შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხალათიან ქალთა საზოგადოება (სულ)


23-06-2024, 22:39
ავტორი ვე რა
ნანახია 4 243

ხალათიან ქალთა საზოგადოება 1


ჩემი პირველი ხალათი დედაჩემმა ზუსტად ქორწილის წინ მიყიდა.

_ მარია, ხალათი აუცილებელია დედა, ოთახიდან რომ გამოხვალ მოიცვამ, აბა მასე გიჟივით ხომ არ ირბენ?!_ და ამრეზით შემათვალიერა ნახევრად შიშველი, მხოლოდ გრძელი მაისურის ამარა მდგომი. მხრები ავიჩეჩე. კაცმა რომ თქვას, მართალიც იყო. რადგან სახლში, სადაც მხოლოდ ოთხი ქალი ვიყავით, დიდად ყურადღებას არავინ აქცევდა მოკრძალებულად ჩაცმას. რადგან მოსარიდებელიც არაფერი იყო, მაგრამ ახალ ოჯახში, სადაც აწი მომიწევდა ცხოვრება, ქმრის გარდა ორი მამაკაცი ცხოვრობდა და ასე თავისუფლად სიარული აღარ გამოდიოდა. ისე დედაჩემს მიაჩნდა, რომ ქმართანაც არაა მიზანშეწონილი "ნახევრად შიშველი ტანტალი". სწორედ ასე ამბობდა ხოლმე ჩემს გასაგონად.

ფუმფულა ხალათი ისე ავიღე, როგორც უცხო არსება. ავიღე, მოვიცვი და მისი სიღუნღულე მესიამოვნა. მართლა კარგი იქნებოდა ზამთარში ამ ხალათში ჩაფუმფულება. მე ხომ ძალიან მცივანა ვარ. თუმცა აქამდე არასდროს მიფიქრია, რომ ამ მცივანობას ხალათით ვუსაშველებდი.

იმ დღეს დაქალებთან ერთად საქორწილო კაბის ასარჩევად წავედი. გრძელი ფუშფუშა კაბა ავარჩიეთ, გულიანად დეკოლტირებული. ალბათ ეს დეკოლტე იყო ზუსტად ის გზაგასაყარი, საიდანაც რამდენიმე დღეში პირდაპირ ხალათებისკენ მიმავალ გრძელ გზაზე გადავუხვიე.

როცა გავთხოვდი მაგისტრატურის ბოლო კურსის სტუდენტი ვიყავი, და უამრავი გეგმა და მიზანი მქონდა. მაგრამ მალევე ორსულად დავრჩი და ყველაფერი აქიდან დაიწყო.

_ ზუსტად მეცხრე თვეში მიწევს სადიპლომო!_ ვწუწუნებდი დაქალებთან.

_აბა რა გეგონა , რომ გათხოვდი? გოგო რამე შეღავათები არ გაქვს?_მეკითხენოდნენ ისინი. მაგრამ ორსულს რა შეღავათი უნდა მქონოდა, როცა დიპლომის დაცვაზე რვა დღის ნამშობიარები გოგო ჩვილთან ერთად მოიყვანეს. პერიოდულად გადიოდა ის გოგო გარეთ, ბავშვს ძუძუს აწოვებდა და ისევ ბრუნდებოდა.

_ შენ მაგარი ხარ, შეძლებ!_ მამხნევებდნენ და მეც მჯეროდა, რომ მაგარი ვიყავი და შევძლებდი.

ჩვენ ხომ ტრადიციების და ჭორიკნების ქვეყანაში ვცხოვროთ. არადა რა უნდა ქნა, როცა ხუთი წელია შეყვარებული გყავს, ის თავისას ცდილობს, ჰორმონები თავისას ითხოვენ და ჭორიკანათა დასი კი თავისას მიერეკება. ხშირად მიფიქრია, რომ გათხოვება სინამდვილეში არ მსურდა. არც ოჯახის შექმნა მეჩქარებოდა, მაგრამ 24 წლის ვიყავი და თანაც უკვე სტაჟიანი შეყვარებული.
"კეთილმოსურნეთა" წრე მუდმივ რეჟიმში განმიხილავდა,
_ ალბათ აღარ მიჰყავს!_ ასეთ მშვენიერ იდეასაც ჰქონდა არსებობის უფლება. და ასეთსაც:

_ სახლი იქირავეს და ერთად ცხოვრობენ, რაღად უნდა გათხოვება?! რომა სწავლის ქირასაც კი უხდის!_ სახლის ქირაობას რომ თავი დავანებოთ, სწავლის ქირას როგორ გადამიხდიდა, როცა 100% დაფინანსებით ვირიცხებოდი ბაკალავრზეც და მაგისტრატურაზეც?!

_ აღარ თხოვდები?!_ ეს ის კითხვა იყო, მუდამ ტაოს რომ მაყრიდა. ახლა რომ ცხოვრებას თავიდან ვიწყებდე, საკუთარ ეჭვებს და გულის ძახილს მოვუსმენდი, სახლს მართლაც ვიქირავებდით მე და ჩემი საქმრო და ვიცხოვრებდით საკუთარი მიზენებისკენ მიმავალ გზაზე, არც ბავშვის გაჩენას ვიჩქარებდი, კარიერასაც ავიწყობდი და ბედნიერიც ვიქნებოდი, მაგრამ მაშინ ამდენი არ მესმოდა.

ხოდა დავიღალე, ავდექი და გავთხოვდი. და მაინც რატომ? იმიტომ, რომ მიყვარდა. მინდოდა საყვარელ ადამიანთან დამეწყო და დამესრულებინა ყოველი ახალი დღე. მაგრამ საქმე ის იყო, რომ ჩემი ახალი ოჯახი თბილისში ან მის მიდებარედ კი არა რაიონში ცხოვრობდა.

_ კარგი რა გოგოო, სად მიდიხარ ხვდები?_ მითხრეს, როგორ არ მითხრეს დაქალებმა. დედამაც მკითხა, რას აპირებ, იქ რა უნდა აკეთოო, მაგრამ ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე.

_ მაგისტრატურას ვამთავრებ, და მასწავლებლად მაინც გავალ სადმემეთქი!_ კი მაგისტრატურა დავამთავრე, დიპლომი ავიღე და ბაკალავრის დიპლომს მივუფინე გვერდით.

ბავშვი გავაჩინე და სამსახურის ნაცვლად, ბავშვთან ერთად ხელში +35 კილო შემრჩა. სარკეში ჩახედვისას გული მისკდებოდა,მაგრამ ვცდილობდი არაფერი შემემჩნია. ჩემი ქმარი მუშაობდა და ხან კვირებით უწევდა სახლიდან წასვლა. იმ ოჯახური, პაწაწუნა პრობლემებისგან ხანდახან მაინც აღწევდა თავს, რომლებსაც მე ვერსად ვემალებოდი.

დედამთილი სოფლის მეურნეობას უძღვებოდა და თითქმის არასდროს ეცალა. ხშირად ყოფილა ბავშვი ეტლით შემიყვანია აბანოში და ისე დამიბანია. ვაკეთებდი იმას, რასაც გათხოვებამდე, თითქმის არასდროს. ნელ_ ნელა კარიერამ გვერდით ჩამიარა, იმ კაცის არ იყოს, მართლაც და ქორივით. ვერ ვიტყვი , რომ მატერიალურად მიჭირდა,
ალბათ ამის გამოც იყო, რომ დიდად არ ვღელავდი იმაზე, რაც თურმე ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
თითქმის არსად დავდიოდი, ან სად უნდა მევლო? უცნაური და არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდა ჩემს ახალ ოჯახს უფროს რძალთან დაკავშირებით. ამიტომ იგივე შეცდომას ჩემთან აღარ უშვებდნენ. მკაცრად აკონტროლებდნენ პირად სივრცეს და ხათრის, თუ გამოცდილების ნაკლებობის გამო მეც ვაძლევდი მათ ამის უფლებას. აქ მეცინება , მაგრამ რას ვიზამთ?! ამასთან საკმაოდ პრინციპული ადამიანი ვარ, ბავშვი ისე გავზარდე ერთი ღამე არ სძინებია სხვაგან. რადგან ჩემი შვილი და მასზე ზრუნვა მხოლოდ მე მეკუთვნოდა თურმე, ოჯახის დანარჩენი შვილიშვილებისგან განსხვავებით, რომლებიც მთლიანად ოჯახის კუთვნილება იყვნენ. როცა ეს პრინციპი აღმოვაჩინე, წამითაც კი არ მიცდია წინააღმდეგობის გაწევა. მეც მჯერა, რომ თუ შვილს აჩენ პასუხისმგებლობაც, ზრუნვაც და თანმდევი პრობლემებიც მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა აიღო. მაგრამ ამის მიუხედავად, ხანდახან მაინც სჭირდება ახალბედა დედას ამოსუნთქვა, თუნდაც კვირაში რამდენიმე საათით.

ჩემი ფერადი და მხიარული ცხოვრება მოსაწყენ ერთფეროვან რუტინად მექცა. რუტინად , რომელმაც ყელზე მარწუხივით მომიჭირა. ვცადე ჰობი გამეჩინა და ყვავილების მოშენება გადავწყვიტე. სულ ცოტა ხანში ადგილი აღარ დარჩა ჩემი სახლის ფანჯრებზე, აივანსა და ეზოში, რომ ფერადი ქოთანი არ მდგარიყო. გავწევრიანდი რამდენიმე მებაღეობა, მეყვავილეობის ჯგუფში და მანიაკური გატაცებით ჩავერთე ამ საქმიანობაში.

თუმცა დიდად ვერ მიშველა, ამ ყველაფერმა. არ მოვყვები იმ პრობლემებზე, რაც ჩემ გარშემო ბობოქრობდა , მაგრამ თანდათან ყველაფერი გაუსაძლისი ხდებოდა ჩემთვის. დეპრესიამ იმდენად შემიბოჭა გულიც და ნერვებიც, მოთმინებაც და ხალისიც, რომ დილით რომ თმას ავიკოსავდი, შესაძლოა მეორე დილამდე არც კი შემესწორებინა. აი მაშინ გამოვიღე ის ოხერი ხალათი და ისე გამოვეხვიე მასში, როგორც თავშესაფარში.
ვისწავლე ბდნიერების ნიღბის მორგება, თანაც ისე ოსტატურად, რომ ბოლოს თავადაც დავიჯერე, რომ ეს იყო და მეტი აღარაფერი მჭირდებოდა.

ვუყურებდი, როგორ იცვლებოდნენ ჩემ გარშემო ადამიანები. ზოგი განვითარდა, ზოგიც პირიქით, ჩემსავით ერთ ადგილას გაიყინა.
საკუთარ თავს ისე ვხედავდი, თითქოს სადღაც სადგურზე ვიდექი, და მატარებელს ველოდი, რომელმაც უკვე კარგა ხანია გამასწრო. ვიდექი და გარშემო ბრბო სინათლის სისწრაფით მოძრაობდა. გადღაბნილი მასა მუდმივად ვიბრირებდა და ქაოტურად იკლაკნებოდა. მე კი ვიდექი სრულიად განყენებული და ჩავლილ და დაკარგულ შანსებს უცრემლოდ მივტიროდი.

შორიდან ალბათ სანატრელს ჰგავდა ჩემი ყოფა. სიმპატიური, ხელფასიანი, ცოლის მოყვარული ქმარი, ჯანმრთელი ლამაზი შვილი, და მე განათლებული, აღზრდილი და არაკომფლიქტური რძალი. თავს ვერც დედად მოვიაზრებდი, ვერც ცოლად. არა, მე ვიყავი ერთი დიდი ოჯახის რძალი. რძალი, რომელსაც იმისაც კი ერიდებოდა, რომ დილით მეზობელთან ყავაზე გაერბინა, რადგან უკან აუცილებლად მისდევდა მამათილის გაუთავებელი ყუყუნი.

_ რა აუცილებელია ყოველდღე ყავის სმა და მეზობლებში სიარული!_ თითქოს ამ პატარა შვების კუნძულის გარდა, სხვა რამე ხსნა გამაჩნდა.
ვიყავი ცოლი, რომელსაც ერიდებოდა ქმარ_შვილთან ერთად მარტო მდინარეზე წასვლა, რადგან უკან მომდევდა წუწუნი, რომ მთელ ოჯახს არ დავატარებდით თან. თითქოს არ მქონდა უფლება მხოლოდ ქმრისთვის და შვილისთვის დამეთმო რამდენიმე საათი. რათა იმ საშინელი რუტინისგან თავი ცოტახნით მაინც დამეღწია. ვიყავი მეგობარი, რომელიც აღარ კონტაქტობდა წლების დაქალებთან, რადგან საკუთარი თავი ჰყავდა დაკარგული და ამის ძალიან რცხვენოდა. და ერთი ორჯერ ხმამაღლა მოდევნებულ საყვედურზე, ქმრისგან პასუხად ვიღებდი:
_ გაატარე რა, ერთი ყურიდან შეუშვი მეორედან გამოუშვიო!_ მაგრამ არ იყო ასე ადვილი, რადგან თავად საკუთარი ოჯახისგან ალბათ არც სწყინდა საყვედურები, მაგრამ მე იმის საშუალებაც კი არ მომცეს, რომ საკუთარად აღმექვა ისინი.
დეტალები, რომლებიც ქმნიან ცხოვრებას, არიან სინამდვილეში ის ფაქტორები, რაც ჩვენს ყოველდღიურ ბედნიერებას განაპირობებს. მე კი სწორედ ამ დეტალებში ვიყავი უბედური, თუ შეიძლება ამ ყველაფერს ასე ეწოდოს. ახლა ალბათ თქვენ იტყვით, რომ ყველაფერი, რაც მე მჭირდა ჩემი ბრალი იყო და მაგაში არც შეგედავებით. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რა ვისი ბრალი იყო, მთავარი ის არის, რომ მე სიმშვიდეს ვერ ვგრძნობდი და დღითი დღე ყველაფერი უფრო და უფრო მძიმდებოდა. მთელ დღეს დაღამების წამებისთვის ვუძლებდი, რომ როცა ბავშვი დაიძინებდა და ყველა მოვალეობისგან გავთავისუფლდებოდი, თვალები დამეხუჭა და მეოცნება იმ არარეალურ სამყაროზე, სადაც ვითომ ვცხოვრობდი. იქ მქონდა წარმატებული ცხოვრება, საკუთარი სახლი, საკუთარი ჰობი, იქ ისევ ძველი მარია ვიყავი. ისევ ძველებურად ვგრძნობდი სრულფასოვნებას და აღარ მაწამებდა რეალობის მტკივნეული მარწუხი. ასე თანდათან ვიძირებოდი ბლანტ ჭაობში და ჩემი ჯიუტი დუმილის გამო მშველელიც არ ჩანდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ დღეს სარკეში ჩავიხედე და იქიდან სრულებით უცხო ქალმა გამომხედა. ახლოს მივედი და საკუთარ ანარეკლს პირდაპირ თვალებში ჩავხედე. ერთი პაწაწუნა ნაპერწკალიც კი ვერ ვუპოვნე ჩამქრალი მზერის სიღრმეში. იდგა ხელებდაშვებული, თმააბურდული, მწვანე ყვავილებიან ხალათში გამოხვეული. იდგა და აღარც ხსნას იხვეწებოდა და მგონი უკვე აღარც სურდა წინააღმდეგობის გაწევა. ორი ნაბიჯით უკან დავიხიე, მაგრამ გამოსახულება არ განძრეულა. შემზარა ნანახმა. იქვე საწოლთან ჩავიკეცე და ხუთი წლის შემდეგ პირველად ვიტირე გულამოსკვნით. ისე გამოვიტირე საკუთარი თავი, თითქოს მოვკვდი. თითქოს მარია გეგეშიძე გარდაიცვალა და მე საკუთარ თავს ჭირისუფლად ვეჯექი. კარგა ხანს ვტიროდი. სრულიად დავიცალე და შევმსუბუქდი და როცა თავი ავწიე, სარკიდან ჩემმა ანარეკლმა ირონიული თანაც მზრუნველი ღიმილით გამომხედა.

_ ნუ გეშინია! თუ მოინდომებ, შენ შეძლებ!_ მომესმა მისი ხმა და იმ ჭაობში ჩაძირულს, ხელი ისევ საკუთარმა თავმა გამომიწოდა.

ამ ამბიდან დაახლოებით ორ კვირაში გვერდზე სოფელში უბედურება დატრიალდა. 39 წლის ჯუნა ხომასურიძემ თავი ჩამოიხრჩოო. ოოო, რა საოცრებებს ჭორაობდნენ უბნის ქალები.

_ რამ გადარია ქალო? რა სჭირდა თავის მოსაკლავი მაგ უბედურს?!_ ეკითხებოდა დოინჯშემორტყმილი კესო ლოლას.

_ რა ვიცი გოგო აბა? მარათლა რა უჭირდა სამაგისო? სახლი ახლა არ გაარემონტა!_ დანანებით ჩაილაპარაკა ლოლამ და ვერ მივხვდი ჯუნა დაენანა, თუ ახლადგარემონტებული უდიასახლისოდ დარჩენილი სახლ_კარი.

_ იცი რა შვილები ჰყავს? ბიჭმა წელს ჩააბარა სასწავლებელში! ახლა უნდოდა მაგას დედის ხელი. ასეა ზოგი ვერ იშნოვებს დაწყობილ ცხოვრებას!_ დედის ხელი?! გამეცინა გულში. განა არის წამი როცა ამ ხელის საჭიროება აღარ გვაქვს?! რატომ არასდროს არავინ ფიქრობს, იქნებ იმ დედას ის ხელი საკუთარი თავისთვისაც სჭირდებოდა, ჰა? წამითაც არავის უფიქრია, რომ ჯუნას, რაღაც იმაზე მეტი უჭირდა და იმაზე მეტი სტკიოდა, ვიდრე გარემონტებული სახლი, ქმრის ახალი ტრაქტორი ან შვილის სტუდენტობა იყო.
მოვბრუნდი და სახლისკენ უხმოდ წამოვედი. ჯუნას პირადად ვიცნობდი და მის ჩამქრალ თვალებს ლამის ყოველ დღე ვხედავდი, როცა ბავშვი ბაღში მიმყავდა, მაგრამ არასდროს შემიმჩნევია მის თვალებში ეს საშინელი სასოწარკვეთა. ან ვამჩნევდი და ნორმა მეგონა. განა მეც სწორედ ასეთი თვალებით არ ვესალმებიდი, უღიმილო გამარჯობაზე?! ან გინდ შემემჩნია, რამეს ვიზამდი?!

არაფერი მითქვამს, მაგრამ მივხვდი, ჯუნამა ვეღარ გაუძლო ხალათის ბორკილში გახლართულ საკუთარ ცხოვრებას. ჯუნაც ის ქალი იყო, ვისაც არასდროს ეკითხებოდნენ, რა სევდას მალავდა , რა სურდა, რა უხაროდა, ალბათ ჯუნას შემთხვევაშიც ეგონათ, რომ ქალს ბედნიერებისთვის ისიც ჰყოფნიდა უგემრიელეს ტოლმას რომ აკეთებდა და ქმარს მუდამ გაუთოვებული პერანგით რომ დაატარებდა. ან იქნებ ის კმაროდა, საკუთარი თავის განვითარება შვილის განვითარების სამსხვერპლოსთან რომ მიიტანა ზვარაკად?! ხოდა სადღაც ვიგრძენი, რომ ჯუნამაც ჩემსავით სწორედ იმ დილით ჩაიხედა სარკეში და საკუთარი თავისგან დაცლილი ანარეკლი პირველად გაიცნო და ამ ანარეკლის უღიმღამობამ, გახუნებულმა თვალებმა, დაბლა დაშვებულმა ტუჩის კუთხეებმა. თვალთან გაწოლილმა წვრილმა ნაოჭმა. უღონოდ ჩაქნეულმა ხელებმა და წელზე მაგრად გამონასკვულმა ხალათის ქამარმა ჩამოუწნა სწორედ კაკლის ტოტზე ის ყულფი, როგორც პროტესტის სრულებით არასწორი ფორმა.

და ახლა ყველა ბრაზობდა მასზე, ყველა განიკითხავდა და ისევ არავის ესმოდა, რატომ მოიკლა ჯუნამ თავი, მაშინ როცა სახლი ჰქონდა ახალი გარემონტებული!

მე კი არ მსურდა მორიგი ჯუნა ვყოფილიყავი. ჯუნამ იმ დღეს სახეში მაგრად შემომილაწუნა. ისე მაგრად, რომ ლოყაც კი ამეწვა და სახლისკენ მიმავალი გახურებულ ლოყას გრილი ხელისგულით ვიამებდი. და მე საკუთარ თავს დავპირდი, რომ მარია არასდროს იქნებოდა ჯუნა! მარია საკუთარ დაფერფლილ თავს ახლიდან მოძებნიდა და ისევ თავიდან შეიყვარებდა.




2

თქვენ ალბათ გგონიათ, რომ ხალათის კარადაში ქონა, არ ქონაა რეალური პრობლემა?! მაშინ იმედს გაგიცრუებთ და გეტყვით, რომ არა!
ხალათი ეს მხოლოდ ნიღაბია, რის მიღმაც ქალი საკუთარ თავს შეკუჭავ და გადაივიწყებ. ხალათის ადგილი სულ ადვილად შეიძლება ჩაანაცვლოს მაკიაჟმა, რომელსაც დიდი მონდომებით ყოველ დილით მართლაც ნიღაბივით გადავიტარებთ ხოლმე სახეზე. ვითომ, აქაოდა, თავი სულ წესრიგში მაქვს და საყვედურიც აღარ მეთქმის, უპირველესად, საკუთარ თავთანო. ანდაც ფენით ხელში გამეტებით ვისწორებთ თმას, ერთ პატარა ბუსუსს არ ვიჩერებთ, საკუთარ ნებაზე გაფშეკილს, ქმარს სათქმელს არ მივცემ: ცოლად გამომყვა, ქმარი გაინაღდა და თავისი გარეგნობა დაივიწყაო. თან სინანულით ვიხსენებთ, რომ ერთ დროს ლამის წელამდე თმა გვქონდა. ახლა? ახლა აღარ არის ამის დრო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ასე იყო. ბავშვს სანამ სძინავდა გიჟივით შევვარდებოდი აბანოში და თუ საპარსის გამოყენებაც მოვასწრებდი, მის გაღვიძებამდე, იმ დღეს თავი ანჯელინა ჯოლი მგონა ხოლმე.

იცით რატომ არ სარგებლობენ ქართველები ფსიქოლოგების მომსახურებით? იმ სულელური მიზეზის გარდა, რომ ფსიქოლოგთან ვიზიტი თურმე სამარცხვინოა?! ჩვენთან ხომ ყოველი დაქალი უსაბუთო ფსიქოლოგია.
დაქალებთან ჭორაობა, ქალისთვის სტრესის განახევრებას რომ უდრის, ვერაფრით დაიჯერეს კაცებმა. მე კი ეს სიამოვნებაც მოკლებული მქონდა უკვე რამდენიმე წელი იყო. სათქმელი ჩემში გროვდებოდა და გროვდებოდა. და ვხვდებოდი, გაძლება არ გაძლების სახიფათო საზღვარს რომ ვუახლოვდებოდი.

სკოლა, რომელშიც თავიდან მუშაობას ვგეგმავდი და ვერ გამოვიდა, საკმაოდ შორს იყო ჩვენი სოფლიდან და დიდად ვერც სწავლის ხარისხით ბრწყინავდა. ბავშვი სასკოლო ასაკს უახლოვდებოდა და მეც უფრო და უფრო მეტს ვფიქრობდი ამ ყველაფერზე. ის ღირებულებები, რაც მე მქონდა თითქმის არაფერს ნიშნავდა ჩემი ოჯახისთვის. სწავლა მნიშვნელოვანი, დაახლოებით მეორეხარისხოვანი ფასეულობა იყო. მე კი ამას ვერაფრით ვეგუებოდი.
საკუთარი თავისთვის ვერ ვთქვი, საკუთარი თავისთვის მოვითმინე, მაგრამ როცა გავიაზრე, რომ ჩემი შვილის მომავალსაც საფრთხის ქვეშ ვაყენებდი, გადავწყვიტე მემოქმედა. ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულ რომას მივიჯექი გვერდით.

_ რომაა, ხომ შეიძლება, რომ ქალაქში გადავიდეთ საცხოვრებლად? მეც სამუშაოს მოვნახავ, თან სწავლას გავაგრძელებ, ბავშვიც წესიერ სკოლაში ივლის!_ამას გარდა ძალიან მინდოდა დოქტორანტურაზე ჩაბარებაც. მაგრამ რომამ ცივი წყალი გადაასხა ჩემს სურვილს.

_ ახლა ვერ წავალთ მარია, მე სამსახური აქ მაქვს, ოჯახი აქ მაქვს, ყველა აქაა, და თუ სწავლა უნდა, ბავშვი აქაც ისწავლის და მარსზეც!_ ასეთ პირდაპირ პასუხს არ ველოდი, რატომღაც მეგონა მოვიფიქრებო მეტყოდა. ან რამე მსგავსს, მაგრამ არა!

_ ხო აქ რომ სწავლობდი, იმიტომ გამოხვედი მეცნიერი! რა მიტოვება უნდა? პატარები არიან და საკუთარ თავს ვერ მიხედავენ? თან შენი ძმაც ხომ აქვეა არა? წამოდი, დამეხმარე, მეც ხომ მაქვს ოცნებები და სურვილები!_ ვუთხარი ისევ მოთმინებით.

_ მერე სამსახურს რა ვუქნა? არ იცი, რომ დღეს ასე ადვილი არაა ახლის პოვნა?
ჩემი ძმა ჩემი ძმაა, მე მე ვარ! მე მთელი ცხოვრება აქ მაქვს!_ ხმა შეეცვალა რომას. აშკარად არ სიამოვნებდა ამ თემაზე საუბარი.

_ იცი რას გეტყვი? შენ ერთი რაღაც გეშლება! შენი ოჯახი შენი ცოლი და შენი შვილია! ან ვის ყველას გულისხმობ? მეგობრებს? _ გავბრაზდი მე.

_ თუნდაც!_ თვალებში შემომხედა მან.

_ და მე არ მყავს ოჯახი და მეგობრები? დღესასწაულებზეც კი ვერ ვხედავ მათ წესიერად! ახალი წელი სოფელში გინდა, აღდგომა სოფელში გინდა, ზაფხული სოფელში გინდა! ზამთარი სოფელში გინდა! მძულს უკვე ეს სოფელიც და სანამ შენც შემძულდი წამიყვანე აქიდან!_ ნელ_ნელა ხმას ვუწევდი მე.

_ რა გჭირს კი მაგრამ? გაწყენინა ვინმემ? თუ რა გეტაკა? აქამდე მოგწონდა და ახლა უცბად შეგძულდა?_ მკითხა გაოცებულმა. და მე მივხვდი, რომ მას ერთი წამითაც კი არ ჰქონდა გააზრებული თუ რას განვიცდიდი მე, მისი ცოლი! საერთოდ ვერ ხვდებიდა, რომ ეს ცხოვრება ყელში გამეტებით მიჭერდა ყულფს და სოფელი საერთოდ არაფერ შუაში იყო. სოფელშიც ცხოვრობს ხალხი ბედნიერად და საკუთარ მიზნებს აღწევენ, მაგრამ მიზნების მიღწევას კი არა, მე ბანაობას ვერ ვახერხებდი წესიერად. ავდექი და მის წინ დავდექი.

_ შემომხედე! კარგად დამაკვირდი!_ მართლა ყურადღებით შემომხედა.

_ მითხარი მცნოობ?_ გაოცებით ასწია წარბი.

_ მითხარი, მე ის გოგო ვარ, ვინც შეგიყვარდა?_ ვკითხე ახლა სხვაგვარად.

_ რომ გასუქდი მაგაზე ამბობ?_ გაეცინა მხიარულად._ მე მომწონხარ! რაც მეტი მით უკეთესი!

_ მე, გესმის? მე არ მომწონს საკუთარი თავი! და გასუქება არაფერ შუაშია! შემომხედე რას დავემსგავსე! მე მარია აღარ ვარ! თავადაც არ ვიცი ვინ ვარ! რომა შენ სოფელს სწუხხარ, მე კიდე უკვე საკუთარი თავი მძულს გესმის? _ ცოტა ხანს გაკვირვებულმა მიყურა. მერე წამოდგა და კარისკენ წავიდა.

_ დიეტაზე დაჯექი და გახდები ისევ!_ გეფიცებით მერჩივნა გაერტყა, ან რა ვიცი, რაც სურდა ის ექნა, ოღონდ ასე ნუ დამტოვებდა. ოღონდ ასეთ სისულელეს ნუ მეტყოდა. ვენუგეშებინე, იმედი მოეცა. და მაინც, საკუთარ თავს არ მივეცი უფლება, რომ თუნდაც წამით გამეფიქრებინა: " და მე ეს კაცი შემიყვარდა?!"

მისი უგულისყურობით გულნატკენი ჩემს ერთადერთ მეგობარში საიმედოდ გამოვეხვიე და რეალობას მოვწყდი. ჩემს მშველელ ოცნებებში გადავეშვი.
იმ ღამეს ვოცნებობდი, რომ ღია ვერანდიანი სახლი მქონდა, საიდანაც მთები მოსჩანდა. მცოცავ ყვავილებში ჩაფლული განიერი აივანი. მე კი ვიჯექი ამ აივანზე და იმ შორეულ მთებს ვხატავდი. რიდის დამეძინა არ გამიგია. ოცნება სიზმარში გადაიხლართა.

_ მარუ გძინავს?_ გამოუფხიზლებლადვე ვიგრძენი რომას მოსვლა. ჩვეულად შუაღამისას დაბრუნდა მეგობრებიდან. არ ვიცოდი მაინც დროის რა მონაკვეთს ატარებდა ჩემთან? ღამეს? დილას? სამაგიეროდ ის ვიცოდი, რომ საღამოებს უეჭველად მეგობრებს უთმობდა, აბა კაცი სულ სახლში ხომ არ იჯდებოდა?! არც ის მახსოვდა, რამე მნიშვნელოვანზე ბოლოს როდის ვისაუბრეთ დღევანდელის მსგავსად. თუმცა არც დღეს გვისაუბრია სინამდვილეში, თუ ერქვა ამას საუბარი?! ის ხომ საუბარს გაექცა. ასე უბრალოდ ადგა და დამტოვა. მე განერვიულებული და ნაწყენი. თავად კი ალბათ ეს რამდენიმე საათი მეგობრებთან ერთად მშვენივრად გაინიავა ატკივებული თავი და ახლა მშვენიერ ხასიათზე იყო. რატომაც არა?! მაშინღა გავიაზრე, რომ როცა რაიმე არასასურველზე ვიწყებდი საუბარს, რომა უბრალოდ დგებოდა და მეცლებოდა ხოლმე. სწორედ ამიტომ არ მოგვდიოდა კამათი და აყალ_მაყალი. თავად მითხარით, ეს კარგი თვისება იყო, თუ ცუდი?

ხმა არ გამიცია. იმ წამს მისი ხმის გაგონებაც კი არ მსურდა. ეს იყო კაცი, რომელსაც არ ესმოდა ჩემი წუხილი და ან როგორ გაიგონებდა, როცა ჩემი მოსმენაც კი არ სურდა?!

_ მარუ!_ ფრთხილად შემეხო მხარზე. მხარი უსიამოდ შევარხიე.

_ ეეჰ!_ ამოიოხრა და უსიტყვოდ გადაბრუნდა._ ძალად რატომ ქმნი პრობლემებს, არ მესმის?!

ჩაილაპარაკა და ცოტა ხანში დაიძინა, ისე, როგორც კაცებს სჩევევიათ. ისე, თითქოს აქ არაფერი.
მე კი თვალი ვეღარ მოვხუჭე. თითქოს სახეში გამარტყეს და გამომაფხიზლეს.

_ ძალით ქმნი პრობლემებს!_ ხმიანობდა მისი ხმა ჩემს გონებაში. ყველაფერზე ერთდროულად ვფიქრობდი, ნუთუ მე მართლა ასეთი პრობლემური ვიყავი? ეჭვიც კი შევიტანე საკუთარ თავში. განა მე არ ვიყავი ის გოგო, ყველაფერზე უარი რომ თქვა, ყველა ოცნება სურვილი და პერსპექტივა გვერდზე რომ გასწია, ოჯახი, მეგობრები, ყველა და ყველაფერი რომ დატოვა და სიყვარულის ამარა გამოყვა მას იქ, სადაც დასასვენებლადაც კი აღარ ჩამოდიოდა ახალგაზრდობა?!

ნუთუ მე არ ვიყავი ის გოგო, არანაირი თაფლობის თვე კი არა, დღეც რომ არ ჰქონია და ქორწინებიდან ორი კვირის თავზე მთელი თვით რომ დაემშვიდობა ქმარს და დარჩა სრულიად უცხო ადამიანებთან. განა მე არ ვიყავი ოჯახის ყოველ დღიურ კამათს, წივილ_კივილს, რაც იქ ნორმა იყო, საძინებელში რომ ემალებოდა და ერთი სიტყვაც კი არ ჰქონდა ამაზე დედამისთან ნათქვამი?! და მაინც მე ვქმნიდი პრობლემებს არა?! თანდათან ბრაზმა ამიტანა. მისმა უმადურობამ მომიკლა გული. თავად კი ისე ეძინა, ლამის ჩვილი ბავშვივით. აი თურმე რა ყოფილა თანაცხოვრება, ერთგულება და თანაგრძნობა ყველა გასაჭირისას! გამეცინა საკუთარ თავზე! იმ ღამეს პირველად ვიფიქრე, რომ სიყვარული არაა საკმარისი ბედნიერებისთვის!

ჩემს ქმარს აღარ ახსოვდა, რომ სიყვარულამდე ჩვენ შორის მეგობრობა იყო. რომ ხსომებოდა ახლა მის მკლავზე მედებოდა თავი, ალბათ მთელ ღამეს ტირილში გავათენებდი, გულს მოვიოხებდი და ახალ დილას ისე შევუდგებოდი წამითაც კი არ გავიფიქრებდი, რომ არჩევანში შევცდი.

რამდენიმე დღეში, მეზობელმა გოგომ მომიყვა, რომ იქვე რაიონში ერთ _ერთ მაღაზიას კონსულტანტი სჭირდებოდა ნახვარ განაკვეთზე.

_ ბავშვს ბაღში მიიყვან, მერე იქ წახვალ , საღამოს კიდე გამოიყვან და ეგაა! გარეთ გახვალ და სულ სახლში აღარ იჯდები, თან ხელფასიც გექნება!_ სახლისკენ მომავალი სულ ამაზე ვფიქრობდი. თანდათან ჭკუაში მიჯდებოდა. იქნებ ყურადღებას სხვა რამეზე თუ გადავიტანდი ცოტა ნაკლები მეფიქრა "სისულელეებზე" , როგორც ჩემი ქმარი ეძახდა ამ ყველაფერს.

გახარებულმა რომას ყველაფერი მოვუყევი.
_ მერე?_ მკითხა უინტერესოდ.

_ მერე ის, რომ მუშაობის დაწყება მინდა.

_ ხელფასი რამდენია?_ დავფიქრდი, ხელფასი არც კი მიკითხავს. საქმე ფულში კი არა უბრალოდ რუტინის მოშლაში იყო. რაღაც ახლის კეთებაში, თავის სრულფასოვან ადამიანად გრძნობაში.

_ არ ვიცი, მაგრამ ალბათ ასე სამასი!_ ავიჩეჩე მხრები.

_ მერე სამასი ლარის გულისთვის უნდა იწვალო?_ მართლა გაუკვირდა რომას.

_ აბა ეგრევე პრეზიდენტად არავინ დაგსვამს!_ გავბრაზდი მე. შვატყვე ჩემი იდეით დიდად არ აღფრთოვანდა ჩემი ქმარი.

_ კაი რაა, დაანებე მაგ მაღაზიას თავი, და მე მოგცემ ყოველ თვე მაგ სამას ლარს!_ შემომთავაზა რაღაცნაირად აგდებით.

_ საქმე ფულში არაა!

_ აბა უხელფასოდ წანწალშია!_ ყელში მომიჭირა ბოღმამ.

_ მოიცა, მაღალი ხელფასი თუ მექნება მაშინ არაუშავს წანწალს?! აქ რომ არ გამოგყოლოდი სამჯერ შენზე მეტი ხელფასი მექნებოდა რომ იცოდე! არასდროს არ მიფიქრია ხელფასის სიდიდეზე ცოლად როცა მოგყვებიდი!_ ვუთხარი მოქუფრულმა.

_ მერე შენი განათლების და დიპლომების პატრონს მაღაზია შეგფერის?!_ მითხრა მიშნისმოგებით. აშკარად დავიჭირე მის ხმაში ირონია და გაოგნებისგან ხმაც არ გამიცია. თითქოს სწორედ ის სიამოვნებდა, რომ მე ჩემს ცოდნას ვერ ვიყენებდი და ამით განა გავუთანაბრდი მის სოფელს, ალბათ ზღვარს ქვემოთაც დავეშვი. მართალი ყოფილა, რომ ამბობენ: "როცა დასთანხმდები იმაზე ნაკლებს, ვიდრე გეკუთვნის. მიიღებ იმაზე ნაკლებს, ვიდრე დასთანხმდიო?!"

_ რომა! მადლობა რომ შემახსენე, სად არის ჩემი ადგილი! ვიფიქრებ ამაზე! გპირდები!_ ზურგი ვაქციე და საძინებელში ავედი.
აივანზე მოვბრუნდი და გადავძახე.

_წადი და ბავშვი გამოიყვანე ბაღიდან!

_ შენ არ წამოხვალ?_ მიპასუხა მან.

_ არა რომა, მე არ წამოვალ! მე შენთან ერთად არსად აღარ წამოვალ! მთელი სიცოცხლისთვის მეყოფა სინანულად, სადაც და როცა წამოგყევი!_ აი ასე. ეს იყო პირველი კამათი ჩვენს მრავალწლიან ურთიერთობაში.

მაშინ როცა რომა საქეიფოდ, სათევზაოდ ლუდის დასალვად და გულის გადასაყოლებლად ბიჭებთან ერთად მიდიოდა. მე სახლში ვიჯექი. ბავშვს ვუვლიდი, ვალაგებდი, ვრეცხავდი, ერთი სიტყვით მთელი დღე იმას ვაკეთებდი, რასაც ცოლები აკეთებენ ხოლმე და რასაც არც დაფასება აქვს, არც წახალისება. რადგან იმის პარალელურად რომ კაცმა მეგობრებთან ერთად უნდა ატაროს მთელი თავისუფალი საღამოები, ისიც ნორმად ითვლებოდა, რომ ქალს "ქალის საქმე" ეკეთებინა. და როგორც კაცები არ იღლებიან ქეიფით, ანუ "კაცის საქმით". სავარაუუდოდ არც ქალები არ უნდა დაიღალონ იმ ვალდებულებებით, რასაც ოჯახი გამოუწერს, როგორც დარდის საწინააღმდეგო რეცეპტს. წლების მანძილზე არასდროს მომსვლია თავში აზრად, რომ რამე გამეპროტესტებინა. მე ასე მასწავლა დედამ.

მახსოვს ერთხელ ბებიაჩემმა, დედის დედამ მითხრა:
_ შვილო რომ გათხოვდები, საქმეც რომ არა გქონდეს, მაინც ცოცხი დაიკავე და კიბეზე ზემოთ ქვემოთ იარეო!_ გამეცინა, გულიანად ვიცინე. მერე ვკითხე:

_ და ეგ რატომ უნდა გავაკეთო_მეთქი?!

_ მეზობლები დაგინახავენ და იტყვიან, რა ყოჩაღი რძალიაო!_ ასეა, წლების წინაც და ახლაც ასე იზომება ქალის სიკარგე ოჯახში. მთავარია სულ ცოცხი გეჭიროს, იატაკის საწმენდი ჯოხი, ანდაც სამზარეულოში იდგე ჩამჩით ხელში. თანაც ამ ერთფეროვან რუტინაში ჩაძირულს მუდმივად ღიმილი და კარგი განწყობა უნდა გქონდეს სახეზე ნიღბად აფარებული. ვინიცობაა, დაღლილ ქმარს არ გაუფუჭო განწყობა.

ქალის საქმე, მაინც რა ჯანდაბაა ეს წყეული ქალის საქმე და ვინ ჯანდაბამ დაუკანონა ქალს ეს მუდმივი, დაუსრულებელი საქმე? როცა მე ჩემს შვილს, მაგალითად, ნაჭამი თეფშის ელემნტარულად ნიჟარამდე მიტანას ვთხოვდი, ჩემი დედამთილი ამბობდა, რომ ეს კაცის საქმე არ იყო. ანუ ბავშვს ბავშვობიდანვე აჩვევდნენ ამ ოხერი საქმეების დიფერენცირებას ქალის და კაცის საქმეებად. ჩემი დედამთილი რატომღაც იმაზე საერთოდ არ ფიქრობდა, რომ ჩემს ქმარს მარტივი, წვრილი ტექნიკის შეკეთებაც კი არ შეეძლო. სამაგიეროდ იმ წლების მანძილზე ამაში მე დავხელოვნდი.
ჩემს ქმარს ეგონა, სრულებით საკმარისი იყო რომ მუშაობდა და ხელფასი ჰქონდა. თუმცა ისიც საკითხავია, სინამდვილეში რაში ჰყოფნიდა ეს თავისი ხელფასი?! ჩვენ არასდროს წავსულვართ დასასვენებლად, ქორწილის შემდეგ არაფერი შეგვიძენია მნიშვნელოვანი, საოჯახო ტექნიკას თუ არ ჩავთვლით. სოფლის ცხოვრების ფონზე არ გვიჭირდა, არ გვციოდა და შიშვლები არ დავდიოდით, ბავშვს ტკბილეული და სათამაშო არ აკლდა, მაგრამ არანაირი წინსვლის და განვითარების პერსპექტივა არ გვქონდა და ეს დიდად არც გვაღელვებდა. ყოველ შემთხვევაში მათ არ აღელვებდათ. როგორც აღვნიშნე, სოფლის მეურნეობას ოჯახის უფროსი თაობა უძღვებოდა და გადასახადებიც საკუთარ თავზე ჰქონდათ აღებული. და ამის მიუხედავად ცხოვრება იყო უბრალოზე უბრალო. მოსაწყენი, ინერტული, და ეს იყო ნორმა ყველასთვის. არავინ წუწუნებდა, არავინ ჩიოდა, მხოლოდ ახალი რძლები თუ წაიწუწუნებდნენ საღამოობით რომელიმეს სახლის წინ შეკრებისას. სულ ეს იყო და ეს.

_ მაინც რა ჯანდაბაა კარგი რძალი ამხსნის ვინმე?_ ქაქანით მოვარდა ერთ დღეს მეზობლის რძალი მაია. გრძელ სკამზე დამჯდარი არ იყო, რომ გააგრძელა.

_ გადამრევს ეს ქალი!_ დედამთილს გულისხმობდა _ გამოაცხადა, მეო, უფრო კარგი რძალი მეკუთვნოდაო! რას ნიშნავს კარგი რძალი მეკუთვნოდა? არა გამაგებინებს ვინმე?
გაოცების ნიშნად გაშალა მაიამ ორივე ხელი.

_ კარგი რძალი, მეზობლის რძალია!_ გამეცინა მე.

_ რომლის მაინც?_ შემომხედა მაიამ თავისი ლამაზი ცისფერი თვალებით.

_ ნებისმიერის, ოღონდ მისი საკუთარი არა!_ ისევ გამეცინა მე. მაია დაფიქრდა.

_ ხოო, ჩემსას ( დედამთილი იგულისხმა) ნუნუს რძალი მოსწონს, ქეთა! ექიმი ქალიაო!წნევას მაინც გამიზომავდაო!_ სევდიანად გაეღიმა მაიას.

_ ქეთას დედამთილს იქნებ შენ მოსწონდე, რა იცი?!_ გაამხნევა სიცილით ნანიმ მაია.

_ კიდევ კარგი ქმარს მოვწონვარ და აღარ ვჩივი!_ ჩაილაპარაკა მაიამ. _ არა მაინც რომც არ მოვწონდე, ამის თქმა, თან ჩემს გასაგონად, ნორმალურია? შეცვლის ვინმე რამეს? ან რატომ არ მოვწონვარ? რით მჯობია მისი შვილი. წავიდეს ახლა დედაჩემს ჰკითხოს, კმაყოფილია სიძით?_ მაინც არ ასვენებდა წყენა.

_ რით ვეღარ მოიშალა ამ ქვეყანაში ეს "რძალ_დედამთილიანი" ჰა? რით ვეღარ დასრულდა ეს უაზრო ომი? არადა თავადაც ხომ უვარგისი დედამთილი ჰყავდა დაროს? გაგონილი მაქვს სიცოცხლეს უმწარებდა, თავად რაღატომ გექცევა ასე?_ ხელი მხარზე დაუტყაპუნა ნანიმ.

_ ხოდა სწორედ მაგან გააბოროტა ალბათ, თორემ სულ პატარა ქალური სოლიდარობა როგორ არ შერჩა, ჰა? მაგრამ განა არ ვიცი რის გამო ამითვალწუნა?! უნაყოფო ხეს არ ვაჩერებ ეზოშიო!_ ბაჩომ გამაგონა დღეს!_ თვალები აეცრემლა მაიას. ბაჩო მამათილი იყო მისი. აშარი და საძაგელი ხასიათის კაცი . მარად მოჟამული და პირგაუცინარი. ისე ჩაივლიდა ხოლმე საღამოობით, ქალების შეკრების წინ, მხარზე ცელგადებული გამარჯობასაც კი არ იტყოდა წესიერს. დიდად არ სწყალობდა ქალთა მოდგმას.

_ დავიჯერო მათ ჩემზე ძალიან უნდათ ჩემი შვილი? _ ახლა ხმაშიც გაერია ცრემლი._ სად აღარ დავდივარ, მთელი ექიმები მოვიარე, ვერაფრით დავრჩი ორსულად.

გული დამითუთქა მაიას ჩივილმა.

_ მაი თავს ნუ ისტრესავ, სტრესი პირველი მტერია მაგ ამბავში! თანაც ჯერ ორი წელია გათხოვდი, აცადე ორგანიზმს! _ გაუსაძლისი სურვილი გამიჩნდა მისი გაუგებარი, თავხედი დედამთილი ქოჩრით მეთრია. აბა თავისი შვილი ყოფილიყო თუ ამოიღებდა ხმას. სახლშიც ასე ფიქრებდამძიმებული დავბრუნდი. არა, კი მალევე დავრჩი ფეხმძიმედ, მაგრამ მაინც, სადღაც გულში გამიხარდა, რომ ჩემი დედამთილი დაროსავით გაუგებარი და ავი ქალი არ იყო. მცირე გაუგებრობები კი გვქონდა, პატარ_ პატარა წყენებიც, მაგრამ დარწმუნებული ვარ მასეთ სიტუაციაში მაგ უაზრობას არაფრით მეტყოდა. საღამოს სუფრას რომ ვშლიდით, თინას( ჩემს დედამთილს) ვუამბობდი მაიკოზე.

_ რაოო? უნაყოფო ხეო? სულ გამოტვინდა ეგ უბედური ამ სიბერეში?_ გაბრაზდა თინიკო მაიას მამამთილზე. _ მაგი რამ ათქმევინა? რა თავისი მარინა ხუთი წელი რომ ელოდა შვილს აღარ ახსოვს? მოეწონებოდა მის დედამთილს ბავშვის აყვანის უფლება რომ არ მიეცა?
თეფშები ხელში შემაცივდა. თინიკომაც ენა მოიკვნიტა. მიხვდა გაბრაზებულს წამოცდა სხვისი საიდუმლო.

_ მისმინე მარია, მაიასთან ხმა არ დასძრა! ნუ მომამდურებ ძველ მეზობელს შვილო!_ გაოგნებულმა დავუქნიე თავი. უსიტყვოდ ვივახშმე და სულ იმაზე ვფიქრობდი, რამდენად შეიძლებოდა გენეტიკის ამბავი ყოფილიყო? და თუ უშვილო იყო, იქნებ პრობლემა მაიაში კი არა მის ბედოვლათ ქმარში იყო? და ამ საწყალ გოგოს ტყუილად ჩაგრავდნენ და სტრესავდნენ?! როგორ და რანაირად მეთქვა მისთვის, რომ ექიმთან საკუთარი ქმარი წაეყვანა. ან წაყვებოდა კი?

_რომა!_ ბავშვი საწოლში ჩავაწვინე, საბანი დავაფარე და ქმარს საწოლზე ჩამოვუჯექი.

_ მე რომ შვილი ვერ გამეჩინა, რას იზამდი?_ გაკვირვებულმა ამომხედა.

_ რა უნდა მექნა?_ აშკარად არც ამაზე ჰქონდა ბევრი ნაფიქრი.

_ გამშორდებოდი,თუ ჩემი მიზეზით ბავშვს ვერ გავაჩენდი?_ დავუზუსტე კითხვა.

_ არა , მაგის გამო როგორ გაგშორდებოდი, ახლა 21 საუკუნეა და უამრავი ხერხი არსებობს მედიცინაში! _ გააქნია თავი მან.

_ და თუ ყველა ხერხი კრახს განიცდიდა ბავშვის გაჩენის, მომცემდი უფლებას რომ ბავშვი ბავშვთა სახლიდან აგვეყვანა?_ მე ასე მეგონა მაშინაც და ახლაც ასე მგონია, მაშინ რომ რომას ამ კითხვაზე უარით ეპასუხა, ადრე თუ გვიან აუცილებლად შევიძულებდი ამ უარისთვის.

_ იცი რა არის მარია? კაცისთვის და არა მარტო , ალბათ ძალიან რთულია იმის აღიარება, რომ შვილი არ ეყოლება საკუთარი შვილი, მაგრამ სინამდვილეში ალბათ ასეც არის საჭირო, როცა ღმერთი შვილს არ მოგცემს, ამით გეუბნება კიდეც რაც უნდა გააკეთო!_ ისე გამიხარდა მისი პასუხი, ისე გამიხარდა, თითქოს ამაზე მთელი სამყაროს ბედი ეკიდა. "არა! ვუთხარი საკუთარ თავს._ შენ რომაში არ შემცდარხარ მარია! შეუძლებელია მასში შემცდარიყავი!"

იმ ღამეს ის წყენა დავივიწყე. საკუთარი თავი დავაჯერე, რომ ყველას გვაქვს მინუსები. მასაც, მეც, მაგრამ სიყვარულის ხიბლი ხომ სწორედ ისაა, რომ ამ მინუსების მიუხედავად გიყვარდეს ადამიანი.

მეორე დილით ბავშვი რომ მიგვყავდა ბაღში მანქანით. აივანზე დავინახე მაიკო. მოაჯირს ეყრდნობოდა დაფიქრებული და სევდიანი სახით. მის თვალებშიც ის იმედგაცრუება და სასოწარკვეთა ელავდა, რაც ჯუნას თვალებში დავინახე მანამდე. ამის აღმოჩნამ შემაშინა. არა! არ დავუშვებდი, რომ მაიკო შემდეგი ჯუნა ყოფილიყო! სასწრაფოდ რაღაც უნდა მომეფიქრებინა და საკუთარ თავთან ერთად მაიკოსთვისაც უნდა მეშველა.
ერთი უცნაური მსგავსება ასოციაციასავით ჩამყვა გულში. მაიკოსაც ჯუნას ხალათივით ფუმფულა ვარდისფერი ხალათი ეცვა იმ დილით. წელზე საგულდაგულოდ განასკვული სახრჩობელას ყულფით.




3

ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ გაჩუმება კამათის თავიდან აცილების საუკეთესო ხერხია. სულ მესმოდა, რომ არ ღირს საკუთარი შეხედულებების და მოსაზრებების გამო ვინმეს წყენინება და მით უფრო, თუ ეს ვინმე ქმარი და ქმრის ოჯახია. რომ თუ ქალს სიმშვდივე გინდა ოჯახში, დროულად გაჩუმება უნდა ისწავლო. ეს გაჩუმება კი დაბადების წამიდან გვასწავლეს. იყო დრო , როცა ბავშვის წამოტირებაც კი აკრძალული იყო ოჯახში. ბავშვი თუ ჭირვეულობდა გამკიცხავ მზერას, რა თქმა უნდა რძალი იმსახურებდა. ამ გამკიცხავი მზერის პატრონი კი, როგორც წესი, მისი უდიდებულესობა დედამთილი იყო, მასაც ამ მრავლისმთქმელი და ღირსეული მზერის დაყენების კურსები საკუთარ დედამთილთან ჰქონდა გავლილი, იმასაც საკუთართან და ასე დაუსრულებლად. იმას კი არავინ ფიქრობდა, რძლის გულში და გონებაში თუ იყო სიმშვიდე ან რად უღირდა იმ ოხერი სიმშვიდის თამაში. მოკლედ ეს "რძალ_დედთილიანი" ვეფხისტყაოსნის არ იყოს მზითვებში ერგებოდა ქალს. თუმცა ერთი ძირეული განსხვავებით. განა მზითვად მიჰქონდა, არა, ახალ ოჯახში დაახვედრებდნენ ხოლმე ხალათთან ერთად, როგორც აუცილებელ საჭიროებას.

გამონაკლისები ყველგან და ყოველთვის არიან, და თუ ვინმეს ჩემი სიტყვები გულზე ხიჭვად დაესობა, თავი იმ გამონაკლისების კასტას მიაკუთვნოს, არაა პრობლემა. ჩემი ვალდებულება ამ ამბის მოყოლაა მათთვის, ვისაც მისი მოსმენა სჭირდება.

ასევე მნიშვნელოვანი იყო მზითვები. უმეტესად კარგი მასალის "სპალნა" თუ ამ სპალნას თან "სტენკაც" ახლდა ხომ უკეთესი. თუ არადა "სტენკაში" დასადები მადონას სერვიზი ხომ აუცილებლად მოჰყვებოდა და ამასაც არაუშავდა. ვიცი ჩემს ხმაში ირონიას დაინახავთ და იქნება გეწყინოთ კიდეც, მაგრამ რა ვქნა, თუ ეს ასე იყო და არა სხვაგვარად. არა, ვერ ვიტყვი, რომ კარგ რძლობას მარტო "სპალნა" და "სტენკა" განსაზღვრავდა, მნიშვნელოვანი იყო ასევე ქალის დიპლომიანობა. ამაზე
რატომღაც ნუნუკას ქეთი გამახსენდა და ბარემ მასზეც მოგითხრობთ ორიოდ სიტყვით.

ქეთი მაღალი, სასიამოვნო ფორმებიანი, წითელტუჩება გოგო იყო და იმით განსხვავდებიდა და გამოირჩეოდა უბნის დანარჩენ რძლებში, რომ საჭირო მზითვების გარდა ექიმის დიპლომიც ედო "სტენკის" უჯრაში. რითაც ისე მოჰქონდა ნუნუკას თავი, თითქოს თავად მიუძღვოდა რამე წვლილი ამ გოგოს განათლების საქმეში. გარედან და შორიდან ყველაფერი იდეალურად ჩანდა. ქეთის ქმრის დათიკოს მუდამ მაზუთით დასვრილი ხელების გარდა. როგორც ჩანს ნუნუკასთვის მხოლოდ რძლის დიპლომს ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა და დიდად არ ნაღვლობდა იმაზე, სურდა თუ არა ქეთის დედასაც დიპლომიანი სასიძო სიძედ.

მშრომელი ბიჭი იყო დათიკო, როგორიც სოფელს შეეფერება სწორედ ისეთი. დიდი მანქანა ჰყავდა და ტყიდან შეშას ეზიდებოდა ხოლმე და მით უფრო ზამთრის პირზე კარგ ფულსაც აკეთებდა. იმდენს მაინც, რომ საწუწუნოდ არ ჰქონოდა საქმე და ცოლის მუშაობის აუცილებლობა არ დამდგარიყო მათი ოჯახის დღის წესრიგში. მაგრამ ქეთის გულში მაინც ცოცხლობდა ნამდვილი ექიმობისმსურველი ჭია და მის გულს გამუდმებით ხრავდა და ხრავდა.
თავიდან გასამართლებელი მიზეზი მოიდო ნუნუკამ :

_ ჩემი რძალი, ჯერ წვრილშვილის პატრონია, გამოზრდის ბავშვებს და გავა სამსახურში, აბა რას იზამს, ენაცვალოთ მაგათ ბებიაო!_ მაგრამ წვრილშვილის სურვილები და საჭიროებები არა და არ დაილია. ნუნუკას კი ეს სულ არ ადარდებდა და მგონი ვერც ხვდებოდა, რომ ცხოვრება მუდმივად წინ მიდის და თუ ამ განვითარებას ერთხელ მაინც ჩამორჩი თუნდაც ერთი ნაბიჯით ვეღარასოდეს დაეწევი. ასე რომ ნელ_ნელა ქეთიც ჩამორჩა რიტმს. იმის ნაცვლად ტრენინგებზე ევლო, მუდმივად ესწავლა და განვითარებულიყო, ის მხოლოდ წვრილშვილზე და დათას საჭიროებებზე იყო მორგებული და თავისი წითელი დიპლომი მხოლოდ ნუნუკას წნევის საზომად თუღა ადგებოდა. ვამჩნევდი, ყოველთვის როცა ნუნუ მისი რძლის ექიმობით იწყებდა ტრაბახს, ქეთის თვალები ჩაუქრებოდა, ბოლოს კი რამეს მოიმიზეზებდა და აცრემლებული ტოვებდა ხოლმე ქალების შეკრების ადგილს. აბა
ვინ გაიგებდა ქეთის სატკივარს ჩემზე უკეთ?!

_ როგორ ხარ მაიკო?_ მოვიკითხე ბაღისკენ სეირნობით მიმავალმა დამგზავრებული მეზობელი.

_ცუდად! _ ამოიოხრა მან და ამ ერთ სიტყვაში დაატია მთელი გულისტკივილი.

_ მაი კარგი რა!_ ვფიქრობდი და სიტყვებს სიფრთხილით ვარჩევდი.

_ ყველას აქვს თავის ტკივილი ხომ იცი, არა? არ იფიქრო, რომ მარტო შენ გტკივა!_ მინდოდა გაეაზრებინა, რომ პრობლემები ცხოვრების თანმდევი რამაა და ამის მიუხედავად ცხოვრება მაინც გრძელდება.

_ და ყველას საკუთარი პრობლემა მიაჩნია გადაუჭრელად არა!_ გაეღიმა მწარედ._ დღეს მგონი ქეთის ვაწყენინე.

ჩაილაპარაკა თავისთვის.
გამიკვირდა, ქეთი არ იყო ავი გოგო. კამათი რაზე უნდა მოსვლოდათ. მაგრამ ვერაფერი ვკითხე, რომ ცნობისმოყვარეობაში არ ჩაეთვალა.

_შემომჩივლა, ამ ბავშვების გადამკიდეს ცხოვრება მეპარება ხელიდანო!_ ისევ თავად გააგრძელა უცნაური ბრაზით. _ ბავშვების გადამკიდესო გესმის?
მივხვდი, რომ საქმე ქეთიში და ქეთის ნათქვამში კი არ იყო, არამედ მხოლოდ მაიკოს პრობლემაში.

_ ვუთხარი, ნეტავ შენი შვილების მსგავსმა ერთმა მაინც ირბინოს ჩემს ოჯახში და ჭირასაც წაუღია ჩემი სამსახურიმეთქი! ტირილი დაიწყო და სახლში გაიქცა!_ თავადაც აუცრემლდა მაიკოს თვალები.

_ არ უნდა მეთქვა ასე, არა? მაგრამ რაღა მე შემომჩივის ამ პრობლემით? არ იცის ჩემი რომ გამჭირვებია?_ მუჭებით ამოიწმინდა ცრემლები მაიკომ.
გავჩერდი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. გამგუდა და დამახრჩო ამ ჩვენმა საერთო სიტუაციამ. ჩვენი პრობლემები ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, როგორც ჩვენივე ფერადი ხალათები. მაგრამ მაინც ერთნაირად ვიხრჩობოდით ამ ხალათის ყულფად გამონასკვული ქამრებისქვეშ.

_ ჯანდაბას მაიკო! ჯანდაბას! მომხედე აქეთ!_ მაია შედგა და გაოცებულმა გამომხედა.

_ ჯაბა იყო ექიმთან? იქნებ პრობლემა ჯაბაშია და შენ ტყუილად წვალობ ამდენს?_ მაინც ვუთხარი, რაც მაწუხებდა. თუმცა მარინას ნაშვილებ ბავშვზე სიტყვა არ დამიძრავს.

_ მეც ვუთხარი ეგ, მაგრამ დარო გადაირია, კაცის უშვილობა არ გამიგია მეო, ჩემს შვილს დაანებე თავი, შენს სიბერწეს ჩვენ ნუ დაგვაბრალებო!_ სიბერწესო? ამ სიტყვამ გამაოგნა.

_ ეგრე გითხრა გოგო?_ ხმაც კი ამიკანკალდა მღელვარებისგან.

_ სიტყვასიტყვით!_ დამიდასტურა მაიამ. არ ვამბობ, რომ თუ და უშვილო იყო , ძმაც უშვილო იქნებოდა, რა სისულელეა, მაგრამ საკუთარი შვილის პრობლემიდან ნუთუ მეტი ჭკუა ვერ ისწავლა ამ საძაგელმა ქალმა?! სიბერწე რამ ათქმევინა? ისე გადამეკეტა გონება, ლამის კანკალი დამაწყებინა. ასე გულთან რატომ მიმქონდა მაიკოს ამბავი, ვერაფრით ვხვდებოდი.

_ სულაც რომ არ გაგიჩნდეთ საკუთარი შვილი, ბავშვის შვილობაზე არ გიფიქრიათ?_ გავხედე საკუთარ ფიქრებში გართულ ქალს. ჩაეცინა.

_ და როგორ გგონია ბაჩო "ვიღაც ძაღლის გაგდებულს დაუტოვებს საკუთარ სამეფო მემკვიდრეობას"?_ მივხვდი ბაჩოს სიტყვებს იმეორებდა და ამაზეც ნალაპარაკები ჰქონდათ ოჯახში. მთებს გახედა მაიკომ და ისევ გაიბრჭყვინა ცრემლმა მის ლამაზ ცისფერ თვალებში. ისეთი ლამაზი იყო მაიკო, ნებისმიერი კაცის გულს მოიგებდა, მეორედ კი არა მეასაედ გათხოვდებოდა თუ მოინდომებდა, უფრო ღირსეულზე, ვინც დააფასებდა და საკუთარ მშობლებს არ მისცემდა მისი ასე გათელვის უფლებას. ვინ ვინ და ჯაბამ ხომ კარგად იცოდა, საკუთარი "დიშვილის" ამბავი!

_ მაიკო ყველაფერი კარგად იქნება! გესმის? აიძულე ჯაბა ექიმთან წავიდეს! თავადაც გამოსცადოს ამ ამბის სირთულე, იქნებ მერე მაინც დაგიდგეს მხარში._ თავი დამიქნია, მაგრამ რაღაცნაირად უიმედოდ.

გზაჯვარედინზე მე ბაღისკენ გადავუხვიე, უმუშევარმა და ვერ შემდგარმა საკუთარ პროფესიაში, მაგრამ ულამაზესი და უჭკვიანესი ბიჭუნას დედიკომ. მაიკო კი სამსახურისკენ მიმავალ გზას დაადგა, წარმატებული კარიერაში, მაგრამ უბედური პირად ცხოვრებაში. იქ კი, სადღაც სოფელში, ქეთი ტიროდა, თუმცა მისი დედამთილისთვის რომ გეკითხათ, ქეთიზე კარგი რძალი დუნიაზე არ დადიოდა და მის ოჯახს ძალიან გაუმართლა , რომ ქეთიმ მათ ოჯახში შედგა ფეხი. თავად ქეთისაც კი არავინ ეკითხებოდა, იყო თუ არა ამ ფეხის შედგმით ბედნიერი.

"რას ვეძებთ ადამიანები ამ ცხოვრებაში?!"_ ვფიქრობდი ბაღიდან სახლისკენ მომავალი. თან საბუკას ვუყურებდი, ბედნიერად რომ მიგორებდა სპაიდერმენიან სკეიტს.

რატომ ვერ ვახერხებთ ერთამანეთის გაბედნიერებას? განა ასე აუცილებელია ამ მართლაც ძალით შექმნილი პრობლემების ქონა? ოდესმე ხომ მეც გავხდებოდი დედამთილი? ოდესმე საბუკაც გახდებოდა ქმარი და მამა. ნუთუ მეც ისე გამიჯდებოდა სისხლში "რძალ_დედთილიანი" რომ სხვისგაზრდილ და ნალოლიავებ პრინცესას გულს ასე მოვუკლავდი?! ნუთუ მეც არ ვიფიქრებდი იმაზე, რომ რძლებად მონათლული, ქალების უმცროსი თაობა ვიღაცის საყვარელი, ხელისგულზე სათუთად გამოზრდილი პრინცესები იყვნენ. რომ მათ დედებს არანაკლებ სურდათ საკუთარი გოგოების ბედნიერება, ვიდრე ჩვენ გვსურდა ჩვენი ბიჭებისა?!

"მე უკეთესი რძალი შემეფერებოდა!"_ გახმიანდა ჩემს გონებაში ნუნუ სიტყვები. რძალსაც რომ საკუთარ თავს არგებდა და ეს ნორმად მიაჩნდა. თურმე რძალი დედამთილს უნდა შეეფერებოდეს. და ამაზე ასე ურცხვად დუმდნენ მათი გაზრდილი "ვაჟკაცები". ისევ საბუკას გავხედე და დავინახე, როგორ ცდილობდა სიჩქარე ეკონტროლებინა და იმაზე შორს არ გაქროლებულიყო, ვიდრე ჩემი სიმშვიდისთვის იყო საჭირო. არადა ჯერ სულ რაღაც ხუთი წლის იყო და უკვე მყარად ება ფეხზე ჩემგან გამობმული დედობრივი სიყვარულის ბორკილები. ამის გააზრებამ სახეში სილასავით შემომილაწუნა. შორს აღარ იყო ის დრო, როცა მეც ვუყიდიდი საკუათარ რძალს ან გოგონას ფერად, ფუმფულა ხალათს და საკუთარი ხელით შემოვუჭერდი წელზე იმ ჯადო_თილისმა ქამარს.

იმ წამს გადავწყვიტე ჩემი ვაჟი საბუკად კი არა საბად გამეზარდა. კაცად და არა დედიკოს ბიჭუნად. თავისუფალ ადამიანად და არა შვილად, ან სიძედ და ქმრად. ჯერ საკუთარი თავის მიღება და სიყვარული მესწავლებინა, შემდეგ ოცნება და ოცნების მნიშვნელობა, შემდეგ გამბედაობა მიმეცა და საკუთარი ოცნებისკენ აფრენაში არასდროს გავმხადრიყავი მისთვის ბორკილი.

_ საბა!_ დავუძახე წინ მიმავალს.

_ ჰო დედიკო!_ გამომხედა ჩემმა თვალებციმციმამ.

_ გააქროლე საბა, უფრო სწრაფად გააქროლე დედიკო!_ დავუძახე მთელი ხმით. ჯერ გაოცდა და ინტერესით დამაკვირდა. თითქოს საკუათარ ყურებს არ ენდო. მე გავუღიმე, ხელით "მიდიმეთქი!" ვამიშნე, გავამხნევე.

სახე გაებადრა, მიბრუნდა და თავისი პატარა თითებით მაგრად მოეჭიდა სკეიტის წითელ საჭეს. პატარა ფეხი ძლიერად დაჰკრა ასფალტს და გაქროლდა.

ვუყურებდი და ვტიროდი, სიხარულისგან ვტიროდი გესმით?! მეამაყებოდა, რომ ჩემი პატარა ბიჭი ნათელი და ლამაზი ცხოვრებისკენ ჩემგან გამხნევებული თამამად და თავისუფლად მიქროდა. და მერე რა თუ ამ წინსვლაში სადმე დაეცემოდა, მერე რა თუ ხანდახან იტირებდა დამარცხებისგან, ცხოვრება ხომ მუდმივი დამარცხება და გამარჯვებაა? რომ გაიაზრო სხვისი მარცხის სიმწარე , თავად უნდა გეტკინოს. რომ დააფასო და გიხაროდეს სხვისი გამარჯვება თავად უნდა იცოდე ამ გამარჯვების სიხარული!

ვუყურებდი საბას და არაფერი და არავინ არ იყო იმ წამს ჩემთვის მის ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი.




4

ერთ საღამოს "ხალათიან ქალთა საბჭოზე" როგორც ხუმრობით ვეძახდი, რომ ვისხედით მოულოდნელად კივილი ატყდა სოფელში. მივხვდით რაღაც ცუდი ხდებოდა. წამი არ იყო გასული სახანძრომაც ჩაიქროლა სირენით და კუდში სასწრაფო და პოლიციაც მიჰყვა. ყველა ანერვიულდა. სოფლის ბოლოში ცაზე უცნაური ბოლის ღრუბელი გაწვა.

_ ხანძარია!_ თქვა მაიკომ.

_ წამოდი, ჩავიდეთ!_ წამოდგა რომელიღცა, არ მახსოვს ვინ.

ცოტა ხანში მთელმა სოფელმა ბეშიძეების ორ სართულიანი სახლის წინ მოყარა თავი.
იწვოდა მათი სახლი. ცეცხლი ბრიალებდა. შავ_შავი ფთილები თოვლივით ცვიოდა ჩვენს თავებზე. საშინელი ნამწვის სუნი იდგა. სახლის უფროს დიასახლისს ასულიერებდა სასწრაფო. კაცები ცდილობდნენ საბძელი და სხვა ნაგებობები მაინც გადაერჩინათ.
ცოდვის წამი იდგა. იწვოდა ერთი ოჯახის მთელი ქონება. თუკი რამე ჰქონდათ შეძენილი ყველაფერი ცეცხლს მიჰქონდა. თვალსა და ხელს შუა იფერფლებოდა მათი ნაშრომ_ნაწვალები. ინსტიქტურად მათ ბავშვებს მოვავლე თვალი. სამი შვილიშვილი ჰყავდა ფატი ბეშიძეს. ერთი სამი წლის წინ დაღუპული პირველი ვაჟისგან, ორი კი უმცროსი ბიჭისა იყო. ვაჟა ერქვა უმცროსს, წინა ზამთარს შეშაზე წასულ ბრიგადას გაჰყვა ვაჟა. ცუდად მოჭრილმა ხემ არასწორი მიმართულებით დაიწყო ვარდნა და ფატის ნაბოლარაც ქვეშ მოიყოლა. სახლში რომ მოასვენეს საწყალი ბიჭი, ვერავინ გაბედა ხმის ამოღება, იდგნენ, ეზოში ესვენათ თავდახრილ კაცებს მიცვალებული და ფატის გამოსვლას ელოდნენ. ვერცერთმა გაბედა შვილმკვდარი დედისთვის იმის თქმა, რომ მეორე ვაჟიც უბედურმა შემთხვევამ წაართვა. იმ დღის შემდეგ უკან_უკან წავიდა მათი ოჯახის ამბავი. მთელმა სოფელმა იცოდა რომ რძალ_ დედამთილს შორის უკმაყოფილება ჩადგა. თითქოს სულ შეიცვალა თაკო. დასანახად შეიძულა ფატი. მას აბრალებდა ქმრის სიკვდილს. თურმე იმ უბედურ დღეს წინაღამის ნამთვრალევი შვილი ძალით გაუღვიძებია ფატის.

_ახლა ძილის დროა, ადექი სამუშაოდ გადიო. _ თაკოსგან ამის შეხსენება არც სჭირდებოდა ფატის. ისედაც თავს იდანაშაულებდა და არც კი ვიცი, რა ძალებით ახერხებდა ცხოვრების გაგრძელებას, მაგრამ თავისი ობლების ხათრით მთას ეჭიდებოდა ჭიანჭველა.

უცნაურად მომხვდა თვალში მისი რძლის გამოხედვა. ისე უყურებდა სასწარაფოში ატირებულ დედამთილს თითქოს ერთი სული ჰქონდა შუაზე გაეგლიჯა.

როდის როდის ცეცხლი ჩააქრეს, მაგრამ მთავარი ცოდვის ცეცხლი მხოლოდ მერეღა აინთო. სახლისგან მხოლოდ რამდენიმე გაჭვარტლული ნივთის გამოტანა მოასწრეს სოფლის კაცებმა. ეს იყო და ეს. ერთ დროს ძლიერი ოჯახი მიწასთან საბოლოოდ გასწორდა. დროებით კარის მეზობლებმა შეიფარეს გაუბედურებული ხალხი.

ერთი კვირაც არ იყო გასული ამ ამბიდან, რომ რომა სახეწაშლილი შემოვიდა სახლში.

_ რა მოხდა შვილო რა სახე გაქვს?_ მაშინვე შეამჩნია თინიკომ შვილის უხასიათობა. ბავშვთან თამაშს თავი ვანებე და ქმარს გამოვხედე.

_ რა ხდება რომა?_ ვკითხე მეც

_ გაიგეთ, რა უქნია იმ... თაკოს?_ გამოგვხედა რომამ. აშკარად თავი შეიკავა, რომ გინებაც არ დაეყოლებინა ზედ.

_ რა ქნა მაგ სულელმა?_ თავიდანვე არ მოსდიოდა თინას თაკო თვალში.

_ რა და ზურიკო ისე გაულახია, გული წასვლია ბავშვს!_ზურიკო გარდაცვლილი მაზლის შვილს ერქვა.

_ რას ერჩოდა ბავშვს ეგ სამიწე?_ გული დაეწვა თინას.

_ ხანძრის გაჩენა ზურიკოს ბრალი ყოფილაო! ნაკვერჩხლით უთამაშია და .. მაგრამ ასე რამ გააგიჟა? მთავარია ცოცხლები დარჩნენ. _ ხელები გაშალა რომამ გაოცების და აღშფოთების გამოსახატად.

_ მერე ახლა გაახსენდა ეგ ამბავი?_ გამიკვირდა მეც.

_ ფატის საბძელი მოუსუფთავებია, იქ შეუტანია თუ რამ დარჩა, სამადლოდ როდემდე ვიცხოვროო, აქ ვიქნებით, ჩვენს ჭერქვეშო და ეტყობა იქ მოჰყვა ხელში ბავშვი. მანამდე თავად ლიასთან ათევდა ღამეს თავის ბავშვებთან ერთად და ფატი და ზურიკო დალისთან იყვნენ._ ჩაიქნია ხელი თინამ.

_ მაგას თავიდანვე არ უყვარდა ზურიკო, _ ჩავილაპარაკე სევდიანად მე. ერთხელ მაიკოსთან თქვა: ზედმეტი ბარგიაო სხვისი შვილიო და ძლივს გავწიწკნეთ მაიკოს ხელიდან. რა უცნაურია ცხოვრება, მაიკოს რომ ჰყოლოდა მასე, მაზლიშვილს კი არა, მეზობლის ბავშვს გაზრდიდა, ის კი დასანახად ვერ იტანდა საბრალო ობოლს.

ცოტა ხანს გაბრუებული ვიჯექი და მათზე ვფიქრობდი. რა შეიძლებოდა მექნა?! და ერთი ამბავი გამახსენდა. ერთი უპატრონო ლოთი გვყოლია სოფელში. ერთ დღესაც სახლიდან რომ აღარ გამოვიდა, შეაკითხეს კაცებმა. ფეჩის გვერდით იპოვნეს გარდაცვლილი. სოფელმა გააპატიოსნა, დამარხა და ქელეხიც კი გადაუხადა საბრალოს. ასე იცის სოფელმა გასაჭირში გაერთიანება. იქ უპატრონო მკვდარი არ არსებობს, იქ სოფლის მიცვალებულია. სოფლის გლახაკია, სოფლის ობოლია და სოფლის ქვრივია. ახლაც ფეხზე დადგებოდა სოფელი, უბრალოდ ერთი შემოძახება უნდოდა და გამოფხიზლება.
უხმოდ ავდექი და ეზიდან გამოვედი. მაიკოს სახლისკენ წავედი. თან ქეთის და კიდევ რამდენიმე ქალს მივაძახე.
უცებ მოგროვდა ყველა.

გადაწყდა, მთელი სოფელი და მეზობელი სოფლები შემოგვევლო და ბეშიძეების ფეხზე დასაყენებლად დახმარება გვეთხოვა.
მანამდე კი ტანსაცმელი და საკვები სჭირდებოდათ ობლებს. ზუსტად საბას ხელა ჰყავდა თაკოს უმცროსი ვაჟი. საბას ტანსაცმელი ჩავალაგე, ქეთიმ თავისი გოგონების, მაიკომ პროდუქტი ჩააწყო ჩანთაში. ერთი სიტყვით იმ წამს, ვისაც რაზე მიუწვდებოდათ ხელი და ბეშიძეებისკენ წავედით.

_ არ წახვიდე შვილო, ყველაფერს ეშველება,_ მოგვესმა მანქანიდან გადასულებს. ფატის გულსაკლავი ტირილი. ერთმანეთს გაოცებულებმა გადავხედეთ, ასე საცოდავად შვილიც კი ვერ დაიტირა დარდისგან გამეხებულმა ქალმა.
ჭიშკარი შევაღე და ისეთი სურთი გადამეშალა თვალწინ, თუ გული არ გამისკდებოდა არ მეგონა.
თაკოს ვიღაცის მანქანაში ჩაესვა უმცროსი ბავში. უფროსი კი ბებიას ჩახუტებოდა და ხელის გაშვება არ სურდა. თაკო კი გამწარებული ექაჩებოდა გოგონას. აქეთ ბავშვი ტიროდა, იქით ფატი.
წამით გავშრით. ყველა მივხვდით, რაც ხდებოდა, თაკო მშობლების სახლში ბრუნდებოდა და თავისი შვილებიც თან მიჰყავდა. ხოლო დედამთილს და საკუთარი შვილების ობოლ სისხლს და ხორცს ღვთის ანაბარად ტოვებდა.

_ სულ დაკარგე ადამიანობა არა!_ დაჰკივლა მაიკომ გაგიჟებულ ქალს._ სულ გადახვედი ჭკუიდან , არა?!

_ რა გინდათ? რა გინდათ ჩემგან?! აბა აქ დავრჩე და საბძელში ძროხასთან ერთად ვიცხოვრო? აქ ვაცხოვრო ბავშვები?_ აკივლდა თაკო.

_ ბავშვები მარტო შენი შვილები არიან შე წუპაკო? ამ საბრალოებს ვის უტოვებ?! _ მაიკო დასაბმელ გიჟს დაემსგავსა. ქეთი გადაუდგა წინ, თორემ შუაზე გაგლეჯდა თაკოს.

_დაფიქრდი თაკო, ცოდვას სად მიუხვალ?_ სცადა გონზე მოეყვანა ქეთიმ.

_ მაგათი ბრალია, რაც მოხდა! დამიტოვა ობლები უსახლკაროდ მაგ სატანის ნაშიერმა მაგან!_ ხელი ბებიის უკან ატუზული ზურიკოსკენ გაიშვირა თაკომ.

_ ბავშვს სატანას ეძახი შე არაქალო?!_ სულ გამოვიდა მაიკო წყობილებიდან.

_ თაკო, ჩვენ დაგეხმარებით, ფულს ავაგროვებთ, ახალ სახლს ავაშენებთ, გონს მოდი, ისეთ რამეს ნუ იზამ, რომ სანანებელი გაგიხდეს. _ ვცადე ამეხსნა, რომ მარტო არ იყვნენ, რომ სოფელი მხარში დაუდგებოდა, მაგრამ მას არაფრის გაგონება არ უნდოდა.

_ ოჰ გამომიხვედი მშვიდობის ელჩი!_ მომაყვირა უხეშად._ ეგღა მაკლია თქვენი მოწყალების იმედად ვიცხოვრო!
თავის გოგონას თმაში ჩაავლო ხელი, მუხლებზე მდგარ ბებიას გულიდან აადღლიზა და მანქანაში ჩააგდო. ჩაჯდა. კარი მოიჯახუნა და ისე წავიდა, თითქოს კატის კნუტები გადაყარა სანაგვეზე. მათაც კი მოხედავდა ადამიანი ერთხელ სინდისის ქენჯნის გამო. მაგრამ თაკოს არ მოუხედია. ჯერ ისევ მუხლებზე იდგა და წასული შვილიშვილების გზას გაჰყურებდა ფატი. ვეღარ ტიროდა. ქეთი მივიდა მხრებზე ხელი მოხვია და წამოაყენა.

_ წამიდი ფატი დეიდა წნევას გაგიზომავ!_ საბძელისკენ წაიყვანა. დამწვარი სახლის ნანგრევებს რომ გავუარეთ, ჯერ ისევ იგრძნობოდა საშინელი ნამწვის სუნი და თითქოს აქა_იქ ისევ ხრჩოლავდა. ფატიმ თვალი მოავლო საკუთარი ოჯახის ნარჩენებს, ამოიოხრა და გული წაუვიდა.

იმ ღამეს საავადმყოფოში გადაიყვანეს ქალი. ზურიკო კი მე წამოვიყვანე სახლში. ვიფიქრე საბასთან გაერთობოდა და ცოტა ხნით მაინც გადაავიწყდებოდა საკუთარი საწუხარი.

თქვენ ალბათ მკითხავთ, სად იყო ამ შავთვალა, თავგადახოტრილი, გამხდარი ბიჭუნას დედა. მამამისის სიკვდილის შემდეგ ზურიკოს დედა ევროპაში წავიდა სამუშაოდ. რაღაც პერიოდი ფულსაც უგზავნიდა შვილს. დაახლოებით წელიწადნახევარი გაგრძელდა ასე. შემდეგ კი ახალგაზრდა ლამაზი ქალი ადგა და უბრალოდ გათხოვდა. თუმცა საქმე მეორედ გათხოვებაში არ იყო. არ ვიცი რა გახდა მიზეზი, მაგრამ შვილზე უარი თქვა. აღარც რეკავდა, აღარც ეხმიანებოდა. უცნაური ის იყო, რომ სანამ ზურიკოს დედაც მიატოვებდა, თაკო არ ავლენდა მისდამი აგრესიას, გვიკვირდა კიდეც, ისეთი მოვლილი დაჰყავდა. მაგრამ როცა პირველი რძალი საზღვარგარეთ გათხოვდა, ბავშვი თაკომაც აითვალწუნა. მოიძულა და ხშირად ამბობდა, საკუთარ დედას არ უნდა, მე რაღაში მჭირდებაო?! მაგრამ საქმე მგონი ზურიკოში კი არა, იმ ბრაზში იყო, რასაც თაკო ოჯახის უფროსი რძლის მიმართ სადღაც სამართლიანადაც განიცდიდა. უბრალოდ მისმა ბრაზმა არასწორი მიმართულებით იდინა და საბოლოოდ ის შედეგი მივიღეთ, რაც ვნახეთ.

თინამ ბავშვი გულში ჩაიკრა, მოეფერა. ზურიკოს სულ უბრალო ალერსმაც კი აუჩუყა გული და თვალები აუცრემლიანდა. სანამ მაგიდას გავშლიდით საბას ვთხოვე, მანქანები და აგურები მოეტანა და ზურიკოსთან ეთამაშა. მანაც პატარა მეგობრის ხილვით ფრთაშესხმულმა მაშინვე მოარბენინა სათამაშოების კალათი , ღუმელის გვერდით გაშლილ ნოხზე დააპირქვავა და ზურიკო სათამაშოდ მიიხმო. ზურიკომ მე გამომხედა საწყალი თვალებით.

_ მიდი დეიდა, მიდი!_ გავუღიმე მე. ბავშვი გაუბედავად მიუახლოვდა ნოხს და ნაპირში ჩამოჯდა. მხოლოდ ერთი მანქანა აიღო და დავაკვირდი, რომ ყველაზე შელახული ამოარჩია. გულში ჩაიხუტა და საბას თამაშს დაუწყო ყურება.
გული მომეწურა. ზურიკო იმ წამს ზუსტად იმას აკეთებდა, რასაც სახლში ყოველთვის. ბიცოლასგან დასტრესილი და დაშინებული.
მივედი, ის მანქანა გამოვართვი, ბავშვი მოიბუზა. თავზე ხელი გადავუსვი და საბას ვუთხარი.

_ ამოარჩიე ორი მანქანა და ზურიკოს აჩუქე დედი!_ საბამ სათამაშოებს გადახედა და ორი ლამაზი მანქანა გაუწოდა გაოცებულ ზურას.

_ გამოართვი ზურიკო და მადლობა უთხარი!_ ვთხოვე მე. ბავშვმა მანქანები გაუბედავად გამოართვა და მადლობაო თვალდახრით დაიჩურჩულა.

_ ახლა შენც გაქვს მანქანები და მიდი თამამად ითამაშე! დღეიდან შენ და საბა მეგობრები ხართ!_ ვუთხარი ღიმილით.
ცოტა ხანში, როცა ზურიკო დარწმუნდა, რომ საფრთხე არავისგან ემუქრებოდა, პირველად გაიღიმა. თამაშში ჩაერთო და ისე, როგორც ყველა ბავშვმა, წამით დაივიწყა საკუთარი საწუხარი და სადარდებელი.
საღამოს მაიკომ შემოიარა. კამფეტები მოუტანა ბავშვებს. სანამ ყავას ვადუღებდი იჯდა და ბავშვებს უყურებდა.

_ რას ფიქრობ მაი?_ ვკითხე და გვერდით მივუჯექი.

_ მარტო შენ გეტყვი, სხვასთან ვერც კი გავბედავ ამის თქმას._ გამომხედა მაიამ._ ნეტავ შეიძლებოდეს ზურიკო ვიშვილო!

_ მაი, ზურიკოს ბებია ჰყავს, ხომ გახსოვს არა? და დედაც ჰყავს!

_ დედა, რომელმაც მიატოვა და უძლური ბებია! არა, კი ვიცი, მაგრამ..._ გაჩუმდა და ამოიოხრა.

_ არ მჯერა, რომ სადმე ღმერთი და სამათალია ჩემო მარია! თორემ მე ასე უნდა ვიყო და ზურიკო ასე? თითქოს ერთმანეთს ვჭირდებით, მაგრამ ამის უფლება არ გვაქვს!_ მაიკომ ყავაც არ დალია და ისე წავიდა აღარაფერი აღარ უთქვამს.

ორ დღეში ფატი გამოწერეს საავადმყოფოდან და ზურიკო ბებიასთან წავიყვანე. გულში ახუტებული მიჰქონდა საბას ნაჩუქარი მანქანები.
დავინახე მაიკომ აივნიდან როგორ გამოგვაყოლა თვალი და ისევ გამიჩნდა უცნაური გრძნობა, რომ ძალიან ცოტაღა აკლდა მაიკოს სრულ დანებებამდე. მაიკოს მართლა სჭირდებოდა ზრუნვის და სიყვარულის ობიექტი, რომ საკუთარი დეპრესიის ჭაობიდან ამოეყვინთა.

ფატის ძველი რძლის ნაქონი გახუნებული ხალათი მოეცვა და ცეცხლისგან გატრუსულ ტახტზე იწვა.

_ როგორ ხარ ფატი დეიდა?_ მოვიკითხე ქალი.

_ უკეთ ვიქნები შვილო!_ გულში ჩაიკრა შვილიშვილი._ ღმერთი გადაგიხდით, ბავშვს რომ მიმიხედეთ.

_ არ ინერვიულო ფატი დეიდა! ყველაფერი კარგად იქნება! სოფელი დაგვეხმარება!_ გავამხნევე თვალებჩამქრალი ქალი.

იქიდან გულმკვდარი წამოვედი. ზურიკომ ისეთი თვალებით გამომაცილა, მხოლოდ ერთხელ რომ დამექნია ხელი უკანმიუხედავად გამომყვებოდა სახლში. გული არც მე მიშვებდა, მაგრამ კანონი კანონი იყო და წესი წესი. ზურიკოს ჰყავდა ბებია და დედა, მართალია გადაკარგული, მაგრამ მაინც ცოცხალი.
სახლისკენ მიმავალს თავში ქაოსურად მერეოდა ფიქრები. ნეტავ როგორ ეძინა ღამით თაკოს? დარწმუნებული ვიყავი, აუცილებლად გააგებინებდნენ ფატის ამბავს. ერთიც კი არ მოიწერა და ბავშვი არ მოიკითხა.
გულდამძიმებულმა შვაღე სახლის კარი. თუმცა მაინც მქონდა იმედი, რომ რაღაც სასიკეთოდ შეიცვლებოდა.




5

ზოგჯერ ერთი ადამიანის ტრაგედიები ზვავად აგორებულ ქვებს ემსგავსება. ერთს მეორე მოსდევს მეორეს მესამე და ხანდახან დაუჯერებლადაც კი გვეჩვენება, რომ წისქვილის ქვა ამდენად დაუნდობლად შეიძლება მობრუნდეს ერთი ადამიანის თავს.

არც თუ დიდი დრო დასჭირდა ფატისთვის იმ თანხის აგროვებას, პატარა ორი თვალი სახლის ჩასადგმელად რომ იყო საჭირო. ხალხი ხომ დიდი ძალაა და როცა ეს ძალა ერთი მიზნისთვის ერთიანდება დაუძლეველი დაბრკოლებები აღარ არსებობს. სიფელმა არც ამჯერად დაივიწყა თავისი ვალდებულება და დაქცეულ განადგურებისპირას მისულ ოჯახს თავისი მზრუნველიბის კალთა გადააფარა. რომ არა ზურიკო, ფატის დარწმუნებული ვარ ის საბძელიც კი ეზედმეტებოდა, მაგრამ ბავშვის გამო სოფლისგან დასახმარებლად გამოწვდილ მადლიან ხელზე უარი ვერ თქვა და კიდევ ერთხელ სცადა ფეხზე წამოდგომა.
სულ რამდენიმე თვეში ძველი დანაცრული სახლის ნანგრევებზე პატარა მყუდრო სახლი ააშენეს. სულ რამდენიმე ოთახი, მაგრამ სრულებით სამყოფი იმედისთვის და ცხოვრების გასაგრძელებლად. თუმცა ფატის ტრაგედია სამწუხაროდ ამ ამბით არ დასრულდა. იმ ზაფხულს სოფელი კიდევ ერთხელ დაიზაფრა მისი უბედურებით. ერთ საღამოს ჩემი დედამთილის კივილმა უკვე საწოლში ჩაწოლილი წამომაგდო ფეხზე. შეშინებულმა ჩავირბინე აივნის კიბეები და პირველ სართულზე მისაღებად გადაკეთებულ ოთახში ელდანაკრავმა შევირბინე.

_ რა ხდება რა ამბავია?_ მივვარდი გადაფითრებულ ქალს. ოთახში მარტო იჯდა და საღამოს საინფორმაციო ჰქონდა ჩართული რომელიღაც არხზე. გაკვირვებულმა მიმოვიხედე და რომ ვერაფერ საეევოს ვერ მოვკარი თვალი ისევ თინას შევაჩერდი პასუხის მოლოდინში.

_ ვაი მეეე საბრალო ფატიიი.._ რატომღაც ფატი დაატირა თინამ.

_ რა ხდება გამაგებინე!_ მივუჯექი გვერდით.

_ ახლა გამოაცხადეს, ხევსურეთში გაუმართავი მიკროავტობუსი ხრამში გადავარდნილა. სკოლის ექსკურსია იყო თურმეეე..._ ტირილის ვერ იკავებდა ჩემი დედამთილი._ დაღუპულებში გამოაცხადეს ფატის სალომეე...
გავშრი. ის ბოლო კადრები წარმომიდგა თვალწინ. როგორ ჩაავლო თაკომ შვილს ხელი თმაში და ბებიამისს როგორ დააშორა. უკეთესი ცხოვრების საძებნელად და იმედად ქალაქში წაიყვანა ბავშვები და.... ახლა ფატი გამახსენდა. გული მომეწურა. უკვე ლამის ნახევარი წელი სრულდებოდა შვილიშვილები ნანახი არ ჰყავდა. ხმა ვერ ამოვიღე. უბრალოდ დავმუნჯდი.

თაკომ გარდაცვლილი შვილი სოფელში ჩამოასვენა და უდროიდ გარდაცვლილი მამის გვერდით დაკრძალა. იმ დღეს თაკო თაკოს აღარ ჰგავდა. ერთდროულად ასი წელი მომატებოდა თითქოს. შუბლზე გრძლად აწვა ღრმა ნაოჭი და შეუღებავ თმაში მუჭა_მუჭა ერია ჭაღარები. თვალებში არავის უყურებდა. სამძიმარს ისე იღებდა რომ მისი მზერა სადღაც შორეთს არ სცილდებოდა. აღარ ტიროდა. არც არანაირი ემოცია აღარ ეტყობოდა სულცარიელ თვალებში. მხოლოდ მაშინ როცა ბავშვის მომცრო სასახლეს მიწა მიაყარეს, თვალები დახუჭა და ჩაილაპარკა.

_ ვაჟიკო ახლა შენი ჯერიაო!_ გარდაცვლილ ქმარს ესაუბრებოდა და აბარებდა ქალიშვილს უბედური დედა. სოფელი დუმდა. ბავშვის დაკრძალვის ღამეს დაიძინა ფატიმ და აღარ გაუღვიძია. ალბათ მეტი ძალა ვეღარ იპოვნა საკუთარ თავში და მწუხარებას დანებდა საწყალი ქალი. გაზუთხულივით გაუყვა მდუმარე სოფელი სასაფლაოს გზას. ზურიკო და თაკოს უმცროსი ვაჟი მაიკოს მოჰყავდა ხელჩაკიდებული. წინ მხრებში მოხრილი თაკო მიუძღვოდა პროცესიას. თაკო ტომელიც სულ რაღაც ოცდაცამეტი წლის იყო. ქვრივი თაკო. შვილმკვდარი თაკო. თაკო, რომელმაც დედამთილი და საბრალო ობოლი უგულოდ მიატოვა. მიწაში ჩაუშვეს ფატის სასახლეც. თავისი ორი ვაჟის შუაში. პატარა შვილიშვილის გვერდით. მდუმარე პროცესია თითქოს კიდევ რაღაცას ელოდა. რაღაც აკლდა იმ ამბავს. რაღაც ძალან მნიშვნელოვანი, ჩვეული და აუცილებელი. მოულოდნელად მუხლებზე დაეშვა თაკო. ხელებით რბილ აგორაკებულ მიწას დაეყრდნო და ატირდა. არც მანამდე და არც მას მერე არ მინახავს და არ გამიგონია რძლისგან დედამთილის ასეთი დატირება. ვერავინ მოიაზრა ნუგეში ეცა მგლოვიარესთვის. ან რა უნდა გეთქვა, იმ წამს რომ აზრი ჰქონოდა?! როდის როდის დამშვიდდა თაკო. ფეხზე წამოდგა და ერთი მუჭა მიწაც ააყოლა ხელს. თავდახრილმა ჩაყარა პირდაღებულ ორმოში.

_ მსუბუქი იყოსო!_ ჩაილაპარაკა და ხალხისკენ მობრუნდა. თვალებით ბავშვბი მონახა. ცოტა ხანს უხმოდ უყურა ორთავეს. შემდეგ ორივე ხელი გაიწოდა მათკენ.

_ სახლში წავიდეთ ბავშვებო!_ მტკიცე ხმა ჰქონდა. სიტყვა ვერავინ შებედა. ჯერ თავისმა ბიჭმა მოირბინა დედასთან და ხელი ჩასჭიდა. თაკოს ისევ ისე ჰქონდა მარჯვენა გაწვდილი ზურიკოსკენ, თითქოს ვედრებით.
მაიკოს ამოხედა დაბნეულმა ბავშვმა. საკუთარ თავს ებრძოდა მაიკო. თითქოს არ სურდა ზურიკოს დათმობა. შემდეგ ბიცოლას გამოხედა ბიჭუნამ. ფრთხილად გაუშვა ხელი მაიკოს და თაკოსკენ გაიქცა. წელზე მოეხვია. ალბათ ჯერ კიდევ ახსოვდა ის თბილი დღეები, როცა ბიცოლა საკუთარი შვილებისგან არ არჩევდა. ერთი ხელი ერთ ბიჭს ჩაჰკიდა თაკომ, მეორე მეორეს. წელში გაიმართა. თითქოს დარღვეული წონასწორობა აღიდგინა. მტკიცე ნაბიჯით გაბრუნდა სოფლისკენ. სოფლისკენ, რომელმაც გასაჭირის ჟამს არ უღალატა. ვუყურებდი მტკიცე ნაბიჯით მიმავალ ქალს და ვხვდებოდი მან პირველმა შეძლო და ხალათის ყულფი ყელიდან მოიხსნა. რაც არ უნდა დაუჯერებელი ყოფილიყო, სწორედ თაკომ აჯობა პირველმა საკუთარ თავს, ძალა მოიკრიბა და ცხოვრებას ბრძოლა მოუგო. ისე მიდიოდა შავებში ჩაცმული ქალი სახლისკენ, როგორც დაჭრილი დედა არწივი. გვერდით ორი მართვე მიჰყვებოდა და მე ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ეს ოჯახი შეძლებდა ფეხზე წამიდგომას და სოფელს ადრე თუ გვიან ვალს დაუბრუნებდა იმით, რომ საკუთარ ფუძეს არასდროს გააციებდა.

იმ საღამოს დიდხანს ვფიქრობდი საკუთარ ცხოვრებაზე. იმ შიშებზე, რომლებიც მბორკავდნენ. შემდეგ თაკოს გაქცევა გავიხსენე და მივხვდი, ისიც ამ შიშებს გაექცა მაშინ. მაგრამ გაქცევა ხომ გამოსავალი არასდროსაა?! ფეხზე ავდექი და სარკესთან მივედი. საკუთარ თავს კიდევ ერთხელ ჩავხედე თვალებში.

_ რა გინდა? _ მკითხა სარკის მარიამ._ რას ელი?

_საკმარის გამბედაობას!_ ვუპასუხე მე.

_ გაიგე რა ამბავი დაუწევია მარინას დედამისისთვის?_ გაოცებული სახე ჰქონდა ქეთის. _ არ მეგონა ასე მაგრად თუ დაუჭერდა მხარს მაიკოს.

_ რაო რა მოხდა?_ ვკითხე და გულში გამკრა, რომ საქმე ბავშვის შვილობას ეხებოდა. მართალიც აღმოვჩნდი.

_ თურმე შესწრებია როგორ ამცირებდა დარო მაიკოს. ისევ უნაყოფო და ბერწი ხარო უთქვამს და გაგიჟებულა მარინა. შენი შვილის პატრონი სხვის შვილს ამას როგორ ეუბნები, შენ თუ ქალი და დედა ხარო, ასე უთქვამს დედამისისთვის. მერე თავის ძმას მისდგომია და მიწასთან გაუსწორებია. სულ არაკაცი უძახია. რაო იქნება ჩემი ნიკუშა არ მიგაჩნია დიშვილად რახან ნაშვილებიაო?! ერთი სიტყვით მთელი ოჯახი გამოულანძღია და მაიკოსთვის უთქვამს
სარკეში ჩაიხედე და დაფიქრდი, ამ გულღრძო ხალხის გვერდით რატომ ცხოვრობო, მიატოვე ეგ შენი უტვინო ქმარი და ცხოვრებას ეწიეო! თავის ძმაზე ასე უთქვამს. კაცი რომ ვერ გაიგებს დედობა რა გრძნობაა და ცოლს ამ ბედნიერებას უაზრო პატივმოყვარეობის გამო წაართმევს, არაა ოჯახის ღირსიო. ჩემი ნაშვილები შვილი მთელ თქვენს არსებობას მირჩევნიაო!
ბავშვი მანქანაში ჩაუსვამს და სახლიდან წასულა. ჩემი ფეხი აღარ იქნება აქ, სანამ მაიკოს ასე ექცევითო. მაიკსაც ჩაულაგებია ბარგი და დედამისთან დაბრუნებულა. ჯაბასთვის დაუბარებია: როცა მიხვდები ოჯახი რას ნიშნავს, მომაკითხე და იქ დაგელოდებიო.

სიმშვიდე ვიგრძენი, რადგან მივხვდი მაიკო გადარჩენის ფზას ადგა. კიდევ ერთი ჩვენგანი ამარცხებდა იმ საძაგელ ხალათს და საკუთარ თავს უფლებას აძლევდა ბედნიერი ყოფილიყო.

ვისთვის რა არის ბედნიერება რთული სათქმელია. ვიღაც დედობაზე ოცნებობს, ვიღაც წარმატებულ კარიერაზე, ვიღაც ოჯახზე და სიმყუდროვეზე, ვიღაცას მოგზაურობა უნდა, ვიღაცას სამშობლოში დაბრუნება. შენ ვერ გაიგებ და შენი საზომით გერ გაზომავ სხვის ბედნიერებას. რადგან ვიღაცას მცირეც ჰყოფნის, ვიღაცას მთელი ცხოვრება არ აკმაყოფილებს. მაგრამ ბედნიერების პრინციპი ერთია. ის ყველას ეკუთვნის და ყველა იმსახურებს მას, იმ დოზით რა დოზითაც ეს სჭირდება.

ჩემი გამბედაობისთვის საჭირო ბოლო წერტილი ის მომენტი გახდა. როცა ქეთიმ კურსები გაიარა და რაიონში საკუთარი პატარა აფთიაქი გახსნა. კი, ექიმობაზე ოცნება აუხდენელი დარჩა, მაგრამ მაინც მონახა საკუთარ თავში ძალა და ოცნებას თავად კი არ მოერგო, ის მოარგო საკუთარ ცხოვრებას. ამასაც ხომ სჭირდებოდა გამბედაობა, უპირველესად საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ რაღაც მიუღწეველი დარჩა და დრო მოვიდა მასზე უარის თქმის. შემდეგ კი ახალი ხელმისაწვდომი ოცნების პოვნა და მისი რეალიზება მოუხდა. მე ბედნიერი ვიყავი, რომ ქეთის თვალები ძველებურად აენთო. ეს სრულებით კმაროდა სიხარულისთვის.

ერთ დღეს ბარგი ჩავალაგე და რაღაც სრულებით უბრალო მიზეზით ქალაქში გავემგზავრე. ჩემი სახლი სოფლის ბოლოში დგას. მანქანის ფანჯრიდან გავყურებდი სოფლის ქუჩას. იმდენად ნაცნობს და ახლობელს, როგორც საკუთარ ხელისგულს. არც ისე ადვილი იყო იმ კომფორტის ნიჟარიდან გამოძრომა, სადაც ამდენი წელი ვიყავი შეყუჟული.
როცა თაკოს სახლს გავუსწორდი, ეზოში გასაბერ აუზში მოჭყუმპალე ბიჭებს მოვკარი თვალი.ბედნიერად წუწაობდნენ, იცინოდნენ და ცოტა ხნის უკან მოქუფრულ ეზოს ახმიანებდნენ. ეზოში თაკო იდგა. უცნაური მძიმე მზერით გაჰყურებდა მთებს, ის იყო ვიფიქრე, საწყალი ქალიმეთქი, რომ ჩემდა მოულოდნელად თვალი აუზში მოფართხალე ბიჭებისკენ გაექცა და სახეზე ბედნიერი ღიმილი გადაეფინა. დარდის და სევდის, შეცდომების და ტკივილის მიუხედავად თაკომ საკუთარ თავში იპოვნა მხოლოდ ქალისთვის და დედისთვის დამახასიათებელი იდუმალი ძალა და სრულებით დაფერფლილი, ფენიქსივით კვლავ ფეხზე წამოდგა. თუ მან შეძლო, თუ მაიკომ შეძლო, თუ ქეთიმ შეძლო, მეც შევძლებ! ვუთხარი საკუთარ თავს.

როცა ჯუნას სახლს გავუარე, დამძიმებული გულით გავხედე და გეფიცებით ჯუნა ისევ იმ აივანზე დავინახე, ისევ თავის ვარდისფერ ყვავილებიან ხალათში გამოხვეული. წელზე მაგრად გასკვნილი ქამრით. იდგა და მიყურებდა. იდგა და უბრალოდ მიყურებდა, როგორც შეხსენება და ძახილის ნიშანი, თუ რატომ და რად ღირდა საკუთარი თავისთვის ბრძოლა.

საბუთები დოქტორანტურაზე ისე შევიტანე რომასთვის არაფერი მითქვამს. მინდოდა ფაქტის წინ დამეყენებინა და საკუთარი თავისთვისაც ერთგვარი ღუზა გამომება. რომ საკუთარ თავში არდანბების და ბრძოლის ძალა მეპოვნა. მხოლოდ თინამ იცოდა ჩემი გეგმების შესახებ და ჩემდა გასაოცრად მხარს მიჭერდა.
როცა სურვილი ამიხდა და უნივერსიტეტის კარი კიდევ ერთხელ შევაღე, მივხვდი, რომ გარისკვა ამად ღირდა. რომა მიხვდა, სხვა გზა არ ჰქონდა. ცოტა იჩხუბა, ცოტა იწუწუნა, იჯაჯაღანა და ბოლოს უკან გამოგვყვა მე და საბას. არც სამსახურის შეცვლა გამხადარა ისეთი პრობლემა, მას რომ ეგონა. ხანდახან გულში სინდისის ქენჯნა გამკრავდა ხოლმე მის გამო, მაგრამ არაუშავს. ახლა მას მოეთმინა და ეამაყა ჩემით, რომ მე საკუთარი თავის დაბრუნება შევძელი.

დღეს სარკეში რომ ვიხედები, საკუთარი თავის დანახვა მიხარია. დღეს ვერცერთი ხალათი ვერ გახდება ჩემთვის ვერც ბორკილი და ვერც თავშესაფარი, იმიტომ რომ საკუთარი თავის და საკუთარი ძალების მჯერა. ხანდახან ნოსტალგიაც კი მაქვს, როცა ჩვენს "ხალათიან ქალთა საზოგადოებას" ვიხსენებ, მაგრამ საკუთარ თავს არ ვაძლევ უფლებას, რომ ბედნიერებისკენ სიარული დამეზაროს.

და ყველაზე მთავარი, წელს მაიკომ ინვიტრო განაყოფიერება გაიკეთა. რამდენიმე იმედგაცრუების შემდეგ, დაახლოებით მეოთხე ცდაზე ნაყოფი შეინარჩუნა და ულამაზესი, ჯანმრთელი ბიჭუნა გააჩინა. დედობას ეზიარა და აუხდენელი ოცნება აიხდინა.

ასე რომ გაიხადეთ ეგ მარწუხი ხალათები ქალებო! მოიხსენით ყელზე ყულფად შეკრული ფერადი ქამრები! იბრძოლეთ საკუთარი თავებისთვის! და არ დაიჯეროთ, რომ ოცნება ოდესმე შეიძლება გვიანი იყოს!

ეს ამბავი ეძღვნება ჯუნას. ჯუნას, რომელმაც გადამარჩინა.

დასასრული
ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

...რა ნათლად დავინახე ცხოვრება,რომელიც აღწერეთ,ჩემს გვერდით მყოფი ქალები და ის რეალობა რაც მხვდება წინ.განუმეორებელი ხართ.ემოციების ზღვამ წამლეკა,სიტყვებს ვერ ვპოულობ შესაფერის.მადლობა უდიდესი❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი სოფი

იცი როგორ მიყვარს შენი ისტორიები? მაგრამ ეს ყველაზე გამორჩეულია, იმდენად რეალური, იმდენად მტკივნეული რეალობაა ასახული, რამდენის გამწარებული ცხოვრება გადმოეცი და რამდენის სათქმელი თქვი, გამორჩეული ავტორი ხარ ამ გვერდზე, ბევრი კარგია აქ მაგრამ შენ ჩემთვის ნომერი პირველი ხარ. მიხარია რომ ხარ

 


№3  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ლილე
...რა ნათლად დავინახე ცხოვრება,რომელიც აღწერეთ,ჩემს გვერდით მყოფი ქალები და ის რეალობა რაც მხვდება წინ.განუმეორებელი ხართ.ემოციების ზღვამ წამლეკა,სიტყვებს ვერ ვპოულობ შესაფერის.მადლობა უდიდესი❤️

მადლობა თქვენ, რომ ემოციას მიზიარებთ. კი მგონი აქ ცოტათი ყველა ქალი იპოვნის საკუთარ თავს. სამწუხაროდ ჯერ ისევ აქტიურად ვართ ხალათიან ქალთა საზოგადოების წევრები..

სტუმარი სოფი
იცი როგორ მიყვარს შენი ისტორიები? მაგრამ ეს ყველაზე გამორჩეულია, იმდენად რეალური, იმდენად მტკივნეული რეალობაა ასახული, რამდენის გამწარებული ცხოვრება გადმოეცი და რამდენის სათქმელი თქვი, გამორჩეული ავტორი ხარ ამ გვერდზე, ბევრი კარგია აქ მაგრამ შენ ჩემთვის ნომერი პირველი ხარ. მიხარია რომ ხარ

მადლობა დიდიი, მიხარია თუ ასეთი ემიციური გამოვიდა ეს პატარა ამბავი. და თუ სათქმელი ასე კარგად მოვიდა მკითხველამდე. მადლობა კიდევ ერთხელ.

 


№4 სტუმარი Ნინი

Რამდენი ქალი დამანახა ჩემს ირგვლივ შენმა ისტორიამ,მათ შორის ცოტათი ალბათ ჩემი თავიც. Ჰო საჭიროა ბრძოლა ბედნიერებისთვის, სინშვიდისთვის,ფერადი მომავლისთვის.......მადლობა,ძალიან კარგი და "საჭირო"იყო. Ყველა შენი ისტორია საუკეთესოა. Კიდევ ერთხელ მადლობა.❤

 


№5 სტუმარი One

Vera unichieresi khart, yochagh, rogorc yoveltvis arachveulebrivia❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Ნინი
Რამდენი ქალი დამანახა ჩემს ირგვლივ შენმა ისტორიამ,მათ შორის ცოტათი ალბათ ჩემი თავიც. Ჰო საჭიროა ბრძოლა ბედნიერებისთვის, სინშვიდისთვის,ფერადი მომავლისთვის.......მადლობა,ძალიან კარგი და "საჭირო"იყო. Ყველა შენი ისტორია საუკეთესოა. Კიდევ ერთხელ მადლობა.❤

მადლობა თქვენ. და მიხარია რომ ჩემი ასე გესმით.

One
Vera unichieresi khart, yochagh, rogorc yoveltvis arachveulebrivia❤️

მადლობა დიდიი)))

 


№7 სტუმარი ემი

ვერა, ძალიან მაგარი რომ ხართ, იცით?

ერთი დიდი სიამოვნებაა თქვენი ნოველების კითხვა.

და მადლობა ამ სიამოვნებისთვის.

 


№8 სტუმარი სტუმარი თაკო

საოცრება იყო . სასწაულად ემოციური .სულისშემძვრელი და გულისმომკვლელი . ემოვია რომელიც ალბათ არ გამინელდება კაი ხანს. მადლობა

 


№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ემი
ვერა, ძალიან მაგარი რომ ხართ, იცით?

ერთი დიდი სიამოვნებაა თქვენი ნოველების კითხვა.

და მადლობა ამ სიამოვნებისთვის.

მადლობა დიდი მკითხველისგან გამხნევება დიდი სტიმულია და მიხარია რომ მოგწონთ.

სტუმარი თაკო
საოცრება იყო . სასწაულად ემოციური .სულისშემძვრელი და გულისმომკვლელი . ემოვია რომელიც ალბათ არ გამინელდება კაი ხანს. მადლობა

ხალხოო, მიხარია ძალიან რომ მოიწონეთ. )))))

 


№10 სტუმარი სტუმარი რუსკა

როგირი ცხოვრებისეული საკითხი წამოჭერით,ძალიან მაგარი ხართ,ბევრს დააფიქრებთ მეც მათ შორის.ყოჩაღ თქვენ სულ უნდა წეროთ????

 


№11 სტუმარი სტუმარი მარი

ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ შენს ნოველებს. მაგარი გოგო ხარ შენ. მადლობა

 


№12  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი რუსკა
როგირი ცხოვრებისეული საკითხი წამოჭერით,ძალიან მაგარი ხართ,ბევრს დააფიქრებთ მეც მათ შორის.ყოჩაღ თქვენ სულ უნდა წეროთ????
მადლობა დიდი, მიხარია რომ მოგეწონათ.

სტუმარი მარი
ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ შენს ნოველებს. მაგარი გოგო ხარ შენ. მადლობა

უღრმესი მადლობა.))))

 


№13 სტუმარი Ნინა

Ძალიან მაგარი გოგო ხარ!!!! Სულ უნდა წერო და ჩვენ წავიკითხავთ სიამოვნებით ❤️ის კიდევ სხვაა, რამდენი თაკოს, ქეთისთვის და მაიკოსთვის იქნება მაგალითი ❤️❤️❤️წარმატებები ჩემო კარგო ❤️

 


№14  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Ნინა
Ძალიან მაგარი გოგო ხარ!!!! Სულ უნდა წერო და ჩვენ წავიკითხავთ სიამოვნებით ❤️ის კიდევ სხვაა, რამდენი თაკოს, ქეთისთვის და მაიკოსთვის იქნება მაგალითი ❤️❤️❤️წარმატებები ჩემო კარგო ❤️

აუ ძალიან ბედნიერი ვარ, ამ კომენტარებით და მადლობა))))

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინი

ყველ ნოველა ძალიან კარგია ვერა, მაგრამ ეს არის ის რეალობა, რომელიც ხდებოდა და ჯერ კიდე ხდება ჩვენს რეალობაში. საოცარი გოგო ხარ❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან ამაღელვებელი და რეალობასთან ახლოს მდგომი ისტორიაა. ცრემლებიც კი მომგვარა. ისე ზუსტად და მძაფრად გაქვს გადმოცემული ყველა ქალის ემოცია და განცდა. ისტორიას სამართლიანი დასასრული აქვს. კარგია თავის თავში ძალა რომ იპოვა ყველამ. ვხვდებოდი თაკო რომ იპოვიდა ძალას და დაბრუნდებოდა, მაგრამ არა ამდენი ტრაგედიისა და განსაცდელის მერე. ვერა საინტერესო და საჭირბოროტო ისტორია გამოვიდა. მადლობა ♥️♥️

 


№17  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნინი
ყველ ნოველა ძალიან კარგია ვერა, მაგრამ ეს არის ის რეალობა, რომელიც ხდებოდა და ჯერ კიდე ხდება ჩვენს რეალობაში. საოცარი გოგო ხარ❤️

კი ნამდვილად ისევ ხდება, და ალბათ არც ისე ადვილად გადაშენდება. მადლიბა ემოციისთვის)))

სტუმარი მანანა
ძალიან ამაღელვებელი და რეალობასთან ახლოს მდგომი ისტორიაა. ცრემლებიც კი მომგვარა. ისე ზუსტად და მძაფრად გაქვს გადმოცემული ყველა ქალის ემოცია და განცდა. ისტორიას სამართლიანი დასასრული აქვს. კარგია თავის თავში ძალა რომ იპოვა ყველამ. ვხვდებოდი თაკო რომ იპოვიდა ძალას და დაბრუნდებოდა, მაგრამ არა ამდენი ტრაგედიისა და განსაცდელის მერე. ვერა საინტერესო და საჭირბოროტო ისტორია გამოვიდა. მადლობა ♥️♥️

მიზანიც ეგ იყო ქალების დეპრესიული და ფარული ცხოვრება მენახებინა. რომ რეალურად იმაზე მეტს განვიცდით ვიდრე ამას ხმამაღლა ვამბობთ. და რომ თანადგომა და ქალური სოლიდარობა არასდროს არ უნდა გადავდოთ გვერდზე. მადლობა თქვენ.

 


№18 სტუმარი Dali Turdziladze

რეალური სინამდვილე ცრემლები ეხლაც მდის დედებმა უნდა გაზარდონ ის კაცები ვაჟკაცები რომ ხდებიან ცოლებისთვის საყვარლები და შვილებისთვის სამაგალითოები ყველა ქალმა უნდა გაიაზროს ის უმაღლესი როლი რაც შვილის აღზრდაში უნდა ჩადოს ეს ყველაფერი ქალებმა უნდა გავაკეთოთ ვიბრძოლოთ საკუთარი თავის და შვილების ბედნიერებისთვის
თქვენ დიდი მადლობა იმ ემოციისთვის რაც მივიღე ამ ნოველის კითვისას და გულის ტკივილისთვის. რამდენი ქალია საქართველოში მასეთი პრობლემებით საშინელებაა ამ პრობლემის სათავეები ისევ ქალები არინ,სხვა ქალები, მაგრამ მაინც დედები . როდის ამოისუნთქებს ქართველი ქალი ამ პრობლემებისგან.....

 


№19  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Dali Turdziladze
რეალური სინამდვილე ცრემლები ეხლაც მდის დედებმა უნდა გაზარდონ ის კაცები ვაჟკაცები რომ ხდებიან ცოლებისთვის საყვარლები და შვილებისთვის სამაგალითოები ყველა ქალმა უნდა გაიაზროს ის უმაღლესი როლი რაც შვილის აღზრდაში უნდა ჩადოს ეს ყველაფერი ქალებმა უნდა გავაკეთოთ ვიბრძოლოთ საკუთარი თავის და შვილების ბედნიერებისთვის
თქვენ დიდი მადლობა იმ ემოციისთვის რაც მივიღე ამ ნოველის კითვისას და გულის ტკივილისთვის. რამდენი ქალია საქართველოში მასეთი პრობლემებით საშინელებაა ამ პრობლემის სათავეები ისევ ქალები არინ,სხვა ქალები, მაგრამ მაინც დედები . როდის ამოისუნთქებს ქართველი ქალი ამ პრობლემებისგან.....

მადლობა თქვენ აზრის და ემოციის გაზიარებისთვის

 


№20 სტუმარი ნა ნა

ძალიან.ძალიან კარგი იყო.ცხოვრებისეული და თითქოს ნაცნობი,განცდილი❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent