შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელ ფერებში (თავი 1)


28-12-2023, 21:24
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 455

პირველად სოფელში თოთხმეტი წლის ასაკში ჩავედი, როგორც შეეფერებოდა "უნახავმა რა ნახას" ზუსტად ისე განვითარდა მოვლენები.
ამ გადასახედიდან თუ ვიტყვით ჩვენ ოჯახს სოფლის კვალობაზე შეძლებული ოჯახი ერქვა. ჩემთვის კი ყველაფერი ახალი და საინტერესო იყო. განსაკუთრებით ყველაფერი პატარა. ეზოს ნაწილი შემოღობილი იყო და ეს ყველაფერი პატარა ერთად ბინადრობდა. გოჭები, ხბოები კურდღლები და ლეკვებიც კი. რაღაც განსხვავებული და ახალი სამყარო ჩემთვის. ყვითელ-ყვითელი წიწილები და ბჟიტები დაფუთფუთებენ ბალახში. ერთი შეხედვით სრული იდილია და მეც ჭკუაზე აღარ ვარ. ხან ხბოს ვუზიდავ ბალახს, ხან გოჭებს ვბან, ხან ქათმებს ვუყრი სიმინდს, მოკლედ ჩემი ზღაპრის კონკია ვარ. ბოროტი დედინაცვლის რა გითხრათ და მამალი გვყავდა ავი. იმდენად ავი რომ, ძაღლი აშვებული იყო, მამალი - დაბმული! ერთ დღესაც ბებია-ბაბუა არ არიან სახლში და აიშვა მამალმა. ვიბრძოლე, რაც შემეძლო (შრამებიც მაქვს დღემდე) მოკლედ ჯოხამდე მივაღწიე და გამოვედი გამარჯვებული. გადააგდო კისერი გვერდზე, არც მოკვდა, არც დარჩა. წამოყოფს თავს გაივლის ორ ნაბიჯს გადავარდება, წამოდგება გაივლის - კიდევ. მეც კაი დასისხლიანებული ვარ და თავბედს ვიწყევლი რა მინდოდა ეზოში. გვერდზე ეზოში ნათესავები ცხოვრობენ, ეს ბავშვი იგუდება სიცილით, მე კიდევ სიმწრით მაგის სიცილზე. ბოლო ბოლო მამალი შეეცოდა და გადმოვიდა - აგი აღარ მორჩება და დავკლათო. დაუძახა ძმას და მიდის ბჭობა დაელოდონ ბაბუაჩემს თუ იყარონ ძველი ჯავრები. მოკლედ გადაწყდა - ვკლავთ მამალს! ახლა იმაზეა საქმე ვინ დაკლავს. თან ისე მიყურებენ სიტყვები აღარაა საჭირო ზედ აწერიათ რას ფიქრობენ, (მეც თანახმა ვარ - მიყურონ). გამოიტანა ნაჯახი უმცროსმა და მიდის წილის ყრა ძმებს შორის. ამ დროს ისევ გამოფხიზლდა მამალი. გამოფხიზლდა და მეცა ცოფიანი ძაღლივით. დაიწყო ომი , ვეცი ნაჯახს, ვიქნევ აქეთ-იქით, ეს ბავშვები მიყურებენ გაოგნებულები, თან ახლოს ვეღარ მოდიან ნაჯახის შიშით. იმდენი ვიქნიე მკლავი დამეღალა, მაგრამ ერთხელ ვერ მოვარტყი, ისევ თავისით გადაყირავდა ის ჩემი ცოდვით სავსე. გადაყირავდა და მეც საბოლოო გამარჯვებაში დარწმუნებულმა მოვიქნიე საბოლოოდ და მივაყოლე თავს ცალი ფრთაც. ტანი ერთ მხარეს გარბის, თავი და ფრთა მეორეს (რა ვიცოდი თუ ეგრევე არ კვდებოდა) გადაწითლდა ეზო და სულ წითელი ვარ მეც, ოღონდ ნაჯახს ცოცხალი თავით არ ვუშვებ ხელს. ერთმა ძმამ ტანი დაიჭირა და გოდორი წამოახურა თავზე, მეორე თავს დასდევს და ამ დროს ჭიშკარში გამოჩნდა ამ ბავშვების დედა (გარე ბიცოლა). ეს ბავშვი გართხმულია ბალახზე და მე თავზე ვადგავარ ნაჯახით ხელში, სულ სისხლიანი. თან ხედავს რაღაც დახტის, ერთი კი დაიკივლა საცოდავმა და ჩაიკეცა ჭიშკარში. ვიღას ახსოვდა მამლის თავი. გავვარდით სამივე. მე ისევ არ ვუშვებ ნაჯახს ხელს, ძმებმა გამასწრეს და მე უკან მივდევ. ამ კივილზე გამოიშალენ წინ მცხოვრები ნათესავებიც. ატყდა წივილ-კივილი. არიქა ბავშვებს არაფერი მოწიოო. მე ვერ ვხვდები ვის რატომ უნდა მოვწიო რამე, ბიცოლას მისახმარებლად მივრბივარ ჭიშკარში, როგორც იქნა მივხვდი, გავუშვი ნაჯახს ხელი და ამოისუნთქა სოფელმაც. ის თავი დარჩა იმ ბალახში საღამომდე. საღამოს მოაქვს კატას უკვე ნახევრად გამოხრული და ატყდა მეორე განგაში, არიქა სისხლს გაუსინჯა გემო წიწილებს აღარ დააყენებსო. მოკლედ მოველაპარაკე კატას წიწილების ჭამა არ შეიძლებათქო. ნახევრად დამიჯერა - ჩვენებს არ ჭამდა.
მეორე დილას მთელმა სოფელმა იცოდა, რომ ნაჯახიანი გიჟი იყო ჩასული. გაივლიან ჭიშკართან გამოელაპარაკებიან ამ ჩემ ნათესავებს, მიყურებენ, მიდიან. ისინი არ ვიცი რას ეუბებიან. ასე გავიდა 2-3 დღე, კაციშვილი აღარ მეკრება. მარტო დამთვალიერებლები მყავს და ორი ჰომეროსი მეზობლად ლეგენდად ქცეული მამლის ისტორიით. მოკლედ ახალი ვარ და დიდად არ ვიკლავ თავს წანწალით. თან ვცდილობ ფეხი მოვიკიდო სოფლის ცხოვრებაში. კვირაც არ არის გასული, რომ მეზობლები და ნათესავები რიგრიგობით მოდიან თქვენი კატა წიწილებს გვიჭამს და იღონეთ რამეო. რა უნდა ეღონათ ჩავარდა ბებია უხერხულში და ბაბუა საგონებელში, ან ვინ დაანებებდათ რამის ღონებას. ისედაც გიჟის სახელი მქონდა გავარდნილი ხოდა, რას ვხედავ ერთ სისხამ დილასაც წინ ჩემი კატა მირბის, უკან ძაღლი და მეზობელი მისდევენ. გაკიდება ასე არ უნდაო, წამოვავლე ნაჯახს ხელი და საბოლოოდ გავიმყარე იმიჯი. მეორე დღესვე გამომიშვა ბებაჩემმა ჩემი კატიანად უკან.

ასე მომიწია ის "ნაჯახიანი" ზაფხული ქალაქში ამოხუთვა. სამეზობლო ისე იყო გაკრეფილი დამლაპარაკებელი არ დამრჩა. რა უნდა მეკეთებინა უშუქობის ეპოქაში, მივყავი "სხვისი დაწერილის" კითხვას ხელი. სადაც რამე სევდიანი შემხვდა ავდექი და გადავწერე. "სხვას" თუ შეეძლო დაეწერა მე რატო არ შემეძლო გადამეწერა. მიყურებენ ჩემები ეჭვის თვალით - რას ვწერ ამდენს მარა ვინ აკითხებთ, ვმალავ საგულდაგულოდ. თან ისევ სოფელი მაქვს თავში ჩარჩენილი. მეც და ჩემ კატასაც. ჩემ ბედზე ჩამოვიდნენ წინა კარის მეზობლებიც, რაღაც საქმეზე. ჩემზე ორი წლით უფროსი გოგო ყავდათ და ცხრა წლის ტყუპები. დაიწყო შთაბეჭდილებების გაზიარება. მე რა მომაყოლებს ჩემსას. მარტო ვყვები რა საყვარელი ბაჭიები გვყავდა და რა მაგარი ეზო აქვს ბებიას. კატას კი ხედავენ თავის თვალით. მოკლედ იმდენი ვილაპარაკე მეზობლის ქალმა დამპატიჟა წამოდი ჩვენთანო. მთელი კვირა ვეხვეწე ჩემებს გავეშვი. წინა ღამეს მითხრეს თანხმობა. ჩავყარე ზურგჩანთაში, რაც ჩამეტა და გავყევი. სიმინდი ქონდათ ასაჭრელი. ავიტეხე უნდა მოგეხმაროთთქო. ნამგალი თვალითაც არ მენახა მანამდე. მოვკიდე ხელი მსუბუქია. ჩემი წონა ნაჯახის მერე აბა რა იქნება. ვუყურებ ახლა როგორ ჭრიან, მგონია ადვილია. მოვკიდე ხელი სიმინდს მოვიქნიე, გადავჭერი შუაში. ახლა დაბლა დავუმიზნე და კინაღამ მივაყოლე ფეხები. ვცოდვილობ ჩემთვის და ვაფუჭებ ჩალასაც. ჩემი მეზობლის მძახალი მომყვება უკან და ჭრის ამ ჩემ გადაჭრილ სიმინდს ხელახლა. ამ ჭრა-ჭრაში, რომ მგონია დავამხეცე და უკვე ქაქანის ხასიათზეც მოვედი, მოვიქნიე და ჰოი საოცრებავ სიმინდსაც სისხლი მოსდის თურმე. დავრჩი სახტად, ჩემ წინ არავინაა. ან ვინ დამიდგება, ყველამ იცის დილეტანტი ვარ. მე ყველაფერი ადგილზე მაქვს, თავიც, ხელიც და ორივე ფეხიც. ეს მოჭრილი ღერი მიჭირავს დიდი ამბით. ვერ ვიგებ რა ხდება. რანაირად მოსდის სისხლი სიმინდს. გაოგნება დამთავრებული არ მაქვს რომ, ატყდა წივილ-კივილი. ყველაფერი უშნო ხო მე უნდა დამემართოს, ხოდა სიმინდს "უხსნებელიც" მივაყოლე თურმე. ნახევარი იქვე იკლაკნება, თავიანი ნახევარი კიდე პირდაპირ მულის ფეხებთან. შხამი იმას არ ქონდა და არაფერი, მაგრამ მთელი წელი უძახა რძალს სტუმარი ბალღი დაარიგეო. იმის მერე ვიფიქრე როგორღა წამიყვანსთქო, არადა რთველია წინ. აი რთველში კი ვივარგე. კრაზანები არც ქალაქში გვაკლდნენ და გადავრჩით მშვიდობით, მანამდე ვყავდი იმდენს დაკბენი თავისიანად მიღებდნენ. იქ დავიკავე პირველად თოხი ხელში და ამევსო თავიც კოპებით. მეორედ რომ, მომხვდა ერთი და იგივე ადგილზე ვიკადრე ხელის გაშვება. მთელი წელი დამცინოდნენ ბავშვები (ახლა უკვე ჩემი მეჯვარეა უფროსი). მოკლედ მეორე წელს აღდგომებზე ბებია-ბაბუა რომ, ჩამოვიდნენ რის ვაი ვაგლახით დავითანხმე ზახულის მათთან გატარებაზე. იმათ ჩემი დის წაყვანა ერჩივნათ, მაგრამ ჩემ დას ზღვა უფრო უყვარდა. მოკლედ მოვიდა ზაფხული, დამატოვებინეს კატა სახლში და გავუდექი გზას. უკვე "გამოცდილი" ვარ. ხმარება თუ არა დასახელებები მაინც ვიცი რა რა არის და რისთვის. ბასრ საგნებს აღარ ვეტანები, აღარც ნაჯახი მინდა და აღარც ნამგალი. თოხიც მძულს დღემდე. მიდგა ჯერი თივაზე. კაცები მიდიოდნენ სათიბად ტყის იქით ველებზე და მე სახლში რა გამაჩრებდა, გავეკიდე ბაბუაჩემს. ბებიაჩემმა ეს ჩემი "ჰომეროსი" ნათესავები არ დააყენა მოიწევს რამეს ეს უდღეურიო და გამოგვყვნენ ისინიც. ცელთან და ცელიან ხალხთან მიახლოება სასტიკად ამეკრძალა. წყაროზე მარტო წასვლაც და ნაძვის კევების კრეფაც. რა უნდოდათ აი, რას მეუბნებოდნენ. რა ვიცოდი ორი დღის ჩასულმა წყარო იყო იქ თუ მდინარე. ნაძვის კევი გაგებულიც არ მქონდა, მთელი ბავშვობა გუდრონი გვქონდა ნაღეჭი, სანამ ლოვე კევები არ დაბრუნდა და ბაბოლი არ გახდა ტრენდი. მოკლედ ნაძვის კევი ჩამრჩა თავში, წელამდე ბალახი, რომ გადავჯეგეთ და გავასწორეთ მიწასთან მე და "ჰომეროსებმა". გვითმინეს, გვითმინეს და ბოლოს კულტურულად გაგვყარეს ჩრდილში - მზე ჩაგივარდებათ თავშიო. უკვე თხუთმეტი წლის ვარ, ჩემი ტოლი გოგოები იპრანჭებიან, იმ ზაფხულს კლასელიც გამითხოვდა, მე სულ სხვა გრძედზე და განედზე ვარ. ფეხბურთს ვთამაშობ ბიჭების გუნდში, უბანში საუკეთესო მეკარის სტატუსი მაქვს და ხანდახან ნიძლავებზეც ვჩხუბობ. მოკლედ ჩვეულებრივი თხა, როგორც ბებია ამბობდა. გადავეკიდე ამ "ჰომეროსებს" წავიდეთ წყაროზეთქო, ხათრი ვერ გამიტეხეს თუ იმათაც მობეზრდათ "ჩრდილი" არ ვიცი, მაგრამ მალე დავიყოლიე. წყარო კი იყო იცოცხლე ცივ-ცივი, თან ულამაზეს ადგილზე დაბურულ ტყეში. რამ მოგვაფიქრა წუწაობა არ ვიცი, მაგრამ ერთიანად გავილუმპეთ და გავიყინეთ. გეგმა გვაქვს ასეთი: გავშრებით თუ არა ნაძვის კევი უნდა გავსინჯო. ესენი მარწმუნებენ არ ვარგაო მარა ვის სჯერა, მგონია ხეზე ასვლა ეზარებათ. თან მთელი ცხოვრებაა ვიცი, რომ გირჩია ნაძვის ერთადეთი ნაყოფი, მაინტერესებს ახლა კევებს როგორ იბავს. მთელი ბჭობა გვაქვს გამართული, რომ ტოტების მტვრევის ხმა გაისმა. გავშრით ადგილზე, ამოვეფარეთ ქვებს, ხმა ისმის მაგრამ ვერ ვხედავთ რა არის. ისე გვცივა კბილს კბილზე გვაცემინებინებს, მაგრამ ვინ ოხერი გააგრძელებს გზას. ვართ ასე გარინდულები, გაყინულები და მშივრები. კი იცით რამხელა თვალები აქვს შიშს და ამ გაფართოებული თვალებით და გამახვილებული სმენით აღმოვაჩინეთ ფოცხვერი. მე ხო ვიყავი ლენჩი, მაგრამ ესენი ჩემზე ლენჩები. მამალთან მაქვს ნაომარი და "უხსენებელი" იმ ქვეყნად გასტუმრებული, კრაზანების ბუდის დამდუღვრის მერე, რაღა შემაშინებს. ვიშიშვლე ჯოხი, დავარიგე ესენი თუ აქეთ წამოვიდა აქ დახვდითქო და დავეცი ყიჟინა. ფოცხვერი მარტო ზოოლოგიის წიგნში მყავს ნანახი. აღარ შევარჩინე ხეს ფოთოლი და დავკარგე ხმა ხავილში. საბოლოოდ ეს ჩემი ფოცხვერი აღმოჩნდა ციყვი ან ციყვები. მოვდივარ უკან სიცილით და ყინვის თუ სიმწრის ცრემლებით, მთელი საათი, მეტი თუ არა ციყვების გულისთვის დავიყინეთ იქ. თუმცა გზადაგზა იქმნება ახალი ბალადა რა აღიარებინებთ რომ "ამხელა კაცები" ციყვმა დააფრთხო. იმ ღამეს იმხელა სიცხემ დამცხო სულ ფოცხვერი მაბოდვინა, მეორე დღეს ბებიამაც აღარ დამიჯერა ციყვების ამბავი. ჩემი გიჟის სახელს კიდევ ეგ უნდოდა?! საერთოდ ამეკრძალა ჭიშკარგარეთ გასვლა. (ქალაქში დაბრუნების შიშით, როგორ გადავიდოდი ბებიას სიტყვას, თორემ ბაბუა კი მყავდა ბულკივით კაცი) ასე გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში კისტის თოფი და გაიხსნა ნადირობის სეზონი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent