შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცდომებისთვის არასდროს არის გვიან(პირველი ნაწილი)


16-02-2024, 16:16
ავტორი Liliana 1005
ნანახია 772

მე დაგიფრთხობ ძაღლებს


- რომ გგონია ქალი ღვთაება ხარ, საბედისწერო ქალი, თავბრუდამხვევი და სანატრელი, აი ზუსტად მანდ მოგიცურდება ხოლმე ადამიანს. ვერც კი ვიხსენებ როდის ან როგორ დავკარგე თავი და დამეცა ბნედა იმ ბიჭზე უბანში ერთიდაიმავე ლოკაციაზე რომ ვხედავდი სულ, ერთიდაიგივე ხალხთან ერთად, სიგარეტით ხელში და სევდით თვალებში. მე ვუმკურნალებთქო გადავწყვიტე, მოწყენილი ვიყავი მაშინ. მაგრამ შემეშალა. საინტერესოდ შეეძლო საუბარი ან უბრალოდ იცოდა რისი მოსმენა მინდოდა. მე რომ ვაპირებდი ავალაპარაკებთქო, აქეთ შემისრულა და რეალისტი გოგო, მეოცნებე ფარფატა არსებად მაქცია. მერე მოვბეზრდი, რადგან რაც მოსაყოლი მქონდა გადმოვულაგე, გამიცნო, წამიკითხა და თაროზე შემოსადებადაც არ შეწუხდა, ნაქირავები ბინის არეულ კუთხეში მიმაგდო. ერთი დილითაც კუთხეში მიწყობილ ნახატებთან გამეღვიძა და აღმოვაჩინე რომ ჩემს პორტრეტთან ერთად დამტოვა. შემეშინდა, არ ვიცი რისი უფრო, უმისობის თუ იმ ქალის ნახატიდან რომ მიყურებდა. აქამდე როგორ ვერ შევნიშნე, ან რა ჯანდაბამ გამახარა ეს ნახატი ამაყად რომ მაჩვენა ნახე დაგხატეო. ჩემი ხალები იდეალურად განეთავსებინა სხეულზე, მაგრამ თვალები? ეს ჩემი თვალები არ უნდა ყოფილიყო! ასეთი თვალები არ უნდა მქონოდა!
გაჩუმდა, დაკვირვებით შემომხედა, თითქოს მასკანერებდა, ეძებდა მისი მონათხრობით გამოწვეულ ემოციებს. მე კიდევ ვიდექი სრულიად უემოციოდ და ერთადერთი რაზეც მეფიქრებოდა ის იყო რომ მეც აუცილებლად მომიცურდებოდა ოდესმე, თუ თავს არ დავანებებდი ადამიანების მოსმენას.
- ასე მლესავივით უნდა იდგე? თუ არაფერს ამბობ ერთი ნწუ-ნწუ მაინც გაიმეტე!
- გისმენ!
- დიდი კუდიანი ვინმე ხარ ვითომ დავარცხნილო! მაგრამ ვიცი ერთ დღესაც შენც გნახავ ატირებულს.
- რას მერჩი?
კითხვაზე არ მიპასუხა და თავისი ამბის მოყოლა განაგრძო.
- ყველაფერი კი ამ დაწყველილი ფრაზით დაიწყო: „ უკაცრავად ჩემი სადარბაზოს შესასვლელში ძაღლები ჩხუბობენ მე კი მეშინია“. არააო პრობლემა, დაგეხმარებითო, წამოიშალნენ ბიჭები. ის კი ისევ სიგარეტს აბოლებდა და ირონიული ღიმილით მიყურებდა. დამეხმარნენ ბიჭები და მაგ დღის შემდეგ უბნის კრებას ისე ვერ ჩავუვლიდი რომ არ მივსალმებოდი ან ისინი არ გამომლაპარაკებოდნენ. მაშინვე უნდა მიმვხვდარიყავი - რანაირად შეიძლება იმ კაცის იმედი გქონდეს შენ გამო ძაღლებს რომ არ დააფრთხობს.
- მე დაგიფრთხობ ძაღლებს.
- აღარ მეშინია ძაღლების. ძაღლების კი არა, მგონი უკვე აღარაფრის აღარ მეშინია.
- როგორ თუ არაფრის?! არც იმის, ერთხელაც შემოდგომა ყვითელი ფოთლების გარეშე რომ მოვიდეს?
- შენ რა დამცინი?! - აშკარად უადგილოდ ეჩვენა ჩემი კითხვა.
- არა, რატომ? მე მართლა მეშინია მაგის, იმდენად რომ, შემოდგომის ყოველ დღეს ერთ ფოთოლს ვიღებ, თარიღს ვაწერ და ბლოკნოტში ვინახავ.
- მე სიყვარულზე, გულისტკივილსა და სევდაზე გელაპარაკები, შენ კიდევ ყვითელი ფოთლების შემგროვებლობაზე. არაადეკვატური ხარ! ისე შენს კოლექციას როდის დამათვალიერებინებ?
- მაშინ როცა გაგიგიცნობ და მაშინ თუ გადავწყვეტ რომ სანდო ხარ ჩემი შემოდგომის ისტორიების გასაზიარებლად.
- ეგ როგორ?
- იმ ფოთლებზე თარიღებთან ერთად პატარა, რამდენიმეწინადადებიან ამბებს ვწერ ხოლმე, შემოდგომის დღეების მოკლე შეჯამებას.
- არ ვიცი ვის უნდა გადავუხადო მადლობა, ღმერთს, ბედისწერას, ეშმაკს... მაგრამ მიხარია რომ ერთმანეთს შევხვდით.
ჩვენ კი შევხვდით ასე :
მზე ანათებდა, უფრო მის დანახვას მოჰქონდა სითბო, ვიდრე მის სხივებს.იმდენად ვიყავი გართული მაღალი ხის ტოტებში გაჩხერილი მნათობის ჭვრეტით ვერც კი შევამჩნიე ჩემს მოპირდაპირე სკამზე როდის გაჩნდა. თუმცა ვიზუალი და ჩაცმის სტილი მკარნახობდა მის ნაბიჯებს ხმა არც უნდა ჰქონოდა.
ფართე ჯინსის შარვალი ეცვა. ფართხუნა სვიტრიც რამდენიმე ზომით დიდი უნდა ჰქონდა. ქურთუკი ზურგჩანთასთან ერთად მიეგდო სკამზე. და, რა თქმა უნდა, კედები. ოდესღაც ალბათ თეთრი, ახლა მტვრისფრად ქცეული. შარვლის ტოტები გაცრეცილი დაბოლოებებით.
ლოყები გაწითლებოდა, ხელებს კი ლურჯისა და წითელის დიფუზიის შედეგად უსიამო ფერი მიეღო. თმები ასწეწვოდა, მაგრამ მზის სხივების ფონზე იმდენად ლამაზად ბზინავდა დისონანსს არ ქმნიდა. უცებ ძალიან მომინდა ამ გოგონას ტყავში შეძრომა. დიახ, ვიჯექი მის მოპირდაპირედ დავარცხნილი, მოწესრიგებული, კლასიკურად გამოწყობილი და მინდოდა ახლავე შემძლებოდა მასსავით უხმაუროდ სიარული. აი აქ კი ტელეფონზე დაყენებულმა ავტომატურმა შეტყობინებამ შემახსენა რომ შესვენების დამთავრებამდე ათი წუთი მრჩებოდა. წამით მის მზერას მოვკარი თვალი, გავუღიმე (მგონი მანაც) და უსაშველოდ ხმაურიანი ნაბიჯებით გავეშურე სამსახურისკენ.
მეორე დღეს შესვენებაზე იმავე სკამზე მოსაკალათებლად მისულს, ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა ის რომ უკვე იქ დამხვდა. იგივე ტანსაცმელი ეცვა, მხოლოდ ახლა სახატავი აღჭურვილობით შეაიარაღებულიყო. ფურცელი და უბრალო ფანქარი, მაგრამ რატომღაც მჯეროდა ესეც საკმარისი იქნებოდა მისთვის შედევრის შესაქმნელად. ვერ გავბედე მასთან საუბრის გაბმა, ისე კი ვაფიქსირებდი ერთმანეთს ინტერესით ვუყურებდით. დამშვიდობებისას ისევ გავუღიმე (მგონი მანაც). შაბათ-კვირას სულ გადამავიწყდა ის გოგოც და პარკიც, ორშაბათს გასიერნება დამეზარა, სამშაბათს კი უკვე ჩემს სკამზე დამხვდა.
სანამ რამის თქმას მოვასწრებდი ფურცელი შემომაჩეჩა, რომლიდანაც შავთეთრი საკუთარი თავი მიყურებდა. ჯერ კიდევ ნახატს ვუყურებდი, მან კი აშკარად გაბრაზებულმა მკითხა:
- სად დაიკარგე? რამდენი დღეა ამ სკამზე დაწებებული გელოდები ამ დამპალი ნახატის გადმოსაცემად!
- მე შაბათ-კვირას ვისვენებ. თან არ მითხოვია...
- კარგი რა, ხომ იცოდი აქ რომ ვიქნებოდი, ვიცი იცოდი და ახლა არ დაიწყო საიდან უნდა მცოდნოდაო.
- ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობათ...
- ტყიუ! დარწმუნებული ვარ პირველად რომ დამინახე ჩემზე შენებური თეორია შექმენი. თანაც დამშვიდობებისას მიღიმოდი ხოლმე. მხოლოდ იმიტომ ერთმანეთისთვის სიტყვა არ გვითქვამს არ ნიშნავს რომ არ ვიცნობთ ერთმანეთს.
რაღაცნაირად თავი დამნაშავედ ვიგრძენი შაბათ-კვირას რომ გადამავიწყდა, მაგრამ გადავწყვიტე შემხვედრი გულწრფელობით მეპასუხა:
- მართალი ხარ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა შაბათ-კვირას აღარც გამხსენებიხარ. შენ კი ალბათ იმიტომ გახსოვდი ეს დამპალი ნახატი რომ გქონდა გადმოსაცემი.- ბოლოს გავუღიმე რათა მიმხვდარიყო რომ ნახატთან დაკავშირებით ვეხუმრე. მაგრამ ვერ მიხვდა.
- თავხედო, ისე რომ იცოდე მრავალფეროვანი ფერთა პალიტრა რომ მქონოდა მაინც შავ-თეთრად დაგხატავდი. გამოწკეპილო უსულო თოჯინა!
ზურგი მაქცია. უხმაუროდ და ამაყად მიდიოდა. ამან თითქოს გამაბრაზა. არც ვიცი რა ძალამ მიკარნახა ან ის ბრაზი საიდან მოვიდა, შემდეგ სიტყვებს რომ ამოვაყოლე:
- შენზე რამე დამპალ ტექსტს დავწერ გაწეწილო!
პასუხად აწეული შუა თითი მივიღე, მოხედვით თავიც არ შეუწუხებია.
მეორე დღეს ერთი სული მქონდა შესვენება როდის დაიწყებოდა. გული მიგრძნობდა იქ დამხვდებოდა. არც შევმცდარვარ. იჯდა პარკში გაღიმებული, თითქოს გუშინ თავად არ დამამხო თავზე ყველაფერი.
- გამარჯობა გამოწკეპილო!
- გაგიმარჯოს გაწეწილო!
- სახელები შეგვიძლია გავცვალოთ!
- მე მარიამი მქვია, შენ? - მისი მბრძანებლური კილო წამში გავაცამტვერე, რამაც ცოტა დააბნია და ვფიქრობ ამიტომ მოუნდა ჩემი წაკბენა.
- სახელიც როგორი ბანალური და დავარცხნილი გაქვს. შავ-თეთრი შენი ფერია.
- არათანაბარ პირობებში მაყენებ. შენი სახელი მითხარი, ეგებ მეც შევძლო მწარედ შეფასება.
- მე ლილითი მქვია.
სიამაყე და კმაყოფილება იგრძნობოდა მის ხმაში. მე კი კოვზი ნაცარში ჩამივარდა. სახელიც როგორი აწეწილი აქვს, ლიტერატურული.
- ლილითი შაბლონური სახელია პერსონაჟისთვის, ასე რომ შენს შავ-თეთრ ნახატს ბანალური ტექსტით შემიძლია ვუპასუხო.
- ვაღიარებ „ძვირფასო“ მარიამ, ერთობ დავარცხნილი გოგოს კვალობაზე საოცრად გონებამახვილი ხარ.
- მადლობა ლილითი.
ჩემს არც ისე გულწრფელ მადლობას გულგრილად შეხვდა. რატომღაც ვეღარ შევძელი მისი ნერვების მოშლა.
- მომიყევი აბა რა გაიძულებს დავარცხნილ არსებას პარკში მარტო ხეტიალს.
- ყოფის აუტანელი სიმსუბუქე.
- დრამა ქვინი ხარ ფაქტია, მაგრამ არის შენში რაღაც საინტერესო. განაგრძე აბა საკუთარი თავის დახასიათება.
- ყოფის აუტანელ სიმსუბუქეში მარტოსულობის უპირატესობით ვტკბები და ვმართავ დიალოგს სიკვდილთან კლდის პირზე ჭვავის ყანაში.
- ოჰო, რაღაც ქვესკნელური აზრები გაწუხებს.
არ ვიცი შენიშნა თუ არა ჩემი “გონებამახვილური” აღწერილობის აზრი, მაგრამ ფაქტია გულწრფელად წუხდა იმის გამო, რომ რაღაც შავბნელ აზრებთან მქონდა საქმე.
- შენზე რას იტყვი?
- მე განვუდექი პედანტ ოჯახს, შეყვარებულთან ერთად გადავედი საცხოვრებლად, გვეგონა ნახატების გაყიდვით ავიწყობდით ბუდეს, მაგრამ გვეგონა მხოლოდ. ბოლოს მოგვბეზრდა დაბოლილებს ერთად სიცილი და ერთმანეთის ნახატებით ტკბობა.
- და?
- დავიშალეთ.
უბრალოდ მპასუხობდა, სასხვათაშორისოდ, მაგრამ ეტყობოდა ამბავი არც ისე უბრალო უნდა ყოფილიყო.
- ლილითი გიყვარს ზღაპრები?
- ტყიულია სულ ეგ ზღაპრები, მაგრამ ლამაზი ტყიული და სასიამოვნოა მათი მოსმენა.
- გინდა შენი ზღაპარი გქონდეს?
- სამაგიეროდ შავ-თეთრი ნახატისა?
- დიახ, მხოლოდ მე შენგან დამჭირდება ინფორმაცია რომ რეალობას ზედმეტად მოკლებული ამბავი არ მოვყვე. შენ მითხარი რეალობა მე კი ლამაზად შევფუთავ.
- ანუ აპირებ მომატყუო?
- არა, მე ვწერ ზღაპრებს კეთილი დასასრულით, რადგან მჯერა რომ კეთილი დასასრული არსებობს.
- მიამიტო დავარცხნილო გოგო!

***

- მე ის ახლაც მიყვარს. მიყვარს ის და მძულს ჩემი თავი.
- კი მაგრამ, რით დაიმსახურა?!
- ასეთი დავარცხნილი რომ არ იყო, გეცოდინებოდა სიყვარულს მიზეზები არ სჭირდება.
- ჯერ ერთი, ძალიანაც სჭირდება და მერე მეორეც, მე სიძულვილის მიზეზები მაინტერესებდა.
- უფრო კარგი უნდა ვყოფილიყავი, უფრო ძლიერი, არ უნდა ეგრძნო რომ მის გამო ყველაფერს დავთმობდი, არ უნდა გამეშიშვლებინა ჩემი სული.
- პირადი გამოცდილებიდან ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, მაგრამ დაკვირვებათა უმეტესობა როგორც მიჩვენებს, სიყვარული სტრატეგიულ- ლოგიკურ-კომბინაციური თამაში უფროა, რომელშიც ზუსტად უნდა განსაზღვრო როდის უნდა დაიფასო თავი, როდის მისწერო ან დაურეკო პირველმა და როდის არ უპასუხო მის ზარსა თუ შეტყობინებას. როდის აეჭვიანო და როდის დაუმტკიცო შენი ერთგულება. და თუ ბოლო ტურსაც წარმატებით დახურავ ქორწინების მოწმობა ჯიბეში გაქვს. მაგრამ მინახავს წყვილები ქორწინებიდან ათი, ოცი, ორმოცი, სამოცი... წლის შემდეგაც რომ ისევ აციმციმებული თვალებით უყურებენ ერთმანეთს, იმდენად მოხუცებულები არიან სიარული უჭირთ, მაგრამ საყვარელ პარკში გასეირნების ჩვეულებას ვერ ღალატობენ. ჩაჰკიდებენ ერთმანეთს მოყავისფრო ლაქებით, ლურჯი ხაზებით მორთულ ხელებს და მათი ტკივილითა თუ კოჭლობით, სიმწრით გადადგმული ნაბიჯები, ჩემს ჯანმრთელ ნაბიჯებზე უფრო გამართული მეჩვენება. აი ასეთი წყვილები, მგონია ზუსტადაც იცნობენ ერთმანეთის სულებს და ბევრს, ბერვს საუბრობენ. სხვანაირად განა რა გამოდის, იმის შიშით ვიღაცას არ მობეზრდე, მთელი ცხოვრება თამაშში უნდა გაატარო?
- და შენ რა გგონია სიყვარული?
- მე მგონია, რომ იმ ათობით, ასობით, ათასობით ადამიანიდან რომელიც ცხოვრებაში გვხვდება ერთ-ერთი აუცილებლად იქნება „ის ერთადერთი“. ერთადერთი, რომელიც მიგვიღებს ჩვენი ბნელი მხარეეებით და რომელის ბნელ მხარეებსაც მივიღებთ. ვისთანაც საინტერესო და კომფორტული იქნება. შეგვეშლება, ვაწყენინებთ, გავაბრაზებთ, ვაპატიებთ ერთმანეთს. გავითვალისწინებთ ერთმანეთის აზრებს, წარსულ შეცდომებს და წავალთ გონივრულ დათმობებზე.
- ლამაზი სიტყვებია, მაგრამ საინტერესოა იმედგაცრუების შემდეგაც თუ იმავე აზრზე იქნებოდი. თანაც მე მაქვს უფლება, მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, სიყვარულის ძებნა შევწყვიტო.
- არ გეწინააღმდეგები, არც არაფერს გიმტკიცებ. უბრალოდ მგონია, რაც არუნდა მწარედ გავახსოვდეს ბავშვობაში გახურებულ ღუმელზე მიდებული თითის წვა, ყოველთვის შეიძლება იმავე ღუმელზე ისეთი რამე დავდოთ, რომ ნაცნობი ტკივილი გადაგვავიწყდეს და კვლავაც ზედმეტად მივუახლოვდეთ. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და მას ისევე აქვს არსებობის უფლება, როგორც შენს აზრს.
- ჰა-ჰა-ჰაა. კარგი იუმორნარევი მინიშნება იყო. მართალიც ხარ, მაგრამ მაინც გეტყობა, რომ არ გყვარებია და არ გტკენია.
- მაგისთვის ზედმეტად დავარცხნილი აღმოვჩნდი, შენგან განსხვავებით გაწეწილო და ჩემი აზრით, თავის შესაძულებლად არ გაქვს მიზეზები.
- მგონი დროა შენზეც მომიყვე.
- სამართლიანი მოთხოვნაა, მაგრამ საკუთარ თავზე საუბარს ვერ ვიტან. მოდი ამბავს მოგიყვები ერთ გოგოზე...

ამბავი გოგოზე ცვლილებების რომ ეშინოდა


ცვლილება! ეს სიტყვა განგაშის ზარს სცემდა, აშინებდა. მაგრამ დრო იყო - უნდა დაეტოვებინა თავისი მყუდრო თავშესაფარი და ხალხში გარეულიყო. შეუმჩნეველი ნაწილაკი გამხდარიყო ბეტონისა და მოფუსფუსე საზოგადოებისა. ხელების კანკალით ალაგებდა ჩემოდანში თავის ტანსაცმელს, სათითაოდ უხდიდა ბოდიშს ბავშვობის თანამგზავრ ნივთებს თან რომ ვერ მიჰქონდა და რაღაცნაირად ამშვიდებდა მაგიდის სანათის თავზე სუსტად განათებული წიგნის თაროები, თითქოს მათზე შემოლაგებული წიგნების გაყვითლებულ ფურცლებზე ამოკითხული ცხოვრებისეული გამოცდილება დაიცავდა და დაეხმარებოდა უცხო რეალობაში.
იგრძნო პირველად გადააბიჯა კომფორტის ზონას, როცა ჭისკარს მიღმა აწკმუტუნებულ ძაღლს გარეთ გამოსვლის ნება არ მისცა. იცოდა თუ გვერდით დაიგულებდა, ვერ ავიდოდა დიდი ქალაქისკენ მიმავალ მიკროავტობუსში. ამავე მიზეზით აუკრძალა ოჯახის წევრებს გაცილება და მერე თითქოს ყოველი დამატებით კილომეტრის შემდეგ, რომელიც სოფელს აშორებდა, გული სულ უფრო უწვრილდებოდა.
ისეთიც არავინ ეგულებოდა თავის განცდებზე მოეყოლა. ყველა დასცინებდა ამხელა გოგოს ქალაქში გადასვლის როგორ გეშინიაო.და ინახავდა თავისთვის ფიქრებს, რომელიც გაცილებით მეტს იტევდა ვიდრე ქალაქში გადასვლაზე ნერვიულობაა.
მარტივად შეეგუა ყველაფერს, უფრო სწორად რამედნიმე უსიამოვნო შემთხვევისა და იმედგაცრუების მერე აღმოაჩინა,რომ ჯობდა თავისი რქებისთვისაც და თავისი ფრთებისთვისაც თავად მიეხედა. სხვები მოატეხავდნენ,მას კი შეეძლო დაემალა და მხოლოდ იმ სიტუაციაში და იმასთან გამოეჩინა, ვისაც ამის ღირსად ჩათვლიდა. ახლაღა გაიაზრა ბებოს დარიგება ბავშვობაში სულ რომ უმეორებდა- ქარიშხალივით არ იქროლო იქ სადაც სიოც კი არ მოძრაობსო.
გაოცდა როცა აღმოჩინა რომ არა მხოლოდ თვითონ უყურებდა ახალ გარემოს გაკვირვებული,ეს გარემოც გაფართოებული თვალებით გახედავდა ხოლმე და ჩუმ ბუტბუტში ალგ-ალაგ შემდეგ ფრაზებს იჭერდა: „სოფლელი ასეთი როგორაა?“, „ან გიჟია,ან ზედმეტად ჭკვიანი“, „ხო მაგრამ მაინც ეტყობა სოფლელობა“...
მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ ელოდა. როცა იფიქრა სწავლას ალღო ავუღე და ახლა კარგი იქნება სამსახურიც ვიშოვოო, ბედმა იქ მიიყვანა საიდანაც რადიკალურად შეცვლილი დაუბრუნდა თავის თავს.
სამსახურში მიღებამდე ტრენინგები უნდა გაევლო. თავიდან როგორც სჩვეოდა გულმოდგინედ დაიწყო სწავლა, ისე რომ ხელმძღვანელის პიროვნებით საერთოდ არ დაინტერესებულა.მაგრამ ერთ დღესაც მის თვალებს მოკრა თვალი და ალბათ გაყვითლებულფურცლიანი რომანების გავლენით, მათში რაღაცის ამოკითხვა შეძლო. ვერ ხვდებოდა რა იყო ეს,მაგრამ გრძნობდა რომ საკუთარ პიროვნებას ვეღარ იტანდა, საკუთარი გარეგნობა ეზიზღებოდა.ყველაფერს დათმობდა ნარნარა და ლამაზი არსება რომ გამხდარიყო და ამის გამო კიდევ უფრო იძულებდა საკუთარ თავს. საუკეთესო შედეგი აჩვენა, ხელმძღვანელისგან საუკეთესოს წოდება და შოკოლადის დაპირებაც მიიღო. მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაიაზრა რომ უბრალოდ კორპორატიულ ინკუბატორში გაზრდილი მორიგი წიწილა იყო, რომლის ბედით ინკუბატორის დატოვების შემდეგ აღარავინ ინტერესდება.
მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა, უამრავი ცვლილება გადაიტანა.დღეს უკვე ნარნარა და ლამაზი არსება, წარმატებული და ძლიერ ქალი, ფეხსაცმლის ქუსლების ბაკუნით მიუყვება ყვითელი ფოთლებით დაფარულ ტროტუარს და შოკოლადის სურნელთან ერთად ქარს ის განცდა მოაქვს, მაშინ რომ შოკოლადს შეპირდნენ და მოატყუეს.
პიჯაკს იცვამს, იმ რწმენით თუ სხეულზე ქარს ვეღარ იგრძნოს, აბეზარ განცდებსაც მოიშორებს. ამართლებს მცდელობა და ახლა უკვე ლოყაზე ფოსოგაჩენილი იმაზე იწყებს ფიქრს, როგორ შეიძლება ასე მოულოდნელად და წამიერად ჩნდებოდნენ ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში, თავდაყირა გვიყენებდნენ ყველაფერს და ისე მიდიოდნენ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.


***

- ჰაჰ, აბა სიყვარულის აზრზე არ ვარო?
- ეგ არ ყოფილა სიყვარული.
- ლამაზი და წარმატებული ქალის იმიჯიც საზოგადოების შეფასებაა ხომ შენდამი?
- ნამდვილად. აბსურდი, რომელში ცხოვრებასაც რატომღაც ვაიძულებ საკუთარ თავს. უბრალოდ არ ვიცი სხვანაირად როგორ ვიცხოვრო, თითქოს წინასწარ განსაზღვრულ გეგმას მივუყვები, რომელიც ჩემში ჩააპროგრამეს: სკოლის დამთავრება, უნივერსიტეტში ჩაბარება (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), სამსახურის დაწყება. და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მთელს ამ ინერციაში საკუთარი თავის იძულება, ყველაფერში საუკეთესო/მაქსიმალური შედეგი აჩვენო, გამოტოვო შეცდომების დაშვების, სისულელეების კეთების პერიოდი.
- შენ ამ მდგომარეობამდე მისვლის მიზეზებზეც გექნება ნაფიქრი.
- სულ სხვებისკენ ვიშვერდი ხელებს, მშობლებმა არ დამაკვალიენეს, არავინ მიჩვენა მიმართულებათქო, არავინ მითხრა რომ სამყაროში უამრავი ვარიანტი არსებობს და არაა აუცილებელი იმ ჯაჭვში ბრმად ჩაბმა, რომელიც წეღან ვახსენე. მაგრამ ბოლო პერიოდში გავაცნობიერე რომ არ აქვს მნიშვნელობა რა იყო წარსულში, მნიშვნელოვანი ის არის როგორ ვიქცევი დღეს, რას ვაკეთებ იმისთვის, რომ გამოვასწორო სიტუაცია? სიმართლე ითქვას ბევრს არაფერს, რადგან რთულია საკუთარი ფესვგადგმული ვერსიის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ხანდახან ვწრუპავ პინაკოლადას ან ჯინ ტონიკს კიტრით, ვხუჭავ თვალებს და სხეულს ვაყოლებ მუსიკას, რომლის ვიბრაციაც გულთან მირტყავს. აბა რა გეგონა, დავარცხნილ გოგოებსაც აქვთ საიდუმლო ბოჰემური ცხოვრება.
- მე წაგიყვან შენ წვეულებაზე.
აუცილებლად წამოვალთქო კი ვუპასუხე, მაგრამ საერთოდ არ მიფიქრია ეს წვეულება მართლა თუ იქნებოდა, თანაც ასე მალე, თანაც მართლა თუ წავიდოდი.

წვეულება


წვეულებაზე წაყვანის შეპირებიდან მეორე საღამოს უკვე იქ ვიყავი. დიდი სახლი ქალაქგარეთ, აუზით და სხვა მსგავსი სახლებით გარემოცვაში, უამრავი ხალხით და ხმამაღალი მუსიკით.
ლილითის მისვლამ ხმაური და მხიარული მისალმებები გამოიწვია, მე კი მხოლოდ რამდენიმე სასხვათაშორისო ინტერესი ჩემი ვინაობისადმი.
- წამო დავარცხნილო ბიჭები უნდა გაგაცნო. თან გახსოვდეს რომ შეცდომების დასაშვებად არასდროსაა გვიანი.
სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, უფრო სწორად სანამ ვუარყოფდი შემოთავაზებას, უკვე ხელჩაკიდებული მიმათრევდა ოთხი ბიჭისკენ, რომელთა გარშემოც საკმაოდ ბევრი გოგო ირეოდა. როცა ჩვენი მიახლოება შენიშნა, ერთ-ერთი მათგანი სწრაფად გამოეყო კრებას და ლილითის გადაეხვია.
- ლილ, რაღაც დღეს დააგვიანე მოსვლა. ცოტათი შემეშინდა კიდეც საერთოდ აღარ მოვათქო.
- შემაყოვნა ჩემმა დავარცხნილმა მეგობარმა, სანამ სამსახურიდან გამოეტეოდა.
- სასიამოვნოა დავარცხნილო, მე ლუკა ვარ.
- მარიამი.
ამასობაში დანარჩენმა სამმაც მოგვაქცია ყურადღება. ლილითის ისინიც თბილად გადაეხვივნენ, აი მე კი წინამორბედისგან განსხვავებით, საკმაოდ ირონიულად შემხვდნენ.
- კარგი რა ლილი, სად პოულობ ხოლმე ასეთ ანომალიებს.
- ძალიანაც საინტერესო ანომალიაა მერწმუნე, მაგრამ შენ არ გეღირსება მაგის მიხვედრა. - რაღაცნაირად უცნაურად დამიცვა ლილითიმ, მაგრამ ვაღიარებ მესიამოვნა. რადიკალურობა მის ხმაში ლუკამაც შენიშნა და სიტუაციის შემსუბუქებას შეუდგა.
- რას დალევს დავარცხნილი მარიამი?
- ჩემს მეგობარს მე თვითონ დავპატიჟებ სასმელზე და ასეც მხოლოდ მე მოვიხსენიებ! შენ შეგიძლია შენს მეგობრებთან ერთად გააგრძელო ფლირტაობა. - დანარჩენებზე მიმართული ბრაზი, ლუკაზე გადმოანთხია ჩემმა ახალმა მეგობარმა, ისევ ჩამჭიდა ხელი და ახლა იმ მაგიდისკენ წამათრია, რომელზეც პუნშით სავსე კონტეინერი იდგა.
- მომისმინე დავარცხნილო, ვისთანაც გინდა იმასთან დაუშვი შეცდომა, მაგრამ არა ამ თვითკმაყოფილ იდიოტებთან, განსაკუთრებით დათოსთან.
- ჩამოყალიბდი ლილი დავუშვა თუ არა შეცდომა ბოლოსდაბოლოს?
- კი, მაგრამ გაფრთხილებ რომ დათოსნაირებთან შეცდომის დაშვება მარტივია, ხოლო მერე დაკარგული თავის პოვნა რთული.
- ლუკაზე რას იტყვი?
- ლუკასგან მე გიცავ. - აქ ორივს გაგვეცინა, ჭიქები პუნშით ავავსეთ და საუბრის გაგრძელებას ვაპირებდით, როცა ლუკამ პინგ-პონგის ჩემპიონატის დაწყების შესახებ გვაცნობა.
- რა მაგარია, მინდა მონაწილ... ვერც დავასრულე სიტყვები, რომ კვლავაც ირონიული შეფასება მივიღე.
- ლილი უთხარი შენს პირად აუდიტს რაც ელოდება, მერე რომ არ იტიროს.
ჩემდა გასაკვირად ლილითის არაფერი უპასუხია დათოსთვის, მკლავში ჩამჭიდა ხელი, ოდნავ გვერდზე გამიყვანა და მიჩურჩულა:
- მე კი სიამოვნებით გიხილავდი ჩემპიონატში, მაგრამ უნდა გაგაფრთხილო, აქ წაგება ძვირად ფასობს. შენ ან დათოს სურვილს ასრულებ, მისი სურვილი კი რაც თავი მახსოვს ყველა წაგებული გოგოსადმი ერთია, ან აუზში ხტები.
- რატომ დათოს სურვილს?
- იმიტომ რომ ის დაუმარცხებელი ფალავანია.
აი აქ კიდევ უფრო გაძლიერდა ჩემი სურვილი ჩემპიონატში მიმეღო მონაწილეობა. ლილითის ვუპასუხე დასამტკიცებელი მაქვს, რომ ნამდვილად ანომალია ვართქო და ჩემი რიგითი ნომერი ამოვიღე დოლურიდან. თან ვერ ვბედავდი მეკითხა, რა სურვილის შესრულება მომიწევდა თუ ოქტომბრის ბოლოს აუზში გადახტომაზე უარს ვიტყოდი.
ყველაფერი იმაზე მარტივად წარიმართა ვიდრე ველოდი. სამი მეტოქე მარტივად დავამარცხე და იმდენად შევედი აზარტში, სულ დამავიწყდა რაღაც მზაკვრული სურვილის შესრულების საშიშროება რომ მელოდა. საშიშროება კი ნამდვილად იყო, რადგან მეორე მაგიდასთან ჩემზე მარტივად ამარცხებდა თვითკმაყოფილი იდიოტი მეტოქეებს.
და ფინალში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. იყო დაძაბული ბრძოლა, მაგრამ ბოლოს მე დავმარცხდი. კარგით ვიტყუები, მარტივად დამამარცხა. თუმცა მარცხს ღირსეულად შევხვდი და ომახიანად ვკითხე მითხარი შენი სურვილითქო. წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მერე შიგადაშიგ სიცილი გაისმა, მერე კიდევ ყველა ახარხარდა. მივხვდი რაღაც სისულელე ვიკითხე. თანაგრძნობის მისაღებად ლილითისკენ გავიხედე, მაგრამ ისიც გულიანად იცინოდა, თან თვალებით მეუბნებოდა ხომ გაფრთხილებდიო.
სხვა დროს ალბათ ნაპირზე ამოგდებული აფართხალებული თევზივით დავიწყებდი ნერვიულობას, მაგრამ ახლა უკან დახევას არ ვაპირებდი. მართალია ვერ წარმოვიდგენდი, რას შეიძლება ვეიძულებინე გაყინულ წყალში ჩავმხტარიყავი - სიცივე და წყალი ჩემთვის ორი ერთმანეთზე უფრო საშიში სტიქიაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი ამ ბიჭის სურვილის შესრულებას. სიცილი ისევ გრძელდებოდა და მის ჩასახშობად მომიწია ხმამაღლა მესაუბრა:
- შეიძლება თქვენთვის ცნობილია ჩემპიონის სურვილები, მაგრამ მე მის შესახებ არაფერი მსმენია, იქნებ მალე მითხრათ, თორემ წყალი უფრო გაცივდება.
- ჯერ არავინ გადამხტარა აუზში გოგონი.
- ნუ იჩქარებ არჩევანს, კარგად დაფიქრდი.
კიდევ იყო რაღაც რჩევები, მაგრამ მე უკვე აღარაფერი მესმოდა, რადგან დათო მომიახლოვდა და ყურში მიჩურჩულა თვისი ცნობილი სურვილი. მე კი არც დავფიქრებულვარ, ზურგი ვაქციე და აუზში გადავეშვი. მერე რაც მოხდა უკვე იმის შემდეგ გავიგე, ოთახში საწოლზე მისვენებულმა რომ გავახილე თვალები.
- შენ გოგო ხომ არ გააფრინე, წყლის ფობია თუ გაქვს და ცურვა არ იცი რას ეშვებოდი თავით, მაგას არ ჯობდა ერთი ღამე გაგეტარებინა იმ იდიოტთან?! - ცოფებს ყრიდა ლილითი.
- ერთი ღამე?!
- ხო რა იყო, გაზარდა ღამეების რაოდენობა?
- ანუ ერთი ღამე არის მისი ცნობილი სურვილი?
- კი და შენ რა არ გითხრა, თუ აუზში ტვინი გამოგერეცხა?
- ეჰ კარგი რა, ეგ რომ ეთქვა ხომ აღარ გადავხდტებოდი. მე უბრალოდ მითხრა ჩამეხუტეო. - გავიღიმე და ახლაღა ვიგრძენი, რომ ძალიან მციოდა, ისევ სველი ტანსაცმელი მეცვა.
- აბა ამას უყურე, კაი გაიძვერა ვინმე ხარ შენც. ისე ნეტავ რა მოეჩვენა ვაჟბატონს, სურვილი რომ შეცვალა.
- ეგ არ ვიცი, მაგრამ იქნებ რამე ტანსაცმელი მიშოვო, თორემ გავიყინე.
- მიდი შხაპი მიიღე, ხალათი კარადაში იქნება, მე მანამდე შევეცდები გიშოვო რამე ტანსაცმელი.
დანაპირები შეასრუალა, სააბაზანოდან რომ გამოვედი ტანსაცმლით დამხვდა, მაგრამ თან ჩეთვის არასასიამოვნო პიროვნება ახლდა.
- რა თავის ტკივილი გამიჩინე ლილი, მოიყვანე ეს საშინელი აუდიტორი, რომელიც ჯერ იმედგაცრუებისგან თვითმკვლელობას ცდილობს და მერე ტანსაცმელს მართმევს.
- რა შუაშია იმედგაცრუება და ახლავე გაეთრიე ოთახიდან?
- ხო დამავიწყდა საკუთარი ოთახიდანაც მაგდებს.
არც ამ ბიჭის ტანსაცმელი მინდოდა, არც მისი ოთახი და საერთოდ არაფერი მასთან ასოცირებული, ვგრძნობდი სიბრაზიგან შეიძლებოდა გავმსკდარიყავი, მაგრამ ვერაფერს ვშვებოდი, იმისთვის რომ იქაურობას გავცლოდი, მინიმუმ ტანსაცმელი მჭირდებოდა. ამიტომ გონივრულ ფარგლებში მოვთოკე თავმოყვარეობა, ავიღე ტანსაცმელი და სააბაზანოში შევბრუნდი. იქედან გამოსული ლილითის დავემშვიდობე, ვაჟბატონსაც დავპირდი რომ გარეცხილ სამოსს დავაბრუნებდი და ამაყად მივაჯახუნე ოთახის კარი.
თუმცა სამწუხაროდ სახლს დიდად ვერ მოვშორდი - ტაქსი ვერ გამოვიძახე, კი გამაფრთხილა დათომ გამოსვლისას შორს ვერ წახვალო, მაგრამ მის მოსმენას არ ვაპირებდი. იქვე შორიახლოს ჭიშკართან მოვიკალათე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავყურებდი. ლილითიმ რამდენჯერმე გამომაკითხა შემოდიო, ბოლოს დამემუქრა მე აქ გამომსვლელი აღარ ვარ გინდა სიცივისგან გალურჯდი და გინდა მხეცებმა დაგგლიჯონო.
- პინგ-პონგის ჩემპიონატს ვიწყებთ თავიდან, შემოგვიერთდი.
- არა იყოს.
- შემოდი სახლში, თორემ აქ შეიძლება რამემ შეგჭამოს.
- არა იყოს.
- შენ რა იყო მართლა ისეთი იმედგაცრუებული ხარ, ყველანაირად ცდილობ ს?
- რა იმედგაცრუებაზე მელაპარაკები?
- ვითომ არ იცოდი რა იყო ჩემი სურვილი, სხვა რამ რომ გითხარი გული გეტკინა.
- მაგასთან დაკავშირებით ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ.
- ოხო, უკვე გულწრფელად ალაპარაკდი. წამო შევიდეთ სახლში და იქნებ შევცვალო ისევ სურვილი.
- არაა, ახლა მოწყალებასავით ჟღერს და აღარ მჭირდება.
- არ ვიცი შენ რა გჭირდება, მაგრამ მე იმისთვის არ ამომითრევიხარ იმ აუზიდან, რომ მხეცებს შეეჭამე აქ, ასე რომ ...
ხელში ამიყვანა და ძალით შემათრია ეზოში, სადაც წვეულება კვლავაც გრძელდებოდა. მე გავიბრძოლე რომ გამეღწია გარეთ, მაგრამ ჭიშკარი ჩაკეტა მე კი გაბრაზებული დამტოვა, გაერია გოგებში და ჩემთვის ყურადღება აღარც მოუქცევია.
აღარც ლილითის ეცალა ჩემთვის, ლუკასთან ერთად ცეკვავდა. თუმცა იქვე მაგიდაზე პუნშის კონტეინერი ჩემსავით მარტოსულად გამოიყურებოდა. მეც მივედი მასთან, ორი ჭიქა შევავსე და ჩემთვის მყუდრო ადგილის ძებნა დავიწყე, რომელსაც სახლის მისაღებში მივაგენი. სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი, პუნში ავითვისე და ჩაძინებას ვაპირებდი, ისევ არასასუველი ხმა რომ შემომესმა:
- ჩვეულებრივი ოკუპანტი მომიყვანა ლილიმ სახლში, ჩემს საყვარელ სავარძელს როგორღა მიაგენი?!
- იგულისხმე რომ პრინციპულად ავდექი და პროტესტის ნიშნად დავტოვე შენი სავარძელიც და სახლიც, მაგრამ ახლა ფიზიკურად არ შემიძლია აქედან ადგომა.
- როგორ დამთვრალხართ ქალბატონო აუდიტორო, მაგრამ სასმელი ვერ დაგეხმარებათ უმკურნალოთ სევდას, ჩემ მიერ გამოწვეულს.
- შემახსენე, რომ მოგვიანებით გიპასუხო, ფიზიკურად არ შემიძლია ახლა საუბარი.
და გამორთული ტელევიზორივით გავითიშე. თვალების გახელის შემდეგ, თავის ტკივილი, რომელმაც გამაღვიძა უცებ გაქრა, რადგან უფრო საშინელებას ჩემს გვერდით ეძინა. უფრო სამართლიანად რომ ვთქვათ მე მეღვიძა მის გვერდით, მაინც მისი სახლი და საწოლი იყო. ისეთი გაბრაზებით და დაჟინებით შევხედე, მგონი ჩემმა მზერამ გააღვიძა.
- რა იყო ისევ ჩემ გაუპატიურებას აპირებ?
- და როდის ვაპირებდი?
- პათოლოგიურ სიმთვრალეში, ოკუპანტო აუდიტორო.
- იმედი მაქვს იქეთ არ გაგიუუპატიურებივარ.
- შენთან რამე ინტერესი რომ მქონოდა, იცი რასაც ვისურვებდი და შენც გული აღარ გეტკინებოდა.
- კარგია რომ სისხლის სამართლის კოდექსის დაურღვევლად დავიშალეთ.
- ვერ ვიტყოდი, აშკარად ჩემს ტანსაცმელს იპარავ.
- ჩემი ტანსაცმელი რჩება სამაგიეროდ შენთნ.
- ვის რაში სჭირდება შენი საშინელი კლასიკური სამოსი?! აივანზეა შეგიძლია ჩამოხსნა და ჩაიცვა.
ასეც მოვიქეცი და ლილითის ძებნას შევუდექი, რომელიც ოქტომბრის ფერად პეიზაჟს შავ-თეთრად ხატავდა.
- ოხ, როგორი შეცდომა დაუშვი აბა?
- არანაირი შეცდომა, უფრო სწორად კი შევცდი, მაგრამ ისე არა, შენ რომ გულისხმობ.
- რამდენჯერ შეცდი თუ საიდუმლო არაა?
- კარგი რა ლილითი, ეგეთი არაფერი. წავიდეთ რა.
- მოსაწყენი ხარ რა. რანაირად არ შეცდი. არსადაც არ წავალთ, ნახე რა სიმშვიდე და სილამაზეა აქ, შეცდომის დაშვებას მოგანდომებს ადამიანს.
- მე მივდივარ.
- ერთი ის გამაგებინა სად მიგეჩქარება, ხვალ კვირაა, შეირგე დასვენება.
- დანარჩენები სად არიან? ვინმეს მაინც დავემგზავრები.
- წავიდნენ.
- ყველა?
- კი, მხოლოდ მე, ლუკა, შენ და დათო დავრჩით.
- დღე მაინც ხომ მოვა ტაქსი.
- კი მოვა, მაგრამ მართლა გინდა რომ მოვიდეს?
- არა, მე მინდა პინაკოლადა ან ჯინ ტონიკი კიტრით.
- და შეცდომის დაშვება.
- კარგი რა ლილი, არაა.
- არა მაინც ვერ გავიგე, რატომ შეცვალა სურვილი.
- გუშინ ფოთოლი არ შემინახავს ბლოკნოტში, დღეს ორი ფოთოლი მაქვს საპოვნელი.
- ნამეტანი რთული საქმეა ამ შუაგულ ტყეში ფოთლების შეგროვება.
- ნუ დამცინი.
- დღეს გვერდით სახლშია წვეულება, შეგიძლია იქ მაინც იპოვე ვინმე, ვისთანაც შესცოდავ.
- აღარანაირი წვეულება თავი მისკდება საშინლად.
- მოსაწყენოოო. კარგი შეგიძლია აქ დარჩე, ხვალ როცა გავცოცხლდები დავბრუნდეთ ქალაქში.ახლა წავალ ლუკას გავაღვიძებ.
ამ ორის ურთიერთობა ცოტა მაბნევდა, მაგრამ ზედმეტი კითხვების დასმისგან თავს ვიკავებდი. თუ რამის თქმა ენდომებოდა, არ მოერიდებოდა ჩემს ახალ მეგობარს. ახლა ის უფრო მადარდებდა ქალაქში დაბრუნებამდე დრო როგორ გამეყვანა. სწორედ ამ დროს შევნიშნე ჰამაკი, ბევრი აღარ მიფიქრია მოვკალათდი და მალე ჩამეძინა.
- რევანში არ გსურს? - ეს ისევ ის ხმა იყო, რომლის გაგონებაც არ მინდოდა. თვალები მძიმედ გავახილე და პლედიდან გამოვძვერი, რომელიც არ მახსოვს როდის დავიფარე.
- ჩემი იმუნიტეტი კიდევ ერთხელ აუზში ჩახტომას ვეღარ გაუძლებს.
- კარგი ამჯერად აღარ გატკენ გულს და შენ სასურველ სურვილს შეგასრულებინებ.
- როგორი მოწყალე ხარ, მაგრამ ახლა მთელი ჩემი გული და გონება მხოლოდ საჭმელზე ფიქრითაა მოცული.
- მეც მაგრად მომშივდა, შეგვიძლია სამზარეულოს ვესტუმროთ.
წვეულების ნარჩენებსგან რამდენადაც შესაძლებეილი იყო სენდვიჩები გავაკეთე, მისთვის არ შემითავაზებია, მაგრამ რაოდენობრივად იმდენი მოვამზადე იგულისხმებოდა რომ მისთვისაც იყო განკუთვნილი. მზადების პროცესშიც და მერეც, სულ რაღაცებს საუბრობდა, მე კი მისთვის არ მეცალა. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი საჭმელს და წარმოვიდგენდი როგორ გემრიელად ჩავკბიჩავდი სენდვიჩს. გუშინდელს მერე არაფერი მეჭამა, არადა უკვე საღამო იყო.
- როგორი მზრუნველი ხარ და როგორი უჟმური. ხო კარგი რა იყო, მიირთვი ეგ შენი გემრიელი სენდვიჩები. იმ ძაღლს გავხარ საჭმელი რომ უყრია და ყოველი გაფაჩუნებისას იღრინება, ეშინია არავინ წაართვას მცირე ლუკმაც კი.
როცა ცოტა დავნაყრდი, გონება გამინათდა და გავიაზრე, რაღაცნაირად მომწონდა ეს ბიჭი, მახალისებდა მისი მცდელობები ჩემთვის ნერვები მოეშალა.
- ისე, ახლაც არ გინდა რევანში?
- თანახმა ვარ პინკ-პონგის მასტერკლასზე, მხოლოდ სურვილების გარეშე.
- რა მუღამი აქვს თამაშს სასჯელის გარეშე?
- შენს სურვილს სასჯელს ეძახი?
- იცი რას გეტყვი, შემოგხედავს ადამიანი და იფიქრებს რომ მშვდი, მორიდებული არსება ხარ, არადა სუფთა კუდიანი, ალქაჯი!
- მარიამი.
- დათო.
- დათო, მასწავლე პინკ-პონგის თამაში, ისე რომ თავიდანვე დასამარცხებლად არ ვიყო განწირული და მერე რევანშზეც ვიფიქრებ.
- რა ჭკვიანი ხარ, ანუ მეტოქე თავად გამოვზარდო? ისე გააჩნია რა სურვილი გექნება, იქნებ ახლავე ვმარცხდები.
- შეცდომის დაშვებას არ ვაპირბ, ა რ ა!!!
- რა გაყვირებს? რა შეცდომაზეა საუბარი? თუ გინდა ერთად შევცდეთ?
- ხმამაღლა იმიტომ ვთქვი რომ ლილითის გაეგო.
- ვერ გაიგონებს, ლუკასთან ერთად მეზობლების ფართიზე წავიდა.
- და ჩვენ რატომ ვართ აქ?
- იმიტომ რომ შენ გეძინა, მერე გშიოდა და ახლა პინკ-პონგის თამაშის სწავლა გინდა.
- ჩემი ძიძობა შენთვის არავის უთხოვია, შეგიძლია შეუერთდე ფართის! - ნერვები მომეშალა, ისე მესაუბრებოდა თითქოს ვეხვეწებოდი მისი კამპანიის პატივი დაედო.
- დიდი მადლობა, რომ ნება დამრთე საკუთარი სახლი დავტოვო და ფართის შევუერთდე. მაგრამ ძალიან დამავალებ თუ თავად მიბრძანდები აქედან ოკუპანტო.
- რანაირი საუბარია ახლა ეს მიბრძანება? თუ ოკუპანტი ვარ ესე იგი მარტივი არ იქნება ჩემი აქედან გაგდება. - ცოტა მოვლბი და იუმორით შევეცადე გამენეიტრალებინა სიტუაცია, რადგან აშკარად არ ვიყავი მთლად მართალი, თანაც საერთოდ არ მხიბლავდა ხმაურიანი ფართი და არც ჭიშკარს გარეთ მინდოდა მხეცების საკბილო გავმხდარიყავი.
- შენ „სტენკაც“ გექნება სადმე ჭიშკართან მიყუდებული.
- არა ჯერ დაზვერვითი სამუშაოები ვაწარმოე, ზომები ავიღე, ფერები შევარჩიე. შემდეგ ვიზიტზე უკვე ეგეც იქნება. კარგი გპირდები არ შეგაწუხებ, ჩემთვის ჰამაკში მივიძინებ.
- თუ შეიძლება პლედი გაიყოლე, მაგისთვის ნუღარ გამომიყვან გარეთ.
- შენ დამაფარე?
- კი, ვიფიქრე სიცივისგან ადევს მიცვალებულის ფერითქო, მაგრამ აშკარად მოსიარულე მკვდარი ხარ.
- ასეა, ალტრუიზმი არა ჩემი ხალიანი კოჭი - ჩემზე კი არ იზრუნე შენი თავისთვის სასიამოვნოდ საცქერი გინდოდა გაგეხადე, მაგრამ ვერ მოგართვეს ეგოისტო.
- რაღაც არ გავხარ შენ მიმძინებელს და წამო გასწავლი პინგ-პონგს. ისე უნდა ვაღიარო საკმაოდ კარგად თამაშობ, მით უმეტეს შენნაირი გოგოს კვალობაზე.
- ისეთი გოგოს კვალობაზე ბავშვი რომ უნდა მოანათლინო?
- მოგიკვდი, რომელი ქრაში განათლინებს ბავშვს?
- ყველა.
- და რა გაცინებს მერე?
აბა რა ვიცითქო, მხრები ავიჩეჩე საცოდავად და პინკ-პონგის მაგიდისკენ გავემართე. აღარ მინდოდა ამ თემაზე საუბრის გაგრძელება. საშინლად შემრცხვებოდა ამ ბიჭს რომ გაეგო, აქამდე წესიერადაც არავინ დამიქრაშავს. მაგრამ ის არ ნებდებოდა, თან მასწავლიდა „მკვლელი პადაჩის“ მოწოდებას, თან კითხვებს აგრძელებდა.
- და ბოლოს ვინ შეგიპირა ბავშვის მონათვლაზე?... ასეთ სიტუაციაში „ტოპკა“ უნდა დაარტყა და ქულა უეჭველი შენია. ისე ახლაც ქრაშავ ვინმეს?
- მასწავლებლად აშკარად არ გამოდგები, არ შეიძლება ადამიანს თან ასწავლიდე და თან ყურადღების გამფანტველ თემებზე ესაუბრებოდე.
- კარგი გავჩუმდები, მაგრამ შემპირდი რომ სწავლის საფასურად მომიყვები შენი ქრაშების ამბებს.
- არაფრის მოყოლას არ ვაპირებ.
- რატომ?
- „ტოპკა“ და ქულა ჩემია, მეტი ყურადღება მასწავლებელო.
- მაინტერესებს შენნაირი გოგოები რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ დაქრაშვისას.
- ჰაჰ, კიდევ ერთი ქულა ჩემია.
- არ გეჯიბრები და აღარც გასწავლი, თუ პირობას არ მომცემ.
- კარგი გპირდები, მაგრამ იცოდე იმედი თუ გაგიცრუვდა ჩემი ბრალი არ არის.
ვერც წარმოიდგენდა ალბათ რომ სათქმელი თითქმის არაფერი მქონდა. დავთანხმდი და თამაშის პარალელურად ისტორიებს ვიგონებდი გამოგონილ ქრაშებზე. პირველად მრცხვენოდა უქრაშობის და თავს უმწეოდ ვგრძნობდი.
- დავიღალე. ახლა შენი დროა, მომითხრე აბა შენი ლავსთორები.
- ცივა გარეთ.
- ჩემს სავარძელში ხომ არ გსურს მოკალათება?
- არ ვიტყოდი უარს.
- დიპლომატიური ოკუპანტი ხარ.


საუბარი

ყველანაირად გავწელე დრო, მაგრამ საუბარს თავი მაინც ვერ ავარიდე. ბოლოს ძალა მოვიკრიბე, მოგონილი ისტორიები წავშალე გონებიდან და დავიწყე :
- შეგიძლია დამცინო, მაგრამ არავინ არ დამიქრაშავს სერიოზულად.
მისი პასუხი იყო მოსალოდნელად ირონული და მოულოდნელად სიძულვილით აღსავსე. გამოხედვაც ისეთი ცივი ქონდა, ცოტათი შემეშინდა.
- ხო, რა თქმა უნდა, თქვენნაირი გოგოები არ სდებთ იდიოტებს დაქრაშვის პატივს. ჩვენ ყველანი ხომ ერთნაირად მატყუარები ვართ. დადიხართ ასე გაყინული გულებით, ცივი სახეებით, ცხოვრობთ ერთფეროვნად, მარტოსულად. მშიშრები ხართ და მაგიტომ ვერ შეიგრძნობთ ნამდვილი ემოციების გემოს.
- რატომ გამორიცხავ იმ ფაქტს რომ საერთოდაც არ გვჭირდება ეგ ემოციები?
- არ გამოგიცდიათ და ვერც ხვდებით რას კარგავთ.
- ცხოვრებისგან ყველა ისე იღებს სიამოვნებას, როგორც მოსწონს, არ მგონია ამის გამო ვინმეს ვინმეს განსჯის უფლება ჰქონდეს. მე მხოლოდ ჩემს თავზე შემიძლია ვისაუბრო. არ მქონია შემთხვევა ვინმე მომწონებოდა და მასთან ურთიერთობაზე შიშის გამო მეთქვას უარი. თუმცა მესმის იმ გოგოების, შემაშინებელი ნიშნების მქონე ბიჭებთან ურთიერთობის გამო საკუთარი სულის სიმშვიდეს რომ არ რისკავენ. იმ ბიჭებისაც მესმის, ასეთი ქცევის გამო გული რომ სტკივათ.
- შემაშინებელი ნიშნები?! და საერთოდ ნეტავ რა იცი გულის ტკივილზე?!
- რატომ მეჩხუბები? ვხვდები გინდა რაღაც ისეთი მოისმინო ჩემგან, რაც ჩემივე პოპულაციაზე შენს წარმოდგენას ემთხვევა. ვფიქრობ ვიღაცამ ძალიან გაწყენინა.
- არ გეჩხუბები და არც არაფრის მოსმენა მინდა შენგან, ისედაც ყველაფერი ნათელია ჩემთვის შენს პოპულაციაზე. საკუთარ თავზე შეგიძლია ისაუბრო, როგორ მოახერხე რომ არავინ არ მოიწონე?
- მთლად არავინ არ მომწონებიათქო არაა სიმართლე. პირველად და ჯერ-ჯერობით უკანასკნელად პირველ სამსახურში ვიგრძენი ბიჭისდმი ინტერესი. ეს ბიჭი ტრენინგს მიტარებდა და რიგით ხუთოსან მოწაფედ განმიხილავდა. მაგ პერიოდში საკუთარი თავი შემძულდა, გარეგნობაც და აზროვნებაც. მოგვიანებით მივხვდი რომ ზედმეტად მკაცრად განვსაჯე პატარა, სოფლელი გოგო, რომელისთვისაც სიყვარული, რომანებში ამოკითხულის მსგავსად, თვალის თვალში გაყრით იწყებოდ და თუ მზერას, შეგებებული მზერა არ მოჰყვებოდა ეს იყო კრახი, სიყვარულის დამარცხება, სირცხვილი. მერე მთელი ენერგია სწავლასა და სამსახურს დავუთმე, შემიყვარდა მარტოობა. თუმცა ვფიქრობ შეიძლება შემხვდეს ადამიანი, რომელთანაც ბევრი საუბარი და ბევრი მოსმენა მომინდება, შეგვეშალოს ერთმანეთთან, მაგრამ გამოსწორების შანსიც მივცეთ ერთმანეთს. გამიზნულად ძებნის პროცესში არ ვარ, ვფიქრობ ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს. თუ არ მოხდება მაგასაც არაუშავს.
- მოსაწყენი ხარ.
- ხომ შეიძლება ჩემნაირ მოსაწყენს შევხვდე სადმე.
- რატომ არ გეშლება ნერვები?
- ვერ ვიტყოდი რომ ზოგადად მშვიდი ვარ, მაგრამ თუ ჩემი აღელვება ისაა, რისი მიღებაც ჩემს მეტოქეს სურს, ვერ ეღირსება.
- არის შენში რაღაც სასიამოვნოდ ანომალიური.
ამ სიტყვებზე ორივეს გაგვეცინა, რამაც თითქოს საბოლოოდ წააქცია უკანასკნელი ბარიერი ჩვენ შორის, რადგან შემდეგი საუბარი ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო.
- იცი ჩვენ როგორ ვგავართ ერთმანეთს, უბრალოდ განსხვავებულად ვიფუთავთ თავს. მეც ვგიჟდები, სიმარტოვეზე და სევდიანი ფიქრები ძალიან მამხიარულებს.
- სიმარტოვის და ნეგატიური ემოციებისადმი მიდრეკილება, საკმაოდ გავრცელებული ფენომენია, დიდი მოწიწებით შეგახსენებ ერთ ციტატას „მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული“.
- ანუ გამონაკლისი არ ვარ.
- არა, ნამდვილად არ ხარ. თუმცა ძირითადად ჩვენ ყველა მაინც ვეძებთ თუნდაც დროებით ბედნიერებებს, მაშინაც როცა ვიაზრებთ რომ ამ ბედნიერებას თავადვე ვერ ავიტანთ დიდხანს, თავადვე ავურევთ რამეს.
- კიი ზუსტად, ოღონდ ეს მხოლოდ მელანქოლიურობის ბრალი არაა, ხანდახან არასწორი პრიორიტეტებიც ხდებოდა ჩემს შემთხვევაში იმის მიზეზი, რომ მიღწეული მიზანი სულაც არ მაბედნიერებდა.
- არასწორი პრიორიტეტებიც; კიდევ ზედმეტად ბევრი ძალისხმევა და ძვირაფსი ალტერნატიული დანახარჯები, რომლებადაც როგორც ზოგჯერ აღმოჩნდება არ გვიღირდა შედეგი; შიში იმისა მიღწეულის ტკბობაში დროის დაკარგვით განვითარებას არ ჩამოვრჩეთ, რაც გვაიძულებს მუდმივად სიახლეებისა და ცვლილებების ძიებაში ვიყოთ... კიდევ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ფართო თემაა, მე კი მინდა ერთი კითხვა დაგისვა - არასდროს გიფიქრია რომ ადამიანები მუსიკას გვანან?
- აქამდე არასდროს, მაგრამ ახალ შემიძლია მგონი ანალოგია დავინახო. მუსიკასავით ადამიანებსაც ავიკვიატებთ და მერე გვბეზრდება; მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოსასმენი მუსიკასავით იშვიათად გასახსენებელი ადამიანები ან ადამიანები რომელთაც პროვოკაციული/კომერციული სიმღერასავით მხოლოდ რამდენჯერმე მოვუსმენთ; ისეთი ადამიანები, რომელთან საუბარი კარგა ხნის დავიწყებული სიმღერის მოსმენით მოტანილ კარგ მოგონებებს გავს; იმ სიმღერების მსგავსი ადამიანებიც, საერთო პოპულარულობით რომ სარგებლობენ ან კლასიკად არის აღიარებული, მაგრამ რატომღაც არ გვესმენინება; და რაც მთავარია ის ადმიანები, შემთხვევით ნაპოვნ და „ფლეილისთში“ სათუთად შენახულ სიმღერასავით სულ რომ გინდა უსმინო.
- დიახ, სამყაროში რამდენი ადამიანიცაა იმდენი ხმაა ალბათ, ყველას ფიზიკურად ვერ ან/და არ ვუსმენთ. ზოგი ჩვენამდე ვერ აღწევს, ჩვენი ხმაც ვერ მიდის ყველსთან. ზოგჯერ მოდიფიკაცია გვიწევს ჩვენი ხმისა სხვებისთვის მისაწვდომი რომ გახდეს, ჩვენი სევდა თუ ბედნიერება სხვისთვის გასაგებ მელოდიად რომ ვაქციოთ.
- ვინ იცის მეც რამდენი მელოდია ვერ გავიგე, რამდენი მეგობრის ტკივილი ვერ დავინახე...
- სხვა თანაბარ პირობებში ადმიანმა საკუთარ თავში რამე ხმოლოდ იმ მიზეზით უნდა შეცვალოს, რომ თავად იგრძნოს თავი უკეთესად. თუმცა თანაბარი პირობების მდგომარეობიდან ხან თავადვე გამოგვყავს თავი, ხან სხვები ზრუნავენ ამაზე, ხან ორივე ერთად. პირობები თითქმის ყოველთვის იცვლება, აბსოლტური დამოუკიდებლობის მოპოვება ყველა გადაწყვეტილებაში რთულია, შესაძლოა შეუძლებელიც კი, საკითხავია როგორ შეიძლება ჩემი წილი თავისფლუბით მასქიმალური სიკეთე მივიღო.
- და იმაზე წუწუნს რა დამაკლო გარემოებამ, ჯობია ვიფიქრო მე რა გავაკეთე ან რისი გაკეთება შემიძლია ამ დანაკლისის შესავსებად. მარიამ, იქნებ შესაძლოა საკუთარი გამოცდილების გადააზრებით, შეცდომების გაანალიზებით, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში მცირე წვლილი შეიტანოს ადამიანმა.
- მჯერა რომ შეიძლება, უბრალოდ რაც შეიძლება მეტი ხმა უნდა მოისმინო, ისე რომ საკუთარ მელოდიაში არ შეიტანო დისონანსი. არ კონცენტრირდე მხოლოდ ერთ ადამიანზე ისე (თუნდაც ეს ადამიანი შენივე თავი იყოს) რომ გარშემო ხმაურს ვეღარ ამჩნევდე. ყველას შეიძლება ჰქონდეს ისეთი სათქმელი არეული მელოდია დაგილაგოს, ან შენგან მიღებული ერთი ნოტით სხვამ გადაარჩინოს საკუთარი.
- ნებისმიერ დროს მზად უნდა იყო ადამიანის მისაღებად და გასაშვებად არა? ვინ იცის რა ნოტების კომბინაცია მოაქვს ან მიაქვს. მუსიკას ყველაზე მეტად არ უხდება ნაძალადევი ბგერები.
- მანდ ვარ მეც რომ ვერ აიძულებ თავს ვინმეთი დაინტერესდე, ეს არ ნიშნავს რომ ვიღაც ცუდია ან ვიღაც კარგი.
- შემთხვევით ნაპოვნი და „ფლეილისთში“ გადანახული სიმღერასავით სულ ვერ მოგისმენ?
- თუ ჩემი ბოდიალი ჩაიწერე მალულად, კი.
- მალულად, მალულად... ამ სიტყვას მხოლოდ შენ თუ იტყოდი მარიამ. იცი ახლა როგორ ძალიან მინდა რომ გაკოცო?...
- შეხედე ლუკა არ გვენდობიან! წნევააწეული, თავწაკრული მშობლებივით გველოდებიან მისაღებ ოთახში რომ დაგვტუქსონ.
ოთახში ლილითი შემოქოთქოთდა ჩვეული ენრგიით, მერე კიდევ გაუკვირდება შეცდომა როგორ არ დაუშვიო. მაცადა?



№1  offline წევრი penguin

საინტერესოა????ველი გაგრძელებას,წარმატებები????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent