შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოდორა


27-03-2024, 23:38
ავტორი ლოლლიტა
ნანახია 582

ჩამოვიყვანე სოფელს ,
კოდორაში ვიპოვე შეშლილი.
იქ რა უნდოდა, ყვავებიც არ არიან.
უსაშველო ტყეებია და ტყეში ჩამხრჩვალი გუბეები, მხოლოდ მთვარე რომ გააცოცხლებს. იქეთ სამოსახლო მთავრდებოდა, თალიე, ხომ გახსოვს, იქეთ არ გვიშვებდნენ.
იქ ეგდო და იცინოდა.
შემეშინდა , მაგრად შემეშინდა თალიე. ასეთი კოშმარიც არ მინახავს, არადა
თმებიც არ ჰქონია გაწეწილი.
იჯდა არეული და იცინოდა.
დამინახა და უფრო შემეშინდა ის ორი ყვითელი თვალი რომ ჩამასო.
რა ლამაზი იყო ერთხელ, გახსოვს, თალიე?
არავის არ მოწონდა, მაგრამ ყველაზე ლამაზი იყო.
ეგეთები არავის არ მოწონს რომ იცოდე თალიე, ეგეთებს ლამაზებიც არ ეთქმით და არც არიან, ისაა თალიე რომ მე
სიტყვა არ ვიცი მეტი, ერთი ბებერი მკითხავი ვარ...
შეხედე, როგორიც მოვათრიე ისეთი ზის.
შეხედე, როგორ იცინის, ეშვებით მიძიძგნის სულს. ეგებ შენ ვერც ამჩნევდე რანაირი თვალები აქვს?!
არვიცი, თალიე, თუ არსებობს რამე უსაშველო სილამაზესა და უსაზიზღრეს შიშს შორის, მაგრამ თუ არსებობს, მის თვალებშია.
რა ვუყო თალიე ახლა მე ამას, მითხარი? გავათხოვო თუ მოვკლა?
ვინ დავღუპო, ვის შევაპარო, ვერა ხედავ, გადარეულია.
არადა თვითონაც ხომ დაიღუპა გოგო, ობლობამდეც სულ მარტო, მერე ესეც არ იყოს გადაყრუებული დედაბერი,
უყურე, თალიე, რამდენი წლისააო, რას იტყვი?
პეპელა არ იკადრებს ამის ასაკს.
ყვავებმა წაიღო ამისი წლები, თალიე.
რა ვუყო ახლა მე ამას?
ხელი რატომ არ გამიხმა ის ეკლები რომ გადავწიე?
ასი ეკალი მკერდიდან ამოვუღე, თალიე.
მგლის ბუნდღები ამოვპუტე მატყლის სიმსხო თმიდან,
ეს კი იცინოდა, როგორიც მანდ ხითხითებს ისე.
ნახე, შეხედე, ცეცხლს არ გაედოს, მე ვერ ვუყურებ, არ შემიძლია.
შეხედე, კითხე, რა აცინებს, ასეთს რა თამაშს ანახებს სატანა?
შემეცოდა, შემეცოდა გგონია?
შეხედე , ეგ ვის უნდა შეეცოდოს, ვის ეცოდება კოშმარში ნანახი მხეცები?
მაგრამ ზურგი ვერ შევაქციე გაიგე? ვერ შევაქციე, შემეშინდა, აე მაგ ორი ეშვით არ ჩამომკონწიალებოდა თმაზე რომ შევბრუნებულიყავ,
წინ გამოვიგდე,
ეგ მიდიოდა, მე მივყვებოდი.
სახლში ფეხი შემოდგა და ხის კოვზიც არ დამირჩა დაუმპალი, დაუშლამავი.
შემოვიდა და მზე აღარ მადგება ფანჯარას.
ვის მივცე, ვინ დავღუპო? თავი უნდა დაიღუპოს მაგის შემფარებელმა, თალიე.

ასე ოხრავდა თამარი და სიტყვა არ აღირსა თალიემ. როდის როდის, ბრმა თვალები ჩაასო ტყუპისცალ დას და ნასესხებივით ამოთქვა:

_უძილოურში წაიყვანე. მამებთან.

მოკვდებაო, ისევ ამღერდა თამარი.

მამებს მოუკვდეს. შენ არაო, არ შეიძლება


ამ ლაპარაკს უსმენდა და აღარ იცინოდა. ყვითელი თვალები უელავდა აუტანლად, სიცხიანივით უპრიალებდა, თითქოს შიგნიდან ახურებსო მისი სიცხე, ცრემლები გადმოყარა. თამარი ვერ უყურებდა, თალიე კი ბრმა თვალებით ჩაშტერებოდა და ობივით, ნისლივით ელამებოდა მისი მზერა ბავშვის კანს.

გაიარეს ცხრა მდელო, ცხრა აღმართი და სამი მთის წვერი. ლომის ფაფარივით დაფენილი ყანები სოფლის მთებზე დავიწროვდა და ბუნებრივ გვირაბთან მივიდა. კიბესთან თალიეს მამამ უთხრა ერთხელ, ნახე უფალთან მისავალი გზა რამხელააო. თალიემ უთხრა, ეს გზა უფალთან არ მიდის, ეგ გზა ჩემს გულშიაო. იქ ასვლა მაინც მოუწია.

კიბეზე ბრმას და მოხუცს აჰყავდა ეშმაკი.

სიტყვა არ გაუღია, სანამ თამარი ზრდილობიან საუბარში იყო ბერთან, სანამ უცებ არ შეტოკდა თეთრ-გამჭირვალე პერანგში, თითქოს ქარმა მოატრიალაო შორი ხედების თავთან მოკონწიალე და საოცარის სითამამით, თან - საოცრად ფიქრიანად, გითხრეს უკვე აქ რისთვის მომიყვანესო? - საუბარში ჩახტა.

უხერხული სიცილი და დაეჭვება ბერმა საყდარში წააპორწიალა. უკან მიხტოდა ყვითელი თვალებით და ხრამს, თითქოს ქალაქამდე რომ ჰქონდა გზადაფენილი, თვალს არ წყვეტდა.

ბერმა იქვე შეამჩნია, აზრს რომ ვერაფერზე აჩერებდა და თითქო შიგნიდან ჭამდნენ ყორნები. უთხრა საშინელ, საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ და თან ვიცი, მე თვითონ ვარ სიცარიელე, განა მასში ვარო გადავარდნილი. ყველა გზაზე ვდგავარ, რომელიც თუნდაც სულ ცოტახნით მაინც სხეულის არ შეგრძნობას მპირდება. მეტზე არაფერზე ვფიქრობ, არა, არაფერზე, არც სიკვდილზე და სიცოცხლეზე.

ღვთის სახლში მეტი იარე მხევალოო და დადიოდა. შუადღისას თეთრ მტვერში ავარდნილ შავ ანაფორებს კუთხეში მიკუნჭული თვალებს უჭყეტდა, თავზე კი მოხუცი და ბრმა ადგნენ. თამარმა გული გაუწყალა, ხან კაბა გაისწორე, ხანაც წესიერად დადექიო. ვერ იყო და ვერ მოარჯულა. ის კი არა , მგელს სახარებას უკითხავდნენო, მესამე კვირასვე გამოაცხადა, ეს მღვდლები ახალს არაფერს ამბობს და ეგ წიგნი მეც კი წამიკითხავსო, ჰოდა წასვლა აღარ უნდოდა, თუმცა თან მოსწონდა იდუმალი თეთრი სინათლე და იდუმალი შავი ანაფორა, სევდიანი შავი თვალები... რა ცოტა იყო მათში მისი მსგავსი ყვითელი ცეცხლი, ცეტი და ცელქი, რა ცოტა მსგავსი მისი მოუსვენრობისა, მაგრამ რამდენი მისნაირი სიცარიელე. ამ სიცარიელემ ჩაყლაპა ეშმაკი, ამ უტყვმა, არასტუმართმოყვარე, ცივმა ღიმილმა მიიზიდა ეს აუტანელი სითბო და ადუღებული მდინარე.

ესენიო, თამარი უხსნიდა, შავი ბერები არიანო, მათ ოჯახები არ ჰყავთ, მათთვის ცოლი და შვილი სულ სხვა სიწმინდეა და სულ სხვა ბედნიერებას ეძიებენ, ამიტომ მათგან თავი შორს დაიჭირეო თორემ სტიქაროსნის შეცდენა დიდი ცოდვააო.

მაგრამ შავი თვალები სხვას მღეროდნენ. შავ თვალებში სხვანაირი კვამლი იდგა, სხვანაირად იწვოდა ტაძარი, სულ სხვა იყო მათში საკმევლის სუნი და მისი გამაფრთხილებელი ჟღარუნი. და ისინი ისხდნენ ხრამთან და ნატრობდნენ ხრამში გადაჩეხვას.

ჩვენ ორივეს ვნება გვაწუხებს ხორცის: შენ სიყვარულისა, მე სიცოცხლის.ერთერთი ჩვენ შორის უნდა მოკვდეს - ეუბნებოდა ეშმაკი შავ ანაფორაში გახვეულ სხეულს, რომელიც თავის ძალაში ბორგავდა და ყველაფერს კარგავდა.

შენ არ გიღირს შენი სულის სიმშვიდე ჩემს დასაწვავ სხეულად. არ ღირს, მე ხომ ეს არა ვარ, რასაც შენ ხედავ; რასაც შენ ხედავ, მალე მატლები შეხედავენ... არ ეღირებოდა- მეთქი, თუმცა სული ღირს? რაა შენი სული, მონობაა. ყველა თავისუფლება, რაც სულს შეუძლია აქ, მიწაზე იგრძნოს, ტყუილია და რიტუალი ეშმაკის. ამიტომ მოდი, მოდი, მოდი, მოდი და იტირე.

სტიქაროსანმა იტირა და ხრამში გადავარდა მაგრამ მღვდელს ძალიან შეუყვარდა ეშმაკში ჩასახლებული პატარა გოგო და ვერაფრით დაიჯერა, რასაც აჯერებდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავი დაიზღვია.. ღმერთს პეტიცია გაუგზავნა

- ბიჭი რომ იყო დაგიტოვებდი, ჰა, ხომ დარჩებოდი?
დიდი სიამოვნებითო, უთხრა ღიმილით.
- როგორ იქცეოდი? იმის შემდეგ, რაც აღსარება მითხარი...
-აღსარება?... აა... როგორ ვიქცეოდი! რავიცი, ეგ - ამათ უნდა კითხოთ.
-ვკითხავ! აუცილებლად ვკითხავ! შენ იცი, თამარ, ყველა იმას ამბობს- კარგად, მამაო, კარგად... არცერთ ბავშვს ჯერ არ უთქვამს, ჩემს პატრონს კითხეო. იქნებ მართლა გაგგზავნოთ დედათა მონასტერში? ამარხულეთ, მოვამზადოთ...ვაზიარებ და... ვერ შეელევით თუ რა? მოდი აქ, ხრამთან ნუ თამაშობ... წახვალ დედათა მონასტერში?
- მარტო!
-მარტო წახვალ, მაგრამ მარტო არ იქნები.
-რომც ვიყო, რაო? ყველგან წავალ.
-არანაირი წიგნები და რვეულები, იქ არ შეიძლება...
- ნუ შეიძლება მერე.
-კარგი გოგო ხარ. მაშ, იმარხულე.

25 დეკემბრამდე ისე იმარხულა ერთხელაც არ დაუწუწუნია. თამარმა ვერაფრით დაითანხმა 7 იანვრამდე გაეწია მარხვა. არაო და უმ ხორცს ჭამდა. სისხლს ძვლებიდან ლოკავდა და კბილებს იგლეჯდა. ეშვები ისე ექავებოდა ხოლმე ყვითელი თვალებიდან ცრემლებს ყრიდა. უძილოურში აღარ დადიოდნენ - თალიე ავად გახდა და მარტო ვერ ტოვებდნენ.

ერთხელ მოუხედა ეშმაკს, როცა საწოლზე შემომჯდარი ხორცს ჯიჯგნიდა თვითონ კი მომაკვდავი თვლემდა . უსმენდა მის ლორწკვას, მერე უთხრა:

შენში იმდენივეა ეშმაკი, რამდენიც მზის შუქი ჩემს თვალის გუგაშია. შენ ადამიანი ხარ, ისეთი სუფთა, რომ გული მტკივა, იმდენად ცოტაა შენში ტყუილი. ტყუილი და სიამაყე რომ ქარმა გადააძროს, ადამიანში შენ დარჩები მხოლოდ. იქნებ იმიტომ ხარ ასეთი საზიზღარი, აუტანელი? თამარი ვერ გიტანს, იმიტომ რომ ანგელოზია, მე კი მეჩემები - დემონი ვარ და იმიტომ. შენ ხარ ყველაზე ძლიერი ძალა მიწაზე, ღმერთი ამ შებორკილ ჰაერში - ადამიანი, ნამდვილი ქალიშვილი ადამისა, კი არა, ღმერთის.

და ეშმაკი პირველად დაუწყნარდა ადამიანს. მისი ნახევარ ქცევა რომ სავსე იყო, იმ სიმშვიდით, აპათიით მიუგო:

რაც თავი მახსოვს, ყველა დემონი ერთ რამეს მეუბმება: ვგავართ, ძალიან ვგავართ.

თალიე მოკვდა. თამარმა ეშმაკს დააბრალა, თუმცა სახლიდან არ გაუგდია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent