაც აქ უნდა იყოს. -სიცილია? - გაეცინა ზორბა მამაკაცს. - საქართველოში ხარ ძმაო, რა სიცილია. სუ გამოშტერდა ეს თაობა. -ოფიციალური სახელი არ არის იმ ადგილის, მაგრამ მაცხოვრებლები ასე მოიხსენიებენ. თქვენ საით მიდიხართ? -აქვე ვცხოვრობთ, იმ ფერდობს რომ გასცდები ჩვენი სახლია. -შემიძლია გაგიყვანოთ. -სამანქანო გზა არ მიდის. -სიცილიაზე არ გსმენიათ არა? - კვლავ მორიდებით ჩაეკითხა ირაკლი და ხელები გაასავსავა. -რაის სიცილია ძმაო, - წელში მოხრილმა დაბალმა მამაკაცმა ამოიდგა ენა, სახეზე დროის სიმკაცრის კვალი ემჩნეოდა, დაცვარულ ხელებს ძლივს ამოძრავებდა. - აქვე გზის მხარეს, ორ კილომეტრში რომ გაუყვები რომში შეაბიჯებ. ყველა გზა ხომ რომში მიდის. - დანაოჭებულ სახეზე ოდნავი ღიმილი გამოესახა, უფრო ზუსტად ღიმილის მცდელობა უფრო ეთქმოდა. -მადლობა, ძმებო. - ხელი ნიშნის მოგებით აუწია ქებურიამ და გზა განაგრძო. რაც მეტს მიდიოდა წინ, მით მეტად უდაბური ხდებოდა ნიადაგი, ფოთლებგაცვენილი ხეები მრავლდებოდა და კაცის ჭაჭანება არსად იყო. ცოტა შეშინდა, მაგრამ საკუთარ თავს შეუძახა. „აბა იკაკო, დამშვიდდი და გზა განაგრძე. რუკის მიხედვით სადღაც აქ უნდა იყოს, არადა ჰორიზონტზე არაფერი მოჩანს, არც საცხოვრებელი ბინების არსებობის, არც საარსებო რაიმე ნიშანი. რუკა მცდარია? ან იმის გამო მომიყვანეს ამ უდაბნოში, რომ სული ამომხდეს და მომიშორონ? მტრები კი ბლომად გავიჩინე სამსახურის წყალობით, მაგრამ ასეთ რამეს ვინ მოიფიქრებდა, ვის ეყოფოდა ჭკუა ასეთი იდეალური, შინაარსობრივად დამაჯერებელი ამბის მოფიქრებისა, რაც დავიდოვიჩსაც კი შეაცდენდა და ჩემს გაშვებას აიძულებდა... ნუთუ საქმეშია?“ გამხნევების ნაცვლად უარესად დაიძაბა. გზა სრულდებოდა. მარცხნივ შევიდა შესახვევში და რამდენიმე ასეული მეტრის შემდეგ მარჯვნივ გადაუხვია. მის თვალწინ იცვლებოდა ლანდშაფტი. სეზონები თითქოს სწრაფად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. შუა ივლისში მყისიერად აცივდა, შემოდგომის სიყვითლე ეპარებოდა ბუნებას და რამდენიმე კილომეტრში სითეთრე შეეპარა ნიადაგს. ნალექი უფრო მეტად იზრდებოდა, თითქოს რამდენიმე წუთში ზამთარი შემოსულიყო და გადაეთეთრებინა ყველაფერი. ფიქრი ზაფრავდა იკუშას. ცდილობდა გონებაში არ ჩაებუდებინა შიშს და მხოლოდ გზას უყურებდა, მაგრამ მაინც გაურბოდა თვალი იმ ხედებისკენ, რასაც სთავაზობდა ბუნება. სიცხემ დააჭირა. წყლის მარაგი ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი და რაც მეტს მოიხმარდა, მეტად წყურდებოდა. ოფლის წვეთები შუბლიდან წურწურით ჩამოდენილი გზის ხედვაში უშლიდა ხელს. წამიერად კი კვლავ აცივდა. რეალობისა და მოლოდინის ჭიდილში სრულიად გადაავიწყდა რუკის არსებობაც და პირდაპირ მიუყვებოდა გზას. გზაზე უაზროდ მოფარფატე ნიშანი მარჯვნივ უჩვენებდა ისარს და ინსტიქტურად მოატრიალა საჭე. როგორც კი გასცდა ყვავილნარს, ბუჩქნარსა თუ ხეხილნარს, ისე აყვავებულს, თითქოს გაზაფხული ეს-ეს იყო მოსულიყო, მისკენ დიდი სიჩქარით მომავალ მანქანას ჰკიდა თვალი. ძილ-ბურანში გადავარდნილს, იფიქრა მეჩვენებაო და გზას მშვიდად აგრძელებდა. მისკენ მომავალი მანქანა კი სიჩქარეს უმატებდა და ისე მოდიოდა მისკენ რომ შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა. „ილუზიაა... მეჩვენება. კაციშვილი არ მინახავს აქ და ბენტლი? გამორიცხულია.“ მანძილი ავტომობილებს შორის მცირდებოდა და გული უფრო მეტად უწვრილდებოდა ქებოს. წამი და უნდა შეჯახებოდა, რომ საჭე მკვეთრად მოატრიალა. საბურავის გახეთქვის ხმა... წამიერად გაელვებული ძალზედ უცნაური ცხოველების ჯგრო... საჭის გასწორების მცდელობაში ავტომობილი ამოყირავდა და სალტოთი განაგრძო სვლა... დამცავი ბალიში ირაკლის სახეს ეხეთქებოდა და წამიერად ხედავდა მომავალ საფრთხეს, დანგრეული კედლიდან კარგად შენახული, ვერცხლის რკინის მილები ელავდნენ მზის შუქზე, რომლისკენაც მიექანებოდა მთელი ძალით ირაკლის მხედარი. გარდაუვალს ვერ აიცილებდა, თვალები დახუჭა და ფიქრი შეწყვიტა. ეგონა ამით მაინც შეიმსუბუქებდა ტკივილის და აგონიის შეგრძნებას. ძლიერად შეარყია და ფერდში საშინელი ტკივილი იგრძნო. „ააჰ“ - მის ღრიალს მტრედების შარი-შური, კოიოტების შეძახილი და მგლების გაბმული ხმა მოჰყვა. შიშისგან ააკანკალა და უკან გაიხედა იმ მანქანის დანახვის მოლოდინში, რომელმაც ლამის დაარტყა. ჰორიზონტზე არავინ ჩანდა. არც მისი კვალი იყო სადმე. ირაკლიმ გონება დაკარგა. ენერგიის მოზღვავებისგან გამოეღვიძა. ჩაახველა და დამცავი ბალიში მთლიანად გაწითლდა. ჭრილობაზე რომ დაიხედა მადლობა ღმერთს გამავალი იყო და ბევრ სისხლს არ დაკარგავდა, სასწრაფოდ გამოაღო უჯრა, სადაც გადაუდებელი დახმარების ნივთებს ინახავდა. სპირტიანი ბამბით დაიმუშავა ჭრილობა და ნელი მოძრაობით სცადა გამოეღო რკინის მოზრდილი ნაჭერი. ტკივილისგან მცირედ წამოიკვნესა და კვლავ დაკარგა გონება. გამოიღვიძა. სადღაც გამქრალიყო უდაბური ჰორიზონტი. გამქრალიყო სივრცე, რომელიც ამახინჯებდა მთელ ლანდშაფტს. ნაავარიევ ადგილს კაცთა მცირე ჯგუფი დახვეოდა. ზოგი დახმარებას ცდილობდა და ავტომობილიდან გამოსვლაში ეხმარებოდა, ზოგიც სეირის საყურებლად შეყრილიყო. ბავშვები ცდილობდნენ მოზრდილებისთვის წინ გადაესწროთ რათა არაფერი გამოეტოვებინათ. -როგორ... - ღრმად ჩაისუნთქა. - როგორ... როგორ... -ყველაფერი კარგად იქნება ბატონო, დამშვიდდით. ნუ მოძრაობთ. ეცადეთ ღრმად ისუნთქოთ კარგი? მე ექიმი გუგა გახლავართ, თქვენ სამსახურში მიგულეთ, ყველაფერს გავაკეთებ, იმასაც რაც კი ჩემს ძალებს აღემატება. -როგორ... - მხოლოდ ეს სიტყვა ეკერა პირზე ირაკლის, რადგანაც ავარიის მომენტში არავინ და არაფერი იყო ირგვლივ. უეცრად კი ქოხები, აგურით ნაშენები სახლები და ერთი უზარმაზარი ვილაც გამოჩნდა. „ან მძინავს და მესიზმრება, ან უკვე მოვკვდი და შესაფერის ადგილას მოვხვდი.“ თვალები დაძაბა რათა კარგად შეეთვალიერებინა საკუთარი თავი და ირგვლივ მყოფნი. გადარჩენა გაჭირდებოდა ამ პირობებში, სადაც გაძვალტყავებული მოხუცების უმრავლესობა შიმშილით იხოცებოდა და ბავშვებს ნორმალური სამოსი არ ჰქონდათ. თვალები დახუჭა ირაკლიმ და სიკვდილს დაელოდა. იცოდა ახლოს იყო, სრულიად ახლოს იმ სამყაროში გადასასვლელად. -გუგა ექიმო, სისხლისგან იცლება. - ქალის ხმა იყო, საოცრად ლამაზი, სულის შემხუთველი მიმზიდველობის პატრონის. ხმა ისეთი სინაზით ამოსდიოდა ინტერესით ნარკოზში მყოფმა თვალები უმალ დააჭყიტა და წამით თვალის მოკვრა მოასწრო, სანამ კვლავ გადააგდებდა ძილში. -ვიცი ხათუნა, ვიცი. ყველაფერი კარგად იქნება, სისხლის ჭარბი რაოდენობა მჭირდება. - პირბადეებში და ხალათებში შეფუთული ხალხი ჭრილობაზე ხელებს უფათურებდა და ირაკლის, როგორც შეეძლო გაოცებული უყურებდა და თავის თავს ეკითხებოდა - სად ვარ? „სიცილია“. - გონებას მხოლოდ ეს სიტყვა უღიტინებდა. – „ნუთუ მართლა არსებობს?“ „რატომ ვერ ვნახე?“ „იმიტომ რომ არ გწამდა.“ - ვიღაცამ უპასუხა გონებაში. „რისი უნდა მეწამა?“ „მისი არსებობის.“ - კვლავ დაუბრუნა პასუხი უცხომ. „მე აქ საქმის გამოსაძიებლად ჩამოვედი, მაგრამ თავად გავხდი მსხვერპლი.“ „ფრთხილად უნდა იყო. ვინაიდან ეს არის ადგილი, სადაც არავის ნდობა არ შეიძლება. ეს არის ადგილი, რომლის მიღმაც დიდი ბოროტება იმალება და ერთ დიდ კვალს ტოვებს კაცის ცხოვრებაზე. არ უნდა შეგამჩნიონ რომ უცხო ხარ. არ უნდა მიგიხვდნენ რატომ ხარ მოსული, რადგანაც ისინი დაგგმობენ შენ.“ „როგორც გოლიათი?“ „როგორც გოლიათი.“ - ვინ დაიბუდა მის ტვინში ადგილი? ეჭვი ღრღნიდა, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა თუ ვინმე სხვას? გაგიჟდა? იქნებ სულაც ცოცხალი არც იყო და საკუთარ ფანტაზიებს მიჰყვებოდა. ეძინა? იქნებ კოშმარს ხედავდა და ჯერ კიდევ იმ ადგილას იყო, სადაც დასაფიქრებლად შეისვენა. „აქ საერთოდ რა ხდება? რა ადგილია?“ „გაჰყევ ინსტიქტებს შენსას.“ - საკმაოდ ომახიანად უპასუხა უცხომ მის გონებაში. – „გაჰყევ და მიგიყვანს ჭეშმარიტებისაი შენსასა, სადაც უნდა მიხვიდე შენ.“ „სისულელეა... სიზმარია.“ „დაე შენმა სიმართლის ძიებამ გაპოვნინოს ამ სამყაროდან გაღწევის საშუალება. უნდა იპოვო კარი, იასამნისფერი კარი, მოარგო მასში გასაღები და შენი ტანჯვა სამუდამოდ დასრულდება.“ „არა მოხუცო, რაღაც გეშლება.“ „გაახილე თვალნი, შვილო ჩემო.“ „არ შემიძლია.“ „ძალა მოიკრიბე. გასაღები აქ, შენს ახლოში ძევს, უნდა მიაგნო და გაიქცე.“ „მოვკვდი ხო?“ „მკვდარს გავხარ?“ „რა ორაზროვნად მელაპარაკები, ვინ ხარ?“ „მე ვარ შემოქმედი ყოველი ცისა თუ მიწის, მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ უკვდავება, მე ვარ სივრცე, ზღვა ვარ მე, ბილიკი ვარ, რომელსაც ბედნიერებისკენ მიჰყავხარ. დაე გაჰყევი მას.“ უგონობიდან თავის დაღწევის მცდელობაში გამოიღვიძა. პალატა აღარსად იყო, თეთრ ფერს წითელი ჭარბობდა. წითელი სავარძლები, წითელი მაგიდა, წითელი ფარდები, სისხლის ფერი წიგნის თაროები, მასზე მუქ შინდისფერი წიგნები. წითელი და მუქი ლურჯი სურათის ცარიელი ჩარჩოები. თვალი სინათლეს რომ შეეჩვია შემდეგღა აღიქვა რომ ვიღაცის ბინაში, თბილ საწოლში მწოლიარე აღმოჩენილიყო. -დილა მშვიდობის. - ოთახში ზორბა მამაკაცი შემოვიდა, რომელსაც გრძელი, ვიწრო მკლავები და დიდი მხრები ჰქონდა, სწორად გამოკვეთილი ნაკვთები ამშვენებდა მისი სახის განლაგებას, სწორი ცხვირი, ოდნავ მოღრეცილი კბილები და დიდი ტუჩები. ნიკაპი სარივით ჰქონდა წაგრძელებული და რა წამს შეხედა, მაშინვე გაახსენდა ის დიდი რკინის წაწვეტებული, მოგრეხილი ნაჭრები, ცოტაც და თვალში რომ გაეყრებოდა. - შევძელით შენი გადარჩენა და სახლში წამოგიყვანე. -ვინ... ვინ... ვინ ხარ? -მე გუგა მქვია. -გუგა ექიმი? - მამაკაცს ჩაეღიმა. -როგორც ჩანს სრულ ნარკოზში არ ყოფილხარ. კი სწორია. ვიცოდი რომ ჩემი დახმარება დაგჭირდებოდა, ცოტა დაისვენე, წაუძინე და შემდეგ გიპასუხებ ყველაფერზე შენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. -სიცილია? -კი, აქ სულ სიცილია. - გაეცინა გუგას და სასმენი აპარატი მოიმარჯვა გულის ფეთქვის და სუნთქვის შესამოწმებლად. -რა ადგილია? -მოდი ლაპარაკით თავს ნუ გადაიღლი. ჯერ კვლავ სუსტად ხარ. გპირდები ყველაფერზე გიპასუხებ, რადგან მომბეზრდა აქ მომხდარ ამბებზე თვალების დახუჭვა, მომბეზრდა შიში. დროა რაღაც კარგი გავაკეთო ამ ადამიანებისთვის, რომლებიც თავად ვერ ხვდებიან რომ შავ-ბნელი ბურუსით მოცულ ძალას ემსახურებიან. დამშვიდდი... აბა ღრმად ისუნთქე, კიდევ... კიდევ... ჩაისუნთქე, ამოისუნთქე... ჩაისუნთქე... ამოისუნთქე. კარგია. ძილი დაგეხმარება მალე გამოჯანმრთელებაში, აქაური მედიცინა ისეთი ვერა, მაგრამ ძილი საუკეთესო მკურნალია. დამიჯერე. - თვალი ჩაუკრა გუგამ და ოთახიდან გავიდა. სანამ დაიძინებდა ირაკლი იმ ტკბილ ხმაზე ფიქრობდა. იმ ნოზის ხმის მქონე მანდილოსანზე, რომელმაც ყველაფერი დაავიწყა. „ლიკა რას შვრება ნეტავ? როგორ არის? დაკავშირებას რომ ეცდება და ვერ დამიკავშირდება არ შეშინდეს. ღმერთო... ლიკას სახებაც კი მავიწყდება, ეს რა ადგილია? მისი სახე გონებიდან ქრება, მის სახელსაც ძლივს ვიხსენებ... გარესამყარო მავიწყდება. ო, არა...“ თავი 3 დილით ადრე გაეღვიძა, დაღლილ-დაქანცულს ძილი კი ესაჭიროებოდა, თუმცა არ ეკარებოდა. საათს რომ გახედა ღამის ბინდბუნდში ძლივს გაარჩია რომ ექვსის ოცი წუთი იყო. გვერდით ტუმბოზე მდგარი ციფერბლატებიანი საათიც ამას მოწმობდა. მზის ნასახიც არსად შეინიშნებოდა. -რა ჯანდაბაა? - ამოიხავლა და ღამის სიჩუმეში ძალზედ უცნაური ექო გამოსცა მისმა სიტყვებმა. თითქოს ექოდ კი არ გარდაისახა, არამედ სხვა ადამიანმა გაიმეორა იგივე. თითქოს მარტო არ იყო. წამოჯდომის მცდელობაში ოდნავ წამოწია მთელი სხეული და საშინელმა ტკივილმა დანებება აიძულა. თავი, მკერდი, ნეკნები, ყველაფერი სტკიოდა. ჭრილობა კი საშინლად ექავებოდა და თავს ძლივს იკავებდა რომ ეს სურვილი არ აესრულებინა. „სად მოვხვდი ამის დედაც... საერთოდ რა ადგილია?“ - ეჭვები ღრღნიდა, თავი სიზმარში ეგონა, თუმცა შეგრძნებები ნამდვილი იყო. უცნაური სიჩუმე იდგა, არც მოძრავი ფოთლების შრიალის, არც ოდნავ მოქროლილი სიოს, არც რაიმე ცხოველის თუ ფრინველის უეცარი ხმა, არც გალეშილი მთვრალის უაზრო გინება, ფეხის ნაბიჯების ხმაც არ ისმოდა ქუჩაში, თითქოს მარტონი ყოფილიყვნენ და მთელ სამყაროს სძინებოდა. საათის წიკ-წიკის ხმაც არ ესმოდა. – „დავყრუვდი?“ - ფიქრობდა. – „არადა ხომ კარგად გავიგე გუგას ნათქვამი სიტყვები, გვერდითი ეფექტია ტკივილის? თუ რა ხდება?“ „საერთოდ გუგა ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ხომ არ არის?“ სიჩუმე უეცრად გამკივანმა ხმამ დაარღვია. -მიშველეთ, ღმერთო, მიშველეთ. - ქალი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, მარტო არ იყო, პატარა თოთო ბავშვის გამკივანი ღრიალიც ერთვოდა ამ ქალის სასოწარკვეთილ ამოძახილს და ირაკლის ადგომა ახლა ყველაზე ძალიან სურდა. კვლავ წამოჯდა, მაგრამ როგორც კი შემოტრიალება სცადა მთელი სხეულით მაშინვე იგრძნო როგორ გაეხსნა ჭრილობა და სისხლმა გვერდიდან იწყო დინება. მაშინვე უღონოდ მიწვა საწოლზე და ხელი მაგრად დააჭირა ჭრილობას. -მიშველეთ, ხალხი არ ხართ? დამეხმარეთ. -მოეთრიე შენი! - უცხო მამაკაცის ძლიერი ტონალობა მოისმა. ამ კაცის ხმას ტყვიის გავარდნის ხმა ერთვოდა. სულ აფორიაქდა იკა, ადამიანის დახმარებისთვის მოწოდებული, საკუთარი ინსტიქტები ჩაერთო, მაგრამ ადგომას ვერ ახერხებდა, ტანჯავდა მსხვერპლის ხმის მოსმენა, როცა იცოდა რით უნდა დასრულებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ თავად უმწეო მდგომარეობაში მყოფი ვერაფერს აკეთებდა. გონებით შორეულ წარსულში გადავარდა, როდესაც ათი წლის იყო და მამის მომღიმარ სახეს უცქერდა. სამაგალითო პიროვნებად მიაჩნდა მამა, მიუხედავად მისი პროფესიისა და სულაც არ ეთაკილებოდა ოქრომჭედელის შვილობა და იმდენად მოსწონდა მისი დახმარება თავადაც ამ პროფესიის არჩევად გეგმავდა. ბატონი ივანე ქებურია სულ იმას უმეორებდა საკუთარ შვილს, რომ არ შერცხვენოდა მამამისის, როდესაც ეს უკანასკნელი სკოლიდან ნაჩხუბარი მოდიოდა მამის შეურაცხყოფის გამო, ბავშვები მას დასცინოდნენ და ეს არ სიამოვნებდა მას. „შვილო, ნუ მოუსმენ ხალხს თუ რას გეტყვიან, ვინ ხარ შენ, ან ვინ არის მამაშენი. ნუ მოუსმენ მათ, ვინც მიგითითებს არასწორი გზისკენ, თუ რა უნდა გააკეთო. მოუსმინე გულს შენსას და ის არასოდეს შეცდება. მე საოცარი გზა გავიარე, ყოველთვის ვიცოდი რომ საუკეთესო რამ რაც შემიქმნია ეს შენ იყავი ჩემო ბიჭუნა და ჩემ პროფესიას კი უამრავი ადამიანის გახარება შეუძლია. მე ადამიანებს ვუმზადებ იმ ოქროს რგოლებს, რომლითაც საკურთხევლის წინ ერთმანეთს თავს აყოფინებენ ხოლმე. მართალია მათთან ერთად არ ვარ ამ დროს, მაგრამ საოცარი შეგრძნებაა, როცა ამ ყველაფრის მონაწილე ხარ, ასე არაა? მათი ბედნიერება აქედან იწყება. ნუ მოუსმენ მათ, ვინც სიყვარულს არაფრად აგდებს და გრძნობების დაჩრდილვას გაიძულებს, სიყვარული საოცარი გრძნობაა, გამოსახატად უზარმაზარი ენერგია სჭირდება და ვისაც ეს შეუძლია ის თავისთავად ბედნიერი კაცია. მე სიყვარულის უნარით დავიბადე და ვამაყობ, რომ შენც მამას ჰგავხარ.“ ერთ დღეს კი 12 წლის ბიჭი უმწეოდ უყურებდა როგორ დაახალა ნიღბიანმა მამაკაცმა ტყვია, მძარცველმა, რომელიც იმ განძის მოპარვას ცდილობდა, რაც სამჭედლოში ივანეს გააჩნდა. ივანე კი არაფრით არ თმობდა, ირაკლი მაგიდის ქვეშ დამალული, შეშინებული უყურებდა როგორ უმიზნებდა ნიღბიანი მამაკაცი იარაღს მამამისს და როგორ უყვიროდა. ეწადა გამოვარდნას, ხელიდან წაეგლიჯა იარაღი და თავად დაეხალა ტყვია, მაგრამ უსუსურობის განცდის გამო ეს ვერ შეძლო, ვერ გაბედა სიკვდილის შიშის განცდის გამო და ის მაგიდის ქვეშ მიმალული, უმოქმედობისგან სასო წართმეული უცქერდა მამის სიკვდილს, გასროლის ხმა... როგორ იფეთქა სისხლმა თავიდან... როგორ დაეცა იგი იატაკზე და სახეზე კვლავ მოსიყვარულე მამის იერი ჰქონდა, რადგანაც იცოდა შვილი უყურებდა და უნდოდა სიყვარულით დაემახსოვრებინათ ის. სწორედ იგივე შეგრძნება ეუფლებოდა ახლა, რის გამოც ქვეყნის სადარაჯოზე დადგომა გადაწყვიტა და ვერაფრით ახერხებდა დახმარებოდა უმწეო ბავშვიან ქალს, რომელიც ალბათ ბავშვით ხელში, მხოლოდ მის კეთილდღეობაზე ფიქრობდა და არა საკუთარზე. -არა, ღმერთო, არა... არ გინდა, გთხოვ... ნუ იზამ ამას... - წამით გახევდა, ხმა მიწყდა და ირაკლიც ამ საზიზღარ დუმილში გაშრა. -შენი პატრონი.... შენი დე... - რაღაცამ გააჩერა მამაკაცის ღრიალიც, მაგრამ რამ ვერ გაარკვია. -ნამა... - უფრო მეტი ეშხით გაისმა ბავშვის ხმა. - ნამა, ნამა, ნამა... მანა...ნამა... ნამა... -გაჩუმდით! გაჩუმდით თქვენი ძაღლიშვილი... გააჩუმე შენი ნაბო**არი, თორე აქვე ჩაგმარხავთ ორივეს... -კაი დედი, დაწყნარდი, დამშვიდდი. ჩუ...ჩუ.. ჩუ... - ცრემლიანი თავს ძლივს იკავებდა უფრო მეტად არ ეტირა. -შენ რა სიცოცხლის ღირსი ხარ, ქალი კი არა ადამიანიც არ ხარ ჩემს თვალში. ამ ბავშვს მე წავიყვან, შორს... შენ კი აქ ჩაძაღლდები. -არა! - დაიყვირა ქალმა. იარაღის გასროლის ხმამაც კი ვერ გადაფარა და უეცრად ყველაფერი მიჩუმდა. მხოლოდ ბავშვის ტირილი არღვევდა სიჩუმის აკვანს და იმ კაცს ეს ფეხებზე ეკიდა. ფეხის ნაბიჯების ხმაც მიქრა, ბავშვის ტირილი კი დარჩა. -არაკაცი! - დაიყვირა უეცრად ირაკლიმ და თავადაც გაუკვირდა. აქამდე ხმა არც კი ამოსდიოდა ყელიდან. მის ხმაზე ოთახში ექიმი შემოვარდა. -ჭრილობა გაგხსნია, აკი გითხარი ბევრს ნუ მოძრაობ-თქო. - ექიმს უემოციო მზერა ჰქონდა, არც არაფერს აუღელვებია და არც ბავშვის ღრიალი ესმოდა თითქოს. -ექიმო? თქვენ რა ადამიანთა სიცოცხლის დაცვის სადარაჯოზე არ უნდა იდგეთ? წადით იმ ქალს მიხედეთ, მე გადავრჩები. ვიღაცას ესროლეს, ნუთუ არ გესმით? -თქვენ ეს ახლა გაიგეთ პირველად, ჩვენ კი თითქმის ყოველ ღამე ამის მოსმენა გვიწევს და ყური იმდენად მიეჩვია, რომ აღარ გვაღელვებს. -მე რატომ გადამარჩინეთ? -თქვენ უნდა გამოასწოროთ ეს ყველაფერი და იმიტომ. -მე? საკუთარი ძალებით? მარტომ? - ძლივს საუბრობდა ირაკლი, მაგრამ მაინც ახერხებდა მთელი ხმით ყვირილს, ექიმი კი ჭრილობას უკერავდა. -დიახ, აქ სიცილიამ მოგიყვანათ და რაღაც მიზეზი აუცილებლად ექნებოდა ამას. ყველა ვერ შემოდის, ყველა ვერ არღვევს იმ ბარიერს, რითიც გარშემორტყმულნი ვართ. შენ გამონაკლისი ხარ და ეს რაღაცას ნიშნავს. იმედი არ დაკარგო, ყველაფერს შეძლებ, მე ამის მჯერა... შენ სიცილიამ აგირჩია... -ვერაფერი გავიგე, ძალიან დამაბნიეთ. -ახლა იმ მდგომარეობაში არ ხართ, რომ რამე გაიგოთ. უნდა იწვეთ და თავს გაუფრთხილდეთ. არანაირი დაძაბულობა და წამოდგომის მცდელობა. გესმით? -დიახ. -დანარჩენი მოგვიანებით გავაგრძელოთ. -არა... ახლა... - სანამ ბოლომდე დაასრულებდა სათქმელს ირაკლი, ექიმი ოთახში აღარ იყო. ჭრილობა უფრო მეტად სტკიოდა და ეწვოდა, თუმცა გრძნობდა რომ ეს ყველაზე ნაკლები იყო, რაზეც აქ მოხვედრის და ფეხზე წამოდგომის შემდეგ უნდა ედარდა. თავი 4 მზის სხივებმა როგორც იქნა მისი ფანჯრიდანაც შემოაღწიეს. უკვე აშინებდა ის ფაქტი რომ მზე საერთოდ გამქრალიყო და ისეთ არაამქვეყნიურ ადგილას მოხვდა, სადაც საერთოდ ვერ აღწევდა, მაგრამ შეცდა. აქაც თავისუფლად ელამუნებოდა სითბო, სიყვარულს უხსნიდა, ეალერსებოდა და თავს იდეალურადაც იგრძნობდა, რომ არა მისი საშინელი მდგომარეობა. გუგა პერიოდულად შემოდიოდა. ირაკლი კითხვებს უსვამდა: „რატომ ვარ მე აქ? შენ იზრუნე ამაზე თუ სიცილიამ? საერთოდ რა ადგილია?“ თუმცა პასუხს ვერ იღებდა. გუგასგან მხოლოდ რეკომენდაცია ესმოდა, რომ დაესვენა და უკვე ყელშიც კი ამოუვიდა. როდესაც თავის ტელეფონი მოითხოვა უცნაური პასუხი მიიღო, თან არ ჰქონია, ისე იყო დაზიანებული ავტომობილი რომ მხოლოდ მისი გამოთრევა მოასწრო და სხვა არაფერზე უფიქრია, ყველაფერი იმ მანქანასთან ერთად ფერფლად იქცა, როდესაც ის აფეთქდა. წუთის დაგვიანებაც და ირაკლიც თან მიჰყვებოდა და ამაზე თურმე მადლიერიც უნდა ყოფილიყო. -რა ჯანდაბად ვიყო მადლიერი! - შეეპასუხა ექიმს. - აქ დაჭრილი მძორივით ვაგდივარ, არც ხელს მანძრეინებთ, არც ფეხს, არადა ამ დროს ვარჯიშებია ვიცი აუცილებელი რათა სხეული ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს და მეტად განიკურნოს. არც გარეთ გაგყავართ სასეირნოდ, არც მზის სხივებს მაჩვენებთ და ეს მუქი ფარდები გაქვთ ჩამოფარებული, მხოლოდ აქა-იქ თუ აღწევს მცირე სინათლე. ეს რა მკურნალობის მეთოდია ექიმო? -ჯერ ადრეა ამის გაგება. ყველაფერი თავის დროზე უნდა მოხდეს ირაკლი. ლიკასთან აუცილებლად დაბრუნდებით, თუმცა ჯერ უნდა მოითმინოთ. -მოიცა, მოიცა... თქვენ საიდან იცით მისი სახელი, აქამდე არ მიხსენებია... - ექიმი მოულოდნელად დაიბნა და გაქვავდა. არ იცოდა რა ეთქვა, თუმცა ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა თითქოს განგებ იღიმოდა, რადგანაც მიზეზი ჰქონოდა დიდხნიანი დუმილისა. -ძილში ახსენებდით მის სახელს. - დამამშვიდებლად ამ პასუხს არ უმოქმედია ირაკლიზე. აფორიაქებული უყურებდა ექიმს და ეჭვის თვალით, რადგან ძალზედ უცნაურად დაემთხვა ფაქტები. საკუთარ დედუქციაზე დაყრდნობით გრძნობდა, რომ სრულიად განსხვავებულ სამყაროსთან ჰქონდა საქმე, აქ არ იცოდნენ არც თანაგრძნობა, არც დანდობა, არც ადამიანის სიცოცხლის დაფასება. ფიქრი იქითკენაც გაექცა, ხომ არ მომიტაცეს უცხოპლანეტელებმა და ამ ყველაფერს ჰალუცინაციით მაჩვენებენ, გუგა არ არსებობს, არადა გამჭვირვალე შუშის მიღმა გამადიდებელი შუშით მაკვირდებიან და სწავლობენ ჩემს რეაქციებს. რაზე ეფიქრა აღარ იცოდა. მისი ტვინი თითქოს ნივრის საჭ....ტში მოეთავსებინათ და ძლიერად აჭერდნენ დასაქუცმაცებლად. „ჩემი ტვინისგან რა კერძი უნდა გამოვიდეს?“ - ფიქრობდა უმალ. – „ჩიხირთმა, ჩაირაკლებული თუ ჩაქებური?“ „საინტერესოა, ძალზედ საინტერესო.“ - ხმის ამოღებისა უკვე ეშინოდა და უყურებდა მის მოპირდაპირე მხარეს კედელს. ცდილობდა გაერკვია ეს ნამდვილად კედელი იყო თუ მათ შორის დიდი სარკე იყო აღმართული და კედლის შთაბეჭდილებას ტოვებდა, იმ სარკის მიღმიდან კი უცხო თვალი აკვირდებოდა და ფიქრობდნენ როგორ მოიქცეოდა ის ამა თუ იმ სიტუაციაში. შეეცდებოდა ბრძოლას თუ უბრალოდ დანებდებოდა.... – „ო, ლიკა, ჩემო ძვირფასო, რამდენი დღე გავიდა ნეტავ, რაც არ მინახავხარ. მე დაგპირდი მალე დავბრუნდები-თქო, შენ კი არც იცი სად ვარ, რა მდგომარეობაში, შენ კი არა, არავინ არ იცის სად ვარ, არც დავიდოვიჩმა... თავად ამებნა იმ რუკის შემდეგ გზა და ვერ გავერკვიე სად ვიყავი. ვერ მომაგნებთ, კომუნიკაციაც ჩამიხშვეს, ვფიქრობ განგებ იქცევიან ასე და საწამებელ ობიექტად უნდათ გადააქციონ ირაკლი ქებურია. არ გამოუვათ, დამიჯერე ლიკუნ, არ გამოუვათ... ეჰ, ჩემო ძვირფასო, როგორ ვნანობ რომ მაშინ არ დავკავდით სექსით. როგორ ვნანობ...“ ამ ფიქრებში წასულს კვლავ გუგას ნაბიჯებმა მოიყვანეს გონს. ცალი თვალით მას შეხედა, ცალით კი კედლისთვის არ მოუცილებია მზერა, საიდანაც უთვალთვალებდნენ და მის ქმედებებს სწავლობდნენ. -ვინ ხარ? - ჰკითხა ექიმს უეცრად. -ექიმი გახლავართ, ამ სოფლის ექიმი. თუმცა ჩემს აქ ყოფნას აზრი დიდი ხანია დაეკარგა. - ხელები ხალათის ჯიბეებში ჩაიწყო და დანანებით ამოიგმინა. -რა ხდება აქ აღარ მეტყვი? -ვფიქრობ... -ნუ ფიქრობ! - გააწყვეტინა ქებურიამ გაღიზიანებულმა და კბილები დაკრიჭა. - თქვენ მე არ მიცნობთ. თქვენ ყველანი! დიახ... არ მიცნობთ და იცით როგორ მოვიქცევი? არა არ იცით. ყველაფერს გააკეთებთ ჩემს შესასწავლად მაგრამ ადამიანთა ბუნებას მაინც ვერ შეისწავლით ბოლომდე. ვხვდები გუგჩო, რომ შენ აქაური არ ხარ, ამ ცივილიზაციას არ ეკუთვნი, ვხვდები და მაჩვენე შენი ნამდვილი სახე! -მე მგონი სიცხე გაქვს, მეგობარო. - ხელი შუბლზე დაადო და მოულოდნელად მარცხენა ხალათის ჯიბიდან ნემსი ამოიღო, უკვე წამლის დოზით სავსე. აზრზე ვერ მოვიდა ირაკლი რომ მაშინვე ვენაში გაუკეთა გუგამ და რა წამს წამალი მის სხეულში მოხვდა მაშინვე იგრძნო სისუსტე, სხეული მოუდუნდა და მოეშვა, თვალები ეხუჭებოდა. ქუთუთოები უმძიმდებოდა და ნელ-ნელა მიეძინა. რამდენიმე საათი ბორგავდა, ლიკა ელანდებოდა, თავისი სატრფოსთვის ხელის გაშვება არ სურდა, მაგრამ მაინც უწევდა, საბოლოოდ მარცხს განიცდიდა და შორს მიექანებოდა მისგან. -ლიკა! - ეძახდა გამეტებით. -იკა! - პასუხობდა გოგონა და სახეს იხოკავდა დარდისაგან. -ლიკა! - დაიღრიალა და კვლავ გამოიღვიძა. სრულ არეულობაში მყოფი მისი გონება ერთ რამეს ეუბნებოდა, გაქცევა... აქედან უნდა გაქცეულიყო და სწორ პასუხებს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებდა. სრულიად დაავიწყდა საქმე რის გამოც ჩამოვიდა და საკუთარი თავის გადარჩენაზეღა ფიქრობდა. – „მეც მსხვერპლი ვარ, ამ საგიჟეთის მსხვერპლი ვარ... მსხვერპლი ვარ... მხოლოდდამხოლოდ მსხვერპლი. მსხვერპლი. უნდა გავიქცე.“ - ჩასძახოდა საკუთარ გონებას და ფეხზე წამოდგომას ცდილობდა. თითქოს უკეთ იყო, ჭრილობა მოშუშებოდა, შეხორცებოდა და ახლა ფეხზე ადგომასაც მარტივად ახერხებდა. დგომა უჭირდა თორემ წამოწევა და გავლა შეეძლო. „რამდენი დღე გავიდა? ნეტავ რამდენი ხანია რაც აქ ვარ? ჭრილობა ისე მომიშუშდა თითქოს ორი კვირა მაინც გავატარე ამ საწოლს მიჯაჭვულმა.“ -გუგა ექიმო! - შესძახა უკუნ სიბნელეს და ცოტა ხნის შემდეგ გუგა ოთახში შემოვიდა. ყავარჯენივით მხარზე დაეყრდნო რათა არ დაცემულიყო და გავლაში ეხმარებოდა. -გისმენ ირაკლი. მოძრაობა უკვე შეგიძლია? კარგია. - გულწრფელად გაუხარდა ექიმს. -რამდენი ხანია რაც აქ ვარ? -მესამე კვირა სრულდება. - უპასუხა მშვიდად გუგამ. -რა? - შესძახა ხრინწიანად. - მესამე? გარესამყაროს მოწყვეტილობის სამი კვირა? აქამდე არავის მოვუკითხივარ? არავინ მოსულა ან თქვენ არ დაკავშირებიხართ არავის? სამართალდამცავებს, ჟურნალისტებთან არ განგიცხადებიათ? - ცდილობდა რამეს ჩაბღაუჭებოდა და ყველაფერს აკეთებდა რომ ფეხზე მყარად დამდგარიყო, თან ამავდროულად იმედოვნებდა რომ მის შესახებ იციან და ეძებენ მაინც. -არა ირაკლი, ეს ძალზედ საშიშია. შენ არ გესმის. საშიში თამაში წამოვიწყეთ და ჩვენ ორნი მარტონი ვართ. ვერც გარესამყაროდან ვერ შემოაღწევს ვინმე თუ ეს სიცილიას არ სურს და ვერც ვერავინ გავა მისი ნებართვის გარეშე. არც კომუნიკაცია არ არის, კავშირგაბმულობა, არაფერი არ იჭერს და ყველაფერი ძველი ცივილიზაციათა ჯაჭვს ქმნის. -რა სისულელეა. ახლავე დარეკეთ 112-ში. - გამძვინვარებით ძლიერი ინტონაციით საუბრობდა ირაკლი. -არ შემიძლია, უკვე მერამდენედ გიმეორებთ. გაიგეთ, ამას ვერ გავაკეთებ, თქვენც რომ გამოჯანმრთელდებით და გამოხვალთ გარეთ თავად მიხვდებით რამდენ საფრთხეს უნდა გადაურჩე რომ აქ ცოცხალი გადარჩე და მოხუცებულობის ასაკს მიაღწიო. ახლა შენზე ძებნაა გამოცხადებული, ვიღაცამ შეგნიშნა და ბელადთან განაცხადა რომ უცხო შემოიჭრა სიცილიაში. -ამიტომ გამთიშე არა? - შეუღრინა ქებურიამ. -სხვა გზა არ მქონდა, დაგაძინე და საწოლის ქვეშ შეგმალე, რათა ძალზედ ღრიალებდი. სტუმრები მყავდნენ და ყველაფერი შეამოწმეს, კიდევ კარგი რომ ექიმის სიტყვას მაინც სცეს პატივი და საწოლის ქვეშ კი არა, ჩემ ოთახშიც არ შემოსულან. -და რა, ახლა მადლობა უნდა გითხრა? -რატომაც არა? ველი... - ცინიკურად შეათვალიერა სტუმარი გუგამ და გაიღიმა. -ადამიანი ხარ? -რასაკვირველია... - გაოცება ვერ დამალა ექიმმა. -არ ვიცი, მაგრამ დედამიწიდან ვერ წარმომედგინე. ვიფიქრე რაღაც უცხო არსება იყავი ადამიანის ტყავში გადაცმული და მიკროსკოპით მსწავლობდი.... აჰ... - ფეხი გადაუბრუნდა გამომძიებელს და საშინელი ტკივილისგან დაიმანჭა. -მოდი, მოდი... დაწექი. ყველაფერი კარგად იქნება. დღეს საკმარისია. - როგორც კი დაწოლაში დაეხმარა, ექიმი გვერდით მდგარ პატარა ტუმბოსმაგვარ სკამზე ჩამოჯდა და ცქერა დაუწყო. ზუსტად ისე როგორც ის მოელოდა და ამან კიდევ უფრო შეაშინა, მისმა შეშინებულმა თვალებმა კი ექიმი კარგ ხასიათზე დააყენა. -ჩემმა უფროსმა აქ გამომიშვა რათა საიდუმლო დავალება, იდუმალი მკვლელობა გამომეძიებინა და აღმომეფხვრა დანაშაულებანი. ვიღაც კაცზე მითხრა, დამიკავშირდა და თანახმაა მიგიღოს ბინაშიო, შენ.... -დიახ, მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც სურვილი გამოთქვა ამ სისაძაგლეს ბოლო მოღებოდა. არ ვიცოდი როდის გამოჩნდებოდი, თუმცა სიცილია ყოველთვის ერთი მხრიდან უღებს კარს მომსვლელს და უშვებს თავის ხახაში. მეც ვიდექი ყოველ საღამოს და გელოდებოდი. რამდენიმე საღამო იყო რომ არ გამოჩნდა არავინ იმედი გადამეწურა, თუმცა ბოლო დღეს მაინც მოვედი, ვიფიქრე ბოლოჯერ დაველოდები და მერე აზრი აღარ აქვს-თქო... -კი, მაგრამ... როგორც კი დაუკავშირდით და როგორც კი მივიღეთ შეტყობინება მეორე დღესვე გამოვედი და დავადექი ამ უდაბურ გზას. -მე კი კვირაზე მეტი გელოდე. ჭიშკარში დრო სხვაგვარად გადის. შენ ამ ჭიშკრის მიღმა შესაძლოა თვეებიც გაატარო, თუ ფეხს არ აუჩქარებ და ნორმალური სვლით ივლი, მაგრამ იმედი მქონდა მალე გამოჩნდებოდი. უფრო ზუსტად ორ კვირაზე მეტ ხანს გელოდე, მესამე კვირა სრულდებოდა რომ იმედი გადამეწურა, მაგრამ შენც გამოჩნდი, თუმცა იმდენად დაშავდი სასწრაფო ოპერაცია გესაჭიროებოდა. მეც ჯერ ჩუმად კლინიკაში მიგიყვანე და როგორც კი ოპერაცია დასრულდა მას შემდეგ ჩემს სახლში, ჩემს ოთახში გმალავ. -ღმერთო... რამდენი დრო გასულა... ვერ ვიჯერებ, რაღაც აბდაუბდას საუბრობთ ექიმო, თქვენ მაინც გჯერათ ამის? დღეც არ დამჭირდა აქ ჩამოსასვლელად თქვენ კი აცხადებთ სამი კვირაო. -დიახ, სამი კვირა. ბარიერი რთული გადმოსალახია და მას ყველა ისე უვლის გვერდს როგორც არაფერი. ხშირად თავად იწოვს ადამიანს ეს ადგილი, ხშირად განაგდებს, და ხანდახან თუ აღწევენ მიზანსწრაფული ადამიანები, ვინც იციან სად მოდიან. თქვენ ასე თუ ისე იცოდით, ინფორმაცია გქონდათ, რუკა გქონდათ, თუმცა ყველაფერი თქვენთვის ცნობილი არ გახლდათ. -და რა ბარიერია ეს ვერ ვხვდები? საერთოდ რაზე გაქვთ საუბარი? - ხელებს იფშვნეტდა ირაკლი და ფეხზე იდებდა სველ ნაჭერს რომელიც ექიმმა დააფინა, რათა მთლად გამომშრალ კანს ცოტა მაინც ესუნთქა და ჭრილობა მარტივად შეეხორცებინა სრულიად. მან როგორც ფერდში მიიღო რკინის ნაგლეჯი, ბარძაყზე ეტყობოდა რამდენიმე ღრმა ჭრილობისგან დატოვებული შრამი, რომელიც ჯერ კიდევ საშიში იყო უყურადღებოდ დატოვებისგან. შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გახსნოდა ნაკერები და სისხლს თქრიალით გადმოესხა. ირაკლისთვის დამღუპველი იქნებოდა, ექიმს ესმოდა ეს, თუმცა პაციენტი არ უჯერებდა და მაინც მოძრაობას ცდილობდა. სამი კვირა, ერთი შეხედვით შეიძლება საკვირველი ყოფილიყო ამ პერიოდში როგორ არ მოუშუშდა ყველა ჭრილობა, როგორ არ მოხსნა ნაკერები და ფეხზე აქამდე რატომ ვერ წამოდგა, თუმცა ეს სიცილია იყო. სიცილია, სადაც ყველაფერი საპირისპიროდ ხდებოდა და ცხოვრება იმ რიტმში არ მიედინებოდა, როგორც სხვა სამყაროში. -უხილავი ბარიერი, რომლის წყალობითაც სიცილია მთლიანად იმალება გარესამყაროსგან და დაცულად გრძნობს თავს. აქ ყოველგვარი სისასტიკე დასაშვებია, განუკითხაობაა, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს და ადამიანებს ქუჩაში წვავენ, ადამიანებს ქუჩაში ხვრეტენ და არავინ ხელს არ სწევს ამის საწინააღმდეგოდ. ეს სიცილიაა, სადაც ყველაფერს სერიოზულად უყურებენ, ოდნავი არასწორი ნაბიჯი და შენც და მეც გილიოტინაზე აღმოვჩნდებით, არავინ დაგვეხმარება, არავის შევებრალებით და ისე გააგრძელებენ ცხოვრებას თითქოს მხოლოდ მწერი გასრისესო. - ექიმი შეჩერდა. წამით შეყოვნდა რომ სიტყვები აეწონ-დაეწონა, მაგრამ სანამ საუბარს განაგრძობდა გააწყვეტინეს. კარზე კვლავ კაკუნი მოისმა. წყნარი მონოტონური კაკუნი, ბრახუნში გადაიზარდა და გარედან უმალ შესძახეს. -ექიმო, მალე გაგვიღე კარი თორემ შემოვამტვრევთ. „ღმერთო ჩემო, - შეიცხადა ირაკლიმ და სული შეუღონდა. - ამჯერად საწოლის ქვეშაც დაიწყებენ ძებნას. სიცილია კი არა, ტრაგედია უნდა ერქვას ამ ადგილს. ეს ჩხრეკის ორდერით დაბრუნებას ნიშნავს ჩვეულებრივ სამყაროში. ალბათ ასეა, ასეა ალბათ.“ -სასწრაფოდ უნდა დაგმალო, - წამოხტა ექიმი და თვალებით სამალავის ძებნა დაიწყო. უმალ რამე უნდა მოეფიქრებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა. უეცრად კარის მტვრევის ხმა გაისმა და ჯაგლაგი ბელადის კაცუნები სახლში შემოცვივდნენ. თავი 5 -აქა ხარ ექიმო? - წინ გამოვიდა ერთი კოჭლი კაცუნა ხელჯოხით და საუბარი დაიწყო. უემოციო, ამავდროულად გაცოფებული, განრისხებული განგებ გაბოხებული, თუმცა ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა. - მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ... - აშკარა იყო, რომ ახლა თავად ბელადი სწვეოდა სტუმრად. -გისმენთ. - გააწყვეტინა გუგამ და თან ნერვიულად უყურებდა მის მუზარადიან ჯარისკაცებს, რომელთაც უმეტესად კეხიანი ცხვირი, მომრგვალებული ნიკაპი და ჩატეხილი წინა კბილი ჰქონდათ. თავის დროზე ბელადთან მსახურობაზე ექიმმა სწორედ ამის გამო თქვა უარი და ეს პროფესია აირჩია, რადგან ბელადი ყველა ზომას იღებდა, რომ მაქსიმალურად დაემახინჯებინა ჯარისკაცი, რათა შიში ჰქონოდათ მისი და განესხვავებინათ მოქალაქეებისგან. მათში ცდილობდა საზიზღარი სახის გამოკვეთას, რათა თავისი სიტყვა სოფლისთვის ზუსტად ისეთი ეფექტით გადაეცათ, როგორც თავად იტყოდა. ბელადმა თავისი კეხიანი ცხვირი დაბლა დახარა, დიდრონი თვალებით ქვევიდან საზარლად ახედა ექიმს და მზერაში გამოხატული უკმაყოფილებით გუგა ყველაფერს მიხვდა. „როგორ გავბედე ბელადს გავაწყვეტინე სიტყვა.“ - გაიფიქრა და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ჩაღიმებოდა. -ერთ ამბავს მინდა მოგიყვეთ, - კვლავ დაიწყო ურჯულო ხმით, თითქოს პლანეტა მიწისძვრებითა და სტიქიებით გარესამყაროს სწორედ ამ ხმის გაგონებისას ანებივრებს. - ამ სამყაროში ერთი დაუმორჩილებელი ექიმი ცხოვრობდა, რომელიც ადამიანთა დახმარების მანიაკალური სურვილით იყო შეპყრობილი, მაგრამ ვერ წვდებოდა ერთ ჭეშმარიტებას, რომ ადამიანებს დახმარება არ სჭირდებათ, მათ ვერ დაანახვებ იმ სიკეთეს და უკან... უკან ცუდად შემოუტრიალდებოდა. ერთხელ ის გარესამყაროს დაუკავშირდა და კაცი მოიხმო. მან საინტერესოა და შემოაღწია ჩვენს კედლებში, თავად შემოისრუტა სიცილიამ და დაიწყო ამ ადამიანის გაუთავებელი ტანჯვა, რადგანაც ვერ ხვდებოდა სად იყო, რას აკეთებდა საერთოდ, ტყვედ ჰყავთ თუ მალავენ, ვერ გაეგო... ნამდვილად ვერაფერი გაეგო. იცი რა მოხდა შემდეგ? ეს ადამიანი გაგიჟდა, რადგანაც სიცილია მისთვის განკუთვნილი ადგილი არ იყო, ჭკუაზე შეცდა, ყველანი ხომ განუსაზღვრელი ძალადობის მსხვერპლნი ვართ, მისი ქვეშევრდომნი, ყველანი სიცოცხლეს ძალაუფლებაზე ვცვლით, ჭკუაზე შეცდა და იმის ნაცვლად რომ მთელ სიცილიას დახმარებოდა, ადგა და ჯერ ექიმი მოკლა, ბაბუაშენი... შემდეგ კი თავი მოიკლა. -ეს ისტორია ვიცი. - მთელი ამბის მანძილზე კეხიანი ბელადი თვალებში უყურებდა გუგას, თუმცა ამ უკანასკნელს წარბი არ შესტოკებია. - მამაჩემმაც იგივე პროფესია აირჩია, ადამიანთა დახმარება სურდა, რადგანაც აქ უამრავ არასწორ ქმედებას აწყდებოდა და ფიქრობდა, რომ ყველას თავისი სწორი გზა ჰქონდა გასავლელი, მისი კი ეს იყო. მამაჩემი რომ არა, ვფიქრობ გეხსომებათ რომ ცოცხალი არც იქნებოდით იმ საშინელი ამბის შემდეგ, რაც თავს გადაგხდათ ძვირფასო ბელადო. - ნიშნის მოგებით უპასუხა და ამაყად თავი ასწია. ბელადს ეტყობოდა გაღიზიანება, მას უჩნდებოდა სურვილი გუგასთვის რამის დაშავების, თუმცა ხელს ვერ სწევდა მასზედ. - ახლაც ამ მდგომარეობაში, ფეხზე რომ დგახარ მამაჩემის დიდი დამსახურებაა შენ კი ის თორმეტი წლის წინ სანაგვეზედ მოისროლე, ჩათვალე რომ აღარ გჭირდებოდა და გაანადგურე. ეს კარგად მახსოვს ჩემო ბელადო. -ხმას ნუ იღებ შე ტილიანო! - აღმოხდა სასოწარკვეთილებისგან და ხელი მაღლა ასწია. მათი საუბრის მომენტში პატარა კაცუნები მთელ მის სახლს ატრიალებდნენ და რაიმე კვალს ეძებდნენ, რაიმე მინიშნებას ექიმის მოღალატეობრივი სულისა. -აქ რატომ ხართ? - ელვასავით დასჭექა მისმა ხმამ ბელადისთვის. -ერთ ამბავს მო.... -ზღაპრები შენს მოსახლეობას მოუყევი, აქ რატომ ხართ? -უცხო ავტომობილი ვიპოვეთ, აქედან დასავლეთით, სამ კილომეტრში. -და აუცილებლად დამნაშავე მე უნდა ვიყო ამაში? - გუგას ყოველი სიტყვა აღიზიანებდა, მისი სუნთქვაც კი გულს ურევდა, მაგრამ სოფელში სხვა მკურნალი არ ჰყავდა რომ მამის კვალს გაეყენებინა იგი. სძულდა მისი მოდგმა, ეზიზღებოდა მისი არსებობა და სულში ეკალს უსობდა ყოველი მისი ცივი მზერა. -უცხო... აქ უცხო შემოვიდა, და იცი რომ თავისუფლად ვერავინ გაივლის ჩემი ნებასურვილის გარეშე. დავგლეჯ, გეფიცები შუაზე გავგლეჯ და შენც მას მიგაყოლებ თუ შენი მონაწილეობა მცირეოდენ მაინც დადასტურდა. -წარმატებებს გისურვებთ. მე მამაჩემივით, ან ბაბუაჩემივით სულელი არ ვარ, შენთვის ბოლოს მოღება რომ მინდოდეს, აქვე და ამ წამს გამოგჭრიდი ყელს, ან საძილე აბებში შხამს გავურევდი, ან ფეხში ყოველდღე ნემსისთვის რომ მოდიხარ ჩემთან იმ ამპულაში გავურევდი რაიმე მომაკვდინებელს, მაგრამ ეს არ მჭირდება.... - შეისვენა, ჩამოჯდა და უემოციოდ უყურებდა კაცუნების ალიაქოთს. - მე ფეხებზე შენც და შენი მაჯლაჯუნებიც. ჰა... რამე იპოვეთ ბიჭებო? - ერთიანად თორმეტი კეხიანი ცხვირი შემოტრიალდა მისკენ და გაღიზიანებისგან შეიგინეს. -ვერაფერი, ბელადო. - ერთ მწკრივზე მოეწყვნენ და ერთხმად შესძახეს ბელადს, შემდეგ კი დაუჩოქეს და სასჯელს ელოდნენ მათი წარუმატებლობის გამო. -ჰაინ. - დასჭექა ბელადმა და კარში ზორბა, საოცრად დიდი ტანის პატრონი შემოვიდა. ისეთი დიდი იყო ორმეტრნახევრიან კარში შემოსასვლელად საკმაოდ დასჭირდა დახრა და როდესაც გასწორდა წელზე დაიდო ხელი თან სახე დამანჭოდა. -აღარ შემიძლია, ამ დაბალ კარებებში შესვლა. უჰ... - ამოთქვა საშინლად მწივანი ხმით და უეცრად გაჩუმდა. -თავად ამოირჩიე. - უბრძანა ბელადმა. - ამ საჩუქარს დღეს მე გაგიკეთებ ჰაინ... ჭკუა ასწავლე ამ უმაქნისებს. -კარგი. - მადლობა გადაუხადა ბელადს საჩუქრისთვის. უეცრად ბუდიდან, რომელიც აბჯარზე ჰქონდა მიმაგრებული თავისი ხელის ზომის, ბასრი ნაჯახი ამოიღო. - გუგამ იფიქრა ჩემი თავის წასაწყვეტად ყოფილა მოსული და ამით საკუთარ სიცოცხლეს გამოუტანს განაჩენსო და გაიღიმა. პირველად გაეღიმა გულიანად ამ საუბრის მანძილზე და ბელადს ეს არ გამოჰპარვია. -იღიმი ექიმო? იღიმი? გასაღიმებლად კიდევ დიდ ხანს გექნება დრო. კიდევ დიდ ხანს იცოცხლებ და უყურებ ადამიანთა ტანჯვას, უაზრო მცდელობებს ამ ტანჯვის გამოსწორებისა, თუ რა მოჰყვება ამ მცდელობას. ჰაინი ბელადის მარჯვენა ხელი იყო. მას ეკითხებოდა მთავარ საკითხებში აზრს და ძირითადად სწორედ პირდაპირი მნიშვნელობით მოიაზრებოდა მისი „მარჯვენა ხელობა“. ბინძურ საქმეებს, რაც აუცილებლად გასაკეთებელი იყო მისი მარჯვენით აგვარებდა და უეცრად შუა საუბარში ნაჯახმა მზეზე გაიბრწყინა და ერთ-ერთ ჯაგლაგს, რომელიც არც განაპირა და არც შუა არ იდგა თავი გააგდებინა. ისე ოსტატურად მოიქნია ნაჯახი, ისე ზუსტად დაუმიზნა... გარდაცვლილის სულისშემძვრელი მზერით მომნუსხავი თავი ექიმის ფეხებთან გაგორდა სახით მისკენ და გუგას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა თითქოს ჯერ კიდევ იყო მასში სული, ჯერ კიდევ უყურებდა. -ყოჩაღ ჰაინ, ყოჩაღ. ჩემი ჭკვიანი და მოხერხებული ბიჭი ხარ. - შეაქო ბელადმა და ბავშვივით გადაუსვა თავზე ხელი, თუმცა ამისთვის ზორბას თითქმის მიწამდე დასჭირდა თავის დახრა. -მაღიზიანებთ, სასწრაფოდ მოშორდით ჩემი სახლიდან! - დაიღრიალა გუგამ და ფეხზე წამოვარდა მრისხანებით. - თუმცა ჯერ ეს სისხლი მოწმინდეთ, უწმინდურებო! -აი... აი... - დაიჭირა ბელადმა გუგას მრისხანე მზერა. - აი ესაა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ექიმო. ცხოვრებისგან გატანჯული იერი, ბევრ რამეს აფიქრებინებს ადამიანს, შესაძლოა ლმობიერების არსებობაც კი დაიჯეროს, მაგრამ არა... არა... არა, არა....არა! - ბოლო სიტყვა ისეთი შეძახილით დაასრულა, თითქოს ვერ აკონტროლებდა საუბარს და შეძახილით ენას უბრძანა დადუმებულიყო. - სასოწარკვეთილებაა ნამდვილი წამალი ადამიანის, გათავისუფლდი? მრისხანებამ გაგათავისულა, ექიმო? - ხრინწიან მოგუდულ ხმას სრულ ბუნდოვანებაში აღიქვამდა, თითქოს ამ სამყაროდან შორს, ქვეცნობიერთან ერთად გადაიკარგა. ბევრი სისხლი ჰქონდა ნანახი, ბევრი სასტიკი მკვლელობა, თუმცა მის სახლში ამ ფაქტმა განსაკუთრებით იმოქმედა, მისი ქმედების უსიამოვნო შედეგის დანახვისას შეცბა და წუთით გონება მთლიანად გათიშა, აღარ ესმოდა არც ერთი სიტყვა, ნელ-ნელა შორდებოდა მის ფიზიკურ სხეულს და თითქოს ასტრალში გადიოდა. უყურებდა ბელადს და საკუთარ თავს შორიდან და ეცინებოდა იმ აბსურდულ, სასოწარკვეთილი ადამიანის მიერ ჩადენილი უზნეობაზე. წამით ჩაერთობოდა ხოლმე საკუთარი პროფესიისადმი დამახასიათებელი ადამიანთა გადარჩენის ინსტიქტი და დანაშაულის გრძნობით უყურებდა მოკლულ კაცს, რომელიც მის წინ ეგდო, თუმცა მერე ახსენდებოდა რომ მათთვის სიცოცხლე ბელადს მაშინ წაერთმია როდესაც მის სამსახურში აყვანაზე დაითანხმა და ოდნავ უქრებოდა შეცოდების სურვილი ადამიანისა, რომელიც მხოლოდ ბელადისთვის ცოცხლობდა, მისი სიცოცხლე კოჭლ კაცს ჰქონდა მთლიანად მითვისებული და სხვა არაფერი დარჩენოდათ მსახურების გარდა. აღარც ერთი ადამიანი შეხედავდა მას ნორმალურად, აღარც ერთი ადამიანი არ შეიყვარებდა, არ ეყოლებოდა არასდროს ოჯახი და ბუნებრივად ვერ შევიდოდა ვერსად დასალევად, ვერ მოიჯენდა მეგობარს და გართობის მიზნით ვერ აიშვებდა. ეს ყველაფერი დასრულებული იყო ისედაც იმ ადამიანისთვის, უნდა შეგუებოდა ყველა ბელადის მსახური მოსახლეობის სიძულვილს, რადგანაც ისინი ვალდებულნი იყვნენ თვალის დაუხამხამებლად შეესრულებინათ ნებისმიერი სურვილი და კაპრიზი კაცისა, რომელიც არად აგდებდა არავის. ამორალური ქმედების მომსწრე ხშირად ხდებოდა გუგა. ვერასდროს ვერ ხუჭავდა თვალს და ყოველთვის ცდილობდა ეს ბელადს შეენიშნა... მისთვის ეჩვენებინა, რომ ვერასდროს დაიმორჩილებდა. -როგორია გუგა? მოგწონს სიბრაზე? - კვლავ გაუმეორა ბელადმა კითხვა, თუმცა კვლავ პასუხი ვერ მიიღო. -მომწყდით თავიდან! - იღრიალა მან. -ნურას უკაცრავად, ექიმო! - იგივე ინტონაციით, მაგრამ უფრო საზარლად გასცა პასუხი ბელადმა. ჰაინმა კვლავ ასწია ნაჯახი, თუმცა ხელის აწევით შეაჩერეს. - ახლა არა, ჰაინ, ახლა არა. სისასტიკე, ექიმო, ეს ერთადერთი მიზანია, რაც შემოქმედს მოუცია ჩვენთვის. ამით საკუთარ თავებს ჩვენვე ვქმნით და თავად გამოვდივართ შემოქმედნი. ღმერთი გგონია არსებობს? გაგვაჩინა და ასე მიგვაგდო ერთმანეთის სახოცად? მაშინ ის ჩვენზე უარესი ყოფილა რომ ამ სისასტიკეს ასე გულმოწყალე თვალით გადმოხედავს და არაფერს სჩადის მის მოსასპობად. ჰა, ღმერთო... - ხელები გაშალა ბელადმა, თუმცა ცალი ხელით მაინც ხელჯოხს ცდილობდა დაყრდნობოდა. - შემომხედე, თუ აქ შენი თვალი ვერა ჭრის... ჰა, ღმერთო... მოდი გამისწორდი, ხო ხედავ რასაც ჩავდივარ! ხედავ? ღმერთო... - ხელი კვლავ ასწია ბელადმა, საჩვენებელი თითი ყელზე გაისვა და უზარმაზარმა ნაჯახმა კვლავ გაიბრწყინა და მეორე თავი ახლა მოხუცი ბელადის ფეხქვეშ გაგორდა. -ჰეი! - წამოჭარხლდა ექიმი და როგორც კი ბელადისკენ გაიწია ნაჯახის ბასრი პირი ყელზე მოედო და ოდნავ გაჭრა. -ჯერ არ დაგვისრულებია, ექიმო. კიდევ შევხვდებით. - ხრინწით ამოიხავლა და ბიჭებს შეხედა. - წამოიღეთ ცხედრები და წავედით. ბიჭებმა უმალ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება, ცრემლებისა და სინანულის გარეშე და ცხედრებით ხელში გალაგდნენ სახლიდან. ჰაინმა კარის ზედა ზღურბლს თავი მისცხო და უნიათოდ ჩაიდუდღუნა. „ვერ ვიტან დაბალ ჭიშკრებს.“ ექიმი დუმდა. ფიქრობდა მართლა დაინახა ეს თუ მოეჩვენა. ერთ-ერთი კაცუნა დანანებით დაჰყურებდა მეორე მოჭრილ თავს და ძლივს იკავებდა თავს ემოციების გამოხატვისგან. „ნუთუ ემოციები გაღვივდა მასში? ეს რა დავინახე?“ ფიქრობდა გუგა და ნერვიულად სცემდა ბოლთას. „ჯერჯერობით სანერვიულო არაფერი მაქვს, სანერვიულოს რა გამოლევს, თუმცა მგონი ვერაფერი ნახეს.“ -შეგიძლია გამოხვიდე. - დაუძახა სტუმარს, რომელიც კედელში დატანებული თაროდან ჩუმად გამოვიდა. - ამ სამალავის შესახებ არავინ არაფერი იცის. გაგიმართლა რომ ვერ გიპოვეს. შენც წაგაგდებინებდნენ თავს და მეც. - როდესაც შეამჩნია, რომ ირაკლი დაღვრილ სისხლს უყურებდა ექიმი ახსნა-განმარტებას მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, რომ სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, ან ისინი უნდა მომკვდარიყვნენ ან შენო, ეუბნებოდა, ჩემი არჩევანი ასეთი იყო, მე შენ აგირჩიე. გუგამ კვლავ დააწვინა, ნემსი გაუკეთა ბარძაყში, ვენიდან ცალკე აუღო სისხლი და ნიმუშებს მიკროსკოპში ჩახედა. -არის რაღაც, რასაც ეს სოფელი უკეთებს ყველას, მე ეს რამდენიმე წლის წინ შევნიშნე, როდესაც დაშავებული პაციენტი მომიყვანეს, როგორც მითხრეს ნადირობისას დაშავდა, მის პარტნიორს პირუტყვი ეგონა და მას ესროლა, ტყვია გამჭოლი იყო, მეორე მხრიდან გავიდა, თუმცა მაინც საშინელი ჭრილობა ჰქონდა და საფანტისგან დარჩენილი პატარ-პატარა ნაწილები ძლივს ვიპოვე მის სხეულში რომ სავსებით ამომეღო. მაშინ ავუღე იმ ადამიანს ანალიზისთვის სისხლი და მის სისხლში რაღაც მუქი შევნიშნე, ბაქტერიასავით თითქოს, რომელიც მთლიანად ედებოდა მთელ სისხლოვან უჯრედებს და დამპყრობელივით მისი გავლენის ქვეშ აქცევდა. ეს სხვა არაფერი იყო თუ არა ფლობა. ბაქტერია მთლიანად ეუფლებოდა ორგანიზმს და მთელ რიგ თავისებურებებს იწვევდა, კონტროლი, უემოციო მდგომარეობა, სრული ტოტალური ფლობა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეს ადგილი ყველაფერს ასე განკარგავს, ამ პატარა ბაქტერიით. სასწრაფოდ შევიმოწმე მეც სისხლი, თუმცა თავისუფალი აღმოვჩნდი. ჯერ-ჯერობით შენც არაფერი გაქვს სისხლში. რაც ეს სიახლე აღმოვაჩინე მას მერე ვცდილობ გავარკვიო როგორ გადადის, სისხლში როგორ ხვდება, ჰაერის გზით ამას გამოვრიცხავ, პირდაპირი სქესობრივი კავშირის დროსაც არამგონია, რაღაც უნდა იყოს, რაღაც უნდა არსებობდეს რის საფუძველზეც ეს ვირუსი მოქმედებს. როგორ ხდება დაინფიცირება ვერ დავადგინე, მაგრამ დარწმუნებული ვარ არც მამაჩემს და არც ბაბუაჩემს ეს ვირუსი არ ჰქონდათ, არც მე არ ვყოფილვარ ოდესმე მისით დაინფიცირებული და ეს ჩვენი ძლიერი გენის დამსახურებაა თუ უბრალოდ სიცილიის აბსურდული თამაშის ნაწილი ვერ ვხვდები. -ახლა უფრო მეტად ვგრძნობ თუ რა შარში ვარ გახვეული, თან შენი წყალობით ექიმო! - დაუღრინა ირაკლიმ. - არავისთან დაკავშირება არ შემიძლია, მარტო ვართ მე და თქვენ ამ სა*ლევეთში და ვგრძნობ როგორ მითრევს ჭაობი ქვემოთ. - გუგა უემოციოდ უსმენდა, საპირფარეშოდან ტილო და საწმენდი საშუალება გამოიტანა და სისხლის წმენდას გულმოდგინებით, თუმცა აღრენილი სახით შეუდგა. -არაკაცები. - ჩაილაპარაკა. - სადისტები, ვირები! როგორ მძულს ბელადი, მისი მოდგმა და არსებობა, მაგრამ ჩემს ეთიკას ეწინააღმდეგება ის რაც ვუთხარი თუ გესმოდა. ჩემს მორალს ეწინააღმდეგება ინექციის შეცვლა და მისი ასე დაღუპვა, ამიტომ ვცადე გარესამყაროდან დახმარების მოხმობა... -ისე როგორც ბაბუაშენმა არა? და კი გავიგე როგორც დასრულდა ეს ამბავი... -ეს ასე არ დასრულდება. ჩვენ უფრო ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ და შევინიღბოთ, აქ გარეთ რომც გახვიდე, თუ სახეს ოდნავ მაინც მოიხატავ ან შარფს აიფარებ ასე ვერ მიხვდებიან ვინ ხარ. ყველას შემოწმებას არ დაიწყებენ, მაქსიმუმ სახლებში შეუვარდნენ და იქ ამოწმონ, მე კი დიდი ხანია თვალში ვეჩხირები და ახლა ცოტა ხნით მაინც მოვიშორეთ. დროებით დაზღვეულები ვართ მათი შემოჭრისგან, მაგრამ თვალს არ მოგვაცილებენ და წინა კარებით ვერ ისარგებლებ. უკანა კარიდან გახვალ ხოლმე, ან მოიცა... დიდი ხანია ეს გასასვლელი არ გამომიყენებია, თუმცა ვფიქრობ ახლა შენ დაგჭირდება, წამოდი წამოდი. წინ გაუძღვა გუგა მხსნელს. მართალია ირაკლის კვლავ უჭირდა გადაადგილება და ძლივს მოძრაობდა, თუმცა როგორც შეეძლო მიჰყვებოდა, გაიარეს მოზრდილი დერეფანი, გავიდნენ ერთ-ერთ ოთახში, რომელიც დიდი რკინის, დამტვერილი კარით იყო დალუქული. ეტყობოდა ნამდვილად წლებია არავინ შესულა. -თოთხმეტი წლის რომ ვიყავი მაშინ შემიყვანა პირველად მამამ. ყველაფერი მაჩვენა და მას შემდეგ, როდესაც ბელადის დამქაშები ესტუმრებოდნენ ხოლმე ექიმს, რათა დახმარება მიეღოთ მე ყოველთვის აქ მმალავდა. დაჟანგული კარი ჭრიალით ძლივს გააღო ორმა კაცმა. - დაახლოებით ოცდახუთი წელია ამ კარში არავინ შესულა. მას შემდეგ რაც მამა მომიკლეს, მე კი თვრამეტი წლის ბიჭი აქ ვიმალებოდი ლაჩარივით. -ამათ მოკლეს? -კი... -შენ ის მაინც იცი ვინ მოგიკლა, მე კი არც ვიცი ვისზე ვიძიო შური. -რა მოუვიდა? -თორმეტის ვიყავი, ბუნდოვნად მახსოვს, მძარცველი შემოიჭრა მარკეტში, სადაც ოქრომჭედლად მუშაობდა, იმ დღეს მომუშავე მოლარე რამდენიმე საათით შეცვალა მან. მე უეცრად მოლარის მაგიდის ქვეშ დავიმალე, მამა ხელით შიგნით მტენიდა რომ არ გამოვსულიყავი და თვითონ ცივ უარზე იყო მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა, რის გამოც შუბლში ტყვია მიიღო და სალაროში არსებული თანხა მაინც გაიტანა. მე როგორც მოწმე ისე დამკითხეს თუმცა არაფერი დამინახავს, მხოლოდ გასროლის ხმა ჩამრჩა ყურში და დღემდე მახსოვს. -ვწუხვარ. თუმცა რაღაც არსებობს... - ჩაილაპარაკა ექიმმა და დამტვერილ ოთახში შეუძღვა. - ორივეს საერთო ტკივილი გვქონია და საერთო შურისგება, იქნებ სწორედ ამან მოგახვედრა აქ. სიცილიის მიზანს ვერასდროს შეიცნობ, ის გცდის, გასწავლის, ან მთლიანად გიმორჩილებს. ოთახში ძლივს გაიხსენა საიდან ინთებოდა სინათლე, წლების ნაგროვები მტვერი ოდნავ რომ გაიფანტა ოთახი საუცხოოდ მოეჩვენათ. თითქოს სათავსო იყო ისეთი ნივთები ინახებოდა, ოქროს ჯვარი ეკიდა მათ პირდაპირ, მარცხენა მხარეს დიდი და გრძელი კომოდი იდგა, სამი მეტრის სიგრძის მაინც, მასზედ უამრავი სამკაულის სკივრებით, რომელთაც შუაში დიდი ლალის თვლები ჰქონდათ, მაგრამ იმდენად სქელი მტვერი ედო არც ბრწყინავდა. მარცხენა ნაპირში დიდი და პატარა ზომის ოციოდე სპილო ერთ მხარეს იყურებოდა, და სარკის წინ ამაყად ცხვირები აეწიათ. იქვე გამოყენებული და დაკუჭული ქაღალდების გროვა თავისთვის იწონებდა თავს, მარჯვნივ პატარა წიგნის თაროები იდგა, თუმცა ზედ წიგნების ნაცვლად უცნაური გრაგნილები ეწყო, გაოგნებული შეჰყურებდა ორივე ამ ყველაფერს. -ეს ოთახი თითქოს... თითქოს გადასხვაფერდა მას შემდეგ... ან... ან ჩემ მახსოვრობას აღარ უნდა ვენდო. - ჩაიბუტბურა ექიმმა და ოთახის შუაში დაფენილი პატარა ხალიჩა გადასწია. სანამ ხალიჩის მიღმა არსებულ გამოჭრილი კარის გაღებას ცდილობდა ირაკლი ყველაფერს აკვირდებოდა, ცდილობდა ყოველი კუნჭულის შესწავლას და პირველ რიგში ისტორიული გრაგნილებისკენ დაიძრა. მეფეების დროინდელ ეპოქაში ეგონა თავი და ერთი იდეა დაებადა. – „იქნებ სიცილიაში განსხვავებულად გადის დრო, ან საერთოდ განსხვავებული დროა. ბელადი ჰყავთ, მეფეებიც ახლო წარსულში იქნებოდნენ და ბავშვს შესაძლოა სრულიად გონებიდან ამოვარდნოდა ეს გრაგნილები და არაფერი ხსომებოდა, თუ გავითვალისწინებთ მის ტრავმას მამასთან დაკავშირებით. ეს ისეთი რამეა, ერთ რამეზე ხარ ბოლომდე კონცენტრირებული, წარსულის გახსენებაზე მხოლოდ ერთი კონკრეტული რამ გახსენდება და დანარჩენ ყველაფერს უკუაგდებ, თითქოს არც ყოფილა. მთელი არსით გითრევს სიძულვილი იმ ადამიანისადმი და გრძნობებს ვერ თოკავ მისი დანახვისას. ასე მუშაობს ეს, ნამდვილად.“ - ერთი გრაგნილი გახსნა და მასზე დატანებული ინიცალები წაიკითხა. „E. P.” -ერკიულ პუარო. - ხმამაღლა წამოსცდა, ხმაზე მოულოდნელად გუგა გამოჩნდა მის უკან და მისმა სიტყვებმა შეაშინა ირაკლი. -ექვთიმე პიპინაშვილი, ჩვენი დიდი ისტორიკოსი და მწერალი. ამბობენ ბოლოს შეიშალაო და შორეთის კლდიდან გადახტა. ამოჩემებული ჰქონდა რომ ის მოვიდოდა. რომ გეკითხა ვინ ისო, ისევ გპასუხობდა - ის მოვა, ის მოვა, ის მოვა... მისი მკურნალობა არ შემეძლო. მეხმა თუ რაღაცამ დაარტყა და ამბობდა ჭეშმარიტება გავიგე, მე მომავალი ვნახეო. მაგრამ ახლა ვერ გავიგებთ. ჩემს დაბადებამდე დიდი ხნის წინ მოღვაწეობდა და მიკვირდა აქამდე ცოცხალი როგორ იყო, თუმცა ჩემთან ჩივილებით მოვიდა. ფაქტი ფაქტია. ამ გრაგნილების არსებობა კი არც ვიცოდი. -რამდენის იყო რომ გარდაიცვალა? -მგონი სადღაც 108 წლის, და გაითვალისწინე ის ფაქტიც რომ ბუნებრივი სიკვდილით არ დაუსრულებია სიცოცხლე. და ის ერკ...ერკ ვინ? -აა, ერკიულ პუარო? -ჰო, ვინ არის? - ისე სერიოზულად ჩაეძია გუგა ირაკლის, რომ უკანასკნელს გაუკვირდა კიდეც. -აქ რა არ გსმენიათ საერთოდ? -ააარა. - გააგრძელა სიტყვა და დაკვირვება გააგრძელა. -გამოჩენილი კერძო დეტექტივი, უაღრესად პატივსაცემი, ჭკვიანი და საოცარი დედუქციის უნარის მქონე, თუმცა... -მერე, რატო არ გამოგზავნეთ ერკ... პუ..პუირო აქ საქმის გამოსაძიებლად? -დამასრულებინე გუგა. - უსაყვედურა ირაკლიმ და დოინჯი შემოიწყო. - უნდა მეთქვა, თუმცა მხოლოდ ნაწარმოებში-თქო. -ააა, ახლა გასაგებია. ანუ წიგნია ერკიულ პუაროზე? -კი. შენ წარმოიდგინე და გამიკვირდა რომ არ გსმენია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ ჩვეულ სამყაროსგან მოწყვეტილნი ხართ, შესაძლოა აქამდე არც მოსულა მისი ნაწარმოებები და არც სხვა... -არა, ცდები. შერლოკ ჰოლმსი მაქვს წაკითხული. -რა? - გაოგნებული შეჰყურებდა ირაკლი. -კი, ბავშვობაში მამა მაკითხებდა. შესაძლოა ეს გაცრეცილ ყდიანი წიგნი ბაბუაჩემის ნაცნობმა მოიტანა აქ, ვერ გეტყვი, მაგრამ წაკითხული მაქვს. ირაკლის გაოცებისგან პირი დაეღო და პასუხი არ გაუცია ისე განაგრძო გრაგნილების თვალიერება. ზოგზე რაღაც წარწერები შენიშნა, რომელზეც ძლივს იკითხებოდა ნაწერი, თუმცა გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა, რომელიც იქვე უჯრაში იპოვა. ხელნაწერზე იკითხებოდა: „და მოვა კაცი, სიყვარულის ძღვენითა დაჯილდოებული, და მოვა კაცი, ცხელი გულითა, და მოვა კაცი, რომელიცა ყველაფერს დატოვებს და გამოეშურება კეთილი სურვილით, ვინაიდან რომა დაალაგოს სამყარო ისეთივეი როგორიც თავდაპირველად.“ -ეს რა არის? - შეძრა იკა ამ გრაგნილმა. -დამიჯერე, არ ვიცი. -ექვთიმეც ამ სიტყვებს არ ამბობდა?.. და მოვა კაცი... -კი, სწორედ ამ სიტყვებს ამბობდა. ნეტავ რა ნახა ასეთი მეხის დაცემისას რომ სწორედ ეს სიტყვები ეკერა პირზე. -საოცარია. -და ვინ არის ის კაცი... ვინ მოვა? ნუთუ ამ ბელადზე ლაპარაკობენ, რომელმაც აქაურობა ჯოჯოხეთად აქცია. -ეს უკვე საინტერესოა და ჩემს ყურადღებას იპყრობს, კარგად უნდა გამოვიკვლიო, ყველა გრაგნილს შევისწავლი და დავადგენ ჭეშმარიტებას, აქ სიძველეთა რაიმე ტაძარი თუ გაქვთ? -კი, გვაქვს, სოფლის ცენტრში კლდეებს შორის მდებარეობს. -იქ წამიყვანე. -ახლავე, აქედან გავიდეთ. კიბეზე უნდა ჩავიდეთ, დიდი გვირაბია, რომელიც ამ სახლიდან შორს გამოდის. ამ გასასვლელის შესახებ თვით ბელადმაც არ იცის. -კარგი წავიდეთ. უნდა ვიჩქაროთ, ეს საიდუმლო ამოხსნას ექვემდებარება და როგორც დიდი ერკიულ პუარო იტყოდა, სჯობს პატარა ნაცრისფერი ტვინის უჯრედები ფორმაში მოვიყვანოთ და საიდუმლოს ფარდა ავხადოთ. -ეჰ, ნეტა პირადად გაცნობის შესაძლებლობა მქონოდა მაგ ერ...ერკ.. -ერკიულ პუარო. -მოვიტეხე ენა ამ სახელის წარმოთქმისას. - გაეცინა გუგას და ნელა ჩავიდნენ გვირაბში დამაგრებული რკინის კიბით. -არაუშავს მიეჩვევი. - ფანარი აანთო ირაკლიმ და სიბნელეში გზა გაიკვალეს. - მალე მივალთ? -ყველაფერს შენი თვალით ნახავ. ცოტაც მოითმინე. ეს გვირაბი იმდენივე წელია არ გამივლია, რაც იმ ოთახში არ ვყოფილვარ, ასე რომ მეც ჩათვალე პირველად გავდივარ ამ გვირაბს და ყველაფერი სიახლეა. ფრთხილად იყურე წინ მაინც არაფერი არ იყოს ისეთი. -ნუ ღელავ, ექსპედიციაში გამოცდილი ვარ, შენ ერკიულ პუაროს თუ არა, ირაკლი ქებურიას ელაპარაკები. - ჩაიხითხითა ირაკლიმ და გზა განაგრძეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.