შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Amore Avversario, ანუ სიყვარული ვენეციაში (1)


2-06-2024, 01:59
ავტორი coco girl
ნანახია 829

მზის სხივები ვენეციის არხებში კამკამებდა. უძველეს ქალაქს ნელ-ნელა თბილი, არამიწიერი სინათლე ეფინებოდა. ვიწრო, გრაგნილი ქუჩები სიცოცხლით იყო სავსე: ტურისტები და ადგილობრივები ხეივნების ლაბირინთებში გადაადგილდებოდნენ, მათ ნაბიჯებს ქვის კედლები ექოდ ეხმიანებოდნენ; გონდოლები არხებში ჩუმად ტრიალებდნენ, მათი ანარეკლები კი მოჩვენებებივით ბრწყინავდნენ წყლის ზედაპირზე.
მარიტა დადიანი ხალხმრავალი მოედნის პირას იდგა. მისი მწვანე თვალები წინ გაცოცხლებულ სცენებს აკვირდებოდა. გოგონა შიშისა და მონდომების ნაზავს გრძნობდა, რადგან აღფრთოვანებული იყო ქალაქის ღირსშესანიშნაობებითა და ხმებით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იზიდავდა გენიალურ მხატვრებსა და შემოქმედებს. ვენეცია უნდა ყოფილიყო სცენა, ადგილი, სადაც ის, როგორც ახალბედა მოქანდაკე, თავის შესაძლებლობებს წარმოაჩენდა. მარიტა ვენეციაში გაცვლითი პროგრამით ჩამოვიდა, რათა სამხატვრო რეზიდენციაში ახალგაზრდა ხელოვანთა ვორქშოფში მიეღო მონაწიელობა. სიმართლე ითქვას, ძალიან ნერვიულობდა, იცოდა ეს იყო უდიდესი შანსი, გაეცნო ის საზოგადოება, რომელიც საერთაშორისო ხელოვნების სცენაზე იყო წარმოდგენილი. თუმცა, როგორც კი იტალიის მაგიური სურნელი იგრძნო, მაშინვე გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, აქ თავისი კვალი დაეტოვებინა. სახატავი დახურა და გალერეა აკადემიისკენ გაემართა, სადაც ერთი, წლების წინ დაწყებული საქმე უნდა დაესრულებინა.
როდესაც მთავარ შესასვლელს მიუახლოვდა, უნებურად ისეთ საუბარს მოჰკრა ყური, რამაც სიბრაზისგან ძარღვებში სისხლი აუდუღა.
- მიშო წერეთლის ნამუშევრები ბრწყინვალეა! – წამოიძახა ელეგანტურად გამოწყობილმა ქალმა ისე, რომ მისი ხმა დარბაზის ექომ გაიმეორა - მისი ყურადღება დეტალებზე, პორტრეტების რეალიზმი შეუდარებელია. ეს ბიჭი კლასიკური სტილის ნამდვილი ოსტატია!
ამ სახელის გაგონებაზე მარიტამ კბილს კბილი დააჭირა. მიშო წერეთელი. მხოლოდ მის ხსენებას შეეძლო მთელი დღის სიამოვნების წამებში ჩაშხამება. ერთ დროს მარიტას კურსელი სამხატვრო აკადემიაში - ახლა მრავალ საერთაშორისო გამოფენაში იღებდა მონაწილეობას და მაშინ, როცა მარიტას შესაძლებლობა მიეცა, საკუთარი შემოქმედება საქართველოს საზღვრებს მიღმა განევრცო და დაეხვეწა, “კლასიკური სტილის ნამდვილი ოსტატიც” სწორედ აქ გაჩნდა.
მარიტა კარგად იცნობდა წერეთლის ნამუშევრებს და იცოდა, რომ როგორც კოლექციონერები, ისე კრიტიკოსები აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი შემოქმედებით. თუმცა, გოგონა ვერ ხვდებოდა, რატომ იწვევდა ეს უბრალო ნამუშევრები ასეთ ვნებათაღელვას: ისინი მარიტასთვის ძალიან ტრადიციული იყო. მას სჯეროდა, რომ ხელოვნებამ უნდა გადალახოს საზღვრები, დაუპირისპირდეს ნორმებს, დააფიქროს და არა მხოლოდ დააკოპიროს ის, რაც ადრე შეიქმნა.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა მარიტა პირველად ქმნიდა სკულპტურულ ნამუშევრებს, სამხატვრო აკადემია იტალიელ მოქანდაკეთა და ფერმწერთა დელეგაციას მასპინძლობდა. უნივერსიტეტი ცდილობდა მათთვის საუკეთესო ნამუშევრები წარმოედგინა და როცა მარიტას შემოქმედება იტალიელ მოქანდაკეთა ინტერესის საგანი გახდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა მიშო წერეთელი, თავისი ხმარებისგან გაცვეთილი ალბომითა და აჩეჩილი თმებით, რასაც საღებავიანი ხელებით უხერხულად ისწორებდა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ დელეგაციამ იმ პერიოდისთვის მხოლოდ ფერმწერთა გარკვეული რაოდენობა აირჩია და მათი სწავლის იტალიაში, კერძოდ კი ვენეციაში, დაფინანსება უზრუნველყო.
მარიტა ძალიან ცდილობდა, პირად წყენას მისი პროფესიონალიზმისთვის ზიანი არ მიეყენებინა, თუმცა, გულის სიღრმეში სწორედ ამიტომ ვერ იტანდა ყველაფერს, რაც მიშო წერეთელთან იყო დაკავშირებული. მისი მიზანი კი ნათელი იყო: მაქსიმალურად გამოეყენებინა ის შანსი, რომელიც მისი წარმატების საწინდარი იყო.
როდესაც მარიტა გალერეაში შევიდა, ბრბოს თვალი მოავლო და მზერა უნებურად მასზე შეაჩერა. მიშო წერეთელი. იგი ვენეციელი არისტოკრატის გასაოცარი პორტრეტის გვერდით იდგა და თაყვანისმცემელთა ჯგუფს მონდომებით ესაუბრებოდა. მაღალი და ლამაზი, მუქი თმით, რომელიც ელეგანტურად ჰქონდა გადავარცხნილი და გამჭოლი ცისფერი თვალებით, თავდაჯერებულობას და მომხიბვლელობას ასხივებდა. ადვილი მისახვედრი იყო, თუ როგორ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება ასე მარტივად. კარგად რომ არ სცოდნოდა, ვინ იყო, შეიძლება ვერ ეცნო, რადგან ამ დახვეწილ მამაკაცს არაფერი ჰქონდა საერთო იმ აჩეჩილთმიან, საღებავებით დასვრილ ლაწირაკთან, რომელსაც თითქმის ყოველდღე ხვდებოდა აკადემიაში. თუმცა, მარიტასთვის ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ზედაპირული ქარიზმა, რომელიც ნამდვილი შემოქმედების ნაკლებობას ნიღბავდა.
გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა. გადაწყვეტილი ჰქონდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, საკუთარი თავი ამ საზოგადოებისთვის გაეცნო და თან წინასწარ ეცინებოდა „სახალხო არტისტის“ გაოცებულ სახეზე.
მარიტა შეკრებილ ჯგუფს მაშინ მიუახლოვდა, როცა მიშო წერეთელი თავის მონოლოგს ასრულებდა: - ...და ამიტომ მჯერა, რომ კლასიკური ტექნიკის შენარჩუნება ხელოვნების მთლიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- უკაცრავად, - ამჯერად დარბაზის ექომ მარიტას თავდაჯერებული ხმა გაიმეორა. ჯგუფი მისკენ შებრუნდა, მათ შორის მიშოც, რომელმაც თვალები ოდნავ მოჭუტა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს უდიდესი საიდუმლო ჰქონდა ამოსახსნელი.
ისევ ისეთი თვალები აქვს - აი რა არ შეცვლილა - გაიფიქრა მარიტამ.
- დიახ?- თქვა მან გაოცებით.
- მარიტა დადიანი, - თქვა და ხელი გაუწოდა. - მოქანდაკე. მე ვერ შევძელი თქვენი საუბრის მოსმენა კლასიკურ ტექნიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ მათ ისტორიულ მნიშვნელობას, მჯერა, რომ ნამდვილი ხელოვნება უნდა განვითარდეს და იმ დროს ასახავდეს, რომელშიც ვცხოვრობთ. ინოვაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ძველის შენარჩუნება.
მიშომ წარბი ასწია, ტუჩები ოდნავ დამთმობი ღიმილით მოხარა.
- აჰ, ალბათ, ავანგარდისტი შემოქმედი ბრძანდებით. თამამი, პროვოკაციული, მაგრამ შესაძლოა ცოტა... არატრადიციული. რა თქმა უნდა, ჩემი გემოვნებით.
- არატრადიციულობა შინაარსის ნაკლებობას არ ნიშნავს. ხელოვნებამ უნდა იფიქროს და ემოციები გამოიწვიოს და არა მხოლოდ გაიმეოროს ის, რაც აქამდე ათასჯერ გაკეთდა. - მარიტას ლოყები სიბრაზითა აევსო.
ორ შემოქმედს შორის დაძაბულობას მათ ირგვლივ მყოფი ჯგუფი მზარდი ინტერესით უყურებდა. მიშო მარიტას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- ხელოვნებასაც სჭირდება საფუძველი, ტრადიციების პატივისცემა. ამის გარეშე ინოვაცია ქაოსად იქცევა.
- და ინოვაციის გარეშე, ტრადიცია ჩერდება. - გამოწვევისგან თვალები გაუბრწყინდა მარიტას.
გარშემო ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ უთანხმოება ხელოვნების შესახებ – ეს იყო მეტოქეობის დასაწყისი, რომელიც ორივე ხელოვანს საზღვრამდე მიიყვანდა.
დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, გამოფენის მეორე კურატორს სამადლობელი სიტყვა რომ არ ეთქვა და მიშო თავისთან არ ეხმო. მოგვიანებით, როცა მთელი საღამოს მანძილზე მარიტა მიშოს აკვირდებოდა, უფრო და უფრო უჩნდებოდა სურვილი, დაემტკიცებინა მისთვის, რომ ცდებოდა. მას სურდა ეჩვენებინა მთელი ხელოვნების სამყაროსთვის, რომ მისი ავანგარდული ქანდაკებები წერეთლის ტრადიციულ პორტრეტებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ეს იყო მხოლოდ დასაწყისი იმისა, რაც მოგვიანებით დიდ ორთაბრძოლად გადაიქცა.
გამოფენის მიწურულს, ერთ მომენტში, როცა მიშომ როგორც იქნა თავი დააღწია შეკითხვებისა და კომპლიმენტების კორიანტელს, მარიტას მოძებნა გადაწყვიტა. მთელი საღამო აინტერესებდა, საიდან ეცნობოდა ეს გოგო და რატომ გადმოვიდა შეტევაზე, მაშინ, როცა სხვა ნებისმიერი ქართველი მის დანახვაზე დნებოდა და სიამაყით ივსებოდა. მიშო მშვიდად მოძრაობდა, ვიზიტორებს ტკბილი სიტყვებით ემშვიდობებოდა და თვალებით მარიტას ეძებდა, თუმცა, როცა მის სილუეტს მოჰკრა თვალი, გამოფენის გუნდის წევრებმა ხელი დაავლეს და აღსანიშნად წაიყვანეს.
გალერეიდან გასულმა მარიტამ სახეზე გრილი ვენეციური ნიავი იგრძნო და ღრმად ჩაისუნთქა. ვენეცია ყოველთვის რომანტიკისა და იდუმალების ქალაქი იყო, მაგრამ გრძნობდა, რომ მისთვის და მიშოსთვის ის ბრძოლის ველად გადაიქცეოდა.
და რამდენადაც სძულდა ამის აღიარება, მარიტას ეს პერსპექტივა ძალიან აღაფრთოვანებდა.

***

დილის მზე თბილ ნათებას აფრქვევდა ვენეციური შენობების რთულ ფასადებს, მათი ანარეკლი კი არხების ტალღოვან წყალზე ცეკვავდა. გონდოლები მოხდენილად სრიალებდნენ ვიწრო წ....ბში, მათი ნიჩბები თევზივით მოქნილად მიიწევდნენ წინ. ჰაერი სავსე იყო ახლად გამომცხვარი პურის არომატით და ეკლესიის ზარების შორეული რეკვით, რაც ვენეციისთვის დამახასიათებელ მშვიდ და ამავე დროს ხმაურიან ატმოსფეროს ქმნიდა.
ჯერ კიდევ გალერეაში გუშინდელი დაპირისპირებისგან შეძრწუნებული მარიტა დადიანი გაბრაზებული დადიოდა მოკირწყლულ ქუჩებზე. მან იცოდა, რომ თავის დამკვიდრება რთული იქნებოდა, მაგრამ არ ელოდა, რომ ამაში მაინც და მაინც ქართველი, თან - მიშო წერეთელი, უკვე საკმაოდ ცნობილი მხატვარი შეუშლიდა ხელს.
როდესაც მხატვრის რეზიდენციის სტუდიას მიუახლოვდა, რომელიც ვენეციის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას - გრანდ კანალს გადაჰყურებდა, მარიტას მოტივაცია დაუბრუნდა. თავად შენობა შედევრი იყო და მორთული აივნებით, დიდი თაღოვანი ფანჯრებით და დახვეწილი ელეგანტურობით საუკუნეების ისტორიას ნათლად ასახავდა. ეს იყო მისი შანსი გაეკეთებინა განცხადება, ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ ქანდაკებისადმი მის ინოვაციური მიდგომა ნამდვილად იმსახურებდა ადგილს „პატივცემული კლასიკოსების“ გვერდით.
სტუდიაში უკვე მუშაობდნენ მხატვრები, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იყვნენ წარმოდგენილნი, მათი შემოქმედებითი ენერგია საგრძნობი იყო. მაღალი ჭერი და დიდი ფანჯრები საშუალებას აძლევდა ბუნებრივ სინათლეს შეევსო სივრცე. მარიტამ იპოვა მისთვის გამოყოფილი ადგილი და იარაღებისა და საჭირო მასალების ამოლაგება დაიწყო. იგი ფიქრებში იყო დაკარგული, შემდეგი სამუშაოსთვის ახალ იდეებზე ფიქრობდა, როდესაც ნაცნობმა ხმამ მკვეთრად გამოაფხიზლა.
- ჯერ კიდევ იმ რადიკალურ იდეებზე ფიქრობ, ვხედავ.

მარიტამ აიხედა და კარის ჩარჩოს მიყრდნობილი მიშო დაინახა. მისი გამომეტყველება გართობისა და გამოწვევის ნაზავი იყო. აკადემიაშიც ყველაზე მოუხერხებელ მომენტებში გამოჩენის ჩვევა ჰქონდა და დღესაც არაფრით იყო განსხვავებული.
- მაინც იმ მოძველებულ ტრადიციებს ემორჩილები, ვხედავ, - უპასუხა მარიტამ და ესკიზების რვეული გვერდზე გადადო. - აქ რამ მოგიყვანა? ავანგარდისგან შთაგონების მოპარვის იმედი გაქვს?
მიშომ ჩაიცინა და ოთახში შევიდა. - გაგიკვირდება და, ამ კონკურსში ვიღებ მონაწილეობას. თავიდან კომისიის წევრი უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ასე უფრო მეტი ადამიანის და შესაბამისად კულტურის გაცნობის შესაძლებლობა მექნებოდა, ამიტომ ამ შემოთავაზებაზე უარი ვერ ვთქვი. თან - კიდევ უფრო ჩატეხა ტუჩის კუთხე - ვიფიქრე, იმ უცნობ ქართველ მოქანდაკეს ვიპოვიდი, რომელიც ტრადიციულ ჩარჩოებში ვერ ჯდება და მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ადგილებში სკანდალის მოწყობაზეც არ ამბობს უარს.
მარიტამ თვალები აატრიალა - სკანდალი? სასაცილოა, იმედია, დისკუსიას და კამათს ყოველთვის სკანდალს არ უწოდებ, მაშინ დავრწმუნდები, რომ ამ იმიჯს შეკითხვებისგან თავის ასარიდებლად იყენებ.
მიშომ მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და გოგონას სამუშაო მაგიდაზე გაშლილ ესკიზებს დაუწყო თვალიერება.
- საინტერესო ნამუშევრებია - შენიშნა მან. - მაგრამ მაინტერესებს, შეგიძლია თუ არა მათი ქვაში შესრულება ისე, როგორც ხატავ.
- რატომ არ დარჩები და შენი თვალით არ ნახავ? - მარიტამ გამოწვევას გამოწვევითვე უპასუხა.
დაინტერესებულმა მიშომ წარბი ასწია. - ძალიან კარგი. იყოს ნება შენი. - ჩაიცინა.
მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში მარიტა მიშოს მზერის ქვეშ მუშაობდა. ცდილობდა თიხა მოხერხებულად, თავდაჯერებით დაემუშავებინა. მიუხედავად მათ შორის არსებული დაძაბულობისა, გოგონა უცნაურად აღელვებული იყო, თითქოს მათი მეტოქეობა ახალ სიმაღლეებზე ასვლისკენ უბიძგებდა.
მიშო საკუთარ სამუშაო ადგილზე გადავიდა და თავისი მოლბერტი და საღებავები მოამზადა. მარიტაც ჩუმად გადახედავდა, ამოწმებდა, ისევ უყურებდა თუ არა. შეამჩნია, როცა ესკიზის ხატვა დაიწყო, მისი გამოხედვა ინტენსიური იყო. მიუხედავად მათი განსხვავებებისა, გოგონა ვერ უარყოფა მიშოს ნიჭს და უნარს - აღებეჭდა თავისი საგნების არსი, მაშინაც კი, თუ სხვა არ ეთანხმებოდა მის მხატვრულ ფილოსოფიას.
გვიანი შუადღე იყო და სტუდია აქტიურობით იყო სავსე. მხატვრები საუბრობდნენ, ცვლიდნენ იდეებს და აღფრთოვანებული იყვნენ ერთმანეთის შემოქმედებით. მარიტაც საუბრებში ჩაერთო და მიშოსთან მეტოქეობის მიუხედავად, მან ვერ უარყო ის აღფრთოვანება, რომ ასეთი ძლიერი შემოქმედებითი საზოგადოების ნაწილი იყო.
თუმცა, მიშო იყო ერთადერთი, რომელიც მუშაობის პროცესში ხმას არ იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ მასთან თითქმის მთელი ჯგუფი სათითაოდ მიდიოდა, იგი ცდილობდა, რაც შეიძლება სწრაფად ეპასუხა დასმული კითხვებისთვის და მომხიბვლელი ღიმილით მოეშორებინა სამუშაო მაგიდიდან.
მოგვიანებით, როცა მზემ ჩასვლა დაიწყო, არხებს გრძელი ჩრდილები ააფარა და ქალაქი ოქროსფრად აალიცლიცა, რეზიდენციის დირექტორმა, სინიორა ლუჩიანა როსიმ ყველას შეკრება ბრძანა. შთამბეჭდავი გარეგნობისა და მბრძანებლური გამომეტყველების მქონე პატარა ქალი ახალგაზრდების ხელის შეწყობის, მათი ნიჭის გამოვლენისა და განვითარების პერსპექტივით იყო დაინტერესებული.
- ხვალ ამ რეზიდენციის პირველ ერთობლივ პროექტს დავიწყებთ, - განაცხადა მან. - თქვენ დაწყვილებული იქნებით სხვა მედიუმის შემოქმედებთან, რომელიც თქვენი დამატებითი უნარებისა და სტილის მიხედვით შეირჩევა. ეს არის შესაძლებლობა ვისწავლოთ ერთმანეთისგან და შევქმნათ რაღაც მართლაც უნიკალური.
მარიტას გონებაში განგაშის ხმა გაისმა. თვალი ისევ მიშოსკენ გააპარა, რომელიც რომელიც ასევე გაოგნებული ჩანდა. სინიორა როსიმ განაგრძო: - წყვილები დილით გამოცხადდებიან. ყველა თქვენგანისგან უმაღლეს დონეს ველოდები.
შეხვედრა დასრულების შემდეგ მარიტამ უსიამოვნო შეგრძნება ვერ მოიშორა. მას უფერული ეჭვი ჰქონდა იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება მისი პარტნიორი ყოფილიყო. სუფთა ჰაერზე გასვლა გადაწყვიტა, გარეთ გავიდა და გრილი საღამოს, ვენეციის ხმებმა მოიცვა იგი. წყალი ნაზად ეშვებოდა ქვის საფეხურებზე და გონდოლიერის სიმღერის შორეულ ხმებს ეხმიანებოდა.
მიშო მალევე წამოეწია. მისი გამომეტყველება უჩვეულოდ სერიოზული იყო.
- როგორ ფიქრობ, როსი წყვილად აგვირჩევს? - იკითხა მან და მარიტას უსიტყვო შიში გამოთქვა.
– შეიძლება, – აღიარა მარიტამ - მაგრამ თუ ის ამას აკეთებს, ჩვენ უბრალოდ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. თუნდაც ეს იმას ნიშნავდეს, რომ შენი ატანა მიწევდეს გარკვეული პერიოდი.
- გაუგებარია, რატომ ვერ მიტან, მართლა ვერ ვხვდები. მგონი, პირველი ადამიანი ხარ ვენეციაში, ვინც არაფრის გამო ასე მელაპარაკება, რაც მაფიქრებინებს, რომ კარგი ზრახვები არ გამოძრავებს... - ჩაიცინა მიშომ და თვალები ეშმაკურად აუელვარდა - და ხო, თუ ერთად მუშაობა მოგვიწევს, უნდა შეეგუო ჩემს "მოძველებულ" მეთოდებს. ვინ იცის? შეიძლება რაღაცაც კი ისწავლო.
მარიტას სიმწრით გაეცინა. უნდოდა ყველაფერი პირში მიეხალა, რომ არაფერი გამოუვიდოდა, ფულიანი მამამისის, პრესტიჟული ოჯახის, ოჯახის ნაცნობი მხატვრების გარეშე, მაგრამ წამიერად დაფიქრდა. მიხვდა, ახლა ამის დრო არ იყო და შეეძლო ეს სიტუაცია სათავისოდ გამოეყენებინა. თუ მიშოსთან ერთან მუშაობა მოუწევდა, ეს მისი მიზნებისკენ მიმავალ გზას კიდევ უფრო შეამოკლებდა, ძველ წყენას კი აუცილებლად გაიხსენებდა, ოღონდ თავის დროზე.
- მხატვრებისთვის ხომ ყველაფერი გაუგებარია, - უპასუხა ცინიკურად მარიტამ - თქვენ მხოლოდ თქვენი ტილო და საღებავები გადარდებთ და არც კი იცით, საღებავიანი ხელით გადასწორებული თმის იქეთ რა ხდება.
მიშომ იდეალურად გადავარცხნილ თმაზე ინსტინქტურად გადაისვა ხელი და წარბები ოდნავ შესამჩნევად შეჭმუხნა.
- და თუ ერთად მუშაობა მოგვიწევს, - გააგრძელა მარიტამ - იმედია შენს შუა საუკუნეობრივ აზროვნებას როგორმე თანამედროვეობას მოარგებ. ახლა კი, გემშვიდობები, ისედაც საკმარისი დრო დაგახარჯე.
ყველაფრის მიუხედავად, მარიტამ აღელვება იგრძნო. მიშოსთან მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივა შემაძრწუნებელი იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მას არ მოსწონდა, არ შეიძლება უარეყო, რომ ამ კოლაბორაციით შემოქმედებითი ნაპერწკლები იფეთქებოდა, როდესაც ისინი ერთმანეთს შეეჯახებოდნენ. მარიტა ფიქრობდა, რომ ამ ნაპერწკლებისგან რაღაც არაჩვეულებრივი შეიძლებოდა გაჩენილიყო.
ბოლოჯერ გააპარა მზერა მიშოსკენ. ბიჭი ისევ გაკვირვებული იდგა და მზის ჩასვლის საოცარ სცენას უყურებდა.
ვენეცია, თავისი მარადიული სილამაზითა და იდუმალი ხიბლით, თანამშრომლობის კარგი საფუძველი უნდა ყოფილიყო, რომელიც მათი შემოქმედების საზღვრებს – და მათ გულებს შეამოწმებდა.

---------------------------------
მოგესალმებით, ძვირფასო 4loveლებო heart_eyes
დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ, რაც ბოლოს აქ გამოვჩნდი და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახლში ვარ :დდდდდდ <3
ცხელ-ცხელი ამბები მოგიტანეთ ამ ზაფხულის დასაწყისში, პირდაპირ იტალიიდან და აბა, ისიამოვნეთ <3333333
თქვენი coco girl <3



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

შემდეგი ნაწილი როდის დაიდება?????

 


№2  offline წევრი Chachuas

ერთ რომანს ვეძებ სახელი არ მახსოვს შეგიძლიათ დამეხმაროთ?

 


№3  offline წევრი Mariapipinova

ძალიან კარგია !
--------------------
M.P

 


№4 სტუმარი an

ნიკი რომ დავინახე ძალიან მეცნო და არ ვიცი მეშლება თუ არა... ისტორია "ცუდ დროს ცუდ ადგილას" თქვენი იყო? ერთ-ერთი პირველი იყო, რაც საიტზე წამიკითხავს და მახსოვს, მომწონდა ძალიან:))
მომეწონა და ველი გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent