გერგეთისკენ მიმავალნი 2 (თავი 15)
*** ქეთის ბოლო დღეები მოსვენება დაეკარგა. განსაკუთრებით წინა ღამის შემდეგ, გულგახეთქილი, ადგილს ვეღარ პოულობდა. ამის უმთავრესი მიზეზი ხორასნელის ქცევა იყო. წინა საღამოდან მოყოლებული გათენებამდე დარბოდა, ჭიხვინებდა და ღობის განგრევას ლამობდა. ხალათის ამარა გამოსული ქალი, შვილთან ერთად, შეძახილებით ცდილობდა ცხენის დამშვიდებას. თუმცა ამაოდ. შუა ღამეს, ხმაურზე გვერდით მცხოვრები მოხუცებული ცოლ-ქმარიც კი შემოცვივდნენ დასახმარებლად. მაგრამ გაავებულ ცხოველთან შესვლა ვერავინ გაბედა. „ნუ ტირი შვილო, დაიღლება და გაჩერდება“ - ამშვიდებდნენ თაკოს. მართლაც, მზე უკვე ამოწვერას იყო, რომ ხორასნელი დამშვიდდა, სადგომისკენ გატრიალდა და უძრავად დადგა. - ალბათ „უხსენებელი“ შესრიალდა სადმე და ამან დააფრთხო. - გამოთქვა ვარაუდი მეზობელმა ქალმა და დაზაფრული დედა-შვილი სახლში შეაცილა. - თუ გეშიანია, თქვენთან დავრჩები შვილო. - არა არა, დიდი მადლობა მერი დეიდა. ისედაც ჩვენს გამო მთელი ღამე ვერ დაიძინეთ. - ეგ არაფერი შვილო. ამ კორონა ვირუსს, თუ რა ჯანდაბაცაა, რომ აქა ხართ გამოკეტილები. ლაშასი რა არის ახალი, როდის ჩამოვდივარო? - არ ვიცი მერი დეიდა. - თავჩახრილმა ჩაილაპარაკა და ახლადშემშრალი თვალები ისევ აუწყლიანდა. როგორც კი მეზობლები წავიდნენ და ბავშვი დააძინა, მისაღებ ოთახში გავიდა და ჯაბას ნომერი აკრიფა. - ჯაბა, ჯაბა! - ხო მშვიდობაა ქეთი?! - ადრიანი ზარი ეუცნაურა ბიჭს. - ხორასნელი მთელი ღამე გადარეული იყო. - არც მისალმებია მაშინვე საქმეზე გადავიდა გოგო. - მთელი ღამე გავათენეთ, ახლახან გაჩედა. - აუ გული გამისკდა. შენ რა გითხარი რაა, მეთქი რამე მოხდა. - რა არ მოხდა ჯაბა, არ იცი ეს რას შეიძლება ნიშნავდეს? რაღაც ხდება ლაშას თავს. არ გახსოვს პაპას მონაყოლი? - კარგი რაა, დამშვიდდი. გამოვფხიზლდები და წამოვალ მალევე, თუ გინდა. - ლამისაა გული გამისკდეს...დარწმუნებული ლაშა ყარაბაღშია, ზვიადთან. - ეგრეა... - მართლა? - ისედაც აჩქარებული გული ლამის ამოუვარდა საგულედან. - ეჭვი გეპარებოდა, რომ ასე იზამდა? - ალბათ არა... - წუხელ ზვიადმა დამირეკა. ყველანი ერთად არიან. - რაო?! - კარგი, კარგი. - სიცილით გააწყვეტინა ჯაბამ. - არ მეჩხუბო ახლა. არ მინდოდა გენერვიულა. ვიფიქრე ჩამოვლენ და ერთიანად გაიხარებდი. - ნომერი მოწმერე ახლავე. - მოგწერ, მაგრამ დამშვიდდი. ხომ გითხარი, ყველანი ერთად არიან. ესეიგი წამოვლენ და ამაღამ უკვე აქ იქნებიან. - ის დამპირდა, რომ აღარასდროს მოკლავდა... - დამშვიდდითქო. - შენ ერთი რამ არ გესმის ჯაბა... ლაშას ბოლომდე არ იცნობ. - ჩემს ძმას? - ჩაიცინა ბიჭმა. - საუკეთესო მიზეზი იპოვა ჯაბა, საუკეთესო მიზეზი იმისთვის რაც ენატრებოდა... - რა ენატრებოდა? - ბრძოლა, ომი, სისხლი... - ხომ იცი ზვიადის გამო ყველაფეფრს გააკეთებს. - ვიცი და სწორედ ამიტომ ვამბობ საუკეთესო მიზეზი იპოვათქო. ისეთი მიზეზი, მსუბუქ საყვედურსაც რომ ვერავინ გაუბედავს... არც კი დამირეკა. - არ უნდოდა გენერვიულა ალბათ, გიფრთხილდება ქეთი. - არა! არა! - ისტერიული ტონი გაუხდა გოგოს. - იმიტომ არ რეკავს, რომ ამ დროს არავინ ახსოვს, არავინ ადარდებს, საკუთარი თავიც კი. ათ წელზე მეტი გავიდა ჯაბა... მიხაროდა, ვფიქრობდა გაქრა ის ჰოლანდიელი, რაც სულში დიდი ხანი ჰქონდა გამჯდარი. თუმცა, ამ წლების მანძილზე, იყო მომენტები, როცა ამაში ეჭვი შემქონდა. ერთადაც ხომ წასულხართ სანადიროდ არა? შეგიმჩნევია იქიდან როგორი ბრუნებოდა? - როგორი? - აჟიტირებული, უფრო მეტად ხალისიანი, ბედნიერი... - და ამაში ცუდი რა არის? - სხვანაირად ბედნიერი იყო ჯაბა. არ ვიცი... ვერ გიხსნი სიტყვებით. როცა ბედნიერს ვხედავ მე უფრო მეტად ვბედნიერდები ხოლმე, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის მეშინოდა. მეშინოდა იმის რაც ახლა ხდება. რაიმე რომ დაემართოს მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ... - არაფერიც არ ხდება. აი ნახავ, ხვალამდე აქ იქნება და აღარც იმ ჰოლანდიელის ნიღაბს მოირგებს. - ვინ იცის რეალურად რომელია მისი ნიღაბი, ლაშა არაბული თუ მფრინავი ჰოლანდიელი... *** ტაისიამ საველე საავადმყოფოდან საკმაოდ მოხერხებულად გამოაპარა პაციენტი. ეზოში გამოსულმა თეთრი ხალათი გაიხადა, სამოქალაქო ქურთუკი მოიცვა და ლაშას ისევ წინ გაუძღვა. სამანქანო გზას მოშორდნენ და ვიწრო ბილიკს გაუყვნენ. „მოვედით“ ნაღვლიანად ჩაილაპარაკა გოგომ და ხელი ზვიადისკენ გაიშვირა, რომელიც მანქანიდან გადმოსულიყო და ძმადნაფიცს ელოდა. - მაპატიეთ... - შეჩერდა ტაისია. - რა მოხდა? - უკან უნდა გავბრუნდე. - მოიცადე, ჩემი მეგობრები დაგემშვიდობებიან... - არა. - გააწყევტინა გოგომ. - ხომ გითხარით, არაფერი მინდა. მხოლოდ ერთი თხოვნა შემისრულეთ... - მთხოვე. - მითხარით, რომ უკანასკნელად არ გხედავთ... - რა გინდა მთხოვო, რომ კიდევ დავიჭრა? - ხუმრობაში გატანა სცადა ლაშამ. - არა, რას ამბობთ, უბრალოდ... - ტაისია. - გააწყვეტინა ღიმილმოგვრილმა. - წეღან მხოლოდ შენს გამოსააშკარავებლად არ მითქვამს ლამაზი გოგო ხართქო. მართლა ძალიან ლამაზი ხარ. ამასთანავე, ძალიან ჭკვიანი და ზრდილობიანი. ვერც ერთი ბიჭი ვერ დარჩება შენით გულგრილი. მაგრამ ეცადე ისეთი შეგიყვარდეს ვინც გაგაბედნიერებს, კარგი? - მაპატიეთ... თავხედურად მომივიდა. - საპატიებელი არაფერი გაქვს, პირიქით... შენს თხოვნას რაც შეეხება, ცხოვრება ისეთი რამ არის კაცმა არ იცის ვის რა დროს შეახვედრებს... გოგონას დაემშვიდობა და გეზი მეგობრებისკენ აიღო. ზვიადი ფრთხილად გადაეხვია, ორი სიტყვით მოიკითხა და ავტომობილის უკანა კარი გაუღო. თვითოანაც მაშიმვე უკან მიუჯდა. შემდეგ კი საჭესთან მჯდომ მეუღლეს დაძვრისკენ მიუთითა. - აბა როგორ ხარ? - დაიწყო ზვიადმა. - ცოტა მეშინია. - მიამიტი სახე მიიღო ლაშამ. - გეშინია? - ჰო. - რისი გეშინია ძმაო?! - დაიძაბა ზვიადი. - იმდენი სისხლი გადაგისხია ჩემთვის, მეშინია შენი ხევსურული აქცენტი არ ავიკიდო. - ორივემ ერთად გაიცინეს. - კარგი, ახლა საქმეზე გადავიდეთ. - განაგრძო ზვიადმა. - იქნებ თაკო ახალქალაქიდან შენ წაიყვანო? საზღვრამდე მეც გამოგყვებით. - ბოლო სიტყვები დარხვენილად ჩაილაპარაკა და ანაზდად თავი გვერდით მიაბრუნა. - რა იყო ბიჭო, ჩემს ძმობაში გეპარება ეჭვი თუ ჩემს საბრძოლო უნარებში? - არა, ეგ რა შუაშია... - აბა, თაკოს საზღვარზე ჩვენები სხვა ვერავინ დახვდება? ზვიადმა ვეღარაფერი უპასუხა. თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და დადუმდა. მალევე უხერხული სიჩუმე თაკომ დაარღვია. მობილური ტელეფონი ლაშას გაუწოდა და უთხრა შემოსული შეტყობინება წაეკითხა. - ქეთის ველაპარაკეთ ლაშა. - დაიწყო გოგომ. - ძალიან ცუდად არის, ძალიან განიცდის... ზვიადს ევედრებოდა მალე ჩამოდითო. ქეთი რას გახდებოდა, რამდენი საათია მეც ვეხვეწები წამოვიდეს, მაგრამ ხომ იცნობ... იქნებ შენ მაინც წამოხვიდე გთხოვ. ყველაფერი ჩემი ბრალია. რა ჯანდაბა მინდოდა ამ სამხატვრო გამოფენაზე, თანაც ხომ ვიცოდი რომ ომი იწყებოდა... ჩემს გამო მოხვდით აქ და საკუთარ თავს ევრ ვაპატიებ რაიმე რომ დაგემართოთ... აი, გამომართვი, საუბრის ბოლოს მთხოვა მისი გამოგზავნილი მესიჯი გადმომეცა. „ჩემო სიყვარულო, ხმელეთზე დარჩენილ თევზს ვგავარ, ლაყუჩებს რომ უმწეოდ ამოძრავებს. რამდენიმე დღეა ასე ვბუტბუტებ და ვლოცულობ... ჰო, არ გაგიკვირდეს. შენს გამო ღმერთს კი არა, ეშმაკსაც გავურიგდებოდი. ჩემი სიზმრები შენს ბრძოლებზე ნაკლებად საშიში არ არის. სისხლისგან მეცლება ხოლმე ყველა მოგონება. მთელი ღამე ნაცოდვილარს დილით გაღვიძება მიჭირს. უშენოდ ყველაფერი ნაცრისფერია, ან ჩემმა თვალებმა დაკარგეს ფერების აღქმის უნარი. კედელზე ბაბუაშენის დაკიდებულ ერთადერთ, წმინდა გიორგის ხატს სასანთლე რომ უდგას, სანთელს ვანთებ ხოლმე და დიდხანს ვუყურებ...წმინდა გიორგი და მის შუბზე წამოცმული გველეშაპი - საკუთარი თავი მაგონდება. "ტყვეთა განმანთავისუფლებელო და გლახაკთა ხელის ამპყრობელო, სნეულთა მკურნალო და წინამბრძოლო"... - მექანიკურად ვბურდღუნებ და გაბრაზება მავსებს. განმათავისუფლებელო... წინამბრძოლო... სნეულთა მკურნალო... ეს ყველაფერი ხომ ჩემთვის შენ ხარ, მე კი მას ველაპარაკები. შენ იქნებ შუბი ხარ და მისი ცხენის ქვეშ მოქცეული კი ჩემი გაშმაგებული, გაბრაზებული და უმწეო სხეულია. ცრემლები მადგება და ცივი წყლის სახეზე შესასხმელად გავრბივარ, თითქოს უპეებს არ უნდა ჩამოსცდნენ, არ მინდა ბავშვმა ნამტირალევი შემამაჩნიოს. ესეც რომ არა, ჯარისკაცების ცოლებს ტირილი არ ეპატიებათო, გახსოვს რომ მითხარი? მაგრამ მის მერე ხომ უამრავი წელი გავიდა? შენ ხომ აღარ ხარ ჯარისკაცი? მიუხედავად ამისა მაინც უჩუმრად ვტირი… მაპატიე ჩემო სიყვარულო... როგორც კი ეს ამბავი გავიგე, ვიცოდი ზვიადის დასახმარებლად წახვიდოდი. ისიც ვიცი, შენს ადგილზე ზვიადიც ასე მოიქცეოდა. არ იფიქრო რაიმეს გსაყვედურობდე, უბრალოდ მეშინია... ყოველი გათენება შიშის გაზრდის მსუყე საკვებია. რომ ვეღარ დაბრუნდე, წმინდა გიორგის რა ვუთხრა, ან მან როგორღა ჩამხედოს თვალებში...“ არაბული მესიჯის კითხვას მორჩა. ღრმად ჩაისუნთქა, ძმადნაფიცს მიუბრუნდა და თვალი თვალში გაუყარა - ჩემს ადგილზე როგორ მოიქცეოდი? - არ ვიცი... - კითხვას თავი აარიდა ზვიადმა. - მშვენივრად იცი... დარჩებოდი და გვერდიდან არ მომშორდებოდი. მაშ მე რატომ მთხოვ წასვლას? ზვიადმა დუმილით უპასუხა. - იმ შემთხვევაში წავალ თუ შენც წამოხვალ. ან და რა გგონია? თუ გრიგორიანებს ოქროს სამალავს არ ვეტყვით, საქართველოში ვერ მოგვაგნებენ? - სწორედ ამის გამოც არის რომ ვრჩები... - თაკოს საზღვრამდე მივაცილებთ. იქით ჩვენები დახვდებიან. ჩვენ აქ დავრჩები და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ გულდამშვიდებულად გავაჭენოთ გერგეთისკენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.