შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის ბნელი მხარე(თავი-9)


19-04-2024, 21:38
ავტორი ანუბისი
ნანახია 1 842

8 8 8 8

უკვე მესამე დღე ილეოდა, რაც სამირას ტელეფონი, როგორც ოპერატორი ამბობდა –მომსახურეობის ზონიდან იყო გასული და მასთან დაკავშირებას ვერავინ ვახერხებდით. დროის გასვლასთან ერთად, ეს გარემოება უფრო და უფრო მაშინებდა, თუმცა ერთადერთი ხელჩასაჭიდი ლოკაციაც კი აღარ გამაჩნდა, რათა მისი პოვნა შემძლებოდა. ჩვენი შეტყობინების ველი, სამირას ტელეფონიდან, ვიღაცას ჩემთანაც სრულიად გაექრო, რის გამოც, უკვე აღარც ადგილმდებარეობა მქონდა ხელთ.

ბარისტას მოვალეობას, სამირას არყოფნის დროს ლანა ასრულებდა, რადგან უფროსებს არ სურდათ კიდევ ერთი ახალი თანამშრომელი აეყვანათ, მით უმეტეს დროებითი. რაც შეეხება სასიხარულო ამბავს, ეს ჩემი შვებულება იყო, რაზეც უფროსებთან უკვე მოლაპარაკებული ვიყავი და ოფიციალურად მქონდა დამტკიცებული ერთკვირიანი არდადეგები. დაგეგმილი მქონდა, ჩემი ერთ-ერთი ოცნების ქალაქი –რიო-დე-ჟანეირო მომენახულებინა და ამ დასვენებით მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო.

გამგზავრებას სამ დღეში ვაპირებდი. ყველა საჭირო პროცედურა უკვე მოგვარებული მქონდა. ბუკინგის აპლიკაციით ოთხვარსკვლავიანი სასტუმროც კი დავჯავშნე, რადგანაც, უფრო დაბალვარსკვლავიან სასტუმროებში იმდენად ცუდი სიტუაცია იყო, შეიძლებოდა ტარაკნებთან და ვირთხებთანაც კი დამჭირვებოდა ოთახის განაწილება.

ცხოვრებაში პირველად, საკუთარ თავს იმის უფლება მივეცი ბიზნეს-კლასით მემგზავრა. ვინაიდან, რიო-დე-ჟანეირომდე პირდაპირი რეისი არ იყო და ჯერ თურქეთში მიწევდა გაჩერება, შემდეგ კი იქედან ცამეტსაათიანი ფრენა მელოდა სან-პაულომდე, ეკონომ-კლასით მგზავრობა საშინლად დამღლიდა. ასეთ შემთხვევაში, შეიძლებოდა ის დღე ვერც გამომეყენებინა და მთლიანად ძილში გამეტარებინა, რაც ნამდვილად არ მაწყობდა.

საღამო ხანი იყო. მე და ლოლა, Imagine-ს ბარის დახლთან, პირდაპირ კალეს წინ ვიყავით დამსხდარი და ცივ ხილის წვენს მივირთმევდით. რესტორანი ხალხით იყო სავსე და კალესაც ბევრი დრო არ ჰქონდა ჩვენთან სასაუბროდ, თუმცა შიგადაშიგ მაინც ახერხებდა კონტაქტზე გამოსვლას და თავის მისამართით დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას.

დღეს რატომღაც ყველა სტუმარი დიდი რაოდენობით ეტანებოდა ალკოჰოლურ სასმელებს. მათ ფონზე თავადაც ვიფიქრე ერთი ჭიქა მარტინი მეც ხომ არ დამელია-მეთქი, თუმცა იმის ალბათობა, რომ კვლავ მიშო არ შემამჩნევდა და ამაზე კომენტარს არ გამიკეთებდა, საკმაოდ დაბალი იყო, თუკი იმას გავითვალისწინებდით, რომ მუდამ დარბაზში მოძრაობდა.

-მარიტა, არ გერჩივნა რიოში ჯგუფური ტურით წასულიყავი? -როგორც კი ვისკის შესაკვეთად მოსული ბიჭები გაისტუმრა, კვლავ გამომელაპარაკა კალე -შენთან ერთად, კიდევ ბევრი ადამიანი იქნებოდა, ახალ ნაცნობებსაც გაიჩენდი და უფრო უკეთ გაერთობოდი

-არა -მაშინვე გავაქნიე თავი -მიყვარს ჯგუფური ტურები, მაგრამ ახლა სხვანაირ ხასიათზე ვარ და მინდა მარტომ გავიღვიძო უცხო ქალაქში, ყოველგვარი ნაცნობისა და მეგობრის გარეშე

-გაიღვიძო მარტომ უცნობ ქალაქში, ყველაზე დიდი ბედნიერებაა ამ ქვეყნად -განაცხადა ლოლამ მელანქოლიურად, თან ხარბად მოწრუპა თავისი ანანასის წვენი. რაღაც სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა იმ დღეს. ისეთი, როგორიც მის პიროვნებას სრულიად არ ახასიათებდა, თუმცა სათადარიგო ვარაუდად ის მქონდა, რომ ეს ყველაფერი მეჩვენებოდა. ამის გამო, არც ზედმეტ შეკითხვებს ვსვამდი.

-რა გენაღვლებათ? -თვალები აატრიალა კალემ -თქვენი სამოგზაურო წიგნაკი ლამის ბოლომდე სავსეა, მე კი საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის შიშით დამაჯილდოვა დედაბუნებამ. მხოლოდ იქ შემიძლია წასვლა, სადაც სახმელეთო გზით მიმოსვლაა შესაძლებელი

-შეგიძლია მოგზაური იუთუბერების არხი გამოიწერო და პოპ-კორნით ჩაუჯდე, ცოტათი მაინც შეგივსებს დანაკლისს -ღიმილით ურჩია ლოლამ, თუმცა მერე უწინდებურად მოეღუშა სახე და საწრუპში ჩაბერვით, ჭიქაში ჩარჩენილ წვენს გაუკეთა ბუშტუკები.

-ისე, რომელი ქალაქი იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, სადაც კი ყოფილხართ? -ორივეს ცალ-ცალკე მოვატარე მზერა ამ კითხვის დასმისას. პირველად პასუხი კალემ დამიბრუნა:

-ქალაქი არა, მაგრამ მათ შორის, სადაც ვყოფილვარ, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ავსტრიის პატარა სოფელი, ჰალშტატი იყო. თუკი ბათუმის გარდა კიდევ სადმე ვიცხოვრებდი, მხოლოდ იქ და სხვაგან არსად

-კარგი რა, რა სოფელი? -ამჯერად ლოლა ალაპარაკდა -ეგვ ოთხმოც წელს გადაცილებულმა ხალხმა ინატროს, ვისაც ცალი ფეხი იქით აქვთ. აი ჩემი ფავორიტი კი პარიზია, თავის ხმაურიანი ქუჩებით, ფეშენებელური ადგილებით, მოდით, ხელოვნებითა და თავაზიანი ფრანგი კაცებით. ამ ქალაქში ყველაფერია, რაც კი ქალმა შეიძლება ინატროს

-პარიზში მეც ნამყოფი ვარ ლოლიტა -ვუთხარი ღიმილით -თუმცა ალბათ იქაურობა ისე ვერ აღვიქვი, როგორც შენ და ზუსტად ამიტომ გამოვიქეცი უკან სამ დღეში

-შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ! -ამჯერად მე გადმომწვდა -გოგო რომ პარიზში წავა და იქედან ისე დაბრუნდება, ერთ კაცთან ერთადაც არ წავა პაემანზე, იმის ნორმალურობაში უკვე ეჭვი მეპარება

-საფრანგეთში პაემანზე დათანხმება უმეტესწილად იმას ნიშნავს, რომ დღის ბოლოს ამ ადამიანთან უნდა დაწვე კიდეც -ვიმართლე თავი. ვამჩნევდი ოდნავ გაღიზიანებული იყო, თუმცა ვერ ვხვდებოდი რატომ.

-და მერე რა? რკინის ტრუსები გაცვია და გასაღები მამაშენისთვის გაქვს ჩაბარებული?

-ლოლა! -კალეს აწეულმა ხმამ, ლამის რესტორნის სტუმრების ხმაც გადაფარა და რამდენიმე ადამიანის ყურადღებას მივიქციეთ ამის გამო. შექმნილმა ვითარებამ, კალესაც აიძულა ტონისთვის ოდნავ დაეწია -არ მესმის რის გამო ეკამათები, თუკი ვინმესთან მოუნდება, უშენოდაც მიაგნებს მისი შარვლის ქამარს!

-ორივემ შეწყვიტეთ -ჯერ კალე გავაჩუმე ჩემი შეკრული წარბებით, მერე კი ლოლას ჯერიც დადგა. ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ შევათვალიერე დამკვირვებლური მზერით. ისე არ გამოიყურებოდა, როგორც ყოველთვის. თვალის უპეები ჩაშავებული ჰქონდა, არც ის გემოვნებიანი მაკიაჟი ედო, რომელიც მუდამ ამშვენებდა მის სახეს. მხოლოდ მოვარდისფრო საცხი გადაესვა ტუჩებზე და თმაც ზედმეტად ჩვეულებრივად, ცხენის კუდად ჰქონდა აკრული. მართალია ახლაც ისეთივე ლამაზი იყო, როგორც მუდამ, თუმცა ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, თავის მოწესრიგებისთვის დათმობილ მინიმალურ დროზე მიანიშნებდა, ეს კი ჩემს მეგობარს ყველაზე ნაკლებად ახასიათებდა.

-ლოლიტა, არ მეტყვი რა გჭირს? დღეს რაღაც . . . შენს თავს არ ჰგავხარ

-არაფერი არ მჭირს -თითქოს შერცხვენილმა ჩაქინდრა თავი -მაპატიე რაა, არ მინდოდა შენი წყენინება

-ვიცი, რომ არ გინდოდა . . . უბრალოდ მამაჩემი ჩემთვის მტკივნეული თემაა და შეეცადე, სხვა დროს ასეთ სულელურ საუბრებში აღარ ახსენო ხოლმე

-ბოდიში მარიტა -ხმა გაუტყდა მას. მომეჩვენა, რომ თითებიც აუკანკალდა, რის გამოც მხარზე ხელი დავადე და გამამხნევებლად გავუღიმე. ამან მართლაც იქონია ოდნავი გავლენა მისთვის სიმშვიდის დაბრუნებაზე. კალე უკვე აღარც ერთ ჩვენგანს არ ესაუბრებოდა. პრინციპში, ამას ვერც მოახერხებდა, ერთდროულად იმდენი ადამიანი მისდგომოდა ბარის დახლს.

ჩემი წვენის ჭიქა უკვე ბოლომდე მქონდა ჩაცლილი, როდესაც დარბაზში კიდევ ერთხელ შევნიშნე მიშო. ამჯერად იგი, რესტორნის ერთ-ერთ VIP-კლიენტს, პირადად მიაცილებდა დაჯავშნილ მაგიდამდე. ხსენებული საპატიო სტუმარი, ქალაქში მეტად ცნობილი მილიონერის ქვრივი, ოცდათოთხმეტი წლის ქალბატონი იყო, ვისაც ერთი გამოხედვითაც ეტყობოდა, თუ რამოდენა სიმპათიით იყო განმსჭვალული ჩვენი დირექტორის მიმართ.

ბართან რომ ჩაიარეს, წამით მიშოს მზერა დავიჭირე. ისეთი მაცდური ღიმილით შემომხედა იმ მომენტში, თანაც ისე ეშმაკურად ჩამიკრა თვალი, ნებისყოფა არ მეყო და თავი მაშინვე სხვა მხარეს მივატრიალე. პირველი, რასაც ამის შემდეგ შევეჩეხე, ეს ლოლას ჩაფიქრებული მზერა იყო. იგი ორივეს პროფესიონალი დეტექტივივით გვაკვირდებოდა. ისე, თითქოს დანაშაულის დასამტკიცებლად რამე სამხილს ეძებსო. ზუსტად ვიცოდი, ყველაფერი ზედმიწევნით ჰქონდა შემჩნეული, თუმცა ის გარემოება, რომ მომხდარზე არანაირ კომენტარს არ აკეთებდა, უკვე მაშინებდა. ლოლა, ვისაც მე ვიცნობდი, ათას ერთ შეკითხვას მაინც დასვამდა, რათა გაეგო, რატომ შემომხედა მიშომ ასე და თუკი არ ვუპასუხებდი, ამის გაკეთება არც ათას მეორედ გახდებოდა მისთვის პრობლემა.

“ლილიტა, რაღაც მოხდა ხომ?” -მივწერე მობილურზე, რადგან შეიძლებოდა კალესთან ერთად საუბარი არ მონდომებოდა და კვლავ სიტყვა “არაფრით” მოვეშორებინე თავიდან.

“ხომ გითხარი არა-მეთქი?” -ისე სწრაფად მომივიდა პასუხი, თავადაც არ ველოდი. კიდევ კარგი, კალეს უამრავი საქმე ჰქონდა, თორემ ჩვენი მზერებიდან გამომდინარე, აუცილებლად შენიშნავდა, რომ მიმოწერა ერთმანეთთან გვქონდა გაბმული.

“ახლა ყოველგვარი პროტესტის გარეშე დგები და აივანზე გადიხარ. სიმართლეს იქ დაგაფქვევინებ.”

მეტად აღარაფერი მიმიწერია. არც მისი მორიგი შეტყობინების ლოდინში დამიკარგავს დრო. როგორც კი ჩემს ჭიქაში წვენი ბოლომდე გამოვცალე, მაშინვე თვალებით ვანიშნე კლიენტების მომსახურებით გართულ კალეს, გავდივარ-მეთქი და პირდაპირ აივნის მიმართულებით წავედი. გზაში დარბაზიც მოვათვალიერე მალულად. მეფარიშვილი აღარსად ჩანდა, თუმცა მისი სუნამოს სურნელი, მსუბუქად ჯერ კიდევ ტრიალებდა ირგვლივ და სასიამოვნოდაც მაბრუებდა.

ჩემი წამოსვლიდან ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ ლოლამ გამომაკითხა. დაბნეული სახე ჰქონდა. შეიძლება ითქვას ოდნავ შეშინებულიც კი, რაც კიდევ უფრო მარწმუნებდა იმაში, რომ მის თავს ნამდვილად რაღაც უჩვეულო ხდებოდა.

-მოდი ლოლიტა, მოდი -ღიმილი მომადგა მის ბავშვივით დამფრთხალ სახეზე -ხანდახან ყველას გვკბენენ სხვადასხვა წარმომავლობის ბზიკები და ახლა ის თქვი, შენ რომელმა მათგანმა გიკბინა, ასე უჟმურ ხასიათზე რომ ხარ?

ლოლა მდუმარედ მოუახლოვდა მოაჯირს. რაღაც პერიოდით, მხოლოდ ხედის თვალიერებით ირთობდა თავს. პასუხი ცოტა დაგვიანებით, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამიბრუნა:

-დამიჯერე, რაც ხდება, ბზიკის კბენაზე გაცილებით უფრო რთულია მარიტა. ჯერ იყო და სამირას რომანტიკული გაუჩინარების გამო ვერ მოვედი აზრზე, ახლა კიდევ ეს

-და ასეთი რა ხდება? -ინტერესად ვიქეცი. თვალებში ალბათ დიდი კითხვის ნიშნებიც მეხატა, ცნობისმოყვარეობით შეპყრობილს.

-ის ხდება, რომ შენი უპასუხისმგებლო მეგობარი, თავის ახალ ფიტნეს-ინსტრუქტორთან ერთად დასალევად წაბრძანდა, გამოთვრა, თავდაცვა დაავიწყდა და ახლა ორსულადაა -არც აცია, არც აცხელა, პირდაპირ მომახალა, რითაც ენაჩავარდნილიც დამტოვა და გაოგნებულიც.

-მოიცა, მოიცა რა თქვი? ორსულად?! -მხოლოდ იმიტომ ჩავიკითხე, რათა დამეზუსტებინა, ხომ არ მომესმა-მეთქი.

-ზუსტადაც! -მოაჯირს იდაყვებით დაყრდნობოდა და სახე, ხელის გულებში ჩაერგო მას -ისე გვიან მივხვდი, უკვე აბორტიც დაგვიანებულია, თანაც ტყუპებს ველოდები, გესმის? ერთს კი არა, ორს მარიტა, ორს! -ხელებში ჩარგული თავი ამოსწია და ორი თითი ცხვირწინ დამიტრიალა მან.

-ლოლიტა ნუ მაგიჟებ! როგორ თუ აქამდე ვერ მიხვდი?! სხვა სიმპტომები თუ არა, მენო-პაუზა მაინც გექნებოდა!

-მქონდა კიდეც -ლამის ამოიტირა მან -უბრალოდ ბავშვობიდან არეული მაქვს ციკლი. ყოფილა შემთხვევა, თვეობით არ შევუწუხებივარ და მერე ჩვეულებრივად გამგრძელებია. ახლაც ამიტომ არ მივაქციე ყურადღება, სხვა სიმპტომები კი გუშინდელ ღამემდე არ მქონია

-რა მოხდა გუშინ? -უკვე მღლიდა ის ფაქტი, რომ ამდენ კითხვას ვსვამდი და ალბათ მასაც, თუმცა ლოლას ყოველი სიტყვა, ახალ შეკითხვას ბადებდა ჩემს გონებაში და ამას ვერაფერს ვუხერხებდი.

-მთელი ღამე უნიტაზთან მქონდა პაემანი. წყალიც კი არ შეირგო ორგანიზმმა, არადა ისეთი არაფერი მქონდა ნაჭამი, მსგავსი რეაქცია გამოეწვია. ძალიან შემეშინდა და დღეს დილით ექიმთან წავედი, მან კი ეს ამბავი მაცნობა -დაასრულა თუ არა, სატირლადაც აუწყლიანდა თვალები, თუმცა ცრემლებს სიამაყით აჯობა და მათ, ზღვარის გადმოკვეთის საშუალება არ მისცა.

წარმოდგენა არ მქონდა რა მეთქვა. ცხოვრებაში პირველად ვიყავი მსგავს სიტუაციაში და აზრზეც ვერ მოვდიოდი, თუ რა სანუგეშებელი სიტყვების მოფიქრება შეიძლებოდა მისთვის, მოულოდნელობის სტრესის შესამსუბუქებლად.

აღარც ლოლა ცდილობდა ჩემთან საუბარს. როგორც ჩანდა, მისი გონება ათასგვარი საფიქრალით იყო გამოჭედილი, ამ ყველაფერს კი შიში მართავდა — შიში იმ პასუხისმგებლობისა რომელიც სრულიად მოულოდნელად დააწვა მხრებზე და ბოლომდე უნდა ეზიდა.

-მამაშენმა იცის? -ვკითხე გაუბედავად. იმდენად იყო ანერვიულებული, ვცდილობდი ყველა სიტყვა სწორად შემერჩია. ზუსტად ამის გამო აღარ დამისვამს შეკითხვები ბავშვის მამასთან დაკავშირებით.

-არა, ხომ გითხარი, მეც დღეს გავიგე. ისიც არ ვიცი როგორი რეაქცია ექნება

-თუ გინდა, რიოში წასვლას გადავდებ და შენთან დავრჩები -შევთავაზე -მამაშენსაც ერთად ვუთხრათ ეს ამბავი

ლოლას ჯერ ჩაეღიმა, მერე კი თვალებში მადლიერება ჩაუდგა, ჩემკენ გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა.

-ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ ჩემს გამო შვებულებას არ ჩაგაშლივინებ. თან მინდა ეს მამაჩემს ერთი-ერთში ვუთხრა, ასე უკეთესი იქნება

-ჩემთან ერთად რომ წამოხვიდე? -გავუკეთე მორიგი შეთავაზება. მართალია არც ისე უსუსურად გამოიყურებოდა, თუმცა მაინც მიჭირდა ამ მდგომარეობაში მისი დატოვება -შენც შვებულება აიღე და ერთად გავემგზავროთ. გულს გადააყოლებ, მერე კი, როცა ძალას მოიკრებ, მამაშენსაც ეტყვი სიმართლეს

-არა მარიტა -მაშინვე გადააქნია თავი, როგორც კი წინადადება ბოლომდე მივიყვანე -ნოლანები ამდენ ადამიანს ერთად არ გაგვიშვებენ. შენს გარდა, კიდევ ერთი მიმტანია გათავისუფლებული და ამ სიას, სამირაც დაემატა, გარკვეული მიზეზების გამო. თან ჯერ ისიც არ ვიცი, ჩემს მდგომარეობაში ფრენა რამდენად მიზანშეწონილია.

გულში გამეღიმა. სულ რაღაც რამდენიმე საათი იყო, რაც ფეხმძიმობის შესახებ გაიგო და უკვე მის შიგნით არსებული, ცოცხალი არსებების დაცვის ინსტიქტი ჰქონდა გამომუშავებული. ვაღიარებ, აქამდე ვერასდროს წარმოვიდგენდი ლოლას, დედის ამპლუაში, თუმცა შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ მშობლის როლს საკმაოდ კარგად მოირგებდა და ეს ტყუპებიც ბევრ რამეს შეცვლიდნენ მის ხასიათში.

-იუნგი გვიახლოვდება -ფიქრებში ჩაძირული, ლოლას ხმამ ამომიყვანა ფსკერიდან -მგონი შენთან უნდა საუბარი

-ლოლიტა, იცოდე არსად წახვიდე! -მკაცრად გავაფრთხილე იგი. მართალია იუნგი Imagine-ში ხშირად დადიოდა, თუმცა მთელი ეს პერიოდი, ერთხელაც არ უცდია ჩემთან გამოლაპარაკება. ლოლა ურყევად იდგა იმ აზრზე, რომ იმ ამბების მერე საუბარს ერიდებოდა. კალე ამას ჩემდამი ინტერესის სიმცირეს აბრალებდა, სამირას კი ეს თემა ფეხებზე ეკიდა და არანაირ კომენტარს არ აკეთებდა.

-შეიძლება მთხოვოს, რომ მარტო დაგტოვოთ . . . უხერხულია

მინდოდა შევწინააღმდეგებოდი. მინდოდა მეთქვა, რაც არ უნდა გთხოვოს, რამე მიზეზი მოიფიქრე და დარჩი-მეთქი, თუმცა ვეღარ მოვასწარი, რადგან იმ მომენტში, უკვე იმდენად ახლოს იყო, ქართული ენის არცოდნის მიუხედავად, მაინც მიხვდებოდა საუბარი მას რომ ეხებოდა. სწორედ ამიტომ, რამის თქმას ისევ პირში წ’ყლის ჩაგუბება ვამჯობინე.

-საღამო მშვიდობისა გოგონებო -ორივეს თავაზიანად მოგვესალმა ის, თუმცა მზერა მხოლოდ ჩემკენ ჰქონდა მომართული, რაც უკვე მიქმნიდა უხერხულობის შეგრძნებას.

-საღამო მშვიდობის -სპეციალურად დაყენებული ღიმილით გაეპასუხა ლოლა, მე კი უბრალოდ თავით დავუკარი.

-ბოდიში საუბარს რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ლოლას, ერქოლე ეძებდა -ამჯერად მასზე გადაიტანა მზერა. ჩემი ინტუიციით, იუნგის აქ მოსვლის ერთადერთი მიზანი ჩემთან განმარტოების სურვილი იყო. სხვა შემთხვევაში, ერქოლე რომელიმე მიმტანს გამოაგზავნიდა ლოლასთვის დასაძახებლად და არა თავად მას.

ხასიათი გამიფუჭდა. იუნგისთან საუბარი, ყველაზე ბოლო იყო, რაც ახლა მინდოდა, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ჩემს მეგობარზე ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი მქონდა გაგებული.

ლოლამ მზერით მომიბოდიშა იმისთვის, რომ წასვლა უწევდა. აი იუნგის კი, სახეზე მოუთმენელობა ეტყობოდა, რაც ამტკიცებდა, თუ რამდენად დიდი იყო მისი სურვილი, მესამე პირი რაც შეიძლება მალე მოშორებოდა აქაურობას.

-კარგი, წავალ გავიგებ რა უნდა ერქოლეს -ნაძალადევი ღიმილით მოგვატარა მზერა ორთავეს და როგორც კი ჩვენგან საპასუხო ღიმილი მიიღო, მაშინვე მიტრიალდა აივნიდან გასასვლელი კარის მიმართულებით.

მასთან მარტო დარჩენილს, უსიამოვნოდ მჩხვლეტავმა ეკლებმა დამაყარა ტანზე. დაახლოებით უკვე ვიცოდი, თუ რაზე შეიძლება წამოეწყო საუბარი, მე კი არ მსურდა იმ თემასთან მიბრუნება. იგი ჩემთვის, უკვე დიდი ხნის წინ დახურული წიგნივით იყო, რასაც მეორედ აღარასდროს გადავფურცლავდი.

-რა ხანია შენთან განმარტოებით მინდა საუბარი -მოაჯირს ორივე მკლავით დაყრდნობოდა იაპონელი, თან სადღაც შორს, უსასრულობაში იყურებოდა, თავისი მუქი თვალებით.

-უკვე ვხვდები, რაზეც გინდა დალაპარაკება, მაგრამ ვალდებული არ ხარ რამე ამიხსნა

-ჰო, არ ვარ ვალდებული -თავი დამიქნია -უბრალოდ თვითონ მინდა ამის გაკეთება

-შენი გადასაწყვეტია. თუ რამის თქმა გინდა, მოგისმენ

-მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ცუდად გამომივიდა შენთან იმ დღეს. წარმომიდგენია რა შთაბეჭდილება დაგრჩებოდა ჩემზე, როცა ამ ყველაფრის უნებლიე მოწმე გახდი

არაფერი მითქვამს. უბრალოდ გავჩუმდი. ზოგჯერ დუმილი ბევრად უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე სიტყვები.

-არც გამტყუვნებ -კვლავ იუნგიმ განაგრძო -დაინახე როგორ გამოვდიოდი საპირფარეშოდან სხვა ქალთან ერთად, როცა მეორე დღეს შენ უნდა შეგხვედროდი

-მისმინე -დავიწყე ღიმილით. ვგრძნობდი ჩემთვის უკვე იმდენად გულსატკენი აღარ იყო ეს თემა. მეტიც, შემეძლო ყველაფერი თავისუფლად, წყენის გარეშე გამეხსენებინა -მართალია ოდნავ უსიამოვნო იყო ის, რაც მოხდა, თუმცა შენს დადანაშაულებას არ ვაპირებ. ჩვენ შორის, ხუთწუთიანი მსუბუქი ფლირტის გარდა არაფერი ყოფილა და არც რაიმე მოვალეობა გაკისრია ჩემს წინაშე

ამჯერად თვითონ გაჩუმდა. არ ვიცოდი საითკენ ცდილობდა ამ საუბრის წაყვანას, თუმცა სახეზე ეტყობოდა, რომ დიალოგის გასაგრძელებად შესაფერისი სიტყვების მოძებნას ცდილობდა.

-ადამიანისთვის მეორეს შანსიის მიცემაზე, ზოგადად რა აზრის ხარ ხოლმე, მარიტა? -მკითხა და თავისი შეკითხვით ის მდუმარებაც გაფანტა, დაახლოებით ერთ წუთს მაინც რომ გრძელდებოდა ჩვენს შორის.

ჩემი ნახევარსაათიანი შესვენების დრო უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. პასუხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამებრუნებინა, ამიტომ აღარც მე დავაყოვნე:

-მაპატიე, მაგრამ თუკი ჩვენი შეხვედრა საჭირო იყო, მაშინ შევხვდებოდით, როდესაც ეს დავგეგმეთ -ისეთი ტონი მქონდა ამის თქმისას, ამ ტონითაც კი ბოდიშს ვიხდიდი -გულწრფელად გეტყვი, აღარ მინდა ერთ მდინარეში მეორედ შევცურო, ამიტომ მოდი ისე დარჩეს, როგორც არის

-ლანასთან რაც მოხდა, სულელური შეცდომა იყო მარიტა

-ჰოო? -აშკარად ვერ მოვიხიბლე მისი ნათქვამით და ეს სახეზეც შემეტყო -და რატომ იყო სულელური შეცდომა? ლანა რა, ადამიანი არ არის? იქნებ ძალიან მოსწონხარ და ასე ახლოსაც ამიტომ მოგიშვა?

-მოდი შენ თუ პირდაპირი ხარ, მეც პირდაპირი ვიქნები და გეტყვი, რომ ეგ გოგო, ერთი ფულზე მონადირე ძუ*ნაა, ვინც საპირფარეშოში შემომივარდა იმ იმედით, რომ დიდ თევზს დაიჭერდა, თუმცა . . . აქ იუნგი გაჩერდა, ჰაერი ღრმად შეისუნთქა და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო -მოკლედ, არაფერი ხდება ჩვენს შორის. რაც იყო, იმ საპირფარეშოს კაბინაშივე დასრულდა და მეტად აღარც გამეორდება

სხეულში ერთიანად დავლილმა სიბრაზემ, თვალების დახუჭვა მაიძულა. გამაღიზიანა იმის მოსმენამ, რომ საკუთარ თავს “დიდ თევზად” მოიხსენიებდა, ვის დასაჭერადაც ნებისმიერს უნდა ებრძოლა. მოცემულ მომენტში, ამ ადამიანში, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ნარცისი დავინახე, ვისაც ეგონა, რომ რახან მდიდარი და ჭკვიანი იყო, დედამიწა თავისი ღერძის კი არა, მის გარშემო ბრუნავდა. ამან იმედები საშინლად გამიცრუა.

-ოდნავადაც არ ვარ დაინტერესებული, თუ რას აპირებ სამომავლოდ ლანასთან მიმართებაში -ამჯერად არა თავაზიანი, არამედ მკაცრი ხმით იყო ნათქვამი ჩემი თითოეული სიტყვა -უბრალოდ ერთს ვიტყვი და ამით დავასრულებ –მისალმების გარდა არანაირი ურთიერთობა არ მსურს იმ ადამიანთან, ვინც თავისი ახლო მეგობრების რესტორანში, მიმტანებთან კავდება ინტიმური ურთიერთობით და შემდეგ ამ მიმტანს ძუ*ნად მოიხსენიებს, საკუთარ თავს კი იმ თევზად, ვის დასაჭერადაც ყველა ქალს ანკესი აქვს მომზადებული

მეტად აღარ ჩამითვლია საჭიროდ ჩემი სიტყვებისთვის რამე დამემატებინა. აღარც მას გაუცია პასუხი. იმდენად დაბნეული სახე ჰქონდა, ეს რეაქცია აშკარად არ ყოფილა ის, რასაც ჩემგან აქ მოსვლამდე მოელოდა.

მისგან, დამშვიდობების გარეშე წამოვედი და აივანი სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე. იმ წამს ნათლად ვიგრძენი, რომ იუნგის მიმართ, ის მცირედი ინტერესიც გამქრალიყო, რაც ჯერ კიდევ ცოცხლობდა ჩემი გულის ყველაზე მიმალულ ცხრაკლიტულში. ახლა იგი ერთ ჩვეულებრივ გამვლელად ქცეულიყო ჩემთვის, ვისთვისაც შეიძლებოდა გვერდი ისე ჩამევლო, ვერც კი შემემჩნია, თუკი თავად არ დამიძახებდა.

დღემ საკმაოდ უღიმღამოდ ჩაიარა. ერთადერთი სიამოვნება ჩემთვის, როიალთან ურთიერთობა გახლდათ, რის დროსაც ყველა ნეგატიური ენერგია მშორდებოდა და სამყაროში მხოლოდ ყოველივე კარგისთვის რჩებოდა ადგილი.

საუკეთესო ამბავი ის იყო, რომ სამ დღეში, უკვე რიოში ვიქნებოდი და შემაღლებული ადგილებიდან გადმოვხედავდი ქალაქის ულამაზეს ხედებს. ნივთების ჩალაგება დღეს ღამიდანვე უნდა დამეწყო. მართალია ლოლას სიტუაცია და სამირას გაურკვეველი მდგომარეობა ცოტა არ იყოს ხინჯად მრჩებოდა გულში, თუმცა იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ჩემი ბათუმში დარჩენა ვერც ერთს წაადგებოდა რამეში და ვერც მეორეს.

სამუშაო დღის ბოლოს, ლოლას შეტყობინება გავუგზავნე. ვთხოვდი, როგორც კი მამამისს ახალ ამბავს ეტყოდა, მაშინვე გადმოერეკა და მოეყოლა, როგორ შევხდა იგი ამ ყველაფერს. თუკი სიტუაცია რთული იქნებოდა, ან მე დავრჩებოდი მასთან, ან მას მოვიყვანდი ჩემს ბინაში, რათა დეპრესიული ფონის დროს გვერდით ვინმე ჰყოლოდა.

სახლამდე ავტობუსით მივედი. ბოლო პერიოდში, ყველაზე მეტად ვგრძნობდი ჩემი მანქანის დანაკლისს. მენატრებოდა ის დრო, როდესაც შინ კომფორტულად მოვდიოდი, საჭესაც თავად ვმართავდი და მაგნიტოფონშიც მხოლოდ ჩემი საყვარელი მუსიკები ისმოდა. სამაგიეროდ, ეს მუსიკები, ახლა ყურსასმენებში მქონდა ჩართული და მათი მოსმენის პარალელურად, სახლამდე ისე მივაღწიე, მართლაც ბოლო წამს გავიაზრე, უკვე ჩემი გაჩერება რომ იყო.

ვინაიდან მგელივით მშიოდა და მაცივარში გემრიელი არაფერი მომეპოვებოდა, მარკეტიდან სამი სხვადასხვა სახეობის მზა საკვები ამოვიყოლე. ამას, ჩემთვის საყვარელი ხილის ასორტიმენტიც დავამატე და ნაყიდი პროდუქციით დატვირთული, სავსე ქაღალდის პარკით შევედი ლიფტში. ის-ის იყო კარის დახურვის ღილაკისთვისაც უნდა დამეჭირა თითი, რომ დავინახე, როგორ მოდიოდა ლიფტისკენ კიდევ ერთი ადამიანი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც კარგად დაკვირვების შემდეგ, მასში მიშო ამოვიცანი. ამ უკანასკნელს, ჩემსავით, მარკეტში ნაყიდი პროდუქტები ეკავა ხელში, თან საკმაოდ დახვეწილ, სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილიყო.

კარის დახურვას, სულ ერთი წამით შემოასწრო მეფარიშვილმა. რაც შემეხება მე, იმდენად დაბნეული ვიყავი, ლიფტის გაჩერების ღილაკზე თითის მიჭერაც კი არ მომაფიქრდა. ეს ადამიანი, ჩემს გარემოცვაში ერთადერთი იყო, ვისი მოულოდნელი გამოჩენებიც ასე მიფორიაქებდა სულს და ამავდროულად, მაბნევდა კიდეც.

-საღამო მშვიდობისა -ისე უბრალო ღიმილით მომესალმა, თითქოს ჩვენი აქ შეხვედრა, თანაც ამ დროს, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო.

-აქ რას აკეთებ მიშო?

-იმას, რასაც შენ, ზემოთ ავდივარ

შევამჩნიე, რომ შიგნით ყოფნისას, არც ერთ ციფრზე თითი არ დაუჭერია. ეს უკვე ნამდვილად ნიშნავდა იმას, რომ ჩემს სართულზე აპირებდა გაჩერებას. ზედმეტად არაფერს მეუბნებოდა. როგორც ჩანდა, სიამოვნებდა ჩემს სახეზე ამოკითხული დაბნეულობის ცქერა.

-უფრო ვრცელი პასუხი მჭირდება მიშო

-ნუ ღელავ, შენთან არ მოვდივარ. სულ ორჯერ გესტუმრე და ორივეჯერ ისე დამხვდი, ვეჭვობ სტუმართ-მასპინძელი წაკითხული არ უნდა გქონდეს

-შენ წარმოიდგინე წაკითხული მაქვს

-მართლა? -კარს ცალი მკლავით მიეყრდნო -თუ გინდა, ჩემთან შევიდეთ და პოეზიაზე ვისაუბროთ, რას იტყვი?

-შენთან? -შუბლზეც კი დამეწერა, რომ ვერ მივხვდი რა იგულისხმა, თუმცა პასუხის გასაცემი დრო არც ყოფილა. ხელის შემშლელ ფაქტორად, ლიფტის გაღებული კარი მოგვევლინა, რომელიც გვამცნობდა, რომ უკვე გასვლის დრო იყო.

მიშომ პირველი მე გამატარა, შემდეგი თავადაც გამომყვა უკან. ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში, უკვე მეორედ გადამიარა სახეზე გაოცებამ. კონკრეტულად იმ წამს, როდესაც მეფარიშვილი, ჩემს პირდაპირ მდებარე ბინის კარს მიადგა, გასაღების ასხმა ამოაძვრინა და იქედან ერთ-ერთი, საკეტს მოარგო. გაშტერებული შევცქეროდი ამ სანახაობას. გონება იმდენად ამერია, ხმის ამოღებაც ვერ მოვახერხე და ალბათ კიდევ დიდხანს იტრიალებდნენ გონებაში ქაოტურად მოძრავი, დაუსმელი კითხვები, თავად ჩემს სიახლოვეს მდგომ ადამიანს რომ არ ამოეღო ხმა:

-ჰო მარიტა, მართალია ის, რამაც ახლა თავში გაგიელვა -კარის შუა ნაწილს, ცალი მკლავით მიყრდნობოდა იგი -ეს ბინა, რამდენიმე დღის წინ ვიყიდე

-რა?

-რა და, ახლა ოფიციალურად მეზობლები ვართ. როცა დავლაგდები, ვინმე კარგი ხელოსანიც მირჩიე, აბაზანაში ონკანია შესაკეთებელი

-ერთი წამით, ერთი წამით, რა ონკანი? -იდუმალ ღიმილს, ჩემი მკაცრად აზიდული წარბებით შევერკინე -ეს ბინა მართლა იყიდე, თუ ხუმრობ?

-არა, არ ვხუმრობ -უდანაშაულო ბავშვივით გადააქნია თავი -შეგიძლია ამ დღეებში შემოხვიდე და ახალმოსახლეობა მომილოცო. გაითვალისწინე, ტორტები ხილით მიყვარს და სასმელებიდან, ნახევრად ტკბილ ღვინოს ვანიჭებ უპირატესობას

-ხუმრობაა ეს ყველაფერი

-არც ხუმრობაა და არც ფარული კამერა -საკეტი გახსნა, კარი გააღო და ცოტა ხნით ზღურბლთანაც შედგა -ორი თავი ხახვი თუ მიმაკლდება, შემოგირბენ და გესესხები ხოლმე. მშვიდობიანი ღამე მარიტა . . .



* * * *
სიბნელით შემოსაზღვრულო ოთახში, საწოლზე, ზღვის ვარსკვლავივით ვიყავი გაშლილი და ტელეფონში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა Vivo per lei მქონდა ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ წინ ამდენი ხნის ნანატრი მოგზაურობა მელოდა, განწყობა მაინც საგრძნობლად მქონდა გაფუჭებული. ასე მეგონა, თითქოს ალყაში სამი მხრიდან ვიყავი და სამივე ფრონტზე ერთობლივად მიწევდა ბრძოლა. თავიდან იყო და, სამირა გაქრა უკვალოდ. ამას ლოლას ორსულობაც დაემატა, მესამე კი, მიშოს ჩემს მეზობლად გადმოსვლა იყო.

ყველაზე ძალიან, მაინც ლოლას ამბავი არ მაძლევდა მოსვენებას. რამდენჯერაც ვიფიქრე ავდგები და თვითონ დავურეკავ-მეთქი, იმდენჯერვე გადავიფიქრე, გვიანი ღამის გამო. ერთადერთი, რაც გავაკეთე, ეს შეტყობინების გაგზავნა იყო, სადაც ვეკითხებოდი, თუ როგორ ჩაიარა ყველაფერმა. სამწუხაროდ პასუხი ჯერ არსად ჩანდა.

საწოლიდან ზლაზვნით წამოვდექი და ვინაიდან ჯერ არ მეძინებოდა, პირდაპირ აივანს მივაშურე. გარეთ ოდნავ გრილოდა, რაც ძალიან მესიამოვნა. ქუჩაშიც ისეთი სიმშვიდე სუფევდა, აივანზე მდგომ სავარძელში ვეღარ გავჩერდი, ფეხზე წამოვდექი და ამჯერად მოაჯირს დაყრდნობილმა, ზემოდან გადმოვხედე ყველაფერს. წამით თვალი მიშოს აივნისკენ გამექცა, რომელიც იმდენად ახლოს იყო ჩემთან, შემეძლო ერთი დიდი ნახტომითაც კი მოვხვედრილიყავი იქ.

ნაზად აფრიალებული ფარდები მოწმობდა, რომ მიშოს, კარი ღიად ჰქონდა დატოვებული. საინტერესო იყო ახლა ეძინა, თუ ჯერ კიდევ ჩემსავით ფხიზლობდა და თავის საყვარელ ლიმონიან წყალს მიირთმევდა, პიტნითა და ყინულით, თანაც ტელევიზორის წინ მოკალათებული. სიმშვიდეს მირღვევდა ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი, ჩემთან ამდენად ახლოს იყო და პირად სივრცეში მეჭრებოდა. სამსახურსა და საცხოვრებელ კორპუსში მასთან ასეთი სიახლოვე, თავს კუთხეში მიმწყვდეულად მაგრძნობინებდა, მაშინებდა, გონებას მიფორიაქებდა და ზოგჯერ ამ ქალაქიდან გაქცევის სურვილსაც მიღვიძებდა, რა სულელურად არ უნდა ჟღერდეს ყოველივე ეს.

მეფარიშვილის აივანს, თვალი ხვნეშით მოვაშორე. ამანაც ვერ მიშველა. მომაგონდა მისი კოცნა სანაპიროზე და ისიც, თუ როგორ ძლიერ მომინდა კოცნაში თავადაც ავყოლოდი. თავბრუს ხვევა ვიგრძენი. უკვე ვეღარც აივნიდან ყურება მამშვიდებდა და ვეღარც სუფთა ჰაერი. ვიფიქრე, იქნებ დაძინება კიდევ ერთხელ ვცადო-მეთქი და ოთახში დაბრუნებული, საწოლში სწრაფად შევხტი.

სამწუხაროდ, აქაც არ მომასმენა მიშოს აჩრდილმა. მისი ქარვისფერი თვალები, უჩვეულოდ მაცდური ღიმილი და ღრმა, იდუმალი გამოხედვა, ახლაც ფილმის კადრებივით მედგა თვალწინ. ბოლომდე არც კი გამიაზრებია რას ვაკეთებდი, ისე წავიღე თითები ტუჩებისკენ და წარმოვიდგინე, თითქოს მათზე მიშოს თითები მეხებოდნენ. შემდეგ ყელს მოვეფერე, ლავიწის ძვლებიც მოვიარე თითის ბალიშებით და ხელი მუცლისკენაც ჩავასრიალე. ვაპირებდი ჩემი “მოგზაურობა” კიდევ უფრო ქვემოთ გამეგრძელებინა, როცა მოულოდნელად, თითქოს თავში მძიმე ურო ჩამცხესო, მუცელზე გადავტრიალდი და თითები მთელი ძალით მოვუჭირე ბალიშს. გამაოგნა საკუთარმა საქციელმა, განსაკუთრებით კი იმან, რომ მთელი სხეული ისე მიკანკალებდა, თითქოს ჩემი ყველა წარმოსახვა რეალური ყოფილიყო.

გონება კვლავაც აგრძელებდა წარმოსახვით სამყაროში ხეტიალს და ისევ მიშოს წარმოიდგენდა, ამჯერად ტანსაცმლის გარეშე. წარმოვიდგენდი, თუ როგორ მოიწევდა ჩემკენ, როგორ მკოცნიდა და როგორ მეფრქვეოდა მთელ კანზე მისი სასიამოვნოდ გრილი სურნელი.

მსგავს “განსაცდელში”, თითქოს ბნელ დილეგში შემოჭრილი ერთადერთი სინათლის სხივივით მომევლინა ხსნად ტელეფონის ზუზუნის ხმა. ეკრანზე დახედვამ და ლოლას სახელის ამოკითხვამ, ჩემი ტვინი იმ აფექტური ვითარებიდან გამოიყვანა, რომელშიც წამების წინ იმყოფებოდა და აიძულა ნორმალურ, ადეკვატურ მდგომარეობას დაბრუნებოდა.

-ლოლა, მთელი საღამოა შენს ზარს ველი -ყურმილი ავიღე თუ არა, მოსალმებასაც არ დაველოდე ისე დავიწყე, თან საწოლიდანაც წამოვდექი.

-ვიცი, უბრალოდ საუბრის ხასიათზე არ ვიყავი მარიტა -სევდიანი ხმა ჰქონდა. სავარაუდოდ, ეს იმაზე მეტყველებდა, რომ ყველაფერი არც თუ ისე კარგად იყო -ახლაც უბრალოდ შევამოწმე გეძინა თუ არა. შენს კორპუსთან ვარ ახლოს

-ჩემს კორპუსთან ახლოს რას აკეთებ?

-მანქანით ვსეირნობ. თუ არ გეძინება, ჩაიცვი და ჩამოდი. ქუჩები ისეთი წყნარია, შენც გაგისწორდება

ეს წინადადება ზუსტად ის იყო, რაც ჩემს სულს ახლა ისე ძალიან სჭირდებოდა, როგორც ფილტვებს ჟანგბადი. ვინმესთან ერთად ყოფნა და საუბარი, ერთადერთი გამოსავალი იყო იმ ფიქრების ჩასახშობად, ცოტა ხნის წინ რომ თავის ბასრ კლანჭებში ვყავდი მოქცეული.

ამ შემოთავაზებას, როგორც სამაშველო რგოლს ისე მოვეჭიდე და სიხარულითაც დავთანხმდი. მეტიც–სულ რაღაც ხუთ წუთში, სრულ მზადყოფნაში ვიყავი და ლოლას შეტყობინებას ველოდი, რათა ქვემოთ ჩავსულიყავი. დიდხანს არც მას ულოდინებია. როგორც ჩანდა, მართლა ძალიან ახლოს იყო, რადგან ჩემი მომზადებიდან მალევე, გავიგონე თუ როგორ შემოაყენეს ეზოში კიდევ ერთი მანქანა. ამ დროს უკვე მისაღებში ვიყავი და ფანჯრიდან გახედვის შემდეგ დავრწმუნდი კიდეც, რომ ეს ხმა, ლოლას წითელ ჯიპს ეკუთვნოდა.

“ჩამოდი, უკვე ქვემოთ ვარ” -კიდევ ერთ დასტურად, მობილურზე შეტყობინებაც მომივიდა.

საათს დავხედე. უკვე ძალიან გვიანი იყო, თუმცა რახან ძილი არ მეკარებოდა, ამისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. ყველაფრისთვისაც რომ ხაზი გადამესვა, ლოლას ხმა მეჩვენა იმდენად სევდიანი, ასეთ მომენტში ვერანაირად ვერ შევძლებდი მარტო დამეტოვებინა და ლოგინში მშვიდად გამეგრძელებინა ღამეული ნებივრობა.

სადარბაზოში გამოსვლისა და ბინის ჩაკეტვის შემდეგ, რამდენიმე წამით მიშოს კარს გავუშტერე მზერა. ჯერ კიდევ არ მჯეროდა, რომ ჩემთან ამდენად ახლოს იყო. იმას კიდევ უფრო მეტად ვერ ვიჯერებდი, სიმდიდრესა და მაქსიმალურ კომფორტს ნაჩვევი ადამიანი რომ ასეთ პატარა, ერთოთახიან ბინაში ცხოვრებაზე იყო თანახმა, მაშინ, როდესაც თავისი ფინანსები საშუალებას აძლევდა ამ ბინისხელა მხოლოდ ერთი აბაზანა ჰქონდა. გონება მაქსიმალურად ცდილობდა, ამ კითხვაზე პასუხს დიდად არ ჩაღრმავებოდა, რადგან სადღაც გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ეს პასუხი ძალიან შემაშინებდა.

ლიფტით რომ პირველ სართულზე ჩავედი და დარჩენილი კიბეები ჩავირბინე, გარეთ გამოსულმა შევნიშნე, რომ ლოლას, თავისი ჯიპი პირდაპირ ჩემს სადარბაზოსთან ჰქონდა მოყენებული. ავტომობილის ჩამოწეული ფანჯრიდან, გარკვევით ჩანდა მისი უმეტყველო გამოხედვა, ჩამქრალი თვალები და შეჭმუხნილი წარბები, რაც ნამდვილად არ მოასწავებდა საიმედო “პროგნოზს”.

-სალონში უხმოდ ჩავჯექი და ლოლას გვერდულად გავხედე. ამ უკანასკნელს სიტყვაც არ დაუძრავს. ამის მაგივრად, მანქანის ჩამქრალი ძრავი კვლავ დაქოქა და ეზოდან ისეთი სისწრაფით გავარდა, ღვედის შეკვრაც კი ძლივს მოვასწარი, რათა უნებურად არ გადავქანებულიყავი და წინა ხედვის მინაზე არ გამეკეთებინა თავის ზომის ნახვრეტი.

-ლოლიტა ცოტა ფრთხილად -ნერვულად დაჭიმული მკლავზე, სულ ოდნავ შევეხე ამის თქმისას. მისგან გადმოდებული დაძაბულობის ზეგავლენით, ხმაც კი ჩახლეჩილი მქონდა, თუმცა ახლა მე ვიყავი ის, ვისაც საკუთარი თავი ხელში უნდა აეყვანა და მეგობრის დასამშვიდებლად, აბსოლუტურად ყველაფერი ეღონა.

-ნუ გეშინია, სწრაფად ტარებას არ ვაპირებ -ნელ-ნელა სიჩქარემაც იკლო, როგორც კი წინადადება დაასრულა. გეზი ახალი ბულვარისკენ ჰქონდა აღებული. ქუჩები ზუსტად ისეთივე სასიამოვნო სიმშვიდეს მგვრიდა, როგორც ლოლამ აღმიწერა სატელეფონო საუბრისას. ჩამოწეული საქარე მინებიდან კი, გაუჩერებლად შემორბოდა დაწმენდილი ჰაერის ოდნავ გრილი ნაკადი.

-ასეთი ცუდი რეაქცია ჰქონდა მამაშენს? საკუთარ თავს არ ჰგავხარ

-როგორ უნდა ვგავდე საკუთარ თავს? -მწარედ ჩაეცინა -მისგან ისეთი რამები მოვისმინე, გეფიცები ათასჯერ მირჩივნა ჩემზე ხელი აეწია და ვეცემე

რაღაც პერიოდით, პირში წყალჩაგუბებულივით ვიჯექი და სიტყვასაც ვერ ვძრავდი. პირველად ვიყავი სიტუაციაში, როდესაც ვიღაცასთან, მსგავსი სახის პრობლემებზე მიწევდა საუბარი და ნორმალურად ისიც კი არ ვიცოდი, როგორი რჩევა უნდა მიმეცა.

-ასეთი რა გითხრა? -ვკითხე შეპარვით. თუკი ისტორიას ბოლომდე მოვისმენდი, უფრო გამიადვილდებოდა საბოლოო დასკვნის გამოტანა იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთებას სჯობდა ლოლასთვის შექმნილ ვითარებაში.

-მითხრა, შენთვის არასდროს არაფერი დამიკლია, მხოლოდ ის გევალებოდა თავში ტვინი გქონოდა და გონივრულად მოქცეულიყავი, მაგრამ ეგეც კი ვერ შეძელიო. მერე ისიც დაამატა, მაგ ბავშვებს ფინანსურად ყველანაირად მე უზრუნველვყოფ, ოღონდ არც ერთი არ დამენახოთ და ჩემს სიახლოვეს არ გამოჩნდეთო

-დრო მიეცი რაა. დარწმუნებული ვარ, ცოტა ხნით გაბრაზებული იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში გაუვლის

-არა მგონია ასე იყოს -ღრმად ამოიხვნეშა და ცალი ხელი მუცელზე მიიდო -ამათ გვერდით მხოლოდ მე ვიქნები და სხვა არავინ

-აქამდე არ გკითხე, ისედაც განერვიულებული იყავი, მაგრამ მართლა მაინტერესებს, ბავშვების მამასთან დალაპარაკებას არ აპირებ მაგ თემაზე? საქმის კურსში არ ჩააყენებ?

-ჩავაყენებ, ოღონდ მაშინ, როცა ცხრა თვე გავა . . . კარგად არ ვიცნობ და არ ვიცი როგორი ტიპია. შეიძლება ცუდად მიიღოს, ან შეიძლება იმდენად კარგად, რომ ოჯახობანას თამაში დამიწყოს და მაგის თავი არ მაქვს, ნერვების მოშლას ვერიდები

-და იმ ცხრა თვის შემდეგ რომ ერთად ცხოვრება შემოგთავაზოს რას ეტყვი? -ვკითხე და პასუხის მოლოდინში საქარე მინიდან შემოვარდნილ, გრილი ჰაერის ნაკადს მივუშვირე სახე. თმა იმდენად შემაწუხებლად მეყრებოდა სახეზე, იგი ხელზე, სამაჯურის ნაცვლად შემოხვეული სამაგრით შევიკარი, მერე კი კვლავ ლოლასკენ გავატრიალე თავი. სწორედ იმ მომენტში, იგიც ალაპარაკდა:

-რა თქმა უნდა, უარს ვეტყვი მარიტა. შენც კარგად იცი, რომ ოჯახურ ცხოვრებაზე გული მერევა. ზედმეტს თუ მოინდომებს, ერთ კარგ სილასაც მიიღებს ჩემგან, იმ ლამაზ სიფათში

-შენი არ მესმის -შეკავებული სიცილით გადავაქნიე თავი -თუკი ოჯახურ ცხოვრებაზე გული გერევა, ფინანსურ დახმარებას მამაშენი დაგპირდა და იმ ტიპისგან არაფერი გინდა, მაშინ ამ ბავშვების შესახებ საერთოდ რატომ ეუბნები?

-იმიტომ, რომ ასე იქნება სამართლიანი -სპიდომეტრზე სიჩქარე ოდნავ გაზარდა, როგორც კი ეს თქვა -უსამართლობაა, როცა სადღაც შვილი გყავს, ბიოლოგიურად მის მამად ითვლები, შენ კი ამის შესახებ არაფერი იცი. დამიანეს ადგილას რომ წარმოვიდგენ თავს, სიმართლის დამალვის სურვილი მეკარგება

-აჰა, ანუ დამიანე ჰქვია

-ჰო

-ლამაზი სახელია -ეშმაკურად ჩავიცინე -თვითონ როგორია?

-გარეგნულად თუ გაინტერესებს, საკმაოდ კარგად გამოიყურება. მისი სულიერი სამყაროთი არ დავინტერესებულვარ

-ალბათ მისგანაც ისე წამოხვედი, რომ არაფერი აგიხსნია -ვივარაუდე და გამართლდა კიდეც ჩემი ვარაუდი:

-ჰო, როგორც მუდამ ხდება ხოლმე -შუბლზე ნერვულად მოისვა ხელი -მერე სპორტ-დარბაზიც შევიცვალე და მისი ნომერიც დავბლოკე. ამის მერე აღარ მინახავს

დაძაბული თემის მიუხედავად, ღამის ბულვარში სეირნობა მართლაც სასიამოვნო იყო. მანქანით რამდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ, ლოლამ ოცდაოთხსაათიანი Drive იპოვა, ჩვენთვის ორი ლატე იყიდა და პირდაპირ სალონში შემომაწოდა.

მანქანა აღარ დაუძრავს. უბრალოდ ოთხივე მხარეს ჩამოსწია საქარე მინა, თავის მხარეს კარი ღიად დატოვა და გაჩერებულ ავტომობილში, სავარძლის საზურგე ისეთ ზომაზე დააყენა, რომ მასზე გემრიელად მიწოლა შესძლებოდა.

-მეც მაქვს ერთი სიახლე -ყავას თავსახური მოვხადე და სული შევუბერე -ოღონდ ძალიან გთხოვ, ზედმეტად ნუ აცანცარდები, როცა გეტყვი

-გპირდები, რაც არ უნდა იყოს, ადეკვატურად მივიღებ -გაეცინა -ბოლოს და ბოლოს, მომავალი დედა ვარ და ცოტა უნდა დავსერიოზულდე

ქაღალდის ჭიქიდან კოფეინი ფრთხილად მოვსვი. უცნაური იყო, სახლიდან რომ მიშოზე ფიქრებს გამოვექეცი და ახლაც მასზე მინდოდა საუბრის წამოწყება, თუმცა იმდენად დიდი იყო სურვილი, თავს მაინც ვერაფერს ვუხერხებდი.

-ახალი კარის მეზობელი მყავს -გვერდზე არც გამიხედავს ისე ავლაპარაკდი -ჩემს პირდაპირ მდებარე ბინა გაიყიდა და აბა თუ გამოიცნობ, მყიდველი ვინაა?

-არ მითხრა, რომ ლეო -სახეზე შიშის ფერებმა გადაურბინეს ლოლას.

-არა, რა ლეო? ეგრე რომ იყოს, ასე მშვიდად ვიქნებოდი?

-აბა ვინ?

-ვინ და მიშო -ამჯერად მზერა გავუსწორე ჩემკენ მომართულ თვალებს. ლოლას, წამიერმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. მერე ეს, სერიოზული გამოხედვით ჩაანაცვლა, ბოლოს კი სიჩუმე ვეღარ შეინარჩუნა და ხმაც ამოიღო:

-ოდესმე მისი სახლი გინახავს? იმხელა სასახლის პატრონმა, ეგ რატომ მან რისთვის გააკეთა?

-არასდროს მინახავს მისი სახლი, ვერ გეტყვი

-მარიტა რაღაცას მიმალავ -მაშინვე შემატყო -ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ მიშოს ფინანსურ დონეზე მდგომი ადამიანები, სახლებსა და ბინებს უფრო სხვანაირ უბნებში ყიდულობენ

-ჰო, მესმის რასაც ამბობ და ნუ ღელავ, არ მწყინს -ამოვიოხრე. ლოლას თვალებში იმდენს კითხვის ნიშანს ვხედავდი, გადავწყვიტე ამდენხნიანი დუმილი დამერღვია და ყველაფერი მომეყოლა, რაც ბოლო დროს ხდებოდა ჩემს თავს.

-მარიტა თქვი რამე!

-ვიტყვი, მაგრამ შეიძლება არც დაიჯერო, რასაც ახლა მოგიყვები

-სულ ერთია, გისმენ

-გახსოვს ის დღე, მე და სამირა რომ შენთან ვიყავით და გითხარით, მგონი სახლში გაზქურა დამრჩა ანთებული, უნდა მივბრუნდე, შევამოწმო-მეთქი?

-მახოსვს, მერე? -ინტერესიანი თვალებით წრუპავდა თავის ლატეს.

-მერე ის, რომ სინამდვილეში მიშოს უნდა შევხვედროდი. მეორე ახალი ამბავი კი ისა, რომ იმ დღეს ერთმანეთს ვაკოცეთ . . . უფრო სწორად, თვითონ მაკოცა

დავასრულე თუ არა წინადადება, იმ წამსვე მომესმა ხმამაღალი ხველა. ლოლაზე იმდენად ემოქმედა მიღებულ ინფორმაციას, კოფეინიც კი ყელში გადასცდა. რომ არა, რამდენიმე ძლიერი დარტყმა ზურგზე ჩემგან, ალბათ კიდევ კარგა ხანს ვერ ამოისუნთქავდა.

-მოიცა, თქვენ რა, ერთად ხართ და ამას მე ახლა ვიგებ? -სიტყვებში იმდენად ნაწყენი ტონი ჩააქსოვა, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ალბათ უზომოდ დამნაშავედაც კი ვიგრძნობდი თავს.

-რა ერთად ვართ ლოლიტა? ყველაზე პრობლემური, რაც ჩემს ცხოვრებაში მახსენდება, ეს მიშოსთან ურთიერთობაა. მხოლოდ ხმლებით არ გავკიდებივართ ერთმანეთს, თორემ ტოქსიკურობის ყველა დანარჩენი ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს

-და ეგ კოცნა? -თავისი ყავა სრულებითაც აღარ აინტერესებდა იმ მომენტში -როგორ გინდა დამარწმუნო, რომ ეგეც ტოქსიკური იყო?

-ეგ მე თვითონაც არ ვიცი რა იყო -თვალები დავხუჭე.

-მითხარი, კოცნისას ენა გამოიყენა?

-ლოლა!

-მითხარი-მეთქი

-გამოიყენა ჰო, მერე?

-როგორი კოცნა იცის?

-ჯანდაბა, ახლა ნუ მანანებინებ, რომ ეს ამბავი გითხარი -წარბშეკრულმა გავხედე -მგონი ვიღაც დამპირდა არ ვიცანცარებ და ყველაფერს ადეკვატურად მივიღებო

-მაპატიე, მაგრამ როცა მაგას ვამბობდი, არ მეგონა ასეთ შოკისმომგვრელ ამბავს თუ მოვისმენდი -თავი ღიმილით გადააქნია მან -ჩვენი მიმტანი ლანა, კარგა ხანია ტყავიდან ძვრება, რათა მიშომ შეამჩნიოს, თვითონ კიდევ ხელიც არ გაგინძრევია და ტიპი ისე დააბი, შენს უბანშიც კი აყიდინე ბინა

-ჯერ ერთი, არავინ დამიბამს. მერეც მეორე, საიდან მოიტანე ლანას რომ მიშო მოსწონს? არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩემი თვალით ვნახე, როგორ გამოდიოდა საპირფარეშოდან იუნგისთან ერთად

-იუნგის მას შემდეგ შეეტენა, რაც მიშოსთან ვერაფერს გახდა. ეგ გოგო, მდიდარ და სიმპათიურ კაცებს უმიზნებს. უზრუნველი ცხოვრება უნდა, ბოლო მოდელის მანქანები, ძვირიანი ბეწვის ქურქები, ბრენდული ტანისამოსი. ჩვეულებრივ მოკვდავს ზედაც არ შეხედავს

-არ მინდა მჯეროდეს, მაგრამ მაგ ადამიანზე უკვე ყველა ამას ამბობს

-იმიტომ, რომ მართლა ასეა -მდუმარებით მოცული ქუჩა მოათვალიერა მან ამის თქმისას -ფული და მდიდრული ცხოვრება მართლაც სასიამოვნოა, მაგრამ ადამიანმა ცხოვრების მთავარ პრიორიტეტა ეს არ უნდა გაიხადოს. გაცილებით უფრო ფასეული რამებიც არსებობს, ვიდრე უსიცოცხლო, მწვანე ქაღალდებია

-სწორედ მაგის გამო მიყვარხარ -თავი ვერ შევიკავე და ლოყაზე ვაკოცე -ბევრმა ფულმა და უზრუნველმა ცხოვრებამ, შენში ის უბრალოება ვერ მოკლა, რასაც ადამიანში ყველაზე მეტად ვაფასებ

ვერ მივხვდი რატომ, თუმცა როგორც კი ეს ვთქვი, ლოლას სახეზე იმ წამსვე გაჩნდა სევდისფერი ღრუბლები. წარბებს შორის ორი ხაზიც გაუჩნდა და ყავის ჭიქის სპეციალურ სადგამში ჩადების შემდეგ, შუბლით საჭეს ჩამოეყრდნო.

-სანამ კიდევ შემაქებ, როგორც ღირსეულ პიროვნებას, გეტყვი, რომ დიმა სამსახურიდან აპირებს წასვლას -უზარმაზარი სევდა იყო ჩაქსოვილი მის მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვაში -მიზეზი რა თქმა უნდა, მე ვარ

-შენ? და რატომ?

-ჩემი ორსულობის შესახებ გაიგო -ამჯერად თავაწეულმა მომიგო -დღეს საღამოს კიდევ ერთხელ სცადა პაემანზე დავეპატიჟე და თავიდან მოშორების მიზნით, ყველაფერი მოვუყევი. ცოტა ხნით შოკირებული იდგა, მერე თქვა აქამდე კიდევ მქონდა რაღაცის იმედი, მაგრამ ვხვდები, რომ სულ ტყუილადო. ბოლოს ისიც დაამატა, შენს სიახლოვეს მუშაობას ვეღარ შევძლებო და როგორც კი ჩემს შემცვლელს იპოვნიან, მაშინვე წავალო

-სერიოზულად? -ყურებს ვერ დავუჯერე, თან გულზე რაღაცამ მტკივნეულად მომიჭირა -დიმიტრის კარიერა, ამ რესტორანში იმდენად ბრწყინავდა, ბევრს შურდა კიდეც. ყველაფერს ასე ერთი ხელის მოსმით როგორ თმობს?

-ჰო, თმობს და ეს ჩემი ბრალია -ამოთქვა ისეთი ხმით, საკუთარი თავისადმი მიმართულ აშკარა მრისხანებას რომ გამოხატავდა -სექსი ისეთ კაცთან არ უნდა მქონოდა, ვისაც ვიცოდი, რომ ვუყვარდი. მე ერთხელ გავერთე და მოვრჩი, მის გონებაში კი ეს დიდხანს დაილექა და შედეგი სახეზეა –სამსახურიდან მიდის

დანაშაულის გრძნობას, მისი თვალები ტკივილით აევსო. იმდენად სენტიმენტალური მომეჩვენა იმ მომენტში, რაღაც კუთხით ეს, ჰორმონებისგან მომატებულ მგრძნობელობას დავაბრალე, რაც მის მდგომარეობაში ჩვეულებრივი მოვლენა უნდა ყოფილიყო.

თანაგრძნობა ჩახუტებით გამოვხატე. იმ მომენტში, პატარა ბავშვს დაემსგავსა –თავი მხარზე ჩამომადო, ხელზე, ხელი მომკიდა და ძალიან დიდხანს იყო ჩუმად. იმდენად დიდხანს, ეჭვიც კი შემეპარა ხომ არ სძინავს-მეთქი და ფრთხილად გადავხედე. ჩემი ვარაუდი არ გამართლდა —ლოლას გახელილი თვალები, მის ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნაზე მიუთითებდნენ.

-მღვიძავს, ნუ ღელავ -ალბათ ჩემს ფიქრებს თავადაც ჩასწვდა, რადგან მაშინვე გამომეხმაურა.

-ამაღამ ჩემთან დარჩი, მარტო ყოფნა არ მინდა

-რატომ? გეშინია ახალი მეზობელი არ შემოგიძვრეს ლოგინში? -გვერდიდან მისი მოგუდული სიცილი მომესმა, თუმცა მწარედ ჩქმეტისგან, ამჯერად თავი შევიკავე.

-ნერვებს მიშლი, იცი?

-მარიტა . . .

-რა გინდა?

-ტოქსიკურად დაწყებულ ურთიერთობებს, ყოველთვის ბევრად უფრო ვნებიანი და მყარი გაგრძელება აქვთ ხოლმე. გირჩევ ყველაფერი დანარჩენი ფეხებზე დაიკიდო და ამ ვნებებში თავით გადაეშვა

-ნუ აჭარბებ -მისმა სიტყვებმა ისე ამაფორიაქა, ძლივს მოვახერხე ამ ფორიაქის, ჩემი ხმის ტემბრისგან გამოცალკევება -მარტო ერთხელ ვაკოცე და არ მითქვამს, რომ ეს რამეს ნიშნავდა

-გეყოფა თავის მოტყუება. მიშო მოსიარულე ცდუნებაა და ეს შენც კარგად იცი

გავჩუმდი. აღარაფერი მითქვამს საპასუხოდ, რადგან ამ ადამიანზე საუბარი უკვე სულს მიხუთავდა. არც მას ამოუღია ხმა. მდუმარება ჩვენს შორის ამჯერად უფრო დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ ამან, იმ შედეგამდე მიგვიყვანა, რომ კოფეინის მიღების მიუხედავად, მანქანის ღია სალონში, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ჩაგვეძინა, ერთმანეთზე თავმიდებულებს. ჩვენი სიმყუდროვე მხოლოდ მაშინ დაირღვა, როდესაც სიცივემ ძალიან შეგვაწუხა და მისი ზეგავლენით გამოფხიზლებულები, დაუყოვნებლივ დავადექით ჩემი უბნისკენ მიმავალ გზას.






* * * *

ლოლა რომ მზადების პროცესს მორჩა და ჩემი ბინიდან, ჩემივე ტანსაცმელში გამოწყობილი წავიდა სამსახურში, გადავწყვიტე ლოგინში ნებივრობა ცოტა ხნით კიდევ გამეგრძელებინა და განწყობის შესაქმნელად, ჩემი რჩეული მუსიკებისგან შემდგარი, YouTube-ალბომიც ჩავრთე.

მუსიკა კიდევ რამდენიმე საათით დამეხმარა ძილის შებრუნებაში და საბოლოოდ, ენერგიითა და სიცოცხლით სავსე წამოვდექი საწოლიდან. უკვე შუადღე იყო გადასული და ამ ხნის განმავლობაში, კარგადაც მომშივებოდა.

გადავივლე თუ არა წყალი და აბაზანაში ყველა დილის პროცედურას მოვრჩი, სამზარეულოში პირსახოცშემოხვეული, სველი თმით გავედი და ჩემს მიერ მომზადებულ ცეზარის სალათს, ოთხკბილიანი ჩანგლით შევუტიე. დესერტად არც ხილის წვენი დამვიწყებია და გამჭვირვალე გრაფინიდან სწორედ ამ უკანასკნელის ჭიქაში გადმოსხმით ვიყავი დაკავებული, როდესაც ახალი შეტყობინება მოვიდა ჩემს მობილურზე. ეკრანს პირგამოტენილმა, ცალი თვალით დავხედე. გამომგზავნი არც მეტი, არც ნაკლები მიშო იყო და მწერდა, რომ ერქოლე, ერთ საათში ორივეს თავის კაბინეტში გვიბარებდა.

ნირწამხდარმა ჭამა გავწყვიტე და ეკრანზე გამოსახული ტექსტი იმ იმედით გადავიკითხე თავიდან, იქნებ და რამე მეშლება-მეთქი, თუმცა თავიდან გადაკითხვით, პირვანდელი შინაარსი არ შეცვლილა.

“მუშაობას ხუთზე ვიწყებ, ასე ადრიანად რა ხდება?” -მივწერე ნერვებმოშლილმა. საპასუხო შეტყობინებამ დაახლოებით ნახევარ წუთში მოაღწია ჩემამდე.

„არ ვიცი . . . მალე შენს წამოსაყვანად გამოვალ და მზად დამხვდი, ყოველგვარი ტაქსით წამოსვლის ხსენების, ან მსგავსი კონტრარგუმენტების გარეშე.“

მისმა სიტყვებმა, თავიდანვე განმაიარაღეს, რათა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მომეხერხებინა. სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არც მქონდა შეწინააღმდეგების სურვილი. ტაქსის გამოძახებას, მის ლოდინს და იმაზე ფიქრს, იქნებოდა თუ არა კონდინცირება გამოგზავნილ მანქანაში, მერჩივნა ისევ დირექტორის მომსახურების სერვისით მესარგებლა. მით უმეტეს, როცა ეს მომსახურება საკუთარი სურვილით შემომთავაზა.

სატელეფონო მიმოწერიდან ორმოცი წუთის შემდეგ, უკვე მიშოს მანქანის მარჯვენა სავარძელზე მოკალათებული მივუყვებოდი რესტორნისკენ მიმავალ გზას. სალონში კვლავ ლიმონის არომატიზატორის სურნელი ტრიალებდა, რაშიც სასიამოვნოდ იყო გაზავებული მიშოს სუნამოს გრილი არომატი.

მთელი მგზავრობის განმავლობაში ირიბად ვგრძნობდი მეფარიშვილისგან წამოსულ სახიფათო სიგნალებს. თვითონაც გაოცებამდე მივყავდი ამ სიტუაციას –ადამიანი არაფერს აკეთებდა, არც კი საუბრობდა, თუმცა თავისი წამიერი გამოხედვებით იმდენ რამეს მეუბნებოდა და ისეთ მღელვარებას იწვევდა ჩემში, უკვე თავბედს ვიწყევლიდი რომ არ შევეწინააღმდეგე და ტაქსით წამოსვლა არ ვამჯობინე, მის მანქანაში ასე დაძაბულად ჯდომას.

განერვიულებულმა, საქარე მინდა ოდნავ ჩამოვწიე და შიგნით შემოვარდნილი ჰაერი ისე ღრმად შევისუნთქე, თითქოს ხსნას სწორედ მისგან მოველოდი. მიშოს კოცნა, მისი ყოველი დანახვისას მიდგებოდა თვალწინ და თითქოს ზუსტად ისევე მაგრძნობინებდა იმ ტუჩების სასიამოვნო სითბოს, როგორც მაშინ, როცა ეს რეალურად ხდებოდა.

-რაღაც უცნაურად გამოიყურები -გვერდიდან რომ ხმა გავიგე, მაშინვე მოვწყდი ჩემს გონებაში, ტორნადოსავით ქაოტურად მოძრავ ფიქრებს. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ მოვახერხე ჩემი მისამართით ნათქვამი სიტყვების გააზრება და შესაფერისი პასუხიც მალევე მომადგა ენის წვერზე:

-მაშინ, როდესაც სამსახურში დროზე ადრე გიძახებს უფროსი, თანაც სადილობის დროს, მიკვირს გაცილებით უარესად რომ არ გამოვიყურები

-ეს არ მიგულისხმია . . . უბრალოდ რაღაც ძალიან ჩაფიქრებული ჩანხარ -ეშმაკური ღიმილი წამითაც არ ტოვებდა მის ტუჩებს -მგონი რაღაც სასიამოვნოზე ფიქრობდი და გაგაწყვეტინე, არა?

-რა გინდა მიშო? -წარბები თავისდაუნებურად ამეზიდა მაღლა -რის მიღწევას ცდილობ?

-მინდა ყველა მამაკაცს, ვინც კი შენთან ფლირს ეცდება, საკუთარი გულის კარნახით უშვებდე ჯანდაბაში და შენი გონება მხოლოდ ჩემზე ფიქრით იყოს დაკავებული. ძალიან ბევრი მინდა მარიტა?

-გისმენ და მგონია ოდნავადაც არ გაქვს გააზრებული ის სიტყვები, რასაც ამბობ

-მე კი არა, შენ თვითონ არ გაქვს გააზრებული ბევრი რამ. უკვე წლებია მტანჯავ და ამას უხმოდ ვიტან. მერე ისე ხდება, რომ შენგანაც ვგრძნობ რაღაც საპასუხოს, რაც მაიძულებს ბრძოლა დავიწყო და აქაც ჯიუტი თხასავით მეჭიდები რქებით

-ისე ნუ გამოგყავს, თითქოს მე ვიყო რამეში დამნაშავე -საპასუხოდ თავადაც შევუბღვირე, რათა არ ეფიქრა, რომ მართვის სადავეები მთლიანად მის ხელში გადავიდა -ვინმე შენი შესაფერისი მოძებნე და ბრძოლაც არ დაგჭირდება ისე ჩაგივარდება მკლავებში. ჩვენ ორნი, ვერასდროს ვიქნებით ერთსა და იმავე ტალღაზე

-იცი რას გეტყვი? მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე ლამაზმა ქალებმაც რომ შემომთავაზონ საკუთარი თავი, თითსაც არავის დავაკარებ, თუ კი შენი პირიდან ერთხელ მაინც მოვისმენ, რომ ჩემთან გინდა

-უკვე სასაცილო ხდება ეს ყველაფერი -დავასრულე თუ არა წინადადება, მართლაც წამსკდა სიცილი -მოდი და ნუ ჩათვლი, რომ გძინავს, როცა ამ სიტყვებს ის ადამიანი მეუბნება, ვისთანაც ყველაზე არანორმალური ურთიერთობა მაქვს, ჩემი ოცდაოთხწლიანი არსებობის მანძილზე

-რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, ვერაფრით დამაჯერებ, რომ არ გიზიდავ -მაცდურად გამომხედა ამის თქმისას -ასე რომ არ იყოს, ახლა მანქანაში ეგრე დაძაბული არ მეჯდებოდი. როცა გიყურებ, ისიც კი არ იცი, თვალები სად წაიღო. ამას ვერ ეწინააღმდეგები და ეს შენც მშვენივრად იცი

-გააჩერე მანქანა!

-მანქანის გაჩერება რეალობას ვერ შეგიცვლის -ჩემი მღელვარე ტონის მიუხედავად, საკმაოდ წყნარად მომიგო.

განა თავად ვერ ვხვდებოდი, რომ ახლა ბავშვურად ვიქცეოდი? ვხვდებოდი, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო. მისი ხმა, მისი თვალები, გამოხედვა, სურნელიც კი –იმდენად ძლიერად მოქმედებდა და ისე მაჰიპნოზებდა, იმ მანქანაში გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის ფსიქოლოგიურ ტანჯვასთან ასოცირდებოდა. ყველაზე საშინელი იმის გაცნობიერება იყო, რომ გრძნობებს ვერაფრით ვერეოდი და ყოველი მცდელობა მათზე გამემარჯვა, იმით სრულდებოდა, რომ ყველაფერი გაცილებით უფრო ძლიერდებოდა და მყარ ფესვებსაც იდგამდა, სამუდამოდ იქ დასარჩენად.

-მიშო გააჩერე მანქანა, სერიოზულად გეუბნები!

-რა დღეში გაქვს ნერვები ახალგაზრდა გოგოს?

-შენ რომ ადამიანს გადაეკიდები, უკეთეს ნერვებზე პრეტენზია არც უნდა გქონდეს!

-ჰოდა არც მაქვს, ისეთს გიღებ, როგორიც ხარ -ირიბი ღიმილით გამომხედა, თან სვლა საგრძნობლად შეანელა. ვინაიდან, გზის იმ მონაკვეთში შუქნიშანი არსად ჩანდა, მაშინვე იმ აზრმა გამიელვა, რომ ჩემს თხოვნას ასრულებდა, მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით. იქვე ახლოს, დიდი ჰიპერმარკეტის წინ, საკმაოდ მოზრდილი პარკინგი იყო. მიშომ სწორედ იქ შეიყვანა მანქანა, თავისუფალ ადგილას დააყენა და ძრავა გამორთო.

-აქ იჯექი და არსად წახვიდე -წავიღე თუ არა ხელი ღვედის შესახსნელად, მაშინვე გამაჩერა. გაურკვევლობა ალბათ თვალებშიც კი აღმებეჭდა. თუკი ისევ აქ ყოფნა მომიწევდა, მაშინ რის გამო გააჩერა მანქანა?

-ვიჯდები თუ გადავალ, ჩემი გადასაწყვეტია -ისევ წავიღე ხელი ღვედისკენ, მაგრამ ისევ გამაჩერა.

-გითხარი იჯექი-მეთქი -გამჭოლი მზერა მესროლა -გადასვლით მე გადავალ და როცა დაწყნარდები, გზა გავაგრძელოთ

იმ უეცრად დაბადებული აზრის გამო, რამაც თავში მოცემულ მომენტში გამიელვა, წინააღმდეგობა აღარ გამიწევია. შევამჩნიე ოდნავ გაკვირვებული დარჩა ჩემი უსიტყვო მორჩილებით, თუმცა ეჭვი მაინც არ აუღია და დაპირებისამებრ გადავიდა მანქანიდან.

დავიგულე თუ არა თავი მარტომ, ცოტა ხნით დაველოდე, როდის მოშორდებოდა მანქანას და ოდნავ გვერდზე გაიწეოდა. საბედნიეროდ ახლაც ჩემს წისქვილს დაესხა წყალი და მიშო კარგა მანძილით მოშორდა თავის პორშეს. მეც მეტი რაღა მინდოდა? მაშინვე დრო ვიხელთე, მესაჭის სავარძელზე სწრაფად გადავჯექი, ძრავა ავამუშავე და ავტომობილი ისე სწრაფად მოვწყვიტე ადგილს, ინერციით უკან გადაქანებულმა, კეფა სავარძლის საზურგესაც კი მივარტყი.

გვერდითა ხედვის სარკიდან შევნიშნე როგორ გამომედევნა მიშო, როგორც კი სიტუაცია ბოლომდე აღიქვა, თუმცა თავისი „მარათონული სირბილი“ რამდენიმე წამში დაასრულა, რადგან მიხვდა, დაწევას ვეღარ მოახერხებდა.

კმაყოფილებისგან სახე გამებადრა, როცა აღმოვაჩინე, რომ მობილურიცა და საფულეც მანქანაში დაეტოვებინა და ვერც ტაქსის გამოძახებას შეძლებდა, რესტორნამდე მოსასვლელად.

ამ მანქანის საჭესთან უკვე მეორედ ვიჯექი და იმდენად მეკომფორტულებოდა, ცხოვრების მიზნადაც კი დავისახე, რომ ფულს შევაგროვებდი და ოდესმე ასეთი საოცრების მეპატრონე თავადაც გავხდებოდი.

მობილურის სპეციალურ სადგამში დატოვებული მიშოს “აიფონი” ხელში ავიღე და მხიარულად შევათამაშე. უზარმაზარი ბრაზი მქონდა დაგროვებული მისი მფლობელის მიმართ, რადგან ყველაფერი ასპროცენტიანი სიმართლე იყო, რაც კი ცოტა ხნის წინ ისაუბრა. ბოლო პერიოდში, საკუთარ თავს ვამჩნევდი, რომ მართლა მქონდა მის მიმართ აუხსნელი მიზიდულობა. იმის წარმოდგენასაც კი სიამოვნების ზენიტში ავყავდი, როგორ მეფერებოდა, მკოცნიდა და როგორ მეხებოდა თავისი ლამაზი თითებით გაშლილ თმაზე.

დამთრგუნველი იყო იმის გააზრება, რომ ეს ადამიანი ჩემში ისეთ ვნებებს აღძრავდა, რაც აქამდე სხვამ ვერავინ შეძლო. სწორედ ამიტომ ვიყავი გაცეცხლებული და ზუსტად ამავე მიზეზით, სპეციალურად დავარღვიე ყველა მოძრაობის წესი, რაც კი შეიძლებოდა დამერღვია, რესტორნის შენობასთან მისვლამდე. ჯარიმების ფურცელი, რომელიც დღეს საღამოს მანქანის მეპატრონის სახელზე ამოიწერებოდა, ალბათ ზუსტად ისევე მოუწამლავდა ხასიათს, როგორც ჩემთვის ცდილობდა მოეწამლა.

მანქანიდან საკუთარი ნამოქმედარით ხასიათზე მოსული გადმოვედი და უკანა კარით, რესტორნის შიდა სივრცეში მოხვედრის-თანავე მივაშურე უფროსის კაბინეტს.

კარზე ხმადაბლა, თანაც ზედიზედ სამჯერ მივაკაკუნე. შიგნით მყოფი ერქოლე, მაშინვე გამომეხმაურა და ინგლისურად დამიძახა შემოდიო. მართალია მე და მიშო აქ ერთად ვიყავით დაბარებულები, თუმცა ვინაიდან ამ უკანასკნელს შექმნილი ვითარების გამო ფეხით უწევდა წამოსვლა, ზუსტად არ ვიცოდი რა დროს მოაღწევდა აქამდე. სწორედ ამიტომ, შიგნით მის გარეშე შევაბიჯე და გორგოლაჭებიან, ყავისფერ სავარძელში მჯდომ უფროსს, გულითადად მივესალმე.

ერქოლე ჩემი დანახვის თანავე წამოდგა ფეხზე და მოსალმების ნიშნად, ხელიც ჩამომართვა. მიუხედავად იმ თავაზიანი ღიმილისა, რომელიც თავიდანვე გადაეფინა სახეზე, მაინც შევატყვე გაკვირვება იმის გამო, რომ აქ მეფარიშვილის გარეშე ვიყავი შემოსული. ზუსტად ამიტომ, სანამ თავად მკითხავდა რამეს, გადავწყვიტე მოვლენებისთვის ოდნავ წინ გამესწრო და თავად მეპასუხა:

-მიშოც მალე შემოგვიერთდება. უბრალოდ თავისი მანქანა მეგობარ ქალს ათხოვა და ახლა ფეხით მოდის. საცაა მოაღწევს კიდეც

-კარგი, მაშინ მანამდე დაჯექი, დაისვენე -კაბინეტის მარცხენა მხარეს დადგმულ, ტყავის დივანზე მანიშნა მან -ყავას დალევ თუ ჩაის?

-არც ერთი არ მინდა, მადლობა

-გამაგრილებელი სასმელიც შემიძლია მოვატანინო -ალტერნატიული ვარიანტი შემომთავაზა, თუმცა ამჯერადაც თავი გავაქნიე.

-არა, არ შეწუხდეთ. მართლა არაფერი მინდა

-კარგი, მაშინ დაველოდოთ მიშოს მოსვლას -თავისი ლეპტოპი გაუთიშავად დახურა და მთელი ყურადღება ჩემზე გადმოიტანა -სიმართლე გითხრა, სათხოვარი მაქვს თქვენ ორთან, თანაც მეტად საპასუხისმგებლო

-ჩვენ ორთან?

-ჰო, მარიტა -მომიგო ისეთი ტონით, თითქოს წინასწარ მიხდიდა ბოდიშს იმის გამო, რაც უნდა ეთხოვა -თქვენს შორის დაძაბულობას უკვე დიდი ხანია ვამჩნევ, მაგრამ პროფესიონალიზმი მოითხოვს პირადი ინტერესები გვერდზე გადავდოთ, როცა საქმე სამსახურს ეხება. იმ თხოვნაზე, რა თხოვნასაც ვგულისხმობ, მე და ჩემს ძმას ერთად გვინდოდა დალაპარაკება, თუმცა სასწრაფო საქმეზე მოუწია გასვლა

უნდა ვაღიარო, ძალიან დამაინტერესა, თუ რა სურდათ ძმებ ნოლანებს, მით უმეტეს ჩემგან და მიშოსგან ერთობლივად. ინტერესი იმდენად დიდი იყო, კინაღამ წამომცდა, სანამ მიშო შემოგვიერთდება, შეგიძლიათ მე მითხრათ-მეთქი. საბოლოოდ, ენის წვერზე დადებული ეს სიტყვები, კვლავ უკან გავაბრუნე და თავადაც მოლოდინის რეჟიმში გადავერთე.

ლოდინის პროცესი ძალიან დიდხანსაც არ გაგრძელებულა. ჩემი დივანზე მოკალათებიდან დაახლოებით სამი წუთის შემდეგ, კარზე ხმადაბალი კაკუნი გაისმა და უკვე ორივე ჩვენგანისთვის აშკარა გახდა, ვინ იდგა ზურბლის მეორე მხარეს.

-შემოდი მიშო! -სავარძლიდანვე გასახა მას ერქოლემ.

თუკი რესტორნამდე მოსვლისას, მეფარიშვილის ცუდ მდგომარეობაში ჩაგდების გამო, ამაღლებულ განწყობაზე გახლდით, ახლა უკვე დაძაბულობა ვიგრძენი. ფაქტი, რომ ჩემთან უკვე ასე ახლოს იყო, მაფიქრებდა იმაზე, მოიმოქმედებდა თუ არა რამეს საპასუხოდ.

როცა ერქოლემ შემოსვლის ნება მისცა და შიგნით შემოაბიჯა, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მის თვალებში მრისხანების ცეცხლს ვიხილავდი, თუმცა საერთო სალამის შემდეგ, გვერდზე ისე უდარდელად მომიჯდა, თითქოს აქაც არაფერიო. წამიერად, შეკავებული ღიმილიც შევნიშნე მის სახეზე. ალბათ ჩემი საქციელის გახსენებაზე ეცინებოდა, თუმცა ინტერესი მკლავდა როგორ გაიცინებდა მაშინ, როდესაც იმ აურაცხელი ჯარიმის შესახებ გაიგებდა, რითაც მე დავასაჩუქრე დღევანდელ დღეს.

-კარგია უკვე ორივენი რომ აქ ხართ -სანდომიანი ღიმილით გადმოგვხედა ერქოლემ, თან მაგიდაზე დადებული ნიუტონის ბურთები გააქანავა -მარიტას არ ვიცი რამდენად, მაგრამ მიშოს უკვე აქვს ინფორმაცია, რომ დიმიტრი სამსახურიდან აპირებს წასვლას

-მეც ვიცი. ლოლამ უკვე მითხრა ამის შესახებ

-თუ ასეა, იმასაც მიხვდებით, რომ ამ პოზიციაზე ვინმე ახალი გვყავს მოსაძებნი -მხოლოდ მე მიყურებდა საუბრისას ერქოლე.

-ვხვდებით, მაგრამ ახალმა შეფ-მზარეულმა გასაუბრება ჩვენთან უნდა გაიაროს?

-რა თქმა უნდა, არა მარიტა -გაეღიმა -ეს გასაუბრებაზე ცოტათი მეტი იქნება და ძალიან მიხარია, შენი ბრაზილიაში მოგზაურობა სწორედ ამ ეტაპს რომ დაემთხვა

-და ეს რა შუაშია? -დიალოგს მიშოც შემოემატა.

-იმ შუაშია, რომ ადამიანი, ვინც ამ რესტორნის შეფ-მზარეულად მინდა მოვიწვიო, ამჯერად რიო-დე-ჟანეიროშია და გეგმავს სხვადასხვა ქვეყნებში სინჯოს მუშაობა. ეროვნებით ესპანელია, უამრავი მეგაპოლისის რესტორანში უმუშავია, თუმცა დიდხანს არსად ჩერდება. წარმოიდგინეთ რა იდეალური იქნება, თუკი ცოტა ხნით მაინც იმუშავებს ჩვენთან. ამ სფეროში იმდენად ცნობილია, მთელი ელიტა ჩვენთან ივლის

-ასეთი ვინ არის? -ერქოლეს აღტყინებულ საუბარს, თავისი სერიოზული ტონი დაუხვედრა მეფარიშვილმა.

-ესპანელი მზარეულია, დენიელ ლეისტერი

-მსმენია -გამეღიმა -ჯერ მხოლოდ ოცდათორმეტი წლისაა და უკვე მეხუთე ჩემპიონატი მოიგო მსოფლიოს მზარეულთა შეჯიბრში

-ზუსტად მასზე მაქვს საუბარი -ამჯერად სხეული, სკამისგან განაცალკევა და ფეხზე წამოდგა ერქოლე -სანდო წყაროებისგან ვიცი, რომ ეგ ადამიანი, ერთი კვირის განმავლობაში იქნება რიო-დე-ჟანეიროში. რამდენიმე დღეში, ვახშამიც აქვს დაგეგმილი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში და სწორედ იქ უნდა მოხდეს ყველაფერი

-კონკრეტულად? -მუხლებს მკლავებით დაყრდნობოდა მიშო.

-კონკრეტულად ის, რომ თქვენ ორმა, როგორმე იგი სწორედ ამ რესტორანში მუშაობაზე უნდა დაითანხმოთ -მერე კვლავ მე გადმომხედა დამნაშავის მზერით და ოდნავშესამჩნევად გამიღიმა -მარიტა, ვიცი რომ იქ შვებულების გასატარებლად მიემგზავრები და შემეძლო მხოლოდ მიშოსთვის მეთხოვა, მაგრამ ლეისტერისნაირი ელიტის წარმომადგენლებისთვის, ბევრ რად უფრო კარგ ტონად ითვლება, თუკი ასეთ მოლაპარაკებებს ლამაზად გამოწყობილი, მდედრობითი სქესის წარმომადგენელიც ესწრება. თანაც ეს მხოლოდ რამდენიმე საათს წაიღებს, შენი ერთკვირიანი შვებულებიდან. იმედია უარს არც ერთი არ მეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ უარისთვის არავინ დაგსჯით. პირიქით, მას ღირსეულად მივიღებ

ჰიპერბოლად არ ჩამეთვლება, თუკი ვიტყვი, რომ ლამის ელდა მეცა ამ სიტყვების მოსმენისას. მაშინ, როცა ბოლო პერიოდში, ყველანაირად ვცდილობდი ჩემს გვერდით მჯდომი ადამიანისგან თავი შორს დამეჭირა, კიდევ ერთხელ დამცინა ბედისწერამ. ჩემი მცდელობების მიუხედავად, ხდებოდა ისე, რომ მორიგ მოგზაურობაში მავალებდნენ მიშოსთან ერთად წასვლას, თანაც იმით ცდილობდნენ პროვოცირებას, პირადისა და სამსახურის ერთმანეთისგან არ-გამიჯვნა დაუშვებელიაო.

იყო დრო, როდესაც მეც ამ აზრს ჩავეჭიდე, როცა მიშოს ინდოეთსა და იაპონიაში ვახლდი გიდად, თუმცა ახლანდელი სიტუაცია, რადიკალურად განსხვავდებოდა მაშინდელისგან. იმ პერიოდში, მეფარიშვილი ჩემთვის ის წურბელა იყო, რომელიც დროებით უნდა ამეტანა ჩემს სხეულზე, ჩემივე კეთილდღეობისთვის. ახლა ვითარება შეცვლილიყო და მას სახიფათო სახეობის მცენარედ ვთვლიდი, რომელიც თავისი ბზინვარებით იტყუებდა მწერს, რათა ის მოეჯადოვებინა და საბოლოოდ ჩაეყლაპა კიდეც.

-მისმინეთ, ერქოლე -დავიწყე გაუბედავად და წამიერად გავხედე მიშოს, ვისთვისაც, როგორც ჩანდა არანაირი დაძაბულობა არ მოეტანა ამ ახალ ამბავს. პირიქით, ნასიამოვნებიც კი ჩანდა -აქაურობას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა. ფაქტობრივად პოლიტიკურ რუკაზეც კი არ ჩანს. რატომ გგონიათ, რომ ასეთი ცნობილ მზარეულს, აქ მოუნდება სამუშაოდ ჩამოსვლა, თუნდაც რამდენიმე თვით?

ველოდი უკმაყოფილოდ მაინც შეიშმუშნებოდა ამის მოსმენისას, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ჩემი სიტყვებით ისეთი სიამოვნებით დარჩა, თითქოს ზუსტად მათი გაგება სურდათ მის ყურებს და მოუთმენლადაც ელოდნენ.

-პირველ რიგში, იმაზე ნაკლები ანაზღაურება არ ექნება, რასაც სხვა რესტორნებში გამოიმუშავებდა -დაიწყო ახსნა -მეორეს მხრივ, საცხოვრებლის პრობლემა არ შეექმნება, რადგან სანამ იგი აქ იქნება, ჩემს ზღვისპირა სახლს დავუთმობ, ამ ქალაქში და მესამე –თავადაც ძალიან უყვარს პატარა, წყნარი ქვეყნები და რამდენიმე თავის ინტერვიუში ნათქვამიც აქვს, რომ ცხოვრებაში, თითოეული ასეთი ქვეყნის მონახულების მიზანი აქვს. თუკი შესაფერისად მოვინდომებთ, ეს ადამიანი აუცილებლად ჩამოვა საქართველოში, ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდის რესტორნის შემოსავალს, მით უმეტეს, როცა ტურისტული სეზონია და ქალაქი სავსეა

ხმა ვეღარ ამოვიღე. კითხვები უკვე აღარც მქონდა. გონება თხოვნაზე უარის თქმისკენ მომიწოდებდა, გული კიდევ მირჩევდა დავთანხმებულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს ემოციურ ფონზე მოახდენდა გავლენას.

-მე არანაირი პრობლემა არ მაქვს -ფიქრებში, ობობის ქსელში მოხვედრილი მწერივით გახლართულს, თითქოს შორიდან ჩამესმა გვერდით მჯდომი მეფარიშვილის ხმა. გაუცნობიერებლად გავიხედე ჩემგან მარცხნივ. ჩემკენ არ იყურებოდა, თუმცა მაინც ვამჩნევდი იმ შეფარულ კმაყოფილებას, მისი გამომეტყველება რომ ირეკლავდა იმ მომენტში.

ერქოლეს ნასიამოვნები მზერა, მიშოდან, ჩემზე გადმოვიდა და კითხვითი ფორმაც შეიძინა. აშკარა იყო, ახლა უკვე მე უნდა ვყოფილიყავი მოპასუხე მხარე, რის გამოც, ყურადღების მთავარი ობიექტიც გახლდით.

რა უნდა მექნა? მაშინ, როდესაც თავის დროზე ორივე ნოლანმა უპრობლემოდ მომიწერა ხელი ერთკვირიან შვებულებაზე, თანაც ყველაზე “ცხელ” ტურისტულ თვეში, სინდისის ხმა არ მაძლებდა საშუალებას მათთვის ამ პატარა თხოვნაზე მეთქვა უარი.

მიუხედავად იმისა, რომ დადებითი პასუხის თქმა სიკვდილივით მაშინებდა და მთელ ჩემს სულიერ სამყაროს თრგუნავდა, სიტუაცია მავალებდა ეს შიში გადამელახა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროფესიული პასუხისმგებლობის კუთხით დავიწერდი საკმაოდ დაბალ ქულას, ჩემი უფროსების თვალში.

-მეც თანახმა ვარ ერქოლე -ვცადე მტკიცედ მეთქვა, თუმცა ჩემს ხმას მაინც აკლდა სასურველი რიხი, რაც გონებაში ღრმად ჩაბეჭდილი შიშის ბრალეულობა გახლდათ.

კმაყოფილების ზენიტეტში მყოფმა გამომეტყველებამ, რაციმ მომენტში ჩემი უფროსის სახეზე ვიხილე, რაღაც კუთხით, პოზიტივი მეც გადმომდო და დაძაბულობის მცირედი ნაწილიც წაიღო ჩემგან.

-ძალიან მიხარია წინააღმდეგი რომ არცერთი არ ხართ -სათითაოდ გაგვიღიმა ორივეს მან -ბრაზილიამდე ბიზნეს-კლასით მგზავრობა და თქვენი საპრეზიდენტო ნომერში დაბინავება ჩემზე იყოს

-საპრეზიდენტო ნომერი? -თვალები გამიფართოვდა -ერქოლე, ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მე გამომრიცხეთ

-ნუ ღელავ მარიტა -თვალი ჩამიკრა მან -რიოში ჩემს ბიძაშვილს აქვს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. დაწესებულების ოცპროცენტიანი მეწილე მეც ვარ, ამიტომ, ორივენი საპატიო სტუმრის სტატუსით ისარგებლებთ და ერთი თეთრის გადახდაც არ მოგიწევთ, როგორც თქვენ, ისევე მეც

ვისმენდი ამ ყველაფერს და ჯერ კიდევ არ მეჯერა. მაშინ, როდესაც თავად არც ისე დიდი თანხა მქონდა შეგროვებული და შედარებით ბიუჯეტურ დასვენებას ვგეგმავდი, ახლა მეუბნებოდნენ, რომ მთელი ერთი კვირა, მეფურად დავისვენებდი, მდიდარი სპონსორის ხარჯზე. რა უნდა მეთქვა? მგონი არც ისე ცუდი იდეა იყო ამ წინადადებაზე დათანხმება.

ვინაიდან ჩემი სამუშაო საათები უკვე იწყებოდა და მიშოსაც საქმისთვის უნდა მიეხედა, ერქოლემ კაბინეტიდან იმ სიტყვებით გამოგვაცილა, რომ საღამოს ისევ შევუვლიდით და ჩვენი საერთო მისიის ყველა მნიშვნელოვან დეტალზეც მაშინ ვისაუბრებდით.

გარეთ გამოსულმა, ჰაერი ისე ღრმად შევისუნთქე, თითქოს მთელი ის პერიოდი, რაც კაბინეტში დავყავი, უჟანგბადოთ მქონოდა გატარებული. ვაპირებდი სიტყვის უთქმელად, პირდაპირ გასახდელისკენ წავსულიყავი, თავის მოსაწესრიგებლად, თუმცა ჩემსა და ამ გეგმას შორის, ბარიერად მიშოს თითები აღიმართა, რომელიც ნაზად მომიჭირა ხელზე და სახიფათოდ მომიახლოვდა. ერთადერთი სურვილი, რამაც ლამის შიგნიდან დამიწყო ჭამა, ეს მისი ტუჩების კიდევ ერთხელ დაგემოვნება იყო. ხანგრძლივი, სურვილით გაჯერებული დაგემოვნება. ისეთი, როგორიც იმ საღამოს, სანაპიროზე.

-რა ხდება, რატომ მაფერხებ? -თვალებით ხელზე ვანიშნე, რომელსაც ჯერ კიდევ არ მიშვებდა.

-სათხოვარი მაქვს შენთან

-რა სათხოვარი? -ეჭვით ავხედე მის ეშმაკურად მომზირალ, ქარვისფერ თვალებს.

-ის, რომ იმ ცისფერი საცურაო კოსტიუმის წამოღება არ დაგავიწყდეს, რაც გოაზე გეცვა. დაუჯერებელი ხარ მასში! -ხმა ისეთი ვნებიანი გაუხდა, დამაფრთხალმა ხელი გავაშვებინე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.

-შენს ადგილას, ასეთ კარგ ხასიათზე არ ვიქნებოდი -შინაგანი მღელვარების მიუხედავად, ვცადე მტკიცე ხმა მქონოდა -აქეთ რომ მოვდიოდი, მანქანით იმდენი მოძრაობის წესი დავარღვიე, დღეს საღამოს ალბათ ჯარიმების მთელი ნაკადი მოგივა

-ნუთუ? -ამჯერად ორივე მაჯაზე ჩამავლო ხელი და კვლავ თავისკენ მიმიზიდა -რა ცუდი გოგო ხარ, კომპენსაციის სახით რაღაც უნდა წავიღო შენგან

-რა, ჯარიმების გადასახდელი თანხა?

-არა, უფრო უკეთესი -მომიგო თუ არა, წამიც აღარ დაუცდია ისე დაიხარა ჩემკენ და სულ მალე, მისი ტუჩების შეხებაც ვიგრძენი ჩემსაზე. კოცნა წამიერად გაგრძელდა და ბოლომდე იმის გააზრებაც ვერ მოვასწარი რა მოხდა, თუმცა მწველი ცეცხლი, რომელიც ჯერ კიდევ ჩაუქრობლად ეკიდა ჩემს ბაგეებს, მომენტით დაუკმაყოფილებლობისა და მისი უფრო დიდხანს გაგრძელების სურვილს მიჩენდა.

-მიშო, ეს . . . ეს უკვე სიგიჟეა . . . ხვდები რას ვაკეთებთ? -ამჯერად ტონი ვეღარ დავიმორჩილე და ხმის კანკალით ამოვთქვი. მეფარიშვილს გაეღიმა, თუმცა მისი მზერა ირონიულის მაგივრად, მზესავით თბილი იყო.

-ვხვდები . . . რაც ხდება, თამაში ნამდვილად არ არის მარიტა -ქვედა ტუჩზე, ცერა თითით მომეფერა ის -არც ერთი ჩემი სიტყვა და მოქმედება არ აღიქვა თამაშად, რადგან ამიერიდან იმ გულწრფელობას გაჩვენებ, რაც აქამდე არასდროს მიჩვენებია. რიო-დე-ჟანეირო ყველაფერს რადიკალურად შეცვლის, ეს დაიმახსოვრე

-რა უნდა შეცვალოს რიო-დე-ჟანეირომ მიშო?

-უნდა დაგარწმუნოს, რომ დიდხანს ვერ დააიგონორებ იმას, რაც ჩვენს შორის ბოლო პერიოდში ხდება -კიდევ ერთხელ ჩამხედა თვალებში თავისებური, მაცდუნებელი მზერით, მერე კი ლოყაზე, ტუჩთან ძალიან ახლოს შემეხო და იმ შეგრძნებებით გაღიზიანებული დამტოვა მარტო, რომ წუთის წინ, ყველანაირი ფიზიკური სიახლოვის უფლებას უპრობლემოდ ვაძლევდი, რასაც კი მოისურვებდა. მეტიც, მინდოდა ბევრად უფრო შორსაც შეეტოპა, რადგან არც ამაზე ვიქნებოდი წინააღმდეგი.

საკუთარი თავი, იმ მომენტში ყველაზე უსუსურ არსებად წარმომედგინა, ვინც მომხიბვლელმა დემონმა აცდუნა და სწორ გზაზე დასაბრუნებლად ყოველგვარი საშუალება მოუსპო.




პ.ს რიო-დე-ჟანეირო, ყველაფერს რადიკალურად შეცვლის ^_^
მომავალ შეხვედრამდე ...



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან საინტერესო თავი იყო.ლოლას ორსულობა,სამირას სასიამოვნო გაუჩინარება ,მარიტას და მიშოს რიო-დე-ჟანეიროში ერთად გამგზავრება.ვფიქრობ შემდეგი თავი იქნება ცეცხლოვანი.მგონი დაადგებათ საშველი.წარმატებები

 


№2 სტუმარი გიული

ძალიან,ძალიან მომწონს ეს ისტორია,სიამოვნებით წავიკითხე

 


№3 სტუმარი სტუმარი მილა

ვგიჟდები ამ გმირებზე, მაგრამ 21_ე საუკუნეში სადაც ყველა გრძნობა გაუფასურებულია ცოტა მიკვირს ადამიანი ამდენი წელი გიყვარდეს, აღმერთებდე და არაფერი არ გააკეთო მისთვის.შორიდან მზერით რკბებოდე.
მიშოს პერსონაჟი ღირსეული ჩანს მაგრამ მართლა ძალიან მიკვირს რატომ იცდიდა ამდენხანს.
ავტორო საოცარი წერის სტილი გაქვს.
ახალბედა მწერლების უკვე გამოშვებულ და ცნობილ ბესტსელერებს რომ ვკითხულობ მიკვირს,უმეტესობას 4love.geს ისტორია მილიონჯერ მირჩევნია.
განსხვავება ის არის რომ ამათ ხალხი არ იცნობს და არ არის დაბეჭდილი.
წარმატებები ავტორს.იმედია ერთ დღეს შენს წიგნებსაც ვიხილავთ წიგნის მაღაზიებში

 


№4  offline წევრი მაო Mao

მთელი თავი დიაგონალზე ვიკითხე, სანამ მიშოს და მარიტას ნაწილამდე არ ჩავედი.

 


№5  offline წევრი დელასი

მაო Mao
მთელი თავი დიაგონალზე ვიკითხე, სანამ მიშოს და მარიტას ნაწილამდე არ ჩავედი.



ამით ავტორს პირდაპირ ეუბნები დანარჩენი ყველაფერი უინტერესო იყო, რაც წერეო smiley smiley


საკმაოდ კარგი გაგრძელება იყო ანუბის და კიდევ უკეთესებს ველი ❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი Nat

ძალიან კარგი ისტორიაა, გთხოვთ დროულად გააგრძელოთ, ყყოველ დღე რო შემოდიხარ სიახლის სანახავად და 2 კვირა არაფრისმომცემ თავს ელოდები ტეხავს. არადა თქვენ რას გერჩით მე ვერ ვეშვები :)

 


№7 სტუმარი ნესტან

ძალიან მაგარი თავი იყო,მომეწონა საინტერესოა როგორ შეიცვლება მოვლენები იმედია მალე ეშველებათ ამ ორს...ლოლას ორსულობა სურპრიზი იყო ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????

 


№8 სტუმარი სტუმარი indiram

იმაზე ზედმეტადაც მომწინს ვიდრე აქამდე ჩემი ფავორიტი ნაშრომები, ზედმეტად საინტერესო, რეალისტური დახვეწილი და იდეალურია , თან იმდენად კარგად მიმდინარეობს სიუჟეტი, თავიდა კი ვღიზიანდებოდი მარიტას მიუხვედრლობით , იმდენად მარტივი იყო მკითხველის თვალში პატარა დეტალების ამოცნობა მიშოს გრძნობების შესახებ. თუმცაა ისიცაა რო რეალურად რთულიცაა, თან აქ მარიტას სხვანაირი დამოკიდებულებაც მოქმედებდა , თავიდანვე ხაზი გადაუსვა , ვფიქრობ მასაც მოსწონდა მაგრამ არაცნობიერად იმდენად უარყო განდევნა ყოველივე გრძნობა თუ შეგრძნებები მიშოსთან დაკავშირებით . აი ვყვარობ უკვე და ერთი სული მაქვს ახალი თავი დაიდოს . იმედია ლეო რამე დებილობას არ ჩაიდეს ზედმეტი იქნება უკვე მისი გამოჩენა საერთოდ ისტორიის განვითარებაში
პ. ს. წარმოიდგინე იმდენად გამოგივიდა ჩამთრევი მოთხრობის შექმნა რო მე უბედურს ხვალ შუალედური გამოცდა მაქვს და სანამ დადებული თავები არ წავიკითხე ეს დრო გამიხდა , გაფასებ და როგორც მწერალს დიდ წარმატებებს გისურვებ . ისე კარგია უკვე დავინა წინასწარმეტყველის სიტყვები იწყებს განვითარებას ????❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინა

ყოველ დღე შემოვდივარ და ვამოწმებ ხომ არ დაიდო ახალი თავი - თქო. იქნებ მალე დადოთ გთხოვთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent