შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშიში ბიჭები (სრულად)


2-06-2024, 16:10
ავტორი Mariapipinova
ნანახია 8 621

თავი I

განსაკუთრებული ბიჭი არა ვარ. ირაკლი მქვია და თბილისში ვცხოვრობ, ერთ ძალიან მაგარ უბანში, მაგარ საძმოსთან ერთად. ორი ძმა მყავდა, კაი ტიპები. დათო ჩემზე ექვსი წლით იყო უფროსი, ბესო კი სამი წლით უმცროსი. მე შუათანა ვარ. მამა ადრე დაგვეღუპა, მაშინ მე-2 კლასში ვიყავი, მთვრალი მოდიოდა ქუჩაში და მანქანა დაეჯახა. მკვლელი მიიმალა, მის ასავალ-დასავალს ვერ მიაგნო ვერც პოლიციამ, ვერც დედამ, ჩვენ კი იმდენად პატარები ვიყავით, ამის გააზრების უნარი ნაკლებად გვქონდა. დალხენილი ცხოვრება არც მამის სიცოცხლეში გვქონია, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ უფრო გაგვიჭირდა. დედა დამლაგებლად მუშაობდა, მწირი ხელფასი ჰქონდა, ძლივს გაგვქონდა თავი. ვიღაც-ვიღაცები გვეხმარებოდნენ, მაგრამ არ იყო საკმარისი…

მერე დათო წამოიზარდა, იგრძნო, რომ ოჯახს მარჩენალი სჭირდებოდა და დაიწყო «ჩალიჩი». არ ვიცი, რას აკეთებდა, მაგრამ ცოტა ხანში სახლში ფული გაჩნდა, დედასაც მიატოვებინა მუშაობა, ბავშვებს მიხედეო. სკოლა ერთი წლის დამთავრებული ჰქონდა. უბანში ყველას უყვარდა, ძმაკაცებთან ერთად «საქმეებზე» დადიოდა, ოღონდ მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა იყო ეს «საქმეები». ამას გვიან, ძალიან გვიან მივხვდი, როცა მეც მისი ხნის გავხდი.

დათოს უპირველესი საზრუნავი მე და ბესო ვიყავით. დილით «პადიომის» ძახილით გაგვაღვიძებდა, ბოლო ხმაზე ჩაგვირთავდა მაგნიტოფონს, ლოგინებიდან წამოგვყრიდა და აბაზანისკენ მიგვარბენინებდა, საუზმის შემდეგ კი ჩაგვსვამდა მანქანაში და სკოლის კართან ჩამოგვსვამდა ხოლმე, თან დაგვიბარებდა, გაკვეთილების შემდეგ მოვალ და უჩემოდ ფეხი არ გაადგათ, დამელოდეთო. კარგა ხანს მაღიზიანებდა მისი ასეთი საქციელი, პატარა ბიჭი ხომ არ ვიყავი «ამხელა» კაცი, თერთმეტის გავხდი. კლასში უკვე ვყოჩობდი, გოგონებთან «ვმარიაჟობდი», შეყვარებულობანასაც ვთამაშობდი. ბესო კი იყო პატარა და ვერ გეტყვით, რას განიცდიდა, რადგან არასდროს დაუწუწუნია ჩემთან დათოს გამო. პირიქით, უხაროდა, როცა მის მანქანაში მოკალათდებოდა მოხერხებულად. თან სულ იმას ეჩიჩინებოდა, მანქანის ტარებას როდის მასწავლიო. როცა დიდი გაიზრდებიო, უპასუხებდა დათო. დიდი როდის გავიზრდებიო? _ არ ასვენებდა ბესო. ხვალ არა და ზეგო, გაეხუმრებოდა უფროსი ძმა.

ასე გადიოდა დრო. ჩვენი დაკერებული ტანსაცმელი და სხვისი გამონაცვალი პერანგ-შარვლები ნელ-ნელა ახლებით შეიცვალა. ეს დათოს დამსახურება იყო. გიტარაზეც კი მატარებდა, შენ კარგი სმენა გაქვს და დაკვრა ისწავლე, მერე გოგოებში მაგარი ტიპის სახელი გექნებაო. ამ მხრივ ბესო უფრო განებივრებული ჰყავდა, ნიჭიერია ეგ შობელძაღლი, ვინ იცის, მისგან ყველაზე ცოტა, მინისტრი მაინც დადგეს, სერიოზულად უნდა მივხედოო და დაუქირავა რეპეტიტორები _ ინგლისურის, მათემატიკის, ქართულის… პატარა მართლაც გენიოსი იყო. ისე სხლავდა ინგლისურად ეს თითისტოლა ბავშვი, გაოგნებული შევცქეროდი ხანდახან, როგორ იმახსოვრებს ამდენ უცხო სიტყვას-მეთქი.

8 8 8

დრო გავიდა, მე თორმეტის წლის გავხდი, ბესო _ ათის. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ერთი რამის გარდა. ბოლო ხანებში დედამ ტირილს მოუმატა, ხშირად ვხედავდი თვალცრემლიანს. დათოც შეიცვალა, შინ გვიან ბრუნდებოდა, ხანდახან რამდენიმე დღით საერთოდ დაიკარგებოდა ხოლმე. დედა ნერვიულობდა, ატეხავდა რეკვას მის ძმაკაცებთან, მათ დედებთან, მამებთან _ ხომ არ იცით, სად არის, ვისთან არის, როდის ნახეთ ბოლოს და ა.შ. დათო ერთი-ორჯერ ისეთი სახეშეცვლილი მოვიდა, გამიკვირდა, ასეთი დაღლილი სახე რატომ აქვს, რა დაემართა-მეთქი. მაშინ რას ვიფიქრებდი, თუ ნარტოკიტებზე იყო შემჯდარი, თუ წამლის გამო ჰქონდა სახე ასე წაშლილი. ამდენი არ მესმოდა.

ერთხელაც შუაღამისას, ხმამაღალმა ლაპარაკმა გამომაღვიძა. დედაჩემის ხმა ვიცანი.

_ როდემდე გინდა ასე იცხოვრო, გამაგებინე! _ ტირილნარევი ხმით საყვედურობდა დედა დათოს, _ სად შოულობ ამდენ ფულს, რა გზას ადგახარ, ბიჭო, რას მიშვრები, რატომ მიმწარებ დარჩენილ დღეებს? შენ რომ რამე დაგემართოს, რა ვუყო ამ ორ ბავშვს, ვის იმედად მტოვებ!

_ გაჩუმდი, რა, დედა! არაფერიც არ დამემართება. ყველაფერი კარგადაა, დამიჯერე. ვმუშაობ, კარგი შემოსავალი მაქვს, ეგ არის და ეგ.

_ მატყუებ, მატყუებ შე საზიზღარო! _ იკივლა ბოლოს დედამ, _ არსადაც არ მუშაობ! ის ავთო და ვალერა დაგღუპავენ შენ, აი ნახავ! შეეშვი მაგათთან მეგობრობას, გირჩევნია, თორემ რაღაცას გადაეყრები!

_ დამანებე რა, თავი, ელიჩკა, შარზე ხარ? რას დამჩხავი ყვავივით ამ შუაღამეს! ჭამა მაინც მაცალე! _ და უცებ მსხვრევის ხმა გაისმა.

შეშინებული წამოვხტი საწოლიდან და ტრუსისამარა გავვარდი სამზარეულოში. დედა კედელს მიყრდნობოდა და ჩუმად ქვითინებდა, დათო კი სკამზე ჩამომჯდარიყო და გაბზარულ ჭიქას უაზროდ მიშტერებოდა. იატაკსა და მაგიდაზე თეფშის ნამსხვრევები მიმოფანტულიყო. დედამ მაშინვე შემამაჩნია და ტირილს უმატა. დათომაც გამომხედა.

_ შენ რაღა გინდა, ბიჭო, ვერ დაეტევი შენს ლოგინში? წადი, დაიძინე! _ უხეშად მითხრა.

უსიტყვოდ გავტრიალდი, საბანი ავწიე და ოთხად მოკუნტული შიგ შევძვერი. შემცივდა, ალბათ უფრო შიშისგან, ვიდრე სიცივისგან. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დედა და დათო ასე ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ადრე მსგავსი არაფერი ყოფილა.

ცოტა ხანში დათო ჩვენს ოთახში შემოვიდა. საბანი ცხვირამდე ავიწიე, მეც არ მეჩხუბოს-მეთქი, მან კი გამიღიმა, მერე თვალი ჩამიკრა და მითხრა.

_ დაიძინე, ბრატ, დაიძინე, ყველაფერი «აჟურშია», _ შუქი ჩააქრო და გავიდა.

იმ ღამემ პირველად ჩამაფიქრა ცხოვრებაში. მართალია, ასაკით ჯერ ისევ პატარა ვიყავი, მაგრამ ასეთ რამეებს «ვტვინავდი». ვხვდებოდი, რომ დათო მაინცდამაინც კარგ გზას არ ადგა. დედა ტყუილად არ დაუწყებდა ჩხუბს, მას არ ჩვეოდა უსიამოვნებები. ჩვენთან ურთიერთობაში არასდროს აუწევია ხმისთვის, ყოველთვის ხმადაბლა და თბილად გველაპარაკებოდა.

მეორე დილა ჩვეულებრივად დაიწყო. დათომ ძველებურად დაგვჭყივლა, წამოგვახტუნა და სკოლისკენ გაგვაქანა.

_ აბა, ლომებო, პირველ საათზე აქ ვარ, ჭკვიანად იყავით.

ბესომ ხელი დაჰკრა მის გამოწვდილ ხელს, მე კი გავუღიმე მხოლოდ, რაღაც უცნაურად, დიდი კაცივით.

_ რაო, იკა, რაღაც ვერ ხარ შენს «მოტორზე», ვინმემ ხომ არ გაწყენინა, ბიჭო! _ თვალმოჭუტულმა მკითხა.

უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

_ თუ რამეა, მითხარი და ნაწლავებს დავაყრევინებ, ხომ იცი, შენი ძმა ვარ! _ თავისი ჭკუით, გამამხნევა, მე კი ბრაზი მერეოდა მის სიტყვებზე.

_ მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს, პატარა აღარ ვარ! _ ამაყად, მაგრამ გაუბედავად ვუთხარი.

_ აუჰ! ერთი ამას დამიხედეთ, როგორ «ბაზარი» უსწავლია. ერთი კარგად შემომხედე! _ დათო მოტრიალდა, ნიკაპქვეშ ამომდო საჩვენებელი თითი და თავი ამაწევინა.

არ შევხედე. კარგა ხანს მიყურა, მერე ხელი შემიშვა, არაფერი უთქვამს, ამოიხვნეშა მხოლოდ, ღრმად, დარდიანად.

_ კარგი, ეგრე იყოს, ძმაო. მომწონს, ასეთი რომ ხარ. რამე რომ იყოს, ადვილად შემცვლი, შენი იმედი მაქვს. აბა, ახლა დაახვიეთ აქედან! _ თქვა, მანქანიდან გადმოგვსხა და მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს.

იმ წუთებში არ ჩავუკვირდი მის სიტყვებს. მერე, დრო რომ გავიდა და ის საზარელი ამბავი მოხდა, მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა დათოს ნათქვამი _ რამე რომ იყოს, ადვილად შემცვლიო. რას ვიფიქრებდი, საბედისწერო რამ თუ გველოდა წინ.

8 8 8

ჩვენ ისეთ ადგილას ვცხოვრობდით, სადაც მანქანები ნაკლებად მოძრაობდნენ, განსაკუთრებით ღამის საათებში. კორპუსთან ახლოს ჩვენი რაიონის პოლიციის განყოფილება იყო განთავსებული, ამიტომ უბნის ბიჭებს იქვე მდგარ პატარა სკვერში თავშეყრა მაინცდამაინც არ უყვარდათ, თავს არიდებდნენ, სამაგიეროდ, ცოტა ქვემოთ, პარალელურ ქუჩაზე მდებარე პარკში ხშირად იკრიბებოდნენ, გამოიყვანდნენ თავიანთ მაგარ-მაგარ მანქანებს და ტრასაზე «გონკაობდნენ». მიყვარდა ამ პროცესის ყურება. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მე ვიჯექი საჭესთან და მე ვეჯიბრებოდი რომელიმე მათგანს. განსაკუთრებით დათოს ტრიუკები მხიბლავდა. ისეთი ოსტატობით დაატრიალებდა მანქანას ერთ ადგილზე, აღტაცებას ვერ ვმალავდი. მეამაყებოდა, ჩემი ძმა რომ იყო _ ჩემი საფიცარი და უსაყვარლესი ძმა. მინდოდა მისგან ამეღო მაგალითი, მისნაირად ვყვარებოდი ყველას, მასავით «კაი ბიჭის» სახელი მქონოდა უბანში, როცა გავიზრდებოდი. თან გული მეთანაღრებოდა, რას საქმიანობდა ამისთანას, დედის რისხვა რომ დაიმსახურა. ვიცოდი, რომ არ მუშაობდა, არასდროს უთქვამს, სამსახურში მივდივარ, ხელფასი ავიღე, თანმშრომლებთან ვქეიფობ და სხვა მსგავსი რამ. მისი სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ უბანს და «საძმოს» უკავშირდებოდა. ვალერა, ავთო, ზურა, ვატო, ჩორნა, ღვაბო… ყველაზე ხშირად ეს სახელები ისმოდა ჩვენს ოჯახში.

7 7 7

ერთხელაც, როცა სკოლაში გამოგვიარა, ვიღაც უცხო ბიჭი ეჯდა მანქანაში. რაღაც საიდუმლო საქმეზე ლაპარაკობდნენ, თან ისე, ჩვენთვის, ბავშვებისთვის გაუგებარი რომ დარჩენილიყო. მე არ მესმოდა იმ სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში «მასტერკა», «ბაიანი», «ერთი კუბი», «ტარიანი», «სუბუტექსი»… ყველაზე მეტად ბოლო სიტყვამ დამაინტერესა, არ ვიცი რატომ. შეიძლება იმიტომ, რომ ჟღერადობა ჰქონდა უცხოური, ყურს სხვანაირად ხვდებოდა. შეიძლება იმიტომაც, რომ ტელევიზორში იმეორებდნენ ხშირად ამ სიტყვას… კიდევ ერთი რამ დამამახსოვრდა. ბიძაჩვენი მოვიდა ერთ საღამოს, დედამ დაიბარა თურმე. დასვა დათო და დაუწყო შეგონებები. ბევრ რამეს შეჰპირდა, კარგ სამუშაოს, კარგ ხელფასს, პარალელურად უმაღლესში ჩარიცხვას, მხოლოდ ერთი პირობით…

_ მხოლოდ ერთი პირობით, თაფლის ბიზნესს უნდა შეეშვა, მეგობარო, _ ღიმილით უთხრა თაზო ბიძიამ და ისე კეთილად გაუღიმა, დედაჩემს თვალები ცრემლით აევსო.

აი ის თაფლის ბიზნესი მაინტერესებდა, რას ნიშნავდა. დათოს შინ თაფლი არასდროს მოუტანია, არც მის მეგობრებს უხსენებიათ ოდესმე. რა უნდა ყოფილიყო? მაშინ ვერავინ ამიხსნა, ვის არ ვკითხე, მაგრამ არავინ იცოდა, რა იმალებოდა ამ სიტყვების უკან. არც დედამ იცოდა, მანაც მხრები აიჩეჩა, რომ დავინტერესდი. მერე, დიდი ბიჭი რომ გავხდი, გავახსენე ბიძას ის ამბავი, გაიცინა და მითხრა, თაფლის ბიზნესი ნარკოტიკების მოხმარებას ნიშნავს, ეს ჩვენი ტერმინი იყოო.

7 7 7

_ დედიჯან, შეიძლება ცოლი მოვიყვანო, _ ამ სიტყვებით შემოაღო ერთ საღამოს დათომ კარი და თავისი საყვარელი «ადიდასის» ქუდი, რომელსაც ზამთარ-ზაფხულ თავიდან არ იხდიდა, სკამზე მიაგდო.

_ მართლა? მართლა მეუბნები, დათო, შვილო, არ მატყუებ? _ დედას სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდა.

_ აბა ტყუილად ნათქვამი როგორი იქნება, შენი აზრით? _ გაიცინა დათომ და მაგიდაზე ჩამოჯდა.

_ აბა, სად ჯდები, შე საძაგელო, ვინ გასწავლა მაგიდაზე ჯდომა? _ გაუწყრა დედა, _ ქცევის წესები ვერ გისწავლია და რომელი გოგო გამოგყვება შენ ცოლად! _ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია დედაჩემმა.

_ გამომყვება, დე, გამომყვება, იცი რა გოგოა? მაგრად მოგეწონება!

_ ღმერთმა ქნას, კარგი იყოს. მე რა, მთავარია, შენ მოგწონდეს და შენ იყო კმაყოფილი, თორემ მე ვინ მკითხავს.

დათოს ხალისიანი განწყობა მე და ბესოსაც გადმოგვედო. შემოვეხვიეთ უფროს ძმას და შეკითხვები დავაყარეთ.

_ დათ, ვინ არის? მე ვიცნობ? რომელია? _ ერთმანეთს არ ვაცლიდით ბიჭები და გვერდიდან არ ვშორდებოდით მაგიდაზე შემოსკუპებულს.

_ აბა, დაახვიეთ აქედან! თქვენ ჯერ არავინ არაფერს გეკითხებათ. ეგღა მაკლია, ახლა თქვენგან ავიღო ნებართვა, მჭირდება ცოლი თუ არა, _ მკლავებში ჩაგვავლო ორივეს ხელი და შუა ოთახში ერთმანეთის მიყოლებით დაგვატრიალა.

ავხმაურდით, მაგრამ რა ავხმაურდით. არასდროს დამავიწყდება ის საღამო _ ყველაზე მხიარული, ყველაზე თბილი და სიყვარულით სავსე. ეს ერთადერთი საღამო იყო, როცა ყველას ერთად გვიხაროდა რაღაც.

_ ამ დღეებში ამოვიყვან და გაგაცნობთ, _ თავაწეულმა თქვა და თვალი ჩამიკრა.

_ მოიცა, მოიცა, დათო, ეგრე როგორ შეიძლება, შვილო. წინასწარ გამაფრთხილე, რაღაც ხომ უნდა მომეძევებოდეს სახლში, მოულოდნელად არ დამაყენო თავს სხვისი შვილი, რას იფიქრებს, _ შეშფოთდა დედა.

_ ნუ გეშინია, დე, ისეთ სუფრას გავშლი, ჩიტის მწვადიც რომ არ აკლდეს.

_ ჩიტის მწვადი რაღაა, შენ რა გითხარი, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე?

_ რა ვიცი, რაღაც ორიგინალურად ჟღერდა და… _ უხერხულად გაიცინა დათომ და თმაზე გადაისვა ხელი.

7 7 7

იმ დღიდან სამივენი მოლოდინში ვიყავით. ერთი სული გვქონდა, «ახალ გოგოს» როდის გავიცნობდით. ცოტა კი მეუცხოვებოდა, უცხო წევრის შემომატება ოჯახში, მეგონა, რაღაც უჩვეულო გველოდა წინ, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო, მაგრამ დღეები გადიოდა და «საცოლე» არ ჩანდა. დედამ რამდენჯერმე შეახსენა დათოს, როდის გვაღირსებ სარძლოს ნახვასო, მაგრამ ცოტაც მაცალეთო, გვაჩერებდა იგი.

მახსოვს, სამშაბათი დღე იყო. გაკვეთილები კარგა ხნის წინ დამთავრდა, მე და ბესო ქუჩაში ვიდექით და დათოს ველოდებოდით, ის კი იგვიანებდა. ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა მისი შავი ფერის «ბმვ», ნელა მოდიოდა ძალიან. ზედ ცხვირწინ წაგვიჩერა მანქანა.

_ «იზვინიტე», ლომებო, შემაგვიანდა, საქმე იყო, _ უხასიათოდ თქვა.

მისი ტონი არ მომეწონა.

_ ჩქარა, ჩქარა ჩაჯექით, დროში ვიწვები, რა გჭირთ, _ დაგვიცაცხანა ორივეს, სანამ ჩავსხდებოდით.

უსიტყვოდ მიგვიყვანა სახლამდე. გადმოვედით.

_ შენ არ მოდიხარ? _ ვკითხე გაოცებულმა, სხვა დროს ასე არასდროს მოქცეულა.

_ მე არა, ბრატცი, უნდა წავიდე. შეიძლება ამაღამ არ მოვიდე, არ შეგეშინდეთ. დედაც გააფრთხილეთ.

_ სად მიდიხარ? _ დავინტერესდი.

_ შენი საქმე არ არის, რაც ნაკლები გეცოდინება, მით გვიან დაბერდები.

_ არა, მართლა! დედას რა ვუთხრა? _ არ მოვეშვი.

_ ეეჰ! რა გამიხურე საქმე! არ ვიცი, შეიძლება ცოლი მოვიყვანო, გაიგეეე? _ სევდიანად გამიღიმა და ქოჩორი მომქაჩა, _ თმა შესაჭრელი გაქვს, ჯიგარო, ვერ ხვდები?

_ ვიცი, _ თავი დავღუნე და ფეხსაცმლის ჭვინტით ასფალტს გავეხახუნე.

_ ჰოდა, თუ იცი, მიხედე მაგ გოგრას, ტვინი რომ გადმოგდის, _ ამ სიტყვებით ერთი ღრმად ჩამაცქერდა თვალებში, მერე დაუსტვინა და ადგილიდან მოწყდა.

თვალი გავაყოლე მიმავალ მანქანას. მოულოდნელად მკვეთრად დაამუხრუჭა, უკუსვლით წამოვიდა და გააჩერა ისე, რომ ძრავა არ გამოურთავს.

_ კინაღამ დამავიწყდა, ეს დედას მიეცით, ფულია, _ მითხრა და ქაღალდში გახვეული სქელი დასტა მომაჩეჩა.

_ რამდენია? _ თვალები გამიფართოვდა ამსისქე შეხვეულის დანახვაზე.

_ ბევრია, ბევრი, ერთი წელი მაინც გეყოფათ, _ თქვა და დაუმშვიდობებლად გაგვეცალა.

ჯერ სიტყვა «გეყოფათ» არ მომეწონა, მერე «ერთი წელი გეყოფათ» ამეკვიატა. რატომ მითხრა ასე? უკვე ყველა მის სიტყვაზე ვეჭვიანობდი. დედასთან იმ ჩხუბის შემდეგ სულ შიში მქონდა, მეგონა, რაღაც საშინელება უნდა მომხდარიყო. მისი ქარაგმულად ნათქვამი გონებიდან არ მშორდებოდა.

შინ შესულმა დედას გაკვრით ვუთხარი, რაც მოხდა და შეხვეული მივაწოდე. ერთადერთი ის დავუმალე, რომ თქვა, შეიძლება ამაღამ არ მოვიდეო. ვიცოდი, დედა ინერვიულებდა. დედამ შუბლი შეკრა, მერე ქაღალდი შემოხსნა ფულს და სახეზე ფერი ეცვალა. მეც დავაღე პირი გაოცებისგან. ასდოლარიანების საკმაოდ მსხვილი დასტა იყო.

_ რაო, გაიმეორე, კიდევ რა გითხრა? _ ჩურჩულით მკითხა დედამ.

_ შეიძლება ამაღამ ცოლი მოვიყვანოო.

_ დარწმუნებული ხარ? _ დედა მხრებში ჩამაფრინდა.

_ ჰო, დე, ასე თქვა, მეც მესმოდა, _ მხარი ამიბა ბესომ.

_ ესე იგი, სუფრა უნდა გავშალო, ამიტომ მოგცა ფული, არა?

_ რა ვი, ალბათ, აბა სხვა რა უნდა ქნა, აქ არა ვარ, ჩვენც მოგეხმარებით, _ დიდი კაცივით ვუპასუხე.

საწყალი ელიკო… როგორ დაფაცურდა, მეზობელს დაურეკა, დამეხმარე, ბაზარში გამომყევიო. წამში გავარდნენ ორივენი. ვინანე, სიმართლე რომ დავუმალე. რა წესია, ახლა ესენი ყველაფერს გააკეთებენ, ის კი არ მოვა. გაგიჟდება დედა. სინდისი მქენჯნიდა, მაგრამ უკვე ვერაფერს შევცვლიდი. რაც იქნება, იქნება, მერე რა, იმდენი ფული გვაქვს, თუ არავინ მოვა, ერთი კვირა საჭმელ-სასმელი არ გამოგველევა. ცოტა მოგვიანებით დავურეკავ დათოს, ყველაფერს ვეტყვი და რომ გაიგებს, დედამ სუფრა გაშალაო, იქნებ ამოვიდეს კიდეც თავის ცოლიან-ძმაკაცებიანად.

ქალები მალევე დაბრუნდნენ სურსათ-სანოვაგით დატვირთულები. ბაზარი რამდენიმე მეტრში იყო ჩვენგან, ტაქსი არ გვჭირდებოდა. მერე დატრიალდნენ, სხვადასხვა კერძის გემრიელი სურნელებით გაიჟღინთა სახლი. საღამო ხანს, დაახლოებით შვიდი საათისთვის, ისეთი სუფრა გაიშალა, არასდროს რომ არ მენახა ჩვენს სახლში.

_ ელო, კარგი გოგოა თუ იცი? _ ეკითხებოდა ნათელა დედას.

_ შენ გგონია, ვიცი? თვალითაც არ მინახავს. შემპირდა, ერთხელაც ამოვიყვან და გაგაცნობო, მაგრამ გაგიგონია?! ა! ხომ ხედავ, რა გააკეთა, არც გამაფრთხილა, ისე მოჰყავს. გაზარდე ახლა ამისთანა შვილი, მერე რა წვალებით მყავს გაზრდილი, შენ მაინც იცი, _ ასე საუბრობდნენ ერთმანეთში დედა და ნათელა ბებო.

_ ირაკლი, დედი, მიდი ერთი, დაურეკე იმ შენს უტვინო ძმას მობილურზე, რას შვრება, როდის მოდის, _ გამომძახა დედამ, რვა საათი რომ დაიწყო, _ გაცივდა ყველაფერი.

_ ვურეკავ, მაგრამ გამორთული აქვს, დე, _ გავძახე მეც.

_ გამორთული რატომ აქვს, რა, მეტროთი ხომ არ მოჰყავს? _ იხუმრა დედამ.

დედამ კი იხუმრა, მაგრამ მე ვერ ვიყავი ხასიათზე. იმ დღეს დათო არ მომეწონა. ვგრძნობდი, რაღაც სანერვიულო ჰქონდა, სახეზე ეტყობოდა. მობილურიც გამორთული აქვს. ნეტავ რა ხდება? ხომ არ მოიტაცა ის ვიღაცა? დრო უაზროდ გაიწელა, თორმეტიც გახდა. ნათელა ბებო წავიდა, დაღლილი დედა სკამზე იჯდა და ნაღვლიანად გაჰყურებდა გაშლილ მაგიდას. მე ვიწექი ჩემს ოთახში და დათოს ველოდებოდი. ვიცოდი, არ მოვიდოდა, მაგრამ მაინც ჯიუტად ველოდებოდი. ბესოს ტელევიზორის ყურებაში ჩასძინებოდა. საბანი გულმოდგინედ შემოვუკეცე, არ გაცივდეს-მეთქი და ფანჯარას მივუახლოვდი, სიბნელეს გავხედე. წვიმდა, ცა უსიამოვნოდ მოქუფრულიყო. მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა. მაშინვე მივვარდი, მაგრამ დედამ დამასწრო. დედა, რომელიც სხვა დროს არასდროს იღებდა ყურმილს, რაღაც საოცარი სისწრაფით შემოვარდა ოთახში და ტელეფონს ეცა. ჩუმად ისმენდა ვიღაცის სიტყვებს, სახე გაუქვავდა თითქოს, თვალები დახუჭა.

_ შვილო, დათო, ეს რა მიქენი, _ ამოიკვნესა უცებ, ყურმილი ხელიდან გაუვარდა და გულწასული იატაკზე გაიშხლართა…

8 8 8

არც ისე პატარა ვიყავი, რომ ჩვენს თავზე დატრიალებული ტრაგედიის არსს ვერ ჩავწვდომოდი. ახლაც კი მიძნელდება იმ საშინელი დღეების გახსენება. ყურში დღესაც ჩამესმის დედაჩემის განწირული კივილი, გოდება, მოთქმა, როცა გონს მოვიდა და მომხდარი გაიაზრა… დათო, ჩემი დათო, ჩემი საამაყო ძმა აღარ იყო. თითქოს იმწუთას რაღაც ეტაპი დასრულდა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს ერთბაშად რამდენიმე წელი მომემატა. მივხვდი, რომ დღეიდან მთელი პასუხისმგებლობა მე უნდა ამეღო ჩემს თავზე. ბესო ჯერ კიდევ იმ ასაკში იყო, როცა ასეთ რამეებს ვერ აანალიზებენ. მართალია, არც ცრემლების მორიდებია და არც ხმამაღალი ტირილის, მაგრამ მას შედეგზე არ უფიქრია. იმაზე, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება უფროსი ძმის გარეშე, როგორ გაგვიჭირდებოდა, როგორ დავეშვებოდით ფსკერისკენ…

იმ ღამეს, როცა დათო შინ მოასვენეს, მეც ვქვითინებდი, მოზღვავებულ ცრემლებს ადვილად მივეცი გზა, ძნელი იყო თავის შეკავება, მაგრამ მომდევნო დღეებში თითქოს გამიშრა ცრემლი, გავქვავდი, გავმეხდი, სახე გამიმკაცრდა, მხოლოდ მაშინ ვტიროდი, როცა მარტო ვრჩებოდი ძმის ცხედართან.

კიდევ… კიდევ ის გოგო მახსოვს, უცხო გოგო, მიცვალებულზე გადამხობილი მწარედ რომ ქვითინებდა, ლამაზი თეთრი გოგო. მაშინ ბევრი არაფერი ვიცოდი მის შესახებ, მაგრამ მოგვიანებით გავიგე, რომ თავი და თავი დათოს სიკვდილისა სწორედ ის იყო…

კვირა დღეს დავასაფლავეთ. ზღვა ხალხი მოაწყდა ჩვენს კორპუსს. არ მეგონა, ამდენი ადამიანი თუ იცნობდა ჩემს ძმას, ამდენს თუ შესტკიოდა გული მასზე. ხალხის ნაკადს ბოლო არ უჩანდა. დედას და ნათესავებს ხელი არ გაუტოკებიათ, ყველანაირი ხარჯი უბნის ბიჭებმა აიღეს თავის თავზე, ყველაფერს მათ მიხედეს. ქელეხის სუფრაც ისეთივე განსაკუთრებული იყო, როგორი განსაკუთრებული სიყვარულითაც სარგებლობდა იგი მეგობრებში…

ალბათ გაინტერესებთ, რა დაემართა დათოს, არა? მოგიყვებით.

სწორედ იმ დღეს, ჩვენ რომ სახლში ამოგვიყვანა, იმ გოგოს ცოლად შერთვა გადაუწყვეტია. დაურეკავს, მოვდივარ და მზად დამხვდი, მეტის მოთმენა არ შემიძლიაო. მის სადარბაზოსთან მისულს ვიღაც ბიჭი დახვედრია და უთქვამს, შენთან საქმე მაქვსო. დათო და მისი ძმაკაცები გარს შემოხვევიან უცნობს. იმ ბიჭს, ვინმე «წოვას» (ასე ეძახდნენ თურმე), უთქვამს, მარის თავი დაანებე, მე მიყვარს და სანამ ცოცხალი ვარ, მის თავს არავის დავუთმობო. ლაპარაკს შეჰყოლიან. დათო იქამდე უთმენდა თურმე, სანამ «წოვას» არ წამოუძახებია, ეგ გოგო კარგა გვარიანად მყავს ნახეხი და სხვისი ნახმარი ქალი რა «ჩემ ფეხებად» გინდაო. აქ კი ვერ მოუთმენია დათოს, დანა დაუძრია და ზუსტად ცხრა ჭრილობა მიუყენებია მუცლის არეში. მერე… მერე გაქცეულან ჩვენები, სასიკვდილოდ დაჭრილი კი უპატრონოდ მიუტოვებიათ. დაზაფრულები ვალერასთან ასულან, იქ «ცოტა აზრზე მოსასვლელად»… წამალი გაუკეთებიათ, დათოს დოზა მოსვლია ზედმეტი და… ვეღარ გამოიყვანეს მდგომარეობიდან. აი ასე, სიყვარულმა და ნარკოტიკებმა იმსხვერპლა მისი სიცოცხლე.

ამ საქმის გამო ვალერა დაიჭირეს, დანარჩენები მხოლოდ მოწმეებად დაიკითხნენ, მათ შორის ავთოც. თუმცა მისთვის ხელი არ უხლიათ, იმიტომ, რომ იმ დროს მათთან არ იმყოფებოდა, ფილტვების ანთებით შინ იწვა და მაღალი სიცხისგან ბოდავდა თურმე.

7 7 7

ის დღე იყო და ის დღე… შვილის დასაფლავების დღიდან დედა დამუნჯდა. ისე გარდაიცვალა, ერთი სიტყვა არ წარმოუთქვამს, თითქოს ენა გადაყლაპაო. რა არ გააკეთა ბიძაჩემმა, როგორ არ ეცადა, ემკურნალა მისთვის, საუკეთესო სპეციალისტებს გაასინჯა _ ექიმებს, ფსიქოლოგებს, მაგრამ სტრესი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, ვერაფერმა უშველა. ყოველდღე აიღებდა დათოს ტანსაცმელს, ჩაიხუტებდა გულში, ისრუტავდა შვილის პერანგსა თუ შარვალზე შემორჩენილ სურნელს და უხმოდ ტიროდა…

მალე დედა ლოგინად ჩავარდა. უჭმელობისგან და დარდისგან გახდა, ჩამოხმა, დაავადდა. ბიძაჩემი გვაკითხავდა ხშირად, ფაქტობრივად, ის გვივლიდა პირველ ხანებში. კიდევ «ღვაბო» მახსოვს, დათოს ძმაკაცი, რომელიც ყოველი თვის ბოლო დღეს ამოდიოდა ჩვენთან, ხუთას ლარს ამოიღებდა ჯიბიდან, მაგიდაზე დადებდა, მერე დედას ხელზე აკოცებდა და ათას ბოდიშს უხდიდა მომხდარის გამო, ვერ დავიცავი ჩემი საუკეთესო ძმაო. გვიან, ძალიან გვიან, როცა წამოვიზარდე და ბევრი რამის აზრზე მოვედი, მივხვდი, საიდან მოდიოდა ის ფული, «ღვაბოს» რომ მოჰქონდა ჩვენთან. ეს, ე.წ. «ობშიაკის» ფული იყო. ძმაკაცები აგროვებდნენ თურმე ყოველთვიურად და სპეციალურად დებდნენ დათოს პატივისცემის აღსანიშნავად. ამიტომაც იყო, რომ «ღვაბოს» მოტანილი კუპიურები ხან ათ და ოცლარიანებისგან შედგებოდა, ხანდახან კი… ლარი და ორლარიანებიც ბევრი ერია შიგ.

ასე გრძელდებოდა მთელი წელი. დედა გამოზოგილად ხარჯავდა ფულს. შემდეგ… შემდეგ «ღვაბოსაც» მისწვდნენ ვიღაც-ვიღაცები. ეს ალბათ სამაგიეროს გადახდა უფრო იყო, რადგან სწორედ იმ «წოვას» ძმამ, რუსეთიდან დაბრუნებულმა კანონიერმა ქურდმა, ვინმე «ზიპომ» ჩაცხრილა მანქანაში და მიიმალა. აი მაშინ კი გაგვიჭირდა. დედა შრომისუუნარო გახდა, მუშაობა არ შეეძლო. მე რას გავაწყობდი, თორმეტი წლის ბიჭი? ბიძაჩემს კი არ ჰქონდა იმდენი საშუალება, ორი ოჯახი ერჩინა. მართალია, დედა დანაზოგს ეკონომიურად ხარჯავდა, მაგრამ როდემდე? კიდევ ერთი წელი და ისიც გამოილია. მივხვდი, რაღაც უნდა მეღონა. ახლა მთელი ტვირთი მე დამაწვა მხრებზე. დიდხანს ვფიქრობდი, რა გამოსავალი მეპოვა. არასდროს არაფერი მომიპარავს, არავინ დამიყაჩაღებია, ამ ეტაპზე ამისთვის ნამდვილად ვერ გამოვდგებოდი. რა გზას დავდგომოდი? ერთადერთი, რაც მეხერხებოდა, «მაზიანებზე» თამაში იყო. ეს რისკს უკავშირდებოდა, მაგრამ მიღირდა ამ რისკზე წასვლა. ჯერ კარტის თამაშით დავიწყე. სადღაც, მიყრუებულ სარდაფებში დავდიოდი, პოკერის მოთამაშე ბიძა კაცებთან და კლასელებისგან აკრეფილი ფულით ვიწყებდი თამაშს. გამიმართლა. ალბათ იღბლიან ვარსკვლავზე ვიყავი დაბადებული, ცოტ-ცოტას ვიგებდი. ყოველ შემთხვევაში, არასდროს წამიგია, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ძალიან ჩამითრია ცხოვრების ამ წესმა. დედა ვერ მელაპარაკებოდა, მაგრამ მის თვალებში ყოველ საღამოს შიშს ვკითხულობდი, მოგებულ ფულს _ ათ, ოც ლარს რომ მივუტანდი. ვანუგეშებდი, ცუდი გზით ნაშოვნი არ არის, არ ინერვიულო-მეთქი, მაგრამ თან სინდისი მქენჯნიდა, რომ ვატყუებდი. ამიტომაც ყოველთვის თვალს ვარიდებდი. სწორედ ეს უკლავდა გულს ისედაც გამწარებულ ქალს, სწორედ ამიტომ ეშინოდა, მეც უფროსი შვილის ბედი არ გამეზიარებინა. მერე… მერე ტოტალიზატორები შემოვიდა მოდაში. ახლა იმაზე გადავერთე. იცოცხლე! აქ კი ვერავინ დამიდებდა ტოლს. შესანიშნავად ვერკვეოდი ფეხბურთში. ანგარიშებს ისე ზუსტად «ვარტყამდი», ფსონს ფსონზე ვდებდი და თითქმის არასდროს «ვმაზავდი».

ნელ-ნელა ისევ დავდექით ფეხზე. ახლა უკვე თამამად შემეძლო ბესოს მომზადების ფული გადამეხადა. ჩემი ერთადერთი იმედი ჩემი უმცროსი ძმა იყო. მისთვის ყველაფერი მემეტებოდა. საკუთარი თავი აღარ მახსოვდა, ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი, ოღონდ მას ესწავლა, ოღონდ მისგან დამდგარიყო განათლებული, საჭირო და ღირებული კაცი.

8 8 8

ასე გადიოდა დრო. დედას მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. უმეტესწილად იწვა თავისთვის ლოგინში, თვალები ჭერისთვის ჰქონდა მიპყრობილი და გარინდული ფიქრებით სადღაც სხვაგან იყო, ალბათ დათოსთან… არავის აწუხებდა, არავის ტვირთად არ დასწოლია. როცა შეეძლო, წყნარად, ჩუმად აკეთებდა თავის საკეთებელს _ რეცხავდა, აუთოებდა, სადილს ამზადებდა, სახლს ალაგებდა, ბოლოს ისევ ლოგინს მიაშურებდა. ამ ქვეყნიდანაც ისევე წყნარად წავიდა, როგორც ცხოვრობდა _ ღამით დაიძინა და დილით უკვე აღარ იყო _ ძილში გაიპარა, გულმა უმტყუნა ბოლოს. ეს იყო დათოს გარდაცვალებიდან ხუთი წლის თავზე, ზუსტად იმ დღეს და, დარწმუნებული ვარ, ზუსტად იმ საათზე… გარდაცვალების სავარაუდო დროდ ექიმმა ღამის პირველი საათი მიიჩნია…

დედის სიკვდილი მეორე უდიდესი დარტყმა იყო ჩემთვის. დავრჩით მე და ბესო ბედის ანაბარა. ამიერიდან თავად უნდა გვეზრუნა საკუთარ თავზე. სწორედ იმ წელს ვამთავრებდი სკოლას. როგორ წარმომედგინა ჩემი მომავალი? სრულიად ბუნდოვნად, იმდენად ვიყავი დაბნეული, მეგონა, ყველაფერი დამთავრდა, მეგონა, მშობლის გარდაცვალება ყველაფრის დასასრულს ნიშნავდა.

… და კიდევ ერთი, სრულიად უცნობი და შიშით აღსავსე ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში…

8 8 8

თავი II

ახლა თვრამეტი წლის ვარ. რა ვიცი, არ ვარ ცუდი ბიჭი, ყოველ შემთხვევაში, ასე მახასიათებენ უბანში. წყალბურთზე დავდივარ. ჩემი მწვრთნელი ამბობს, მაგარი მონაცემები გაქვს, ალღო არ გღალატობს თამაშის დროს, კარგი მომავალი გეჭყანებაო. მაინცდამაინც არ მაწუხებს ჩემი მომავალი. რაც იქნება, იქნება. მე მხოლოდ ბესოზე ვზრუნავ. იცით, სად არის? ინგლისში. იქ სწავლობს. ბიძაჩემმა «იჩალიჩა» და სკოლის დამთავრების შემდეგ ერთობლივი სახსრებით რაღაც სპეციალური სახელმწიფო პროგრამით გავუშვით საზღვარგარეთ სასწავლებლად. უბრალო მოსწავლე კი არ იყო, პრეზიდენტის სტიპენდიანტიც კი გახდა შარშან. მისი იმედი მაქვს და არა მარტო მე, მთელ ჩვენს სანათესაოს. ყოჩაღი ბიჭია, მონდომებული. ვიცი, რომ მას მაინც გაუმართლებს და ჩემსავით მთელი დღე უბანში არ იტრიალებს უსაქმოდ.

რას იზამ, ცხოვრება ჭრელია, ვის როგორ აეწყობა, წინასწარ არავინ იცის. ის ნიჭიერია, მე _ ცოტა უნიჭო, თანაც ზარმაცი. რა სწავლა, რის სწავლა, დამხრჩვალ სამიანებზე ძლივს დავამთავრე სკოლა. სამაგიეროდ კარგად ვცურავ. ესეც ხომ რაღაცას ნიშნავს. გარდა ამისა, მაგარი საძმო მყავს _ ერთმანეთის გატანა რომ იციან, ისეთი ბიჭები. თითქოს ყველაფერი თავიდან დაიწყო, ისე, როგორც დათოს დროს იყო. იგივე სკვერი, იგივე სიტუაციები, ისევ მანქანებით «გონკაობა», გოგოების «კუტოკი», «სუპერძერზკების სასტავი», ჯგუფური გარჩევები, ჩხუბები, პლანი, წამალი… ვისაც რა უფრო მოსწონს, რის უფლებასაც აძლევს საკუთარ თავს.

მე როგორი ვარ? რა გითხრათ… წამალი არასდროს გამისინჯავს, დათოს მერე დავიფიცე, ნარკოტიკს არასდროს გავკარებოდი. ეს პირობა ნაწილობრივ შევასრულე, მაგრამ პლანზე უარს ხშირ შემთხვევაში ვერ ვამბობ, განსაკუთრებით თუ სამეგრელოდან ჩამოტანილი პლანია. ხან ვინ «გააძრობს» ხოლმე და ხან ვინ… როცა უბანში არავის აქვს, ფულს ვაგროვებთ და ვყიდულობთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქეიფის «პონტი» ავარდება _ ხან დაბადების დღეა, ხან რამე დღესასწაული, ხანაც ისე, «ბესპონტა» სმა-ჭამა გაიჩითება ხოლმე. პლანი დღეს არავის უკვირს. ჩვენი გოგოებიც კი ეწევიან, მერე რა? თუმცა გოგოსაც გააჩნია. აი, შოკამ რომ მოწიოს, ყურებს დავახევ, ურჩევნია, თავის ცეკვას მიხედოს. შოკა ჩემი მეგობარია, დასავით მიყვარს. მისი გულისთვის ნებისმიერს გამოვღადრავ ყელს, რამე რომ დაუშავოს. წესიერი გოგოა, ნაზი, ზოგიერთებივით «ჭიპხახუნა» არ დადის. ეს ჩვენი ტერმინია. ვისაც ჭიპი უჩანს, ასე ვეძახით. თუმცა ასეთებს შორისაც არიან კარგი გოგოები, მაგრამ მე რა, თუ ძალიან ახლობელი არ არის, ვერაფერს ავუკრძალავ, ჩემი გაზრდილია თუ?..

მივეჩვიე მარტო ცხოვრებას. პაწა-პაწა ყველაფერი ვისწავლე. ხანდახან კვერცხსაც კი ვწვავ ძეხვთან ერთად. რეცხვა და უთოობა ხომ დავამხეცე და ეგ არის. ისე, ლელიკო მეხმარება ბევრ რამეში. ლელიკო ჩემი მეზობელია, ორი სართულით ჩემს ქვემოთ ცხოვრობს. ქმარს გაყრილია, ცამეტი წლით არის ჩემზე უფროსი. მასთან რა მაკავშირებს? ჰმ, როგორ ფიქრობთ? ჰო, ჰო, ეგრეა. ის ჩემი პირველი ქალია. არ გამახსენოთ, როგორ მოხდა ეს ამბავი…

8 8 8

თექვსმეტის ვიყავი. დედა ახალი გარდაცვლილი გვყავდა. ლელიკო ხშირად ამოდიოდა ჩვენთან, ოჯახურ საქმეებში ხელს წაგვიკრავდა ხოლმე. თან ისეთი მუშტრის თვალიც მიყურებდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა მის შემხედვარეს. დიდი ძუძუები ჰქონდა, გაფუებული, თან მოღებულ კაბებს იცვამდა, რომ მკერდი გამოკვეთილად გამოეჩინა. ერთი-ორჯერ ისეთი გამეხახუნა, კინაღამ თვალთ დამიბნელდა. ზედმეტ სითამამეს ვერ ვიჩენდი, არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს. გარდა ამისა, ქალთან ნამყოფი არ ვიყავი და ეს უფრო მაკომპლექსებდა. ბევრს ვფიქრობდი მასზე. ბავშვურად ალბათ მიყვარდა კიდეც, ლოგინში რომ ჩავწვებოდი, მას წარმოვიდგენდი ჩემ გვერდით და ვიყავი გადავარდნილი ჩემს ყმაწვილკაცურ ფანტაზიებში… რამე რომ მომხდარიყო ჩვენ შორის, უკვე ვიცოდი, როგორი სექსი გვექნებოდა, იმდენად რეალურად ვხატავდი ფიქრებში ამ სურათს.

ერთ საღამოსაც, გვიან, ძალიან გვიან დამირეკა, რაღაც გაფუჭდა, შუქი გამომერთო და იქნებ ჩამოხვიდე, რამე მომიხერხოო. გულმა სხვანაირად დამიწყო ცემა. მივხვდი, ამაღამ რაღაც უნდა მომხდარიყო. კისრისტეხით ჩავირბინე ორი სართული და ერთი ნახტომით მის კართან გავჩნდი. ზარის დარეკვა არ დამჭირვებია, კარი შეღებული დამხვდა. სიბნელეში არავინ ჩანდა. წამით გავირინდე და დაძახება რომ დავაპირე, ხმა ვერ ამოვიღე, თითქოს პირი გამიშრაო. საკუთარ გულისცემას ვგრძნობდი.

_ ირაკლი, შენ ხარ? _ მომესმა ოთახის სიღრმიდან.

_ ჰო, _ ვუპასუხე და იმხელა ნერწყვი გადავაგორე, სასულეში გადამცდა და ხველა ამიტყდა.

_ კარი ჩაკეტე, რა, _ ლელიკო ხმადაბლა საუბრობდა.

გასაღები რომ გადავატრიალე, მაშინღა ვიგრძენი, როგორ მიკანკალებდა ხელები.

_ სანთელი არა გაქვს? _ თითქოს ჩვეულებრივი ხმით გავძახე ქალს, მაგრამ მივხვდი, ეს ჩემი ხმა არ იყო.

_ არა მაქვს, არა, ჯანდაბა ამის თავს, _ ბუზღუნით თქვა და ახლაღა შევნიშნე, ლელიკოს ჩრდილი ნელ-ნელა როგორც დაიძრა ჩემკენ.

_ გეთქვა და ჩამოგიტანდი, _ ამ სიტყვებზე მუხლებიც ამიკანკალდა.

_ რა ვიცოდი, თუ გექნებოდა, _ ქალის ჩურჩული ზედ ჩემს ყურთან გაისმა, მერე მისი ცხელი ტუჩების შეხება ვიგრძენი, მერე მთრთოლვარე მკერდი მომეტმასნა სხეულზე და… მეტის ატანა ვეღარ შევძელი. დავავლე ქალს ხელი და ოთახის შუაგულისკენ გავექანე. მეც არ ვიცოდი, სად მივდიოდი. ბრახუნზე მივხვდი, რომ სკამი გადავაყირავე, მერე ფეხი წამოვკარი რაღაცას და ლელიკოიანად იატაკზე მოვადინე ზღართანი. ქალს სიცილი წასკდა, მე დავიბენი, არ ვიცოდი, რა მომემოქმედა. ისევ ლელიკომ მიშველა. ორივე ხელი კისერზე მომხვია და ტუჩებში მწვდა. მერე ბუნდოვნად მახსოვს რაღაც-რაღაცები. ტანსაცმელს ისე ოსტატურად მხდიდა, ეროტიკული როლის შემსრულებელ მსახიობებსაც რომ შეშურდებოდათ. თან მკოცნიდა, თან უცნაური ხმით კვნესოდა. შიგადაშიგ რაღაც სიტყვებსაც ამბობდა, მაგრამ მე არაფერი მესმოდა, თითქოს სმენა დამეხშო. ბოლოს ყველაფერი ერთმანეთში აირია, თითქოს ოთახი დატრიალდა. არ მინდოდა ეგრძნო, რომ ეს ჩემთვის პირველი სექსი იყო, ამიტომ ვცდილობდი, კარგა გამოცდილი კაცივით მოვქცეულიყავი და რაც კი პორნოფილმებში ნანახი მქონდა, ყველა «ილეთს» ვიყენებდი, მისთვის თავი რომ მომეწონებინა…

ჩემი აზრით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, პირველი სექსგამოცდა ხუთიანზე ჩავაბარე, თუმცა ჩემი გამოუცდელობა ლელიკოს არ გამოპარვია.

_ ეს პირველი იყო? _ მკითხა, როცა ყველაფერი დამთავრდა.

_ რატომ გგონია? _ სიბნელეში გავწითლდი.

_ რა ვიცი, ისე გკითხე…

_ რამე ისე ვერ იყო? _ გავისუსე, სანამ მიპასუხებდა.

_ არა, არა, ძალიან მაგარი იყავი, _ დამინდო მეზობელმა.

_ აწი უფრო მაგარი ვიქნები, _ ამაყად ვთქვი და წამოვდექი, _ წამო, ახლა შუქს მივხედოთ…

7 7 7

აი, ასე შედგა ჩემი პირველი «ნათლობა» ქალთან. ის ღამე არასდროს დამავიწყდება. მას შემდეგ ყოველღამე ჩავდიოდი ლელასთან. ბესო დაიძინებდა თუ არა, ქურდივით გავიძურწებოდი სახლიდან. მეგონა, ბესო ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი. შეგიძლია თამამად გაიარო, ფეხაკრეფით ნუ გადიხარ ოთახიდანო, ერთხელაც მითხრა და მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა. მას მერე არ მომრიდებია. პირიქით, დავუბარებდი, ლელასთან ჩავდივარ-მეთქი და ხმაურით გავიხურავდი ხოლმე კარს, თუმცა სინდისი მაინც მქენჯნიდა, რაღაცნაირად «მიტყდებოდა» საკუთარ ძმასთან ასეთი საქციელი…

ლელიკოს «გასინჯვის» შემდეგ უბნის გოგოებსაც დავერიე. ყველამ ვიცოდით, ვინ რისი გამკეთებელი იყო. ძმაკაცებს ხანდახან ჩემთანაც ამოგვყავდა გოგოები. მარტო ვცხოვრობდით და მოსარიდებელიც არავისთან გვქონდა. ლელა კი ბრაზდებოდა ამაზე, მაგრამ ითმენდა, სხვა რა გზა ჰქონდა. იცოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთან ურთიერთობის ყველა გზა მოეჭრებოდა.

ერთხელაც, ბესო რომ გავაცილეთ ინგლისში, აეროპორტიდან დაბრუნებულს გვანცა შემხვდა გზაში. გადამკოცნა, მომიკითხა და რაღაც უცნაურად მომეტმასნა. მივუხვდი, რაც უნდოდა. დიდი ვერაფერი გოგო იყო, მაგრამ «ერთ ჯერზე» კაცი უარს არ იტყოდა. ჩემთან ხომ არ ავიდეთ-მეთქი, შევთავაზე. მაშინვე დამთანხმდა. მასზე ცუდი არასდროს გამეგო, მაგრამ რას დავეძებდი. ვიფიქრე, რადგან მომყვება, ალბათ გაჩითულია, როგორც ჩანს, ესეც «შმაშურობს»-მეთქი. სანამ საქმეს შევუდგებოდით, რამე დამალევინეო, მთხოვა. არაყი მქონდა სახლში, დავალევინე. მეც დავლიე. მერე, სასმელი თავში რომ ამივარდა, წავეტანე. კრავივით მორჩილად დამყვა. კი ვგრძნობდი, ცოტათი დაძაბული რომ იყო, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, თუ ქალწულთან მქონდა საქმე… სექსის აზრზე არ იყო. ტკივილისაგან ისე იკრუნჩხებოდა, მთელი სხეულით სულ ზევით-ზევით იწევდა, საწოლის თავისკენ. ამას რომ მივხვდი, დავიზაფრე, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ვერაფრით ვერ გავჩერდებოდი, ვერ მოვითმენდი. ბოლოს, რომ შეჰკივლა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მე მისთვის პირველი მამაკაცი ვიყავი. გაოგნებულს ენა ჩამივარდა. ნოტაციების კითხვა კი დავუწყე, მაგრამ ჩხუბი არ გამომივიდა, რადგან თვითონ იცინოდა, შენ რა გინდა, ეს ჩემი სურვილი იყო და როგორც მინდოდა, ისე მოვიქეციო. ცოტა არ იყოს, შემეშინდა, სპეციალურად ხომ არ მომიწყო, ცოლობა არ მომთხოვოს და არ შემომეტენოს-მეთქი, მაგრამ არა, მსგავსი არაფერი განუზრახავს.

_ რა იყო, რა გიკვირს, ჩემს დაქალებს ყველას ჰყავს ბოიფრენდი, _ ისე უდარდელად თქვა, თითქოს ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო.

_ შეიძლება ჰყავთ, მაგრამ… შენ რა, გგონია, ამით ძალიან მოდური გახდი?

_ ო-ოჰ. არ დამიწყო ახლა თავიდან. მე კი არა, ისეთი გოგოები აკეთებენ ამას, თმა ყალყზე დაგიდგება, რომ გაიგო. აი, მაშო ხომ იცი, მაგან «ვაფშე» გაყიდა თავისი ქალიშვილობა.

_ რას ჰქვია, გაყიდა? _ პირი დავაღე.

_ რას ჰქვია და ფული გააკეთა. ედო ხომ იცი, მეოთხე კორპუსში რომ ცხოვრობს, ერთი ღიპიანი ბიძა, შავი «მერსედესით» რომ დადის, ბიზნესმენი, იმას დაუწვა ხუთას დოლარად.

_ კაი, ნუ გაახურე! _ არ დავიჯერე.

_ ეგრეა, გეუბნები. ეგეთ რამეს მე, მაგალითად, არ ვიკადრებ. მაგას ასე მირჩევნია.

_ შოკა როგორი გოგოა, იმასაც ხომ არ ჰყავს ვინმე? _ შევაპარე.

_ არა, გაგიჟდი! ის სხვანაირია, ასეთ რამეს არ გააკეთებს, _ შორს დაიჭირა გვანცამ.

კიდევ კარგი, შვებით ამოვისუნთქე. ვიფიქრე, შოკაც თუ ეგეთია, ცუდად გვქონია, საქმე, არც ერთი გოგო სანდო არ ყოფილა-მეთქი.

_ სხვანაირი რას ჰქვია, თუ ქალიშვილია, ესე იგი, გოიმია?

_ რა შუაშია გოიმი, ყველას თავის ცხოვრება აქვს. თუ უნდა, გაიჩენს ბოიფრენდს, თუ არ უნდა, არ გაიჩენს. მორჩა და გათავდა.

_ გულახდილად მითხარი, ახლა მე შენს ბოიფრენდად მთვლი?

_ ეს შენზეა დამოკიდებული. თუ გინდა, ვიყოთ ერთად, თუ არადა, სხვას ვნახავ, ბიჭების მეტი რა არის, _ ჩაიცინა.

_ ნამდვილი გვანცულა-დრანცულა ხარ, _ ვუთხარი და თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე.

7 7 7

არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ დღიდან ჩემზე მოთხოვნილება გაიზარდა. გვანცას იშვიათად ვხვდებოდი, მაინცდამაინც დიდად არ მეპიტნავებოდა, მაგრამ სხვა გოგოები ყველა ღონეს ხმარობდნენ, ჩემთან ახლო ურთიერთობა ჰქონოდათ. ხან ერთი ამეკიდებოდა, ხან მეორე. მეც რას ვკარგავდი, არც ერთს გულს არ ვწყვეტდი, ყველას ვუსინჯავდი გემოს. ისე ავუშვი აფრები, უბანში მალე დონ ჟუანის სახელი გამივარდა. ბიჭები მაშაყირებდნენ, ქალი არ დატოვა «გაუჟიმავი», ლამის არის, ჩვენც დაგვერიოსო. არც მთლად ეგრე იყო საქმე, ცოტას აბუქებდნენ, მაგრამ რა მენაღვლებოდა, მეც ვიფერებდი მეტსახელს და გაჯგიმული დავდიოდი. მერე და მერე უკვე ამორჩევა დავიწყე. რომელიც მომეწონებოდა, მხოლოდ მას «ვანიჭებდი» ჩემთან დაწოლის ბედნიერებას. სიყვარულით ჯერ არავინ მიყვარდა, არც გაგიჟებამდე მომწონებია ვინმე. ალბათ «კრასავეცის» იმიჯი თავში ამივარდა.

7 7 7

საღამო ხანი იყო, გაგანია ზაფხული. წყალი გადავივლე და უბანში გავედი, ბიჭები რომ მენახა. ჩხირო, მულტფილმა და რიჟა დავლანდე და მათკენ გავემართე. ჩვენ კლასელები ვართ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ჩხირო, იგივე ალეკო ერთი აყლაყუდა ვინმეა, ორ მეტრამდე შვიდი სანტიმეტრი აკლია, თან ძალიან გამხდარია. ამიტომაც ვეძახით ჩხიროს. ერთი ცუდი ჩვევა აქვს _ წარამარა იპურჭყება, სადაც არ უნდა იყოს, სულ გვერდზე აფურთხებს. ამის გამო უსიამოვნება ბევრჯერ შეხვედრია. მულტფილმა ანუ ანდრო დაბალია, ბუთხუზა, მულტფილმების ნახატ გმირებს ჰგავს. თვალებიც დახატულივით აქვს, დიდი და ფახულა. ისე ახამხამებს ხოლმე გრძელ წამწამებს, როგორც კურდღელი «ნუ პაგადიში». აი, ყველაზე საინტერესო კი რიჟაა. წითური, ჭორფლიანი გუგა. ნამდვილი ლილიპუტაა, მოკლე ფეხებით, გაბურძგნილი თმით, ნაცრისფერი თვალებით, მაგრამ ჩვენ შორის ყველაზე სამართლიანი და ყველაზე საყვარელი. რიჟას მდიდარი მშობლები ჰყავს, ამიტომ როცა ფული გვჭირდება, პირველ რიგში მას მივადგებით ხოლმე. უარს არასდროს გვეუბნება, გაუჩენელს გააჩენს ჩვენი გულისთვის. არც სხვა რამეებზე იხევს უკან. ჩხუბია, მოწევა თუ ვინმეს გაქურდვა, ჩვენ გვერდითაა, საძმოს არასდროს გამოაკლდება. ხომ ეგეთი სასაცილოა, რიჟიკა, მაგრამ ყველაზე მეტად ბიჭებს მისი რიდი გვაქვს. რატომ? გინებას და ბილწსიტყვაობას ვერ იტანს და იმიტომ. საკმარისია, «ჩემი დედა» ან «შე ჩემა» და მსგავსი ან უარესი რამე წამოგცდეს, ქორივით დაგაცხრება თავს _ «ე, ბიჭო! აზრზე მოდი!» _ იტყვის და კარგი დედის შვილი ხარ, წაიბილწე ენა, შეიძლება ფეხქვეშ გაგიდოს. ბავშვობიდან აიკიდოზე დადიოდა. ისეთი ძლიერია, სამი კაცი ვერ მოერევა, თუ გადაირია…

8 8 8

_ დაბრედილი მოსულა, _ წამოიძახა რიჟამ ჩემს დანახვაზე.

მეუბნებიან, ბრეტ პიტს ჰგავხარო, ბიჭები მაშაყირებენ, ალბათ მამაშენმა მისი კლონირება მოახერხაო და ამიტომაც შემარქვეს «და-ბრედ-ილი». გარდა ამისა, სიტყვა «დაბრედილოს» ხშირად ვხმარობ ჩხუბის დროს.

_ პრივეტ, _ მივესალმე სამივეს და ხელისგულები ერთმანეთს დავურტყით.

_ გუშინ საღამოს სად იყავი? _ მკითხა ჩხირომ და, როგორც წესი, გადააპურჭყა.

_ ვარჯიში მქონდა.

_ ჩვენ მაგარი დრო ვატარეთ, _ «მახარა» მულტფილმამ.

_ ვიცი, შოკამ მითხრა. რას შვრებით?

_ ვზასაობთ, _ გაიცინა რიჟამ, _ რას უნდა ვშვრებოდეთ, ბესპონტა ვართ.

_ მერე? მოვიფიქროთ რამე, დღეს მცალია.

_ ე! ნახეთ, ვინ მოდის! _ წინ გაიხედა მულტფილმამ.

კორპუსებს შორის ჭყლიპო გამოჩნდა, ჩვენი უბნელი, ერთი წლით უმცროსია ჩვენზე.

_ მაგრად არ მევასება ეგ როჟა, _ ზიზღით ჩაილაპარაკა რიჟამ, _ ახლა ნახე, მოვა და ფულს მოგვთხოვს.

_ ერთი მაგისი, _ კვლავ გადააპურჭყა ჩხირომ.

ჭყლიპოს ანუ გოლას საძმოში ვერავინ იტანს, ყველას ეზარება მისი ნახვა. გამუდმებით ტოტალიზატორში აგდია, თან სულ აგებს, ამიტომ ყელამდე ვალებშია ყოველთვის ჩაფლული. რამდენჯერმე დავეხმარეთ, მაგრამ ბოლოს ყელში ამოგვივიდა.

_ ზდაროვა, ძმებს! _ კედსა და სპორტულ შარვალში გამოწყობილი ჭყლიპო მოგვიახლოვდა და შორიდან მოგვესალმა.

_ ჰაი, _ უხალისოდ ვუპასუხეთ.

_ კაროჩე… უნდა დამეხმაროთ, _ გააკეთა «შესავალი» გოლამ.

_ მე პას, _ არც დაამთავრებინა, ისე უთხრა დახმარებაზე უარი მულტფილმამ.

_ მოიცა, შე ჩემა, ათქმევინე, იქნებ რა უნდა, _ გავუწყერი ანდროს.

_ რა მინდა და… ფული მჭირდება, რა, _ კეფა მოიქექა ჭყლიპომ.

_ აუჰ! რამდენი, თუ საიდუმლო არ არის? _ ცინიკურად ჰკითხა რიჟამ, _ როგორი კუპიურებით მოგართვათ _ ლარებში თუ დოლარებში?

_ შენ ახლა ნუ ახურებ, გაიგე? თუ შეგიძლია, დამეხმარე, თუ არადა ზედმეტ ბაზარს მოეშვი, გაიგე? _ გოლამ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და თვალები დაქაჩა.

_ ვინ ხარ, უბანს შენ აკონტროლებ, თუ რა? _ არ დაიხია რიჟამ უკან.

_ მოიცა, რიჟიკ, აცალე, _ გავაწყვეტინე გუგას, _ რა ფული გინდა, რისთვის გინდა, ჯერ ამბები მოგვიყევი, ძმაო, რას გვებლატავები, ვალი გვაქვს შენი, თუ რა, _ დავიწყე საქმის «გარჩევა».

_ ხუთასი ლარი მჭირდება, ხვალ სამ საათზე თავანი უნდა ჩავაბარო.

_ ისევ ტოტალიზატორი, არა? _ დავაზუსტე ინფორმაცია.

_ ჰო, _ ჭყლიპომ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, _ სამაგიეროდ ერთი «მასტერკა» ჩემზე იყოს.

_ გაიკვეხე შენი სტიანი პლანი, დავაი ახლა, აახვიე აქედან, _ გაექაჩა ჩხირო.

_ ე-ე-ე! წყნარად, ბიჭო! ვინმეში ხომ არ გეშლები, _ არც გოლა დარჩა ალეკოს ვალში.

_ ჭყლიპო, არ მოგბეზრდა ეს ერთი და იგივე? ხომ ხედავ, რომ აგებ, შეეშვი, ტო-ო-ო, _ დავარბილე სიტუაცია.

_ შეეშვი ეგრე არ არის, ძმაო, ეგ ჩემი ჰობია, _ ხელი ამიქნია.

_ ჰობი კი არა, ავადმყოფი ხარ, შე ახვარო. მიდი, გაიარე, აქ ფულებს არ არიგებენ.

_ შენ არ გელაპარაკები, მოკეტე, ჩემი დედა, თორემ… გაიგე?.. რიჟა, მამაშენს ვერ მოუტეხავ ერთ ას ლარს? ს შვილი ვიყო, თუ არ დაგიბრუნო.

_ ჯერ ერთი, რიჟა ვარ, მაგრამ რიჟა ბაზარს ვერ ვიტან, ხომ იცი. მერე კიდევ, ჩემთან როცა ხარ, არ უნდა შეიგინო, ესეც ხომ იცი. ჰოდა, მიდი ახლა, მიაწექი პირველ ჩვენებას.

_ ო კეი, ეგრე იყოს. მაგ მაყუთს მაინც ვიშოვი, თქვენ კი… მეც დაგჭირდებით ერთხელაც და მერე მე ვიცი, _ თითი დაგვიქნია ჭყლიპომ და ჩქარი ნაბიჯებით გაგვეცალა.

_ ვიღაცას დააბოლებს ახლა. ეგ ისეთი ახვარია, მაინც იშოვის, _ ამოიხვნეშა მულტფილმამ.

_ ჩვენი ბრალია, ძაან გავაბლატავეთ, რამდენჯერ დავეხმარეთ. ხოლო ბიძოს რომ გაუჭირდა, ერთი თეთრიც ვერ გავაგდებინეთ, გახსოვთ? _ თქვა ჩხირომ.

_ მართლა, ამ გახსენებაზე, ბიძო სად დაიკარგა, ტო? _ ბიძინა გამახსენდა, ჩვენი მეგობარი, წელს დაამთავრა სკოლა.

_ ზღვაზე ბაირამობს ბიჭი, წუხელ ველაპარაკე, ტალღებზე ნავარდობს, _ ჩაიცინა რიჟამ.

_ ხურდა გაქვთ ვინმეს? _ სხვა თემაზე გადაგვრთო მულტფილმამ.

_ მე მაქვს, _ ჯიბეები მოიქექა რიჟამ, _ რამდენი გინდა?

_ მაიტა ოცი თეთრი, ნაზოსთან «სემიჩკას» ვიყიდი, ხომ გვინდა!

_ აჰა, დაიჭი, _ რიჟამ ჰაერში აისროლა ოცთეთრიანი.

_ რა ჟმოტია, შეხედე, მართლა ოცი თეთრი არ მომცა? რა იყო, შე ჩემა, მეტი არ გემეტება? _ გაიცინა მულტფილმამ.

_ შე ჩემა კი არა, კისერს მოგიგრეხ, მანდ თუ მოვედი, რაც მთხოვე, ის მოგეცი, რა გინდა, _ აუხირდა რიჟა.

ამ დროს იმ მხრიდან, საითაც ჭყლიპო მიიმალა, მეშვიდეკლასელი ვანიკო გამოჩნდა, რიჟას კარის მეზობელი, სახეაწითლებულს თვალები აცრემლებოდა.

გუგა ორი ნატომით მიეჭრა ბიჭს.

_ რა გჭირს, ვინმემ გაწყენინა? _ თვალებში შეხედა მეზობელს.

_ მობილური წამართვა, მომკლავს დედაჩემი, ერთი თვეა, რაც მიყიდა. ფეხბურთზე რომ დავდივარ, მაგით მაკონტროლებს ხოლმე, _ ამოისლუკუნა ვანომ.

_ ვინ წაგართვა? _ ამასობაში ჩვენც მივუახლოვდით ატირებულ ბავშვს.

_ ჭყლიპომ.

_ ჭყლიპომ? ოხ მაგის დედაც!.. _ აქ რიჟამაც ვერ შეიკავა თავი და ცხოვრებაში პირველად შეუკურთხა ვიღაცას.

_ რატომ მიეცი მერე, თავში ჭკუა არ გქონდა? _ მეც გავბრაზდი.

_ დამარეკინეო, მითხრა. მეც მივაწოდე. იმან კი… ხვალ დაგიბრუნებო და გაიქცა.

_ მოვკლავ მაგ ახვარს, ხედავ, რა გააკეთა? _ ხელები მომუშტა რიჟამ.

_ წავა ახლა და დაალომბარდებს, _ დაასკვნა ჩხირომ.

_ წამო, გავეკიდოთ, როლანდასთან მიიტანდა, სხვა ვინ ჩაიბარებს უსაბუთოდ, _ ვთქვი მე.

_ არ არსებობს, როლანდას შენ სიმართლეს ათქმევინებ? გამორიცხულია, არ იცი, რა გაიძვერაა? _ თავი გადააქნია რიჟამ, _ მაგან ოღონდ ვინმეს ტელეფონი ჩაიგდოს ხელში და ვარიანტი არ არის, თქვას. ეგრევე გაასუხარებს. თან იცის, ოთხმოცდაათი პროცენტი მოპარულია და ჩამბარებელი უკან არ მოითხოვს… ვანო, შენ არ ინერვიულო, მე მივხედავ მაგ საქმეს. აჰა, ჩემსას მოგცემ, დედაშენს უთხარი, რიჟას გავუცვალე-თქო. ხვალ კიდევ მე თვითონ გამოგიტან და დაგიბრუნებ, ნუ გეშინია, _ გუგამ თავის მობილური ამოიღო ჯიბიდან და გაუწოდა.

_ მართლა მომიტან? _ ნამტირალევი თვალები შეანათა ბავშვმა.

_ როდის მომიტყუებიხარ, შე «სუნელო», მოგიტან, აბა რას ვიზამ. მაგას რამეს შევარჩენ? _ რიჟამ თავზე ხელი გადაუსვა ბიჭს და გაუშვა.

_ კაი ტიპია, არა? _ გაიღიმა მულტფილმამ.

_ იცი რა კარგი დედა ჰყავს? მეცოდება, რა. ამ ერთ შვილს დაჰკანკალებს, დღისით დამლაგებლად მუშაობს მარკეტში, ღამით კი ჭურჭლის მრეცხავად სადღაც კაფეში.

_ ვიცი, _ თქვა ჩხირომ და ისევ გადააფურთხა.

ვანიკოს მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა. დედამისი ორსულად იყო, თბილისში რომ ჩამოვიდა. ბავშვი აქ დაიბადა, მამას არც უნახავს. სამშობიაროში გაიცნო რიჟას დედამ ელენე, თვითონაც იქ მუშაობს ექიმად, ძალიან შეეცოდა და საცხოვრებლად თავისი დაკეტილი ერთოთახიანი ბინა შესთავაზა. სამაგიეროდ, მათ ოჯახს ეხმარება ხანდახან, ულაგებს, ურეცხავს, სადილს უმზადებს.

ამ დროს ჩვენ შორიახლო შავმა «ბმვ-მ» დაამუხრუჭა და სალონიდან თავი ნიკომ გადმოყო.

_ დაბრედილო, დღესაც მათხოვებ? _ დამიძახა და ბიჭებს დაუსიგნალა, ეს მისალმებას ნიშნავდა.

_ ბაზარი არ არის, წაიღე, _ მისკენ გავემართე, თან ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოვიღე.

_ ჯიგარი ხარ, ხვალ დაგიბრუნებ.

_ როცა გინდა. სად მიდიხარ? _ ვკითხე და თავი სალონში შევყავი.

_ არსად, კოკამ დამირეკა, «ვიგონკაოთო», ხომ არ წამოხვალთ?

_ ე! ბიჭო, წავიდეთ «საგონკაოდ»? _ გავძახე ძმაკაცებს.

ეგრევე გამოქანდნენ. მანქანაში ჩავსხედით, მე წინა სავარძელზე მოვკალათდი და გავიჯგიმე.

_ რიჟიკ, ბარემ ხომ არ გავიაროთ როლანდასთან? რა იცი, იქნებ ის «სტიანი» იქ მივიდა.

_ შეიძლება, რა ვიცი, _ მხრები აიჩეჩა რიჟამ.

_ რა იყო, რა ხდება? _ სარკიდან შეხედა ნიკამ რიჟას.

მოვუყევით, რაც მოხდა.

_ წავიდეთ, რა პრობლემაა, აქვე არ არის? _ ნიკომ მანქანა დაქოქა და ადგილიდან მოსხლტა.

_ აუ, რა მხეცი რამეა «ბმვ», მაგრად მევასება, _ აღტაცება ვერ დამალა ჩხირომ.

_ მეც მევასება, _ დაეთანხმა ნიკო, _ ამიტომაც ვიყიდე. მე რა ვიყიდე, მამაჩემმა მიყიდა, ტვინი გავუბურღე საცოდავს.

_ რა ქენი, მართლა, ჩააბარე? _ გამახსენდა უცებ.

_ კი, ტო, უჟე სტუდენტი ვარ.

_ ვა-ა-ა! მოსალოცი ამბავია, ძმაო, აბა შენ იცი, _ გულწრფელად გამიხარდა მისი წარმატება.

ბიჭებმაც მიულოცეს.

_ მერე არ უნდა დაასველო?

_ აბა რა-ა-ა! ჩემები უკვე ემზადებიან. კვირის ბოლოს მაგრად გაქეიფებთ, _ დაგვპირდა ნიკო.

როლანდმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არავითარი მობილური, ჭყლიპო საუკუნეა, თვალით არ მინახავსო. ასეც ვიცოდით.

_ მომისმინე, ჯიგარსონ, _ ძველბიჭური შეუშვა რიჟამ, _ ხვალამდე ეგ მობილური არავის მიჰყიდო, თორემ ვერ გადამირჩები. ხვალ დილით მოვალ და ფულს მოგიტან, ტელეფონი კი ადგილზე დამახვედრე, გაიგე?

_ რა ტელეფონი, რის ტელეფონი, არ მოუტანია-მეთქი, ხომ გითხარი. გეფიცები, მართლა არ მინახავს ჭყლიპო, _ იმდენად ალალად ლაპარაკობდა როლანდი, ეტყობოდა, რომ არ ტყუოდა.

_ შეეშვი, რიჟიკ, აქ არ მოიტანდა. მაგან მოტვინა, შენ რომ აქ დაუწყებდი ძებნას, სხვაგან წაიღებდა. წამო, წამო, მერე ავადგეთ სახლში და იქ მოვუყომაროთ, _ გასძახა მულტფილმამ.

გუგა კბილების ღრჭიალით ჩაჯდა მანქანაში და დაიქადნა, მწარედ ვანანებ თავის საქციელსო.

შებინდებამდე «ვიგონკავეთ». საჭესთან ხან ნიკო იჯდა, ხან მე. სულ ოთხი მანქანა იყო, ქვედაუბნელი ბიჭების. ვერავინ მოგვიგო. ასეა, ჩვენ მაგრები ვართ.

მერე ჭყლიპოს ავადექით სახლში, ფანჯრის ქვეშ დავდექით და დავუსტვინეთ. გამოიხედა.

_ ჩამო, სალაპარაკო გვაქვს, _ დაუძახა რიჟამ.

ჩამოვიდა.

_ რა მოხდა? _ იკითხა და ქურდულად მიმოიხედა.

_ ხვალ იმ მობილურს დააბრუნებ, იცოდე, _ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო რიჟამ და წინ აესვეტა გოლას.

_ რა მობილურს? _ თავი მოიქაჩლა ჭყლიპომ.

_ ბიჭო, რა მობილურს კი არა, აგხევ ნაკერავზე. რაც გითხარი, ის გააკეთე. დილით მოვალ და იქ მიმიყვან, სადაც ჩააბარე. ილოცე, გაყიდული არ დაგვხვდეს, თორემ ნაწილებად დაგშლი, გასაგებია?

_ გავიგე, _ ყრუდ ჩაილაპარაკა ჭყლიპომ და სადარბაზოში შებრუნდა.

…ისე ვიყავი დაღლილი და გაოფლილი, არაფრის თავი არ მქონდა, დავემშვიდობე ბიჭებს და სახლში ავედი.

7 7 7

დილით მობილურის ზარმა გამომაღვიძა. დავხედე, მულტფილმა იყო.

_ რა იყო, შე ჩემა, ხეზე იჯექი? _ ნამძინარევი ხმით ვუპასუხე.

_ ირაკლი, რიჟა აიყვანეს, ბიჭო, _ შეცვლილი ხმა გაისმა ტელეფონში.

_ რა თქვი? რატომ, როდის? _ დავაყარე შეკითხვები და ლოგინიდან წამოვხტი.

_ ამ დილით, შვიდ საათზე წაუყვანიათ.

_ რატომ-მეთქი, გეკითხები!

_ ის ბავშვი უპოვიათ მკვდარი გარაჟებთან, წუხელ ვიღაცას მოუკლავს. მგონი, ძალაც არის ნახმარი, რიჟას დედამ მითხრა.

_ ვინ ბავშვი? _ ამ ინფორმაციამ ერთიანად მომშალა.

_ ვანიკო, შე ჩემა, შენ რაღა დაგემართა. მთელი ღამე ეძებდნენ თურმე და ხუთზე უპოვიათ დასისხლიანებული.

_ დაჭრილიც იყო?

_ არა, თავი ჰქონია გახეთქილი და უკანა ტანი სულ ჩახეული…

_ აუ, ჩემი… ეგ რა მითხარი. კი მაგრამ, რიჟა რატომ აიყვანეს?

_ ვანიკოს დედას უთქვამს, რიჟას თავისი ძვირად ღირებული მობილური მიუცია, ალბათ ამით მოთაფლა, მერე კი ძალა იხმარაო.

_ რომელ საათზე მოხდა ეგ ამბავი, ბავშვი საღამოს სახლში არ ასულა?

_ წუხელ, გვიან. ვანიკო ეზოში ყოფილა, ფეხბურთს თამაშობდნენ თურმე სტადიონზე. როგორც ჩანს, იქიდან წაიყვანა ვიღაცამ. შენ ხომ იცი, ეგ რიჟას გაკეთებული რომ არ არის და ვაბშე, ვისი ხელიც ურევია ამ საქმეში. რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?

_ არ ვიცი, მოვიფიქროთ რამე.

_ ჩამოხვალ?

_ სად ხარ?

_ პოლიციის წინ ვიქნები, იქ ვიკრიბებით ბიჭები.

_ კარგი, მოვალ.

გონება სწრაფად ამუშავდა. მივხვდი, რაშიც იყო საქმე, იმასაც მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა. დრო არ იცდიდა, სწრაფად უნდა მემოქმედა. ჩემი დანა მოვიძიე, მაგრამ გვიან გამახსენდა, რომ გუშინ ნიკოს ვათხოვე. არა უშავს, უმაგისოდაც გავალ-მეთქი, გავიფიქრე, ჩქარ-ჩქარა გადავიცვი ტანსაცმელი და გიჟივით გავვარდი სახლიდან.

ჭყლიპოს კორპუსს რომ მივუახლოვდი, შევჩერდი, გული ამოვარდნაზე მქონდა. წინ გადავიხარე და მუხლებს დავეყრდენი. ორი გეგმა მოვიფიქრე, თუ მისი დედ-მამა შინ დამხვდებოდა, სხვანაირად უნდა მემოქმედა, თუ მარტო იქნებოდა _ მეორე გზა უნდა მეცადა, უფრო სახიფათო, მაგრამ უფრო სამართლიანი. მერე ფრთხილად დავზვერე იქაურობა და სამიოდე ნახტომით ავირბინე მეორე სართულზე. ზარის ღილაკს თითი მივაჭირე და იქამდე არ ავუშვი, სანამ წელს ზევით შიშველმა ჭყლიპომ კარი არ გამიღო. როგორც ჩანს, გავაღვიძე. ჩემს დანახვაზე კარის მიხურვა დააპირა, მაგრამ ფეხი დავუდე და ოთახში შევვარდი. გასაღები გადავატრიალე აკანკალებულმა და დაბნეულ უბნელს რისხვით ანთებული მივუბრუნდი.

_ შენები შინ არიან?

_ არა, სამსახურში წავიდნენ. რა იყო, რო? _ დამფრთხალმა თვალები უაზროდ აახამხამა.

_ შენი ხელწერაა?

_ ვერ გავიგე, რას მეუბნები. წავიდეთ და გამოვიტანოთ ის ტელეფონი, რა პრობლემაა, _ ისე მიამიტად მითხრა, თითქოს იოტისოდენა დანაშაულიც არ მიუძღოდა მომხდარში.

_ მობილური კი არა, რასაც გეკითხები, იმაზე გამეცი პასუხი. გარაჟების პონტი შენი ხელწერაა?

_ რა პონტი, რის პონტი, სიზმარს ხომ არ აჰყევი, ბიჭო! _ გამექაჩა.

_ ჭყლიპო, ჩემი ხელით დაგბრიდავ, იცოდე! გააზრებული გაქვს მაინც, რა ჩაიდინე? იცი, ის ბავშვი რომ მკვდარია? იცი, რომ შენ მაგივრად რიჟა აიყვანეს?

სახეზე შიში გამოეხატა.

_ რიჟა რა შუაშია?

_ იმ შუაშია, რომ იმ ბიჭს თავისი ტელეფონი ათხოვა. დედამისს კი ჰგონია, მაგ ტელეფონის გამო მოხდა ყველაფერი, დავიდა შენს დაბლაგვებულ ტვინამდე?

_ ჰო…

_ რატომ მოკალი?

_ მე არ მომიკლავს, რას მტენი, შენი დედაც… _ ისევ გამექაჩა ჭყლიპო.

_ წყნარად, ბიჭო, ხმას ნუ უწევ! დარწმუნებული ხარ, რომ არ მოგიკლავს? ძალადობის ნიშნები ეტყობაო, იძახიან. ექსპერტიზას რომ ჩაუტარებენ და სპერმის ანალიზს აიღებენ, შენსას რომ დაემთხვეს, მერე სად მიდიხარ, ჰა, ახვარო! _ მთელი ხმით ვუყვირე.

აქ კი ჩაუვარდა ენა. მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო.

_ მე… არ მინდოდა მისი მოკვლა, მხოლოდ შეშინება მინდოდა. მან კი… მან თვალებში შემომაფურთხა. მერე ვერ მოვითმინე და… ბოლოს უკან გადაქანდა და თავი მიარტყა გარაჟის კედელს, რა ჩემი ბრალია.

_ შე ჩემის გადანგრეულო, თავი რომ მიარტყა და გაითიშა, იქ უნდა მიგეტოვებინა? საავადმყოფოში ვერ წაიყვანე? სასწრაფო მაინც გამოგეძახებინა.

_ შემეშინდა, _ ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა.

როგორ მინდოდა დამერტყა, მაგრამ უკვე ისეთი რამ მქონდა ჩაფიქრებული, არ მინდოდა კვალი დამეტოვებინა, ძლივს ვიკავებდი თავს.

_ ახლა იცი, რას იზამ?

_ რას? _ შეშინებული ჭყლიპო უკან-უკან იხევდა.

_ აიღე პასტა და ფურცელი.

_ რად გინდა პასტა და ფურცელი? _ ვერ მიხვდა.

_ რად მინდა? მე კი არ მინდა, შენ გინდა. აიღე და რასაც გიკარნახებ, იმას დაწერ, გაიგე? დროზე, გაინძერი! _ ისევ ვუყვირე.

_ ახლავე, ახლავე, _ მორჩილად დამთანხმდა და ოთახში შევიდა. მე სამზარეულოში შევედი, კარადის უჯრა გამოვაღე და დანას დავუწყე ძებნა. ადვილად ვიპოვე დიდი, პურს საჭრელი დანა, პირზე ცერა თითი გადავუსვი, გალესილი იყო. მერე ოთახში შევედი, სადაც ჭყლიპო ბლოკნოტიდან ფურცელს ხევდა. დანა უკან დავმალე.

_ დაჯექი და დაიწყე წერა, _ ვუბრძანე.

დაჯდა, კალამი მოიმარჯვა და ამომხედა.

_ მე, გოლა ქინქლაძე, ვაღიარებ, რომ გავაუპატიურე ვანიკო ბესელია, _ გარკვევით, მარცვალ-მარცვალ დავიწყე კარნახი.

_ ხომ არ გაგიჟდი, მაგას არ დავწერ, _ გამოთქვა პროტესტი.

_ არ დაწერ და შენი აჯობებს, ამით აგფატრავ, იცოდე, დაგბრიდავ, შენი…_ კბილებში გამოვცერი და დანა დავანახვე, _ ხომ იცი, გულწრფელი აღიარება შემამსუბუქებელი გარემოება იქნება შენთვის, მერე აიღებ ამ წერილს და შენი ფეხით გამოცხადდები პოლიციაში, _ შევარბილე ტონი.

_ რას მიშვრები, ირა, უკვირდები, რას აკეთებ?

_ შენ უკვირდებოდი წუხელ, რასაც აკეთებდი? მიდი, დაწერე დროზე, შენი დედაც… _ ლაზათიანად შევუკურთხე.

ჭყლიპომ აკანკალებული ხელით დაიწყო წერა. მე კარნახი გავაგრძელე.

_ ის წინააღმდეგობას მიწევდა, ბოლოს ხელი შევუშვი, ის კი უკან გადაქანდა და თავი გარაჟის კედელს მიარტყა. შემეშინდა და გავიქეცი. ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს. ყველამ მაპატიეთ. გოლა ქინქლაძე. დაწერე?

_ ჰო, დავწერე.

_ ახლა მოკიდე ამ დანას ხელი, _ ვთქვი და დანა ხელში მივაჩეჩე.

ერთიანად ვცახცახებდი. ვგრძნობდი, ადამიანის სახე არ მქონდა, შეშლილივით ვუყურებდი ჭყლიპოს. უსიტყვოდ გამომართვა დანა და კითხვით სავსე მზერა მომაპყრო.

_ რას მიპირებ?

_ რას და… შენივე ხელით დაჭერი საკუთარი თავი, თუ გიშველის, ეს გიშველის.

_ ხომ არ გაგიჟდი, რას ამბობ!

_ გავგიჟდი, ჰო, გავგიჟდი. დროზე გააკეთე, რასაც გეუბნები, შე დედააფეთქებულო, თორემ მოგიხნავ მინდორ-ველებს!

ჭყლიპო ერთი შექანდა, ჩემზე დააპირა იერიშის მოტანა და დანა მომიქნია, მაგრამ ოსტატურად გავხტი განზე, ავირიდე მისი მოქნეული მარჯვენა და რადგან ცაცია ვარ, მარცხენათი დავუჭირე დანიანი ხელი, მისკენ გადავგრიხე და მთელი ძალით მივაწექი…. თითქოს ვიგრძენი, როგორ შესრიალდა დანა მუცელში…

თითებზე ბლანტი, თბილი სითხე გადმომეღვარა. ეს სისხლი იყო. არასდროს დამავიწყდება მისი გაფართოებული, გაკვირვებული თვალები, უმწეო მზერა და გაღებული პირი…

შემეშინდა. ეს პირველი სერიოზული დანაშაული იყო ჩემს ცხოვრებაში. მე კაცი დავჭერი. მაგრამ ჭყლიპოსგან განსხვავებით, არაკაცურად არ მოვქცეულვარ. ერთი წამით არ მინანია, რაც ჩავიდინე. თითქოს რამდენიმე წლით გავიზარდე. ჩემში თითქოს სხვა ადამიანმა გაიღვიძა, რატომღაც გულგრილი ვიყავი მომხდარის მიმართ. ცივად შევუშვი ხელი ჭყლიპოს და უკან დავიხიე. ის ჩაიკეცა, თვალები აატრიალა და გონი დაკარგა.

_ ესეც შენ, ხომ მიიღე, რაც გინდოდა, _ მშვიდად ჩავილაპარაკე და სამზარეულოში გავედი. მაძაგძაგებდა, შუბლიც მიხურდა და ხელებიც, თუმცა ცივი გონებით ვმოქმედებდი. ერთი წამით არ დავბნეულვარ. ჩაის ტილოს დავავლე ხელი, ისევ შევბრუნდი, დანა საგულდაგულოდ გავწმინდე და კვლავ გოლას დავაკავე ხელში. ის უკვე აღარ სუნთქავდა, სახე გაფითრებოდა…

წამით თვალები დავხუჭე, რომ გონება მომეკრიბა. ტილო ადგილზე დავაბრუნე. მერე კართან დაფენილი ქეჩა მოვაცურე, ჩემი ნაბიჯების ნაკვალევი წავშალე და უკუსვლით ქეჩიანად გავემართე გასასვლელისკენ. ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოვიღე. კარის სახელურსაც საგულდაგულოდ გადავუსვი, გამოვაღე, ფრთხილად მოვათვალიერე სადარბაზო და როცა დავრწმუნდი, რომ კაციშვილი არ ჭაჭანებდა, მშვიდი ნაბიჯებით ჩავუყევი კიბეს. ეზოში ისე გავედი, არავინ შემფეთებია. როგორც კი გარეთ დავიგულე თავი, უკანმოუხედავად გავიქეცი პოლიციისკენ, რათა დროულად მივსულიყავი…

8 8 8

პოლიციის განყოფილების წინ ბიჭებს მოვკარი თვალი. მულტფილმა, უზბეკა და ზურა იდგნენ და ერთმანეთს მისჩერებოდნენ. წამით შევჩერდი, აქოშინებულს სუნთქვა რომ შემეკავებინა.

_ მოხვედი? _ მულტფილმა შემომეგება.

_ რა ხდება?

_ ჯერ არ ვიცი, ხუთი წუთის წინ ჩხირო შეიყვანეს.

ცივმა ოფლმა დამასხა.

_ ჩხირო რატომ? _ ხმადაბლა ვთქვი და მაჯით დაცვარული შუბლი მოვიწმინდე.

_ ყველანი უნდა დაგვკითხონ.

_ რიჟამ რამე თქვა? _ ვიკითხე და სათითაოდ ყველას ხელი ჩამოვართვი.

_ არაფერი არ ვიცით, მაგრამ ალბათ იტყოდა, რახან ჩვენც შევყავართ.

_ რას ვაპირებთ? _ რატომღაც უზბეკას შევხედე.

უზბეკა ლადოს ჰქვია თავისი წვრილი თვალებისა და გამოწეული ყვრიმალების გამო, ის ჩვენი კლასელია.

_ მე რა, თქვენ რას აპირებთ თორემ… მე იქ არ ვყოფილვარ, _ მხრები აიჩეჩა ლადომ.

_ ჩხირომ რას ვიტყვიო?

_ როგორც იყო, ისე ვიტყვიო.

_ ჰოდა, ჩვენც ის ვთქვათ, რაც იყო.

_ არ ტეხავს? _ უხერხულად გაიღიმა მულტფილმამ.

_ რა ხეტავს, შე ჩემა, საციხოდ გაქვთ საქმე და ვიღაც პედერასტის გულისთვის საქმე უნდა გაიფუჭოთ? _ ხელები გაშალა ზურამ.

ზურა ჩვენი უბნელია, ერთი წლით უფროსია ჩვენზე. კარგი ბიჭია, ალალი, თავისუფლად ენდობი ადამიანი.

_ ჰო, ეგრეა… მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს, სად გდია, ერთი საინტერესოა, იცის მაინც, რა მოხდა? _ კბილები გააკრაჭუნა მულტფილმამ.

_ ვურეკავ და არ იღებს ყურმილს, _ თქვა უზბეკამ.

_ იქნებ სახლში არ არის? _ ფრთხილად ვიკითხე.

_ აბა სად ტრაკში იქნება, ძინავს ალბათ არხეინად.

_ მაგისიანები სად ოხრობაში არიან?

_ სამსახურში იქნებიან, _ ისე მშვიდად ვთქვი, თითქოს ბაიბურშიც არ ვიყავი, რამდენიმე წუთის წინ რაც მოხდა.

ამ დროს შენობიდან რიჟას მამა გამოვიდა. ყველანი გარშემო შემოვეხვიეთ.

_ პაატა ძია, რა ხდება? _ ვკითხე.

_ წავლენ ახლა და მოაბრძანებენ. ვნახოთ ერთი, რას იტყვის, _ დახშული ხმით თქვა რიჟას მამამ.

_ ვის, ჭყლიპოს? _ დავაკონკრეტე.

_ ჰო, აბა სხვას ვის, _ პაატა ძიამ თავზე გადაისვა ხელი და ამოიხვნეშა.

ტანში გამცრა. რაც იქნება, იქნება. თუ ჩემზე აიღეს ეჭვი, უკან დახევას არ ვაპირებ, ყველაფერს ჩემს თავზე ავიღებ, რაც ჩავიდინე, ვაღიარებ, ჩემთვის უკვე სულერთი იყო.

_ ბიჭებს გამოუშვებენ? _ ზურა მიუბრუნდა პაატას.

_ არ ვიცი, ჯერ ის უნდა დაკითხონ. თქვენც მოგიწევთ იქ შესვლა, სხვათა შორის. იცით, ეს რისი ბრალია? სახლში გაჩერება რომ არ გინდათ და გარე-გარე დაწანწალებთ. აი, ამის ბრალია ყველაფერი, _ მკაცრად თქვა რიჟას მამამ და სიგარეტს მოუკიდა.

რამდენიმე წუთში სამი პოლიციელი გამოვიდა განყოფილებიდან, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ისევ დამასხა ცივმა ოფლმა. ფაქტი იყო, ჭყლიპოს მოსაყვანად მიდიოდნენ. ამასობაში ჩხიროც გამოჩნდა.

_ რაო, ბიჭო, რა გითხრეს? _ მივვარდით ძმაკაცს.

_ შენ გიბარებენ, _ ჩხირომ ცარიელი თვალებით მულტფილმას შეხედა.

_ მე-ე? _ ფერი წაერთვა ანდროს, _ მერე რა უნდა ვთქვა?

_ რაც იყო, ის თქვი. მე და რიჟამაც ასე ვთქვით. მიდი, მიდი, დროზე.

ანდრო ფეხათრევით აუყვა ბეტონის კიბეს, თან უკან, ჩვენკენ იყურებოდა.

_ რაო, რა გკითხეს? _ ერთი სული მქონდა გამეგო, შიგნით რა ხდებოდა.

_ რა ვი, ყველაფერი, სულ ჭყლიპოს გარშემო მიდიოდა ბაზარი. რამდენი ხანია იცნობ, როგორი ბიჭია, რა მოხდა გუშინ, მერე სად წახვედით და ასეთი ბაზარი… უხ, მაგათი დედაც, რა… თუ მოიდომეს, ყველაფერს შეგტენიან, ისეთი გაქექილები არიან, ტო-ო-ო! _ გადააპურჭყა ჩხირომ და აკანკალებული ხელით ზურას სიგარეტი გამოართვა.

პაატა ძია წინ და უკან დადიოდა. უცებ რიჟას დედა გამოვიდა პოლიციის შენობიდან. ისეთი მზერით გამოგვხედა, თითქოს მამის მკვლელები ვყოფილიყავით, ტირილისაგან თვალები დაწითლებოდა.

_ უარესი მოგიხდებათ, ყველანი დასაჭერები ხართ, თქვე უსინდოსოებო! _ აწიკვინდა ლია დეიდა და ჩანთიდან ცხვირსახოცი ამოიღო.

ყველანი ავიწურეთ. რა გვეთქმოდა, რომელი დამჯერი და თითით საჩვენებელი შვილები ჩვენ ვიყავით. ოდნავ გვერდზე გავიწიეთ, რომ მას მოვშორებოდით და ერთმანეთს გადავხედეთ, კიდევ არ გაგვლანძღოსო, მაგრამ არა, ქალი მოგვშორდა და ქმრისკენ გაეშურა.

ანდროს დაკითხვა კარგა ხანს გაგრძელდა. მერე ალბათ ჩემი ჯერიც დადგებოდა, მაგრამ არ დაგვცალდა. მოულოდნელად განყოფილებიდან რამდენიმე პოლიციელმა ჩამოირბინა, სხვა მანქანაში ჩასხდნენ და გააქროლეს.

_ რა მოხდა? _ შეშფოთებულმა იკითხა ჩხირომ.

მუხლები მომეკვეთა. მივხვდი, რაც ხდებოდა, მაგრამ ხომ არ ვიტყოდი. როგორც ჩანს, იპოვეს მკვდარი ჭყლიპო. პაატა ძია შენობაში შევარდა, ალბათ იფიქრა, რიჟას ხომ არაფერი მოუვიდაო, ლია დეიდაც უკან მიჰყვა. ბიჭები შეჩოჩქოლდნენ. ადგილიდან არ დავძრულვარ, თითქოს სმენა დამეხშო, არაფერი მესმოდა, გაქვავებული სახით პოლიციის რკინის კარს შევყურებდი. ზურას ხმამ გამომარკვია.

_ რაღაც ხდება, ეს არ მომწონს, _ თქვა და შემომხედა.

_ მე რას მიყურებ? _ ავილეწე.

_ არაფერი, ისე, არ შეიძლება შემოგხედო? _ გაუკვირდა ზურას.

უცებ რიჟას მამა გამოვიდა გარეთ, შეშლილი სახე ჰქონდა.

_ მოხდა რამე, პაატა ძია? _ მისკენ გაიწია უზბეკამ.

_ თავი მოუკლავს, _ ყრუდ ჩაილაპარაკა გაოგნებულმა კაცმა.

_ თავი მოუკლავს? ვის? _ თითქმის ერთდროულად იყვირეს ბიჭებმა.

_ გოლას. ეს რაები მესმის, გაგიჟდება კაცი, _ ერთიანად კანკალებდა რიჟას მამა.

ახლა ლია დეიდას წივილის ხმა გაისმა. მთლად დავიზაფრე. ქალი გააფთრებული გამოვარდა შენობიდან, მთელი ხმით გაჰკიოდა.

_ ახლა ხომ დარწმუნდნენ, რომ ჩემი შვილი არ არის დამნაშავე, ხომ მიხვდნენ ახლა-ა-ა! _ მხრებზე ჩამოეკიდა ლია ქმარს და გული წაუვიდა.

პაატა ძიამ ვერ მოასწრო ცოლის დაჭერა და ქალმა მიწაზე მოადინა ზღართანი. გაქვავებულები ადგილიდან ვერ დავიძარით, რომ მივშველებოდით…

7 7 7

როგორც შემდეგ გავიგეთ, პოლიციელები გოლას სახლში მისულან. იქ კარი არავის გაუღია. მამამისისთვის დაურეკავთ სამსახურში, სასწრაფოდ გამოუძახებიათ. ისიც მაშინვე მოსულა. როცა გაუგია, რა ბრალსაც დებდნენ მის ვაჟს, ყვირილი დაუწყია, ჩემი შვილი არაფერ შუაშია, ტყუილად ნუ ტენით ვიღაცის მკვლელობასო. კარი რომ გაუღია და შიგნით შესულან, საზარელი სურათი უხილავთ. მერე წერილიც წაუკითხავთ… მოკლედ, ერთი ამბავი ატყდა. ვერ გეტყვით, პოლიციელებმა მართლა დაიჯერეს თუ არა ჭყლიპოს თვითმკვლელობის ამბავი, მაგრამ ფაქტია, რომ საქმის გამოსაძიებლად თავი დიდად არ გამოუდიათ. სიმართლე გითხრათ, არც თითების ანაბეჭდების აღებაზე გარჯილან, თუმცა მე ისე სუფთად გავაკეთე ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, მაინც ვერაფერს იპოვიდნენ…

რიჟა იმ დღესვე გამოუშვეს. იმავე საღამოს ყველანი ვანიკოს სამძიმარზე მივედით და მერე რიჟასთან შევიკრიბეთ. ლია დეიდამ ხილი და ნამცხვრები გამოგვიტანა. პირი არაფრისთვის დაგვიკარებია, ყველას კრიჭა გვქონდა შეკრული. თითქოს არაფერი, პოლიციამ თავი დაგვანება, მაგრამ გულზე ლოდივით გვაწვა ბიჭებს ეს ამბავი. უკვირდათ, ჭყლიპომ ასეთი ნაბიჯი როგორ გადადგაო. ეს ხომ, ერთი მხრივ, ვაჟკაცობაც იყო. არავის სჯეროდა, რომ მისნაირი სინანულის ან თუნდაც შიშის გამო ასეთ რამეს ჩაიდენდა. რიჟა ყველაზე უფრო იყო ჩაფიქრებული, მთელი ორი საათის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მხოლოდ ბოლოს, უკვე რომ მოვდიოდით, მხარზე ხელი დამკრა და ჩუმად გადმომილაპარაკა.

_ სპასიბა, დაბრედილო, შენ გარდა ამას ვერავინ გაბედავდა. ძმა ხარ.

ის ყველაფერს მიხვდა. რა თქმა უნდა, არ იცოდა, როგორ მოვახერხე ეს ამბავი, არც არასდროს უკითხავს ამის შესახებ, მაგრამ მიხვდა, რომ ჭყლიპოს სიკვდილში ხელი მე მერია.

მეც სულ მოლოდინში ვიყავი. რამდენჯერაც ჩემს სახლში ზარი დარეკავდა ან ვინმე დააკაკუნებდა, სულ მეგონა, რომ ჩემს წასაყვანად იყვნენ მოსულნი. ამისთვის მზად ვიყავი. თუ რამეა, ვაღიარებდი მომხდარს და ჩავჯდებოდი კიდევაც, მაგრამ დრო გადიოდა და არავის გავხსენებივარ. დანაშაულიც შემრჩა და ციხეც ამცდა. თავში აზრადაც არ გაუვლია ვინმეს, გოლას მკვლელობაში მე დავედანაშაულებინე…

7 7 7

ორი კვირა გავიდა ამ ამბიდან. ვანიკოც დაასაფლავეს და გოლაც. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ორივეს დაკრძალვა ერთ დღეს დაემთხვა, ერთსა და იმავე დროს. ვანიკოს რომ მთავარ ქუჩაზე მიასვენებდნენ, გოლას პროცესიამ სწორედ იმ დროს ჩამოუხვია გვერდითა ქუჩიდან. ეს სასწაული სანახაობა იყო, ორივე _ მკვლელიც და მსხვერპლიც ერთ სასაფლაოზე დაკრძალეს, ერთ დღეს, ერთ საათზე…

მთელი ამ ხნის განმავლობაში ბიჭები გარეთ გამოსვლას ერიდებოდნენ, მათ შორის მეც, მხოლოდ ტელეფონით ვკონტაქტობდით. ბესომაც დამირეკა რამდენჯერმე. როცა მოვუყევი, რაც მოხდა, კინაღამ გაგიჟდა ბიჭი. შენ ხომ არაფერ შუაში ხარო, პირველი ეგ მკითხა. მთხოვა, ფრთხილად იყავი, ხომ იცი, შენ მეტი არავინ მყავს და არ დამღუპოო. შევპირდი, ჭკვიანად ვიქნები-მეთქი.

8 8 8

მერე ისევ ძველებურად გაგრძელდა ცხოვრება. ისევ ისე დავიწყეთ შეკრება უბანში, ხან «ბირჟას ვამაგრებდით», ხან «ვგონკაობდით», ხანაც ვქეიფობდით.

ერთხელ, ხუთშაბათ საღამოს, რიჟამ დამირეკა, ცხრა საათზე ზურნასთან ვიკრიბებითო და იქ წავედით. ზურნა ერთი დარბაისელი კაცია, სამოციოდე წლის, ჩვენს უბანში ცხოვრობს. თავის დროზე მაგარი ბიჭი ყოფილა, ამბობენ, კანონიერი ქურდი იყოო, მაგრამ რამდენად მართალია, არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ დიდი პატივით სარგებლობდა თავისი ასაკის ხალხში. სამჯერ ჰქონია სასჯელი მოხდილი _ ყაჩაღობისთვის, ქურდობისთვის და ნარკომანობისთვის, ამიტომაც რეციდივისტის «წოდება» ვერ «მიანიჭეს» თურმე. ჩვენ ხშირად ავდიოდით მასთან, კარგი მოსაუბრე იყო, თან საინტერესო ამბებს გვიყვებოდა თავისი ცხოვრებიდან, თან ჭკუას გვარიგებდა ყოველთვის. ახლაც ასე მოხდა. მე, მულტფილმა, ჩხირო და რიჟა ვესტუმრეთ საპატიო უბნელს.

_ მოდით, ლომებო, მოდით, დამენახვეთ ერთი, რაღაც სულ დამივიწყეთ ბოლო ხანებში, _ ღიმილით შემოგვებება იგი.

ოთახში დახუთული ჰაერი იდგა. სიგარეტის სუნით იყო გაჟღენთილი იქაურობა. ზურნა მარტო ცხოვრობდა. მისი ნამდვილი სახელი არავინ ვიცოდით, ყველა ზურნათი იცნობდა უბანში. საჩვენებელი თითი მეორე სახსართან გადაჭრილი ჰქონდა. ამბობენ, ერთხელ, ბავშვობაში, ქურდობაზე წაასწრო ვიღაცამ და თითი მოაჭრაო. ასე ამბობენ. ამისგან გაბოროტებულმა კი მერე ისე აიშვა, დანაშაულს დანაშაულზე ჩადიოდა თურმე. ზურნას ჩვევად აქვს, წაჭრილ საჩვენებელ თითს ცხვირთან მიიდებს ხოლმე. ამის შემხედვარეს გეგონება, თითი ცხვირში აქვს შეთხრილიო.

_ მომიყევით ახლა, რას შვრებით, როგორ ხართ, რასა იქმნთ… _ ტკბილი, ღუღუნა ხმით დაიწყო ზურნამ და სათითაოდ ყველას შემოგვხედა.

_ ვართ რა, რა ვი, _ კეფა მოიქექა მულტფილმამ.

_ ეჰ, ბიჭებო, ბიჭებო, ვერ მოხდა კარგი ამბავი, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება, სე-ლა-ვი, _ ჩაილაპარაკა ზურნამ, _ ცუდი დრო მოვიდა, ცუდი დროება დაუდგა თქვენს თაობას. განუკითხაობაა ირგვლივ. ჩემ დროს ასე არ იყო, იცით? რა არ გამიკეთებია ცხოვრებაში, კიდევაც მომიპარავს, კიდევაც მომიწევია, გამიჩხერია კიდეც, მიქურდია, მიყაჩაღია, ციხის კედლებიც მიხეხია მთელი თხუთმეტი წელი, მაგრამ კაცის ცოდვა არასდროს დამიდია. არავინ მომიკლავს, სინდისს გეფიცებით. კი, იარაღი მქონდა, როგორ არ მქონდა, მაგრამ არასდროს დამჭირვებია მისი გამოყენება. კაცურად ვაკეთებდით ყველაფერს, საქმეებსაც კაცურად ვარჩევდით. რომელ გაუპატიურებაზეა ლაპარაკი! თანაც ბიჭის, ტო! გამორიცხული იყო. ქალი კიდევ მესმის, ქალი შეიძლება მოგინდეს კაცს და რაღაც მიჰქარო, მაგრამ ბიჭი? თანაც მთლად ბავშვი? გონზე არა ვარ, ამ ხნის კაცი, ეს როგორ უნდა მოგივიდეს თავში აზრად, თანაც რისი გულისთვის? მობილურის დედაც არ ვატირე? ამ ჯართის გამო გამიგია ასეთი სადიზმი? რა ოჯახში გაიზარდა ის დედაარღნიანი, რისთვის ჰყავდა ის მამა, რას ასწავლიდა ის ჩემის გადანგრეული, _ მშვიდი ხმით ლაპარაკობდა ზურნა.

ჩვენ ოთხივენი კედელთან ვიყავით ატუზული და უსიტყვოდ ვისმენდით «ვზროსლი» უბნელის ქადაგებას.

_ დამიჯერეთ, ჩემო კარგებო, კაცობაზე უკეთესი არაფერი მოუგონია ღმერთს ამქვეყნად. კაცი არაფერში არ უნდა ჩაიჭრას ცხოვრებაში. ისე უნდა იცხოვრო, რომ ნებისმიერ ადამიანს სუფთად ჩახედო თვალებში და ბოლოს, უკან რომ მოიხედავ, მართალი იყო ჯერ შენს თავთან და მერე იმ ადამიანებთან, რომელთა გარშემოც ტრიალებ. ასეა ეს. ცხელ გულზე არასდროს მიიღოთ გადაწყვეტილება. ჯობია, რეგვენისგან მოხვედრილ მუშტს მუშტი დაახვედრო, ვიდრე დანა დააძრო ან პისტოლეტი და შუბლი გაუხვრიტო. მაშინვე არ უნდა გამოხვიდე წონასწორობიდან. ჯერ დაფიქრდით, კარგად აწონ-დაწონეთ სიტუაცია და მერე იმოქმედეთ. ჩვენ ასე ვაკეთებდით, ასე ვიქცეოდით და ამიტომაც გვერქვა ვაჟკაცები. გჯერათ ჩემი თუ არა? _ გვკითხა და დანისლული თვალებით ამოგვხედა.

_ ზურნა, ნარკოტიკებს როგორ შეეშვი? _ ჩხირო შეირხა და მხრით კედელს მიეყრდნო.

_ ჯერ ერთი, ვერ გავიგე, ფეხზე რატომ დგახართ. მე ვზივარ, თქვენ კი ზემოდან დამყურებთ. რა, მასწავლებელი ვარ? დასხედით, კაცო, რა პონტია, თავზე რომ მადგახართ, _ გაგვიღიმა მასპინძელმა და ტახტზე მიგვითითა.

ერთმანეთის მიყოლებით დავსხედით გახუნებულ დივანზე.

_ რაც შეეხება ნარკოტიკებს… არ გაიჩხიროთ, ბიჭებო, დამიჯერეთ, ამაზე დიდი საშინელება არაფერია ამ ქვეყანაზე. «ლომკა» იცის, იმის დედა ვატირე! რატომ შევეშვი? ჰმ! სათქმელად ადვილია. იმიტომ, რომ ღვიძლი დამეშალა, ჯიგრებო, ღვიძლი. «ცე-ჰეპატიტი» გაგიგიათ? აი ეგა მჭირს, უკვე სამი წელია. «ვინუჟდენი» გავხდი. არა ცოლი, არა შვილი, არა ოჯახი… ამქვეყნად არავინ არ მყავს, რომ მომხედოს, მომიაროს… ძმისშვილები კი მაკითხავენ, მაგრამ… არ მინდა ამაზე ლაპარაკი. წამლის კეთებას სიკეთე რომ მოჰქონდეს, ვინ დამიშლიდა? თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების უკმაყოფილო ვარ. საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო ეტაპები გავიარე ამ წლების მანძილზე. არაფერს არ ვნანობ იმის გარდა, რომ უშვილძიროდ უნდა გადავგვარდე. თავის დროზე მშობლებიც მყავდა და ცოლიც, მაგრამ… დედ-მამა დამეღუპა, ცოლი კი გამექცა, ვეღარ ამიტანა ასეთი თავზეხელაღებული ქმარი. ვერც გაამტყუნებ. ადამიანი ერთხელ მოდის ამქვეყნად და ხომ აქვს უფლება, თუ ბედნიერად არა, მშვიდად მაინც იცხოვროს? ჰოდა, იმანაც ღარიბული, მაგრამ მშვიდი ცხოვრება აირჩია. აი, ასეა ჩემო ლომებო… ჩხირო, ბიჭო, შენზე ცუდი ამბები მომდის, არ მომწონს რაღაც-რაღაცები და… თავიდან ასე იწყება ყოველთვის _ ჯერ გაეთამაშები შორიდან, თვეში ერთხელ, მერე ორჯერ, სამჯერ, მერე კი ისე შეჯდები, აზრზე მოსვლასაც ვერ მოასწრებ… რა ვიცი, ამ ყველაფერს პირველ რიგში შენს გასაგონად ვიძახი და მერე სხვების. იქნებ დაგიჯდეს ჭკუაში, რასაც ახლა ვამბობ. კარგი ბიჭები ხართ, ალალი, ერთმანეთის გამტანი და თავს ნუ გაიფუჭებთ, დაუჯერეთ ზურნა ძიას, თქვენზე მეტი იცის და უნახავს ცხოვრებაში.

ჩხირო შეიშმუშნა, თავი ჩაღუნა. მართალია, «ჩაქცეული» ნარკომანი არ არის, მაგრამ შიგადაშიგ მიეპარება ხოლმე წამალს. ამ «სიკეთეში» კი უზბეკა «ეხმარება». ის უკვე სტაჟიანი ნარკომანია, ყველამ იცის.

_ რაც შეეხება ჭყლიპოს, ის ბავშვი არასდროს მომწონდა. არ მიყვარს «სკოლზკი» ტიპები, ალალად გეუბნებით. არც ის მჯერა, რომ თავი მოიკლა. «იასნია», ვიღაც «წაეხმარა». არ ვიცი, ვისი ხელწერაა ეს, მაგრამ ვენაცვალე ჯიგარში, ვინც გინდა იყოს. ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი. ღმერთმა უშველოს ჭყლიპოს, სადაც არის და მიუტევოს ყველა ცოდვა, მაგრამ… ეჰ, რა ვიცი, რა ვიცი… _ ამოიოხრა ზურნამ და მაინცდამაინც მე შემომხედა.

ჭყლიპოს ხსენებაზე დავიძაბე. ზურნას ეს სიტყვები უკვე მე მეხებოდა. ფრთხილად გავაპარე თვალი რიჟასკენ, ის უცნაურად მიყურებდა. თვალი ავარიდე…

გვიან ღამემდე დავრჩით ზურნასთან. იგი არ გაჩერებულა, ყვებოდა და ყვებოდა ისტორიებს თავისი ცხოვრებიდან. ჩვენც ინტერესით ვუსმენდით. მხოლოდ მაშინ დავიშალეთ, როცა რიჟას დაურეკეს სახლიდან, დროზე მოდიო.

დავემშვიდობეთ მასპინძელს და წამოვედით. მთელი გზა ისე გამოვიარეთ, სიტყვა არ დაგვიძრავს. ალბათ გულში ყველანი ზურნას მონოლოგზე ვფიქრობდით…

7 7 7

ჩვენი ცხოვრება კვლავ ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, ჩვეულებრივად გაგრძელდა ყველაფერი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მე შევიცვალე. გულჩათხრობილი გავხდი, რაღაც ლოდივით მაწვა გულზე. ამასთან, თითქოს ერთბაშად გავიზარდე, დავკაცდი. იმ შემთხვევის შემდეგ ისეთ ხასიათზე ვიყავი, მეგონა, კედელს გავანგრევდი. რადგან ერთხელ შემრჩა დანაშაული, უფრო გავთამამდი, ყველაზე მაგარი მეგონა ჩემი თავი. გამუდმებით რაღაც თავგადასავლებს ვეძებდი, ფათერაკებს, ოღონდ ვინმეს საშარო საქმისთვის დავჭირვებოდი და უკან არაფერზე ვიხევდი. პირველი მე გავრბოდი საჩხუბრადაც და საქმის გასარჩევადაც. რიჟას ეს არ გამოპარვია.

_ ირაკლი, რაღაც არ მომწონხარ, იცი? _ შეფიქრიანებულმა მითხრა ერთხელ.

_ რატომ მეუბნები მაგას? _ დაკვირვებით შევხედე.

_ იცი შენ, რატომაც გეუბნები და ცოტა მოთოკე შენი თავი, ასე აჯობებს.

_ რას ვაფუჭებ, რო? _ არ დავიხიე უკან.

_ ჯერ არაფერს, მაგრამ თუ ასე ააგრძელებ, ბევრ რამეს გააფუჭებ. არ გინდა. შეირგე, რა.

პასუხი არ გამიცია. მივხვდი, საითაც უმიზნებდა და ამიტომაც არ განვავრცე საუბრის თემა. სამაგიეროდ, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ რიჟას რჩევას გავითვალისწინებდი.

7 7 7

ნიკომ ჩემი დანა ძალიან გვიან დააბრუნა, თითქმის ერთი თვის შემდეგ. სახლში დამადგა, ბოდიში მომიხადა, აქამდე რომ არ მომიტანა და თან დააყოლა, ვიფიქრე, ასე აჯობებდაო. მართალიც იყო. იმ ხანებში ისეთი არეულობა იყო, პოლიციას რომელიმე ჩვენგანი რომ გაეჩხრიკა და ცივი იარაღი ეპოვა, კამერა არ აგვცდებოდა. წასვლის წინ ნიკომ თავისთან დამპატიჟა, შაბათს სუფრა მაქვს, ჩარიცხვას ახლა აღვნიშნავ, იმ დღეებში არ გამოდიოდა და ბიჭებს გეპატიჟებითო.

ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ქეიფის «პონტი» აიწია. დავირაზმეთ და ავადექით ძმაკაცს. ხმამაღალი მუსიკის ხმა მთელ არემარეზე ისმოდა. ყველანი აქ იყვნენ. გოგოებს გავხედე. შოკაც მოსულიყო, კისკისაც და სქელუაც. ნაცნობ გოგონებს შორის უცხოებსაც მოვკარი თვალი, განსაკუთრებით ერთმა მათგანმა მიიქცია ჩემი ყურადღება. მაღალი, თხელი, ქერათმიანი და ცისფერთვალება გოგონა მორიდებით იდგა განზე და კედელზე გაკრულ ფეხბურთელთა პლაკატებს ათვალიერებდა.

_ ის ტიპშა ვინ არის, რიჟიკ, არ იცი? _ გადავუჩურჩულე გუგას.

_ აბა რომელი? _ გუგამ ჩემს მზერას თვალი გააყოლა, _ ა, ეგ ჰუსეინას დაა, ლოლა, ნიკოს კლასელია.

_ ჰუსეინას და? ვა! რა მაგარი და ჰყოლია იმ პიჟონს, _ გამიკვირდა.

_ ე, ბიჭო! ჩუმად ილაპარაკე! _ მხარი გამკრა რიჟამ.

ჰუსეინა დაბლა უბანში ცხოვრობს, ოცდასამი წლისაა, ერთი ბანდიტი, ყაჩაღი და ვერაგი ვინმეა. არავის დაინდობს, ყველაფერზე წამსვლელი ტიპია. იმ «სასტავს», რომელშიც ჰუსეინა მოიაზრება, თბილისში «კარაბინერებს» ეძახიან. სულ შეიარაღებულები დადიან. ძარცვავენ ყველას, ვისთანაც ხელი მიუწვდებათ, კლავენ, ჭრიან, ჩეხავენ მათთვის არასასიამოვნო ტიპებს, წამალსაც იჩხირავენ და მანქანებსაც იპარავენ. ერთი სიტყვით, შიშის ზარს სცემენ ყველას, ვინც გზაზე გადაეღობებათ. ამიტომაც გამაჩუმა რიჟამ, ვინმემ არ გაგიგოს, ჰუსეინას პიჟონს რომ უწოდებო. ყველა ერიდება მასზე ხმამაღლა ლაპარაკს. მე კი, სიმართლე გითხრათ, სულ არ მადარდებდა.

_ რამე რომ იყოს, არ გამაცნობ? _ მკლავი გავუყარე რიჟას და ლოლასკენ ვუბიძგე.

_ პაჟალსტა, რაზეა ბაზარი, _ ხელები გაშალა გუგამ და დაიძრა.

_ ლოლიკ, რავა ხარ, თუ იცი? _ მიეახლა რიჟა მოღიმარ გოგონას და გადაკოცნა.

_ კარგად, შენ? _ ისეთი ხავერდოვანი ხმა ჰქონდა ლოლას, გული შემიქანდა.

_ მეც ვარ რა, ამას იცნობ? _ ჩემზე მიუთითა რიჟამ.

_ არა, _ ლოლამ თავისი წვრილი, მაგრამ საოცრად წყლიანი ცისფერი თვალები შემომანათა.

სასიამოვნო ტალღამ დამიარა სხეულში.

_ ეს ირაკლია, ჩემი ძმაკაცი, დაბრედილი დაუძახე, ჩვენში მოსულა, ხომ იცი, ასეთი კლიჩკები, _ თვალი ჩაუკრა გუგამ.

_ ლოლა, _ გამიღიმა მან და ხელი გამომიწოდა.

_ ირაკლი, _ მეც გავუწოდე მარჯვენა და მის თითებს რომ შევეხე, რაღაც უცნაური რამ ვიგრძენი. რბილი, გრილი თითები ჰქონდა, ძაფივით წვრილი და გრძელი, თითქოს სანთლისგან ყოფილიყო გამოქანდაკებული.

მრავლისმთქმელი მზერა ვესროლე. ლოლა გაწითლდა.

_ ხომ მაგარი მასტია, _ ჩემზე ანიშნა რიჟამ და გაიცინა.

_ გეყოფა, ბიჭო! _ გამიტყდა რიჟასგან რეპლიკა და შევუბღვირე.

ლოლას პასუხი არ გაუცია, ეშმაკურად გაიღიმა მხოლოდ. მე კი მისმა ღიმილმა კიდევ ერთხელ მომიღო ბოლო. ასეთი რამ აქამდე არ დამმართია. ვუყურებდი გოგოს და ვგრძნობდი, რაღაც ცხელი, მხურვალე ნაკადი როგორ შემოდიოდა ჩემში, თვალს ვერ ვაცილებდი გაოგნებული… ალბათ ასე იწყება სიყვარული, გავიფიქრე ჩემთვის და კიდევ ერთხელ ჩავაშტერდი საღამოს ულამაზეს გოგონას თვალებში. ამასობაში გოგონებმა შეგვამჩნიეს და ხმაურით გამოემართნენ ჩვენკენ…

_ დაბრედილო, სად დამეკარგე?_ სქელუა მომიახლოვდა.

ეს მანჩოა, ჩემი პარალელური კლასელი. ისეთი მსუქანია, მხრები მოჭიდავეს მიუგავს, სქელუას ამიტომაც ვეძახით. ყოველთვის შავი ფერის ტანსაცმელი აცვია, ჭრელაჭრულათი ვერასდროს ნახავთ. გადავკოცნე, მეც მოვიკითხე.

_ შენ თვითონ სად დაიკარგე? _ მკლავზე ვუჩქმიტე.

_ გაგიხმეს ხელი, შე დეგენერატო, მეტკინა, _ მიჯიკავა სქელუამ და ნაჩქმეტ ადგილს გაბუტულმა სული შეუბერა.

_ რა იყო, აგრილებ? _ სიცილით ჰკითხა რიჟამ.

_ ჰო, რა იყო, რა არ მოგწონს?

_ გაგრილება სხვა ადგილს უფრო მოუხდებოდა, _ ორაზროვნად უპასუხა რიჟამ და თვალი ჩამიკრა.

_ საძაგელი ვინმე ხარ, ნუ დარდობ, თუ გამიჭირდა, გავიგრილებ კიდეც, _ არ დაუთმო მანჩომ და ისევ მე მომიბრუნდა.

_ ბესოსი რა ისმის?

_ კარგად არის, გუშინაც ველაპარაკე.

_ არ ჩამოდის?

_ ახალ წლამდე ვერა, ძვირი ჯდება, ხომ იცი, _ უხერხულად გავიღიმე.

_ კიდევ რომ დარეკავს, მომიკითხე, კარგი?

_ აუცილებლად, სპასიბა.

_ იცი ახლა ვინ მოვა? _ ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა.

_ ვინ?

_ ის გიჟი ირინა.

_ აუჰ, ჩემი, გადაგვდგამს აბა! ვინ დაპატიჟა, ნიკომ? _ უკმაყოფილოდ ავზიდე წარბები და მალულად ლოლას გავხედე, თვალთახედვიდან არ დამეკარგოს-მეთქი.

_ ტვინი შეუჭამა, უნდა მოვიდე და დაგლოცოო.

_ გიჟია ეგ ჩემისა, დათვრება და მერე ნახე შენ ცირკები, _ გავიცინე.

_ შენ კი უყვარხარ და…

_ ვუყვარვარ არა, ტოროლა! გადაშენდეს ერთი აქედან! _ შორს დავიჭირე მანჩოს ნათქვამი.

_ შენი ჯინი სჭირს, ვერ დავითრიეო, სულ ამას გაიძახის, _ სიცილი აუტყდა სქელუას.

ირინა ჩვენი სკოლელია, ნიკოს მეზობელია და მისი ძმის კლასელი, მეათეში გადავიდა. უბანში არავის უყვარს, ყველა ერიდება მასთან მეგობრობას. სულ ბიჭებში დადის, პლანს ეწევა, სვამს, ერთი ავარდნილი გოგოა, რა, მარტივად რომ ვთქვა, უბნის ა. მგონი, ჩემ გარდა ერთხელ ყველას გასინჯული ჰყავს.

ამ დროს შოკაც მოგვიახლოვდა.

_ ჩემი სიცოცხლე როგორ არის? _ ერთმანეთს ჩავეფსკვენით.

_ შოკა, შე შოკოლადო, რას შვრები, ცეკვავ და ხარ შენთვის, არა? _ «ჩოლკა» მოვუჩეჩე.

_ მეტი არაფერი ვიცი და… _ ხელები გაშალა შოკამ.

_ მაგარ ფორმაში ხარ. ახალი ჯინსი გაცვია?

_ ჰო, გუშინ ვიყიდე «ჯორდანოში».

_ საკაიფოა, გიხდება და რა ვი… ასე შემდეგ, _ ისევ ლოლას გავხედე.

აშკარად ვგრძნობდი, რომ თუკი რამეს ვამბობდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ლოლას გაეგონა და მასზე ეფექტი მომეხდინა.

ამ დროს ვიღაცის ხმამაღალი შეძახილი გაისმა. კარისკენ გავიხედე. ლუდის ბოთლით ხელში ირინა შემოვარდა, თმაგაჩეჩილი, ტყავის ისეთი მოკლე ქვედაბოლო ეცვა, ლამის ტრუსი მოუჩანდა, ხოლო თხელი, გამჭვირვალე ტოპის ქვემოდან _ ძუძუსთავები. სქელი ბარძაყები ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე უთიმთიმებდა.

_ მთლად გარეკა ამ ჩემისამ, _ ჩაილაპარაკა რიჟამ.

_ ჰაი, ჰაი, მარიაჟებს პრივეტები, არ მელოდით, არა? _ თითის ქნევით დაიყვირა, ნიკოს შეახტა და თვალის დახამხამებაში მის მკლავებში აღმოჩნდა.

ნიკო უკან გადაქანდა და რაღაც სასწაულებრივად მოახერხა თავის შეკავება, რომ არ დაცემულიყო.

_ ნელა, გოგო, კინაღამ გამიტანე, _ უსაყვედურა ბიჭმა მეზობელს და ნახევრად შიშველი გოგო ძირს ჩამოსვა.

_ ვისაც ჩემი ნახვა ეწყინა, იმის დედაც… _ შეიგინა ირინამ და ბოროტი მზერა მოავლო გარშემო მყოფთ.

_ ახლა შენებურად ნუ აუშვებ აფრებს, იცოდე! _ დაარიგა ნიკომ.

_ რა, ტყუილს ვამბობ? ამას შეხედე, როგორ მიყურებს, ვითომ ვალი მქონდეს მისი, _ თითი რიჟასკენ გაიშვირა ირინამ, _ რას მიყურებ, პირველად მხედავ?

_ გაეთრიე, რა, გიყურებ თორემ შენც მყავხარ ანჯელინა ჯოლი, _ ხელი აუქნია რიჟამ და ნასვამ ქალს გაერიდა.

ხმაურზე ნიკოს დედა გამოვიდა, თბილად მიესალმა ირინას, რაღაც უჩურჩულა და კვლავ სამზარეულოში შებრუნდა.

_ ექვთიმეს რომ ბავშვები ეყოლა, გაიგე? _ შოკამ ირინას ზურგი აქცია და მე მომიტრიალდა.

_ ვა! რას ამბობ, მართლა? როდის? მოიცა, ბავშვები რას ნიშნავს? _ ახლაღა მივხვდი, რომ რაღაც მეხამუშა.

_ ამ დილით, ტყუპი გოგო შეეძინათ.

_ საღოლ, ძმაო, კაცი ვარო, იმან უნდა თქვას. აბა, გავმხდარვარ ნათლია და ეგაა.

_ მოგიწევს, მეჯვარე შენ იყავი და…

_ მერე რა, ძალიანაც კარგი. მე მაგარი ნათლია ვიქნები. აი, რატომ არის კარგი ნაადრევად ცოლის მოყვანა.

_ ლოლა, რატომ დგახარ განზე, ახლოს მოიწი, ჩვენთან, _ შოკამ ლოლას ხელი მოჰკიდა და ჩემ გვერდით დააყენა.

ლოლა გაწითლდა. თითქოს ცალი მხარე გამიცხელდა, ისეთი მხურვალება მოდიოდა მისგან.

ოდნავ შევეხე, მომეჩვენა, რომ თრთოდა. ღრმად ჩავხედე თვალებში, დაჟინებით ჩავაცქერდი. მზერა ვერ გამისწორა და თავი ჩაღუნა აჭარხლებულმა. მგონი, ამასაც მოვწონვარ, გავივლე გულში და კმაყოფილმა შეუმჩნევლად ჩავიღიმე. ეს კარგია, ახლა ისღა დამრჩენია, ტაქტიანად ვიმოქმედო. არა, ამ გოგოს თავი უნდა შევაყვარო, ვერავის დავუთმობ, _ დავისახე მიზნად და ის იყო, რაღაცის თქმა დავაპირე, რომ ირინა მომიახლოვდა.

_ შენთან საქმე მაქვს, _ მითხრა, მაჯაში ხელი ჩამავლო და განზე გამიყვანა.

_ რა გინდა? _ ცოტა არ იყოს, უხეშად გამომივიდა.

_ შენთან დალაპარაკება მინდა, რაღაც ისეთი უნდა გითხრა.

_ შემეშვი, გოგო, შენ ალაოდ ხომ არ ხარ! _ გავუწყერი, _ შენი ტოლი ვერავინ ნახე?

_ პლანი გაქვს? _ შეცვალა საუბრის თემა, როცა ნახა, რომ არაფერი გამოუვიდოდა.

_ არა, უკვე მოვწიეთ.

_ რა შაკლები ხართ, მეც რომ მინდა?

_ წადი რა, თავი დამანებე, _ ხელი ავუქნიე და გავეცალე.

მერე მულტიფლმას მიადგა. ღიმილი ვერ შევიკავე, ახლა იმას დაუწყებს ტვინის ბურღვას.

ისევ ლოლას მივუახლოვდი.

_ მარტო ხარ მოსული?

_ ჰო, დაცვა ჯერ არ მყავს, _ გამიცინა და ლამაზი თვალები ააჟუჟუნა.

_ მიკვირს, შენი ძმა დაცვის გარეშე როგორ გიშვებს.

_ ჩემი ძმა არ ერევა ჩემს ცხოვრებაში, _ თითქოს ნაწყენივით მიპასუხა.

_ ცუდად არ გამიგო, მე მხოლოდ გეხუმრე, _ თავი უხერხულად ვიგრძენი.

_ არა უშავს, მივხვდი.

რამდენიმე ხანში სუფრას მივუსხედით. ნიკოს მამამ ერთი სადღეგრძელო დალია, ყველას მადლობა გადაგვიხადა დაფასებისთვის და თამადად ზურა დააყენა, როგორც ნიკოს ყველაზე ახლო მეგობარი, თვითონ კი დაგვტოვა, ახალგაზრდები ხართ, ჩვენ, ბებრები, ცალკე მოვყუჩდებითო. უზბეკა აიმრიზა, როგორც ჩანს, მას უნდოდა თამადობა.

_ ე-ე-ე! შპილკაობა არ იყოს, _ გასძახა ნიკომ და უზბეკას თვალით ანიშნა, წყნარად იჯექიო, ამით აგრძნობინა, რომ ზურას თამადობა მისი ინიციატივა იყო.

წავიდა ტრადიციული და ძმაკაცური სადღეგრძელოები. პლანისგან ისე ვიყავი დაბოლილი, ორი ჭიქის მერე უცებ მომეკიდა სასმელი. რიჟა და მულტფილმაც ჩემ დღეში იყვნენ, ზურას ყველა სიტყვაზე უაზროდ იკრიჭებოდნენ. მე არ ვიცინოდი, რადგან ცალ მხარეს ლოლა მეჯდა, მეორე მხარეს _ შოკა და ამისთანა გოგოებთან თავს ხომ არ შევირცხვენდი, მაქსიმალურად ვაკონტროლებდი ჩემს ქცევას. ირინაც სვამდა, თან თვალს არ მაცილებდა. მაღიზიანებდა მისი ასეთი ქცევა, მაგრამ რას ვიზამდი. მერე მაგნიტოფონი ჩართეს, გაჩაღდა ცეკვები. შოკა ისე ლამაზად ცეკვავდა, მის ყურებას არაფერი ჯობდა. როცა ვალსის მუსიკა ჩაირთო, ლოლა გავიწვიე საცეკვაოდ. მაშინვე გამომყვა. მკლავები ფრთხილად ჩამომაწყო მხრებზე, მე წელზე მოვხვიე ხელი და… მთელი სამყარო ატრიალდა. მის გარდა ვეღარავის ვხედავდი, მხოლოდ ლოლას სუნთქვა მესმოდა და ჩემის გულის ბაგაბუგი. ეს ალბათ სიყვარულია, უკვე მეორედ დავასკვენი ამ საღამოს და ისეთი თვალებით შევხედე გოგოს, არაფრის თქმა არ იყო საჭირო.

_ იცი? არ მიყვარს მიხვეულ-მოხვეული ლაპარაკი, ამიტომ პირდაპირ გეტყვი, _ დავიწყე, _ ძალიან მომწონხარ და მიკვირს, აქამდე როგორ არ გიცნობდი.

_ მე ინგლისურ კოლეჯში ვსწავლობ მეორე სმენაში და ამიტომ იშვიათად მიწევს გარეთ გამოსვლა, _ მორცხვად მითხრა.

_ გასაგებია. ალბათ ბევრი გეუბნება, რომ ძალიან ლამაზი ხარ, არა?

_ რა ვიცი, კი, მეუბნებიან. ხანდახან თავსაც მაბეზრებენ.

_ მეც ხომ არ… _ არ დავამთავრე წინადადება.

_ არა, შენ არა, _ გადაიკისკისა, თავი დახარა და უნებლიეთ ლოყა ნიკაპზე მომადო.

ისე დავიბენი, ფეხი ამერია, დამბურძგლა. არა, უკვე მიყვარს, მორჩა, ამას წყალი არ გაუვა, _ ვუთხარი ჩემს თავს და დავმუნჯდი. ცეკვა ისე დავამთავრეთ, ამის მერე ვერაფერი ვთქვი. ლოლა ადგილამდე მივაცილე. ამ დროს უზბეკამ დამიძახა, აივანზე გამოდიო. გავედი.

_ ხვალ საღამოს რას აკეთებ, გცალია? _ ისეთი ხმით მითხრა, მივხვდი, «საქმე» გამოჩნდა.

_ რა პრობლემაა, მოვიცლი, რა ხდება?

_ ნაკოლი მაქვს, _ ხმადაბლა მითხრა.

_ დაკეტილი ბაითია?

_ ჰო, ზღვაზე არიან წასული.

_ ვინ არის?

_ გრძელიძეები იცი?

_ კი, როგორ არა, _ თავი დავუქნიე.

_ ასიანი ვიცი, რომ სახლში მაყუთი აქვთ, თანაც ბევრი.

_ ჰო, მაგრამ ნანა გუშინ საღამოს რომ ვნახე?

_ ვინ ნანა?

_ გრძელიძე, შე ჩემა, ვინ ნანა იქნება.

_ არ არსებობს!

_ როგორ არ არსებობს, ცხვირწინ ჩამიარა თავისი დიდი ს რხევით.

_ დარწმუნებული ხარ?

_ ე!

_ კარგი, კარგი, რაღაცას მოვიფიქრებთ, ბიჭებს დაველაპარაკები, შენ კი არ დაიკარგო.

_ აქ ვარ, სად უნდა დავიკარგო.

_ ისა… _ უზბეკამ კეფა მოიქექა, _ შენა, რამე რომ იყოს, იარაღი გაქვს?

_ დანა მაქვს, რა იყო?

_ არა, დანა არ გამოგვადგება. თოფი, პისტოლეტი…

_ არა, ეგ ბედნიერება ჯერ არ მღირსებია.

_ რა არის, იცი? მე გუშინ პისტოლეტი ვიყიდე თავგასასგან, ორას დოლარში მომცა. ჩემს გადაჭრილ თოფს კი შენ მოგცემ, არ გინდა?

_ რა ვი… _ ყოყმანის ნიშნად მხრები ავიჩეჩე, რატომღაც არ მესიამოვნა. რა თავში ვიხლიდი იარაღს.

_ გაჩუქებ, შე ჩემა, კი არ ვყიდი, _ შემაგულიანა უზბეკამ.

_ ო კეი, მაჩუქე რა, ეგდოს, რა იცი, რაში დამჭირდება.

_ ჰოდა, ეგრე, ხვალ ამოგიტან.

_ დაბრო, მოსულა, _ ხელი ხელზე დავურტყი.

ჩემს ადგილს დავუბრუნდი, მაგრამ ლოლა იქ არ დამხვდა. გავიხედ-გამოვიხედე, ვერსად დავლანდე. შოკას ხელით ვანიშნე, სად წავიდა-მეთქი. იმანაც აიჩეჩა მხრები. ამ დროს გვერდითა ოთახიდან ხმაური მოისმა, ირინას ხმა ვიცანი. შოკა ჩემზე წინ წამოხტა და გავარდა. მე ადგილიდან არ დავძრულვარ. მოულოდნელად ატყდა ერთი წივილ-კივილი, შეძახილები, ჩხიროს და მულტფილმას შეგინების ხმა და… საძინებლიდან ხელდასისხლიანებული ირინა გამოვარდა, თქვენს დედებს შევ…-იო, იყვირა, კარი გამოაღო და გაიქცა. თითქოს მუხლები მომეკვეთა. ვიგრძენი, რომ რაღაც საშინელება მოხდა. ლოლა! გამიელვა გონებაში და ადგილიდან გიჟივით მოვწყდი. შეჯგუფული გოგო-ბიჭების წრე მუჯლუგუნებით გავარღვიე და ადგილზე გავშეშდი. იატაკზე დაგდებული შოკა სისხლის გუბეში ცურავდა, ლოლა ზემოდან გადამხობოდა და მთელი ხმით ტიროდა…

7 7 7

ნაგიჟარმა ირინამ ქეიფი ჩაგვამწარა. სანამ მე უზბეკას ველაპარაკებოდი, ლოლა გაუყვანია საძინებელში და საქმის გარჩევა დაუწყია, ირაკლის ახლოს არ გაეკარო, ეგ ჩემი კაციაო. ამას აჰყოლიან. ირინას დანა დაუძრია. ხმაურზე შოკა რომ გავარდა და ნახა რა სიტუაციაც იყო, ირინასთვის დანის წართმევა უცდია. ის კი ადგა და პირდაპირ მუცელში ატაკა…

შოკა სიკვდილს გადარჩა. ნაწლავები არ ჰქონდა დაზიანებული და ამან უშველა. მე, ჩხირომ, სქელუამ, კისკისამ და ლოლამ მთელი ღამე საავადმყოფოში გავატარეთ. არ დამავიწყდება, როგორ კიოდა შოკას დედა, როცა შვილის დაჭრის ამბავი გაიგო. ლოყები სულ ჩამოიხოკა. ძლივს დავაწყნარეთ, თან ვიცდიდით, სანამ შოკას ოპერაციას გაუკეთებდნენ. დანარჩენები ირინას საძებნელად გაეშურნენ, ცალკე ბიჭები ეძებდნენ, ცალკე _ პატრული. ვერ მიაგნეს. აორთქლდა. ლოლა ისევ ქვითინებდა, თვალები დაუსივდა ტირილისაგან. როგორც ჩანს, ძმასაც გააგებინა მომხდარი, რადგან ჰუსეინა მალევე გამოჩნდა მისაღების დერეფანში, ცივად, მედიდურად მოგვესალმა ყველას და თავისი და გვერდზე გაიყვანა. კარგა ხანს ილაპარაკეს. ბოლოს დაავლო ხელი და წაიყვანა. როგორ მაინტერესებდა, რა უთხრა ლოლამ ძმას, ჩემ გამო რომ მოხდა ჩხუბი, როგორ აუხსნა, მაგრამ ვინ მეტყოდა. ჰუსეინას ჩემკენ ერთხელაც არ გამოუხედავს. ალბათ დაუმალა დამ შეკამათების ნამდვილი მიზეზი, თორემ ჩვენ შორის უარესი ჩხუბი აიწეოდა. ლოლა წავიდა თუ არა, პოლიციაც გამოჩნდა. დაიწყეს გამოკითხვა _ რა მოხდა, როგორ, როდის, სად… ლოლას მისამართი გამოართვეს გოგოებს და მეორე დილისთვის ჩვენც დაგვიბარეს განყოფილებაში.

გამთენიისას, როცა ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, დავიშალეთ. მე და ჩხირომ სქელუა და კისკისა გავაცილეთ. შოკა პალატაში გადაიყვანეს. ნინა დეიდას კი ვუთხარი, თუ საჭიროა, დავრჩები-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა, ღამეს მე გავუთევ ჩემს შვილს, თქვენ რაც გააკეთეთ, ესეც საკმარისია, მადლობელი ვარო.

შინ დაბრუნებული ლოგინში კი შევწექი, მაგრამ ვერაფრით ვერ დავიძინე. თვალწინ შოკას გაფითრებული სახე და მუცელში გარჭობილი სისხლიანი დანა მედგა. თუმცა ერთ რამეში დავიჭირე ჩემი თავი. სადღაც, გულის კუნჭულში მიხაროდა, რომ შოკას ადგილზე ლოლა არ აღმოჩნდა.

7 7 7

მთელი კვირა ყველანი სათითაოდ დაკითხვებზე დავრბოდით, რაღაც ოქმებზე გვაწერინებდნენ ხელს, უაზრო შეკითხვებს გვისვამდნენ. ნერვები მეშლებოდა, ლამის იყო, წყობილებიდან გამოვსულიყავი, არ ვიცი, როგორ ვახერხებდი თავის შეკავებას. ირინა მაინც ვერ იპოვეს. ბოლოს, როგორც იქნა, შეგვეშვნენ და ირინას ძებნა გააგრძელეს. ჩემი და უზბეკას მოლაპარაკებაც გადაიდო. ისეთი ვითარება შეიქნა, სარისკო იყო ახლა უბანში დანაშაულის ჩადენა, ეგრევე ჩაგვავლებდნენ, ცოტა უნდა მიწყნარებულიყო სიტუაცია. არადა, ფული მართლა მჭირდებოდა. ტოტალიზატორით კი ვახერხებდი ცოტ-ცოტას «გამომუშავებას», მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო, ჩემს გაჭირვებას ვერ შველოდა.

შოკა ერთ კვირაში გამოწერეს. ყოველდღე დავდიოდით მის სანახავად. ლოლაც მოდიოდა. ეს ყველაზე მეტად მიხაროდა, რადგან მისი კიდევ ერთხელ ნახვის საშუალება მეძლეოდა. კი ვურეკავდი ხანდახან, მაგრამ მარტო ხმის გაგონება არ მაკმაყოფილებდა. მართლა კარგი გოგო იყო, უფრო და უფრო მიმიწევდა გული მისკენ. არც ის ჩანდა ჩემ მიმართ გულგრილი. ამას მისი გამოხედვიდან ვგრძნობდი. ნელ-ნელა ჩვენ შორის უსიტყვო რომანი გაიბა.

ცოტა ხანში ირინა თითქოს ყველას მიავიწყდა და ალბათ ცხოვრებაც ჩვეულ დინებას დაუბრუნდებოდა, რომ არა კიდევ ერთი შემზარავი ამბავი. მომხდარი ინციდენტიდან მეთერთმეტე დღეს მტკვარმა დამხვრჩალი გოგონას გვამი გამორიყა. ის გოგონა ირინა აღმოჩნდა. ვიღაცამ შური იძია მასზე. ჩვენ კი ვიცოდით, ვინც იქნებოდა შურისმაძიებელი, მაგრამ ვინ იყო ხმის ამომღები. ჰუსეინამ თავისი გაააკეთა, დის შეურაცხყოფა არ აპატია ირინას და ტექნიკურად მოიშორა თავიდან. როგორ _ ეს ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა. კიდევ ერთხელ დაგვკითხეს ყველანი.

_ სად მიაგნო, ან როგორ «გაასუხარა», _ პოლიციის წინ ხელებს გაკვირვებული შლიდა მულტფილმა.

_ ისე, მე მაინც შემეცოდა, _ თქვა რიჟამ, _ ტვინით იყო გაჭირვებული ის საწყალი, პატრონი არ ჰყავდა.

_ მაგაში მართალი ხარ, მაგრამ უკვე ყველას ყელში ამოუყვანა, ძაან გაბლატავდა ბოლო დროს, _ ჩაერია ლაპარაკში ჩხირო და გადააპურჭყა.

_ ჰუსეინას არ დაკითხავენ, როგორ იცით? _ იკითხა სქელუამ.

_ გააჩუმე ენა, უაზროდ რომ ატარტარებ, _ ყური ავუწიე სქელუას.

_ მალჩუ, მალჩუ, _ პირზე ხელი აიფარა მანჩომ და აიწურა.

_ დიდხანს უნდა გვატარონ ამ დაკითხვებზე? ჭკუიდან ავიჭრები, საცაა, _ ჩაიბუზღუნა კისკისამ.

_ კისკის, შენზე აქვთ ეჭვი, უნდა დავიჭიროთო, გამომძიებელს უთქვამს. მაგას სიცილის ხასიათი უნდა წავუხდინოთო, _ გაიცინა რიჟამ და თვალით მანიშნა, ამყევიო.

_ ჰო, ეგრეა, ვიღაცას ხომ უნდა შევტენოთ მკვლელობა, მაგას კისკისას მეტი სხვა ვინ იზამდაო.

_ მორჩით ლაყაფს, მეტი საშაყირო ვერაფერი ნახეთ?! _ გაბრაზდა კისკისა და წარბები შეყარა.

ლალი ძალიან მხიარული გოგოა, სულ იცინის და კისკისაც ამიტომ შევარქვით. ახლა აღარ იყო სიცილის ხასიათზე, სახე ჩამოსტიროდა.

ამ ლაპარაკში ვიყავით, ნიკო რომ გამოვიდა განყოფილებიდან. სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა, ოფლით დაცვაროდა შუბლი.

_ რაო, ნიკუშ, რა გითხრეს? _ გარს შემოვეხვიეთ.

_ ბიჭებო, ცუდად არის საქმე, _ ნიკომ აკანკალებული ხელით სიგარეტი დააძრო.

_ რა იყო, რა ხდება? _ ყველანი შევშფოთდით.

_ რა და… რომელიმემ საკუთარ თავზე უნდა აიღოთ მკვლელობა, აბა საქმეს გაუხსნელს ხომ არ დავტოვებთო.

_ რა-ო-ო! _ ძალაუნებურად აღმომხდა.

_ ფაქტია, რომელიღაცა თქვენგანმა გააკეთა ეს და თუ არ აღიარებს დანაშაულს, ერთ-ერთს მაინც ჩაგსვამთ, ამიტომ თავად გადაწყვიტეთ, ვის გაიმეტებთო. ორი დღე მოგვცა მოსაფიქრებლად.

_ აუ! დავბრიდავ, მაგათი დედაც! _ ვიყვირე და ხელები მოვმუშტე.

_ ე-ე-ე! დაწყნარდი, რა, _ დამიწყო დამშვიდება რიჟამ, _ რას იგინები, რა წესია. დავსხდეთ და მოვიფიქროთ, რა ვქნათ.

_ რა მოფიქრება მაგას უნდა, ავადგები ახლა ჰუსეინას და მიხედოს თავის გაფუჭებულ საქმეს, _ მშვიდად თქვა ზურამ.

ეს აზრი ყველას ჭკუაში დაგვიჯდა. კარგად გავაანალიზეთ ყველაფერი, ზურა დავმოძღვრეთ და დესპანივით გავუშვით ჰუსეინასთან. დანარჩენები ჩემთან ავედით, ახლა ქუჩაში დგომაც საშიში იყო. ორი საათი დაძაბულები ველოდით მის გამოჩენას. პლანსაც კი მოვერიდეთ, გვეშინოდა, უცებ არ დაგვადგნენ თავს და არ აგვიყვანონო, სამაგიეროდ სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდით. როგორც იქნა, ზურა გამოჩნდა.

_ რა ქენი? ნახე? რა გითხრა? _ დავაყარეთ შეკითხვები.

_ არაფერი.

_ რა არაფერი, ტო, რას ნიშნავს არაფერი? _ გაცოფდა რიჟა.

_ არაფერი არ მითხრა. ბოლომდე მომისმინა, გასაგებია, მე მივხედავ მაგ საქმეს, თქვენ არ ინერვიულოთო და კარი ცხვირწინ მომიხურა. აბა რა ვიცი.

_ იმედია, მთელ განყოფილებას არ დაბრიდავს, _ დაბოღმილმა ამოვთქვი.

_ ნუ გაახურე, განყოფილებას არა, იმას, _ მხარზე ხელი დამარტყა ჩხირომ.

_ კარგი, დაველოდოთ, რაღაცას იზამს ალბათ, თვითონ რომ არ ჩაჯდება, ეგ იასნია, _ დაასკვნა მულტფილმამ და შეფიქრიანებული მზერით გამოგვხედა.

ჩვენც დაველოდეთ. მეორე დღეს, შუადღისას, უბანში ხმა გავარდა, ფიდო თავისი ნებით ჩაბარდა პოლიციას, ირინას მკვლელობა აღიარაო. ამის გაგებამ ყველა დაგვშოკა. ფიდო მეცხრეკლასელი იყო, არასრულწლოვანი, ამასთან _ მძიმე ავადმყოფი. სისხლის გათეთრება ჰქონდა, მისი დღეები დათვლილი იყო, სულ რამდენიმე თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. მამა არ ჰყავდა, დედამისი თურქეთში იყო გადაკარგული, ბებია ზრდიდა. გაოცებულები ვიყავით, ასეთი ბავშვი როგორ გაიმეტა ჰუსეინამ, როგორ გაწირა პატიმრობისთვის. რა უთხრა ამისთანა, როგორ დააჯერა, ესეც საიდუმლოდ დარჩა.

მეზიზღებოდა ჰუსეინა, მძულდა, მეჯავრებოდა. დიდი სიამოვნებით გამოვჭრიდი ყელს და მის სხეულს ძაღლებს მივუგდებდი საჯიჯგნად, მაგრამ ლოლას სიყვარული მაკავებდა. რომ არა ლოლა, ერთი წამით არ დავიხევდი უკან და ჩემს განზრახვას სისრულეში მოვიყვანდი. ვგრძნობდი, ბოლო ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა ჩემში მხეცი გააღვიძა, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი…

8 8 8

ლოლა ჩემთან შეხვედრებს თავს არიდებდა. ვიცოდი რატომაც _ თავისი ძმის ეშინოდა. კი თქვა, ის ჩემს ცხოვრებაში არ ერევაო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. რაღაც უნდა მომეფიქრებინა. შოკას მივადექი საშველად. გავიგე, რომ ის და ლოლა ინგლისურში ერთად მეცადინეობდნენ.

კარი ნინა დეიდამ გამიღო. შოკა დივანზე მოკალათებულიყო და ვიღაც ბალერინაზე ბროშურას კითხულობდა.

_ როგორ ხარ? _ გადავკოცნე.

_ არა მიშავს, უკეთ.

_ გარეთ უკვე გადიხარ?

_ მა რა, მერამდენე დღეა უკვე.

_ ინგლისურზე თუ დადიხარ? _ გვერდით მივუჯექი.

_ კი, რატომ მეკითხები?

_ შენთან ერთი თხოვნა მაქვს.

_ ათი იყოს, _ გამიღიმა.

_ ლოლას უნდა შემახვედრო.

გაოცებული გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე, დიდრონი თვალები დაკვირვებით მომაპყრო.

_ რა ხდება?

_ ისეთი არაფერი, სალაპარაკო მაქვს.

_ მე ვერ მეტყვი?

_ როგორ ვერ გეტყვი. ერთი სიტყვით… მომწონს, რა, და… _ რატომღაც დავიმორცხვე.

არ ვიცი, მომეჩვენა თუ რა იყო, თითქოს სევდა ჩაუდგა თვალებში, გაოცება, სასოწარკვეთა… ფერმაც კი გადაჰკრა სახეზე. ნუთუ მომეჩვენა?

_ ცუდად ხომ არ ხარ?

_ არა, არა, _ დაბნეულად გამიღიმა, ტუჩებს ძლივს მოუყარა თავი, _ რა ვიცი, მოვახერხებ, თუ მასაც ექნება ამის სურვილი.

_ ექნება, უეჭველი ექნება, მითხარი, როდის ნახავ? _ სეტყვასავით მივაყარე და მისკენ მივიჩოჩე.

_ დღეს საღამოს, შვიდზე გვიმთავრდება გაკვეთილი. სად მოვიდეს?

_ მე თვითონ მოვალ, მისამართი მითხარი და სადარბაზოსთან დავერჭობი.

_ ამას რომ აკეთებ, ჰუსეინასი არ გეშინია? _ ნაღვლიანად შემომხედა.

_ რატომ უნდა მეშინოდეს, ცუდს რას ვაკეთებ? მაგის შიშით ლოლა ვერავინ უნდა შეიყვაროს? ეგრე ხომ დარჩება დამწნილებული, _ გავიცინე.

შოკა არ ამყვა, მხოლოდ ჩრდილმა გადაურბინა სახეზე.

_ იმასაც უყვარხარ? _ ხმადაბლა მკითხა.

_ მგონი კი, სწორედ ამის გარკვევა მინდა. მისგან თუ დაბრო მექნება, მერე შენი ჰუსეინა ფეხზე .

_ ახლავე დაგიწერ მისaმართს, _ ცივად მითხრა, წამოდგა და თავის ოთახში შევიდა.

7 7 7

შვიდ საათზე ადგილზე ვიყავი. ცოტას ვნერვიულობდი კიდეც, ვაითუ, პაემანზე უარი მითხრას-მეთქი. დათქმულ დროზე ადრე გამოვიდნენ. ლოლას დაბნეულად მივესალმე, რაღაც საოცარი გრძნობა დამეუფლა მის დანახვაზე.

_ მე წავალ, კარგად იყავით, _ თქვა შოკამ და პასუხს არ დალოდებია, ისე გაგვეცალა.

_ ნახვამდის, შოკა, დიდი მადლობა, _ მივაძახე მეგობარს და ლოლას შევხედე, _ რა ლამაზი ხარ.

_ ლამაზი არა… _ თავი ჩაღუნა ლოლამ, _ უხერხულად ხომ არ გამოვიდა?

_ ვისთან, შოკასთან? ა-რა-ა! ის ჩემი ძმაა, გამიგებს. სად წავიდეთ?

_ დიდხანს ვერ დავრჩები, დედაჩემი გაგიჟდება, სულ ნახევარი საათი მაქვს.

_ არა უშავს, ნახევარი საათიც გვეყოფა. წამო, პარკში დავსხდეთ.

_ კარგი, _ ლოლას ხელი ჩავკიდე და ჩქარი ნაბიჯით პარკისკენ გავეშურეთ.

წითელი კენჭებით მოკირწყლულ ბაღში ბლომად ხალხი ირეოდა. შორეულ კუთხეში გავედით და ბოლო მერხზე დავსხედით, სხვებისგან განცალკევებულად.

ლოლამ მხარი მხარზე მომადო. ხმას ვერ ვიღებდი, თითქოს ენა გადამეყლაპა. სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა მთელ სხეულში. კარგა ხანს ვისხედით ასე. ბოლოს ავლაპარაკდი.

_ იცი? მგონი დროა, სათქმელი ვთქვა, შენ რას იტყვი?

_ რა ვიცი, _ მხრები აიჩეჩა ლოლამ და ნაზად შემომხედა.

ამ შემოხედვამ უფრო ამირია გონება. ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა.

_ ლოლა, მიყვარხარ, რომ იცოდე. რა ვქნა, მიჭირს ამის დამალვა, ან კი რატომ უნდა დავმალო, რა, გრეხია?

_ არა, რატომ.

_ შენ? შენ რას მეტყვი?

_ მე… მე მომწონხარ და…

_ სულ ეს არის? მეტი არაფერი?

_ ირაკლი, იცი რა-ა? ჯერ ისე არ გიცნობ, რომ… ხომ იცი, დრო სჭირდება, ვნახოთ, რა იქნება. გულგრილი ნამდვილად არ ვარ, ჯერჯერობით ეს ვიკმაროთ და მერე ვნახოთ.

მისმა პასუხმა სრულებით დამაკმაყოფილა. შეიძლება ვუყვარვარ კიდეც, მაგრამ ასე უცებ ხომ არ მომახლის, ასეაო, თანაც სულ რამდენიმე კვირაა, რაც გამიცნო, არ უნდა შემეჩვიოს? კარგია, ირაკლი, კარგი, ასე გააგრძელე, _ გავამხნევე საკუთარი თავი.

_ იცი, ყველაზე მეტად რა მინდა ახლა? _ ჩურჩულზე გადავედი.

_ რა? _ ისევ შემომხედა.

_ მოგეფერო, _ მოურიდებლად ვუთხარი.

_ ეგ მერე იყოს, ახლა არ გამოვა.

_ ანუ წინააღმდეგი არ ხარ?

_ არა, მაგრამ…

სიტყვის დამთავრება არ ვაცალე, ხელი გადავხვიე და ტუჩებში ვაკოცე. მოულოდნელობისგან შეკრთა, ერთი შეირხა და მერე დამმორჩილდა, ჩემს კოცნას კოცნითვე უპასუხა. რა ბედნიერი ვიყავი იმ წუთას. ამაზე დიდი ნეტარება ცხოვრებაში არ განმიცდია.

_ ახლა წავედით, გაგაცილებ, დღეისთვის საკმარისია, _ ვთქვი და წამოვდექი.

_ შენ კარგი ბიჭი ხარ, ირა, იცი? უფრო და უფრო მომწონხარ, _ ლოლაც წამოდგა და თავისი სიტყვების დასტურად ლოყაზე მაკოცა, _ მოსახვევამდე მიმაცილე, მერე მარტო წავალ, არ მინდა ვინმემ დაგვინახოს, კარგი?

_ კარგი, ამ ეტაპზე ასე მოვიქცევი, მაგრამ სხვა დროს აუცილებლად სახლამდე მიგაცილებ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, _ ნიკაპი ავუწიე და თვალებში შევხედე.

_ რა თქმა უნდა, _ დამეთანხმა და ხელკავი გამიკეთა, _ წავედით, თორემ ჩემი რეგლამენტი იწურება.

_ წავედით, წავედით, _ მხიარულად შევძახე და მისი სხეულის სიმხურვალით თავბრუდახვეული წითელ ბილიკს დავუყევი.

7 7 7

შინ დაბრუნებულს კართან უზბეკა დამხვდა.

_ სად ხარ, შე ჩემისა, ავაწრიალე მთელი უბანი, _ მისაყვედურა.

_ რა მოხდა, კრემლი აიღეს?

_ ამაღამ საქმეზე გავდივართ.

კარი გავაღე და ოთახში შევედით.

_ რა საქმეზე?

_ აჰა, თოფი მოგიტანე, მაინც წამოიღე, შეიძლება არც დაგვჭირდეს, მაგრამ… მერე უკეთესს გაგიჩითავ იაფად, _ თქვა და იარაღი მომაჩეჩა. ისე გაწელილად ლაპარაკობდა, აშკარა იყო, წამალი ჰქონდა გაკეთებული.

მძიმე და ცივი მეჩვენა გადაჭრილი თოფი. უსიამოვნოდ გამეცინა.

_ ამით ახლა ვიღა დარბის, ტო-ო, ტეხავს, _ ცოტა არ იყოს, გამიტყდა.

_ ხომ გითხარი, მერე უკეთესს მოგიტან-მეთქი, ტიტომ შემოყარა იარაღი, მაგარი ვეშჩი აქვს, მერე წაგიყვან და შენ თვითონ აარჩიე, რა პრობლემაა. ამაღამ მოგიწევს ამის წამოღება.

_ სად მივდივართ, რო? _ ვითომ არ მახსოვდა გრძელიძეების ამბავი.

_ დაბრედილო, თუ გეშინია, არ წამოხვიდე, შენი ნებაა, _ გამომწვევად მითხრა.

_ ეგ რა შუაშია, შე ჩემა, მითხარი მაინც, რომ მივდივართ, რას ვაკეთებთ, რამდენი მივდივართ…

_ მე, შენ, მულტფილმა და რიჟა. აჰა, ესეც მასკა, ამას გაიკეთებ, _ მითხრა და შავი ნაჭერი მესროლა.

ნიღაბი შევათვალიერე. თვალების და ცხვირის ნესტოების ადგილი ჰქონდა მხოლოდ გამოჭრილი. სიცილი ვერ შევიკავე.

_ ეგ რომელმა დიზაინერმა შეგიკერა, არ დამიმალო.

_ ნუ ღადაობ, უამისოდ შეიძლება გვიცნოს.

_ ნანა რომ თბილისშია, დარწმუნდი? შინ რომ დაგვხვდეს? _ მაინც არ ვიშლიდი ჩემსას, გული მეთანაღრებოდა, ფეხს ვითრევდი, ისე არ მინდოდა ამ «საქმეზე» წასვლა.

_ ყველაფერი შევისწავლე, მთელი კვირაა, იმ ძუკნას დავდევ. ყოველ ღამე, თორმეტიდან პირველამდე სახლში არ მოდის. დავუსადკავებთ პლაშჩადკაზე, მოფარებულში, როგორც კი გასაღებს გადაატრიალებს, ჩვენც შევყვებით ოთახში, ეგ არის და ეგ.

_ რომ იყვიროს?

_ ვერ მოასწრებს, ეთილიანი ცხვირსახოცი მექნება გამზადებული და ეგრევე ავაფარებ პირზე.

_ კარგი, ბატონო, წავიდეთ. სად ვხვდებით ერთმანეთს?

_ ერთ საათში ვიკრიბებით მოსახვევში, ჭადართან. რომ არ მოსულიყავი, არ ვიცი, რას ვიზამდი. მობილური თან არ გაქვს?

_ როგორ არ მაქვს, უბრალოდ, გამორთული მქონდა.

_ რატომ, მერე?

_ რა შენი საქმეა, მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიყავი.

_ თუ პაემანზე?

_ შეიძლება ასეც ითქვას.

_ ვინაა, მე ვიცნობ?

_ ეგ საიდუმლოა.

_ კარგი აბა, მე დავეშვი და შენ იცი, გელოდებით.

_ მოვალ, ბაზარი არაა, _ უზბეკა გავიდა და კარი გაიხურა.

კედელს მივეყრდენი. თან მინდოდა, რაღაც ამდაგვარ ფათერაკებში მიმეღო მონაწილეობა, თან რაღაც უკან მეწეოდა _ ამ შეყვარებულობის დროს დაყაჩაღების გუნებაზე სულაც არ ვიყავი…

7 7 7

კარგა ხანს ვიდექით გრძელიძეების საშრობში, ნანა არა და არ ჩანდა. თოფი ისე მქონდა ჩახუტებული, თითქოს ქილერი ვყოფილიყავი და მსხვერპლის გამოჩენისთანავე უნდა დამემიზნებინა. სხვებიც ჩემსავით ნერვიულობდნენ, წინასწარ არავინ ვიცოდით, რით დამთავრებოდება ამღამინდელი ნადირობა. არ იყო გამორიცხული, ოპერაციას მართლა მსხვერპლი მოჰყოლოდა. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. უზბეკას ტანი ექექებოდა, როგორც ჩანს, მაგარ კაიფში იყო.

_ ჩხიროს რატომ არ უთხარით? _ ჩურჩულით ვიკითხე.

_ იარაღი არ ჰქონდა, _ ჩურჩულითვე მიპასუხა მულტფილმამ.

_ მერე რა, უიარაღოდ ვერ დაგვ… _ წინადადება დამთავრებული არ მქონდა, რომ ქუსლების პაკაპუკის ხმა გაისმა.

_ მოდის, _ კბილებში გამოცრა უზბეკამ და პისტოლეტი მოიმარჯვა.

შავმა სილუეტმა ბოლო სართული ამოიარა, თეთრად შეღებილ კარს მიადგა და გასაღები მოარგო. როგორც კი გააღო, უზბეკა უკნიდან მიახტა და ეთილის ხსნარში დასველებული ცხვირსაცოხი ტუჩებზე მიაფარა. აფართხალებული ქალი ორიოდ წამში ზეწარივით გადაეფინა უზბეკას მკლავზე. გულწასული ნანა ოთახში შევათრიეთ, სკამზე დავსვით და დავაბით. მერე სახეში ვულაწუნეთ ხელისგულები, რომ გონს მოგვეყვანა. რამდენიმე წუთში თვალები გაახილა და კივილი დააპირა, მაგრამ პირი უკვე სკოჩით ჰქონდა აკრული.

_ კრინტი არ დაძრა, თორემ შუბლს გაგიხვრეტ, _ სისინით უთხრა უზბეკამ, _ მითხარი, ფული სად არის დამალული და წავალთ, ხელს არ გახლებთ იცოდე, კარგი?

გოგომ თვალები დააფახულა და დაიწივლა.

_ აბა უყურე, რა დღეშია! რა გითხარი წეღან, ვერ გაიგე? შენს დედას მოვ…ან, იცოდე, თუ არ დამიჯერებ. ახლა სკოჩს მოგხსნი და შენი ხმა არ გავიგონო, თორემ აგკუწავ, გაიგე? გაიგე, შე კახპა! _ შეცვლილი ხმით ლაპარაკობდა უზბეკა, თან პისტოლეტს ცხვირწინ უტრიალებდა შეშინებულს.

მულტფილმამ და რიჟამაც «გაამარიაჟეს» პისტოლეტები, აგრძნობინეს, მართლა შეიარაღებული ვართ და არ დაგინდობთო. ვუყურებდი მათ და თავი ამერიკული ფილმის გმირი მეგონა, ბანკებს რომ ძარცვავენ _ სახეზე შავი ნიღაბი, ხელში _ იარაღი, სკამზე დაბმული მსხვერპლი, სიკვდილის მოლოდინში.

დაახლოებით ნახევარი საათი ვეჩალიჩეთ ნანას და ხმა ვერ ამოვაღებინეთ, არაფრით არ გათქვა, სად იყო ფული შენახული. სანამ უზბეკა ნანას გამოტეხვას ცდილობდა, რიჟამ და მულტფილმამ მთელი სახლი გადაატრიალეს, ყველაფერი გადაქექეს, მაგრამ ოქროულობის ზარდახშის მეტი ვერაფერი იპოვეს. ჩემთვის რომ დაეჯერებინათ, ესეც საკმარისი იყო, ამდენი ოქრო და ბრილიანტი ერთად ცხოვრებაში არ მენახა, ყველაზე ცოტა, ორი კილოგრამი მაინც იქნებოდა. თუმცა მე ვინ მეკითხებოდა, უზბეკა ისე იყო როლში შესული, გოგოს რომ ვერაფერი ათქმევინა, ცემაზე გადავიდა, თოფი გამომტაცა ხელიდან და სულ თავში ურტყა კონდახი. საწყალ ნანას სისხლი თქრიალით ჩამოსდიოდა სახეზე.

_ გეყო, ბიჭო, არ მოკლა, _ შევეცადე მის შეჩერებას, მაგრამ უხეშად მომიშორა, თოფი ისევ დამიბრუნა და პისტოლეტი ქალს საფეთქელზე მიადო.

_ უკანესკნელად გეკითხები, სად არის ფული, თორემ გაგიყენებ სასაფლაოს გზას, _ თქვა და ჩახმახი შემართა.

ნანამ ისევ დაიწივლა და თავი დააქნია, ვიტყვიო. მულტფილმამ ცალი მხრიდან მოხსნა სკოჩი.

_ საკვამურშია, _ მიმქრალი ხმით წარმოთქვა ნანამ.

მულტფილმამ ისევ აუკრა ქალს პირი და ბუხარს ეცა. ხელი მოაფათურა შიგნიდან, მაგრამ ვერაფერი იპოვა. მერე მე მივედი, მიმიშვი-მეთქი, ვუთხარი და თოფის ლულა დავატრიალე შიგნიდან. რაღაცას შევეხე. ლულა ისევ ავკარი მაღლა და… ყავისფერი ტომსიკა უხმაუროდ დავარდა იატაკზე. უზბეკა პირველი ეცა ქისას, გახსნა და დოლარების გადათვლა დაიწყო…

_ ოცი ათასია, ხედავ შე-ენ? ამ ტრაკებს რამდენი ფული ჰქონიათ. წავედით, დავახვიეთ აქედან დროზე. _ თქვა, ფული ისევ ტომსიკაში ჩადო და თავით გვანიშნა, წასვლის დროაო.

_ ამას ასე ვტოვებთ? _ ვიკითხე დაბნეულმა.

_ მაგის დედაც… შეეშვი, თვითონ მოუვლის თავის თავს, _ მაჯაზე წამეპოტინა უზბეკა და გარეთ გავარდა. მეც მივყევი და ბიჭებიც…

კარგა ხანს მივრბოდით, თან უკან-უკან ვიხედებოდით, ხომ არავინ მოგვდევსო.

_ «მიგალკები» თუ გამოჩნდნენ, დავიშალოთ, _ გაგვაფრთხილა უზბეკამ.

მიგალკებს პატრულს ვეძახით, ასე მოვნათლეთ. თუმცა ისე გავიარეთ საკმაო მანძილი, კაციშვილი არ შეგვხვედრია.

_ კარგი ვქენით, მანქანით რომ არ წამოვედით, ასე უფრო უსაფრთხოა, _ თქვა მულტფილმამ.

_ ვისთან ავიდეთ? _ იკითხა რიჟამ.

_ დაბრედილთან, ყველაზე ნადიოჟნი ადგილია, მარტო ცხოვრობს, _ დაასკვნა უზბეკამ.

რას ვიტყოდი, წავედით ჩემთან. ცოტა კიდევ რომ გავიარეთ, წვიმამ დასცხო, ისეთი თავსხმა წამოვიდა, ერთიანად გავილუმპეთ. ჩემთან ავედით თუ არა, ყველამ მაისური გაიხადა და წელზევით ტიტვლები მივუსხედით მაგიდას.

_ ბიჭებო, ფული სპრავედლივად უნდა გაიყოს, ორი აზრი არ არსებობს, ოქროულობა კი ჩვენ არ გვეკუთვნის, _ დაიწყო უზბეკამ.

_ მერე ვინმე რამეს გეუბნება? გაყავი რა, _ თქვა რიჟამ.

_ ოთხ-ოთხი ათასი შეგხვდებათ თითოს.

_ რამდენი? _ ლამის იყო, ვიყვირე, _ ოქრო ვის მიაქვს, რო?

_ ოთხი-მეთქი, დაყრუვდი? _ გამიმეორა უზბეკამ და სათითაოდ ყველას გადახედა.

ბიჭები ხმას არ იღებდნენ. ეს არ მომეწონა.

_ ამიხსენით, რა ხდება, მე ვარ დებილი თუ თქვენ იდებილებთ თავს? _ ხმას ავუწიე.

_ მოკლედ, ასეთი რამ ხდება, ჩემო ირა, _ დათაფლული ხმით გააგრძელა უზბეკამ, _ შეკვეთა ლორდს ეკუთვნის, ამიტომ ერთი წილი სამართლიანად მას ეკუთვნის, დანარჩენი კი _ ჩვენ. ბრილიანტი და ოქროც მისია.

_ აუ, არ გვინდა ახლა ეს რიჟა ბაზარი. გამაგებინეთ, ლორდი რა შუაშია? მაგ ჩაქცეული ნარკომანისთვის ვიმუშავე?

_ ნაკოლი მისი იყო, ძმაო, წესი წესია, _ ხელები გაშალა რიჟამ, _ ირაკლი, დაწყნარდი, გთხოვ, ასე აჯობებს.

გავცოფდი, მაგრამ რა გავცოფდი, უზბეკასკენ გავიწიე, ცხვირპირს დაგამტვრევ-მეთქი. სულ დამპალი ნარკომანი ვეძახე.

8 8 8

ლორდი ორმოცდაათი წლის კაცია, უზბეკას მეზობლად ცხოვრობს. მთელი ცხოვრება წამალზე იჯდა, მთელი უბნის ბიჭები ჩაითრია თავის ბინძურ საქმეებში. გაგებული მქონდა, რომ ჩემი ძმაც მისგან იღებდა წამალს, ისიც იმან გააფუჭა. მისცემდა ბიჭებს ნაკოლს, დააყაჩაღებდნენ ან გაქურდავდნენ ვიღაცას, ფულს ლორდს აუტანდნენ, ის კი მერე წამლით «ასაჩუქრებდა» მსურველებს. ამისთანა ნაძირალა იყო, ამის გამო ვერ ვიტანდი ამ კაცს. ახლა კი რა გამოვიდა? თურმე მის საქმეს ვაკეთებდი, თურმე მის გამო მივდიოდი რისკზე.

რიჟამ სამზარეულოში გამიყვანა, კარგა ხანს მელაპარაკა. ბოლოს იმდენი ქნა, მაინც დამაშოშმინა. დავყარე ფარ-ხმალი, დავმშვიდდი, უზბეკას ხელი ჩამოვართვი, მაგრამ მკაცრად გავაფრთხილე ყველა.

_ იცოდეთ, ეს უკანასკნელი იქნება. სხვა დროს ყველა ვარიანტში უნდა ვიცოდე, სად მივდივარ, ვის შეკვეთას ვასრულებ და ვის რამდენი ეკუთვნის. თუ წინასწარ ეს არ მეცოდინება, რომელიც მომატყუებს, იმას დავბრიდავ, _ ვთქვი, ჩემი წილი გადავითვალე და წამოვდექი, რითაც ყველას მივანიშნე, რომ უნდა წასულიყვნენ.

უხმოდ გაიძურწნენ. რიჟამ გასვლის წინ ქეჩოზე წამავლო ხელი, თავისკენ მომქაჩა და ყურში ჩამჩურჩულა.

_ მაგარი ხარ, ირა და მაგრად მიყვარხარ. იზვინი, ბრატ, ცუდად გამოვიდა. მე მინდოდა მეთქვა შენთვის, მაგრამ ვერ მოვასწარი.

_ რაც იყო, იყო, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, _ უკმაყოფილოდ ვთქვი და მხარზე ხელი დავარტყი ძმაკაცს «სოლიდარობის» ნიშნად…

7 7 7

გრძელიძეების დაყაჩაღების ამბავი მეორე დღესვე მოედო მთელ უბანს. ნანა დაჟინებით ამტკიცებდა, ერთ-ერთში ვატო ვიცანიო, თავისი კარის მეზობელი. საცოდავი ბიჭი, ბაიბურშიც არ იყო, რა ხდებოდა, პოლიცია რომ მოადგა კარს. თავი გაიგიჟა, შინიდან არ გავსულვარ წუხელ ღამით, გვიანობამდე ტელევიზორს ვუყურებდი, მერე კი დავიძინეო. მშობლებმაც დაადასტურეს მისი ნათქვამი. ატყდა ერთი ალიაქოთი. ვატოს მშობლები ნანას მიუცვივდნენ, ჩვენი შვილის გაუბედურება გინდაო და რა ვიცი, დაიქცა ქვეყანა. არადა, ვატო თურმე წინა კვირას ძლივს გადაურჩა დაპატიმრებას. მეზობელი კორპუსიდან ტელევიზორი მოუპარავთ, პლაზმური, «სამსუნგის» ბოლო მოდელი. პატრონი სახლში არ ყოფილა, შეპარულან ეს პატარა ბიჭ-ბუჭები, დაუვლიათ ხელი ტელევიზორისთვის და დღისით, მზისით, გაუტანიათ ბინიდან. შვიდი სართული სულ ხელით უზიდიათ. ის პატრონი კი პირდაპირ სადარბაზოსთან არ შეეჩეხათ თურმე? ქალი რას იფიქრებდა, ბავშვებს მისი ქონება თუ გაჰქონდათ, მშვიდად ასულა სახლში. ოთახში შესულს კი ახალთახალი ტელევიზორი ადგილზე არ დახვედრია. მაშინვე დაურეკავს პოლიციაში და სანამ ბიჭები მანქანით ტრასაზე გავიდოდნენ, ეგრევე დაუკავებიათ. როგორც ჩანს, ვატოს მშობლებს ეს შემთხვევა ძვირად დაუჯდათ, რადგან სამივე გამოუშვეს, როგორც არასრულწლოვანები, თანაც ეს მათი პირველი დანაშაული იყო. რა თქმა უნდა, სერიოზულ მაყუთს აახევდნენ, მაგრამ აბა ვინ დაძრავდა ამაზე კრინტს. ამის გამო უფრო აწიოკდნენ ვატოს მშობლები. არადა, ამ შემთხვევაში ის არაფერ შუაში იყო, თან მყარი ალიბი ჰქონდა…

7 7 7

მეორე საღამოს ისევ შევხვდი ლოლას. ახლა უკვე გვიან, ღამის პირველ საათზე. დამიმესიჯა, როცა ჩემები დაიძინებენ, რამდენიმე წუთით გამოვალ და გნახავო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მთელი ერთი საათი ვიბოდიალეთ ქუჩებში, მერე ბარშიც შევედით, ყავა დავლიეთ, ნამცხვარიც მივაყოლეთ და ბოლოს სახლამდე მივაცილე. ლოლა პირველ სართულზე ცხოვრობდა, ფანჯარა ღიად ჰქონდა დატოვებული და ადვილად გადაძვრა უკან. ასე რომ, ჩვენი ღამის პაემანის შესახებ არავის არაფერი გაუგია. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ლოლას ნამდვილად ვუყვარდი, თორემ ასეთ რამეს სიყვარულის გარეშე წესიერი გოგო ვერ გარისკავდა.

სიამოვნებისგან გაბრუებული მოვედი შინ. ლელიკოს წერილი დამხვდა, სახლი დაგილაგე, ყველაფერი დაგიუთოვე და რომ მოხვალ, იქნებ დამდო პატივი და მინახულოო. ისეთ ხასიათზე ვიყავი, ლელიკოს ალერსის თავი ნამდვილად არ მქონდა, თუმცა ახლა ნამდვილად მჭირებოდა ქალი, ვნება ისე მქონდა მოზღვავებული. ის იყო, გადავწყვიტე, მასთან ჩავსულიყავი, რომ ტელეფონმა დარეკა. ჩხირო იყო.

_ ხვალ საღამოს დამჭირდები, იცოდე.

_ რა ხდება, ჩხირიკ?

_ ერთი მასტი უნდა ვნახო, ჩემი ვალი აქვს და ამოღებაში უნდა დამეხმარო.

_ ბაზარი არ არის. რა უნდა გავაკეთო?

_ მე, შენ, ჩხირო და მულტფილმა წავალთ, უზბეკა არ მინდა და არავისთან წამოგცდეს, რა.

_ როგორც მეტყვი, რაზეა ლაპარაკი.

_ იარაღს წამოიღებ, ისე, ყოველი შემთხვევისათვის. ცოტას შევაშინებთ.

_ კარგი, სად გნახო?

_ დილით დაგირეკავ, რა ვიცი.

_ ხუთზე წყალბურთზე მივდივარ, მერე უბანში ვიქნები, რა.

_ ხვალ არა გაქვს პაემანი?

_ რა პაემანი?

_ ვითომ არ იცი. შე ჩემა, ყველა თქვენზე ლაპარაკობს, მე რას მიმალავ, ვერ გავიგე.

_ არა, რას გიმალავ, საიდან მოგაქვს. უბრალოდ, ამ ბოლო დროს არ გვილაპარაკია და…

_ კარგი, კარგი, მოკლედ, შენი იმედი მაქვს ხვალ.

_ გნახავ, რა, _ ყურმილი დავკიდე და ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე ლელუკასკენ გავეშურე.

8 8 8

წყალბურთიდან მალე წამოვედი, რაღაც ცუდი შეგრძნება ამეკვიატა დილიდან. არ მომწონდა ჩხიროს იდეა, ვიღაცისგან ვალის ამოღების შესახებ, მაგრამ ძმაკაცს ვერ დავაღალატებდი. უბანში არავინ დამხვდა. კარგა ხანს ვიწრიალე აქეთ-იქით და როცა არც ერთი არ გამოჩნდა, შინისკენ გამოვეშურე, ლოლასთან საუბრით მაინც შევიქცევ თავს-მეთქი. დიდხანს ვილაპარაკეთ. რა სასიამოვნო ხმა აქვს ამ გოგოს, თანდათან უფრო მომწონს. მომწონს კი არა, უკვე მიყვარს, მაგრამ ჯერ ეს არ მითქვამს მისთვის, ჯერ სიყვარული არ ამიხსნია. რაღაც რომანტიკული ატმოსფერო მინდა ამისთვის შევქმნა _ სანთლებით და რამე.

გახდა ღამის ათი საათი. ის იყო, ეზოში ჩასვლას ვაპირებდი, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე. ჩხირო და რიჟა შემოლაგდნენ, თან დიდი სპორტული ჩანთა მოჰქონდათ.

_ აჰა, ძმაო, შენ, ფეშქაში, _ თქვა ჩხირომ და ჩანთა მაგიდაზე დააგდო, გახსნა და პისტოლეტი «ბერეტა» ამოიღო.

თვალები გამიბრწყინდა ამის დანახვაზე, თან შიშმა შემიპყრო.

_ რა ღირს? _ პირველი ეგ ვიკითხე.

_ შენთვის არაფერი, ჩემგან გქონდეს, _ გამიღიმა ჩხირომ.

რიჟამ თვალი ჩამიკრა.

_ ხომ მაგარია?

_ ძაან, სლიშკომ მაგარია, _ პისტოლეტს ჯერ ფრთხილად შევეხე, მერე ხელში შევათამაშე, კოვბოის ილეთი შევასრულე.

_ ნამდვილი განგსტერი ხარ, როგორ აკეთებ? _ რიჟამ თვალები დააჭყიტა.

_ გენებში მომდგამს, ძმაო, ეგრე კი არ არის, _ გავიხუმრე და ჩხიროს გადავეხვიე, ძმა ხარ-მეთქი.

_ ხომ იცი, ერთ საათში გავდივართ, _ სერიოზული სახე გაუხდა რიჟას.

_ ჰო, მართლა, რა ხდება, გამაგებინეთ, ბოლოს და ბოლოს! _ ვიკითხე და «ბერეტა» უჯრაში ჩავაგდე.

ჩხირომ ჩანთა «ელვით» შეკრა და ძირს ჩამოდო.

_ ფული მაქვს ამოსაღები, მეხუთე მიკროში უნდა გადავიდეთ.

_ ვისთან, ვიცნობ?

_ არა, თქვენ არც ერთი არ იცნობთ.

_ რა ფულზეა ბაზარი, ეგ მაინც მითხარი, შე ჩემა, _ ვუსაყვედურე მეგობარს.

_ მაზიანია, რა, _ არ დააკონკრეტა ჩხირომ და მალულად რიჟას გახედა.

_ კარგი, ბრატ, თუ არ გინდა თქმა, შენი ნებაა, წავიდეთ, რა, ოღონდ არ მითხრა, რომ იარაღი დაგვჭირდება, _ ვთქვი და ორივეს თვალი მოვავლე.

რიჟამ წარბზე გადაისვა ხელი. ჩხირომ გადაფურთხება მოინდომა, მაგრამ გაახსენდა, რომ ოთახში იყო და სააბაზანოსკენ აიღო გეზი.

რიჟამ მრავლისმეტყელი მზერა მესროლა.

_ ყოველი შემთხვევისთვის მაინც წავიღოთ, რა იცი, რა მოხდება.

_ რა უნდა მოხდეს, ბიჭო, თუ რამეა, ახლავე მითხარით, ხომ იცით, რომ მომატყუოთ, მერე არ დაგინდობთ, იცოდეთ! _ ხმას ავუწიე.

_ არა, ეგეთი არაფერია, მაგრამ რამდენი ხანია, არ აძლევს წაგებულს და რა ვი… მაინც იარაღით ჯობია მისვლა, _ გააგრძელა რიჟამ.

მას ყველაზე მეტად ვენდობოდი, ამიტომ მის ნათქვამში ეჭვი არ შემიტანია, დავიჯერე, რასაც ამბობდა.

თორმეტი რომ დაიწყო, გავედით. გარეთ ვიღაც გველოდებოდა მანქანით.

_ ვინ არის? _ ვიკითხე.

_ უზბეკაა, _ დამნაშავესავით ჩაილუღლუღა ჩხირომ.

_ აკი არ უთხრაო? _ გავოცდი.

_ ეგრე გამოვიდა, რა, კარს მარტო მას გაუღებს, ამიტომ წამოვიყვანე, _ უხერხულად გამიღიმა ჩხირომ.

არაფერი მითქვამს, უსიტყვოდ ჩავჯექი მანქანაში, უზბეკას არც მივსალმებივარ.

ტრასაზე რომ გავედით, მულტფილმამ დაგვიქნია ხელი. უზბეკამ დაამუხრუჭა.

_ სად ხართ ამდენ ხანს, დავობდი კაცი, _ გვისაყვედურა.

_ ვკატაობდით, _ გაიღიმა რიჟამ.

_ აუ, გეტყობათ, _ მულტფილმას ძველი ტანსაცმელი ეცვა, ერთიანად ცარცში იყო ამოგანგლული.

_ რას ჰგავხარ, შე ჩემა, ცათამჯბენს აშენებდი? _ სიცილი ვერ შეიკავა რიჟამ.

_ მამაჩემს ვეხმარებოდი ფართის გარემონტებაში, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიას ხსნის, რა… გამოცვლა ვერ მოვასწარი, ხომ არ ვეტყოდი, სად მივდიოდი, _ უხერხულად თქვა.

_ წადი სახლში, შე უბედურო, დაიბანე მაინც.

_ შენ ხომ არ გაუბერე, რა სახლში, თქვენს მოლოდინში დავმწნილდი და ახლა მაგდებთ? _ ლამის იყვირა მულტფილმამ.

გზას გავუდექით. რამდენიმე წუთში ცისფრად შეღებილ ცხრასართულიან კორპუსს მივადექით. სანამ გადმოვიდოდით, ჩხირომ ჩანთა ისევ გასხნა და იარაღის გადმოლაგება დაიწყო. უზბეკას ავტომატი მისცა, რიჟას _ «მაკაროვის» სისტემის პისტოლეტი, თვითონაც ავტომატი დაიკავა.

_ მე? _ იკითხა მულტფილმამ.

_ შენ ვირის თავ-ფეხი, მეტი არა მაქვს.

_ აბა ცარიელი ხელებით წამოვიდე? _ იწყინა.

_ შენ გგონია, ჩვენ გვჭირდება? პროსტა, ვამარიაჟებთ და მეტი არაფერი, _ თქვა ჩხირომ და მანქანიდან გადავიდა.

ყველანი ფეხდაფეხ მივყევით. რატომღაც, არ მომეწონა ეს სიტუაცია, გული ცუდს მიგრძნობდა. შუა სადარბაზოში შევედით. უზბეკამ მანქანა არ ჩაკეტა და არც გასაღები გამოაძრო. მაშინ კი მივხვდი, შეიძლებოდა გასაქცევად გაგვხდომოდა საქმე. გული დამიმძიმდა.

_ სწორად ვიქცევით, ბიჭებო? _ ეჭვნარევი ხმით ვიკითხე.

_ ნუ გეშინია, ცუდი არაფერი მოხდება, _ დამაიმედა ჩხირომ.

პირველ სართულზევე, შავი რკინის კართან შეჩერებულმა უზბეკამ ზარი დარეკა. ჯიბეში პისტოლეტი მოვსინჯე და თითები მაგრად მოვუჭირე, მუხლები მიკანკალებდა.

_ ვინ არის? _ მოისმა შიგნიდან მამაკაცის წვრილი ხმა.

_ უზბეკა ვარ, ლოვა, გამიღე.

კარი გაიღო და წელზევით შიშველი ვიღაც დაბალი მასტი გაიჩითა. უზბეკამ სიტყვის თქმა არ აცალა, ისე შევარდა ოთახში, ჩხირო და რიჟაც მიყვნენ. მე და მულტფილმა ბოლოს შევედით, ვინმე ლოვა უკვე მუხლებზე დაჩოქილი დაგვხვდა.

_ რა გინდათ, თქვენი დედებიც მოვ… _ შეიგინა ბიჭმა.

_ ფული მინდა და მო…ვი ახლავე, როგორც გინდა, _ კბილებში გამოცრა ჩხირომ და ავტომატი ზედ შუბლზე მიადო.

_ თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ, რა ფული, სად მაქვს ფუ…

უზბეკამ კონდახი თავში ჩასცხო ლოვას, თან დააყოლა.

_ შენს პარლამენტარ მამიკოს რომ აქვს დამალული, ის ფული, პედერასტო!

ისე ავნერვიულდი, ყურები დამიგუბდა. მივხვდი, დასაყაჩაღებლად ვიყავით მოსული. ოდნავ განზე გავიწიე და სამზარეულოში გამავალ კედელს მოვეფარე, გამიტყდა უცნობი ბიჭის წინაშე, არ მინდოდა, ჩემი სახე დაემახსოვრებინა. ერთი სიტყვით, წავიდა შელაპარაკება, ხმამაღალი ყვირილი, ჩხირომ ცემა დაუწყო… ნახევარი არ მესმოდა, რა ხდებოდა, ისე ვიყავი გამწარებული. ამ დროს გვერდითა ოთახის კარი გაიღო, ვიღაც სათვალიანი ტიპი გამოვარდა «კალაშნიკოვით» ხელში და ავტომატის ჯერი პირდაპირ ბიჭებზე მიუშვა. პირველი რიჟა დაეცა მოწყვეტით, მერე… მერე მულტფილმას შეშლილი სახე დამამახსოვრდა, დაბნეული აქეთ-იქით რომ აწყდებოდა და სამალავს რომ ეძებდა. შემდეგ უზბეკამ გაისროლა საპასუხოდ, მაგრამ საუბედუროდ, ტყვია მულტფილმას მოხვდა ფერდში. უზბეკას ჩხირომაც მიჰბაძა, ის ცაცია იყო. ოსტატურად მოინაცვლა ხელში ავტომატი და მარცხენით ისე გაისროლა, რომ ლოვა მყის გაათავა ადგილზე, თავად კი უზბეკასთან ერთად ოთახიდან გავარდა…

თავდაპირველად დავიბენი, მაგრამ რადგან მოფარებულში ვიდექი, მოწინააღმდეგე ვერ მხედავდა. ამით ვისარგებლე და კიდევ იმით, რომ მეც ცაცია ვიყავი და იარაღს მეორე ხელით უკეთ ვხმარობდი. ამიტომ სანამ სათვალიანი ავტომატს აკაკანებდა, მარცხენით დავუმიზნე და გავისროლე, ეგრევე მოვარტყი, კედელს მიეხეთქა და იარაღი ხელიდან გაუვარდა. იქაურობა სისხლით მოირწყო. ვყვიროდი, მაგრამ რას, არ ვიცი, არ მახსოვს. ავტომატიანს სათვალეც მოძვრა სახიდან, რომ შევხედე, ადგილზე გავშეშდი _ ჰუსეინა იყო. ამან უფრო დამშოკა. ფიქრის დრო არ იყო, რიჟას ვეცი. დაჭრილი ძმაკაცი სისხლში ცურავდა. ამასობაში მულტფილმამ კვნესით წამოიწია.

_ როგორ ხარ? _ აკანკალებულმა ვკითხე, _ სიარული შეგიძლია?

_ მგონი შევძლებ, მე მესროლა ამ თესლმა, ეს ვინ არის, _ ძლივს გასაგონი ხმით თქვა მულტფილმამ.

_ მაშინ დროზე დავახვიოთ აქედან, მაგათ მერე მოვუვლით, _ ისევ რიჟას მივუბრუნდი, რომელიც მძიმედ სუნთქავდა.

_ რიჟიკ, ხომ ცოცხალი ხარ, ბიჭო! _ ჩავძახე მეგობარს და წამოვაყენე.

_ მიშველე, გამიყვანე აქედან,_ ჩურჩულით ამოთქვა რიჟამ.

მისი მკლავი მხარზე გადავიხვიე, შევუდექი და კარისკენ დავიძარი. მულტფილმა ძლივძლივობით მომყვებოდა უკან. როგორც იქნა, გარეთ გამოვედით. კორპუსში უკვე გადაძახილები ისმოდა. გავიხედ-გამოვიხედე. არც უზბეკა ჩანდა, არც ჩხირო და არც მანქანა.

_ აითესნენ ეგ ნაბიჭვრები, _ ამომხდა განადგურებულს.

რა უნდა მექნა?

_ ანდრო, ცალ-ცალკე უნდა წავიდეთ, თორემ ჩაგვავლებენ, სიარულს შეძლებ, ბიჭო? _ მივუბრუნდი მულტფილმას.

_ ხევ-ხევ წავალ, მგონი გავუძლებ, _ პაუზებით ლაპარაკობდა იგი.

ახლა წელზე მოვხვიე რიჟას ხელი და კორპუსს უკნიდან მოვუარე, ძლივს მივდიოდი, მძიმე იყო ჩემი ტვირთი. ვიღაცას ტელევიზორი ჰქონდა ჩართული, ინგა გრიგოლიას ხმა მთელ არემარეზე ისმოდა. ისე ცუდად ვიყავი, ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი, თითქოს გულში სიცარიელემ დაისადგურა. ამ გაგანია ზაფხულში მციოდა და ვერ ვთბებოდი, თითქოს სული მქონდა დამძიმებული. გამოსავალს ვერ ვპოულობდი.

_ იკა, რა მოხდა, ბიჭო, რა იყო ეს? _ მეკითხებოდა გზადაგზა დაჭრილი რიჟა.

_ არაფერი, ნუ ლაპარაკობ, ყველაფერი კარგად იქნება.

_ მაგრად ვარ დაჩეხილი?

_ არც ისე, ნუ გეშინია.

_ ირა, როგორ ვარ, ბიჭო, მითხარი, გთხოვ, _ არ ჩერდებოდა რიჟა.

_ არაფერია, რიჟიკ, ახლავე მანქანას გავაჩერებ და საავადმყოფოში წაგიყვან, ძმაო.

_ ვიცოცხლებ, დაბრედილო, მითხარი, რომ ვიცოცხლებ, ბრატ.

_ რა სისულელეს მეუბნები, ტო, იცოცხლებ, აბა რა, უზბეკას დედას შევ…ემ, _ თან ვტიროდი, თან უზბეკას ვაგინებდი.

_ ნუ იგინები, ბიჭო, ხომ იცი, არ მიყვარს…

ცოტა შევისვენე, ყველაზე ბნელი ადგილი ვიპოვე და რიჟა კედელთან მივაწვინე. გონება არ მუშაობდა, არ ვიცოდი, რა მომემოქმედებინა.

_ ბიჭო, სიკვდილის მეშინია, ირა…

_ ნუ სულელობ, რა დროს სიკვდილია, გაჩუმდი, ტო-ო-ო, ახლა შენთვის ლაპარაკი არ შეიძლება, _ თან რიჟას ვანუგეშებდი, თან აქეთ-იქით ვიყურებოდი, მოულოდნელად თავს არავინ წამომადგეს-მეთქი.

_ იკა, აქა ხარ, ბრატ? _ რიჟას ხმა თანდათან უსუსტდებოდა.

_ შენთან ვარ, ძმაო, ნუ გეშინია, გუგა, აქ ვარ, _ ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა, რიჟა სისხლისგან იცლებოდა.

_ ვერ გხედავ, ბიჭო, ვკვდები, მგონია, მომკლა მაგ თესლმა, არა?

_ ვინ მოგკლა, შე ჩემა, რას ამბობ, მაგ შენ ვერ მოგკლავს, ნუ გეშინია.

_ რატომ, ირა, რატომ, რატომ…

და ხმა ჩაუწყდა, თავი ჩამოუვარდა…

_ გუგა, გუგა, _ ჩავძახე გაფითრებულს, ერთი-ორჯერ შევაჯანჯაღრე, მაგრამ რიჟა ამქვეყნად აღარ იყო. როგორ მინდოდა მეღრიალა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა, თითქოს სიზმარში ხდებოდა ეს ყველაფერი, გაქცევა მინდოდა და ნაბიჯს ვერ ვდგამდი.

_ რიჟიკ, არ მოკვდე, შე მამაძაღლო, არ ქნა ეგ, გესმის, იცოცხლე, ძმაო, გთხოოოვ, არ დამტოვო, შე ჩემაააა! _ კი არ ვყვიროდი, ხავილისმაგვარი ხმა ამომდიოდა ყელიდან.

კარგა ხანს ვიჯექი რიჟას გვერდით გაქვავებული. მორჩა, ყველაფერი დამთავრდა, რა ცოტა ყოფილა სიცოცხლე და რა უსამართლო _ ცხოვრება. არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ გუგა აღარ იყო, ჩემი გუგა, ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი. ეს რა ქნა ჩხირომ, ეს რა ჩაიდინა. ჭუჭყიანი ფულისთვის როგორ გაგვიმეტა ყველა ერთად! არ ვიცი, ალბათ ასე ვიჯდებოდი დილამდე, პატრულის სირენის ხმა რომ არ მიწვდომოდა ჩემს სმენას. მაშინ კი გამოვფხიზლდი, წამოვხტი და გასაქცევად მოვემზადე. ერთხანს შევყოყმანდი, დანაშაული იქნებოდა ჩემი მხრიდან რიჟას ასე მიტოვება, მაგრამ გამოსავალი არ მქონდა. დავიხარე, ძმაკაცს თავი ავუწიე, შუბლზე ვაკოცე და უკანასკნელად ვუჩურჩულე.

_ მაპატიე, ძმაო, მე შურს აუცილებლად ვიძიებ.

…და შურდულივით მოვწყდი ადგილიდან. იქვე ვიღაცას ბოსტანი ჰქონდა გაკეთებული, მავთულის ღობეს გადავევლე და რამდენიმე წამში უკვე ტრასაზე ვიყავი. თავი სამშვიდობოს რომ დავიგულე, მაშინღა დავიხედე ხელებზე, რატომ მეწებება-მეთქი, ერთიანად სისხლში მქონდა ამოსვრილი. იქვე, ბალახზე შევიწმინდე და ჯიბეებში ჩავიყავი, ვინმე შემხვედრს რომ არ შეემჩნია. ცოტა გავიარე, თან უკან ვიყურებოდი, იქნებ მანქანამ გამოიაროს-მეთქი. მოულოდნელად ტაქსი გამოჩნდა. ხელი დავუქნიე. წითელი «ოპელი» იყო, დაამუხრუჭა. ჩავჯექი და მძღოლს მისამართი ვუკარნახე. ჯიბეში კაპიკი არ მედო, მაგრამ რას დავეძებდი. სკვერთან ჩამოვედი, სპეციალურად არ მივაყვანინე თავი კორპუსთან, მერე არ ჩამიშვას-მეთქი და «სპასიბაზე» გავუშვი. ახალგაზრდა ბიჭი იყო, წვერიანი, ამიტომ არაფერი უთქვამს, თან ისეთი დიდი მანძილიც არ გაგვივლია. გზა ფეხით განვაგრძე, ცრემლები მახრჩობდა. სირბილით ავიარე კიბის საფეხურები. ახლაღა ვიგრძენი სისხლის სუნი. შინ შევედი თუ არა, სააბაზანოში შევვარდი, გული ამერია. ამან ცოტათი დამაწყნარა, მოვეშვი. ახლაღა გავაანალიზე მომხდარი.

პირველი, რაც გამახსენდა, იარაღი იყო. მექანიკურად ჯიბეზე გავისვი ხელი, აგერ არ არის? გამიკვირდა, იმ ქაოსში როგორ მომაფიქრდა პისტოლეტის ჯიბეში ჩადება. როგორც ჩანს, ეს მექანიკურად გავაკეთე. ამოვიღე, ჩემს ძველ მაისურში გავახვიე და ჭერში, საიდანაც ჭაღის მავთული გამოდიოდა, გამოღრუნტულში შევაგდე. იქ ვერავინ მიაგნებდა. თავში აზრადაც არავის მოუვიდოდა, რომ პისტოლეტი იქ ეძებნა. მობილური მოვიძიე, ჩავრთე. არავის ზარი არ იყო შემოსული. ნეტავ ჰუსეინა თუ გადარჩა? ვაითუ დავბრიდე. რა ვუთხრა ლოლას, როგორ შევხედო თვალებში? უზბეკა და ჩხირო სად გაქრნენ? რა იქნება ახლა? ნუთუ მომაგნებენ? ერთიანად ვცახცახებდი. გაგრილება გადავწყვიტე, აბაზანაში ჩავწექი. მესიამოვნა ცხელი წყალი. კარგა ხანს მივშტერებოდი ჭერს განადგურებული. როგორ მოვქცეულიყავი? რა მეღონა? უცებ მომაფიქრდა. პირსახოცი ტანზე შემოვიხვიე და ტელეფონს ვეცი, ლელუკას დავურეკე, სასწრაფოდ ამოდი-მეთქი. ორ წუთში ჩემთან გაჩნდა.

_ რაღაც ხშირად გახსენდები ამ ბოლო ხანებში, _ მიბნედილი თვალებით მითხრა.

ცივად წავავლე ხელი და სკამზე დავსვი.

_ მომისმინე, ლელა, სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო, _ ჩურჩულით ვუთხარი.

_ რა იყო, მოხდა რამე? _ შეშინდა ქალი.

_ მომისმინე, კარგად მომისმინე. თუ ვინმემ გკითხოს ხვალ, ზეგ, მაზეგ, ამ საღამოს ირაკლისთან იყავი თუ არაო, უთხარი, რომ ცხრა საათიდან ჩემთან ხარ, ჩემ გვერდით, გაიგე? _ მკლავებში ჩავავლე ხელები და ისე მოვუჭირე, ამოიკვნესა.

_ მეტკინა, იკა, რა დაგემართა?

_ გაიგე, რაც გითხარი?

_ გავიგე, ყრუ კი არა ვარ, _ უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა და მკლავები გაითავისუფლა.

_ ახლა წადი, მარტო მინდა დარჩენა.

_ არ მეტყვი, რა მოხდა?

_ არ ვიცი, გითხრა თუ არა… _ თავს ვიკავებდი.

_ უნდა მითხრა, სხვანაირად შეიძლება დავიბნე, _ საცოდავად ამომხედა.

_ კარგი, გეტყვი, _ მის გვერდით დავჯექი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.

თვალები ცრემლით აევსო, ნიკაპი აუკანკალდა და აქვითინდა.

_ როგორ, რიჟა მართლა მოკვდა? იქნებ ცოცხალია, იკა, იქნებ გადარჩა?

_ არა, გამორიცხულია, ჩემს ხელში დალია სული. ამას არ შევარჩენ უზბეკას, არც ჩხიროს, _ მომუშტული მარცხენა მაგიდას დავკარი, _ იცოდე, არავისთან არაფერი წამოგცდეს, გესმის? გასაგებია? ახლა კი წადი, ხომ იცი უკვე ყველაფერი!

_ კარგი, წავალ, მაგრამ მეშინია… ამაღამ მარტო ვერ დავრჩები. შეიძლება შენთან დავიძინო? არ შეგაწუხებ.

ისეთი ხმა და სახე ჰქონდა, შემეცოდა. ამოვიხვნეშე.

_ ეგრე იყოს, მაგრამ მაშინ შეწექი ლოგინში და შენი ხმა არ გავიგონო, იცოდე, ხმა არ გაიღო, გაიგე?! _ ერთი და იმავეს ორჯერ ვიმეორებდი რატომღაც.

_ ახლავე, _ მორჩილად დამთანხმდა, ფეხაკრეფით გავიდა საძინებელში, კარი გაიხურა და მიჩუმდა.

თავი ხელებში ჩავრგე. სისხლის შხუილს ვგრძნობდი ძარღვებში, საფეთქლები მიხურდა. ალბათ ერთი საათი მაინც გავატარე ამ ყოფაში. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ისე შევხტი, თითქოს კარზე ბრახუნი აეტეხოს ვინმეს. დავაყოვნე. ზარის ხმა არ წყდებოდა. აკანკალებული ხელით ავიღე ყურმილი და ვითომ ნამძინარევი ხმით ჩავძახე.

_ გისმენთ.

_ ირაკლი, შენ ხარ. შვილო? _ ჩხიროს დედის ხმა ვიცანი.

_ მე ვარ, თამარა დეიდა, როგორ ბრძანდებით? _ ისე თავაზიანად მოვიკითხე, როგორც ძალზე პატიოსან ბიჭებს ჩვევიათ.

_ ალეკო შენთანაა, დედი?

_ არა, თამარა დეიდა, აქ არ არის…

_ რა ვიცი, ასე მითხრა, ირაკლისთან ვიკრიბებით ბიჭებიო.

_ იყვნენ საღამოს, მაგრამ წავიდნენ, _ ვიტყუებოდი, თან ვგრძნობდი, რა უნიჭოდ გამომდიოდა.

_ ვისთან ერთად იყო, ხომ არ იცი?

_ უზბეკა და ალეკო იყვნენ, ერთად გავიდნენ.

_ რაღაც სროლები ყოფილა მეხუთე მიკრორაიონში, შენ ხომ არაფერი გაგიგია?

ამის გაგონებაზე თავზარი დამეცა, ცივმა ოფლმა დამასხა.

_ აუ, არ ვიცი, თამარა დეიდა, სიმართლე გითხრათ, მეძინა, წყალბურთიდან ისეთი დაღლილი მოვედი, რომ…

_ ანდროც არ არისო სახლში, ანამ მითხრა. ალბათ ერთად თუ არიან. მიკვირს, უშენოდ როგორ წავიდნენ.

_ იქნებ გუგასთან არიან? _ ამის თქმაზე გული მომეწურა.

_ იქ არავინ პასუხობს, მთელი საათია, ვრეკავ. შეიძლება ტელეფონს რთავენ ღამით, რა ვიცი…

_ ვერაფერს გეტყვით, თამარა დეიდა, მე სტუმარი მყავდა და გარეთ არ გავსულვარ.

_ მობილურიც სახლში დაუტოვებია. სად გაქრა ეს ბიჭი, გამაგიჟებს პირდაპირ. მის დღეში თან დააპორწიალებს, მაინცდამაინც დღეს არ წაუღია. კარგი, დედა, თუ რამე გაიგო, დამირეკე, შენ შემოგევლე, ძალიან ვნერვიულობ.

_ აუცილებლად დაგირეკავთ, თამარა დეიდა, აბა რას ვიზამ, _ ვთქვი და გავუთიშე.

უარესად ამაკანკალა, მთლად გამომეცალა ძალა, შოკიდან ვერ გამოვედი. როგორც ჩანს, რიჟას მშობლებს უკვე შეატყობინეს მომხდარის შესახებ, ამიტომაც არ არიან ალბათ სახლში. მულტფილმას რაღა დაემართა? ის სადღა გაქრა? ხომ არ დაიჭირეს? მაშინ მისიანებსაც მიადგებოდნენ ან დაურეკავდნენ. იქნებ, რადგან დაჭრილი იყო, ვინმეს შეაფარა თავი? ჩემთან რატომ არ ამოვიდა? ვისთან შეიძლებოდა მისულიყო? ყველა ვარიანტში დამირეკავდა, რაღაცაშია საქმე. თავი მისკდებოდა ტკივილისაგან. მეორე ოთახიდან საწოლის ჭრიალის ხმა გამოდიოდა. ლელუკას არ ეძინა, წრიალებდა ლოგინში. იმისიც მესმოდა, ნერვიულობდა ქალი, მაგრამ ახლა მაგის თავი არ მქონდა, ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი…

გვიან, ძალიან გვიან ინათა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა. საათს დავხედე მობილურზე, ექვსი დაწყებულიყო. ისევ ქალაქის ტელეფონის ზარმა შემახტუნა. მაშინვე დავტაცე ყურმილს ხელი.

_ გისმენთ, _ ახლა უკვე ფხიზელი ხმით ვუპასუხე.

_ ირაკლი, შენ ხარ? _ გაისმა ზურას ხმა. პირველად მომმართა სახელით.

_ ჰო, რა იყო?

_ გაიგე, რა მოხდა? _ ზურას უცნაური ხმა ჰქონდა.

_ არა, რა იყო?

_ წუხელ მაგარი «პერესტრელკები» ყოფილა მეხუთე მიკროში, ჩვენი ბიჭები დაუბრედიათ.

_ ვინ ბიჭები? _ «ჩვენი» ცუდად მომხვდა ყურში, ჰუსეინა ჩვენიანებში არ გადიოდა.

_ გუგა და ანდრო, _ ისინიც სახელით მოიხსენია ზურამ.

გავფითრდი. რიჟას ამბავი უკვე ვიცოდი, მაგრამ მულტფილმა? ისიც? არა, ეს შეუძლებელი იყო.

_ ანდრო? მულტფილმა, ტო?! _ ვიყვირე.

_ ჰო, ბიჭო, მაგის დედაც, ხევში უპოვიათ ამ დილით. რიჟას წუხელვე მიაგნეს მეცხრე კორპუსის უკან, უკვე მკვდარი ყოფილა.

_ დანარჩენები? _ ჩემდა უნებურად წამომცდა.

_ ვინ დანარჩენები, კიდევ იყო ვინმე? შენ რამე იცი?

_ არა, არაფერი, უბრალოდ… ვინ დაბრიდა, ვისთან იყვნენ მისული, ეგ მაინტერესებს, _ გამოვასწორე ჩემი შეცდომა.

_ ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი, ჰუსეინაც იქ ყოფილა, დაჭრილი საავადმყოფოში გაუქანებიათ, ერთი მკვდარიაო, ამბობენ. ქვეყნის იარაღი ეყარა თურმე იატაკზე, ავტომატები და რამე. ჭკუაზე არა ვარ, ტო-ო.

ჰუსეინას გადარჩენის ამბავი ერთი მხრივ გამიხარდა, მაგრამ მეორე მხრივ… თუ გაიგებდა, რომ მეც იქ ვიყავი, არ შემარჩენდა. ლოლასთან ურთიერთობის გაგრძელებაზე კი საუბარიც ზედმეტი იქნებოდა.

_ შენ სად ხარ?

_ ვიცი, სად ვარ? ხან ანდროსთან გადავრბივარ სახლში, ხანაც გუგასთან, რომელი ერთის დედ-მამა ვანუგეშო, არ ვიცი. გავგიჟდი კაცი.

_ ახლა სადა ხარ?

_ მასტერასთან ვარ, ჩამო, რა, იქნებ გავარკვიოთ რამე.

_ კარგი, მოვდივარ, _ აკანკალებული ხელით დავკიდე ყურმილი და ჩაცმას შევუდექი…

8 8 8

_ მულტფილმა ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა, ხევში რომ უპოვიათ, რაღაცის თქმას ცდილობდა თურმე, მაგრამ ვერ შეძლო, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაცვლილა. ძალიან «დავიგრუზე» დილას აქეთ, ამდენი უბედურება ერთად… რა საშინელებაა, იცი? _ სევდიანი ხმით მიყვებოდა ზურა, _ მაგრად შემეცოდა მულტფილმა, ვინმეს რომ ენახა, აუცილებლად გადარჩებოდა. ვინ იცის, როგორ ელოდა მშველელს, როგორ სჭირდებოდა ჩვენი დახმარება, ჩვენ კი… აბა, არ ვიცოდით, ჩემი დედას შევ..ი, თორემ სახლში რა გამაჩერებდა. უშენოდ როგორ წავიდნენ, მე ეგ მაგიჟებს ყველაზე მეტად, დავიჯერო, არ გამოგიარეს?

_ მე სტუმარი მყავდა და… _ თავი დავხარე.

_ შემთხვევით შენი ლოვე ხომ არ გყავდა?

_ არა, სხვა პონტი იყო. არც უთქვამთ წესიერად, სად მიდიოდნენ, თორემ რაღაცას მოვახერხებდი.

_ ისე, კიდევ კარგი, რომ არ იყავი, თორემ ვინ იცის, რა მოხდებოდა. კიდევ კარგი, შენ მაინც ხარ ცოცხალი.

_ რას ამბობენ, რა მოხდაო?

_ კაციშვილმა არაფერი იცის. ჰუსეინასგან შეიძლებოდა ყელაფრის გაგება, მაგრამ საავადმყოფოდან ათესილა, ვიღაცამ გააპარა, როგორც ჩანს, თორემ ეგეთი დაჭრილი სად უნდა წასულიყო თავისით?

_ ჰო, რა ვი, აბა. ჩხიროსი რა ისმის?

_ გაგებაში არა ვარ, წუხელ შინ არ ყოფილა, მამამისი გამწარებული დაეძებს იმასაც. ეგეც ხომ არ იყო მათთან? _ ეჭვნარევად იკითხა ზურამ, _ უზბეკაც არ ჩანს, რაღაცაშია საქმე.

არაფერი მითქვამს. ყველაზე კარგად მე ვიცოდი, რაც მოხდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. იმიტომ არა, რომ ჰუსეინასი მეშინოდა. ლოლას დაკარგვა არ მინდოდა პირველ რიგში. ჰუსეინა ჩემ შესახებ თუ გაიგებდა, მის დასთან ურთიერთობის ყველა გზა მომეჭრებოდა. მხოლოდ ეს მაბრკოლებდა. ჰუსეინა აუცილებლად დაიწყებდა ნადირობას უზბეკასა და ჩხიროზე, ისინი ხომ ნახა. მე კი მოფარებულში ვიდექი და ამიტომ ვერ შემამჩნია. გული ტკივილით მქონდა სავსე. რიჟას და მულტფილმას სიკვდილის ამბავი სულს მიფორიაქებდა. საუკეთესო მეგობრები დავკარგე, უსაყვარლესი ძმები. ვინღა დამრჩა? ჩემი ბრალია, მულტფილმა რომ ცალკე გავუშვი, ერთად რომ ვყოფილიყავით, ხომ გადარჩებოდა! რა ვიცოდი, რა ვიცოდი… მეგონა, ასე უფრო ადვილად დავუძვრებოდით პოლიციას. ვერ მომენელებინა მომხდარი, საშინელ ხასიათზე ვიყავი. მე თითს ვერ დამაკარებდნენ, მტკიცე ალიბი მქონდა, მაგრამ ეს შველიდა ჩემს მეგობრებს? ლევანა მაინც ჩამოვიდოდეს, ჩვენი მასტერა, ის მაინც მირჩევს, როგორ მოვიქცე. რაღა ახლა მოუნდა იმასაც ზღვაზე გასეირნება, ბედი არ გინდა?…

7 7 7

ანდრო და გუგა კვირა დღეს დავასაფლავეთ. ორივე ერთად დაასვენეს ეკლესიაში და საფლავიც ერთმანეთის გვერდით გაუთხარეს, როგორც განუყრელ მეგობრებს. რიჟას დედა, როცა შვილს დასტიროდა, სულ მე მიხსენიებდა, რა გეშველება აწი გუგას გარეშეო. გული მეწურებოდა ამის გამგონეს. როგორ ჩამაკვდა ხელში, როგორ მევედრებოდა ბოლო წუთებში, მიშველეო, როგორ არ უნდოდა სიკვდილი. ეს რომ მისმა მშობლებმა იცოდნენ…

უბნის ბიჭებმა ფული შევკრიბეთ, მე ის მთლიანი თანხა დავდე, უზბეკამ რომ გაგვიყო, მაგრამ რიჟას მშობლებმა ფულს თითი არ დააკარეს, ჩვენი შვილი ჩვენ თვითონ უნდა დავიტიროთო. მულტფილმას მამამაც ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, როცა ჩემს შვილს დახმარება სჭირდებოდა, არც ერთი თქვენგანი მის გვერდით არ აღმოჩნდით, ახლა თქვენი აღარაფერი მჭირდებაო. ყველაზე მეტად მე ვგრძნობდი თავს დამნაშავედ, საკუთარ თავს ვაბრალებდი ორივე ძმაკაცის სიკვდილს. მაგრამ პირობა დავდე, რომ შურს აუცილებლად ვიძიებდი.

მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი. რამდენჯერ კოშმარულ სიზმარს გავუღვიძებივარ. ჩემი ერთადერთი ხსნა იმ წუთებში ლოლა იყო, მაგრამ ისიც თავს მარიდებდა ამ ამბის შემდეგ. იცოდა, რიჟას სიკვდილში მისი ძმა რომ იყო დამნაშავე და ალბათ ფიქრობდა, რომ ამას მასაც არ ვაპატიებდი. ლოლას გარეშე უკვე აღარ შემეძლო, ამიტომ ავდექი და შველა ისევ შოკას ვთხოვე.

_ უთხარი, შემხვდეს, სულ ორიოდე სიტყვა მაქვს სათქმელი.

_ ძალიან ცუდ ხასიათზეა, სახლიდან თითქმის არ გამოდის, შენი კი არა, არავის დანახვა არ უნდა.

_ ვიცი, რატომაც იქცევა ასე, მესმის მისი, მაგრამ თავს რატომ იდანაშაულებს? მაგის ძმამ იდარდოს, რიჟას ცოდვა რომ აიკიდა კისერზე, თორემ ლოლა რა შუაშია? უთხარი, გთხოვ, ძალიან გთხოვ, ყველაფერი უთხარი, რასაც ახლა გეუბნები.

_ მე კი ვეტყვი, რა ვიცი, თუ მომისმინა, _ მხრებს იჩეჩდა შოკა და სადღაც განზე იყურებოდა, თვალს მარიდებდა.

_ შენ რაღაც უცნაურობა დაგჩემდა ამ ბოლო ხანებში, არ მეტყვი, რა გემართება?

_ არაფერი, _ ცივად მითხრა და ფრჩხილებს დაუწყო კვნეტა.

_ შენს საქციელს «არაფერი» არ ჰქვია. მითხარი, რამე გაწყენინე?

_ არა, რას ამბობ.

_ აბა რა გჭირს?

_ რა უნდა მჭირდეს, რას გადამეკიდე, თავი დამანებე, რა! _ იყვირა უცებ შოკამ.

მისგან ასეთ რეაქციას არ ველოდი. გავტრიალდი და წავედი, სიტყვა არ მითქვამს. გზად სქელუა შემომხვდა, ნაღვლიანად მომესალმა.

_ შოკასგან მოდიხარ? _ მკითხა და ქოჩორი გამისწორა.

_ ჰო. როგორ ხარ?

_ როგორ ვიქნები, ჭკუაზე არა ვარ, ღამეები არ მძინავს. მასტერა ნახე?

_ ჩამოვიდა?

_ ამწუთას შემხვდა, დილით ჩამოვედიო. რაო შოკამ?

_ რა ვიცი, რაღაც ვერ არის. ვერ გამიგია, რატომ მიბღვერს, რა დავუშავე.

_ შენ რა, ვერ ხვდები? _ სქელუამ ირონიულად ჩაიღიმა და ღაჟღაღა ლოყებზე ფოსოები დააჯდა.

_ რას? _ გაკვირვებულმა შევხედე.

_ რას და იმას, რომ უყვარხარ, გამოშტერებულო!

ამის გაგონებაზე კინაღამ ინფარქტი მივიღე. რა კრეტინი ვარ, ეგ როგორ ვერ მოვისაზრე. არა, ამის დაჯერება არ მინდოდა.

_ საიდან მოიტანე ეგ სიდებილე, მთლად გაგიჟდი?

_ რა გავგიჟდი, შეხედე გოგოს და მიხვდები. დებილი შენ ხარ, ამდენს რომ ვერ ხვდები.

_ თვითონ გითხრა?

_ რა უნდა ეთქვა, სიცხე ხომ არ გაქვს! არაფერიც არ უთქვამს, უბრალოდ, მივხვდი, რა. ქალს სახეზე აწერია შენი სიყვარული, რიღას თქმაა საჭირო. ე-ე-ე! თვალები გაახილე, დაბრედილო, ჭურში ნუ ზიხარ! შენ კიდევ ბევრი რამე არ იცი, ისე, ჩვენში დარჩეს და…

_ რა არ ვიცი?

_ ცოტა აზრზე მოდი და გაიგებ. წავედი ახლა მე, ეთოს უნდა გავუარო. მიდი, მიდი, ლევანა ნახე, აჯობებს.

დავემშვიდობე სქელუას და მასტერას მივადექი. როგორ გაუხარდა ჩემი დანახვა, გადამეხვია, მკოცნა და მკოცნა, თან თვალები ცრემლებით აევსო.

_ რატომ არ დამირეკეთ, ბიჭო, რამ დაგასირათ ასე, შე ჩემა, რაზე ფიქრობდით? _ თან მეხვეოდა, თან მხარზე ხელს მიტყაპუნებდა ასლუკუნებული.

_ რა ვი, მასტერ, მაგის თავი ვის ჰქონდა, ბიჭო, დაშოკილი ვიყავი, ვფიქრობდი, ვიღაც მაინც შეგატყობინებდა, მაგის დედაც, მე ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ…

_ ირა, სტო პრო ვიცი, ამ ყველაფრის უკან რაღაც რომ იმალება. ოღონდ არ დამიმალო, ძმობას გაფიცებ, _ მთხოვა ლევანამ.

მისთვის არც ვაპირებდი რამის დამალვას. ვიცოდი, ყუმბარა რომ გესროლა, სიტყვა არ დასცდებოდა. ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ხუთივე განუყრელი მეგობრები ვიყავით, ერთმანეთის გულისთვის თავს დავდებდით. ჩემი ტკივილი მასტერას ტკივილიც იყო. დავჯექი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. ხან წარბებს შეჭმუხნიდა, ხან თავს გადააქნევდა, ხანაც თითებს გაატკაცუნებდა შიგადაშიგ.

_ მაგის დედასაც შევ…ი, მოვკლავ, ვიყო, სადაც შემხვდება, _ ეს უზბეკას მისამართით იყო ნათქვამი.

_ ეგ მე უნდა ვქნა, ჩემი გასაკეთებელია, შანსი არ არის, ხელიდან ვერ დამიძვრება.

_ შენი და ჩემი გასაკეთებელია, ძმაო, ეგ ამბავი, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი დაaსწრებს. სადაც ვნახავთ, იქვე მივაბრიდოთ, _ მხარზე დამკრა ხელი ლევანამ.

_ ახლა იცი, მთავარი რა არის? ჰუსეინა ასე არ გაჩერდება. ნამდვილი ომი წინ არის. მან ხომ იცის, რომ ვიღაც ერთი კიდევ იყო იქ, ვისი ტყვიაც მას მოხვდა. ამიტომ უბანში ტერორს გააჩაღებს, აი ამის მეშინია, გაიგე?

_ მესმის და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ის გოგო მართლა გიყვარს?

ამის გაგონებაზე შევკრთი.

_ ვინ გოგოზე მეუბნები?

_ ლოლაზე.

_ შენ ვინ გითხრა?

_ რა მნიშვნელობა აქვს, უკვე ყველამ იცის.

_ ჰო რა, მიყვარს.

_ მერე? იცის, რომ მისი ძმა შენ დაჭერი?

_ არა, საიდან, შენ გარდა არავინ იცის. კიდევ ერთმა იცის, მაგრამ ის უცხოა, თქვენ არ გიცნობთ.

_ რატომ, უცხოპლანეტელია?

_ არა, ჩვენი უბნელია, მაგრამ…

_ რა მაგრამ?

_ ქალია, რა შე ჩემა, რას მალაპარაკებ, იმის იმედი მაქვს, ალიბი იმან უნდა გამიკეთოს.

_ ჰო, ეგრე გეთქვა, რა. კარგი, მაშინ დავიცადოთ, სანამ ყველაფერი მიწყნარდება. როგორ ფიქრობ, ჩვენ დაგვიბარებენ პოლიციაში?

_ მე ალბათ დამიბარებენ და შენი არ ვიცი, შენ ხომ არ იყავი აქ.

_ ეგეც მართალია, ვნახოთ, რა იქნება, _ თავი ჩაღუნა მასტერამ და გაირინდა.

7 7 7

დაკითხვების რაუნდი მალევე დაიწყო. მეც დამიბარეს, ლევანაც, ზურაც, ნიკოც, გოგოებიც… ყველა გაწურეს, მაგრამ ვინ რას იტყოდა, როცა ჩემ გარდა არავინ არაფერი იცოდა. მე კი ისე ავიყვანე თავი ხელში, ისე ვითამაშე გამომძიებლის წინაშე, ეჭვიც არ შეპარვია ჩემს უდანაშაულობაში. ლელუკა ძალიან დამეხმარა. ისიც კარგი მსახიობი ყოფილა, ისე ოსტატურად hყვებოდა ჩემთან გატარებული საღამოს ამბებს, კინაღამ მეც დავიჯერე.

ჰუსეინაზე ძებნა გამოაცხადეს. ტელევიზიითაც უჩვენეს ფოტოსურათი, საშიში დამნაშავეა და თუ ვინმემ რამე იცით, შეგვატყობინეთო. უზბეკა და ჩხირო ისე აორთქლდნენ, მათ ადგილსამყოფელს მთელი უბნის ბიჭებმა ვერა და ვერ მივაგენით. როგორ ვნატრობდი, სადმე გადამყროდა ან ერთი, ან მეორე, ხელები მექავებოდა. მე, მასტერამ, ზურამ და ნიკომ, ასე ვთქვათ, ამ ამბის მერე კოალიცია შევქმენით. ვიცოდით, უბანში სიტუაცია დაიძაბებოდა. ჰუსეინა თავის დაჭრას არავის შეარჩენდა და არ იყო გამორიცხული, სრულიად უდანაშაულო ბიჭები შეწირვოდნენ მეხუთე მიკრორაიონის ტრაგიკულ ღამეს. ამიტომაც დავტრიალდით, რამდენიმე ბიჭი შემოვიკრიბეთ, «საქმის არსი» გავაცანით და სიფრთხილისკენ მოვუწოდეთ. ერთი-ორი სასიგნალო მანევრი ჩავატარეთ და უბანში ხმა დავყარეთ, რომ «ცაციების ბანდა» შეიქმნა, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას ჩნდებოდა. ვინაიდან მეც, მასტერაც და ზურაც ცაციები ვიყავით, ასეთი სახელწოდება ავარჩიეთ. იარაღიც მოვიმარაგეთ, რომ «ძნელბედობის» ჟამს მზად ვყოფილიყავით. ყოველ საღამოს მთელი «სასტავი» ჩემთან ვიკრიბებოდით და ვაანალიზებდით უბანში გაჩენილ ჭორებს _ ვინ რა თქვა, ვინ რა «ჩორტი» ჩააგდო, რომ ყველაფრის აზრზე ვყოფილიყავით.

ერთ საღამოსაც, ბიჭები გავაცილე თუ არა, კარზე ზარის ხმა გაისმა. სათვალთვალოში გავიხედე _ ბიძაჩემი იყო. მაგრად გამიხარდა, გადავეხვიე.

_ როგორ ხარ, თაზო ძია? _ სიყვარულით მოვიკითხე.

_ რა მიშავს, ვარ სტამბოლის კაჟივით, გამაქვს დრო. შენკენ რა ხდება?

_ მეც ვარ, როგორც შეიძლება ამ ცხოვრებაში იყოს ადამიანი, ცოტა დავიღალე მხოლოდ.

_ აუჰ, რამ დაგღალა, ბიჭო! შენ ახლა თუ დაიღალე, მერე რა უნდა ქნა საერთოდ? რა დროს შენი დაღლაა, სისხლი გიშხუის ძარღვებში. შენხელა რომ ვიყავი, მთებს გადავდგამდი მხრებით.

_ ჰო, რა… _ გავწითლდი.

_ რაღაც არ მომწონხარ, შენც თაფლის ბიზნესში ხომ არ ხარ გარეული?

_ მე-ე? არა, რას ამბობ! ხომ იცი, ასეთი რამეები არ მიზიდავს. ც რატომ დააყოლე?

_ რატომ და იმიტომ, რომ შენი ძმაკაცები მაგ საქმეს გადაყვნენ, სხვათა შორის.

_ რომელი ძმაკაცები? _ ეს რაღაც «უცხო ნიუსი» იყო ჩემთვის.

_ ისინი, ხევში რომ ჩაცხრილეს.

ამის გაგონებაზე ტვინში ამასხა.

_ რას ამბობ, თაზო ძია, ტყუილია ეგ ამბავი, რიჟა ბაზარია, გეფიცები!

_ გაგარიჟავებ მე შენ, წესიერად მელაპარაკე თვარა! უყურე შენ! ასე თუ მიუდგები ბიძია ცხოვრებას, წასულია შენი საქმე.

_ არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო, თაზო ძია და საერთოდ, ისიც კი არ ვიცი, რისთვის ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე, ყველაფერი ყელში მაქვს ამოსული.

_ ირაკლი, შვილო, შენც არ ამკიდო ახლა დარდი. ხომ ხედავ, შენი ძმა რა კარგ გზას ადგას, მისგან კაცი დადგება ოდესმე. შენ კი… რა დროს შენი იმედგაცრუებაა, ხეირი უნდა ნახო ცხოვრებისგან, ბიჭო! ადექი, შეიყვარე ვინმე, მოიყვანე ცოლად, გააჩინეთ შვილები და ცხოვრებასაც აზრი მიეცემა, გაიგე?

_ მეც მაგის იმედი მაქვს, თაზო ძია, შენი ჭირიმე, _ მოვეხვიე ბიძას და საოცარი სითბო დამეუფლა.

7 7 7

დღეები გადიოდა, მაგრამ ცუდი არაფერი მომხდარა. ჰუსეინას თავი არავისთვის შეუხსენებია, მაგრამ ეს სიმშვიდე უფრო მაშინებდა. ამასობაში ლოლასთანაც მოვახერხე დაკავშირება. იმდენი ველაპარაკე, იმდენი ნოტაცია ვუკითხე, ძლივს მოვაბრუნე ჩემკენ. ერთ საღამოსაც შინ მომადგა, დაქალის დაბადების დღეზე ვიყავი და ცოტა ხნით გამოვიპარეო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვუყურებდი მის ულამაზეს თვალებს და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. მერე მოვეფერე, ისიც ამყვა. მერე… მერე თავს ვერ მოვერიე და… ჩვენ შორის ყველაფერი მოხდა. როცა აზრზე მოვედი, შევხედე, თვალები დანაღვლიანებოდა.

_ ხომ არ ნანობ? _ ვკითხე, _ იქნებ ვიჩქარეთ?

_ არა, ირა, არაფერსაც არ ვნანობ. მე შენ ძალიან მიყვარხარ და შენს სიყვარულშიც არ მეპარება ეჭვი, ოდნავადაც არ მეპარება.

_ არც უნდა შეგეპაროს, როგორმე შემოდგომამდე მოვითმინოთ და მერე მე ვიცი, აუცილებლად ვიქორწინებთ, გესმის?

_ მესმის.

_ ხომ არ ვიჩხუბებთ იქამდე? მე ამას ვერ გადავიტან.

_ არა, რატომ უნდა ვიჩხუბოთ? _ გამიღიმა და თავი მხარზე დამადო.

_ მართალი ხარ, არ უნდა ვიჩხუბოთ.

_ ახლა უნდა გავიქცე, თორემ ძებნას დამიწყებენ.

_ გაგაცილებ.

_ არა, არა, არ მინდა. უკეთესი იქნება, თუ ერთად არ დაგვინახავენ.

_ კი მაგრამ, სანამდე უნდა ვმალოთ ჩვენი ურთიერთობა?

_ შემოდგომამდე, _ ისევ გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.

ლიფტამდე მივაცილე ჩემი ლოვე და ცხელი კოცნით დავემშვიდობე, თან აქეთ-იქით ვიყურებოდი, უცებ ლელუკა არ გამეჩითოს სადმე-მეთქი. მაინც უსიამოვნო მომენტი იქნებოდა. იმ ქალმა იმდენი გააკეთა ჩემთვის, არ მინდოდა, გული სტკენოდა.

_ ირაკლი, იცი რა უნდა გითხრა? _ მომიბრუნდა ლიფტში შესული ლოლა.

_ რა იყო, სიხა?

«სიხა» _ სიხარულოს შემოკლებული ვარიანტია, ჩვენში მოსულა.

_ ორშაბათობით აუზზე დავდივარ «ლაგუნა-ვერეზე», ათიდან პირველის ნახევრამდე იქ ვარ. თუ გინდა, მოდი, იქ მაინც ვიქნებით ერთად.

_ ბაზარი არ არის, მოვალ, ეგ რა კარგი რამე მითხარი. პაკა, პაკა, შეხვედრამდე, _ კიდევ ერთხელ დავემშვიდობე და შინ კმაყოფილი შევბრუნდი.

მასტერამ დამირეკა.

_ დაბრედილო, ჩემთან ხომ არ გამოხვალ?

_ რა იყო, ხდება რამე?

_ ცვეტში, მაგარი ქეში დავითრიე, ჩემი დედა ვატირე, მიშკას აქვს რაღაც სასწაული. ზურაც გამოვა თხუთმეტ წუთში. ნიკო უკვე აქ არის და ჩაკაიფებული რაღაცას ბოდავს, მოკვდები სიცილით. მერე «საგონკაოდ» მივდივართ. გამო რა, ძმობაში.

_ არა, მასტერ, ვერ გამოვალ, რა, იზვინი, ბრატ.

_ ირა, ბიჭო, ხომ შვიდობაა, რა ხმა გაქვს?

_ კი. შე ჩემა, პროსტა დავიღალე, რა.

_ თუ რამეა, აქ ვარ, შე ჩემა.

_ ბაზარი არაა, მაგრამ არაფერი მჭირს, მარტო მინდა ყოფნა.

_ კაი აბა, წავედი. ჩვენ დავბოლდებით, რაც არ გინდა, ღმერთმა ნუ მოგცეს, ძმაო.

მობილური გავთიშე და ლოგინზე წამოვწექი. ფიქრებით ლოლას გადავწვდი, ახლა სხვა არავინ მინდოდა. ჯერ კიდევ ამდიოდა მისი სურნელი _ სასურველი ქალის სურნელი. როგორ კანკალებდა ჩემს მკლავებში, რა საყვარელი ვინმეა. არასდროს მივატოვებ, არასდროს…

7 7 7

ორშაბათ დილით მასტერას ტვინი გავუბურღე, «ბასეინზე» წავიდეთ-მეთქი. არ მოვეშვი, სანამ არ დავითანხმე. ფული მქონდა და რა მენაღვლებოდა, ოღონდ ლოლა მენახა და სულ დავხარჯავდი, რაც მებადა. ორასი დოლარი გადავახურდავე და წავედით. ჯანმრთელობის ცნობა იქვე გაგვიკეთეს ხუთ-ხუთ ლარად და შევედით. ლოლას მოძებნა არ გამჭირვებია, იქვე, ორ ნაბიჯზე გაშხლართულიყო შოკასთან ერთად შეზლონგზე და «ზაგარს» იღებდა.

_ თქვენ ვისი ხართ, დაზაგრულო გოგოებო? _ ხმამაღლა დავჭყივლე.

ორივე შეშინებული წამოხტა. სიცილი წამსკდა.

_ რა საზიზღარი ხარ, აქ საიდან გაჩნდი? _ გაოცდა შოკა.

_ გეგონათ, ვერ მოგაგნებდით?

_ მართლა, ვინ გითხრა, აქ რომ ვიქნებოდით? _ არ მომეშვა შოკა, რომელსაც ჩემს დანახვაზე სახე გაუბრწყინდა.

_ ჩიტმა მომიტანა ამბავი. ამას ხომ იცნობთ? _ მასტერაზე ვანიშნე.

_ იქნებ როგორმე გაგვაცნო! _ გაიხუმრა შოკამ და მასტერა გადაკოცნა.

ლოლა ჩუმად იჯდა, თავისთვის, ხმას არ იღებდა, მხოლოდ თვალებით იღიმოდა.

_ ხომ მოვედი, _ ვუჩურჩულე.

_ კარგი ბიჭი ხარ, _ იმანაც მიჩურჩულა.

_ ირა, ნახე, რა გოგოები არიან, მგონი, არ უნდა იყვნენ ქართველები, _ მასტერას თვალი გაშტერებოდა.

_ ჰო, არ არიან ქართველები, რუსები უნდა იყვნენ, _ თქვა შოკამ.

_ მერე შენ იცი რუსული, შე გაჭირვებულო? _ სიცილით მივუბრუნდი მასტერას.

_ ვაი, შე თავგასიებულო, შენ სად იყავი, მე რომ რუსულს ვსწავლობდი, _ არ დამრჩა ვალში ლევანა, _ რუსულს რა უნდა, შე ჩემა, დევჩონკი, იდიტე სუდა, ვი ლუბიტე მორე? ია ვას ლუბლუ და მორჩა.

_ ნახეთ, რას კაჩაობს, ლოლა, შოკა, გესმით? რა მორე, რის მორე, ბიჭო, სადა ბანაობ! _ ვიხოცებოდით სიცილით მასტერას შემყურე.

_ შოკა, წამო, რამე ვიყიდოთ, მწყურია, რა, _ ლევანამ შოკას ჩაავლო ხელი და კაფესკენ გააქანა.

მე და ლოლა მარტონი დავრჩით.

_ მომენატრე, _ ხმადაბლა ვუთხარი.

_ მეც, _ თვალები მორცხვად დახარა ლოლამ.

_ კარგი წყალია, როგორ იცი?

_ არა უშავს, თბილია. ნახე, მზე გვიყურებს, ხედავ?

_ არ მაინტერესებს, ვინ გვიყურებს. მე მხოლოდ შენ გიყურებ.

_ რატომ მერე? ვერ ხედავ, რა გოგოები არიან? მასტერამ უცებ შეამჩნია, შენ კი ჩემ გარდა ვერავის ხედავ.

_ შენზე ლამაზი არც მზეა და არც მასტერა, რომ ვუყურო. ჩემი ლამაზი შენ ხარ და ამიტომ მხოლოდ შენ გიყურებ, _ მთელი გრძნობა ჩავაქსოვე ჩემს სიტყვებში და ლოლასკენ გადავიხარე, _ მთელი ცხოვრება მხოლოდ შენ მეყვარები.

ლოლამ თავი გასწია, არ შემეხოსო. ამასობაში შოკა და მასტერაც დაბრუნდნენ. შოკას მზერა დავიჭირე, რაღაცნაირად შემომხედა. ეს ეჭვიანობას უფრო ჰგავდა. ღრმად ჩავაცქერდი თვალებში, მაგრამ მზერა ამარიდა. მერე აუზში ჩავხტით ოთხივე. მაგარი იყო. ლოლას რომ ვხედავდი, მიხაროდა, ჩემთან თავს ბედნიერად გრძნობდა. თან როგორ უბრწყინავდა თვალებიც, თმაც…კარგი დილა იყო, სასიამოვნო… და ყველაზე ბედნიერი კაცი ვიყავი მთელ ქვეყანაზე…

დილის ემოციები საღამომდე გამყვა. აუზიდან წამოსულმა მთელი დღე მასტერასთან ერთად გავატარე. შუადღისას ზურა და ნიკუშაც შემოგვიერთდნენ, პლანი მოვწიეთ, ვიხალისეთ, მერე სასაფლაოზე ავედით, მულტფილმას და რიჟას საფლავებთან კარგა ხანს დავყავით. მერე მე დათოს საფლავზე გადავინაცვლე, კარგა ხანს ვებაასე ჩემს უფროს ძმას, მოვუყევი რაღაც-რაღაცები, მაგარ კაიფში ვიყავი და მის სურათს რომ ვუყურებდი, ასე მეგონა, დათო მთელი გულისყურით მისმენდა, თითქოს ცოცხალი იყო.

საღამოს ჩემთან ავედით, «მოვჯოკროთო», ვიფიქრეთ. მოულოდნელად თავგასა დაგვადგა თავს, ჩვენი უბნელი, დიდი თავის გამო ეძახდნენ ასე.

_ ბიჭებო, ჩხირო ჩაცხრილეს მანქანაში თურმე, ერთი საათის წინ უპოვიათ წყნეთის გზაზე, _ აქოშინებულმა ძლივს ამოთქვა.

ახალი ამბავი მეხის გავარდნას ჰგავდა. რომ იტყვიან, თავზარი დაგვცა ამ ცნობამ. ყველანი კარგად მივხვდით, რომ ჰუსეინა ამოძრავდა, რომ ომი დაიწყო _ სასტიკი ომი ჩვენ წინააღმდეგ…

8 8 8

წესით, რევანში ჩვენ უნდა აგვეღო, ჩხიროს დაცხრილვისთვის შური უნდა გვეძია, მაგრამ გაჩუმება ვამჯობინეთ. ის, ჩვენში დარჩეს და, ისედაც იმსახურებდა სასჯელს. ბოლოს და ბოლოს, ჩხიროს კისერზე იყო მულტფილმას და რიჟას სიკვდილი, რომ არა მისი ახირება, იმ ღამეს მშვიდად ვიქნებოდით ჩვენ-ჩვენ სახლებში. გარდა ამისა, ვიცოდით, რომ «საპასუხო» მსხვერპლს აუცილებლად მორიგი მოჰყვებოდა ჰუსეინას მხრიდან. რა თქმა უნდა, მეწყინა ჩხიროს ამბავი, უკეთესი იქნებოდა, მის ადგილას უზბეკა დაებრიდათ. ის მართლა ღირსი იყო. როგორ ესროლა მულტფილმას, როგორ გაიმეტა. შეიძლება შემთხვევით მოუხვდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? თუმცა ერთი მხრივ, გამისწორდა, უზბეკა რომ გადაურჩა ჰუსეინას კლანჭებს. ძალიან მინდოდა ის ნაძირალა ჩემი ხელით მომეკლა, მე გამომეყვანა მისთვის წირვა და სიკვდილის წინ ჩამეხედა მის ბინძურ თვალებში. ჰუსეინაზეც აჭრილი ვიყავი, უკვე ძალიან გაუვიდა თავს.

რამდენადაც ჰუსეინა მძულდა, იმდენად ლოლა მიყვარდა. თვალწინ გამუდმებით მისი ქერა თმა, ლამაზი დიდრონი თვალები და მორცხვი ღიმილი მედგა. ჩვენი შერიგების შემდეგ არც ერთხელ გვიხსენებია მომხდარი, არც მის ძმაზე ჩამოგვიგდია ლაპარაკი. ლოლა გაურბოდა ამ თემას, არც მე ვახსენებდი, არ მინდოდა გოგოსთვის ტკივილი მიმეყენებინა…

ჩხიროს დაკრძალვაზე ყველანი გაფაციცებული ვიყავით, კიდევ რამე არ მომხდარიყო. ყველა უცხოს ეჭვის თვალით ვუყურებდით, მოურიდებლად ვათვალიერებდით, სადმე იარაღი არ ჰქონოდა დამალული.

დაკრძალვამ მშვიდობიანად ჩაიარა. უბნის ბიჭებმა გავასვენეთ ჩვენი აყლაყუდა ალეკო, მას ხომ ბებია ზრდიდა. იგი მამით ობოლი იყო, დედა კი მეორედ გათხოვდა და შვილი დედამთილს დაუტოვა აღსაზრდელად.

ეჰ, ჩხირო, ჩხირო, არ იყავი შენ ცუდი ბიჭი, მაგრამ ბოლო დროს უმართავი გახდი, ძმაო…

თითქოს ყველაფერი მიწყნარდა, ცხოვრება ჩვეული დინებით წავიდა. ის დღეც დადგა, როცა ექვთიმეს, იგივე ექოს, ჩემი კლასელის პატარა ტყუპისცალი უნდა მომენათლა. მაგ მამაძაღლს გოგონები ეყოლა, სწორედ მაშინ, ნიკოს ჩარიცხვას რომ აღვნიშნავდით და ირინამ შოკა დაჭრა. საზეიმო განწყობაზე არავინ ვიყავით, მაგრამ ტრადიცია თავისას მოითხოვდა. ექომ მხოლოდ ვიწრო წრე დაგვპატიჟა ბავშვების მოსანათლად. ამაყად თავაწეული დავდიოდი, ნინიკო ჩემი პირველი ნათლული უნდა გამხდარიყო. მეორეს, ნანას კი სქელუა ნათლავდა. ჯიგარი გოგოა სქეულა, საყვარელი და სასაცილო. ისეთი მსუქანია, სხეულს ძლივს დაათრევს, სამაგიეროდ, მობაჯბაჯე სიკეთეა, არ გიღალატებს. სასაცილო კი ჯერ კიდევ სკოლიდან იყო. ჭ-ს და ჯ-ს ვერ არჩევდა, სადაც ჭ იყო საჭირო, იქ ჯ-ს წერდა და პირიქით. ამის გამო სულ ვაშაყირებდით.

_ ჰა, სქელო, ვხდებით მე და შენ სულიერი ნათესავები? _ გავუღიმე გამოპრანჭულ მანჩოს.

_ დიდი შენაძენიც შენა ხარ, აი, რაღა მიჭირს აწი, _ გამეხუმრა სქელუაც.

_ რატომ, შე დაბრედილო, შემომხედე, რა ბიჭი ვარ, ქალები ეცემიან ჩემზე, _ არ დავრჩი ვალში.

_ აბა, აბა, სულ ფეხმოტეხილები არ დადიან ის საწ....ბი? _ სიცილი აუტყდა მანჩოს, _ გაეთრიე, რა, _ მხარზე დამიტყაპუნა ხელი.

_ შენა… რაღაც უნდა გითხრა, _ ყურთან ახლოს მივუტანე ტუჩები.

_ არ მინახავს, არა, ტყუილად მეჩურჩულები, _ მიმიხვდა სქელუა და ხელები გაასავსავა, _ დეპრესიაშია მგონი და სახლიდან არ გამოდის.

_ დაიფიცე! რა დაემართა? _ ამ ცნობამ გუნება გამიფუჭა.

_ მაგის დეგენერატი ძმის გამო როგორ უნდა იყო ადამიანი კარგ ხასიათზე. ვერ ვიტან! _ ზიზღით ჩაილაპარაკა მანჩომ და დაიჯღანა.

_ მარტო ეგ არის მიზეზი? _ ჩავეძიე.

_ მე რას მეკითხები, წადი და ლოლას ჰკითხე, ძმაო, რას მერჩი? აბა მე რა შუაშ…

მანჩოს სიტყვა გაუწყდა, რადგან ეკლესიასთან შოკა გამოჩნდა. მისმა დანახვამ უფრო დამამძიმა. ამ ბოლო დროს ახლოს არ მეკარება, სულ გამირბის, უხეშად მელაპარაკება.

_ ე! ერთ-ერთი შენზე «დაცემული» გამოჩნდა, _ ისევ გაიცინა სქელუამ, _ აი, ეგ კი ნამდვილად ეცემა შენზე, ვაღიარებ.

_ მორჩი, გთხოვ, ხომ იცი, არ მიყვარს, შოკაზე რომ ირონიით ლაპარაკობენ.

_ მე რა, თქვენ ვერ გაგირკვევიათ ერთმანეთში ურთიერთობები და… _ მხრები აიჩეჩა მანჩომ და შოკასკენ გაემართა.

შოკა შორიდან ცივად მომესალმა და სქელუასთან გააბა ლაპარაკი. უარესად დავიბოღმე, მას ყოველთვის, როგორც მეგობარს, ისე ვუყურებდი, რა ჩემი ბრალი იყო, თუ შევუყვარდი? ყურადღება არ გავამახვილე მის საქციელზე და ექვთიმესკენ გადავინაცვლე.

_ ექო, ნუციკო სად არის?

_ სახლში, დედის ნათლობაზე დასწრება არ შეიძლებაო და არ წამოვიდა. ისედაც ბევრი საქმე აქვს, სუფრა ხომ უნდა გაშალონ.

_ ბავშვები სად არიან?

_ ეგერ, მანქანაში, ჩემს სიდედრთან.

თეთრი «მერსედესისკენ» გავიხედე. ექოს ულვაშა სიდედრი მედიდურად იყურებოდა ჩვენკენ.

_ ვაჟკაცი «დედილო» გყავს, _ ჩავიცინე.

_ არ მითხრა! ლამისაა, ყველა დაგვავაჟკაცოს. ერთი მაგისი… _ გემრიელად შეუკურთხა ექომ სიდედრს.

ჩვენი რიგიც მალე მოვიდა. ხელში ავიტატე პატარა ნინუცი და საკურთხევლის წინ დავდექით. სქელუა თითქმის ჩემი სიმაღლის იყო, სისქით ხომ, ნუ იტყვი _ ორი ჩემხელა.

_ მგონი, არც ვჩანვარ შენ გვერდით, _ გადავუჩურჩულე, სანამ მამაო რიტუალს დაიწყებდა.

_ არც არის საჭირო, გენაცვალე, _ წარბები აზიდა მანჩომ და ნიშნის მოგებით გადმომხედა.

ნათლობის ცერემონიალი კარგა ხანს გაგრძელდა. აჩხავლდნენ პატარები, აიკლეს იქაურობა. მხოლოდ მაშინ დაწყნარდნენ, პირსახოცები რომ შემოვახვიეთ. ეკლესიიდან გამოსული სხვანაირ გუნებაზე დავდექი, თითქოს რაღაცნაირად ავმაღლდი, შევმსუბუქდი.

_ ახლა ყველა ცოდვისგან განწმენდილი ხარ, უდღეურო, _ მხარი გამკრა სქელუამ.

_ მე ცოდვები არა მაქვს, დიდი ბოდიში, _ ავყევი მის ხუმრობას.

_ კი, როგორ არა, ერთი შენა ხარ მამა აბრამის ბატკანი და მეორე მასტერა, _ მრავალმნიშვნელოვნად მითხრა და მასტერასკენ გაიხედა, რომელიც განმარტოებით იდგა თავის მანქანასთან.

_ მასტერას რას ერჩი?

_ მე რას ვერჩი, თვითონ ერჩის თავის თავს.

_ ვერ გავიგე, მაგით რისი თქმა გინდა?

_ რომ იჩხირავს იმ წამალს, რა ჰგონია, მაგარი ბიჭია?

_ ვინა, მასტერა? შანსი არ არის! _ ლამის ვიყვირე ამის გაგონებაზე.

_ ხომ გითხარი, ჭურში ზიხარ-მეთქი. ყველა შენ როგორ გაბოლებს, დაბრედილო, რომ არ ჩანხარ ასეთი მიამიტი?

პასუხი არ გავეცი, მაგრამ ახალმა ამბავმა ღრმად ჩამაფიქრა. გამოდის, საკუთარ მეგობრებს არ ვიცნობ. თითქოს ახლოს ვართ ერთმანეთთან, თითქოს არაფერს მიმალავენ, მაგრამ თურმე რაღაც-რაღაცები გამომრჩენია. ალბათ იმიტომ არ მეუბნებიან, რომ იციან ჩემი დამოკიდებულება ნარკოტიკებთან. ჩხიროც ასე იყო, არასდროს დასცდენია ჩემთან, წამალზე ვზივარო, არადა, ვიცოდი, რომ იჩხირავდა…

ის იყო, ექოს სახლთან გავჩერდით და გადმოვედით მანქანებიდან, რომ შავმა «ბმვ»-მ ჩამოიქროლა, ვიღაც მთელი ტანით გადმოეყუდა უკანა ფანჯრიდან და ავტომატის ჯერი ჰაერში მიუშვა. ვინ სად გარბოდა, ვერ გაარკვევდი. მე ადგილზე გავშეშდი. ინსტინქტურად «მერსედესისკენ» გავიხედე, სადაც ბავშვები მეგულებოდნენ. ექვთიმე უკვე იქითკენ გარბოდა. მეც მას გავეკიდე. ამასობაში «ბმვ» მიიმალა. არავინ დაშავებულა, მაგრამ ქალებმა ისეთი შიში ჭამეს, კივილით აიკლეს იქაურობა, თუმცა არც ბიჭები ჩავვარდნილვართ უკეთეს დღეში.

_ ნომერი დაინახე? _ ქოშინით მომვარდა სქელუა.

_ არა, მაგის დრო სად მქონდა, შენ?

_ არც მე. ნეტავ ვინმემ მაინც თუ შეამჩნია?

ამასობაში შოკამაც მოირბინა.

_ უნომრო მანქანა იყო, _ თქვა აცახცახებულმა, _ ვერც ის ტიპი ვიცანი, მგონი ნიღაბი ეკეთა.

_ მაგათ დედებსაც შევ…ი, გადავხსნი სუყველას შუაზე, _ ხმაჩახლეჩილი გაჰყვიროდა ექვთიმე.

ხელი მხარზე მოვხვიე და ჩემკენ მოვქაჩე.

_ დაწყნარდი, ექო, დამშვიდდი, ძმაო, ყველაფერი კარგადაა, _ მშვიდი ხმით ვეუბნებოდი და ვიხუტებდი ანერვიულებულს.

_ რა დავწყნარდე, ირა, რა დავწყნარდე, კინაღამ დამიხოცა ბავშვები. ნახე, რა ქნეს?

_ ვნახე, ბიჭო, ვნახე, დამშვიდდი, მოევლება მაგ საქმეს. ახლა მაგის დრო არ არის, ჩავათავოთ ეს ყველაფერი როგორმე, ნუ ყვირი.

ძლივს გავაჩუმე ექო და ძალისძალით შევიყვანე სადარბაზოში. ქეიფის თავი ვიღას ჰქონდა. «ზრდილობის გულისთვის» რამდენიმე ჭიქა დავლიეთ, ბავშვები დავლოცეთ, ჭამა არავის გახსენებია, ყველა მომხდარზე ლაპარაკობდა. თავჩაღუნული მასტერა მომუშტული ხელებით დაყრდნობოდა მაგიდას. ცოტა ხანში შოკა მომიახლოვდა, წასვლა მინდა და გამაცილე, გარეთ გასვლის მეშინიაო. არც მე ვიყავი უკეთეს დღეში, მაგრამ შოკას უარს როგორ ვეტყოდი, გავაცილე. უსიტყვოდ გავიარეთ რამდენიმე კვარტალი.

_ როგორ მიდის შენი საქმეები? _ ბოლოს შოკამ ამოიღო ხმა.

_ რა ვიცი, ამ დამპალ ქვეყანაში როგორ უნდა მიგდიოდეს ადამიანს საქმე, ვერ ხედავ, რა ხდება?

_ მერე ვისი ბრალია? საკუთარ თავს დააბრალეთ, რაც ხდება, _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.

_ ჩვენ რას გვერჩი? _ არ მესიამოვნა მისი ტონი.

_ რას და იმას, რომ… _ აქ შეჩერდა, ყოყმანობდა, გაეგრძელებინა თუ არა საუბარი.

_ თქვი, თქვი, როგორც ჩანს, შენ რაღაც გაქვს სათქმელი, _ შევაგულიანე და შევჩერდი.

შოკაც გაჩერდა, ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ცოტა ხანს მიყურა გამეხებულმა, მერე გააგრძელა.

_ არ უნდა დაახლოებოდი იმ გოგოს, შენ გამო ხდება ეს ყველაფერი, _ თქვა და თვალი თვალში გამიყარა.

_ რას გულისხმობ? _ თვალები მოვჭუტე გაოგნებულმა.

_ ძალიან კარგადაც გაიგე, რასაც ვგულისხმობ. ლოლაზე გელაპარაკები. შენ გგონია, მაგის ახვარმა ძმამ არ იცის თქვენი ურთიერთობის ამბავი? ყველაფერი იცის და იმიტომაც იქცევა ასე. ყველას მოგკლავთ, არც ერთს არ დაგინდობთ, სანამ მის დას არ შეეშვები.

_ შენ საიდან იცი? _ მკლავში ჩავაფრინდი გამწარებული.

_ რა ცოდნა მაგას უნდა? აბა, დაფიქრდი, თუ ასე არ არის. მაგის მეტი ვერავინ ნახე? უფრო ლამაზებიც დადიან, რომ იცოდე, _ აქ უკვე ქალურმა შურმა იჩინა თავი.

_ მათ შორის შენც, არა? _ თავს ვერ მოვერიე და ბოღმა შოკაზე ვანთხიე.

ამის გაგონებაზე გაფითრდა. როგორც ჩანს, მტკივნეულ ადგილზე შევეხე.

_ მე სხვა ვარ, მე ნუ მეხები, _ ცივად ჩაილაპარაკა.

_ შოკა, რას მერჩი? მითხარი, რა გინდა ჩემგან, რატომ შეიცვალე ბოლო დროს, დავიჯერო, ლოლაა მიზეზი?

_ ლოლა კი არა, შენი შტერული საქციელია მიზეზი, შენ გამო მთელი უბანი ჩახოცეს, ვერ ხედავ? მეზიზღები! _ იყვირა მოულოდნელად, ხელი გამაშვებინა და გაიქცა.

გაოცებული ადგილიდან ვერ დავიძარი. ნუთუ მართლა ასეა? ნუთუ ჩემ გამო აკეთებს ჰუსეინა ამას? არა, ეს დაუჯერებელია. ის ინციდენტი რომ არა, არაფერიც არ მოხდებოდა. ჰუსეინას ჩემი ჯავრი რომ კლავდეს, მე გამისწორდებოდა და არა სხვებს. სხვები რას უშავებენ?

უკან მოვტრიალდი, ექოსთან. ქალები ერთ ოთახში შეყუჟულიყვნენ და ქოთქოთებდნენ. სქელუა აივანზე იჯდა და ეზოს გადაჰყურებდა.

_ მანჩო, ბიჭები სად არიან? _ გავძახე.

_ ჩაიკეტნენ სამზარეულოში.

_ რას აკეთებენ, რო?

_ შენი აზრით, რას უნდა აკეთებდნენ? _ მაჯაზე მუშტი ისე მიიდო, თითქოს ნემსს იკეთებსო. ამით მანიშნა, იჩხირავენო.

სისხლმა თავში ამასხა. სამზარეულოს კარს მივადექი და დავაკაკუნე.

_ რომელი ხარ? _ გამომძახა ექომ.

_ ირაკლი ვარ, გამიღე! _ ძალზე «მბრძანებლური» გამომივიდა.

ცოტა შეაგვიანდათ კარის გაღება… მასტერას და ექოს ადამიანის სახე არ ედოთ, გამოცარიელებული თვალებით მიყურებდნენ.

_ რა ხდება აქ? _ შუბლშეკრულმა მოვათვალიერე იქაურობა.

_ არაფერი, ვბაზრობთ, _ ძლივს ამოილუღლუღა მასტერამ და უაზროდ გაიცინა.

_ მაგრები ხართ, საღოლ, რა! როდის აქეთ ჩაებით თაფლის ბიზნესში, ძმაკუშებო? _ ფეხი გავარტყი სკამს და წავაქციე.

_ ე, ბიჭო! ცოტა აზრზე მოდი, არ იცი, სად ხარ? _ გაწელილად მითხრა ექომ.

_ ვიცი, სადაც ვარ, არ მეშლება, სხვათა შორის. იქ ვარ, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ორი ანგელოზი მოინათლა, ხომ არ მეშლება? _ რისხვით ანთებული თვალებით გადავხედე ორივეს.

მასტერამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ არ დასცალდა, მოულოდნელად ექომ თვალები აატრიალა და ქვის იატაკზე მოადინა ზღართანი, ქაფი გადმოუვიდა პირიდან. ხმაურზე მანჩო შემოვარდა, მას ნუციკო შემოჰყვა, მერე _ ექოს დედა, მერე _ სიდედრი.

_ რა ხმა იყო? მეგონა, დახოცეთ ერთმანეთი, _ ავიშვიშდა სიდედრი.

… და კიდევ ერთხელ ატყდა წივილ-კივილი. ყველაფერი ერთმანეთში აიარია, ყველანი ექოს მისცვივდნენ. ახლოს არ მიმიშვეს, არადა, მხოლოდ მე ვიცოდი, რაც ხდებოდა და მხოლოდ მე შემეძლო იმწუთას ექვთიმეს შველა. ჯიბიდან ჩემი დანა დავაძრე, ძლივს გავარღვიე მომკივანი ქალების წრე, ექოს ზემოდან მოვექეცი და ვენა გადავუჭერი, რომ სისხლი გამომეშვა. მხოლოდ ეს თუ უშველიდა წამლის ზედმეტ დოზას…

რამდენიმე წუთში ექვთიმე გონზე მოვიდა, თვალები გაახილა… მოვასწარი… კიდევ კარგი… გადაურჩა სიკვდილს…

7 7 7

შინ, რომ იტყვიან, დარეტიანებული დავბრუნდი. ექო საავადმყოფოში გააქანეს. მე არ გავყევი, ზედმეტი იყო ჩემი წასვლა, თავისიანები უკეთესად მიხედავდნენ.

ის იყო, გასაღები გადავტრიალე, რომ სადარბაზოში ვიღაცის ჩრდილი დავლანდე, სიბნელეში ჩემკენ რომ დაიძრა. მექანიკურად დანა დავაძრე ჯიბიდან. პირველი, რამაც თავში გამიელვა, ჰუსეინა იყო, ხომ არ ჩამისაფრდა-მეთქი.

_ მე ვარ, ირა, არ შეგეშინდეს, _ ლოლას ხმა იყო.

შვებით ამოვისუნთქე. მივხვდი, რომ შემეშინდა.

_ შე-ენ? აქ რას აკეთებ?

_ გელოდებოდი.

_ დიდი ხანია მოხვედი?

_ ერთი საათი მაინც იქნება.

_ კი მაგრამ, რომ არ მოვსულიყავი? _ ხელი მოვხვიე და ვაკოცე.

_ წავიდოდი, სხვა რა უნდა მექნა, მაგრამ გული მიგრძნობდა, რომ მოხვიდოდი.

კარი გავაღე და ლოლას შიგნით შევუძეხი. შუქი ავანთე. ნამტირალევი თვალები ჰქონდა.

_ რა დაგემართა? _ შევშფოთდი ამის დანახვაზე.

_ არაფერი, _ თავი ჩაღუნა და ხმა აუკანკალდა.

_ არაფერი? აბა რა გატირებს?

_ მომენატრე, _ მითხრა და თავი მკერდზე მომადო, მკლავები კისერზე მომხვია.

_ როცა ენატრებათ, არ ტირიან, შენ სხვა რამე გაწუხებს და ახლავე უნდა მითხრა, რა გჭირს, _ მეც მოვეხვიე და მძლავრად მივიკარი გულზე.

_ მეშინია, ირაკლი, ძალიან მეშინია, _ წამჩურჩულა და ცრემლიანი თვალებით ლოყაზე შემეხო.

_ გეშინია? რისი გეშინია, აქ არ ვარ?

_ შენც არ მოგკლას, იმის მეშინია, _ გათქვა თავის საიდუმლო ლოლამ.

_ მომკლას? ვინ უნდა მომკლას? _ ვითომ ვერ მივუხვდი, _ აბა, ერთი კარგად შემომხედე და მითხარი, ვინ უნდა მომკლას? _ თან უსიამოვნოდ გამცრა ტანში, შიშმა ამიტანა, რა მხდალი ყოფილა ადამიანი ასეთ მომენტში.

_ ჩემმა ძმამ, ის არავის დაინდობს, შენც ხომ იცი. რა იქნება, დაიჭერდნენ და გამოამწვდევდნენ ციხეში, ნუთუ ასე ძნელია? აღარ შემიძლია მეტი, _ ასლუკუნდა ლოლა.

მოვეფერე, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, მე რა უნდა დამიშავოს ჰუსეინამ, ცუდ რამეებს ნუ ფიქრობ-მეთქი და საძინებელში გავიყვანე. ლოგინზე ჩამოვჯექით. თმაზე გადავუსვი ხელი.

_ იცის ჩვენ შესახებ? _ ჩურჩულით ვკითხე, დაძაბული ვიყავი.

_ არა მგონია იცოდეს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ამაზე არასდროს ულაპარაკია, სიტყვაც არ დასცდენია, მაგრამ ბოლო დროს ხომ იცი, გადაკარგულია, სახლში არ მოდის და აბა რა ვიცი, რა გაიგო, ვინ რა უთხრა? იქნებ უკვე ყველაფერი იცის?

_ კარგი, ნუ ნერვიულობ. მერე რა, თუ გაიგო? ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ამის უფლება არ გვაქვს თუ რა? დავიჯერო, ისეთი ხისთავიანია, ამას ვერ გაიგებს? ვიღაცა ხომ უნდა შეგყვარებოდა ერთხელაც? იმედია, მისი დასაწუნი არ ვარ, რას იტყვი? _ ამ სიტყვებით ლოლას დამშვიდებას შევეცადე, მაგრამ ჩემს გულში უარესი ხდებოდა.

_ ის ამას ვერასდროს გაიგებს, ირა, ვერასდროს, ის პირუტყვია, ერთუჯრედიანი. უკვე ისე იქცევა, სახლშიც ვერ იტანენ, ყველას ყელში ამოუვიდა მისი საქციელი. მამაჩემი დაიღალა უკვე, მეტის ატანა აღარ შეუძლია. დედაჩემი კი დაავადმყოფდა, გული ხელით უჭირავს ქალს.

_ აბა, ახლა კარგად მომისმინე. იმ ამბის შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილა? _ თავი ავუწიე და თვალებში ჩავხედე.

_ არა, არ გამოჩენილა, ერთხელ დარეკა მხოლოდ, მამაჩემს ელაპარაკა.

_ რაო, მერე რა უთხრა?

_ არაფერი, მე კარგად ვარ, ჩემზე არ იდარდოთ, ლოლას მიხედეთ, ჭკვიანად იყოსო.

_ შენ როგორ გგონია, რაღაცას რომ ეჭვობს, იმიტომ თქვა ასე?

_ არა, ამას ყოველთვის ამბობდა, სხვა დროსაც, მაგრამ… მე მაინც მეშინია, _ ლოლამ სლუკუნს უმატა.

_ მომისმინე, სიხარულო, რა გითხრა! კარგად შემომხედე! აუ, რა ლამაზი ხარ, რომ იცოდე, როგორ გიხდება ტირილი. მოიცა, მოიცა, გაჩუმდი ახლა, თორემ გავბრაზდები, იცოდე! კარგად მომისმინე, რასაც გეტყვი. მე შენ მიყვარხარ, თანაც ძალიან მიყვარხარ. ორად-ორი ადამიანი მიყვარს ამქვეყნად განსაკუთრებულად და ჩემს თავზე მეტად _ ჩემი ძმა და შენ. ეს დაიმახსოვრე. ის უსაფრთხოდ არის და არ მეშინია. შენზე კი, სიმართლე გითხრა, მეც ვნერვიულობ, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, შენს თავს არ დავთმობ. შევაკვდები ვიღაცას და შენს სიყვარულზე უარს არ ვიტყვი, გაიგე? ახლა დროებით დაივიწყე შენი ძმა და ჩემზე იფიქრე მხოლოდ. გაიგე-მეთქი?

_ გავიგე, მეც მიყვარხარ, ირა, მეც არ დაგთმობ, მეც მინდა ეს იცოდე, _ მითხრა და ისევ მომეხვია.

… დიდხანს, ძალიან დიდხანს ვკოცნიდი მის ცივ ტუჩებს, ცრემლით დასველებულ თვალებს… მერე შუქი ჩავაქრე და ორივენი ვნების ბურანში ჩავიძირეთ…

7 7 7

_ რომელი საათია? _ იკითხა ლოლამ და შუქის ასანთებად წამოიწია.

_ ნუ აანთებ, არ გინდა, _ ვთხოვე.

_ საათი მაინტერესებს.

_ რა საჭიროა. გინდა, დარჩი ჩემთან, სულ დარჩი და ამით დავამთავროთ ყველაფერი.

_ არა, ხომ არ გაგიჟდი! აუცილებლად უნდა წავიდე. გემუდარები, არ მთხოვო დარჩენა, ახლა არ შემიძლია.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ… ხვალ ლიკანში მივდივარ, დეიდაჩემთან.

_ მერე რა, ნუ წახვალ და ეგ იქნება.

_ არ გამოვა, მამაჩემი ამას არასდროს მაპატიებს.

_ აბა რა უნდა ვქნათ, რა შემთხვევაში გაპატიებს მამაშენი?

_ როცა ამის დრო მოვა, ჩვენთან ამოდი, მამაჩემს უთხარი. ის გაგიგებს, კარგი კაცია და უარს არ გეტყვის.

_ შენ რა, გინდა, რომ მამაშენს შენი ხელი ვთხოვო?

_ რატომ, ამის გაკეთება «გრეხია»? _ ძველბიჭურად ალაპარაკდა ლოლა.

_ არა, მაგრამ… რა დროს ეგ არის, ოცდამეერთე საუკუნეა, მიყრუებულ სოფელში ხომ არ ვცხოვრობთ.

_ მაინცდამაინც უნდა გავიპაროთ? ეს უარესი იქნება, ირა, სწორედ ამას არ მაპატიებენ.

_ იქნებ შენს ძმასაც ვეხვეწო? იქნებ იმისგანაც უნდა ავიღო ნებართვა? _ გავმწარდი.

_ მე ეს არ მითხოვია, რატომ მტკენ გულს?

_ კარგი, კარგი, მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა. წადი ლიკანში და რომ ჩამოხვალ, მერე ვილაპარაკოთ. იქნებ ახლა მართლა ჯობია, რომ წახვიდე თბილისიდან.

ლოლამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ პირზე ხელი ავაფარე, არ ვათქმევინე. აბაზანაში შევყევი, შუქი ავუნთე, რომ თავი მოეწესრიგებინა, მერე კი ჩავაცილე, ტაქსი გავუჩერე და ცხელი კოცნით დავემშვიდობე შემდეგ შეხვედრამდე…

8 8 8

ჰუსეინა ჩვენგან ისევ და ისევ «საპასუხო გასროლას» ელოდა, მაგრამ ვერ მიიღო. როგორც ჩანს, ამან უფრო გაამწარა. ჩხიროს დაკრძალვიდან სამი დღე არ იყო გასული, რომ უბანში კიდევ ერთი ბიჭი მოგვიკლეს საკუთარი სახლის კართან, ღამის თორმეტ საათზე. დაუდგენელმა პირებმა მანქანიდან გაუხსნეს ცეცხლი. მას ვახო ერქვა. მართალია, ჩემი მეგობარი არ იყო, მაგრამ ახლოს ვიცნობდი, ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ნიკოს კლასში სწავლობდა. საცოდავი, ის სრულიად უდანაშაულო იყო, არასდროს არავის საქმეში არ ერეოდა. მისი ერთადერთი გატაცება ტოტალიზატორი იყო, სულ იქ ტრიალებდა, ფსონებს დებდა და ხან აგებდა, ხანაც იგებდა.

ვახოს სიკვდილმა ყველაზე მეტად ნიკო გაამწარა. ისე ბღაოდა, ძლივს გავაკავეთ, სადღაც იწევდა, თითქოს მკვლელი იქვე, ორი ფეხის ნაბიჯზე ყოფილიყო დამალული.

გაჩუმება უკვე აღარ შეიძლებოდა, მაგრამ იმისიც გვეშინოდა, მსხვერპლთა რიცხვი არ გაზრდილიყო. რა უკეთესი გამოსავალი იქნებოდა, ვეღარ ვსაზღვრავდით. იქით ექვთიმე მყავდა «დასაბმელი», ჩემი შვილების და სტუმრების დაცხრილვის მცდელობას არ ვაპატიებ ჰუსეინას და მის ძმაკაცებსო. რა არ ვუთხარი, როგორ არ ვთხოვე, მაინც არ დამიჯერა. რადგან მე ვერ ამიყოლია, წაუყვანია ნიკო, ზურა და მასტერა და ბარში მსხდომი ჰუსეინას ორი ძმაკაცი ადგილზე დაბრიდეს. სწორედ ეს მკვლელობა გახდა ნამდვილი ომის დაწყების ნიშანი. ამ ამბავს სროლებისა და ბიჭების დაჭრის მთელი სერია მოჰყვა. ათი დღის განმავლობაში ქვედა და ზედა უბანში ექვსი ბიჭი დაჭრეს, ორი გარდაიცვალა, დანარჩენები კი საავადმყოფოში მოათავსეს და მათგან ერთი ან გადარჩებოდა, ან არა. ყველას ვიცნობდი, სამთან განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა მქონდა, საქმეშიც კი გავსულვართ ერთად. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ჰუსეინა ჩვენ არ გვეხებოდა _ მე, მასტერას, ექოს და ზურას. ნიკო კი მოხვდა «დაზარალებულთა» სიაში _ ერთ საღამოს ვიღაც უცხო პირებმა მანქანის წართმევა დაუპირეს, ამან არ დაუთმო და მხარში დანით დაჭრეს. ნიკომ ერთი მათგანი იცნო _ ჰუსეინას უბნელი. იმ საღამოს კი გადარჩა, მაგრამ მეორე დილით, გამთენიისას მისი გარაჟი აფეთქდა და სიმწრით გადარჩენილი მანქანა ჯართად იქცა. ამ შემთხვევამ უფრო გაამწარა ნიკო, გარაჟის აფეთქება არ შეარჩინა ზემოუბნელებს და ზედიზედ ორი იმათი გარაჟი «აწია» ჰაერში. ეს ყველაფერი ორი კვირის განმავლობაში მოხდა. თავი სიცილიაში მეგონა, მაფიის ერთი «გლავარი» მეორეს რომ უხდის სამაგიეროს. ეს ნამდვილი ვენდეტა იყო.

რაღაც უნდა მოგვეფიქრებინა, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, ყველანი ერთმანეთს შევაკვდებოდით. გადავწყვიტეთ, მოლაპარაკება გვეწარმოებინა ჰუსეინას ბანდასთან. მისია ზურას დაევალა. უარი არ უთქვამს, ერთი ვაჟა ჰყავდათ მაგათ, სტეჩკინას ეძახდნენ, იმას შეუთვალა, ვილაპარაკოთო. შაბათ დღეს დათქვეს შეხვედრა. ზურამ ყველა გადაგვკოცნა და ისეთი ნაღვლიანი მზერით გაგვცილდა, თითქოს ეშაფოტზე ასასვლელად მიდიოდა. დაძაბულები ჩემს ბინაში ველოდით მის გამოჩენას, თუმცა არც იმის იმედი გვქონდა, რომ იქიდან ცოცხალი დაბრუნდებოდა.

გავიდა ერთი საათი, ორი, სამი… ზურა არ ჩანდა. ერთმანეთის შეხედვის გვეშინოდა, მეგობარი ხომ არ გავწირეთო, ვფიქრობდით ყველანი. ამასობაში შეღამდა. ის იყო, იარაღის ასხმას და იერიშზე გადასვლას ვაპირებდით, რომ კარზე პაროლით კაკუნი გაისმა. შვებით ამოვისუნთქეთ, ჩვენი შიში არ გამართლდა, ზურა უვნებელი დაგვიბრუნდა.

_ რაო? _ ერთხმად ვიკითხეთ სამივემ და თვალებგაფართოებულ ზურას მივაჩერდით.

_ მგონი, მორჩა ყველაფერი, დაბროზე წამოვიდნენ, _ ამოიხვნეშა ზურამ და სკამზე მოწყვეტით დაეშვა, _ წყალი დამალევინეთ რომელიმემ.

მაშინვე მოვურბენინე ცივი წყალი, ბიჭმა მოიყუდა და ლიტრიანი ბოთლი ლამის ბოლომდე დაცალა.

_ არ დაგიმალავთ და… მაგარი შიში ვჭამე, მაგის დედაც… _ თქვა სვენებ-სვენებით, _ ისეთი ამბავი იყო, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში, მაგინეს, მაფურთხეს, რა არ მითხრეს, მაგრამ რას ვიზამდი, ხმა არ ამომიღია, ყველაფერი გადავყლაპე, თანაც მარტო ვიყავი, რას გავაწყობდი. კაროჩე, ერთი ხომ დავკრუგეთ და აწი მართლა გვეყოფაო, ბოლოს სტეჩკინამ თქვა, ჰუსეინას ჩვენ მოველაპარაკებითო. მგონი, შეიძლება მისი ნდობა.

_ უზბეკა არ უხსენებია?

_ სადაც ვნახავთ, კუსოკებად ვაქცევთ, ერთი წამითაც არ დავინდობთო. თან გამაფრთხილა, თქვენიანმა რომ დაბრიდოს რომელიმემ, არ გაპატიებთო. ვიღაც მეხუთე ახსენეს კიდევ, ჰუსეინა ვინც დაჭრაო, ვერაფერი გავიგე, ვიზე იყო ლაპარაკი.

ამის გაგონებაზე ფერი მეცვალა _ მეხუთე ხომ მე ვიყავი, მე დავჭერი ჰუსეინა.

_ ვინ მეხუთეო, რაო, რა მეხუთეო? _ ჩავეკითხე ზურას.

_ გამოდის, რომ ჰუსეინა არც უზბეკას დაუჭრია, არც მულტფილმას და არც რიჟას. კიდევ ყოფილა ვიღაც, მაგრამ ვინ _ არ მითხრეს.

_ თვითონ იციან? _ სუნთქვაშეკრული მივაჩერდი.

_ არ ვიცი, სახელი არ უხსენებიათ და არც ჩემთვის უკითხავთ მის შესახებ რაიმე. ალბათ იციან, რა გითხრა… მაგის დედასაც შევ…ი, ვინც გინდა იყოს, თავად აგოს პასუხი, ოღონდ ჩვენ მოგვეშვან, დავიღალე უკვე.

კანკალმა ამიტანა. არა, არ მეშინოდა, უბრალოდ, მაინც არ იყო სასიამოვნო, მე რომ დამეძებდნენ და არც ძმაკაცისგან მესიამოვნა კომენტარი უჩინარ «ძებნილზე». სიმართლე რომ ვთქვა, სიკვდილი ნაღდად არ მინდოდა, განსაკუთრებით ახლა, როცა ლოლა მყავდა და მისი სიყვარულით ასე საინტერესო გახდა ჩემი ცხოვრება.

გვიან დავიშალეთ. დავრჩი მარტო და, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ვიგრძენი, რომ თურმე ძალიან შემეშინდა. იმ ღამიდან მოყოლებული, ვერ დავწყნარდი, ყოველ წუთს ზურგიდან ტყვიის მოლოდინში ვიყავი, გარეთ გასული აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს, რომელ კუთხეში იქნებოდა ჩემი სიკვდილი ჩასაფრებული. მურტალი ყოფილა შიშის ქვეშ ცხოვრება. ისედაც რა არის ეს ქვეყანა _ უსიხარულო, უინტერესო და მით უმეტეს მაშინ, როცა წამდაუწუმ გასროლის მოლოდინში ხარ, როდის მოგაჭედებენ ტყვიას შუბლში, არ იცი. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ შინ დარჩენა უფრო მძაბავდა. ასე მეგონა, ვიღაც ზარს დარეკავდა და იქ დამთავრდებოდა ჩემი ცხოვრება…

სამაგიეროდ, ახლა ბევრი დრო მქონდა საფიქრელად. ცხრამეტი წლის ვხდები. რა გავაკეთე? რა შევქმენი ღირებული ცხოვრებაში? ცუდის მეტი, კარგი რა მიკეთებია? არაფერი, სრულიად არაფერი. ერთადერთი, ლოლას მივანიჭე ბედნიერება, ისიც, არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს. მერე რა, რომ მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. რა შემიძლია მისთვის გავაკეთო? შევძლებ კი მშვიდად და იდილიურად ვაცხოვრო? რითი, რა საშუალებით? რომელი პროფესია მე მაქვს და რომელი სამსახური? რით უნდა ვარჩინო, ცოლად რომ შევირთო? ისევ და ისევ ქურდობით, ყაჩაღობით და მამაძაღლობით? აი, ამ დასკვნამდე რომ მივედი, სწორედ მაშინ დამერხა. ვინ დაუშვა პირველი შეცდომა _ მამაჩემმა, დედაჩემმა, ჩემმა ძმამ თუ მე? ალბათ ცოტ-ცოტა ყველამ, თან ყველამ თა-ვთავის დროზე, გარკვეულ ეტაპზე.

ჩვენ ისედაც ცივ სამყაროში ვცხოვრობთ და იმისთვის, რომ გავთბეთ, გზას ვიკვლევთ, რომ თბილი ადგილი მოვძებნოთ. ხანდახან მხარი გვექცევა ხოლმე და იმ თბილი ადგილისკენ მიმავალ გზას ვკარგავთ, რის გამოც შეიძლება უფსკრულშიც კი გადავიჩეხოთ. ბევრს გაჰყვირიან, სიყვარული გადაგვარჩენსო. იმას კი არ იძახიან, როგორი რთული პროფესიაა სიყვარული, როგორი რთული სამუშაო. აქაც პროფესიონალიზმია საჭირო. ამ საქმეშიც უნდა გაგაჩნდეს ფუნდამენტი, საძირკველი, რომ თბილი კედლები ამოიყვანო და მყუდრო კერია მოიწყო. მე კი სწორედ ეს საძირკველი არ გამაჩნია… იქნებ ჯობია კიდეც, ერთ მშვენიერ დღეს გამაგორონ ჰუსეინამ და მისნაირებმა, სანამ ცხოვრებას გავუმწარებდე ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებს, სანამ კიდევ ვიღაცას გავისტუმრებდე იმ ქვეყნად _ დამნაშავეს თუ უდანაშაულოს…

არ ვიცი, რა ჯობია…

7 7 7

აგვისტოს შუა რიცხვებში ამინდი შეიცვალა. მოღრუბლული დღეები წამოვიდა, ქარიანი, წვიმამ მოუხშირა. იმ დღესაც გადაუღებლად წვიმდა. ისეთი თქეში მოდიოდა, გარეთ ვერ გავდიოდი. სამაგიეროდ, ტელეფონზე საუბრით ვიჯერე გული _ მთელი საათი ველაპარაკე ლოლას. თვის ბოლოს ჩამოვალ და მამაჩემს შეგახვედრებო, მითხრა. წინა საღამოს ბესოსაც ველაპარაკე, საახალწლოდ ჩამოვალო. მოვუყევი ლოლას შესახებ, გაგიჟდა სიხარულით, მაგარ საჩუქრებს ჩამოვუტანო, შემპირდა. სამუშაოდ სხვაგან გადასულა ბესო, კარგი ადგილი დავითრიე, ერთ ბარში მენეჯერად მიმიღეს და ისეთ ფულს ვაკეთებინებ ბარის მეპატრონეს, ჩემს მზეს ფიცულობსო. კიდევ კარგი, ერთი სასიამოვნო ამბავი მაინც მოვისმინე ბოლო ხანებში. თუ ჩემს ძმას ულხინს და კარგი ხელფასი აქვს, ჩემგან დახმარება არ სჭირდება, თავისი სწავლის ფულს თვითონ გადაიხდის. რა მინდა ამაზე მეტი? საკუთარ თავს როგორმე მივხედავ, თუმცა… ფული ძალიან შემომაკლდა. თუ შემოდგომაზე ცოლი უნდა მოვიყვანო, ფულიც უნდა ვიშოვო, აბა სხვანაირად როგორ იქნება?

ჰოდა, იმას ვამბობდი, წვიმდა-მეთქი. საღამოს ცოტათი გამოიდარა. მასტერამ დამირეკა, ზურნა სიკვდილის პირას ყოფილა და მე და ზურა სანახავად მივდივართო. შემეცოდა. აი, კიდევ ერთი ხელმოცარული ადამიანი, რომელიც ისე წავა ამ ქვეყნიდან, კვალს ვერ დატოვებს. გავა დრო და ყველას დაავიწყდება, მის საფლავზე შეიძლება ერთი ჭიქა ღვინოც არ წააქციოს არავინ _ უპატრონო, მარტოხელა და უშვილძიროდ გადაგებულის სტატუსით დატოვებს დედამიწას…

ზურნას სახლში მისულებს ელისო დაგვხვდა, ზედა სართულის მეზობელი, შორიდან ვიცნობდით.

_ ხან მოდის გონს და ყველაფრის აზრზეა, ხანაც ბოდავს რაღაცებს, ვერ გაიგებს ადამიანი. ამის დღეები დათვლილია, ბიჭებო, შეიძლება დილამდეც ვერ გაატანოს, ღვიძლი მთლად დაშლილი აქვს, ჩახმა ლოგინში, წვერი ლამისაა კოჭებამდე ჩაუვიდეს, პატრონი არავინაა, რომ გაპარსოს.

_ ჩვენ ვიზამთ მაგას, რა პრობლემაა, _ წამოიძახა მასტერამ.

_ თვითონ არ შვება, თორემ ჩვენც მოვახერხებდით როგორღაც, სასტიკი უარი გვითხრა, რომ მოვკვდები, მერე გამპარსეთ, ვერ ვიტან მაგ პროცედურასო. გუშინ მღვდელიც მოვუყვანეთ და ეზიარა.

_ ჭამს რამეს?

_ აქამდე ცოტ-ცოტას წაკიკნიდა, ეს ორი დღეა, წყლის მეტს არაფერს სვამს, იმასაც ძლივძლივობით ყლაპავს, _ თავი გადააქნია ქალმა, _ შევალ ერთი და თუ ღვიძავს, ვეტყვი, რომ მოსული ხართ.

ქალმა წინსაფრის კალთა აიკეცა და ოთახის კარი ფრთხილად შეაღო.

_ რევაზ, უბნის ბიჭები არიან შენს სანახავად მოსული, გესმის? _ მოისმა კარს მიღმა.

პირველად გავიგე, რომ ზურნას რევაზი ერქვა, აქამდე მისი ნამდვილი სახელი არც ვიცოდი და არც არავისგან მსმენია არასდროს.

_ უბნის ბიჭები-მეთქი, ჩვენი უბნელები-ი-ი-! _ უფრო ხმამაღლა თქვა ქალმა.

ზურნამ ჩაახველა, მერე რაღაც თქვა მგონი, სიტყვები ვერ გავარჩიე.

_ ირაკლი, ზურა და კიდევ ერთია, მისი სახელი არ ვიცი, _ ჩამოთვლა დაიწყო მეზობელმა.

ცოტა ხნის მერე გამოვიდა და მე მომმართა.

_ შენი ნახვა უნდა მარტო, სხვა არავისი, _ მკაცრი ტონით თქვა.

ძალაუნებურად მხრებში მოვიხარე, არ ვიცი, რატომ. ფეხის წვერებზე შევდექი და ისე შევედი ოთახში. წამლის მძაფრი სუნი მეცა. ზურნა გაქათქათებულ თეთრეულში იწვა, წვერი მართლა ძალიან ჰქონდა მოშვებული. ისე გამხდარიყო, ძლივს ჩანდა ლოგინში. გული მომიკვდა მის დანახვაზე.

_ მოდი, ირაკლი, ბიჭო, მოდი. რა დამივიწყე, სად დაიკარგე ამდენი ხანი, გეკადრება შე-ენ? _ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა ზურნა.

_ რა ვიცი, აბა, ხომ იცით, უბანი, რამე, ქალები… _ გახუმრება ვცადე.

_ აი, შე ყურუმსაღო, ქალებს არ ეშვები, არა? მეტი რა შეგრჩება, ძმაო, ეგ არის სამყაროს მამოძრავებელი ძალაც და სილამაზეც. მიდი, მიაწექი ცხოვრებას. ქორწილში არ დამპატიჟებ, ბიჭო? _ ძლივს შესამჩნევად გაიღიმა.

_ აბა რას ვიზამ, აუცილებლად, _ ყურებამდე გავწითლდი.

_ ეჰ, მაგ დღეს მე ალბათ ვერ მოვესწრები, მაგრამ არ უშავს. იმედია, ჩემს შესანდობარს შენ მაინც დალევ, თუ სხვები არა. აი, ხომ ხედავ, არაფერი არ არის ეს ცხოვრება. ჩემს პანაშვიდზე ზღვა ხალხი მოვა, აგერ ნახავ, თუ ასე არ იქნება, მაგრამ რად გინდა? დამტირებელიც კი არავინ მეყოლება, ჭირისუფალიც კი ვერ მიუჯდება ჩემს კუბოს. ეს ყველაფერი უაზრო ცხოვრების ბრალია. მაპატიონ ბიჭებმა, მათ ნახვაზე უარი რომ ვთქვი. არ მინდა ასეთი დამიმახსოვრონ. შენ სხვა ხარ, შენი არ მერიდება. შენ რომ გიყურებ, ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება, რაღაცით ძალიან მგავხარ. კარგია, რომ მოხვედი და სიკვდილის წინ დამხედე, მიხარია. დიდი ხანია, რაღაც მინდა გითხრა. რაღაც კი არა, მადლობა მინდა გითხრა. მე ცოტა მეტი ვიცი, ვიდრე შენ გგონია. რიჟამაც იცოდა, მაგრამ არ გეუბნებოდა.

_ რაზე მეუბნებით, ვერ ვხვდები, _ უფრო ახლოს მივიწიე მისკენ, რომ კარგად გამეგო, რასაც მეტყოდა.

_ იმაზე, ჭყლიპოზე ვამბობ. ახი იყო მაგაზე, მეც შენნაირად მოვიქცეოდი. არ დამიწყო ახლა, მე არ მიქნია და ის… ვიცი, რომ შენი ნახელავია მაგ საქმე. მაგრამ იმ მეორე ამბავში არის ისეთი რამეები, რაც არ მომწონს. რიჟას ეგ არ უნდა დამართოდა. რიჟა არ იყო მაგის ღირსი.

_ ვიცი, მაგრამ მე მანდ არაფერ შუაში ვარ, გეფიცებით, _ დავიწყე თავის მართლება.

_ დარწმუნებული ვარ, რომ შენ არაფერ შუაში ხარ, მაგრამ ვინც არის შუაში, იმას ჭკუა უნდა ასწავლოს ვიღაცამ. მეგობრობა ამას ჰქვია.

_ ეგრეც ვაპირებ.

_ ოღონდ ისე, რომ… მოკლედ, ჭკვიანურად უნდა გააკეთო, თუ რამეს აპირებ. თავი არ დაიღუპო, ბიჭო, ისედაც შეცოტავდით, ხომ ხედავ.

_ ვხედავ…

_ და კიდევ ერთი. ლორდი არ გააბლატავოთ, მაგის დედასაც შევ…ი, მაგან დაღუპა ეს ოქროსავით ბიჭები, მაგის კისერზე იყოს ჩვენი ახალგაზრდების ცოდვა. დაწამლა მთელი უბანი მაგ თესლმა, მაგან, _ დაიღმუვლა ზურნამ და ისევ ხველება დააწყებინა, _ წადი ახლა, წადი და არ დაგავიწყდეს, რაც გითხარი.

_ თქვენთვის რა შემიძლია გავაკეთო, _ ძლივს ამოვთქვი დაზაფრულმა.

_ არაფერი, მარტო დამტოვე, _ დაიხრიალა უცებ, თვალები მილულა და ხროტინი დაიწყო.

როგორ შემეშინდა! წამოვხტი სკამიდან და ოთახიდან გამოვვარდი. ელისო შეშინებული მომვარდა.

_ რა მოხდა?

_ მგონი კვდება, _ ვთქვი გაფითრებულმა.

ქალს გაეცინა.

_ ნუ გეშინია, სამი დღეა ეგრეა, უცებ დაკარგავს გონებას და ხროტინს იწყებს. მერე ისევ მობრუნდება.

კარგა ხანს ვისხედით ბიჭები შემოსასვლელში უსიტყვოდ და ზურნას გონზე მოსვლას ველოდით, მაგრამ ამაოდ. სიჩუმეს მხოლოდ მისი ხროტინის ხმა არღვევდა. მერე დავემშვიდობეთ მომვლელ ქალს და ფეხაკრეფით დავტოვეთ იქაურობა.

7 7 7

ზურნა მეოთხე დღეს გარდაიცვალა. იგი მართალი გამოდგა. იმდენი ხალხი მოვიდა სამძიმარზე, მეზობელი ქუჩები ვერ იტევდა. რუსეთიდანაც კი ჩამოვიდნენ ზოგ-ზოგიერთები, სხვა რესპუბლიკებიდანაც, სულ «ბიტი-ბიტი» კაცებით გაივსო იქაურობა. რომ მოკვდა, მერე გამოიდო ყველამ თავი, მკვდარს იმდენი პატრონი გამოუჩნდა, გაგიკვირდებოდათ. ისეთი ზარ-ზეიმით გაასვენეს, ყველაზე მდიდარ ადამიანსაც კი შეშურდებოდა. იტალიურ სასახლეში ჩაასვენეს, უზარმაზარი ქელეხიც გადაუხადეს და, როგორც იმათ წრეს ჩვევია, ისეთი პატივით მიაბარეს მიწას. ეჰ, თავის დროზე რომ გახსენებოდათ, იქნებ კიდევ ეცოცხლა ცოტა ხანს, ვინ იცის…

7 7 7

ქელეხიდან ახალი მოსული ვიყავი, ცოტა დავლიე და სევდა მომეძალა. ამ დროს ლელუკამ დამირეკა, ერთ ჩემს ახლობელს შენი ნახვა უნდა, ახლავე ამოვა და კარი გაუღეო. ვინ ახლობელია-მეთქი, გამიკვირდა. ქეთი სამხარაძეო. ამის გაგონებაზე ისეთი შოკი მივიღე, ყბა ჩამომივარდა. ქეთი! უბნის თვალი და მშვენება _ მგონი ყველაზე ლამაზი ქალია თბილისში. მის დანახვაზე ყველა ბიჭი რომ ნერწყვს ყლაპავს, მათ შორის მეც, მაგრამ ხელი რომ არავის მიუწვდება. მასთან მიახლოებასაც ვერავინ ბედავს, ყოველთვის ყველასთან დისტანცია უჭირავს, ზედმეტს არ გაკადრებინებს. იგი ქმარს გაცილებულია, მარტო ცხოვრობს, სპეციალობით ექიმია, კარდიოლოგი, ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობს. ამბობენ, მთავარი ექიმის საყვარელიაო. ალბათ ასეც იქნება, თუმცა კაცთან გავლილი ჩვენ არასდროს გვინახავს. თავისი მანქანა ჰყავს, ბოლო მოდელის «ნისანი», ნაცრისფერი. ისეთი ქალია, ისეთი ტან-ფეხი და სახე აქვს, თვალთ დაგიბნელდება მის დანახვაზე. მაღალ, მკვრივ მკერდს და ასეთივე მაღალ თეძოებს წვრილი წელი აგვირგვინებს. მერე როგორ დადის?! პროფესიონალ მოდელსაც კი შეშურდება, ისეთი ჰაეროვანი ნაბიჯები აქვს. რამდენჯერ მიოცნებია მასთან ღამის გატარებაზე. ახლა კი, ხედავ? თავისი ფეხით მოდის ჩემთან. ნეტავ რა უნდა? ერთი სული მქონდა, როდის დარეკავდა ზარს. მის მოსვლამდე სარკეში ჩავიხედე, როგორ გამოვიყურები-მეთქი. ამასობაში ზარიც დაირეკა. ერთი ნახტომით გავჩნდი კართან.

_ მობრძანდი, ქეთი, _ შინაურულად მივმართე და გავუღიმე, _ ლელა სადაა?

_ თავისთან, მარტო მინდა გელაპარაკო, _ მორცხვად თქვა, _ აქა მშვიდობა, კეთილი იყოს ჩემი ფეხი, _ დააყოლა.

_ გმადლობთ, გმადლობთ, შენ ისეთი ფეხები გაქვს. _ ისე ავღელდი, არ ვიცოდი, რას ვამბობდი, _ რა ვქნა ახლა მე, რით გაგიმასპინძლდე? არც ყავის მოდუღება ვიცი და არც საჭმლის გაკეთება, _ მოვუბოდიშე.

_ არაფერი არ მინდა, ირაკლი, ნუ შეწუხდები. ძალიან გთხოვ, მხოლოდ მომისმინე, შენი დახმარება მჭირდება, _ თქვა ქეთიმ და ისე ლამაზად დაჯდა სკამზე, ნერწყვი გადავყლაპე, ასეთ გემრიელ ლუკმას სიამოვნებით ჩავკბიჩავდი-მეთქი.

_ გისმენ, თუ რამე შემიძლია, აქ ვარ, ჩემი თავი გენაცვალოს… _ ვთქვი და მის პირდაპირ ჩამოვჯექი.

ქეთიმ ჩაახველა, უჭირდა საუბრის დაწყება.

_ იცი? ეს ძალიან პირადულია, თანაც… შენ მეტს ვერავის ვეტყვი, ისეთი საქმეა… შენთანაც კი მერიდება, მაგრამ ლელამ მითხრა, პრობლემა არ არისო, მან უფრო შემაგულიანა, რომ იცოდე, თორემ…

_ პირდაპირ მითხარი, ნუ გერიდება, _ გავამხნევე უბნის საოცნებო ქალი.

_ დიდი მადლობა, ირაკლი, ვიცი, რომ შენთან ყველაფრის თქმა შეიძლება და ამიტომ… მოკლედ, შენ ხომ იცი, რომ მე ქმარი არ მყავს, მაგრამ მყავს მეგობარი მამაკაცი. ვინ არის, ამას მნიშვნელობა არა აქვს. იგი გავლენიანი ადამიანია, საზოგადოებაში დაფასებული, მთელი თბილისი იცნობს. მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს. ცოლიც ჰყავს და შვილებიც, ამიტომაც არ ვეუბნები ჩემს გასაჭირს, არ მინდა ჩემ გამო სახელი გაუტყდეს და პრესტიჟი შეელახოს. ერთი გადამეკიდა, გასაქანს არ მაძლევს, მემუქრება, მაშინებს, თუ მასთან ურთიერთობაზე უარს ვიტყვი, საქვეყნოდ მომჭრის თავს, მის ცოლს გააგებინებს ჩვენს ამბავს და ცხოვრებას გამიფუჭებს. არ ვიცი, როგორ მოვიქცე…

_ ვინ არის, არ მეტყვი?

_ გეტყვი, _ ამოიოხრა ქეთიმ, ლამაზი თითები თმაზე გადაისვა და თვალებში შემომაშტერდა.

ისეთი ლამაზი იყო, დამაბნია მისმა გამოხედვამ.

_ შენი მეგობარია, უზბეკა.

ამის გაგონებაზე გველნაკბენივით წამოვხტი, ხელები ამიკანკალდა.

_ ვი-ინ? _ კბილების ღრჭიალით წამოვიყვირე.

_ ჰო, უზბეკა. ისეთ დღეში ჩამაგდო, ადამიანს არ ვგავარ, _ თავი ჩაქინდრა ქეთიმ.

_ სად გნახა, როდის, ვინ გაგაცნო? _ დავაყარე შეკითხვები.

_ საავადმყოფოში იყო ჩვენთან, სხვისი სახელით და გვარით ჩაეწერა მიღებაზე. კაბინეტში რომ შემოვიდა, კარი გასაღებით ჩაკეტა და მაშინვე მუქარაზე გადავიდა. ახლავე ადგები და ჩემთან ერთად წამოხვალო. ისე შევშინდი, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. ჩემთან წამომაყვანინა თავი, სახლში, მერე… _ ქეთიმ თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა, _ ჯერ ხომ ძალა იხმარა, მერე სიყვარულის ახსნა დამიწყო, შენ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, სიკვდილამდე ჩემი უნდა იყოო, თან დამემუქრა, თუ ასე არ იქნება, მთელ ქვეყანას შენზე ავალაპარაკებ, ბოლოს კი ყელს გამოგღადრავო.

_ მერე?

_ მერე… ასე გრძელდება უკვე მერამდენე კვირაა. ყოველ ორშაბათს მოდის ჩემთან, მთელი ღამე რჩება და დილით უთენიაზე გაიპარება ხოლმე. აღარ შემიძლია მეტი, მეზიზღება, მის დანახვას სიკვდილი მირჩევნია, მიშველე რამე.

_ რატომ პოლიციას არ შეატყობინე, ქეთი?

_ მეშინია, ვიცი, იქ ერთი ამბავი ატყდება, ამაზე მერე მეზობლებიც ალაპარაკდებიან და სხვებიც. ეს არ მინდა. გარდა ამისა, შენ გგონია, ისე მენდობა, რომ თვითონ ქურდულად მოვიდეს და მე სახლში დავხვდე? გარეთ მინიშნავს შეხვედრას, ქუჩაში და მერე ერთად ავდივართ ჩვენთან. სანამ ბინაში შევალთ და ყველაფერს დაათვალიერებს, ზურგზე იარაღი მაქვს მობჯენილი, ვინმე არ იყოს ჩასაფრებულიო, _ ქეთიმ ცხვირსახოცი ამოიღო ჩანთიდან და ცრემლიანი თვალები ამოიწმინდა, აღსარების შემდეგ თითქოს დამშვიდდა.

_ კარგი, ნუ ტირი, მე დაგეხმარები, _ ვთქვი და წამოვდექი.

_ მართლა? მართლა დამეხმარები, ირაკლი? შენი მადლიერი ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე, რასაც მთხოვ, ყველაფერს შეგისრულებ, _ შემომანათა ლამაზი თვალები.

_ არ გინდა, რა საჭიროა ასეთი სიტყვები. მე უზბეკასთან ძველი ანგარიშები მაქვს. მითხარი, კიდევ როდის უნდა მოვიდეს?

_ ზეგ, ზეგ საღამოს უნდა შევხვდე წესით, იქამდე დამირეკავს.

_ ჰოდა, რომ დაგირეკავს, შემატყობინე და მე უფრო ადრე მივალ შენს სახლში, იქ დაგხვდებით. პისტოლეტს არ გამოვიყენებ, ნუ გეშინია, ისე მოვაგვარებ ყველაფერს, კაციშვილი ვერ გაიგებს, შენ დაწყნარდი, კარგი?

_ დიდი მადლობა, სიხარულო, ამას არ დაგივიწყებ, _ თქვა ქეთიმ, მოულოდნელად მკლავები ყელზე შემომაჭდო და ტუჩებზე დამაკვდა.

_ არ გინდა, რას აკეთებ, ქეთი, ქეთი, _ ვცადე მომეშორებინა ქალი, რომელიც მადლობის გადახდას «ნატურით» ცდილობდა, მაგრამ არაფრის თქმა არ მაცალა, ისევ დამაცხრა ტუჩებზე. სული შემიგუბდა.

_ უარი არ მითხრა, გთხოვ, ამას არასდროს დაგივიწყებ, _ ჩურჩულებდა ვნებამორეული და მთელი სხეულით მეტმასნებოდა, თევზივით სხმარტალებდა ჩემს მკლავებში. უკვე თავს ვეღარ ვერეოდი, დავავლე ხელი ათრთოლებულს და საძინებლისკენ გავაქანე…

8 8 8

მთელი ღამე ქეთიზე ვფიქრობდი. ასეთი გემრიელი ლუკმა ისე ადვილად ჩამივარდა ხელში, თან ისე მოულოდნელად, თავი სიზმარში მეგონა. დიდხანს არ დარჩენილა, ნახევარ საათში წავიდა. გავაცილე. ლელუკასთან არ შემივლია, არც დამირეკავს. შემეშინდა, არაფერი შემატყოს-მეთქი. არ მინდოდა, გული ტკენოდა. არც თვითონ ამოვიდა. ალბათ ქალურმა თავმოყვარეობამ სძლია. თუმცა იმ ღამით მასზე ფიქრის თავი არ მქონდა, ხვალინდელი დღე უნდა გამეანალიზებინა. მარტოკა შეიძლებოდა ვერ გავმკლავებოდი უზბეკას, რადგან ასე ფრთხილობდა. სხვა გამოსავალი არ მქონდა, მასტერასთვის უნდა მეთქვა ყველაფერი. მის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი. დავურეკე, საქმე მაქვს და შენთან მოვდივარ-მეთქი. გაუხარდა, ექოც ჩემთან არის და გავერთობითო. გართობის თავი სად მქონდა, პრობლემა უნდა მომეგვარებინა, მაგრამ ტელეფონში ამას ვერ ვეტყოდი.

ბიჭები მარტო იყვნენ. მასტერას თვალები ამღვრეოდა. ჩემს დანახვაზე უაზროდ გაიცინა, ექოს არ ეტყობოდა კაიფის კვალი.

_ რას ჰგავხარ, შე ჩემა, სარკეში მაინც ჩაიხედე ხანდახან, _ ბრაზი მომერია მის დანახვაზე.

_ აუჰ, შენს ძმობას ვფიცავარ, მაგრა კარგად ვარ, რომ იცოდე, _ გადამეხვია.

_ კარგად კი არა, განგრეულ კაიფში ხარ, ტო-ო, ცოტა აზრზე მოდი, _ დავუცაცხანე ჩემებურად.

_ არ ესმის და შეე…ი თუ გინდა, _ ამყვა ექო.

_ შენ რაღაც სხვანაირად ბაზრობ, გგონია, ამაზე უკეთესი ბიჭი ხარ? ამ დროს აქ რა გინდა, შენს ცოლ-შვილთან რატომ არ ხარ? _ იმასაც დავუწყე მორალის კითხვა, თითქოს მე წმინდანი ვყოფილიყავი.

_ რა მინდა სახლში, შე ჩემა, გამოცარიელებულია იქაურობა. ჩემმა სიდედრმა ნათლობის მეორე დღესვე გააქცუნა ცოლიც და ბავშვებიც თავისთან, იქ უფრო უსაფრთხოდ იქნებიანო. აღარ მენდობა, ქვეყნის დამაქცევარი ვგონივარ.

_ არა ხარ, რო-ო? _ გამეცინა, _ სიძევ, შე ნარკომანო! _ ხაზგასმით წარმოვთქვი.

_ აღარ ვარ, ირა, შვილებს გეფიცები, იმის მერე არ გავკარებივარ, შენს თავს გეფიცები, თუ გამეჩხიროს. ვსიო, მორჩა, აღარ მინდა წამლის დანახვა, სიკვდილს უკვე ჩავხედე თვალებში და ვნახე, რა საშინელებაც ყოფილა. არ მინდა, ძმაო, მიწაში, რა ვქნა, ტკბილი ყოფილა სიცოცხლე, აი! _ ნახევრად ხუმრობით თქვა ექომ.

_ მართლა? სერიოზულად ამბობ, თუ… _ არ დავუჯერე.

_ ცვეტნოის გებაზრები, შე ჩემა, როდის მომიტყუებიხარ, არ გრცხვენია?

_ ვა, რა მაგარია! კიდევ კარგი, ერთი კაი ამბავი მაინც გავიგე. მომილოცავს, ძმაო, მომილოცავს, რა! _ გახარებულმა ექოს ხელი გადავხვიე და გადავკოცნე.

_ რა ბრეჟნევივით ხვევნა-კოცნა ატე-ხეთ, რა უბედუ-რე-ბაა, თქვე ჩე-მისებო, _ მასტერა ენას ძლივს ატრიალებდა პირში.

_ შეხედე, შეხედე, ამას ახლა ეშველება რამე? _ თავში შემოვირტყი ხელი.

_ მეშვე-ლება, შენს ძმო-ბას ვფიცა-ვარ, მეშველება, _ ლუღლუღებდა მასტერა და თავის კანტურით გვიდასტურებდა თავის ნათქვამს, _ პლანიც არ გინდა, ირა? მა-გარი «ზახოდი» აქვს, სვა-ნურია, _ ამომხედა ბოლოს.

_ არ მინდა, ბრატ, შენთვის შეინახე, «ატხადნიაკზე» გამოგადგება, _ თავში წამოვარტყი ხელი და ტახტზე ჩამოვჯექი.

_ რა საქმე გქონდა, სერიოზულია რამე? _ მკითხა ექვთიმემ.

_ ჰო, სერიოზულია, მე და მასტერას გვეხება, _ ყრუდ ვთქვი, ამ საქმეში ექოს გარევა არ მინდოდა, შვილები ჰყავდა გასაზრდელი.

_ მერე მეც მითხარით, რას მიმალავთ, ვერ გავიგე! _ გამოთქვა პროტესტი.

_ შენთვის არ შეიძლება, ჯერ პატარა ხარ, _ გავიცინე და მასტერას თვალი ჩავუკარი.

_ მიდი-ი-ი-! დაფქვი ახლა, რა უნდა გეთქვა, _ არ მომეშვა ექო.

_ გადავიფიქრე. შენ კი არა, მასტერასაც ვეღარ ვეტყვი, ახლა ეს გონზე არ არის, მაინც ვერ გაიგებს, _ გადავაქნიე თავი და წამოვდექი, წასვლა დავაპირე.

_ მაიცა, მაიცა, მოსვლა შენი ნება იყო, წასვლა _ ჩვენი, _ მაჯაში ჩამავლო ხელი ექომ და ძალით დამსვა, _ დაყაჭე სათქმელი, თორემ ვიყო, ხმას არ გაგცემ, მაგრა მეწყინება. რა უცხოსავით იქცევი, ბავშვი ხომ არ ხარ?

_ არაფერი ისეთი, ბიჭო, ნუ გამიხურე. გადავიფიქრე-მეთქი, მგონი გასაგებად გითხარი! _ გავიქაჩე ჩემებურად და ხელი გამოვტაცე ექოს.

_ ხარაშო, ეგრე იყოს, ძმაო, თუ არ მენდობი, რაზეა ბაზარი, _ იწყინა ექვთიმემ.

_ დავაი, რა, ნუ იცი ხოლმე ეგეთები, _ გავბრაზდი, მაგრამ მაინც დავჯექი.

«გაგუდული» მასტერა ხან მე შემომხედავდა უაზროდ, ხანაც _ ექოს და ვერაფერი გაეგო, რომელი რისთვის ვიქაჩებოდით, ვერ გაერკვია.

_ რა ხდე-ბა აქ, რა ამბა-ვია? _ თან მკერდს იფხანდა, თან თავისთვის ბუტბუტებდა.

_ კაროჩე, ხვალ დილით გამოვივლი და ფორმაში დამხვდი, ამის თქმა მინდოდა, რა! _ ვთქვი გაგულისებულმა და ისევ ავდექი.

_ მე ამაღამ აქ ვრჩები, სხვათა შორის, ასე რომ, ხვალ დილითაც აქ დაგხვდები, _ ნიშნის მოგებით მითხრა ექომ.

ღრმად ამოვიხვნეშე, მივხვდი, საშველს არ მომცემდა და ისევ თქმა ვამჯობინე.

_ კარგი, გეტყვით. უზბეკას ასავალ-დასავალს მივაგენი და დახმარება მჭირდება, მარტო არ გამომივა. გაიგეთ? _ ორივეს გადავხედე.

_ ვაჰ, საიდან, შე ჩემა, ვინ დაგაყენა «ხვოსტზე», არ იტყვი? _ თითქოს გამოფხიზლდა მასტერა.

_ არის ერთი, არ იცნობთ.

_ სად იმალება, ის მაინც გვითხარი, მაგის დედაც… _ შეიგინა ექომ.

_ ხვალ მეცოდინება, სად და რომელ საათზე ვნახავთ, მაგრამ ერთი პირობით. ექო, შენი ამ საქმეში გაყვანა არ მინდა და უნდა დამიჯერო.

_ ვითომ რატომ, თქვენზე ნაკლები რითი ვარ?

_ იმით, რომ პატარები გყავს და შენ მათ სჭირდები. მე და მასტერაც მოვუვლით, არ არის პრობლემა.

_ ახლა არ დაიწყო შენებურად. სამ კაცს ერთი რას გვიზამს, ფრჩხილებიანად შევჭამთ, მაგას მოვუ…ვ კარგებს! _ ისევ შეიგინა.

_ დაოკდი, თუ ძმა ხარ, ნუ ბლატაობ, რასაც გეუბნები, გაიგონე. შენ გასული ხარ საქმიდან, დაიმახსოვრე. მორჩა, დავამთავრე და აღარ მინდა ამაზე მეტი ლაპარაკი, _ ავუწიე ხმას.

_ დაბრედილო, შენ მე რაღაც ცალი თვალით მიყურებ ბოლო ხანებში. აბა, კარგად შემომხედე, უკან არაფერზე დავიხევ, იცოდე! სადაც თქვენ, მეც იქ, _ თავისაზე იდგა ექო.

_ მაიცა, მაიცა, რა ბაზარია, გამაგებინეთ, რა მორჩა, რის უკან დახევა, ბოლოს და ბოლოს, არ მეტყვით, რა ხდება? _ მასტერა ნელ-ნელა აზრზე მოდიოდა.

_ მასტერ, წადი ახლა დაიძინე და ხვალ ვილაპარაკოთ, დილით აქა ვარ, რა და მჭირდები ხვალ საღამოს. ეგ მაჯა როგორმე დაასვენე ზეგამდე, შეუშვი მაგ გოგირდიან ყურში! _ ხელების ქნევით დავუწყე ლაპარაკი მასტერას.

_ კაი, ბრატ, როგორც იტყვი, მე აქ ვარ და გელოდები, _ თავი ჩაღუნა მასტერამ და იატაკს ჩააჩერდა.

_ ექო, წავედი, ბიჭო და შენ იცი ეგ დებილი, არაფერი დაემართოს ამაღამ, დანარჩენზე ხვალ დავილაპარაკოთ, _ ქოჩორზე მოვქაჩე ექოს და წამოვედი.

მთელი ღამე ვფიქრობდი, როგორ ჩამეტარებინა ოპერაცია ისე, რომ არც ქეთი დაზარალებულიყო და არც ჩვენ. ასე თუ ისე, რაღაც-რაღაცები მოვიფიქრე და გვიან დავწექი დასაძინებლად…

7 7 7

დილით, გათენებული არ იყო, რომ გამეღვიძა. ვერ გავძელი სახლში და ისევ მასტერას მივადექი. დიდხანს ვაკაკუნე, ზარიც დიდხანს ვრეკე, ძლივს გავაგონე ბიჭებს, ისე ღრმად ეძინათ. კარი ექომ გამიღო.

_ რა იყო, დაყრუვდით? _ უკმაყოფილოდ ჩავიბუზღუნე.

_ აუ, ბიჭო, წუხელ ისე ცხელოდა, არაფრით არ დამეძინა. ეს ნაგიჟარი კიდევ ისე ბოდავდა მთელი ღამე, ვაბშე გამიქრა ძილი, გამთენიისას ძლივს დაწყნარდა და მეც ჩამეძინა.

_ ჰოდა, დღეს მთელი დღე იძინეთ, რომ იქ მთქნარება არ აგიტყდეთ.

_ სად იქ, შე ჩემა, თქვი, რა, რატომ გვახვეწნინებ!

_ გააღვიძე ის ნარკუშაც და ყველაფერს გეტყვით.

კარგა ხანს ვაჯანჯღარეთ მასტერა, ცივი წყალიც ვასხით, რომ გამოფხიზლებულიყო. თვალებდასიებულმა ისე შემოგვხედა, თითქოს პირველად გვხედავდა.

_ მოვედით? _ ჩაიცინა.

_ მოვედით, მოვედით, შედი, წყალი გადაივლე და დავსხდეთ, საქმე გვაქვს.

_ რაო, ბანკი უნდა გავიტანოთ?

_ ნეტავ ეგრე იყოს, _ ამოვიოხრე და ხელები თავზე შემოვიჭირე, აშკარად ვნერვიულობდი _ კიდევ ერთი მსხვერპლი უნდა ამეღო ჩემს თავზე, აღარ დამთავრდა ეგ ოხერი «დაბრედვები».

…როგორც იქნა, მასტერამ თვალებში გამოიხედა. წუხანდელი ჩემი ვიზიტის ამბავი საერთოდ არ ახსოვდა, ისე ჰქონია თურმე გონება დაბინდული. ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო კაიფიდან.

მოკლედ მოვჭერი ჩემი სათქმელი. ქეთი გაკვრით ვახსენე, ყველაფერი არ მითქვამს, არ ჩავთვალე საჭიროდ.

_ როდის დარეკავს ის ქალი? _ იკითხა ექომ.

_ ზუსტად საათი არ უთქვამს, როცა უზბეკა დაურეკავს, მერე შემეხმიანება. სადმე შევხვდები და სახლში ავაყვანინებ თავს, იქ უნდა ჩავუსაფრდეთ.

_ რამე გეგმა გაქვს? _ მასტერა დაძაბული იჯდა.

_ ჰო, რა ვიცი, თუ მოგეწონებათ…

_ ჩვენც გვითხარი, რა მოიფიქრე, _ ხელები მოიფშვნიტა ექომ.

_ ერთი კარის უკან უნდა დაიმალოს, ალბათ უფრო მასტერა. მე პირდაპირ შუა ოთახში დავდგები, რომ შემოვა, უცებ რომ დამინახოს.

_ რატომ ეგრე?

_ იმიტომ, რომ დაიბნევა და კარის უკან გახედვას ვერ მოასწრებს.

_ რომ გაისროლოს და ის ქალი მოკლას?

_ არა მგონია, მაგდენი გაბედოს. თანაც… სანამ რამეს მოისაზრებს, კარს უკან ვინც იდგება, უკნიდან იარაღს მიაბჯენს და იქ დამთავრდება ყველაფერი.

_ იქნებ ჯობია, სადარბაზოში ჩავუსაფრდეთ?

_ არა, არა, არ ჯობია. გარეთ რომ სროლა ატყდეს, ეგრევე ჩაგვავლებენ, ასე არ ივარგებს.

_ მაშინ მეც შესასვლელში დავიმალები, ორი კაცი უკეთესად შევძლებთ მის გასკვანჩვას, _ თქვა ექომ.

_ ექო, ძმურად, რა, იქნებ არ ღირს შენი წამოსვლა?

_ ახლა ჩუ! მეტი აღარ გაიმეორო, რაც თქვი. მოვდივარ და დამთავრდა!

_ მგონი, არ არის ცუდი იდეა, კარგად მოგიფიქრებია, დაბრედილო, _ მოწონების ნიშნად ცერა თითი გაბზიკა მასტერამ, _ გული მიგრძნობს, ადვილად მოევლება ამ საქმეს.

_ თუ რამეა, ეგრევე გავაგოროთ, გატოკების საშუალება არ მივცეთ, _ თქვა ექომ.

_ არა, გასროლა არ გამოვა, მეზობლები გაიგებენ და ატყდება ერთი ამბავი.

_ აბა, რას აპირებ?

_ მე დანა მექნება, დანით უხმაუროდ მოგვარდება ეგ ამბავი, _ ხმადაბლა, მშვიდად ვლაპარაკობდი, თითქოს ადამიანის სიცოცხლეზე კი არა, ქათმის დაკვლაზე ყოფილიყო საუბარი, _ თუ გეგმის მიხედვით არ გამოვიდა და რამე აირია, მხოლოდ მაშინ გამოვიყენოთ პისტოლეტები. შევთანხმდით?

_ დაბრო, ასე იყოს, _ თავი დამიქნია მასტერამ.

_ ახლა კი, დაიძინეთ და ჩემს ზარს დაელოდეთ, არ ვიცი, რაწამს დამჭირდებით.

_ აწი რა დამაძინებს, ტო-ო, შანსი არ არის, მაგას ჯობია, რამე ვჭამოთ, კუჭი ამეწვა, ჩავალ, რამეს ამოვიტან, _ წამოდგა ექო.

_ თქვენ ჭამეთ, მე არ მშია, თან სახლში უნდა ავიდე, იქნებ სახლის ნომერზე დამირეკოს ქეთიმ, რა ვიცი, _ მეც წამოვდექი და ორივენი გასასვლელისკენ წავედით.

_ ვაბშე შენთან ხომ არ ავიდეთ? ბარემ ერთად ვიქნებით, _ წამოაყენა წინადადება მასტერამ.

_ ვახ! ასეთი ჭკვიანური შენს სიცოცხლეში არ გითქვამს, საღოლ, ძმაკუშ, _ სიცილით ხელი ხელზე დავურტყი მასტერას.

ასეც მოვიქეცით. გზად მშრალი საჭმელი ვიყიდეთ _ ყველი, პური, კიტრი, პომიდორი და ჩემთან ავედით, მსუბუქად ვისაუზმეთ და ბიჭები დასაძინებლად შევყარე საძინებელში, მე კი სასტუმრო ოთახში სავარძელში მოვკალათდი ქეთის ზარის მოლოდინში.

ცოტა ხანში მასტერამ ხვრინვა ამოუშვა, მეც მომერია ძილი, ჩამთვლიმა. მობილურის ზარმა გამომაღვიძა, ქეთი მირეკავდა.

_ ჰო, ქეთი, გისმენ, _ ჩავძახე დაძაბულმა.

_ ირაკლი, სად ხარ?

_ სახლში, რა იყო, რამე ხომ არ შეიცვალა?

_ არა, ცხრა საათზე უნდა შევხვდე მეტროსთან, მერე ჩვენთან ავალთ. შენ რა გადაწყვიტე?

_ მე უფრო ადრე უნდა ვიყო შენს ბინაში, გაიგე? იქ დაგხვდებით. გინდა სადმე გნახო და დავილაპარაკოთ? ტელეფონით არ ღირს…

_ მე ახლა სამსახურში ვარ…

_ რომ მოვიდე, ხომ არ ტეხავს?

_ იცი, რა-ა? მოდი, ჩემს სახლთან შევხვდეთ ასე, შვიდ საათზე, კარგი?

_ კარგი, შვიდზე სადარბაზოსთან დაგხვდები. თუ რაღაც ისე ვერ იყოს, ზარი გამოუშვი.

_ კარგი, დიდი მადლობა.

გუნება დამიმძიმდა. საათს დავხედე, ხუთი ხდებოდა. ბიჭები გავაღვიძე და საქმის არსი გავაცანი. ქეთისთვის არ მითქვამს, მარტო რომ არ ვიქნებოდი და ეს მიტყდებოდა. იქნებ არ უნდოდა, სხვებს გაეგოთ მის შესახებ, ამაზე არ დავფიქრებულვარ, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, მარტო ვერ გავწვდებოდი. ადვილი შესაძლებელი იყო, უზბეკას ჩემს დანახვაზე სროლა აეტეხა და მე დანის გამოყენება დამგვიანებოდა. კიდევ ერთხელ ავწონ-დავწონეთ ყველაფერი, რეპეტიციაც კი გავიარეთ სამივემ და შედეგით კმაყოფილი დავრჩით. ახლა მთავარი მოქმედება იყო, როგორ გამოვიყენებდით ჩვენს შანსს რეალურად…

7 7 7

შვიდ საათზე უკვე ადგილზე ვიყავით. ბიჭები სადარბაზოში შეიმალნენ, ჯერ მე უნდა მეთქვა მათ შესახებ ქეთისთვის. ისიც დროზე მოვიდა, ისეთი შეშინებული იყო, სახე გალურჯებოდა.

_ რა გჭირს, ხომ არ გეშინია? _ გამხნევების ნიშნად გავუღიმე.

_ ძალიან, ძალიან მეშინია, იქნებ არ ღირს, ირაკლი? _ მხრები უცახცახებდა ქალს.

_ ნუ გეშინია, ყველაფერს მოვაგვარებ. ოღონდ ერთი რაღაც უნდა გითხრა და არ გამიბრაზდე.

_ რა? _ კიდევ უფრო შეშინდა.

_ მე მარტო არ ვიქნები, უსაფრთხოების მიზნით ძმაკაცები უნდა დავიხმარო. ხომ იცი, მაინც საშიშია, მარტო რომ მნახავს, შეიძლება არ შეეშინდეს და სროლა ატეხოს. მე შენი დარდი უფრო მაქვს, თორემ საკუთარ თავზე ერთი წამითაც არ ვფიქრობ, გესმის ჩემი?

_ ვინ ძმაკაცები, მე ვიცნობ? _ დამფრთხალი მზერით შემომხედა.

_ დაწყნარდი, შორიდან იცნობ მხოლოდ, მაგრამ პირობას გაძლევ, რომ სანდო ბიჭები არიან, ჩემი იმედი გქონდეს, ამას ვერასდროს ვერავინ გაიგებს და ვერც შენ წამოგაყვედრებს ვინმე.

_ უნდა მოკლათ? _ ნიკაპი აუკანკალდა ქალს.

_ ეგ მე მომანდე, მე ვიცი, რასაც ვიზამ. შენთან არაფერი მოხდება, ჩვენ მას თან წავიყვანთ, არ ინერვიულო, არ დავბრიდავთ. ერთხელ და სამუდამოდ დაგასვენებთ მისგან, გეფიცები, თმის ღერი არ ჩამოგვარდება და სამუდამოდ ჩამოგშორდება. კაცურ სიტყვას გაძლევ, _ ჩავბღუჯე მისი ხელები და მოვუჭირე.

აკანკალებული ქეთი თავისი სავსე მკერდით ისე ჩამეხუტა, სული შემიგუბდა. მოვეფერე, კარგა ხანს ვაწყნარებდი, მერე მასთან ავედით სახლში, მასტერა და ექოც გავაცანი. შორიდან ვიციო, ძლივს გაიღიმა ქეთიმ, ხშირად ვხედავ ხოლმე ორივეს უბანშიო.

_ ახლა მთავარია, მშვიდად იყო, ქეთი, ნერვიულობა თუ შეგატყო, შეიძლება რამე ისქესოს, _ დაარიგა მასტერამ ქალი.

_ ოჰ, სათქმელად ადვილია, _ ამოიოხრა, _ რომ იცოდეთ, როგორ მეშინია…

_ ვიცით, რომ გეშინია და იმიტომაც გეუბნებით. მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე, ახლა შენზეა საქმის ნახევარი დამოკიდებული.

_ ბიჭებო, არ მოკლათ, რა? სისხლის დანახვაზე ცუდად ვხდები.

_ შენ რანაირი ექიმი ხარ, ტო, გადამრევ პირდაპირ! _ გაიცინა ექომ.

_ მე კარდიოლოგი ვარ, ქირურგი კი არა. ისედაც… ადამიანის სიკვდილი არ მინდა, რა სასიამოვნო ეს არის, _ მოიბუზა ქალი.

_ ხომ შეგპირდი, მსგავსი არაფერი მოხდება-მეთქი. აქედან გავიყვანთ და მერე რას გავაკეთებთ, ეგ ჩვენი საქმეა, _ ვთქვი მე.

ქეთი ნელ-ნელა დაწყნარდა, ყავაც კი მოგვიდუღა. კარგა ხანს ვილაპარაკეთ, მასტერამ მის გასამხიარულებლად ბავშვობის ამბები გაიხსენა, ჩვენც ვიცინეთ და ისიც ვაცინეთ. ამასობაში რვა საათი გახდა. ქეთი ისევ ანერვიულდა.

_ ვატყობ, მოგვიწევს რომელიმეს შენი გაცილება, _ ჩაფიქრებულმა ვთქვი.

_ არა, არა, არ არის საჭირო, მორჩა, ვსიო, კარგად ვარ, _ ნაძალადევად გაგვიღიმა გაფითრებულმა და არეული ნაბიჯებით გაემართა კარისკენ.

_ გასაღები მე უნდა წავიღო, _ რატომღაც ჩურჩულით თქვა.

_ ჰო, აბა, კარი ხომ უნდა გააღო, _ მეც ჩურჩულით დავუდასტურე, _ აბა, შენ იცი, ჭკვიანად იყავი, კარგი? _ თავი დავუჭირე, თვალებში ღრმად ჩავხედე და ლოყაზე ვაკოცე.

_ წავედი, _ ნაღვლიანი მზერა მესროლა ქალმა და კარი გაიხურა.

მისი წასვლის შემდეგ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. შუქი ჩავაქრეთ და სამივენი ჩვენ-ჩვენს ფიქრებში ჩავიძირეთ. მე წარამარა ვანთებდი მობილურის ეკრანს, რომ საათი შემემოწმებინა.

დრო გაიწელა, წუთები თითქოს საათებად იქცა. რაც უფრო ახლოვდება უზბეკას მოსვლის დრო, მით უფრო ვიძაბებოდი. დარწმუნებული ვიყავი, ბიჭებიც ჩემს დღეში იყვნენ.

ათი დაიწყო. მე უკვე მუხლებში სისუსტეს ვგრძნობდი. სიკვდილის არ მეშინოდა, ქეთი უფრო მაფიქრებდა, მას არ დაშავებოდა რამე, ოღონდ ის გადარჩენილიყო უვნებელი. უცებ სადარბაზოში ნაბიჯების ხმა მოისმა. მივხვდით, ისინი იყვნენ, მაშინვე ჩვენი ადგილები დავიკავეთ. მასტერა და ექო კართან დადგნენ, მე შუა ოთახში ავისვეტე, გახსნილი დანა მთელი ძალით ჩავბღუჯე და ზურგს უკან დავმალე.

კარი გაიღო. გარედან შემოსულ შუქზე დავინახე, როგორ ჰქონდა ქეთის კეფაზე იარაღი მიბჯენილი. ქალმა შუქი აანთო. პირველი, რაც უზბეკას თვალში მოხვდა, მე ვიყავი. გაოცებისგან პირი გააღო, აშკარად დაიბნა. სანამ გონს მოეგებოდა, უკნიდან მასტერამ პისტოლეტი მიადო საფეთქელზე.

_ არ გაინძრე, თორემ ტვინს გაგასხმევინებ, _ კბილებში გამოსცრა მასტერამ.

ამ დროს ექომაც გადმოდგა ნაბიჯი და უზბეკას ისე ოსტატურად ააცალა იარაღი, ამ უკანასკნელმა განძრევაც ვერ მოასწრო. ქეთი ჩემკენ გამოქანდა. ხელი ჩავავლე მაჯაში და ზურგს უკან დავიყენე.

_ გამარჯობა, უზბეკ, _ გამჭოლი მზერა ვესროლე.

ხმა არ ამოუღია. ექომ ხელები უკან გადაუჯვარედინა და თოკით შეუკრა.

_ ახლა მშვიდად, წყნარად გატრიალდები და ჩვენთან ერთად წამოხვალ, _ ხმადაბლა ვლაპარაკობდი, თან დანას ხელში ვატრიალებდი.

_ შე ნაბოზვარო, შენს დედას შევ…მ, _ დაისისინა უცებ უზბეკამ და ქეთისკენ გაიქაჩა, მაგრამ მასტერამ იარაღის ტარი თავში ჩასცხო.

_ ჩუმად, შე ყ…ო, სახლში ხომ არ გგონია თავი, ე! _ კვლავ კბილებში გამოსცრა მასტერამ და ჯიკავ-ჯიკავით წინ გაიგდო ხელებშეკრული უბნელი. ქეთის დავუბარე, მალე ამოვბრუნდები, არ შეგეშინდეს-მეთქი და კარი უხმაუროდ გამოვიხურე.

კიბეზე ისე ჩავედით, უზბეკას ხმა არ გაუღია. ექვთიმეს მანქანაში რომ ჩავსხედით, მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა.

_ სად მიგყავართ, თქვე პედერასტებო! _ ზიზღით წარმოთქვა.

_ ხმა, ბიჭო, თორემ ნაწლავებს დაგაყრევინებ! _ მასტერა ერთიანად ცახცახებდა სიბრაზისგან. ის უზბეკას გვერდით მოთავსდა, მე წინ დავჯექი.

_ რა გინდათ ჩემგან, მე რა შუაში ვარ, თქვენი… _ გინების კორიანტელი დააყენა უზბეკამ.

_ იცი შენ, რა შუაშიც ხარ და პასუხს აგებ ყველაფერზე, _ ვთქვი მე.

ექვთიმემ მანქანა დაქოქა და ადგილიდან მოწყდა.

_ ისე, კარგი სამალავი კი გიპოვია, ხომ იცი, _ ჩაიცინა ექომ, _ აფსუს, როგორ არ გაგიმართლა?!

_ მომისმინე, დაბრედილო, ამათთან მე საქმე არა მაქვს, შენ უნდა გელაპარაკო. მე რატომ მადანაშაულებ იმაში, რაც არ ჩამიდენია. ყველაფერი ჩხიროს ბრალი იყო, შენც ხომ იცი.

_ მე ის ვიცი, რომ არც ჩხირო, არც რიჟა და არც მულტფილმა ცოცხლები არ არიან და ამ ყველაფერში შენ მიგიძღვის ლომის წვლილი. კიდევ კარგი, იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, რაც მოხდა. დანარჩენზე, ადგილზე რომ მივალთ, იქ ვილაპარაკოთ, _ ვთქვი და სავარძლის საზურგეს ახლა უკვე მშვიდად მივეყრდენი.

მანქანა მთელი სისწრაფით მიქროდა ტრასაზე…

8 8 8

წარმოდგენა არ მქონდა, სად მივდიოდით. რომ არა მანქანის ძრავის გუგუნი, საკუთარი გულის ბაგაბუგს გავიგებდი, ისეთ დღეში ვიყავი. დანა მძლავრად მქონდა ჩაბღუჯული, თითქოს ყოველ წამს ვიღაცისგან თავდასხმას ველოდი. არადა, თავად უნდა დავსხმოდი სხვას თავს. სადღაც, გულის კუნჭულში, სინდისიც კი მქენჯნიდა, ერთ უბანში გაზრდილ და არაერთ საქმეში თანაზიარ ადამიანს სასიკვდილოდ რომ ვიმეტებდი, მაგრამ უზბეკა დასჯის ღირსი იყო და თავისი აუცილებლად უნდა მიეღო. გარდა ამისა, ფიცი მქონდა ჩემი მეგობრების საფლავთან დადებული და ამას ვერ გადავუხვევდი. ნელ-ნელა შეთხელდა ჩემი საძმო, აღარ იყვნენ ჩემი მეგობრები, ჩემი საშიში ბიჭები, როგორც მოგვიხსენიებდნენ ხოლმე უბნის ენაჭარტალა ქალები. ამ ფიქრებში გართულმა ვერც გავიგე, როგორ გაჩერდა მანქანა სადღაც ბნელ, მიტოვებულ შენობასთან.

_ სად ვართ? _ ვიკითხე და მიმოვიხედე.

_ ელიავას ბაზრობასთან, _ ყრუდ მიპასუხა მასტერამ.

_ რას მიპირებთ, თქვენი დედაც… _ შეიგინა უზბეკამ.

_ ნახავ, რასაც გიპირებთ. აბა, ახლა დაფქვი, რა მოხდა მეხუთეში?! _ მუქარა გაისმა მასტერას ხმაში.

_ ამან ჩემზე კარგად იცის, რაც მოხდა, _ თავი ჩემკენ გადმოაქნია აკანკალებულმა უზბეკამ.

_ რას კანკალებ, შემთხვევით, ხომ არ გეშინია? _ დასცინა ექომ.

_ მეშინია არა, ის… თქვენს დედებს შევ…ემ, მარტო რომ არ ვიყო, თქვენ ნაბოზრებო! _ ისევ შეიგინა და გადააფურთხა, _ მაგრები ხართ, არა? სამი ერთის წინააღმდეგ.

_ შენც მაგარი იყავი, როცა საკუთარ ძმაკაცებს ცხრილავდი. ასე არ არის? _ შეჰყვირა მასტერამ და მუშტი უთავაზა მანქანაში.

მე კბილს კბილზე ვაცემინებდი ნერვიულობისგან და ხმას ვერ ვიღებდი.

_ ჩემი დედა მოვ…ან, არ მინდოდა, შემთხვევით მომიხვდა. იქ არ იყავი, შე თესლო, ამოიღე ხმა, ასე არ იყო? _ მომიტრიალდა უზბეკა.

_ ბიჭო, ცოტა სიტყვები შეარჩიე, შე დედამ…ო, კაცი მოკალი და ამის აღიარებაც არ გინდა? არ გენანება მაინც, უდანაშაულო ადამიანი რომ დაბრიდე? _ ხმას თანდათან უწევდა მასტერა.

_ ჩუმად, ტო, არავინ გაიგოს, რა გაყვირებს, ვერ გავიგე, _ თქვა ექომ და უზბეკას მიუბრუნდა, _ დაბრიდე, დაბრიდე, მაგრამ მერე როგორ აითესე, ის მოყევი, როგორ მიატოვე ძმაკაცები და გაიქეცი. ის შენ არ იყავი? გადმოდი ერთი და დამანახვე, რისი გამკეთებელი ხარ, შენი კარგიც… _ მიაგინა ბოლოს და საყელოში წვდა.

უზბეკა ზლაზვნით გადმოვიდა მანქანიდან.

_ ბიჭებო, თქვენი ჭირიმე, არ დამბრიდოთ, რა, მოხდა _ მოხდა, არ მინდოდა, დამიჯერეთ, შემეშინდა, იქ ისეთი ამბავი ატყდა, მე მინდოდა უკან მობრუნება, აზრზე რომ მოვედი, მაშინვე მინდოდა, მაგრამ ჩხირომ არ დამანება, _ ლამის იყო, ატირდა უზბეკა.

_ ჩხირომ, არა? რა ნაგავიც ის გამოდგა, ის ნაგავი ხარ შენც, შე ახვარო, _ ვეღარ მოვითმინე და ახლა მე ავყვირდი, _ ჩხირო მკვდარია, გადააბრალე, რა გენაღვლება, პირზე დაგადგება, თუ რა? _ უზბეკასკენ გავიწიე და დანა დავაძრე, რომ მასტერას არ დაესწრო პირველს და არ მოეკლა.

_ დაბრედილო, არ მომკლა, თუ კაცი ხარ, გეხვეწები, გთხოვ, _ ხელები სახეზე აიფარა შეშინებულმა.

_ ეს რა პედერასტი ყოფილა, ერთი შეხედეთ, როგორ ეშინია, პატარა ბავშვივით ტირის. აღუ, ბიჭო, თითზე არ მიკბინო, _ გაექაჩა ექო და ახლა მან უთავაზა მუშტი სახეში.

უზბეკას ცხვირიდან სისხლი წასკდა.

_ მცემეთ, მაგის დედაც, რაც გინდათ ის მიყავით, ოღონდ არ მომკლათ. მეშინია, ხო, მეშინია, რა, გრეხია, სიკვდილის რომ მეშინია?

_ მულტფილმასაც ეშინოდა სიკვდილის, რიჟასაც, რომ იცოდე, ეს იმათ გამოგიგზავნეს იქიდან, _ ხმადაბლა ვთქვი და ის იყო, დანა მოვიქნიე, რომ… გასროლის ხმა გაისმა და უზბეკა უსულოდ დაეცა მიწაზე.

_ მასტერ, რა ქენი, ტო-ო! _ ვიყვირე გამწარებულმა და დანა ხელიდან გავაგდე, _ რატომ, რატომ, ბიჭო, ეს მე უნდა მექნა, შე ჩემა, _ ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდი და მასტერას ვაჯანჯღარებდი.

_ შენ გეყოფა, ისედაც ბევრი მოგივიდა, მე მაინც ვიცი, _ სრულიად მშვიდად ჩაილაპარაკა მასტერამ და მაჯებში მწვდა, _ დამშვიდდი, ამის სიკვდილი ჩემზე იყოს.

სახეზე ავიფარე ხელები, ჩავიმუხლე და ავტირდი. ექო გვერდით მომიცუცქდა და მხარზე გადამხვია ხელი.

_ ირაკლი, ასე ჯობია, ძმაო, არ იდარდო, ყველაფერი დამთავრდა. ჩვენც მოვალენი ვიყავით, მარტო შენს თავზე რატომ იღებ, _ მამშვიდებდა ექვთიმე.

_ წავედით ახლა, სანამ ვინმე მოსულა, _ თქვა მასტერამ, მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა.

ექომ ამაყენა და თითქმის ძალით დამსვა წინა სავარძელზე. დანა მოვიკითხე.

_ აქ არის, ავიღე უკვე, _ მითხრა მასტერამ და დანა ხელში მომაჩეჩა.

_ იარაღი? _ ექომ იკითხა.

_ ამას ნაწილებად დავშლი და მტკვარში გადავუძახებ. ეძებონ მერე, რამდენიც უნდათ, _ უდარდელად ჩაილაპარაკა მასტერამ.

უზბეკას გადავხედე. პირი გაეღო და სადღაც უაზროდ იყურებოდა.

_ სადმე ხომ არ გადავმალოთ? _ როგორც ჩანს, ექვთიმეს სინდისი ქენჯნიდა.

_ ჩქარა, ექო, რა დროს ეგ არის, ჩაჯექი, _ თითქმის უბრძანა მასტერამ და გაზის პედალს დააწვა.

მანქანამ ღმუილი დაიწყო. ექოც ჩაჯდა და «ბმვ» ადგილიდან მოწყდა…

7 7 7

უკანა გზა უხმოდ გამოვიარეთ. ბიჭებმა ჯერ მე მიმიყვანეს სახლამდე.

_ არ ამოხვალთ? _ საკუთარი ხმა ძლივს ვიცანი.

_ არა, წავალთ, დავიძინებთ, თორემ ფეხზე ვეღარ ვდგები, _ მიპასუხა ექომ.

_ ხვალ შევიკრიბოთ და ბიჭების სასაფლაოზე ავიდეთ აუცილებლად, ეს ჩვენი ვალია, _ ბრძენი კაცივით თქვა მასტერამ.

_ კარგი, ასე ვქნათ. აბა, თქვენ იცით, ხვალ გნახავთ, _ დავემშვიდობე ორივეს და სადარბაზოს კიბეს ავუყევი.

სახლში შევედი თუ არა, ორივე ტელეფონი გამოვრთე, ახლა არავის ხმის გაგონება არ მინდოდა, მარტო მსურდა დარჩენა. ტანთ სასწრაფოდ გავიხადე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სისხლის სუნი ამდიოდა. სპორტულები ჩავიცვი და საწოლზე მივეგდე ძალაგამოცლილი.

ექომ კი თქვა, დავიძინებო, მაგრამ ვიცოდი, იმ ღამეს არც ერთს რული არ გაგვეკარებოდა თვალებზე _ არც მასტერას, არც ექოს და მე _ მით უმეტეს…

თეთრად დამათენდა თავზე. მამლის ყივილიც კი მომესმა, მგონი. ალბათ ვიღაცას ჰყავს კიდევაც კორპუსში მამალი, რა ვიცი. გათანგული ვიყავი, წამოდგომა დავაპირე, მაგრამ სხეული ვერ ავწიე. თავი მიბრუოდა, ტანში მტეხავდა. ერთი-ორჯერ დამაცემინა კიდეც. შუბლიც მიხურდა. ალბათ სიცხემ თუ ამიწია. თერმომეტრი მოვიძიე და იღლიაში გავიჩარე. დაველოდე. ოცდაცხრამეტი და სამი ხაზი მქონდა. ესეც შენ, დაბრედილო, გაცივდი კიდეც, არა? _ გამეცინა საკუთარ თავზე.

გადავწყვიტე, ლელუკასთვის დამერეკა, რამე წამალი ამოეტანა და მოევლო ჩემთვის. ტელეფონი ჩავრთე. უამრავი ზარი იყო შემოსული. ქეთის ნომერი ვიცანი. როგორც ჩანს, მთელი ღამე მირეკავდა. ლელასთან დარეკვა გადავიფიქრე და მისი ნომერი ავკრიფე.

_ როგორ ხარ, ირაკლი, ხომ მშვიდობაა? _ შეშფოთებულმა მკითხა.

_ მშვიდობაა, როგორ უნდა ვიყო, ცოტა სიცხე მაქვს, სხვა არაფერი.

_ სიცხე? რა დაგემართა?

_ რა ვიცი, ალბათ გავცივდი.

_ რამდენი გაქვს?

_ ორმოცამდე ცოტა აკლია, რა, _ გავიცინე.

_ გაგიჟდი? მართალს ამბობ თუ მეხუმრები?

_ არა, მართალს ვამბობ. შენ მუშაობ დღეს?

_ დღეს ხომ კვირაა, სახლში ვარ. რა იყო?

_ რა ვიცი, ვიფიქრე, ჩემთან ხომ არ ამოხვიდოდი, თან წამალს წამომიღებდი რამეს.

_ …

_ რა იყო, ეს არ შედის შენს გეგმებში?

_ არა, ჩემთვის რა პრობლემაა, ახლავე წამოვალ, მაგრამ ლელასი მერიდება, რამე არ იფიქროს.

_ არ იფიქრებს, ნუ გეშინია, ბოლოს და ბოლოს, კარს არ გავუღებ და ეგ იქნება, _ გამეცინა.

_ კარგი, რა ვიცი, მოვალ… რა ქენით წუხელ?

_ ისეთი არაფერი, ცოტა ჭკუა ვასწავლეთ.

_ რას ნიშნავს, ცოტა ჭკუა ასწავლეთ?

_ ეგ ტელეფონზე სალაპარაკო არ არის. ამოდი და აქ გეტყვი.

_ აჰა, ახლავე წამოვალ, _ თქვა და გამითიშა.

კმაყოფილება დამეუფლა, რადგან ქეთი ჩემს მკლავებში წარმოვიდგინე. კარგია, რომ მოვა, ახლა წამალზე უფრო ქალის ალერსი მჭირდებოდა, ისე მქონდა გუნება დამძიმებული.

საათს დავხედე, ცხრა შესრულებულიყო. ბიჭებს არ დაურეკავთ, ახლა ნამდვილად იქნებიან ღრმა ძილში. სიცხე რომ არ მქონოდა, მეც კი დავიძინებდი სიამოვნებით. მასტერას ამბავი ხომ ვიცი, შინ მისვლისთანავე გაიჩხირავდა, საბაბიც სერიოზული ჰქონდა. პატარა ამბავი ხომ არ არის კაცის მოკვლა, თანაც შენი უბნელის, ამდენი ხნის ნაცნობის. მე რა, რომ არაკაცი იყო, მაინც მაგარი სტრესია. ექო? ექო არ ვიცი, რას იზამდა.

აბაზანაში შევედი და წყალი გადავივლე. წუხელ ამის თავი არ მქონდა. ქეთი იგვიანებდა. სანამ ვბანაობდი, ქალაქის ტელეფონი გასკდა რეკვით. ალბათ ლელუკა თუ იქნებოდა, თორემ ბიჭები მობილურზე დამირეკავდნენ. გარეთ გავიხედე, მოღრუბლულიყო. ისეთი პირქუში ამინდი იდგა, ცოტაც და წვიმა დასცხებდა. მოასწროს მაინც იმ გოგომ მოსვლა, არ დასველდეს და ისიც არ გაცივდეს, ვფიქრობდი ჩემთვის. თუმცა გამახსენდა, რომ ქეთის მანქანა ჰყავდა და ქალაქის ტრანსპორტით არ მოუწევდა მოსვლა.

მალე კარზე ზარი დაირეკა. სათვალთვალოში გავიხედე, ის იყო. კარი ისე ფრთხილად გავაღე, თითქოს ვიღაცის გაღვიძების მეშინოდა.

_ როგორ ხარ? _ მკითხა ქეთიმ და შუბლზე მომადო ხელი.

_ ვხურვარ, _ გავუცინე და ლოყაზე ვაკოცე.

_ წამლები მოგიტანე, ახლავე დაგალევინებ, _ მზრუნველად თქვა და პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი.

_ ახლა არ მითხრა, ნემსი უნდა გაგიკეთოო, _ თითი დავუქნიე.

_ არა, არა, ფხვნილია, წყალში გავხსნი და მორჩა, დალევის მეტი არაფერი დაგჭირდება. ერთ საათში კარგად გახდები.

ქეთიმ ონკანს მოუშვა, ფხვნილი ჭიქაში ჩაყარა და წყალს შეუშვირა. უკნიდან მივუახლოვდი და მკლავები მოვხვიე, თავი მის ფუმფულა თმაში ჩავრგე და ქალის სურნელი შევისრუტე.

მან ჩემი ალერსი აირიდა და ხელი გამაშვებინა.

_ არ გინდა, ირაკლი, აქ ამისთვის არ მოვსულვარ, _ გაუბედავად თქვა და მზერა ამარიდა.

_ რას ნიშნავს, ამისთვის არ მოსულხარ? _ თვალები მოვჭუტე და გვერდულად გავხედე.

_ ის, რაც ჩვენ შორის მოხდა, აღარ განმეორდება, _ მითხრა და ჭიქა მომაწოდა.

სითხეს დავხედე, მერე მას შევხედე, ჭიქა გამოვართვი და სულმოუთლმელად დავლიე. არ მესიამოვნა, წამალს მწარე გემო დაჰკრავდა.

_ სუფთა სტრიხინაა, _ თავი გადავაქნიე და ჭიქა მაგიდაზე შემოვდგი, _ ახლა ამიხსენი, რა ხდება.

_ იცი?.. მე მყავს მეგობარი მამაკაცი და არ მინდა პრობლემები შემექმნას. არ მიყვარს, როცა ახლობელ ადამიანს ვატყუებ, მისი ღალატი არ მინდა გამომივიდეს.

_ ორი დღის წინ არ გყავდა მეგობარი მამაკაცი? მაშინ მგონი ასე არ ფიქრობდი?

_ მაშინ… მაშინ სხვა სიტუაცია იყო, როგორ აგიხსნა.

_ გასაგებია, არაფრის ახსნა არ არის საჭირო. მაშინ გჭირდებოდი და ხარკი გაიღე, არა? _ უხეშად გამომივიდა ნათქვამი.

_ ირაკლი, გთხოვ, სწორად გამიგე, მე…

_ გაგიგე, გაგიგე. შენთვის უზბეკას თავიდან მოშორება იყო მიზანი და არა ჩემთან სექსი, ხომ ასეა?

_ არა ხარ მართალი, ეს არც მიფიქრია. შენ კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ… შენ ხომ ლელუკა გყავს, მასთან ცუდად გამომივა. არ მეთანხმები?

_ მარტო ლელუკაა პრობლემა? _ მკერდზე დავაშტერდი. არა, ამას აქედან ასე ვერ გავუშვებდი, უნდა დამეყოლიებინა როგორმე.

_ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ლელაა, რომ არ დაგიმალო.

_ ქეთი, მოდი, ასე გავაკეთოთ. ვიცი, რომ ნაგლურად გამომდის, მაგრამ უნდა გითხრა. ძალიან, ძალიან მომწონხარ. რომ გითხრა, მიყვარხარ-მეთქი, მოგატყუებ. ამიტომ ალალად გეუბნები, მომწონხარ, თანაც დიდი ხანია. მე კი არა, მთელი უბნის ბიჭები ილესავენ შენზე კბილებს. რადგან შენი ნებით მოხვედი ჩემთან იმ ღამეს და შენი სურვილით გააკეთე ის, რაც გააკეთე, მგონი ახლა მნიშვნელობა არა აქვს, ორჯერ დაწვები ჩემთან თუ ასჯერ. რადგან მოხვედი, კიდევ ერთხელ მეცი პატივი და უარი არ მითხრა. მაგარი სექსი ხარ, ეს შენც კარგად იცი. მგონი გადასარევად გამოგვივიდა ყველაფერი. ერთხელაც გავიმეოროთ და მერე წადი, არ დაგიშლი და ამით დამთავრდება ყველაფერი, კარგი?

ქეთიმ ამოიოხრა. თითები ერთმანეთში ჩახლართა და გაატკაცუნა.

_ უნამუსობა იქნება შენი მხრიდან, უარი რომ მითხრა. სამმა კაცმა წუხელ ისეთი ოპერაცია ჩავატარეთ შენი გულისთვის, მგონი ვიმსახურებ კეთილ მოპყრობას, რას იტყვი?

_ რა უქენით, ცემეთ? _ ბანზე ამიგდო სიტყვა.

_ უარესი, _ ცივად ვთქვი და მრავალმნიშვნელოვნად შევხედე.

_ ეგ როგორ გავიგო?

_ უზბეკა ტრუპია, ბასტა, _ ხელი ყელზე მივიდე და ვაგრძნობინე, თავი მოვაჭერით-მეთქი.

გაფითრდა.

_ მართლა? ნუ მაშინებ, გემუდარები, _ მოიკუნტა უცებ.

_ არ გაშინებ, ასე იყო.

_ რატომ, რა საჭირო იყო მისი მოკვლა, მე ეს არ მინდოდა, _ აწრიალდა ქეთი, აშკარად შეეშინდა, ახლა ამას რომ უარი ვუთხრა, მეც არ გამისტუმროს საიქიოსო.

_ შენ არ გინდოდა, მე მინდოდა, ჩვენ გვინდოდა. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, დავამთავროთ და იმაზე ვისაუბროთ, რაზეც დავიწყეთ, _ ცივად ვთქვი და თმაზე შევავლე ხელი.

უკან დაიხია, შემათვალიერა.

_ რატომ მიყურებ ასე? გაინტერესებს, მკვლელი როგორია?

_ შენ არ ჰგავხარ მკვლელს, _ ხმა ჩაუწყდა, ტუჩები აუკანკალდა.

_ მართალი ხარ, მე არ მომიკლავს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მოდი ჩემთან, ჩამეხუტე, _ ჩურჩულზე გადავედი და მივეტანე.

ხელიდან დამისხლტა.

_ არა, არ მინდა, ცუდ ხასიათზე დავდექი, ახლა არაფერი გამოგვივა.

_ შენ სცადე, და ვნახოთ, თუ არ გამოგვივა, თავს დაგანებებ, ძალას კი არ დაგატან, _ ვუპასუხე და ისევ მივუახლოვდი.

ერთიანად ცახცახებდა. უმწეოდ იყურებოდა აქეთ-იქით.

_ რა იყო, გოგო, რისი გეშინია, მართლა კი არ მოგვიკლავს, _ უდარდელად გავიცინე, ვითომ მართლა მოვიტყუე და ხელი ვტაცე, _ მოდი-მეთქი ჩემთან, არ გესმის, რომ გეუბნები? _ მუქარანარევი ხმით წარმოვთქვი და ჩემკენ ჯიუტად მოვიზიდე.

იმ წუთას არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ სექსი მინდოდა. სულაც არ მადარდებდა, რომ ქეთი წინააღმდეგი იყო, მინდოდა და გავაკეთებდი კიდეც, რადაც უნდა დამჯდომოდა. როგორც ჩანს, მასაც შეეშინდა, არაფერი დამიშავოსო და წინააღმდეგობა არ გაუწევია. ხელში ავიყვანე და საძინებელში გავედი, თან ვკოცნიდი გზადაგზა. საპასუხო კოცნა არ გამოუმეტებია, მორჩილად იყო მისვენებული ჩემს მკერდზე. საწოლზე გადავაწვინე და გახდა დავუწყე. ვნება ისე მომეძალა, ხელს ავუჩქარე, რომ დროზე გამეტიტვლებინა. მკერდი მოვუშიშვლე და დავეწაფე მის ლამაზ, ყავისფერ კერტებს. ქალიშვილივით მკვრივი ძუძუები ჰქონდა და ეს უფრო აღმაგზნებდა. მე ვეფერებოდი, ვკოცნიდი, ის კი გახევებული იწვა, ჩემს ალერსზე რეაქცია არ ჰქონია. არ დავეძებდი, ჩემთვის ახლა მხოლოდ მისი სხეული იყო მთავარი…

7 7 7

«საქმეს» მალევე მოვრჩი და გულაღმა გადავწექი. ერთიანად ოფლში ვიყავი გაწურული. ქეთი წამოდგა, საწოლის გადასაფარებელი შემოიხვია და საბაზანოსკენ გასწია. მარტო დავრჩი საკუთარ ფიქრებთან და როცა გავაანალიზე, რაც გავაკეთე, საკუთარი თავი შემზიზღდა. ასე მხოლოდ პირუტყვები იქცევიან. ჩემი სიამოვნების გულისთვის უკან არ დავიხიე და არც კი დავფიქრდი იმაზე, სიამოვნებდა თუ არა ქალს ჩემთან დაწოლა. თანაც დავაჯახე, წუხელ კაცი მოვკალით-მეთქი. აბა, ეს ნორმალური საქციელია? არაკაცი ვარ! დავასკვენი და გვერდზე შევტრიალდი.

მალევე მობრუნდა, თვალები სევდით ავსებოდა.

_ მე წავალ, _ ძლივს გასაგონი ხმით თქვა.

_ ქეთი, იზვინი, რა, ცუდად გამომივიდა, _ მოვუბოდიშე და წამოვიწიე, რომ ჩავხუტებოდი.

გამიძალიანდა.

_ არა უშავს, ხდება ხოლმე.

_ ვიცი, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ… მაპატიე, კარგი?

_ მიჩვეული ვარ ასეთ რამეებს, უზბეკა სხვას კი არაფერს აკეთებდა, _ ირონიულად ჩაიცინა და თვალები ცრემლით აევსო.

_ აუ, მაპატიე, გთხოვ. გეფიცები, დღეიდან ახლოს არ გაგეკარები, თუ გინდა, ხმასაც კი არ გაგცემ, ოღონდ მაპატიე, _ ქადაგად დავვარდი.

_ შენ მე ისეთი საქმე გამიკეთე, ბოდიშის მოხდა არ გჭირდება. ვიცი, რომ ვალში ვარ შენ წინაშე. წავალ ახლა მე, ყველაფრისთვის დიდი მადლობა. საყვარელი რომ არ მყავდეს, შენზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი არასდროს, _ ნაღვლიანად გამიღიმა და ამ სიტყვებით თითქოს მანუგეშა, შენზე ნაწყენი არ ვარო.

_ დიდი მადლობა, ქეთი, შენ მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ.

თავი დამიქნია, ორაზროვანი ღიმილი მესროლა და ჩაცმას შეუდგა.

მეც ავდექი.

_ გაგიარა სიცხემ? წასვლამდე ლოგინს დაგილაგებ, კარგი? _ მშვიდი ხმით თქვა, უკვე აღარ ბრაზობდა.

_ ნუ შეწუხდები, დავწვები და დავიძინებ, დაღლილი ვარ. ისე, მიშველა შენმა წამალმა, ხომ იცი.

_ რომელმა? _ ეშმაკურად მკითხა და გამომწვევად ამომხედა.

_ ორივემ, სხვათა შორის, _ სიცილი ვერ შევიკავე.

შემოსასვლელამდე მივაცილე. გასაღები გადავატრიალე, კარი გამოვაღე და… ადგილზე გავშეშდი. ზღურბლთან ლელუკა იდგა.

_ უი, ქეთო, შენ აქ ხარ? _ გაუხარდა ლელას დაქალის დანახვა, პასუხს არ დალოდებია, გადაკოცნა და ოთახში შინაურულად შემოიჭრა, _ მიდიხარ უკვე? ცოტა ხანს მოიცა, რა, ცხელი ხაჭაპურები ამოვიტანე, ერთად ვისაუზმოთ.

ხმას ვერ ვიღებდი. ოღონდ საძინებელში არ გავიდეს და არეული ლოგინი არ ნახოს, ოღონდ ეგ არა, ვფიქრობდი ჩემთვის. ქეთის გადავხედე, ადამიანის ფერი არ ედო სახეზე, მიტკალივით გაფითრებულიყო. ლელუკამ ტილოგადაფარებული თეფში მაგიდაზე შემოდო და გეზი მაინცდამაინც საძინებლისკენ აიღო, თითქოს გულმა უგრძნოო. ქეთიმ უმწეოდ შემომხედა. ადგილიდან ვერ დავიძარი. არა, იქით არ წახვიდე-მეთქი, ხომ არ დავიწყებდი ყვირილს.

რაც არის, არის, _ ხელით ვანიშნე ქეთის და კედელს მივეყრდენი, ლელუკას რეაქციას დაველოდე.

ლელა კარს არ გასცილებია, შესასვლელთანვე შედგა. რამდენიმე წამს არ შერხეულა. მერე მძიმედ მოტრიალდა და შემოგვხედა. ვერ აგიწერთ, როგორი მზერა ჰქონდა, რა იკითხებოდა მის თვალებში. ჭარხალივით გაწითლებულიყო, სახე გაქვავებოდა, ერთი ნაკვთი არ შეტოკებია, მხოლოდ თვალებით ამბობდა სათქმელს. რაღაც უნდა მეთქვა, თორემ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა.

_ ეს ის არ არის, რაც შენ გაიფიქრე, _ ესღა მოვიფიქრე.

_ მართლა? რა კარგია, _ სარკასტულად გაიცინა ლელამ, _ გგონია, მოულოდნელი იყო ჩემთვის? გგონია, მეწყინა? შენგან მე უკვე აღარაფერი მწყინს, ირაკლი. ყველაფერი ვიცი, რას აკეთებ, ვისთან დადიხარ, ჭურში კი არ ვზივარ. რადგან არაფერს ვამბობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ… მაგრამ ვიცი, თქმას აზრი არა აქვს. შენ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ და უფლება გაქვს, ისე იცხოვრო, როგორც მოისურვებ. არც არასდროს მიცდია, შეგტენვოდი. ყველა სიკეთესთან ერთად, ბევრად უფროსი ვარ შენზე და შენი ცოლობის პრეტენზია არ მქონია. ამიტომაც არ ჩავრეულვარ შენს პირად ცხოვრებაში, ყველაფერზე თვალს ვხუჭავდი. ვკმაყოფილდებოდი იმით, რომ რაღაცაში მაინც გჭირდებოდი, დამხმარე ქალის მაგივრობას მაინც გიწევდი და სანამ დაოჯახდებოდი, იქამდე წაგადგებოდი როგორც ქალი და როგორც… რა ვიცი, რაც გინდა, ის დამარქვი, მაგრამ… იმას, რაც დღეს აქ მოხდა, ახსნა არა აქვს. ეს უკვე მეტისმეტია. შენგან გამკვირვებია, ქეთი, მეტი არაფერი, _ ძალიან მშვიდი ტონით ილაპარაკა ლელუკამ, მერე ორივეს გვერდი აგვიარა, გარეთ გავიდა და სადარბაზოში გაუჩინარდა.

ეს დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. იმასაც ვგრძნობდი, რას განიცდიდა ქეთი. თუმცა მომხდარს უკვე აღარაფერი ეშველებოდა.

_ ყველაფერი ცუდია, რაც ცუდად მთავრდება, _ რატომღაც ეს სიტყვები ჩაილაპარაკა მან და ისიც გავიდა.

გარინდული ვიდექი ერთ ადგილას. ჩემი თავისთვის ვერ მეპატიებინა, რაც ჩავიდინე. ძნელი იქნებოდა ლელუკას შემორიგება. ამასობაში ერთი მძლავრად დაიქუხა და წვიმამ დაუშინა. ფანჯარაში გავიხედე. წვიმის მსხვილი წვეთები უმოწყალოდ ეხეთქებოდა მინებს, ქარიც ამოვარდა, ქარი კი არა, ქარიშხალი. ლელუკაც ასე ბობოქრობს ალბათ, გავიფიქრე და გამეცინა, კარგი შედარება რომ გამომივიდა.

8 8 8

ლელა ორი დღე მემალებოდა, არც ჩემს ზარს პასუხობდა და არც სახლში მისულს მიღებდა კარს. მესამე დღეს კი მესიჯი გამომიგზავნა, ქალაქიდან გასული ვარ და ნუ მეძებ, შენთან ყველაფერი დავამთავრეო. ხელი ჩავიქნიე, თუ არ უნდა, რომ მომისმინოს, კარგად ბრძანდებოდეს-მეთქი და რამდენიმე ხანში მიმავიწყდა კიდეც მისი არსებობა. სამაგიეროდ, ლოლამ შემახსენა თავი, დღეს ჩამოვედი, ხვალ დილით შემოგივლი და აუცილებლად უნდა გნახო, სასწრაფო სალაპარაკო მაქვსო. ძალიან გამიხარდა, ისე მენატრებოდა, ადგილს ვერ ვპოულობდი, ლამის იყო, ლიკანში ავაკითხე.

დილით, ახალი გაღვიძებული ვიყავი, შინ რომ ამომადგა. ლამის გადავირიე, ისე ჩავიხუტე და მოვეფერე, მაგრამ რაღაც სიცივე ვიგრძენი მისგან, თითქოს შორს დაიჭირა თავი.

_ რა გემართება? _ გაოცებული მივაჩერდი.

_ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა, ირა, _ თავი ჩაღუნა და კისერზე გადაისვა ხელი.

_ რა იყო, რა გულს მიხეთქავ, თქვი დროზე, _ ოთახის სიღრმისკენ გავიწიე აღტკინებულმა, რომ როგორმე თავს მოვრეოდი და ზურგშექცევით დავდექი, ცოტა არ იყოს, ნაწყენი.

_ ორსულად ვარ, იცი? _ თქვა უცებ.

იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის მისი სიტყვები, მკვეთრად მოვტრიალდი და პირდაღებული მივაჩერდი. ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია ჩემს პრაქტიკაში. რამდენ ქალთან ვყოფილვარ, მაგრამ ჩემგან არც ერთი არ დაორსულებულა. ეს რაღაც უცხო იყო.

ხმას არ ვიღებდი, მხოლოდ უაზროდ მივჩერებოდი დანაღვლიანებულ ქალს. ახლაღა შევამჩნიე, რომ ტუჩები თითქოს გაცრეცოდა, გაფითრებოდა, თვალის უპეებიც ჩაღამებოდა ოდნავ. წამებში გავიაზრე ყველაფერი, თითქოს კინოფირის კადრებივით გაირბინა ჩემი მომავალი მამობის ამბებმა თვალწინ და… სახე გამინათდა.

_ ლოლა, მართლა? როდინდელი ამბავია? _ წამოვიძახე და ორიოდ ნახტომით კვლავ მასთან გავჩნდი.

_ გუშინ ვიყავი ექიმთან, ხუთი კვირის ორსულობა დამიდგინა, _ იმავე ტონით მიპასუხა ლოლამ.

_ მერე, რა ცხვირი ჩამოგიშვია, მაგას რა ჯობია? _ ბედნიერებას ვერ ვმალავდი.

_ არ ვიცი, რა უნდა ვქნათ, ირაკლი, გაგიჟდებიან ჩემები, რომ გაიგონ, _ თვალები ცრემლით აევსო.

_ ჩვენც ჯერ ნუ ვეტყვით, ჩემო ლამაზო, რა პრობლემაა, ჯვარი დავიწეროთ და მერე რა გვენაღვლება, თუ რამეს გაიგებენ, სექტემბერი კარსაა მომდგარი, _ დავაიმედე.

_ ჰო, მაგრამ ჩემი ძმა?

_ რა შენი ძმა?

_ მაგის ამბავი ხომ იცი, შეიძლება ძმრად ამომადინოს ეგ ყველაფერი.

_ რას ჰქვია ძმრად ამოგადინოს, მე აქ რისთვის ვარ? მივალ და ყველაფერს ავუხსნი.

_ არ გამოვა, ირა, ის ამას არც მე მაპატიებს და, მით უმეტეს, შენ, _ უკვე ცრემლებად იღვრებოდა ლოლა.

_ ნუ ტირი, თუ გიყვარვარ, სატირალი რა გაქვს. ჰუსეინა არც ისეთი რქიანია, ეგ ვერ გაიგოს. რა, არასდროს ყოფილა შეყვარებული? _ ვეხვეოდი ლოლას და გულში ვიკრავდი.

_ არ ვიცი, არ ვიცი. ის გიჟია, მხეცი, პირუტყვი, მაგისნაირი გადარეულები თავიანთი კანონებით ცხოვრობენ. სიყვარული და ასეთი რამეები შორს არის მისგან. მით უმეტეს, როცა საქმე მის დას ეხება.

_ ეგ საქმე მე მომანდე, ბიჭებს ვეტყვი და დაველაპარაკებით.

_ არა, არა! _ იყვირა უცებ ლოლამ და სახეზე აიფარა ხელები, _ არ გინდა, არ ღირს, გთხოვ, არ დამღუპო!

შევწუხდი. რა მომემოქმედებინა, ვერ მივხვდი.

_ აბა რა გავაკეთო? _ ვიკითხე მისი რეაქციით სასოწარკვეთილმა.

უცებ გაჩუმდა, ცრემლები შეიმშრალა და დაფიქრებით მომაჩერდა.

_ იქნებ მამაჩემთან მივიდეთ? _ თქვა ბოლოს.

_ მერე?

_ ვუთხრათ, რომ გვიყვარს ერთმანეთი და… ის მაინც დავიყოლიოთ.

_ როგორც იტყვი, სანატრელო, რასაც შენ გადაწყვეტ, იმას გავაკეთებ. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მოვიქცევი. მთავარია, რომ შენს თავს არ დავთმობ, კიდევ ერთხელ გიმეორებ ამას, დანარჩენი შენ იცი. როგორც ჯობია, ისე მოვიქცეთ.

_ მგონი, ასე უკეთესი იქნება. ჯერ დედას დაველაპარაკები, რომ მამა შეამზადოს და… ღმერთო, შენ მიშველე, _ კანკალი დააწყებინა.

_ ნუ ნერვიულობ, გთხოვ, თორემ შენს შემხედვარეს გული მიკვდება და თავს, ცოტა არ იყოს, უმწეოდ ვგრძნობ. არადა, მინდა ჩემი სახით მყარი დასაყრდენი გყავდეს, რატომ უნდა იგრძნო თავი დაუცველად, როცა მე შენ გვერდით ვარ? _ გული ამიჩუყდა.

_ მიყვარხარ, ირაკლი, რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, _ ჩურჩულებდა ლოლა და თავგზააბნეული მკოცნიდა, თან მთელი ძალით მეხვეოდა, თითქოს ვინმე ჩემს თავს ართმევდა.

_ ნუ გეშინია, სიხარულო, აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება, კეთილი დასასრული ექნება ამ საქმეს, ამის პირობას გაძლევ, გაიგე? _ თვალები ამოვუკოცნე აცახცახებულს და ძალუმად მივიკარი მკერდზე.

_ ირა… _ ჩუმად დამიძახა ჩემს მკლავებში გარინდულმა ლოლამ.

_ რა იყო? _ თვალებში შევხედე.

_ მე რომ მოვკვდე, არ გეშინია?

_ არა, რისი უნდა მეშინოდეს? რატომ უნდა მოკვდე, ასეთ სისულეებს რატომ ფიქრობ?

_ რა ვიცი, ხომ შეიძლება, მოვკვდე, მშობიარობას გადავყვე ან რაღაც ასეთი.

_ მაინც არ მეშინია, _ ჯიუტად გადავაქნიე თავი.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ უშენოდ ერთი წუთით არ ვიცოცხლებ თავს, მეც თან გამოგყვები. სიმართლე რომ გითხრა, შენთვის ვცოცხლობ ამ ქვეყანაზე, შენი გულისთვის ვარსებობ, თორემ დიდი ხნის მიცვალებული ვიქნებოდი უკვე.

_ ტყუილია.

_ არ არის ტყუილი, ეს ჭეშმარიტებაა, შენ გამო უფრო ვფრთხილობ, თორემ სხვა დროს ბევრად თავზეხელაღებული ვიქნებოდი.

_ მეც არ მეშინია, შენ რომ მოკვდე, იცი?

_ რას მეუბნები, _ გამეცინა, _ მე სიკვდილს არ ვაპირებ!

_ ჰო, მაგრამ, ისე ვამბობ, ყოველი შემთხვევისთვის. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ შენ რომ რამე დაგემართოს, არც მე ვიცოცხლებ თავს.

_ ოჰ, დაგიჯერე, ხომ იცი. ყველა ქალი ასე ამბობს, მაგრამ შეყვარებულს უკან მიყოლილი ჯერ არ მინახავს.

_ მე ყველა არა ვარ, _ საყვარლად დაიჯღანა ლოლა, _ თუმცა, ერთადერთი რამ, რის გამოც შეიძლება თავი არ მოვიკლა, ჩვენი შვილი იქნება.

_ აი, ხომ ხედავ, უცებ შეატრიალე «პლასტინკა», ვიცოდი, ეგრეც ვიცოდი, _ გავეხუმრე და თმაზე მოვქაჩე, როგორც პატარა ბავშვებმა იციან, ისე.

_ ერთი მეზობელი მყავდა, ოცდათვრამეტი წლის ასაკში გათხოვდა. რვა თვის ორსული იყო, ქმარი ავარიაში რომ დაეღუპა. იცი, რა ქნა? სანამ ქმარს დაასაფლავებდნენ, ადგა და თავი ჩამოიკიდა თოკზე.

თითქოს დანა დამისვეს გულზე.

_ მერე? ბავშვი გადარჩა?

_ ვერა, სანამ გაიგეს, ბავშვი მუცელში გაიგუდა. ისე მწარედ ჩამრჩა მეხსიერებაში, მას შემდეგ სულ მაგ ქალზე ვფიქრობ.

_ ახლა რატომ გაიხსენე ეგ ამბავი?

_ არ ვიცი, ისე, მაგალითად მოვიყვანე.

_ ლოლა, მოდი, ერთ რამეში შევთანხმდეთ. არც მე და არც შენ ჯერ სიკვდილი არ გვიწერია. მთელი ცხოვრება წინ გვაქვს. მე კარგი ქმარი და მამა ვიქნები, გეფიცები. ვიმუშავებ, რა ვიცი, თუ საჭირო იქნება, ვისწავლი კიდეც, მაგის დედაც ვატირე, რაც იქნება, იქნება. ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ თქვენ მყავდეთ კარგად. გესმის ჩემი?

_ მერე შენი ძმაკაცები? მათ რომ დასჭირდეთ შენი თავი «საგანგებო შემთხვევებში»? _ ბოლო სიტყვები მწარე ირონიით წარმოთქვა ლოლამ, რითიც მაგრძნობინა, მეც ვიცი რაღაცებიო.

_ არავინ და არაფერი არ მაინტერესებს. დაიმახსოვრე, ჩვენ რომ ცოლ-ქმარი გავხდებით, მე სულ სხვა ადამიანად გადავიქცევი, ხომ გჯერა ჩემი? _ მისი სახე ხელებში მოვიმწყვდიე და დაჟინებით ჩავაშტერდი თვალებში.

სიყვარულით სავსე მზერა მესროლა. კარგა ხანს მიყურა, მერე კი თქვა.

_ მე შენი ყოველთვის მჯეროდა, ირა, შენ ყველაზე კარგი ადამიანი ხარ მათ შორის, ვისაც კი ვიცნობ. მუდამ გენდობოდი და ახლაც გენდობი.

_ არასდროს გიფიქრია, რომ შეიძლება ხანდახან გატყუებდე?

_ არა, არასდროს და რომც მითხრა, გატყუებდიო, არ დაგიჯერებ. დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემი ღალატი არ შეგიძლია.

ლამის იყო, შემრცხვა, ისე გულწრფელად ლაპარაკობდა.

_ ჩემი სულელი გოგო, _ მივიზიდე და ტუჩებში ვაკოცე, _ მართალი ხარ, ჩემში არასდროს შეგეპაროს ეჭვი. მე შენ საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ.

_ იცი? დღეს დიდი ხნით შემიძლია შენთან დავრჩე, _ მითხრა და მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად გამიღიმა.

_ ვა, რა კარგია. როგორ მიხვდი, რომ მჭირდებოდი? _ სერიოზული სახე მივიღე.

_ რაში? _ ცნობისმოყვარედ დაჭყიტა თვალები.

_ რაში და… ჯერ ერთი, ქვეყნის დასაუთოებელი დამიგროვდა, მეორეც _ სადილი მაქვს მოსამზადებელი. რა ხანია, ცხელი კერძი არ მიჭამია. შეძლებ? ახლა ვნახავ, როგორი დიასახლისი ხარ. ჩემი ცოლობა რომ გინდა, ეგრე სად არის, ჯერ გამოცდა უნდა გაიარო, შეგხედავ, ცოლად გამოდგები თუ არა და მერე ვნახოთ, _ ხუმრობით ჩამოვაყალიბე ჩემი მოთხოვნები და ნიშნის მოგებით შევხედე.

ლოლას ბედნიერების ღიმილი აუთამაშდა სახეზე.

_ გამომცადე, მერე. დაუთოებაც ვიცი, დალაგებაც და, შენ წარმოიდგინე, საუცხოო სადილებსაც ვამზადებ. ტყუილად ცდილობ ჩემს ჩაჭრას, არაფერი გამოგივა, ჩემი ცოლობა არ აგცდება, იცოდე, _ ღიმილით დამემუქრა.

_ მაგასაც ვნახავთ, _ თავი გავაქნიე და ხელში ავიტაცე, _ სანამ გამოცდა დაიწყება, სხვა რამეებშიც უნდა გამოგცადო, _ დავაყოლე და ტახტზე მივაწვინე…

ჩვენი შეხვედრა ასეთი ტკბილი არასდროს ყოფილა. ისე მეალერსებოდა, თითქოს მთელი წლის უნახავი ვყავდი. ცხელი, ვნებიანი და სანატრელი იყო, მთელი არსებით მოიწევდა ჩემკენ, თითქოს ერთ სხეულად უნდოდა შერწყმა. არა, ეს ალერსი არ ჰგავდა ქეთისთან განცდილ სიამოვნებას. ის სულ სხვა იყო, მასთან სექსი მხოლოდ ხორციელი ვნება იყო, ლოლასთან კი ამ პროცესში თითქოს მისი სულიც მონაწილეობდა. კოცნაც სხვანაირი იყო, მოფერებაც, ლტოლვაც. მის ყოველ მოძრაობაში იგრძნობოდა, რომ ვუყვარდი, ვუყვარდი სიცოცხლეზე მეტად და რომ ამ სიყვარულს ვერანაირი ძალა ვერ მოერეოდა…

ოთხ საათამდე ერთად ვიყავით. ლოგინიდან არ ავმდგარვართ, არც ჭამა გაგვხსენებია და არც ჩემ მიერ ჩამოთვლილი «საოჯახო საქმეები». ქვეყნად ყველა და ყველაფერი დაგვავიწყდა _ ამ უზარმაზარ სამყაროში მხოლოდ ჩვენ ორნი ვარსებობდით _ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ორი თავგზააბნეული ადამიანი…

7 7 7

თავი არაფრით გამაცილებინა, ზედმეტ გართულებებს უნდა მოვერიდოთო. შემპირდა, შინ მისვლისთანავე დედას მოვუყვები ჩვენ შესახებ და ვთხოვ, მამას დაელაპარაკოსო. როცა საქმეს მოაგვარებდა, მერე დამირეკავდა და მეტყოდა, როგორ მოვქცეულიყავი შემდეგ.

სიამოვნებისაგან გათანგული მთელი საღამო ტახტზე ვეგდე და ჭერს მივჩერებოდი. ფიქრებში ლოლას გარშემო ვტრიალებდი, წარმოვიდგინე, როგორ გვეყოლებოდა შვილი, როგორ იფორთხებდა ჩვენთან ერთად ამ ტახტზე, როგორ ამაცოცდებოდა მკერდზე და როგორ მომადებდა დორბლიან ტუჩებს ლოყაზე. ამის წარმოდგენაზე სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა მთელ სხეულში. არა, მორჩა, აღარ მინდა ასე გაგრძელება. ყველაფერს თავს დავანებებ და ნორმალურ ცხოვრებას დავიწყებ. ვიმუშავებ და ფულს ალალად მაინც ვიშოვი, არმად მოპოვებული ჩემს შვილს არ წაადგება. ლამის იყო, ოცნების კოშკები ავაგე. ისეთი წესიერი გავხდი ჩემს წარმოსახვაში, ყველაზე პატიოსან კაცსაც კი შეშურდებოდა, მაგრამ… საღამო ხანს მასტერამ დარეკა, საქმე მაქვს, უნდა გნახოო და… იქვე დაიმსხვრა ყველაფერი. ისევ ისეთი ირაკლი გავხდი, ისეთივე დაბრედილი, როგორც ლოლას მოსვლამდე, წამში დამავიწყდა ყველაფერი. სამაგიეროდ, ის გამახსენდა, რომ ცოლის მოყვანას სჭირდებოდა ფული, რომელიც აღარ მქონდა და რომლის შოვნის შანსი, ფაქტობრივად, ნულის ტოლი იყო, მით უმეტეს _ პატიოსანი გზით, ისიც ამ ეტაპზე. გულმა მიგრძნო, მასტერა სწორედ ამ თემაზე სალაპარაკოდ მოდიოდა ჩემთან…

7 7 7

_ რა ბედნიერი სახე გაქვს, იშოვე რამე, თუ? _ გაეცინა მასტერას ჩემს დანახვაზე.

_ ჰო, _ ამაყად ვუპასუხე და მხრებში გავიშალე.

_ ვა! რა არის ამისთანა, არ მეტყვი?

_ გეტყვი, მალე შვილი მეყოლება, _ ვერ მოვითმინე, არ მეთქვა.

_ მიდი, შეაყოლე, ეგ რიჟა ბაზარი შენს მეზობლებს მოასმენინე, _ ხელი ამიქნია.

_ ძმობას გეფიცები, ლოლა ფეხმძიმედაა, დღეს მითხრა.

_ მართლა, შე ჩემა? სერიოზულად ამბობ? აქამდე მიიყვანე საქმე? რა თუქსუსი ხარ, საღოლ, ბრატ, არ მეგონა, _ ხელი ხელზე დამკრა მასტერამ.

_ ჰო რა, მეც არ ველოდი, მაგრამ აი… _ გავწითლდი.

_ მერე? ქორწილს არ აპირებ?

_ აი, მანდ კი ვიჭედები, პრასვეტს ვერ ვხედავ.

_ ზატო მე ვხედავ! _ ტაში შემოჰკრა მასტერამ, _ კაი ამბავი მაქვს შენთვის, კაკ რაზ რომ დაგვხატავს.

_ აბა, «დაარასკრუტკე», რა იცი, _ სავარძელში ჩავჯექი და ძმაკაცს მთელი გულისყურით მივაჩერდი.

_ კაროჩე, მე ლიჩნად, მაგარი პრობლემა მაქვს, აქედან დავიწყოთ.

_ რა პრობლემა, შე ჩემა, კიდევ მოკალი ვინმე?

_ არა, უარესი.

_ ამაზე უარესი რა უნდა იყოს, ვერ ვხვდები, _ მხრები ავიჩეჩე.

_ თავანი მაქვს ჩასაბარებელი.

_ რაო? შენც დაიწყე, შე ჩემა?! რა გჭირთ, რა დაგეტაკათ, რა ჭირი გეცათ, ვერ გავიგე! _ მთელი ძალით ვიყვირე გაგულისებულმა, ბოღმა მომაწვა ყელში.

_ გადავვარდი, ძმაო, რა ვქნა, ნუ მტისკავ ახლა, მაგის დროს არ არის.

_ რამდენში?

_ ორი ათასი დოლარის ბაზარია, რა.

_ აუ, რა ხარ, ტო! როდემდე გაქვს ეგ დედააფეთქებული თავანი?

_ ერთი კვირის ბაზარია, რა. ირა, არ მინდოდა, ძმობას გეფიცები, მაგრამ რა ვქნა, ტო, ხომ იცი, წამალი ისე არ მოდის, დამიგროვდა, რა.

_ დასაბრედი ხარ, შე თავგასიებულო, პროსტა დასაბრედი ხარ და მორჩა! ვის უნდა ჩააბარო, ვისი გმართებს?

_ ვისი იქნება, ლორდის, რა.

_ ლორდსაც შევ…ი და მაგის ბარიგა ძმაკაცებსაც, როგორ გადათესლეს მთელი უბანი. ეგენი ვინ არიან, ეგ ნაბოზრები, _ ვბობოქრობდი, _ ახლა რას აპირებ?

_ ბიჭო, ნაკოლი მაქვს, რა, _ ხელებს იფშვნეტდა მასტერა, თან თვალს მარიდებდა. იცოდა, რომ ნარკომანებს ვერ ვიტანდი.

_ რა ნაკოლი?

_ ინსულინკა ხომ იცი, ის ქლიავი გოგო, მაგის სახლში არავინ არ არის. სამეგრელოში წასულან წუხელ, ბებია მოუკვდა.

_ ბაითი გავიტანოთ? რამე თუ აქვთ სახლში მაგ დასირებულებს? უკაცო ოჯახში რა უნდა დაგვხვდეს, ბიჭო, მეეჭვება რაღაც, _ თავი გადავაქნიე, რადგან ვიცოდი, ინსულინკას მამა არ ჰყავდა, დედა ზრდიდა მხოლოდ.

ისე კი, ჭკუაში დამიჯდა მეგობრის შემოთავაზება, ახლა მეც ჰაერივით მჭირდებოდა ფული.

_ ექნებათ, შანსი არ არის, რამე არ ჰქონდეთ. ყველაფერს ხომ არ წაიღებდნენ თან. დედამისი აბიტურიენტებს ამზადებდა მთელი წელი, ცხრა მოსწავლე ჰყოლია, იმ დღეს წამოცდა ინსულინკას, ფირმა მანქანის ყიდვას ვაპირებთო. კაი მაყუთი ექნებათ, ასიანი ვიცი.

_ ვცადოთ. როდის ვქნათ «მაი ამბავი»?

_ ამაღამ რომ გავიტანოთ, კაი იქნება, რომ არაფერი ჰქონდეთ, მერე სხვა რამეზე დავჩალიჩდებით.

_ პრინციპში, ეგრე ჯობია, რა, თუმცა… შენ კი აიღებ შენსას, მაგრამ მე რა ვირის თავ-ფეხი?

_ რატომ, შე ჩემა, რაც იქნება, პა პალამ გავიყოფთ, რაზეა ბაასი.

_ რომ არ იყოს მაგდენი?

_ ხომ გითხარი, სხვა რამეს ავაგდებ-მეთქი.

_ ხარაშო, ეგრე ვქნათ, მაგრამ იცოდე, ამ თავანს რომ ჩავაბარებთ, ამით დაამთავრებ მაგ ამბავს, თორემ მეორეჯერ რომ გავიგო მსგავსი რამ, მოგი….ავ სუყველაფერს, გასაგებია?

მასტერამ უსიტყვოდ დამიქნია თავი.

_ ექომ იცის?

_ კი, ტო, ისიც მოდის.

_ იქნებ ჯობია, არ წავიყვანოთ?

_ რატომ, ფულის გატეხვა არ გინდა?

_ ეგ რა შუაშია, შე ქლიავო, პატარები ჰყავს და მეცოდება, რამე რომ მოხდეს…

_ რა უნდა მოხდეს დაკეტილ სახლში?

_ შე ჩემა, დაკეტილი ციხეც არის, მაგრამ ყველაფერი ხდება. ვინმე რომ წამოგვადგეს თავს და აგვიყვანონ, სად მიდიხარ მერე?

_ აბა რა ვქნათ, ორნი გავქაჩავთ?

_ დედას არ ვუტირებთ, რო?

_ კარგი, როგორც იტყვი, ექოს გადავაგდებ.

_ ბიჭო, თუ ყველაფერი კარგად დამთავრდება, ექოს ისე მივცეთ, ჩვენი ნება არ არის? არც მაგას აწყენს ორი კაპიკი, ძმაო, მე თანახმა ვარ.

შევთანხმდით და დავგეგმეთ, რომ ღამის სამ საათზე შევხვდებოდით ერთმანეთს. მე ნიკოსთან დავრეკე და მანქანა დავითრიე, მასტერამ _ «ატმეჩკები» და კიდევ რაღაც-რაღაცები. ადგილზე რომ მივედი, გავიხედე და მასტერასთან ერთად ექოც არ დამხვდა?

_ ეგ საიდან გაიჩითა, შე ჩემა, _ მასტერას შევხედე.

_ მაინც ვერ გამოვაპარე ჩვენი «დვიჟენიები», «ისქესა» ამ პედერასტმა, _ მომიბოდიშა მასტერამ.

_ თქვენ მე ხომ არ გგონივართ, ახვრებო, მოგიხნავთ ორივეს მინდორ-ველებს, სხვა დროს ასე რომ მოიქცეთ, _ გაგვიბრაზდა ექვთიმე.

მოვილაპარაკეთ, რომ ექო, რადგან თავისი არ დაიშალა და წამოვიდა, მანქანაში დაგველოდებოდა და თუ ძაღლობა გაიჩითებოდა, შეეტყობინებინა. ყველაფერი ისე იყო, როგორც გვინდოდა.

უხმაურო ნაბიჯებით მივიპარეთ ინსულინკას ბინასთან. მასტერა კარს აღებდა, რომ უცებ მომაგონდა, ამ გოგოზე გაგონილი მქონდა, ჰუსეინას ნაშააო. ეს მაგრად გამისწორდა. ყველაფერს გამოვზიდავდი იქიდან, ისე მეზიზღებოდა ლოლას ძმა და მაგის მთელი საძმაკაცო თუ სადაქალო. მასტერამ ძლივს მოახერხა კარის გაღება. ფეხის წვერებზე შევიპარეთ ბაითში და ადგილზე გავშეშდით. ოთახიდან ტელევიზორის ხმა ისმოდა, არადა, შუქი არსად ენთო, გარედანაც ისე ჩანდა, თითქოს ჩაბნელებული იყო იქაურობა.

_ ჩემი დედა ვატირე, სახლში ვიღაცაა და მოგკლავ, შე ჩემა, _ ჩურჩულით ვთქვი.

_ ალბათ ტელევიზორი დარჩათ ჩართული, _ მიპასუხა სიბნელეში მასტერამ, თუმცი მისი გახშირებული სუნთქვით მივხვდი, რომ ჩემზე მეტად ანერვიულდა.

ჩუმად შევიპარეთ ლოჯიაში და დავინახე, რომ ხის ძველ ტახტზე ვიღაცას ეძინა, ხვრინავდა კიდეც.

_ აუ, რა თესლი ხარ, _ დავისისინე.

_ არა უშავს, ჩუმად გავწმინდოთ, მგონი მთვრალია, არყის სუნით ყარს აქაურობა, _ მიჩურჩულა მასტერამ.

ხელები გამიოფლიანდა, ძარღვებში კი სისხლი გამეყინა.

_ სხვა არავინ იყოს, თორემ მართლა დაგვენძრა, _ მხარი ფრთხილად გავკარი მასტერას.

ის ვიღაც ჩვენკენ ზურგშექცევით იწვა და სახე არ უჩანდა. მის გარდა სახლში არავინ იყო, საგულდაგულოდ მოვათვალიერეთ ორივე ოთახი. ყველაფერი შევამოწმეთ, გადავქექეთ უჯრები, ლეიბები, ბალიშები, ჩემოდნები… გავიტანეთ, რაც გასატანი იყო _ ფულიც, ოქროულობაც და ექოს ჩავუყარეთ მანქანაში. ორი რეისი გავაკეთეთ. მეორედ რომ მოვბრუნდი, ექოს ვკითხე, ფული ხომ არ დაგითვლია-მეთქი.

_ იტოგში ექვის ათასი დოლარი იქნება, ოქროულობაც გამოვა სადღაც ათასის მაინც, მაგარი ნაკეთობებია, ძველისძველი ოქრო, ნამდვილი ბაჯაღლო, ბრილიანტებიც არის, რა, _ პროფესიონალი ოქრომჭედელივით ჩამოარაკრაკა ექომ.

_ წავიდეთ? _ მასტერას გავხედე.

_ აუ, მაგარი კომპიუტერი დგას იქ, წამოვიღოთ, რა, ვაფშე ახალია, ბოლო გამოშვება.

_ კარგი, ავბრუნდეთ და დროზე დავახვიოთ აქედან.

მე და მასტერა კვლავ შევბრუნდით და საქმეს შევუდექით.

8 8 8

შევედით თუ არა, ტელევიზორი გამოვრთეთ, მძინარეს არ გამოეღვიძოსო. მასტერამ კომპიუტერის სადენების ჩახსნა დაიწყო, რაც შეიძლებოდა, უხმაუროდ აკეთებდა. ჩემთვის ვფიქრობდი და ამ ტიპზე მეცინებოდა, ხვალ დილით, «უზმოზე», სიურპრიზი რომ ელოდა და ცარიელი სახლი დახვდებოდა. მოულოდნელად მძინარე შეირხა, გადმობრუნდა და ცივმა ოფლმაც დამასხა. ჰუსეინა იყო, ტუჩზე დუჟი მოსდგომოდა. როგორც ჩანს, გალეშილი მთვრალი იყო. ერთი ამას უყურეთ, თურმე სად იმალებოდა! მასტერას მკლავზე მოვკიდე ხელი და ვანიშნე, შეხედე-მეთქი. ეს უკანასკნელი ისეთი შეხტა, მეგონა, ჭერი ჩამოინგრეოდა.

_ ამის დედას შევ…ი! _ დაიჩურჩულა გაოგნებულმა.

_ რა ვქნათ, ტო-ო!

_ დავბრიდოთ, მაგის…

_ დაიცა, არ გვინდა, ტეხავს მძინარე კაცის მოკვლა.

_ მაშინ «დავაბაგაჟნიკოთ» ეგ .

_ იქნებ დავუპადიეზდოთ ამ დედანატირებს, მაინც გაგდებული აქვს.

_ აზრზე ხა-არ? ჩვენს უბანში გაგვეჩითა ეგ ! ამის პატრონს შევ…ი.

_ მოიფიქრე რამე, შე ჩემა!

_ აუ, მაგარ რაღაცას გავაკეთებ, ჩემი დედა მ…ან, _ შემოირტყა თავში ხელი უცებ მასტერამ, _ პატრულს დავურეკოთ, ესე და ესე-თქო და დავაჭერინოთ ეს .

მოულოდნელად, თითქოს გულმა უგრძნოო, ჰუსეინა შეირხა, თვალები გაახილა და… ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთისთვის თვალი არ მოგვიშორებია. დავიბენი. ამ დროს მასტერამ ივაჟკაცა, იქვე მდგარ სკამს წამოავლო ხელი, პირდაპირ თავში ხია ჰუსეინას და გათიშა, მერე ფანჯარა ჩაამტვრია, მე ხელი ჩამავლო და მოვტყდით.

შუშის ჩამსხვრევის ხმაზე მეზობლებმა გამოიძახეს პატრული და ჩვენი ჰუსეინა «გასკვანჩეს». ჩვენ კი… ჩვენ რამდენიმე საქმე ერთდროულად გავაკეთეთ. ნაქურდალი «გავასუხარეთ», თავანი ჩავაბარეთ, ქურდობა შეგვრჩა, ფულიც დაგვრჩა და მტერიც მოვიცილეთ თავიდან. გულს მხოლოდ ერთი რამ მიღრღნიდა _ ამჯერად ჰუსეინამ ნამდვილად დამინახა. ეს კი პრობლემას შემიქმნიდა ლოლასთან ურთიერთობაში, ჰუსეინა ჩემს სიძეობას არამც და არამც არ დათანხმებოდა. ის კი არა, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამემტერებოდა. გული მიგრძნობდა, ამ ამბავს ცუდი დასასრული ექნებოდა. თუ გამოძვრებოდა და ხელს შემიშლიდა, მას მაინც არ გავახარებდი, ბოლოს და ბოლოს, დავბრიდავდი და ისე მოვიშორებდი თავიდან.

როცა ყველაფერი მოვაგვარეთ, დროებით «დავაპაბეგეთ» მე და მასტერამ და მის აგარაკზე გავძვერით. იქ მაგარი ბაითები იყო. რამდენიმე გავიტანეთ, პირწმინდად გავასუფთავეთ და ბლომად ფულიც «მოვხიეთ». ათ დღეში ჩამოვედით. ფული იმდენი მომიგროვდა, მანქანაც კი ვიყიდე. ყველაფერი კარგად მიდიოდა. სექტემბრის ბოლოსთვის ჯვარსაც დავიწერდით და ჩემს ცხოვრებას სერიოზულად მივხედავდი.

ბესოც მირეკავდა ამერიკიდან, აინტერესებდა ჩემი ამბები. ცოტათი შეწუხებული იყო, ქალივით რაღაც ცუდ სიზმრებს ვხედავ ბოლო ხანებში, ჭკვიანად იყავიო, თავის თავს მაფიცებდა. როგორმე მოითმინე დეკემბრის ბოლომდე, ჩამოვალ, რაღაც გეგმები მაქვს შენთან დაკავშირებით და ერთად გავაანალიზოთო. მე პირობა მივეცი, ჭკვიანად ვიქნები, ჩემზე არ ინერვიულო-მეთქი. თან ვახარე, ლოლა ორსულად არის, მალე ჯვარს დავიწერთ-მეთქი. ამაზე მთლად გადაირია, მგონი, ჩემზე მეტად გაუხარდა.

_ აუუ, რა გამახარე, ძმაო, შენ ხომ აზრზე არა ხარ. ძმისშვილი მეყოლება, არა? რა მაგარია, ირა, შენი ჭირიმე, რა მაგარია, რომ იცოდე! _ ყვიროდა ტელეფონში.

მე უარეს დღეში ვიყავი, ემოციებს ვერ ვიკავებდი, გიჟივით ყველაფერი მიხაროდა. რომ წარმოვიდგენდი, რამდენიმე თვეში შვილი უნდა მყოლოდა და მამა უნდა გავმხდარიყავი, ჟრუანტელი მივლიდა ბედნიერებისგან…

7 7 7

ერთ დღეს ლოლამ დამირეკა, დედას ყველაფერი მოვუყევი, მამასაც დაელაპარაკა და შენთან შესახვედრად მზად არიანო. ცოტა არ იყოს, დავიძაბე. არ ვიცოდი, ჩემი მათთან ვიზიტი როგორ დამთავრდებოდა. მასტერა და ექოც დავქოქე, გამომყევით-მეთქი.

_ რა ვი, შე ჩემა, ჩვენი წამოსვლა აუცილებელია? _ მხრები აიჩეჩა ექომ.

_ ავიდეთ, რა პრობლემაა, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ, იქ წესიერად უნდა მოვიქცეთ, გასაგებია? _ დაახეთქა მასტერამ «ჭკვიანური» ფრაზა.

_ იასნია, აბა რა! _ ჩვენც დავეთანხმეთ «გენიოსას».

_ ოღონდ ერთი პირობით, _ ორივეს გადავხედე, _ მასტერ, შენს გასაგონად რაღაც მინდა ვთქვა.

_ ჩემგან რას ითხოვ, ძმაო, მითხარი და აგერ ვარ, _ ხელები ასწია მასტერამ.

_ რას და… _ პაუზა გავწელე, _ არავითარი იარაღი და არავითარი კაიფი, ფხიზელი წამოხვალ, იცოდე!

_ ბაზარი არ არის, სხვანაირად არც ვაპირებდი, _ ხელი გულზე დაიდო მასტერამ.

_ თუ ყველაფერი მოგვარდა, მერე ერთი მაგრად ვიქეიფოთ, _ ვთქვი მე.

_ ქეიფი და სუფრა ჩემზე იყოს, მე ვკისრულობ, ძმაო, _ წამოიძახა მასტერამ.

_ ჰე, ახლა, დროა დავიშალოთ. ხვალ ყველანი დავიზმანოთ, იცოდეთ, შორტი-მორტი და ეგეთები არ დამანახვოთ! _ წამოვაყენე ულტიმატუმი.

_ წყალი არ გაუვა, ბრატ, როგორც იტყვი, _ ორივე დამეთანხმა.

7 7 7

მეორე დღეს, საღამოს შევიკრიბეთ, ერთმანეთს რომ შევხედეთ, სიცილი აგვიტყდა. სამივე პიჯაკსა და ჰალსტუხებში ვიყავით გამოწკეპილი, თან შავი პერანგები გვეცვა. კარგა გულიანად ვიცინეთ, ტყუპისცალებივით რომ დავემსგავსეთ ერთმანეთს, მერე ჩავსხედით ჩემს მანქანაში და ლოლას ავადექით სახლში, თან უზარმაზარი თაიგული გავიყოლეთ. კიბეზე ავდიოდი და თან მიხაროდა, რასაც ვაკეთებდი, თან ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, როგორ მოვქცეულიყავი. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. ამდენი კაცის მოკვლისას არ მინერვიულია. ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ. თურმე რას არ გააკეთებს ადამიანი სიყვარულისთვის. ეს რომ სხვაზე გამეგო, სიცილით გავიგუდებოდი…

კარი ლოლას მამამ გაგვიღო. ამდენი შავებში გამოწყობილი ბიჭი რომ დაინახა, ცოტა დაიბნა, მაგრამ მაინც თავაზიანად შეგვიპატიჟა შინ. გავეცანით და თვითონაც გაგვეცნო ბატონი შალვა. მერე ლოლას დედაც გამოვიდა და ისიც გავიცანით. თბილად მიგვიღეს, არ ველოდი. დედამისმა ჩემზე უკვე ყველაფერი იცოდა, სახეზე ეტყობოდა, თან დაკვირვებით მათვალიერებდა, მეც ჯენტლმენურად ვიქცეოდი, რომ კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა მასზე.

_ ბატონო შალვა, აქ იმისთვის მოვედი, რომ გითხრათ, _ დავიწყე ლაპარაკი, _ თქვენი შვილი ჩემი შეყვარებულია, მასაც ძალიან ვუყვარვარ და მინდა… ცოლად მოვიყვანო, _ ამოვილუღლუღე და ოფლში გავიწურე.

შალვა წამით ჩაფიქრდა. მერე სათითაოდ ყველას გადმოგვხედა, ერთი ამოიხვნეშა და თქვა.

_ არც კი ვიცი, რა გითხრათ, ბიჭებო… ირაკლი, შენ არ ჩანხარ ცუდი ადამიანი, მაგრამ ლოლა ჯერ პატარაა, რა დროს ამის გათხოვებაა,.. აბა, რა გითხრა, _ ხელები გაშალა სასიმამრომ.

_ ბატონო შალვა, ჩვენ კარგად გვესმის თქვენი, ძნელია თქვენს მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ…

_ თან ირაკლის ძალიან უყვარს თქვენი ქალიშვილი, _ გამაწყვეტინა მასტერამ.

_ მესმის, მაგრამ ხომ გითხარით, ჯერ პატარაა.

_ ძია შალვა, ახლა გოგოები ცამეტი წლისანიც კი თხოვდებიან, რა უჭირს, მერე, _ წამოიძახა ექომ და თვალი ჩემკენ გამოაპარა.

_ კი თხოვდებიან, მაგრამ… მერე მალევე ენგრევათ ოჯახები, ეგეც ხომ იცით, ჩემგან არ გესწავლებათ. კარგი ბიჭები ხართ, რომ მითხარით, მაგრამ შვილს ვერ გამოგაყოლებთ, _ გამოიტანა საბოლოო ვერდიქტი ლოლას მამამ.

_ თქვენი საქმისა თქვენ იცით, მე საქმის კურსში ჩაგაყენეთ და გითხარით ჩემი სათქმელი. ლოლას მაინც არ მივატოვებ, მინდა იცოდეთ, რომ საიმედო ხელშია, _ გამოვიდე თავი.

_ გასაგებია, ჩემო კარგო, დიდი მადლობა, რომ ჩემი გოგო გიყვარს, ვაფასებ ამას. შენს კაიკაცობაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ სწორად უნდა გამიგოთ, ბიჭებო, არ მინდა ჩემი ქალიშვილი ასე ნაადრევად მოწყდეს ოჯახს, რა დროს ამის გათხოვება და შვილის გაჩენაა, ჯერ უნდა ისწავლოს. ნაადრევია მაგ ამბავი ჯერ, ამის თქმა მინდა.

_ კარგი, ბატონო შალვა, მეტს აღარ შეგაწუხებთ. უბრალოდ, იცოდეთ, რომ არ შეგარცხვენთ და ლოლას ხელისგულზე ვატარებ, _ ამაყად წარმოვთქვი.

შალვას რატომღაც გაეცინა, თქმით არაფერი უთქვამს.

_ ბოდიში შეწუხებისთვის, _ დავემშვიდობეთ მასპინძლებს, მე წამით ლოლას შევავლე თვალი და ოფლში გაღვრილები კიბეზე დავეშვით.

ეზოში ლოლა დაგვეწია, მანაც მითხრა, ცოტა ხანს დავიცადოთ, ასე აჯობებს ამ ეტაპზეო. მეც დავთანხმდი, სხვა რა გზა მქონდა. იქნებ იქამდე ჰუსეინას სასამართლოც შემდგარიყო და მისთვის განაჩენი გამოეტანათ. მერე უფრო მშვიდად ვიქნებოდი.

_ ქეიფის პონტი გაგვემაზა, მაგის დედაც, _ ჩაილაპარაკა მასტერამ და მხარზე დამკრა ხელი.

_ არა უშავს, მთავარია, რომ ერთი ნაბიჯი გადადგმულია. ერთი-ორი კვირა დავიცდი და მერე გავიპარებით, ერთი მაგათი… _ ვთქვი მე.

7 7 7

დრო გადიოდა, ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. ლოლა მოდიოდა ხოლმე ჩემთან და დღეებს ერთად ვატარებდით. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამასობაში გავიგე, რომ ჰუსეინას თავდებით უშვებდნენ, ვერ დაუმტკიცეს გაქურდვა, თან ის ახვარი ინსულინკა დაუდგა თურმე მოწმედ, ჩემთან ცხოვრობდა, რა ქურდობა, რის ქურდობაო. კი გამოუშვეს, მაგრამ ძველი საქმეები ამოუქექეს და ხელახლა დაიწყეს გამოძიება, თუმცა ბოლოს თავდებით მაინც გამოუშვეს. არ ვიცოდი, რა მექნა, უნდა დამეჩქარებინა ლოლას ცოლად მოყვანა, თორემ მერე ცუდად წავიდოდა საქმე.

ერთ დღესაც მასტერასთან ვიყავით ბიჭები, ჯოკერს ვთამაშობდით. ამ დროს შორენამ დამირეკა მობილურზე, ცუდი ამბავი მაქვს და საავადმყოფოში მოდიო.

არ ვიცოდი, რა ხდებოდა, მაგრამ სამივენი გიჟივით გავქანდით. მთელი სისწრაფით მივაქროლებდი მანქანას.

დერეფანში უამრავ ნაცნობს მოვკარი თვალი _ ლოლას დედა, მამა, შორენა, სქელუა და რა ვიცი, თითქმის მთელი უბანი იყო მოგროვებული. თვალთ დამიბნელდა, მივხვდი, ლოლას რაღაც სჭირდა. შორენა ლამის გამოიქცა ჩემკენ.

_ ირა, არ ინერვიულო, გთხოვ, _ ყელზე ჩამომეკიდა მეგობარი.

_ რა მოხდა?

პასუხი არ გამცა, ტირილი დაიწყო.

ჩემ ირგვლივ უკვე ვეღარაფერს ვხედავდი, სუნთქვა მიჭირდა და არაფერი მესმოდა. ავკანკალდი.

_ იკა, ყველაფერი კარგად იქნება, ბრატ, გამო აქეთ, _ მომქაჩა მასტერამ.

ხელი გავაშვებინე და გაგიჟებული ლოლას მამას მივვარდი.

_ ბატონო შალვა, რა ჭირს ლოლას, გამაგებინეთ, რა დაემართა, მითხარით ვინმე, ხალხი არა ხართ, _ მთელი ხმით ავღრიალდი და რეანიმაციის კარისკენ გავიწიე გამწარებულმა.

ბიჭებმა გამაკავეს, დამშვიდება დამიწყეს.

_ ოპერაციას უკეთებენ, ბიჭო, რა მოგივიდა, გამაგრდი, შე ჩემა, საშიში არ არისო, ამბობენ, _ ჩამესმოდა მასტერას ხმა, მაგრამ არაფრის გაგონება არ მინდოდა.

_ ლოლაააა, _ მთელი ხმით ვბღაოდი, _ მიჩვენეთ ჩემი ლოლა, რა ჭირს, მითხარით ვინმემ, ლოლააა.

ბოლოს, რომ ვერ გამაჩერეს, ქეჩოში წამავლეს ხელი და გარეთ გამათრიეს. არ მახსოვს, რამდენ ხანს დავყავი ამ საშინელ მდგომარეობაში, იმდენი ვიყვირე, სანამ ხმა არ ჩამეხლიჩა. ბოლოს მითხრეს, ოპერაცია დამთავრდა, პალატაში გაიყვანეს და ერთი წუთით შეგიძლია შეხვიდეო. პალატის კართან გულწასული ლოლას დედა და აცრემლებული შალვა რომ დავინახე, მივხვდი, ჩემი სიყვარულის საქმე ცუდად იყო. გაშმაგებული შევვარდი პალატაში. ლოლა გაფითრებული იწვა, სუნთქვა უჭირდა, ჰაერი ძლივს მიჰქონდა. თვალები დაეხუჭა, ხელები უსიცოცხლოდ ედო ჩაჩუტულ მუცელზე, თითქოს უკვე აღარ იყო ამქვეყნად. ზედ გადავემხე და ქალივით ავტირდი.

_ ლოლა, გთხოვ, არ დამტოვო, შენ უნდა იცოცხლო, ჩემო სიხარულო, შენ გარეშე ერთი დღეც ვერ გავძლებ, ხომ გახსოვს, რა გითხარი.

_ მე კი არა, შენ უნდა იცოცხლო, ირა, _ ჩურჩულით თქვა ლოლამ და ოდნავ შეარხია თითები.

_ ხომ კარგად ხარ, ლოლა, ხომ არ მოკვდები, მითხარი, შემპირდი, გემუდარები, არ გამწირო, გოგო, არ მიმატოვო, რააა! _ ქადაგად დავვარდი საყვარელი ქალის წინაშე და არ მრცხვენოდა, ბოლო ხმაზე რომ ვბღაოდი.

_ ირა, მითხარი, რომ გიყვარვარ.

_ მიყვარხარ, ჩემო სიხარულო, ჩემო სიცოცხლევ, სიგიჟემდე მიყვარხარ და ყველამ გაიგოს ეს, შენს თავს ვერავინ წამართმევს.

_ მეც მიყვარხარ, ირა, მე სულ შენთან ვიქნები, ეს იცოდე. არ მიმატოვო, კარგი?

_ რა მიგატოვო, ხომ არ გაგიჟდი, შენთან ვარ და სულ შენთან ვიქნები, გეფიცები, შენს სიცოცხლეს გეფიცები, არ მოგშორდები, ლოლა!

არ მეგონა, ასე სახალხოდ ასეთი სიტყვების წარმოთქმა თუ შემეძლო, მაგრამ იმ წუთას არავისი და არაფრის მრცხვენოდა, ჩემთვის სულერთი იყო, ვინ როგორ გამიგებდა. მთელ ქვეყანას რომ დაეცინა ჩემთვის, იმასაც არაფრად ჩავაგდებდი, ოღონდ ლოლას ეცოცხლა, ოღონდ ის გადარჩენილიყო.

_ ირა, ახლა წადი, გთხოვ, არ მინდა, ასეთი დაგამახსოვრდე, _ მთხოვა ლოლამ.

_ მაგას ნუ მთხოვ, სიხარულო, აქედან ფეხს არ მოვიცვლი, ხომ იცი.

_ თუ შეიძლება, დატოვეთ პალატა, ავადმყოფისთვის ამხელა დატვირთვა არ შეიძლება, _ ვიღაც ახმახი ექიმი შემოვიდა და თავზე წამომადგა.

ისეთი გააფთრებული წამოვიჭერი ადგილიდან, ისეთი შეშლილი სახე მქონდა ალბათ, რომ თეთრხალათიანმა კაცმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. უკნიდან მასტერა და ექო მომიახლოვდნენ, ხელკავი გამიკეთეს და ძალით გამიყვანეს პალატიდან. ვუძალიანდებოდი, მაგრამ არ გამიშვეს. ორიოდე წუთი არ იყო გასული, რომ ქალის შემზარავმა კივილმა იქაურობა გააყრუა. ამ ხმის გაგონებაზე ჩემდა უნებურად ჩავიკეცე და ხელები სახეზე ავიფარე. მივხვდი, ლოლა უკვე აღარ იყო…

_ ღმერთოოოოო, რატოოოომ, რატოოომ, _ ვღმუოდი გამგირავი ხმით და გულში მჯიღებს ვიცემდი…

7 7 7

როგორც შემდეგ გავიგე, ლოლას თავის ძმასთან უჩხუბია. ჩვენი რომანი ისე გახმაურდა ბოლო ხანებში, რომ ჰუსეინასაც გაუგია. პირველ ხანებში, როგორც ჩანს, წაუყრუა, რადგან ჩემზე ძვირს ვერ იტყოდა, არაფერში ვყავდი დაჭერილი, მაგრამ იმ ღამეს, ინსულინკას ბინაში რომ დამინახა და უნამუსოდ რომ მოვექეცით, არც მე მაპატია და არც თავის დას. მე დამემუქრა თურმე, მოვკლავო. ლოლას ტირილი დაუწყია, მერე გაბრაზებულა და მიახალა, ორსულად ვარ ირაკლისგანო. ამაზე ისე გამწარებულა ჰუსეინა, მუცელში წიხლი ჩაუცხია დისთვის. ლოლას სისხლდენა დაწყებია. მამამისმა ვერ შეძლო ჩაკეტილ კარში შეღწევა, რომ დროზე წაეყვანა შვილი საავადმყოფოში და ამიტომ ოპერაციის გაკეთებაც დაგვიანდა. დედამისს დაუჟინებია, მაინც გაუკეთეთო, მაგრამ ამაოდ… მისი გადარჩენა ვერ შეძლეს…

ასე გამაუბედურა მაგ ნაძირალამ. ერთდროულად ორი საყვარელი ადამიანი წამართვა _ შვილიც და საყვარელი ქალიც. მერე ადგა და თავისი ნებით ჩაბარდა თურმე პოლიციას. იქ კი, იცოცხლე, ძველიც და ახალიც გაუხსენეს, მაგრამ ეს ჩემს მდგომარეობას რას უშველიდა!

ადგილს ვერ ვპოულობდი. ჰუსეინა გარეთ რომ დარჩენილიყო, ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი, ისე მივაბრიდავდი, მაგრამ ახლა ამას ვერ შევძლებდი. ჩემი ერთადერთი შვება მხოლოდ ლოლას საფლავზე ასვლა იყო, განვმარტოვდებოდი ხოლმე მის გვერდით და საათობით ველაპარაკებოდი, თან ვპირდებოდი, უშენოდ ვერ გავძლებ და მალე აუცილებლად მოვალ-მეთქი. საბოლოოდ გადვწყვიტე, თავი მომეკლა, ასე ცხოვრების გაგრძელება ძალიან დიდი ტანჯვა იყო ჩემთვის.

7 7 7

ლოლას ორმოცი ახალი გასული იყო. ერთ საღამოს, სასაფლაოდან რომ დავბრუნდი განადგურებული, ტელეფონმა დარეკა. კაცის ხმა იყო, მეუცხოვა, ნაცნობს არ ჰგავდა.

_ შენი ნახვა მინდა, _ უტიფარი ტონი ჰქონდა უცნობს.

_ შენ რომელი ხარ? _ აგდებულად ვკითხე.

_ სიკვდილი ვარ, შე სირო, ყელი უნდა გამოგჭრა.

სიბრაზისგან ტანში გამცრა, ვერაფრით მოვიაზრე, ვინ უნდა ყოფილიყო.

_ შენი დედა მოვ…ან, არ მეტყვი, ვინ ხარ?

_ ჰუსეინა ვარ, ბიჭო და ცოტა წესიერად ილაპარაკე, თორემ ანდერძს აგიგებ, შე დედამ…ო!

ამის გაგონებაზე ავიჭერი. როგორც ჩანს, გამოიქცა.

_ მერე რა შორიდან მემუქრები, შე პედერასტო, შენი კი არ მეშინია, მოდი ერთი და ვნახოთ, რა შეგიძლია.

_ ერთ საათში ლოლას საფლავთან ამოხვალ და დანარჩენზე იქ ვილაპარაკოთ, , გასაგებია?

_ შე თესლო, მოვალ და განახვებ, ვინ არის , შენი… _ ყურმილი დავახეთქე და იარაღის მოძებნას შევუდექი აცახცახებული.

ისე ამიტანა ნერვიულობამ, ხელებს ვერ ვიმორჩილებდი, მთელი სხეული მიკანკალებდა. პისტოლეტი საქამრეში გავირჭვე, დანა კი ჯიბეში ჩავიდე. არ ვიცოდი, რომელი უფრო გამომადგებოდა საჭირო მომენტში. ისედაც აღრენილი ვიყავი ცხოვრებაზე, მაინც ვაპირებდი სიკვდილს, ახლა უკეთესი შანსი მომეცა _ ჯერ ჰუსეინას ავკუწავდი და მერე ჩემს თავსაც მივხედავდი.

ის იყო, გასვლას ვაპირებდი, სქელუამ რომ დამირეკა.

_ ირა, როგორ ხარ?

_ ცუდად, _ უხეშად მოვუჭერი, თუმცა მას რას ვერჩოდი.

_ რა იყო, რა ხმა გაქვს?

_ არაფერი, გინდოდა რამე?

_ ჰო. გაიგე, ჰუსეინა რომ გაქცეულა?

_ გავიგე.

_ ვინ გითხრა?

_ თვითონ.

_ რა-ა?

_ ამწუთას დამირეკა, უნდა შევხვდე.

_ შენ ხომ არ გაგიჟდი, არ ქნა, თუ გიყვარვარ, ნუ წახვალ, გთხოვ, _ ხმა შეეცვალა სქელუას.

_ ეგ ჩემი გადასაწყვეტია, მანჩო, კარგად იყავი.

_ მოიცა, მოიცა, ბიჭები მაინც გაიყოლე, სად უნდა შეხვდე, ეგ მაინც მითხარი, გესმის?

_ იქ, სადაც საჭიროა. დიდი მადლობა, მეგობარო, შენც და ყველა ჩემს ძმაკაცს, არ დამივიწყოთ, სულ მემახსოვრებით ყველანი, _ ამ სიტყვებით ყველაფერი გამოვხატე _ სინანულიც, სიყვარულიც, შურისძიების ჟინიც და სიკვდილის სურვილიც, პასუხს არ დაველოდე, სასწრაფოდ დავკიდე ყურმილი და ოთახიდან გიჟივით გავვარდი…

P.S.

ირაკლი მეორე დილით სისხლისგან დაცლილი იპოვეს ლოლას საფლავზე. ოთხად მოკეცილს გულის არეში ჰქონდა დანა გარჭობილი, თითებით ჩაბღაუჭებოდა იარაღს. არავინ იცის, თავი მოიკლა თუ ჰუსეინამ მოკლა. ძალადობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა გარდაცვლილს… უბნის ბიჭებმა გაასვენეს მეგობარი, ბესოც ჩამოვიდა ძმის დასატირებლად, ზუსტად ბოლო დღეს ჩამოუსწრო…

ჰუსეინა მალევე დაიჭირეს და გაასამართლეს…

ამ ამაზრზენი ისტორიიდან რამდენიმე თვის შემდეგ უბანში ხმა გავარდა, ზონაზე ჰუსეინა არაადამიანურად მოკლესო. ეს მასტერას ხელწერა იყო. იმდენი ქნა, სანამ ციხეში სპეციალურად არ მოხვდა და ძმაკაცის მკვლელზე შური არ იძია, თუმცა დანამდვილებით არავინ იცოდა, იყო თუ არა ჰუსეინას სინდისზე ირაკლის სიკვდილი. მერე მასტერას მიუსაჯეს 15 წელი, მაგრამ სასჯელის მოხდა არ დასცალდა, წამალში გაიპარა.

ექო? ექომ ადამიანურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. ზრდის თავის ორ გოგონას და პატივს სცემს ცოლს, მუშაობს და ხშირად დადის მეგობრების საფლავების მოსანახულებლად…

7 7 7

ავტორისაგან

…ისინი ერთად გაიზარდნენ, ერთად სწავლობდნენ, ერთად თამაშობდნენ, ერთად «ბლატაობდნენ», ერთად ისროდნენ, ერთად სუნთქავდნენ, ერთად იყვნენ ჭირშიც და ლხინშიც, მაგრამ სიკვდილი ყველას ცალ-ცალკე ეწვია…

დღეს იმ უბანში ახალი «სასტავი» «გრიმიტობს». წამოიზარდნენ პატარები, შეცვალეს უფროსი ბიჭები… ვინ იცის, როგორი ადამიანები დადგებოდნენ ისინი _ ირაკლი, რიჟა, მულტფილმა, მასტერა, დათო… ჩვენ ყველამ დავუშვით ჩვენი წილი შეცდომა _ ზოგმა აღზრდაში, ზოგმა გულგრილობის გამოჩენაში, ზოგმა წაყრუებაში… ასე რომ არა, მათაც ეყოლებოდათ შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და… ისინი იქნებოდნენ მთელი უბანი… ვიღაც ალბათ შემეკამათება, შეცდომებს ყველანი ვუშვებთო. გეთანხმებით, ვუშვებთ… ამიტომაც გვქვია ადამიანია, მაგრამ… ამასობაში ძალიან ბევრი შეცდომა დაგვიგროვდა…

ვიცი, ძალიან დაგღალეთ… თუმცა ალბათ მალე ყველაფერი დაგავიწყდებათ, რადგან ცხოვრება წარმავალია… ემოციებიც… ყველაფერი გაივლის… მათ შორის _ ესეც…

ავტორი : სვეტა კვარაცხელია.



№1 სტუმარი გიული

კარგი იყო,მომეწონა და ცოტა დავნაღვლიანდი,შემეცოდა ირაკლი

 


№2  offline წევრი Annia

ნორმალური იყო, რადგან ამ დროში ასეთი სისასტიკე და ძველ ბიჭობა მიუღებელია ჩემთვის მაინც მომეწონა ეს ისტორია, თავი მართლა განგსტერი მეგონა კითხვისდროს ????

 


№3  offline წევრი მაო Mao

დავიღალე კითხვის დროს, მივხვდი რომ საჩემო არაა ეს პაცნობები და 90 იანი წლების ქურდობები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent