შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის ბნელი მხარე (თავი-6)


22-03-2024, 18:58
ავტორი ანუბისი
ნანახია 2 254

8 8 8 8

-რომ იცოდე, განმარტოებით, წყნარ გარემოში ვახშმობის მოყვარული უფრო ვარ -საკმაოდ ახლოდან ჩამესმა ნაცნობი ხმა.

გარშემო სრული სიბნელე იყო. მალევე მივხვდი რატომაც — თვალები ჯერ კიდევ არ მქონდა გახელილი. ამას ვერც ვახერხებდი, რადგან ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, თითქოს ორივე ქუთუთოზე უზარმაზარი გირა მქონდა დაკიდებული.

-პრობლემა არაა, შინ საუკეთესო გარემო მაქვს ამისთვის -ეს ხმა უკვე ვეღარ ვიცანი, რადგან ზუსტად ვიცოდი, აქამდე არც არასდროს გამეგონა.

საუბარს რაღაც სუსტი, წრიპინის მაგვარი ხმებიც ერთვოდა, მარცხენა მხრიდან. თავის საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. ყველაფერ ამას, მტვრევის შეგრძნებაც ემატებოდა სხეულში. ხერხემლის არეშიც კი ისეთ აუტანელ დისკომფორტს განვიცდიდი, თითქოს მასში, ერთდროულად მილიონობით ნემსი გაეყარათ.

თავს ძალა მაქსიმალურად დავატანე და ვცადე როგორმე თვალები გამეხილა. პირველ ცდაზე ვერაფერს გავხდი და წარუმატებელი მცდელობის გამო, მწვავე ტკივილი ვიგრძენი შუბლის არეში. ვერც მეორე მცდელობაზე მივაღწიე სასურველ შედეგს, თუმცა მესამე უკვე წარმატებული გამოდგა და ქუთუთოების სუსტად აწევა შევძელი. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. ჩემთვის აქამდე უცნობ, უცნაურ ოთახში ვიმყოფებოდი და სხეულზე ორი დიდი, თბილი პლედი მეფარა.

შუბლის მოსასრესად ცალი ხელის აწევა ვცადე, თუმცა განზრახვაზე უარი იმ მჩხვლეტავმა ტკივილმა მათქმევინა, რაც აღნიშნული მცდელობისას განვიცადე. დაბინდული მხედველობით დავხედე საკუთარ ხელს. ვენაში დიდი ნემსი მქონდა ჩადგმული, რომლის მილიც ზემოთ მიემართებოდა და სპეციალურ სადგამზე ჩამოკიდებულ წვეთოვანს უერთდებოდა.

ერთადერთი ნაცნობი ჩემთვის ამ ოთახში, ახალგზარდა, თეთრხალათიან მამაკაცთან მოსაუბრე ლოლა გახლდათ. ამ უკანასკნელს, ალაგალაგ, სახეზე მაცდური ღიმილი დასთამაშებდა და რთული გამოსაცნობი არ იყო, რომ მამაკაცთან ფლირტით იყო გართული. როგორც ჩანდა, იმ მომენტში ვერც ერთი ვერ მამჩნევდა, თუმცა ხმის ამოღება და მათი რომანტიკული იდილიის ჩაშლა არც მიფიქრია. ერთადერთი, რისკენაც ჩემი გონება იყო მიმართული, ეს ამ საწოლზე აღმოჩენამდე მომხდარი ამბების გახსენება გახლდათ, რომელიც მეხსიერების ფსკერზე მეტად ღრმად იყო დალექილი და ნელ-ნელა, ეტაპობრივად ტივტივდებოდა მის ზედაპირზე.

ტვინის უჯრედები, შენელებული კადრივით მაწვდიდნენ სხვადასხვა სურათებს. ჯერ საყინულის ოთახი დამიდგა თვალწინ, შემდეგ ის, თუ როგორ შევედი შიგნით, ბოლოს კი, ყველაფერი საკმაოდ სწრაფი ტემპით მიეყარა ერთმანეთს და მიყოლებით გამახსენდა ყველა ის წუთი, რაც მე და მიშომ ერთად გამოვიარეთ.

თვალები მაგრად დავხუჭე და მერე ისევ გავახილე. ლოყებზე სისველე ვიგრძენი და მივხვდი ცრემლები მდიოდა. ჩემდა საბედნიეროდ, თეთრხალათიანმაც სწორედ იმ მომენტში დატოვა ჩემი პალატა და როგორც კი შიგნით მხოლოდ მე და ლოლა დავრჩით, საწოლში დიდი გაჭირვებით წამოვიწიე.

-ლოლიტა, მიშო სად არის?! -ვიკითხე ძალზედ მისუსტებული, თუმცა მაინც სასოწარკვეთილებით გაჟღენთილი ხმით. როგორც ჩანდა, ხმაც შეურაცხადისა მქონდა, რადგან ჩემი დანახვისას, გაკვირვებასთან ერთად შიშიც გამოესახა, წამების წინ ღიმილით განათებულ სახეზე.

-მარიტა . . .

-სად არის-მეთქი?!

-არ შემიმჩნევია როდის გაიღვიძე -ჩემს საწოლს სწრაფად მოუახლოვდა ის -ეგეთი სახე ნუ გაქვს. მიშო შენს გვერდითა პალატაშია. პირველად მანაც შენ გიკითხა, როდესაც გონს მოვიდა

-ანუ უკვე გონს მოვიდა -თუ აქამდე სხეული ერთიანად მქონდა დამძიმებული, ახლა უკვე შემსუბუქებული მივეყრდენი ბალიშს. გულიდან მართლაც უზარმაზარი ტვირთი მომშორდა. ალბათ ვერასოდეს გადავიტანდი, თუკი გავიგებდი, რომ რომელიმე ადამიანი ჩემი მიზეზით აღარ დააბიჯებდა ამ პლანეტაზე, თუნდაც ეს მიშო ყოფილიყო.

-ჰო, ერთი საათის წინ გაიღვიძა -საწოლზე ჩამომიჯდა ლოლა ამის თქმისას -მაღალი სიცხე აქვს და ცდილობენ ტემპერატურა დაურეგულირონ. სხვა მხრივ, ყველაფერი წესრიგში აქვს

-კიდევ კარგი . . . კიდევ კარგი, რომ ცუდი არაფერი მომხდარა -კვლავ ცრემლები მომაწვა თვალებზე, თუმცა მათ გადმოდენის საშუალება აღარ მივეცი და ყურადღების გადასატანად, ლოლას მაშინვე დავუსვი ის კითხვები, რომლებიც იმ წამს დამებადა -საყინულის ოთახიდან ვინ გამოგვიყვანა? როგორ მოგვაგენით?

-მთელი რესტორანი თქვენს ძებნაში იყო -წარბის აწევით გადმომხედა მან -შესვენების შემდეგ რომ აღარ დაბრუნდი, კალემ დაგიწყო ძებნა. ახსოვდა მიშოს ნახვას რომ აპირებდი და რადგან ისიც არ ჩანდა, მიხვდა სადღაც ერთად უნდა ყოფილიყავით. ბედი თქვენი დამლაგებელმა ქალმა რომ შენიშნა, როგორ მიდიოდით მაცივრის ოთახისკენ, თორემ თქვენი იქ მოძებნა მართლა არავის მოაფიქრდებოდა

-ჰო, დამლაგებელი ქალი -მაშინვე აღმიდგა გონებაში, თუ როგორ მივესალმე მას დერეფანში. საოცარი იყო, რომ ამ პატარა წვრილმანის და ამ შემთხვევით შეხვედრილი ადამიანის წყალობით ვიყავით დღეს ორივენი ცოცხლები. გადავწყვიტე ამისთვის გულითადი მადლობაც გადამეხადა იმ ქალისთვის, როგორც კი სამსახურში დავბრუნდებოდი.

-ისე, ერთი შეკითხვა უნდა დაგისვა -ეშმაკურად ათამაშდნენ ლოლას წარბები. თვალებშიც ეტყობოდა რაღაცის გაგების სურვილი რომ კლავდა და იმ მომენტში უკვე ზუსტად ვიცოდი, მორიგი უაზრობის მოსმენა რომ მომიწევდა.

-მკითხე, გისმენ -წინათგრძნობის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე პასუხისთვის თავი არ ამერიდებინა. ლოლა ჩემს საწოლზე ამოძვრა, გვერდით ისე მომიწვა, რომ წვეთოვანის მილისთვის ხელი არ შეეშალა და დაუფარავი ცნობისმოყვარეობით მომაშტერდა.

-როცა მიშო ასეთ მდგომარეობაში ნახე, ანუ ნახევრად შიშველს ვგულისხმობ, მუცელში სიმხურვალე არ იგრძენი?

-ლოლიტა რა სიმხურვალე? კინაღამ გავიყინეთ ორივენი

-მე სულ სხვა სიმხურვალეზე გელაპარაკები გენიოსო

-თავი დამანებე, ნუ მაგიჟებ! -ლამის სიცილი ამიტყდა მისი ინტერესით დამრგვალებული თვალების შემხედვარეს -სულელური კითხვების დასმას შეეშვი და დისტანცია დაიცავი, ვგრძნობ მაღალი სიცხე მაქვს და რამე არ გადაგდო

ლოლა საწოლთან ახლოს მდგომ, გორგოლაჭებიან სკამს დასწვდა, ახლოს მოაგორა და ზედ ფეხზე ფეხგადადებული ჩამოჯდა.

-ხვალამდე არ გაგწერენ, ამიტომ თუ გინდა ამაღამ შენთან დავრჩები

-კალეც აქ არის?

-არა -თავი გააქნია მან -როგორც კი დარწმუნდა, რომ კარგად იყავით, იგიც და ნოლანებიც წავიდნენ. მე კიდევ ძალიან მიმზიდველი ექიმი გავიცანი და ამ დღეებში უნდა შევხვდე

-ჰო, დავინახე ეგ მიმზიდველი ექიმი და თქვენი საუბარიც მოვისმინე. რისთვის უნდა შეხვდე?

-ჰიპოკრატეს ფიცი უნდა დამაზეპირებინოს -თვალები აატრიალა მან -შენი აზრით რისთვის?

-გასაგებია -ჩამეცინა.

-ჯანდაბა, სულ გადამავიწყდა, რომ შენი გონზე მოსვლის შესახებ მეთქვა მისთვის -სინათლის სიჩქარით წამოხტა ფეხზე, თან გაშლილი ხელის გული მიირტყა შუბლზე -წავალ დავუძახებ და კიდევ ერთხელ გაგიზომავს სიცხეს. თან რაღაც მედიკამენტები უნდა მოგცეს

-გთხოვ, ჯერ არავის დაუძახო -სასწრაფოდ შევაჩერე კარისკენ წასული. ლოლა გაკვირვებული სახით მოტრიალდა ჩემკენ. როგორც ჩანდა, ვერ გაეგო რის გამო ვაპროტესტებდი ექიმის შემოსვლას.

-რა იყო, ნემსის ხომ არ გეშინია?

-რა ნემსის? უბრალოდ დასვენება მჭირდება და მორჩა. სიცხეც თავისით დამიწევს. ისეთი არაფერი ხდება, ექიმის გადაუდებელ დახმარებას რომ ვსაჭიროებდე

-მაგრამ, მაღალი ტემპერატურა გაქვს და . . .

-ლოლიტა, ვიცი რასაც ვამბობ. ექიმს სხვა დროს დაუძახე, ახლა კი გთხოვ რამე ცივი წვენი შემომიტანე და ნუ დაიწყებ სიცხის დროს არ შეიძლებაო. ეს წყალიც უკვე თბილი იქნება -ტუმბოზე შემოდებულ, ნახევარლიტრიან ბოთლზე ვანიშნე ამის თქმისას. სწორედ იმ მომენტში, მობილურზე შეტყობინებაც მომივიდა. გამომგზავნი კალე იყო და მთხოვდა, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემოდა, ვიდეო-ზარით დამერეკა.

-ჩემი ტელეფონი აქ ვინ მოიტანა?

-მე მოვიტანე -თავისი ჩანთა აიღო და მხარზე გადაიკიდა მან -რისი წვენი გიყიდო?

-შერეული იყოს

-საჭმელი?

-არ მშია

-კარგი, მაშინ წავედი -ლოყაზე მაკოცა ლოლამ, კართან მიირბინა და საკეტის ჩამოწევისას ღიმილით გამომხედა -ჰო მართლა, გილოცავ გვირაბის ბოლოდან მობრუნებას

-მოგიყვებოდი რა ხდება იქ, მაგრამ ვერაფრის დანახვა ვერ მოვასწარი

-როგორმე გადავიტან მაგის უცოდინრობას -ოდნავ წინ წამოწეული ტუჩებით, კოცნის იმიტაცია გააკეთა გასვლის წინ და სულ რამდენიმე წამში, პალატაში, მე და ჩემი წვეთოვანი სრულიად მარტონი დავრჩით.

პლედში ბოლომდე გავეხვიე და თვალები დავხუჭე. სითხე ჯერ მხოლოდ ნახევრამდე იყო ჩაცლილი და იმდენად ნელა მოედინებოდა, მეგონა არც არასდროს დამთავრდებოდა.

ფიქრებით კვლავ მიშოს დავტრიალებდი. დანაშაულის გრძნობა არ მასვენებდა, რომ ეს ყველაფერი ჩემი სულელური საქციელის გამო მოხდა. თავს ვერაფრით ვპატიობდი იმას, რომ კინაღამ ადამიანის სიცოცხლე ვიმსხვერპლე, თანაც ერთი პატარა ახირების გამო.

გადაწყვეტილება, რომელიც იმ მომენტში, სულ რაღაც ხუთი წამის ინტერვალში მივიღე, სპონტანურიც იყო და გიჟურიც, მით უმეტეს, ჩემს მდგომარეობაში, როდესაც სხეულის საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი, ხოლო ვენაში გადასხმის ნემსი მქონდა გაყრილი, თუმცა თავს მაინც ვერაფერს ვუხერხებდი. რადაც არ უნდა დამჯდომოდა, მიშოს მდგომარეობა საკუთარი თვალით უნდა მენახა, თუნდაც ამის გამო ვინმეს უხეშად ესაყვედურა.

მოცემულ მომენტში, საწოლიდან სხეულის წამოწევა და ადგომა ძალზედ რთულ ამოცანად მესახებოდა, თუმცა დიდი ძალისხმევის შედეგად ეს მაინც შევძელი და პლედშემოხვეული, რაღაც გაუგებარი ფორმის საავადმყოფოს ჩუსტებში გამოწყობილი, გადასხმის სადგამით ხელში დავიძარი კარისკენ.

თავბრუს ხვევა, მოძრაობას ძალიან მირთულებდა, რის გამოც კედელს ხელით მივუყვებოდი, თუმცა ნელ-ნელა სიარულსაც შევეჩვიე, მხედველობაც უფრო მეტად დამეწმინდა და კართან უკვე ფეხზე მყარად მდგომი მივედი. ლოლას ნათქვამიდან ვიცოდი, მეფარიშვილის პალატა ჩემს გვერდით იყო, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა იგი მარჯვენა მხარეს უნდა მეძებნა, თუ მარცხენა. იღბალი ჩემს მხარეს იყო, რადგან იმ მომენტში, ხმები მხოლოდ მიმღებიდან მესმოდა, დანახვით კი არც არავის ვუნახივარ და არც მე დამინახავს რომელიმე თეთრხალათიანი.

ორ მხარეს შორის, საბოლოო არჩევანი მარცხენაზე გავაკეთე და პალატის კარი ფრთხილად შევაღე. სამწუხაროდ არ გამიმართლა. შიგნით, ერთმანეთის პირდაპირ, ორი ხანში შესული მამაკაცი იწვა, რომლებმაც, ჩემს დანახვაზე, ჯერ ერთმანეთს გადახედეს გაკვირვებული სახეებით, მერე კი კვლავ მე შემომხედეს.

პაციენტებს, შეწუხებისთვისა და კომფორტის უხეშად დარღვევისთვის გულითადად მოვუბოდიშე და სასწრაფოდ გამოვბრუნდი უკან. ახლა უკვე ნათელი იყო, თუ რომელ პალატაში იწვა მიშო, ამიტომ, სანამ რომელიმე ექიმი, ან კამერების ოთახში მჯდომი დაცვის თანამშრომელი, ჩემს აქეთ-იქით უმისამართოდ სიარულს შეამჩნევდა, საკეტი მანამ ჩამოვწიე, შიგნით შევვარდი და კარები ფრთხილად მივხურე, რათა ზედმეტი ხმაური არ გამომეწვია.

მიშოს პალატა ზომით ორჯერ დიდი გახლდათ. მსგავსება მხოლოდ ის იყო, რომ შიგნით იგიც ჩემსავით მარტო იწვა. ზღურბლს რომ გადავაბიჯე, ხელში მობილური ეჭირა. სავარაუდოდ, რაღაცას "სქროლავდა". ჩემს დანახვაზე, მისი პირველი რეაქცია, გაკვირვება იყო, თუმცა არ ვიცოდი ზუსტად რა უკვირდა –ის, რომ მოვინახულე, თუ ის, როგორ მდგომარეობაშიც გადავწყვიტე მისი მონახულება.

-რა ხდება? -აშკარად გამხიარულებულმა მანიშნა თვალებით, სადგამზე დაკიდებულ წვეთოვანზე, გაჭირვებით რომ შემოვაგორიალე შიგნით -ეგრე სიარული, რამე ახალი ტრენდია და გამომრჩა?

-ვერ დაველოდებოდი როდის ჩაიცლებოდა ეს სითხე. საკუთარი თვალით უნდა მენახა, რომ კარგად ხარ და არ მოგკალი

-ჰოო? მე კიდევ არ მიყვარს, როდესაც მოვალეობის მოხდის მიზნით მნახულობს ვინმე -კვლავ ეღიმებოდა მიშოს, ჩემს შემხვედვარეს -აქ იმიტომ ხარ, რომ თავს დამნაშავედ თვლი

-და ეს ცუდია? მომხდარის გამო თუ სინდისი მაწუხებს და შენს მოსანახულებლად მოვდივარ, ეს ცუდ ადამიანად მაქცევს?


-არა, ცუდ ადამიანად არა, მაგრამ იმად ნამდვილად გაქცევს, ვისაც აქ დგომას, მხოლოდ სინდისის კარნახი აიძულებს

დასუსტებული სხეული, ფეხზე დიდხანს დგომის საშუალებას არ მაძლევდა, ამიტომ, ჩემი წვეთოვანის სადგამი მიშოს საწოლთან მივაგორე, თავად კი ფეხებთან, პატრონის მოფერებას მოწყურებული კატასავით ჩამოვუჯექი და ისე ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს წამების წინ, ზურგიდან ვინმეს უზარმაზარი ლოდი მოეხსნა ჩემთვის.

-რაც მოხდა, იმაში მხოლოდ მე არ ვარ დამნაშავე -გადავწყვიტე თვითონაც გამომეხატა პროტესტი, სანამ ბოლომდე გამასწორებდა მიწასთან -უფლება მქონდა გამეგო, რა ბედი ეწია ლეოს იმ ღამის შემდეგ, მაგრამ ენაზე იმხელა ბოქლომი გქონდა დადებული, ვერაფრით მოგხსენი

-მითხარი რისი გაგება გინდა და გიპასუხებ -ზურგს უკან ბალიში მოხერხებულად გაისწორა მეფარიშვილმა -წინა ჯერზე, შენი კითხვების უპასუხოდ დატოვებას კინაღამ შევეწირე და მეორედ ვეღარ გავრისკავ

გაღიმებისგან თავი შევიკავე, მიუხედავად იმისა, რომ ტუჩებზე ღიმილი მაწვებოდა. შინაგანი ხმა, პერმანენტულად მკარნახობდა, რომ ამ ადამიანთან სიტუაციის დათბობა კარგს არაფერს მომიტანდა და შევეცადე მკაცრი იერი შემენარჩუნებინა.

-რატომ გადავიდა ლეო ამ ქალაქიდან? -საწოლზე ფეხები ავიკეცე და ტანზე პლედი მოხერხებულად შემოვიხვიე -ამაში შენი ხელი ურევია?

-კი, ჩემი ხელი ურევია -უარყოფა არც კი უცდია მას.

-მითხარი, რა გააკეთე?

-ყველას აქვს აქილევსის ქუსლი -ჩვეული, დემონური ღიმილი გაკრთა მის სახეზე -ეგ შენი ლეო, მართალია წარმატებულ ბიზნესს ატრიალებს, მაგრამ საგადასახადოს ძალიან დიდ თანხებს უტეხავს. ეგრედწოდებულ, ოფშორულ ზონებში უზარმაზარი ფული აქვს განთავსებული და სწორედ ეს მასალები ამოვუქექე. ბოდიშის მოხდა, მასალების საიდუმლოდ დატოვების თხოვნები და ქალაქიდან დახვევა უკვე მისი გადაწყვეტილება იყო

-და ამ ინფორმაციას პოლიციისგან დამალვას მართლა აპირებ? ეს ხომ უკანონოა?

-ჰო, ვაპირებ, თუკი ეს შენი უსაფრთხოების გარანტია იქნება

-არაფერი მესმის -მხრები ავიჩეჩე -ლეოს ციხეში ჩასმა, პირდაპირპროპორციულ კავშირში არაა ჩემი და კიდევ ბევრი ჩემნაირის უსაფრთხოებასთან, ვისაც მომავალში ამოიჩემებს?

-მართალი ხარ, არ გესმის. ეგ ტიპი რომ ამის გამო გაასამართლონ და პატიმრობა მიუსაჯონ, საუკეთესო ადვოკატს აიყვანს, სასჯელის ვადას მინიმუმამდე დააყვანინებს, იქედან კი გაბოროტებული გამოვა და კიდევ შეეცდება რამე დაგიშავოს

როცა დავფიქრდი და სიტუაცია კარგად გავიაზრე, მივხვდი, მიშოს მოსაზრება სულაც არ იყო ლოგიკას მოკლებული. პირიქით, სრულიად რაციონალურიც მეჩვენა, თუმცა მაკვირვებდა, ყველა პრობლემას თავად რომ მიგვარებდა, ისე, როგორც ზეციური ძალების მიერ, მფარველად მოჩენილი კეთილი სული.

-გასაოცარია ჩემს გამო ასე რომ შეწუხდი, არ ველოდი

-განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ სამშაბათობით სიკეთის კეთების დღე მაქვს, გუშინ კი სამშაბათი იყო

თვალები მობეზრებულად ავატრიალე. ტუჩებზე სიტყვა მადლობა მაწვებოდა, თუმცა მაფერხებდა ის მოსაზრება, რომ ასე შეიძლებოდა კიდევ ერთი ირონიული რეპლიკა წამოსულიყო მისი მხრიდან, ამიტომ გადავწყვიტე ოქროს შუალედში მომექცია ჩემი მადლიერების გრძნობის გამოხატვა.

-კარგი, მოკლედ ამას ვაფასებ და ვალში არც მე დაგრჩები -ფეხები ძირს ჩამოვწიე და საწოლიდან წამოვდექი ამის თქმისას. განზრახული მქონდა საკუთარ პალატაში მანამ დავბრუნებულიყავი, სანამ ლოლა, ან ვინმე სხვა შეამჩნევდა ჩემს არყოფნას, მერე კი პირდაპირ კალესთვის დამერეკა ვიდეო-ზარით, როგორც თვითონ მთხოვა.

-ვალში? -გაეცინა მიშოს -გგონია შენგან სანაცვლოდ რამე მჭირდება?

-უსასყიდლოდ დახმარება შენი სტილი არაა, ყოველ შემთხვევაში ჩემთან მიმართებაში

-ჰოო? -გამჭოლი მზერით ლამის ჩემს სულში გაიარა -ნეტავ მცირედი მაინც იცოდე იმისა, რისი გაკეთებაც შენს გამო შემიძლია

-სიცხემ აგიწია და ბოდავ. მორჩა, მივდივარ!

-წვეთოვანი არ დაგრჩეს

-არ მრჩება! -მივუგე გესლიანად და კარისკენ დავიძარი თუ არა, მიშოს სიტყვებიც წამომეწია, რომლებიც უკვე საერთოდ აღარ ჟღერდნენ ირონიულად:

-საავადმყოფოს ხალათში, პლედშემოხვეული, მაღალი სიცხითა და აწეწილი თმითაც კი გიჟურად ლამაზი ხარ

პასუხი არ დამიბრუნებია, თუმცა დამეფიცებოდა, რომ კარის საკეტისკენ წაღებულ ხელში უცნაური კანკალი ვიგრძენი და გულმაც თითქოს ერთი დარტყმა გამოტოვა იმ წამს.




8 8 8 8

2013 წელი —29 მაისი

მუსიკების გამაყრუებელ ხმაში, აუზის კიდეზე ვიჯექი, შიშველი ფეხები წყალში მქონდა ჩადებული და უხალისოდ ვადევნებდი თვალს სასმელით გაბრუებულ უფროსკლასელებს, რომელთაგან ზოგიერთი ცეკვით ირთობდა თავს, ზოგი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ფლირტით, ზოგს კი ალკოჰოლის მიღებაში გაემართა შეჯიბრი ერთმანეთს შორის.

ჩემი ახლადშეძენილი მეგობრის, თათას დაჟინებული თხოვნით, მისი ბიძაშვილის მიერ მოწყობილ წვეულებაზე ვიმყოფებოდი, ბათუმთან ახლოს მდებარე, უზარმაზარ აგარაკზე. შენობა ჯამში ოთხ სართულს ითვლიდა და იმდენად ლამაზი იერი ჰქონდა, მისი ყურებაც კი უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა. მიუხედავად ამისა, თავს ძალზედ არაკომფორტულად გრძნობდი. აგარაკზე ჩვენი სკოლის, გამოსაშვები კლასის მოსწავლეები შეკრებილიყვნენ და ოფიციალურ ბანკეტამდე, ყველანი ერთად აღნიშნავდნენ სკოლის დამთავრებას.

ირგვლივ საერთოდ არავის ვიცნობდი. ჩემი ერთადერთი ნაცნობი თათა იყო, ვინც იმ მომენტში, სასმელის მოსატანად გაჰყოლოდა ბიძაშვილს, ახლომდებარე ქსელურ მარკეტში და მე, ამდენ უცხო ხალხში სრულიად მარტო დავეტოვებინე. ცოტა არ იყოს, ვბრაზობდი მასზე. ჯერ იყო და ჩემი წამოსვლა ისე დაიჟინა, თითქოს ამას რამე სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონოდა მისთვის, მერე კი ისე მომაძახა ცოტა ხნით გავდივარო, ჩემთვის გაყოლა არც შემოუთავაზებია.

მოწყენილობისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. წამით ისიც ვიფიქრე მამას დავურეკავ და ვთხოვ შინ წამიყვანოს-მეთქი, თუმცა ასე რომ მოვქცეულიყავი, თათას აუცილებლად ეწყინებოდა ეს კი ძალიან არ მინდოდა. გაცნობის მომენტიდან დიდ პატივს ვცემდი ამ ადამიანს. მართალია, ერთმანეთისგან ისე განვსხვავდებოდით, როგორც მარსი და იუპიტერი, თუმცა ვთვლიდი, რომ მეგობრობას დიდად არც სჭირდებოდა საერთო შეხედულებები ნებისმიერ საკითხში. მთავარი იყო, იმ კონკრეტულ ადამიანთან ერთად დრო მხიარულად გაგეტარებინა და მასთან ურთიერთობა ყოფილიყო სასიამოვნო. დანარჩენს უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

აუზის გარშემო, გამაყრუებელი მუსიკის ხმები არ წყდებოდა. ბასების გუგუნი ტვინში უროსავით მირტყამდა და მეჩვენებოდა, რომ ცოტაც და თავის ქალაც ამეხდებოდა. ვაპირებდი კიდეც ხმაურისგან ოდნავ მოშორებით გადაჯდომას, თუმცა სწორედ ამ დროს, ჩემს ზურგს უკან აკიაფებული სინათლე ვიღაცამ მოჩრდილა და აქედან სულ რამდენიმე წამში, შავ საცურაო შორტში გამოწყობილი ბიჭი მომიჯდა გვერდით, ვისაც ხელში გაზიანი წყლით პირამდე სავსე ჭიქა ეჭირა. ამ უკანასკნელმა, დაჯდომის თანავე, ჩემს მსგავსად ჩაყო ფეხები აუზის კამკამა წყალში. კარგად დაკვირვების შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირებაც შევძელი —იგი ჩვენს სკოლაში ახალი გადმოსული, უფროსკლასელი, მიშო მეფარიშვილი გახლდათ, ვინც წინა სკოლიდან, მასწავლებელთან რომანის გაბმის მიზეზით იყო გამორიცხული.

მაშინ მეფარიშვილს კარგად არ ვიცნობდი, თანაც თვითონაც პატარა, თოთხმეტი წლის გოგონა ვიყავი, ვისაც, ნაგავშიც კი ბრილიანტების ძიება უყვარდა, ამიტომ არც მის მიმართ მქონია რაიმე ნეგატიური გრძნობა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი რეპუტაციითაც იყო გადმოსული ჩვენს სკოლაში.

-ვერ ერთობი, არა? -ჩვენს შორის არსებული დუმილი ისე დაარღვია, ჩემკენ არც გამოუხედავს. როგორც ინტროვერტს, მეუცნაურა ასეთი უშუალო, მეგობრული მომართვა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანი დღეს პირველად მესაუბრებოდა.

-ასე ძალიან მეტყობა?

-ფაქტობრივად სახეზე გაწერია -გამიღიმა -მარიტა, არა?

-შენ კი მიშო

-როგორც ვხედავ მიცნობ

-ჰო, ჩვენს სკოლაში საეჭვო რეპუტაციით გადმოსული ყველა მოსწავლე განხილვის თემად იქცევა ხოლმე

-ასეც ვიცოდი -სიცილით გადააქნია თავი მან -ჭორების გავრცელება ყველას შეუძლია, მაგრამ რეალობა ძალიან ცოტამ თუ იცის

-შენ საიდან იცოდი ჩემი სახელი? -თემა შევცვალე, რადგან გავაცნობიერე, რომ საუბრის იმ კუთხით წარმართვა ოდნავ არასწორი იყო.

-ალბათ იქედან, რომ საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს სკოლაში

-იტყუები

-არა, სიმართლეს ვამბობ და თუ კიდევ დიდხანს გააგრძელებ შენი თმის ბოლოებით ასე მაცდურად თამაშს, მორიგი მე ვიქნები

-უბრალოდ ჩვევა მაქვს ასეთი -უხერხულად ავიჩეჩე მხრები და მაშინვე შევეშვი ჩემს თმას.

-ქალის ეგ ჩვევა, უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცის მოხიბვლის მცდელობისკენაა მიმართული

-იმპულსური ხარ

-ეგრე რატომ ფიქრობ? -აშკარად დაინტერესდა.

-ენამოსწრებულ პასუხებს იძლევი, იმპულსურობა კი ენამოსწრებულ ადამიანებს ახასიათებს

-ცდები -თავი გააქნია მან უარყოფის ნიშნად -იმპულსი ადამიანის მიერ, მისი შეფასებისა და მასზე მსჯელობის გარეშე გადადის მოქმედებაში, მე კი სანამ რამეს ვიზამ, მანამდე ვფიქრობ ხოლმე, თუ რა თქმა უნდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ ვარ

-ანუ დღეს დალევას არ აპირებ -თავის ხელში მოქცეულ, გაზიანს წყალზე ვანიშნე.

-ხანდახან მინდება ხოლმე რეალობას გამოვეთიშო. დღეს სწორედ ის შემთხვევაა

იმას, თუ რა იმალებოდა ამ სიტყვების მიღმა, გადავწყვიტე აღარ ჩავძიებოდი. არც არასდროს ვყოფილვარ მიშოსთან ურთიერთობის იმ ეტაპზე, რომ მსგავსი პირადული კითხვები დამესვა, ამიტომ კიდევ რამის თქმას, გაჩუმება ვამჯობინე და აუზში ჩადებული ფეხები ოდნავ ავათამაშე. ჩემს გვერდით მჯდომი ბიჭი, მდუმარებაში ჩაძირულიყო და სიტყვასაც არ ძრავდა. არც კი ინძრეოდა. მდგომარეობა მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როდესაც წყალში გაქნეული ფეხით, შემთხვევით მის ტერფს შევეხე. მეტად იდუმალი, შეუცნობელი მზერით გამომხედა ამ დროს. საპასუხოდ მეც მას შევხედე. არ ვიცოდი, რისი თქმა სურდა ამ გამოხედვით, თუმცა უხერხულობის შეგრძნებამ, ხუთ წამზე დიდხანს ვეღარ გაუძლო მიშოს ყურებას და მაიძულა თავი სხვა მხარეს გამეტრიალებინა. ზუსტად იმ მომენტში, შორიახლოს თათაც შევნიშნე. როგორც ჩანდა, იმ წამის დაბრუნებული იყო, თუმცა რატომღაც ისეთი უკმაყოფილო სახით მათვალიერებდა, მაშინვე იმის გახსენება დავიწყე, მქონდა თუ არა მისთვის რამე დაშავებული.

თათა აუზთან უფრო ახლოს მოიწია და ხელით მანიშნა სასწრადოდ მასთან მივსულიყავი. შემდეგ მზერა მეფარიშვილისკენ მიმართა, ვისაც, დიდი ალბათობით, სულაც არ შეუმჩნევია, თუ როგორ უცქერდა შორიახლოს მდგომი გოგონა.

-ბოდიში, მეგობარი მეძახის და უნდა წავიდე -პასუხსაც არ დაველოდე, ისე წამოვდექი ამის თქმისას.

-მეგობარი? -არ ვიცი სიმართლე იყო თუ არა, მაგრამ მომეჩვენა, თითქოს ჩემი სიტყვები მაინცდამაინც არ გახარებია.

-ჰო, მეგობარი. კარგ გართობას გისურვებ

-შენს ასევე მარიტა -ტუჩებზე გამკრთალი, ძლისშესამჩნევი ღიმილით გამომაცილა მიშომ, მე კი პირდაპირ ჩემი მეგობრისკენ გავეშურე, ვისი დაძაბული, ოდნავ გაბრაზებული მზერის მიზეზიც, კვლავ ამოუხსნელ ამოცანად რჩებოდა ჩემთვის.

მარჯვენა ხელში, ლუდის ბოთლი ეჭირა თათას. არასრულწლოვნება ხელს არასდროს უშლიდა ალკოჰოლურ სასმელებს მიძალებოდა. განსაკუთრებით ლუდი უყვარდა და რომ არა მისი გვერდითი ეფექტი — წონაში მატება, ალბათ ლიტრობითაც კი არ იტყოდა უარს მის მიღებაზე.

-სად ხარ აქამდე? -მივუახლოვდი თუ არა, მაშინვე ვკითხე -სახლში წასვლაც კი მინდოდა იმდენად მოვიწყინე მარტომ

-აბა რა, მოწყენილი რომ იყავი, აშკარად შევამჩნიე

-რას გულისხმობ? -ცოტა არ იყოს დამაბნია მისმა ირონიულმა, ნაწყენმა ხმის ტონმა.

-მიშოს რაზე ელაპარაკებოდი? -თვალებით კვლავ აუზთან მჯდომი ბიჭისკენ მანიშნა მან. ინსტიქტურად თავი მეც იმ მიმართულებით გავატრიალე. ჯერაც ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, თუმცა ამაზე ფიქრის მაგივრად, გადავწყვიტე დასმული შეკითხვისთვის მეპასუხა:

-ისეთზე არაფერზე . . . რატომ მეკითხები?

-მგონი დროა რაღაც იცოდე. წინასწარ გაგაფრთხილებ, რათა მერე არაფერი მიქარო!

-ნორმალურად ამიხსენი, რა ხდება? -ცოტა არ იყოს, თვითონაც გავბრაზდი. როგორც ჩანდა, თათასაც ძალიან ეჩქარებოდა წამოწყებული თემის განვრცობა, რადგან პასუხზე ორი წამიც არ ვულოდინებივარ:

-ჩვენ ჯერ ახალი დამეგობრებულები ვართ და ჩემზე ბევრი რამ არ იცი, მაგრამ იმის გაგების დრო ნამდვილად მოვიდა, რომ ის ადამიანი, ვისაც ცოტა ხნის წინ აუზთან უნიჭოდ ეფლირტავებოდი, დიდი ხანია მიყვარს და სხვა დროს, მისთვის გამარჯობის თქმაც კი აღარ გაბედო!

-ვინ, მიშო? -ისევ იქეთკენ გახედვა მომინდა, სადაც იგი იჯდა, მაგრამ მალევე გავიაზრე, რომ ასე შეიძლებოდა მიმხვდარიყო მასზე რომ ვსაუბრობდით.

-ჰო, ზუსტად ის -დიქტატორული სიმკაცრით განმიცხადა ჩემმა მეგობარმა -ჩემი ბიძაშვილის იდიოტურ წვეულებაზეც სწორედ მის გამო ვარ. ზუსტად ამაღამ ვაპირებ ყველაფერში გამოვუტყდე, მერე კი ერთი რომანტიკული რამეც მაქვს გეგმაში

თათას სიტყვებზე ისე ჩავფიქრდი, თითქოს ისინი დაშიფრულ კოდს შეიცავდა და დედუქციის უნარის მეშვეობით, მათგან რამე აზრი უნდა გამომეტანა. მეფარიშვილი რომ გულში ჰყავდა ჩავარდნილი, ეს უკვე გასაგები იყო, თუმცა საკმაოდ ცუდად მომხვდა გულზე ჩემზე ეჭვიანობის ფაქტი. უკვე დღესავით ნათელი გახლდათ, რატომაც მიმზერდა ასე მტრულად განწყობილი სახით და ამის გათავისებამ, გულში რაღაც მძიმედ ჩამწყვიტა.

-და მაგის გამო ბრაზობ? -ვკითხე ნაწყენი ხმით -ჩემსა და მაგ ბიჭს შორის რომ ვინმემ არჩევნის გაკეთება გთხოვოს, არც კი დაფიქრდები ისე მაქცევ ზურგს

თათამ თვალები აატრიალა.

-შექსპირის დრამებს ნუ დგამ რაა. უბრალოდ იმ ტერიტორიას ვსაზღვრავ, სადაც შენ სეირნობა გეკრძალება

-არსად გასეირნებას არ ვაპირებდი! -გახსნილი ლუდის ბოთლი ხელიდან გამოვაცალე და ნერვებმოშლილმა იმდენად დიდი დოზით მოვსვი, ლამის გადამცდა კიდეც -ადამიანს თუკი გამოველაპარაკე, იმას არ ნიშნავს, რომ ეს ფლირტი იყო, ან ხვალვე პარკში გავყვები, ბამბის ნაყინის საჭმელად

-აბა ერთი გაბედე და ეგ გააკეთე! -გამძვინვარებული ვეფხვის მზერამ დაიდო ბინა მის სახეზე. გულში კიდევ ერთხელ ჩამწყდა რაღაც, ძალიან მძიმედ. ადამიანი, ვისთანაც მცირეხნიანი ნაცნობობის მიუხედავად უამრავი სასიამოვნო მოგონება მქონდა, იმ ბიჭის გამო მეჩხუბებოდა, რომელსაც მისდამი არანაირი გრძნობა არ ჰქონდა.

-არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ თათა -თვალებზე მოწოლილ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, თან საკუთარი თავი მეზიზღებოდა ამ სისუსტის გამო -არც აქ ყოფნა აღარ მინდა. მამას დავურეკავ და სახლში წავალ

-გგონია წასვლით შემაშინებ? რაც გინდა ის ქენი, მეტიჩარა -ლუდის ბოთლი ამართვა მან, ცხვირის წვერზე, ორი თითით ირონიულად მიჩქმიტა, ზურგი გულგრილად შემაქცია და ისე დამტოვა, უკან ერთხელაც არ მოუხედავს.

აი მაშინ კი თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლებმა ლოყებზე დაიწყეს დენა. გარკვეული დროის განმავლობაში, იმედიანი მზერით ვუყურებდი მიშოსკენ მიმავალ თათას, იქნებ მიხვდეს საკუთარ დანაშაულს და ჩემთან პატიების სათხოვნელად დაბრუნდეს-მეთქი, თუმცა როდესაც ასეთი არაფერი მოხდა, შეზლონგზე დატოვებული ზურგჩანთიდან, მამასთან დასარეკად მობილური ამოვაძვრინე და სახლიდან, უკანა გასასვლელით ისე მოჩვენებასავით გავიპარე, ჩემი გაქრობა ალბათ არც არავის შეუმჩნევია.

ერთ საათში უკვე ჩემს საძინებელში, საკუთარ ლოგინში ვიწექი, ბალიშზე ჩახუტებულს, თმაზე მამაჩემის თითები მეფერებოდნენ და მთვარის შუქით სუსტად განათებულ ოთახში ჩუმად ვსლუკუნებდი.

ლამაზი ღამე იდგა — წყნარი, თბილი და გაზაფხულის სურნელით უხვად გაჟღენთილი. ამ სასიამოვნო სიმშვიდეს, ცაზე, ვერცხლისფერი გულსაბნევივით მიმაგრებული მთვარე ედგა დარაჯად, ხოლო მის გარდა, კაბადონზე, უამრავი წერტილისოდენა ვარსკვლავიც იკვეთებოდა, რომელთა ნაზი ბრჭყვიალიც, ჩემი საწოლის თავზე, ჭერში დატნეული მოზრდილი ფანჯრიდან მართლაც იდეალურად მოჩანდა.

-დედას უკვე სძინავს? -ცრემლები მოვიწმინდე და ჩურჩულით ვკითხე მამაჩემს.

-ჰო, სძინავს. სანამ წამოვიდოდი, მანამდე ჩაეძინა

-მაშინ ამაღამ ჩემს ოთახში დარჩი რაა, გთხოვ

-მოდი აქ, მოდი -ღიმილით გამომართა გულში მაგრად ჩახუტებული ბალიში, თავი კალთაში ჩამადებინა და ფრთხილად განაგრძო თმაზე მოფერება -იცი ადამიანები რამდენად ხშირად გვიცრუებენ იმედებს მარიტა? ასეთებს ბედისწერა კიდევ ბევრჯერ შეგახვედრებს ცხოვრების გზაზე და იმუნიტეტი წინასწარ უნდა გქონდეს გამომუშავებული

-რას ნიშნავს იმუნიტეტი უნდა მქონდეს გამომუშავებული?

-იმას, რომ ყველაფრის ღირსეულად გადატანა შეძლო. მხოლოდ თოთხმეტი წლის ხარ და ჯერ კიდევ ნახევარიც არ იცი იმის შესახებ, რამდენად ბოროტი, დაუნდობელი და ყალბი შეიძლება იყოს ზოგიერთი ადამიანი -თმაზე მოფერება შეწყვიტა და ამჯერად სახეზე გადაინაცვლა -არ გაშინებ, მაგრამ მინდა წინასწარ იცოდე, ყველა ისეთად არ რჩება, როგორიც გაცნობის მომენტში მოგეჩვენა. მხოლოდ დრო დაგანახებს ვინ არის ნამდვილი და ვინ პროფესიონალურად გაყალბებული

-და როგორ უნდა განვასხვავო ნამდვილი და ყალბი მეგობრები ერთმანეთისგან? -ინტერესით ავხედე ჩემზე მოშტერებულ ლურჯ თვალებს. მამას გაეღიმა.

-ნამდვილი მეგობარი, პირველივე შესაძლო შემთხვევაში არ გაგრიყავს. სინათლეშიც ზურგს გაგიმაგრებს და სიბნელეშიც შენთან დარჩება. დაიმახსოვრე, ყველა შენნაირი არ არის მარიტა, ამიტომ ჯობს შეეშვა თითოეულ ადამიანში მხოლოდ კარგის დანახვას და ამ სამყაროს გადარჩენაზე ფიქრს. მაგას შენ კი არა, ვერც ვერავინ შეძლებს

ცრემლიანი თვალები ბოლომდე ამოვიმშრალე და ვეცადე თავი ხელში ამეყვანა. არ ვიცოდი რა კუთხით გაგრძელდებოდა ჩემი და თათას ურთიერთობა ამ ყველაფრის შემდეგ, თუმცა საკუთარი თავი არასასურველი დასასრულისთვისაც ისევე უნდა შემემზადებინა, როგორც სასურველისთვის.

-კარგი, მოდი ამაზე აღარ ვისაუბროთ. ისედაც რამდენი ხანია ტვინს გიბურღავ ჩემი ბავშვური სისულელეებით

-მამების ხვედრი ასეთია -გაეცინა და ხელის გულზე მაკოცა -ყოველთვის უნდა ვუსმინოთ შვილების მინი-დრამებს და რჩევებიც მივცეთ

-იცი როგორ მიყვარს შენთან საუბარი? არ ვიცი რატომ, მაგრამ დედასთან ისეთი გახსნილი არასდროს ვარ ხოლმე, როგორიც შენთან

-იმიტომ, რომ მხოლოდ მამიკოს პრინცესა ხარ -სითბოთი სავსე მზერით დამაცქერდა ზემოდან და თავისი ერთი გამოხედვით, თითქმის მთლიანად გააქრო ის გულისტკივილი, რასაც იმ მომენტში განვიცდიდი -მიდი, დახუჭე თვალები და დაიძინე. ხვალ ადრე უნდა ადგე

-გთხოვ დამპირდი, რომ სანამ ასი წლის არ გახდები, მანამდე არ მოკვდები და არ მიმატოვებ, კარგი?

-იქნებ მეტსაც ვცოცხლობ, საზღვრებს რატომ მიწესებ? -ხმამაღლა გაეცინა.

-მეტი შეგიძლია, ნაკლებ არც გაბედო!

-არის გენერალო! ახლა კი გაჩუმდი და დაიძინე, თორემ ხვალ სიტყვებზე — “გამოუძუინებელი ვიყავი და ცუდი ნიშნები მივიღე”, არ მოვითაფლები

-მეტიც არ მინდა კერწეროში არ გატკბილდეს!

-ენა! -სიცილით ამიჩეჩა თმები მამამ და სანამ თვალებს დავხუჭავდი, სხეულზე ჭრელი პლედიც გადამაფარა.



* * * *

მზიანი დილა გათენდა. გარეთ იმდენად თბილი, სასიამოვნო ამინდი იყო, მშობლებს პირველად ვუთხარი უარი სკოლაში მანქანით წაყვანაზე და გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა. ყველაფერთან ერთად, მარტო დარჩენა და წუხანდელ ამბებზე ფიქრიც მინდოდა, რისთვისაც უდავოდ შესანიშნავი საშუალება მეძლეოდა, სკოლისკენ მიმავალ გზაზე.

გასავლელი თითქმის ორი კილომეტრი მქონდა. დროც საკმარისი იყო, ამიტომ მარკეტში მარწყვის ნაყინი ვიყიდე და გზას გავუდექი. განწყობა, წინა ღამესთან შედარებით საგრძნობლად მქონდა გაუმჯობესებული. ამაში ყველაზე დიდი წვლილი მამას მიუძღვოდა, თუმცა ნაწილობრივ, გვიანი გაზაფხულის მზიანი ამინდის დამსახურებაც გახლდათ.

სკოლაში მისასვლელად, ჩემი საყვარელი შადრევნებიანი პარკი უნდა გამევლო. სწორედ აღნიშნულ პარკთან მიახლოებისას ვიგრძენი ჯინსის ჯიბეში მოთავსებული მობილურის ვიბრაცია, ნაყინის ვაფლს კიდევ ერთხელ ვუკბიჩე და მიუხედავად იმისა, რომ ნომერი არ მეცნობოდა, შემოსულ ზარს მაინც ვუპასუხე.

-გისმენთ!

-მარიტა, ირაკლი ვარ -მომესმა ყურმილში ნაცნობი ხმა, რომელმაც ოდნავ დამაბნია. ირაკლი, თათას ბიძაშვილი იყო. სწორედ ის, ვის წვეულებაზეც გასულ ღამით ვიყავი, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ დიდად ახლო ურთიერთობა არასდროს გვქონია, მისი ხმის გაგებამ, ცოტა არ იყოს გაკვირვებული დამტოვა.

-გისმენ ირაკლი, მოხდა რამე?

-სად ხარ? -ნერვიულობასთან ერთად, სიმკაცრეც შევნიშნე მისი ხმის ტონში, რამაც უფრო მეტად ამრია.

-სკოლაში მივდივარ . . . რატომ მეკითხები?

-თათა საავადმყოფოშია მარიტა -წამითაც არ შეყოვნებულა ისე მითხრა. ნაყინის ჭამა მომენტალურად შევწყვიტე. თავში ერთდროულად ათასი კითხვა მაინც დამებადა, თუმცა პასუხი ვერც ერთ მათგანზე ვერ ვიპოვე.

-საავადმყოფოში? მანდ რას აკეთებს?

ირაკლიმ ღრმად ამოიხვნეშა. მისი თითოეული ამოსუნთქვა აშკარას ხდიდა, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა.

-ტელეფონით ამაზე საუბარი არ მინდა. სასწრაფოდ უნდა გნახო, შენთანაც მაქვს კითხვები

-მითხარი რომელ საავადმყოფოშია და ტაქსის გავაჩერებ -სასწრაფოდ მივიღე გადაწყვეტილება, თან ნაყინის დარჩენილი ნაწილი, თავის შეფუთვიანად მოვისროლე პირველივე შემხვედრ ნაგვის ურნაში.

-შენი მისამართი შეტყობინებით გამომიგზავნე და თავად მოგაკითხავ

-კარგი, კარგი, გიგზავნი -სინათლის სიჩქარით დავკიდე ყურმილი და უმალვე შევასრულე მისი თხოვნა. შეწინააღმდეგებისთვის არც დრო მქონია და არც სურვილი. იმ მომენტში, ჩემთვის თათას მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი არაფერი გახლდათ, ამიტომ სკოლაში წასვლა დაუფიქრებლად ამოვშალე ჩემი დღის განგრიგიდან.

წარმოდგენა არ მქონდა ირაკლი ახლო მანძილიდან მოვიდა, თუ ზედმეტად სწრაფად იარა, მაგრამ ყურმილის დაკიდებიდან ზუსტად ხუთ წუთში, უკვე მის მანქანაში ვიჯექი და მომლოდინე მზერით შევყურებდი როდის დაიწყებდა იმაზე საუბარს, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა.

სახე მთლიანად წაშლილი ჰქონდა. რაც ურო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ვრწმუნდებოდი იმ მოსაზრებაში, რომ საქმე რთულად იყო და მეც ნელ-ნელა მემატებოდა დაძაბულობა.

-ირაკლი, ბოლოს და ბოლოს იტყვი რა ხდება? -მოთმინება რომ ამომეწურა, თავად გავხდი ჩვენს შორის ჩამოვარდნილი დუმილის დარღვევის ინიციატორი. როგორც ჩანდა, ძალზედ შეშინებული სახე მქონდა, რადგან ჩემს დანახვაზე მას ოდნავ ჩაეღიმა და თმაზე მზრუნველად გადამისვა ხელი.

-ნუ ღელავ, ახლა კარგადაა . . . უბრალოდ რაღაცების ახსნა მიჭირს

-რა დაემართა?

-თვითმკვლელობა სცადა მარიტა. ეგ თხა, ადგა და სრულიად მოულოდნელად, თავში ვენების სამართებლით გადასერვის იდეა დაებადა!

-შენ რა ხუმრობ?! -სიმწრის სიცილით გამეცინა მის სიტყვებზე, თუმცა მზერამ, რომლითაც შემომხედა, წამებში დამარწმუნა მოსმენილის ჭეშმარიტებაში.

-ასეთ რამებზე ნორმალური ადამიანები არ ხუმრობენ -მკაცრად მომიჭრა, მერე კი მთელი ტანით მომიტრიალდა -მასთან ახლოს ხარ, მეგობრობთ და დარწმუნებული ვარ გეცოდინება რის გამო შეიძლებოდა გადაედგა მსგავსი სულელური ნაბიჯი

-წარმოდგენა არ მაქვს. მართლა არაფერი ვიცი, ირაკლი. გთხოვ, მანქანა დაძარი და საავადმყოფოში წამიყვანე, თათასთან

-მნახველებს ჯერჯერობით არ უშვებენ

-სულ ერთია -ზურგიდან ჩანთა მოვიხსენი, მუხლებზე დავიდე და ღვედი შევიკარი -სანამ არ შემიშვებენ, კართან ვიდგები. დანარჩენზე იქ ვილაპარაკოთ

ირაკლიმ შუბლი მოისრისა და ღრმად ამოიოხრა, თუმცა წინააღმდეგობა აღარ გაუწევია ისე დაძრა მანქანა. მთელი გზა საჭეს გიჟივით მართავდა და ისეთ სახიფათო მანევრებს აკეთებდა, სხვა დროსა და სხვა სიტუაციაში, ალბათ შემეშინდებოდა კიდეც, თუმცა ახლა ჩემი გონება ისეთი ქაოტური ფიქრებით გახლდათ მოცული, მცირედი პროტესტიც კი არ გამომითქვამს.

დროის აღქმის უნარი დაკარგული მქონდა, თუმცა ის მაინც გავიაზრე, რომ საავადმყოფომდე ძალიან მალე მივაღწიეთ. როგორც კი ავტომობილმა საპარკინგე ზონაში დაიკავა ადგილი, არ დამიწყია იმის ლოდინი, როდის გააღებდა კარს და როდის გადმოვიდოდა გარეთ მისი მეპატრონე. ღვედი შევიხსენი თუ არა, სალონიდან მისთვის დაცდის გარეშე გადმოვედი და სწრაფი სიარულით, პირდაპირ კლინიკის მიმღებში შევაჭერი. ამასობაში ირაკლიც წამომეწია, თანამშრომელ გოგონებს საშვი გამოართვა, მკლავზე ხელი მომკიდა და ლიფტის მიმართულებით წამიყვანა.

მესამე სართულამდე ისე ავედით, ერთმანეთისთვის ხმა ერთხელაც არ გაგვიცია. როგორც კი ორფრთიანი კარი სრიალით გაიხსნა და იქედან გამოვედით, დერეფანში, ერთ-ერთი პალატის კართან ნაცნობი სახე შევნიშნე. ცოტა კარგად რომ დავაკვირდი, მასში ირაკლის შეყვარებულიც ამოვიცანი. ეს გოგო სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი, თუმცა მაინც კარგად მახსოვდა, რომ სახელად ანუკი ერქვა და იგიც დამამთავრებელ კლასში იყო. ირაკლის მსგავსად, ისიც ჩემს სკოლაში სწავლობდა და საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, თუმცა მათდა სამწუხაროდ, ანუკი და ირაკლი, ერთმანეთთან მეტად საიმედო, უხილავი ძაფებით იყვნენ დაკავშირებულები და ჩაირიცხებოდნენ თუ არა უნივერსიტეტში, მაშინვე აპირებდნენ თავიანთი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემას.

ანუკი, ჩვენი დანახვისას მაშინვე წამოდგა მოსაცდელი სკამიდან და აპარატიდან ცივი წყალი ჩამოისხა. მისი იქ ყოფნა არ გამკვირვებია. კარგად ვიცოდი, რომ ის და თათა, ერთმანეთთან მუდამ ძალიან ახლოს იყვნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანუკიმ, ირაკლისთან დაიწყო ურთიერთობა.

-მალე მოსულხართ -მივუახლოვდი თუ არა, პირველად მე შემომხედა მან და თბილად გამიღიმა -გამარჯობა მარიტა, როგორ ხარ?

-არა მიშავს ანუკი . . . ახალი ხომ არაფერია?

-შიგნით კვლავ არავის უშვებენ. სხვა მხრივ, მდგომარეობა უკვე დიდი ხანია სტაბილურია. თათას მშობლები ქალაქგარეთ არიან და ვაპირებთ ეს ამბავი საერთოდ არ გავაგებინოთ, ამიტომ ნურც შენ წამოგცდება რამე

-გოგოებო, ყავას ხომ არ დალევთ? -საუბარში ირაკლიც ჩაერია -დილიდან თავი მისკდება და კაფეტერიაში უნდა ჩავიდე. თუ გინდათ, თქვენც წამოგიღებთ

-არაფერი გვინდა -თითქმის ერთდროულად ვუპასუხეთ მეც და ანუკიმაც.

-კარგი, მაშინ ცოტა ხნით დაგტოვებთ . . . მარიტა, სანამ დავბრუნდები, იქნებ რამე ხელჩასაჭიდის გახსენებაც შეძლო

-ვეცდები -დამაიმედებლად მივუგე იმისდა მიუხედავად, რომ ზუსტად ვიცოდი არაფერი გამახსენდებოდა ისეთი, რაც ამ ჩახლართული ამბის გამხსნელი კვანძის პოვნაში გაგვიწევდა დახმარებას.

მე და ანუკი, აბსოლუტურად მარტონი დავრჩით ერთმანეთის პირისპირ. კლინიკის დერეფანში აღმოჩენის მომენტიდანვე, ამ გოგოს ნათლად ვამჩნევდი რომ რაღაც უჩვეულოდ ბორგავდა. ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, თითქოს ენის წვერზე ისეთი რაღაც ადგა, რისი უთქმელობაც სულს უტანჯავდა.

გოგონას მსგავსად, აპარატიდან ცივი წყალი თავადაც დავისხი და მოსაცდელის შუანა სკამზე დავიკავე ადგილი. მომხდარისგან ისე ვიყავი დაძაბული, შინაგანი კანკალის შეგრძნება წამითაც არ მშორდებოდა. ფიქრით თავს ვიმტვრევდი, თუმცა არაფერი მაგონდებოდა ისეთი, რის გამოც, თათას შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა ჩაეთვალა ერთადერთ გამოსავლად.

-არაფერი იცი ხომ? -ვიგრძენი როგორ მომიჯდა გვერდით ანუკი და როგორ შემავლო დამკვირვებლური მზერა, ისე, თითქოს ჩემს რენტგენში გატარებას ცდილობდა.

-არა, არ ვიცი . . . წარმოდგენაც არ მაქვს, ჩემი წამოსვლის მერე რა მოხდა

-სამაგიეროდ მე ვიცი

-რა? -თავი შენელებული კადრით მოვაბრუნე. თათას სახეზე ღიად იკითხებოდა, რომ უთქმელი სიტყვების მთელი ნაკადი დაგროვებოდა და ისიც, რომ იგი ერთადერთი იყო, ვისაც იმ კითხვებზე გააჩნდა პასუხი, რაც ყველაზე მეტად აქტუალური იყო მაშინ.

-ჰო, არ მოგესმა -დამიმოწმა -ყველაფერი ვიცი, მაგრამ ვფიქრობ გითხრა თუ არა, რადგან ძალიან არ მინდა ეს ამბავი ირაკლის ყურამდე მივიდეს

-ანუკი, თუ რამე იცი, გთხოვ მითხარი -ლამის შევევედრე ჩემი ტონითა და გამოხედვით. ამ უკანასკნელმა ისეთი თვალებით შემომხედა, აშკარად მივხვდი, რომ შევებრალე. ალბათ სწორედ ამიტომ აღარ გაუგრძელებია სიმართლისთვის ხელის დაფარება.

-ყველაფერი იმ ახალი მოსწავლის, მიშოს გამო მოხდა -სიძულვილით გამოსცრა კბილებში მან, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო საკმარისი, რათა სიტუაციაში ბოლომდე გავრკვეულიყავი.

-მიშო? მიშომ რა გააკეთა?

-რა გააკეთა და არაკაცივით მოიქცა, აი რა გააკეთა! -იმოდენა ზიზღით საუბრობდა მასზე ანუკი, წინ რომ დგომოდა, ალბათ ტყვიის დახლასაც არ მოერიდებოდა. იმ წამს, სავარაუდოდ გონების დახშული ნაწილი გამეხსნა და უმალ მომაგონდა თათას სიტყვები, მიშოსადმი თავისი დამოკიდებულების შესახებ რომ მიყვებოდა. იქნებ, მეფარიშვილის მხრიდან უარი მიიღო და მისი ასეთი საქციელის მიზეზიც ზუსტად ეს გახდა?

-მოიცა, სიყვარულზე, სიყვარულით არ უპასუხა და ვენები ამიტომ გადაიჭრა? მართლა ასეა?

-რა სიყვარულზე, სიყვარულით არ უპასუხა მარიტა? მიშო იმ ღამით თათასთან იწვა და მერე უსარგებლო ნივთივით მოისროლა! ასეთ დამცირებას არც ერთ ქალს არ ვუსურვებ, ის უტვინო კი ჯერ სულ ბავშვია და ფსიქიკამ უმტყუვნა, ვერ გაუძლო

ლამის შოკი მივიღე ამის მოსმენისას. ხელები ისე ძლიერად ამიკანკალდა, წყლის ჭიქის დაჭერაც ვეღარ შევძელი და სითხე ძირს რომ არ დაღვრილიყო, იგი დროებით სკამის სახელურზე გადავდე. თითქოს როგორც მულტფილმებში ხდება, თავთან ფიქრების პატარა ღრუბელი გაჩნდა, სადაც თათას სიტყვები — “ამაღამ მისთვის ყველაფრის თქმას ვაპირებ და შემდეგ კიდევ ერთ რომანტიკულ რამეს”, მაშინვე ანუკის ნათქვამთან დავაკავშირე და მივხვდი, რომ ჩემს მეგობარს, მიშოსთან დაწოლა, ყოველგვარი იმპულსურობის გარეშე, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

-მომიყევი ეს როგორ მოხდა

ანუკიმ თავი გადააქნია და თმებში ორივე ხელი შეიცურა. როგორც ჩანდა, მომხდარზე საუბარი არც მისთვის იყო მთლად მარტივი.

-იმ ღამით, შენს გარდა ყველანი აგარაკზე დავრჩით -როგორც იქნა ხმა ამოიღო მან -მეორე სართულზე, აბაზანაში შესასვლელად ავედი, რადგან პირველ სართულზე დაკავებული დამხვდა. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთ საძინებელთან მომიწია ჩავლა. თათა შიგნით ვიღაცას უყვიროდა, მისი ხმა მაშინვე ვიცანი. მოგვიანებით ისიც გავარკვიე, რომ მასთან ერთად მიშო იყო

-და რას ეუბნებოდა მას თათა? -ვიკითხე დამსხვრეული ხმით.

-ეუბნებოდა, რომ საკუთარი თავი მიუღძვნა, რომ უყვარდა და ასე უსამართლოდ არ უნდა მოქცეოდა. ევედრებოდა ერთი ღამით ყველაფერი არ დაესრულებინა და შანსი მიეცა, თუმცა ბატონი მეფარიშვილი, ოთახიდან ისეთი გულგრილი მზერით გამოვიდა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყო. როცა გვერდი ამიარა და კიბეებზე დაეშვა, რეაგირების მოხდენაც ვერ მოვასწარი ისე ჩაიკეტა თათა შიგნიდან. უამრავი ვაკაკუნე, ვემუდარე, მაგრამ არაფრით არ გამიღო. მერე ირაკლი მოვიყვანე, ვინც შესასვლელი კარი შეამტვრია და საბოლოოდ ჯაკუზშიც ვიპოვეთ, სისხლის გუბეში მცურავი

-ჯანდაბა, პირველი მამაკაცი და ასეთი საშინელი დასასრული?! -თვალიდან ჩემდაუნებურად გადმომივარდა ცრემლი -თათას მის გარდა არც არავინ ჰყოლია

-ცდები, მიშო არ ყოფილა მისი პირველი -თავი გადააქნია მან -შენ შეიძლება არ გიყვებოდა, მაგრამ მშობლებს რომ ამერიკაში ჰყავდათ, მთელი ზაფხული ახალი სექსუალური გამოცდილებების მიღების მეტი არაფერი უკეთებია. ზუსტად ცამეტ ბიჭთან იწვა, სამი თვის მანძილზე და თავის საქციელს იმით ამართლებდა, რომ როდესაც ვინმე შეუყვარდებოდა, უკვე საკმაოდ გამოცდილი უნდა ყოფილიყო, რათა მისთვის შესაბამისად ესიამოვნებინა

-ამ ყველაფერს რატომ მიყვები? -გავხედე მეტად გაკვირვებულმა. მართალია გული დამწყდა, რომ ჩემს მეგობარზე ეს ყველაფერი არ ვიცოდი, თუმცა მაინც ვერ გამეგო, რის გამო გაამჟღავნა ანუკიმ ასე პირდაპირ ამბები, რასაც თათა საიდუმლოდ უყვებოდა ხოლმე.

-იმიტომ, რომ მასზე ყველაფერი იცოდე და ყურადღება მიაქციო, რათა მსგავსი სისულელე კიდევ აღარ ჩაიდინოს -ისე მიპასუხა, თითქოს მეუბნებოდა, ამას შენით როგორ ვერ მიხვდიო -დაიმახსოვრე, ჩვენი საუბარი ირაკლის ყურამდე არ უნდა მივიდეს. იგი ხუთი თითივით მყავს შესწავლილი და ვიცი რამდენად იმპულსურიც ხდება ხოლმე კრიტიკულ მომენტებში, მეაფრიშვილი კი მდიდარი, სახიფათოდ გავლენიანი ოჯახიდანაა. მართალია მშობლები არ ჰყავს, თუმცა ბაბუამისი საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ნებისმიერს დაუფიქრებლად გადაუვლის, ვინც მისი ერთადერთი შვილისშვილისთვის შეეცდება რამის დაშავებას. მარიტა, დამპირდი, რომ არაფერს იტყვი

-კარგი, გპირდები, გპირდები -მაშინვე მივუგე, რათა მისი ჩემკენ მომართული თვლებიდან შიში საბოლოოდ გამექრო. ნერვიულობისგან თითებს ისე ინტენსიურად ვიმტვრევდი, უკვე იმის რისკიც დიდი იყო შემთხვევით ძვლები გადამეტეხა -ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რაც მომიყევი. გამოდის, თათაზე საერთოდ არაფერი მცოდნია

-ანგელოზი ნამდვილად არაა -ოდნავ ჩაეღიმა ანუკის ამის თქმისას -თუმცა იმას მაინც არ იმსახურებდა, საყვარელ მამაკაცს ერთი ღამისთვის გამოეყენებინა და მერე ოთახიდან ისე გამოსულიყო, როგორც მეძავის სამუშაო სივრციდან

-მაგას არავინ იმსახურებს ანუკი -მივუგე და საუბარიც მაშინვე შევწყვიტე, რადგან დერეფანში, ჩვენკენ სწრაფი ნაბიჯებით მომავალი ირაკლი შევნიშნე. ვიცოდი, გუშინ მომხდარზე სიტყვას კიდევ ერთხელ ჩამოაგდებდა, იმ იმედით, რომ ამასობაში შეიძლებოდა რამე მნიშვნელოვანი დეტალი გამხსენებოდა. ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა სამსახიობო ნიჭი, რათა თავი მომეჩვენებინა, თითქოს წარმოდგენაც არ მქონდა რატომ, ან რისთვის გააკეთა თათამ ის, რაც გააკეთა.




8 8 8 8

ბავშვობიდან მოყოლებული, ერთი მოუშორებელი ჩვევა მქონდა — მობილურის ეკრანზე მუდამ სასაცილო ფოტოებს ვაყენებდი ხოლმე, რადგან მათი შეხედვისას მეც გამეღიმა და კარგ ხასიათზე დავმდგარიყავი. რას აღარ დაინახვდით ჩემი ტელეფონის Home screen-ზე —კბილებდაკრეჭილ ჟირაფს, ენაგადმოგდებულ მაიმუნს, თვალებგადმოკარკლულ თევზს და უამრავ სხვა კომიკურ რამეს, რასაც ადამიანის კარგ განწყობაზე დაყენება შეეძლო.

შუადღე ხანს, სამსახურში წასვლამდე, სწორედ ზემოთ ხსენებული შინაარსის ფოტოების თვალიერებით ვიყავი გართული, როცა ჩემს ნომერზე სამირას ზარი შემოვიდა. ცოტა არ იყოს გამიკვირდა. მართალია, როგორც თანამშრომლებს, ერთმანეთის ნომრები ტელეფონში გვქონდა ჩაწერილი, თუმცა ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ეს ადამიანი ჩემთან კონტაქტზე გამოსვლას ცდილობდა.

-გისმენ სამირა -ავიღე თუ არა ყურმილი, სასაუბროდ მაშინვე აივანზე გავედი.

-პირველ რიგში საავადმყოფოდან გამოწერას გილოცავ. დრო ვერ გამოვნახე, თორემ გინახულებდი კიდეც

-გმადლობ. არა უშავს, მესმის

-იმედია ისეთ დროს ვრეკავ, რომ დაკავებული არ ხარ და სახლიდან გამოსვლას მოახერხებ

-რა ხდება? -საქანელა-სავარძელში ჩაჯდომისას, ფეხები ავიკეცე და ჩემს ზურგს უკან მოთავსებულ ბალიშთაგან ერთ-ერთი კალთაში ჩავიდე. ქუჩიდან მანქანების ხმაური ამოდიოდა, თუმცა საუბარში ეს ხელს საერთოდ არ მიშლიდა.

-საცურაოდ ვაპირებ სანაპიროზე გასვლას და თუ გინდა ჩემთან ერთად წამოდი. იმ მეორესთანაც დავრეკე, მაგრამ რაღაც საქმე აქვს და ვერ ახერხებს. არც სამსახურში იქნება დღეს

-ლოლიტა?

-ჰო, ლოლიტა. როგორც მითხრა, მამამისს უნდა გაყვეს ფრანგ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, როგორც თარჯიმანი -მერე რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა და ჩაახველა -შენ რას იზამ, წამოხვალ?

ფიქრის დრო დიდად არ გამიწელავს. ვინაიდან ჯერ საქმე არაფერი მქონდა და შინ მარტო ყოფნაც საშინლად მომწყენოდა, გადავწყვიტე წინადადებას დავთანხმებოდი და სამსახურშიც პირდაპირ სანაპიროდან წავსულიყავი.

-კარგი, რა პრობლემაა, წამოვალ. მოვემზადები და შენც გამოგივლი

-ძალიან დამავალებ, თორემ ავზში იმდენად ცოტა საწვავი მაქვს დარჩენილი, ბენზინგასამართ სადგურამდეც ვერ მივაღწევ -სიცილით მითხრა სამირამ და ყურმილიც დაკიდა. რამდენიმე წამში, შეტყობინებაც მივიღე მისგან, სადაც Mapp-ით თავის ადგილმდებარეობას მიზიარებდა, რათა მისამართზე უპრობლემოდ მივსულიყავი.

დაახლოებით თხუთმეტ წუთში, საჭირო ნივთებით სავსე ჩანთა უკვე ჩალაგებული მქონდა და ჩამოწეულ საქარე მინებში შემოჭრილი ქარის მელოდიის თანხლებით, სამირას სახლისკენ მივემართებოდი, რომელიც ჩემგან არც თუ ისე შორს მდებარეობდა.

მაგნიტოფონში Coldplay-ს ალბომი მქონდა ჩართული, გარეთ სასიამოვნოდ მზიანი ამინდი იყო, ჩემი ტელეფონის ეკრანზეც ამინდის შესაბამისი ფონი —მომღიმარი მზე მოჩანდა.

საშუალოზე ოდნავ მაღალი სიჩქარით მივუყვებოდი ნავიგატორზე მონიშნულ გზას, რის საშუალებასაც იმ არეალში, ნაკლებად დატვირთული მოძრაობა მაძლევდა. თავს ოდნავ გაორებულად ვგრძნობდი. სამირასთან არც ისე ახლო მეგობრობა მაკავშირებდა და ძალიან იდუმალ ადამიანადაც მიმაჩნდა, თუმცა მეორეს მხრივ, მასში სწორედ ეს იდუმალება მომწონდა. არ ვიცოდი რატომ, ან რის გამო, თუმცა ჩემში მუდამ იდუმალი, ბერმუდის სამკუთხედივით გამოუცნობი ადამიანები იწვევდნენ ხოლმე მაგნიტურ მიზიდულობას და ეს ფაქტი, დღემდე უცვლელი რჩებოდა.

ფიქრებში გართულმა, როგორც იქნა დანიშნულების ადგილსაც მივაღწიე. ძველი და პატარა, თუმცა ლამაზი, ეზოიანი სახლი იდგა ჩემს წინ, რომელიც განსხვავებული არქიტექტურით, პირველი შეხედვის თანავე გამოირჩეოდა, მეზობლად აშენებული სხვა საცხოვრებლებისგან. ყველაზე ორიგინალური, რაც მხედველობის არეალში მომხვდა, ეს თავჩახრილი, მოწყენილი ადამიანების ქანდაკებები გახლდათ, რომლებიც მაგიდას შემოსხდომოდნენ, ცენტრში კი სადგამზე დამაგრებული, ნახევრად ჩამოთლილი დედამიწის მოდელი მოეთავსებინათ.

მთლიანად სახლი, მის კარზე გაკეთებული, ხახადაღებული ლომის ფორმის ბარელიეფი და ეზოს დეკორაციები, მეცხრამეტე საუკუნის ეპოქას მოგაგონებდათ. სწორედ ეს ვინტაჟური სტილი ხდიდა ამ პატარა სახლს განსაკუთრებულს, თანაც იმდენად, რომ ვერც მობილურის კამერის ჩართვისა და მისთვის სურათის გადაღებისგან შევიკავე თავი.

რკინის ჭიშკარს არანაირი დაცვის სისტემა არ ჰქონდა. ამის გამო, ეზოში უპრობლემოდ შევაბიჯე და ამჯერად ქანდაკებები გადავიღე ახლო კადრიდან. ზუსტად იმ წამს, რაღაცის მსხვრევისა და მამაკაცის ყვირილის ხმაც მომესმა ღიად დარჩენილი ფანჯრიდან. სიტყვები კარგად ვერ გავარჩიე, თუმცა იმას ნამდვილად მივხვდი, რომ ეს ადამიანი, ვიღაცაზე ან რაღაცაზე, ძალიან იყო გაბრაზებული. არ გასულა ერთი წუთი, რომ შიგნით შესასვლელი კარი ხმამაღალი ჭრიალით გაიღო და იქედან, ნახევრად კლასიკურ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი გამოვარდა, გაცეცხლებული სახითა და ჩვეულებრივზე სწრაფი ნაბიჯებით. მისი დანახვისას, პირველი, რაც გავიფიქრე ის იყო, რომ სადღაც ადრეც მყავდა ნანახი. მეხსიერების მივიწყებული უჯრედებიდან მალევე ამოვქექე წარსულის კადრები და ამ ადამიანის ვინაობის გახსენებაც შევძელი. მართალია იგი მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი, ფიტნეს კლუბში, მიშოსთან ერთად, თუმცა იმდენად სახასიათო და გამორჩეული სახის ნაკვთები ჰქონდა, ჩემს გონებას, მისი სახე დღემდეც კი შემორჩენოდა.

ვინაიდან ეს პიროვნება ამ სახლშიც ვიხილე და მეფარიშვილის გვერდითაც, ვივარაუდე, რომ იგი სწორედ ის დემეტრე უნდა ყოფილიყო, ვისზეც სამირამ თავად მოგვიყვა მე და ლოლას.

მამაკაცმა კიბეები ბრაზიანი სახით ჩამოირბინა, მხოლოდ ერთხელ შემომხედა ყინულივით ცივი, არაფრისმთქმელი მზერით, მერე კი ჭიშკრიდან გავიდა და იქედან დაახლოებით ორ მეტრში დაყენებულ თავის მანქანაში, კარის ჯახუნით ჩაჯდა. სიტუაციიდან გამომდინარე, რთული როდი იყო იმის მიხვედრა, რომ ჩემს მოსვლამდე, ამ ორს შორის სერიოზული დავა მიმდინარეობდა. სწორედ ამიტომ, მისწვდა თუ არა ჩემს ყურთასმენას ავტომობილის ძრავის ხმა, მაშინვე სამირასთან შევვარდი იმის შიშით, რამე ხომ არ დაუშავა-მეთქი, თუმცა თვალები ლამის შუბლს უკან გადამივიდა, როდესაც იგი, მისაღების დივანზე, მშვიდად მიწოლილი აღმოვაჩინე, თეთრი შოკოლადის ფილით ხელში.

იქაურობა ქარიშხალგადავლილივით გამოიყურებოდა. ბალიშები ძირს ეყარა, მაგიდის სანათი დამსხვრეული ეგდო ოთახის კუთხეში, კედელზე დაკიდებული ლამაზი ნატურმორტისთვის, ვიღაცას შუაგულში დარცის ისარი ესროლა, ხოლო პატარა მაგიდაზე მოთავსებული ლარნაკი, წაქცეული იყო და იქედან გადმოყრილი წითელი ვარდები, წყლის პატარა გუბეში ეყარნენ.

-სამირა! -ხმამაღლა დავიძახე მისი სახელი, რათა შოკოლადის ჭამისთვის თავი დაენებებინა და ჩემთვის მოექცია ყურადღება. ამ გოგომ, სხვა ყველაფერთან ერთად, თავისი ინდიფერენტულობითაც გამაოცა.

-მარიტა? უკვე მოხვედი? -რა წამსაც დამინახა, მაშინვე წამოდგა ფეხზე. არანაირი მღელვარებისა და დაძაბულობის კვალი მის სახეზე არ შეიმჩნეოდა, რის გამოც, უფრო მეტად მაოცებდა შექმნილი სიტუაცია.

-ჰო, მოვედი . . . აქ რა მოხდა? ვანდალები შემოიჭრნენ?

-გამოიცანი. ჰაიზერიხმა იმაიმუნა -გაღიმება სცადა ამის თქმისას -კარგი რაა, შესაწვავად გამზადებული თევზივით ნუ მიყურებ, უბრალოდ ყოფილის ისტერიკებია, ვინც დღემდე ვერ შეეგუა ჩვენს დაშორებას

-და ეს არეულობა მან გამოიწვია?

-არა -შოკოლადის კიდევ ერთი ნატეხი ჩაიდო პირში მან -რომ აღარ წავიდა და თავი მომაბეზრა, ყველაფერი მე ვესროლე

წამით ენა ჩამივარდა. მერე, როდესაც ყველაფერი გავიაზრე და სიტუაცია წარმოვიდგინე, თავის შეკავება ვერ შევძელი და გამეცინა.

-ახლა უკვე ვხვდები ლოლას რატომ მოეწონე

-ჰოო? რატომ? -კვლავ დივანზე ჩამოჯდა და მანიშნა მეც დავმჯდარიყავი.

-უყვარს, როდესაც ადამიანს გიჟური მხარე აქვს . . . ისე, ეგ ბიჭი არ შეგეცოდა? სახე მთლიანად ჰქონდა წაშლილი

სამირამ, რაღაც პერიოდის განმავლობაში პასუხი არ გამცა. ვერც გამომეტყველებაზე ამოვიკითხე რამე ხელჩასაჭიდი, იმდენად არაფრისმთქმელი ჰქონდა ეს უკანასკნელი.

-უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ჩვენი ყველა ლამაზი ოცნება უფსკრულში გადაიჩეხა -თქვა ბოლოს და მომეჩვენა, რომ ამ მომენტში თვალებში ტკივილმა და იმედგაცრუებამ ერთდროულად გაურბინა.

-შეგნებულად არ გეკითხები, თქვენი ურთიერთობა აქამდე როგორ მივიდა, მაგრამ იქნებ მაინც ცივილიზებულად დალაპარაკება სჯობდეს, ნივთების აქეთ-იქით სროლას?

-ეგრე არ გამოდის

-ყველაფერი გამოვა, თუკი კარგად მოინდომებ

-საყვარელო, იცი რატომ იბადებიან ადამიანები ერთი პირით და ორი ყურით, იმის მაგივრად, რომ პირიქით იყოს?

-რატომ? -აშკარად ვერ მივხვდი, რა შუაში იყო ეს კითხვა ჩვენს საუბართან, სანამ კვლავ სამირა არ ალაპარაკდა:

-იმიტომ, რომ იმაზე მეტი მოისმინონ, ვიდრე ილაპარაკონ. გეუბნები ცივილურად საუბარი არ ხერხდება-მეთქი და პაცეფისტური რჩევა-დარიგებებისგან თავი შეიკავე

-კარგი, გემორჩილები -ხელები ავწიე დანებების ნიშნად და დივანზე მის გვერდით მჯდომმა ფეხი, ფეხზე გადავიდე -რას ვშვრებით, აღარ მივდივართ?

-წავიდეთ, წავიდეთ, აქაურობას მერე მივალაგებ -ჩამოშლილი თმები კოსად აიკრა მან. შავი ფერის, თავისზე ორი ზომით დიდ სპორტულ შარვალსა და ამავე ფერის მოკლე, უმკლავო ზედატანში გამოწყობილი, საბანაოდ წასასვლელად გამზადებულს მართალია ნაკლებად ჰგავდა, თუმცა უნდა მეღიარებინა, ჩაცმის ეს სტილი ძალიან უხდებოდა.

მანქანაში რომ ჩავსხედით, სამირამ ღვედის გაკეთებაზე თავიდანვე უარი განაცხადა და ისიც დაამატა, თუ დაგაჯარიმებენ, ყველაფრის ანაზღაურებას საკუთარ თავზე ვიღებო.

-ნუ ღელავ, გრძელი გზა არ გვაქვს, დიდი ალბათობით არავინ გაგვაჩერებს

-დიდი იმედი მაქვს

-შენს ეზოში რაღაც ქანდაკებები ვნახე -როგორც კი გზაზე გავედით, საუბარი მაშინვე განვაახლე -მოწყენილი სახეებით მჯდომ ადამიანებს, შუაში დაზიანებული გლობუსი უდგათ

-ჰო, მერე?

-მაინტერესებს, ამაში რამე აზრი დევს?

-დევს -მანქანის სარკეში ჩაიხედა და ტუჩებზე უფერული საცხი გადაისვა -გონიერი ადამიანები წუხან იმაზე, რომ ჩვენი პლანეტა ნელ-ნელა ნადგურდება და ეს ყველაფერი ჩვენს გამო ხდება. მოკლედ, ვისგანაც ეს სახლი ვიქირავე, მან ქანდაკებების მნიშვნელობა ასე ამიხსნა

-ჭკვიანურია. ეზოიან სახლში რომ ვცხოვრობდე, მეც მოვაწყობდი რამე მსგავს დეკორატიულ კუთხეს

სამირა ჩამოწეულ საქარე მინას, მარჯვენა მკლავით დაეყრდნო და ცას ახედა. მერე მუხლებზე დადებული ჩანთიდან, მინიატურული ვისკის ბოთლი ამოაძვრინა, ერთი ამოსუნთქვით გამოცალა, ხოლო ცარიელი ბოთლი კვლავ ჩანთაში ჩააბრუნა.

-სიგარეტი ხომ არ გაქვს? -მკითხა.

-არა, არ ვეწევი

-არც მე, უბრალოდ ვიცი ახლა ნერვები მომეშლება და მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა

-ნერვები რატომ მოგეშლება? -ღიმილნარევი ინტერესით გავხედე.

-იმიტომ, რომ ბანაობის გეგმა გვეშლება. ცაზე ღრუბლები მოდის და მალე წვიმასაც დაუშვებს

-გამორიცხულია. დილიდან კარგი ამინდია და ასე სწრაფად არ მოწვიმს

-გინდა დავნაზლევდეთ?

-შენ ისიც გეგონა, რომ კორპორატიულ წვეულებაზე ატეხილი ამბის გამო ნოლანები სამსახურიდან გაგიშვებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ცუდზე ნუ ფიქრობ

-მაგ ლოგიკით თუ წავალთ, არც შენ გეგონა, თუკი შენ და მიშო ცოცხლები გამოაღწევდით იმ საყინულედან. ეს თავადაც თქვი -თვალი ჩამიკრა ამის თქმისას მან -ისე, საინტერესო სცენა კი დაგვხვდა —ნახევრად შიშველ დირექტორზე ჩახუტებული პიანისტი გოგონა, ვისაც იგი თავის პლედში ჰყავს მოქცეული

-შენღა მაკლდი რაა -სიცილით გადავაქნიე თავი, თუმცა გულში მაინც უჩვეულო ჩხვლეტა ვიგრძენი მაშინდელი მომენტების გახსენებისას.

-ისე, თქვენს შორის რამე ხდება?

-რა უნდა ხდებოდეს? -კითხვა შევუბრუნე -ან საიდან მოიტანე, რომ რამე ხდება?


-არ ვიცი, მაშინ ვერაფრით ვხსნი იმ ფაქტს, თუ რატომ მუშაობს რესტორნის დირექტორად და რატომ აქვს საკუთარი უზარმაზარი ბიზნესი, დემეტრესთვის მინდობილობით გადაბარებული

-დამიჯერე, მაგას ვერც ვერავინ ხსნის ჩვენს კოლექტივში -მივუგე თუ არა, ერთი კითხვაც დამებადა და უმალვე გავაჟღერე:-თუკი მართლა ამხელა ბიზნესს ფლობს, სადმე თავისთან რატომ არ დაგასაქმებს? ანაზღაურებაც გაცილებით მეტი გექნებოდა

სამირას გაეცინა და თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.

-მარიტა, დღეს საკუთარი თვალით ნახე ჩემი და დემეტრეს შეხვედრის კვალი. შენი აზრით, ერთ სივრცეში მუშაობა გამოგვივა?

-ჰოო, ეგ არ გამითვალისწინებია -ჩაფიქრებული გამომეტყველება მაშინვე გადამშორდა სახიდან, რადგან იმ წამს ყველაფერი ნათელი გახდა.

-სხვათა შორის, დემეტრეს ბიზნესის ნიჭი აღმოაჩნდა -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა მან, ვიდრე ჩემს გასაგონად -სულ რაღაც ერთ წელიწადში, ფირმას ორმოცი პროცენტით გაუზარდა თვიური შემოსავალი

სანამ საპასუხოდ რამეს ვიტყოდი, მანამდე ციდან საკმაოდ ძლიერი გრგვინვის ხმა მოისმა. ზემოთ რომ ავიხედე, წამით ელვის კლაკნილ ხაზსაც მოვკარი თვალი. ალბათ ბედის ირონია იყო, რომ სამირას პროგნოზი ზედმიწევნით ახდა. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ, უკვე ქალაქის ერთ-ერთ საპარკინგზე ზონაში, გაჩერებულ მანქანაში ვისხედით, ერთმანეთს ვუყურებდით და სიცილის შეკავებას ვცდილობდით, რადგან უეცრად დაწყებული, კოკისპირული წვიმის გამო, საწმენდი ჯოხები, წინა ხედვის საქარე მინის გასუფთავებას ვეღარ ასწრებდნენ და ავტომობილით მოძრაობა უკვე ძალზედ სახიფათო იყო.


* * * *

რესტორნამდე რომ მივაღწიე, წვიმას უკვე ბოლომდე გადაეღო, თუმცა ქუჩებში ოდნავი სუსხი მაინც იგრძნობოდა. ვინაიდან სამირას დასვენების დღე ჰქონდა, ჯერ ის დავტოვე შინ, მერე კი უკვე მარტომ გამოვიარე Imagine-კენ მომავალი გზა. არ ვიცი ასეთ განწყობაზე რატომ ვიყავი, თუმცა დღეს საშინლად მეზარებოდა სამსახურში ყოფნა. ერთადერთი რაც მსურდა, ეს შინ დარჩენა და ლოგინში ჩაწოლილი, ლეპტოპში რამე საინტერესო ფილმის ყურება იყო. ღრუბლიანი, ჟანგისფრად შეფერილი ცა და ნესტიანი ამინდი, ერთიორად მიმძაფრებდა ამ სურვილს.

რესტორანში შესვლისას, პირველი, რაც გავაკეთე, ეს კალეს ნახვა და მასთან რამდენიმეწუთიანი გასაუბრება გახლდათ. შემდეგ უკვე გასახდელისკენ გავეშურე, რათა გამომეცვალა და სასცენო ტანსაცმელში გამოვწყობილიყავი. გზად მიმავალმა, მობილურში ჩემი და ლოლას მიმოწერის ველი გავხსენი. ვინაიდან დღეს სამსახურში არ იქნებოდა, გადავწყვიტე სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მასთან გამევლო სახლში და სწორედ ამას ვატყობინებდი, როდესაც ვიწრო დერეფანში, მამაკაცების გასახდელიდან გამომავალ მიშოს გადავეყარე. მეტიც —ტელეფონიდან თავი დროულად რომ არ ამომეწია, პირდაპირ შუბლით შევასკდებოდი მის ნიკაპს.

მეფარიშვილი იმ დღის შემდეგ აღარ მენახა, რაც საავადმყოფოდან გამომწერეს, რადგან ნოლანებმა, ორივენი სამდღიანი შვებულებით დაგვასაჩუქრეს, მომხდარი ინციდენტის გამო.

-ბოდიში, ვერ შეგამჩნიე -წამიერად შევხედე მის სახეს და გვერდის ავლაც დავაპირე, თუმცა მაჯაზე უეცრად შემოხვეულმა მიშოს თითებმა, ამის საშუალება არ მომცეს.

-სწორედ შენ გეძებდი, წამოდი საქმე მაქვს

-რა საქმე? -მაჯა მაშინვე გამოვტაცე, რადგან ისე მიმათრევდა, როგორც მასწავლებელი, ოროსან ბავშვს დირექტორის კაბინეტში.

-ვინმე ისეთი მჭირდება, ვისაც მანქანა ჰყავს. ჩემი ავტოსერვისშია და სასწრაფოდ სადღაც ვარ წასასვლელი

-მე აქ შენს მძღოლად არ ვმუშაობ -თავის არიდება ვცადე. მოცემულ მომენტში, ამ ადამიანთან უბრალო კონტაქტიც კი უცნაურ მღელვარებას იწვევდა და ვცდილობდი ამას რაც შეიძლებოდა შორს გავქცეოდი.

ჩემს სიტყვებზე, მიშოს სახეზე მობეზრებული გამომეტყველება გაკრთა.

-რადაც გინდა იმად იმუშავე, ოღონდ ახლა ის გააკეთე, რასაც გეუბნები -კვლავ უწინდებურად შემოხვია ჩემს მაჯას თითები მან -ვიცი, რომ სამუშაო საათები გეწყება, მაგრამ უფროსებს თავად მოველაპარაკები და ვეტყვი, რომ მე წაგიყვანე. ტაქსის გამოძახებაც ვცადე, მაგრამ პიკის საათია და თავისუფალი მძღოლი არ იძებნება

-გასაღებს მოგცემ და თავად დაჯექი საჭესთან -მყისვე ვიპოვე გამოსავალი და ხელიც გამოვტაცე, რათა მასთან დისტანცია შემენარჩუნებინა.

-თუ ასეა, მაშინ წინასწარ გეტყვი, რომ სხვა ავტომობილზე გადაწყობა მიჭირს ხოლმე. ამის გამო, ჯერ ავტოდრომზე ვვარჯიშობ, ახლა კი ამის დრო არ მაქვს და იქნებ როგორმე ამაცილო მოსალოდნელი ავარია?

-კარგი, კარგი -იმ წამსვე გადავწყვიტე თეთრი დროშის აფრიალება, რა წამსაც ეს თქვა -წაგიყვან იმ პირობით, თუ მთელი გზა ჩუმად იქნები და ხმას არ ამოიღებ

-რთულია ხმა არ ამოიღო, როდესაც ასეთ სულელურ საქმეზე გიწევს წასვლა

-რა საქმეა? -როგორც შემეძლო ისე ავყევი მის მოზრდილ ნაბიჯებს.

-ერქოლესა და ტეოს, ნათესავი ესტუმრათ სან-ფრანცისკოდან -ბრაზი გაკრთა მის ხმაში ამის თქმისას -მიუხედავად იმისა, რომ მენიუში არ გვაქვს, შემწვარი რვაფეხას სალათს ითხოვს ვახშმად. მთელი სამზარეულო ფეხზე დააყენებინა, სანამ დიმიტრიმ ისეთი რესტორანი არ იპოვა, სადაც რვაფეხას შოვნა შეიძლება. ახლა სწორედ მის მოსატანად მივდივარ, ქალაქგარეთ

-შენ რა შუაში ხარ, თავად დიმა რატომ არ მიდის?

-შორი არაა, აქედან სადღაც ათი კილომეტრის გზაა. დიმას კი, როგორც თვითონ ამბობს, თავმოჭრილი ბატებივით მოასიარულე მზარეულები ჰყავს მოსამწყემსი და სამუშაო ადგილს ვერ ტოვებს

-გასაოცარია! სხვა რამეს ვერ შეჭამდა? -ვიკითხე, როგორც კი უკანა კარის გამოყენებით დავტოვეთ რესტორნის შენობა.

-შეჭამდა, მაგრამ ერთი იდიოტი, ფულიანი ტიპია, ვისაც ჰგონია სიმდიდრე სხვისი შეწუხების უფლებას აძლევს

-ვიღაცას მაგონებს

-ჩემზე ამბობ? -ისეთი დაბღვერილი სახით შემომხედა, ოდნავ ვინანე კიდეც, რაც ვთქვი, თუმცა გარეგნულად არაფერი შემიმჩნევია.

-მე, ჩემს ფულსა და გავლენას, ცხვირწინ არავის ვუფრიალებ მარიტა

-არა? და აბა გოაზე რატომ მახსოვს შენგან ასეთი ფრაზა —“იმდენი უნდა იბლატაო, რამდენი ნულიც შენს ქონებას აქვს მიწერილი”. მაშინ ზუსტად ჩვენს შორის ფინანსურ სხვაობას გაუსვი ხაზი!

-მაშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი შენზე! -თავადაც აუწია ხმას -მარტო დამტოვე და ვიღაც გარუჯულ მაჩოსთან ერთობოდი, თან ზარებსაც არ პასუხობდი!

-სიტყვები შეარჩიე, არავისთანაც არ ვერთობოდი!

-რაც გინდა ის უწოდე, ფაქტი ისაა, რომ თინეიჯერი გოგოსავით აცანცარდი და შენი სამსახური ფეხებზე დაიკიდე

-ამის გამო ბოდიში უკვე მოვიხადე და არ მინდა მაგ თემის კიდევ ერთხელ წამოჭრა -მივუგე წარბის აწევით. მაშინღა გავაცნობიერე, რომ უკვე ჩემს მანქანამდე ვიყავით მისულები.

პარკინგზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ დაყენებული ავტომობილებისა და ჩვენს გარდა, კიდევ ერთი უცნაური შესახედაობის, კაპიუშონიანი ტიპი მოჩანდა, ვინც ტერიტორიას სწრაფი სიარულით ტოვებდა და შიგადაშიგ ჩვენკენაც აპარებდა მზერას, ისე, თითქოს რაღაცას, ან ვიღაცას უფრთხისო. როგორც შევნიშნე, იგი მიშომაც დაინახა, თუმცა ჩემს მსგავსად, დიდი ყურადღება არც მას მიუქცევია და მაშინვე მანქანისკენ მანიშნა თვალებით.

-დაჯექი, უკან მალე უნდა დავბრუნდეთ

მანქანა, გახსნის ღილაკზე თითის დაჭერით გავაღე და მესაჭის სავარძელზე სწრაფად დავიკავე კუთვნილი ადგილი. სამ წამში, უკვე მიშოც გვერდით მეჯდა, შეკრული ღვედითა და მგზავრობისთვის მზადმყოფი სახით. ძრავა უსიტყვოდ ავამუშავე. ამასობაში, მან ნავიგატორზე ლოკაცია მოძებნა და ტელეფონი სპეციალურ სადგამში ჩაამაგრა.

-ამ ნიშნულს მიჰყევი და ნელა იარე, გზის იმ მონაკვეთში, საშუალო სიჩქარეზეც კი ჯარიმებს წერენ კამერები

-ჰო, ვიცი -თავი დავუქნიე -ისეთ ბრიყვულ საქმეზე მივდივარ, უკვე სასაცილოც კი აღარაა

-ვცდილობ მაგაზე არ ვიფიქრო და ნუ მახსენებ

ხმა არ ამომიღია. არც მას უცდია საუბრის განახლება. ქალაქიდან ისე გავედით, ჩვენს შორის ჩამოვარდნილი მდუმარება წამითაც არ დარღვეულა. ეს მხოლოდ მაშინ მოხდა, როდესაც სპიდომეტრს შევხედე და შევამჩნიე, რომ სიჩქარე იმაზე მეტს აჩვენებდა, ვიდრე ამ მონაკვეთში იყო დაშვებული.

-კამერები აქაც აყენია? -კითხვით სავსე თვალები მიშოსკენ მივმართე.

-კი, აყენია. დასაშვები სიჩქარე ორმოცია, შენ კი ორმოცდაათით მიდიხარ

მუხრუჭს ოდნავ დავაწექი და გზა უკვე დამშვიდებული გულით განვაგრძე, თუმცა ცოტა ხანში გავიაზრე, რომ არანაირი ცვლილება არ მიგრძვნია. სპიდომეტრს კიდევ ერთხელ დავხედე. სიჩქარის მაჩვენებლის ისარი, ისევ იგივე ციფრზე მიუთუთებდა, რის გამოც, კიდევ ერთხელ დავაწექი მუხრუჭს. ავტომობილს, რეაგირება არც ახლა მოუხდენია. ფეხი მესამედაც მივაჭირე, ამჯერად მთელი ძალით, თუმცა სასურველ შედეგს ვერც ახლა მივაღწიე.

მიშო რაღაც პერიოდის განმავლობაში, უხმოდ აკვირდებოდა ყოველ ჩემს მოძრაობას, თუმცა მისი მხრიდან უსიტყვო ცქერა დიდხანს არ გაგრძელებულა:

-სამუხრუჭე სისტემა არ მუშაობს, არა?

-არ მესმის რა სჭირს -კვლავ უშედეგოდ ვცდილობდი სიჩქარის დაგდებას -სამსახურისკენ რომ მოვდიოდი, ყველაფერი წესრიგში იყო

-ჯანდაბა, უკვე სერიოზულად ვფიქრობ ვინმე კარგ მკითხავთან მივიდე აურის გასაწმენდად. ამ ერთი კვირის განმავლობაში, უკვე მეორედ ვეხვევი შარში შენთან ერთად

-ჩვენ რა, ახლა იმ ვიღაც თავშიავარდნილი ტიპის შეკვეთილ რვაფეხას სალათს უნდა შევეწიროთ? -გამწარებული, შეუჩერებლად ვაჭერდი ფეხს მუხრუჭს, თუმცა შედეგი კვლავაც მიუღწეველი რჩებოდა.

-მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მანქანა გაუმართავია. შიგნით როცა არ უნდა ჩამჯდარიყავი, იგივე შედეგი გექნებოდა

იგი მართალი იყო, თუმცა აღნიშნულ მომენტში, იმდენად ვიყავი აფორიაქებული, საღად აზროვნების უნარი, ათასი კილომეტრის მანძილიდან მიქნევდა ხელს.

-კარგი, კარგი, მაგას ჯობს ის მითხრა, ასეთ სიტუაციაში შენ როგორ მოიქცეოდი. მე ერთი გონივრული აზრიც არ მომდის თავში

მიშომ შუბლი მოისრისა. შექმნილი რთული მდგომარეობი მიუხედავად, მის გამოხედვაში შიშის კვალი მაინც არ ჩანდა, რის გამოც, უზომოდ მშურდა ამ ადამიანის. ნებისმიერ პიროვნებაში, ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო თვისებად, კრიტიკულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი მიმაჩნდა, მიშოსადმი კი სწორედ ამ თვისების გამო ვგრძნობდი შურს.

-სანამ სიჩქარე უკონტროლო გახდება, სასწრაფოდ რამეს უნდა დავეჯახოთ და მანქანა გავაჩეროთ -როგორც იქნა ხმა ამოიღო მან, თუმცა მოსმენილი იდეით დიდად აღფრთოვანებული ვერ დამტოვა.

-დავეჯახოთ? მერე მანქანა რომ გამიფუჭდება? უსაფრთხოების ბალიშებიც არ მაქვს და თავადაც დავზიანდები

-ვიცი რასაც ვამბობ. თუ ამას არ გააკთებ, დიდია იმის შანსი, რომ მანქანა უმართავი გახდეს, ამიტომ მანამ უნდა გავაჩეროთ, სანამ სხვასაც დააზარალებს

-კარგი, კარგი, ისე ვიზამ, როგორც მეუბნები! -ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა გავაკეთე ამის თქმისას -ახლა რომელიმე დიდფესვიან ხეს ავირჩევ და დავეჯახები

-ღვედი კარგად შეიკარი

-შეკრული მაქვს

-მარჯვენა მხარეს, დიდი ფიჭვი რომ მოჩანს, ხედავ? მგონი იდეალური ვარიანტია

შიში ერთიანად დაეპატრონა ჩემს სულს და თავისი სასტიკი, ბასრი კლანჭებით ლამის ყელში მწვდა. უჰაერობის შეგრძნება დამეუფლა. საფეთქლებში ისეთი ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს ვიღაც უზარმაზარ, თორის ჩაქუჩს მირტყამდა, ხოლო მუცელში, ყველაფერი ადუღდა და ერთ დიდ, მჟავე მასად იქცა, რომელიც კისერში შემაწუხებლად მაწვებოდა. გონება იმდენად მქონდა არეული, ნორმალურად ვერც კი გავიაზრე, როგორ ჩამოვიღე საჭიდან მარჯვენა ხელი, როგორ მოვძებნე მიშოს მარცხენა და როგორ გადავხლართე ჩემი თითები მისაში.

-ხომ გადავრჩებით, არა? -ვკითხე აკანკალებული ხმით და სხეული მოახლოებული შეჯახებისთვის შევამზადე.

-რა თქმა უნდა! უარესი სიტუაციიდანაც გამოვმძვრალვართ, დაგავიწყდა?

-ბედის ირონიაა კვლავ შენთან ერთად რომ მიწევს ასეთი მძიმე წუთების გავლა

-ცუდი არაფერი მოგივა . . . სიტყვაზე მენდე

-კარგი, კარგი, მოემზადე!

-მზად ვარ -ღიმილით გადმომხედა მან, ღვედი შეიხსნა და შეჯახებამდე სულ რამდენიმე წამით ადრე, მთელი ტანით გადამეფარა წინ.

ვერაფრის გაკეთება, ან თქმა ვეღარ მოვასწარი. სულ მალე ვიგრძენი, როგორ უსიამოვნოდ შემარყია შეჯახების ტალღამ, როგორ აწივლდა ყურები ძლიერი ხმისგან და როგორ დაისადგურა დამთრგუნველმა სიბნელემ.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკა

მიშოა სივიჟემდე უყვარს ეს გოგო????..
.საერთოდ არ მყოფნის თავები..

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

ვაიმე რა მაგარი ისტორიაა, რა დროს შეწყვიტეთ იმედია დიდხანს არ გვალოდინებთ. მიშოს სიყვარული ძალიან ძლიერი და საოცარია

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

ხო ამხელა თავებია,მაგრამ მაინც არ მყოფნის. ვატყობ გადამიყოლებენ ეს მიშო და მარიტა მე. მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს.

 


№4 სტუმარი Елка

Леос намокмедари икнеба. Микварс мишо да марита. Мадлоба миквархарт.

 


№5  offline წევრი მაო Mao

"...აწეწილი თმითაც გიჟურად ლამაზი ხარ" ვააახ მიშოოოო heart_eyes
ეს მომენტი იყო ძალიან კარგი, დანარჩენი არ მეყოოო, ჩქარჩქარა ვკიხულობდი რომ მიშოსთან მისულიყო. ვგრძნობ რომ მეტი შეგიძლია დაწერო, უკვე დროა რომ ეს გოგოც გონს მოეგოს და შეუყვარდეს მიშო, არ იმსახურებს ასეთ ცივობას. აიი ითხოვს წყვილი რამე დიდ ქიმიას და ბობქრობას, ამდენი წვალების მერე რომ უცებ აღმოაჩინოს უყვარს და იქ დაამთავრო გადავირევი smile ველოდები მააალეეე ახალ და დიდ თავს

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიკო

ახლა შეწყვეტა იქნებოდააა?!????

 


№7 სტუმარი გიული

ვახ ისევ აფორიაქებული დამტოვეთ:))

 


№8 სტუმარი Ana-maria

მარიტა!მიშოს ძალიან უყვარხაროოო.იქნებ სანამ შეიწირავ მანამდე მიხვდე.....

 


№9  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

საოცარო თავი იყო, მიშოს სიყვარულს როფორ ვერ ხედავს ეს ჩურჩუტი გოგო? ერთი სული მაქ გაგრძელება წავიკითხო ❤️❤️❤️ ისე რაც მოხდა იმს ფონზე მიშოსთვის საყვედურის თქმა და დადანაშაულება ცოტა სუბიექტურია თათას საქციელის ფონზე

 


№10 სტუმარი Sally

ყველაზე მეტად თხრობის სტილი მომწონს, ისე ბუნებრივად მიუყვება ისტორიას და ისე მაჯაჭვებს ტექსტს, ვერც კი აღვიქვამ დროის გასვლას, ყოჩაღ ავტორს ????????

 


№11 სტუმარი სტუმარი გვანცა

საოცარი ისტორიაა. მალე დადეთ გაგრძელება, თან რა მომენტზე შეწყდა

 


№12 სტუმარი სტუმარი თეა

მალე დადეთ რააა

 


№13  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიაა.

 


№14 სტუმარი ნია

მალე დადეთ გაგრძელება ამ საოცარი ისტორიის. გელოდებით

 


№15  offline წევრი StargirlNini

ძაან მომწონს☆☆☆☆☆
იმედია მალე დაიდება შემდეგი თავი☆♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent