შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე - ორი [ თავი IV ]


26-04-2024, 00:43
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 1 089

4
ის დღე რის ვაი-ვაგლახით გადავაგორე. დრო დავუთმე ელზასაც, რომელმაც ძველისძველი ფოტოალბომი იპოვა და ჩემი ჩვილობის ფოტოებს მაჩვენებდა - ნახე, რა საყვარელი იყავიო, და თორნიკესაც, რომელიც დაბღვერილი გამოვიდა ოთახიდან - ეს დავალება ვერ გავიგეო.
ერთდროულად, ავივსე და დავცარიელდი. წამოსვლისას ორივეს ისე მოვეხვიე, თითქოს, ბოლოჯერ ვეხებოდი და ელზა დაეჭვდა - აქაოდა, რაღაც ხდება და არ მეუბნებიო. ძლივს დავამშვიდე და ვუხსნიდი, რომ არაფერს ვუმალავდი. სახეში ვუყურებდი და უტუხად ვატყუებდი ქალს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. გული მეწურებოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ძლივძლივობით შეკოწიწებულ ე.წ. ცხოვრებას კარტის სახლივით, ერთი სულის შებერვით, ვერ დავუნგრევდი დედაჩემს. ვერ გადაიტანდა ეს თითისტოლა ქალი. ძლიერი იყო, ძალიან ძლიერი, მაგრამ ამას ვერ გადაიტანდა…
კახასთვის კი ხმა აღარ გამიცია.

- გისმენთ. - ნიკას ხმის გაგონებამ შვება მომგვარა.
- მე ვარ. - ძველი მეგობარივით ვუთხარი, თითქოს წლებია ერთმანეთს ვიცნობდით და ხმაზე უნდა ვეცანი.
- ვუა, ნიკელოზ, დეი, შენა ხარ? - ახლაღა შევამჩნიე მისი სასიამოვნო ტემბრი.
- ჰო, მე ვარ და ნუ მეძახი ეგრე! - შევუბღვირე.
- ნუ ნერვიულობ, შენთვის არ შეიძლება, წნევა დაგარტყამს. ბოლობოლო აღარ ხარ უკვე ახალგაზრდა. - სერიოზული ხმით მითხრა და თავიდან ვერ გავიაზრე მისი სიტყვები.
- ღლაპო! - ავკივლდი, როცა ჩემმა გონებამ გადახარშა ნათქვამი.
- დამშვიდდი, ბები, ვიცი, რომ შენზე ახალგაზრდა ვარ! - ერთობოდა.
- ნეტა, ამ იდიოტს ვინმე თუ შეხედავს. - თვალები ავატრიალე.
- ჩემზე ამბობ?
- ჩვენ ორს შორის იდიოტს სხვას ხედავ?
- ოო, ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა.
- რა?
- სათვალე გჭირდება უკვე, თორე ვინ ვინაა ვეღარ არჩევ. - ფხუკუნი აუტყდა.
- შემომეკვლევინები!
- სწორია შემომეკვლები!
- ტვინი ამირიე, დამავიწყდა რისთვის დავრეკე!
- უუ, უკვე ტვინს გირევ და გულის ძგერას გიწიოკებ? - თეატრალურად დაიბოხა ხმა. - ჯერ მკითხე, ჰეტერო ვარ?
- მოიცა, გეი ხარ? - ყბა ჩამომივარდა.
- არა! მე ვარ არიული რასის ტრანსცენდენტური მუტაციის შედეგად ჩამოყალიბებული აგენდერი პანსექსუალი!
- შენს ლექსიკონში არსებული ყველა “ჭკვიანური” სიტყვა დახარჯე? - გამეცინა.
- თითქმის! კიდევ ვიცი გნოზისი, არტიკულაცია, რეადსორბცია და დეზოქბონუკლეინის მჟავა! - ხმაზე ღიმილი ეტყობოდა.
- კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი?
- ეგ რა არი, იჭმევა? - ისე მკითხა, წამით დავიჯერე, რომ არ იცოდა.
- გადაბრუნდა ვაჟა საფლავში! - ახლა მე ავხარხარდი. არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ ადამიანს გამოსდიოდა ჩემი გამხიარულება, მიმდინარე მოვლენების მიუხედავად.
- ლუკა ერქვა მაგას!
- ბოლობოლო გეი ხარ?
- რა გეი, ტო! ვერ დაინახე, შენს ფეიქ ფოტოზე, ბნედა რომ დამემართა? - აღშფოთება და პრეტენზია ერთდროულად გამოხატა.
- ნიკა!
- კარგი, ჰო. გაარკვიე რამე? - ამჯერად სრული სერიოზულობით მიუდგა დიალოგს.
- კი. თურმე დედაჩემი ტყუპებზე იყო ორსულად და… - ჩასუნთქვა გამიჭირდა.
- ისუნთქე, მშვიდად, ღრმად. აი, ასე. კარგი გოგო ხარ. - შეატყო, რომ მძიმე იყო ჩემთვის და დისტანციურად რაც შეეძლო ის გააკეთა.
- ჰო… მოკვდაო უთხრეს. დედამ არ იცის, არ უთქვამთ მისთვის.
- კარგი, გასაგებია. არ ინერვიულო. ძაან ბანალურ ფრაზას გეტყვი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება.
- ჰო, ალბათ. - თავი ჩავქინდრე და ცრემლი მომერია.
- ჰეი, ნიკელოზ! ნუ ტირი, რა. ხო იცი, კაცები ვიბნევით, როცა ქალები ტირიან. - დამიყვავა და სითბო, რომლითაც მისი ხმა იყო გაჯერებული, შემოდგომის სუსხიან დღეს თბილი პლედივით შემომეხვია მხრებზე.
- მადლობა, ნიკა.
- რისი მადლობა, ტო! ჯერ ადრეა მადლობები. შენს დას რომ ვიპოვით, ხინკალზე უნდა დამპატიჟო! - იღიმოდა და მეც გამეღიმა.
- თავი დაიპატიჟე? - ვსრუტუნებდი.
- ჰო, აბა? ხო იცი, შენ თუ არ შეაქებ საკუთარ თავს, არავინ შეგაქებსო, თუ ეგ ხინკალზე არაა?
- მწვადზეა, შეგეშალა.
- ბრატები არიან მაინც, სადაც ხინკალი, იქ მწვადიც!
- ოჰ, ბავშვო!
- ტესტს როდის გაიკეთებ?
- რა ტესტს? - დავიბენი.
- ორსულობის, ალბათ, ჩემი გახუხული ტოსტი უკვე გაიზარდა! - ხარხარებდა ნიკა და ხმაური გავიგონე. - აი, აი, აი…
- ამას ქვია მომენტალური კარმა! - ნიშნისმოგებით ვუთხარი მე.
- ამას ქვია დისტანციური თვალის ცემა, სკამიდან გადმოვყირავდი. - აწუწუნდა ბიჭი.
- ასეც მოგიხდება!
- ბებო…
- არ ვიცი, ტესტი როგორ გავაკეთო…
- დაგეხმარები, ნუ გეშინია!

და ნიკა დამეხმარა. იუსტიციიდან და არქივიდან საბუთები გამოვითხოვე. ტესტი შევუკვეთე და საჭირო ადგილას გავაგზავნე, პასუხები კი ავტვირთე ბაზებში, სადაც ერთმანეთს ეძებდნენ. ნიკა ყველგან დამყვებოდა, სადაც საჭირო იყო. ჩემი ინტროვერტული ბუნება, რომელიც ლამის, სოციოფობიაში იყო გადასული, არ მაძლევდა საშუალებას, რომ თავადვე მომეგვარებინა ყველა ნიუანსი.
ხუთ კვირაზე მეტი გავიდა, სანამ ამ ყველაფერს თავი მოვაბით.
შემდეგ კიდევ ხუთი, მაგრამ უშედეგოდ. ვიცოდი, რომ ხალხი წლობით ეძებდა თავის სისხლს და ხორცს, მაგრამ მე ამდენი დრო არ მქონდა.
ნერვიულობისგან სამ თვეში თორმეტი კილოგრამი დავიკელი. ლუკმა ყელში არ გადამდიოდა, როცა ვიცოდი - ჩემი და მელოდებოდა, ჩემს დას ვჭირდებოდი; ლექსოსთვის კი ყოველი დღე წარმოქმნიდა ჩვენ შორის ბარიერს, რომელიც ცოტაც და გადაულახავი შეიქნებოდა.
რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი მქონდა და ვიზუალურად ოდნავ მეტყობოდა კიდეც, თუმცა სამ თვეზე ნაკლებ დროში ჩამოვდნი.
ჩავარდნილი თვალის უპეები, რომელშიც სევდამ დაიდო ბინა… ლოყები აორთქლდნენ და კოსტა, რომელსაც ჩქმეტა უყვარდა, დაბღვერილი დადიოდა და ხან ჩახოხბილს მთავაზობდა, ხან ხაჭაპურს - ჭამე რამე, თორემ ვეღარ გჩქმეტო. ცალკე ანა თავისი რეპლიკებით - ქალს ხორცი უნდა ჰქონდეს და შენ ძვალი და ტყავი დარჩიო!
ვერ ვუძლებდი ემოციურ წნეხს, რომელიც ცუნამივით დამატყდა თავს და ჩემი ძლივს შეკოწიწებული და აშენებული ქალაქი წალეკა. ვიდექი ამ ქალაქის ნანგრევებზე და ერთი შენობის აღდგენისას, დანარჩენები იქცეოდნენ კოსმიურ მტვრად. მხოლოდ მე ვიცოდი, რა ფასად დამიჯდა ამ კონსტრუქციის აშენება და რამდენი ცრემლი და ოფლი დავღვარე ამისთვის, მაგრამ ახლა დავიკარგე.
საკუთარ თავში დავიკარგე.
ვერც მე ვცნობდი საკუთარ თავს და ვერც გარშემომყოფები. შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და ლამის, ყოველ მეორე დღეს სასწრაფოს ეკიპაჟი იდგა ჩემს კორპუსთან.
- შვილო, მომისმინე. სახეზე რომ გვცნობ უკვე, ამჩნევ ამას? - ერთ-ერთი ექიმი უკვე მეტისმეტად განერვიულებული ჩანდა ჩემი მდგომარეობით.
- ჰო, ლალი დეიდა, ნამდვილად გცნობთ. - ვთქვი და გამეცინა.
- არაა ეს სასაცილო, შვილო. ასე თუ გააგრძელებ სავალალო შედეგამდე შეიძლება მიხვიდე. - თვალს არ მაშორებდა და მე მზერა ავარიდე.
- მესმის…
- არა, შენ რომ გესმოდეს, ასე არ მოიქცეოდი. რა გაწუხებს მითხარი. - ჩამაჯინდა ქალი.
- მე… არა, არაფერი. - ამ ქალის თვალებში, რომელნიც ოკეანისფრად იწონებდნენ თავს, დავიკარგე და დავიბენი. ისინი, ერთდროულად, ნდობასაც იწვევდნენ და შფოთვას ბადებდნენ ჩემში.
- მე არც შენი ოჯახის წევრი ვარ, არც შენი მეგობარი და შეყვარებული. მომიყევი და თუ ვერ დაგეხმარები, შვებას მაინც იგრძნობ, რომ გაუზიარე ვიღაცას. - თავისი ასაკისთვის საკმაოდ სპეციფიკურად აზროვნებდა ქალი. იქნებოდა ასე, სამოც წლამდე. ეტყობოდა - ბევრი რამ გამოუვლია თავისი ცხოვრების განმავლობაში.
- ქალბატონო ლალი… - მოწოლილი ცრემლების გამო, ხორხი ყელში მემტვრეოდა.
- ჰო, შვილი, ნუ გეშინია. - დამიყვავა მან.
- მე დას ვეძებ, ქალბატონო ლალი. გაშვილებულ დას, ჩემებს უთხრეს მოკვდაო და… - ვქოშინებდი მე, ჰაერს ბლომად ვყლაპავდი და ლალიმ ჩანთას სწრაფად დასტაცა ხელი, წამალი ამოიღო და მომცა. - თქვეს რომ… თვითონ დამარხავდნენ, მაგრამ ჩემი და ცოცხალია. ვერ ვპოულობ, არ ვიცი სადაა, ყველგან ვთქვი, ყველგან დავპოსტე, ტესტი ჩავაბარე, არსადაა, ქალბატონო ლალი, არსად! - ვსლუკუნებდი და სხეულს ძალა გამოეცალა.
ნემსის გაკეთება მოუწიათ და თხუთმეტიოდე წუთში ოდნავ დავმშვიდდი.
- სად იმშობიარა დედაშენმა? - სასხვათაშორისოდ მკითხა ლალიმ.
- თბილისის პირველ სამშობიაროში.
- რომელ წელს?
- 97-ში.
- ოხ, როზა, როზა! - კბილების ღრჭიალი გავიგონე და კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით შევხედე ქალს.
- როზა?
- ეგ განაგებდა მანდ ყველაფერს მაგ წლებში. - მშრალად მითხრა მან.
- თქვენ რამე იცით? - თვალები გამიფართოვდა.
- მე არა… 54 წლის ვარ და უშვილო ვარ. ჩემი ქმრის გარდა არავინ და არაფერი მაბადია. თვრამეტის ვიყავი, საშვილოსნო რომ ამომჭრეს და რომ გავიგე, დედებს შვილებს ართმევდნენ იმ ადგილას ისეთი ამბავი ავტეხე. როზამ სასწრაფოდ გადამიყვანა სხვა საავადმყოფოში, ხელს შემიშლისო. - თვალები ჩაუმუქდა ქალს. ეტყობოდა ბრაზი ასკდებოდა. ცოტაც და კანსაც დაუხეთქავდა.
- ქალბატონო ლალი, ცოცხალია როზა? - ცრემლები გათავისუფლებული ტყვეებივით ცვიოდნენ თვალებიდან.
- ცოცხალია, ლოგინადაა ჩავარდნილი, როგორც ვიცი. - ამოიხვნეშა ქალმა.
- გთხოვთ… გემუდარებით, შემახვედრეთ! რასაც მთხოვთ, გავაკეთებ, ოღონდ და მაპოვნინეთ! - ხელებში ჩავაფრინდი და სახეში შევაჩერდი. მარილიანი ბურთულები არ მაძლევდნენ იმის საშუალებას, რომ მისი სახე დამენახა, თუმცა, მგონი, გაეღიმა.
- ეს რომ მოგიყევი, ამის შემდეგ ჩემს სინდისზე იქნება თუ დარდისგან მოკვდები, შვილო. რის გაკეთებასაც შევძლებ, გავაკეთებ! - მითხრა და შუბლზე მაკოცა.
ანგელოზად მომევლინა ქალბატონი ლალი და ძალიან მძაფრად ვიგრძენი შინაარსი ფრაზისა “ყველაფერში არის თავისი პლუსი”.
ადამიანებს უჭირთ ნეგატივში დაინახონ მცირე პოზიტივი და ეს ბუნებრივია, თუმცა თუ ამ ჩვევას გამოიმუშავებენ, შეცვლიან სიტუაციის აღქმას, ცხოვრება ბევრად მარტივი მოეჩვენებათ.
ჩემს ლექსიკონში არსებული ყველა სამადლობელო სიტყვა ვუთხარი. ის კი შემპირდა, რომ როგორც კი მოახერხებდა, მაშინვე დამირეკავდა. თავის კოხტა ბლოკნოტში ჩაიწერა ჩემი ნომერი და წავიდა.

- აბა, თვითმფრინავი მოფრინავს, ბჟჟჟ! გააღე პირი! - კარტოფილი ფრი ეჭირა ხელში და ჩემკენ მოჰქონდა.
- ნიკა, თავი დამანებე! არ მშია! - საწოლის მეორე მხარეს გადავგორდი, მისგან შორს.
- დედიკოს ხათრით! - ჩემკენ გადმოიწია.
- არა!
- ბებოს ხათრით!
- არა!
- მარიო ჩიმაროს ხათრით!
- რას გავს ეგ! - სახე დავმანჭე.
- ათიანი წლების ყველა ქალის კუმირია, ტო! რა რას გავს, სიმპაწიჩნია! - გულწრფელად გაუკვირდა და თვალები დაუმრგვალდა.
- კარგი, რა. უტრირებულია მისი ე.წ. სიმპატიურობა. - თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად.
- აბა, რომელი მსახიობი მოგწონს? - წამოწვა, ჩემს საპირისპირო მხარეს.
- მაგალითად… მმმ… - ზემოთ ავიხედე, თითქოს ვკითხულობდი. - ნიკოლას კეიჯი.
- რამსიგრძე სახე აქვს და ჩაცვენილი ლოყები. შემდეგი!
- მადს მიკელსენი!
- მოსიარულე ყბა.
- რობერტ პატინსონი!
- შუბლა ვამპირი.
- რა არავინ მოგწონს, კაცო! - შევიცხადე და ხელები გავასავსავე.
- როგორ არა, მომწონს. - თქვა და წარბები აათამაშა.
- ვინ?
- ტომ კრუზი.
- მოძალადე ბაბნიკი.
- ჯონი დეპი.
- ჰო, კაი დავუშვათ.
- ვენთვორთ მილლერი.
- ნიკა, ხომ იცი, არ გაგგკიცხავ… - მივიჩოჩე, ხელი ხელზე დავადე და სერიოზული სახით ვუთხარი.
- ჰა?
- იყო გეი, ძალიან ნორმალურია, შეგიძლია არ დამალო ჩემთან. - სახეზე მობეზრება და გაღიზიანება ერთდროულად გამოესახა და დამეძგერა.
- ვინაა გოგო გეი! - იმდენი მიღუტუნა, სანამ პომიდორივით არ გავწითლდი.
- ცხოველო! - ვქოშინებდი მე. სახის კუნთები მტკიოდა სიცილისგან.
ზემოდან დამყურებდა, ხელებით კი საწოლს ეყრდნობოდა.
ცოტაოდენი დრო დამჭირდა გონს მოსასვლელად.
ნიკა კი მიყურებდა. მზერით მბურღავდა და ამოუხსნელი შფოთვა დაიბადა ჩემს სხეულში. უმისამართოდ ეხეთქებოდა ჩემი ცნობიერების კედლებს და ბზარის გაჩენას ცდილობდა.
ახლაღა დავაკვირდი მის სახეს. წვერი ოდნავ წამოზრდოდა და აღარ ჰგავდა პატარა ბიჭს. გამოკვეთილი ყვრიმალები და ყბის ძვალი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდნენ. სწორი ცხვირი და ხშირი წარბები ამშვენებდნენ კოსმიურ თვალებს. მისი ხასიათისა და თავდაპირველი შთაბეჭდილების მიუხედავად, ახლა ზრდასრული მამაკაცი მიმზერდა.
ჩემკენ დაიხარა და მისი სუნთქვა სახეზე ვიგრძენი. თაფლისფერი თვალები ისევ ჩაუმუქდა და კუნაპეტი შავი გაუხდა. მუხტმა კი, რომელიც მათგან მოდიოდა, საოცრად მარტივად დამაჰიპნოზა. რამდენიმე წამით რეალობის აღქმა დავკარგე. ბამბასავით მსუბუქად ვგრძნობდი თავს და ჩემი არსებობა ირეალური მეჩვენა. უნდა ითქვას, ეს მდგომარეობა მომეწონა კიდეც. გულის სიღრმეში მინდოდა, რომ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო.
მაგრამ როგორც კი მისი ცხვირის წვერი ჩემსას შეეხო, თმა კი სახეზე მომეფინა, ხმა ამოვიღე.
- რას… - სიტყვის დასრულება ვერ მოვასწარი, რომ კარტოფილი პირში ჩამჩარა.
- თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა. - სერიოზული, ოდნავ ჩახრინწული ხმით თქვა, ტუჩის კუთხე შეუტოკდა ღიმილის სახით და საწოლზე დაჯდა. სახტადაც დავრჩი, ბრაზისგან კვამლიც გამოვუშვი ყურებიდან და ბროწეულისფერიც დამედო სახეზე სირცხვილისგან.
- ნიკოლოზ!

ტელეგრამის ანგარიში, რომელიც ლექსომ გამომიგზავნა დუმდა. მესიჯებისა და ზარების აურაცხელი რაოდენობა გავგზავნე, სიტუაციაც ავუხსენი იქვე, მაგრამ პასუხი არა და არ მოდიოდა. არც კი კითხულობდა ჩემს მინაწერს.
ალბათ, ბლოკიც კი ედო ჩემს ნომერს, ტელეგრამში ამის გარკვევა ჭირდა.
- ლალი არ შეგხმიანებია? - მკითხა ანამ.
- არა, მისი ნომერი უნდა ამეღო. - თავი გავაქნიე.
- მისმინე, კიდევ ერთხელ რომ გამოიძახო სასწრაფო? იქნებ, ლალი მოვა ისევ? - საოცარი იდეა მოუვიდა თავში.
- ორჯერ მყავდა მას მერე სასწრაფო, ლალი არ იყო. - ამოვიხვნეშე და იმედგაცრუების საფარი გარს შემოეხვია ჩემს ძლივს გაღვივებულ პოზიტივის ნაპერწკალს. ნელ-ნელა რწმენა, რომ დის პოვნას შევძლებდი იცრიცებოდა და ქვიშასავით, თითებს შორის მეპარებოდა.
- კაი, არაუშავს, შეგპირდა და შეასრულებს… - სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.
უცნობი ნომერი იყო.
- გისმენთ.
- ნიკე, შვილო, შენ ხარ?
- დიახ და თქვენ…
- ლალი ექიმი ვარ.
- ლალი დეიდა, როგორ ხართ? - გამოცოცხლება დამეტყო და ანაც წამოხტა. ტუჩების მოძრაობით მანიშნებდა - ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიკავეო.
- კარგად, შენ როგორ ხარ? კიდევ იძახებ სასწრაფოს? - იღიმოდა ქალი.
- მე… ჰო…
- ეჰ, არ უვლი შვილო შენ თავს, არ შეიძლება ეგრე. - დარდის ელფერი დაჰკრავდა მის ხმას.
- ლალი დეიდა, როზა… - ვცადე ყურადღება ჩემთვის საინტერესო თემატიკაზე გადამეტანა.
- ჰო, როზა… როზა სულს ღაფავს, თავისი ცოდვების გამო. ძლივს ლაპარაკობს თურმე, ვესტუმრე. - ზიზღის დაფარვა არც უცდია.
- თქვა რამე? - ვცქმუტუნებდი, ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილას. არც ანა იყო უკეთეს დღეში, ათჯერ მაინც მიმითითა - ხმამაღალზე ჩართეო.
- არა, შენ არ გეტყვი არაფერსო. - ლამის, დავინახე თავი როგორ გააქნია.
- ანუ იმედი აღარ არის… - ყელში მოწოლილი ბურთი იზრდებოდა.
- არის, შვილი, არის. - გამამხნევა. - იქნებ, შენ რომ მიხვიდე, მოგიყვეს რამე.
- მისამართს მომცემთ? - ცრემლებს ვყლაპავდი. ვერ გამეგო მიხაროდა თუ მტკიოდა ის ფაქტი, რომ ეს ყოველივე ჩემს თავს ხდებოდა.
- კი, აუცილებლად, რა კითხვაა? მიდი ჩაიწერე.
წამოვხტი და ძლივს ვიპოვე ფურცლის ნაგლეჯი და კალამი, რომ ჩამეწერა მისამართი.
ანამ შემდეგ წამითაქა, ტელეფონი ხელში გეჭირა და მანდვე შეგეძლო ჩაგეწერაო, მაგრამ იმდენად ვიყავი ანერვიულებული, რომ ვერ მოვიფიქრე.
ზოგჯერ ემოციების აფეთქება იწვევს ალოგიკურ ქცევებს ადამიანში და სიგიჟის ზღვარზე აყენებს მას. რთულია ჩაწვდე ამა თუ იმ ადამიანის ქცევას, მითუმეტეს, როცა მისი ემოციური ფონი შენთვის უცნობია.

დიდხანს არ მიყოყმანია და იმავე დღეს გადავწყვიტე როზასთან მისვლა. სანამ მოვწესრიგდი წნევამ ორჯერ მიმტყუნა და მედიკამენტებით გაბრუებული ვიყავი, როცა ნიკას მანქანაში ჩავჯექი.
ანამ ეგრევე შეატყობინა და ნიკამაც თავი გამოიდო, მე გაგიყვანთ, აქვე ვარო.
- ნიკსონ, რა თქვი რამდენი წლის ვარო? - ჰკითხა ანამ, როცა ავტომობილში ჩავჯექით.
- იმდენის, რომ თქვენ დეიდები დაგიძახოთ. - თქვა და მანქანა დაქოქა.
- მერე, როგორ მოხდა, რომ დეიდებს მანქანა არ ჰყავთ და შენ გყავს? - უკანა სავარძლიდან წინ გადაიხარა და საჩვენებელი თითი ცხვირწინ დაუტრიალა.
- როგორ და დედიკომ მაჩუქა. - პრანჭია გოგოსავით უპასუხა კითხვაზე.
- მართლა? - ეჭვის თვალით ათვალიერებდა ანა ბიჭს.
- ჰო, დედაჩემის ძველი მანქანაა, თვითონ ახალი იყიდა და მე ეს გადმომილოცა. - გაეღიმა ნიკას.
- რას საქმიანობს დედა? - ვკითხე მე.
- ფსიქოლოგია, საზღვარგარეთ კონფერენციებზე იწვევდნენ ხოლმე და…
- არა, რა, ნიკე, უნდა გავყოლოდით ჩვენც ფსიქოლოგიას! - დანანებით ამოთქვა ანამ და საზურგეს მიეყრდნო.
- რაღა დროს მაგაზე ფიქრია! - სახეზე წესით ღიმილი უნდა გამომსახვოდა, მაგრამ ანას გამომეტყველებით, რომელსაც სახეზე შეწუხება გამოსახვოდა, მივხვდი, რომ უბრალოდ დავიმანჭე.
- რა სახე ჩამოგტირით, წინ მივიწევთ, პირიქით, უნდა გაგვიხარდეს! - გვამხნევებდა ნიკა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
როცა მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა, ცანცარი შეწყვიტა. ათიოდე წუთი ჩუმად ვიჯექით. ბიჭი პერიოდულად სარკიდან მიყურებდა, მე კი მკრთალად ვუღიმოდი, რამდენადაც შემეძლო.
ყველას თავისი საფიქრალი ჰქონდა და არც ერთს დაგვირღვევია ერთმანეთისთვის საკუთარ თავში ხეტიალის იდილია.
გონებაში ვალაგებდი, როგორ და რა უნდა მეთქვა ამ ქალისთვის, რომლის ხელიც ერია ჩემი დის გაუჩინარებაში. მრისხანების ღმერთი ელვას გამატებით მესროდა და რამდენად ოსტატურადაც არ უნდა მეცადა მათი ასხლეტა, ბოლომდე უვნებელი ვერ დავრჩი.
ჰო, ვბრაზობდი. რამდენადაც დამამშვიდებლები მაძლევდნენ ამის საშუალებას - ვბრაზობდი. ძალიან მინდოდა ამომენთხია მთელი ჩემი ტკივილი, რომელიც ამ სამი თვის განმავლობაში დღითიდღე გროვდებოდა ჩემში, იზრდებოდა და იკვებებოდა ჩემი სულის ნატეხებით.
მინდოდა მეყვირა, მეტირა და მეღრიალა ამ ქალისთვის, რომ მან პატარა უვნებელი ბავშვი და ოჯახი გასწირა და სასტიკი ტანჯვისთვის გაიმეტა. რომ ამაზრზენი, საზიზღარი არაადამიანი იყო…
თუმცა ვერ მოვახერხე.
იქნებ, ჩემს დას ჩემზე უკეთესი ცხოვრება ჰქონდა და უბედურება, რომელიც დაძრწოდა ჩვენი სახლის ოთახებში, მან აირიდა თავიდან, რადგან სხვის ოჯახში გაიზარდა?
ვიდექი როზას წინაშე და ვუყურებდი ქალს, რომელიც დაისაჯა თავისი უგულობისა და სიხარბის გამო.
გრძელ, დამჭკნარ სახეზე მიტკალისფერი ედო. მოძრავი, ჭაობისფერი თვალები რომ არა, უსიცოცხლო სხეულს მოგაგონებდათ.
ბინაში არავინ იყო მისი და მომვლელის გარდა. ქალი ძალიან გაოცდა, როდესაც სამი ახალგაზრდა ესტუმრა როზას, თავიდან ჩვენი შეშვებაც არ უნდოდა.
- უმშვენიერესო ქალბატონო, - მიმართა მას ნიკამ და მისი ხელი თავისაში მოიქცია. - ჩვენ როზა ექიმის ერთ-ერთი პაციენტის შვილები ვართ, დიდი ხნის წინ, მან დედაჩვენი გადაარჩინა და მოგვინდა მადლობა გვეთქვა მისთვის. - მრავალმნიშვნელოვნად გადმოგვხედა და თვალი ჩაგვიკრა. ანამ უცებ აიტაცა და როლი მოირგო.
- დიახ, დიახ, ქალბატონო. როზა ექიმი საოცარია და აუცილებლად უნდა გამოვხატოთ მადლიერება!
- როზა ათი წელიწადია უკვე ლოგინადაა ჩავარდნილი, რას მეუბნებით? - ეჭვის თვალით გადმოგვხედა ქალმა.
- იცით, საქმე იმაშია, რომ დედაჩვენმა უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა და ქირურგმა გვითხრა, რომ რომ არა ის პროცედურა, ქალბატონმა როზამ რაც ჩაუტარა ოცი წლის წინ, ახლა ვერ გადარჩებოდაო. - თვალზე მომდგარი ცრემლი რომ დავუნახე ანას, ყბა ჩამომივარდა.
- აი, ხედავთ? ჩვენმა დამ მეტყველების უნარიც კი დაკარგა ნერვიულობისგან! - ჩემზე მიუთითა ქალს და აგრძელებდა მის თაფლვას. მომვლელი შეყოყმანდა, თუმცა მაინც შეგვიშვა.
- ჰო, კარგი. მაგრამ დიდხანს არა, ვერ გრძნობს თავს კარგად. - სახლში შეგვიძღვა.
მის წინ ვიდექი და ფაქტობრივად, უსიცოცხლო სხეულს ვუყურებდი. ვხედავდი როგორ იხრწნებოდა ცოცხლად და ვერ მეცოდებოდა. დაძაბულობა პიკს აღწევდა, ანა ნერვიულად იჭამდა ტუჩებს, ნიკას კი გულზე ხელები დაეკრიფა და იქვე, კედელს მიყრდნობოდა.
- საუბარი შეგიძლიათ? - ხმალივით ბასრი გახდა ჩემი ხმა.
- ვინ ხართ? - ძლივს ამოთქვა ქალმა და წამით მეგონა, რომ ეს მისი ბოლო ამოსუნთქვა იყო.
- 97-ში გაყიდული ბავშვის და ვარ. - მოკლედ მოვუჭერი და დავაკვირდი. მისი თეთრი და ქათქათა თმები ერთმანეთში ახლართულიყვნენ. აურაცხელი რაოდენობის ნაოჭები კი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ - აქაოდა, მე უფრო ღრმა ვარო.
- რომელი ერთის? - მკითხა და წამით მეგონა, რომ დამცინოდა. შურისძიების ცეცხლი აალდა ჩემს თვალებში და მისკენ დავიხარე. მზერა გავუსწორე და დამარცვლით ვკითხე.
- რამდენი იყო? - ქალმა პასუხი ვერ მოასწრო, რომ მომვლელი ოთახში შემოვიდა. წამლის მოსატანად იყო გასული.
- ქალბატონმა როზამ წამალი უნდა მიიღოს. - მითხრა და შორიახლოს გადავინაცვლე.
ნიკამ და ანამ ორივე მხრიდან ხელი ჩამჭიდეს, რომ დავმშვიდებულიყავი და არ დავცემულიყავი. სხეულის სისუსტე აშკარად ხელს მიშლიდა თავის დაჭერაში.
- მომიტანე. - თაროებისკენ გაიწვდინა აკანკალებული ხელი როზამ, წამლის მიღების შემდეგ. მომვლელს წამით სახეზე გაოცება გამოეხატა, თუმცა მაინც ადგა და თაროსკენ დაიძრა.
- რა მოგიტანოთ?
- დოსტოევსკი მომიტანე.
- ახლავე. - თქვა და უამრავთაგან ერთ-ერთი წიგნი გამოაძვრინა.
მიურბენინა და ქალმა ძლივს შეძლო წიგნის ხელში დაჭერა.
დიდხანს უყურებდა და დუმდა. მისი შენელებული მოძრაობები გაღიზიანების საბაბი ხდებოდა და ვეღარ მოვითმინე.
- ქალბატონო როზა… - სიტყვა გამაწყვეტინა და წიგნი გამომიწოდა.
- წაიღე. - წარბი შევჭმუხნე, მაგრამ გამოვართვი.
“დანაშაული და სასჯელი” მეჭირა ხელში.
- ეს?
- წაიღე და წადი. - მითხრა და ხელი ამიქნია.
- კი, მაგრამ… - სუნთქვა გამიხშირდა.
- წადი. - თვალები დახუჭა და მომვლელმა, ლამის, კინწისკვრით გამოგვაგდო.
თხოვნას აზრი აღარ ჰქონდა.
ამ ქალმა, ფაქტობრივად, პირდაპირ მითხრა, რომ დავაშავე და დავისაჯე კიდეცო. სხვა არაფრის თქმას არ აპირებდა.
რაც ყველაზე საშინელი იყო - მის სახეზე წლობით გაგრძელებულ ტანჯვასთან ერთად, სინანულის მკრთალი ანაბეჭდი შევამჩნიე. თუმცა ახლა ამას უკვე აზრი აღარ ჰქონდა…
- ნუთუ, ბოლო იმედიც მომიკვდა? - გარეთ გამოვედი თუ არა, ეს კითხვა დავსვი.
- არავითარ შემთხვევაში! ეს თუ არა, სხვა იქნება ვინმე, ვისაც ეცოდინება. ლალი დეიდას ვთხოვთ და იქნებ, გაიხსენოს სხვა თანამშრომლებიც. - ანამ შემომხედა და სცადა დადებითად დავემუხტე, თუმცა მის პოზიტივსაც დაჰკრავდა თავისებური, ყბების ამამჟავებელი სიმძიმე სასოწარკვეთილების არომატით.
- ჰო, ნამდვილად. დანებებას არ ვართ! - ნიკამ ხელი ჩამკიდა. - ახლა წავალთ, ღომს და ყველს შევჭამთ და გავაგრძელოთ ძებნა. - თქვა მან და მანქანისკენ წამიყვანა.
- არ მშია. - თავი გავაქნიე და სიცარიელემ სხეული ამიწვა. ჰო, ეს შიმშილი იყო. საკუთარი სისხლის და ხორცის მონატრება, რომელიც ისე გაიზარდა, რომ მთელი ჩემი შინაგანი სამყარო შეავსო, სიცარიელედ მესახებოდა და მშიერ, დაუძლურებულ მხეცს ვგავდი, რომელიც ნებდებოდა.
- ნიკე, გთხოვ, ორი ლუკმა მაინც შეჭამე. დედაშენმა ასეთი რომ გნახოს, გაგიჟდება. - თვალი თვალში გამიყარა და მზრუნველობის საბურველში გამახვია ამ ღრმა მზერამ. ყბებამდე წამოზრდილ, ტალღოვან თმას ნიავი ეთამაშებოდა და მის სურნელს ირგვლივ თამამად ავრცელებდა.
- კარგი. - არ ელოდა, რომ ასე მარტივად დავთანხმდებოდი. მიხვდა, რომ იმაზე ცუდად ვიყავი, ვიდრე ჩანდა.
ანას ტელეფონზე კი ზარი გაისმა და მისმა ჩუმმა კივილმა ჩვენი ყურადღება მიიქცია.
- არ არსებობს! როგორ თუ მშობიარობს? ჯერ ადრეა… რვა თვეა მარტო! … ჰო, კარგი… სად არის? რომელ სამშობიაროში?
- რა ხდება? - ვკითხე, როცა საუბარს მორჩა.
- ნინოს, კოსტას დას მშობიარობა დაეწყო. - სახეზე ფერი არ ედო.
- უი, ადრე არაა? - გადავერთე მე.
- კი, ადრეა. თან გამიგია რვათვიანს შვიდიანი სჯობსო და… ნიკე… - დარცხვენილი მიყურებდა და თვალს ვერ მისწორებდა.
- წავიდეთ! - რამდენადაც შემეძლო ომახიანად ვთქვი.
- ნიკე… - უაღრესი მადლიერება გამოსახვოდა ანას სახეზე. - მინდა შენ გვერდით ვიყო ახლა…
- ჯანდაბას ჩემი დიეტა, გოგო მშობიარობს, მე გადავიტან როგორმე. - ვთქვი და მივეხუტე.
- წამო, გაგიყვანთ. სად არის? - თქვა ნიკამ და მანქანისკენ დაიძრა.
- არა, არ გინდა. ახლა საცობებია, მეტროთი უფრო სწრაფად გავალ, თან ნიკეს მიხედო სჯობს.
- რას ქვია? მეც მოვდივარ! - ვიუარე მე.
- არა, ნიკე. შენ შენს თავს უნდა მიხედო, ღომი და ყველი უნდა ჭამო და მოძლიერდე. - მხარზე წამიტყაპუნა ანამ.
- კი, მაგრამ… - აღშფოთება ვერ დავმალე.
- აბა, ჰე… რამდენიმე საათში ბიცოლა გავხდები და რომ ჩამთავრდება ყველაფერი, შენთან ვარ, იცოდე! - თვალი ჩამიკრა და ლამის, კისრისტეხით გაიქცა მეტროს მიმართულებით.
- ანა! - მისკენ წავედი, მაგრამ ნიკამ გამაჩერა. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ გააზრება ვერ მოვასწარი.
- ნიკე, წავიდეთ. - ხელზე მომქაჩა ნიკამ.
- უნდა გავყვე, ასე არ შეიძლება, ვერ დავტოვებ! - თვალები ბუდეებიდან, ლამის, გადმომცვივდა.
- ხომ ხვდები, რატომ არ გაგიყოლა? - სერიოზული ხმით მითხრა მან.
- მე… კი, მაგრამ, არ შეიძლება ასე! - ვუძალიანდებოდი მას და ფეხდაფეხ მივყვებოდი ანას.
- გაჩერდი! - გზა გადამიღობა ნიკამ. ცოტაც და ცხვირით შევეჯახებოდი მის დაკუნთულ მკერდს.
- შენ რომ კარგად ყოფილიყავი და საკუთარი თავი ასე არ დაგესუსტებინა, მასთან ერთად წახვიდოდი. - მტკივნეულ ადგილზე ჩამაჭირა.
- გაჩუმდი. - გვერდზე გავიხედე და აცრემლებული თვალების დამალვა ვცადე.
- ნიკე, - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თავისას გაუსწორა. - შენი მდგომარეობა ხელს გიშლის, რომ მეგობართან ერთად იყო, რომ აკეთო ის, რაც გინდა. ნუთუ, ეს ისაა, რაც შენ გსურს? ნელი ხერხით თავს ი’კლავ… - ყბის კუნთი უთამაშებდა ნიკას.
- არა, არ მინდა. - ლიბრი გადამეკრა.
- ჰოდა, დაუჯერე შენს მეგობარს, გონს მოდი და ნურაფრის ნუ შეგეშინდება. შენთან ვართ, გესმის? - ხმა დაუთბა და გულწრფელად გამიღიმა. თეთრი კბილები შემომანათა და ვერ მოვითმინე.
- ნიკა…
- ჰო?
- შენ რა, გეი ზვიგენი ხარ? - თვალები გაუფართოვდა.
- ბატონო?
- ოცდათორმეტზე მეტი კბილი გაქვს აშკარად, დანარჩენ ორ რიგს სად მალავ? - ისეთი სახით ვკითხე, რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რაც ვუთხარი.
- ნიკელოზ!
- ნიკოლოზ!
- ვის ეღადავები შენ? - ქუჩაშივე დამიწყო ღუტუნი და წიგნი ხელიდან გამივარდა.
- გეყოფა! - სულს ვერ ვითქვამდი და მას ვეჭიდებოდი, რომ არ წავქცეულიყავი.
- მოიცა, ეს რა არის… - მოულოდნელად გაჩერდა და დავარდნილ წიგნს მიაშტერდა.
- რა არის? - ვკითხე და მისი მზერის გასწვრივ გავიხედე.
- შეხედე. - დასწვდა წიგნს და გადაშლილ გვერდზე მანიშნა.
ხელნაწერი იყო.
სახელები, გვარები, ასაკი, თანხა, დაბადების თარიღები, ნომრები…
- შენც იმას ხედავ, რასაც მე? - აკანკალებული ხმით ვკითხე ნიკას. კვერი დამიკრა და ჩემივე ფიქრები გააჟღერა.
- გაყიდული ბავშვების მონაცემებია.

პ.ს. ჰოო, თან მძიმეა, თან გაზავებული სიმსუბუქით. ნუ, ყოველი შემთხვევისთვის, ვცადე ასეთი ყოფილიყო.
გისმენთ, აბა. ვის როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ პერსონაჟებზე, სიუჟეტზე და მთლიანობაში სიტუაციურად



№1 სტუმარი სტუმარი ხათუნა

საინტერესოდ წერთ. კარგია, მომწონს. ის ლექსო უნდა დაივიწყოს ამ გოგომ . აშკარაა იმ ეგოისტ ბიჭს არ უყვარს. ნიკოლოზი კარგი ტიპია. უკვე კაცია რა ამ ასაკშიც . ველოდები გაგრძელებას

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი ხათუნა
საინტერესოდ წერთ. კარგია, მომწონს. ის ლექსო უნდა დაივიწყოს ამ გოგომ . აშკარაა იმ ეგოისტ ბიჭს არ უყვარს. ნიკოლოზი კარგი ტიპია. უკვე კაცია რა ამ ასაკშიც . ველოდები გაგრძელებას

ყველას თავისი სიმართლე აქვს ^-^ მადლობა შეფასებისთვის ❤️

 


№3 სტუმარი suga and me

#ვიწყებ #მოემზადე
"ძლივსძლივობით შეკოწიწებულ ე.წ. ცხოვრებას კარტის სახლივით ერთი სულის შებერვით ვერ დავუნგრევდი-#Unrecognizable. სულის შებერვაზე ბაბუაწვერა მახსენდება. კია მოსული სეზონი ვუბერავ და ვიქნები
"სითბო, რომლითაც მისი ხმა იყო გაჯერებული, შემოდგომის სუსხიან დრეს თბილი პლედივით შემომეხვია მხრებზე"-#ჩავქვესკნელდი. მე ნიკას შემოხვევაზეც არ ვიტყოდი უარს #ავხუნტრუცდი
"ცრემლები გათავისუფლებული ტყვეებივით ცვიოდნენ თვალებიდან"-#შეუდარებელი შედარებაა #საოსკარო სამწუხაროა შედარებებისთვის ოსკარს რომ არ აძლევენ.
#შენიშვნა მარიო ჩიმაროს რას ერჩით #ქემესესეომბრეეე #ვგიჟდები
#მოსიარულეყბა #შუბლავამპირი ამ ორ მსახიობს სხვა თვალით ვეღარ შევხედავ. #მოძალადებაბნიკი ჩემი საყვარელი მსახიობია #პორქე მოხუცი კია მარა #გულსმიჩქარებს
"უმისამართოდ ეხეთქებოდა ჩემი ცნობიერების კედლებს და ბზარის გაჩენას ცდილობდა"-#მომწონს. ჩემი ცობიერების კედლებს ნაპრალები აქვს შეხეთქების გარეშეც,
"იმედგაცრუების საფარი გარს შემოეხვია ჩემს ძლივს გაღვივებულ პოზიტივს"-#ქუუუულ
"ნელ-ნელა რწმენა იცრიცებოდა და ქვიშასავით თითებს შორის მეპარებოდა"-#გაღიარებ
"მრისხანების ღმერთი ელვას გამეტებით მესვროდა... უვნებელი ვერ დავრჩი"-#საიდანიფიქრებ
მრისხანების ღმერთზე დედაჩემი მახსენდება ელვაზე ჩუსტი რომელიც ყოველთვის მეწეოდა რა სისწრაფითავ არ უნდა გავქცეულიყავი.. ჰაჰაჰა ნეტა ბავშვოვაში დამაბრუნდა და კიდევ ავიტანდი ერთი ორი ჩუსტის სროლას #ხუმრობით
"ყბების ამამჟავებელი სიმძიმე სასოწარკვეთის არომატით"-#მომწონს #გეიზვიგენიც
#ბესთ(ანა) მაპატიე მაგრამ ეს გოგო ნიკეზე მეტად მომწონს რატომ არ ვიცი, მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ პერსონაჟთა მოწონების სინდრომი მაქვს ალბათ #ვერშევამოკლე.
#ნიკანიკე. გეი ხარო როგორ აკადრა ბიჭს.ლამის დადორბლილა ბიჭი ფოტოებზე, ისე მარტო ფრის და თვითმფრინავის ხათრით არ გაუხახუნებდა ცხვირს სახეზეე. ესეც კაი ახუნტრუცებულია ჩემი არ იყოს. ეს ორი ერთად მართლა მომწონს და ვითხოვებ შენგან #ლექსტერიჩკა არ დამანახო რაა #ვერმეცოდება. ვიტირებ ეს ორი რომ ერთად არ დარჩეს, დავტბორავ ბათუმს, იმდენიხანია არ უწვიმია მადლს მევიგემ. "რატომ არ მოველ წვიმადა"
ეფ როზა როზა. სიკვდილის მოლოდინში დაღლილმა ბოლოს სულის გადასარჩენი მადლი მაინც გააკეთა, მაგრამ ერთი ასს ვერ გადაწონის, სასწორის მეორე მხარე უფრო მძიმეა. #ეშმაკისფეხია მოტეხვა მინდა.
ლალის გამოჩნამ ის ფრაზა გამახსენა ცხოვრება თუ კარებს გიხურავს ფანჯარას გიხსნის, ვის როგორ ესმის ეს ფრაზა მე პოზიტუირ კონტექსტში მესმის, მინდა დავწერო ფანჯარა იმედია საიდანაც მზის სხივი აღწევსთქო მარაა მზეზე ლექსო მახსენდება და მაგისი სხივები ჩემს მტერს მოხვდეს. ჩვენთანაც რომ ყოფილიყო მზის დაბნელება არ იქნებოდა ურიგო.
მოკლედ ახალი თავი მე ძალიან მომეწონა ნელ ნელა ყინული დაიძრა, ასე ინტრიგნულად რომ მიმთავრებ და მაფიქრებ მერე რა მოხდება რითი უნდა გამაკვირვო ეგეც მომწონს. დაიდოს ახალი თავი #თხოვნაა #გელოდები #ლოდინიარმიყვარს.

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

suga and me
#ვიწყებ #მოემზადე
"ძლივსძლივობით შეკოწიწებულ ე.წ. ცხოვრებას კარტის სახლივით ერთი სულის შებერვით ვერ დავუნგრევდი-#Unrecognizable. სულის შებერვაზე ბაბუაწვერა მახსენდება. კია მოსული სეზონი ვუბერავ და ვიქნები
"სითბო, რომლითაც მისი ხმა იყო გაჯერებული, შემოდგომის სუსხიან დრეს თბილი პლედივით შემომეხვია მხრებზე"-#ჩავქვესკნელდი. მე ნიკას შემოხვევაზეც არ ვიტყოდი უარს #ავხუნტრუცდი
"ცრემლები გათავისუფლებული ტყვეებივით ცვიოდნენ თვალებიდან"-#შეუდარებელი შედარებაა #საოსკარო სამწუხაროა შედარებებისთვის ოსკარს რომ არ აძლევენ.
#შენიშვნა მარიო ჩიმაროს რას ერჩით #ქემესესეომბრეეე #ვგიჟდები
#მოსიარულეყბა #შუბლავამპირი ამ ორ მსახიობს სხვა თვალით ვეღარ შევხედავ. #მოძალადებაბნიკი ჩემი საყვარელი მსახიობია #პორქე მოხუცი კია მარა #გულსმიჩქარებს
"უმისამართოდ ეხეთქებოდა ჩემი ცნობიერების კედლებს და ბზარის გაჩენას ცდილობდა"-#მომწონს. ჩემი ცობიერების კედლებს ნაპრალები აქვს შეხეთქების გარეშეც,
"იმედგაცრუების საფარი გარს შემოეხვია ჩემს ძლივს გაღვივებულ პოზიტივს"-#ქუუუულ
"ნელ-ნელა რწმენა იცრიცებოდა და ქვიშასავით თითებს შორის მეპარებოდა"-#გაღიარებ
"მრისხანების ღმერთი ელვას გამეტებით მესვროდა... უვნებელი ვერ დავრჩი"-#საიდანიფიქრებ
მრისხანების ღმერთზე დედაჩემი მახსენდება ელვაზე ჩუსტი რომელიც ყოველთვის მეწეოდა რა სისწრაფითავ არ უნდა გავქცეულიყავი.. ჰაჰაჰა ნეტა ბავშვოვაში დამაბრუნდა და კიდევ ავიტანდი ერთი ორი ჩუსტის სროლას #ხუმრობით
"ყბების ამამჟავებელი სიმძიმე სასოწარკვეთის არომატით"-#მომწონს #გეიზვიგენიც
#ბესთ(ანა) მაპატიე მაგრამ ეს გოგო ნიკეზე მეტად მომწონს რატომ არ ვიცი, მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ პერსონაჟთა მოწონების სინდრომი მაქვს ალბათ #ვერშევამოკლე.
#ნიკანიკე. გეი ხარო როგორ აკადრა ბიჭს.ლამის დადორბლილა ბიჭი ფოტოებზე, ისე მარტო ფრის და თვითმფრინავის ხათრით არ გაუხახუნებდა ცხვირს სახეზეე. ესეც კაი ახუნტრუცებულია ჩემი არ იყოს. ეს ორი ერთად მართლა მომწონს და ვითხოვებ შენგან #ლექსტერიჩკა არ დამანახო რაა #ვერმეცოდება. ვიტირებ ეს ორი რომ ერთად არ დარჩეს, დავტბორავ ბათუმს, იმდენიხანია არ უწვიმია მადლს მევიგემ. "რატომ არ მოველ წვიმადა"
ეფ როზა როზა. სიკვდილის მოლოდინში დაღლილმა ბოლოს სულის გადასარჩენი მადლი მაინც გააკეთა, მაგრამ ერთი ასს ვერ გადაწონის, სასწორის მეორე მხარე უფრო მძიმეა. #ეშმაკისფეხია მოტეხვა მინდა.
ლალის გამოჩნამ ის ფრაზა გამახსენა ცხოვრება თუ კარებს გიხურავს ფანჯარას გიხსნის, ვის როგორ ესმის ეს ფრაზა მე პოზიტუირ კონტექსტში მესმის, მინდა დავწერო ფანჯარა იმედია საიდანაც მზის სხივი აღწევსთქო მარაა მზეზე ლექსო მახსენდება და მაგისი სხივები ჩემს მტერს მოხვდეს. ჩვენთანაც რომ ყოფილიყო მზის დაბნელება არ იქნებოდა ურიგო.
მოკლედ ახალი თავი მე ძალიან მომეწონა ნელ ნელა ყინული დაიძრა, ასე ინტრიგნულად რომ მიმთავრებ და მაფიქრებ მერე რა მოხდება რითი უნდა გამაკვირვო ეგეც მომწონს. დაიდოს ახალი თავი #თხოვნაა #გელოდები #ლოდინიარმიყვარს.

ლექსტერიჩკას მომდევნო თავში იხილავ მაინც:დდ მის გარეშე არ გამოვა.
ვაიმე, ბათუმის წვიმა მენატრება ძალიან. თბილისის წვიმას, ათასში ერთხელ რომ წამოკინკლავს, ის ვაიბი არ აქვს.
ჩუსტზე ავყირავდი :დდდდდ
უღრმესი მადლობა ასეთი ვრცელი და მსუყე შეფასებისთვის ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent